ორშაბათი, ივლისი 6, 2026
6 ივლისი, ორშაბათი, 2026

დაგვიანებული ბოდიში

0

სამი მწვანე გვქონდა და ერთი სტაფილოსფერი. საახალწლოდ გვიყიდეს. მანამდეც ვაფეთქებდით. გამოზოგვით. სხვადასხვა მეთოდით – ბოთლში. სკოლის ქვეშ რომ სარდაფია, იქ. პარალელკლასელის კაპუიშონში. პიროტექნიკა. ასაფეთქებლები. მე შევაგდებ! – ვთქვი ოდნავი ყოყმანით, მაგრამ ამაყად. მანამდე ცოტა ვითათბირეთ. მეზობლებმა. ბავშვებმა. კაშუტიჩს, უბნის გიჟს, ავთო ცერცვაძეს პირი ღია ჰქონდა და ისე ეძინა. დედამისი მეორე სართულზე წვებოდა. ეს ქვევით, ტელევიზორთან, დაღლილ ტახტზე. თვითონაც დაღლილი. რაღაც უცხოთი. ეძინა კაშუტს. შეიძლება ის რუსი გოგო ესიზმრებოდა, ჯარში ყოფნისას, სადაც ,,გააგიჟეს”, როგორც ამბობდნენ. სოფელში წყლის დასალევად რომ შევიდნენ და ღუმელთან ოდნავ გაკვირვებული იჯდა – ის გოგო. შეიძლება ჭიდაობა, რომელსაც ,,გაგიჟდა’’ და ვერ გაყვა. შეიძლება კარაქი ესიზმრებოდა. კარაქის ჭამა განსაკუთრებით უყვარდა. ან ყავა ხუთი კოვზი შაქრით. შეიძლება არაფერი ესიზმრებოდა. კაშუტს ეძინა. შევაგდე და კაშუტი გამოვარდა. ჩვენც გავვარდით. წამით მოვიხედე უკან, კაშუტიჩი იყურებოდა სადღაც გაურკვეველი მიმართულებით და მომეჩვენა, რომ ცახცახებდა. მესამე დღეს, სკოლიდან მომავალს და უცებ მითხრა: ,,არ გინდა ბუძია მაი შენ’’. მივიღე უტიფარი სახე, ,,მე არ ვყოფილვარ ავთოია’’ – უნდა მეთქვა, მაგრამ სწრაფად ჩამიარა. მომეჩვენა, რომ ისევ ცახცახებდა. გუშინ კაშუტიჩი მომკვდარა. უბნის გიჟი. მე მინდა დაგვიანებული ბოდიში შევუთვალო. სიცოცხლეში ვერ შევძელი. რადგან უფრო ასე ადვილია ავთოია. შენ ადვილად გამიგებ. იქ ისედაც ყველაზე უფრო შენ გესმოდა ჩემი.

ბაბუაჩემი სხვა რანგის კაცი გახლდათ. გარე-ამბებისა, სხვათა თვალის და საკუთარი რეპუტაციის დიდად დამკვირვებელი. სირცხვილიანი. მე კი ახირებული, საშინელი ბავშვი. აი, სამყარო მის ირგვლივ რომ ბრუნავს წაღმა-უკუღმა და ხან ჩერდება კიდეც. ჰოდა, მე ერთი, საყმაწვილო ჰალსტუხი მქონდა, სიგრძეში ჩემთვისაც პატარა -საგანგებოდ. ავიჩემე და დიდი ომის შედეგად, რომელშიც მთელი ოჯახი ჩაერთო – პოზიცია/ოპოციზიად – არგუმენტებით: ,,ბაღანას ასე უნდა, რა მოხთება ერთხელ ქენით!’’ VS ,,ნუ გააბდლეთ ამხელა კაცი, რას მიდიხართ ყაზილარის ჭკუაზე’’ – ბაღანამ გაიმარჯვა. მთელი გზა უყურებდა ბაბუჩემს ორსანტიმეტრიანი ჰალსტუხით, გაწითლებული სახით, ზომაზე მეტად ხელზე მოჭერილი ხელით მივყავდი სკოლაში. ახლა ვხვდები, თუ როგორ რცხვენოდა და ითმენდა. ძალიან ითმენდა. ამისთვისაც ბოდიში.

ბებიაჩემი, ნათელა, სტუდენტობისას, როცა ზაფხულობით ჩავდიოდი, ჩემ გვერდით წვებოდა. ისევ პატარა ვეგონე – თაფლიანი კოვზით, ფეხები დაითბილეო მეუბნებოდა ძილის წინ. ძილისას მის სუნთქვას ვაკვირდებოდი, ეგეთი აკვიატება ადრეც მქონდა – სიტყვებით ცოტა რთულად გამოდის ამის თქმა რატომ. უფრო სწორედ წაფილოსოფობა გამოდის – ვაკვრიდებოდი, იმიტომ რომ ვიცოდი, ადრე თუ გვიან შეწყდებოდა და წამისშეჩერების ამბავზე ვფიქრობდი და მსგავსი ფუჭი ამბები. ეს იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა. მასაც ვუყვარდი. ამის მიუხედავად, ხშირად მიწყენინებია. საშინლადაც. დღემდე ვნანობ – ერთხელ, მეგობრებთან ერთად ვიყავი სურებში, ზაფხულში, თვითონც გვახლდა და ღამით ტუალეტისთვის რომ გავდიოდი, ბავშობისას რომ მეუბნებოდა, ეგრე მითხრა: ,,გადააფსი ბებია ბალკონიდან, აფერი არ უჭირს” იმხელა ვუყვირე, ახლაც ყურები მტკივა. და სინდისიც. თვითონ მეორე დღეს ცრემლი ედგა თვალში. არაფერი უთქვამს, ნათელა წლების წინ გარდაიცვალა.გურული დღიურები-ს წერა მის გამო დავიწყე. ახალ წელს ვულოცავ, სადაც არის – კვირიკეთის სასაფლოეზე თუ სამოთხეში. თუ სამოთხე არის, სამოთხეში იქნება

მორალის მასწავლებლად მე ვერ გამოვდგები. ეს ბლოგი არ გახლავთ მოწოდება – ,,ბავშვებო, დროულად მოიხადეთ ბოდიში’’. ალბათ ახლაც ვერ შევძლებდი, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ადამიანები უცნაური არსებები ვართ. სხავდასხვაგვარი. ამოუცნობი. ეს ბლოგი სხვა რამისკენ მოწოდებაა. ასევე კარგი რამისკენ. დაფიქრდებით და თქვენვე მიხვდებით.

ჯგუფური მუშაობა და კომუნიკაციის განვითარების სავარჯიშოები სწავლების პირველ საფეხურზე

0
განათლების ზოგად კომპეტენციებში მნიშვნელოვანია ჯგუფური მუშაობის უნარი. ადამიანს, რომელსაც შესწევს ჯგუფში მუშაობის უნარი, – როგორც რიგით წევრს, ასევე ლიდერსაც, – შეუძლია ამოცანების მკაფიოდ ფორმულირება, ჯგუფის წევრებთან შეთანხმება, მათი საქმიანობის კოორდინაცია და ჯგუფის წევრთა შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება, კონფლიქტისა და რთული სიტუაციების მართვა. მას, შეიძლება ითქვას, ყველაფერი შეუძლია. ის იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს თანამედროვეობის ურთულეს მოთხოვნებს და სოციალურ რეალობასთან სხვებზე გაცილებით უკეთ არიან ადაპტირებულნი. ამიტომ სწავლებისა და მასწავლებლის ძირეულ ამოცანას წარმოადგენს კომუნიკაციურად კომპეტენტური, მრავალმხრივ განვითარებული და განათლებული პიროვნებების აღზრდა.

მაგრამ კომუნიკაციური კომპეტენტურობა ცარიელ ადგილზე არ წარმოიშობა; ის ყალიბდება და ვითარდება მიზანმიმართული ქმედების საფუძველზე (Communicare (ლათ.) რამის ერთად კეთებაა, კეთება კი ქმედებას გულისხმობს, განსაზღვრულ სიტუაციაში – საქმისთვის ერთობლივად რამის კეთებას). ამ კომპეტენციის ამოსავალი წერტილი ადამიანური ურთიერთობის გამოცდილებაა, რომლის შეძენა განათლების მიღების საწყის საფეხურზევე უნდა დაიწყოს. ამ ეტაპზევე უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს კომუნიკაციური და სოციალური ტიპის უნარების განვითარებაში.

კომუნიკაციის ასეთი გააზრება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეცადინეობის პროცესზე: ამ დროს მოსწავლეებს და მასწავლებელს საერთო მიზანი აქვთ, თანამშრომლობენ ამ მიზნის მისაღწევად და შესაბამისად კომუნიცირებენ.

მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს ამ სახის კომპეტენციის განვითარება-ჩამოყალიბებას და საამისოდ წინასწარ მოახდინოს მოსწავლეთა ურთიერთობის, უწინარესად კი ჯგუფური მუშაობის (განსაკუთრებით – ჯგუფების ხშირად ცვლის) ორგანიზება. პრაქტიკოსი პედაგოგების მიხედვით, საუკეთესო გაკვეთილები სწორედ ასეთ დროს ტარდება, როდესაც ჯგუფი აქტიურად არის ჩართული კომუნიკაციაში.

ჯგუფურ მუშაობას აღნიშნული კომპეტენციების განვითარების კუთხით დიდი უპირატესობა აქვს. ესენია:

oსაქმიანობის მაღალი მოტივაცია; 
oსწორი კომუნიკაციის, თანამშრომლობითი სწავლის შესაძლებლობა;
oერთმანეთის მოსმენისა და გაგების შესაძლებლობა; 
oშემეცნების გააქტიურება;
oპრობლემის გადასაჭრელად მოქმედების დაგეგმვა ანუ საკუთარი საქმიანობის ალგორითმის შედგენა;
oშესრულებული დავალების ზეპირი და სიტყვიერი ფორმით გადმოცემის უნარის გააქტიურება;
oსაჭირო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების გაცნობა-შესწავლა;
oდამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევის განვითარება;
oპიროვნული თვისებების გამოკვეთა;
oსაკუთარი თავისა და პარტნიორის ადეკვატურად შეფასება. 

კომუნიკაციური კომპეტენციების შეძენა ხდება ლიტერატურული კითხვის, ისტორიის, მათემატიკის და სხვ. გაკვეთილებზე. 

განვიხილოთ ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების აქტივაციისთვის განკუთვნილი კონკრეტული სავარჯიშოები. 

ისინი მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ:

Ø სივრცეში ორიენტაცია;

Ø მოსმენა და გაგება (როგორ მოვუსმინოთ პარტნიორს და გავიგოთ მისი ნათქვამი);

Ø მუდმივ ხმაურში მუშაობა; 

Ø საჭირო ინფორმაციის მოძიება; 

Ø ინდივიდუალური ჩათვლის წიგნაკის გამოყენება;

Ø სახეობრივი ინფორმაციის, გამოსახულების, სიტყვად (და პირიქით) გარდაქმნა, წარმოსახვა (ინფორმაციის ტრანსფორმაცია). 


მიზანი: მოსწავლეთა მომზადება ჯგუფური მუშაობის ჩატარებისთვის


სავარჯიშო N1: სივრცეში ორიენტაცია


კლასში გავათავისუფლოთ ორი ადგილი. 

I ვარიანტი: 

მასწავლებელი სვამს კითხვას: „რამდენი თავისუფალი ადგილია კლასში?” მოსწავლეები პასუხობენ. მას, ვინც პირველი უპასუხებს, მასწავლებელი მიუთითებს თავისუფალი ადგილისკენ და სთხოვს, დაიკავოს იგი რაც შეიძლება სწრაფად. მოსწავლე დაიკავებს მითითებულ ადგილს. 

მასწავლებელი კითხვას გაუმეორებს კლასს, ოღონდ ამჯერად მიუთითებს, რომელმა მოსწავლემ უნდა დაიკავოს მეორე თავისუფალი ადგილი, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოსწავლე თავად იპოვის მას. ამ ხნის განმავლობაში მასწავლებელი ითვლის: „ერთი, ორი, სამი…” ანდა უკრავს ტაშს რიტმულად. მოსწავლე პოულობს თავის ადგილს.


II ვარიანტი შეიძლება გავართულოთ.

საწყისი პირობა იგივეა, მაგრამ მასწავლებელი ერთდროულად ორ მოსწავლეს მიუთითებს: ერთი თავისუფალ ადგილს იკავებს, მეორე კი სულ ახლახან გათავისუფლებულ ადგილს.


III ვარიანტი კიდევ უფრო რთულია: 

მასწავლებელის თხოვნით მოსწავლეები ხუჭავენ თვალებს და ყურადღებით უსმენენ გარე სამყაროს. თავდაპირველად თითქოს არაფერი ესმით, მაგრამ თანდათან იწყებენ გარჩევას, როგორ წვეთავს წყალი ანდა როგორ ხმაურობენ მატარებლის ბორბლები, ესმით ხმები, რომლებისთვისაც ადრე ყურადღება არ მიუქცევიათ.


ამის შემდეგ მასწავლებელი ამბობს: „მოსწავლე, რომელსაც მხარზე შევეხები, გაახელს თვალს და დაიკავებს თავისუფალ ადგილს, მაგრამ რაც შეიძლება უხმაუროდ”.

შემდეგ კი მასწავლებელის თხოვნით ყველა გაახელს თვალს და მასწავლებელი მიუთითებს იმ მოსწავლეეებზე, რომლებმაც სწორად გაართვეს თავი დავალებას.

მსგავსი სავარჯიშოები განტვირთავს მოსწავლეთა ყურადღებას და ხსნის დაღლილობას. 


სავარჯიშო N2: როგორ მოვუსმინოთ პარტნიორს და გავიგოთ მისი ნათქვამი

მოსწავლეებს ძალიან უყვართ თამაში „გაფუჭებული ტელეფონი”. ამ თამაშის ელემენტები წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების აქტივაციისთვის, განსაკუთრებით – დაწყებით საფეხურზე.

ამ დროს მას შეიძლება ამგვარი ფორმა ჰქონდეს: კლასი დაიყოფა რიგებად; ყოველ რიგს დაურიგდება პატარა ბარათები, რომლებზეც, ასაკისა და შესასწავლი თემის მიუხედავად, წერია პატარა ანდაზა, გამოთქმა, წესი, განსაზღვრება და ა.შ. მოსწავლეები, რომლებიც პირველ ადგილებზე სხედან, წაიკითხავენ და დაიმახსოვრებენ მას, შემდეგ კი, მასწავლებლის ნიშანზე, უკან მსხდომებს მოუყვებიან. ისინი, თავის მხრივ, წაკითხულს გადასცემენ მათ უკან ან გვერდით მსხდომებს და ეს უკანასკნელნიც მოცემული თანმიმდევრობით იმოქმედებენ. უკანასკნელ მერხზე მსხდომი მოსწავლე მოსმენილს უკვე ხმამაღლა წარმოთქვამს.


II. ამ სავარჯიშოს გართულებული ვარიანტი ასეთია:

მასწავლებელი თითოეული მერხისთვის წინასწარ ამზადებს პატარა ბარათებს, რომლებზეც წერია მხოლოდ ერთი, მაგრამ საკმაოდ გრძელი ფრაზა. ერთი მოსწავლე აიღებს ბარათს, ყურადღებით წაკითხავს, დაისწავლის, გონებაში გაიმეორებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადასცემს წაკითხულ ინფორმაციას მეწყვილეს, მაგრამ გაუმეორებს მხოლოდ ერთხელ. ის ყურადღებით მოუსმენს და შეეცდება, დაიმახსოვროს.

ამის შემდეგ ის მოსწავლე, რომელმაც წაიკითხა ფრაზა, გადააბრუნებს ბარათს (სხვამაც რომ არ წაიკითხოს) და მოძებნის ახალ პარტნიორს; ყოფილი მეწყვილე ახალ მოსწავლეს ჩასჩურჩულებს ფრაზას და ისიც ასევე იწყებს ახალი მეწყვილის ძებნას. და ასე მანამდე, სანამ მასწავლებელი მათ არ შეაჩერებს. ამის შემდეგ კი მასწავლებლის ნიშანზე მოსწავლეები დაწერენ გაგონილ ფრაზას (ანუ იმას, რაც ამ ფრაზისგან დარჩა).

დასასრულ, ბარათს კითხულობენ ხმამაღლა, რასაც, ცხადია, მოსწავლეთა გულიანი სიცილი მოჰყვება. 


III. კიდევ უფრო რთული ვარიანტია, როდესაც მასწავლებელი დაავალებს მოსწავლეებს, ჩაინიშნონ, ჩაიწერონ ის, რაც დაამახსოვრდათ, მიღებული შედეგები კი პირველი ვარჯიშის შედეგებს შეადარონ. აღმოჩნდება, რომ ამჯერად უკეთესად დაიმახსოვრეს. 

მასწავლებლის მითითებით, მოსწავლეები განიხილავენ წარმატების მიზეზს.


აღნიშნული სავარჯიშოების შესრულების დროს ძირითად უნართან – მოსმენასთან ხდება არანაკლებ მნიშვნელოვანი სხვა უნარის – თანაკლასელის სიტყვების სწრაფად და ზუსტად ჩაწერის უნარის გააქტიურებაც.


IV. მოცემული სავარჯიშო შეიძლება კიდევ უფრო გავართულოთ და ფრაზების ნაცვლად გამოვიყენოთ, მაგალითად, წესები, რომელთა დამახსოვრებაც უჭირთ მოსწავლეებს. მაგრამ აქ უკვე ყველაფერი მთლიანად მასწავლებლის მოწადინებაზეა დამოკიდებული: თუ მას ეყოფა მოთმინება, პერიოდულად ავარჯიშოს მოსწავლეები ამ ტიპის სავარჯიშოებით, ის მალევე შეამჩნევს, რომ „გაფუჭებული ტელეფონის” ეფექტი გამქრალა.


სავარჯიშო N3: მუდმივ ხმაურში მუშაობის უნარი


ადამიანი მჭიდროდ არის დაკავშირებული ბუნებასთან, გარემომცველ სამყაროსთან, რომელიც არა მარტო განუწყვეტლივ მოძრაობს, არამედ სავსეა ხმებით. ეს გარემო ბუნებრივია ადამიანისთვის. მასწავლებელი კი, რომელიც მიიჩნევს, რომ ფიქრისთვის საუკეთესო პირობა იდეალური სიჩუმეა და ცდილობს კლასში ასეთი გარემოს შექმნას, გარკვეულწილად მოსწავლის ბუნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. 

არადა წყვილებში მუშაობა, როდესაც კლასის თითქმის ნახევარი ლაპარაკობს, ხმაურს იწვევს, ამიტომ ხმაურში სწავლის უნარი საგანგებოდ უნდა გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს. 

