ხუთშაბათი, სექტემბერი 4, 2025
4 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2025

გოლდა – პედაგოგი და პრემიერი

0

არის ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ უმაღლესი რანგის პოლიტიკაში ქალთა აქტიური მონაწილეობა უშედეგო და არაფრის მომცემია. ამ გენდერულმა სტერეოტიპმა, დიდი ხანია, ჩვენს საზოგადოებაშიც მყარად მოიკიდა ფეხი. მაგალითად, საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ თექვსმეტია ქალი, ხოლო მუნიციპალურ საკრებულოთა მრავალი ასეული დეპუტატიდან – სულ რაღაც 13-14%. პოლიტიკოს ქალთა საწინააღმდეგო არგუმენტების გასაბათილებლად მეოცე საუკუნის ისტორიის ზედაპირული მიმოხილვაც კი კმარა. გასული ასწლეულის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენებში საკვანძო როლს ხშირად ქალი ლიდერები ასრულებდნენ. მათ შორის გახლდათ ებრაელი მასწავლებელი გოლდა მეირიც.

მომავალი პოლიტიკოსი 1898 წელს კიევში, ღარიბი ებრაელი დურგლის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა უკიდურეს გაჭირვებასა და “პოგრომების” – ანტისემიტური დარბევების – მუდმივ შიშში გაატარა. იუდეველთა მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის მქონე იმპერიას ოჯახი აშშ-ში გაექცა და ვისკონსინში, ქალაქ მილოუკიში დასახლდა. იმ დროს გოლდა 8 წლის იყო. იქვე დაამთავრა სკოლა და პედაგოგიური კოლეჯი და მალე პატარა ებრაული სკოლის მასწავლებელი და მემარცხენე სიონისტური მოძრაობის აქტივისტიც გახდა. მოსწავლეთა და სხვა თანამემამულეთა მხარდასაჭერად გოლდა ხშირად მართავდა პოლიტიკურ თუ საქველმოქმედო აქციებს. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მტკიცე და შეუვალ ლიდერად მისი ჩამოყალიბება.

1921 წელს ახალგათხოვილი მეირი აღთქმულ მიწაზე, ერთ-ერთ კიბუციში (კოოპერატიულ მეურნეობაში) გადასახლდა. ახალგაზრდა ქალი საზოგადოებრივ საქმიანობას წარმატებით ართმევდა თავს. მთელი 20-30-იანი წლების განმავლობაში მას გაძლიერებულ ებრაულ პროფკავშირში წამყვანი თანამდებობები ეკავა. მისი მთავარი ამოცანა ევროპიდან გამოხიზნული ებრაელებისთვის საცხოვრებლების მომზადება და პალესტინის ინგლისური ადმინისტრაციის წინააღმდეგ მოქმედება იყო.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე გოლდა ისრაელის სახელმწიფოს დამაარსებლის, დავიდ ბენ-გურიონის, უახლოეს თანამებრძოლად იქცა. იგი ხან არაბ ქალად გადაცმული აწარმოებდა მოლაპარაკებებს ტრანსიორდანიის მეფესთან, ხან ფინანსების მოსაზიდად მოგზაურობდა ჩრდილოეთ ამერიკაში. 1948 წელს 50 წლის ქალბატონი მორიგი ამერიკული ვიზიტიდან წარმოუდგენლად დიდი კაპიტალით – 50 მილიონით დაბრუნდა. ამ თანხით ჩაეყარა კიდეც საფუძველი ისრაელის სუვერენიტეტს.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გოლდა მეირი ჯერ ელჩად დაინიშნა მოსკოვში, მოგვიანებით შვიდი წელი სათავეში ედგა შრომის სამინისტროს და ქმნიდა კეთილდღეობის მყარ ინსტიტუტებს, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მტკიცე სისტემებს, ეფექტურად ებრძოდა უმუშევრობას. მომდევნო ათი წელი, მიუხედავად იმისა, რომ ლიმფომით იყო ავად, იგი საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ, ისტორიული მოხსენებებით გამოდიოდა გაეროს ტრიბუნიდან და გვერდით ედგა ახალგათავისუფლებულ აფრიკულ ქვეყნებს.

71 წლის გოლდა მეირი პრემიერ-მინისტრის სტატუსით დააბრუნეს აქტიურ პოლიტიკაში. ხუთი ურთულესი წლის განმავლობაში ებრაელი ერის “კეთილშობილმა ბებიამ” ძალზე სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოა საერთაშორისო თანამეგობრობასთან და გამარჯვებით დაასრულა “იომ ქიფურის” უმძიმესი ომი.

როგორ მოახერხა რიგითმა ებრაელმა პედაგოგმა ეროვნულ ლიდერად და მნიშვნელოვან ისტორიულ ფიგურად ჩამოყალიბება?

მის მთავარ ღირსებად პრინციპულობასა და თავდაჯერებულობას, მომავლის ურყევ რწმენას ასახელებენ. ერთხელ პრემიერმა აღნიშნა კიდეც: “მინდა გულახდილად გითხრათ, რომ მე არასდროს დამისახავს მიზნად ჩემი მოქმედებით პირადი წარმატების მოპოვება. თუ ვაცნობიერებდი საქციელის მართებულობას, დასახული მიზნისთვის, შესაძლო შედეგების გაუთვალისწინებლად, ვაკეთებდი ყველაფერს, რაც ჩემზე იყო დამოკიდებული”.

პოლიტიკის ისტორიის მკვლევარებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ამ ებრაელი ქალის გულწრფელობა, სილაღე და იუმორის გრძნობა. ბევრს კარგად ახსოვს მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოხსენება, რომლის დროსაც მეირმა მოულოდნელად განაცხადა: “მოსემ 40 წელიწადი გვატარა უდაბნოში, რათა მივეყვანეთ ახლო აღმოსავლეთის ერთადერთ მიწაზე, სადაც ნავთობი არ მოიპოვება”. მისი ხასიათის კლასიკურ დემონსტრირებად მიიჩნევენ ექსპრემიერის შეხვედრას ქნესეთში სტუმრად მყოფ ეგვიპტის პრეზიდენტთან

თუმცა, გოლდა მეირის მოღვაწეობის ყველაზე მნიშვნელოვან თავისებურებად ჰუმანური ღირებულებებისა და სოციალური სახელმწიფოს იდეის განსაკუთრებულ ერთგულებას მიიჩნევენ.

ეგებ საქართველოს სკოლებში მიმოფანტულ ყოველ მეორე პედაგოგს არ შეეძლოს გოლდა მეირის მსგავს ლიდერად ჩამოყალიბება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც შესანიშნავად გაუძღვება ადგილობრივ ხელისუფლებას.

პოეზიის რევიზია

0
ორიოდე წლის წინ რადიოსივრცეში გამოჩნდა ახალი სიმღერა ჯგუფ “მირაჟის” შესრულებით, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა. “წყაროზე” პირველად ტაქსიში მოვისმინე და მივხვდი, რომ საიდანღაც მეცნობოდა; მეორე დღეს სამარშრუტოში ხელახლა ვუსმინე და დავრწმუნდი, რომ ის იყო, აშკარად ის, ოღონდ შეცვლილი.
შეცვლილსაც ვერ დავარქმევ.
“ციცო” ნამდვილად არ არის მურმან ლებანიძის საუკეთესო ლექსი, მაგრამ სატრფიალო პოეზიის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. სუფრაზე ხშირად მომისმენია, მიუხედავად იმისა, რომ იმ სტრიქონების ადრესატის სეხნია შეიძლება არც ყოფილიყო ქორწილში თუ დაბადების დღეზე – ციცოს შვილს დღეს თითქმის აღარავინ არქმევს.
ჩვენი თაობა ქართული ესტრადისა და შოუბიზნესის აღმავლობისას ჩამოყალიბდა, მაშინ, როდესაც სოლისტებისა და მუსიკალური ჯგუფების ნამდვილი ცვენა იყო, კონცერტები ხშირად იმართებოდა და ახალგაზრდობაც ჯერ არ შეყუჟულიყო სოციალურ ქსელში. იმ დროს ბევრს უჩნდებოდა სურვილი, კარგი მუსიკა შეექმნა, მსმენელთა ის კატეგორია კი, რომელსაც მეც მივეკუთვნებოდი, აქცენტს გემოვნებიან ტექსტზე აკეთებდა. მავანი შეიძლება შემომედავოს, მაგრამ დღემდე დაბეჯითებით მწამს, რომ სრულყოფილი სიმღერისთვის აუცილებელი ატრიბუტია ხარისხიანი ტექსტი.
ამ საქმეში ნებისმიერ მუსიკოსს დიდ დახმარებას გაუწევს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ქართული პოეზია. უფრო მეტიც – ისეთი საინტერესო რამეც შეიძლება მოხდეს, როგორიც “33ა-ს” ექსპერიმენტი იყო, სადაც წარმატებით გამოიყენეს გალაკტიონ ტაბიძის პოეტური და დეკლამატორული ხელოვნება.
გალაკტიონის შემდეგ მოსული 60-იანელთა თაობიდან მურმან ლებანიძე ერთ-ერთი გამორჩეული იმ მხრივაც არის, რომ მის უამრავ ლექსზე დაიწერა სიმღერა და სხვადასხვა თაობის ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს – “ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო”, “უფლისციხესთან”, “მელიქიშვილის გამზირი”, “გაზაფხული შემოსულა, ლენ”…
და ეტყობა, “ციცოს” ჯერიც დადგა.
“მირაჟმა” რეიტინგული რადიოსადგურების დახმარებით მოკლე ხანში მოახერხა სიმღერის გაჰიტება, მაგრამ იმ ლექსიდან, რომელიც მურმან ლებანიძეს ეკუთვნოდა, თითქმის არაფერი დატოვა. უფრო სწორად, მთავარი გააქრო – სტილი და ინტონაცია.
დავიწყოთ იმით, რომ სახელი “ციცო” საერთოდ ამოღებულია ტექსტიდან – მის ნაცვლად გვხვდება “პატარა ქალო” და “გოგო”, რომელიც ხან “იგეთია”, ხან “აგეთია”. ლექსის კორექტირება არახალია (თუნდაც ზუმბა გავიხსენოთ, რომელმაც პოლიტიკური კონიუნქტურის გამო გალაკტიონის “ზღვა, რომელიც შორია…” “ვრცელიათი” ჩაანაცვლა), მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი რამ იწვევს გაკვირვებას – რატომ გადაწყვიტა “მირაჟმა” სალიტერატურო ქართულით დაწერილი ლექსის გადამუშავება, რაიმე საბაზრო მოთხოვნას გაუწია ანგარიში თუ შინაგანი ძიების გზით მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე? იქნებ სჭირდება ამგვარი კომპრომისი ქართულ პოეზიას, რომ ფართო საზოგადოებისთვის მისაღები გახდეს?

ფაქტი ერთია: სიმღერა პოპულარული გახდა, ლექსი კი… ის ლექსი არ არის, ყოველ შემთხვევაში, მურმან ლებანიძის პოეტურ რჩეულში ვერ ვიპოვით ტექსტს, სადაც ტრფიალის ადრესატზე, ციცოზე, ციცუნიაზე, ამბობენ: “მწყურვალ დაიგტოვებსო, ჩაიჰყვები ვინცო, ცოლ-შვილ გაგყრის და აგარევინებსო”, – და მოტრფიალე მამაკაცს, რომელსაც მიაჩნია, იმ ჭკუაზე არა ვარ, “ცოლ-შვილ გევეყაროო”, მაგრამ “შამამიჩნდა სურვილის მახრა და, პატარა ქალო, უნდა გაგეყაროო” (ეს უკანასკნელი სიტყვა სრულიად აბუნდოვნებს ყველაფერს – თუ ცოლშვილიანი კაცი “პატარა ქალის” გამო ოჯახს დაეთხოვება, მერე რატომღა უნდა გაეყაროს იმ “პატარა ქალს”? ორიგინალში ხომ გარკვევით წერია, რომ “გაყრა” კი არა, დახმარება უნდა “პატარა ქალისგან”, უფრო სწორად, ციცოსგან).

