ორშაბათი, ივნისი 2, 2025
2 ივნისი, ორშაბათი, 2025

მანიპულატორი ბავშვები

0

ერთხელ ორი ქალბატონის საუბარს შევესწარი. „არ ვიცი, რა მოვუხერხო ჩვენს პატარას. ჯერ ოთხი წლისაც არ არის და მთელ ოჯახს თავის ჭკუაზე გვათამაშებს. მზად ვართ, ნებისმიერი სურვილი შევუსრულოთ. მიკვირს, როგორ ახერხებს ამას – არც ტირის, არც ჭირვეულობს, პირიქით, გვეფერება და გვეალერსება“, – გაოცებას ვერ მალავდა ერთი. „თქვენ კარგად გქონიათ საქმე. აი, ჩვენი ნიკუშა კი სხვა ხერხს იყენებს მიზნის მისაღწევად – თუ რამეზე უარი ვუთხარით, ისე აკივლდება, რომ შეწუხებული მეზობლები კარზე გვიკაკუნებენ, ხომ მშვიდობა გაქვთო. იმის შიშით, რომ კივილი არ დაიწყოს და მეზობლები არ შევაწუხოთ, მთელი ოჯახი ამ ერთი ციცქნა ბავშვის დაკრულზე ვცეკვავთ. წელს სკოლაში მიგვყავს და არ ვიცი, როგორ გაუძლებენ პედაგოგები. ოცდაათი წელია, მასწავლებლად ვმუშაობ და ასეთი ბავშვი ჯერ არ შემხვედრია“, – წუხდა მეორე.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში მანიპულატორ ბავშვთან გვაქვს საქმე. შინ თუ გარეთ არაერთხელ გვინახავს, რა მოხერხებულად მანიპულირებენ ბავშვები უფროსებით. მშობელთა დიდი ნაწილი მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად მაშინვე ფარ-ხმალს ყრის და უბრძოლველად ნებდება.

მანიპულაციას არანაკლები სიხშირით მიმართავენ ზრდასრული ადამიანებიც, თუმცა მათთან ეს უფრო შეფარულია.

მანიპულაცია სხვების ფსიქიკაზე ზემოქმედების ფარული ტაქტიკაა სასურველის მისაღწევად. მანიპულაციის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ის არის, რომ მანიპულატორი მალავს თავის ნამდვილ განზრახვას, ის პირდაპირ არასოდეს ლაპარაკობს თავის გრძნობებსა და საჭიროებებზე – ცდილობს, ყველაფერი ისე მოაწყოს, თითქოს მას არც უთხოვია თქვენთვის ამის გაკეთება, მაგრამ თქვენს ემოციებსა და გრძნობებზე თამაშით აღწევს იმას, რომ თქვენ გააკეთებთ ყველაფერს, რაც მას სჭირდება. ასეთი დახვეწილი მანიპულატორები უმეტესად ზრდასრული ადამიანები არიან, თუმცა მანიპულირების უნარი ბავშვს საკმაოდ ადრეული ასაკიდან, უკვე 1,5 წლიდან უყალიბდება. პატარები შესანიშნავად გრძნობენ მშობლების, განსაკუთრებით დედების ემოციურ მდგომარეობას. სწორედ დედაზე ხვეწს ბავშვი მანიპულატორის უნარებს. მამები გაცილებით იშვიათად არიან მანიპულაციის ობიექტები.

უფროსებით მანიპულაციისთვის ბავშვები იყენებენ:

. ისტერიკას. ეს მანიპულაციის ყველაზე გავრცელებული ხერხია „უიარაღო“ ზემოქმედების ფართო სპექტრით – უბრალო სლუკუნით დაწყებული, იატაკზე გაშხლართვით დამთავრებული. ბავშვები ხშირად მანიპულირებენ ისტერიკის დახმარებით. შეუძლიათ მოაწყონ სცენები უცხო ადამიანების თანდასწრებით. მშობელი კი, იმის შიშით, რომ მასზე როგორც აღმზრდელზე ცუდი არაფერი იფიქრონ და იმისთვის, რომ როგორმე შეაწყვეტინოს ბავშვს ისტერიკა, თანხმდება იმაზეს, რასაც სხვა დროს, სხვა სიტუაციაში არ გააკეთებდა. ხშირად ის თვითონვე გრძნობს და აღიარებს საკუთარ სისუსტეს და იმას, რომ ასე ადვილად დაემორჩილა ბავშვის მანიპულაციას.

. მოჩვენებით უსუსურობას. ასეთ დროს ბავშვს მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებს გონებაში: „დედა თვითონ გააკეთებს ყველაფერს, იმიტომ რომ აუცილებლად შევებრალები“. ის მუდმივად წუწუნებს, რომ არ შეუძლია ტანსაცმლის თუ ფეხსაცმლის ჩაცმა, რომ ძალიან დაიღალა, თავი სტკივა. ხშირად ბავშვები ამ ხერხს მიმართავენ, როცა არ სურთ საბავშვო ბაღში ან სკოლაში წასვლა.

. ხელოვნურ, არაბუნებრივ, საომარ განწყობას. ამ ხერხს ირჩევს ძლიერი, მტკიცე ხასიათის მქონე მანიპულატორი. ის ცდილობს, ზემოქმედება მოახდინოს გარშემო მყოფებზე ჩხუბით, კამათით. ჩვეულებრივ მშვიდი ბავშვი ერთბაშად შესაძლოა ნამდვილ ტერორისტად იქცეს, თუ ძალიან მოინდომებს სასურველის მიღებას.

. ავადმყოფობას ან მის სიმულაციას. თუ ბავშვმა დაინახა, რომ ოჯახის უფროსი წევრები მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ მისთვის, როცა ის ავადმყოფობს, შესაძლოა, სხვა დროსაც სცადოს პირადი მიზნებისთვის ამის გამოყენება. ის მოახდენს ავადმყოფობის სიმულირებას, დაიწყებს ჩივილს, რომ თავი სტკივა, ჩაწვება საწოლში და წამლის მიღებასაც კი დაიწყებს – ამის შემდეგ ხომ მშობლები მას უფრო მეტის უფლებას მისცემენ, ვიდრე სხვა დროს, უყიდიან სანატრელ სათამაშოს და ტკბილეულს. ავადმყოფობის სიმულაცია ბავშვისთვის მიზნის მიღწევის კარგი საშუალებაა.

. მლიქვნელობა, პირფერობა. ამ ხერხს არცთუ იშვიათად მიმართავენ ბავშვები – სანამ რაიმეს ითხოვენ, ქათინაურებს არ იშურებენ მშობლებისთვის, ეხვევიან, ეხუტებიან, კოცნიან. მშობლები ადვილად ტყუვდებიან და ვერ ამჩნევენ ბავშვის ნამდვილ მიზანს.

თუ მანიპულაცია მისი ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე ვერ დავძლიეთ და მას ფართო გასაქანი მიეცა, ბავშვი შეიძლება გაიზარდოს არაჯანსაღი, არასწორი განწყობა-დამოკიდებულებებით. მანიპულირების უნარი ისე მტკიცედ გაიდგამს ფესვს მის ხასიათში, რომ ძნელი სათქმელია, რაზე იქნება წამსვლელი ადამიანი სასურველის მისაღებად უკვე 30-40 წლის ასაკში.

ზრდასრულ, გამოცდილ მანიპულატორთან საქმის დაჭერა საშიშიც კია. ადამიანების გარკვეულ ნაწილს შეუძლია მანიპულატორების ამოცნობა. ისინი მათ ინტუიციურად გრძნობენ და ცდილობენ განერიდონ, რადგან იციან, რომ ამ ფსიქოლოგიურ „ტერორისტთან“ საკმაოდ რთულია მეგობრობა, ოჯახის შექმნა, თამამშრომლობა.

თუ მანიპულატორი ბავშვობაში იოლად ახერხებდა, ყველას მის დაკრულზე ეცეკვა, წლების შემდეგ ადამიანებზე ზემოქმედების მექანიზმის მუშაობაში შესაძლოა გაუმართაობამ იჩინოს თავი, რაც თავად მანიპულატორისათვის ნამდვილი კატასტროფა იქნება – მას ელის ღირებულებების მსხვრევა, მძიმე დეპრესია და ფსიქოპათიაც კი.

მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად ამოვიცნოთ მანიპულაცია და საჭირო ზომები მივიღოთ მის აღმოსაფხვრელად. სხვაგვარად ნეგატიურ შედეგებს თავს ვერ ავარიდებთ.

 

რეკომენდაციები ბავშვებში მანიპულაციის დასაძლევად

. შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბავშვებში მანიპულაციის დასაძლევად აუცილებელია დავივიწყოთ სიბრალული და აღვიჭურვოთ მოთმინებით. თუ ბავშვი საკუთარი უსუსურობის დემონსტრირებას ახდენს, შესაბრალისი თვალებით გვიყურებს და ელოდება, რომ ჩვენ ჩავაცმევთ, ვაჭმევთ ან მის გასაკეთებელ საქმეს გავაკეთებთ, საჭიროა მოვუწოდოთ მას დამოუკიდებლად მოქმედებისკენ და დავუწესოთ მკაცრი დროითი ჩარჩოები: „გააკეთე თავად! მაისურის ჩაცმა დაუხმარებლადაც შეგიძლია!“ აუცილებელია ვიყოთ მტკიცე და თანმიმდევრული. ცრემლებმა გული არ მოგვილბოს და გადაწყვეტილების შეცვლა არ გვაიძულოს. ასევე მნიშვნელოვანია ოჯახის ყველა წევრის შეთანხმებული მოქმედება. თუ რომელიმე მათგანი უეცრად გადაწყვეტილებას შეიცვლის და პატარა შანტაჟისტთან დათმობაზე წავა, შედეგის მიღება შეუძლებელი გახდება.

. ბავშვებთან, რომელთათვისაც მანიპულაციის საყვარელი ინსტრუმენტი ისტერიკაა, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე. არავინ დავობს, რომ ეს რთულია, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება გავაგებინოთ მანიპულატორს, რომ ისტერიკებით მიზანს ვერ მიაღწევს. ამასთან ერთად, საჭიროა ყურადღებით ვიყოთ – ისტერიკებისადმი მიდრეკილი ბავშვები, ჩვეულებრივ, საკმაოდ გონებამახვილები და ლაბილურები არიან, მათ შეუძლიათ საკმაოდ სწრაფად შეცვალონ ერთი ტაქტიკა მეორით. თუ ბავშვს ისტერიკა დაეწყება, უმჯობესია შევწყვიტოთ მასთან საუბარი და ცოტა ხნით გამოვიდეთ ოთახიდან. როცა პატარა დამშვიდდება, მაშინვე მის მოფერებას ნუ დავიწყებთ, მოვითმინოთ, სანამ თავად არ გადაწყვეტს ჩვენთან კონტაქტზე გამოსვლას. ხანდახან უფროსის მიერ პირველი ნაბიჯის გადადგმას ასეთი ბავშვები საკუთარ გამარჯვებად აღიქვამენ. ამ შემთხვევაში მათ შესაძლოა ისევ დაეწყოთ ისტერიკა. ვეცადოთ ვიყოთ ბუნებრივი, გულწრფელი. ნუ დავიწყებთ ნოტაციების კითხვას, თავი შევიკავოთ ჩხუბისგან და, მით უმეტეს, ფიზიკური დასჯისგან, რადგან ეს მხოლოდ გააძლიერებს წყენას. ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ ის ვერ იღებს სასურველს იმიტომ, რომ ამისთვის არსებობს მნიშვნელოვანი მიზეზები და არა იმიტომ, რომ ასე თქვეს დედამ და მამამ.

. მათთან, ვინც ავადმყოფობით მანიპულირებს, ყველაფერი გაცილებით მარტივია. თუ ბავშვი წუწუნებს და სასურველის მისაღებად ავადმყოფობას იმიზეზებს, მივმართოთ ექიმს. ამ შემთხვევაში ან ტყუილი გამოაშკარავდება, ან ავადმყოფობა, რომელიც შეიძლება მართლაც აწუხებდეს ბავშვს, ადრეულ სტადიაზევე განიკურნება. ბავშვებს არ უყვართ ექიმები და წამლები, ამიტომ პატარა მალევე შეწყვეტს მანიპულირებას.

. ყველაზე საშიშია ის მანიპულატორი, რომელიც უფროსებით მანიპულირებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იწყებს. უცხო ადამიანების თანდასწრებით ჰაცილებით ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება და ქცევის სწორი სტრატეგიის შერჩევა. მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. ასეთ დროს ყველაზე ეფექტიანია მტკიცე და კატეგორიული „არა“. არავითარი ახსნა-განმარტება და დარწმუნების მცდელობა!

. განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს ემოციებით მოთამაშე მანიპულატორებთან ურთიერთობა. მშობლებთან ურთიერთობისას ამ ტიპის შანტაჟისტები ყველაზე ხშირად შემდეგ ფრაზებს იყენებენ: „მე თქვენ არ გჭირდებით, არ გიყვარვართ, რატომ გამაჩინეთ?!“ ასეთი ბავშვები ვირტუოზულად ახერხებენ მშობლების დაპირისპირებას, განსაკუთრებით –  თუ ისინი დაშორებულები არიან. როცა ერთი რამეს უკრძალავს, მეორე ჯიბრზე აძლევს ამის უფლებას. ასეთ სიტუაციებში აუცილებელია, მშობლებმა შეთანხმებულად იმოქმედონ, რათა ერთი მშობლის „არა“ მეორის „კი“-ს არ ნიშნავდეს ბავშვისთვის.

. როდესაც პატარა მანიპულატორის ქცევის კორექციას ვცდილობთ, უნდა ვეცადოთ, ბავშვის პიროვნება არ დაზიანდეს. გვახსოვდეს, რომ ის ისეთია, როგორიც არის და ძირფესვიანად მისი შეცვლა არ გამოგვივა.

ვეცადოთ, თავად არ ვიქცეთ მანიპულატორად და ბავშვის პროვოცირება არ მოვახდინოთ. ამისთვის საჭიროა, ბავშვთან ურთიერთობისას დაკვირვებით შევარჩიოთ ყოველი ფრაზა. მაგალითად, ნაცვლად ამისა: „თუ დაალაგებ შენს ოთახს, გიყიდი ნაყინს“, – შეიძლება ვუთხრათ: „მოდი, ერთად დავალაგოთ ოთახი, მერე კი ერთად მივირთვათ ნაყინი“.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს, დავეხმაროთ ბავშვს რთულ სამყაროსთან შეგუებაში, იმის გაგებაში, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ჩვენ გვინდა და ამას თავისი მიზეზები აქვს.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ ბავშვის მხრიდან ნებისმიერი მანიპულაციის მიზანი ჩვენი ყურადღების მიპყრობაა. თუ ჭირვეულობა და ტყუილები გახშირდა, დავფიქრდეთ: ჰყოფნის თუ არა მას ჩვენი სითბო და ყურადღება? იქნებ დადგა დრო დადებითი ცვლილებებისთვის, რომლებიც უფრო მეტად დაგვაახლოებს ბავშვთან.

ავი ამბების თვე და სასაფლაო

0

თუ აუცილებელი შესავალი უნდა ახლდეს ამ სიტყვებს, და ალბათ უნდა ახლდეს, ბარემ დასაწყისშივე ვიტყვი:

 

– ძალადობა დანაშაულია და უნდა დაისაჯოს!

– სიძულვილი არის სირცხვილი და ადამიანად ყოფნის უარესი ნიშანი!

– სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი! ნებისმიერი ადამიანი!

 

ამ წინადადების გაგრძელება სიტყვით „მაგრამ” არის თოკი უფსკრულისკენ.

 

ეს ჩემგან ისედაც იცოდით. ცხადად. და საქმითაც. მწირი, მაგრამ შეძლებისდაგვარი საქმით.

 

როგორც რიტორიკაშია, ვთქვათ ისიც, რომ ნათქვამი ყველას არ ეხება, მაგრამ ის, ვისაც არ ეხება, არის ცოტა, ძალიან ცოტა.

 

და აი, რა მინდა ვთქვა:

ჩემო ძვირფასო და ყოვლადშესანიშნავო მეგობრებო, თქვენ გგონიათ, რომ აი, გუშინ რომ სოფელში ვიყავი, მაგალითად – გიორგეთში, ან ხვალ რომ წავალ – მაგალითადვე – საკურწეში – იქ მცხოვრები ადამიანები, ყოველდღიური ფიქრით, მაინცდამაინც ვინმეს დაჩაგვრას მიესწრაფვიან – არა, რა თქმა უნდა. ამ ხალხის დილაც და საღამოც – ყოველდღიური შრომაა, თავჩახრილი შრომა და ღიღინი. გადარჩენისა და იმედის საქმე.

მაგრამ ისინი ჩვენ არ გვიცნობენ. ვარსებობთ და არც. თითქოს პარალელური სამყაროებია და რა გასაკვირია, რომ ის, რაც უცხოა, მერე მტრულდება კიდეც – თუ ვინმე მონდომებულის მხრიდან, ამის „სურვილი” დაიბადა.

 

ბევრი თქვენგანისთვის ქართული სოფლები ხევის ტრაფარეტით იწყება და შორაპნის წარწერით მთავრდება – ბათუმისკენ მიმავალ გზაზე. ზოგიერთი, უფრო მონდომებული, მანქანას სოფლის სკოლის შენობის შესასვლელთან გააჩერებთ, ფეხსაცმელზე ტალახი რომ არ წაგეცხოთ, საათიან ტრენინგს – „არა ძალადობას” და „დიდება თანასწორობას” ჩააბულბულებთ, ოღონდ იქ შეკრებილ ხალხს კი არა, საკუთარ თავს ელაპარაკებით. მერე ხელს არ იბანთ „იქაური” საპნით, ძროხისსუნიანის დანაბანიაო (გგონიათ, ვიტყუები? – ვინც შეძლებთ, ცხადია, პიროვნების დასახელების გარეშე – ჩადით ხულოში და რომელიმე სოფლის მცხოვრები მოგიყვებათ) და იკითხავთ: „სადმე ახლოს ცოტა ისეთი, ნორმალური სასტუმრო არ არის, რომ დაძინება შევძლო?”

 

ამ ქვეყანას ერთმანეთთან ლაპარაკი გადაარჩენს. ერთმანეთში უკეთესის ძიება, ადამიანის ძიება და განვითარება. გრძელი ამბავია? „მაი, როის იქნება?” იქნება, თუ ოდესმე დავიწყებთ. უნდა დაველოდოთ? არა, უნდა ვიმოქმედოთ.

 

ჩემს წერილს სხვადასხვა სააგენტოში ექნება სხვადასხვა სათაური – ამოჩეხილი და ისეთი, როგორიც მათთვის საჭიროა. მიუხედავად უკიდურესი სიცხადისა, შეტრიალდება ქოთნის ყურად და ეს ყური იქირქილებს ისე, როგორც მას აწყობს. მაგრამ ახლა ეს ჩემთვის სულერთია. მე ერთი რამ ვიცი – ჩემი ქვეყანა მიყვარს და მინდა, უკეთესი იყოს. ამისთვის ვაკეთებ ძალიან, ძალიან ცოტას, თუმცა ვაკეთებ დღისით და ღამით. შეუსვენებლად. ამიტომაც ვწერ აქ იშვიათად და მით უფრო ტელევიზიით ნაკლებს ვლაპარაკობ. ეს უბრალოდ ჩემი გზაა – განა გამორჩეული ან უკეთესი – უბრალოდ ჩემი. სხვამ იმ გზით უნდა ეცადოს, რაც ჩემზე უკეთ შეუძლია.

***

 

წუხელ, ასე საღამოს ცხრის ნახევარზე ან შეიძლება ცხრაზეც, სასაფლაოზე გავედი და მამაჩემი აღარ დამხვდა.

 

დომინოს თამაშობს – მითხრა გენადი მახარაძემ – ახალი წასულია და მაი არ მუა კაი ხანი.

 

გენადი შარშან გარდაიცვალა. მის შვილიშვილს, რომ ეგონა, 5+2 უდრიდა, იმ რიცხვივით ცხვირი ჰქონდა გენადის. „სათვალე სად გაქვს?” – ვკითხე მე. „საცხა დავკარგე აქანე” – მითხრა გენადიმ მორცხვად. „მაი სულ კარგავდა ყოლიფერს” – გამომძახა მავრამ. მავრა ცქვიტინიძე, მის შვილიშვილს რომ ეგონა, 8-6 უდრიდა, იმ რიცხვივით გამხდარი ქალი იყო. უხაროდა კიდეც ეს სიგამხდრე – ჩიტივით დავფრინავ სახლიდან ფაბრიკამდეო. ოზურგეთში, როგორც მახსოვს, უმეტესი ფაბრიკა ჩაის გახლდათ, ერთის გარდა. ამიტომაც, ჩვენ გვეგონა, რომ ფაბრიკა ცალკე არ წარმოითქმოდა, არამედ მხოლოდ ასე – „ჩაისფაბრიკა”. შესაბამისად, იმ ერთსაც ამგვარად ეწოდებოდა – „აბრეშუმის ჩაისფაბრიკა”. ამ ფაბრიკაში მუშაობდა მავრა. ოთხმოცს რომ გადაცდა, გასუქება მოინდომა – ასე თუ მოვკვდი, კუბოში არ გამოვჩნდებიო, მაგრამ ამაოდ. ამიტომაც მავრას ქვევიდან ბალიშები ამოუდეს და ისე მიასვენებდნენ. ეს ბალიშები დაახვედრა გენადის. ღამ-ღამობით თავქვეშ ამოიდებდნენ და კვირიკეთის ცის ვარსკვლავებს უყურებდნენ. კვირიკეთის სასაფლაოს ცაზე სხვანაირი ვარსკვლავებია. მათი შუქი მილიონობით წლის წინ არ არის წამოსული. მილიონობით კი არა, თუ ამ ვარსკვლავების საფასური არ გადაიხადე, მთვრალი ზაურიე ელექტრიკი ადის და შენს წილ ვარსკვლავს დაუნდობლად თიშავს სოჩიკიდან.

 

კაი, წავალ, მოვძებნი – ვუთხარი გენადის.

 

მამაჩემი, კაშუტიჩი და კოლია კიღურაძე კოლიას პატარა სასაფლაოზე ისხდნენ და ფურთს თამაშობდნენ. სამ კაცში ფურთი ძნელია, მაგრამ ამაზე უფრო ის გამიკვირდა, რატომ ეგონა გენადის მამაჩემი დომინოს სათამაშოდ წასული. დომინო ხომ მარტო გენადის ჰქონდა და რომ რამე, მისგან უნდა გეთხოვებინა.

 

„მეიხადე ბიჯო მაი ქუდი, სასაფლაოზე რაღათ გინდა?” – გაიკრიჭა კაშუტიჩი. კაშუტიჩი გიჟი იყო, მაგრამ ახლა, გიჟის გარდა, ყველაფერს ჰგავდა, კარგად გაპარსული, პიჯაკით და გაპრალებული ტუფლებით, კოლიას სურათი სადაც იყო ბუნდოვანი ფერის მარმარილოზე, იქ იჯდა და კარტს არიგებდა.

 

„დამირიგე მაი კარტი” – ვუპასუხე მე.

„როის ჩამოი?” – მორცხვად მკითხა მამაჩემმა.

„დღეს” – ვუთხარი მე და ჩუმად ერთი კოლოფი სიგარეტი გავუცურე. მამაჩემი ჩუმად ეწეოდა. როცა ნერვიულობდა, მაშინ. გაჭირვების დროს თავი დაანება. მერე დედაჩემიც უშლიდა და ახლა, როცა სასაფლაოზე მივდივარ, ამაქვს ხოლმე. იქ ვის უმალავს არ ვიცი, მაგრამ იქაც ჩუმად ვაძლევ.

 

  • ვინაააიბაღანა? – იკითხაკოლიამ.
  • ჩემია! – თქვამამაჩემმაამაყად.
  • როისდეიბადაკიმარა?
  • შენრომმოკტი, მეოთხეწელსმაგისმერე.
  • ააა!

ამის მეტი არაფერი უთქვამთ. არც მე. უბრალოდ, დილამდე ფურთს ვთამაშობდით. ახლა დავბრუნდი. კიდევ წავალ და დანარჩენს მერე მოგიყვებით.

 

 

 

და ახელ სიტყვებს, ხუჭავ და ახელ დაბადების და სიკვდილის ზღვართან.

0

ამ წერილით ვემშვიდობები ბატონ გივი ალხაზიშვილს. . . მინდა დავიწყო იმ სიტყვებით, რითაც  დაახლოებით 10 წლის წინ  ეს   წერილი  დავასრულე:  ჩემთვის დიდი პატივი,  პასუხისმგებლობა და ბედნიერება იყო, რომ  მომეცა საშუალება, გივი ალხაზიშვილის პოეზიაზე დამეწერა.

2012 წელს ფეისბუქზე მომწერა, ჩემი ლექსების კრებული “ჩაბრუნებული მზერა” გამოდის და მინდა,   ბოლოსიტყვაობა შენ დამიწეროო. დღეს, ალბათ,  ასე თამამად ვერ გავბედავდი     მაშინ კი ძალიან   ახალგაზრდა და გამოუცდელი   ვიყავი და გავბედე. მართალია,   წერილი დღეს დიდად არ  მომწონს, მაგრამ  შეგნებულად არ ვცვლი არაფერს.  ზუსტად ვიცი, მე რატომ მთხოვა ამ წერილის დაწერა  – ჩემთვის, როგორც დამწყები ავტორისთვის უნდოდა ხელი  გამოეწოდებინა და თანადგომა ასე გამოხატა.

მინდა,    მადლობა ბატონ გივის, რომ იყო ჩემს ცხოვრებაში, მადლობა ლექსებისთვის, რომლებმაც სიკვდილი დიდი ხნის წინ დაამარცხეს. ყოველთვის სიყვარულით გამახსენდება მისი ყოველი სიტყვა, ასევე,  „ჩაბრუნებული მზერის“ პრეზენტაცია. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს მის უკვდავ სულს.

 

“მზერას იქითკენ გადაანაცვლებ,

სადაც შეგრძნება სიღრმეს ჩასწვდება,

და ახელ სიტყვებს,  ხუჭავ და ახელ

დაბადების და სიკვდილის ზღვართან”. . .

სიტყვა სულია. . .  წერის დროს სითეთრეში  სამყარო იღვრება – მშვიდად, ტკივილით, “მწარე ღიღინს კვნესად ამონაყოლი სამყარო”. . . რადგან “ვერ უძლებს ხორხი ეკლიან ბგერებს”, ფონემები აღმნიშვნელებს ეძებენ და ასო-ნიშნებში პოულობენ გამოსავალს.   გამოდიან მშვიდად, ტკივილით, “პირვანდელი ნიშნით”, და არა “ლამაზი ორნამენტებით”… “ასე იკრიფება აკად-ნუსხურში ავტორის ტექსტი აპოკრიპული” შვილიშვილებატკიებული ავტორისა, მისვლა-მოსვლის ორ საუკუნეს რომ აერთიანებს საკუთარ თავში, ხიდივით რომ ცხოვრობს. . . და შვილიშვილების მიერ დასმულ შეკითხვებსაც: რატომ მიაბეს ელექტროენერგიას ნაგავი, აუღელვებლად პასუხობს, რადგან სულ ეძებდა და ეძებს ღვთის “კრავივით უცოდველ, უმიზეზო და ზნეკეთილ სიტყვას”… “ნაპოვნი სიტყვა შემოიყოლებს დამალულ სივრცეს”, ეს სიტყვები კი მის “სულს ინახავენ”, ეპოქის სულს.

გივი ალხაზიშვილის ლექსების კრებულში “ეპისტოლეთა წიგნი” ყველაზე ხშირად სიტყვა “თვალი” მეორდება – თვალი წვდომისა და ჭვრეტის, თვალი უცდომელი, ზუსტი, პატიოსანი. . . ასევე ამ სიტყვის არაერთი კონოტაცია – მზერა, ხედვა, (და)ნახვა… “მე კი მეშინია გახელილ მზერის და ჩემში სიტყვებად ახელილ თვალების,” – წერს ერთ-ერთ ლექსში, ბოლოს კი ასკვნის, რომ “სიტყვა თვალივით აეხილა”.  ტროპული მეტყველების ამ სახეს  –    ერთდროულად შედარებაც რომ არის და მეტაფორაც, იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ აქ თვალი სამყაროს სიმბოლოა.

 

თვალი სამყაროს გარკვეულწილად ვიზუალურადაც იმეორებს: გარსით, შიგთავსით, ფიზიკური სხეულითა და მის მიღმა არსებული სიღრმით. . . თვალი სხეულიცაა და სულიც, ცნობიერიც და არაცნობიერიც. . . პოეტის თვალი კი კიდევ უფრო სხვა განზომილებაა – ის მხოლოდ კალეიდოსკოპი კი არ არის, არამედ, პარალელურ რეჟიმში ხედავს, იმეცნებს, გარდაქმნის და ქმნის. . . ის მთელი სამყაროსადმია ღია.

სინესთეზია ავტორის ერთ-ერთი საყვარელი ლიტერატურული ხერხია – მაგალითისთვის, საკმარისი იქნება თუნდაც: “თვალებით ამბობ”, “ან შენამდე გზა – თვალის მოხუჭვა”.ეს მეტაფორა სათავეს ავტორის ადრინდელი ლექსიდან იღებს: “თვალის დახუჭვა ნიშნავს ახელას”. ეს მინერალია და ერთგვარი ხიდი მეორე ლექსამდე. “აღსავსე ფიქრის და თვალების გამონაბოლქვით” კი გულისხმობს, რომ თვალს ფიქრიც შეუძლია. ეს მეტაფორა ვაჟას შორეულ ალუზიადაც შეიძლება აღვიქვათ, სადაც “ნისლი ფიქრია მთებისა”. ტექნოკრატიულ ეპოქაში “ნისლი” “გამონაბოლქვმა” შეცვალა, რადგან “უნდობარია ეს საუკუნე” და ვირტუალურ რეალობაში გადასახლებულებს ბუნებისგან საყრდენი გამოცლილი გვაქვს.

გივი ალხაზიშვილის პოეტურ სამყაროში თვალი დუმილიცაა, გზაც, ფიქრიც, სივრცეც, “დარდის ნაპრალებიც”…მასში ეკლიანი ვარსკვლავიც ბუდობს, საყვარელი ადამიანიც და თავად ავტორიც – (“სხვაგან ვეღარ, ჩემს თავში თუ შევიმალები, როცა მზერას ქუთუთოებს ჩამოვაფარებ და მე ჩემგან ვეღარავინ გამომასახლებს”). ზესკნელის შემეცნების საშუალებაც: (“მოსინჯე, თვალს სადამდე გაადევნებ, ვიდრე მზერა დაგეკარგება… იქნებ, ცასავით გაგეხსნას გული და ანგელოზს ჩახედო თვალში”).

