კვირა, ივლისი 5, 2026
5 ივლისი, კვირა, 2026

უკვდავი ნაგავი

0
საუდის არაბეთში ერთი შეიხი ცხოვრობდა, ძალიან მდიდარი იყო. როგორც შეიხს და თან, როგორც მდიდარს შეეფერებოდა, ოქროთი მოვარაყებულ სასახლეში განცხრომას იყო მიცემული. ცოლი რამდენი ჰყავდა არ ვიცი. ან ერთი ეყოლებოდა ან ოდნავ მეტი. თუმცა, რამდენიც არ უნდა ჰყოლოდა, ალბათ ყველას ფუფუნებასა და უსაქმურობაში ამყოფებდა, მდიდარი და უდარდელი იყო და იმიტომ. 

თუმცა, ერთი დღე ოდნავ სხვანაირი გათენდა. არა, დილა ჩვეულებრივ დაიწყო. შუადღეც სრულიად ჩვეულებრივ ფუფუნებასა და არაფრის კეთებაში მიილია. მზე ოდნავ გადავიდა და შეიხის სასახლეს უცნაური გრუხუნით ჩამოვარდნილი  ობიექტი დაეცა თავზე. მადლობა ღმერთს, ყველანი გადარჩნენ. თვით შეიხი, ცოლი (თუ ცოლები) და მისი კატაც კი. ერთი ეგ არის, სასახლის რაღაც ნაწილი ჩამოინგრა. ეგ რა ბედენა იყო, უცბად აღადგენდნენ, მაგრამ პირველი ელდის გავლის შემდეგ, ეწყინა კაცს, ვინ მომიწყოო, იკითხა. ან, რა არაკაცობაა, ასე  გაუფრთხილებლად, პირდაპირ ზეციდან თავზე დასხმა. თუ რამე გინდა, მოდი და მითხარი. არგუმენტები წამომიყენე, მე ჩემსას გეტყვი და ვიკამათოთ ასე ტკბილად დილამდე. თორემ რაღაცა საგნების სროლა ყველას შეუძლია.

მერე ვიღაცამ თქვა, ის რაც ჩამოვარდა, აგერ გადანგრეული შადრევნის გვერდზე გდიაო. ჰოდა, სანახავად  ჩუმად და ფეხაკრეფით წავიდნენ. წინ შეიხი მიდიოდა, უკან მორჩილი ცოლი (თუ ცოლები) და თუ ფიქრობთ, იმათ კვალში კატა ედგა, ნურას უკაცრავად. კატა შეიხის მკლავებში იყო. არა, კატები კი არ უყვარდა, წნევა აწუხებდა ოდნავ.

ჩამოვარდნილ ობიექტს ვერაფერი გაუგეს. რაღაც რკინის დიდი ნაგლეჯი შერჩათ ხელში. თუმცა, ძალიან მალე ნასადან კომისია ეწვიათ და ჩამოვარდნილი ნაგლეჯის მათთვის გადაცემა მოითხოვა. მშვიდობაში მოიხმარეთო, მიაძახა შეიხმა და გადაწყვიტა ეს პატარა ინციდენტი მალევე დაევიწყებინა.

სინამდვილეში ეს, ე.წ. რკინის ნაგლეჯი რკინის სულაც არ იყო. გამოყენებული ხელოვნური თანამგზავრის კორპუსის ნაწილი გახლდათ, რომელიც სხვა დანარჩენი კოსმოსური ნაგვის მსგავსად დედამიწის გარშემო დახეტიალობდა. ერთ დღესაც ატმოსფერო გაარღვია და მაინცდამაინც ამ ჩვენი შეიხის სასახლეს დაეცა თავზე. თუმცა სამიზნე მაინც კარგად აირჩია. საქმე მშვიდობით დამთავრდა, დანგრეულიც მალევე აღდგა. აბა, წარმოიდგინეთ, ვინმე ღარიბის სახლს რომ დასცემოდა…

ახლა მოდით იმასაც დავწერ, რომ კოსმოსური ნაგვის პრობლემა მართლაც დიდია. ჩვენი პლანეტის გარშემო ათასობით გამოყენებული თანამგზავრების, ანტენების, რაკეტების ნაწილი დაეხეტება. ზოგიერთი მათგანი ატმოსფეროს არღვევს და პლანეტის სხვადასხვა ადგილას ენარცხება. ნასა მათ აგროვებს და აანალიზებს. აინტერესებთ, რა ტიპის შემადგენლობის დეტალებს აქვთ ატმოსფეროს გარღვევის უნარი. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, რა ტიპის შემადგენლობის ნაწილები ბრუნდებიან  მიწაზე უფრო ხშირად.

აღმოჩნდა, რომ უკან დაბრუნებულ ყველა დეტალში შედის ტიტანი. არა, მე არც  სატურნის თანამგზავრ ტიტანზე ვსაუბრობ და არც გოლიათებზე ბერძნული მითოლოგიიდან. ელემენტია ასეთი, მეტალია და ტიტანი ქვია. 

მსუბუქი, მოვერცხლისფრო-თეთრი მეტალი გახლავთ. რკინაზე ორჯერ მსუბუქია, მაგრამ სიმაგრეში სულაც არ უდებს მას ტოლს. 200 წელია, რაც ცნობილი გახდა. უცნობი მეტალის ოქსიდი ფაქტობრივად ერთდროულად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინეს ინგლისელმა გრეგორმა და  გერმანელმა კლაპროტმა.  1795 წელს  მარტინ ჰენრიხ კლაპროტმა  ახალ მეტალს ტიტანი უწოდა. თუმცა მისი მეტალური, დამოუკიდებელი სახით მიღება მხოლოდ 1825 წელს  ბერცელიუსმა  შეძლო. მეცხრამეტე საუკუნის ქიმიკოსები ტიტანს იშვიათ მეტალად მიიჩნევდნენ  და შესაბამისად ფიქრობდნენ, რომ აბსოლუტურად უსარგებლო იყო.  თუმცა მეოცე საუკუნეში ყველაფერი ამოყირავდა. აღმოჩნდა, რომ ის არც ისე იშვიათი იყო და ძალიან ბევრი მინერალის შემადგენლობაში შედიოდა. ახლა ტიტანი დედამიწის ქერქში გავრცელების მიხედვით, მეცხრე ადგილზეა. მის წინ განლაგებულ შესანიშნავ რვიანს შეგახსენებთ. პირველ ადგილზეა ჟანგბადი, მეორეზე – სილიციუმი, მესამეზე – ალუმინი, მეოთხეზე – რკინა, მეხუთეზე – კალციუმი,  მეექვსეზე – ნატრიუმი, მეშვიდეზე – მაგნიუმი, მერვეზე კი -კალიუმი. დედამიწის ქერქში ტიტანის მასური წილი 0,6%-ია და ეს ცოტა სულაც არ არის. ახლა მეტყვით, ეს არის ბევრიო? მაგრამ, თუ დავთვლით ერთად აღებულ მანგანუმის, ქრომის, თუთიის, სპილენძის, ვანადიუმის, ცირკონიუმის, ვოლფრამის, კობალტის, ნიკელის და მოლიბდენის რაოდენობას,  ტიტანი მაინც სამჯერ გადაწონის. ტიტანი მარცვლებში, ნაყოფში, ფოთლებშიც არის. ასევე, კვერცხში და რძეშიც. თუმცა, ცოცხალ ბუნებაში მისი რაოდენობა მილიგრამებით იზომება. მაგ. ადამიანის ორგანიზმში 20მგ ტიტანია.  გარდა ამისა, ექიმებმა დაადგინეს, რომ ტიტანი ჩვენი ორგანიზმისთვის უსაფრთხოა. ქიმიურად მდგრადია, უძლებს სიცივეს და მაღალ ტემპერატურას. მდგრადი და მსუბუქია. სწორედ ამიტომ, მას კოსმოსური საუკუნის მეტალი უწოდეს და მისგან თანამგზავრების და ანტენების ათასგვარი დეტალი დაამზადეს. თუმცა, ყოფაშიც გვხვდება, მაგ. დანებს ამზადებენ. თხილამურების ჯოხები ასევე ტიტანისგან მზადდება. კოროზია მედეგია, რადგან ალუმინის მსგავსად ჰაერზე იფარება ოქსიდის თხელი და მედეგი ფენით. სწორედ ეს ფენა იცავს მას შემდგომი დაჟანგვისგან. 

ბუნებაში უმეტესად, სწორედ ოქსიდის სახით გვხვდება TiO2. სწორედ ეს შემადგენლობა აქვთ მინერალებს – რუთინი, ბრუკიტი, ანატასი.  ამ მინერალების ფერი წითლიდან შავისკენ მერყეობს. აი, ქიმიურად სუფთა ტიტანის ოქსიდს კი თეთრი შეფერილობა აქვს.  სხვათა შორის, თუ სადმე საკვებზე წარწერას შეხვდებით E-171, იცოდეთ, რომ ეს ტიტანის უსაფრთხო ოქსიდია. 

კოსმოსური ნაგავი კიდევ მრავალი წელი იტრიალებს ჩვენს თავზე. ზოგიერთი მეცნიერი მას უკვდავ ნაგავსაც კი უწოდებს.  რადგან ნაგვის უკვდავებაზე ჩამოვარდა სიტყვა, პოლიეთილენიც უნდა ვახსენო. 

პოლიეთილენის მონომერი უჯერი ნახშირწყალბადი ეთილენია. არსებული უჯერი ბმების ხარჯზე, ეთილენის მოლეკულები გრძელ ჯაჭვად ერთიანდებიან.  პოლიეთილენი ძალიან მდგრადია. არ იხსნება, არც წყალში, არც აცეტონში, არც ბენზინში, არც სპირტში, არც ბენზოლში და საერთოდ არც ერთ ორგანულ გამხსნელში. ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, გარემოს დამაბინძურებელია და წლობით არ დაიშლება. 

ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნის ერთ საღამოს, ჰანს ფონ პეჰმანის ლაბორატორიაში დაიწყო. სინჯარაში რეაქციის თანაური უცნობი პროდუქტი აღმოაჩინა. ხელის გულზე დაიდო და აქეთ-იქით ბევრი ატრიალა. შემდეგ ადგა და გადააგდო, ისე რომ ვერც კი გაიგო, ეს მასალა მომავალში რამდენად შეუცვლელი იქნებოდა ჩვენი ყოველდღიურობისთვის.   

თუმცა ამ ამბიდან მხოლოდ 34 წლის შემდეგ პოლიეთილენი ხელახლა აღმოაჩინეს და მის შესაძლო გამოყენებაზეც დაფიქრდნენ.  პრაქტიკაში კი მისი ნაკეთობები 1933 წელს  ერიკ ფოსეტის ძალისხმევით გამოჩნდა.  თავდაპირველად, ის კაბელების, კოსმეტიკის ბოთლების და კოლოფების შემადგენლობაში გამოიყენებოდა და მხოლოდ 1950 წლიდან დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტებში გამოჩნდა პაკეტების სახით.

თუმცა დღეს ეს პაკეტები პლანეტა დედამიწის მტრად ითვლება, რადგან მის დაშლას წლები და წლები სჭირდება და გარემო პოლიეთილენის გროვებით საოცრად ბინძურდება.
 


 
პოლიეთილენის (ანუ ცელოფნის) ნაჭრები სინჯარაში მოვათავსოთ და გავაცხელოთ. შედეგად ეთილენი გამოიყოფა და მისი შეგროვება წყლის გამოძევების მეთოდით შეგვიძლია. აღსანიშნავია, რომ პოლიეთილენი ორმაგ ბმას არ შეიცავს და თვისებებით ნაჯერ ნახშირწყალბადებს ემსგავსება. 

წერილს სტატიის წერის პროცესში შეთხზული ჩემივე ლექსით დავასრულებ. 

არა, პოეტობის პრეტენზია კი არ გამიჩნდა… უბრალოდ, არ მიყვარს, როცა მიყენებენ:
ზეთის  ცარიელი ბოთლი ურნაში გადავაგდე,
ნაგავში იძირებოდა და უცებ შემეცოდა.
მალე იმ ნაგვის ურნას აუვა მყრალი ბოლი,
იქნებ დავფიქრდეთ წამით და შევიბრალოთ ბოთლი.
ასეა მუდამ ხალხშიც, გამოგვიყენებს ვიღაც
და ისე გვისვრის სადღაც, არ დაიშურებს წიხლსაც…

ინკების მსტვინავი „ყვავილი“

0

უძველესი დროიდან ადამიანის ხმა ღვთის ბოძებულ ყველაზე მშვენიერ, ზუსტ და მორჩილ ინსტრუმენტად მიიჩნეოდა.
მას შეუძლია გადმოგვცეს ემოცია, გრძნობა თუ განწყობა. ხმა სულთან იმდენად მჭიდრო კავშირშია,
რომ ყოველგვარი განცდა უმალვე აისახება
მასზე. სხვა მუსიკალური ინსტრუმენტებისგან განსხვავებით,
მას შეუძლია, გამოსცეს, გამოთქვას სიტყვა. სხვათა
შორის, საუბრისას ადამიანი ხმის შესაძლებლობების მეათედს
იყენებს, თუმცა ხმის დამუშავებით მაქსიმუმის მიღწევა შესაძლებელია. ხმის უსაზღვრო შესაძლებლობები
ნათლად გამოჩნდება იმ მომღერლის მაგალითზე, ვის შესახებაც ვაპირებ თქვენთან საუბარს.

ჩემს ერთ-ერთ სტატიაში საფუძვლიანად ავხსენი, რა დადებით
გავლენას ახდენს სიმღერა ჩვენს ჯანმრთელობაზე. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მრავლდება
სიმღერის, განსაკუთრებით კი  – გუნდური სიმღერის,
სასარგებლო ზემოქმედების დამადასტურებელი საბუთები. მაგალითად, შვედმა მეცნიერებმა
დაამტკიცეს, რომ მშვიდი და მოწესრიგებული სუნთქვა სიმღერისას გულის რიტმს აწესრიგებს,
ხოლო ოქსფორდის უნივერსიტეტში დაადგინეს, რომ სიმღერა ფსიქიკას აუმჯობესებს. ასევე
დადასტურებულია სიმღერის დადებითი გავლენა პარკინსონიზმის, დეპრესიისა და ფილტვების
დაავადებათა ზოგიერთ სიმპტომზე. სიმღერა ებრძვის სტრესს და დაბლა სწევს სისხლის წნევას.
ცნობილია, რომ სიმღერისას სისხლში იმატებს ჟანგბადის დონე, გამოთავისუფლდება ჰორმონი
ოქსიტოცინი და სტიმულირდება ენდორფინების – ბედნიერების ჰორმონის – გამომუშავება.

