პარასკევი, ივნისი 27, 2025
27 ივნისი, პარასკევი, 2025

ხაო

0

რა არის ცოცხალი სამყაროს არსებობის მამოძრავებელი ძალა? მიჩნეულია, რომ ეს გამრავლებაა. ჩვენც, ნადირ-ფრინველიც და უმცირესი ბაქტერიებიც თითქოს იმისთვის ვიბადებით, რომ ახალ სიცოცხლეს მივცეთ დასაბამი. თვით ცოცხალი და არაცოცხალი სამყაროების საზღვარზე მობინადრე ვირუსების ძირითადი წადილიც გამრავლებაა. სხვა დანარჩენი – დიადი თუ მდაბალი იდეალები, ხელოვნება, ტექნიკა, მედიცინა და მჭევრმეტყველება – ჩვენი გამოგონილია ჩვენივე საუფლოს კეთილმოსაწყობად და მეტი არაფერი.

მაგრამ ახალი სიცოცხლე მხოლოდ ლოკალური თვალსაზრისით არის ახალი. მარადისობისთვის, მასის მუდმივობის კანონიდან გამომდინარე, ეს მხოლოდ ატომების ერთი ადგილიდან მეორეზე გადაწყობაა. ატომები რამდენიმე ათეული წელი ინარჩუნებენ ამ „ახალი სიცოცხლის“ ფორმას და ზომას და მერე ზღვის ნაპირას აგებული ქვიშის ციხე-კოშკებივით იშლებიან.

მაშ, რა არის სამყაროს შემოქმედის მთავარი დანაბარები მისი ქმნილებებისთვის? – რასაც ჩემი გონება და ცოდნა სწვდება, ეს მოძრაობაა…

შემოქმედმა როცა ატომები – სამყაროს სამშენებლო აგურები გააჩინა, იქვე დაუბარა, არ გაჩერდეთ, იმოძრავეთო. თან ისიც დააყოლა, ოფლითა თქვენითო.

ჰოდა, ისინიც გაჩენის დღიდან არ გაჩერებულან… თუმცა, როგორც ყოველ ცოცხალ არსებას ჰყავს თავისი ბიოლოგიური „მტერი“, მოძრაობასაც ჰყავს თავისი მოქიშპეები. ერთს ინერცია ჰქვია, მეორეს – ხახუნი.

მეტად საინტერესო ზნისაა ეს ინერცია. ჯერ ერთი, შენს მასაზეა დამოკიდებული. რაც უფრო მძიმე ხარ, ინერციაც მეტი გაქვს. მერე – თავდაპირველად მთელი თავისი მასით გეწინააღმდეგება ნაბიჯის გადადგმაში, პირველ ნაბიჯზე ლამის მთელ არაქათს გაცლის, მერე კი ისე შედის ნავარდის ეშხში, რომ გაჩერება აღარ უნდა; გაჩერდება თუ არა, მაშინვე ივიწყებს მოძრაობის დროს განცდილ ნეტარებას და თავიდან გვიწევს მისი დარწმუნება მოძრაობის სიამოვნებაში. აქ არჩევანი არ გვაქვს. ინერცია სხეულის ის თვისებაა, რომელიც არსად და არასდროს იცვლება, თუ სხეულმა მთლიანობა (მასა) არ შეიცვალა.

ხახუნის ძალის მართვა კი დიდი ხნის წინ ვისწავლეთ. პირველად მას მაშინ ვძლიეთ, საგნების გათრევას მორებზე შემოდება და გაგორება რომ ვამჯობინეთ. მართალია, ხახუნი ამით ვერ მოვსპეთ, მაგრამ მისი შემცირების გზას მივაგენით (სრიალის ხახუნი გორვის ხახუნით ჩავანაცვლეთ). მას შემდეგ მრავალი წელი და ტექნოლოგია შევალიეთ ხახუნის შემცირებას.

იქ, სადაც სრიალის ხახუნის ჩანაცვლება შეუძლებელია, საპოხ საშულებებს ვახმართ. ძრავის სიცოცხლისუნარიანობა სწორედ მისი შეზეთვის ეფექტურობაზეა დამოკიდებული. მუხლიც მანამდე გვიჭრის, სანამ სასახსრე ღრუს შემავსებელი სითხე მწყობრშია.

გორვის ხახუნის შესამცირებლად კი მიწაყრილი გზების ჯერ ფილაქნით მოპირკეთება დავიწყეთ, მერე, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ასფალტ-ბეტონით დავფარეთ. ამით მნიშვნელობად შევამცირეთ ხახუნის ძალა, რამაც გადაადგილების დრო და გადაადგილებისთვის დახარჯული ენერგიაც შეამცირა.

ხახუნის ძალით გამოწვეული გადაადგილების სირთულეები რკინიგზის გაჩენამაც შეამცირა. რელსის ზედაპირის ნაკლებხაოიანობამ გადაადგილება გააადვილა. მერე ფრანგი, იაპონელი და ჩინელი ინჟინრები კიდევ უფრო წინ წავიდნენ და მატარებლის შემადგენლობა მაგნიტური ველის დახმარებით „ჰაერში“ ასწიეს. ასეთი მატარებელი რელსების ნაცლად მაგნიტურ ბალიშზე მისრიალებს. შედეგად შემცირდა ხახუნი, ბევრად გაიზარდა სიჩქარე. თვითმფრინავიც ფრენისას ისეთ სიმაღლეს ირჩევს, სადაც ჰაერთან ხახუნის ძალა ოპტიმალურია.

ჩნდება განცდა, რომ ხახუნის ძალა ჩვენდა ჭირად არის მოგონილი, მაგრამ მისი საჭიროება ისევე დიდია, როგორც მოძრაობის აუცილებლობა.

ყინულის საფარი სავალი გზის ხაოს ფარავს და ხახუნის ძალას ამცირებს. დიახ, ეს ხაო საჭიროა, რომ კისერი არ მოვიტეხოთ, მყარად ვიდგეთ – ჩავეჭიდოთ მიწას. ხახუნის დამსახურებაა, რომ მანქანის ძრავას საურავებზე ენერგიის გადაცემა შეუძლია. მისივე წყალობითაა, რომ შეგვიძლია, მქროლავი ავტომობილი დავაოკოთ ან საერთოდ გავაჩეროთ. ხახუნის მადლით არ გვაცვივა თავზე კომეტები…

ასე რომ, თუ სწრაფად და უსაფრთხოდ გვინდა მოძრაობა, სავალ გზას ხაო უნდა ჰქონდეს, ძრავას კი – სათანადო ძალა და ენერგია მის გადასალახად. მოლიპულ გზაზე სწრაფად სიარული შეიძლება, მანევრირება – არა. ცხოვრებაშიც ასეა… შნო თუ გაქვს, ქვა-ღორღი და ნარ-ეკალი ვერ დაგაკავებს.

ერთი კია: ცნობილი ავტომრბოლელისა არ იყოს, „თუ მიმავალს შეგიძლია თქვა, რომ ირგვლივ ყველაფერს აკონტროლებ, ესე იგი ნელა მიდიხარ“. დანარჩენი პილოტზეა – გამარჯვებული გადაკვეთს ფინიშის ხაზს თუ უბრალოდ დაელოდება თავისი ტრეკის დასრულებას.

ახალი გზა სასკოლო ლიდერებისთვის

0

ამერიკელი ავტორის, სპიკერისა და განმანათლებლის, ერიკ შენინგერის 2019 წელს გამოცემული წიგნის, Digital Leadership-ის ეს ნაწილი სასკოლო განათლების დღევანდელ გამოწვევებს ეძღვნება. ავტორი მკითხველთან საუბრისას ცდილობს, გაგვიზიაროს თავისი დამოკიდებულება სკოლების ტრანსფორმაციაზე და ხაზი გაუსვას იმ სირთულეებს, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს ასეთი ტიპის ფუნდამენტური ხასიათის ცვლილებებს. მიუხედავად წიგნის პოპულარობისა, აშშსა და სხვა ინგლისურენოვან ქვეყანაში, ავტორის ტონი და ემოცია ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს სასკოლო სამყაროსდიგიტალიზაცია“ – ციფრული ტექნოლოგიების საშუალებებზე გადასვლა აშშ-ი სასკოლო განათლების სექტორშიც კი. საინტერესო და დასაფასებელია ერიკ შენინგერის შემართება და მისი ჯანსაღი დამოკიდებულება ცვლილებების ნელი ტემპისა და სიძნელეებისადმი. აქ კარგად ჩანს ავტორის ადამიანური, ჰუმანისტური დამოკიდებულება მასწავლებლისადმი; ადამიანებისადმი, რომლებსაც პროფესიულად ევალებათ ჩვენს ბავშვებთან მუშაობა, მათთან მრავალი საათის გატარება და რომელთათვისაც საკმაოდ მტკივნეულია ტრადიციული საგანმანათლებლო სამყაროდანციფრულ რევოლუციურმეთოდებზე გადასვლა ტექნოლოგიების ასეთი ტემპით განვითარებისა და ცვლილებების დროში.

 

„მასწავლებელი, რომელიც კავშირს ამყარებს მოსწავლეებთან, ერთ-ერთი მათგანი ხდება და მათგან უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე თვითონ ასწავლის. ის, ვინც არაფერს სწავლობს აუდიტორიისგან, არაფრად ღირს. როდესაც ვინმეს ვესაუბრები, მისგან ვსწავლობ. მისგან მეტს ვიღებ, ვიდრე გავცემ. ამგვარად, ნამდვილი მასწავლებელი თავს თავისი მოსწავლეების მოსწავლედ ხედავს. თუ თქვენს მოსწავლეებს ასეთი მიდგომით ასწავლით, ამ ურთიერთობიდან ბევრად მეტს მიიღებთ (მაჰათმა განდი, საუბარი ხადი ვიდიალაიას სტუდენტებთან, სევაგრამი, 15 თებერვალი, 1942 წელი).

 

„ბავშვები არ სწავლობენ იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ მოსწონთ!“

რიტა პირსონი, ამერიკელი მასწავლებელი,

სასკოლო განათლების კონსულტანტი

 

ამერიკულ სასკოლო სისტემაში კვლავაც ბატონობს ფრედერიკ ტეილორის „ეფექტურობის კულტი“ (ფ. ტეილორი – XIX-XX საუკუნეების ამერიკელი ინჟინერი, ბიზნესის მართვის და წარმოების ეფექტურობის კულტის იდეოლოგი, ..), რომელიც ქმედითი საშუალება იყო ინდუსტრიული ეპოქის კონვეიერული წარმოებისა და საქარხნო წარმოების განმეორებითი ოპერაციების სამართავად. სამწუხაროდ, ტეილორის მიდგომები კვლავ მთავარ სამართავ სქემად რჩება ჩვენს სკოლებში, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ წელს დაფუძნდა სკოლა. საბედნიეროდ, ეს არ ეხება ყველა პროფესიას.

დროთა განმავლობაში, მაგალითად, ექიმების პრაქტიკა, საშუალებები და სამუშაო სივრცე მნიშვნელოვნად შეიცვალა, რათა თახვედრაში ყოფილიყო თანამედროვე კვლევასთან და ახალ ტექნოლოგიებთან, პაციენტების უკეთ მოვლისა და მკურნალობისათვის. იურისტები ფართოდ იყენებენ კვლევის ონლაინრესურსებს, მათი გამოსვლების, ხელშეკრულებებისა და ბრიფინგების მოსამზადებლად, მათი კლიენტების საკეთილდღეოდ.

ავტომობილების ტექნიკოსები აქტიურად ჩამოტვირთავენ ინფორმაციას მანქანების ნაწილებისა და ტექნოლოგიების შესახებ, ავტომობილის სარემონტო საჭიროებების განსასაზღვრად.

Amazon-ის გადამზიდავი საწყობები სულ უფრო ავტომატიზებული გახდნენ და ამანათები, რომლებიც თქვენს ბინაში მოაქვთ, ადამიანთან მცირე კონტაქტით მოგზაურობენ ადრესატებისკენ. თვით ნარჩენების გამტან მანქანებსა და ტაქსებსაც კი უკვე აქვთ „ჩქარი პასუხის“ (quick response – QR) კოდები, რომლებიც პოტენციურ მომხმარებელს მათი ვებსაიტებისკენ მიუძღვიან.

ყველა სექტორი, ყოველი სამუშაო, ყოველი თანამშრომელი უკვე ვალდებულია, უპასუხოს გეომეტრიული სიჩქარით მიმდინარე ცვლილებებს, რომლებსაც ხშირად ახალი ტექნოლოგიები განაპირობებს. საკმარისია მხოლოდ იმის ნახვა, თუ როგორ გაიზარდნენ და გაიფურჩქნენ  Netflix, Uber და Airbnb-ის ტიპის კომპანიები მათ უშუალო კონკურენტებთან შედარებით, რომლებიც ან არ შეცვლილან, ან ცვლილებებს დროულად ვერ აუწყვეს ფეხი. სწორედ ამ ცვლილელბების შესახებ საუბრობენ ქ.-ნი პამელას მსგავსი განმანათლებლები, რომლებიც ცდილობენ, გაიგონ გლობალური ცვლილებების დინამიკა. იმ სამყაროს დინამიკა, რომელშიც ახალგაზრდებს ცხოვრების გაგრძელება მოუწევთ.

