მოყინული მანდარინები
მარინა უშვერიძე – სამოქალაქო განათლებისადმი ინტერესი იმატებს
ინტერკულტურული ურთიერთობების ავტობიოგრაფია
საყრდენი კონსპექტის როგორც ინფორმაციის კონტეინერის გამოყენება გაკვეთილზე
სიყვარულის ახსნა
„წავიდეთ მღვიმეში და შევქმნათ მკვდარი პოეტების საზოგადობა!“
სათაურად გამოყენებული ფრაზა ფილმიდანაა, რომელსაც უცნაური და , ცოტა არ იყოს, რომანტიკული სათაური აქვს – „მკვდარი პოეტების საზოგადოება”. იგი მოგვითხრობს ლიტერატურის მასწავლებელზე, რომლის ღირებულებათა შკალაზე უპირველესი ადგილი უკავია ცნება თავისუფლებას. სწორედ თავისუფლების გემოსა და სურნელს შეაგრძნობინებს ის თავის მოსწავლეებს – ერთ-ერთი პრესტიჟული ამერიკული სკოლის რუტინით, გაუთავებელი ტესტირებებითა და მაღალი ქულების დევნით გადაღლილ, დათრგუნულ, ბედნიერების განცდას მოკლებულ, თავისუფლებაწართმეულ მოზარდებს. მათ ყოველი სემესტრის დასაწყისში უსვამენ კითხვას: რომელია ის ოთხი სვეტი, რომელზეც დგას ჩვენი კოლეჯი? მოსწავლეების პასუხი ყოველი სემესტრის დასაწყისში არის ურყევი და შეუცდომელი: ეს ოთხი სვეტია „ტრადიცია”, „ღირსება”, „დისციპლინა” და „ოსტატობა”. მათ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში შეახსენებენ, რომ იმ სასწავლებელს, რომელშიც სწავლობენ, ტრადიციულად, საუკეთესო შედეგები აქვს მთელ ამერიკაში. ქვეტექსტი გულისხმობს შემდეგს: თქვენ არ გაქვთ უფლება, უღალატოთ ამ ტრადიციას! თქვენ არ გაქვთ უფლება, წლის ბოლოს არ გქონდეთ საუკეთესო შედეგი! თქვენ არ გაქვთ უფლება, არ იყოთ სრულყოფილნი! და ეს ქვეტექსტი იმასაც გულისხმობს, რომ მათ არ აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება, მათ არ აქვთ სტერეოტიპებისგან თავის დაღწევის უფლება და, საერთოდ, მათ არ აქვთ არაფრის უფლება, გარდა სწავლისა და საუკეთესო შედეგების მიღწევისა.
„მკვდარი პოეტების საზოგადოება” შემთხვევით არ მიხსენებია. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასეთ ფილმებს არ იღებენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მსგავსი პრობლემები არ გვაქვს და ჩვენი მოსწავლეებისთვის სწავლა იძულებითი კი არა, სიამოვნების განცდის მომგვრელი პროცესია. ვერავინ დამაჯერებს, რომ მაგალითად, ქართველ მეათეკლასელებს სიამოვნების ან ბედნიერების განცდა ეუფლებათ, როცა ჰაგიოგრაფიულ ტექსტებს ან „ვეფხისტყაოსანს” სწავლობენ. მიზეზი მარტივია: არ შეიძლება, ხალისით ისწავლო ის, რაც არ გესმის, სრულიად თუ არა, ნაწილობრივ მაინც ბუნდოვანია და რის სიღრმეებსაც ვერ სწვდები. ასეთ შემთხვევაში კი ვერაფრით ვერ იგებ, რატომ გიმეორებს მასწავლებელი გაუთავებლად, რომ ქართული ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლა აუცილებელია, „ვეფხისტყაოსანი” კი შედევრია. ამას კი ვეუბნებით მოსწავლეებს, მაგრამ რატომ ვერ ვახერხებთ, რომ მათაც დაიჯერონ „ვეფხისტყაოსნის” სიდიადე ან დარწმუნდნენ ჰაგიოგრაფიული ტექსტების შესწავლის გარდაუვალ აუცილებლობაში?
