ორშაბათი, ივნისი 2, 2025
2 ივნისი, ორშაბათი, 2025

სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების საკითხები და ბევრი სხვა: ინტერვიუ ნიკა მაღლაფერიძესთან

0

ნიკა მაღლაფერიძე პანდემიის პერიოდში, 2020 წელს, ჩვენს ანუ განათლების კოალიციის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში გავიცანი. მას შემდგომ, არაერთხელ შევხვედრივართ ონლაინ და გაგვიცვლია მოსაზრებები განათლების პოლიტიკის ზოგად თუ კონკრეტულ საკითხებზე. ნიკა მასწავლებელი და განათლების მკვლევარია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ მისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების ადამიანის მოსაზრებების მოსმენა საინტერესო უნდა იყოს მკითხველისათვის.

ნიკა, გთხოვთ, მოკლედ მოგვიყვეთ თქვენ შესახებ და შემდგომ გადავიდეთ ინტერვიუს ძირითად საკითხზე – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემაზე.

უკვე წლებია, რაც მასწავლებლად ვმუშაობ და ვეხმარები სკოლებს სასწავლო პროგრამების და ეფექტური სწავლა სწავლების მეთოდოლოგიების დანერგვა-გაუმჯობესებაში. 2017 წელს გავხდი ჩივნინგის სტიპენდიატი და დავასრულე ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL Institute of Education) სამაგისტრო პროგრამა განათლებისა და საერთაშორისო განვითარების განხრით. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებაზე  მასწავლებელთა გადამზადების მიმართულებით.

ამჟამად, ვმუშაობ ბულგარეთში, ქალაქ ვარნას ერთ-ერთ კერძო სკოლაში და ვეხმარები ორგანიზაციული განვითარების კუთხით, კონკრეტულად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით. ძალიან მალე, სექტემბრიდან ვაგრძელებ სწავლას სტირლინგის უნივერსიტეტის (შოტლანდია) სადოქტორო პროგრამაზე.

 მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარება, რა გამოწვევებს ხედავ ამ კუთხით საქართველოში, სისტემურ დონეზე და შემდგომ ვისაუბროთ უკვე საერთაშორისო პრაქტიკაზე და გარკვეულ რეკომენდაციებზე.

საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სისტემის ცენტრალიზებულობაა. მასწავლებლებს არ აქვთ არჩევანის თავისუფლება, თუ რა გზით სურთ პროფესიული განვითარება. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ისეთი მოდელი, რომელიც პრაქტიკულ ასპექტს არ იყენებს. მაგ., მასწავლებლები სადღაც მიდიან, გარკვეულ ცოდნას პასიურად იღებენ და  მოლოდინია, რომ ისინი წავლენ და საკლასო ოთახში ამ ცოდნის საფუძველზე რაღაცას დანერგავენ. სამწუხაროდ, ცოდნის ტრანსფერი საკლასო ოთახში ასე არ ხდება. არიან გამონაკლისები, მაგრამ გამონაკლისებზე ხომ არ ავაგებთ ჩვენს სისტემას?! ჩემი აზრით, ეს აქვს ძალიან სუსტი მხარე სისტემას და მასწავლებლები, ამ მხრივ, არიან მარტო და საკუთარი თავის ანაბარა. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ აღნიშნული მოდელი უნდა შეიცვალოს.

პრაქტიკულ ელემენტში რას გულისხმობთ?

მაგ., ეს შეიძლება იყოს „იმიტირებული“ საკლასო ოთახი, ე.წ. deliberate practice რასაც ეძახიან, სადაც ვიღაც უკუკავშირს გიბრუნებს. დღეს არავინ დავობს, რომ პრაქტიკული ელემენტი მნიშვნელოვანია, უბრალოდ მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი ბალანსი უნდა იყოს თეორიასა და პრაქტიკას შორის. უამრავი ადამიანი იზიარებს იმ აზრს, რომ მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში პრაქტიკული ელემენტი კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს წინ წამოწეული.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პრაქტიკული ელემენტი დაფუძნებული უნდა იყოს სკოლის ბაზაზე. ეს შეიძლება იყოს ქოუჩინგი, მენტორინგი, სასწავლო ჯგუფები, კრიტიკული მეგობარი, იაპონური გაკვეთილის კვლევა და ა.შ. შესაძლოა, ეს  ლოჯისტიკურად რთული იყოს ან ფინანსურად – ძვირი, მაგრამ სწორედ განათლებაში უნდა ჩაიდოს ინვესტიცია, რათა შესაბამისი ამონაგები გვქონდეს.

 

ვთქვათ, არსებობს ასეთი პრაქტიკული ელემენტი. რა უპირატესობები აქვს მას?

სწორედ პრაქტიკის შემდეგ არის შესაძლებელი ისეთი საბაზისო საკითხების სწავლა, როგორიცაა კლასის მართვა, ინსტრუქცია, ტრანსდისციპლინური ინსტრუქციული უნარები, როგორიცაა განმავითარებელი შეფასება, შემაჯამებელი შეფასება, მეტაკოგნიტიური და კოგნიტიური სტრატეგიები. ცალკე არის საგანზე დაფუძნებული უნარები და მიდგომები, რომლებიც სპეციფიკურია.

სამწუხაროდ, ბევრია ისეთი მასწავლებელი, რომელიც გამოცდილია, მაგრამ საბაზისო უნარები არ აქვს. ბუნებრივია, მათთან მუშაობა უფრო რთული იქნება, მაგრამ თუ მასწავლებელმა კლასის მართვა არ იცის, იქ ხომ სწავლაზე საუბარი სრულიად ზედმეტია?!

საქართველოს შემთხვევაში, სამწუხაროდ, ფოკუსირებული უკუკავშირი ფაქტობრივად არ გვაქვს. მასწავლებლებიც, ბევრი მიზეზის გამო, არ საუბრობენ ამაზე და მათიც მესმის. კლასის მართვაზე ინგლისში სულ საუბრობენ და მუდამ მზად არიან ამისთვის, იმიტომ რომ პრაქტიკული ელემენტი მათთან ძალიან დიდია. როცა მასწავლებლის მომზადება  ხდება, ისინი უკვე გარკვეულები არიან საბაზისო საკითხებში, როგორიცაა: ტრანზიციები აქტივობიდან აქტივობაზე, მოსწავლეების დაჯგუფება, როგორ არ შეგაწყვეტინონ გაკვეთილი, ძალადობასთან დაკავშირებული საკითხები, როგორ შექმნა წესები მოსწავლეებთან, როგორ იყო თანმიმდევრული  და ა.შ. ამას პრაქტიკულად უნდა გასწავლიდნენ საკლასო ოთახში ის ადამიანები, ვინც არიან გამოცდილები. ნაწილობრივ, ეს ყველაფერი დაკვირვების ხარჯზე ხდება. ჩვენ შემთხვევაში, დაკვირვებას უფრო შემაჯამებელი და განსჯადი ხასიათი აქვს და მოწყვეტილია იმას, თუ რას ნიშნავს ქოუჩინგი და რას ნიშნავს მასწავლებლის განვითარება. იგივე არის პრაქტიკის კვლევებთან დაკავშირებით.

 

როგორ ფიქრობ, რა წინაპირობებია საჭირო იმისათვის, რომ სკოლაზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების მიდგომები თუ სისტემა შეიქმნას სკოლებში?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ სკოლების დაფინანსების მოდელი უნდა შეიცვალოს. ამ ყველაფერს, რაზეც ვისაუბრეთ, ბუნებრივია შედეგი აქვს, მაგრამ ამ შედეგის მისაღწევად მეტი რესურსია საჭირო და ამ რესურსების ეფექტიანად თუ ხარჯთეფექტურად გამოყენება. ამ ტიპის სისტემის ასამუშავებლად საჭიროა ქოუჩების მომზადება, რისთვისაც რესურსები მნიშვნელოვანია. ანალოგიურად, აუცილებელი იქნება სასკოლო ლიდერების თუ სკოლის დირექტორების გადამზადება, მათ შორის ლოჯისტიკურ საკითხებში. შესაბამისად, თუ დაფინანსების მოდელი არ შეიცვალა, სულ რომ სტრატეგიაში გვქონდეს აღნიშნული საკითხები ასახული, ეს იქნება სრული ფორმალობა.

თუ სკოლის დონეზე ვისაუბრებთ, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, არსებობდეს ნება, რისთვისაც აუცილებელი იქნება მოტივირებული და გაბედული ადამიანების შემოკრება. შესაბამისად, პირველ რიგში, იმ ადამიანების იდენტიფიკაციაა საჭირო, ვინც გამოცდილია, მოტივირებულია და შეძლებს სხვების მხარდაჭერას. არ არის აუცილებელი, აღნიშნული მიდგომები მთელს სკოლაში ერთიანად გამოიყენო და ყველას ერთი და იგივე მოსთხოვო. პირიქით, საჭიროა ამ ყველაფრის ფაზებად დაყოფა და ეტაპობრივად განხორციელება, როგორც ეს ევერეთ როჯერსს აქვს, ინოვაციების დიფუზიის თეორიაში.

ამის პარალელურად უნდა ხდებოდეს მასწავლებელთა ინფორმირება, რადგან სკოლებში სიურპრიზები ნამდვილად არ მუშაობს. თუ აქვს სკოლას საშუალება, ძალიან კარგი იქნება, კონკრეტულად ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელი პირები ჰყავდეს, როგორიცაა teaching and learning leads. სხვა შემთხვევაში, კათედრების ხელმძღვანელებს შეუძლიათ შეითავსონ. ამის შემდგომ უნდა შეიქმნას პროგრამის კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც სკოლის განვითარების გეგმას მოერგება.

საბოლოოდ, ინსტრუქციული ქოუჩინგი, სასწავლო ჯგუფები, მასწავლებლის პროფესიული ჯგუფები, გაკვეთილის კვლევა (lesson study) განსხვავდებიან ფორმატით, მაგრამ პრაქტიკული ელემენტი ყველგან არის, რომ ვიღაც კი არ განგსჯის, არამედ გაძლევს უკუკავშირს. რაც მთავარია, ეს არის დროში განგრძობითი, ხანგრძლივი პროცესი. მე სადაც მიმუშავია, მთხოვენ, რომ მათთან შევიდე და გაკვეთილზე დავესწრო, იმდენად მოტივირებულები არიან. და ეს იმიტომ, რომ მათ აქვთ არჩევანის საშუალება და რაც აინტერესებთ, იმ საკითხზე ხდება მხარდაჭერა.

სხვათა შორის, ამ საკითხებში მნიშვნელოვანი იქნება საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლი, სწორედ მათ შეუძლიათ სკოლების ორგანიზაციული მხარდაჭერა.

 

და ბოლოს, იმ ადამიანებისათვის, რომელთაც  მეტის გაგება სურთ ამ საკითხების შესახებ, რა საკითხავ ლიტერატურას ურჩევდი? აქვე დავამატებ, რამდენიმე ხნის წინ, კოალიციის მიერ, მომზადდა ძალიან კარგი გზამკვლევი სკოლის დონეზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად. მისი ავტორია მანანა რატიანი და ყველა დაინტერესებულ ადამიანს ვურჩევ, რომ ამ დოკუმენტს გაეცნოს. ანალოგიურად, მე პირადად, ყველას ვურჩევ, გაეცნოს ნიკას  სტატიას mastsavlebeli.ge-ზე – სკოლის დონეზე პროფესიული განვითარების მიდგომების შესახებ.

იცით რა არის, საკმაოდ ბევრი იწერება ამ საკითხებზე, მაგრამ შევეცდები რამდენიმე ძირითადი და ჩემთვის ყველაზე საინტერესო გითხრათ. ესენია:

ავტორი ნაშრომი
Jim Knight (ჯიმ ნაითი) –          Instructional Coaching: A Partnership Approach to Improving Instruction

–          The Impact Cycle: What Instructional Coaches Should do to Foster Powerful Improvements in Teaching

–          The Definitive Guide to Instructional Coaching: Seven Factors for Success

Elena Aguilar (ელენა აგილარი) –          The Art of Coaching: Effective Strategies for School Transformation
Sue Swaffield (სუ სვოფილდი) –          Leadership for Professional Learning
Rachel Lofthouse (რეიჩელ ლოფტჰაუსი) –          CollectivEd
Haili Hughes (ჰაილი ჰიუზი) –          Mentoring in Schools: How to Become an Expert Colleague
Michael Bungay Stanier (მაიკლ ბუნგაი სტანიერი) –          The Coaching Habit: Say Less, Ask More & Change the Way You Lead Forever
Mark Priestley (მარკ პრისტლი); Gert Biesta (ხერტ ბიესტა) –          Teacher Agency: An Ecological Approach
Pete Dudley (პიტ დადლი) –          Lesson Study: Professional Learning for Our Time
Chrstian van Nieuwerburgh (კრისტიან ვან ნიუვერბურგი) –          An Introduction to Coaching Skills: A Practical Guide
Mary Kennedy –          Praising the Practice of Teaching

 

მასწავლებლის მნიშვნელოვანი ჩანაწერები

0

  მასწავლებელი წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრ ჩანაწერს აკეთებს.  მათგან განსაკუთრებით საყურადღებოა ის მასალები, რომლითაც მასწავლებელი აანალიზებს მოსწავლის მიერ შესრულებულ  შემაჯამებელ სამუშაოებს. ამ ანალიზს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც მოსწავლისთვის ასევე თვითონ მასწავლებლისთვის. ანალიზზე დაყრდნობით მასწავლებელს  შეუძლია  მის მიერ განხორციელებული სასწავლო პროცესის  ჰოლისტური  გადააზრება და ისე მოახდინოს თვითშეფასება. ხოლო მოსწავლეების შედეგებზე დაყრდნობით მათ მისცეს ქმედითი და ინსტრუქციული უკუკავშირი.

