კვირა, ივლისი 5, 2026
5 ივლისი, კვირა, 2026

როგორ ვითანამშრომლოთ მშობლებთან

0
ყველა იმ პრობლემას შორის, რომელმაც შეიძლება სკოლაში თავი იჩინოს, მშობელსა და პედაგოგს შორის გართულებული ურთიერთობა, სრულიად განსაკუთრებულია. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ თითქმის ყველა პრობლემა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება ბავშვს, სწორედ ამ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ამდენად, მშობელთან ურთიერთობის გართულებისა და გამწვავების შემთხვევაში სხვა პრობლემებიც მოუგვარებელი რჩება და ხანდახან შეიძლება ის სხვა, ახალი პრობლემების აღმოცენების მიზეზიც კი გახდეს. ადვილი არ იქნება ისეთი პედაგოგის პოვნა, რომელსაც თუნდაც ერთი მოსწავლის მშობელთან მაინც არ ჰქონია გართულებული ურთიერთობა ბავშვის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ამა თუ იმ საკითხის გამო. არცთუ იშვიათად, პედაგოგისა და მშობლის გართულებულ ურთიერთობაზე დაკვირვების, მისი გაანალიზების, ასევე ცალკეულ მხარეებთან შეხვედრის, მათი მოსმენის და მათგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ორივე მხარეს თავისი სიმართლე აქვს და საკუთარი პოზიციების გასამყარებლად წარმოდგენილი არგუმენტების გაცნობის შემდეგ ვხვდებით, რომ ორივე მხარე მართალია. 

მაინც რა იწვევს გაუგებრობას მასწავლებელსა და მშობელს შორის, რატომ რთულდება ხშირ შემთხვევაში მათი ურთიერთობა? ამის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი ის არის, რომ მათ განსხვავებულ სიტუაციებში უწევთ ბავშვთან ურთიერთობა. სახლში და სკოლაში ბავშვს განსხვავებული როლის შესრულება უწევს; სახლში ის შვილის, შვილიშვილის, დის ან ძმის როლშია. სკოლაში კი მოსწავლის, თანაკლასელის, მოზარდთა გარკვეული ჯგუფის გარკვეული წევრის როლშია. ადამიანის ქცევა მნიშვნელოვანწილად იმ სოციალური როლით არის განსაზღვრული, რომლის შესრულებაც მას კონკრეტულ სიტუაციაში უხდება.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი აღქმები სუბიექტურ ხასიათს ატარებს და ერთი და იგივე ბავშვის შესახებ მასთან ურთიერთობაში მყოფი სხვადასხვა ადამიანის შეხედულება შეიძლება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს. არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ერთი და იგივე მოსწავლეზე საუბრისას მშობლისა და პედაგოგის პოზიციები იმდენად განსხვავებულია, უცხო ადამიანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ისინი ორ სხვადასხვა მოსწავლეზე საუბრობენ. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მშობელსა და მასწავლებელს შორის შეიძლება ურთიერთობა საკმაოდ გართულდეს. გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ ოპონენტის პოზიციიდანაც შევხედოთ სიტუაციას.

ხანდახან, ჩვენ უნებურად აღმოვჩნდებით ხოლმე ისეთ მდგომარეობაში, რომ საწინააღმდეგო პოზიციის მქონე ადამიანის გაგება ადვილი ხდება. დღემდე დაუვიწყარია ჩემთვის წლების წინ ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი საყურადღებო ფაქტი. იმ პერიოდში სკოლებში მშობელთა მორიგეობის პრაქტიკა იყო დამკვიდრებული. ერთ-ერთი ასეთი მორიგეობის დროს მშობელს მისი შვილის საკლასო ოთახიდან ხმაური შემოესმა. იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა კლასში, ქალბატონმა ოთახის კარი შეაღო და საკუთარ ბიჭუნას ისეთი ქცევის მოწმე გახდა, რომ გაოგნებული დარჩა. ჩემი თვალით რომ არ მენახა და სხვას ეთქვა, ამას ნამდვილად ვერ დავიჯერებდიო, განაცხადა შვილის საქციელით გაოცებულმა დედამ. მოზარდის ქცევას ძალიან ხშირად იმ ჯგუფის ღირებულებები, ფასეულობები და შეხედულებები განსაზღვრავს, რომლის წევრადაც ის ითვლება. ჯგუფის გავლენა ბავშვზე განსაკუთრებით მაშინ ძლიერდება, თუ მისი სტატუსი თანატოლთა შორის არცთუ ისე დამაკმაყოფილებელია. ასეთ დროს ბავშვი ცდილობს ჯგუფში საკუთარი მდგომარეობა თანაკლასელებისთვის მოსაწონი და უფროსების გამომწვევი ქცევით გაიუმჯობესოს. როგორც ერთმა მე-7 კლასელმა ბიჭუნამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მას ხშირად თავადაც არ მოსწონს საკუთარი ქცევა, მაგრამ იძულებულია ასე მოიქცეს, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანაკლასელები მას ჯგუფიდან გარიყავენ. სწორედ ამის გამოა, რომ სკოლის ან კლასის შეცვლის შემდეგ ცალკეული ბავშვების ქცევა სრულიად საწინააღმდეგოდ იცვლება. თანატოლთა ჯგუფის გავლენა მოზარდზე იმდენად ძლიერია, რომ პირადი და ჯგუფის ინტერესების დაპირისპირების შემთხვევაში, არჩევანს ის თითქმის ყოველთვის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ აკეთებს. სასურველია, რომ უფროსებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა ბავშვის ქცევის და მისი პიროვნების შეფასებისას აღნიშნულ გარემოებასაც გაუწიონ ანგარიში.

პედაგოგისა და მშობლის მშვიდობიანი და კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელოვან წინაპირობას კეთილგანწყობა და ურთიერთპატივისცემა წარმოადგენს. თუ მშობელი აუგად მოიხსენებს პედაგოგს, აკრიტიკებს მისი სწავლების მეთოდებს, უწუნებს მოსწავლესთან დამოკიდებულების მეთოდებს და ამას ბავშვის თანდასწრებით აკეთებს, დიდი ალბათობაა, რომ ეს ყველაფერი აღნიშნულ მასწავლებელთან ბავშვის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახოს. ის ვერც მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ასეთი თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა ასევე პედაგოგის მხრიდან მოსწავლის მშობლის ცუდად მოხსენიება. ერთი ასეთი შემთხვევაც კი სრულიად საკმარისი აღმოჩნდება ხოლმე, რომ ბავშვი მასწავლებლის უბოროტეს მტრად იქცეს და მათ შორის ურთიერთობა უკიდურესობამდე გართულდეს. თუ ჩვენი დამოკიდებულება ბავშვისა და მშობლის მიმართ, ყველაფრის მიუხედავად, კეთილგანწყობით არ იქნება განმსჭვალული, ჩვენი ნებისმიერი სიტყვა და მოქმედება, როგორც ერთის, ისე მეორის მიერ, აღქმული იქნება შურისძიებად და მტრული დამოკიდებულების დემონსტრირებად.

მშობელთან ურთიერთობაში კეთილგანწყობილი ატმოსფეროს დასამკვიდრებლად სასურველია, რომ მასთან საუბარი მისი შვილის უარყოფით მხარეებზე საუბრით არ დავიწყოთ. ალბათ შეუძლებელია მოიძებნოს ისეთი დედა, რომელსაც არ სურს, რომ საკუთარი შვილებით ამაყობდეს. თუმცა, სხვადასხვა სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე, ყველა დედას არ ეძლევა საშუალება ისიამოვნოს და იამაყოს საკუთარი შვილების წარმატებებით. შვილებზე საყვედურების მოსმენა, მშობლის მიერ, ხშირ შემთხვევაში, პირად ლანძღვად აღიქმება, ვინაიდან მისთვის ეს მისი, როგორც მშობლის სერიოზული მარცხის დემონსტრირებაა. ერთ-ერთი მშობელი გულისტკივილით აღნიშნავდა, რომ საკუთარ შვილზე იმდენი ცუდი ესმის პედაგოგებისგან, რომ მათთან მისვლის აღარანაირი სურვილი არ აქვს – „სკოლაში წესიერად ფეხი არ შემიდგამს და მოდის საყვედურების ნიაღვარი. ყველა, ვინც კი მხვდება, ერთსა და იმავეს მეუბნება – ჩემი შვილი ზარმაცი, უპასუხისმგებლო, უყურადღებო და არაფრის გამკეთებელია, თანატოლებთან სულ ჩხუბობს, საშინაო დავალებებს არ ასრულებს და გაკვეთილი არასოდეს იცის”. უარყოფითად დამუხტული, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი დედა შვილზე „იყრიდა ჯავრს” და მას გარკვეულ აკრძალვებს უწესებდა. მეორე დღეს, სკოლაში მოსული ბავშვი კი მასწავლებელზე „შურისძიებას” იმით ცდილობდა, რომ უფრო ცუდად იქცეოდა და გაკვეთილის ნორმალურად ჩატარების საშუალებას არ აძლევდა.

სრულიად სხვა სიტუაციაში ვხვდებით, როდესაც მშობელთან მისი შვილის დადებით მხარეებზე ვამახვილებთ ყურადღებას. ამის კარგად დემონსტრირების საშუალებას იძლევა ერთ სკოლაში მომხდარი კურიოზული შემთხვევა. ერთ-ერთი ბიჭუნას დედამ, რომელიც უკვე მიჩვეული იყო შვილზე უარყოფითი შეფასებებისა და სალანძღავი სიტყვების მოსმენას, მას შემდეგ, რაც ყველა მასწავლებელი მოინახულა, გადაწყვიტა ნანა მასწავლებელსაც შეხვედროდა, რომელმაც სულ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო ამ კლასთან მუშაობა, რის გამოც ბავშვებს და მათ მშობლებს ჯერ კიდევ კარგად არ იცნობდა. მასთან მისული მშობელი ნანა მასწავლებელმა სულ სხვა, კლასში ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვის მშობლად მიიღო და ისე უქო შვილი, რომ გაოცებულმა ქალბატონმა მოულოდნელობისაგან ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა. სახლში დაბრუნებულმა კი შვილთან გამოხატა თავისი კმაყოფილება – „როგორ ყვარებიხარ ნანა მასწავლებელს, მის მეტს შენზე კარგი არავის უთქვამს”. ბიჭუნა თავადაც გაოცებული, თუმცა ძალიან ნასიამოვნები დარჩა. მან მთელი საღამო ნანა მასწავლებლის გაკვეთილისთვის მომზადებას დაუთმო. მეორე დღეს ის გაბრწყინებული სახით შესცქეროდა მის „გადამრჩენელ” მასწავლებელს და ცდილობდა მისი ყოველი დავალება გულდასმით შეესრულებინა. ამ პატარა გაუგებრობამ საოცრად დაათბო ურთიერთობა მასწავლებელ-მოსწავლეს შორის, რამაც, თავის მხრივ, მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობასაც შეუწყო ხელი. ნებისმიერ ბავშვს შეიძლება მოვუძებნოთ რაიმე დადებითი და მშობელთან საუბარი სწორედ ამ დადებითზე ყურადღების გამახვილებით დავიწყოთ. როდესაც ჩვენ დადებითზე ვაკეთებთ აქცენტს, მშობელს სურვილი უჩნდება შვილის უარყოფით მხარეებზე გაამახვილოს ყურადღება და რჩევები მიღოს ჩვენგან ამ უარყოფითის გამოსასწორებლად. ეს კი ჩვენს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან ხელისშემწყობ ფაქტორად იქცევა.

მშობელსა და მასწავლებელს შორის ურთიერთობას ძალიან ხშირად ართულებს ინფორმაციის დეფიციტი. დღეს მშობლების უმრავლესობას, სამწუხაროდ, არა აქვს საკმარისი ინფორმაცია სწავლებისა და შეფასების ახალი მიდგომების შესახებ. ამის გამო, ბევრი მათგანი თვლის, რომ მისი შვილი ბევრად უკეთეს შეფასებებს იმსახურებს, რადგანაც დავალებებს ყოველთვის ასრულებს და გაკვეთილსაც შესანიშნავად ყვება. სასურველი იქნება მივაწოდოთ მათ საჭირო ინფორმაცია და ავუხსნათ, რომ შეფასების დღევანდელი სისტემის მიხედვით ტექსტის თხრობით კარგად გადმოცემა არ არის საკმარისი მაღალი შეფასების მისაღებად.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სიყვარული, კეთილგანწყობა, ნდობა, თანაგანცდა, დადებითზე ორიენტირება, სიახლეების შესახებ ინფორმირებულობა მნიშვნელოვანი წინაპირობებია მშობელსა და მასწავლებელს შორის კონსტრუქციული ურთიერთობის უზრუნველსაყოფად.