 

***

ყველა ბგერა, რომელიც იმღერება, არის მაღალი, საშუალო
და დაბალი. მუსიკოსები ბგერის სიმაღლეზე საუბრისას ვიყენებთ ტერმინს „რეგისტრი”.

როგორც ვიცით, სასიმღერო ხმა სამი ტიპისაა: ქალისა,
მამაკაცისა და ბავშვისა. ქალის ძირითად ხმებს მიეკუთვნება სოპრანო, მეცო-სოპრანო და
კონტრალტო (ალტი).

სოპრანოს ნაირსახეობაა მაღალი ანუ კოლორატურული სოპრანო.
ეს არის გამჭვირვალე, ზანზალაკივით წკრიალა ხმა. მოძრავი, მოქნილი და თავისუფალი, ვოკალურ
პარტიაში ადვილად ასრულებს ვირტუოზულ პასაჟებსა და მელიზმებს.

არსებობს ლირიკული და დრამატული სოპრანოც.

მეცო-სოპრანო ქალის ხმის საშუალო დიაპაზონია – სოპრანოსა
და კონტრალტოს შორის. მისთვის მსუყე ჟღერადობაა დამახასიათებელი. კონტრალტო ქალის ყველაზე
დაბალი ხმაა, ღრმა და ხავერდოვანი ტემბრისა.

მამაკაცის ხმის ტიპებია ტენორიბარიტონი და ბანი, ბავშვებისა კი – დისკანტი (დისკანტი
ბავშვის
/ბიჭის/ ყველაზე მაღალი სასიმღერო ხმაა, ანუ „ბიჭის სოპრანო”) და ალტი.

აქვე გაკვრით აღვნიშნავ ხმის ძირითად
რეგისტრებს: მკერდის ხმა, ფალცეტი, მიქსტი, მსტვენი რეგისტრი და შტრობანი.

მსტვენი რეგისტრი უმეტესად ქალებშია განვითარებული.
ეს ფლეიტისებური რეგისტრი თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის სახმო შესაძლებლობების
მწვერვალად. ამ რეგისტრში გამოცემული ბგერის სიხშირე იმდენად მაღალია, რომ მისი ობერტონები
რეზონატორის საზღვრებში ვერ თავსდება. ამგვარ ხმას ტემბრი არ გააჩნია, ის „შიშველი”
ბგერის ტალღაა, უფრო სწორად, ჩვენ ვერ აღვიქვამთ ტემბრს. სტვენის კიდევ ერთ განსაკუთრებულ
ნიშნად უნდა ჩაითვალოს ფონეტიკური ენის ჩარჩოებიდან ამოვარდნა – ამ რეგისტრში ხმოვანი
ბგერის შექმნა-გადმოცემა შეუძლებელია.

 

***

ვის არ გაგვიგონია ორი საუკუნის წინ ესპანელთა უღლისგან გათავისუფლებული უძველესი კულტურის მქონე ხალხების – პერუელი ინკებისმაიას ტომების, ნასკას – „ნახატი ნახაზების” შესახებ, რომ აღარაფერი
ვთქვათ 100 წლის წინ სრულიად შემთხვევით აღმოჩენილ
საიდუმლოებით
მოცულ,
მუდამ ნისლში გახვეულ ინკების კულტურის ძეგლზე მაჩუ-პიკჩუზე.

ამერიკელი მომღერალი, წარმოშობით პერუელი იმა სუმაკი,
იმ ხალხის ჩამომავალი გახლავთ, რომელსაც სეისმურად აქტიურ ზონასთან ერთად მკაცრი კლიმატური
და გეოლოგიური პირობების გამო არსებობისთვის სასტიკი ბრძოლა უწევდა. უნდა ითქვას, რომ
ეს ბრძოლა ნამდვილ ომს ჰგავდა! ეს იყო ქვეყანა, სადაც დაიბადა მარიო ვარგას ლიოსა,
ვისთვისაც წერა ბედნიერებისთვის ბრძოლას ნიშნავს.

ინკების პრინცესა იმა სუმაკი უკანასკნელი იმპერატორის
შთამომავლად არის მიჩნეული, თუმცა ეს ლეგენდაა თუ სინამდვილე, დღემდე არავინ იცის.
მისი ნამდვილი სახელია ზოილა ავგუსტა იმპერატრის კავარი დელ კასტილიო – უბრალო ესპანური
სახელი, რომელშიც თვალში საცემია სიტყვა „იმპერატრის”. დედის ქალიშვილობის გვარი ატაუალპა
იყო, ამ გვარში კი ეჭვის შეტანა ნამდვილად გაძნელდება, ვინაიდან სწორედ ასე ერქვა ინკების
იმ ბელადს, ესპანელმა დამპყრობლებმა სიკვდილით რომ დასაჯეს. ატაუალპას მართველობის
ისტორია საკმაოდ რთულია; ესპანურ ლიტერატურაში ის მოიხსენიება როგორც ინკების გაუჩინარებული
ცივილიზაციის უკანასკნელი იმპერატორი. შესაბამისად, იმა სუმაკი უკანასკნელი უდიდესი
ინკის შვილთაშვილის შვილთაშვილის შვილთაშვილი გამოდის… ალბათ ამიტომ, პერუს მთავრობამ
ჯერ კიდევ 1946 წელს აღიარა მისი უფლება, ეტარებინა „ინკების პრინცესას” ტიტული.

გასული საუკუნის 50-იან წლებში გასაოცარი მონაცემების
წყალობით იმა სუმაკი ეგზოტიკური მუსიკის ყველაზე ცნობილი შემსრულებელი გახდა. უპირველესად,
საერთაშორისო აღიარება მოიპოვა სიმღერებით, სადაც მისი ხმა თავისუფლად მოძრაობდა 5
ოქტავის ფარგლებში (ფორტეპიანოს დიაპაზონის 70%)
, ეს კი იმ დროისთვის მსოფლიო რეკორდი იყო („მზის ღმერთის
ქალწული”, „ტყის არსებები”, „მაგია”, „გოფერ მამბო” და სხვა).
საქმე მხოლოდ დიაპაზონი როდია – მისი ხმა მსუყე,
მოცულობითი და მრავალფეროვანი ტემბრების ფეიერვერკია.



შეგახსენებთ, რომ, გადმოცემის თანახმად, მთებში მცხოვრები
მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფი, ინკები
, თავსმზის ღმერთის
– ინტის
შვილებად მიიჩნევდა; მზე იმპერიის მთავარ ღვთაებად იყო აღიარებული. ბავშვობაში სუმაკი
ჯერ კიდევ
იურულ პერიოდში ფორმირებულ ამოუცნობ ანდებში დახეტიალებდა და კლდეებს უმღეროდა. მისი ხმით საუბრობდნენ მაღალი მთების მწვერვალები და
დედამიწის ღრმა წიაღები.
ერთ-ერთი ასეთი ტერიტორია,
ყველაზე მაღალი კანიონი კოლკა, დღეს ტურისტებისთვის ფრთოსანთა გამო ერთ-ერთი ყველაზე
მიმზიდველი ადგილია. მას ინკების დაკარგულ ხევს, წმინდა ველს და არწივების პარკსაც
უწოდებენ. ჰაერის ნაკადის გამოყენების ხარჯზე ცათა მბრძანებელი,
ანდების კონდორი, რომლის ფრთების შლილი 3,3 მეტრს
აღწევს, ძალიან იშვიათად (დარვინის დაკვირვებით, ნახევარ საათში ერთხელ) არხევს ფრთებს,
რითაც ენერგიას ზოგავს. ადგილობრივი ტომების მითოლოგიაში კონდორი მზეს განასახიერებს,
თვით ანდების მკვიდრნი კი მას ძლიერებისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.

იმა სუმაკი კეჩუას ენაზე „ლამაზ ყვავილს” ნიშნავს. ამ ენაზე დღეს თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე მცხოვრები დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ლაპარაკობს.

იმა ძველთაძველ პერუელთა ხალხურ სიმღერებს მღეროდა და
დიდ მომღერლობაზე ოცნებობდა. მან შეისწავლა ეგზოტიკური ჩიტების სიმღერა და დღიდან დღემდე
ისე ოსტატურად ბაძავდა მათ, რომ განსხვავების პოვნა ალბათ თავად ფრთოსნებსაც გაუჭირდებოდათ.



13 წლის სუმაკი უკვე ათასობით აღფრთოვანებული მსმენელის
წინაშე გამოდიოდა. როდესაც განათლების მინისტრმა მისი ფენომენალური ხმა მოისმინა, დაჟინებით
მოითხოვა, პატარა გოგონა განათლების მისაღებად ოჯახთან ერთად დედაქალაქში გადასულიყო.
20 წლის იმას სიმღერები უკვე არგენტინის რადიოთი გადაიცემოდა. ამის შემდეგ მან მშობლიური
სახელი ზოილა სცენურით – იმა სუმაკით შეიცვალა.



აშშ-სა და ევროპაში სუმაკი 1950-იანი წლების ბოლოს გაიცნეს.
ამერიკაში გაკეთებული მისი პირველი ჩანაწერები ეგზოტიკური ჩიტების სიმღერებს მოგვაგონებს.
ჰოლივუდს შეუმჩნველი არ დარჩენია მისი ექსტრაორდინარული ტალანტი და სუმაკი ორ ფილმში
– „ინკების საიდუმლოსა” („მზის ღმერთის ქალწული”) და „ომარ ხაიამში” გადაიღეს.

60-იან წლებში იმა სუმაკმა მსოფლიო ტურნე საბჭოთა კავშირით
დაიწყო, 1962 წელს კი ეკრანებზე გამოვიდა პირველი საბჭოთა ფანტასტიკური ფილმი „ქარიშხლების
პლანეტა”. ფილმში სუმაკის განსაცვიფრებელი ხმა ჟღერს – მამაკაცის დაბალი, მსუყე ბარიტონიდან
ქალის კოლორატურულ სოპრანომდე,
ჩიტების ყველაზე მაღალი
ტრელების მსგავს მსტვენ ბგერებამდე
, რომელთა აღებას
სუმაკის გარდა ვერავინ შეძლებდა. მისი გიგანტური დიაპაზონი იტევს გარეულ ცხოველთა ღმუილს,
ჩანჩქერის ქუხილს და გარეული ჩიტების გამკივან ხმებს. ამასთან ერთად, სუმაკი ფლობდა
განსაკუთრებულ თავისებურებას – ერთდროულად ორი ხმით, ანუ პოლიფონიური ხმით სიმღერის
უნარს.



სუმაკის ნიჭი სრულიად სხვა ბუნებისაა; მისი ხელოვნება
სხვა სიბრტყეზე განიხილება, ვიდრე ოპერა. როდესაც მას ჰკითხეს, რატომ არ მღეროდა ოპერაში,
უპასუხა: „იქ რა ვაკეთო? ოპერის მომღერალი ათასობითაა, მე კი უნიკალური ვარ”. ძნელია,
არ დაეთანხმო.

თუ კარგად მივუგდებთ ყურს, იმას სიმღერები ინკების გამქრალი
ცივილიზაციის რეკვიემად აღიქმება.



სუმაკის გასტროლები ევროპაში წარმატებული აღმოჩნდა.
მისი ალბომები ყოველგვარი რეკლამის გარეშე დიდი ტირაჟით ვრცელდებოდა. ბევრი სიმღერა
დღემდე მოთხოვნადია. გერმანიაში მასზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს.

70-იან წლებში სუმაკის შემოქმედების მიმართ ინტერესმა
იკლო. მან გამოუშვა ალბომი როკმუსიკის ჟანრში, რომელმაც მსმენელის მოწონება ვერ დაიმსახურა.
ამ დროისთვის დასავლეთის შოუბიზნესის კარი მისთვის დაიხურა… გაუხსენეს საბჭოთა კავშირში
მოგზაურობა, ჭირვეული და ურჩი ხასიათი, შეწყვეტილი კონტრაქტები. სუმაკი სამშობლოში
დაბრუნდა და განმარტოვდა.

მიწვევები 90-იან წლებში განახლდა, როდესაც კვლავ აღორძინდა
მამბოსადმი ინტერესი. ახლა იმა უფრო ხშირად ჩნდებოდა ფილმების საუნდტრეკებში, ისევ
გამოდიოდა დასავლეთ ევროპის საკონცერტო დარბაზებში. მომღერლის ფირფიტებზე ინდიელების
ეგზოტიკური მელოდიები ენაცვლებოდა იმ დროს პოპულარულ რიტმებს – საკარნავალო რუმბასა
და ჩა-ჩა-ჩას.



სუმაკის უნიკალური ხმა დღემდე შეუსწავლელია. გასული
საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მომღერალს „მეცნიერული კვლევისთვის” ხმის კომპიუტერული
ანალიზი შესთავაზეს, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.

სუმაკმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები ლოს-ანჯელესის
მოხუცებულთა სახლში გაატარა. მიუხედავად ამისა, სამშობლო მას უამრავი სამახსოვრო ჯილდოთი
ანებივრებდა. ტელევიზია და რადიო მის შესახებ სპეციალურ გადაცემებს ამზადებდნენ. ალბომებს
ხელახლა გამოსცემდნენ. სხვადასხვა ქვეყნის მელომანები ჯერ კიდევ ეცნობოდნენ მსოფლიო
მნიშვნელობის ფასდაუდებელ მარგალიტს. მომღერალს პერუული მუსიკის „საპატიო ელჩის” წოდება
მიანიჭეს. იმა სუმაკს პერუს ეროვნულ მონაპოვარს, „სამყაროს მერვე საოცრებას”, „ვოკალის
დედოფალს”, „უნიკალურ ეთნოდივას” და „ინკების უკანასკნელ პრინცესას” უწოდებდნენ.

ინკების დედოფალი 86 წლისა, 2008 წელს გარდაიცვალა.„პირველ ნოემბერს შეწყდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი
მსოფლიო მნიშვნელობის ხმა. ანდების მაღალ მთებში და კიდევ უფრო მაღლა,
ვარსკვლავებს შეუერთდა ერთადერთი და განუმეორებელი იმა სუმაკის სული”.
დაკრძალულია ჰოლივუდში, ვარსკვლავების სამუდამო სამყოფელში,
Hollywood Forever სასაფლაოზე.

