ორშაბათი, ივლისი 6, 2026
6 ივლისი, ორშაბათი, 2026

მარად ახალი თოვლი

0
ესაა ნაღდი სიყვარულის ამბავი, რომ იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა. სანამ მოვა, ბავშვი ხარ და ცას უყურებ. გინდა შეივსოს ის პატარა ბაცი ლურჯი ნაწილი ცის, გურიკას სახლის თავზე რომ არის. შავი ღრუბლით შეივსოს. „შავი ღრუბლების შეგროვება შენს თავზე” მაშინ კარგ რამეს გულისხმობს. ანუ უკუღმაა ყველაფერი – ბავშვობა ხომ თავდაყირა დგომას ნიშნავს. ჰოდა, შეივსო ის ლურჯი და წამოვიდა. სამ დღეში სახლი დასათოვლი გახდა. ასე დაემთხვა, მარტო მე და მამაჩემი ვარ შინ. ამიყვანა სახურავზე. სახურავზე ასვლა უდრის ყველაზე მაღლა დგომას. ყველაზე და ყველაფერზე. ყრის თოვლს და ვუყურებ. სიხარული მგუდავს საგანგებოდ შემოხვეულ კაშნეზე უფრო. და მინდა იმ გოგომ დამინახოს. სახურავზე ვდგავარ ბოლო-ბოლო. და თოვს. მაგრამ გოგო შორსაა. შორს რა – ალბათ ხუთი კილომეტრით იქით. და გოგოს სულ ცალ ფეხზე ჰკიდია. და მე ნელ-ნელა ვბრაზდები. ვიწყენ. წუხილი საგანგებოდ შემოხვეულ კაშნეზე უფრო მგუდავს. და ვთხზავ – ვერტალიოტი მოფრინდება და მე ვჯდები, ვითარცა რემბო ან ვან დამე (E-ს ეგრე ვკითხულობდი) და მივფრინავ იმ გოგოს სახლთან და ვიტაცებ. „ვსო, ჩევეით ქვეით, მეტი აღარ უნდა”. სწორად მოგესმათ – ეს მამაჩემის ხმაა. ქვევით ცეცხლი თავიდანაა დასანთები. ანთებს, მე კი ვიტირო მინდა, ძალიან მინდა, მაგრამ მამაჩემი ვერ გაიგებს. ამიტომაც თავს ძალას ვატან და ცრემლებს სათავეში ვიშრობ. ეგეთი გაუგებარი რამეა სიყვარული. ხან სულაც გაუმხელელი.  ნაღდი სიყვარული დასათოვლი სახლით.

ადრეც მითქვამს, რომ თოვლზე კიდევ ბებიაჩემის თავშალი მახსენდება, თვალებზე რომ მცემდა, პურის საყიდლად რომ მივდიოდით და ზურგზე ვყავდი მოკიდებული. საშინლად აყრიდა წვრილ თოვლს. დადებისთვის განწირულად. და მივყავდი ზუკუტურით (რაც, როგორც პირველადვე ვსთქუთ – ზურგზე მოგდებულს ნიშნავს) ბუკაკიეს საცხობში. ეს საცხობი ტოლი იყო საზღაპრო ადგილების, საიდანაც ან უკვდავების წყალი მოგქონდა ან სიმდიდრის მარგალიტი. და მე, 8 წლისას, სიხარული მგუდავს – სხვა სიხარული. პურის კი არა, სანახაობის.

და თოვლზე მახსენდება „ტრუბების” გამობერტყვა, როცა „ბოლს” აღარ ატარებს და სახლი იჭვარტლება.

და თოვლზე მახსენდება გზის გაკვალვა ჭიშკრამდე, საგანგებო ხის ამოსაცმელებით, რომელსაც თხილამურებს ეძახდნენ.

რომ ბაკურიანში კი ვერ მივდიოდით, მაგრამ კიბეები და დაღმართები იყო ჩვენი ბაკურიან-გუდაურ-შვეიცარია.

და ის, რომ ალბათ სადღაც, თოვლის ბაბუის ნაცვლად, სახით კი მისი მსგავსი აკაკი წერეთელი იდგა და ირონიულად ჩურჩულებდა: „მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმე განა?” – ახალ წელს თოვლი არასდროს მოდიოდა.  ეს იყო სამყაროს ყველაზე დიდი აცდენა და უსამართლობა.

და მერე ის, რომ იზრდები და ვიღაც შენ მაგივრად შიგნიდან ჩაგძახის იმას, რასაც ადრე უფროსებისას აპროტესტებდი: რად მინდოდა ახლა ეს თოვლი, გზები ჩაიკეტება, მერე ჭყაპი მოჰყვება და ყველაფერი ატალახდება. საქმეებში ხელს შემიშლის, საქმეებში ხელს შემიშლის, საქმეებში ხელს შემიშლის.

ჰოდა, ეგრე მოიტანა ცხოვრებამ და ისეთ ამბებს შევეჭიდე, რომ ეს „საქმეებში ხელს შემიშლის”, მე რომ ბებიას ვყავდი მოკიდებული, ეგრე მომეჭიდა ზურგზე. რომანტიკულის ყოველდღიურ ცხოვრებაში ვეღარა მცხია. მაგრამ მაინც, როცა მოიღრუბლება, ინსტიქტურად თუ რაც არის, ფანჯარასთან ვდგები და ცას ვუყურებ. მინდა შეივსოს ის პატარა ბაცი ლურჯი ნაწილი. და ცა შავი ღრუბლებით მოიფაროს. თოვლის ღრუბლებით მოიფაროს. სასტიკი და ჩემი ღრუბლებით.

მასწავლებელი – მშობელს

0
ჩემი სკოლის დერეფნებში, ქართველ მწერალთა თუ საზოგადო მოღვაწეთა პორტრეტების გვერდით გამოკრული ფრთიანი გამონათქვამებიდან ერთი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: „რა ქნას სკოლამ, თუ გაზრდაში შვილს დედაც არ დაეხმარა”. ეს ფრაზა თან მდევს დღესაც, როცა უკვე მასწავლებელი ვარ, რადგან, სამწუხაროდ, შვილის სასკოლო ცხოვრებაში მშობლის ჩართულობა ბავშვის კლასიდან კლასში გადასვლის პირდაპირპროპორციულად მცირდება. თანაც ზოგიერთი მშობელი ვერ ხედავს ზღვარს ჩართვასა და ჩარევას შორის, რაც, შესაძლოა, ბავშვისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

მასწავლებლისთვის მშობლებთან კომუნიკაცია საკმაოდ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო რამაა. თუ გყავს 20 მოსწავლე, ეკონტაქტები, სულ მცირე, 40 მშობელს, თუ არ ჩავთვლით ბებია-ბაბუებსა და გასათხოვარ დეიდა-მამიდებს, რომლებსაც თავიანთ უშუალო მოვალეობად მიაჩნიათ ბავშვის აღზრდა-განათლებაში მონაწილეობა.
თანამედროვე განათლების სისტემიდან გამომდინარე, ტრიადა ბავშვი-მასწავლებელი-მშობელი განუყოფელია. მასწავლებელიც და მშობელიც ორიენტირებულნი უნდა იყვნენ ბავშვის კეთილდღეობაზე. ზოგიერთ მშობელს სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობა თავისებურად ესმის, ცდილობს, დაიცვას შვილი მასწავლებლისგან, რადგან მასში თანამოაზრის ნაცვლად დაუძინებელ მტერს ხედავს. 

გახსოვდეთ, ნებისმიერი მასწავლებელი საუკეთესო შედეგზეა ორიენტირებული, ამიტომ თუ ის შენიშვნას ან რჩევას გაძლევთ ბავშვთან მუშაობის შესახებ, გაითვალისწინეთ, რადგან ზოგჯერ ის უკეთ ხედავს, რა გამოსდის და რა უჭირს თქვენს შვილს.

რჩევა #1 – დაინახეთ მასწავლებელში თანამოაზრე და გაითვალისწინეთ მისი რჩევები.
ზოგჯერ მშობელს აღიზიანებს, როცა შვილზე შენიშვნას ისმენს; ურჩევნია, პრობლემა სხვას გადააბრალოს. ერთ კლასში ხშირად მოდიოდნენ ბავშვები და წუწუნებდნენ, რომ თანაკლასელი მათ ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა. რა თქმა უნდა, ბავშვი თავს იმართლებდა – მაბრალებენო. ორჯერ ჩემი ყურით გავიგონე მისგან ცუდი სიტყვები, დავიბარე მშობელი და პრობლემის შესახებ მოვუყევი. მისმა სიტყვებმა გამაოცა: „კი მაგრამ, სახლში არ იგინება. ალბათ, თანაკლასელები აძლევენ ცუდ მაგალითს”. ხშირად ვიბარებ და ფსიქოლოგის თანდასწრებით ვესაუბრები მშობლებს მათი შვილების აგრესიული ქცევის შესახებ. დაკვირვებული ვარ, მათი უმეტესობა, 90% მაინც, შვილის აგრესიულ ქცევას აბრალებს სხვებს – თანაკლასელებს, თანასკოლელებს. 

რჩევა #2 – თვალი გაუსწორეთ პრობლემას, რათა მისი მოგვარება შეძლოთ.
ელენე დილით ჩამქრალი თვალებით შემოვიდა საკლასო ოთახში, არავის გამოლაპარაკებია, მივიდა თავის მერხთან, მშვიდად დაჯდა, ხელები მერხზე დააწყო, თავი ჩარგო და აღარც აუწევია. 3-4 გაკვეთილი ასე იყო. მერე, როგორც ჩანს, ვეღარ მოითმინა, წამოდგა და თქვა, რომ მისი მასწავლებლები არ იყვნენ დეგენერატები (მე შემეძლო ამ სიტყვის შეცვლა, მაგრამ განგებ არ ვცვლი, რათა ზუსტად გამოჩნდეს კონკრეტული მშობლის სახე). რა თქმა უნდა, ჩავეძიეთ, რას გულისხმობდა. აღმოჩნდა, რომ დედამისს რაღაც არ მოსწონებია და შვილის თანდასწრებით გაულანძღავს პედაგოგები. „მრცხვენია თვალებში შემოხედვა, დედამ არ იცის, რომ თქვენ კარგები ხართ”, – ამბობს ელენე და ტირილს იწყებს.

რა თქმა უნდა, მასწავლებელი ბავშვისთვის ავტორიტეტია, მისაბაძი, მნიშვნელოვანი ფიგურა და როცა მშობელი შვილის თანდასწრებით ასე აკნინებს მას, ეს ბავშვისთვის სტრესია. მოსალოდნელია მეორე უკიდურესობაც – თუ დაგიჯერათ, მისი დისციპლინა და აკადემიური შედეგი კონკრეტული მასწავლებლის საგანში ძალიან დაეცემა.

რჩევა #3 – მოსწავლის თანდასწრებით არასდროს თქვათ ცუდი მასწავლებელზე, ნუ შეულახავთ მას ავტორიტეტს!
მეოთხე კლასში ახალი შესული ვიყავი. ერთ გოგონას გამუდმებით არ ჰქონდა დავალება. ვაცალე ორი კვირა და მერე რვეულში ჩავუწერე, რომ უგულისყუროდ ეკიდებოდა საშინაო დავალებების შესრულებას. მეორე დღეს დამრიგებელი მესაუბრა, ძალიან იყო შეწუხებული – ბავშვის დედას შემოუთვლია, რვეულში აღარაფერი ჩაუწეროს, მამა ნახულობს და ბავშვს სცემსო. წარმოიდგინეთ, როგორ ვინერვიულებდი – ჩემი კომენტარის გამო რამხელა სტრესი მიუღია ბავშვს… რა გამოასწორებდა იმ მოსწავლეს?! ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო – შიშით შენიშვნას ვეღარ ვუწერდი და ისიც არაფერს აკეთებდა. 

