კვირა, ივლისი 5, 2026
5 ივლისი, კვირა, 2026

ანდერსონი, ფერგი და მე

0

მისი სისხლი ნავთობი იყო. თვალებიდან ცრემლის ნაცვლად ნავთი სდიოდა. ადამიანები ხანდახან ეგრეც იბადებიან. ხანდახან ანუ იშვიათად. დენიელი ამ დაბადების კაცი გახლდათ, სხვა სამყაროების დემიურგი. კოჭლი დემიურგი. ეს კოჭლობა შემთხვევითი საქმე როდია – ღმერთის და იაკობის შერკინების შედეგი და ადამიანისთვის მისი ვერსრულყოფის შეხსენებაა. პოლ ანდერსონის კინოგმირი (2007 წელი, „და იქნება სისხლი” ეპტონ სინკლერის რომანის მიხედვით) არც კეთილია და არც ბოროტი, ან კეთილიცაა და ბოროტიც. ისევე, როგორც ჩვენ. მაგრამ ნავთის სუნის სიყვარული განგვასხვავებს და ის, რომ ამ სუნის საპირწონე მისთვის არც ღმერთია, არც ქვეყანა და არც შვილი. დიახ, არსებობენ ასეთი ადამიანებიც. ადამიანი-დემიურგები.

დიქსონზე, დიქსონზე წადი! – უყვირა რაიანს ალექსმა, ჯერ სერ-ის გარეშე რომ იხსენიებოდა, საღეჭ რეზინს უმოწყალოდ ცეხვავდა და ტრადიციისამებრ აწითლებულიყო. გიგზს ან ესმოდა, ან არა, ის მთელ „არსენალზე” მიდიოდა, საუკუნის გოლთაგანი უნდა გაეტანა. მერე ალექსი კამპ ნოუზე იდგა. აუტის ხაზთან. შმეიხელმა შეშლილივით ჩაირბინა. იმ დღეს იორკისა არაფერი ეცხო, მაგრამ ბურთი კი გამოაგდო, ბაიერნის ფეხბურთელმა გამოიტანა და წითლების 11-მა უმისამართოდ მოუქნია ფეხი. პასი ზუსტი გამოდგა. შერინგემიც. ერთ წუთში ოლე გუნარმა სასწაული შექმნა. შექმნა იმ დღისგან, რომელიც მიუნხენელებისა იყო: გოლის გარდა – ორი ძელი და პიტერის კედელი. თან „მანჩესტერი” უკინოდ და უსქოულზოდ, უკვე ვერგაბრწყინებული ნიკი ბატისა და ნელთბილი იესპერ ბლომკვისტის იმედად, რომელიც სულ კალე ბლომკვისტის ნათესავი მეგონა. მაგრამ 98/99 ასე უნდა დასრულებულიყო: იმის გამო, რაც „არსენალთან” მოხდა, რაც „იუვენტუსთან” მოხდა და იმისთვის, რომ ფერგის მატჩის შემდეგ აუცილებლად ეთქვა: „ფეხბურთი – ეს სისხლიანი ჯოჯოხეთია”. ჯოჯოხეთი, რომელიც სამოთხეს გულისხმობს, რომლის წყალობითაც მე ჩაბნელებული ოზურგეთიდან, გადმოყვანილი შუქით ძლივსგანათებული ოთახიდან (გრაფიკის გამო მალე მხოლოდ ნავთის ლამფის შუქს რომ დასჯერდება), გაჩახჩახებულ კამპ ნოუზე აღმოვჩნდი, ამ დიდ და შემაშინებელ სტადიონზე, რომელიც მერე მთელი ღამე დამესიზმრება.

გაკვეთილების მერე სკოლასთან ახლოს მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობდით. ერთხელაც, უფრო საინტერესო რომ გამხდარიყო ჩვენი „შეჯიბრება”, გადავწყვიტეთ, საფეხბურთო კლუბების სახელებით შევრკინებოდით ერთმანეთს. იყო ასეთი ჟურნალი – „ფეხბურთი”, ერთ ჩვენგანს ჰქონდა ხოლმე და გუნდების ჩამონათვალი ვნახეთ. ჰოდა, ერთ მათგანს გერბზე დემონი ეხატა. მანერულობის ამბავი იყო თუ რაც იყო, ვთქვი: მე ვიქნები „მანჩესტერ იუანიტედი”. არც ერთი თამაში არ მენახა ამ გუნდის, არც ერთი წევრის სახელი არ გამეგონა, ვიცოდი მხოლოდ დევიდ ბექჰემი, როგორც ვინმე რვეულების გარეკანთა გმირი. ხოლო იმ დღეს ნახევარფინალში გავედი. ნამდვილი „მანჩესტერი” თურმე მეოთხედფინალში იყო – ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. მერე დავტრიალდი და ერთი მეგობრის არქივს ჩავუჯექი – უმეტესად გაზეთი „სარბიელი” იძებნებოდა. ჩემი გუნდის შესახებ რამე უნდა მცოდნოდა – სირცხვილი იყო, ბოლო-ბოლო. ძველ თამაშებს ვკითხულობდი – პრემიერლიგის მიმოხილვებს. ხომ ამბობენ ჩვენი წინაპრები, რადიოთი რეპორტაჟის მოსმენა სულ სხვა იყო, უცნაური ხილვები მოჰქონდაო, მე საერთოდაც ფურცლებზე ვუყურებდი თამაშებს – დაუვიწყარი ინტიმი, ცალკე თავგადასავალია. დაუვიწყარზე გამახსენდა, დამავიწყდა მეთქვა, ეს 90-იანების მიწურულია, სალარნაკედ ქცეული ტელევიზორების დრო. თამაშებს ადგილობრივი ტელევიზიის შენობაში აჩვენებდნენ, სატელიტური ანტენით იჭერდნენ ერთ თურქულ ტელეარხს (STAR). დასწრება ლარი ღირდა. „ინტერი”-„მანჩესტერია”, განმეორებითი მატჩი. პირველი ოლდ ტრეფორდზე მასპინძლებმა მოიგეს 2:0. რონალდო ვიცოდი. ბაჯოც, ჯორკაეფიც, პალიუკაც – საერთოდ, იმათი უფრო მეტი ვიცოდი, ვიდრე „მანჩესტერის”. იმ დღეს ფენონმენმა ვერ ითამაშა, ვენტოლამ შეცვალა და გაიტანა კიდეც. მერე იყო დაძაბული წუთების წყება, მაგრამ გადავრჩით – სქოულზმა გამთანაბრებელი დაჰკრა. სახლში საოცრად ბედნიერი დავბრუნდი. წითელა შემეყარა.

წითელას ვინ ჩივის, საკითხი უფრო რთულად დგას.

ცრურწმენებს ბავშობიდანვე მიველტვი და ვებრძვი. დიახ, ორივე ერთად. ამიტომაც არ დასრულდა ეს ამბავი. ვიცოდი და ვიცი, რომ უკიდურესი სისულელეა, მაგრამ რაღაც ძალა მიბიძგებდა, რომ, მაგალითად, სანამ შუქი იყო, დაწოლის წინ სამჯერ ვანთებდი და ვაქრობდი. მერე ჩუსტებს სამჯერ ვიღებდი ხელში და ვდებდი. ხან, ბნელ და შემაშინებელ ღამეში, გავდიოდი იქ, უკან, სათხილეში, სადაც ბაბუაჩემმა თავი ჩამოიხრჩო, იმ ხეს ხელს მივადებდი და მერე შეშინებული მოვრბოდი უკან. ძალიან არ მინდოდა, მაგრამ რა გაეწყობოდა. კიდევ, ღამით ფრჩხილებს არ ვიჭრიდი, სკვინჩას სტვენა ან ძაღლის ყმუილი, მეგონა, კაცის სიკვდილს მოასწავებდა და ბევრი სხვა ასეთი ჩემეული თუ ნაკარნახევი ამბავი. ყველაფერი რომ მოვიშალე, „მანჩესტერი” გაჩნდა. ეგრე ჩავუთქვი, რომ თუ იგებს, ის კვირა წარმატებული მაქვს, თუ ვერ – შესაბამისად. სასაცილო საქმე გგონიათ? მე – თქვენზე უფრო. მაგრამ ვიცინი და მწამს.

იმ წლებში, როცა „მანჩესტერს” ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპიდან ხან „მილანი” აძევებდა, ხან – „ბაიერნი”, ერთხელ ბებერ ტრეფორდზე კიდევ ახალგაზრდა ჟოზე მაურინიო იშვა. მე ცოტა ჩამოვშორდი ფეხბურთის ცქერას. რთული წლები მედგა – ციხეში ვასწავლიდი, უნივერსიტეტში რუსთავიდან დავდიოდი, სიყვარულის ფრონტზე სისხლი იღვრებოდა. ბევრი ფული. ბევრი ოცნება. და არ მეცალა ამ ამბისთვის. გაზეთების ჯიხურს რომ ჩავუვლიდი, თუ გარეკანზე გუნდის თამაშის სურათი იყო გამოტანალი, ეგრე შევხედავდი, როგორც რომ განშორებულ სატრფოს – აი, თვითონ რომ გაგშორდება და შენ თან გიყვარს და თან კიდევ ეგო გიტევს. მოსახდელია. მერე შევრიგდით მე და ფეხბურთი. მერე რონალდუ იყო. ტერის მოსკოვში ფეხი დაუცდა. მერე – სხვა, ახალი გუნდი. მერე ფერგი წავიდა. მოიესი მოვიდა. ვან გაალი მოვიდა.

ჰოდა, ეგ არის. ამ საკითხზე ბევრს ვერ ვწერ. ძნელია სიყვარულზე წერა. ყველაზე ძნელი. არადა სულ გეწერება. მაგრამ ვერ. სიყალბის გეშინია. სიტყვის სხვაგან გაქცევის, ზევით. დიდი მცველის, იაპ სტამის პენალტივით.

ზურაბ შევარდნაძე – საუკეთესო მებაღე: „საუკეთესო მასწავლებლები მყავდა“

0
თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხრიოკ, ქარიან და უსახურ ადგილას პატარა წალკოტია გაშენებული. აქაურობას „გარდენია” ჰქვია, მისი მთავარი მებაღე კი ზურაბ შევარდნაძე გახლავთ. გურიის სოფელ ასკანაში დაიბადა და ამავე სოფლის საშუალო სკოლა დაამთავრა. სკოლას წლების შემდეგაც დიდი სიყვარულით იხსენებს, განსაკუთრებული სითბოთი კი მასწავლებლებზე საუბრობს. იხსენებს სკოლის ეზოში გაშენებულ სკვერსა და ბოსტანს, სახლის ეზოს ბამბუკის ტყესა და ხეხილის რიგებს. სწორედ აქ ყოფნისას ოცნებობდა, რომ ოდესმე საკუთარ სამოთხის ბაღს გააშენებდა და ასეც მოხდა – ზურაბ შევარდნაძის „გარდენია” დღეს თბილისის ყველაზე ლამაზი, ფერადი და სურნელოვანი ადგილია. 


– შეუძლებელია სკოლის პირველი დღე დაგავიწყდეს. ასევე სამუდამოდ გამახსოვრდება სკოლაში გავლილი მნიშვნელოვანი ეტაპები. თქვენ რას გაიხსენებდით?

– ჩემი პირველი 1-ლი სექტემბერი მართლად გუშინდელი დღესავით მახსოვს. მეცვა თეთრი პერანგი და მოკლე შარვალი, მგონი, ბრიჯები. ამის გამო ძალიან მრცხვენოდა, რადგან ყველას გრძელი შარვალი ეცვა. ამის შემდეგ სკოლაში გატარებული თითქმის ყველა დღე მახსოვს: როგორ გავხდი ოქტომბრელი, როგორ მიმიღეს პიონერთა რიგებში. სხვათა შორის, ჩემი რამდენიმე კლასელი ცუდად სწავლის გამო არ მიიღეს და ვფიქრობდი, რა უბედურები არიან, კიდევ კარგი მეც ეგრე არ გავიწირე-მეთქი. 

– დღეს წარმატებული ადამიანი ხართ. საინტერესოა, როგორი მოსწავლე იყავით?

– საკმაოდ ცუდი, სასკოლო პროგრამას არ ვსწავლობდი, სხვა ინტერესები მქონდა. მიყვარდა ცხოველები და მცენარეები, კლასში ჯდომას ტყეში სეირნობა მერჩივნა, რის გამოც სწავლისთვის ნაკლებად ვიცლიდი. ამის მიუხედავად, მაინც კარგი ნიშნები მქონდა, რადგან მასწავლებლებს ვუყვარდი. ცხადია, მეც ამავეთი ვპასუხობდი, რადგან ზოგადად ადამიანები მიყვარს. ძირითადად უფრო გოგონებთან ვმეგობრობდი, ბიჭებს ნაკლებად ვეკარებოდი, არასდროს მითამაშია ფეხბურთი ან კალათბურთი. სპორტული ცხოვრება არც მაშინ მიზიდავდა და არც ახლა. ჩემი ინტერესები ესთეტიკისა და სილამაზისკენ იხრებოდა. მიყვარდა ხელოვნება, ბუნება, კითხვა. 

– რამ ან ვინ ჩამოგიყალიბათ ასეთი ინტერესები?

– ძალიან მშრომელ და მოყვარულ ოჯახში, განათლებული და თბილი ადამიანების გარემოცვაში ვიზრდებოდი. მყავდა საოცარი ბებია და ბაბუა, სამაგალითო ადამიანები, თავდაუზოგავად მშრომელები, სწორი და საღი დამოკიდებულებით. განსხვავეულად აზროვნება და გემოვნება სწორედ მათგან ჩამომიყალიბდა. დიდი ოჯახი გვქონდა, სადილსა და ვახშამზე ყველა ერთად ვიკრიბებოდით, საღამოობით ჩაის სმის რიტუალს ვატარებდით. ამ დროს ვაჯამებდით განვლილ დღესა და ვგეგმავდით მომდევნოს. ბევრს ვსაუბრობდით, ერთმანეთს ვუსმენდით. ოჯახში ამგვარ დამოკიდებულებას ბავშვის ფსიქიკისა და აზროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ენიჭება. 

– ადამიანის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს მასწავლებელიც. გაიხსენეთ ისინი. 

– საუკეთესო მასწავლებლები მყავდა, საოცარი ადამიანები, საკუთარი საქმის მცოდნე, თავგადადებულები, თბილები, ბავშვების მოყვარულები და სამაგალითონი. იმდენად სწორი ადამიანები იყვნენ, რომ ცუდად მოქცევასა და სწავლას ვერც გაუბედავდი. ზოგი მათგანი დღემდე იქ ასწავლის, რაც მაიმედებს, რომ ჩემს სკოლაში კიდევ გაიზრდებიან კარგი ადამიანები. 