ისინი სვამენ შეკითხვებს: „დადგა თუ არა განათლებისა და განმანათლებლებისთვის ის დრო, როდესაც პასუხები გაეცემა ოცდამეერთე საუკუნეში მომხდარ ცვლილებებს?“;

„დადგა თუ არა დრო, გავიდეთ კედლებით შემოსაზღვრული საკლასო სივრცეებიდან სხვა სასწავლო სივრცეებში, სადაც შესაძლებლობები უსაზღვროა და სწავლების პროცესი სცდება სკოლისა და სასკოლო ოლქების საზღვრებს?“

„ნუთუ არ დადგა დრო, თავი დავანებოთ პოლიტიკური და კერძო სექტორების გეგმებს, რომლებიც აგრძელებენ მეოცე საუკუნის სტანდარტიზაციის მეთოდოლოგიებით აზროვნებას, რომ მოვახდინოთ სასწავლო გეგმების, შეფასებისა და პედაგოგიკის „დესტანდარტიზაცია“ ღრმა სწავლებისათვის?“

სასკოლო სივრცის კონცეფცია, როგორც ფიზიკურის, ისე ვირტუალურისა, წარმოადგენს კრიტიკულად მნიშვნელოვან საწყის წერტილს აუცილებელი ცვლილებების მოსახდენად. ცვლილებებისა, როდესაც განმანათლებელს შეეძლება სწავლების პერსონალიზებული, ინდივიდუალიზებული და დიფერენცირებული მიდგომების გამოყენება, ახალი ტექნოლოგიების საშუალებით.

შემოქმედებითი მოქნილობა და სივრცის ადაპტაციის უნარი, შეიძლება გახდეს ის „დასაწყისი“ [ახალი სწავლებისათვის], რომლის დროსაც მოსწავლე თვითონ შექმნის ნიმუშს ან არტეფქტს, იმის დასტურად, რომ მან ცოდნა შეითვისა. ეს არ იქნება უფროსებისგან ნასწავლის უბრალოდ „გამოყენება“ [ტესტების ჩასაბარებლად]. სივრცესა და ტექნოლოგიებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ქ-ნ პამელას აზრით, დღეს სწორედ მასწავლებლებზეა დამოკიდებული სწავლისა და სწავლების ტრანსფორმაცია – მათზეა დამოკიდებული, რამდენად წარმომადგენლობითი იქნება განათლება ახალგაზრდების დღევანდელი ან ხვალინდელი საჭიროებებისათვის.

ერთხელ, ქ-ნი პამელა, მოგზაურობის დროს მოხვდა სკოლაში, რომელიც აშენდა, როგორც ინტერაქტიური სასწავლო სივრცე – სკოლა, რომელიც წარმოადგენდა დღევანდელობასა და მომავალს, მაგრამ არა წარსულს. სკოლის დიზაინი ისე იყო შექმნილი, რომ მას შეეძლო ყველა საფეხურის კლასის მასპინძლობა, დაწყებითიდან დამამთავრებელი კლასის ჩათვლით.

ის ისე იყო აშენებული, რომ მოსწავლეებს შეძლებოდათ სუფთა ჰაერზე ყოფნის, მოძრაობისა და ბუნებრივი განათების გამოყენება სწავლის დროს. ეს სკოლა, პროექტების მაგალითებზე სწავლის პრინციპებზე შეიქმნა.

ღია და დახურული სასწავლო სივრცეების მოქნილი კომბინაცია ერთმანეთთან აკავშირებდა ღია და მყუდრო ადგილებს. მათ სახელებიც შესაბამისი ჰქონდათ: „ბუდე“, „ვარჯი“, „გამოქვაბული“ და „ტევრი“, რომლებიც შეესაბამებოდნენ სკოლის გარეთ მდებარე გარემოს. სკოლის ავეჯი და ტექნიკური აღჭურვილობა მოიცავდა სწავლისათვის საჭირო დანადგარებისა და ტექნოლოგიების გრძელ ჩამონათვალს, როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლებისათვის. ეს გახლდათ სკოლა, რომელსაც ბევრი ალბათ „სკოლა-ოცნებას“ შეარქმევდა.

მიუხედავად აღწერილი ინოვაციებისა, ქ-მა პამელამ აღმოაჩინა, რომ მასწავლებლები და ბავშვები არ აკეთებდნენ იმას, რასაც მათგან მოელოდნენ. მასწავლებელმა ღიად უთხრა პამელას: „მე უპირატესობას მერხებისა და სასკოლო ოთახის სივრცეს ვანიჭებ“.

პამელამ ნახა, რომ ბავშვები დაუსრულებლად ავსებდნენ სამუშაო ფურცლებს, რიგრიგობით კითხულობდნენ ტექსტს და უსმენდნენ მასწავლებლის მიერ მართულ ინსტრუქციებს. კედელზე გაკრული ცნობები აღწერდნენ კითხვის, ბიბლიოთეკის ან კლასის წესებს. რაც თავის მხრივ ნიშნავდა: „იყავი მორჩილი“; „იჯექი“, „იყავი ჩუმად“. ინტერაქტიური Whiteboard-სა (ციფრული დაფა, ინფორმაციის ვიზუალიზაციისა და პრეზენტაციისათვის) და სხვა ძვირადღირებულ ტექნოლოგიებს ხშირად გამოუყენებლად ედებოდათ მტვერი.

სამწუხაროდ, განათლებაში არსებული ტენდენციები პირდაპირ იმეორებდნენ მთავრობის პოლიტიკის იმ მრავალ შეცდომას, რომლებიც  „კომისია 911-მა“ (11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ის  შექმნილი სამთავრობო, ორპარტიული კომისია, აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკის სუსტი მხარეების გამოსავლენად, ლ.ა.) გამოავლინა: არასწორი პოლიტიკა, მართვა, ორგანიზაციული კომპეტენციები და წარმოსახვა.

პამელას აზრით, ზოგადად, განათლების სექტორი ძველ ფორმატებსა და პარადიგმებზეა დაფუძნებული; სამუშაო კვლავ „სიცარიელის შევსების“ პრინციპით მიმდინარეობს; არ აქვს სტრატეგია ახალი შესაძლებლობების, საშუალებებისა და პედაგოგიკის გამოსაყენებლად; ვერ ახერხებს იმ მომავლის წარმოდგენას, რომელიც მნიშვნელოვნად იქნება განსხვავებული გუშინდელი და დღევანდელი დღისგან. პამელას აზრით, ჩვენ, ახალმა ლიდერებმა უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა არსებული პრაქტიკის ქმედითუნარიანობის კრიტიკისთვის, ამ პრაქტიკისადმი ინერციული ერთგულების მიზეზების გამოსაკვლევად და ამ ძველი წესების სასწავლო პროცესიდან განსადევნად, მოსწავლეთა თანამედროვე თაობის მიზნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე.

დღეს ადამიანი სამუშაოდ მიდის არა თავის სამუშაო „კუბში“ (სამუშაო სივრცე აშშ-ის ოფისებში, სადაც თითოეულ თანამშრომელს გამოყოფილი აქვს ნახევრად ღია, შემოსაზღვრული სამუშაო ადგილი, ე.წ. „კუბიკი-cubicle“, ლა.) ან კონვეიერულ ხაზზე, არამედ სხვაგვარ, ხშირად ძალიან აქტიურ სივრცეში, რომლებშიც ტექნოლოგიები შერწყმულია სამუშაოსთან – იქნება ეს McDonald’s, Google თუ ავტომექანიკური სახელოსნო. ვირჯინიის უნივერსიტეტის „კო-ლაბორატორიაში“ ვიზიტის დროს, ქ-ნ პამელას საშუალება მიეცა, ენახა თანამედროვე საინჟინრო-ტექნოლოგიური სამუშაო: მრავალგვარი გამოყენების სივრცე, რომელიც აერთიანებს დასასვენებელ სავარძლებსა და პროგრამირებისა და დიზაინის განსხვავებულ სივრცეებს, რომლებიც სამშენებლო ლაბორატორიისგან მხოლოდ გამჭვირვალე მინის კედლით არის გამოყოფილი, ხოლო სამშენებლო სივრცე სავსეა სამგანზომილებიანი (3D) პრინტერებითა და გამოსაცდელი ლაბორატორიებით. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აგვიხსნა, რომ კლასიკური საინჟინრო სასწავლო პროგრამა, ისევე როგორც, ვთქვათ, სამედიცინო სასწავლო კურიკულუმი, დღეს ისწავლება სხვა, მომიჯნავე და ინტერდისციპლინური პროგრამებისგან იზოლირებულად. მისი სიტყვებით საინჟინრო მიმართულება დღეს აღარ არსებობს დამოუკიდებლად. დღევანდელი ინჟინერი ცოდნას სხვადასხვა სფეროდან იღებს და ეს სფეროებია – დიზაინი, ინჟინერია, ტესტირება და წარმოება.

ასეთი სახის ცვლილება უკვე ყველა სფეროში მიმდინარეობს. მაგრამ ცვლილებები, რომლებსაც სკოლებში ველოდებით, არ ეხება სამუშაო ძალას თუ სპეციალისტებს: ისინი მოიცავენ ადამიანის კვლევის, კავშირების, კომუნიკაციისა და შემოქმედების თავისებურებებს; ადამიანს, როგორც მსოფლიო საზოგადოების ნაწილს, ადამიანს ოჯახში და ოჯახის გარეთ.

სტატია და თარგმანი მოამზადა ლევან ალფაიძემ

ერიკ შენინგერის  წიგნიდან „Digital Leadership“

ბავშვთა შიშები – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

ნებისმიერი ადამიანისთვის, განურჩევლად ასაკისა, შიში ნაცნობი გრძნობაა. ის მეტ-ნაკლები სიმძაფრით ყველას განუცდია. ამდენად, საგანგაშო შიშის გრძნობის არსებობა კი არა, მისი არარსებობაა. შიშის გრძნობა არ გააჩნიათ მხოლოდ ფსიქიკური გადახრების მქონე ადამიანებს. შიში ბუნებრივი და ერთ-ერთი უძლიერესი ემოციაა. ის აუცილებელიც კია ადამიანისთვის. საფრთხის დროს შიშის წყალობით, როგორც დამცავი ფუნქცია, იღვიძებს თვითგადარჩენის ინსტინქტი. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ შიში სასარგებლოა მანამდე, სანამ არ გახდება პანიკური, არ მოახდენს ცნობიერების პარალიზებას და ზიანს არ მიაყენებს ბავშვის ფსიქიკას. ამდენად, ბავშვთა შიშები სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს.

განვითარების და სამყაროს შემეცნების პროცესში ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს სხვადასხვა სახის შიშები, რომლებიც მომავალში აუცილებლად მოახდენს გავლენას მის ცხოვრებაზე. მართალია, ხშირად ის, რასაც ბავშვი საფრთხედ აღიქვამს, სინამდვილეში საერთოდ არ არის საშიში, მაგრამ ეს არაფერს ცვლის – განურჩევლად იმისა, ნამდვილია თუ მოჩვენებითი საფრთხე, ბავშვის შიშები რეალურია.

ყველამ, ვისაც ბავშვთან ჰქონია ურთიერთობა, იცის, რა სახის შიშები აწუხებთ პატარებს. მათი ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, თუმცა მაინც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებული შიშების გამოყოფა. ბავშვს შეიძლება აშინებდეს სახლში მარტო დარჩენა, უცნობებთან ურთიერთობა, მოსალოდნელი სასჯელი, ზღაპრებისა და მულტფილმების საშიში პერსონაჟები, ჩაბნელებული ოთახი, ბუნებრივი მოვლენები, ცხოველები, დიდი შენობები და ხმაურიანი ქუჩები, ექიმები და საავადმყოფო, დედასთან დაშორება და სხვა.

შიშით შეპყრობილ ბავშვს რომ დავეხმაროთ, უპირველეს ყოვლისა, შიშის მიზეზს უნდა მივაგნოთ.

მიზეზები კი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორიც თავად შიშები:

  • შიშები ბავშვებს უმეტესად მშობლების წყალობით უჩნდებათ. შვილებს ეშინიათ იმისი, რისიც ეშინიათ მშობლებს. თუ დედას ეშინია ძაღლის, დიდია ალბათობა, ბავშვსაც გაუჩნდეს ძაღლის შიში.
  • როცა ბავშვს ყოველ ნაბიჯზე ესმის დედის შეშფოთებული ხმა: „ფრთხილად, მანქანა არ დაგეჯახოს!“ „ნუ დარბიხარ, დაეცემი!“ „ხელი არ ახლო, დაგწვავს!“ „ძაღლს ნუ ეფერები, გიკბენს!“ – ის ეჩვევა მშფოთვარე გარემოში ცხოვრებას და ქვეცნობიერად გამუდმებით ელის საფრთხეს.
  • შიშის ერთ-ერთი მიზეზია ზღვარგადასული მეურვეობაც. თუ ბავშვი სასათბურე პირობებში იზრდება, მომავალში მას ძალიან გაუჭირდება ცხოვრებასთან ადაპტირება. ცდისა და შეცდომის გზით სამყაროს შემეცნების შეუძლებლობა შიშების აღმოცენების ხელშემწყობი ფაქტორია.
  • მრავალრიცხოვანი აკრძალვა, დაშინება, მუქარა, მკაცრი მოპყრობა, ფიზიკური დასჯაც შეიძლება შიშის აღმოცენების მიზეზად იქცეს.
  • შიშს ბადებს გულგრილობა და უყურადღებობაც. განსაკუთრებით ხშირად ასეთი რამ ხდება ოჯახებში, სადაც ბავშვს „არ ელოდნენ“, მისი დაბადებისთვის მზად არ იყვნენ, ან ბიჭს ელოდნენ, მაგრამ გოგონა დაიბადა. საკუთარ თავს მინდობილ, ემოციურ მიმღებლობას მოკლებულ ბავშვს უჩნდება შიში ყველასა და ყველაფრის მიმართ.
  • არასასურველი ატმოსფერო ოჯახში, უთანხმოება ოჯახის წევრებს შორის, ჩხუბი ბავშვის თანდასწრებით შიშის გავრცელებული მიზეზია. ხშირად ბავშვები თავს დამნაშავედ გრძნობენ მშობლების ჩხუბის გამო და ეშინიათ, მათი კონფლიქტის მიზეზად არ იქცნენ.
  • მშობლების დაშორებაც შიშის აღმოცენების რისკფაქტორია. შფოთვისა და შიშისადმი მიდრეკილებით გამოირჩევიან ბავშვები, რომლებიც უნდობლობის, ემოციური სიცივის, გაუცხოების ატმოსფეროში იზრდებიან. მაგალითად, მაშინ, როდესაც მშობლები მხოლოდ ფორმალურად არიან ერთად, ემოციურად კი უცხონი არიან ერთმანეთისთვის, ან როდესაც ბავშვს ზრდიან დედა და ბებია, რომლებსაც ერთმანეთთან ან ბავშვის მამასთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ.
  • შიშის აღმოცენებას ხშირად ხელს უწყობს თავდაჯერებას მოკლებული, ზედმეტად დამთმობი, მერყევი უფროსების გარემოცვა, რომლებიც ვერ უჩენენ ბავშვს დაცულობის შეგრძნებას. ბავშვი გარშემო მყოფი უფროსებისგან მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოელის და უჭირს შეგუება გაურკვეველ სიტუაციებთან, რომლებიც მასში საფრთხის შეგრძნებას ბადებს.