ბროდსკის ბიბლია

0
„უპალტოო, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, სიცივისგან მობუზული, მაგრამ რატომღაც ბავშვივით გახარებული” – სწორედ ასეთი დაამახსოვრდა თამაზ ჭილაძეს გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს თბილისში მოულოდნელად ჩამოსული იოსიფ ბროდსკი. 
ნობელის პრემია და საქვეყნო აღიარება ჯერ წინაა – ჯერ მხოლოდ საბჭოთა კავშირიდან გასახლება ჩანს ახლო პერსპექტივაში. რა თქმა უნდა, ის დრო ჩავლილია, როცა თავისუფალი სიტყვისათვის პოეტს სიცოცხლით აზღვევინებდნენ, მაგრამ არც ეს მოჩვენებითი, ცარიელი მშვიდობაა (სიმშვიდე) ნაკლებ სახიფათო. 
– მინდოდა მენახეთ, როგორები ხართო, – უთხრა მხოლოდ ერთი დღით ჩამოსულმა ბროდსკიმ მასპინძლებს, თამაზ ჭილაძემ კი, თითქმის მეოთხედი საუკუნის შემდეგ დაწერილ მოგონებაში მოკლედ, გულწრფელად და ემოციურად აღწერა ის შეხვედრა: 
„არც მახსოვს, რაზე ვლაპარაკობდით, ყოველ შემთხვევაში, პოეზიაზე არა. თოვდა და ვსვამდით. ახალგაზრდები ვიყავით. ეს იყო და ეს. წავიდა და წავიდა”.

ცოტა ხანში იოსიფ ბროდსკის მიერ ბრწყინვალედ თარგმნილ ოთარ ჭილაძის ლექსებს რუსული გამოცემიდან ამოიღებენ: დიდი მიხვედრა ალბათ არ სჭირდება, რატომაც. 
არც იმის მიხვედრა იქნება ძნელი, რომ ყველა აკრძალვა და ძალადობრივი ჩარევა ბოლოს მხოლოდ წარსულის კუთვნილებად რჩება. 
მოგვიანებით, 1989 წელს „ლიტერატურნაია გრუზიას” ფურცლებზე გამოქვეყნებული ოთხი ლექსის ბროდსკისეული თარგმანი, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, თუნდაც ლიტერატურის ისტორიისთვისაა საინტერესო (კიდევ ერთი ნობელის პრემიის ლაურეატი, პასტერნაკის შემდეგ, თარგმნის ქართულ პოეზიას). მაგრამ რატომ უნდა გავანებოთ ყველაფერს თავი?! – მეოცე საუკუნის საქვეყნოდ ცნობილი დიდი პოეტი თარგმნის მეოცე საუკუნის ნაკლებად ცნობილ დიდ პოეტს, რომლის რომანებზეც მოგვიანებით სკანდინავიელი კრიტიკოსები დაწერენ, – ოთარ ჭილაძემ საქართველო დააბრუნა მსოფლიოს ლიტერატურულ რუკაზეო.  
ბროდკის თარგმნილი ლექსებიდან ერთი, ნამდვილი შედევრი „გამოთხოვება” გავიხსენოთ, ავტორის მიერ წაკითხული:   

და ესეც თარგმანი: 

ამბავი ამით არ მთავრდება:
„ამერიკაში წასვლის წინ შესანიშნავად გამოცემული ბიბლია დამიტოვა სახსოვრად”.
ხილიანზე, ჭილაძეების სახლში, ჯონ აპდაიკისა და ალენ გინზბერგის ავტოგრაფიან წიგნებთან ერთად, მეც მინახავს თამაზ ჭილაძისთვის ნაჩუქარი კიდევ ერთი რელიკვია – ბიბლია, უფრო სწორად, ბროდსკის ბიბლია, მის ხელში გამოვლილი, ნაცრისფერი ყდის ყუაზე ძლივსშესამჩნევი ოქროსფერი წარწერით. 

ჰოდა, 5 მარტი თამაზ ჭილაძის დაბადების დღეა! თქვენთვისაც მინდოდა ამ დღის შეხსენება, და მთელი ამბავი კი მოიყოლა თან – ასე მემართება ხოლმე, ძვირფას ხალხზე რომ ვიწყებ წერას. 

„იგი“ – საბჭოთა რეჟიმის ალეგორია თუ პლატონის გამოქვაბულის რეცეფცია

0
ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესოა საბჭოთა ლიტერატურისა და ხელოვნების ალეგორიული ნიმუშების კვლევა. ვერ წარმომიდგენია, ხელოვან ადამიანს, შემოქმედს როგორ შეეძლო აეტანა პიროვნებაზე ნებისმიერი ფორმით ძალადობა. არადა, საბჭოთა რეჟიმი არა მარტო მასის ერთფეროვნებას მოითხოვდა, არამედ ცდილობდა, ხელოვნებაც ჩარჩოებში მოქცია. გამოსავალი ყოველთვის არსებობს და ნიჭიერი ხელოვანებიც არ ეპუებოდნენ „ზევიდან” დაწესებულ კანონებს, ეძიებდნენ საშუალებებს, როგორ გამოეხატათ პროტესტი და რა ფორმით მიეწოდებინათ სათქმელი თავიანთი მსმენელისა თუ მაყურებლისათვის. ამიტომაც მათ ნაცად ხერხს მიმართეს და საბჭოთა ლიტერატურაში პოპულარული გახდა ე.წ. ეზოპეს ენა. საბჭოთა ხელოვანებს სხვა გზა არ ჰქონდათ, რადგან ათეული წლების მანძილზე ხდებოდა მათი უსასტიკესი დევნა. ალბათ, კაცობრიობას არ ახსოვს არცერთი რეჟიმი, რომელიც ასეთი დაუნდობელი ხერხებით ებრძოდა შემოქმედებს: დახვრეტილთა და გადასახლებულთა რიცხვი ათასობით მწერალსა და მხატვარს, მუსიკოსსა და თეატრის მოღვაწეებს ითვლიდა. ნიჭიერ ადამიანებს სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა ეფიქრათ, ვიღაც ემიგრაციაში წავიდა, ვიღაც შიშისგან დადუმდა, ვიღაცამ კი პროტესტის გამოხატვის ძველებურ ხერხს, ეზოპეს ენას მიმართა , ანუ პირდაპირი სათქმელი შენიღვა. უცნაურია, მაგრამ რეჟიმის „დამსახურებაა” ის, რომ ხელოვანებმა თავიანთი ნიჭიერება არაჩვეულებრივი ფორმებით გამოავლინეს და ჩვენც, რიგითი ადამიანები ალბათ ისევ საბჭოთა რეჟიმს უნდა „ვუმადლოდეთ”, რომ მეკვიდრეობად დაგვიტოვა ის საოცარი ფილმები, სპექტაკლები, მხატვრული ტილოები  თუ წერილობით ძეგლები. ამ მხრივ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ელდარ რიაზანოვის გენიალური ალეგორია იმაზე, თუ როგორ ჰგავდა სსრკ-ის ყველა ქალაქი ერთმანეთს: ქუჩის სახელწოდებიდან დაწყებული დამთავრებული კორპუსის, ბინაში ოთახების განლაგების, ავეჯის მსგავსებით. არ შეიძლებოდა საბჭოთა ადამიანი ინდივიდი ყოფილიყო, ყველას ერთ ყაიდაზე შეკერილი ტანსაცმელი უნდა სცმოდა, ყველას ერთნაირ სახლში უნდა ეცხოვრა, აგარაკიც კი ყველას ერთი სიდიდის უნდა ჰქონოდა.  თუკიდიდე „პელოპონესის ომში”  წერდა, ომის შემდეგ განადგურდება ქალაქები, მაგრამ გაივლის ხანა და მომავალი თაობები არქიტექტურით იმსჯელებენ, როგორ ქვეყანაში უცხოვრიათ ადამიანებსო. ე.წ. ხრუშოვის ტიპის არქიტექტურა ალბათ საუკეთესოდ დაუხასიათებს მომავალ თაობებს საბჭოების ქალაქებს. საქართველოც, როგორც ერთ-ერთი საბჭოთა რესპუბლიკა, ამ მხრივ გამონაკლისი ვერ იქნებოდა. აქ არქიტექტურაც იმეორებდა სხვა რესპუბლიკების სტილს, პოპულარული კინოც, მწერლობაც და უბრალო ყოფაც. საბედნიეროდ, გამონათებებიც არსებობდა. ნიჭიერი შემოქმედები ცდილობდნენ, გაერღვიათ მოჯადოებული წრე, თვითონაც მოეძებნათ თავიანთი სახე და ხალხისთვისაც მოეძებნათ დაკარგული ინდივიდუალობა. ეს განსაკუთრებით კარგად გამოვლინდა ქართულ კინოში; მხატვრობამაც თავისი სათქმელი თქვა თავისებური ამბოხის მცდელობით. ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესოა ქართული საბჭოთა მწერლობის შესწავლაც.

 ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა „იგი”-ც სწორედ ინდივიდუალობადაკარგული საბჭოთა რეჟიმის ადამიანის ალეგორიად მიმაჩნია.   როდესაც ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს პლატონის ყველაზე ცნობილი დიალოგი „სახელმწიფო”. ამ ნაწარმოების მეშვიდე თავში დიალოგის მთავარი მონაწილე ფილოსოფოსი სოკრატე მსმენელებს ერთი უცნაური გამოქვაბულის წარმოდგენას მოსთხოვს: წარმოიდგინეთ, გამოქვაბული, რომელშიც ტუსაღები ბავშვობიდან ცხოვრობენ. მათ ფეხებზე და კისერზე ბორკილები ადევთ და ასე არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები. ტუსაღებს არც თავის მოტრიალება შეუძლიათ, არც ერთმანეთთან დალაპარაკება. ისინი მხოლოდ წინ აღმართულ კედელს მიშტერებიან, რომელზეც სხვადასხვა საგნების ჩრდილები პროეცირდება პატიმართა უკან ანთებული კოცონის სინათლის წყალობით. ამ საგნის ჩრდილებს კი „ეკრანზე” ე.წ. მეორე სართულის ბინადარნი ქმნიან. არავინ იცის, ვინ ცხოვრობს „მეორე სართულზე”, მათ ხელში ხელნაკეთი ნივთები უჭირავთ და მორიგეობით ასწევენ ხოლმე ზევით იმ იმედით, რომ ამ ნივთების ჩრდილი კედელზე აისახება, პატიმრები კი ყველაფერს დაინახავენ. მაშინ, როდესაც ზედა ბინადარნი საგნებს ზევით სწევენ, გახმოვანებასაც არ ივიწყებენ: ხან ჩაიჩურჩულებენ, ხან სხვა ხმას გამოსცემენ, ისეთს, როგორიც, მათი აზრით, ამ საგანს შეეფერება. ტუსაღებმა სხვა არაფერი იციან, მხოლოდ კედელზე პროეცირებული „სინამდვილე”, რომელიც მათ უტყუარი ჰგონიათ. ამის შემდეგ სოკრატე მსმენელს თხოვს, წარმოიდგინონ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი შემთხვევით, აუხსნელი მიზეზით, რომელიმე პატიმარი მოახერხებს და ჩამოშორდება დანარჩენ ტუსაღებს. მათ უკან ერთი ხვრელია, რომელიც ზევით ადის. პატიმარი ჯერ უკნიდან მანათობელ კოცონს დაინახავს, მერე – „მეორე სართულის” ბინადართ და მათ საქმიანობას, მერე ალბათ ამასაც არ დასჯერდება და კიდევ უფრო ზევით განაგრძობს სვლას. ასე აღმოჩნდება პატიმარი ნამდვილ სამყაროში და პირველი, რისთვისაც მას თვალის გასწორება მოუხდება, იქნება მზე. ცხადია, რომ ეს ძალიან მტკივნეული იქნება, რადგან მანამდე პატიმარი სულ სხვა რეალობაში ცხოვრობდა და მისთვის მზის სინათლეზე ყოფნა ურთულესი იქნება. მაგრამ მისი თვალები თანდათან შეეჩვევიან სინამდვილეს, სინათლეს და პატიმარიც უკვე რეალურად არსებული გარესამყაროს აღმოჩენას შეძლებს. მას შემდეგ, რაც პატიმარი ამასაც შეეჩვევა, იგი ვეღარ გაჩერდება უსაქმოდ: აუცილებლად მოუნდება, რომ თავისი ახალშეძენილი ცოდნა სხვებსაც გააგებინოს, სხვებსაც გაუზიაროს, რომ პატიმრები, ტყვეები არიან, რასაც ჭვრეტენ, სინამდვილე არაა, სინამდვილე ბევრად უფრო მრავალფეროვანი და ლამაზია, მზეც კოცონზე უკე ანათებს და საგნებიც უკეთ ჩანს ამ სინათლეზე. გამოფხიზებული შეეცდება, უკან დაბრუნდეს გამოქვაბულში და ახაროს დანარენებს სიმართლე. მაგრამ როგორ მიიღებენ მას ძველი თანამოსაკნენი? დაუჯერებენ კი მას? რა თქმა უნდა, არა, რადგან ტუსაღებს ვერც კი წარმოუდგენიათ და ალბათ არანაირი სურვილიც არა აქვთ, რამე შეცვალონ. ისინი შეჩვეულები არიან ტყვეობას და ვერც აცნობიერებენ, რომ „მეორე სართულის” ბინადართა ტყვეები არიან. ამიტომაც „მახარობელს” ჯერ სიცილს დააყრიან, მერე კი – თუ იგი არ გაჩერდება და, რა თქმა უნდა, იგი ვერ გაჩერდება, არ მოუნდება რა სხვების მარადიულ სიცრუეში დატოვება – არ დაინდობენ და უსასტიკესადაც მოეპყრობიან, ცემას და წამებასაც კი დაუწყებენ. სოკრატეს „იგი”-საც სიკვდილი ელის, სიკვდილი თანაგუნდელებისგან, სიკვდილი მათგან, ვისი სიკეთეც იგის წყუროდა. საინტერესოა, რომ სოკრატეს პატიმარს სახელი არ გააჩნია, სახელი არ გააჩნია ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის გმირსაც: იგი საკუთარი სახელი არაა, იგი ფსევდოსაზოგადოების ნებისმიერი წევრი შეიძლება იყოს. საინტერესოა ისიც, თუ ვინ არიან სოკრტესთვის ე.წ. მეორე სართულის ბინადრები. ფილოსოფოსი ამაზე არ საუბრობს, რადგან იგულისხმება, რომ დასკვნა მსმენელმა უნდა გამოიტანოს. აქ კი მსმენელმა შეიძლება ბევრი ჩანაცვლება მოახდინოს დაწყებული ეთიკით, კულტურითა და მეცნიერებით და დამთავრებული პოლიტიკოსებით, მედიით, ენით, რელიგიით და ა.შ. თუკი ხელოვანებს წარმოვიდგენთ მეორე სართულის ბინადართა ადგილზე, მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთ ფანტაზიებში პროეცირებულ რეალობას გვთავაზობენ, ისინი გვაწვდიან საგნებს, რომელთაც ხმასაც თვითონ უგონებენ; თუკი პოლიტიკოსებს მოვათავსებთ მეორე სართულზე, მივხვდებით, რამდენი ტყუილის მოწოდება და სიმართლედ გასაღება ხელეწიფებათ მათ; თუკი მედიას ჩავანაცვლებთ ამ უცნაურ ბინადრებს, დავინახავთ, რომ არ უნდა ვიყოთ მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ტყვეობაში, რადგან ჩვენ კრიტიკული აზროვნების უნარი დაგვიჩლუნგდება და ვეღარ შევძლებთ ტყუილ-მართლის გარჩევას; ზედა სართულზე ენაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, თუმცა ენას სულიერი წარმომადგენლები არა ჰყავს, მაგრამ – მაინც. ენა ხომ სიტყვებისგან შედგება, სიტყვებს კი მარტო დენოტაცია კი არა, კონოტაციებიც გააჩნია. როცა ერთი ადამიანი ერთ კონოტაციას იყენებს, მეორე, შეიძლება, ვერ ხვდებოდეს მას და სხვაგვარად აღიქვამდეს ნათქვამს, ამიტომაც ცდებოდეს და სათქმელს ბოლომდე სწორად ვერ ჩასწვდეს – ეს მთქმელმა გამიზნულადაც შეიძლება, გააკეთოს და ყოველგვარი უკანა ზრახვების გარეშეც. ასეა თუ ისე, სოკრატეს მიერ აღწერილი „მეორე სართულის” ბინადარნი” ძალიან წააგავს ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის ბელადს, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკოსების ხელშია ის ძალა, რომლითაც „საზოგადოებაზე” მანიპულაციების ჩატარება შეიძლება. სოკრატეს მონათხრობიდან ვერ ვხვდები, იციან თუ არა ზედა სამყაროს არსებობის შესახებ ზედა სართულის ბინადრებმა. თუ მათ ეს იციან, მაშინ ორჯერ უფრო მეტ დანაშაულს სჩადიან. „იგი”-ის ბელადმა კი არ იცის სხვა რეალობის, თუნდაც უფრო ლამაზი და მომხიბლავის, არსებობის შესახებ. მაგრამ ეს მის დანაშაულს არ ამცირებს. საინტერესოა ისიც, რომ სოკრატეს ტუსაღი, როდესაც ჯერ კოცონს, მერე კი „დღის თვალს” დაინახავს, ტკივილს განიცდის. ეს ტკივილი ფიზიკურიცაა, მაგრამ მას სიმბოლური დატვირთვაცა აქვს. უმძიმესია იმის გაცნობიერება, რომ მრავალი წელი ტყუილში ცხოვრობდი, რომ მრავალი წელი დროს ფუჭად კარგავდი, რომ უამრავი სხვა საინტერესო არსებობს შენი ვიწრო სამყაროს მიღმა და ამ სამყაროს მშვენების წვდომაზე უკეთესი არაფერი არ არის. ჯემალ ქარჩხაძის იგისაც ფიზიკურად ტკივა, როდესაც წელში იმართება, როდესაც თავის ზევით აწევა შეუძლია და სინათლის წყაროს – „ღამის თვალს” ხედავს. მისი ტკივილი ფიზიკურიცაა და სიმბოლურიც, მაგრამ ამ ტკივილთან შეგუება მალევე ხდება, თავდაპირველ გაუსაძლის მდგომარეობას შვება ჩაენაცვლება და ახლა უკვე საწყის მდგომარეობაში დაბრუნებაა ტკივილის მომგვრელი. მოთხრობის გმირსაც უნდა, რომ გარშემო მყოფებსაც გაუზიაროს ეს აღმოჩენა, თუმცა მათგან ხიფათს ელის. ამიტომაც ჯერ მალავს, მაგრამ ბოლომდე დამალვა წარმოუდგენელია.

