კვირა, ივლისი 5, 2026
5 ივლისი, კვირა, 2026

წესების შემუშავება მოსწავლეთა თანამონაწილეობით

0

დაწყებით კლასებში ბავშვებს ხშირად ავიწყდებათ ან ეშლებათ გამაერთიანებელ და ჩამოთვლილ სიტყვებთან სასვენი ნიშნების სწორად დასმა. თუმცა ეს პრობლემა მაღალ კლასებშიც ხშირად იჩენს თავს. გთავაზობთ მარტივი მეთოდის გამოყენებით და მესამეკლასელთა თანამონაწილეობით ერთობლივად შემუშავებულ წესებს.

თუ საშუალება გვაქვს, ვიყენებთ ისტ-ს – პროექტორის დახმარებით ეკრანზე თანმიმდევრობით ჩნდება სურათები და ძალზე სახალისოა. თუ ამის საშუალება არ არის, ვიყენებთ მოსწავლეთა მიერ შესრულებულ ნახატებს ან ნატურალურ თვალსაჩინოებას – ხილს და კალათს.

ნებისმიერ შემთხვევაში ყველა მოსწავლეს მომზადებული უნდა ჰქონდეს სახატავი ფურცელი, ფერადი ფანქრები, ფლომასტერები, სახაზავი, საშლელი. მთავარია, დავიცვათ თანმიმდევრობა!

მოსწავლეებს პროექტორით სათითაოდ ვუჩვენებთ ხილის ამსახველ ნახატებს. (ჩემმა მოსწავლეებმა საკუთარი ნახატები წარადგინეს) მივმართავთ კლასს:

– ყურადღებით დააკვირდით და დაასახელეთ, რა ხილია გამოსახული ?

– მართალია: ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ბანანი, მარწყვი. (ყურადღებას ვამახვილებთ, ჩამოთვლილი სიტყვების სწორად წარმოთქმასა და ერთმანეთისგან მძიმეებით გამოყოფაზე).

– ახლა გთხოვთ, მოიმარჯვეთ სახატავი ფურცლები, ზედა კიდიდან გამოტოვეთ 2 სმ, გაავლეთ სწორი ხაზი და დაწერეთ სათაური: სასვენი ნიშნები ჩამოთვლილ და გამაერთიანებელ სიტყვებთან. მის ქვემოთ დასახელებული საგნები მარტივი ნახატებით გამოსახეთ. (გავითვალისწინოთ დროის ლიმიტი, აუცილებელი არაა გაკვეთილზე გაფერადება. საკმარისია, მხოლოდ კონტურები მოხაზონ და გაფერადება საშინაო დავალებად მივცეთ).

როცა ხატვას დაასრულებენ, ვთავაზობთ, დაფიქრდნენ, ხილის ყველა სახეობა ერთად მოათავსონ და მიუხატონ ბოლოში. ბავშვები იწყებენ ფიქრს. დავალება რთული არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა მათგანი ფიქრობს და ხვდება, რა გააკეთოს. ამიტომ ძალიან იოლია სწორი პასუხის მიგნება. მათ ნახატებში ჩნდება: თეფში, ლანგარი, ლარნაკი, კალათა.

ახლა ვნახოთ, რა შეიცვალა ნახატებში.

– რა მოხდა? დავამატეთ კალათა, რომელშიც ყველა ხილი მოთავსდა, ანუ გავაერთიანეთ ცალ-ცალკე დაწყობილი ხილის სახეობები. ახლა გთხოვთ, მოიმარჯვეთ სახაზავები და ნახატის ქვეშ 1 სმ-ის დაშორებით გაავლეთ 1 ხაზი.

მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით წარმოთქვამენ წინადადებას და დაფაზე გაკეთებული ნიმუშის მიხედვით ნახატების ქვეშ აკეთებენ ჩანაწერს ასეთი ფორმით:

ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ბანანი, მარწყვი ხილია.

– გთხოვთ, დაასახელოთ სიტყვა, რომელმაც ჩამოთვლილი სიტყვები გააერთიანა.

– ხილი.

– ყოჩაღ! ამიტომ მას გამაერთიანებელი სიტყვა ჰქვია. (შეიძლება, მოსწავლეებს ავუხსნათ, რომ ჩამოთვლილი სიტყვები წინადადების ერთგვარი წევრებია.)

-დაიმახსოვრეთ, საგნების ჩამოთვლის, ანუ წარმოთქმის დროს ვჩერდებით, ხოლო წერის დროს მძიმეებს ვსვამთ, სწორედ ისე, როგორც ჩვენს ჩანაწერშია.
ამის შემდეგ მოსწავლეები ერთ დამატებით ხაზს გაავლებენ. ვცვლით თანმიმდევრობას. ბავშვებიც შესაბამისად ასრულებენ ნახატებს.
– რა მოხდა? გთხოვთ, ყურადღებით დააკვირდით ნახატებს და შეადგინეთ წინადადება.

რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის ამ დავალების შესრულება ძნელი არ არის. თანმიმდევრულობის პრინციპით ისინი სწორად ადგენენ წინადადებას. ხილით სავსე კალათი თავში აღმოჩნდა. სურათების ქვეშ 1 სმ-ის დაცილებით გაავლებენ 1 ხაზს, წარმოთქმის პარალელურად მასწავლებლის დახმარებით დაფაზე და ფურცლებზე კეთდება ჩანაწერი:

ხილია: ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ბანანი, მარწყვი.
და აი, გადავდივართ წესების შემუშავების ყველაზე საინტერესო ეტაპზე. ვიწყებთ დაფაზე გაკეთებულ ორ ჩანაწერს შორის მსგავსება-განსხვავების პოვნას და მოსწავლეებს ვეხმარებით სწორი დასკვნის ჩამოყალიბებაში: გამაერთიანებელი სიტყვა საერთოა ორივე წინადადებისთვის, მაგრამ ის სხვადასხვა ადგილზე დგას. პირველ შემთხვევაში – ბოლოში, ხოლო მეორე შემთხვევაში – დასაწყისში. აქვე, ყურადღებას ვამახვილებთ სასვენ ნიშანზე ,,ორწერტილი’’.
 
ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ბანანი, მარწყვი ხილია.
ხილია: ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ბანანი, მარწყვი.
მსგავსება-განსხვავების შედარების შემდეგ უკვე შესაძლებელია ჩამოვაყალიბოთ ორი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი წესი, რომელსაც მოსწავლეები განსხვავებული ფერის ფლომასტერით ჩაწერენ წინასწარ მონიშნულ და ბოლოს დარჩენილ არეებში. ერთხელ კიდევ ვთხოვთ, ბოლო ჩანაწერის შემდეგ გამოტოვონ 1სმ. და გაავლონ 1 ხაზი. შემუშავებული წესების საბოლოო სახე ასეთია:
 
სასვენი ნიშნები გამაერთიანებელ და ჩამოთვლილ სიტყვებთან

ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ბანანი, მარწყვი ხილია.
წესი 1. თუ გამაერთიანებელი სიტყვა ჩამოთვლილი სიტყვების შემდეგ დგას, მის წინ ორწერტილს არ ვწერთ და მძიმეებით გამოვყოფთ ჩამოთვლილ სიტყვებს.
ხილია: ვაშლი, მსხალი, ყურძენი, ბანანი, მარწყვი.
წესი მე-2. თუ გამაერთიანებელი სიტყვა ჩამოთვლილი სიტყვების წინ დგას, მის შემდეგ ორწერტილს ვწერთ და ჩამოთვლილ სიტყვებს მძიმეებით გამოვყოფთ.
მოსწავლეებს საშინაო დავალებად ეძლევათ, დაასრულონ ნახატების გაფერადება, წაშალონ დამატებითი ხაზები და ისწავლონ წესები. მეორე დღეს გამოვავლენთ შემუშავებული წესების საუკეთესო ნიმუშებს და (აქ კიდევ ერთ მნიშვნელოვან აქტივობას – ურთიერთშეფასებას ვახორციელებთ) სადემონსტრაციო დაფაზე განვათავსებთ. აუცილებელი არაა წესების იმავე დღეს ზეპირად ცოდნა. კვირის განმავლობაში ყოველდღე ერთგზის გამეორება კვირის ბოლოს საკმაოდ კარგ შედეგს გვაძლევს. გარკვეული დროის შემდეგ მოსწავლეები ნამუშევრებს საკუთარ პორტფოლიოებში ინახავენ.

IV-V კლასებში განმტკიცდება მიღებული ცოდნა, ამას დაემატება ცნება „წინადადების ერთგვარი წევრები’’. წესების განმარტებები აკადემიურ ხასიათს მიიღებს.

ვფიქრობ, აღნიშნული მეთოდით სწავლება შედეგიანი იქნება თქვენი მოსწავლეებისთვის, რადგან, ფაქტობრივად, თვითონ ბავშვები ქმნიან წესებს ხელოვნებასთან და მათემატიკასთან ინტეგრირებით, ფიქრით, ლექსიკური მარაგის გამდიდრებით და გრამატიკის საფუძვლების შემეცნებით, რაც, დამეთანხმებით, ძალზე სახალისოა. მით უფრო, თუ გაკვეთილის შემდეგ, მოსწავლეები ხილით გაუმასპინძლდებიან ერთმანეთს.

სასურველია, შემდეგ გაკვეთილებზე სხვადასხვა ილუსტრაციის გამოყენებით განვამტკიცოთ მიღებული ცოდნა.
მთავარია, ვიყოთ თანმიმდევრულნი!
 
 

 

ცოტა უცნაური კაცი

0
გადარეული ბიჭი იყო ჯერ კიდევ ფეხბურთელობის დროს და თამაშისას მისი მიმიკითაც მიხვდებოდი, როგორ ემოციებშიც დააბოტებდა ბურთთან ერთად. მერე წლებმა თავისი ქნა, ამას კოჭის ტრავმაც დაემატა და ახლა ბავშვებს ავარჯიშებს თბილისის გარეუბანში, ხრიოკ მინდორზე. ისმის კითხვა: რატომ დაჰყავთ ბავშვები მშობლებს მაინცდამაინც მასთან, როდესაც გუნდების არჩევანი ასეთი დიდია, ამ გუნდში კი ელემენტარული საწვრთნელი პირობებიც არ არის? პასუხი მარტივია: სხვაგან ფულს ითხოვენ, ეს გადარეული კაცი კი არათუ გასამრჯელოს არ იღებს, ხანდახან, თუ თავისუფალი დრო გამოუჩნდა, მის გუნდში მოთამაშე რომელიმე ბავშვის სკოლაში მიდის და იქაურ სპორტის მასწავლებელს უშრობს სისხლს – შენს გაკვეთილებზე ბავშვი უაზრო ტრავმებს იღებს და მაგ ასფალტზე რომ არბენინებ, ამისთვის განათლების სამინისტროში გიჩივლებო.

მოკლედ, დიდი უცნაური კაცია, მაგრამ მისი პატიოსნება და ბავშვების სიყვარული ის ყავლგაუსვლელი ღირსებებია, რომლებსაც გვერდს ვერ აუვლი და ამიტომაც მის გუნდში მოვარჯიშე ბავშვების რიცხვი თანდთან იმატებს. მაგალითად, გასულ თვეს სტადიონის ახლოს მდებარე დევნილთა პატარა დასახლებიდან ერთბაშად რვა ბიჭუნა ესტუმრა, რომლებმაც მასთან ფეხბურთის თამაშის სურვილი გამოთქვეს. ისიც ადგა და ყველა აიყვანა გუნდში. ასეთი გულჩვილობისთვის კოლეგები ხშირად აკრიტიკებენ. ამას ემატება ისიც, რომ ბავშვთა ტურნირებში თითქმის არასოდეს მონაწილეობს და იმითაც კმაყოფილია, თუ მისი მოწაფე რომელიმე სხვა, უფრო ცნობილმა და დიდ კლუბს მიბმულმა გუნდმა წაიყვანა.

