აუტიზმს (ბერძნ. აუტო=საკუთარი თავი) როგორც დამოუკიდებელ დიაგნოზს საკმაოდ ხანმოკლე ისტორია აქვს. კერძოდ, 1980 წლამდე მისი სიმპტომები შიზოფრენიის ნაწილად განიხილებოდა. წინამდებარე სტატიის მიზანი აუტისტური სპექტრის დარღვევათა ისტორიული განვითარების მოკლე მიმოხილვაა, რაც, ჩემი აზრით, აუტიზმის ფენომენის უკეთ გაცნობიერებაში დაგვეხმარება.
რა არის აუტიზმის სპექტრის დარღვევა (ასდ)?
აუტიზმი ნეიროგანვითარებითი დარღვევაა, რომელსაც ახასიათებს პრობლემები სოციალურ ინტერაქციასა და სოციალურ კომუნიკაციაში, ასევე ქცევებისა და ინტერესების შეზღუდული რეპერტუარი (დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო, DSM-5, American Psychiatric Association-APA, 2013). კომუნიკაცია თავისი არსით სოციალურია და, შესაბამისად, ტიპური განვითარების მქონე ინდივიდებთან მისი დაყოფა სოციალურ და არასოციალურ ასპექტებად, როგორც წესი, არ ხდება. აუტისტური სპექტრის შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ ტერმინი „სოციალური კომუნიკაცია”, რადგან აუტიზმის მქონე პირებთან სწორედ კომუნიკაციის სოციალური ასპექტი, მაგალითად, სხვისთვის საკუთარი გრძნობებისა და აზრების გაზიარება წარმოადგენს სირთულეს და კომუნიკაციას იყენებენ არა სოციალური, არამედ ინსტრუმენტული მიზნებისთვის.
კომორბიდული გონებრივი განვითარებისა და ენობრივი განვითარების შეფერხება ხშირია, თუმცა აუცილებელ კრიტერიუმებად არ მიიჩნევა აუტიზმის დიაგნოზის დასასმელად.
აუტიზმის სპექტრისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორც წესი, ბავშვის სიცოცხლის პირველსავე წლებში იჩენს თავს, მაგრამ დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება. კარგად ფუნქციონირებადი აუტიზმის მქონე ბავშვის ბევრი მშობელი ამბობს, რომ სკოლაში მიყვანამდე შვილისთვის არაფერი შეუმჩნევიათ. ადეკვატური მეტყველებისა და ნორმალური ინტელექტის მქონე ბავშვების განვითარებაში სკოლის მაღალ კლასებში გადასვლამდე ეჭვი იშვიათად შეაქვთ. ასაკის მატებასთან ერთად კი სოციალური მოთხოვნები იზრდება და ნიშნებიც, ბუნებრივია, უფრო მკაფიოდ იჩენს თავს.
აუტიზმის კომპლექსურობა სპეციალისტთა შორის ხშირად იწვევდა აზრთა რადიკალურ სხვადასხვაობას. უთანხმოება ხშირად მწვავეც იყო. უნდა ითქვას ისიც, რომ აუტიზმის დიაგნოსტიკის კრიტერიუმები გამუდმებით იცვლება ახალი მტკიცებულებების საფუძველზე. უფრო მეტიც – არსებობს მრავალი მითი აუტიზმის შესახებ. თუმცა სწორედ სირთულე და ამოუცნობობაა იმის მიზეზიც, რომ მის მიმართ მეცნიერთა და მედიის ინტერესი უფრო და უფრო იზრდება.
აუტიზმს ხშირად შეცდომით მოიხსენიებენ დაავადებად, მაშინ როდესაც ის განვითარების შეფერხებაა და არა დაავადება. აქედან გამომდინარე, აუტიზმის დიაგნოსტირება შეუძლებელია სისხლის ანალიზის, სამედიცინო ტესტებისა თუ კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით. დიაგნოზი უმთავრესად ბავშვის ქცევაზე დაკვირვების შედეგად და მშობლებსა და საბავშვო ბაღის ან სკოლის პედაგოგებთან საუბრების საფუძველზე დაისმის.
უკანასკნელი მონაცემებით, დაახლოებით ყოველი 100 ბავშვიდან ერთს აუტიზმის დიაგნოზს უსვამენ (Baird et al., 2006). აუტიზმის შემთხვევების მატებას, ე.წ. ეპიდემიას, ხსნიან ცნობიერების გაზრდით, გაუმჯობესებული ადრეული სქრინინგით და დიაგნოსტიკური კრიტერიუმების ცვლილებებით. მაგალითად, საბავშვო ბაღების, სკოლისა და პოლიკლინიკების პერსონალმა დღეს უკეთესად იცის, რა ნიშნებს უნდა მიაქციონ ყურადღება, რომ ბავშვის განვითარების ესა თუ ის დარღვევა არ გამოეპაროთ. დიაგნოზის დასმა შედარებით ადრე რომ ხდება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ, იმავდროულად, ყურადსაღებია, რომ თანდათან იზრდება ძვირად ღირებული და საეჭვო პროგრამების რიცხვი. მშობლებს ხშირად უჭირთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამსი არჩევა და სპეციალისტების პროფესიონალიზმზე არიან დამოკიდებულნი.
მოკლე ისტორია
ლეო კანერი (1896-1981)
ჰანს ასპერგერი (1906-1980)
შეუძლებელია აუტიზმის შესახებ საუბარი ორი ადამიანის, ლეო კანერისა და ჰანს ასპერგერის ხსენების გარეშე.
1943 წელს ავსტრიელმა ფსიქიატრმა ლეო კანერმა (Leo Kanner) დღეს უკვე არარსებულ ჟურნალში „The Nervois Child” გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „Autistic disturbance of affectice contact”. სტატიაში მან აღწერა 11 ბავშვი, რომლებიც ისეთ სიმპტომებს ამჟღავნებდნენ, რომლებიც მანამდე არსად ყოფილა აღწერილი. კანერი იმედს გამოთქვამდა, რომ ეს განსაკუთრებული მდგომარეობა მალე სათანადო ყურადღებას მიიქცევდა.
ერთი წლის შემდეგ, 1944 წელს, ასევე ავსტრიელმა ჰანს ასპერგერმა (Hans Asperger) ჟურნალ „Autistic Psychopathy of Childhood”-ში გამოაქვეყნა სტატია „Die 'Autistischen Psychopathen' im Kindesalter”. ამრიგად, თავის მიერ აღწერილ მდგომარეობას მან „აუტისტური ფსიქოპათია” უწოდა. ასპერგერის სახელს უკავშირდება „ასპერგერის სინდრომი”, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადახედვის (ICD-10) (WHO, 1992) მიხედვით, აუტისტური სპექტრის ყველაზე უკეთ მოფუნქციე კატეგორიაა, თუმცა DSM-5 ასპერგერის სინდრომს ცალკე დიაგნოზად აღარ გამოყოფს.
კანერისა და ასპერგერის მიერ აღწერილი სიმპტომები ერთმანეთის მსგავსი, თუმცა არაიდენტური იყო. ასპერგერის მიერ აღწერილ პირებს ენობრივი უნარები უკეთესად ჰქონდათ განვითარებული. ასპერგერს მიაჩნდა, რომ მის მიერ აღწერილი სინდრომი და კანერის ინფანტილური აუტიზმი ორი სხვადასხვა მდგომარეობა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „აუტიზმი” ჯერ კიდევ 1911 წელს გამოიყენა ცნობილმა ფსიქიატრმა ეუგენ ბლეულერმა (Eugen Bleuler), კანერისა და ასპერგერის დამსახურებაა აუტიზმის შიზოფრენიისგან დამოუკიდებლად განხილვა და მისი თეორიული აღწერის პირველი მცდელობა.
„მაცივარი დედების” თეორია
1949 წელს კანერმა კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ აუტიზმი ინტელექტუალურ ოჯახებში დაბადებულ ბავშვებთან გვხვდება. აუტიზმის მქონე ბავშვების დედებს ის ახასიათებდა როგორც ემოციურად „ცივებს”, თუმცა შემდეგ თავადვე ამტკიცებდა, რომ დედები არასოდეს დაუდანაშაულებია ბავშვების აუტიზმში.
„მაცივარი დედების” თეორიის გავრცელებას ხელი ბრუნო ბეთელჰეიმმა შეუწყო.
ბრუნო ბეთელჰეიმი (1903-1990), ზიგმუნდ ფროიდისა და ფსიქოანალიზის გავლენის ქვეშ მყოფი ამერიკელი ბავშვთა ფსიქოლოგი და მწერალი, აუტიზმს ემოციურ დარღვევად მიიჩნევდა და მშობლებს, განსაკუთრებით კი დედებს ასახელებდა მის მიზეზად. კერძოდ, მას მიაჩნდა, რომ ინფანტილური აუტიზმი გამოწვეულია მშობლების სურვილით, აუტიზმის მქონე ბავშვი საერთოდ არ არსებობდეს. ბეთელჰეიმმა 1967 წელს გამოსცა წიგნი „The empty fortress: Infantile Autism and the Birth of the Self”, რომელიც მალევე იქცა ბესთსელერად. ბეთელჰეიმის თეორია იმდენად პოპულარული იყო, რომ მას დღესაც ჰყავს მიმდევრები, თუმცა ამჟამად, საზოგადოდ, ეჭვქვეშ არ დგას, რომ აუტიზმი თანდაყოლილი დარღვევაა და არავითარი კავშირი ბავშვების მიმართ მშობლების დამოკიდებულებასთან არ აქვს. რა თქმა უნდა, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა სხვა გარეგან ფაქტორებთან ერთად დიდ როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში, მაგრამ ეს ეხება როგორც აუტიზმის მქონე, ასევე ტიპური განვითარების მქონე ბავშვებს.
1964 წელს ფსიქოლოგმა ბერნარდ რიმლანდმა, რომელსაც აუტიზმის მქონე ვაჟი ჰყავდა, გამოაქვეყნა წიგნი „Infantile Autism: The Syndrome and its Implications for a Neural Theory of Behavior”, რომლითაც „მაცივარი დედების” ჰიპოთეზას დაუპირისპირდა. რიმლანდმა წარმოადგინა ალტერნატიული, სოლიდური ჰიპოთეზა აუტიზმის გამომწვევ მიზეზებში ბიოლოგიური ფაქტორის როლის შესახებ.
აუტიზმის შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერიკ სქოფლერმაც (Eric Schopler, 1927-2006). პირველმა სწორედ მან აღიარა მშობლების გადამწყვეტი როლი აუტიზმის მქონე ბავშვთა განათლებაში. მან აგრეთვე სათანადოდ შეაფასა სანდო კვლევებზე დაყრდნობით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ინტეგრირების მნიშვნელობა. სქოფლერი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აუტიზმი უნდა მივიღოთ როგორც ბავშვის ნაწილი და უნდა ვიმუშაოთ ბავშვთან ერთად და არა ბავშვის წინააღმდეგ. მან განავითარა პროგრამა „TEAACH-Treatment and Education of Autistic and Related Communication Handicapped Children” (Schopler, 1971), რომელსაც დღეს მთელ მსოფლიოში წარმატებით იყენებენ აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობისას.