 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს შიშის დაძლევაში

  • შევინარჩუნოთ სიმშვიდე და თანავუგრძნოთ ბავშვს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ოქროს შუალედი გულგრილობასა და უზომო მღლვარებას შორის. ვესაუბროთ ბავშვს მის შიშზე, დავარწმუნოთ, რომ არავითარი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ არ გავაუფასუროთ მისი შიში. საყვედურებსაც მოვერიდოთ. შეიძლება შევიმუშაოთ ღონისძიებათა მთელი კომპლექსი, მაგალითად, მოვიგონოთ ზღაპარი, რომელშიც ბავშვი თავის შიშს ამარცხებს. ვეცადოთ, გავუძლიეროთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა, ავუმაღლოთ თვითშეფასება. მხარი დავუჭიროთ მის ახალ გატაცებებს და, რა თქმა უნდა, დავაფასოთ მისი წარმატებები შიშების დაძლევის პროცესში.
  • შიშისგან თავის დაღწევის ეფექტიანი ხერხია იმის დახატვა, რაც ბავშვს აშინებს. ხატვის დასრულების შემდეგ ვესაუბროთ, მივცეთ საშუალება, ილაპარაკოს იმის შესახებ, რაც დახატა. შეიძლება შევთავაზოთ, „გაანადგუროს“ თავისი შიში – დახიოს, დაწვას… ან ნახატში რამე ისე შეცვალოს, რომ ფურცელზე გამოსახული არსებები შიშს აღარ ჰგვრიდნენ. ხატვა გაცილებით ქმედითი გზაა შიშის გამოსავლენად და დასაძლევად, ვიდრე სიტყვიერად მოყოლილი ისტორიები.
  • კარგი იქნება, მივცეთ იმ სიტუაციის გათამაშების საშუალება, რომელიც მასში შიშს იწვევს. ამ დროს ბავშვმა შეიძლება შეასრულოს იმის როლი, ვისიც ეშინია, ან გახდეს გმირი-დამცველი იმ ადამიანისთვის, ვისაც ეშინია.
  • უყურადღებოდ არ დავტოვოთ ბავშვის ჩივილი, არ აღვიქვათ მისი შიში ჭირვეულობად, არ დავსაჯოთ „სიმხდალისთვის“. დავანახოთ, რომ გვესმის მისი, რომ შეუძლია გვენდოს. ბავშვი, რომელსაც აქვს მშობლების იმედი, უფრო თავდაჯერებული და გამბედავია.
  • ნუ დავაშინებთ პატარას მხოლოდ იმისთვის, რომ დაგვემორჩილოს. შიშით აღზრდა სახიფათოა ბავშვის განვითარებისთვის. შედეგად შეიძლება მივიღოთ შფოთვა, ეჭვიანობა, პასიურობა და შემოქმედებითი საწყისის ჩახშობა.
  • ნუ შევარცხვენთ ბავშვს იმის გამო, რომ ეშინია. ვერიდოთ დაცინვას. დაცინვის შიშით ბავშვმა შესაძლოა დაგვიმალოს, რომ რაღაც აშფოთებს, მაგრამ შიში არსად წავა, პირიქით, გაძლიერდება კიდეც, რადგან ბავშვი მარტო დარჩება მის პირისპირ. თუ უფროსი შიშისგან თავის დაღწევაში არ დაეხმარება პატარას, შიში დაიმონებს ბავშვის ფსიქიკას, გაუჩნდება დეპრესიისადმი მიდრეკილება, დაემუქრება ნევროზის საფრთხეც.
  • გვახსოვდეს, რომ ბავშვის გონებრივი განვითარება პირდაპირ კავშირშია მის შიშებთან. რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა იმაზე, რაც აშინებს, მით უფრო ადვილია მისთვის შიშის დამარცხება.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ შიშის დასაძლევად ბავშვს სჭირდება, გვერდით ეგულებოდეს ემოციურად გაწონასწორებული და სულიერად მტკიცე მისთვის ძვირფასი, ახლობელი უფროსი ადამიანი. როცა პატარა ჩვენს თვალებში შიშს, შფოთვას, უძლურებას და გაურკვევლობას ხედავს, ის ვერც საკუთარ შიშს დაამარცხებს.

გაკვეთილი უნდა ჩამეტარებინა, თუ მაგარი ვიყავი

0

საიდან აღარ წამოვსულვარ – ფიქრის და განსჯის შემდეგ,  ჭკვიანური გადაწყვეტილებით, ან დაუფიქრებლადაც, ან იღბალს მინდობილი. როგორ აღარ წამოვსულვარ – ამაყი, აჟიტირებული ან სევდიანი. უფრო მეტიც, არ მინდოდა წამოსვლა და მაინც წამოვსულვარ. მაგრამ ეს სხვა ვნებაა და სხვა დროს. ახლა ერთ წამოსვლაზე უნდა მოვყვე.

ჩემს ცხოვრებაშიც დადგა დრო და პირდაპირ განათლების პოლიტიკის კეთების ეპიცენტრში ამოვყავი თავი. შეხვედრიდან – შეხვედრაზე, ჭკვიანი და დილეტანტი ადამიანები მსჯელობდნენ საჯარო განათლების პროცედურებზე. “არა, ასე არ შეიძლება, შედეგს არ მოგვცემს,” “ხომ ვხედავთ, რომ ასე არ მუშაობს, ახლა ისე ვცადოთ.” “ასე თუ ვიზამთ, ამდენ მოსწავლეზე მოვახდენთ გავლენას.” “ათი (თხუთმეტი, ოცი) წლის წინ ამ ნაბიჯს ეს შედეგი მოჰყვა, ახლა ეს ცვლადებია შეცვლილი და შედეგი ამგვარად შეიცვლება.” მეც იქვე ვიყავი ჩემი პატარა დავალებებით და დიდი შთაბეჭდილებებით. რა მაგარია, ზიხარ ოთახში, ელაპარაკები სხვებს და გაქვს განცდა, რომ ადამიანების ცხოვრებაზე გავლენას ახდენ, თან მთელ ქვეყანაში!

როცა ვინმე მეუბნება, პოლიტიკა არ მაინტერესებსო, მეცინება. კი ბატონო, ნუ გაინტერესებს. ჰოდა, შენ მაგივრად მე ვიჯდები იმ ოთახში და მე ვუყურებ, როგორ ნელ-ნელა, ხან მეცნიერული საფუძვლებით და ხან ცდის და შეცდომის მეთოდით, იცვლება თქვენი ცხოვრება. მაგრამ ეს სხვა თემაა, სხვა დროს სათქმელი. აქ იმის სათქმელად მოვედი, რამ წამომიყვანა იქიდან, საიდანაც, როგორც წესი, არ ბრუნდებიან თავის ნებით.

წარმატებული საჯარო სამსახური ორი ასპექტით ფასდება. პოლიტიკური დაკვეთა, რომელსაც ასრულებ და პირადი დამოკიდებულება. პოლიტიკურ დაკვეთას შენ ვერ აკონტროლებ. ხანდახან შეიძლება თავი ურტყა კედელს და არაფერი გამოვიდეს. წარმატებული პირადი დამოკიდებულება კი ამგვარია: სულ უნდა გახსოვდეს, რომ მათ ზემოთ კი არა, მათთვის მუშაობ. იქნებიან ესენი მასწავლებლები, ექიმები, ფერმერები თუ სხვა. მათი უფროსი კი არ ხარ, ისინი არიან შენი დამკვეთები. გქირაობენ რომ მათი ცხოვრება გახადო უკეთესი. ისინი სულ უნდა გახსოვდეს იმიტომ რომ, როგორც წესი, თვითონ ბევრი რამ ავიწყდებათ და არ  ახსოვთ. თვითონ უფროსებს და დავალების მიმცემს  ეძებენ ხშირად, მაგრამ როგორც კი ასეთი გახდები, იქ მთავრდება ყველა იმ საქმის ფასი, რასაც აკეთებ.

ფეისბუქის ეპოქაში ადვილია პირადი დამოკიდებულების კონტროლი. ყველას შეუძლია გიპოვოს და  შეკითხვებით აგავსოს .შენც  ყველას უნდა გასცე პასუხი. თუ რომელიმე კითხვაზე პასუხი არ გაქვს, გეფიქრება, რომ რაღაცას არასწორად აკეთებ. მე მქონდა პასუხები და მიხაროდა. ყველა ჩემს გადაწყვეტილებაზე არგუმენტი მქონდა და მასწავლებლებსაც ესმოდათ. ასეთი ბედნიერი ვიქნებოდი, რომ არა რეპლიკა, რომელიც პერიოდულად მესმოდა: “გენაცვალე, წიგნში რაც წერია ჩვენც ვიცით, შედი და გაკვეთილი ჩაატარე მაგ მეთოდებით, თუ მაგარი ხარ.”

ერთია, როცა პოლიტიკურ დაკვეთაზე არ გაქვს გავლენა და ეს გაწუხებს და მეორეა, როცა პირადი პრინციპების იგნორირება გიწევს. მიდი და გაეცი მაშინ პასუხი. “შედი და გაკვეთილი ჩაატარე… შედი და გაკვეთილი ჩაატარე…”

ჰოდა, მეც შევედი ჩემი სამსახურის  დირექტორთან და ვუთხარი, რომ სამსახურიდან მივდიოდი. სხვაგან არა, სკოლაში მივდიოდი. “მთლიან განაკვეთზე ნუ წახვალო” – რაღაცნაირად არ გამწირა ამ სირთულისთვის, ხმაში ეტყობოდა. ჰოდა, თუ რამის ეჭვი მქონდა და რამის მეშინოდა, აქ გადაწყდა: დიახ, სკოლაში – მთლიან განაკვეთზე!

ვერ გეტყვით, მიხაროდა თუ უფრო  ვნერვიულობდი, მაგრამ მიწაზე ფეხი არ დამიდგამს პირველ დღეს. “დასწავლის უნარის დარღვევა…” “ქართულის გაკვეთილი…” “მათემატიკის გაკვეთილი…” “სიმბოლოების აღქმა უჭირს…” “აუტიზმის სპექტრი…” “სიმბოლოები უყვარს…” “კომუნიკაციის სირთულე…” “ოჯახური გარემოდან გამოწვეული მაღალი შფოთვა…” “პირველკლასელის შეფასება…” ფრაგმენტულად მესმოდა სიტყვები, რაზეც დიდი ამბით ვარიგებდი ყველას და ვხვდებოდი, რომ იქ და იმ წამს ყველა წიგნი და გზამკვლევი გვერდზე უნდა გადამედო და “შევსულიყავი და გაკვეთილი ჩამეტარებინა, თუ მაგარი ვიყავი.”

მე -პერსონაჟი- აქტივობები შემოქმედებითი წერისთვის

0

რაზე წერს და ლაპარაკობს მოსწავლე ყველაზე თავისუფლად და გახსნილად? ( რა თქმა უნდა, ბუნებრივ და დადებით გარემოში), რასაკვირველია, საკუთარ თავზე? ოჯახზე, ჰობიზე, საყვარელ საჭმელსა და მუსიკაზე. რატომ არ შეიძლება ეს  ცოდნა, ერთი მხრივ, შემოქმედებითი წერის აქტივობად გამოვიყენოთ, მეორე მხრივ – მოსწავლეს საშუალება მივცეთ უკეთ გამოხატოს და წარმოადგინოს თავისი შესაძლებლობები და ბოლოს, რაც მთავარია, მისი პრობლემების, ხასიათის, დამოკიდებულების შესახებ მეტი გავიგოთ.

გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, სადაც მოსწავლე საკუთარ თავს, როგორც პერსონაჟს აღწერს, საინტერესო და მხიარულ დავალებას ასრულებს და თანაც, კიდევ უფრო მეტად უღრმავდება საკუთარ შესაძლებლობებს.

