კვირა, ივლისი 5, 2026
5 ივლისი, კვირა, 2026

არც ისე საიდუმლო დღიური

0
ჩემი პირადი სივრცისთვის რომ გეკითხათ, გიპასუხებდათ, რომ თავი ისე მოვაბეზრე, ისე გადაიღალა ჩემით, მზად იყო, დაუყოვნებლივ სხვისი პირადი სივრცე გამხდარიყო. ჩემი ამბები სულ საიდუმლო ამბები იყო. ათობით საკეტით აღჭურვილი ჩემი დღიურები ცოტა საშიშადაც კი გამოიყურებოდა. ბოლოსდაბოლოს უხერხულიც კია, პატარა გოგო ბლოკნოტის ესთეტიკაზე საერთოდ არ ზრუნავდეს და ყდის დიზაინის ნაცვლად ბოქლომების რაოდენობას გულდასმით იკვლევდეს. სულ ჯაშუშები მელანდებოდა: საკუჭნაოში მიმავალ დედაჩემს ფეხაკრეფით მივყვებოდი, ვეჭვობდი, ვაითუ, მტვრიანი ბოთლების მიღმა გადამალული ჩემი ძველი დღიურის აღმოჩენა განიზრახა-მეთქი. მას კი იქიდან ან ატმის კომპოტი გამოჰქონდა, ან – ჩემი საძულველი რომელიმე მურაბა. იმ მურაბებივით ტკბილ-ტკბილი ამბები არ მექნებოდა, ყველაფერი, რაც დაშაქრულია, საკუჭნაოებიდან აუცილებლად გამოაქვთ.

ჩვენ ბავშვობაში სხვადასხვანაირი დღიურები გვქონდა ხოლმე: ერთი – სასკოლო, რომელიც მხოლოდ იმისთვის უნდა გვეწარმოებინა, რომ საოჯახო ყოფილიყო, მშობლებს ყოველდღე თვალი შეევლოთ, ჩვენი უნარები შეეფასებინათ. ჩვენ კრძალვითა და ცახცახით ველოდით განაჩენს. ოღონდ მშობლების აწეული წარბი არ გვენახა, ყველაფერზე წამსვლელები ვიყავით ჩვენ, პატარა თაღლითები. გადაკეთებული ნიშნები, ცარიელი გრაფები, საგნების გასწვრივ ნიშნების დათხრილი გრაფები: ყველაფერი იმაზე მიანიშნებდა, რომ დასჯის შიში არ გვასვენებდა და საუკეთესო შვილის სტატუსის შესანარჩუნებლად გულუბრყვილოდ ვცრუობდით. საუკეთესო შვილები უნდა გამოვსულიყავით. შემდეგში პროფესიებიც, იქნებ, ამ ლოგიკით შეგვერჩია: “რა გაუხარდება მამას, ვიყო კარგი მსახიობი თუ კარგი ქირურგი?! მამაჩემის შვილს მხოლოდ თეთრი ხალათი დამშვენდება, მაგრამ მე ხომ პაციენტის თირკმლის ამოჭრას მირჩევნია თუნდაც თირკმლის როლი მოვირგო?!” ჯერჯერობით მე მშობელზე მეტად ისევ შვილი ვარ და იმედი მაქვს, რომ სასკოლო დღიურები დღეს საერთოდ აღარ არსებობს. დღიურები კი არა, ხაფანგები, რომლებშიც გაბმული ტყუილები და ცუდად მომზადებული გაკვეთილები სასოწარკვეთილები ფართხალებენ.
როცა მარიმ მეგობრობის დღიურის შევსება შემომთავაზა, დავფიქრდი, მიღირდა თუ არა ამის გაკეთება. საუკეთესო მეგობარი რომ გამოხვიდე, კითხვის – “როგორ შეაფასებდი ჩემი ჩაცმის სტილს” – ათბალიანი შკალიდან აუცილებლად ათი უნდა აირჩიო. მე კი ჩემს საუკეთესო მეგობარს რვანახევარს მხოლოდ იმის გამო ვანიჭებდი, რომ საშინლად არ მომწონდა მისი უგონო სიყვარული ვარდისფერისადმი და ის ფუშფუშა ქვედაბოლოები, საერთოდაც, ნერვებს მიშლიდა. ბოლო კითხვა გამანადგურებელი გახლდათ: “დღიურის შევსებისას ბოლომდე გულახდილი იყავი?” – მე გადავწყვიტე, რომ, დიახ, მიღირდა და ბოლომდე სანიმუშოდ ვიცრუე. ათიდან ათი. აუცილებლად. და დიახ, რა თქმა უნდა, მე შენთან ყოველთვის გულახდილი ვარ.
გულახდილები ვიყავით სასკოლო სახელმძღვანელოებზე მიწერილ კომენტარებშიც. ესეც თავისებური დღიურია, რადგან მთელი წლის განმავლობაში გულმოდგინედ აწარმოებ. მსგავსი ტიპის დღიურების წარმოება გაჩაღებული გახლდათ უზარმაზარ ქარხანაში, რომელსაც ადრე საშუალო სკოლა ერქვა. მგონი, მტკიცედ გვჯეროდა, რომ ამ ქარხანაში ჩვენ დიდი მონდომებით გვაწარმოებდნენ და ხანდახან ძალიან დარდობდნენ, თუ რომელიმე ჩვენგანი იარლიყით “სანიმუშო” არ გამოდიოდა. ზოგს ქარხნული წუნიც კი გვქონდა. და ჩვენ, ყველას ჯიბრით, მათ ჯინაზე, ვინც ჩვენგან დისციპლინას, სანიმუშო ყოფა-ქცევას და მუდამ მოწესრიგებულ, მოვლილ, ფერად-ფერად ყდებში ჩასმულ უნაკლო, შეურყვნელ სახელმძღვანელოებს მოითხოვდა, ყოველ ფურცელს ათასგვარ სისაძაგლეს ვაწერდით. კალმით მინიშნებებს ვაკეთებდით, რომელიმე მოღალატე თავადის თავს იროკეზით ვამკობდით, აკაკი წერეთლის ჭაღარას კი საერთოდ არ ვცემდით პატივს, რადგან ვფიქრობდით, წითური თმა მეტად უხდებოდა. ერთი სიტყვით, სისაძაგლეების ჩადენის პოტენციალი ჩვენში მეტი იყო, ვიდრე– სიკეთე, პატივისცემა, პასუხისმგებლობა და დისციპლინა. ჩვენი ქვეცნობიერი ჯიუტად გვანიშნებდა, რომ შეგვექმნა საკუთარი ისტორიები. გვანუგეშებდა, რომ თუ რომელიმე ფურცელზე შემთხვევით ყავა გადაგვესხა, ეს სულაც არ არის ტრაგედია. ეს იმასაც არ ნიშნავს, რომ ჩვენგან სანიმუშო ადამიანი არაფრით გამოვა. საერთოდაც, ჩვენ არ გვინდოდა ნიმუშები ვყოფილიყავით. ჩვენ ვიყავით ბავშვები. დაუნდობლები, მატყუარები და ზარმაცები. რონ უისლივით, რომელსაც ერთხელ პუფსკინი ჰყავდა, “მერე კი ფრედმა წაიღო სავარჯიშოდ და ბლაჯერი ურტყა”. როულინგის “ჯადოსნური ცხოველებიც” თითქმის ასეთივე დღიურია. დიახ, ყველა ბავშვი ერთნაირია. ეროვნებისა და მაგიური შესაძლებლობების ფლობის მიუხედავადაც კი.
“ჯადოსნური ცხოველების” სახელმძღვანელოს მფლობელები ჰარი და რონი არიან, რომლებიც, ამ წიგნის ფლობის გარდა, კიდევ ათასი სხვა საქმით არიან დაკავებულები, ვოლდემორის დამარცხებასთან ერთად სახელმძღვანელოებზე ასეთ მინაწერებსაც აკეთებენ: “ამ სახელმძღვანელოს მფლობელია ჰარი პოტერი. ასევე რონ უისლი, რადგან თავისი წიგნი დაეხა. და რატომ არ ყიდულობ ახალ წიგნს? შენს წიგნზე წერე ჰერმიონ. შაბათს ამდენი ნეხვის ბომბი რომ იყიდე, არ ჯობდა წიგნი გეყიდა? რას ერჩი ნეხვის ბომბებს? ნეხვის ბომბი მაგარია!”
ახლა სხვა ტიპის დღიურებს ვაწარმოებთ. ძირითადად, მაინც აიფონების ან გალაქსების ნოუთებში ვადგენთ “To-do” ლისთებს, რადგან ბოლოსდაბოლოს მაინც საქმიანი ადამიანები გამოვედით.

დიალოგი ისტორიის გაკვეთილზე

0
მასწავლებლის საქმიანობა გაკვეთილზე მრავალ ასპექტს მოიცავს, მაგრამ მათგან ძირითადი მაინც მასალის გადაცემაა. ამისათვის მასწავლებელი ძირითადად მონოლოგს იყენებს, თუმცა  არანაკლებ  ეფექტურ  საშუალებას წარმოადგენს საუბარიც. საუბარი  მონოლოგისგან არსობრივად განსხვავებულია, რამდენადაც  იგი გულისხმობს დიალოგს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. ისტორიის სწავლებაში საუბრის როლი ძალიან დიდია, მაგრამ ეს როლი განსხვავებულია საუბრის როლისგან ისეთი საგნების სწავლებაში, რომელიც სასწავლო მასალის გადაცემისთვის დედუქციურ-ლოგიკურ გზას იყენებს; მონოლოგისას ისტორიის მასწავლებელმა შეიძლება მარტომ განიხილოს  და განაზოგადოს ისტორიული ფაქტები, მაგრამ საუბრისას აუცილებელია გარკვეული კომუნიკაციაც. საუბრის დროს ხდება:  

ა)   ისტორიული მასალის განხილვა და  აზრობრივი  გადამუშავება;

ბ)   ცოდნის გაფართოება წარსულის შესახებ;

გ) აქტიურია ვიზუალური და დოკუმენტური მასალის გამოყენება (საუბარი სურათის, მუზეუმის ექსპონატის მიხედვით, რუკის და დიაგრამის გამოყენებით, ისტორიული დოკუმენტების შინაარსის მიხედვით) და ა.შ.

საუბრის დროს ადვილია  ცოდნის გადმოცემაც  და  მისი „შემოწმებაც”.  ის საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა მიერ ისტორიული ცნებების გაგების გამოსავლენად და მათი აზროვნების გასააქტიურებლად, არსებული ცოდნის  მობილიზაციისთვის და ახალი მასალის გაანალიზებისთვის.

საუბარი სხვადასხვანაირია, მაგრამ წარმატებული საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  პირობაა კარგად მოფიქრებული შეკითხვები, რომელსაც მასწავლებელი დასვამს. ამ დროს შემეცნების და აღქმის პროცესი იმდენად სიღრმისეულია, რომ აზროვნება მთლიანად  ყოფს ნაწილებად შესასწავლ ობიექტს და მერე  და ცალ-ცალკე  შეისწავლის  მათ. შემეცნების ამ ეტაპს შეესაბამება შეკითხვა „როგორ?”

აზროვნების  შემდეგ  ეტაპზე  სინთეზირდებიან ობიექტის  განსხვავებული  თვისებები, მხარეები და  შემეცნების ეტაპები. ის გამოიხატება შეკითხვით –  „რატომ?” თუმცა ანალიზი და სინთეზი ერთმანეთს ავსებენ, მაგრამ „ანალიტიკა” ყოველთვის წინ უსწრებს „სინთეზს”.  

შემეცნების  აღნიშნული  ეტაპები   კარგად  ჩანს  „შეკითხვების   ბაზისურ  ტრიადაში”  (სქემა 1):
ზოგადად  ბაზისური შეკითხვების ტრიადა („რა?” „სად?” „როდის?”)  წარმოადგენს  შემეცნების/ცოდნის  პირველად    ეტაპს. საუბრისას ტრიადის (შეკითხვების ბაზისური სამეული) გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევაერთოთ ლოგიკური (პირველი და მეორე დონე) და წარმოსახვითი აზროვნება (მესამე დონე). რეფლექსიისთვის მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს ამგვარი დავალება: 

მასწავლებლის დავალება:

·შვიდი  ძირითადი  შეკითხვის მეშვეობით (რა? სად? როდის? რატომ? თუკი?  როგორი?)  შეეცადეთ თქვენი უცოდნარობის ფორმულირებას”.  

საუბარი, როგორც წესი, იწყება შესავალი საუბრით. ტექნოლოგიურად  შესავალი საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმს წარმოადგენს. იგი  ჩვეულებრივ დასაწყისში გვხვდება და მისი  დანიშნულებაა მოსწავლეებს აათვისებინოს ახალი მასალა უკვე არსებული ცოდნის მობილიზების, ცოდნის სისტემატიზაციისა და განზოგადების გზით. რაც შეეხება გაკვეთილის გეგმა-კონსპექტს, როგორი მოკლეც არ უნდა იყოს ის, სასურველია, მასწავლებელს ის წინასწარ ჰქონდეს მომზადებული – გაკვეთილის წარმატება ხომ მთლიანად მათზეა დამოკიდებული.  

განვიხილოთ შესავალი საუბრის მაგალითი:

კლასი  – VIII, თემა – “მეორე მსოფლიო ომი”. 

საუბრის  აქტუალური  ეტაპი –  მასწავლებელი მოულოდნელი შეკითხვით მიმართავს ბავშვებს: 

·„ბავშვებო, გეშინიათ ღამე გზაზე სიარული”?