მხოლოდ საქმეში ჩაუხედავნი და გულუბრყვილოები დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ მეათე კლასში დასახელებული ტექსტების სწავლება დროული და მიზანშეწონილია, რადგან მოსწავლეები, 15 წლის მოზარდები, შეუძლებელია, ერკვეოდნენ იმ საკითხებში, რომლებიც აუცილებელია ამ ნაწარმოებების სრულყოფილად შესწავლისათვის. ვგულისხმობ თეოლოგიის, საღვთისმეტყველო ლიტერატურის, ფილოსოფიის ამა თუ იმ საკითხის ცოდნას. ეჭვი მეპარება, ჩვენს მოსწავლეებს, მაგალითად, კარგად ესმოდეთ, რომ თინათინის სიტყვებს – „ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა” – საფუძვლად უდევს ეთიკური მონიზმის პრინციპი ან ამ პრინციპის არსი ჰქონდეთ გააზრებული. არც ის მგონია, რომ 15 წლის მოსწავლეები პლატონის იდეებსა და ნეოპლატონიკოსების სკოლის წარმომადგენელთა შემოქმედებას იცნობენ, არადა, ამ ცოდნის გარეშე „ვეფხისტყაოსნის” შესწავლას მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ შესწავლა.
ძნელი დასაჯერებელია ისიც, რომ მეათე კლასის მოსწავლეები იგებდნენ, მაგალითად, იმას, თუ რატომ არის დაწყლულებული, წყლულებში ჩირქჩამდგარი და მატლებდახვეული შუშანიკი ბედნიერი და რატომ ამბობს, რომ ურჩევნია, აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ამ მატლებმა შეჭამონ, ვიდრე იქ, იმქვეყნად, უფრო დიდმა მატლმა. რასაკვირველია, მასწავლებელი შეეცდება აუხსნას მოსწავლეს, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, მაგრამ ამის გაგებას მასწავლებლის კომენტარი რომ არ ეყოფა და თეოლოგიის საკითხების, ქრისტიანული რელიგიის პრინციპების, ასკეტიზმის არსის და კიდევ უამრავი რამის საფუძვლიანი ცოდნა სჭირდება, ამაში, ალბათ, ყველა დამეთანხმება.
მაგალითების დასახლება კიდევ შეიძლება: დავით გურამიშვილის შემოქმედების დიდი ნაწილის სწავლებაც აბსოლუტურად შეუძლებელია ქრისტიანული რელიგიის პრინციპებისა და ბიბლიის კარგად ცოდნის გარეშე. სწორედ ეს ცოდნაა საჭირო გურამიშვილის ტექსტებში გამოყენებული სახე-სიმბოლოების გასაგებად.
თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ შეუძლებელია მეათეკლასელებმა იცოდნენ ფილოსოფია, თეოლოგია, საღვთისმეტყველო ლიტერატურა, მაშინ უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ჩვენ მათ სრულიად არარეალისტურ მიზნებს ვუსახავთ, რასაც მივყავართ იქამდე, რომ:
· მათ სწავლა ტანჯვის მომგვრელ პროცესად მიაჩნიათ;
· მათ არ იცან ან ზერელედ, მხოლოდ შინაარსის დონეზე, იცინ ის, რასაც დაჟინებით ვასწავლით;
· მათ, რბილად რომ ვთქვათ, არ უყვართ ძველი ქართული ლიტერატურა, რადგან ყოველთვის განგიზიდავს ის, რაც არ გესმის.
არადა, ქართული ლიტერატურული ტექსტების ქრონოლოგიური პრინციპით დალაგების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ის არის, რომ მოსწავლეებს ვუჩვენოთ, როგორ ვითარდებოდა ქართული ლიტერატურა დასაბამიდან დღემდე, რის შემდეგაც მათ, წესით, უნდა დაეუფლოთ სიამაყის განცდა იმის გამო, რომ ჩვენი ეროვნული ლიტერატურა ასეთი მრავალსაუკონოვანია. არ მგონია, რომ მიზანი მიღწეულია, რადგან მოსწავლეებს ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების გაცნობის დაწყებისთანავე ეკარგებათ ლიტერატურის შესწავლის ყოველგვარი მოტივაცია, სიამაყის ნაცვლად კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტანჯვის განცდა ეუფლებათ.
გამოდის, რომ ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, როგორია რელობა, მთავარია, ქაღალდზე გვეწეროს, რომ ვასწავლით, მაგრამ სინამდვილეში რომ მოსწავლეებისთვის მეათე კლასში ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლა დაუძლეველი ტვირთია, ამას ჯიუტად არ ვიმჩნევთ.