აქტივობა1

მე – მწერლის პერსონაჟი

ნაბიჯი1.

ამოვარჩევთ მოსწავლეთა ასაკობრივი ინტერესებიდან გამომდინარე რამდენიმე ლიტერატურულ პერსონაჟს, რომელიც საკუთარ ამბავს მოგვითხრობს. ვარიანტები ბევრია, რეზო ინანიშვილის მოთხრობები, დავით ჯავახიშვილის „ბიძია სევას ამბები“, ნარგიზა მგელაძის „უცნობი ბიჭის დღიური“, ასტრიდ ლინდგრენის „მიო, ჩემო მიო“, ცოტა უფროსებისთვის სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ ან თამთა მელაშვილის „გათვლა“.

ნაბიჯი 2.

ვამზადებთ პერსონაჟთა გალერეას, ვარჩევთ ილუსტრაციას ან ეკრანიზაციას, ვხატავთ, დიორამებს ვაკეთებთ.

ნაბიჯი 3

პერსონაჟის რუკა- ვამზადებთ სხვადასხვა სახის კოგნიტურ სქემებს, მათ შორის, პერსონაჟის რუკის სხვადასხვა ვერსიას, ვპასუხობთ კითხვებს – რა უყვარს, რას გრძნობს, რა მოტივაცია აქვს, როგორ იღებს გადაწყვეტილებას, რა აფერხებს და ა.შ.

ნაბიჯი 4

მე-როგორც პერსონაჟი, როგორ მოვყვებოდი ამბავს, მე რომ ვიყო ამა თუ იმ წიგნის პერსონაჟი, რა შეიცვლებოდა წიგნში ჩემი ხასიათის თავისებურებების თუ გემოვნების მიხედვით, როგორც შევცვლიდი წიგნის სიუჟეტს.

ნაბიჯი 5

ჩაანაცვლე ილუსტრაცია – როგორი ვიქნები მე, როგორც ამა თუ იმ წიგნის პერსონაჟი, დავხატოთ  ან ამოვბეჭდოთ ილუსტრაცია და ჩავაწებოთ მოსწავლის ფოტო.

 

 

აქტივობა 2

მე – დაუწერელი წიგნის პერსონაჟი

 

თუ წინა აქტივობა, უკვე არსებულ წიგნში პერსონაჟის შეცვლას ითვალისწინებდა, ახლა სრულიად ახალი, დაუწერელი წიგნის პერსონაჟები ვხდებით.

ნაბიჯი 1

როგორი ვარ მე, როგორც პერსონაჟი:

ა. რა მიყვარს

ბ. როგორი ხასიათი მაქვს

გ. როგორ ვარ გარეგნულად

დ. როგორი გემოვნება მაქვს

ე. რის კეთება მიყვარს

ვ. რა გამომდის კარგად

ზ. რას ვგრძნობ

თ. რაზე ვდარდობ, რა მიხარია

ი. ვინაა ჩემი მეგობარი?

 

ნაბიჯი 2

ჟანრი წიგნისთვის, რომლის პერსონაჟიც ვიქნებოდი

ა. რა არის ჟანრი, რა ჟანრის წიგნები ვიცით?

ბ. რა გამოარჩევს თითოეული ჟანრის წიგნს?

გ.  როგორი ჟანრის წიგნების მკითხველი ვარ?

დ. რომელი ჟანრის წიგნის პერსონაჟ ვიქნებოდი?

ე. რა ამბებში გაეხვეოდა ამ წიგნის პერსონაჟი?

 

ნაბიჯი 3

ლიტერატურული დრო და სივრცე

ა. როგორია დრო და სივრცე სხვადასხვა ჟანრის წიგნებში?

ბ. რომელ დროსა და სივრცეში მოხდებოდა მოქმედება ჩემს წარმოსახვით წიგნში?

გ. რას შეცვლიდა ესა თუ ის დრო და სივრცე ჩემში, როგორც პერსონაჟში?

 

ამ ეტაპზე შესაძლოა მოვამზადოთ ლიტერატურული სივრცის რუკა, სამგანზომილებიანი ილუსტრაცია, დიორამა და სხვა.

 

ნაბიჯი 4

სამაგიდო თამაში, მე, როგორ პერსონაჟი

თამაშის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

  1. დიდი ზომის ფორმატი
  2. ბარათები
  3. მარკერი
  4. ორი ცალი კამათელი
  5. მე – პერსონაჟი, რამდენიმე სათამაშო ფიგურა

 

მომზადება:

I ფორმატი გავყოთ ოთხ ნაწილად:

  1. მოგზაურობა და ფანტასტიკა
  2. ამბავი მეგობრობაზე
  3. ამბავი სიყვარულზე
  4. კონფლიქტური ამბავი

 

( თემატურად შეგიძლიათ თავად მოიფიქროთ ეს სტრუქტურული დაყოფა, თუ პოემას ასწავლით, პოემა იყოს ან ეპოსი, ნებისმიერი რამ, რაც თქვენს სასწავლო მიზნებს მიემართება, სხვადასხვა ნაწილები შეგიძლიათ აღნიშნოთ ფერით, ილუსტრაციით ან წარწერით)

II  თითოეული ნაწილი დავყოთ უფრო მცირე უჯრებად, სადაც გავანაწილებთ მოქმედების ადგილს, მიზანს, დაბრკოლებას, შეხვედრას, ნებისმიერ რამეს, რასაც შეიძლება ლიტერატურულ ნაწარმოებში შევხვდეთ.

III

ვირჩევთ სათამაშო ფიგურებს, რომელთა ფუნქციითაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ჭადრაკის ფიგურები ან პლასტმასის სათამაშოები, ან სულაც პლასტელინის თუ თიხისგან გავაკეთოთ, მივანიჭოთ სხვადასხვა ხასიათი, მაგალითად, გვყავდეს მებრძოლი, მოგზაური, ფილოსოფოსი, შეგვიძლია გავანაწილოთ პროფესიის, ტემპერამენტის, გემოვნების მიხედვით.

 

IV

ბარათები დავახარისხოთ ფერებად და შინაარსებად:

ა. ემოციები

ბ. მოქმედება

გ. დახმარება

დ. გამოსავალი

( და სხვა, თქვენი ფანტაზიის მიხედვით)

 

თამაშის პრინციპი:

მოთამაშეები ირჩევენ თავიანთ სათამაშო ფიგურებს და სათამაშო დაფაზე, ანუ ფორმატის ფურცელზე „დასაწყისის“ ბიჯთან განალაგებენ, თითოეული ისვრის კამათელს და ნაბიჯების შესაბამისი რაოდენობით ინაცვლებს უჯრებში.

პერსონაჟი, რომელიც მოხვდება რომელიმე ჟანრის განყოფილებაში, რომელიმე მოქმედების ადგილის, დროისა თუ სიტუაციის უჯრაში, აიღებს ბარათს, რომელიმე ემოციის ან მოქმედების გამოსახულებით, მას ევალება მოგვითხროს პატარა ისტორია ამ კომპონენტების მიხედვით. შეგვიძლია საუკეთესო ისტორიის დაწერა დავალებად მივცეთ.

 

სიტყვები რეკლამიდან…

0

აღიარეთ, რამდენი თქვენგანი გამხდარა რეკლამის მსხვერპლი? …

დიახ, მეც თქვენს შორის ვარ და ცოტა შორეულ წლებში რაღაც მეც დამიჯერებია.

პირველი რეკლამა სათავეს ძველი დროიდან იღებს.  თავიდან  ინფორმაციას ეგვიპტურ პაპირუსზე წერდნენ…გასაყიდი მონის  შესახებ. ზოგიერთი ეგვიპტოლოგის აზრით, რეკლამები ქვებზეც იწერებოდა. ერთი ასეთი ქვა ქალაქ მემფისში იპოვეს. ჩვ.წ.აღ. -მდე საბერძნეთსა და რომში კედლებზეც წერდნენ.

რეკლამამ ძალა განსაკუთრებით მაშინ მოიკრიბა, როცა ვინმე გუტენგერგმა 1450 წელს  საბეჭდი დაზგა აამუშავა. ეს რეკლამის ახალი ეპოქის დასაწყისი იყო. უშვებდნენ სარეკლამო ბროშურებს და არიგებდნენ.  გუტენბერგის წამოწყება ევროპაში სწრაფად გავრცელდა- ჯერ იტალიაში 1465წელს, შემდეგ შვეიცარიაში 1468 წელს, საფრანგეთში 1470 წელს და ა.შ.

ტექსტების წერის ოსტატობა მწვერვალზე  ფრანგ ექიმს თეოფრასტ რენოდოს 1630 წელს აუყვანია. მის მიერ შეთხზული რეკლამები ფრანგულ გაზეთში „La Gazette“-ში იბეჭდებოდა.

იმ პერიოდის რეკლამები მშრალ ფაქტებს იუწყებოდნენ. მაგ. ვინმე ფერმერს ჰქონდა გასაყიდი ფქვილი, თხები ან შვრია. შემდეგ და შემდეგ, ტექსტები მრავალფეროვანი გახდა და ოდნავ ტყუილებიც შეერია. საბოლოო ჯამში კი ერთი დიდი ტყუილ-მართალი გამოდიოდა.

თანამედროვე რეკლამები  რით აღარ არის დახუნძლული. გვიქებენ ყველაფერს, იყენებენ ცნობად სახეებს და ისინიც მსუყე ჰონორარის სანაცვლოდ გვიმტკიცებენ, რომ თეთრი შავია. ჰოდა, ყველა მოგებული რჩება… გამყიდველიც, ტექსტის დამწერ -გადამღებიც, შემსრულებელ-გამხმოვანებელიც და რეკლამის გამშვებიც. მომხმარებელიო, იკითხავთ. მომხმარებელი თავად უნდა გაერკვეს, სად ტყუილია, სად ნახევრად ტყუილი და სად სიმართლე.

ჰოდა, დღეს გადავწყვიტე რეკლამიდან ამონარიდ ე.წ. საკვანძო სიტყვებზე  დავწერო და პირველი სიტყვა -კოლაგენია.

რა არის კოლაგენი?

კოლაგენი შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი ცილაა. ორგანიზმში არსებული ცილების 25% კოლაგენზე მოდის. ის ორგანოების და ქსოვილების ექსტრაცელულური (უჯრედგარე) კარკასის (ჩონჩხის) შექმნას უზრუნველყოფს. ამას იმიტომ ახერხებს, რომ წარმოქმნის ბოჭკოებს, რომლებსაც დიდი სიმტკიცე ახასიათებთ. ამიტომ, კოლაგენი ძირითადად საყრდენ ფუნქციას ასრულებს.  მის ნაკლებობას  პირველ რიგში  ძვლებში, სახსრებში და ხრტილებში ვიგრძნობთ. ასევე, პასუხისმგებელია სახის ოვალზე, შესაბამისად ახალგაზრდა და მიმზიდველ სახეზე.

სწორედ ამიტომ, რეკლამა ამბობს, სახეზე ეს ნელსაცხებელი დაიდეთ, რადგან ფიტოკოლაგენით არის გაჯერებულიო. ჯეჯილიდან მოვიპოვებთო.   ეს კოლაგენი თქვენს  უჯრედებს ენერგიით აავსებს.

მეორე რეკლამა გვეუბნება, რომ ნელსაცხებელში  თხევადი კოლაგენ აქტივატორია, რომელიც თხევადი სტრუქტურის გამო  კანში კარკასებს შექმნის.

 

 

ვერაფერს იტყვი, ყველაფერი სიმართლეა, გარდა იმისა, რომ ადამიანის  კანში ყველა ზომის მოლეკულა ვერ გაეტევა. კანში მხოლოდ ის ნაწილაკები გადავლენ, რომელთა ზომაც 500 დალტონზე ნაკლებია.  კოლაგენის მოლეკულის ზომა კი  1500-4000 დალტონია. გამოდის, რომ ნელსაცხებელს სახეზე კი დავიტანებთ, მაგრამ კოლაგენი კანის ქვედა შრეებში ვერ მოხვდება და ზედაპირზევე დარჩება. გამონაკლისი, მხოლოდ ნანო ტექნოლოგიებით შექმნილი ნელსაცხებლები იქნება. ამიტომ, რეკლამის შემდეგ, თუ ერთი ქილა კოლაგენიანი ნელსაცხებლის შეძენას გადაწყვეტთ, ზედ დაწერილ ინფორმაციას გაეცანით, როგორი  ტექნოლოგიით არის შექმნილი.

სხვა რეკლამაში ე.წ. დასალევ კოლაგენზეა საუბარი. ეს უკანასკნელი ან აბებით იყიდება, ან ფხვნილის სახით, რომელიც წყალში იხსნება. თავადაც მიხვდებით, რომ საკმაოდ ძვირიც ღირს. მაგ. ერთ-ერთი  კოლაგენის შემცველი ბადი (ბიო აქტიური დანამატი), ერთი კოლოფი ამ ზაფხულს 140 ლარი ღირდა, ახლა კი უკვე 200 ლარამდე გაიზარდა ღირებულება. მოდით, განვმარტოთ, რომ თუ მე და თქვენ კოლაგენს დავლევთ, ის ნელსაცხებელზე უფრო კარგად იმუშავებს, რადგანაც ორგანიზმის შიგნით მოხვდება. შემდეგ  ამინმჟავებად დაიშლება და მათგან ის ცილები დასინთეზირდება, რაც ორგანიზმს ესაჭიროება. ანუ, იმის თქმა მსურს, რომ კოლაგენისგან უეჭველი კვლავ კოლაგენი წარმოიქმნებაო,  დაზუსტებით ვერ ვიტყვით. ამას, ჩვენი ორგანიზმი გადაწყვეტს. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ კოლაგენს ტრანსპორტერი ჭირდება და ეს მოვალეობა ვიტამინ C-ს აქვს შეთავსებული. ამიტომ, თუ შესაბამის ძვირიან ბად-ს შეიძენთ, არ დაივიწყოთ კოლოფზე ნახვა, შეიცავს თუ არა ასევე  ვიტამინ C-ს. თუ არ შეიცავს, მაშინ თავადვე უნდა შეიძინოთ ან ბუნებრივად მიიღოთ.