   ფაქტია, ყველა მასწავლებელი თემატური ერთეულის ფარგლებში გეგმავს კომპლექსურ/შემაჯამებელ  დავალებას, ამზადებს კლასს ამ დავალებისთვის, ატარებს შემაჯამებელ სამუშაოს, მოსწავლეთა ნამუშევრებს აფასებს სოლო ტაქსონომიაზე დაყრდნობით და  შედეგები  შეაქვს  რეესტრის ფორმაში, რომელიც შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს:

კომპლესური/შემაჯამებელი  დავალებების რეესტრი

კლასი – 3

საგანი – ბუნებისმეტყველება

სემესტრი – პირველი

# სახელი და გვარი #1 შემაჯამებელი/

თემა – მზის სისტემა

#2 შემაჯამებელი/

თემა – ყვავილოვანი მცენარეები

#3 შემაჯამებელი/

თემა – ბუნებრივი მოვლენები

შენიშვნა
1 ნინო ნინუა მულტისტრუქტურული მიმართებითი მიმართებითი
2 მარი ანუა მიმართებითი მიმართებითი მიმართებითი
3 გიორგი მხეიძე მიმართებითი

 

 

გაფართოებული გაფართოებული
4 საბა ბუაძე მულტისტრუქტურული მულტისტრუქტურული მულტისტრუქტურული
5 ნანა ვადაჭკორია უნისტრუქტურული მულტისტრუქტურული მიმართებითი

 

 მოკლედ მიმოვიხილოთ  სოლო ტაქსონომიის თითოეული დონე

პრესტრუქტურული –  მოსწავლე ვერ აყალიბებს საკითხს, მოსწავლე ვერ ახერხებს საუბარს თემაზე, იყენებს შეუსაბამო არარელევანტურ ინფორმაციას.

უნისტრუქტურული – მოსწავლეს  შეუძლია მხოლოდ ერთი ასპექტის გათვალისწინება და მარტივი ზედაპირული ინფორმაციის ფლობა  საკითხთან მიმართებაში.

მულტისტრუქტურული – მოსწავლეს  შეუძლია  საკითხზე რამდენიმე ასპექტის გათვალისწინება, მათ შორის არსებული მიმართებების გაგების გარეშე.

 მიმართებითი – მოსწავლეს შეუძლია გაიგოს რა მიმართებებია   ამ საკითხებთან დაკავშირებულ საკვანძო ასპექტებს შორის, ასევე როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს და ქმნიან მთელს, მთლიანობას.

გაფართოებული – მოსწავლეს  შეუძლია მოცემულის/შეთავაზებულ საკითხების /ცნებების  მიღმა  სტრუქტურის განზოგადება, სტრუქტურის აღქმა მრავალი სხვადასხვა პერსპექტივიდან და იდეების გადატანა ახალ სფეროში

კომპლექსური/შემაჯამებელი დავალებების შედეგების გაანალიზება თითოეული მოსწავლისთვის ნამდვილად რუტინულია, მაგრამ კარგ სურათს იძლევა, როცა თითოეული მოსწავლის პროგრესის თუ რეგრესის დონეზე გავაანალიზებთ სიტუაციას.  ასევე ეფექტურია მასზე დაყრდნობით ჩვენ მიერ განხორციელებული  სასწავლო კურსის თვითშეფასებაც მოვახდინოთ.

გთავაზობთ ზემოთ მოცემულ მასალებზე დაყრდნობით მასწავლებლის მიერ გაკეთებული   ანალიზების მინი – ნიმუშებს

 მოსწავლე -ნანა ვადაჭკორია

კლასი – 3

საგანი ბუნებისმეტყველება

ნანამ მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში  დაძლია მასალა, კარგი პროგრესი აჩვენა და სერიოზულ წარმატებებს  მიაღწია.  ბუნებისმეტყველების პირველი თავის შესწავლისას მან შეძლო  მხოლოდ ცალკეული ასპექტის გათვალისწინებით  ამ თავის (მზის სისტემა) ძირითადი ცნებების ათვისება  საკითხთან მიმართებაში.  მეორე თავის(ყვავილოვანი მცენარე) შესწავლისას  კი მან შეძლო შესასწავლ საკითხზე   რამდენიმე ასპექტის გათვალისწინება,  თუმცა მათ შორის არსებული მიმართებების გაგების გარეშე. მესამე თავის (ბუნებრივი მოვლენები) შესწავლისას კი  მან წარმატებით გაიაზრა, რა  მიმართებებია საკვანძო ასპექტებს შორის, ასევე როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს და ქმნიან მთელს, მთლიანობას.

მოსწავლე -ნინო ნინუა

კლასი – 3

საგანი ბუნებისმეტყველება

ნინომ მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში წარმატებით დაძლია მასალა და  მნიშვნელოვან წარმატებებს  მიაღწია.  ბუნებისმეტყველების  პირველი თავის შესწავლისას (მზის სისტემა)    მან შეძლო შესასწავლ საკითხზე   სხვადასხვა ასპექტის გათვალისწინება,  თუმც მათ შორის არსებული მიმართებების გაგების გარეშე. მეორე და მესამე თავის ( ყვავილოვანი მცენარე, ბუნებრივი მოვლენები) შესწავლისას კი  მან წარმატებით გაიაზრა, რა  მიმართებებია საკვანძო ასპექტებს შორის,  შეუძლია ახსნას,  როგორ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს და ქმნიან მთელს, მთლიანობას.

მოსწავლე -გიორგი მხეიძე

კლასი – 3

საგანი ბუნებისმეტყველება

გიორგიმ მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში ბრწყინვალედ  დაძლია მასალა, ბუნებისმეტყველების პირველი, მეორე და მესამე თავის შესწავლისას წარმატებით გაიაზრა, რა  მიმართებებია საკვანძო ასპექტებს შორის,  კრიტიკულად გაიაზრა, როგორ უკავშირდებიან  ისინი ერთმანეთს და ქმნიან მთლიანს. მეორე და მესამე თავის შესწავლისას  წარმატებით შეძლო შესასწავლი ცნებების  მიღმა  სტრუქტურის განზოგადება, სტრუქტურის აღქმა მრავალი სხვადასხვა პერსპექტივიდან და იდეების გადატანა ახალ  კონტექსტში.

ყველა მასწავლებელს ჩანაწერების გაკეთების თავისებური სტილი აქვს, თუმცა შემაჯამებელი დავალების შედეგებზე დაყრდნობით განხორციელებული ანალიზი მასწავლებლის მიერ განხორციელებული აქტივობებიდან ერთ-ერთი არსებითი კომპონენტია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Collis, K. (1982). Evaluating the Quality of Learning: The SOLO Taxonomy. New York: Academic Press.
  2. https://ganatldi.ge/app/uploads/2019/03/განმავითარებელი-შეფასება-და-დიფერენცირებული-სწავლება.pdf
  3. ვულფოლკი, ა. (2009). განათლების ფსიქოლოგია. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა .
  4. https://mastsavlebeli.ge/?p=32092

 

ანალიზი, სინთეზი და შეფასება

0

ბლუმის ტაქსონომია გულისხმობს სწავლის მეთოდისა და შეფასების კლასიკურ სტრუქტურას: ცოდნას, განწყობას , ჩვევებს. ეს მოდელი საშუალებას იძლევა სასწავლო მიზნები, სწავლება და სწავლის შედეგები ეფექტურად იქნას შეფასებული. ბლუმის მიხედვით განათლების მიზანი უნდა იყოს არამხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ – მაღალი სააზროვნო უნარის ჩამოყალიბება.

  ბლუმის ტაქსონომია ადამიანის აქტივობის სამ სფეროს აღწერს:

  1. კოგნიტიური  (შემეცნებითი);
  2. აფექტურს (ემოციურს);
  3. ფსიქომოტორულს.

ბლუმის ტაქსონომიის კოგნიტიური ანუ შემეცნებითი სფერო მოიცავს ექვს დონეს:

  1. ცოდნა;
  2. გაგება;
  3. გამოყენება;
  4. ანალიზი;
  5. სინთეზი;
  6. შეფასება.

თითოეული გულისხმობს აზროვნების, ინტელექტუალური მოქმედების განსხვავებულ დონეებს -მარტივიდან რთულისაკენ.

მასწავლებელს შეუძლია ბლუმის ტაქსონომიის კოგნიტიური  სფეროს დონეები წარმატებით გამოიყენოს კონკრეტული გაკვეთილის დაგეგმვისას.

 წარმოგიდგენთ მე-7 კლასის მასალას მათემატიკაში ალგებრული გამოსახულებები. ქვესაკითხები:

  • მოქმედებები ერთწევრებზე და მრავალწევრებზე.
  • შემოკლებული გამრავლების ფორმულები.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს გავაცნობ მიმდინარე გაკვეთილის თემას, მოსწავლეებს შევახსენებ: როგორ გამოსახულებას ეწოდება რიცხვითი გამოსახულება, ალგებრული გამოსახულება? რა განსხვავებაა რიცხვით გამოსახულებასა და ალგებრულ გამოსახულებას შორის? რას ეწოდება ერთწევრი, მრავალწევრი? როგორ ერთწევრებს ეწოდება მსგავსი? როდის შემიძლია ერთწევრების შეკრება და გამოკლება? წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ მოსწავლეებს ვთავაზობ აქტივობას, რომელიც მათ ეფექტურად შეაფასებს ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მე-4, მე-5, მე-6 დონეზე,  რაც გულისხმობს მაღალი სააზროვნო უნარის ჩამოყალიბებას.

დავალების პირობა:

გეომეტრიული მოდელების მეშვეობით მოახდინე ალგებრული გამარტივების ვიზუალიზაცია და დაადგინე ფორმულის მართებულობა.

მოსწავლის დავალებაა:

     დახაზეთ თქვენთვის სასურველი სხვადასხვა ფორმის ნაკვეთები, დაყავით მართკუთხედებად და კვადრატებად და სცადეთ თითოეული ნახაზის ფართობის  გამოსათვლელი  ფორმულის გამოყვანა.

 მუშაობის დაწყებამდე  დაფიქრდით რისი ტოლია ფართობი?

რამდენი სხვადასხვა გზით შეიძლება ვიპოვოთ მართკუთხედის ფართობი? 

არის თუ არა მართკუთხედის ფართობი მისი შემადგენელი ნაწილების ფართობების ჯამი?

დააკავშირეთ მოცემული ცოდნები ერთმანეთთან, გამოიყვანეთ ფორმულა და წარმოადგინეთ ფორმულის ვიზუალური მხარე.

განიხილეთ ჯერ რიცხვების შემთხვევაში გააანალიზე წესი, შემდეგ ცვლადის  შემთხვევაში, შეადარეთ  და   ეცადეთ ჩაწეროთ ფორმულა.

 

ნახ3

მოსწავლეები ატარებენ კვლევას. მართკუთხედის ფართობი, ერთი მხრივ

      აღნიშნული  ტიპის აქტივობა ეფუძნება კონსტრუქტივიზმის პრინციპებს. მოსწავლე საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნის აგებას ახდენს, ანუ სწავლობს აღმოჩენებით. თუ მოვიშველიებთ ბრუნერის თეორიას ,,ცოდნა პროცესია და არა პროდუქტი“, ასეთი ტიპის აქტივობები სწორედ ბრუნერის თეორიას იზიარებს.

აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლის კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას, უღვიძებს ცნობისმოყვარეობას და მოტივაციას.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://math.ge/meshvide-klasi/.

განვითარებისა და სწავლის თეორიები. ონლაინ სახელმძღვანელო ავტორი მანანა ბოჭორიშვილი. (მასალები მომზადებულია სსუ მასწავლებლის მომზადების სამოცკრედიტიანი პროგრამის შესაბამისად)

 

რა არის ზურმუხტის ქსელი?

0

ზურმუხტის ქსელი   პანევროპული ეკოლოგიური ქსელია, რომელიც ევროპის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას ემსახურება. იგი ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის კონვენციის (ბერნის კონვენცია, 1979) დანერგვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია.

ევროკავშირში ბერნის კონვენციის აღსრულება1992 წლის 21 მაისის საბჭოს დირექტივით – „ბუნებრივი ჰაბიტატებისა და ველური ფაუნისა და ფლორის კონსერვაციის შესახებ“ (ჰაბიტატების დირექტივა)  ხდება. ბერნის კონვენცია ევროპის ბუნების დაცვის პოლიტიკის ქვაკუთხედია. რადგან ბერნის კონვენცია ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებსაც (მაგ., შვეიცარია, უკრაინა, საქართველო და სხვ.) მოიცავს, ანუ მისი გეოგრაფია  უფრო ფართოდა და  ევროკავშირის ფარგლებს სცდება, სწორედ ამიტომ ზურმუხტის ქსელი, როგორც პანევროპული ეკოლოგიური ქსელი ისე განიხილება, ხოლო „ნატურა 2000“ პრაქტიკულად მის ნაწილს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ  შესაძლოა დროთა განმავლობაში  ამ ორი ქსელის სრული შერწყმაც კი მოხდეს. ზურმუხტის ქსელი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ფაზაშია და ამ პროცესის დასრულების შემდეგ, იგი მსოფლიოს უდიდესი ეკოლოგიური ქსელი იქნება, რომელიც   ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე დაცულ ტერიტორიებს გააერთიანებს.

ბერნის კონვენცია ეყრდნობა პრინციპს, რომ სახეობების გრძელვადიანი გადარჩენა შეუძლებელია იმ ჰაბიტატების დაცვის გარეშე, სადაც ისინი ბინადრობენ. შესაბამისად, ბერნის კონვენცია მთავარ აქცენტს სწორედ ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნებაზე აკეთებს. ამისათვის მთელ ევროპაში ხდება ისეთი ადგილების შერჩევა, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ბერნის კონვენციის დაცვის ქვეშ მყოფი ჰაბიტატებითა და სახეობებით. ასეთ ტერიტორიებს ენიჭებათ „სპეციალური კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიების“ (Areas of Special Conservation Interest-ASCI) განსაკუთრებული კონსერვაციული მნიშვნელობის მქონე სტატუსი და ისინი ერთიანდება ე.წ. „ზურმუხტის ქსელში“. ხშირად მათ „ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებს“ ან „ზურმუხტის ტერიტორიებსაც“ უწოდებენ.

საქართველო, ბერნის კონვენციას, პარლამენტის 2008 წლის ბოლოს შეუერთდა და  ამით სახელმწიფომ ვალდებულიება აიღო  მონაწილეობა მიიღოს ზურმუხტის ქსელის შენარჩუნებასა და გაფართოებაში.

ზურმუხტის ქსელის მიზანი იმ სახეობების დაცვაა, რომელთა გრძელვადიანი გადარჩენა შეუძლებელია თუ არ მოხდა  მათი ბუნებრივი ჰაბიტატების შენარჩუნება.    ეს სახეობები  და  ჰაბიტატები ბერნის კონვენციის მიხედვითაა განსაზღვრული. ჩამონათვალში შესულია ევროპაში გავრცელებული  1000-მდე სახეობა და 200-მდე სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატი, საიდანაც  200-ზე მეტი სახეობა და   50-ზე მეტი ჰაბიტატი  გვხვდება საქართველოში.  შესაბამისად, საქართველო ვალდებულია დაიცვას ესჰაბიტატები.