ამ უნარის განვითარებას ხელს უწყობს შემდეგი ტიპის სავარჯიშოები:

ბავშვებს უყვართ სტუმრად სიარული. მიეცით მათ ამის შესაძლებლობა პირდაპირ გაკვეთილზე (მაგალითად, ბიჭები „მივიდნენ” გოგონებთან).

დავალება ასეთია:

თითოეულ მოსწავლეს აქვს პატარა ბარათი, რომელზეც წერია ენის გასატეხი, ანდაზა ან… სტუმრად მისული ბიჭუნები წაუკითხავენ გოგონებს თავიანთ ანდაზას, ენის გასატეხს ან… გოგონები კი – ბიჭუნებს (მნიშვნელოვანია, რომ ეს ფრაზები არ იყოს ექსპრომტი „სტუმრებისთვის”). როდესაც ყველა წარმოთქვამს თავის სათქმელს, მოსწავლეები გაცვლიან ბარათებს, ბიჭუნა მადლობას გადაუხდის გოგონას და ახლა სხვასთან წავა „სტუმრად”.

ამ დროს კლასში, ბუნებრივია, ხმაურია, ანუ მოსწავლეთა ნახევარი ლაპარაკობს. ისინი მალე ეჩვევიან ამას და ხმაურს თითქმის ვეღარ ამჩნევენ. ეს იმიტომ, რომ ბავშვები ადვილად ადაპტირდებიან ხმაურიან გარემოსთან. მოსწავლეები უნდა ეცადონ ისე ლაპარაკს, რომ მათი მხოლოდ მეზობელს, მეწყვილეს ესმოდეს (პირადად მე ასეთ ხმაურს „ჩუმად ხმაურს” ვუწოდებ, ანუ მასწავლებელმა უნდა მიაღწიოს, რომ მოსწავლეებმა „ჩუმად იხმაურონ”). ამავე დროს მოსწავლეთა ყურადღება გამახვილებულია ანდაზებზე, ენის გასატეხზე ან… რაც ამ დროს მოსწავლეებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ხმაურიანი გარემო. 

ასეთ „ექსტრემალურ” ვითარებაში უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მხოლოდ საკუთარმა ხმაურმა აიძულოს მოსწავლეები, მაქსიმალურად დაძაბონ ყურადღება და არა მასწავლებლის მუქარამ ზედმეტი ხმაურის გამო. 

მოცემული სავარჯიშო ააქტიურებს და ავითარებს არა მარტო ხმაურში მუშაობისა და სწავლის, არამედ ბარათებთან (საზოგადოდ, ინფორმაციასთან) მუშაობის უნარსაც.


სავარჯიშო N4. საჭირო ინფორმაციის მოძიება

ამ სავარჯიშოს შესრულება და სივრცეში ორიენტირების უნარის გამომუშავება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც მოსწავლე თავისუფალ პარტნიორს იპოვის.

მაგრამ საჭირო ინფორმაციის მოძიების უნარის გააქტიურების სავარჯიშოებს ტრადიციულ სასწავლო გარემოში თითქმის არ იყენებენ. მართლაც, რატომ უნდა ეძებოს მოსწავლემ ინფორმაცია, თუ მას მასწავლებელი ყველაფერს მოუყვება, რაც საჭიროა? არის პარადოქსული შემთხვევებიც, როდესაც მასწავლებელი რაღაც პრობლემას აუხსნის მოსწავლეებს, ისინი წავლენ შინ და ტელევიზიით მოისმენენ იმავე საკითხის განხილვას, რაც მთავარია – სრულიად სხვა კუთხით. რომელია უფრო საჭირო და დასამახსოვრებელი? როგორ მოიქცეს მოსწავლე?!


საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად აუცილებელი უნარის გამომუშავება შესაძლებელია ასეთი სავარჯიშოებით:

 

I. კლასის თანდასწრებით მაგიდაზე უკუღმა ვათავსებთ პატარა ბარათს. მასზე შემოკლებით წერია ანდაზები, მაგალითად, ერთზე – „შორიდან მოუარე”, მეორეზე – „შინ მშვიდობით მიდიო”. წყვილების ბარათები კლასის სხვადასხვა ადგილას აწყვია. დავალება ასეთია: მოსწავლეებმა უნდა იპოვონ პარტნიორები (ბარათის ნაწილი) და შექმნან წყვილები. 


დავალების შესასრულებლად საჭიროა:

·ყველას მიეცეს კლასში თავისუფლად გადაადგილების უფლება;

·კლასში სიარულის უფლება მიეცეს მხოლოდ მოსწავლეთა ნახევარს.


განხილვისას, დიდი ალბათობით, მოსწავლეები მხარს დაუჭერენ მეორე ვარიანტს – ასეთ დროს მეტია წესრიგი, ძებნაზე კი ნაკლები დრო იხარჯება. 

ანდაზის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა განსაზღვრება, დახასიათება, ზღაპრის გმირების სახელები და ა.შ.


II. ეს სავარჯიშო შეიძლება გავართულოთ:

მაგალითად, პირველ წყვილს შევთავაზოთ რებუსი ან ამოცანა, მეორეს კი – გამოცანა. პირველი ადგილზე რჩება, მეორე კი მიმერთება საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად, რომლითაც აიხსნება პირველი ინფორმაცია.

თუ ამოცანას უფრო მეტად გავართულებთ, მართალია, დავალების შესრულება მოსწავლეებს  გაცილებით გაუჭირდებათ, მაგრამ მეტ ინტერესსაც გამოიწვევს. 

ვარჯიშის შედეგად მოსწავლეები იოლად შეძლებენ საჭირო ბარათის პოვნას წყვილების შეცვლის დროსაც. 


სავარჯიშო N5: ინდივიდუალური ჩათვლის ფურცელი

I. ესენია დანომრილი ბარათები, რომლებზეც გამოცანები წერია. ერთი მეწყვილე გამოცანას კითხულობს, ხოლო მეორე მის გამოცნობას ცდილობს. ამის შემდეგ როლები იცვლება.


ჩათვლის წიგნაკში მოცემულია პირობითი ნიშნები:

„+” – გამოვიცანი (მივიღე ბარათი);

„0″ – წავუკითხე მეწყვილეს გამოცანა (გადავეცი ბარათი).


ჩათვლის ფურცელი ასე გამოიყურება:

 როგორც ვხედავთ, ამ მაგალითის მიხედვით, კლასში სულ 12 ბარათია. ამ ბარათის მფლობელმა გამოიცნო 4 გამოცანა, მაგრამ მე-2 ბარათს თავი ვერ გაართვა, მაშასადამე, მას ხელახლა მოუწევს მასზე მუშაობა; ამ მოსწავლემ გადასცა ოთხი ბარათი, მას ხელში უჭირავს ბარათი N5.


როდესაც მასწავლებელი შეამჩნევს რომ მოსწავლეები დაიღალნენ, შეაწყვეტინებს ვარჯიშს და განიხილავს შედეგებს: ვინ რამდენი გამოიცნო? საიდან ვიცით ეს? ვის უჭირავს ხელში ბარათი N6? ასწიეთ ხელი, ვინ გადასცა ხუთი ბარათი? რატომ ხართ დარწმუნებული, რომ ზუსტად ხუთი გადაეცით? – და ასე შემდეგ.

ამგვარი კითხვები აიძულებს მოწავლეს, უკეთესად გამოიცნოს თავისი „ჩათვლის” შესაძლებლობები და, მასშასადამე, საკუთარი სამუშაოც.

ჩათვლის ფურცლად შეგვიძლია რვეულის ფურცლის კიდეც (ე.წ. მინდორი) გამოვიყენოთ: უჯრებში იწერება ციფრები (ბარათების რაოდენობის მიხედვით), მის საწინააღმდეგოდ კი დაისმება იგივე აღნიშვნები. 

ჩათვლის ფურცლის წარმოების უნარი ერთ-ერთი ურთულესი უნარია, ვინაიდან იგი მოიცავს წინა გამოცდილებასაც და ამ სავარჯიშოს შეთავაზება სასურველია ყველა დანარჩენი სავარჯიშოს ათვისების შემდეგ. 
სავარჯიშო N6: სახეობრივი ინფორმაციის, გამოსახულების, სიტყვად (და პირიქით) გარდაქმნა, წარმოსახვა (ინფორმაციის ტრანსფორმაცია)
სასურველია, სავარჯიშო წყვილებში შესრულდეს, თანაც თამაშის ფორმატით, რადგან ის დამატებითი მოტივატორია წყვილებში მუშაობისთვის. სავარჯიშო ასევე ავითარებს მეტყველებას, სახეობრივი მონაცემების გამოთქმას სიტყვით, ასწავლის მეწყვილის ნათქვამის ყურადღებით მოსმენას და შესაბამისი საგნების ზუსტად შერჩევას.

ამ მეთოდის გამოყენება დაწყებით საფეხურზე შეიძლება განმავითარებელ თამაშ „ორნამენტის შერჩევაზე” დაყრდნობით (თუმცა მისი შესრულება სხვა თამაშის მაგალითზეც შეიძლება). თამაშის წესის მიხედვით, ჯგუფის ერთი წევრი იღებს ბარათს ორნამეტით, რომლის ჩვენების უფლებაც სამუშაოს დამთავრებამდე არ აქვს. მისი მეწყვილე იღებს კუბიკს. პირველს ევალება, ისე უხელმძღვანელოს სხვებს, რომ მათ, მიცემული ნახატის შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად შექმნან ორნამენტი კუბიკებისგან, ანუ ხელმძღვანელმა უნდა მიუთითოს ჯგუფის წევრებს: „აიღე განაპირა მარცხენა კუბიკი, მოაბრუნე მარჯვნივ…” და ა.შ. მითითებების მიცემა შეიძლება მხოლოდ სიტყვიერად, ჟესტიკულაციის გარეშე. 

ამის შემდეგ „ხელმძღვანელი” მოძებნის სხვა თავისუფალ მეწყვილეს. ის კი, ვინც შეძლო და კუბიკებისგან ორნამენტი შეადგინა, ელის ახალი მეწყვილის მოსვლას. ჯგუფის ხელმძღვანელი ახლა უკვე ის იქნება.
სწავლების ზედა საფეხურზე მოცემული დავალება შედარებით რთული იქნება:

„ხელმძღვანელს” აქვს ბარათი, რომელზეც გამოსახულია გეომეტრიული ფიგურები. მან ისე უნდა აუხსნას მეწყვილეს, რომ მან შეძლოს რვეულში ზუსტად ასეთი გამოსახულების ჩახაზვა/დახატვა. სავარჯიშოს მიზანია, „ყურადღებით მოვუსმინოთ ხელმძღვანელს”, „თუ საჭიროა, მივცეთ დამაზუსტებელი შეკითხვები” და „შევძლოთ მსგავსი ბარათის გაკეთება”.

როგორც წინა, ასევე მოცემულ შემთხვევაშიც „ხელმძღვანელობა” ხდება მხოლოდ სიტყვიერად, ჟესტების გამოუყენებლად.

მოსწავლეთა ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების აქტივაციის, კომუნიკაციის განვითარების სავარჯიშოები ხელს უწყობს მეცადინეობის ფარგლებში მაქსიმალურად სიმეტრიული და აქტიური კომუნიკაციური სიტუაციის შექმნას, რის შედეგადაც გაკვეთილი ცოცხალი და ორიგინალური გამოდის, შედეგები კი – ეფექტური და საინტერესო. 

სწავლების პირველ საფეხურზე ამ ტიპის სავარჯიშოები მხოლოდ ეფექტურ კომუნიკაციურ უნარებს კი არ ავითარებს, არამედ ეხმარება კიდეც მოსწავლეებს შემდეგში, სწავლების მეორე და მესამე საფეხურებზე, ისეთი ტიპის საქმიანობების შესრულებაში, როგორებიცაა ჯგუფური პროექტები, კვლევები და პრეზენტაციები, ამიტომ მათი გამოყენება ამ მხრივაც საჭირო და მნიშვნელოვანია.

როცა ბავშვი სმენის საშუალებით ვერ იღებს ინფორმაციას

0
რა გაიფიქრეთ პირველად, როდესაც აღმოაჩინეთ, რომ თქვენს შვილს სმენის საშუალებით არ შეუძლია ინფორმაციის მიღება? რა იყო ის  გრძნობა, რაც წამის მეასედებში დაგეუფლათ? რა მოიმოქმედეთ? ამ შეკითხვებზე რესპოდენტთა უმრავლესობა მპასუხობს, რომ პირველი ფიქრი, რაც მათ გაუჩნდათ, იყო შეკითხვა – რატომ, პირველი გრძნობა – სასოწარკვეთა, პირველი ქმედება – უმოქმედობა.

ხშირ შემთხვევაში მშობლისათვის ბავშვის მსგავსი განსხვავებულობა ტრაგედიასთან ასოცირდება. არა იმიტომ, რომ მათ უმრავლესობას განსახვავებული შესაძლებლობის მიმართ მიუღებლობა გააჩნიათ, არამედ იმიტომ, რომ მათთვის შვილის მომავალი ბუნდოვანი და გაურკვეველი ხდება. როგორ  დაიმკვიდრებს  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ადამიანი თავს  საზოგადოებაში და მოახდენს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას? აღნიშნული საკითხები ჩვენს ქვეყანაში მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული. საკუთარი თავი მსგავს სიტუაციაში რომ წარმოვიდგინოთ, ვერც კი მოვიფიქრებთ პირველ რიგში ვის მივმართოთ და რა გავაკეთოთ.

გასათვალისწინებელია ისიც, თუ ვინაა რესპოდენტი. თუ მას თავადაც არ შეუძლია ინფორმაციის სმენის საშუალებით მიღება, მაშინ თავისი შვილის მდგომარეობას ისე აღიქვამს, როგორც ბუნებრივს. ემოციური დაძაბულობა და სტრესი ძირითადად ისეთ ადამიანებს უჩნდებათ, ვისთვისაც ეს ფაქტი სრულიად ახალი რეალობა და მოულოდნელობაა. „არც კი ვიცოდი რა მექნა, ვისთვის მიმემართა. მთელი თვე ვერ ვაცნობიერებდი ბავშვის მდგომარეობას, ეს ჩემთვის ტრაგედია იყო” – ამბობს ერთ-ერთი რესპოდენტი. 

მსგავს თემებზე ინფორმაციის ნაკლებობა მრავალი პრობლემის სათავეა. განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, სადაც სპეციალისტების არსებობაც კი დიდი ფუფუნებაა. ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, საჭიროა დადგინდეს სმენის შეზღუდვის ხარისხი და ამის მიხედვით განისაზღვროს მომავალი სამოქმედო გეგმა. რაც ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს, თუმცა მათ საერთო მახასიათებლებიც გააჩნიათ – ეს არის სპეციალისტების ჩართვა ბავშვის სამომავლო განვითარების თვალსაზრისით (მეტყველების თერაპევტი, სურდოპედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი და ა.შ). თუ ბავშვს გააჩნია, ე.წ. „ნარჩენი სმენა”, ამ შემთხვევაში მასთან მუშაობა სხვაგვარად მიმდინარეობს. საწყის ეტაპზე აუცილებელია ბავშვის მდგომარეობის ადეკვატური შეფასება, რაც აუდიოლოგის პრეროგატივაა და შემდგომ ამისა უნდა მივმართოთ სპეციალისტებს. 

ხშირ შემთხვევაში მშობლებს სურთ საკუთარი შვილები გახადონ იმ ბავშვების ანარეკლი, რომლებიც უმრავლესობას წარმოდგენენ და, ე.წ. „ჩვეულებრივები” არიან. მრავალი მათგანი წლებს ანდომებს იმის გაცნობიერებას, რომ შვილს საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში მისცეს მაქსიმალური განვითარების საშუალება. დროის დაკარგვა პირველ და უდიდეს შეცდომას წარმოადგენს. ბავშვის განვითარებაში დიდი როლი ენიჭება ინფორმაციის მიღების შესაძლებლობასა და კომუნიკაციას. პატარა, რომელიც სმენის საშუალებით ვერ ახერხებს გარესამყაროსაგან ინფორმაციის მიღებას, სრულ საინფორმაციო ვაკუუმში იმყოფება, რაც აისახება მის კოგნიტურ განვითარებაზე, აკადემიურ მოსწრებასა და სწავლის გაგრძელების მუდმივ შესაძლებლობაზე. მნიშვნელოვანია თავად არ შეუწყოთ ხელი საკუთარი შიშების ხორცშესხმას – გაუცნობიერებლად არ შევაფერხოთ ბავშვის განვითარება. თუ საწყის ეტაპზე მას ემოციური მიჯაჭვულობა მშობლებთან აკავშირებს, ზრდასთან ერთად უჩნდება მოთხოვნილება, კომუნიკაცია დაამყაროს სხვა ადამიანებთან, გაიფართოვოს ნაცნობების წრე, შეიძინოს მეგობრები. ინფორმაციის მიწოდების და ამ სიცარიელის შევსების ერთ-ერთ საშუალებას ჟესტური ენა წარმოადგენს. მისი საშუალებით ბავშვს შესაძლებლობა ეძლევა კომუნიკაცია დაამყაროს გარესამყაროსთან, იაზროვნოს, იფიქროს, გაიაზროს ცნებების მნიშვნელობა, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნოს. ოჯახის მხარდაჭერას გადამწყვეტი როლი ენიჭება. აუცილებელია ოჯახის წევრთა უმრავლესობამ თავადაც შეისწავლოს ჟესტური ენა, რომლის ბავშვისთვის სწავლება არ ნიშნავს მეტყველებაზე უარის თქმას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. 

დღეისათვის ახალშობილთა სკრინინგი იძლევა პრობლემის ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირების საშუალებას. ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა მსგავსი მიმართულებით თბილისის 203-ე საჯარო სკოლასა და ქუთაისის 45-ე საჯარო სკოლაშია შესაძლებელი, რომლებიც რეგიონიდან ჩამოსულ ბავშვებს პანსიონურ მომსახურებასაც სთავაზობენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით რამდენიმე საჯარო სკოლაში ინტეგრირებული კლასებიც გაიხსნა.   

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ბავშვის ადრეული განვითარება მჭიდრო კავშირშია მის მიერ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობასთან. კოგნიტური განვითარების ადრეულ ეტაპზე ამას გადამწყვეტი როლი ენიჭება. წინააღდეგ შემთხვევაში გამოუსწორებელ შედეგებს ვიღებთ, რომელთაგანაც ერთი-ერთია – ბავშვებისთვის ზოგადი განათლების შემდგომ, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობის არქონა. რა თქმა უნდა, ამ შეთხვევაში პრობლემას მრავალი გამომწვევი მიზეზი აქვს, თუმცა ერთ-ერთ მიზეზად ადრეულ ასაკში განვითარების შეფერხებაც შეგვიძლია დავასახელოთ. 

