შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

შანხაი – დასავლეთის სარკმელი ჩინეთში -ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისთვის

0

მეორე ნაწილი

„შანხაის აღზევება ან დაცემა ნიშნავს მთელი ერის დაბადებას ან სიკვდილს“.

ჩან კაი-ში (1887-1975, ჩინეთის გომინდანის მთავრობის პროეზიდენტი, ტაივანის ჩინეთის რესპუბლიკის ყოფილი მეთაური)

 

შანხაის დახასიათებისას სინოლოგები ხშირად აღნიშნავენ მხოლოდ შანხაის მცხოვრებთათვის დამახასიათებელ „შანხაის სულს“, კერძოდ, შანხაიელების ერთგვარად ქედმაღლურ დამოკიდებულებას სხვებისადმი. ეს ის ქედმაღლობა არ გეგონოთ, როდესაც მედიდურობ ან არავის იკარებ. ეს უფრო, როგორც ჩინელი სწავლულები წერენ, „ბრიტანულ“ ქედმაღლობას ჰგავს, როდესაც ადამიანები მათდამი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ითხოვენ, რაც ჩინურ ვერსიაში გულისხმობს იმას, რომ შანხაიელი არ არის ჩვეულებრივი ჩინელი. შანხაიელი არ შეიძლება აგერიოთ პეკინის მცხოვრებში, შანხაიელი მხოლოდ შანხაიელია. ეს იგრძნობა, როგორც ამბობენ, შანხაის უნივერსიტეტებშიც, სადაც იქ ჩამსვლელს პირდაპირ შთააგონებენ, რომ ეს ელიტური ადგილია და უნივერსიტეტიც ელიტურია.

შანხაის უნივერსიტეტებიდან ალბათ უნდა გამოიყოს ფუდანის უნივერსიტეტი, შანხაის უცხო ენათა ინსტიტუტი, შანხაის ძიაო ტონგის უნივერსიტეტი და შანხაის უნივერსიტეტი, რომლებიც მსოფლიო რეიტინგებშიც უმაღლესი განათლების წამყვან სკოლებად ითვლება.

ვინც შანხაიშია ნამყოფი, ვერ იტყვის, რომ ჩინეთი ნახა. არა, მას მხოლოდ შანხაი ექნება ნანახი, რომელიც, მიუხედავად უზარმაზარი ტერიტორიისა, მაინც არ არის „ჩინური“ ქალაქი. ის უფრო გლობალური მეტროპოლიაა, რომელშიც ჩინელები ცხოვრობენ და მთელი მსოფლიოს კორპორაციები „აკეთებენ ფულს“. ნამდვილი ჩინეთი სხვაგვარია. კი, იქაც ნახავთ თანამედროვე ცათამბჯენებს, მინა-ბეტონის ოფისებსა და გიგანტურ სავაჭრო მოლებს, მაგრამ მათ მიღმა, ყველგან, სუპერთანამედროვე შენჟენსა თუ პროვინციულ გუილინში, შეხვდებით ჩინეთის იმ ნაწილს, რომელიც ბავშვობიდან აღბეჭდილა ჩვენს გონებაში – აპრეხილსახურავიან სახლებს, ვიწრო, ალიზით შელესილ ქუჩებს, მწვანეში ჩაძირულ ტბისპირა პარკებსა და მეთევზეთა ვიწრო, წაგრძელებულ ნავებს ზღვისპირა სოფლებსა თუ ქალაქებში. თუ ჩინეთის ნახვა გსურთ, აჯობებს, თავიდანვე განსაზღვროთ თქვენი მოგზაურობა: ან შანხაიში წახვიდეთ და იქ რამდენიმე თვე ან ნახევარი წელი გაატაროთ შანხაის სულისა და ამ ქალაქის დასავლურ-ჩინური ცხოვრების წესის შესაგრძნობად, ან ქვეყნის რომელიმე სხვა ადგილი მოინახულოთ ნამდვილი ჩინეთის გასაცნობად. შანხაი და ჩინეთი, როგორც ამბობენ, ერთი და იგივე არ არის. თუ ჩინეთის დიდი მცოდნე არ ხართ (და ეს უმეტესად ასეა), გაგიჭირდებათ პეკინელის გარჩევა, ვთქვათ, სიჩუანელისგან, მაგრამ შანხაიელს ყველასგან გამოარჩევთ. უპირველესად, ყურადსაღებია ის, რომ შანხაიში ყველაზე ლამაზი გოგონები დაიარებიან – მაღლები, კარგად აწყობილები და სპორტულები. ეს, როგორც ჩინელები ამბობენ, შემთხვევითი არ არის – მრავალი სისხლის შერევის შედეგია. მეორე კი ის გახლავთ, რომ შანხაიელებს ხშირად, სხვებისგან განსხვავებით, ხაზგასმულად ლამაზად აცვიათ. როგორც კომერციული წყაროები გვეუბნებიან, შანხაიში მსოფლიოში ყველაზე მეტი ძვირიანი ბუტიკია და მოდის ყადრიც კარგად ესმით.

მესამე და ალბათ ყველაზე დიდი განსხვავება კი ის გახლავთ, რომ შანხაის მცხოვრებნი თავიანთ ენაზე ლაპარაკობენ. ეს ის ენა არ არის, რომელსაც პეკინში მოისმენთ. ეს დიალექტიც კი არ არის, ეს სხვა ენაა! რა თქმა უნდა, შანხაიელები თავისუფლად გაგიგებენ, თუ მათ პუტუნხუაზე (ჩრდილოურ ჩინურზე) გაესაუბრებით – ეს ტელევიზიისა და რადიოს ენაა, მაგრამ თვითონ ამ ენაზე იშვიათად ლაპარაკობენ. შანხაიელის მოსმენისას (რა კარგადაც უნდა ფლობდე პუტუნხუას) ბევრს ვერაფერს გაიგებთ და არ გაგიკვირდეთ, თუ შანხაიელებმა გაიოცეს, რატომ არ ისწავლეთ ჯერ შანხაის ენა – ვუ.

ჩინური ენების თანამედროვე მდგომარეობაში გასარკვევად მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩინეთში ყველაზე გავრცელებული ენები შემდეგია: მანდარინი (პუტუნხუა) – 800 მილიონამდე ადამიანი; სამხრეთული მინი (ტაივანის, ფუძიანის, აღმოსავლეთ გუანდუნისა და კუნძულ ჰაინანის მცხოვრებთა ენა) – 75 მილიონი ადამიანი; ვუ – ე.წ. შანხაიური ენა – 70-75 მილიონი ადამიანი; იუე ან კანტონური, რომელზეც ჰონგ-კონგის, მაკაოს, გუანდუნისა და გუანშის პროვინციებში მცხოვრებნი ლაპარაკობენ – 68-70 მილიონამდე ადამიანი – და ჰაკა, რომლის მატარებელნი მთელ ჩინეთში ცხოვრობენ და რომელზეც ლაპარაკობს ჩინეთის უცხოური აზიური დიასპორის დიდი ნაწილი, სულ 50 მილიონამდე ადამიანი. გარდა ამისა, ჩინეთში არსებობს 50-მდე ოფიციალური ენა, რომლებსაც ეთნიკურ უმცირესობათა ენები ჰქვია. მათ შორის აღსანიშნავია რამდენიმე ჩვენთვის ცნობილი ენა: მონღოლური (ჩინეთის შიდა მონღოლეთში), ტიბეტური (ტიბეტელების ენა ავტონომიურ ოლქში, სინგჰაისა და სიჩუანში), უიღურების ენა (თურქული ჯგუფის ენა არაბული დამწერლობით) და ჟუანგი (ჩრდილოეთ ტაილანდურის მონათესავე ენები და დიალექტები ჩინეთის იუნანისა და გუანშის სამხრეთულ პროვინციებში).

შანხაის კიდევ ერთი საოცარი თვისება აღმოაჩნდა – ის ყველაზე სწრაფად გადავიდა „ახალი“, ოცდამეერთზე საუკუნის საბაზრო ეკონომიკურ რელსებზე და სახეც ისე შეიცვალა, რომ მისი შედარება ოთხმოციანი წლების შანხაისთან დღეს უკვე წარმოუდგენელია. ქვემოთ გთავაზობთ ცნობილი სინოლოგის, პროფესორ ალექსანდრ მასლოვის მოგონებას შანხაიში მის პირველ მოგზაურობაზე: „შანხაიში პირველად 1989 წელს ჩავედი. მაშინ ახალი ჩინეთი ჯერ მხოლოდ იბადებოდა. ფორმალურად კი მთელ ჩინეთში უკვე მთელი სისრულით მიმდინარეობდა იქაური ეკონომიკური „პერესტროიკა“. შანხაი იმ დროს გახლდათ ქალაქი, რომელიც სავსე იყო შავ ან მუქ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანებით. იმ დროს იქ სხვა ფერს იშვიათად თუ ნახავდით. ეს იყო ქალაქი, სადაც იმისთვის, რომ ავტობუსი გაჩერებაზე ტროტუარს მიახლოებოდა, კონდუქტორი ფანჯრიდან უკაკუნებდა ავტობუსის კორპუსს, რათა ხალხი გაწეულიყო და მანქანას გაჩერება შესძლებოდა. სატრანსპორტო სიტუაცია მართლაც საშინელი იყო. შანხაი უკვე მაშინ ძალიან მჭიდროდ დასახლებული ქალაქი გახლდათ, საითაც მთელი ჩინეთიდან მიემართებოდა პროვინციელების უწყვეტი ნაკადი. ეს იმიტომ, რომ შანხაიში უკეთესად იხდიდნენ. ეს გახლდათ ქალაქი, სადაც შეხვდებოდით ქცევის, ინტერესების, სახეების და დიალექტების აბსოლუტურ მრავალფეროვნებას. იმ წლებში შანხაის დღეს უკვე სახელგანთქმული ცათამბჯენები (შანხაი თაუერი – 630 მ, შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი  – 500 მ, ჯინ მაო თაუერი – 420 მ, შანხაის სატელევიზიო ანძა „აღმოსავლეთის მარგალიტი“ – 468 მ) ჯერ მხოლოდ შენდებოდა, ქალაქის ძირითადი შენობები კი მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული იაპონური სახლები იყო. ბევრგან შეხვდებოდით გერმანულ შენობებს – მყარად ნაშენებ სამ-ოთხსართულიან სახლებს, ნახევრად დანგრეულ ჩინურ ქოხმახებს და ესპანურ-პორტუგალიურ შენობებს, რომლებსაც დრომ განაჩენი უკვე გამოუტანა – ერთი ძლიერი ქარი და მათ ალბათ ვეღარაფერი უშველიდათ. პირველი, რაც ამის შემხედვარემ გავიფიქრე, ეს იყო: „შენობების ამ მასას როგორ უნდა მოუარო?!“ შანხაის იმდროინდენლი მოსახლეობა ნაკლებად განათლებული იყო და ცუდად ერკვეოდა საერთაშორისო ცხოვრებაში. როდესაც ვუთხარი, რომ „საბჭოთა კავშირიდან“ ვიყავი, აღმოჩნდა, რომ სიტყვათა ეს შეთანხმება კი გაეგონათ, მაგრამ მათი ცოდნა აქ მთავრდებოდა… იმ დროს ძნელი წარმოსადგენი იყო რომ მალე შანხაი განათლების სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქალაქი გახდებოდა…“

მე შანხაიში ორჯერ მოვხვდი. პირველად – 2007 წელს (ერთ-ერთ სატელევიზიო ბაზრობა-ფესტივალზე), მეორედ – 2012-ში (საერთაშორისო გამოფენაზე). სასტუმრო „მეტროპოლს“, რომელშიც პირველი ჩასვლისას გავჩერდი და შანხაიური „ბუნდის“ (ევროპული კვარტლის) მიდამოებში იდგა, მეორე ჯერზე ვეღარ მივაგენი – ქალაქი ისე შეცვლილიყო, რომ შებინდებისას შანხაის ვიწრო ქუჩების აბლაბუდაში ვეღარ გავბედე მისი ძებნა.