ერთ რამედ ღირს ამ უცნაური გუნდის ვარჯიშის ცქერა. იმის გამო, რომ სპორტული ამუნიცია და მაისურები სულ 12-15 ბავშვის სამყოფი თუ ექნებათ, ვარჯიშის დროს უმაისუროდ დარჩენილ ბიჭუნებს წელს ზემოთ გახდილებს უწევთ თამაში, მოწინააღმდეგეებისგან რომ განსხვავდებოდნენ, მეკარის ხელთათმანები კი დიდი ადამიანის ზომისაა და რომ არ გასძვრეს, მათი გუნდის მეკარე, აწოწილი წითური ბიჭუნა, ვარჯიშის წინ ხელებზე საიზოლაციო ლენტს იჭერს. ამის გამო ნერვებს უშლის ხელთათმანის მალიმალ გაძრობა და ხშირად საერთოდ უხელთათმანოდ ვარჯიშს ამჯობინებს, რაც მწვრთნელს არ მოსწონს, მაგრამ იძულებაც რომ არ გამოდის…

ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელიც და მისი ბიჭებიც ერთად მიდიან ავტობუსის უახლოეს გაჩერებამდე, რომელიც მათი მინჯღრეული სტადიონიდან კარგა მოშორებითაა. გზად მწვრთნელი წინა დღეებში ევროპაში გამართულ საფეხბურთო მატჩებზე ჰყვება და სანამ ავტობუსი მოვა, რამდენიმეჯერ წაკამათებასაც ასწრებენ იმის შესახებ, მესი ჯობია თუ რონალდუ, ნოიერი თუ კასილასი, „ბაიერნი” თუ „რეალი”. ყველა ბავშვმა იცის, რომ მათი მწვრთნელი ჰოლანდიის ნაკრებისა და ჰოლანდიური კლუბების ქომაგია, მაგრამ ამაზე იშვიათად ლაპარაკობს. სათქმელიც, კაცმა რომ თქვას, ბევრი არაფერია…

მერე მოვა ავტობუსი და იქ გრძელდება კამათი და ჟრიამული. ასეა კვირაში ხუთი დღე. ასე დადის ეს უცნაური კაცი იმ ღვთისა და კაცისგან მივიწყებულ ადგილას და უფასოდ ავარჯიშებს ბავშვებს. ასეთ კაცს ჩვენში რატომღაც შერეკილს ეძახიან. თუმცა ეს „რატომღაც” ალბათ ზედმეტიც კია…

წერილი – როგორც რესურსი

0

მას ბენიამინი ერქვა.
ქერა, სიმინდის ულვაშის ფერის თმა და ღია, ღია ცისფერი თვალები ჰქონდა, ვარდისფერი ლოყები და ლამაზი, ხასხასაბალახიანი ეზო – ეს ყველაფერი ფოტოებიდან ვიცოდი.

გერმანიის ქალაქ კასსელიდან იყო და ჩვენი გერმანულის მასწავლებლის ინიციატივით მე და ნათია, ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი – წერილებს ვწერდით, გერმანულად.

ვუყვებოდით ჩვენს მშობლებზე, სკოლაზე, ან რა უნდა გვეამბო მისთვის, ჩვენი ცივი და მუქი ყოველდღიურობის შესახებ, აი , ის კი ძალიან ბევრ რამეს გვწერდა თავის ინგლისურ კოკერპანიელზე, ცურვისა და ჩოგბურთის წრეზე, საშობაო საჩუქრებზე. ჩვენ, ცივი და ბნელი გარეუბნის ბავშვბი, ვუყურებდით მის მეტისმეტად ხასხასა და ფერად ფოტოებს, მეტისმეტად პრიალა და ვარდისფერ კანს და სხივიან თვალებს და ყოველი წერილის მიღება ძალიან გვიხაროდა.

მერე გერმანულის მასწავლებელი შეგვეცვალა და ეს საინტერესო თავგადასავალიც დამთავრდა. ის ალბათ დღეს 32 წლისაა, თავისნაირი ქერა ბავშვები ჰყავს და მშვიდი და ბედნიერი ცხოვრებით ტკბება.

იმ ხანად, როცა სკოლაში არაფერი ხდებოდა საინტერესო, ეს მიწერ-მოწერა დიდზე დიდი გარღვევა იყო სხვა, ინტერაქტიულ და მულტიკულტურულ გარემოში.

ჰოდა, არ ვიცი, იმ მოგონებების გავლენაა თუ არა, წერილს, როგორც სასწავლო რესურსს, გაკვეთილის თემას, მასალას თუ საშუალებას ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე, ჰოდა, მინდა თქვენც მოგიყვეთ. რა შეიძლება ასწავლოთ წერილების დახმარებით.

1.ბიოგრაფიული რესურსი – როდესაც მწერლების ცხოვრების, შემოქმედების, მსოფლხედველობის, ინტერესების შესახებ ყვებით, პირადი წერილები სრულიად შეუცვლელი მასალაა, იმისათვის, რომ საყვარელი ავტორი მთელი თავისი დადებითი თუ უარყოფითი შტრიხებით, სხვადასხვაგვარი მხარეების გააცოცხლოთ და გააშუქოთ.

2.ისტორიული რესურსი – როგორ უნდა აღადგინოთ ეპოქა, ისტორიული რეალობა, თუ არა პირადი წერილების საშუალებით. აბა, მაგალითისთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის მიმოწერას ჩახედეთ, ანდა მირზა გელოვანის მეორე მსოფლიო ომიდან გამოგზავნილი წერილები ნახეთ, უკეთესი დროის მანქანა რა გინდათ?

3.წერის სტატეგიის სწავლება – პირადი წერილების დაწერის წესებისა და ეტიკეტის სწავლა ძალიან საჭირო და აუცილებელია, როგორ შეადგინოთ პირადი თუ საქმიანი წერილი, ღია წერილი თუ მიმართვა, ხელნაწერი თუ ელექტრონული…

4.გრამატიკის გაკვეთილი – მიმართვა, შორისდებული, პუნქტუაციის ნიშნები, პირდაპირი და ირიბი ნათქვამი, პირის ნაცვალსახელები, ზმნის დრო – ამ ყველაფრის სწავლებისას შეგიძლიათ მოიფიქროთ წერითი სტრატეგიები, რომლის საშუალებით თქვენს მოსწავლეებს გრამატიკულ ნიუანსებსაც ასწავლით და აზრის თავისუფლად გადმოცემასაც.

5.კულტურათშორისი ურთიერთობები – წარმოიდგინეთ, რომ წინასწარმომზადებული პრეზენტაციებით რომელიმე ქვეყანას გააცნობთ თქვენს მოსწავლეებს, მაგალითისთვის, შვედეთი ( რა თქმა უნდა, მწერლებსაც არ დაივიწყებთ), მიმოიხილავთ კულტურას, ნახავთ ფილმებს, მოსმენთ მუსიკას და შვედ თანატოლებს მისწრეთ წერილებს. თანამედროვე გარემოში, როდესაც ინტერნეტმა და სოციალურმა ქსელებმა ყველანაირი კომუნიკაცია შესაძლებელი გახადა, დაკავშირება არც გაგიჭირდებათ. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იქნება.

6.წერილები პერსონაჟს ან წერილები პერსონაჟის სახელით – წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე ნაწარმოების პერსონაჟი ხართ და თქვენს მკითხველებს გინდათ დაუკავშირდეთ, უფრო მეტი რამ უამბოთ, ვიდრე წიგნში წერია, თქვენი ხასიათის ისთი შტრიხები გააცნოთ, რომელთა დანახვაც ცოტა რთულია.

ან იქნებ მკითხველი ხართ და თქვენს საყვარელ პერსონაჟთან გასაუბრება გსურთ, დამიჯერეთ, ასეთი თავისუფალი, გულწრფელი შთაბეჭდილებების წერა აუცილებლად მოეწონებათ თქვენს მოსწავლეებს.

7.წერილი 100 წლის წინ – მოაძებნინეთ მოსწავლეებს რომელიმე ისტორიული გმირი, მწერალი ან უბრალოდ საინტერესო პიროვნება და მიაწერინეთ წერილი, ესეც კიდევ ერთი მოზაურობა დროში.

8.წერილის როლი და ფუნქცია ლიტერატურის სხვადასხვა დარგში – პოეზიასა და პროზაში, ცნობილ ნაწარმოებებში… სალაპარაკო ბევრია, „ვეფხისტყაოსნით” დაწყებული და თანამედროვე ავტორებით დამთავრებული.

მოკლედ, უამრავი რამის დაგეგმვა შეიძლება, დანარჩენი თავად მოიფიქრეთ, მე კი გაგახსენებთ, რომ აუცილებლად, კიდევ ერთხელ უნდა გადაიკითხოთ ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო სამადაშვილის, პაოლო იაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, მარო მაყაშვილის და სხვათა პირადი წერილები და მიფიქროთ , როგორ მიაწოდოთ ეს საინტერესო მასალა მოსწავლეებს.