არც მოსწავლეთა განცდები და დამოკიდებულებებია, როგორც ჩანს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი, არაფრად მიგვაჩნია, რომ სწავლისგან სიამოვნებას კი არ იღებენ, იტანჯებიან. მათ, მართალია, ყოველი სემესტრის დასაწყისში არ უსვამენ შეკითხვას, თუ რომელია ის ოთხი სვეტი, რომელზეც მათი სასწავლებელი დგას, მაგრამ ამ კითხვის გარეშეც ნათელია, რომ ეს ოთხი სვეტი მტკიცედ აღმართულა ჩვენს ცნობიერებაში და ჩვენს მოსწავლეებს არ აძლევს უფლებას, სწავლის პროცესში იყვნენ ბედნიერნი და თავისუფალნი. სწორედ ამ ოთხ სვეტს გამოდევნებულნი, ვერ ვახერხებთ უარი ვთქვათ ლიტერატურის სწავლების ტრადიციულ, ქრონოლოგიურ, პრინციპზე და ფსევდოპატრიოტული აღტკინებით ვაიძულებთ მოსწავლეებს, ისწავლონ ისეთი რამ, რისი გაგებაც მეათე კლასში შეუძლებელია.
„წავიდეთ მღვიმეში და შევქმნათ მკვდარი პოეტების საზოგადოება”, – ამ სიტყვებს ზემოთ ნახსენები ფილმის მთავარი გმირი, ინგლისური ლიტერატურის მასწავლებელი ჯონ კითინგი, ამბობს და ეს ნიშნავს: უარი ვთქვათ დახავსებულ ტრადიციებზე, სტერეოტიპებად ქცეულ შეხედულებებზე, მივიღოთ სიამოვნება ლიტერატურისგან, ნუ ვაქცევთ მის სწავლებას რუტინად.
აშკარაა, რომ ქართული სინამდვილე არ იძლევა „მღვიმეში წასვლის” საშუალებას. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი, როგორც ჩანს, ლიტერატურის ქრონოლოგიური პრინციპით სწავლებაა (ანუ იმის ხაზგასმა, რომ ჩვენი ლიტერატურის ისტორია მეხუთე საუკუნიდან იწყება) და არა მოსწავლეთა თავისუფლება, რომელიც სწორედაც რომ, შეზღუდულია, რადგან მათ ასაკისთვის შეუფერებელ, ურთულეს ტექსტებს ვთავაზობთ შესასწავლად. ჩვენ რომ მათი გათავისუფლების სურვილი გვქონდეს, აქამდე ვიპოვიდით გამოსავალს და ამ ტექსტებს მეთორმეტე კლასში შევთავაზებდით; უარს ვიტყოდით ლიტერატურის სისტემური კურსის ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებაზე და მხარს დავუჭერდით თემატურ ან ჟანრობრივ პრინციპს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაშია მიღებული.
მაგრამ, როგორც ჩანს, შორია მღვიმემდე.
სიმღერა, როგორც სასწავლო რესურსი რუსული ენის გაკვეთილზეპირველი ნაწილი
ასო-ბგერა „რ“
დეკემბერში NIMD-ის (ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი) მიერ ორგანიზებულ დემოკრატიისა და თანასწორობის ფორუმზე გამოვედი სიტყვით. ქალებსა და ლიტერატურაზე ვილაპარაკე. ჩემი აზრით, მნიშვნელოვან საკითხებს შევეხე, ქართულ სინამდვილეში პოეტი და მწერალი ქალების მდგომარეობა მიმოვიხილე, პარალელები გავავლე და ბევრიც ვინერვიულე. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მიწევს აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, ვერა და ვერ ვახერხებ, გულგრილი ორატორი ვიყო. თუმცა ამაზე სხვა დროს მოვყვები.
ფორუმის შემდეგ ბევრი ქება და კომპლიმენტი მივიღე, სოციალურ ქსელშიც კარგი კომენტარები წავიკითხე, მაგრამ ყველაზე მეტად ერთი დამამახსოვრდა – იუთუბზე, ვიდეოს ქვეშ მიწერილი „რ”, ასე, უბრალოდ, „რ” და მეტი არაფერი.