ამ ეტაპზე ზოგადი განათლების შემდგომ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს პროფესიულ განათლებაში აქვთ, რაზეც მომდევნო კვირაში დეტალურად ვისაუბრებთ სტუმრის ბლოგში.

რაც შეეხება სკოლამდელ განათლებას, მდგომარეობა შედარებით უფრო რთულია. ამ შემთხვევაში პრობლემა არა მხოლოდ ბავშვებთან სპეციალისტების მუშაობა, არამედ მათი გამოვლენაცაა – განსაკუთრებით რეგიონებში. აღნიშნული მიმართულებით, USAID-ის დაფინანსებით ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება” საინტერესო პროექტის პილოტირებას იწყებს. თბილისში, თელავსა და მარნეულში მოხდება სენსორული დარღვევის მქონე (სმენა, მხედველობა) ბავშვების გამოვლენა და დაიწყება მათთან მუშაობა. ვიზიტები განხორციელდება როგორც ოჯახებში, ასევე სკოლებში. ცენტრებში ბენეფიციარებთან იმუშავებენ სპეციალისტები, შეიქმნება სახელმძღვანელოები, მომზადდებიან სპეციალისტები. აღნიშნულის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სტატიის მომდევნო ნაწილებში მოგაწვდით.

როგორ ვიყენებ ინოვაციურ აქტივობებს წიგნიერების განვითარებაში

0
ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ კომპეტენციებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  წიგნიერების განვითარება, რომელიც არა მარტო ტრადიციული კითხვის, წერისა და ზეპირმეტყველების უნარების დაუფლებას, არამედ ცოდნის სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადატანას და გამოყენებას, ზეპირი კომუნიკაციის, წაკითხულის განხილვის, დისკუსიის, ანალიზისა და სინთეზის, კრიტიკული აზროვნებისა და წარმოსახვის უნარების განვითარებასაც გულისხმობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მასწავლებელმა სწორად და მიზანმიმართულად უნდა შეარჩიოს მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული ინოვაციური, ინტერაქტიული სწავლების მეთოდები და სტრატეგიები. მსურს, შემოგთავაზოთ რამდენიმე კომპლექსური აქტივობა.
ხუთსტრიქონიანი ლექსი შეესაბამება წიგნიერების სტანდარტის სამ მიმართულებას: ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, წაკითხულის გაგება-გააზრებას და წერას.
დაფაზე დავხაზოთ გრაფიკული სქემა:
                                             ——————————–

                                                               არსებითი სახელი

                   —————————————-            —————————————

                          ზედსართავი სახელი                                     ზედსართავი
სახელი

———————–     ————————-   ———————–  

        ზმნა                                           ზმნა                                               ზმნა                            

————————————————————————————————–

                                           ოთხსიტყვიანი
ფრაზა

                                           ———————————-

                                                  არსებითი სახელი

ვიდრე მოსწავლეებს სქემის დამოუკიდებლად შევსებას ვთხოვთ, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამის მაგალითი და გზადაგზა განვუმარტოთ, სად, რას და რატომ ვწერთ.  პირველ ხაზზე ვწერთ თემის ან საკითხის შესაბამის საკვანძო არსებით სახელს, მეორე ხაზზე – ზედსართავ სახელებს, რომლებიც აღწერენ საკვანძო  სახელს, ხოლო მესამეზე – ამ სახელის მოქმედების გამომხატველ ზმნებს. მეოთხე ხაზზე დაწერილი ოთხსიტყვიანი ფრაზა უნდა გამოხატავდეს განხილული საკითხის დედააზრს ან ჩვენს ასოციაციას ამ თემასთან დაკავშირებით. მეხუთე ხაზზე ვწერთ საკვანძო არსებითი სახელის სინონიმს. წერის დაწყების წინ ვთავაზობთ სხვა თემაზე შექმნილ ნიმუშს:
დედა

 თბილი   ტკბილი
გვეფერება გვივლის ზრუნა

მან ჩვენ სიცოცხლე გვაჩუქა

მშობელი

გთავაზობთ IV კლასის პროგრამული მასალიდან შელ სილვერსტაინის  თანამედროვე ზღაპრის „ვაშლის ხე და ბიჭი”  მიხედვით მოსწავლის მიერ შექმნილ ხუთსტრიქონიან ლექსს: 

 ვაშლის ხე

კეთილი       ბედნიერი
გაართო        გაათბო        დააპურა
 ბიჭს ყველა სურვილი შეუსრულა
 მოკეთე

საგულისხმოა, რომ ამ ნამუშევარში მოსწავლემ საკუთარი განწყობა საინტერესო ფორმით გამოხატა, როცა „ვაშლის ხის” სინონიმად „მოკეთე” დაწერა.

ტექსტის შერჩევის დროს მასწავლებელი არ უნდა შეიზღუდოს. შეიძლება შევარჩიოთ ინფორმაციული ხასიათის ტექსტი, სტატია, ასევე ლექსი, როგორც პროგრამული, ასევე დამატებითი მასალების დახმარებით. 
აღსანიშნავია, რომ ეს კომპლექსური სტრატეგია ხელს უწყობს არა მარტო ტექსტის გაგება-გააზრებას, არამედ გრამატიკული ფორმების სწორად გამოყენებასაც.
პერსონაჟებისთვის ბარათების მიწერა

III კლასის მოსწავლეებს კითხვის გაკვეთილებზე წავუკითხე ვაჟა-ფშაველას მოთხრობები: „ხმელი წიფელი”, „მთის წყარო” და „ფესვები”. ემოციური ფონი იმდენად ძლიერი იყო, შევთავაზე, პერსონაჟებისთვის მიეწერათ ბარათები და ამგვარად გამოეხატათ თანაგრძნობა. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. შესწორების გარეშე გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ნამუშევარს:

„ფესვებო, მე როცა წავიკითხე თქვენი ამბავი, ძალიან მეწყინა. ამბავში აღწერილი იყო თქვენი მწუხარება. მე მესმის, რაც გაწუხებთ. ვიცი, რომ გველები არა ხართ და არავის უკბენთ. თქვენ ნორჩი ფესვები ხართ. მე თქვენ გველებად არასდროს მიგიჩნევთ. მე ვეტყვი ჩემს მეგობრებს და ნათესავებს, რომ ხეები არ მოჭრან.

სიყვარულით ნინი ჩაფიძე”

„მთის წყაროვ როგორ ხარ? მენატრები. ვიცი, შენ რაზე ნაღვლიანობ და შევეცდები დაგეხმარო. იმედი მაქვს ამის შემდეგ ჩვენს საქციელს გვაპატიებ. ნახვამდის.

დიდი სიყვარულით ანა”

„ხმელო წიფელო, მე ძალიან მეწყინა შენი ამბავი რომ გავიგე. გარშემო ხეები მხიარულობდნენ, ხოლო შენ დაჩაგრული იყავი. არაუშავს! შენც გეყოლება მეგობარი, რომელიც პატივს გცემს და ეყვარები. კარგი დრო იყო, შენც ამაყად რომ იყავი. არწივი შენს წვერზე ისვენებდა. ძალიან ცუდია, რომ მხოლოდ სამი ტოტი შეგრჩა. ალბათ ამიტომ არ უნდათ შენთან მეგობრობა. თვითონ ხომ რას ამბობ მაგრები არიან! ზამთარში მათაც ხომ გასცვივდებათ ფოთლები. რას იზამენ? მოკლედ რომ ვთქვა, როგორც არ უნდა იყო, მე მაინც შენი მეგობარი ვიქნები. 
დიდი სიყვარულით ელენე ამაშუკელი”
რა თქმა უნდა, ნამუშევრებში სხვადასხვა ტიპის შეცდომებია დაშვებული, მაგრამ შედეგი ნათლად ჩანს: ბავშვებმა წაკითხული მასალა გაიგეს, გაიაზრეს და სწორად გააანალიზეს.
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ლექსიკის დაუფლებაში?

ლექსიკური მარაგის გამდიდრებისა და ახალი სიტყვების სწავლისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით სასწავლო სახელმძღვანელოებში მოცემული „სიტყვის სკივრის” სიტყვებს ვწერ ფერად ბარათებზე და ვათავსებ მუსიკალურ ზარდახშაში. ბავშვები ზარდახშიდან იღებენ ბარათებს. მუსიკის ფონზე ხდება სიტყვების განმარტება, ხოლო შემდგომ – წინადადებების შედგენა.

ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ თამაში „იდუმალი ყუთი”. ლამაზად შეფუთულ ყუთში მოსწავლეებისგან ფარულად ვაწყობთ ნივთებს, რომელთა ცნობა და დახასიათება მათ არ გაუჭირდებათ. ასეთებია: ასანთი, ფარანი, კალამი, მობილური ტელეფონი, ფოტოაპარატი, ვაშლი, საღეჭი რეზინი, შოკოლადი, ნათურა, სათვალე და სხვა. მოსწავლეები რიგრიგობით იღებენ ნივთებს და ახასიათებენ. თავდაპირველად ისინი მარტივი ფრაზებით შემოიფარგლებიან, მაგრამ თანდათანობით მდიდრდება მათი ლექსიკური მარაგი, ვითარდება ზეპირმეტყველება, არგუმენტირებული მსჯელობა, ლოგიკური აზროვნება და გარკვეული ხნის შემდეგ მოსწავლეები ახერხებენ ამა თუ იმ ნივთის სრულყოფილად დახასიათებას.
როგორ შევაყვაროთ მოზარდებს კითხვა? 

„ჩემი წიგნის 5 წუთი” ერთ-ერთი აქტივობაა, რომელიც ამ სირთულის დაძლევაში მეხმარება. საკუთარი გემოვნებით შერჩეულ წიგნებს (საჭიროების შემთხვევაში შერჩევაში მასწავლებელი ეხმარება) მოსწავლეები და მასწავლებელი ყოველ გაკვეთილზე კითხულობენ 5 წუთის განმავლობაში. წიგნების მთლიანად წაკითხვის შემდეგ სასურველია მოეწყოს განხილვა, ჩანაწერების გაკეთება წიგნის ავტორის, პერსონაჟების და სხვა შენიშვნების გათვალისწინებით. ამ აქტივობის განხორციელების შედეგად წლის ბოლოს კლასის 60%-ზე მეტს 3-4 წიგნი აქვს წაკითხული. 

ბავშვებს ძალიან მოსწონთ „ლიტერატურულ კაფედ” გარდასახული სასკოლო ბიბლიოთეკა, სადაც ისინი მუსიკის ჰანგების ფონზე მსმენელს სთავაზობენ საყვარელი წიგნების ანოტაციას და შთაგონებით კითხულობენ ეპიზოდებს. სასურველია, სიურპრიზად შევთავაზოთ გემოვნებით გაწყობილი, ჩვენი ხელით დამზადებული, ფერადი ხელსახოცებით გაფორმებული ტკბილეული და ტრადიციული ჩაი. ამ კომპლექსური აქტივობის შედეგია წიგნისადმი ინტერესის გაღვივება და მოსწავლეებში ეთიკის ნორმების ფორმირება.

ეფექტური და შთამბეჭდავია საბავშვო ფილმებზე დასწრება, რომელსაც შესავალი საუბარი უძღვის, ფილმის ნახვის შემდეგ კი განხილვა მოჰყვება. ამ აქტივობას წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელის ბ-ნ პაატა პაპავას დახმარებით კინოთეატრ „ამირანის” მცირე დარბაზში ვახორციელებთ პერიოდულად. 

წიგნიერების განვითარებაში ინოვაციური მეთოდებისა და აქტივობების გამოყენება მრავალმხრივი პროცესია და მასწავლებლის მაღალ კომპეტენციებს მოითხოვს. ნებისმიერმა არასწორად შერჩეულმა აქტივობამ თუ არაპროფესიონალურად გამოყენებულმა მეთოდმა შეიძლება გამოუსწორებელი დაღი დაასვას მოსწავლეთა სრულფასოვან განვითარებას, ამიტომ უნდა გამოვიყენოთ კომპლექსური მეთოდები და საგანთაშორისი კავშირები, განვუვითაროთ მოსწავლეებს ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი. ეს უნდა იყოს უწყვეტი პროცესი, რათა მათ შეძლონ თვითრეალიზაცია, შესაძლებლობებისა და მოთხოვნილებების განსაზღვრა და საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება.

დასასრულ, მსურს, მადლობა გადავუხადო წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელს ბ-ნ პაატა პაპავას და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომელიც ახალი მეთოდების დაუფლების მიზნით სისტემატურად გამოსცემს მასწავლებელთათვის ხელმისაწვდომ დამხმარე მეთოდურ ლიტერატურას. ერთ-ერთი ასეთი წიგნი გახლავთ „კითხვის ეფექტური მეთოდები”. მისი დახმარებით ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია, სწორად და მიზანმიმართულად დანერგოს ინოვაციური აქტივობები.

ლელა მანგოშვილი, საერო სკოლა „ბინულის” ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (I-VI)

გამოყენებული ლიტერატურა:
. კითხვის ეფექტური მეთოდები -ნათია ნაცვლიშვილი; ზაქარია ქიტიაშვილი [თბ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი] 2013 წელი
. წიგნიერება – მასწავლებლის სახელმძღვანელო – პაატა პაპავა; თამარ ჭანტურია [თბ. შპს „მწიგნობარი”], 2012 წელი
. პედაგოგიკის საკითხები – მანანა ბოჭორიშვილი; თამარ მოსიაშვილი; [თბ. „უსტარი”] 2013 წელი
. ბავშვზე ორიენტირებული სკოლის გზამკვლევი – [თბ.სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი] 2012 წელი

უბნის შვიდი გიჟი

0

 ფიქრი ოხერია. აი სოფლის რა გითხრათ, ჯერაც მოსავლელი მაქვს, მაგრამ ფიქრს კი ნამდვილად უხდება სიტყვები: „სად წაიყვან სადაურსა”. უხდება და მერე როგორ, აქამდეც ფიქრმა მომიყვანა. მე და ჩემი მეგობარი, ჩემი თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი რეჟისორი, ამირან დოლიძე ვისხედით და უანგარო სიყვარულზე ვბჭობდით, უფრო სწორად კი ადამიანებზე, რომლებიც სხვა ადამიანებმა სოციალური სტატუსის გამო გადაიყვარეს და მოიბეზრეს. სიყვარულზე, როგორც უანგარო გამოხატულებაზე, ანდა პირიქით, მხოლოდ რაღაც-რუღაცების გამოისობით რომ არსებობს ხოლმე, ეგეთზე. ბოლოს სიხარულთან მივედით, იმ გულწრფელ სიხარულთან, რომლის უნარიც ყველანაირ ადამიანს აქვს, კამპანიის სულად და გულად წოდებულ ლაღ ახალგაზრდებსაც და საწოლს მიჯაჭვულ ავადმყოფ მოხუცებსაც. და სანამ სიხარულის უნარი აქვს ადამიანსო, ბოლოს ვთქვით, სანამ შეუძლია, რომ გარშემომყოფთა ერთი გამარჯობაც კი გაუხარდესო, განა მანამ არ უნდა გვიყვარდეს ისინი უანგაროდო? ეს ვრცელი თემაა, შეიძლება თვით ფიქრზე ვრცელიც კი, მე კი ამ ფიქრებს გავყევი, ერთმა ქარბორბალამ ამიტაცა და ჩემი მოგონებების ზურმუხტქალაქში ჩამაგდო, იქ სადაც სხვადასხვა დროს ნანახ და გაცნობილ ადამიანებს ერთად მოეყარათ თავი, ჰოდა ახლა სწორედ მათ შესახებ მინდა მოგიყვეთ, კერძოდ კი მათ გამორჩეულ ნაწილზე, რომელთაც რომ პოლიტკორექტურად თუ ვიტყვით, ალბათ, ფსიქიკური პრობლემების მქონენი უნდა ვუწოდოთ, უფრო სახალხოდ კი სხვადასხვა მეტსახელებითა და ერთი კრებითი სახელითა და სტატუსით, უბნის გიჟებად ვიცნობთ. კორექტულობისთვის მათ სახელებს შევცვლი, მაგრამ მეტი სიცხადისთვის მეტსახელებს იმავეს დავუტოვებ და რადგან სასტიკად ვერ ვიტან ორაზროვანი სიტყვებისა და ფრაზების ბრჭყალებში ჩასმას, ამ ტექსტში, თქვენის ნებართვით, აღნიშნულ შემთხვევებში, არც ბრჭყალებს გამოვიყენებ, დაე, თავად გადაწყვიტოთ, სად ვხუმრობ, სად სარკაზმს მივეცემი, სად ვმართლმეტყველებ და სად ვბრაზობ. აგერ თქვენ ჩემი მოგონებების შვიდი ამბავი, ოღონდ არა მაკდონაჰისეული ფსიქოპათების, არამედ უბრალო, უწყინარი, ხალხში კეთილმოხსენიებული უბნის გიჟების შესახებ.