ასეთი რამ ხშირად ხრდება. თანამშრომელი მომიყვა, ერთი ბიჭის მშობელს ვუთხარი, ცუდად მოიქცა-მეთქი და ჩემი თანდასწრებით ისე გალანძღა ბავშვი, სულ თავბედი ვიწყევლე, რამ მათქმევინაო.

რჩევა #4 – მასწავლებლის შენიშვნა არ არის მესიჯი, რომ ბავშვზე იძალადოთ!
წლის ბოლო ახლოვდება და შობა-ახალი წლის სამზადისზე, შვილებისთვის მოსამზადებელ ტკბილეულსა და საჩუქრებზე მეტად იმაზე ვფიქრობ, რომ მალე ჩემი უსაყვარლესი მოსწავლეების მშობლები მოვლენ ერთი და იმავე კითხვით: „ჩემს შვილს რატომ არ ჰყავს ათიანი?”; „რატომ ვერ მიიღო ათიანი?”; „რატომ არ დაუწერეთ ათიანი?” ესეც ჩემი საახალწლო სამზადისის ნაწილია. ძვირფასო მშობლებო, გაიხსენეთ საკუთარი თავი, საკუთარი ბავშვობა – რამდენი მოსწავლე იყო თქვენს კლასში ფრიადოსანი, რამდენმა იცოდა ფრიადზე მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და შეეძლო თხზულებების წერა? როცა მშობელი ბავშვს მაღალ ქულას სთხოვს, მას კი ამის უნარი უბრალოდ არ აქვს, კომპლექსდება და საერთოდ კარგავს მოტივაციას.

რჩევა #5 – ნუ ჰკითხავთ ბავშვს „რა მიიღე?”; დაინტერესდით, რა ისწავლა, რა გაიგო ახალი, მოაყოლეთ და გულდასმით მოუსმინეთ. მისი ცოდნის შესახებ ასე უფრო მეტს შეიტყობთ, ვიდრე ქულების რაოდენობით.
ვიდრე მასწავლებელი გავხდებოდი, ამ პრობლემას ასე ვერ აღვიქვამდი. კარგად მახსოვს, ძველ სამსახურში ერთი თანამშრომელი შვილის მშობელთა კრებიდან აღშფოთებული დაბრუნდა – ერთმა მასწავლებელმა მითხრა, თქვენი შვილი არ ისმენს გაკვეთილს, ცუდად იქცევა, უზრდელობაში გადასდისო. პასუხიც იქვე გაუცია – ეტყობა, თქვენი გაკვეთილებია უინტერესო და ისიც შესაბამისად იქცევაო. მაშინ, რა თქმა უნდა, დავეთანხმე, როგორ გაბედა და ბავშვზე ცუდი როგორ თქვა-მეთქი, მაგრამ ყოველთვის ყველაფერი არ არის ასე მარტივი; ბავშვის ინტერესები, დამოკიდებულებები, განწყობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად არ არის ისეთი, როგორიც მის მშობლებსა თუ მასწავლებლებს სურთ. ამ პრობლემის მოგვარება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს.

რჩევა #6 – თუ ბავშვი არ ერთვება საგაკვეთილო პროცესში, იმოქმედეთ მასწავლებელთან ერთად, განიხილეთ პრობლემა და მოიფიქრეთ მისი მოგვარების გზა, რადგან თქვენს შვილს ყველაზე უკეთ თქვენ იცნობთ.
მასწავლებელთან ხშირი კომუნიკაცია აუცილებელია, მაგრამ მშობელმა არ უნდა დაივიწყოს, რომ დრო პედაგოგისთვისაც ისევე ძვირფასია, როგორც ნებისმიერი სხვისთვის. ნუ დაურეკავთ მას მაინცდამაინც კვირა საღამოს – დაე, მანაც თქვენსავით ისიამოვნოს უქმეებით. 

თუ დაინახავთ, რომ თქვენი და თქვენი შვილის უფლებები ირღვევა, დაიცავით, მაგრამ ნურც მასწავლებლის უფლებას შელახავთ!

მასწავლებლის წიგნის წარდგინება

0

მე ვიცი, რა ჩაიდინეთ თქვენ გასულ ზამთარს

0
ზამთარი წითელი ცხვირების სეზონია. დიახ, სანტასაც სწორედ ამიტომ აქვს ღაჟღაჟა ლოყები და ცხვირი. რა სჯობს, ფუმფულა ჯემპრებს, ბათინკებსა და პალტოებს, რომელთა საზრუნავიც მხოლოდ შენი გათბობაა. როგორი ჯადოსნურია მაინც ზამთარი საახალწლო განწყობით, ფიფქებით და ფერებით. პერსონაჟების დროცაა ზამთარი, ისინი საახალწლო ფილმებიდან და წიგნებიდან პირდაპირ ჩვენთან, არაყიშვილის 20 ნომერში ან გლდანის რომელიღაც მიკრორაიონში გადმოდიან. აი, მაგალითად ჰანსი და გრეტელი ძმები გრიმების ზღაპრებიდან კი არა, მერი მეიპს დოჯის ჰოლანდიური ამბებიდან და მოყინული არხებიდან თბილისური ქუჩის რომელიმე “ზებრაზე” გაჩნდებიან. ამ ღარიბ და– ძმას ხისგან გამოჩორკნილი ციგურებით სასწაულების ჩადენა შეუძლია. ეს ამბავი 90– იანების ტეტრისებამდე, დენდიმდე და სანთლის ნაღვენთებისგან შექმნილი ფიგურების ეპოქამდე, მე– 19 საუკუნეში მოხდა. ისეთ სიღარიბეში, რომელიც გაიძულებს, ოცნებებიც კი მინიმუმამდე დაიყვანო და ერთი ნაჭერი პურის მნიშვნელობა გააცნობიერო. სახიფათო კია ასეთი ამბები, წითელზე გადასვლას ჰგავს, სიცოცხლის გაწირვას მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმისთვის. პოტენციური მკვლელობაა და პირდაპირ ემოციებს არტყამს. სუპერგმირების ამბები ხშირად სევდიანად იწყება. მაგრამ, “გალინა ბლანკას” კუბიკების თაობისთვის ჰანსის და გრეტელის ღარიბული ბედნიერება მაინც ცოტათი ნაცნობია.
მგონი, ჩემი ყველა საყვარელი პერსონაჟი ძალიან სევდიანია. ან მხოლოდ სევდიანი პერსონაჟები არსებობენ, რა ვიცი. როგორი იქნებოდა ჩემი საყვარელი სპერგმირი, ჰარი პოტერი, შობა დღე “გოდრიკ ჰოლოუში” რომ არ გაეტარებინა და რომელიმე საშობაო წვეულებაზე წასულიყო?!– ალბათ, პერსონაჟიც კი არ იქნებოდა. არა, იმას კი არ მოგიწოდებთ, რომ მაინცდამაინც ახლობლების საფლავებზე შეხვდეთ დღესასწაულებს, რა თქმა უნდა, არა. აი, მაგალითად, შეგიძლიათ, ისეთი წვეულებები მოაწყოთ, როგორსაც სტივენ ჩბოსკის გმირები აწყობენ, გიყვარდეთ სემი, პატრიკი და ჩარლი, ამავდროულად, ფიქრობდეთ, მაინც რა მშვენიერია დიდი ჰერმიონ გრეინჯერი. ჩბოსკის “მარტოსულობის უპირატესობანი” ამერიკელი მშობლებისთვის სახიფათო წიგნად იქცა: ნარკომანია, სექსუალური ძალადობა, ჰომოსექსუალობა, თვითმკვლელობა,– ეს აქტუალური თემები მათი ბავშვების ნაზი, სათუთი ტვინებისთვის დიდ აურზაურად მიიჩნიეს და ჰა, წიგნიც აიკრძალა. თუმცა ის, რაც წიგნის გარეთ ისედაც ხდება, თქვენი შვილები ყველაფერს ისედაც ხედავენ და ხშირად თანამონაწილენიც კი არიან, შეუძლებელია, საბოლოოდ, შეუმჩნეველი დარჩეს. მე “აკრძალული” ტექსტები ყველაზე მეტად მაინტერესებდა, დარწმუნებული ვარ, თქვენც. ასე გვქონდა პატარ– პატარა საიდუმლოები. მოსაწყენია, იყო არაიდუმალი. წიგნის 2012 წლის ეკრანიზაცია კიდევ ერთხელ გახდა დისკუსიის საგანი და ჩემი ერთ– ერთი საყვარელი ფილმი მიუხედავად იმისა, რომ:
ანონიმი მეგობარი არასდროს მყოლია
არც ასეთი მაგარი მასწავლებლები მყოლია
15 წლის ასაკში არ მყვარებია
არც ასე კარგად გამიტარებია დრო იმ შორეულ ასაკში
თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს მეგობრებს კარგი მუსიკალური გემოვნებაც კი არ ჰქონდათ
არც სწრაფად მიმავალი მანქანის ლიუკიდან ამოვმძვრალვარ, ხელები გამიშლია და გამიღიმია

სამაგიეროდ, მე ზუსტად ვიცი, რა ჩაიდინეს ჩემმა საყვარელმა პერსონაჟებმა გასულ ზამთარს. მე მახსოვს მათი ახალი წელი, მათი შობა, რომელიც,იქნებ, სულაც არ იყო ჩემნაირი, მაგრამ იყო საინტერესო. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა რომელიმე თქვენგანის ცხოვრებაში მაინც. იმიტომ რომ, მართალია, ჰარის მსგავსად ცოცხზე ვერ ავმხედრდები, მაგრამ სამაგიეროდ მყავს ჩემი რონი, ჩემი მეგობარი ტუხა კვინიკაძე, რომელიც სულაც არ არის ვალდებული, რომელიმე ჩემი მორიგი ტრაგედია თავადაც გადაიტანოს. სულაც არ არის ვალდებული, ხელი ჩამკიდოს რომელიმე ხმაურიანი ქუჩის გადაკვეთისას, მომიტანოს ამოპრინტერებული მასალები გადაღებამდე ათი წუთით ადრე ან წამიყვანოს რომელიღაც სულელურ წვეულებაზე მაშინ, როცა დარწმუნებულია, რომ ამ წვეულების გმირებს ოდესმე აუცილებლად ოსტატურად დავცინებ. ჩვენ ყველას გვაქვს კავშირი საყვარელ ტექსტებთან. მათ წერენ ჩვენზე. აუცილებლად.

სახელოვანთა უხილავი აღმზრდელები ( მწერალთა ბიოგრაფიების უხილავი მხარე)

0

იმისათვის, რომ ლიტერატურული ნაწარმოები ისწავლო, ასწავლო, იკვლიო და განიხილო, მწერლის ბიოგრაფიისა და ისტორიული კონტექსტის ცოდნა და გათვალისწინება რომ აუცილებელია, ამაზე, მგონი ყველანი ვთანხმდებით.

 

რას დაწერდა ვაჟა-ფშაველა, რომ არა მთაში ცხოვრება, როგორი იქნებოდა გრიგოლ რობაქიძის პროზა – რომ არა ემიგრაცია, როგორი პოეტი იქნებოდა გალაკტიონ ტაბიძე, რომ არა რთული საბჭოთა გარემო და ბოლოს და ბოლოს, გენიალური „ვეფხისტყაოსანი” როგორ ქალ პერსონაჟებს წაგვაკითხებდა, რუსთველს პროტოტიპად თამარ მეფე რომ არ ჰყოლოდა – ეს ჩვენ, უბრალო მკითხველებმა არც ვიცით და ვერც ვერასდროს გავიგებთ, მხოლოდ რაღაც ალტერნატიული რეალობის წარმოდგენა შეგვიძლია.

მე ძალიან მიყვარს მწერლები, როგორც ადამიანები.

