ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
20 მაისი, ოთხშაბათი, 2026

როგორ გავხდე კარგი მშობელი

0

დოქტორ თომას გორდონის პროგრამას “როგორ გავხდე კარგი მშობელი” (Parent Effectiveness Training – PET) საფუძველი 1962 წელს ჩაეყარა. ის მშობლებს ასწავლის, როგორ დაამყარონ ჯანსაღი ურთიერთობა შვილებთან და მოაგვარონ ოჯახური კონფლიქტები. სწორედ ამ პროგრამის საფუძველზე შეიქმნა ამავე სახელწოდების წიგნი.

არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი შვილი სკოლამდელი ასაკისაა თუ გარდატეხის პერიოდი უდგას – მშობლობა ხშირად ძალიან რთული და დამთრგუნველი გვეჩვენება. სამწუხაროდ, არ არსებობს ბავშვების აღზრდის მზამზარეული რეცეპტები. შვილის ყოლა სულაც არ გულისხმობს, რომ ჩვენ ინსტინქტურად ვიცით, როგორ მოვიქცეთ.

თომას გორდონის წიგნის 30 ენაზე თარგმნილი 4 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული მთელ მსოფლიოში. ის მშობლის ერთგვარი გზამკვლევია, ბევრისთვის საყვარელი კლასიკა, რომელიც აღიარებულია და დადასტურებულია პრაქტიკით. წიგნი მშობლებსა და შვილებს და, საზოგადოდ, ადამიანებს ჯანსაღი, მდიდარი ურთიერთობების დამყარებასა და შენარჩუნებაში ეხმარება.

ამჯერად გთავაზობთ ამ წიგნის რამდენიმე თავს სრულად და დანარჩენი თავების მოკლე მიმოხილვას იმ იმედით, რომ რომელიმე გამომცემლობა მისი ქართული ვერსიის გამოცემით დაინტერესდება.
I თავი – მშობლებს ადანაშაულებენ, მაგრამ არ ასწავლიან
მშობლებს ბრალად სდებენ როგორც თავად ახალგაზრდობის ყველა პრობლემას, ისე იმ პრობლემებსაც, რომლებსაც ისინი საზოგადოებას უჩენენ. ბრალმდებლებად გამოდიან:

. ფსიქიატრები (შემაშფოთებელი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე) იმ ბავშვებისა და მოზარდების სწრაფად მზარდი რიცხვის გამო, რომლებსაც მერყევი ან დამახინჯებული ფსიქიკა აქვთ, რომლებიც ნარკოტიკების ან სუიციდის მსხვერპლნი ხდებიან;

. პოლიტიკური ლიდერები და სამართალდამცავები საზოგადოების მეამბოხე წევრების, მკვლელი მოზარდების, მოძალადე სტუდენტებისა და კრიმინალების აღზრდის გამო;

. მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეთა წარუმატებლობისა და უიმედო ყოფაქცევის გამო.
კეთილი, მაგრამ ვინ ეხმარება მშობლებს? თუ გაკეთებულა რამე საიმისოდ, რომ მათთვის უფრო ეფექტიანი აღზრდა გვესწავლებინა? სად ისწავლოს მშობელმა, რა შეეშალა და როგორ გამოასწოროს შეცდომა?

ყოველწლიურად მილიონობით დედა და მამა იღებს თავის თავზე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტვირთს – პასუხისმგებლობას სრულიად უმწეო ჩვილის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე, საზოგადოების სრულფასოვანი წევრის აღზრდაზე. რა უნდა იყოს ამაზე უფრო რთული და საპასუხისმგებლო საქმე? რამდენი მშობელია მზად ამისთვის? ამჟამად – გაცილებით მეტი, ვიდრე 1962 წელს, როცა კალიფორნიის შტატ პასადენაში მშობელთა წვრთნის პროგრამის შექმნა გადავწყვიტე. ჩემს პირველ ჯგუფში მხოლოდ ჩვიდმეტი მშობელი იყო, ძირითადად ისეთები, რომელთაც შვილებთან უკვე სერიოზული პრობლემები ჰქონდათ.

ახლა, ამდენი წლის შემდეგ, როცა მილიონ-ნახევარზე მეტ მშობელს ვასწავლეთ, დავრწმუნდით, რომ კურსს, რომლის სახელწოდებაა “როგორ გავხდე კარგი მშობელი” ან უბრალოდ PET-ი (Parent Effectiveness Training), შეუძლია, მშობლებს შვილების აღზრდის ეფექტიანი უნარები გამოუმუშაოს.

პროგრამამ დაგვარწმუნა, რომ წვრთნის შედეგად ბევრი მშობელი გაცილებით უკეთესი აღმზრდელი ხდება. ისინი ითვისებენ იმ ძალზე სპეციფიკურ უნარებს, რომლებიც მშობელი-შვილის ურთიერთობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, სწავლობენ ოჯახური კონფლიქტის მოგვარების ახალ გზებს, რაც მათი ურთიერთობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს და არა შესუსტებას. ჩვენ გვჯერა, რომ მშობლებსა და შვილებს შეიძლება ჰქონდეთ ორმხრივ სიყვარულსა და პატივისცემაზე დაფუძნებული თბილი და ინტიმური ურთიერთობა. პროგრამამ იმაშიც დაგვარწმუნა, რომ გაუცხოება და ბზარი ოჯახში სულაც არ არის გარდაუვალი.

როცა პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ვიყავი, მშობელთა უმრავლესობის მსგავსად დარწმუნებული გახლდით, ამბოხის პერიოდი გარდატეხის ასაკში გარდაუვალი მოვლენა იყო – მოზარდის დამოუკიდებლობისა და მშობელთა წინააღმდეგ ჯანყის უნივერსალური სურვილის შედეგი. დარწმუნებული ვიყავი, რომ, როგორც კვლევები აჩვენებდა, მოზარდობის პერიოდს ოჯახში აუცილებლად ქარტეხილებსა და სტრესში უნდა ჩაეევლო. PET პროგრამით მუშაობის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ვცდებოდით. ამ პროგრამით სწავლების შემდეგ მშობლები გახარებულები გვიდასტურებდნენ, რომ მათ ოჯახებში სიმშვიდემ დაისადგურა.

მოზარდები მშობლების წინააღმდეგ აბოხს არ აწყობენ, ისინი მხოლოდ აღზრდის იმ დესტრუქციულ მეთოდებს უჯანყდებიან, მშობელთა უმრავლესობა რომ იყენებს. მას შემდეგ, რაც მშობლები კონფლიქტების მოგვარების ახალ მეთოდს შეისწავლიან, უთანხმოება მათ ოჯახებში არა წესად, არამედ გამონაკლისად იქცევა.

პროგრამამ ახლებურად დაგვანახვა დასჯის როლი ბავშვთა აღზრდაში. შესაძლებელია, იგი სრულებით გამოვრიცხოთ აღზრდის სისტემიდან (ვგულისხმობ ყოველგვარ დასჯას და არა მარტო ფიზიკურს). შესაძლებელია, ბავშვში აღვზარდოთ პასუხისმგებლობის გრძნობა, თვითდისციპლინა და თანამშრომლობის უნარი ისეთი იარაღის გამოუყენებლად, როგორიცაა შიში; მშობლებს შეუძლიათ ისწავლონ შვილებზე იმგვარი ზემოქმედება, რომ ისინი დასჯის ან რაიმე პრივილეგიის მოსპობის შიშით კი არ იქცეოდნენ კარგად, არამედ მშობლების ინტერესთა პატივისცემით.

იტყვით, ასე არ ხდებაო? შესაძლოა. მეც ასე მეგონა, სანამ პირადად არ დავიწყე მშობლების სწავლება. მრავალი პროფესიონალის მსგავსად, არც მე ვაფასებდი მათ შესაძლებლობებს. მშობლებმა მასწავლეს, რომ თუ სწავლის საშუალება მიეცათ, შეიცვლებიან. დავრწმუნდი, რომ მათ შეუძლიათ ახლებური ცოდნისა და უნარების შეძენა, ოღონდ საამისოდ ახალი მეთოდის ქმედითობაში უნდა დარწმუნდნენ.

თავდაპირველად პროგრამის ერთ-ერთი მიზანი იყო, მშობლებისთვის ზოგიერთი ის უნარი გამოგვემუშავებინა, რომლებსაც პროფესიონალი კონსულტანტები და თერაპევტები იყენებენ ბავშვთა ემოციური და ადაპტაციური პრობლემების დასაძლევად. შესაძლოა უცნაურობად და ზედმეტ თავდაჯერებადაც კი მოგეჩვენოთ ამგვარი მისწრაფება. ზოგიერთმა მშობელმა (და საკმაოდ ბევრმა პროფესიონალმა) ის შესაძლოა აბსურდულადაც კი მიიჩნიოს, მაგრამ ვიცით, რომ იმ მშობლებსაც კი, რომლებსაც ფსიქოლოგიის შესავალი კურსი არ გაუვლიათ, შესაძლებელია ვასწავლოთ ჩვენ მიერ ნაცადი უნარები და მათი გამოყენება შვილების დასახმარებლად.

უნდა გვეღიარებინა რეალობა, რომელიც, მართალია, ზოგჯერ ფარ-ხმალს დაგვაყრევინებდა ხოლმე, მაგრამ უფრო ხშირად აგვანთებდა: თანამედროვე მშობლები აღზრდისა და ოჯახური პრობლემების მოგვარების პრაქტიკულად იმავე მეთოდებს იყენებენ, რომლებსაც იყენებდნენ მათი მშობლები, ბებიები და პაპები, დიდი ბებიები და პაპები. სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტებისგან განსხვავებით, მშობელი-შვილის ურთიერთობა არსებითად უცვლელი რჩება. მშობლები შვილებს ორი ათასი წლის წინანდელი მეთოდებით ზრდიან!

საქმე ის არ არის, რომ კაცობრიობას ახალი არაფერი უსწავლია ადამიანური ურთიერთობების შესახებ. პირიქით, ფსიქოლოგიამ, ასაკობრივმა ფსიქოლოგიამ და ქცევის შემსწავლელმა სხვა მეცნიერებებმა მრავალი ახალი კვლევა ჩაატარა ბავშვების, მშობლების, პიროვნებათაშორისი ურთიერთობების შესახებ, იმის შესახებ, როგორ შევუწყოთ ხელი პიროვნების ნორმალურ განვითარებას, ერთმანეთისთვის ფსიქოლოგიურად ჯანსაღი კლიმატის შექმნას. უამრავი რამ არის ცნობილი ეფექტიანი პიროვნებათაშორისი ურთიერთობების, ადამიანურ ურთიერთობებზე ძალის გავლენის, კონფლიქტის კონსტრუქციული მოგვარებისა და სხვათა შესახებ.

ამ წიგნში განვიხილავთ, როგორ უნდა დავამყაროთ და შევინარჩუნოთ ნებისმიერ ვითარებაში ურთიერთობა შვილთან. მშობლებს შეუძლიათ ისწავლონ არა მარტო მეთოდები და უნარები, არამედ ისიც, როდის, რატომ და რა მიზნით გამოიყენონ ისინი. მშობლებს შეუძლიათ გახდნენ ექსპერტები იმ გარდაუვალი პრობლემების მოგვარების საკითხში, რომლებიც თან ახლავს მშობელი-შვილის ნებისმიერ ურთიერთობას.

წიგნი პოპულარული ენით არის დაწერილი. ზოგიერთი მშობელი თავდაპირველად შესაძლოა არ დაეთანხმოს ზოგიერთ მოსაზრებას, მაგრამ გაგებით უმრავლესობა გაიგებს.

მშობლები ისწავლიან, როგორ უნდა წაახალისონ შვილები, რომ მათ არსებულ პრობლემებათა მოგვარების გზების ძიების პასუხისმგებლობა იკისრონ. მშობლები, რომლებიც ამ მეთოდს (მას აქტიურ მოსმენას ვუწოდებთ) აითვისებენ, ალბათ, გაიზიარებენ PET-ით მომზადებული მშობლების აზრს:
“ისეთი შვებაა, არ დარდობდე, რომ შვილების ყველა კითხვაზე პასუხი არ გაქვს”.
“მივხვდი, რომ ჩემს შვილებს საკუთარი პრობლემების მოგვარების გაცილებით დიდი უნარი აქვთ, ვიდრე მეგონა”.
“გაოცებული ვიყავი აქტიური მოსმენის მეთოდის შედეგით. ბავშვები ხშირად პრობლემის მოგვარების გაცილებით უკეთეს გზას პოულობენ, ვიდრე მე ვთავაზობ”.

“მივხვდი, რომ თავს ყოველთვის ძალიან უხერხულად ვგრძნობდი ღმერთის როლში – უნდა მცოდნოდა, როგორ მოქცეულიყვნენ ჩემი შვილები პრობლემების პირისპირ”.

დღეს ათასობით მოზარდმა “დაითხოვა” მშობლები, რაც კარგიც არის, რადგან მოზარდები თვითონვე ცდილობენ საკუთარ პრობლემებთან გამკლავებას.

“დედაჩემს ჩემი ასაკის ბავშვებისა არ ესმის”.
“მეჯავრება სახლში მისვლა და ყოველღამე ლექციის მოსმენა”.
“მშობლებს არასოდეს არაფერს ვუყვები; რომც მოვუყვე, მაინც ვერ გაიგებენ”.
“მინდა, მამაჩემი დამეხსნას”.
“როგორც კი მოვახერხებ, სახლიდან წავალ – ვეღარ ვიტან ყველაფერზე მათ გამუდმებულ ჩიჩინს”.
ამ ბავშვების მშობლებმა კარგად იციან, რომ “სამუშაო დაკარგეს”, რასაც მათი სიტყვებიც მოწმობს:
“არავითარი გავლენა აღარ მაქვს ჩემს თექვსმეტი წლის ვაჟზე”.
“ჩვენ დავნებდით და ანაზე ხელი ავიღეთ”.
“რიკი ჩვენთან ერთად აღარ სადილობს, თითქმის აღარაფერს გვეუბნება. სურს, ავტოფარეხში ჰქონდეს ოთახი”.
“მარკი თითქმის არ არის სახლში. არასდროს მეუბნება, სად მიდის ან რას აკეთებს. თუ ვკითხე, მპასუხობს, შენი საქმე არ არისო”.

ჩემთვის ტრაგედიაა, რომ პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური და სიხარულის მომტანი ურთიერთობა ცხოვრებაში ხშირად უსიამოვნებისა და ჩხუბის მიზეზად იქცევა. რატომ ხედავს ბევრი მოზარდი მშობელში მტერს? რატომ არის ამგვარი ბზარი მშობლებსა და შვილებს შორის? რატომ ომობენ მამები და შვილები ჩვენს საზოგადოებაში?

ამ კითხვებზე პასუხს მომდევნო თავებში ვიპოვით.

მშობლები, რომლებმაც გრძნობათა გამომჟღავნების ახალი (ჩვენეული) გზები ისწავლეს, ალბათ, ვერ გაზრდიან თექვსმეტი წლის ისეთ ვაჟს, ჩემს ოფისში მჯდომმა პირდაპირ და შეუვალი სახით რომ გამომიცხადა: “ვალდებული არა ვარ, სახლში რაიმე ვაკეთო. რატომ უნდა ვაკეთო?! ჩემი მშობლების ვალია ჩემზე ზრუნვა. მათ ეს ოფიციალურად მოეთხოვებათ. მე არ მითხოვია გაჩენა, ასე არ არის?”

როცა ამ, ალბათ, საკუთარ თავში დარწმუნებული ახალგაზრდა კაცის ნათქვამი მოვისმინე, ამის გაფიქრებაღა შევძელი: “როგორ ადამიანებს ვზრდით, თუ შვილებს უფლებას ვაძლევთ იფიქრონ, თითქოს მთელი სამყარო ვალშია მათთან, მიუხედავად იმისა, რომ თავად მათ მისხალი არ გაუღიათ სამყაროსათვის? როგორ მოქალაქეებს უზრდიან მშობლები ქვეყანას? როგორ საზოგადოებას ააშენებენ ეს თავკერძა არსებები?”

უკლებლივ ყველა მშობელი უხეშად შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ – “გამარჯვებულებად”, “დამარცხებულებად” და “მერყევებად”. პირველი ჯგუფის მშობლები მკაცრად იცავენ და დამაჯერებლად ამართლებენ ბავშვთან ავტორიტეტისა და ძალაუფლების გამოყენებას. მათ სჯერათ აკრძალვების, შეზღუდვების, მოთხოვნის, ბრძანებისა და მორჩილების. ისინი იყენებენ დასჯის მუქარას შვილის დასამორჩილებლად და თუ ბავშვი არ შეეპუა, სისრულეში მოჰყავთ იგი. მშობლისა და შვილის მოთხოვნათა კონფლიქტს ისინი “მშობელი იგებს და ბავშვი აგებს” პრინციპით აგვარებენ. ეს მშობლები თავიანთ “გამარჯვებებს”, ჩვეულებრივ, ამართლებენ სტერეოტიპული მოსაზრებით: “სწორედ ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა, ცუდი გამოვედი თუ რა?”; “ამას მისივე სასიკეთოდ ვაკეთებ”, “ბავშვებს სჭირდებათ მშობლის ძალაუფლება”, – ან იმ გაურკვეველი მოსაზრებით, რომ “მშობლის ვალია, გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება შვილის სასიკეთოდ, რადგან იცის, რა არის კარგი და რა – ცუდი”.