ბოროტება ჩვენ მახლობლად

0

მსოფლიოს წამყვანი გაზეთები და ტელეარხები ხშირად საუბრობენ
„დაიშის” შესახებ. დასავლური პრესა ამ არაბული აკრონიმით ახლო აღმოსავლეთში მოქმედ
ტერორისტულ ორგანიზაციას – „ერაყისა და ლევანტის ისლამურ სახელმწიფოს” მოიხსენიებს.
საუბედუროდ, ისლამისტ მებრძოლთა გავლენა ჩვენი ქვეყნის საზღვრების მახლობლადაც ვრცელდება.
საქართველოდან რამდენიმე ასეულ კილომეტრზე თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი ტრაგედია თამაშდება.

რა არის „ისლამური სახელმწიფო”?

2003 წელს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ერაყის
ხელისუფლების სათავეში შიიტები მოვიდნენ. შიიტური უმრავლესობის წარმომადგენლებმა ჩამოხრჩობილი
დიქტატორის მხარდამჭერი სუნიტები პოლიტიკური და სამხედრო ელიტის რიგებიდან განდევნეს.
სუნიტი ერაყელები წლების განმავლობაში ხელისუფლების მიერ დაღდასმულ და განდევნილ მოქალაქეებად
გრძნობდნენ თავს. შესაბამისად, უფუნქციოდ დარჩენილი ყოფილი მაღალჩინოსნები და გენერლები
ადვილად აღმოჩნდნენ რადიკალი ისლამისტების მხარეს. ისინი ერთად დაუპირისპირდნენ ოფიციალური
ბაღდადის სამხედრო ძალებს.

დაახლოებით იგივე მოხდა სირიაშიც. სირიას თითქმის უკვე
ნახევარი საუკუნეა ალავიტები, ერთ-ერთი შიიტური სექტის წარმომადგენლები მართავენ. ისინიც,
წლებია, მონდომებით ცდილობენ პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესისგან სირიელი სუნიტების
მარგინალიზებას. 2011 წელს „არაბული გაზაფხულის” ტალღამ სირიასაც გადაუარა. რადიკალი
ისლამისტები და სხვა ოპოზიციური ძალები ალავიტ დიქტატორ ბაშარ ალ-ასადს აუჯანყდნენ.
აჯანყება დღემდე გრძელდება და მის ორგანიზატორთა შორის გადამწყვეტ როლს ასადის მიერ
დევნილი სუნიტები ასრულებენ.

ოცდამეერთე საუკუნის ათიანი წლების დასაწყისში „ალ-ქაიდას”
ერაყული ფრთის ლიდერებმა წარმატებით მოახერხეს „ისლამური სახელმწიფოს” ქოლგის ქვეშ
ერაყელი და სირიელი აჯანყებულების გაერთიანება. ახალი კოალიციის პირველადი მიზანი ახლო
აღმოსავლეთის მთელ ტერიტორიაზე, ხმელთაშუა ზღვიდან ინდოეთის ოკეანემდე, ხალიფატის აღდგენა
გახლავთ. ხალიფატი ერთიანი ისლამური სახელმწიფო იქნება, რომელიც შარიათის კანონების
საფუძველზე ჩამოყალიბდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი მთელი მსოფლიოს ისლამური
სამყაროს გაერთიანებაზე ფიქრობენ.

„დაიშს” უკვე უამრავ შემზარავ ფაქტზე ეკისრება პასუხისმგებლობა.
გავბედავ და მხოლოდ რამდენიმე მათგანს შეგახსენებთ.

გასულ ზაფხულს მთელი მსოფლიო ააღელვა ერაყის საკანონმდებლო
ორგანოს საგანგებო სესიაზე პარლამენტის ერთადერთი იეზიდი დეპუტატის, ვიან დახილის,
ემოციურმა გამოსვლამ.



მაშინ „ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ასობით ათასი
იეზიდი საკუთარი სახლებიდან გამოასახლეს
და დაახლოებით 40 000 მათგანი სინჯარის მთის მწვერვალზე შეიტყუეს. გზადაგზა ტერორისტები
ქალაქებსა და სოფლებს წვავდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას ხოცავდნენ და მოქალაქეებს შეწყალების
სანაცვლოდ „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის” აღიარებას სთხოვდნენ (მას შემდეგ ისინი ყველა
დაპყრობილ ტერიტორიაზე ერთი და იმავე ულტიმატუმით ხელმძღვანელობენ:
მიიღეთ ისლამი, გადაიხადეთ გადასახადი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხმლით სიკვდილი გელით). მთებში გახიზნული იეზიდები და ერაყელი ქურთები
დღემდე მედგარ წინააღმდეგობას უწევენ დაიშელებს.

2015 წლის თებერვალში
„ისლამური სახელმწიფოს” სამიზნედ მორიგი რელიგიური უმცირესობა იქცა. ლიბიაში ჯიჰადისტებმა
ოცდაერთი ეგვიპტელი კოპტი, მონოფიზიტი ქრისტიანი დაატყვევეს და ვიდეოკამერების წინ
სიკვდილით დასაჯეს. კოპტების ერთადერთი „დანაშაულიც” მათი რელიგიური პოზიცია იყო.

გასულ კვირას ისლამისტმა
მებრძოლებმა მორიგი სისასტიკით გააოცეს მთელი სამყარო. მათ ასურეთის უძველესი სახელმწიფოს
ერთ-ერთი ქალაქი, ნამრუდი დაიპყრეს და გენოციდი მოუწყვეს მიმდებარედ მცხოვრებ ასურელებს.
„ისლამური სახელმწიფო” ადამიანების განადგურებას არ დასჯერდა – ნამრუდსა და მოსულში
მათ უმდიდრესი ადგილობრივი მუზეუმები დაარბიეს და გაძარცვეს.



მე რომ ისტორიის ან
სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვიყო, მოსწავლეებთან ერთად აუცილებლად ვიმსჯელებდი
თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბოროტების შესახებ. ასეთი მსჯელობა აუცილებელია
რეალური საფრთხის სათანადოდ აღსაქმელად და დაჩაგრული ჯგუფების აჯანყების მიზეზების
გასაცნობიერებლად.

ინტროვერტი საკლასო ოთახში

0

მსოფლიოს სკოლები მორგებულია ექსტრავერტებზე. შეიძლება ბევრი მასწავლებელი ცდილობს მოაწყოს საკლასო ოთახი ისე, რომ ის პასუხობდეს პიროვნების სხვადასხვა ტიპისა და სწავლების სხვადასხვა სტილის საჭიროებებს, მაგრამ თუ დავფიქრდებით კლასიკურ სასკოლო დღეზე, ის არ არის შექმნილი ინტროვერტებისთვის.

ყოველ დღე 6 ან მეტი საათის განმავლობაში, ბავშვები გადადიან საგნიდან საგანზე, აქტივობიდან აქტივობაზე და ამ დროს სწავლობენ და ურთიერთობენ. ერთხელ ან ორჯერ დღეში მათ აქვთ დრო ლანჩისთვის, თანაკლასელებთან ერთად, ხშირად ძალიან ხმაურიან ოთახში ცუდი განათებით.
როგორც სუზან ქეინი ამბობს, ჩვენ ვცხოვრობთ ექსტრავერტების სამყაროში. დასვენების ის პერიოდი, რომელიც ამხიარულებს ექსტრავერტ ბავშვს, შეიძლება კოშმარად ექცეს პატარა ინტროვერტს: ხმაური, წესრიგის არქონა, გამუდმებული ცვლილებები, ხალხის ზღვა, გადაჭედილი კაფეტერია.
თუ ექსტრავერტი ბავშვი ენერგიას იღებს გარშემო მყოფთაგან და წარმატებულია მოქმედებით სავსე აქტივობებში, სკოლის ყოველდღიური განრიგი ფიტავს ინტროვერტ ბავშვებს. ისინი თავს გრძნობენ გადაჭარბებულად აგზნებულად, ემოციურად გადაღლილად და მზად არიან დანებდნენ. როცა ზოგიერთი რაღაც შემთხვევის გამო გადაწყვეტს არ ჩამორჩეს და დაეწიოს სხვებს (რადგან, ვაღიაროთ, რომ ეს ის მესიჯია, რასაც ინტროვერტები იღებენ ყოველთვის, როცა ტოვებენ კომფორტის ზონას), სხვა შეიძლება ჩაიკეტოს და და ემოციებს თავისთვის დაიტოვოს.
მახსოვს, ბავშვობაში, როგორ მიტევდა პანიკის შეგრძნება სკოლაში. მე არ მინდოდა გადაჭედილი კაფეტერიით სარგებლობა, იმაზე ფიქრი, რას ვითამაშებდი დასვენებებზე ან როგორ მოვძებნიდი ერთ ადგილას მორბენალ ამდენ ბავშვში ჩემს ყველაზე ახლო მეგობარს. ეს არ იყო საზოაგდოების შიში ან სიმორცხვე, რომელიც იწვევდა ამ განცდებს ჩემში. ეს იყო შესვენების საჭიროება.
მხოლოდ მოზარდობის ასაკში დავადგინე, თუ რა მჭირდებოდა ჩემი „ბატარეების დასამუხტად” (რაღაც ერთ დაჯდომაზე მთელი წიგნის წაკითხვის მსგავსი), რომ ის, რაც ბავშვობისას მუდმივად ყელში მაწვებოდა, იყო აღელვების შედეგი, რასაც იწვევდა მცდელობა მეთამაშა ბურთი, როგორც ინტროვერტს ექსტრავერტებისთვის შექმნილ ქვეყანაში.
ზრდასრულობისას უკვე ვიცი, როგორ ვიცხოვრო ამ სამყაროში. ვიცი, როდის ავჩქარდე და როდის შევყოვნდე. ვიცი, როგორ დავიცვა ჩემი საჭიროებები და როდის დავნებდე. და არ ვაძლევ სხვებს ჩემი დათრგუნვის ნებას. ჩემს ცხოვრებაში ყველას არ ესმის ჩემი, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს – ვიყო ის, ვინც ვარ.
პატარებისთვის ეს ასე ადვილი არ არის. წინა კვირას ჩემი ვაჟი საბავშვო ბაღში წავიდა. მას უყვარს პროგრამა და სახლში ახალი და საინტერესო ინფორმაციით სავსე ბრუნდება, მაგრამ ამავდროულად ის ძალაგამოლეულია. მისი პატარა ინტროვერტი სული ყოველდღე 12:45-თვის გამოფიტულია და ის იბრძვის ამის გამო. მან არ იცის, როგორ შეყოვნდეს, მოუკლოს სიჩქარეს ამ ახალ გარემოში. სახლში ის უჩინარდება ფაზლებისა და ლეგოების სამყაროში, როდესაც გადატვირთულია. აქამდე ის დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა ხოლმე ძალის აღსადგენად, ახლა კი აღარ იცის, როგორ “დააჭიროს პაუზას”და ის მარტო არ არის.
თქვენ თავს ვერ აარიდებთ სტატიებს ცხოვრების ტემპის შენელებისა და მეტი დასვენების საჭიროების შესახებ. სხვადასხვა დარგის ექსპერტები გვაფრთხილებენ გადატვირთულობის საფრთხეების შესახებ როგორც ზრდასრულთათვის ასევე ბავშვებისათვის. და მაინც ჩვენ ვაგზავნით ბავშვებს სკოლაში და მათგან მთელი ექვსი საათის განმავლობაში მოველით აქტიურობას.
შესაძლებელია კლასში მცირე ცვლილებების განხორციელება, რაც დაეხმარება ინტროვერტ ბავშვებს. სადღაც არის “ოქროს შუალედი”, ჩვენ, უბრალოდ, ერთად უნდა ვიშრომოთ მის მოსაძებნად.
სიმშვიდის ზონის შექმნა
ბევრ კლასში არის მყუდრო კუთხე კითხვისათვის და სიმშვიდის სხვა ცენტრები, სადაც ბავშვებს შეუძლიათ დაისვენონ და კომფორტულ სივრცეში იკითხონ. ეს კარგია ყველა ბავშვისთვის. თუ ზოგი ერთად ჯდება და თავიანთ წიგნებს განიხილავს, სხვებს აქვთ შესაძლებლობა განმარტოვდნენ და ენერგია მოიკრიბონ.
მაგრამ დიდი დასვენება სრულიად სხვა საკითხია. ეს თამაშისა და ჭარბი ენერგიის დახარჯვის დროა. თუ ზოგს ჯგუფური თამაშები ურჩევნია, სხვა მშვიდ თამაშებს ანიჭებს უპირატესობას. ეზოში მშვიდი ზონის შექმნა ინტროვერტ ბავშვებს საშუალებას აძლევს იპოვნონ სხვები, რომელთაც ასევე მშვიდი თამაშები აინტერესებთ.
ინტერესების წახალისება
გავრცელებული მცდარი აზრით, ინტროვერტები მორცხვები არიან. სიმშვიდე და სიმორცხვე განსხვავებული ცნებებია და ინტროვერტი ბავშვებიც გატაცებით საუბრობენ, როცა საშუალება აქვთ თავიანთი ინტერესების გაზიარებისა.
ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იპოვოს “თავისი ხმა” კლასში.
ყველა ბავშვს ვასწავლოთ, ჯერ დაფიქრდნენ
ინტროვერტ ბავშვებს დრო სჭირდებათ ფიქრებისა და ემოციების გადასამუშავებლად, სანამ რაიმეს იტყვიან და თუ პირველები არ იწევენ ხელს მასწავლებლის შეკითხვაზე, იმიტომ, რომ თავიანთი ფიქრების გააზრებით არიან დაკავებულნი.
მასწავლებელს შეუძლია კითხვის დასმისას ბავშვებს დრო განუსაზღვროს, რათა კითხვა გაიაზრონ, სანამ ხელს აიწევენ. ასე ბავშვები სწავლობენ ჯერ დაფიქრდნენ. ინტროვერტ ბავშვებს კი საშუალება ეძლევათ კლასში მიმდინარე განხილვებში ჩაერთონ.
მეგობრობის სისტემის გამოყენება
ინტროვერტი ბავშვები მეგობრის მოძებნას ცდილობენ. დიდ კლასში კარგი მეწყვილის პოვნა დამღლელი შეიძლება იყოს. გამოიყენეთ “მეგობრობის სისტემა”.
იმის დეკლარირება, რომ “ყველანი მეგობრები ვართ”, საკმარისი არ არის. მსგავსად მოაზროვნე ბავშვების დაჯგუფება ეხმარება ინტროვერტ ბავშვს მეგობრის პოვნაში. ეს სასარგებლო იქნება სადილის ან დასვენების დროსაც.
ინტროვერტ ბავშვებს მდიდარი შინაგანი სამყარო აქვთ და სიამოვნებას იღებენ აზრიანი საუბრებით და ახლო ურთიერთობებით. განა არ დადგა დრო, შევცვალოთ ჩვენი აზრები და მცირე ცვლილებები განვახორციელოთ, რათა ინტროვერტ ბავშვებს შეეძლოთ ისევე გამოიჩინონ თავი, როგორც მათ ექსტრავერტ თანატოლებს.
წყარო:
https://www.huffingtonpost.com/katie-hurley/the-introvert-in-the-classroom_b_5760950.html
მოამზადა მალინა საჯაიამ