 სოკრატეს პატიმარიც და ქარჩხაძის იგიც განწირულნი არიან დაღუპვისთვის, თუმცა მათი კვალი რჩება და არ იკარგება, ისევე როგორც არ იკარგება ძველი ბელადის კვალი. ასეთი გზის გამკვალავების ცხოვრება რთულია, მაგრამ, თუკი იცი, რომ კვალს მაინც დატოვებ, თუკი იცი, რომ ვიღაც მაინც გაითვალისწინებს შენს გამოცდილებას, მაშინ ადვილი ხდება სიკვდილი, გამართლება აქვს თავგანწირვას. მგონი, თქვენც ბარათაშვილის „მერანი” გაგახსენდათ, არა?!

ერთი ლექსის ოდისეა

0
ამას წინათ, საგაკვეთილო გეგმებსა და სილაბუსთან ჭიდილში დაღლილს, ყელზე ყულფივით მომიჭირა კითხვამ: სად არის პოეტი თამთა დოლიძე?

ჯერ სულ რაღაც ორი წელია, რაც სკოლაში ვასწავლი. ვისაც ცოტა ხნით მაინც შეუხედავს ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულების შიდა სამზარეულოში, იცის, რას ნიშნავს მასწავლებლობა. ერთი შეხედვით, რუტინული, მაგრამ ამავე დროს თავბრუდამხვევი რეჟიმი და მოთხოვნათა მუდმივი ზრდა-ცვალებადობა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ სახლშიც კი სკოლა მიგვყვება, იქაც მასწავლებლები ვართ. ჰოდა, ადგნენ ეს ჩემი ვერაფრით დაწერილი ლექსები და სამოგზაუროდ წავიდნენ… ჯერაც არ დაბრუნებულან.  

სამაგიეროდ, მხატვრული სიტყვის სამყაროში ბავშვებთან ერთად ვმოგზაურობ. ვცდილობ, პატარებს პოეზიამდე მისასვლელი გზა ვუჩვენო, ნაგულისხმევი და ართქმული სიმართლის ფსკერის აღმოჩენაში დავეხმარო, სიტყვის მუსიკა გავაგონო, კალეიდოსკოპივით ამოუწურავი კადრებისა თუ ამბების სამყაროში მეგზურად გავყვე.

***
ამას წინათ,  ერთმა ჩემმა მოსწავლემ  თავისი დაწერილი ლექსი წამაკითხა, თან გამიმხილა, რომ მისი პოეზიით დაინტერესება  ჩემმა ლიტერატურისადმი დამოკიდებულებამ განაპირობა. ლექსის სიყვარული გადამდებია. თუნდაც არ აღიარო, მაინც გამოგჟონავს სხვანაირი ფრაზა, თითქოს გამადიდებელი შუშით ათვალიერებ თითოეულ სიტყვას, მაჯას უსინჯავ, მარცვალ-სუნთქვას უთვლი. ეძებ ყველაზე მთავარს, ფსკერზე დალექილს, სიტყვების ქვიშაში ჩაფლულ საიდუმლოს, რომელიც თვალის ანკესს არ წამოეგება. აქ გრძნობის ყველა ორგანოს მოხმობაა საჭირო. ჩემთვის სიტყვა მარტო კი არ იკითხება, ჩანს კიდეც.  მახსოვს, პირველად  იისფერი ბარდნა ,,დავინახე”. მოგვიანებით ქარის რიტმივით მოუხელთებელ სიტყვებსაც ავეკიდე. მათ ყოველ დაქროლვაზე სევდის უზარმაზარი ლოდი ამქონდა შთაბეჭდილებების უზარმაზარ მწვერვალზე, ლამის გამსრისა სიტყვის აგონიამ („სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ!”).

ლექსის მთავარი საიდუმლო ალბათ იმაშია, რომ ის ყოველ ჯერზე სხვანაირად გაკითხებს თავს. პოეზიის სამყაროში მოგზაურობა უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ლექსთან მისვლამდე სასურველია ავტორი გაიცნო, მისი ხასიათის და ცხოვრებისეული გამოცდილების გააზრება ტექსტის გაგებას საგრძნობლად აადვილებს. თუმცა პირიქითაც ხდება – წიგნი აღმოგაჩენინებს ხოლმე ავტორს.

ლექსებს ხშირად ჰყავს,  ე.წ. წინაპარი ლეგენდის, მითის ან ზღაპრის სახით. სასურველია, შესასწავლ ტექსტთან ერთად მათაც გავეცნოთ. მაგალითად მოვიყვან ილია ჭავჭავაძის ლექსს ,,ბაზალეთის ტბა”. ამ ტბის შექმნასთან დაკავშირებით რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ვფიქრობ, მათი მოსწავლეებისთვის გაცნობა ლექსის სწავლის მოტივაციას საგრძნობლად აამაღლებს.

ჩვენამდე ბაზალეთის ტბის ძირში დამარხული ოქროს აკვნის შესახებ არსებული ლეგენდის რამდენიმე ვარიანტმა მოაღწია. ერთ-ერთი ვერსიით, ქართლის მეფემ თავისი გარდაცვლილი ვაჟიშვილის ცხედარი ოქროს აკვნით ტბაში ჩაძირა. მეორე ვერსიის თანახმად ოქროს აკვანში ამირანი, ანუ პრომეთე გაიზარდა. აი ლეგენდის კიდევ ერთი სახეცვლილი ვარიანტი:  

უხსოვარ დროში, ტბის ადგილას სოფელი ყოფილა. მის განაპირას მდგარა მაღალი კოშკი, რომელსაც ჰქონია ღრმა ჭა. ვინც ამ ჭიდან წყალს ამოიღებდა, აუცილებლად უნდა დაეფარებინა სარქველი, თორემ წყალი გადმოვიდოდა და მთელ სოფელს დაახრჩობდა. კოშკში ერთ პატარძალს ოქროს ქოჩრიანი ვაჟი ჰყოლია. გამოსულა პატარძალი ჭასთან, კოკა წყლით აუვსია, ჭა კი პირახდილი დარჩენია. ის სოფელი კოშკთან ერთად ამ ჭიდან ამოსულ წყალს დაუძირავს. 

ქართულ ფოლკლორში შემონახულია დევისაგან გაქცეული ღვთიშვილის – იახსარის ტბაში დამალვის რამდენიმე ვარიანტი. ღვთიშვილის დასამალ ადგილად ბაზალეთის ტბაც არის მოხსენებული.

ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, ოქროს აკვანი ქართველმა ხალხმა გააკეთა იმ იმედით, რომ დადგება დრო და ეს აკვანი წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება. სწორედ მასში გაიზრდება გმირი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაჭირვებისგან იხსნის. 

მიუხედავად ლეგენდის ზღაპრული შინაარსისა, მეცნიერთა გარკვეულმა ნაწილმა აკვალანგებით ბაზალეთის ტბის ფსკერის კვლევა დაიწყო, მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ვერაფერს მიაგნო. 
ბავშვებს შეუძლიათ აირჩიონ და გამოყონ მათთვის  ყველაზე საინტერესო ვერსია, ივარაუდონ, ლეგენდის რომელი ვარიანტი დაედებოდა საფუძვლად ილიასეულ ტექსტს. ესეც ასე, ლექსის საფუძვლიანად შესწავლისა და გაგებისთვის ნიადაგი მზადაა.

ჩემი აზრით, ლექსის ისტორიული კავშირების დადგენა მნიშვნელოვანია, როგორც ლექსის შემდგომი შესწავლისთვის, ასევე მოტივაციის ასამაღლებლადაც (ხანდახან ავტორის ბიოგრაფია ლექსის ისტორიასთან შედარებით გაცილებით უფერული აღმოჩნდება ხოლმე). გავბედავ და მაგალითად მოვიყვან ჩემს ერთ-ერთ გაკვეთილს:

სასწავლო მასალა: ანა კალანდაძის ლექსი ,,საქართველოო ლამაზო”.  

უკვე ვისაუბრეთ ამ შესანიშნავი პოეტის ცხოვრებაზე, მოვუსმინეთ შესასწავლ ლექსზე შექმნილ სიმღერასაც. ახლა ლექსთან მისვლის დროა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, შესაბამისი ინტონაციით ვკითხულობ, მოსწავლეებს პირველი შთაბეჭდილების გაჩენის საშუალებას ვაძლევ. წაკითხვის მერე ლექსის მუსიკით, სათქმელით თუ მხატვრული სახეების სილამაზით მოგვრილი შთაბეჭდილების ერთმანეთისთვის გაზიარების დრო დგება. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ ლექსის სტრუქტურულ და შინაარსობრივ დამუშავებას: 

მოსწავლეებს ძალიან უყვართ მაძიებლის როლის მორგება. საკმარისია, ჯგუფებად დაყოთ კლასი, გადაანაწილოთ ,,ენათმეცნიერების”,  ,,ლექსიკოლოგებისა” თუ  ,,ისტორიკოსების” (პირობითად) როლები და ნახავთ, როგორი პასუხისმგებლობით მიუდგებიან სამუშაოს. ,,ენათმეცნიერები”  ლექსს პულსს (მარცვლებს) დაუთვლიან,  გაიხსენებენ ნაცნობ სალექსო ფორმებს  – ტაეპებს  სხვადასხვა ,,მეტრით” გაზომავენ. ტექსტის მარცვლებად, ტაეპებად, სტროფებად დაშლა-შესწავლის შემდეგ, დააჯგუფებენ სარითმო წყვილებს, განიხილავენ რითმის სტრუქტურას.  „ისტორიკოსები”,  ავტორის ბიოგრაფიასთან ერთად, ლექსის დაბადების მიზეზს – მის ლიტერატურულ პირველწყაროსაც  შეისწავლიან ან სხვა მსგავსი თემატიკის ნაწარმოებთან დააკავშირებენ. ,,ლექსიკოლოგებს” კი ყველაზე ფაქიზი,  ე.წ. საიუველირო სამუშაო აქვთ – უცხო სიტყვებს ფსკერამდე უნდა ჩაყვნენ.