მშობელთა მეორე ჯგუფი, გაცილებით მცირერიცხოვანი, ვიდრე “გამარჯვებულები”, შვილებს ზედმეტ თავისუფლებას აძლევს. ისინი შეგნებულად არიდებენ თავს შეზღუდვებს და ამაყად აცხადებენ, რომ ავტორიტარულ მეთოდებს ვერ ურიგდებიან. შესაბამისად, მშობლისა და შვილის მოთხოვნათა კონფლიქტს მეტწილად ბავშვი იგებს და მშობელი აგებს, რადგან ამ უკანასკნელს ჰგონია, რომ ბავშვისთვის მტკივნეულია იმედგაცრუება.

ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფში ერთიანდებიან ის მშობლები, რომლებიც შეუძლებლად მიიჩნევენ, ერთმნიშვნელოვნად მისდიონ პირველ ან მეორე გზას. “ოქროს შუალედის” ძებნისას ისინი მერყეობენ სიმკაცრესა და მიმტევებლობას, შეუვალობასა და სირბილეს, აკრძალვებსა და დათმობებს, გამარჯვებებსა და დამარცხებებს შორის. ერთმა დედამ ეს ასე გამოხატა: “ვცდილობ, დავუთმო შვილებს მანამდე, სანამ ისე ცუდად არ მოიქცევიან, რომ მოთმინების ძაფი მიწყდება. მერე ვხვდები, რომ უნდა შევიცვალო და ვიყენებ ძალაუფლებას მანამდე, სანამ საკუთარი სიმკაცრის ატანა შემიძლია”.

ამ მშობლებს, ალბათ, ყველაზე მეტად ახასიათებთ დაბნეულობა და საკუთარი თავისადმი უნდობლობა და, როგორც მოგვიანებით ვნახავთ, ხშირად ყველაზე მეტი პრობლემა აქვთ შვილებთან ურთიერთობისას.

დღევანდელი მშობლების მთავარი დილემა ის არის, რომ ისინი გარდაუვალი ოჯახური კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ ორ გზას აღიარებენ, ბავშვის აღზრდის ორ ალტერნატივას ხედავენ. ზოგი ირჩევს “მე ვიგებ – შენ აგებ” მიდგომას, ზოგი – “შენ იგებ – მე ვაგებ”, დანარჩენებს კი, როგორც ჩანს, ვერ გაუკეთებიათ არჩევანი ამ ორ გზას შორის.

მაგრამ არსებობს “გამარჯვება-დამარცხების” ორი მეთოდის ალტერნატივა. ჩვენ მას კონფლიქტის მოგვარების უდანაკარგო (no lose) მეთოდს ვუწოდებთ და მისი ეფექტიანი გამოყენების სწავლება წიგნის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდს დიდი ხანია იყენებენ ოჯახგარე კონფლიქტების მოგვარებისას, ოჯახში მის გამოყენებაზე ცოტას თუ უფიქრია.

ბევრი ცოლ-ქმარი კონფლიქტებს ერთობლივი განსჯით წყვეტს. ასევე იქცევიან ბიზნესპარტნიორები. პროფკავშირები და ხელმძღვანელობა ხელშეკრულებებს დებენ, რომლებიც ორივე მხარისთვის სავალდებულოა. გაყრის დროს საკუთრების გაყოფის საკითხები ხშირად ასევე ერთობლივი გადაწყვეტილებით გვარდება. ხშირად ბავშვებიც კი თავიანთ კონფლიქტებს ორმხრივი შეთანხმებით ან ორივე მხარისთვის მისაღები არაფორმალური მოლაპარაკებით (“შენ თუ ამას გააკეთებ, მე თანახმა ვარ, ეს გავაკეთო”) აგვარებენ. დღეს სულ უფრო მეტი კორპორაცია ასწავლის საკუთარ თანამშრომლებს კონფლიქტების მოგვარებისას ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას.

“უდანაკარგო მეთოდი” ეფექტიანი მშობლობის არც სასწაულმოქმედი და არც სწრაფი გზაა. ის მშობლებისგან შვილებისადმი დამოკიდებულების საფუძვლიან შეცვლას მოითხოვს. მის შესასწავლად გარკვეული დროა საჭირო. უპირველესად, მშობლებმა უნდა ისწავლონ არაშეფასებითი მოსმენა და საკუთარი გრძნობების გულახდილად გამოხატვა. ამის გამო უდანაკარგო მეთოდი წიგნის ბოლო თავებშია აღწერილი.

უნდა ითქვას, რომ უდანაკარგო მეთოდის პოზიცია ამ წიგნში არ ასახავს მის რეალურ მნიშვნელობას ბავშვთა აღზრდის ჩვენეულ მიდგომაში. კონფლიქტების ეფექტიანი მართვის გზით ოჯახში წესრიგის დამყარების ეს ახალი მეთოდი, ფაქტობრივად, ჩვენი ფილოსოფიის არსია. ის მშობლების წარმატების საწინდარია. მშობლები, რომლებიც დროს არ ზოგავენ ამ მეთოდის როგორც “გამარჯვება-დამარცხების” ორი მეთოდის ალტერნატივის გასაგებად და მერე ოჯახში კეთილსინდისიერად გამოსაყენებლად, ჩვეულებრივ, იმაზე უხვ ჯილდოს იღებენ, ვიდრე მოელოდნენ.

მოზარდები ირჩევენ რაგბის!

0

როგორც ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, საქართველოში მოზარდებს შორის სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა რაგბია. მეორე ადგილზეა ფეხბურთი, მესამეზე კი კალათბურთი. ეს მაშინ, როდესაც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ფეხბურთს პოპულარულ სახეობებს შორის უცვლელად ეკავა პირველი ადგილი.

რაგბი განსაკუთრებით სკოლის მოსწავლე ვაჟებს შორის არის პოპულარული. თბილისის 45-ე სკოლის 35 გამოკითხული მოსწავლიდან სპორტის ყველაზე საყვარელ სახეობად ის 20-მა დაასახელა, რაც გამოკითხულთა დაახლოებით 75 პროცენტს შეადგენს. რაგბი განსაკუთრებით დედაქალაქსა და საქართველოს იმ რეგიონებშია პოპულარული, სადაც სარაგბო კლუბები ფუნქციობს (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რომ რაგბი თანდათან გოგონებს შორისაც იძენს პოპულარობას.
ანა კასრაძე, მე-11 კლასის მოსწავლე: “ჩემი თანაკლასელი ბიჭების უმეტესობა რაგბიზე დადის და რამდენჯერმე გოგონებიც გავყევით საგულშემატკივროდ. რაგბი ვაჟკაცური სპორტია და ბიჭებს განსაკუთრებით უხდებათ მისი თამაში. ჩემი ძმა 12 წლისაა და მამაჩემს უკვე დაჰყავს ბავშვთა რაგბის გუნდში ვარჯიშებზე. ვიცი, რომ ქალთა რაგბიც არსებობს, მაგრამ მათი თამაში არასოდეს მინახავს. არ ვარ წინააღმდეგი, რაგბი გოგონებმაც ითამაშონ, თუმცა ეს თამაში ბიჭებს უფრო უხდებათ”.
სკოლის მოსწავლეებს შორის რაგბის პოპულარობის უმთავრესი მიზეზი, რასაკვირველია, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წარმატებებია, თუმცა სპორტის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ, ამასთან ერთად, რაგბი შეესატყვისება “ქართულ ხასიათს” და ერთგვარი გამოცდაა შემდგომი ცხოვრებისთვის.
გიორგი ჭკუასელი, მე-10 კლასის მოსწავლე: “რაგბიზე მთელი სამი წელი ვიარე. მერე მუხლში სითხე ჩამოდგა და ექიმებმა თამაში ამიკრძალეს. ახლა აღარ ვვარჯიშობ, მაგრამ მეგობრებთან ერთად ხშირად დავდივარ სტადიონ “ავჭალას” მოედანზე და გასართობად მაინც ვთამაშობ. ფეხბურთიც ძალიან მიყვარს და კალათბურთიც, მაგრამ რაგბი სულ სხვაა… ვისაც არ უთამაშია, ამას ვერ აუხსნი”.
როგორც რაგბის სპეციალისტები ამბობენ, რაგბის კავშირსა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის უახლოეს მომავალში შესაძლოა სპეციალური მემორანდუმი გაფორმდეს. ამ ტიპის მემორანდუმი განათლების სამინისტროსთან ჩოგბურთისა და ჭადრაკის ფედერაციებმა უკვე გააფორმეს.
შარშან, გაზაფხულზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა და ლეგენდარულმა რუსმა მოჭადრაკემ, მსოფლიოს თერთმეტგზის ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტიც დაესწრო. ეს მემორანდუმი მოზარდთა შორის ჭადრაკის პოპულარიზაციასა და საქართველოს სკოლებში KCFE პროგრამის დანერგვას ითვალისწინებს. პროგრამა კომპიუტერულია და მის შექმნაზე კასპაროვთან ერთად ევროპის საჭადრაკო ლიგაც მუშაობდა. საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც ის დაინერგა. პროგრამა 2012 წლის სექტემბერში ამოქმედდა და ჭადრაკის პოპულარიზაციასთან ერთად სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასაც
შეუწყობს ხელს.

გარი კასპაროვს მიაჩნია, რომ ჭადრაკი არის არა სპორტის სახეობა, არამედ განათლების სისტემის გაუმჯობესების ახალი და იაფი საშუალება – იგი მოზარდებში ინტელექტუალური აზროვნებისა და ლოგიკის განვითარებას ემსახურება. “როცა აღზრდაში ჭადრაკი ერთვება, ბავშვს სამყაროზე უკეთესი წარმოდგენა ექმნება და აზროვნებას იწყებს… გარდა ამისა, ეს თამაში ბავშვს პასუხისმგებლობას, სიფრთხილესა და დადგენილი წესების მკაცრად დაცვას აჩვევს, რაც საბოლოოდ სწავლის ხარისხზე აისახება. ჭადრაკის სწავლების დანერგვა ქვეყანას კიდევ არაერთი ნიჭიერი ადამიანის წარმოჩენაში დაეხმარება”, – ეს სიტყვები დიდმა მოჭადრაკემ მემორანდუმის გაფორმების დროს თქვა.
2011 წელს ასეთივე მემორანდუმი განათლების სამინისტრომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციასთანაც გააფორმა. თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე თბილისის მასშტაბით შეირჩა 10 საჯარო სკოლა, სადაც საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ჩოგბურთის სწავლებას ახორციელებს. გარდა ამისა, ფედერაცია სპორტის მასწავლებლებსაც გადაამზადებს და სკოლებს შორის საჩოგბურთო შეჯიბრებების გამართვასაც უზრუნველყოფს.
რაც შეეხება რაგბის… რაგბის სპეციალისტ ზურაბ ქსოვრელს მიაჩნია, რომ მეგობრობა და გუნდურობა, რასაც ბავშვობიდან სწავლობენ მორაგბეები, მათ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ.
ზურაბ ქსოვრელი, სპორტის ექსპერტი: “საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ სულ უფრო ხშირად შეხვდებით ქუჩებში რაგბისბურთიან ახალგაზრდებს… აუცილებელია, სკოლებში იყოს ბურთები და სხვა სავარჯიშო ინვენტარი, უწინარესად – სპეციალური ქამრები, რომელთა მოხსნა შებოჭვის მანიშნებელი იქნება, ისე როგორც თაჩ-რაგბიშია, თორემ სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილის დროს კონტაქტს ნამდვილად ვერ მოვთხოვთ. აუცილებელია მასწავლებლების გადამზადება, მათთვის იმ წესების სწავლება, რომლებიც რაგბის გაკვეთილების ჩატარებისას დასჭირდებათ. კარგი იქნება, თუ დროდადრო სკოლებში გაკვეთილების ჩასატარებლად მიიწვევენ საქართველოს ნაკრების წევრებს. ეს ბავშვებს უთუოდ მოეწონებათ და, ვფიქრობ, არც მორაგბეები დაიზარებენ მათთვის გაკვეთილების ჩატარებას.

– რომელი ქვეყნის მოდელი მიგაჩნიათ საუკეთესოდ ამ კუთხით?

– რაგბის საუკეთესო სკოლა ახალ ზელანდიას აქვს, ეს არახალია. იქ სპორტის ეს სახეობა იმდენად პოპულარულია, რომ ბავშვისთვის, განურჩევლად სქესისა, რაგბის ბურთი საუკეთესო საჩუქრად ითვლება. სწორედ ასეთი დამოკიდებულების წყალლობით არის, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. სხვათა შორის, ქართულადაც არის თარგმნილი იმ მეთოდების კრებული, რომლებითაც იქ სკოლამდელი თუ სასკოლო ასაკის ბავშვებს ზრდიან და მათი გამოყენება ჩვენც თავისუფლად შეგვიძლია. ამ კრებულში დაწვრილებითაა გაწერილი, რა ასაკში როგორ უნდა დაიტვირთოს ბავშვი, როდიდან უნდა შევიდეს კონტაქტში და ა.შ.

– თქვენი აზრით, რით გამოირჩევა რაგბი და რას შესძენს იგი ბავშვს?

– მორაგბეები ბავშვობიდან სწავლობენ მეგობრობასა და გუნდურობას, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ. ჰკითხეთ ნებისმიერ ცნობილ მორაგბეს, რატომ შეუყვარდა სპორტის ეს სახეობა და ამაში აუცილებლად დარწმუნდებით. პირველ დღეს ვარჯიშზე მისულ ბიჭს ყველა შინაურულად ხვდება, ერთად ჭამენ, ერთმანეთზე ზრუნავენ, მეტოქეს თანაგუნდელს არ დააჩაგვრინებენ… ეს ჩვევები მერე ცხოვრებაშიც გადაჰყვებათ. მორაგბეები ზოგს მხოლოდ ფიზიკურად განვითარებულ ადამიანებად მიაჩნია. თავისთავად, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ რაგბი, უწინარეს ყოვლისა, სპორტის ინტელექტუალური სახეობაა, უჭკუოები მას ვერ ითამაშებენ. ამას წინათ ერთ ქართველ ახალგაზრდას ვესაუბრე, რომელიც ინგლისში ცხოვრობს და რაგბის ხელოვნებასაც იქ ეუფლება. მან თქვა, რომ იქ უმთავრესი ყურადღება სწორედ გონებრივ განვითარებას ეთმობა, რადგან უამისოდ ფიზიკურ შესაძლებლობებს ვერ გამოიყენებ. ამასთან, რაგბი სტუდენტური სპორტია, მას კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებში თამაშობდნენ, ესე იგი, თამაშობდნენ გონებაგახსნილი ახალგაზრდები და ვინც ამ გზას გადაუხვია, ვერც წარმატებას მიაღწია.

– თქვენი აზრით, რამ განაპირობა რაგბის პოპულარობა ჩვენს ქვეყანაში?

– საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებებმა. გამარჯვებას მოწყურებული ადამიანები რაგბიზე იმ იმედით მიდიოდნენ, რომ გამარჯვებულ საქართველოს იხილავდნენ და უმეტესად ასეც ხდებოდა. მაშინაც კი, როდესაც საქართველოს ნაკრები აგებდა ან აგებს, სტადიონს ამაყად ტოვებს, იმიტომ, რომ მოედანზე გასული ნებისმიერი მორაგბე “სისხლის უკანასკნელ წვეთამდე”, სრული თავდადებით თამაშობს და არასდროს ნებდება. ეს პატივისცემას იმსახურებს. ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირებაა. აქ ქართველი მორაგბეები განურჩევლად ადგილისა და პირობებისა, რუსებს აგერ უკვე 20 წელია ამარცხებენ და ქვეყნების გართულებული ურთიერთობების ფონზე ეს გულშემატკივრებს და თვით რაგბის არამცოდნეებსაც კი მოსწონთ. უნდა აღინიშნოს საქართველოს რაგბის კავშირის ღვაწლიც – ის, გია ნიჟარაძის მეთაურობით, ძალ-ღონეს არ იშურებს და რაგბის კერები არა მარტო დედაქალაქში, არამედ ქვეყნის პრაქტიკულად ყველა რეგიონში გაჩნდა.

– დაბოლოს, საინტერესოა, რამდენად ძვირიანი სახეობაა რაგბი – სკოლებში მისი პოპულარიზაცია დაუჯდება თუ არა სახელმწიფოს უფრო ძვირი, ვიდრე სხვა სახეობებისა?

– რაგბი წლების განმავლობაში რჩებოდა სპორტის სამოყვარულო სახეობად და დაახლოებით 20 წელია, რაც პროფესიულ რელსებზე გადასვლა დაიწყო. არა მგონია, ამის ბრალი იყოს, მაგრამ ის დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ სპორტის სახეობად. საქმე ის არის, რომ ვინც კი ხელში აიღებს რაგბის ოვალურ ბურთს, ის ისე უყვარდება, რომ მზადაა, საკუთარი გამოცდილება და ცოდნა ნებისმიერ ახალბედას სრულიად უსასყიდლოდ გაუზიაროს. სწორედ ამის ბრალია, საქართველოს ეროვნული თუ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელები დღესაც უავტომობილოდ რომ დადიან. საქართველოს თუნდაც ერთი საფეხბურთო კლუბის ბიუჯეტი მთელ რაგბის კავშირს თუ არა, ათამდე კლუბს მაინც დააფინანსებდა და ამითაც ჩანს, რომ ის სხვა სახეობებზე იაფი, მაგრამ განსაკუთრებული სპორტის სახეობაა.