როგორც ბავშვები, სანამ გაიზრდებოდნენ, როგორც ახალგაზრდები, რომელთაც უყვარდათ, როგორც ჭარმაგები, რომლებიც ცხოვრებისეულ და ყოფით პრობლემებს ერკინებოდნენ, როგორც მოხუცები – რომელთაც ჯიბეში პიტნის კარამელი ეყარათ და ჩაის მხოლოდ ერთი, ამოჩემებული ჭიქიდან სვამდნენ. ამიტომაც, ამ სიყვარულზე ხშირად მისაუბრია ჩემს მოსწავლეებთან და ხშირად გამომიყენებია მათი ბიოგრაფიები სასწავლო მასალად, ვგულისხმობ, არა ტრადიციულ და სქემატურ-დაიბადა-გარდაიცვალას ტიპის ბიოგრაფიულ ცნობებს, არამედ იმას, რაც ამ თარიღებს მიღმა იმალება, რაც მწერალს ქმნის, რაც ადამიანს ძერწავს.

ჰოდა, ასეთი ბიოგრაფიული დეტალების ძებნისას ჩემს ყურადღებას ყოველთვის იპყრობდნენ ადამიანები, რომლებიც კადრს მიღმა, კულისებში რჩებოდნენ.

ვისზე მოგახსენებთ?

თითქმის ყველა ქართველი მწერლის ბიოგრაფია იწყება ასე ( საუბარი მაქვს მეოცე საუკუნემდელ, ან მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწე მწერლებზე) – დაიბადა ამა და ამ წელს, დაწყებითი განათლება მიიღო ოჯახში, წერა-კითხვა, ანგარიში და საღვთო წერილი შეასწავლა დედამ ან ძიძამ, ძიძა უყვებოდა მდიდარი ქართული თქმულებებისა და ფოლკლორის შესახებ, რამაც განაპირობა ამ კონკრეტული პიროვნების ინტერესი მხატვრული სიტყვისა და ლიტერატურისადმი… გეცნობათ არა?

ასე იწყება ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლის, ბარბარე ჯორჯაძის და სხვათა და სხვათა ცხოვრების ისტორია.

ანუ, რა გამოდის?

გამოდის, რომ საუკუნეების მანძილზე ქართულ საგანმანათლებლო სისტემას, ქართული სიტყვისა და კულტურის განვითარებას, თაობათა შორის ლიტერატურული ხიდების შენარჩუნებას, მოკლედ, ქართულ პედაგოგიკურ ტრადიციას ემსახურებოდა უამრავი უსახელო ადამიანი – ხან დედები, ხანაც გამზრდელები, იგივე ძიძები თუ გამდელები – გააჩნია, რომელი დიალექტი როგორ მოიხსენიებს.

რეალურად, გამოდის, რომ ქართული განათლება სწორედ მათ მხრებზე დგას, ჩვენ ბევრი რამის არსებობას მათ უნდა ვუმადლოდეთ.

ეს უსახელო განმანათლებლები, რომლებიც თავიანთ პატარებს ქართული მითოლოგიისა და ფოლკლორის უღრმეს წიაღებს აზიარებდნენ, რომლებიც ნუსხურს თუ მხედრულს ასწავლიდნენ, რომელთაც ზეპირად იცოდნენ „ ვეფხისტყაოსანი” თუ „ვისრამიანის” ქართული, სრულიად გენიალური თარგმანი, რომლებიც აღსაზრდელებს მთაწმინდელების მიერ ნათარგმ სახარებას უკითხავდნენ, სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონით” უცოცხლებდნენ სიტყვებს და სიყვარულთან ერთად ძალიან მნიშვნელოვან დაწყებით განათლებას აძლევდნენ, ქართული საგანმანათლებლო სისტემის საფუძვლებთან დგანან და ფაქტობრივად, იმ ატლანტებს წარმოადგენენ, რომელითაც თავიანთი ქვეყნის ზეცა მხრებით უჭირავთ.

მათი ღვაწლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, როდესაც გოგონათა განათლების საკითხებს ვეხებით. დიდი ხნის განმავლობაში, გოგონები მხოლოდ ოჯახში მიღებული განათლებით კმაყოფილდებოდნენ. მშობლები და გარემომცველი წრე თვლიდა, რომ მეტი არც იყო საჭირო, რომ იმ მცირეს, ელემენტარულის მიღება, რაც მათ შვილების გასაზრდელად თუ მცირე მეურნეობის გასაძღოლად დასჭირდებოდათ, სახლში, ძიძისა თუ დედისგან, ან იშვიათ შემთხვევაში დაქირავებული მასწავლებლისგანაც შეეძლოთ. და ეს საკმარისი იყო.

ერთი ზეპირი მთქმელის რეპლიკა მახსენდება ქართული დიალექტური კორპუსიდან :

მამაჩემსყავდახუთივაიშვილი. მეექვსემევიყავიგოგო. მემქონდაგანსაკუთრებულიპატივიცემა. მარაწერაკითხვაარმასტავლაბებიამ. ბებიეთაობდა: ვინცხასწერილსმიწერსდაგეილანძღებაო.” – მგონი, ყველაფერი ნათელია.

ჰოდა, რატომ მოვყევი ამ ყველაფერს. როდესაც ამ პირობებში მაინც ქალები ახერხებდნენ ეწერათ, ეკითხათ, განვითარებულიყვნენ, საკუთარ თავს თუ ქვეყანას გამოსდგომოდნენ- ვფიქრობ სწორედ ამ, უსახელო განმანათლებლების დამსახურებაა. ალბათ ხშირად უნდა ვიხსენებდეთ მათ/

პს. ამ პოსტის დაწერა შთამაგონა ბარბარე ჯორჯაძის, საინტერესო ქალის, ფემინისტის, მწერლისა და მოღვაწის ბიოგრაფიამ. მან, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ბოლომდე თვითგანათლება ჰქონდა მიღებული, დაწერა მრავალი საინტერესო წიგნი და პუბლიცისტური წერილი და რაც მთავარია, დღევანდელი საგანმანათლებლო სისტემისთვის სრულიად თანამედროვე დაწყებითი სწავლების სახელმძღვანელო ბავშვებისთვის.

ბარბარე ჯორჯაძეს წერა-კითხვა ძიძამ ასწავლა, ერთმა უბრალო ძიძამ, რომლის სახელიც დამავიწყდა.


ზეპირმეტყველების განსავითარებელი სავარჯიშოები

0
ტელეგადაცემების ყურებისას ხშირად გაიგონებთ მაყურებლის საყვედურით სავსე სიტყვებს მოსაუბრის მიმართ: „ამისთანა ტელევიზიით როგორ გამოჰყავთ. აზრს ვერ ალაგებს”. დანანებით ნათქვამიც მოგვისმენია, რატომ ვერ საუბრობენ ქართველი ბავშვები ისე ლაღად და გამართულად, როგორც სხვა ეროვნების მათივე თანატოლებიო. ზეპირმეტყველებას ისეთივე წვრთნა და განვითარება უნდა, როგორც ნებისმიერ სხვა კომუნიკაციურ უნარს. ამ ბოლო დროს საკუთარ მოსწავლეებზე დაკვირვებამ ერთი გულდასაწყვეტი ტენდენცია აღმომაჩენინა: მიუხედავად იმისა, რომ კლასი გაკვეთილზე აქტიურია და უპასუხოდ თითიქმის არც ერთი შეკითხვა არ რჩება, როცა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოთქმას ვთხოვ, გაბმული და მწყობრი მსჯელობა უჭირთ, უჭირთ თხრობაც. მათი მეტყველება სავსეა ე.წ. პარაზიტი სიტყვებით, როგორებიცაა: „მას” (შემოკლებით მასწავლებელო), „ისა”, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა „ანუ”-ს , „მაგრამ”-ის, „რამეთუ”-ს უფუნქციოდ გამოყენება. ხშირია შემთხვევა, როცა გრძნობ, რომ მოსწავლეს საკითხის საინტერესო და არაორდინალური ხედვა აქვს, მაგრამ აზრს ვერ აყალიბებს მკაფიოდ და გასაგებად.

სწავლების ერთ-ერთი აქტუალური მიზანი მოსწავლეთა ეფექტური ზეპირი კომუნიკაციის უნარის განვითარებაა. ეს ყველა საგნის და არა მარტო მშობლიური ენის ფუნქციაა, რადგან, ზოგადა, სწავლება ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებას უნდა უწყობდეს ხელს, რომელიც შეძლებს კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში ორიენტირებას, საკუთარი თვალსაზრისების მკაფიოდ და გასაგებად გამოთქმას. ამაზე ზრუნვა სწავლების ყოველ ეტაპზეა საჭირო, განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი დაწყებით საფეხურზე იძენს.

შემოგთავაზებთ რამდენიმე, ჩვენი აზრით, საინტერესო მეთოდს, რომლის მოდიფიცირებაც თითოეულ თქვენგანს შეუძლია საგნის, კლასის, ასაკის სპეციფიკიდან გამომდინარე.

თამაში ”ვითომ, ვითომ”

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს რამდენიმე სიტუაციას:

1.მათ უნდა წარმოიდგინონ, რომ ხვდებიან სხვადასხვა ადამიანს და უნდა მოესალმონ და მოიკითხონ, შემდეგ კი გამოემშვიდობონ:
·დიდი ხნის უნახავ მეგობარს;
·ბაღის მასწავლებელს;
·ბებია-ბაბუას;
·მამის მეგობარ გურამს.
2.მათ უნდა წარმოიდგინონ, რომ სთავაზობენ დახმარებას:
·მოხუცებულს, რომელსაც უჭირს სიარული და მოაქვს მძიმე ხელჩანთა;
·მეგობარს, რომელმაც ხატვის გაკვეთილზე აღმოაჩინა, რომ სახლში დარჩა ფლომასტერები / ფერადი ფანქრები;
·დედას, რომელსაც ბევრი ჭურჭელი დაუგროვდა გასარეცხი;
·ბაბუას ყურძნის კრეფაში.
3.მათ უნდა წარმოიდგინონ, რომ მადლობას უხდიან:
·ამხანაგს, რომელმაც დაპატიჟა დაბადების დღეზე;
·დედის მეგობარს, ნინო დეიდას, რომელმაც ლამაზად ილუსტრირებული წიგნი აჩუქა;
·მეზობლის ბიჭს, ცამეტი-თოთხმეტი წლის რეზის, რომელმაც ხეზე შერჩენილი ბურთი ჩამოუღო;
·ბებიას, რომელმაც სოფლიდან ჩურჩხელები, ტკბილი ტყლაპი და თათარა / ფელამუში ჩამოუტანა.
რესურსები: იმ შემთხვევაში, თუ სიტუაციები გათამაშდება, შესაბამისი რეკვიზიტი. მაგალითად, ”მძიმე” ხელჩანთა, ფლომასტერები, ბურთი, ხურჯინი და ა.შ.

შეფასება: შეფასდება, იყენებს თუ არა მოსწავლე ადეკვატურად სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ ფორმულებს.
თამაში ”გამოძიება”

მასწავლებელი სთავაზობს ერთ-ერთ მოსწავლეს, მოიფიქროს რომელიმე საგნის აღმნიშვნელი სახელი. დანარჩენებმა უნდა მოიფიქრონ დაახლოებით ოცი შეკითხვა იმისათვის, რომ გამოიძიონ, რომელი სახელი ჩაიფიქრა მათმა თანაკლასელმა. შეკითხვების სავარაუდო ვარიანტებია: ადამიანია? ცხოველია? ფრინველია? მწერია? უსულო საგანია? რა ფერისაა? პატარაა? რომელი ბგერით იწყება მისი სახელი? და ა. შ. მომდევნო სიტყვის მოფიქრების უფლება ენიჭება იმას, ვინც გამოიცნობს სახელს.

რესურსები: ეს თამაში საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.