ნინო კაპანაძე – „დედაა, ვისაც პირველად ნახავ, მამით იწყება გზებზე ფიქრები“

0

ბავშვის აღზრდის პროცესში ჩართული ყველა პირისათვის მნიშვნელოვანია, სწორად გაიაზროს ოჯახის, მშობლების როლი მოზარდის პიროვნულ ფორმირებაში. მასწავლებლები ხშირად საყვედურობენ მშობლებს გულგრილ დამოკიდებულებას შვილების სწავლის მიმართ და არგუმენტად სკოლაში მათ იშვიათ ვიზიტებს ასახელებენ.

სკოლაში მისვლა მოზარდის ცხოვრებაში პირველ სერიოზულ გამოწვევებთან გამკლავების პერიოდია და ამ დროს სკოლამ და ოჯახმა, მასწავლებელმა და მშობლებმა ერთად უნდა იზრუნონ, რომ ბავშვმა ეს პერიოდი კეთილგანწყობის და მხარდაჭერის გარემოში გაიაროს.

დედობრივ და მამობრივ სიყვარულს შორის განსხვავების დასანახად ფსიქოლოგები გვირჩევენ გავიხსენოთ თუ როგორ აღიქვამს პატარა საკუთარ თავს. მისთვის მთელი სამყარო საკუთარ თავთან იგივდება. დედას ის ვერ აღიქვამს ცალკე პიროვნებად, რომელსაც აქვს თავისი სურვილები და მოთხოვნილებები. მისთვის დედა ეს საკვებია, სითბოა… ეს განპირობებულია იმით, რომ ახალშობილს არ შეუძლია გაიაზროს სამყარო ცალკე, საკუთარ თავს მიღმა და მის გარშემო.

აქედან იღებს სათავეს ბავშვისთვის ნიშანდობლივი ყველა ეგოცენტრიზმი.

ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი იწყებს ადამიანებისა და საგნების გამოცალკევებულად აღქმას, არქმევს სახელებს. ამ პერიოდიდან ის ისწრაფის შეიცნოს ადამიანები და საგნები, იწყებს საგნებთან ურთიერთქმედებას. ,, ყველაფერს ეხება, ყველაფერს იტაცებს, ყველაფერში ძვრება”, – აღნიშნავენ მშობლები. ამავდროულად, ის აღმოაჩენს ურთიერთობის კანონზომიერებებს: თუ ვიტირებ, დედა მაშინვე ჩემთან გაჩნდება; თუ სათამაშოს ჩავაგდებ, დედა მომაწოდებს; თუ გავიღიმებ, დედაც გაიღიმებს, გაიცინებს; ბავშვის ყველა ეს განცდა მთლიანდება ერთ გლობალურ შეგრძნებაში „მას მე ვუყვარვარ! მე ვუყვარვარ, უბრალოდ იმიტომ, რომ მე ვარ; იმიტომ, რომ მე ვარსებობ;”

ჩვეულებრივ, დედის სიყვარული უპირობოა, მისი დამსახურება არ არის საჭირო. დედას რომ უყვარდე, არ არის საჭირო რამის გაკეთება, ასეთად ან ისეთად ყოფნა. ამ ასაკში ბავშვი ჯერ კიდევ ვერ იგებს, რომ ეს სიყვარული თავადაც შეიძლება შექმნას, ან გავლენა იქონიო მასზე. მაგრამ, თუ პატარა ვერ გრძნობს ამ სიყვარულს, მისთვის ეს კატასტროფაა, რადგან მასში მთელი სამყარო ინგრევა. თავად პატარას სიყვარული ჯერ კიდევ არ შეუძლია, ის უბრალოდ კმაყოფილებითა და სიხარულით იღებს დედის გრძნობას. ბავშვისთვის შეგრძნება, „მე ვუყვარვარ!” აუცილებელია.

მოგვიანებით ბავშვი იაზრებს, რომ თავისი ქმედებით შეუძლია გააღრმაოს სიყვარული. იწყებს ფიქრს იმაზე, თავად რა შეუძლია გააკეთოს მშობლებისათვის? ამ პერიოდში ბავშვებს უყვართ დახატონ ან ხელნაკეთი დაამზადონ ახლობლებისთვის. ანუ ბავშვში ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია – მას უჩნდება სურვილი გაიღოს, გასცეს, შექმნას სიყვარული.

საკუთარ ეგოცენტრიზმს ადამიანები საბოლოოდ სხვადასხვა ასაკში გადალახავენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ვერასდროს აღწევენ პიროვნულ სიმწიფეს და ვერ სწავლობენ სხვათა სიყვარულს.

როგორც გასული საუკუნის ცნობილი ფსიქოლოგი ერიხ ფრომი წერს: „ბავშვური სიყვარული მისდევს პრინციპს: „მე მიყვარს, იმიტომ რომ მე ვუყვარვარ”. უმწიფარი სიყვარული ამბობს: „მე მიყვარხარ შენ, იმიტომ რომ მჭირდები”. სრულყოფილი სიყვარული ამბობს: „მჭირდები იმიტომ, რომ მიყვარხარ!”

სიყვარულის უნარების განვითარების პროცესში იცვლებიან სიყვარულის ობიექტებიც. ბავშვი პირველ თვეებში და წლებში მთლიანად დამოკიდებულია დედაზე. შემდეგ დედისგან გამოცალკევების და დიდი დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდში მისთვის სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მამასთან ურთიერთობა.
იდიალურ შემთხვევაში, მამა ასწავლის ბავშვს სამყაროს შეცნობასა და სამყაროში სავალი გზების ათვისებას. ის უხსნის და აჩვენებს ბავშვს ამ გზებს. თითოეულ ოჯახში ეს სხვადასხვანაირად გამოიხატება. ერთ მამას ბავშვი დაჰყავს სპორტულ შეჯიბრებებზე, მეორე სვამს მანქანაში და აჩვენებს ქალაქებსა და ქვეყნებს, მესამე ასწავლის რაღაცის კეთებას, მეოთხე – თავის პროფესიას აცნობს და ასე შემდეგ. მამობრივი სიყვარული განპირობებულია ბავშვის ქცევებით, ქმედებებით და წარმატებებით. ეს სიყვარული განაწყობს მოზარდს იშრომოს, გახდეს უკეთესი, განვითარდეს, აჯობოს საკუთარ თავს. სიყვარული მიღწევებისათვის, ძალისხმევისათვის ყოველთვის იწვევს ორჭოფობასა და შფოთს. ბავშვისთვის არასდროს არის ცალსახად ნათელი საკმარისია თუ არა, მისი მცდელობა იმისათვის რომ უყვარდეთ?

ღირსება და ნაკლოვანება გააჩნია როგორც დედობრივ – უპირობო, ასევე მამობრივ – განპირობებულ სიყვარულს. ამიტომაც ბავშვთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანია „ოქროს შუალედის” მიგნება ამ ორ სიყვარულს შორის. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, სიყვარული და სარგებელი უნდა გაწონასწორდეს ბავშვისადმი გონივრული მოთხოვნებით და მისი სურვილების, შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ცხოვრებაში მკაცრი საზღვრები დედობრივ და მამობრივ სიყვარულს შორის იშვიათად არსებობს. დედებიც ხშირად მიმართავენ მამობრივ პირობებს და მამებიც ამჟღავნებენ უპირობო სიყვარულს. მაგრამ აღზრდის პროცესის სირთულე ის გახლავთ, საჭირო დროს და საჭირო ვითარებაში, სწორედ ჩვენი შვილის ინდივიდუალობის გათვალისწინებით ისე გამოვამჟღავნოთ სიყვარული და ისე დავთქვათ პირობები, რომ სწორი ორიენტირები გვქონდეს. არ შევაჭიდოთ ჩვენი შვილები ჩვენსავე აუხდენელ მიზნებს, რადგან რაც არ უნდა ჩვენები იყვნენ ისინი, მაინც სხვები არიან სხვა პიროვნებები, სხვა ეპოქის შვლები და ჩვენგან განსხვავებული ინტერესების მატარებლები.
ფსიქოლოგებს თავიანთი რჩევები აქვთ:

დედობრივი სიყვარული არ უნდა –

·აფერხებდეს ბავშვის სვლას ზრდასრულობისკენ;

·ზღუდავდეს ბავშვის დამოუკიდებლობას;

·უწესებდეს ბავშვს ჯილდოს უსუსურობისთვის;

·,,აინფიცირებდეს” ბავშვს საკუთარი შიშებითა და შფოთით;

როგორ უნდა გამოიხატოს ყოველივე ეს ბავშვთან ურთიერთობებში?

·საშუალება მივცეთ ბავშვს მიჰყვეს თავის ინტერესებს;

·მივცეთ მეტი სივრცე და დრო დამოუკიდებელი თამაშისათვის;

·მეტი ყურადღება გავამახვილოთ მის წარმატებებზე, ვიდრე – წარუმატებლობაზე.