უკუკავშირი საკლასო ოთახში

0

გაკვეთილზე თავს იყრის მეტად განსხვავებული, ხშირად წინააღმდეგობრივი მოლოდინები, მისწრაფებები და მოთხოვნები. საგაკვეთილო სიტუაციაზე გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს და მათი ურთიერთდამოკიდებულება ხშირად გაუმჭვირვალეა.


ამგვარ სიტუაციებში უნდა დაისვას კითხვები:
·შეუძლიათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, გამჭვირვალე გახადონ, რას ელიან გაკვეთილისა და ერთმანეთისგან, რა მიზნისკენ მიისწრაფიან, რის მიღწევა და გაგება სურთ?

·შეუძლიათ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, გამჭვირვალე გახადონ პრობლემები და ამით ხელი შეუწყონ დაძაბულობის მოხსნას?

·შეუძლიათ მიზნების, წესებისა და ქცევის ნორმების ერთობლივად შემუშავება?
გამჭვირვალეობის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა სასწავლო პროცესში უკუკავშირის მეთოდის სისტემატური გამოყენება. დღეს ჩვენ მოგაწვდით რეკომენდაციებს იმის თაობაზე, როგორ მოვახდინოთ ამ მეთოდის ინტეგრირება სასწავლო პროცესში.

როგორ მოვემზადოთ უკუკავშირის მეთოდით სამუშაოდ

Øშევქმნათ წარმოდგენა უკუკავშირის მეთოდის მნიშვნელობასა და მის მრავალფუნქციურობაზე
ამ მეთოდით მუშაობას ვიწყებთ იმით, რომ პროცესში ჩართულ ყველა მონაწილეს ვაწვდით ინფორმაციას უკუკავშირის პოტენციალის, ინსტრუმენტებისა და პირობების შესახებ.

ზოგადად აღვწერთ, რას ნიშნავს უკუკავშირი – ეს არის, როდესაც ორი ან რამდენიმე ადამიანი პირდაპირ და ღიად, შესაბამისი მეთოდებით სტრუქტურირებულ საუბრებში შედის, უზიარებს ერთმანეთს საკუთარ დაკვირვებებსა და დამოკიდებულებებს განსაზღვრული სიტუაციებისა და საკითხების მიმართ, რათა ისწავლონ ერთიანი მიდგომა განსაზღვრული თემისადმი.

განურჩევლად იმისა, სად ხდება ამ მეთოდის გამოყენება – მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, მოსწავლეებს შორის, კოლეგებს შორის თუ მოზრდილთა განათლების ციკლში, თითოეულ პიროვნებასა თუ ჯგუფს იგი სთავაზობს შესაძლებლობას:

·გაეცნოს სხვების თვალთახედვასა და პერსპექტივას;
·გაიფართოოს თვალთახედვა და გაიმდიდროს გამოცდილება;
·უკეთ შეიცნოს საგანი/თემა, სხვადასხვა პერსპექტივიდან დააკვირდეს მას და ინდივიდუალური კრიტერიუმებით შეაფასოს.

მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის უკუკავშირის კულტურის განვითარება ხელს უწყობს როგორც სასწავლო პროცესის ხარისხის, ასევე თანამშრომლობითი ატმოსფეროს გაუმჯობესებას.

როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს ერთმანეთის უკუკავშირით შეუძლიათ სარგებელი მიიღონ, რადგან:
·მათი ავტოპორტრეტები და თვითშეფასებები უფრო რეალისტური ხდება;

·ისინი გააცნობიერებენ, როდის უწყობს ხელს მათი ქცევა სასწავლო და საგაკვეთილო პროცესს და როდის არა;
·მათ შორის ურთიერთგაგება ღრმავდება და გაუგებრობა ქრება;

·როგორც თითოეული მათგანი, ასევე მთელი სასწავლო პროცესი ხდება უფრო წარმატებული.

შევქმნათ უკუკავშირისთვის ე.წ. უსაფრთხო სივრცე
ამ მეთოდით მუშაობა ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია, ჯგუფში შეიქმნას ურთიერთნდობის ატმოსფერო. ასეთი უსაფრთხო სივრცე შეიძლება უზრუნველვყოთ:

·ნებაყოფლობითობაზე შეთანხმებით;

·გაცემული უკუკავშირის კონფიდენციალობის დაცვით;

·შეთანხმებით, რომ უკუკავშირის შედეგები საერთო მიღწევის შედეგებზე გავლენას არ მოახდენდეს.

დავუთმოთ დრო უკუკავშირს
უკუკავშირის მეთოდით მუშაობის გამოცდილებამ მასწავლებლებს დაანახვა, რომ უკუკავშირის კულტურის დამკვიდრებას სჭირდება დრო, მაგრამ უკუკავშირში ინვესტირებული დრო არ შეიძლება დაკარგულად ჩაითვალოს. პირიქით, ეს არის დროის რაციონალურად გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა.
შევქმნათ პროექტჯგუფები

დასავლური პრაქტიკული გამოცდილება წარმოაჩენს პროექტჯგუფების მნიშვნელობას უკუკავშირის მეთოდის განვითარებისთვის. ამ ჯგუფების მთავარი ამოცანაა, უკუკავშირის ინსტრუმენტები და მეთოდები ერთად განავითარონ, მეთოდის გამოყენების ირგვლივ მიღებული გამოცდილება ერთმანეთს გაუცვალონ, ანალიზი გააკეთონ, ერთად დაამუშაონ პრობლემები, შეაფასონ შედეგები და იმსჯელონ მომდევნო ნაბიჯებზე. შემდეგ ჯგუფი გამოცდილებას უზიარებს სხვა ჯგუფებს და სასკოლო საზოგადოებას. ასეთი მიდგომით უკუკავშირის მეთოდით მუშაობა სულ უფრო იხვეწება და ეფექტიანი ხდება.

განვავითაროთ უკუკავშირისთვის საჭირო ქცევა

უკუკავშირი უფრო მეტია, ვიდრე ტექნიკა. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მისი სარგებელი და პოზიტიური გავლენა მხოლოდ მეთოდურ სრულყოფაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ უკუკავშირის პროცესში მონაწილეთა – როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლეთა – ქცევაზე.
როგორი ქცევა მიგვიყვანს ეფექტიან უკუკავშირამდე:
·ურთიერთემპათია და ურთიერთნდობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის;
·ინტერესი და პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი, ასევე საერთო საქმიანობისა და წარმატებისადმი.
უკუკავშირით მუშაობის ინტეგრაცია სკოლის ყოველდღიურობაში

მეთოდის გამოყენება ეფექტიანი რომ იყოს, უკუკავშირით მუშაობის მეთოდები მასწავლებელმა თავად უნდა განავითაროს, მოახდინოს მათი მოდიფიკაცია და მიუსადაგოს კონკრეტულ კონტექსტს/პირობებს.
დავგეგმოთ უკუკავშირი როგორც გაკვეთილის თანმხლები მეთოდი

გაკვეთილი უნდა განვიხილოთ როგორც კომპლექსური სოციალური პროცესი, რომლის შედეგიანობას მხოლოდ ერთჯერადი ან იშვიათი კვლევით ვერ დავადგენთ. სწორედ უკუკავშირის სისტემატური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში არის საუკეთესო საშუალება იმის დასადგენად, რამდენად მართლდება ჩვენი მოლოდინები, ვითვალისწინებთ თუ არა მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და ინტერესებს, ვიღებთ თუ არა სასურველ შედეგს.
დავიწყოთ იქ, სადაც ცვლილებების ინტერესი გვაქვს და სადაც წარმატებას ველით

გაკვეთილის დაგეგმვის დროს დავუსვათ თავს კითხვა, ამ გაკვეთილზე სახელდობრ რომელი აქტივობისას გამოვიყენებთ უკუკავშირის მეთოდს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უკუკავშირის დაწყება იქ ჯობია, სადაც ჩვენი მიზანი გაუმჯობესება და სადაც მოსწავლეებს მისი შესაძლებლობის თაობაზე სპონტანური რჩევების მოცემა შეუძლიათ; ასევე იქ, სადაც სასურველ შედეგს ველით და გვინდა გავზომოთ, მივიღეთ თუ არა სასურველი შედეგი, ან რა მანძილი გვაშორებს მას.
უკუკავშირით მუშაობის დაგეგმვა

უკუკავშირით მუშაობის დაგეგმვამ, უპირველეს ყოვლისა, ყველა მონაწილისთვის ცხადი უნდა გახადოს, რას ემსახურება უკუკავშირი, რა ნაბიჯებითა და მეთოდებით უნდა ვიმოქმედოთ.

უკუკავშირის მიზნის ახსნა – რას გვინდა მივაღწიოთ?

უკუკავშირის პროცესში მონაწილეებმა უნდა დასვან კითხვა: რა შესაძლო სარგებელს ვპირდებით უკუკავშირის შედეგიდან ჩვენს თავს (როგორც მოსწავლე, როგორც მასწავლებელი, როგორც კლასი, როგორც ჯგუფი)? იმისთვის, რომ შედეგის გაზომვა შეგვეძლოს, დასაწყისშივე საჭიროა წარმატების კრიტერიუმების ფორმულირება.
ჰერმანმა და ჰიოფერმა წარმატების კრიტერიუმები ერთ წინადადებაში ჩამოაყალიბეს: “უკუკავშირი მაშინ არის წარმატებული, როცა შენ თავად გამოსცდი წარმატებას” (Herman, J, Hoefer, C. Evaluation in der Schule – Unterrichtsevaluation. Guetersloh 1999).
უკუკავშირის კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა – როგორ მივიწევთ წინ?

აქ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: უკუკავშირის სახელდობრ რომელი მეთოდის გამოყენებაა რელევანტური მიზნის მისაღწევად? შეესაბამება თუ არა შერჩეული მეთოდები მოსწავლეთა უნარებსა და ინტერესებს? ვინ და როგორ უნდა გააანალიზოს და შეფასოს უკუკავშირის შედეგები?
როგორ უნდა გამოვიყენოთ უკუკავშირის შედეგები?

მხოლოდ ის უკუკავშირი, რომელსაც კვალდასამჩნევი შედეგები აქვს, აკმაყოფილებს მასში მონაწილე ორივე მხარეს. აუცილებელია, უკუკავშირის გამცემმა გააცნობიეროს, ვისკენ არის მიმართული მის მიერ გაცემული უკუკავშირი, ხოლო მიმღებმა – რა და როგორ გაითვალისწინოს მისდამი მიმართული უკუკავშირისგან. უკუკავშირის დროს შემდეგი პრინციპია მისაღები: პასუხისმგებლობა კონკრეტული და სასარგებლო უკუკავშირისთვის ეკისრება უკუკავშირის გამცემს, ხოლო უკუკავშირთან ურთიერთობის, მისი სარგებლიანობის დანახვისა და გამოყენებისთვის – უკუკავშირის მიმღებს.

ნდობის მოპოვება გამჭვირვალობით

იმისთვის, რომ მეთოდით მუშაობა წარმატებული იყოს, აუცილებელია მონაწილეთა ინფორმირება და პროცესში, შეძლებისდაგვარად, ყველა მოსწავლის ჩართვა. როგორ მივაღწიოთ გამჭვირვალობას?

·უკუკავშირის გამოყენებამდე მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ: რა მიზანი აქვს მეთოდს, რა მოაქვს მის გამოყენებას მოსწავლისთვის ან მასწავლებლისთვის, როგორ შეიძლება მისი გამოყენებით როგორც გაკვეთილის, ასევე მთელი სასწავლო პროცესის გაუმჯობესება;

·მეთოდთან მუშაობის პირველივე გამოცდილება მათთან ერთად უნდა განვიხილოთ: რა იყო კარგი და რა – არა? როგორ მივუახლოვდით სასურველ შედეგს? რას შევცვლით მომავალში ამ მეთოდით მუშაობის პროცესში? და ა.შ.
 
როგორ წარვმართოთ უკუკავშირი

ინტერესი მრავალფეროვანი პერსპექტივისადმი

უკუკავშირის ყველა მეთოდის შემთხვევაში განსხვავებული დაკვირვებები და შეფასებები გამოითქმის და განიხილება. უკუკავშირის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანია, მოსმენილ იქნეს ყველა მოსაზრება, ინტერესი. უკუკავშირის წესია: ყველა გამონათქვამი გონივრულია, თუმცა შესაძლოა, მისი გონივრულობა იმთავითვე ვერ გავაცნობიეროთ. ასევე უნდა ვეცადოთ, უკუკავშირით შევაგროვოთ შეძლებისამებრ მეტი განსხვავებული შეხედულება. ამით მიიღწევა სხვადასხვა პერსპექტივის მაქსიმალურად სტრუქტურირებული ვარიანტები. რაც უფრო მეტი პერსპექტივა წარმოჩნდება, მით უფრო მეტია შანსი, აღმოაჩინო სასარგებლო, რაც ადრე დაფარული იყო.
 
დავსვათ ნაკლები, მაგრამ ღია კითხვები

უკუკავშირი არ უნდა გადავტვირთოთ ბევრი კითხვით, მაგრამ დასმული კითხვა უნდა იყოს ღია, ხოლო პასუხი აღწერდეს თითოეული მონაწილის გამოცდილებასა და დაკვირვებას, აფასებდეს სხვადასხვა კუთხით და გვთავაზობდეს მისეულ ხედვას, გამოსავალს, მაგ., რა არის შენთვის მისაღები ამ სიტუაციაში? რა იყო შენთვის მოსაწონი და რა – არა? რა დაგეხმარა ყველაზე მეტად და რამ შეგიშალა ხელი? რა იქნებოდა იდეალური ამ შემთხვევაში? და ა.შ.

როგორ შევაფასოთ უკუკავშირი

უკუკავშირის შედეგების ერთობლივი შეფასება

მნიშვნელოვანია, რომ უკუკავშირის შედეგების გაანალიზებასა და შეფასებაში ჩართული იყოს ყველა პირი. ასეთი მიდგომა ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და პასუხისმგებლობის გრძნობას. მხოლოდ ამგვარად მიღებული შედეგები შეიძლება იქცეს გაკვეთილის განვითარების საწინდრად.

უკუკავშირის მონაცემების შეკრებისას უნდა ვეცადოთ, მოვახდინოთ პერსპექტივათა მაქსიმალური რაოდენობის ვარიანტის ინიცირება, ანალიზისას კი მაქსიმალურად თანხვედრილი აზრების იდენტიფიცირება.

თანხვედრის საძებნელად გვთავაზობენ შემდეგ ნაბიჯებს: (Bastian J., Combe A., Langer R., Feedbeck-Methoden, Beltz Verlag – Weinheim und Basel 2007):

·კიდევ ერთხელ მოვახდინეთ ყველა უკუკავშირის ფორმულირება სრულად, წარმოვადგინოთ იგი წერილობით და თვალსაჩინო გავხადოთ ყველა მოსწავლისთვის;

·მოსწავლეებთან ერთად ვეძებოთ მსგავსი იდეები, აზრები, და დავაჯგუფოთ ისინი კატეგორიებად;
·უკვე დაჯგუფებულ კატეგორიებს შორის ვეძებოთ მსგავსება;

·ბოლოს, როგორც შედეგი, მოვახდინოთ რამდენიმე საკვანძო გამონათქვამის ფორმულირება და თუ გვინდა შევამოწმოთ, რამდენად ზუსტად თანხვდება ესა თუ ის საკვანძო გამონათქვამი უკუკავშირს, შევადაროთ ის იმ თავდაპირველ გამონათქვამებს/აზრებს, რომლებიც ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ.

დაკვირვებიდან შეფასებამდე: კრიტერიუმების შემუშავება

შეფასება წარმოადგენს არა მარტო დაკვირვებათა სისტემატიზებას, არამედ გამოცდილებათა შეფასებასაც განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მაგ., თუ უკუკავშირს ჯგუფური მუშაობის ხარისხის შესაფასებლად ვიყენებთ, წინასწარ უნდა შევიმუშაოთ კრიტერიუმები კარგი ან ცუდი ჯგუფური მუშაობის შესაფასებლად.
მომდევნო სტატიაში განვიხილავთ უკუკავშირის რამდენიმე კონკრეტულ მეთოდს და მოგაწვდით რჩევებს მათი ადეკვატური გამოყენების თაობაზე.

ჩემი ალმა-მატერი – უნივერსიტეტი 95

0

8 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაარსებიდან ოთხმოცდათხუთმეტი წლის იუბილე იზეიმა. ეს თარიღი სადღესასწაულო გახლდათ ჩემთვისაც, რადგან მე თსუ-ს სტუდენტი ვარ.