შეფასება: შეფასდება კითხვის დასმის უნარი, საგნის ნიშან-თვისებათა ცოდნა და ამ ცოდნის გამოყენების უნარი.
შენიშვნა: იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მოიფიქრონ ოცი შეკითხვა, მასწავლებელმა წინასწარ უნდა ავარჯიშოს ისინი შეკითხვების დასმაში. შესაძლებელია ამ თამაშის გამოყენება იმისათვის, რომ ბავშვებმა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. ამისათვის ერთი მოთამაშე გადის კლასიდან და შედის მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დაუძახებენ. დანარჩენები ირჩევენ კლასიდან ერთ-ერთს და ადგენენ, სად ზის, რა ფერის თვალები აქვს, რა ფერის ტანისამოსი აცვია. შემდეგ ეძახიან გარეთ გასულ მოთამაშეს, რომელიც იწყებს მისახვედრი კითხვების დასმას. მაგალითად, ეს ბიჭია? ის ზის პირველ რიგში? მას აქვს ქერა თმა?.. ეს ნიკაა. ახლა კლასიდან გადის ნიკა და თამაში იწყება თავიდან.
”ანტონიმების ჯაჭვი”
მოსწავლეები სხედან წრეში. ერთი ამბობს სიტყვას (მაგალითად, კეთილი), მეორემ, მის გვერდით მჯდომმა, უნდა თქვას საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვა (ანტონიმი), შემდეგ ის ამბობს სიტყვას, მომდევნო – ანტონიმს და ასე გრძელდება. თუ ვინმემ ვერ მოიფიქრა ანტონიმი, მასწავლებელი აფრთხილებს მოსწავლეებს, რომ ჯაჭვი წყდება და ვინმემ უნდა იტვირთოს მისი შეკეთება. ვინც ჯაჭვის ყველაზე მეტ რგოლს გადაარჩენს, ის იქნება გამარჯვებული.

რესურსი: ეს თამაში საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.
შეფასება: შეფასდება მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი, თანამშრომლობის უნარი.
შენიშვნა: ცხადია, ამ თამაშის ჩატარებამდე მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რა არის ანტონიმი და ჰქონდეთ ანტონიმებზე მუშაობის გამოცდილება.

სიტუაციური თამაში ”სათამაშოების მაღაზიაში”
მოსწავლეების ერთი ნაწილი ასრულებს სათამაშოების როლს, ხოლო სხვები – მყიდველების, მასწავლებელი ან უფროსკლასელი – გამყიდველია

.

მონაწილეები დგებიან ოთახის ერთ მხარეს და ელოდებიან მაღაზიის გახსნას. ამ დროს მათ უნდა გამოიყენონ შესაბამისი ენობრივი ფორმულები: ”ბოლო თქვენ ხართ / ბრძანდებით?” ”გეთაყვა, ხომ არ იცით, რამდენ ხანში გაიხსნება მაღაზია?” და ა.შ. მაღაზიის გახსნამდე გამყიდველი მიდის ”სათამაშოებთან” და თითოეულს ეკითხება, რომელი სათამაშოს განსახიერება უნდა. თუ მოთამაშე კურდღელია, შეუძლიაა იხტუნაოს, თუ ბზრიალაა, იტრიალოს, თუ დათვია, იბაჯბაჯოს და ა.შ. როცა ყველა მზად იქნება, ”გამყიდველი” აცხადებს: ”მაღაზია გაიხსნა”. ”მყიდველები” დგებიან რიგში, ესალმებიან გამყიდველს და სთხოვენ აჩვენოს სათამაშოები (ენობრივი ფორმულები: თუ შეიძლება, მაჩვენეთ ის სათამაშო. გეთაყვა, მომაწოდეთ. რა ღირს? გმადლობთ, ნახვამდის / კარგად ბრძანდებოდეთ…). ”გამყიდველი” იღებს თუ არა ”დახლიდან”, სათამაშო ცოცხლდება. მყიდველმა უნდა გამოიცნოს, რა სათამაშოა და თუ გამოიცნობს, მიაქვს. მოდის მომდევნო ”მყიდველი” და ასე გრძელდება თამაში. შემდეგ მოთამაშეები ცვლიან როლებს. ამ თამაშში მოსწავლეებს მოუხდებათ სამეტყველო ეტიკეტის ენობრივი ფორმულების გამოყენება.

რესურსი: ეს თამაში საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს. შეიძლება მონაწილეებმა თავად დაამზადონ მაღაზიის აბრა, ფასები. წინასწარ განალაგონ ავეჯი ისე, რომ შეიქმნას მაღაზიის ილუზია.

შეფასება: შეფასდება, იყენებს თუ არა მოსწავლე ადეკვატურად სამეტყველო ეტიკეტის ენობრივ ფორმულებს, მოწავლეთა წარმოსახვის უნარი, შემოქმედებითობა.

შენიშვნა: რეკომენდებულია მოსწავლეებთან წინასწარი გასაუბრება და იმის გაგება, რომელი სათამაშოები იციან და გამოსახონ ეს სათამაშოები. თამაშის გართულების მიზნით, ერთი და იმავე სათამაშოს განსახიერება შეუძლია სხვადასხვა მოსწავლეს. ”მყიდველმა” კი არა მარტო უნდა გამოიცნოს ”სათამაშო”, არამედ უნდა აირჩიოს მათ შორის საუკეთესო.
სურათების აღწერა

ტრადიციული აღწერისაგან განსხვავებით, ამ აქტივობაში შეიძლება სახალისო ელემენტის შეტანა: მაგალითად, მეწყვილეები სხედან ზურგშექცევით. თითოეულს ურიგდება ნახატი. ჯერ ერთი აღწერს ნახატს და მისი აღწერის მიხედვით მეორე ხატავს. შემდეგ როლები იცვლება; მოსწავლეები თავად აფასებენ, ვინ აღწერა უკეთ ნახატი და ვისი ნახატი შეესაბამება ტექტს.

რესურსი: ნახატები, სახატავი ფურცლები, ფერადი ფანქრები / ფლომასტერები.
შეფასება: შეფასდება აღწერის უნარი, რამდენად აქცევს სურათის დეტალებს მოსწავლე ყურადღებას, შეფასდება ასევე მოსმენის უნარი.

შენიშვნა: ნახატი არ უნდა იყოს გადატვირთული. ამ თამაშისათვის მოსწავლეები წინასწარ უნდა იყვნენ მომზადებული შედარებით მარტივი დავალებებით.
”გაფუჭებული ტელეფონი”
მოსწავლეები სხდებიან წრეში. წამყვანი (მასწავლებელი) გვერდით მჯდომს ყურში უჩურჩულებს ფრაზას / ფრაზებს, ენის გასატეხს ან რაიმე ინფორმაციას (მაგალითად, ”გუშინ ზოოპარკში თეთრ სპილოს დამთვალიერებელი ნაყინით გაუმასპინძლდა, რის გამოც სპილო ანგინით დაავადდა.” ეს ტექსტი გადაეცემა მონაწილეებს თანამიმდევრობით. როცა ჯერი მიდგება უკანასკნელზე, ის ხმამაღლა ამბობს მოსმენილს. თუ ის ზუსტად იტყვის იმას, რაც თავიდან ჩასჩურჩულა პირველ მოთამაშეს წამყვანმა, ტელეფონი კარგად მუშაობს. თუ ნათქვამი იქნება შეცვლილი, მაშინ წამყვანი ყველას თანამიმდევრობით ეკითხება, თუ რა გაიგონეს მათ. წამყვანი ხდება ის მოთამაშე, რომელმაც დაარღვია სატელეფონო კავშირი (ანუ დაამახინჯა ფრაზა / აზრი) და ის გადასცემს ახალ ინფორმაციას.

რესურსი: ეს თამაში საჭიროებს მხოლოდ ადამიანურ რესურსს.

შეფასება: შეფასდება მოსმენის, დამახსოვრებისა და ინფორმაციის გადაცემის უნარი.

შენიშვნა: მასწავლებელმა მოსწავლეებს ყურადღება უნდა მიაქცევინოს იმაზე, რომ მათ სიტყვები, ფრაზები წარმოთქვან მკაფიოდ, დამახინჯების გარეშე, რადგან ისინი პასუხისმგებლები არიან ერთმანეთის წინაშე. სასურველია, ამ თამაშის დაწყება მარტივი ფრაზით და შემდეგ ნელ-ნელა გართულება.
”მე ვიცი, რომ”… (ინფორმაციის მიწოდება)

მოსწავლეებმა წინასწარ უნდა მოამზადონ საინტერესო ინფორმაცია მათთვის სასურველ საკითხზე. ამისათვის მათ უნდა მოუსმინონ შემეცნებით ტელეგადაცემას ან სთხოვონ უფროსებს, წაუკითხონ / უამბონ. მაგალითად, ”მე ვიცი, რომ თბილისის ზოოპარკის სიამაყე თეთრი სპილოების ოჯახია. მათ დღეში ოთხჯერ სჭირდებათ კვება. განსაკუთრებით საინტერესო სანახავია, როცა სპილოები წყლით თამაშობენ. ისინი ხორთუმებიდან წამოსული შხაპით ასველებენ ერთმანეთს.” თითოეულმა თავისი ინფორმაცია უნდა დაიწყოს ფრაზით: ”მე ვიცი, რომ…” პირველ მოსწავლეს, ვინც იწყებს ინფორმაციის თანაკლასელებისათვის გაცნობას, დანარჩენები ყურადღებით უსმენენ. მასწავლებლის სიგნალის შემდეგ (გამოსვლისათვის დრო წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული. მაგალითად, 3 წუთი თითოეულს) გამოსვლას დაიწყებს შემდეგი მოსწავლე. იმისათვის, რომ გამომსვლელის როლი იყოს უფრო თვალსაჩინო, შეიძლება მოსწავლეებს შევთავაზოთ, დაიჭიროს სიმბოლური მიკროფონი, რომელსაც მასწავლებლის სიგნალის შემდეგ გადასცემს სხვა გამომსვლელს.

რესურსი: მიკროფონი ან მიკროფონს მიმსგავსებული საგანი.

შეფასება: შეფასდება ფაქტების თანამიმდევრობით გადმოცემისა და ინფორმაციის მოძიების უნარი, ენობრივი გამართულობა, მკაფიო მეტყველება.

შენიშვნა: პირველ ეტაპზე მოსწავლეებს ეძლევათ არჩევანის სრული თავისუფლება, შემდეგ მასწავლებელი თავად უსახელებს მოსწავლეებს თემას. სასურველია, წარმოდგენილი ინფორმაცია არ აღემატებოდეს 6-7 წინადადებას.

კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო და მოსწავლეთათვის სახალისო საქმიანობის მოფიქრება შეიძლება. მთავარია, მასწავლებლის შემოქმედებითობა და იმის სურვილი, გააუმჯობესოს მოსწავლეთა მეტყველება თამაშ-თამაშით.

უფრო მეტი ზეპირმეტყველების განსავითარებელი სავარჯიშოების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: „ქართული ენა და ლიტერატურა”, პრაქტიკული გზამკვლევი მასწავლებლებისათვის, I-IV კლასი, 2011.

გმირი მასწავლებლები – ისიდორე რამიშვილი

0

რამდენიმე დღის წინ ტელევიზიით ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ გადაცემას შევავლე თვალი. გადაცემაში გურულებზე საუბრობდნენ. ცხადია, შოუს სტუმრებმა ვერ მოასწრეს ერთი საუკუნის წინ მოღვაწე გენიალური ადამიანების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება. სამწუხაროდ, ჩვენს სახელმძღვანელოებსა და უახლესი ისტორიის თანამედროვე კვლევებშიც ძალიან ცოტა ადგილი ეთმობათ საქართველოს დემოკრატიული მოძრაობისა და სამოქალაქო საზოგადოების უძველეს ლიდერებს, რომელთა უმრავლესობის მშობლიური მხარე სწორედ გურია გახლდათ. ისინი მეტ ყურადღებასა და პატივისცემას იმსახურებენ. სულ მცირე ჩვენს მოსწავლეებს მაინც უნდა ჰქონდეთ გაგებული მათი გვარები. ერთ-ერთ ასეთ დავიწყებულ მოღვაწედ ისიდორე რამიშვილი შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომელიც, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ძირითადი პროფესიით მასწავლებელი იყო და ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა.