ფოტოალბომი

0
მამაჩემი კონტრაბანდისტი იყო. ედიკას დროს ნავთობი აზერბაიჯანის საზღვრიდან მალულად შემოჰქონდა.
ჩემი ძმა ნარკომანი იყო. მე არასდროს მითქვამს ხმამაღლა, რომ ჩემი ძმა ნარკომანი იყო. მაშინ სადარბაზოები პირველი სართულის კიბეებს უხერხულად შემოგვაგებებდნენ ხოლმე, საფეხურები შპრიცებს ვერაფრით დაიფერთხავდნენ და ათი წლის გოგოების ტერფებს თვალებს არიდებდნენ. ჩვენ ვხედავდით ნაგავს, ჩვენი ძმების, მათი მეგობრების, მეზობლების, სხვა უბნელების დანგრეულ ცხოვრებებს. დიახ, თბილისს  მწვავე ბრონქიტი აწუხებდა და სადარბაზოებში ამოხველებული შპრიცები მეტი არაფერი იყო, თუ არა ბავშვების გასართობი, მოდერნიზებული კლასობანა, ასკინკილით გავლილი სახიფათო გზა. ცაში იშვიათად ვიყურებოდით, რაღაცნაირი, მიწიერი ბავშვობა გვქონდა. თავდახრილები დავდიოდით, მიწას ჩავჩერებოდით, მახინჯი იყო ეს მიწა, ყვავილების ნაცვლად შპრიცები იზრდებოდა და გვამებს ისე მოუთმენლად ელოდებოდა, როგორც რომელიმე რთული ლაშქრობისას ველოდებით ხოლმე ხანმოკლე შესვენებას და “ანაკომის” მაცოცხლებელ სითბოს. ისინი კი, ჩვენი ძმები, “ანაკომის სუპების” მორჩილებას იჩენდნენ, ის იაფფასიანი ნახევარფაბრიკატები, ის უსირცხვილო, ვერგაღვიძებული  ბიჭები, ბიჭები კი არა, ხანგრძლივი, კოშმარული სიზმრები.  საფლავების დრო იყო და ჩვენი ძმების უცნაური გადაწყვეტილების: მკვდრად ყოფნის.
დედაჩემი ჩემი ძმის დედა იყო. სასწაულების მოხდენაც შეეძლო, მხოლოდ ხუთი კარტოფილითა და ორი პურით. მაშინდელი დედები ერთმანეთს კულინარიული ჯადოსნობით ჰგვანან. ჩვენ კი “ზუკოთი” და “იუპით” წყალს წვენად ვაქცევდით. 
ჩემი და თან იყო, თან არ. აღარც კი მახსოვს. იმ ნაცრისფერ თბილისში წითელი თავი დაჰქონდა, სულ მეგონა, რომ ისე დაჰქონდა, როგორც ხელჩანთა. მსოფლიოში ყველაზე ძვირფას აქსესუარს, წითელ თავს უნივერსიტეტში  მთელი მონდომებით დაატარებდა. ჰერმიონის ჯადოსნურ ჩანთასავით ტევადი თავი მსოფლიო ბიბლიოთეკას ბუმბულივით მიაფრიალებდა. 
ნინა ჩემი ბავშვობის მეგობარია. გუშინ გერმანიიდან დამირეკა და მითხრა, რომ ბედნიერია. ნინამ და მე ერთად ვისწავლეთ, რომ  გადარჩენა ყოველთვის შესაძლებელია. მაშინაც კი, როდესაც დედაშენი შენი ძმის დედაა. მაშინაც, როცა  ბავშვები შპრიცებისგან თაიგულებს მთელი მონდომებით კრავენ, რადგან მიწამ ყვავილები არ გაიმეტა, მაშინაც, როცა დაძალებული გენეტიკა ჩვენი ძმების ტრაგედიებს განიცდის, მაშინაც, როცა მონდომებით მომზადებული გაკვეთილები უინტერესო გაკვეთილსა და მასწავლებლის გულგრილ საუბარს ეწირება, მაშინაც, როცა არაფერი გვაბადია მორღვეულძირებიანი კედების გარდა, მაშინაც, როცა ყველაფერი გვაქვს და კედების მორღვეულ ძირებს  ვიხსენებთ და მაშინაც, როცა უბნის ბიჭები რომელიღაცა “აჩკარიკა შკოლნიკის” გატენილი ზურგჩანთით  სპორტულ ჟინს იკმაყოფილებენ. ნინა გერმანიაში გადარჩა, მე აქ.  
მე თავპირისმტვრევით გავრბოდი სახლიდან მაშინაც კი, როცა სახლში ვბრუნდებოდი. “იჩქარე, სალომე, იჩქარე”– ვუმეორებდი შპრიცებზე მხტომელ პატარა გოგოს. ახლა, როცა ჩემი საოჯახო ფოტოალბომი მონდომებით მარწმუნებს, რომ ის ყველაფერი სიზმარი იყო, ვზივარ და ვფიქრობ: საფლავები ისე გასწორდა, სადარბაზოები ისე დასუფთავდა, ჩვენმა მშობლებმა სამსახურები ისე შეიცვალეს, “ეს ყველაფერი ნამდვილად იყო?!”
 

ვაჟა-ფშაველა და ლუკა რაზიკაშვილი

0
მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ქართულ ლიტერატურას რამდენიმე მაინც უდიდესი მოაზროვნე მწერალი და პოეტი ჰყავდა, რომელთაც საზღვარგარეთ ჰქონდათ განათლება მიღებული და იმ დროისათვის მოწინავე იდეებითა და აზრებით იყვნენ გატაცებულნი. მათ შორის ერთ-ერთი იყო ლუკა რაზიკაშვილი. 
ბიოგრაფიულ დეტალებზე წერას აქ არ დავიწყებ. ამ სტატიით სხვა მხარეს მინდა გავიხედოთ. მე  არც კვლევა ჩამიტარებია და არც ზეციური გამოცხადებით მეუწყა ციფრები და სტატისტიკა, მაგრამ სხვა რეალობიდან მოტანილიც არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ვაჟა-ფშაველა დღეს სკოლებში ერთ-ერთი ვერ ან ცუდადგაგებული ავტორია, მასწავლებელთა და მოსწავლეთა რაღაც ნაწილის მიერ. 
ხშირად მინახავს სასკოლო ღონისძიებებზე წარმოდგენილი მწერლის ბიოგრაფიული დეტალების, მისი ტექსტებიდან ამონარიდების წარდგენა-წაკითხვა-გათამაშება და ყველგან ერთი განცდა მრჩებოდა, რომ ოთახებსა თუ დარბაზებში, წუთი-წუთზე ტყაპუჭებით შემოაბიჯებდა ვაჟა, ცხვრის სუნს შემოიყოლებდა, რაღაცას ჩაილაპარაკებდა გაუგებარ კილო-კავზე და ცალ თვალს მოგვავლებდა ყველას. 
განათლება ვახსენე და ვიტყვი, რომ ვაჟა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. იცნობდა იმ დროისთვის დიდ მეცნიერებს, კითხულობდა და ისმენდა მათ ლექციებს უახლეს იდეებზე, აზრებსა და მიღწევებზე. 
რომელი სჯობს, იყოს ვაჟა-ფშაველა როგორც ევროპელი მოაზროვნე მწერალი, თუ სადღაც კავკასიის მთებში მიკარგული გენიოსი, რომელსაც წვერი მოუშვია, ცხვარში დაეხეტება და ქალაქში ხურჯინით ჩამოაქვს ლექსები. ალბათ ორივე იარლიყი მიმზიდველია. რაზიკაშვილიც ორივეს კარგად ირგებს, მაგრამ საქმე მას კი არა, ჩვენ გვეხება. როგორ უნდა მივიყვანოთ მოსწავლემდე ლუკა რაზიკაშვილი, მისი აზრები, იდეები, ცხოვრება, ბიოგრაფია. კი, მითოსი ახლა ასე იკვებება პიროვნებებით, ცალთვალა ვაჟას, მის გარშემო მფრინავ ყვავ-ყორნებსა და ფასკუნჯებს მიმზიდველობა აქვთ, მაგრამ მოსწავლეს ვერაფერს აძლევს იმ თვალსაზრისით, რომ ზოგადი, ოღონდ სწორი წარმოდგენა მაინც შეექმნას ამ მწერალზე.
 