1.გაუბერა ზაზა, ანდა ზაუბერა გაზა

 

ზაზა იმერეთის ერთ ლამაზ, სახელს რომ არ დავასახელებ, ისეთ სოფელში გავიცანი. გავიცანი რა, თვითონ გამიცნო. მე მაშინ 14-15 წლის ლაწირაკი ვიყავი, ის კიდე უკვე სახელმოხვეჭილი უბნის გიჟი იყო, ორი ჩემოდენა ჰქონდა ნაცხოვრები. დღემდე ვერ ვხვდები რაში იყო ზაზას სიგიჟის ამბავი, ასეთ უბნის გიჟებს ხომ, როგორც წესი, თავისივე გარემოცვა ანიჭებს ხოლმე აღნიშნულ სტატუსს და, ხშირ შემთხვევაში, არც მათი სამედიცინო გამოკვლევითა თუ მკურნალობის შესაძლებლობაზე ფიქრით იწუხებს ვინმე თავს. ზაზაც ასე იყო, ერთი შეხედვით ვერაფერს შეატყობდით ფსიქიკური პრობლემებისას, მაგრამ რაღაც მომენტებში გადაეკეტებოდა და ეცვლებოდა ხოლმე გუნება-განწყობილება. მართლაც რომ ამინდივით. ჰოდა, როგორც უკვე აღვნიშნე თვითონ გამიცნო, ფეხბურთის თამაშისას, მოვიდა და მეო გაზა ვარო, მითხრა. ხელის ჩამორთმევას ვაპირებდი და ის კიდე გადამეხვია. ასეთი იყო ზაზა-გაზა, იმდენ სიყვარულს გასცემდა, მაგდენის დატევა თუ შეეძლო ადამიანს, საერთოდ არ მეგონა. სოფლის ხალხიც სიყვარულითვე ექცეოდა, სიყვარულითვე ეღადავებოდა და სიყვარულითვე ემეგობრებოდა. ვიღაცებს უთქვამთ, ცოტა რომ წამოზრდილა, აგე გაუბერა ზაზა მოდისო, ჰოდა ამას კიდე დაუყოლებია პასუხად, გაუბერა ზაზა – ზაუბერა გაზაო. ასე შეერქვა მეტსახელიც, ხან ზაუბერა გაზა იყო, ხან გაუბერა ზაზა. ზაუბერა გაზა ფეხბურთს თამაშობდა, არცთუ ურიგოდ, ბირჟის ბიჭებთან იდგა, მათ ხუმრობაზე იცინოდა და მოულოდნელად ეხუტებოდა რომელიმე მათგანს, გაუბერა ზაზა კი მოულოდნელად მოწყდებოდა ადგილს, გაიქცეოდა, სადმე კუთხე-კუნჭულში შეიყუჟებოდა და დაბღვერილი იწყებდა ყურებას. და სანამ თვითონ არ გადაუვლიდა, მანამ აზრი არ ჰქონდა მასთან საუბარს. ასე ამბობდნენ იმ სოფლელები, ვინ იცის, იქნებ კიდეც ჰქონდა აზრი საუბარსაც და დამოკიდებულებასაც, მაგრამ აბა ვინ აიტკივებდა გაუბერა ზაზაზე თავს.
2.გიჟი კოლია
გიჟი კოლია ჩემს ძველ უბანში ცხოვრობდა. ზუსტად ვიცი, ყველაზე მეტად გოგოებთან ერთად სეირნობა უყვარდა, მათთან ფლირტი, გოგოებიც არ ეუბნებოდნენ უარს, მშვენიერი გასართობი იყო კოლია. ისიც ზუსტად ვიცი, რომ სახლში ყოფნას ვერ იტანდა საშინლად, გამუდმებით მამამისს აგინებდა და სახლიდან ყოველთვის გაღიზიანებული გამოდიოდა. ჩემთან ლაპარაკი უყვარდა კიდევ. დამიჯდებოდა ხოლმე და ჩემს პასუხს არც ელოდა, ისე მელაპარაკებოდა და მელაპარაკებოდა ყველაფერზე. აი წარმოიდგინეთ, მსოფლიო პოლიტიკიდან დაწყებული, უბნის კეთილმოწყობით დამთავრებული, ყველაფერზე თავისი აზრი ჰქონდა გიჟ კოლიას, ოღონდ რაღაც აბდა-უბდად, არეულად. ერთიდან მეორეზე გადახტებოდა, ამასობაში ის ერთი ავიწყდებოდა და ა.შ. ერთხელ დამიჯდა ასე და მითხრა, ცოლი უნდა მოვიყვანოო. ვაჰ, ყოჩაღ შენ, ვინმე გყავს უკვე შეთვალიერებული-მეთქი, ვკითხე. კიო, მაიაო, ეთერას გოგოო. რაღაც მეუცნაურა ეს პასუხი, დამძაბა, საქმე კი ის გახლავთ, რომ ეს ზემოხსენებული ეთერას მაიაც ასევე ფსიქიკური პრობლემების მქონე იყო.. გამიკვირდა, ერთი გაფიქრება ვიფიქრე, ალბათ გიჟს გიჟი მოსწონს-მეთქი. მაგრამ მაინც ჩავეკითხე კოლიას, რატომ მაია-მეთქი და იმანაც საკონტროლო ტყვია ესროლა ჩემს დაძაბულობას. აბა შენ რა გგონია, ამ გოგოებს კი ვეჭუკჭუკები, მარა მაგათგან ვინ გამომყვება ცოლადო, განა მე არ ვიცი, რომ სერიოზულად არ მიყურებენო, მაქსიმუმ მაიამ შემიყვაროსო. ვერაფერი ვუთხარი, ავდექი და გავეცალე, როგორც ხშირად გვჩვევია ჩვენ, დალაგებულებს.
3.კობა ვერტალიოტა
კობა ძიას კარგად არც ვიცნობდი, ისიც ჩემს ძველ უბანში ცხოვრობდა, მაგრამ ჩემი სახლისგან მოშორებით, დადიოდა ხოლმე ქუჩა-ქუჩა და ვერტმფრენის ხმას გამოსცემდა, ბრრრ ფრრრ ბრრრ ფრრრ, თან კმაყოფილი სახით იყურებოდა, აქაოდა ამხელა ავიატორი კაცი ვარო. უსიტყვო კაცი იყო, უმეგობრო, სხვა გიჟებისგან განსხვავებით. ჩემს მოგონებებში კი ადგილი ერთი უცნაური შემთხვევის წყალობით დაიმკვიდრა. ერთხელ, სკოლიდან სახლში მიმავალს შემეჩეხა შუა გზაში, მოდიოდა ტრადიციულად, ბრრრ ფრრრ ბრრრ ფრრრ, მე რომ დამინახა, გაჩერდა, მომიახლოვდა და მეუბნება – „შემოდგომას სულ პირველად რუსთაველზე გაიგებ”, მეუბნება და მიყურებს, თითქოს ჩემგანაც მოელის პასუხს, მეც არ დავაყოვნე და ჩემი პოეზიისადმი სიყვარული დავუმტკიცე: „ქარი ფოთლებს, ჭადრის ფოთლებს, გაშლის, ფეხქვეშ გაიგებს”-მეთქი, მივუგე. გაგიჟდა კობა, თვალები გაუფართოვდა. შენაო, მითხრა, ეგ ლექსი საიდან იციო, იცი ვისი დაწერილიაო? ნონეშვილის-მეთქი, მეც ვუპასუხე ამაყად. აუუ! აუუ! აუუ! თვალებგაფართოებული იდგა კობა, მერე ძლიერად ჩამავლო ხელები ყბებში, კარგი შიში კი ვჭამე, კიდევ ერთხელ ამოიგმინა აუო და რაღაც არნახული აჟიტირებით გააგრძელა ფრენა, ბრრრ, ფრრრ, ბრრრ, ფრრრ..
4.სამშაურა გიზო
ოო, გიზო დიდი კაცია, დიდზე დიდი. პრივილეგირებული გიჟია, გულისხმიერი და გულუხვი ადამიანები მას საკუთარ დაბადების დღეზეც კი პატიჟებდნენ, მეც ერთ-ერთ ასეთ დაბადების დღეზე გავიცანი, ჩემი მეგობრის სახლში. დრო იყო გიზოს ჭკუაც მოეკითხებოდა, შემდეგ რაღაც შეემთხვა, რაზეც არც თვითონ და არც მისი სამეზობლო არ ლაპარაკობს, შესაბამისად ვერც მე გავიგე, თუმცა იმას კი მივხვდი, რომ ამ შემთხვევის მერე გიზო პერსპექტიული ჭკვიანი ბიჭიდან, უბნის გიჟად იქცა. ცხოვრების უკუღმართობათა წყალობით სოციალური მდგომარეობაც გაუუარესდა და ფინანსურიც. მაგრამ წარსულის აჩრდილი კი დაჰყვებოდა გიზოს, სხვანაირი თავდაჭერა ჰქონდა, ბრძნული. ერთი ეგაა, რომ ამ ჩვევებსა და მიხვრა-მოხვრას მის მიერ ნათქვამი ფრაზები არ უბამდნენ მხარს. იმ ნახსენებ დაბადების დღეზეც ერთი კაი მოზრდილი ყანწი მიაწოდეს, აბა გიზო, სადღეგრძელო თქვიო. ისიც ადგა, წარბები შეჭმუხნა, მეტად ჩაფიქრებული კაცის სახე მიიღო და ლექსი დააგუგუნა: „გაუმარჯოს ქალებსაო, დაისხამს და დალევსაო, გაუმარჯოს გიზოსაო, დალია და გალექსაო”. ეს იყო, მოიყუდა ყანწი და სუფრაც ასხმარტალდა, ამხიარულდა. იმავ წამს გამოჩნდა, გიზოსადმი პატივისცემა რამდენად ეკიდა მის წარსულზე და რამდენად მის ამ სამხიარულო მარცვალზე. მერე გავიგე, დილაობით სამ შაურს სთხოვდა მეზობლებს, მერე შეაგროვებდა ორ-სამ ლარს და მთლიანად ზეთისხილში იხდიდა, ზეთისხილი ყვარებოდა სამშაურა გიზოს თურმე, თუმცა ის კი ვერ გავიგე, ეს სიყვარული იმ უბედურ შემთხვევამდე გაჩნდა, თუ მას მერე.
5.ცერბერა გივი და მამამისი, ლოთი ლერი
ეს ორნი ყველაზე ახალი პერსონაჟები არიან ჩემს მოგონებებში. ლოთი ლერი ერთი ძუნძგლიანი კაცია, სახლიდან იშვიათად გამოდის და როცა ეს ხდება, დადის მთელს უბანში და რაც კი რამე უცენზურო სიტყვა სმენია თქვენს პატიოსან ყურებს, ყველაფერს იძახის, თან ხმამაღლა. დადის და იგინება. დადის და მოულოდნელად გაჩერდება, გამვლელ-გამომვლელს ყურში ჩასძხებს მთელი ხმით შე ესეთო და შე ისეთოო და გაიქცევა. ბევრჯერაც უცემიათ ლოთი ლერი, მარა ის თავისას არ მოიშლის. მასზე მეტად ჩემი ამბის პერსონაჟად მინდა მისი შვილი ვაქციო, გივი, ცერბერა გივი. ნამდვილად არ ვიცი ვინ შეარქვა ეს სახელი, როგორც ჩანს, უბნის ბიჭებშიც გამოჩნდა ვიღაც მეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული ბერძნულ მითოლოგიაში და გივის ყველაზე ზუსტი მეტსახელი შეურჩია, ამ ამბის სიზუსტე კი გივის უბედურებაში მდგომარეობს. დღე-ღამის უმეტეს ნაწილს გივი სადარბაზოს შესასვლელში ატარებს, დგას ჩუმად, ხმას არ იღებს, არც ბირჟაზე უერთდება ბიჭებს და არც სახლში შედის, სიტყვას არ ამბობს, დგას ასე, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და თავდახრილი. წარმომიდგენია, რამდენი უცხო სტუმარი შეუშინებია ამ თავისი პირქუშობით, თუმცა მასზე საცოდავი ამ ამბავში არავინაა. სახლში შესვლა არ უნდა, ურჩევნია ასე იდგეს, ყინვასა და სიცივეში, ასე უფრო მშვიდად იქნება. უბანი რამდენიმე წუთსაც ვერ იტანს ლოთი ლერის გაავებას, რომ გამოეფინება ხოლმე და იგინება. აბა ცერბერამ რა ქნას, როგორ აიტანოს, დღედაღამ, დილაუთენია თუ შუაღამისას. ცერბერა გივისთან ერთადერთი ამბავი მაკავშირებს, სულ ახლახან გადახდენილი, ახალი წლის ღამეს, თორმეტს უკვე ორი საათი იყო გადაცდენილი სახლიდან რომ გამოვედი, შოკოლადებით დატვირთული. სადარბაზოში ცერბერა იდგა, პირველად გავიგე მისი ხმა. ახალი წელი მომილოცა და რაღაც უცნაურად, ცოტა არ იყოს და შიშისმომგვრელად გამიღიმა. შევჩერდი და შენც გილოცავ, მრავალს დაესწარი-მეთქი და მსგავსი შაბლონური სიტყვები მივაყარე. ეგო შოკოლადიაო? – მკითხა. კი-მეთქი და მივეცი. გამომართვა, დახედა და დამიბრუნა. ნუ მიბრუნებ-მეთქი, გავუღიმე და გავუწოდე შოკოლადები. ცერბერა ერთ ხანს შეყოვნდა, თითქოს რაღაც დიდი ბრძოლა გამართულიყო მის შინაგან სამყაროში, მერე თავი გააქნია, არა, ლერიმ რომ გაიგოს, გაბრაზდებაო. კიდევ ერთხელ ვცადე შოკოლადები მიმეცა, მაგრამ ზურგი შემაქცია და იქვე სადარბაზოს კუთხეში დაიკავა, ალბათ, მისთვის უფრო მშვიდი და უსაფრთხო ადგილი.
6.შეჩემისტრულაილა
კაი კაცი იყო შეჩემისტრულაილა. ზუსტად ასე ეძახდნენ, „შეჩემისტრულაილა”. უბანში რომ გამოჩენილა, არავინ იცნობდა თურმე. მისულა და პირდაპირ ბირჟაზე დამდგარა, ბიჭებთან. იმათ უკითხავთ ვინ ხარო, ამას არ უპასუხია. რამდენიმე კითხვის შემდეგ ბირჟის ლომებიც დანებდნენ და იფიქრეს გიჟიაო, თუმცა გვარიანად შეეპარათ ამ დასკვნაში ეჭვი, ვინაიდან შეჩემისტრულაილა კარგად დაბანილ-დავარცხნილი, ოცდათორმეტივე საღი კბილით და წვერგაპარსული წარმდგარა საუბნო სამსჯავროს წინაშე. ბოლოს ერთ-ერთს, გოგიას, ყელში ამოუვიდა და ვინ ხარ ბოლო-ბოლო, გვითხარი, შეჩემისტრულაილა, შენაო, უთქვამს. ჰოდა აი აქ გაუღია ხმა შეჩემისტრულაილას, აბა, აბაო, უთხრა გოგიას და გააგრძელა დუმილი. გვიანღა გაარკვიეს ამ კაცის ამბავი, დასავლეთიდან ჩამოსულა, სატვირთო მატარებელს ჩამოყოლია და ესე მოგლახავებულა უბანში, არავინ იცოდა საიდან იყო, რა ერქვა, სად დაიბადა, ეს ინფორმაციაც ძლივს გამოსტყუეს შეჩემისტრულაილას, ათასგვარი კითხვებისა და ალკოჰოლის დახმარებით. უბნის განაპირას ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში აშენებული, ერთი ოთახისმაგვარი სათავსო ჰქონდა ნაქირავები, როგორც გამქირავებლები ამბობდნენ, ის სათავსო მაინც უფუნქციოდ მდგარა იმ ეზოში, ახლა კი შეჩემისტრულაილა ცხოვრობდა და ეზოსაც უვლიდა, ამაში უქვითავდნენ ქირას. ყოველ დილით ყველაზე ადრე იღვიძებდა შეჩემისტრულაილა და ბირჟაზე მიდიოდა. იდგა იქ და ელოდა ბიჭებს, თან სულ ასე, სუფთად, გამოწკეპილი, წვერგაპარსული. ამ ამბებს შორის შეჩემისტრულაილას ამბავი ყველაზე უცნაურია – 8 თვე დაჰყო უბანში და შემდეგ, როგორ არსაიდანაც მოვიდა, ისე მოულოდნელადვე გაქრა. დილით ადრე აუკრავს გუდა-ნაბადი და წასულა, ვინ იცის სად, ვინ იცის, რატომ. იქნებ არც იყო გიჟი და მისი რაღაც უცნაური თამაშის ნაწილი იყო ეს ვოიაჟიც, ან იქნებ ახლა ახალი სავანე იპოვა, სადღაც სხვა ქალაქში, სხვა უბანში, დგას იქ ბირჟის ბიჭებთან და მხოლოდ ათასში ერთხელ თუ დაეთანხმება მათ ნათქვამს, აბა, აბაო.
7.ბუტრაგენიო
ცოტა კი გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ მეშვიდე და სამართალიო, ბუტრაგენიოს უთქვამს. თან ტყუილად არ მომიტოვებია ბოლოსთვის ეს საოცარი კაცი, ჯერ ერთი ის საყოველთაოდ ცნობილი და პირველი ბუტრაგენიოც შვიდი ნომერი იყო როცა სამეფო კლუბის ღირსებას იცავდა და გოლს გოლზე აჭედებდა მეტოქეების კარში. ჰოდა ამ ჩემს ბუტრაგენიოსაც 7 ნომერი ერგო შვიდ უბნის გიჟს შორის. ნამდვილ სახელს არ გეტყვით, ან რა აზრი აქვს, მგონი თავადაც აღარ ახსოვდა, მთელი უბანი ბუტრაგენიოს ეძახდა, რა გასაკვირია, მთელი თვის განმავლობაში ერთი მაისური ეცვა ხოლმე, რაღა თქმა უნდა, მადრიდის რეალისა და რასაკვირველია, ზურგზე გამოსახული ამაყი შვიდიანით, რომლის თავსაც გვირგვინივით ამშვენებდა წარწერა: ბუტრაგენიო. უბანსაც მეტი რა უნდა, უცებ აიტაცებს ხოლმე ამგვარ თავისებურებებს, ჰოდა ამ ჩვენს გმირსაც შეერქვა და შეერქვა, ყველა, ქალი, კაცი, პატარა ბავშვებიც კი, ყველა ბუტრაგენიოს ეძახდა. ისიც დადიოდა ამაყად, გაჯგიმული, თითქოს მართლაც ემილიო ბუტრაგენიო ჩამოსულიყო მთელი თავისი საფეხბურთო სამეფო დიდებულებით. ამ ჩემი შვიდი პერსონაჟიდან ბუტრაგენიო ყველაზე ჭკუამხიარული იყო, ყველაზე კარგი სათამაშო უბნელების ხელში. ამღერებდნენ, აცეკვებდნენ ქუჩურ ქეიფებზე, ლექსებს ათქმევინებდნენ, პურზე გზავნიდნენ, ეხუმრებოდნენ, დასცინოდნენ, აჩხუბებდნენ. ყველაფერზე თანახმა იყო ბუტრაგენიო, შეხედავდა თავისი უწყინარი თვალებით გამომწვევს და იმწამსვე ასრულებდა მის თხოვნასა თუ მოწოდებას. მე კი ყველაზე მძაფრად ის ამბავი ჩამრჩა გონებაში, ამბავი იმ დღისა, როცა ბუტრაგენიოს დედა გარდაეცვალა. საწყალი ქალი იყო. მთელ დღეს მუშაობაში ატარებდა, რომ ოჯახი ერჩინა. ოჯახიც რა, თვითონ და ბუტრაგენიო. ერთ დღესაც ვერ გაუძლო იმისმა გულმა, ადგა და გარდაიცვალა. ბუტრაგენიო გამოვიდა უბანში, მოვიდა ბიჭებთან და სიტყვა არ უთქვამს ისე დაიწყო ტირილი, ეკითხებოდნენ რა გჭირს, რა დაგემართაო, მაგრამ არაფერს პასუხობდა. ბოლოს მეზობლებმა სახლი შეამოწმეს და გარდაცვლილი დედამისიც იპოვეს. იმ დღის შემდეგ ბუტრაგენიოს ხმა აღარ ამოუღია, ყოველდღიურად მაინც გამოდიოდა ბირჟაზე, მაგრამ დანა პირს არ უხსნიდა, სიმღერასა და მოლხენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. იჯდა ასე მთელი დღე და მერე ბრუნდებოდა სახლში. დამუნჯდა. მე კი კიდევ დიდხანს მესმოდა ღამღამობით ბუტრაგენიოს სახლიდან ტირილის ხმა, იმის ფანჯრები ხომ ჩემი საძინებლის ფანჯრებს უყურებდნენ, ზუსტად ისევე უთქმელად და შიშის თვალით, როგორც ბუტრაგენიო გვიყურებდა იმ საშინელ დღეს.
გასრულდა ესე ამბავი. მართლაც, სად წამიყვანა სადაური ჩემმა დაუნდობელმა ფიქრმა, მაგრამ ერთი კია, ეს ადამიანები აჩრდილებივით არიან, ჩვენ შორის ცხოვრობენ, ჩვენს მოგონებებში მნიშვნელოვან ადგილსაც იკავებენ და მაინც ისინი არაფერს წარმოადგენენ, არაფრით ცვლიან ჩვენს ცხოვრებას. ჩვენი გულისხმიერება, მათდამი გაწვდილი მეგობრობის ხელი, თუ უბრალოდ კეთილმეზობლური დამოკიდებულებაც ხშირ შემთხვევაში რაღაც საერთო თამაშის ნაწილია და გულწრფელ თანაგრძნობასთან კავშირი არ აქვს. ახლა კი თუ თქვენ ისევ თვლით, რომ ეს ამბავი, მისი პერსონაჟებითურთ არც თუ ისე აქტუალურია, მოდით, თქვენ თქვენს უბნებში ჩაიხედეთ.