ვიტამინ C-ს ბუნებრივად მიღების გზებზე ამ ვიდეოში ვსაუბრობ.

ჟელატინზე ჩანაწერი მე-15-ე საუკუნეში გაჩნდა, საიდანაც  ვიგებთ, რომ ის ჟელეს წარმოქმნიდა. ასეტრინის ჯიშის თევზების ძვლების დუღილით იღებდნენ. 1845 წელს  ვინმე კუპერის მიერ კოლაგენის ხარშვაზე მიღებული იქნა პატენტი. შემდეგ მისგან ვაიტმა იყიდა და არც არაფერი მოხდებოდა მის ცოლს, სახელად ჯელოს, ფხვნილისგან ჟელესმაგვარი მასა, რომ არ გაეკეთებინა. გასინჯა, მოეწონა და ჟელე დაარქვა. მოგვიანებით კი ჟელატინი უწოდეს. „შერშე ლა ფამ“ ამას ქვია.   მას შემდეგ შესაძლებელი გახდა  კოლაგენის საწარმოო გზით მიღება.

მიხვდით ალბათ, რომ ჟელატინი ფაქტიურად კოლაგენია. დიახ, ერთი სტანდარტული პაკეტი 87% ან 85% კოლაგენს შეიცავს. შედარებისთვის გეტყვით, რომ კვერცხში კოლაგენი მხოლოდ 17%-ია. დღეს ჟელატინს ნებისმიერ სუპერმარკეტში შეიძენთ, გახსენით წყალში, ჩაამატეთ მაგ. ახლადგაწურული ხილის წვენი, ან მწვანე ჩაის და ჯინჯერის ექსტრაქტი, გაყინეთ და მიირთვით… სუფთა კოლაგენი.

კიდევ ერთი კერძიდან შეიძლება კოლაგენის მიღება და ეს  ლაბასხმულია  ე.წ.  „ხალადეცი“.  თუმცა, ლაბასხმულში ასევე დიდი რაოდენობით არის ცხიმიც და კოლაგენისთვის მისით ზედმეტად გატაცება არ გამოდგება.

სხვათა შორის, საკვებში ჟელეს სხვა წარმომავლობაც აქვს და ის ჟელატინში არ უნდა შეგვეშალოს. ჟელატინი ცხოველების ხრტილებისგან, ძვლებისგა და მყესებისგან მზადდება, ანუ, როგორც ვთქვით, ცილაა და ეს ცილა კოლაგენია.

ჟელე შეიძლება პექტინისგანაც დამზადდეს. პექტინი ოლიგოსაქარიდია, ანუ ნახშირწყალია და ცილასთან საერთო არაფერი აქვს. მას ძირითადად, ციტრუსების და ვაშლის ნარჩენებისგან ამზადებენ.  თუმცა, ასეთი ჟელე წონის მატებასაც ხელს უწყობს და ვერავითარ ცილას ვერ მივიღებთ.

კიდევ ერთი სახეობის ჟელე აგარ-აგარისგან მზადდება.  მას წყალმცენარეებისგან იღებენ  და ისიც ნახშირწყალია.  კონფეტების, ზეფირის და ნაყინის შემადგენლობაში შეხვდებით.

რეკლამის შემდეგი სიტყვაა კოენზიმ Q, იგივე უბიქინონი. რეკლამა გვეუბნება, გამოიყენეთ და უჯრედულ დონეზე ენერგიით აგავსებთო.

 

კოენზიმ Q კოფერმენტია. კოფერმენტები ნივთიერებებია, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ რთული ფერმენტის მოქმედებით მიმდინარე კატალიზურ პროცესში, როგორც ფერმენტული რეაქციების აუცილებელი ფაქტორები. კონკრეტულად, უბიქინონი ძალიან გავრცელებული კოფერმენტია. გვხვდება, როგორც მცენარეების, ისე ცხოველების უჯრედებში. ქიმიურად იგი 2,3-დიმეთოქსი-5-მეთილ-1,4-ბენზოქინონია, რომელთანაც მე-6 მდგომარეობაში 6-დან 10-მდე იზოპრენის ნაშთია დაკავშირებული.

ადამიანის უჯრედების მიტოქონდრიების კოენზიმ Q იზოპრენის 10 ნაშთს შეიცავს, ანუ, არის Q-10.

უბიქინონი მიტოქონდრიებში ლოკალიზებული სუნთქვითი ჯაჭვის კომპონენტია. წყალბადის ორი ატომის მიერთების შედეგად იგი აღდგება და უბიჰიდროქინონი წარმოიქმნება.

COQ+2H=COQH2

მეოცე საუკუნის 50-იან წლებში კოენზიმ Q გამოყვეს ხარის გულისგან. ერთი წელში სტრუქტურაც გაშიფრეს. 1959 წელს კიპიტერ მიჩელმა მისი მოქმედება უჯრედულ დონეზე აღწერა. ჩვენი ორგანიზმის ენერგიის 95% , ანუ იგივე ატფ, სწორედ უბიქინონის მონაწილეობით მიიღება. მიჩელმა ამაში ნობელის პრემია მიიღო.  შემდეგ დაიწყეს უბიქინონის შემცველი აბების გამოშვება, რომლებსაც გულის სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებს უნიშნავდნენ, თუმცა 2014 წელს საბოლოოდ დადასტურდა, რომ ეფექტურობა საკმაოდ მცირე პროცენტისთვის იყო.

თუმცა, ამ კოენზიმის მიღება აბების გარეშე საკვებიდანაც შეიძლება და ის დიდი რაოდენობით არის ზეითუნის ზეთსა და ჩრდილოეთი ზღვებში მობინადრე თევზის ჯიშებში. ნელსაცხებლებს რაც შეეხება, შეიძლება მოქმედებს და შეიძლება ნაკლებად. ამაზე, დიდი კვლევები მაინცდამაინც ვერ მოვიძიე. ის კი ნათელია, რომ  ნელსაცხებლების მწარმოებლებს აბებთან შედარებით ეფექტურობის ნაკლები კვლევა მოეთხოვებათ და თუ ქალბატონს სილამაზე სურს, წაიცხოს, რა დაშავდება.

დღეს რეკლამა უკვე აგრესიული გახდა. ყოველი მხრიდან გვიტევს და, როგორც ერთ გამონათქვამშია, დიდი ჯოხით გვირტყამს თავში, რათა როგორმე ჯიბემდე მიაღწიოს. ამისთვის მასობრივი კომუნიკაციების გარდა,  იყენებენ მოხატულ კედლებსა და ტრანსპორტის ფასადებს, ქუჩებში ხელში სახელდახელოდ დაბეჭდილ ბროშურებს გვჩრიან. ტელეფონით გვირეკავენ და მოგვისმინეთო,  ითხოვენ.

შემდეგ, მიდიხარ და შენი ნებით დაჰიპნოზებული ყიდულობ რაიმე ნივთს, რომელიც შესაძლოა არც კი გჭირდებოდეს.  შემდეგ გამოერკვევი, ან არ გამოერკვევი და  შეიძლება ასეც ჰიპნოზის ტყვეობაში დარჩე.

მოკლედ, ყველა რეკლამა ტყუილ-მართალს შეიცავს თქო, წერილის დასაწყისში ვთქვი და მხოლოდ ჩვენს ქიმიურ ცოდნაზეა დამოკიდებული, რამდენად დავიჯერებთ შემოპარებულ ტყუილს.

 

სავარჯიშოები ღირებულებების აღმოჩენისა და განმტკიცებისთვის

0

მოსწავლეებისთვის ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში სკოლას მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. პედაგოგები სხვადასხვა საგნის სწავლებასთან ერთად ვცდილობთ, ჩამოვუყალიბოთ და მათ განვუმტკიცოთ ცხოვრებისეული, ზოგადსაკაცობრიო თუ ეროვნული ღირებულებები.

სასკოლო გარემოში ღირებულებების ჩამოყალიბების მნიშვნელობას ხაზს უსვამს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ზოგადი განათლების სისტემა მიზნად ისახავს, შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. შედეგად მოზარდმა (მოსწავლემ) უნდა შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.

მშობლები, მასწავლებლები, გარშემო მყოფები მოზარდებს ხშირად პირდაპირ ეუბნებიან: „აი, ესენია შენი ღირებულებები“. ზედაპირული დასწავლით ღირებულებები არ/ვერ ყალიბდება, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის არ ცხოვრობენ იმ ღირებულებებით, რომლებიც „ვასწავლეთ“. ეს ხანგრძლივ, მიზანმიმართულ და კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს.

სამოქალაქო განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანია. მის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო აქტივობები, კონკრეტული თემების შესწავლასთან ერთად, ღირებულებების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებასაც უწყობს ხელს. ამ მიზნით, გარდა პროგრამული საკითხებისა, შეიძლება შევთავაზოთ მოზარდებს არაპროგრამული დავალებები, რომელთა სასკოლო სივრცეში (მათ შორის – დისტანციურ რეჟიმშიც) შესრულება ხელს შეუწყობს ღირებულებების აღმოჩენას, ჩამოყალიბებასა თუ განმტკიცებას.

გაგიზიარებთ რამდენიმე სავარჯიშოს, რომლებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ამ სავარჯიშოების შესრულება შესაძლებელია როგორც საგაკვეთილო, ასევე საკლუბო მუშაობის ფორმატში.

 

„რას აფასებ?“

ძნელია, ზუსტად იცოდე, რას წარმოადგენს შენი ღირებულებები. ამის გაგების ერთ-ერთი გზაა, ვუპასუხოთ ცხოვრებისეულ კითხვებს და ვნახოთ, რომელი ღირებულებები ამოტივტივდება.

სავარჯიშოს დაწყებამდე მოსწავლეებს უთხარით, რომ მათი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენენ ოჯახი, სკოლა, კულტურა, რელიგია და სხვ. აუხსენით, რომ სავარჯიშოს მიზანი მათი ღირებულების შეცვლა კი არა, არამედ დანახვა და უკეთ ამოცნობაა.

  • წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ სრულიად თავისუფალი ერთი დღე. არც სკოლაში ხართ წასასვლელი, არც საშინაო დავალებები გაქვთ მოსამზადებელი და არც რამე სხვა საქმე გასაკეთებელი. რისი გაკეთება მოგინდებათ?
  • რას იყიდიდით, 24 საათში 500 ლარის დახარჯვის შესაძლებლობა რომ გქონდეთ?
  • დაასახელეთ სამი რამ, რის გამოც პატივს სცემთ გარშემო მყოფ ზრდასრულ ადამიანებს.
  • უეცრად სახლში ცეცხლი გაჩნდა, თქვენი ოჯახის წევრები უსაფრთხოდ არიან. სამი ნივთის გადარჩენა რომ შეგეძლოთ, რას აირჩევდით? 
  • დაასახელეთ სამი რამ, რასაც შეცვლიდით თქვენს თემში.
  • წარმოიდგინეთ, რომ უკაცრიელ კუნძულზე უნდა მოხვდეთ ერთ ადამიანთან ერთად. ვის აირჩევდით? რატომ?
  • მხოლოდ ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ მსოფლიოში, რას შეცვლიდით?

მას შემდეგ, რაც კითხვებს გაეცნობიან, მიეცით დრო დასაფიქრებლად და პასუხების ჩასაწერად. სთხოვეთ, პასუხები წაიკითხონ ხმამაღლა (შეგიძლიათ, თავიდანვე შეთანხმდეთ ანონიმურობაზე). დაფაზე დააჯგუფეთ პასუხები.

გაუწიეთ მოსწავლეებს ფასილიტაცია, რათა გამოიტანონ დასკვნები თავიანთი ღირებულებების შესახებ. მაგალითად, თუ რამდენიმემ თქვა, რომ 500 ლარად შეიძენდა ოჯახისთვის საჭირო ნივთებს, ან ხანძრიდან სახლისთვის აუცილებელ ნივთებს გადაარჩენდა, ეს ნიშნავს, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ოჯახია.

ბოლოს შეჯამების მიზნით დაუსვით შემდეგი კითხვები:

  1. რა მსგავსება და განსხვავება დაინახეთ ერთსა და იმავე შეკითხვაზე თქვენს პასუხებში?
  2. რით იყო თქვენი პასუხები მსგავსი/განსხვავებული?
  3. რითაა მნიშვნელოვანი საკუთარი ღირებულებების ცოდნა?

 

ღირებულებების აღმოჩენა

მოზარდებს ჰყავთ კერპები, მისაბაძი პერსონაჟები ფილმებიდან, წიგნებიდან, საყვარელი სპორტსმენები და ა.შ. საინტერესოა, რამდენად აქვთ გააზრებული, რით იმსახურებენ ეს რეალური თუ გამოგონილი ადამიანები პატივისცემას, მათი რომელი თვისებები იწვევს აღფრთოვანებას.