ისიდორე რამიშვილი 1859 წელს გურიაში, სურების ხეობაში დაიბადა. გურიის მთების ამ შორეულ ხეობაში მოხვედრა დღესაც კი განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ყველა მისი თანამედროვის მსგავსად ისიდორემაც განათლება სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სემინარიაში მიიღო. სემინარიაში სწავლის დროს იწყება რამიშვილის გმირული თავგადასავლებიც.

სემინარიელი ჯერ 25 წლისაც არ იყო, როდესაც თბილისში თვითგანათლების ერთ-ერთი პირველი კერა დააარსა. ქალაქის ბაზარში მდებარე ერთ-ერთი დუქნის უკანა ოთახში ისიდორე რამიშვილი და გოლა ჩიტაძე ყველა ხელმოკლე ადამიანს ეპატიჟებოდნენ. მუშები და სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სასწავლებლებიდან გამოგდებული მოსწავლეები უფროსკურსელებთან წერა-კითხვის, არითმეტიკისა და ისტორიის შესასწავლად იკრიბებოდნენ. ბუნებრივია, წრის წევრებს უწევდათ საუბარი პირდაპირი არჩევნების, დამფუძნებელი კრების მოწვევის, სიტყვის თავისუფლების, ქართული ენის მნიშვნელობის, უფასო საყოველთაო განათლებისა და გაჭირვებული მოქალაქეების სახელმწიფოს მხრიდან დახმარების აუცილებლობაზეც. „ქარგალთა კავშირის” წევრები ისიდორესა და გოლას ხელშეწყობით თბილისის ყველაზე აქტიურ და მებრძოლ ძალად ჩამოყალიბდნენ. კავშირის წევრების მთავარი სამიზნე სემინარიის რუსიფიკატორი მმართველი, სასტიკი მეთოდების გამოყენების გამო ბევრ არალეგალურ გაზეთში დესპოტად მოხსენიებული რექტორი ჩუდეცკი და მისი პოლიტიკა გახლდათ.

არაფორმალური განათლების სფეროდან გურულმა მალე სასკოლო სისტემაში გადაინაცვლა. რევოლუციური მოღვაწეობის მიუხედავად, სემინარიელი მაინც ახერხებდა სკოლების დაარსების პროცესში მონაწილეობის მიღებას. პირველი სასწავლებელი, რომელსაც სხვებთან ერთად რამიშვილმაც ჩაუყარა საფუძველი, წინამძღვრიანთკარის სკოლა გახლდათ. ერთი წლის განმავლობაში მასწავლებლობით ნაშოვნი ფულით პედაგოგი ხელს უმართავდა „ქარგალთა კავშირის” წევრებს და მაინც ახერხებდა მის მიერვე თბილისში დაარსებული თვითგანათლების წრის მატერიალურ მხარდაჭერას.

1887 წელს რამიშვილი მშობლიურ მხარეში დაბრუნდა. ბუნებრივია, მიყრუებულ ხეობაში ორკლასიანი სასწავლებელიც არ არსებობდა და არც არავინ აპირებდა მის გახსნას. ისიდორე იყო ადამიანი, რომელმაც მთელი სოფელი დარაზმა სკოლის ასაშენებლად. მომავალი რევოლუციონერის მეთაურობითა და სოფლის ყველა მოსახლის მონაწილეობით აშენდა ხეობის პირველი სკოლა. დილაობით ხის დიდ სახლში წინამძღვრიანთკარში მიღებული მეთოდებით მიმდინარეობდა ბავშვების სწავლება, საღამოობით კი უკვე „ქარგალთა კავშირის” გურული ანალოგი იწყებდა მუშაობას. მაშასადამე, სოფლის სკოლა ყველა თაობის წარმომადგენელთა განათლების საერთო სივრცედ ჩამოყალიბდა.

გგონიათ, რომ რამიშვილი მხოლოდ ორი სკოლის დაარსებით შემოიფარგლა? სურებელმა იმდენი მოახერხა, რომ ანტირუსული პოლიტიკის გამო გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალი სკოლის დამაარსებელი გახდა ბათუმში. სწორედ, ეს სკოლა იყო მთავარი შეკრების ადგილი, საიდანაც როტშილდის ცნობილ ქარხანაში გაუსაძლისი პირობების გამო პირველი ფართომასშტაბიანი გაფიცვა დაიწყო. ადამიანის უფლებებისათვის წარმოებული ამ ბრძოლის მეთაურიც ჩვენთვის ნაცნობი მასწავლებელი იყო. გასაკვირია, მაგრამ სკოლაში და გაფიცვაში მონაწილეობის გარდა, ისიდორემ ისიც მოახერხა, რომ ბათუმის ბაზრის ცენტრში პირველი სახალხო ბიბლიოთეკა გაეხსნა. ხის ჯიხურში მოწყობილი ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება ღარიბი ფენის ყველა წარმომადგენელს ჰქონდა.

1906 წელს ისიდორე რამიშვილი რუსეთის იმპერიის დუმაში აირჩიეს. ის აღმოჩნდა პირველი ქართველი დეპუტატი, რომელიც სათათბიროს ტრიბუნაზე ავიდა. აღნიშნული გამოსვლა განსაკუთრებული სიმამაცისა და გამბედაობის მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ. უსასტიკეს და ძლევამოსილ პოლიციის მინისტრ სტოლიპინს მან პირში მიახალა ყველაფერი, დაადანაშაულა საქართველოში მიმდინარე დარბევებში და მისი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. ბუნებრივია, ეს გაბედული გამოსვლა ისიდორე რამიშვილს მოგვიანებით ასტრახანსა და სამარაში გადასახლებად დაუჯდა.

დუმის დეპუტატი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის წევრადაც აირჩიეს. გენერალი მაზნიაშვილი თავის მოგონებებში გამორჩეული გულისწყრომით საუბრობს ყველა ქართველ სოციალისტზე. მხოლოდ ისიდორე იმსახურებს მისგან შესანიშნავ დახასიათებას. ჩვენი ნაცნობი მასწავლებელი იყო ერთადერთი ლიდერი, რომელიც მაზნიაშვილს რაზმების შეგროვებაში ეხმარებოდა. მათი მიზანი გურიიდან და აჭარიდან თურქული ჯარების განდევნა გახლდათ. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ეს წყვილი აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის გასავრცელებლადაც წარმატებით იბრძოდა.

ისიდორეს ცხოვრებაში ყველაზე გმირული ამბავი 1922 წელს მოხდა. ნაძალადევის კლუბში შეკრებილი ადგილობრივების წინაშე პირველმა სწორედ ისიდორემ გაბედა სცენაზე მდგომი ძლევამოსილი ლიდერის, სტალინის გაკრიტიკება და მისი ქვეყნის ღალატში დადანაშაულება. ბოღმიანმა დიქტატორმა მასწავლებელს თავხედობა არ დაუვიწყა. ისიდორე მომავალი 15 წლის განმავლობაში შვიდგზის გადაასახლეს საბჭოთა იმპერიის მიყრუებულ რეგიონებში. არადა, მას ნამდვილად შეეძლო გადასახლების წლების პარიზში, ემიგრაციაში გატარება. სტალინმა ეს ტანჯვაც არ აკმარა გაუტეხელ, საკუთარი პრინციპების ერთგულ პედაგოგს და 1937 წელს 78 წლის ასაკში დახვრიტა.

ბევრი ქვეყანა სანთლით ეძებს ამგვარ ისტორიულ მაგალითებს, ჩვენ კი გახსენებაც კი გვიჭირს. ალბათ დამეთანხმებით, რომ სტალინისა და სტოლიპინის წინააღმდეგ მებრძოლი, ოთხი სასწავლებლის დამფუძნებელი, დემოკრატიული ღირებულებების საყოველთაოდ გავრცელებაზე მზრუნველი  გმირი მასწავლებლის მოღვაწეობის დავიწყება კარგი და კეთილი საქმე არ უნდა იყოს.

სკოლის ინსპექტირების დამოუკიდებელი, საიმედო და მიუკერძოებებლი სისტემის უპირატესობა (ინგლისის გამოცდილება. მეორე ნაწილი)

0
მაიკლ ბარბერი -ინსპექტირება დღეს და ხვალ
ინგლისში XIX ს-იდან არსებობს მისი უდიდებულესობის მთავარი ინსპექტორის თანამდებობა, რომელსაც ექვემდებარება მისი უდიდებულესობის ინსპექტორთა ჯგუფი. 90-იან წლებამდე ეს გუნდი იყო მთავრობის თვალი და ყური სასკოლო განათლების სფეროში, პერიოდულად აქვეყნებდა მოხსენებებს და ამოწმებდა ამა თუ იმ სკოლას. მასწავლებელთა უმრავლესობა არათუ წლების, მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც ვერ ხვდებოდა მათ.
ამჟამად მოქმედი ინსპექციური შემოწმების სისტემა 1992 წელს შეიქმნა. მაშინ კონსერვატიულმა მთავრობამ ლეიბორისტების დახმარებით გაატარა კანონი, რომელიც ითვალისწინებდა ერთსა და იმავე დროს თითოეული სკოლის ტესტირების შედეგების პუბლიკაციას და განათლების მარეგულირებელი ახალი, დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას, რომელიც Ofsted-ის (https://www.ofsted.gov.uk/) სახელით არის ცნობილი. ამ სისტემის სათავეში უნდა მდგარიყო მისი უდიდებულესობის მთავარი ინსპექტორი. მას ევალებოდა ყოველწლიური ანგარიშის შედგენა განათლების სისტემის მუშაობის შესახებ. მასვე დაევალა ისეთი სისტემის შექმნა, რომლის ფარგლებშიც ინგლისის სკოლები ოთხ წელიწადში ერთხელ გაივლიდნენ შემოწმებას.

ასე დაიწყო დღეს არსებული სისტემის ფორმირება. Ofsted-მა გააფორმა ხელშეკრულებები რამდენიმე ორგანოსთან, რომლებმაც იკისრეს სკოლების ინსპექტირება. ინსპექტირებას ატარებდა ინსპექტორთა ჯგუფი ლიცენზირებული ინსპექტორის მეთაურობით, რომლის გამოცდილება და კვალიფიკაცია შესაბამისად დასტურდებოდა. ამრიგად, Ofsted-ი თვითონ არ ატარებდა შემოწმებას – მხოლოდ აკონტროლებდა მის ჩატარებას, აანალიზებდა შედეგებს და ასე არეგულირებდა სისტემას. ამ სამუშაოს ასრულებდნენ შტატიანი თანამშრომლები – მისი უდიდებულესობის ინსპექტორები, რომლებიც ასევე ატარებდნენ მიზანმიმართულ შემოწმებებს განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამებითა და განათლების ასპექტებით. გარდა ამისა, მათ მოვალეობაში შედიოდა ინსპექტორების მომზადება, რომლებიც განათლების ადგილობრივ განყოფილებებში მუშაობდნენ.

შემოწმების შედეგად ირკვევა, სრულფასოვნად რეალიზდება თუ არა სკოლებში სახელმწიფო სასკოლო პროგრამა. შემოწმების შედეგებს საფუძველზე დგება მოხსენება, რომელიც მოიცავს ოთხ განყოფილებას:

* სტანდარტებისადმი შესაბამისობას;
* სწავლების დონეს;
* ხელმძღვანელობისს და მმართველობის დონეს;
* სკოლის ცხოვრების მორალურ, სოციალურ, სულიერ და კულტურულ ასპექტებს.

