შაბათი, ივნისი 7, 2025
7 ივნისი, შაბათი, 2025

ფაზლი, როგორც ბავშვის განვითარების ხელშემწყობი საშუალება

0

ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ბავშვთან ყოველდღიური შეხება აქვს, კარგად იცნობს პატარების ინტერესებს, მიდრეკილებებს, სურვილებს, დამეთანხმება იმაში, რომ ბავშვების უმრავლესობისთვის ფაზლი განსაკუთრებით საინტერესო და საყვარელ სათამაშოს წარმოადგენს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ფაზლი არა მხოლოდ საინტერესო და გასართობი, არამედ ძალიან დიდი სარგებლის მომტანი, განმავითარებელი სათამაშოა. მას უზარმაზარი სიკეთის, სარგებლის მოტანა შეუძლია ბავშვის განვითარების მიმართულებით. ხშირად, როცა მშობელი ბავშვისთვის სათამაშოს ყიდვისას არჩევანს ფაზლზე აკეთებს, იმ იმედით, რომ ის ცოტა ხნით მაინც ერთ ადგილას გააჩერებს პატარას, რომელიც უფროსებისათვის შემაწუხებელი აღარ იქნება, ალბათ ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ რა დიდი სარგებლის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ფაზლი მისი შვილის საერთო განვითარებისთვის.

    

როგორ შეიძლება დაეხმაროს ფაზლით თამაში, ფაზლის აწყობა ბავშვის განვითარებას:

 

  • ფაზლი ხელის წვრილი მოტორიკის განვითარების ძალიან კარგ საშუალებას წარმოადგენს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, იმ ბავშვებს, რომლებიც საკმაოდ ადრეული ასაკიდან მიჩვეულები არიან ფაზლის აწყობას, ხელის წვრილი მოტორიკა სასკოლო სწავლების დაწყების წინ ბევრად უკეთესად აქვთ განვითარებული, ვიდრე მათ, ვისაც საერთოდ არ ჰქონია შეხება ფაზლთან. ხელის წვრილი მოტორიკის განვითარება მომავალში დაეხმარება ბავშვს, სწრაფად ისწავლოს წერა. ამასთან ერთად, თავიდან ააცილებს მას ხელწერასთან და მეტყველებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რადგან წვრილი მოტორიკა პირდაპირ გავლენას ახდენს მეტყველების განვითარებაზე;
  • ხელის წვრილი მოტორიკის განვითარების პარალელურად, ფაზლის აწყობა მოძრაობების კოორდინაციის, უფრო კონკრეტულად კი თვალისა და ხელის კოორდინირებული მოძრაობის უნარის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ხდება. იმისათვის, რომ ფაზლის ცალკეული ნაწილები სწორად განალაგოს, ბავშვი იყენებს ცდისა და შეცდომის მეთოდს. შედეგად მოძრაობები იძენს მეტ სიზუსტეს და კოორდინირებულ ხასიათს;
  • ფაზლის აწყობის დროს ბავშვი იგებს, შეიმეცნებს კავშირს ნაწილსა და მთელს შორის, ეხმარება, განასხვაოს ნაწილი მთელისაგან, უვითარდება ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
  • ფაზლით მუშაობა ამოცანის სხვადასხვა მხრიდან დანახვის, პრობლემის გადაწყვეტის უნარის განვითარების კარგ საშუალებას წარმოადგენს. ფაზლი შედგება ნაწილებისაგან, რომლებიც სწორად უნდა იქნეს მიერთებული ერთმანეთთან სასურველი შედეგის მისაღებად. ეს ბავშვის წინაშე აშკარად აყენებს პრობლემას, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს. ამასთან მან კარგად იცის, რომ სწორი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. ამიტომ ის აგრძელებს მცდელობებს სანამ არ მიაღწევს წარმატებას. ასეთი დაჟინებულობა, თავის მხრივ, ნებელობასაც უვითარებს ბავშვს;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებისა და პასუხის დამოუკიდებლად, უფროსების დახმარების გარეშე მოძიების უნარის განვითარება ასევე შეიძლება ფაზლის, როგორც განმავითარებელი სათამაშოს გამოყენების მნიშვნელოვან შედეგად მივიჩნიოთ. სრული თავისუფლება ქცევის სტრატეგიის შერჩევისას ფაზლის აწყობის დროს საშუალებას მისცემს ბავშვს, ირწმუნოს საკუთარი ძალების; დარწმუნებულობა საკუთარ თავში იზრდება, ბავშვი ხდება უფრო დამოუკიდებელი მოქმედებაში, რაც შემდგომში დაეხმარება მას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში;
  • ფაზლი ავითარებს ყველა ძირითად ფსიქიკურ ფუნქციას, მაგრამ, პირველ რიგში, ის აღქმის განვითარების ხელშემწყობი ხდება. ფაზლის აწყობის დროს ბავშვს უწევს ფერის, ფორმის აღქმა, ილუსტრაციების მთლიანობაში აღქმა. ამასთან, პატარა სწავლობს ფორმის აღქმას, როგორც ვიზუალურად, ასევე შეხებით;
  • ფაზლის საშუალებით ხდება წარმოსახვის, ფანტაზიის, სივრცითი აზროვნების, ყურადღების, მეხსიერების განვითარება. თუ ბავშვი ცუდად იმახსოვრებს ინფორმაციას, ფაზლს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია – ის შესანიშნავად გაავარჯიშებს ბავშვის მეხსიერებას. ფაზლის აწყობის დროს ბავშვი სწავლობს სურათის დამახსოვრებასა და გამოსახულების მეხსიერებაში მუდმივად შენარჩუნებას. მას უწევს ხატოვნად წარმოიდგინოს ის, რის აწყობასაც აპირებს და შეინარჩუნოს ეს ხატი, გამოსახულება მეხსიერებაში, „შეაბრუნოს“ სურათი გონებაში, გაერკვეს სივრცით მიმართებებში, მოუძებნოს მას შესაფერისი ადგილი, რაც, თავის მხრივ, ფანტაზიასაც ავითარებს. ფანტაზია კი პირდაპირ დაკავშირებულია მეხსიერებასთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვებს უყვართ ერთი და იგივე ფაზლის განმეორებით, რამდენჯერმე აწყობა, რაც ასევე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ მეხსიერებას. ისინი ჩერდებიან, ფიქრობენ და იხსენებენ, როგორ უნდა ააწყონ კონკრეტული ფაზლი; სწავლობენ, ყურადღების კონცენტრირება მოახდინონ კონკრეტულ მოქმედებაზე, რაც თავის მხრივ, ყურადღების განვითარების ხელშემწყობიც ხდება;
  • ფაზლი სოციალური უნარ-ჩვევების განვითარების საშუალებადაც შეიძლება გამოვიყენოთ. თუ პატარა ფაზლს ააწყობს მეგობრებთან, და-ძმებთან ან მშობლებთან ერთად, ეს მას სოციალურ უნარ-ჩვევებს მნიშვნელოვნად განუვითარებს.

 

იმისათვის, რომ ფაზლი ზემოაღნიშნული დადებითი შედეგების მომტანი აღმოჩნდეს, აუცილებელია გარკვეული პირობების დაცვა მისი როგორც შეძენის, ისე გამოყენების დროს:

 

  • ფაზლის შერჩევის დროს, უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. მართალია, ფაზლის შეთავაზება 1,5-2 წლიდან დაწყებული ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის შეგვიძლია, მაგრამ, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მარტივი უნდა იყოს ფაზლი, როგორც შინაარსით, ასევე ფორმითაც. დეტალების რაოდენობა 4-ს არ უნდა აჭარბებდეს, დამზადებული უნდა იყოს ისეთი მასალისგან, რომ ბავშვისთვის ასაღებად და ხელში დასაჭერად მოსახერხებელი იყოს, არ უნდა შედგებოდეს პატარა დეტალებისაგან, რომლებიც შეიძლება ბავშვმა პირში ჩაიდოს და გადაყლაპოს კიდეც. სურათი უნდა იყოს ნათელი, მარტივი. 4 წლამდე ასაკის ბავშვისთვის უკეთესი იქნება ფაზლზე ისეთი სურათის შერჩევა, სადაც მისთვის კარგად ნაცნობი საგანი და პერსონაჟია წარმოდგენილი. თუ პატარას თავიდანვე არ ეცოდინება, როგორ გამოიყურება ესა თუ ის საგანი, საეჭვოა მან შეძლოს იმის გაგება, როგორ ააწყოს სურათი, რომელზეც ის ნაწილებად არის გამოსახული;
  • მას შემდეგ, რაც ბავშვი ისწავლის 4-დეტალიანი ფაზლის აწყობას, შეიძლება მას უფრო რთული ვარიანტებიც შევთავაზოთ. დეტალების რაოდენობის ზრდასთან ერთად შეიძლება თანდათან გავართულოთ ფაზლზე გამოსახული ნახატიც. თუ ძალიან პატარა ბავშვისთვის გამოდგება კარგად ნაცნობი საგნების სურათები, უკვე 3 წლიდან ბავშვებს შეიძლება შევთავაზოთ მარტივი სიუჟეტები, მაგ. ილუსტრაციები ნაცნობი მულტფილმებიდან ან ზღაპრებიდან, ცოტა უფროს ბავშვებს კი – ფაზლი განმავითარებელი შინაარსით, მაგ. ანბანის გამოსახულება, ცხოველების, მცენარეების კლასიფიკაცია და ა.შ.;
  • ფაზლის აწყობის პირველი მცდელობისას დეტალები ბავშვის წინ ისე უნდა განვალაგოთ, როგორც სურათზე იქნება მოცემული, იმისათვის, რომ დეტალების შერჩევის დროს ბავშვს არ დასჭირდეს მათი ტრიალი, შებრუნება-შემობრუნება;
  • ფაზლის შერჩევის დროს გავითვალისწინოთ ბავშვის არა მხოლოდ ასაკი, არამედ მისი ინტერესები და შესაძლებლობებიც;
  • ვიყოთ ფრთხილი ფაზლის სირთულის მიხედვით შერჩევისას. გვახსოვდეს, რომ ზედმეტად მარტივი ფაზლი პატარას სწრაფად მოსწყინდება, ძალიან რთული კი დაუკარგავს ინტერესს;
  • ფაზლი უნდა იყოს ხარისხიანი, დეტალები მჭიდროდ ჯდებოდეს ერთმანეთში და ხელის უბრალო შეხებით არ უნდა იშლებოდეს;
  • ფაზლის აწყობისას, განსაკუთრებით პირველი ფაზლის აწყობისას ბავშვი მარტო არ უნდა დავტოვოთ. ნუ ვიფიქრებთ, რომ პატარა დამოუკიდებლად, ჩვენ გარეშეც კარგად ააწყობს თავის პირველ ფაზლს. ყველა განმავითარებელი მეცადინეობისას უფროსის დასწრება აუცილებელია – სწორედ ახლობელ უფროსებს შეუძლიათ გამოიწვიონ ბავშვში ინტერესი ახალი მეცადინეობებისა და სათამაშოების მიმართ. თუ ჩვენ თავად დავიწყებთ ფაზლის აწყობას, დაკვირვების პროცესში პატარა დაინტერესდება და შეეცდება ჩვენს „დახმარებას“. ამასთან, გავითვალისწინოთ ისიც, რომ უფროსის გვერდით ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი მუდმივად დამკვირვებლის როლში ვამყოფოთ და ჩვენ „გავერთოთ“ ფაზლის აწყობით;
  • თუ ბავშვი არ ამჟღავნებს ინტერესს ფაზლის მიმართ, ნუ ვაიძულებთ მას მათი აწყობით დაკავდეს, რადგან დაძალებით შეიძლება საერთოდ გაუქრეს ინტერესი ამ საქმის მიმართ. უკეთესი იქნება, თუ ცოტას მოვითმენთ და გარკვეული დროის შემდეგ შევთავაზებთ პატარას უფრო საინტერესო ფაზლის აწყობას;
  • არ დაგვავიწყდეს შევაქოთ ბავშვი სწორად აწყობილი ფაზლისთვის, ვუთხრათ, როგორი ჭკვიანი, ყოჩაღი და გონიერია. გულწრფელად გავიხაროთ მისი მიღწევებით. ეს ყოველივე მას მიანიჭებს შთაგონებას და თავდაჯერებულობას, რაც მისი შემდგომი წარმატებების წინაპირობა შეიძლება გახდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც ბავშვისთვის ფაზლს, როგორც სათამაშოს ვარჩევთ, ჩვენ მას არა მხოლოდ დასვენების დროის საოცრად გატარების შანსს ვაძლევთ, არამედ ხელს ვუწყობთ მასში მთელი რიგი უნარ-ჩვევების განვითარებას, რადგანაც ის იდეალური ინსტრუმენტია ბავშვის განვითარებისთვის. ასე რომ, ფაზლის, როგორც განმავითარებელი სათამაშოს გამოყენება საკმაოდ ადრეული ასაკიდან მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ დიდ დახმარებას გაუწევს ბავშვს სხვადასხვა უნარების განვითარებაში.

 

 

„როგორც სოფელში, ისე ქალაქში სახიფათოა ცეცხლთან თამაში!“

0

იმ ადამიანების რიცხვს ვეკუთვნი, რომლებიც ელექტროხელსაწყოებს ესაუბრებიან. ეს ნიშნავს, რომ შინიდან გასვლის წინ ყველას უნდა ჩამოვუარო და თითის დაქნევით განვუცხადო, რომ გამორთულები არიან.