მურაბასავით ტკბილი…

0
არაფერი აღარ მინდა. არ არის საჭირო… კარგი, რაკი არ იშლით, დიდი ტორტი, რამდენიმე კოლოფი ორცხობილა, შოკოლადის მთა და კანფეტების დიდი პარკი ჩემს გუნებაზე მოსაყვანად საკმარისი იქნება…

მავანი იფიქრებს, ეს, მგონი, მკითხველს ებუტებაო. მე კი მსოფლიოში ყველაზე სიმპათი

ური, ზომიერად ფერხორციანი, ჯან-ღონით სავსე, ტანადი და მოწიფული მამაკაცის სიტყვების პერიფრაზირებას ვახდენ. არ იცნობთ ამ კაცს? კარლსონი ჰქვია, ზურგზე პროპელერი აქვს დამაგრებული, დაფრინავს და სახურავზე ცხოვრობს.

ოო, ბავშვობაში როგორ მინდოდა, ეს მფრინავი კაცუნა სახლში მყოლოდა. თუ სულ ჩემთან არ იქნებოდა, დროდადრო შემოეფრინა მაინც…

რა საოცარიც უნდა იყოს, ამ ჩვენს ტკბილიჭამია კარლსონს შაქრიანი დიაბეტი არამცთუ არ აწუხებდა, მისი ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა. თუ ჰკითხავდით, ბედნიერება რა არისო, დაუფიქრებლად გიპასუხებდათ: „შენ რა, გაგიჟდი? რას მეკითხები – რა თქმა უნდა, მურაბაო” და იქვე დაგარიგებდათ: „დაიმახსოვრე, არც ერთი საქმე გამოვა ტკბილეულის გარეშეო!”

ტკბილეული მეც მიყვარს, ოღონდ ამ სიყვარულს ვაკონტროლებ. კარლსონს მთლად არ დავეთანხმები – ბედნიერება მურაბაში არ არის, თუმცა ცოტათი ნამდვილად გვეხმარება, თავი ბედნიერად ვიგრძნოთ. ოღონდ არ დაივიწყოთ, რომ როდესაც სავარძელში, კომპიუტერთან, ფანჯარასთან, აივანზე ან სულაც ბაღში ზიხართ და ნება-ნება შეექცევით ტკბილეულს, წამმზომი ჩართულია და თქვენს ორგანიზმში მეტაბოლიზმის ეკონომიკა იწყება.
მეტაბოლიზმის ეკონომიკის ძირითადი პრინციპი კი ის არის, რომ საკვების მიღების შემდეგ ორგანიზმში შეიქმნება ენერგეტიკული მასალის მარაგი, ხოლო საკვების მიღებიდან მიღებამდე და შიმშილობის დროს ამ მარაგის ხარჯზე დაკმაყოფილდება უჯრედების ენერგეტიკული მოთხოვნილება.

პრინციპის განხორციელებაში მონაწილეობენ: საკვები ნივთიერებებიდან – ნახშირწყლები (კერძოდ, გლუკოზა) და ცხიმები (ტრიაცილგლიცეროლების შემადგენლობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავები), ორგანოებიდან – ღვიძლი და ცხიმოვანი ქსოვილი.

საკვების მიღების შემდეგ ნაწლავებში შეწოვილი გლუკოზა კარის ვენის საშუალებით ღვიძლში მოხვდება. ეს პირველი ორგანოა, სადაც საკვებით მიღებული გლუკოზა გარდაქმნას იწყებს. გლუკოზა იჟანგება პირუვატამდე (პიროყურძნის მჟავა პროტონირებულ მდგომარეობაში), მისი ნაწილი ან კრებსის ციკლში ჩაერთვება (აცეტილ-CoA-სახით), ან ცხიმოვანმჟავების სინთეზისთვის გამოიყენება, დანარჩენი კი (პირუვატის) გლიცეროლის სინთეზისთვისაა განკუთვნილი. ცხიმოვანმჟავებისა და გლიცეროლისგან ტრიაცილგლიცეროლების (ნეიტრალური ცხიმების) ბიოსინთეზი ხორციელდება. 

ცხიმოვან ქსოვილში გლუკოზის გლიკოლიზური გზით გარდაქმნის შედეგად მიიღება დიჰიდროქსიაცეტონფოსფატი, მისი აღდგენით კი გლიცეროლ-3-ფოსფატი, რომელიც ტრიაცილგლიცეროლების სინთეზისა და ცხიმების დეპონირებისთვის გამოიყენება. 

მოკლედ, მიღებული გლუკოზა ცხიმად გარდაიქმნება (თუ ენერგიას არ დავხარჯავთ). თუმცა ტკბილეული მაინც გვიყვარს. ამიტომ, მოდი, რამდენიმე მათგანს, ორგანიზმისთვის შედარებით უსაფრთხოს, ჩამოვთვლი. 

პირველი შავი მწარე შოკოლადია. მასში ნაკლები კალორია და შაქარია. სამაგიეროდ, სავსეა ანტიოქსიდანტებით. ფლავონიდები (ეს უკანასკნელნი კაპილარებზე ზრუნავენ და დამამშვიდებელი ეფექტიც აქვთ), კალციუმი, ცილა, რკინა, მაგნიუმი და რამდენიმე ჰიდროვიტამინიც აქ არის.

მეორე ზეფირი გახლავთ. კალორიები აქვს, ოღონდ ამქვეყნად ყველაფერი შედარებითია და ისიც სხვებზე ნაკლებს შეიცავს. მდიდარია რკინით, ფოსფორითა და ცილით. 

მესამე ადგილზე მარმელადია. სიაში იმიტომ მოხვდა, რომ კალორია ცოტა აქვს და პექტინსაც შეიცავს. სწორედ ეს ნივთიერება ანიჭებს ჟელესმაგვარ კონსისტენციას. პექტინი სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს, გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აწესრიგებს. პექტინი მჟავე ჯიშის ვაშლშიც შედის.

სანამ ჩამონათვალს გავაგრძელებ, იმასაც დავწერ, რომ მარმელადის არა მხოლოდ ჭამა, სასწავლო-სამეცნიერო მიზნით გამოყენებაც შეგვიძლია. კოლბაში მოვათავსოთ 30-40 გრამი კალიუმის ქლორატი, იგივე ბერთოლეს მარილი KClO3. ეს მარილი ძლიერი დამჟანგავია. კოლბა გავაცხელოთ და მარილი გავალღოთ, შემდეგ დავამატოთ მარმელადის ნაჭრები და დავაკვირდეთ ცდის მსვლელობას. კოლბაში ნამდვილი ვულკანი აბობოქრდება. კალიუმის ქლორატი ჟანგავს მარმელადში არსებულ შაქარს და ჟელატინს. წარმოიქმნება კალიუმის ქლორიდი, ნახშირორჟანგი და წყალი. 

მოსწავლეებს მივმართავ: ქიმიის მასწავლებლის გარეშე ეს ცდა არ ჩაატაროთ!
 

გავაგრძელოთ… შემდეგი, მეოთხე ადგილი თაფლს ეკუთვნის. ფრუქტოზას შეიცავს, თუმცა ტკბილია. თაფლზე დაწვრილებით ჩემს სტატიაში „წყლის რიგში გაცნობილი ფუტკრები” წაიკითხეთ. აქ მხოლოდ იმას დავწერ, რომ 100 გრამი თაფლი მაგნიუმის, მანგანუმის, რკინის ერთი დღის ნორმას შეიცავს. 

„იძახე „ჰალვა, ჰალვა”, – პირი მაინც არ დაგიტკბება, სანამ არ შეჭამო”, – ასე ერთი აღმოსავლური ანდაზა გვმოძღვრავს და მე მას სავსებით ვეთანხმები. გემრიელიც არის და A და E ვიტამინებსაც შეიცავს. აქვე ერთი-ორი ისეთი ჰიდროვიტამინიც არის, რომლებიც კანის მდგომარეობაზე კარგად მოქმედებს და სისხლძარღვებსაც ამაგრებს, ამიტომ, ნატურალურ ჰალვას კოსმეტიკური მიზნებისთვისაც იყენებენ. 

მოკლედ, ჰალვა მეხუთე ადგილზეა, ოღონდ დიდი რაოდენობით მაინც ნუ მიირთმევთ, რადგან უმოძრაო ცხოვრების პირობებში… აღარ დავწერ, რასაც იზამს.

მეექვსე ადგილზე ცუკატი (ჩირი) იწონებს თავს. უამრავ ვიტამინს შეიცავს, მაგალითად, ბეტა-კაროტინს (ეს რეტინოლის პროვიტამინია), ტოკოფეროლსა და ასკორბინის მჟავას. მეხსიერებას აუმჯობესებს, დაღლილობასა და სტრესს ხსნის, თანაც ნამდვილად დაბალკალორიული პროდუქტია.

მომდევნო, მეშვიდე ადგილზე კარლსონის უსაყვარლესი მურაბაა. ოღონდ აქ საუბარია ე.წ. ხუთწუთიან მურაბებსა და ცივად გახეხილ ჯემზე. ყველაზე სასარგებლო ჟოლოს, კომშის, შვინდის, ლეღვის და კაკლის მურაბებია.

მერვე ადგილზე ე.წ. „ყავისფერი” შაქარი გახლავთ. ესეც იმ შემთხვევაში, თუ შაქარზე უარს ვერ ამბობთ, თორემ, მე რომ მკითხოთ, შაქარი საერთოდ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან. „ყავისფერს” რაც შეეხება, ნაკლებად არის დამუშავებული და თუ მაინც არ დაგიშლიათ, ისევ ეს მიირთვით. მით უმეტეს, რომ შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს და კალიუმს.

დაბოლოს, მეცხრე ადგილზე ხილია. სინამდვილეში პირველ ადგილზე უნდა იყოს, რადგან ნაკლებკალორიულია და ვიტამინებისა და მინერალების მთელი თაიგულით არის შემკული, მაგრამ კარლსონისეული ეტიკეტი დავიცავი და ჩამონათვალი ნამდვილი ტკბილეულით დავიწყე.

კარლსონი არც ზედმეტ კილოგრამებზე წუხდა და, თუ გახსოვთ, მიწას ფეხსაც არ აკარებდა, ფრენა-ფრენით დაკუნტრუშობდა ჰაერში. ფრენა ჩვენც გვიწევს, ოღონდ პროპელერით კი არა, თვითმფრინავით. იცით, რა ადგილებია თვითმფრინავის სალონში ყველაზე საშიში?

სავარძელი, რომელზეც ნაჭერია გადაჭიმული, სავსებით შესაძლებელია, სტაფილოკოკს შეიცავდეს. საერთოდ, ეს ბაქტერია ჩვენს კანზე კარგად გრძნობს თავს, სავარძლის ნაჭერზე კი შეიძლება 48 საათიც მშვენიერ ფორმაში იყოს. ამიტომ თუ ამ სავარძელზე შევლებულ ხელს პირში ჩავიდებთ, არ გამოვრიცხოთ, რომ პირის ღრუში სტაფილოკოკსაც შევიტანთ. მეორე, რაც შეიძლება შეგვხვდეს, ნაწლავის ჩხირია, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს სავარძლის სახელურზე, ილუმინატორის ზემოთ დამაგრებულ ჩამოსაწევ დაფაზე, გადმოსაშლელ მაგიდაზე…

შემდეგი საშიში ადგილი სავენტილაციო მოწყობილობაა, სადაც გრიპის ვირუსი შეიძლება 72 საათს საღ-სალამათი დარჩეს და სწორედ ჩვენ გველოდებოდეს, ამიტომ ჯობს, განიავებისგან თავი შევიკავოთ.

მოკლედ, ახლა თქვენ იტყვით, ნუ იფრენ, ბატონო, სახლში იჯექიო. მე კი გიპასუხებთ, რომ ფრენას ვაპირებ და თქვენც იმავეს გისურვებთ. უბრალოდ, ანტიბაქტერიული გელი ან საფენები გვქონდეს მუდამ და ხელებისა და ჩამოთვლილი ადგილების გაწმენდა არ დავიზაროთ. ავიაკომპანიების შესაბამისი სამსახურები მათ დეზინფექციაზე ზრუნავენ, მაგრამ, ხომ გაგიგონიათ, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.

რა ბრძანეთ? აჰ, სტატიის სათაურზე მკითხეთ – რა არის მურაბასავით ტკბილიო? რა ვიცი, კარლსონისთვის მთელი ცხოვრება ასეთი იყო. ჩვენთვის რა არის, თითოეულმა თავად გადაწყვიტოს…

აზრისა და მნიშვნელობის ურთიერთმიმართება რიტორიკულ ტექსტებში

0
“… უსულო საგნები, რომლებიც ხმას გამოსცემენ – სტვირი ან ებანი, თუ ხმებში არ იძლევიან განსხვავებებს, როგორც შეიცნობა, რას უკრავენ სტვირზე ან ებანზე. საყვირიც თუ გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საბრძოლველად?  ასევე თქვენც, თუ ენით გაურკვეველ სიტყვას წარმოთქვამთ, როგორ გაიგება ნალაპარაკევი? ჰაერში ილაპარაკებთ.  მაგალითად, რამდენი განსხვავებული სიტყვაა წუთისოფელში და მათგან არც ერთი არ არის უმნიშვნელო.  ამიტომ, თუ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი, უცხო ვიქნები მოლაპარაკისათვის, ხოლო მოლაპარაკე – უცხო ჩემთვის…”
კორინთელთა, 14. 7-11
ყოველგვარი მეტყველებისთვის და, განსაკუთრებით, მჭევრმეტყველების ტექსტებისთვის, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, სწორად თუ არასწორად არის წაკითხული თუ გაგებული სიტყვა, წინადადება, ფრაზა, გამონათქვამი… ამისთვის კი საჭიროა მთელი ტექსტის კარგად შესწავლა. პოლანი წერს: სიტყვა აზრს იძენს მხოლოდ ფრაზაში, ფრაზის აზრი გასაგები ხდება აბზაცის კონტექსტის მიხედვით, აბზაცისა – წიგნის კონტექსტში, ხოლო წიგნის აზრისა – ავტორის შემოქმედების კონტექსტში. დედამიწის აზრი, – დასძენს პოლანი, – მზის სისტემაა, მზის სისტემისა – ირმის ნახტომი, ირმის ნახტომის აზრი კი… ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არასდროს არ ვიცით რაიმეს სრული აზრი და, შესაბამისად, არც სიტყვისა. სიტყვა არის ახალ-ახალი პრობლემების ამოუწურავი წყარო. სიტყვის აზრი არასდროს არ არის სრული.

მეტყველებას აქვს მიზანი, სხვაგვარად ტექსტი გაუგებარი იქნებოდა. რიტორიკული ტექსტების მიზანი მკაფიოდ ჩამოყალიბებულია. ენა, რომელსაც სუბიექტი უსახავს მიზანს და აძლევს ამოცანას, აკეთებს ყველაფერს, რათა შესაბამისი ფორმით და მეტყველების კონტექსტის გათვალისწინებით, სათქმელი მიიტანოს ადრესატამდე.

თუ სიტყვის შინაარსის საკუთრივ ლინგვისტიკური ინტერპრეტაციის საფუძველია მნიშვნელობა, პრაგმატიკული მნიშვნელობის საფუძველი – აზრია. აქედან გამომდინარეობს ცნობილი მეტამორფოზა, რომ „სიტყვა წინადადებაში წყვეტს სიტყვად ყოფნას”.

რიტორიკულ ტექსტთა გაგება არ შემოიფარგლება მხოლოდ ზედაპირული შინაარსის      გაგებით, აუცილებელია იმ სიღრმეების წვდომა, იმ მიზნისა და მოტივების ამოცნობა, რისთვისაც დანიშნულია ესა თუ ის მეტყველება. საკითხი შეიძლება ამგვარად დავსვათ: მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რა და როგორ ითქვა, არამედ ის, რისთვის და რატომ ითქვა. ვიგოდსკი აზრისა და სიტყვებით გამოთქმული მნიშვნელობის ურთიერთმიმართებას ასე გამოთქვამს მეტაფორულად: „აზრი შეიძლება შევადაროთ მაღალ ღრუბელს, რომელიც იღვრება სიტყვების წვიმით”.

რიტორიკული (და არა მხოლოდ რიტორიკული) მეტყველება შეიძლება განვიხილოთ როგორც ტექსტისა და ქვეტექსტის, მნიშვნელობისა და აზრის, გარეგანი და შინაგანი მეტყველების ურთიერთკავშირი და მთლიანობა. გარეგანი მეტყველება იგივე ღია ტექსტია, რომელსაც წარმოთქვამს ორატორი, აზრი – შინაგანია, დაფარული, რომელიც მეტყველებაში უნდა „გამჟღავნდეს” არაპირდაპირ. „ორატორი ხშირად რამდენიმე წუთის განმავლობაში ავითარებს ერთსა და იმავე აზრს… სწორედ იმიტომ, რომ აზრი არ ემთხვევა არათუ სიტყვებს, არამედ არც მათ მნიშვნელობებს, რომლებითაც ის გამოითქმის. გზა აზრიდან სიტყვისკენ მნიშვნელობაზე გადის. ჩვენს მეტყველებაში ყოველთვის არის დაფარული ქვეტექსტი.

ამ წინააღმდეგობის დასაძლევად იქმნება ახალი გზა აზრიდან სიტყვისკენ სიტყვათა ახალი მნიშვნელობის გავლით” (ვიგოდსკი).