ამ გიგანტურ ქალაქში მოხვედრილს, გამუდმებით გეუფლება შეგრძნება, რომ მას პირველად ხედავ. შრომისმოყვარე ჩინელებს ხუთ წელიწადში ქალაქში უამრავი ახალი შენობა აეგოთ, დამატებითი გზები და ესტაკადები გაეყვანათ და ერთხელ უკვე ნანახი მეგაპოლისის ნახვა თავიდან მომიწია. მაგრამ რას ნახავ?! შანხაის პუდონგის საერთაშორისო აეროპორტიდან სასტუმრომდე ტაქსმა 101 კმ გაიარა! დიახ, ას ერთი! დაახლოებით დიღმიდან ქარელში რომ ჩახვიდე… თანაც, გაითვალისწინეთ, ქალაქი ამ სასტუმროსთან არ მთავრდება. პირიქით, სასტუმრო „მეტროპოლი“ შუაგულ შანხაიში დგას და მის მიღმა ქალქის მეორე, დასავლეთი ნაწილია გადაშლილი…

შანხაიში ყოფნისას ბევრს ვეცადე, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგინე, როგორ შეიძლება, თბილისიდან ზესტაფონამდე მანძილზე ერთი ქალაქი იყოს გაშენებული.

რატომ უნდა ვიცოდეთ ფიზიკა

0

ამოცანა 1 (3). გვაქვს სხვადასხვა ფორმის (საოჯახო) ჭურჭელი. ვიპოვოთ მისი მოცულობა.

მათემატიკის მეთოდი. თუ ჭურჭელს აქვს რომელიმე წესიერი სივრცითი გეომეტრიული ფიგურის ფორმა, მაშინ მისი მოცულობის გაგება შესაძლებელია მეტრული გაზომვებით.

იხილეთ სტატაია ვრცლად :

რატომ უნდა ვიცოდე ფიზიკა

რა არის ეპიგენეტიკა?

0

ეპიგენეტიკა ბიოლოგიის მიმართულებაა. მისი შესწავლის საგანია გარემოსა (საკვები, ალკოჰოლი, თამბაქო და სხვა) და ქცევის გავლენა გენების გამოვლენაზე (ექსპრესიაზე). უჯრედის მემბრანებზე უამრავი რეცეპტორია. მათი ქცევა ჰგავს სატელიტის ქცევას და ინფორმაციას სიგნალების სახით უგზავნიან ერთმანეთს. უჯრედები პასუხობენ მიღებულ ინფორმაციას. მაგალითად, სისხლში ინსულინი მაშინ გამოთავისუფლდება, როცა გლუკოზის კონცენტრაცია მაღალია. უჯრედები მრავლდებიან მაშინ, როცა ბევრი უჯრედი კვდება და მათი რიცხვი შემცირებულია. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ უჯრედის კონტროლის ცენტრი მემბრანაა და არა ბირთვი, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვი შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას. ასე რომ, შესაძლოა გვქონდეს გენი, მაგრამ თუ უჯრედი შესაბამის სიგნალს არ მიიღებს (არ მოხდება ტრანსკრიფცია და ტრანსლაცია), გენი გამორთული დარჩება. ადამიანის ორგანიზმში არსებობენ ონკოგენები, მაგრამ შესაძლოა ადამიანმა ისე იცხოვროს, რომ მისი მოქმედება საერთოდ არ გამოვლინდეს. გენების ექსპრესიაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების წესი. მოზარდებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დიეტა, თამბაქოს მოხმარება, ენერგეტიკული სასმელები, ზოგჯერ ალკოჰოლიც. გაკვეთილებზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ მათი მავნებლობის შესახებ. წარმოგიდგენთ ერთ-ერთი გაკვეთილის გეგმას, სადაც მოსწავლე გარემოს გავლენას იდენტური ტყუპების მაგალითზე შეისწავლის.

გაკვეთილის მოკლევადიანი მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას ეპიგენეტიკის შესახებ. გაიაზრებენ გარემოს როლს ადამიანის გენომის პასუხზე.

გაკვეთილის გრძელვადიანი მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან დიეტის, სტრესორების, ფიზიკური აქტივობების, ტოქსინების გავლენას გენების ექსპრესიაზე.

საკვანძო შეკითხვა: ცნობილია, რომ იდენტური ტყუპების დნმ აბსოლუტურად ერთნაირია. დროთა განმავლობაში ისინი ფიზიკურად განსხვავებული ხდებიან. რატომ? იდენტური ტყუპების განსხვავებულობის მიზეზი ეპიგენომია.

 იდენტური ტყუპები, მარკ და სკოტ კელები ასტრონავტები არიან. ორივემ გარკვეული დრო გაატარა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში. სკოტმა უფრო მეტი – ერთი წელი. ტყუპების შემთხვევა საუკეთესო შესაძლებლობა იყო გენების გამოვლენაზე გარემოს გავლენის შესასწავლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რა გავლენას ახდენს უწონობა დნმ-სა და გენების ექსპრესიაზე.

 

აქტივობა 1: მოსწავლეებს გააცანით ინფორმაცია ნასას ტყუპების შესახებ

 

ტელომერები: ქრომოსომის ბოლოებზე არსებული დნმ-ისა და ცილის კომპლექსია, რომლის მიზანია ქრომოსომების შეწებების თავიდან აცილება. ყოველი რეპლიკაციის შემდეგ ტელომერები მოკლდება. აღმოჩნდა, რომ ცხოვრების წესი, საკვები, სტრესი გავლენას ახდენს ტელომერების დამოკლების სიჩქარეზე. სკოტის ტელომერების სიგრძის ცვლილების სიჩქარე შეიცვალა ფრენის დროს და დაშვებიდან რამდენიმე დღეში. ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა გრძელვადიანი რისკების შესამცირებლად.

იმუნიტეტი: სკოტმა გაიკეთა გრიპის სამი ვაქცინა. ორი დედამიწაზე (გამგზავრებამდე და ჩამოსვლის შემდეგ) და ერთი კოსმოსურ სადგურში. სამივე შემთხვევაში სკოტის ორგანიზმი სათანადოდ რეაგირებდა ვაქცინაზე. ამით მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია კოსმოსში, ხანგრძლივი ექსპედიციების შემთხვევაში.

გენების ექსპრესია: ცვლილებები გამოვლინდა გენების ექსპრესიაშიც. მარკის გენების გამოვლენაშიც მოხდა ცვლილება, თუმცა ისე არა, როგორც სკოტის შემთხვევაში. ცვლილებების 91.3% საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა დედამიწაზე დაბრუნებიდან მოკლე პერიოდში.

კოგნიტური უნარები: რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სკოტის შემეცნებითი უნარები (სიფხიზლე, სივრცეში ორიენტაცია, ემოციების აღქმა) ძირითადად უცვლელი დარჩა. რეაქციის დროისა და სიზუსტის შემცირება გამოვლინდა დედამიწაზე დაშვებიდან ექვსი თვის განმავლობაში. ვარაუდობენ, რომ ეს გრავიტაციასთან ადაპტაციის შედეგია.

ბიოქიმია: ფრენის დროს მისი სხეულის მასა შემცირდა 7%-ით. სავარაუდოდ, ეს გამოიწვია ვარჯიშმა და კალორიებით კვებამ. ის იღებდა 30%-ით ნაკლებ კალორიას, ვიდრე მკვლევრები ვარაუდობენ. მისი ძვლების განახლება უფრო სწრაფად ხდებოდა პირველი ექვსი თვის განმავლობაში, რადგან ნაკლებს ვარჯიშობდა. ფრენის წინ მის სისხლში დაბალი იყო ფოლიუმის მჟავას კონცენტრაცია, ფრენისას კი მისი რაოდენობა გაიზარდა. სავარაუდოდ, ეს საკვებთან იყო დაკავშირებული. მეცნიერები ფიქრობენ, რომ არსებობს კავშირი ფოლიუმის მჟავას რაოდენობასა და ტელომერების სიგრძის ცვლილების დინამიკას შორის. ეს კი ადასტურებს იმას, რომ კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კოსმოსშიც და დედამიწაზეც.

მიკროფლორა: ორგანიზმის გამართულ ფუნქციონირებაზე მიუთითებს ჯანმრთელი და მრავალფეროვანი მიკროფლორა. სკოტის ნაწლავების მიკროფლორა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ფრენის დროს და ფრენის შემდეგ. სავარაუდოდ, ეს გაყინულ საკვებთან არის კავშირში.

მეტაბოლიზმი: არტერიის კედლის შიდა ზედაპირებზე დაგროვდა ქოლესტერინი. ეს დადასტურდა ულტრაბგერითი გამოკვლევებითა და სისხლისა და შარდის ანალიზით.

 

ეპიგენომი: გავლენა დნმ-ის მეთილირებაზე – სკოტის და მარკის დნმ-ის ცვლილება მსგავსი იყო, თუმცა სკოტის დნმ-მა ცვლილება მისიის მეორე ნახევარში განიცადა. ამით მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ხანმოკლე მისიები დნმ-ის მეთილირებაზე გავლენას არ ახდენს. სისხლის თეთრ უჯრედებში აღმოჩენილია გენები, რომელთა მეთილირება გაძლიერდა ფრენის დროს, დედამიწაზე დაბრუნებისას კი დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას. ეს რეგიონები განსხვავდება მარკის დნმ-ის მეთილირებული რეგიონებისგან.

 

 

აქტივობა 2: შეუსაბამე ტერმინი აღწერილობას; მოსწავლეები იმუშავებენ სამუშაო ფურცელ N 1-ზე. შეგიძლიათ ისარგებლოთ პასუხების ფურცლით.

აქტივობა 3: კლასი დაყავით ორ ჯგუფად. მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რომ წარმოადგენს ტყუპის ცალს და მეორე ჯგუფიდან უნდა მოძებნოს მეორე ტყუპი. ამისთვის მოსწავლეები შეავსებენ სამუშაო ფურცელ N 2-ს. აქტივობის ბოლოს წარდგებიან წყვილები. გააკეთებენ ნამუშევრის პრეზენტაციას. დაასაბუთებენ ცხოვრების წესის მნიშვნელობას გენების ექსპრესიაზე.

აქტივობა 4: აქტივობების ბოლოს მოსწავლეები შექმნიან სლოგანებს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით და გააკეთებენ გამოფენას სკოლის დერეფნებში.

 

 

 

 

 

 

 

როგორ ვუშველოთ მოსწავლის შფოთვას

0

( რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია)

 

მეცადინეობის დროს შფოთვა ბავშვებში ძალიან ხშირია, ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, იქნებ მეტისმეტად ბევრს ვითხოვთ ბავშვისგან? იქნებ შეცდომების შიში ჩვენ ჩავაგონეთ? იქნებ თვითშეფასების პრობლემა აქვს. დღემდე არ ვიცი, რატომ ნერვიულობს ასე ჩემი შვილი, გიორგი, წერითი დავალების შესრულებისას, რატომ განიცდის პატარა გადაცდომასაც კი.

