კვირა, ივლისი 5, 2026
5 ივლისი, კვირა, 2026

ჩემი ქართულის მასწავლებლები

0

ეს ის ხალხია, ხან მშობლიური ლიტერატურის მასწავლებლები რომ ერქვათ, ხან ენისა და ლიტერატურის, ხან ქართული ენისა და ლიტერატურის და ა.შ. ჩვენთვის, ბავშვებისთვის უბრალოდ ქართულის მასწავლებლები რომ იყვნენ, უფრო კი ასე რომ მოვიხსენიებდით: „ქართულის მასწი”. ეს ბლოგიც ჩემს სამ მასწავლებელს ეძღვნება, ჩემს სამ ცხოვრებისეულ ეტაპს, სამ შთაგონებას და სამ სტიმულს: სკოლას, კოლეჯს და უნივერსიტეტს, ანუ:

 

ნინო

რბილად რომ ვთქვა, რთულად დასამორჩილებელი კლასი ვიყავით, სკოლაში თუ რაიმე ახალი ონავრობა და მაიმუნობა გამოჩნდებოდა, პირველ ეჭვს ჩემ კლასზე იღებდნენ და ასე იწყებოდა ხოლმე გამოძიება.და თუ ნინოს სადამრიგებლო არა, მაშინ რთულად იყო საქმე, მაშინ მთელ სკოლაში უნდა გეძებნათ დამნაშავე, თუმცა პრობლემის ეპიცენტრს, ძირითადად, ჩვენთანვე პოულობდნენ. არაფერი გამანადგურებელი, უბრალო ბავშვური სიცელქეები, რომლებმაც ერთხელ ნინო მასწს ათქმევინა, 7 წელი უნდა გავატარო თქვენთან და დარწმუნებული ვარ 5 წელიწადში გავჭაღარავდებიო. შეცდა, გაჭაღარავებას 4 წელი დასჭირდა, ჩვენც საკმაოდ მოვინდომეთ. ნინო მასწავლებელი დიდი ხანია არ მინახავს, მაგრამ ჩემი ცხოვრება და მისწრაფება დიდი აფეთქების თეორიასავითაა, ნინო ტყეშელაშვილისგან მოცემული ბიძგით ჩემი შინაგანი სამყაროც ნელ-ნელა ფართოვდება. არ ვიცი, რატომაა ქართულის მასწავლებელი ასეთი გამორჩეული ყველა ბავშვისთვის.ალბათ იმიტომ,რომ სალაპარაკო ენას გასწავლის, ან იმიტომ რომ ლიტერატურა, რომელზეც ის გესაუბრება, ყველაზე ახლობელია შენთვის, ყველაზე ნაცნობი, იმიტომაც, რომ მეტი სიყვარულია შენი ქვეყნისადმი, შენი ხალხისადმი და ა.შ. თუმცა კიდევ სხვანაირი შეგრძნებები მახსოვს.. განსაკუთრებით ისეთ დღეებში, როცა გაკვეთილების შემდეგ ცოტა ხნით დარჩენას ვთხოვდით ნინო მასწს და ისიც კლასგარეშე თემებზე გვესაუბრებოდა ხოლმე, ის, რაც პროგრამით არ იყო გათვალისწინებული, რაც წიგნში არ, თუ ვერ შევიდა და რაც ჩვენ უფრო გვაინტერესებდა, ლეგენდები და სინამდვილე. ნინოც დაუზარლად გვიყვებოდა, როგორ იბრძოდა გრიგოლ ორბელიანი შამილის წინააღმდეგ და როგორ არ მიაქცია ყურადღება ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებს, როგორ მიიღო ილიამ ვაჟა, როცა ეს უკანასკნელი პირველად ჩამოვიდა მთიდან და როგორი კარგი მოჭიდავე იყო აღნიშნული მთიელი, როგორ გაუძლო გალაკტიონმა 1937 წელს, როგორ ძმაკაცობდნენ გურამ რჩეულიშვილი და გურამ თიკანაძე და ა.შ. ეს უფრო ჯადოსნური ამბები იყო, უფრო განსხვავებული იმ საზეპირო მშრალი ტექსტებისგან, რომლებიც ხშირად ეწერა ხოლმე სახელმძღვანელოებში. არ აქვს მნიშვნელობა რა იყო სიმართლე და რადროის ქარტეხილებში გამონაგონი ლეგენდა, უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ქართული ენა და ლიტერატურა გვიყვარდებოდა, ჩვენ მთელი ეს ლეგენდარული ლაბირინთები მოგვწონდა და თავბრუს გვახვევდა. სკოლა 9 კლასის დასრულების შემდეგ დავტოვე და მას შემდეგ ერთხელღა ვნახე ნინო მასწავლებელი, უკვე გაჭაღარავებული, მაგრამ მაინც შეუცვლელი. ყოველთვის ვამსგავსებდი დედაჩემს, ერთხელ შემეშალა კიდეც და „ნინო მასწის” ნაცვლად, „დეე” დავუძახე. მთელმა კლასმა დამცინა, მე ყურებამდე გავწითლდი, თვითონ კი სასიამოვნოდ ჩაეღიმა, ალბათ, იგრძნო ჩემი დამოკიდებულება.

სულ ვამბობ, რომ სკოლაში უნდა შევიარო და ვინახულო, მაგრამ წლები გადის და ვერ. იქნებ ამ ბლოგმა მაინც გადამალახვინოს რაღაც უცნაური მორიდება ჩემი წარსულის, ლეგენდების და ნინო მასწავლებლის მიმართ.

ჯემალი

როგორც უკვე ვთქვი 9 კლასის დასრულების შემდეგ კოლეჯს მივაშურე და 14 წლის ღლაპმა უკვე ხელოვნების ქურუმად გამოვაცხადე თავი. პირველივე დღეს აუდიტორიაში ერთი გამხდარი, მკაცრი იერის მქონე კაცი შემოვიდა, ღრმად ჩამჯდარი ცისფერი თვალებით და რუხი გაცრეცილი პიჯაკით. მოგვესალმა, გადაგვხედა, აიღო ხელში კალამი და გვეკითხება, აბა მითხარით, კალამი პირველად ვინ შექმნაო. აუჰ, ატყდა ამბავი, ზოგი რას ამბობდა, ზოგი – რას. ჩამოითვალა რაც კი მეცნიერები ვიცოდით, გუტენბერგიდან დაწყებული – ედისონით დამთავრებული. მთელი ჩემი ცოდნა მოვიხმე და მაინც ვერაფერს გავხდი. ბოლოს, კარგად რომ მოგვქანცა, გაიღიმა და გამარჯვებულის ტონით გამოგვიცხადა, ეს კალამი პირველად ადამიანმა შექმნაო. დავრჩით პირდაფჩენილები. მე გავიბრძოლე, ეგ ხომ ისედაც ვიცოდით-მეთქი, მაგრამ მასაც ეს უნდოდა, როგორც აღმოჩნდა, რადგან სიტყვა გამაწყვეტინა და მომახალა, ჰოდა, მაგაშია საქმე, რაღაცების მკითხაობას, ჯობს ფაქტებს დაეყრდნო და იმდენი თქვა, რამდენიც ზუსტად იციო. იმ გაკვეთილზევე მივხვდი რომ ერთ ძალიან თავისებურ, ახირებულ და საინტერესო კაცთან მქონდა საქმე. მკაცრი კაცი იყო ჯემალ ჩომახიძე, ისიც კი არ ვიცი, ახლა ცოცხალია, თუ აღარ.იმ ხანებში კოლეჯის ბიჭბუჭობაში ხმა დადიოდა, ეგ ისეთი ავი ვინმეა, ნიშნებს არ წერს, ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტები აივნიდან აგდებდნენო. მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს უბრალოდ განაწყენებული ბავშვების გამონაგონი ლეგენდა იყო, თორემ აივნიდან იქით გადაყრიდა ბარე ორს. მოკლედ ისე მოხდა, რომ მე და ჯემალი მასწი დავმეგობრდით. რაღაც უცნაური მეგობრობა იყო, ინტერესებით თვალებგაფართოებული ბიჭუნასი და პირქუში მოხუცის, აი, დაახლოებით ისეთი, სტივენ კინგს რომ აქვს აღწერილი მოთხრობაში „Apt Pupil”.მერე აღმოვაჩინეთ, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი გვიყვარდა ორივეს, მთხოვა მის წერილებს გავცნობოდი და თემა მომემზადებინა. ამ წერილებზე მუშაობა ერთ დიდ ატრაქციონად იქცა, რომელშიც ორივე თანაბრად ვიყავით ჩართულები. როცა ატყობდა, რომ ჩვენ შორის რაღაც დისტანცია ირღვეოდა და ლამის მისთვისაც, ნინო მასწავლებელივით, „ბაბუ” ან „მამა” დამეძახა, უმალვე იბრუნებდა პირქუშობას და სიმკაცრეს, თითქოს ძალით არ ლახავდა რაღაც ზღვარს, თუმცა ეს ზღვარი მისდაუნებურად ილახებოდა, რადგან იმავე კოლეჯში ჯემალის მეუღლეც მუშაობდა მასწავლებლად და მე მისგან უჩუმრად ვაკვირდებოდი ხოლმე როგორ ნელ-ნელა მისეირნობდა მოხუცი წყვილი სახლში გაკვეთილების შემდეგ.კაცი წელში გამართული მიაბიჯებდა, მაგრამ ის მკაცრი იერი დაეკარგა და უფრო ახალგაზრდა, გულგახსნილ ბიჭს გავდა, რომლისთვისაც ხელკავი გვერდით მომავალ მეუღლეს გამოედო და აქედან გამომდინარე, მთელი დანარჩენი დედამიწა ახლა მხოლოდ მათ ორს გარშემო ტრიალებდა. ასეთი იყო ჯემალი, ბევრი ფიქრის მატარებელი, ერთდროულად მკაცრი და მოსიყვარულე, კაცი, რომელმაც კოლეჯის დასრულებისას გვერდით გამიხმო და მითხრა, საკუთარ თავს თუ არ უღალატებ, ყველაფერს მიაღწევ რისკენაც ისწრაფვიო. გხედავ და ვგრძნობ შენს გულისთქმას, ჰოდა მთავარია საკუთარ თავს არ უღალატოო.

იმის შემდეგ, ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობ, რომ ჩემი ქმედება თუ ფიქრი, შეიძლება ბოლომდე არ ეთანხმებოდეს ჩემ შინაგან ხმას, ჯემალ ჩომახიძის სიტყვები ჩამესმის და როგორღაც ვახერხებ ბეწვის ხიდზე სიარულს, ბოლოსდაბოლოს, ბეწვის ხიდიც ხომ ადამიანმა შექმნა.

ვატა

ყველა აღმართი საბოლოოდ მწვერვალისკენ მიდის. ჩემი მწვერვალი თეატრალურ უნივერსიტეტში ვიპოვე, მაგისტრატურაში სწავლისას,პირველივე დღეს, როცა აუდიტორიაში ჩვენი ლიტერატურის მასწავლებელი, ერთი ახმახი და ბრგე კაცი შემოვიდა, კაცი, რომლის ღიმილიც და წარბების შეჭმუხვნაც უფრო ძვირად ფასობდა, ვიდრე ჩვეულებრივ. კაცი, რომელსაც შეეძლო ისე ესაუბრა ლიტერატურულ შედევრებზე, რომ მისი ანალიზი მნიშვნელობით იმ შედევრს გატოლებოდა. კაცი, სახელად ვახტანგ როდონაია, ან უბრალოდ, ვატა, როგორც მას მეგობრები და შემდეგ უკვე ჩვენც ვუწოდებდით, როცა მარტონი დავრჩებოდით ხოლმე. ვატაზე წერა ყველაზე მეტად მიჭირს, რთულია ერთ გვერდში ჩაატიო მოგონება ადამიანზე, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება სიტყვა „ბუმბერაზი”. დაჯდებოდა ხოლმე ჩვენ წინ, ერთ დიდ აზრიან პაუზას აიღებდა, შემდეგ სახე მოეღუშებოდა და გადაეშვებოდა ამა თუ იმ ეპოქის ორომტრიალში. ვატას შეეძლო ერთნაირი ინტერესით ელაპარაკა გურამ რჩეულიშვილსა და ჟან ჟენეზე, მიხაილ ბულგაკოვსა და უილიამ შექსპირზე. შეეძლო ისეთი ქარიზმით წაეკითხა რომელიმე ლექსი, რომ თავად ავტორიც გაოცდებოდა, რომ მოესმინა. უეცრად ჩაურთავდა საუბარს, რომ „ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი და მჴურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი, მკჳდრნიცა მის ადგილისანი სავსენი სენითა, წყლითა განსივებულნი და განყჳთლებულნი, დაწერტილნი და დამშრშალნი და დამღიერებულნი, ჩარადოვანნი, პირმსივანნი და დღემოკლედ ცხოვრებულნი, და მოხუცებული არა ვინ არს მათ ქუეყანათა”, იტყოდა და ჩვენი აღტაცება რა მოსატანია, თვითონვე ეძლეოდა ხოლმე აღფრთოვანებას. არ შემიძლია ვატაზე კონკრეტული საუბარი, უცნაურია, მაგრამ მხოლოდ ზოგადად შემიძლია აღვწერო ჩემი მისდამი დამოკიდებულებაც. არ შემიძლია მიწიერ დიალოგებამდე და ადამიანურ მოგონებებამდე დავიყვანო ჩემი ქართულის მესამე მასწავლებელი, რომელიც თავისი მნიშვნელობით ჩემს ცხოვრებაში გაცდა ქართულს, გაცდა ლიტერატურას, გაცდა ხელოვნებას და რაღაც უფრო მნიშვნელოვანი როლი მიიღო, მფარველი ანგელოზივით. მე ვატას ლექსი მივუძღვენი, ალუდა ქეთელაურის ინტერპრეტაცია, თანამედროვე გადმოსახედიდან. მან წაიკითხა და მითხრა, შესანიშნავი მცდელობაა ერთ დიდ პოეტურ შედევრზე, მეორე მშვენიერი პოეტური ნაწარმოების შექმნისაო. იქნებ იცოდა კიდეც ვატამ, რომ ეს ნათქვამი შესანიშნავი მცდელობა იყო ჩემთვის ფრთების შესასხმელად, მცდელობა, რომელიც შედგა. გამოცდის შემდეგ მე და ჩემი მეგობარი, ამირან დოლიძე, დაგვიბარა და გვითხრა თითოეულს, ერთ დიდ და ბევრის შემძლე კაცს უნდა მიგაბაროთო.მე მიგგზავნით, თქვენ მიდით ჩემი სახელით და ყველაფერი დაუჯერეთო, ყველაფერს სწორად გეტყვით და არ აურიოთო. დავიძბე, ნეტავ ვისთან მგზავნის-მეთქი ვიფიქრე, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ამირანს ამირან დოლიძესთან გზავნიდა, მე კი, შესაბამისად – ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან. ასე იცოდა ვატამ სტუდენტში თვითრწმენის გაჩენა, ასე შეეძლო ვატას მოეცა ერთდროულად ცოდნაც, აღმაფრენას, რწმენაც და მოტივაციაც. დღემდე ხშირად ვიხსენებ,რა კოსმიური სიმშვიდე ისადგურებდა ხოლმე მის თვალებში, როცა პოეტურად წაუმღერებდა ანტონიო მაჩადოს  ლექსს დავით წერედიანისეულ თარგმანში:

„მოედანზე თეთრი კოშკი,

კოშკი, თეთრი აივნითა

აივანზე თეთრი ქალი,

ქალი თეთრი ყვავილითა.