ვაჟები  ძირითადად  პასუხობენ, რომ მათ არაფრის ეშინიათ, გოგონები კი აღიარებენ, რომ ნამდვილად  ეშინიათ. 
საუბრის  რაციონალური  ეტაპი. 

მასწავლებლის  შეკითხვა:  
·„რა შემთხვევაში  იზრდება  ან  კლებულობს შიში”? 

პასუხი: „თუ დედის გვერდით არიან, შიში ხან კლებულობს, ხან – არა, მაგრამ ასეთ დროს ძირითადად უჩნდებათ დედის დაცვის სურვილი და ჩნდება სიფრთხილის განცდა, რომ დედას არაფერი დაუშავდეს”. 

საუბრის გააზრების ეტაპი – მასწავლებელი ხაზს უსვამს, რომ „ყველას ჰყავს დედა, და რომ დედის სიყვარული ნიშნავს გიყვარდეს მთელი სამყარო. ადამიანი, რომელიც ამას შეიცნობს, აუცილებლად გაიმარჯვებს”.

 

საუბრის რეალური მიზნის განაცხადი – მასწავლებელი წარადგენს პლაკატს „დედასამშობლო გვეძახის” და თხოვს მოსწავლეებს, შეადარონ  დედა და სამშობლო; მასწავლებელი ხაზს უსვამს, რომ პლაკატი იმ მილიონობით ადამიანის განწყობას გამოხატავს, რომლებიც  ფაშიზმს დედა-სამშობლოს დასაცავად ებრძოდნენ”. 

ამით შესავალი საუბარი დამთავრებულია, გაკვეთილმა კი, რომელიც მეორე მსოფლიო ომს და მასში ჩართულ ქვეყნებს შეეხებოდა, საკმარისად მაღალი მოტივაცია შეიძინა წარმატებით გაგრძელებისთვის. 

საკონტროლო საუბრის მიზანია  ცოდნის შემოწმება, ისტორიული მოვლენების გაგების დონის განსაზღვრა და დამოუკიდებელი სამუშაოს შედეგების შემოწმება. საკონტროლო საუბარი ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს წარმოადგენს  მოსწავლეთა შეფასებისთვის; 

საუბარი საშუალებას გვაძლევს დაისვას დიაგნოსტიკური შეკითხვებიც, რომლითაც  შედარებით ზუსტად გავარკვევთ მოსწავლეთა მზაობას მასალის ასათვისებლად, განსაკუთრებით რთული თემების შესწავლის დროს; 
ისტორიის გაკვეთილზე საუბრის ძირითადი სახეა ანალიტიკური და განმაზოგადებელი საუბარი. მისი ამოცანაა შესასწავლი მასალის გააზრება და  ისტორიული ცოდნის გაღრმავება და გაფართოება.  ანალიტიკური  და  განმაზოგადებელი  საუბარი  შეიძლება  განვიხილოთ  როგორც  ახალი  მასალის  გადმოცემის  მეთოდი,   რომელიც   მოითხოვს მასალის გააზრებას და  ფაქტების  შეფასებასაც,  ანუ საკუთარი აზრის დაფიქსირებასაც. 

მაგალითი (ისტორია, XII კლასი): 

1)XIX საუკუნის 70-იან წლებში გატარებული საქალაქო ცხოვრების რეფორმის შესახებ მასწავლებელს  შეუძლია დასვას   შეკითხვები: 

– რამდენად გააუმჯობესებდა ქალაქის მკვიდრთა ცხოვრებას აღნიშნულ რეფორმა?

 –  მოხდა თუ  არა ასე? 

 – რატომ ვერ განხორციელდა რეფორმა? რამ შეუშალა წარმატებაში ხელი?

2) ისტორია,  კლასი  IX :

საქართველოში  მონღოლების ლაშქრობის შესახებ საუბრისას მასწავლებელი ისაუბრებს  საქართველოში იმ დროს არსებული ვითარების შესახებ და დასვამს შესაფერის შეკითხვებს;

 და  ა.შ. 

საუბრისას, გაარკვევს რა მასწავლებელი არსებულ ვითარებას, გააგრძელებს ისტორიული ამბის (ინფორმაციის) გადმოცემას.

ანალიტიკურ საუბარს ევრისტიული საფუძველი გააჩნია, რამდენადაც საუბრის რეალური შედეგი არის არა ცოდნა, არამედ მოსწავლეთა აზროვნების გააქტიურება (ხშირად მასწავლებელი ინტუიციურად ატარებს საუბარს, ისე რომ არც კი დაუგეგმავს და ძალაუნებურად ხელს უწყობს ამ მეთოდით მიღებული ცოდნისა და უნარის გამტკიცებას).
ზოგადად ევრისტიული საუბარი მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: 

ა) პრობლემის დასმა; ბ) პრობლემის გადაჭრა, ახსნა, განხილვა; გ) პრობლემიდან სწორი გამოსავლის მოძებნა, ეს ყოველივე კი ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითრეალიზაციას. თუმცა ევრისტიული საუბრით მიზნის მიღწევა – შემეცნების გზით პრობლემის არსის დანახვა – მთლიანად მასწავლებლის ოსტატობაზეა დამოკიდებული.  
მაგალითი:

ანალიტიკური   საუბრისას  მასწავლებელი  წინასწარ ჯგუფებად დაყოფს მოსწავლეებს და სთავაზობს დავალების სამ ვარიანტს:

Ø1 – ჯგუფი: რას უპასუხებდით თქვენს თანამოსაუბრეს, რომელიც ამტკიცებს, რომ ლევან II დადიანი, ერთ მხრივ, შეგვიძლია განვიხილოთ როგორც თავისი დროისათვის პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, რომელმაც ბევრი სასიკეთო გააკეთა  ხალხისთვის, მეორე მხრივ კი, შეიძლება განვიხილოთ როგორც ორგული და ქვეყნის განვითარებისთვის ხელის შემშლელი ადამიანი?
Ø2 – ჯგუფი: რას უპასუხებდით თქვენს თანამოსაუბრეს, რომელიც ამტკიცებს, რომ არსებული პირობების გათვალისწინებით, ლევან II დადიანის ბრძოლა სამეფო ხელისუფლებასთან სრულიად ბუნებრივი და სამართლიანი იყო?

Ø3 -ჯგუფი: რას უპასუხებდით თქვენს თანამოსაუბრეს, რომელიც ამტკიცებს, რომ რა დადებითიც არ უნდა გაეკეთებინა ლევან II დადიანს, მის ქმედებებს იმდენად  დიდი უარყოფითი მხარეები ჰქონდა, რომ არც კი შეიძლება ვისაუბროთ მისი მოღვაწეობის რაიმე დადებით მხარეზე, ის მხოლოდ უარყოფითად შეიძლება შევაფასოთ. 

არსებობს კიდევ ერთი მეთოდური მიდგომა, რომლის დახმარებითაც შეგვიძლია წავახალისოთ მსჯელობა ლევან II დადიანის შესახებ – ესაა   შემეცნებითი  ხასიათის დავალება, როდესაც მასწავლებელი ჩამოწერს ყველა შესაძლო თვისებას, რასაც მეისტორიე მიაწერს ლევან II დადიანს. მოსწავლეებმა ერთმანეთს უნდა შეუპირისპირონ ეს თვისებები   და  კონკრეტული  დასკვნები გააკეთონ პიროვნების შესახებ. 

სადისკუსიოა საუბრისას დასმული შეკითხვები, რომელზე პასუხის გასაცემადაც  მოსწავლეებმა დამატებითი ისტორიული მასალა უნდა გამოიყენონ. ეს ყველაფერი კი საშუალებას აძლევს მათ სხვადასხვა კუთხიდან შეხედონ ისტორიულ ფაქტებს და  კონკრეტული ისტორიული პირის მოღვაწეობა ამის მიხედვით შეაფასონ. ასეთ შემთხვევაში შეფასება ხდება არა გამზადებული ფორმით, არამედ წარმოდგენების ფორმირება საკუთარი მოსაზრებების გაანალიზების, არგუმენტირების და შედარების  საფუძველზე. მოსწავლეები ამით რწმუნდებიან, რომ ცალკეული ისტორიული მოღვაწეების საქმიანობაზე საუბრით შესაძლებელია წარმოდგენა შევიქმნათ მთლიანად ეპოქაზე, თავად ამ ეპოქის წინააღმდეგობრივ ხასიათზე, მის განმსაზღვრელ თვისებებზე. 

გაკვეთილის   ან  რომელიმე  თემის  ბოლოს  საუბარს  მთელი  რიგი ამოცანები გააჩნია:

·განზოგადება, სისტემატიზაცია და შედეგების შეჯამება, მასალის გაგების და ათვისების დონის განსაზღვრა;

·მომავალი გაკვეთილის ჩასატარებლად მოსწავლეთა მზაობის განსაზღვრა. 

გამოიყენება ასევე აზრობრივი საუბრის ტექნოლოგიაც.  მისი არსია – ისტორიისა და ცხოვრების სიღრმისეული  ფესვების წვდომა.

მაგალითად (ისტორია, კლასი  IX): 

·„წარმოიდგინეთ, – ამბობს ისტორიის მასწავლებელი, – რომ თქვენ იმყოფებით მონღოლთა ყაენის კარზე და დასჯას გიპირებენ. რა სიტყვებით მიმართავდით შთამომავლობას?” 

ცხადია,  პასუხისთვის დიდი  მნიშვნელობა  აქვს  სიტუაციის  კონტექსტს, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლეთა პასუხების შინაარსს. 

საუბრის  შემდეგი  ტიპი დაკავშირებულია მოქმედებასთან. ორი მოსწავლე მიიღებს ბუტაფორიულ პისტოლეტს. მასწავლებელი აუხსნის მათ დუელის წესებს:  გასროლა – შეკითხვა, პირველი დუელიანტი, გასროლა – პასუხი, მეორე დუელიანტი. დუელი გრძელდება პირველ არასწორ პასუხამდე. კლასი ამ დროს ორივე მხარეს თანაუგრძნობს – ხან ერთ მხარეს  უყურებს, ხან – მეორეს. 

გვხვდება ასევე  აქტუალურ-მქადაგებლური საუბარი – აქ მთავარია, რომ კითხვა-პასუხის დიალოგი გადავიდეს ისტორიული ამბის თხრობიდან ამბის აქტუალურობაზე, ისტორიის პერსონაჟების ცხოვრებიდან – თანამედროვე მოსწავლეების რეფლექსიაზე.

მაგრამ ამ ერთი შეხედვით მარტივი მეთოდების, ანუ საუბრის ცოცხალი, ხალასი მეთოდების ცოდნა დამწყები მასწავლებლებისაგან არცთუ ადვილია –  ის ხომ არამარტო საგნის კარგ ცოდნას, არამედ გარკვეულ პედაგოგიურ ოსტატობასაც ითხოვს. საუბრის შედეგი – მიღწეული წარმატებები და მოსწავლეთა მაღალი ინტერესი – ის მოტივაციაა, რომელიც თავად მასწავლებელსაც უბიძგებს გახდეს კარგი მოსაუბრე და ისტორიული ამბების საუკეთესო ინტერპრეტატორი, ხოლო მოსწავლეს – გაიზარდოს არა მარტო ცოდნის მხრივ, არამედ სოციალურადაც და გახდეს კარგი მსმენელი, რაც სოციალური აქტიურობისთვის ასევე  აუცილებელი წინაპირობაა. ყველაფერი ერთად კი წარმატებული სასწავლო პროცესის გარანტიაა. 
 

მეგობრები და წიგნები

0
მეგობრები არ ითვლიან ჭორფლებს – ღაწვებზე, ნაოჭებს – თვალების ქვემოთ, ჭაღარას თმაში.
მეგობრები არ ითვლიან ბიჭებს, რომლებთანაც არ გაგიმართლა, ბიჭებს, რომლებთანაც გაგიმართლა.
მეგობრები არ ითვლიან წამებს, წუთებს, საათებს, დღეებს,  რომლებიც ერთად გაატარეთ.

მეგობრები არ ითვლიან შენს ხელფასს, არც დღეებს,  რომელიც ხელფასამდე დარჩა.

მეგობრები არ ითვლიან შენს მომატებულ კილოგრამებს, არც დაკლებულს ითვლიან, საერთოდ, მეგობრები არ ითვლიან კილოგრამებს.

მეგობრები არ ითვლიან შენს მესიჯებს, მიღებულ თუ გამოტოვებულ ზარებს,  მიწერილ თუ დაბრუნებულ წერილებს.

მეგობრები არ ითვლიან შენს წაკითხულ წიგნებს, ნანახ ფილმებს, მოსმენილ მუსიკას. მით უმეტეს არ ითვლიან, თუ ერთად წაიკითხეთ, ერთად ნახეთ და ერთად მოისმინეთ.

მეგობრები არ ითვლიან შენს წარუმატებლობებს, შენი გამოცდის ქულებს, ვერჩაბარებულ გამოცდებს, ვერაღებულ დიპლომებს.

მეგობრები არ ითვლიან რამდენჯერ გაგიწიეს დახმარება, რამდენჯერ დაგიხსნეს გამოუვალი სიტუაციიდან, რამდენჯერ გადაგარჩინეს.

მეგობრები არ ითვლიან, რამდენჯერ მოგიდუღეს ყავა, გაგიმზადეს ჩაი, მით უმეტეს, არ ითვლიან ცხელ სასმელში ჩაყრილ შაქრის ნატეხებს.

მეგობრები არ ითვლიან შეცდომებს შენს მეტყველებაში, არც მათდამი მიწერილ ბარათებში ითვლიან გრამატიკულ შეცდომებს.

