ორშაბათი, აგვისტო 18, 2025
18 აგვისტო, ორშაბათი, 2025

გაკვეთილის საინტერესოდ დაწყებისთვის

0

ჩვენ არ მოვუწოდებთ მასწავლებლებს, უარი თქვან თავიანთ მასწავლებლურ ყოველდღიურობაზე და ყოველი გაკვეთილის დასაწყისი შოუდ აქციონ. პირიქით, რუტინა საჭიროა, ოღონდ არა მოსწავლეთა დასაშინებლად. რუტინა მნიშვნელოვანია ბავშვებთან კონტაქტის დასამყარებლად და კლასში სასწავლო ატმოსფეროს შესაქმნელად, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გაკვეთილი უფრო კომფორტული გახადოთ, ამისათვის:

არასოდეს შეურაცხვყოთ ან დავამციროთ მოსწავლეები. მათი პირადი სივრცე მასწავლებლის მხრიდან დაცული უნდა იყოს. მასწავლებელი ვალდებულია, მთელი თავისი სირთულეები, პირადი ემოციები, ბრაზი და სევდა კლასის გარეთ დატოვოს, ან გულწრფელად აღიაროს ეს მოსწავლეებთან და გადადოს გაკვეთილი. უპირველეს ყოვლისა, ის უნდა იყოს ადამიანი, რომლისთვისაც უცხო არ არის თანაგანცდა და სხვისი გრძნობების სწორად აღქმა.

თქვენ შეგიძლიათ შუქნიშნის წესების დაწესება. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ბავშვისთვის შუქნიშნისა და საგზაო მოძრაობის ძირითადი პრინციპები გასაგებია. ამის გამოყენება წარმატებით შეგვიძლია საკლასო ოთახშიც. შუქნიშნის თემა მარტივი და გასაოცარია. წითელი შუქი ნიშნავს, რომ მხოლოდ მასწავლებელი საუბრობს ან სრულდება ინდივიდუალური დავალება. ყვითელი შუქი ნიშნავს კომუნიკაციას და იმას, რომ ყველას შეუძლია რიგრიგობით უპასუხოს (მასწავლებელს აქ არ აქვს უფლება შეაჩეროს მოსწავლე!). მწვანე შუქი კი გამოგვადგება წყვილებში ან გუნდური მუშაობის დროს, რაც ნიშნავს კომუნიკაციის, ურთიერთობის რეალურ თავისუფლებას.

კიდევ ერთი იდეა, რომელსაც შეგიძლიათ ერთი გაკვეთილი მიუძღვნათ: შეათანხმეთ ბავშვებთან, როგორ იმუშავებენ უფრო კომფორტულად. შეადგინეთ წესების სია, მოაწერეთ ხელი ამ ყველაფერს და ჩამოკიდეთ კლასის შესასვლელთან. ეს იქნება მათი და თქვენი კომფორტის ზონა. მოსწავლეები ძალიან სწრაფად მიხვდებიან, რას ითხოვთ მათგან. ასევე, დაიმახსოვრეთ, რომ ამ წესების დარღვევა თქვენთვისაც არ შეიძლება. თუ შეთანხმდით, რომ თქვენ გაკვეთილზე არ ყვირით, არ უნდა იყვიროთ, რაც არ უნდა მოხდეს.

აუცილებელია, გაიწეროს, რა ელის ბავშვებს წესების დარღვევისთვის. ასევე, არც მასწავლებელი უნდა მოეკიდოს გაკვეთილს გულგრილად, არ გააუქმოს ის და კარგად მოემზადოს. ბავშვები მოუმზადებელ მასწავლებელს „გრძნობენ“ და ხშირად გაკვეთილზე მათი სიცელქე ამითაა გამოწვეული.

გვახსოვდეს, რომ კლასი არის პოზიტიური განწყობის, სინათლისა და დიახ, ხალისით სწავლის ტერიტორია. ყველა ღონე იხმარეთ ასეთი ატმოსფეროს შესაქმნელად, მაშინ თავად მოსწავლეებს მოუნდებათ თქვენთან მოსვლა. მათ ეცოდინებათ, რომ თქვენგან ყოველთვის შეძლებენ მხარდაჭერის მიღებას.

ყოველთვის აღნიშნეთ ბავშვების თუნდაც მცირე წარმატებების შესახებ, ასევე, აღნიშნეთ საკუთარი წარმატებების შესახებაც! ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ წარმატებული მასწავლებელი ჰყავთ, არაფერია მოსარიდებელი. თუ თქვენ გუშინ კაფეში მეგობრებთან ერთად მშვენივრად გაატარეთ დრო – ამის შესახებაც უამბეთ ბავშვებს, როგორ გიხაროდათ, გაუზიარეთ თქვენი სასიხარულო გრძნობები. ისინი დაინახავენ, როგორ ენდობით. თქვენ იქნებით მათთვის სიკეთის მაგალითი და საპასუხოდ ისინიც შეეცდებიან, იყვნენ გახსნილი, გულწრფელი და კეთილგანწყობილი.

გაკვეთილის დაწყება ყოველთვის რთულია. მასწავლებელმა პირველივე წუთიდან უნდა დააინტერესოს ბავშვი. შესვენების შემდეგ ბავშვები ზოგჯერ არ არიან მზად, მშვიდად მოუსმინონ მასწავლებელს და ახალი რამ ისწავლონ. გაკვეთილის დაწყება უკვე შეიძლება იყოს მოტივაცია. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, როგორ შეგვიძლია დავიწყოთ გაკვეთილი. შინაგანი მოტივაციის პირველი ტიპი არის შემოქმედებითი. მას საფუძვლად უდევს საკუთარი თავის გამოხატვის, აზრის გამოხატვისა და შინაგანი სამყაროს დემონსტრირების სურვილი. შემდეგ საწყის აქტივობებს შეუძლიათ გააღვივონ კრეატიულობა:

რეცეპტი – შეეცადეთ ბავშვებთან ერთად წარმოიდგინოთ თემა რეცეპტად: რა ინგრედიენტები იქნება საჭირო თემის მოსამზადებლად (დასაუფლებლად), რა ხელსაწყოები დაეხმარებათ და როგორ უნდა გავიგოთ, რომ „კერძი“ სწორად მომზადდა.

ნახატი – გაკვეთილის დასაწყისში სთხოვეთ მოსწავლეებს, დახატონ ის, რაც თემასთან დაკავშირებით თავში მოუვათ. აქ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ პირობების ნაკრები: მაგალითად, შექმენით ნახატი მხოლოდ ერთი გეომეტრიული ფორმის გამოყენებით, ფერების გარკვეული პალიტრის გამოყენებით და სხვ.

დავა – მოამზადეთ გაკვეთილის თემაზე ისეთ საკითხები, რომლებსაც ბავშვები აპრიორი არ დაეთანხმებიან, ანუ მათ მოუწევთ თქვენთან დავა და დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

შინაგანი მოტივაციის მეორე წყარო არის ძიების სურვილი და აი, აქ უკვე ერთვება კვლევითი აქტივობები:

პროვოკაცია – შექმენით საგანმანათლებლო პროვოკაცია გაკვეთილის თემასთან დაკავშირებით, აირჩიეთ მასალა, რომელიც იქნება დამაინტრიგებელი და გააჩენს კითხვებს. პროვოკაციული ელემენტები იქნება: ბუნებრივი მასალა, ფოტოები, წიგნები, სურათები, ხმები.

„შავი ყუთი“ – მოამზადეთ შავი ფერის ჩანთა გაკვეთილის თემასთან დაკავშირებული საგნებით. სთხოვეთ ბავშვებს, გამოიცნონ, რა დევს ჩანთის შიგნით, გახსნის გარეშე, მათ შეუძლიათ მხოლოდ შეეხონ. შემდეგ აჩვენეთ საგნები და განიხილეთ, თუ როგორ უკავშირდება ისინი გაკვეთილის თემას.

პასუხები – კვლევის რუტინისთვის შესანიშნავი ვარიანტია გაკვეთილის დასაწყისში ორი წუთის დახარჯვა ბავშვის შეკითხვებზე პასუხის გასაცემად. მოსწავლეები წინასწარ წერენ შეკითხვებს და ტოვებენ კლასში, სპეციალურ უჯრაში.

დაბოლოს – კომპეტენტურობის მოტივაცია, როდესაც ვეხმარებით ბავშვს დაინახოს, რომ მან შეიძინა ახალი ცოდნა და უნარები, უკან მოიტოვა ტრადიციული საშინაო დავალება და საკონტროლოები. აქ შეგიძლიათ გამოიყენოთ:

გაკვეთილის რუკა – თქვენ შეგიძლიათ შექმნათ გაკვეთილის რუკა. მასწავლებელი ამ რუკაზე უკვე მიღწეულ მიზნებს ვარსკვლავებით აღნიშნავს, ადგენს შემდგომი მოქმედების მარშრუტს და ბავშვებთან ერთად განიხილავს მას.

კითხვები – სწავლის ერთ-ერთი გასაღები არის კითხვების დასმის უნარი. შეარჩიეთ გაკვეთილის თემასთან დაკავშირებული ერთი სიტყვა და სთხოვეთ ბავშვებს ამ სიტყვის გამოყენებით მოიფიქრონ კითხვები.