უკვე დიდი ხანია, ჩემ ირგვლივ მყოფნი გადაულახავ სირთულეთა წინაშე აღმოჩენილი  სასწავლებლის შეურიგებელ კრიტიკოსად მიმიჩნევენ. ჩემს უკმაყოფილებას პირველი ქართული უნივერსიტეტის ყველა მმართველი რგოლი და უკლებლივ ყველა ადმინისტრაციული სტრუქტურა იწვევს. ხშირად მიწევს ნაკლებად ეფექტურ ბიუროკრატიულ ლიდერებთან საუნივერსიტეტო პოლიტიკის შესახებ უშედეგო კამათი. განსაკუთრებით მაღიზიანებს ის, რომ მრავალი სერიოზული პრობლემა სასწავლო პროცესის სტუდენტთა სასარგებლოდ მიმდინარეობას აფერხებს. მიუხედავად ამისა, მაინც ბედნიერი ვარ, ვამაყობ კიდეც, რომ სკოლის დასრულებისთანავე უნივერსიტეტელის საპატიო სტატუსი მოვიპოვე. ჩემი ერთი შეხედვით უცნაური დამოკიდებულების ახსნა მარტივად შემიძლია, ამიტომ მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ, რას ნიშნავს თსუ ჩემთვის.

უნივერსიტეტს მისი დამფუძნებლების, ყველა დროის გამორჩეული ქართველი მოაზროვნეების, იდეათა გამოხატულებად განვიხილავ. ეს გახლავთ იდეები განათლებისა და მეცნიერების ერთობლივი კერის არსებობის შესახებ, რომლის მაღალ დონეზე განვითარებისა თუ საყოველთაო ხელმისაწვდომობის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე, მოდერნულ სახელმწიფოზე ფიქრი. უნივერსიტეტი ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებასა და ქვეყნის კვალიფიციური მმართველობის ხელშეწყობის აუცილებლობასთან ასოცირდება.

თსუ რეალური სამოქალაქო სექტორისა და თითქმის ყველა გავლენიანი, გულწრფელი სოციალური მოძრაობის წყაროდ მესახება. უძველესი უმაღლესი სასწავლებელი ყოველთვის იდგა და დღესაც დგას ნებისმიერი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პოზიციის სადარაჯოზე. მის გარემოში, მიუხედავად მუდმივი და სერიოზული ზეწოლისა, მაინც ყალიბდება კარგად დასაბუთებული კრიტიკული მოსაზრებები ბევრი უსამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ.

რაც მთავარია, თსუ კონკრეტული ადამიანების, სტუდენტებისა და ლექტორების ერთობლიობაა. აქ სრულიად განსხვავებული სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები, ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებისა თუ მსოფლმხედველობის მქონე მოქალაქეები საერთო ნიადაგზე დგანან და ერთად ცდილობენ (სამწუხაროდ, ჯერჯერობით მხოლოდ ცდილობენ) მნიშვნელოვან კითხვებზე ლოგიკური პასუხის პოვნას.

მაშასადამე, ჩემთვის უნივერსიტეტი ის დაწესებულებაა, ურომლისოდაც სახელმწიფოც და საზოგადოებაც მანკიერნი, არასრულყოფილნი და ნაკლებად თავისუფალნი იქნებოდნენ. შესაბამისად, ჩემთვის ამ სასწავლებლის მძიმე მდგომარეობა საერთო ვითარების განმსაზღვრელიცაა.

დღესასწაულებზე სურვილებს ჩაუთქვამენ ხოლმე. მეც მივცემ თავს უფლებას, თსუ-სთან დაკავშირებული ჩემი ნატვრა ავახმოვანო.

უპირველეს ყოვლისა, ჩემს Alma mater-ს აკადემიურ თავისუფლებასა და პარტიული გავლენებისგან სრულ დამოუკიდებლობას ვუსურვებ. შეუძლებელია, უნივერსიტეტი ეფექტურად ფუნქციონირებდეს, თუ გადაწყვეტილებათა მიღება მხოლოდ საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს არ დაეკისრებათ.

აუცილებელია, სახელმწიფო უნივერსიტეტის უკეთესი ფინანსური უზრუნველყოფა. დღეს ჩვენი სასწავლებლის ბიუჯეტი ძირითადად მხოლოდ სტუდენტთა მიერ გადახდილი თანხის ან მათ მიერ მოპოვებული გრანტის საშუალებით ივსება. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დამატებითი მატერიალური რესურსების არარსებობა არის მეცნიერების დამუხრუჭების უმთავრესი წინა პირობაც.

თუმცა ყველაზე მეტად ის მინდა, თსუ ყოველთვის მკაფიოდ გრძნობდეს საზოგადოების მაჯისცემას, მისი სტუდენტები და ლექტორები მუდამ დარჩნენ  ეკონომიკის, პოლიტიკისა და ნებისმიერი სხვა სფეროს მთავარ მაკონტროლებელ საზოგადოებრივ ძალად.

შესაძლოა, გულუბრყვილო გეგონოთ, მაგრამ მაინც მჯერა, რომ 100 წლის იუბილეს უნივერსიტეტი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში შეეგებება. იქნებ ამაში ჩემს მეგობრებთან ერთად მეც შევიტანო მოკრძალებული წვლილი.

ჯაზი და საქართველო

0

დღეს იმ მუსიკაზე მინდა გესაუბროთ, რომელიც არასოდეს მტოვებდა გულგრილს: აფრიკულ-ევროპული სტილის სინთეზზე, სამხრეთული ტემპერამენტის, იმპროვიზაციისა და სიგიჟის სამოთხეზე – ჯაზზე.

დიდხანს ვფიქრობდი, რომელი იყო პირველი ჯაზური კომპოზიცია, რომელიც მოვისმინე და საბოლოოდ ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივედი. ეს მელოდია, დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს მოუსმენია, მაგრამ, ვფიქრობ, არც ისე ბევრი მიიჩნევდა მას ჯაზური ხელოვნების კარგ ნიმუშად. მოდი, ვცადოთ, ცოტა ხნით განზე გადავდოთ ტექსტი და დავაკვირდეთ, რას უკრავენ ინსტრუმენტები. კომპოზიციას კლავიში, დასარტყმელები და კონტრაბასი ასრულებენ. თუ ყური არ მატყუებს, რამდენიმე ადგილას გიტარაც ჟღერს, 1:47-ზე კი პიანოს ისეთი იმპროვიზაციული პარტია იწყება, რომლის დაკვრაზეც ბევრი ამერიკელი ჯაზმენი არ იტყოდა უარს .

დიახ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ ეს გახლდათ ჩემი პირველი, ჯერ კიდევ გაუაზრებელი ზიარება ჯაზთან – მუსიკასთან, რომელმაც ჩემს სიცოცხლეში არაერთი დაუვიწყარი წუთი მაჩუქა.

“თუ კითხულობ, რა არის ჯაზი, ვერასოდეს გაიგებ ამას”, – დაახლოებით ასე უპასუხა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა მუსიკოსმა ლუი არმსტრონგმა შეკითხვას, რა არის ჯაზი. მუსიკის ამ მიმდინარეობის აღქმა ისეთივე ინდივიდუალურია, როგორიც თავად ეს მუსიკა. პირადად ჩემთვის ჯაზი იმპროვიზაციაა – ნორმებიდან გადახვევა, ჩარჩოების დარღვევა.

ცნობილმა ამერიკელმა პროდიუსერმა და “ამერიკის ხმის” დიქტორმა უილის კონოვერიმ ერთხელ თქვა: “ჯაზი თავისუფლების მუსიკაა, ის ხალხს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებას აძლევს, მუსიკა კი მათ წელში გამართვაში ეხმარება”. კონოვერი საკმაოდ პოპულარული პიროვნება იყო, რადიო “ამერიკის ხმაზე” გადაცემა მიჰყავდა ჯაზის შესახებ. მას მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ადამიანი უსმენდა. და მიუხედავად იმისა, რომ კონოვერი არასდროს ყოფილა ჯაზ-მუსიკოსი, ბევრს ამერიკელს დღემდე მიაჩნია, რომ მან ჯაზის განვითარება-გავრცელებისთვის ყველაზე მეტი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომისა და ცივი ომის პერიოდებში მისი პროგრამა ოკეანის მიღმაც გადაიცემოდა, – რა თქმა უნდა, იმ ქვეყნების გარდა, რომლებშიც ჯაზიცა და “ამერიკის ხმაც” აკრძალული იყო.

“თავისუფლების აკვნიდან” საბჭოეთამდე “ამერიკის ხმის” სიგნალი დიდხანს ვერ აღწევდა, თუმცა ჯაზური ჟღერადობის მოსმენა საბჭოთა კავშირში 1920-იანი წლებიდან იყო შესაძლებელი. რუსული ჯაზის ერთ-ერთი პიონერი ვალენტინ პარნახი გახლდათ, რომელმაც 1922 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ოფიციალურ დაარსებამდე, შექმნა “რსფსრ-ში პირველი ექსცენტრიული ორკესტრი, ვალენტინ პარნახის ჯაზ-ბენდი” (“Первый в РСФСР эксцентрический оркестр, джаз-банд Валентина Парнаха”). თუმცა 30-იან წლებში მიმდინარე მოვლენებმა, კერძოდ, სსრკ-ში “სოცრეალიზმის” დანერგვამ, რომლის მიხედვითაც, ხელოვნება მხოლოდ პარტიული ინტერესის გათვალისწინებით უნდა შექმნილიყო, ჯაზსაც დაატყო თავისი კვალი. 1936 წელს შეიქმნა ჯაზის სახელმწიფო ორკესტრი ტიპური საბჭოთა სახელით: “გოსჯაზი”. დადგინდა, რომ ორკესტრს მხოლოდ სიმფონიური ჯაზი უნდა შეექმნა და ე.წ. “ბინძურ” და “ვულგარულ” მიმდინარეობებზე უარი ეთქვა.

40-იან წლებში პარტიას მუსიკის ეს მიმდინარეობა საერთოდ გადაუყვარდა. 1952 წელს გამოცემულ “დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში” ჯაზი შემდეგნაირადაა განმარტებული: “დეგრადირებული ამერიკული ბურჟუაზიული კულტურის პირმშო”. ვფიქრობ, ჯაზისადმი გულისწყრომა მხოლოდ იმან კი არ განაპირობა, რომ ის ბურჟუაზიულ ამერიკაში შეიქმნა, არამედ იმანაც, რომ მისი მამოძრავებელი ძალა იმპროვიზაციაა – იმპროვიზაცია ხომ შემოქმედებითი თავისუფლებაა, ეს კი ზედმეტი ფუფუნება გახლდათ მუსიკოსისთვის, რომელიც სოცრეალიზმის პირობებში არსებობდა. მოკლედ, საბჭოთა სისტემა კარგა ხნის განმავლობაში ჯაზს სერიოზულ მორალურ საფრთხედ აღიქვამდა. ვითარება 60-70-იანი წლებიდან შეიცვალა და ამ ცვლილებების ერთ-ერთი ეპიცენტრი თბილისი გახლდათ.

ამ ვიდეოს შემთხვევით გადავაწყდი მცირე ხნის წინ. თუ YouTube-ზე მის ამტვირთავს დავუჯერებთ, ჩანაწერი 1962 წელს თბილისშია გაკეთებული. ჯაზის ერთ-ერთმა ლეგენდამ, ბენი გუდმენმა, საბჭოეთში სამი კონცერტი ჩაატარა, მათ შორის ერთი – თბილისშიც.

ამის შემდეგ თბილისი საბჭოთა კავშირში ჯაზის ერთგვარ მინიცენტრად გადაიქცა. 1966, 1967, 1972, 1978, 1979 წლებში ჩვენს ქალაქს რიგრიგობით სტუმრობდნენ ერლ ჰაინსი, “რეგტაიმ ენსემბლი”, კლერენს ბრაუნი და სხვა ჯაზორკესტრები. 1978-ში თბილისში საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ჯაზ-ფესტივალი გაიმართა. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სცენაზე 13 სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულმა 23-მა ბენდმა დაუკრა.

ჩემთვის განსაკუთრებით მოულოდნელი იყო იმის გაგება, რომ 1979 წელს თბილისში კონცერტი ამერიკელ ბლუზმენს, ცოცხალ ლეგენდას, ბი ბი კინგსაც კი გაუმართავს. როგორც ჩანს, 70-იანების ბოლოს რკინის ფარდის გადალახვა შედარებით გამარტივდა და ჩვენთან ბლუზმაც საკმაო პოპულარობა მოიპოვა.

70-იანების ტრადიცია მომდევნო ათწლეულებშიც გაგრძელდა და თბილისში არაერთმა ცნობილმა მუსიკოსმა დაუკრა. მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა, რომ საქართველოში ჯაზს მხოლოდ “მაღალი წრის” წარმომადგენლები უსმენენ (სავარაუდოდ, ეს სტერეოტიპი კონცერტებზე ბილეთების ფასმა განაპირობა, რომელიც ზოგჯერ საკმაოდ მაღალია, თუმცა ყოველთვის არა), საქართველო დღესაც ინარჩუნებს ჯაზისთვის სასურველი ადგილის სტატუსს. თბილისსა და ბათუმში ყოველწლიურად იმართება ფესტივალები, რომლებზეც ქართველ შემსრულებლებთან ერთად სერიოზული უცხოელი მუსიკოსებიც გამოდიან: კურტ ელინგი, რეიჩელ ფერელი, ჯო სემპლი, “სინდიკატი”, ჩარლზ ლოიდი და სხვები. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ახალგაზრდა ქართველი ჯაზმენის ბექა გოჩიაშვილის კონცერტები. ის ბათუმის ჯაზფესტივალის მუდმივი მასპინძელია და ყოველწლიურად უმტკიცებს მსმენელს, რომ კარგი პოტენციალის პატრონია.

ჯაზს საქართველოში დიდი მომავალი აქვს, თუ საზოგადოების უკლებლივ ყველა წევრი გააცნობიერებს, რომ ეს მუსიკა აბსოლუტურად ყველასთვისაა განკუთვნილი და არაფერი “ელიტური” მასში არ არის.

ინკლუზიური სწავლება და ჩვენი შვილები

0

-ეპილეფსიის სინდრომი აქვს, ცოდოა ჩვენი შვილების გვერდით, ხომ სჯობს,სპეციალურ დაწესებულებაში ატარონ?!- მითხრა ამას წინათ ერთ-ერთმა მშობელმა.

ჩემი მწირი სამედიცინო ცოდნის გამო არ ვიცოდი, რა მეფიქრა. შინ მისვლისთანავე მოვიძიე ინფორმაცია:
გადავიკითხე სპეციალური ვებგვერდები, ფორუმები… რა აღარ ეწერა: როგორ უნდა აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება, რა გვერდითი მოვლენები არსებობს… ვკითხულობდი და ვფიქრობდი: “ნეტა რას გრძნობს იმ ბავშვის დედა… ლამაზი გოგონაა, თუმცა მაინც განსხვავდება სხვებისგან აფორიაქებული გამოხედვით”. მერე ჩემი დაჩი გამახსენდა- როგორ შეეშინდება, ეპილეფსიურ შეტევას თუ შეესწრო!..პარალელურად გონებაში ამომიტივტივდა ჩემი პატარას უცნაური ქცევა: უჩვეულო ხმებს გამოსცემდა და არაბუნებრივად იქცეოდა ბოლო დროს. პირველი, რაც თავში მომივიდა, ჩემს საფეისბუქო გვერდზე კითხვის დასმა იყო; ნაცნობ-მეგობრებმა მირჩიეს, ფსიქოლოგისთვის მიმემართა ან, უკეთესი იქნებოდა, გამერიდებინა და სხვა ჯგუფში გადამეყვანა…

სხვა მშობლების მსგავსად, მეც მერიდებოდა ამ საკითხზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ მაინც გავბედე და, კიდევ კარგი, იმავე საღამოს ვესაუბრე მასწავლებელს. მან ამიხსნა, რომ ბავშვს აქვს აუტიზმის სინდრომი: სოციალური განვითარების, კომუნიკაციის, მეტყველების პრობლემები. ახალი ჯგუფელის უცნაური საქციელი, ბუნებრივია, არც პატარებს გამოჰპარვიათ; მასწავლებლის სწორი დიდაქტიკური მიდგომის წყალობით, დაჩიმ, ჩემთან საუბრისას, საკმაოდ ადეკვატურად შეაფასა ვითარება: “დედიკო, იცი, ახალი ბავშვი გადმოვიდა ჩვენთან…ვმეგობრობთ. ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ვეფერებით და ყველაფერს გვაგებინებს”.

ახლა, როცა შედარებით ინფორმირებული ვარ, ვფიქრობ, საზოგადოება არ არის მზად საკითხის ჯანსაღად აღქმისთვის. დაინტერესებულ პირთ ნამდვილად წაადგებათ საქართველოს აუტიზმის საზოგადოების ვებგვერდი, ასევე: www.kidspace.ge, ეკა ქევანიშვილის, ლიკა ალადაშვილის,გოგი გვახარიას, ბელა ჩეკურიშვილის, ნინო თარხნიშვილისა და სხვა ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები თუ სტატიები. მაგრამ, ჩემი აზრით, მეტი ძალისხმევაა საჭირო ჩვენი სოციუმის ინფორმირებულობისა და ჩართულობისათვის.
მისასალმებელია, რომ ეროვნული თუ საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ ამ საკითხზე. ესგ-ში ცალკე თავი ეძღვნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლებას. ტერმინოლოგიაც კი დაიხვეწა: ახალ გამოცემებში აღარ შეგხვდებათ “უნარშეზღუდული” ან “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი”; განათლების სამინისტროსთვის თანაბრად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა ყველა ის მოსწავლე, რომელიც სასწავლო პროცესში ჩართვისას გარკვეულ პრობლემებს აწყდება, იქნება ეს ჯანმრთელობის, ფინანსური პრობლემა თუ სხვ.