მეგობრები არ ითვლიან წიგნებს, რომლებიც გათხოვეს და არ დაუბრუნე. (არა, არა მოგატყუეთ, ამას მეგობრები ითვლიან).

და, რაც ყველაზე მთავარია, მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს.
….დღეს უკვე აღარაა 21 მარტი – დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.  წინ მთელი ერთი წელია იმ დღეებამდე, როცა ისევ გადავიღებთ ფერად-ფერად და პოზიტიურ ფოტოებს ჭრელი წინდებით.  მანამდე მთელი ერთი წელია.

ჩვენ ყველანი ვსაუბრობთ, რომ სოციალიზაცია, გარემოში  ჩართულობა, საზოგადოებასთან ინტეგრაცია – მოკლედ, მეგობრობა უმთავრესია.

ჰოდა, ამ დღეებში, მეგობრობაზე ფიქრისას, როგორც ყოველთვის,  ბავშვობასა და ბავშვობის წიგნებში დავბრუნდი.

მე მყავდა სკოლის მეგობარი, რომელიც ზედგამოჭრილი პეპი იყო, დღესაც ჩემს პატარა ბიჭს პეპის, ანიკას და ტომის საოცარ თავგადასავლებზე რომ ვუამბობ, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ნათია მიდგას თვალწინ.

მერე, დიდობისას,  გავიცანი ნამდვილი ტისტუ, ბიჭი, რომელიც აივანზე საოცარ ყვავილებს ახარებდა და თვითონაც ყვავილივით ლამაზი სული ჰქონდა.

კიდევ ერთ მრავალშვილიან და მხიარულ ოჯახს ვიცნობდი, ძაღლიც ჰყავდათ – თითქოს ჩემი უსაყვარლესი წიგნიდან  გამოსულიყვნენ.

ჰეკლბერი ფინსაც ვიცნობდი, ჩემს პარალელურ კლასში სწავლობდა და ბევრი უწმაწური სიტყვა იცოდა.

მოკლედ, ჩემი საყვარელი საბავშვო წიგნების გმირები ჩემ ირგვლივ არსებობდნენ და ქმნიდნენ ჩემს პატარა, ბავშვურ, ჯადოსნურ სამყაროს.

მაგრამ,  სამწუხაროდ, არცერთი წიგნი არ წამიკითხავს, რომლის პერსონაჟიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი იქნებოდა, ასეთი წიგნები ჩემი სკოლის ბიბლიოთეკაში თუ სახლის თაროებზე უბრალოდ არ იყო.

არადა, როგორი მნიშვნელოვანია დღეს ასეთი მხატვრული ლიტერატურა გვქონდეს ქართულ ენაზე. ვფიქრობ, ქართველმა საბავშვო მწერლებმა ამაზე ფიქრი აუცილებლად უნდა დაიწყონ. ხოლო სანამ ისინი დაწერენ, გამომცემლობებს შესანიშნავი ნაწარმოებების თარგმნა შეუძლიათ.

მაგალითისთვის, ამას წინათ წავიკითხე ამერიკელი მწერლის ელიზა ვოლოსონის წიგნი „ჩემი მეგობარი იზაბელი”, ის  ორი განუყრელი მეგობრების იზაბელისა და ჩარლის მეგობრობაზე გვიამბობს, იზაბელს დაუნის სინდრომი აქვს, თუმცა ეს არ უშლით ხელს ბავშვებს ძალიან მხიარულად და საინტერესოდ გაატარონ დრო.

მეორე ამერიკელი მწერლის, ელიზაბეტ სტიუვ-ბოდინის წიგნი „მოდი, დავხატოთ წითელი რვაფეხა” პატარა გოგონას ამბავს მოგვითხრობს, რომელსაც დაუნის სინდრომის მქონე ძმა გაუჩნდა. როგორ ელოდებიან ოჯახში პატარას, რა მზადება და ფაციფუცია, როგორ უყვარს თავისი პატარა ძმა და როგორი ბედნიერებაა, როდესაც ოჯახის წევრები ერთმანეთს უფრთხილდებიან – ნამდვილი საოჯახო საკითხავია.

 

როდესაც ნებისმიერი ადამიანი თქვენი საყვარელი წიგნის პერსონაჟი ხდება, როდესაც ლიტერატურა გიადვილებს მის ხასიათს, თავისებურებებს, პრობლემებს ჩასწვდე, ურთიერთობაც და მეგობრობაც გაცილებით იოლი ხდება.

შენ უბრალოდ წინასწარ იცი, რომ ჰეკ ფინს გახამებული პერანგი არ უნდა აჩუქო დაბადების დღეზე, ხოლო ტომ სოიერს არაფრით არ მოეწონება თუნდაც ყველაზე ლამაზი ვიოლინო საჩუქრად. პეპის – ფუშფუშა კაბას არ მიუტან, ხოლო ანიკას – შურდულს.

ამ ყველაფერს გასწავლიან მხიარული, საინტერესო და ინფორმაციული წიგნები, რომელიც  ძალიან, ძალიან სჭირდება პატარა მკითხველს.

თუ  კარგად დაძებნით, ასეთ წიგნს ბევრს იპოვით, სამწუხაროდ, ქართულად ჯერ არა, მაგრამ იმედია, თანდათან ჩვენთანაც შეიძენს საბავშვო ლიტერატურა კიდევ ერთ, მნიშვნელოვან ფუნქციას, დაწეროს საზოგადოების პრობლემებზე, სტიგმებსა თუ კლიშეებზე, ინკლუზიასა და თანასწორობაზე, რადგანაც საბავშვო ლიტერატურა მრავალი რთული საკითხის ადრევე, მარტივად და სიყვარულით გადაწყვეტის შესანიშნავი საშუალებაა.

სკოლის ბიბლიოთეკარის პროფესიული იმიჯი

0
რა არის იმიჯი? იმიჯი არის გარეგნული სახე, რომლითაც პიროვნება საზოგადოების წინაშე წარდგება. ეს მიზანმიმართულად შექმნილი განსაკუთრებული სახე-წარმოდგენაა, რომელიც ასოცირების მეშვეობით პიროვნებას ანიჭებს დამატებით ფასეულობებს, რისი წყალობითაც ხდება მისი უფრო ემოციური აღქმა. ეს ფასეულობები რეალურად შესაძლოა არც კი გააჩნდეს პიროვნებას, მაგრამ მათ განსაზღვრული მნიშვნელობა აქვთ ჩვენთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იმიჯს აღვიქვამთ.

ამჯერად არა მხოლოდ პიროვნების, არამედ პროფესიის იმიჯზე  ვისაუბრებთ.
დავფიქრდეთ, არსებობს კი ბიბლიოთეკარის პროფესიის იმიჯი? როგორი წარმოგვიდგენია ის და როგორია სინამდვილეში? ჩემს წარმოდგენაში, ბიბლიოთეკარი 

უნდა იყოს: საქმიანი, პროფესიონალი, საინფორმაციო მენეჯერის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი.  

 არის: ხშირად არაპროფესიონალი, ბიბლიოთეკაში შემთხვევით მოხვედრილი ადამიანია.

 იმიჯი ადამიანის რეპუტაციაა, წარმოდგენა, რომელიც უყალიბდებათ მის შესახებ გარშემო მყოფებს. ამის გათვალისწინება განსაკუთრებით სკოლის ბიბლიოთეკარებს მართებთ, რადგან მათ ყოველდღე უამრავ ხალხთან უწევთ ურთიერთობა. საბჭოურ პერიოდში მასობრივი ინფორმაციის წყაროებსა და მხატვრულ ლიტერატურაში ბიბლიოთეკარს წარმოსახავდნენ უჩინარ, წყნარ, მორიდებულ, ზოგჯერ დაჩაგრულ, ინერტულ ქალად და საინტერესოა, რომ თავად ბიბლიოთეკარებსაც არ უცდიათ ამ სტერეოტიპის დამსხვრევა.

თანამედროვე ბიბლიოთეკარი გადის საერთაშორისო ასპარეზზე, თანამშრომლობს კოლეგებთან, ითვალისწინებს მათ გამოცდილებას და, როგორც წესი, თავისთავად პოულობს პროფესიაში საკუთარ თავს. ბიბლიოთეკარი თავად უნდა ებრძოდეს ნეგატიურ იმიჯს. ბიბლიოთეკარის იმიჯი მთელ მსოფლიოში რატომღაც გარეგნულ სტერეოტიპებზე ფოკუსირდება. არადა, კრიტიკას იმსახურებს არა მორიდებულობა, არამედ დაბალი კომპეტენცია და საკუთარი უფლება-მოვალეობების არასათანადო ცოდნა. სასკოლო ბიბლიოთეკას სჭირდება არა ინერტული ოფისმუშაკი, რომელიც პასუხობს იზოლირებულ კითხვებს, არამედ აქტიური პროფესიონალი, რომელიც მომხმარებელს საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარება.

სკოლის ბიბლიოთეკარებთან ერთ-ერთი ტრენინგის დროს წამოიჭრა შეკითხვა: საჭიროა თუ არა მუშაობა სკოლის ბიბლიოთეკარის იმიჯის ფორმირებისთვის? 
პასუხები ძირითადად ასეთი იყო:

·„რომელ იმიჯზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც კაპიკებს მიხდიან?!”

·„რომელი იმიჯი?! ჩვენ სასკოლო საზოგადოება მხოლოდ სასკოლო სახელმძღვნელოების გამცემ ობიექტებად აღგვიქვამს!” 

·„მოუწესრიგებელი სასკოლო და საბიბლიოთეკო ინფრასტრუქტურა ვერ შექმნის ბიბლიოთეკარის დადებით იმიჯს”.

    ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ეს იყო წინააღმდეგობა ცვლილებების (თუნდაც დადებითის) მიმართ. საინტერესო ფსიქოლოგიური თავისებურება აქვს ადამიანს – ძალისხმევის გარეშე სურს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. მაგრამ სასწაულები არ ხდება. თუ გსურთ, გარშემო მყოფებს შეეცვალოთ თქვენზე წარმოდგენა, თავადვე უნდა შეიცვალოთ.

რა შეიძლება ვურჩიოთ სკოლის ბიბლიოთეკარებს სასურველი იმიჯის შესაქმნელად?  

ჰაბიტარული იმიჯი – თქვენი გარეგნობა – ქმნის წარმოდგენას თქვენზე. რაგინდ კარგი ხასიათი გქონდეთ, წარმოუდგენელია, ბიბლიოთეკაში მისულ მომხმარებელს დადებითი განწყობა შეექმნას, თუ იქ დახვდა მოუწესრიგებელი, უსუფთაოდ ჩაცმული, დაუვარცხნელი, შუბლშეკრული პერსონალი. ბიბლიოთეკარმა მიმზიდველი იმიჯი უნდა შეუქმნას არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ამ სფეროში მომუშავე ყველა ადამიანს.

სკოლის ბიბლიოთეკარის საქმიანობის შინაარსი მისი იმიჯის განუყოფელი ნაწილია (გარემოს იმიჯი). სკოლის ბიბლიოთეკარის იმიჯი უშუალოდაა დამოკიდებული მათ პროფესიულ ცხოვრებაზე. თუ წინათ სკოლის ბიბლიოთეკარებს, რომლებიც კარგად ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს, ჰქონდათ ხვალინდელი დღის გარანტია, თანამედროვე ბიბლიოთეკარს საკუთარი თავის და საზოგადოებაში ბიბლიოთეკარის როლის აქტიური მარკეტინგი სჭირდება. ბიბლიოთეკარისთვის სულერთი არ უნდა იყოს, რა წარმოდგენას უქმნის საკუთარ თავსა თუ პროფესიაზე გარშემო მყოფებს. იმიჯის ფორმირება ხდება იმ მომსახურების პაკეტის გავლენით, რომელსაც სასკოლო ბიბლიოთეკა სთავაზობს. თანამედროვე საზოგადოებაში ბიბლიოთეკარები უნდა განვიხილოთ როგორც საინფორმაციო სპეციალისტ-პროფესიონალები.

პროფესიონალიზმი ბიბლიოთეკარის საქმიანობის მთავარი აქცენტია. ბიბლიოთეკარის იმიჯზე ვერ ვისაუბრებთ, თუ მას არ ექნება პროფესიული განათლება და კვალიფიკაცია, რადგან ბიბლიოთეკას აქვს თავისი სპეციფიკა, რომელსაც უკეთ იცნობენ ადამიანები, რომლებმაც საგანგებოდ შეისწავლეს ეს პროფესია. ბიბლიოთეკარს უნდა ჰქონდეს თვითპრეზენტაციის უნარი – ჩვენდამი გარშემო მყოფთა დამოკიდებულება გარკვეულწილად იმაზეცაა დამოკიდებული, როგორ წარვუდგენთ მათ საკუთარ თავს.

ძალზე მნიშვნელოვანია სკოლის ბიბლიოთეკარის კვლევითი და საპროექტო მუშაობა. მრავალი ბიბლიოთეკარი უჩივის მცირე დაფინანსებას, სკოლის ადმინისტრაციის მხრივ ნაკლებ ინტერესსა და მხარდაჭერას, თუმცა არც ერთ მათგანს არ უცდია, დაეწერა თუნდაც ფონდების დაკომპლექტების პროგრამა ან/და ბიბლიოთეკის განვითარების კონცეფცია და დაერწმუნებინა სკოლის ადმინისტრაცია, რომ ამ პროექტის რეალიზება აუცილებელია სასკოლო ბიბლიოთეკის წარმატებული ფუნქციონირებისთვის. PR, რეკლამის, მარკეტინგისა და ფანდრაიზინგის თანამედროვე მეთოდები ხელს უწყობს სასკოლო ბიბლიოთეკის სახის შექმნა-დამკვიდრებას, რაც აუცილებელია როგორც სკოლისთვის, ასევე ადგილობრივი საზოგადოებისთვისაც.