რა აერთიანებს კლასს? არ დაგავიწყდეთ, რომ კლასი არის პატარა საზოგადოება, სადაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ყველამ მოახერხოს საკუთარი თავის წარმოჩენა და გამოხატვა, არამედ თავი იგრძნოს ამ საზოგადოების ნამდვილ ნაწილად. ამისათვის თქვენ შეგიძლიათ შეაგროვოთ სიტყვის ღრუბელი იმ სიტყვებისგან, რომლებსაც ბავშვები უკავშირებენ თავიანთ განწყობას ან შესასწავლ თემას იმ მომენტში.

შესთავაზეთ ბავშვებს, რომ გაგიზიარონ დღის სამი სიხარული: ის, რაც სკოლაში შეემთხვათ, ან ის, რაც მოხდა სახლში, კლუბში ან სპორტულ ღონისძიებაზე.

შესაძლოა სასიამოვნო რუტინად იქცეს ერთწუთიანი კითხვა კლასში, თავად ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი ტექსტი. ეს შეიძლება იყოს სიახლე, ლექსი, მოკლე პოსტი სოციალურ ქსელებში. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, რას აირჩევთ. მთავარია, რომ ეს ყველაფერი დაგეხმაროთ ბავშვებთან „ერთ ტალღაზე“ ყოფნაში, რომ მოსწავლე თქვენგან იყოს რაღაც კარგის მოლოდინში, რომ სჯეროდეს – მასწავლებელი მას გზას უხსნის ახალი აღმოჩენებისკენ!

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

ყიყლიყოს დღე – როგორ იკვებებიან ბავშვები სკოლაში?

0
Lunch box and school supplies. Education concept. Top view

დედა, სქულქარდზეორი ლარი ჩამირიცხე, ფუნთუშას ვიყიდი ჩემს კლასელებთან ერთად,მწერს შვილი დღის ბოლოს.

ლიავი კიდევ გვაქვს სახლში? ვალაც გამატანე, ჩემს კლასელებს ძალიან მოეწონათ” – სოფლიდან გამოგზავნილ და სახლში ვერდაფასებულ ქლიავს მოწონება სკოლაში ხვდა წილად.

ჩემს კლასელებს ეგონათ მუცელი შიმშილის გამო მტკიოდა და ნიკოლოზმა ფუნთუშა გამიყო, ნინიამ შოკოლადი მომცა, მათემ ვაშლის ნაჭერი. ყველაზე კარგი კლასელები მყავს.

 

იყლიყოების გამო გლოცავდნენ. კიდევ გამატანე. იჭებმა კარგად გავინაწილეთ. მოდი, ხუთშაბათი ყიყლიყოს დღე იყოს”.

რა გავატანო სკოლაში საჭმელი ორ მოსწავლეს და დილით რით ვასაუზმო – ამას ძილის წინ ან ძილში უკვე ნახევრად წასული ვგეგმავ, ასე საქმე უფრო მიმარტივდება, ორგანიზებაც აღარ მიჭირს და იმ დღის სიმშვიდეც გარანტირებულია – ბავშვი, რომელიც მთელ დღეს გარეთ ატარებს, მშიერი აღარ დარჩება. თუმცა, ისიც ვიცი, ეს არ არის ისეთი საკვები, რომელიც საკმარისი იქნება მოზარდის ზრდა-განვითარებისთვის.

ერთ დღესაც ყველას გვაგვიანდებოდა. საუზმე მოვასწარით, ბავშვებს საგზალი ვეღარ გავუმზადე, ამიტომ ფული გავატანე, რომ სკოლის მაღაზიაში რაიმე ეყიდა. ბავშვს სიჩქარეში ყიდვაც გადაავიწყდა და ისე შევარდა სკოლაში, საჭმელი არ გახსენებია. სკოლაში ბუფეტი არ ფუნქციონირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ბავშვი სახლიდან არ წაიღებს საკვებს ან გაკვეთილის დაწყებამდე მაღაზიაში არ იყიდის, მშიერი დარჩება, თან საკმაოდ დიდხანს, 5-6 საათის განმავლობაში. (სკოლიდან გარეთ არ უშვებენ გაკვეთილების დამთავრებამდე). საღამოს მიყვებოდა – „ყველა კლასელმა რაღაც გამინაწილა, მიხვდნენ, რომ საჭმელი არ მქონდა”.

კვება გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე, გავლენას ახდენს დასწავლაზე და მოსწავლის კონცენტრაციაზე. კვლევებით გამყარებული ეს ფაქტები, კიდევ უფრო საინტერესოა და კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რა გავლენას აქვს კვებას ან კვების გარეშე ყოფნას ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე.

„საქართველოში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე”. (NAEC, 2019)

თითქმის ყოველი მეოთხე ბავშვი საქართველოში (24.4%) სიღარიბეში ცხოვრობს. (UNICEF, 2021)

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ნუტრიციის პოლიტიკის ხარვეზების ანალიზის თანახმად (UNICEF, 2020). მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მოზარდებში ისეთი მიკროელემენტების ნაკლებობა, როგორიცაა რკინა და იოდი, რაც მათ ზრდის, განვითარებისა და ანემიის პრობლემებს უქმნის. (კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის პოლიტიკური დოკუმენტი „საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და პერსპექტივები”)

აშშ-ს ქრონიკული დაავადებების ეროვნული ცენტრის კვლევების მიხედვით, საუზმის გამოტოვება მოსწავლეებში პირდაპირ კავშირშია გაუარესებულ აკადემიურ მოსწრებასთან. ასევე არაჯანსაღი კვებით გამოწვეული ნუტრიენტების დეფიციტი დაკავშირებულია სკოლის ხშირ გაცდენასა და ცუდ ნიშნებთან.

ნუტრიციოლოგი რუსუდან ღვამიჩავა ჩვენთან ინტერვიუში განიხილავს, როგორი უნდა იყოს მოსწავლის საუზმე და როგორ უნდა იკვებებოდეს მოზარდი:

„მოსწავლის ასაკში, როდესაც აქტიურად მიმდინარეობს როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარება, აუცილებელია სწორად შერჩეული ჯანსაღი საკვების მიღება. საუზმე მოსწავლეებისთვის ჯანსაღი კვების რაციონის შეუცვლელი ნაწილია. ღამის ხარისხიან და საკმარის ძილს, დილას აუცილებლად უნდა მოსდევდეს დაბალანსებული, სასარგებლო და გემრიელი საუზმე. დილის კვება ბავშვებს აძლევს ენერგიას, რათა დღის განმავლობაში სკოლაში იყვნენ აქტიური და კონცენტრირებული სხვადასხვა დავალების შესრულებაზე. კვება და სკოლაში შრომისუნარიანობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. მოსწავლისთვის იდეალური დაბალანსებული საუზმის აუცილებელი კომპონენტებია: რთული ნახშირწყლები, ცილა და ჯანსაღი ცხიმები. საუზმედ შეიძლება გამოყენებული იყოს: რძის პროდუქტები: ყველი, ხაჭო, რძე, მაწონი, არაჟანი; ასევე, კვერცხი, შვრია ხილთან ერთად, თხილეული, უშაქრო გრანულა რძით, მთელ მარცვლოვანი პურით დამზადებული სენდვიჩი, წიწიბურა და ა.შ..”.

როგორც ნუტრიციოლოგი განმარტავს მოზარდის ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ჯანსაღი ცხიმები, ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები და მინერალები. კვებით რაციონში მრავლად უნდა იყოს წარმოდგენილი ხილ-ბოსტნეული, რთული ნახშირწყლები, ცილა და რძის პროდუქტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიკრონუტრიენტები: რკინა, D ვიტამინი და კალციუმი. საკვები მოზარდს ამარაგებს ორგანიზმისთვის აუცილებელი ენერგიით და ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფუნქციონირებას და ძალიან დიდი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე.

ბავშვიანი ოჯახის პატრონებმა კარგად ვიცით, რასთან არის დაკავშირებული ბავშვების სწორი და ჯანსაღი კვება ყოველდღიურად და განსაკუთრებით ახლა, როდესაც სოციალური ფონი მძიმდება, საკვები პროდუქტების ფასები ყოველდღიურად მატულობს, ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ შვილებს ჯანმრთელი პროდუქტი შესთავაზონ, შეუდგინონ ისეთი ყოველდღიური მენიუ, რომელიც მას ზრდა-განვითარებაში დაეხმარება. ოჯახებისთვის დღეს ბავშვების ჯანსაღი კვებით უზრუნველყოფა ნამდვილად არის გამოწვევა.

 

კვებასთან დაკავშირებული ისტორიების მოსმენა ყოველდღიურად მიწევს ჩემი ორი მოსწავლე შვილისგან. ვინ როგორ იკვებება კლასში, ვის რა დააქვს სკოლაში, ვინ ვის რას უნაწილებს და როგორი მეგობრობა იციან ბავშვებმა – თითქმის ყველაფერი ვიცი მათზე. ისეთი ამბებია, თვალზე ცრემლებიც მოგადგება. შოკოლადი იქნება თუ მანდარინები, სახლში გამომცხვარი ნამცხვარი თუ ყველიანი „ტოსტები”, ბლინები თუ ღვეზელები, ჩურჩხელა თუ არც ისე ჯანსაღი „სნექები”, ბავშვებს ეხმარება ერთმანეთზე ზრუნვაში. პატარა ადამიანები, სიტყვის უთქმელად ხვდებიან ვის სჭირდება დახმარება და ვის უნდა გაუნაწილონ საკვები.