“ეპისტოლეთა წიგნში” შესული ლექსები ავტორმა საკუთარი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა. წარმოუდგენლად დიდი ძალისხმევაა საჭირო, მეტად ფაქიზ და ინტიმურ თემას მხოლოდ კონკრეტული სახე არ მიეცეს. აქ კი მიმართვის ადრესატი კონკრეტულიცაა და განზოგადებულიც. ძნელია, ტკივილი განაზოგადო იმ ადამიანზე წერისას, რომლის დავიწყებას “ერთი ცხოვრება არ ეყოფა”.

ლექსის მთავარი გმირი თავიდან, თითქოს, გაიელვებს მკითხველის თვალწინ, რეალურ დროსა და სივრცეში დასახლებული, თანდათან კი მარადისობაში გადაინაცვლებს. . . ონკოლოგიური საავადმყოფოს საზარელი კედლებიდან თავდაღწეული,  სრულქმნილ სამყაროში იმკვიდრებს ადგილს, შემდეგ კი ლექსებში გასიტყვდება და ავტორის ტანჯვად, ტკივილად, მონატრებად და ოცნებად იქცევა. პროტაგონისტი იცვლება – ახლა უკვე ერთ სხეულში გაერთიანებული ორი არსება ქმნის სიტყვათა ჯაჭვს:   “შენ კი წახვედი, თითქოს წახვედი და ჩემს თვალებში დაგრჩა თვალები” – წერს ავტორი.

წარმოსახვაში ერთარსებად, რეალურად კი კენტად დარჩენის პროცესი ტკივილიანია, პოეტი კი ტკივილზე მაღლა დგას. გრძნობებზე პედალირებული პოეზიისგან განსხვავებით, წარმოუდგენლად რომ   ხმაურობს და ყვირის, აქ სიტყვები ქრისტიანობითაა ნასაზრდოები, ასევე მშვიდი, გაწონასწორებული და რაფინირებულია.  მეწყერივით კი არ გთელავს – პირიქით, განუგეშებს, გაიმედებს, გავსებს, გცვლის. . .

პოეტის მეორე საყვარელი ცნებაა დრო, დრო, რომელიც კი არ კლავს, ამთლიანებს. “უცნობი ღმერთი რა ნაცნობია, საკუთარ დროს რომ დროებით მითმობს” – წერს ავტორი.

დრო, რომელსაც დროებით უთმობს ღმერთი შემოქმედს, სიცოცხლით სრულდება, მიწაში ჩათესილი სხეულით, იქიდან აღმოცენებული პურის ყანით და ყაყაჩოთი, ფურცლებიდან აღმოცენებული სიტყვებით და ამ სიტყვებიდან ამოკითხული ადამიანებით. ეს არის დრო, რომელიც წარსულად არასდროს იქცევა, რადგან წარსულზე ბევრად მეტია.

 

რა საჭიროა ესეს წერა

0

ანდრეი ბაუმეისტერის ლექცია

 

ანდრეი ბაუმეისტერი (დ. 1970 წ.) – უკრაინელი ფილოსოფოსი, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, კიევის წმინდა თომა აკვინელის უმაღლესი რელიგიური ინსტიტუტის ლექტორი, ბარბარა კასენის ევროპული ფილოსოფიური ლექსიკონის პროექტის უკრაინის განყოფილების თანარედაქტორი. ავტორი ნაშრომებისა „თომა აკვინელი. ლექციების კურსი“, „მეტაფიზიკა. ლექციების კურსი“, „ანტიკური ფილოსოფია. ლექციების კურსი“ და სხვა

 

როდესაც წერა-კითხვა-საუბრის ტრიადაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ აზროვნების სწავლების პრაქტიკას. პრაქტიკას, რომელსაც ადამიანი აზროვნებაში შეჰყავს. ტექსტისა თუ ესეს წერის უნარს აქ განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ტექსტის კითხვისას ჩვენ „ვხსნით“ ავტორის აზრს.

რატომაა მნიშვნელოვანი, მაგალითად, პლატონის „დიალოგების“, დეკარტის ნაწერების ან თანამედროვე მოაზროვნეთა ტექსტების კითხვა?

იმიტომ, რომ ნებისმიერი პოსტი, ნებისმიერი მოკლე ტექსტი აზრის ნაწყვეტია. ხოლო ის, თუ როგორ შლის ავტორი საკუთარ აზრს, როგორ ახდენს მის ილუსტრირებას, როგორ ასაბუთებს, დამოუკიდებელი აზროვნების კარგი სკოლაა ჩვენთვის.

კითხვისას ჩვენ კვალში ვუდგავართ ავტორის აზრთა მდინარებას, ნადირის კვალში ჩადგომა კი ისაა, რასაც გამოხატავს ბერძნული სიტყვა „მეთოდოს“. ეს უკანასკნელი სწორედ მონადირული ტერმინოლოგიიდან იღებს სათავეს. ამრიგად, ჩვენ კვალდაკვალ მივყვებით ავტორს და მისი „დევნისას“ უფრო გრძელი პერიოდებით აზროვნებას ვსწავლობთ.

ჩვენი აზროვნება უმეტესად მოკლე აფეთქებებია, რომლებიც ჩნდება და ქრება. გრძელი პერიოდებით აზროვნების სწავლა უფრო ძნელია. ამისთვის აუცილებელია, შევიძინოთ იდეის განვითარების, სიუჟეტის, სახის (ხატის) განვითარების უნარი.

წიგნების კითხვის გარეშე ამ უნარს ვერ შევიძენთ.

მეორეა მსჯელობის უნარი და ის პირველი უნარიდან გამომდინარეობს. როდესაც ჩვენს აზრებს ვახმოვანებთ, ჩვენ გრძელი პერიოდებით მსჯელობას ვსწავლობთ.

ბოლო ხანს, ჯგუფებთან მუშაობისას, როგორც მეანი, გამუდმებით ვესწრები აზრის დაბადებას.

ეს სოკრატესეული სახე (იგულისხმება „ჭეშმარიტების“ დაბადება დიალოგის, დისკუსიის დროს, – ლ.ა.) არც ისე ბანალურია. მე ვხედავ, როგორ უჭირთ ადამიანებს ხმამაღლა აზროვნება. წარმოუდგენლად უჭირთ. აზრი იბნევა, ბორძიკობს, ბუნდოვანია, არეული, მაგრამ მთავარია, ადამიანს მიეცეს ამის შანსი. და აი, ამ ბორძიკში, ამ ხელის ცეცებაში უეცრად ნათდება. ადამიანი იღებს ხმამაღლა აზროვნების გამოცდილებას – აქ და ახლა, დისკუსიის, მსჯელობის პროცესში აზროვნებისა.

რაც შეეხება ესეს, მას ზემოხსენებულ ტრიადაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რადგან ის არა მხოლოდ აზროვნებას ავითარებს, არა მხოლოდ მოცემულ თემაზე წერას და მსჯელობას გვასწავლის, არამედ გვაძლევს რაღაც ისეთს, რასაც ვერც კითხვა და ვერც მსჯელობა ვერ მოგვცემს.

ავიღოთ მსჯელობის გამოცდილება. ჩვენ ხომ მხატვრულ ფილმს არ ვიღებთ, ჩვენ ხომ აზროვნების დუბლები არ გვაქვს. მეგობართან საუბრისას ხომ არ ვამბობთ: „მოიცა, ეს დუბლი არ ვარგა, მეორე  გადავიღოთ, თავიდან დავიწყოთ ეს თემა და ხელახლა გავშალოთ… ისევ არ გამოვიდა, მესამე დუბლი გადავიღოთ…“ ასე არ ხდება. სწორედ ასევე, როდესაც რამეზე ვფიქრობთ, რამეს ვკითხულობთ, ვუყურებთ ფილმს ან ვუსმენთ ინტერვიუს, აზრი სპონტანურად რეაგირებს. სპონტანურად იბადება როგორც რეაქცია… რამის ყურებისას თუ კითხვისას არ ვეუბნებით საკუთარ თავს: „არა, ეს ხაზი არ ვარგა, უკეთესად გავაკეთებ“. ფიქრისას აზრებს არ „ვაშალაშინებთ“. ეს არაბუნებრივი იქნება. აზროვნების პროცესში აზრების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია. ვინმეს შესწევს ამის უნარი? ვფიქრობ, არავის. ესეს წერისას კი ჩვენ შეგვიძლია, ავიმაღლოთ აზროვნების ხარისხი. ესეს წერის დროს აზრი მენტალური რეგისტრიდან ტექსტურში გადაგვყავს, ვქმნით აზრის სურათს, რომელიც შეგვიძლია ჩავასწოროთ, როგორც მხატვარმა – ნახატი. ვრუბელის (მიხაილ ვრუბელი, XIX-XX ს.ს. რუსი მხატვარი, – ლ.ა.) მაგალითს მოვიყვან: მას აქვს შესანიშნავი აკვარელები და ზოგი მათგანი ათჯერ მაინც გადაუკეთებია (ქაღალდი რომ გაცვდებოდა, ქვემოდან სხვა ფურცელს მიაკრავდა ხოლმე), რათა დასახული მიზნისთვის მიეღწია.

ესე თქვენი აზრების სურათზე მუშაობაა. ესე შეიძლება დახვეწოთ, იმუშაოთ წინადადებებზე, იპოვოთ სიტყვების ისეთი შეთანხმება, რომელიც რაც შეიძლება მკაფიოდ გამოხატავს აზრს. ეს არის არა ნედლი, ჩამოუყალიბებელი, ბუნდოვანი აზრი, რომლის დედაარსიც ჯერ კიდევ ბურუსშია გახვეული, არამედ ძალისხმევა საიმისოდ, რომ აზრი რაც შეიძლება მკაფიოდ გამოიკვეთოს, გაძლიერდეს ფორმით, ტექსტით, სათანადოდ შერჩეული სიტყვებით. ეს რაღაცით ენათესავება პოეტური ნაწარმოების შექმნას.

რას გვაძლევს ეს? ჩვენ ვიწყებთ საკუთარი აზროვნების ხარისხზე მუშაობას და საბოლოოდ, გამუდმებით ვამოწმებთ რა ტექსტის მეშვეობით ჩვენი აზროვნების ხარისხს, უკვე საკუთრივ აზროვნებაშიც სხვა დონეს ვაღწევთ – ტექსტი, თავის მხრივ, იწყებს ჩვენი აზროვნების წესზე ზემოქმედებას. და აი, ჩვენ უკვე გვაქვს არა ჩამოუყალიბებელი შთაბეჭდილება ფილმზე, არამედ ჩაწერილი და დამუშავებული. ეს უკვე ესეა, ეს უკვე სულ სხვა ხარისხია… ჩაწერილი შთაბეჭდილებები უფრო მძაფრია, უფრო ტევადი.

ასე რომ, ესე არის მუშაობა არა მხოლოდ აზრებზე, არამედ გრძნობებზე, ემოციებსა და შთაბეჭდილებებზეც.

ასევე უნდა ხდებოდეს ბავშვების განვითარებაც. როდესაც ბავშვებს შთაბეჭდილებების შესახებ ვეკითხებით, როდესაც მათ ჩაწერას ვთხოვთ, ამით შთაბეჭდილებების დახვეწას ვასწავლით.  როდესაც ბავშვები თავიანთი გამოუცდელი ხელით ცდილობენ რაღაცის გადმოცემას, ისინი მუშაობენ აზრების, გრძნობების, განცდების გამოხატვის აპარატზე.

ხანგრძლივი აზროვნების განვითარებისთვის ვერაფერი შეედრება წიგნების კითხვას. აზროვნების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ვერაფერი შეედრება ესეს.

ეს არის პასუხი კითხვაზე – რა პრაქტიკული მიზანი აქვს ესეს წერას. მაგრამ მთავარი სხვა რამაა – მთავარი ის არის, რომ ჩვენ გვინდა, უფრო ღრმად ვგრძნობდეთ და ვაზროვნებდეთ. თუ ამას მივაღწიეთ, კითხვას “რა საჭიროა?”  – თავისთავად გაეცემა პასუხი.

ცოტა ხნის წინ, მეცადინეობაზე, ერთი დაოსური (დაოსიზმი – ჩინელი მოაზროვნის ლაო ძის მიერ ძვ. წელთაღრიცხვის VI-V საუკუნეებში შექმნილი რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება სამყაროსა და ადამიანის თვითსრულყოფისა და ჰარმონიული განვითარების შესახებ, ლ.ა.) იგავი წავიკითხეთ: ერთ კაცს ძალიან უყვარდა თოლიები. ის ყოველ დილით დგებოდა, ზღვაში შედიოდა და მიცურავდა, თოლიები კი დაბლა ეშვებოდნენ და თავს დასტრიალებდნენ. ერთხელ მამამისმა სთხოვა: „დამიჭირე ერთი-ორი თოლია, მეც მინდა მათთან თამაშიო“. თოლიების მოყვარულიც წავიდა და ზღვაში შეცურა. თოლიებმა ჩვეულებისამებრ დაიწყეს ფრენა მის გარშემო, მაგრამ დაბლა აღარ დაშვებულან.

ამ იგავის დედააზრი ძალიან ლამაზია. ის გვეუბნება რომ ჭეშმარიტება როგორც ასეთი არაუტილიტარულია. ადამიანს უყვარს თოლიები და თოლიებსაც უყვართ ის, მათ შორის წარმოიშობა ურთიერთქმედება. ფრინველები ენდობიან კაცს. ჩვენი მშვენიერი აზრები და შთაბეჭდილებები ეშვებიან ჩვენკენ და სხეულზე გვასხდებიან, მაგრამ როგორც კი გაჩნდება კითხვა: „რისთვის?“, როგორც კი მოვინდომებთ, ხელში მოვიგდოთ ჩვენი აზრებისა და შთაბეჭდილებების თოლია და მისი მონეტიზაცია მოვახდინოთ, – რაც ჩვენ დროში აუცილებლობაა, – თოლიები შესაძლოა აღარ მოგვეკარონ და მათ ნაცვლად რაღაც სუროგატი შეგვრჩეს ხელში. შესაძლოა რაღაც მნიშვნელოვანი დავკარგოთ.

ესეს წერისას ეცადეთ, გახდეთ თოლიების მოყვარული კაცი, რათა თქვენი მშვენიერი აზრები და გრძნობები „ჩამოფრინდნენ“ თქვენთან, გაგასხივოსნონ, აგავსონ.

ახლა ვიკითხოთ, რა გვიშლის ხელს ამაში, რომელი დემონები ჩასაფრებულან ჩვენს ზურგს უკან?

პირველ მათგანს ფსიქოლოგიის მოსაწყენ ენაზე პროკრასტინაცია ეწოდება (პროკრასტინაცია – მნიშვნელოვანი საქმეების სახვალიოდ გადადებისკენ მიდრეკილება, ლ.ა.). საკუთარ თავს ვეუბნებით: „მოგვიანებით დავწერ. ჯერ ორი კვირა მაქვს წინ“. გადის კვირა-ნახევარი და ვამბობთ: „ოჰ, მთელი სამი დღე დამრჩა“. დგება უკანასკნელი დღეც. ჩვენ ვფიქრობთ: „ახლა დავჯდები, ჩავრთავ ჩემს კომპიუტერს და…“ – მაგრამ თოლიები ციდან აღარ ეშვებიან. ვაკაკუნებთ და ვაკაკუნებთ, მაგრამ არაფერი გამოგვდის. ვბრაზობთ საკუთარ თავზე, ლექტორზე, მსოფლიოს ლიბერალურ მოწყობაზე, ამქვეყნად არსებულ ყველა წიგნზე, კაცობრობის მთელ სიბრძნეზე და იმედგაცრუებულები მივდივართ.