ლაბორატორიიდან გამოსვლისას იმავე რიტუალს ვასრულებ და შეიძლება ითქვას, რომ ამ კუთხით ნამდვილად „ავად ვარ“.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ მეორეკლასელი მოსწავლე დედას სტუმრად გავყევი. ისე მოხდა, რომ სწორედ იმ დროს მასპინძელი ოჯახის მეზობლად ხანძარი გაჩნდა და მთელი სადარბაზო სტუმრებიანად გარეთ გამოგვხიზნეს. ვერ აღვწერ, რაც იქ ხდებოდა. ცეცხლის ალი აივნიდან გარეთ გამოიჭრა და უკვე სხვების სახლებში ცდილობდა შეჭრას.

მალე სახანძრო სამსახურის მანქანაც მოვარდა და მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას შეუდგნენ, მე კი კარგად დავიმახსოვრე, რომ ცეცხლის სტიქია საშიშია და თავის გზაზე ყველაფრის განადგურება შეუძლია.

რამდენიმე დღის შემდეგ დედამ ფერადი წიგნი მომიტანა, სადაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ხანძრები იყო აღწერილი.

პირველი ხანძარი, რომლის შესახებ ცნობებმაც ჩვენამდე მოაღწია, იმპერატორ ნერონის მმართველობის დროს რომში გაჩენილა. ცეცხლი მთელ ქალაქს მოსდებია და ექვსი დღე და შვიდი ღამე ვერ ჩაუქრიათ. ბევრი ადამიანი დაღუპულა, ბევრსაც ყველაფერი დაუკარგავს. ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ხანძარი ვიღაცამ განგებ გააჩინა.

1666 წლის 2 სექტემბრის ღამეს ლონდონში ხანძარმა იფეთქა, რომელიც ოთხი დღე მძვინვარებდა. ღამის ორ საათზე თომას ფერინორის საცხობში გაჩენილი ცეცხლი მალევე მოედო მიმდებარე სახლებს და მეზობელ უბნებს, რადგან სახლები მაშინ ჩალით იყო გადახურული. ცეცხლმა 13.500 სახლი გაანადგურა. ხანძარს შეეწირა 87 ეკლესია.

ლისაბონის დიდი ხანძარი 1755 წელს, ყველა წმინდანის ხსენების დღეს დაწყებულა. ამჯერად მიზეზი ძლიერი მიწისძვრა და ზედ დართული ცუნამი იყო. ოცი ეკლესია დაინგრა, ქალაქის უდიდესი ნაწილი განადგურდა, თუმცა, გონიერი მმართველის წყალობით, ლისაბონი მალევე აღადგინეს.

ვერ გეტყვით, მაშინ ცეცხლის ჩასაქრობად რას იყენებდნენ, მაგრამ ჩემს ბავშვობაში და დღესაც ცეცხლს ძირითადად ქაფით აქრობენ.

ქაფი დისპერსიული სისტემაა, რომელშიც სადისპერსიო არე სითხეა, ხოლო დისპერსიული ფაზა – ჰაერი. ქაფს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. ეს შეიძლება იყოს პირსაბანი ქაფი, საპარსი ქაფი, შამპუნის ქაფი, ზღვის ქაფი, ლუდის ქაფი…

ქაფი არასტაბილური კოლოიდური სისტემის მაგალითად გამოდგება. მისი მდგრადობისთვის ზოგჯერ ისეთ დეტერგენტებს იყენებენ, როგორიცაა საპონი, ცილა ან სხვა სტაბილიზატორი. ქაფი, რომელსაც მეხანძრეები იყენებენ, წარმოიქმნება ნახშირორჟანგისგან, რომლის გაზის ფაზაც დისპერსირებულია წყლის თხევად ფაზაში. ამ ტიპის ქაფი ცეცხლს სამი მიმართულებით ებრძვის. ქაფში არსებული ნახშირბადის დიოქსიდი ხელს არ უწყობს წვას და ჰაერზე მძიმეა. როდესაც ქაფის ფენა ცეცხლს დაფარავს, ნახშირორჟანგი შებოჭავს ცეცხლს, წყალი კი მას გააცივებს. ქაფი, თავის მხრივ, წარმოადგენს ფიზიკურ ბარიერს, რომელიც ჰაერს და, მაშასადამე, ჟანგბადს ალამდე არ უშვებს. ამასთან, ქაფს ძალიან დაბალი სიმკვრივე აქვს და ნებისმიერი ცეცხლწაკიდებული საგნის ზედაპირზე ფარფატი შეუძლია.

ლაბორატორიაში შეგვიძლია შევქმნათ ქაფი, რომელიც ნახშირბადის დიოქსიდისა და წყლისგან შედგება. ნახშირორჟანგს ვაწარმოებთ ძმარმჟავასა და ნატრიუმის ჰიდროკარბონატის წყალხსნარის ურთიერთქმედებით. ეს პროცესი შემდეგი რეაქციით შეიძლება გამოვსახოთ:

 

CH3COOH+NaHCO3=H2O+CH3COONa+CO2

 

ამ რეაქციის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგი გაზის ფაზაშია, წყალი კი თხევად ფაზაში იმყოფება. მდგრადობისთვის ჭურჭლის სარეცხ დეტერგენტებს იყენებენ. ქაფის სილამაზისთვის საკვები საღებავის გამოყენებაც შეიძლება.

100 მლ ძმარი (ან ძმარმჟავა) ჩაასხით 250 მლ-იან ჭიქაში. დაამატეთ 1 მლ (20 წვეთი) ჭურჭლის სარეცხი სითხე. კარგად მოურიეთ. ჩაასხით 100 მლ ონკანის წყალი 150 მლ-იან ქიმიურ ჭიქაში. გახსენით მასში 7.5 გ ნატრიუმის ბიკარბონატი (საჭმელი სოდა). ერთმანეთში აურიეთ ორივე ჭიქის შიგთავსი და დაამატეთ რამდენიმე წვეთი საკვები საღებავი. დააკვირდით, როგორი ქაფი წარმოიქმნება.

ტყის ხანძრები ცალკე თემაა და, ჩემი აზრით, როგორც საკუთარ სახლს ვუფრთხილდებით, გარემოსაც ზუსტად ისევე უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან ამქვეყნად ისე გავჩენილვართ, რომ სუნთქვის გარეშე ვერ ვიცოცხლებთ, სუნთქვისთვის ჰაერი გვჭირდება… ჰაერი კი აეროზოლებს შეიცავს.

აეროზოლები მყარი და თხევადი ნაწილაკებია. აეროზოლის შემადგენელი ნაწილაკების ატმოსფეროში დარჩენის ხანგრძლივობა არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. უფრო დიდი ზომის ნაწილაკები დიდხანს რჩება, მცირე ზომისები კი მალევე კოაგულირდება უფრო დიდი ზომის ნაწილაკებად. მათ სხვადასხვა სახელწოდება აქვთ, რომელიც აეროზოლის წყაროზეა დამოკიდებული.

მცირე ზომის მყარი ნაწილაკები შეიცავს ნახშირს, ვერცხლის იოდიდს, საწვავის წვის პროდუქტებს, ზღვის მარილის ნამცეცებს, უფრო დიდი -ცემენტის, ქარის მიერ მოტანილი ნიადაგის, ფეროშენადნობების საწარმოო მტვერს. თხევადი ტიპის მასალაში წვიმის წვეთები, ნისლი და გოგირდმჟავას კვამლიც შედის. ზოგიერთი ნაწილაკი ბიოლოგიური წარმომავლობისაა. მათ მიეკუთვნება ვირუსები, ბაქტერიები, ბაქტერიების და სოკოების სპორები, მტვერი. მასალა შეიძლება იყოს ორგანული ან არაორგანული, ორივე მათგანი ატმოსფეროს მძლავრ დამაბინძურებელს წარმოადგენს.

დისპერსიული აეროზოლები, როგორიცაა, მაგალითად, მტვერი, ფორმირდება 1 მიკროგრამი სიდიდის მყარი ნაწილაკებისგან. მათ უერთდება ტრანსპორტის გამონაბოლქვი, საბადოების მტვერი, ეროზიული პროცესების შედეგად წარმოქმნილი მტვერი.

ნაწილაკების ფორმირების წყარო ძირითადად წვის პროცესია, მათ შორის – წიაღისეულის წვა, კოცონები, ღუმლები და ბუხრები, ასევე – ცემენტის ქარხნები. ბუნებრივ წყაროებს მიეკუთვნება ტყეები, ტყის ხანძრები და აქტიური ვულკანები. ასეთი მცირე ზომის ნაწილაკები განსაკუთრებით სახიფათოა, რადგან უფრო იოლად აღწევს ფილტვის ალვეოლებში. ამავე დროს, მათ იოლად უკავშირდება მომწამლავი მძიმე მეტალებისა და დარიშხანის იონები.

წვის ერთ-ერთი მაგალითია პირიტის შემცველი ნახშირის წვის პროცესი:

3FeS2+8O2=Fe3O4+6SO2

ორგანული ვანადიუმი ნარჩენი საწვავია, რომელიც ვანადიუმის ოქსიდს წარმოქმნის. ნახშირის ფერფლში შედის კალციუმის კარბონატი, რომელსაც სითბო კალციუმის ოქსიდად გარდაქმნის.

 

CaCO3 (მაღალი ტემპერატურა)=CaO+CO2

 

გოგირდმჟავას კვამლის წარმოქმნა აეროზოლებში შემდეგი რეაქციით მიმდინარეობს:

 

2SO2+O2+2H2O=2H2SO4

 

აეროზოლში წარმოქმნილი გოგირდმჟავა რეაქციაში შედის იქ უკვე არსებულ ამიაკის ორთქლთან ან მყარ კალციუმის ოქსიდთან. რეაქციები განსაკუთრებით კარგად წარიმართება ნესტიან გარემოში.

 

H2SO4+2NH3(გაზი)=(NH4)2SO4

 

H2SO4+ CaO=CaSO4+H2O

 

ქართულ მხატვრულ ფილმში „სიყვარული, ხანძარი და პომპიერო“ მეხანძრე პატარა სავლე მოხალისე მეხანძრეებს ფანცქალას და კიკილოს, თანამედროვე ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ტრენინგს უტარებს.

 

ჩამაქრე!..

არაყი და ხანძარი მეგობრები არიან!..

გახსოვდეს, არ გაგიხარდება არყის სახდელი ქვაბი თუ აფეთქდება!..

გაინტერესებთ, რა არის ხანძარი? ხანძარი ადამიანის მტერია. ის საზოგადოების განვითარებას აფერხებს, სახალხო დოვლათს ანადგურებს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს. ხანძარი სტიქიაა. სტიქიასაც ჰყავს მტერი და ეს წესრიგი და ორგანიზებულობაა.

და კიდევ – ქაფი, რომელიც ქიმიის გაკვეთილზე თავად შეგვიძლია მივიღოთ.

რამდენ საათში ჩავფრინდები? – კომპლექსური დავალება

0

სამიზნე ცნება: დამოკიდებულება

თემა: შეფარდება; პროპორცია; მასშტაბი

მე-6 კლასი

დრო: 7-8 საათი

სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

  • დამოკიდებულება აღწერს, როგორ არის დაკავშირებული რაოდენობები, ობიექტები ან/და მოვლენები ერთმანეთთან.
  •             სიდიდეებს, ობიექტებს, რაოდენობებს შორის არსებული დამოკიდებულებების გამოსახვა შესაძლებელია სხვადასხვა ხერხით: ცხრილი, სქემა, გრაფიკი (გამოსახულება);

საკვანძო შეკითხვა: როგორ ვიყენებთ მასშტაბს რეალურ ცხოვრებაში გაზომვის საშუალებად?

თემას ვიწყებთ სიტუაციური მაგალითის განხილვით:  ნინო მაღაზიაში ყიდულობს ქსოვილს. გამყიდველს ეუბნება, რომ  5-ჯერ მეტი ქსოვილი ესაჭიროება.

ნინომ ქსოვილის მახასიათებლის აღსაწერად, რომელიც მას სჭირდება, იგი სხვა ქსოვილს შეადარა. ანუ დაამყარა კავშირი მათ შორის. თანაფარდობა ნინოს ნაყიდი ქსოვილის სიგრძესა და ქსოვილის სიგრძეს შორის, რომელიც მან გამოიყენა, არის 5:1.

კონცეფციის უკეთ გასააზრებლად მოსწავლეებს ვთხოვე, შეედარებინათ ქერათმიან მოსწავლეთა რაოდენობა შავთმიანებთან.

პროპორციის ცნების გაცნობისა და რამდენიმე პროცედურული სავარჯიშოს შესრულების შემდეგ მოსწავლეებმა შეასრულეს დავალებები ცხოვრებისეული პრობლემებზე.

მოგითხრობთ რამდენიმე აქტივობის შესახებ, რომელთა შესრულებით მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს საკითხი და დაინახეს მისი გამოყენების აქტუალურობა.

აქტივობა 1: სახლის გეგმა

მოსწავლეებს ვაჩვენე საჯარო რეესტრის მიერ დამოწმებული საკადასტრო გეგმის ავთენტური ნიმუშები. (მათი აღება შეიძლება მედიიდან).