,,ლექსიკური რუკა”  

ლექსის გარედან დათვალიერება-შესწავლის შემდეგ, ბუნებრივია, მის შინაარსს უნდა ჩავუღრმავდეთ. რიტმული ტექსტის შესწავლის დროს უცხო სიტყვების თუ მხატვრული ფრაზის განმარტებას  განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ამიტომაც გვიწევს ხშირად ,,ლექსიკურ რუკაზე” მუშაობა, რაც საკმაოდ ნაყოფიერ და სახალისო აქტივობას წარმოადგენს:
 
მაგალითისთვის ვირჩევ ისეთ სიტყვას, რომელიც  მოსწავლეებს აქამდე არსად შეხვედრიათ და ვიწყებთ:
 
ლექსიკურ რუკაზე მუშაობა, სიტყვის მარაგის შევსებასთან ერთად, მოსწავლეს მაძიებლობის  და ვარაუდების გამოთქმის უნარს განუვითარებს, თან  ცოდნის ეფექტურად გამოყენებას და, რაც მთავარია, ლექსიკონთან/ სიტყვასთან მუშაობას ასწავლის.

ახლა კი ,,ისტორიკოსების” ჯერია: 

ჯერ ავტორთან დაკავშირებულ ცნობებს დაამუშავებენ,  ლექსის ამღერების ისტორიასაც შევახსენებ. შემდეგ თავად ლექსის ცხოვრებას დააკვირდებიან,  შეისწავლიან მის ,,წინაპარ” ტექსტებს (მათი არსებობის შემთხვევაში). კიდევ ერთი ნიუანსი: ლექსი შესაძლოა სხვა ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვით აღძრული შთაბეჭდილების შედეგად დაიწეროს. ანა კალანდაძის ლექსს რეფრენად გასდევს ფრაზა – ,,სხვა საქართველო სად არი?” გრიგოლ ორბელიანის ლექსიდან – ,,სადღეგრძელო”.  მოსწავლეს საშუალება ეძლევა გაიცნოს სულ სხვა დროსა და სივრცეში მოღვაწე  პოეტის ლექსი, ერთმანეთს შეადაროს ორი სრულიად განსხვავებული ეპოქის პოეტის შემოქმედება.

ბავშვებს ძალიან მოსწონთ, როცა შედარებით თანამედროვე, ასე ვთქვათ, მისი სამყაროს ნაწილსა და შორეულ წარსულში შექმნილ ტექსტებს შორის კავშირს პოულობენ. თითქოს დროის მანქანაში სხედან – ინტერესით აკვირდებიან თითოეულ დეტალს, მსგავსებასა თუ განსხვავებას.
 
თუ ლექსი რაიმე ამბავს გვიყვება, მაშინ მისი ,,გაშინაარსება” (პროზაულ თხზულებად გარდაქმნა), სიუჟეტური ჯაჭვის აღდგენასთან ერთად,  ტექსტის წინაპარ თხზულებასთან შინაარსობრივად, ისტორიულად თუ იდეოლოგიურად დაკავშირებაშიც დაგვეხმარება.                რაც შეეხება მთავარი სათქმელის მოძიებას, მოსწავლემ თავად უნდა აღმოაჩინოს ის და თხზულებას ციტატის ან პერიფრაზის სახით დაურთოს. თუ წერითი დავალების დასასრულს არგუმენტებით გამყარებულ საკუთარ მოსაზრებასაც ამოიკითხავთ, ესე იგი, გაკვეთილის მიზანი მიღწეულია. 
მოკლედ, არ დაიზაროთ, გაჰყევით ლექსებს შორეულ მოგზაურობაში და მოსწავლეებთან ერთად, დაუსრულებელი თავგადასავლების სამყაროში აღმოჩნდებით. სასიამოვნო ხეტიალს გისურვებთ.

ნდობა და სხვა წამლები

0

კადრი, რომლის გახსენებასაც ხშირად ვცდილობ, ძალიან ბუნდოვანია. 1992 წლის ზაფხულია. მზე ანათებს. ჩემი სკოლის წინ ვდგავარ დედაჩემსა და საშუალო ასაკის კაცს შორის, რომელიც, ვიცი, სკოლის დირექტორია.

 

– დამიტოვეთ საბუთები, ქალბატონო, – ეუბნება დირექტორი დედაჩემს, – სხვა სკოლა რომ ასახელოს ამ ბავშვმა, მერე უნდა ვინანო, რომ არ მივიღე.

6 წლის ნოემბერში ვხდებოდი. ბაღი არ მიყვარდა, როგორც ამბობენ, სწავლისთვისაც მზად ვიყავი, ამიტომ ოჯახში გადაწყდა, წელი არ დამეკარგა და სკოლაში წავსულიყავი. ერთგან ასაკის გამო არ მიმიღეს და დედაჩემმა გადაწყვიტა, ბედი ქუთაისში ცნობილ მესამე სკოლაში ეცადა. თავიდან იქაც უარი გვითხრეს, მერე კი, გაწბილებულებს და დასევდიანებულებს, დირექტორი წამოგვეწია და საბუთები დაგვატოვებინა. ასე გავხდი მოსწავლე.

ჩემს სიცოცხლეში პირველად ალბათ მაშინ მენდნენ, მენდნენ ხუთი წლისას, როცა კარგად ვერც ვაცნობიერებდი, როგორ უნდა მესახელებინა სკოლა ამ პატარა გოგოს, რა უნდა შემემატებინა სასწავლებლისთვის, რომელიც იმდენმა სახელოვანმა ადამიანმა დაამთავრა, რომ ხუთი წლის ბავშვის თითები და გონება მათ ჩამოთვლას ნამდვილად ვერ გასწვდებოდა.

დირექტორი, რომელმაც სკოლაში მიმიღო, მანამდე გარდაიცვალა, სანამ მე და ჩემი კლასელები სტუდენტები გავხდებოდით. მას ჩემი მნიშვნელოვანი წარმატებები არ უნახავს. ვერც იმას ხედავს, როგორ ვცდილობთ მე და ჩემი ბავშვობის მეგობრები, ბოლოს და ბოლოს, თავი მოვაბათ სკოლის შესასვლელთან დაფის განთავსებას ცნობილი კურსდამთავრებულების სახელებითა და გვარებით, ვერ ხედავს, რომ ყოველთვის, როცა ჩემს სკოლაზე ვლაპარაკობ, ხმა და თვალები უჩვეულო სიამაყით მევსება. არც ის იცის, რომ ეს სწორედ იმ ნდობის შედეგი მგონია, რომელიც ოდესღაც მან გამოიჩინა ჩემს მიმართ.

*

მეორე კადრი 2008 წლის ზაფხულისაა. საბერძნეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის თესალონიკის ბიუროს დერეფანში ვზივარ და ველოდები, როდის მიმიღებს საინფორმაციო სამსახურის უფროსი. საბუთები ამჯერად უკვე თავად მიჭირავს. არც დედა მახლავს. მაგისტრატურაში ვსწავლობ. ექვსთვიანი პრაქტიკის გავლა აუცილებელია. ჩემი ბერძნული უნივერსიტეტი დიდად არ ითვალისწინებს სტუდენტების სურვილებს პრაქტიკის გასავლელად ორგანიზაციების შერჩევისას, მე კი ტელევიზიაში მინდა, ძალიან მინდა. ამიტომ თავხედობა მყოფნის, აქ ვიჯდე და მთელი ძალით ვუჭერდე თითებს ფაილში სათუთად ჩადებულ სივის.

საბერძნეთში ქართველებს ნამდვილად არ გვაქვს შესაშური რეპუტაცია, ამიტომ ტელევიზიისკენ მიმავალი უარს უფრო ველოდი. კაცმა, რომელსაც დაბალი წვერი და კეთილი თვალები ჰქონდა, ჩემს სივის ყურადღებით გადახედა, რამდენიმე კითხვა დამისვა და ბოლოს მითხრა:

– შეგიძლიათ, ხვალიდან მოხვიდეთ.

მე მისი სახეც მახსოვს, სახელიც და გვარიც. არც არასოდეს დამავიწყდება. უფრო მეტიც – მის ხელმოწერასაც გამოვარჩევ ათას სხვაში. ადამიანმა, რომელსაც კოლეგები გაკვირვებით ეკითხებოდნენ, როგორ აიყვანა პრაქტიკანტად „ქუჩიდან მისული” ქართველი სტუდენტი, ჩემ წინ სრულიად ახალი კარი გააღო. ასეთი ნდობა ზოგჯერ სიყვარულზე მნიშვნელოვანია.

*

შარშანდელი ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან მოსულ მეგობრებს თან თავიანთი მეგობრები მოჰყვნენ. სანამ მე სამზარეულოში ოლადებს ვაცხობდი (როგორც იშვიათი მოვლენა, ეს აუცილებლად უნდა აღმენიშნა), სტუმრები იმ ოთახში ისხდნენ, სადაც ვმუშაობ. პატარა ოთახია, მაგრამ წიგნების მთელ გორებს იტევს, წიგნებისას, რომლებსაც ვკითხულობ, ვთარგმნი, ტრენინგების ჩასატარებლად ვიყენებ და ასე შემდეგ. იქვეა ჩემი ერთგული ლეპტოპი, მეგობრების ნაჩუქარი განუყრელი ნივთები – საბეჭდი მანქანა და ყვითელი სანათი – და პატარა თარო, სადაც რამდენიმე სუვენირთან ერთად ძალიან სასხვათაშორისოდ დევს ჩემი სადებიუტო წიგნისთვის მიღებული „საბას” სიმბოლოც. ოლადების შიშხინში შორიდან მოისმა ერთ-ერთი სტუმრის შეკითხვა:

– ეს ნამდვილია?

„საბაზე” კითხულობდა. მე ჯერ გამეცინა, მერე კი მივხვდი, რომ ურიგო არ იქნება, ზოგჯერ თვითონაც ვეკითხებოდე საკუთარ თავს: ეს ჯილდოები, წიგნები, რომლებსაც ჩემი სახელი და გვარი აწერია ავტორის ან მთარგმნელის რანგში, ვიზებითა და ბეჭდებით სავსე პასპორტები ნამდვილია? ხომ არ მესიზმრება? წარმოვიდგენი კი ამ ყველაფერს ათი წლის წინ? როგორ მოვედი აქამდე?

კარგად მახსოვს ის დღე, როცა ზვიად კვარაცხელიამ დამირეკა და მითხრა, რომ გამომცემლობა „ინტელექტს” ჩემი ლექსების კრებულის გამოცემა სურდა. დავიბენი. ალაგ-ალაგ ვაქვეყნებდი დიდი პაუზის შემდეგ ხელახლა დაწყებული წერის შედეგად თავმობმულ ლექსებს და მათ წიგნად აკინძვაზე არ ვფიქრობდი. ვერც წარმომედგინა, თუ რომელიმე გამომცემლობას დავაინტერესებდი. პოეზიის გამოცემა დღეს საქართველოში მომგებიან საქმედ არ მიიჩნევა, მით უმეტეს, თუ ავტორი დებიუტანტია და მისი სახელი ბევრს არაფერს ამბობს. მაშინ მივხვდი, რომ მენდნენ, ახლა კი ვხვდები, რომ სწორედ ამ ნდობამ მოიტანა ჩემს ცხოვრებაში ბევრი ცვლილება, ბევრი კარგი დღე, სრულიად ახალი, საუკეთესო ადამიანებიც კი მოიყვანა.

არ ვიცი, ადამიანის ბუნების ბრალია თუ ეპოქის, რომელშიც ვცხოვრობთ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთმანეთის ნდობა, როგორც წვრილმანებში, ასევე დიდი და მნიშვნელოვანი საქმის კეთებისას, იშვიათობადაა ქცეული. ჩვენ კი ისე გვჭირდება ერთმანეთი, ისე გვჭირდება სიხარულისა და ტკივილის გაზიარება, ისე გვჭირდება, დაძაბულობისგან დაცლა და და მეტი ღიმილი, რომ ვერც წარმოგვიდგენია.

როცა პატარა ვიყავი, დედაჩემი ხშირად ამბობდა, რომ შვილთან ურთიერთობისას მისი დევიზია „ენდე და შეამოწმე”. შემოწმებას წინ არაფერი უდგას, მაგრამ მანამდე მთავარია, ძალა გამოვძებნოთ და ერთმანეთს ვენდოთ.

დივერგენტული აზროვნება: როგორ შევუწყოთ ხელი კრეატიულობას საკლასო ოთახში (პირველი ნაწილი)

0
დღევანდელი სამყარო უკვე ძალიან განსხვავდება მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლების სამყაროსგან. 21-ე საუკუნის მსოფლიო ინტერნეტის, ხელმისაწვდომი მობილური კავშირის, ციფრული ტექნოლოგიების, პერსონალური კომპიუტერებისა და სულ რამდენიმე წლის წინ წარმოშობილი საინფორმაციო ველებისა და ნაკადების სამყაროა. დღეს ეკონომიკას, ბიზნესს, პოლიტიკას, ხელოვნებასა თუ მრეწველობას ახალი ტიპის მშრომელი ადამიანები სჭირდება. სამწუხაროდ, ამ ნახტომისებურ ცვლილებებს თანამედროვე საზოგადოება და მისი შემადგენელი ნაწილი, სკოლა, იმავე სიჩქარით ვერ მიჰყვებიან. ასეა ჩვენთან და ასევეა დანარჩენ მსოფლიოშიც. ტექნოლოგიურმა რევოლუციამ ადამიანი ახალი ამოცანის წინაშე დააყენა: რა და როგორ ვასწავლოთ ბავშვებს დღეს? რამდენად გამოდგება ის სასწავლო პროგრამები, რომლებითაც დღეს სკოლა ხელმძღვანელობს, 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის? რა ცოდნითა და უნარებით უნდა აღვჭურვოთ სკოლადამთავრებული ახალგაზრდა, რათა მან შეძლოს თავისი ადგილის პოვნა 2025 ან 2030 წლების სამყაროში? რას ითხოვს და რას მოითხოვს სკოლისგან შრომის თანამედროვე და მომავლის ბაზარი?