მოსწავლეები, რომ ხშირად მთელი დღის განმავლობაში მშიერი არიან, ეს ყველაზე კარგად მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა იციან. ჩვენს ქვეყანაში რომ მოსწავლეების კვებით უზრუნველყოფის საჭიროება არსებობს, ამას სხვადასხვა კვლევა ადასტურებს და სტატისტიკის მიღმაც ბევრი მშიერი მოსწავლეა.

 

როგორ მოქმედებს მოსწავლის შიმშილი საგაკვეთილო პროცესზე? არიან თქვენს კლასში მშიერი მოსწავლეები? მშობლებო, როგორია თქვენი სასკოლო კვებითი გამოცდილება, როგორ უმკლავდებით ყოველდღიურად მზარდ ფასებს საკვებ პროდუქტებზე, როგორ კვებავთ ბავშვებს? საჭიროა თუ არა სკოლებში უფასო კვება?

 

ხომ არ ვილაპარაკოთ ამაზე?!

 

 

თანამედროვე მწერალი და მკითხველი

0

„- ეს ვინღაა, მწერალია?! პირველად მესმის!“ – ხშირად გადააწყდები ხოლმე ფეისბუქზე მავანთა მხრიდან ნიშნის მოგებით აღმომხდარ ამ და მსგავს სიტყვებს, რომელიმე ცნობილ თანამედროვე ქართველ პოეტზე ან პროზაიკოსზე ნათქვამს. პრეტექსტი, როგორც წესი, მწერლის მიერ დაფიქსირებული საკუთარი პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციაა, ან სულაც – საკუთარ ფეისბუქგვერდზე დასტატუსებული სრულიად უინტერესო შეხედულება რაიმე ყოფით მოვლენაზე, რომელსაც სხვადასხვა გვერდი დაუკითხავად ანიუსებს. ამ გვერდების ადმინების სამიზნე ჯგუფი, რა დასამალია და, საზოგადოების ინტელექტუალურად მოწყვლადი ნაწილია. როგორც ყველგან, ჩვენთანაც, სამწუხაროდ, უწიგნური ან მოჩვენებითად წიგნიერი ბევრად აღემატება ნამდვილად წიგნიერს. უბირი ადამიანი მზადაა, დაუფიქრებლად გადაუაროს სხვა ადამიანს (მით უმეტეს – მწერალს), რომლის პოზიცია მის პოზიციას არ ემთხვევა (არის სხვა კატეგორიებიც: ისინი, რომლებიც მხოლოდ ნიუსის სათაურს კითხულობენ და ისინი, რომლებიც უშუალოდ ტექსტსაც კითხულობენ, გულის სიღრმეში ეთანხმებიან კიდეც, მაგრამ მაინც საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებენ საკომენტარო ველში. ეს უკანასკნელი, ცხადია, კომპლექსიანი სუბიექტის თვითგამოხატვის პრიმიტიული ხერხია).

„- ეს ვინღაა, მწერალია?! პირველად მესმის!“ – ერთგვარი „ინტელექტუალური“ პიედესტალიდან აპლომბით ნათქვამი ამ სიტყვების მიღმა იგულისხმება ის, რომ მთქმელი მხოლოდ კლასიკას ეტანება, დროს არ კარგავს თანამედროვე „მწერლუკების“ კითხვაზე… სინამდვილეში კი, თუ ინტელექტუალურობაზე გაქვს პრეტენზია, რა ჯანდაბა გიხარია, შენი ქვეყნის თანამედროვე ლიტერატურას თუ არ იცნობ?! ის მწერლები, რომლებიც დღეს კლასიკოსებად ითვლებიან, თავის დროზე ხომ თანამედროვე მწერლები იყვნენ?! იქნებ რამდენიმე ისეთი თანამედროვე მწერალი გყავს, რომლებიც წლების მერე კლასიკოსებად ჩაითვლებიან?! ნუთუ ეს არ გაინტერესებს?! თანაც, მინახავს, რომ ზემოთ ნახსენები სიტყვების მთქმელთაგან ზოგიერთი თვითონაც წერს, მწერლობაზე აქვს პრეტენზია…

*

ფეისბუქზე არის რამდენიმე ლიტერატურული გვერდი, რომელთა გამომწერების რაოდენობა ასეულობით ათასს აღწევს. ამ გვერდებზე ჩემს ლექსებსაც დებენ და დამდებთაგან რომელიმე თუ ჩემი მეგობარია, ლინკს მიგზავნის ხოლმე, ზოგიერთ ჩემს ლექსს ათასობით მოწონება აქვს. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა მკითხველს შენი ტექსტი გულზე ხვდება და გულწრფელად ამოთქვამს თავის მოწონებას, მაგრამ ამ ათასობით მკითხველის სრული უმეტესობა იმასაც კი ვერ ხვდება, რა ჟანრის ტექსტთან აქვს საქმე, ხშირია ხოლმე ასეთი კომენტარები: „გენიალური ნოველაა!“, „რა კარგი ჩანახატია!“, „დიდებული მინიატურაა“ და ა. შ. არადა, არც ტრანზიციული ტექსტია, არც – ლექსი პროზადაა, პირიქით – რიტმულად მკაცრად ორგანიზებული ვერლიბრია, ლექსია, ლექსი…

*

და მაინც, რა უფრო უარესია, თანამედროვე მწერალს საერთოდ არ კითხულობდეს მავანი, თუ – კითხულობდეს და მისი, ჟანრულად ცალსახად გასაგები, ტექსტის ჟანრს ვერ ადგენდეს?! ჩემი აზრით, ორივე ერთნაირი პრობლემაა.

მოდი, დავიკარგოთ, ანუ ეკოლაშქრობა ბუნების წიაღში

0

ბუნება საუკეთესო გარემოა „ცოცხალი“ ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გეტყვით, რომ ლაშქრობაში უამრავი მეგობარი შევიძინე და შემდგომში მათთან ერთად საინტერესო იდეები განვახორციელე.

ბუნება საკუთარ თავთან დაახლოებისთვისა და თვითრეფლექსიისთვისაც საუკეთესო გარემოა. საზღვარგარეთის ქვეყნებში „ბუნებაში სეირნობის“ (outdoor activities) გაკვეთილები ტარდება. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ მცენარეებთან კავშირი ერთგვარი თერაპია და ენერგიის საუკეთესო წყაროა.

საქართველო მდიდარია ბუნებით და მასში თავმოყრილი სიკეთეებით. ამის შესახებ ბევრს წერენ სასკოლო სახელმძღვანელოებშიც. ამ დროს კრიტიკულად მოაზროვნე მოსწავლეებმა უნდა დასვან ლოგიკური კითხვა: – სად არის ეს ბუნება და რატომ არის მათთვის ასეთი ხელმიუწვდომელი?

სამწუხაროდ, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები მოწყვეტილნი არიან ქვეყნის მრავალფეროვან ბუნებასთან უშუალო კონტაქტს და მხოლოდ თეორიული ცოდნით შემოიფარგლებიან. ამ ყველაფერს ემატება უსარგებლო ბიუროკრატიული შეზღუდვები. სისტემა, ნაცვლად პრობლემის მოგვარების გზების ძიებისა, კრძალავს საცხოვრებელი პუნქტიდან 150 კილომეტრზე მეტი რადიუსით გადაადგილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, მარნეულელი მოსწავლეები, სასკოლო ცხოვრების განმავლობაში ვერ გაეცნობიან ბუნების ისეთ საოცრებებს, როგორებიცაა ვაშლოვნისა და კოლხეთის დაცული ტერიტორიები.

პანდემიამ ბავშვები მოსწყვიტა გარე სამყაროსთან ცოცხალ ურთიერთობას, მათ შორის – ძალიან მნიშვნელოვანს: შემეცნებით ექსკურსიებს.

2019 წლის ნოემბერში უკრაინის უკიდურეს სამხრეთ დასავლეთ ნაწილში, ბელორუსიის საზღვართან ახლოს, Erasmus+-ის მოკლევადიან ტრენინგკურსში ვმონაწილეობდი. ორდღიანი პროგრამა დღისა და ღამის ლაშქრობებს მოიცავდა. მიღებული გამოცდილების სასკოლო პრაქტიკაში რეალიზაცია პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო თითქმის სამი წლით დაგვიანდა, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით მაინც მოხერხდა.

მიმდინარე წლის შემოდგომაზე სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად შემეცნებითი ეკოლაშქრობა დავგეგმე. მარშრუტად მარნეულის ახლოს მდებარე ბილიკი შევარჩიე. ჩვენი ლაშქრობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანში დაიწყო.

 

ლაშქრობას კონკრეტული მიზანი ჰქონდა: იგი ემსახურებოდა ახალდაარსებული სამოქალაქო კლუბის წევრების ურთიერთგაცნობას, დამეგობრებას, გუნდური სულისკვეთების გაძლიერებას და გარემოს დაბინძურების საკითხით მათ დაინტერესებას.