მე კი არ მინდოდა, სახალხოდ ვმდგარიყავი და არამკითხე უფროსების გულის გასახარად ენა დამეღალა. სიმართლე რომ ითქვას, არც დედაჩემს სჭირდებოდა მათი შეგონებები – როგორც პერფექციონისტ და მომთხოვნ დედას შეეფერება, ძალიან დარდობდა ჩემი მეტყველების დეფექტის გამო და რამდენიმეჯერ სცადა ლოგოპედთან ჩემი მიყვანა. მხოლოდ ერთხელ მივედი და მორჩა. დიდად არც ადამიანებთან ურთიერთობა მხიბლავდა, შენიშვნები და ნაკლის ხმამაღლა ხაზგასმა ხომ ჭირის დღესავით მძულდა. მოკლედ, დედაჩემი დაუმსახურებელ მითითებებს შეწუხებული ისმენდა, მე კი, წარმოუდგენლად შეურაცხყოფილი, ძილის წინ არია სტარკივით ვიხსენებდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც უთქვამს ჩემთვის: „სალომე, აბა, თქვი „რ”!”
მოგვიანებით, როცა ჟურნალისტის პროფესია ავირჩიე, იმედი მქონდა, რომ უნივერსიტეტში სერიოზული ყურადღება დაეთმობოდა ჩვენს მეტყველებაზე ზრუნვას. მაგრამ ჩვენ ხომ გაცრუებული იმედების თაობა ვართ – მეტყველების გაკვეთილებისთვის მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაში გამოყვეს კვირაში ორი საათი. ზუსტად ვერ ვიხსენებ, იმ დროს უკვე ვხვდებოდით თუ არა, რომ ქართული ტელევიზიის მოქმედი ვარსკვლავები ჩვენთვის ადგილის დასათმობად დამსახურებულ პენსიაზე არ გავიდოდნენ. ასე იყო თუ ისე, მეტყველების პედაგოგთან შეხვედრა მრავალი ჩვენგანისთვის დამატებითი დარტყმა აღმოჩნდა. ასაკოვანი, კოხტა, მოვლილი ქალი იყო. არც ისე რიგიანად გამთბარ აუდიტორიაში მუდამ პალტომოხურული იჯდა, მაგიდის ქვეშ კი მისი გამხდარი ფეხები და დახვეწილი ფეხსაცმელი მოჩანდა. პირველივე ლექციაზე ილია ჭავჭავაძის „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” დაგვიდო წინ და დიქცია და მეტყველება შეგვიმოწმა. ვფიქრობ, ისედაც არ მიეკუთვნებოდა კეთილგანწყობილ ადამიანთა რიცხვს, მაგრამ ჩვენ აშკარად განსაკუთრებულად გავუცრუეთ იმედი. დაუფარავად გამოგვიცხადა, მე რომ ვყოფილიყავი კომისიაში მისაღებ გამოცდებზე, უმრავლესობა ვერ ჩააბარებდითო. მერე სათითაოდ მოგვდგა, ზოგს „შეკრული კრიჭა” დაუწუნა, ზოგს – სისინა და შიშინა ბგერები, ზოგს – კბილების წყობა, მე, რასაკვირველია, „რ”. მთელი სემესტრის განმავლობაში დაუზარლად მახსენებდა, რომ ტელევიზიაში არაფერი მესაქმებოდა. ის, ჩემი პედაგოგი, რომლისთვისაც ჩემი იმედებისა და თავდაჯერებულობის ფეხქვეშ გათელვა არავის დაუვალებია, არაფერს აკეთებდა ჩემს დასახმარებლად, უფრო პირიქით. მთელი სემესტრი „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?” გვაკითხა, ჩათვლები დაგვიწერა და ისე გაქრა ჩვენი ცხოვრებიდან, თითქოს არც ყოფილა.
დრო გავიდა. მე გავიზარდე და მივხვდი, რომ საკუთარი თავი სულ სხვაგან უნდა მეძებნა და არა ტელევიზიაში. მეტყველების ლექტორის აზრი არ გამითვალისწინებია – თავად გადავწყვიტე ასე. ცოტა მერე საერთოდ დავივიწყე ბავშვობისდროინდელი კეთილმოსურნეებიც და ჩემი პრეტენზიული პედაგოგის შენიშვნებიც. დავივიწყე იქამდე, სანამ ამ რამდენიმე დღის წინ უადგილო ადგილას დაგდებულ ქვასავით არ წამომედო ფეხქვეშ ვიღაცის კომენტარი: „რ”.