როგორ დავამარცხოთ ეს დემონი? – მივეჩვიოთ ჩანაწერების მუდმივად კეთებას. მოკლედ, ორი-სამი წინადადებით ჩავიწეროთ ჩვენი დაკვირვებები, გავაერთიანოთ ისინი და ავაწყოთ სრული სურათი. თანდათან ეს ჩვევად გექცევათ და ამ საქმიანობის მიმართ ინტერესი გაგიჩნდებათ. იგრძნობთ, რომ განცდა, რომელიც არ ჩაიწერეთ, დაკარგულია და მოახერხებთ, დღეში თხუთმეტი წუთი მაინც დაუთმოთ ამ ჩანაწერებს.

მეორეა მცდარი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ჩვენ ხან გადაჭარბებულად ვაფასებთ საკუთარ თავს, ხან ვაუფასურებთ. ჩვენი თვითშეფასება სისხლის წნევასავით დახტის. გადაჭარბებული თვითშეფასების შემთხვევაში გვეჩვენება, რომ „ამას რა უნდა“; არ გვცალია, თორემ ესეს კი არა, მთელ ტრაქტატს დავწერდით. მაგრამ როდესაც წერას ვიწყებთ, ვხვდებით, რომ არ გამოგვდის. არადა რა შესანიშნავი აზრები გვიტრიალებდა გონებაში! ხუთიოდე წელიწადში ნობელის პრემიასაც  გამოვკრავდით ხელს! მაგრამ როდესაც წერას ვიწყებთ და საკუთარი თავით უკმაყოფილება გვეუფლება, ყველაფერს თავს ვანებებთ. ეს იმიტომ, რომ წარმოსახვაში არსებულ ხატსა და რეალობას შორის დიდი მანძილია და ეს მოტივაციას გვიკარგავს.

მესამეა დაბალი თვითშეფასება: „რისი დამწერი ვარ? МГИМО (Московский государственный институт международных отношениий – მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი დიპლომატიური სასწავლებელი რუსეთში, ლ. ა.) არ დამიმთავრებია, დიპლომატიურ სამსახურში არ მიმუშავია, დიდი წიგნები და ჟურნალები არ წამიკითხავს…“ საკუთარი თავისადმი ასეთი დამოკიდებულება ძალიან სახიფათოა.

დასასრულ, ვიტყვი, რომ საგანმანათლებლო სივრცეში ჩემი მთავარი მთავარი ფუნქციაა ის, რასაც მე „სამოქალაქო ცოდნას“ ვუწოდებ. ეს ცოდნა განსხვავდება „საექსპერტო ცოდნისგან“. „სამოქალაქო ცოდნა“ გახლავთ ის აუცილებელი ცოდნა, რომელიც უნდა მივიღოთ და განვავითაროთ საკუთარ თავში, რათა სრულფასოვანი, ღირსეული ცხოვრება გვქონდეს, ვერკვეოდეთ პოლიტიკაში, ზნეობრივ საკითხებში, ხელოვნებაში, ლიტერატურაში, ადამიანთა ზნე-ჩვეულებებში, ეკონომიკაში, მსოფლიოს მოწყობასა და ისტორიაში. თითოეული ჩვენგანი ამ მთლიანობის ნაწილია. ამიტომ, თუ „სამოქალაქო ცოდნა“ არ განვივითარეთ, შესაძლოა უმწიფარ ბავშვებად დავრჩეთ.

თუ ამ სამ დემონს გაუმკლავდებით და გაიხსენებთ თოლიების მოყვარული კაცის იგავს, გაიხსენებთ, რომ ამით ავსებთ თქვენს შინაგან საგანძურს, ესეს წერა თქვენს მეორე ბუნებად იქცევა.

 

თარგმნა ლევან ალფაიძემ

 

წყარო:

https://www.youtube.com/watch?v=i3LvmgiPjQs

ღია საფოსტო ბარათები

0

პირველად ღია საფოსტო ბარათი ჩემი დამრიგებლისგან, დონარი მასწავლებლისგან, მივიღე. 1982 წელს დაბეჭდილ ბარათს  ყვავილები ამშვენებს. ბარათი  1993 წლის 6 ოქტომბერს მიმიღია. ალბათ, სულაც არ არის გასაკვირი, ის დღე მკაფიოდ რომ მახსოვს – ბოლო მერხზე ვიჯექი და უეცრად მოვარდნილმა სიხარულმა ტალღასავით გადამიარა. ეს იყო პირველი აღიარება. ამ დღის შემდეგ მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ამბავი მეხუთე კლასამდე აღარ მომხდარა. იმის გამო, რომ სკოლამდელ პერიოდში ბევრს მიკითხავდნენ, როგორც ჩანს,  გაწაფულ კითხვას მალევე დავეუფლე და დონარი მასწავლებლის წარწერაც – „ლელას, სანიმუშო კითხვისთვის.“ – ამ უნარს გულისხმობს.

1993 წლის 6 ოქტომბერი. სოხუმის დაცემიდან ერთი კვირაა გასული. რა მახსოვს მე? შავ-თეთრ ტელევიზორთან ჩამომდგარი ოჯახის წვერები და სასოწარკვეთილი ამოძახილები. მერე პური გაქრა და ყველი სანატრელი გახდა. მე კი ძალიან მინდოდა  კარაქიანი პურით ამოვსებული კონტეინერის სკოლაში წაღება. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ხორცსაკეპ მანქანაში მანდარინის ქერქი გავატარე და როგორც განსაკუთრებული ნუგბარი, ისე ავაფრიალე შესვენებაზე.

მალე ყველას ოჯახს ობივით მოედო სიდუხჭირე.

ახლა, როცა დონარი მასწავლებლის მსგავსად ბავშვებისთვის მძაფრი და მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებების აღმძვრელი ვარ და უხილავმა ვირუსმა სასკოლო ცხოვრებაც ყირაზე დააყენა, თან საზაფხულო არდადეგებია, საფოსტო ბარათებზე ვიწყებ ფიქრს.

მოდი, ჩემს ყველა მოსწავლეს გავუგზავნი ღია საფოსტო ბარათს-მეთქი – გამიელვა უეცრად, მერე ფიქრი ფიქრს მოჰყვა და გადავწყვიტე, ინტერნეტის შესაძლებლობები გამომეყენებინა. ეს უფრო მარტივია.

მაგალითისთვის ღია საფოსტო ბარათი Word-ის  ფაილში ავკინძე.  მარკის ადგილას ინდივიდუალურ ფოტოს შევარჩევ მათი ხასიათის, ინტერესისა და გარეგნობის გათვალისწინებით. ბავშვების გამოგზავნილი საშინაო დავალებებისთვის დახატული ილუსტრაციების გამოყენებაც შეიძლება. როგორც წესი, სიგელებს საერთო ტექსტი და ვიზუალი აქვს.  ბარათები კი ინდივიდუალურობას გამოკვეთს და მოსწავლეს ნდობას გაუღვივებს.

გარეკანის ფოტო, მისამართი, მარკა, ტექსტი –  ღია საფოსტო ბარათის ძირითადი მახასიათებლებია.

ადრესანტის მისამართი ყველა ბარათისთვის საერთო იქნება, ადრესატის საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაციის მოძებნა ცოტა გართულდება. ამიტომ მისამართად შეიძლება საინტერესო ფრაზის მოფიქრება, მაგალითად – „მხიარული ბიჭის კეთილი გული“ ან „ცქრიალა გოგოს ღიმილი“.

ცხადია, 80-მდე მოსწავლისთვის ღია საფოსტო ბარათების დამზადებას დიდი დრო და ენერგია დასჭირდება, სამაგიეროდ, მასწავლებლის გზავნილები პირად მაგალითად იქცევა.

გთავაზობთ ჩემი მოსწავლისთვის განკუთვნილ ერთ ბარათს:

 

 

ძვირფასო გაბრიელ,

 

დიდი მადლობა გულისხმიერად შესრულებული საშინაო დავალებებისთვის!

 

ბედნიერ დღეებს გისურვებ!

 

დიდი სიყვარულით,

შენი ლელა მასწავლებელი

 

 

 

 

 

 

 

სახლს, რომელსაც ფანქრით დაჯღაბნილი კედლები აქვს;

სახლიდან, რომლის აივანიც მტრედებს ძალიან უყვართ.

 

ინგუნ თონის „ულისი“

ტელესკოლისთვის ღია საფოსტო ბარათების შესახებ გაკვეთილს რომ ვგეგმავდი, სწორედ მაშინ მირჩია ჩემმა მეგობარმა გვანცამ ინგუნ თონის „ულისი“, რომლის სიუჟეტი ღია საფოსტო ბარათის ირგვლივ ვითარდება.

ულისი ათი წლის ნორვეგიელი გოგონაა. მამამისის შესახებ არაფერი არ იცის. მერე დედას ცხოვრებაში აინარი ჩნდება. ულისს ჰგონია, რომ დედას აღარ უყვარს. გრუ მისი ერთადერთი და საუკეთესო მეგობარია. ერთ მშვენიერ დღეს ველოსიპედებით არყის ტყეში გაისეირნებენ, სადაც ყვითელ საფოსტო ყუთსა და ბარათს აღმოაჩენენ. ამ დღის შემდეგ ულისის ცხოვრება თავდაყირა დგება. საშობაო ნათურებით განათებული ქოლგის ქვეშ ბარათზე დატანილ წარწერას წაიკითხავს: „გამარჯობა, ულის. ეს მე ვარ. გილოცავ დაბადების დღეს. მიყვარხარ.“ აღმოჩენას კვლევა-ძიება მოჰყვება. ასე გაიცნობენ გრუ და ულისი უზომოდ საინტერესო ქალს – ბორგნის. ის შუაგულ ტყეში ცხოვრობს და დაკარგული, უმისამართო წერილების კითხვით კლავს მარტოობას.

ულისისთვის გამოგზავნილი და არყის ტყეში აღმოჩენილი ბარათის ადრესანტი ვინ არის, საიდუმლოდ დავტოვებ. წიგნის წაკითხვას კი მთელი გულით გირჩევთ.

 

ბუკინისტი დედაენის ბაღიდან

ბატონი ალექსანდრე თმაჭაღარა ბუკინისტია. დედა ენის ბაღში, მტკვრის ნაპირას, პატარა ჯიხური წიგნებით ჰქონდა სავსე.  ორი წლის წინ მასთან ღია საფოსტო ბარათი შევიძინე. ბარათს ფრანგი მხატვრის ნახატი ამშვენებდა. ადრესატისთვის კი ტექსტის ნაცვლად ფანქრით შესრულებული ნახატი გაეგზავნათ – შლაპიანი მამაკაცი ძაღლს ასეირნებს. ხშირად ვფიქრობ, როგორ წაიკითხავდა ადრესატი ამ ნახატს, თუმცა ამ ბოლო დროს ბატონ ალექსანდრეზეც  მეფიქრება. ბუკინისტების ჯიხურები ზაფხულში გაუქმებული დამხვდა. გვიან შემოდგომაზეც რესტავრაციისა და კიდევ უფრო მეტად პანდემიის გამო მათი კვალიც კი აღარ ეტყობოდა პარკს.

 

ღია საფოსტო ბარათი შტუტგარტის ბიბლიოთეკიდან

ერთი წლის წინ ჩემი გოგონა მამამ გერმანიაში წაიყვანა. მუზეუმებთან ერთად შტუტგარტის ბიბლიოთეკასაც ესტუმრნენ. თეკლამ საჩუქრად ღია საფოსტო ბარათი ჩამომიტანა, რომელიც ბიბლიოთეკის საბავშვო წიგნების ერთ-ერთი პროექტის მიხედვით არის შექმნილი. საქმე ის არის, რომ ორი წლით ადრე შტუტგარტის ახალ ბიბლიოთეკა მეგობართან ერთად დავათვალიერე და თეკლას ნაჩუქარ ღია საფოსტო ბარათზე დატანილი პროექტი პირადად ვიხილე. ამ ამბავმა დამაფიქრა იმაზე, რომ ნებისმიერი სასკოლო პროექტის ერთ-ერთ საფეხურად თემატური ღია საფოსტო ბარათების შექმნა და ერთმანეთისთვის გაგზავნა შეგვიძლია.

 

ერთი გაკვეთილის ამბავი

მე 23 აპრილს, წიგნის მსოფლიო დღეს, დავბადებულვარ. სწორედ ჩემს დაბადების დღეს წიგნის მაღაზიაში ღია საფოსტო ბარათების შეკვრას მივაგენი. თითოეულს ჩემთვის უცნობი ფრანგი მხატვრის ნახატი ამშვენებდა. გაკვეთილის იდეაც მაშინ დამებადა. მეოთხეკლასელებს სათითაოდ დავურიგე ბარათები და ვთხოვე, კლასელისთვის დადებითი შინაარსის წინადადებები მიეწერათ. დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ ინსტრუქციის შესრულებას.

„ნატალი, შენ ხარ ყველაზე ჭკვიანი, ტვინიკოსი და საყვარელი. მე შენ ძალიან მიყვარხარ. კიდევ მიყვარს შენი მთლიანი ოჯახი. ნეტავ ისევ კიდე ბავშვები ვიყოთ, რომ მომწონდი და შეყვარებული რომ მეგონე.“ – სანდრო სწერს ნატალის.

ნატალის პასუხი ამგვარია:

„სანდრო, შენ ხარ ცოტა ცელქი. მზე გამოვიდა. გილოცავ წიგნის დღეს და მასწავლებლის დაბადების დღეს. ჯანმრთელი ადამიანი ყოფილიყავი.“

შემდეგ ღია ბარათები გაცვალეს და სამახსოვროდ შეინახეს. ამ ფორმით ბავშვებმა ერთმანეთის დადებით თვისებებზე დაიწყეს ფიქრი, რაც ურთიერთობებს ათბობს და ალამაზებს.

 

ონის ფოსტა

მე და ჩემი მეოთხეკლასელები  ფოსტაში სტუმრობას და ღია ბარათების გაგზავნას  ვგეგმავდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მთელი წლის განმავლობაში ბევრი რამ დამიგროვდა – შემაჯამებლად გადაქცეული პირადი წერილები თამარ გეგეშიძისთვის, მეოთხე კლასელების წერილები სახელმძღვანელოს ავტორის, ნინო გორდელაძისთვის, „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ 13 წლის ბიჭისთვის. ხელი მოვხვიეთ გასაგზავნ ნივთებს და ჩვენი სოფლიდან ონის ფოსტისკენ გავეშურეთ.  ამ დღეს პირველად გავგზავნე ფოსტით ღია ბარათი და მინდა გითხრათ, რომ სულაც არ არის ადვილი მოკლე ტექსტის მოფიქრება საყვარელი ადამიანისთვის.

 

გრიგოლ რობაქიძის ერთი წერილი

სტატიაზე მუშაობისას გადავაწყდი გრიგოლ რობაქიძის წერილს, რომელსაც მეგობარს, ქეთევან ამირეჯიბს, სწერს და წერილში ღია საფოსტო ბარათსაც ახსენებს.