წარმოშობით ნორვეგიელი ივარ ლოვოსი (Ivar Lovaas, 1927-2010) გამოყენებითი ქცევითი ანალიზის (Applied Behavioral Analysis-ABA) ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მისი ადრეული მეთოდები, რომლებიც, სხვათა შორის, ელექტროშოკსაც შეიცავდა, სისასტიკის გამო მკაცრი კრიტიკის საგნად იქცა. გარდა ამისა, მისი მტკიცებულება, რომ 1987 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, თითქოს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა 49% აუტიზმისგან „განიკურნა”, ფუჭ იმედებს აღძრავდა. თუმცა ლოვოსის ზოგადი გზავნილი მაინც დადებითი იყო. მაშინ როდესაც მრავალი პროფესიონალი მშობლებს სდებდა ბრალს და შვილების ინსტიტუტებში მოთავსებას ურჩევდა, ლოვასმა განაცხადა, რომ ამ ბავშვების მკურნალობას აზრი აქვს. ქცევის გამოყენებითი ანალიზის ერთ-ერთი ძირითადი ცნება, განმტკიცება (reinforcement), თავისი არსით ასევე დადებითია.
აუტიზმში გენეტიკური ფაქტორის როლის თვალსაზრისით გარდამტეხი მნიშვნელობა აღმოაჩნდა 1977 წელს მაიკლ რუთერისა და სუსან ფოლსტეინის მიერჩატარებულ კვლევას. კვლევაში მონაწილეობდა 21 ბრიტანელი ტყუპი. აღმოჩნდა, რომ იდენტური (მონოზიგოტური) 11 წყვილიდან ოთხს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა გენეტიკური ფაქტორის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი.
აუტიზმის ერთ-ერთი პიონერი მკვლევარი, უთა ფრითი (Uta Frith), მიიჩნევს, რომ აუტიზმის ამოცანა დღემდე ამოუხსნელია. მართლაც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკვე ბევრი რამაა ცნობილი, ჯერ კიდევ უამრავი კვლევაა საჭირო აუტიზმის ფენომენის უკეთ შესასწავლად.
ჩვენ ყოველდღე ვსარგებლობთ ინტერნეტით, მაგრამ ვიცით კი ყველაფერი მის შესახებ? გვესმის, რით განსხვავდება ერთმანეთისგან „დომენი” და „ბრაუზერი”? ვადევნებთ თვალს სიახლეებს, რომლებიც ინტერნეტსივრცეში ორინტირებას გვიიოლებს?
ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას მსოფლიო ქსელს. ინტერნეტს იყენებენ აშშ-ში, იაპონიაში, ავსტრალიაში, საქართველოში, ინდოეთსა და ზიმბაბვეში. ის სწრაფად ვითარდება და ამჟამად 180-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს.
ყველა ქვეყანაში არის საინტერესო და სასარგებლო ვებგვერდები (საიტები), რომლებზეც ნებისმიერს მიუწვდება ხელი. როგორ გავიგოთ, რომელი ქვეყნისაა ვებგვერდი? ამაში გვეხმარება დომენი. დომენი ინტერნეტრესურსების სამისამართო სახელის ელემენტია და ქვეყნის იდენტიფიკაციისთვის გამოიყენება, გვაჩვენებს, სად, რომელ ქვეყანაშია რეგისტრირებული ვებსაიტი. მაგალითად, ორასოიანი დაბოლოება კოდით ჩანს, რომ .ge საქართველოა, .fr – საფრანგეთი, .uk – დიდი ბრიტანეთი, .de – გერმანია, .cn – ჩინეთი. ზოგი დომენი არა ქვეყნის, არამედ თემატიკის მაჩვენებელია. მაგალითად, .edu-ს იყენებენ სასწავლო-საგანმანათლებლო ორგანიზაციები, .net-ს – ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებული არიან ინტერნეტის ქსელთან, .info-ს – საინფორმაციო რესურსები, .org-ს – არაკომერციული ორგანიზაციები, .com-ს – კომერციული ორგანიზაციები. ვებგვერდების უმეტესობა .com-ით არის რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერნეტში რეგისტრაცია აქვს გავლილი უამრავ კომერციულ ორგანიზაციას.
ბრაუზერი სპეციალური პროგრამაა, რომლის მეშვეობით ინტერნეტში ვმოძრაობთ და ვებგვერდებს ვათვალიერებთ, ვპოულობთ სურათებს, ფოტოებს, ტექსტებს, ფილმებს, სტატიებს. ეს ყველაფერი ბრაუზერის ფანჯარაში ჩანს. ამრიგად, ჯერ შედიხართ ინტერნეტში, მერე კი ბრაუზერში. არსებობს რამდენიმე ბრაუზერი. პერსონალური კომპიუტერებისთვის მომხმარებლები იყენებენ Internet Explorer-ს, Mozilla Firefox-ს, Safari-ს, Google Chrome-ს, Opera-ს. ყველაზე პოპულარული ბრაუზერი Chrome-ია. ის კომპანია Google-მა შეიმუშავა. მას მსოფლიოში 300 მილიონამდე ადამიანი იყენებს.
ინტერნეტი შესაძლებლობათა ფართო არეალს გვთავაზობს. ის არჩევანის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ თავად ვწყვეტთ, რომელ სერვისზე გავხსნათ ელექტრონული ფოსტა -gmail.com-ზე თუ yandex.ru-ზე, ვირჩევთ, საიდან მივწეროთ მეგობრებს – ICQ-დან თუ Skype-იდან.
ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელია უამრავი სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის მოპოვება. ასევე – ფოტოსურათების დამუშავება გრაფიკული რედაქტორის – Adobe Photoshop-ის დახმარებით: მათი ზომის შეცვლა, რედაქტირება, კორექტირება. არსებობს ონლაინ Photoshop-იც და სხვა გრაფიკული რედაქტორებიც გამოსახულების გასაუმჯობესებლად, მაგალითად, Gimp.
თუ ხშირად გაქვთ საქმე ამობეჭდილ მასალასთან, შეიძინეთ პრინტერი. მისი მოხმარება ძალიან ადვილია. თანამედროვე პრინტერები ისე ბეჭდავს, რომ არც ერთი პიქსელი არ ჩანს – გამოსახულება „სუფთაა”. არსებობს 3D პრინტერებიც.
ყოველდღიურად ინტერნეტი უამრავი ახალი ინფორმაციით ივსება. ზოგი ბლოგზე წერილს აქვეყნებს, ზოგი კი მას კომენტარს უკეთებს. იმისთვის, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში იყოთ, გამოიყენეთ RSS (Really Simple Syndication). ის საიტზე გამოქვეყნებული სიახლეების სიას წარმოადგენს. სიის თითოეული წევრი შეიცავს როგორც სიახლის სათაურს და ტექსტს, ისე დამატებით მონაცემებსაც – გამოქვეყნების თარიღს, ავტორს და ა.შ. მისი მშვეობით იოლად გავიგებთ, არის თუ არა საიტზე რამე სიახლე. RSS-ის დახმარებით ინტერნეტში ინფორმაციის ძიებაც და გავრცელებაც გაცილებით ადვილია. მაგალითად, მოგეწონათ კონკრეტული ვებგვერდი, კიდევ – ბლოგი და სხვა ვებგვერდი. ამ რესურსებზე ყოველდღიურად შესვლა მოუხერხებელია, RSS კი ერთ ადგილას უყრის თავს ყველა ინფორმაციას. როგორ გამოვიყენოთ RSS, ამის შესახებ ინფორმაციას საძიებო სისტემის მეშვეობით მოიპოვებთ.
რა არის საძიებო სისტემა? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტერნეტში ზღვა ინფორმაციაა. კარგია, როდესაც იცით, სად და როგორ ეძებოთ; თუ არა, შეგიძლიათ ისარგებლოთ საძიებო სისტემებით, მათ შორის – Google-ით, Yahoo!-თი და სხვ. ინფორმაციის მოსაძებნად სისტემის შესაბამის ველში უნდა ჩაწეროთ ძირითადი სიტყვა ან ფრაზა.
ცნობისათვის: პირველი საძიებო სისტემა Wandex-ი 1993 წელს შექმნა მეთიუ გრეიმმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან. დღეს ის აღარ არსებობს. 1998 წელს შეიქმნა Google, რომელიც ამჟამად ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა. გარდა ამისა, დღეს უკვე რეალიზებულია საძიებო სერვისები, რომლებიც გამოსახულებაზე ან ხმოვან სიგნალზე რეაგირებს. თქვენი მოთხოვნის შემდეგ სპეციალური პროგრამები ავტომატურად მოივლიან ყველა ვებგვერდს და მოგაწვდიან თქვენთვის საინტერესო რესურსების სიას. წარმოიდგინეთ, რამდენ დროს დაკარგავდით, ეს რესურსები თავად რომ მოგეძებნათ. დღეს მსოფლიოში ოფიციალურად არის რეგისტრირებული 174 მილიონი ვებგვერდი, არაოფიციალური სტატისტიკით კი მათი რაოდენობა 600 მილიონზე მეტია.
ინტერნეტის საშუალებით შეგვიძლია, შინიდან გაუსვლელად გავიგოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ, რამდენად სანდოა ესა თუ ის ავიაკომპანია, ვიკითხოთ წიგნები, ვირტუალურად ვიმოგზაუროთ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. ახალ თაობისთვის ძნელი წარმოსადგენია, როგორ ცხოვრობდნენ მათი მშობლები ინტერნეტის გარეშე. ინტერნეტის შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ 60-იან წლებში დაიწყეს, მაგრამ რეალურად გლობალური ქსელი 1991 წლიდან ამუშავდა. ახლა ის ყველასათვის ხელმისაწვდომია.
სხვა საქმეა, სანდოა თუ არა ინტერნეტში ნაპოვნი მასალა. სასურველია, ამ სივრცეში მოძიებული ყოველგვარი ინფორმაცია რამდენჯერმე გადამოწმდეს და კრიტიკულად შეფასდეს. სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, დემოკრატიულ საზოგადოებაში თუ ერთპარტიულ ქვეყანაში, სხვადასხვა მედიაწყაროდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის უნარი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უნარად მიიჩნევა.
მედიაგანათლება საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ადამიანის აქტიურ სამოქალაქო პოზიციაზე, ციფრულმა რევოლუციამ კი მას მნიშვნელოვნება შემატა. ციფრულმა მედიამ და სოციალურმა ქსელმა ჩვეულებრივი მოქალაქეები გამომცემლებად აქცია. მედიაგანათლებულია არა ის, ვისაც ესმის, რა დგას მიღებული ინფორმაციის უკან, არამედ ის, ვისაც თავად შეუძლია საჭირო კონტენტის შექმნა და სხვადასხვა ფორმით გავრცელება. მედიაგანათლება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ფორმალურ და არაფორმალურ განათლების სისტემებში მკვიდრდება.