სამწუხაროდ, ჩემს თაობაშიც მოიძებნებიან ადამიანები – მშობლები, ნათესავები, ახლობლები, რომლებსაც არასოდეს ეზარებათ ბავშვის ნაკლზე ყურადღების გამახვილება. ხან მეტყველება არ მოსწონთ, ხან თმის ფერი, ხან ცხვირის ფორმა, ხან წონა და ხანაც თავის მოყვანილობა. თითქოს ვიღაცას ყალიბი ჩამოესხას და ყველანი ვალდებულები ვიყოთ, ამ ყალიბში მოვთავსდეთ, ოდნავი გადაცდომის გამო კი ვისჯებით, ვისჯებით მაშინაც, როცა ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ ჩვენს ნაკლთან ერთად მშვიდობიან თანაცხოვრებას ვსწავლობთ. ჩვენ, ყველანი, დაკომპლექსებულ თაობებს ვშობთ, ვზრდით და ვაყალიბებთ, რადგან ისე არაფერი გვიყვარს, როგორც სხვის ნაკლზე ლაპარაკი.
სკოლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, შესაბამისად, არც ისე ცოტა ლექტორი მყავდა. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ზოგიერთ მათგანს არ უყვარდა თავისი საქმე ან იმდენად დიდი წარმოდგენა ჰქონდა საგანზე, რომელსაც ასწავლიდა, რომ საკუთარი სტუდენტები მისი სწავლის ღირსად არ მიაჩნდა. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ იხდიან ასეთი ადამიანები სწავლებას ცხოვრების მთავარ საქმიანობად. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი კომპლექსები სტუდენტებთან უპირატეს მდგომარეობაში ყოფნით დათრგუნონ. მერე კი წრეზე მივდივართ, წრეზე, რომელიც არსად მთავრდება.
ხედავთ? ყველაფერი მართლაც იმაზეა დამოკიდებული, როგორ შევხედავთ საგნებს და მოვლენებს.
როგორ დავძლიოთ ტყუილი
როგორ ვასწავლოთ წარსული დრო მარტივად
კლასში ფრანგული ენის სწავლებისას ყველა მასწავლებელი, დამწყები თუ გამოცდილების მქონე, იცნობს იმ თავისებურებებს და სირთულეებს, რომლებსაც ვაწყდებით წარსული დროის, კერძოდ le passé composé-ს (რთული ნამყო წყვეტილი) ახსნის ეტაპზე.
თავისი მნიშვნელობიდან და გამოყენების სიხშირიდან გამომდინარე, მასწავლებელი ენის სწავლების დაწყებიდან საკმაოდ მალე აღმოჩნდება le passé composé-ს ახსნის აუცილებლობის წინაშე. ვინაიდან ეს არის პირველი გრამატიკული დრო, რომელშიც დამხმარე ზმნები avoir და être დამწყები მოსწავლეებისთვის სრულიად ახალ კონსტრუქციაში გამოიყენება. Le passé composé-ს ახსნა საკმაოდ დიდ საზრუნავს უჩენს პედაგოგს, რომელიც ცდილობს, რომ ეს ახალი დრო, რაც შეიძლება იოლად გასაგები გახადოს მოსწავლეებისთვის. შემდგომში სწავლისას, ისინი ნახავენ, რომ ბევრი გრამატიკული დრო გაიმეორებს იმავე სტრუქტურას, მაგრამ მათთვის ეს უკვე აღარ იქნება დამაბრკოლებელი ფაქტორი იმ შემთხვევაში, თუ le passé composé-ს წარმოება და ყველა ის ნიუანსი, რომლებიც მასთან არის დაკავშირებული, კარგად ექნებათ ათვისებული.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფრანგული ენის მასწავლებელთა უმრავლესობა დამეთანხმება, რომ კლასში le passé composé-ს კარგად ახსნა მომავალში ბევრი სირთულის თავიდან აცილების წინაპირობაა. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ ენის შემსწავლელთა ასაკი, აგრეთვე აუცილებელია ეს პროცესი მოსწავლეებისთვის სახალისოდ წარიმართოს, რათა მათ სირთულეების დაძლევა გაუადვილდეთ. ის ფაქტი, რომ ისინი მოკლებულნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში ფრანგული მეტყველების მოსმენასა და ამ ენაზე მეტყველებას, დამატებით სირთულეებს აჩენს.