ერთი შეცდომა თუ დაუშვა, დავალების დასრულების მოტივაცია საერთოდ უქრება. თითქოს არასდროს მომითხოვია მისთვის იდეალურობა, საუკეთესოდ და უშეცდომოდ წერა, თითქოს ყველა მის აქტივობას ვაქებ და ვაფასებ.  მგონია, კარგად ვიქცევი, მაგრამ…

მოკლედ, მიზეზების ძიება შორს წამიყვანს. ახლა ამ შფოთვის უბრალო, ადვილი წამლის გაზიარებას ვაპირებ, ზოგჯერ საიდუმლო უფრო მარტივია, ვიდრე წარმოვიდგენთ:

ეს ჩვეულებრივი, უბრალო კალამია, რომელსაც წაშლის ფუნქციაც აქვს. თურმე ჯადოსნურიცაა,  უცებ აგვარებს პრობლემას, აღარც შეცდომის შიშია და აღარც უსასრულო ზეგისთვის გადადებული დავალებები. გიორგი დამშვიდდა და  წერისგან სიამოვნებასაც იღებს. ასეა, ყოფით დეტალებს დააკვირდით, სწორედ დეტალებშია დამალული ცხოვრების მთავარი საიდუმლო.

 

2.

იქნებ იმიტომ შფოთავს, რომ გაგება უჭირს? იქნებ ამიტომაცაა მეცადინეობა მისთვის  ასეთი სტრესული? იქნებ გაამარტივებამ უშველოს? ყველა მოსწავლისთვის, განსაკუთრებით აუტიზმის სპექტრის დროს, ძალიან სასარგებლოა დაკონკრეტება, ვიზუალიზაცია, ილუსტრაციის, კოგნიტური რუკის, ფორმულის, ნახაზის შექმნა. არასდროს დაიზაროთ, დახატეთ მათემატიკისა თუ ფიზიკის ამოცანა, მოთხრობა თუ ისტორიის პარაგრაფი, რომელიმე საკითხი ბუნებაში თუ ექსპერიმენტი, ყოველთვის შედეგიანია!

 

ის, რაც თქვენთვის შეიძლება სულ არ იყოს პრობლემური, ბავშვისთვის ძალიან დიდი შფოთვისა და სტრესის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ უთხარით, რომ ერთი საათის განმავლობაში უნდა წაიკითხოთ, ყოველი ზედმეტი წუთი გააღიზიანებს მას. თუ უთხარით, რომ ახლა ქართულის სამეცადინოდ ჯდებით, არ დააწერინოთ მას მათემატიკა და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.  ასევე, თუ შემთხვევით ადრე დაასრულა მეცადინეობა, ნუ დაუმატებთ ახალ მასალას. დაე,  როგორც უნდა ისე გამოიყენოს, თავისუფალი დრო, რომელიც მოიპოვა.

 

  1. მშვიდად ხართ, როცა ბევრი სამუშაო გაქვთ? როცა დედლაინები გახრჩობთ, ყველაფრის მოსწრებას ცდილობთ და ვერ ახერხებთ? არც ისე, ხომ მართალია?

ახლა წარმოდგინეთ, რომ თქვენი მხრები კიდევ უფრო სუსტია, კონცენტრაცია გიჭირთ, მეგობრებთან თამაშს ეშურებით, ისედაც სამსახურში  დაიღალეთ. კარგით, სამსახურში არა, სკოლაში.

მოკლედ, ბავშვი ხართ, რომელსაც უამრავი სამეცადინო აქვს, დრო კი- ცოტა. არადა, დავალების გარეშე სკოლაში მისვლის უფლებას თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობაა არ მოგცემთ. მოკლედ, შფოთავთ, ვერ ისვენებთ, დაძინება გიჭირთ.

სასკოლო შფოთვის მიზეზი შეიძლება დიდი მოცულობის საშინაო დავალებაც იყოს. ამიტომ მასწავლებლებმა ამას ყურადღება უნდა მიაქციონ.

 

 

 

საინტერესო და სახალისო რესურსი- შეიძლება ზაფხული ზამთარში იყოს?

0

საგანმანათლებლო ვებგვერდზე „გააციფრულე სწავლის პროცესი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ (https://school.emis.ge/) განთავსებულია დამხმარე ელექტრონული რესურსები, რომლებიც შექმნილია I-VI კლასების სასკოლო პროგრამის შესაბამისად და ემსახურება სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას.

ყოველი თემა მოიცავს რამდენიმე ნაბიჯსა და კომპლექსურ დავალებას. მოსწავლის მიზანია, ნაბიჯების გავლისას მოაგროვოს საკმარისი ცოდნა, რომელსაც გამოიყენებს საბოლოო, რამდენიმეკომპონენტიანი კომპლექსური დავალების შესასრულებლად. რესურსები მოიცავს სხვადასხვა თამაშს და სახალისო აქტივობას.

ვებგვერდზე ჩაშენებულია ჩეთბოტის ფანჯარა. მისი დახმარებით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეუძლიათ გაესაუბრონ ხელოვნურ ინტელექტს, დასვან კითხვები რესურსების თემატიკაზე და მიიღონ პასუხები.

მსურს, გაგიზიაროთ საინტერესო და სახალისო რესურსი „შეიძლება ზაფხული ზამთარში იყოს?“

https://school.emis.ge/Nature-Lessons/N-1366-05-2.html

ანა და დათო ესაუბრებიან მეგობარს, მარის, რომელიც ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად. საუბრის დროს აღმოაჩენენ, რომ საქართველოში შემოდგომაა, ავსტრალიაში კი ცხელა, ზაფხულის არდადეგები იწყება. ბავშვების გაოცებას საზღვარი არა აქვს. დასახმარებლად მიმართავენ მეგობარ კომპიუტერს, „კოტიკოს“, რომელიც ბავშვებს სთავაზობს, წელიწადის დროების ცვლილების მიზეზები გამოიკვლიონ.

კვლევის სქემა ამგვარია:

  1. კითხვის დასმა.
  2. ვარაუდის გამოთქმა.
  3. პრაქტიკული აქტივობების დაგეგმვა, ჩატარება, დაკვირვება და აღწერა.
  4. მიღებულ შედეგებზე დაფიქრება და დასკვნის გამოტანა.
  5. შევადაროთ ჩვენს ვარაუდს.
  6. გავუზიაროთ მეგობრებს.

კითხვის დასმა:

– რატომ არის ავსტრალიაში ზაფხული, ჩვენთან კი ზამთარი?

– წელიწადის დრო დამოკიდებულია მზის სითბოზე.

 

ვარაუდის გამოთქმა:

– ანა, ვფიქრობ, ზამთარში მზის სითბო უფრო ნაკლებია, ხოლო ზაფხულში – მეტი.

– მზე ხომ ვარსკვლავია! ის სულ ერთნაირად ასხივებს.

– დიახ, მაგრამ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს, გახსოვთ? იქნებ სწორედ აქ არის პასუხი!

– გირჩევთ, ექსპერიმენტები და დაკვირვება დედამიწის მოდელზე ჩაატაროთ.

– რა ნაბიჯებისგან შედგება კვლევა, კოტიკო?

– კვლევის დროს ჩვენ ვსვამთ კითხვებს და ვეძებთ პასუხებს. ჯერ გამოვთქვამთ ვარაუდებს, რა შეიძლება იყოს ჩვენთვის საინტერესო პრობლემის მიზეზი. შემდეგ შევეცდებით, გამოვიძიოთ ჩვენთვის საინტერესო საკითხი. გამოძიების შედეგებზე დავფიქრდებით და გამოვიტანთ დასკვნას.

 

პრაქტიკული სავარჯიშოები

იპოვეთ, სად შეიძლება ჩასვათ კვლევის სამი ნაბიჯი:

 

სავარჯიშოს დასრულების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება ფრაზა: „ყოჩაღ, სავარჯიშო შესრულებულია!“

სავარჯიშო: მზის სითბოს გავრცელებისა და დედამიწის მოძრაობის კვლევა.

მოსწავლეები აკვირდებიან დედამიწის მოძრაობის გზებს მზის გარშემო, ამოწმებენ, ნახაზებიდან რომელი შეესაბამება მათ ვარაუდს და შერჩეულ პატარა წრეზე აწკაპებენ მაუსის ღილაკს. სწორი პასუხის შემთხვევაში წრე გამწვანდება.

 

– კოტიკო, მივხვდით! თუ დედამიწა ასე მოძრაობს, გამოდის, რომ როცა ახლოს არის მზესთან, მაშინ ზაფხულია, როცა შორს – მაშინ ზამთარი! გამოვიცანით!

– საინტერესოა, თქვენი მეგობრები რას იტყოდნენ?

 

სავარჯიშო: შენ როგორ ფიქრობ, სწორია თუ არა, ანასა და დათოს მიგნება?

სავარჯიშოს სწორად შესრულების შემდეგ მოსწავლეები ხვდებიან, რომ დათო და ანა სწორად არ ფიქრობენ.

 

– ვაი, დავიბენით, ეგ როგორ?

– როცა მზისგან შორს არის, მაშინ არის ზაფხულიც და ზამთარიც დედამიწაზე?

– დაფიქრდით! დედამიწის დაშორება არ ყოფილა მთავარი!

– კოტიკო, დედამიწა ხომ თავის გარშემოც ბრუნავს?

– ნამდვილად ასეა, ამიტომაც გვაქვს დღე და ღამე.

– კოტიკო, რის გარშემო ბრუნავს დედამიწა?

 

სიტყვა „ღერძზე“ დაწკაპებისთანავე ეკრანზე ჩნდება დამატებითი მასალა:

დედამიწის ღერძი

  • ღერძს უწოდებენ პირობით ხაზს, რომელიც აერთებს დედამიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს.
  • სწორედ ამ ხაზის გარშემო ბრუნავს დედამიწა ბზრიალასავით.

დავალება: იპოვეთ სიმულაციით დედამიწის ისეთი მდგომარეობა, როცა მარის უფრო სცხელა, ვიდრე დათოს და ანას და პირიქით.

დააკვირდით დედამიწის ღერძს და დაფიქრდით: თუ მზის სითბოზეა დამოკიდებული ზამთარი და ზაფხული, როგორ უნდა იდგეს დედამიწა, რომ მისი ერთი ნაწილი უფრო მეტ სითბოს იღებდეს, ვიდრე მეორე?

მაუსის ღილაკისა და პატარა წრის მოძრაობით მოსწავლეებს შეუძლიათ სიმულაციური ამოცანის შესრულება.

 

დასკვნა: საქმე დედამიწის მდგომარეობაშია.

– ვიპოვეთ! დედამიწის ღერძია დახრილი. ამიტომ ახლა ჩვენთან, ჩრდილოეთში, მზე ნაკლებად გვათბობს, მარიამთან, სამხრეთში, კი ცხელა.

– გეთანხმებით და თქვენ მზად ხართ, წელიწადის ყველა დროის მოდელი შექმნათ.

გახსოვთ მზისა და დედამიწის ურთიერთგანლაგება? ეს მოდელის შექმნაში დაგეხმარებათ.

 

ვარაუდთან შედარება

წელიწადის დროების ცვლილების მოდელი.

დავალება: მოცემული ნახატებიდან ააწყვე წელიწადის დროების ცვლილების სქემა, რომელიც ახსნის ბავშვების მიერ წამოჭრილ პრობლემას.

როგორ იცვლება სეზონები და რატომ არის ერთდროულად ზამთარი და ზაფხული დედამიწის სხვადასხვა ადგილას?

 

გაზიარება – „სულ არდადეგების“ კალენდრის შექმნა.

შეადგინეთ სხვადასხვა ქვეყანაში თქვენი მოგზაურობის კალენდარი ისე, რომ სულ ზაფხულში ხვდებოდეთ.

გააკეთეთ მონიშვნები კალენდარში.

 

დამხმარე ელექტრონული რესურსი-თამაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დისტანციური სწავლების პროცესში, თუმცა მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება პირისპირ სწავლა-სწავლების დროსაც, რადგან კომპიუტერულ ოთახში ჩატარებული გაკვეთილები ძალიან მოსწონთ ბავშვებს. იმავდროულად, ამ ტიპის გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა.