ვაჟა-ფშაველასთვის ყოველთვის უმთავრესია პიროვნება, ადამიანი, ინდივიდი, რომელიც გადის განვითარების გზას პირობითი ადამიანობიდან – პიროვნებამდე. გავიხსენოთ ალუდა ქეთელაური, რომელიც მუცალს ხელს არ აჭრის. ალუდაში უცბად ხდება ეს გარდატეხა, ასე ვთქვათ, გასხივოსნება. ამ მომენტიდან ის უკვე აღარ ეკუთვნის თემს. საინტერესოა ერთი რამ ადამიანის თავისებურებებიდან, რომ როცა რაიმეს შეიმეცნებ, ნახავ, გაიგებ, შენ უკვე ვეღარ დაუბრუნდები ძველს, განვლილ გზას, იმიტომ რომ იქ ვეღარ დაეტევა შენი გონება, განცდები. ეს იმას ჰგავს, ოცი წლის ასაკში ეცადო, მოირგო ის ფეხსაცმელი, ცხრა წლის ასაკში რომ გეცვა. აქედან გამომდინარე, ალუდა, რომც უნდოდეს, ვეღარ დაუბრუნდება ძველ საკუთარ თავს და მსოფლაღქმას. ის თავისთავად მოეკვეთა თემს, საზოგადოებას იმ მომენტიდან, როცა მასში გაჩნდა რაღაც ახალი. არც ისეა, რომ ქეთელაური ყველა მომენტში შეგნებულად აკეთებდეს იმას, რაც მისი ცვლილების შემდეგ ხდება. შეუძლებელია ადამიანმა გაიაზროს ამხელა ტრანსფორმაცია საკუთარი დამოკიდებულებისა გარესამყაროსადმი დროის მოკლე მონაკვეთში. რა თქმა უნდა, მან იცის თავისი ახალი „მეს” უმთავრესი ღირსებები, მაგრამ ძირითადად მისი ქცევები და პოზიცია გამოდის იმ ფეხსაცმლის პრინციპიდან. 
ძალიან საინტერესოა ვაჟას, როგორც პიროვნების და მწერლის დამოკიდებულება ბუნებასთან. ეს არაა მხოლოდ ლამაზი სურათების, ფლორისა და ფაუნის აღწერა და მათთვის კონკრეტულ ტექსტებში ადგილის მიჩენა. იქნებ ყველაფერი ბევრად უფრო ღრმა აზრს ატარებს, არ ვიცი. საერთოდ ლიტერატურას აქვს ერთი კარგი თვისება; მწერალს, შეიძლება, სულ არ უფიქრია რამე კონკრეტულ სახე-ხატზე ან ამბავზე ისე სიღრმისეულად, როგორც შენ; სულ არ აპირებდა შორ ფსკერზე ჩასვლას და ჩრდილების აღწერას, მაგრამ შენ თუ ამას გააკეთებ და ტექსტიც ამის საშუალებას მოგცემს, ეს ცუდი კი არა, პირიქით კარგია და ღირსებაში ეთვლება მწერალსაც (მისდა უნებურად) და მკითხველსაც. ჰოდა, მეც როგორც მკითხველი, ისე ვეცდები ვიპოვო ღირსებები. ვაჟას ბუნება ყოველთვის მოიაზრებს თავის თავში ადამიანს. ესაა ერთი დიდი მარადიული გამოსხივება – მთლიანი სამყარო, საგნების და იდეებისა და მოვლენების. 
„შატილს ჯერ არ ჩასწდომია
შუქი შუადღის მზისაო,
არ ჩაუშვებენ ჩამსვლელსა,
ცა ახურია კლდისაო”
აქედან უკვე ნათლად ჩანს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები პოემაში. „შუქი შუადღის მზისა” იგულისხმება ის გათვიცნობიერებულობა, გასხივოსნება, რომელიც ალუდამ განიცადა. შატილში ეს შუქი არა ჩასულა, იქ ისევ ძველ ტრადიციებს მისდევენ, რომელიც აბსოლუტურად არაჰუმანური და არაქრისტიანულია. სტროფის ბოლო ორი ტაეპი კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ არ იქნება ალუდას გადაწყვეტილება დადებითად აღქმული თემში და არც დროის მერე შეიცვლიან ისინი პოზიციას, რადგან მათი გონება დაბინდულია და „ცა ახურია კლდისა”. როდესაც მინდიას მოაქვს მუცალის მოჭრილი ხელი, ალუდა ამბობს:
„ვერ გიქნავ კარგად, მინდიავ,
საქმე მოგირთავ ავადა;
რაად მინდარის, ვერ მიხმლობს,
არ გამოდგება ფარადა;
მთაში წავიღო, არ მითიბს,
არც მარგებს თივის კავადა”.
ქეთელაურმა მოიშორა არა მოჭრილი ხელი, არამედ ძველი საკუთარი დამოკიდებულება უაზრო ტრადიციისადმი. ამიტომ, ერთი შეხედვით ხელზე, მაგრამ ის საუბრობს საკუთარ ძველ შეხედულებებზე, რომ ისინი მას არსად და აღარასდროს არ გამოადგებიან. 
ორიოდ სიტყვა „სტუმარ-მასპინძელზეც”… აქ, ისე როგორც „ალუდა ქეთელაურში” არ ხდება პიროვნებისა მკვეთრი ცვლილება.
„ჩემს სტუმარსა ჰკვლენ, სწორედა,
უდგასთ ხანჯრების პრიალი.
უყურე უნამუსოთა
ჩემს ოჯახს როგორ ჰქელავენ!”
ჯოყოლა მხოლოდ იმიტომ იცავს ზვიადაურს, რომ ის მისი სტუმარია. სტუმარ-მასპინძლობის წესი კი მთის ისეთივე ტრადიციაა, როგორც სხვა დანარჩენი წესები. თემი არღვევს ამ ტრადიციას, რადგან, როგორც ჩანს, შურისძიების სურვილი სჭარბობს. თუმცა საინტერესოა ერთი რამ – ზვიადაური რომ თუნდაც მუსას სტუმარი ყოფილიყო, შეიძლება არც მუსას დაეთმო ის თემისათვის ჯოყოლას მსგავსად, მაგრამ ფაქტია, რომ ჯოყოლა თავისი ჰუმანიზმით თემზე გაცილებით მაღლა დგას. მან უკვე იცის, რომ ზვიადაური მისი ძმის მკვლელია და მაინც ამ სიტყვებს ამბობს:
„- ეგ მართალია, იქნება…
რა უნდა მითხრათ მაგითა,
მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა
თქვენს გულისთქმასთან ძაფითა”.
ანუ ჯოყოლა აბსოლუტურად სხვა სიბრტყეშია თავისი პოზიციით, იმდენად შორს თემისგან  რომ,  მისი თქმით, ძაფიც კი არ არსებობს ისეთი, მას და თემს რომ აკავშირებდეს. 
თუმცა, თემიც ისევე იცავს ტრადიციებს, როგორც ჯოყოლა. მათ უნდა აიღონ თავიანთი ძმების, მამების მკვლელის სისხლი და როცა ამას გააკეთებენ, მათაც უჩნდებათ სინანული, რომ კარგი ვაჟკაცი მოკლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ. ზუსტად ამ სხვა გზის არარსებობაა თემის წევრების და სოფლის გონებრივი თუ გრძნობიერი სიბნელე, რომ ისინი დგანან უკვე ერთხელ დადგენილ წესებზე და არ უნდათ ახლის მიღება, ანუ ისინი მზად არ არიან არაფრისთვის. 
„შეურაცხყოფილთ უნდოდათ
ერთად გაეძროთ ხანჯრები
და გაეკეთათ მკვდრის გვამზე
სისხლით ნაღები ფანჯრები.
მაგრამ ვერ ჰბედვენ, სცხვენიანთ:
„ცოდვაა!” – ყველა ჰფიქრობდა. –
ხალხის გული და გონება
სასინანულოდ მიჰქროდა.
სთქვეს, როცა სახლში გაბრუნდნენ,
თავ-თავქვე ჩამოდიოდნენ:
„ხომ მაგას რა მოვუკლავდით
მტრებს, ავს რომ არ სჩადიოდნენ?
კარგი ვაჟკაცი ყოფილა, –
ყველა ალლაჰსა ჰფიცავდა, –
იმიტომ ვეფხვებრ გვებრძოდა,
თავის მიწა-წყალს იცავდა”.
შემდეგ ერთ სტროფში ვაჟას საოცრად გადმოსცემს საკუთარ პოზიციასა და მერე უკვე სიუჟეტის განვითარებისათვის მოქმედი პერსონაჟების აზრს:
მაგრამ „მტერს მტრულად მოექეც” –
თვითონ უფალმა ბრძანაო,
ის სჯობს, რაც მალე ვეცდებით,
გულში ჩავურჭოთ დანაო”.
აქ ნათლად ჩანს, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებებზე, ადამიანზე კონკრეტულ წეს-ჩვეულებას, რელიგიაში არსებულ დოგმას, რომ ხშირად ამ უკანასკნელებს არაფერი აქვთ საერთო ცოცხალ ღმერთთან, ჭეშმარიტებასა და რელიგიურობასთან. იყო რომელიმე რელიგიის წარმომადგენელი აპრიორში არ ნიშნავს შენს რელიგიურობას, ანუ ცოცხალ სულსა და გონებას, რომელიც მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის სრულყოფილებისკენ, რათა ემსგავსოს და მიუახლოვდეს ლოგოსს, ალფასა და ომეგას, რაღაც მარადიულს და არ დარჩეს უტყვ ქვად, რომელზეც რაღაც შეცდომით ან სწორადაა ამოკვეთილი, მაგრამ უკვე აღარაფერშია საჭირო. 
შამილის სიკვდილის შემდეგ, ტაძარი ააშენეს, როგორც ნიშანი-სახსოვარი ამ აჯანყებული ადამიანის მოშორებისა. ვაჟამ პროტესტის ნიშნად ტაძრის კედელზე წრეები დაახატა და სროლაში ვარჯიში დაიწყო. მისთვის სხვა რამ იყო ტაძარიც და ქრისტიანობაც, რომ მათზე მაღლა თვითონ ქრისტე იდგა და არ დასჭირდებოდა ქრისტეს კაცის სისხლის საზეიმოდ აგებული მისივე სახლი. აქედან ჩანს, რა პროგრესულად და ღრმად მოაზროვნე მწერალი და პიროვნებაა ლუკა რაზიკაშვილი. ჰოდა, იყოს ტყაპუჭებითაც, ფაფახითაც, ხურჯინითაც, ამ ყველაფერსაც საოცრად იხდენს ეს კაცი, მაგრამ მთავარია, ჩვენს ერთ-ერთ წარმოსახვაში მაინც ის მუდამ მთიდან ჩამოდიოდეს და ვინმეს მოჭრილი ხელის ნაცვლად რაღაც დიდი სინათლე მოჰქონდეს. 

დივერგენტული აზროვნება – როგორ შევუწყოთ ხელი კრეატიულობას საკლასო ოთახში(მეორე ნაწილი)

0
იდეალურ მდგომარეობაში დივერგენტული და კონვერგენტული აზროვნება ერთმანეთთან ჰარმონიულად ურთიერთქმედებს. დივერგენტულ, გენერაციულ აზროვნებასა და კონვერგენტულ, შეფასებით აზროვნებას შორის ურთიერთდამოკიდებულება მოსწავლეებს ეხმარება, წარმოიდგინონ ამ ორის ურთიერთთავსებადობა და ურთიერთსაჭიროება და, ამასთან, ხელს უწყობს მეტაკოგნიტური აზროვნების განვითარებას – მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, გაიაზრონ თავიანთი აზროვნებისა და შემოქმედების შესაძლებლობები.

– ჩემი როგორც ხელოვნების მასწავლებლის ამოცანაა კლასში შემოქმედებითი გარემოს შექმნა და ბავშვების შემოქმედებითი მუშაობის წახალისება, – ამბობს კალიფორნიელი მასწავლებელი და ხელოვნების სპეციალისტი სტეისი გუდმანი, – შესაძლოა, ქვემოთ მოყვანილი 5 სტრატეგია სხვა სპეციალობის მასწავლებლებსაც დაეხმაროს.
სტრატეგია 1: კითხვა-პასუხის პარადიგმის შებრუნება

პრობლემების გადაჭრაზე დაფუძნებული სწავლება კანადაში, მედიცინის ფაკულტეტზე განვითარდა და მას უკვე აშშ-ის 12-წლიან, პროექტებზე დაფუძნებულ სწავლების სისტემაშიც აქტიურად იყენებენ. მისი მთავარი დებულება მარტივია: ნაცვლად იმისა, რომ დავუსვათ კითხვა, რომელზეც არსებობს სწორი პასუხი, სტუდენტებს ვთხოვთ, თავად მოიფიქრონ პრობლემა. სტუდენტები თავიანთი სურვილებისა და მიზნების შესაბამისად ან უფრო თეორიული და/ან მოდელირებული სფეროდან მოიფიქრებენ პრობლემებს. ისეთი კითხვები, როგორებიცაა „როგორ გავზარდოთ მოსავალი პესტიციდების გამოუყენებლად?” ან „როგორ მოვახერხოთ მსოფლიოს მოსახლეობის გამოკვება სტაბილურად?” – მოსწავლეებს უბიძგებს, არასტანდარტულად, დივერგენტულად იაზროვნონ.
სტრატეგია #2: დაე, ჟღერდეს მუსიკა…

ჩვენს საკლასო ოთახში, როდესაც სტუდიურად ვმუშაობთ ან პროექტებს ვასრულებთ, მუდამ ვიწვევთ დი-ჯეის ან ვუკრავთ ჩვენსავე შერჩეულ მუსიკას.

მომწონს ის ატმოსფერო, რომელსაც მუსიკა ქმნის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ მოზარდები სხვის მუსიკალურ გემოვნებას თავიანთი „ტომის” მიხედვით აფასებენ, მოწვეული დი-ჯეის ელემენტი საშუალებას იძლევა, საკლასო ოთახში რაღაც ნორმები დავაწესოთ, ურთიერთშეფასებები გადავავადოთ ან შევაკავოთ, ანდა უფრო დაფიქრებული გავხადოთ.

როდესაც მოსწავლეები თავშეკავებულ შეფასებას ისწავლიან, სასწავლო გარემო იხსნება მათი იდეებისა და გავლენებისთვის. როცა არ გვეშინია, რომ სხვები იმწამსვე შეგვაფასებენ ან თავიანთი გემოვნებისამებრ განგვსჯიან, უფრო მოსალოდნელია, იდეების გაზიარებისთვის განვეწყოთ და აღარ შეგვეშინდეს დივერგენტულად ფიქრისა თუ ქცევის.
სტრატეგია 3: გამოკვლევაზე დამყარებული უკუკავშირი

შეფასებითი უკუკავშირის ნაცვლად კითხვებსა და გამოკვლევაზე აგებული დაკვირვება ხელს უწყობს მოსწავლის სამუშაოს უფრო შინაარსიან და ღრმა აღქმას. მოსწავლეებს ვთხოვთ, სულ მცირე, 2 წუთი მაინც დაუთმონ ნამუშევრის დათვალიერებას, შეზღუდონ „მომწონს/არ მომწონს” შეფასებითი სქემა და ნამუშევრის ჩუმად შესწავლის შემდეგ ავტორს კითხვებით მიმართონ: „შევამჩნიე რომ…”, „რატომ?..”, „როგორ?..”

სტრატეგია 4: თამაშის წახალისება და მარცხის მართვა

როდესაც მარცხს რეფლექსიით (საკუთარ თავზე, მიზეზებზე დაფიქრება) და იტერაციით (განმეორებით დაფიქრება, გაანალიზება) ვუდგებით, ნაცვლად მარცხისთვის სასჯელისა, მოსალოდნელია, უფრო ადვილად მივიღოთ შეცდომა და აღარ გვეშინოდეს მისი. როდესაც შეცდომისა აღარ გვეშინია, ჩვენ ვიხსნებით და თამაშისა და ექსპერიმენტების გარემოში შევდივართ.