ჩვენ დღეს არ შევეხებით le passé composé-ს წარმოებას მისი სიმარტივის გამო, არც le participe passé-ს (ნამყოს მიმღეობა) პირდაპირ დამატებასთან, ზოგ შემთხვევაში მოქმედ პირთან სქესსა და რიცხვში შეთანხმების წესებს, რადგან ამ საკითხებს, რომლებიც საკმაოდ დიდ სირთულეებს უქმნის ენის შემსწავლელებს, მოგვიანებით სხვა სტატიებში დავუბრუნდებით.
კოლეგების უმრავლესობას საქართველოშიც და უცხოეთშიც ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი და მიდგომა აქვს, ბევრი მათგანი კოლეგებსაც მუდმივად უზიარებს საკმაოდ სასარგებლო ინოვაციასა და მიგნებას le passé composé-ს ახსნის გასაადვილებლად. ამ ამოცანის გამარტივების ერთ-ერთი ეფექტური გზა შეიძლება აღმოჩნდეს ამ პროცესის რამდენიმე ეტაპად დაყოფა. ამ პოზიციას იზიარებს საქართველოში ფრანგული ენის ბევრი მასწავლებელი.
პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ავუხსნათ le passé composé-ს წარმოება დამხმარე ზმნა avoir-ით და პირველი ჯგუფის რეგულარული -er-ზე დაბოლოებული ზმნების გამოყენებით, რომელთა ნამყოს მიმღეობის (le participe passé)-ს წარმოება მათთვის არანაირ სირთულეს არ ქმნის. ერთი ან ორი მაგალითის დაფაზე ჩვენება, ძირითადად, საკმარისია ხოლმე;
ზმნის საწყისი ფორმა -er – ნამყოს მომღეობა -é.
მაგ.(Infinitif) danser- (Le participe passé)dansé.
(Le passé composé) -Nous avons dansé.
მოსწავლეები აღმოაჩენენ, რომ ეს იოლია და საკმაოდ სწრაფად დაიწყებენ ამ ტიპის ზმნების გამოყენებას le participe passé-ში როგორც წერით, ისე ზეპირმეტყველებაში. აქვე მათი წახალისებისა და შექების პარალელურად მოსწავლეები აუცილებლად უნდა შევამზადოთ იმისთვის, რომ ზოგიერთი ზმნა სხვაგვარად აწარმოებს აღნიშნულ დროს.
მას შემდეგ, რაც დამხმარე ზმნა avoir-ით ნაწარმოები ზმნების le passé composé მოსწავლეებს კარგად ეცოდინებათ, სასურველია მასწავლებელმა ახსნას -ir/-re-ზე დაბოლოებული რეგულარული მე-2 და მე-3 ჯგუფის ზმნების le participe passé-ს და, ამავდროულად, წარსული დროის წარმოება.
Infinitif en -ir – Participe en –i
(Infinitif)finir – (Le participe passé)fini
Infinitif en -re – Participe en -u
(Infinitif) vendre – (Le participe passé) vendu
რაც შეეხება არარეგულარული ზმნების ნამყოს მიმღეობებს (les participes passés), აქ მათი ფორმების ზეპირად სწავლას გვერდს ვერ ავუვლით. მიუხედავად იმისა, რომ მათისია (რომელიც თითქმის ყველა FLE-ს სახელმძღვანელოს აქვს დართული) მოსწავლეებს ვერ აღმოაჩენინებს დაბოლოებების სრულ სპექტრს-(i, it, u,é,û), მას მაინც შეუძლია ფასეული დახმარება გაუწიოს. აღნიშნული ზმნების ნამყო მიმღეობების (les participes passés) კარგად გათავისება ხშირად დიდ დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ ყველაზე აუცილებელი და ხშირად გამოსაყენებელი ზმნების ნამყოს მიმღეობები მეორე ეტაპის დასაწყისშივე უნდა მივცეთ მოსწავლეებს, რათა მათ რაც შეიძლება სწრაფად შეძლონ შესაბამისი ზმნების წარსულ დროში გამოყენება.
ბოლო ეტაპზე ვუხსნით დამხმარე ზმნა être-ით ნაწარმოები ზმნების le passé composé-ს. მათი ნამყოს მიმღეობების (les participes passés) სქესსა და რიცხვში შეთანხმება მოქმედ პირთან მოსწავლეებისათვის კიდევ ერთი დამატებითი გამოწვევაა და აქაც მასწავლებელს ხშირად უწევს მათთან ერთად გაიაროს ყველა ის სირთულე და დაარწმუნოს ისინი თავიანთ ძალებში.