უკრაინაში მიღებული გამოცდილების მიხედვით, ლაშქრობის დაწყებამდე დავაკომპლექტეთ უსაფრთხოებისა და ორიენტირების გუნდები. პირველი ლაშქრობის მოანწილეთა უსაფრთხო გადაადგილებაზე იყო პასუხისმგებელი, მეორე კი გზის გაკვლევაზე. ორიენტირების გუნდის წევრებს ჰქონდათ წვდომა მობილურ ტელეფონებზე, შესაბამისად, რომელიმე გზის გამკვლევ ონლაინ რუკაზე/აპლიკაციაზე.

სალაშქრო მარშრუტი ღოუბანი-ორმოცმოწამეთა-აზეულას ციხე მარკირებულ ბილიკთა კატეგორიას მიეკუთვნება. ორიენტირების გუნდს ჩავუტარე მცირე ინსტრუქტაჟი ამ ტიპის ბილიკზე გადაადგილების წესების შესახებ.

ახალგაზრდებს უყვართ გამოწვევები, ამიტომ წინასწარ მოვიფიქრე დამატებითი როლები. მაგალითად, ერთ მოსწავლეს უნდა შეექმნა ექსტრემალური სიტუაცია: გაეთამაშებინა ცუდად გახდომის სცენა და ამით შეეფერხებინა მსვლელობა. მეორეს ჰქონდა საიდუმლო დავალება, უსაფრთხოების გუნდისგან შეუმჩნევლად ჩამორჩენოდა ჯგუფს.

მე ვაკვირდებოდი მათ რეაქციებს, მოქმედებებს, რეპლიკებს… როგორ ცდილობდნენ  „ცუდად გამხდარი“ თანამოლაშქრის დახმარებას და ლაშქრობის შეწყვეტასაც კი სთავაზობდნენ, როგორი ოპერატიულობით დაიწყეს ლაშქრობის „დაკარგული“ მონაწილის ძებნა.

ლაშქრობა კიდევ ერთი კომპონენტით გავამდიდრე: მონაწილეებს გუნდურად უნდა შეესრულებინათ Goosechase-ის პლატფორმაზე მომზადებული მისიები. მისიები საკმაოდ სახალისო იყო: „ატვირთე ყველაზე ლამაზი ხის ფოტო“, „გადაიღე გუნდური ფოტო ფოთლებში“, „ჩაწერე გუნდის დევიზი“, „იმღერე რამე“ და ა.შ.

ამასთან ერთად, ლაშქრობის მონაწილეებს უნდა აღერიცხათ მოქალაქეთა უპასუხისმგებლობით გამოწვეული ქმედებები და მიეღოთ შესაბამისი ზომები, ამიტომ ჩვენმა ლაშქრობამ გარემოსდაცვითი ხასიათი მიიღო. მარშრუტზე გადაადგილებისას ნარჩენებით გავავსეთ პარკები და კოჯორში განთავსებულ სანაგვე ურნებში ჩავყარეთ.

ასეთი კლასგარეშე აქტივობები ზრდის მოსწავლეებს პასუხისმგებლობიან მოქალაქეებად. დარწმუნებული ვარ, ლაშქრობაში მონაწილე გოგო-ბიჭების მეხსიერებაში 14 ოქტომბერი დიდხანს დარჩება როგორც საუკეთესო მოგონება. ამას მისებში დაფიქსირებული პასუხებიც მოწმობნ. ამგვარად ისინი სწავლობენ, რომ ბუნების განუყოფელ ნაწილად ყოფნა თავის თავში მოიაზრებს გარემოს დაცვას ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში, პოულობენ საკუთარ, ცოცხალ როლს გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაში და ეს ყოველივე ცვლის მათ წარმოდგენას გარე სამყაროზე. ამრიგად, მოსწავლეებს სჭირდებათ უფრო ახლო და ცოცხალი ურთიერთობა ბუნებასთან, რათა ერთმანეთი უკეთესობისკენ შეცვალონ, მასწავლებლებს კი უნდა შეგვეძლოს, ხელი შევუწყოთ ბუნებასა და მოზარდებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

მოსწავლეებს იმდენად მოეწონათ ლაშქრობა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ორდღიანი ლაშქრობების გამართვასა და სალაშქრო ინვენტარის შეძენაზეც კი დავიწყეთ ფიქრი.

იხილეთ ჩვენი ლაშქრობის ფოტოალბომი და ბლოგი.

ბედნიერების სურნელი – “35 კილო იმედი”

0

ბედნიერება ისეთი საიდუმლოა, რომელსაც ყველა თავისებურად ხსნის და განიცდის, ბავშვებისთვის კი ის სუნთქვასავით ბუნებრივია. ისინი, ერთი შეხედვით, ყოვლად უბადრუკ ვითარებაშიც კი იწვევენ ბედნიერების განცდას, თანდაყოლილი მაგიური უნარების წყალობით უცნაურ, მიმზიდველ და სურნელოვან ფერებად გარდაქმნიან ყოველგვარ უფერულობას. ამიტომ ყველა ბავშვი სენტ-ეგზიუპერის პატარა უფლისწულივითაა, რეალურ საგანთა მიღმა მათი არსის შემგრძნები და დამნახველი. სიტყვიერად ყოველთვის ვერ გამოთქვამენ სიბნელის მიღმა დანახულ სინათლეს, მაგრამ თვალს მაინც ვერ აშორებენ, რადგან ინტუიციურად გრძნობენ, რომ სინათლის წყაროდან, თუნდაც მბჟუტავიდან, იბადება მშვენიერება, სიკეთე და სიყვარული. ყველა ბავშვი პოეტივით აზროვნებს, რეალურსა და ირაციონალურს ერთიან სივრცეში გაიაზრებს, მეტაფიზიკურს ეხება, ამიტომაც ეჩვენებათ დიდებს ისინი ხშირად ასეთი უცხოებად და იდუმალებად. მერე კი რაღაც ხდება, იზრდებიან და კარგავენ სამყაროს, ბუნების, მოვლენებისა და ადამიანების უშუალო აღქმის უნარს და ამით მოგვრილ სიხარულს.

ამგვარ ფიქრებს ყოველთვის აღძრავს კარგი საბავშვო ლიტერატურა, ისეთი, დიდებიც და პატარებიც თანაბარი ვნებითა და გატაცებით რომ კითხულობენ. ამგვარი წიგნია თანამედროვე ფრანგი მწერლის ანა გავალდას „35 კილო იმედი“. სათაურად გამოტანილი მეტაფორის ავტორი მთავარი პერსონაჟია – 13 წლის ბიჭი, რომელიც საკუთარ შეგრძნებებზე, იმედსა და უიმედობაზე გვიყვება. მას სკოლა სძულს, როგორც რაღაც ჩარჩო, რომელიც თავისუფლებას უზღუდავს, მაგრამ უყვარს სამყარო და ადამიანები. ამ რომანში მწერალი საოცარი სიზუსტით, სიცხადით და უბრალოებით ხატავს ყმაწვილის შინაგან სამყაროს, სინათლითა და რწმენით გაჟღენთილს.

ერთი შეხედვით, ეს პატარა ბიჭი საძაგელი და სულელია, სხვაგვარად როგორ უნდა შეფასდეს კლასში მისი ორჯერ დარჩენა, ბატიფეხურით წერა, ფიზიკური თუ გონებრივი უგერგილობა, მაგრამ ის პოეტივით მგრძნობიარეა, რადგან შეუძლია, ასე გამოთქვას თავისი საფიქრალი: „შემოვდივარ თუ არა ამ ვიწრო, ნესტიან მიწურში, ნესტოებს, რაც შემიძლია ვბერავ, რომ კარგად შევიგრძნო ბედნიერების სურნელი. ეს არის ნარჩენების, ცხიმის, ელექტრორადიატორის, რკინის შესადუღებლის, ხის წებოს, თუთუნის და სხვა ათასი რამის სუნი. მაგიჟებს ეს სურნელი. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ ოდესმე ლაბორანტი გავხდები და ახალ სუნამოს გამოვიგონებ, რომელსაც „ფარდულის წყალს“ დავარქმევ. ყოველთვის დავყნოსავ, როცა პრობლემები მექნება“, – ან კოლეჯის უცნობ დირექტორს მისწეროს: „მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ქულები არაფერს ნიშნავს. არსებობს კიდევ მოტივაცია. ძალიან მინდა, გრანშამში მოვხვდე, რადგან, ჩემი აზრით, მანდ ვიქნები ყველაზე ბედნიერი. არც დიდი ვარ და არც მოსული. მხოლოდ 35 კილო იმედს ვიწონი“.

ამას ვერ გრძნობენ გრეგუარის მშობლები, რომლებიც თავიანთი უსიყვარულობით, გამუდმებული კამათით, საღამოობით საოჯახო „კონცერტებით“, დაბრკოლებებად ქცეულან ბავშვის განვითარების გზაზე, რადგან ვერ მიმხვდარან, რა უნდა არაფრის მაქნის და ჯიუტ შვილს, რის უნარი და რა მისწრაფება აქვს. არადა, როგორ უხარია გრეგუარს, როცა მათი მხრიდან ყურადღებას იგრძნობს ხოლმე: „ვგრძნობდი, რომ ჩემი მშობლები ჩემი ამბებით დაინტერესდნენ და ეს უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა“.