ეროვნული სასწავლო გეგმის მე-5 თავის 27-ე მუხლის მიხედვით:

1. “სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში – სსსმ მოსწავლე), რომელსაც, თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით, აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას, კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას.
2. სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
ა) ფიზიკური დარღვევა;
ბ) ინტელექტუალური დარღვევა;
გ) სენსორული დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის);
დ) მეტყველების დარღვევა;
ე) ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ვ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
ზ) სირთულეები სოციალური ფაქტორების გამო და ამ მიზეზით ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს”.
„არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ განსაკუთრებით ნიჭიერი მოსწავლეც შეიძლება იყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და საჭიროებდეს განსაკუთრებულ პროგრამას განათლებისთვის. ასეთ სსსმ მოსწავლეს შესაძლოა გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლოს და უფრო მცირე დროში, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოსწავლეს” (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული გაკვეთილების ნიმუშები, გვ. 2).

ახლახან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ერთი სტუდენტი გავიცანი – სტანისლავ ციბულსკი. სტასი, მიუხედავადმხედველობის პრობლემისა, ყველასგან გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეობით. სტანისლავმა ეროვნული გამოცდები ბრაილის შრიფტის საშუალებით ჩააბარა და დღეს უკვე სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია. კურსელები სტასს დიდ პატივს სცემენ, მისი ერუდიციისა და პიროვნული ღირსებების გამო. ინკლუზიური განათლების წყალობით, სტასი უკეთ გამოხატავს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს: თარგმნის ლექსებსა და ესეებს ქართულიდან რუსულად და – პირიქით.თავადაც წერის განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული. ეს სტასის უბრალო საშინაო დავალებასაც კი ეტყობა:

 



“მხოლოდ შემოდგომით ვგრძნობ თავს კარგად, რადგან იგი ისეთივე სევდითაა აღსავსე, როგორიც მუდამ ჩემს გულში მეფობს. სწორედ სევდის გამო შემოდგომა ბევრს არ უყვარს. მათი თქმით, ეს დრო ცუდ განწყობას ქმნის და სპობს ყველანაირ სიხალისეს. და მართლაც, შემოდგომა დაძინებისა და სევდის ქალიშვილია, ოცნებების მსხვრევისა და სიხარულის დაკარგვის სიმბოლოა. როდესაც ფოთლები ცვივა, მექმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ყოველი მათგანი სამუდამოდ სიცოცხლეს ემშვიდობება. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, თუ რა აქვს ამ დროს მოსაწონი და რატომ ავირჩიე ყველაზე საყვარელ ჟამად მაინცდამაინც შემოდგომა. ამას მხოლოდ ის გაიგებს, ვისი გული დამჭკნარ შემოდგომის ფოთოლს ჰგავს და სული მხოლოდ სევდით, სინანულითა და მონატრებით საზრდოობს. ზაფხულის მზიან დღეებში განვიცდი სიმარტოვეს. როცა ეზო ბავშვების მხიარულებითაა სავსე, თავს დაობლებულ სულად ვგრძნობ.
შემოდგომაში დაჩაგრულ და ყველასაგან შეძულებულ ქალწულს ვხედავ. მას სევდიანი თვალები და ფერმკრთალი სახე აქვს. მართალია, შემოდგომა ბევრ პოეტს უყვარდა, მათ შორის, პუშკინსაც, მაგრამ უმრავლესობა მას არასწორად ხედავდა. ისინი ცდილობდნენ, მისთვის არარსებული თვისებები მიენიჭებინათ, როგორიცაა ახალი სიცოცხლის გაღვიძება, სულის ამაღლება, ბუნების ოქროსფერ კაბაში ჩაცმა და სხვა. შემოდგომით ბუნება ოქროსფერ კაბას გლოვის ნიშნად იცვამს და სიხარულზე ლაპარაკიც კი ზედმეტია” /ს. ციბულსკი/.
მისასალმებელია, რომ ესგ-ში, ასევე, გათვალისწინებულია სსსმ მოსწავლეთა ინდივიდუალური გეგმის, საჭიროების შემთხვევაში – შინ სწავლების, საპატიო გაცდენის, კოორდინატორის, დამხმარე მასწავლებლის აყვანის საკითხები. ყოველივე ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი. მაგ., ყველა შენობასთან პანდუსების მიშენების, სპეციალური საპირფარეშო ოთახების, ტრანსპორტის, სპეციალური ლიფტების, სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული გადამზადების, დასაქმების საკითხები…
მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საზოგადოების დამოკიდებულებაც. ხშირად, ჩვენდა უნებურად, ვეწინააღმდეგებით სსსმ პირთა სოციალიზაციას; გარკვეულ შემთხვევებში კი სსსმ პირს თავად მშობელი აქცევს იზოლაციაში – ისევ და ისევ საზოგადოებრივი აზრის გამო. მიზეზი, პირველ რიგში, საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ… მერე იქნებ მათაც შეძლონ და ნაკლები იფიქრონ იმაზე, რას იტყვის ხალხი; ყურადღება გაამახვილონ საკუთარი შვილის სწორად აღზრდაზე, გამოუმუშაონ მას ჯანსაღი თვითშეფასება და დამოუკიდებლად არსებობის უნარი.
პირადად, მე ცოტა დავიბენი, სანამ საგულდაგულოდ არ შევისწავლე ჩვენი კონკრეტული შემთხვევა. სოციალიზაციისთვის ორმხრივი მუშაობაა საჭირო. აუტისტ ბავშვთა სოციალიზაციის საკითხებით დაინტერესებული მკვლევარი ჟ. ა. ბროჰარტი სტიგმატიზაციაზე საუბრობს: “როგორც წესი, როცა გაიგებენ, რომ კონკრეტული პირი აუტისტია, შეიცხადებენ: “ოჰ”, “საწყალი!”, “უბედური!” და ა.შ. 
თავის მხრივ, აუტისტებიც გრძნობენ და შიშობენ, მათი მდგომარეობა ნეგატიურად არ იქნას აღქმულ-შეფასებული: “ყოველთვის მოიძებნება ირგვლივ ვიღაც, ვისაც დისკომფორტს უქმნის აუტიზმი, მაგრამ ჩემი პიროვნების საწინააღმდეგო არაფერი აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ აწუხებს მისგან განსხვავებული ჩემი არსების გარკვეული ნაწილი; არ განიხილავს მას ჩემთან ერთად. მსგავსი დამოკიდებულების შედეგად თავს მარტო და გაუცხოებულად ვგრძნობ” (დ. ა.). 
გაუცხოების პრობლემაზე სტანისლავ ციბულსკიმაც აღნიშნა: „ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, ჩემი მეგობრების დამსახურება უფროა, ვიდრე ჩემი. უბრალოდ ვცდილობ, გამოვხატო რასაც განვიცდი. მე გამიმართლა, რადგან კარგი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი და ის პრობლემები, რასაც ჩემი მეგობრები ხვდებიან, თავიდან ავირიდე. თუმცა, ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი დღესაც ვერ ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას, საჭირო პირობების უქონლობის გამო. როდესაც ადამიანი საზოგადოების მხრიდან სრულ გაუგებრობას ხვდება, იგი, როგორც წესი, იბნევა და, საბოლოოდ, საკუთარი თავის რწმენას კარგავს”.
იტყვით, ალბათ, რომ საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს. ასეც არის, მაგრამ სანამ მსგავსი პროგრამები ამოქმედდება, იქნებ თავად გადავცეთ ერთმანეთს თუნდაც ასე მომრავლებული სოციალური საინფორმაციო საშუალებებით, რომ ინკლუზიური სწავლება არ უშლის ხელს ჩვენი შვილების განვითარებას, პირიქით, ისინი ისწავლიან ზრუნვას, მხარში დგომას, თანაგანცდას. კეთილგანწყობილ გარემოში სსსმ პირები ხომ ძალიან მიმნდობები, ალალები, თბილები არიან! კარგი იქნება, თუ ჯანმრთელი მოსწავლეებისა და მშობლებისგან შედგება დამხმარე ჯგუფები სსსმ პირთა დასახმარებლად, როგორც ეს იტალიაშია დანერგილი. არ უნდა გამოვხატოთ განსაკუთრებული სიბრალული ასეთი ბავშვისადმი, არ უნდა მივმალოთ ისინი სპეციალური განათლების დაწესებულებებში – ეს არა მხოლოდ იზოლაციაში მოაქცევს, არამედ ღირსებასაც შეულახავს მათ.

ვისაუბროთ ფოსფორზე

0

პატარა ვიყავი, როცა გალაკტიონის “მესაფლავე” ზეპირად ვისწავლე. ყველას უკვირდა, ამხელა ლექსი რამ გასწავლაო, ან რაღა მაინცდამაინც ეგ აირჩიეო, მე კიდევ მომწონდა რატომღაც, ნაღვლიანი და ლამაზი იყო.

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი,
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ერთხელ, არდადეგებიდან დაბრუნებული, ჯერ კიდევ საზაფხულო განწყობაზე მყოფი, მეტროთი მგზავრობისას ორი ჩემი კბილა ბიჭის საუბარს შევესწარი. ერთი გაბღენძილი უყვებოდა მეორეს, სოფელში, ბებიასთან სტუმრობისას, შეღამებულზე ბავშვებთან ერთად როგორ მოუწია სასაფლაოსკენ გავლა და საკუთარი თვალით დაინახა, რომ ზოგიერთი საფლავიდან მანათობელი შუქი ამოდიოდა. ცოტა შევკრთი, მაგრამ ყველაზე ყოჩაღად მაინც მე მივდიოდიო. მერე ვაგონიდან გავედი და რით დასრულდა ეს ამბავი, ვეღარ გავიგე, მაგრამ ის მანათობელი შუქი გონებაში ჩამრჩა.
იმ პატარა ბიჭებისა არ მიკვირს – “უკანასკნელ ალქიმიკოს” ბრენდ ჰენინგსაც იგივე დაემართა. ის ფილოსოფიურ ქვას თავის ბიოლოგიურ სითხეში ეძებდა, რისთვისაც სითხეს დიდ კოლბაში (როგორც მაშინ უწოდებდნენ, რეტორტაში) ადუღებდა. უცებ მისი ნახევრად ჩაბნელებული, სარდაფის ტიპის ლაბორატორია განათდა და მხცოვანი ალქიმიკოსი გაოცებისგან მუხლებზე დაეცა – ხუმრობა ხომ არ იყო, ეს ფილოსოფიური ქვა ანათებდა ასე. აბა, სხვა რა უნდა ყოფილიყო? მოგვიანებით რობერტ ბოილმა ცდა გაიმეორა და შედეგები ანტუან ლორან ლავუაზიეს აცნობა, მან კი ახალაღმოჩენილ ელემენტს სახელი შეარქვა – ფოსფოროუს, მანათობელი.
ისე აეწყო, რომ ამ თვეში ელემენტებზე ვწერ და მოდი, ამჯერად ფოსფორზე ვისაუბროთ.
თუ ფაიფურის ჯამში ორ წილ ბერთოლეს მარილს (KClO3) და ერთ წილ წითელი ფოსფორის ფხვნილს მინის წკირით ფრთხილად ავურევთ, ძლიერ ფეთქებადი ნარევი წარმოიქმნება (მოსწავლემ ეს ცდა დამოუკიდებლად, ქიმიის მასწავლებლის გარეშე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაატაროს!). როდესაც პოპულარულ ლექციებზე ამ ექსპერიმენტს ვატარებ (უყვართ მოზარდებს აფეთქების ყურება და ეს ცდა ერთბაშად იპყრობს მათ გულს), შემდეგ ვამბობ, რომ მათ ეს რეაქცია იმ დილით უკვე ჩაატარეს, ამიტომ ასეთ ემოციას არ ველოდი. იწყება დისკუსია: სად ჩაატარეს აფეთქება? – სამზარეულოში. ერთნი მეუბნებიან, რომ ვხუმრობ, მეორენი დუმილს ამჯობინებენ და მხოლოდ უმცირესი, მესამე ნაწილი მპასუხობს, რომ სწორედ ეს რეაქცია უდევს საფუძვლად ასანთის ანთებას. ერთით ნული ქიმიის სასარგებლოდ. გამოდის, რომ ის ჩვენი ყოფის ნაწილია. თუმცა, ერთხელ, ერთი ბიჭი გამიჯიუტდა კიდეც – მითხრა, მე ასანთს არ ვიყენებ, გაზის სანთებელას ვხმარობო. გამოდის, ქიმია არ მჭირდებაო. ასეთ უწყინარ ახირებაზე კეთილად თუ გაგეღიმება. ერთ დღესაც მიხვდება ეს ბიჭი, რომ ცდება.

მაღალი ქიმიური აქტიურობის გამო ფოსფორი ბუნებაში თავისუფალი სახით არ მოიპოვება. მისი მნიშვნელოვანი მინერალებია: ფოსფორიტი (Ca3(PO4)2), ფთორაპატიტი (Ca5(PO4)3F), ქლორაპატიტი (Ca5(PO4)3Cl), ჰიდროქსიაპატიტი (Ca5(PO4)3OH) და სხვ. დედამიწის ქერქში ფოსფორის შემცველობა 0,12%-ია. ფოსფორი ნაერთების სახით შედის, მცენარეული უჯრედების, ადამიანისა და ცხოველების ძვლოვანი, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილების შემადგენლობაში.
ფოსფორის თერთმეტი ალოტროპიული მოდიფიკაციაა ცნობილი. მათი წარმოქმნა კრისტალურ მესერში ერთმანეთის მიმართ ატომების სხვადასხვაგვარი განლაგებით არის განპირობებული.
თეთრ ფოსფორს მოლეკულური კრისტალური მესერი აქვს, რომლის კვანძებშიც P4 ტეტრაედრული მოლეკულებია. აქ ფოსფორის ატომებს შორის ბმები ადვილად იშლება. სწორედ ამით აიხსნება თეთრი ფოსფორის მაღალი ქიმიური აქტივობა (ჰარზე თვითაალება 500C-ზე) და მიდრეკილება, შენახვისას უფრო სტაბილურ პოლიმორფულ მოდიფიკაციაში გადავიდეს: P (თეთრი) → P (წითელი). თეთრი ფოსფორი ძლიერი საწამლავია.
წითელი ფოსფორი პოლიმერული ნივთიერებაა. მიღების ხერხის მიხედვით, მას სხვადასხვა თვისება აქვს. ქიმიურად ნაკლებაქტიურია, აალდება 2500C-ზე, საწამლავი არ არის.
შავი ფოსფორი ნორმალურ პირობებში ყველა მოდიფიკაციაზე მდგრადია, გარეგნულად გრაფიტს ჰგავს, ნახევრადგამტარული თვისებები აქვს. აალდება 4000C-ზე ზევით გახურების დროს.
70 კგ წონის ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 780გ ფოსფორია. კალციუმის ფოსფატის სახით ის ადამიანისა და ცხოველების ძვლებში, ცილების, ფოსფოლიპიდების, ნუკლეინმჟავების შემადგენლობაში შედის. ფოსფორის ნაერთები ენერგეტიკულ ცვლაში მონაწილეობს (ადენოზინტრიფოსფორმჟავა – ატფ). ადამიანის ორგანიზმი დღე-ღამეში 1,2 გ ფოსფორს ითხოვს. მის უდიდეს ნაწილს ადამიანი რძისა და პურისგან იღებს. 100 გ პური დაახლოებით 200 მგ ფოსფორს შეიცავს. ფოსფორით განსაკუთრებით მდიდარია თევზი (180 მგ 100 გ პროდუქტში), ლობიო (540 მგ 100 გ პროდუქტში), ზოგიერთი სახის ყველი (600 მგ-მდე 100 გ პროდუქტში).

სწორი კვებისთვის აუცილებელია მოხმარებულ ფოსფორსა და კალციუმს შორის ბალანსის დაცვა. საკვებში ამ ელემენტების ოპტიმალური თანაფარდობაა 1,5:1. საკვებში ფოსფორის სიჭარბე ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას იწვევს. კალციუმის სიჭარბის დროს ვითარდება შარდკენჭოვანი დაავადება.