ჩაიარა კაბალიერომ

გზა იყოდა, ჩაივლიდა,

თან წაიღო თეთრი კოშკი,

კოშკი, თეთრი აივნითა,

წაიყვანა თეთრი ქალიც,

ქალი, თეთრი ყვავილითა….

ვატა რომ ავად იყო, ვერ მივედი. არა იმიტომ, რომ არ მეცალა. არა, უბრალოდ ვერ მივედი, არ შემეძლო ჩემს მოგონებებში სხვანაირად შემომეშვა ეს კაცი, პანაშვიდებზეც ვიყავი, გასვენებაშიც, მაგრამ ერთხელაც არ შემიხედავს მისთვის.არ შეიძლება მფარველი ანგელოზები იღუპებოდნენ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვგრძნობდეთ მათ სუნთქვას ჩვენი გულის სიღრმეში, ისევე, როგორც მე ვგრძნობ ვატას მზერას ყოველთვის, როცა ცარიელ ფურცელს ვშლი და წერას ვიწყებ.

ქალები და დღესასწაულები

0
„საკერავი მანქანა დედას! მიართვი დედას საჩუქრად ელექტროსაკერავი მანქანა დედის დღესთან დაკავშირებით” – ბევრი ასეთი მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაიწყო მარტი. გვილოცავდნენ დედის დღეს, ქალთა დღეს და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფართო არჩევანს გვთავაზობდნენ.
 
წელიწადის ამ თვეს ქალებს საკუთარი დღეები აქვთ. დღეები, როდესაც მათ განსაკუთრებით ანებივრებენ ყვავილებით, სუნამოებით და სხვა საჩუქრებით. გვანებივრებენ სარეკლამო წინადადებებითაც და მთელი თვის განმავლობაში განუწყვეტლივ გვთავაზობენ ხან საკერავ მანქანას, ხან – ახალ მტვერსასრუტსა და მაცივარს, ხან – მიქსერს ან ყავის აპარატს, ტოსტერს, უთოს, გაზქურას… რეკლამა საზოგადოებაზე მუშაობს, რომელიც არსებული სტერეოტიპების კვლავწარმოებას უწყობს ხელს და უფრო მეტად ამყარებს მათ; წარმოგვიდგენს ქალს თავის ტრადიცულ როლში, ისევ საყოფაცხოვრებო რუტინასთან მიბმულს, ისევ ძალზე ტრივიალური არჩევანით: ან გაზქურა, ან სუნამო. და სხვა?
ამ საჩუქრების, ყვავილებისა და სუნამოების იქით ჩვენ, ქალებს, არავინ გვეკითხება, რა გვინდა. გვინდა თუ არა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სამზარეულოს ნიჟარაში თავის დახრჩობა. გვინდა თუ არა, მხოლოდ და მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკის უნიკალურ მომხმარებლად წარმოგვიდგენდნენ და ამით ამოიწურებოდეს ჩვენი შესაძლებლობები. იქნებ ჩვენ ყველას – მე, შენ ან ჩვენთვის კარგად ნაცნობ ქალებს, დედებს – უფრო მეტის გაკეთება შეგვძლებოდა საკუთარი თავისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის, საზოგადო მორალი ყოველდღიურად სულ სხვა რამეს რომ არ გვიქადაგებდეს და სულ სხვა რამეში არ გვარწმუნებდეს.
თუმცა დიდი ხანია მივეჩვიეთ, რომ ქალის როლისა და შესაძლებლობების აღქმა მხოლოდ საყოფაცხოვრებო პრიზმაში ხდება: ქალი- დიასახლისი, ქალი-დედა, ქალი-სიმშვიდისა და ოჯახური კერის მფარველი ანგელოზი.
თანამედროვე სამყარო ქალებს უფრო დიდ გამოწვევებს სთავაზობს, რომლებიც არამც და არამც არ აკნინებს მის სხვა, ტრადიციულ უნარებს. სთავაზობს იყოს უფრო აქტიური, მოიხსნას წინსაფარი და გამოვიდეს საზოგადოებრივ ასპარეზზე, გახდეს კონკურენტუნარიანი და უბრალოდ, იყოს გადაწყვეტილების მიმღები.
ერთხელ ვთქვი, რომ აღარ გავიხსენებ პირქუშ 90-იანებს. უშუქობას, მერე – შუქით მოგვრილ სიხარულს და ყიჟინას, უწყლობას და მაღალ სართულებზე მძიმე სათლებით არტეზიული ჭების წყლის თრევას, პურის რიგებს და იმას, როგორ იბრძოდნენ გადარჩენისთვის ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები. რომლებმაც ოჯახები თავიანთი შრომითა და თავგანწირვით შიმშილს გადაარჩინეს.
ამიტომ მარტი ისე არ ჩაივლის, რომ ამ მძიმე ამბებიდან ერთი მხიარული დღე არ გამახსენდეს, როდესაც ჩემი მეზობელი ქალები რვა მარტის საღამოს საგანგებოდ გამოეწყობოდნენ და რომელიმე მათგანის სახლში ამ დღის აღნიშვნას იწყებდნენ.
ისე გულწრფელად, ისე თავგანწირვით ალბათ არასდროს უზეიმიათ ქალებს თავიანთი დღე, როგორც მაშინ, რადგან მეორე დღეს ისევ ძველებურ ყოფას უნდა დაბრუნებოდნენ, დილაადრიან გასდგომოდნენ გზას სამუშაოსკენ, ზოგი დახლს იქით უნდა დამდგარიყო და გათოშილი ხელები პატარა გაზქურაზე გაეთბო… ამიტომ მღეროდნენ და მხიარულობდნენ ასეთი თავდავიწყებით. მათი სიმღერის ხმა ჩვენს ფანჯრებშიც აღწევდა.
მათ იცოდნენ, რომ იმსახურებდნენ ამ ერთდღიან განტვირთვას, ქალად ყოფნის გამო სიხარულს და მძიმე რუტინის დავიწყებას. იქნებ მერე უფრო კარგად იყვნენ, უფრო გამძლეები ხდებოდნენ, იქნებ მომდევნო წლის მარტამდე ჰყოფნიდათ ეს მხიარული გადატვირთვა, იქნებ ამიტომაც გადაარჩინეს თავიანთი ოჯახები იმ მძიმე წლებში.
რვა მარტის ასეთი აღნიშვნა ნელ-ნელა მოდიდან გადავიდა. გაჩნდა ჩვეულებრივი, „არაკომერციული” შუქი, ჩვეულებრივი, „არაარტეზიული” წყალი. ეს დღესასწაულებიც ჩვეულებრივი გახდა და გაუფერულდა. აღარც ქალები იკრიბებოდნენ სამეზობლოში, აღარც ერთმანეთის დაბადების დღეებს ზეიმობდნენ, არც განსაკუთრებულად გამოეწყობოდნენ, აღარც ქმარ-შვილს ტოვებდნენ ერთი ღამით მარტო და აღარც ისეთი მხიარულები იყვნენ.
მერე ზოგიერთი მათგანი ახალი გამოწვევის პირისპირ დადგა: შვილები, მათი განათლება და მომავალი. და იძულებული გახდნენ, ისევ რამე მოეფიქრებინათ. ისევ მათ უნდა გამოეძებნათ გზები შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად. აი, ასე ადგნენ და გაუდგნენ გზას სხვა ქვეყნებისკენ.
თუ კაცები დღეს და ღამეს სადარბაზოსთან უქმად დგომაში ატარებდნენ, მათი დედები და ცოლები არ გაჩერებულან, დაირაზმნენ და თავიანთი ოჯახების გადასარჩენად უკანონო თუ კანონიერი გზებით წავიდნენ აღთქმული ქვეყნებისკენ. მერე გვიყვებოდნენ, როგორ გადალახეს საზღვარი და როგორ მოხვდნენ ახალ ქვეყანაში, რა პირობებში უწევდათ მუშაობა. ამ ისტორიებს ტუჩებზე ხელებაფარებულები ვისმენდით. მძიმე ისტორიები იყო, ძნელად მოსასმენი.
ასე მგონია, ამ წლებმა ქალები უფრო უშიშარი გახადა, ვიდრე იყვნენ. უფრო ბრძოლისუნარიანნი და უფრო მოტივირებულები, მზად ყოფილიყვნენ ყოველგვარი ცხოვრებისეული გამოწვევისთვის. მათ თავად აღმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები და საკუთარი ბუნების ახალი მხარე დაინახეს.

 

განწირული სულისკვეთება

0
ადამიანს ბედნიერების განცდისთვის სჭირდება აღიარება, სხვებისგან თუ არა, საკუთარი თავისგან მაინც. ყოველდღიური წვრილმანები ყოველ წუთას გაცლიან სასიცოცხლო ძალებს და გაიძულებენ დათმო რაღაც ღირებული. ვერ შეძლო, რამე ისეთის გაკეთება, რაც, სანამ მომავალ სიმაღლეებსა და გზას დაინახავდე, სანამ გააცნობიერებდე, რომ ისევ შორს ხარ, ერთი წუთით მაინც მოგცემს ამოსუნთქვის საშუალებას, წუთით მაინც იქნები ამაყი და ბედნიერი საკუთარი ნამოქმედარითა თუ მიღწეულით.

რაც ამ გზაზე შეიძლება დაგეხმაროს, გამოცდილებაა, მთელი კაცობრიობის გამოცდილება. ალბათ პროფესიიდან გამომდინარე, კონკრეტულ ფაქტებსა და ადამიანურ გმირობებზე მეტად მხატვრული გამოცდილება მეხმარება, ხანდახან მაინც ვიყო უფრო უკეთესი, ვიდრე  ვარ, ხანდახან მაინც ვიგრძნო საკუთარ თავში „თავგანწირული სულისკვეთების” სიო, რომელიც „შავად მდინარ” ფიქრებს მინიავებს და მართალია, ჩემი თავგანწირვები კარიკატურულად მცირეა, იმ დიდთან, ნამდვილთან შედარებით, მაინც ესაა, რაც მაძლებინებს.

დღეს ორ „განწირულ სულისკვეთებაზე” მინდა დავწერო. 

ორივე გამარჯვებულია, ორივე აღწევს მიზანს, ოღონდ ერთის ისტორია მხატვრულად ნამდვილი, მომხდარი ამბავია, მეორე –  შინაგანი თავგადასავალია. ავთანდილსა და” მერანის” ლირიკულ გმირზე მინდა  დავწერო.

პირველი და უმთავრესი, რაც მათ აერთიანებთ, ბედისწერასთან ბრძოლაა. ორივე ახერხებს ბედისწერის საზღვარი გადალახოს. „წუთისოფლობის” ტრაგიზმი, მოკლე, ამქვეყნიური ცხოვრების საზღვარი იშლება, თუ შეძლებ ამ წუთისოფლის წესრიგი ცოტათი მაინც უკეთესი გახადო, ცოტათი მაინც მიუახლოვო პირველქმნილს. ავთანდილი ახერხებს შეცვალოს იმ დროის ერთ-ერთი ბედისწერა – ქალი მამის საკუთრებაა, ვისაც უნდა იმას მიათხოვებს, სიყვარულით ოჯახები არ იქმნება. ნესტანისა და ტარიელის გამარჯვების ისტორია კი, უკვე  პრეცედენტია, რომელიც ამხელს  ბოროტებას და ამით ამქვეყნიურ წესრიგს უკეთესობისკენ ცვლის.

„მერანის” ლირიკული გმირის ბრძოლის ასპარეზი სხვაგვარია. მას ბოჭავს ადამიანად ყოფნის საზღვრები, ის მთლიანად „წუთისოფლობას” ებრძვის და თავისთავად ცხადია, ამ წუთისოფლიდან გასვლა უწევს, რათა სხვა, ახალ სივრცეებსა და დროს ეზიაროს. განა თითოეულ ჩვენგანს არ მორევია ბრაზი საკუთარი სხეულის გამო, „რომლის ჰიგიენაც კი ოცდაოთხ საათში ძველდება”, განა არ გვიგრძნია საკუთარი ჭურჭლის სივიწროვე და სიმყიფე? მაგრამ ასეთ ფიქრებს თვალი რომ გაუსწორო, მაშინ უნდა გაწირო კიდეც საკუთარი ამქვეყნიური ყოფა და სიკვდილიც მარტომ ინატრო. არადა, სწორედ სიკვდილისას გვინდა ვიყოთ ახლობლებით გარშემორტყმულნი. ბოლო ამოსუნთქვისას ჩავებღაუჭოთ ახლობლის ხელს, ბოლო ცდაა, ილუზიით თავის დამშვიდებისა. არადა, თუკი მარტოობას, როგორც სინამდვილეს, თვალი ვერ გაუსწორე, ვერც ბედისწერას მოერევი. ავთანდილი და „მერანის” ლირიკული გმირი ამისთვის მზად არიან:

„თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,
ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, 
მუნ შემიწყალოს თქვენმავე გულმან მოწყალე ლმობელმან.”
„ნუ დავიმარხო ჩემს მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის;
ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის,-
შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტრიალის მინდვრის,
და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მომაყრის!”