დავალება ჯგუფური იყო. ოთხ ჯგუფად განაწილებულ მოსწავლეებს დაურიგდათ ავთენტური საკადასტრო გეგმები.

დავალება 1. მოსწავლეებს გეგმაზე მითითებული მასშტაბის მიხედვით უნდა დაედგინათ ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების რეალური ზომები.

დავალება 2. საკარმიდამოს მეპატრონემ გადაწყვიტა, სახლის უკან ააგოს მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის შენობა  საცურაო აუზისათვის. აუზის სიგრძე და სიგანე შესაბამისად 10მx5მ. გაითვალისწინეთ სივრცის დასატოვებელი არეები: აუზის ყველა მხრიდან ცარიელი სივრცე 2,5მ-ია, ხოლო შენობა სახლის კედლის პარალელურია და კედელს დაცილებულია არანაკლებ 5 მ-ისა.

დაეხმარეთ სახლის მეპატრონეს საკადასტრო გეგმას დაუმატოს აუზისათვის განკუთვნილი შენობის „მასშტაბური“ ნახაზი.

ეს დავალება მოსწავლეებს ეხმარება, გადაჭრან პრობლემა მასშტაბის ფაქტორების, თანაფარდობისა და პროპორციის გამოყენებით, რომელიც იზომება ფიგურის მასშტაბური ნახაზით.

მოსწავლეებს საშინაო დავალებად მიეცათ, შეექმნათ და კლასის წინაშე წარმოედგინათ თავიანთი სახლის ან ერთი ოთახის გეგმა.

შენი ბინის (ან ეზოს ან ოთახის) გეგმა

შეასრულე საჭირო გაზომვები.

შეარჩიე მასშტაბი.

დახაზე შენი ბინის (ან ეზოს ან ოთახის) გეგმა.

წარმოადგინე ნახაზი კლასის წინაშე.

უპასუხე კითხვებს: რა თანაფარდობაა ოთახის (ბინის ან ეზოს) სიგრძესა და სიგანეს შორის?

როგორ შეარჩიე მასშტაბი?

რამდენი კვადრატული მეტრია შენი ბინის ფართობი?

 

მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ მასშტაბური „სურათი“ გეგმა უნდა იყოს ორიგინალის პროპორციული.

აქტივობა 2. რუკის გამოყენება

ოთხ ჯგუფად განაწილებულ მოსწავლეებს ვურიგებ საქართველოსა და მსოფლიოს ფიზიკურ რუკებს. დავალება რუკაზე – აირჩიეთ რომელიმე ორი ქალაქი და იპოვეთ მათ შორის რეალური მანძილი. რუკაზე აირჩიე მდინარე და იპოვე მისი რეალური სიგრძე. ნამუშევრების პრეზენტაციის შემდეგ საძიებო სისტემების გამოყენებით მოსწავლეებმა გადაამოწმეს არჩეულ ქალაქებს შორის მანძილი და მდინარეების სიგრძე.

პროცესი საინტერესო იყო. მნიშვნელოვანი იყო გამოთვლილი რეალური მანძილების გადამოწმება. ზომებს შორის ცდომილების აღმოჩენა და მსჯელობა, რამ გამოიწვია ის.

აქტივობა 3. კომპლექსური დავალება

მოსწავლეები უკვე მზად არიან, შეასრულონ კომპლექსური დავალება, რომლის შინაარსი მათ თემის დასაწყისში გავაცანი. თუმცა ამ დავალების ერთ-ერთ ეტაპს საკლასო სივრცეში შევასრულებთ, რადგან რესურსები (რუკები) საკლასო ოთახში უფრო ხელმისაწვდომია.

რამდენ საათში ჩავფრინდები?

ზაფხული ახლოვდება. გეგმავ საოცნებო მოგზაურობას. სატრანსპორტო საშუალებად თვითმფრინავს ირჩევ.

შენი დავალებაა:

აირჩიე ქალაქი (სადაც აეროპორტია)  შესაძლებელია ტრანზიტიც.

განსაზღვრე მანძილი ქალაქებს შორის რუკის დახმარებით. შეარჩიე თვითმფრინავის გონივრული სიჩქარე და გამოთვალე რა დროში ჩაფრინდები დანიშნულების ადგილზე?

დავალების შესასრულებლად დაგეხმარება შემდეგი ინფორმაცია: https://www.flightradar24.com/33.81,38.71/4

https://airtaxi.ge/ge/passenger-aircraft-guide/

https://prosemenov.ru/ka/na-kakoi-skorosti-vzletaet-samolet-aerobus-kak-vzletaet-i-letaet/

დავალების პირველი ეტაპი. „სად აპირებ მოგზაურობას?“

აირჩიე სამოგზაუროდ საოცნებო ქალაქი.

გაარკვიე არის თუ არა იმ ქალაქში აეროპორტი. გესაჭიროება თუ არა ტრანზიტი?

მოიძიე ინფორმაცია სამგზავრო თვითმფრინავების მოდელებისა და  სიჩქარის შესახებ?

დავალების მეორე ეტაპი: „რუკა და მასშტაბი“

მას შემდეგ, რაც პირველი ეტაპის სამუშაოებს შეასრულებ, ისარგებლე საკლასო ოთახში არსებული რუკებით.

დაადგინე ქალაქებს შორის მანძილი.

დავალების მესამე ეტაპი: „დროის გამოთვლა“.

დაადგინე დანიშნულების ადგილზე ჩასაფრენად დახარჯული დრო.

დავალების მეოთხე ეტაპი: „პრეზენტაცია“.

პრეზენტაცია წარმოადგინე რომელიმე ციფრულ საპრეზენტაციო პროგრამაში. ისაუბრე: რატომ აირჩიე სამოგზაუროდ ეს ქალაქი?

როგორ დაადგინე აეროპორტის არსებობა ქალაქში და რა გზას მიმართე ტრანზიტის დასაგეგმად? (თუ ასეთი დაგჭირდა).

დაგეხმარა თუ არა საძიებო სისტემებით მოპოვებული ინფორმაცია?

რა სიჩქარეს ავითარებს შენი თვითმფრინავი?

როგორ დაადგინე ფრენისათვის დახარჯული დრო.

მოიძიე ინფორმაცია „კვანძის“ შესახებ და გამოთვალე შენი თვითმფრინავის სიჩქარე ამ ერთეულით.

კომპლექსური დავალების სრული ბარათი იხილეთ აქ: კომპლექსური დავალების ბარათი.

მოსწავლეების ნამუშევრებს ფოტო მასალა იხილეთ აქ.

ცნებების რეალური ცხოვრებაში გამოყენება და მრავალფეროვანი სიტუაციური ამოცანები ამდიდრებს სწავლა-სწავლების პროცესს, მოსწავლეებში აღძრავს ცნობისმოყვარეობას და მოსწავლე მზად არის საჭირო ძალისხმევა გაიღოს პრობლემის გასაგებად, დასაგეგმად, გადასაწყვეტად და გასააზრებლად.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198

 

  1. მათემატიკის გზამკვლევი კურიკულუმის შესადგენად. დამხმარე რესურსი მასწავლებლებისათვის. (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით) ქეთი ცერცვაძე.

https://clck.ru/SkNrc

 

 

ოულანკის ეროვნული პარკი – რესურსი კომპლექსური დავალებისთვის

0

პაანაჯარვის ეროვნული პარკის შემდეგ ტაიგის კიდევ ერთი მშვენების – ოულანკის ეროვნული პარკის შესახებ მინდა გიამბოთ. ორივე ეროვნული პარკი ერთი ბუნებრივი ზონაა, რომელიც ორ ნაწილად არის გაყოფილი სახელმწიფო საზღვრით. ამავე დროს ორივე მათგანი წყლის ერთიან სისტემას უკავშირდება. ეს სისტემა იწყება ფინურ ქალაქ სალოსთან ახლოს მდებარე ჩრდილოეთ სამთო-სათხილამურო კურორტებზე, რომლის ქვედა კვანძია ოულანკის ეროვნული პარკი.

ოულანკის ეროვნული პარკი მდებარეობს ჩრდილოეთ ოსტრობოტნიასა და აღმოსავლეთ ლაპლანდიის მაღალმთიან რეგიონში, რუსეთის საზღვრის გასწვრივ.

ოულანკის ეროვნული პარკი განსაკუთრებული ბუნებრივი სიმდიდრით არის ცნობილი. რთულმა სატრანსპორტო ქსელმაც კი ვერ შეუშალა ხელი ყველაზე ცნობილ ნატურალისტებს, ოულანკისკენ მიემართათ ყურადღება. ისინი აღფრთოვანებული აღწერენ კირქვულ კლდოვან ფერდობებსა და კორომებს. ოულანკაში ფლორისა და ფაუნის სახეობების რაოდენობა დადგენილი არ არის, მაგრამ დღესდღეობით ცნობილია, რომ ამ მხარეში თითქმის 400 დაცული სახეობა ცხოვრობს და იზრდება მინიმუმ 4400 ჰაბიტატში.

მრავალი სახეობის – განსაკუთრებით მცენარეთათვის – ოულანკა ერთადერთი ცნობილი ჰაბიტატია ფინეთში. ეროვნული პარკის განსაკუთრებული ბუნება მეტყველებს იმაზე, რომ ამ სივრცეში რეგულარულად გვხვდება მეცნიერებისათვის უცნობი სახეობები. ასეთ სახეობებს მიეკუთვნება, მაგალითად, ლიქენები Atla oulankaensis და Verrucaria oulankaensis, რომლებიც მეცნიერებმა სულ ახლახან აღმოაჩინეს. ჰაბიტატების მრავალფეროვნება აისახება სახეობების სიმრავლეში.

ეროვნული პარკის ჩრდილოეთი ნაწილი წარმოდგენილია დაბალი, მაგრამ რთული რელიეფით. ტერიტორია გამოირჩევა მინდვრების, ტბებისა და ტბორების, ვიწრო, მრუდე მდინარეებისა და დაბალი მზარდი ტყეების მომხიბლავი პეიზაჟებით. ერთადერთი გამორჩეული სიმაღლეა კეროჰარჯუს ქედი, რომელიც ჩამოყალიბდა გამყინვარების პერიოდში. ამ მიდამოში მდებარეობს ძველი ნაძვის ტყეები, მდინარე ოულანკახოკის ხეობაში კი ფიჭვნარი ტყეებია.

ოულანკა მდიდარია მრავალფეროვანი ჭაობებით, ისევე როგორც აყვავებული გვიმრების კორომებით. ბუნების სანახაობებით აღტაცება სულაც არ შემოიფარგლება გრანდიოზული პეიზაჟებით, რადგან მცირე დეტალებშიც არის სილამაზე. Laurilia sulcata სოკო იზრდება ხეებზე, რომლებიც ვრცელდება მდინარეებზე, ხოლო სელიგერიის ხავსებს „საცხოვრებლად“ სჭირდებათ შიშველი ქვის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი.

მდინარეები ოულანკაოკი და კიტკაჯოკი სრულიად განსხვავებული ტიპისაა. ყავისფერი მდინარე ოულანკაოკი წყალსა და მწარე ჰუმუსის მჟავებს იკრებს სალას ჭაობისგან, მდინარე კიტკაჯოკის სუფთა წყალი კი მოდის კოილიზმას რეგიონის უდიდესი ტბის აუზიდან, კიტკაჯირვის ტბიდან, რომელიც იკვებება სუფთა მიწისქვეშა წყლებით. მყინვარის უკან დახევის შემდეგ გამოჩნდა მდინარე კიტკაჯოკის შესძლებლობები. თანამედროვე კიტკაჯოკი არის სწრაფი ჩანჩქერები, ძლიერი დინებები და ტბები, რომლებიც მილიკოსკის ჩანჩქერის შემდეგ გადაიქცევა შთამბეჭდავ, კილომეტრიანი სიგრძის აალოკოკოსკის ჩანჩქერად. იგი ციცაბო ხეობაში გაედინება. მდინარე კიტკაჯოკი კოლიზმაას რეგიონში ყველაზე ძლიერი და ჩქარია. იგი წყნარად დინებას იწყებს მას შემდეგ, რაც რუსეთის საზღვართან უფრო მშვიდ მდინარე ოულანქაჯოკს უერთდება. გაზაფხულზე ჩრდილოეთით ჭაობებში ყინულები და თოვლი დნება, ხიდების მხარეს წყლის დონე იზრდება და იტბორება მდელოები. წყალდიდობა შლის მდინარის ქვიშიან ნაპირებს. ყოველწლიურად მდინარე ოულანჯაკოკის გადააქვს უამრავი ქვიშა საზღვრის გადაღმა, ისევე როგორც ეს ათასობით წლის განმავლობაში ხდებოდა. საუკუნეების წინ, მდინარის ხეობა ბოლომდე სავსე იყო ქვიშით, მაგრამ ბოლო გამყინვარების პერიოდიდან მდინარემ ქვიშის დონე 30 მეტრით შეამცირა. ტერიტორია, რომელიც ახლა ოულანკის ნაციონალური პარკია, უკვე მე-19 საუკუნის ბოლოდან იყო ცნობილი თავისი განსაცვიფრებელი, ველური ბუნებითა და განსაკუთრებული მცენარეებით.