– თქვენთვის ალბათ გამორჩეული იყო ბოტანიკის მასწავლებელი…

– ბოტანიკას რამდენიმე მასწავლიდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის პედაგოგი დამამახსოვრდა, ვინც მისაღები გამოცდებისთვის მომამზადა – ნანა ხომერიკი. მან საგანი არა მხოლოდ ზედმიწევნით მასწავლა, არამედ შემაყვარა კიდეც. ამ სიყვარულის გარეშე ვერც ვისწავლიდი და ვერც ვერაფერს მივაღწევდი. 

– საკლასო ოთახის რაფაზე ჩამომწკრივებული ქოთნის ყვავილები ერთგვარი სტანდარტია. იყო დრო, როდესაც სკოლები ლამაზი ბაღებითაც ამაყობდნენ. თქვენი სკოლა ამ მხრივ გამოირჩეოდა? 

– დღემდე მახსოვს ჩემი სკოლის მებაღე შოთა კაცაძე, რომელიც შეთავსებით შრომის მასწავლებელიც იყო. მისი დამსახურებით ჩვენს სკოლას არაჩვეულებრივი ბაღი და პატარა ბოსტანი ჰქონდა. ბაღში მხოლოდ იმ დროს ცნობილი დეკორატიული მცენარეები იყო გაშენებული, მაგრამ ისე იყო მოვლილი, რომ თანამედროვე სტანდარტისა გეგონებოდა. სკოლის მოსწავლეები  ბაღის მოვლაში აქტიურად ვიყავით ჩართული. ეს პერიოდი დღეს ძალიან თბილად მახსენდება. შემდეგ დაიწყო 90-იანები: უშუქობა, სიცივე, გაჭირვება და ბაღისთვისაც არავის ეცალა. ბოლო წლებში ეს კულტურა ისვე ბრუნდება, მით უფრო დასავლეთ საქართველოში, სადაც მოვლილი ეზო ოჯახის პრესტიჟის საკითხია. გურიაში კი იმდენად თავმომწონე ხალხი ცხოვრობს, მათთვის პრესტიჟი ლამის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, მოვლილი ბაღები ჰქონდეთ.   

– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობთ, რომ ასეთი ბაღის გაშენებაზე ბავშვობიდან ოცნებობდით. რამდენად სრულყოფილად აგიხდათ ოცნება?  

– როდესაც „გარდენიას” ვუყურებ, მის ბილიკებზე დავდივარ და მცენარეებს ვეხები, ვხვდები, რომ ჩემი ბავშვობის დროინდელი ოცნება ზუსტად ისე ამიხდა, როგორც წარმომედგინა. ოცნების ახდენა დიდი საჩუქარია, რომელიც მერგო და რომელსაც სანუკვარი ჯილდოსავით ვუფრთხილდები. ყოველი დღის გათენება და საღამოს მოახლოვება მახარებს, ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ, როგორ იფურჩქნება ყვავილები, როგორ ხარობს ნერგი. ამასთან, ამხელა ბაღის გაძღოლა დიდი შრომაცაა, მთელი დღის განმავლობაში თავდაუზოგავად ვმუშაობ, მაგრამ ამას დიდი სიხარულით ვაკეთებ, რადგან ეს საქმე მიყვარს. გარდა ამისა, მყავს არაჩვეულებრივი გუნდი, ადამიანები, რომლებმაც საუკეთესოდ იციან საკუთარი საქმე, მათ თვალდახუჭული ვენდობი. 

– ინტერვიუს განმავლობაში ბაღში რამდენიმე ბავშვი შევნიშნე. საინტერესოა, როგორია მათი დამოკიდებულება ამ ბაღისა და ზოგადად ბუნების მიმართ? 

– ბუნება ბავშვებს უფროსებზე მეტად უყვართ, მაგრამ მათი სიყვარული გაუცნობიერებელია. ბევრი ზრდასრულის მსგავსად ისინიც ვერ ხვდებიან ბუნების გაფრთხილების აუცილებლობას. ეს გაკვეთილები მათ ჩვენ, უფროსებმა უნდა ჩავუტაროთ, მაგრამ მანამდე თავადვე უნდა შევიგნოთ, რომ ბუნების მოვლა  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის გაგება თანამედროვე ბავშვებს არ გაუჭირდებათ, მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტექნოლოგიების ბუმის პირობებში იზრდებიან. 

– როგორია თქვენი რეკომენდაცია მასწავლებლების მიმართ? როგორ შეიძლება ბუნების სიყვარული გაუღვიძონ მოსწავლეებს? 

– ჯერ ბუნება თავად უნდა შეიყვარონ – მცენარეების სიყვარული მხოლოდ ფანჯრის რაფაზე შემოდგმული ქოთნის ყავილების მორწყვა არაა. ეცადონ ბავშვები ხშირად ატარონ ბუნებაში, სკვერში, თუნდაც ჩემს ბაღში. ადამიანები დავშორდით ბუნებას და სულ უფრო ვშორდებით, ეს დაგვღუპავს. შვილები მაინც უნდა გადავარჩინოთ. სხვა მხრივ რეკომენდაციას ვერ მივცემ – მე მხოლოდ ადამიანებსა და ბუნებას შორის შუამავლის როლის შესრულება შემიძლია. თუ მოინდომებთ, გასწავლით, როგორ გაიფერადოთ ცხოვრება, როგორ შემატოთ მას ახალი სურნელი და შეგრძნებები. 

– თბილისის ძველ ფოტოებს თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ქალაქი მწვანეშია ჩაფლული. თანამედროვე თბილისი კი ამ მხრივ პოსტაპოკალიპტურ ნანგრევებს უფრო წააგავს.

– სწორედ ამიტომ ამ ეზოდან იშვიათად გავდივარ. თუ საქმეზე მომიწია გასვლა, ვცილობ, მალე დავბრუნდე. ძალიან მიჭირს მწვანე ფერისგან განძარცვული ქალაქის, უშნო შენობებისა და ესთეტიკას მოკლებულ პეიზაჟების ყურება. ეს არ არის ის ქალაქი, რომელიც ჩვენს შვილებს უნდა დავუტოვოთ. სამწუხაროა ისიც, რომ თითქმის მსგავსი რამ ხდება სოფლადაც. ადამიანებს მატერიალურად იმდენად უჭირთ, რომ საკუთარ გარემოს ყურადღებას აღარ აქცევენ. 

– გყავთ შეგირდები? არიან მებაღეობით დაინტერესებული ახალგაზრდები?

– მე საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივ კოლეჯს ვხელმძღვანელობ. ეს სასწავლებელი უკვე მერვე წელია არსებობს და წლის განმავლობაში 200-ზე მეტი მსმენელი გვყავს. საოცარი მოსწავლეები მყავს, ძალიან მონდომებულები და საქმის მოყვარულები. ზოგი ჩემი თანამშრომელი  სწორედ ამ კოლეჯის კურსდამთავებულია. მათი შემხედვარე მაქვს იმედი, რომ ჩემი პროფესია მომავალშიც გაგრძელდება და ამ დარგის უკეთესი სპეციალისტები გვეყოლება.

 

– „გარდენიას” შესახებ ყველას სმენია. ხშირად აქაურობას სამოთხესაც ადარებენ, რაშიც, შეუძლებელია, არ დაეთანხმო. როგორ წარმოგიდგენიათ მისი მომავალი? რა მიმართულებით აპირებთ ბაღის განვითარებას? 

– ამჟამად ბაღი საკმაოდ დიდ ტერიტორიას იკავებს, რაც ჩემთვის სრულიად საკმარისია, ამრიგად საზღვრების გაზრდაზე არ ვფიქრობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის განვითარებასაც შევწყვეტ. პირიქით, „გარდენია” ყოველდღიურად იზრდება, უახლოეს გეგმებში კი მის ტერიტორიაზე რამდენიმე სახელოსნოს გახსნა შედის. მალე გავხსნით თიხისა და ხის ნაკეთობების, ასევე კალათების დაწნის სახელოსნოებს, სამკერვალოსა და სხვა მსგავსი ტიპის პატარა საამქროებს. ვაპირებ სამებაღეო ჟურნალის გამოცემასაც. მინდა, „გარდენია” მეუნეობიდან ერთგვარ საზოგადოებად ჩამოყალიბდეს, სადაც ბევრი ადამიანი იტრიალებს, რადგან როგორც ადამიანებს სჭირდებათ ბუნება, ისე სჭირდება ამ მცენარეებს ადამიანები. 
ესაუბრა ია ვეკუა 

პირველი ნაბიჯები დროში გასაგნებად

0

პატარებს უჭირთ დროის აღქმა. მათთვის გასაგები და მისაღები აწმყო დროა, ის, რაც ახლა, ამჟამად ხდება. მათ თანდათან უწევთ გაიაზრონ დროდა დროის ის სისტემა, რომელიც კაცობრიობამ შექმნა. საბავშვო ბაღის წინასასკოლო პერიოდში ბავშვები იწყებენ ამ სისტემებთან გაშინაურებას, თუმცა პირველ კლასში თავს იჩენს ის ფაქტი, რომ უმრავლესობას არ აქვს მყარი ცოდნა წელიწადის, თვეების, კვირის დღეების შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ საათის ცნობაზე.

კითხვის საათისათვის შემოთავაზებული ეს ზღაპარი და მისი აქტივობები, ვიმედოვნებთ, გამოგადგებათ მათი ცოდნის გამოსაცდელად, განსამტკიცებლად, თვალსაწიერის გასაფართოებლად და სხვადასხვა მეთოდებით მუშაობის გამოცდილების მისაღებად.

1.ვურიგებთ საკითხავ ტექსტს (დანართი 1) თითოეულ მოსწავლეს. ხმამაღლა კითხვაში მონაწილეობს რამდენიმე მათგანი, სხვებს ვთხოვთ ყურადღებით მიადევნონ თვალი, მონიშნონ უცხო სიტყვები, დასვან შეკითხვები.

2.კითხვის დასრულების შემდეგ გონებრივი იერიშის მეთოდით ვაზუსტებთ ყველა გაუგებარ სიტყვას, ვპასუხობთ ბავშვების კითხვებს და თავად ვეკითხებით:

რამდენი თვეა წელიწადში?
ჩამოთვალეთ თვეები წელიწადის დროთა მიხედვით.
წელიწადის რომელ დროს რა ფერი ჭარბობს ბუნებაში?
რას მიირთმევენ ციყვები ზამთარში?
როგორ ვიცვამთ ზამთარში? ზაფხულში?
რამდენი კვირაა თვეში?
ვინ ჩამოთვლის კვირის დღეებს?
და ასე შემდეგ, თქვენი შეხედულების მიხედვით.

3.განვმარტავთ უცხო სიტყვებს (ფუღურო, აისი, დარდი, გაუჩინარება…);

4.ფურცლებზე ვაწერთ წელიწადის დროთა სახელებს და ვაკრავთ ოთახის სხვადასხვა კუთხეში. ბავშვებს ვთხოვთ, გადანაწილდნენ ამ კუთხეებში თავიანთი დაბადების დღეების შესაბამისად. კიდევ ერთხელ გვეძლევა საშუალება შევამოწმოთ, თუ რამდენად სწორად იციან ბავშვებმა თვეებისა და წელიწადის დროთა შესაბამისობა.(თუ არათანაბარი გადანაწილება მოხდა, ჯგუფური სამუშაოს დაწყებამდე შეგვიძლია მოვახდინოთ რეორგანიზება).

5.ჯგუფებს დასჭირდებათ მასალა: ფურცლები, ფანქრები, ფლომასტერები, წებო, ფერადი ქაღალდები. ვაძლევთ

2 დავალებას: ა) დახატონ ვაშლის ხე თავიანთი ჯგუფის წელიწადის დროის შესაბამისად; ბ) მოამზადონ პრეზენტაცია ზამთრის/გაზაფხულის/ზაფხულის/შემოდგომის შესახებ; ტექსტში მოცემულ აღწერას დაამატონ თავიანთი სათქმელი ამ დროზე.

6.ჯგუფები აკეთებენ ნახატისა და კითხვაზე პასუხის წარმოდგენას.

7.შემდეგი აქტივობა კალენდრის შედგენას ეხება, რაც ჩვენი მონაწილეობით ხდება. გამოვკიდებთ კალენდრისათვის წინასწარ დახაზულ ცხრილს და ვუხსნით ბავშვებს რომელი გრაფა რისთვის არის განკუთვნილი. ვიწყებთ მიმდინარე თვის კალენდრის შედგენას. გონებრივი იერიშით, ვთხოვთ ჩამოთვალონ კვირის დღეები, რაც შეგვაქვს ცხრილში. შემდეგ ვწერთ რიცხვებს და დასვენების დღეებს წითლად აღვნიშნავთ (ამ პროცესში თავად მოსწავლეებიც შეიძლება მონაწილეობდნენ) და განვმარტავთ. ჩვენს კალენდარს ვტოვებთ კედელზე. კალენდრის ქვეშ, მოსწავლეთათვის ხელმისაწვდომ სიმაღლეზე, ვაკრავთ დიდ თეთრ ფურცელს წარწერით ,,ჩემი ერთი ფოტო”.

8.ვაჯამებთ კითხვის საათს და ვგეგმავთ შემდეგი კლასის საათის თემას: მომდევნო კვირაში ყველა მოსწავლემ უნდა მოიტანოს უკანასკნელ წელიწადში გადაღებული საკუთარი ფოტოსურათი და მიამაგროს კლასში მომზადებულ ფურცელს, შეხვედრის დროს კი ერთ წუთში უამბოს თანაკლასელებს ამ სურათის ისტორია და ის, თუ რატომ შეარჩია ეს ფოტო მეგობრებთან მოსატანად. კარგი იქნება, თუ პირველ მაგალითს თავად პედაგოგი მისცემს ბავშვებს და საკუთარ ფოტოსაც წარუდგენს. ამ აქტივობით შეგვიძლია გადასვლა დროის უფრო მცირე საზომ ერთეულებზე დღე-ღამეზე, საათზე, წუთებზე…

მაგრამ ეს უკვე სამომავლო თემაა, თუ მკითხველს ის დააინტერესებს.
დანართი 1

ციყვთა სკოლა

ერთ პატარა მთაზე თავქოჩორა ტყე შრიალებდა. ტყეში იმხელა ხეები იდგა, რომ სამი კაცი ძირს ხელს ვერ შემოუწვდენდა. ერთი ხის ფუღუროს თავზე ეწერა ,,ციყვთა სკოლა”.