ზოგჯერ ასეთი ექსპერიმენტითაც ვცდილობ ქიმიისკენ მოზარდების შემობრუნებას: აურიეთ ერთმანეთში 50 გ ძვლის ფხვნილი და 3-5 გ ცარცი, ნარევი სუფთა ქიმიურ ჭიქაში მოათავსეთ და ჩაამატეთ 20 გ 70%-იანი გოგირდმჟავა. ძვლისა და ცარცის ნარევს მჟავა თანდათან უნდა დაემატოს (მოსწავლეები ცნობისმოყვარეები არიან, ზედმიწევნით მოარიდეთ ისინი ჭურჭელს, სადაც გოგირდმჟავას ინახავთ!). მინის წკირით ენერგიული მორევის შედეგად ერთგვაროვან მასას მიიღებთ. იგი მალე გათბება და გარდაიქმნება ჯერ პასტად, მერე კი მშრალ თეთრ ფხვნილად – სუპერფოსფატად (CaH2(PO4)2). ქარხნებში კი ფოსფორის სასუქებს ფოსფორიტისა და აპატიტის მინერალებისგან ამზადებენ.
ზემოთ თეთრი ფოსფორი ვახსენე და ვთქვი, რომ მომწამლავია. მისი გამოყენება სასწავლო ექსპერიმენტებში დაუშვებელია. შენახვაც განსაკუთრებული სჭირდება – მის ნაჭრებს წყლიან ქილაში ინახავენ. ქილას კორპის საცობი მჭიდროდ უნდა ჰქონდეს მორგებული და, სასურველია, პარაფინითაც იყოს მორჩილული. უფრო უკეთესი კი, იცით, რა იქნება? სასწავლო ლაბორატორიაში თეთრი ფოსფორი საერთოდ რომ არ იყოს. სამხედრო საქმეში მას იყენებენ ფოსფორის ბომბის სახით, თუმცა ამ იარაღის გამოყენება დღეს აკრძალულია.
საინტერესოა ფოსფორის გაზისებრი ნაერთი წყალბადთან. ჰაერზე ადვილად აალდება. სხვათა შორის, ერთი ფრანგი მეცნიერი მუშაობდა ფოსფორთან. ეს ის დრო იყო, როცა ცდების დროს თავს სათანადოდ ჯერ კიდევ არ იცავდნენ და გაზისებური სახით გამოყოფილი ფოსფორით მეცნიერს ტანსაცმელი ეჟღინთებოდა და ღამით, შინ დაბრუნებისას, ჩაბნელებულ ქუჩებში მიმავალი, მოცისფრო-მომწვანოდ ანათებდა. გამვლელები სახადივით ერიდებოდნენ, რადგან იმქვეყნიური არსება ეგონათ. მეტსახელიც შეარქვეს – “მანათობელი ბერი”.
ამგვარი მისტიკური სინათლე დაჭაობებულ ადგილებსა და ახალ საფლავებზე შეიმჩნევა. ეს წყალბადთან ფოსფორის გაზისებრი ნაერთი “იწვის”, რომელიც ორგანიზმების რხწნის შედეგად გამოიყოფა. სწორედ ეს “სინათლე” დაინახა სოფელში ჩემმა “მეტროს” ბიჭმა.
რატომ დამაწყებინა ამ წერილში საფლავებსა და სიკვდილზე საუბარი, არ ვიცი. სულ ფოსფორის ბრალია! აი, იმ ფოსფორის, მენდელეევის ელემენტთა პერიოდული სისტემის მეხუთე ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფში რომ დაუდვია ბინა, ატომური ნომერი 15 და ატომური მასა- 30,973 რომ აქვს.
სიკვდილი ადვილია, ცხოვრებაა ძნელი, რთული და ღირსეულად გასავლელი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ყველა ზრდასრული ადამიანი ერთხელ მაინც დაფიქრებულა სიკვდილზე.
ასე ხდება ქვეყანაზე – ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშივ ავიწყდება…

დევნილობის ამბები

0

ჩემი თაობის საკმაოდ დიდი ნაწილი
შვიდი წლისა შეიყვანეს სკოლაში. ეს მაშინ ჩვეულებრივი ამბავი იყო: ქვეყანაში სწავლა-განათლებისთვის
არავის ეცალა, სასწავლო პროცესი შეწყდა და პოლიტიკურ-კრიმინალური დაპირისპირებების
გამო რამდენიმე თვე გაგვიცდა. ამას ისიც დაემატა, რომ ჩვენს ქალაქს დევნილთა დიდი ტალღა
მოაწყდა. თითქმის ყველა ოჯახში დევნილი იყო.

– ახალი კლასელი შემოგვემატა, – იტყოდა
მასწავლებელი და უკვე ვიცოდით, რომ მერხიდან წამომდგარი გოგო თუ ბიჭი, დარცხვენილი
და დაბნეული, დევნილი იყო. რაღა დაგიმალოთ, მის მიმართ უპირატესობის გრძნობაც გვიჩნდებოდა,
დაახლოებით ისეთი, დედაქალაქელს რომ აქვს ჩამოსულის, ან სამსახურში ადრე გამოცხადებულ
თანამშრომელს – დაგვიანებულის, ან კიდევ სტაჟიან და სასულიერო პირებთან გაშინაურებულ
ზოგიერთ მორწმუნეს – ეკლესიური წესრიგის უმეცარი ადამიანის მიმართ. ერთი ხანობა იმ
დაუწერელი კანონის ამოქმედებაც ვცადეთ, რომელიც უფროსკლასელებისგან გადმოგვეცა და ცოტა
მიმზიდველიც ჩანდა იმ დროს: ყველა ახალშემომატებული ბიჭი უნდა გაგველახა. მაგრამ უმეტესად
ისე ხდებოდა, რომ გაცნობისთანავე ვუმეგობრდებოდით, ვიზიარებდით მათ გაჭირვებას და ჩხუბამდე
საქმე არ მისულა.

ერთი ჩემი კლასელი გოგო რვა წლის
იყო, პირველი კლასის მეორე სემესტრში რომ შემოგვემატა. სიმაღლით ხომ ყველას გვჯობდა
და რასაც ის ომზე, გაჭირვებაზე, შიმშილსა და სიცივეზე ჰყვებოდა, ჯერ გაგაოცებდა, შეგაძრწუნებდა
და მერე შეიძლება ტირილამდე და უიმედობამდეც მიეყვანე. თვითონ, ეტყობა, ლაპარაკით კლავდა,
თრგუნავდა განცდილს (მგონი ბევრ რამეს იგონებდა კიდეც), ამით თითქოს ამარცხებდა ეშმაკს,
მტერს, ბოროტ სულს; მის სახელს კი არ მალავდა, ყოველ წუთას ახსენებდა: მოდი, შენი კი
არ მეშინია, რასაც მინდა, იმას გიშვრები, ყველა ბრუნვაში გატრიალებ და არა მარტო მე,
ჩემმა ყველა კლასელმა იცის, რა საცოდავიც ხარო.


 “დევნილი”, 1993. რობერტ აბსანძის ქანდაკება.

ერთხელ რაღაც აქცია გამოცხადდა: მთელ ქალაქს მაკულატურა
უნდა შეეგროვებინა. ქალაქის უფროსობაც (ასე ეძახდა მასწავლებელი) გვეწვია სკოლაში,
– თუ გვინდა, ჩვენს შვილებს საწერი ქაღალდი ჰქონდეთ, უვარგისი წიგნები და ჟურნალები
ჩაგვაბარეთო. ჩემმა მეგობარმა, რომლის ოჯახიც საერთო საცხოვრებელში იყო შეხიზნული
(დროებითო, მაშინ ასე უთხრეს, მაგრამ, როგორც ვიცი, დღემდე არაფერი შეცვლილა), შეწუხებულმა
მითხრა, მამაჩემის ბიბლიოთეკა იმ სახლში დარჩა, რომელიც ომის დროს დაწვეს და რა უნდა
ვქნა, წიგნები საიდან მოვიტანოო. თუ არ ვცდები, 5-5 კილო მაკულატურა გვქონდა ჩასაბარებელი.
ჩემი წილი რომ ავწონე, მერე ისევ შევიპარე ბებიაჩემის ბიბლიოთეკაში და გულში ჩახუტებულმა
ფეხაკრეფით გამოვზიდე ი. ბ. სტალინის თხზულებათა მრავალტომეული – თითქმის ისე, წვრილად
დაჭრილი შეშა რომ გამომქონდა საკუჭნაოდან.

მერე ჩვენს სკოლაში ნაგროვები წიგნები, ზოგი – სქელ
პარკებსა და ჩანთებში ჩაწყობილი, ზოგიც – ძუითა და მავთულით შეკრული, გაზ-53-ის ძარაზე
ატვირთეს და სად წაიღეს, ვინ იცის.

გაზ-53, ოღონდ სხვა ფერის, სხვა ნომრითა და უფრო ჩასუქებული
მძღოლით, შემოხრიგინდა ბაბუაჩემთან, დიდ ეზოში. შაბათ-კვირას სოფელში ვატარებდით ხოლმე.
მეზობლის ბავშვებს ფეხბურთს ვეთამაშებოდით, როცა ჭიშკარი გაიღო და მძიმედ დატვირთული მანქანა შემოვიდა. უფროსები დატრიალდნენ – ავდრისგან
ცელოფნებითა და შალით საგულდაგულოდ დაცული ავეჯი ჩამოცალეს, სხვადასხვა ოთახში გაანაწილეს
და მერე ნელ-ნელა ააწყვეს ლოგინები და კარადები.

ღმერთო, როგორ მიხაროდა! ხელით ვსინჯავდი და თვალს არ
ვაშორებდი, როგორ ავსებდა ცარიელ კუთხეს მოხდენილი ავეჯი და ყველას რაღაცნაირად კმაყოფილი
და თან სევდიანი სახე ჰქონდა.

მთელი ბავშვობა და შაბათ-კვირა ამ ლოგინებისა და  კარადის (სადაც წაკითხულ წიგნებს ვაწყობდი, წაუკითხავებისგან
რომ განმესხვავებინა) დიდი ტრფიალი ვიყავი. დაუკითხავად ავრბოდი და ჩამოვრბოდი ზევით-ქვევით,
დამქონდა რაგინდარა, ამოჩემებული ნივთები.

ერთ დღესაც, სოფელში მისულს, ეს ავეჯი არ დამხვდა. გაოცებულმა
და გაფითრებულმა მიზეზი რომ ვიკითხე, ბაბუაჩემმა მითხრა, ჩვენი ნათესავის იყო ეს ლოგინებიცა
და კარადებიც, ამას წინათ მოვიდნენ და გალში წაიღესო.

“ერთი მაინც არ დატოვეს?” – ვფიქრობდი გაბრაზებული
და ვერ წარმომედგინა ბაბუაჩემის სახლი, სადაც კრემისფერი ლოგინი და წაკითხული წიგნებით
გამოტენილი კარადა არ იქნებოდა.

“იქნებ დარჩათ რამე?” – დავდიოდი ოთახიდან
ოთახში.

და ახლა მინდა გავიხსენო, საერთოდ რა დარჩა ჩემი ბავშვობისგან
– აფხაზეთიდან დევნილი კლასელებისგან, მეგობრებისგან, ნათესავებისგან…

ბევრი რამ დარჩა და დაილექა – მძიმე, ტრაგიკული, თითქოს
დაწყებული და შუა გზაზე შეყოვნებული, მოუგვარებელი. დევნილობაში გაზრდილი თაობა და
პოლიტიკოსების თაიგული, რომელიც დროდადრო, წინასაარჩევნოდ, ცდილობს, რაც შეიძლება თბილად,
ენის მოჩლექით ახსენოს “ლტოლვილი”, “დევნილი” და “იძულებით
გადაადგილებული პირი”, რომ ხმათა მნიშვნელოვანი რაოდენობა დაიბევოს.

დარჩა ამ სიმწრის თათარაში ჩურჩხელასავით
ამოვლებული იუმორი, უფრო სწორად, რამდენიმე მინიმალისტური ლექსი: “გათავდა და
მორჩა სოხუმი და სოჩა”, “ოჩამჩირა, ოჩამჩირა, სამი ლუჩში გოროდ მირა”
და კიდევ ნატვრა, სურვილი ან უბრალოდ ინტერესი, ნახო ის, რაც შლაგბაუმს მიღმაა.

საკუთარი თვალებით ნახო.

არგუმენტაცია და სასწავლო პროცესი

0

ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად, ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას, საჭიროა სწორი,  მიზანმიმართული ლოგიკური მსჯელობა.  ლოგიკური აზროვნებ კი იმ საშუალებებისა და მეთოდების ცოდნას გულისხმობს, რომლითაც შეიძლება რაღაცის
დასაბუთება.
დასაბუთების პროცესი  უკვე  დარწმუნებაა. 

ცხადია, მსჯელობაში,
სხვათა დარწმუნებაში მთავარი არ არის მხოლოდ საუბარი ან მხოლოდ ცოდნა – განათლება.
„მართალია
,  ცოდნა აუცილებელია ადამიანისათვის, მაგრამ ჭეშმარიტი ცოდნა
და კვლევა არ გულისხმობს  გონების მიერ ფიქსირებულ
ფაქტთა უბრალო ჯამს,  „თორემ
, – როგორც
ჰერაკლიტე იტყოდა, –
ჰესიოდემაც  ბევრი
იცოდა, მაგრამ ვერ  დაამტკიცა, რომ დღე და ღამე
ერთია”.
 