მამობრივი სიყვარული უნდა:

·იყოს მომთმენი და შემწყნარებლური;

·იმართებოდეს პრინციპებით და არა – მუქარით;

·უქმნიდეს მოზარდს საკუთარი მზარდი შესაძლებლობების განცდას;

როგორ უნდა გამოიხატოს ყოველივე ეს ბავშვთან ურთიერთობებში?

·მშვიდად გამოეხმაურეთ ბავშვის წარუმატებლობას და შეცდომებს;

·სასურველ ქცევებს მიაღწიეთ არა ძალითა და მუქარით, არამედ წესებითა და მოლაპარაკებებით;
·დაიცავით ბავშვი გარეშე მუქარებისაგან;

·,,თევზით გამოკვების ნაცვლად, ასწავლეთ თევზის ჭერა”;

·ვაღიაროთ ბავშვის უფლებები და შესაძლებლობები; (არა დეკლარირებულად, არამედ, რეალურად: მაგალითად, წავიყვანოთ სათევზაოდ; ან მონაწილეობა მივაღებინოთ საოჯახო თათბირში).

როგორ უყვართ პატარა გოგოებს (ვარიაციები თემაზე: საბჭოთა ისტორიები)

0

5-6 წლის ვიქნებოდი, მამაჩემს მეგობარმა დიდი საკონცერტო როიალი რომ აჩუქა. მახსოვს, მთელი სადარბაზო გაოცებული შესცქეროდა, ორმა ქურთმა მუშამ მეცხრე სართულზე როგორ ამოიტანა. იმოდენაა, 5-6 ვაჟკაცი ვერ დაძრავს. ხელოსანი მოიყვანეს, ააწყობინეს და ჩემი და მუსიკალურ შვიდწლედში შეიყვანეს. საბედნიეროდ, მალევე მიხვდნენ, ტყუილად აწვალებდნენ და ისიც ცხადი გახდა, რომ საბჭოთა სამოთახიან ბინაში ამხელა ნივთის ქონა აუტანელი იყო.

სანამ მოიფიქრეს, რომ იქვე, გვერდზე, კარის მეზობლისთვის ეჩუქებინათ (გაყიდვა, რაღა თქმა უნდა, არც უცდიათ) და სანაცვლოდ ყოვლად უვარგისი ბელორუსული პიანინო განვადებით შეიძინეს, ჩემი მუსიკაზე შესვლის დროც დადგა.

ისე მშობლების ტრადიცია მეც წარმატებულად გავაგრძელე და ის პიანინო ისე გავაჩუქე, უფროსი შვილი რომ არ დაინტერესდა, უმცროსს არ დასჭირდეს-მეთქი, არც მიფიქრია. არადა, დასჭირდა და ერთხანს, სანამ ყიდვა მოვახერხე, იმ მამაჩემის გაჩუქებულ როიალზე გამყავდა სამეცადინოდ.

არსად და არაფერში არ ვყოფილვარ ისეთი უნიჭო და მაჩანჩალა, როგორც იმ მუსიკალურ სკოლაში. ერთადერთი მუსლიტერატურაში მქონდა მაღალი შეფასება, დანარჩენში კოჭლი სამიანი მეწერა. უცნაურია, მაგრამ არავის დაუძალებია, იარეო და მაინც დავდიოდი.

სკოლა სახლის წინ მქონდა, იმ სკოლაშივე იყო მუსიკალურიც, თითქოს მასწავლებლებიც იმავე სივრცეს ეკუთვნოდნენ, მაგრამ უფრო ოჯახური, თბილი გარემო იყო. დღესაც მიხარია, როცა რომელიმე მათგანი მხვდება. ვიცი, მათაც ვუყვარვარ, მაგრამ ახლაც ხშირად მესიზმრება: ხვალ გამოცდა მაქვს და ნაწარმოები ზეპირად არ ვიცი.
ისე, რომ ვუფიქრდები, კი ვიყავი საყვარელი მოსწავლე. დედაჩემს მუდმივად აწუხებდა დაუძლეველი ვნება, დაეპურებინა მშიერი ადამიანები. ცალკე სოფლიდან ბებიას გამოგზავნილი ყველი, კვერცხი და კარაქი არ ასვენებდა. მშივრები იქნებიანო – იტყოდა და ჩემი წასვლისთვის უზარმაზარ ფირფიტას შეაცხობდა ხოლმე ჰაერღუმელში. დედაჩემის ხაჭაპური, ისევე როგორც ბევრი ჩვენგანის დედის, ცალკე ამბავია. თანაც ამ ხაჭაპურებით ნიშანსა და შეღავათს არ ვყიდულობდი, ის მაჩანჩალა სამიანები ისედაც მეკუთვნოდა. რაღაცნაირად ბუნებრივად ხდებოდა.

ბავშვს თავში რა აქვს, რას გაიგებ? ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი შვილები რაზეც დადიან და რასაც აკეთებენ, იქნებ რა ამოძრავებთ?!

ხაჭაპურებით მისვლის გარდა, მუსიკაზე სიარულს ჰქონდა ერთი მთავარი მოტივაცია – მარტოობა, რომელიც სულ მიყვარდა და სულ მაკლდა.

იცით რა არის მახვილებით მეცადინეობა? ყოველ პირველ ნოტს მახვილით უკრავ, მეორეს -მსუბუქად, მერე პირიქით და მერე ტემპში დაკვრისას ხელები აღარ გებლანდება. აი, გრიგის ეტიუდების ეგრე მეცადინეობას რომ დავიწყებდი, სამეზობლოში თხუთმეტ წუთში ყველა გაქცეული იყო. ამიტომ დავამთავრე შვიდწლედი.
ერთხელ, მგონი მეხუთე კლასში ვიყავი, ძალიან მომბეზრდა და გამოვედი. არც არავინ შემწინააღმდეგებია. კარგად ესმოდათ, მთლად სასიამოვნო მოსასმენი არ იყო ჩემი დაკრული. გამოვედი და თავიდან კარგი იყო, მაგრამ მერე ისე მომენატრა მარტო ყოფნა, მივხვდი, მუსიკაზე სიარული სჯობდა. ახლა დაბრუნება მინდა-მეთქი, ვეღარ ვთქვი და დღიური გავაშანშალე, რომელშიც დაწვრილებით აღვწერდი ჩემს სინანულს მუსიკის მიტოვების გამო და ვამთავრებდი მთლად უსინდისო რიტორიკული შეკითხვით: ნეტავ, მშობლებმა მაინც რატომ არ გამიწიეს წინააღმდეგობა?

ეს დღიური ისე ცხვირწინ დავუდე დედაჩემს, ვიცოდი თავს ვერ შეიკავებდა. საღამოს მომიცუცქდნენ, ხომ არ ნანობ, ხომ არ დაბრუნდებიო და მეც მორცხვად განვაცხადე თანხმობა.

ისეთი წყნარი, ბუნჩულა და კლასიკური მუსიკის კონცერტებზე მოსიარულე, სინამდვილეში რომ ასეთი აფერისტობის გამკეთებელი ვიყავი, ეჭვადაც არ გაუვლიათ.

მაგრამ ყველაზე კარგი, რაც იმ მუსიკალურმა მომცა, ჯანსუღ კახიძის ლექციები იყო. მესამე კლასში ვიყავით, რომ დაიწყო. იმ მუსიკალურში ჩემი კლასელი და უახლოესი მეგობარი – მაკაც დადიოდა. ჩავჭიდებდით მაკა და მე ხელს ერთმანეთს, პატარები, 9 წლისანი, დაველოდებოდით წერეთელზე დიდ ყვითელ პირველ ნომერ ავტობუსს და ამაყად, დიდი ქალბატონებივით მივდიოდით სიმფონიური მუსიკის შემსწავლელ ლექციებზე ფილარმონიაში.
უკან გამოსულებს ან მამაჩემი დაგვხვდებოდა, ან მამამისი. ორივეს, როგორც საბჭოთა წესი იყო, „ჟიგული” ჰყავდა და ორივე ჟიგული, ე. წ. კრემისფერი იყო.

დღევანდელი გადასახედიდან ხშირად შემცოდებია ჩემი თავი ნაცრისფერი საბჭოთა ბავშვობის გამო, მაგრამ ჯანსუღ კახიძის ლექციები ისეთი დღესასწაული იყო, ნამდვილად ვისურვებდი დღევანდელი თაობებისთვისაც არსებობდეს რაიმე მსგავსი.

ჩვენს განკარგულებაში იყო დიდი მაესტრო და მთელი სიმფონიური ორკესტრი. საკრავების რაობიდან დაწყებული, ჟანრებით დამთავრებული – ყველაფერს გვიხსნიდნენ და გვიკრავდნენ. ინტერნეტში ვეძებე და ვერ ვიპოვე ჩანაწერები, იმედი მაქვს, ტელევიზიაში მაინც ექნებათ.

კიდევ გვქონდა მაკას და მე ერთი საიდუმლო. ორივეს ძალიან მოგვწონდა სიმფონიური ორკესტრის წევრი, ახალგაზრდა მევიოლინე, წვერებიანი, სიმპატიური მუსიკოსი. ჯერ სიყვარულის რა ვიცოდით, მაგრამ ამ მოწონებით კბილს ვუსინჯავდით საკუთარი გრძნობების სამყაროს.

ამ მევიოლინეს ნახვა დამატებითი ბონუსი იყო იმ ლექციებზე. ორივეს რომ მოგვწონდა, ესეც ძალიან გვაწყობდა, ეჭვი და მეტოქეობა, რაღა თქმა უნდა, იმ სიტუაციაში არ შეგვაწუხებდა.

ჯანსუღ კახიძის ლექციებმა კლასიკური მუსიკის მსმენელებად გაგვზარდა. მოგვიანებით, სხვებისგან გამორჩევის ჭია რომ შემიჩნდა, ესეც მეხმარებოდა. მაღალ კლასებში, მახსოვს, უკვე „ბიტლებს” უსმენდნენ და მე ამაყად ცხვირს ვუბზუებდი. მერე წლები დამჭირდა როკისაც გამეგო რამე. ამასობაში ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ჩემს თანატოლ რუს პიანისტ ევგენი კისინზე და რაღაც ესტრადის მოსმენას არ ვკადრულობდი.

ევგენი კისინის შეყვარება მევიოლინესთან შედარებით, რომლის სახელიც კი არ ვიცოდით, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

მართალია რუსი გახლავთ და მოსკოვში ცხოვრობდა, მაგრამ როგორც ვუნდერკინდი, (საბჭოეთში ასეთებად იშვიათად აღიარებდნენ) ხშირად ჩამოდიოდა.

მეც, რა თქმა უნდა, არც ერთ კონცერტს არ ვტოვებდი და უკვე ძალიან კონკრეტული ოცნებაც მაწუხებდა, მიმეწერა წერილი. მისი სამუსიკო სკოლის მისამართიც გაგებული მქონდა, თუმცა რის მიწერას ვაპირებდი, აღარ მახსოვს, როცა საშინელი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი -რუსული!

წიგნებს კი ვკითხულობდი თავისუფლად, მაგრამ საბჭოთა რუსულის მასწავლებელი ცალკე საშიში მოვლენა იყო და საშიში მასწავლებლებისგან არაფრის სწავლა არ შემეძლო არასდროს. ისე, მგონი, არც თვითონ იწუხებდნენ დიდად თავს. ის კი არა, მეოთხე კლასში ერთი ასაკოვანი სიმსივნით დაავადებული ქალი გვასწავლიდა. ერთხელ ისიც კი გვითხრა, მე რატომ უნდა მოვკვდე და თქვენ რატომ უნდა იცხოვროთ დიდხანსო? გვიწერა და გვიწერა ორები რამდენიც შეეძლო და გაიყვანეს ბოლოს. ეგეთები ბევრი ხდებოდა, მაგრამ რუსულის მასწავლებლები განსაკუთრებულად არ მიყვარდა. მოკლედ, მოვითხოვე მომზადება და ჩემს ცხოვრებაში ახალი დღესასწაული დაიწყო. რეპეტიტორობაზე სრულიად გენიალური ქალბატონი, ლეილა კაჭარავა დაითანხმეს.

მივდიოდი დიდუბიდან ვაჟას ბოლოში პატარა „ხრუშოვკა” ბინაში და იქ ზღაპარი მხვდებოდა. მართალია, მართლწერა არც ქალბატონ ლეილას უსწავლებია, მაგრამ ლისტის „რაფსოდიების” ფონზე (რომელსაც თვითონ მიკრავდა) მაკითხებდა ცვეტაევას, ახმატოვას, მანდელშტამს. ერთხელ მახსოვს ერთ დღეში ვუთარგმნე პუშკინის ოცი ლექსი. ალბათ რა მაღალხარისხოვანი თარგმანები იყო?!