რაც შეეხება თავად ციცოს: გასაგებია, რომ დღეს არ არქმევენ ამ სახელს და სამიზნე აუდიტორიაც ძალზე მცირეა, მით უმეტეს, თუ დებიუტანტ მუსიკალურ ჯგუფს პოპულარობა სჭირდება, მაგრამ დღეს არც მერის არქმევენ ყოველ მეორე ჩვილს, არც ლენორს, არც მარინეს, და ამის გამო ღირს ქართული პოეზიის რევიზია?

ქიმია და პერსონალური კომპიუტერი

0

კომპიუტერის დაუფლებას დღეს სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები ცდილობენ. ცხადია, ასევე უდავოდ დიდია მისი როლი განათლების (სწავლების) სფეროში. ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერნეტჟურნალი “mastsavlebeli.ge” რეგულარულად აქვეყნებს წერილებს, რომლებიც ძალიან კარგ რესურსს წარმოადგენს გაკვეთილზე კომპიუტერის „მარჯვედ” მოსახმარად. მაგრამ ძნელი სათქმელია, რა შეიძლება მივიჩნიოთ კომპიუტერის “კარგად ცოდნის” კრიტერიუმად. მისი ამოუწურავი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ჩვენი წინსწრაფვა ჰორიზონტის ხაზისკენ ლტოლვას ჰგავს – რაც უფრო ღრმად ეუფლებით მას, მით მეტი თვალსაწიერი იშლება წინ.

მიუხედავად ამისა, არსებობს მინიმუმი და ეს მინიმუმია საოფისე პროგრამებთან (ძირითადად – MS Word-თან, MS Excel-თან, MS PowerPoint-თან, თუმცა ამ პაკეტში ბევრი სხვა საინტერესო პროგრამაც შედის) და ინტერნეტთან (მათ შორის – ელფოსტასთან) მუშაობა. თუმცა მხოლოდ ამ პროგრამების ცოდნა დაახლოებით იგივეა, რომ კარგად ვიცოდეთ წერა-კითხვა, ვიყოთ პრეზენტაბელურნი, ანგარიშსაც თვალის დახამხამებაში ვახერხებდეთ, ბიბლიოთეკაში ინფორმაციის მოძიებისას არ ვიბნეოდეთ და ყოველთვის ადვილად ვაგნებდეთ სასურველ ინფორმაციას. მაგრამ მასწავლებლისთვის ამ პროფესიულ უნარ-ჩვევებთან ერთად საჭიროა საგნობრივი მასალის ცოდნაც. რაც უნდა კარგი ორატორი იყოთ, რაც უნდა ზედმიწევნით იცოდეთ, რომელი წიგნი რომელ თაროზე დევს, ქიმიას ვერ ასწავლით, თუ ქიმია არ იცით! ამიტომ ქიმიკოსი ზემოთ ჩამოთვლილ პროგრამებთან ერთად აუცილებლად უნდა ფლობდეს ქიმიურ პროგრამებსაც, თუ მას სწავლებაში კომპიუტერის ჩართვა სურს.

სადღეისოდ ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიისთვის უამრავი კომპიუტერული პროგრამაა შექმნილი. მათ შესაქმნელად მუშაობენ როგორც მძლავრი კომპანიები და კორპორაციები, ისე ცალკეული სამეცნიერო ჯგუფები. ცნობილი კორპორაციებიდან აღსანიშნავია Advenced Chemistry Deve­lop­ment Inc., CambridgeSoft Inc., HyperCube Inc., MDL Infor­mation System Inc. და სხვა.

შექმნილი პროგრამული პაკეტებისა და ცალკეული პროგრამების კლასიფიკაცია შესაძლებელია სხვადასხვა პრინციპის მიხედვით. დანიშნულების მიხედვით არჩევენ შემდეგ პროგრამებს:

1. საინფორმაციო და საილუსტრაციო პროგრამები. მათი დანიშნულებაა, ყოველგვარი გაანგარიშების გარეშე წარმოაჩინონ გარკვეული ინფორმაცია. მაგალითად, ქიმიურ ელემენტთა პერიოდულობის ელექტრონული ცხრილი (Table, TableRus, EniG Table), ქიმიური რეაქციების სახელობითი კატალოგი (Named Organic Reactions), ქიმიური და ფიზიკური კონსტანტების მნიშვნელობები (Cons­tants) და სხვა.

2. გრაფიკული პროგრამები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ქიმიური ფორმულების, მოლეკულების, ქიმიური რეაქციის სისტემებისა და ტექნოლოგიური სქემების გრაფიკული რედაქტირება. თავის მხრივ, გრაფიკული პროგრამები შეიძლება დაიყოს ორგანზომილებიან (2D-გრაფიკა) და სამგანზომილებიან (3D-გრაფიკა) გრაფიკულ პროგრამებად. პირველის საშუალებით შესაძლებელია “ბრტყელი” სტრუქტურების აგება, ხოლო მეორის საშუალებით – სივრცული მოლეკულებისა. 2D გრაფიკული პროგრამებია ChemSketch, ChemDraw, ISIS Draw, WinChemDraw, ChemWindow, Chemistry 4-Draw და სხვა, ხოლო 3D პროგრამები – Chem3D, 3D View, HyperChem და სხვა.

3. პროგრამები მარტივი გაანგარიშებისთვის, რომელთა საშუალებითაც წარმოებს მარტივი ქიმიური პროცესებისა და სიდიდეების (მოლეკულური მასა, დუღილის ტემპერატურა, გარდატეხის მაჩვენებელი და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები) გაანგარიშება. ასეთი პროგრამა უამრავია. ზოგჯერ ერთი და იმავე ამოცანის გადასაჭრელად მრავალი სხვადასხვა დასახელების (სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილი) პროგრამაც კი არსებობს. აღნიშნული ტიპის პროგრამებია Chem­Assis­tant, ChemExpert, ChemMaths და სხვა. აქვე შეიძლება ცალკე დიდ ჯგუფად გამოიყოს სპექტრების დამუშავებისა (SpecViewer) და გრაფიკების აგების (DATAN, Enzfilter, GraFit, PeakFit, SigmaPlot, TableCurve) პროგრამები.

4. ქიმიური მოდელირების პროგრამები, რომელთა საშუალებითაც წარმოებს ქიმიური სისტემების მოდელირება: გეომეტრიული ოპტიმიზაცია, მოლეკულური მექანიკა, კვანტურ-ქიმიური მოდელირება. აღნიშნულ გაანგარიშებათა ჩატარება შესაძლებელია, მაგალითად, Chem3D და HyperChem პროგრამებით.

5.ქიმიური ანიმაციური პროგრამები, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება ქიმიური პროცესების ანიმაცია, რაც ქიმიური რეაქციებისა და მათი მექანიზმების თვალსაჩინოდ წარმოჩენას ემსახურება. ამ ტიპის პროგრამებიდან შეიძლება აღვნიშნოთ პროგრამა MoluCad და Chem3D.

6.ქიმიური პროგრამა-ბროუზერები, რომელთა საშუალებითაც წარმოებს როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ ქსელში ქიმიური ინფორმაციის მოძიება. აღნიშნული პროგრამები საგრძნობლად ამარტივებს მსოფლიო ქიმიური მონაცემების ბანკებიდან ინფორმაციის მიღებას. მაგალითად, ცნობილი ბელშტეინის საინფორმაციო სამსახურიდან ინფორმაციის მიღება შეუძლებელია პროგრამა-ბროუზერ Belstein Com­mander-ის გამოყენების გარეშე. ამ ტიპის პროგრამებიდან აღსანიშნავია ChemOffice-ის პაკეტში შემავალი პროგრამები ChemFinfer და ChemFinfer for Office.

7.ქიმიურ მონაცემთა ბაზების პროგრამები, რომლებიც განკუთვნილია ქიმიურ მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ. ქიმიურ მონაცემთა ბაზებში, ზოგად მონაცემთა ბაზებისაგან განსხვავებით, ორგანიზებულია ქიმიური სტრუქტურების ჩაწერის შესაძლებლობაც.

მონაცემთა ბაზებთან მომუშავე პროგრამები შეიძლება დაიყოს ორ ტიპად. პირველი სახის პროგრამების, ანუ კატალოგების დანიშნულებაა მზა მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის მოძიება და წარმოჩენა. აღნიშნული ბაზები დახურულია, ანუ მათში რაიმე ახალი ინფორმაციის ჩაწერა-დამატება შეუძლებელია. დღეისათვის შექმნილია მრავალი ასეთი კატალოგი:

* ქიმიურ მონაცემთა ბაზა (Chemical Database) – იგი მოიცავს არაორგანულ და ორგანულ ნაერთთა ძირითად ფიზიკურ-ქიმიურ კონსტანტებს;
* სამკურნალო საშუალებების მონაცემთა ბაზა (Prescription Drug Database) – მოიცავს წამლების დასახელებას, ძირითადი სამკურნალო პრეპარატების დასახელებას, შედგენილობას, სამრეწველო დასახელების სინონიმებს, დანიშნულებას, და ა.შ.
* ტოქსიკოლოგიურ მონაცემთა ბაზა (Human and Animal Developmental Toxicology, Amphibian Developmental Toxicology, Inductrial Solvent Developmental Toxicology) – მოიცავს ნაერთების ტოქსიკოლოგიურ პარამეტრებს;
* იწ, 1H-ბმრ, მას-სპექტრების მონაცემთა ბაზები (Aldrich FT-IR Library, Aldrich vapor-phase FT-IR Library, NIST/EPA/MSDC Mass Spectral Database და სხვა) – მოიცავს ათიათასობით ნაერთის სპექტრულ მონაცემებს;
* რეაქციებისა და ქიმიური სინონიმების მონაცემთა ბაზა (Chemical Thesaurus) – მოიცავს ნაერთების დასახელების სინონიმებს, ქიმიური რეაქციების ტიპებს, ნაერთების ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებსა და მიღების მეთოდებს.

მეორე ტიპის მონაცემთა ბაზებთან მომუშავე პროგრამებს მონაცემთა საკუთარი, მზა ბაზები არ გააჩნია. მათი დანიშნულებაა, თავად უზრუნველყონ მომხმარებლის სურვილის მიხედვით ქიმიურ მონაცემთა ბაზების შექმნა და აწარმოონ ძიება როგორც ტექსტურ, ისე სტრუქტურულ რეჟიმში. ამ სახის პროგრამებიდან აღსანიშნავია ChemFinder (პაკეტი ChemOffice) და MolSearch Database Software. მათი საშუალებით შესაძლებელია 10 მლნ-ზე მეტი ჩანაწერის მქონე ქიმიური ბაზის შედგენა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ქიმიურ სტრუქტურას (მისი აგება წარმოებს უშუალოდ მონაცემთა ბაზის პროგრამით, ვინაიდან იგი შეიცავს ჩაშენებულ ფორმულების მიკრორედაქტორს), მოლეკულურ მასას, დასახელებას და სხვ.