ამ მზადყოფნის გარეშე არ არსებობს გმირობა. გმირობა გულისხმობს, იყო მარტო და იყო სხვებისთვის.

„ვეფხისტყაოსანში” არის სიტყვები, რომელთაც დღეს მნიშვნელობა შეცვლილი აქვთ. ყველამ ვიცით, რომ „ღარიბი” უცხოს ნიშნავს, მაგრამ დღევანდელი მნიშვნელობითაც უხდება კონტექსტს, ღარიბობა, არაფრისმქონობა სწორი მდგომარეობაა ბედისწერასთან მებრძოლი პერსონაჟისა. რა თქმა უნდა, მკვლევარს არა აქვს უფლება სიტყვები თავისი გემოვნებითა და ორმაგი მნიშვნელობით გაიგოს, მაგრამ მკითხველი თავნება არსებაა.

ავთანდილსა და „მერანის” ლირიკულ გმირზე ერთად წერაც ჩემი, როგორც მკითხველის, ერთგვარი თავნებობაა. მათ ჩემთვის კიდევ ერთი რამ აერთიანებთ – სურვილი.

ავთანდილს უნდა და ეხმარება ტარიელს, მერანის მხედარს უნდა და მიფრინავს საზღვრებიდან. იქნებ ჩვენ, ადამიანებს, გამუდმებული კომპრომისები კი არ გვიშლის ხელს, სურვილის სიმძაფრე და გულწრფელობა გვაკლია და ამიტომ ვუშვებთ კომპრომისებს? გრძნობები არ გვყოფნის და ამიტომ  დაგვატარებს წუთისოფელი თავისი „ბრძნული” კანონებით.

აბა, ერთი შეხედვით არც ერთის საქციელი არ ჯდება ამქვეყნიური ლოგიკის ჩარჩოებში. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ავთანდილის წასვლა ერთგვარად ქვეყნის ღალატიცაა. მთავარსარდალი რომ ჯარს დატოვებს და ვიღაც მტირალი კაცის დასახმარებლად გაიპარება, არის კი ამაში ყოფითი ლოგიკა? რა თქმა უნდა, არ არის. მაგრამ მისი საქციელის, მისი გადაწყვეტილების გამამართლებელი მხოლოდ ის კი არაა, რომ ტარიელი გაჭირვებული და დასახმარებელია, არაბეთს და თინათინს კი არაფერი უჭირს, არამედ უპირველესად მისი, ავთანდილის სურვილია. ის ამ სურვილით არის ყველაზე მართალი და მომხიბვლელი.

არც მერანის მხედრის თავგანწირვაში ჩანს ამქვეყნიური ლოგიკა. მიდის და კვდება მარტო, შავი ყორანი უთხრის საფლავს. რატომ, რა აიძულებს? რა ამართლებს?

სურვილი. სურვილი საკუთარი მძიმე ყოფიდან გაღწევისა და ეს ყოფა, ასე მგონია, კონკრეტულად ბარათაშვილის ყოფასთან, იმ დროინდელი საქართველოს მძიმე მორალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პრობლემებთან არაფერ შუაშია. არც ილიკო ორბელიანის  ტყვედ ჩავარდნის ამბავია გადამწყვეტი. რაღა თქმა უნდა, საწყისი პოეტური იმპულსის მიმცემი იქნებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ პოეტის ფიქრი გაცილებით შორს წავიდა და გასცდა კონკრეტული დროისა და სივრცის საზღვრებს. ვერც რომანტიზმის, ვერც მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს საზღვრებში ის ვეღარ ეტევა, იმდენად ვრცელია მისი რბოლის ასპარეზი და პროტესტიც ზოგადადამიანური შესაძლებლობების წინააღმდეგაა მიმართული და არა კონკრეტული სარბიელის არქონისკენ.

„მერანის” ლირიკულ გმირსა და ავთანდილს, როგორც ზემოთ ვახსენე, მოქმედების ვექტორი განასხვავებს. ავთანდილის „საზღვრის გადალახვა”, ერთი შეხედვით, ამავე სამყაროს ჩარჩოებში რჩება. ეს სამყარო ხდება უკეთესი, და აქედან გამომდინარე, საკუთარი არსებობის წარმავლობას უპირისპირდება, რაც უფრო მეტად მიუხლოვდება პირველქმნილ წესრიგს, მით უფრო გაძლებს. მაგრამ, თავისთავად ცხადია, ამ ტიპის ბრძოლაში გამარჯვებისთვის ავთანდილს სრულიად განსაკუთრებული პიროვნული თვისებები სჭირდება, რომლებიც ამავე სამყაროსთან უფრო მჭიდრო კავშირში უნდა იყოს, ვიდრე „მერანის” ლირიკული გმირისა.
ნიკოლოზ ბარათაშვილის  გმირის თავგადასავალი მარტო კაცის შინაგანი ამბავია. წუთისოფელს არაფრით შეუძლია მისთვის ხელის შეშლა. წუთისოფელს უკვე გაკეთებული აქვს თავისი საქმე, მიღებული აქვს ბედისწერის შავი ფერი. ის მერანს ვეღარ შეაჩერებს. ერთადერთი, შეუძლია, „დასჩხავლოს”, მაგრამ ეს ჩხავილი საზღვრის იქით ვერ გადააღწევს.
ავთანდილის შემთხვევაში ბედისწერას შერჩენილი აქვს თავისი ძალა. ავთანდილი ამ სამყაროში მოქმედებს და გამარჯვებისთვის საჭიროა ამავე სამყაროს შვილი ბოლომდე, ერთგულად და მართლად დარჩეს.

რა თვისებებს მიჰყავს ავთანდილი გამარჯვებამდე, თანაც გამარჯვებამდე ტრაგიკული აღსასრულის გარეშე?

უპირველეს ყოვლისა, განცდას, რომ ეკუთვნის მთლიანად სამყაროს. მისი პიროვნული ხედვა პლანეტებსაც (ვარსკვლავებსაც) კი სწვდება, და არ შეიძლება ჩაკეტილი იყოს ვიწრო ეთნიკურ ჩარჩოებში. ერთი მხრივ – რწმენა, და მეორე მხრივ – ცოდვა, რომელიც მას ასევე არ აკლია, ქმნის გამარჯვებული პერსონაჟის სწორ პარადიგმას. ის რომ უცოდველი და  იდეალური ყოფილიყო, დაიკარგებოდა, როგორც ამ ქვეყნის შვილი და ვეღარ შეძლებდა ამ ქვეყნისთვისთვისვე მნიშვნელოვანი გამარჯვების მიღწევას.

საბედნიეროდ, ავთანდილი ჩვეულებრივი ცოდვილია: ემუქრება სუსტს (ასმათს გამოქვაბულში), იტყუება გულანშაროში, კლავს მძინარე ადამიანს, ღალატობს სატრფოს. შთამბეჭდავი ჩამონათვალია, მაგრამ ადამიანი ამ სამყაროში სხვანაირი ვერ იქნება. ის განწირულია ცოდვისთვის და რაც მის ცოდვებს გამოისყიდის, ლოცვაა, ის ლოცულობს ყველა მნიშვნელოვან მომენტში, ლოცულობს ცრემლით, ლოცულობს სიმღერითაც (შემოქმედებით) და მისი რწმენა, ტკივილი და გულწრფელობა მთელი სამყარო აიძულებს გვერდში დაუდგეს. 

რამდენადაც „მერანის” ლირიკული გმირი სრულიად მარტოა, ავთანდილთან ყოველთვისაა ღმერთი. „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსნებიო”, დანანებით აღიარებს როსტევანი და ამ „თავის ხლებაში” მარტო მისი გადაწყვეტილება და თავისუფლება არ იგულისხმება, აქვეა ღმერთი, როგორც იმედი, როგორც მთელი სამყარო, რომელიც ამსუბუქებს ღარიბობისა და უცხოობის სიმძიმეს.

ასევე მნიშვნელოვანია თინათინი, როგორც საწყისი იმპულსის მიმცემი და შემდეგში თანამგრძნობი. მისი სურვილით, გაიგოს სიმართლე, იწყება ავთანდილის თავგადასავალი, მაგრამ ეს სხვა დიდი თემაა.

ასეთი ნდობა ღმრთისა, სამყაროსი, როგორც ავთანდილს აქვს, ბუნებრივი იყო პირველ ცოდვამდე, სანამ ადამიანში ცნობიერება გაიდგამდა ფესვს. 

ავთანდილი კი, იმისთვის რომ იმოქმედოს, სწორედ ამ ცნობიერს, ცოდნას იყენებს. „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით მოგვეცეს, შერთვა ზესთ მწობრთა წყობისა”.

ავთანდილის მიღწეული შედეგი სრულიად აშკარაა. მერანის ლირიკული გმირისა – შედარებით დაფარული.

თუმცა ბარათაშვილიც ისეთივე ქმედითია და თუ ჩვენ მას საკუთარ კულტურულ გამოცდილებად ვაქცევთ, ნამდვილად წინ გაგვიძღვება და ადამიანად ყოფნის, მისი დაძლევის, საჭირო დროს თავგანწირვის პატარ-პატარა შესაძლებლობებს მოგვცემს. გზა უკვე გაკვალულია. მთავარია, ჩვენ თვითონ ვიგულოთ თავი მის „მოძმეებად”, რომ ბოლოს, როცა საზღვრის გადალახვის დრო დადგება, მეტ-ნაკლებად ჩვენც გვეთქმოდეს: „ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება”…

ჰიპერაქტიური და ყურადღების დეფიციტის მქონე მოსწავლეები

0
ალბათ გაგიგონიათ და გამოგიყენებიათ კიდეც სიტყვა „ჰიპერაქტიურობა”. 50-60 წლის წინ ჰიპერაქტიური ბავშვები არ არსებობდნენ. მარკ ტვენის გმირის, ჰეკლბერი ფინის, ტიპის ბავშვები მეამბოხეებად, ზარმაცებად ან „მოუსვენრებად” მიიჩნეოდნენ. დღეს ასეთ ბავშვებს ჰიპერაქტიურებს უწოდებენ და ეს ტერმინი მეტისმეტად ხშირად და მეტისმეტად ფართო მნიშვნელობით გამოიყენება. ბევრ მასწავლებელს ჰყავს კლასში რამდენიმე „ჰიპერაქტიური” მოსწავლე. ფაქტობრივად, ჰიპერაქტიურობა არ არის ერთი განსაკუთრებული მდგომარეობა, ეს ორი სხვადასხვა პრობლემაა, რომლებიც ერთად ან ცალ-ცალკე გვხვდება: ყურადღების დარღვევები და იმპულსურ-ჰიპერაქტიური პრობლემები.

დღეს ფსიქოლოგთა უმეტესობა თანხმდება, რომ ჰიპერაქტიურ მოსწავლეთა უმთავრესი პრობლემა მათ მიერ არა უბრალოდ ფიზიკური აქტიურობის კონტროლს, არამედ ყურადღების მართვასა და შენარჩუნებას უკავშირდება. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ ამ პრობლემის მქონე ბავშვების გამოსავლენად შეიმუშავა დიაგნოსტიკური კატეგორია ADHD – „ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი” (attention deficit/hyperactivity disorder). 

ჰიპერაქტიური ბავშვები სხვებთან შედარებით არა მხოლოდ ფიზიკურად აქტიურნი, უყურადღებონი და დაუდევარნი არიან, არამედ აღენიშნებათ შესაბამისი პასუხის გაცემასა და მიზნის (საკუთარი მიზნისაც) მისაღწევად საჭირო მუშაობის არცოდნასთან დაკავშირებული სირთულეებიც. დამატებით შეიძლება ითქვას, რომ მითითების შემთხვევაში, მცირე პერიოდშიც კი, მათ არ შეუძლიათ საკუთარი ქცევის კონტროლი. საზოგადოდ, ქცევითი პრობლემები აშკარაა თითოეულ მასწავლებელთან და ნებისმიერ სიტუაციაში. ძნელია იმის განსაზღვრა, რამდენი ბავშვი შეიძლება იყოს კლასიფიცირებული ჰიპერაქტიურად. დაწყებით სკოლაში ასეთი ბავშვი 3-დან 5%-მდეა. აქედან ნახევარზე მეტს როგორც ყურადღების, ასევე ჰიპერაქტიურობის დარღვევა აღენიშნება. გოგონებზე დაახლოებით 3-4-ჯერ მეტი ჰიპერაქტიური ბიჭია გამოვლენილი, მაგრამ განსხვავება თანდათანობით მცირდება. ცოტა ხნის წინ ფსიქოლოგთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ეს სინდრომი მოზარდ ასაკამდე იკლებდა, მაგრამ დღეს ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ პრობლემები ადამიანს შეიძლება ზრდასრულ ასაკშიც გაჰყვეს.

მოზარდობა, დაკავშირებული პუბერტაციის თანმხლებ მზარდ სტრესებთან, საშუალო ან მაღალ კლასებში გადასვლასთან, მეტად მომთხოვნ აკადემიურ მუშაობასთან და შთამნთქმელ საზოგადოებრივ ურთიერთობებთან, ADHD-ის მქონე მოსწავლეებისთვის შესაძლოა განსაკუთრებით რთული პერიოდი იყოს.