 

 

ირებულების აღმოჩენა დამაზუსტებელი შეკითხვა
1 დაასახელეთ ადამიანი (რეალურად არსებული ან წიგნის/ ფილმის პერსონაჟი), რომელიც თქვენს პატივისცემას ან აღფრთოვანებას იმსახურებს. რა თვისებებს აფასებთ ამ ადამიანში? თქვენი აზრით, რა არის ამ ადამიანის ღირებულება?
2 წარმოიდგინეთ, რომ თქვენი დაბადების დღეა, უკვე 30 წლის ხართ. თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები თქვენს სადღეგრძელოს ამბობენ. როგორ ფიქრობთ, რას იტყვიან ისინი თქვენს ცხოვრებაზე? თქვენს რომელ ღირებულებებს დაასახელებენ თქვენი ახლობლები სადღეგრძელოს თქმისას?
3 დაასახელეთ სამი რამ, რაზეც ყველაზე ხშირად ფიქრობთ. ასახავს ეს აზრები თქვენს ღირებულებებს?
4 სასურსათო მაღაზიაში უცნობს თუ გამოელაპარაკებით ხუთი წუთით, როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებთ ეს ადამიანი? რას იტყოდა ეს უცნობი თქვენს ღირებულებებზე?

ამოიცნობდა თუ ვერა?

 

ადროვეთ დაფიქრება. სთხოვეთ, პასუხები რვეულში (word-ის ფაილში) ჩაიწერონ. შემდეგ პასუხების განხილვა მოაწყვეთ. დასახელდება ბევრი საინტერესო რეალური თუ გამოგონილი ადამიანი (მათ შორის შესაძლოა თქვენც აღმოჩნდეთ). ასევე, მნიშვნელოვანია, როგორ დაინახავენ მოსწავლეები საკუთარ თავს მომავალში, სხვების თვალით, რაზე ფიქრობენ ყველაზე ხშირად და ა.შ.

 

ვინ ვარ მე?

ეს აქტივობა ერთგვარი შემაჯამებელი სავარჯიშოს როლს ასრულებს (დოკუმენტის გადმოსაწერად დაწკაპეთ აქ) და უფრო მეტ დროს მოითხოვს. შეგიძლიათ, საშინაო დავალებად მისცეთ ან საკლუბო ფორმატში შეასრულოებინოთ.

აქტივობის მიზანია, მოსწავლეებმა ჩამოწერონ გამოკვეთილი ღირებულებები, თავიანთი ინტერესები, რა გამოსდით უკეთ, რა უნდა იცოდნენ მათ შესახებ სხვებმა, რით გამოირჩევიან და რის ექსპერტებად მიიჩნევენ თავს. ისინი სიმბოლოების გამოყენებით წარმოაჩენენ საკუთარ თავს და შექმნიან დევიზს.

 

ამ სავარჯიშოების დახმარებით თქვენი მოსწავლეები უკეთ გაიაზრებენ ღირებულებების მნიშვნელობას და აღმოაჩენენ მათ საკუთარ თავში.

შემოთავაზებული დავალებები/კითხვები არ გახლავთ უნივერსალური, შეგიძლიათ, ისინი მოზარდების მზაობისა და საჭიროებების გათვალისწინებით ცვალოთ.

 

სტატიაში გაზიარებული რესურსები შემუშავებულია მენტორინგის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე. პროგრამის პარტნიორია ტალინის უნივერსიტეტი.

როცა გეოგრაფია იცი

0

ახალგაზრდა თაობის პატრიოტული აღზრდა ყოველთვის იყო თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. ბავშვობა და მოზარდობა ყველაზე ნაყოფიერი დროა სამშობლოსადმი სიყვარულის განცდის ჩამოსაყალიბებლად. პატრიოტული განათლება გულისხმობს მოსწავლისთვის სამშობლოს სიყვარულის ეტაპობრივ ჩამოყალიბებას, მისი დაცვისთვის მუდმივი მზადყოფნას.

სამშობლო უზარმაზარ ხეს ჰგავს, სადაც ფოთლები ჩვენ ვართ ჩვენი საქმეებით, ჩვენი გამოცდილებით, სიხარულითა და პრობლემებით.  ყველა ხეს აქვს ფესვები, ისინი კვებავენ, უკავშირებენ მას მიწას. ფესვები ისაა, რაც გუშინ, ერთი წლის წინ, 70 წლის წინ, საუკუნის წინ იყო და ვიყავით. ეს არის ჩვენი ამბავი. ერი, რომელსაც ასეთი ფესვები არ აქვს, ღარიბი ერია.

მე-20 საუკუნეში საქართველოს ისტორია-გეოგრაფია საბჭოთა კავშირის ნაწილია. მოგვწონს თუ არ მოგვწონს – ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, რომლის ანალიზის გარეშე შეუძლებლად მიმაჩნია გზის გაგრძელება. რატომ დავინტერესდი ამ საკითხით? მოგეხსენებათ, გეოგრაფიის ერთ-ერთი მიმართულება სამხედრო გეოგრაფიაა. ამ თემას ერთი სტატია მივუძღვენი, რომლითაც ჩემი მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ და შევპირდი, ამ საკითხს კიდევ მივუბრუნდებით-მეთქი. აი ამიტომ, გადავწყვიტე მოგიყვეთ იმის შესახებ, თუ რა როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომში გეოგრაფიამ, როგორც მეცნიერებამ.

1941 წლის 22 ივნისს, დილის 4 საათზე, გერმანიამ ომის გამოუცხადებლად შეუტია საბჭოთა კავშირის ტერიტორიას. საბჭოთა კავშირს თავს დაატყდა ყველაზე სასტიკი და ყველაზე რთული ომი –  ასე გვასწავლიდნენ ჩვენ.

შუადღის 12 საათზე ქვეყნის ყველა რადიოსადგურმა გადასცა საბჭოთა მთავრობის მოწოდება ხალხისადმი სამშობლოს დასაცავად.

პირველ კვირასვე დაიწერა და შესრულდა სიმღერა „წმინდა ომი“.

ჩვენ გვახსოვს და ვიხსენებთ მათ, ვინც იარაღით ან თავდაუზოგავი შრომით მოიპოვა გამარჯვება. მეორე მსოფლიო ომის თაობაზე ბევრი დაწერილა, სხვადასხვა საბრძოლო შეიარაღების, ეკონომიკური სექტორების, მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ შეტანილი წვლილის შესახებ.

გეოგრაფების როლი ომის წლებში დიდი იყო როგორც ფრონტის წინა ხაზზე, ასევე ზურგში.

ომში გეოგრაფებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს მტრის დამარცხებაში:

– ტოპოგრაფებმა მოამზადეს სამხედრო-გეოგრაფიული აღწერილობები;

– მეტეოროლოგებმა ჩაატარეს ამინდის პროგნოზი სპეციალურ დანაყოფებში;

– ჰიდროლოგებმა იწინასწარმეტყველეს წყლის საზღვრების მდგომარეობა;

– ზურგში, გეოგრაფებმა მონაწილეობა მიიღეს წარმოების ადგილმდებარეობის საკითხების მოგვარებაში;

– მიწის და წყლის რესურსების იდენტიფიკაციაში;

– მინერალების ძებნაში ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში – ურალში, ციმბირში, ვოლგის რეგიონში, ყაზახეთსა და შუა აზიაში.

გეოგრაფია ომის სამსახურში

ომის პირველ წლებში სსრკ მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნა რამდენიმე სპეციალური კომისია, რომლებიც მალე გაერთიანდა საბჭოთა არმიის გეოლოგიურ და გეოგრაფიულ სამსახურთა კომისიაში. კომისიის ერთ-ერთი ლიდერი იყო ა.ე. ფერსმანი.

ომის წლებში გეოგრაფიის ძირითადი ამოცანები იყო:

* ფრონტზე სამხედრო ოპერაციების განვითარების, გზების გამტარუნარიანობის, ამინდისა და კლიმატური პირობების განსაზღვრა; სამხედრო ოპერაციების შეფასება, ბუნებრივი და კულტურული ლანდშაფტის შესწავლა.

* ზურგში ბუნებრივი და ეკონომიკური რესურსების ყოვლისმომცველი აღრიცხვა და ანალიზი; ზურგში არსებული ტერიტორიების ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების შესწავლა და შეფასება.

ალბათ ყველას ესმის გამოთქმა „ტოპოგრაფები ჯარის თვალები არიან”. არანაირი სამხედრო ოპერაცია არ ჩატარებულა რუკების გარეშე, რომელიც არის ინფორმაციის აუცილებელი წყარო რელიეფის შესახებ, ორიენტაციისა და ჯარების მართვისა და კონტროლის საშუალება. ომის წლებში სამხედრო გეოდეზისტების, ტოპოგრაფთა და კარტოგრაფთა რაზმები თავდაუზოგავად მუშაობდნენ ჯარისთვის რუკების მიწოდებაზე. სამხედრო ოპერაციების სამოქმედო არეალები გადაჭიმული იყო უზარმაზარ ტერიტორიაზე – ბარენცის ზღვიდან შავ ზღვამდე. მხოლოდ 1941 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით, გეოდეზისტებმა, ტოპოგრაფებმა და კარტოგრაფებმა 500 ათასი კმ²-ზე მეტი ფართობი შეისწავლეს, შეადგინეს და გამოაქვეყნეს სხვადასხვა მასშტაბის 2 ათასზე მეტი რუკა.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ალყაშემორტყმულ ლენინგრადში (პეტერბურგში) დარჩენილი ტოპოგრაფების გმირული შრომა. ყველაზე მწვავე ბლოკადის პირობებში, გერმანული არტილერიის ცეცხლის ქვეშ, შიმშილისა და სიცივის პირობებში, ლენინგრადელებმა შექმნეს, დახატეს, დაბეჭდეს რუკები.

სამხედრო-გეოლოგიური რაზმები მოქმედებდნენ ყველა ფრონტზე. მათი მთავარი ამოცანა იყო არმიისთვის ინფორმაციის მიწოდება რელიეფის, ნიადაგების, მიწისქვეშა წყლების გაჩენის, წყალმომარაგების წყაროებისა და ადგილობრივი სამშენებლო მასალების შესახებ.

საომარი მოქმედებები ტარდებოდა სხვადასხვა ადგილას – ტუნდრაში, ტაიგაში, ტყის შერეულ ზონაში, ტყის სტეპში, სტეპებსა და ნახევრად უდაბნოებში და მთის სისტემებში.

ტყეების, ტბებისა და ჭაობების სიმრავლემ დიდი სირთულეები შეუქმნა ჯარებს სამხედრო ოპერაციებისას. სამხედრო-გეოლოგიურმა რაზმებმა დაუყოვნებლივ მიაწოდეს ინფორმაცია ქანების თვისებების, ტბისა და ღვარცოფების ხარისხის, მონაცემები გზების, ხიდებისა და გადასასვლელების მდგომარეობის შესახებ და განსაზღვრეს სამშენებლო მასალები, რომლებიც აუცილებელია გზის შეკეთებისთვის.

ასეთი სამუშაოები ყველა ფრონტზე სხვადასხვა ბუნებრივ პირობებში ხდებოდა.

ომის ისტორიაში არსებობს ჰიდროლოგიური მდგომარეობის გამოყენების ბრწყინვალე მაგალითები.

ჰიდროლოგები დიდი სამამულო ომის დროს არმიას მდინარეებისა და ჭაობების გადალახვაში დაეხმარნენ.

სწორედ ჰიდრომეტეოროლოგიურმა სამსახურმა უზრუნველყო ლადოგას ტბაზე „სიცოცხლის გზის” გაჭრა ლენინგრადის ფრონტისა და ლადოგის სამხედრო ფლოტილიისთვის. იგი ერთადერთი კავშირი გარესამყაროსთან და სასიცოცხლო არტერია იყო, საიდანაც შედიოდა მცირე რაოდენობით სურსათი. ზამთარში, როცა ის გაიყინა, გადაადგილება უფრო გაადვილდა და ხალხის ნაწილმა დატოვა ქალაქი, ბავშვები გაიყვანეს. ლადოგის ტბის გავლით „სიცოცხლის გზამ” შესაძლებელი გახადა მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია და გადარჩენილ ადამიანთა საკვებით ნაწილობრივ უზრუნველყოფა.

შეტევითი მოქმედებების დროს ჯარებმა გადალახეს ფართო მდინარეები – დნეპრი, დნესტერი, დუნაი, ბერეზინა, ვისტულა, ოდერი. ჰიდროლოგებმა მისცეს ინფორმაცია მდინარის სიგანეზე და სიღრმეზე, ფიორდების არსებობაზე, დინების სიჩქარეზე, ნაპირებისა და ფსკერის ბუნებაზე, ჭალის ჭაობებზე და ა.შ.

ყველა მეზღვაური არსებითად გეოგრაფიასთან არის დაკავშირებული ამა თუ იმ ხარისხით. წყალზე მდინარეებსა და ტბებზე თავდაცვითი ხაზების შესაქმნელად გამოიყენეს აზოვის, დუნაის, პინსკის, ჩუდსკაიას, ლადოგას, ონეგას, ვოლჟსკაიას ფლოტილიები, გემების რაზმი ილმენის ტბაზე და ა.შ.

ომის პირველი დღიდან ბოლო ზალპამდე საბჭოთა ფლოტი განუწყვეტლივ აწარმოებდა აქტიურ ოპერაციებს ზღვებზე, ტბებსა და მდინარეებზე.