ქიმიური პროგრამების კლასიფიკაცია შეიძლება დავაფუძნოთ მათი მოქმედების პრინციპზე. ამ მხრივ განასხვავებენ კომპლექსურ და სპეციფიკურ პროგრამებს. კომპლექსური პროგრამები მოიცავს ზემოთ აღნიშნული კლასიფიკაციის ერთდროულად რამდენიმე პუნქტს, ანუ მათი საშუალებით შესაძლებელია როგორც გრაფიკაში მუშაობა, ისე გაანგარიშებათა შესრულება. ამიტომ არის, რომ ერთი და იგივე პროგრამა კლასიფიკაციის რამდენიმე პუნქტში მეორდება. სპეციფიკური პროგრამები გაცილებით მცირე ზომისაა (კომპლექსური პროგრამებისგან განსხვავებით) და მათი დანიშნულებაა რაიმე ერთი, კონკრეტული სახის დავალების შესრულება, მაგალითად, კონცენტრაციის, მოლეკულური მასის, მჟავიანობის და ა.შ. გაანგარიშება.

პროგრამების კლასიფიკაცია შეიძლება მოვახდინოთ ქიმიურ სფეროში გამოყენების თვალსაზრისითაც, ანუ დავყოთ ისინი პროგრამებად, რომლებიც გამოიყენება ორგანულ, არაორგანულ, ფიზიკურ, ანალიზურ და ა.შ. ქიმიაში. აქვე უნდა აღინიშნოს ლაბორატორის მენეჯმენტისა (STIS-Sample Tracking and Inventory System, IMCSPro-Instrument Maintence & Calibration System Pro, Laboratory Document Control System, LabTrack – ლაბორატორიული ელექტრონული ბლოკნოტი) და გარემოს დაცვის კონტროლის (Control Chart Pro, Control Chart Pro Plus Datalink) პროგრამები.

მიუხედავად პროგრამების ასეთი სიმრავლისა, არ არსებობს უნივერსალური პროგრამა, რომელიც ქიმიკოსის წინაშე დასმულ ყოველგვარი ტიპის ამოცანას გადაჭრიდა. ასეთი უნივერსალური პროგრამის შექმნა მრავალ სირთულესთან არის დაკავშირებული. მათგან, უპირველესად, აღსანიშნავია ასეთი პროგრამების დიდი ზომა და კომპიუტერული ტექნიკისადმი გაზრდილი მოთხოვნები, რაც ამცირებს პრაქტიკული გამოყენების ეფექტურობას. ამასთანავე, პროგრამის მოქმედების სიჩქარე მკვეთრად მცირდება, არადა, ისეთი რთული ქიმიური გაანგარიშებებისთვის, როგორიცაა კვანტურ-ქიმიური გაანგარიშებები, დრო უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე წამყვანმა კორპორაციამ (ACD Labs, CambridgSoft) შეიმუშავა მეტად ეფექტური მიდგომა. კერძოდ, ერთი უნივერსალური პროგრამის შექმნის ნაცვლად ისინი აწარმოებენ პროგრამულ პაკეტს, რომელშიც შედის ცალკეული პროგრამები, რომლებიც მუშაობს როგორც ავტონომიურ, ისე კომპლექსურ რეჟიმში, ანუ შესაძლებელია ერთი პროგრამიდან ინფორმაციის მეორეში გადატანა. მაგალითად, CambridgSoft-ის მიერ შექმნილი ქიმიური პროგრამების პაკეტი Chem­Office მოიცავს ხუთ დამოუკიდებელ, მაგრამ ერთმანეთთან ადაპტირებულ პროგრამას: ChemDraw, Chem3Dm, ChemFinder, ChemInfo, Table Editor, – ACD Labs-ის პაკეტი ChemSketch კი რამდენიმე ათეულ დამოუკიდებელ, ქიმიის ნებისმიერი სფეროსათვის გამოსაყენებელ პროგრამას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დიდი პროგრამების პოპულარობისა, ზოგიერთ შემთხვევაში შედარებით მცირე ზომის, მაგრამ მხოლოდ კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად შექმნილი პროგრამები უფრო ეფექტურია…

იმედია, ერთხელ მაინც დაგჭირვებიათ ბენზოლის ბირთვის ჩასმა ტექსტში. როგორ “ხატავთ” ექვსკუთხედს შიგ ჩახაზული წრით? MS Word-ის გრაფიკას მიმართავთ? თუ უფრო კვალიფიციური სპეციალისტი ხართ და შეგიძლიათ მძლავრი გრაფიკული რედაქტორების PhotoShop-ის ან Corel-ის გამოყენება? მათი საშუალებით ბენზოლის “აგება” არაქიმიკოსებს “ეპატიებათ”, ქიმიკოსებს კი – არა!
ძვირფასო მკითხველო, თუ თქვენი სურვილი იქნება, მომდევნო წერილებში განვიხილავ, რა მარტივად შეიძლება სხვადასხვა სახის ქიმიური ამოცანების გადაწყვეტა “ქიმიის მცოდნე” პროგრამების საშუალებით.

თავისუფლება ქართულად

0

ძველი, “კარგი” 90-იანები: ქუჩაში – სიბნელე და შავი სილუეტები, სახლში – სიცივე და ნერვული დაძაბულობა, ეზოში – ძველი ბიჭების ჩხუბი, ან ქალის მოტაცება საბჭოთა წარმოების ვაზ 21/06-ით…. საზოგადოების… არა, მაპატიეთ, ინდივიდების ბრძოლა საკვების დღიური ნორმის მოსაპოვებლად…. ავტომატის უმისამართო ჯერით დაშლილი მანიფესტაციები…. პურის რიგები – რიგში ძირითადად ქალები იდგნენ ხოლმე, ბავშვებით. 2-3 წლის ასაკში თავადაც ვყოფილვარ ასეთი ბავშვის როლში… ბავშვიანებისთვის პური ურიგოდ იყო…

ტალონი, კუპონი, ნავთი, ქურა… შეშის ღუმელსაც ბევრგან მოჰკრავდით თვალს… ომი, სროლა, დევნილები… დანგრეული თბილისი, დილაობით მასრების შესაგროვებლად და ისევ “ომობანას” სათამაშოდ გამოსული 9-10 წლის ბავშვები… დენის მოსვლის სიხარული… ოჯახის ძველი, ფირფიტებიანი “პრაიგრივაწელი”, რომელიც იმ იშვიათ შემთხვევებში ჟღერდა, როცა ელექტროენერგია გვქონდა…

შეუძლია თუ არა ასეთი კრიზისის (სოციალური და პოლიტიკური სისტემის ერთდროული ჩამოშლის) დროს ქვეყანას კულტურული განვითარება? ზოგს, ალბათ, მიაჩნია, რომ არა, მე კი ვფიქრობ, რომ ის, რაც 90-იან წლებში მოხდა, ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ ქართული ხელოვნებისთვის. სწორედ 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში დაიბადა ქართული კონტრკულტურა, ქართული ალტერნატიული მუსიკა.

სანამ ამ პოსტის წერას დავიწყებდი, ძველ პუბლიკაციებს გადავხედე და მივხვდი, რომ არაფერი დამიწერია ქართველი შემსრულებლების შესახებ. არადა, ქართულ ალტერნატიულ მუსიკას საკმაოდ სოლიდური და ღირებული ტრადიცია აქვს.

საერთოდ, მიმაჩნია, რომ მუსიკა ორ ძირითად ტიპად იყოფა. პირველი “ტკბობისთვის” იქმნება და მხოლოდ ადამიანის სმენის საამებელ ფუნქციას მოიაზრებს. მეორე კი ე.წ. “საპროტესტო” მუსიკაა, რომელიც არ გამორიცხავს ესთეტიკას და ლამაზ მელოდიებს, მაგრამ აუცილებლად არ მოიაზრებს მათ. საპროტესტო მუსიკა შეიძლება იყოს სოციალური, აღწერდეს და ააშკარავებდეს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს, გამოირჩეოდეს მეტი პროვოკაციულობით, დისჰარმონიულობით, არეული რიტმებით და ა.შ.

ბევრი კარგი მუსიკოსი უკრავდა სწორედ ასეთ, “საპროტესტო” მუსიკას 90-იანებში: რობი კუხიანიძე, ლადო ბურდული, დადა დადიანი… მაგრამ დღეს ირაკლიზე მინდა გესაუბროთ. ადამიანზე, რომელსაც უფროს მეგობრად მივიჩნევ. მეგობრად, რომელიც დავკარგე, მაგრამ რომელმაც ბევრი რამ დამიტოვა. მეგობრად, რომელიც დღესაც მეხმარება სირთულეთა გადალახვაში… მეგობრად, რომელსაც არასდროს დავივიწყებ, რომელიც ჩემთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ რომელთანაც რეალურად არასდროს მიკონტაქტია…

ირაკლი ჩარკვიანის მელოდიები ჩემს ცხოვრებაში მაშინ შემოვიდა, როცა 7 თუ 8 წლის გახლდით. ძველ რადიოში ვუსმენდით ხოლმე, აი, ისეთში, დღესაც ბევრ ოჯახში რომაა შემორჩენილი – ელექტროენერგიის გარეშეც რომ შეგეძლო მოგესმინა, “ელემენტებით”… პირველი სიმღერა “შენ აფრენ” იყო. იმ დროს ყველა “აფრენდა”, ანდა როგორ შეიძლებოდა, არ გაგეფრინა…

“მეფის” (სიცოცხლის ბოლო წლებში ჩარკვიანი სწორედ ამ მეტსახელს ატარებდა) ცხოვრება იმდენად უცნაური იყო, რომ მის რეალურობას ცოტა თუ დაიჯერებდა: ირაკლი – ადამიანი ელიტური ოჯახიდან, რომელსაც შეეძლო ჰქონოდა ყველაფერი: ცხოვრების კარგი პირობები, განათლება, წარმატებული კარიერა… მიუხედავად ამისა, უმცროსმა ჩარკვიანმა სრულიად სხვა გზა აირჩია, ბევრად უფრო რთული: კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის შვილიშვილი და ძალიან წარმატებული დიპლომატის შვილი სიცოცხლის ბოლომდე უბრალო ხელოვანად დარჩა.

ცოტა ხნის წინ ძალიან საინტერესო ფრაგმენტებს წავაწყდი გოგი გვახარიას გადაცემიდან “ფსიქო”. 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში ირაკლი ჩარკვიანი ამ გადაცემის საკმაოდ ხშირი სტუმარი გახლდათ. მის პიროვნებაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად, ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მასალაა:

ირაკლის ხელოვნება არასდროს ყოფილა კომერციული. წერდა, უკრავდა და მღეროდა იმას, რისი სურვილიც ჰქონდა. ასეთი მუსიკის კომერციალიზაცია იმდროინდელ (და არა მხოლოდ იმდროინდელ) საქართველოში თითქმის შეუძლებელი იყო. ალბათ სწორედ ამიტომაც ამბობს ვიდეოში: “ჩვენ ყველა ქუჩის მუსიკოსები ვართ”.