ADHD-ის მქონე მოსწავლეთა სწავლება. ამჟამად ADHD-ის სამკურნალოდ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ პრეპარატებით თერაპიას. ფაქტობრივად, 1990-დან 1998 წლამდე აშშ-ში რიტალინის წარმოება 700%-ით გაიზარდა. რიტალინი და ექიმების მიერ გამოწერილი ადერალისა და კილერტის ტიპის მედიკამენტები ერთგვარი სტიმულატორებია, ოღონდ განსაზღვრული დოზით; ADHD-ის მქონე ბავშვებთან მათ შესაძლოა პარადოქსული ეფექტი ჰქონდეთ. მცირე პერიოდის ეფექტი საზოგადოებრივი ქცევის – კოოპერაციის, ყურადღებიანობის გაუმჯობესებას მოიცავს. კვლევათა შედეგები გვიჩვენებს, რომ ADHD-ის მქონე ბავშვების 70-80% მკურნალობის დროს ადვილად მართვადია, მაგრამ არსებობს უარყოფითი თანამოვლენებიც – გულის აჩქარება და წნევის მომატება, ზრდის შეფერხება, უძილობა, წონის კლება და ღებინება. მედიკამენტური თერაპიის ხანგრძლივი გამოყენების შესახებ კი ცოტა რამაა ცნობილი, ასე რომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. მრავალი მკვლევარი ასკვნის, რომ მედიკამენტებით მკურნალობის შედეგად გაუმჯობესებული ქცევა იშვიათად ახდენს დადებით გავლენას როგორც აკადემიურ სწავლაზე, ისე თანატოლებთან ურთიერთობაზეც ორ სფეროში, სადაც ADHD-ის მქონე ბავშვებს დიდი სირთულეები ექმნებათ. ვინაიდან მოსწავლეთა ყოფაქცევა უმჯობესდება, მშობლები და მასწავლებლები მშვიდდებიან და შესაძლოა იფიქრონ, რომ პრობლემა მოგვარებულია. სინამდვილეში ასე არ არის – მოსწავლეებს სწავლაში კვლავ განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ.

ავსტრალიაში ჩატარებული ერთი დიდი კვლევა ასკვნის: ხანგრძლივი ცვლილების მისაღწევად ყველაზე ეფექტურია ჩარევისადმი მრავალმოდალური მიდგომა. უმრავლესობასთან, მაგრამ არა ყველა ბავშვსა და მოზარდთან, ფსიქოსტიმულატორებით მკურნალობას დადებითი შედეგი მოაქვს, თანაც ეს მიღებულია მშობლებისა და მასწავლებლების მიერ შემუშავებული მკურნალობის, მსჯელობისა და ბავშვის ქცევის მართვის შედეგად. ასე რომ, განსხვავებული პროფესიის მქონე პირთა დახმარება აუცილებელია.

რა შეუძლიათ მასწავლებლებს? ბევრმა დავალებამ შესაძლოა ავნოს ყურადღების დეფიციტის მქონე მოსწავლეებს, ამიტომ თავს ნუ მოახვევთ ბევრ პრობლემას, მასალის ბოლომდე დასაუფლებლად ადვილად გასაგები და დასასწავლი პატარ-პატარა დავალებები მიეცით. კიდევ ერთი ეფექტიანი მიდგომაა სწავლის ინსტრუქციებისა და მეხსიერების სტრატეგიების კომბინაცია, რასაც მოტივაციური ვარჯიში ერთვის. მიზანი ისაა, რომ მიღწევების გასაუმჯობესებლად დავეხმაროთ მოსწავლეებს უნარისა და ნებისყოფის განვითარებაში. მათ ასევე უნდა შევასწავლოთ საკუთარი ქცევის მონიტორინგი, რათა არ იყვნენ მერყევნი და შეძლონ საკუთარი თავის გაკონტროლება.

კონტროლის ქვეშ ყოფნა იმ ახალი თერაპიული სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც საქმე აქვს ADHD-თან და ხაზს უსვამს პიროვნულ აქტივობას. დევიდ ნაილუნდის მოსაზრებით, ბავშვის პრობლემის მკურნალობაზე მთავარი მისივე პრობლემების დასამარცხებლად მისი ძლიერი მხარეების აღრიცხვაა – აკონტროლეთ ბავშვი. ნაილუნდი ცდილობს, გაჭირვება, მოწყენილობა და სხვა უარყოფითი ემოციები შინაგან პრობლემებზე მეტად ბავშვის გარე სამყაროდან გამომდინარე დაგვანახვოს – ეშმაკებისა და მოჩვენების დამარცხება ბავშვის სურვილებს ასახავს. მთავარია გადაწყვეტილებები. 

SMART მიდგომის სტადიებია: 

◦ ADHD-ს პრობლემის ბავშვისგან გამოყოფა, გამოცალკევება;
◦ ბავშვსა და ოჯახზე ADHD-ს ზეგავლენის განსაზღვრა;
◦ ADHD-სთან დაკავშირებულ გამონაკლისებზე ყურადღების გამახვილება;
◦ ADHD-ს დიაგნოზის მქონე ბავშვების განსაკუთრებული შესაძლებლობების გამოყენება; 
◦ ახალი ამბის მოყოლა და ყოველი წარმატების სიხარულით აღნიშვნა.

დაუკვირდით შემთხვევებს, როდესაც მოსწავლე დაინტერესებულია, თუნდაც მცირე ხნით. რა არის განსხვავებული ასეთ შემთხვევებში? გამოავლინეთ ბავშვის ძლიერი მხარეები და აჰყევით, თითქოს მათ ჩაგითრიეს. სწავლების მეთოდში შეიტანეთ ისეთი ცვლილებები, რომლებიც მოსწავლეს რამის კეთების სურვილს გაუღვივებს. ნაილუნდს მოჰყავს შემდეგი მაგალითი: ცხრა წლის კრისმა და მისმა მასწავლებელმა მისის ბეიკერმა კრისის უყურადღებობის დასაძლევად ერთად გადაწყვიტეს მუშაობა. მისის ბეიკერმა კრისი კლასში წინა მერხზე დასვა. მათ შეიმუშავეს კრისის ყურადღების სამობილიზაციო ნიშანი და კრისმაც მოაწესრიგა თავისი არეულ-დარეული მერხი. კრისის კონცენტრაციის გაუმჯობესების აღსანიშნავად ბიჭუნას წვეულება მოუწყვეს. კრისმა აღწერა, როგორ ისწავლა მან მოსმენა კლასში: „ამ დროს უნდა იყო ძალიან მობილიზებული და ADHD-სა და მოწყენილობას უთხრა, რომ არ შეგაწუხონ”.

ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები მედიკამენტურ ჩარევამდე საფუძვლიანად არის შესწავლილი. მაშინაც კი, როდესაც თქვენი მოსწავლეები უკვე მედიკამენტებით მკურნალობენ, აუცილებელია, შეისწავლონ ის აკადემიური და სოციალური უნარ-ჩვევები, რომლებიც ცხოვრებაში გამოადგებათ. ეს მაშინაც კი არ ხდება, როდესაც ქცევა მედიკამენტების მეშვეობით უმჯობესდება.

სული საქართველოსი

0

ერთი მოარული ამბავია, საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია მეორეს ჰკითხა მრევლმა, უწმინდესო, სადაა ზეციური საქართველოო და ასეთი პასუხი მიიღო: ზეციურ სომხეთსა და ზეციურ აზერბაიჯანს შორისო. მე არ ვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ ზეციური საქართველოს იდეა რომ ბევრს მოსწონს, ნათელია. ამის მიზეზი ალბათ წარმოსახვის და ფანტაზიის სისუსტეა, რომ გარდაცვალების მერეც იგივე გგონია ადამიანს რაც აქაა, დაახლოებით ასე; შენ, შენი მეუღლე, მეზობელი მდიდარი, მეზობელი ღარიბი, ძმაკაცები, სუფრები, სასაფლაოები, იგივე საქმეები, თან ამას დამატებული იქ ერთად მყოფი ყველა ქართველი, ღირსეულნი რა თქმა უნდა, და ასე, იმ ზეციურ საქართველოში, ჟარგონზე რომ ვთქვა, მიდის გრიალი უკუნისამდე და ყველა ბედნიერია.

ამ შესავალის შემდეგ, მინდა საქართველოს სულზე ვისაუბრო ილია ჭავჭავაძის და ბესიკ ხარანაულის ტექსტების მიხევდით. მოდი, ჯერ ჩემს აზრს ვიტყვი, რა ან ვინ უნდა იყოს საქართელოს სული. არ მგონია, რომ ეს იყოს იმ ზემოთქმული ზეციური საქართველოდან გამოგზავნილი ერთ-ერთი მოდარაჯე არსება, ან რამდენიმე, რომლებიც რაღაც იქაური დროის მიხედვით ცვლიან ერთმანეთს გრაფიკის მიხედვით. ეს ალბათ არის ერის ისტორიის, ლიტერატურის, კულტურის, ხალხის და სხვა თავისებურებების ერთიანობა, რაღაც კოლექტიური ქვეცნობიერის მსგავსი, რომელიც ვიღაც ერთში შეგვიძლია განვასხეულოთ, რომ შევაფასოთ და დავინახოთ.
ჭავჭავაძე ხედავს აჩრდილს, ქვეყნის სულს, რომელიც მარად ყველგან საქართველოსთანაა. ეს სული შემაღლებულზე დგას და იქიდან წინასწარმეტყველებს, რა იქნება შემდგომ და იქიდან იხსენებს ძველ დროსაც, განსჯის და ადიდებს ადამიანებს, საქმეებს, მოვლენებს.
„აქ არვის – დიდსა, თუ პატარასა, –
ქვეყნის ტკივილით არ სტკივა გული,
დაჰვიწყებია, რომ ქვეყნად ცასა
ღვთად მოუცია მარტო მამული”.
შემდეგ კი წუხს, რომ:
„მაგრამ ქართველნო, სად არის გმირი,
რომელსაც ვეძებ, რომლისთვისც ვსტირი?”
1864 – 1871 წლებში საქართველოში ბატონყმობა გაუქმდა, პოემა 1872 წელს არის დაწერილი და ჩანს, რომ ცხოვრება ჯერ კიდევ იმ ძველი სახელმწიფო მოწყობის მიხედვით გრძელდებოდა, თავად-აზნაურობა ჩაგრავდა ისედაც გაღარიბებულ გლეხს. ამის გამოა, რომ ჭავჭავაძის ლიტერატურული გმირი, გარდა იმ ზოგადი პრობლემებისა, რაც ქვეყანას და ერს აქვს, სამომავლო ცხოვრებას ძალიან კონკრეტულად წინასწარმეტყველებს, რომ დადგება ყველა ადამიანის თუ სოციალური ჯგუფის გათანასწორების დრო, ადამიანი მისი შრომის მიხედვით დაფასდება.
„შრომის სუფევა მოვა მაშინა
ჭეშმარიტების მის ძლიერებით”.
პოემის დასასრულს ავტორის მზერას ეკარგება მოხუცი სული საქართველოსი და შემდეგ ბოლოჯერ დაინახავს მას მუხლმოყრილს, ცისკენ ხელაღპრობილს, ღვთისმშობელ მარიამს რომ ავედრებს ქვეყანას. პოემა კი სრულდება იმ სურათით, თუ როგორ გადომეშვა ციდან მშვენიერი ცისარტყელა, რაც ალბათ იმედის, სამომავლო სიკეთისა და მშვიდობის ნიშანად გამოიყენა ავტორმა, როგორც საკუთარი პოზიციის, ასევე ტექსტისა და მისი ლოგიკური ქოროს, თუ პერსონაჟის გამომხატველად.
„შეზავებულად მეხსაც ჰგავდა და მოხუცებულსაც, ცას სარჩულივით გადაჰკვროდა, არწივისა ჰქონდა სახე და ემოსა ნისლის კოტორი, თითქოს თვითონ საკუთარი თავის უკან იდგა და იქიდან გუგუნებდა ცის მედგარივით:
– ჰოი, ჰოი, ჰოი… გესმოდეთ და გეყურებოდეთ!..
მე ვარ სული საქართველოსი!..”
მოდი, ცოტა ვითამაშოთ, თუ ამ სტატიის დასწყისიდანვე ასე არ ვაკეთებდით, მკითხველო, და ვიტყვი, რომ ეს უკვე ბესიკ ხარანაულმა ნახა თითქმის საუკუნე-ნახევრის შემდეგ სული საქართველოსი. აღწერილობა თითქმის იგივეა; პერსონაჟის იდუმალება, სტოიციზმი, ორივე რაღაც შორეული ნისლითაა შებურვილი და გადმოჰყურებენ ქვეყანას, მაგრამ საინტერესოა ერთი ნიუანსი, რაც ბესიკმა დაამატა საკუთარ პერსონაჟს; „თითქოს თვითონ საკუთარი თავის უკან იდგა”, – ეს მომენტი ერთი შეხედვით ბევრს არაფერს, მაგრამ უმთავრესსაც კი გვეუბნება ალბათ, რომ ამ სულს, ვინც მაღალია, რჩეულია, აქვს ჩართული საკუთარი თავისაგან გასვლის, განდგომის, საკუთარ თავზე დაკვირვების, მოვლენათა გვერდიდან ხედვის ფუნქცია.
„მოვიდა ის დღეც შურის-გებისა,
მტარვალს აღუდგა ქართვლის ქველობა…”
ამბობს ამას ილიას გმირი და მერე იგონებს საუკუნეების წინანდელ ქართველებს, რომლებმაც თავი დადეს ქვეყნისთვის. დღეს კი ასეთი აღარავინ არისო, _ წუხს და ისეთი მკითხველი თუ ხარ ადამიანი, პერსონაჟების წარმოდგენა და მათი არებობის დაჯერება გიყვარდეს, თან შეგეცოდებოდა და გაგაღიმებდა კიდეც ამ მოხუცი სულის ისეთი საუბარი, თითქოს, თვითონ ბრძენი კი არ იყო და ამის გამო ედგა საქართველოს მარადიულ დარაჯად, უბრალოდ გაჩენის დღიდან სულ აქ იდგა, ახლა კი დაბერებულიყო და რაღაცეები ერეოდა კიდეც ერთმანეთში. ჩემი აზრით, ეს სული ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟია ილიას შემოქმედებაში. მან ყველაფერი იცის ძველი, ხედავს აწმყოს და მომავალს წინასწარმეტყველებს, მაგრამ თვითონ არ შეუძლია ან უბრალოდ არ ერევა მოვლენების სხვაგვარად განვითარებაში. შური უნდა ვიძიოთ, ამის დრო დადგა ამ მეცხრამეტე საუკუნეშიო და იქვე უძველესი დროის მეფე ფარნავაზზე საუბრობს.
„გესმოდეთ და გეყურებოდეთ!..
ჩემს ურჩსა და მოღალატეს, ჩემს მქირდავსა და მოპირფერეს,
ქალსა და კაცს, მოხუცს, ყმაწვილს, გამხმარსა და გაფუებულს
მიწაში აგზელთ!
ცრუ მღვდელს, ცრუ მლოცველს, ცრუ მეცნიერს, ცრუ მგმობელს,
ცრუ მწონავს, ცრუ მთვლელს, ენაგრძელსა და უთქმელს,
ორპირს და მანიაკს
მიწაში აგზელთ!”
ეს კი უკვე ხარანაულის პერსონაჟია. სულ სხვა ტონით მოსაუბრე. ესეც ჰო მთაზე დგას, ბრძენიც უნდა იყოს, მოხუციც, მაგრამ არწივის პროფილი აქვს. სისულელეა, მაგრამ ილიას გმირი ალბათ უფრო ახალი აღთქმის სულია, ხარანაულის გმირი კი – ძველის. რაღაცნაირი მკაცრია, შიშველი. რა საერთოა მათ შორის, რა განსხვავებები?!.
სადამდეც ჭკუა-გონება გამწვდება, შემიძლია ამ ორ ტექსტზე ვისაუბრო, მაგრამ შევწყვეტ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ სტატიის მოცულობა ალოგიკურად გაიზრდება და მეორე იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს ჩემი სტატიები არაა ჭკუის სწავლება მასწავლებელ-მოსწავლეებისთვის, არც პოპულარულ ენაზე დაწერილი სამეცნიერო ნაშრომებია, ეს უბრალო ინტერესის აღძვრაა კონკრეტული მხატვრული ტექსტების სხვა კუთხით აღქმა-გააზრებისათვის.
ძალიან კარგი სამსჯელო თემა იქნება კლასში თვითონ ამ ერთი პერსონაჟის – საქართველოს სულის ტრანსფორმაცია. რა თქმა უნდა, ჩვენც ყველანი, საგნებიც, მოვლენებიც, გეგმებიც, ყველაფერი ცვალებადია. ილიას შემდეგ საქართველოც შეიცვალა, ხალხიც, ვითარებაც და შეიცვალა ალბათ ის სულიც საქართველოსი, რომელიც კი არის მარადიული, მაგარამ მარადისობა თავის თავში არ უნდა ნიშნავდეს სტატიკას, რომელსაც გვამის სუნი ექნება. მითუფრო ქვეყანას არ უნდა სჭირდებოდეს მუდამ უცვლელი, ქვისგან გათლილი მფარველი, გინდა ცისა იყოს, გინდა მიწისა.
რაღაც პათეტიკური დასასრული გამომდის სარკაზმულად დაწყებულ ტექსტზე, მაგრამ ჩვენც უნდა ვიცვლებოეთ, მოსწავლეებიც, მასწავლებლებიც, ადამიანები ზოგადად, ხან უარყოფითისკენ, ხან დადებითისკენ, მაღლაც ავდიოდეთ და დაბლაც ვეშვებოდეთ. მოძრაობა და მოძრაობაო ჰო თქვა იმ კაცმა, აქ ვინც ბევრჯერ ვახსენე. ავირჩიოთ რაღაც საწყისი წერტილი ჩვენი არსებობის, არსის და ვმოძრაობდეთ ჩვენს აზრებში, შეხედულებებში, ფასეულობებში, თორემ:
„სისულელეა ღმერთის ძახილი, როცა შენი თავი არ მოგიხმია,
როცა სახლში გაქვს ქონება და სხვაგან დაეძებ.
აბა, გახსენ შენგან დაგდებული სკივრი, ნახე, როგორ ამოანათებს!”