შუადღისას ფუღუროდან პატარა ციყვები გამოიშალნენ. წვრილი, ციყვური ხმით ლაპარაკობდნენ. ყველა მოწესრიგებულად იყო ჩაცმული, მხარზე ფერადი ჩანთები ჰქონდათ მოკიდებული.

ორნი მოგვიანებით გამოვიდნენ, იქვე, ტოტზე ჩამოსხდნენ და საუბარი გააბეს.

ნეკა, გეხვეწები, დამეხმარე, დღევანდელი დავალების გაგება გამიჭირდა, ხვალ რა უნდა ვუპასუხო მასწავლებელს? – უთხრა მოზრდილმა ციყვმა პატარას, თან ხმაში ტირილი გამოერია.

ანცი, მე ყველაფერი კარგად გავიგე, თან ძალიან საინტერესო იყო, ერთი სული მაქვს, შემდეგ გაკვეთილამდე, რომ საათის ცნობაც ვისწავლო. შენ ეტყობა, არ უსმენდი, მაგრამ ნუ იდარდებ, ყველაფერს აგიხსნი, – დაამშვიდა ციცქნა ციყვმა მეგობარი და ტოტზე უფრო მოხერხებულად მოეწყო.

ოღონდ ახლა დამეხმარე და სულ ყურადღებით ვიქნები, რაო, რაო, წელიწადი რა არისო?

წელიწადი დროა, ხომ გახსოვს, ხუთი წლის როცა გახდი და დედაშენმა თხილებით მორთული დიდი ტორტი გამოგიცხო? მე გესტუმრე და ლამაზი ფოტოალბომი გაჩუქე? იმ ალბომს დიდი ასოებით აწერია, „შენი ერთი წელიწადი”. ასეთი ალბომი მეც მაქვს და დედა ჩემს ფოტოებს თანმიმდევრულად მიკრავს. ახლა შინ რომ მივალთ, გადავათვალიერებ და სულ გამახსენდება, რა მოხდა ამ ერთ წელიწადში.

მეც დავათვალიერებ, ჩემს სურათებსაც აკრავს დედაჩემი. მაგრამ წელიწადი მაინც რა არის?

რა არის და ის დროა, რომელიც შენი ერთი დაბადების დღიდან მეორემდე გადის. მაგრამ ყველამ თავის დაბადების დღიდან რომ ითვალოს, ყველაფერი აირევა, ზოგს როდის აქვს დაბადების დღე და ზოგს – როდის. ამიტომაც წელიწადის დასაწყისად პირველი იანვარი ითვლება. ის წელიწადის დაბადების დღეა.

უჰ, როგორ მიყვარს ახალი წელი, ჩურჩხელები, გოზინაყი…

აი, ისევ სხვაგან გაგექცა გონება. ეგენი მეც მიყვარს, მაგრამ ახლა სხვა რამეზე ვლაპარაკობთ, – იწყინა ნეკამ.
ბოდიში, ბოდიში. გისმენ.

ახლა ის დაიმახსოვრე, რომ ყოველ წელიწადში ოთხი დროა: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი.

გაზაფხული მეც ვიცი, გაშიშვლებული ხეები ფოთლებს რომ გამოიტანენ, მიწიდან ბალახი თავს რომ ამოყოფს, ენძელები, ყოჩივარდები, იები ამოვლენ და გაალამაზებენ ჩვენს ტყეს…

მართალი ხარ, გაზაფხულზე დათბება, მერე უკვე რომ დაცხება, ზაფხულიც მოვა. ზაფხულში სკოლიდანაც დაგვითხოვენ და დიდი არდადეგები გვექნება. დღე გაიზრდება, მზე ადრე ამოვა და გვიან ჩავა, დიდი დრო გვექნება სათამაშოდ და ნაკადულზე საბანაოდ.
მერე?
მერე შემოდგომა მოვა. შემოდგომას რა სჯობს? ყველა ხილი მწიფდება, თხილი, კაკალი, წიფელი პანტა-პუნტით დაიწყებს ცვენას და ჩვენც მოვაგროვებთ, ფუღუროში კალათებს ავავსებთ. ფოთლები ფერს შეიცვლიან, ჯერ შეწითლდებიან, მერე გაყვითლდებიან, მერე ქარი დაუბერავს და დადგება ფოთლების კორიანტელი. მერე ხომ იცი, რაც იქნება?
მერე კი ვიცი, აცივდება და თოვლი მოვა, თბილი ფეხსაცმელის და ტანსაცმელის ჩაცმა დაგვჭირდება…
სწორედ ეგ იქნება ზამთარი, და შემდეგ წელიწადიც თავიდან დაიწყება, ისევ მოვა ჩვენი დაბადების დღეები… აი, ეგეც შენი წელიწადი. გაიგე?

კი, როგორ არ გავიგე, მაგრამ კიდევ რაღაც თორმეტიო, მაგას რა დაიმახსოვრებს? – ანცი ტოტიდან ჩამოხტა და ფუმფულა კუდი აპრიხა.

წელიწადში თორმეტი თვეა, არც მაგის დამახსოვრებაა თხილის გატეხვაზე ძნელი, თან ვიაროთ და თან თვეები ჩამოვთვალოთ, – ჩამოხტა ნეკაც და ჩანთა მხარზე გადაიკიდა.

ციყვებმა სკუპ-სკუპით გააგრძელეს გზა, თან მიიმღეროდნენ:

იანვარი, თებერვალი, მარტი,
მზემ დაადნო ყინვა-თოვლის დარდი.
აპრილი და მაისი –
ადრე დგება აისი,
ივნისს მოსდევს ივლისი,
აგვისტოა ცხელი,
სექტემბერი ზარს ჩამოჰკრავს
და ოქტომბერს ელის.
ნოემბერი ფოთლებს
დეკემბრამდე მოკრეფს.

ციყვები სიმღერ-სიმღერით დაემშვიდობნენ ერთმანეთს და მეზობელი ხეების ფუღუროებში გაუჩინარდნენ.

დაამარცხეთ ტაბუ და დისკრიმინაცია საკლასო ოთახში

0

ბებიაჩემი ფიზიკის მასწავლებელია. როგორც თავად ამბობს, მის ხელში თაობებს გამოუვლიათ. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ბებო პროფესიონალია და საკლასო ოთახში მოსწავლეების ყურადღების კონცენტრაციას ზედმიწევნით ახერხებს. იშვიათად შეჰქმნია მათთან ურთიერთობების სირთულეები. გასულ კვირას ბებოს რჩევა დასჭირდა. მითხრა, რომ მის სადამრიგებლო კლასში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლე გადავიდა, რომელმაც მცირე დოზით დისკომფორტი შეუქმნა. წუხდა, რომ სპეციალური ტრენინგი, გავლილი არ აქვს და არ იცის, როგორ დაარეგულიროს ეთიკურად თანაკლასელების დისკრიმინაცია ახალი მოსწავლის მიმართ. რა თქმა უნდა, შესაფერისი რჩევები მივეცი და გამოცემა TheGuardian-ის ამ სტატიის თარგმნაც მას შემდეგ გადავწყვიტე. ჰოდა, თქვენ, თუ მასწავლებელი ხართ და მსგავსი დაბრკოლება შეგქმნიათ, სტატიაში გამოცდილი პროფესიონალების რამდენიმე უნიკალურ რჩევას წაიკითხავთ.  

როგორ მოიქცევით, თუ სკოლის მოსწავლე თანაკლასელებისაგან განიცდის ჰომოფობიურ და რასობრივ დისკრიმინაციას? რა გზებს მიმართავდით, თუ საქმე უფრო რთულადაა, თუ სკოლის მოსწავლე ფსიქიკური პრობლემების გამოა დამცირებული? 

შესაძლოა ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად სპეციალური ტრენინგები და ამ სფეროში სამედიცინო განათლებაა საჭირო. ფაქტი ერთია – ყველა მასწავლებელი ფსიქიატრის როლს ვერ მოირგებს, შესაძლოა, მათ ვერც სპეციალური ტრენინგები გაიარონ, თუმცა არსებობს სასარგებლო აქტივობები, რაც მათ დისკრიმინაციის დაძლევაში დაეხმარება, იზოლირებულ არასრულწლოვნებს მდგომარეობას შეუმსუბუქებს. 

ესაუბრეთ მოსწავლეებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პრობლემების შესახებ

შარლოტა უოლკერი, ბლოგერი, რომელიც ფსიქიკური პრობლემების შესახებ წერს, აღნიშნავს, რომ ეს თემა სკოლებში ყოველთვის ტაბუდადებული იყო. მასზე არავინ საუბრობდა. 

12 წლის ასაკში მხოლოდ ბროშურიდან მივხვდი, რომ საშინელი დეპრესია მქონდა. ბროშურა მოზარდთა ფსიქიკურ პრობლემებს ეხებოდა.

შარლოტა ახლა დედაა და კვლავ აღელვებს, რომ სკოლებში ეს პრობლემა ისევ დგას. ის ფიქრობს, რომ ტაბუირება მხოლოდ სტიგმას არ იწვევს, არამედ მსხვერპლის მდგომარეობას იმ მხრივაც აუარესებს, რომ ფსიქიკური აშლილობა უმართავი ხდება.

ჩემი ვაჟის სასკოლო გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებთ, სკოლის ადმინისტრაცია უფრო ღელავს მოსწავლეების უძილობასა და საგამოცდო სტრესზე, თუმცა ეშინიათ თვალი გაუსწორონ შიზოფრენიას. 

უიოლკერი მიიჩნევს, რომ მასწავლებლები ამ პრობლემას უფრო მეტი გახსნილობითა და გულწრფელობით, მოსწავლეებთან ხშირი საუბრით უნდა ებრძოლონ. 

გასაგებია, რომ გაკვეთილები სქესობრივი განვითარების შესახებ ხშირად პრობლემურია და ბევრ მშობელსა და მასწავლებელს არ სურს ამ თემაზე მოსწავლეებთან საუბარი. თუმცა, როცა საქმე სტიგმასა და ჯანმრთელობას ეხება, აქ დუმილი დანაშაულის ტოლფასია. როცა ყველა მოსწავლე ინფორმირებულია ჯანმრთელობის ამ მდგომარეობის შესახებ, მათ უფრო ნაკლებად უჩნდებათ თანაკლასელის დამცირების სურვილი. 

უარი თქვით დამამცირებელ ტერმინებზე

საკლასო ოთახში ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრის წამოწყების დროს, აუცილებლად წინასწარ გაეცანით ეთიკურ ტერმინოლოგიას. უამრავი დაკვირვება აჩვენებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებულ შეურაცხმყოფელ ტერმინებს ბავშვები ხშირად იყენებენ ყოველდღიურ საუბრებშიც. მასწავლებლები ბოლომდე უნდა ებრძოლონ მოსწავლეების მიერ დისკრიმინაციული ტერმინების გამოყენებას.

კონსულტანტი ფსიქიატრი არუნ ჩოპრა განმარტავს, რომ ტერმინოლოგიის არასწორად გამოყენება ხშირად იწვევს გაურკვევლობას. ასევე ფიქრობს, რომ სპეციალისტებს ბევრი მუშაობა მოუწევთ ტერმინოლოგიის გასაუმჯობესებლად. 

დამამცირებელი ტერმინები რეალურად ვერასოდეს ახსნიან ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას. თქვენ ვერასოდეს აღწერთ შესაბამისი ტერმინით ადამიანს, რომელიც დიაბეტის მსუბუქი ფორმითაა დაავადებული.

როგორც უკვე აღვნიშნეთ – მეტყველება ღრმა დისკრიმინაციის ხილული ზედაპირია. არაეთიკური ტერმინების განდევნა მეტყველებიდან სრული გამოსავალი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ბიძგი ნამდვილადაა.

დაეხმარეთ მოსწავლეებს მოუყვნენ თავიანთი ისტორიები თანაკლასელებს

იმისათვის, რომ კარგად შეიგრძნონ ამბავი, ადამიანებმა ისტორიები საკუთარი ყურით უნდა მოისმინონ. შესაბამისად, თანაკლასელებსაც სჭირდებათ ისტორია, რომ კარგად გაიგონ, რეალურად რა სჭირს მათ მიერ შეურაცხყოფილ მოსწავლეს.

როცა საავადმყოფოდან ახლადგამოწერილი მოსწავლე სკოლაში მოდის, ყოველთვის ვცდილობ, რომ მას თავისი ისტორია თანაკლასელებთან მოვაყოლო. მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარებაც – როგორ ჩაუტარდა მკურნალობა, როგორ გადალახა, თავს როგორ გრძნობს და ა.შ. – ამბობს დოქტორი კელვინი დეივიდი. ზოგიერთ მათგანს არ სურს საკუთარი ისტორიის მოყოლა, ზოგს – პირიქით. ხშირად მათი უარის მიზეზი ისაა, რომ ისინი საჭირო სიტყვებს ვერ პოულობენ, არ იციან როგორ გადმოსცენ ამბავი. სწორედ აქ სჭირდებათ მათ მასწავლებლების ბიძგი, მხარდაჭერა, რომ სიტყვებს იოლად მიაგნონ. 


წყარო: https://www.theguardian.com/teacher-network/2014/dec/02/mental-health-taboo-classroom



წარატმებას გისურვებთ!

0

ერთი ეგეთი დღე იყო, თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ვისხედით, მე სადიპლომო კინოსცენარს ვაშანშალებდი და ვცდილობდი, ჩემი პედაგოგისთვის, – ძალიან მაგარი მწერალი რომაა და კოტე ჯანდიერი რომ ჰქვია, აი, იმისთვის, – ჩემი პერსონაჟი რაც შეიძლება დამაჯერებლად აღმეწერა. ჰოდა, სხვა ავლადიდებასთან ერთად ერთი ისიცა ვთქვი, ეს ჩემი პროტაგონისტი დიდად წარმატებული ქალია-მეთქი. აქედან იწყება ამ ბლოგის ამბავიც და ჩემი და წარმატების ურთიერთობაც. კოტემ გამაჩერა და მომთხოვა ამეხსნა, რას ნიშნავს წარმატება. მეც დავიწყე და გავიჭედე… უფრო კი იმაზე ჩავიხლართე, რარიგ განსხვავებული ცნებაა „წარმატება” თითოეული ადამიანისთვის და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს ჩვენი წარმატება საერთოდაც არ არსებობს. აფერუმო, ამ დასკვნაზე კოტემ და მერე გულწრფელად გამიზიარა, მაგ სიტყვაზე მეტად არაფერი მეზიზღებაო. ჰოდა, აი, ახლა ამ წარმატებაზე, მისდამი მონურ დამოკიდებულებასა თუ ზიზღზე მინდა გელაპარაკოთ.

ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ბავშვებს აღუს თქმისთანავე აჩვევენ, რომ გარშემო კონკურენციაა, მათ უნდა იბრძოლონ და წარმატებას მიაღწიონ. მოსწავლეებთან ჩემი ურთიერთობისას მიღებული გამოცდილებაც იმავეს ადასტურებს, დიდი თუ პატარა ერთხმად გაიძახის, ჩვენი მიზანი წარმატებაა, თუმცა ვიცით, რომ გარშემო კონკურენციაა და უკეთესები უნდა ვიყოთო, მოკლედ, ბაზარმა დაგვარეგულიროსო. ბავშვები ასე იზრდებიან, წარმატებისთვის მებრძოლებად, წარმატების გამო ბევრი სხვა რამის დამთმობებად, წარმატების იდეალის მაღიარებლებად… მაგრამ რა არის წარმატება, ალბათ, ვერც ერთი მათგანი ზუსტად ვერ გეტყვით. ზოგისთვის ესაა ბევრი ფული, ზოგისთვის – წინსვლა პროფესიაში, ზოგისთვის – საყვარელი გოგოსგან შესაბამისი პასუხის მიღება, ზოგისთვის – ჯანმრთელობა… ყველა თავისებურად უყურებს ამ საკითხს და ამაში არაფერია სამწუხარო და სავალალო, საქმე უფრო სხვა რამაა, ის სხვა რამ, საკუთარ თავს საზოგადოებას რომ უწოდებს და გამუდმებით სურს, სიტუაცია აკონტროლოს. აი, ეს კეთილისმყოფელი საზოგადოება ადამიანებს წარმატებულებად და წარუმატებლებად აჯგუფებს და შესაბამისადაც ექცევა. სატელევიზიო თოქშოუები თუ საინფორმაციო გადაცემები გამუდმებით გვიხატავენ წარმატებული ადამიანის ხატს და მერე ისევ იმ ადამიანებს იწვევენ, ვინც ამ ხატის პირობებს აკმაყოფილებს. მაგალითად, წარმატებულია ადამიანი, თუ მას საზოგადოება კარგად იცნობს და სახეზეც ცნობს, მაგრამ რატომღაც იმავე მანდატით ვერ სარგებლობს სხვა ადამიანი, რომელიც სავსებით ბედნიერია, თუნდაც ჩრდილში ყოფნით. ადამიანი, რომელსაც სტაბილური, სასიამოვნო სამსახური და მტკიცე ოჯახი აქვს, სულაც არაა კარგი ყალიბი წარმატებული ადამიანის ნიღბის ჩამოსასხმელად, იმ ადამიანისგან განსხვავებით, რომელსაც არეულ-აწეწილი ცხოვრება ვერ დაულაგებია და ხან რა სკანდალში ეხვევა და ხან რა მარაზმი ემართება… გვინდა თუ არა, ბავშვებიც ეჩვევიან ამ ხატს და ცდილობენ, რაც შეიძლება წარმატებულები იყვნენ, ხშირად კი წარმატებისკენ ამ გაუაზრებელ სწრაფვას საკუთარ ბედნიერებასაც სწირავენ. უარს ამბობენ პირად ურთიერთობებზე, ჰობიზე, რეალურ, შინაგან მისწრაფებებზე, საკუთარი თავისა თუ საკუთარი სამყაროს ძიებაზე და ამის ნაცვლად დღესა და ღამეს ასწორებენ, ოღონდაც ერთი ნაბიჯით წინ წაიწიონ წარმატების გზაზე, რომელიც მკაცრად შემოსაზღვრული კალაპოტით გამოირჩევა.

კიდევ ერთი ინსტიტუცია, რომელიც ბავშვის წარმატებისკენ სწრაფვას განაპირობებს, რა თქმა უნდა, ოჯახია, მშობლები. ისინი ხშირად დაბადებამდეც კი საზღვრავენ შვილის მომავალს და მერე გამალებით შტამპავენ ბავშვს, უვიწროებენ თვალსაწიერს და აფიქრებენ მხოლოდ ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე, რომელსაც, მათი წარმოდგენით, ბავშვი წარმატებისკენ მიჰყავს. ასე ჩნდებიან ჩვენ გარშემო 8-9 წლის პატარები, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ ბიზნესის ადმინისტრირება, არქიტექტორობა, პიარმენეჯერობა და ა.შ. სინამდვილეში ეს მათი მშობლების ოცნებებია, რომლებმაც პირდაპირ თუ ირიბად ჩააწვეთეს შვილებს, რომ თუ კეთილდღეობა სურთ, იმ ბიძიებივით და დეიდებივით კარგი მანქანები, გემრიელი საჭმელი და ბევრი საინტერესო გასართობი, მაშინ მაღალანაზღაურებად პროფესიებს უნდა დაეუფლონ, რათა იმუშაონ ბანკებში, ოფისებში, კანტორებში.

ხშირად გამიგონია ჩემი ოჯახის ახლობლებისა თუ შორეულ-უშორო ნათესავების ბაგეთაგან დედაჩემის მიმართ გამოთქმული გულისტკივილი: „ეჰ, მაინც მსახიობობა მოინდომა, არა?”, „არადა, რა კარგი დიპლომატი გახდებოდა”, „ბიზნესი ესწავლა აზირ”, „ბანკებში ისეთი ხელფასები აქვთ, წასულიყო მაგ მხარეს”, – და ა.შ. საბოლოოდ დიდი ბრძოლის გადატანა გვიხდება მეც და იმ ბავშვებსაც, ვინც სასწორის ერთ პინაზე წარმატების მშობლებისეულ მოდელს დებს, მეორეზე კი საკუთარ ოცნებას და ვისი ოცნებებით დატვირთული პინაც მკვეთრად ექვემდებარება გრავიტაციას. ეს ბრძოლა მრავალმხრივია და ხშირად მარცხით სრულდება. ასე შემომეცალნენ ბავშვობის მეგობრები, რომლებთან ერთადაც ვოცნებობდი ხელოვნებაზე. ზოგი იურისტი გახდა, ზოგი – ბანკირი… არ მინდა იფიქროთ, თითქოს რომელიმე პროფესიას ვაკნინებდე; არა, რა თქმა უნდა. ჩემ გარშემო ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებსაც თხემით ტერფამდე უყვართ საკუთარი პროფესია, რიცხვებზე შეყვარებული ფინანსისტები, რომლებიც დიდ სიამოვნებას იღებენ გამოთვლებისგან, სასამართლო დავებზე გულის ბაგაბუგით მიმავალი იურისტები, რომლებსაც იმ დარბაზში ჯდომაც კი ერთ რამედ უღირთ და ა.შ. მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ასეთი არცთუ ბევრია. პროფესიას უმეტესად რაღაც საერთო დინების მიხედვით, რაღაც გაუგებარი კარნახით ირჩევენ ხოლმე. ეს უცნაური ხმაა, რომელიც თითქოს კონკრეტულად არავის ეკუთვნის, მაგრამ მაინც გაისმის ჩვენ შორის, გუგუნებს, ნიავს დაჰყვება, მოვარდება მოულოდნელად, როცა ფიზიკოსობაზე ოცნებობ და ყურში ჩაგწივის: „სიღარიბეში გინდა მოკვდე?! ბანკში წადი, ბააანკშიიი! ბანკი კარგიაა! ფუული, ბეეევრი ფული!” და ბევრი ფიზიკოსი მიდის ბანკში. იქ კი მათი უმაღლესი მიღწევა უმეტესად უფროსი საკრედიტო ოფიცრის ჩინია. ეს ხომ ლოგიკურია – მათ არ უყვართ ბანკი, ისინი ცდილობენ, იყონ წარმატებულები იქ, სადაც ყოფნა არ უყვართ, ეს კი გადაუჭრელი ნონსენსია.

და მაინც, რა არის წარმატება? ალბათ, საკუთარი თავით კმაყოფილება, ან საკუთარი სურვილების რეალიზების შესაძლებლობის ქონა, ან სიმშვიდის მოპოვება, ან ყოველდღიურობით ბედნიერება, ან საინტერესო ცხოვრება, ან… ან… ან… ცუდი სიტყვები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ სიტყვები, რომლებიც ადამიანმა არასწორად მოირგო, უკუღმა ჩაიცვა და ახლა ელვას ვეღარ პოულობს, რომ შეიკრას.. ალბათ, არც ეს სიტყვა იქნება მავნე, თუ მას სწორ სარჩულს დავუდებთ და, რაც მთავარია, ჩვენს ზომას მოვირგებთ და არა მშობლებისას. მშობლებისა, საზოგადოებისა, ტელემოკარნახეებისა და სხვათა და სხვათა შესაძლოა კიდეც მოგვერგოს, მაგრამ ნახმარი იქნება, გაცვეთილი, ქიმწმენდაში გატარებული და ტანისამოსით მოვაჭრეებს აგრერიგად რომ უყვართ ეს სიტყვა, ისეთი – ახალივით! ანდა ჩინური პატენტებივით ნამდვილს ემსგავსება, მაგრამ ლანჩაზე თუ კარგად დააკვირდებით, „წარმატების” ნაცვლად სიტყვა „წარატმება” ეწერება, ჰოდა, თქვენც წარატმდებით და წარატმდებით მასთან ერთად… და თუ ესაა თქვენი ნამდვილი, გულითადი სურვილი, რაღა დამრჩენია, წარატმებას გისურვებთ ამ საქმეში!

ალტერნატიული შეფასება სასწავლო პროცესში

0

შეიძლება ითქვას, რომ ინგლისური ენის მასწავლებლები ნამდვილად არ უჩივიან საინტერესო და სასარგებლო ტრენინგებისა და სემინარების ნაკლებობას. თბილისის მასწავლებელთა სახლი ხშირად უწევს მსგავსი ღონისძიებების მათთვის ორგანიზებას, რომლებსაც უცხოელი ექსპერტები უძღვებიან. ერთადერთი პრობლემა დროის გამონახვაა, განსაკუთრებით რეგიონების პედაგოგებისათვის. დღეს მინდა ერთ-ერთი ასეთი სამუშაო შეხვედრიდან მიღებული გამოცდილება გაგიზიაროთ. საუბარი შეეხება არაფორმალური შეფასების მნიშვნელობას ზოგადად და შეფასების საშუალებებს. როგორც მოგახსენეთ, ტრენინგი ინგლისურის მასწავლებლებისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ზოგიერთი რეკომენდაცია არა მარტო სხვა უცხოური ენების, არამედ სხვა საგნების, განსაკუთრებით ჰუმანიტარული მიმართულების საგნების მასწავლებლებსაც გამოადგებათ.

 

ფაქტია, რომ ბოლო ორი ათეული წელია ინგლისური ენის პოპულარობა მთელს მსოფლიოში გაიზარდა. საქართველოს სკოლებში უკვე რამდენიმე წელია ინგლისური პირველი კლასიდან სავალდებულო სახით ისწავლება. ინგლისური ენის მზარდმა პოპულარობამ ყველაზე ნათლად გამოკვეთა ენის მთავარი დანიშნულება – ადამიანებს შორის კომუნიკაციის დამყარების საშუალება. აღნიშნულ გარემოებას ინგლისური ენის პოპულარობის ზრდასთან ერთად მოჰყვა მნიშვნელოვანი ცვლილებები სწავლების მეთოდიკაში. სწავლების თანამედროვე ტენდენცია, რომელიც ჰუმანისტურ და მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას აღიარებს, უცხო ენის სწავლებისას ყურადღებას კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე ამახვილებს. მნიშვნელოვანი გახდა უცხო ენის სწავლების ისეთი მეთოდები და შეფასების ფორმები, რომელიც სწავლის პროცესში მაქსიმალურად შეამცირებს მოსწავლის სტრესს და შექმნის კეთილგანწყობილ სასწავლო გარემოს. გარკვეულწილად შეიცვალა დამოკიდებულება სასწავლო პროცესის უცილობელი შემადგენელი ნაწილის – შეცდომის მიმართ. ეჭვქვეშ დადგა ის გარემოება, რომ აუცილებელია შეცდომის მყისიერად დაფიქსირება და გასწორება, რადგანაც მიიჩნევა, რომ ასეთი მიდგომა ზრდის მოსწავლის წარუმატებლობის რისკს. უნდა აღინიშნოს, ის რომ ტრადიციული, ე.წ. ,,კალამი-ფურცლის” ტესტირება აღარ წარმოადგენს შეფასების ერთადერთ საშუალებას, რაც სავსებით სამართლიანია, რადგანაც იგი არ იძლევა შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოვლინების საშუალებას, თუნდაც მათთვის, ვისაც გამოკვეთილი კომუნიკაციური უნარები აქვთ.

შეფასების საშუალებების გამრავალფეროვნება და მისი, ე.წ. ალტერნატიული ფორმები გულისხმობს მოსწავლეთა საჭიროებების, ინტერესების, სწავლის სტილის გათვალისწინებას. ის ცდილობს მოახდინოს შეფასების და აქტივობების ერთიან სასწავლო პროცესად ინტეგრირება. ალტერნატიული შეფასება უმეტესად პერფორმანსზეა აგებული და ხაზს უსვამს პოზიტიურ განწყობებს, უპირატესობას ანიჭებს განმავითარებელ შეფასებას.

ალტერნატიული შეფასება ქმნის უკეთეს შესაძლებლობებს მოსწავლესა და მასწავლებლის ეფექტური უკუკავშირისათვის, ადგენს სასწავლო მეთოდების ეფექტურობის ხარისხს, გამოკვეთს მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს. მნიშვნელოვანია, რომ სწავლების საწყის საფეხურზე მოსწავლეებმა დაინახონ, რომ ისინი თავიანთ ლინგვისტურ კომპეტენციებში წარმატებებს აღწევენ, რაც მათ დამატებით მოტივაციას შეუქმნის. ალტერნატიული შეფასება მოსწავლეს უფრო მონდომებულს ხდის, ხოლო მასწავლებელს აძლევს საშუალებას მთავარი ყურადღება გაამახვილოს სწავლის არა პროდუქტზე, არამედ პროცესზე.

პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის ადვილი შესამჩნევია, რომ საწყის ეტაპზე დამწყები მოსწავლეები, წესისამებრ, ცუდად ართმევენ თავს ტესტებს. ამასთან, რაც მეტად ვცდილობთ გავზომოთ მათი ცოდნა მკაცრად გაწერილი შეფასების კრიტერიუმებით, შეცდომების რაოდენობა მით უფრო იზრდება. შესაბამისად იზრდება საფრთხე, რომ მოსწავლეს საბოლოოდ მიეკეროს წარუმატებლის იარლიყი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, თვითონაც შეურიგდეს ასეთ მდგომარეობას. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები შევაფასოთ ნაკლებად სტრესული მეთოდებითაც, რომლებსაც მოსწავლე აღიქვამს როგორც სწავლა-სწავლების პროცესის შემადგენელ ნაწილს და არა როგორც დამოუკიდებელ პროცესს, რომლითაც მასწავლებელი მის ცოდნას თანაკლასელების ცოდნას ადარებს.

რასაკვირველია, ტესტურ შეფასებას მასწავლებელი გვერდს ვერ აუვლის, მაგრამ ექსპერტები აქაც პოულობენ უკეთეს გამოსავალს. მაგალითად, ზოგიერთი მკვლევარი მომხრეა მოსწავლეების მოსაზრება გათვალისწინებულ იქნას არა მარტო ტესტირების ფორმატზე, არამედ მონაწილეობა მიიღონ მისი კონტენტის შედგენაზე. უფრო მეტიც, შესაძლებელია ისინი ტესტის გასწორების პროცესშიც ჩავრთოთ. ასეთი მეთოდით მოსწავლეების შეფასების ანალიზი მასწავლებელს კარგად დაანახებს მოსწავლეების, როგორც ერთი მთლიანი ჯგუფის ცოდნის დონეს, ასევე მათ განსხვავებულ წარმოდგენებსაც. ამასთანავე მოსწავლეები ხდებიან საკუთარი სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეები და მასწავლებლის მოკავშირეები.

ტესტირების ზემოთდასახელებული ფორმებით წარმართვა სირთულეებთან არის დაკავშირებული და გარკვეული წესების დაცვას მოითხოვს. პროცესი დაახლოებით ასე ვითარდება: მოსწავლეები მასწავლებლის ხელმძღვანელობით ერთად გადაწყვეტენ, რომელი კითხვები და როგორი ფორმით უნდა შევიდეს ტესტში. რამდენიმე დღის განმავლობაში მოსწავლეები საკუთარ კითხვებს წყვილებში ერთმანეთს დაუსვამენ, ხოლო შეცდომის შემთხვევაში თვითონვე გაუსწორებენ მათ. რამდენიმე მეწყვილის გამოცვლის შემდეგ ტესტირებაც შედგება. როგორც ხედავთ შეფასების ეს ფორმა მოსწავლეების კომუნიკაციური უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს.

მიმოვიხილოთ მოსწავლეთა შეფასების რამდენიმე მეთოდი.

არავერბალური პასუხები: უნდა გამოვიყენოთ სწავლების დაწყებით საფეხურზე. მოსწავლეები უმეტესწილად უნდა შეფასდნენ ფიზიკური მოქმედებების წარმოდგენით. (მაგ; ხელებთან დაკავშირებული სხვადასხვა მოქმედების იმიტირება). ძალზე მნიშვნელოვანია ილუსტრირებული სასწავლო რესურსების ყოველდღიური გამოყენება.

ვერბალური პასუხები (ინტერვიუ): შესაძლებელია მივმართოთ სწავლების დაწყებითი საფეხურის გავლის შემდეგ. მაგ; მოსწავლეები ირჩევენ სურათებს, რომლებზეც სურთ საუბარი, მასწავლებელი ეხმარება კითხვებით. როლური თამაშები: კარგად ცნობილი თანამშრომლობაზე აგებული სახალისო აქტივობა, რომელშიც ნებისმიერი ასაკის მოსწავლე კომფორტულად და მოტივირებულად გრძნობს თავს. როლური თამაშები ძალზე მოსახერხებელია ჰუმანიტარულ საგნებში, სადაც მათი გამოყენება მასწავლებლის მხრიდან დიდ გამომგონებლობას არ მოითხოვს, თუმცა შემოქმედებით მასწავლებლებს სხვა მიმართულების საგნებშიც შეუძლიათ მათი გამოყენება (მათემატიკა, ბუნებისმეტყველება და სხვ.)

წერილობითი ნარატივი: მოსწავლეების მოტივირება წერითი დავალებების შესრულებისას შესაძლებელია მათთვის ავთენტურთან მიახლოებული ტექსტების შეთავაზებით: მაგ; წერილების და მიწვევების გაგზავნა, საკუთარი ან წაკითხული ისტორიების გადმოცემა და სხვ. მოსმენილი ან წაკითხული ამბების გადმოცემისას მოსწავლეებს შესაძლოა ვთხოვოთ, რომ თუ საჭიროდ ჩათვლიან შეცვალონ მათი დასასრული თავიანთი შეხედულებისამებრ (მათ შორის ისტორიული მოვლენებიც).

პრეზენტაციები:  პრეზენტაციები მნიშვნელოვანია არა მარტო მოსწავლეების სასაუბრო (გარკვეულწილად წერითი) უნარების განსავითარებლად, არამედ მას შეუძლია მასწავლებელს მისცეს გარკვეული წარმოდგენა მოსწავლის ინტერესების, სამუშაო ჩვევების, საორგანიზაციო უნარების შესახებ. პრეზენტაციები მნიშვნელოვანი აქტივობების ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის მხატვრულ კითხვას, წარმოდგენებს, როლური თამაშებს, დრამას, ინტერვიუს და სხვ. ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად პრეზენტაციების პოპულარობა სულ უფრო იზრდება, რადგანაც ჩნდება მათი ელექტრონული მასალებით გამრავალფეროვნების საშუალება. გომესი იძლევა რეკომენდაციას, რომ პრეზენტაციის (ზოგადად საუბრის) პროცესში შესაძლებელია მოსწავლის შეფასება შვიდ ენობრივ უნარზე დაკვირვებით: სხვების გაგება, მსმენელისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, საუბრისას მერყეობის ხარისხი, საუბარში მონაწილეობის სურვილი, საუბრის წამოწყების სურვილი, აკურატულობა (გრამატიკა, ლექსიკა) და თემის განვრცობა.

თვით-შეფასება: სწავლის დაწყებით საფეხურზე მყოფ მოსწავლეს თვითშეფასების უნარი სუსტად აქვს განვითარებული. ამიტომ მას მხოლოდ მაშინ უნდა მივმართოთ, როცა გვეცოდინება, რომ მოსწავლეს ძალუძს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრა. რაც შეეხება ლინგვისტური უნარების შეფასებას, ან მათი გაუმჯობესების ხარისხის განსაზღვრას, ეს მოსწავლისთვის რთული ამოცანაა, თუმცა მეტ-ნაკლები წარმატებით ამ ამოცანისთვისაც შეუძლია თავის გართმევა.

სასწავლო ჩანაწერები: მოსწავლის დღიური, რომელიც შეიცავს მოსწავლის ჩანაწერებს ინგლისური ენის სკოლის გარეთ გამოყენების შესახებ. მასში უნდა ეწეროს სად და როდის მოხდა ენის გამოყენება, რას თვლის წარმატებულად, რას ვერ გაართვა თავი. ჩანაწერებში შეიძლება იყოს ინფორმაცია კლასში ნასწავლი მასალის შესახებაც, რომელსაც იგი ორ ნაწილად დაყოფს: გავიგე – ვერ გავიგე. ასეთი ჩანაწერები მასწავლებელს აწვდის ინფორმაციას მოსწავლის მიერ მეტაკოგნიტური სასწავლო სტრატეგიების გამოყენების შესახებ.

წყვილების და ჯგუფების შეფასება: თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგია სულ უფრო მეტად მოითხოვს მოსწავლეებში ჯგუფური მუშაობის უნარის განვითარებას. სასურველია, დროდადრო მუშაობის დასასრულს მოსწავლეებს თანაკლასელების შეფასება ვთხოვოთ. ამასთანავე მივანიშნოთ, რომ შეფასებისას ხაზი გაუსვან პოზიტიურ მხარეს და გამოყონ ამა თუ იმ მოსწავლის წვლილი ჯგუფის საერთო შედეგში. მასწავლებლის როლი მდგომარეობს შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრასა და პროცესის ხელმძღვანელობაში.

მოსწავლის პორტფოლიო: ითვლება რომ სწავლის პროცესში პორტფოლიოს შექმნის იდეა მხატვრების მიბაძულობით გაჩნდა, რომლებიც პორტფოლიოს დიდი ხანია იყენებენ თავიანთი საუკეთესო ნამუშევრების სხვების მიერ სწრაფად შესაფასებლად. მოსწავლის პორტფოლიომ უნდა ასახოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა, ამასთანავე თვალსაჩინო გახადოს მოსწავლის წერითი, კომუნიკაციური და სხვა უნარების განვითარების პროცესი. ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სავსებით შესაძლებელია მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ პორტფოლიოს შინაარსის განსაზღვრასა და ნამუშევრების ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმების შედგენაში. პორტფოლიოში მოთავსებული ნამუშევრები შეიძლება ვაჩვენოთ მოსწავლეების მშობლებს, მეგობრებს, სხვა მასწავლებლებს, დაინტერესებულ ადამიანებს. პორტფოლიოს შედგენა მოსწავლე-მასწავლებლის მჭიდრო თანამშრომლობაზეა აგებული. იმისათვის რომ პორტფოლიომ აჩვენოს მოსწავლის პროგრესი, მნიშვნელოვანია ნამუშევრების დათარიღება. სასურველია, პორტფოლიოს რამდენადაც შესაძლებელია მულტიმედია რესურსებით გამრავალფეროვნება. ხარისხიან პორტფოლიოს რამდენიმე უპირატესობა აქვს: იგი ქმნის მოსწავლის მიღწევების ნათელ სურათს განსხვავებულ დავალებებთან მიმართებაში, მოსწავლე ხდება უფრო მეტად ორგანიზებული, უჩნდება საკუთარი შესაძლებლობების მიმართ უფრო მაღალი მოლოდინები, გარკვეულწილად პასუხისმგებელია საკუთარი სწავლის პროცესზე.

დასასრულ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ორ გარემოებაზე. მრავალფეროვანი ალტერნატიული შეფასების ფორმების გამოყენება საკმაოდ რთულად განსახორციელებელია. იგი მასწავლებლებისგან არა მარტო უზარმაზარ დროს და ენერგიას მოითხოვს, არამედ სუბიექტურობის ელემენტებსაც შეიცავს. მაგალითად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსწავლის თვითშეფასება ობიექტური იქნება, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, მოსწავლემ მოინდომოს თავისი შეცდომების პოვნა. სირთულეების მიუხედავად მასწავლებელმა მათზე უარი არ უნდა თქვა. როგორც ექსპერტები გვირჩევენ, მხოლოდ ალტერნატიულ შეფასებას შეუძლია დააკვირდეს მოსწავლის სწავლის პროცესის დინამიკას, ამასთანავე ალტერნატიული შეფასების ბევრი ფორმა შესაძლებელია ბუნებრივად შეერწყას ყოველდღიურ საკლასო აქტივობებს. ამასთანავე, რასაკვირველია, ძალაში რჩება ტრადიციული ზუსტპასუხიანი ტესტები (სიმართლე-ტყუილი, წყვილების შერჩევა, არჩევითი პასუხი, ე.წ. დახურული კითხვები და სხვ.). ზუსტ პასუხებზე გათვლილი ტესტები ეხმარება არა მარტო მასწავლებელს მოსწავლის მიმდინარე აკადემიური ცოდნის დონის დადგენაში, არამედ ზოგადად საგანმანათლებლო სისტემის გამართულად ფუნქციონირებას (საგამოცდო სისტემის მუშაობა, მოსწავლეთა აკადემიური ცოდნის კვლევა, სხვადასხვა სკოლების მონაცემთა კვლევა და სხვ.) არის აუცილებელი.










ფრობელის კვალდაკვალ

0
გერმანელი განმანათლებლის ფრიდრიხ ფრობელის სახელი შესაძლოა, ხშირად არ გვხვდება, მაგრამ მისი მემკვიდრეობა დღესაც აქტუალურია, ალბათ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. ფრობელის იდეები ბავშვების განათლების შესახებ თითქმის 200 წლის შემდეგ სკოლამდელი განათლების ელემენტარულ და განუყოფელ ნაწილად განიხილება. 

ფრობელმა მასწავლებლობა პირველად ფრანკფურტში, პესტალოცის პრინციპებით მოქმედ სკოლაში დაიწყო. შემდეგ შვეიცარიაში გაემგზავრა და ივერდონში პესტალოცის სკოლაში 1808-1810 წლებში ეცნობოდა პესტალოცის ფილოსოფიასა და მეთოდებს, რამაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა მისი, როგორც განმანათლებლის ხედვის ჩამოყალიბებაზე. ფრობელმა საკუთარი სკოლა პირველად 1817 წელს დააარსა, სადაც საშუალება მიეცა განათლების მისეული ხედვა პრაქტიკაში განეხორციელებინა. რამდენიმე წელიწადში სკოლამ პოპულარობა მოიპოვა, თუმცა სკოლის ლიბერალურ პრინციპებს მთავრობა სიფრთხილით ეკიდებოდა, მის მკაცრ კონტროლს ახორციელებდა და საჯარო დისკრედიტაციას ახდენდა, რის შედეგადაც სკოლამ ნელ-ნელა დაკარგა მოსწავლეები. ახალი სკოლების შექმნის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ფრობელი 1831 წელს შვეიცარიაში კერძო სკოლას ჩაუდგა სათავეში, თუმცა აქაც წინააღმდეგობას წააწყდა. ფრობელის იდეები ერთიანი ინსტიტუციის (გაერთიანებული სკოლა და მასწავლებელთა მოსამზადებელი დაწესებულება) შესახებ განუხორცილებელი დარჩა.