ბიბლოთეკარი განუწყვეტლივ უნდა ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებასა და ზრდაზე. თუ წინათ საოცნებო იყო სასკოლო ბიბლიოთეკა კარგი წიგნადი ფონდით, თანამედროვე დაკვეთა იცვლება: ბიბლიოთეკის განვითარებისთვის საჭიროა ელექტრონული რესურსები – კომპიუტერები, ელექტრონული წიგნები, მედიათეკა, ინტერნეტი და ა.შ. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობა, ინტერნეტში თავისუფალი და სწორი ორიენტირება ავსებს თანამედროვე ბიბლიოთეკარის იმიჯს.

ამრიგად, სკოლის ბიბლიოთეკარს მოეთხოვება უწყვეტი პროფესიული და პიროვნული განვითარება, ეფექტური კომუნიკაცია და სასკოლო ბიბლიოთეკის რეალობაში არსებული დეფიციტის შევსება – სკოლის ბიბლიოთეკარის პოზიტიური იმიჯის შექმნა, რაც მასობრივ ცნობიერებაშიც შექმნის კეთილგანწყობას ბიბლიოთეკარის პროფესიის მიმართ.
 

წიგნები სკოლაში მიდიან

0
დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მშობლები ხშირად ჩივიან, რომ მათი შვილი გამოუსწორებელი მატყუარაა, თან, თავისივე სიცრუის ქსელში გაბმულს, ყველაფრის სჯერა, რასაც ე.წ. მესამე თვალით ხედავს.

ბატონ ერლომს აქვს ძალიან საინტერესო მოთხრობა – „მელია და ტყუილი”, სადაც ცბიერი ტყუილი მელიას გულუბრყვილობით ისარგებლებს, სხეულში შეუძვრება და დაიმონებს. ამ მოთხრობის გარდა, სხვაგან არსად შემხვედრია ტყუილისა და სიმართლის, ანუ თვისებების ადამიანისგან გამოყოფის, განსხეულების მაგალითი. არადა, რომ დავფიქრდეთ, ალბათ ყველას გაგვიმიჯნავს ერთმანეთისგან ადამიანი და მისი საქციელი. სხვისი არ ვიცი და მე კი ხშირად მითქვამს მოსწავლისთვის (შვილისთვის), რომ მას ასეთი საქციელი (ენამწარეობა, ბუტიაობა, თანატოლის ჩაგვრა და სხვა) არ შეეფერება… თითქოს თვისებები, ერლომის ტყუილივით, ადამიანის შემადგენელი ნაწილი კი არა, თავისთავადი, ცალკე მდგომი არსება იყოს. 

დიდები უმეტესად გამიზნულად ცრუობენ; მათი ტყუილი წინასწარ განსაზღვრული და შედეგზე ორიენტირებულია. ბავშვებთან საქმე სხვაგვარადაა. ამ თითქმის უცნობ სამყაროში „პირველად წაკითხვის ბედნიერებით” დაჯილდოებულებს ყველაზე ცხადად შეუძლიათ დაინახონ სპილო მახრჩობელა გველის მუცელში. ამიტომ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემეცნებითი მხედველობის გავარჯიშება. 

ხშირი გარდაქმნა, სახეცვლილება ჩვეულებრივი ამბავია პატარებისთვის. მათ ასაკში საკუთარი თავის ძიება უმეტესად იმიტაციის ხარჯზე ხდება. ბავშვები ირგებენ ყველა ნაცნობ სახეს, წიგნის საყვარელი პერსონაჟებით დაწყებული, ავტორიტეტული ნაცნობებით დამთავრებული. ამიტომაც დაწყებით კლასებში სიტუაციური თამაშების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 
ფანტაზიის გაკვეთილები

შემეცნებითი თამაშები ჩემს ბავშვობაში დროის ფუჭ ფლანგვად ითვლებოდა, ბევრს ალბათ არც გაეგონა ამგვარი სასწავლო მეთოდები, თუმცა ხელოვნების სფეროში მოღვაწე ზოგი პედაგოგი ხანდახან იყენებდა ყურმოკრულ თუ მათ მიერვე მოფიქრებულ წარმოსახვის გასაშალაშინებელ სავარჯიშოებს. 

პირველი ასეთი გაკვეთილი ძნელ და უღიმღამო ბავშვობაში, ჭერჩამორღვეულ და გაყინულ საკლასო ოთახში ჩამიტარდა. ახლაც ცხადად მახსოვს, როგორ დავხუჭე თვალები და მივენდე ხმას, რომელიც ჩემს ნაცვლად ხედავდა, მე კი, სიტყვების ანკესს გამობმული, დიდხანს მივყვებოდი ჰორიზონტისკენ. მერე ხმა გადამფრენი ჩიტივით გაელვებულ ამბავთან შედგა და ჩვენც სასურველი დასასრულის საძებნელად ნებით შევედით წარმოსახვის უსიერ ტყეში. მას შემდეგ თითქმის ყველა შეხვედრაზე ვიტოვებდით „გასასეირნებელ” დროს: ვაგრძელებდით და ვასრულებდით ამბებს, ვიცავდით ან ვაკრიტიკებდით პერსონაჟებს… მოკლედ, საინტერესოდ ვცრუპენტელობდით. ფანტაზია, როგორც საგაკვეთილო რესურსი, სასწავლო მასალის სხვადასხვა კუთხით გააზრებასა და მორგებაში გვეხმარებოდა.

დღეს „ვირტუოზი ცრუპენტელების” ყველაზე იდუმალი ფანტაზიაც კი ვიზუალიზებულია. შეიძლება ითქვას, რომ ვიზუალიზაციის მწვერვალზე ვდგავართ და წარმოსადგენი იმდენად ცოტა დარჩა, ხანდახან მეშინია, ფანტაზია არ მოგვიკვდეს.

სამწუხაროდ, ბავშვების უმეტესობას ეზარება კითხვა. მათ ურჩევნიათ, წიგნის ეკრანიზებულ ვერსიას დაუთმონ რამდენიმე საათი, ვიდრე მის ლიტერატურულ პირველწყაროს რამდენიმე დღე ან კვირა შესწირონ. მესმის, ძნელია ასეთი ეფექტური კონკურენციის პირობებში წიგნის უპირატესობაზე საუბარი, თუმცა სკოლას ჯერ კიდევ შეუძლია, პოპულარიზაცია გაუწიოს მას აქტიურ კითხვასთან დაკავშირებული მეთოდების დახმარებით. 
***
პირველკლასელებისთვის წიგნთან პირველი შეხვედრა ანბანით იწყება. ამ მხრივ ძალიან კარგი აქტივობაა მოძრავი ანბანით თამაში – ასოების გროვაში სასურველის მოძიება, სიტყვებისა და წინადადებების შექმნა, რაც მათი სწორად ჩაწერის წინაპირობაა. ამიტომ არ უნდა დაგვენანოს საგაკვეთილო დრო მოძრავი ანბანით გათვალისწინებული აქტივობების სისტემატურად შესრულებისთვის. 

ბავშვებს ძალიან უყვართ ისეთი შემეცნებითი თამაშები, როგორიცაა „ცხელი სკამი”, „კითხვა სხვადასხვა ინტერპრეტაციით” და სხვა. ამ აქტივობების დახმარებით მოსწავლე მხოლოდ საჭირო ინფორმაციას კი არ იმახსოვრებს, არამედ ითავისებს ამა თუ იმ პერსონაჟის ამბავს, თვისებებს, თავგადასავალს… უპირველესად, ეხვეწება აქტიური მოსმენის უნარ-ჩვევა, მობილიზებული მსმენელი ხდება, უკეთ გაიაზრებს ტექსტს, ყველაზე მეტად კი ის მოსწონს, რომ შეუძლია, საკუთარი ინტერპრეტაციით შეცვალოს სიუჟეტი, შეავსოს ან დაასრულოს თავგადასავალი, ანუ წიგნის თანაავტორად იქცეს.
იმპროვიზაცია ყველაზე ეფექტური „ტრანსპორტია” წიგნის სამყაროში სამოგზაუროდ. პატარა მსახიობებმა მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტირების შედეგად უნდა მოახერხონ პერსონაჟის ბუნების გახსნა. ტექსტის შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა შესთავაზოს ისეთი ლიტერატურული ნიმუში, სადაც დინამიკური სიუჟეტი და ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟები არიან. ვინაიდან ყველა მოსწავლე ვერ მოხვდება „პერსონაჟის ტყავში”, შეგვიძლია, აქტივობას შეჯიბრების სახე მივცეთ, მაგალითად, საუკეთესო კითხვის ავტორებს გადავულოცოთ სასურველი როლი (ასე კითხვის დასმის მოტივაციასაც გავზრდით და საგაკვეთილო პროცესს აზარტულობასაც შევმატებთ). თუ გულისტკენის თავიდან აცილება გვინდა, მარტივი კენჭისყრითაც შეგვიძლია მონაწილეთა არჩევა.

ამავე მიზანს ემსახურება აქტივობა „თხრობა სხვადასხვა ინტერპრეტაციით”. აქ მთხრობელი მაქსიმალურად ირგებს პერსონაჟის თავგადასავალს: პირველ პირში გადმოსცემს გმირის თავს გადახდენილ ამბავს, ჰყვება სიტუაციის შესაბამისი ემოციით, მწირი ინფორმაციის შემთხვევაში ამბავს ვარაუდებით ამდიდრებს. საუკეთესო შემთხვევაში მოსწავლე იყენებს ტექსტში გამოყენებულ ლექსიკურ ერთეულებს, აღწერს ამბავს ხატოვანი ან აღწერითი ენით, იცავს სიუჟეტის თანმიმდევრულობას. თხრობის პროცესში მნიშვნელოვანია ადეკვატური ჟესტებისა და მიმიკის ჩართვაც. ამგვარ აქტივობათა მთავარი მიზანი ხომ ისაა, რაც შეიძლება მეტი განსხვავებული ინტერპრეტაციით მოხდეს მოსმენილი/წაკითხული ტექსტის დამუშავება. თქვენ შეგიძლიათ, მოსწავლეებს სთხოვოთ: მოკლე შინაარსის თხრობა, დეტალური თხრობა, ეპიზოდის თხრობა და, რაც მთავარია, თხრობა პერსონაჟის პოზიციიდან.

მოკლე შინაარსის თხრობა სიუჟეტის თანმიმდევრულად აღდგენაში ავარჯიშებს ახალბედა მკითხველს, ცალკეული ეპიზოდის დეტალურად თხრობა კი ნაწილის მთელისაგან გამოყოფასა და საფუძვლიანად შესწავლას აჩვევს. დეტალური თხრობის დროს მოსწავლეს ევალება არა მარტო სიუჟეტის დეტალების აღდგენა, არამედ ნაწარმოებისთვის დამახასიათებელი ლექსიკის გამოყენებაც. საავტორო სკამის ყველაზე საინტერესო დავალებად პატარების უმეტესობა პერსონაჟის პოზიციიდან თხრობას მიიჩნევს. 

თქვენს მოსწავლეებს ამ ხერხით შესწავლილ ტექსტთან დაკავშირებული წერითი დავალების შესრულებაც აღარ დაეზარებათ. ისინი სიამოვნებით დახატავენ კლასში უკვე მრავალი ინტერპრეტაციით წაკითხულ ამბავს და აღარც თხზულების მოკლე შინაარსის დაწერაზე იწუწუნებენ, რადგან წიგნის გაცოცხლება ყველაზე უკეთ სიტყვებს ეხერხებათ.

მიუხედავად იმისა, რომ შემეცნებითი თამაშები ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლო ბერკეტია ტექსტის სიღრმისეული გააზრების, ფანტაზიის განვითარებისა თუ წიგნის პოპულარიზაციისთვის, ის მაინც არ უნდა იქცეს მოსწავლეთა ყოველდღიურ (მოსაბეზრებელ) საქმიანობად.

სასწავლო პროცესში ფანტაზიის გასავარჯიშებელი აქტივობებიდან ყველაზე ხშირად ტექსტისთვის სავარაუდო დასასრულის შერჩევა გამოიყენება. ბავშვებს მწერლობანას თამაში ძალიან უყვართ. მე და ჩემი მოსწავლეები ასე ვთამაშობთ: ვიღებთ ერთ ფურცელს, რომელიც ბავშვებს რიგრიგობით გადაეცემა, ანუ ყველა მოსწავლე ერთ-ორ წინადადებას ამატებს წინამორბედის მონათხრობს. ამბის დასრულებამდე მონაწილეებისთვის უცნობია სიუჟეტის განვითარება და დასასრული, რაც ამძაფრებს ინტერესს და პასუხისმგებლობას საერთო საქმის მიმართ.

პატარებთან წერის დაწყებამდე ზოგადი მონახაზის გაკეთება აუცილებელიცაა  (სავარაუდო თემატიკის ამორჩევა, პერსონაჟების დასახელება…). ამ აქტივობაში ბოლო მოსწავლეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აკისრია, მან კვანძი უნდა გახსნას. ამიტომ სასურველია, მასწავლებელმა საუკეთესო „ქოსატყუილას” მისცეს წერტილის დასმის შესაძლებლობა. თხზულების პრეზენტაციის შემდეგ მისი სხვადასხვა ინტერპრეტაციით წაკითხვაც შეიძლება. ამგვარი ტექსტის სასწავლო მასალად გამოყენების დროს ბავშვები თავიანთ ქმნილებას ახლა უკვე მკითხველის თვალით შეისწავლიან. 