ეროვნული პარკის დაარსების პროცესი შეფერხდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. შემდეგ კი, 1950-იან წლებში, ხელი შეუშალა კონფლიქტმა, რომელიც მდინარეების ოულანკაოოკისა და კიტკაჯოკზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობით იყო გამოწვეული. ბოლოს და ბოლოს ხალხმა გააცნობიერა, რომ ბუნების შენარჩუნება ხელს შეუწყობდა ტურიზმს და ბუნებაც უვნებელი დარჩებოდა. ეს არის ტაიგისა და ადამიანის ურთიერთობა.

ოულაკის ეროვნული პარკი შეიქმნა 1956 წელს და გაფართოვდა 1982 – 1989 წლებში.

 

ოულანკას ეროვნული პარკი მოიცავს ათობით კილომეტრზე გადაჭიმულ მდინარეს – ჩამდინარე წყლებს, ძლიერ დინებებს, ციცაბო და ჩქარ ჩანჩქერებს. ოულანკის ხეობის შიშველი დოლომიტის კედლები ვერტიკალურად ზევით იწევს და დიდებულ, ყველაზე მაღალი ტყით დაფარული კვარციტის მწვერვალებს ქმნის, რომელიც მდინარე ულანჯაკოკის ხეობის თავზე მდებარეობს.

დაცული ტერიტორიების მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ ჩრდილოეთ ტაიგის ტიპური ლანდშაფტების შენარჩუნება, არამედ ბუნებრივი პროცესების შესწავლა. ამისთვის საჭიროა ბიოსფეროს ყველა კომპონენტის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი, ანთროპოგენული გავლენის ქვეშ მყოფი მათი მდგომარეობის ცვლილების შეფასება და პროგნოზირება, ანუ გარემოსდაცვითი მონიტორინგი. ეს იძლევა დიდ შესაძლებლობას, შეფასდეს ადამიანის გავლენა ბუნებრივ სისტემებზე მისი აქტიური საქმიანობის საწყისი ეტაპებიდან.

კუუსამოსა და სალას მუნიციპალიტეტებში მდებარე ულანკის ეროვნული პარკი დაარსდა 1956 წელს, ფინეთის სხვა ექვს ეროვნულ პარკთან ერთად. თუმცა მოლაშქრეებისა და მკვლევრებისთვის იგი პოპულარული ბევრად ადრე გახდა. მრავალმა მკვლევარმა შეისწავლა ოულანკა, რომლის მრავალფეროვანმა ბუნებამ ხელი შეუწყო მის მომავალ ეროვნულ სტატუსს. Karhunkierros-ის საფეხმავლო ბილიკის გახსნამ 1954 წელს ასევე გააძლიერა რეგიონის პოპულარიზაცია, როგორც რეკრეაციული დანიშნულების ადგილისა და ახალი ეროვნული პარკის.

დღეს ოულანკის ეროვნულ პარკს ყოველწლიურად 200 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს. აქ ხორციელდება სხვადასხვა განვითარების ღონისძიებები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალმა თაობებმა ულანკას ძვირფასი და მრავალფეროვანი ბუნებითა და მისი შესანიშნავი დეკორაციებით სარგებლობა შეძლონ.

პარკს კვეთს ორი მდინარე, რომელთა ყველაზე ცნობილი ციცაბოები, კიუტაკენგოსი მდინარე ოულანკაჯოკში და მდინარე კიტკაჯოკი, წარმოადგენენ ფინური უნიკალური ბუნების ნაწილს. ოულანკაში ყველაზე მშფოთვარე პერიოდი 1950-იანი წლების დასაწყისში დაიწყო.

ოულანკის ეროვნული პარკის დაარსების სამუშაოები მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო. პირველი საკმაოდ ვრცელი გეგმები 1917 წლითაა დათარიღებული, როდესაც შოკოლადის მწარმოებლის, კარლ ფაზერის დაფინანსებით ჩატარებულმა ექსპედიციამ ოულანკის ტერიტორია შეისწავლა. გასული საუკუნის 20-იან წლებში, ცნობილმა ბოტანიკოსმა და კონსერვაციოლოგმა პროფესორმა, კაარლო ლინკოლამ ჩაატარა გამოკვლევა ოულულკასა და ჯუუმას (კიტკანნიემი) ბუნების შენარჩუნებუბის მიზნით. ამასთან, 1938 წელს ოულანკის ეროვნული პარკი ფინეთის პირველ ეროვნულ პარკებს შორის ვერ მოხვდა. ამის მიზეზი იყო მიწის საკუთრების გაურკვეველი საკითხები და არსებული პოლიტიკური სიტუაცია. 1939-1945 წლებში დაწყებულმა ომებმა ასევე შეაჩერა პროექტი. 1954 წელს Karhunkierros ბილიკის მარკირებამ ლაშქრობისა და ტურიზმის ბუმი გამოიწვია. ოულანკას ბუნებამ მოიზიდა როგორც ტურისტები, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლები.

ოულანკის ეროვნული პარკის ისტორია სავსეა ჩრდილო-აღმოსავლეთ ფინური კულტურული მახასიათებლებით. ფინელი და საამების ხალხების თანაცხოვრებამ ადგილობრივ ტოპონიმიკაშიც თავისი კვალი დატოვა, მაგალითად, საამურ ენაზე „kiutaköngäs” ნიშნავს „დიდ ბალანსს ღრმა ხევში”; „ოულლანკა“ მოდის ფინური სიტყვიდან „oula“ ან „oulu“, რაც ნიშნავს „წყალდიდობას“.

ოულანკის კანიონი

ოულანკის მდელოებზე ადგილობრივი მოსახლეობა აგროვებდა თივას, რომელსაც მეცხოველეობისთვის იყენებდნენ.

მდინარე ულანჯაკოკის ალუვიური მდელოები მდიდარი იყო ბალახოვანი მცენარეულობით, რადგან მდინარე ზრუნავდა მათ განაყოფიერებაზე. საგაზაფხულო და შემოდგომის წყალდიდობებისას მდელოები წყლით იფარებოდა, რაც მომდევნო წელს მისი ნაყოფიერების ზრდას უზრუნველყოფდა. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ას ჰექტარზე მეტი ალუვიური მდელო გაიწმინდა. საკვები პროდუქტების მოთხოვნილების ზრდასთან ერთად ხალხმა თივის მოშენება ჭაობიან მდელოებზეც დაიწყო. რიუტიპურო ბრუკის მდელო ფინეთის ბოლო დარჩენილი მდელოა, რომელსაც ტრადიციულად თივის მოსაგროვებლად იყენებენ. მდელოები წარმოადგენს ჰაბიტატს იმ სახეობებისთვის, რომლებიც საჭიროებენ უამრავ სინათლესა და ღია ადგილს, მაგალითად, მცირე გვიმრები და მთვარის ხეები (Botrychium spp.). ოულანკის ალუვიურ მდელოებზე ასევე გავრცელებულია ადგილობრივი იშვიათი სახეობები, როგორიცაა Lonicera caerulea და Erigeron acris ssp. სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად ტრადიციული მეთოდები ნელ-ნელა მივიწყებული იქნა. 50-იანი წლებიდან მდელოები, რომლებიც ერთ დროს სახეობის მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, თანდათანობით ტყეებად იქცა. დღესდღეობით მდელოები ფინეთის ბუნებაში ყველაზე მეტად დგას გაქრობის საშიშროების წინაშე. ზაფხულის დასაწყისში ალუვიური მდელოები დაფარულია მრავალფეროვანი ყვავილებით და ტურისტებს ძველი ბეღლების დათვალიერებისას ამ ადგილის ისტორიული მემკვიდრეობის შეგრძნებაც კი შეუძლიათ. ოულანკას ეროვნულ პარკში წლიურ მოხალისეობრივ ღონისძიებებში შენარჩუნებულია მდელოების ტრადიცია.

 

ვფიქრობ, ეს სტატიაც კომპლექსური დავალებისთვის კარგი რესურსია. დამატებითი რესურსების მოძიება შეგიძლიათ ინტერნეტგვერდებიდან: https://www.nationalparks.fi/oulankanp/nature; https://www.nationalparks.fi/oulankanp/history

საზაფხულო  თავგადასავლები დავალებად

0

წლევანდელი სასწავლო წელი ძალიან მალე მიიწურა. როცა წლის დასასრული მოახლოვდა, დავიწყე ფიქრი იმაზე, მოსწავლეებისთვის საზაფხულოდ რომელი წიგნი, რომელი სავარჯიშოები მერჩია. მოკლედ რომ ვთქვა, ისეთი რა დავალება მიმეცა, რომელსაც წუწუნის გარეშე შეასრულებდნენ. ამ ფიქრებით მშობლებს საკომუნიკაციო სივრცეში წერილი მივწერე, რომ უახლოეს დღეებში მშობელთა კრებას ონლაინ ჩავნიშნავდი, სადაც სასწავლო წელს შევაჯამებდი და საზაფხულო დავალებებსაც გავაცნობდი. ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლის მშობლის კომენტარი არამარტო თვალში, არამედ გულზეც მომხვდა. წერდა, რომ ჩემი წერილი ხმამაღლა წაიკითხა, რის შემდეგაც ჩემს წარჩინებულ მოსწავლეს შემდეგი კომენტარი გაუკეთებია: მეგონა, წელს გადავრჩებოდიო. ამ სიტყვებზე ბევრი ვიფიქრე. მივხდი, რომ იმ მოსწავლისთვისაც კი, რომელიც მთელი წელი დავალებებს ზედმიწევნით კარგად ასრულებდა, ჩემი დავალება ტვირთი იქნებოდა. დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა, განსხვავებული შემეთავაზებინა მათთვის? გაგიზიარებთ ჩემს ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზე მყოფ გეგმას, რომელიც შესაძლოა, საინტერესო აღმოჩნდეს თქვენი მოსწავლეებისთვის. მაშ ასე:

საზაფხულო თავგადასავლები. ინსტრუქცია მოსწავლეებს:

  1. აირჩიე ერთი ანიმაციური ფილმი, რომელიც შენთვის საინტერესოა და აუცილებლად მომწერე მეც, რომ მეც ვუყურო.

არჩევნის საშუალებით მოსწავლეებს მეტ ინტერესს ვუჩენთ.

 

  1. აიღე ერთი რვეული (წიგნაკი), რომელსაც გააფორმებ შენი სურვილის მიხედვით. გამოიყენე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგანში მიღებული ცოდნა. გააფორმე ის სხვადასხვა მასალის (საღებავი, პასტელი, ფანქარი, ფლომასტერი და ა.შ ) გამოყენებით. შეგიძლია გააფორმო ორნამენტებით ან შენთვის სასურველი სხვა ფიგურით. რვეული (წიგნაკი) უნდა იყოს შენი მეგობარი, რომელსაც შთაბეჭდილებებს გაუზიარებ.

წიგნაკის გაფორმებით მოსწავლეებს გავუაქტიურებთ სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მიღებულ ცოდნას. ისინი გაიხსენებენ შესწავლილ მასალას და პრაქტიკულად განახორციელებენ მას.

 

  1. მოკალათდი კომფორტულად და უყურე ანიმაციურ ფილმს. შეეცადე, ყურადღება მოქმედ გმირებზე, სიუჟეტის მოქმედებაზე, გარემოზე გაამახვილო და იფიქრე ფილმის მთავარ სათქმელზე.

ამ ნაბიჯით მოსწავლეებში გავაღვივებთ დაკვირვების უნარ-ჩვევას. ხელს შევუწყობთ აზროვნების განვითარებას.

 

  1. შენს წიგნაკში დახატე ფილმის გმირები. აალაპარაკე ისინი შენთვის სასურველი ეპიზოდის მიხედვით და გაიხსენე, როგორ იქმნება კომიქსი. მნიშვნელობა არ აქვს რამდენ გმირს დახატავ. შეგიძლია, შექმნა მათი საშუალებით როგორც კომიქსი, ისე პორტრეტი.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ხშირად ვიყენებთ კომიქსებს, რომლებიც მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. ამ ნაბიჯით მათი დავალების შესრულების პირველი ნაბიჯები სახალისო იქნება და განწყობაც პოზიტიური შეექმნებათ.

 

  1. აღწერე (სიტყვიერად, ილუსტრაციით), წელიწადის რომელი დროა ანიმაციურ ფილმში? საიდან მიხვდი ამას? შენთვის რომელიმე ნაცნობი ბუნებრივი მოვლენა ხომ არ შეგხვდა? ეცადე, ყველაფერი შენს წიგნაკში გადმოიტანო.

ამ დავალებით მოსწავლეებს ბუნებისმეტყველებაში მიღებულ ცოდნას გავუაქტიურებთ. მოახდენენ ბუნებაზე დაკვირვებას, გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების უნარი.

 

  1. გაიხსენე „მე და საზოგადოებაში“ შესწავლილი თემები. ფილმში მოცემულმა რომელიმე ეპიზოდმა ხომ არ გაგახსენა განვლილი მასალა? თუ – კი, მაშინ აუცილებლად გაანდე შენს წიგნაკს.

აღნიშნული დავალებით მოსწავლეები სიტუაციურ დონეზე გააანალიზებენ „მე და საზოგადოებაში“ შესწავლილ თემებს, გაავლებენ პარალელს მათ შორის.

 

  1. აირჩიე შენთვის სასურველი ეპიზოდი ან მთლიანი ფილმის შინაარსი და შეადგინე ამოცანები, ტოლობები. დახაზე ნაცნობი ფიგურები.