ჩემს კლასს ხანდახან ვთავაზობ, გარისკონ და შექმნან პროექტები, რომლებშიც უცხო ხალხია ჩართული და ეს უსაფრთხოდ და თანაც მოულოდნელი მიმართულებით გააკეთონ. ერთი ამოცანა, მაგალითად, გულისხმობს სხვა კლასის ბავშვების ფოტოების გადაღებას. ამ დროს უარყოფის რისკი არსებობს და შიში გადალახულია. პროექტის შესასრულებლად მოსწავლეები საკუთარ თავზე იღებენ ამოცანის მოგვარების დეტალებს. თუ მათი თხოვნა უარყოფილ იქნა, ბავშვებს საშუალება მიეცემათ, დაფიქრდენენ და ახალი, უკეთესი სტრატეგია შეიმუშაონ.
სტრატეგია 5: ხელოვნების სტრატეგიების გამოყენება

დივერგენტული აზროვნების წასახალისებლად ხშირად ვიყენებთ ხელოვნებაში არსებულ ისეთ სტრატეგიებს, როგორებიცაა კოლაჟი, მზა ნივთების გადაკეთება და პარეიდოლია, რომლებიც სტიმულს იძლევა მოსწავლეთა ტვინის დივერგენტული ნაწილის გასააქტიურებლად.

◦ კოლაჟი: თუ მას შემოქმედებითად მივუდგებით, შესაძლებელია კოლაჟში განსხვავებულ გამოსახულებათა გაერთიანება და მათ შორის ესთეტიკური, აბსურდული და სივრცითი ურთიერთობების დამყარება მათი ჩვეულებრივი, მიღებული არსისა თუ ფუნქციების გაუთვალისწინელად. თუ გამოსახულება ან ობიექტი რეალური სამყაროში აღიარებული შინაარსისგან „გავათავისუფლეთ”, ეს მათზე განსხვავებულად, არასწორხაზოვნად ფიქრის საშუალებას მოგვცემს.

◦ მზა საგნები: ამ სტრატეგიას წარმატებით იყენებდა ცნობილი ფრანგი მხატვარი-დადაისტი მარსელ დიუშანი (Marcel Duchamp) – იგი ჩვეულებრივ საგნებს უცვლიდა სახელებს, ფუნქციებს და მათ ახალი სახითა და მნიშვნელობით წარმოგვიდგენდა. ამის მაგალითია დიუშანის ალბათ ყველაზე ცნობილი არტ-ობიექტი – პროვოკაციული „უნიტაზი”, რომელიც არტისტმა გადმოაბრუნა და „შადრევანი” შეარქვა. გაკვეთილზე ვთხოვე სტუდენტებს, რაიმე მსგავსი მოეფიქრებინათ ჩვეულებრივი საგნების გამოყენებით და ეპოვათ ობიექტის ალტერნატიული ფუნქცია, თავიდან წარმოედგინათ მოცემული საგანი და ახალი შინაარსით დაეტვირთათ იგი.

◦ პარეიდოლია: ეს გახლავთ ფსიქოლოგიური ფენომენი, როდესაც საგანზე დაკვირვებისას შესაძლოა დაინახოთ ის, რაც რეალურად იქ არ არის ან მიამსგავსოთ არსებული საგანი სხვას. მაგალითად, ღრუბლებში დრაკონის გამოსახულების დანახვა ან ადამიანის სახისთვის შტეფსელის მიმსგავსება, მთვარის კრატერების მოხაზულობაში რამის დანახვა და სხვა. ამერიკელი მხატვრის პესის ანიმაციური ფილმი The Deep (by PES) პერეიდოლიის უამრავ საინტერესო მაგალითს გვიჩვენებს. ამის შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ, მიიხედ-მოიხედონ და თავიანთ გარშემო ეძებონ პერეიდოლიის მაგალითები. მოსწავლეებისთვის ეს სახალისოცაა და ბიძგსაც აძლევს მათ შემოქმედებით აზროვნებას.

დივერგენტული აზროვნების სტრატეგიები ხელს უწყობს არა მარტო კრეატიულ აზრივნებას და პრობლემისადმი შემოქმედებით მიდგომას, არამედ საშუალებასაც გვაძლევს, უკეთ დავინახოთ და აღვიქვათ ის განსხვავებულობა, რომელიც ჩვენი მოსწავლეების ცხოვრებაში არსებობს. ახალგაზრდა ადამიანებს, როგორც ლუდოვიკისა და ტრისის გამოგონილ გმირებს, საშუალება ეძლევათ, იპოვონ ახალი სამყაროები, ჰორიზონტები, რომლებიც მათთვის უფრო მისაღები და გასაგებია. ჩვენ კი ამ პროცესით მხოლოდ დადებით გამოცდილებას ვიღებთ, რადგან ახალგაზრდების კრეატიულ შესაძლებლობათა ხელშეწყობით საშუალებას ვაძლევთ მათ, იყვნენ ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან.

ვიაზროვნოთ განსხვავებულად. ვიაზროვნოთ თავისუფალი ადამიანებივით. ნუ დავემორჩილებით გავრცელებულ აზრსა თუ სტერეოტიპებს, სამყარო ჩვენ გარშემო გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე ადამიანის კატეგორიზაციული აღქმა წარმოგვიდგენს. დივერგენტი იყო ის პირველი ადამიანი, რომელიც არ შეუშინდა ტაბუს და, ცნობისმოყვარეობით შეიარაღებულმა, მთის გადაღმა, „აკრძალულ” სამყაროში გადაწყვიტა გადასვლა.

თარგმნა ლევან ალფაიძემ
გამოყენებული წყაროები:

1. Steacey Goodman, Source: https://www.edutopia.org/blog/fueling-creativity-through-divergent-thinking-classroom-stacey-goodman MARCH 18, 2014
2. Креативные способности учителя и учащихся начальной школы: https://www.moluch.ru/conf/ped/archive/97/4368/
3. https://www.youtube.com/watch?v=EWEl8-PHhMI&feature=youtu.be

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება და ინფორმაციული ტექნოლოგიები

0
მასწავლებლობა, ალბათ, არც ერთ ეპოქაში იოლი არ ყოფილა. ხიბლიც სწორედ ის არის, რომ  გიწევს ამ სირთულეების დაძლევა  და ახალი გამოწვევების გადალახვა. ამ მხრივ ჩვენი ეპოქა განსაკუთრებულია. ოცდამეერთე საუკუნის პედაგოგს უწევს ასწავლოს მოსწავლეს, რომელიც ცხოვრობს ინფორმაციული ნაკადის ეპოქაში.

ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია არა თეორიული ცოდნის დაუფლებაზე, არამედ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების გამომუშავებაზე. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლება არაერთფეროვანია.
განათლების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, რადგან ის უზრუნველყოფს მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესის ამაღლებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარებას. ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს  კომპიუტერი საგაკვეთილო პროცესის სწორად წარმართვისა  და სწავლებისთვის.

არამოტივირებული და გულგრილი მოსწავლეების სწავლა პედაგოგებისათვის რთული გამოწვევაა. ასეთი მოსწავლეები უარყოფითად არიან განწყობილნი, არღვევენ სასწავლო პროცესს და ხშირად მათი ქცევის გასაკონტროლებლად იხარჯება პედაგოგის დროის დიდი ნაწილი. ამ ფონზე მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის ნაწილად აქციოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პროდუქტირება და ტრადიციულ სასწავლო ტექსტებთან ერთად გამოიყენოს მულტიმედიური ტექსტები.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ კომპეტენციას, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისათვის. საგნების სწავლება, სპეციფიკური  კომპეტენციების განვითარებასთან ერთად, ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ამ პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების  განვითარებას.

მედიაწიგნიერება ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, გამოუმუშავებს მათ ძიებისა და მოძიებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების უნარ-ჩვევას.

 ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ტრადიციულ ტექსტებთან ერთად თუ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მულტიმედიურ ტექსტებს (ტექსტებს, რომლებიც ერთდროულად იყენებს ენობრივ, ხმოვანსა და ვიზუალურ საშუალებებს) გამოიყენებს, ექნება უფრო ეფექტური გაკვეთილი, მოსწავლეები მეტად დაინტერესდებიან და პედაგოგიც მიზანს მარტივად მიაღწევს.

თანამედროვე მსოფლიოში მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. ამიტომ აუცილებელია, მოსწავლე თავიდანვე მივაჩვიოთ, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალი ფორმის მულტიმედია-ტექსტების აღქმა-გააზრებას, ინტერპრეტირებას; მეორე მხრივ, მედიასამყაროში ორიენტირებას, რომელიც ხელს შეუწყობს მის მიერ სწორი არჩევნის გაკეთებას, მიღებული ინფორმაციის „გაფილტვრასა” და კრიტიკულად შეფასებას.

ყველა პედაგოგმა იცის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია თითოეულ მოსწავლეზე და მის მიერ მიღწეულ შედეგზე, რომელიც იზომება ინდიკატორებით. მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. შედეგზე გასასვლელად მასწავლებელს მოუწევს არა მკაცრად რეგლამენტირებული, არამედ რეკომენდებული შინაარსი. სწორედ ამ გამოწვევების ეფექტურად დაძლევაში პედაგოგს  დაეხმარება  ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწორად  გამოყენება.

ამ მიმართულებით, ვფიქრობ, ეფექტურია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სხვადასხვა რესურსის გარდა, სასწავლო მასალის შესაბამისად მოამზადოს მრავალფეროვანი ელექტრონული მასალა. მაგალითისათვის განვიხილოთ  ელექტრონული წიგნი, რომლის შესაქმნელად ვიყენებთ პროგრამა PowerPoint-ს ამისათვის, პირველ რიგში, სასწავლო მასალის შესაბამისად ვარჩევთ  ტექნიკურ პარამეტრებს (რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რესურსის შექმნის დროს), ტექსტს, პერსონაჟებს.

მნიშვნელოვანია, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლა სკოლაში მდიდარ მხატვრულ თუ არამხატვრულ  ტექსტებს ეფუძნება. მოსწავლეები უნდა მივაჩვიოთ ტექსტის დამოუკიდებლად შედგენას, მოცემული საკითხების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, ანალიზს, რათა შეძლონ დამოუკიდებლად  (პოზიციისა და შეფასების) თავისუფლად გამოხატვა. პერსონაჟების, ფონისა და ტექსტის შერჩევის შემდეგ სლაიდებზე განვალაგებთ ტექსტურ მასალას, ეს პროგრამა იმდენად  ეფექტურია, რომ შესაძლებლობას გვაძლევს ჩავრთოთ ტექსტის შესაბამისი ვიდეო ან ტექსტის სრულყოფის მიზნით გამოვიყენოთ ვიდეომასალა.

მაგალითად განვიხილოთ აქტივობა, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული წიგნების გამოყენებით ისეთი საკითხის სწავლას, როგორიცაა მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენა. მეთოდები, რომლებიც მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენას უკავშირდება, შეიძლება სწავლის „ქვაკუთხედად” ჩაითვალოს. 

მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენას თან მოსწავლეთა შორის სასარგებლო დისკუსიები და კითხვა-პასუხი ახლავს. როდესაც მოსწავლეები დამოუკიდებლად პოულობენ მსგავსებასა და განსხვავებას მათში იზრდება ცოდნის გააზრებისა და გამოყენების შესაძლებლობა. თუ მასწავლებელს სურს, მოსწავლეებში განსხვავებული იდეების სტიმულირება მოახდინოს, უნდა გამოიყენოს შესაბამისი აქტივობები.

მსგავსებისა და განსხვავების აღმოჩენის პროცესი სხვადასხვაგვარად შეიძლება წარიმართოს და საკმაო ძალისხმევას საჭიროებს. ამ მეთოდს ოთხი სხვადასხვა ეფექტური ფორმა აქვს:

 1. შედარება (საგნებს ან იდეებს შორის მსგავსებისა და განსხვავების იდენტიფიკაციის პროცესი );   

2. კლასიფიკაცია   (საგანთა კატეგორიებად დაჯგუფების პროცესი, რომელიც ეფუძნება მათ მახასიათებლებს);  

 3. მეტაფორები (კონკრეტულ თემაში ზოგადი ან საბაზო პარადიგმის იდენტიფიკაციის პროცესი და შემდეგ ისეთი სხვა თემის მოძიება, რომელიც სრულიად განსხვავებულია, მაგრამ იმავე, ზოგად პარადიგმას ემორჩილება);

 4. ანალოგიები  (ცნებათა წყვილებში ურთიერთკავშირების იდენტიფიკაციის პროცესი).