მედიაინფორმაციული განათლება შეიძლება შეფასდეს საბაზო კომპეტენციად განსაზღვრული საზოგადოებრივი, სოციალური თუ პირადი მიზნების მისაღწევად. მედიაგანათლებაში ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენების შედეგად უფრო ადვილია, უწყვეტად ვითარდებოდე, იმაღლებდე პროფესიულ სტატუსს. ამ ტიპის განათლება უფრო ფართო კონტექსტშიც განიხილება და მოიცავს ცხოვრების ისეთ სფეროებს, როგორებიცაა სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკა და ტექნოლოგიები, პროფესიული თვითგამორკვევა, კეთილდღეობის ხარისხი და სხვ. საზოგადოების ინფორმატიზაცია ახალი საგანმანათლებლო ფორმების წარმოშობას აძლევს ბიძგს. XXI საუკუნის მოსწავლემ და მასწავლებელმა კოლოსალურ საინფორმაციო ნაკადში ორიენტაცია არ უნდა დაკარგონ, მათ უნდა შეეძლოთ სხვადასხვა ჟანრისა და ტიპის მედიატექსტების ანალიზი. მედიასთან მუშაობის უნარები სკოლის მერხიდანვე აითვისება, ამიტომ მედიაგანათლების განვითარება თანამედროვე სასწავლო დაწესებულებების ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს – ინფორმაციის მთავარი ნაკადი ხომ სწორედ მედიაარხებით (ბეჭდური პრესა, რადიო, ტელევიზია, კინო, ვიდეო, მობილური ტელეფონები, ინტერნეტი…) აღწევს ჩვენამდე.
ზოგადად, შეკითხვა ცოდნის ინსპირატორია. მხოლოდ პასუხგაცემულ ან მსჯლობის თემად გადაქცეულ შეკითხვას ვგულისხმობ. პასუხი ყველა შეკითხვას უნდა გაეცეს. მოსწავლის გონებაში კითხვის ნიშნების დატოვება და მასთან ერთად ფილოსოფიის მხარეში სეირნობა მასწავლებლის სამოქმედო გეგმაში არ შედის. ამას მოსწავლე თავად მიხედავს – წინ ცხოვრების დიდი გზა აქვს.
პედაგოგიური გამოცდილებით, გარემოზე დაკვირვებით, სპეციალურ თუ მხატვრულ ლიტერატურაზე დაყრდნობით გირჩევთ, რომ მისცეთ მოსწავლეებს თემის გარშემო რაც შეიძლება მეტი შეკითხვის დასმის უფლება, თუნდაც – „შოკისმომგვრელის”.
ასწავლეთ შეკითხვების დასმა.
მოითხოვეთ შეკითხვები – ცალკე სამუშაო ფორმადაც აქციეთ დავალება „შეკითხვები”.
თუ დამიჯერებთ, ეს ძალიან ეფექტურია.
მაგრამ მე, მასწავლებელმა, მხოლოდ იმის შემდეგ შემიძლია პასუხი გავცე მოსწავლის შეკითხვებს, როცა თავად მექნება მასზე პასუხი გაცემული: რა მევალება და რას მოელიან ჩემგან?!
ამ შეკითხვაზე პასუხი გაკვეთილზე ჩემი უფლება-მოვალეობის განმსაზღვრელი იქნება.
მევალება სწავლება.
და რას ელოდებიან მოსწავლეები ლიტერატურის შესწავლისგან?
პირველ რიგში – ურთიერთობას, მეორე რიგშიც – ურთიერთობას და ისევ ურთიერთობას.
ლიტერატურა სწორედ ის საგანია, რომელიც ურთიერთობის უსაზღვრო შესაძლებლობას იძლევა.
ლიტერატურა იძლევა, მაგრამ ჩვენ უნდა დავუდოთ სათავე, თორემ ლიტერატურა ცალკე დარჩება და მოსწავლე – ცალკე.
ამოიღეთ ურთიერთობიდან ბრძანებითი კილო ყველა ნიუანსით.
მოითხოვეთ თქვენი თავისგან, რომ სასაუბროდ მხოლოდ თხრობითი კილო გქონდეთ და პატივი ეცით კავშირებითს, რადგან ის აზრის აუცილებელი საშენი მასალაა.
პასუხგაუცემელი შეკითხვა არ არსებობს.
ყურადღება მიაქციეთ, რომ მოსწავლე ახალს იგებდეს თქვენგან; გახდით ავტორიტეტი მისი კითხვის ნიშნებით სავსე გონებისთვის. ზოგჯერ ამისთვის პოპულისტური ხერხის გამოყენებაც მოგვიწევს, ან სუბიექტურად არც ისე მისაღები თეზის დამოწმებაც, მაგრამ ეს ცოდნის გადაცემის საკვანძო საკითხების ეფექტურად სწავლებაში დაგვეხმარება – შრომის შედეგს დაგვანახებს.
შრომა-სწავლება ხომ მასწავლებლის ერთადერთი დანიშნულებაა.
მხოლოდ დასმული შეკითხვების ანალიზი მიგახვედრებთ, რომელი ასპექტია საინტერესო მათთვის, რომელია თქვენი საპროგრამო კუთხით მნიშვნელოვანი და მათ შორის კავშირსაც დაგამყარებინებთ. შეკითხვები მოგცემთ კარგი შედეგის მისაღწევი ლავირების საშუალებას და გაპოვნინებთ ოქროს გასაღებს.
რაც მეტია მოსწავლეების წვლილი თემის განხილვაში, მათთვის ის მით უფრო საინტერესო ხდება. თუნდაც რეალურად არ იყოს მათი აქტივობა მოაჩვენეთ, რომ ამა თუ იმ საკითხს მათი მოთხოვნების შესაბამისად უსვამთ ხაზს. აქტიურად ჩართეთ მოსწავლე თქვენს თხრობაში.
ამგვარი დამოკიდებულებით, ნიადაგი კარგად მზადდება დასათესად.
ყურადღების გამახვილება საჭირო გზაზე მიგვანიშნებს.
მოგეხსენებათ, ერთი და იგივე თემა, მასალა სხვადასხვა გარემოში განსხვავებულად ვითარდება. როგორი საშუალებებიც არ უნდა მქონდეს დამუშავებული, წარმოუდგენელია, აბსოლუტურად ერთგვარად ვიმუშაო პარალელურ კლასებში. ამის გაუთვალისწინებლობითაა, რომ ზოგჯერ კითხვის ნიშანიც გამჩენია, მეათე პირველში რატომ იყო უკეთესი შედეგი, ვიდრე მეათე მეორეში-მეთქი?!
და, მაინც, შეუძლებელია, რომ ყველა კითხვაზე მქონდეს პასუხი. თუ პასუხი ფაქტობრივ ცოდნას მოითხოვს და მე პასუხი არ მაქვს ან არ მახსოვს, ეს თამამად უნდა ვთქვა. მშვენიერი საშუალებაა მოსწავლეების გასააქტიურებლად, ვამბობ, რომ არ ვიცი და მოვძებნი წიგნში ან ინტერნეტში, ან უმჯობესია, თვითონ მოიძიონ ინფორმაცია, როგორც ინტერნეტში კარგად გარკვეულებმა. მიეცით უპირატესობის და საკუთარი შესაძლებლობის შეგრძნება, ეს ეხმარება ადამიანს. ჩათვალეთ, რომ მიწა პოხიერდება, მოსწავლეების წვლილი იზრდება. მოსწავლე ძლიერდება ისევე, როგორც მე ვძლიერდები, როცა ვინმეს ჩემი დახმარება სჭირდება, თვითშეფასება მეზრდება.
იზრუნეთ მოსწავლის თვითშეფასებაზე, დე, ნუ ჩაგთვლით ყველაფრისმცოდნედ, სამაგიეროდ ნიადაგი მზადდება.
ახლა, თქვენი დროც მოვიდა, თავადაც დასვათ შეკითხვები და რაც შეიძლება ისეთი, მოსწავლეებისთვის თქვენგან მოულოდნელი, მათთვის – აქტუალური, რა თქმა უნდა საქმისთვის გამოსადეგი. კიდევ ერთხელ გაუსვით ხაზი, რომ თქვენ გაინტერესებთ და მათი ხედვა გაკვეთილის განმსაზღვრელია.
იოლი არ არის მკითხველი მოსწავლე მიახვედრო, რომ ლიტერატურაა ისიც, რასაც სახლში გაუთავებლად კითხულობს და ისიც, რის სწავლასაც სკოლაში ავალებენ.
დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის” გაგრძელება რომ დაწერონ, როგორ ცხოვრობს პლატონი მამულის გაყოფის შემდეგ, მოუსმინონ ერთმანეთის ვარიანტს, იკამათონ, მოიწონონ ან არ მოიწონონ და ჩვენც, ოსტატურად ვიხმაროთ კავშირებითი კილო, ყოველთვის ემახსოვრებათ, რომ არასდროს დაკარგონ კაცმოყვარეობა.
ვეძებოთ იაკობ ცურტაველის თხზულებაში მხატვრული პასაჟები, ვისაუბროთ პერსონაჟების არაერთგვაროვნებაზე, დავუახლოვოთ დღევანდელობას და ერთ-ერთი მსჯელობისას, თუ მიადგებით დღეს პოპულარულ თემას, გენდერს, ჩათვალეთ, რომ ნიადაგი მომზადებულია.
ან თუ იმსჯელებთ, რომ „ვეფხისტყაოსნიდან” არც ავთანდილია უცოდველი კრავი და ფატმანიც კაცმოყვარე, ანუ ნიჭიერი ადამიანია, ან თუ იმსჯელებთ „ქაჯობაზე” პოემაში და „ქაჯობაზე” დღეს, ამით ერთმანეთს უფრო დავუნათესავებთ მოსწავლეს „ვეფხისტყაოსანს”, ვიდრე საზეპირო სტროფების მოთხოვნით.
ბევრი შეკითხვა ბევრ თავსატეხსაც აჩენს და თავსატეხის ამოხსნის მინიშნება ლიტერატურაშია. თქვენც ხშირად უნდა დაეჭვდეთ, დასვათ შეკითხვა, გამოთქვათ აღტაცება, სინანული, სურვილი … მიეცით მოსწავლეს პასუხის საშუალება. დღეს ბევრი ახალი წიგნი იბეჭდება, თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის მშვენიერი თარგმანები. ყველას ვერ შევიძენთ. ათხოვეთ და ინათხოვრეთ წიგნი მოსწავლეებისგან. ეს მათთან დაგაახლოვებთ, დამიჯერეთ.
მოკლედ, ამგვარი და კიდევ სხვა კრეატივები გვეხმარება, რომ „სკოლის” ლიტერატურა საინტერესო გავხადოთ და მოსწავლეებს „დავაახლოვოთ” .
წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსწავლის გონებაში სამუდამოდ დაიბუდებს ერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა: რად მინდა, რისთვის ვისწავლო?!
გოჩა აბულაძე _ ქართველი ჟურნალისტები მას „ევროპაში ცნობილ ქართველ ბარიტონად” მოიხსენებენ; წარმატებული და დიდი მომავლის ახალგაზრდა… შემოქმედი, რომელიც მაქსიმალურად იხარჯება სცენაზე… მისი ხმა ნიაგარას ჩანჩქერივითაა… გიპყრობს და გშთანთქავს… გავსებს ცოცხალი ემოციებით: სევდით, ტკივილით, სიხარულით, ბედნიერებით…. მისი ხმა არღვევს ფორმებს, გავიწყებს თავს, აგიტაცებს, როგორც ბობოქარი ტალღა… გათამაშებს, გამოგზაურებს… სიცოცხლის წყურვილით გავსებს…
გოჩა აბულაძისათვის ცხოვრება – აწმყოა… არ არსებობს „იყო” და „იქნება”…. ასეთი დამოკიდებულების გამო ყოველ დღე ბოლომდე იხარჯება და მასში ბავშვი და ბრძენი ერთდორულად ლაპარაკობს, რადგან ყველა დრო ერთად აქვს „შეკრებილი” აწმყოში…
გაიგეთ უფრო მეტი ევროპაში წარმატებულ და საქართველოში ნაკლებად ცნობილ ბარიტონზე… სიცოცხლეზე, ცხოვრებაზე, სიმღერაზე შეყვარებულ ადამიანზე…
ც.ბ _ ვიზუალური, აუდიალური და კინესთეტიკური აღქმის ადამიანები სამყაროს განსხვავებულად შეიმეცნებენ… ვიზუალები „ხედავენ” სამყაროს, აუდიალებს _ „ესმით” და კინესთეტიკები _ „გრძნობენ”… საოპერო მომღერალს უპირატესად როგორი აღქმა აქვს, ალბათ ეს კითხვა არ უნდა დაგისვა… ამ შემთხვევაში, მაინტერესებს, შენში, როგორც მუსიკალური აღქმის (და არა მარტო აღქმის, არამედ გამოხატვის) ადამიანში, როგორ შემოდის სამყარო, ადამიანები…? რა არის შენთვის სიმღერა? როგორ იბადება მელოდია?
გ.ა. _ ოპერის მომღერალში ალბათ უფრო აუდიალური და კინესთეტიკური აღქმის უნარებია შერწყმული. საერთოდ სიმღერა ჩემთვის ძალიან შინაგანია, სულის სიღრმეში დაბადებული ენერგიაა, შეიძლება ითქვას, ატომიც, რომელსაც აქვს ძალა, მთელი დედამიწა გაათბოს (ამის ნათელი მაგალითია მარია კალასი)… თუ ამას გრძნობ და განიცდი, თავისთავად ახდენ ზემოქმედებას მსმენელზე, გაგყავს ის რეალური სამყაროდან და ამოგზაურებ სივრცეებში, რომელიც ამოუწურავია.
ჩემთვის კარგად ნამღერი სიმღერა მზეა, რომელიც ადამიანებს უსასრულოდ ჩუქნის სხივებს და ათბობს მათ სულებსა… ხმა ძალიან მნიშვნელოვანია საოპერო მომღერლისთვის, აუცილებელიც! მომღერლის სიდიადე კი მხოლოდ ხმის სიძლიერით არ ისაზღვრება, მომღერლის სიდიადე იმაშია, თუ საიდან უშვებს ის ამ ხმას. როცა წვის პროცესია სულში, ხმა ალდება და ანთებს მსმენელსაც, რასაც ჩვენ ზემოქმედებას ვუწოდებთ, თუ ხმა მხოლოდ ძლიერად ჟღერს და მომღერლის ამოცანაც მხოლოდ ესაა, მაშინ ასეთი ხმა მხოლოდ აყრუებს მსმენელს და არაფერი საერთო არ აქვს ხელოვნებასთან.
ც.ბ. _ მგონი ავთანდილს „ვეფხისტყაოსანში” საოპერო ხმა ჰქონდა… უბრალო წაღიღინება ისეთი ძალის მქონე ვერ იქნებოდა, რომ „სმენად მხეცნი მოსულიყვნენ” და „წყლიდან ქვები გამოსულიყვნენ”….
“რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან,
მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან…”
ადამიანი უსმენს მუსიკას და აუდიო-რეზონანსი ცვლის მისი ცნობიერების მდგომარეობას. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ კარგი ხმა (მუსიკა) ჰარმონიას გვაზიარებს… ან ემოციურ რეზონანსში მოვყავართ…
მსოფლიო და ქართული საოპერო ხმებიდან რომელს გამოარჩევდით ამ ძალის მქონედ და რატომ?
გ.ა. _ მუსიკის ზემოქმედების უნარი ძალიან დიდია. მაგალითისთვის მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტა” შეიძლება მოვიყვანოთ, რომელიც ყველა ბავშვის საყვარელი ოპერაა. სწორედ მუსიკის ძალაზე აქვს გენიოს მოცარტს ეს ოპერა შექმნილი და ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ჰარმონიას ქმნის ფლეიტის საოცარი ხმოვანება მსმენელში და როგორ მოჰყავს რეზონანსში იგი…
ქართველი მომღერლებიდან, რომლებმაც ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინეს, გამოვარჩევდი ზურაბ ანჯაფარიძეს, ის გამორჩეული მომღერალია, ბევრჯერ მიმოგზაურია და გავსულვარ რეალური სამყაროდან მისი წყალობით. ის დათიკო ანდღულაძის მოსწავლე იყო და ჩემი მაესტროს, ნოდარ ანდღულაძის, დიდი მეგობარი. არაერთხელ მსმენია მის გასაოცარ ადამიანობაზე და უბრალოებაზე ულამაზესი ისტორიები, მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ ვთვლი, რომ სულიერად მე მისი გამორჩეული პატარა მეგობარი ვარ… მსოფლიო ვარსკვლავებიდან, პირველ რიგში, მარია კალასზე ვიტყვი. ის სიმღერის ღმერთ-ქალია, მის სიმღერას ისეთი ზემოქმედების უნარი აქვს, უკიდურესად ცივ და გაყინულ ადამიანსაც კი გაუთბობს გულს… შეიძლება ყველა მომღერალზე საკუთარი აზრი გქონდეს, მაგრამ, კალასის შემთხვევაში, ყველას ერთი აზრი აქვს: ის საოცრებაა!
ერთ მომღერალს ვერ ავუვლი გვერდს ასევე, მით უმეტეს, ქართველი მომღერლის გადმოსახედიდან, ჩვენ ხომ ჰამლეტ გონაშვილის ქვეყანაში გავიზარდეთ…
ც.ბ. _ შენი ბუნების საუკეთესო მეტაფორა მგონია „ცვალებადი ამინდი”…. რაც კარგად ჩანს შენი ფეისბუკის პროფილის ფოტოების ხშირი ცვალებადობით…
ამ მეტაფორაზე გამახსენდა ჩემი მეგობრის, კარგი პოეტის, პაატა შამუგიას ერთი ლექსის ფრაგმენტი:
„…და ვიქნები….
მოსალოდნელი,
როგორც ცვალებადი მოღრუბლულობა
და ცვალებადი,
როგორც მოსალოდნელი სიყვარული…”
რა იწვევს შენს ცვალებადობას… უმეტესად როგორი ამინდია შენგან მოსალოდნელი… ხშირად მოულოდნელი პროგნოზი ხომ არ დგება და რა შემთხვევაში…? მიზეზები, რომლებიც ამინდის (ხასიათის) ცვალებადობას განაპირობებენ…
გ.ა. _ ვფიქრობ, რომ შინაგანად ცვალებადი ადამიანი არ ვარ, გარეგნულად ალბათ უფრო ემოციური და მგრძნობიარე, ადამიანი, რომელიც უმნიშვნელო ცხოვრებისეულ დეტალზეც კი ფორსირებულად რეაგირებს, ამიტომ გარედან ჩანს, რომ ხშირად ვიცვლები.
ჩემი ემოციური ცვლილებები დამოკიდებულია იმაზე, რას ვმღერი და რას ვღიღინებ გულში, თუ რაიმე მინორული ავიტაცე, ქვეცნობიერად, რა თქმა უნდა, მოქმედებს და ამ დროს მივდივარ ტყეში მარტო და შორს… მიყვარს ფოტოგრაფია და ძალიან მეხმარება მუსიკა ამაში, ვრთავ საყვარელ მელოდიას იმის მიხედვით, თუ როგორი განწყობა მაქვს და დავდივარ ყურთსასმენებით და „გავდივარ მომსახურეობის ზონიდან” ჩემი აპარატით, ეს პროცესი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს!
ც.ბ. _ გოჩა, როცა შენ და შენი ძმა, ასევე არაჩვეულებრივი მომღერალი, უჩა აბულაძე, იტალიაში, ცნობილ ოზიმოს აკადემიაში უფასო ადგილებზე ჩაირიცხეთ, გამოცდის შემდეგ საქართველოში შენს მაესტროს, ნოდარ ანდღულაძეს, დაუკავშირდნენ და მიულოცეს: „აბულაძეებმა ხელოვნების ზეიმად გადაგვიქციეს გამოცდაო…”. შენ საქმიანობას რომ ვაკვირდები, სიტყვა „დღესასწაული” შენი არსებობის განუყოფელი ნაწილია… ვფიქრობ, რომ გამომცდლებმა ზუსტად შეგაფასეს, მე უბრალოდ, დავუმატებდი, რომ ეს მხოლოდ შენი პროფესიული შეფასება არ არის… შენი მიმართება და დამოკიდებულება სამყაროს მიმართ არის „დღესასწაული”, სიცოცხლის სადიდებელი… და ამ დამოკიდებულებას ყოველ დეტალში ავლენ… ეს თემა მინდა, რომ განავრცო…
გ.ა. _ მადლობა, რომ ეს ეპიზოდი გამახსენეთ… ეს მართლაც დიდი დღესასწაული იყო, როდესაც ბატონმა ნოდარმა დაგვირეკა და ეს ამბავი გვიამბო. მაესტრო სიხარულს ვერ მალავდა, საოცრად ბედნიერი იყო. მე ძალიან კარგად მესმის მისი… მან ხომ ყველაფერი მიუძღვნა ხელოვნებას და მოგვიძღვნა ჩვენ, შეგირდებს.