ძნელი სათქმელია, პოეტი უფრო იყო თუ მუსიკოსი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – ირაკლი პირველი ადამიანი გახლდათ, რომელმაც უნაკლოდ მოარგო როკს ქართული ლირიკა. ამით მან დაანგრია სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ქართული ენა ამ სტილის მუსიკას არ უხდება. სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ეს ტრადიცია ვერავინ გააგრძელა…

ჩარკვიანის მუსიკას კიდევ ერთი უნიკალური თვისება აქვს – ძალიან გიახლოებს… უსმენ, უსმენ და ნელ-ნელა აცნობიერებ, რომ მუსიკოსი სწორედ იმას ამბობს, რისი თქმაც შენ ერთ დროს გინდოდა და არ თქვი, ან თქვი, მაგრამ არასაკმოდ ხმამაღლა…

ქართული პუბლიკა ირაკლისადმი ყოველთვის დადებითად არ ყოფილა განწყობილი. მახსოვს, როგორ არ მოეწონა საზოგადოების დიდ ნაწილს მის მიერ არჩეული ფსევდონიმი “მეფე”. ვფიქრობ, ეს მუსიკოსის ძალიან საინტერესო პროვოკაცია გახლდათ, რომელსაც ასეთი შედეგი ჰქონდა -მან ხალხს დაანახა, რომ შემოქმედ ადამიანს აქვს თავისუფლება (რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროვოკაციული ფსევდონიმის არჩევით გამოიხატა), საზოგადოება კი შეეცადა, გაეკრიტიკებინა მისი თავისუფლება და ეს ქმედება გაურკვეველი მორალური ნორმებითა თუ სტერეოტიპებით გაემართლებინა.

ხალხის განწყობა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ირაკლის გარდაცვალების შემდეგ შეიცვალა. ვფიქრობ, მისი შემოქმედება ოდნავ უფრო ღრმად გაიცნეს, რამაც შეხედულებებზეც იმოქმედა. დღეს ის უყვართ როგორც ახალგაზრდებს, ასევე შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლებსაც. საზოგადოებისთვის ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი მუსიკოსი ან კარგი პოეტი.

ჩემთვის ირაკლი განსაკუთრებული, “ქართული” ფენომენია. ადამიანი, რომელიც გათავისუფლდა ოჯახის გავლენისგან, პოლიტიკისგან, ყველა იმ მარწუხისგან, რომელიც შემოქმედ ადამიანს აფერხებს… და თუ ამერიკულ მუსიკაში თავისუფლებას ჰენდრიქსს, მორისონს, ჯოპლინს უკავშირებენ, ჩემთვის ქართული შემოქმედებითი თავისუფლების ეტალონი სწორედ ისაა – ირაკლი, ჩარკვიანი…

მუსიკის გაკვეთილი

0

არცთუ დიდი ხნის წინ ერთი კარგი გოგონა გავიცანი – თინათინ შურღაია. თინათინი დამწყები მომღერალია და მას youtube-ზე შევხვდი. პირველი ვიდეო სამი თვის წინ აუტვირთავს და დღემდე 10 000-მდე მოსმენა აქვს. თინათინს ძლიერი ხმა, მელოდიური სიმღერები და საინტერესო ვიზუალით გაფორმებული სიმღერები აქვს, სულ 4 ცალი. სამი თვისთვის საკმარისია, მე თუ მკითხავს კაცი.

ამ თინათინმა სხვა თინათინი გამახსენა, ისიც ინტერნეტში ნანახ-გაცნობილი, გაცილებით ნაყოფიერი, კლავიშთან დამეგობრებული გოგო – თინათინ ათინათი. ერთი პირობა ისიც კი ვიფიქრე, ერთი და იგივე პიროვნება ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ არა. ის, პირველი, ბევრად უფრო დამუშავებული, კომერციული, პროფესიონალიზმისკენ მიდრეკილია, ვიდრე მეორე. ამ მეორის მუსიკა უფრო თვითმყოფადი და თავისუფალია, ისე ჩაწერილი, მოუსმენენ თუ არა, დიდი მნიშვნელობა რომ არ აქვს, – უყვარს და უკრავს. მეორესაც სჭირდება ერთი კარგი სტუდია, მეტი ყურადღება და ერთით მეტი კარგი მუსიკოსი გვეყოლება. ასეთები კი ნამდვილად გვჭირდება, თანამედროვე ქართველ შემსრულებელთა მწირ სიას თუ გადავავლებთ თვალს.

თინათინ ათინათს რომ ვუსმენდი, ჩემი მუსიკის გაკვეთილები გამახსენდა, ადრე, ბავშვობაში მიღებული. საინტერესოა, ახლა როგორ სწავლობენ მუსიკას ბავშვები საჯარო და მუსიკალურ სკოლებში…
მცირე ჩანართი პირადი გამოცდილებიდან

ჩემს მუსიკის მასწავლებელს მილკა ერქვა, დიდი, ზომიერად ფერხორციანი ქალი იყო უზომოდ ბევრი ხალით. შემოვიდოდა ხოლმე გაკვეთილზე, მიუჯდებოდა პიანინოს, დაუკრავდა რაიმეს ტრადიციული ქართული სასიმღერო რეპერტუარიდან და ჩვენ, ანუ მთელ კლასს, უნდა გვემღერა. ჩვენს უმეტესობას, ცხადია, არცთუ ისე კარგი ვოკალური მონაცემები ჰქონდა, ამიტომ ჩვენი მუსიკის გაკვეთილები სრული საშინელება იყო და მათ, ისევე როგორც ფიზკულტურისა და ხაზვის გაკვეთილებს, თითქმის არავინ ესწრებოდა. სამაგიეროდ, ჩვენ ყველა, მეც და ჩემი თანაკლასელებიც, დავდიოდით მუსიკაზე სხვა მასწავლებლებთან (სამუსიკო სკოლაში), ვსწავლობდით ფორტეპიანოს, მუსლიტერატურას და სოლფეჯიოს, ვუკრავდით გამებს და არც ერთმა არ ვიცოდით, რა საჭირო  იყო ეს ყველაფერი.

სამუსიკო სკოლაში სიარული მეექვსე კლასში შევწყვიტე და ვთქვი, რომ შვილს არასოდეს ვატარებდი მუსიკაზე, ვინაიდან ასე შეუძლებელია ისწავლო მუსიკის სიყვარული.
პირველი, რაც მუსიკის (და არამხოლოდ) მასწავლებელმა უნდა გასწავლოს, მისი სიყვარულია, არგუმენტირებული სიყვარული. მე მუსიკის არგუმენტირებულ სიყვარულამდე გაცილებით გვიან და დამოუკიდებლად მივედი. სწორედ ამ დამოუკიდებლად ნასწავლმა სიყვარულმა დამაფიქრა იმაზე, როგორია მუსიკის გაკვეთილები თანამედროვე სკოლებში, ვინაიდან უცებ ძალიან მომინდა, დღევანდელი პატარები არა ასე, ჩემი თაობის ბავშვებივით იტანჯებოდნენ მუსიკის გაკვეთილებზე, არამედ კარგ მუსიკას ისმენდნენ, თანამედროვე ქართველ (და არამხოლოდ) შემსრულებლებს ეცნობოდნენ, მათ მსგავსება-განსხვავებებს, ღირსებებსა და ნაკლოვანებებს აანალიზებდნენ, მუსიკალურ ლიტერატურას ეცნობოდნენ, ერთი ნაწარმოების რამდენიმენაირ შესრულებას ისმენდნენ, ფიქრობდნენ იმაზე, რატომ არ არსებობს საქართველოში სრულფასოვანი მუსიკალური სივრცე და რა არის საჭირო მუსიკალური ინდუსტრიისთვის, რატომ უყვართ ის შემსრულებლები, რომლებიც უყვართ და სხვა ასეთ საკითხებზე.
ამით ბავშვებს თავიდან ავაცილებდით მტანჯველ გაკვეთილებს და მივიღებდით თაობას, რომელიც კარგი მსმენელი იქნებოდა, ეს კი თავისთავად გაზრდიდა ქვეყანაში მოთხოვნას კარგ შემსრულებლებზე, თორემ დღეს კარგ მუსიკოსებს უკეთეს შემთხვევაში 10 000 კაცი უსმენს, ხოლო უარესში ისინი ხარისხიან ჩანაწერსაც კი ვერ აკეთებენ და მსმენელთა რიცხვიც ოდნავ თუ აღემატება ნაცნობ-მეგობრებისას.

უკუკავშირი როგორც მეთოდი(მეორე ნაწილი)

0

უკუკავშირის დროს კომუნიკაცია გაგებულია როგორც ცირკულარული პროცესი, რომელიც ერთდროულად მრავალ სიბრტყეზე (ვერბალურზე, არავერბალურზე და ა.შ.) მიმდინარეობს.