ტერიტორია ზურმუხტის ქსელის ნაწილად ანუ ზურმუხტის ტერიტორიად შეიძლება გამოცხადდეს, თუ იგი  აკმაყოფილებს ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან სულ ცოტა ერთს მაინც:

ა) მას მნიშვნელოვანი წვილილი შეაქვს ენდემური და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და/ან ბერნის კონვენციის პირველ და მეორე დანართებში მითითებული სახეობების დაცვაში;

ბ) ტერიტორია მდებარეობს ბიომრავალფეროვნებით განსაკუთრებით მდიდარ რეგიონში და წარმოადგენს საბინადროს სახეობების მნიშვნელოვანი რაოდენობისთვის ან ერთი, ან რამდენიმე სახეობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პოპულაციისთვის;

გ) წარმოადგენს საფრთხეში მყოფი ჰაბიტატის სანიმუშო ტერიტორიას ან მოიცავს ასეთი ჰაბიტატის მნიშვნელოვან მონაკვეთს;ზურმუხტის ქსელი შეიძლება მოიცავდეს სრულიად სხვადასხვა ტიპის ეკოსისტემას: ტყეებს, ტბებსა და მდინარეებს, საზღვაო ეკოსისტემებს, მდელოებს, მღვიმეებსა და გამოქვაბულებს და ა.შ. ასევე სხვადასხვა სამართლებრივი სტატუსის მქონე ტერიტორიას. მაგ., ნებისმიერი კატეგორიის დაცულ ტერიტორიას ან მის ნაწილს, სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ურბანულ ზონებსაც კი.

2017 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით ზურმუხტის ქსელის 3 ტერიტორია (ლაგოდეხი, ვაშლოვანი და ბაწარა) ოფიციალურად გამოცხადდა ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებად, რაც პირველი პრეცედენტია კავკასიის რეგიონში.

2021 წლის მდგომარეობით, საქართველოში ზურმუხტის ქსელის ფართობი 1 307 501 ჰ-ია, რაც  ჩვენი ქვეყნის ფართობის 18.75%  შეადგენს და ზურმუხტის ქსელის 66 ტერიტორიას მოიცავს, რომელთაგანაც 46 დამტკიცებულია, 16 შეთავაზებული და 4  ჯერ კიდევ  შეთავაზებული კანდიდატია.  მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ზურმუხტის ქსელის 44%  საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ემთხვევა.

ზურმუხტის ქსელის გეოგრაფია  საქართველოში (წყარო: ორგანიზაცია  „ნაკრესი“ )

აღსანიშნავია, რომ „ზურმუხტის ქსელს“, განსხვავებით კლასიკური დაცული ტერიტორიებისგან, არ შემოაქვს სტანდარტული შეზღუდვები ადამიანის საქმიანობაში. თითოეული კატეგორიის დაცული ტერიტორიის დაარსება გულისხმობს მის ფარგლებში ამ კატეგორიისთვის კანონით განსაზღვრული შეზღუდვების დაწესებას და, შესაბამისად, ეს შეზღუდვები ერთნაირია ყველგან, სადაც ამ კატეგორიის დაცული ტერიტორია იქმნება. ზურმუხტის ტერიტორიებზე კი ადამიანის საქმიანობის შეზღუდვები შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, რადგან აქ ნებადართულია პრაქტიკულად ყველა საქმიანობა, რომელიც ზიანს არ აყენებს ბერნის კონვენციით დაცულ კონკრეტულ სახეობას ან ჰაბიტატს, რომელიც ამ ტერიტორიაზე გვხვდება და რომელთა დასაცავადაც შეიქმნა მოცემული ტერიტორია.

ზურმუხტის ქსელის ტერიტორიის დაარსების შემდეგ, აუცილებელია შემუშავდეს ამ ტერიტორიის კონსერვაციული მიზნები/ამოცანები და მართვის გეგმა, სადაც მითითებული იქნება ის სახეობები და ჰაბიტატები, რომელთა დაცვა აუცილებელია ტერიტორიის ფარგლებში;  ერთადერთი, რასაც ზურმუხტის ქსელი ცალსახად კრძალავს, არის უარყოფითი ზემოქმედება ბერნის კონვენციით დაცულ ჰაბიტატებსა და სახეობებზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

Emerald Network of Areas of Special Conservation Interest  – https://www.coe.int/en/web/bern-convention/emerald-network

https://emerald.eea.europa.eu/

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/17069

ზურმუხტის ქსელი – ველური ბუნების შენარჩუნების ისტრუმენტი. 2018   – https://www.undp.org/ka/georgia/publications/%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-2018
ზურმუხტის ქსელი – ინსტრუმენტი ევროპის ბუნებრივი ჰაბიტატების დასაცავად – https://rm.coe.int/16806a6d04

ზურმუხტის ქსელი – კითხვები და პასუხები – https://www.nacres.org/files/pdf/georgian_zurmukhti.pdf

ნატურა 2000 –https://ec.europa.eu/environment/nature/natura2000/index_en.htm

შუქნიშნის დამზადება პროგრამა GeoGebra-ში

0

რთულია საგზაო მოძრაობის წესების წარმოდგენა მოძრაობის გამარტივების მთავარი ინსტრუმენტის გარეშე, რაც არის შუქნიშანი. იგი შექმნილია როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ასევე ფეხით მოსიარულეთა მოძრაობის რეგულირებისთვის და გასაადვილებლად.

დღეს ყველას ესმის, რა არის შუქნიშანი. ფერები: წითელი, ყვითელი და მწვანე ნაცნობია ბავშვისთვისაც კი.

თუმცა იყო დრო, როცა ეს ოპტიკური მოწყობილობები არ არსებობდა და არც ისე ადვილი იყო ქუჩის გადაკვეთა. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში გამვლელებს დიდი ხნით უწევდათ გაუთავებელი ცხენებით გაყვანილი ურმების გაშვება.

იყო დაბნეულობა და გაუთავებელი კამათი გზაჯვარედინზე.

5 აგვისტოს აღინიშნება შუქნიშნის საერთაშორისო დღე, რომელიც უკავშირდება 1914 წელს. ამ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ კლივლენდში გამოჩნდა შუქნიშნის წინამორბედი მოწყობილობა, მას ჰქონდა მხოლოდ ორი ფერის ფანარი, წითელი და მწვანე. ფერთა მონაცვლეობის დროს გადამრთველი მოწყობილობა იძლეოდა ხმოვან სიგნალს.

პირველი შუქნიშნის გამოგონება უკავშირდება ინგლისელ ჯეი ნაიტს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში. შუქნიშნის ტიპის აპარატი დამონტაჟებული იყო ლონდონში 1868 წელს პარლამენტის შენობასთან ახლოს. სამი წლის შემდეგ აღნიშნული მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა და აფეთქდა, რის შედეგად დაშავდა პოლიციელი. ამის შემდეგ შუქნიშნის არსებობა დაივიწყეს 50 წლის განმავლობაში, მხოლოდ 1910 წელს შეიმუშავეს და დააპატენტეს პირველი ავტომატური ორფერიანი შუქნიშნის მოწყობილობა. თანამედროვე სამფერიანი შუქნიშანი პირველად 1920 წელს გამოჩნდა ამერიკაში, კერძოდ დეტროიტსა და ნიუ-იორკში. დროთა განმავლობაში შუქნიშანი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მთელს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში გავრცელდა.

შუქნიშნის დამზადება პროგრამა GeoGebra-ში

თანამედროვე ბავშვი ცხოვრობს ელექტრონულ სამყაროში. იცვლება მასწავლებლის როლი და დანიშნულება საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებაში. შესაბამისად, მასწავლებელი უნდა ფლობდეს თანამედროვე ტექნიკას და ახალ სასწავლო ტექნოლოგიებს უკავშირებდეს საგაკვეთილო პროცესს.

GeoGebra არის დინამიურ- მათემატიკური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ერთმანეთში აერთიანებს  გეომეტრიას, ალგებრას, ელექტრონულ ცხრილებს, ფუნქციებს, დიაგრამებისა და სტატისტიკის თემებს ერთ მარტივად გამოყენებად პაკეტში. მასში ონლაინ მუშაობაც შესაძლებელია და ასევე შესაძლებელია მისი გადმოწერა და ინტერნეტის გარეშეც მუშაობა.

GeoGebra-ს გამოყენება შესაძლებელია მათემატიკის ყოველ გაკვეთილზე. ეს პროგრამა ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო რესურსია განათლების სიჩქარის გასაზრდელად, განსაკუთრებით  მათემატიკაში. მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ამ პროგრამის შესაძლებლობები თავიანთი მოსწავლეების სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად ნებისმიერ დონეზე.

მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია პროგრამა GeoGebra-ში შუქნიშნის დამზადება, რომელიც მოითხოვს მოსწავლეებისაგან სხვადასხვა გეომეტრიული აგებების ცოდნას, რომლის გაკეთებაც შეიძლება შევთავაზოთ მოსწავლეებს კომპლექსური დავალების სახით საბაზო საფეხურზე (უფრო მარტივი ვარიანტი შესაძლებელია დაწყებით საფეხურზეც გაკეთდეს), რაც აამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და ხელს შეუწყობს ცოდნის განზოგადებას.

I ნაწილი – შუქნიშნის დამზადება

გავხსნათ პროგრამა GeoGebra (შესაძლებელია ონლაინ მუშაობაც), ავირჩიოთ სახატავი არე და ალგებრის ფანჯარა და შევუდგეთ შუქნიშნის დამზადებას.

ავიღოთ ხელსაწყო წრეწირი ცენტრითა და რადიუსით და

სახატავ არეზე შემოვხაზოთ სამი ტოლი წრეწირი  (პირობითად ავიღოთ 0.9 ერთეული რადიუსის წრეწირები  ცენტრით (10,-1),(10,1) და (10,3))  და გავაფერადოთ შუქნიშნის ფერებში  (წითელი, ყვითელი, მწვანე). მოვათავსოთ მართკუთხედში, რომელსაც მივცეთ შავი შეფერილობა. ამ მართკუთხედის ქვედა ბოლოზე შუაში ვერტიკალურად აღვმართოთ ერთეული სიგრძის მონაკვეთი, რომელიც სტილის ზოლიდან შეგვიძლია გავამსხვილოთ და მივცეთ შავი შეფერილობა. შემოვიღოთ სრიალა მთელი რიცხვი 1-დან 45-მდე (20 წამი წითელი, 5 წამი ყვითელი და 20 წამი -მწვანე)

 

მოცემულ წრეებს ჩავურთოთ პირობები, თუ რა შემთხვევაში გამოჩდნენ (შესაბამის წრეზე მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპებით შევდივართ მის თვისებებში და ვირჩევთ -დეტალური-პირობა ობიექტის საჩვენებლად). მწვანე n<=20, ყვითელი 20<n<=25 და წითელი 25<n<=45. თუ ჩავურთავთ სრიალას ანიმაციას (სრიალაზე მაუსის მარჯვენა ღილაკზე დაწკაპებით ანიმაციის ჩართვა), მორიგეობით გაჩნდება ხან ერთი, ხან მეორე და ხან მესამე წრე. ეს ანიმაცია უნდა იყოს ზრდადი და თანაც სიჩქარე ისე შევცვალოთ, რომ სრიალის ცვლილება წამში მოხდეს. შევიდეთ სრიალას თვისებებში (მარჯვენა ღილაკით) და ანიმაციის სისწრაფედ დავწეროთ 1/6 და რხევადის ნაცვლად ავირჩიოთ ზრდადი.

ჩვენ შეგვიძლია გამოვსახოთ ტაბლო, რომელზეც გამოსახული იქნება დროის მნიშვნელობა კლებადობით, რა დროც დაჭირდება, რომ ჩაქრეს წრე. მართკუთხედის ზედა მარჯვენა კუთხეში ჰორიზონტალურად გამოვაბათ მონაკვეთი, რომელიც გავამსხვილოთ და ხელსაწყოთი -მრავალკუთხედის აგება მივამაგროთ ტაბლო.

შეტანის ველში ჩავწეროთ a=20-n, რომელიც გამოჩნდება ალგებრის ფანჯარაში და n-ის ზრდასთან ერთად იქნება კლებადი. როცა a ერთნიშნა იქნება წინ დავუწეროთ 0 და გამოვიტანოთ ტექსტის სახით. ამისათვის შეტანის ველში ჩავწეროთ:

თუ(a < 10, “0” + a, “” + a)

ეს ტექსტი გამოჩნდება სახატავ არეზე, რომელსაც შეგვიძლია მივცეთ სასურველი ზომა და მწვანე შეფერილობა. შევიდეთ მოცემული ტექსტის თვისებებში (დეტალური) და პირობა ობიექტის საჩვენებლად ჩავწეროთ n<=20. წავიღოთ ტექსტი და ტაბლოზე დავამაგროთ. ასეთი ტექსტი გავაკეთოთ წითელი წრისთვის. შეტანის ველში ჩავწეროთ b=45-n და იგივე პრინციპით, რომ იყოს ორნიშნა შეტანის ველში ჩავწეროთ:

თუ(b < 10, “0” + b, “” + b)

 

მივცეთ მიღებულ ტექსტს სასურველი ზომა და წითელი ფერი და დავამაგროთ ტაბლოზე. შევიდეთ მის თვისებებში და პირობა ობიექტის საჩვენებლად ჩავწეროთ n>=26.

ტექსტები და ობიექტები დავამაგროთ (მოვნიშნოთ და ჩავკეტოთ ბოქლომი ან მარჯვენა ღილაკი-დააფიქსირე ობიექტი), გამოვურთოთ აღნიშვნები, ასევე დავმალოთ არასასურველი  წერტილები (მარჯვენა ღილაკით) და ჩვენი შუქნიშანიც მზადაა.

II ნაწილი – მანქანის ჩასმა და შუქნიშნის მიხედვით მოძრაობა

 

ჩავსვათ მანქანა სურათის სახით და ავამოძრაოთ შუქნიშნის მიხედვით. ამისათვის ავიღოთ რაიმე მონაკვეთი (NO), მასზე დავსვათ რაიმე წერტილი (P) და მის მარჯვნივ და მარცხნივ მოვზომოთ თითო ერთეულის ტოლი ახალი წერტილები. შეგვიძლია ეს შეტანის ველით გავაკეთოთ. შეტანის ველში ჩავწეროთ:

P+(1,0) და  P-(1,0) (P მონაკვეთზე დასმული წერტილია).