მე და ჩემი ძმა ბავშვობიდან ერთად ვმღერით, არასოდეს გვიმღერია ვინმეს დავალებით, უბრალოდ გვემღერებოდა და ეს უკვე დღესასწაულს ნიშნავდა ჩვენს ოჯახში. მენატრება სულ უჩასთან და დედასთან ერთად სიმღერა, მამა ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ, როცა ის ბრუნდებოდა, ესეც დღესასწაული იყო. საერთოდ მე ყოველი დღე მაქსიმალურად ვიხარჯები, არც ვიცი, ხვალ რა იქნება, არასოდეს ვაკეთებ ჩემი ემოციების ეკონომიას და ამაში გულწრფელობა მეხმარება .
ჩემს სოფელში, სიმონეთში, “ეზოსბოლოზე” პატარა ღელე მორაკრაკებს, იქ ჩავდივარ ხოლმე ჩემს მონადირე ძაღლებთან ერთად (ჯესია და ჯერია) და ვმღერი, ძაღლებთანაც გულით უნდა იმღერო… სიმღერა სულის ზეიმია. აი, იქ ვგრძნობ ყველაზე ბედნიერად თავს, ახლა ვიცი, რომ იქ საოცარი გაზაფხულია … მენატრება, ძალიან მენატრება და ეს მონატრებაც დღესასწაულია…
ც.ბ. _ მსახიობი და მომღერალი ერთდროულად ხარ… ასეთია საოპერო ხელოვნება…. ის ყველაზე უფრო მთლიანია და, შესაბამისად, რთულიც… შენი მასწავლებელი ნოდარ ანდღულაძე ამბობს ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომ მათი დაცალკევება შეუძლებელია, რომ ეს არის ხმისა და დრამატურგიის მთლიანობა… ვფიქრობ, რომ შენ შენი მასწავლებლის ღირსეული მემკვიდრე ხარ… შენი ხმა და მსახიობობა ერთნაირ აღფრთოვანებას იწვევს მაყურებელში… „თავად ბგერა უკვე ხასიათია, უკვე დრამატურგიაა” (ნოდარ ანდღულაძე).
მე მაინტერესებს, რამდენად ხარ იდენტიფიცირებული შენს როლთან… სიმღერის (თამაშის) დროს სცენაზე გახსოვს თუ გავიწყდება გოჩა აბულაძე და რით და როგორ გამდიდრებს თითოეული შესრულებული როლი, თითოეული ხმა… რას ტოვებს შენში…? პროფესიულის გარდა რა პიროვნულ გამოცდილებას გმატებს…?
გ.ა. _ ბატონ ნოდართან 6 წელი ვმეცადინეობდი, უდიდესი გამოცდილება და ცოდნა მივიღე მისგან, ის უაღრესად განათლებული ადამიანი იყო.
ოპერის მომღერალი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს მსახიობიც, ყველა კარგი მსახიობი ვერ იქნება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ როცა ვისმენთ აუდიო ჩანაწერს და ვიღებთ დიდ სიამოვნებას ამა თუ იმ ცნობილი მომღერლისგან, მნიშვნელოვანი უფრო მაინც სიმღერაა.
მე ორი თვის წინ მაგდებურგის ოპერის თეატრში (სადაც ამჟამად ვიმყოფები კონტრაქტით) ვიმღერე პუჩინის „ბოჰემაში”, რომელშიც მხატვარი მარსელოს როლი შევასრულე, მოქმედება პარიზში მიმდინარეობს… არც მხატვარი ვარ და არც პარიზს ვიცნობ კარგად, თუმცა დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მე მხატვარიც ვარ და პარიზელიც ამ სპექტაკლის თამაშის შემდეგ.
ც.ბ. _ გოჩა, როდესაც იტალიაში ცნობილმა ჟურნალმა გამოაქვეყნა შენზე რეცენზია: „დაიბადა ვერდის ახალი ბარიტონი, მას ჰქვია გოჩა აბულაძე, ის საქართველოდან არის. ეს ჯორჯია არ შეგეშალოთ ამერიკის შტატში, ეს არის კავკასიის ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ შერჩენილია სულიერება, რაც მომღერალმა სრულად წარმოაჩინა თავის შესრულებაშიო” და გადარებდნენ ისეთ დიდ მომღერლებს, როგორებიცაა: ლეო ნუჩი, რენატო ბრუზონი, დიმიტრი ხვოროსტოვსკი და ეტორე ბასტიანინი… ყოველი ასეთი დიდი აღიარების შემდეგ შენ ამბობ, რომ „თავში კი არ გივარდება” ასეთი მიღწევები, უბრალოდ, თვითრწმენას გმატებს… მინდა, გაიხსენო ის წარმატებები, რომლებმაც თვითრწმენა გაგიმტკიცა…
გ.ა. _ დიდი ბედნიერებაა, როდესაც საზღვარგარეთ სცენიდან აცნობ შენს პატარა ქვეყანას ხალხს. საქართველომ მომცა ყველაფერი, რაც გამაჩნია, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და საფიცარი. იტალიელები საკმაოდ კარგად იცნობენ უკვე ჩვენს ქვეყანას. 3 წლის წინ ლა-სკალას სცენაზე ფურორი მოახდინა ანიტა რაჭველიშვილმა, დიდი წარმატებით მოღვაწეობს ნინო მაჩაიძე, ისინი უკვე ვარსკვლავები არიან და, ამავდროულად, ჩემი მეგობრები, რაც უდიდეს სტიმულს და ენერგიას მაძლევს.
გავიხსენებდი ერთ ეპიზოდს, როცა ვერონაში 26 წლის ასაკში ვიმღერე ფრანკო ძეფირელის „ჯამბაზებში”, მქონდა დიდი პატივი, მემუშავა უდიდეს რეჟისორთან ერთი თვის განმავლობაში. თავი ზღაპარში მეგონა, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ დამიძახა და მკითხა, საიდან ხართო, (ის ახლა 95 წლის არის), როდესაც ვუთხარი, რომ საქართველოდან ვარ, მითხრა: სამწუხაროა, რომ არასოდეს ვყოფილვარ შენს ქვეყანაში, თქვენ ისე მღერით, გამიჩნდა სურვილი, ვნახო თქვენი სამშობლოო, თავზე ხელი გადამისვა და გულში ჩამიკრა ლეგენდარულმა ფრანკო ძეფირელმა.
ასევე მილანში გავიმარჯვე მაგდა ოლივეროს სახელობის საერთაშორისო კონკურსში. მაგდა ოლივერო მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სოპრანოა, რომელიც მარია კალასის გვერდით დგას. 102 წლის არის ქალბატონი მაგდა, მაგრამ ჟიურიში იჯდა. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ის იყო ამ კონკურსზე, რომ თვით მაგდა ოლივერომ გადმომცა ეტორი ბასტიანინის პრიზი, როგორც კონკურსის მონაწილე საუკეთესო ბარიტონს.
სულ ცოტა ხნის წინ გერმანიაში, მაგდებურგის თეატრში, სადაც ამჟამად ვიმყოფები, სეზონის საუკეთესო მომღერლად მაღიარეს…
ც.ბ. _ მინდა გაიხსენო სკოლა და ბავშვობა… როგორი იყავი? აგრეთვე შენი პირველი შეხვედრა სიმღერასთან… საოპერო მომღერალი როდის და როგორ დაიბადა შენში?
გ.ა. _ ბავშვობა ქალაქ ქუთაისში და სოფელ სიმონეთში გავატარე. სკოლას რაც შეეხება, მახსოვს, როცა გაკვეთილი არ ვიცოდი, მასწავლებელი სიმღერით „მსჯიდა”, მეც დიდი სიამოვნებით და სიყვარულით ვიხდიდი სასჯელს და გახარებული მოვქროდი სახლისკენ.
მინდა გავიხსენო ჩემი უძვირფასესი ბებია, რომელიც საოცრად მენატრება და მაკლია. ციალა ბებია იყო და იქნება შრომის და პატიოსნების მაგალითი ჩემთვის.
სიმღერა დიდ სიამოვნებას მგვრიდა ყოველთვის, მაგრამ ოპერაზე არ ვგიჟდებოდი ძალიან. პირველი შთაბეჭდილება პავაროტის მოსმენით შემექმნა. პავაროტიმ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. სკოლა რომ დავამთავრე, ყველაზე მეტად რაც არ მასვენებდა და რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, იქ აღმოვჩნდი. დღევანდელი გადმოსახედიდან კი ვფიქრობ, რომ მე პროფესია არ მაქვს… ისეთივე სიხარულით ვმღერი დღეს, როგორც უჩასთან და დედასთან ვმღეროდი 3 წლის ასაკში.
ც.ბ. _ გოჩა, თქვენ რომ ასწავლიდეთ სკოლაში… როგორ შეაყვარებდით ბავშვებს საოპერო ხელოვნებას… ოპერის მსმენელი (მაყურებელი) ხომ განსაკუთრებულია და მას მომზადებაც სჭირდება…
გ.ა. _ მე ბავშვებს ოპერას ვერ შევაყვარებდი. ჩემთვის რომ ვინმეს დაეძალებინა ოპერის სიყვარული, დღეს ალბათ ოპერის მომღერალი ვერ ვიქნებოდი. უბრალოდ, თუ ბავშვს სიმღერის ნიჭი ექნებოდა, ძალიან დიდი სიხარულით ვასწავლიდი ხალხურ სიმღერებს. ეს არის ამოუწურავი განძი და საიდუმლოც. ჩვენი ფოლკლორი ჩვენი ეროვნული სულიერების სახეა. იტალიური „ბელკანტო”, რომელიც ლამაზ სიმღერას ნიშნავს, ფაქტობრივად დაკარგულია, რადგან იტალიელებმა დაივიწყეს საკუთარი ფოლკლორი.
ამიტომ ვთვლი, რომ ფოლკლორის სწავლებით ბავშვებში ვდებთ საგანძურს და როცა გაიზრდებიან, დაე, თავად გადაწყვიტონ, რომელ ჟანრში უფრო ბედნიერად იგრძნობენ თავს და იქ იმღერონ.
ც.ბ. _ მინდა გვესაუბრო შენს ჰობზე, ფოტოხელოვნებაზე… ფეისბუკზე ხშირად აქვეყნებ ძალიან საინტერესო მხატვრულ ფოტოებს… რაში გეხმარება კამერა…?
გაქვს კიდევ რამე დაფარული ნიჭი, ჯერ რომ არავინ იცის…?
გ.ა. _ ფოტოხელოვნება ჩემი ჰობია… ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მეხმარება განტვირთვაში. უკვე 5 წელია, რაც გატაცებული ვარ ამ ჰობით, ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ… ამოუწურავია ფოტოკამერის შესაძლებლობები… სამყარო სავსეა სილამაზით, სამწუხაროდ, ადამიანები ვერ აღიქვამენ ბუნების მშვენიერებას… ფოტოაპარატით ცხოვრების და ბუნების ბევრი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინე… ახლა ახალი კამერა შევიძინე და სტიმული გამიჩნდა, მეტის დანახვა შევძლო. ერთი შეხედვით, უმნიშვნელო საგნების დანახვა ახალი ფოკუსით, ცხოვრებას სულ სხვაგვარად წარმოაჩენს…
ც.ბ. _ არ შემიძლია, არ გკითხო შენს ვიდეოზე, რომელმაც დაიპყრო ინტერნეტ-სივრცე… ოჯახურს სიტუაციაში მეგობრები მღერით „საქართველო ლამაზო”-ს… მეც რამდენჯერმე მოვისმინე და ყოველ ჯერზე დამიპყრო ამ ხმებმა… ძალიან შინაგანი სიღრმიდან მოდის და ადამიანის ყველაზე დაფარულ სიღრმეებში აღწევს… დიდი სიყვარული და საუცარი ენერგია იფრქვევა… რას გვეტყვი ამ ვიდეოზე?