შემეცნებითი თამაშები კრეატიული აზროვნების, გამართული მეტყველების, მეხსიერების გავარჯიშებასთან ერთად კიდევ ერთ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვან უნარს უვითარებს ადამიანს. ფანტაზიის გაკვეთილებზე რომელიმე მოსწავლეში აუცილებლად აღმოაჩენთ სულ სხვა, აქამდე უცნობ, არაიმიტირებულ სახეს – პიროვნებას, რომელმაც შესაძლოა სწორედ თქვენ თვალწინ აიდგას ფეხი.
წიგნები სკოლაში მიდიან

კითხვის პოპულარიზაციასთან დაკავშირებულ აქტივობებთან ერთად მოტივაციის გამყარებას ხელს უწყობს მარტივი აზრთა გაცვლა-გამოცვლაც თანატოლებს შორის. სწავლის დაწყებით საფახურზე მოსწავლეები სიამოვნებით უზიარებენ ერთმანეთს საყვარელ წიგნებს, აქტიურად ერთვებიან წაკითხული ტექსტების ირგვლივ დისკუსიაში. მეტი დაინტერესებისთვის შეიძლება სკოლამ ამ დისკუსიას კონკურსის ფორმაც მისცეს ან გამართოს ვიქტორინები წაკითხულ წიგნებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მოსწავლეებს თავადაც შეუძლიათ აწარმოონ სასკოლო გამოკითხვა, რის შედეგადაც, მაგალითად, წლის ყველაზე პოპულარული კრებულების ათეულს შეადგენდნენ. თითოეული კლასი თავისი ათეულის პრეზენტირებას მოახდენდა… ყველაზე აქტიური მონაწილეებისთვის მცირე ჯილდოს გადაცემაც არ იქნებოდა ურიგო. 

თუ გვსურს, ახალბედა მკითხველებს დავანახვოთ, რომ წიგნი ცოცხალი ორგანიზმია, მწერალთან შეხვედრის ორგანიზებას არაფერი სჯობს – „ქარის შიგნითა მხარე” ხომ ყველაზე უკეთ მწერლის სამზარეულოდან მოჩანს. ვთქვათ, ქართული ფენტეზით დაინტერესდით და თანამედროვე ქართველი მწერლის, ნატო დავითაშვილის ერთგულ მკითხველად იქეცით. შეგიძლიათ, ლილე იროელი, რუფია და აია ერთდროულად მოიწვიოთ სკოლაში… მასწავლებლებისთვის, რომლებიც ხშირად იყენებენ გააზრებულ კითხვასთან დაკავშირებულ აქტივობებს, ასეთი შეხვედრები საუკეთესო დამხმარე მასალა იქნებოდა. 
ამას წინათ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა დაუკავშირდა თბილისის სკოლებს და დაიწყო წიგნების პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ძალიან საინტერესო პროექტის – „ყველაზე წიგნიერის” განხორციელება. გამომცემლობა გეგმავს სკოლებში წიგნის ავტორებთან ან მთარგმნელებთან შეხვედრების ორგანიზებას, რაც მე, როგორც მასწავლებელს, რომელიც დიდი ხანია ამგვარი ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობაზე ოცნებობდა, ყველაზე მეტად მახარებს. 

პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ გამომცემლობის მიერ ორგანიზებულ ვიქტორინებსა და კონკურსებში. დაწყებითი კლასის მოსწავლეები, პროექტში ჩართვის მიზნით, გამომცემლობის მიერ შემოთავაზებული ათი კრებულიდან აირჩევენ ერთ-ერთს, მის რომელიმე პერსონაჟს დახატავენ და მისწერენ წერილს, რომელსაც კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. ის, ვინც „ყველაზე წიგნიერი მხატვრის” სტატუსს დაიმსახურებს, სოლიდური პრიზით დაჯილდოვდება. 

ასაკის მატებასთან ერთად ამოცანაც გართულდება. უფროსკლასელები იბრძოლებენ ყველაზე წიგნიერი მწერლისა და გუნდის სტატუსის მოსაპოვებლად. ახალბედა ავტორები დაწერენ პოსტს ან ესეს საკონკურსო ათეულიდან შერჩეულ სასურველ კრებულზე. ყველაზე წიგნიერი გუნდის წოდებას კი გამომცემლობის მიერ გამართულ ვიქტორინაში გამარჯვებული სკოლა დაიმსახურებს. ღონისძიებების დასასრულს მოსწავლეებს საკმაოდ სოლიდური „წიგნიერი პრიზებით” დაასაჩუქრებენ.

იმედია, რაც შეიძლება მეტი სკოლა მიიღებს გამომცემლობის ამ საინტერესო გამოწვევას და აქტიურად ჩაერთვება წიგნების „გაცოცხლების” პროცესში. მალე ჩვენს სკოლაშიც მოვლენ წიგნები სტუმრად, მე და ჩემი მოსწავლეები კი შევეცდებით, ღირსეული მკითხველობა გავუწიოთ მათ. 
ჩემი აზრით, თუ გამომცემლობები და სხვა წიგნის მეგობარი ორგანიზაციები ხშირად გამოიჩენენ ასეთ ინიციატივას და სკოლებთან აქტიურად ითანამშრომლებენ, მომავალი თაობისთვის მხატვრული ლიტერატურა აღარ იქნება მხოლოდ გარკვეული უნარების დასაუფლებელი დამხმარე სახელმძღვანელო ან მიმზიდველად შეფუთული და კარგად რეალიზებული ფანტაზია, რომლის მიზანიც მხოლოდ რეალობისგან დროებით მოწყვეტა და გართობაა. წიგნი იქნება ყველაზე ერთგული თანამგზავრი, რომელიც ბავშვთან ერთად ივლის სკოლაში, მასთან ერთად გაიზრდება, დაიწერება.

ბლოგერი ბავშვების ძიებაში

0
ერთხელ, ადრე, ,,მასწავლებლის” მთავარმა რედაქტორმა მკითხა, რამე ახალი იდეა ხომ არ მქონდა ჩვენ ინტერნეტგამოცემისათვის; მაშინ არაფერი გამახსენდა, მერე კი ისე მოხდა, რომ მოსწავლეთა ეროვნული ოლიმპიადის ნაწერებს ვასწორებდი და ჩემს საწერ მაგიდასთან ხშირად გაისმოდა ხოლმე გულაჩუყებული, ალერსიანი ფრაზები, რადგან არ არსებობს მსოფლიოში უფრო მშვენიერი სანახაობა, ვიდრე იმ ბავშვის სახის გამომეტყველებაა, რომელმაც ძალიან კარგი თხზულება დაწერა (ეს, რასაკვირველია, თვითონაც იცის) და მოაქვს შენთან, მაგიდაზე გიდებს და მისი თვალები შეკავებულ მოუთმენლობას ასხივებენ, ერთი სული აქვთ, როდის წაიკითხავ და როდის დაუმოწმებ, რომ ის მართლაც სწორად აზროვნებს, უფრო მეტიც, მძაფრად გრძნობს და ყველაზე უკეთესი, ნაფიქრსაც და ნაგრძნობსაც შესანიშნავად გამოხატავს. და მე ეკრანის მიღმა, ეკრანის იქით და ეკრანის მიუხედავად ვხედავდი ამ სახეებს, ზედიზედ რომ ჩნდებოდნენ ჩემ წინ და ჩემს აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა. 

მერე კი, როცა ემოციები ცოტათი ჩაცხრა, ვიფიქრე, რომ ყველაზე ცუდი რამაა, გქონდეს ნიჭი და მას არ ჰქონდეს ყოველდღიური პრაქტიკული გამოყენების ასპარეზი და ითვლებოდეს ისეთივე მშვენიერ, მაგრამ უსარგებლო ტალანტად, როგორიც მაგალითად ჩიტივით სტვენაა; მე კი მინდა, რომ წერის უნარით დაჯილდოებული ბავშვები სკოლაში ისეთივე პოპულარულები იყვნენ, როგორიც საუკეთესო ფეხბურთელები არიან. ამისთვის კი დღესდღეობით საუკეთესო ვარიანტი სკოლის ბლოგერობაა.

ჰო, დღესდღეობით ბლოგი საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ, როცა ინტერნეტში საყოველთაო ძიებას ვატარებდი, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ჩვენი სკოლების მოსწავლეები აქტიური ბლოგერები იქნებოდნენ. აღმოჩნდა, რომ დედაქალაქის თითქმის ყველა პრესტიჟულ სკოლას, როგორც კერძოს, ასევე საჯაროს, აქვს თავისი საიტი. ხოლო რაიონისა და სოფლის სკოლებს უფრო ხშირად ბლოგები აქვთ, თუმცა მას, ძირითადად, სწორედ საიტის დანიშნულებით იყენებენ ანუ მათზე ვრცელდება სკოლის ოფიციალური ინფორმაცია ჩატარებული ღონისძიებების, განათლების სამინისტროს სიახლეების, მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატებების შესახებ. განსაკუთრებით მიხარია, როცა სოფლის სკოლების ბლოგებს გადავაწყდები ხოლმე. მაგალითად ეს ფარცხანაყანევის საჯარო სკოლის ბლოგია (მართლა ბლოგი და არა ოფიციალური საიტი), მისი დახმარებით უამრავი რამ გავიგე ამ სოფელზე: https://parcxanayanevis1sajaro.blogspot.com/;

ასევე შემხვდა რამდენიმე სკოლის ე.წ. ,,კედლის გაზეთი”, რომლებშიც სკოლაში ჩატარებული ღონისძიებების გარდა, მოსწავლეთა მხატვრული ნაწარმოებებიც იყო შეტანილი. ისინი ნამდვილად თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ჩემ მიერ მოპოვებულმა მთელმა ამ მასალამ პასუხი ვერ გასცა ერთ მთავარ კითხვას:
არიან თუ არა ბლოგერი სკოლის მოსწავლეები, რომელიც წერენ თავისუფლად, ლაღად, ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე იმაზე, რაც თვითონ აინტერესებთ? თუნდაც იმაზე, რაც თავის სკოლაში არ მოსწონთ და აღიზიანებთ? არის თუ არა სკოლა, რომელიც ამ მიზნით თავის ინტერნეტსივრცეს დაუთმობდა მოსწავლეებს? ამგვარი რამ, ჯერჯერობით ვერ ვიპოვე, თქვენი დახმარების იმედი მაქვს.

მანამდე კი საზღვარგარეთის სკოლების ბლოგებს გადავავლე თვალი, ზღვა მასალა იყო და გამოგიტყდებით, მხოლოდ გამარჯვებულსა და რეიტინგულ ბლოგებს გავეცანი, ისეთებს, რომლებსაც ყველაზე მეტად კითხულობენ ბლოგერის თანასკოლელები. ერთს წავაწყდი, უზარმაზარი რეიტინგი ჰქონდა, სულ თავისი სკოლის მოჭიდავეთა გუნდზე წერდა (თავად გუნდის კაპიტანი იყო), ეტყობოდა, უყვარდა თავისი საქმე, არ გამკვირვებია მისი წარმატება, ოღონდ მხოლოდ ორიოდე პოსტს თუ გავუძელი. 

კიდევ ერთი ბიჭი იყო, ჯოზი, სასაცილო ბიჭი ჩანდა. ასე აღწერდა შობას:

,,შობა ყველაზე უკეთესი რამაა მთელი ზაფხულის არდადეგების განმავლობაში. ოჯახი, ხორციანი ღვეზელი და ჰო, კიდე, საჩუქრები, რასაკვირველია. წელს ძალიან დრო გავატარეთ, რადგან მთელი სანათესაო შევიკრიბეთ. სადილად დედის მხარე, ვახშმად _ მამის. საჩუქრებიდან არ ვიცი, რომელი გამოვყო: 2015 წლის გინესის რეკორდების წიგნი თუ თვალწარმტაცი, ღია ვარდისფერი ვინტაჟის სტილის პალტო. ძალიან ვიმხიარულე.”

ეს კი ჩემი საყვარელი ქართველი ბლოგერია, ბექა ადამაშვილი, დიდი ხანია სკოლის მოსწავლე აღარ არის, მაგრამ, როცა იყო, მაშინაც ზედმიწევნით იცნობდა ცხოვრებას:

,,10-15 წლის წინ:
_ ზღაპარს მომიყევი რა…
10-15 წლის შემდეგ:
_ ზღაპრებს ნუ მიყვები…
© ცხოვრება”
დანარჩენი იხილეთ აქ: https://doin.ge/
მე კი მინდა, რომ ეს ბავშვები, რომლებმაც ასე შესანიშნავად გაართვეს თავი ოლიმპიადას, ყოველდღე თხზავდნენ თავიანთი სკოლებისათვის, თავიანთი თანატოლებისათვის, წერდნენ მათ პრობლემებსა და სიხარულზე. იყვნენ პოპულარულები, მაგალითს აძლევდნენ სხვებს. იმართებოდეს მათ შორის კონკურსები, ზოგი იმარჯვებდეს, ზოგი კი უბრალოდ იმ გამოცდილებას იღებდეს, რომელიც მომავალში აქცევს გამარჯვებულად.

და ვოცნებობ, რომ ოდესმე ჩვენი ჟურნალის ბლოგების სვეტშიც გაჩნდეს მოსწავლის ბლოგი, სადაც ყოველ კვირას სხვადასხვა ნიჭიერი მოწაფე დაწერს თავისი სკოლის და ზოგადად სკოლების პრობლემების, მოსწავლეთა ინტერესებისა და სურვილების შესახებ, მიიღებს ხელფასს და ამაყად იტყვის, რომ ის უკვე მუშაობს, რადგანაც ასე კარგად წერს.
 