მიღებული წერტილები (R და Q) მოვნიშნოთ, შევიდეთ სურათის ჩასმა, ავირჩიოთ წინასწარ გამზადებული სასურველი მანქანის სურათი, რის შემდეგაც მოხდება სურათის ჩასმა. თუ P წერტილს ჩავურთავთ ანიმაციას მანქანა დაიწყებს მოძრაობას მარცხნიდან მარჯვნივ. შევიდეთ სურათის თვისებებში (დეტალური) და სურათს მივცეთ შრე – 1. შეგვიძლია გავაკეთოთ გზის ეფექტი ორმაგი უტოლობის დახმარებით. შეტანის ველში ჩავწეროთ: -5<=y<=-3 (აქ რიცხვები პირობითია და დამოკიდებულია სახატავი არის ზომასა და მდებარეობაზე), მივიღებთ ზოლს რომელიც შეგვიძლია სასურველ ფერში გავაფერადოთ. დავარედაქტიროთ N წერტილი N=(-20,-4.5) და O წერტილი O=(20,-4.5) და მონაკვეთის ბოლოები აღარ გამოჩნდება. მონაკვეთი და წერტილები შეგვიძლია დამალოთ (მარჯვენა ღილაკი-აჩვენე ობიექტი-გამორთვა).

როგორ შეიძლება მანქანა გაჩერდეს წითელზე შუქნიშანთან ახლოს? (პირობითად თუ აღმოჩნდება Q წერტილის აბსცისა 6-დან 9-მდე, მაშინ გაჩერდეს, თუ წითელი ანთია)

შევიდეთ სრიალას თვისებებში. გადავიდეთ სკრიპტის წერა განახლებაზე და ჩავწეროთ:

თუ(n<=20,ანიმაციისდაწყება(P,true),თუ(6<=x(Q)<=9,ანიმაციისდაწყება(P,false)))

ჩვენ შეგვიძლია შემოვიღოთ ანიმაციის გაშვების ღილაკი და სრიალა დავმალოთ. ამისათვის ავიღოთ ღილაკი  დავარქვათ ანიმაცია და სკრიპტში ჩავწეროთ:

ანიმაციის დაწყება(n)

სრიალა, ბადე და ღერძები დავმალოთ ჩავრთოთ ანიმაცია და ვნახავთ, თუ როგორ მოძრაობს მანქანა შუქნიშნის მიხედვით.

 

ხოლო დამზადებული რესურსი ატვირთულია GeoGebra-ს ოფიციალურ გვერდზე:

https://www.geogebra.org/m/bvtuxr5y

მოცემული რესურსის მსგავსია რესურსი ,,გზაჯვარედინი“:

https://www.geogebra.org/m/wkdks6qj

ამდენად, სასწავლო პროცესში პროგრამა GeoGebra-ს გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს განათლების ხარისხს, ააქტიურებს პროცესს, ზრდის მოსწავლეთა შესწავლის ინტერესს  და ეფექტურობას სასწავლო პროცესში, საშუალებას იძლევა უფრო სიღრმისეულად გავიგოთ  საგანმანათლებლო მასალა.

 

 

ყრუ-უსინათლო პირთა სწავლების საუკეთესო გამოცდილება და ნიშნები

0

ყრუ-უსინათლო ბავშვთა განათლება 1837 წლიდან იწყება, როცა პერკინსის უსინათლოთა სკოლამ პირველი ყრუ-უსინათლო მოსწავლე, ლაურა ბრიჯმანი მიიღო და მისი სწავლება მკაცრად რეგლამენტირებული პროგრამით დაიწყო. სწორედ ლაურას განათლებამ შექმნა მოდელი, რომლის მიხედვითაც ათწლეულების განმავლობაში პერკინსში ყრუ-უსინათლო სტუდენტებს ასწავლიდნენ. ლაურა ბრიჯმანის შემდეგ პერკინსში, ათწლეულების განმავლობაში ბევრმა ყრუ-უსინათლო ბავშვმა მიიღო განათლება. 50 წლის შემდეგ, პერკინსში ჰელენ კელერის მოსვლასთან ერთად არამნიშვნელოვნად, თუმცა რამდენადმე შეიცვალა მოსწავლეთა სწავლების მიდგომები. ასწავლიდნენ ინდივიდუალურ ძლიერ მხარეებზე დაყრდნობითა და საჭიროებების გათვალისწინებით.

დღესაც, ყრუ-უსინათლო ბავშვების სწავლებისას ინდივიდუალური მიდგომით ხელმძღვანელობენ. მნიშვნელოვანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა, რომელიც დაეხმარება მას ზრდასა და წარმატებაში. შესაძლოა, დროთა განმავლობაში სწავლების მეთოდები შეიცვალა, მაგრამ საკვანძო საკითხები ახლაც აქტუალურია, მათ შორის:

  • როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების შენებაში ოჯახის წევრებთან, თანატოლებთან და მათი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან?
  • როგორ უზრუნველვყოთ პროგნოზირებადი რუტინა, რომელიც გაამართლებს მათ მოლოდინს და მოახდენს კომუნიკაციის სტიმულირებას?
  • როგორ განვავითაროთ მოსწავლის უნარი, გამოიყენოს კომუნიკაციის მრავალფეროვანი ფორმები და მეთოდები (მაგ., ჟესტები, საგნები, სურათები, მინიშნებები, მეტყველება), რომლითაც მიიღებენ და გასცემენ ინფორმაციას?
  • როგორ შევქმნათ ისეთი სასწავლო გარემო, რომელიც აღძრავს კომუნიკაციის სურვილს და გააღრმავებს და გაამრავალფეროვნებს მოსწავლის ინტერესებს?
  • როგორ უზრუნველვყოთ ისეთი კონცეფციის განვითარება, რომელიც სოციალური, აკადემიური და ფუნქციონალური უნარების განვითარებასთან მიგვიყვანს?
  • როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს, ააგოს და შეინარჩუნოს სოციალური ურთიერთობები?
  • გაიგოს ფიზიკური გარემოს ორგანიზაცია?
  • როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს უსაფრთხოდ გადაადგილებაში და იმაში, რომ იყოს თავდაჯერებული სხვადასხვა ფიზიკურ გარემოში?
  • როგორ გამოვიწვიოთ მოსწავლის ცნობისმოყვარეობა და განვავითაროთ პრობლემის გადაჭრის უნარები?
  • როგორ უზრუნველვყოთ მოსწავლე რეალური ცხოვრებისეული სასწავლო გამოცდილებებით?
  • როგორ მოვამზადოთ მოსწავლე სკოლიდან ზრდასრულ ცხოვრებაში ტრანზიციისთვის?
  • როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს, იცხოვროს აზრიანი და ბედნიერი ცხოვრებით?

მანამდე კი აუცილებელია, განათლებაში ჩართულმა ადამიანმა შეძლოს კონკრეტული ნიშნების ამოცნობა, რომელიც სმენა-მხედველობის ნაწილობრივ თუ თანდათანობით დაკარგვის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის მას.

ყრუუსინათლობის ნიშნები

როგორც წესი, ყრუ-უსინათლო პირთა უმრავლესობას შენარჩუნებული აქვს გარკვეული ხარისხის სმენა და/ან მხედველობა. ამასთან, ისიც ცნობილია, რომ ყრუუსუნათლობა შესაძლოა იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. შეძენილი ყრუუსინათლობის დროს ბევრ შემთხვევაში ორივე სენსორი თანდათანობით ქვეითდება და, შესაძლოა, დასაწყისში შეუმჩნეველიც კი დარჩეს. არსებობს კონკრეტული ნიშნები, რომლებიც დაგვეხმარება ამოვიცნოთ, აქვს თუ არა პირს სმენის და/ან მხედველობის დაქვეითება.

სმენის დაქვეითების ნიშნები:

  • ხშირად ითხოვს თანამოსაუბრისგან ნათქვამის გამეორებას;
  • ხმამაღლა უსმენს ტელევიზორს/რადიოს;
  • უჭირს უკანა მხრიდან მომავალი ხმის გაგონება;
  • ძირითადად თავად საუბრობს, რათა მოსმენა აირიდოს თავიდან;
  • აქვს საუბარში, განსაკუთრებით, რამდენიმე მოსაუბრის პირობებში, ჩართვის პრობლემა;
  • არ ესმის ისეთი ხმები, როგორებიცაა კარზე კაკუნი ან ზარის ხმა;
  • მოსაუბრეს სთხოვს, ისაუბროს უფრო ხმამაღლა, ნელა და გასაგებად;
  • მოსაუბრესთან უფრო ახლოს მიდის ან თავს ხრის მისი პირის აპარატისკენ, რათა უკეთ გაიგოს ხმა;
  • უჭირს მეტყველების გაგება ტელეფონზე საუბრისას;
  • უფრო მეტად უჭირს ბავშვისა და ქალის მეტყველების გარჩევა;
  • უჭირს მეტყველების გაგება ხმაურში და ა.შ..

უმცროსი ასაკის ბავშვებში სმენის დაზიანებისას:

  • ბავშვი არ რეაგირებს ხმამაღალ ბგერებზე;
  • არ ეძებს ან ვერ განსაზღვრავს ბგერის წყაროს;
  • წყვეტს ტიტინს და ხმების გამოცემას – საკუთარი ხმით ექსპერიმენტირებას;
  • ტიტინებს, თუმცა არ გადადის უფრო გასარჩევ მეტყველებაზე;
  • არ რეაგირებს ზრდასრულის ხმაზე, მაშინაც კი, როდესაც ხელში უჭირავთ და ბგერის წყაროსთან ახლოსაა;
  • შეიძლება ჰქონდეს ანომალიური ყურის ნიჟარა.

რაც შეეხება წინა სასკოლო და სკოლის ასაკს, შესაძლოა სმენის დაზიანების ეჭვი გაგვიჩნდეს, თუ სახეზეა შემდეგი ნიშნები:

  • არ აქვს რეაქცია მიმართვაზე;
  • არ ასრულებს/ვერ იგებს მარტივ მითითებებს, მაგ., „დაიხურე ქუდი!“;
  • განიცდის სირთულეებს კომუნიკაციისას;
  • მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარები ჩამორჩება განვითარებაში;
  • საუბრობს ძალიან ხმამაღლა;
  • ტელევიზორს უსმენს მაღალ ხმაზე;
  • ვერ იგებს ნათქვამს, თუკი უშუალოდ მოსაუბრეს არ უყურებს;
  • არასწორად პასუხობს შეკითხვებზე;
  • ვერ საზღვრავს, საიდან მოდის ბგერა;
  • სკოლის შემდეგ შესამჩნევად დაღლილია, რადგან უწევს დიდი ძალისხმევის გაწევა გაგებისთვის;
  • თავს იჩენს ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • თავს იჩენს სირთულეები ურთიერთობების დამყარებისას;
  • თავს იჩენს სირთულეები აკადემიური მოსწრების კუთხით.

მხედველობის დაქვეითების სიმპტომები:

  • უჭირს დანახვა დაბალი ან კაშკაშა სინათლის პირობებში;
  • უჭირს ნაცნობი ადამიანების სახეების ამოცნობა;
  • უჭირს სახის გამომეტყველების გარჩევა;
  • ჩვეულებრივზე უფრო ხშირად იყენებს შეხებას საგნების საპოვნელად და ამოსაცნობად;
  • წიგნი ან გაზეთი სახესთან ძალიან ახლოს უჭირავს ან ძალიან ახლოს ჯდება ტელევიზორთან;
  • კითხვისას სჭირდება დამატებითი სინათლე;
  • უჭირს გადაადგილება უცნობ ადგილებში – ხშირად ეჯახება ან ფეხს წამოჰკრავს საგნებსა და ობიექტებს;
  • ეჯახება ავეჯს ოთახში გადაადგილებისას;
  • არ უყურებს მოსაუბრეს პირდაპირ ან ვერ ამყარებს შესაბამის თვალით კონტაქტს.

მხედველობის პრობლემის შესაძლო ნიშნები უმცროსი ასაკის ბავშვებში:

  • თვალების სწრაფი, სპონტანური ციმციმის ან ბიძგისებური მოძრაობა (ნისტაგმი);
  • არ აყოლებს თვალს უფროსის სახეს ან საგნებს;
  • არ ამყარებს თვალით კონტაქტს ოჯახის წევრებთან;
  • არ რეაგირებს კაშკაშა შუქზე;
  • აქვს მომატებული მგრძნობელობა შუქზე;
  • თვალის გუგები უფრო თეთრი ან ბუნდოვანი/მღვრიეა, ვიდრე შავი;
  • აქვს გაწითლებული ქუთუთოები;
  • თავი გადახრილი აქვს ერთ მხარეს;
  • აქვს ჭარბი ცრემლდენა.

მხედველობის პრობლემის შესაძლო ნიშნები სკოლის ასაკის ბავშვებში:

  • ჩივილი დისკომფორტსა და დაღლილობაზე;
  • თვალების ხშირი სრესა და ხამხამი;
  • ყურადღების ხანმოკლე კონცენტრაცია;
  • კითხვისა და სხვა მსგავსი აქტივობებისაგან თავის არიდება;
  • ხშირი თავის ტკივილი;
  • ცალი თვალის დახუჭვა/დაფარვა;
  • საკითხავი მასალის სახესთან ძალიან ახლოს ჭერა;
  • გაორებული ხედვა;
  • სირთულეები კითხვისას – სტროფის დაკარგვა, ადგილის არევა და ა.შ.;
  • შუქზე მომატებული მგრძნობელობა;
  • უკეთესი ხედვა დღის შუქზე;
  • წაკითხულის დამახსოვრების სირთულე.

სმენის განსხვავებული მდგომარეობები

სმენის დაზიანება არის მდგომარეობა, როცა ადამიანის სმენის შესაძლებლობა შეზღუდულია, რაც ართულებს მეტყველებისა და სხვა ხმების გაგონებას.

სმენის დაზიანების სამი ძირითადი ტიპი არსებობს: სენსონევრალური, კონდუქტიური და შერეული.

სენსონევრალურია სმენის დაქვეითება, როცა დაზიანება ეხება შიდა ყურსა და სმენის ნერვს. ამ ტიპის სმენის დაზიანება, ჩვეულებრივ, სახეზეა მაშინ, როცა დაზიანებულია სმენის ორგანოს  – ლოკოკინას წამწამოვანი უჯრედები.

სენსონევრალური სმენის დაქვეითება სმენის დაზიანების ყველაზე გავრცელებული ტიპია. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ხანდაზმულობით, ხმაურის ზემოქმედებით, ტრავმებით, სხვადასხვა დაავადებით, მედიკამენტებითა და მემკვიდრული მდგომარეობით. როგორც წესი, ამ ტიპის სმენის დაზიანების მკურნალობა შეუძლებელია მედიკამენტური ან ქირურგიული ჩარევით. თუმცა, სენსონევრალური სმენის დაზიანების მქონე ბევრი ადამიანი წარმატებით იყენებს სმენის აპარატებსა და კოხლეარულ იმპლანტს.