ორატორი მეტყველებისას მიმართავს სხვადასხვა ენობრივ და არაენობრივ საშუალებას, რითაც მსმენელს მიანიშნებს მთავარ სათქმელზე, შინაგან აზრზე. ზეპირი მეტყველებისას ამას იგი ახერხებს ინტონაციით, პაუზით, ჟესტ-მიმიკით, რომელთა მეშვეობით ორატორი მსმენელის ყურადღების კონცენტრაციას ახდენს მთავარზე. ამასვე აკეთებს მსახიობიც, რომლის მთავარი ამოცანაა მაყურებლამდე იდეის, აზრის მიტანა ტექსტის (გარეგანი მეტყველების) საშუალებით.  

ყოველგვარი ტექსტი არ ხასიათდება, რა თქმა უნდა, ორპლანიანობით, მაგრამ რიტორიკული დისკურსისათვის ტექსტის ორპლანიანობა მარკირებული ენობრივი მოვლენაა. მაგალითად, ქადაგებათა მიზანი ღმერთის სიტყვის აზრის მიტანაა ადამიანთა ცნობიერებამდე….

როგორც ენისა და ცნობიერების პრობლემის მკვლევარი, ფსიქოლოგი ლურია მიუთითებს: „არსებობს გამონათქვამის ისეთი სპეციალური ფორმები, სადაც ქვეტექსტი, ანუ შინაგანი აზრი, აუცილებლად არსებობს. ასეთებს მიეკუთვნება გამონათქვამები, რომლებსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვთ”. ანუ, დავძენთ, რომ ეს იგივეა, რაც მეტაფორული (ფართო გაგებით) აზროვნება შესაბამისი ფორმებით გამოხატული მეტყველებაში.
ამ მხრივ საინტერესოდ გვეჩვენება უნივერსალური სიმბოლიზმის შუასაუკუნეების თეორია. შუასაუკუნეების ეგზეგეტიკა შეეცადა არაპირდაპირი აზრის გამოხატვის ყველა ფორმა წარმოედგინა სიმბოლოს თეორიის ჩარჩოებში. განარჩევდნენ სიმბოლიზაციის ორ დონეს:  

1)სიტყვათა დონე  (ლექსიკური სიმბოლიზმი)
2)რეფერენტთა დონე (ისტორიის, მოვლენების და პერსონაჟების სიმბოლიზაცია).
ჩვეულებრივ, ეგზეგეტიკაში გამოყოფდნენ სამ ძირითად მიმართულებას: სემიოტიკური, რიტორიკული და ჰერმენევტიკული. ნეტარი ავგუსტინეს ნიშნის თეორია შემდეგში მდგომარეობდა: სამყარო იყოფა საგნებად (res) და ნიშნებად  (signum). ნიშანი განისაზღვრება, როგორც საგანი, რომელსაც, გარდა იმისა, რომ თავისთავად აქვს აზრი, ავლენს კიდევ რაღაცას, რადაც ის არ გვევლინება. ცვეტან ტოდოროვი შენიშნავს, რომ ავგუსტინე საუბრობს საგნებზე და ნიშნებზე, მაგრამ არ განიხილავს საგნებს, როგორც მეორის რეფერენტებს.

შუასაუკუნეების სიმბოლიზმის კოსმოლოგიური უნივერსალიზმი დაკავშირებულია უკანასკნელი აღსანიშნის გაგებასთან. ნეტარ ავგუსტინესთან რეალურად ყოველ საგანს შეუძლია აღნიშნოს მეორე საგანი, ანუ გამოვიდეს აღმნიშვნელის როლში… ამ პერსპექტივაში ერთადერთი საგანი, რომელიც არ შეიძლება აღსანიშნის როლში გამოვიდეს, არის ღმერთი. გარკვეული აზრით, აქ გათანაბრებულია რეფერენტის სემიოტიკური გაგება და პირველმიზეზის მეტაფიზიკური გაგება.

სიგნიფიკაციური დამოკიდებულების საბოლოო პოლუსებია: ღმერთი – სიტყვა – წმინდა აღსანიშნი და წმინდა აღმნიშვნელი, სადაც მატერიალურობა ფიქსირებულია სიტყვის პოლუსზე, ხოლო სპირიტუალობა – რეფერენტის პოლუსზე.
ავგუსტიანესეული ნიშნის კონცეფცია საფუძვლად დაედო შუასაუკუნეების რიტორიკას. რიტორიკაში წინა პლანზე გამოვიდა ალეგორია, რომლის გაგება განსხვავდებოდა ანტიკური გაგებისაგან.

ტროპების განსხვავებულ კლასიფიკაციას გვთავაზობს სხვადასხვა სკოლა და მიმართულება. საინტერესოა ცვეტან ტოდოროვის სქემა.

ჩვენს შემთხვევაში ტროპებს და ფიგურებს რიტორიკულ ტექსტებში განვიხილავთ, როგორც გარეგან მეტყველებაში ტექსტის შინაგანი აზრის, იდეის გამოვლენის აშკარა ფაქტებს. 

მთავარი აზრი, იდეა ყოველთვის შენიღბულია ღია ტექსტით, ტროპებისა და ფიგურების მეშვეობით კი დაფარული აზრი ტექსტში შენიღბულად „იჭრება”, რადგან მეტაფორა უკვე თავისთავად შენიღბული აზრია. მეტაფორის (ან სხვა რომელიმე ტროპის ან ფიგურის) ახსნით კი საშუალება გვეძლევა მივაკვლიოთ მთავარ აზრს – ქვეტექსტს.

მეტაფორულად ეს აზრი შეიძლება ასე წარმოვადგინოთ: ზღვა (ოკეანე), რომელიც თავის თავში აერთიანებს ზედაპირს და სიღრმეს. ზედაპირი ღია ტექსტია, ხოლო სიღრმე -აზრი (იდეა). როგორ შეიძლება სიღრმის გამოკვლევა? სიღრმეში ჩასვლით ან ზედაპირზე ამოტივტივებული რაიმე ნიშნის ახსნით. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ზღვის ზედაპირზე ამოტივტივებული საგანი (ნიშანი) ეს ღია ტექსტში ქვეტექსტიდან (სიღრმიდან) შემოჭრილი ტროპებია, რომელთა ახსნით და ანალიზით ვშიფრავთ სიღრმეს – აზრს, იდეას. სიღრმის გამოკვლევა სიღრმეში ჩასვლითაც შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში ენა „წყვეტს” არსებობას იდუმალში გადასვლის გამო.

ამავე პრინციპზეა აგებული სიმბოლოს ფსიქოანალიტიკური კონცეფცია. ფსიქოანალიზი მიზნად ისახავს ინდივიდუალური ფსიქიკური პროცესების ინტერპრეტაციას, რომლებიც არაცნობიერადაა დაკავშირებული სიმბოლიზაციის პროცესებთან. ფაქტობრივად, ფსიქოანალიტიკოსების ყურადღების ცენტრშია აღმნიშვნელისა და აღსანიშნის დამოკიდებულების პრობლემა. სიმბოლოს გაგება (აქ ნიშანი რეფერენტის გარეშე) უკავშირდება ფსქოანალიზისათვის ფუნდამენტურ „გამოდევნის” კონცეპტს.  

ჩვენთვის ფსქიოანალიზში საინტერესოა ის მოვლენა, რომელსაც ჰქვია გამოვლენილი და ლატენტური (ფარული) შინაარსი. ე.ი. ის, რაზედაც დუმს სუბიექტი და ის, რაზედაც საუბრობს ტრანსფორმირებულ ცენზურულ ფორმაში (შდრ. ღია ტექსტი – გამოვლენილი ტექსტი, ქვეტექსტი – ლატენტური ტექსტი). ანალიზის შედეგად ჩვენ ვიღებთ ორ ტექსტს სხვადასხვა ენაზე. გამოვლენილ შინაარსში თავს იჩენს დაფარული აზრის სიმბოლოები, რომელთა გაშიფვრის შედეგად ანალიტიკოსი ახდენს ღია ტექსტის (გამოვლენილი შინაარსი) ინტერპრეტაციასა და ავლენს ქვეტექსტს – დაფარულ აზრს.

როგორც ვხედავთ, პრინციპი მეტყველებაში შინაგანი აზრისა და გარეგანი შინაარსისა ანალოგიურია ფსიქოანალიზში გამოვლენილი და ლატენტური შინაარსებისა. ფსიქოანალიზში გამოვლენილ შინაარსში „შემოჭრილი” სიმბოლოების ახსნით ინტერპრეტირდება ტექსტი და ვლინდება დაფარული, ხოლო ჩვენი კვლევის შემთხვევაში, ღია ტექსტში შემოჭრილი ტროპები და ფიგურები გვევლინებიან მეტყველების შინაგანი, დაფარული აზრის ახსნის საშუალებებად.

ჩვენი დაკვირვებით, რაც უფრო ღრმა შინაგანი აზრი აქვს ტექსტს, მით უფრო მეტად მხატვრულია.
მხატვრული და რიტორიკული ტექსტები ორპლანიანია. გზა ტექსტის მთავარი აზრისკენ მნიშვნელობაზე გადის… მაგრამ მნიშვნელობას არ უდრის… მნიშვნელობები – მინიშნებებია იდეისკენ…

თქვენთვის წერილია (ნაწილი II)

0
საახალწლო არდადეგებზე შობის დღესასწაული თბილ, მყუდრო ოჯახურ გარემოში ყოველთვის სასიკეთო მოლოდინის ახდენის იმედს გვისახავს. ვერ გეტყვით, შესწევს თუ არა მუსიკას ოცნებების ახდენის  სასწაულებრივი ძალა, მაგრამ მას რომ ყველაზე დიდი ბედნიერების განცდის მოგვრა შეუძლია, ეს დანამდვილებით ვიცით მეც და სტენდალმაც.

ჩემ მიერ შემოთავაზებული მუსიკალური სანახაობა „მასწავლებელი ჯი”-ს სამკითხველო ორბიტიდან ამჯერადაც შენთვის გადის, მკითხველო.

უფროსებისთვის ამ „საახალწლო ზღაპარში” წარმოდგენილია მხიარული და ნაკლებად მხიარული თავშესაქცევი ამბები, ისევე როგორც ჩვენს ყოველდღიურობაში. და ეს სულაც არ არის ურიგო. სხვაგვარად კარგის ცუდისგან, სიხარულის მწუხარებისგან, სინამდვილის ოცნებისგან გარჩევა გაგვიჭირდებოდა და შეიქმნებოდა ერთი დიდი დაბნეულობა. მაგრამ რა დროს ამაზე ლაპარაკია, როცა წინ ოთხი მომხიბლავი ქალბატონის მშვენიერი შოუ გელოდებათ:
ამ გერმანულმა ქალთა კვარტეტმა ექსცენტრიკული „თამაშით” – შეშლილი ვნებით, გიჟური გამოხდომებითა და, იმავდროულად, გასაოცარი მოქნილობით მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა. 

ახალგაზრდობა, ტემპერამენტი, ვირტუოზულობა გოგონებისთვის ის ერთგვარი ტრამპლინი აღმოჩნდა, საიდანაც შესაძლებელი გახდა ჩანაფიქრის განხორციელება: შექმნილიყო ქალთა კვარტეტი, რომლის რეპერტუარში აჟღერდებოდა კლასიკური ნაწარმოებები, შანსონი, ხალხური მელოდიები… ამასთან ერთად, გამოსვლები უნდა ყოფილიყო არტისტული და გრაციოზული. ამ პროექტის განხორციელებით გოგონებმა მართლაც შექმნეს ნამდვილი მუსიკალური თეატრი. 

ენერგიული ახალგაზრდა ქალების ოთხეული (2 ვიოლინო, ფორტეპიანო, ჩელო) მსმენელს ამოგზაურებს გერმანული კლასიკიდან არგენტინულ ტანგომდე, ხალხური სიმღერებიდან კინომუსიკამდე. ისინი ასრულებენ ა. ვივალდის, ი. ბრამსს, რ. შუმანს, ა. პიაცოლას, შანსონის კლასიკოსებს, ფოლკისა და როკის სტანდარტების ორიგინალურ ვარიაციებს. მღერიან გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. როგორც თვითონ აღნიშნავენ, მათთვის კარგი შოუ უწინარესად იმპროვიზაციაა.

გოგონები ფორტეპიანოზე 8 ხელში უკრავენ, ვიოლინოზე – 4 ხელში. საინტერესო ის არის, რომ ნაწარმოებებს არაბუნებრივ პოზებში ასრულებენ, ხშირად – კომიკურშიც კი. ამ დროს ისინი თითქოს ვირტუოზულობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. თანაც დაკვრა ერთმანეთის საკრავებზე მათთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს. სცენაზე ისინი თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში.

 
მათი ჩაცმულობის სახასიათო შტრიხებია შავი კაბები და მაღალი ქუსლები. მათ ხელებში ხემიანი საკრავები და ფორტეპიანო თითქოს ერთმანეთთან გადალაპარაკებით ირთობენ თავს. კვარტეტი ქარაგმულად მიგვანიშნებს, რომ მუსიკოსები ყოველთვის არ არიან სერიოზულები და რომ კლასიკურ მუსიკაშიც მოიძებნება ადგილი ხუმრობისთვის.
* * *
ბოლო დროს მაყურებლის მისაზიდად კლასიკურმა მუსიკამ იუმორი და ღიმილი შეიძინა. საუკეთესო მუსიკოსებს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, აკრობატული ნომრების ათვისებაც კი მოუწიათ ნამდვილი შოუს შესაქმნელად.

მსოფლიოს ქვეყნების მუსიკოსები კარგა ხანია მსჯელობენ იმის შესახებ, რომ დღეს სერიოზული მუსიკით დასაინტერესებლად აუცილებელია საკონცერტო დარბაზებში მსმენელის სხვადასხვა მეთოდით შემოტყუება. 
კლასიკური მუსიკისა და სხვა თანამედროვე მუსიკალური მიმართულებების შერწყმა ერთ-ერთი ის სატყუარაა, რომლითაც მაყურებლის ინტერესის გაღვიძება და მისი მოზიდვა ხერხდება, ამიტომ ყველანაირი ჟანრული ექსპერიმენტი გამართლებულია. გასართობი ელემენტებით გაჯერებული კონცერტები, უპირველესად, ახალგაზრდა თაობას სჭირდება, ვინაიდან ძალდაუტანებლად უღვიძებს მას სერიოზული მუსიკის მოსმენის სურვილს.

მე ახლა შემოგთავაზებთ რიჰარდ ვაგნერის მონუმენტური ოპერის „ნიბელუნგების ბეჭდის” თრეილერს, სადაც სპექტაკლისთვის ულტრათანამედროვე სპეცეფექტებია გამოყენებული. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ მსმენელთა გარკვეული ნაწილი დადგმას შეაფასებს როგორც სანახაობრივ შოუს და არა ჭეშმარიტ ხელოვნებას, ზოგიერთი კი წარმოდგენას კონგენიალურად ჩათვლის.

იმისთვის, რომ სერიოზული მუსიკა, განსაკუთრებით – ოპერა, გადარჩეს, საჭირო ხდება მაყურებლისთვის წარმოდგენის ახლებური ფორმით მიწოდება. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, თვალის ჩაკვრით გაგიმხელთ, რომ ეს სპექტაკლი ძალიან მომწონს.

მომავალში, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ამგვარი დიდბიუჯეტიანი სპექტაკლების დადგმა უფრო და უფრო გაძნელდება. ფინანსური კრიზისი ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად საოპერო თეატრებსაც მძიმედ დააწვა, რაც კარგად ჩანს ოპერის სამშობლოს მაგალითზე: დღეს რომის საოპერო თეატრი იძულებულია, შეცვალოს მუშაობის არსებული პრინციპი. მაყურებლის თანდათანობითი შემცირების გამო მას მილიონობით ევრო დაედო ვალად. ამიტომ ფინანსების ნაკლებობის პირობებში საოპერო თეატრები მოწვეულ არტისტებთან უფრო ხშირად იმუშავებენ, ვიდრე შტატში მყოფებთან. მხოლოდ არტისტების მოწვევის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი მილიონების დაზოგვა და თეატრის გადარჩენაც.

არანაკლებ ფინანსურ პრობლემას შეეჯახა ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაც”. მას საშტატო ერთეულიც შეუმცირდა და მომღერლების, ორკესტრანტების, გუნდის, სცენის მომსახურე პერსონალისა და სხვათა ჰონორარებიც.

ამ მიმართულებით გამონაკლისს, სამწუხაროდ, არც საქართველოს საოპერო თეატრები წარმოადგენენ. თუმცა ახლა ამ საკითხში ჩაღრმავებით საახალწლო განწყობას აღარ დავამძიმებ და, თქვენი ნებართვით, ისევ მხიარულ ტალღაზე გადაგრთავთ. 

 
უნდა გამოვტყდე, რომ ძალიან მიყვარს კომპოზიტორ რიმსკი-კორსაკოვის „ფრენა”, ამიტომ ამ საახალწლოდ მისი ოპერიდან „ზღაპარი მეფე სალთანზე” შექმნილი საორკესტრო ინტერმედია „კელას გაფრენა” შევარჩიე, თანაც – შესრულების რამდენიმე ვერსია. 

ამ ინტერმედიით მთავრდება III აქტი, სადაც თავად გვიდონს გედი კელად აქცევს, რომ მამასთან გაფრენა შეძლოს. დროთა განმავლობაში ამ მუსიკალურმა ნაწყვეტმა საკონცერტო შესრულებისთვის სრულიად დამოუკიდებელი ფუნქცია შეიძინა.

„კელას გაფრენა” ცნობილია შესრულების წარმოუდგენელი სისწრაფით. მუსიკოსისთვის ძირითად სირთულეს ხემის უდიდესი სიჩქარით მოძრაობა წარმოადგენს. ნაწარმოების შექმნიდან საუკუნის შემდეგ „გაფრენა” გადაიქცა ვირტუოზი შემსრულებლების საპრეზენტაციო ნაწარმოებად (განურჩევლად იმისა, რომელი საკრავია გამოყენებული). ამის გამო ეს ქმნილება რიმსკი-კორსაკოვის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებად იქნა აღიარებული მსოფლიოში.

ამ ნაწარმოების გამაოგნებელი სისწრაფით შესრულებისთვის გინესის რეკორდების წიგნში შესულია ორი ვირტუოზი გიტარისტი: ვ. ზინჩუკი (270 დარტყმა წუთში) და ტ. დ. ვეგა (750 დარტყმა წუთში), თუმცა მე ამჯერად ჩინელ პიანისტ იუჯა ვანგაზე შევაჩერე არჩევანი:
თუ დაგაინტერესებთ თანამედროვეობის უნიჭიერესი ავსტრალიელი პიანისტის დევიდ ჰელფგოტის შემოქმედებითი კარიერა ან ის, რა ნამუშევრისთვის დააჯილდოეს მსახიობი ჯეფრი რაში „ოსკარით”, „ოქროს გლობუსით” და „BAFTA”-თი, გირჩევთ, ნახოთ შესანიშნავი ბიოგრაფიული ფილმი „ბრწყინვალება” (წარდგენილი იყო „ოსკარის” 7 ნომინაციაზე). ორი სიტყვით გეტყვით, რომ დევიდმა უმკაცრესი მამის წყალობით უსიხარულო ბავშვობა განვლო. ის ნამდვილი ოჯახური ძალადობის ეპიცენტრში მოხვდა, რის გამოც შემდგომ ფსიქიატრიული საავადმყოფოს კედლებში 10 მძიმე წელიწადი გაატარა.
 