ინსპექტირება ინსტრუქციის შესაბამისად ტარდება, რომელიც განსაზღვრავს, როგორი უნდა იყოს სკოლა ამ ოთხი პარამეტრის მიხედვით. ამრიგად, ინსტრუქციაში სრულად არის გაწერილი, როგორ უნდა შემოწმდეს თითოეული სკოლის მიერ განათლების ამოცანების შესრულება. ინსპექტორები ძირითადად გაკვეთილებს ესწრებიან. ბოლო დღეს ისინი სიტყვიერ ანგარიშს აბარებენ ხელმძღვანელობას შემოწმების შედეგების შესახებ. ანგარიში შემოწმებიდან მალევე ქვეყნდება. მოკლე შინაარსი ეგზავნებათ მშობლებს. ასე სისტემა აძლიერებს სკოლის პასუხისმგებლობას მშობლების წინაშე, ამ უკანასკნელთ კი აწვდის ინფორმაციას სკოლის სწორად შესარჩევად.

Ofsted-ის მმართველობამ უდიდესი გავლენა მოახდინა სასკოლო განათლების სისტემაზე. ის ყველაზე ქმედითი მექანიზმია სისტემის სრულყოფისთვის. მან განვითარების ოთხი ეტაპი გაიარა, რომლებიც მთავარი ინსპექტორის სახელთანაა დაკავშირებული. პირველად ეს პოსტი სტიუარტ საზერლენდს ეკავა, რომელმაც მოახერხა, სკოლის ხელმძღვანელები ინსპექციური შემოწმების წარმატებაში დაერწმუნებინა.

მისმა მიმდევარმა კრის ვუდჰედმა ეს სისტემა ავტორიტეტულ და გავლენიან ორგანოდ აქცია. იმ დროისთვის ის კრიტიკულად აფასებდა არსებულ სასკოლო სისტემას და წუხდა, რომ სკოლა ვერ იძლეოდა სათანადო ცოდნას. ის ამტკიცებდა, რომ სკოლებში 15 ათასი წარუმატებელი პედაგოგი მუშაობდა, უკმაყოფილო მშობლების ინტერესების დამცველად გამოდიოდა, აკრიტიკებდა მინისტრებს და ჩინოვნიკებს და არ ემორჩილებოდა მათ, რადგან თავის დროზე მიღებულ იქნა თამამი და სწორი გადაწყვეტილება, მთავარი ინსპექტორის თანამდებობა დამოუკიდებელი ყოფილიყო. მთავარი ინსპექტორის პოსტზე მისი მოღვაწეობა დადებითად ფასდება. იგი პროპაგანდას უწევდა ჩამორჩენილი სკოლებისადმი ჯანსაღ და საქმიან მიდგომებს, რამაც საბოლოოდ ხელი შეუწყო პრობლემების მქონე სკოლების გადარჩენას. ამის შედეგად სისტემამ გააცნობიერა, რომ შეცდომების გამოსწორებაა საჭირო და არა მათი დამალვა. ვუდჰედის დროს, 1998 წელს, დასრულდა სკოლების ინსპექტირების პირველი ეტაპი და დაიწყო მეორე.
ვუდჰედის მიმდევარმა მაიკლ ტომლინსონმა სისტემა უფრო მოქნილი გახადა. კარგი სკოლები უფრო იშვიათად მოწმდებოდა, მათი შემოწმება კი გამარტივებულად ხდებოდა. რაც უფრო ჩამორჩებოდა სკოლა, მით უფრო ხშირად და დეტალურად ამოწმებდნენ მას. ასე დაინერგა პროპორციულობის პრინციპი. ამ დროს გამოიცა ინსპექციური შემოწმების ინსტრუქციები.

ამ სისტემას უპირატესობასთან ერთად ნაკლიც ჰქონდა. პირველ ეტაპზე ის ზედმეტ ბიუროკრატიამდე მივიდა. შემოწმების შესახებ სკოლები წინასწარ იღებდნენ გაფრთხილებას და მთელ პერიოდს შიშსა და სამზადისში ატარებდნენ, ავიწყდებოდათ, რომ მათი უპირველესი საქმე ბავშვების სწავლება იყო.

მეორე კრიტიკული შენიშვნა უკავშირდება ინსპექციური შემოწმების ხარისხს და შედეგების ურთიერთშესაბამისობას. ინსპექტორთა ჯგუფებს შორის არის განსხვავება, მაგრამ Ofsted-ის მიერ შემუშავებული შედეგების შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცესი გონივრული იყო და დროთა განმავლობაში გაუმჯობესდა. ხანდახან პრობლემას ის ქმნიდა, რომ ინსპექტორი ვერ ეწეოდა სწრაფად ცვალებად სისტემაში მომხდარ ცვლილებებს, რადგან ეს მხოლოდ საუკეთესოებს შეუძლიათ. ასეთებს არ შესწევდათ ახალი სწორი გადაწყვეტილებების შეფასების უნარი და დაბრკოლებად იქცეოდნენ პროგრესის გზაზე.

კიდევ ერთი სირთულე ის არის, რომ ინტერნეტში გამოქვეყნებული ანგარიშები სწრაფად ძველდება. კარგი სკოლები ინსპექტორების შენიშვნებს სწრაფად ასწორებენ, მაგრამ ქსელში, შემდგომ შემოწმებამდე, ძველი ინფორმაცია არ იცვლება. ეს უსამართლობაა არამხოლოდ სკოლების მიმართ – მშობლები შვილებისთვის სკოლას ხომ ამ ანგარიშების საფუძველზე არჩევენ, ანგარიშები კი სინამდვილეს აღარ შეესაბამება. სკოლები ბევრ კრიტიკულ შენიშვნას იღებენ – მათგან ითხოვენ ნაკლოვანებების სწრაფად აღმოფხვრას, საზოგადოების წინაშე რეპუტაციის შეცვლა კი აღარ შეუძლიათ. პარადოქსულია, მაგრამ ყველაზე ნაკლებად საშუალო მოსწრების სკოლები ზარალობენ. აქ შენიშვნები ინსპექციური ეფემიზმების მიღმაა დამალული, ზომები კი არც ისე ოპერატიულად მიიღება და არც ისეთი შედეგიანია, როგორიც სხვა სკოლებში. შედეგად სკოლაში სიტუაცია დიდხანს გაურკვეველი რჩება.

დაბოლოს, საკითხი, რომელიც ინსპექციური შემოწმების ხარჯებს ეხება. დღეს ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ხორციელდება ეფექტურობის ამაღლების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა ხარჯების შემცირებას, რათა გამოათავისუფლოს მაქსიმალური მოცულობის ფინანსური რესურსი უფრო აუცილებელი საჭიროებებისთვის. ამ პროგრამის არსი ის არის, რომ სახელმწიფო სექტორში მზარდი დაბანდებები იხარჯებოდეს მოსახლეობისთვის მაქსიმალური უკუგებით. ვინაიდან ინსპექტორთა საქმიანობა სახელმწიფო სფეროს მომსახურების ყველა სეგმენტში ფინანსდება დამატებითი ხარჯებიდან, ყველა ინსპექციას სთავაზობენ მუშაობის ეფექტურობის გაზრდას დანახარჯების შემცირებასთან ერთად.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, დღევანდელმა ინსპექტორმა დევიდ ბეილიმ წამოაყენა ინიციატივა სკოლების ინსპექტირების სისტემის ახალი რეფორმის თაობაზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ბოლო ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. მისი წინადადება პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმის შემადგენელი ნაწილია. ამიერიდან მოსწავლეთა მოსწრების ცხრილებთან ერთად გამოქვეყნდება სკოლების დახასიათებაც, რომელშიც შევა სკოლის მიზნები და უკანასკნელი შემოწმების დასკვნა. დახასიათებაში წარმოდგენილი იქნება, როგორ ხედავს სკოლა თავის პერსპექტივას და როგორია მისი გეგმები. მოცულობითი დახასიათება ოთხ გვერდზე მეტს არ დაიკავებს, ძირითადი მონაცემები კი სატიტულო ფურცელზე იქნება. დახასიათება ყოველწლიურად განახლდება.
მშობლებისთვის აქტუალობა რომ შეინარჩუნოს, დახასიათებაში ინსპექტორის „ახალი” დასკვნა უნდა იყოს წარმოდგენილი. შესაბამისად, თითოეული სკოლა წელიწადში სამჯერ შემოწმდება. თითოეული მათგანი ყოველწლიურად ჩაატარებს თვითშემოწმებას და ეს შედეგები ინსპექციური შემოწმების ათვლის წერტილი იქნება.
პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების სისტემისადმი ახალ მიდგომას უპირატესობა ექნება სკოლებისთვისაც. მშობლები სანდო ინფორმაციას მიიღებენ სკოლაზე. ინტენსიური გახდება მისი მუშაობა თვითშფასებისთვის – ამის მიღწევა დიდი ხანია უნდათ სკოლების ხელმძღვანელებს. როდესაც ყველა სკოლას გამოეყოფა სამწლიანი ბიუჯეტი, მათ მიეცემათ საშუალება, თავიანთი საქმიანობა ხანგრძლივი პერსპექტივით დაგეგმონ. ერთწლიანი ბიუჯეტიდან სამწლიანზე გადასვლა თამამი ნაბიჯია და დიდი პოტენციალი აქვს, უპირველესად იმიტომ, რომ სკოლის მუშაობას მუდმივი თვითსრულყოფიისკენ მიმართავს.

ყველა ამ ღონისძიებას შორის კავშირი ერთი-ერთზე მოლაპარაკებით განხორციელდება. ამ სიახლის არსი ასეთია: წელიწადში ერთხელ დირექტორი ხვდება „სკოლის სრულყოფილების პარტნიორს”  -წარმატებული სკოლის დირექტორს, რომელმაც სპეციალური მომზადება გაიარა და ფლობს ინფორმაციას სისტემის ფუნქციობის შესახებ. ისინი განიხილავენ და ათანხმებენ სკოლის მაჩვენებლების გაუმჯობესების გეგმას, რომელიც მიმართულია განსაზღვრული, აუცილებელი პროექტების რეალიზაციისკენ. შედეგად ვიღებთ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ, კონკრეტულ სკოლაზე ორიენტირებულ პასუხისმგებლობის მექანიზმს და რესურსების გადანაწილებას.

სკოლების ურთიერთობის ამ პრინციპულად ახალი კონცეფციის დანერგვასთან ერთად წარმოიშობა რამდენიმე საფრთხეც, ამიტომ აპრობაციას გადის მისი სხვადასხვა ასპექტი. უპირველესად, არსებობს რისკი, სისტემა ჩაიციკლოს თვითშეფასებაზე. თვითშეფასება სასარგებლო და საჭირო რამაა, მაგრამ მისი ნაკლოვანებები აშკარაა. თვითშფასებისას სკოლას, როგორც დაინტერესებულ პირს, შეუძლია, შედეგი თავის სასარგებლოდ ასწიოს; გარდა ამისა, მეთოდიკა ან პრაქტიკა, რომელსაც აქებენ სკოლის თანამშრომლები, კარგი მოეჩვენოთ იმის გამო, რომ არ იცნობენ სხვა, უკეთეს გამოცდილებას.

გარე შემოწმების ინსტიტუტს უნდა შეეძლოს ამ საშიშროებათა მინიმუმამდე დაყვანა, მაგრამ რაკი შემოწმების დღეები მცირდება, უცნობია, შეძლებენ თუ არა ინსპექტორები, ობიექტურად იმსჯელონ სწავლების ხარისხზე – სკოლის სრულყოფის პროცესში ძირითად ცვალებად სიდიდეზე. ყოველ შემთხვევაში, ახალი სისტემა მთავარ აქცენტს ინსპექტორების კვალიფიკაციაზე სვამს, რაც გულისხმობს მკაცრ შერჩევას, უფრო ინტენსიურ მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. ინსპექციური შემოწმების ჩატარების ახალი მეთოდიკა დღესდღეობით აპრობაციას გადის. პირველადი შედეგები ოპტიმისტურია, მაგრამ დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

მეორე საფრთხე ის არის, რომ „სკოლების სრულყოფილების პარტნიორები”, თვითონ დირექტორები, შესაძლოა არასაკმარისად მომთხოვნები იყვნენ კოლეგების მიმართ და არცთუ ორიენტირებულები მთელი სისტემისთვის მაქსიმალური შედეგის მიღწევაზე, ამიტომ შერჩევა, მომზადება და ხარისხის მართვა აუცილებელია ამ კანდიდატებისთვისაც.