კონდუქტიური სმენის დაზიანება მოიცავს გარე და შიდა ყურს და ართულებს შიდა ყურში ბგერის გადაცემას. ბგერის წინაღობად შესაძლოა იქცეს გოგირდის საცობი ან სასმენ მილში არსებული სხვა უცხო სხეული. რაც შეეხება შუა ყურს, აქ, შესაძლოა, პრობლემის წყაროდ იქცეს ჩაგროვილი სითხე, ინფექცია ან ძვლების ანომალიები. ასევე, შესაძლოა, დაზიანებული იყოს დაფის აპკი.

კონდუქტიური სმენის დაქვეითების მკურნალობა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია სამედიცინო და ქირურგიული ჩარევით. ამ ტიპის სმენის დაზიანება ხშირია ბავშვებში და გამოწვეულია ყურის ინფექციებითა და სასმენ მილში უცხო სხეულების მოხვედრით.

შერეული სმენის დაზიანება სენსონევრალური და კონდუქტიური სმენის დაზიანების კომბინაციას წარმოადგენს.

იმის გათვალისწინებით, თუ რა სიმძიმითაა გამოვლენილი სმენის დაქვეითება, მის სხვადასხვა ხარისხს განარჩევენ.

ცხრილში (2) მოცემულია სმენის დაზიანების ხარისხის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაცია.

სმენის დაქვეითების ხარისხი სმენის დაქვეითების დიაპაზონი (დბ)
ნორმალური სმენა -10 – 15
მსუბუქი 16 – 25
ზომიერი 26 – 40
საშუალო 41 – 55
ზომიერად მძიმე 56 – 70
მძიმე 71 – 90
უმძიმესი 91+

ცხრილი (2)

მხედველობის განსხვავებული მდგომარეობები

მხედველობის დარღვევის ძირითადი ტიპები

  1. ცენტრალური მხედველობის დაზიანება, როცა ცენტრში მხედველობა გაბუნდოვანებულია ან დაფარულია ბნელი წერტილით/ლაქით, პერიფერიული მხედველობა კი უცვლელი რჩება. ამ ტიპის მხედველობის დაზიანებისას თავს იჩენს სირთულეები კითხვისას, სახეების ამოცნობისას, შორი მანძილიდან საგნების დეტალების გარჩევისას. გადაადგილებაზე, როგორც წესი, არ ახდენს გავლენას, რადგან პერიფერიული მხედველობა შენარჩუნებულია.
  2. პერიფერიული მხედველობის დაზიანება, ასევე ცნობილია, როგორც გვირაბისებური მხედველობა. ხასიათდება პერიფერიული ხედვის შეუძლებლობით, ცენტრალური ხედვა კი შენარჩუნებულია. ამ ტიპის მხედველობის დაზიანების მქონე ადამიანს არ შეუძლია საგნის დანახვა თუკი ის, უშუალოდ, მის წინ არ არის მოთავსებული. პერიფერიული მხედველობის დაზიანება დაბრკოლებებს წარმოშობს ყოველდღიურობაში. გავლენას ახდენს ზოგად ორიენტაციაზე, გადაადგილების შესაძლებლობაზე და ღამე/სიბნელეში ხედვაზე.
  3. ბუნდოვანი ხედვა – მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, როცა ხედვა გაბუნდოვანებულია, საგნები ვერ ექცევა ფოკუსში. ამ ტიპის მხედველობის დაზიანება შესაძლოა დაფიქსირდეს როგორც ორივე, ასევე ერთ თვალში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე. მის პირობებში გართულებულია ისეთი ყოველდღიური ამოცანების შესრულება, როგორიცაა მანქანის მართვა, კითხვა, კომპიუტერთან მუშაობა და ა.შ.
  4. გადაჭარბებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, როცა სტანდარტული განათება ძლიერ აღიზიანებს მხედველობის სისტემას, აბუნდოვანებს გამოსახულებას და ამცირებს მხედველობის შესაძლებლობას. ამ ტიპის მხედველობის დაზიანების მქონე პირები, როგორც წესი, განიცდიან ტკივილსა და დისკომფორტს სტანდარტული/ნორმალური დონის განათებისგან.
  5. ღამის უსინათლობა –  ღამე, სიბნელეში და სუსტად განათებულ ინტერიერში – მაგ., ქუჩაში ვარსკვლავების ან მთვარის შუქზე, რესტორანში, კინოთეატრებში და ა.შ. – ხედვის შეუძლებლობა.

 

ტექნოლოგიების ეპოქაში ეკრანებსა თუ ყურსასმენების მოხმარებაზე მიჯაჭვულობის მაღალი მაჩვენებელიც ზრდის ჩვენს საკლასო ოთახებში სმენა-მხედველობის ერთდროული დაქვეითების მქონე  მოსწავლეების არსებობის ალბათობას. ამდენად, მათი მდგომარეობის შესახებ სათანადოდ ინფორმირებულობა და მართებული თუ დროული ჩარევა  მოგვცემს საშუალებას, სწორად დაიგეგმოს  ამგვარი მოსწავლის სასწავლო პროცესი და თანდათანობით შედეგებიც ისეთივე თვალსაჩინო იყოს, როგორც ეს სკოლები მსოფლიოს წამყვან ქვეყნებშია.

[1] სტატია მომზადდა პოლონელ ექსპერტებთან და მათ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ცოდნის კვალობაზე. წყარო: https://deafblind.ge/resources-geo/publications-geo/

 

 

 დასჯისა და საყვედურის გარეშე

0

გასული საუკუნის 50-იან წლებში ამერიკელმა ფსიქოლოგებმა, იაკობ კუნინმა და პოლ გამპმა სკოლებში არსებული ე.წ. „ტალღოვანი ეფექტი“ შეისწავლეს. მათ შეამჩნიეს, რომ თუ მასწავლებელი ცალკეულ მოსწავლეს აძლევდა შენიშვნას ან რაიმე ფორმით სჯიდა, ეს მოსწავლეზე პოზიტიურად აისახებოდა, მაგრამ ცოტა ხანში ამ ბავშვის არასახარბიელო ქცევას სხვები იმეორებდნენ.

მსგავს პრობლემებს ჩვენი თაობის მასწავლებლებიც აწყდებიან. ხშირად მათ არც კი იციან, როგორ გაუმკლავდნენ ურჩ და ცელქ მოსწავლეებს და დიდ დროს ხარჯავენ კლასში დისციპლინის დასამყარებლად.

მაგალითად, ერთ-ერთი კვლევით დადგინდა, რომ ამერიკელი პედაგოგები ამაზე კვირაში 144 წუთს ხარჯავდნენ, ხოლო ერთი სასწავლო წლის განმავლობაში დაახლოებით სამი კვირა ეკარგებოდათ.

2016 წელს ამერიკელი მეცნიერების მიერ მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიზეზშედეგობრივი ურთიერთობების კიდევ ერთმა კვლევამ დაადასტურა სხვადასხვა სკოლაში „ტალღოვანი ეფექტის“ არსებობა: დიახ, მასწავლებლის სადამსჯელო პოლიტიკა დროებით აუმჯობესებდა მორღვეულ დისციპლინას, მაგრამ საბოლოოდ მოსწავლეები კლასში უფრო და უფრო დესტრუქციულად იქცეოდნენ. მეტიც: ისინი, ვინც კვლევაში მონაწილეობდნენ, თავს განყენებულად გრძნობდნენ, უჭირდათ კონცენტრირება და საკუთარი აზრის გამოხატვა.

თანამედროვე ამერიკელი პედაგოგები დღეს ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და მსოფლიოს მასშტაბით კოლეგებს უზიარებენ იდეებს, როგორ შეინარჩუნონ დისციპლინა კლასში ისე, რომ საგაკვეთილო დრო მის დამყარებაში არ დაიხარჯოს და მოსწავლეებსაც ნაკლები ზიანი მიადგეთ.

მაგალითად, მათი რჩევით, – რა უცნაურადაც უნდა მოეჩვენოთ ეს ძველი თაობის მასწავლებლებს, – აუცილებელია მოსწავლეთა კარგი ქცევის ხშირი ქება და ცუდის იგნორირება, სადამსჯელო მეთოდებზე კი საუბარიც ზედმეტია.

ამერიკელები ირწმუნებიან, რომ ასეთი მიდგომა სწავლების პროცესს უფრო ეფექტურს გახდის. ისინი გვირჩევენ, მასწავლებლებმა ცელქ მოსწავლეებზე კი არ გაამახვილონ ყურადღება, არამედ შეაქონ მთელი კლასი: „დღეს თქვენ კარგად იმუშავეთ. დღეს ყოჩაღები იყავით“.

ალისა ნუკარო, ინგლისური ენის მასწავლებელი მემფისიდან, გვთავაზობს, საერთოდ არ გამოვიყენოთ სიტყვა: „ნუ“ („ნუ იზამ“). თუ გამოვიყენებთ, ბავშვს კარგად ავუხსნათ, რატომ ვიყენებთ.

ვაშინგტონის ვან ნესის დაწყებითი სკოლის მასწავლებელს ფალონ ტიურნერს მიაჩნია, რომ მასწავლებელმა დღე ხელის ჩამორთმევით და მოსწავლეების ჩახუტებით უნდა დაიწყოს (ცხადია, არაპანდემიურ პერიოდში). ტიურნერი ამბობს, რომ ეს შესაძლოა პაციენტის პულსის ყოველდღიურ შემოწმებას ჰგავდეს. ამ გზით მასწავლებელი უკეთ გრძნობს მოსწავლის განწყობას, მის სასწავლო გულისცემას და მასთან უფრო მჭიდრო კონტაქტს ამყარებს.

ერთ-ერთმა კვლევამ დაადასტურა კიდეც ასეთი მიდგომის სიკეთე. კონტაქტური მისალმება მთელი დღის განმავლობაში პოზიტიურ სტიმულს აძლევს როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებელს და 20%-ით ზრდის მოსწავლეთა აკადემიური აქტივობის დონეს, ხოლო არასათანადო ქცევის დონეს 9%-ით ამცირებს.

ჩახუტებითა და სითბოს გამოხატვით მოსწავლეებთან ურთიერთობის დამყარება კარგი იდეაა, მაგრამ მთავარია ამ ურთიერთობის შენარჩუნება და კრიტიკულ სიტუაციაში მისი გამოყენება. ნიუიორკელი მარიკე ვან ვოერკომი, სოციალური პასუხისმგებლობის სასწავლო ცენტრის აღდგენითი პრაქტიკის ტრენერი, ამბობს, რომ „რაც უფრო მჭიდროა მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა, მით უფრო მეტი კეთილგანწყობის შექმნაა შესაძლებელი კლასში“.

კიდევ ერთი მიდგომა: თუ მოსწავლეები ისე დასხდებიან კლასში, როგორც თავად მოისურვეს, ალბათობა იმისა, რომ დისციპლინა დაირღვევა, სამჯერ მოიმატებს. რასაკვირველია, ბავშვები უმეტესად ირჩევენ ადგილებს მოსაუბრე და მხიარული კლასელების გვერდით, ამიტომ უმჯობესია, ეს პროცესი იმთავითვე მასწავლებელმა მართოს და უმტკივნეულოდ გადაწყვიტოს.

ემილი პოლაკმა, მედისონის ერთ-ერთი სკოლის მეცხრე კლასის მასწავლებელმა, საკლასო ოთახში დადგა დივანი, სავარძელი და ყავის მაგიდაც კი, ჩამოკიდა რამდენიმე მომღერლის პლაკატი და კედლის ხალიჩა. მან განაცხადა, რომ კლასში მყუდროება ამცირებს მოსწავლეთა შფოთვას და ხელს უწყობს მუშაობას. მისი მოსწავლეები თავად წყვეტენ, სად დასხდნენ – დივანზე თუ იატაკზე, მაგრამ თუ თავს ვერ გაართმევენ რომელიმე ამოცანას, თავიანთ სამუშაო მაგიდებს უნდა მიუბრუნდნენ. პოლაკი ამბობს, რომ ამით დისციპლინის საკითხი ფაქტობრივად მოაგვარა და მოსწავლეებს შემატა მოტივაცია – დასხდნენ იქ, სადაც სურთ, მაგრამ ისწავლონ და არ იცელქონ.

ასევე, ამერიკელი მასწავლებლები გვირჩევენ, შევადგინოთ იმ თვისებების ჩამონათვალი, რომლებსაც დადებითად მივიჩნევეთ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მასწავლებელმა ბავშვებს ქცევის წესები დააზეპირებინოს, უმჯობესია, მათთან ერთად განიხილოს, რას ემსახურება ეს წესები, რას იძლევა მათი დაცვა. ბობი შედოქსი, პორტლენდის მეშვიდე კლასის სოციალური კვლევების მასწავლებელი, ბავშვებთან ერთად ადგენს წესების ჩამონათვალს, სადაც ხშირად გვხვდება ასეთი ცნებები: „ინკლუზიური“, „ორიენტირებული“, „ყურადღებიანი“.

„ჩვენ ერთად ჩამოვწერეთ სიტყვები, რომელთა არსის გვჯერა“, – ამბობს შედოქსი. ეს სტრატეგია მას მოსწავლეთა ქცევის კონტროლში ეხმარება.

ინგლისურის ყოფილი მასწავლებელი ტოდ ფინლი წერს: „როგორც უეცარი, სიჩუმის დამრღვევი ზარის წკრიალი იქცევს ჩვენს ყურადღებას, ასევე იღვიძებს მოსწავლეებში ინტერესი, როცა ისინი გრძნობენ სიახლის ეფექტს“. მისი აზრით, ეს სტრატეგია მაშინაც მუშაობს, როცა საქმე ხმაურიანი კლასის დამშვიდებას ეხება.

მასწავლებლები გვირჩევენ, მოსწავლეებს ხშირად შევახსენოთ, რას ვითხოვთ მათგან, რატომ არის საჭირო, მიჰყვნენ ჩვენს მითითებებს. შეხსენებაც შეიძლება ვაქციოთ მოსწავლეთა წახალისების საშუალებად, რათა მათ დაიცვან განსაზღვრული წესები მკაფიო კონტროლისა და იძულების გარეშე. მაგალითად, როდესაც მოსწავლეები ვადაზე ადრე ასრულებენ დავალებას, ისინი ხშირად დგებიან თავიანთი ადგილებიდან ან ცქმუტავენ და ხელს უშლიან სხვებს მუშაობაში. ხშირად შეახსენეთ მათ, რომ ასეთი ქცევა დაუშვებელია; მოიფიქრეთ, რის გაკეთება შეუძლიათ სანაცვლოდ, მიანიშნეთ ამის შესახებ.