როგორც ვიცით, კომუნიკაციის პროცესი გულისხმობს, სულ ცოტა, ორ ადამიანს შორის ინფორმაციის გაცვლას. იგი, ნებისმიერი ურთიერთობის მსგავსად, წრიული ხასიათისაა: ერთი ადამიანი განსაზღვრულ ინფორმაციას გადასცემს მეორეს, ეს უკანასკნელი უბრუნებს პასუხს, ხოლო ინფორმაციის გადამცემი პასუხის მიხედვით აგებს თავის მომდევნო კომუნიკაციას. ამდენად, კომუნიკაცია მარტო იმაზე კი არ არის დამოკიდებული, რა ინფორმაცია გადასცა ერთმა მხარემ, არამედ იმაზეც, როგორ გაიგო და შეაფასა ეს გზავნილი მეორემ.
კომუნიკაცია უნდა გავიგოთ როგორც რთული პროცესი, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება. ესენია: კოდირება, გადაცემა, არხი, მიღება, გადაკოდირება და უკუკავშირი.
კოდირება – ადრესატისთვის ინფორმაციის გადაცემა პირდაპირ არ ხდება. იგი თავდაპირველად სიმბოლოების სახით კოდირდება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცემა მეორე ადამიანს. ეს შესაძლოა მოხდეს ვერბალური გამოხატულების მეშვეობით ან არავერბალური კომუნიკაციის გზით.
გადაცემა – თუ კოდირების დროს ინფორმაციის გადამცემი იღებს გადაწყვეტილებას, როგორ გადასცეს ინფორმაცია, ამ ეტაპზე ქმედებას ახორციელებს.
არხი – სტიმულების (კოდირებული ინფორმაციის) გადაცემა სხვადასხვა არხის მეშვეობით ხდება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, გამგზავნელმა არ მოახდინოს არხის მინიმალიზება. სასურველია, ინფორმაციის არხი რამდენიმე იყოს და ადრესატი წარმოადგენდეს პირველად წყაროს. მაგალითად, თუ მასწავლებელი მშობელს ინფორმაციას მხოლოდ შუამავლის ან წერილობითი შეტყობინების მეშვეობით გადასცემს, ამ შემთხვევაში ის ინფორმაციის მინიმალიზებას ახდენს, ვინაიდან ზღუდავს ადრესატისთვის ინფორმაციის სრულად გაგებას.
მიმღები – ეს ეტაპი ინფორმაციის გადაცემის ანალოგიურია. აქ ხდება სტიმულის – ვერბალური, არავერბალური თუ წერილობითი კომუნიკაციის მეშვეობით გადმოცემული ინფორმაციის – მიღება და ტვინის სპეციალური უბნისთვის გადაცემა.
გადაკოდირება – ამ ეტაპზე ხდება სტიმულების (კოდირებული ინფორმაციის) გადაკოდირება. ეს ეტაპი კოდირების მსგავსია, ვინაიდან გადაკოდირებისას ხდება ადრესატის გამოცდილების გამოყენება. მაგალითად, რამდენად ცნობილია/უცნობია მისთვის ინფორმაცია, არსებობს თუ არა ფსიქოლოგიური ბარიერები. საუკეთესო შემთხვევაში ადრესატის მიერ ინფორმაციის გადაკოდირება გამგზავნელის მიერ ინფორმაციის კოდირების იდენტურია.
ინფორმაცია, რომელსაც გადავცემთ, თავდაპირველად მხოლოდ სტიმულია. ინფორმაციის სახეს იგი იღებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადრესატის მიერ გადაკოდირდება. შესაბამისად, ჩვენ მიერ მიწოდებულმა სტიმულმა შესაძლოა სხვადასხვა სახე მიიღოს და სხვადასხვაგვარად იქნეს გაანალიზებული.
უკუკავშირი – ინფორმაციის გადაკოდირების, გაანალიზების შემდეგ ადრესატი რეაგირებს ინფორმაციაზე, რაც უკუკავშირით გამოიხატება. უკუკავშირი შეიძლება მოხდეს როგორც ვერბალური (კომენტარი, ფრაზა), ისე არავერბალური გამოხატულებით (მიმიკა).
უკუკავშირი კომუნიკაციის პროცესის კონტროლის საშულებაა. მისი წყალობით გამგზავნი იგებს, როგორ აღიქვა, გაიგო და გააანალიზა ადრესატმა მიწოდებული ინფორმაცია. თუ გამგზავნმა დაინახა, რომ ადრესატმა ვერ გაიგო ან არასწორად გაიგო მიწოდებული ინფორმაცია, იგი ამარტივებს, უფრო ნათლად აყალიბებს მას და ხელახლა გზავნის.
როგორც დავინახეთ, უკუკავშირი კომუნიკაციის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან ის საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, გამგზავნის მიერ მიწოდებული ინფორმაცია რამდენად იდენტურია ადრესატის მიერ აღქმული და გაანალიზებული ინფორმაციისა.
მაშასადამე, უკუკავშირი შედეგიანია, თუ უკუკავშირის გამცემსა და მიმღებს შორის მყარდება ეფექტური კომუნიკაცია. უკუკავშირმა ორივე მიმართულებით უნდა მისცეს სტიმული რეფლექსიას და არ უნდა წარმოადგენდეს ინფორმაციის წყაროს მხოლოდ უკუკავშირის მიმღებისთვის.
ირენე კლეინმა (Klein, Irene: Gruppenleiten ohne Angst: ein Handbuch fuer Gruppenleiter, Muenchen 2005) ჩამოაყალიბა პრაქტიკული კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვას კომუნიკაციის პროცესში მონაწილე ორივე მხარემ – უკუკავშირის როგორც გამცემმა, ასევე მიმღებმაც.
მაგალითად მოგვყავს რამდენიმე კითხვა, რომლებიც კომუნიკაციის პროცესში უკუკავშირის გამცემმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს
* რატომ აღგიქვამ ასე?
* რას აღვიძებ ჩემში?
* რით არის ეს გამოწვეული?
* როგორ აღვიქვამ საკუთარ თავს ამ სფეროში?
* ჩემი ცხოვრების რომელ ღირებულებებს და ძირითად წესებს შეიძლება ეხებოდეს იგი?
ხოლო უკუკავშირის მიმღებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს:
* რას მეუბნება მე შენი შეტყობინება/ინფორმაცია?
* შენი შეტყობინება იწვევს ჩემში გამოძახილს?
* შეცნობილი მაქვს მე ჩემი წილი?
* როგორ ვაფასებ საკუთარ თავს ამ სფეროში და როგორ გაფასებ შენ?
უკუკავშირი შეიძლება განხორციელდეს როგორც “ოთხ თვალს შორის”, ასევე ჯგუფშიც, მაგრამ ამ მეთოდის გამოყენებისას, უპირველეს ყოვლისა, ლაპარაკია ჯგუფურ მუშაობაზე, ჯგუფისადმი მიკუთვნებულობაზე და სამუშაო და სასწავლო ატმოსფეროზე ჯგუფში, რადგან უკუკავშირის სასწავლო ეფექტი და სარგებელი ჯგუფური შეხვედრების დროს ყველაზე დიდია. უკუკავშირის მეთოდი საკმაოდ წარმატებულად გამოიყენება მოზრდილთა განათლების პროგრამებში.
ამ პუბლიკაციაში ვისაუბრებთ ამ მეთოდის სწორად გამოყენებაზე მოზრდილთა განათლების ციკლში.
მეტად მნიშვნელოვანია, ნაბიჯ-ნაბიჯ ვისწავლოთ უკუკავშირის გამოყენება. სახელდობრ, რა ნაბიჯები უნდა გადადგან სემინარის/ტრეინინგის ხელმძღვანელმა და მონაწილეებმა მეთოდის ეფექტური გამოყენებისთვის?
ასეთი ჯგუფური შეხვედრების დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორ იქნება დაგეგმილი გაცნობის ფაზა. ამ დროს უნდა “გალღვეს ყინული”, დამყარდეს თბილი ურთიერთობა მონაწილეებს შორის, რაც სასურველ ჯგუფურ ატმოსფეროს წარმოშობს. უკუკავშირის გამცემსა და მიმღებს შორის ურთიერთემპათია და პოზიტიური განწყობა წარმატებული ჯგუფური მუშაობის უმნიშვნელოვანესი წინა პირობაა. ასევე მნიშვნელოვანია, შეხვედრის ხელმძღვანელმა/მოდერატორმა განუმარტოს მსმენელებს უკუკავშირის მიზანი, მისი დადებითი ეფექტები და განიხილოს ის წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვან უკუკავშირის როგორც გამცემმა, ისე მიმღებმაც. შესაძლოა, მოდერატორმა უკუკავშირის რამდენიმე სავარჯიშო შესთავაზოს მსმენელებს იმის გასარკვევად, გააცნობიერეს თუ არა მათ უკუკავშირის მიზანი და აქვთ თუ არა მისი ეფექტურად გამოყენების უნარი.
დოპლერი და ლაუტერბურგი (Doppler, Klaus; lauterburg Christoph: Change Management. Den Unternehmenswandel gestalten. Frankfurt/Main, New York 2005) გვთავაზობენ ეფექტური უკუკავშირის ოთხ თანამიმდევრულ ფაზას:
1. ჯგუფის სხვა წევრებისადმი მიმართული პოზიტიური უკუკავშირი;
2. კრიტიკული უკუკავშირი;
3. სურვილები და სტიმულები შემდგომი თანამშრომლობისთვის;
4. უკუკავშირის მიმღების რეზიუმე და კომენტარი.
უკუკავშირი პრაქტიკაში
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკუკავშირი წარმატებული რომ იყოს – სწორად მივიდეს მიმღებამდე, მის მიერ კარგად იქნეს მიღებული და მოახდინოს პოზიტიური გავლენა, აუცილებელია შესაბამისი წესების დაცვა და რამდენიმე წინა პირობის გათვალისწინება.
გაგაცნობთ რამდენიმე მნიშვნელოვან წინა პირობას, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ეფექტური უკუკავშირის დასამყარებლად:
* ჯგუფის ყველა წევრს გაცნობიერებული აქვს უკუკავშირის დადებითი ეფექტები;
* ჯგუფის ყველა წევრი მზად არის ახლის შესასწავლად და მაღალი აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა;
* ჯგუფში არის ურთიერთნდობისა და ურთიერთმფარველობის ატმოსფერო;
* არის მშვიდი სამუშაო გარემო და საკმარისი დრო;
* მოდერატორი თავად არის სანიმუშო უკუკავშირის როგორც გამცემი, ასევე მიმღებიც;
* ჯგუფის ყველა წევრი იცნობს “თამაშის წესებს” და მისდევს მათ;
* სიგნალების უკეთ გასაგებად და გასაზიარებლად აუცილებელია, უკუკავშირის გამცემი ლაპარაკობდეს უკუკავშირის მიმღების ენაზე, ანუ გასცემდეს ინფორმაციას, რომელიც მიმღების გონებრივ და ემოციურ ჩარჩოებში ჯდება;
* უნდა მოხდეს უკუკავშირის როტაცია, რათა თავიდან იქნეს აცილებული მიმღებისა და გამცემის ცალმხრივი როლები.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას უკუკავშირის გამცემისთვის:
* აღწერე და არ შეაფასო – უკუკავშირის გამცემი მხოლოდ აღწერს თავის პირად აღქმებს, გრძნობებსა და დაკვირვებებს, გასცემს რეკომენდაციებს, როგორ შეიძლება, მისი აზრით, პრობლემის მოგვარება. ამასთან, იგი არ საყვედურობს, არ იწყებს მორალის კითხვას.
* თავდაპირველად მიაწოდე პოზიტიური უკუკავშირი, შემდეგ – კრიტიკა – ასეთი მიდგომა მიმღებს კეთილად განაწყობს, იზრდება ნდობა და კრიტიკის მიმღებლობა.
* გაეცი კონკრეტული უკუკავშირი – უკუკავშირი უნდა იყოს კონკრეტული, ნათლად ფორმულირებული და გასაგები. ამის მისაღწევად საუკეთესო გზაა უკუკავშირის გამცემის მიერ პრაქტიკული მაგალითების მოყვანა საერთო სამუშაო გამოცდილებიდან. ზოგადი და აბსტრაქტული უკუკავშირი არაფრის მომცემია.
* ილაპარაკე მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან – უკუკავშირის გაცემისას აუცილებელია, გამოვიყენოთ პირველი პირი, მაგ. “მე მიამჩნია…” და არა “მიაჩნიათ”, “მიიჩნევენ”.
* დაიცავი კონფიდენციალობა – ყველაფერი, რაც უკუკავშირის დროს გამოითქმება, უნდა იყოს კონფიდენციალური და არავითარ შემთხვევაში ჯგუფიდან გარეთ არ უნდა გავიდეს.
* ურჩიე და არ აიძულო – ნუ იქნები დირექტიული, ეცადე, გქონდეს თანამშრომლობითი ტონი.
* სხვისი თვალით შეხედე პრობლემას – უკუკავშირის გამცემმა უნდა იფიქროს არა მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებზე, არამედ, პირველ რიგში, უკუკავშირის მიმღებისაზე. გაწონასწორებული უკუკავშირი ყველა მონაწილის მოთხოვნილებებს ითვალისწინებს.
* გაეცი გამოსადეგი უკუკავშირი – აზრიანმა უკუკავშირმა გავლენა უნდა მოახდინოს უკუკავშირის მიმღებზე.
* მიაწოდე უკუკავშირი რაც შეიძლება მალე – უკუკავშირი მით უფრო ეფექტიანია, რაც უფრო მყისიერად გაიცემა იგი, მაგრამ გასათვალისწინებელია, მზად არის თუ არა იმ დროს ამისთვის მიმღები.
წესები უკუკავშირის მიმღებისთვის:
* იყავი აქტიური მსმენელი – ყურადღებით მოუსმინე უკუკავშირის გამცემს, თუ რაიმე ვერ გაიგე, დაუსვი კითხვები.
* არ დაიწყო დაცვა და დაპირისპირება – არ დაიწყო საკუთარი პოზიციის არგუმენტირება და დაცვა ისე, რომ ამან კონფლიქტამდე მიგიყვანოს.
* იფიქრე იმაზე, უკუკავშირის დროს რომელი რჩევაა შენთვის სასარგებლო.
* დაუბრუნე უკუკავშირი უკუკავშირის გამცემს – ეს შეიძლება მოხდეს მოგვიანებით, არაფორმალური საუბრის დროს. არ დაგავიწყდეს, უთხრა უკუკავშირის გამცემს, რა მოგცა მისმა რჩევებმა, რომელი იყო განსაკუთრებით სასარგებლო, რაში არ დაეთანხმე. ასეთი მიდგომით უკუკავშირი შეიძენს წრიულ ხასიათს.
ამ წესების გათვალისწინება წინა პირობაა კომუნიკაციის პროცესში ეფექტიანი უკუკავშირის დამყარებისა.
სტატიის მომდევნო ნაწილში უშუალოდ საკლასო ოთახში მიმდინარე უკუკავშირზე გესაუბრებით.