დამთავრდებოდა გაკვეთილი და ქვევით მამა მელოდა. გოგოების და მამების სიყვარული საერთოდ ხომ მაგარია, მაგრამ ჯერ კიდევ სადღაც შორს მცხოვრები მუსიკოსები და მსახიობები და ეგეთები რომ უყვართ, იმ გოგოების და მამების ურთიერთობა კიდევ სხვაა!

ვაჟაზე, ერთ-ერთ პურის საცხობში, ბურბუშელა იყიდებოდა. საბჭოეთში ბურბუშელაც დიდი იშვიათობა იყო. თუ გაგვიმართლებდა, ვიყიდდით იმ ბურბუშელას და გაკვეთილის შთაბეჭდილებების გაზიარებით და ბურბუშელას ჭამით მოვდიოდით სახლამდე.

ბურბუშელაც დღესასწაული იყო, ქალბატონი ლეილას გაკვეთილებიც, მამას მოკითხვაც და მისთვის იმის მოყოლაც, რას ვსწავლობ და რას ვაკეთებ. თუმცა, ევგენი კისინისთვის წერილის მისაწერად რომ დავდიოდი რუსულზე, ეს მისთვის არასდროს მითქვამს. არც მისთვის, არც არავისთვის იმ პერიოდში. რომ გადამიარა, მერე გამოვტყდი, მამა კი უკვე აღარ იყო ცოცხალი, მერე მოვყევი საკუთარი თავის დაცივნითა და შემწყნარებლური ღიმილით. არადა, რომ ვფიქრობ, იმ პატარა გოგოს ჩემი დასაცინი არაფერი ჰქონდა.
. . . . .
ეს ამბები ამას წინათ მოსულმა წერილმა გამახსენა. მაკა მწერდა: ევგენი კისინი ჩამოდის თბილისში, ბილეთები ავიღე, 30 მარტს „მუზის” მარცხენა ფეხთან გელოდებიო.

მე და მაკა ისევ ვმეგობრობთ.
 
 
 
 
 

ძალა მექანიკაში

0
ძალას და ძალის მოქმედებას ადამიანი ხვდება და განიცდის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძალის გამოყენების მაგალითებია გაჩერებული მანქანის მიწოლა, თოკის გაქაჩვა, ქვის სროლა, კარის გაღება, სიმძიმეების აწევა, სხეულების ვარდნა და ა. შ. ფიზიკური თვალსაზრისით ძალა არის სიდიდე, რომელიც წარმოიქმნება სხეულების ურთიერთქმედების დროს და რომლითაც ვახასიათებთ სხეულების ურთიერთქმედებას. ბუნებაში არსებული ძალები შეიძლება დავყოთ ორ ჯგუფად: ძალებად, რომლებიც ვლინდებიან სხეულების უშუალო შეხების დროს გამოწვეული ურთიერთქმედებით და ძალებად, რომელთა გამოვლენა ან არსებობა არ მოითხოვს სხეულების რაიმე სახით შეხებას. პირველი ტიპის ძალის გამოვლინება არის სხეულების დეფორმაციით გამოწვეული ურთიერთქმედება, როგორიცაა ზამბარის გაჭიმვა, თოკზე გამობმული სხეულია მოძრაობა, იგივე კარის გაღება.

ვრცლად

რა აინტერესებს მას, ვისაც არაფერი აინტერესებს

0
მამაჩემი დარწმუნებული იყო, რომ რაგბიში ვერ ვივარგებდი. „ეს შენი საქმე არ არის. მიაწექი იმას, რაც კარგად გამოგდის – ისტორიას, ლიტერატურას. ამათ დაძრავ, იმ დათვებს – ვერა”- ამბობდა ის. ზურაბი წინააღმდეგი იყო, რომ ჩვენი უბნის გუნდის – „მგლების” წევრი გავხმდარიყავი. გულის სიღრმეში მამაჩემს ვეთანხმებოდი. ბავშვობიდან ტლანქი, მოუქნელი და არასპორტული ვიყავი, მხედველობის პრობლემები მქონდა, მშიშარაც გახლდით – სიბნელისა და უშველებელი გველის – ანაკონდასი მეშინოდა. ამ მოუქნელობისა და შიშების პარალელურად, რაგბის შიდა სამზარეულო არაადამიანურად მაინტერესებდა. უფრო ზუსტად კი – ცნობისმოყვარეობა მკლავდა, თუ რა გრძნობა გეუფლება, როცა შენი ქვეყნის ჰიმნის დროს, მხარბეჭგადაფსკვნილი დგახარ გუნდელებთან ერთად და ათიათასობით ქართველი მოგჩერებია; როცა კომეტასავით მოწყვეტილ მოწინაარმდეგეს მიწაში თავით ჩაარჭობ და აღტკინებული სტადიონის ზმუილი გაგაყრუებს; როცა მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედანში მკლავში ამოჩრილი ბურთით შესრიალდები და ტრიბუნა დაინგრევა; როცა რუსეთის ნაკრებს დაამარცხებ და მოედანს საპატიო წრეს დაარტყამ.
მამაჩემს უნდოდა, რომ ამ ინტერესის დაკმაყოფილებაზე უარი მეთქვა. ზუსტად ასე – სანაგვეზე მიმეყარა ყველა ის ოცნება, რომელიც საქართველოს ნაკრების თამაშიდან თამაშამდე ჩემს ტვინში აკუმულირდებოდა. ეს არასამართლიანი იყო. მამის ეს აკრძალვანარევი სურვილი ჩემს გონებაში შლიდა ყველა იმ კონტურს, რომელიც იქამდე გამევლო. მე თავიდან ბოლომდე ვაცნობიერებდი, რომ რაგბის სათამაშოდ არანაირი ნიჭი არ გამაჩნდა, უბრალოდ, აინშტაინის მსგავსად, ვიყავი ვირივით ჯიუტი და მკლავდა ცნობისმოყვარეობა. მორაგბეობის სურვილი ძალიან დიდხანს დუღდა ჩემში საიმისოდ, რომ უარი მეთქვა მასზე. მითუმეტეს, რომ ჩვენი უბნის ჩემპიონ გუნდში თამაშობდნენ ბორა აბაშიძე და ზვიად ესართია – ჩემი პარალელური კლასელები, რომლებიც მერეოდნენ და მჩაგრავდნენ. არა! მე არ მინდოდა შურისძიება, ეს გრძელვადიანი პოლიტიკური გათვლებით არასწორი ნაბიჯი გამოვიდოდა. ზავის დადება ბევრად მომგებიანი იქნებოდა. მათ გუნდში შესვლა კი ამისთვის ზედგამოჭრილი გამოსავალი იყო.
„მე მაინტერესებს” – ვუთხარი მამას. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო – არ ამიკრძალა, მაგრამ არც დამლოცა. ასე გაჩნდა ჩემი მეორე ცხოვრება, რომელშიც დედა და ბებია მეხმარებოდნენ. „თუკი ასე ძალიან გინდა, სცადე, რატომაც არა” – მითხრა მანანამ. სწორედ ისინი მაძლევდნენ ყოველთვიურ საწევროს – 10 ლარს. პირველსავე ვარჯიშზე, რომელიც დათქმულზე დიდხანს გაგრძელდა, შეშინებულმა დედაჩემმა მომაკითხა, როცა შინ დროულად არ დავბრუნდი. მან ვარჯიშის დასასრულს დარბაზში შემოიხედა, რამაც მთელი გუნდის ყურადღება მიიპყრო. ალბათ ეს იყო სპორტის ისტორიაში კარიერის ყველაზე ცუდი დასაწისი. „შენ ზედმეტად ბევრი იწვალე აქ მოსახვედრად საიმისოდ, რომ ამ უხერხულობის გამო დათმო ის” – ვუთხარი საკუთარ თავს და გუნდელებს დავუბრუნდი, რომლებმაც ალმაცერად შემომხედეს.
ნელ-ნელა გავაცნობიერე, რომ ჩემს ცნობისმოყვარეობას, ინტერესებსა და ოცნებებს კიდევ ერთი დიდი გამოწვევა – მამაჩემის გაოცება და მისი კაპიტულაცია დაემატა. არ ვაგვიანებდი ვარჯიშებზე, ძუნძულის დროს ბოლომდე ვიტანდი წვივების ჯოჯოხეთურ ტკივილს, ვცდილობდი ბურთი არ დამვარდნოდა და მწვრთნელს, გია ამირხანაშვილს, ჩემ გამო მთელი გუნდი არ დაესაჯა. ვარჯიშის დაწყებიდან ორი თვის თავზე ჩემთვის გასაკვირი რამ მოხდა. სახლიდან გასვლის წინ ეზოდან ჩემი სახელი მომესმა. როცა მეექვსე სართულიდან გადავიხედე, ბორა და ზვიადი დავინახე, რომლებმაც, როგორც აღმოჩნდა, გამომიარეს, რათა ვარჯიშზე ერთად წავსულიყავით. პირველად სწორედ მაშინ ვიგრძენი თავი გუნდის წევრად. ბორა გუნდის კაპიტანი იყო. გზაში მან რჩევები მომცა და შემაგულიანა – გია ძირითადში დაყენებას გიპირებს და აბა შენ იციო. არის მომენტები, როცა ადამიანს სრული ბედნიერებისთვის მეტი არც არაფერი სჭირდება. იმ ვარჯიშზე რკინას ვღრღნიდი, დავფრინავდი, რაქს ვპარსავდი, მოლს ხარივით ვაწვებოდი. ასე გაგრძელდა რამდენიმე ვარჯიშის განმავლობაში, სანამ არ მივხვდი, რომ ჩემპიონების გუნდში მე ვერასოდეს გავხდებოდი ძირითიადი მოთამაშე, რადგანაც მქონდა შიში, რომელსაც ვერასოდეს დავძლევდი. შექება კი ბორასგან მოდიოდა და არა მწვრთნელისგან. ამ დროს კი მივხვდი, რომ ჩემი ყოფილი იდეური მტრები უკვე მეგობრები იყვნენ. მე მაშინებდა გიორგი ცირეკიძე, რომელიც აისბერგივით მოიწევდა ხოლმე ჩემკენ და არასოდეს მყოფნიდა სიმამაცე პირდაპირ დავხვედროდი. რაგბიში კი ეგეთი კანონია – შეიძლება კუნთი კანს არ გიხეთქავდეს, მაგრამ თუ მოწინააღმდეგის გეშინია – ვერც შელოცვა გიშველის და ვერც ცისკარას სალამური.
მოგვიანებით, ერთი ვარჯიშის დროს მორიგი საკვირველობა მოხდა. მოთელვისას მოედნის განაპირას მამაჩემი დავინახე. ის არ ჰგავდა კაცს, რომელმაც შვილის შესაძლებლობის ირწმუნა; ის ძალიან ჰგავდა მამას, რომელმაც შინაგანი ბრძოლების შემდეგ გადაწყვიტა, რომ აჯობებს შვილს თავი ასე მოაჩვენოს. ერთხელაც, თამაშის წინა დღეს, მან ბაზრობაზე წამიყვანა და 14 ლარიანი, შავი ბუცები მიყიდა. იმ მომენტისთვის ყველაზე მაგარი ბუცები დედამიწის ზურგზე. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ბუცები, რომლების ჩაცმაც ყველაფერზე მეტად მინდოდა და რომლებიც საბოლოოდ ვერ ჩავიცვი, რადგანაც ჩემს გუნდელს, ძირითადის მოთამაშეს დავუთმე, მან კი თავისები – ძველისძველი, დიდი, მოფლაშული, გვერდებში გახეული მწვანე ბუცები მომცა. ბედის ირონიით, ამ ფინალურ თამაშში, მატჩის დასრულებამდე 3 თუ 4 წუთით ადრე, როცა დიდი ანგარიშით ვიგებდით, მწვრთნელმა მოედანზე შემიშვა. ეს ჩემი შანსი იყო ტრიბუნაზე მდგომი ზურაბ გორგილაძისთვის რაიმე დამემტკიცებინა. მე ბაბაჯანას ვგავდი და მთელი ძალით, თუმცა სასაცილოდ დავრბოდი. სიამოვნებით გეტყოდით ფინალურ თამაშში ლელო გავიტანე მეთქი, მაგრამ არ მინდა უსინდისო მატყუარას სახელით მიცნობდეთ. საერთოდაც, თითქმის სამწლიანი სარაგბო კარიერის მანძილზე მხოლოდ ერთი ლელო დავდე. ვარჯიშის დროს, როცა ბურთი ყველას აუტზე გადასული ეგონა. მე ის ავიტაცე და ისე გავიქეცი, თითქოს უკანასკნელი გაქცევა ყოფილიყოს. თამაში მოვიგეთ. უფრო ზუსტად კი ჩემმა გუნდელებმა მოიგეს. მე უბრალოდ სწორ დროსა და სწორ ადგილზე აღმოვჩნდი. სანამ მოწინააღმდეგის მიერ გაკეთებულ საპატიო დერეფანში გამოვივლიდი, გუნდელებს მოვეფარე, მიწიდან მუჭით ტალახი ავიღე, მაისურსა და შორტზე წავისვი და გზა გავარგძელე. შინისკენ მიმავალს კი მამაჩემმა მითხრა: „შენი ბუცები რომ გცმოდა, უკეთ ითამაშებდი”.
იმის მიუხედავად, რომ ჩემი შეცდომის გამო მთელ გუნდს არაერთხელ ურბენია მოედნის დიაგონალებზე, არასოდეს, არცერთი მათგანისგან არ მიგრძვნია, რომ ზედმეტი ვიყავი. ბორა აბაშიძე და ზვიად ესართია ჩემი საუკეთესო მეგობრები გახდნენ, რომლებსაც ვენდობი და რომელთა იმედიც ყოველთვის მაქვს. იმ ფინალიდან წლების შემდეგ, რამდენიმე თვის წინ, როცა ვიფიქრე, რომ ჩემი მორაგბეობა ჩემ გარდა ყველას დაავიწყდა, მათ შორის ოჯახის წევრებსაც კი, სამსახურში ყოფნისას, გაქანებული მუშაობის დროს იმ გუნდელმა დამირეკა, რომელსაც მაშინ მსოფლიოში საუკეთესო, 14 ლარიანი ბუცები ვათხოვე. ძველი „მგლები” ვიკრიბებით, უნდა ვიქეიფოთო. იმ წამს მომეჩვენა, რომ ხალხს შეიძლება უყვარდე და გაფასებდეს არა შენი უპირატესობებისა და სიძლიერის გამო, არამედ ისე, უბრალოდ; ისინი შეიძლება გუნდის ნაწილად აღგიქვამდნენ მაშინაც კი, როცა ამ გუნდისთვის არაფერი გაგიკეთებია; ისინი შეიძლება მგლად მიგიჩნევდნენ იმ შემთხვევაშიც, თუკი მგლისა არაფერი გცხია. ქეიფში ვერ წავედი. იმ გახსენებისგან გამოწვეული სიხარული კი დღემდე მომყვება.
„მე მაინტერესებს” – მგონია, რომ სწორედ ამაზე დგას და ამით მუშაობს ყველაფერი. იმასაც კარგად ვხვდები, რომ როცა აღარაფერი დამაინტერესებს, ჩემი ცხოვრება იმ წამსვე დამთავრდება, თუგინდ მას შემდეგ კიდევ მრავალ წელს ვიცოცხლო. 14 მარტს, საქართველო-რუსეთის ჯახის დროს, ჩემ უკან მამა-შვილი იჯდა. ერთ მომენტში, როცა სტადიონი ჩაწყნარდა, შვილის ხმა გავარჩიე: „მამა, რეგბიში მატარებ?” – აი ასე, არაგრამატიკულად, გაუმართავად, მაგრამ სავსებით გასაგებად. მამის პასუხი ვეღარ გავიგე და მართალი გითხრათ ჩემი გამოცდილების მქონე კაცისთვის არც იყო საინტერესო.
შეიძლება იმ ბიჭმა როდესმე ეს წერილი წაიკითხოს, მაგრამ მაშინ, ალბათ, გადაწყვეტილების მიღება უკვე გვიან იქნება. ეს წერილი უფრო მშობლებისთვისაა. მიეცით უფლება თქვენს შვილებს ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილონ. აკრძალვას აზრი არ აქვს, ისინი კანში მაინც ვერ დაეტევიან, რადგანაც მათ აინტერესებთ. აინტერესებთ და მორჩა. ცალკე საკითხია, როგორი მორაგბეები, ფეხბურთელები, მოჭიდავეები და ჩოგბურთელები გახდებიან ისინი. შეიძლება ჩემსავით გამოუსადეგარი სპორტსმენები გამოდგნენ. ვინ თქვა სუსტი მუხლის ან მკლავის გამო ადამიანის ჩამოწერა შეიძლებაო. ჰო, დიდი შანსია, რომ მათ ვერასოდეს შეძლონ რუსეთისთვის გატანილი ლელოთი ტრიბუნების აფეთქება.
მერე რა?