„ყოველივე საუკეთესო, მშვენიერი თქვენ! ნათელ განწყობას გისურვებთ მთელი სიცოცხლის მანძილზე! მომწერეთ: როგორ ხართ? ნათელი განწყობა გაქვთ? რას კითხულობთ? მიხსენებთ თუ არა? თქვენ ჩემი ერთადერთი მზიური მეგობარი ხართ და თქვენი წერილები უზენაესი სიხარულია ჩემთვის. ამიტომ გთხოვთ, ხშირად მომწეროთ. იბედნიერეთ! ძალიან, ძალიან მომეწონა ღია ბარათზე „ლოცვა“. ღმერთი შეგეწიოთ თქვენი ოცნებების ასრულებაში!“

პირადი წერილის კითხვისას მოგვრილ უხერხულობას ვუმკლავდები და ქეთევან ამირეჯიბის ღია ბარათზე დატანილი წარწერის წაკითხვის სურვილით ვივსები.

 

ასე უცნაურად ეჯაჭვება ადამიანების ისტორია ღია საფოსტო ბარათებს, რომლებიც ინახავენ ათას ემოციას, მოლოდინს, სიხარულს, სევდას, დროსა და სივრცეში გაბნეულები ერთმანეთს ეხმიანებიან და ახალ-ახალ ამბებს ქსოვენ.

ლიტერატურული პერსონაჟებისა თუ პირადი ამბების შთაგონებით ღია საფოსტო ბარათებით ჯადოსნური ამბების დატრიალება მასწავლებლებსაც შეგვიძლია – მეც სიამოვნებით მივიღებდი ჩემი მოსწავლეებისგან თუ მონატრებული მეგობრებისგან ჩემთვის მოფიქრებულ წინადადებებს.

 

 

 

 

 

 

MRT – კვლევის მეთოდი, რომელიც ბიოლოგიას, ქიმიას და ფიზიკას აერთიანებს

0

„- MRT თუ CT?

– კლაუსტროფობია მაქვს და იმ კუბოს მსგავს მოწყობილობაში ოცი წუთი ვერ გავძლებ…

– CT გადაუღეს…

– ფილტვების დაზიანება 12-ია… 18-ია… 24-ია!!!

– მას! რას ნიშნავს ეს რიცხვები?

– … (ზუსტად არ ვიცი და ჯერ ვერ ვპასუხობ)

– რა განსხვავებაა MRT-სა და CT-ს შორის?

– …(ზუსტად არ ვიცი და ჯერ ისევ ვერ ვპასუხობ)“

უამრავ მსგავს დიალოგს წააწყდებით ჩვენს COVID-ით გაჯერებულ ეპოქაში. ბევრი მოსწავლე და მათი ოჯახის წევრები შეეჯახნენ დიაგნოსტირების ამ მეთოდის საჭიროებას.

ალბათ იფიქრებთ, მასწავლებელმა რატომ არ უნდა იცოდესო. არ ვიცოდი და არც მომრიდებია მოსწავლეებთან ამის აღიარება. სწორედ იმ პერიოდში მეც დამჭირდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია და მისი მუშაობის პრინციპის შესწავლა დავიწყე. ამ პროცედურის ჩატარება ემოციურად არც ისე მარტივია, ამიტომ ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, მოსწავლეებმაც იცოდნენ, როგორ მუშაობს კვლევის ეს მეთოდები, ფიზიკის რომელი კანონები მოქმედებს მათი მუშაობის დროს, რა კავშირი აქვს ქიმიასთან, რა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანოების აგებულება და დიაგნოსტიკის მეთოდის შერჩევაზე. ასე გაჩნდა მეათე კლასის მოსწავლეებისთვის ერთი ინტეგრირებული კომპლექსური დავალების იდეა.

საგანი, კლასი: ინტეგრირებული დავალება (ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია) – მეათე კლასი
სამიზნე ცნება:

ჯანმრთელობა და დაავადებები

ქვეცნება: სიმსივნე, ვირუსული დაავადება, ძვლის მოტეხილობა

სტრუქტურა და ფუნქცია

ქვეცნება: ადამიანის ქსოვილები; ძვალი

ქიმიური ბმა

ქვეცნება: კოვალენტური ბმა, იონი, იზოტოპი, ატომი

მატერია

ქვეცნება: X სხივები, მაგნიტური ველი, ელექტრომაგნიტური ინდუქცია

მაკროცნება:

კვლევა

ქვეცნება: დიაგნოსტიკა, კვლევის თანამედროვე მეთოდები

დავალების პირობა: წარმოიდგინე, რომ პაციენტს, რომელსაც დაუდასტურდა COVID-19, ფილტვების გამოკვლევა სჭირდება. ამავე დროს, მას აქვს ონკოლოგიური დაავადება და მოტეხილი აქვს ფეხი. ექიმმა უთხრა, რომ კვლევა აუცილებელია. ერთი მხრივ, საჭიროა ფილტვების დაზიანების ხარისხის დადგენა, მეორე მხრივ – სიმსივნური წარმონაქმნის ზომის ცვლილების განსაზღვრა, ასევე – მოტეხილი ძვლის დათვალიერება თაბაშირის დასადებად. რომელი ტიპის კვლევის ჩატარებას ურჩევდი მას? შექმენი პოსტერი, რომელზეც წარმოაჩენ MRT-სა და CT-ს მუშაობის პრინციპებს, მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებას. პაციენტს კი დაუსაბუთე, რომელი კვლევა უნდა ჩაიტაროს და რატომ.

პოსტერზე წარმოაჩინე:

·         ფიზიკის რომელ კანონებს ემორჩილება MRT-სა და CT-ს მუშაობა;

·         როგორ შეესაბამება სხვადასხვა ქსოვილის აგებულება მის მიერ შესასრულებელ ფუნქციას და რატომ ენიჭება ამა თუ იმ ქსოვილის გამოკვლევისას უპირატესობა ერთ კონკრეტულ მეთოდს;

·         რატომ აქვს სხვადასხვა წარმოშობის დაავადებას პრევენციის განსხვავებული გზები;

·         როგორ შეესაბამება წყლის თვისება მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფში მის გამოყენებას;

·         რატომ არის საჭირო კვლევის თანამედროვე მეთოდების ცოდნა დროული და სწორი დიაგნოსტიკისთვის.

 

რეკომენდაციები კომპლექსური დავალების შესასრულებლად:

1. გამოიყენე ვიდეო: https://bit.ly/2TyFdtg, მისი ტრანსკრიპტი (დანართი 1)

2. დამოუკიდებლად იმუშავე სიმულაციაში: https://bit.ly/3dIZovj

3. როგორ მუშაობს კომპიუტერული ტომოგრაფი https://bit.ly/3hfQPun

4. რა განსხვავებაა MRT-სა და CT-ს შორის https://bit.ly/2TBNSev

 

 

დავალების დამუშავების ეტაპები:

ნაბიჯი 1: დავალების პირობის წარდგენა

ნაბიჯი 2: დავალების დამუშავება

აქტივობა 1: ადამიანის ქსოვილების აგებულების გაცნობა (შეხსენება) და შედარება

მიზანი: ქსოვილებს შორის მსგავსება-განსხვავების დადგენა

რეასურსი: ეპითელური, კუნთოვანი, შემაერთებელი, ნერვული ქსოვილების, ძვლის და სისხლის სურათები

მოსწავლეები დაადგენენ მსგავსებასა და განსხვავებას ქსოვილებს შორის, რომლებსაც ასახავენ ცხრილში ან ვენის დიაგრამაზე.

აქტივობა 2: სუბატომური ნაწილაკების, იზოტოპებისა და იონების გაცნობა (შეხსენება)

მიზანი: ატომის შემადგენელი ნაწილაკების მუხტისა და მასის გაცნობა, იზოტოპებისა და იონების წარდგენა

რეასურსი: ატომის აღნაგობა – https://bit.ly/3wjdxG5 ; იზოტოპები – https://bit.ly/3AkqP8q; იონები https://bit.ly/3qLx7JN

მოსწავლეები დაამზადებენ სხვადასხვა ატომისა და იზოტოპის მოდელებს სიმულაციაში;

აქტივობა 3: წყლის მოლეკულის აგებულება

მიზანი: წყლის მოლეკულაში ქიმიური ბმის ტიპის განსაზღვრა

რეასურსი: წყალი – საოცარი ნივთიერება https://bit.ly/3dJLh95 რატომ მაგნიტდება წყალი

მოსწავლეები დაასაბუთებენ წყლის დამაგნიტების უნარს.

აქტივობა 4. ახალი მასალის წარდგენა

მიზანი: მაგნიტის და მაგნიტური ველის გაცნობა

რესურსი: მოსწავლის წიგნი

მოსწავლეები გაეცნობიან მაგნიტის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს და მაგნიტური ველის წირებს. ელექტრულ და მაგნიტურ ველებს ერთმანეთს შეადარებენ და დაადგენენ მსგავსებ-განსხვავებას. ახსნიან, რატომ იზიდავს ან განიზიდავს მაგნიტები ერთმანეთს.

აქტივობა 5. ახალი მასალის წარდგენა

მიზანი: ელექტრომაგნიტური ინდუქციის გაცნობა

რესურსი: მოსწავლის წიგნი

მოსწავლეები გაეცნობიან ახალ მასალას – რა არის ელექტრომაგნიტური ინდუქცია, როგორ აღინიშნება და რა ერთეულებით იზომება ის.

აქტივობა 6. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის მუშაობის პრინციპის გაცნობა

მიზანი: მოსწავლე ახსნის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის მუშაობის პრინციპს.

რესურსი: https://bit.ly/2TyFdtg

დანართი 1: ვიდეოში საუბარია MRI (Magnetic Resonance Imaging)-ზე, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ადამიანის ნებისმიერი ორგანოსა და ქსოვილის გამოკვლევა. აპარატი შედგება: მაგნიტებისგან, რადიოტალღებისგან, გრადიენტისა და კომპიუტერისგან. ადამიანის სხეულის დაახლოებით 60% წყალია. წყალი მაგნიტდება. წყლის ყოველი მოლეკულა შედგება ჟანგბადის ერთი და წყალბადის ორი ატომისგან. წყალბადის ატომები ძალიან მგრძნობიარეები არიან მაგნიტური ველის მიმართ. მაგნიტები პაციენტის ირგვლივ ქმნიან დიდ მაგნიტურ ველს. გრადიენტი ანაწილებს მაგნიტურ ველს და ხდება სკანირება იმ ორგანოსი, რომლის გამოკვლევაც საჭიროა. მაგნიტურ ველში წყლის მოლეკულები იწყებენ მოძრაობას. ფოკუსირება ხდება დაბალი ენერგიის მქონე წყლის მოლეკულებზე. რადიოტალღების მოქმედებით ხდება მაგნიტური ველის შეკრება (რეზონანსი). დაბალი ენერგიის მქონე წყლის მოლეკულები შთანთქავენ მათთვის საჭირო ენერგიას. როცა მაგნიტური ტალღები წყვეტენ მოქმედებას, წყლის მოლეკულები მაგნიტურ ველში გამოყოფენ ზედმეტ ენერგიას. ამ ენერგიას აღმოაჩენს MRI და სიგნალები იგზავნება კომპიუუტერში. კომპიუტერი მიღებულ ინფორმაციას სურათად „თარგმნის“, რომელსაც აანალიზებს ექიმი.

როგორ იქცევა წყალბადი ელექტრომაგნიტურ ველში – წყალბადის ატომის ქცევა მაგნიტურ ველში

აქტივობა 7: სიმულაციაში მუშაობა

მიზანი: როგორ ადგენს MRT სიმსივნის მდებარეობას?

რესურსი: https://bit.ly/3dIZovj

მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები იმუშავებენ სიმულაციაში, აღმოაჩენენ განსხვავებებს სიმსივნით დაავადებული და ჯანმრთელი ორგანოების სტრუქტურაში.

აქტივობა 8: კომპიუტერული ტომოგრაფი და რენტგენის სხივები

მიზანი: CT-ს მუშაობის პრინციპის გაცნობა

რესურსი: https://bit.ly/3hfQPun – როგორ მუშაობს კომპიუტერული ტომოგრაფი

რა განსხვავებაა MRT-სა და CT-ს შორის? https://bit.ly/2TBNSev

მოსწავლეები ერთმანეთს შეადარებენ ამ ორი მოწყობილების მუშაობას. დაადგენენ ერთ-ერთის უპირატესობას სხვადასხვა ორგანოს გამოკვლევის დროს. ცხრილს სავარაუდოდ ასეთი სახე ექნება:

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის უპირატესობები კომპიუტერული ტომოგრაფიის უპირატესობები
Ø  კვლევა იძლევა მაქსიმალურად ზუსტ შედეგს

Ø  ყველაზე ინფორმაციულია ცენტრალური ნერვული სისტემის კვლევისას

Ø  ინფორმაციულია ხერხემლის თიაქრის დიაგნოსტირებისას

Ø  უსაფრთხოა ორსულებისა და ბავშვებისთვის

Ø  საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებით ჩატარება

Ø  უმტკივნეულოა

Ø  გამოსახულება სამგანზომილებიანია

Ø  ინფორმაცია ინახება კომპიუტერის მეხსიერებაში

Ø  ინფორმაციის მცდარობა 0%-ია

Ø  რენტგენის გამოსხივება 0%-ია

Ø  კოვიდის დროს CT-ს მგრძნობელობა უფრო მაღალია, ვიდრე რენტგენის

Ø  ძალიან ხანმოკლეა

Ø  ინფორმაცია ზუსტია

Ø  რენტგენის აპარატზე ნაკლები გამოსხივება აქვს

Ø  ლითონი არ წარმოადგენს დაბრკოლებას

Ø  შინაგანი სისხლდენის დიაგნოსტირების უტყუარი საშუალებაა

Ø  გამოსახულება სამგანზომილებიანია

Ø  უფრო იაფია

Ø  უმტკივნეულოა

 

ნაბიჯი 3: მოსწავლეთა დავალებების წარდგენა და შეფასება

ყველა ამ ეტაპის ბოლოს მოსწავლეები გამოფენენ პოსტერებს და მოხდება შეფასება; ისინი უპასუხებენ კითხვებს:

  • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;
  • აღწერე შენ მიერ შექმნილი პროდუქტი.
  • რატომ გგონია, რომ შენ მიერ შექმნილი პროდუქტი აკმაყოფილებს პოსტერის მოთხოვნებს?
  • შენი აზრით, ვინ უნდა დაინტერესდეს შენ მიერ შექმნილი პოსტერით?
  • რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის დროს;
  • რას შეცვლიდი, თავიდან რომ იწყებდე მუშაობას?
  • როგორ ფიქრობ, იგივე დავალება ჯგუფში რომ შეგესრულებინა, უკეთესად წარიმართებოდა თუ არა მუშაობის პროცესი?
  • შეაფასე დავალების პირობის გამართულობა.