გრეგუარი ზარმაცი მოსწავლეა, მაგრამ ხელმარჯვე ოსტატი. უყვარს საკუთარი ხელით რაღაცების გამოთლა, შეკეთება, დაშლა და აწყობა. მას მიუხარია ბაბუის ფარდულში. მხოლოდ ბაბუის რჩევა-დარიგებები აღწევს მის გულსა და გონებაში, რადგან გრძნობს, რომ ბაბუას მისი სჯერა: „გაცილებით ადვილია, უბედური იყო, ვიდრე ყველაფერი იღონო ბედნიერების მისაღწევად“; „მთავარია ბედნიერი იყო, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო!“

ბოლოს და ბოლოს, დიდი მცდელობის შემდეგ, პატარა გრეგუარი სასურველ კოლეჯში ხვდება და საკუთარ თავს პოულობს. ის გადალახავს დიდების მიერ უნებურად დაგებულ მახეებსა და დაბრკოლებებს. ავადმყოფ ბაბუაზე ფიქრი, მისი სიკვდილის მოლოდინის შიში მასში საოცარ ძალას ბადებს, თითქოს საგანთა და მოვლენათა მიღმა გადაახედებს, ბუნებასთან უფრო მეტი სიახლოვის წყურვილს აღუძრავს: „ყოველ საღამოს, გაკვეთილების შემდეგ, მისაღებში ტელევიზორის ყურების ნაცვლად, სასეირნოდ გავდიოდი. მოვლილი მქონდა ახლომახლო სოფლები, ტყეები და მინდვრები“.

გრეგუარს უსაზღვრო წარმოსახვა აქვს. ამას მოწმობს მისი უნარი, სიტყვები რწმენის ძალით ისეთი ენერგიით დამუხტოს, რომ ფიზიკური ძალა მიანიჭოს. მწერალს სწორედ ამისი სჯერა, თაობათა შორის გულწრფელი ურთიერთობისას დაბადებული სიყვარულისა. გრეგუარი ჯერ გამოცდაზე, თავის გვერდით, „ხედავს“ ბაბუას, რომელიც შთააგონებს, რომ შეუძლია გასასწორებელ ტექსტში შეცდომების პოვნა. საოცარია, ბაბუის სიყვარულით როგორ გადალახავს ბიჭი მატერიალური სამყაროს კანონებს. ბაბუა უხილავად უკარნახებს, ამ დროს კი, რეალურ დროში, ის საავადმყოფოში კომაშია, მაგრამ გრეგუარი მას ახლოს შეიგრძნობს და მისი ტკბილი და თბილი ხმაც ჩაესმის: „წარმოიდგინე, რომ სიტყვების პატრული ხარ. სანამ თავის ადგილს მიუჩენ, ყველა სიტყვას საბუთები უნდა მოსთხოვო: ჰეი, თქვენ მანდ, რა გქვიათ? ზედსართავი სახელი. ვისთან ერთად მგზავრობ, ჩემო ბიჭო? ძაღლებთან ერთად. კეთილი. ამ შემთხვევაში თქვენ რისი გაკეთება მოგიწევთ? მრავლობითი რიცხვის ნიშნის მიმატება. მშვენიერია, მართალი ბრძანდებით. განაგრძეთ მოძრაობა“. ბაბუაზე ფიქრი მას გასაოცარ ძალას მატებს, უნდა, ყველაფერი მას მიუძღვნას და ეს ისეთ ძალას აძლევს, ვერანაირი გასასწორებელი ტექსტი თუ ამოცანა ვეღარ შეაშინებს. გრეგუარის სუფთა და გულწრფელი ფიქრები მკითხველსაც აჯერებს სიტყვის ძალასა და მაგიაში. სეირნობისას ის ასე ფიქრობს: „ეს ყველაფერი შენთვის მინდა, ბაბუა ლეონ. ისუნთქე, სუფთა ჰაერი ისუნთქე! შეიგრძენი მიწისა და ნისლის სუნი. მეც აქა ვარ. მე ვიქნები შენი ფილტვები, სუნთქვა და გული. ნება მომეცი, შენთვის ყველაფერი გავაკეთო და მიიღე ჩემგან ეს ძღვენი“. მას ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ბაბუას შორიდან, დისტანციურად უტარებს ხელოვნურ სუნთქვას. ეს უბრალო, მაგრამ სიყვარულით დამუხტული სიტყვები მართლაც ჯადოსნურ ენერგიას გამოასხივებენ და მომაკვდავ ბაბუას ფეხზე წამოაყენებენ. ბოლო ეპიზოდში მწერალი ხატავს, როგორ გამოიძახებენ გრეგუარს, სკოლის შემოსასვლელში ვიღაც გელოდებაო და სახტად დარჩება, როდესაც ეტლში მჯდომ მოღიმარ ბაბუას დაინახავს.

მწერლის სათქმელიც ეს არის. სიყვარულის ნაკლებობაა ყოველგვარი უსიამოვნების მიზეზი. სიყვარულის ნაკლებობა სიძულვილსა და გაუცხოებას შობს. სიყვარული სინათლესავითაა, სადაც შეაღწევს, ყოველივეს სითბოთი და იმედით ავსებს. ოღონდ ადამიანები უნდა მიხვდნენ, რას მოაკლეს სიყვარული.

მკითხველსაც სჯერა, გაიზრდება ეს ბიჭი და გაიზრდება მისი იმედებიც.

ამიტომაც იყო, რომ მაცხოვარი, ბავშვებს მიბაძეთო, უქადაგებდა დიდებს. ყოვლის უარმყოფელი ნიცშეც ადამიანური განვითარების უმაღლეს საფეხურად „ბავშვად ქცევას“ მიიჩნევდა. მისი აზრით, ადამიანს უნდა გაევლო გზა ჯერ აქლემობისა: შენ მოვალე ხარ, -შემდეგ ლომობისა: მე მსურს, – და მხოლოდ ამის შემდეგ, გათავისუფლებული ყოველგვარი მოვალეობისა და სურვილისაგან, შეძლებდა სამყაროს ჭეშმარიტ შემეცნებას.

ამაზე ფიქრისას, შეუძლებელია, არ მოგვაგონდეს გიორგი ლეონიძის შესანიშნავი სტრიქონები: „რა საჭიროა ლექსისთვის ტაში, /ყველა ხევსური, ვიცი, დანტეა, /ვიცი, ბეღურას პატარა ფრთაში /დაკვესებული ცეცხლი ანთია“. ბავშვების გულიც ასეთივეა, ბუნებრივად ნაპერწკლიანი, მსგავსად უტყვი ქვებისა, რომლებიც უამრავ საიდუმლოს მალავენ. ამ საიდუმლოს გასაღები კი აქვს ყოველ ბავშვს, რომელიც ამ ჯადოსნურ სამყაროში მაშინ შეაბიჯებს, როცა მოესურვება, მხოლოდ დიდები ვეღარ ეტევიან იმ კარში, რომელსაც ადამიანი სხვა, უხილავ, პოეტურ განზომილებაში შეჰყავს, ამიტომაც ემსგავსებიან პოეტები ბავშვებს.

რომანის მთარგმნელი სოფია ბარშოვა ზედმიწევნით გრძნობს მოზარდის მეტყველების რიტმსა და ინტონაციას, ამიტომაც თარგმანში არ არის დაკარგული ბავშვური გულწრფელობა, სისადავე და ბუნებრიობა. გამომცემელი კი „წიგნები ბათუმშია“, რომლის ანგარიშზე არაერთი შესანიშნავი საბავშვო წიგნის თარგმანია.

ჟურნალ “მასწავლებლის” 2022 წლის მეექვსე ნომერი გამოიცა!

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საინტერესო პორტალს ამზადებს – „განათლების ელექტრონულ სახლს“.

პორტალი იმით არის განსაკუთრებული, რომ აქ თავს მოიყრის ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც კი მასწავლებელს, სკოლის ადმინისტრაციას, მოსწავლეს ან მშობელს სჭირდება, ამიტომ პორტალზე ოთხი ძირითადი სკოლაა: დირექტორის, მასწავლებლის, მოსწავლისა და მშობლის. ოთხივე მათგანი თავისი სპეციფიკის შესაბამის ქვემენიუებად იშლება.

თითოეულ სკოლას აქვს რამდენიმე ძირითადი ფანჯარა: საკითხავი მასალა, ვიდეორესურსი, სავარჯიშო, ვებინარი, პრეზენტაცია და სხვ.

მნიშვნელოვანი ფანჯარაა გამჭოლი კომპეტენციები, რომელიც დემოკრატიულ კულტურას, ციფრულ მოქალაქეობას, მდგრად განვითარებას, წიგნიერებას მოიცავს.

მთავარ გვერდზე გამოტანილია მარეგულირებელი დოკუმენტები, რომლებიც განათლებას უკავშირდება, განათლების კვლევის ცენტრი, სადაც თავს მოიყრის კვლევები განათლების საკითხებზე და იმ რესურსების ჩამონათვალი, რომლებსაც უკვე ელექტრონულად თუ ნაბეჭდი სახით გამოსცემს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

პორტალს ექნება ინგლისურ- და აფხაზურენოვანი ვერსიები, სოციალურ ქსელში გაზიარდება და ფეისბუკზე დაუკავშირდება მასწავლებლის სახლს. ექნება თავისი იუთუბ არხიც.

რესურსების მრავალფეროვნებასთან ერთად, პორტალი სერვისებსაც გვთავაზობს, მაგალითად, სხვადასხვა ტიპის ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობას გვაძლევს. მათ შორისაა თვითრეგულირებადი ტრენინგებიც, რომლებიც MOODLE–ის ან ედექსის ბაზაზე განხორციელდება. ამავე ბაზაზე შესაძლებელი იქნება ფორუმ–დისკუსიების გამართვა, რაც პორტალს დინამიკურს და ინტერაქციულს გახდის.