21-ე საუკუნეში განათლების არსის ამ ცვლილებებმა, ახალმა გარემომ, სწავლების ახალი სტანდარტების შემოღებამ და საზოგადოების ახალმა, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელმა მოთხოვნილებებმა საჭირო გახადა ახალგაზრდის შემოქმედებითი განვითარებისთვის ახლებური მიდგომების მოფიქრება და შემუშავება. ამ პროცესის გააქტიურება სკოლის მერხიდან უნდა დაიწყოს. როგორც ჩანს, დღევანდელ სკოლაში საჭიროა ბავშვისთვის კრეატიული, შემოქმედებითი გარემოს შექმნა და პედაგოგების პროფესიონალიზმის ამ მიმართულებით განვითარება. შრომის ბაზარი, რომელიც დღეს უმეტესწილად განსაზღვრავს ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების აუცილებელ კრიტერიუმებს, ჩვენი შვილებისგან ახალ უნარებსა და ტალანტებს ითხოვს.

აქტუალური ხდება განათლებისთვის ახლებური, არასტანდარტული, დივერგენტული მიდგომების მოფიქრება, რათა შევძლოთ სკოლისადმი თანამედროვე მოთხოვნების სწორად აღქმა, პრობლემის ჩამოყალიბება და მის გადასაჭრელად ძალისხმევის სწორად წარმართვა. განსხვავებული და შემოქმედებითი მიდგომების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ ახალი რეალობის გაანალიზება, რომელშიც უკვე ვცხოვრობთ, თუმცა მის შესახებ ბევრი რამ ჯერ არ ვიცით.

ტერმინი „დივერგენცია” ლათინური წარმოშობისაა (divergere – განსხვავების პოვნა) და ძირითადიდან გადახრას ნიშნავს. ტერმინს მრავალი მნიშვნელობა აქვს და ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა კონტექსტში მათემატიკაში, ბიოლოგიაში, მენეჯმენტსა თუ ენათმეცნიერებაში. 

აქედანვე მომდინარეობს ცნება „დივერგენტული აზროვნებაც”, რომელიც განსხვავებულად აზროვნების უნარის დასახასიათებლად გაჩნდა. დივერგენტული აზროვნება გამოიყენება ამოცანებისა და პრობლემების შემოქმედებითად, არასტანდარტულად გადაჭრისთვის და ბიზნესსა და კორპორატიულ სამყაროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დივერგენტულობას პირდაპირ უკავშირებენ ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების უნარს, მის კრეატიულ შესაძლებლობებს.

კრეატიულობასა და დივერგენციაზე ყურადღება განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში გამახვილდა, როდესაც მსოფლიო ეკონომიკაში დაიწყო წარმოების წესის ცვლილება და ასპარეზზე პოსტინდუსტრიული საზოგადოება გამოვიდა. დღეს პრაგმატული და სწორხაზოვანი გადაწყვეტილებები ისე აღარ ფასობს, როგორც XVIII-XIX საუკუნეებში, მრეწველობის ჩამოყალიბებისა და განვითარების ეპოქაში. ინდუსტრიულ ეპოქაში ბაზარი ითხოვდა იაფ და ორგანიზებულ მუშახელს, საჭირო დონეზე განსწავლულ, კონვეიერული ტიპის სამუშაო ძალას, რაც სტანდარტიზაციას, უნიფორმიზაციას, ერთგვარობას გულისხმობდა. ამ ტიპის ორგანიზებული ენერგია იაფი და ეფექტური წარმოების მთავარი კომპონენტი იყო მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე. 

თანამედროვე კორპორაციებს კი უკვე აღარ სჭირდებათ „კონვეიერის ადამიანი”, რომელიც ერთგვაროვანი, წინასწარ განსაზღვრული მანიპულაციების მეშვეობით შრომობს. ახლა უკვე ისეთებს ეძებენ, რომლებიც რაღაც ახალს, ჯერ არარსებულს, არაორდინარულს, ორიგინალურსა და მიმზიდველს შექმნიან. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მე-20 საუკუნის ბოლოს წარმოშობილი ბიზნესიდეები, რომლებიც ჯერ კიდევ ასაზრდოებს 21-ე საუკუნის წარმოებას და მის „ჰიტებს” წარმოადგენს „სონი ქორპორეიშენის” უოლქმენი (Walkman), მსოფლიო აბლაბუდა – ინტერნეტი, „მაიკროსოფტის” „ვინდოუზის” სისტემა, „ეფლის” აიპოდი და აიფონი, „გუგლის” საძიებო სისტემა და აპლიკაციები, მარკ ცუკერბერგის პირმშო – „ფეისბუქი”, ელექტრონული მაღაზიები „ი-ბეი” და „ამაზონი”. ჩამოთვლილი მაგალითები მოწმობს, რომ დღევანდელი კორპორატიული გიგანტები მხოლოდ ნავთობისა და ქვანახშირის მომპოვებლები თუ ავტომწარმოებლები კი აღარ არიან, არამედ უკვე ციფრული ტექნოლოგიების ვირტუალურ სამყაროში მომუშავე კომპანიებიც. წელს „ეფლის” კაპიტალიზაციამ არნახულ ნიშნულს, 700 მილიარდ დოლარს მიაღწია! შედარებისთვის, ცნობილი ამერიკული „ექსონ მობილის” კაპიტალი 438 მილიარდია, „გუგლისა” – 375 მილიარდი, „შევრონისა” – 220 მილიარდი, „კოკა-კოლასი” კი – 170 მილიარდი.

„ეფლისა” და „მაიკროსოფტის” შემქმნელების, სტივ ჯობსისა და ბილ გეითსის გონებამ, მათი კომპანიების შემოქმედებითმა ჯგუფებმა და, საზოგადოდ, აზროვნების დივერგენტულმა სტილმა მათ საშუალება მისცა, წარმოსახვით შეექმნათ და „დაენახათ” ის, რაც ბუნებაში მანამდე არ არსებობდა. ყველაფერი ჩამოთვლილი (აიპოდი, კომპიუტერის დისპლეი, ვირტუალური მაღაზია თუ ქსელი) მხოლოდ ადამიანის აზროვნების შედეგია და თვალნათლივ გვიჩვენებს, რამდენად ფასეულია დღეს კრეატიული, არასტანდარტული, შემოქმედებითი და დივერგენტული აზროვნება. 

დღეს ადამიანის გონების ამ დაფარული რესურსის – კრეატიულობისა და დივერგენტულობის უნარების – შესწავლის მიზანია ადამიანის თანდაყოლილი ნიჭის, კერძოდ, მისი ინტუიტიური, არალოგიკური, არასწორხაზოვანი აზროვნების განვითარება. ასეთი ნიჭის მქონეთ შეუძლიათ, სხვაგვარად შეხედონ ამოცანას, დაივიწყონ გავრცელებული სტერეოტიპები და განსხვავებულად განიხილონ, აღიქვან ნებისმიერი საკითხი, პრობლემა, სიტუაცია თუ იდეა.

დიდ კორპორაციებს უკვე შემუშავებული აქვთ სპეციალური ტესტები, რომლებიც ადამიანის დივერგენტულ უნარებს ავლენს. მაგალითად, კანდიდატს სთხოვენ მოიფიქროს, რამდენნაირი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ჩვეულებრივ ნივთებს: აგურს, პირსახოცს, თოკს, მუყაოს ნაჭერს. ჩვეულებრივი ადამიანი ამგვარი საგნების გამოყენებისთვის თავისუფლად მოიფიქრებს 12-30 სიტუაციას, ხოლო დივერგენტულად მოაზროვნეებს, ექსპერიმენტების თანახმად, შეუძლიათ, ამ საგნების გამოყენება ას, ორას ან მეტ შესაძლო სიტუაციაში წარმოიდგინონ. 

ამერიკელი ფსიქოლოგი ელის პოლ თორენსი კრეატიულობის რამდენიმე კრიტერიუმს გამოყოფს: 1) აზროვნების სიმარდეს – მრავალი იდეის გენერირების უნარს; 2) მოქნილობას – პრობლემის გადასაჭრელად მრავალფეროვანი სტრატეგიის გამოყენების უნარს; 3) ორიგინალურობას – უცნაური, არასტანდარტული იდეების მოფიქრების უნარს; 4) დამუშავების ნიჭს – უნარს, დეტალურად განიხილო და წარმოიდგინო ახალი იდეები; 5) წინააღმდეგობას – უნარს, გათავისუფლდე, გვერდი აუარო სტერეოტიპებს და გაიხსნა ახალი ინფორმაციის მისაღებად პრობლემაზე ფიქრისას; 6) სახელდების აბსტრაქტულობას – უნარს, სიღრმისეულად ჩასწვდე პრობლემის არსს და მნიშვნელოვანი უმნიშვნელოსგან გამიჯნო, სახელი დაარქვა იმ ინფორმაციას, რომლითაც იდეას კვებავ, გარდაქმნა მიღებული ინფორმაცია და მას სიტყვიერი ფორმა მისცე.

სკოლაში დივერგენტული აზროვნების უნარების განვითარების გასააზრებლად გთავაზობთ კალიფორნიელი ხელოვნების მასწავლებლის, მხატვრისა და პუბლიცისტის სტეისი გუდმანის მოგონებას: 

„ერთხელ მე-11 კლასს ვუჩვენე ფილმი, სახელად Ma Vie En Rose („ჩემი ცხოვრება ვარდისფერში”). ფილმი აღწერს 7 წლის ბიჭის ლუდოვიკის ისტორიას, რომელსაც მიაჩნია, რომ გოგონაა. მას აქტიური წარმოსახვის უნარი აქვს, თოჯინებით თამაშობს და კაბებს იცვამს. ამ უცნაურობის გამო ლუდოვიკს უფროსები და სხვა ბავშვები ხშირად დასცინიან, საყვედურობენ და უბრაზდებიან. ამ ფილმმა და არასტადარტულმა ისტორიამ ჩემს მოსწავლეებს საშუალება მისცა, გაეფართოებინათ თავიანთი წარმოდგენა სქესსა და იდენტობაზე. ფილმის შემდეგ, დისკუსიის დროს, წარმოიშვა საინტერესო კითხვა, რომელიც ჩვენი წარმოსახვის საზღვრებს შეეხებოდა. იმ საზღვრებს, რომლებიც გვაიძულებს ვიყოთ ის, ვინც სინამდვილეში არ ვართ.

მსგავსი სიტუაციაა აღწერილი ფილმში „დივერგენტი” (სცენარი შექმნილია ვერონიკა როთის რომანების მიხედვით), რომელშიც მთავარ გმირს აიძულებენ, აირჩიოს თავის იდენტობა. ამ ფილმში, მომავლის უტოპიურ საზოგადოებაში, ადამიანები პიროვნული თვისებების მიხედვით 5 ფრაქციად არიან დაყოფილნი. ახალგაზრდები იძულებულნი არიან, აირჩიონ თავიანთი ჯგუფი (ფრაქცია), რათა ზრდასრულის სტატუსი მიიღონ. მთავარმა გმირმა გოგონამ, ტრისმა, იცის, რომ იძულებითი არჩევანის გამო შესაძლოა სამუდამოდ დასცილდეს თავის ოჯახსა და მეგობრებს. ტრისი გრძნობს, რომ იგი არც ერთ შემოთავაზებულ ჯგუფს არ მიეკუთვნება. როგორც ლუდოვიკი, ტრისიც იძულებულია დამალოს თავისი აზრები და საფრთხე ააცილოს საყვარელ ხალხს. ტრისმა ისიც იცის, რომ მის საზოგადოებაში ყველაზე საშიშ ადამიანებად ისინი მიიჩნევიან, ვინც თავისუფლად აზროვნებს და ვისი კატეგორიზაციაც ძნელია. უტოპიურ დიქტატურაში მათ დივერგენტებს ეძახიან”.
დივერგენტული აზროვნების შესახებ

დივერგენტული აზროვნების განმარტებისას მეტწილად საუბრობენ „განსხვავებულ მიდგომაზე” ან „განსხვავებული მიმართულებით აზროვნებაზე”. დივერგენტული აზროვნება ნიშნავს ისეთი მიმართულებით სიარულს, როდესაც გონებაში წარმოშობილი იდეები არ ეთანხმება საკითხის შესახებ მოლოდინებს, გამორიცხავს რუტინულ აზროვნებას ან ნასწავლის გამეორებას. ამერიკულ ინგლისურში არსებობს გამოთქმა „thinking outside the box – აზროვნება ჩარჩოების გარეთ”, რომელიც კრეატიულობასთან, ორიგინალური იდეების გენერირებასთან ასოცირდება. კონვერგენტული აზროვნება კი ისეთი აზროვნების სტილს გულისხმობს, რომელიც მოითხოვს იდეებისა და აზროვნების შესაბამისობას „სწორ” მიმართულებასთან ან პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზის პოვნას.

ხანგრძლივი და მრავლფეროვანი კვლევების თანახმად, ბავშვებში დივერგენტული აზროვნება თითქმის 100%-ს უდრის. ბავშვებს გენიოსის დონეზე შეუძლიათ განსხვავებულად აზროვნება, მაგრამ დროთა განმავლობაში, ზრდასრული ასაკის მიღწევისას, ჩვენი დივერგენტული ხედვისა და ფიქრის უნარი დრამატულად მცირდება. შესაძლოა, ასეც უნდა იყოს; ალბათ ძნელი წარმოსადგენია, საშუალო სკოლის 10-15 წლის მოსწავლეებს ისეთივე წარმოსახვა ჰქონდეთ, როგორიც 3-4 წლის ბავშვებს. თუმცა ბევრი მასწავლებელი და განმანათლებელი ეჯახება იმ სასტიკ რეალობასაც, როდესაც მოსწავლეებს არ შეუძლიათ შემოქმედებითად აზროვნება. მრავალი მკვლევარი (მათ შორის – სერ კენ რობინსონიც, ბრიტანეთის ხელოვნების სამეფო საზოგადოების წევრი) იმასაც ამბობს, რომ კრეატიულობას და წარმოსახვის უნარს ბავშვებს სწორედ სკოლა უკლავს.

დივერგენტულ ქცევას სკოლებში ძირითადად ეწინააღმდეგებიან. მოსწავლეებს ხშირად ეშინიათ „არასწორი რაღაცეების” თქმის. არ არის გასაკვირი, რომ მასწავლებლები და მოსწავლეთა ჯგუფი სკოლაში ხშირად ისეთ გარემოს ქმნიან, რომელშიც შეუძლებელია განსხვავებული, არასწორი თუ შეუფერებელი საქციელი ან აზროვნება.
სკოლების აშკარად კონვერგენციულ (დამსგავსების, ერთგვარობის) სისტემას საფუძველს უმაგრებს ცოდნის ნიშნებით შეფასება. ცუდი ნიშნებით სჯიან იმ მოსწავლეებს, რომლებიც „არასწორად” აზროვნებენ; სკოლის სამყარო ხელს უწყობს მათ გარიყვას, ვინც არანორმატიულად იქცევა ან სხვებისგან განსხვავებულად აღიქვამს გარემოს. თუ შემოქმედებითი ნიჭის საფუძველი დივერგენტული აზროვნებაა, მაშინ ნათელია, რატომ ითრგუნება ხშირად უცნაური იდეები და აქტიური წარმოსახვა მოსწავლეთა შორის.