მინიშნება შეიძლება იყოს სიტყვიერიც და ვიზუალურიც, მაგალითად, თითების ტკაცუნი. შეგიძლიათ, უბრალოდ სიგნალი მისცეთ ხელით. შეიძლება ხმოვანი მეთოდების გამოყენება, თუნდაც სამაგიდო ზარის დაწკარუნება.

2017 წლის ერთ-ერთი კვლევა ადასტურებს, რომ მოსწავლისადმი ყურადღების გამოხატვის არავერბალური ფორმები, მაგალითად, გაღიმება და თვალით კონტაქტი, ძალიან კარგად მუშაობს. მთავარია, მასწავლებლები და მოსწავლეები ამ „მუნჯურ ენაზე“ წინასწარ შეთანხმდნენ. „მუნჯური ენა“, მინიშნებები, რომლებიც მხოლოდ მასწავლებელმა და მოსწავლეებმა იციან, სახალისოცაა და კლასში ცელქი ბავშვების ქცევასაც აუმჯობესებს.

არ დაივიწყოთ, რომ წესები ყველასათვის საერთოა, უგამონაკლისოდ. ერთი ამერიკელი მასწავლებელი იხსენებს, რომ კარიერის დასაწყისში ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მას სთხოვეს, დაესაჯა აფროამერიკელი მოსწავლე დრეს-კოდის დარღვევისთვის. დერეფანში ბიჭმა მასწავლებელს სხვა მოსწავლეებზე მიუთითა და ხმამაღლა იკითხა: „ხომ მათაც დასჯით?“ – რის გაკეთებასაც მასწავლებელი არც კი გეგმავდა… ეს მაგალითი კარგად გვაჩვენებს, რომ არ უნდა არსებობდეს გამონაკლისი წესებსა და დისციპლინაში. მასწავლებელი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მოსწავლის ქცევაზე და არა იმაზე, რამდენად საყვარელია ის. უბრალოდ, შეახსენეთ მოსწავლეებს წესები, მათი დასჯა კი საჭირო არ არის.

აჭარელი დეპუტატი დამფუძნებელ კრებაში

0

საქართველოს 1919 წელს არჩეული დამფუძნებელი კრება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი დემოკრატიული საპარლამენტო ინსტიტუტი გახლდათ. დამფუძნებელი კრების დემოკრატიულ შინაარსს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა. უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ მეფისნაცვლის სასახლეში დაბინავებული დაწესებულების წევრები პირდაპირი, საყოველთაო და თანასწორი კენჭისყრის გზით შეარჩიეს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისუფალი არჩევნების შედეგები ყოველთვის ზუსტად არ ასახავს საზოგადოების ნებას, ზოგჯერ პირველ ადგილზე გასული პარტია ხელთ იგდებს მანდატების უდიდეს უმრავლესობას და ერთპიროვნულად, ოპოზიციური თუ საზოგადოებრივი ჯგუფების ნების გათვალისწინების გარეშე მართავს ქვეყანას. გასული საუკუნის დასაწყისში ამგვარი ცდუნების წინაშე ქართველი სოციალ-დემოკრატებიც იდგნენ. მათ დამფუძნებელი კრების 130 მანდატიდან 103 ადგილის მოპოვება შეძლეს, მაგრამ პირველ რესპუბლიკაში ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობა არავის უცდია. ერთი პარტიის უპირობო უპირატესობა დემოკრატიის სასარგებლოდ პარლამენტის წევრთა შემადგენლობის უკიდურესმა მრავალფეროვნებამ დააბალანსა.

საქართველოს დამფუძნებელ კრებაში ირიცხებოდნენ ქვეყნის ყველა კუთხის შვილები. მეფისნაცვლის სასახლის მთავარ დარბაზში ისხდნენ 30 სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები. აქვე შეხვდებოდით გლეხთა, თავად-აზნაურთა და სასულიერო პირთა ოჯახებში დაბადებულ პოლიტიკოსებს. მაშასადამე, ყველა ძველი წოდება სხვადასხვა მასშტაბით ფესვგადგმული გახლდათ რესპუბლიკის ცენტრალურ პოლიტიკურ მოედანზე. საპარლამენტო მერხებთან აღმოაჩენდით რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ერისა და ეთნოსის შვილებს, ასი წლის წინ გერმანელი, ებრაელი და ბერძენი დეპუტატებიც კი გვყავდნენ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში. 1918-21 წლების საქართველო სეკულარული სახელმწიფო იყო, ეკლესია და ოფიციალური უწყებები მკაცრად იყვნენ ერთმანეთისგან გამიჯნულნი. თუმცა, აღნიშნული მოცემულობა არჩევნებში მონაწილეობას ვერ უკრძალავდა ცალკეულ რელიგიურ კონფესიათა წევრებს. შედეგად, დამფუძნებელ კრებაში მემარცხენე ათეისტებისა თუ აგნოსტიკოსების, აღმოსავლური ქრისტიანობისა და ისლამის მიმდევრების გარდა, ადგილის მოპოვება მალაკნების თემის ლიდერმაც კი შეძლო. ცხადია, ცალკე უნდა დავასახელოთ საქართველოს დამფუძნებელ კრებაში არჩეული ქალებიც, რომელთა შესახებ, სასიხარულოდ, უკვე მთელმა ქვეყანამ იცის.

თანამედროვე საქართველოს აკადემიურ წრეებში ბევრს მსჯელობენ 1919 წლის დამფუძნებელი კრების პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, წოდებრივი თუ  პროფესიული მრავალგვარობის თაობაზე, მაგრამ იშვიათად, თუ აღნიშნავს ვინმე, რომ პირველი რესპუბლიკის მესაძირკვლეთა შორის ერთი მოლაც კი ირიცხებოდა.

ალბათ, ბევრს გაგიჭირდებათ მუსლიმი დეპუტატის სახელის გამოთქმა – ოსმან ეიუბ ოღლი შავყი ეფენდი. ამიტომ სჯობს, რომ პარლამენტარი უბრალოდ ოსმან მიქელაძედ მოვიხსენოთ. დიდ პიროვნებას მხოლოდ ორ სახელს შორის არ უწევდა არსებობა, იგი ცხოვრების ყველა საფეხურზე ცდილობდა ორი სხვადასხვა ნაპირის შემაერთებელი ხიდის ფუნქციის შესრულებას.

ოსმან მიქელაძე დანისპარაულში დაიბადა. ამჟამად დანისპარაული ხულოს რაიონის სოფელი გახლავთ და ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე გოდერძის უღელტეხილთან ძალიან ახლოს არის განლაგებული. გასული საუკუნის დასაწყისში კი მაღალმთიანი დასახლება ერთგვარი გარდამავალი სივრცე გახლდათ მესხეთსა და აჭარას შორის. დანისპარაულს ინტენსიური ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა ზემო აჭარის სოფლების უმრავლესობასთან, მაგრამ მასთან ყველაზე ახლოს მდებარე დიდ ქალაქს ახალციხე წარმოადგენდა და არა ბათუმი. დანისპარაულში დაბადებული მოღვაწეები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზს მესხეთის მთავარ დასახლებაში ეძიებდნენ და არა შორეულ ზღვისპირეთში. ბუნებრივია, გოდერძის უღელტეხილის ძირას დაბადებულ ოსმან მიქელაძე თავისი სოფლის ბედს იზიარებდა. იგი 1918-21 წლების ახალციხის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურა იყო, ხელმძღვანელობდა ორენოვან (ქართულ-თურქულ) გაზეთს „განახლებული მესხეთი“. დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ახალციხის მოედნებზე გამართული თითქმის ყველა საჯარო კრებისას ოსმან ეფენდი ერთ-ერთი პირველი გამომსვლელი იყო. მესხები ადგილობრივი ლიდერის სიტყვას აფასებდნენ და განსაკუთრებით ენდობოდნენ თავიანთ დეპუტატს. მესხეთში მუშაობის მიუხედავად, ოსმან მიქელაძე სამუსლიმანო საქართველოს გათავისუფლების კომიტეტშიც ირიცხებოდა. როგორც მოგეხსენებათ, მემედ-ბეგ აბაშიძის მეთაურობით ჩამოყალიბებულ მოძრაობაში ძირითადად აჭარლები დომინირებდნენ. დეპუტატი ცდილობდა, რომ თავისი საქმით დანისპარაულის დასავლეთით მდებარე რეგიონსაც დახმარებოდა.

ოსმან მიქელაძემ სასულიერო განათლება საქართველოსა და თურქეთში მდებარე მედრესეებში მიიღო, ბოლოს სტამბულშიც აღმოჩნდა და ადგილობრივ უნივერსიტეტში თეოლოგიური ფაკულტეტი დაასრულა. რამდენიმე წლის განმავლობაში ახალციხეში მოლად მსახურობდა. ამგვარი გამოცდილების მიუხედავად, ქართველი პარლამენტარი მხოლოდ ისლამური სამყაროს ნაწილად არ დარჩენილა. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მან თავისი სასულიერო განათლება სოციალ-დემოკრატიული თეორიების ცოდნით გაამდიდრა და ღრმად შეისწავლა მეოცე საუკუნეში თანასწორი საზოგადოების მოწყობის პრინციპები. მოლად ნამსახურებმა ადამიანმა 1920-იან წლებში დანისპარაულში პირველი საჯარო, სეკულარული სკოლა გახსნა და თანასოფლელებს თავისი ქალიშვილის, შადიეს პირველ კლასში ჩარიცხვით განსაკუთრებული მაგალითი მისცა. ოსმან მიქელაძეს მიაჩნდა, რომ ნებისმიერი კულტურის, რელიგიისა და სქესის წარმომადგენლისათვის საშუალო განათლება სავალდებულო უნდა ყოფილიყო.

ოსმან მიქელაძე მხოლოდ აჭარასა და მესხეთს, სასულიერო და სამოქალაქო გამოცდილებებს არ აკავშირებდა ერთმანეთთან. თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით ის საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლობას უწყობდა ხელს. მიქელაძე არ გაურბოდა პასუხისმგებლობას და აქტიურად სარგებლობდა პირველ რესპუბლიკაში კარგად გავრცელებული პრაქტიკით. გასული საუკუნის დასაწყისის დამოუკიდებელ საქართველოში ადამიანს შეეძლო ერთდროულად ყოფილიყო დამფუძნებელი კრების წევრიც და ერობის ხმოსანიც (ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატიც). ოსმან მიქელაძე ახალციხის მაზრის ერობის დეპუტატიც გახლდათ და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრიც. შედეგად, ის აქტიურად მონაწილეობდა რეგიონული პრობლემების ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად განხილვის საქმეში, ახალციხელებს თავიანთი ყოველდღიურობის კარგად მცოდნე პირი ეგულებოდათ საპარლამენტო დარბაზში.

გასულ გაზაფხულს დანისპარაულის სკოლას ვეწვიე. ხის ერთსართულიან შენობას ზამთრის თვეებში მთლიანად ფარავს უხვად მოსული თოვლი, სასწავლებლის ძველი, კაპიტალური ნაგებობა მეწყერმა წაიღო. ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ მომავალ წელს სოფელში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება. ცხადია, უგანათლებულეს პედკოლექტივს უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის სახელს მიანიჭებს ცოდნის ახალ კერას. საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ოსმან მიქელაძე ნამდვილად იმსახურებს, რომ დანისპარაულის სკოლაზე მთავრული ასოებით ეწეროს მისი სახელი.

კარი გავუღოთ თავისუფლებას

0

ვინ აღებს სკოლის კარს? პირდაპირი მნიშვნელობით – მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი, დარაჯი, სტუმარი თუ სხვა, საგანგებო მიზნით თუ სრულიად უმიზნოდ, შემთხვევით შემოსული. თუ ამ ფრაზას მეტაფორულად, გადატანითი მნიშვნელობით გავიაზრებთ, ის უფრო ღრმა შინაარსით დაიტვირთება. სკოლის კარის გაღება ნიშნავს, შეუძღვე მოსწავლეს ისეთ სივრცეში, რომელიც მას საშუალებას მისცემს, გამოავლინოს თავისი ყველა მნიშვნელოვანი პოტენციური შესაძლებლობა, იგრძნოს, რომ თავისუფალი, დამოუკიდებელი ადამიანია, აღარ დააწვეს ტვირთად ყველაფერი ის, რაც ამ სივრცის გარეთ თრგუნავს – ოჯახური გარემო, ნათესავ-მეგობართა წრე თუ სხვა.

ხშირად არის, რომ მასწავლებელი მოსწავლეს სრულიად სხვაგვარად ახასიათებს, ვიდრე მას მშობელი ხედავს. უკეთესად ან უარესად – ამას მნიშვნელობა არ აქვს. გაოცებული მშობელი ხანდახან იმასაც ამბობს, რომ ბავშვი შინ სულ სხვანაირია, უფრო ზრდილობიანი ან უზრდელი, უფრო მორცხვი ან თავდაჯერებული, უფრო თავშეკავებული, მშვიდი თუ ცელქი, მოუსვენარი, ფეთქებადი და მოუთოკავი… მთავარია, ნებისმიერმა მოზარდმა სასკოლო სივრცეში იგრძნოს, რომ მას მიიღებენ ისეთს, როგორიც არის, ჭკვიანს თუ სულელს, ზარმაცს თუ ბეჯითს.