როდესაც სერიოზულობა გვაკლია…

0

ქართული საგანმანათლებლო სისტემისა და სპორტის ერთობლივი სატკივარია ის, რომ ჩვენი ქვეყნის საჯარო სკოლებში სპორტის მასწავლებლები სათანადო ცოდნისა და მოზარდების დონით ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობენ არათუ ევროპულ, არამედ ზოგად სტანდარტებს, რაც სპორტის მასწავლებელს ალბათ ყოველთვის უნდა მოეთხვებოდეს. ამის მიზეზებზე ადრეც ვისაუბრეთ და ახლაც ვიტყვი, რომ სკოლებში სპორტის სწავლებისადმი არცთუ სერიოზული დამოკიდებულებაა.

სპორტი, როგორც სასწავლო საგანი, მემკვიდრეა იმ ფიზკულტურის გაკვეთილებისა, რომელიც ჩვენი ბავშვობიდან ყველას კარგად გვახსოვს როგორც ისწავლებოდა და ფიზკულტურაში მიღებული მაღალი ნიშანი ხშირ შემთხვევაში ასევე არაფერს ნიშნავდა, როგორც სპორტსმენისათვის ელემენტარული ნორმატივის ჩაბარება – აქაოდა მაგას ხომ ყველა შეძლებსო.

მშობლების, მოსწავლეებისა და, სამწუხაროდ, ხშირად მასწავლებლების მიდგომებიც დღეს საბჭოურის იდენტურია და განსაკუთრებული კვლევა-ძიება ნამდვილად არ სჭირდება იმის გამორკვევას, რომ ჯერჯერობით სპორტი ვერ იქცა იმ სასწავლო საგნად, რომელსაც სათანადო ყურადღება ხვდება წილად, და რომლის ჩაბარებაც მნიშვნელოვანი და აუცილებელი იქნება.

13 წლის გიორგი მაისურაძე თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა და მისი თანაკლასელების მსგავსად, ისიც მხოლოდ ვალის მოხდის მიზნით დადის სპორტის გაკვეთილებზე. გიორგი მეუბნება, რომ მის კლასში სპორტის გაკვეთილებს მხოლოდ ის ბავშვები არ აცდენენ, რომლებიც სკოლის გარეთაც სპორტის სხვადასხვა სახეობაზე დადიან, დანარჩენებისათვის ეს დროის ფუჭად კარგვაა და ბავშვების ამ შეხედულებებს მშობლების პოზიციას უმყარებს ზურგს.

”დედაჩემი ყოველთვის მეუბნება, რომ მთავარი ინგლისური ენის სწავლაა, რადგან ინგლისურის გარეშე მომავალში ძალიან გამიჭირდება. ასევე სკოლის შემდეგ რეპეტიტორთან ვემზადები მათემატიკასა და რუსულში. სპორტის გაკვეთილებს ხშირად ვაცდენ, რადგან ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს და უმჯობესია სპორტისათვის განკუთვნილი დრო სხვა უფრო მნიშვნელოვან რამეს მოვახმარო”, – მეუბნება გიორგი და იმასაც მიმხელს, რომ მას არც სპორტის მასწავლებელი მოსწონს. მოსწავლის მხრიდან მასწავლებლის ათვალწუნების მიზეზი მარტივია. მისი სპორტის მასწავლებელი, როგორც წესი, არასოდეს აქტიურობს, მუდმივად ზის სკოლის სპორტდარბაზში სკამზე, ბურთს გადაუგდებს ბავშვებს და მოუწოდებს კალათბურთი ითამაშონ, თვითონ კი ამ დროს ან ტელეფონზე საუბრობს ან რამე სხვა საქმითაა გართული.

სამწუხაროდ. სკოლებში სპორტის სწავლების დონისა და ხარისხის სიმცირე ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი თვალსაჩინო პრობლემაა და ამას ყველა აღიარებს. სასიამოვნო გამონაკლისები, რა თქმა უნდა, აქაც არიან. შეგვიძლია ვნახოთ სამაგალითო სკოლები, სადაც სპორტი, როგორც იტყვიან, თავის სიმაღლეზე დგას და სპორტის მასწავლებლების პროფესიონალიზმი ეჭვს არ იწვევს. მაგრამ სასიამოვნო გამონაკლისები, როგორც იცით, საერთო სურათს ვერ ცვლის, რითაც პირველ ყოვლისა მოზარდები და სკოლა ზარალდება.

საკმარისია, ცალი თვალით გადავხედოთ ცნობილი ქართველი თუ უცხოელი სპორტსმენების დოსიეებს, რომ უმალ შევამჩნევთ მათ შორის ერთ მნიშვნელოვან მსგავსებას – ამ სპორტსმენების უმეტესობამ მათი სპორტული კარიერა სკოლის ასაკში დაიწყო და დიდ სპორტში პირველი ნაბიჯები სწორედ სკოლის მოსწავლეობისას გადადგა. ეს ნათლად გაჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სკოლის ასაკში მოზარდის სპორტსმენად ჩამოყალიბება და როგორი დიდი ყურადღებაა საჭირო იმისათვის, რომ მასწავლებლებისა და მწვრთნელების თვალს, მომავალი დიდი სპორტული ტალანტი არ გამოეპაროთ. სკოლებში სპორტის სწავლების არასასურველი დონე კი, პირველ რიგში, სწორედ მომავალი სპორტსმენების აღმოჩენას აფერხებს.

ანონიმური წერილები

0

რამდენიმე დღის წინ თბილისში ეთერ ჭკადუას გამოფენა გაიხსნა. გამოფენა „ანონიმუსი” ქართველი ჰომოსექსუალების რეალურ ისტორიებზე აგებულ ექსპოზიციას წარმოადგენს და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მძიმე და ეფექტური სანახაობაა, რაც კი ოდესმე მინახავს. კედლებზე ნახატებთან, ინსტალაციებსა და პრინტებთან ერთად მარტოობის, სასოწარკვეთილების, შიშის, ტკივილის, გაურკვევლობის, ოცნებების, შეუპოვრობის, სიმამაცის, დინების საწინააღმდეგოდ ცურვის ქრონიკებია განთავსებული, რომლებიც, რაც უნდა ახლოს იცნობდეთ ჰომოსექსუალების ცხოვრების სირთულეებს, რაც უნდა მგრძნობიარე იყოთ მათი პრობლემების მიმართ, მაინც შეგძრავთ.

„არ მინდოდა ჩემი ორიენტაციის გამჟღავნება, რადგან ვიცოდი, რომ ოჯახში ძალიან დიდი პრობლემები შემექმნებოდა, მაგრამ ერთხელაც მამაჩემმა გაიგო, რომ გეი ვარ. ჩემი ოთახის კარი შემოამტვრია, მეცა და მახრჩობდა. სახლში ჩვენ  გარდა  არავინ იყო, ასე რომ, მისი შეჩერებაც ვერავინ შეძლო. ვგრძნობდი, როგორ მაჭერდა ხორხში თითებს და გრძნობას ვკარგავდი. როცა გრძნობა დამიბრუნდა, მიწაზე ვეგდე, ყელში აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი… როგორც გაირკვა, სახლიდან გამომიტანა, მანქანაში ჩამდო და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დამაგდო”.

„მთელ რაიონში რამდენიმე ადამიანი ვართ, ვინც ამ საიდუმლოს საგულდაგულოდ ინახავს და ერთმანეთს უაღრესად გასაიდუმლოებულ ვითარებაში ვხვდებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მინდა, რომ აქაურ კაფეში ღიად შემეძლოს საყვარელ ადამიანთან ჩახუტება, მაგრამ ვიცი, მაშინვე ზიზღით სავსე მზერას მივიზიდავთ. ადამიანი ვარ, ცხოველი ხომ არა, რომ მარტო ფიზიკური ურთიერთობა მაკმაყოფილებდეს, ისიც – მკაცრად განსაზღვრულ გარემოში?! ალბათ, ჰეტეროსექსუალი რომ ვყოფილიყავი, არც მე ვიდარდებდი ვიღაც გადაგვარებულ გეებზე. ამიტომ ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩვენ თვითონ უნდა ვიბრძოლოთ. საქართველოშოც მოვა დრო, როდესაც იმის გამო, რომ გეი ხარ, არავინ ჩაგქოლავს და დაგცინებს”.
საგამოფენო დარბაზში თავად ეთერ ჭკადუას რამდენიმე ისტორიასაც წაიკითხავთ, სადაც ის ჰომოსექსუალებთან ურთიერთობის პირად გამოცდილებაზე ჰყვება. ამერიკაში ახლად ჩასული, გაოცებული უყურებდა ქუჩაში ტრანსგენდერებს, უიმედოდ შეჰყვარებია გეი ბიჭი და მის მამასაც, ალბათ ისევე, როგორც ყველა ჩვენგანის ოჯახის წევრებს, ერთსქესიანი ურთიერთობები ავადმყოფობად, ნორმისგან გადახრად მიაჩნდა. ეთერი დიდი ხანია უცხოეთში ცხოვრობს და, როგორც ერთ-ერთ ბოლოდროინდელ ინტერვიუში აღნიშნა, იამაიკაში სულ ორჯერ დაინტერესდნენ მისი ქვეყნის ამბით: 2008 წლის ომის დროს და 2013 წლის 17 მაისის შემდეგ.
„მამა ახალი ჩამოსული იყო ამერიკაში, არ მახსოვს, როგორ, მაგრამ ლაპარაკი ჰომოსექსუალიზმზე ჩამოვაგდე – მგონი, ვსადილობდით, როცა ახლად ჩამოსული მამისთვის დასავლური ფასეულობების ახსნას შევეცადე. მახსოვს, მამამ აღშფოთებულმა მკითხა: შენ ამბობ, რომ ჰომოსექსუალიზმი „ნორმალურია”?!” მე ვუთხარი: დიახ! გამომეტყველებაზე მეტყობოდა, რომ არავის მივცემდი უფლებას, ჩემი გეი მეგობრების შესახებ რამე ცუდი ეთქვა.