მერვე კლასში ისწავლება გ. ლეონიძის „მარიტა” და მ. ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა”. ორივე ნაწარმოების შესწავლის შემდეგ, ხშირად ვიყენებ აქტივობას, რომლის საშუალებითაც ელექტრონული წიგნების გამოყენებით ხდება მსგავსებისა და განსხვავების გამოვლენა.  

კლასს ვყოფ  ორ ჯგუფად:  

პირველ ჯგუფს ვავალებ შექმნას ელექტრონული წიგნი სოფიოს სახესა და ბრბოს ფსიქოლოგიაზე (ანუ ტექსტზე დაყრდნობით რამდენიმე სლაიდი მიუძღვნან სოფიოს დახასიათებას და რამდენიმე სლაიდი  ბრბოს „ფსიქოლოგიას”, ანუ აღწერონ როგორ მოხდა ბრბოს ფორმირება, როგორია მათი: შეხედულებები,  დამოკიდებულება, ქცევა, პასუხისმგებლობა). 

 მეორე ჯგუფს ვავალებ შექმნას ელექტრონული წიგნი მარიტას სახესა და ბრბოს ფსიქოლოგიაზე (ანუ ტექსტზე დაყრდნობით რამდენიმე სლაიდი მიუძღვნან სოფიოს დახასიათებას და რამდენიმე სლაიდი  ბრბოს „ფსიქოლოგიას”, ანუ აღწერონ როგორ მოხდა ბრბოს ფორმირება, როგორია მათი: შეხედულებები,  დამოკიდებულება, ქცევა, პასუხისმგებლობა). 

პრეზენტაციის დროს მოსწავლეები წარმოადგენენ საკუთარ ხედვას მათ მიერ შექმნილი ელექტრონული წიგნის საშუალებით.

ამის შემდეგ ორივე ჯგუფს ვავალებ მოძებნონ მსგავსება-განსხვავებები. 

ვფიქრობ, მასალის სწავლებისას ელექტრონული წიგნების გამოყენება ორივე მიმართულებით დაბალანსებულად უნდა გამოვიყენოთ:

1.როდესაც მასწავლებელს უნდა მოსწავლეს ამ გზით მიაწოდოს რაიმე ტიპის მასალა;
2.როდესაც მოსწავლე საკუთარი ცოდნის კონსტრუირებას ახდენს და ასე ქმნის ელექტრონულ პრეზენტაციას.
 აღნიშნული უნარების განვითარებას დიდად შეუწყობს ხელს და მოსწავლეებისათვის სწავლის პროცესი უფრო სახალისო და მიმზიდველი გახდება. ასეთი გზით სწავლება მოსწავლეებს გაუადვილებთ  წაკითხული ტექსტის გააზრებას, განუვითარდებათ უნარი სასწავლო საგნის შესაბამისად. სასურველია ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესსა თუ საშინაო დავალების  შესრულების პროცესში, მაგრამ, როდესაც მოსწავლე თავად ქმნის ელექტრონულ რესურსს, ამ დროს მას უჩნდება გარკვეული კომპეტენციის შეგრძნება, რაც შინაგანი მოტივაციის საფუძველია.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 სასწავლო წელი;
2.სასწავლო პროცესის დაგეგმვა და სწავლების ეფექტური სტრატეგიები – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
3.„ეფექტური სწავლება სკოლაში”. ავტორები: რობერტ ჯ. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი, ჯეინ ი, ფოლოქი. (გამომცემლობა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი).

მანანა ბაქრაძე
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

2:3

0
ხომ არის ჩაძინების სახეობები და ჩაძინებათაგან საფეხურით მაღალი საქმე: ტელევიზორთან შეპარვით მიძინება. კომპიუტერში რომ მუსიკა გაქვს ჩართული, „ვინდოუს მედია პლეირის” ფანჯარას უყურებ და ძილის წამალი გაქვს დალეული და წკაპ და იცი, გაითიშები. ან სოფელში წევხარ ღუმელის კვამლით თვალებდასიებულ ოთახში, შენები ბუნდოვნად ლაპარაკობენ და თვალებზე რაღაც გებლანდება. ცალი ფეხი ზმანებებში გაქვს, ცალი ხტუნიამწერებშეფარებულ ტახტზე და უცებ ბებია გიყვირის: აბა, ადექი, ადექი – გამოცხვა. შენ დგები, ისე რომ ცალ ფეხს ისევ სიზმარში ტოვებ. და ვერ ხვდები, რატომ გაგაღვიძეს. ბებიას უჭირავს ღვეზელი, იგივე მუცლის სალოცავი, საშობაო, სამჯერ შემოგატარებს და ამბობს: „შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს. შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს”. დგახარ, ოდნავ ბანცალებ და ვერ ხვდები, ან მუცელი რატომ გტკივა, ან რატომ გაგაღვიძეს. მაგრამ რაღაც ჯადოსნური ამბავი რომ დგას, ამას გრძნობ. ახლა აღარც ის ბებია მყავს და არც მუცლის სალოცავები მაქვს. ხოლო საქმე იმდენი, რომ ცალ ფეხი დილით ისევ სიზმარში მრჩება და ისეთი, რომ ხან მეორესაც სიზმრებში ვადგამ. სხვა სიზმრებში. ცხადისთვის წესით გაუგებარ ამბებში. აცდენილ ამბებში. შესაბამისად ცოცხალ-მკვდარი და ბრმად მეძინება. ამის გამო რამდენიმე მნიშვნელოვანი მატჩი გამოვტოვე. მათ შორის ერთი, რომელზეც ახლა გიამბობთ.

 

სასწაულმა შეჩვევა იცის. ეგრე გგონია, რომ სულ მოხდება, თუ ერთხელ ნახე. მანჩესტერი დიდი მაცდურია ამ მხრივ, ხანდახან იმეორებს არნახულ შემოტრიალებებს და შენ კიდევ ყოველთვის ელი, რომ ბოლო წუთას ორ გოლს გაიტანს და რომ ვერ – ასჯერ უფრო გიმძიმს.

იმ დღეს რატომღაც ჩამეძინა, ან ჯადოქრებმა იძალეს, ან ორმა ჭიქა იზაბელამ და იქ გამეღვიძა, სადაც ფერგი ხელით ანიშნებდა დაცვას მეტოქის კარისკენ. 89 წუთი იდგა. კამპ ნოუს სასწაულიდან ერთი წელი. მშვიდად მეგონა – გაიმეორებდნენ. რომ დამთავრდა, არ ვიჯერებდი და მერე სიზმარი მეგონა. მაგრამ ის დღე რაულის იყო, და რედონდოს ფინტის, ბერგის გაცურების და დელ ბოსკეს დაბადების. ამ უცნაური, დიდი ულვაშასი, რომელმაც მერე ყველა ტიტული მოიგო.

მაშინ აბა სად იყო გადახვევები. ჩვენ დროში ვნახე კომპიუტერში ეს დრამატული საგა. საქმე შემაშინებლად სიმბოლურად გამოიყურება: მანჩესტერის კაპიტანსა და ყოჩს, პატრიკ ვიერას დუშმანს და ირლანდიული ბალადების მოყვარულ კაცს, შირერზე ხელის აღმმართავ როი კინს ფეხი საკუთარი კარისკენ გაურბის და ანგარიში გაიხსნება. მერე ის რედონდოს სასწაული და რაულის დუბლი. მერე ბექჰემის საფირმო გოლი (არაჯარიმით) და პოლის თერთმეტმეტრიანი, მთელი საღამოს ჯავრი რომ ჩადო. მეორე დღეს, როცა მარცხი გავაცნობიერე მივხვდი – ამ გუნდს სამარეშიც ჩავყვებოდი, თუნდაც მაისურები გადაეღებათ და სათამაშოდ როხო, მატა და ფალკაო მოეწვიათ. მივხვდი, რომ მარცხი, შეიძლება გამარჯვების ძმა არ არის, მაგრამ როცა საქმე სიყვარულს ეხება, სწორედ მარცხი ქმნის სიყვარულს. აკვიატებულ, მოურჩენელ სიყვარულს. სიყვარულს აქაც, აგერ, წერისას ტავტოლოგიად ქცეულ, მაგრამ მაინც მაგარ ამბავს. გაუგებარს, მაგრამ მაინც მაგარ ამბავს.

წყლის მოტანა მეზობლის ჭიდან. დღეში ერთხელ თუ ზამთარია. რამდენჯერმე – თუ ზაფხული. „წაი, წყალი მეიტანე რაია ბებიე” – „გიორგის უწევს ახლა”. მიდიხარ. კარგია, თუ დაემთხვა და ის ჩამოსული გოგოც მიდის წყლის მოსატანად. მაგრამ ეგ დამთხვევა პლანეტები რომ ერთ რიგზე განლაგდებიან, მაგ სიხშირით ხდება. ამიტომაც მარტო მიდიხარ. გაივლი ერთი მეზობლის ეზოს, სადაც თვალებდაწირპლული მაძებარი წევს და ტკიპების მოშორებას ცდილობს. მიხვალ ჭასთან. „თუ ოცის დათლაში ამევიღებ, ჯინსის შარვალს მიყიდიენ” – ჩაუთქვამ. ჭა არის ძველი. ოდნავ მომწვანო. ჭამ იცის ბევრის ოცნებები. სანამ დაყრუვდება. „მევიტანე წყალი, ვედრას გასდის ცოტა”. მერე სიზმრებში ჩაგყვება და ყველაფერს ამ ქარგაზე ააგებ. ბოლოს გაიგებ, რომ შეყვარებული ჰყოლია და შეყვარებულს უკეთესი ჯინსის შარვალი ჰქონია. და მიხვდები, რომ მარცხი, შეიძლება გამარჯვების ძმა არ არის, მაგრამ როცა საქმე სიყვარულს ეხება, სწორედ მარცხი ქმნის სიყვარულს. აკვიატებულ, მოურჩენელ სიყვარულს. სიყვარულს აქაც, აგერ, წერისას ტავტოლოგიად ქცეულ, მაგრამ მაინც მაგარ ამბავს. გაუგებარს, მაგრამ მაინც მაგარ ამბავს.

კრიტიკული პედაგოგიკა სკოლამდელი და დაწყებითი განათლების საფეხურზე

0
გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სავსეა უთანასწორობებით, სტერეოტიპული დამოკიდებულებებით და დისკრიმინაციული ქმედებებით ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების მიმართ: ქალების საშუალო შემოსავალი მამაკაცებისას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელებს, აგრეთვე სოფლებში მცხოვრებ ბევრ ადამიანს არ ეძლევა სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სერვისებით სრულფასოვნად სარგებლობის საშუალება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს არ აქვთ საჭირო პირობები განათლების მისაღებისა და დასაქმებისთვის. გავრცელებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური დამოკიდებულებების გამო სექსუალური უმცირესობები იძულებულნი არიან დამალონ საკუთარი იდენტობა და ყოველდღიურად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის საფრთხის ქვეშ იცხოვრონ. ზოგიერთი რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები და უკიდურესად ღარიბი მოსახლეობა სრულიად მარგინალიზებულია საზოგადოების დანარჩენი ნაწილისგან; ქალებისა და ბავშვების მიმართ გავრცელებული ძალადობა ხშირად იგნორირებულია საზოგადოების მიერ; მმართველი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებები შეურაცხყოფს და ღირსებას ულახავს ადამიანთა ზოგიერთ ჯგუფს და ა.შ. 