ომი მიმდინარეობდა არა მხოლოდ ვაკეზე, არამედ მაღალ მთაში. ალპინისტებმა, რომლებიც სასტიკ ბრძოლებს აწარმოებდნენ უღელტეხილებზე, თავიანთი წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში.

ნაცისტებს სჭირდებოდათ კავკასიის ხელში ჩაგდება ნავთობის მისაღებად, სამხრეთ საზღვრამდე მისასვლელად. 1942 წლის 21 აგვისტოს გერმანელები იალბუზის ორივე მწვერვალზე ავიდნენ და დროშა აღმართეს. ხეობებში, უღელტეხილებზე, მწვერვალებზე, რომლებიც ალპინისტებისთვის მშვიდობიანი ლაშქრობიდან იყო ნაცნობი, სამხედრო ოპერაციები ვითარდებოდა.

1943 წლის თებერვალში, სიმაღლის, სიცივისა და ქარბუქის მიუხედავად, საბჭოთა ალპინისტებმა შეასრულეს ბრძანება – მათ კავკასიონის მწვერვალიდან ჩამოხსნეს ფაშისტური ალმები და აღმართეს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო დროშა.

მეორე მსოფლიო ომში გეოგრაფიის წვლილზე კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://urok.1sept.ru

სიცოცხლე როგორც ფიჭა ან ალისფერი ვარდის ცხელი გულისგული

0

(ხუან რამონ ხიმენესის „პლატერო და მე)

 

ვუძღვნი ჩემს სიამის კატას, ცაცის, რომელმაც 18 წელი იცოცხლა

 

ჩვენ წინაშეა „დონ კიხოტის“ შემდეგ ყველაზე პოპულარული ლიტერატურული ნაწარმოები ესპანურენოვან ქვეყნებში, პოეტური, ლირიკული პროზა – ავტორი სიცოცხლეზე უყვება პლატეროს და, როგორც ესპანური ლექსის დიდოსტატი ანტონიო მაჩადო წერს, თავის სამყაროსეულ ხილვას გვჩუქნის. სულ 138 მინიატურაა. ეს ანდალუსიური ელეგია, როგორც თავად ავტორმა უწოდა, ეძღვნება პატარა ვერცხლისფერ ჩოჩორს (Platero ესპანურად ვერცხლისფერია), რომელიც გაადამიანურებული ვირია. ავტორისთვის ცხოველთა სამყარო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ადამიანებისა, ამიტომ პლატეროსთან მეგობრობა საკრალურია. პლატერო ადამიანივით შეჰყურებს ყვავილებსა და ვარსკვლავებს, ის გონიერია, მოხუცისა და ბავშვის მოსიყვარულე, მზისა თუ ძაღლის თანამზრახველი, თვინიერი, დარდიანი და გულისხმიერი, „ველ-მინდორთა მარკუს ავრელიუსი“, ისეთი ლაღი და ნებიერი, პოეტს ავიწყდება, რომ ის ვირია, რომლის ცხოვრებაც ისეთი სადა და უბრალოა, როგორიც „მოკლე გზა ძველ სასაფლაომდე“ და ასე მიმართავს: „რა სანახავი ხარ, შე კაცო!“ ის ღატაკი ბავშვივითაა და ბავშვივითაც ელოლიავებიან. პლატეროს ესპანელები ოთხფეხა სანჩო პანსასაც უწოდებენ. მოგერი (Mons-Urium – ოქროს მთა, ნაკადული სევდანარევი სიხარულისა), სადაც ავტორი და პლატერო ერთი წლის განმავლობაში დახეტიალობენ, წუთისოფლის მეტაფორაა. გზაც მეტაფორაა ყოველი ჩვენგანის სავალისა ამ წუთისოფელში. ეს არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. თვითონ პოეტი სალოს ბერს დამსგავსებია, „თალხით მოსილი, ნაზარეველის წვერითა და მომცრო შავი სომბრეროთი“. ტყუილად როდი აღიქვამენ მას გიჟად ბოშა ბავშვები. და დადიან ასე ერთად თალხით მოსილი სევდიანი კაცი და ვერცხლისფერი ჩოჩორი და თითქოს მთელი არსებით იწოვენ სისავსეს ყოფიერებისა, რომელშიც ყველაფერი ასე ძველია და ასე ახლად მოელვარე, ასე ტკბილი და ასე ტრაგიკული, რომელშიც, თუ ცხოვრებამ ლაგამი ამოგდო, მეფობს მკაცრი ფილოსოფია – „დასამარდება მოუხმარი შენი მშვენება და თუ მოიხმარ, ის მტანჯველი იქნება შენი“ (შექსპირი).

ნაწარმოებში გამოკვეთილია შერეკილების თემა – „უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქვენ შორის ამა სოფლისა, სულელ იქმენინ, რაითა იყოს იგი ბრძენ“ (პავლე მოციქული). ყველა მოხეტიალე ბრძენი შეშლილობდა. ნურც სალოსებს დავივიწყებთ – უნდა „გასულელდე, დიდი სიბრძნე რომ დაიტიო“. მეხსიერებაში გვრჩება უცნაური შეშლილი, ვეება ხარივით დარბონი, აღარც წინა კბილები რომ შერჩენია და აღარც უკანა, ყვავილის ან ჩიტის დანახვისას სიცილი რომ უტყდება, რომელიც ტირილში გადასდის, როცა სასაფლაოს გახედავს: „ჩემი გოგო, ჩემი საცოდავი გოგო…“ კიდევ – საბრალო ავედილი, შეშლილი გოგო მზის ქუჩიდან, მაყვლისა და მიხაკების მოკითხვა რომ იცოდა, აბდალი ბიჭი სამოთხეში, ხელახლა ახელილი თვალებით, საწყალი პიანისტი, სილამაზის ნაშთი რომ ემჩნევა („მართლა სულელი იყო? როგორი იყო, ნეტა?“)…

გოდერძი ჩოხელის „ადამიანთა სევდას“ გვახსენებს ამ ნაწარმოების უნივერსალური სევდა და სამყაროს სახე-ხატები. როგორც მანანა გიგინეიშვილი წერს, „სამყაროს შემოქმედს არ მიუყვანია ბოლომდე ადამიანის ქმნადობის პროცესი. ადამიანმა თვითონ უნდა სრულქმნას თავისი თავი“, რომ დაუბრუნდეს სამოთხეს, თავის სულიერ სამშობლოს.

ხიმენესს აქვს ლექსი „წელიწადის მეხუთე დრო“, რომელიც მის სულიერ და პოეტურ ძიებათა მწვერვალად მიიჩნევა. სწორედ ეს მეხუთე დროა მარადისობა ანუ უდროობა, მეტაფიზიკური -ოთხივე დროის, წარსულის, აწმყოსა და მომავლის განმსაზღვრელი, რომელთან მიმართებითაც ფასდება თითოეული ჩვენგანი. ადამიანი, რომელშიც ცა და მიწა ერწყმის ერთმანეთს, „ფრთოსანი არსებაა, ოღონდ ფრთების მოქნევა მხოლოდ შემეცნების ნათელში შეუძლია“, – წერს ხიმენესი. ამიტომ გვეძლევა წუთისოფელიც.

ნაწარმოებში ყოველ სიტყვაში იგრძნობა საოცარი სიყვარული სიცოცხლისა, რომელიც ბუნებისადმი ზნეობრიობაშიც მჟღავნდება, საოცარ პეიზაჟებში, პოეტური ყალმის თითქოსდა მსუბუქ მონასმებში, დიდი მხატვრული ოსტატობა რომ სჭირდება – „ირგვლივ ისე ჩამუქდნენ მწვანე მინდვრები, თითქოს საკურთხევლის იისფერი კრეტსაბმელი წაჰფარებოდათ“; აპრილის შემპარავი მწუხრი, გამჭვირვალე შროშანივით ზეცა ან საწყალი მონადირის ცრემლში ჩამდგარი მზე, რომელიც როცა ძველი სახურავის ჭუჭრუტანებში ატანს, „სხვენიდან ცეცხლივით ბრდღვიალა მონეტები ცვივა თითქოს“; დიდი, ლეგა ღრუბელი, მთვარეს რომ ისე გადმოაგორებს ბორცვზე, „თითქოს ვეება კრუხს დაედო ოქროს კვერცხები“… მოკლედ, გადმოცემულია ბუნების ის ჰარმონიულობა, რომელიც თითქოს სამყარომ დაკარგა, რადგან სიძულვილი მძლავრობს ირგვლივ. ხშირად ყველაფერი ყირამალაა ამქვეყნად, მსგავსად გუბისა, რომელშიც პლატერომ ჩატოპა, მთვარეს ფეხი დააბიჯა და შხეფებად, ნაფლეთებად მოისროლა ირგვლივ როგორც წუთისოფლის მყიფე, მარადცვალებადი რეალობა. წიგნში მრავლადაა სახარებისეული ალუზიები და მისტიკა: „იუდებს ხოცავენ, შე ჩერჩეტო! ჰო, იუდებს ხოცავენ“ – ეს თითქოს დროსა თუ უდროობაში მოგზაურობაცაა და თვალწინ გვიდგება იუდას ბიბლიური სახე-ხატი – ცოდოა მოღალატე, უდიდესი ცოდვილი კაცობრიობის ისტორიაში, კაცთაგან შერისხვისათვის განწირული, საბრალო, ყველაზე დიდი ცრემლი უფლისა.

მინიატურებში მრავლადაა უცნაური ზმანებები, პოეტური ხილვები – თუნდაც ვარდების წვიმა, თეთრი, უფერული, ვარდისფერი, ზეცისფერი ვარდები, როგორც პლატეროს მშვენიერი თვალები, რომლებსაც თითქოს სამოთხის შვიდივე ციდან ისვრიანო, თითქოს მყუდროდ თოვს. ამ სიფაქიზითა და სინატიფით ბალანსდება სამყაროს მოუხეშაობა და სიმკაცრე.

როგორ შეიძლება არ შეიყვარო სიცოცხლე, რომელიც თითქოს ყველგან, სადაც ჩვენი წარმოსახვის თვალი მიატანს, ფეთქავს და იფურჩქნება?! თუნდაც ჩვენი ყოველდღიურობა, რუტინა, საუბარი, ხმაური. როგორც დაკეტილი ჭიშკრის მიღმა გაყუჩებული ყოფიერების საიდუმლო, როგორც შეყვარებულთა გულის სავანე, ტბორი, რომელიც პოეტის ოცნებისეული მითოლოგიით შთაგონებული წარმოსახვის ნაყოფია – თვალწარმტაცი წალკოტი, რომელიც მწვანეთვალება შეშლილი დედოფლის უსაზღვრო სევდას შეუქმნია თითქოს; ან მენახშირის გოგონა, „მონეტასავით ლამაზი და ჭუჭყიანი“, პატარა დედასავით ნანინათი რომ აძინებს უმცროს ძმას; ან ხურვებით ავადმყოფი გოგონა, თეთრი, სადა კაბით, ისეთით, მონტემაიორის ღვთისმშობელს რომ აცვია; ყაყაჩოებშეფრქვეული ყანა და პატარა ბელტზე ამორხეული ყვავილი ტყის პირას, უწმინდურებისგან წაუბილწავი ჩიტუნა რომ შესჩვევია, რომლის სიცოცხლე ჩვენი სიცოცხლის გაზაფხულივითაა; ან მისტიკური ხილვები: შავი ბეხრეკი ვირი, დემონის სუნთქვა რომ შემოაქვს ნაწარმოებში და ბავშვი წყაროსთან, როგორც ოაზისი, როგორც სიგრილისა და სინატიფის სასახლე, რომელიც თითქოს პოეტის სულია; რტოზე დატოვებული გაფრენილი ბეღურის თრთოლა, ცის ნაფლეთი, ჩიტმა რომ შესვა დაღვრილი წყლიდან ან მარტოობა, დიდ და ნათელ აზრს რომ ჰგავს, ან სიბრალული – გრიგალში ნაზი პეპლების ფარფატი; ქარში ცეცხლის მაგია ან სულაც „ჩამავალი წითელი მზისთვის გულგახსნილი ბროწეულები“.

„პლატერო და მე“ რომანტიკული პროზაა, მაგრამ არა რეალიზმისა თუ იუმორისგან დაცლილი. აი, რას ამბობს ავტორი მღვდელზე, დონ ხოსეზე (გინებით რომ იკლებს და ქვების სროლით დასდევს ბაღში ფორთოხლის მოსაპარავად გადასულ ბავშვებს): „ეგ კაცი მირონცხებულიცაა და თანაც, რომ ხედავ, როგორ ლაპარაკობს?! პირდაპირ თაფლი გადმოსდის პირიდან! სინამდვილეში კი ანგელოზური თუ რამ გააჩნია, ეს არის მისი ჭაკი ვირი“. თითქოს რა ნაცნობი და ძველია ეს ყველაფერი და კაცთა მოდგმის ცოდვით სისუტეზე მიგვანიშნებს, თუმცა სრულყოფილებისკენ სწრაფვაზეც, ქრისტეს მიბაძვაზე. საგრძნობია მწერლის ირონია (იქნებ თვითირონიაც?) მოხეტიალეთა მოდგმისადმი – ალბათ ბოშები არიან. ამ დაუბანელ, მოუვლელ ადამიანებს არაფერი სცხიათ იმ ფილოსოფიური სიბრძნისა, წუთისოფლის პირობითობებისგან განდგომილის პოზა რომ ბადებს. კი, სიცოცხლე ძალიან მკაცრიცაა. ამაზე მეტყველებს ალბათ ევკალიპტების ქვითინი; განრისხებული დარაჯის მოკლული უპატრონო ძაღლის თვალი, თოფის კვამლის ციცქნა ფთილით დანისლული; ოქროსფერი მინდვრების მრავლის მნახველი და დამტევი მდუმარება; კორიდა, რომელიც, ავტორის აზრით, სანახაობა კი არ არის, არამედ ის ნათელი და მარადიული, რომელსაც ბუნება, ღმერთი ყველას დამსახურებისამებრ მიანიჭებს ამაღლებული სულის შესაფერისად. მაგრამ ცხოვრება მაინც ტკბილია, თუნდაც მშვენიერების (რომელმაც დრო მარადიულობას აზიარა) სიკვდილით („დაკრძალვის საღამოვ, ეს რა საოცარი დიდებულება გიბოძა უფალმა ღმერთმა!“), როგორც ოქროსავით გაფანტული სიცოცხლე.