ამ გრამატიკული დროის გამოყენებისას ენის შემსწავლელთათვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს ორი დამხმარე ზმნიდან საჭიროს არჩევა წარმოადგენს, როდესაც le passé composé-ს გამოყენებას იწყებენ. მხოლოდ იმ ზმნების ჩამონათვალის წარდგენა, რომლებიც დამხმარე ზმნა être-ს იყენებენ le passé composé-ს საწარმოებლად ყოველთვის ვერ იძლევა სასურველ შედეგს. სწორედ ამიტომ მსოფლიოს ყველა კუთხეში ფრანგული ენის მასწავლებლები ეძებენ აღნიშნული ზმნების ჩამონათვალის დამახსოვრების საკუთარ ვერსიებს და დადებითი შედეგის შემთხვევაში დიდი სიამოვნებით უზიარებენ მას თავიანთ კოლეგებს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოშიც ბევრი ისეთი პედაგოგია, რომელმაც ამ ზმნების ჩამონათვალის დამახსოვრების განსხვავებული მეთოდი შეიმუშავა და შესანიშნავად მუშაობს. აქვე გვინდა ჩვენი რამდენიმე უცხოელი კოლეგის ვარიანტიც შემოგთავაზოთ, რომლებიც მოწონების შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენს საქმიანობაში აქტიურად გამოიყენოთ.
პირველი ნახატი მოგვითხრობს პერსონაჟის ისტორიას, რომელიც კლასში რამდენიმე დღის განმავლობაში თვალსაჩინო ადგილას შეგვიძლია გამოვფინოთ, შემდეგ კი დავმალოთ ის და შევეცადოთ, მოსწავლეებთან ერთად აღვადგინოთ ამბავი. ეს სავარჯიშო საკმაოდ ახალისებს მოსწავლეებს, ზოგჯერ ბავშვებს უჩნდებათ ამ ნახატის გადახატვის, პერსონაჟისთვის სახელის დარქმევის და შემდგომ მისი ისტორიის მოყოლის სურვილი, რაც ძალაუნებურად განაპირობებს ზმნების დამახსოვრებას(აქვე მათ შეიძლება განემარტოთ, რომ ზმნების თანამიმდევრობას ჩამონათვალში არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს)

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი ნახატები და მასში მოთხრობილი ისტორიები ინტერნეტში საკმაოდ მრავლად მოიპოვება, თითოეულ მასწავლებელს შეუძლია მათ შორის რომელიმე აირჩიოს ან თავისი საკუთარი შექმნას (უმჯობესია, თუ ამ აქტივობაში მოსწავლეები იქნებიან ჩართულნი). აღნიშნული ვიზუალური მასალა უდავოდ დიდ დახმარებას გაგვიწევს კლასში. სამწუხაროდ, ვერც ერთი ვერ უყრის თავს ერთადერთ ნახატში დამხმარე ზმნა être-ით ნაუღლებ ყველა ზმნას და პედაგოგს მაინც უწევს დამატებითი კომენტარების გაკეთება.
ამ მხრივ, საკმაოდ კარგი ვარიანტი შემოგვთავაზა ჩვენმა ფრანგმა კოლეგამ, რომელიც შეეცადა ერთ ნახატში გაეერთიანებინა დამხმარე ზმნა être-ით ნაუღლები ყველა ზმნა, მათ შორის – ნაცვალსახელოვანი (უკუქცევითი) ზმნები, ასევე ზმნები, რომლებიც ორივე დამხმარე ზმნას იყენებენ, და ის, თუ რა მოქმედებას გამოხატავს le passé composé.

ეს ვარიანტი საკმაოდ სრულყოფილი, მაგრამ, ამავე დროს, ვიზუალურად გადატვირთულია. ამიტომ ის შეიძლება უფრო სამუშაოს შემაჯამებელ ფაზაში ვიზუალურ მასალად გამოვიყენოთ, ვიდრე ზმნების ჩამონათვალის დამახსოვრების გასაადვილებელ საშუალებად.
ზემოთ წარმოდგენილი ხედვა, შესაძლოა, არ არის საუკეთესო ვარიანტი, თუმცა უკვე აპრობირებულია და საკმაოდ კარგადაც მუშაობს. შესაძლებელია მისი დამხმარე მასალად გამოყენება.