უთანასწორობა და დისკრიმინაცია, რომელიც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ხშირად შეუმჩნეველი რჩება მათთვის, ვინც უშუალო მსხვერპლი არ არის. მეტიც, ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, ავი განზრახვის გარეშე, უთანასწორობისა და დისკრიმინაციის რეპროდუქციას ახდენს ინდივიდუალურ დონეზე. კრიტიკული პედაგოგიკის ამოცანაა დისკრიმინაციის „გაუბრალოების” და უთანასწორობის მიმღეობის პრობლემატიზება და აქტიური მოქმედება სოციალური სამართლიანობის მიღწევისთვის. 

დისკრიმინაცია გულისხმობს ადამიანთა არათანაბარ მოპყრობას, იმის მიხედვით თუ რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი. შეგვიძლია სამი ტიპის დისკრიმინაციის გამოყოფა: ინდივიდუალური, ინსტიტუციური და სტრუქტურული. ინდივიდუალური დისკრიმინაცია გულისხმობს ერთი ჯგუფის წევრის მიერ მეორე ჯგუფის წევრის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ აქტს. განათლებაში ინდივიდუალური დისკრიმინაციის მაგალითია, როდესაც შშმ ბავშვს დირექტორი უარს ეუბნება სკოლაში მიღებაზე. ინსტიტუციური დისკრიმინაცია გულისხმობს დისკრიმინაციულ პოლიტიკურ, საკანონმდებლო და აღმასრულებელ  სისტემას, ხოლო სტრუქტურული დისკრიმინაცია, გულისხმობს ისეთ პოლიტიკასა და საკანონმდებლო სისტემას, რომლის პირდაპირ მიზანს არ წარმოადგენს რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაცია, მაგრამ არსებული რეალობების გამო უარყოფითი შედეგები მოაქვს ადამიანთა ზოგიერთი ჯგუფისთვის. 

უთანასწორობა ჩვენი საზოგადოების მწვავე პრობლემაა. რეალობაა, რომელშიც ბავშვები იბადებიან, იზრდებიან და სიცოცხლის მანძილზე განიცდიან მის შედეგებს. სკოლამდელ და დაწყებით სასკოლო ასაკში ბავშვი ყველაზე ინტენსიურად ვითარდება, უყალიბდება დამოკიდებულებები განსხვავებული ადამიანების მიმართ. სწორედ ამიტომ ეს მეტად მნიშვნელოვანი პერიოდია როგორც უთანასწორობის შედეგების შემცირებისთვის, ასევე დისკრიმინაციული დამოკიდებულებების და ქმედებების გამრავლების შეწყვეტისთვის.

თანასწორობა არ ნიშნავს იგივეობას; ის არ გულისხმობს ერთნაირ ქმედებას, ერთნაირი რესურსების გამოყენებას განსხვავებული ადამიანებისთვის, ვინაიდან მათ განსხვავებული საჭიროებები აქვთ. მაგალითისთვის ავიღოთ რამდენიმე ბავშვი. პირველი ბავშვი მასტიმულირებელ ოჯახურ გარემოში იზრდება, აქვს კარგი კვებისა და მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა;  მეორე ბავშვი შინ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს, სკოლაში კი – ქართულად სწავლობს; მესამე – შინ ბევრს შრომობს ოჯახის დასახმარებლად; მეოთხე – ხშირად ოჯახური ძალადობის მომსწრეა; მეხუთე – პირველკლასელი ბიჭუნაა, რომელსაც მოსწონს თოჯინებით თამაში, რის გამოც თანატოლები დასცინიან, ზრდასრულები კი საყვედურობენ. ამ ბავშვებს განსხვავებული საჭიროებები და ინტერესები აქვთ და იმისათვის, რომ თითოეულს საუკეთესო დასაწყისი ჰქონდეს, საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში, პედაგოგმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სწორედ ის უნდა მისცეს მათ, რაც ყველაზე უკეთ უპასუხებს მათ საჭიროებებს. 

განსხვავებული საჭიროებების მიმართ სენსიტიური და მზრუნველი პრაქტიკა აუცილებლად გულისხმობს დისკრიმინაციასთან აქტიურ ბრძოლასაც. მასწავლებლებს ხშირად მიაჩნიათ, რომ დისკრიმინაციის საკითხის წამოწევა უმცროსი ასაკის ბავშვებთან უადგილოა, რადგან ბავშვებს ერთმანეთს შორის განსხვავებები ნაკლებად აინტერესებთ, ჯერ კიდევ არ აქვთ ჩამოყალიბებული სტერეოტიპული დამოკიდებულებები და ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით ხელოვნურად შევუქმნით დისკრიმინაციის შესახებ წარმოდგენებს. მაგრამ ეს ასე არ არის. ბავშვები არ იზრდებიან იზოლირებულ, სტერილურ გარემოში; მათ მუდმივად ესმით ვინ არის პრივილეგირებული, ვინ ითვლება „უკეთესად”, ვინ ფლობს მეტ ძალაუფლებას და ა.შ. ამ „მესიჯებთან” აქტიური ბრძოლის გარეშე თითქმის წარმოუდგენელია უთანასწორობის მუდმივად რეპროდუცირებადი ციკლის გარღვევა. კვლევები ადასტურებს, რომ უკვე სამი-ოთხი წლის ასაკიდან ბავშვები ამჩნევენ გენდერულ, რასობრივ, ფიზიკურ და ენობრივ განსხვავებებს და უყალიბდებათ სტერეოტიპული დამოკიდებულებები საკუთარი ან სხვათა იდენტობების მიმართ. 

კრიტიკული პედაგოგიკა, პირველ რიგში, გულისხმობს განსხვავებულობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით მასწავლებლის მიერ საკუთარი დამოკიდებულებების გაანალიზებას. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ არ ვართ ნეიტრალურნი; ჩვენ გარკვეული კულტურის, დამოკიდებულებების და ღირებულებების მატარებლები ვართ, მათ შორის შესაძლოა სტერეოტიპული წარმოდგენებისაც. ყოველივე ეს ზეგავლენას ახდენს სწავლა-სწავლების პროცესზე, ბავშვებთან და მათ ოჯახებთან ურთიერთობაზე. თვითრეფლექსია პირველი და ალბათ ყველაზე რთული ნაბიჯია ანტიდისკრიმინაციული გარემოს შექმნის გზაზე. 

კრიტიკულ თვითრეფლექსიასთან ერთად მნიშვნელოვანია ღიად მივიღოთ განსხვავებები ბავშვებსა და ოჯახებს შორის. განსხვავებულობა ერთი შეხედვით შესაძლოა საშიშად და მიუღებლად მოგვეჩვენოს, მით უმეტეს თუ ის საფრთხეს უქმნის ჩვენს დომინანტურ პოზიციას – ძალაუფლებას, რომელსაც ჩვენ ვფლობთ, როგორც სხვა, „ძლიერი” ჯგუფის წევრები. მაგრამ მრავალფეროვნება – სიმდიდრეა, რომელსაც შეუძლია თითოეული ჩვენგანის ცხოვრება უფრო საინტერესო გახადოს, მრავალფეროვნების გარეშე ძნელად წარმოსადგენია განვითარება. მისი მიღება და შესწავლა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პედაგოგმა შეძლოს განსხვავებულთან დიალოგი (რამდენადაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მას) და თავდაჯერებული მოქმედება, როდესაც კლასში თუ კლასს გარეთ დისკრიმინაციის პირისპირ აღმოჩნდება. 

იმისათვის, რომ თითოეულ ბავშვსა და ოჯახს პატივს სცემდნენ, თითოეულის იდენტობა დაფასებული იყოს და ყველა ჯგუფის თანასწორ წევრად გრძნობდეს თავს, მნიშვნელოვანია, ყველა სტერეოტიპული შენიშვნა და დისკრიმინაციული ქმედება უპასუხოდ არ დარჩეს. თუმცა, კონკრეტულ ინციდენტებზე რეაგირება ანტიდისკრიმინაციული განათლების მხოლოდ ერთი მხარეა. მასწავლებელი მუდმივად, საგანმანათლებლო პროცესის დროს, ხელს უწყობს კლასში განსხვავებული იდენტობების წახალისებას, თითოეული ბავშვის ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის განცდის ჩამოყალიბებას, ეხმარება მოსწავლეებს კრიტიკულად შეაფასონ საკუთარი დამოკიდებულებები სხვების მიმართ, ხელს უწყობს მათ თვითრწმენასა და უვითარებს უნარ-ჩვევებს, რათა ბავშვებმა დამოუკიდებლად შეძლონ წინააღმდეგობა გაუწიონ უსამართლო მოპყრობას (მათ მიმართ თუ სხვების მიმართ). 

ანტიდისკრიმინაციული საგანმანათლებლო გარემო და პროცესი უმნიშვნელოვანესია სოციალური ცვლილებებისთვის, ახალი რეალობისთვის, რომლებიც ბავშვებს, მიუხედავად მათი იდენტობისა მაქსიმალურად თანასწორ (და არა იგივე) შესაძლებლობებს მისცემს სწავლისთვის, განვითარებისა და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის. სოციალური სამართლიანობის იდეალის მქონე პედაგოგისთვის ყოველდღიურ პრაქტიკაში დღის წესრიგში უნდა იდგეს კომუნიკაცია და დიალოგი განსხვავებულთან, კრიტიკული რეფლექსია და პრობლემური საკითხების განსხვავებული შეხედულებებიდან განხილვა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მრავალფეროვან გარემოში სადაც განსხვავებული კულტურები და იდენტობები იკვეთებიან, შეგვხვდება უთანხმოებაც, რომელიც უკუგდების ან უმცირესობის ჩაგვრის ნაცვლად, მასწავლებლების, ბავშვებისა და მშობლების  მიერ სწავლისა და გამოსავლის ძიებით, ეთიკურ პროცესად უნდა იქცეს. 

ბრაზი და კომპრომისი

0

ამერიკელი მწერალი ლაფაიეტ რონ ჰაბარდი თავის წიგნში „საბავშვო დიანეტიკა” წერს: „თუკი ბავშვი ძალიან ბრაზობს, მიეცით საშუალება. თუნდაც, ეს ის შემთხვევა იყოს, როდესაც თქვენ მსხვერპლი ხართ. მიეცით ბავშვს ბრაზის გამოხატვის საშუალება და ის მალევე დამშვიდდება. ბრაზი გაქრება. თუ მის დათრგუნვას ეცდებით, ბრაზი უფრო გაძლიერდება და დროში გახანგრძლივდება. ბავშვს უნდა ჰქონდეს რეაქცია. ბრაზის ენერგია აუცილებლად უნდა დაიწვას. არასოდეს უთხრათ სიბრაზის მომენტში – „შეწყვიტე! შენი თავი გააკონტროლე”.