ვახო

0
ყოველთვის, როცა ბავშვობის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტის გახსენებას ვცდილობ, გონებაში კინოფირივით გაირბენს ხოლმე ერთი და იგივე მომენტი: ადრეული ზამთრის გვიანი საღამოა. მეცხრე ბლოკი მკვდარია. უხელფასო ელექტრიკოსები მის გაცოცხლებას შეეცდებიან, მაგრამ არა დღეს, არც ხვალ, ალბათ უფრო ზეგ. ჩაბნელებული ტელევიზორის ოთახში მწვანე ქურა ანთია, რომლის საწვავიც სულ ცოტა ხნის წინ მოვიტანეთ მამამ და მე დასახლებიდან. ნაჩუქარ სამხედრო ქურთუკში გახვეულმა, ქუდჩამოფხატულმა კაცმა სახელურმიმაგრებული 1 ლიტრიანი ქილით ჩაგვისხვა კოკა-კოლას ბოთლებში. მამაჩემს თვალი არ მოუშორებია მისთვის და პირთამდე გადაავსებინა. ქურასთან სხედან: დედა, ბებია, ჟუჟუნა დეიდა, დალი დეიდა, ლილი დეიდა, ეკა, რომელიც ფურცელზე კაცუნებს ხატავს ჩემთვის და ვახოსთვის. ოდნავ მოშორებით ეთერი ნათლია ზის. მალე ალბათ  შემოგვიერთდებიან – სევრო ბებო, ლია მეტრეველი, ციალა კვიჟინაძე და ნათელა დონაძე. მწვანე ქურა ბჟუტავს და სინამდვილეში მეზობლები ერთმანეთს ათბობენ. ბებიაჩემი ტყემლის მარაგზე დარდობს და სხვებიც ეთანხმებიან. მათ სახეებს ლამპიდან ძლივს გამოსული სინათლე და მწვანე ქურის მოციმციმე ალი დროდადრო ანათებს. მე და ვახოს სითბო არ გვჭირდება. ჩვენ მისაღებ ოთახში დავძრწით, რომელსაც ტელევიზორის ოთახისგან მხოლოდ თხელი ფარდა გამოყოფს და მუშკეტერები ვართ. მე ზურგზე ძველისძველი ფარდა მაქვს შემოხვეული, რომელიც ბებიამ საკერებლად ვეღარ გამოიყენა. თავზე მამაჩემის ქუდი მახურავს, ხელში ცაცხვის ტოტი მიჭირავს, ხმალს გამალებით ვიქნევ, ვებრძვით ბალიშებს და მე შიგადაშიგ ვყვირი – „ანთროსი ვარ”. ყოველ წამოყვირებას ჩემზე 4 წლით უფროსი ვახო პასუხობს: „ათოსი, ბიჭო, ათოსი”. ვახოს ზურგზე ძველი ფარდის შემოსხმა და ქუდის ჩამოფხატვა არ სჭირდება. ვახო ისედაც მუშკეტერია. ვახო დიდია.
ვახო დიდია – ეს სიტყვები ჩემს ცხოვრებას ყოველთვის რეფრენად გასდევდა, მაშინაც, როცა ძონძი მუშკეტერის მოსასხამი მეგონა და დღესაც, როცა ამაზე ღიმილით და სევდით წერა შემიძლია. ერთი შეხედვით, ადამიანს არ უნდა გსიამოვნებდეს, როცა ვინმეს, თუნდაც უფროსი ძმის ჩრდილქვეშ ხარ, მაგრამ არსებობენ ძმები, რომელთა ჩრდილი შენთვის არა დაბრკოლება, არამედ სახურავია. ვახო ასეთი ძმაა. ვაზისუბანში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც ჩემი სახელი – დათო – ცოტა ხნის წინ გაიგეს და გაიკვირვეს, რადგანაც იქამდე მათთვის არსებობდა ორი ერთი და იგივე გვარის მქონე ბიჭი – ვახო გორგილაძე და ვახოს ძმა გორგილაძე. მე ამას სრულად ვაცნობიერებდი ამით ვამაყობდი კიდეც. ეს იყო ჩემი საშვი და ალიბი. ეს იყო ჩემი ბილიკი და გზამკვლევი.
ხშირად, როცა რაიმე საჩოთირო საკითხს წავაწყდებით და საკუთარ თავთან მარტო დარჩენილებს პოზიციის ჩამოყალიბება გვიჭირს, სხვა, ჩვენთვის ავტორიტეტული ადამიანები ჩვენზე ზეგავლენას ახდენენ. ამ დროს, Facebook-ის უღიმღამო თვალიერებისას, წავაწყდებით მათ კომენტარებს, ან სულაც სტატიებს და მათი აზრი, ჩვენდა უნებურად ჩვენი აზრი ხდება, ან როგორც მინიმუმ რამდენიმე გრადუსით მაინც გადაგვხრის თავისკენ. ეს ისეთი მაგნიტია, რომლის ძალასაც ხშირად ვერ ვეწინააღმდეგებით. ვახო ოდითგანვე ასეთი, მაგნიტური ადამიანი იყო ჩემთვის. მის აზრს ძალაუნებურად ვიმეორებდი ყველგან – სახლში, სკოლაში, ბირჟაზე, ვაზისუბნურ დაბადების დღეებზე. ამას მოსაუბრეებიც ამჩნევდნენ და იმჩნევდნენ.
ჩვენ, ისევე როგორც იმ თაობის სხვა ქართველი ძმები, „ბლანკოს ქვრივის” ეპოქაში ვიზრდებოდით. დიეგო და ამადორ ბლანკოების ძმობა, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობრივი იყო იმასთან, რასაც გვასწავლიდნენ, რითიც გვკვებავდნენ. ჩვენ ვერ ვხსნიდით, როგორ შეიძლებოდა ძმები ისეთი უცხოები ყოფილიყვნენ ერთმანეთისთვის როგორც დიეგო და ამადორი იყვნენ, თუნდაც იქ, სადღაც, შორეულ ქვეყანაში. ამის გამო, ყველაფერი, რასაც კი სამხრეთამერიკულ სერიალებში ვხედავდით, გვეგონა რომ ისეთივე ზღაპარი იყო, როგორიც ბევრი წაგვეკითხა დედაჩემის მიერ შეგროვებულ დიდ ბიბლიოთეკაში. სამაგიეროდ, საინტერესოდ მეჩვენებოდა ტყუპების – ფილიპესა და დიუვანის ურთიერთობა. ამიტომ გადავწყვიტე, სწორედ ისინი ყოფილიყვნენ მისაბაძები, ვიდრე მათი მამა-ბიძა. თუმცა ჩემი ენთუზიაზმი ვახოსთვის უცხო გახლდათ, რადგანაც 4-წლიანი სხვაობა მაინც თავისას შვრებოდა. ნელ-ნელა მას სულ უფრო ნაკლებად იტაცებდა ჩვენ მიერ გამოგონილი თამაშები და ძალით ივიწყებდა იმ ათასობით ბრძოლას, რომელიც ერთად გადავიხადეთ ჩვენი სახლის სხვადასხვა კუნჭულში. ნელ-ნელა დათო გორგილაძე მარტო რჩებოდა იმ სამყაროში, რომელიც ძმასთან ერთად შექმნა. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ამ დროს ვახო სხვა, პარალელურ სამყაროს ქმნიდა, რომლის ასაშენებლადაც მე არც ძალა მქონდა და არც გამოცდილება მყოფნიდა, თუმცა იქ ჩემი ადგილიც მოიძებნებოდა. ეს იყო სამყარო, რომელშიც ჩემი ძმა მასწავლებელი იყო, მე – მისი მოსწავლე. სწორედ ამ სამყაროში ჩამოყალიბდა ჩემი გემოვნება, რომელიც ვახომ გამოძერწა. საპნის ოპერებიდან ჩემი ყურადღება MTV-სკენ გადააგორა; ხმალაობიდან კომპიუტერული თამაშებისკენ. მოსწონდა ვახოს 2Pac-ი? მოსწონდა დათოს 2Pac-ი; უსმენდა ვახო Eminem-ს? ვუსმენდი მეც Eminem-ს; გადაერთო ვახო Metallica-ზე? Metallica-ს რა ჯობია, კაცო.
თუმცა MTV-ის მიღმა ხომ ნამდვილი ცხოვრება იყო. ცხოვრება, იმ დროს ღვთისგან და კაცისგან მივიწყებული დედაქალაქის კიდევ უფრო მივიწყებულ გარეუბანში. ვაზისუბანში მოქცევის წესებსაც, გაგიკვირდებათ და – სწავლა უნდოდა. პირველი ნაბიჯების გადადგმისას აქ ყველანაირი რადიკალიზმი დამღუპველი იყო – ერთი მხრივ, იარლიყმიკრული ბოთე იქნებოდი, მეორე მხრივ – იარლიყმიმკვრელი კაი ბიჭი. ვახომ მასწავლა როგორ გამევლო ოქროს შუალედი ისე, რომ ბოლოს საუკეთესო პოზიციაში აღმოვჩენილიყავი; როგორ შემძულებოდა ბირჟა, თუმცა არა ერთი ხელის მოსმით, არამედ ბირჟაობის მახინჯი მხარეების თვალნათლივ დანახვით; როგორ უნდა მელაპარაკა ჩემზე უფროსთან, ჩემს თანატოლთან, მოგვიანებით კი იმ გოგოებთან, რომლებიც მომწონდა. რაც ჩემნაირი, წარბებგადაბმული, არაძველიბიჭი, არასპორტსმენი, სათვალიანი ბიჭისთვის დიდად გამოსადეგი უნარ-ჩვევა იყო.
სისუფთავეზე გადაგებულ ჩემს ძმას ნაირ-ნაირი სუნამოები ჰქონდა გარდერობში, მისი იმდროინდელი შეყვარებულისა და ახლანდელი ცოლის – თამთას შერჩეული, რომელიც სუნამოების ექსპერტია. რა თქმა უნდა, როცა შევამჩნიე, რომ სისუფთავის გარდა, სასიამოვნო სურნელი გოგონებთან დამატებით უპირატესობებს გაძლევს, ჩუმ-ჩუმად დავიწყე მათი მიპკურება. სურნელი ოხერი რამეა, საკმარისია ერთხელ მაინც გქონდეს შესუნთქული, რომ თუგინდ 100 წელი გავიდეს, სადმე, ქუჩაში იგრძნობ თუ არა, გონებაში რევოლუციას გიწყობს და მივიწყებულ მოგონებას, ადამიანზე ან ცხოვრების რომელიმე მომენტზე, ცხვირწინ ამოგიგდებს. აბა, თუ მაგარი ბიჭი ხარ გვერდი აუარე. ვერ იზამ. ბევრ ასეთ სურნელთაგან, ვახოს მაინც ტრუსარდის Python-ის სურნელთან ვაიგივებ:
პაემანისთვის საათ-ნახევრიანი მზადების შემდეგ, ვახო სახლიდან გავიდა. საღამო იყო, დასუსტებული, თითქმის ჩასული  მზე სასიამოვნო სითბოს ტოვებდა. სახლიდან გავიდა თუ არა, მე მისი სუნამო ძუნწად ვიპკურე, რათა ვერ მიმხვდარიყო და ეზოში გავვარდი. მე-10 კორპუსთან ერთი გასაპრანჭი ობიექტი შემხვდა, რომელსაც სპეციალურად მივუახლოვდი, სურნელი რომ ეგრძნო. მიზანს მალევე მივაღწიე, თუმცა მოულოდნელი შედეგი დადგა. გოგო შემომიბრუნდა და მითხრა: „შენს ძმას გაუვლია აქ”.
…და ასეა სულ: მთელი ჩემი ცხოვრებაა ვახოს კვალს მივყვები – ვირტუალურ ბრძოლებშიც, ქუჩაშიც, სკოლაშიც და პროფესიაშიც. ჟურნალისტიკა, გულზე ხელის დადებით რომ ვთქვა, მარკესის, კიზისა და კაპოტეს გამო კი არა, ვახოს გულისთვის ავირჩიე, რადგანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ სხვა გზების მსგავსად, იმედი არც აქ გამიცრუვდებოდა. ხანდახან დგება მომენტები, როცა შენი შესაძლებლობები ნულს უტოლდა, როგორც ვიდეოთამაშებში მოსდის ხოლმე გმირებს; როცა არაფრის გაკეთება აღარ შეგიძლია გარდა იმისა, რომ მოდუნდე და ღრმა ტბის ფსკერისკენ მშვიდად წახვიდე, როგორც ეს ფილმებში ხდება. ასეთ დროს გჭირდება ადამიანი, რომელიც საქმეს შენ ნაცვლად გააკეთებს და როცა გამოფხიზლდები, ყველაფერ აჟურში, ის ეპიზოდი კი ცხოვრებიდან ამოჭრილი დაგხვდება. ასეთ დროს გჭირდება.
როცა უფროსი ძმები ქორწინდებიან, ხვდები, რომ კიდევ ერთმა სამყარომ ამოწურა თქვი და ამიერიდან კიდევ უფრო მოწიწებითა და პატივისცემით გმართებს მასთან მოქცევა. ვახოს ახლა უკვე ორი შვილი ჰყავს – ნიკოლოზი და ზურა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სათამაშო ხმლების ნაცვლად ცაცხვის ტოტებს არ იყენებენ; არც ბაბუას გიტარაა მათთვის გემი (უფრო პლასტმასის ხმლებითა და iPad-ით იქცევენ თავს), მაინც მგონია, რომ ჩვენ ერთი ვიდეოთამაშის მონაწილეები ვართ, უბრალოდ, ნიკუშას და ზუკას განახლებულ ვერსიაში მოუწიათ ყოფნა და ასე უკეთესია. რამდენიმე დღის წინ შევესწარი, როგორ დაუთმო ნიკუშამ ზუკას მანქანა და გამახსენდა უძველესი დრო, როცა ვახომ დამითმო იმ დროს ყველაზე სანუკვარი რამ ჩვენს ცხოვრებაში – თავისი წილი კარტოფილის ჩიფსი. ხანდახან, როცა ჩემს ძმიშვილებს ვუყურებ, ვგრძნობ, რომ ოჯახები წრეებზე დადიან, ოღონდ ეს წრეები ნელ-ნელა ფართოვდება. მძულს, როცა ბავშვებს გენიოსებად ზრდიან. ადამიანი თავად ირჩევს, ვინ უნდა გახდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, უფლება მაქვს ვიწინასწარმეტყველო, რომ ისინი კეთილი, პატიოსანი და ჭკვიანი ადამიანები იქნებიან. მე ეს ვიცი. სხვანაირად შეუძლებელია, რადგანაც მე მათ მამას კარგად ვიცნობ.