ნაწარმოებში ხშირად გვხვდებიან თეთრი პეპლები, როგორც ხატები მშვენიერებისა. სიცოცხლის ძლიერი კანონი გვაძლევინებს თანდაყოლილ მარტოობასაც და ავადმყოფობასაც, მარადიული ნათლით გვასხივოსნებს. ამას გრძნობ, როცა თუნდაც მეგობრის კუბოსთან პატარა მზეწვიას გალობას ისმენ ან უყურებ, რა მადიანად შეექცევიან მესაფლავის შვილები შაქარმოყრილ კარაქიან პურს.

კვდება პლატეროც. სამყაროს სევდის დამტევია მისი სიკვდილი, სავსე ისევ და ისევ სიცოცხლის ჭეშმარიტი განცდით. ერთხელ ჩემმა ნათლულმა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, იკითხა: „არსებობს ცხოველების სამოთხე?“ ამ წიგნშია მის კითხვაზე პასუხი. ავტორის აზრით, ცხოველებიც განიცდიან სიკვდილის შემდეგ მეტამორფოზას – მათი სამშვინველი, როგორც პატარა ენერგეტიკული ველი, ჩიტების სამოთხეში („მწვანე წალკოტი ოქროსფრად გაფურჩქნილი ვარდის ბუჩქებით, თეთრი, ვარდისფერი, ცისფერი, ყვითელი ჩიტების სულებით“) ან სულაც სამოთხეში განაგრძობს არსებობას. ეს არის საბოლოო დასასრული ცხოვრების ბობოქარ ზღვებში ხეტიალისა, ძნელი დღეებისა, ეს არის ხატიც მარადიულობისა. ეს არის არა აღსასრული, არამედ მშვიდი ძილი. პლატეროს საფლავზე ისმის გოგონების სიმღერები ფორთოხლის ბაღებიდან, ჩიტბატონების, გულწითელებისა და ნიბლიების ალერსიანი ჟღურტული.

წიგნში არის ერთი საინტერესო მომენტი, როცა მთავარი გმირი თითქოს საკუთარი თავიდან გამოაღწევს და გარედან უყურებს მას: „მე აგერ ვარ, სურნელოვან და მოფუთფუთე მრუმეში, ოქროშერთულ ნათელ-ბნელში – მთვარის, იასამნის, სიოს და სიბნელის ნახელავში. აგერ ვარ და ყურს ვუპყრობ ჩემი გულის სიღრმეს, რომელსაც ბადალი არ შეიძლება ჰყავდეს“. წუთისოფლის ამაოებასა თუ ნგრევას თავისი შედეგი მოქვს. მხოლოდ ერთი უცვლელი საუნჯე გვრჩება – გული, რომელშიც ხსოვნაა და მარადისობის შეგრძნებაც, თითქოს ხელით ეხები „უკვდავი ღმერთის გულივით წითელ მზეს“. პლატერო სიკვდილის შემდეგ უკეთ გაიგებს მისთვის მიძღვნილ წიგნს, რომელიც მისწვდება მის სულს სამოთხეში, რომელმაც გაიყოლა მოგერის ველ-მინდვრების სულიც და რაც დრო გავა, გახდება უფრო კეთილი, მშვიდი, წმინდა უჭკნობი ვარდების მარადიულ ზეციურ ველზე, სადაც ის თავისი გაბურძგნილი ზურგით ახლა უკვე ყრმა ანგელოზებს დაატარებს.

ჩვენ, ადამიანებმა, ვიცით, რომ ოცნებამ შეიძლება უამრავი რამ გამოსტაცოს მივიწყებას. ეს იქნებ „სულაც არარსებულ ბაღში განცდილი დარდიანი გაზაფხულის“ ჟამია? ამიტომ ისიც კი, რაც უმნიშვნელოდ გვეჩვენება, შეიძლება გრანდიოზულად იქცეს, რადგან უამრავი განცდის მიზეზია. ამიტომ იყოს ისე, როგორც ხუან რამონ ხიმენესი გადაცვლილ პლატეროს მიმართავს: „სიცოცხლეც ღირს და სიკვდილიც, ჩემო პლატერო!“

ახალი გზა სასკოლო ლიდერებისთვის

0

(წიგნიდან „Digital Leadership“)

ამერიკელი ავტორის, სპიკერისა და განმანათლებლის, ერიკ შენინგერის 2019 წელს გამოცემული წიგნის, Digital Leadership-ის ეს ნაწილი სასკოლო განათლების დღევანდელ გამოწვევებს ეძღვნება. ავტორი მკითხველთან საუბრისას ცდილობს, გაგვიზიაროს თავისი დამოკიდებულება სკოლების ტრანსფორმაციაზე და ხაზი გაუსვას იმ სირთულეებს, რომლებიც ყოველთვის თან ახლავს ასეთი ტიპის ფუნდამენტური ხასიათის ცვლილებებს. მიუხედავად წიგნის პოპულარობისა, აშშსა და სხვა ინგლისურენოვან ქვეყანაში, ავტორის ტონი და ემოცია ნათლად გვიჩვენებს, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს სასკოლო სამყაროსდიგიტალიზაცია“ – ციფრული ტექნოლოგიების საშუალებებზე გადასვლა აშშ-ი სასკოლო განათლების სექტორშიც კი. საინტერესო და დასაფასებელია ერიკ შენინგერის შემართება და მისი ჯანსაღი დამოკიდებულება ცვლილებების ნელი ტემპისა და სიძნელეებისადმი. აქ კარგად ჩანს ავტორის ადამიანური, ჰუმანისტური დამოკიდებულება მასწავლებლისადმი; ადამიანებისადმი, რომლებსაც პროფესიულად ევალებათ ჩვენს ბავშვებთან მუშაობა, მათთან მრავალი საათის გატარება და რომელთათვისაც საკმაოდ მტკივნეულია ტრადიციული საგანმანათლებლო სამყაროდანციფრულ რევოლუციურმეთოდებზე გადასვლა ტექნოლოგიების ასეთი ტემპით განვითარებისა და ცვლილებების დროში.

„სირთულე ის გახლავთ, რომ ადამიანებს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რა არის განათლება. ჩვენ განათლების ღირებულებას ისევე ვადგენთ, როგორც მიწის ან ბირჟაზე არსებული აქციების ფასს. გვსურს მხოლოდ ისეთი განათლების მიცემა, რომელიც მოსწავლეს მეტის გამომუშავების საშუალებას მისცემს. თითქმის არაფერს ვფიქრობთ იმაზე, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მოსწავლის ხასიათი. ვამბობთ, რომ გოგონებს არ სჭირდებათ ხელფასი, შესაბამისად, რა საჭიროა მათი განათლება? სანამ ასეთი მიდგომები იარსებებს, ვერასდროს გავიგებთ განათლების ნამდვილ ღირებულებას“.

მაჰათმა განდის წიგნიდან “True Education”, 1962.

 

არქიტექტორმა ლუის სალივანმა (ამერიკული მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფრენკ ლლოიდ რაიტის მასწავლებელი, „ამერიკული ცათამბრჯენების“ „მამა“, ლ.ა.) ერთხელ თქვა: „ფორმა ყოველთვის მოჰყვება ფუნქციას“. ეს სიტყვები ყველანაირად შეესაბამება სკოლის სამყაროს, სასადილოდან საკლასო ოთახამდე.

წინა ეპოქების (XIX-XX საუკუნეები) მოსწავლეები, რომლებისთვისაც სკოლა ქარხნებსა და ფაბრიკებში მექანიკური სამუშაოსთვის მოსამზადებელი „კურსი“ გახლდათ, სკოლაში აუცილებლობის გამო დადიოდნენ.

მე-20 საუკუნის 90-იან წლებში საწარმოები და ქარხნები ამერიკიდან სხვა ქვეყნებში გადაიტანეს. თუმცა დღევანდელი „ქარხნისთვის“ სკოლები აგრძელებენ ახალგაზრდების „დასაწყობებას“, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკას უკვე აღარ ესაჭიროება  გასული საუკუნის მიზნებისთვის გაწვრთნილი სამუშაო ძალა.

სწორედ ამიტომ, დოქტორმა პამელა მორანმა 2006 წლიდან გადაწყვიტა, დაეწყო სასკოლო ცვლილებების რთული პროცესი. მისი მიზანი იყო ახალგაზრდების სწავლების პროცესის ოპტიმიზაცია ოცდამეერთე საუკუნეში.

ქ-ნი მორანი 1986 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა ვირჯინიის შტატის ალბემარლის სასკოლო ოლქში, მათ შორის 12 წლის განმავლობაში სუპერ-ინტენდანტად. იგი გახლდათ პირველი მმართველი ქალბატონი ოლქის ისტორიაში, შტატის წლის სუპერ-ინტენდანტი და აშშ-ის სუპერ-ინტენდანტების ეროვნული კონკურსის ფინალისტი 2016 წელს.

აშკარა იყო, რომ ქ-ნი მორანს ახალი განზრახვა ჰქონდა. მისი ოლქის სკოლები კი აგრძელებდნენ მოსწავლეთა მომზადებას იმ სამყაროსთვის, რომელიც უკვე აღარ არსებობდა.

ამერიკული საგანმანათლებლო და სამეცნიერო ჟურნალ National Academies Press-ში გამოქვეყნდა სტრატეგია (Education for Life and Work, „განათლება სიცოცხლისა და შრომისათვის“, ლ.ა.)  „ახალი“ სკოლების რესტრუქტურიზაციის შესახებ, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთებული იყო იმ გარდამავალ უნარებზე, რომლებიც 21-ე საუკუნის რეალობას სჭირდება. სტრატეგიის მთავარი საკითხები სრულ თანხვედრაში მოდიოდა დოქტორ მორანის ცვლილებების გეგმასთან: მოსწავლეების მომზადება ახალი პრობლემების წარმატებით გადაჭრისა და ახალ გარემოსთან ადაპტირებისათვის, ნაცვლად საგნების ტრადიციული წესებით შესწავლისა [საკლასო ოთახის სივრცეში].

21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარები, როგორებიცაა შემოქმედებითობა, ინოვაცია და პრობლემების გადაჭრის კრეატიული მიდგომები, თავისუფლად შეიძლება იქნეს განხილული, როგორც „ღრმად სწავლება“. ეს ის უნარები და თვისებებია, რომლებიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, განივითარონ გარდამავალი უნარები პრობლემების გადასაჭრელად და მიეცეთ საშუალება, ადეკვატურად უპასუხონ ახალ სიტუაციებს.

დღეს მოსწავლეები, ბავშვები, ახალგაზრდები – ყველა, ვინც სწავლობს, ცხოვრობენ სამყაროში, რომელშიც მულტიმოდალური კომუნიკაცია, პირისპირ თუ ვირტუალური კონტაქტი, თვითინიცირებული პრობლემების გადაჭრა და კრეატიული მიდგომები სამუშაოზე, სახლში და ზოგადად, ცხოვრებაში, ნორმატიულ მოთხოვნად გადაიქცა (და არა რამე განსაკუთრებულად).

ახალგაზრდები დღეს უკვე აღარ არიან დამოკიდებული ენციკლოპედიებზე, ბიბლიოთეკებზე ან მასწავლებლებზე, საბაზო ინფორმაციის მისაღებად ან „გააკეთე-შენით“ ამოცანებისთვის (Riedel, 2012). დაინტერესებული მოსწავლე- ინდივიდი დღეს პირდაპირ Wikipedia-ით, YouTube-ით, Twitter-ით, Facebook-ით, Siri-ით ან Alexa-თი სარგებლობს, ან უბრალოდ ტექსტურ შეკითხვას უგზავნის რომელიმე მეგობარს. ახალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ფონზე სამყარო უკვე ყველასთვის შეიცვალა: „მილენიალებითვის“ (2000 წლის შემდეგ დაბადებულთა თაობის ზოგადი სახელწოდება, ლ.ა.), მათი მშობლებისა თუ ბებია-ბაბუებისთვის.

მაგრამ სკოლები, რომლებშიც დედამიწელების ეს ახალი თაობა დადის, დიდად არ შეცვლილა. ახალგაზრდები დღეს კვლავ რიგებად დალაგებულ მერხებს უსხედან და აგრძელებენ ფურცელზე ნაბეჭდი დავალებების შესრულებას, ზარით განსაზღვრულ გაკვეთილებზე ჯდომას, „ყველას რომ ერგება, იმ ზომის“ ტესტების ჩაბარებას და მორჩილების კულტურის სამყაროში ყოფნას, რაც მთლიანობაში ზღუდავს მოსწავლეთა სამუშაო სივრცეს.

 

 

მოამზადა და თარგმნა ლევან ალფაიძემ

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...