გ.ა. _ მე და ჩემი ძმა, უჩა, მეგობრებთნ ერთად სუფრაზე ვმღერით ანა კალანდაძის გასაოცარ ლექსზე ასევე გასაოცარ სიმღერას, „საქართველო ლამაზოს”… ახალი ჩამოსული ვიყავი ლონდონიდან და მონატრებული მქონდა ყველაფერი ქართული….. შეზარხოშებულები და წელზემოთ შიშვლები ვმღეროდით. ამ დროს თურმე ვიღაც იღებდა ვიდეოს და მერე, როგორც ხდება, ეს ვიდეო იუთუბიზე მოხვდა და ძალიან პოპულარული გახდა. ბედნიერი ვარ, რომ უამრავ ადამიანს მოეწონა. გულით ნამღერი იყო, როგორც ყოველთვის ვმღერით ხოლმე მეგობრები… ბევრი მღერის გულით საქართველოში…
ც.ბ. _ გვიამბეთ თქვენი ამჟამინდელი და მომავალი კონტრაქტების შესახებ…
გ.ა. _ ამჟამად გერმანიაში მაგდებურგის თეატრის სოლისტი ვარ. კონტრაქტი მაქვს ორ საკმაოდ ცნობილ სააგენტოსთან და ისინი მუშაობენ ჩემი კარიერული წინსვლისთვის. ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის. 29 მარტს მქონდა პრემიერა, ვერდის „ტრავიატა”, ვასრულებდი მამა გერმონტის როლს. პრემიერამ დიდი წარმატებით ჩაიარა.
დაგეგმილი მაქვს, რომში და ნეაპოლში სოლო კონცერტები, ვემზადები მოსმენებისთვის და მომავალი წლის სეზონისთვის, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გასტროლი მელოდება.
ზაფხულში მოვდივარ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და ძვირფას ქვეყანაში, საქართველოში.
ც.ბ. _ ფრაზა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად გამოგხატავს?
გ.ა. _ ცხოვრება უბრალოებაშია… უნდა შეძლო და იფრინო…
ბგერათა მრავალფეროვან სამყაროში ჩვენ ყოველდღიურად სხვადასხვა „ხასიათის” სიტყვები ჩაგვესმის. თუ დავაკვირდებით, ყოველ წარმოთქმულ სიტყვას ჟღერადობის საკუთარი შეფერილობა აქვს. ეს განსაზღვრული სიმაღლის ბგერა – ტონი გახლავთ.
მუსიკა მსოფლიო ფენომენია, ენა საზღვრების გარეშე. მუსიკა და ენა განუყოფელია. თავის ტვინში ისინი ერთნაირი სისტემით მუშაობენ. მუსიკა და ენა ტონალობებსა და ბგერებს განსაზღვრული წესებით უხამებენ ერთმანეთს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ენების მელოდიის იმიტაციას მუსიკა ახდენს. მსოფლიოში ენების უმეტესობა ტონალურია (ენები მუსიკალური მახვილით), განსაკუთრებით – აზიის (ჩინური, ტაილანდური, ვიეტნამური) აფრიკისა და ამერიკის ძირძველი ენები. ეს ეხება ინდოევროპულ ენებსაც (მაგალითად, დანიური ენა ვოკალური ტიპის ენებს განეკუთვნება). ამ ენებში გადამწყვეტი ტონის სიმაღლეა. სწორედ ის განსაზღვრავს სიტყვის ან მარცვლის მნიშვნელობას, ანუ აზრის გადმოცემისთვის განმსაზღვრელი ბგერის სიმაღლეა.
იმის მიხედვით, როგორ გარემოში გვიწევს ყოფნა, ტონი მუდმივად გვეცვლება. არსებობს საქმიანი, მბრძანებლური, ქედმაღლური, ალერსიანი ტონი. მედიცინაში გვხვდება გულის ყრუ და სუფთა ტონები, მხატვრობაში – ნათელი და მუქი ტონები… ფერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ხომ ტონია. ტონი ფერისა და სინათლის კავშირია და ეს ურთიერთდამოკიდებულება განსაზღვრავს ნატურის მთლიანობაში აღქმას. აი, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი კარგ ტონად ითვლება გარშემო მყოფთათვის უხერხული სიტუაციების არიდება ანუ ეტიკეტის დაცვა. ქცევის კულტურა ჩვენს მანერებზეა დამოკიდებული. მაგალითად, როგორ მივმართავთ თანამოსაუბრეს, საუბრისას გამოყენებული გამოთქმები, ტონი, ინტონაცია, ჟესტიკულაცია, მიმიკა და სხვა. საზოგადოებაში კარგ მანერებად მიიჩნევა თავმდაბლობა, თავდაჭერილობა, ხმადაბლა საუბარი და ყურადღების გულწრფელი გამოვლენა.
როგორც აღვნიშნეთ, ურთიერთობებში ტონალობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საინტერესოა, რა არის ტონალობა და როგორ აიგება ის. მაგალითად, ხან თუ საზეიმო მანერით ვლაპარაკობთ, ხან – მაღალფარდოვნად, ხან – ოფიციალურად, ცივად, ხან კი მეგობრულად, ინტიმურად, განსაკუთრებით თბილად. და მაინც, ურთიერთობებს უმთავრესად სამგვარი ტონალობა განსაზღვრავს: ოფიციალური, ნეიტრალური და მეგობრული. ურთიერთობისას ტონალობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე – იმაზე, ოფიციალურია თუ არა გარემო, ნაცნობობის ხანგრძლივობაზე, სიახლოვეზე, მოსაუბრეთა განსაკუთრებულ ურთიერთდამოკიდებულებასა და პიროვნულ თვისებებზეც კი.
სხვათა შორის, ოფიციალურ-საქმიანი ურთიერთობისას მბრძანებლური ტონი უფრო და უფრო მოძველებულად და მიუღებლად მიიჩნევა, ის თანდათან უკან იხევს და ადგილს ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს უთმობს, ამიტომ ოფიციალური ურთიერთობისას ძირითადი ტონი ხდება მშვიდი, გაწონასწორებული, თავშეკავებული და თბილიც კი. ყოველ კულტურულ ადამიანს უნდა შეეძლოს საჭირო ტონალობის შერჩევა ნებისმიერ სამეტყველო სიტუაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში კომუნიკაცია წარუმატებელი იქნება.
თანამოსაუბრესთან კეთილმოსურნე ურთიერთობის დასამყარებლად საჭიროა შეირჩეს ურთიერთობის ისეთი ტონალობა, რომელიც მოცემულ ვითარებასა თუ გარემოში ყველაზე მოხერხებული იქნება. ერთს შესაძლოა ასე მივმართოთ: „უკაცრავად”; მეორეს – „მაპატიეთ”; მესამეს – „გთხოვ, მაპატიო”. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოტივი მართავს ჩვენს სამეტყველო ეტიკეტს, ხოლო მიზანი კი არის მიმართვის არჩევანი.
უცნაურია, რომ ადამიანები თავიანთი საუბრის ტონს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ხან კი უბრალოდ არ იციან ან იქნებ ვერც ახერხებენ ხმის მოდულირებას ანუ ტონალობის ვარირებას. ყოველ ჩვენგანს ხომ საკუთარი ტონალობა აქვს; ხმის ტემბრი, საუბრის მანერა ინდივიდუალურია.
ალბათ ყველამ ვიცით, რომ სიმღერა აუმჯობესებს ჩვენი ხმის ტემბრს. სიმღერაში რეგულარული მეცადინეობით ხმას გამოუმუშავდება ისეთი თვისებები, როგორიცაა სიმსუბუქე, გამჭვირვალობა, ფრენა, სირბილე, მოქნილობა, სასიამოვნო ხავერდოვანი კეთილხმოვანება.
მუსიკასა და მეტყველებას შორის საკმაო მსგავსებაა. ორივე გააზრებული და ლოგიკურია. ისევე როგორც მეტყველება, მუსიკაც გადმოგვცემს აზრებსა და ემოციებს. როგორც მეტყველებაში, ასევე მუსიკაშიც ცალკეული ბგერები ან ბგერათა ნაკრები არაფრისმთქმელია, არაფრის გამომხატველი. ეს შემთხვევითი ბგერებია – ანბანის ასო-ბგერები (ელემენტები). აზრის გამოსახატავად ბგერები აუცილებლად ორგანიზებული უნდა იყოს განსაზღვრული სისტემის ჩარჩოებში. მაგალითად, ასო-ბგერები, რომლებსაც მეტყველებისას ვიყენებთ, ანბანის მიხედვით არის ორგანიზებული. ცხადია, ანბანის ცალკეული ასო-ბგერა ჯერ კიდევ არ არის მეტყველება, ეს მხოლოდ „სამშენებლო მასალაა” მეტყველებისთვის. ინფორმაციის გადასაცემად ჩვენ ასო-ბგერებს ერთმანეთთან სტრუქტურულად ვაკავშირებთ და ასე თანდათან ბგერებს ჯერ სიტყვებად, მერე კი წინადადებად ვაქცევთ. ბგერებს შორის ყოველთვის არსებობს განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებულება, კომბინაცია, კანონზომიერება. სწორედ ბგერათა მთელი ეს სისტემა და მათი ურთიერთშეხამება მეტყველებაში არის ენა. სხვაგვარად ორგანიზებული იგივე ბგერები უკვე სხვა ენას ქმნის.
შინაარსობრივად მუსიკაშიც ასევეა – ოქტავაში შემავალი თორმეტივე ბგერა ანბანია (ოქტავების გამეორების ჩათვლით). უნდა აღინიშნოს, რომ მუსიკა თორმეტიდან ძირითადად 7 ბგერას (საფეხურს) ეფუძნება. ეს 7 ბგერა ოქტავებში შესაძლოა სხვადასხვაგვარად განლაგდეს და მათ შორის ჩამოყალიბდეს განსხვავებული ურთიერთკავშირი, სისტემები, როგორც სხვადასხვა ენები მეტყველებაში. ამგვარი სისტემა მუსიკაში კილოს ნიშნავს.