მალარიის მეტაფორა დემნა შენგელაიას რომანში „სანავარდო“

0

მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი ნაწარმოებია, რომლებშიც საშიში პანდემიური დაავადებები სიმბოლური მნიშვნელობით წარმოჩნდება. ამგვარი რომანია დემნა შენგელაიას „სანავარდო“, რომელშიც ერთ ძლიერ ნაკადად შემოიჭრა მალარიის თემა, რომელმაც ადამიანის დასნეულებული სული წარმოაჩინა. ამგვარი სული განიცდიდა როგორც საკუთარი არსების, ასევე სამყაროს ხრწნას, დაშლასა და დანგრევას. მალარიამ, საზოგადოდ, ჭაობის ავადმყოფობამ, „იტვირთა“ ხატოვნად იმის გამოხატვა, რაც გულისხმობდა სულიერ კრიზისს. ეს იყო გაორება, გაუცხოება, ურწმუნოება, სპლინი, მომავლის შიში… „ახალი გაგება სამყაროსი. უკანასკნელი დაფარულია ბოროტ ყვავილებით. მეტაფიზიკური ტალახი. მიწა – გაჟღენთილი ჭაობის სუნით, სასაცილო ფიგურები, ქონდრისკაცები დადიან მასზე ჩვრებში გამოხვეულნი, ორბიტი მისი შემოვლებულია ლირწით და მიზანი რადიუსებად არის დაბნეული. ნივთი გახრწნილია. ხორცი მისი ლეშად დავარდნილი და სუნი შხამიან ყვავილებთან შეუღლებული. ცაზე მწვანე ვარსკვლავების ადგილზე ბაყაყებია წამომჯდარი, თაღი ობობას ქსელით დაფენილი. არის ერთი კოსმიური წუმპე, რომელიც ამრავლებს ორგანიზმის დამშლელ ბაცილებს – მალარიას. ეს არის შედეგი სამყაროსთან დადებითი ცოდნით მისვლისა”, – ასე აფასებს ტიციან ტაბიძე მალარიას, რომელმაც მის ლექსებშიც შთამბეჭდავ მეტაფორულ ხატებად გაიელვა.

მეცნიერულ-ტექნიკური აღმოჩენებით გათამამებულ ადამიანს გაუჩნდა ილუზია სამყაროს რაციონალური გზით ახსნის შესაძლებლობისა. სამყარო კი გახსნის მაგიერ უფრო ჩაიკეტა. ადამიანი შეაძრწუნა თავისმა უძლურებამ და უსუსურობამ. საკუთარ არსებაში უკუიქცა, გარეთ მხედველი თვალი „დაიბრმავა“ და შიგნით მიაპყრო მზერა. იქაც ცხრაკლიტულით ჩარაზული კარიბჭეები დახვდა. დაბნეული ადამიანი ჩიხში მოექცა, თითქოს ზღაპრულ გზაჯვარედინზე შეყოვნდა. მარილს (რწმენას) მოკლებული მისი ხორცი ვერ უძლებდა წარმავლობის დამშლელ ბაცილებს. კაცის თავში შეტბორებულ ფიქრს შმორის სუნი აუვიდა. სწორედ ეს პრობლემაა წარმოჩენილი დემნა შენგელაიას მოდერნისტულ რომან „სანავარდოში“. მასში დახატულია მალარიით დასნეულებული სანახები. მწერალი, უპირველესად, სნეული ბონდო ჭილაძის დარღვეულ არსებას წარმოადგენს დალორწილ პეიზაჟებად. ამაოდ კითხულობს ბონდო ჭილაძე კანტის „წმინდა გონების კრიტიკას“. წიგნები არ იქცევა მისთვის საიდუმლოს გასაღებად. იგი ზმანებებში, ხილვებსა თუ ჰალუცინაციებში ინტუიციურად იგზნებს სინამდვილეს და მიხვდება ავადმყოფობის მიზეზს: „ჩემი სული დამძიმდა ცოდვებით! ცოდვებით, რომელიც მე არ ჩამიდენია! რისთვის უნდა ვზღო მე, მამაჩემო, ის ცოდვები, რომლებიც ოდესღაც ჩემს მამა-პაპას ჩაუდენია! მე მინდა, მამა, სიცოცხლე და სიცოცხლე ჩემი გაძაღლებულია! მე მინდა, მამა, სიყვარული და ნიათი არა მაქვს“. ცოდვებით დამძიმებული სული კი ისევე ყარს, როგორც სახარებისეული განგოზილი საფლავები. ბონდო საკუთარ არსებაში თვითჩაღრმავების გზით წარმოაჩენს ადამიანის „ბნელ უფსკრულებს“. უჟმურით დალორწილი ბონდოს სისხლი თითქოს მთელ სანავარდოს „გადაესხმება“ და კერძო კაცი, სოფელი, ერთ განუყოფელ მთლიანობაში იხატება. ნიცშეს ზარატუსტრამ ზუსტად შეაფასა ადამიანის ამგვარი მდგომარეობა: „მიწას, – სთქვა მან, – გარსი აქვს და ამ გარსს სნეულებანი. ერთ ამ სნეულებათაგანს, მაგალითად, „ადამიანი“ ეწოდება“ („ესე იტყოდა ზარატუსტრა“).

ხაშმი და გვალვა, ბალღამი და ლორწო ხატოვნად ბონდო ჭილაძის არსებაში ფესვგადგმულ გადაგვარებისა და გადაშენების სენს წარმოაჩენენ. ბონდოს, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულის ენერგია დაეშრიტა. მითოლოგიურ-ზღაპრული პერსონაჟები, რომლებიც მას ცხადსა თუ სიზმარში ევლინებიან – ხათუნა, დოდო ბაყაყი, იშთარი, მზეთუნახავი – მისი სნეული გონების ჰალუცინაციებია, რომლებიც მას – კერძო კაცს – მითისა და ზღაპრის უჟამობაში გადაასახლებენ და სიცოცხლის პირველსაწყისებს მიაახლებენ, სამყაროს მარადიულ, უცვალებელ კანონებს აზიარებენ, რომელთაგან ერთ-ერთი უპირველესია ნება სიცოცხლისა, სიყვარულზე დაფუძნებული.

გაუგუნურებული ადამიანი ზეცას სიყვარულით კი არა, რკინის ხელებით წაეპოტინა, თაღები აანგრია საბუნებისმეტყველო აღმოჩენებით და როცა ეგონა, რომ ახლოს იყო საიდუმლოსთან, ისევ სიცარიელეს შეეჯახა. მიხვდა გარჯის უნაყოფობას და „ჩამოვარდნის“ ელდამ და ტკივილმა „დაასახიჩრა“. დასავლური კულტურის კრიზისი ირეკლება „ესე იტყოდა ზარატუსტრაში“. ღმერთის სიკვდილის გამოცხადებით ნიცშემ ამ კრიზისის სიღრმე წარმოაჩინა. სამყარომ თითქოს საყრდენი დაკარგა. ადამიანმა პირი იბრუნა ღვთიურისა და ზეგრძნობადისგან. ღვთის კვალი გაქრა საგნებიდან. ადამიანი დაკნინდა და დაბეჩავდა. მალარიაშეყრილივით აცახცახდა და აძაგძაგდა.

დოდო ბაყაყი უხსნის ბონდოს დაცემის „დიდ კანონს“: „რამდენი მაღლა ახტები, იმდენი უფრო მაგრა დაეცემი“. ნიცშე წერდა: „არა მწვერვალი, ფერდობია საშინელი! ფერდობი, სად თვალი ძირს დაექანება და ხელი მაღლით მწვერვალს ეჭიდება. მაშინ ბრუის გული თავისი მარჩბივი ნებითა. ჰე, მეგობრებო, ამოიცანით ჩემს გულშიც ნება მარჩბივი? ესე, ესეა ფერდობი ჩემი და ხიფათი ჩემი, რომ თვალი მაღლით ისწრაფვის და ჩემს ხელს ჰსურს მოეკიდოს და დაეყრდნოს სიღრმეს“ („ესე იტყოდა ზარატუსტრა“).

მარჩბივი ფიქრი თუ გული ყველაზე დიდი საცდურია ადამიანისთვის. სატანასა და ანგელოზს შორის ჭიდილში იბადება ჭეშმარიტი ადამიანობა. ბონდომ „შემოუშვა“ მალარია თავის არსებაში ქვეცნობიერი ნებით. ეს ნება კი განსაზღვრული იყო არა მხოლოდ მისი, არამედ წინაპარი თაობებით.

რომანში სანავარდო იხატება როგორც დიდი „ფერდობი“ საქართველოსი. შორს არიან თამარი და რუსთაველი. ძლივსღა ბჟუტავს იმედი: „არ გადავშენდებით“. ახლოა ყოვლის მპყრობელი უჩა-ღართამი – დიდი გველი. „მავნე სულების მარულაა გაჭენებული“. ფოლკლორული არქეტიპების მოხმობით მწერალი ერთსა და იმავე მოვლენის სხვადასხვა სიბრტყეს წარმოაჩენს – განფენილს როგორც ხილულ, ასევე უხილავ სივრცეში, ადამიანის ცნობიერ თუ ქვეცნობიერ განზომილებაში.

მალარიამ ბონდოს არსებაში გამოავლინა XX საუკუნის კრიზისული ადამიანის ბუნება. ეს არის, უპირველესად, საკუთარ თავთან გაუცხოება, სულიერი და ფიზიკური იმპოტენცია, დაღლილობა, წინააღმდეგობის გადალახვის უუნარობა. პოლ ვალერი ესეში „სულის კრიზისი“ შენიშნავდა იმ უჩვეულო „ჟრუანტელის“ მოგვრის შესახებ, რომელმაც დაუარა „ევროპის ტვინს“, რომ თანამედროვე ჰამლეტი, წინაპრისაგან განსხვავებით, იყო ინტელექტუალი და კაცთა ყოფნა-არყოფნის პრობლემაზე კი არა, ჭეშმარიტებათა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე ფიქრობდა: „მალე ბურუსი გაიფანტება და ჩვენ, ბოლოს და ბოლოს, ვიხილავთ გაცხადებულ სასწაულს, ცხოველურ საზოგადოებას, სრულყოფილსა და თავის თავში დასრულებულ ჭიანჭველეთს“. სწორედ ამგვარი „ჭიანჭველეთი“ წარმოგვიდგება „სანავარდოში“. გაბერწებულ სოფელში მხოლოდ სიკვდილი და შიში იბადება. „ციებით დალორწილი, სტალაგმიტებივით ამართული ბნელი კიპარისები და ქოქოსები ირწევიან ტყირპიან ღამეში. ლელიანში ბუნაგად მიგდებულ ბეჰემოტს დაესია კოღოები, შხამავენ და ბღავის გამწარებული. ყვითელი სატურნი არწყევს სამსალას და ლპება ყველაფერი. კირჩხიბი დაესო ღამეს, ლოშქრავს მას და სისხლით სივდება“.

ჩნდება შორეული ასოციაცია თომას სტერნზ ელიოტის „უნაყოფო მიწისა“(1922 წ), რომელშიც მწერალმა თანადროული ევროპის დაცემის კალეიდოსკოპური სურათები დახატა. პოემაში წარმოჩენილია გადახრუკული და უნაყოფო მიწა, რომელსაც ნაყოფიერების საწინდარი – სულიერი საწყისი – დაუკარგავს. მწერლის აზრით კი, სულიერ უდაბნოში ფიზიკური არსებობა გაჭიანურებულ კვდომას ემსგავსება.

„სანავარდოში” დახატული გვალვის სიმბოლური სურათები გრიგოლ რობაქიძის „ლონდასაც” წამოატივტივებს. გვალვით გახელებული ხალხის განცდები მისტიკური ელფერითაა შემოსილი. მკითხველს ატყვევებს მზით „გახელებული სიტყვების“ გამომსახველობა. “სანავარდოშიც“ არაჩვეულებრივი ძალით იმსჭვალებიან სიტყვები, თითქოს მათი საშუალებით წარმოსახულ სახეებს კი არა, თვითონ ამ სიტყვებს ასდით შმორისა და სიდამპლის სუნი, ნესტი მოჟონავს სტრიქონებიდან, ყვითელი ბალღამი სტრიქონთა შორის ჩრდილებივითაა ჩაწოლილი.

მალარიის გამოვლინებად შეიძლება გავიაზროთ ნიცშეს მიერ სენად სახელდებული „ცეცხლის ძაღლი“, რომელიც სიმბოლოა სოციალური გადატრიალებებისა, ნგრევისა. რევოლუცია, “ცეცხლის ძაღლი” მხოლოდ ყვირის თავისუფლებაზე, მაგრამ სინამდვილეში მას აუქმებს. ის გაჰყვირის, ანგრევს და ამით სურს „დიდ მოვლენად“ მოგვაჩვენოს თავი.

„სანავარდოში“ იხატება მომავალი რევოლუცია, რომელიც მოდის როგორც „მუცელგახეთქილი უჟმურთა უჟმური“ და ყველაფერს შხამითა და საწამლავით ავსებს. „დედაკაცები წივიან, იფოფრებიან, დარბიან თავგზააბნეულნი, ჭიშკარში ვერ ეტევიან და არის ჟრიამული, წყევლა-კრულვა, მოთქმა და ვიში. ღობე ილეწება. სადღაც თოფი გავარდა. იელვა ხანჯალმა. დამფრთხალი ცხენები ახვიხვინდნენ. მოღრუბლული ცა გასკდა უზარმაზარი ხარის ფაშვივით და დაუშვა კოკისპირული. წამოვიდა თქეში და ნიაღვარი“. ბონდოს თანაბრად ტანჯავს და აწვალებს ეპილეფსია და სიმარტოვე. თაობათა ჯაჭვში სწორედ იგი გამოირჩა, ვისაც ცოდვები უნდა მოჰკითხვოდა. წინაპრის ლანდი მას ბედისწერის შავ ჩრდილად ეფინება გზაზე, სულერთია, სად იქნება –  გაყინული პეტერბურგის სარკეებიან დარბაზში, მადამ ტრუბანოვას მკლავებში, სკაპცების „კვარცხლბეკზე“ თუ „ვნებააყეფილი“ გუჯუ ლაბახუას გვერდით.

ოსკარ უაილდი წერდა: „ვცხოვრობთ არა ჩვენი, არამედ მკვდრების ცხოვრებით. არც ჩვენში დაბადებული სულია ერთადერთი სულიერი არსი, პიროვნულობასა და ინდივიდუალობას რომ გვანიჭებს, ჩვენს სამსახურად რომ შექმნილა და ჩვენს სასიხარულოდ შემოდის ჩვენში. მან შიშისმომგვრელ ადგილებში დაისადგურა და უძველეს აკლდამებში დაიდო ბინა. უამრავი სენითაა შეპყრობილი, უცნაურ ცოდვებს ინახავს მისი ხსოვნა. ჩვენზე უფრო ბრძენია და მწარეა მისი სიბრძნე“.