მომავალი შესაძლოა ბევრ რამეში გადამწყვეტი აღმოჩნდეს. სახელმწიფო სკოლებთან ახალი პრინციპებით იწყებს ურთიერთობის დალაგებას, რაც ხელს შეუწყობს მაჩვენებლების მუდმივ ზრდას და თანასწორობისა და სამართლიანობის უკეთ უზრუნველყოფას.  
 
თარგმნა და რედაქტირება გაუკეთა კახა ჟღენტმა
https://ecsocman.hse.ru/data/2011/05/06/1268030643/Barber.pdf
ავტორის მიერ მითითებული ლიტერატურა:
1.Barber M. The Learning Game: Arguments for an Education Revolution. Indigo 1997
2. Barber M. The Next Stage for Large Scale Reform in England: From Good to Great. Federal Reserve Bank of Boston, 47th Economic Conference Education in the 21st Century: meeting the challenges of a changing world. Cape Cod, Massachusetts, June 2002
3. Barber M. Courage and the Lost Art of Bicycle Maintenance. Speech to the Primary Consultant Leaders’ Conference, Birmingham, February 2004
4. Department for Education and Employment. Excellence in Schools. White Paper, 1997
5. Department for Education and Employment. Teachers: meeting the challenge of change. Green Paper, 1998
6. Department for Education and Employment. Schools Building on Success. White Paper, 2001
7. Department for Education and Skills and Ofsted. A New Relationship with Schools. June 2004
8. Department for Education and Skills. Five Year Strategy for Children and Learners: Putting people at the heart of public services. July 2004
9. Fullan M. The Moral Imperative of School Leadership. Corwin Press, 2003
10. Miliband D. Personalised Learning: Building A New Relationship With Schools. North of England Education Conference. Belfast, 8 January 2004
11. O’Neill O. Justice and Intelligent Accountability. 2004
12. Sammons P., Matthews P. Improvement through inspection. An evaluation of the impact of Ofsted’s work. Institute of Education/Ofsted, July 2004
13. United States Department of Education. No Child Left Behind Act, 2002

თქვენთვის წერილია (ნაწილი I)

0
გამარჯობა, მკითხველო. მგონი, არასდროს მოგსალმებივარ, არა? არაფერია გასაკვირი – მე ხომ მუდამ საქმიან წერილებს ვწერ საქმიანი ადამიანებისთვის. წლის ბოლოს ცოტათი რომ მოვეშვათ, მგონი, არაფერი დაშავდება. ჰოდა, მოვეშვათ.

 

ჩემო მკითხველო, ახლავე უნდა გამცნო, რომ ეს არც ყველასთვის კარგად ნაცნობი წერილებად დაწერილი ისტორიაა კეტლინისთვის დედის დანატოვარი წიგნის მაღაზიიდან და არც კატრინ პანკოლის მიერ თეთრ ფურცელზე ასოების გამოყვანის მიზნით დაწერილი წერილი, მოგვიანებით რომანის გმირებს შორის მოულოდნელი რომანტიკული მიმოწერა რომ გაჩაღდება. ეს მხოლოდ და მხოლოდ გასართობი საახალწლო წერილია, საუკეთესო სურვილებით რომ გიძღვნით ყველას, ვის თვალსაწიერშიც ის მოხვდება.

რაკი ამწუთას, თავადაც რომ არ ველოდი, ისე, მეხსიერებაში ეს რომანტიკული ამბავი ამომიტივტივდა, სულ ცოტა ხნით თქვენც მოგტაცებთ ყურადღებას.

ამ წიგნის ერთი გმირი, ლა-მანშის სანაპიროსთან, „ნიჟარაში” მცხოვრები, წიგნის პაწაწინა მაღაზიის მფლობელია, მეორე – მწერალი. ცხადია, წიგნებს შორის მცხოვრები გმირების საერთო სამყაროდ წიგნები იქცევა.

ამ ამბავმა თუ დაგაინტერესათ, შემიძლია, ცალი თვალით ახლავე ჩაგაჭყიტოთ ნებადართულ უცხო წერილში. მით უფრო, რომ თავად კატრინსაც სურს, სხვისი ნაწარმოებების კითხვისას რომანში შეიჭრას და გმირებს ერთმანეთისთვის სიმართლის თქმა აიძულოს. ჰო, საინტერესო ადამიანია, უდავოდ.

„სიყვარული მხოლოდ სულის ფრენა არ არის – ის უდიდესი მატყუარაცაა, თვალთმაქცი. ის ყველაფერს გტაცებს, მერე კი, დანაყრებული, ახალ შეგრძნებებს მოწყურებული, შორს მიფრინავს ახალ-ახალი გულების გასაძარცვად. ჩვენ კი, ბედნიერების ილუზიით შეპყრობილნი, შეშლილებივით მივდევთ მას. ბედნიერებისკენ ეს დაუფიქრებელი სწრაფვა გვაიძულებს ვიცოცხლოთ. „რატომ?” – სულ ეს არის, რაც სიყვარულისგან რჩება. ადამიანთა გულები სწორედ ამ ორ მარცვალზე იმსხვრევა სასიკვდილოდ”.

ორი ადამიანის ამ თითქოსდა უწყინარ მიმოწერაში საბოლოოდ გაცილებით მეტი გულის მსხვრევა აღმოჩნდება, ვიდრე ჩემგან თქვენთვის ჩაფიქრებული ბრჭყვიალა საახალწლო განწყობის შექმნა. ნორა ეფრონის ფილმისგან „თქვენთვის წერილია” განსხვავებით, ეს ამბავი „ისინი ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად” ვერ დასრულდება, ამიტომ სასწრაფოდ გადავერთოთ რაიმე მხიარულზე.

კლასიკური სკოლის ორი ვირტუოზი ვიოლონჩელისტი, ვიდრე საკონცერტო ფრაკები არ გაიხადეს, კრეატიული არანჟირება არ მოიფიქრეს და ნამუშევარი სოციალურ ქსელში არ გამოფინეს, მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეში იყვნენ „ძალიან ცნობილები”. „ფრაკის გახდის” ტენდენციასა და მიზეზებზე მომდევნო წერილში გესაუბრებით.

***

ეს ამბავი თითქმის ორი საუკუნის წინ მოხდა.

1818 წლის 24 დეკემბერს, შობის წინა დღეს, ბატონმა მორმა ავსტრიის ერთ-ერთი სოფლის, ობერნდორფის, ეკლესიის ორგანისტს ფრანც გრუბერს, თავისი ლექსი მიუტანა და სთხოვა, მუსიკა დაეწერა ორი ხმისა და გიტარისთვის. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მორს სიმღერა იმავე დღეს მზად დახვდა. რატომ მოინდომა იოსეფ მორმა მის ტექსტზე სიმღერის შექმნა, უცნობია, მაგრამ რატომ მაინცდამაინც გიტარისთვის, ამის თაობაზე ვერსია არსებობს: იმ დროისთვის ეკლესიის ორგანი მწყობრიდან იყო გამოსული. არსებობს მეორე ვერსიაც, რომ მორს სურდა, ახალი ჰიმნი მისი საყვარელი ინსტრუმენტისთვის – გიტარისთვის შექმნილიყო.

საშობაო ჰიმნი პირველად ობერნდორფის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში აჟღერდა – ის მორმა და გრუბერმა შეასრულეს გუნდისა და გიტარის აკომპანემენტის თანხლებით. სწორედ ასე დაიბადა სიმღერა, რომელიც შემდეგ მთელმა მსოფლიომ აიტაცა. დღეს ის უკვე ასობით ენაზეა თარგმნილი და ყოველ შობა ღამეს მას მილიონობით ადამიანი მღერის. მან გადალახა გეოგრაფიული საზღვრები და ენობრივი ბარიერი და მსოფლიოს ხალხთა გულები დაიპყრო.

იმ დროისთვის, როდესაც საგალობელი „Silent Night” მთელ ევროპაში გახდა ცნობილი, იოზეფ მორი ცოცხალი აღარ იყო, სიმღერა კი უცნობი კომპოზიტორის ნაწარმოებად მიიჩნეოდა. ფრანც გრუბერი სხვადასხვა მუსიკალურ ინსტანციაში წერდა, რომ ეს დიდებული სიმღერა მან შექმნა, მაგრამ მოწმე არ ჰყავდა. სხვადასხვა დროს მელოდიის ავტორობას მიაწერდნენ ჰაიდნს, მოცარტს, ბეთჰოვენს. კამათი მხოლოდ 21-ე საუკუნეში შეწყდა, მას შემდეგ, რაც იპოვეს დიდი ხნის დაკარგული „ჩუმი ღამის” არანჟირება, რომელიც დედნად იქნა აღიარებული. მის მარჯვენა ზედა კუთხეში მორის ხელით ეწერა: „მელოდია – ფრ. გრუბერისა”. უძველესი საავტორო პარტიტურა, დაახლოებით 1820 წლისა, ზალცბურგის მუზეუმში ინახება.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ობერნდორფის ეკლესია წყალდიდობამ დაანგრია. დღეს მის ადგილას პატარა სამლოცველოა აშენებული და იქვე გახსნილია „ჩუმი ღამის” მუზეუმი.

საშობაო ჰიმნს, რომელიც თქვენ მოისმენეთ, ასრულებდა ლონდონის წმ. ფილიპეს ეკლესიის ბიჭუნათა გუნდი – „Libera”. ამ შესანიშნავ გუნდს „ანგელოზების ხმებსაც” უწოდებენ და მართლაც ასეა. შეუძლებელია, კრიალა ბავშვურმა ვოკალმა მსმენელი გულგრილი დატოვოს. ბიჭუნათა გუნდი საეკლესიო საგალობლების გარდა კლასიკურ ნაწარმოებებსაც ასრულებს.

ამ გუნდს კარგად ესადაგება დიდი რომაელი პოეტის გამონათქვამი: „ბავშვთა სულები მუსიკალურ საკრავებს ჰგავს; ჟღერადობა იმაზეა დამოკიდებული, ვინ ეხება მათ”.

არაფრით არ შემიძლია, ეს წერილი ჩემი საყვარელი ქართული საშობაო საგალობლით არ დავასრულო – ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების „25 დეკემბერსა” ნანა ჯანელიძის ულამაზესი ფილმიდან „იავნანა”:

 

როგორი ამინდი იქნება ხვალ?

0
რომელ საიტს სტუმრობთ ყველაზე ხშირად ინტერნეტში? არა, არა, სწორედ ვერ  ვიკითხე. მოდით თავიდან… რომელ საიტს სტუმრობთ ყველაზე ხშირად ინტერნეტში თქვენი ელექტრონული ფოსტის, ჟურნალ „მასწავლებლისა” და ფეისბუქის შემდეგ? რა ბრძანეთ? ჯერ მე ვთქვა? ვიტყვი,  რა თქმა უნდა, ამინდის საიტს. ასეთი რამდენიმე ვიცი და ყველგან სხვადასხვა მონაცემები წერია. მეც  ყველაზე უკეთეს პროგნოზს შევარჩევ ხოლმე და იმედიანად ვარ, თუმცა უფრო ხშირად არ ამართლებს და  სუსხიანი ამინდის, გვალვის ან რა ვიცი კიდევ, რის ამარა ვრჩები. 

ამინდს ელია განაგებს, ღრუბელთა ბატონი. ელიას არ იცნობთ? ქართული ფოლკლორიდან გახლავთ.  ივანე ჯავახიშვილი წერდა: „წმინდა ელია, იმ ღვთაების მოადგილე უნდა იყოს, რომელიც ღრუბლების სამფლობელოს – წვიმა-სეტყვის, ელვა-მეხის ბატონი იყო”.  ის ღვთაება კიდევ ტაროსი გახლდათ. 