 

გამოყენებული რესურსები:

ელექტრონული საგანმანათლებლო ვებგვერდი: https://school.emis.ge/ „გააციფრულე სწავლის პროცესი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ (იდეის ავტორი – სანდრო ასათიანი, რედაქტორი – გიორგი ლომსაძე)

ტუვე იანსონის „ჯადოქრის ქუდი“ – კლასის საკითხავი წიგნი

0

აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა რვა წლის ბიჭმა მკითხა, შენი აზრით, ყვითელ პეპელას თუ დაინახავ, როგორი ზაფხული გექნებაო. გაბრიელმა „ჯადოქრის ქუდი“ ჩემს წიგნებში აღმოაჩინა, ილუსტრაციებს გადახედა და კითხვა დაიწყო. პასუხად ვარაუდები გამოვთქვი, მაგრამ ჩემი ბიჭი მრავლისმეტყველად იღიმოდა და დუმდა. წაიკითხე და გაიგებო, მიპასუხა. უკვე მესამე თავს ეჭიდავებოდა, კითხვა რომ დავიწყე. ვიფიქრე, გაბრიელისთვისაც სტიმული იქნებოდა, დედა რომ ამავე წიგნს წაიკითხავდა, თან შეკითხვა ყვითელი პეპლის შესახებ დიდი გამოწვევა აღმოჩნდა ჩემთვის. ასე დავიწყე „ჯადოქრის ქუდის“ კითხვა და ვეღარ მოვწყდი. ყვითელი პეპლის სიმბოლოსაც მალე მივაგენი და მასწავლებლური ალღოთი მივხვდი, რომ „ჯადოქრის ქუდი“ ბავშვებისთვის საინტერესო საკითხავი იქნებოდა. წიგნის კითხვისას ბევრი იდეა დამებადა, შემდეგ ჩემს მესამეკლასელებსაც საკითხავ წიგნად შევთავაზე და ახლა უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიმიღია.

მასწავლებლები ხშირად ვეკითხებით ერთმანეთს საბავშვო ლიტერატურის შესახებ. ეს წიგნი, ვფიქრობ, თქვენც აღგიძრავთ კითხვის სურვილს და გიბიძგებთ, რომ „ჯადოქრის ქუდთან“ ერთად სასკოლო ცხოვრება გაიხალისოთ.

ტუვე იანსონი ფინელი მწერალია. დაიბადა ფინეთის იმ ნაწილში, რომელიც შვედეთს ესაზღვრება. ადრე აქ შვედები დასახლებულან და ახლა ფინეთის მოსახლეობის უმცირესობას წარმოადგენენ. მწერალს გვარიც შვედური აქვს. ტუვე იანსონი შვედურად წერდა. მან გამოიგონა მუმინების საოცარი, გამორჩეული სამყარო და ილუსტრაციებსაც თავად ხატავდა.

მუმინების ხეობაში დგას სახლი, რომელშიც დედა და მამა მუმინები შვილთან, მუმინტროლთან,  ერთად ცხოვრობენ. მათი კარი სტუმრებისთვის მუდამ ღიაა. სწორედ გულღია მასპინძლობის გამო მიდიან და მათთან საცხოვრებლად რჩებიან ჰემული, ფრეკენ სნორკი და მისი ძმა – სნორკი, სნიფი, ონდატრა, სნუსმუმრიკი, ტოფსლა და ვიფსლა…

მუმინები ზამთრობით იძინებენ, გაზაფხულის დადგომისთანავე იღვიძებენ და ზამთრისპირამდე მღელვარე თავგადასავლებში ეხვევიან. მუმინები ხასიათითა და ქცევით ადამიანებს ჰგვანან და თითოეულ მათგანში ადვილად გააიგივებთ საკუთარ თავს, კარის მეზობელს, შვილსა თუ დედას. მათი ღირებულებები იმდენად დასაფასებელია, რომ მიბაძვის სურვილი გიჩნდება. პერსონაჟების სიმრავლე თავბრუდამხვევია, მაგრამ სიუჟეტის დინამიკურობის ფონზე მკითხველი სირთულეს ადვილად უმკლავდება. მე და ჩემი ბიჭი დიდხანს ვიკვლევდით, ვინ იყო მუმინტროლისთვის სნიფი ან ჰემული. სწორი პასუხების ძიება წიგნთან  გვაბრუნებს.

 

მშობლებს წიგნი სემესტრის დასაწყისში გავაცანი. იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ახალშობილი და-ძმა ჰყავთ სახლში და მათ მშობლებს სახლიდან გასვლა უჭირთ, წიგნები მოვიმარაგე. მთელი კლასისთვის შევარჩიე განსხვავებული დღიური. პირველი ნაბიჯი ყდის გაფორმება იყო, სახელიც მოვიფიქრეთ – „მე და მუმინები“, შემდეგ იმის შესახებ დაწერეს, რასაც წიგნიდან ელოდებოდნენ. კითხვას რომ დავასრულებთ, გამოთქმულ მოსაზრებებს მივუბრუნდებით.

რჩევის სახით აღვნიშნავ:

  1. ჩემ მიერ ჩამოთვლილ აქტივობებ მხოლოდ და მხოლოდ საკლასო გარემოში ვასრულებთ, რადგან ბავშვების ნამუშევრებს დამოუკიდებლობა და ინდივიდუალიზმი ეტყობოდეთ. თუკი რამეს ვერ იგებენ, იქვე მეკითხებიან, აზუსტებენ და ისე აგრძელებენ მუშაობას;
  2. ყოველი ინსტრუქცია რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება და მარტივი შესასრულებელია, სანაცვლოდ კი თავისუფალ აზროვნებას, აზრის ჩამოყალიბებას, ფიქრს, წინადადების შედგენას სწავლობენ, იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს, უვითარდებათ ფანტაზია;
  3. „ჯადოქრის ქუდის“ თითოეული თავი საკმაოდ ვრცელია. ამიტომ სასურველია მშობლის ჩართულობა. სთხოვეთ მათ, კვირის განმავლობაში ხმამაღლა იკითხონ ბავშვებთან ერთად.

 

წიგნის შესავალში ავტორი გვაცნობს, რომ მუმინებს ზამთარში სძინავთ და ამ დროს დაკარგულად სულაც არ მიიჩნევენ, რადგან სიზმრებს ხედავენ. ინსტრუქციაც ამ ეპიზოდს მოვარგე:

  • გაიხსენე შენი ყველაზე უცნაური სიზმარი, აღწერე და დახატე სათანადო ილუსტრაცია.

 

ან ეს:

 

  • წარმოიდგინე, რომ მწერალი ხარ და მთავარ პერსონაჟს სიზმარი უნდა დაასიზმრო. მოიფიქრე უცნაური, საინტერესო ან საშიში ამბავი და დაწერე. დახატე სათანადო ილუსტრაცია.

 

გაზაფხულზე მუმინებთან ერთად ხის სულებს ვეცნობით – „აქა-იქ ტოტებზე ჩამომსხდარიყვნენ და ჩამოშლილ თმას ივარცხნიდნენ…“.  ხის სულების გავლენით, მოსწავლეებს წყარიშდიდა გავაცანი ქართული მითიური გმირებიდან (გამომცემლობა „არტანუჯი“), რომელსაც ვარლამ ჯმუხაძის ულამაზესი ილუსტრაცია ამშვენებს. „წყარიშდიდა – წყლის დედოფალია მეგრულ მითოლოგიაში. იგი მდინარეში ცხოვრობს, თეთრი ტანი და კოჭებამდე თმა აქვს, წელს ქვემოთ კი – ფარფლები“. წყარიშდიდა თევზებს იცავს.

  • მოიფიქრე პერსონაჟი, რომელსაც ექნება გამორჩეული ძალა. დაარქვი სახელი და დახატე. – ასეთი იყო დავალების ინსტრუქცია, რომელიც ხის სულებიდან წყარიშდიდას გაცნობისას დაიბადა.

პერსონაჟთა სიმრავლის გამო, მუმინების სერიის ერთ-ერთმა მთარგმნელმა,  ლიკა ჩაფიძემ, მირჩია ბმული, რომელიც მუმინების ხასიათის გზამკვლევად გამოვიყენე და პერსონაჟებიც სათითაოდ გადმოვიხატე, ამოვჭერი და ბავშვებს გავაცანი.

წიგნის კითხვისთვის კვირაში ერთი დღე და წყვილი გაკვეთილი გამოვყავი. კვირის განმავლობაში ბავშვებს უნდა წაეკითხათ ერთი თავი. აქტივობებიც წაკითხულის მიხედვით შევარჩიე.

უცხო სიტყვებზე დაკვირვება პირველი ეტაპია. კითხვისას მარკირების მეთოდს იყენებენ და მათთვის უცნობ სიტყვებს ხაზავენ.

სიტყვის ლოტო ერთ-ერთი სახალისო და საყვარელი აქტივობაა. წინასწარ ვარჩევ 9 სიტყვას და ცხრილში ვათავსებ. ბარათები რამდენიმე სიტყვით განსხვავდება. თითოეულ მოსწავლეს სიტყვის ბარათს ვურიგებ. ქისიდან, რომელშიც შერჩეული სიტყვებია მოთავსებული, სათითაოდ ვიღებ ერთ სიტყვას და ხმამაღლა ვუკითხავ. გამარჯვებულია ის, ვინც ბარათზე განთავსებული სიტყვებიდან ყველას გადახაზავს.

წიგნის დასაწყისშივე ჩნდება სათაურში გაჟღერებული მთავარი დეტალი – ჯადოქრის ქუდი, რომელსაც ჯადოსნური ძალა აქვს – მასში მოთავსებული ნივთები ფორმას იცვლიან, მაგალითად, კვერცხის ნაჭუჭები ღრუბლებად გადაიქცევა, მდინარე – კომპოტად; ერთხელაც მუმინტროლი დაიმალება მის ქვეშ და ყველაფერი, რაც პატარა აქვს – გაუდიდდება. პირვანდელი სახის დაბრუნებას მხოლოდ დედა შეძლებს. დედა მუმინი სახეზე მოავლებს ხელებს, თვალებში ჩახედავს და იტყვის: „ჩემს პატარა შვილიკოს მაინც ყოველთვის ვიცნობ!“.

  • წარმოიდგინე, რომ ჯადოქრის ქუდი იპოვე, შიგნით ჩაგივარდა რომელიმე ნივთი. მოიფიქრე, ნივთის სახელი და ისიც, რად გადაიქცეოდა იგი. დახატე ილუსტრაცია.

 

  • როგორ გიცნობდა დედა, მუმინტროლივით რომ შეცვლილიყავი?

 

  • წარმოიდგინე, რომ შენც მუმინებთან ერთად შემოსკუპდი ღრუბლებზე. სად წახვიდოდი და ვის ნახავდი?

 

ერთხელ კი მუმინტროლმა მეგობრებთან ერთად ჯადოქრის ქუდში ჭიანჭველალომი გამოამწყვდია, თავზე  „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“ დააფარა. ჭიანჭველალომი ზღარბად გადაიქცა, ქუდიდან უცხო სიტყვები წყლის ნაკადს გადმოჰყვა და მთელ ოთახში მიმოეფინა. ამ ეპიზოდის წაკითხვის შემდეგ ბავშვებს ვთხოვე სიტყვების ამოწერა საბავშვო ატლასიდან და სიტყვებიანი ბარათები დაფასთან მიმოვაბნიეთ, თითქოს ჩვენი საკლასო ოთახი მუმინების სახლი იყო და თითქოს ჩვენთანაც დაცურავდნენ უცხო სიტყვები.