მუსიკით შეპყრობილი დევიდისთვის მუსიკა ერთგვარი შვებაა. ძალადობის მიუხედავად, ფილმი გაჯერებულია ადამიანური სიკეთითა და სიყვარულით. ზღაპრების მსგავსად, ისინი ხომ ცხოვრებაშიც ნამდვილ სასწაულებს ახდენენ ხოლმე.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია – ფილმში თავბრუდამხვევ „კელას გაფრენას” მსახიობი ჯეფრი რაში ასრულებს.
ეს კი თვით დევიდ ჰელფგოტის მიერ შესრულებული „გაფრენაა”: 

 

* * *
ამდენი ფრენის შემდეგ დედამიწაზე დაშვება და ისევ ახალი წლის განწყობასთან მიბრუნება, მგონი, არ უნდა იყოს ურიგო აზრი. 

დღეს სიმღერა „Jingle Bells” შობის დღესასწაულთან რომ ასოცირდება, ტექსტში ამაზე მინიშნებაც კი არ არის. ავტორს ასეთი ჩანაფიქრი არ ჰქონია. დაიწერა მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებით (აშშ-ში ეს დღე ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება). მიუხედავად იმისა, რომ ეს უბრალოდ მხიარული სიმღერაა იმის შესახებ, რა კარგია ზამთარში ციგით სრიალი, მრევლს ის იმდენად მოეწონა, რომ სიმღერის შობა ღამეს შესრულება მოითხოვა.

 
ახლა მოგითხრობთ, როგორ შეიცვალა სიმღერის „One horse open sleigh” თავდაპირველი სახელწოდება „Jingle Bells”-ით. 

იყო ვინმე ჯეიმს ლორდ პერპონტი – ფოტოგრაფი და ეკლესიის მუსიკალური ხელმძღვანელი. უკრავდა ორგანზე და წერდა მუსიკას. მასაჩუსეტსის შტატის პატარა ქალაქ მედფორდში, სადაც პერპონტი დაიბადა, მხოლოდ ერთ სახლში – ქ-ნ უოტერმანის „ქალიშვილების პანსიონატში” იდგა ფორტეპიანო. როდესაც პანსიონატის მფლობელმა სიმღერა მოისმინა, ჩაიბურტყუნა: „ეს სიმღერა ცხენშებმული ოთხთვალას ზანზალაკების ჟღერას მაგონებს. მისტერ პერპონტ, სიმღერის სახელწოდებას ციგებს რატომ უკავშირებთ? უკეთესად გაიჟღერებდა, მაგალითად „Jingle Bells” („ზანზალაკებო, იწკრიალეთ”)”. და სწორედ ამ სახელით დაიწყო ჯერ ამერიკაში, მერე კი ოკეანის გადაღმაც საზეიმო სვლა სიმღერისა, რომელიც დღემდე აფორიაქებს ადამიანთა გულებს. 

დროთა განმავლობაში ტექსტი რამდენიმეჯერ გადაამუშავეს. აი, მაგალითად, ავსტრალიელების მიერ გადაკეთებული ტექსტის წაკითხვა ძალიან სახალისოა. რაკი იქ არასდროს თოვს და შობა ზაფხულში უწევს, მათი ვერსია ასეთია: „რა კარგია ზაფხულის ცხელ დღეს ავტომობილით გასეირნება”.

ეს კი – 1957 წელს შექმნილი მორიგი პოპულარული საახალწლო სიმღერა „Jingle bell rock” მარკო კარტას შესრულებით:

* * *
ალბათ გაგიგონიათ, რომ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ტრადიციულ კულტურულ მოვლენას წარმოადგენს შობის წინა დღის „ვენის საშობაო კონცერტი”. მას 30-ზე მეტი ტელეკომპანია გადასცემს მთელ მსოფლიოში. საშობაო-საახალწლო კონცერტებში მხოლოდ მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები მონაწილეობენ.

1992-2012 წლებში საშობაო კონცერტებზე შემსრულებლებად მიწვეულები იყვნენ პლასიდო დომინგო, სარა ბრაიტმანი, ჰელმუტ ლოტი, რიკარდო კოჩიანტო, ხოსე კარერასი, ლუჩანო პავაროტი, დაიანა როსი, პატრისია კაასი, შარლ აზნავური, ტონი ბენეტი, ალეხანდრო ფერნანდესი… ვარსკვლავები ტრადიციულ საშობაო ქორალებს და მსოფლიოში სახელგანთქმული კომპოზიტორების ნაწარმოებებს ასრულებდნენ.

1998 წლის ვენის საშობაო კონცერტის ფრაგმენტში, რომელსაც ახლა სიამოვნებით შემოგთავაზებთ, მონაწილეობენ პლასიდო დომინგო, სარა ბრაიტმანი, ჰელმუტ ლოტი და რიკარდო კოჩიანტო. სადირიჟორო პულტთან სტივენ მერკურიოს იხილავთ. 

ფრანგული შანსონის დედოფალი პატრისია კაასი ამბობს: „არასოდეს მქონია სცენის შიში. ალბათ იმიტომ, რომ სიმღერა ძალიან ადრე დავიწყე. მგონია, რომ, მიუხედავად ვარსკვლავობისა, ძალიან მნიშვნელოვანია პუბლიკასთან ახლოს ყოფნა”. აქ ცოცხალი კონცერტების სიმრავლე იგულისხმება, მაყურებელთან უწყვეტი კონტაქტი. პატრისია ამბობს, რომ სცენაზე ხან წვება, ხან ხტუნავს და ეს წინასწარ არასდროს არის დადგმული. თუ ცხოვრებაში პატრისიას უჭირს ზოგიერთი სიტყვის წარმოთქმა, მაგალითად, „მე შენ მიყვარხარ”, ის თვითგამოხატვას შესანიშნავად ახერხებს სიმღერით.

მე კი, ამ სამ სიტყვას ბექა ლონდარიძის სტრიქონებით ვიტყოდი:

გახსენი ბაგე, როგორც წერილი
ჩემი – შენდამი მოწერილი – მეგობარო
და უმალ ბაგეს აგაფარებ –
რომ ტკივილი არ გაგიმხილო;
სიყვარული, რომელმაც მომკლა.”

ამ საშობაო-საახალწლო განწყობის ფონზე ვასრულებ წერილს და გემშვიდობებით პატრისიას გამონათქვამით: „ჩემი ერთადერთი სიამოვნებაა, საზოგადოებას მუსიკით ვუზიარებდე განცდებს”.

ბაღვაშები, ჩემი ამბიციები და მანანა კაკულია

0
„კლდეკარის საერისთავო და საქართველოს მეფენი” – ასე ერქვა ჩემს პირველ საკონფერენციო თემას, რომელიც მერვე კლასში დავწერე. დიდი გამოწვევა იყო: ის დროა, როცა სასკოლო გაკვეთილებიდან დაწინაურებული, უნარიან მოსწავლედ შეფასებული, კლასგარეშე გარემოში ხვდები. ძალაც, გამბედაობაც და თავხედობაც მოგდევს იმისათვის, რომ სხვებს, დანარჩენებს, შეიძლება შენზე გაცილებით ნიჭიერებსაც, რაღაც დაუმტკიცო. 

მასწავლებელმაც გამათამამა: მანანა კაკულია რატომღაც ყოველთვის მხარს უჭერდა ჩემს გამოხდომებს, შემწყნარებლურად იღებდა ჩემს ამბიციურ ჩანაფიქრებს. ხან სახლში, ხანაც მეუღლის – მხატვარ რობერტ აბსანძის სახელოსნოში მივადგებოდი, საათობით ვრჩებოდი და დარწმუნებული ვარ, იქ მყოფ ბევრ ადამიანს (სახელოსნოს სტუმრები არასოდეს აკლდა) ტვინის მბურღავ და ამოჩემებული აზრების მფრქვეველ ბავშვად დავამახსოვრდი.

– ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორია”, საქართველოს ისტორიის ნარკვევები… კიდე? – საღამო ხანია, მთელი დღის მუშაობისგან დაღლილი ცოლ-ქმარი მაგიდას შემოსხდომია, მე კი გამოსაწვავად გამზადებულ თიხის ფიგურებს შორის ბოლთას ვცემ და საკონფერენციო თემისთვის საჭირო ლიტერატურას ვიმახსოვრებ. 

– ქართლის ცხოვრების მეორე ტომი, ახლობელს ვათხოვე და შევეხმიანები, – შემაწევს მანანა მასწავლებელი, – იქიდან მატიანე ქართლისა, სუმბატ დავითის ძისა და დავითის ისტორიკოსის თხზულებები გამოგვადგება…

– კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი”? იქაც ხომ არიან ბაღვაშები?!– არ ვაცლი, იმ ზაფხულს მოვრჩი ტეტრალოგიის კითხვას და ისეთი გაბრუებული ვარ, ისეთი შთაგონებული მეტი არ შეიძლება.
– არა, ეს მხატვრული ნაწარმოებია, მწერლის გამონაგონი.

– აჰა, გასაგებია, მასწ. – წინასწარ ვიცი, დილით რასაც ვიზამ: გაკვეთილებს გავაცდენ (პირველი ალგებრა გვაქვს, ჩვენი მეზობელი ცისანა გეგელია (ღმერთმა აცხონოს) მაპატიებს, მეორე ახალი ისტორია – მანანა მასწი ხომ ისედაც მიხვდება, სად შეიძლება ვიყო), გადაკეცილ „პაპკაში” რვეულებს ჩავილაგებ და ბიბლიოთეკისკენ დავაწვები.

– ინგა დეიდა…– ხმაურით ვაღებ კარს (ალბათ ფიქრობენ: „ისევ მოვიდა, ღმერთო, რა მომაბეზრებელი ბავშვია!”), – ინგა დეიდა, “საქართველოს ისტორიის ნარკვევების” მესამე ტომი მინდა. 

– და „თამაში ჭვავის ყანაში” როდის უნდა მოიტანო? – კითხვას მიბრუნებს ქალბატონი ინგა, – უკვე იმდენმა მოითხოვა, ჩვენ კი მხოლოდ ორი წიგნი გვაქვს.

– მალე, ძალიან მალე. 

სელინჯერის რომანის მალე მიტანისა რა მოგახსენოთ, მაგრამ რეკორდულ დროში დაწერილი პირველი ორი თავი რომ მივართვი მანანა მასწავლებელს, მახსოვს, გაუკვირდა. ხელით მანიშნა, ჩამოჯექიო, თვითონ კი ჩემი არც თუ ისე რიგიანი კალიგრაფიით გავსებული თაბახის ფურცლების კითხვას შეუდგა.

– ორ კვირაშია საქალაქო კონფერენცია. თემა დამიტოვე, უფრო ყურადღებით წავიკითხავ, არის ბუნდოვანი ადგილები, შესავალიც ცოტა მხატვრულად დაწერილი მეჩვენება. კარგი იქნება, ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენლების სამეფო კართან ურთიერთობასა და ამ პროცესების ანალიზს მეტ ადგილს თუ დავუთმობთ.

 

ყველაფერი გასაგები იყო – მანანა კაკულია, ადამიანი, რომელმაც ჩემში ფეხბურთის ვნებისგან ჩაკლული წიგნისადმი ინტერესი მკვდრეთით აღადგინა, თავაზიანად მირჩევდა, რომ მხატვრულ ლიტერატურაზე ფიქრი საკონფერენციო თემის წერისას თავიდან ამომეგდო. უფრო მარტივად რომ ვთქვა, კონსტანტინე გამსახურდიასეულ ლიპარიტ ბაღვაშზე კი არ დამეწერა, არამედ საისტორიო წყაროებში და მეცნიერულ მონოგრაფიებში გამოკვლეულ კლდეკარის საერისთავოზე. „დავით აღმაშენებლის” პირველ წიგნში, ორხმლიანი სპარაზენის – მახარას სიტყვები კი არ დამემოწმებინა, არამედ ადგილები ქართლის ცხოვრებიდან, და ქართველი ისტორიკოსებისგან არაერთხელ ციტირებული მათეოს ურჰაეცის, გიორგი კედრენესა და სხვათა ქრონიკები.

მისი დიდი მცდელობის მიუხედავად, საკონფერენციო თემა მაინც ბელეტრისტული პასაჟებით გავავსე, რამაც საბოლოოდ რესპუბლიკურ კონფერენციაზე მეორე ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. დამსახურებას ვამბობ, რადგან მაშინ ისეთი სახელი ჰქონდა სასწავლო კონფერენციებს, რომ იქ მონაწილე მაშინვე მიღებული და პატივსაცემი პერსონა ხდებოდა სკოლაში. შენი წარმატების შესახებ არა მხოლოდ დამრიგებელმა და სასწავლო ნაწილმა, არამედ ფიზიკის მასწავლებელმაც იცოდა, რომელიც მხოლოდ იმით გიმახსოვრებდა, რომ დროდადრო საკლასო ჟურნალში შენი გვარის გასწვრივ სამიანი (დამაკმაყოფილებელი) ჩაეწერა .

ბელეტრისტულ პასაჟებს რომ თავი გავანებოთ, სასწავლო კონფერენციის პირველ საფეხურზე – საქალაქოზე –კინაღამ ჩავიჭერი. როცა გამომიძახეს, ჯერ წინა რიგში მჯდომმა ერთმა გოგომ დამაბნია (მაგის გამო, როგორც მახსოვს, ქალაქის ნარჩევ ბიჭებს დიდხანს უჭირდათ ზავი ერთმანეთში). ცოტა ხანს ხმა ვერ ამოვიღე. მერე, აზრზე რომ მოვედი, ზურაბ კუპრეიშვილის შეკითხვამ შეარყია ჩემი ამბიციები.

– ზვიად მარუშიანი გეცოდინება… – შეკითხვაც არ იყო, თითქოს ჩემს ცოდნასა და ნაკითხობას ამოწმებდა სიმკაცრითა და პროფესიონალიზმით ცნობილი ისტორიკოსი, ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სკოლის დირექტორი. შეიძლება ის აინტერესებდა, ვიცოდი თუ არა ჩემი ათასი წლის წინანდელი სეხნია.

დავიბენი და გავშრი. უხერხული სიჩუმისგან მეც და მთელი კონფერენციაც ისევ ზურაბ კუპრეიშვილმა იხსნა:

– გმადლობთ. ზონურ ტურში, სენაკში შევხვდებით!

დერეფანში რომ გამოვედი, გახარებული და ჩემს თავზე გაბრაზებული, ვერავის ვამჩნევდი. მხოლოდ მერე გავიხსენე ის ქალი, კიბეებთან რომ დამეწია და გადამეხვია – ჰო, მანანა კაკულია იყო.

ბედნიერი და თან უცნაურად დათრგუნული, გულში მხოლოდ ერთ წინადადებას ვიმეორებდი, რომლის მთავარი პერსონაჟიც ცოტა ხნის წინ ვერაფრით მოვიგონე. ზვიად მარუშიანი… როგორ არ ვიცოდი! საოცარია, რამ დამამუნჯა – აღელვებამ თუ მოზარდის თავმოყვარეობამ, შეცდომა არ მომივიდესო. არადა, ენის წვერზე მადგა ის ტყვიასავით მკაცრი სიტყვები:

„ზვიად სპასალარი დიახაც მორწმუნე იყო, მაგრამ ჯვარის ძალით დამარცხებული მტერი არსად ენახა ჯერ…”