მისი გეგმის მიხედვით, ერთიან ინსტიტუციაში 3 წლის ასაკიდან ბავშვებს შემეცნების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების, სოციალური და მორალური განვითარების საშუალება მიეცემოდათ, ხოლო მომავალი მასწავლებლები შეძლებდნენ პედაგოგიური განათლების მიღებას. 1835 წლიდან ფრობელმა აქტიურად დაიწყო ფიქრი 6 წლამდე ასაკის ბავშვების განათლებაზე და ნელ-ნელა შეიმუშავა სპეციალური რესურსები („საჩუქრები” და „საქმიანობები”), რომლებიც ბავშვს შემეცნების პროცესში შეუწყობდა ხელს. ფრობელი თვლიდა, რომ ადრეულ ასაკში, ისევე როგორც მოგვიანებით, ბავშვს აქტიური როლი ჰქონდა სწავლის პროცესის წარმართვაში. მისი განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენდა თამაში, როგორც ადრეულ ასაკში სამყაროს შეცნობის ძირითადი მექანიზმი. ფრობელის ხედვა განსხვავდებოდა იმ პერიოდში უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი დაწესებულებების საქმიანობებისგან, რომელთა მთავარი მიზანი ბავშვების მოვლა და მათზე ზრუნვა იყო. მას მიაჩნდა, რომ ადრეულ ასაკში ბავშვების თამაშის სათანადო ხელშეწყობით, შესაძლებელი იყო მათი მათემატიკური წარმოდგენების, ლოგიკური აზროვნების, ენობრივი კომპეტენციის, შემოქმედებითობის, ბუნების კანონზომიერებების შესახებ ცოდნის განვითარება, ფიზიკური სიჯანსაღის მიღწევა და ცხოვრებისეული, პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლება.

თავდაპირველად ფრობელი ბავშვის ადრეულ განათლებას ოჯახის კონტექსტში განიხილავდა, თუმცა შემდეგ ყურადღება სკოლამდელ დაწესებულებებზე გადაიტანა. ფრობელის „საბავშვო ბაღი” (kindergarten) იყო სივრცე, სადაც ბავშვები მზრუნველ გარემოში, თამაშისა და დამოუკიდებელი ძიების გზით, სპეციალურად მომზადებული მასწავლებლების დახმარებით ვითარდებოდნენ და შეიმეცნებდნენ სამყაროსა და საკუთარ თავს. სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ფრობელის მიერ შერქმეული რომანტიკული სახელი „საბავშვო ბაღი” და დაწესებულების ზემოაღნიშნული მოდელი დღესაც აქტუალურია ადრეული განათლების დასავლური მოდელისთვის.

ფრობელი ოჯახსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას ერთი საზოგადოების ნაწილებად, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფ ორგანიზმებად განიხილავდა. ის თვლიდა, რომ სკოლასა და ბაღში ოჯახის თანაბრად მზრუნველი გარემო უნდა ყოფილიყო, როგორც ასაკით უმცროსი, ისე უფროსი ბავშვებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მასწავლებელსა და ბავშვებს შორის ნდობის დამყარებას. მასწავლებელი უზრუნველყოფდა მზრუნველ სწავლებას და მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ფოკუსი შემეცნებით განვითარებაზე იყო, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

ფრობელი, პესტალოცის მსგავსად, მნიშვნელობას ანიჭებდა მრავალმხრივ განათლებას, რაც გულისხმობდა ადამიანის ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ და სულიერ მხარეს. სწორედ ამიტომ, მის მიერ დაარსებულ სკოლასა და ბაღში ბავშვები მონაცვლეობით მონაწილეობდნენ მშვიდ, შემეცნებით აქტივობებში, აქტიურ ფიზიკურ თამაშებსა და ბუნებისა და ბაღის მოვლაში. ბავშვთა თამაშის ბუნებრივი მოთხოვნილებისა და შემეცნების ბუნებრივი მოტივაციის გათვალისწინებით ფრობელმა დაამზადა სპეციალური მასალა, ე.წ. „საჩუქრები” რომელთა მიზანი ბავშვებისთვის მათემატიკური კანონზომიერებებისა და საგანთა თვისებების ეტაპობრივი გაცნობა, აგრეთვე ანალიზისა და სინთეზის უნარების განვითარება იყო. ფრობელმა შექმნა 10 „საჩუქარი”, რომლებიც საბავშვო ბაღებში ადრეული ასაკისთვის განკუთვნილ დიდაქტიკურ მასალად დღესაც გამოიყენება. პირველი საჩუქარი – ფერადი ნაქსოვი ექვსი ბურთი – ყველაზე მარტივი „საჩუქარია”, რომელთა საშუალებით ბავშვები ეცნობიან ფერებს, მოძრაობის პრინციპებსა და ფორმას. მე-10 საჩუქარი კი პატარა ზომის ბურთებისა (წერტილი) და ჯოხების (მონაკვეთი) კომპლექტია, რომლის საშუალებითაც ბავშვებს სამგანზომილებიანი გეომეტრიული კონსტრუქციების აგება შეუძლიათ.

ფრობელს მიაჩნდა, რომ „საჩუქრებს” ბავშვები თავდაპირველად უნდა გაცნობოდნენ როგორც ერთ მთლიანობას და შემდეგ უნდა შეესწავლათ მისი ნაწილები. ფრობელის პედაგოგიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო „საქმიანობებიც”, რომელიც ბავშვის მიერ ინიცირებული თამაშის პარალელურად საბავშვო ბაღში მიმდინარე აქტივობების ნაწილი იყო. ძირითადი „საქმიანობები” იყო: თიხით ძერწვა, ხატვა, ქარგვა, კუბურებით აშენება და სხვა. ფრობელის საბავშვო ბაღში „საჩუქრებით” თამაშსა და „საქმიანობებს” მოძრავი თამაშები ენაცვლებოდა, მოძრავ თამაშებს კი – მებაღეობა და მცენარეებზე ზრუნვა. ფრობელს მიაჩნდა, რომ ბავშვებისთვის ბუნებასთან სიახლოვე მეტად მნიშვნელოვანი იყო და საბავშვო ბაღი სწორედ ის სივრცე უნდა ყოფილიყო, სადაც ბავშვები, ერთი მხრივ, ბუნებაში, მეორე მხრივ კი, პოზიტიურ სოციალურ გარემოში ისწავლიდნენ და განვითარდებოდნენ. ფრობელის საბავშვო ბაღში ბავშვებსა და მასწავლებლებს ერთად მოჰყავდათ მათთვის საჭირო საკვები მცენარეები.
 
ფრობელი თვლიდა, რომ საბავშვო ბაღის მასწავლებლები სპეციალურად უნდა მომზადებულიყვნენ პედაგოგიური საქმიანობისთვის, რათა მათ შეძლებოდათ ბავშვებისთვის სათანადო გარემოსა და პირობების უზრუნველყოფა სწავლისა და განვითარებისთვის. ფრობელი მასწავლებელს დედის ფიგურად მოიაზრებდა, რაც იმ დროისთვის რადიკალური იდეა იყო, რადგან ქალის ფუნქციად ითვლებოდა ბავშვზე ზრუნვა და არა განათლება. ფრობელი თავად ასწავლიდა საბავშვო ბაღების პირველ ქალ მასწავლებლებს. მას მიაჩნდა, რომ კარგად მომზადებულ მასწავლებელს უნდა შეძლებოდა სწავლება თამაშის გამოყენებით. დროთა განმავლობაში ბავშვის მიერ ინიცირებული და მართული თამაში ფრობელის მთავარ ფოკუსად იქცა. შესაბამისად, ის ნაკლებ ყურადღებას უთმობდა წინასწარ განსაზღვრულ კურიკულუმსა და მის მიერ უწინ შემუშავებულ დამხმარე მასალებს (მაგ, „საჩქურებს”). ფრობელი მიიჩნევდა, რომ ბავშვის თავისუფალი თამაში განვითარებისთვის უნიკალურ შესაძლებლობებს იძლეოდა, ვინაიდან ბავშვი ყველაზე მეტად მოტივირებული სწორედ ამ დროსაა. თავისუფალ თამაშზე დაკვირვება, საჭიროებისამებრ მასში ჩართვა და მისი განვითარება მასწავლებლისგან უფრო მეტ ოსტატობასა და ცოდნას მოითხოვდა. უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალ თამაშს დღის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სკოლამდელი განათლების ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ქვეყნების დღევანდელ საბავშვო ბაღებშიც. თავისუფალი თამაში ქმნის შესაძლებლობას ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის საერთო, შემოქმედებითი და განმავითარებელი სივრცის ჩამოყალიბებისთვის, რომელიც საინტერესო და სახალისო პროცესია, როგორც მათი მთავარი ავტორებისთვის – ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვისაც.

ფრობელის საგანმანათლებლო ფილოსოფიაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობოდა ბავშვთა მრავალფეროვანი ჯგუფების განათლების მნიშვნელობას. მის საბავშვო ბაღში გვერდიგვერდ სწავლობდნენ და ვითარდებოდნენ გოგონები და ბიჭები, ბავშვები შეძლებული და ღარიბი ოჯახებიდან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველი საბავშვო ბაღიც ფრიდრიხ ფრობელის სახელს უკავშირდება. ფრობელის პრინციპებზე დაფუძნებული პირველი საბავშვო ბაღი თბილისში 1870 წელს ადელაიდა სიმონოვიჩმა დააარსა.
ფოტოს წყარო (ფრობელის საბავშვო ბაღი) : https://www.ku.com.au/about/history.aspx
ფოტოების წყარო (ფრობელის „საჩუქრები”) : https://www.froebelgifts.com/gifts.htm

მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები

0

„ოცი წლის შემდეგ იმას უფრო ინანებთ, რაც არ გაგიკეთებიათ, ვიდრე იმას, რაც გააკეთეთ. ასე რომ, გადალახეთ წინააღმდეგობა, გაცურეთ უსაფრთხო ნავსადგურიდან, ცურვისას დაიჭირეთ პასატები. შეისწავლეთ. იოცნებეთ. აღმოაჩინეთ”.

მარკ ტვენი

2007 წელს BBC-ს სიახლეთა ბლოკში ბილ გეიტსი წერდა:

„უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ცვლილება ის გახლავთ, რომ ციფრულმა ტექნოლოგიამ თითქმის ყველა ინფორმაციულ მუშაკად აქცია. თითქმის ყოველგვარ სამუშაოზე ადამიანი იყენებს კომპიუტერულ პროგრამებს და ამუშავებს ინფორმაციას, რომელიც მის ორგანიზაციას უფრო ეფექტური საქმიანობის საშუალებას აძლევს. ეს შეიძლება ითქვას ნებისმიერ მუშაკზე, დაწყებული საცალო გამყიდველით, რომელიც ხელის სკანერს იყენებს საქონლის გასატარებლად, დამთავრებული ორგანიზაციის მენეჯერით, რომელიც კომპიუტერულ პროგრამებს ბაზრის ტენდენციების ანალიზისთვის იყენებს. თუ დავაკვირდებით, როგორ მიმდინარეობს განვითარება და სად და როგორ იქმნება კონკურენტული უპირატესობა, დავრწმუნდებით, რომ პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტების ეფექტურ გამოყენებას გადამწყვეტი როლი ეკისრება თანამედროვე გლობალური ცოდნის ეკონომიკაში.

კომპიუტერული პროგრამებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სხვა ინსტრუმენტების მყარი სამუშაო ცოდნა თითქმის ყოველ სფეროში წარმატებული კარიერის აუცილებელ პირობად იქცა.

თუ გავიხსენებთ უკანასკნელ ათწლეულებში გაჩენილ ყველაზე საინტერესო საგნებს, დაწყებული პორტატიული მუსიკალური და სათამაშო მოწყობილობებით, დამთავრებული მობილური ტელეფონებითა და სამედიცინო ტექნოლოგიებით, დავრწმუნდებით, რომ ისინი სწორედ მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროდან დამკვიდრდა.

დღესაც და მომავალშიც მრავალი მნიშვნელოვანი სამუშაო დაკავშირებული იქნება კომპიუტულ პროგრამებთან, „მაიკროსოფტის” მსგავსი კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფა იქნება ეს თუ სხვა ორგანიზაციების დახმარება წარმატების მისაღწევად საინფორმაციო ტექნოლოგიის ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით.

არსებითია კომუნიკაციისა და სხვადასხვაგვარ ადამიანებთან ხმაშეწყობილად მუშაობის უნარები.

ბევრს ჰგონია, რომ კომპიუტერული პროგრამების შექმნა ინდივიდუალური, იზოლირებული სამუშაოა – ადამიანი ზის ოფისში, კარი დახურული აქვს და კოდებს წერს.

ასე არ არის.

კომპიუტერული პროგრამების ინოვაცია, სხვა ინოვაციების მსგავსად, თანამშრომლობას და ერთმანეთისთვის იდეების გაზიარებას, მომხმარებელთან ურთიერთობას და საუბარს, მათგან უკუკავშირს და მათი მოთხოვნების შესწავლას მოითხოვს.

მიმაჩნია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს მუდმივი სწავლის ჟინსაც. საკმაოდ ახალგაზრდას ჩამომიყალიბდა წიგნების კითხვის ჩვევა. უწყვეტი განათლება უმნიშვნელოვანესია.

რა თქმა უნდა, დღეს ძალიან ადვილია ინტერნეტში შესვლა და ნებისმიერ საინტერესო საკითხზე ინფორმაციის მოძიება.

სამყაროს მიმართ ამგვარი ცნობისმოყვარეობა ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება, განურჩევლად იმისა, რა სახის სამუშაოს შესრულებას გადაწყვეტს”.
მომავლის ინსტიტუტი – The Institute for the Future, IFTF – დამოუკიდებელი, არაკომერციული სტრატეგიული კვლევის ჯგუფია, რომელიც 40 წელიწადზე მეტია გვთავაზობს მომავლის პროგნოზს. მისი საქმიანობის მიზანია, განსაზღვროს მომავლის ტენდენციები და კანონზომიერებები, რომლებიც გარდაქმნის გლობალურ საზოგადოებასა და გლობალურ ბაზარს. ის გვთავაზობს ბიზნესსტრატეგიის, დიზაინის, ინოვაციისა და სოციალური დილემების კვლევას. კვლევა მოიცავს ღრმა ტრანსფორმაციული ტენდენციების შესწავლას, დაწყებული ჯანდაცვითა და ჯანდაცვის ტექნოლოგიებით, დამთავრებული სამუშაო ადგილითა და ადამიანის იდენტობით. ინსტიტუტი კალიფორნიაში, პალო ალტოში მდებარეობს.