სიტყვათწარმოებაზეც ვამახვილებთ ყურადღებას, მაგალითად, ჭიანჭველალომმა მხიარული აქტივობა მომაფიქრებინა. ჯერ დავაკვირდით ორი სიტყვისგან შედგენილ სიტყვას, შემდეგ დაფაზე დავხატეთ დიდი, ლომისებრი ჭიანჭველა და ინსტრუქციაც გავაცანი:

  • მოიფიქრე სიტყვა, რომელშიც თავმოყრილი იქნება ფრინველისა და ცხოველის, ან მწერისა და ფრინველის, ან თევზისა და ცხოველის სახელები. მიანიჭე განსაკუთრებული ძალა და დახატე სათანადო ილუსტრაცია.

დავალება პატარა ბარათებზე უნდა დაეწერათ. ერთ გაკვეთილზე ყველამ მოასწრო რამდენიმენაბიჯიანი ინსტრუქციისთვის თავის გართმევა, საკუთარი ნაშრომის კლასის წინაშე წარდგენა, უკუკავშირის მიღება და რჩევების გათვალისწინება.

ასე გამოიგონეს ახალი არსებები: ძროხალომი, ცხენირემა, ზღარბირემა, ლომჩიტა, ფუტკარლომი, ვეშაპფუტკარა, ლომმარტორქა, მგელირემა, არწივვეფხვა, ღორპეპელა, დელფინშაშვა, ზღარბჭიანჭველა, დელფინპინგვინა, ლომვეფხვა, ჭიანჭველადათვი.

(ბავშვების ნამუშევარი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი სკოლის ბლოგზე).

ცხადია, თითოეული აქტივობის შეთავაზებისას თავად ვაჩვენებ, რა როგორ უნდა გააკეთონ, ვფიქრობ, ვიგონებ და ვხატავ. რამდენიმეწამიანი ბიძგი საკმარისია მათი გონებრივი შესაძლებლობების ფეიერვერკად ამოსაფრქვევად.

 

„ჯადოქრის ქუდში“ ერთი პერსონაჟია – ჰემული, რომელიც შემგროვებლობით არის გატაცებული. წიგნის დასაწყისში მარკების კოლექციას ავსებს. მეგობრები მას ახალი ნივთების შეგროვებისკენ უბიძგებენ. ჰემული ბოლოს გადაწყვეტს, რომ ჰერბარიუმისთვის მცენარეები მოაგროვოს. ჰემული ჰერბარიუმში პირველ ნიმუშად Gagea Lutea-ს შეიტანს. რა იცის ჰემულმა, როგორ მიყვარს მცენარეების, ცხოველების, ფრინველების, მწერებისა და ქვების ლათინური სახელწოდებების ძებნა. Google-ში მოვიძიე Gagea Lutea, რომელიც ხახვი აღმოჩნდა. ერთგან ჰემული ჯადვარს დაიგულებს ჰერბარიუმისთვის. ამ ერთმა სიტყვამ მე საიათნოვას ლექსი „შუაღამის ვარსკვლავივით“ გამახსენა. ამ ძიების შესახებ ბავშვებსაც ვუამბობ.

ჰემულმა ნივთების შეგროვებაზე დაგვაფიქრა:

  • რა არის შენი ჰობი? რას შეაგროვებდი? დაწერე ნივთის სახელი და პასუხი დაასაბუთე.

ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს კოლექციებს ერთმანეთს გავაცნობთ. მარკების შექმნაც გადავწყვიტეთ.

  • გამოჭერი საფოსტო მარკა, დახატე შენი საყვარელი პერსონაჟი, მულტფილმის გმირი, ქალაქი, მწერი, ცხოველი…

მარკებმა ხელნაკეთი ღია საფოსტო მარკების შექმნისკენ გვიბიძგა. საჩვენებლად მოსწავლეებს ვთავაზობ ღია საფოსტო ბარათის ნიმუშს. ბარათს ვუგზავნით რომელიმე პერსონაჟს, მაგალითად, მუმინტროლს. ერთ მხარეს ვხატავთ მას, მეორე მხარეს ვწერთ ადრესატისა და ადრესანტის მისამართებს და ვფიქრობთ მოკლე, სხარტ გზავნილზე –  „ჰეი, გულკეთილო მუმინტროლ, გვესტუმრები სკოლაში?“. შემდეგ სათითაოდ ფიქრობენ ღია საფოსტო ბარათის ყველა ნიუანსზე:

  • მოიფიქრე, ვის გაუგზავნი ღია საფოსტო ბარათს. რომელ პერსონაჟს დახატავ? რას მისწერ?

(გაეცანით ბავშვების ნამუშევრებს).

ერთხელაც მუმინები პიკნიკის მოსაწყობად გამოქვაბულში წავლენ. შუაღამისას ქარიშხალი ამოვარდება და დილას ნაპირზე გამორიყულ ნივთებს იპოვიან.

  • წარმოიდგინე, რომ ზღვის ნაპირზე გამორიყული ნივთი იპოვე. მოიფიქრე ერთი განსაკუთრებული ნივთის სახელი და შეუსაბამე ზედსართავი სახელი, მაგალითად, ასე: ბორბალი  – ცისფერი ბორბალი.

ნავის პოვნა და მისთვის სახელის შერჩევაც შესანიშნავი ეპიზოდია სახალისო დავალებისთვის:

  • წარმოიდგინე, რომ ნავი იპოვე. რას დაარქმევდი?

 

იდუმალი გარიელი – ჩემი ვერსიაა. გარიელების შესახებ სტატია წავიკითხე National Geographic-ის ბოლო ნომერში, რომელიც ტაბაწყურის ტბაზე ბინადარ, გადაშენების პირას მყოფ, იხვებს – გარიელებს – ეძღვნებოდა. ცისფერთვალება შავი იხვების შესახებ ინფორმაცია ბავშვების ცნობისმოყვარეობაზე ძლიერად მოქმედებს.

წიგნის ბოლოსკენ ორი პატარა არსება – ტოფსლა და ვიფსლა – ჩნდება. ისინი უცნაურად ლაპარაკობენ – სიტყვებს  სამ ასოს „სლა“-ს ამატებენ. ბავშვებს მთელი გულით უყვარდებათ მოხერხებული ტოფსლა და ვიფსლა, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ კულმინაციასა და კვანძის გახსნაში. ზაფხულზე გაბრიელმა მათი ენა შეისწავლა და „ჯადოქრის ქუდი“ რომ არა, სლა-თი ლაპარაკიც ვერ გაალამაზებდა ჩვენს ყოველდღიურობას. მაშინვე დავიწყეთ ოცნება იმაზე, როგორ ავიყოლიებდით ბავშვებს და განსხვავებულ „ენაზე“ დავიწყებდით საუბარს.

  • დაამატე ყოველ სიტყვას დაბოლოება „სლა“ და ისე ისაუბრე. ჯერ წერილობით სცადე.

კიდევ ბევრი აქტივობის მოფიქრება შეიძლება. „ჯადოქრის ქუდი“ იდეებისთვის ნამდვილი საბადოა. წიგნის ბოლოს მუმინები ხეობაში წვეულებას მართავენ. მამა მუმინი პუნშს ამზადებს, დედა მუმინი ჩვეული მზრუნველობით ფუსფუსებს – მაჭკატებისთვის ცომს აბაზანაში ზელს და სარდაფიდან მურაბების ქილებს ეზიდება. როცა წიგნის კითხვას დავასრულებთ ჩვენც ვიდღესასწაულებთ – ლიტერატურულ კაფეს გავმართავთ, გვექნება ბევრი ტკბილეული, საბავშვო პუნში, ფეიერვერკად კი ჩვენი ემოციები გამოდგება. ლიტერატურულ კაფეში რამდენიმე თვის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაშლილ აქტივობებს კომპლექსურ დავალებებად გადავაქცევთ და  არაფორმალურ გარემოში წარვადგენთ.

 

 

 

 

 

 

„ენი“ – თოვლიანი მხარე

0

ერთ სერიაში „თავცეცხლა რობერსპიერს“ უწოდებენ. სერიალის მთავარ გმირს თითქოს მართლაც ცეცხლი მოსდებია, რაც აიძულებს, მუდმივად ეძებოს გამოსავალი, წარმოუდგენელი წარმოიდგინოს, იფიქროს და ნაფიქრი სიტყვებად დააწყოს – თავისთვისაც და სხვებისთვისაც, ვინც კი იმ კუნძულზე ცხოვრობს.

ზამთრის უძალო მზით განათებული, თოვლით დაფარული სახლები და ეზოები. თვალი სითეთრეს მისჩვევია, ხელი – ყინვაში საქმის კეთებას.

ტყეში მელია დადის და რაღაც სათავისოს ეძებს. ზუსტად ისე, როგორც ეს გოგო – ენი, ხანში შესულმა და-ძმამ რომ იშვილა შორეულ პრინს ედუარდის მიწაზე.

განწირული. უმშობლებო.

კანადური სერიალი „Anne with an E“ 1908 წელს გამოსული რომანის მიხედვით გადაიღეს, რომელიც საბავშვო ლიტერატურის კლასიკად არის აღიარებული. კანადელი მწერლის, ლუსი მოდ მონტგომერის „Ann of Green Gables“ – სათაურს უთარგმნელად ვტოვებ, მიუხედავად იმისა, რომ ვარიანტებზე კარგა ხანს ვიფიქრე.

წიგნი არ წამიკითხავს, სერიალი კი ერთმა კარგმა გოგომ მირჩია – მოგეწონებაო. და აი, ის დღეც დადგა, როცა გაზეთის მკითხველის დასარწმუნებლად სიტყვებს ვარჩევ: თოვლიანი პეიზაჟების სილამაზე ერთია და მკაცრი სამყაროს ამბებისა – მეორე.

მოზარდობის გამოცდილება ყოველთვის, ყველა კონტინენტზე გულისხმობს რაღაც ისეთისთვის თვალის გასწორებას, რაც ბევრად უფროსებს და გამოცდილებსაც აშინებს. წესებს სწავლობ – სხვა რა გზაა, მაგრამ გეჩვენება, რომ ისინი არც არაფერში გეხმარება.

გაუძლებს ენი? იპოვის ძალას, რომ გაყინულ მიწაზე სიარული გააგრძელოს?

არა, ზამთარი უსასრულო არ არის, შორეულ კუნძულზეც კი. ის, ვინც ერთ დროს გული გატკინა, შესაძლოა გამორჩეულად საყვარელ ადამიანად გაგიხდეს, რომელსაც შენს უბედურებაზე მოუყვები, გრძნობით სავსე თვალებით შეხედავ. არაფერია ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული. სიმართლე ხაზის აქეთაც არის და იქითაც.

ცეცხლისფერთმიან გოგოს მეგობრები ჰყავს, მელია ჰყავს. ოთახიც აქვს სახურავზე, სადაც გრძელ მონოლოგებს კითხულობს წარმოსახვითი მაყურებლის წინ.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მოზარდებზე გადაღებულ სერიალს თვალს ვერ მოვწყვეტდი.

სხვებიც არიან, რომლებსაც ნელ-ნელა დაუახლოვდება. მისი თანატოლები, მასავით თავგზაარეულები. გილბერტი, დაიანა, ჯერი…

სკოლა ისეთია, სადაც ახალგაზრდა მასწავლებელს შეუძლია საცოლე მოსწავლეებიდან შეარჩიოს, გაკვეთილებს შორის ეფეროს და ბოლოს მისი ხელიც სთხოვოს მშობლებს. დიდად არავინ გაიკვირვებს, ჯვრისწერის სამზადისსაც გულმოდგინედ შეუდგებიან.

რაღაც ნიშნით კლასელის ამოჩემება და ჩაგვრაც ჩვეულებრივი ამბავია. განსხვავებული ხარ? – ფასი უნდა გადაიხადო.