კილო ბგერათა რიგია (ტონებისა და ნახევარტონების თანმიმდევრობა), უფრო ზუსტად კი ბგერათა რიგის სტრუქტურა, გამაში ნოტებს შორის ურთიერთკავშირი, დაფუძნებული არამყარი და მყარი საფეხურების მიზიდულობაზე. მეტ-ნაკლებად დასრულებული მუსიკალური აზრი, გამოხატული ერთ ან რამდენიმე ხმაში, ძირითადად მთავრდება მყარი ბგერით (ან აკორდით), უმეტესად – ტონიკით (I საფეხურით).
მუსიკის ისტორიული განვითარების გზაზე გამომუშავდა ტონების სხვადასხვა რაოდენობის მქონე კილოებრივი სისტემები. ალბათ ვიცით, რომ მუსიკალური ხელოვნება მრავალი ათეული წლის განმავლობაში კილოს საფუძველზე ვითარდებოდა. მაგალითად, ზოგიერთი უძველესი კილო დღემდე გამოიყენება ხალხურ და პროფესიულ მუსიკაში. თუმცა ეს უძველესი და ასევე შუა საუკუნეების კილოები საგრძნობლად განსხვავდებოდა დღევანდელი კლასიკური მაჟორისა და მინორისგან იმით, რომ მათი მრავალფეროვნება მაჟორისა და მინორის მკაფიო ამოცნობის საშუალებას ვერ იძლეოდა. კილოს გააზრება და ბგერათა შორის ფუნქციური დამოკიდებულება თანდათან ვითარდებოდა.
ხანგრძლივი განვითარების შედეგად ფორმირებულმა ევროპულმა მუსიკის ბგერითმა სისტემამ საყოველთაო გავრცელება პოვა მსოფლიოში. შემდგომ სწორედ მათ ეწოდათ ყველასთვის კარგად ნაცნობი კილოები: მაჟორი (მხიარული) და მინორი (სევდიანი).
ეს ცნებები მოიაზრებს ოქტავაში შემავალი ქრომატული ბგერათა რიგის 12 სხვადასხვა სიმაღლის ბგერას, რომელთა შორის მხოლოდ 7-ია ძირითადი (დიატონური) და აქვს საკუთარი სახელი (დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი). ყოველი კილო შეიძლება აიგოს ნებისმიერი საფეხურიდან. შედეგად ერთი და იგივე კილო შესაძლოა შეგვხვდეს ნებისმიერ სიმაღლეზე იმის მიხედვით, სად მდებარეობს მისი პირველი საფეხური ანუ ტონიკა.
ჩვენ არაერთხელ გვსმენია ტერმინები: გამა დო მაჟორი, გამა ლა მინორი და ა.შ. მაგრამ მათი მნიშვნელობა ბევრმა შესაძლოა არც იცოდეს. ერთი მხრივ, გამა ტექნიკური სავარჯიშოა თითების სისწრაფის განსავითარებლად, მეორე მხრივ კი ტონალობას განსაზღვრავს (გამის დასახელება დამოკიდებულია კილოზე, რომელშიც ის აგებულია და ტონიკაზე, საიდანაც იწყება). ტონიკა პირველი და ყველაზე მთავარი ბგერაა ტონალობაში. უნდა ვიცოდეთ, რომ ის ტონალობის გვირგვინია.
მოდი, ამჯერად, გავარკვიოთ, რა ადგილი უკავია ტონალობას მუსიკაში.
ტონალობა არის მუსიკალური კილოს მდებარეობის დამკვიდრება (ფიქსირება) განსაზღვრული სიმაღლის ბგერათა რიგის კონკრეტულ მონაკვეთზე. ის არის ტონიკისა (I საფეხური) და კილოს ურთიერთკავშირი. ტონალობა კილოს სიმაღლეა. კილოს აგება შესაძლებელია ნებისმიერი ნოტიდან. მაგალითად, თუ ავაგებთ მაჟორულ კილოს ნოტიდან „დო”, მას დაერქმევა დო მაჟორი; მინორულ კილოს ნოტიდან „ლა” – ლა მინორი. ე.ი. თუ გვსურს, მივიღოთ ტონალობა დო (ან 7 ნოტიდან ნებისმიერი) მაჟორი, მაშინ ტონიკად უნდა მივიჩნიოთ ნოტი „დო”, ხოლო კილოდ (მიხრილობა) – მაჟორი (ან მინორი). ტონიკა არის – დო. მაჟორი არის კილო და არა ტონალობა, ხოლო დო მაჟორი არის ტონალობა. ვინაიდან თანაბრად ტემპერირებულ წყობაში, ოქტავაში, არის 12 სხვადასხვა დასახელების ბგერა, გვაქვს 12 მაჟორული და 12 მინორული ტონალობა (აქვე აღვნიშნავ, რომ ალტერაციის ნიშნებს მომავალში აუცილებლად შევხვდებით).
ამრიგად, ყველა ტონალობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ორ უმთავრეს კომპონენტს – ტონიკასა და კილოს, ანუ:
(ამიტომაც გვხვდება მუსიკალურ ლიტერატურაში ორივე ტერმინი – „კილო-ტონალობა”).
მარტივად თუ ავხსნით, ტონალობა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სახელმწიფოდ, რომელსაც აქვს გარკვეული საზღვრები, რომელთა დარღვევა (დამწყებთათვის სწავლის პროცესში) სასურველი არ არის. თუმცა მოგვიანებით ერთი ნაწარმოების ფარგლებში სხვადასხვა ტონალობაში გადახრა ისედაც ისწავლება. „საზღვრების” ამ „დარღვევას” კომპოზიტორები ხშირად მივმართავთ ხოლმე.
ტონალობის უფრო უკეთ გაგებისთვის ავიღოთ თვითმფრინავის კონსტრუქტორი. ყველა დეტალის გამოყენებით შეგვიძლია ავაწყოთ თვითმფრინავი. ფანტაზიას გასაქანს თუ მივცემთ, სხვა რამის აწყობასაც შევძლებთ. მაგრამ თუ გამოვიყენებთ დეტალს, რომელიც ნაკრებში არ შედის, უცნაური ფორმის კონსტრუქცია გამოგვივა, შესაძლოა, ულამაზოც. ასევეა მუსიკაშიც: ტონალობა ხომ „ნოტების ნაკრებია”, რომლის გამოყენებით შესაძლებელია კეთილხმოვანი მელოდიის შექმნა ან პირიქით.
მელოდია ან ნებისმიერი აკორდი, როგორც წესი, რომელიმე ტონალობაშია აგებული. მაგალითად, ფაილი, რომელიც ჩვენს კომპიუტერშია, საქაღალდეში ინახება, საქაღალდე – კომპიუტერის ერთ-ერთ მყარ დისკზე. სწორედ მყარი დისკია კილო, საქაღალდე – ტონალობა, ხოლო კონკრეტული ფაილი – აკორდი.
წერილს ვასრულებ მაჟორულ ტონალობაში (C-dur), თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრის სურვილით.
ტრადიციულად, სასკოლო მათემატიკის კურსში ძირითადი ყურადღება ექცევა აღწერითი სტატისტიკის მიმართულებას, რომლის ძირითადი მიზანია ამა თუ იმ ვითარებასთან დაკავშირებული მონაცემების რიცხვითი მახასიათებლების დადგენა. მაგალითად: მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე, საშუალო ხელფასი, ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი (რაოდენობრივი მონაცემების მოდა). ვრცლად
ენის ცოდნა განისაზღვრება 4 კომპეტენციით: წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი და, ლოგიკურია, ერთ-ერთის არასათანადოდ სწავლების ან ნაკლებობის შემთხვევაში მოსწავლეს ვერ ეძლევა საშუალება სათანადო ცოდნა მიიღოს უცხო ენაში.
ენის ერთ-ერთი კომპონენტი – მოსმენა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი უცხო ენის სწავლების პროცესში, ვინაიდან იგი მხოლოდ მოსმენის აქტივობებს არ მოიცავს, არამედ: მოსწავლე შეძლებს სწორად გამოთქვას სიტყვა, მიაჩვიოს ყური უცხო ენაზე მოლაპარაკე ხალხთა დიალოგს/მონოლოგს, რომელიც თავისთავად ხელს შეუწყობს მოსწავლეთა საუბრის უნარის გაუმჯობესებას.
თუმცა, სამწუხაროდ, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც პედაგოგები საკუთარ საგაკვეთილო პროცესებს ვერ ტვირთავენ მოსასმენი დავალებებით. ამ ფაქტს შესაძლოა საკუთარი ახსნაც ჰქონდეს:
·საკმარისი რესურსების არ ქონა,
·თანამედროვე ტექნიკაზე ხელმიუწვდომლობა
·და ა.შ.
მოსმენის კომპონენტის გამოყენებისას მეთოდოლოგიურად აქტუალურია რა აქტივობები დაგეგმა მასწავლებელმა :
1.მოსმენის აქტივობების დაწყებამდე (pre-listening)
2.მოსმენის დროს (while-listening)
3.მოსმენის შემდგომ (post-listening)
მოსმენის აქტივობების დაწყებამდე, (pre-listening) აუცილებელია მოსწავლეები შევამზადოთ ამ აქტივობისათვის. სასურველია, თუ მათ დავაინტერესებთ აღნიშნული აქტივობით. მაგ.: დააკვირდით სურათს და მოსმენის შემდეგ მიპასუხეთ ვინ ამბობს შემდეგ სიტყვებს, ან სთხოვეთ გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები რომელიმე სიტუაციასთან დაკავშირებით და შემდეგ, მოასმენინეთ ჩანაწერი ტექსტი, მოსწავლეები თავად ნახავენ განსხვავებას ნათქვამსა და მოსმენილს შორის. წაახალისეთ მოსწავლეები, რათა შეძლონ აქტივობების შესრულება.
არსებობს ასევე მოსმენის დროს (while-listening) შესასრულებელი უამრავი აქტვივობა. მაგ.: სთხოვეთ მოსწავლეებს გაკვეთილის დაწყებისას ნასწავლი სიტყვები გახაზონ ტექსტში და შემდეგ მოსმენისას დააკვირდნენ მათ გამოთქმას. ან ჩამოუწერეთ მოსწავლეებს რამოდენიმე სიტყვა დაფაზე და სთხოვეთ მოსმენისას გამოტოვებულ ადგილას ჩასვან შესაბამისი სიტყვა.
მოსმენის შემდგომი (post-listening) აქტივობები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მოსწავლეს არასდროს არ უნდა გაუჩნდეს შეკითხვა: ნეტავ, ამას რატომ მოვუსმინე? რა სარგებელი მომიტანა? ამისათვის საჭიროა, მასწავლებელმა სათანადოდ დაგეგმოს მოსასმენი აქტივობები თავისი წინარე მოსმენის (Pre-listening), მოსმენის პარალელური (while listening) და მოსმენის შემდგომი (Post- listening) აქტივობები. მოსმენის შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს გამოხატონ საკუთარი მოსაზრება მოსმენილთან დაკავშირებით ან დააწერინეთ პატარა მოთხრობა მოსმენილი ტექსტიდან გამომდინარე.