ვრცლად 


ოცნება მშვიდობისა და სამართლიანობის მეუფებაზე – ჩესლავ მილოში

0
ამ ტრიბუნაზე ჩემი დგომა უნდა იქცეს ყველასათვის, ვინც ჩვენთვის ღვთისგან ბოძებული სიცოცხლის მადიდებელია, კიდევ ერთ საბუთად მისი სასწაულებრივი მოულოდნელობებისა. სკოლაში სწავლისას გატაცებით ვკითხულობდი ვარშავაში გამოცემულ “ნობელის პრემიის ლაურეატთა ბიბლიოთეკის” ტომებს და დღემდე მახსოვს მათი შრიფტი და ფერი. მაშინ მეგონა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატები არიან პროზაიკოსები, დიდ-დიდი რომანების ავტორები და, როცა გავიგე, მათში პოეტებიც ურევიაო, დიდხანს არ მჯეროდა, და, რაღა თქმა უნდა, როცა 1930 წელს ჩვენს საუნივერსიტეტო გაზეთში გამოქვეყნდა ჩემი პირველი ლექსები, სულაც არ მქონია მწერლობის პრეტენზია. უფრო მოგვიანებითაც კი, როცა საკუთარ ხვედრად მარტოობა ავირჩიე და საფრანგეთსა და ამერიკაში მცხოვრები პოლონურ ენაზე ლექსების მთხზველი პოეტის უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, ვცდილობდი შემენარჩუნებინა ცნობიერებაში ჩარჩენილი პოეტის იდეალური ხატი, რომელიც, თუკი ფიქრობს საერთოდ დიდებაზე, ისიც მხოლოდ მშობლიური ქალაქისა და სოფლის მასშტაბით…
ბავშვობისას წაკითხულმა ნობელის პრემიის ერთ-ერთი ლაურეატის წიგნმა უზარმაზარი გავლენა იქონია პოეზიის ჩემეულ წარმოდგენაზე და მიხარია, რომ დღეს ამის თქმის საშუალება მომეცა.
ეს ნობელიანტი სელმა ლაგერლოფია. “ნილს ჰოლგერსონის საოცარ მოგზაურობაში” მან თავისი გმირი ორმაგი მზერით დააჯილდოვა. იგი მაღლა-მაღლა დაფრინავს, ზეციდან დამზერს დედამიწას და, ამავე დროს, მასზე ყოველგვარ წვრილმანს ამჩნევს.
ასეთი ორმაგი ხედვა შესანიშნავი პოეტური მეტაფორაა. მსგავს მეტაფორას წავაწყდი მოგვიანებით XVII საუკუნის პოეტის, თავის დროზე მთელი ევროპისათვის კაზიმირის ფსევდონიმით ცნობილი მაცეი სერბევსკის ლათინურ ოდაში. ოდესღაც იგი პოეტიკას ასწავლიდა ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში. ოდაში ის აგვიწერს, თუ როგორ იმგზავრა პეგასზე ამხედრებულმა ვილნოდან ანტვერპენში მეგობარი პოეტის მოსანახულებლად. ნილს ჰოლგერსონის მსგავსად ისიც ხედავს ქვევით მდინარეებს, ტბებს, ტყეებს, ანუ დედამიწის რუკას, ერთდროულად შორიდან და გარკვევით. აი, ორი უმნიშვნელოვანესი თვისება პოეტისა: სწრაფვა დანახვისა და წყურვილი დანახულის აღწერისა.
მაგრამ ვისაც პოეზია ესმის როგორც “მისწრაფება დანახვისა და აღწერისა”, მანვე უნდა შეიგნოს, რომ ებმება სერიოზულ დავაში თანამედროვეობასთან, მოჯადოებულთან ურიცხვი თეორიით პოეტური ენის “თავისთავადი ფასეულობის” შესახებ.
ყველა პოეტი დამოკიდებულია წინამორბედზე, მისსავე ენაზე რომ წერდა, ითვისებს ადრე მოღვაწეთა სტილსა და ფორმებს. ამასთანავე, გრძნობს, რომ გამოთქმის ძველი საშუალებანი არ შეესაბამება მის საკუთარ გამოცდილებას. მათზე მორგებისას ესმის შინაგანი ხმა, რომელიც მოუწოდებს სხვისი სამოსისა და ნიღბების უარყოფისაკენ. და პროტესტანტი თანამედროვეთა, ავანგარდის სხვადასხვა მიმართულებათა ტყვეობაში ექცევა.
სამწუხაროდ, საკმარისია ლექსების პირველი წიგნი გამოსცეს და უკვე ტყვეა. სტამბის საღებავი ვერ ასწრებს შეშრობას, რომ ღრმად პირადული ქმნილება უკვე სხვისად ეჩვენება, სხვათა აშკარა გავლენას ატყობს. დამარცხების სიმწრისაგან თავდაღწევის ერთადერთი გზა ძიების გაგრძელება და ახალი წიგნის გამოცემაა, რის შემდეგაც ყველაფერი ისევ თავიდან იწყება… შეიძლება ისედაც მოხდეს, გველის ტყავივით მოიცილოს წიგნები, განერიდოს უკვე შექმნილს და ნობელის პრემიის ლაურეატი აღმოჩნდეს.
რომელი იდუმალი იმპულსი არ ანებებს დასჯერდეს მიღწეულს?
ეტყობა, რეალობის ძიება.
ამ სიტყვას ვხმარობ მისი ნაივური და ამაღლებული გაგებით, არაფერი საერთო რომ არა აქვს ბოლო საუკუნეების ფილოსოფიურ დავებთან. ესაა დედამიწა, რომელსაც ბატის ზურგზე გადამჯდარი ნილსი და პეგასზე ამხედრებული ლათინური ოდის ავტორი ხედავენ. უეჭველია, რომ ეს დედამიწა არსებობს და მის სიმდიდრეს ვერავითარი აღწერა ვერ ამოწურავს. საწინააღმდეგოს მტკიცების მსურველმა გონებიდან უნდა ამოიგდოს კითხვა, დღეს რომ ასე ხშირად გვესმის: “რა არის რეალობა?” რამეთუ იგი არაფრით განსხვავდება პილატე პონტოელის კითხვისაგან: “რა არის ჭეშმარიტება?”
თუკი ჩვენთვის ჩვეულ დაპირისპირებათაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წინააღმდეგობას სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, არანაკლები მნიშვნელობა აქვს წინააღმდეგობას სიმართლესა და სიცრუეს, რეალობასა და ილუზიას შორისაც.
სიმონა ვეილმა, რომლის შემოქმედებითაც დიდად დავალებული ვარ, ბრძანა: “სიშორე – მშვენიერების სულია”. სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ხერხდება აღმოჩნდე შორს. მე “ევროპის შვილი” ვარ, როგორც ერთ-ერთ ლექსში ვამბობ, მაგრამ ეს მწარე, სარკასტული აღიარებაა. ამასთანავე, ავტორი ვარ ავტობიოგრაფიული წიგნისა, ფრანგულ თარგმანში “Uნე აუტრე ეუროპე” რომ ჰქვია. უდავოა, არსებობს ორი ევროპა და ისე მოხდა, რომ სხვა ევროპის მცხოვრებნი აღმოვჩნდით XX ასწლეულის “წყვდიადის გულში”. არ ძალმიძს ვილაპარაკო პოეზიაზე ზოგადად, მე შემიძლია ვილაპარაკო მასზე მხოლოდ დროისა და სივრცის კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით. ახლა, დროითი დისტანციიდან, გარკვევით ჩანს იმ კატასტროფულ მოვლენათა კონტურები, თავიანთი მომაკვდინებელი გაქანებით რომ გადააჭარბეს ჩვენთვის ცნობილ სტიქიურ უბედურებებს, ჩემი და ჩემი ტოლების, ტრადიციონალისტებისა თუ ავანგარდისტების პოეზია კი არ აღმოჩნდა მზად ამ კატასტროფებისათვის. ბრმების მსგავსად ხელის ცეცებით ვეძებდით გზას და ვაწყდებოდით ყველა იმ ცდუნებას, რომლითაც იტყუებს ხოლმე თავს გონება.
არც ისე იოლია გამოარჩიო რეალობა ილუზიისაგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიად გარდატეხათა ეპოქაში ცხოვრობ, რამდენიმე საუკუნის წინათ რომ დაიწყო ევროპის კონტინენტის დასავლეთ კიდეზე, რათა სულ რაღაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მანძილზე მოეცვა მთელი პლანეტა მეცნიერებისა და ტექნიკის საერთო კულტით. განსაკუთრებით ძნელი იყო წინააღმდეგობის გაწევა ინტელექტუალური ცდუნებისათვის ევროპის იმ ნაწილში, სადაც ადამიანსა და ბუნებაზე გაბატონების დეკადენტურმა იდეებმა რევოლუციებისა და ომების პაროქსიზმებამდე მიგვიყვანეს და გამოიწვიეს ფიზიკურად თუ სულიერად განადგურებულთა მილიონობით მსხვერპლი. შესაძლოა, ჩვენი ყველაზე ძვირფასი შენაძენი ჩაფიქრება კი არ იყოს იმ იდეების არსზე, რომელთა ძალა რეალურად ვიწვნიეთ საკუთარ თავზე, არამედ პატივისცემა და მადლიერება ყოველივე იმისადმი, რაც იცავს ადამიანებს შინაგანი ნგრევისა და ძალადობის წინაშე მორჩილებისაგან. სწორედ ეს აცოფებდათ ბოროტ ძალებს: პირველ ყოვლისა, ორგანულად, თითქოსდა დამოუკიდებლად არსებული კავშირი ადამიანებს შორის, განმტკიცებული ოჯახით, რელიგიით, მეზობლობით, საერთო მემკვიდრეობით. სხვანაირად, ყოველივე ადამიანური, ზოგჯერ აუხსნელი და ალოგიკურიც, რომელსაც ასე ხშირად დასცინოდნენ პროვინციული გულმიდრეკილობისა და ერთგულების გამო. მრავალ ქვეყანაში ეს ტრადიციული კავშირები თანდათან ეროზირდება და მოქალაქეები თავისდა შეუმჩნევლად კარგავენ ძვირფას მემკვიდრეობას. მაგრამ ეს არ ხდება იქ, სადაც კრიტიკულ სიტუაციაში უეცრად იფეთქებს ასეთ კავშირთა დამცველი, ცხოველმყოფელი ღირსება. ასე იყო იმ მიწაზეც, სადაც მე დავიბადე. ჩემი აზრით, მართებულია წარმოვთქვა ლოცვის სიტყვები იმ წყალობისათვის, მე და ჩემს მეგობრებს რომ გვერგო ევროპის ჩვენეულ ნაწილში.
რამხელა ბედნიერებაა დაიბადო პატარა ქვეყანაში, სადაც ბუნება არ თრგუნავს ადამიანს, სადაც საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობენ სხვადასხვა ენები და რელიგიები! ვგულისხმობ ლიტვას, პოეზიისა და მითების ქვეყანას. ჩემი წინაპრები უკვე XVII საუკუნიდან ლაპარაკობდნენ პოლონურად, ისევე, როგორც ბევრი ოჯახი ლაპარაკობს ფინეთში შვედურად, ირლანდიაში – ინგლისურად და ამიტომ პოლონელი პოეტი ვარ და არა ლიტველი, თუმცა ლიტვის პეიზაჟი და სული სამარადისოდ ჩარჩა ჩემში. რამხელა ბედნიერებაა ბავშვობიდანვე გესმოდეს ლიტურგია ლათინურად, სკოლაშივე თარგმნიდე ოვიდიუსს, სწავლობდე კათოლიკურ დოგმატიკასა და აპოლოგეტიკას. ჭეშმარიტად ბედის წყალობაა სწავლობდე ისეთ ქალაქში, როგორიც ვილნოა! საოცარი ქალაქი ჩრდილოეთის ტყეებში გადატანილი ბაროკოს არქიტექტურით, თითოეულ ქვაში რომ ისტორია აღუბეჭდავს, ორმოცი კათოლიკური კოსტელისა და მრავალი სინაგოგის ქალაქი. იმ დროს ებრაელები ვილნოს ჩრდილოეთის იერუსალიმს უწოდებდნენ. მოგვიანებით, როცა ამერიკაში ლექციებს ვკითხულობდი, გავაცნობიერე, რამდენი რამ მომცა ჩვენმა ძველმა უნივერსიტეტმა, გაზეპირებულმა რომის სამართლის კანონებმა, ძველი პოლონეთის ისტორიამ და ლიტერატურამ, ასე რომ განაცვიფრებენ ახალგაზრდა ამერიკელებს დამახასიათებელი ნიშნებით: შემწყნარებლური ანარქიით, მძაფრ კამათს რომ იუმორით ათვინიერებს, ერთიანობის თან­დაყოლილი გრძნობით, ყოველგვარი ცენტრალიზებული ხელისუფ­ლებისადმი უნდობლობით.
ასეთ სამყაროში გაზრდილი პოეტისათვის შესაფერისი იქნებოდა მჭვრეტელი გამხდარიყო. მისთვის სანუკვარი უნდა ყოფილიყო პატრიარქალური წესრიგი, ზარების რეკვა, მონასტრული სენაკის მყუდროება. და, თუკი წიგნიც აღმოჩნდებოდა მის მაგიდაზე, ისიც მხოლოდ ღვთისგან შექმნილი სამყაროს მიუწვდომელ თვისებაზე – ყოფიერებაზე. და უცებ ყველაფერი ეს ინგრევა ისტორიის ჭეშმარიტად დემონური ხელით, ამჯერად რომ სისხლისმსმელი ღვთაების სახე მიიღო. დედამიწა, რომელსაც პოეტი თავისი აღმაფრენიდან უჭვრეტდა, ახლა უფსკრულიდან უხმობს და არ ანებებს ზემოდან უყუროს. წარმოიქმნება გადაუჭრელი წინააღმდეგობა, შემაძრწუნებლად რეალური, მოსვენებას რომ არ იძლევა არც დღე, არც ღამე, როგორც არ უნდა დავარქვათ – წინააღმდეგობა ყოფიერებასა და მოქმედებას შორის, ან, სხვა დონეზე, წინააღმდეგობა ხელოვნებასა და ადამიანურ სოლიდარობას შორის. რეალობა მოითხოვს მოაქციო იგი სიტყვებში, მაგრამ აუტანელია და, თუ ძალიან ახლოს მიხვალ, პოეტი თავს ვერ დააღწევს იობის ჩივილს: აღმოჩნდება, რომ ხელოვნება არაფერია სინამდვილესთან შედარებით. იმისათვის, რომ იწამო რეალობა სიკეთისა და ბოროტების, იმედისა და განწირულობის მარადიული ხლართით, აუცილებელია დასცილდე განსაზღვრული დისტანციით, აუცილებელია ამაღლდე მასზე, რაც, თავის მხრივ, ზნეობრივ ღალატადაა მიჩნეული.
ასეთი იყო წინააღმდეგობანი, XX საუკუნის ძირითადი მახასიათებელი, გენოციდით წაბილწულ დედამიწაზე რომ იხილეს პოეტებმა. რას ფიქრობს ერთი მათგანი, რომელმაც შექმნა ლექსები, თავისებური ძეგლები იმ დროის ხსოვნის საბუთად? ის ფიქრობს, რომ მისი ლექსები ავადმყოფური წინააღმდეგობების ნაყოფია და უმჯობესი იქნებოდა, თუკი იგი ამ წინააღმდეგობებს აღმოფხვრიდა იმის ნაცვლად, რომ ლექსები ეწერა.
მფარველი განდევნილი პოეტებისა, მოგონებებშიღა რომ მოიხილავენ ხოლმე მშობლიურ სანახებს, რასაკვირველია, დანტეა. მერედა როგორ გაიზარდა მას შემდეგ ფლორენციათა რიცხვი! პოეტის განდევნა – ჩვეულებრივი შედეგია არცთუ ისე დიდი ხნის წინანდელი აღმოჩენისა: ძალაუფლების მქონეს ენის გაკონტროლება შეუძლია არა მარტო ცენზურული აკრძალვებით, არამედ სიტყვის აზრის შეცვლითაც. განსაკუთრებული მოვლენაა – შეზღუდული საზოგადოების ენა – რაღაც მდგრად თვისებებს რომ იძენს. რეალობის სახესხვაობათა მთელი წყებანი წყვეტენ არსებობას მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სახელწოდება არა აქვთ. მგონია, არსებობს საიდუმლო კავშირი თეორიებს შორის, რომელთა თანახმადაც ლიტერატურა არის ის ენა, რომელიც იკვებება საკუთარი თავით და ტოტალიტარულ სახელმწიფოთა ზრდით. ყოველ შემთხვევაში ასეთ სახელმწიფოს არა აქვს განსაკუთრებული მიზეზი აკრძალოს “ექსპერიმენტული” პოეზია ან პროზა, როგორც საკუთარ საზღვრებში ჩაკეტილი ურთიერთობების ავტონომიური სისტემები. მხოლოდ ის პოეტია საშიში, რომელიც გამუდმებით ისწრაფვის რეალობის ძიებისას თავი დააღწიოს ნასესხებ სტილს. დარბაზში, სადაც დამსწრენი ერთსულოვნად უჭერენ მხარს დუმილის შეთქმულებას, ერთი მართალი სიტყვაც კი ტყვიის გავარდნასავით აღიქმება. სამწუხაროდ, მისი წარმოთქმის ცდუნება აუტანელი ქავილივით აკვიატებულ იდეად იქცევა და სხვა რაიმეზე ფიქრს აღარ განებებს. ამიტომ ირჩევს პოეტი განდევნილობას, გარეგანს თუ შინაგანს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მას ამოძრავებს განსაკუთრებული, საჭირბოროტო გარემოებანი. შეუძლია თავისუფლება ეძებოს სადმე სხვა ქვეყანაში, სხვა მხარეში, სადაც მცირე ხნით მაინც უერთგულებს თავის ჭეშმარიტ მოწოდებას – ყოფიერების ჭვრეტას.
თუმცა ეს იმედი ილუზორულია, რადგან “სხვა ევროპიდან” მოსული, სადაც არ უნდა მოხვდეს, აღმოაჩენს იმას, თუ როგორ აუცხოებს საკუთარი გამოცდილება ახალ გარემოსთან და შეიძლება ახალ აკვიატებულ იდეად იქცეს.ჩვენს პლანეტაზე, წლითიწლობით რომ პატარავდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ფანტასტიკური განვითარების წყალობით, მიმდინარეობს მეხსიერების დაკარგვის პროცესი, რომლის განსაზღვრაც ძნელია.წარსულ საუკუნეთა უწიგნურმა ადამიანებმა – ისინი კი კაცობრიობის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ – არც ისე ბევრი რამ იცოდნენ თავიანთი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ. სამა­გიეროდ, თანამედროვე უმეცართა თავებში, წერა-კითხვაც რომ არ იციან და სკოლებსა და უნივერსიტეტებშიც კი ასწავლიან, ისტორია ბინადრობს, მაგრამ რაღაც ვინეგრეტისმაგვარი: მოლიერი ნაპოლეონის თანამედროვეა, ვოლტერი – ლენინისა. მსგავსი რამ შეიძლება ითქვას ბოლო ათწლეულების მოვლენებზეც, ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანზე, რამდენადაც მათდამი ჩვენს მიმართებაზეა დამოკიდებული კაცობრიობის მომავალი, – ისინი იკარგებიან და მკრთალდებიან, იცლებიან ყოველგვარი ენერგიისაგან, თითქოსდა აღსრულებულიყოს ფრიდრიხ ნიცშეს წინასწარმეტყველება ევროპული ნიჰილიზმის თაობაზე. “ნიჰილისტის თვალი, – წერდა იგი 1887 წელს, – არ ენდობა მოგონებებს: ნებას აძლევს მათ ჩამოიმსხვრენ და მისიკვდილდნენ… და, რაკი ნიჰილისტს უნარი არა აქვს საკუთარ თავს არგოს, ვერც მთელი კაცობრიობის წარსულს არგებს: დასაღუპავად გასწირავს”. დღეს ჩაფლული ვართ წარსულის შესახებ სიცრუეთა მორევში, ყოველგვარ საღ აზრსა და კეთილისა და ბოროტის თაობაზე ელემენტარულ წარმოდგენას რომ ეწინააღმდეგება. როგორც ამას წინათ გაზეთი “ლოს-ანყელეს ტაიმსი” იუწყებოდა, უკანასკნელ ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა ასამდე წიგნი, რომლებშიც ამტკიცებენ, თითქოსდა ჰოლოკოსტი არ არსებობდა, რომ ის ებრაული პროპაგანდის გამონაგონია. თუკი შესაძლოა ასეთი უგუნურება, განა ნაკლებ შესაძლებელია მეხსიერების სრული ატროფია?და განა ის უფრო მეტად სახიფათო არაა, ვიდრე გენური ინჟინერია და გარემოს დაბინძურება?