ბონდოს სული, რომელსაც ახსოვს საუკუნეთა სიღრმეებში ჩამარხული ბნელი ამბები, ღალატი, სიძულვილი, მრუშობა და სხვა უზნეობანი, მწარე და ტკივილიანი თავგამეტებით ცდილობს ზედაპირზე ამოსვლას, გამოვლენას. ქვეცნობიერში ჩამარხული თაობების ნაღვაწით მოქსოვილი საიდუმლო შხამიანი ობობას ქსელში ხლართავს ბონდოს არსებას. გაწვალებული ბონდოს მზერაში ირეკლება მისი უილაჯო გენი როგორც დამახინჯებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი. მადლისაგან დაცლილ გარემოში მხოლოდ სიავე და ბოროტება ისხამს ნაყოფს. „ესე იტყოდა ზარატუსტრას“ მისნის მოთქმა ისევ ჩაგვესმება: „მოსავალი მოვიმკეთ: ხოლო რად დალპა და ჩაშავდა ყოველი ნაყოფი? რა ჩამოვარდა ბოროტი მთვარიდან უკანასკნელ ღამეს? ამაო იყო ყოველი ღვაწლი. ჩვენი ღვინო შხამად იქმნა, ცუდმა თვალმა ყვითლად გაახმო ჩვენი მინდვრები და გულნი. დავშრით ყველა, და თუ ცეცხლი დაგვეცა, განვიბნევით, ვით ნაცარი, ჩვენ თვით ცეცხლიც დავღალეთ. ყველა წყარო დაშრა ჩვენთვის, ზღვამაც უკან დაიხია. ნიადაგი მზად არის რღვევად, ხოლო წიაღს არა ჰსურს ჩაგვყლაპოს!“

უცნაური ცეცხლით აგზნებული თვალებით შემზარავად მოთქვამს ფეფელო ქადაგი „სანავარდოში“: „ხალხნო! რა გეშველებათ, თქვე უბედურისშვილებო, რა გეშველებათ! წუხელ ღვთისმშობელი გამომეცხადა და მამხილა, რომ დედამიწა მაკეა უჟმურთა უჟმურით! დედამიწა დედა კი არ არის ჩვენი, – ცოფიანი დედალი მგელია, თავისივე ლეკვებს თვითონვე რომ ჭამს!.. ვაი, თქვენ, ხალხნო!.. სანავარდო დაბერწდა“. ამ სტრიქონებში გაცხადებულია შიში დედამიწის გაქრობის, სიცოცხლის გადაგვარების, რაც ცალკეულ ადამიანთა თუ, საზოგადოდ, ერის დასნეულებითაა განპირობებული. ჯოისმაც ასეთი თამამი სისასტიკითა და გულგრილობით წარმოათქმევინა თავის გმირს: „მერედა, იცი, რა არის ეგ შენი ირლანდია? ირლანდიაა ბებერი დედაღორი, თავისსავე გოჭებს რომ თქვლეფს“. ირლანდია, სანავარდო თუ დედამიწა ერთი და იმავე სიმბოლოს ვარიაციებია. გადაგვარებული ზნეობა ადამიანს თვითონვე აკვლევინებს თავის მომავალს. დემნა შენგელაიას „მისნური მზერა“ გრძნობდა და ხედავდა მოახლოებული სისხლიანი დღეების სურათებს. „სანავარდოში“ დახატული აპოკალიფსური სურათები წინათგრძნობაა „ცეცხლიანი ძაღლისა“ – ნგრევისა და უბედურებისა, წითელი ხელისუფლებისა, „მუნიანი ჭინკების“ ამალით რომ შემოესია საქართველოს და „ამირანი შებორკა“.

მალარიის სენი ადამიანის სულიდან თავისუფლების წყურვილის ამოძირკვასაც გულისხმობს. ამიტომაცაა, რომ გახრწნის პროცესი ასეთი სიმძაფრითაა წარმოჩენილი „სანავარდოში“. მალარია რომანში ფანტასმაგორიულ სურათებად გადაიშალა. ტიციან ტაბიძე წერდა: „ბოდლერმა პირველმა დახრწნა სამყარო… პირველად პოეზიას ბოდლერიდან აუვიდა გახრწნის სუნი. ამის შემდეგ დაშლა არ შეჩერებულა“.

დემნა შენგელაია ერთ წერილში გალაკტიონის შესახებ წერდა: „ყველაფერი მოულოდნელია და თეთრი საშინელება იპყრობს შენს სულს, საშინელება თენებისა, როდესაც ჰგრძნობ სიცრუეს, ჰგრძნობ შეჯგუფებულ კოშმარებს დღისას. მისი წიგნი ცახცახებს ნერვიულად. მისი ნაღველი გიპყრობთ თქვენ და უმწეობას გაგრძნობინებთ“. ეს სიტყვები შეიძლება გავიმეოროთ „სანავარდოს“ მიმართაც, რომელიც მკითხველში იწვევს კოშმარულ ხილვებს და სულს შემზარავი მომავლის შიშით აცახცახებს.

„სანავარდოში“ კოშმარული სურათები ესთეტისა და ხელოვანის კალმითაა შესრულებული. დემნა შენგელაიამ შეძლო მალარიის ესთეტიზება, რადგან სჯეროდა, რომ ხელოვნებას უნდა გაეკეთილშობილებინა ყოველგვარი სიმახინჯე. ბოდლერი წერდა: „ხელოვნებას აქვს არაჩვეულებრივი პრივილეგია, რისი წყალობითაც საშინელი, ხელოვნების დონეზე გამოხატული, სილამაზედ იქცევა, ხოლო ტკივილი, რიტმითა და კადენციით გამოხატული, სულს მშვიდი სიხარულით ავსებს“. ასე შემოიჭრება მკითხველის წარმოსახვაში „მწიფე ბროწეულივით გადაფატრული მზე“ და მის მიერ დაფრქვეულ სისხლისფერ ლალებში გადაიისფერდება სამყარო: „უეცრად მოსკდება ღვარი იისფერი გველებისა. ივსება ყველაფერი. ოქროს ქედები ვერ უძლებენ მათ სიმძიმეს და იზნიქებიან შტოებით. იისფერ გველთა მტევნებით დაიყუნწება ჭიმჭიმელი და ამართული იისფერი კაბით შემოსილი უნასი მობრძანდება დინჯი რონინით“.

დემნა შენგელაია განიცდიდა „ბნედიანივით დაკრუნჩხული“ დედამიწის ტკივილებს და მხატვრულ სახეებში გარდასახავდა თავის განცდებს. მალარია კი „სანავარდოში“ წარმოჩნდა როგორც სენი, რომელიც სიყვარულსა და რწმენას უნდა დაეძლია.

სკოლა და განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები

0

განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვების თავისებურებებით, მათი პრობლემებითა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებით დაინტერესებულმა მკითხველმა, სავარაუდოდ, უკვე წაიკითხა პირველი წერილი, რომლის სათაურია: „განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები ყოფით გარემოში“. სტატია დაიწერა ფრანგი ავტორის Siaud-Facchin Jeanne-ის (დაბ. 26 მარტი, 1957წ. საფრანგეთი) წიგნის: „განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვი. როგორ დავეხმაროთ მას წარმატების მიღწევაში“ მიხედვით. ფრანგი პრაქტიკოსი კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი Siaud-Facchin Jeanne, არის ასოციაცია Zebra-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე და ასევე ასოციაცია Cogito-ის დამფუძნებელი და დირექტორი. ასოციაცია მუშაობს მოზარდი მოსწავლეების ფსიქოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკასა და მათ მოგვარებაზე. Siaud-Facchin Jeanne არის რამდენიმე ფსიქოლოგიური ბესტსელერის ავტორი.

მკითხველმა ასევე, უკვე იცის, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვების – „ზებრების“ – (ეს ტერმინი ფსიქოლოგმა თავად შეარჩია ნიჭიერი ბავშვებისთვის) პრობლემებით დაინტერესება მას გადააწყვეტინა ერთი შვიდი წლის ბიჭუნას თხოვნამ: „ქალბატონო, გთხოვთ, დამეხმაროთ, რომ აღარ ვიყო ასეთი ნიჭიერი, რადგან ძალიან მომბეზრდა სხვებისგან განსხვავებულობა, უბრალოდ დავიღალე“. ეს სტატია კი „ზებრა“ ბავშვებსა და სკოლის პრობლემებს ეძღვნება, რადგან, როგორც ავტორი მიიჩნევს, განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვებს სწორედ სკოლაში  უჭირთ ყველაზე მეტად იმის გამო, რომ სკოლაში თვალსაჩინო ხდება მათი განსხვავებულობა, გამორჩეულობა.

ფრანგი ავტორის თანახმად: „ერთი მხრივ, სკოლა არის ის ადგილი, სადაც, სავარაუდოდ, ყველაზე აშკარად და ნათლად უნდა გამოვლინდეს ბავშვის განსაკუთრებული ნიჭიერება. მეორე მხრივ, სწორედ სკოლაში განიცდის ასეთი ბავშვი ტანჯვას, რაც ძირითადად იმის ბრალია, რომ განსხვავებულის იარლიყის მიკერება უმრავლეს შემთხვევაში ნეგატიურად აღიქმება. „ზებრა“ ბავშვებს უჭირთ, დაექვემდებარონ მასწავლებლების მოთხოვნებს, რადგან უმეტეს შემთხვევაში მათ არ ესმით მოთხოვნების არსი. თავის მხრივ, პედაგოგებს უძნელდებათ, გაუგონ ბავშვებს, რომლებიც უდავოდ ნიჭიერები ჩანან, მაგრამ ამავე დროს რატომღაც უჭირთ სწავლა. სკოლებს – განაგრძობს ფრანგი ფსიქოლოგი – ძალიან უჭირთ, დაეხმარონ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. უნდა ითქვას, რომ სკოლები სერიოზულ „ფსიქოლოგიურ შეცდომებს“ უშვებენ იმ მოსწავლეებთან მიმართებით, რომლებიც ვერაფრით ეწერებიან საყოველთაოდ მიღებულ ჩარჩოებში. ხშირად „ზებრა“ ბავშვები განიცდიან, რომ ისინი ვერ ახერხებენ პედაგოგების მოთხოვნების შესრულებას და იმასაც, რომ მათ ზოგჯერ შეუწყნარებლად ექცევიან. შედეგად, ბავშვების ნაწილი საერთოდ უარს ამბობს საკუთარი პოტენციალის განვითარებაზე, რათა არ გამოიყურებოდეს მასისგან გამორჩეულად და მარტოსულად. კითხვა: არის თუ არა სკოლა დამნაშავე ამ ყველაფერში? პასუხი: „დიახ“ და „არა“.

„დიახ“ – იმიტომ, რომ:

  • სახელმწიფო პროგრამების მოთხოვნების შესაბამისად, სკოლა და პედაგოგები ვალდებული არიან ნებისმიერ მოსწავლესთან ადეკვატური მიდგომა გამოიყენონ. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ვერ ხერხდება;
  • პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ თუ ბავშვი ნამდვილად განსაკუთრებულად ნიჭიერია, მას ზედმეტი დახმარება აღარ უნდა სჭირდებოდეს და ის თავად მოახერხებს, კარგად ისწავლოს, თან ისე, რომ კლასში ყველაზე წარმატებული იყოს;
  • „ზებრები“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევიან, მათგან საოცარ შედეგებს ელიან და ამუნათებენ, თუ რამე შეეშალათ: „შენ ასეთი ჭკვიანი ხარ და ეს როგორ არ იცი?“;
  • ხშირად, მასწავლებლები მშობლებს აკრიტიკებენ და მიაჩნიათ, რომ ყველა დედას შვილი გენიოსი ჰგონია და, რა თქმა უნდა, ეს ასე სულაც არ არის;
  • პედაგოგები ფიქრობენ, რომ, თუ განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვს რამე პრობლემა აქვს, ეს მისი სიზარმაცის ბრალია. „მეტი რომ ემუშავა, ყველაფერი გამოუვიდოდა“.

 

„არა“ – იმიტომ, რომ:

  • უმეტეს შემთხვევაში მასწავლებლებს არ ასწავლიან, როგორ დაეხმარონ განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვებს. პედაგოგებმა არ იციან, სწავლისა და სხვა პრობლემების მქონე ბავშვებთან მიდგომის სპეციფიკა;
  • მართლაც, „ზებრა“ ბავშვების გაგება რთულია. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ სფეროში კვლევები და პედაგოგებისთვის სპეციალური პროგრამები მწირია;
  • განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვების მშობლები გადაჭარბებულად დიდ მოლოდინს ამჟღავნებენ შვილების მიმართ და ზოგჯერ ზეწოლას ახდენენ მასწავლებლებზე.

სკოლაში სწავლის დაწყებამდე განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები, როგორც წესი, ბევრ რამეს თავად სწავლობენ. თავდაპირველად, სკოლა ამ ბავშვებისთვის ძალიან დიდი მოლოდინის, ახალი და მრავალფეროვანი ცოდნის მიღების ადგილად აღიქმება. სამწუხაროდ, გარკვეული დროის შემდეგ პატარა „ზებრა“ ხვდება, რომ რეალობა შედარებით განსხვავებულია. პატარა ნიჭიერი სწორედ ამ დროს  განიცდის სერიოზულ იმედგაცრუებას, რადგან მისი განსაკუთრებული, უკიდეგანო ცნობისწადილი ვერ კმაყოფილდება, ბავშვისთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ვერ მართლდება მისი მოლოდინი.

იმ პედაგოგებს, რომლებიც ამ სტატიას კითხულობენ, უთუოდ ეცნობათ ფრაზები, რომლებსაც ისინი ხშირად წარმოთქვამენ: „გიორგი, შენ სხვა მეგობრებსაც უნდა მისცე საშუალება მიპასუხონ!“;  „ნინო, თუ შეიძლება შეწყვიტე სხვების ნაცვლად პასუხები!“; „დავით, საკმარისია ამდენი შეკითხვების დასმა!“; „ლუკა, დამაცადე ავუხსნა კლასს ახალი საკითხი“….

განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეები ხვდებიან, რომ:

  • მათთვის უმჯობესია, არ გამოამჟღავნონ ცოდნა იმ თემაზე, რომელიც მასწავლებელს ჯერ არ აუხსნია;
  • მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ყველა კითხვის პასუხი იციან, „ზებრებმა“ უმჯობესია, მაინც თავი შეიკავონ პასუხებისგან, და თუ მაინც წამოსცდებათ რამე, მასწავლებლისგან აუცილებლად საყვედურს დაიმსახურებენ;
  • განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები ხვდებიან, რომ არაპროგრამული კითხვები არ უნდა დასვან, რათა გაკვეთილის ბუნებრივი მსვლელობა არ ჩაიშალოს, მით უფრო, რომ მსგავს კითხვებზე პასუხები თანაკლასელებისთვის სულაც არ არის საინტერესო.

Siaud-Facchin Jeanne-ს მიაჩნია, რომ მასწავლებლებს არ მოსწონთ განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეების ის უნარები, რომლებიც მას თავის ტვინის სპეციფიკური მოწყობის გამო აქვს. მართლაც „ზებრა“ მოსწავლეებს უძნელდებათ სკოლის მოთხოვნების შესაბამისად მომართონ საკუთარი აზროვნება. სწორედ ეს განაპირობებს სკოლის თვალში მათთვის ზარმაცის იარლიყის მიკერებას. სინამდვილეში, ასეთ ბავშვებს სიახლეების ათვისების სისწრაფე ჰიპერმგრძნობელობის ხარჯზე საოცრად გაზრდილი აქვთ. ისინი პირდაპირი მნიშვნელობით „ისრუტავენ“ ინფორმაციას, რომელიც მათ ფოტოგრაფიულ მეხსიერებაში იბეჭდება, რასაც დიდი სიბეჯითე და მძიმე შრომა სულაც არ სჭირდება. განსაკუთრებულად ნიჭიერმა მოსწავლემ მოისმინა, შეისრუტა, გაიგო, ესე იგი, მან უკვე იცის ეს მასალა. პრობლემა მაშინ წარმოიშობა, როცა საჭირო ხდება მასალის, ე.წ., „სასკოლო ფორმატში“ გადმოცემა. „ზებრა“ მოსწავლე ცუდ ნიშანს იღებს. აი როგორ აღწერს 12 წლის მოსწავლე ფსიქოლოგთან საკუთარ განცდებს: „მე, ყოველთვის ვემზადები, შესანიშნავად ვიცი გაკვეთილი, მაგრამ ცუდ ნიშნებს ვიღებ. მეტი აღარ შემიძლია, მშობლები გამუდმებით მიბრაზდებიან, ისინი ფიქრობენ, რომ არ ვმუშაობ, გაკვეთილებს არ ვსწავლობ, რადგან, რომ ვმეცადინეობდე, აუცილებლად კარგ ნიშნებს მივიღებდი. მე მართლა კარგად ვსწავლობ, უკვე არაფერი მესმის, რა ვქნა? როგორ მოვიქცე? ნამდვილად ძალიან დავიღალე!“.