პორტალს დაუკავშირდება მასწავლებლის პორტფოლიო. ავტორიზაცია-რეგისტრაციის გავლის შემდეგ მასწავლებელს გაეხსნება პირადი გვერდი, რომელზეც ასახული იქნება მონაცემები მისი პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესახებ, უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები.

 გარდა საერთო სივრცეში თავმოყრილი რესურსების ხიბლისა, პორტალი მიმზიდველია მენიუს სიმარტივით, დინამიკურობითა და ინტერაქციულობით. ის არ არის მხოლოდ რესურსების საცავი ან ბიბლიოთეკა; ის რეფლექსიისა და უკუკავშირის საშუალებასაც იძლევა, რადგან ფორუმ-დისკუსიის, ონლაინ კონსულტაციის, პირდაპირი ვებინარებისა და ტრენინგების ფუნქციებიც აქვს.

პორტალი 2023 წლის იანვრიდან ამუშავდება სატესტო რეჟიმში და გვჯერა, სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სივრცედ  იქცევა.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:  მაია ფირჩხაძე,  მანანა ბოჭრიშვილი, მაია მენაბდე,  ლელა კოტორაშვილი, მაია ჯალაიშვილი, ქეთევან კობალაძე, ნინო ლომიძე, ინა იმედაშვილი, გურამ მეგრელიშილი,  თინათინ ზარდიაშილი, ლევან ალფაიძე, ცირა ბარბაქაძე, თამთა კობახიძე, ირმა კახურაშვილი,  ნასტასია არაბული, ირმა ტაველიძე, შორენა ტყეშელაშვილი, დიანა ანფიმიადი

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა, შესაძლებელია ბმულიდან :

ჟურნალი “მასწავლებელი” #6

ხეშავიან გორა

0

– ნიკო პაპა, აი, იმ გორას რა ჰქვია?

– რომელსა, აბა, შვილო?

– აგერ, პირდაპირ რომ მოსჩანს, ვენახებს გადაღმა.

– მაგას ხეშავიან გორას ეძახიან.

– შავი ხეები იზრდება?

– ხეშავა.

– ეკლიანია?

– არა, წვრილ შავ ნაყოფს ისხამს.

– ეტყობა, ჯერ მარტო იმ ერთ ხეზე დამწიფებულა, შაშვები რომ სულ იქ სხდებიან.

– არა, მანდ კუნელი დგას. საიდანღაც ამოსულა ბეჩავი. მთელ გორაზე ეგ ერთია მხოლოდ.

– ისე, რა უცნაურია სამყარო, არა? ამდენ ხეს ზრდი, ბარემ ისეთი ნაყოფი გამოასხი, ჩიტს რომ მაინც გამოადგეს.

– არა, შვილო, არა. ეგ მაგით თავს იცავს.

– თავს იცავს?

– ჰო, ისეთი მწარე ნაყოფი აქვს, ზარავანდივით, ვერ შეჭამ. უმალვე გულისრევას დაგაწყებინებს. ამიტომ არც კაცი ეკარება და არც ფრინველ-საქონი.

– აბა, ეგ რა თავის დაცვაა, ეკალი მაინც გამოესხა კუნელივით. მაგას უფრო ადვილად არ მოსჭრის კაცი?

– ვერც მაგაში დაგეთანხმები. სიცოცხლის გასაგრძელებლად ნაყოფი უნდა აღმოცენდეს. ხმალს განა სადამდე იქნევ? ერთხელაც იქნება, ან მარჯვენა დაგეღლება, ან ხმალი გიმტყუვნებს ვადაში, ანამც შენზე ძლიერს შეხვდები და დაგჯაბნის. მაგრამ ამით სიცოცხლე არ დამთავრდება, თუ შვილი მოგესწრო. ხეებიც ასე არიან. ხეშავასა და კუნელს შორის მხოლოდ ის სხვაობაა, რომ ხეშავა თავის ნაყოფს არავის აკარებს, რომ თესლი იქვე ჩამოცვივდეს და იქვე აღმოცენდეს, კუნელი კი თავისი ტკბილი ნაყოფით ცხრა მთის იქიდანაც იზიდავს ფრინველს და უშურველად სთავაზობს. ჩიტებიც მოფრინავენ, მიფრინავენ და მთელ ქვეყანას ჰფენენ კუნელის თესლს. ამიტომ არის, რომ რომელ გორაზეც არ უნდა ახვიდე, აუცილებლად ნახავ ერთი-ორ კუნელს.

– …

– გაგაკვირვე, პაპაის კაცო? ეგრეა, ეგრე. აი, რომელი სჯობია, მაგას კი ვერ გეტყვი. ეგ ხეშავიან გორა მარტო აქაურებმა ვუწყით, ჩვენც კი არ ვიხედებით იქით, თუ შემთხვევით ცხვარი ან ძროხა არ გაიბნა. სად რომელი კუნელი დგას, ის კი თითქმის ყველამ იცის. მწიფობის ჟამს დიდი ქომაგია მშიერი მწყემსისთვის, გოგო-ბიჭებიც ხშირად აკითხავენ სოფლიდან.

– დამაფიქრე, პაპაჩემო… ნეტავი მაგას რა ჰქვია? ეროვნული თვითმყოფადობა?

– აბა, რა გითხრა, გინდა ეროვნული დაარქვი და გინდა ხე-ტყეური. მე რაც ვიცოდი, ის გითხარი.

ერთი აქტივობა მოსწავლის თვითშეფასების ასამაღლებლად

0

მოდი, შევავსოთ ჩვენი „თვითშეფასების ვედრო“

 ბავშვებისთვის თვითშეფასება საკრალური და უაღრესად მნიშვნელოვანი რამაა. ადეკვატურ, მაღალ თვითშეფასებაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ სასკოლო წარმატებები, არამედ მომავალი ცხოვრებაც.

მოსწავლეთა პრობლემების ყველაზე გავრცელებული მიზეზი სწორედ დაბალი თვითშეფასებაა. მათ უჭირთ საკუთარი თავის პოვნა და მიღება, სხვებისგან გამოცალკევება და განსხვავებულ ინდივიდად აღქმა. ზრდასრულებისთვის თითქოს მარტივია იმის გააზრება, რომ ჩვენ ყველანი სხვადასხვანაირები, ნიჭიერები და საინტერესოები ვართ, რომ ინდივიდუალური მისწრაფებები და ხასიათი, ინდივიდუალური წარმატებები თუ წარუმატებლობები გვხდის უნიკალურებს.

მოსწავლეს ამის აღქმა უჭირს. ის ხშირად ადარებს საკუთარ თავს კლასელს ან მეგობარს, რაც იწვევს ეჭვებს, საკუთარი ძალისა და უნარების უარყოფითად შეფასებას; არ მოსწონს, როგორ გამოიყურება, რა აცვია, სად ცხოვრობს, როგორი მშობლები ჰყავს. საბოლოოდ კი იკეტება, მორცხვი, მორიდებული ხდება.

ასეთი ბავშვები გაკვეთილზე პასიურობენ, ცდილობენ, არ გამოირჩნენ სხვებისგან, არ მოსწონთ ყურადღება და შესაძლოა, ბულინგის მსხვერპლადაც იქცნენ.

ისინი საშინლად მოწყვლადები და ემოციურები არიან, მთელი მათი სამყარო და შინაგანი „მე“ სავსეა შფოთვებითა და შიშებით. ამას თუ დავამატებთ გარშემო მყოფთა არასწორ დამოკიდებულებას, დაცინვას, დატუქსვას, შერცხვენას, შენიშვნის მიცემას, მივიღებთ კიდევ უფრო ჩაკეტილ მოზარდს, რომელსაც საკუთარი თავის რწმენა დაკარგული აქვს, ვერ ახერხებს ნიჭის აღმოჩენასა და რეალიზებას და ამის გამო უბედურად, გარიყულად, უიღბლოდ გრძნობს თავს.

თუ გავითვალისწინებთ გარდატეხის ასაკის ბობოქარ ხასიათს, საქმე შესაძლოა ტრაგედიამდეც კი მივიდეს. თინეიჯერებს უკიდურესობები უყვართ, სამყაროს შავ ფერში დანახვა, განსაკუთრებით კი მათ, რომლებსაც თვითშეფასების პრობლემები აქვთ.

მაღალი თვითშეფასების მქონე ბავშვები ადვილად უმეგობრდებიან სხვებს, მიღწევებით ამაყობენ, თავისუფლად გამოთქვამენ მოსაზრებებს, ფიქრობენ მომავალზე, ცდილობენ თავიანთი უნარების გამოაშკარავებას, აქვთ ჰობი, არიან კომუნიკაბელურები და აქტიურები. დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეებს უჭირთ წარუმატებლობასთან გამკლავება, ვერ იაზრებენ წაგებას, შეცდომებს. ამის გამო შესაძლოა მათდამი დამოკიდებულება არ იყოს ჯანსაღი, საბოლოოდ კი მანკიერი წრე გამოდის.