კახეთსა და ქართლში  ფოლკლორია შემონახული, რომლებიც უთუოდ ამ ღრუბელთ ბატონის ღვთაების თაყვანისცემას უნდა წარმოადგენდეს.  ტაროსის ღვთაებას სადიდებელს უმღეროდნენ. სადიდებელი  „ლაზარეზე” იყო. ანუ ტაროსი  „ლაზარედ” მოიხსენებოდა.

„ახ, ლაზარე, ლაზარე!
ლაზარ მოდგა კარსა,
აბრიალებს თვალსა,
ცხავი აცხავებულა,
წვიმა გაჩქარებულა.
ღმერთო, მოგვე ცის ნამი,
აღარ გვინდა მზის თვალი,
ღმერთო- მოგვე ტალახი,
აღარ გვინდა გორახი”.

ხანგრძლივი  წვიმის დროს შემოატრიალებდნენ ხოლმე და უმღეროდნენ, ტალახი ყელში ამოგვივიდა, გორახი მოგვეციო. ასრულებდა თუ არა ლაზარე თხოვნას, ეს არ ვიცი. თუ მომღერლებს გაუმართლებდათ და მზე გამოანათებდა, ეჭვი მაქვს, ლაზარეს დაბრალდებოდა. 

ამინდის ცოდნა ყველას სჭირდება, მეკობრეებსაც კი. მეკობრე ხომ გახსოვთ ვინ არის. ახოვანი კაცია, ერთ ხელში ბოთლი უჭირავს (რაიმე სასმელით), მეორეში დურბინდი. ერთი თვალით ბრმაა, ან სულაც ისე, მოდისთვის აქვს ახვეული. ცალ ყურში კონწიალა რგოლი აქვს გაყრილი. მოსვირინგებული  სხეული  მყვირალა ფერების უგემოვნოდ შეხამებული ტანსაცმლით აქვს შემოსილი (თუმცა, ეს „კაუჭა ჯეიმზს” არ ეხება, ის ყოველთვის ჯენტლმენივით იცვამდა). მხარზე მწვანე თუთიყუში უნდა ჰყავდეს. თუთიყუში სხვა ფერისაც შეიძლება იყოს, მაგრამ გამოცდილი მეკობრის თუთიყუში მწვანეა. ამ თუთიყუშმა ერთი-ორი ცუდი სიტყვა უნდა იცოდეს (მეკობრის ფრინველისთვის ეს აუცილებელია).  მეკობრეთა ჯგუფს თავისი კოდექსი აქვს. 

1.ეკიპაჟის თითოეულ წევრს თანაბარი უფლებები აქვს  მოპოვებულ ნადავლზე;
2.თითოეული წევრი ნადავლის მოპოვებაში თანაბრად მონაწილეობს;
3.ეკიპაჟს გადამეტებული ლოთობა ეკრძალება;
4.გემზე ჩხუბი და აყალმაყალი დაუშვებელია;
5.შიში მეკობრის საქმე არ არის;
6.ბავშვები და ქალები გემზე არ დაიშვებიან;
7.ერთ-ერთმა წევრმა თვალ-ყური უნდა ადევნოს ამინდის ცვლილებას და ეკიპაჟს ამცნოს.

და ა.შ. სულ 25 პუნქტია. თუმცა მე ამ ბოლომ დამაინტერესა. კოდექსში კიდევ იმაზეა საუბარი, რომ ქარის სტიქიას უნდა იცნობდნენ და მოპოვებული განძიდან ცოტა პოსეიდონსაც უნდა შესთავაზონ. აქ მთავარი მათი კეთილი ნებით შეთავაზებაა, თორემ პოსეიდონმა თუ მოინდომა, ერთს წამოუბერავს, გემს ამოაყირავებს და ყველაფერი მისი არ გახდება? პოსეიდონი ზევსის ძმა და  ზღვების მბრძანებელია. თუმცა პოსეიდონს დამხმარე ღვთაებებიც ყავს, ზეფირი, ბორეუსი და ნოტი. 
ბორეუსი ჩრდილოეთის ქარებს განაგებს, ზეფირი – დასავლეთის ქარს, ნოტი – სამხრეთის ქარებს მართავს და თან ნისლსაც მოიყოლებს ხოლმე. 

თუმცა ერთ დღესაც,  ერთ-ერთ  მეკობრეს, რომელსაც მწვანე და ცუდი სიტყვების მცოდნე თუთიყუში ჰყავდა, თვალი აკრული ჰქონდა და კოდექსის ყველა პუნქტს აკმაყოფილებდა, ეტყობა პოსეიდონის და მისი დაუდგრომელი ბიჭების იმედად ყოფნა მობეზრდა,  ადგა და მე-17 თუ მე-18 საუკუნეში, ე.წ. „Storm glass”, ანუ „შტორმის ჭურჭელი” გამოიგონა. 

მოგვიანებით ინგლისელმა  ჰიდროგრაფმა და მეტეოროლოგმა, ვიცეადმირალმა რობერტ ფიცროიმ აღწერა ბარომეტრ „Storm glass”-ის  თვისებები. ამიტომ ხელსაწყოს ფიცროის ბარომეტრსაც უწოდებენ. წარმოიდგინეთ მინის კოლბა, რომელიც სავსეა სპირტხსნარით, მასში  გარკვეული პროპორციით გახსნილია ქაფური, ამონიუმის ქლორიდი  და კალიუმის ნიტრატი. კოლბა ჰერმეტულადაა დახურული, საცობი მირჩილული აქვს. თუმცა, მასში მუდმივად რაღაც ხდება – კრისტალები ხან წარმოიქმნებიან, ხან ქრებიან. კარგ ამინდში კოლბაში ხსნარი სუფთა და გამჭვირვალეა, ნალექი ფსკერზეა. თუ წვიმაა მოსალოდნელი, ნალექი ზემოთ ამოდის და გამჭირვალე ხსნარში პატარა კრისტალები შეიმჩნევა. აციებისას კრისტალები ნემსისებურ ფორმას იღებენ.  ქარიშხლის დროს სითხე თითქოს დუღილს იწყებს და ქაფურის კრისტალები ზედაპირისკენ მიემართებიან. „Storm glass” იმდენად მგრძნობიარეა, რომ ამინდის მკვეთრი გაუარესება ნახევარი საათით ადრე შეუძლია იწინასწარმეტყველოს. ნახევარი საათით ადრე, ცნობა ამინდის შეცვლის შესახებ,  დღეს არ არის აქტუალური, თორემ მაშინ, მეკობრეების ეპოქაში ეს დიდი გამოგონება გახლდათ. 

რომში სამეცნიერო კონფერენციაზე ყოფნისას უნივერსიტეტის ქიმიის მუზეუმს ვეწვიე. გარეთ 40 გრადუსი სიცხე იდგა და თავი მაინც გადავდე. იმ მუზეუმში წიგნების განყოფილებაც იყო და სწორედ ერთ-ერთი  წიგნის  “Cooley’s Cyclopaedia of Practical Receipts” ასლში ამოვიკითხე  პროტოკოლი, როგორ დავამზადოთ „Storm glass” ლაბორატორიაში. აქვე უნდა დავწერო, რომ სხვადასხვა რეცეპტი არსებობს, სადაც შემადგენლობა ერთნაირია, რაოდენობაა განსხვავებული. ახლა ლაბორატორიაში გადავინაცვლებ და ერთად დავამზადოთ ეს საოცარი ხსნარი. 

აი, უკვე ლაბორატორიაში ვარ. ერთი წუთით, ხალათს ჩავიცვამ, დამცავ სათვალეს გავიკეთებ, გაშლილ თმას შევიკრავ და ხელთათმანსაც არ დავივიწყებ. 

რაო აბა, რა მჭირდება?

კალიუმის ნიტრატი, კი ბატონო მაქვს. ამონიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი, 10 გ. ნატურალური ქაფური, რომელიც სპირტში უნდა გავხსნა.  ავიღებ რაიმე კოლბას და შიგნით 33 მლ გამოხდილ წყალს ჩავასხამ. ამ წყალში გავხსნი 2,5 გრამ კალიუმის ნიტრატს, 2,5 გრამ ამონიუმის ქლორიდს. ახლა მეორე ხსნარი მოვამზადო – 10 გრამი ქაფური და 40 მლ სპირტი. ორივე ხსნარს ოდნავ შევათბობ და ერთმანეთს შევურევ. ნალექში ქაფურის თეთრი კრისტალები გამოიყოფა. ახლა საცობს მოვარგებ და ცხელი პარაფინით ამოვლესავ, რომ ჰერმერტულად იყოს დახურული. ქიმიური ბარომეტრი მზად მაქვს – ფანჯარასთან დავკიდებ და ამინდიც მეცოდინება. მართალია ცვლილებას მხოლოდ ნახევარი საათით ადრე გავიგებ, მაგრამ მერე რა. 
მოკლედ, „Storm glass”-ის გამოგონების შემდეგ, მორიგე მეკობრე მუდმივად  კოლბას ჩასცქეროდა და ამინდის გამოცნობას ცდილობდა. ამ მეკობრესთან, რომ მივსულიყავი და მეკითხა, რა ხდებოდა  შუშის შიგნით და რა  პროცესებს  ჰქონდა ადგილი, ზუსტად ვიცი რასაც გააკეთებდა. თავს შეურაცხყოფილად იგრძნობდა, დამტაცებდა ხელს და გემიდან მომისროდა. 
თუმცა, მე მეკობრესთან არავითარი საქმე არ მაქვს და არც მისთვის უხერხული შეკითხვების დასმას არ ვაპირებ. თქვენ კი შეგეკითხებით (კითხვა მოსწავლეებს ეხებათ და არავითარ შემთხვევაში მასწავლებლებს) – რა ხდება კოლბის შიგნით?  
ნარევში შემავალი კალიუმის ნიტრატი და ამონიუმის ქლორიდი ქაფურის სიმკვრივის სტაბილიზებისთვისაა საჭირო. სუფთა ქაფურის სიმკვრივე 0,99გ/სმ3-ია, 50%-იანი ეთანოლის სიმკვრივე 20 გრადუსზე დაახლოებით 0,91გ/სმ3-ია, ხოლო სამმაგი ნარევის სიმკვრივე სპირტხსნარში 0,96-0,98 გ/სმ3-ია. ასეთ ხსნარში ქაფური ფსკერზე დაილექება, მაგრამ ხსნარის სიმკვრივის ან ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, ნალექი ზემოთ ამოვა, ან კვლავ ფსკერისკენ ჩავა, ან  შეტივტივებულ მდგომარეობაში დარჩება და აიმღვრევა.  

ქაფურის ხსნადობა ვერ შეიცვლება მუდმივი ტემპერატურის პირობებში. დღე-ღამის განმავლობაში ტემპერატურა მერყეობს, რაც ცვლილებებს იწვევს ქაფურის ხსნადობაში. „Storm glass”-ის ცვლილებები ოთახში და გარეთ, ღია სივრცეში სხვადასხვაა. ამიტომ, ბუნებრივია, მისი განთავსება  გარეთ ჯობია. 

მოკლედ, მე იმის თქმა მსურს, რომ სადაც კი წავალთ ქიმია ყველგან გვხვდება. მეკობრეებმაც კი გაუთვიცნობიერებლად, მაგრამ მაინც პოსეიდონსა და მის ბიჭებს ქიმია ამჯობინეს. ამინდის გამოცნობაც ქიმიის ცოდნას უკავშირდება. მე ნამდვილ ამინდს ვგულისხმობ, თორემ ჩვენი ცხოვრების ამინდზე რუსთაველმა უკვე თქვა:
„… საწუთრო კაცსა ყოველსა ვითა ტაროსი უხვდების:
ზოგჯერ მზეა და ოდესმე  ცა რისხვით მოუქუხდების…”

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...