გველის სიმბოლო და ლიტერატურული პარალელები

0
წლების წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე გადავლახავდი ქვეწარმავლების შიშს და ამ საოცარი, იდუმალი არსებების შესახებ ინფორმაციის მოძიებას დავიწყებდი. ბავშვობაში ტელევიზორშიც კი მიჭირდა გველის ცქერა, შიშის ზარს მცემდა მისი ცივი, ტლანქი სხეულის უცნაური ხლართვა. არც კი ვიცი, ზიზღი მეტი იყო ამაში თუ შიში. ცოცხლად ნახვასა და ახლო კონტაქტზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია… მაგრამ ბოლო ხანს ტელეეკრანზე თვალი შევაჩვიე და საკუთარ თავს ვაჯობე.

2013 გველის წელია, ამიტომ განსაკუთრებით აქტუალურია მისი ფერი, “ხასიათის” შტრიხები, რა უყვარს, ასტროლოგიური პროგნოზები და ა.შ. მაღაზიებში და ბაზრობებზე ფერადი, საყვარელი, მოღიმარი და კეთილად მომზირალი სათამაშო გველები იყიდება და ჩვენც თითქოს ერთი წლით ვივიწყებთ, რომ ეს ცხოველია ადამის მოდგმის დამღუპველი და ცოდვათა დასაბამი.

საქართველო მრავალეთნიკური და მულტიკულტურული ქვეყანაა, რომელიც ევროპა-აზიის გასაყარზე დგას და ითვისებს ყველაფერს, რაც მისი ბუნებისთვის მისაღებია. ხშირად ვამბობთ და გვეამაყება კიდეც, რომ ჩვენი კულტურა მრავალფეროვანი, სინთეზური და იმავდროულად თვითმყოფადია, თუმცა არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ ქართველები მარტო როდი ქმნიდნენ ამ კულტურულ მემკვიდრეობას; ხუროთმოძღვრება, ფერწერა, მუსიკა თუ ლიტერატურა, ხელოვნების ყველა დარგი საკუთარ თავში აერთიანებს ანტიკურსა და ქართულ, აზიურსა და ევროპულ ელემენტებს.

ლიტერატურა როგორც წარსულისა და აწმყოს ანარეკლი ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, სტრიქონებს მიღმა დავინახოთ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიმდინარე პროცესები, რომლებიც საზოგადოების ყოფა-ცხოვრებას, განვითარებას განსაზღვრავს, ხოლო ეს უკანასკნელი მწერლის ყურადღების უმთავრესი ობიექტია.

საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანობის გავრცელებას და მის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას მოჰყვა წარმართული კულტებისა და წეს-ჩვეულებების რღვევა. ქართული პანთეონი არასდროს ყოფილა ისეთი მრავალრიცხოვანი და ძლიერი, როგორიც ბერძნული ან რომაული იყო. ქართული კულტები და რიტუალები ნაწილობრივ შემოინახა ზეპირსიტყვიერებამ. სამწუხაროდ, ქრისტიანობამდელი ეპოქის წერილობითი ძეგლები არ მოგვეპოვება. ამ ფაქტს ზოგიერთი მეცნიერი ახალი რელიგიის გავრცელებას და წინაქრისტიანული რწმენის მიმართ მის უარყოფით დამოკიდებულებას მიაწერს, რაც ნამდვილად დამაფიქრებელია. ისიც უნდა ითქვას, რომ ქრისტიანულმა სარწმუნოებამ ადვილად და უმტკივნეულოდ განდევნა წარმართობა, ცალკეულ შემთხვევებში კი შეერწყა მას. სინთეზურობა ყველაზე მეტად შეიმჩნევა მთაში, სადაც ეთაყვანებიან ქრისტეს და, იმავდროულად, წარმართულ ადათ-წესებსაც იცავენ. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ლომისა, რომელიც მთიულეთში გავრცელებული ღვთაება იყო, მოგვიანებით კი მისი კულტი წმ. გიორგის დაუკავშირდა.

ამა თუ იმ კულტის გავრცელებას ხელს უწყობდა ქვეყნებს შორის პოლიტიკურ-სოციალური, სავაჭრო და კულტურული სიახლოვე, თუმცა გველის სიმბოლიკა და მასთან დაკავშირებული რიტუალები მთელ მსოფლიოშია გაბნეული და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზეც არაერთი შემონახულა. სწორედ ამიტომ ქართულ სიტყვიერებაში ხშირად გვხვდება ამ ქვეწარმავლის სახე. საინტერესო ის არის, რომ მას დადებითი დატვირთვა აქვს. მთიულეთში ხეს ამოყოლილ გველს ოჯახის მფარველ ანგელოზს, “ფუძის ანგელოზს”, უკავშირებდნენ და სწამდათ, რომ მისი მოკვლა ადამიანს განსაცდელს შეამთხვევდა. ეს წარმოდგენა სათავეს იღებს უძველესი რწმენიდან, სადაც გველი მიჩნეული იყო წმინდა ხის ან პურის თავთავის სულად და ნაყოფიერების მფარველად.

ინდიელთა ტომებს ჰქონდათ ასეთი ადათი: თუ გველს გადაეყრებოდი, მისთვის გზა უნდა დაგეთმო და არ განგერისხებინა, თორემ შეეძლო, მთელი ოჯახი დაეღუპა.

ათენას, რომელიც ძველ ბერძნულ პანთეონში სიბრძნის ქალღმერთია, ერთ-ერთ ატრიბუტად გველი ჰყავს. ბუდისტურ რელიგიაში ამ ცხოველს განსაკუთრებით ეთაყვანებიან. ბუდას ერთ-ერთი მცველი სწორედ გველია. ანტიკურ სამყაროში გველი ესკულაპეს – მედიცინის მფარველი ღვთაების – ატრიბუტიც არის, ამიტომ სამედიცინო სიმბოლიკაშიც გამოიყენება. ბუნებრივია, მკითხველს გაახსენდება ვაჟა-ფშაველას პოემა “ბახტრიონი”, კერძოდ, მისი ფინალი, სადაც დაჭრილ ლუხუმს გველი უვლის. ვაჟას ეს ნაწარმოები და პოემა “გველის მჭამელი”, აგრეთვე – კონსტანტინე გამსახურდიას “ხოგაის მინდია” მეტად საყურადღებო მასალას გვაწვდის ამ სიმბოლოს გააზრების თვალსაზრისით. ერთი რამ ცხადია: ქრისტიანულმა რელიგიამ გველი ბოროტების საწყისად დასახა, ამიტომ ადამიანების დიდი უმეტესობა ამ ქვეწარმავლის მიმართ განსაკუთრებულ შიშს განიცდის, რაც სავსებით ბუნებრივია. ადამის მოდგმის მტერი, პირველი ცოდვის მიზეზი, შეუძლებელია, დადებით სიმბოლოდ აღვიქვათ. მაგრამ აქვე მათეს სახარების გახსენებაც შეიძლება, სადაც მაცხოვარი ამბობს: “იყავით გონიერნი ვითარცა გველნი და უმანკონი ვითარცა მტრედნი”…

საინტერესოა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებში მინდია თეთრ გველს შეჭამს და ამის შემდეგ შეიძენს ზებუნებრივ ნიჭს. თეთრი გველი საყურადღებო სიმბოლოა – თეთრი ხომ ფერია, რომელიც სიწმინდესთან ასოცირდება.

მინდიასთვის საბედისწერო ხდება მისი ნიჭი. მას ყველა და ყველაფერი უყვარს, ყველასა და ყველაფრის მიმართ თანაგრძნობას განიცდის, მტერსაც კი აღარ ხოცავს. მაგრამ ქვეყანა თავისას მოითხოვს… მამის ფრანგულით დაღვრილი სისხლი ოჯახისთვის აღდგენილი თავმოყვარეობის ნიშანია, ხოლო მინდიასთვის – უბედურების საწყისი. ჯიხვი მოკლულია, მინდია კი კარგავს ნიჭს… გველმა ადამიანს შესძინა სიკეთისა და სიყვარულის, თანაგრძნობისა და სიმშვიდის დაუშრეტელი სურვილი, მაგრამ მიწიერ ყოფაში მისი შენარჩუნება ძნელი აღმოჩნდა. გველის სიმბოლო ახსნილია როგორც მომნიჭებელი და იმავდროულად სიცოცხლის წამრთმევი. 
ვაჟას მინდია ყველაფერში ცოლს ადანაშაულებს. ქალია მისი უბედურების, ნიჭის დაკარგვის მიზეზი და ეს გველის სიმბოლოს მეორე მხარეა. საზოგადოდ, ქალი და გველი ერთ სახედ მოიაზრება და მას მაცდუნებლის ნიღაბი აქვს მორგებული.

სრულიად სხვა დატვირთვას იძენს ლუხუმის მკურნალი გველის სახე – ადამის მოდგმის მტრისა, რომელსაც ბოროტების გზა მიუტოვებია და სიკეთის ქმნის სურვილი გასჩენია.
ამ წერილში საგანგებოდ არ შევეხე სვანურ ტრადიციებს (“მთვარის მოტაცება”), რომლებიც ძალზე საინტერესოა და უფრო ფართო განხილვას მოითხოვს, აგრეთვე – გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას, რადგან ეს სულ სხვა წერილის თემაა.

დაბოლოს – ერთი არაჩვეულებრივი ლექსი, რომლის სათაურიც უცნაურ გრძნობას იწვევს. ეს თითქოს კეთილისა და ბოროტის ჭიდილია. არსება, რომელსაც ღვთიურთან საერთო არაფერი აქვს, მაგრამ, ჩვენდა გასაოცრად, ესწრაფის მას. ანა კალანდაძე, “ლოცულობს გველი”:
გასრიალდება ხევში ზმორებით
ტანმოხატული უცხო ზოლებით
მუხლებს მოიყრის და, შიშის მგვრელი,
ლოცულობს გველი…
ალბათ, ცოდვილ სულს ავედრებს ღმერთსა,
რომ იდუმალებს,
სევდიან თვალებს 
მიაპყრობს ზეცას,
ჩუმად ჩურჩულებს გესლიან ენით…