უნდა ითქვას, რომ არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამო სასკოლო სისტემა დივერგენტულობას ებრძვის. დივერგენტული მიდგომა ყველა იდეას თანასწორად აფასებს, მიუხედავად კონტექსტისა თუ მათი გამოყენებისა. იგი უგულებელყოფს კრიტერიუმებს, ინსტრუქციებსა თუ შეფასების პროცესს, რაც კონვერგენტულობის მთავარი ელემენტია. გარდა ამისა, არსებობს სიტუაციები, როცა დივერგენტულმა საქციელმა შესაძლოა ვინმეს ფიზიკური ზიანი მიაყენოს (მაგალითად, ქიმიის გაკვეთილზე ან ეზოში თამაშისას). გარდა ამისა, ზოგიერთი მასწავლებლისთვის დივერგენტული ტიპის აზროვნება საკლასო ოთახში შესაძლოა გამოწვევად იქცეს – მოსწავლეები ცუდად იქცევიან, არ ემორჩილებიან წესებს ან ამჟღავნებენ ისეთ თვისებებს, რომლებიც არ შეესაბამება საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს. ასეთი არანორმატიული მოსწავლეები, ზემოთ ნახსენები ლუდოვიკის მსგავსი ბავშვები, რომელიც ან ტრანსგენდერია, ან თავს, ვთქვათ, ათეისტად მიიჩნევს, ჩვენს საზოგადოებაში შეიძლება დივერგენტებად ჩაითვალონ. ჩვენი, სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების, გადასაწყვეტია, როგორ შევაფასებთ მოსწავლის საქციელს და შევძლებთ თუ არა, ჩვენი შეფასება, თუ აუცილებელია, თანამედროვე სოციალური ნორმების ჩარჩოებიდან გავიდეს და მოსწავლეთათვის ის გავაკეთოთ, რაც სასარგებლოა მათი სულისთვის, საზოგადოდ, ჰუმანურობისა და სკოლასთან მათი ერთობისთვის.

ლარა

0

როგორიც არ უნდა იყოს ბავშვობა, მძიმე, ნაცრისფერი, უფერული თუ უსახო, იქიდან მაინც მოგყვება მოგონებები, რომლებიც „შუშის ნამსხვრევივით” ბრწყინავს.

აი, ერთი ასეთი სურათი ჩემი მოგონებებიდან.
ზაფხულია, სოფელში, კაკლის ძირში მაგიდასთან მე და რეზო ინანიშვილი ვსხედვართ. ქვევით სახლში ფაციფუცია, სუფრას შლიან. რეზო ალბათ ფერდობზე არაგვის ხეობაზე გადასახედად ამოვიდა. მე ალბათ საყოველთაო სამზადისს დავუსხლტი და მივეტუზე. საუბრის დასაწყისი არ მახსოვს. არ მახსოვს, როგორ მივედით ამ თემამდე, მაგრამ ზუსტად მახსოვს, ის რაც ძია რეზომ მითხრა:
– ადამიანს გაცნობისას პირველ რიგში უნდა ჰკითხო, სტალინი უყვარს თუ არა? თუ არ უყვარს, უკვე საინტერესოა, შეგიძლია გაცნობა განაგრძო. თუ უყვარს, არ ღირს: ორად-ორი ვარიანტიღა რჩება – ან პატარა ტირანია, ან ბრიყვიო.
ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ტოტალიტარიზმზე ხშირად ვსაუბრობ. უკითხავთ, კი მაგრამ ჩვენი მშობლები და პაპა-ბებიები ძალიან ტკბილად რომ იგონებენ იმ დროსო?!
ეს კითხვა წონასწორობას მაკარგვინებს. ესენი თუ არ შეშინდნენ საბჭოთა გამოცდილებით, ხომ შეიძლება, იგივე განმეორდეს? ხომ შეიძლება, მილიონობით გაჟლეტილი ადამიანი სტატისტიკა ეგონოთ და მეტი არაფერი?
ამას წინათ ანა-კორძაია სამადაშვილის ლექციას ვუსმენდი: ჩემთვის რიცხვები არაფრისმთქმელიაო. არც ჩემთვისაა. ადამიანს შეუძლია სტკიოდეს ერთის ტრაგედია, ერთის პიროვნული ისტორია. ერთი ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობა ატრიალებს დედამიწას.
რაღა თქმა უნდა, სკოლაში ვასწავლით იმ ავადსახსენებელ წლებს, ოღონდ რამდენად ღრმად, ეს უკვე აღარ ვიცი.
რეპრესირებული მწერლების ბიოგრაფიებს ვუყვებით. მაგრამ ვეტყვით: დახვრიტეს! და რაღაცნაირად წყდება თხრობა. დიდი-დიდი ის ვუამბოთ, როგორ ადიოდა ვერის ბაზრიდან კარტოფილიან ტომარამოკიდებული ბორის პასტერნაკი დახვრეტილი მეგობრის, ტიციან ტაბიძის ოჯახში და როგორი საშიში იყო რეპრესირებულებთან ურთიერთობა.
მხატვრულ სინამდვილეს, ამ თემაზე დაწერილს, ვერაფერს ვთავაზობთ. არ არის პროგრამაში და იმიტომ.
ამ ორიოდე წლის წინ ეროვნულ გამოცდებზე ტექსტის მხატვრული ანალიზისთვის რეზო ინანიშვილის „ლარა” მოვიდა. ძალიან ბევრმა აბიტურიენტმა ვერ შეძლო თემის დაწერა. ბევრმა არასწორად გაიგო ჯალათისა და მისი შვილის ამბავი. არადა, ეს ის ტექსტია, რომელიც, ჩემი აზრით, ახალგაზრდებს უნდა ვასწავლოთ და პროგრამაშიც უთუოდ უნდა იყოს.
წეღანაც ვახსენე, რეზო ინანიშვილი თვითონ იყო რეპრესირებულის შვილი. მის ცხოვრებას, რაღა თქმა უნდა, მძიმე ტვირთად აწვა ობლობა და „ხალხის მტრის” შვილობა. ის გაჭირვება და გაჭირვებაში ადამიანად დარჩენის გამოცდილება მის მოთხრობებს ლაიტმოტივად სულ გასდევს. მაგრამ „ლარაში” სხვა რაკურსია – მოთხრობის გმირი ჯალათისა და ჩეკისტის შვილია. თავისი, როგორც რეპრესირებულის შვილის გაჭირვებისა და გადარჩენის ისტორია ინანიშვილის კარგად იცის და ამიტომ აქ უკვე ჯალათის შვილის გადარჩენაზე ყვება.
ძლიერი, დახვეწილი, გამარჯვებული ქალების სახეები აკლია ქართულ ლიტერატურას. მიხარია, რომ ლარა ქალია!
იმ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც ერგო, ლარა აბსოლუტურად გამიჯნულია. სულ სხვა სიმაღლიდან იწყებს მოქმედებას.
მისი სახელიც (შვილისაც – ჟულიენი) და ქმედებაც მკვეთრად ევროპულია. ის გამიჯნულია სამეზობლოსგან, რომელიც აღმოსავლური ცნობისმოყვარეობით ცდილობს შეიჭრას დედა-შვილის სივრცეში, მაგრამ არაფერი გამოსდის. ლარა არ ითქვიფება ხალხში, თუმცა, როგორც ექიმი, დაუყვედრებლად ემსახურება მათ.
რეზო ინანიშვილისგან ჰუმანიზმი როგორ უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ მაინც მაოცებს, როგორ აშორებს შვილს მამის პასუხისმგებლობას. რამდენადაც მამა ყველაფერში ცდება, იმდენად ყველაფერში მართალია შვილი.
ჩვენი აბიტურიენტების უმრავლესობამ ჯალათი პატრიოტად მონათლა. „რადიო თავისუფლების” მსმენელი დედა-შვილი – მოღალატედ. მათ არც „რადიო თავისუფლება” გაეგოთ და არც ის, რომ ევროპული და პროგრესული ფიქრია, შვილი სჯობდეს მამას. მამის მიერ შვილის გაწირვის პათეტიკა იმავე სტალინის მიერაა თავსმოხვეული, თორემ ქართული აზრი ყოველთვის პროგრესისკენ იყო მიმართული. ნესტან-დარეჯანისა და ფარსადანის დაპირისპირებით იწყება ეს მოტივი, და მერეც გრძელდება. მამებთან დაპირისპირებამ იხსნა მეცხრამეტე საუკუნეც.
მაგრამ „ლარა” სრულიად განსაკუთრებული შემთხვევაა. ლარა ებრძვის, მაგრამ არ უპირისპირდება. ის გულწრფელად და თავდადებით ასრულებს თავის, ანუ შვილის მოვალეობას. ასრულებს, რათა გამომჯობინებული მამა თავისი ფეხით წავიდეს უკანასკნელ გზაზე, წავიდეს და დასრულდეს თავის ფანატიზმსა და სიძულვილში. რაც არ უნდა სწორი ვიყოთ შვილები მამებთან ბრძოლაში, მაინც მოგვყვება დანაშაულის შეგრძნებით გამოწვეული ხინჯი. როცა ბრძოლაა მამებსა და შვილებს შორის, განსხვავებასთან ერთად შეხების წერტილიც ბევრია. ლარა კი ბრძოლის გარეშე ახერხებს მამაზე გამარჯვებას. რეზო ინანიშვილმა იმდენად გამიჯნა ჯალათი და მისი შვილი, რომ ეს შეხების წერტილი საერთოდ აღარაა. როგორც ვაჟამ „ალუდა ქეთელაურში” მოსპო მტრობა, ყველა კაცისკვლა კანიბალიზმადე დაიყვანა (ვისაც მტერობა მოსწყურდეს…) ასევე ინანიშვილმა, მისმა ყველაზე ღირსეულმა მემკვიდრემ, გააქრო ბანალური დაპირისპირება მამებსა და შვილებს შორის, თანაც ყველაზე უღირსსა და ღირსეულს შორის და იარაღად ქალური თავდადება და სიყვარული გამოიყენა.
არც ჩემი და არც ჩემი თაობის მამები ჩეკისტები და „ტროიკის” წევრები აღარ ყოფილან. შესუსტებული იყო თავად ტოტალიტარული რეჟიმიც. თითქოს უკვე კომიკური სახეც ჰქონდა მიღებული. იმ დღეს რეზო ინანიშვილი ჩვენთან იმიტომ აღმოჩნდა, რომ, ე.წ. „სუხოი ზაკონის” დრო იყო და ყაზბეგობაზე, საიდანაც მოვდიოდით, ყაზბეგის სადღეგრძელოც კი წვენით დაილია. საკავშირო „კაკეგებე” ზის ბანკეტზეო, ჩურჩულებდნენ. ადგნენ და ჩვენთან გააგრძელეს ქეიფი. რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც ისინი ლაპარაკობდნენ, ანტისაბჭოთა იყო. მაგრამ მაინც, ჩვენ ყველას, საბჭოთა მემკვიდრეობა გვერგო. ამ მემკვიდრეობას აღარ აქვს „ჩამომხრჩვალის გადმოკარკლული თვალები”, მაგრამ მაინც ათასი სიმახინჯე მოჰყვება, უფრო ფარული და შემპარავი. ბევრი ებრძვის დღეს ამ საბჭოთა დანატოვარს. ძალიან მინდა ამ ბრძოლაზე, სტერეოტიპებზე, საშიშროებებზე – ბევრი იცოდნენ ახალგაზრდებმა და კიდევ, ძალიან მინდა, ცოტათი მაინც ვგავდეთ ლარას, შევინარჩუნოთ ქალური თავდადებისა და სიყვარულის უნარი, რომელსაც ღირსების დაკარგვასა და ჩაგრულად ყოფნასთან არაფერი აქვს საერთო.
 
 
 
 
 

ბრალს ვდებ

0

ჩემს ბლოგებს რომ გადახედოთ, უმეტესწილად ბულინგზე ვწერ. პრინციპში, ბულინგი ისეთი კერძია, მასზე მრავალმხრივ შეიძლება წერა. როცა გგონია, რომ ბზარი იპოვე და მის ამოვსებას იწყებ, სწორედ ამ დროს ჩნდება ახალ-ახალი ბზარები და ასე დაუსრულებლად. სპილო ოთახში ხანდახან იმდენად უხილავია, რომ გეჩვენებათ, თითქოს გამოსავალი იპოვეთ და პრობლემაც გაქრა, სინამდვილეში კი ბულინგი რამდენიმე მთავარი ინგრედიენტისგან შედგება, რამდენიმე საყრდენზე დგას და სიმსივნესავით უეცრად ვითარდება. ჩემს ერთ-ერთ ბლოგში ის შემთხვევაც აღვწერე, როცა ამ სიმსივნემ მომაკვდინებელი შედეგი გამოიღო, თუმცა ახლა სხვა რამეზე მსურს საუბარი, კერძოდ, ბულინგის ერთ-ერთ უმთავრეს ინგრედიენტზე, რომელსაც ჯერ ასე პირდაპირ და დაუფარავად არ შევხებივარ. ამ ინგრედიენტს მეტად თბილი სახელი ჰქვია: მშობელი. ჰოდა, რადგან წინა ბლოგებში ბულერ მოსწავლეებზეც ვისაუბრე და ბულინგზე თვალის დამხუჭავ მასწავლებლებსა და გარემოზეც, მშობლებმა რაღა დააშავეს? რა თქმა უნდა, იმ მშობლებს ვგულისხმობ, რომლებიც შვილებისადმი თავიანთი დამოკიდებულებით, თავიანთი ქცევის მანერითა და ურთიერთობის ფორმით ნებით თუ უნებლიეთ ხელს უწყობენ იმას, რომ მათი შვილი მჩაგვრელი ან ჩაგრული იყოს. ასეთი მშობლებიც რამდენიმე კატეგორიად იყოფიან. მე სამ მათგანს გამოვყოფდი, კერძოდ:

◦ ბრალს ვდებ წამქეზებლებს. ეს განსაკუთრებით საშიში კატეგორიაა. მშობლები, რომლებიც შვილს აგრესიულობისკენ მოუწოდებენ, ურჩევენ, იყონ მბრძანებლები და თავი არავის დააჩაგვრინონ. ასეთი მშობელი ბევრი მინახავს, უფრო – მამები, შვილებს გინებას და ქუჩურ ლაპარაკს რომ ასწავლიან, დედებიც, ხშირად რომ იმეორებენ ფრაზას: „ახლა ბავშვმა ყველაფერი უნდა იცოდეს, ქუჩის აკადემიაც უნდა გაიაროს”. ძვირფასო წამქეზებლებო, არავითარი „ქუჩის აკადემია” არ უნდა გაიაროს ბავშვმა, ეს ინსტიტუტი ვერ დაეხმარება მას კეთილშობილ ადამიანად, მოქალაქედ და ინდივიდად ჩამოყალიბებაში. ეს ქუჩისაკადემიაგამოვლილი ბავშვები ხშირად იმავე აკადემიაში წყვეტენ „სამეცნიერო საქმიანობის” გაგრძელებას. არიან ისეთი წამქეზებელი მშობლებიც, რომლებიც თავად მეთვალყურეობენ შვილების მჩაგვრელად ჩამოყალიბების პროცესს. „მიდი, მამა, ვინც არ მოგეწონება, მიაწექი და დაუმტვრიე თავ-ყბა” – აი, სწორედ ასეთი დამრიგებლური ფრაზა მოვისმინე ერთხელ სკოლასთან. ბავშვი გაჯგიმული შევიდა სკოლაში სხვა ბავშვებისთვის თავ-ყბის დასამტვრევად, მშობელი კი ორმაგად გაჯგიმული ჩაჯდა თავის ავტომობილში, მანქანა ადგილზე დააბუქსავა და კმაყოფილების სუნი დააყენა. ისეთი მშობლებიც არსებობენ, თავადვე რომ ხდებიან ბულერები, რათა შემდეგ ნადავლი შვილებს გადასცენ. არ გინახავთ? ბავშვების კონფლიქტებში უცებ რომ აესვეტებიან ხოლმე და იმის ნაცვლად, რომ შეარიგონ და ჭკუა დაარიგონ, შვილებს დამხმარე ძალად უდგებიან. წამქეზებლები – ყველაზე საშიში, ამაზრზენი და დაუნდობელი კატეგორიაა.

◦ ბრალს ვდებ მჩაგვრელებს. ამ კატეგორიაში შემავალი მშობლები თავად გვევლინებიან შვილების ბულერებად და ამით წინასწარვე ახდენენ ბავშვების სტიგმატიზებას მათი თანატოლების თვალში. ისინი ისე მკაცრად ექცევიან შვილებს, რომ ბავშვს თავიდანვე უვითარდება ჩაგრულობის თვითშეგრძნება და შემდგომ ვეღარ ბედავს, წინააღმდეგობა გაუწიოს თანატოლების ზეწოლას, რადგან უბრალოდ არ იცის, რას ნიშნავს თავდაცვა. იგი განწირულია დამარცხებულის, ჩაგრულის პოზიციისთვის. ასეთი მშობლების სისასტიკე განსაკუთრებით იზრდება, როცა დასჯის მექანიზმების დემონსტრირებას სხვა ბავშვების, შვილის მეგობრებისა თუ თანაკლასელების წინაშე ახდენენ. ასეთ დროს მჩაგვრელ მშობელს ჰგონია, რომ შვილი „ხელში უჭირავს” და იცავს, რომ გზიდან არ გადაუხვიოს, სინამდვილეში კი მას საყოველთაო დაცინვის ობიექტად აქცევს. მშობელი მიდის, ბავშვი სკოლაში რჩება და მას ყველა დასცინის, განსაკუთრებით კი სკოლაში მისთვის თავ-ყბის დასამტვრევად შემოსული მჩაგვრელი ბავშვი. ზოგიერთ მშობელთან ჩაგვრა ასეთი აშკარა არ არის, შესაძლოა, ზოგმა მათგანმა ამ ტექსტში საკუთარი თავი ვერც კი ამოიცნოს, რადგან არც სხვების თანდასწრებით უჯავრდება შვილს და არც დასაცინს ხდის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა ტიპის ლექსიკას იყენებს მასთან საურთიერთობოდ, როგორია მისი განწყობა ბავშვის მიმართ დასჯის მომენტში. ხშირად მშობლები არ ერიდებიან დამამცირებელი ფრაზების გამოყენებას, აკნინებენ ბავშვის თვითშეფასებას და შემდგომ ასეთი ბავშვები არაკომუნიკაბელურები, ჩაკეტილები ხდებიან, ვერ იჩენენ მეგობრებს, ვერ ალაგებენ თანატოლებთან ურთიერთობას, რაც იწვევს კიდეც სხვა ბავშვების მხრიდან მათდამი აგრესიას.

◦ ბრალს ვდებ გულგრილებს. ამ კატეგორიაში ის მშობლები შედიან, რომლებიც შვილების ქცევას საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას და სწორედ ამ გულგრილობით ხდებიან მათი ჩაგვრისა თუ მჩაგვრელობის თანამონაწილეები. ასეთი მშობლების მჩაგვრელი შვილები ხშირად მთელ დღეებს ქუჩაში ატარებენ, ნაკლებად ურთიერთობენ მშობლებთან და ეს უკანასკნელნიც დიდ უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ ამის გამო. ისეთებიც არიან, ბავშვებს განგებ რომ უშვებენ ეზოში, მეგობრებთან და ა.შ., რათა საკუთარი თავისთვის მეტი დრო დარჩეთ. ასეთი მშობლების შვილები უმეტესად მჩაგვრელები არიან, თუმცა არის მეორე მხარეც – მშობლები, რომლებიც შვილის უხასიათობას, უცნაურ ქცევას, ნერვიულობას და მძიმე ემოციურ ფონს არაფრად აგდებენ და ხშირად ამ ყველაფერს გარდატეხის ასაკით, კომპიუტერით ან სულაც ფილმების გავლენით ხსნიან. მიზეზს რა დალევს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი ბრალეულობის აღიარება არ გვსურს და გვირჩევნია, პრობლემა სხვაგან ვეძებოთ. გულგრილი მშობლები შვილების ნდობას ვერ იწვევენ, ბავშვი აღარ უმხელს დედ-მამას არც თავის გულისტკივილს, არც უსიამოვნებას, რომელიც სკოლაში შეემთხვა, რადგან ჰგონია, რომ მშობელი მაინც ვერ გაუგებს და ეს რეალობასთან საკმაოდ ახლოსაა. გულგრილი მშობლების მჩაგვრელი და ჩაგრული შვილები გარე სამყაროს მიმართაც ჩაკეტილები ხდებიან, ფსიქოლოგებისთვისაც კი ყველაზე რთულია მათთან მუშაობა, რადგან მათ საკუთარი სამყარო, საკუთარი საიდუმლოები აქვთ, ისინი მიეჩვივნენ, რომ მათ არავინ უსმენს.

სამივე ხსენებული კატეგორია უდიდეს როლს ასრულებს ბავშვების ფსიქიკის დარღვევაში, რაც ხშირად წარმოუდგენელ შედეგებს იწვევს. არსებობს მოსაზრება, რომ ბულინგის მსხვერპლი ბავშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი სუიციდისკენ, ამ მოსაზრებას ფაქტებიც ამყარებს. ამიტომ, წამქეზებელო მშობლებო, მჩაგვრელო მშობლებო, გულგრილო მშობლებო, დაფიქრდით, რად გიღირთ თქვენი შვილის სიცოცხლე, დაფიქრდით და დაინახეთ სპილო ოთახში, რომელშიც ასე მშვიდად გძინავთ.
პ.ს. მოკითხვა ემილ ზოლას მზიური საქართველოდან.

განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივის შესახებ

0

სამინისტროს გადაწყვეტილებით მომავალ წელს რამდენიმე სკოლაში ახალი საგნის სწავლება დაიწყება. დისციპლინის სახელწოდება იქნება „მე და საზოგადოება”. მოსწავლეები პირველი საფეხურიდანვე დაიწყებენ სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების ძირითადი პრინციპების შესწავლას, გაიგებენ სოლიდარობის მნიშვნელობის შესახებ. პედაგოგები მოსწავლეებს საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზეც მიანიშნებენ. ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებებით თუ ვიმსჯელებთ, აღნიშნული საგნის მასწავლებელთა მიზანი იქნება მოსწავლეებისათვის თვითანალიზის უნარის განვითარების ხელშეწყობა. მაშასადამე, ბავშვები მცირე ასაკიდანვე დაიწყებენ ფიქრს საზოგადოებაში საკუთარი დამსახურებული ადგილის მოპოვებასა და საკუთარი სამოქალაქო ფუნქციის გაცნობიერებაზე. სხვადასხვა საგნებში მიმოფანტული და ინტეგრირებული სამოქალაქო განათლების საკითხები ერთ დისციპლინაში მოიყრიან თავს. აქედან გამომდინარე, ჩვენს სკოლებში კიდევ ერთი მიმართულებიდან დემოკრატიული ღირებულებების სწავლება გაძლიერდება.

პარალელურად, „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმაც” შემხვედრი გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე წლიდან აბიტურიენტებს სასურველ უნივერსიტეტებში მოხვედრის მიზნით მეოთხე საგნად სამოქალაქო განათლების ჩაბარებაც შეუძლიათ. აღნიშნული გადაწყვეტილებით ეროვნულმა ცენტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის სკოლის დონეზე სამოქალაქო განათლება ისეთივე მნიშვნელოვანი დისციპლინაა, როგორც მეცნიერების ნებისმიერი ფუნდამენტური დარგი. ამიერიდან მოსწავლეთა ნაწილი უფრო მეტი სერიოზულობით მიჰყოფს ხელს სამოქალაქო განათლების შესწავლას, რადგან ამ მიმართულებით მიღებულ ცოდნას უკვე დამატებითი ღირებულება მიენიჭა.

სამინისტროსა და ეროვნული ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ნამდვილად დასაფასებელია. უდავოდ იგრძნობა ის, რომ ორივე უწყება კარგად იცნობს სამოქალაქო განათლების ევროპულ სტანდარტს. ისინი აღნიშნულ სტანდარტთან მისაახლოებლად მორიგ ნაბიჯს დგამენ. თუმცა მათ განსაკუთრებულ მონდომებას ტრადიციული ხარვეზები ახლავს თან.

თავდაპირველად აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ „მე და საზოგადოებისათვის” საჭირო საგანმანათლებლო რესურსები არ არსებობს. ეროვნულ სასწავლო გეგმაში ისე შევიდა ცვლილება, რომ სახელმძღვანელოს ფაბულის შესახებაც კი ძნელია ინფორმაციის მოპოვება. გარდა ამისა, საგანმანათლებლო რესურსების მიმართ არსებულ ჩემს სკეპტიკურ დამოკიდებულებას წარსული გამოცდილებაც ამძაფრებს. ჩემნაირი დილეტანტისთვისაც კი თვალსაჩინოა, რომ მაღალკლასელთათვის დღემდე შექმნილი არცერთი სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო არ შეესაბამება ჩვენი ქვეყნისა და სამინისტროს ევროპულ მისწრაფებებსა თუ ამბიციებს. მაშასადამე, აღნიშნული საგნების სწავლებისა და მათი ღირებულების ზრდის მიუხედავად, პრობლემად რჩება დისციპლინების ხარისხიანი ლიტერატურით უზრუნველყოფის საკითხი.

ყოველთვიურად ძალიან ბევრ მოსწავლესთან მიწევს ურთიერთობა, ზოგს სემინარს ვუტარებ, ზოგიერთთან ერთად კი საინტერესო დისკუსიებში ვმონაწილეობ. ხშირად ისინი სხვადასხვა სკოლასა და ქალაქს წარმოადგენენ. არასდროს ვუშვებ ხელიდან შანსს, რომ მათ სამოქალაქო განათლების საგნისა და მისი სპეციფიკის შესახებ ვკითხო. სამწუხაროდ, თითქმის ყოველთვის ერთნაირ პასუხს ვიღებ ხოლმე. მოსწავლეები მეუბნებიან, რომ სამოქალაქო განათლების საგანი ან ცხრილის ბოლოშია მოქცეული, რათა უკანასკნელი სასწავლო საათი გააცდინონ და სახლში ნაადრევად დაბრუნდნენ, ან აღნიშნულ გაკვეთილს მასწავლებელი საკუთარი „მთავარი” საგნის სწავლებას უთმობს, რადგან მასაც ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნია ბოლოსთვის მოტოვებული და არც თუ ისე ხარისხიანი სახელმძღვანელოს მქონე დისციპლინა. მაშასადამე, უთუოდ უნდა გამოვყოთ მეორე პრობლემაც. სკოლის ადმინისტრაციასაც და პედაგოგთა ნაწილსაც არ აქვთ გაცნობიერებული აღნიშნული დისციპლინის სწავლების მნიშვნელობა. აუცილებელია მასწავლებლების მომზადება და სპეციალიზაცია სამოქალაქო განათლების კურსისათვის, რათა მათ კიდევ უფრო კარგად, უკეთესად შეძლონ მოსწავლეთა სამოქალაქო ასპარეზზე გასასვლელად მომზადება.

სულ ბოლოს, ჩვენს სამინისტროს ერთი საინტერესო გამოცდილების შესახებ შევახსენებ. უამრავ ქვეყანაში სამოქალაქო განათლების სწავლებაში მხოლოდ სკოლის პედაგოგები არ არიან ჩართულნი. მასწავლებელთა მხარდასაჭერად და დემოკრატიული პრინციპების სწავლების გასაძლიერებლად ხშირად ძალიან ფართოდ იღება ხოლმე სკოლის კარი. სასწავლებლები გარედან იწვევენ ხოლმე კომპეტენტურ ან მოხალისეობის სურვილის მქონე პირებს. მაგალითად, არც თუ იშვიათად სამოქალაქო განათლების სასწავლებლად სკოლებს ფილოსოფიისა და სოციოლოგიის, პოლიტიკის მეცნიერებისა და უახლესი ისტორიის, კონსტიტუციონალიზმისა და საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებების სტუდენტები სტუმრობენ ხოლმე. ვფიქრობ, მსგავსი რესურსის მოძებნა საქართველოშიც შეიძლება. თან აღნიშნული პრეცენდენტი სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის კავშირსაც გაამყარებდა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...