ამ დავალებით მოსწავლეები შეძლებენ მათემატიკის საგანში მიღებული ცოდნის გამოყენებას. სახალისოდ შეადგენენ ამოცანებს, მაგალითებს და თავად გახდნენ მისი ავტორი.

 

  1. ჩაწერე შენთვის ყველაზე საინტერესო ეპიზოდის მოკლე შინაარსი. შეგიძლია ის სურვილისამებრ გააფორმო.

მოსწავლეებს უჭირთ მოკლე შინაარსის ან სათქმელის წერილობით გადმოცემა. ამ სავარჯიშოთი კი მათ განუვითარდებათ ტექსტის მოკლე შინაარსის წერილობით გადმოცემის უნარ-ჩვევა.

 

  1. ანიმაციურ ფილმში მოქმედი გმირები ალბათ ძალიან ბევრს მოძრაობენ. შეიძლება დაფრინავენ კიდეც. მოიფიქრე თამაში, რომელსაც სკოლაში დაბრუნების შემდეგ შენს თანაკლასელებთან ერთად ითამაშებ თავისუფალ დროს. თამაშის მოფიქრებისას გამოიყენე ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა.

მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, როცა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები დატვირთულია სხვადასხვა თამაშით. ამ დავალებით კი არაჩვეულებრივი შანსი გვეძლევა მასწავლებლებს, რომ მოსწავლეების მოფიქრებული თამაშები საგაკვეთილო პროცესში ჩავრთოთ.

 

  1. შეგიძლია, სურვილის მიხედვით გამიზიარო შენი ზაფხულის შთაბეჭდილებები, ზემოთ მოცემული დავალებები გამოიყენო საკუთარი ზაფხულის დღეების მიხედვით. მაგალითად, თუ სოფელში შენ და დაიკოს ბებიამ ღვეზელი გამოგიცხოთ და თქვენც გემრიელად შეექეცით, ამაზეც კი შეგიძლია, შეადგინო ამოცანა. შენი სურვილით გადაწყვიტე, მოცემულ დავალებებს ნანახი ანიმაციური ფილმის მიხედვით შეასრულებ, შენი ზაფხულის თავგადასავლების მიხედვით თუ… თუ არ შეასრულებ, ნება შენია.

 

ვფიქრობ, მოცემული დავალება განსხვავებულია რუტინულად მოცემული სავარჯიშოებისაგან. არის ბევრად უფრო სახალისო და შემოქმედებითი.

 

მე კი დაველოდები მოსწავლეების მიერ შერჩეულ ანიმაციურ ფილმებს, რომ მზად ვიყო მათი საზაფხულო თავგადასავლების წასაკითხად, რომლებსაც ფარულად „საზაფხულო დავალებები“ ჰქვია.

 

ილიასეული შემოქმედებითი უნივერსალიზმი ვაჟა-ფშაველასთან

0

საინტერესოა ვაჟა-ფშაველას ღირებულებრივი სისტემის მანიფესტაცია მის მხატვრულ შემოქმედებასა და პუბლიცისტიკაში, თუ რა განსხვავებულ სამეტყველო სტრატეგიებს იყენებს ვაჟა პუბლიცისტურ და მხატვრულ დისკურსში ერთი და იმავე პრობლემატიკისა და თემატიკის ასახვისას, როგორია ამა თუ იმ მოვლენის ჟურნალისტური თუ მწერლური შეფასება, როგორ ვლინდება ან როგორ ამთლიანებს ამ ორ სხვადასხვა, ლოგიკურსა თუ გრძნობად-ემოციურ ნაკადს ვაჟა-ფშაველას ლინგვოპერსონა და როგორ ხდება მათი შერწყმა მწერლის მსოფლმხედველობაში. ცნობილი ფაქტია, რომ მე-19 საუკუნის დიდი ქართველი მწერლები საუკეთესო ჟურნალისტებიც იყვნენ და სწორედ მათ განავითარეს ქართული პრესა. მათ პრესის მეშვეობით უფრო ფართო აუდიტორიასთან მიჰქონდათ თავიანთი შეხედულებები. ამან კი ის განაპირობა, რომ ქართული პრესა ძალიან თავისებურია, ის გამხატვრულებულია. ეს იმითაც იყო განსაზღვრული, რომ ცარიზმი ყველანაირად აფერხებდა ცალმხრივად პოლიტიკური პერიოდული ორგანოების მშობლიურ ენაზე გამოცემას.

 

ამგვარად ქართველმა მწერლებმა პრესა გამოიყენეს ესთეტიკურ-პოლიტიკური თუ იდეური სრულყოფისათვის და იყვნენ არაჩვეულებრივი ჟურნალისტებიც, ეხმაურებოდნენ რა თავისი დროის ყველა პრობლემურ საკითხს და მიზანმიმართულად, გონივრულად წარმართავდნენ კიდეც ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებას.

 

ანალიზი გვაჩვენებს, რომ ქართული ჟურნალისტიკა დიდადაა დავალებული ლიტერატურისგან და პირიქითაც. იდეათა ამგვარმა ურთიერთგაცვლამ განაპირობა სტილისტური რესურსების ურთიერთგამდიდრება და გამრავალფეროვნება, რამაც ხელი შეუწყო საერთო მიზნების მიღწევას. ვაჟა-ფშაველა დიდი მოქალაქე და მოაზროვნეა არა მარტო „ალუდა ქეთელაურში”, „სტუმარ-მასპინძელსა” თუ „გველის მჭამელში”, არამედ საკუთარ სტატიებშიც, რომლებსაც იგი ათეული წლების განმავლობაში აქვეყნებდა თავისი დროის პერიოდულ გამოცემებში და, გარკვეულწილად, წარმართავდა კიდეც ქართულ საზოგადოებრივ აზრს. მწერლის შემოქმედებითი კრედოს გარკვევისას არ შეიძლება მისი პუბლისცისტიკის იგნორირება. ვაჟას ჟურნალისტური ნაღვაწი, რომელიც ერწყმის და ავსებს მის შედევრებს, უფრო სიღრმისეულად წარმოგვიდგენს გენიოსი პოეტისა და ჰუმანისტის შინაგან სამყაროს, იმდენად ღირებულია, რომ არაფრით შეიძლება მხატვრული შემოქმედების დანამატად გამოვაცხადოთ.

 

ვაჟას აქტიური მუშაობა ჟურნალისტიკაში (პუბლიცისტური წერილები, კორესპონდენციები, ფელეტონები) სწორედ ეპოქის სირთულემ და ორიგინალურობამ განაპირობა. სწორედ იმდროინდელმა ცხოვრებამ წამოაყენა წინა პლანზე პუბლიცისტურობა, რომელიც ფაქტის პირდაპირ შეფასებასა და მოვლენაზე სწრაფ რეაგირებას გულისხმობს. პოეზია მასკომუნიკაციისგან განსხვავავებულ ინტელექტუალურ ადრესატს მოითხოვს. ამიტომ ამ პერიოდში ნაკლებ მოთხოვნადი იყო. მასობრივი მკითხველისათვის უფრო საჭირო იყო ფაქტისა და მოვლენის პუბლიცისტური კვალიფიკაცია. კვლევისას გამოიკვეთა, რომ ვაჟასთვის (რომლის წერილებშიც თემისა და ფორმის მრავალფეროვნებაა), როგორც პუბლიცისტისთვის, მნიშვნელოვანია: ა) საზოგადოებრივი ინტერესის პრიორიტეტი; ბ) ქვეყნის სიყვარული და გ) ობიექტურობა, „მართლის თქმის“ პრინციპი, რომელიც ასე ნიშანდობლივია ქართული ლიტერატურისთვისაც. ვაჟა, თავისი სიდინჯით, ეპიკური სტილით, არა ემოციაზე, როგორც აკაკის სჩვეოდა, არამედ არგუმენტებზე გათვლილი მსჯელობით, ხანდახან კი მეცნიერულ დონეზე აყვანილი პუბლიცისტურობით, მხოლოდ ილიას შეიძლება ამოვუყენოთ გვერდით.

 

მრავალმხრივია ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა: პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, ჟურნალისტი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი და მან ღრმა კვალი დატოვა ყველა დარგში. ფართო საუბრის თემაა ვაჟა-ფშაველას ჟურნალისტური მოღვაწეობა, რომელიც გულისხმობს არა მარტო გამოქვეყნებულ წერილებს, კორესპონდენციებს, ფელეტონებს, არამედ რედაქციებში მის პრაქტიკულ, ჟურნალისტურ საქმიანობასაც. ვაჟას სამწერლო მოღვაწეობა ჟურნალისტობით დაუწყია. ეს კავშირი ხალხთან და მის გულისთქმასთან არასდროს გაუწყვეტია. ამიტომაც მისი პოეტური მრწამსის, მსოფლმხედველობისა და მოქალაქეობრივი ინტერესების გასაცნობად მეტად მნიშვნელოვანია მისი პუბლიცისტური მემკვიდრეობის შესწავლა.

 

რა მოვლენებს არ ეხება იგი: მთიელთა დაბეჩავებული, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ცრუმორწმუნეობისა და ზოგიერთი ჩვეულების მავნებლობა, სწავლა-განათლების საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ თავის ფელეტონებსა და კორესპონდენციებში ფშავ-ხევსურეთის შესახებ წერდა, მათში საქართველოს ყველა კუთხის ცხოვრების ანარეკლს ვხედავთ, მთიელთა ცხოვრებაზე კი მოგვითხრობს იმიტომ, რომ ეს ნაკლებად შუქდებოდა იმდროინდელ პრესაში. აკი თვითონაც აღნიშნავდა ამას. ვაჟას პუბლიცისტიკაში წამოჭრილია და, გარკვეულწილად, გადაწყვეტილი, საფუძვლიანად განხილული იმდროინდელი საქართველოს საჭირბოროტო საკითხები: ეროვნული, სოციალური, ეკონომიკური, ეთნოგრაფიული, განათლების, ქალთა და ა.შ.

 

ვაჟას პუბლიცისტიკას ახასიათებს ჟანრობრივი მრავალფეროვნება: ფელეტონი, პამფლეტი, შენიშვნა, სტატია, კორესპონდენცია. მწერალი იცნობს ისეთ ცნობილ სახელებს, როგორებიცაა: ბერნე, სპენსერი, ბოკლი, კონტი და ზოგჯერ ანალიტიკურად, კრიტიკით უდგება, აფასებს მათს ნააზრევსაც. ილიას, აკაკისა და ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტური მემკვიდრეობის გვერდით ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკას გამორჩეული ნიშა უჭირავს და საყურადღებო მოვლენაა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში, საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და განვითარების თვალსაზრისით.

 

ვაჟას პუბლიცისტიკის საერთო ტენდენცია თუ სულისკვეთება მძლავრადაა გამჟღავნებული მის მხატვრულ ნაწარმოებებშიც. მწერალზე მთლიანი, მსოფლმხედველობრვი შთაბეჭდილების შესაქმენლად საჭიროა პუბლიცისტიკისა და მხატვრული ნაწარმოებების ურთიერთმიმართებითი განხილვა. ამ მხრივ ვაჟა-ფშაველასთან აცდენები არ არის. თუმცა ვაჟას ჟურნალისტურ მემკვიდრეობაში ისეთი ფაქტები და მოვლენებიცაა აქცენტირებული, რომლებიც ნაკლებად შეგვხვდება მის ნაწარმოებებში. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მის წერილებში თემები და საკითხები მეტი სიმწვავითა და მჭრელი პირდაპირობითაა გაშუქებული.

 

როგორ მკითხველს გულისხმობს ვაჟა ფშაველას პუბლიცისტიკა თუ მხატვრული შემოქმედება? ამ უკანასკნელს რაც შეეხება, როგორც მარტივისა და გენიალურის გამაერთიენებელი მოცემულობა, გულის გულამდე აღწევს სწორედ თავისი ექსპრესიულობით, დააფიქრებს, ყოფიერების, ადამიანის სულის სიღრმეებში ჩაახედებს თვით ყველაზე ნაკლებგანათლებულ კაცსაც კი. რაც შეეხება ვაჟას პუბლიცისტიკას, აქ ცოტა სხვაგვარადაა საქმე და მისი მკითხველიც განსწავლული უნდა იყოს, რომ ჩასწვდეს, კარგად გაერკვეს იმ სოციალურ, ეროვნულ თუ ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკაში, რომელსაც მწერალი აწვდის და ალღო აუღოს პუბლიცისტის მიზანდასახულობას, რომ დაგვარწმუნოს რაღაცაში, თანაგანცდა აღძრას და შეიძინოს მწერლის, როგორც ენობრივი პიროვნების, აპერცეფციული ბაზა, ანუ მოცემული მასალა დამკვიდრდეს მკითხველის მეხსიერებაში, როგორც მნიშვნელოვანი გამოცდილება.

 

ასე რომ, ვაჟას მხატვრულ შემოქმედებასა და პუბლიცისტიკაში, მიუხედავად გამოხატვის ხერხების განსხვავებულობისა, ლოგიკური თუ სახეობრივი აზროვნების შერწყმით გაუბზარავი მსოფლმხედველობრივი კრედოს მქონე, გამთლიანებული მწერლის ლინგოპერსონა გვიმზერს, რომელშიც არაა რომელიმეს დომინირება და დაბალანსებულადაა შერწყმული აზროვნების ორი სხვადასხვა, ლოგიკური და გრძნობად-ემოციური ნაკადი.