მეშინოდა, რომ სერიალის შემქმნელები ცდუნებას ვერ გაუძლებდნენ და უფრო მეტად შეეცდებოდნენ იმის გამოკვეთას, რაც უფრო დღევანდელი სადარდებელია, რაც უცხო და უცნაური იქნებოდა იმ ხანისათვის; ან თანდათანობით გაამარტივებდნენ მთავარი გმირების ყოველდღიურობას და იმ მცდარ დასკვნამდე მიგვიყვანდნენ, რომ ადამიანები შეცდომებზე სწავლობენ. ცხოვრება მაინც მშვენიერია. ნიავმა აყვავებული ხეების სუნი მოიტანა.

რა თქმა უნდა, ხანდახან ენსაც ეხვევა თავბრუ სიხარულისაგან. ამას არ ვგულისხმობ.

ყოველი ახალი სერია იმ ვარაუდს მიმყარებს, რომ არ ავიწყდებათ, საიდან დაიწყეს. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სანახავი.

მომწონს, როცა გმირების სიმართლე ჩემი სიმართლეა.

მომწონს, როცა მეუბნებიან: აი, სამყარო და დანარჩენი შენ იცი!

მომწონს, როცა საითაც გაიხედავ, ყველგან თოვლი ბრწყინავს და სახლების საკვამურებიდან ამოსული ბოლი რაღაც უცნაურს ჰყვება.

 

მინაწერი: „ენი“ – ამ სახელით მოძებნეთ ქართულ ვებგვერდებზე.  

 

„ქიმიის სისხლი“

0

ონლაინსწავლების მორიგი სემესტრი გვაქვს. ლაბორატორიული მეცადინეობებიც ონლაინ არის, განსაკუთრებით ეს უცხოელ სტუდენტებზე ვრცელდება. თუმცა, მე ჩემებური მეცადინეობები მაქვს. „ჩემებური“ შემდეგნაირია – მივდივარ ლაბორატორიაში, ვამზადებ ცდის ყველა კომპონენტს, ვრთავ ზუმს და რეალურ დროში ვატარებ ლაბორატორიულ სამუშაოს. სტუდენტები პროცესში ჩართული მყავს, რადგან მუდმივად შეკითხვებს ვუსვამ და ფიქრს „ვაიძულებ“. მეცადინეობის შემდეგ ყველა სასიცოცხლო ენერგია გამოცლილი მაქვს, მაგრამ მანამდე იხტიბარს არ ვიტეხ და კამერიდან ხელს ვიქნევ, აბა, ყოჩაღად-მეთქი.

 

იმ დღესაც სწორედ ასე იყო. მეცადინეობა დაიწყო და მეც შემოვძახე:

  • Hello Everyone.

შემდეგ ლექციაზე განვლილი მასალა შევახსენე, რომელიც კალორიმეტრის გამოყენებას შეეხებოდა.

 

კალორიმეტრი ხელსაწყოა, რომელიც გამოიყენება სითბური ენერგიის გადატანის, სითბოს რაოდენობის ცვლილების გასაზომად. ჩვენს მიზანს კი ნეიტრალიზაციის რეაქციის შედეგად გამოყოფილი სითბოს განსაზღვრა წარმოადგენდა. ამისთვის პოლისტიროლის ყავის ჭიქებისგან საგულდაგულოდ შექმნილი, ე.წ. „ყავის ჭიქის“ კალორიმეტრი კამერის წინ ავათამაშე. შიგნით წესით ჩვ. ქიმიური თერმომეტრი უნდა მომეთავსებინა, თუმცა მე „PASCO” უჟანგავი ფოლადის ტემპერატურის საზომი სენსორი გამოვიყენე.

 

ნეიტრალიზაციის რეაქცია ნატრიუმის ტუტესა და გოგირდმჟავას შორის ჩავატარეთ. როგორც გახსოვთ, 1 წილი გოგირდმჟავა 2 წილ ტუტესთან მოქმედებს, ამიტომ ნატრიუმის ტუტის 1 M ხსნარის 40 მლ მოვათავსეთ კალორიმეტრში, თავი დავახურეთ და სენსორის მეშვეობით მისი ტემპერატურა გავზომეთ. ვზომავდით სამი წუთის განმავლობაში, რათა დასტაბილიზებულიყო. ამის შემდეგ, 20 მლ გოგირდმჟავა დავამატეთ და კვლავ ტემპერატურის გაზომვას შევუდექით. ამ ორი ტემპერატურის სხვაობით (საბოლოოს გამოკლებული საწყისი) მივიღეთ დელტა T, რომელიც შემდეგი ფორმულისთვის გვჭირდებოდა:

სადაც, m აღებული მასაა; c ხსნარის სითბოტევადობა (ამ შემთხვევაში წყლის სითბოტევადობას ავიღებთ) და დელტა T.

 

აი, ამ ცდის ჩატარებაში ვიყავი და თან პარალელურად უსაფრთხოების ზომების დაცვის აუცილებლობაზე ვსაუბრობდი. ვამბობდი, როგორ უნდა ვიფრთხილოთ გოგირდმჟავას გამოყენებისას, რადგან ცილის, ანუ ჩვენი კანისა და ხორცის, დენატურაციას გამოიწვევს, რაც დამწვრობით და ძნელად მოშუშებადი იარების წარმოქმნით დასრულდება. ჰოდა, ის ის იყო, კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, რომ ინდოელი სტუდენტის ჰაკანგა ჩაკანგას აწეულ ხელს მოვკარი თვალი. გისმენ, რა შეკითხვა გაქვს-მეთქი და …

-Teacher, can you show to us the action of acid on your skin?

 

არა, ძვირფასო ჰაკანგა, ასეთი „გადარეული“ მასწავლებელიც კი არ ვარ, ხელზე მჟავები ვისხა. თუმცა… აი, ასეთი ცდა ჩავატაროთ.

 

ავიღოთ პეტრის ოთხი ჯამი. ერთში მოვათავსოთ ხის ქერქი, მეორეში შაქრის ნატეხი, მესამეში რაიმე ქსოვილის ნაჭერი, მეოთხეში კი – ხორცი. თითოეულ მათგანს დავაწვეთოთ კონცენტრირებული გოგირდმჟავას რამდენიმე წვეთი და დავაკვირდეთ, რა მოხდება. ყველა წარმოდგენილი ნიმუში მჟავას მოქმედების შედეგად დაიწვება.

 

სხვათა შორის, ქიმიური ნივთიერებები და ზოგადად ქიმია მრავალი მხატვრული ნაწარმოების, თუ ფილმის შინაარსის გასამძაფრებლად ან გასალამაზებლად გამოუყენებიათ. ჩემს სტატიებში ამის არაერთი მაგალითი მაქვს აღწერილი.

 

რამდენიმე დღის წინ კი, თვითმფრინავში რაღაც ფილმს გადავაწყდი. უფრო სწორად, მეზობელი მგზავრი შესცქეროდა და მეც მის ეკრანს მივჩერებოდი. ასეთ დროს თავად ეკრანზე მხოლოდ ინტერაქტიური რუკა მაქვს ხოლმე ჩართული და ფრენას ვაკონტროლებ. ასე თითქოს უფრო მალე გადის დრო.

 

ჰოდა, ეს ჩემი მეზობელი მგზავრი რაღაც ფილმს უყურებდა, სადაც სამ მოზარდს ტბა უნდა გადაელახათ. ტბაში კი წყლის ნაცვლად გოგირდმჟავა იყო. ჰოდა, ვიღაც კეთილმა ფერიამ, რომელიც ბზრიალის შედეგად ფრინველად გადაიქცა, ზურგზე შემოისვა და გადააფრინა. ფრენის პროცესში ბუმბული ჩამოვარდა, რომელიც გოგირდმჟავაში, ანუ ტბაში მთლიანად დაიწვა.

 

თქვენ თუ გაგიგიათ რამე გოგირდმჟავას შესახებ?

 

სხვათა შორის, იმ ფილმში ერთმა ონავარმა ბიჭმა მოიფიქრა, ტბაში წყალს ჩავასხამ და მჟავაც საშიში აღარ გახდებაო… მტრისას, რაც იქ მოხდა.

 

თქვენ როგორ ფიქრობთ, მჟავაში წყლის ჩასხმა შეიძლება?

 

გოგირდმჟავას სიმკვრივე წყლისაზე ორჯერ მეტია. წყალი დამატებისას მჟავის ზედაპირზე რჩება და ორი სითხის შეხების საზღვარზე იმდენი სითბო გამოიყოფა, რომ წყალი დუღდება და შხეფებს გაყრის. სწორედ ამ დროს შესაძლოა სახეზე ან თვალებში შეესხას მას, ვინც არასწორად შეურია წყალი და მჟავა.

 

 

გოგირდმჟავას გარეშე თანამედროვე ქიმიის წარმოდგენა შეუძლებელია. მეორენაირად მას „ქიმიის სისხლსაც“ უწოდებენ, რადგან უამრავი ქიმიური პროცესის თანამონაწილე გახლავთ. ძველი დროიდანვე იცნობდნენ, რადგან ბუნებაში გვხვდება. სად? ვულკანის ახლოს ტბებში. დიახ, დიახ, აბა, ის ფილმი მართლა ფანტასტიკა ხომ არ გეგონათ? არა, მთლად ეგრეც არაა საქმე. ტბის წყალშია გარეული, ფილმში კი მხოლოდ მჟავა იყო.

 

გოგირდმჟავას ალქიმიისა და შემდეგ პერიოდშიც რკინისა და სპილენძის სულფატებისგან იღებდნენ. გოგირდის მიღებულ ანჰიდრიდს, იგივე SO2-ს წყალში ხსნიდნენ და გოგირდმჟავაც მზად იყო. გოგირდმჟავა ამ მეთოდით ერთ-ერთმა პირველმა ალ-რაზიმ მიიღო.

 

სხვა მჟავების მსგავსად, გოგირდმჟავა მეტალებთან შედის რეაქციაში, თუმცა თავისებურად იქცევა. მაგალითად, ნატრიუმთან ენერგიულად შედის რეაქციაში და თუ მეტალის ოდნავ დიდი ნაჭერი გამოვიყენეთ, შესაძლოა აფეთქებაც კი მოხდეს. თუ მაგნიუმის ნაჭერს ჩავაგდებთ, წარმოიქმნება მაგნიუმის სულფატი და არცთუ სასიამოვნო სუნის გოგირდწყალბადმჟავა. ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს იმ მეტალებთან, რომლებიც მეტალთა ძაბვის მწკრივში ლითიუმიდან ქრომამდეა განთავსებული. გამონაკლისს ალუმინი წარმოადგენს, თუმცა მასზე ოდნავ მოგვიანებით მოვყვეთ.

 

თუ გოგირდმჟავაში კალის ნაჭერს ჩავაგდებთ, მაშინ მარილისა და წყლის გარდა, თავისუფალი გოგირდიც გამოიყოფა. ასევე მოიქცევა ყველა საშუალოდ აქტიური მეტალი, გამონაკლისი ქრომი და რკინაა. გოგირდმჟავაში სპილენძის ნაჭრის ჩაგდებისას (რომელიც მწკრივში წყალბადის მარჯვნივ მდებარეობს), კი SO2 გამოიყოფა.

 

ალუმინი, ქრომი და რკინა კონცენტრირებულ გოგირდმჟავაში პასიური ხდება, ანუ ყველა ოქსიდური შრით იფარება და პროცესი ვეღარ გაგრძელდება. თუმცა, თუ სარეაქციო არეს გავაცხელებთ, ოქსიდური ფენა მეტალს ვეღარ დაიცავს და რეაქციები შემდეგნაირად წარიმართება:

 

2Al+6H2SO4(კონც)=Al2(SO4)3+3SO2+6H2O

2Cr+6H2SO4(კონც)=Cr2(SO4)3+3SO2+6H2O

2Fe+6H2SO4(კონც)=Fe2(SO4)3+3SO2+6H2O

 

სწორედ ამიტომ, გოგირდმჟავას ტრანსპორტირებისას ფოლადის ცისტერნებს იყენებენ.