სასკოლო სივრცეში მოსწავლემ უნდა მოიშოროს ყველა ნიღაბი, რომლებიც მას ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად უგროვდება. როგორც ცნობილია, სწორედ ბავშვობიდან ეჩვევა ადამიანი შენიღბვას, თავისი ნამდვილი მეს გადამალვას, აქედანვე უჩნდება გაუცნობიერებელი შიში საზოგადოებისგან გაუცხოებისა, ამიტომ უმეტესობა ცდილობს, მოერგოს იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობს, მოიქცეს ისე, როგორც სხვები უკარნახებენ, სტერეოტიპულ შეხედულებათა და შაბლონურ აღქმათა ჩაკეტილ წრეში ტყვედ იგრძნოს თავი, დღეები იმედგაცრუებით დაიწყოს და დაამთავროს, უსიხარულობის მტანჯველი ერთფეროვნების გაუსაძლის გარემოდ ექცეს სკოლა, სადაც მხოლოდ მშობლების ხათრითა თუ შიშით მიდის. გარემოსთან შესაბამისობა მოსწავლეს ხშირად საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებზე უარის თქმად უჯდება, რაც ფსიქოლოგიურ ტრავმებსა და სტრესებს იწვევს, ყოველივე ეს კი მისი სწავლისა და შემეცნების პროცესზე აისახება. შენიღბვის ჩვევა თანდათან ყოველდღიურობის ნაწილად ექცევა და საერთოდ დაკარგავს საკუთარი თავის აღქმის გზას. გონებადაფანტულობა და უყურადღებობა მისი მთავარი თვისებები გახდება. რაც ყველაზე უარესია, თვითონვე დაეჭვდება საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებში, იმაში, რომ რამის სწავლა შეუძლია. ასე ხდებიან ადამიანები ხელმოცარულები, განწირულები იმისთვის, რომ მუდამ ემუქრებოდეთ გარიყვის საფრთხე. ამიტომ პედაგოგთა უმთავრესი საფიქრალი კონკრეტულ საგანთა სწავლებასთან ერთად ისიც უნდა იყოს, რომ მოსწავლემ თავისუფლების შეგრძნება არ დაკარგოს.

გაკვეთილზე ფართოდ უნდა გაეღოს კარი კრიტიკულ აზროვნებას, მოსწავლის შეცდომა, ულოგიკობა თუ სისულელე დაცინვის საგანი არ უნდა გახდეს. ამერიკელმა პედაგოგმა, განათლების ექსპერტმა ნადია ლოპესმა თავის ერთ საჯარო გამოსვლას ვიქტორ ჰიუგოს მრავალმნიშვნელოვანი სიტყვები წაუმძღვარა ეპიგრაფად: „ვინც სკოლის კარს აღებს, ციხის კარს ხურავს“. ამგვარად, მან ხაზი გაუსვა, რომ მოსწავლეს სკოლა უნდა დაეხმაროს ფუნდამენტური ღირებულებების ჩამოყალიბებაში. მან უნდა იცოდეს, რომ არც წაქცევა და არც დამარცხება სამარცხვინო არ არის, მთავარია, ფასეულობათა სისტემის სახით ჰქონდეს საყრდენი, რომელსაც თავისი იდენტობის მთავარ განმსაზღვრელად მიიჩნევს. სკოლის სახით მას უნდა ჰყავდეს ძლიერი, ერთგული, უღალატო მოკავშირე.

საინტერესო და საგულისხმოა ნადია ლოპესის გამოცდილება. ის ამბობს, რომ მის სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეებს მკვლევრებს ეძახიან, რადგან სწორედ სასკოლო სივრცეა მათი დიდი მოგზაურობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მართლაც, სხვადასხვა საგნის შესწავლა ხომ მათი შემეცნების საზღვრებს აფართოებს, საოცნებო, შორეული ჰორიზონტებისკენ ახედებს მათ და გზას უხსნის თავისუფლებას, რომელმაც ისინი ნებისმიერი ოცნების ახდენის შესაძლებლობაში უნდა დაარწმუნოს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პროფესიას აირჩევს მოსწავლე; მთავარია, ჰქონდეს თავისუფალი არჩევანი, მომავალში ის საქმე აკეთოს, რომელიც გამოსდის, უყვარს და ბედნიერებას ანიჭებს.

გაკვეთილზე მასწავლებელმა ათასი გზით შეიძლება გაუღოს კარი თავისუფლებას. ეს მისსავე შინაგან თავისუფლებაზეა დამოკიდებული, რომელსაც ანიჭებს მას შემოქმედებითობა, არაშაბლონური აზროვნება, განათლებისა და შემეცნებისკენ მუდმივი სწრაფვა, სხვათა გამოცდილების გაზიარების უნარი, სიახლეების მუდმივი გაცნობა და მათი დანერგვის წყურვილი, ძველი და ახალი გზების ორიგინალური სინთეზის სურვილი, მეთოდებისა და სტრატეგიების თავისი კლასისთვის მოდიფიცირების ჩვევა და სხვა.

  • მან შეიძლება შესთავაზოს მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის დავალება, რათა მათ იგრძნონ, რომ კი არ აიძულებენ რამეს, არამედ თვითონ ირჩევენ;
  • შეიძლება, მოსწავლეებმა თვითონვე მოიფიქრონ დავალება, რომელიც კონკრეტულ ამოცანასაც მიესადაგება;
  • გაკვეთილზე გამოყოფილ დროში მოიფიქრონ შესასწავლ პრობლემასთან დაკავშირებული თავისუფალი თემა, რათა გამართონ დისკუსია, იმსჯელონ დამოუკიდებლად და თამამად გამოხატონ განსხვავებული თვალსაზრისები;
  • გაკვეთილზე ხშირად მიეცეთ საშუალება, პრეზენტაციის სახით წარმოადგინონ თავიანთი ფოტოები, ნახატები, ვიდეოები;
  • გაკვეთილზე გამოყოფილ დროში წარმოადგინონ ერთმანეთთან ჩაწერილი ინტერვიუები საყვარელ თემებზე, თამაშებსა თუ წაკითხულ წიგნებზე;
  • იმსჯელონ თავისუფალი დროის შესახებ – როგორ პოულობენ მას და რას აკეთებენ იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნონ;
  • მასწავლებელს არ უნდა დაენანოს დრო ამგვარი თავისუფალი აქტივობებისთვის;
  • პედაგოგი უნდა ეცადოს, ყველა მოსწავლე (ექსტრავერტიც და ინტროვერტიც) ჩართოს პროცესში. ამისთვის სასურველია, მოსწავლეებს თანაბარი სიხშირით მისცეს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფურად გადასაწყვეტი ამოცანები.

განათლების ანალიტიკოსმა სალ ხანმა საჯარო სიტყვაში „ვისწავლოთ დაოსტატებისთვის და არა ტესტის ქულებისთვის“ ყურადღება მიაქცია თანდათან გართულებულ სასკოლო პროგრამებს, სახელმძღვანელოთა გადატვირთულობას. ხანდახან ეს იწვევს საგნის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის დაქვეითებას. მაგალითად, თუ მოსწავლემ რაიმე მიზეზით თავიდანვე არ შეისწავლა ალგებრის ანაბანა, მერე იმდენი ხარვეზი გაჩნდება, რომ შესაძლოა, ამ საგანში ძალიან უნიჭოდ მიიჩნიოს თავი და შეიძულოს კიდეც. სწორედ ამ დროს გამოჩნდება მასწავლებლის სტრატეგიული უნარი, კვლავ დააინტერესოს მოსწავლე, გაათავისუფლოს არასწორი თვითშეფასების ტყვეობისგან და ჩაუნერგოს რწმენა იმისა, რომ საკმაოდ მოქნილი აზროვნება აქვს, რათა მათემატიკა კარგად ისწავლოს.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ცნობილი ფსიქოლოგის პიტერ გრეის სტატია „რატომ არ სურთ ბავშვებს სკოლაში სიარული: ევოლუციური შეუსაბამობა“. ის ეჭვქვეშ აყენებს, საზოგადოდ, სავალდებულო სწავლებას იმ ფორმით, როგორიც დღეს მთელ მსოფლიოშია. მისი აზრით, თანამედროვე სკოლის მოდელი არაეფექტურია, რადგან არ შეესაბამება ადამიანის ბიოლოგიურ მონაცემებს. მისი აზრით, ადამიანს აქვს ინსტინქტები და არაცნობიერი მისწრაფება თავისუფლებისკენ, თვითგანვითარებისკენ. მას სურს, ისწავლოს საკუთარი ინტერესების მიხედვით, რასაც არაფერი აქვს საერთო განათლების ერთიან იძულებით უნიფიცირებულ (ერთგვაროვან) სისტემასთან. იგი ფიქრობს, რომ თანამედროვე სკოლები ბავშვების ინსტინქტებთან თანხმიერებაში კი არ არის, არამედ, პირიქით, მათ წინააღმდეგაა მიმართული. ბავშვების უმრავლესობას არ ეხალისება სკოლაში სიარული და ისინი პროტესტს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. ხან თავს მოიავადმყოფებენ, დავალებების მინიმუმს ასრულებენ, ხშირად ამასაც არ აკეთებენ, არღვევენ სასკოლო განაწესს. კარგი მოსწავლეებიც კი ცინიკურად აკრიტიკებენ სკოლას და მიიჩნევენ, რომ სასკოლო ცხოვრების მრავალი ელემენტი თუ პედაგოგთა მოთხოვნები სულელურია.

რა არის მათი ამბოხის მიზეზი?

მიუხედავად იმისა, რომ მშობლები თუ მასწავლებლები მოსწავლეებს წარმატების ერთადერთ გზად განათლებას უსახავენ, ისინი მაინც ვერ გრძნობენ მის საჭიროებას, ეს კი მათი ნელი და უხალისო სწავლის პროცესზე აისახება. პიტერ გრეის შემოაქვს „ევოლუციური შეუსაბამობის“ ცნება. ის იხსენებს, რომ კაცობრიობის წინაპართა ოთხმოცდაათი პროცენტი მონადირე-შემგროვებელი იყო. მას შემდეგ გარემო პირობები ძალიან შეიცვალა. ანთროპოლოგები ამტკიცებენ, რომ ერთადერთი სტაბილური წესი ცხოვრებისა, რომელსაც ადამიანთა ბიოლოგიური გვარი ცნობს, არის მონადირეობა-შემგროვებლობა. მიუხედავად კულტურულ ცხოვრებაში უდიდესი ნახტომისა, ბიოლოგიური თვალსაზრისით ადამიანს მაინც მონადირის ბუნება შერჩა, ამიტომ გადარჩენის ინსტინქტი დღესაც განსაზღვრავს მის არსებობას. ბავშვების მარტო დაძინების შიში და მონსტრების საწოლქვეშ წარმოდგენა უძველეს დროში რეალური იყო. მათ ემუქრებოდათ ვეფხვების, ტურების თუ სხვა მტაცებელთა მოულოდნელი სასიკვდილო თავდასხმები. შიშის ის ინსტინქტი დღემდე მკვიდრადაა ფესვგადგმული ჩვენში და მნიშვნელოვან ძვრებს იწვევს ადამიანის არსებაში.

ანთროპოლოგთა მტკიცებით, მონადირე-შემგროვებლებისთვის უმთავრესი ღირებულება თავისუფლება იყო. ისინი მიიჩნევდნენ, რომ არ შეიძლებოდა, ადამიანს იძულებით ეკეთებინა რამე.

უძველესი ადამიანები ბავშვებსაც დიდებივით ექცეოდნენ, ამიტომ მიუღებელი იყო ბრძანება და მორჩილების მოთხოვნა. ისინი თვითონ დაინახავდნენ, რა ჯობდა ტომის კეთილდღეობისთვის და შესაბამისად მოიქცეოდნენ. პიტერ გრეის აზრით, ათასობით წლის წინ სწორედ ეს იყო ადამიანთა საზოგადოების მაორგანიზებელი პრინციპი. ნადირობა და მოპოვება-შეგროვება ადამიანისგან ინიციატივასა და შემოქმედებით აქტივობას მოითხოვდა. ისინი ერთმანეთზე ზემოქმედებას ახდენდნენ, რადგან გამოცდილებას უზიარებდნენ. მათ ესმოდათ, რომ ბავშვები გაიზრდებოდნენ თავისუფლები, თავდაჯერებულები, პასუხისმგებლობიანები, შემოქმედებითები. ტომში ცხოვრება კი მათ მორალურ საყრდენს აძლევდა და ქცევის მოდელებს უნერგავდა. ისინი თავისუფალნი იყვნენ, დიდხანს თამაშობდნენ და დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ, შემეცნების არეალს დამოუკიდებლად იფართოებდნენ. რამის სწავლა გულის კარნახით ხდებოდა ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის, ახლის შეცნობისკენ მიდრეკილების, ურთიერთობებისკენ სწრაფვის წყალობით.

დღეს კი ერთ ადგილას ხანგრძლივად ჯდომა, მასწავლებლის მოსმენა, დავალების მორჩილად შესრულება მოსწავლეთა შინაგან სამყაროში პროტესტს იწვევს. შინაგანი ხმა მათ სულ სხვა რამეს უკარნახებს: რომ თვითონ უნდა აკონტროლონ საკუთარი ქცევა, შეიძინონ მხოლოდ ის უნარები, რომლებიც ინდივიდუალურად სჭირდებათ, დამოუკიდებლად მოიძიონ კითხვებზე პასუხები. მათ სურთ, ცხოვრებაში დააკვირდნენ რეალურ ადამიანებს და არა საკლასო ოთახში. უძველეს დროში თუ ბავშვს არ ექნებოდა სურვილი, საკუთარი გზით ესწავლა და ევლო, ის ვერ მოერგებოდა ცხოვრებას და დაიღუპებოდა.

თანამედროვე სკოლისა და, უპირველესად, მასწავლებლის ამოცანა უნდა იყოს, შეუქმნას მოსწავლეს მაქსიმალურად თავისუფალი სივრცე, რათა მან დამოუკიდებლად ისწავლოს და განვითარდეს. მართლაც, როგორც პიტერ გრეი ფიქრობს, განათლება უნდა იყოს არა ვერტიკალური, „ზემოდან ქვემოთ“ მიმართული, არამედ, პირიქით. ინიციატივები მოსწავლეებისგან უნდა მოდიოდეს და ამის წყაროდ თუ საფუძვლად მათივე შინაგანი მოტივაციის გაჩენა თუ გაღვიძება იქცეს. ამას კი სხვადასხვა მეთოდითა და სტრატეგიით წახალისება სჭირდება, რათა სკოლაში და გაკვეთილზე მუდამ ღია იყოს კარი თავისუფლებისთვის.

 

 

 

დიფერენცირებული დავალებები ეფექტური შედეგებისთვის

0

სასწავლო პროცესის ეფექტიანობას მოსწავლეთა ეფექტური შედეგები განსაზღვრავს, რომელთა მისაღწევად ეფექტური საშუალებებია საჭირო. დიფერენცირებული დავალება ამ კუთხით გამორჩეულია. ის უშუალო ზეგავლენას ახდენს მოსწავლის:

  • ზრდაზე,
  • მოტივაციაზე
  • და ეფექტურობაზე.

ამ დავალებათა ინდივიდუალური სტილი და თავისებურებები ქმნის „წარმატების სიტუაციას“, რომელიც განსხვავებული უნარების, ცოდნის, მოტივაციისა და ინტერესების მქონე მოსწავლეებს წინსვლის რეალურ შანსს აძლევს, უფრო მეტიც, ეხმარება მათ, „დაგეგმონ“ წარმატება.