ამის მერე მამას აღარასოდეს დაუსვამს ასეთი გულუბრყვილო შეკითხვა. ის სასწრაფოდ „აზრზე მოვიდა”…

ინფორმაციისთვის: ჩემი მამა ლინგვისტია, მთელი ცხოვრება უნივერსიტეტში მუშაობდა სვანური და მეგრული ენების ტოპონიმიკაზე. ის დაიბადა სოფელ ვედში, სვანეთში. ეს სოფელი ზღვის დონიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღლა მდებარეა ევრაზიაში და იქ მხოლოდ 3 ოჯახი ბინადრობდა. ასე რომ, თუ ჩემმა მამამ მიიღო ეს, წესით, ყველა ქართველმა უნდა გაიგოს, მაგრამ დიალოგი აუცილებელია”.
ამ ამბავს იმიტომ გიყვებით თქვენ, მასწავლებლებს, რომ გამოფენაზე მოყოლილი რამდენიმე ისტორია სკოლაში ხდება და ისინი განსაკუთრებით მძიმეა. ვიცი, რომ ისევე, როგორც ჩემს მშობლებს და ეთერის მამას, ბევრს აქვს ჩვენს ქვეყანაში ჰომოსექსუალების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, გაუცხოება, ხშირად აგრესიაც. გამონაკლისები ალბათ ვერც მასწავლებლები იქნებით, მაგრამ სანამ კონკრეტული ბავშვის ბედს გადაწყვეტდეთ, სანამ მას სიძულვილის, სასოწარკვეთილებისა და მარტოობისთვის გაწირავდეთ, იქნებ დაფიქრდეთ, თქვენი საქმეა თუ არა სხვისი სექსუალური იდენტობა, თქვენი საზრუნავია თუ არა სხვისი პირადი ცხოვრება და რატომ იქცევა ეს ურთიერთობისას ბარიერად. გვაქვს კი უფლება გადავწყვიტოთ, ვინ ნორმალურია და ვინ – არა, ვინ უნდა იყოს იზოლირებული და ვინ იმსახურებს საჯარო სივრცეში თავისუფლად ცხოვრების უფლებას? შევძლებთ მშვიდად ცხოვრებას, თუ გვეცოდინება რომ ჩვენი აგრესიის გამო ჩვენმა ნაცნობმა თავი მოიკლა და ახლა დედამიწაზე ერთით ნაკლები გეი ცხოვრობს?

„სკოლაში ყველა ჩემს დაჩაგვრას ცდილობდა. ეს ერთგვარი ვალდებულება იყო.  ბიჭები თავიანთ ვაჟკაცობას უსვამდნენ ხაზს, როცა მცემდნენ. მეძახდნენ „პიდარასტს”, „ქალაბიჭას” და „ცისფერს”. მე გადავწყვიტე, თავი მომეკლა… ავიღე ბებიაჩემის წნევის ტაბლეტები და დავლიე… კარგი გრძნობა იყო. სადღაც ყვავილებით სავსე ადგილას აღმოვჩნდი. სასწრაფომ მომისწრო. ვკვდებოდი. დღემდე არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, რომ გადავრჩი. შენს ოთახში დარჩი, – მეუბნებიან. მეც სიამოვნებით დავიმალებოდი, მოგშორდებოდით… მართლა მინდა, რომ ბედნიერები იყოთ”.

„ჩემს თავს ვერ შევაფასებ, მაგრამ მეუბნებიან, რომ კარგად ვხატავ. კლასელებს ხშირად უთხოვიათ, რამე დამიხატე, სახლში გავიკრავო. ჩემი ნახატები თითქმის ყველა ჩემს კლასელს და მეგობარს აქვს, უფრო სწორად, ჰქონდა. ერთხელ ერთ-ერთი მასწავლებელი ჩამაცივდა, „ქალურად” ნუ ლაპარაკობ, „კაცურად”, ბოხი ხმით ილაპარაკეო. რა თქმა უნდა, ვერ შევძელი. იმ დღის შემდეგ გამუდმებით მაძალებდა ბოხი ხმით ლაპარაკს. თუ შევეწინააღმდეგებოდი, მემუქრებოდა, მთელ კლასს გადაგკიდებო.

ერთ მშვენიერ დღეს, როცა მორიგ ჯერზე ჩამაცივდა, ეს საშინელი წნეხი ვეღარ ავიტანე და მთელი კლასის წინაშე განვაცხადე, არ მინდა, „კაცური” ხმა მქონდეს, როგორიც ვარ, ისეთი მინდა ვიყო-მეთქი, უნებლიეთ აღმომხდა.
იქ ტრაგედია დატრიალდა –  მსგავსი არაფერი მინახავს. პირდაპირ გაკვეთილზე, ყველა თანაკლასელი ბიჭი მოვიდა და უშვერად მაგინებდა. გაკვეთილი ჩაიშალა, მაგრამ მასწავლებლი უკიდურესად კმაყოფილი იყო იმით, რომ კლასელები ამიმხედრდნენ. მეორე დღეს ყველა კლასელმა, ბიჭებმაც და გოგოებმაც, ჩემი ნახატები მოიტანა, ჩემ თვალწინ დემონსტრაციულად დახია და ზედ ფეხებით შედგა. მას შემდეგ სკოლაში ფეხი აღარ შემიდგამს. ჩემი ცხოვრების ის ორი დღე არასოდეს დამავიწყდება…”

განათლების სივრცის „ახალი ენა“

0
ახალი სიტყვებისა და ტერმინების შესვლა და დამკვიდრება ნებისმიერ ენაში ჩვეულებრივი და ბუნებრივი პროცესია. თუ განვითარებულ ქვეყნებში ეს პროცესი მეტ-ნაკლებად რეგულირდება, პატარა და ეკონომიკურად სუსტი ქვეყნების ენობრივი კოლონიზაცია უფრო ადვილია, რადგან არ არსებობს მექანიზმი, რომელიც წინ აღუდგება ამ შემოტევას. ის ტემპი, რომლითაც ეს პროცესი დღეს ჩვენს ენაში მიმდინარეობს, იმდენად სწრაფია, რომ არა თუ მართვა, ფაქტობრივად, თვალის მიდევნებაც კი ძნელია. უცხოური ტერმინებისა და შესიტყვებების სიუხვე თვალშისაცემია ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში და, რაღა თქმა უნდა, არც განათლების სისტემაა გამონაკლისი. ჩვენ თვალწინ თანდათან იქმნება განათლების სივრცის „ახალი ენა”, რომელიც ამ სფეროს დოკუმენტებით, სისტემაში დასაქმებულ ადამიანთა გამოსვლებით, განათლების საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტთა ნაწერებით ფორმირდება და თავის ძალაუფლებას ყოველდღიურად განამტკიცებს. ეს არაა მხოლოდ უცხოური სიტყვები და ტერმინები, თვალშისაცემია ისიც, რომ ბევრი ჩვენთვის ნაცნობი და მშობლიური სიტყვა „ახალ შინაარსს” იძენს და აქამდე უცნობი ფუნქციითა და მნიშვნელობით გვევლინება. იქმნება საშიშროება იმისა, რომ ე.წ. „ენჯეოშნიკური” მეტყველება გააღარიბებს და გააუხეშებს ქართულ ენას. 

განათლების სივრცის „ახალი ენის” ჩამოყალიბება თანამდევი აღმოჩნდა იმ რეფორმებისა, რომლებიც წლების წინ დაიწყო სისტემაში და დღემდე გრძელდება. რადგან ახალი იდეები გამოხატვის ახალ ფორმებს მოითხოვს, თანდათან გამოიკვეთა ის ენობრივი რესურსები, რომლებითაც რეფორმატორებმა განათლების სფეროში დასაქმებულ ათასობით ადამიანს ახალი იდეები ახალი ტერმინებით გააცნეს. რეფორმატორთა სურვილი, ძირფესვიანად შეცვლილიყო სწავლების ძველი სისტემა, არა მხოლოდ სწრაფ ქმედებებში გამოიხატა, არამედ აგრესიულ ლექსიკაშიც. საგანმანათლებლო სივრცეში აქტიურად გაისმა სიტყვები: „წვრთნა”, „აღჭურვა”, „გონებრივი იერიში”, „პილოტირება”, „ინტერვენცია”, „სტრატეგიების მოდიფიცირება”, „ექსტრემალურად პოზიტიური სცენარი”, „კლასის დაძლევის ბარიერის დადგენა”, „საველე გასვლითი სამუშაო”… და უამრავი სხვა. გავეცნოთ ციტატას ერთ-ერთი საგანმანათლებლო ტექსტიდან: „მონაცემთა გაანალიზებისა და პრობლემის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირების შემდეგ დგება ინტერვენციის ეტაპი, როდესაც პედაგოგს საშუალება აქვს, მიღებული მონაცემების საფუძველზე შეიმუშაოს სტრატეგია და გადაჭრას პრობლემა”. რეფორმების გარიჟრაჟზე ერთმა პედაგოგმა აღნიშნა, ასე მგონია, ჯარში გამიწვიეს და მეთაურის საბრძოლო ბრძანებებს ვისმენო. თუმცა შემდეგ ყური თანდათან შეეჩვია ახალ ტერმინებს და დღეს ყველა პედაგოგმა იცის, რომ მასწავლებელი უნდა გაიწვრთნას, რათა შემდეგ მოსწავლე გაწვრთნას. ტერმინი „დახელოვნება” თანდათან განიდევნა საგანმანათლებლო სივრციდან და მისი ადგილი „გაწვრთნამ” დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ტერმინი შინაარსობრივად მსგავსია, განსხვავებული ნიუანსები აქვს. პირველი ინდივიდის სუბიექტურ არჩევანსა და შემოქმედებით აქტიურობას მოიაზრებს და სინონიმადაც სიტყვა „დაოსტატება” უფრო მიესადაგება, ხოლო მეორე ტერმინი უფრო მეტად გარკვეული ჩვევების უპირობოდ მიღებას გულისხმობს, პედაგოგს პროცესების ობიექტად აღიქვამს და სინონიმადაც „დაგეშვა” უფრო მოუხდება. აკი, ასედაცაა ეს სიტყვა გამოყენებული ხალხურ მეტყველებაში: „კაი ყმა, მგელი, არწივი არცერთი არ გაიწვრთნების”. ზემოთ განხილულ ტერმინთა მსგავსად, განსხვავებული ნიუანსები აქვს ორ გამოთქმას – „მასწავლებლის პროფესიაში შესვლა” და „მასწავლებლის პროფესიის დაუფლება”. გამოთქმა „პროფესიაში შესვლა” ბოლო დროს გავრცელდა განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ჩინოვნიკების გამოსვლებში, რაც არა მარტო სტილისტურადაა გაუმართავი, არამედ არაკორექტულიცაა. ასევე არაკორექტულია გამოთქმა _ „მასწავლებელი ზედამხედველობას უწევს”. უმჯობესია გამოთქმები: „მასწავლებელი აკვირდება, თვალყურს ადევნებს, ხელმძღვანელობს” და სხვა. მასწავლებლისა და მოსწავლის თანაბარუფლებიანი ურთიერთობის აღსანიშნავად, ალბათ, უფრო შესატყვისი ტერმინი „თანამშრომლობაა”.

განათლების „ახალი ენის” შექმნაში განსაკუთრებული როლი იმ ადამიანებმა იტვირთეს, რომლებმაც სარეფორმო დოკუმენტები მოამზადეს, სავარაუდოდ, თარგმნეს უცხოური ენებიდან. საგანმანათლებლო სივრცეში დამკვიდრდა გამოთქმები: ინტერაქტიური სწავლება, გრიფირებული სახელმძღვანელო, აბიტურის საათი, ექსპლიციტური და იმპლიციტური ინფორმაცია, რელევანტურობა, რეზიუმირების უნარი, მოქმედების მარკერები, ახალი ცოდნის გენერირება, სერტიფიცირება, ფასილიტატორი, მონიტორინგი, საიდენტიფიკაციო კომისია, მენტორი მასწავლებელი, კრედიტქულა, პორტფოლიო, კრეატიულობა, კურიკულუმი, მეტაკურიკულუმი, ტრენინგი, ინტეგრირებული სწავლება, ჰეტეროგენური კლასი, ტუტორი, აპროქსიმაციის პრინციპი, ბულინგი, ინტერაქცია, პროგრამის მოდიფიცირება, საგნობრივი ჯგუფის სწავლების კომპეტენცია, ბაკალავრი, მასწავლებელთა მომზადების საკვალიფიკაციო ჩარჩო, ინკლუზიური განათლება, მულტილინგვური განათლება, სასწავლო პროცესის დიაგნოსტირება, ჰოლისტური მიდგომა, სწავლების ტრანსფარენტული მეთოდი, სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდი და ასე შემდეგ. უამრავი ამგვარი ტერმინის მოხმობა შეიძლება განათლების დოკუმენტებიდან. ამ ტერმინებიდან ზოგიერთი მართლაც საჭირო და მისაღებია, ზოგიერთი კი _ დასახვეწი ან უარსაყოფი. ახლა მთავარი ისაა, რამდენად შესაძლებელია ამ ტერმინთა დახარისხება, სადაც შესაძლებელია, ქართული შესატყვისების მოძიება, რა ინტელექტუალური და ფინანსური რესურსია საჭირო იმისათვის, რომ ჩვენმა პედაგოგებმა აღარ იკითხონ ასეთი ტექსტები: „ხდება სასურველი განწყობის ფონზე მუშა მეხსიერების აქტიური ჩართულობის შედეგად ინფორმაციის ღრმად გონებაში განთავსება და შესაბამის სიტუაციაში გონივრულად ტრანსფერირება” ან „კონსტრუქტივისტულ აზროვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია სკაფოლინგი”.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ასევე გავლენას ახდენს „ახალი ენის” ფორმირებაზე, კომპიუტერის ენაა. ახალმა ტექნოლოგიებმა ახალი ტერმინების შემოტანის აუცილებლობა განაპირობა და ვერც ამის საპირწონედ კეთდება ბევრი რამ. ცოდნის გლობალიზაცია გარდაუვალი პროცესია და ის სხვა ფორმებთან ერთად საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გზასაც აქტიურად გამოიყენებს. რაღაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქართული ენა საერთოდ მოუმზადებელი არ შეხვდეს ამ პროცესს. განათლების მიღების ისეთი ფორმები, როგორიცაა ღია ონლაინ კურსები, ადაპტირებული სწავლება, გეიმიფიკაცია, ჰიბრიდული სწავლება და სხვ., კიდევ უფრო დააშორებს განათლების ენას რეალურ მეტყველებას. ეს დიდი საფრთხე იქნება იმ ენისათვის, რომელმაც დაშეარებას, ლინკს, დრაივერს, ბრაუზერს, აპლიკაციას, დასეივებას და სხვა ტერმინებს ვერაფერი მოუხერხა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინთაგან ზოგიერთს აქვს ქართული შესატყვისი, უმრავლესობა უპირატესობას მაინც უცხოურ ფორმებს ანიჭებს. ასე რომ, არა მხოლოდ ქართული ტერმინების შექმნაა საშური საქმე, არამედ მათი დამკვიდრების ფორმების მოძიებაც.