 

 

 

 

ლიტერატურულ კონკურსი ქართველი მწერლებისთვის – „ვწერ მასწავლებლისთვის“

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო რესურსები, ჟურნალი „მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით უკვე მეხუთედ აცხადებენ ლიტერატურულ კონკურსს ქართველი მწერლებისთვის „ვწერ მასწავლებლისთვის“.

კონკურსის მიზანი მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერაა. საუკეთესო მოთხრობა უნდა ემსახურებოდეს სწორი ღირებულებების დამკვიდრებას სასკოლო გარემოში, აღწერდეს თანამედროვე სასკოლო ცხოვრებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის სირთულეებს და სახავდეს მათი დაძლევის გზებს.

კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს ათ საუკეთესო მოთხრობას, რომელთაგან გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

საუკეთესო ათეული დასახელდება მიმდინარე წლის 23 სექტემბერს, ხოლო სამი გამარჯვებული მოთხრობა დაჯილდოვდება 30 სექტემბერს, საზეიმო მიღებაზე. ავტორებს გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და ფულადი ჯილდო კონკურსის პარტნიორ ლიბერთი ბანკისგან:

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

კონკურსის სიმბოლო გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულს.

ათი საუკეთესო მოთხრობა გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე და მიეძღვნება ჟურნალ „მასწავლებლის“ სპეციალური ნომერი.

 

კონკურსში მონაწილეობისთვის მოთხრობები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე: mastsavlebeli.ge@gmail.com.

მოცულობა: 5-დან 15 გვერდამდე.

ჟიური განიხილავს მხოლოდ საკონკურსო პერიოდში დაწერილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 20 აგვისტო.

გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

გთხოვთ, წერილის თემაში მიუთითოთ: “ლიტერატურული კონკურსისთვის”.

ტექსტების მოშინაურება

0

სახელმძღვანელო სავსეა რთული ტექსტებით. XXI საუკუნეა, ციფრული ტექნიკის ეპოქა. ბავშვის თითები სწრაფად დასრიალებენ ეკრანებზე. ირგვლივ ათასი გასართობია. გაწაფული კითხვა უჭირთ. შენ, ქართულის მასწავლებელმა, მცირე დროში ათასი რამ უნდა მოასწრო.

„ჩუგლუგი“, „ტაგანი“, „ჟამთააღმწერელი“, „დეკა“, „ბუერა“, „ჩადუნიანი“… – დღეს ვინღა იყენებს ამ სიტყვებს? ვფიქრობ, ძველი ტექსტების გაცნობა ჰაერივით აუცილებელია, თუმცა ეს პროცესი ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს – ყოველ წამს შეიძლება, ჩაწყდეს და თან გაიყოლოს ინტერესი, გულმოდგინება, პატივისცემა, ისტორიული მეხსიერება და ყველაზე მთავარი, სიტყვის სიყვარული.

მე და ჩემს მეექვსეკლასელებს ერთი სემესტრის განმავლობაში დაგვიგროვდა მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მკაფიო მიზნით გამოვიყენე – ტექსტების მოსაშინაურებლად. აქტივობების აღწერილობას დროდადრო სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი. გადავწყვიტე, მათ ერთ სტატიაში მოვუყარო თავი და ამგვარად თქვენც გაგიზიაროთ.

პირველ რიგში რეალობას თვალს ვუსწორებ – ასაკის თავისებურებებისა და ზოგადი სოციალური ფონის გათვალისწინებით, მოტივაციის არქონას ჩვეულებრივ ამბად მივიჩნევ და მომართული ვარ მათი მოწყენილობისა და უინტერესობის დასამარცხებლად.

როგორც წესი, რამდენიმე მოსწავლე ყველა საგანს თითქმის ერთნაირი ინტერესით სწავლობს. მათ შორის არის ჩემი 11 წლის გოგონაც, რომლის მასწავლებელი ვარ. მას პერფექციონიზმის წყალობით, ყველაფრის დაზუთხვა შესანიშნავად გამოსდის, თუმცა, არის კი ეს საკმარისი?! ჩემი დაკვირვებით, თუ გულით არ შეიყვარებს იმას, რასაც სწავლობს, გონება მალევე ათავისუფლებს ადგილს სხვა ტექსტისთვის. რა უნდა ქნას კლასის უმრავლესობამ, ბავშვებმა, რომლებსაც წაკითხვაც კი ეზარებათ? როგორც ვხედათ, პრობლემა მწვავეა და მის გადასაჭრელად დროული ჩარევაა საჭირო.

ძვირფასი ტექნოლოგიები

პანდემიის გამო სასწავლო პროცესში აუცილებელი გახდა რამდენიმე პლატფორმის ჩართვა. ჩემს გოგონას აქამდე არასდროს ჰქონია ფეისბუკი, მესენჯერი. დისტანციურმა სწავლებამ სოციალური ქსელის შექმნის საჭიროება დაგვანახა. ვფიქრობ, ხისტი აკრძალვა სწორი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელის გამოყენებისას დროის ლიმიტის დაცვა მოზარდებს ნამდვილად უჭირთ. შექმნეს კლასის ჩატი და მეც დამამატეს. თვალს ვადევნებდი მათ მიმოწერას და გული მწყდებოდა იმაზე, რომ, თუკი საშინაო დავალების წერისას გრამატიკული შეცდომები მინიმალური იყო, ონლაინმიმოწერისას პირისა და სასვენი ნიშნები უმოწყალოდ უგულებელყოფილნი იყო. ერთი რამ კი თვალნათელი იყო – ჰაერივით სჭირდებოდათ ემოციების გაზიარება.

ამასობაში ფარნავაზის გაცნობის დროც დადგა. XI საუკუნიდან ლეონტი მროველი გვეხმიანებოდა: „ესე ფარნავაზი იყო კაცი გონიერი, მხედარი შემმართებელი და მონადირე ხელოვანი“. კლასის ჩათში კი მოფახფახებული ფრაზები მიმოქრიან, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის – „ქართულში რა გვაქ დავალება?“

 

ფარნავაზის მესენჯერი

ფარნავაზის შესახებ ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრებაში“ მოგვითხრობს. ლეგენდარული მეფის ისტორია განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ზღაპრული ჩანართებით – სიზმარს ვგულისხმობ – სარკმლიდან შემოჭრილი მზის სხივები ჭაბუკს წელზე შემოერტყმება და მინდვრად გაიყვანს. ძირს ჩამოსულ მზეს ცვარს მოჰხოცავს და სახეზე იცხებს. საყვარელი ეპიზოდის გარდა, ტექსტი სავსეა ისტორიული თუ ლეგენდარული ფაქტებით, პირთა სახელებით.

ვფიქრობდი, რა გზა გამომეძებნა 11-12 წლის გოგო-ბიჭების ინტერესის გასაღვივებლად. ფარნავაზის მესენჯერის იდეაც მაშინ დამებადა. სოციალური მახასიათებლების გათვალისწინებით შევქმენი მარტივი სქემა და შევარჩიე რამდენიმე პერსონაჟი.

თამაშის წესი მარტივი იყო: თითო თაბახის ფურცელი წყვილებად დაყოფილ კლასს დავურიგე. პერსონაჟები გადაინაწილეს და მიმოწერა გააჩაღეს. ზოგი აზონი იყო, ზოგი – ქუჯი, ზოგიც ფარნავაზი ან მისი დედა და და.

ინსტრუქცია ამგვარი იყო:

  • წარმოიდგინე, რომ ფარნავაზ მეფეს აქვს მესენჯერი და დედას სწერს თავისი უცნაური სიზმრის შესახებ. მოიფიქრე, რას უპასუხებდა დედა. „გამოიყენე“ სათანადო ემოციის გამომხატველი ღიმილაკი.
 

ფარნავაზი

 

დედა

 

ფარნავაზი

 

დედა

 
ჩემი კომენტარი ამ დავალების შესახებ

 

 
 

 

 

 

 

  • წარმოიდგინე, რომ ფარნავაზს აქვს მესენჯერი და განძის აღმოჩენის შესახებ თავის დას სწერს. მოიფიქრე, რას უპასუხებდა ფარნავაზს და.

 

  • წარმოიდგინე, რომ ფარნავაზს აქვს მესენჯერი და ეგრისის ერისთავ ქუჯის დახმარებას სთხოვს. მოიფიქრე, რას უპასუხებდა ფარნავაზს ქუჯი.

 

სქემის შედგენისას გასათვალისწინებელია დრო და მათი შესაძლებლობები. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ „ფარნავაზის მესენჯერი“ დღემდე დაუვიწყარ გაკვეთილად დარჩა მათ მეხსიერებაში. ჩემი საქაღალდე კი საგულდაგულოდ ინახავს ფარნავაზისა და მისი გარემოცვის „მიმოწერას“.

 

გამოძერწილი სიტყვები

საკუთარ თავს ხშირად ვეკითხები – რა არის ჩემი მიზანი? ბევრი ფიქრისა და დიდი დაკვირვების შემდეგ მე მაქვს მკაფიო პასუხი, სახლში დაბრუნებამდე ყველა ბავშვის გააქტიურება უნდა მოვახერხო. ჩანაფიქრის შესასრულებლად ყველაზე ნაყოფიერი კეთებით სწავლებაა. იმ დროს, როცა ჯგუფური მუშაობისგან თავს ვიკავებთ, კეთებით სწავლებისას თითოეული მოსწავლის ჩართულობა მაინც შესაძლებელია. ყველას ნამუშევარმა საბოლოო პროდუქტის სახით შეიძლება თავი მოიყაროს კოლაჟზე, დიორამაზე ან საგამოფენო თაროზე.

პლასტილინით ამგვარად გავაცოცხლეთ ფარნავაზის ეპოქის სიტყვები: „ჩუგლუგი“, „სანელსაცხებლე“, „ბეჭედი“, „სამაჯური“ თუ „სამკლაური“.

შემაჯამებელი ტესტის ერთ-ერთი საკითხი იყო – დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ და თქვენი პასუხი დაასაბუთეთ. უმეტესობამ „ჩუგლუგი“, „რკინის კომბალი“ გამოარჩია და კლასის გამაერთიანებელი სიტყვა უწოდა.

 

კლასში ჟამთაღმწერელია

აკაკის ბრჭყვიალა წებოვანი ქაღალდისგან გამოჭრილი ულვაშები მივაწებეთ. მელანში ძველებურ კალამს აწებს და ქაღადზე ჭრიალით გამოჰყავს საუკუნეების წინ დაწერილი სიტყვები: „განდგომილება ვგონეთ თქვენ ქართველთა და აქ ვინათგან ჰყავ სათნოება კეთილი, ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ, და შენდა მონდობილ ვართ“.

ყველა მას უყურებს. იცინიან. ერთი სული აქვთ გაიგონ, როგორ გაგრძელდება გაკვეთილი. სანამ აკაკის ხელნაწერს მელანი შეაშრება, ჩვენ როლური თამაშისთვის ვემზადებით.

 

დეტალები – მოსასხამი დიდებულებისთვის და ფარ-ხმალი

მწვანე მოსასხამი და ჩემი პატარა ბიჭის ფარ-ხმალი კოხტასთავის შეთქმულთათვის ჩავიფიქრე. ამგვარი დეტალები ცნობისმოყვარეობას აღვივებს და მერე რთული ტექსტის გაგებაც იოლდება.

როლური თამაში

სანამ როლურ თამაშს შევუდგებოდეთ, დაფაზე ჩამოვწერე კოხტასთავის შეთქმულთა სახელები – „კუპრი შოთა“, „ვარამ გაგელი“, „ეგარსლანი“, „ყვარყვარე“, „თორღაი“… რიტმული მუსიკა ჩავრთე და ყველა ავმღერდით. სიმღერის ტექსტად პერსონაჟთა სახელებს ვამბობდით. მანამდე პერსონაჟები სათითაოდ დახატეს და გამოჭრეს. მართალია, კუპრი შოთა ანიმეს გმირს უფრო ჰგავდა, ვიდრე XIII საუკუნის ადამიანს, მაგრამ თუნდაც ეს შემთხვევა საკმარისი აღმოჩნდა მის დასამახსოვრებლად.

როლების გადანაწილებისას მწვანე მოსასხამი და ფარ-ხმალი ცოტნე დადიანს შეხვდა, ბიჭს, რომელსაც დიდი მცდელობის მიუხედავად ტექსტი ვერაფრით წავაკითხე. ვუამბეთ, რას წერდა ჟამთაღმწერელი და ამის შემდეგ ხალისით ჩაება თამაშში.

ბიჩუ და ანგურგის როლები გოგონებს ერგოთ. გამოჭრილი ულვაშები მიიმაგრეს, ხმა გაიმკაცრეს და ასე წაასხეს ტყვეები ანისში, ჩორმაღან ნოინთან, რომლის როლს მარიამი თამაშობდა.

კლასის დამრიგებელი, ნინო მასწავლებელი, კლასში იმ დროს შემოვიდა, როდესაც მუხლდაჩოქილი ქართველი ტყვეები თაკარა მზის ქვეშ იტანჯებოდნენ. არასდროს დაგვავიწყდება მისი გაოცებული სახე.