დიფერენციაციის თეორიის პრაქტიკაში გამოყენებისას:

  1. მასწავლებელმა ზუსტად იცის, რა არის მნიშვნელოვანი გაკვეთილში;
  2. მასწავლებელი აცნობიერებს, აფასებს და ეყრდნობა მოსწავლეთა შორის განსხვავებას;
  3. სწავლება და შეფასება ურთიერთკავშირშია;
  4. მასწავლებელი აკვირდება და არეგულირებს შინაარსს, პროცესსა და შედეგს;
  5. მოსწავლეთა ინდივიდუალური წარმატება და წარმატების მაქსიმალური ზრდა – ორი მთავარი მიზანია;
  6. სწავლების ყოველ ეტაპზე (დაგეგმვა, სწავლება, შეფასება) ლავირება აუცილებელია დიფერენციაციის განსახორციელებლად.

დიფერენცირებული სწავლებისას ყურადღება ექცვა შემდეგ კომპონენტებს:

  • გარემოს დიფერენცირებას,
  • შინაარსის დიფერენცირებას,
  • პროდუქტის დიფერენცირებას,
  • პროცესის დიფერენცირებას
  • და სწავლის მოდალობების დიფერენცირებას.

დიფერენცირებული დავალების ნიმუში ისტორიული ხასიათის ტექსტთან მუშაობის დროს:

საგანი – ისტორია; კლასი – VII; თემა – ბრინჯაოს ხანა/ძველი აღმოსავლეთი

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ტექსტს პუნიკური ომების შესახებ და სთხოვს:

დავალება N1. „წაიკითხეთ ტექსტი და შეავსეთ ცხრილი“:

N კითხვა ძირითადი მინიშნებები ტექსტში
1  ჰანიბალის არმიის თავდასხმა რომის  ჯარზე
2  კანესთან ბრძოლა ძვ. წ. 216 წელს
3  ომის დასასრული

 

დავალება N2. წაიკითხეთ ტექსტი და ასოციაციის მიხედვით იპოვეთ პასუხი კითხვაზე: „რომელია ზედმეტი?“

 

N ძირითადი ცნებები, ტერმინები, ფაქტები, პერსონალიები, თარიღები პასუხები
1 ჰანიბალი  
2 „ბატებმა იხსნეს რომი“  
3 ესპანეთი  
4 ანძა  
5 კართაგენი  
6 ძვ. წ. 202 წელი  
7 გალები  
8 ნიბელუნგები  
9 სციპიონი  
10 აღლუმი  

 

დავალება N3. წაიკითხეთ ტექსტი და იპოვეთ „ძირითადი სიტყვები“ და მათი დამახასიათებელი ნიშნები:

N  ცნების, ტერმინის დამახასიათებელი ნიშანი ცნების, ტერმინის დასახელება
1  რომაული ფლოტი  

……………………

2  

…………………………….

რომის სენატი

 

3 ფართო ველი, დაბლობი ქალაქის კედელთან, სადაც იკრიბებოდნენ რომის მოქალაქეები  

…………………  ………

3 …………………………………..

…………………………………

სენატი
4 კუნძული, რომლის დაუფლებისთვისაც ერთმანეთთს ებრძოდნენ რომი და კართაგენი  

………………………….

5  

…………………………………….

სახალხო კრება

 

ამ ტიპის დავალებები ხელს უწყობს პროდუქტის დიფერენცირებას, ძირითადი ცნებების, ტერმინების გააზრებას, მთავარი სათქმელის, არსებითი შინაარსის ამოღებას ტექსტიდან.

დიფერენცირებული მიდგომის გამოყენებისას მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლის მოსწრების დონე. ამ მხრივ მოსწავლეები ძირითადად 3 დონედ იყოფიან: სუსტ, საშუალო და ძლიერ მოსწავლეებად.

  • უსტი არასაკმარისად მომზადებული მოსწავლეები არიან ისინი, რომლებიც დიდ ინტერესს არ ამჟღავნებენ ისტორიის საგნის მიმართ და თითქმის არ გააჩნიათ ისტორიულ მასალასთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. მათ არ შეუძლიათ ისტორიული მასალის აღქმა, წარმოსახვა, გადამუშავება, ემოციური დამოკიდებულების გამომჟღავნება, დამოუკიდებლად გაანალიზება და შედარება. ისინი მასალას ითვისებენ მრავალჯერადი გამეორების გზით და ამას ყოველთვის სათანადოდ ვერც ახერხებენ, დავალებების შესრულებას ანდომებენ ბევრ დროს;
  • საშუალო – შედარებით განვითარებული უნარების მქონე მოსწავლეები არიან ისინი, რომლებსაც უჭირთ, ერთბაშად აღიქვან საკითხის არსი, გამოყონ კანონზომიერებები. ამისთვის სჭირდებათ გარკვეული დრო, მაგრამ შეუძლიათ დაინახონ ზოგადში კერძო და კერძოში – ზოგადი. სათანადო დახმარების პირობებში ამ ჯგუფის მოსწავლეებს შეუძლიათ, თავი გაართვან ძლიერი დონის მოთხოვნებსაც;
  • ძლიერი ეს ის მოსწავლეები არიან, რომლებიც დამოუკიდებლად ასრულებენ რთულ სავარჯიშოებს, შეუძლიათ ცოდნის გამოყენება უცნობ სიტუაციაში და აქვთ შემოქმედებითი უნარები, გამოყოფენ საკითხიდან არსებითს, ძირითადს, კანონზომიერს, იღებენ მაღალ შეფასებებს.

დიფერენციაციის დროს ნებისმიერი დავალება – მიმდინარე, თემატური და შემაჯამებელი – სხვადასხვა დონისაა და განსხვავებულია უნარ-ჩვევების კუთხითაც. მოსწავლეს შეუძლია,შეცვალოს დავალება ან ხელახლა შეასრულოს იმავე დონის სხვა დავალება. შეფასება დამოკიდებულია დავალების სირთულეზე, მოსწავლეთა თვითშეფასებაში კი გამოჩნდება, რამდენად სწორად იქნა შერჩეული დონე.

დიფერენცირებული დავალებების ალგორითმები:

 

 

ცოდნის დონე დიფერენცირებული დავალების სახეები

კითხვა                     ამოცანა                 დავალება

1 დონე – მოსწავლე ავლენს ბაზისურ ცოდნას და უნარებს („სუსტი დონე“)

(შეფასება „3-4-5-6“)

 

მიზანი: ცოდნის აღქმა /გააზრება/გაცნობიერება/ დამახსოვრება

 

მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ინფორმაცია მთელი კლასისთვისაა გამიზნული და გულისხმობს სხვადასხვაგვარი სავარჯიშოების შესრულებას, როგორიცაა:

– გამოტოვებული სიტყვების ჩასმა;

– არასაკმარისი ინფორმაციის მიგნება;

-ჭეშმარიტი და მცდარი ინფორმაციის განსხვავება/ტექსტში ამოცნობა.

რა ეწოდება…

რომელ წელს…

ვინ დაწერა…

რას გულისხმობს…

რა არის გამოსახული…

სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოების შესრულება შესაბამისი ალგორითმის მიხედვით (მასწავლებლის დახმარებით) შემოქმედებითი ხასიათის:

მოიყვანე  მაგალითები (დაასახელე ფაქტები)… მტკიცებულება, არგუმენტი…

გვიამბე… რა მოხდა…

 

პრაქტიკული ხასიათის:

დახატე სქემა (ნახატი, გრაფიკი)…

წაიკითხე ნაწყვეტი…

შეადგინე გეგმა…

2 დონე – მოსწავლე ავლენს ცოდნის და უნარების „საშუალო“ დონეს

(შეფასება – „7-8“)

 

მიზანი: ცოდნის გამოყენება პრაქტიკულ კონტექსტში

 

– 2-3 სავარჯიშოს შესრულება

 

როგორი მიზანია…

რა აერთიანებთ…

რით განსხვავდება…

რატომ…

რა არის ძრითადი აზრი…

რით აიხსნება ის, რომ…

 

 

დავალება, რომელსაც მოსწავლე ალგორითმის მიხედვით დამოუკიდებლად ასრულებს და იყენებს ანალიზს, კრიტიკულ აზროვნებას შემოქმედებითი:

იპოვე ფაქტები, რომლებიც ამტკიცებს… შეადარე… ახსენი…

 

პრაქტიკული:

ააგე სქემა (დიაგრამა, გრაფიკი)…

შეავსე სქემა… შეადგინე სქემა ნახატის მიხედვით…

3 დონე – მოსწავლე ავლენს ცოდნის და უნარების მაღალ, „ძლიერ დონეს“ და შემოქმედებითად უდგება საკითხს

(შეფასება „9-10“)

 

მიზანი: ცოდნის შემოქმედებითად გამოყენება

 

– მოსწავლეს არ აქვს ამოცანის/პრობლემის გადაწყვეტის მზა შაბლონი/ნიმუში;

– ახალ სიტუაციაში თავად გადაწყვეტს, რა და როგორ გამოიყენოს და ორიგინალურად, შემოქმედებითად გადაწყვეტს პრობლემას.

რა განსხვავება შეიძლება დავინახოთ…

დაამტკიცე ან უარყავი მოსაზრება…

რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ…

რა პირობებია აუცილებელი იმისთვის, რომ…

 

დავალება, რომელიც ითხოვს ცოდნის გამოყენებას ახალ (არასტანდარტულ) გარემოში; ცოდნის ინტეგრირება

 

თეორიული:

გააკეთე შედარებითი ანალიზი (კლასიფიკაცია);

 

განაზოგადე…

 

შეაფასე მნიშვნელობა…

 

როგორ წარმოგიდგენია, რა გზით შეიძლება გადაიჭრას პრობლემა…

 

გამოიტანე დასკვნა…

 

დაწერე თხზულება…

 

მოამზადე პროექტი…

 

 

 

 

პრაქტიკული მაგალითი VII კლასის ისტორიის სასწავლო კურსიდან

თემა – პრეისტორია/ქვის ხანა

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს „მოსწავლის სამახსოვროს“:

 

მოსწავლის სამახსოვრო

1.                  ყურადღებით წაიკითხე დავალების შენი ვარიანტი;

2.                  გაიაზრე ყოველი მოქმედება;

3.                  შენი სურვილები შეუსაბამე სასწავლო ამოცანას;

4.                  ამოირჩიე ის დავალება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება შენს შესაძლებლობებს;

5.                  შეეცადე, საკუთარ თავს აუხსნა, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთე;

6.                  ახლა მთელი ყურადღება მიმართე დავალების შესრულებისკენ;

7.                  გააანალიზე და შეაფასე მიღებული შედეგები და შენი არჩევანის სისწორეში დარწმუნდი.

დიფერენცირებული დავალების შესრულების ინსტრუქცია

შეასრულე დავალება „თავისუფალი არჩევანის“ მიხედვით:

ü    ვისაც სურს ცოდნის გამოვლენა და განმტკიცება, ამოირჩიოს დავალება N1;

ü    ვინც ფიქრობს, რომ მასალა მტკიცედ აქვს ათვისებული და შეუძლია ცოდნის მაღალ დონეზე გამოვლენა, ამოირჩიოს დავალება N2;

ü    ვინც ფიქრობს, რომ კარგად იცის მასალა და სურს, თავისი ძალები და შესაძლებლობები გამოავლინოს, ამოირჩიოს დავალება N3.

 

 

გაკვეთილის თემა სუსტი (ბაზისური) დონე საშუალო დონე ძლიერი დონე

 

ადამიანის წარმოშობა დაასახელე უძველესი ადამიანის შრომის იარაღი. რით განსხვავდებოდა უძველესი ადამიანი თანამედროვე ადამიანისგან? რა აქვთ მათ საერთო? მოიგონე მოთხრობა უძველეს ადამიანზე.
უძველესი ადამიანიდან გონიერი ადამიანისკენ დაასახელე გამოგონება, რის გამოც უძველეს ადამიანს ეწოდა „გონიერი“. განსაზღვრე ცეცხლის როლი ადამიანის ცხოვრებაში. გააანალიზე, რით განსხვავდებოდა გვაროვნული თემი და სამეზობლო თემი ერთმანეთისგან.
უძველესი ადამიანის რელიგია და კულტურა რა არის რელიგია? როგორ წარმოიშვა რელიგია? რას სცემდა თაყვანს უძველესი ადამიანი? ყველაზე ხშირად რას გამოსახავდნენ უძველესი ადამიანები თავიანთ ნახატებზე? რით ახსნი ამას? შეადგინე მოთხრობა ქვის ხანის ადამიანზე, რომელიც უძველესი მხატვრების ნახატებით სარგებლობდა.
მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის წარმოშობა როგორ წარმოიშვა სამიწათმოქმედო და მესაქონლეთა საზოგადოება? როგორ მოხდა ადამიანების გაერთიანება ტომებად? დაასახელე ტომის დამახასიათებელი ნიშნები. რას წარმოადგენდა „უხუცესთა საბჭო“? რა არის „სახალხო კრება?“ მათ შორის რომელი უფრო მნიშვნელოვანი იყო? რატომ? შეადგინე ცხრილი და ჩამოწერე, რა ფუნქციები ჰქონდა თითოეულს.

 

ქვის ხანიდან ცივილიზაციამდე განმარტე, რას ნიშნავს ცნება „სახელმწიფო“,

დაასახელე მისი დამახასიათებელი ნიშნები.

რატომ გამოეყო ხელოსნობა და ვაჭრობა მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას? რა გავლენა მოახდინა მან იმდროინდელი საზოგადოების განვითარებაზე? რით განსხვავდება სახელმწიფო ქვის ხანის საზოგადოებრივი გაერთიანებისაგან? ააგე შედარებითი ცხრილი.

 

დიფერენცირებული დავალებების შეთავაზებით მასწავლებელი ქმნის ისეთ სიტუაციას, რომელშიც ყველა დონის მოსწავლის ცოდნა და უნარები გამოვლინდება. ასეთი დავალებები ხელს უწყობს მოსწავლის განვითარებას, აჩვენებს მის დინამიკას, ათვისებული ცოდნისა და უნარების ხარისხს; იქმნება რეალური ინკლუზიური სივრცე, არცერთი მოსწავლე არ არის ჩამორჩენილი; იზრდება მოსწავლის დამოუკიდებლობა, შრომისმოყვარეობა, თავდაჯერებულობა, შემოქმედებითობა, მოტივაცია და შემეცნებითი ინტერესი. დიფერენცირებული დავალებები ეფექტურია სწავლისთვისაც და შეფასებისთვისაც და ამიტომ წარმატებით გამოიყენება სასწავლო პროცესში.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...