რთულია, როდესაც ბავშვი ბრაზობს, კაპრიზობს, ისტერიკაში ფეხებს აბაკუნებს, ურჩი მოზარდი კი ხმამაღლა აბრახუნებს სახლის კარს და გაურკვეველი მიმართულებით უჩინარდება. ასეთი სიტუაციის მომსწრე თითქმის ყველა მშობელია. ამ დროს დედ-მამამ არ იციან რა მოიმოქმედონ. უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგები გვირჩევენ ჩავეძიოთ ბავშვის გაბრაზების მიზეზს. გავარკვიოთ, რის გამოა უკმაყოფილო და რას აპროტესტებს. თითოეული ბავშვი სხვადასხვაგვარად რეაგირებს გარე გამღიზიანებლებზე. ზოგი ამას ტირილით გამოხატავს, ზოგი კაპრიზობს, ზოგი უშვერ სიტყვებზე გადადის და ზოგიც ჩუმდება.

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ უმჯობესია ბავშვმა გამოხატოს ემოცია. უფროსმა თაობამ კი ამ ემოციის გამოხატვის ფორმას მიაქციოს ყურადღება. როდესაც მცირე ასაკის ბავშვი ან გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდი წუხს, ეს ნორმალურია. წუხილი და ბრაზი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია.

მას შემდეგ, რაც მშობელი ბავშვის გაღიზიანების მიზეზს დაადგენს, მკვეთრად უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან ბრაზი და აგრესია. ბრაზი დროებითი მოვლენაა, აგრესიას კი ფიზიკური და მორალური მსხვერპლი მოჰყვება. მშობლების უმრავლესობა გაბრაზებულ და აგრესიულ ბავშვს სჯის. დასჯილი ბავშვი უფრო ღიზიანდება და ბრაზის გამოხატვის რადიკალურ ფორმებს მიმართავს.

თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვი სასარგებლო საქმით დაკავდა, აუცილებლად შეაქეთ და გააქეზეთ. დააფიქსირეთ ის, რომ მისი ქცევა თქვენთვის მისაღებია, მნიშვნელოვანი. ასეთი გზით მას მიახვედრებთ, რა არის  „კარგი” და რა – „ცუდი”. აგრესიულ/ბრაზიან ბავშვებთან ურთიერთობის დროს იშვიათად მიუთითეთ იმაზე, რა არ მოგწონთ. ამით ბავშვს დააზღვევთ ცრუ შეგრძნებისგან, თითქოსდა ის თქვენს მოსაწონს ვერაფერს აკეთებს.

ბავშვის ბრაზის მიზეზი შეიძლება მოზღვავებული ენერგია იყოს. მშობლები ცდილობენ ენერგიული ბავშვი „მოთოკონ”. სინამდვილეში კი, უმჯობესია ბავშვმა ენერგია დახარჯოს და ბრაზის ენერგიაც თან გააყოლოს.

ყველაზე მთავარი და უნივერსალური რჩევა კი ასეთია: ყოველთვის აგრძნობინეთ შვილს, რომ გიყვართ. ბევრი ესაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, ეხუმრეთ, იყავით თვითირონიული, მოიპოვეთ ბავშვის ნდობა, გახდით მისი მესაიდუმლე, უახლოესი მეგობარი.

მსოფლიოში არ არსებობს კვლევა, რომელზე დაყრდნობით დაზუსტებით  ვიტყვით – ბრაზიანი ბავშვი ნერვიულ, ფსიქოპატ ადამიანად ყალიბდება. ბევრი რამ მშობელზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ დედა შვილს არ უშლის, რომ მან უყვიროს, ფეხები უბაკუნოს, სცემოს და შეურაცხყოს, ბავშვი ამას ნორმად მიიჩნევს, ამ მიმართულებით უფრო განავითარებს ნეგატიურ ემოციას და სიბრაზის ჟამს ყოველთვის მოიხმობს მას.

უფროსს შეუძლია ბავშვში ნეგატიური ემოცია ერთჯერადად ჩაახშოს, მაგრამ სიმშვიდის გარანტია არასდროს ექნება. ამიტომაა მნიშვნელოვანი ბავშვის სწორედ ჩვილობიდან აღზრდა. კარგად აღზრდილ ბავშვს არ ჭირდება „ჩახშობა”. მისი ბრაზიც იოლად მართვადია, ხოლო თუ ის შენიშვნას იმსახურებს, ადეკვატურად აფასებს. რასაკვირველია, ადრე თუ გვიან, ყველა ბავშვი, ცუდად თუ კარგად აღზრდილი, ბრაზდება. გაბრაზებული თავის ოთახს მიაშურებს და ემოციას იქ გამოუშვებს, გარკვეული დროის მერე კი მზად იქნება მშობლებთან სალაპარაკოდ. ბავშვს უფლება აქვს ჰქონდეს საკუთარი აზრი, ინტერესი, რომელსაც ემოციებით თუ უემოციოდ დაიცავს.

ცნობილი ავსტრიელი მეცნიერი ლორენცი – რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ცხოველთა და ადამიანთა აგრესიული ქცევების შესწავლაში – მიიჩნევდა, რომ აგრესიას ბიოლოგიური საფუძველი აქვს, მეტიც, ხშირად ის გენეტიკურია. აგრესიის მიზანი არა ნგრევა, არამედ ამ ფორმით გარემოსთან ადაპტაციაა. მეცნიერთა უმრავლესობა კი ამტკიცებდა, რომ აგრესია პირდაპირ კავშირშია ბრაზთან, მიზნის მიღწევის დაუოკებელ სურვილთან.

ნამდვილი ბრაზის ნიშნებს ბავშვი ერთი წლის ასაკიდან წარმოაჩენს. უმეტესად ამ ასაკის პატარები უსულო საგნებზე ბრაზობენ: სკამზე, რომელსაც ფეხი წამოკრეს, კარზე, რომელშიც თითი მოყვათ. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ხანმოკლეა სიბრაზის ფაზა. ბავშვის დამშვიდებაც უფრო ადვილია.

ორი წლის ასაკიდან ბავშვებში პროტესტის გრძნობა იღვიძებს. ისინი ბრაზობენ მშობლებზე, რომლებიც სათამაშოს არ ყიდულობენ. ბრაზობენ, როცა ჭამას აძალებენ, მულტფილმებს უთიშავენ. ბავშვების „საპროტესტო აქციები” შოკში აგდებს მშობლებს. ბავშვს შეუძლია საჯარო სივრცეში წარმოუდგენელი ისტერიკა მოაწყოს. დარცხვენილი დედ-მამა იძულებულია შეასრულოს ბავშვის კაპრიზი ან რამენაირად დასაჯოს ის. ორივე მიდგომა არამართებულია.

ბევრი ბავშვებისთვის „სპექტაკლის დადგმა” პრობლემას არ წარმოადგენს. ეს არის ბრძოლა იმ ხელისუფლებისა და გავლენისთვის, რომელიც ჯერჯერობით მშობლის ხელშია.

ბავშვის დასჯას შედეგი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ბავშვის დანაშაულს მომენტალურად მოჰყვება. სასჯელი დანაშაულის ადეკვატური უნდა იყოს. არ შეიძლება ბავშვის დასჯა ისე, რომ მან თავი დამცირებულად იგრძნოს.

ზოგჯერ მშობლებისთვის დამაბნეველია ბავშვის ქცევა – ის ყვირის, იკბინება, ნივთებს ყრის, იჩენს ფიზიკურ აგრესიას უფროსების მიმართ, ჩუმ-ჩუმად ჩაგრავს უმცროს და-ძმას. ასეთი ქცევა სამი წლის ბავშვებისთვისაა დამახასიათებელი. ამ გზით ისინი ავტორიტარულ აღზრდას აპროტესტებენ. მათ კრიზისი მაშინ ეწყებათ, როდესაც მათ მშობლები ვერ ამჩნევენ – ბავშვებს დამოუკიდებლობა სურთ, აღარ საჭიროებენ მშობლების ზემზრუნველობას. ამ პერიოდში მშობლებმა ბავშვების მიმართ დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეცვალონ.

ბავშვის აგრესიულ ქცევაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ოჯახური ურთიერთობები. თუ მშობლები ხშირად ჩხუბობენ, ბავშვიც ფეთქებადი და გაღიზიანებულია. მცირეწლოვანი ბავშვი მშობლის სარკეა. თუ დედ-მამა ბრაზიანია, ბავშვიც სწავლობს გაბრაზებას, დედ-მამა კეთილია და ბავშვიც სიკეთით ივსება.

ბავშვების ბრაზის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი ეჭვიანობაა. ბავშვისთვის სულაც არ არის აუცილებელი ჰყავდეს ეჭვიანობის კონკრეტული ობიექტი. ბავშვი ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობს. ეჩვენება, რომ მშობლებს მის გარდა ყველა უყვარს. ეჭვიან ბავშვს შეუძლია დაჩხაპნოს ახალგაკრული შპალერი, დაჭეჭყოს მაცივრის კარი ან ტელევიზორის პულტი. ამას მხოლოდ იმიტომ გააკეთებს, რომ მშობლები აფრთხილებდნენ – ასე არ მოქცეულიყო. მათ ხომ საოჯახო ტექნიკაში ძალიან დიდი ფული გადაიხადეს. დიახ, ბავშვი შპალერზე, ტელევიზორზე და პულტზე ეჭვიანობს. მშობლები ამ ნივთებზე გაცილებით მეტს საუბრობენ, ვიდრე პლასტელინის ძაღლსა და ფისოზე, რომელიც ბავშვმა საკუთარი ხელით გამოძერწა…

მშობლები ყოველთვის უნდა დაფიქრდნენ: ხომ არ არის ბავშვის ბრაზი საპასუხო რეაქცია რამეზე? იქნებ ბავშვი სხვაზე ბრაზობს, მაგრამ ჯავრს მშობლებზე იყრის? მსგავსი რამ ბავშვებს ხშირად მოსდით. მათ ჩაგრავენ. ამის აღიარება მშობლებთან არ სურთ, მაგრამ აგრესიის ადრესატები სწორედ მშობლები ხდებიან. მოზარდულ ასაკში მშობლებს არ ესმით, რატომ გაუხეშდა მათი შვილი, გახდა უპასუხისმგებლო, თავხედურად ეპასუხება და სხვ.  მშობლების საპასუხო რეაქციაც არ აყოვნებს – ისინიც ბრაზობენ და კონფლიქტში შედიან.

კონფლიქტები ღრმავდება. მოზარდთა აზრით, „მშობლები ცხვირს ყოფენ მათ საქმეებში”. ამ შემთხვევაში სიტუაცია მშობლებმა უნდა გამოასწორონ და კომპრომისზე წავიდნენ. კონფლიქტი ცხელ გულზე არ უნდა გადაიჭრას. ახსნა-განმარტებებსაც თავისი დრო აქვს. თხუთმეტი წლის მოზარდი ვალდებული არ არის ყოველსაათობრივად ჩააყენოს საქმის კურსში დედ-მამა სად და ვისთან არის, მაგრამ თუ მოზარდს ვთხოვთ, უბრალოდ შეგვატყობინოს რომელ საათზე დაბრუნდება შინ, არა მგონია წინააღმდეგობა გაგვიწიოს. მას უნდა განუმარტოთ, რომ ცნობისმოყვარეობა კი არა, სიფრთხილე გვამოძრავებს. უნდა დააჯეროთ მოზარდი იმაში, რომ ვენდობით და პატივს ვცემთ. ბოლოსდაბოლოს, ბრაზში კატასტროფული არაფერია, მაგრამ თუ ბავშვი/მოზარდი მუდმივად ამ მდგომარეობაშია, მაშინ ფსიქოლოგის დახმარება არ გვაწყენდა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...