გთავაზობთ მათი კვლევის მოკლე ანგარიშს:

1990-იან წლებში IBM-ის Deep Blue-მ ჭადრაკის დიდოსტატი გარი კასპაროვი დაამარცხა; დღეს IBM-ის სუპერკომპიუტერი Watson-ი ამარცხებს მოწინააღმდეგეებს Jeopardy-ში. ათი წლის წინ მუშაკები გარე რესურსების მოზიდვის თაობაზე წუხდნენ; დღეს დიდ კომპანიებს შეუძლიათ, ვირტუალური გუნდი შექმნან გაყიდვებისთვის, მომხმარებლის სერვისისა და მრავალი სხვა დავალების შესასრულებლად. რამდენიმე წლის წინ NASA-ს წლები დასჭირდებოდა ტელესკოპით გადაღებული მილიონობით ფოტოს ერთმანეთთან დასაკავშირებლად, მაგრამ თანამშრომლობის პლატფორმის საშუალებით და ათასობით მოხალისის დახმარებით ამ დავალების შესრულება რამდენიმე თვეში გახდა შესაძლებელი.

გლობალური ურთიერთდაკავშირებულობა, ჭკვიანი მანქანები და ახალი მედია რამდენიმე იმ ფაქტორთაგანია, რომლებიც ცვლის ჩვენს წარმოდგენას შრომაზე, მის არსსა და იმ უნარებზე, რომლებიც მომავალში ნაყოფიერი მუშაობისთვის იქნება საჭირო.

მომავლის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა აანალიზებს ექვს ფაქტორს, რომლებიც შეცვლის მსოფლიოს სამუშაო ლანდშაფტს და მომავალი 10 წლის განმავლობაში საჭირო უნარებს განსაზღვრავს. ის არ გვთავაზობს მომავალში საჭირო სამუშაოების ჩამონათვალს. მრავალი სხვა კვლევა სწორედ სპეციფიკურ სამუშაოთა კატეგორიებისა და სამუშაო მოთხოვნების განსაზღვრას ისახავდა მიზნად, მაგრამ დრომ აჩვენა, რომ ამგვარი პროგნოზი რთულია და ხშირად მცდარიც. მომავლის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა გამიზნულია იმ სამუშაო უნარების განსასაზღვრად, რომლებიც მომავალში იქნება საჭირო ამა თუ იმ სამუშაოს შესასრულებლად და ამა თუ იმ გარემოში საქმიანობისთვის.

სამუშაო უნარების დასახელებამდე მომავლის ინსტიტუტი ჩამოთვლის გლობალური ცვლილების გამომწვევ ექვს მიზეზს:

1. უკიდურესი დღეგრძელობა: სიცოცხლის საყოველთაო ხანგრძლივობის ზრდა ცვლის კარიერისა და სწავლის ბუნებას.

2. ჭკვიანი მანქანებისა და სისტემების სიმრავლე: სამუშაოს ავტომატიზაცია აიძულებს მუშაკებს, უარი თქვან მექანიკურ, რუტინულ სამუშაოებზე.

3. გამოთვლითი სამყარო: სენსორებისა და ინფორმაციის დამუშავების სისტემების მძლავრი ზრდა სამყაროს პროგრამირებად სისტემად აქცევს.

4. ახალი მედიაეკოლოგია: კომუნიკაციის ახალი ინსტრუმენტები მოითხოვს (ტექსტის გარდა) ახალ მედიაწიგნიერებას.

5. ზესტრუქტურული ორგანიზაციები: ახალი ტექნოლოგიები და მედიაპლატფორმები იწვევს უპრეცედენტო რეორგანიზაციას ღირებულებათა წარმოებისა და შექმნის თვალსაზრისით.

6. გლობალურად დაკავშირებული მსოფლიო: გლობალური ურთიერთქმედების ზრდის გამო მრავალფეროვნება და ადაპტაცია ორგანიზაციული ოპერაციების ღერძი ხდება.

რას მოასწავებს ეს ექვსი მძლავრი ცვლილება მომავალი ათწლეულის მუშაკისთვის? აი ის ათი უნარი, რომლებიც გადამწყვეტი იქნება ნებისმიერ სამუშაოზე წარმატებისთვის:

1. გააზრება – უნარი, უფრო ღრმად ჩასწვდე მნიშვნელობას;

2. სოციალური ალღო – სხვებთან ღრმა და უშუალო ურთიერთობის უნარი, უნარი, იგრძნო და ხელი შეუწყო რეაქციებსა და სასურველ ინტერაქციას;

3. ახლებური და ადაპტაციური (მოქნილი) აზროვნება – პრობლემების გადაჭრის ისეთი გზების პოვნის უნარი, რომლებიც არ ეფუძნება წესებს ან მექანიკურ დამახსოვრებას;

4. კროსკულტურული კომპეტენცია – განსხვავებულ კულტურულ გარემოში მუშაობის უნარი;

5. გამოთვლითი აზროვნება – დიდი რაოდენობის მონაცემთა აბსტრაქტულ კონცეფციებად ქცევისა და მონაცემებზე აგებული მსჯელობის წვდომის უნარი;

6. ახალი მედიაწიგნიერება – ახალი მედიაფორმების მიერ გამოყენებული შინაარსის კრიტიკული შეფასების/განვითარების და მედიის დამაჯერებელი კომუნიკაციისათვის გამოყენების უნარი;

7. ტრანსდისციპლინურობა – წიგნიერება და კონცეფციების კროსდისციპლინური წვდომის უნარი;

8. აზროვნების დიზაინი – დავალებისა და სამუშაო პროცესების წარმოდგენისა და განვითარების უნარი სასურველი შედეგების მისაღებად;

9. კოგნიტური ტვირთის მართვა – მნიშვნელობის მიხედვით ინფორმაციის გამორჩევისა და „გაფილტვრის” უნარი და სხვადასხვა ინსტრუმენტისა და მეთოდის გამოყენებით კოგნიტური ფუნქციების მაქსიმიზაცია;

10. ვირტუალური თანამშრომლობა: ნაყოფიერი მუშაობის უნარი, ჩართულობა და ვირტუალური გუნდის წევრობის დემონსტრირება.

არავინ ვიცით, რას გვიქადის მომავალი, თუმცა მომავალ ათწლეულებში სწრაფად ცვალებად გარემოში წარმატებული ორიენტაციისა და საკუთარი ნიშის პოვნისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება საკუთარი ცოდნისა და უნარების მუდმივი გადამოწმება და უწყვეტი განვითარება.
წყარო:
https://news.bbc.co.uk/2/hi/business/7142073.stm
https://cdn.theatlantic.com/static/front/docs/sponsored/phoenix/future_work_skills_2020.pdf

ლიტერატურული ცხოვრება რაჭაში

0

სოფელ უწერიდან უახლოესი კაფე 200- 300 კილომეტრშია. 

ლიტერატურული სალონის, კითხვის წრისა და სხვა კლასგარეშე  აქტივობების შემდეგ წაკითხული წიგნებიდან დაგროვილი შთაბეჭდილებების გაზიარების დრო რომ დადგა, ლიტერატურული კაფეს იდეა თავისით დაიბადა. მირამისი ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟის, მიოს, ცხენს ერქვა. ბავშვებს ისე მოეწონათ, რომ ჩვენს კაფეს დავარქვით. პირველად დეკემბერში შევიკრიბეთ. სკოლის სააქტო დარბაზი ნამდვილ კაფედ ვაქციეთ. დამლაგებლების ოთახიდან ტანსაცმლის ძველებური საკიდი გამოვიტანეთ, შევწვით ვაშლი ვანილით და დარიჩინით, მაგიდებზე გულგამოცლილი გოგრები დავალაგეთ და შიგნით წითელი ძახველი ჩავაწყვეთ. გემრიელი მაფინები, ხილფაფიანი ღვეზელები, ტკბილეული, შეშის ღუმელზე მოხარშული ცხელი გლინტვეინი  – ზამთრის სუსხიან დღეს სურნელოვან და გემრიელ განწყობას მატებდა. ოთახის მოსართავად ერთი კვირა ვაკეთებდი ფერადი ძაფებისგან ბურთებს, რომლებმაც რეზინის ბუშტების სიცივე, სითბოთი ჩაანაცვლა. საჩუქრებად მოვიმარაგე საკუთარი ბიბლიოთეკიდან წაღებული წიგნები, ონის საკანცელარიო მაღაზიაში ნაყიდი ბლოკნოტები, ნაქსოვი თმისამაგრები, მუსიკა ჩავრთეთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ, როცა რაიმეს მოინდომებ – გამოგივა, რომ ბედნიერებას ჩვენ ვქმნით, ის ჩვენშია და სადაც არ უნდა წავიდეთ, თან გამოგვყვება.


 

ჩვენს ფერად, სურნელოვან კაფეში მოვიწვიეთ მასწავლებლები, მშობლები, ექიმები და სოფლის მოსახლეობა. გვყავდნენ ინტერნეტ-სტუმრებიც თბილისიდან და სვანეთიდან. ჩემი მეგობრისგან, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარს, მივიღეთ საოცარი წერილი და „ლიტერატურული  კაფე” გავხსენით. 

ბავშვებისთვის სტიმულისა და გამბედაობის მისაცემად პრეზენტაციების სერია მე გავხსენი, ჩემ შემდეგ მეექვსე კლასელმა გოგომ გაბედა და საყვარელ წიგნზე ხმამაღლა ისაუბრა. ბავშვებმა იმ დღეს საკუთარი ფარული შესაძლებლობები აღმოაჩინეს  და  მასწავლებლებს, მშობლებს სულ სხვა ადამიანებად გააცნეს თავი. ეს იყო ნამდვილი დღესასწაული.

13 მარტს მეორედ შევიკრიბეთ პატარა საკლასო ოთახში და ისევ შევიქმენით ლიტერატურული კაფესთვის შესაფერისი გარემო. ფერადი ხელნაკეთი ნივთები ჭრელი ძაფების ჭაღით შევცვალეთ. ერთი ფანჯარის შუშაზე წაკითხული წიგნების სათაურები და ავტორები ჩამოვწერე, მეორეზე კაფეს ინტერიერისთვის შესაფერისი ნივთები მივახატე. გამოვაცხვეთ ათასნაირი ორცხობილები და ღვეზელები, უფროსებისთვის გვქონდა თაფლით დამტკბარი საუცხოო არომატის ღვინო და წაკითხულ წიგნებზე დავიწყეთ საუბარი. 

ბავშვებს მზად ჰქონდათ თავიანთი პრეზენტაციები, საყვარელი წიგნის გმირები დახატეს კიდეც, გააკეთეს წარწერები  და  სათითაოდ აცნობდნენ ერთმანეთს საკუთარ ნაშრომებს, თან გმირულად ცდილობდნენ მღელვარების დაფარვას. ამ დღისთვის ყველას გამორჩეულად გვეცვა და ძალიან ლამაზები ვიყავით; გვქონდა  “გემრიელი ვიქტორინა” – წაკითხული წიგნებიდან პატარა ნაწყვეტები მაფინებში იყო დამალული, ბავშვები ნაპოვნ ფრაზებს კითხულობდნენ და ცდილობდნენ გაეხსენებინათ – რომელი წიგნიდან იყო ისინი. წიგნის ენით მოსაუბრე ეს პატარა ადამიანები,  საოცარი სანახავები იყვნენ. 

მოსწავლეებისთვის, საგანგებოდ ამ დღისთვის, ვინახავდი ყველაზე სასიხარულო ამბებს: “მე ვარ მალალას” მთარგმნელმა, ლიკა ჩაფიძემ, მათთვის ავტოგრაფიანი წიგნები, ხოლო გამომცემელმა მარი კორინთელმა –  ქეთრინ პატერსონის “ხიდი ტერაბითიაში” და “მწვანეთითება ტისტუ” გამომატანა. ეს სამივე წიგნი ახლახან ითარგმნა და გამოიცა. ასე რომ, ამ გულისხმიერი ადამიანების დახმარებით, ჩვენი  სკოლა თანამედროვე ლიტერატურულ ცხოვრებაში ჩაება. ჩემი პატარა მკითხველებისთვის ეს უდიდესი სიხარული იყო. შემპირდნენ, რომ ამ წიგნების წაკითხვის შემდეგ აუცილებლად გაუგზავნიან შთაბეჭდილებების წერილებს ლიკას და მარის. ეს ადამიანები სკაიპით დაგვიკავშირდნენ და ბავშვებს პირადად გაუზიარეს ემოციები. ვფიქრობ, რომ ასეთი ურთიერთობები მაგალითი იქნება ბავშვებისთვის, ისწავლიან თანაგანცდას,  ქველმოქმედებას, ერთმანეთისა და სხვა ადამიანების გახარებას. 

ყველა იქ მყოფმა ადამიანმა დამიწერა პირადი წერილი,  ჩემი ჭრელი სარჭები ვეღარ იტევდა მათ. შემთხვევით თვალი მოვკარი ჩემი უხუცესი ლილი მასწავლებლის ფრაზას: “გმადლობ, რომ კიდევ ჩამისახე მომავლის იმედი”. მეშვიდეკლასელი თამარი მწერდა: “იცით, როგორ მიცემდა გული?” ბავშვები მწერდნენ, რომ ძალიან ღელავდნენ, მაგრამ გახარებულები იყვნენ იმით, რომ თავი გაართვეს, შეძლეს და  ხმამაღლა გამოთქვეს საკუთარი აზრი. ოცნებობენ, რომ ასეთი შეხვედრები კიდევ ბევრი ჰქონდეთ. ბედნიერები იყვნენ ახალი წიგნებით. მასწავლებლები მადლობას მიხდიდნენ და თბილ სიტყვებს მწერდნენ. მე კი მადლიერი ვარ მათთან გატარებული ყოველი დღისთვის.

უკვე დავგეგმეთ, რომ აპრილის თვეში ისევ შევხვდებით. ვფიქრობთ სიახლეებზე, კლასის გაფორმებაზე. ვიცი, იქამდე კიდევ ბევრი მოულოდნელი სიხარული გველის. არ გეგონოთ, საოცარი ფანტაზიის უნარი მაქვს ან დიდი ხელმარჯვეობით გამოვირჩევი. მთავარია სურვილი, მონდომება და უპირობო სიყვარული, მერე კი, იდეები იმდენი მოგივათ, შეიძლება, დრო არ გეყოთ მათ განსახორციელებლად.

ვკითხულობ მათ საინტერესო ჩანაწერებს და მიხარია, რომ შეუძლებელი შეძლეს. ალბათ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება მათი გულწრფელი აზრები. 

მიხეილ მეტრეველი, VIII კლასი, დათო ტურაშვილის “ტყეების მეფის” შესახებ:  “ამ წიგნის პერსონაჟებიდან ყველაზე მეტად მომეწონა შულია და მისი სიკვდილი ძალიან მეწყინა. ასევე, ძალიან მეწყინა ღიშპანელისა და ბივრიტელის სიკვდილი. მე რომ მწერლის ადგილზე ვყოფილიყავი, მათ არ დავხოცავდი. მე ამ წიგნმა დათო ტურაშვილის სხვა ნაწარმოებების წაკითხვა გადამაწყვეტინა”. 