განათლების მიზნებზე და დანიშნულებაზე

0

ვფიქრობ, კოლეგები (სხვადასხვა საგნის მასწავლებლები) არ გამინაწყენდებიან, თუ წერილს ერთი ზოგადი განაცხადით დავიწყებ: ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შესასწავლ საგნებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან „ქართული ენა მხოლოდ ერთ-ერთი სასწავლო საგანი კი არ არის, არამედ სხვა საგანთაგან განსხვავებით, სწავლების ენაცაა – ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალება (იხ. საგნობრივი პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში) და ამავდროულად, საგნის სპეციფიკის გათვალისწინებით, სწორედ ის ქმნის ბაზისს ადამიანის მსოფლხედვის, ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებისა და პიროვნული ზრდისთვის.

საგნის სწავლების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სახელმძღვანელოს. მასში აუცილებლად უნდა იყოს საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებული სავალდებულო საპროგრამო ნაწარმოებები. აქვეა მოცემული ამ ტექსტების დამუშავებისა და ანალიზისთვის საჭირო შინაარსობრივი თუ საანალიზო-სამსჯელო ტიპის კითხვები, მითითებები, მასალა, დავალების/სავარჯიშოს ინსტრუქციები.

ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზნები და ამოცანები დეტალურადაა გაწერილი საგნობრივი პროგრამის დოკუმენტში. ამ მიზნებსა და ამოცანებს შორის არის სწორედ ის პუნქტები, რომლებზეც წერილის ფარგლებში მინდა ყურადღების გამახვილება. პროგრამაში აღნიშნულია, რომ საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება სკოლაში ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. სხვათა შორის, ამგვარ ამოცანებს წარმოადგენს:

  • შეაყვაროს [მოსწავლეს]კითხვა; გამოუმუშაოს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარი;

  • ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირის გააზრება.

კოლეგები დამეთანხმებიან, რომ სწავლების პროცესში კითხვები – რა საჭიროა ამ ტექსტის სწავლა? რაში დამჭირდება ამის ცოდნა? რატომ უნდა წავიკითხო და ვისწავლო ის, რაც არ მომწონს? აღარ შემიძლია ძველი ქართულით დაწერილი ტექსტების კითხვა და წვალება…- ხშირად გაისმის და ამ კითხვების ავტორები მოსწავლეები არიან. ადრესატები კი ჩვენ, მასწავლებლები.
აქვე მინდა მოვიყვანო რამდენიმე ციტატა ფორუმიდან, სადაც აბიტურიენტები, რომლებმაც 2014 წელს უკვე ჩააბარეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ შეხედულებებს, გამალებული ითვლიდნენ პარალელებს, აჯერებდნენ, რომელ პარალელში შეიძლებოდა „მოეხსნათ” ქულა, დებდნენ ესეების ნიმუშებს, რომლებიც სავსე იყო შაბლონური, გაზეპირებული ფრაზებით და ვიშვიშებდნენ: “გადავკარგავ ქართულის წიგნებს”, “წიგნი აღარ იქნება ჩემს ხელში აწი…” „ამოვისუნთქე. მორჩა წამება. იმედი მაქვს, ოდესმე დამიბრუნდება წიგნის გადაშლის სურვილი და ხალისი”, „ჰაგიოგრაფია არ გამაგონოთ. მარტივი წინადადების იქით არაფრის აღქმის უნარი აღარ შემრჩა. ჩემი ნება რომ იყოს, სმაილებით შემოვიფარგლებოდი…”

ცხადია, ამ რამდენიმე გამოხმაურების განზოგადება და მათ მიხედვით რაიმე დასკვნის გაკეთება არავალიდური და უმართებულოა, მაგრამ ამ ყველაფერს პირად გამოცდილებასაც დავამატებ და იმ მოცემულობასაც, რომ კვლევა ამ მიმართულებით სკოლებში, სამწუხაროდ, არ ჩატარებულა. ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამგვარი ნეგატიური განწყობებისა და დამოკიდებულებების მიღმა, საბედნიეროდ, არიან ისეთებიც, ვისთვისაც მშობლიური ლიტერატურა და მხატვრული ლიტერატურის სამყარო, ზოგადად, ფასდაუდებელი განძი და საბადო იქნება მთელი ცხოვრების განმავლობაში. თუმცა, მოდით, ამჯერად პრობლემა დავსახოთ და მასზე ავაგოთ მსჯელობა:

რა იწვევს უკუეფექტს ისეთი საინტერსო და მრავალფეროვანი დარგის შესწავლისას, როგორიც ლიტერატურაა? ერთი მხრივ, სტანდარტის და პროგრამის და, მეორე მხრივ, ამ სტანდარტისა და პროგრამის „სამიზნე აუდიტორიის”, მოსწავლეების გამოხმაურებების გაცნობისას რატომ ჩნდება იმის განცდა, რომ „საშუალება” (სწავლების პროცესი) არსებითად სცდება მიზანს (ზემოთმოყვანილს, მაგალითად)? რამდენად ხერხდება არსებული სახელმძღვანელოების და პროგრამის ფარგლებში ამ მიზნების (შეაყვაროს კითხვა, გამოუმუშაოს ლიტერატურის აღქმის და გაცნობიერების უნარი, უზრუნველყოთ ქართული და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური თემების ურთიერთკავშირის გააზრება…) განხორციელება? სად არის საძიებელი პრობლემის სათავე და რა შეიძლება გაკეთდეს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

ცხადია, ერთი სტატიის ფარგლებში ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელი იქნება. ამიტომ სტატიის მიზნად დისკუსიის წამოჭრას, დასმულ საკითხებზე მსჯელობას და კოლეგების გამოცდილების გაზიარების სურვილს დავსახავ.

საკუთარი დაკვირვების შედეგებს კი მოკლედ, თეზისების სახით ჩამოვაყალიბებ:

საშუალო საფეხურზე (X –XII კლასებში) მოსწავლეების მთავარი მიზანი და მამოტივირებელი სწავლის პროცესში საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაა. (კითხვა – „ეს გამოცდაზე იქნება?” – ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა ამ პერიოდში. არადა, რამდენი ამაზე მეტად საინტერესო კითხვის და საკითხის წამოჭრა შეიძლება ასეთ დროს…)

მცირე დროში მოსწავლეებს საკმაოდ დიდი მოცულობის პროგრამის ათვისება და „დამუშავება” უწევთ. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საატესტატო გამოცდების ტესტები ლიტერატურის ნაწილში, ძირითადად, ფაქტობრივ, შინაარსობრივ ცოდნაზეა ორიენტირებული და რეალურად, იმას ამოწმებს, რამდენად ახსოვს მოსწავლეს შესწავლილი ნაწარმოების დეტალები. შედეგიც არ აყოვნებს. გამოცდების ჩაბარებისთანავე მათი უმრავლესობა სწორედ იმ განწყობას და დამოკიდებულებას ავლენს, რაზეც ზევით ვისაუბრეთ. რამდენად მოსალოდნელია, რომ ლიტერატურისადმი ამ დამოკიდებულებით განსმჭვალული ადამიანი „შეიყვარებს კითხვას” ან „გამოიუმუშავებს ლიტერატურის, როგორც სიტყვის ხელოვნებისა და კულტურის ფაქტის, აღქმისა და გაცნობიერების უნარს”?