ცოდნის რუკა

0
გასული საუკუნეები ტექნოლოგიების განვითარებით ხასიათდებოდა. მე-18 საუკუნე მექანიკური სისტემების შექმნის საუკუნე იყო, რომელიც თან სდევდა სამრეწველო რევოლუციას. მე-19 საუკუნეში ორთქლის ძრავა შეიქმნა. ამას კი მოჰყვა ინფორმაციის დაგროვების, გადამუშავებისა და განაწილების მე-20 საუკუნე. სხვა მნიშვნელოვან ცვლილებათა შორის იყო მსოფლიო მასშტაბის სატელეფონო ქსელის შექმნა, რადიოსა და ტელევიზიის გამოგონება, კომპიუტერული მრეწველობის შექმნა და უსწრაფესი ზრდა, საკომუნიკაციო სატელიტების გაშვება და ა.შ. ადამიანები მიხვდნენ, რომ მხოლოდ ინფორმაცია საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია ცოდნა, რამაც ინფორმაციის პრიორიტეტულობა ცოდნის უპირატესობით ჩაანაცვლა.  

ინფორმაცია კონტექსტისა და ახსნა-განმარტების გარეშე, ისეთი მონაცემებია, როგორიცაა ციფრები, სიმბოლოები. ინფორმაცია ცოდნის საფუძველია. ცოდნა მონაცემებისა და ინფორმაციის ნაკრებია, რომელიც გამდიდრებულია პროფესიონალის მოსაზრებით და გამოცდილებით. შედეგად ფასეული აქტივი მიიღება, რომლის გამოყენება შეიძლება გადაწყვეტილების მიღებისას. ცოდნა შეიძლება იყოს ექპლიციტური და/ან იმპლიციტური, ინდივიდუალური და/ან კოლექტიური.

ექსპლიციტურია ცოდნა, რომლის სისტემატიზაცია ადვილია, ანუ ადვილად შეგვიძლია გადავცეთ. მის მისაღებად არ არის საჭირო მუდმივი წვრთნა. ადამიანს შეუძლია ის დამოუკიდებლად მიიღოს, თუ იხელმძღვანელებს ამ ცოდნის მკაფიო და ზედმიწევნით ჩამოყალიბებული წესებით. ექპლიციტურ ცოდნას მიეკუთვნება მრავალი მეცნიერება, მაგ. მათემატიკა, ფიზიკა, ისტორია და ლინგვისტიკა.   

იმპლიციტურია ცოდნა, რომელიც არსებობს ადამიანის გონებაში და რომელიც შეიძლება არ გამოიხატოს სიტყვებით და ინსტინქტურ ქმედებას უდევს საფუძვლად. მისი ახსნა პლატონის სიტყვებით შეიძლება: „ჩვენ შესაძლოა ვიცოდეთ იმაზე მეტი, ვიდრე შეგვიძლია მოვყვეთ/ვთქვათ”. იმპლიციტური ცოდნა შეიძლება გადავცეთ მხოლოდ სწავლებით ან შევიძინოთ პირადი გამოცდილების საფუძველზე. მაგ: ცურვა, ველოსიპედის ან მანქანის ტარება შეიძლება ვისწავლოთ დაკვირვების, ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით ინდივიდუალური ვარჯიშის, მცდელობის საფუძველზე. ასეთი ცოდნის მაგალითია უცხო ენობრივ გარემოში ადამიანის მიერ ამ ენის დასწავლა გრამატიკული წესების შესწავლის გარეშე. 

ტერმინი ცოდნის რუკის შედგენა თითქოს ახალია, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, უბრალოდ, დოკუმენტურად არ ვაწარმოებთ და სისტემატურად არ მივმართავთ. ცოდნის რუკის შედგენა არის ჩანაწერების წარმოება საჭირო ინფორმაციისა და ცოდნის შესახებ, მაგ: სად უნდა მოვიპოვოთ, ვის აქვს, ვინ იცის და ა.შ. დავუშვათ, სახლში ან ოთახში გვჭირდება რაღაცის პოვნა. ამას ადვილად მოვახერხებთ, რადგან მთელი ინფორმაცია/ცოდნა გვაქვს საკუთარი სახლის/ოთახის შესახებ. ამგვარი რუკის შედგენა ადამიანის გონებაში საკუთარი ორგანიზაციის და ორგანიზაციული ცოდნის შესახებ თითქმის შეუძლებელია. სწორედ აქ გვადგება ცოდნის რუკა, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის ორგანიზაციაში არსებულ ნებისმიერ ცოდნას – მის ადგილსამყოფელს, ხარისხს და ხელმისაწვდომობას; ცოდნის რუკა ორგანიზაციის ადვილად მართვის საშუალებას იძლევა და გვეხმარება მარტივად და ნაყოფიერად მოვიძიოთ საჭირო ცოდნა/ინფორმაცია.  

ორგანიზაციის მუდმივი საზრუნავია აღმოაჩინოს ცოდნის არტეფაქტების  ადგილსამყოფელი, მათი მესაკუთრე, ღირებულება და გამოყენების გზები, შეისწავლოს ცალკეულ მუშაკთა როლი და გამოცდილება, განსაზღვროს ცოდნის მიმოქცევის ნაკლოვანებები და წინა პლანზე წამოსწიოს არსებული ცოდნის ამოქმედების შესაძლებლობები. 

ცოდნის რუკის შექმნა მნიშვნელოვანი საქმიანობაა, რომელიც შედგება კვლევის, აუდიტისა და სინთეზისაგან. მისი მიზანია ინფორმაციისა და ცოდნის შეძენისა და დაკარგვის თვალყურის დევნება. ის იკვლევს პიროვნულ და ჯგუფურ კომპეტენციებსა და გამოცდილებას. გვიჩვენებს როგორ მიმოიქცევა ცოდნა ორგანიზაციაში. ცოდნის რუკის შექმნა ეხმარება ორგანიზაციას გააცნობიეროს, როგორ გავლენას ახდენს პერსონალის დაკარგვა ინტელექტუალურ კაპიტალზე, ეხმარება გუნდების ჩამოყალიბებაში და ტექნოლოგიის მისადაგებაში ცოდნის საჭიროებებთან და პროცესებთან. 

რუკის შექმნა გულისხმობს – ორგანიზაციის ფარგლებში ხელმისაწვდომი ცოდნა გავხადოთ ყველასთვის ნათელი და უზრუნველვყოთ მისი ხარისხი. რუკის შედგენა პროცესია, რომლის საშუალებით ორგანიზაციას შეუძლია განსაზღვროს და დაახარისხოს ცოდნის საკუთარი აქტივები – ადამიანები, პროცესები, შინაარსი და ტექნოლოგია. ის საშუალებას აძლევს ორგანიზაციას სრული სიმძლავრით აამუშაოს ორგანიზაციაში არსებული გამოცდილება, ასევე განსაზღვროს სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულების ბარიერები და შეზღუდვები. ის გზის მაჩვენებელია, რომელიც გვასწავლის, სად უნდა ვეძებოთ საჭირო ცოდნა, რომ საუკეთესოდ გამოვიყენოთ რესურსები. აღწერს, რა სახის ცოდნა გამოიყენება საქმიანობაში და როგორ მიმოიქცევა საქმიანობის პროცესში. არსებითად, საქმიანობის ცოდნის რუკა მოიცავს ორგანიზაციის ცოდნის შესახებ ინფორმაციას – აღწერს ვის რა ცოდნა (იმპლიციტური) აქვს, სად “მდებარეობს” (ინფრასტრუქტურა) და როგორ გადაეცემა ან ვრცელდება (სოციალური). 

როგორ იქმნება ცოდნის რუკა?

ცოდნის რუკა ურთიერთდაკავშირებული ინფორმაციის გრაფიკული ილუსტრაციაა. ის ორგანიზაციაში (და არა მხოლოდ ორგანიზაციაში!) ცოდნის წყაროების განსაზღვრის ფორმაა. ჩვეულებრივ, ეს არის ცოდნის ბაზის წყაროების გრაფიკული ან სტილიზებული გზამკვლევი, რომელიც ბლოკსქემას ან ორგანიზაციის სქემას გვაგონებს. რუკის შესაქმნელად გამოყენებული წყაროები შესაძლოა იყოს შიდა, გარე, ზოგ შემთხვევაში კი, სოციალური. ეს პროცესი უკავშირდება ორგანიზაციის ცოდნის მართვას. 

ცოდნის რუკის შექმნა შესაძლებელია იმპლიციტური და ექპლიციტური ცოდნის გადატანით გრაფიკულ ფორმატში, რომლის გაგება და ახსნა ადვილია საბოლოო მომხმარებლებისთვის (შესაძლებელია იყოს მენეჯერი, ექსპერტი, სისტემის შემმუშავებელი ან სხვ.). 

სპეციფიკური ამოცანის შესასრულებლად არსებობს ცოდნის რუკის შექმნის ძირითადი საფეხურები:

1.მთლიანი პროცესის შედეგები და ამ პროცესის წვლილი ორგანიზაციის ძირითად აქტივობებში;
2.მიზნის მისაღწევად საჭირო ყველა აქტივობის ლოგიკური თანამიმდევრობა;
3.ყოველი აქტივობისთვის საჭირო ცოდნა (ავლენს ცოდნის ხარვეზებს);
4.ყოველი აქტივობის შესრულებისთვის საჭირო ადამიანური რესურსი (გვიჩვენებს საჭიროა თუ არა რეკრუტირება).

გთავაზობთ რუკის ობიექტების შესაძლო ჩამონათვალს:
 
ექსპლიციტური ცოდნა
oობიექტი
oმიზანი/დანიშნულება
oადგილმდებარეობა
oფორმატი
oმფლობელი
oმომხმარებელი
oწვდომის უფლებაიმპლიციტური ცოდნა
oექსპერტიზა/პროფესიული ცოდნა
oუნარ–ჩვევები
oგამოცდილება
oადგილმდებარეობა
oმისაწვდომობა
oსაკონტაქტო მისამართი
oკავშირები/ქსელი 
ცოდნის რუკა გვიჩვენებს ორგანიზაციაში არსებული ცოდნის არსენალისა და დინამიკის მნიშვნელობას და მათ ურთიერთკავშირს. ასევე: ცოდნის არსებული რესურსებს; ცოდნის კლასტერებსა და საზოგადოებებს; ცოდნის ვინ რა რესურსს იყენებს; ცოდნის გაცვლის გზებს; ცოდნის სასიცოცხლო ციკლს; რა ვიცით, იმის შესახებ, რაც არ ვიცით (თეთრი ლაქები ცოდნაში).
სად „ბინადრობს” ცოდნა?

ცოდნის სავარაუდო ადგილსამყოფელია:

§კორესპონდენცია, შიდა დოკუმენტები;
§ბიბლიოთეკა;
§არქივები (ძველი პროექტებისა და წინადადებების ამსახველი დოკუმენტები);
§შეხვედრები;
§საუკეთესო პრაქტიკა;
§გამოცდილება;
§კორპორაციული მეხსიერება. 
მრავალ ორგანიზაციაში ორგანიზაციის ფართო ცოდნა ნაკლებად გამჭვირვალეა. ღირებული ცოდნა ხშირად არ გამოიყენება, რადგან ადამიანებმა არ იციან მისი არსებობა, ან იციან მისი არსებობა, მაგრამ არ იციან ადგილმდებარეობა. ამ პრობლემების გამო იქმნება ცოდნის რუკა. 

ქვემოთ მოცემულია ცოდნის რუკის შექმნის ძირითადი მიზეზები:  

oცოდნის შექმნის საკვანძო წყაროების პოვნა;
oცოდნის ხელახლა გამოყენების წახალისება და მისი თავიდან გამოგონების თავიდან აცილება; 
oმნიშვნელოვანი ინფორმაციის სწრაფად პოვნა;
oპროფესიული ცოდნის წინა პლანზე წამოწევა;
oინტელექტუალური და არახელშესახები აქტივების აღრიცხვა და შეფასება;
oშესაბამისი ინფორმაციის უზრუნველყოფით გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის სრულყოფა;
oკორპორაციის ცოდნის განჭვრეტა.