 

განზავებული გოგირდმჟავა მეტალებთან კიდევ სხვანაირად იქცევა. თუ განზავებულ გოგირდმჟავაში თუთიის გრანულას ჩავაგდებთ, შესაბამისი მარილი და წყალბადი გამოიყოფა. სწორედ ასე მოქმედებს განზავებული გოგირდმჟავა ყველა იმ მეტალთან, რომელიც ძაბვის მწკრივში წყალბადის მარცხნივაა განთავსებული. განზავებული გოგირდმჟავა არამეტალებთანაც ურთიერთქმედებს. მაგ. რეაქციაში გოგირდთან წარმოქმნის SO2-ს და წყალს.

 

საერთოდ, გოგირდმჟავას კონცენტრაცია არა მხოლოდ რეაქციის პროდუქტებზე, პროცესის სიჩქარეზეც მოქმედებს.

 

სამ ქიმიურ ჭიქაში მოვათავსოთ ნატრიუმის თიოსულფატის ხსნარი. სამივე მათგანს დავამატოთ სხვადასხვა კონცენტრაციის გოგირდმჟავა. სამივე მათგანში ხსნარი აიმღვრევა, თუმცა ყველაზე მღვრიე ხსნარი და თანაც სწრაფად მაღალი კონცენტრაციის გოგირდმჟავასთან წარმოიქმნება.

Na2S2O3+H2SO4=H2S2O3+Na2SO4

H2S2O3= S+SO2+H2O

კიდევ ერთი ცდა ჩავატაროთ, თანაც ძალიან ლამაზი. სინჯარაში მოვათავსოთ კონცენტრირებული გოგირდმჟავა. ძალიან ფრთხილად დავამატოთ ეთილის სპირტის მცირე რაოდენობა. სხვადასხვა სიმკვრივის გამო ეს ორი ნივთიერება ერთმანეთს არ შეერევა და სპირტი მჟავას თავზე მოექცევა. ახლა სინჯარაში კალიუმის პერმანგანატის რამდენიმე კრისტალი ჩავაგდოთ. წარმოიქმნება Mn2O7, რომელიც სპირტთან შეხებისას პირდაპირ ფეთქდება. ამ ექსპერიმენტს „ჭექა-ქუხილი სინჯარაში“ ეწოდება და მართლაც ულამაზესია. თუმცა, სიფრთხილის ზომები აუცილებელია.

 

გოგირდმჟავას ერთ-ერთი მარილი სულფატია. სპილენძის სულფატი ძველი დროიდან ცნობილია. მის ხსნარს, როგორც ანტისეპტიკურ საშუალებას მცენარეების დასაცავად იყენებენ.

 

სხვათა შორის, იმ ფილმში ეს მარილი ტბის მჟავიდან მიიღეს და შემდეგ ფერიას მიერ მოშინაურებულ, მაგრამ მოწყენილ ყვავილებს მიასხეს. სავარაუდოდ, ყვავილები გამხიარულდნენ, თუმცა მე ნახვა ვეღარ მოვასწარი, რადგან ამასობაში გავფრინდით და ეკრანებიც გამოირთო.

 

კიდევ ერთხელ მჭირდება ფრენა, რომ ყვავილების ბედი შევიტყო.

 

 

 

 

საგნობრივი კათედრის მნიშვნელობა სკოლაში

0

ხშირად კამათობენ, რა არის განათლების რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც არსებით გავლენას ახდენს საბოლოო შედეგზე, ანუ სწავლებისა და აღზრდის ხარისხზე?

 

ამ კითხვას სხვადასხვა დროსა და ადგილას განსხვავებულად უპასუხებდნენ, მაგრამ ალბათ დიდად არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც განათლების პროცესის შინაარსობრივი და მეთოდოლოგიური მხარეა – მათ გარეშე ნებისმიერი ინფრასტრუქტურული, ფინანსური თუ ორგანიზაციული წარმატება ნაკლებად შედეგიანია.

 

პრაქტიკულად რა განსაზღვრავს სწავლებისა და აღზრდის შინაარსობრივ თუ მეთოდოლოგიურ ხარისხს სკოლაში?

 

შეთანხმებული თვალსაზრისით, პირველ რიგში, ეს არის მასწავლებელი – მისი კომპეტენცია და მუდმივი პროფესიული განვითარება. ადამიანური რესურსი ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

 

თუმცა, ერთიც უნდა ითქვას:

 

მხოლოდ ინდივიდუალური ძალისხმევაც საკმარისი არ არის – სკოლა ვერ განვითარდება და ყოველ მომდევნო ეტაპზე წარმატებას ვერ მიაღწევს, თუ ოდენ ცალკეულ პედაგოგთა გააზრებულ მოქმედებას დაეფუძნება. აუცილებელია სოციალური სინერგიის მიღწევა – ანუ მასწავლებელთა საერთო ძალისხმევის მიზანმიმართული ორგანიზება, რომლის ყველაზე აპრობირებულ ორგანიზაციულ ფორმად სკოლაში საგნობრივი კათედრა მიიჩნევა.

 

როგორ მუშაობენ ეს კათედრები თანამედროვე ქართულ სკოლაში?

 

ვერ ვიხსენებ, რომ ამ ფენომენისა თუ პრაქტიკის შესასწავლად ფუნდამენტური კვლევა ჩატარებულიყოს, რომელიც სრულად და საფუძვლიანად უპასუხებდა დასმულ კითხვას, თუმცა ჩემი მრავალწლიანი დაკვირვება და ანალიზი უფლებას მაძლევს ზოგადი შეფასება და დასკვნა შემოგთავაზოთ:

 

საგნობრივი კათედრები დღევანდელი ვითარებით კარგად ვერ ასრულებენ მათზე კანონით დაკისრებულ ფუნქციებს, რასაც თავისი უცილობელი შედეგები მოსდევს.

 

რა მაქვს მხედველობაში?

 

  •  ქართული განათლების სისტემის რეფორმირებისა და პერმანენტული განვითარების ერთ-ერთი ცენტრალური პოსტულატია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ავტონომიურობის გაზრდა. ეს გულისხმობს არა მხოლოდ სკოლის მეტ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სახელმწიფოსგან, არამედ თავად სკოლის შიგნით სასწავლო, აღმზრდელობითი და მმართველობითი პროცესების დემოკრატიზაციას. ამ თვალსაზრისით, საგნობრივ კათედრათა (მათ ხელმძღვანელთა და წევრთა) დამოუკიდებლობის ხარისხი ნამდვილად ასამაღლებელია. ეს ადამიანები ხშირად შემსრულებლებად მოიაზრებიან და გადაწყვეტილებათა მიღება მათ კომპეტენციად ნაკლებად მიიჩნევა. ამ კონტექსტში საგნობრივი კათედრების ფუნქციონირება სერიოზულ შესწავლასა და გარდაქმნას მოითხოვს, რათა ამ შუალედურმა მმართველობითმა რგოლებმა „განათლების შესახებ“ კანონით განსაზღვრული ფუნქციები შეუფერხებლად და ხარისხიანად შეასრულოს.
  •  ეს ფუნქციები (სასკოლო სასწავლო გეგმის შექმნაში აქტიური მონაწილეობა, საგნობრივი სასწავლო გეგმების შექმნა, მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა და მასზე სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორიენტირება, შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და თვითშეფასება, აღზრდის პროგრამის ჩამოყალიბება და რეალიზება და ა.შ.), რომელთა შესრულება თანამედროვე ქართულ სკოლაში სერიოზულ კითხვებს ბადებს, კანონით დასარეგულირებელი უფლებამოსილების გარდა, მუდმივ პროფესიულ განვითარებას გულისხმობს, რაც ორგანიზებული უნდა იყოს სკოლის შიგნით მიზნობრივი თანამშრომლობის საფუძველზე.

 

  • დასახელებულ ფუნქციათა უკეთ გასააზრებლად და შესასრულებლად აუცილებელია:

 

  • ქართული სკოლის საფუძველმდები დოკუმენტის (რომელიც განსაზღვრავს სკოლის მიმართ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაკვეთას) – „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ (მიღებულია 2004 წელს; საქართველოს პარლამენტი გეგმავს მის გადახედვასა და თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევათა შესაბამისად სრულყოფას) მთავარ სამუშაო ორიენტირად გააზრება და ხარისხიანი შესრულება; ამ ამოცანის გადასაწყვეტად საგნობრივ კათედრათა მნიშვნელობა გადაფასებას არ ექვემდებარება. ამ დოკუმენტში დასახულ მიზანთა მიღწევა მათი ყოველდღიური მუშაობის არსებით ნაწილად უნდა იქცეს.
  • საგანმანათლებლო რესურსების შექმნა;
  • პედაგოგიკურ-საგანმანათლებლო გადაწყვეტილებათა მემკვიდრეობითობის სრულფასოვანი დაცვა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში – სკოლის სამივე საფეხურის შესაბამისად (მაგალითად, როგორ უნდა იქნეს მიღწეული „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ თუნდაც ერთი ორიენტირი – რომელი კლასიდან იწყება შესაბამისი აქტივობები; რომელ ეტაპზე რა ლოგიკით, შინაარსითა და მეთოდოლოგიით გრძელდება; რომელ პედაგოგს რა უშუალო პასუხისმგებლობა ეკისრება მოსწავლის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე? როგორ უნდა შეფასდეს, მიღწეულია თუ არა მიზანი.);
  • კათედრათა შორის თანამშრომლობა შემოქმედებითი პროფესიული სინერგიის მისაღწევად.

 

  • ზემოთქმული უშუალოდ გულისხმობს მიზნის მიღწევის 5 არსებითი კომპონენტის გათვალისწინებას:
  • გააზრება
  • დაგეგმვა
  • განხორციელება
  • მონიტორინგი
  • შეფასება/თვითშეფასება

 

  • კათედრათა პირდაპირი მოვალეობაა მასწავლებლის სამი მთავარი ფუნქციის (საგნის სწავლება, უნარების ჩამოყალიბება/განვითარება და ღირებულებათა სისტემის ფორმირება/დახვეწა) ზედმიწევნით შესრულება. ამ მიმართულებითაც, ბუნებრივია, აუცილებელია კათედრაზე მუდმივი დისკუსიები, კონსულტაციები, პედაგოგიკურ აქტივობათა შეთანხმება და მიზანმიმართული ობიექტური მონიტორინგი.

 

ამ უმნიშვნელოვანესი სამუშაოს ხარისხიანი შესრულების დაგეგმვა და ორგანიზება სკოლის მენეჯმენტის გადაუდებელი და მუდმივად აქტუალური ამოცანაა. მეოთხე პუნქტში მითითებული კომპონენტები ყოველდღიურ ძალისხმევას მოითხოვს. ცნება „სკოლის მართვის საშუალო რგოლი“ რეალურად უნდა მნიშვნელობდეს და რეალიზდებოდეს სასკოლო ცხოვრებაში და ამის ნომერ პირველი გარანტი სკოლის დირექტორი უნდა იყოს – მართვის კულტურა, იქნებ პირველ რიგში იმას უნდა გულისხმობდეს, რომ არ არსებობს ორგანიზაციაში მეორე პირი, არამედ არსებობს პირველი პირი მეორე დონეზე.