საშუალო საფეხურისთვის განკუთვნილი მთლიანი შინაარსის სავალდებულო ნაწილი (60 პროცენტი) იმდენადაა დატვირთული საკმაოდ მოცულობითი ტექსტებით, რომ მასწავლებლის (ან სახელმძღვანელოს ავტორების) სურვილით, გემოვნებით ან კონკრეტული საჭიროებების მიხედვით შესარჩევი მხატვრული ტექსტებისთვის დრო და ენერგია არც მასწავლებლებს და არც მოსწავლეებს, უბრალოდ, არ რჩებათ. საინტერესოა, მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მასწავლებლების გამოცდილების გაზიარება – როდის შეიტანეთ თქვენთვის სასურველი მხატვრული ტექსტი კლასში დასამუშავებლად, რა ტექსტი იყო ეს და რამდენი დრო დაუთმეთ მის შესწავლას?

ტექსტების უმრავლესობა, მათი თანმდევი დავალებები, სავარჯიშოები, მეთოდური მითითებები, თეორიული ნაწილი, სადაც სხვადასხვა ცნობებია მოწოდებული შესასწავლი საკითხის ირგვლივ, არაერთ უხერხულობას ქმნის სწავლების პროცესში მაშინ, როცა კლასში ეთნიკური უმცირესობის, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ან სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე მოსწავლეები არიან. ლიტერატურის შესწავლა, გააზრება, მსჯელობა ჩაკეტილ, მონოკულტურულ, წინასწარგანსაზღვრულ ჭრილში ხდება.

უმეტეს შემთხვევაში, განსაკუთრებით კი რეგიონებში, რელიგიური თემატიკა და ტექსტები, რითიც განსაკუთრებით გაჯერებულია, მაგალითად, მეათე კლასის პროგრამა (შეისწავლება ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები) რელიგიური ინდოქტრინაციის მექანიზმად გამოიყენება, რაც პრობლემურია განსხვავებული აღმსარებლობის მოსწავლეებისთვის. ჰაგიოგრაფიული ტექსტები შეისწავლება არა როგორც ლიტერატურული ნაწარმოები, არამედ როგორც რელიგიური ტექსტი. (ამ კონტექსტში სახასიათოა, მაგალითად, ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოების, „შუშანიკის წამების” შესწავლის თანმდევი პატერნები. შუშანიკი განიხილება როგორც წმინდანი და არა როგორც პერსონაჟი, მისი ქცევის, ხასიათის, გადაწყვეტილებების განხილვის დროს ამოსავალი წერტილი არის ის, რომ შუშანიკი წმინდანადაა შერაცხული და მასზე, როგორც ქალზე, საინტერესო პერსონაჟზე საუბარი დაუშვებლადაა მიჩნეული).
ძველი ქართული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ძეგლების შესწავლისას საკმაოდ დიდ სირთულეს ქმნის ძველი ქართული ენით დაწერილი ტექსტების გაგება. ტექსტის ლექსიკურ დონეზე დამუშავებას, შინაარსის გაცნობას იმდენად დიდი დრო მიაქვს, რომ მსჯელობა, ტექსტის გააზრება და განხილვა სათანადოდ ვერ ხერხდება. ჩნდება კითხვა – რამდენად მიზანშეწონილია ძველი ტექსტების ამ მოცულობით შესწავლა? რა მიზანი აქვს ისეთი ტექსტების დიდი ხნის განმავლობაში დამუშავებას, რომელთა ლექსიკურ დონეზე ანალიზიც საკმაოდ რთული და შრომატევადია? ხომ არ აფერხებს ტექსტის გაგების ბარიერი პროცესის სწორად წარმართვას და ხომ არ რჩება ყურადღების მიღმა უამრავი მნიშნელოვანი თემა, საკითხი, პრობლემა, რაზეც თავად ამ ტექსტებშივეა ყურადღება გამახვილებული?

მისაღწევ მიზანთაგან ერთ-ერთი მსოფლიო ლიტერატურული პროცესებისა და უნივერსალური ლიტერატურული თემების ურთიერთკავშირების გააზრებაა. საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში კი მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშები ძალზე შეზღუდულადაა წარმოდგენილი. ტექსტების აბსოლუტური უმრავლესობა ქართული კულტურის კუთვნილებაა, სხვადასხვა ეთნიკური თუ ნაციონალური კუთვნილებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას და მულტიკულტურულ განათლებას კი ეს ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს. მცირე გამონაკლისების გარდა, შერჩეული ტექსტები და სავარჯიშოები არ იძლევა განსხვავებული ეთნიკური თუ ეროვნული ჯგუფებისადმი პოზიტიური დამოკიდებულებების შექმნის შესაძლებლობას, სხვა ქვეყნების ლიტერატურული თუ კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის და მსოფლიო ლიტერატურული პროცესებით დაინტერესების საშუალებას.

სტატიას კი ნოამ ჩომსკის ციტატით დავასრულებ. ეს საინტერესო მოაზროვნე განათლების ორგვარ დანიშნულებაზე მსჯელობისას აღნიშნავს:

„პირველი კონცეფცია განათლების დანიშნულების შესახებ მოდის განმანათლებლობის ეპოქიდან, რომელიც ამბობს, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის წარსული მიღწევების კვლევა-ძიება, იმის შეთვისება, რაც შენთვის ყველზე მნიშვნელოვანია, შემდეგ კითხვების დასმა და შემოქმედებითობა. ამ კონცეფციის მიხედვით, განათლების მიზანია, დაეხმაროს მსწავლელს ისწავლოს, როგორ ისწავლოს დამოუკიდებლად. ეს შენ მსწავლელი წყვეტ როგორ, რა მეთოდებით ისწავლი, როგორ შექმნი რაიმე ახალს. მნიშვნელოვანი ასპექტები ამ სახის განათლების იმპულსების გაძლიერებაა, რომელიც ყველანაირ ავტორიტეტს, მოძღვარს, სისტემას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ფიქრობს კრიტიკულად და ქმნის კარგად ნაცადი მოდელების ალტერნატივებს.

მეორე დანიშნულება განათლების სისტემისა არის ინდოქტრინაცია, რაც გულისხმობს, რომ ბავშვობიდან ახალგაზრდები მოქცეული უნდა იყვნენ გარკვეულ ჩარჩოებში, სადაც ისინი დაემორჩილებიან ბრძანებებს, მიიღებენ მოცემულ ჩარჩოებს, არ დასვამენ შეკითხვებს, იქნებიან პასიურები და კომფორმისტები… ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება იმას, რასაც ტრადიციული განათლება ეწოდება…”

ოჯახი თუ საზოგადოება? – რას ფიქრობენ ქართველი ფსიქოლოგები მოზარდებს შორის ძალადობაზე

0

რა იწვევს მოზარდებში აგრესიას? რატომ ხდება, რომ ბავშვებს შორის უბრალო კამათი ხშირად ტრაგიკულად სრულდება? ამბობენ, რომ ძალიან მომრავლდა სკოლის მოსწავლეების დანით დაჭრის შემთხვევები. ბავშვებში გარკვეულ ასაკამდე ჩხუბი ერთგვარ ვაჟკაცობად ითვლება და მოზარდებს შორის კონფლიქტები მეტ-ნაკლებად ბუნებრივია, თუმცა პრობლემა მხოლოდ ჩხუბში ნამდვილად არაა. საზოგადოებისათვის უფრო ყურადსაღები ის უნდა იყოს, რომ საქართველოში სკოლის მოსწავლეები დანით დადიან და ჩხუბის დროს მტყუან-მართლის „გარკვევას” ცივი იარაღით ცდილობენ.

სამწუხაროდ არავინ ლაპარაკობს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე. რატომ იქცა ტენდენციად მოზარდებში დანის ტარება და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.

ნანა თაბუაშვილი, ფსიქოლოგი: ”13 დან 17 წლამდე მოზარდებში აგრესია განსაკუთრებით მატულობს. ამის მიზეზი გარდატეხის ასაკთან ერთად საზოგადოებაში შექმნილი არაჯანსაღი სიტუაციაცაა. ქართველი მამების დიდმა ნაწილმა არ იცის შვილის გაზრდა და, ვერც იმაში ერკვევა რა ღირებულებები უნდა ჩაუნერგოს მათ. მამა შვილის გასაგონად სიამაყით იხსენებს თავისი ახალგაზრდობის იმ ისტორიებს, როდესაც ჩხუბი მოუხდა და ყვება, თუ როგორ სცემა ესა თუ ის თანატოლი. ბუნებრივია, რომ მისი შვილის შეგნებაშიც ყალიბდება ვაჟკაცობის არაჯანსაღი გაგება. სამწუხაროდ, არც სკოლაში და არც ოჯახში, არავინ აქცევს ყურადღებას, რა ფასეულობები გააჩნია ბავშვს. დანის ტარების უფლებას ბავშვი მხოლოდ მაშინ მისცემს საკუთარ თავს, როდესაც იგრძნობს, რომ ამას უფროსები დიდ ყურადღებას არ აქცევენ. რა თქმა უნდა, არც ზედმეტად თავისუფლები შეზღუდვაა კარგი, მაგრამ როდესაც საუბარია ისეთ ფუნდამენტალურ საკითზე, როგორიც ბავშვის კრიმინალისკენ გადახრაა, ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ამ მავნე თვისების აღმოსაფხვრელად ტირანული მეთოდებიც კი შეიძლება იქნას გამოყენებული. დანით მოსიარულე მოზარდი საფრთხეს წარმოადგენს პირველ როგში საზოგადოებისათვის, შემდეგ კი საკუთარი თავისთავის.

– ე.ი. თქვენ მიიჩნევთ, რომ თუკი მშობელი ან მასწავლებელი ბავშვს დანას უპოვის, ძალიან მკაცრად უნდა დასაჯოს?

– რა თქმა უნდა, ასე უნდა მოხდეს. ბავშვს დანაშაულის ჩადენის არა მხოლოდ რიდი, არამედ შიშიც უნდა ჰქონდეს. ჩემი ძმისშვილი, როდესაც 12-13 წლისა იყო, გამუდმებით იპარავდა სახლიდან ნივთებს და ყიდდა. ჩემი ძმა თავის შვილს ძალიან თავისუფლად ზრდიდა და არასოდეს შეხებია ხელით, მაგრამ როცა ბავშვმა სახლიდან ნივთების მოპარვა დაიწყო, იძულებული გახდა ეცემა. იმის გამო, რომ ეს პირველად მოხდა, როცა მამამისი ხელით შეეხო, ბავშვი გაოგნდა და მერე ისე შეშინდა, რომ ქუჩაში ნაპოვნ ხურდებსაც კი არ ხარჯავდა მშობლების დაუკითხავად. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ცემა-ტყეპით ბავშვის გაზრდა არ შეიძლება. მას მორალური ღირებულებები უპირველესად მშობლების ქცევიდან გამომდინარე უყალიბდება. როდესაც ბავშვის მამა თავად დადის დანით, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბავშვიც მას მიბაძავს”.
ამ პრობლემასთან დაკავშირებით საერთო აზრი ფსიქოლოგებსაც კი არა აქვთ. ნანა თაბუაშვილისგან მკვეთრად განსხვავებულ შეხედულებას აყალიბებს მისი კოლეგა ლერი შენგელია. მისი აზრით, მოზარდებში არსებული კრიმინალისადმი მიდრეკილება, ახალგაზრდებში ქურდული სამყაროს პოპულარიზაციითაა განპირობებული და ამ პრობლემის მოგვარება, მხოლოდ ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრის შემდეგ შეიძლება.

ლერი შენგელია, ფსიქოლოგი: ”საქართველოში იარაღის ტარების ტრადიცია ყოველთვის არსებობდა, თუმცა მშობლები შვილს იარაღს (უმეტესად ხანჯალს) მხოლოდ მაშინ აძლევდნენ, როდესაც დარწმუნდებოდნენ, რომ ბავშვი ამისათვის მზად იყო. როდესაც საქართველოში ქურდული მენტალიტეტი დამკვიდრდა, იქიდან მოყოლებული ცივი იარაღი სულ სხვა დატვირთვის მატარებელი ფენომენი გახდა. მოზარდებმა შეისისხლხორცეს მავნე შეხედულებები და ჩვევები. მათ ყოველ წამს ესმით ლეგენდის მსგავსი ისტორიები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოკლა ერთმა ქურდა მეორე და როგორ უსწორდებიან კრიმინალები ქურდულში „ჩაჭრილ” თანამოძმეებს. ეს ყველაფერი ერთად აღებული ერთგვარი კატალიზატორის როლს ასრულებს მოზარდის ცნობიერებაში. ამერიკელებს აქვთ ასეთი გამოთქმა „საბოლოო უკიდურესობა”, რაც ჩიხში შესვლას და გამოსავლის არარსებობას ნიშნავს. ჩემი აზრით, სწორედ ასეთი სიტუაციაა საქართველოში მოზარდების კრიმინალური მიდრეკილებების მხრივ. სამან ერთხელ და სამუდამოდ არ აღმოიფხვრება ქურდული მენტალიტეტისადმი ინტერესი და პატივისცემა, მანამდე უბრალოდ გამორიცხულია რაიმე სასიკეთოდ შეიცვალოს. აშკარაა, რომ მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია”.