მართვის ცოცხალი პრაქტიკის გარეშე

0
არისტოტელეს კარგი დასაწყისი ნახევარ წარმატებად მიაჩნდა… ამ ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი მსოფლიო რანგის ქართველი მოაზროვნის, დიმიტრი უზნაძის, ნარკვევებს სკოლათა მართვის ორგანიზების შესახებ, სადაც გადავაწყდი კიდეც უმნიშვნელოვანეს, ჩემთვის გამოსადეგ ციტატას: “სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოს მოქალაქენი მისი აღსაზრდელები არიან. დაე, სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი, დაე, მისი მართვა, არსებითად, მოსწავლეთა ხელში გადავიდეს. მართვის ცოცხალი პრაქტიკა გამოაწრთობს მოზარდი თაობის მოქალაქეობრივ ხასიათს… თვითმმართველობის შემოღება არის მოქალაქეობრივი გრძნობების აღზრდის უმნიშვნელოვანესი საშუალება. მომავლის სკოლა, რომლის მიზანი მოქალაქეობრივად განწყობილი ხასიათის აღზრდა იქნება, აუცილებლად ბევრს იფიქრებს სასკოლო ცხოვრებაში მჩქეფარე პრაქტიკულ საქმიანობაზე, რომელიც დღენიადაგ აღძრავს ბავშვებში თვითმოქმედებას, ინიციატივას, შეუპოვრობას”.
როგორია დღევანდელი მოსწავლეთა თვითმმართველობა?
2006 წელს დამტკიცებული საკანონმდებლო ინიციატივებით სკოლათა დემოკრატიზაციის პროცესის დაწყების შესახებ გვამცნეს. ბევრი იაკობ გოგებაშვილის ნატვრის ახდენაზეც ალაპარაკდა. ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაფუძნდა სამეურვეო საბჭო, რომელსაც მართვის სადავეები უნდა გადასცემოდა. პარალელურად თითოეულმა უფროსკლასელმა (VII-XI) თავისი ფავორიტი აირჩია მოსწავლეთა მრავალრიცხოვან კომისიაში.
მოსწავლეთა თვითმმართველობას ფართო უფლებამოსილება მიენიჭა. ამ ორგანოს წევრები ირჩევდნენ თავმჯდომარეს, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრი ხდებოდა და მონაწილეობდა ბიუჯეტის დამტკიცების, დირექტორის არჩევისა თუ სხვა მნიშვნელოვანი სასკოლო საკითხების განხილვაში. მოსწავლეებს სოლიდური რაოდენობის წარმომადგენელი (1/3) ჰყავდათ დისციპლინარულ კომიტეტში – მთავარ სტრუქტურაში, რომელიც სასკოლო წესების დარღვევათა პრევენციაზე იყო პასუხისმგებელი. ამასთანავე, თვითმმართველობის პრეროგატივად გამოცხადდა სხვადასხვა პროფილისა თუ შინაარსის სასკოლო კლუბების დაარსებაც.
თითქოს ყველაფერი კალაპოტში მოექცა და შეიქმნა ნოყიერი ნიადაგი მოზარდთა დამოუკიდებელი მოქმედებისა და თავისუფალი ინიციატივის წასახალისებლად, მათ შორის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გასაღვივებლად. ალბათ მალე მრავალფეროვანი და დაძაბული პრაქტიკული საქმიანობის გაჩაღებასაც მოელოდნენ. მეტიც – სასკოლო რეფორმას მყარი ფუნდამენტი უნდა შეექმნა მძლავრი სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
რეფორმატორთა იმედები არ გამართლდა, ცვლილებისგან სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. რატომ?
პასუხი მარტივია: საქართველოში წესებისა და კანონების ზედმიწევნით შესრულება არ გვჩვევია, ამიტომ ბევრი რამ ქაღალდზე რჩება.
მახსოვს ოთახში მოულოდნელად შემოსული სასწავლო ნაწილის გამგე, რომელმაც ჩემს კლასში სახელდახელო არჩევნები ჩაატარა. კენჭისყრაში ერთი ხმით გავიმარჯვე. შემდეგ თვითმმართველობის კრებაც გაიმართა, სადაც დაბნეულმა და გაოგნებულმა თანასკოლელებმა მდივნად დამამტკიცეს, უბრალო მიზეზით – გრამატიკის წიგნიდან კარგად მქონდა შესწავლილი ოქმის შედგენის წესები და მაშინაც ბევრს ვლაპარაკობდი. მოგვიანებით ეს ღირსებები უფრო მეტად დამიფასეს და რამდენიმე წელი ამ სტრუქტურის თავმჯდომარეც ვიყავი.
როდესაც ადმინისტრაციას ჩვენი უფლებებისა და მოვალეობების განმარტება მოვთხოვეთ, მათ ჯერ მხრები აიჩეჩეს, რამდენიმე დღეში კი “ომი და მშვიდობასავით” სქელტანიანი კრებული გზამკვლევად შემოგვთავაზეს. რატომღაც იმ წიგნში განათლების ყველა კოდექსი, დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელი კანონების ჩათვლით, ერთად იყო თავმოყრილი. გამოცდილ ვექილსაც გაუჭირდებოდა მისი შინაარსის გაგება. ჩვენი პასუხისმგებლობის ბოლომდე გაცნობიერება ატესტატების მიღებამდეც ვერ მოვახერხეთ, ჩვენს კითხვებს ამომწურავი პასუხები ვერავინ გასცა.
მოწაფეობის ბოლო რამდენიმე წელი იმის მტკიცებაში გავატარეთ, რომ მოსწავლეებსაც გვაქვს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობის უფლება. ვითხოვდით, ბიუჯეტის თანხით ძვირად ღირებული საოფისე ავეჯის ყიდვის ნაცვლად სასკოლო გაზეთი დაეფინანსებინათ. ვცდილობდით სასკოლო კლუბებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. თუმცა თვითმმართველობის წევრთა მიზნები მხოლოდ მონდომებით შედგენილ ოქმებსა და ღია წერილებში აისახებოდა. მოსწავლეთა მცირე ჯგუფის გარდა, მრავალათასიან სასკოლო საზოგადოებაში არავის აინტერესებდა და არც არავის სჯეროდა, რომ დირექტორთან ერთად სხვებსაც ჰქონდათ ხმის ამოღების უფლება.
ვეჭვობ, ჩემი “ბოლო ზარის” შემდეგ ძირეულად არაფერი შეცვლილა. აქედან გამომდინარე, ალბათ, აუცილებელია, კარგად ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ ისინი საზოგადოების მეორეხარისხოვანი წევრები არ არიან და აქვთ ელემენტარული უფლება სასკოლო გარემოს შესახებ სერიოზული, შედეგიანი მსჯელობისა.

გადაფრენა

0

ალბათ მხოლოდ მწერალი ჟურნალისტი თუ დაწერდა ისეთ წიგნს, როგორიც “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” გახლავთ. მწერალი ჟურნალისტები ყოველთვის ისეთ წიგნებს წერენ, როგორ წიგნებსაც შეუძლია, სამყარო შეცვალოს. თავად წიგნის სიუჟეტიც სამყაროს მინიმოდელის შესახებ მოგვითხრობს, ფსიქიატრიული კლინიკა რომ ჰქვია და ახალი პაციენტი არა ტრაქტატებითა თუ ფილოსოფიური ტექსტებით, არამედ გულღია სიცილით რომ ცვლის. სიცილის თერაპია დღეს კარგად აპრობირებული მეთოდია და ბედნიერების ჰორმონების გამოყოფისთვის, უარყოფითი ენერგიისგან დასაცლელად იყენებენ. მაკმერფის სიცილიც ერთგვარი თერაპიული სეანსია და, საერთოდ, მაკმერფის ყველა გაბედული ქმედება კლინიკაში, სადაც ბევრი პაციენტი საკუთარი ნებითაა მისული, ცალკეული სეანსია, მიმართული დიდი მიზნისკენ – გამოფხიზლებისკენ.

კენეტ ელტონ კიზიმ, რომელსაც თავადაც ხელოვნური ძილით ეძინა ელ-ეს-დეს, მესკალინისა თუ კოკაინის ზემოქმედების ქვეშ, – თანაც ეს ძილი მისთვის არავის დაუძალებია – ჰოსპიტალში ფსიქიატრის თანაშემწედ მოწყობილი, ნებაყოფლობით მონაწილეობდა სხვადასხვა ფსიქიატრიულ ექსპერიმენტში, – 1962 წელს რომანი გამოსცა. გამოსცა რომანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია, სამყარო შეცვალოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მსოფლიოს ყველა მოზარდი მას ერთდროულად, ერთ დღეს წაიკითხავს (საინტერესო ექსპერიმენტი კი იქნება). “თამაში ჭვავის ყანაში” თუ აუცილებლად მოზარდთა წასაკითხ წიგნად ითვლება (ყოველ შემთხვევაში, კრიტიკოსთა უმრავლესობას ასე ჰგონია), “ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” უასაკო რომანია (კრიტიკოსთა უმრავლესობა ამის თაობაზეც თანხმდება). მე კი მაინც მგონია, რომ ეს ტექსტი ერთმნიშვნელოვანი მიძღვნაა მოზარდებისადმი, რადგან სწორედ მათი ინდივიდუალიზმი შეიძლება დაუპირისპირდეს კოლექტიური სამყაროს ცნებას. პროტესტი ერთ-ერთი საქმეა, რომელიც მოზარდს ყველაზე უკეთ გამოსდის. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჭრელი ადამიანები, იისფერთმიანი, წითელმიანი თუ მწვანეთმიანი გოგონები და ბიჭები პირსინგებითა და არათბილისური, არარუხი სამოსით მხოლოდ პატარა, პოზიორი მეამბოხეები არიან, ცდება. ცდება მაშინაც, როცა რატომღაც გადაწყვეტს, თავი დიდ ვინმედ მიიჩნიოს და ახალგაზრდები რამდენიმე უშვერი სიტყვით მოიხსენიოს. იმ “ვინმეს” ვურჩევ, წაიკითხოს წიგნი ადამიანებზე, რომლებმაც შეძლეს, გადაფრენოდნენ გუგულის ბუდეს და ნუ დაიბნევა, თუ ამ ადამიანებს ჩვეულებრივი ფერის თმა ექნებათ და ტანსაცმელიც კი სავსებით ჩვეულებრივი, ერთნაირი ეცმებათ. უბრალოდ, ვიზუალური მხარე ყოველთვის კარგი მაგალითია, მაშინაც კი, როცა კენ კიზის რომანზე ვსაუბრობთ, რომელიც მოდის ტენდენციებს სულაც არ ეძღვნება.
ინდივიდის გადარჩენა და, საზოგადოდაც, მისი არსი თავისუფლებისთვის ბრძოლაა. ამ გზაზე დღეს არც ცეცხლით, არც მახვილით და არც ავტომატებით არ იბრძვიან – ყველაფრის მოპოვება უსისხლოდ, მიზანაუცდენელი იარაღითაა შესაძლებელი. ხელოვნების არსებობის გამართლება მხოლოდ სიამოვნების მოგვრა, თვალის გახარება თუ ყურის ტკბობა არ არის – უსიამოვნო შეგრძნებების მოგვრა, თვალების აცრემლება და ყურის მოჭრაცაა, რათა ყურმოჭრილ მონებად არ ვიქცეთ, ისეთებად, რომლებიც დაუფიქრებლად მოკლავენ ადამიანს, თუ ამას უბრძანებენ; ხმას მისცემენ კანდიდატს მხოლოდ იმიტომ, რომ ამაში ფული გადაუხადეს; ჩაიცვამენ ლურჯ ჯინსს, რადგან ყველას ასე აცვია და თანაც “ჯინსი ლურჯი უნდა იყოს, ვის გაუგონია წითელი ჯინსი”; იზრუნებენ მხოლოდ საკუთარ ოჯახზე და საკუთარი ნაჭუჭის იქით ვერაფერს დაინახავენ, ხოლო თუ ეს ნაჭუჭი მყიფე გამოდგა და დაიბზარა, სხვებს დააბრალებენ; მათი საყვარელი საქმიანობა თავებისა და თვალების დახრა და მიწას ჩაჩერება იქნება, ხოლო საყვარელი ფრინველი – სირაქლემა. ასეთ ადამიანებს გამუდმებით აწუხებთ შეგრძნება, თითქოს ფეხსაცმელი უჭერთ, მაგრამ ჰგონიათ, რომ ეს ფეხსაცმელი “ხმარებაში გაიწევს”. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ფეხსაცმელი არაფერ შუაშია – საკუთარი თავი უჭერთ, რომელშიც, გასაწევად, არყის ჩასხმა სულაც არ არის საჭირო. ისინი კარგა ხანია შეუერთდნენ მსოფლიო გოგლიმოგლს.
ასეთი გოგლიმოგლი მზადდება კენ კიზის მინისამყაროში, რომელზეც ინდიელი ბრომდენი მოგვითხრობს, ძირძველი ამერიკელი, “რომლისგანაც მთავრობამ ინდიელად ყოფნის უფლების შესყიდვა მოინდომა”. ელექტროშოკით, ჰალუცინოგენური პრეპარატებითა თუ ლობოტომიით ექიმები პაციენტების დამორჩილებას ცდილობენ, ისეთებისაც კი, რომლებსაც არაფერი სჭირთ სამკურნალო და, მით უმეტეს, დასამორჩილებელი. გიგანტი ინდიელი ყრუმუნჯობას მოიგონებს, რადგან ასე უფრო იოლია, “სხვანაირად ამ ჭუჭყიან ცხოვრებას ამდენი ხანი რა გაუძლებდა”. სხვა პაციენტებიც არაფრით ჩამოუვარდებიან ბრომდენს დუმილსა და სმენის დაქვეითებაში და აზრადაც არ მოსდით, მიმიკებით მაინც გამოხატონ არაკეთილგანწყობა: ყველაფერს ხედავენ, ყველაფერი ესმით, არაფერს აკეთებენ. კომბინატი მათ კარგად ამუშავებს და რაიმე სახის ცდომილება თითქმის შეუძლებელია, რადგან მექანიზმის ყველა ჭანჭიკი უნაკლოდ გახლავთ გათვლილი. თუმცა კრახი მაშინ იწყება, როცა მოდის მაკმერფი თავისი ლაღი, გულღია სიცილით.
გუგულის ბუდეზე გადაფრენა, ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედლებს გარეთ გაღწევა მაკმერფის მოსვლამდე თუ მითი იყო, რომელიც მხოლოდ მაშინ იქცეოდა რეალობად, თუ გადაილახებოდა არა მარტო სასტიკი მედდა რეტჩედის, არამედ საკუთარი თავის შიშიც, მაკმერფის მოსვლის შემდეგ ისეთივე ხელშესახები გახდა, როგორებიც მხიარული გოგონები, კენდი და სენდი, იყვნენ. საბოლოოდ ამ “სეანსს”, “სიცილის თერაპიას”, თავისუფლების, დაუმორჩილებლობის იდეას ეწირება მაკმერფი, ბრომდენი კი გარბის.
ეს, რა თქმა უნდა, არ არის კლასიკური ბედნიერი დასასრული, რადგან “ჰეპი ენდისთვის” მიუღებელია კეთილი პერსონაჟის სიკვდილი, მაგრამ არც მთლად უიმედოდაა საქმე – სხვა პერსონაჟები ფრენას ისწავლიან:
Vintery, mintery, cutery, corn,
Apple seed and apple thorn;
Wire, briar, limber lock,
Three geese in a flock.
One flew east,
And one flew west,
And one flew over the cuckoo’s nest.
დღეს ჩემი დაბადების დღეა. დაბადება, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი რამაა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი რამეც არსებობს, მაგალითად, ისეთი წიგნები, რომლებმაც ერთი ხელის თუ რამდენიმე ათეული ფურცლის მოსმით შეგცვალეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი მოზარდმა წაიკითხე. სწორედ ამიტომ გიამბეთ გუგულის ბუდეზე გადაფრენის შესახებ – ისინი ზუსტად ისეთივე სიმბოლურები არიან, როგორიც თქვენი ხორციელი მოვლინების თარიღი, ბოლოს და ბოლოს, სიცოცხლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ შეგიძლია დაიბადო.
დაბადების დღეს გილოცავ, მე.