 

2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს – „სკოლის მენეჯმენტის გაძლიერება საქართველოში“. ეს ინიციატივა არსებითად აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ დღევანდელ ქართულ სკოლაში ზემოთ ნახსენები მმართველობითი კულტურა ჩამოყალიბდეს და განვითარდეს. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს:

  • საგნობრივ კათედრათა ხელმძღვანელთა და წევრთა მიერ საკუთარ ფუნქციათა ადეკვატურ გააზრებას;
  • მათ მუდმივ პროფესიულ განვითარებას, როგორც სკოლის გარეთ, ისე მის ბაზაზე;
  • პროფესიული თანამშრომლობის კულტურის პერმანენტულ ამაღლებას;
  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის პრინციპულ შეფასებასა და კონტროლს.

 

ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ საგნობრივ კათედრათა მუშაობის არსებითი, სწრაფი და თვალსაჩინო გაუმჯობესების გარეშე ნაკლებად მოსალოდნელია საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის წარმატება.

 

პროექტის შესახებ

„სკოლის მენეჯმენტის გაძლიერება საქართველოში“ ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საპილოტე საჯარო სკოლებში მართვის ეფექტური და ეფექტიანი სისტემის განვითარებას საშუალო რგოლის გაძლიერებით. ასოციაციას მიზნისათვის სკოლის საშუალო რგოლად მოაზრებული ჰყავს – კათედრა და მისი ხელმძღვანელი, ხოლო პროექტის მეთოდოლოგია ეფუძნება წარმატებულ ევროპულ და ამერიკულ სკოლებში საგნობრივი ლიდერების (subject-leads) პრაქტიკას. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი აქტივობები:

  • ტრენინგების ციკლი ზოგადი და გაზიარებული ლიდერობის, კათედრის სამართლებრივ-პროფესიული სტანდარტებისა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • ქოუჩინგის/დანერგვის/კონტექსტური მხარდაჭერის სესიები კათედრათა გაძლიერებისათვის;
  • აუდიო და საკითხავი რესურსები პრაქტიკული გზამკვლევის სახით;
  • კათედრების მნიშვნელობის აქტუალიზაცია ზოგადი განათლების სფეროსა და ფართო საზოგადოებაში საჯარო დისკუსიების, ვიდეო პოდკასტებისა და სტატიების საშუალებით.

 

სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია გაზაფხულზე პროექტის პირველად შედეგებს საერთო კონფერენციაზე შეაჯამებს, რომლის შესახებაც ინფორმაცია გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებ- და ფეისბუქგვერდებზე: www.gasa.edu.ge და https://www.facebook.com/georgianassociation.

ჩემი მასწავლებელი

0

დიდი ხნის წინათ ქუჩაში მოთამაშე ორმა ბავშვმა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის კარიდან გამოსული ჩვენი თანატოლი გოგონა შევნიშნეთ. გოგონა ჩაცმულობით, ან აღნაგობით არ გამოირჩეოდა სხვებისგან, თუმცა ის, რაც ხელში ეჭირა ნამდვილად ანიჭებდა გარეგნულ მომხიბვლელობას. ეს წიგნი იყო. ოღონდ იმ სახელმძღვანელო წიგნებისგან განსხვავებული, რომლებსაც ჩვენი მშობლები წინა სასკოლოდ გაჭირვებით ყიდულობდნენ ხოლმე საკანცელარიო მაღაზიებში. ამ წიგნს გახუნებული ყდა ჰქონდა და უფერული ნახატი ამშვენებდა წარწერით: „საიდუმლო კუნძული“.

დღევანდელი ციფრული რესურსი, რომელსაც გამომცემლობები მხატვრული სათავგადასავლო ლიტერატურის გასაფორმებლად იყენებენ, ფაქტობრივად, შესაძლებლობას ართმევს მკითხველს უფრო მიენდოს თავის წარმოსახვას, აქ კი, ამ მუყაოს უფერულ და გახუნებულ ყდაზე გამოტანილი მინიმალიზმი მხოლოდ ფანტაზიის ამარას გტოვებდა და ბუნებრივად გიჩენდა კითხვებს: თუ რა საიდუმლოს მატარებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ან ეს კუნძული, ან ის კარი, საიდანაც გოგონა წიგნით ხელში გამოვიდა. თავსატეხი ამოსახსნელი იყო და ეს ვერაფრით მოხერხდებოდა თუ ამ კარს მიღმა არ აღმოვჩნდებოდით. ასე შევაბიჯეთ საიდუმლოებისა და ჯადოქრობების დიდ დარბაზში, რომელსაც საბავშვო ბიბლიოთეკა ერქვა და გავიგეთ, რომ ქვეყანაში, სადაც არაფერი იყო უფასო, წიგნებს უფასოდ გვთავაზობდნენ. მას შემდეგ ბიბლიოთეკაში გამომწყვდეული ისტორიების, ორიგინალური ამბების მძარცველები გავხდით, წამოვიღეთ ცოდნა უამრავი ადამიანური ისტორიის, ფათერაკებიანი ზღვების, კუნძულების, მთების, მხედრების შესახებ, სამყაროს შესახებ, რომელიც ჩვენს მიღმა, პარალელურ წარმოსახვით ველში არსებობდა.

„საიდუმლო კუნძულამდე“ რაც წავიკითხე, ეს ჟიულ ვერნის რომანი, „80.000 კილომეტრი წყალქვეშ იყო“, ამიტომ, კაპიტანი ნემოს შესახებ ყველაფერი ვიცოდი. „საიდუმლო კუნძული“ ნამდვილად აღმოჩნდა იმ შთაბეჭდილების წიგნი, რომელმაც დამარწმუნა იმაში, რომ წიგნების კითხვას არასდროს დავასრულებდი. ამ წიგნის ფინალში ნემოს წყალქვეშა ხომალდის პოვნას ლამის პორტალში გასვლის ეფექტი ჰქონდა. ასეთი რამ დამემართა კიშლოვსკის სამი ფერის ამბავში, როცა პერსონაჟებმა სამი სხვადასხვა ფილმიდან, ბოლოს ფინალში მოიყარეს თავი და თუმცა არანაირი კინემატოგრაფიული ცოდნა არ გამაჩნდა, უცებ გავიფიქრე, რომ ამ გენიალურ რეჟისორს ძალიან უყვარდა ვერნი. ეს ამტკიცებდა, რომ წიგნები, ამბები ჩვენს გარშემო ერთმანეთთან ძალიან ახლოს არსებობდნენ და თავისთავად წარმოადგენდნენ რაღაც მთლიანის და საინტერესოს ნაწილს, რასაც არ აქვს დასასრული.

მსგავსი აღმოჩენები იმდენად მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ ძალიან გინდა შენი შთაბეჭდილებები ვინმეს გაუზიარო, ისევე, როგორც ამას მაგალითად სპორტული გაზეთებიდან ამოკითხული საფეხბურთო სიახლეების განხილვისას აკეთებ. სპორტული სიახლეების მიმომხილველთა ნაკლებობას თანატოლებში თუ არასდროს ვუჩიოდი, სამაგიეროდ მხატვრული ლიტერატურის ქომაგები სანთლით მყავდა საძებარი, ამიტომ, საკუთარ შთაბეჭდილებებთან ინტერაქციის შესაძლებლობის ძიების გზაზე ხელში კალამმომარჯვებული, მაგიდასთან აღმოვჩნდი. ამ რვეულებში ისეთი გულუბრყვილო რამეები იწერებოდა, როგორების დაწერაც მარტო ბავშვებს შეუძლიათ. აქ იწერებოდა წერილები პორთოსისთვის, მორისისთვის, მარეკ პეგუსისთვის, ჰეკლბერი ფინისთვის, ედმონ დანტესისთვის, მაგრამ გამოხდა ხანი და ამ დიდებული ადამიანების სიას კიდევ ერთი სახელი შეემატა. სახელი, რომელმაც სრულიად განსაზღვრა ჩემი პროფესიული მომავალი, მომცა რწმენა და მაჩუქა იმედი. მას თეონა თეზელაშვილი ერქვა, ქართულ ენასა და ლიტერატურას მასწავლიდა და პორთოსისგან  ან ედმონ დანტესისგან განსხვავებით, ზედმიწევნით განიხილავდა თავგადასავლების გამოგონების ჩემეულ მცდელობებს, ყურადღებით ჩაკირკიტებდა ნებისმიერ უზუსტობას ტექსტებში და დაუზარლად მიბრუნებდა რეკომენდაციებს. ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ჰქონდა ღირსება, რომელიც მარტო თეორიული ცოდნით არ მოიპოვება. მას შეეძლო დაეხსნა მოსწავლე ნებისმიერი ყოფითი აპოკალიფსისგან, გამოეცადა ნებისმიერ ასპარეზზე და ეთქვა: შენ ეს შეგიძლია, ამიტომ, ამის გაკეთებას ერთად გავაგრძელებთ და ყველაფერი უკეთესად გამოგვივა.

ამ პირობებში მუშაობა ნებისმიერ ბავშვს გაუადვილდება. როგორია, ჯერ სადღაც, იფის მივარდნილი ციხესიმაგრის ჯურღმულში გდიხარ ტუსაღ აბატთან, ფარიასთან და ედმონ დანტესთან ერთად, რომელიც ჯერ არ გამხდარა გრაფი მონტე-კრისტო, ებრძვი ჭლექს, ნესტს, მზერას სიბნელეს აჩვევ და მოთმინებას სწავლობ. უთავო მხედარს კვალში უდგახარ და რაღაც ტრამალებში, გაუვალ ეკლებში სუნთქვა გახშირებული მისდევ. ყველგან ხარ და მაინც ვერავინ გხედავს, ყველას აკვირდები და მაინც ვერავინ გამჩნევს. მერე ხურავ წიგნს, შლი რვეულს და ლამპის შუქზე რაღაც შთაბეჭდილებებს იწერ, აგროვებ, თავს უყრი იმ უჩინმაჩინი მკითხველის ემოციებს, რომელიც ერთდროულად აქაცაა, ლამპის შუქით განათებულ ოთახში და წიგნების უკიდეგანო ფანტაზიის სამყაროშიც და შენი ცხოვრების პერსონაჟის ძერწვას იწყებ. სულერთია როგორი გამოგივა, მთავარია ის შეგრძნებები სადმე წაიღო, რომელიც ამ ჯადოსნურმა წიგნებმა გაგვიჩინეს, რამე მოუხერხო ამ სევდას და სიხარულს, რადგან ეს კარგი თერაპიაა, მერე მოუკრა თავი შენი შეგრძნებების ხურჯინს და შენი სკოლის მასწავლებელთან მიიტანო, იმიტომ, რომ იცი, ის ყოველთვის დაგელოდება. არ ვიცი რამდენი ასეთი რვეული დაგროვდა წლების მანძილზე. ცხადია, მათ არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნიათ, ერთადერთი ღირებულება წითელი კალმით შესრულებული ის შენიშვნები და შექებაა, რომლებიც მათში მრავლადაა, და ისიც მხოლოდ ერთი საიდუმლოს გამო. ეს საიდუმლო მდგომარეობს იმ დამოკიდებულებაში, რომელსაც მასწავლებელი მოსწავლისადმი იჩენს და რამდენჯერაც არ უნდა მომინდეს ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, იმდენჯერვე შევძლებ მათ ნივთმტკიცებად გამოყენებას.

მას შემდეგ 15-18 წელზე მეტი გავიდა. თეონა მასწავლებელი ისევ სკოლაშია და ასწავლის. მას ჰყავს, ჰყავდა და კიდევ ეყოლება ჩემზე უკეთესი მოსწავლეები, რომლებსაც საკუთარი გზის პოვნაში დაეხმარება, მაგრამ, რომლებსაც მათი წინამორბედის მსგავსად, ერთხელაც აუცილებლად მოუწევთ დაფიქრება იმაზე, თუ რა ფორმით შეიძლება დაუბრუნონ ვალი გაწეული ამაგისთვის. და ვერაფერსაც ვერ მოიფიქრებენ, რადგან ამხელა შესაძლებლობები სამყაროში არ არსებობს.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...