გაგება თუ ტკბობა? პოეზიის ინტერპრეტაციის საიდუმლო

0
„დიდ პოეზიაში არის რაღაც, რომელიც აუხსნელი რჩება, რაგინდ ყოვლისმომცველი იყოს ჩვენი ცოდნა”, – წერს თომას ელიოტი ესეში „კრიტიკის საზღვრები”.

ამიტომაც იყო, რომ უცნობ ადამიანებს, რომლებიც წერილებს წერდნენ და მისივე  ლექსების ერთგვარ ახსნა-განმარტებას სთხოვდნენ, თავმდაბლურად პასუხობდა: „ამის უნარი მე არ გამაჩნიაო”. 

შეიძლება გაჩნდეს კითხვა, თუ ავტორი ვერ განმარტავს საკუთარ ლექსს, მაშ,  მკითხველმა რაღა ქნას?

ლექსის შესწავლა სკოლაში სირთულეებთანაა დაკავშირებული. ხშირად მასწავლებელი იყენებს ცნობილ კრიტიკოსთა ანალიზს, საკუთარ გამოცდილებას და ამგვარად დაძლევს პრობლემას.

ლექსის ანალიზისას თომას ელიოტი საუბრობს  რამდენიმე საფრთხეზე.  მისი აზრით, პირველი საფრთხე ისაა, „თუკი მივიჩნევთ, უნდა იყოს ლექსის, როგორც ერთი მთლიანობის, ერთადერთი სწორი ინტერპრეტაცია. მერე ჩნდება განმარტების დეტალები, განსაკუთრებით არა ჩვენს, არამედ სხვა საუკუნეში დაწერილი ლექსებისა. მშრალი ფაქტები, ისტორიული ალუზიები, გარკვეული სიტყვის მნიშვნელობის დადგენა ამა თუ იმ ისტორიულ მონაკვეთში და მასწავლებელს შეუძლია თვალი ადევნოს, რამდენად სწორად ახერხებენ ამას მისი მოსწავლეები. მაგრამ რაც შეეხება ლექსის მთლიან მნიშვნელობას, მას ვერანაირი განმარტება ვერ ამოწურავს, რადგანაც ლექსის მნიშვნელობა არის ის, რასაც ლექსი განსხვავებული მგრძნობელობის მკითხველისათვის გამოხატავს”. 

მეორე საფრთხედ, რომელიც მკითხველს ემუქრება, ელიოტი მიიჩნევს  „იმის გააზრებას, თუ რის გაკეთებას ცდილობდა ავტორი, შეგნებულად თუ ქვეცნობიერად. იმდენადაა საზოგადოებაში ფეხმოკიდებული აზრი, თითქოს ლექსის გაგება მისი პირველწყაროს გაგებისა და პოეტის სამუშაო პროცესის შედეგია, რომ პირუკუ ქმედებასაც ადვილად ვიჯერებთ – ლექსის ნებისმიერი განმარტება იმის ანგარიშიცაა, თუ როგორ დაიწერა ლექსი”.
ელიოტი წერს, რომ, როცა თავისი ლექსის, „პრუფროკის”, სხვადასხვა კრიტიკოსის მიერ დაწერილი ანალიზი წაიკითხა, გაოცებული დარჩა სრულიად განსხვავებული და მოულოდნელი ინტერპრეტაციებით. მათგან ერთი გამოარჩია, რომელიც, როგორც თვითონ აღნიშნავს, დაეხმარა, რომ გონიერი, მგრძნობიარე და ბეჯითი  მკითხველის თვალით დაენახა საკუთარი ლექსი. იგი წერს:  „ეს სულაც არ ნიშნავს, რომ „მან” ეს ლექსი ჩემი თვალით დაინახა, ანდა მის მოსაზრებებს რაიმე საერთო აქვს იმ განცდებთან, რამაც თანდათანობით ეს ლექსი დამაწერინა”.

მესამე საფრთხედ კი ელიოტი მიიჩნევს გაანალიზებული ლექსის მიმართ გაჩენილ გულგრილობას. ამას ის ამგვარად აყალიბებს: „მინდა ვნახო, ლექსის ანალიზის გულდასმით წაკითხვის შემდეგ ოდნავ მაინც თუ შევძლებ დავტკბე მისით”. როცა ადრე წაკითხული ლექსების შესახებ ანალიზი წაიკითხა და მერე ისევ ლექსს მიუბრუნდა, მიხვდა, რომ გაუჭირდა უწინდებურად შეეგრძნო ისინი: „თითქოს ვიღაცამ რაღაც მანქანა ნაწილ-ნაწილ დაშალა და მე დამაკისრა მისი ხელახლა აწყობა”.

ელიოტის დასკვნა ასეთია: „ინტერპრეტაციის მთელი ღირსება ისაა, რომ ის ჩემი საკუთარი ინტერპრეტაცია უნდა იყოს”. ის არ გამორიცხავს, რომ „ბევრი რამ არის, ალბათ, ისეთი, რაც უნდა იცოდე ამა თუ იმ ლექსის გარშემო. მეცნიერს შეუძლია მრავალგვარი ინფორმაცია მომაწოდოს და აშკარა გაუგებრობის თავიდან აცილებაში დამეხმაროს, მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, ჭეშმარიტად ღირებული ინტერპრეტაცია ლექსის კითხვის კვალდაკვალ, ჩემი საკუთარი განცდების გააზრება უნდა იყოს”. 

ელიოტს ლიტერატურული კრიტიკის უმთავრეს დანიშნულებად  ხელოვნების ნიმუშების ახსნა-განმარტება და „გემოვნების დახვეწა” მიაჩნდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ეს აზრი ოდნავ შეცვალა, რადგან მაღალფარდოვნად ჩათვალა.  „გაგებისა და ლიტერატურით ტკბობის მხარდაჭერა” მიიჩნია კრიტიკის დანიშნულებად. 

ისიც აღსანიშნავია, რომ ელიოტს „ტკბობა” და „გაგება” განსხვავებულ მოვლენებად არ მიაჩნია. მისი აზრით, ერთი ემოციურია, მეორე – ინტელექტუალური.

„გაგებაში” ის არ გულისხმობს ახსნა-განმარტებას, თუმცა ახსნა-განმარტება ხშირად გაგების წინაპირობა შეიძლება იყოს. ის გვთავაზობს ასეთ მაგალითს: „უცნობი სიტყვებისა და სიტყვების უცნობი ფორმების გარკვევა ჩოსერის გაგებისათვის მოსამზადებელი საფეხურია. აი, ეს როგორ აიხსნება: ვიღაცას მართლაც შეუძლია ჩოსერის სიტყვათა მარაგი, მისი დამწერლობა, გრამატიკა და სინტაქსი შეისწავლოს, კიდევ უფრო შორს წავიდეს – ძალზე კარგად შეისწავლოს ჩოსერის ეპოქა, სოციალური ჩვევები, შეხედულებები, ეპოქის განსწავლულობა თუ უმეცრება და მაინც  ვერ ჩაწვდეს პოეზიას. ლექსის გაგება ისე და ისევ, სავსებით კანონიერად, „ტკბობას” უკავშირდება. ვიღაცამ იქნებ თქვას, ეს ნიშნავს იმ სიამოვნების მიღებას, რის გაცემაც ლექსს შეუძლიაო, მაგრამ ლექსით ტკბობა იმ პირობებში, როდესაც გაუგებარია, თუ რას გამოხატავს იგი, უბრალოდ, ნიშნავს სიამოვნების მიღებას ჩვენივე საკუთარი ნააზრევისგან”. 

ელიოტის აზრით, „ამა თუ იმ ლექსით სრულად ვერ ვისიამოვნებთ, თუკი ვერ ჩავწვდებით მის მნიშვნელობას. მეორე მხრივ, ასევე უეჭველია, რომ ვერ მივაგნებთ სრულად ლექსის მნიშვნელობას, თუკი მას გემოს ვერ გავუგებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რომელიმე ლექსით ტკბობის ხარისხი და რაგვარობა სხვა ლექსებზეა დამოკიდებული (ეს განცდა რომელიმე ლექსით ჩვენი ტკბობისა და უკვე „დაჭაშნიკებული” სხვა ლექსებით ჩვენივე „ტკბობის” ნაერთია).

„ზოგჯერ პოეზია განმარტებების გარეშეც გასაგებია ჩემთვის”. მისი აზრით, ახსნა-განმარტება ხანდახან მკითხველს მთლიანად წყვეტს ლექსს, ნაცვლად იმისა, რომ დაეხმაროს მისი მნიშვნელობის გაგებაში.

„შექსპირის და შელის ზოგიერთი ლექსის კითხვისას დღესაც ისეთივე მწველი ჟრუანტელი მივლის, როგორც ოცდაათი წლის წინ”.

საჭიროა თუ არა ლექსის ანალიზისას ბიოგრაფიის, ეპოქისა და სხვა მსგავსი საკითხების გათვალისწინება?

ელიოტის აზრით, ბიოგრაფია, ჩვეულებრივ, გვაწვდის მასალას, რომელიც ლექსის უკეთ გაგებისათვის შესაძლოა გზამკვლევად იქცეს, „თუმცა, ამავე დროს, პოეტზე ყურადღების გამახვილებამ არ უნდა დაგვაშოროს პოეზიას. არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში ცოდნა – პოეტის ეპოქასთან დაკავშირებული ფაქტები, იმდროინდელი საზოგადოების ცხოვრების პირობები, მის ნაწერებში ნაგულისხმევი იმ დროს გავრცელებული იდეები, იმ ეპოქაში ენის მდგომარეობა – მისი პოეზიის გაგებასთან”. ელიოტი ამას მხოლოდ სამზადისად მიიჩნევს, თუმცა ეს ყველაფერი „პოეზიის გაგების მხოლოდ ზღურბლთან მიგვიყვანს, რომლის გადაბიჯება და შიგნით შეღწევა ჩვენ თავად უნდა მოვახერხოთ”.

ელიოტის აზრით, არ არის აუცილებელი მკითხველმა წარმოიდგინოს ის დრო, როცა ლექსი დაიწერა, ან იფიქროს ისე, როგორც პოეტი ფიქრობდა, არამედ უშუალოდ, უნდა შევიგრძნოთ პოეზია. თუ მთელ ყურადღებას გაგებაზე გადავიტანთ, ხელთ მარტივი განმარტება შეგვრჩება, თუმცა არც „ტკბობამ” უნდა გადასძალოს, რადგან „სუბიექტურისა და იმპრესიონისტულის” ტყვეობაში მოვექცევით.

„საფოს ოდის კითხვისას ის კი არაა მთავარი, რომ ჩემი თავი ოცდახუთი ასეული წლის წინ საბერძნეთის კუნძულზე წარმოვიდგინო, არამედ თავი და თავი ის შეგრძნებაა, რომელიც სხვადასხვა საუკუნისა და სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე პოეზიით ტკბობის უნარის მქონე ადამიანებს აერთიანებს. ეს შეგრძნება ოცდახუთი ათეული წლის სიღრმიდან გამოსროლილი ნაპერწკალია. ასე რომ,  დიდად მადლობელი ვარ იმ კრიტიკოსის, რომელსაც ძალუძს დამანახოს, რაც უწინ არასდროს შემინიშნავს, (ან თუ დამინახავს, წინასწარ აკვიატებული აზრით მქონია გონება დაბინდული) – დამსვას პოეზიის პირისპირ და მასთან დამტოვოს. ამ შემთხვევაში, მე უნდა ვენდო საკუთარ მგრძნობელობას, საზრიანობასა და გონებრივ შესაძლებლობას”.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...