რუკა ემსახურება ორგანიზაციული მეხსიერების მუდმივ განვითარებას, ორგანიზაციისთვის საკვანძო ცოდნის მოპოვებას და ინტეგრირებას. ის საშუალებას აძლევს თანამშრომლებს ისწავლონ რუკაზე დატანილ ცოდნაში ინტუიციური ნავიგაციითა და მისი წაკითხვით, ასევე ახალი კავშირების აღმოჩენების საფუძველზე ახალი ცოდნის შექმნით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცოდნის რუკა საშუალებას აძლევს მუშაკებს იცოდნენ არა მხოლოდ “რა”, არამედ “როგორ” კითხვაზე პასუხიც. ცოდნა ძალაა, კიდევ უფრო მეტი ძალაა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, გასაგები და გაზიარებული ცოდნა.

“მაიკროსოფტი” თავის პროგრამაში აღნიშნავს, რომ ცოდნის გაზიარება და თანამშრომლობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამის გამო არ სჭირდებათ ცოდნის ოფიცერი. პროგრამის მიზანია განსაზღვროს და ხელი შეუწყოს საწარმოს ცოდნის ლიდერებს. 

ცოდნის მთავარი ოფიცრის გარდა, ცოდნის მართვის წამყვანი საწარმოები ორგანიზაციის სხვადასხვა დონეზე სხვაგვარ ლიდერებსაც გამოყოფენ – “ცოდნის ჩემპიონები”, “ცოდნის მენტორები”. თვით საწარმოს ხელმძღვანელობა უნდა განვიხილოთ, როგორც ცოდნის მენტორებისა და თანამშრომლების ურთიერთობა. ეს არის ხელმძღვანელობა, რომელიც პირად მაგალითს ემყარება – ხელმძღვანელი იმ ქცევის მოდელირებას ახდენს, რომლის ხელშეწყობაც სურს საკუთარ თანამშრომლებში. თუ ლიდერი ხედავს, რომ რომელიმე თანამშრომელი არ აქტიურობს კომპანიის ცოდნის გაზიარების სისტემაში, უნდა ჰკითხოს, რა დახმარება სჭირდება ხელმძღვანელობისაგან გასააქტიურებლად.

  

ორგანიზაციაში ცოდნის გაზიარების ქცევის ხელშეწყობის შემდეგი გზები არსებობს:

·მხოლოდ ფულადი ჯილდოს გამოყენება არ არის გამოსავალი; ცოდნის გაზიარების შინაგანი და გარეგანი აღიარება ზოგიერთისთვის (თუმცა, არა ყველასთვის) კარგი სტიმულია; 

·გამზიარებელმა უნდა იცოდეს, რომ მათი ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩება ხელმძღვანელს;

·უნდა შეიქმნას ცოდნის გაზიარების ქცევის შეფასების, განხორციელებისა და დაფასების გზები; 

·უნდა შევისწავლოთ ცოდნის გაზიარების ქცევის ხელშემწყობი ინოვაციური მიდგომები, მაგ:  “მაიკროსოფტი” იყენებს ამ მიდგომების საჯარო გაზიარების პრაქტიკას. 
საუკეთესო გამოცდილების მქონე ორგანიზაციებში ცოდნის მართვა წარმატებული საქმიანობის საფუძველი და მომხმარებლის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირების ინსტრუმენტია.

კვლევის უნარების განვითარება მათემატიკის სწავლების პროცესში

0
დღეს ძალიან აქტუალურია პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების თემა. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამები და გამჭოლი კომპეტენციები მასწავლებელს საინტერესო სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და ჩატარების საშუალებას აძლევს. პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების დასაუფლებლად აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთაშორისი კავშირების დამყარება. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ მან ერთ რომელიმე საგანში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს.

ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს ცხრა პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციას, რომელთა ფლობა გადამწყვეტია თანამედროვე სამყაროში თვითრეალიზებისა და სათანადო ადგილის დამკვიდრებისთვის.

„ტრადიციული გაგებით, სიტყვა „წიგნიერება” გულისხმობს კითხვის, წერის, მოსმენისა და ლაპარაკის მიზნით ენის გამოყენების უნარს. დღეს ამ ცნების შინაარსი გაცილებით მეტს მოიცავს; თანამედროვე გაგებით, წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, წერის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს.

რაოდენობრივი წიგნიერება არის იმ უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელთა დაუფლება მოსწავლეს უადვილებს რიცხვის არსის გააზრებას, რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვას, რიცხვებს შორის მიმართებების გაგებას, რაოდენობათა შედარებას. ეს უნარ-ჩვევები მოსწავლეს სჭირდება არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ სხვა საგნების შესასწავლადაც.

სემიოტიკური კომპეტენცია არის ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიის და სხვ.) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის (მაგ., სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენის) უნარი”.

რით არის მნიშვნელოვანი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება? იგი დაკავშირებულია რეალური ვითარებიდან გამომდინარე პრობლემასთან, რომელთანაც შეხება უწევს მოსწავლეს. ყოველივე ეს საშუალებას აძლევს მას, პასუხი გასცეს კითხვას: „რა საჭიროა?” 

„რაც უფრო მეტი იციან მოსწავლეებმა ფიქრისა და სწავლის შესახებ, ანუ რაც უფრო მაღალია მათი მეტაკოგნიტური ცნობიერება, მით უფრო ეფექტურად სწავლობენ ისინი და უკეთეს შედეგს იღებენ სკოლაში”, – მიაჩნია ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ დევიდ პერკინსს. მეცნიერის განმარტებით, მეტაკოგნიცია გულისხმობს აზროვნებას იმის შესახებ, როგორ ვაზროვნებთ, ანუ მოსწავლეთა ცოდნასა და წარმოდგენებს თავიანთი კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების შესახებ. ამ თემას დევიდ პერკინსი ფართოდ აშუქებს თავის პედაგოგიურ ნაშრომში „თეორია ერთი”.

ამ თეორიის საკლასო პრაქტიკაში გამოყენება გულისხმობს მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის მკაფიო ინფორმაციისა და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდებას, გააზრებული პრაქტიკის შეთავაზებას, რაც აღძრავს მოსწავლის შინაგან და გარეგან მოტივაციას. მკაფიო ინფორმაცია გულისხმობს, „რა”, „როგორ” და „როდის” უნდა გაკეთდეს. მასწავლებელი თვალყურს ადევნებს, როგორ გაიგეს მოსწავლეებმა მიწოდებული ინფორმაცია და მათი შეცდომების ანალიზის საფუძველზე ცდილობს იპოვოს გზები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიგონ მოცემული საკითხი.

დაწყებით საფეხურზე IV კლასის მათემატიკის სტანდარტის სწავლების ერთ-ერთი მიზანია, მოსწავლეები გაეცნონ აღწერითი სტატისტიკის ელემენტებს, თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა შეგროვების, მოწესრიგებისა და წარმოდგენის საშუალებებს, რაც მოსწავლეებისთვის სირთულეს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ამ ასაკის მოსწავლე (პიაჟეს აზრით) კონკრეტულ ოპერაციულ სტადიაზე იმყოფება. მას უკვე შესწევს უნარი აწარმოოს ლოგიკური ოპერაციები იმ ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ფლობს, მაგრამ უჭირს აბსტრაქტული აზროვნება, განზოგადება, სინთეზი. რომელიმე კონკრეტული ამოცანის ამოხსნა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უშუალოდ უკავშირდება რეალობას. ამ ასაკში ბავშვები სწავლობენ კლასიფიცირებას და რიგის მიხედვით დალაგებას.

სვეტოვანი დიაგრამების შესწავლის დროს მოსწავლეები ზედაპირულად სწავლობენ თემას და ვერ ახერხებენ მის სიღრმისეულ წვდომას, ამიტომ მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ რეალურად გადასაჭრელი ამოცანა, რომელიც პრაქტიკულ საქმიანობას გულისხმობს.

ამ სიტუაციაში ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად მომაჩნია პროექტი, რომელიც კვლევის ელემენტებს შეიცავს. ასეთი ტიპის აქტივობა მოსწავლეებისგან მოითხოვს სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას, არჩევანის გაკეთებას და გადაწყვეტილების მიღებას.

მაგალითად, მოსწავლეებმა გამოკითხვის შედეგად შეაგროვონ სკოლის მოსწავლეთა მონაცემები დაბადების თვეების მიხედვით, დაახარისხონ და წარმოადგინონ ისინი ჯერ ცხრილების სახით, ხოლო შემდეგ ეს მონაცემები დაიტანონ სვეტოვან დიაგრამაზე. ამ დავალების შესასრულებლად მოსწავლეები დავყავი 4 ჯგუფად. მათ თავად აირჩიეს კლასები, სადაც ჩაატარებდნენ გამოკითხვას. თითოეულ ჯგუფს გავუნაწილე დავალებები.

მოსწავლეები შეხვდნენ სკოლის დირექტორს და კლასის დამრიგებლებს, გააცნეს შეხვედრის მიზანი და დააზუსტეს მთელი სკოლის, ყველა კლასის მოსწავლის სახელი და გვარი. მომდევნო ეტაპზე მათ დაიწყეს შეხვედრები სამიზნე ჯგუფებთან და ჩაატარეს გამოკითხვა: „როდის არის შენი დაბადების დღე?” ეს აქტივობა სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. მონაცემების შეგროვების შემდეგ მოსწავლეებმა მონაცემები გადაიტანეს ცხრილებში და კლასების მიხედვით წარმოადგინეს სტატისტიკური მონაცემები, რომელ თვეს რამდენი მოსწავლე იყო დაბადებული. 

დავალებების დასრულების შემდეგ ჯგუფებმა წარმოადგინეს შეკრებილი მონაცემები. შემდეგ მთელმა კლასმა ერთობლივად ამოკრიბა თითოეულ თვეში დაბადებულ მოსწავლეთა რაოდენობა, დააჯამა და ამ სტატისტიკის მიხედვით შევადგინეთ მთელი სკოლის მოსწავლეთა სვეტოვანი დიაგრამა. შედეგი ძალიან საინტერესო გამოვიდა. აღმოჩნდა, რომ მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში ყველაზე მეტი მოსწავლე დაბადებულია მაისში. აქვე დაიბადა ამ პროექტის სახელწოდებაც: „ყველაზე მადლიანი თვე”. მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია, სადაც სკოლის მასწავლებლებს და მოსწავლეებს საკუთარი კვლევის შედეგები წარუდგინეს.

სწავლების ამ მიდგომას ძლიერებთან ერთად ერთი სუსტი მხარეც აქვს: თუ კლასში სსსმ მოსწავლეა, მას გაუჭირდება ამგვარ აქტივობებში აქტიური მონაწილეობა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მისთვის შესაფერისი დავალების მიცემა. მაგალითად, შეიტანოს მონაცემები მისთვის წინასწარ გამზადებულ ცხრილში სპეციალური აღნიშვნით. შეიძლება, მეწყვილესთან ერთად მივიდეს ინტერვიუსთვის – ეს მას დიდ სტიმულს მისცემს, უფრო თავდაჯერებული გახდება და ხალისით ჩაერთვება სწავლების პროცესში.

მათემატიკის შინაარსი ყოველთვის არ უკავშირდება რეალობას და აბსტრაქტულია. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, შევძლებთ დავუკავშიროთ იგი სხვა სასწავლო საგნებს და პრაქტიკულ სიტუაციებს. სასწავლო პროექტი ყოველთვის გულისხმობს მონაცემთა მოპოვებას, მათ დამუშავებას, ანალიზს, წარმოდგენას და დასკვნის გამოტანას, ყოველივე ეს კი მათემატიკის სასკოლო კურსის ძირითადი კომპეტენციაა.
გამოყენებული ლიტერატურა: 
1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016 წელი;
2. განვითარებისა და სწავლების თეორიები;
3. ჟ. პიაჟე, კოგნიტური განვითარების თეორია;
4. დ.  პერკინსი, „თეორია ერთი”.
ნინო ჯოჯიშვილი
გორის რაიონის ს. მეჯვრისხევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

ფიზიკა ამოცანებში – ტალღები

0
ტალღა არის მოძრაობის სახეობა, რომელიც ჩვეულებრივი მექანიკური მოძრაობისგან განსხვავდება. ტალღა წარმოიქმნება გარემოს შეშფოთების შედეგად და მისი არსებობისთვის საჭიროა გარემო (გარდა ელექტრომაგნიტური ტალღისა, რომელიც შეიძლება ვაკუუმშიც გავრცელდეს). თუ გარემოს შეშფოთებას პერიოდული ხასიათი აქვს (გარემოს შეშფოთებული  ადგილი ასრულებს რხევით მოძრაობას), ეს შეშფოთება დრეკადობის ძალების გამო გადაეცემა გარემოს ერთი ადგილიდან მეორეს, ანუ რხევითი მოძრაობა ვრცელდება გარემოში. ასეთი სახის მოძრაობას ეწოდება ტალღა. სხვა ტიპის მექანიკური მოძრაობისგან ტალღის მნიშვნელოვანი განმასხვავებელი თავისებურება ის არის, რომ მას არ გადააქვს ნივთიერება – გადააქვს ენერგია. არსებობს ორი ტიპის ტალღა – განივი და გრძივი. განივ ტალღებში რხევა ხორციელდება ტალღის გავრცელების მართობული მიმართულებით, ხოლო გრძივში – ტალღის გავრცელების მიმართულებით. ტალღებს ახასიათებენ ტალღის სიგრძით  , რომელიც წარმოადგენს  ტალღის მიერ გავლილ მანძილს რხევის ერთი პერიოდის   განმავლობაში. შესაბამისად განიმარტება ტალღის სიჩქარე, რომელსაც ფაზურ სიჩქარეს უწოდებენ:

ვრცლად

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...