განათლების სფერო მჭიდროდაა დაკავშირებული მეცნიერების სხვა დარგებთან და ბუნებრივია, რომ ბევრი ტერმინი მომიჯნავე მეცნიერებებიდანაც შემოდის და რადგან არც იქ არის კარგი მდგომარეობა, განათლების სივრცის ენა კიდევ უფრო მძიმდება უცხოური სიტყვებითა და გამოთქმებით.

გავეცნოთ კიდევ ერთ ამონარიდს საგანმანათლებლო ტექსტიდან: „ითვლება, რომ მოსწავლეს, რომელსაც კარგად აქვს განვითარებული მეტაკოგნიტური უნარები, შეუძლია დაგეგმოს, აწარმოოს მონიტორინგი და შეაფასოს საკუთარი სწავლის პროცესი. საჭიროების შემთხვევაში კი, მუშაობის დროს გამოყენებული სტრატეგიები შეცვალოს ან მათი მოდიფიცირება მოახდინოს”. ავტორის სათქმელი მეტ-ნაკლებად გასაგებია: მოსწავლეს, რომელიც კარგად აზროვნებს, შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესი გონივრულად მართოს. მოსაზრება, რომელიც შეიძლება ნათლად ჩამიყალიბდეს ტექსტში, ზოგჯერ უცხოურ ტერმინთა ლაბირინთებში იკარგება. პედაგოგს კი მკაფიოდ და გასაგებად დაწერილი ტექსტი უფრო დაეხმარება პრაქტიკულად გამოიყენოს ახალი მეთოდები და მიდგომები, უფრო უმტკივნეულოდ შეძლოს სიახლეების ათვისება და პროფესიული დაოსტატება.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებით ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი _ უამრავი პედაგოგი, მოსწავლე, მშობელი _ არის დაინტერესებული, განათლების ენაც მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი და გასაგები უნდა იყოს არა მხოლოდ სპეციალისტებისათვის, არამედ რიგითი მოქალაქისთვისაც. ვფიქრობ, პედაგოგებსაც უფრო გაუადვილდებათ „ეროვნული სასწავლო გეგმის”, „მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის”, პედაგოგიკური და მეთოდიკური ლიტერატურისა თუ სხვა ოფიციალური დოკუმენტების აღქმა და განხორციელება, თუ ჩვენი მდიდარი ენის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებენ ის ადამიანები, რომელთაც ამ ტექსტებზე მუშაობა უწევთ. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ახალი საგანმანათლებლო სტანდარტის პირველი საფეხურის (I-IV კლასები) სამუშაო ვარიანტი ამ თვალსაზრისით გაცილებით უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე ამჟამად მოქმედი სტანდარტია.

მართებულად მიმაჩნია ყურადღების გამახვილება კიდევ ერთ საკითხზე. განათლების ენაში თვალშისაცემად დამკვიდრდა ისეთი გამოთქმები, როგორიცაა: „პროფესიული განვითარების საჭიროებები”, „მაღალი მოლოდინები”, „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები”, „გაზომვადი სასწავლო მიზნები”, „თვითეფექტიანობის განცდის ჩამოყალიბება”, „ცოდნის გაახლება”, „მზაობის გამოვლენა სიახლეების მიღებისადმი”, „მასწავლებელი ღიაა რეკომენდაციების მიმართ”, „მომსახურებას აქვს საგაკვეთილო სახე”, „მოსწავლე უნდა იყოს ქმედობაუნარიანი”, „შინაარსიანი კონტექსტი”, „მოქნილი კითხვა”, „გრაფიკული მაორგანიზებლები”, „კითხვის მთლიანობითი მეთოდი”, „ადრეული ცოდნა”, „სავარჯიშოებში სტიმულირებული რეალური საკომუნიკაციო სიტუაცია” და ა.შ. როცა ნაცნობი სიტყვების ახლებურ გაგებაზე ვსაუბრობდი, სწორედ მათ ასეთ უჩვეულო კონტექსტს ვგულისხმობდი. მართალია, გვიმტკიცებენ, რომ „ახალი გაგება” სულ მალე „მშობლიურად” იქცევა და თავს ისე იგრძნობს ენაში, როგორც „არსებული” გაგება გრძნობს, მაგრამ „ცოდნის გაახლებას”, ალბათ, მაინც „ცოდნის გაღრმავება” სჯობს და „რეკომენდაციების მიმართ ღიაობას” _ „რეკომენდაციების მიღება/გაზიარება”, „მზაობის გამოვლენას სიახლეების მიღებისადმი” _ „სიახლეების გაცნობის სურვილი”… და ა.შ.

არასწორი ტერმინებისა და გამოთქმების მიმართ უყურადღებობა და უმოქმედობა სახიფათოა, რადგან ისინი ისე სწრაფად მკვიდრდებიან მეტყველებაში, რომ შემდეგ არასწორ გამოთქმებთან ბრძოლა შეუძლებელი ხდება. ჩვენ თვალწინ დამკვიდრდა „ამბობს” ნაცვლად „იძახის”, „ადრეული ბავშვობის” ნაცვლად _ „ღრმა ბავშვობა”, „გარდაიცვალას” ნაცვლად _ „დაიღუპა” და ა.შ. აბიტურიენტთა ნაწერებში ხომ პირდაპირ სარკესავით არის არეკლილი ჟურნალისტთა და პოლიტიკოსთა უხეირო მეტყველება.

როცა სკოლაში მეთორმეტეკლასელებს გურამ დოჩანაშვილის მოთხრობას _ „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”_ ვასწავლი, პირველი თავის წაკითხვის შემდეგ ვთხოვ დაახასიათონ ხელმძღვანელი მისი მეტყველების მიხედვით. უმეტესობა წერს, რომ პერსონაჟი განათლებული კაცია, ლოგიკურად მსჯელობს, იყენებს უცხოურ ტერმინებს; იცის მსჯელობისათვის საჭირო ისეთი ენობრივი მახასიათებლები, როგორიცაა: ჯერ ერთი, მეორე, მესამე…; მისი საუბრის სტილი მეცნიერულია და ა.შ.

გავიხსენოთ, როგორ საუბრობს ხელმძღვანელი: „ადამიანის ცხოვრებისეულ მოქმედებაში წარმოების გარეთ, მისი საქციელი ყოველდღიურ საქმიანობაში თანდათან უფრო მნიშვნელოვანი ელემენტი ხდება მის ყოფა-ცხოვრებაში. და ამიტომაც ხაზგასმული ყურადღება უნდა მიექცეს მის თავისუფალ დროს, რომლის სფეროც განისაზღვრება, ჯერ ერთი, იმით რომ წარმოადგენს ადამიანის ფორმირების ერთ-ერთ ფაქტორს შედის რა კომპონენტად მისი ცხოვრებისა და მოქმედების კომპლექსში; მეორე _ რომ ასეთი გამოკვლევა გვეხმარება ადამიანზე სასარგებლო ზემოქმედების მნიშვნელოვანი მექანიზმების გამოვლენაში მთლიანად; დაა, მესამე _ რომ ეს სფერო ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე ეკონომიური და სოციალური განვითარების სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი კომპონენეტები”.
პერსონაჟის მეტყველებაში მოსაწონი ნამდვილად არაფერია. ახალგაზრდები, რომლებიც უმეტესწილად კრიტიკულები არიან, მის საუბარს არ იწუნებენ. ეს მით უფრო საკვირველია, რომ, როცა ტექსტის დეტალურ განხილვას ვიწყებთ ხოლმე, აღმოჩნდება, რომ ხელმძღვანელის ნათქვამის შინაარსის გაგებაც კი უჭირთ. „ის რთულად საუბრობს, იმიტომ რომ განათლებულია”, არ იტეხს იხტიბარს ზოგი. როგორც ჩანს, რაღაც ხიბლი მართლაც აქვს ბუნდოვნად და „რთულად” საუბარს, რადგან განათლებულობის შთაბეჭდილებას ქმნის. უმეტესწილად ამგვარი ხელმძღვანელები ქმნიან „ახალ ენას”.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს გულწრფელად სურს საგანგაშო პროცესებს წინ აღუდგეს, გათითოკაცებულად ბევრის არაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. ერთ-ერთი გზა არსებული მდგომარეობის წინააღმდეგ პროტესტია, რაც მხოლოდ „გულის ფხანაა” და რეალურად ვერაფერს ცვლის. საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკა, შესაბამისი კანონმდებლობა, მატერიალური რესურსები, რაც სპეციალიტებს საშუალებას მისცემს არსებული მდგომარეობა გამოიკვლიონ, სათანადო რეკომენდაციები შეიმუშაონ და მოსალოდნელი საფრთხეები აგვაცილონ. გვესმის, რომ ენის ლექსიკა მუდმივად უნდა მდიდრდებოდეს, რადგან მისი ძალა სწორედ ამგვარ განვითარებაშია. განვითარებისთვის ხელის შეშლა კი შეუძლებელია, მით უფრო დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში. საუბარი ხელის შეშლაზე არც არის, საუბარი პროცესების გონივრულად მართვას ეხება, რადგან XXI საუკუნეში, შესაძლოა, ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი სწორედ ქართული ენის ყოფნა-არყოფნა აღმოჩნდეს.
 
 

ავტობუსის გაჩერება

0
ერთხელაც ყველას გვბეზრდება საპროგრამო მასალები. ისევე როგორც გვბეზრდება საკუთარი ქალაქები, რომლებიც ახალ ამბებს აღარ გვიყვებიან და საკუთარი თავები, რომლებმაც ფიქრი ისე შეწყვიტეს, როგორც ჩვენმა შეყვარებულებმა სიყვარულის რომელიღაც წელს სასიყვარულო ტექსტების წერა. თითქოს ვიდგეთ გაჩერებაზე და არცერთი სამარშრუტო ტაქსი არ გვიჩერებდეს, რადგან ჩვენი ადგილი აღარ დარჩა. ჩვენ კი სევდიანები ვდგავართ და ველოდებით. ვუყურებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც თავიანთი ცხოვრებისკენ მიეჩქარებათ, მოხუცებს, რომლებსაც საკუთარი ცხოვრება, საბოლოოდ, მაინც გაეპარათ.  ვფიქრობთ, რა იქნებოდა, დრო ისეთივე საკმარისი იყოს, როგორც შავი შოკოლადის უზარმაზარი ფილა. როგორც დედაჩვენების მომზადებული სუპით სავსე თეფში. რა იქნება, ხელს ისევე ვაფარებდეთ, როგორც ამ თეფშს ვაფარებდით ხოლმე ბავშვობაში ნიშნად იმისა, რომ, “კარგი რა, დე, საკმარისია”. ჩვენ, 26 წლის გოგოები, ვდგავართ გაჩერებაზე და ვფიქრობთ, რომ, ჰა, აი, უკვე საკუთარ მომავალში ვართ. 
როგორია დაკარგული დრო?! – პასუხი არ არის. ჩვენი ყველა დრო ისეთი ძვირფასია, როგორც პატარა პრინცის ერთადერთი და განსაკუთრებული ვარდი. ერთხელაც, მე და ჩემი მოსწავლეები ვისხედით და დროზე ვლაპარაკობდით. იმათი დრო გაკვეთილების დრო იყო, ცუდი და კარგი ნიშნების დრო; დედების, მამების, ძმების, დების, ნათესავების დრო; გადატყავებული მუხლების, სახიფათო თამაშების, ახალშეძენილი მეგობრების და ფართო ქუჩების დრო. იმათი დროით თბილისი უზარმაზარი იყო და სულ საინტერესო ამბები ხდებოდა. ისინი ამბობდნენ, რომ დროის დაკარგვა მხოლოდ თამაშისასაა შესაძლებელი, რადგან გატანილი გოლი უმეცარია, სჯობს, მაგ დროს თამარის მეფობის წლებს იზეპირებდნენ. სიზმრების დროც უსარგებლო რამეაო. როგორ მატყუებდნენ, თვალებში მიყურებდნენ და ისე მატყუებდნენ. როგორ უნდოდათ კარგები, დიდები, მონდომებულები, სამაგალითოები და უბეჯითესები გამოჩენილიყვნენ საყვარელი მასწავლებლის თვალში. ამ მასწავლებელმა კი ხმამაღლა თქვა, რომ, შესაძლოა, ცდებოდნენ. აუ, როგორ გაუკვირდათ. მერე მოვიფიქრეთ ახალი თამაში. ვწერდით სიზმრებზე. ოღონდ თავიდანვე შევთანხმდით, რომ სიზმრებზე არ ლაპარაკობენ, სიზმრებზე მხოლოდ წერენ. თათა ვერასდროს იტყოდა ხმამაღლა, რომ ბოლოსწინა სიზმარში დედის მუცელში იჯდა და ბედნიერი მხოლოდ იმის გამო იყო, რომ იმ სიმყუდროვეს ვერც საპროგრამო მასალები თავზესაყრელი სამეცადინოთი დაურღვევდა და ვერც ავისმომასწავებელი საღამოები მთვრალი მამის უხეში და უკმაყოფილო შეძახილებით. ანდრიას სიზმრებს უხვი სიზმრები შევარქვი. იმას სულ სხვადასხვანაირი წვიმა ესიზმრებოდა და არასდროს იყენებდა საწვიმარს. ანდრიას ციდან ხან  მსხვილ-მსხვილი კუპიურები ცვიოდა, ხან – გემრიელობები, ხან – ანა და პირდაპირ ხელებში უვარდებოდა. ანა სულ წინა მერხზე იჯდა ხოლმე, ანდრია – უკან. მათ შორის მანძილი არასდროს მცირდებოდა. ანდრია ხედავდა მსხვილ, შავ ნაწნავს “ჰელოუ ქითის” თმის ვარდისფერი  რეზინით. ერთხელ მითხრა, რომ უმჯობესი იქნებოდა, გოგონები ამ სულელურ კატებს თმაზე არ იბნევდნენ. მერე შევთანხმდით, რომ ცხოველების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუნდაც ისინი ანას თმაზე ცხოვრობდნენ. რამდენი ხანი ელოდა, რომ ანა თმას გაიშლიდა. ნეტავ როგორები არიან ახლა, ნეტავ ანამ მხოლოდ თმისსამაგრი შეიცვალა?!
თქვენ გგონიათ, რომ უსაქმურები ვიყავით. არამც და არამც. ნიკამ გადაწყვიტა, მწერალი გამოსულიყო. დიახაც. იმან არ იცოდა, რომ პავიჩმა ძალიან მაგარი რაღაცები დაწერა სიზმრებზე. ცოტა რომ გაიზრდება წაიკითხავს და იქნებ, უფრო მაგარი რაღაცები დაწეროს. ნიკა ერთადერთი იყო, რომელიც ხმამაღლა ამბობდა, რომ გოლის გატანისას ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მუცელში მილიონობით მწერი ზუზუნებს, გული კი სიხარულისგან სტკივა. ჩვენ ვთქვით, რომ სიხარულიც ზოგჯერ მტკივნეულია. რომ  გამარჯვება  მოძრაობაა. მე კი მაშინ არ ვიცოდი, რომ 26 წლის ასაკში ხანდახან გაჩერების დრო გაქვს. ლოდინის დრო. შესაძლოა, ამ დროს იმაზეც ფიქრობდე, რა ფერის წინდებით ჩაერთო აქციაში “მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან”. შესაძლოა, შეგრცხვეს კიდეც. და სიზმრებივით დაწერო. ხმამაღლა ამას როგორ იტყვი. ჩემი დიდური სოლიდარობა. ჩემი დიდური თანადგომა. ჩემი დიდური და მედიდური ტვინი. ჩემი ცივი გონება, რომელმაც იცის, რომ დაუნის სინდრომი არა დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა. 
ამას ხმამაღლა როგორ ვიტყვი. 