რისგან შედგება ვებგვერდი

0

1989 წელს ევროპაში, ცერნის ლაბორატორიაში (ფრ. Conseil Européen pour la Recherche Nucléaire, CERN), იქ, სადაც დღეს მსოფლიოს წამყვანი ფიზიკოსები ექსპერიმენტებს ატარებენ, დაიბადა ვების (World Wide Web (WWW)) კონცეფცია. ის ბრიტანელმა მეცნიერმა ტიმ ბერნერს ლიმ (Sir Timothy John «Tim» Berners Lee) წარმოადგინა. მართალია, იმხანად ინტერნეტი უკვე გამართულად მუშაობდა, მაგრამ იქ თითქმის არაფერი იდო, მას ძირითადად როგორც საკომუნიკაციო ქსელს ისე იყენებდნენ – ელექტრონული დოკუმენტების გასაგზავნად და მისაღებად. ტიმ ბერნერს ლის იდეა კი ერთი შეხედვით ძალიან მარტივი და ამავე დროს ინოვაციური იყო: ნაცვლად იმისა, რომ ინტერნეტის მომხმარებლებს ელექტრონული დოკუმენტები ერთმანეთისთვის ეგზავნათ, მან შექმნა სისტემა, რომლის საშუალებითაც ამ დოკუმენტების ინტერნეტში განათავსებდნენ და მათთან მუშაობა ნებისმიერ მსურველს შეეძლებოდა. ტიმ ბერნერს ლი ამას არ დასჯერდა – მან ინტერნეტში განთავსებული დოკუმენტების ლინკებით ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობაც შექმნა, ანუ მისი დოკუმენტები ჰიპერტექსტური იყო. ჰიპერტექსტურს უწოდებენ ისეთ დოკუმენტს, რომელშიც ტექსტის ესა თუ ის ნაწილი რომელიმე სხვა დოკუმენტთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, შესაძლებელია ერთი დოკუმენტის განსაზღვრული ნაწილიდან სხვა დოკუმენტზე გადასვლა.


(ცერნის ლაბორატორია)

ჰიპერტექსტის გაჩენამდე ტექსტთან მუშაობისას სასურველი ტერმინის შესახებ განმარტების მისაღებად წიგნი სხვა გვერდზე უნდა გადაგეშალათ ან სულაც სხვა წიგნში მოგეძებნათ პასუხი, ჰიპერტექსტის შემთხვევაში კი ერთი დოკუმენტიდან მეორეზე გადასვლა მაუსის ერთი დაჭერით შეიძლება. ამგვარი სისტემების შექმნა ვების გამოგონებამდეც უცდიათ; უბრალოდ, ტიმ ბერნერს ლიმ რამდენიმე ტექნოლოგიას ერთად მოუყარა თავი და მისი რეალიზაცია ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. იმდენად წარმატებული, რომ დღეს მრავალ ჩვენგანს ვების გარეშე ვერც გართობა და ვერც მუშაობა ვეღარ წარმოუდგენია.

ჰიპერტექსტური მარკიდების ენა (HTML)

ტიმ ბერნერს ლიმ თავისი ჩანაფიქრის რეალიზებისთვის შექმნა პროგრამული ენა, რომელსაც HTML-ი (Hiper Text Marcup Language) ანუ ჰიპერტექსტური მარკიდების ენა ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ 1989 წლის შემდეგ გაჩნდა უამრავი ვებტექნოლოგია, რომელთა ვებგვერდში ინტეგრირება შესაძლებელია, HTML-ი დღესაც ნებისმიერი ვებგვერდის განუყოფელი ნაწილია. დღევანდელი გადმოსახედიდან პირველი ვებგვერდები პრიმიტიულად გამოიყურება. შექმნის დროიდან HTML კოდში მრავალი ცვლილება შევიდა, რათა ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მომხმარებელთა მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილება ყოფილიყო შესაძლებელი. იცვლებოდა თავად HTML კოდიც. დროდადრო მასში ახალი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ჩნდებოდა. 1994 წლის ოქტომბერში ტიმ ბერნერს ლიმ მსოფლიო ქსელის კონსორციუმი (World Wide Web Consortium (W3C)) დააფუძნა. ეს ორგანიზაცია HTML-ის სტანდარტებს აყალიბებს. HTML-ის ბოლო მოდიფიკაციას HTML5 ჰქვია.

პირველი ბროუზერი 

 

ტიმს ბერნერ ლის მიერ შემუშავებული სისტემის (World Wide Web) ანუ ერთმანეთთან ლინკებით დაკავშირებული ვებგვერდების ფუნქციონირება შეუძლებელი იქნებოდა ბროუზერის ანუ იმ პროგრამის გარეშე, რომლის საშუალებითაც ვებგვერდების გახსნას და მათში არსებული ინფორმაციის ნახვას ვახერხებთ. დღეს უამრავი ბროუზერი არსებობს – Mozila Firefox, Chrome, Opera, Internet Explorer და სხვ. პირველი ბროუზერი კი თავად ტიმ ბერნერს ლიმ შექმნა.

ტიმ ბერნერს ლიმ ბროუზერზე მუშაობა 1991 წელს დაასრულა. ბროუზერს საკმაოდ ბევრი ფუნქცია ჰქონდა, ამიტომ რიგითი მომხმარებლისთვის ადვილი არ უნდა ყოფილიყო ამ პროგრამის საშუალებით ვებგვერდის დათვალიერება. ისიც უნდა ითქვს, რომ იმ დროს ინტერნეტი მაღალტექნოლოგიურ ქსელად მიიჩნეოდა და ჩვეულებრივ მომხმარებელს იქ არაფერი ესაქმებოდა.

როგორ კეთდება ვებგვერდი

 

დღეს ვებგვერდის შესაქმნელად უამრავი საშუალება არსებობს. ყველაზე ადვილი რომელიმე ონლაინსერვისის გამოყენებაა. ამისთვის თავდაპირველად რეგისტრაციას გაივლით, მერე კი ადმინისტრატორის პანელის საშუალებით, რომლის პაროლიც მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ, თვითონვე ააწყობთ ვებგვერდს. ასეთი ვებგვერდი ადმინისტრატორის პანელიდანვე იმართება.
მეორე მეთოდი უკვე განსაზღვრულ ცოდნას მოითხოვს. შეგიძლიათ, მზა კოდები ინტერნეტში მოიძიოთ, მაგრამ საკუთარი მოთხოვნილებისამებრ მათი გადაკეთება მოგიხდებათ. რიგ შემთხვევაში ამის გაკეთებას კვლავ ადმინისტრატორის სამართავი პანელის საშუალებით შეძლებთ.
ასევე შეგიძლიათ, თავად დაწეროთ კოდი თქვენი ვებგვერდისთვის. პროგრამისტები, წესისამებრ, სწორედ ასე იქცევიან.

როგორ განვათავსოთ ვებგვერდი ინტერნეტში

 

თუ რომელიმე ონლაინსერვისს არ გამოიყენებთ და თავად შექმნით HTML კოდს, მაშინ თქვენი ვებგვერდის ინტერნეტში განსათავსებლად დაგჭირდებათ ჰოსტინგი (Hosting) – ფოლდერი რომელიმე სერვერზე, რომელშიც თქვენს ვებგვერდს განათავსებთ. სერვერები ინტერნეტში ჩართული კომპიუტერებია, რომლებშიც სხვა ყველაფერთან ერთად მთელი ის ინფორმაციაა შენახული, რომელიც ჩვენთვის ინტერნეტის საშუალებით ხდება ხელმისაწვდომი, ანუ ყველაფერს, რაც ინტერნეტშია, მთელ მსოფლიოში გაბნეული სერვერები ინახავენ.
ჰოსტინგთან ერთად აუცილებელია სახელი ანუ დომეინი (domain). ინტერნეტში ნებისმიერ გვერდს თავისი მისამართი, უნიკალური სახელი აქვს. საკმარისია, თქვენს ონლაინფოლდერში თქვენი შექმნილი გვერდი განათავსოთ, მერე კი ამ ფოლდერს სახელი ანუ მისამართი მიანიჭოთ, რომ თქვენი ვებგვერდი ამუშავდება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...