“სხვა ევროპელი” პოეტისათვის ჰოლოკოსტთან დაკავშირებული მოვლენები დროითი რეალობის მხრივ იმდენად ახლოსაა, რომ მეხსიერებიდან მათი გამოდევნა, მაგალითად, დავითის ფსალმუნების თარგმნისას თუ შეუძლია. მაგრამ იგი შეშფოთებულია იმით, რომ სიტყვა “ჰოლოკოსტმა” თანდათანობითი ცვლილება განიცადა და მხოლოდ და მხოლოდ ებრაელი ხალხის ისტორიის კუთვნილებად იქცა, თითქოსდა მისი მსხვერპლი არ ყოფილიყვნენ მილიონობით პოლონელი, რუსი, უკრაინელი და სხვა ხალხთა შვილები. იგი შეშფოთებულია იმითაც, რასაც ეს წინასწარმეტყველება მოასწავებს. ახლო მომავალში ისტორიას შერჩება მხოლოდ ის, ტელევიზორებში რომ აჩვენებენ, ხოლო სიმართლეს, რომლის გაგებაც ძალზე რთულია, არქივებში მიმალავენ და დაივიწყებენ. არის მსგავსი სხვა ფაქტებიც, მაგრამ დასავლელისათვის ძნელად გასაგები, რომლებიც ამტკიცებენ ჰერბერტ უელსის “დროის მანქანაში” ნაწინასწარმეტყველების უტყუარობას: დედამიწა, დასახლებული დღის შვილებით – უზრუნველებით, მეხსიერებისა და სწორედ ამის გამო ისტორიის უქონელნით, უძლური აღმოჩნდება მიწისქვეშა გამოქვაბულთა ბინადრების – ღამის სისხლისმსმელი შვილების წინაშე.
ტექნიკური პროგრესით გატაცებულთ ნათლად გვაქვს შეგნებული, რომ დადგა დრო ჩვენი პლანეტის ყველა ხალხის გაერთიანებისა, საერთაშორისო თანამეგობრობის აუცილებლობისა. ერთა ლიგისა და შემდეგ გაეროს შექმნის თარიღები ღირსია, სამუდამოდ აღიბეჭდოს ჩვენს ხსოვნაში. სამწუხაროდ, თავისი მნიშვნელობით ისინი ჩამორჩებიან სხვა თარიღს, რომელიც უნდა აღგვენიშნა ყოველწლიურად, როგორც სამგლოვიარო, თუმცა ახალ თაობებს შეიძლება არც სმენიათ 1939 წლის 23 აგვისტოს შესახებ. ორმა დიქტატორმა დადო ხელშეკრულება საიდუმლო ოქმით საკუთარი დედაქალაქების, მთავრობებისა და პარლამენტების მქონე მეზობელი სახელმწიფოების დაყოფის თაობაზე! ამ პაქტმა არა მარტო საშინელი ომი გააჩაღა, არამედ ააღორძინა კოლონიური პრინციპებიც, რომლის თანახმად ხალხი ჯოგია, რომელიც შეგიძლია გაყიდო და იყიდო და რომლის ბედიც მთლიანად დამოკი­დებულია დროებითი მმართველის ხუშტურებზე. არსებობა შეწყვიტეს საზღვრებმა, თვითგამორკვევის უფლებამ, პასპორტმა. საოცარი ისაა, რომ დღესაც კი, როცა სიტყვა ჩამოვარდება ორი დიქტატორის მიერ ორმოცი წლის წინათ გამოყენებულ ამ პრინციპებზე, ადამიანები ლაპარაკობენ ჩუმად, ტუჩზე თითის მიდებით.
დანაშაულობანი ადამიანურ უფლებათა წინაშე, დღემდე გამოუქვეყნებელი და საჯაროდ არდაგმობილი, ძირს უთხრიან ხალხთა შორის მეგობრობის შესაძლებლობას. პოლონური პოეზიის ანთოლოგიაში მოხსენიებულია ორი ჩემი მეგობრის – ვლადისლავ სებილასა და ლეხ პივოვარის სახელები და გარდაცვალების წელი – 1940. აბსურდია, რომ დღემდე იკრძალება დაიწეროს, თუ როგორ დაიღუპნენ ისინი, თუმცა პოლონეთში ყველამ იცის სიმართლე: მათ გაიზიარეს ხვედრი მრავალი ათასი პოლონელი ოფიცრისა, რომლებიც განაიარაღეს, ინტერნირე­ბულყვეს და საერთო სამარეში ჩაყარეს ჰიტლერის მაშინდელმა თანამ­ზრახველებმა. განა არ უნდა იცოდეს დასავლეთის ახალგაზრდა თაობამ, თუკი საერთოდ სწავლობს იგი ისტორიას, იმ 200 000 ადამიანის შესახებ, 1944 წელს რომ დახვრიტეს ვარშავაში, ქალაქში, რომელსაც ორმა თანამზრახველმა პირისაგან მიწისა აღგვის განაჩენი გამოუტანა?
ორი დიქტატორი-ჯალათი ცოცხალი აღარაა, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ, მათ გაცილებით უფრო ხანგრძლივი გამარჯვება მოიპოვეს, ვიდრე მათი არმიების ტრიუმფი იყო? ატლანტური ქარტიის მიუხედავად, პრინციპი, რომლის თანახმადაც ხალხები ვაჭრობის საგანი და ვიღაცათა სათამაშო ფსონია, დადასტურდა ევროპის გაყოფით ორ ზონად, ხოლო გაეროში სამი ბალტიური სახელმწიფოს არყოფნა ყოველთვის გვახსენებს ორი დიქტატორის მიერ დატოვებულ მემკვიდრეობას. ომამდე ეს სახელმწიფოები ერთა ლიგაში შედიოდნენ, მაგრამ 1939 წლის პაქტის საიდუმლო დამატების წყალობით ევროპის რუკიდან გაქრნენ.
იმედი მაქვს, მომიტევებთ, რომ ასე შეუბრალებლად გავაშიშვლე მეხსიერების ეს სისხლიანი იარა. ის, რაზეც ვსაუბრობ, უშუალო კავშირშია ჩემს ფიქრებთან სიტყვა “რეალობის” შესახებ, ხშირად დამახინჯებულის, მაგრამ მაინც პატივისცემის ღირსისა. კაცთა უბედურებანი, იმაზე უფრო გამცემლური შეთქმულებანი, ვიდრე თუკიდიდესთან ამოკითხული, ნეკერჩხლის ფოთლის მოხაზულობანი, ოკეანის თავზე მზის სხივების ლივლივი, მიზეზთა და შედეგთა მთელი ეს ჯაჭვი, ბუნებას დავარქმევთ თუ ისტორიას, მიგვანიშნებს სხვა რეალობაზე, იდუმალზე, შეუცნობელზე, რომლის მბრძანებლური მიზიდულობა მეცნიერებისა და ხელოვნების მამოძრავებელი ძალაა. ხანდახან მგონია, რომ ჩავსწვდი “სხვა ევროპის” ხალხების მიერ გადატანილ ტანჯვათა აზრს: ტანჯვა-წამებამ მათ შეუნარჩუნა მეხსიერება მაშინ, როცა “პირველ ევროპასა” და ამერიკას თაობების ცვლასთან ერთად იგი თანდათან უქრება.
შესაძლოა, ტკივილის მეხსიერების გარდა, არც არსებობს სხვა მეხსიერება.ყოველ შემთხვევაში, ასე გვასწავლის ბიბლია, ისრაელის მწუხარებათა წიგნი, რომელიც ხანგრძლივი დროის მანძილზე ეხმარებოდა ევროპის ხალხებს შეენარჩუნებინათ მემკვიდრეობითობის გრძნობა – ოღონდ ამ სიტყვას მოდურ ტერმინ “ისტორიულობასთან” ნუ გავაიგივებთ.
იმ ოცდაათი წლის განმავლობაში, რაც საზღვარგარეთ ვცხოვრობ, ყოველთვის უფრო პრივილეგირებულად ვგრძნობდი თავს, ვიდრე ჩემი დასავლელი კოლეგები – მწერლები და ლიტერატურის მასწავლებლები: ახლო თუ შორეული წარსულის მოვლენები ჩემ თვალწინ წარმოდგებოდნენ უფრო ზუსტად და მკაფიოდ.
დასავლურ აუდიტორიას, რომლისთვისაც მიუღებელია პოლონური, ჩეხოსლოვაკური და უნგრული ლექსები, რომანები და ფილმები, ალბათ, ესმის, რომ ისინი ნაყოფია განსაკუთრებული ცნობიერებისა, ცენზურულ შეზღუდვებთან განუწყვეტელ ბრძოლაში რომ ჩამოყალიბდა. ასე რომ, მეხსიერება იქცა ძალად, რომელიც გვიცავს ფუჭი სიტყვებისაგან, სუროსავით რომ ჩაიხვევიან, როცა კედლის ან ხის სახით საყრდენს ვერ პოვებენ.
რამდენიმე წუთის წინათ ვსაუბრობდი წინააღმდეგობებზე, რომელიც წარმოიშობა პოეტის მიერ დისტანციის მოთხოვნილებასა და ადამიანური სოლიდარობის გრძნობას შორის.
და, თუ მაღლა ფრენა პოეტის მოწოდების მეტაფორაა, ძნელი არაა შევამჩნიოთ მასში ერთგვარი წინააღმდეგობა, რომელიც მაშინაც კი ინარჩუნებს ძალას, როცა პოეტი შედარებით თავისუფალია ისტორიის ბორკილებისაგან, რადგან როგორ უნდა შეახამო ერთმანეთთან შორს, მაღლა ფრენა და იმავდროულად მიწაზე ყოველგვარი წვრილმანის შემჩნევა?
მაგრამ წინააღმდეგობათა მერყევ წონასწორობაში ერთგვარი ჰარმონიის შეტანა ხდება იმ დისტანციის წყალობით, რომელსაც დროთა მდინარება ქმნის.
“ხედავდე” არ ნიშნავს აუცილებლად თვალწინ გქონდეს რაიმე, მაგრამ მეხსიერებაში კი უნდა არსებობდეს. “ხედავდე და აღწერო” შეიძლება წარმოსახვით შექმნასაც გულისხმობდეს. დროის იდუმალებით წარმოშობილმა დისტანციამ მოვლენები, პეიზაჟები, ადამიანთა სახეები არ უნდა აქციოს მიმქრალი ჩრდილების ხლართად.
პირიქით, დისტანციიდან ისინი შეიძლება მთელი სიცხადით გაარჩიო და მაშინ ნებისმიერი ფაქტი, ნებისმიერი თარიღი შეიძენს თავის გამოხატულებას და დარჩება სამარადისო ხსოვნად როგორც ადამიანის დაცემის, ასევე ადამიანის სიდიადისა. ცოცხლები მანდატს იღებენ მკვდრებისაგან. ისინი თავიანთ ვალს აღასრულებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეცდებიან ზუსტად აღადგინონ წარსული, გამონაგონისა და ლეგენდების დაუხვავებლად.
ერთიცა და მეორეც – დედამიწა, მაღლიდან განჭვრეტილი თავის მარადიულ დღევანდელობაში და დედამიწაც, რომელიც გრძელდება ახლად შეძენილ დროში, ერთნაირი მასალაა პოეზიისათვის.
არ ვისურვებდი, შეგქმნოდათ წარმოდგენა, თითქოს ჩემი ფიქრები წარსულისკენაა მიმართული. ეს ასე არაა. ჩემი თანამედროვეების მსგავსად მეც მიდრეკილი ვიყავი სასოწარკვეთილებისაკენ, ვგრძნობდი კატასტროფის მოახლოებას და საკუთარ თავს ვსაყვედურობდი ნიჰილისტური ცდუნებების გამო.მაგრამ უფრო ღრმა დონეზე ჩემი პოეზია, ვფიქრობ, დარჩა ჯანსაღი და შავბნელ დროში გამოხატავდა ოცნებას მშვიდობისა და სამართლიანობის მეუფებაზე. თავს ვალდებულად მივიჩნევ, ვახსენო დღეს აქ ადამიანი, რომელიც მასწავლიდა, როგორ დამეღწია თავი სასოწარკვეთილებისაგან. ჩვენ ძღვენს ვიღებთ არა მარტო საკუთარი სამშობლოსაგან, მისი ტბების, მდინარეების, მისი ტრადიციებისაგან, არამედ ადამიანებისაგანაც, განსაკუთრებით მაშინ, თუ სიყმაწვილისას გვხვდება ნათელი და ძლიერი პიროვნება. მე გამიმართლა: ჩემმა ნათესავმა ოსკარ მილოშმა, განდეგილმა და წინასწარმეტყველმა, საკუთარი შვილივით მიმიღო. როგორ გახდა იგი ფრანგი პოეტი, ამის ახსნა შეეძლო მხოლოდ მისი წინაპრებისა და იმ სახელმწიფოს დახლართულ ისტორიას, ოდესღაც რომ ლიტვის დიდი სამთავრო ერქვა. ასეა თუ ისე, პარიზის ამასწინანდელ გაზეთებში გამოქვეყნდა სინანულის სიტყვები იმის გამო, რომ უმაღლესი საერთაშორისო პრემია ნახევარი საუკუნის წინათ არ მიენიჭა პოეტს, რომელიც ატარებდა იმავე გვარს, როგორსაც მე.
მისგან ბევრი რამ ვისწავლე. იგი დამეხმარა უფრო ღრმად ჩავწვდომოდი ძველი და ახალი აღთქმის რელიგიებს, შემაჩვია მოთხოვნილებებს მკაცრი, ასკეტური იერარქიისას ყველაფრის მიმართ, რაც სულის ცხოვრებას შეეხება, მათ შორის ხელოვნებასაც, სადაც მისთვის უდიდეს ცოდვად ითვლებოდა მეორე­ხარისხოვანისა და მთავარის გათანაბრება, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მასში ვხედავდი წინასწარმეტყველს, რომელსაც, მისივე სიტყვებით, ადამიანები უყვარდა “უძველესი სიყვარულით, სიბრალულის, მარტოობისა და მრისხანებისაგან ღონემიხდილით” და ამიტომ ცდილობდა გაეფრთხილებინა ეს შეშლილი სამყარო, კატასტროფისაკენ რომ მიექანებოდა. კატასტროფა ახლოაო, ამბობდა, ხოლო მისი ნაწინასწარმეტყველევი ხანძარი მხოლოდ ერთი აქტი აღმოჩნდა იმ უშველებელი დრამისა, ბოლომდე რომ უნდა გათამაშდეს.
მომავალი კატასტროფის სიღრმისეულ მიზეზებს იგი ხედავდა მცდარ მიმართულებაში, XVIII საუკუნის მეცნიერებამ რომ აირჩია, რამაც, თავის მხრივ, ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია. უილიამ ბლეიკის მსგავსად ისიც წინასწარმეტყველებდა ახალ დროებას, წარმოსახვის ახალ აღორძინებას, დღესდღეობით შებილწულს მეცნიერული ცოდნით, მაგრამ, როგორც თვითონ მიაჩნდა, არა ყველანაირით და ყველაზე ნაკლებად იმით, მომავლის ადამიანები რომ დაეუფლებიან. მნიშვნელობა არ აქვს, მწამდა თუ არა სავსებით მისი წინასწარმეტყველებისა, უფრო მნიშვნელოვანი მათი ზოგადი მიმართულებაა.
ოსკარ მილოში, ისევე როგორც უილიამ ბლეიკი, შთაგონებას ემანუელ სვედენბორგის თხზულებებიდან ღებულობდა, რომელმაც ყველაზე ადრე განჭვრიტა სამყაროს ნიუტონისეულ მოდელში ადამიანის კრახი. როცა ჩემი ნათესავის გავლენით სვედენბორგის ყურადღებიანი მკითხველი გავხდი, თუმცა ისე როდი აღვიქვამდი, როგორც რომანტიზმის ეპოქაში იყო მიღებული, – წარმოდგენაც არ შემეძლო იმ გარემოებებზე, მის სამშობლოში რომ მიმიყვანდნენ.
ჩვენი საუკუნე დასასრულს უახლოვდება და მნიშვნელოვანწილად ახლახან ნახსენები გავლენების წყალობით მასზე ძვირს ვერ ვიტყვი, რადგან იგი სხვებთან ერთად რწმენისა და იმედის საუკუნეც იყო.სამყაროში ღრმა ცვლილებები ხდება, რომელთაც ძნელად ვაცნობიერებთ, რაკიღა თვითვე ვართ მისი ნაწილი. ეს ცვლილებები უკავშირდება, ოსკარ მილოშის სიტყვებით, “დიად საიდუმლოს მშრომელი მასებისას, რომლებიც ისე ქმედითუნარიანი, გახსნილი და გატანჯული არიან, როგორც არასდროს”. მათი საიდუმლო, ჭეშმარიტი ფასეულობების მათ მიერ გაუცნობიერებელი მოთხოვნილება იმ ენას ვერ პოულობს, რომლითაც შეიძლება გამოითქვას და ამისათვის უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ არ მარტო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, არამედ ინტელექტუალებსაც. თუმცა ცვლილებები გრძელდება და სავსებით შესაძლებელია, ყველა უბედურებისა და საშიშროების მიუხედავად, ჩვენი დრო იქცეს მშობიარობის ტკივილების გარდუვალ და მტანჯველ იმ პერიოდად, რომელიც ადამიანის მიერ ახალი ცნობიერების შეძენის წინამორბედია.მაშინ წარმოიქმნება ფასეულობათა ახალი სისტემა და, დარწმუნებული ვარ, სიმონა ვეილსა და ოსკარ მილოშს, მწერლებს, რომელთა ბეჯითი მოწაფეც მე ვიყავი, სათანადო პატივი მიეგებათ. მიმაჩნია, რომ საჯაროდ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს სიყვარულზე ძვირფასი სახელების მიმართ, რადგან ამით გაცილებით უფრო მკაფიოდ განვსაზღვრავთ ჩვენს პოზიციას, ვიდრე იმათი დასახელებით, ვის წინააღმდეგაც თავგამოდებით ვიბრძვით. ვიმედოვნებ, რომ ამ ლექციაში, მიუხედავად აზრის არაერთგზის მოულოდნელი მიმოხრისა (ასეთია პოეტების პროფესიული თავისებურება), ჩემი “ჰო” და “არა” აღიქმებოდა საკმაოდ ნათლად, ყოველ შემთხვევაში, იქ მაინც, სადაც სულიერ მოძღვრებზე ვსაუბრობდი, ვინაიდან ჩვენ ყველა – მეც, მოსაუბრე, და თქვენც, მსმენელები, – რგოლები ვართ ერთი ჯაჭვისა წარსულსა და მომავალს შორის.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...