 

ვაჟას ბიოგრაფია და ჩრდილების თეატრი

მშრალ ფაქტებს, რომლებიც მოზარდებისთვის გაუგებარი შეიძლება აღმოჩნდეს, ჩრდილების თეატრით ახალი სიცოცხლე ვაჩუქეთ. მეორე შემაჯამებელიც ჩრდილების თეატრს დავუკავშირეთ – წინასწარ გამოჭრილი პერსონაჟები უნდა აელაპარაკებინათ. უმეტესობამ ვაჟა-ფშაველა და მისი დედ-მამა, გულქანი და პავლე, პირველ პირში ასაუბრა.

„მე გულქანი ვარ, ლუკას დედა. ყმაწვილქალობისას ხილვა მქონდა, ციდან ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული და ზედ ორი ცეცხლის ბალღები ადი-ჩამოდიოდნენ, თან ტკბილ ხმაზე გალობდნენ“, – კლასში გულქანის მონათხრობს კულა გლდანელის ხმა ცვლიდა, რომელიც გვიამბობდა, როგორ გამართა ჭიდაობა თიანეთში ვაჟას პეტერბურგში გასამგზავრებელი თანხის მოსაგროვებლად.

ამ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ თამარ გეგეშიძეს შევხვდით დისტანციურად. დაჩიმ თამარს ჰკითხა, როგორი კაცია ვაჟა-ფშაველაო. მას ჩრდილების თეატრში პერსონაჟი არ გაუცოცხლებია, თუმცა, როგორც ჩანს, ოთხდღიანი პრეზენტაციების მოსმენისას მკაფიოდ დაამახსოვრდა ვაჟა-ფშაველა და მის შესახებ მეტის გაგების სურვილიც გაუჩნდა.

მინი-დიორამები   

         ვაჟა-ფშაველას ენა თანამედროვე ბავშვებისთვის რთული გასაგებია. ჩემი სიყვარული და ხმამაღალი კითხვა ტექსტის მოსაშინაურებლად საკმარისი არ არის. მგონია, რომ მოთხრობების – „ია“ და „მთის წყარო“ – სამყაროში გადასაბიჯებლად მინი-დიორამა დაგვეხმარა. რატომ მინი-დიორამა? იმიტომ, რომ უფრო მოსახერხებელია, დრო და რესურსიც ნაკლები სჭირდება. მოზრდილი ყუთების ნაცვლად ასანთის კოლოფები გამოვიყენეთ. მინი-დიორამა რომ არა, ყურადღების მიღმა დარჩებოდათ ჩადუნიანი, ლოდებს შორის მორაკრაკე წყარო, ქედანი, ბუერა, იის ფოთლებზე დაცემული ქედნის სისხლის წვეთები.

თანამედროვე მდიდარი მამაკაციდან ტარიელამდე

         საღეჭი რეზინის მარკები, რომლებზეც მანქანებია გამოსახული, უცხო მოყმის გასაცნობად გამოვიყენე. დამეთანხმებით, დამაბნეველი დასაწყისია გაკვეთილისთვის, მაგრამ რატომ არ შეგვიძლია გავავლოთ პარალელი გერმანულ „მერსედესსა“ და ტარიელის შავ ცხენს შორის?

შემდეგ ჩამოვწერეთ მსოფლიოში ცნობილი და ძვირადღირებული სათვალის, საათის, შარვლის, სპორტული ფეხსაცმლის, პერანგის სახელწოდებები. ბიჭებმა XXI საუკუნის ტარიელის პროტოტიპს Nike-ის კაპიუშონიანი სვიტერი შეურჩიეს. შემდეგ უკვე ტექსტის გაცნობისა და წაკითხვის დრო დადგა. გაკვეთილის უცნაურმა დასაწყისმა ბავშვებში ცნობისმოყვარეობა აღძრა, რაც საშინაო დავალებასაც დაეტყო – ჟურნალისტის როლი მოირგეს და სტატია დაწერეს სკოლის ეზოში შემჩნეულ მდიდრულად ჩაცმულ მამაკაცზე.

 

ვფიქრობ, არასდროს დაავიწყდებათ ფარნავაზი, ცოტნე დადიანი, ჟამთააღმწერელი, მონღოლი დამპყრობლები, ვაჟას ოჯახი და ფშავის მოლაპარაკე ბუნება. მე კი მადლიერი ვარ, ჩემთვისაც რომ უფრო ახლობელი გახადეს ისტორიული თუ ლიტერატურული პერსონაჟები. საგულდაგულოდ შენახულ ნამუშევრებს დროდადრო ვკითხულობ. სტატიის ბოლოს 11 წლის თიკოს ჩანაწერს გთავაზობთ:

ფარნავაზი: გამარჯობა, ქუჯი. უთვალავი განძი მაქვს. მოვალ შენთან, ძმებივით ვიყოთ და აზონს ერთად დავესხათ თავს.

ქუჯი: გამარჯობა, ფარნავაზ. მოდი ჩემთან, განძს ნუ დაიშურებ. სანამ აზონს თავს დავესხმებით, მაგ განძით ლაშქარს გაგიმრავლებ.

ფარნავაზი: ოკ.

ციფრული დეტოქსი

0

ჩვენ მუდმივად განახლებადი ინფორმაციის რეჟიმში ვცხოვრობთ. შედეგად, უფრო სწრაფად ვიღლებით, არ გვყოფნის ძილი, ვკარგავთ კონცენტრაციის უნარს. იგივე ემართებათ ბავშვებსაც. მშობლები სულ უფრო ხშირად ჩივიან, რომ ტელეფონის გარეშე ბავშვი თავს დაკარგულად გრძნობს, არ იცის, რა აკეთოს. ამიტომ ზოგჯერ მთელი ოჯახისთვის სასარგებლოა გაჯეტების გათიშვა, ყურადღების ერთმანეთზე გადატანა.

ბევრ ზრდასრულსა და ბავშვს სჩვევია მუდმივად „ხაზზე“ ყოფნა. ისინი საათში რამდენჯერმე ამოწმებენ ტელეფონს, უწყვეტად იღებენ ახალ ინფორმაციას და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებასაც კი ახერხებენ. თუმცა, დღის ბოლოს თავს უძლურად, დაქანცულად გრძნობენ.

ციფრული დეტოქსიკაცია ყველა ციფრული მოწყობილობისა და მედიის დროებითი უარყოფაა. ასეთი დეტოქსი გვეხმარება, გავაცნობიეროთ, რამდენად ვართ დამოკიდებული გაჯეტებზე, სოციალურ ქსელებზე, მედიაზე, თამაშებზე. ამის გადაფასება აუცილებელია.

საქმე ისაა, რომ გაჯეტების გარეშე გატარებული რამდენიმე საათიც კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩვენს ზოგად ჯანმრთელობას, ზრდის ყურადღების კონცენტრაციას, ეს კი საშუალებას იძლევა, უფრო ნაყოფიერად ვისწავლოთ ან ვიმუშაოთ. როდესაც ჩვენი ტვინი წყვეტს დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიღებას, მას უჩნდება ახალი ნეირონული კავშირების შექმნის რესურსი.

მსხვილი კორპორაციების ტოპ-მენეჯერებიც, რომელთა ბიზნესი სწორედ ინტერნეტში დაიბადა და, წესით, ყველაზე ნაკლებად უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ ჩვენ, ინტერნეტის მომხმარებლებმა ცოტა ნაკლები დრო ვატაროთ ოფლაინრეჟიმში, საპირისპიროს გვიქადაგებენ – Apple-ისა და Google-ის ლიდერები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ გაჯეტებთან ურთიერთობისას და თვითონაც ცდილობენ, დაიცვან საკუთარი შვილები ინტერნეტის გადაჭარბებული მოხმარებისგან.

ამ ადამიანთა სიაში Google-ისა და Facebook-ის ყოფილი ტექნიკური დირექტორი, ჯასტინ როზენშტაინიცაა. მან Like-ის ღილაკი გამოიგონა. ამ გადასახედიდან ის უკვე კრიტიკულად აფასებს ინტერნეტის ჭარბ გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე და მოგვიწოდებს, მეტი დრო გავატაროთ გაჯეტების გარეშე. მან საკუთარ თავსა და თავის შვილს Facebook-ზე გატარებული დროის ლიმიტი დაუწესა.

Google-ის კიდევ ერთი ყოფილი შემქმნელი, ტრისტან ჰარისი დიდ შეცდომად მიიჩნევს მომხმარებლის კონტენტის ინდივიდუალიზაციას სოციალურ ქსელში რეკლამის მომწოდებელთა სასარგებლოდ. მისი თქმით, მილიარდობით ადამიანმა არც კი იცის, რომ მათ ცხოვრებას კალიფორნიაში ჩაბუდებული ჯგუფი მართავს.

რა თქმა უნდა, ამ შეხედულებას ბევრი საერთო აქვს შეთქმულების თეორიასთან, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ალგორითმების ზეგავლენას ყველა ვგრძნობთ. ვერაფრით გავექცევით ციფრული გარემოს, მაგრამ შეგვიძლია გავაცნობიეროთ, რამდენად ძლიერ გავლენას ახდენს ეს ჩვენს ემოციებზე, მოტივაციაზე, სხვადასხვა ცხოვრებისეულ ასპექტზე.

თუ ცოტა ხნით მაინც გადავდებთ გაჯეტებს, ეს დაგვეხმარება სამყარო უფრო რეალურ ფერებში დავინახოთ. ფაქტობრივად, ორიოდე საათიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმიდანაც არ ამოვვარდეთ და გადავსხვაფერდეთ კიდეც. ასეთ გადასხვაფერებას დასავლეთში Local Detox-ს, ანუ ადგილობრივ დეტოქსს უწოდებენ. ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი ოჯახისთვის, განსხვავებით ისეთი მასშტაბური ზომებისგან, როგორიცაა სხვა ქვეყანაში მოგზაურობა ან საკუთარი თავის გამოკეტვა შორეულ სოფელში, ინტერნეტისა და ტელეფონის გარეშე.

შესაძლოა, თქვენს ოჯახში ციფრული დამოკიდებულების პრობლემა არც ისე მწვავედ იდგეს და რადიკალური ზომების ნაცვლად საკმარისი იყოს მხოლოდ ქსელთან ურთიერთობის გადახედვა, გაჯეტების მოხმარების წესების შემუშავება. მაგალითად, ადგილებისა (სასადილო ოთახი) და იმ დროის (გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგ ან ძილის წინ ორი საათით ადრე) განსაზღვრა, როდესაც გაჯეტებზე უბრალოდ უარს იტყვით და ამ წესებს მთელ ოჯახს დაუმორჩილებთ.

ესტერ ვოიჯისკს, სამი წარმატებული ქალიშვილის დედასა და წიგნის „The Woj Way. როგორ აღვზარდოთ წარმატებული ადამიანი“ ავტორს, ასეთი წესების დამკვიდრება კარგად გამოუვიდა. მის სახლში ბავშვები სუფრასთან ჯდომის დროს ტელეფონს არ ხმარობენ და თამაშისთვის გამოყოფილ ორ საათს უფრო საინტერესო აქტივობაზე ხარჯავენ, მაგალითად, ვიდეოს გადაღებასა და მონტაჟზე. მნიშვნელოვანია, როდესაც ციფრული ტექნოლოგია აღზრდის ნაწილი ხდება – პასუხისმგებლობის, დამოუკიდებლობის სწავლის, სწორი არჩევნის გაკეთების.

კარგი იქნებოდა, ჩვენში და ჩვენს შვილებშიც ჩამოგვეყალიბებინა ჩვევა – სოციალური ქსელების სქროლვის დროს ყოველთვის გვეკითხა საკუთარი თავისთვის: „რატომ ვკითხულობ/ვუყურებ/ვაკეთებ ამას? ნამდვილად მჭირდება?“. ეს ეხება თამაშებსაც, ახალი ამბების საიტებს, სოცმედიას. გააუქმეთ უსარგებლო ინფორმაციის გამოწერა. დროდადრო გადახედეთ თქვენი „მეგობრების“ სიას სოციალურ ქსელში, კრიტიკულად მიუდექით „ახალ ამბებს“.

ეცადეთ, სქროლვისგან შეისვენოთ ხოლმე – ეს არა მხოლოდ ამოგასუნთქებთ, არამედ დაგეხმარებათ პრიორიტეტების განსაზღვრაში. ყურადღების დეფიციტის წინააღმდეგ ბრძოლა კი მედიტაციით, გაჯეტების გარეშე ჰაერზე სეირნობითა და სპეციალური ვარჯიშებით შეიძლება.

როცა ნამდვილად გავაცნობიერებთ, რამდენად დიდ და უსარგებლო საინფორმაციო მასალას ვიღებთ დღის განმავლობაში, მისი შემცირების სურვილიც ბუნებრივად გაგვიჩნდება. იმისათვის, რომ ხარისხიანი ინფორმაცია რეკლამისგან, ყალბი და არაფრის მომცემი საინფორმაციო ნარჩენისგან განვასხვაოთ, უნდა ვისწავლოთ ფაქტების გადამოწმება. ეს დაგვეხმარება, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც ჩვენთვის მართლაც საინტერესო და გამოსადეგია.