უკვე ზრდასრული „ზებრას“ მაგალითიც  გვიჩვენებს, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვებს განსხვავებული ხედვა აქვთ: „ტექსტის ინტერპრეტაციის მაგალითი მახსენდება, როდესაც მასწავლებელი კითხულობდა, როგორ იქცეოდა ესა თუ ის პერსონაჟი. მე სულ მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ასეთ ნათელ, მარტივ მოცემულობაზე შეკითხვის დასმა? წაიკითხავ ტექსტს და ისედაც გაიგებ. მაგრამ, რადგან კითხვა დაისვა, ეტყობა რაღაც პრობლემაა. მაინც რა? ვფიქრობდი მე და საბოლოოდ მაინც ვერ ვხვდებოდი, რისი გაკეთება მევალებოდა და ამიტომ საერთოდ არაფერს ვაკეთებდი. მერწმუნეთ, სულაც არ ვიყავი ჯიუტი, მავნე ან მიუხვედრელი, უბრალოდ თავში აზრადაც კი არ მომდიოდა, რომ ჩემგან მხოლოდ ტექსტის პერიფრაზსს ითხოვდნენ და მეტს არაფერს“. ფრანგი ფსიქოლოგი ასკვნის, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეები სასკოლო წარმოდგენების, ფორმულირებების „დეკოდირებას“ ახდენენ, თითქოს უცხო ენიდან თარგმნის პროცესია, რა დროსაც ხშირია შეცდომების დაშვება და გაუგებრობები.

დამატებით, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერ ბავშვებს უჭირთ კონკრეტული დავალების ჩარჩოებში მოქცევა, რადგან მათი ტვინი ერთდროულად სხვადასხვა ფიქრითაა დაკავებული, რაც საშუალებას აძლევს პატარებს, ჩამოაყალიბოს ასოციაციური კავშირები ნებისმიერ თემაზე. მათი თავის ტვინის ფუნქციონირების მექანიზმი ძალიან შორს და ძალიან სწრაფად მართავს ფიქრებს, რის შედეგადაც ხშირად ვერ ხერხდება სწორედ იმ ინფორმაციის ამორჩევა, რომელიც კონკრეტულ საკითხთან არის დაკავშირებული. კიდევ ერთი საინტერესო გარემოება: განსაკუთრებულად ნიჭიერ მოსწავლეს სტანდარტული პროგრამით სწავლაში ხელს უშლის:

  • მათემატიკური ინტუიცია, რომელიც „ზებრა“ მოსწავლეს პასუხებს „კარნახობს“, ისე, რომ თანამიმდევრული, მწყობრად აწყობილი გამოთვლები საერთოდ „არ არსებობს“;
  • განსაკუთრებულად ნიჭიერი მოსწავლეები უცნაურ გამოთვლებს აწარმოებენ;
  • ამ ბავშვებს არ შესწევთ უნარი, დაასაბუთონ და დაამტკიცონ საკუთარი პასუხების მართებულობა, რაც თავის ტვინის სპეციფიკური ფუნქციონირებით აიხსნება;
  • ამიტომ, განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვები ვერ სწავლობენ ისეთივე წარმატებით არა სიჯიუტის ან სიზარმაცის გამო, არამედ იმის გამო, რომ მათი თავის ტვინი განსხვავებულად მუშაობს, განსხვავებულად ითვისებს და იგებს ინფორმაციას.

 

სტატია თარგმნა ქეთევან კობალაძემ

 

მოსწავლის წერილი

0

მე, XIა კლასის მოსწავლე, გიორგი გაგუა ვარ.  ჩემი წერილი ზედმეტად „ფორმალური“ ხასიათის არ იქნება, არც გეგმა მაქვს ჩამოწერილი და არც ზოგად მასალაში „ქექვას“ ვაპირებ, არც ვაჟას სახელს შევასხამ ხოტბას და არც სხვა კრიტიკოსების აზრებს დავიმოწმებ ჩემი არგუმენტების განსამტკიცებლად, მსურს, გულწრფელად ვისაუბრო…

დაახლოებით ორი წლის წინ მეც დამეწყო „დიდი დაეჭვება“,  მეათე კლასში გადავწყვიტე, რომ რაღაცის შეცვლისთვის მებრძოლა, რაღაც უკეთესი დამენახვებინა გარშემო მყოფი ადამიანებისთვის, მსურდა, რაღაც ახალი მეთქვა, ამ ორი წლის მანძილზე ბევრჯერ ვცადე, უკუნეთში სინათლე ყოფილიყო, ვინ დათვლის, რამდენჯერ ვეკამათე მასწავლებლებს ერთფეროვანი გაკვეთილის ფორმალურ ხასიათზე, ადამიანის ჩარჩოში მოქცევის მავნებლობაზე, აუცილებელ მრავალფეროვნებაზე და საინტერესო გაკვეთილის მნიშვნელობაზე.  მსურდა გულწრფელი საუბარი და მსჯელობა იმ საკითხებზე, რაც მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო ჩვენთვის, ამისთვის მხოლოდ წიგნი არ იყო საკმარისი, ჩვენ ჩვენი აზრების თავისუფლად, შიშის გარეშე გამოთქმის საშუალება უნდა გვქონდეს. თუნდაც მცდარი იყოს აზრი, ამის გამო არ უნდა გვკიცხავდნენ და დაგვცინოდნენ. ჩემი სურვილები არასწორად იქნა აღქმული და გაგებული კლასელების და რამდენიმე მასწავლებლის მიერ….

არასდროს გამივლია თავში, რომ გმირი ვარ, გმირები რაღაცების შეცვლას ახერხებენ, რაც, სამწუხაროდ, მე ჯერჯერობით  ვერ მოვახერხე … ვიფიქრე, რომ ჩემი აზრების გაგება უფრო გაგიმარტივდებოდათ, თუ ჩემი პიროვნების შესახებ გიამბობდით…

კითხვა –  ქადაგებს თუ არა ისლამი კაცის კვლას შურისძიების გამო,  სწორედ მე დავსვი. მართალია, ყურანში დიდად ჩახედული არ ვარ, თუმცა რაღაც ხმა მკარნახობდა, რომ მოცემული აზრი რადიკალიზმით იყო განპირობებული და ყურანში მსგავსი არაფერი იქნებოდა.  მაია მასწავლებელს გავუზიარე ჩემი ეჭვები. მაია მასწავლებელმა გადაწყვიტა უფრო კომპეტენტური პირისთვის მიემართა და თქვენ მოგწერათ.  მადლობას გიხდით, რომ ეს საკითხები  უფრო ვრცლად და გასაგებად გაგვაცანით..

 

შურისძიებაზე ჩემს აზრს მოგახსენებთ და პარალელებს გავავლებ რელიგიებთანაც…

ადამიანები ფიქრობენ, რომ შურისძიება აუცილებლად სამაგიეროს გადახდაა, აუცილებლად მსგავსით დასჯაა. ვფიქრობ, რომ შურისძიება მაშინ იქნება ღირებული, როცა ჩვენი ცხოვრებით დავუმტკიცებთ ცუდის ჩამდენს ჩვენს სიკარგეს, იქნებ ინანოს კიდეც, ყველაზე დიდი შურისძიება ჩვენი ცხოვრების  სწორი, სამართლიანი გზით გავლაა, ასეთი გზა კი მიტევებასაც გულისხმობს, რაც  სიყვარულთან ერთად ქრისტიანობის მთავარი პოსტულატია.

შურისძიების საკითხთან ქრისტიანული ხედვა უფრო ახლოა ჩემთან, ვიდრე ყურანში შურისძიების თავისუფალი არჩევანი: თუ გინდა შური იძიე თუ გინდა არა, თუმცა თუ არ იძიებ, უფრო მეტ საზღაურს მიიღებ…

მაგრამ,  როდესაც საქმე სიცოცხლის განადგურებას ეხება, როდესაც ვიღაც მოდის და ცდილობს, ღვთისგან ბოძებული ყველაზე დიდი საჩუქარი წაგართვას, საქმე სხვანაირადაა.. ჩემი აზრით, მოცემულ მომენტში შენი თავის დაცვა ნებისმიერ ფასად მიღებულია და აქ ადამიანის არ მოკვლაზე და რელიგიაზე საუბარი ზედმეტი და ზედმეტად ფარისევლურია, ეს ჩვეულებრივი თვითგადარჩენის ინსტინქტია, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გააჩნია…

სამწუხაროდ ისლამის და ქრისტიანობის  ზოგი მიმდევარი ერთმანეთის რელიგიების და მათი მიმდევრების სიძულვილით გამოირჩევიან, ერთმანეთი „გულზე არ ეხატებათ“. კაცის კვლა გაუმართლებელია, მაგრამ ადამიანის სიძულვილი სხვა რელიგიის ან ეროვნების გამო არანაკლებ საზიანო და მიუღებელია.

ხშირ შემთხვევაში, ჩვენი თანაქალაქელები და თანამემამულეები მალავენ ასეთ ფაქტებს, მაგრამ მეც  ბევრჯერ შევსწრებივარ, როგორი ზიზღით უყურებს ერთი ადამიანი მეორეს, იმის გამო, რომ რაღაც „ნიშნით“ მისგან განსხვავებულია. რომ არა თემის/რელიგიის წარმომადგენელთა მხრიდან  „იარლიყების“ მიწებების შიში,  შეიძლება ისინი კარგი მეგობრები ყოფილიყვნენ, ბევრი საერთო ინტერესით, მაგრამ  გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მიზეზით სხვადასხვა რელიგიის დამახინჯებული, არასწორი ინტერპრეტაცია  ცალკეული „მქადაგებლების“ მხრიდან ზღუდავს ადამიანის  თავისუფალ ნებას.

თქვენ ამ ყველაფრის პასუხი პირველ წერილში დაწერეთ, რომ ადამიანები გაუაზრებლად და გაუთვიცნობიერებლად მიჰყვებიან თავიანთ რელიგიას, ანუ ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანს თავს არიდებს  განსხვავებული აღმსარებლობის გამო, ის ბრმად მიჰყვება თავის რელიგიას, მან თითქმის არაფერი იცის რელიგიაზე, რომლის მიმდევრადაც თვლის თავს. ასეთი ადამიანი კი „ბრმაა“.

ცნობილი ფრაზაა: „ადამიანი უსიყვარულოდ მოსიარულე ლეშიაო“. ჩემი აზრით ადამიანი აზროვნების, ფიქრის, გათვიცნობიერების გარეშე არის მოსიარულე ლეში.

მიუხედავად იმისა, რომ ისლამთან და შურისძიებასთან არაფერ შუაშია, ვისურვებდი, პოემაში თემის ფარისევლურ სახეზეც გესაუბრათ, თუ როგორ ცდილობენ, თავი მოაწონონ დანარჩენებს მტრის მარჯვენის ჩამოკიდებით, თითქოს საამაყო ფაქტი იყოს, რამდენ კაცს მოკლავ ან თითქოს ამით  მიღებული ტიტული რამეს ნიშნავდეს, მოცემული ფაქტი კარგი მაგალითია, თუ როგორ არიან ისინი ქრისტიანულ გზას აცდენილი და  როგორ დაივიწყეს რელიგია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მცნება არა კაც კლაა.  მსგავსი სიუჟეტია „სტუმარ-მასპინძელში“-ც .

ძალიან მომეწონა თქვენი წერილი, საკმაოდ ამომწურავი და გასაგები პასუხები ძალიან დამეხმარა საკითხის უკეთ გააზრებაში. ბევრი რამე უფრო ნათელი გახდა ჩემთვის,  საინტერესო იყო განსახილველ საკითხზე არგუმენტირებული, დამაჯერებელი მსჯელობა და  ანალიზი.

 

წერილი დაიწერა ოქტაი ქაზუმოვის წერილების პასუხად. წერილების ნახვა შეგიძლიათ ბმულზე:

პირველი წერილი

მეორე წერილი

 

 

 

ელექტრონული წიგნების გამოყენება სასწავლო პროცესში

0

მასწავლებლის პროფესია შემოქმედებით უნარს, რეაქციის სისწრაფეს და მიზნის შესაბამისად მოქმედებას მოითხოვს. მასწავლებლობა ცარიელი სიტყვა როდია; ამ ცნებაში ბევრი რამ ერთიანდება, უწინარესად კი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, პირველ რიგში – საკუთარი თავის მიმართ.

მასწავლებლი განუწყვეტლივ უნდა ეცნობოდეს სწავლების ინოვაციურ, კრეატიულ მეთოდებს, ქმნიდეს საკუთარ საგაკვეთილო ჩარჩოს მორგებულ მასალებს და ეფექტურად იყენებდეს მათ საგაკვეთილო პროცესში.

პედაგოგის მონდომება და მოწოდების სიმაღლეზე დგომა სასწავლო პროცესის წარმატების წინაპირობაა, განურჩევლად იმისა, ვირტუალურ სივრცეში მიმდინარეობს გაკვეთილი თუ ჩვეულებრივ საკლასო ოთახში.

სტატიის მიზანია, კოლეგებს გავუზიარო ელექტრონული წიგნების სასწავლო პროცესში გამოყენების გამოცდილება.

ციფრული ტექნოლოგიები მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. ერთ-ერთი სასარგებლო რესურსია საიტი https://www.storyjumper.com/, რომელზეც შეიძლება შევქმნათ ილუსტრირებული ელექტრონული წიგნები, გავაფორმოთ და მიზნობრივად გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში.

ელექტრონული ხმოვანი წიგნი საშუალებას იძლევა, ასახსნელი ტექსტი მოსწავლეებს მივაწოდოთ ვიზუალურად მიმზიდველი სახით და, სურვილისამებრ, დავურთოთ ხმოვანი ეფექტებიც. კომპიუტერის მაუსის გამოყენებით წიგნი იფურცლება.

აქტივობამ ჩემს მოსწავლეებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

წიგნის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

აქვე ვურთავს ჩემ მიერ storyjumper.com-ზე შექმნილი ელექტრონულ წიგნებს.

მასწავლებელმა შეიძლება თვითონვე შექმნას და მიაწოდოს მოსწავლეებს ასეთი წიგნები ან თავად მოსწავლეებს შეაქმნევინოს ისინი. ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი წიგნები.

კარგი იქნება, ამ წიგნების გამოყენებით მოსწავლემ შეასრულოს კომპლექსური დავალება. მაგალითად, „გააგრძელე ტექსტი“, „დაასურათე ტექსტი“ და ა.შ.

პროგრამის გამოყენებისთვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია. ამის შემდეგ კი შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა დიზაინის წიგნები. შეიძლება მათი გახმოვანება საკუთარი ხმით.

დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთი საინტერესო აქტივობების გამოყენება ხელს უწყობს:

  • მოსწავლეებში ციფრული წიგნიერების უნარის განვითარებას;
  • მოტივაციის ამაღლებას;
  • ხალისიანი სასწავლო გარემო შექმნას.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...