ვფიქრობ, მასწავლებელი უნდა იდგეს მოსწავლეების თვითშეფასების სადარაჯოზე, უნდა ზრუნავდეს თითოეული მათგანის განწყობაზე, დამოკიდებულებაზე საკუთარი შეგრძნებების, ემოციების მიმართ.

ინტერნეტში ერთ სახალისო აქტივობას წავაწყდი, რომელიც სწორედ თვითშეფასებაზე მუშაობისას დაგეხმარებათ. აღნიშნული აქტივობა უცხოელი მასწავლებლის/ფსიქოლოგის მიგნებაა, რომელსაც კოლეგებს უზიარებს.

მაშ ასე, აქტივობას დავარქვათ „ჩემი თვითშეფასების ვედრო“.

ბავშვებს ვთხოვთ, ფურცელზე დახატონ ვედრო (შეგვიძლია, თავად დავუხატოთ ან გამზადებული შაბლონი მივცეთ, ან დახატვა ვასწავლოთ), სიტყვიერად კი ვეუბნებით, რომ ჩვენ ყველას გვაქვს „თვითშეფასების ვედრო“, რომელიც სავსეა ჩვენი საუკეთესო შეგრძნებებითა და ემოციებით, იმით, რაც თავს ბედნიერად გვაგრძნობინებს. ვკითხოთ: რა ახარებთ? რა მოსწონთ მათში მათ მშობლებს? მეგობრებს? მასწავლებელს?

დაახლოებით ასეთი რამ უნდა გამოვიდეს:

 

შემდეგ ვეუბნებით, რომ შეიძლება, ისეთი რაღაც მოხდეს, რაც ვედროს ხვრელებს გაუჩენს და კარგი გრძნობები გარეთ გამოჟონავს. ეს შეიძლება იყოს ის, რაც სხვებს უთქვამთ, ან რასაც შენ ფიქრობ, ან რაც ისე არ გამოვიდა, როგორც შენ გინდოდა. ვთხოვთ მათ, ყველა ის სიტყვა და ფრაზა ჩამოწერონ, რომელიც ვედროს ხვრელებს უჩენს.

აი ასე:

უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვებმა ყველა ის გრძნობა გამოხატეს, რაც აწუხებდათ და თავს ცუდად აგრძნობინებდათ. შესაძლოა, მოსწავლემ ისეთი მძიმე რამ დაწეროს, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით. მნიშვნელოვანია, ბავშვებმა გააცნობიერონ, რა სტკენთ გულს. უნდა ვასწავლოთ, საკუთარ ემოციებს, გრძნობებს სახელი დაარქვან.

რა თქმა უნდა, „ვედროში“ ხვრელებს ვერ დავტოვებთ. ეს მათ თავს უიმედოდ აგრძნობინებდა. უნდა ვეცადოთ, ხვრელები ამოვავსოთ.

ვესაუბროთ იმაზე, რომ არსებობს გზები, რომლებითაც შეიძლება ჩვენს თავს დავეხმაროთ, რათა უკეთ ვიყოთ მაშინ, როდესაც ჩვენი ვედროდან „გაჟონვა“ ხდება. შესაძლოა, მოსწავლეებს გაუჩნდეთ იდეა, ასეთ შემთხვევებში მასწავლებელს მიმართონ დასახმარებლად. ეს, რა თქმა უნდა, სწორი სტრატეგიაა, მაგრამ ჩვენ უნდა ვასწავლოთ იმის გაცნობიერება, რას ეტყოდნენ ამ დროს საკუთარ თავს და რას მოიმოქმედებდნენ.

ვეცადოთ, ბავშვებთან ერთად ვიპოვოთ ის „საცობები“, ხვრელებს რომ დაახშობს. ეს „საცობები“ შეიძლება იყოს იდეები, რომლებიც მათ მაშინ დაეხმარება, როდესაც თავს ცუდად იგრძნობენ. კარგი იქნება, თუ ამ იდეების ავტორები თავად მოსწავლეები იქნებიან.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეების შესახებ ინფორმაციას მივიღებთ, შეგვიძლია, მივცეთ ნება, ისე გააფორმონ, როგორც თავად უნდათ, გამოამჟღავნონ შემოქმედებითობა.

ეს აქტივობა ბავშვებს დაეხმარება, დაინახონ საკუთარი ძლიერი მხარეები და სირთულეებთან გამკლავება სცადონ.

მატასის წიგნი

0

***

„საქართველოში რომ არ ვიყავი, რა მუსიკას მასმენინებდი?“ – ორსულობის ამბებს მეკითხება მატასი.

 

***

მატასი: სად მივდივართ?

მამა: სვეტიცხოველი უნდა ვნახოთ.

მატასი: ხო არ მიკბენს?

***

მატასის მეასე შეკითხვა ძილის წინ:

– თოვლის ბაბუას ჭიპი აქვს?

– კი.

– გინახია?

 

***

ორკუთხედი – მატასი ოთხიანის დაწერას სწავლობს.

 

***

„დე, ლექსი თქვი თუ სიმართლე?“ – მატასის ჩემს ნათქვამში ეჭვი ეპარება.

 

***

– აღარც დედა მინდა, აღარც მამა და აღარც და!

– ჩვენზე ბრაზობ, ელენეს რაღას ერჩი?

– აბა, თქვენი გაზრდილი შვილი რა იქნება!

 

***

„დასხედი, ქალბატონო რუსიკო,“ – მატასი ადგილს მითმობს.

 

***

– დე, გიყვარს ეს კაბა?

– ძალიან.

– აკოცე მერე, ისე ვერ მიხვდება.

 

***

„ჩუმად წასაკითხია თუ საბავშვო?“ – წიგნის თაროსთან მეკითხება მატასი.

 

***

„მარიამი გავიგე და ჩემი ნათლობის გვარს რატომ არ მეუბნებით?“

 

***

„გული ორნაირია – სიყვარულის და ორგანიზმის.“

 

***

მატასიმ მაღაზიაში თვალი ვერ მომკრა და დაფრთხა. მიპოვა თუ არა, თავი დაიმშვიდა: „მე რო არ გყავდე, რა გეშველება, ხო? ჩემისთანა ბავშვს ვინ მიატოვებს, არა?“

 

***

– ერთ ხაზზე გამოწერე „მუხა“.

– ოო, უ-ს წერა მეზარება, მიხას დავწერ.

 

***

„მე ხო ექვსის ვარ და ჩემი მეგობარი ხუთის. ჰოდა, რომ არ ეწყინოს, მე ვუთხარი ოთხის ვარ-მეთქი.“

 

***

„უკანკალო კიკინა“ ისეთი კიკინაა, რომელიც მთელი დღე არ ჩამოგეშლება. პატარა ამბავი არ გეგონოთ.

 

***

„მათემატიკას რომ ვმეცადინეობ, ჯერ ზემოთ ვიხედები, ფიქრის ფურცელზე გამომყავს მაგალითი და მერე ვწერ რვეულში.“

 

***

„ისინი დიდები არიან, ერთთავიან ლ-ს წერენ უკვე. მე კიდევ ამ სამთავიანის წერა რო მეზარება, ხანდახან ღ-ს ვწერ ჩემთვის ბლოკნოტში, მაგალითად “საშინაო დავაღება”.

 

***

მატასიმ მობილური გამიფუჭა და მოაყოლა განმარტება: „ერთხელ ბაბუს მანქანას ველოსიპედი დავაჯახე და ბებომ, მანქანას რას ვჩივით, მთავარია, ბავშვი იყოს კარგადო.“

 

***

„დაგჭირდებათ თქვენ პატარის ჭკუა!“ – იტყვის ხოლმე გაბრაზებული და გადის ოთახიდან.

 

***

„დე, ჰიდროელექტროსადგური სიტყვაა თუ წინადადება?“

 

***

– დღეს დამოუკიდებლობის დღეა ხო?

– კი.

– ანუ დამოუკიდებლები უნდა ვიყოთ და ერთმანეთისგან არ გადავიწეროთ ხო?

 

***

“ნუ შემიკარით ეს გახსნილი გონება!”

***

„ლამაზად დავწერე? ასეთი ნაწერი შემეფერება?“  – მატასის ფურცელი სახესთან ახლოს მიაქვს.

 

***

– დე, დღეს ქართულმა შემაქო.

– მართლა? რა კარგია!

– ოღონდ ცეკვამ.

 

***

მე: კარგი რა, მერე რა მოხდა.

მატასი: გავიგე, მაგრამ პატარის სინდისი მაინც მაწუხებს.

 

***

– ერეკლე მეორეს 23 შვილი ჰყოლია, თუ მეტი არა.

– რა ამბავია, კლასში არ ვართ მაგდენი. 15-ზე მეტი არ შეიძლებაო.

 

***

„დე, ისეთი სახით მიყურებ, თითქოს რაღაც უნდა მიყიდო.“

 

***

მამა: ვეღარ გაივლი, ყველგან სათამაშოები და ფანქრებია მოფენილი.

მატასი: არა, ამიხსენი, შვილი რა გეგონა.

 

***

– ნახე, წელს ჩემი დაბდების დღე რა დღესაა.

– სამშაბათს.

– ბალეტი რომ მაქვს?

– გააცდინე.

– არა! მივალ და ჩემს ნებაზე ვიცეკვებ!

 

***

– რა ხდებოდა სკოლაში?

– რა ვიცი, დიდად არავინ არ გაზრდილა.

 

***

– ამიხსენი, რატომ არ იცოდი დღეს გაკვეთილი.