მოსწავლე, როგორც მასწავლებლის ადამიანური რესურსი

0
 ანოტაცია 
   ადამიანური რესურსები მასწავლებელს მუდმივად სჭირდება. ამ მხრივ ყველაზე ხელსაყრელი და საინტერესოა მოსწავლის როლი. მასწავლებლისა და მოსწავლის თანამშრომლობა სწავლა-სწავლების პროცესის განუყოფელი და ბუნებრივი პროცესი უნდა იყოს. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა წარმოუდგენელია ამ ასპექტების გარეშე.
   სწავლების ნებისმიერი მეთოდი შეიძლება მივუსადაგოთ მოსწავლესთან თანამშრომლობას. ურთიერთობის დემოკრატიული ფორმები საშუალებას იძლევა, რომ მოსწავლემ აქტიური მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესის წარმართვაში. 
         სტატიაში აღწერილი სიტუაციები  ავტორის  პედაგოგიური პრაქტიკიდან არის წარმოდგენილი და დაეხმარება კოლეგებს აღნიშნული რეკომენდაციების პრაქტიკაში გათვალისწინებაში. 
მოსწავლის როლი წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებებით: 1. მოსწავლეთა ურთიერთსწავლება ჯგუფური მუშაობისას. 2. მოსწავლე – მასწავლებელი .
3.  დავალებას მოსწავლე ამოწმებს.   4. მოსწავლე ქმნის  ისტრესურსებს.  5. ინტეგრირებულია გაკვეთილზე, როგორც დამხმარე მასწავლებელი. 6.  მოსწავლის როლი ინკლუზიური სწავლებისა და კლასგარეშე ღონისძიებების წარმართვაში. 
   სტატიას თან ერთვის მასწავლებლის რეკომენდაციები, რომელიც პედაგოგის მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად არის შემუშავებული. 
      საკვანძო სიტყვები  
    თანამშრომლობა,  ურთიერთსწავლება, ინკლუზია, ეფექტური მეთოდები,  ფასილიტატორი ( დამხმარე ), სკაფოლდინგი.  პედაგოგიური პრაქტიკა, უნარ-ჩვევები. 
             საგანმანათლებლო საკითხებზე საუბარი იოლი არ არის, კაცობრიობის ისტორია  ამ პრობლემებით დატვირთული  თემის შესახებ  უამრავ  ხერხსა და მეთოდს გვთავაზობს. მიუხედავად ამისა, ახალი დამოკიდებულებისა და მიდგომების გარეშე შეუძლებელია სტატიკურ მდგომარეობაში წარმოვიდგინოთ სასწავლო-სააღმზრდელო მეთოდების სისტემა. სწავლების მეთოდი მასწავლებლის მიზანმიმართული ქმედებაა მოსწავლეთა შესაბამისი კომპეტენციების განსავითარებლად. მეთოდის შერჩევისას უნდა განისაზღვროს გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი, შეესაბამება თუ არა აქტივობას, მოსწავლეთა შესაძლებლობებს, ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება. მასწავლებლისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო  სამუშაო მეთოდის შერჩევა და რესურსების შესაბამისობაა. 
      ადამიანური ფაქტორი ხშირად განაპირობებს ჩვენს წარმატებასა თუ წარუმატებლობას.  ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო რესურსი კი  თვითონ მოსწავლეა . როგორც წესი, მასწავლებლებს არ გვყავს ოფიციალური  ფასილიტატორები, მოსწავლეს კი არაჩვეულებრივად შეუძლია ჩვენი დახმარება, სათანადო  მომზადებისა და მეთვალყურეობის შემთხვევაში ჩვენი ჩანაცვლებაც კი. ურთიერთსწავლება ახალი ნამდვილად არ არის, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ამ საშუალებას მასწავლებლები იშვიათად მიმართავენ. მისი წარმატებული გამოყენების მცდელობებმა განაპირობა, რომ ეს მეთოდი დამენერგა და აქტიურად გამომეყენებინა ჩემს პრაქტიკაში.
            ჯგუფური მუშაობა ურთიერთსწავლებით
    მეთოდი ითვალისწინებს ტექსტის წაკითხვას ჯგუფურად. ეს პროცესი ძირითადად ოთხი აქტივობით ხორციელდება:
1.კითხვისას  ბუნდოვანი ადგილების ახსნა-განმარტება;
2.ვარაუდების გამოთქმა;
3.კითხვების დასმა;
4.წაკითხულის შეჯამება.
ეს აქტივობები მნიშვნელოვანია შეგნებული და გააზრებული  კითხვის ჩვევის განსამტკიცებლად. თითოეული მათგანი  ავითარებს კომპლექსურ უნარებს.
მოსწავლები  ინიშნავენ  ბუნდოვან ადგილებს. იყენებენ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიას – ხელახლა კითხულობენ წაკითხულს, აკვირდებიან კონტექსტს, ლექსიკურ ერთეულებს, საჭიროების შემთხვევაში კონსულტირებისათვის მიმართავენ მასწავლებელს. ტექსტზე მუშაობის დასრულების შემდეგ ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას. ყოველ წევრს მოუწევს ოთხივე აქტივობის შესრულება, რადგან იცვლება როლები.
ტექსტის ტიპიდან გამომდინარე, სხვადასხვა ვარაუდები შეიძლება გამოითქვას (ტექსტის წაკითხვამდე, ან წაკითხვის შემდეგ) თუნდაც იმის შესახებ, როგორ გაგრძელდება მოქმედება, რა შეიძლება მოხდეს, რა ვერ წარმოუდგენიათ …
რაც შეეხება კითხვების დასმას, კარგია, როცა მოსწავლეები მოინიშნავენ სამიზნე სიტყვებს და მათი გამოყენებით სვამენ კითხვებს .
წაკითხულის შეჯამების შემდეგ  (თუნდაც რეზიუმეს სახით)  გადადიან ახალ მონაკვეთზე და ცვლიან  დავალებებს.
ამ მეთოდის გამოყენება სწავლების სამივე საფეხურზეა შესაძლებელი, მასწავლებლის ხელოვნებაზეა დამოკიდებული მისი მოდიფიცირება კლასისა და კონკრეტული მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე.
           მოსწავლე – მასწავლებელი
         ნებისმიერ კლასში არსებობენ ისეთი მოსწავლეები, რომელთაც შეუძლიათ  თანაკლასელის დახმარება.  ისინი ამ საქმეს სიამოვნებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებიან. ეს  საშუალება უძველესი დროიდან გამოიყენებოდა. ამ შემთხვევაში სარგებელს ორივე მხარე იღებს – ვისაც ეხმარებიან და ვინც ეხმარება.
მასწავლებელი ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს პროცესს და საბოლოოდ გაარკვიოს, რა შედეგზე გავიდა მოსწავლეთა თანამშრომლობა.
სხვადასხვა   დროსა და სივრცეში შეიძლება განხორციელდეს აღნიშნული აქტივობა .
1.საკლასო ოთახში გაკვეთილის მსვლელობისას;.
2.გაკვეთილების შემდეგ’
3.სახლში ორივე მხარისა და მათი მშობლების  შეთანხმების საფუძველზე.
ნებისმიერ შემთხვევაში მიზნის მიღწევა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული  მასწავლებლის მეთვალყურეობაზე. როცა მოსწავლემ იცის, რომ ანგარიშვალდებულია ჩვენ წინაშე, მისი პასუხისმგებლობა მაღალია. იმ შემთხვევაში, თუ ვთხოვთ დახმარებას და შედეგს არ შევამოწმებთ, ორივე მხარე მოდუნდება და  მათი თანამშრომლობაც ვერ შედგება. პირველ ორ შემთხვევაში (საკლასო ოთახში გაკვეთილის მსვლელობისას და გაკვეთილების შემდეგ) მასწავლებელი აუცილებლად უნდა ადევნებდეს მას თვალს. ამ დროს მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებთ  მოსწავლეთა შესახებ.  
მოსწავლე ამოწმებს დავალებას
       ძირითადად საშინაო დავალების შემოწმების ორგვარი სტანდარტი არსებობს – ე.წ. ჩამოვლითი და ნაშრომის წაკითხვა, შეცდომების გასწორება.   მასწავლებელს ყოველდღიურად უხდება დავალების შემოწმება, ეს პროცესი  შესაძლებელია მოსწავლემაც წარმართოს. წინასწარ შემუშავებული გვაქვს კრიტერიუმები, რომელსაც უნდა 
აკმაყოფილებდეს ნაწერი (კალიგრაფია,  აბზაცი, მოცულობა, სათაურის გაფორმება, წერის კულტურა…). ჩამოვლით წაკითხვა შეუძლებელია. ამ კრიტერიუმების მიხედვით, ვისი ნაშრომიც საუკეთესო იქნება ან წაკითხვისა და სათანადო კომენტირების შედეგად საუკეთესოდ გამოვლინდება, მეორე დღეს ისინი ამოწმებენ დავალებას. მოსწავლეებს ძალიან ეხალისებათ ეს პროცესი და პასუხისმგებლობითაც უდგებიან მას. რაც მთავარია, არ იჩენენ მიკერძოებულობას.  შემოწმების შემდეგ აკეთებენ განმავითარებელ შეფასებებს.
     რაც შეეხება დავალების წაკითხვას და შეცდომების გასწორებას, მოსწავლის როლი ამ შემთხვევაშიც  მნიშვნელოვანია. გააჩნია დროს, სიტუაციასა და გაკვეთილის  ფორმატს. მოსწავლეები ცვლიან რვეულებს და  ფანქრით ამოწმებენ ერთმანეთის დავალებებს.  შემდეგ წინასწარშედგენილი ცხრილის მიხედვით ახდენენ შეცდომების კლასიფიკაციას. იმის შემდეგ, როდესაც მასწავლებელი გადახედავს მათ მიერ მონიშნულ შეცდომებს, შეიძლება ფერადი პასტითაც გასწორდეს. ტიპური შეცდომები დაფაზე იწერება, შეიძლება რამდენიმე დღით კლასში ან დერეფანში ფორმატზეც გამოიკრას.
   გარდა ამისა, ყოველ გაკვეთილზე  შეიძლება მართლწერის წუთების გამოყოფა,  რამდენიმე შეცდომა კონტექსტში (თუნდაც ერთი) დაიწეროს დაფაზე და გაანალიზდეს.
მოსწავლე ქმნის ისტრესურსებს
       ელექრტონულ ფორმატში რესურსების შექმნა სისტემატურად უხდება მასწავლებელს . ინტერნეტსივრცე უამრავ მასალას გვთავაზობს, თუმცა მათი  ეფექტური გამოყენება იოლი არ არის. ჩვენი დაკვირვება და სისტემური კვლევები მოწმობს, რომ მოსწავლეები ისტტექნოლოგიებს ყველაზე ნაკლებად საგანმანათლებლო მიზნებისათვის იყენებენ. მასწავლებლის მცდელობა, შეცვალოს ეს რეალობა სასწავლო მიზნების სასიკეთოდ, უპირობოდ  იქნება შედეგის მომცემი.
     მოსწავლეები დაწყებით საფეხურზევე სწავლობენ საპრეზენტაციო პროგრამებს,  ფლობენ საძიებო სისტემების მოხმარების უნარებს. ამიტომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს მათთვის  სათანადო და საჭირო რესურსების შექმნა. ნებისმიერი აქტივობისას შესაძლებელია სწავლა-სწავლების პროცესის ისტტექნოლოგიით გამდიდრება.
დღეისათვის ხელმისაწვდომია  Microsoft Partners in Learning-ის უფასო ინსტრუმენტების საშუალებით უნიკალური რესურსების შექმნა. კარგია, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს ამ ინსტრუმენტებს.  შემდეგ კი საუბრობენ იმის შესახებ როდის და როგორ, რატომ და რისთვის აპირებენ მათ გამოყენებას.
https://learntechnolog.blogspot.com/  – ამ ბლოგზე  რესურსების შექმნის თანამედროვე სასწავლო ინსტრუმენტებია განთავსებული, მათი გამოყენება სულაც არ არის რთული. მთავარია, ვიცოდეთ, რა  გვსურს შევქმნათ და რა მიზანს ემსახურება ეს რესურსი.
მასწავლებელს უნდა ჰქონდეს, ე.წ.  რესურსბანკი  ( თუნდაც ბლოგის სახით),  რომელზეც მოსწავლის შექმნილი რესურსები  აიტვირთება. ყველამ იცის, რომ რესურსის შექმნა დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამიტომ ამ მასალას სხვა შემთხვევაშიც გამოვიყენებთ და ჩვენს კოლეგებსაც ექნებათ მისი სარგებლობის შესაძლებლობა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მოსწავლეებმა სასწავლო მიზნით გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები, სასიცოცხლო და აუცილებელი უნარები გამოუმუშავდეთ აღნიშნულ პროცესში.  ამ მიმართულებით მოსწავლეთა ჩართულობა ყოველთვის მაღალია. ყველაზე ზარმაც მოსწავლესაც კი ეხალისება კომპიუტერთან მუშაობა,  იგი ქმნის, იძიებს, ამონტაჟებს და  თვითონაც სასწავლო მიზნისაკენ ხდება მიმართული.
     ინტეგრირებულია გაკვეთილზე , როგორც დამხმარე მასწავლებელი 
       თანამედროვე ჰუმანიზმის პრინციპებზე დამყარებული საგანმანათლებლო სისტემა ითვალისწინებს მასწავლებლისა და მოსწავლის როლების შეცვლას, რაც გულისხმობს ავტორიტარული, მასწავლებელზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის მოსწავლეზე ორიენტირებულით შეცვლას. ინტერაქტიური სწავლება საჭიროებს გაკვეთილის პროცესში სწავლების ალტერნატული სტრატეგიებისა და შეფასების ახალი ხერხების დანერგვას. შესაბამისად, სწავლების მიზანიც იცვლება. იგი ორიენტირებულია არა მარტო ცოდნაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც.
          იმაზე სახალისო და იმავდროულად საპასუხისმგებლო რა უნდა იყოს მოსწავლისათვის, ვიდრე მასწავლებლის როლის შეთავსება გაკვეთილზე. მასწავლებლისა და მოსწავლის წინასწარდაგეგმილი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია გარკვეული როლი მოსწავლემაც შეასრულოს. მაგალითად: მოიძიოს ახალი მასალისათვის საჭირო ინფორმაცია, გააკეთოს პრეზენტაცია,  სქემა, პლაკატი, დიაგრამა და ა.შ. განსაზღვრულ დროს იგი კლასის წინაშე წარდგება და მასწავლებელს გაკვეთილის რომელიმე ეტაპის წარმართვაში დაეხმარება. ამ პროცესს წინ უნდა უძღოდეს მასწავლებლის მიერ ახალი მასალის ახსნა -განმარტება  მისი პარტნიორი მოსწავლისათვის.   
    მოსწავლეებისათვის მიმზიდველია ასეთი როლი,  ამიტომ  გაკვეთილზე ჩართულობა და უკუკავშირი მაღალია. ნებისმიერ მოსწავლეს ამ ასპექტით გარკვეული ფუნქციის შეთავსება შეუძლია.  ამ მეთოდის დადებითი მხარე ის არის, რომ მოსწავლის მოტივაცია, ინტერესი და მოლოდინები მაღალია.  ეს კი აუცილებლად აისახება კონკრეტულ და საბოლოო შედეგებზე. 
       ეს მიდგომა კოლაბორაციულ პრინციპებს ეფუძნება. განსაზღვრულია აქტივობის დრო, რესურსები, შეფასების კრიტერიუმები, რაც თავისთავად უკვე პარტნიორობაა.
ამ სქემის მხარდაჭერა ნიშნავს მოსწავლეებისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების გამოვლენას და მასწავლებლის მხრიდან მათთან თანამშრომლობასა  და წახალისებას.  ის უმნიშვნელოვანესია პროფესიული ორიენტაციის თვალსაზრისით. 
    მოსწავლის როლი ინკლუზიური სწავლებისას 

    ყოველი მასწავლებლის საზრუნავია სხვადასხვა საჭიროებისა და შესაძლებლობების მოსწავლეთა ჩართვა სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში. ვიტყოდი, რომ საკმაოდ რთული, შრომატევადი და გარკვეულ შემთხვევაში წინააღმდეგობებით სავსე. ვგულისხმობ იმ შემთხვევებს, როდესაც საზოგადოების დამოკიდებულება სსსმ მოსწავლის მიმართ გულგრილი და უპასუხისმგებლოა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მშობლები  გაურბიან თავიანთი შვილების ასეთი მოსწავლეების გვერდით ყოფნას, რადგან ისიც ,,იჩაგრება” …   ასეთი სიტუაციების მართვა და პრობლემების მოგვარება დამოკიდებულია მასწავლებლის პროფესიონალიზმზე. ყველაზე რეალური და საიმედო კი ამ დროს თვით მოსწავლეები არიან,  სათანადო საუბრები, რეკომენდაციები, სიტუაციური ამოცანები თუ ადამიანური ურთიერთობები გვეხმარება, რომ მოსწავლეებმა ითანამშრომლონ ჩვენთან. ისინი არაჩვეულებრივად ართმევენ თავს იმ კონკრეტულ დავალებებსა და ვალდებულებებს, რომელიც თანაკლასელზე ზრუნვით არის გაპირობებული.  საბოლოოდ კი მათ შეუძლიათ  მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწიონ ჩვენ, თნაკლასელს და საკუთარ თავს. სწავლობენ ადამიანურ ურთიერთობებს, სხვაზე ზრუნვას, უვითარდებათ სოციალური უნარ-ჩვევები და ყალიბდებიან საზოგადოების სრულფასოვან წევრებად. იმ ადამიანებად, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია და შეზღუდული უნარი არ ნიშნავს საზოგადოებისაგან გარიყულობას. 
         არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღწერილი დამოკიდებულება გვეხმარება ნიჭიერი მოსწავლის ინკლუზიაშიც. გარდა იმისა, რომ მასწავლებელი მათთან ისგ-ით მუშაობს, ურთიერთდახმარების პროცესში მათი როლი საგულისხმოა. 
 მოსწავლე – კლასგარეშე და სკოლისგარეშე აქტივობების განხორციელებისას 
     
   ერთფეროვნება ნებისმიერი ადამიანისათვის მოსაწყენია, მით უმეტეს, მოსწავლისათვის. სწავლის პროცესი დამღლელი და მოსაბეზრებელი  არ იქნება, თუ მასწავლებელი ხშირად  გამოიყენებს მრავალსახოვან აქტივობებს. ნებისმიერი განსხვავებული ფორმატი, მიზნობრივად დაგეგმილი და განხორციელებული, ეფექტურ სასწავლო გარემოს ქმნის.  ვიცი, რთულია ერთი ადამიანისათვის მისი დაგეგმვა და მართვა. მოსწავლეებს შეუძლიათ ჩვენი დახმარება ყველაზე სერიოზული პრობლემების გადაჭრაში. პროცესი უნდა  მიმდინარეობდეს  ორგანიზებულად. იგეგმება აქტივობა, მოსწავლეებთან ერთად (გონებრივი იერიშით) კეთდება რესურსებისა და 
განსახორციელებელი ამოცანების ნუსხა. შემდეგ კი ყველა ინაწილებს იმ საქმეს, რომლის განხორციელებაც შეუძლია. მოსწავლეები ამ დროს თანამშრომლობენ მშობლებთან და ამხანაგებთან). დამერწმუნებით, რომ ამგვარი ჩართულობით განხორციელებული აქტივობა ყველასათვის სახალისოა, ყოველი ასეთი მუშაობა ხდება ახალი აქტივობის საფუძველი. ამ დროს იდეების გენერაცია მოსწავლეთაგან მოდის .  
 
        მასწავლებლის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად შეძლებენ მოსწავლეები აღწერილი პროცესის მიზანდასახულ განხორციელებას.  
უნარები, რომელიც ზემოაღნიშნული პროცესების განხორციელებისას ვითარდება 
სოციალური, კომუნიკაბელური, კოლაბორაციული, დამოუკიდებელი  ქმედების, პრობლემის გადაჭრის, აზროვნების, პასუხისმგებლობის, ისტტექნოლოგიების სასწავლო მიზნით გამოყენების … 
                                                     
  გთავზობთ რეკომენდაციებს, რომელიც მრვალწლიანმა პედაგოგიურმა გამოცდილებამ მასწავლა …  
1.ხშირად წარმოიდგინე შენი თავი მოსწავლის როლში; 
2. ეცადე, მოსწავლის შესაძლებლობები გამოიყენო მისი და სხვების სასარგებლოდ;
3.არ არსებობს მოსწავლე, რომელსაც არ შეუძლია შენთვის გარკვეული დახმარების გაწევა სწავლა -სწავლების პროცესში ;
4.ენდეთ მათ, დაავალეთ ის, რისი გაკეთებაც შეუძლია;
5. დააფასე მოსწავლის მიერ გაწეული ნებისმიერი დახმარება, შრომა და პოზიტიური მოქმედება; 
6.დაიხმარე მოსწავლე, თუნდაც მისი დახმარება არ გჭირდებოდეს; 
7. ეცადე, ისეთი აქტივობები განახორციელონ, როდესაც თავს მასწავლებლის პოზიციაში წარმოიდგენენ;
8.არასოდეს დაამცირო; რეკომენდაციები მიეცი ფრთხილად. კარგია, როცა თვითონ აღმოაჩენს საკუთარ შეცდომებს;
9. არ გაარჩიო მოსწავლეები აკადემიური მოსწრების მიხედვით. არ არსებობს ცუდი მოსწავლე!!!
10.მუდამ გახსოვდეს, რომ  მოსწავლის სულზე ილექება ყველაფერი… კარგიც და ცუდიც. 
    
                გამოყენებული ლიტერატურა :
             
               მასწ. პროფ. განვ. ეროვნული ცენტრი  — სწავლების სტრატეგიები ( თბილისი – 2011 წელი ) 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...