მარიამ მეტრეველი, Vკლასი, ასტრიდ ლინდგრენის  “ბულერბიელი ბავშვების” შესახებ: “ეს წიგნი იმიტომ უნდა წაიკითხო, რომ შენს საქციელზე დაფიქრდები და კეთილი გახდები.” 

თამარ მეტრეველი, VII კლასი, ჯეიმს გრინვუდის “პატარა მაწანწალას” შესახებ: “ეს წიგნი ლელა მასწავლებელმა მომცა, როცა დავამთავრე, გული დამწყდა. მინდოდა, რომ სულ გაგრძელებულიყო”.

მაკა მეტრეველი, VII კლასი, მორის დრიუონის “მწვანეთითება ტისტუს” შესახებ:”მალე ტისტუს პატარა ფეხსაცმელი და ლამაზი ოქროსფერი ყვავილებით გამოყვანილი წარწერა შენიშნეს. იქ ეწერ: “ტისტუ ანგელოზი იყო” და მართლაც რომ ანგელოზი იყო ტისტუ”.

ილია გობეჯიშვილი, IV კლასი – ანე-კატერინე ვესტლის “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა”: “მე ყველაზე ძალიან მომეწონა, ჰენრიკს მამამ რომ აპატია “.

მარიამ  ჯოხაძე, IV  კლასი – სესილია ჯემისონის “ლედი ჯეინი”: “ეს წიგნი მოლოდინებით სავსეა. ლელა მასწავლებელს გაუხარდება, რომ წავიკითხე და თქვენც გაგიხარდებათ”.

ნინი მეტრეველი, IV კლასი – ზაზა თვარაძის “მონტებულსუ, ანუ ელის არაჩვეულებრივი თავგადასავალი”: “გამიხარდა, რომ ელი-გოგომ მეგობრების დახმარებით დაიბრუნა მამა და ყველანი ბედნიერად ცხოვრობდნენ”.

ნანუკა მარკოზაშვილი, XI კლასი – ჯინ ვებსტერის “გრძელფეხება მამილო”:  “თუ გინდათ, ირწმუნოთ, რომ   სასწაულები ნამდვილად ხდება, მაშინ წაიკითხეთ ეს წიგნი”.

გვანცა გამყრელიძე, VIII კლასი – ანტუან სენტ-ეგზიუპერის “პატარა პრინცი”:  “დედამიწაზე პატარა პრინცმა მეგობრები შეიძინა, მაგრამ მალევე მოუწია მათთან განშორება, რადგან თავის პლანეტაზე უნდა დაბრუნებულიყო. თუ ისევ წავიდა, მაშ, რატომ შეიძინა მეგობრები? მეგობრებთან განშორება ხომ ძნელია? ამაზე, ალბათ, მარტო პატარა პრინცი მიპასუხებს”.

თამარ ჩიხრაძე, VI კლასი – რონინ ჰუდზი: “ვიცოდი, რომ რობინი კვდებოდა, რაც ძალიან არ მომწონდა, მაგრამ მე ამას ვერ შევცვლიდი. ეს ამბავი ასევე აღმაფრთოვანებდა, რადგან ჯერ არ წამეკითხა ისეთი წიგნი, სადაც მთავარი გმირი კვდება. მე ამ წიგნმა დამიტოვა შეგრძნება, რომ შეუძლებელი არაფერია”.

ნინო მეტრეველი, VIII  კლასი – მაინ რიდის “კვარტერონი ქალი”: “სახლში ბევრი ვცხოვრობთ, რის გამოც ხშირად ხმაურია და ყოველთვის ხელი მეშლება წიგნის კითხვაში. “კვარტერონ ქალს” ხელში რომ ვიღებდი, თითქოს მეც ამ წიგნის პერსონაჟი ვიყავი და არანაირი ხმაური ხელს აღარ მიშლიდა”.

მარიამ მეტრეველი, VI კლასი – ჩარლზ დიკენისი “ოლივერ ტვისტი”: “ერთ დღეს გადავწყვიტე, წიგნის ერთი თავი გარეთ წამეკითხა. როდესაც გარეთ გავედი, კარგი ამინდი იყო. კითხვა დავიწყე. წიგნში ცუდი ამინდი იყო აღწერილი. ზუსტად ამ დროს გარეთაც მოიღრუბლა და აცივდა. მაშინ მივხვდი, როგორ სციოდა ოლივერს”.

ნიკოლოზ მეტრეველი, V კლასი – ასტრიდ ლინდგრენის “მიო, ჩემო მიო”: “ჩემი კლასელისგან მქონდა გაგონილი, რომ მიო კეთილი ბიჭუნა იყო და მამას იპოვიდა, შემდეგ კი ბედნიერად იცხოვრებდა. ასეც აღმოჩნდა. ეს წიგნი იმიტომ უნდა წაიკითხოთ, რომ გაიგოთ მიოს თავგადასავალი და მეგობრის ერთგული იყოთ”.

მარიამმა, რომელიც ოლივერ ტვისტს კითხულობდა, წიგნის ბოლო თავი პრეზენტაციის დღემდე არ წაიკითხა. არ იცოდა ოლივერი მოკვდებოდა, თუ გადარჩებოდა. მითხრა, სიამოვნებას ვიხანგრძლივებო. რომ წაიკითხა, მომწერა : “მასწავლებელო, დღეს წავიკითხე ოლივერი. მე და ოლივერმა 53 თავი გავიარეთ ერთად და  გადავლახეთ ყველაფერი. ნეტა, ჩარლზ დიკენსი ცოცხალი იყოს, ვეტყოდი, რომ კიდევ უსასრულოდ დაეწერა ოლივერის ამბები, მაგრამ ეს შეუძლებელია. ვერ შევიკავე თავი და ბოლო თავზე ცრემლები წამომცვივდა. ნეტავ, ახლა რომელი წიგნი მელოდება წასაკითხად?”

მეც  ვიტირე ბოლო თავის წაკითხვისას. მინდა, რომ ამ პატარა ადამიანებს არ შერცხვეთ საკუთარი ცრემლების. ახალი წიგნი უკვე მივიდა მასთან, მარიამი ახლა მალალა იუსაფზაის ავტობიოგრაფიულ წიგნს კითხულობს. 

ასეთი ლიტერატურული ცხოვრებით ვცხოვრობთ რაჭის მაღალმთიან სოფელში – ვტირით, გვტკივა, გვცივა და გვიხარია ჩვენი წიგნის მეგობრებთან ერთად და წინ კიდევ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გველის.

მასწავლებლობიდან ლიდერობამდე

0

ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, როდის გავხდი ფემინისტი და მეც დაუფიქრებლად მიპასუხია, რომ ყოველთვის ფემინისტი ვიყავი, ყოველთვის მჯეროდა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, მჯეროდა, რომ ქალებს ყველაფერი შეგვიძლია, ერთი შეხედვით, მიუღწევლის მიღწევაც კი. ოღონდ არც ისე დიდი ხნის, ასე, ორიოდე წლის წინ ჩემი ფემინისტობის საფუძველს უფრო თეორიები და მსოფლიოში ცნობილი ქალების ისტორიები წარმოადგენდა. ბევრი არაფერი ვიცოდი იმის შესახებ, რა ხდება საქართველოს სოფლებში, როგორ ცხოვრობენ ქალები იქ, სადაც ცენტრალური მაგისტრალი არ გადის, იქ, სადაც ეზოებს მავთულხლართების ჩრდილი დაჰყვება.

კოლექციონერი არა ვარ. არასოდეს არაფერი შემიგროვებია. არც სუვენირები მიყვარს. მოგზაურობისას კი ყველაფერს ქუჩებში სიარული და ადამიანებზე დაკვირვება მირჩევნია. მე ისტორიებს ვაგროვებ, ისტორიებს და მათ გმირებს, რომლებიც ჩემი ცხოვრების მთავარი ინსპირაციაა. ვერ დავიწუწუნებ, ჩემი სამსახური მეხმარება, რომ ადამიანური ამბები, რომლებსაც მუდამ ვეძებ, არასოდეს მომაკლდეს.

უკვე ორი წელი ხდება, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრში” ვმუშაობ. ჩემი მოგზაურობა საქართველოს სოფლებში და იქ მცხოვრებ არაჩვეულებრივ ქალებთან ურთიერთობაც, შესაბამისად, თითქმის ორ წელს ითვლის. მუშაობის დაწყების მეორე დღესვე გორის მუნიციპალიტეტში აღმოვჩნდი შეხვედრაზე, სადაც ქალები თავიანთი თემის პრობლემებს აცნობდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. სწორედ მაშინ ვნახე პირველად მარიკა ბუჩუკური, არაჩვეულებრივი გოგო ტირძნისიდან.

2009 წლამდე მარიკა ბუჩუკური რიგითი მასწავლებელი იყო, ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ამბობს, თუმცა მარიკა იმ ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც ყველაფერს დიდი სიყვარულითა და მონდომებით აკეთებენ და ახერხებენ, შეცვალონ გარემო, რომელშიც ცხოვრობენ. ასეთი მასწავლებლები კი საქართველოს ძალიან სჭირდება. სწორედ ასეთი მასწავლებლები უყრიან საფუძველს უკეთეს ხვალინდელ დღეს.

2008 წლის ომის პერიოდის გახსენება მარიკას არ უყვარს. აგვისტოს ურთულეს დღეებზე ბევრს არ ლაპარაკობს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ომმა მისი ცხოვრება და დამოკიდებულებები შეცვალა. ახალგაზრდა მასწავლებელი სწორედ მაშინ მიხვდა, რომ სიცოცხლეზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია და ცოტა ხანში აქტიურად შეუდგა საქმიანობას იმისთვის, რომ სხვების ცხოვრება გაეხადა უკეთესი, ვიდრე მანამდე იყო.

2009 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში ფონდ „ტასოს” წარმომადგენლები ჩავიდნენ და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით ქალებს ინდივიდუალური გრანტები შესთავაზეს. პროექტის პრეზენტაცია სკოლაში გაიმართა. მასწავლებლებმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, საკონტაქტო პირად დაუოჯახებელი, შესაბამისად, „მოცლილი” მარიკა აირჩიეს. რაც უნდა ვეცადოთ, სტერეოტიპებს ვერსად გავექცევით. ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს ღრმად სწამს, რომ ქალი, რომელსაც ოჯახი არ ჰყავს, სრულფასოვანი ცხოვრებით არ ცხოვრობს და დროც ბევრი რჩება. მარიკას შემთხვევაში შედეგი ისეთი აღმოჩნდა, არავინ რომ არ მოელოდა – „უბრალო მასწავლებელი” (მის სიტყვებს ვციტირებ) იქცა აქტიურ სათემო მუშაკად, ქალად, რომელმაც საკუთარ თავში იპოვა ძალა, გარშემო მყოფებზე ეზრუნა.

დღეს მარიკა „შიდა ქართლის სათემო ფონდს მშვიდობისა და განვითარებისათვის” ხელმძღვანელობს, პარალელურად გაეროს ადამიანის უფლებათა დამკვირვებელი და კოალიციის „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისათვის” წევრია. მას ენდობიან თემში, ადგილობრივ ხელისუფლებაში. საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მარიკა საიმედო პარტნიორია, მედიისთვის – სასურველი რესპონდენტი. ცოდნას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ფონდ „ტასოს” და „ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ხელშეწყობით მიიღო, დიდი ენთუზიაზმით უზიარებს სხვებს. გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში დაუგროვდა, ყოველდღიურად ამდიდრებს და ცდილობს, ისევ და ისევ თემის პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენოს. მარიკა მედიატორია ტირძნისელებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის. მისი ყოველდღიური საქმიანობა, ეკონომიკის გაკვეთილების ჩატარებასთან ერთად, სხვა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაზე ზრუნვაა. სოფლებში, ჩვენ რომ „საზღვრისპირას” ვეძახით არაოფიციალურად, სოფლებში, სადაც ადამიანები ომის შიშით იძინებენ და იღვიძებენ, სადაც სიცოცხლისა და მშვიდობის ფასი ყველაზე უკეთ იციან, პრობლემა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენ გვგონია.

ადრე, 2009 წლამდე, მარიკა ბუჩუკური ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ გაკვეთილების ჩატარების გარდა, სხვა საქმეც გამოუვიდოდა. საკუთარ შესაძლებლობებს, როგორც საზოგადოებისთვის სასარგებლო რესურსს, სერიოზულად არ აღიქვამდა. დღეს მან კარგად იცის, რომ საქართველოს სოფლებში ცხოვრობს უამრავი ქალი, რომლებსაც, მასავით, მცირეოდენი ბიძგი სჭირდებათ, რათა საკუთარი თავიც და სხვებიც დიდი ცვლილებებისთვის მოამზადონ.

მარიკა ბუჩუკური ფიქრობს, რომ დღეს ქალებმა უფრო მეტი იციან თავიანთი უფლებების შესახებ, ვიდრე წლების წინ იცოდნენ. საკუთარი თავის რწმენაც მოემატათ და ერთმანეთის დახმარებით მეტსაც აღწევენ. მარიკა, რომელსაც ექვსი წელია შვებულება არ ჰქონია და შაბათ-კვირასაც იშვიათად ისვენებს, დარწმუნებულია, რომ ყველა ქალს შეუძლია, იყოს ლიდერი, თუ მას ხელოვნურ ბარიერებს არ შეუქმნიან და მოტივაციას არ მოუკლავენ.

მე მგონია, რომ გამიმართლა, რადგან როცა მგონია, რომ ძალა აღარ მყოფნის, ის ქალები მახსენდება, რომლებსაც ჩემმა საქმემ შემახვედრა, ქალები, რომლებიც კონფლიქტურ ზონასთან ცხოვრობენ, შინ ყოველდღე მავთულხლართების გავლით ბრუნდებიან და მაინც არ კარგავენ ბრძოლის სურვილსა და ოპტიმიზმს. ისინი ჩემი გმირები არიან.

ჩემი გმირია მარიკა ბუჩუკურიც, თავად მას რომ ჰკითხოთ, ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც თავის მთავარ ღირსებად ერთგულება მიაჩნია, უდიდეს მიღწევად კი – ადამიანების სიყვარული და ნდობა.
იცნობდეთ მარიკას. მან თავისი თემის ცხოვრება შეცვალა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...