– არა, რა მესამეკლასელების სალაპარაკოა ცოტნე დადიანი.

 

***

მატასის ძველი ნივთების გადაყრა ენანება და ხშირად იმეორებს: „ხო იცით, რა მონანე ვარ…“

 

***

– მეც მინდა ტუმბო საწოლთან ელენესავით.

– გიყიდით.

– როდის? მაშინ ელენესიც გაიტანეთ მანამდე.

 

***

დედაჩემმა თავიანთი აზერბაიჯანელი მეეზოვე ახსენა და მატასიმ, მეც ვიცნობ, მგონი ძველი ქართულით ლაპარაკობსო.

 

***

მატასიმ, ბამბის ფთილებისგან გედს ვაკეთებდი, მაგრამ პატიოსანი კაცი გამომივიდაო.

 

***

მატასი ცდილობს ცუდი სიტყვების თქმას გადაეჩვიოს და პირში წყალი აქვს ჩაგუბებული.

 

***

ერთ რვეულს აწერია: „მატასიკო – თხოვნითი ნატვრები“.

 

***

– დე, მამა სად მუშაობს?

– აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში.

– ეგრე ვერ ვუპასუხებ. მერე მეტყვიან, რამდენს ლაპარაკობო.

 

***

მატასის არსებით სახელს გადის და დავალება დაუწერია:

მევიოლონე – ვინ?

იასამანი – რა?

მწერალი – როგორი?

 

***

მატასი ვახშამს დელიკატურად გვიწუნებს:

– არ მინდა ვიყო უზრუნველყოფილი.

 

***

„დე, რაღაც საქმე მაქვს შენთან და არ მითხრა ახლა, ფრაზა არ გამაწყვეტინოო.“

მგონი, ყველა წიგნის ეპიგრაფად გამომადგება.

 

***

„განა არ იცის, ეგრე რომ არ უნდა ეთქვა, მაგრამ პირს აჰყვა.“

მეგობარს ამართლებს მატასი.

 

***

You are doing on my Jina! – ჩემს ჯინაზე აკეთებო.

 

***

ელენეს გვიანობამდე სძინავს ხოლმე და მატასი ნაძილარას ეძახის.

 

***

დე, ამის ანსკვანჩი შეგიძლია? – ნასკვის გახსნას მთხოვს მატასი.

 

***

„არ გადამრიო, იესოს ერთი ნათლია ჰყავდა?“

 

***

უიმე, რა უხრიკო ქალი ხარ! –  მატასი ალალ ხასიათს მიწუნებს.

 

***

მშობელთა ზუმკრებას ვიდეოს გარეშე ვერთვები და მატასი ბრაზობს:

ჩართე, ვისზე ნაკლები ხარ!

 

***

„მა, ჩემს მეგობარს მამა არ ჰყავს და იმასთან ერთად როცა ვიქნები, ლევანს დაგიძახებ ხოლმე.“

***

– მატო, როგორ მოუყევი?

– ყლაპაყლუპით.

 

თხრობის მანერა ერთგვარი, როცა მოსაყოლი ამბავი კარგად არ იცი და ნერწყვს ხშირად ყლაპავ მოსაფიქრებელი დროის მოსახელთებლად.

 

***

ქუჩაში წინ რომ მიდის, მოულოდნელად ახტება, ნახევარბრუნით მოტრიალდება და თავის გამოგონილ სიტყვას დაიძახებს ხოლმე: ვინტიტალიო!

 

რუსუდან (კ)რუხაძე

სახალისო გაკვეთილი მათემატიკაში

0

ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, მოსწავლემ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ შეძლოს სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა. საგანმანათლებლო სწავლა-სწავლების პროცესი წარმოუდგენელია ტრანსფერის უნარის განვითარების გარეშე. ის სწავლებისა და აზროვნების ფუნდამენტური უნარია.  ტრანსფერის უნარის განვითარება ხდება მაშინ,  როდესაც ცოდნის ერთ სფეროს მეორესთან ვაკავშირებთ. მოსწავლემ რომ ეფექტურად  შეძლოს  გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოყენება და შემდეგ მისი ტრანსფერი, მნიშვნელოვანია  სწორი სტრატეგიების დაგეგმვა.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ პირველ კლასში ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილს მათემატიკაში.


 გაკვეთილის თემა:    „გეომეტრიული ფიგურები“

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეები:

  • ამოიცნობენ და აღწერენ გეომეტრიულ ფიგურებს (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ხუთკუთხედი, წრე) ;
  • სხვადასხვა ბრტყელი ფიგურის  გამოყენებით შექმნიან აპლიკაციებს.

წინარე ცოდნა:  

მოსწავლემ იცის გეომეტრიული ფიგურები: სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ხუთკუთხედი, წრე. შეუძლიათ ფიგურების დალაგება მსგავსება-განსხვავების მიხედვით: ფერი, ფორმა, ზომა; შეუძლიათ ობიექტთა ურთიერთმდებარეობის დადგენა;

 აქტივობა 1.  საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.  გაკვეთილის მიზნისა და შეფასების კომპონენტების გაცნობა.

აქტივობა 2.  ფიგურების ამოცნობა;

პრეზენტაციიდან ამოიცნობენ და აღწერენ ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს.(სამკუთხედი,ოთხკუთხედი , ხუთკუთხედი)

ყურადღება გამახვილდება საკლასო გარემოზე – პლაკატებზე, სადაც გეომეტრიული ფიგურებია გამოსახული.  მოსწავლეებმა უნდა მოძებნონ  მათში მსგავსება-განსხვავებები.ამოიცნონ მითითებული ფიგურები ყოფითი დანიშნულების საგნებში.

 აქტივობა 3. აპლიკაციის შექმნა ჯგუფებში:

Covid-19 -ის რეგულაციების პერიოდში მოსწავლეები ვერ ვამუშავე ჯგუფებში. განვახორციელე ასეთი ცვლილება. თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად დავურიგე გამოჭრილი ფიგურები და მივეცი დავალება,სადაც აღწერილი იყო, რომელი ობიექტი უნდა შეექმნა. თითოეულ მოსწავლეს მიეცემა სხვადასხვა დავალება;

სამი მოსწავლე მიცემული გეომეტრიული ფიგურებიდან ამოარჩევენ საჭირო ფიგურებს და შექმნიან მზეს;

სამი მოსწავლე მიცემული გეომეტრიული ფიგურებიდან ამოირჩევენ საჭირო ფიგურებს და შექმნიან სახლს ;

სამი მოსწავლე მიცემული გეომეტრიული ფიგურებიდან ამოირჩევენ საჭირო ფიგურებს და შექმნიან ხეებს;

სამი მოსწავლე მიცემული გეომეტრიული ფიგურებიდან ამოირჩევენ  საჭირო ფიგურებს და შექმნიან ძაღლის სახლს.

სამი მოსწავლე მიცემული გეომეტრიული ფიგურებიდან ამოირჩევენ  საჭირო ფიგურებს და შექმნიან ძაღლის ღობეს.

აქტივობა 4.

ობიექტის  შექმნის  შემდეგ შეავსეთ დავალების ბარათები:

ცარიელ უჯრაში ჩაწერეთ რიცხვი, რამდენჯერაც გამოიყენებთ მოცემულ ფიგურას.

აქტივობა 5.

პრეზენტაციები: თითოეული მოსწავლის მიერ შექმნილ დავალებებს გავაერთიანებთ და შევქმნით ერთიან აპლიკაციას.

დაფაზე გამოკრული იყო სამი ფლიპჩარტის ქაღალდი. მოსწავლეები მორიგეობით გამოდიოდნენ, აღწერდნენ შექმნილ ობიექტს, გვიხსნიდნენ, რომელი გეომეტრიული ფიგურები გამოიყენეს და შემდეგ მითითების მიხედვით აწებებდნენ ფორმატზე.

მაგ: პირველად გამოვიდა ის სამი მოსწავლე, რომლებმაც შექმნეს მზე. აღწერეს, რომელი გეომეტრიული ფიგურები გამოიყენეს და შემდეგ სათითაოდ სხვადასხვა  ფურცელზე,  მარჯვნივ ზემოთ კუთხეში დააწებეს. ასე გავაგრძელეთ, სანამ ყველა მოსწავლე არ გამოვიდა. საბოლოოდ შეიქმნა ერთიანი აპლიკაცია. მოსწავლეებმა შეურჩიეს სახელი და დაარქვეს „ ჩვენი ეზო“.

აქტივობა 6. მოსწავლეთა ჩართულობით გაკვეთილის შეჯამება/შეფასება

მოსწავლეებს მივეცი საშუალება, მოეხდინათ თვითშეფასება და ერთმანეთის შექმნილი ნამუშევრების ურთიერთშეფასება.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აპლიკაციაზე მუშაობა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისით ჩაერთნენ: აპლიკაცია  ძალზე ეფექტური საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ  თავიანთი შემოქმედებითი უნარების აქტიური გამოყენება. ჯგუფური მუშაობა კი ეხმარება მოსწავლეებს: კომუნიკაციური უნარების, წარმოსახვის,  შემოქმედებითი აზროვნების , მოტივაციის ამაღლებასა და წვრილი მოტორიკის განვითარებაში. ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეები სწავლობენ სასწავლო პროცესში თანამშრომლობას.

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...