ენა – უნივერსალური მულტისემიოტიკური სისტემა

0
ენის ძირითადი ფუნქცია ურთიერთგაგებინების ფუნქციაა… თუმცა ამავე ენის მეშვეობით სულ უფრო ნაკლებად ესმით ადამიანებს ერთმანეთის. არა და, უკეთესი საშუალება არ არსებობს. პრიორიტეტი მაინც ენას აქვს და ექნება. განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება სწავლების პროცესს, როდესაც გაგებინება აზრის გადაცემის მთავარი პირობაა. აზრის გადაცემის სხვა სემიოტიკური სისტემებიც არსებობს, მაგრამ აუდიტორიაში (კლასში) აზრთა ურთიერთგაცვლის მთავარ ფორმად მაინც ლინგვისტური (ენობრივი) ფორმა რჩება. სხვა ფორმები, როგორიცაა: ვიზუალური და აუდიო დამხმარე სემიოტიკური საშუალებებია, სწავლებაში ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ძირითადი.

როგორც მკვლევრები ამბობენ, თანამედროვე სამყარო უფრო მეტად გახდა ვიზუალური აღქმის… რადგან დრო აჩქარდა, ახალი ტექნოლოგიები შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და ადამიანი გამუდმებით „გადარბენაზეა”… ამიტომ ურჩევნია „დაინახოს”, ვიდრე „წაიკითხოს”. ამ მოვლენას კარგად შევამოწმებთ სოციალურ ქსელებში. ვიზუალური ნიშნები სწრაფ აღქმასთან არის დაკავშირებული. ჩვენ შეგვიძლია ერთი „შეხედვით”, მაგალითად, ფოტოს მეშვეობით, გავიგოთ მთელი ამბავი და „დროს არ ვკარგავთ” წავიკითხოთ (ან მოვისმინოთ) ინფორმაცია. „სელფების” სიხშირეც სწორედ ამასთან დაკავშირებული პროცესია. ადამიანი სიტყვების ნაცვლად გამოიხატება ვიზუალურად. ამის საშუალებას სოციალური ქსელები იძლევა, მაგრამ ჩვეულებრივად ცხოვრებაში და ურთიერთობებში ენის გარეშე „ენობრივი ადამიანი” ვერ იქნება. ენა – ეს არის ჩვენი საზღვარიც და უსაზღვროების წყაროც. ამიტომ მართალია ჰაიდეგერი, როდესაც მეტაფორულად ენას წარმოადგენს, როგორც „ყოფიერების სახლს” და სინამდვილის სტრუქტურირების მთავარ საშუალებას.

ახალგაზრდებიც უფრო მეტად უყურებენ ფილმებს და თამაშობენ თამაშებს, ვიდრე კითხულობენ. ეს არის საუკუნის მოცემულობა და ამ პირობებს ჩვენ ვერ გავექცევით.

ვხედავ… მესმის… ვგრძნობ…

ფსიქოლოგები აღქმის მიხედვით ადამიანებს ჰყოფენ: ვიზუალებად, აუდიალებად და კინესთეტიკებად.

ვიზუალები „ხედავენ”, აუდიალებს – „ესმით” და კინესთეტიკები „გრძნობენ”. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც ენა უნივრესალურია. მეტყველების დიაგნოსტირებით შესაძლებელია დავადგინოთ, აღქმისა და აზროვნების რომელ ტიპს განეკუთვნება ადამიანი. ანუ ეს ყველაფერი მაინც ენით და ენაში გამოიხატება. წარმოიდგინეთ, რომ ენა არის მასალა, რომლისგანაც „ხატავ”, ქმნი მუსიკას და მოქმედებ შეგრძნებებზე….

თუ გინდათ, გაარკვიოთ აღქმისა და აზროვნების რომელ ტიპს განეკუთვნებიან თქვენი სტუდენტები (მოსწავლეები), მოაყოლეთ მათ ერთი და იგივე ამბავი და კარგად მოუსმინეთ და დააკვირდით ლექსიკას, რომელსაც ისინი გამოიყენებენ თხრობისას. 

ვიზუალი – ამბავს გადმოსცემს სიტყვებით, რომელიც ხედვასთან არის დაკავშირებული, ის სურათებად ხედავს ამბავს და თხრობაში ხშირად მიმართავს ზმნას „ვხედავ”. მისი საყვარელი ფრაზებია: „არ მინახავს ეს”, „შევნიშნე, რომ განსაკუთრებულია”, „ეს ნათელს ჰფენს საქმეს”; ნახატები, ხატოვანი აღწერა, ფოტოგრაფია უფრო მნიშვნელოვანია აღქმის ამ ტიპისთვის, ვიდრე სიტყვები; ისინი უეცრად ამჩნევენ იმას, რისი დანახვაც შესაძლებელია: ფერი, ფორმა, ხაზი, ჰარმონია და უწესრიგობა.

აუდიალისთვის – მთავარი არის რიტმი, ჰარმონიულობა, ჟღერადობა და უპირატესობა აქვს ზმნას „მესმის”. დამახასიათებელი ფრაზები: „ვერ ვიგებ, რას მეუბნები”, „ვერ ვიტან ხმამაღალ მელოდიას”, „რა წყნარად საუბრობ”… ამ ტიპისთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც აკუსტიკურია: ხმა სიტყვა, მუსიკა, ხმაურის ეფექტები;
კინესთეტი – ამბავს გადმოსცემს ემოციებით, მისთვის მთავარი შეგრძნებებია და საყვარელი ზმნა _ „ვგრძნობ”. დამახასიათებელი ფრაზები: არ შემიძლია ამის გაგება, ვგრძნობ სიხარულს, აუტანელი ატმოსფეროა, შენმა სიტყვებმა შემძრა…. დიალოგისას კინესთეტიკებს აინტერესებთ ადამიანის შინაგანი შეგრძნებები;

 მაგალითად, რითი ხვდება ადამიანი, რომ ვიღაცას უყვარს? 
ვიზუალი (ხედვითი აღქმა) _ იმით, თუ როგორ უყურებენ მას;
აუდიალი (სმენითი აღქმა) _ იმით, თუ რას და როგორ ეუბნებიან მას;
კინესთეტი  (შეხებით აღქმა) _ იმით, თუ როგორ ეხებიან;
ჰკითხეთ ადამიანს, სად გაატარებდა შვებულებას სიამოვნებით?

ვიზუალის პასუხი: ლურჯი ზღვა, ყვითელი ქვიშა, კაშკაშა მზე, სარკმლიდან მთიანი პეიზაჟი, გარუჯული გოგო-ბიჭები ზღვაზე….

აუდიალის პასუხი: ტალღების ხმა, დილის სიჩუმე, თოლიების ჭყივილი, ენერგიული მუსიკა, ქარის ხმა…
კინესთეტის პასუხი:  თბილი შხეფები, ზღვის სუნი, ცხელი ქვიშა, რელაქსაცია…

მსგავსი სვარჯიშო-დავალებებით ადვილად განსაზღვრავთ მოსწავლეთა აღქმის ტიპებს.
„ყველაფერი თქვენს ხელშია”

რაკი ვიცით, რომ მსმენელები შეიძლება იყვნენ განსხვავებული აღქმის, აზროვნებისა და შემეცნების ადამიანები, მასწავლებლის მეტყველება ყოველთვის გათვლილი უნდა იყოს  ყველა კატეგორიაზე და, ამავე დროს, ის უნდა შეეცადოს, რომ აზროვნების ყველა არხი გაუხსნას მოსწავლეებს, რათა მათ უკეთ ესმოდეთ საკუთარი თავის, ერთამენთის და ამ გზით აღმოაჩინონ საკუთარი უნარებიც, რისი მეშვეობითაც უკეთესად ორიენტირდებიან მომავალში პროფესიაზე. განსხვავებული პროფესიები ხომ განსხვავებულ უნარებს მოითხოვს…

ადამიანი, ისევე როგორც ენა (ანდა, პირიქით) მულტისემიოტიკური არსებაა, თუმცა მას უფრო მეტად აღქმის, აზროვნებისა და შემეცნების ერთი რომელიმე ფორმა აქვს განვითარებული.

ვფიქრობ, რომ თავიდანვე აღზრდისა და განათლების სისტემაში ჩადებული უნდა იყოს, რომ ბავშვი მრავალმხრივ განვითარდეს და უპირატესი ამ შემთხვევაშიც შეიძლება იყოს ერთი რომელიმე ფორმა, მაშინ ის ამ მიმართულებით უკეთ შეძლებს შემოქმედებით  რეალიზაციას.

საუკეთესო სავარჯიშო ამ მიმართულებით არის მეტაფორული ამბების, ზღაპრების, იგავების თხრობა ადეული ასაკის ბავშვებისთვის. ასეთი მეტაფორული ამბები შეიცავს აზროვნებისა და შემეცნების სამივე ფორმას. გამოკითხვისას  შესაბამისი კითხვებით აქცენტები უნდა გაკეთდეს  ამ ფორმებზე. ასეთი მეთოდით შეძლებთ განუვითაროთ ბავშვებს განსხვავებული უნარები.

მეტაფორული ამბები ერთნაირად მოქმედებს თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროზე, ამიტომ ხშირად მოუყევით. სასურველია, ამ ნიშნით შერჩეული ტექსტები შევიდეს სასკოლო სახელმძღვანელოებშიც.
ფსიქიკის სიღმისეულ სტრუქტურებზე მოქმედებს ამგვარი ამბავი-მეტაფორები:

ეს ამბავი მოხდა დიდი ხნის წინ ერთ ქალაქში, რომლშიც ცხოვრობდა ბრძენი. მისი სიბრძნის შესახებ შორს იყო ხმა გავარდნილი. მაგრამ ქალაქში ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც გულზე არ ეხატებოდა ბრძენი და გადაწყვიტა, ისეთი კითხვა მოეფიქრებინა, რომელზეც ვერ უპასუხებდა. კაცი წავიდა მინდორში, დაიჭირა პეპელა და მუჭში მოიმწყვდია. იფიქრა, წავალ ახლა და ვკითხავ ბრძენს: მუჭში რომ პეპელა მყავს, ცოცხალია თუ მკვდარიო? თუ მეტყვის, რომ ცოცხალია, ხელისგულებს მოვუჭერ პეპელას და მკვდარს ვაჩვენებ და თუ მეტყვის, რომ მკვდარია, გავხსნი მუჭს და გამოვაფრენ პეპელასო. მაშინ გაიგებს ყველა, ვინ არის ჩვენ შორის უფრო ბრძენიო. 

წავიდა კაცი მუჭში პეპლით ბრძენთან და ეკითხება: მუჭში რომ პეპელა მყავს, ცოცხალია თუ მკვდარიო?  მაშინ ბრძენმა, რომელიც ნამდვილად ჭკვიანი ადამიანი იყო, უპასუხა: „ყველაფერი შენს ხელშიაო”.
მოკლედ, მასწავლებლებო, „ყველაფერი თქვენს ხელშია” და იმოქმედეთ….

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...