ყველაზე მარტივი რჩევაა, ერთი დღის გატარება გაჯეტების გარეშე, შემდეგ – ორი დღის და შედეგებზე დაკვირვება. ამ შემთხვევაში, აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა:

  • ციფრული დეტოქსის წინა დღეს შეეცადეთ, შეზღუდულად გამოიყენოთ ინტერნეტი, ნაკლებად უყუროთ ტელევიზორს. მოემზადეთ დექტოქსისთვის, რადგან რთულია, უეცრად გაეთიშოთ მას, რაშიც ინტენსიურად იყავით ჩართული.
  • წინასწარ დაგეგმეთ, რას გააკეთებთ, როდესაც გაჯეტებს გვერდზე გადადებთ: წახვალთ ზოოპარკში, აუზში, კაფეში, სტუმრად თუ უბრალოდ ბავშვებთან ერთად პარკში გაისეირნებთ? იქნებ ოჯახის ფოტოებს გადაახარისხებთ, მოამზადებთ რამე განსაკუთრებულ კერძს, ბავშვებს წიგნს წაუკითხავთ ან სამაგიდო თამაშებით შეიქცევთ თავს?
  • ნუ დაივიწყებთ ახლობლების, განსაკუთრებით ბებია-ბაბუის გაფრთხილებას, რომ ინტერნეტითა და ტელეფონით ცოტა ხნით ხელმისაწვდომი არ იქნებით.
  • ციფრული დეტოქსის დროს დააკვირდით თქვენი ოჯახის წევრების ემოციურ მდგომარეობას. იცოდეთ, რომ თავიდან ეს ყველასთვის რთული იქნება. ბავშვებსა და მოზარდებს შეიძლება გაღიზიანება ან მოწყენილობა შეატყოთ. უარყოფითი ემოციების დასაძლევად ერთი საქმიანობიდან მეორეზე გადაერთეთ. აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ, რომ პირველმა დეტოქსმა უპრობლემოდ ჩაიაროს.

როგორ დავეხმაროთ შვილებს შეზღუდვებთან გამკლავებაში?

ზოგჯერ უინტერნეტო დასვენების შემდეგ, მისდამი ლტოლვა ან საერთოდ ქრება, ან იკლებს. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს ბავშვებში. ბავშვს შეუძლია საკუთარი ინიციატივით, სხვა გასართობი მოძებნოს, მაგრამ, ცხადია, არსებობს რთული შემთხვევებიც. მაგალითად, აზრი არ აქვს შვილისთვის ციფრული დეტოქსის შემოთავაზებას, თუ თავად მშობელი 24 საათი ეკრანთან გაატარებს დროს.

ეფექტიანი დეტოქსისთვის საკმარისი არ არის, ბავშვს ჩამოვართვათ ტელეფონი და გამოვურთოთ ტელევიზორი. ბავშვი ამისათვის მზად უნდა იყოს. დაეხმარეთ, გააცნობიეროს, რომ ციფრული მოწყობილობები იწვევენ დამოკიდებულებას, რომ გათავისუფლებისთვის გაბრძოლება დასჭირდება. შესთავაზეთ, გაჯეტების გარეშე გაატაროს ერთი საათი, შემდეგ – ორი. დრო ნელ-ნელა გაზარდეთ.

დეტოქსის დაწყებამდე აუხსენით ბავშვს, რომ სამუდამოდ არ უწევს უარის თქმა ვირტუალურ სამყაროზე – ფილმებზე, თამაშებზე, მუსიკაზე, პირიქით, ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად საჭიროა დროებითი დეტოქსიკაცია ტექნოლოგიის მიმართ.

მშობელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ თავიდან ბავშვი მოუსვენარი, კაპრიზული, გაღიზიანებული გახდება. ეს ბუნებრივი რეაქციაა, რომელიც დროთა განმავლობაში გაქრება. მშობლებმა მოთმინება უნდა იქონიონ. ნებისმიერ ბავშვს სჭირდება დრო, რომ აითვისოს ახალი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და გამოიმუშაოს ჯანმრთელი ჩვევები.

ბავშვი, რომელიც გაჯეტებთან დიდ დროს ატარებს, ინტერნეტს მომენტალურად ვერ უარყოფს, თუ ღირსეულ ჩანაცვლებას არ შევთავაზებთ: საინტერესო საქმიანობას, რომელიც მოსწონს. მოზარდებისთვის დეტოქსის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად საინტერესოა შემოთავაზებული ალტერნატივა. მოზარდები ქმნიან თავიანთ ღირებულების სისტემას და ცდილობენ, ოჯახის სხვა წევრების საწინააღმდეგოდ იმოქმედონ. გარდა ამისა, მოზარდების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მშობლებმა ადეკვატურად შეაფასონ პრობლემის მასშტაბები: გასარკვევია, რატომ ხარჯავს მოზარდი ამდენ დროს ინტერნეტზე, რას აძლევს ის მას. შესაძლოა მისთვის ეკრანის მეორე მხარეს მყოფი მეგობარი ან რაღაც საქმე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ზრდასრულისთვის სამუშაო ფოსტა.

იმისათვის, რომ ვირტუალურ სამყაროში არ გადავეშვათ, დაგვეხმარება დღის რეჟიმის შემოღება, რომლითაც განსაზღვრული იქნება არა მხოლოდ ძილის, საკვებისა და გაკვეთილების დრო, არამედ საოჯახო საქმეებისა (მაგალითად, ძაღლის გასეირნება, ჭურჭლის რეცხვა, მცენარეების მოვლა) და, შესაძლოა, ახალი ჰობის დროც. კიდევ ერთი კარგად ნაცადი ხერხია, დღიურის წარმოება, ოღონდ მისი კალმით შევსება.

ნებისმიერი რამის ზედმეტი მოხმარება შეიძლება საზიანო იყოს, ამ მხრივ არც ტექნოლოგიაა გამონაკლისი. კვლევებმა აჩვენეს პირდაპირი კავშირი შფოთვის დონესა და ციფრულ დამოკიდებულებას შორის. ზოგ მათგანში აღნიშნულია დოფამინის უარყოფითი გავლენის შესახებ, რომელიც საპასუხო რეაქციის სახით გამოიყოფა. ეს კი მასტიმულირებელი ნივთიერებების მოქმედებას ჰგავს.

Forbes-ის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ხუთიდან სამი ადამიანი უფრო მეტ დროს ხარჯავს თავის სმარტფონებზე, ვიდრე საქმიან პარტნიორებზე. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა იწვევს იმას, რომ ადამიანები წყდებიან გარე მოვლენებს. ციფრული დეტოქსი ხელს უწყობს ამ იზოლაციის გარღვევას და გვაიძულებს, ყურადღება ჩვენ გარშემო მყოფ სამყაროს, ახლობლებს მივაქციოთ.

როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სტუდენტები მაშინ იღებენ ზედმეტ საკვებს, როდესაც ჭამის დროს სოციალურ მედიას ათვალიერებენ. ამიტომ, უმჯობესია სადილის დრო გამოიყენოთ მხოლოდ ჭამისთვის და პარალელურად სიახლეები არ წაიკითხოთ.

როგორ მოვუწყოთ ციფრული დეტოქსიკაცია საკუთარ თავს შვებულების დროს: შეარჩიეთ ადგილი, სადაც ინტერნეტი არ არის (ან შეზღუდულია); იპოვეთ სასტუმრო wifi-ის გარეშე, ეს ნამდვილად დაგეხმარებათ; შვებულებისას წაშალეთ სოციალური მედიის აპები და მესინჯერები. თუ სამუშაო სიტუაცია მაინც უნდა აკონტროლოთ, გამოყავით შეზღუდული დრო ფოსტის შემოწმებისა და პასუხების გასაცემად, მაგალითად, ერთი საათი დილით და ერთი საათი საღამოს. ყველაზე საუკეთესო გამოსავალი კი სანდო ადამიანის პოვნაა, რომელიც თქვენს ფოსტას შეამოწმებს, სანამ თქვენ შვებულებაში იქნებით.

რედაქტირება – თვითორგანიზების პროცესი

0

ხშირად გვიკვირს, რომ ჩვენივე ტექსტის კითხვისას ისეთი შეცდომები გვეპარება, სხვის ტექსტში რომ მარტივად  აღმოვაჩენდით. გვიკვირს, ეს როგორ დაგვემართა, ეს როგორ ვერ შევამჩნიეთ.  ცოტათი პროფესიული თავმოყვარეობა გველახება, ცოტაც კომპლექსი გვიჩნდება და საკუთარ შესაძლებლობებში ვეჭვდებით.

წარმოიდგინეთ, უფროსები რომ ასე ვართ, როგორი რთულია შეცდომების პოვნა, გაანალიზება, გამოსწორება და ამ ყველაფრის რეფლექსია მოსწავლეებისთვის. რატომაა, რომ ხშირად ისინი წერის დროს უშვებენ შეცდომებს, რომელთა შესახებ კარგად იციან, რომ ჰკითხოთ, თავიდან ბოლომდე ჩამოარაკრაკებენ წესებს, თეორიას, დაგიმტკიცებენ რატომაა ეს შეცდომა, მაგრამ წერისას-მაინც ეპარებათ.

რატომაა ასეთი ხშირი მათი წუხილი-აუ, ეს ხომ ვიცოდი, ეს როგორ შემეშალა, ეს რანაირად დამავიწყდა?

როდესაც ყოველ ჯერზე მოსწავლეების თუ სტუდენტების ნაწერების გასწორება მიწევს, მახსენდება ჩემი პირველი პროზაული ტექსტი, რომელიც გაწითლებული, უამრავი შენიშვნითა და  კომენტარით დამშვენებული დამიბრუნა იმ გამომცემლობის რედაქტორმა, სადაც წიგნი უნდა გამოსულიყო. ამიტომ არასდროს არავის განვსჯი შეცდომების გამო, უბრალოდ, მათთან ერთად ვცდილობ გამოსავლის პოვნას.

რედაქტირება ყველაზე რთული ეტაპია, მოდი, დავყოთ ეს პროცესი რამდენიმე საფეხურად, მოვამზადოთ ერთგვარი გზამკვლევი, საკითხებად და მოქმედებებად ჩაშლილი პროცესი.  თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი რამ ჩაამატოთ, შესაძლოა ინდივიდუალური მახასიათებლებიც დაუმატოთ, იმის მიხედვით, რა საკითხზე ყურადღების გამახვილებაა საჭირო კონკრეტული მოსწავლის შემთხვევაში.

რედაქტირების გზამკვლევი

 

  1. დაასრულე წერა? დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი თქვი, რაც გინდოდა? მაშინ ადექი, გაიარ-გამოიარე, წყალი დალიე ან რამე გემრიელი ჩააკნატუნე.
  2. სცადე, დაივიწყო შენი ტექსტი, გაუუცხოვდე მას, მაშინვე ნუ დაიწყებ რედაქტირებას.
  3. თუ ტექსტურ დოკუმენტში მუშაობდი, შეცვალე ტექსტის შრიფტი, ან ფონი ან ფერი, მოიტყუე თავი, ვითომ ეს შენი დაწერილი ტექსტი არ არის, საკუთარი ნაწერის რედაქტირებისას ობიექტურობის შენარჩუნება რთულია.
  4. წაიკითხე ტექსტი ერთხელ ჩუმად, ერთხელ ხმამაღლა;
  5. პირველ ეტაპზე გადახედე მექანიკურ შეცდომებს, მაგალითად, რომელიმე სიტყვა ან ასო ხომ არ გამოგრჩა?
  6. გაასწორე აბზაცები.
  7. მეორე ეტაპზე დააკვირდი, ყველა სიტყვა სწორად გიწერია?
  8. ბრუნვის ნიშნები სწორად გაქვს? აბა, კიდევ ერთხელ გადახედე.
  9. დააკვირდი, ალბად გიწერია თუ ალბათ? რამოდენიმე თუ რამდენიმე? ფაქტიურად თუ ფაქტობრივად? ეხლა თუ ახლა? ეხლავე თუ ახლავე?
  10. მნიშვნელოვანია ზმნიზედების მართლწერა, არ გამოგრჩეს!
  11. რთული სიტყვები სწორად გიწერია?
  12. ზმნის პირის ნიშანი ხომ არ გამოგრჩა სადმე? კიდევ ერთხელ გადახედე ზმნებს, სადმე შეცდომა ხომ არაა?
  13. ზმნისწინი სწორად გამოიყენე?
  14. შემდეგ ეტაპზე ვამოწმებთ სიტყვები სწორად შევათანხმეთ თუ არა ბრუნვასა და რიცხვში, სწორად ვაბრუნეთ მსაზღვრელ-საზღვრული?
  15. სიტყვათა ისეთი რიგი ხომ არ გამოგვიყენებია, რომ შინაარსს ცვლიდეს
  16. ახლა პუნქტუაციასაც გადავხედოთ, ჩამონათვალში ყველგან დავსვით მძიმე? რთულ წინადადებაში მძიმე სწორად გამოვიყენეთ? წინადადების ბოლოს წერტილი? ბრჭყალები ხომ არ გამოგვრჩენია? ორწერტილი?
  17. სადმე ბარბარიზმი ხომ არ გაქვს? კალკი? იქნებ პარონიმებსაც დააკვირდება, მცნების ნაცვლად ცნება ხომ არ გაქვს? ან ამპლუის ნაცვლად ამპულა?
  18. ახლა კიდევ ერთხელ გადაიკითხე!
  19. ერთხელაც!
  20. თუ ძალიან ბევრი შეცდომა მოგიგროვდა და ხელით წერ, ერთხელ გადაწერა მოგიწევს,სამაგიეროდ, შედეგით იამაყებ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...