დაწყებით კლასებში მოსმენის დავალებებს საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. საწყის ეტაპზე მოსწავლეებს შეგვიძლია მოვასმენინოთ ანბანი, დათვლა, ფერები და ა.შ., რომლებსაც სასურველია ჰქონდეთ სახალისო ფორმა, მაგ.: მუსიკალური, ვიდეო, მულტფილმის ფორმატი და ა.შ. მოსწავლეები გაცილებით ადვილად დაიმახსოვრებენ ამ ყოველივეს, ვიდრე ჩამოწერილი – სიტყვების სახით. მოსმენისას მარტივად შეძლებენ პერსონაჟების (მაგ.: ბიჭი, გოგო), ემოციების (სიხარული, სინანული), ადგილის (ქუჩაში, სკოლაში, სახლში) ამოცნობას, რაც დაეხმარებათ მათ ადვილად შეასრულონ მოსასმენის შემდგომი დავალებები.
არსებობენ ისეთი სახის მოსასმენები, რომელთა ფუნქციაც არის უბრლოდ მოსმენა და თვალის მიდევნება. ასეთი სახის აქტივობების შესრულებას სჯობს, სთხოვეთ მათ დახურონ წიგნი და მოუსმინონ ჩანაწერს, შემდეგ სთხოვეთ გადმოსცენ საკუთარი სიტყვებით მოსმენილი ჩანაწერი, შემდეგ გადააშლევინეთ წიგნი და ამჯერად მეორედ მოასმენინეთ ტექსტი და სთხოვეთ, გააყოლონ თვალი. ამ ტიპის სავარჯიშოები დაეხმარებათ მათ მოსმენის უნარისა და სტრატეგიების გაუმჯობესებაში. ამავრდოულად, აღსანიშნია ისიც, რომ მოსწავლეებს მოსმენის შედგომ ყოველთვის უწევთ მოსმენილი მასალის ზეპირი ანალიზი, ანუ ერთდროულად უვითარდებათ მოსმენისა და მეტყველების უნარები.
საბაზო საფეხურზე მოსასმენების რაოდენობაცა და სავარჯიშოების მრავალფეროვნებაც იზრდება, შესაბამისად, იზრდება აქტივობათა ტიპები. აქ უკვე ძირითადად ტექსტის მოსმენამდე სთხოვეთ მოსწავლეებს დააკვირდნენ ტექსტის სათაურს, არსებულ სურათს და გამოათქმევინეთ ვარაუდი აღნიშნულ მოსასმენთან დაკავშირებით, შემდეგ მოასმენინეთ ტექსტი და სთხოვეთ, გადმოსცენ მოსმენილის შინაარსი. მოსმენის პარალელურად კარგია, თუკი მოსწავლეები შეასრულებენ categorizing/ matching/-ის ტიპის დავალებებს, როდესაც ერთდროულად, მოსწავლეები უსმენენ ჩანაწერს და პარალელურად მოსმენილი ფრაზა ან სიტყვა უნდა დაახარისხოს ნიშან-თვისებათა მიხედვით ან მიუსადაგოს სხვა სიტყვას იქნება ეს მათი სინონიმი, ანტონიმი თუ ა.შ. მოსმენისას ასევე ერთ-ერთი მშვენიერი აქტივობაა ე.წ. true/false, მართალი/მცდარი ტიპის სავარჯიშოების შესრულება. ამით მოსწავლეებს უვითარდებათ მოსმენის უნარი და ერთდროულად ასრულებს როგორც წერით, ასევე – მოსმენით სავარჯიშოსაც.
მოსმენაზე დაფუძნებული პროექტი – ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის შესაძლებელი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება სასწავლო პროცესში და ამავდროულად მოსასმენი უნარების გაუმჯობესება. მოვასმენინოთ მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის ტექსტები მაგ.: სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციები, ან ახალი წლის აღნიშვნა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და შემდეგ გამართეთ დისკუსია. რა იყო საერთო, რა განსხვავება და ა.შ. ამის შემდეგ გადაანაწილეთ როლები და სთხოვეთ მოსწავლეებს აირჩიონ თითომ თითო მოსასმენიდან გაგებული ინფორმაცია, მოსმენილი ინფორმაციის მთავარი შინაარსი გადაატანინეთ ფორმატზე/ფურცელზე, თუ ნახატებითაც გააფორმებინებთ უკეთესი იქნება და შემდეგ მიეცით მათ პოსტერის, ბუკლეტის ან კედლის გაზეთის სახე და გამართეთ პრეზენტაცია. ამ აქტივობებით ერთდროულად მოსწავლეებს უვითარდებათ: მოსმენის, ლაპარაკის, გუნდური მუშაობის, როლების გადანაწილების, დისკუსიისა და პრეზენტაციების უნარები.
დავით ახვლედიანი, პროგრამა “ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილე ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებელი, შიდა ქართლი, კასპის რაიონი სოფ. კოდისწყაროს საჯარო სკოლა
20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღეა. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ეს დღე 2012 წლის ივნისიდან აღინიშნება. ბედნიერებისკენ სწრაფვა გაეროს მიერ აღიარებულია როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება.
ამ დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა ერთგვარი სტიმულია სამყაროს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ადამიანებისთვის დაფიქრდნენ იმაზე, რა ანიჭებთ კმაყოფილებასა და სიამოვნებას, რას აკეთებენ საკუთარი ბედნიერებისთვის და რამდენად გვიწყობს ხელს გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ამ დღესთან დაკავშირებით მედია გამოცემები ატარებენ გამოკითხვებს თემაზე, რაა მათთვის ბედნიერება, ჟურნალისტები სტატიებს წერენ, საქველმოქმედო ფონდები კი ცდილობენ მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აქციები ამ დღეს დაამთხვიონ.
მაგალითად ერთ-ერთმა გერმანულმა გამოცემამ 15 წლის სტაჟიორს სთხოვა ბედნიერების მიზეზების ჩამოთვლა.
“პატარა ბავშვებს შეუძლიათ კმაყოფილები იყვნენ, თუ ის სათამაშო უყიდეს, რაზეც ოცნებობდნენ, მაგალითად თოჯინა ან პლუშის ცხენი. სამყარო მათთვის სათამაშო მოედანია, რომელსაც უამრავი შესასვლელი აქვს.
მე უკვე 15 წლის ვარ, პატარა ბავშვი აღარ მქვია. სათამაშოებმა თავიანთი ბრწყინვალება დაკარგეს და ახლა საზოგადოებრივი თამაშებით ვერთობი. ბედნიერებას ის მომენტები მანიჭებს, რომლებსაც შემჩნევა უნდა: მშვენიერი პატარა, ყოველდღიური ჩვეულებები. მაგალითად, როცა ცხელ შოკოლადს ვსვამ და საკუთარ თავს ფილოსოფიურ კითხვებს ვუსვამ: ვინ ვარ? რა აზრი აქვს ცხოვრებას? ბედნიერებას მანიჭებს ჩვილი, დიდთვალება ცხოველების ფოტოების თვალიერება ან მეგობრებთან ერთად ახალი ფილმის ნახვა, ზამთრის ყინვიან დღეებში მზიანი ამინდი და შაბათ-კვირას სახლში მოტრიალე ახლადგამომცხვარი ვაფლის სურნელი, საღამოობით პოპ-კორნთან ერთად დივანზე მოკალათება, პლედში შეფუთვნა და “Big Bang Theory”-ს ყურება; ბედნიერებაა გაკვეთილზე ახალი თემის გაგება და იმის აღმოჩენაც, რომ საშინაო დავალების შესრულება უფრო მარტივად შეძელი, ვიდრე გეგონა, მომავალზე ფიქრი და ცხოვრების სავარაუდო განვითარების გზების “წინასწარმეტყველება”, ახალ-ახალი და შენთვის საინტერესო ადგილების აღმოჩენა დედამიწაზე. როცა მაროკოსა და ტაილანდზე ვფიქრობ, ნამდვილად ბედნიერი ვარ. საერთოდაც, ყველა ადამიანს სხვადასხვა რამ ანიჭებს სიამოვნებას, მაგრამ არსებობს პატარა სიხარულები, რომლებიც ერთნაირად მოქმედებს ყველაზე. ბედნიერების დღე სწორედ ამ სიხარულებზე ფიქრის დღეა”.
დიდი არაფერი, ჩვეულებრივი მოზარდის ამბებია, მაგრამ რამდენჯერმე წავიკითხე. ყოველდღიურ რუტინაში ჩაფლულს სულ აღარ მახსოვდა გაკვეთილზე ახლადახსნილი თემის გაგების სიხარული და თინეიჯერობისდროინდელი სხვა ვნებები.
მერე ერთი ვიდეო ვნახე, სადაც ქალი მადლობას უხდის მას, ვინც ძროხა აჩუქა და ამბობს, რომ ეს ძროხა, რომელსაც სახელად ინეზა დაარქვა, მისთვის ნამდვილი ბედნიერებაა. რძით შეუძლია თვითონაც იკვებოს და მეზობლებსაც გაუზიაროს, ცოტაოდენი გაყიდოს კიდეც და აღებული ფულით სახლისთვის საჭირო ნივთები იყიდოს. საოცარი ვიდეოა, საოცარი ქალი. ფონდი, რომელმაც მარიას ძროხა გადასცა, ადამიანებს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში ეხმარება და შანსს აძლევს, საკუთარი შრომით შეცვალონ რეალობა და დაძლიონ სიღარიბე.
ასეთი ვიდეოები მრავლად არის, მაგალითად გაეროს მიერ გაკეთებულ კომპილაციაში შეხვდებით კაცს, რომელიც ამბობს, რომ მისთვის ბედნიერება კარგი ამინდია, ვინაიდან ეს მის მოსავალს სჭირდება; ქალს, რომელიც ამბობს, რომ მისი ქმარი ნამდვილი განძია და კიდევ სხვას, რომელიც ამბობს, რომ ცხოვრებას მუსიკა ამშვენიერებს. ყველაფერი იმას ამტკიცებს, რომ ბედნიერება ყველაფერში შეიძლება იპოვოს ადამიანმა, მთავარია მზაობა პოზიტივის მისაღებად, მთავარია ელემენტარული პირობების მოწესრიგების უნარი.
ასეთი რესურსიც არსებობს: ძალიან პოპულარული ბლოგია, რომლის ავტორიც პატარა ბარათებზე წერს სიხარულის გამომწვევ მიზეზებს. სთხოვეთ თქვენს მოსწავლეებსაც ანალოგიური პროექტის გაკეთება, ასწავლეთ პატარაობიდანვე იფიქრონ იმაზე, რა ანიჭებთ კმაყოფილებას და რა გზის გავლაა საჭირო ბედნიერებისკენ. – https://justlittlethings.net/
პ.ს. 2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტის დედამიწის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ბედნიერების ინდექსის მიხედვით, საქართველო 156 ქვეყანას შორის 134-ე ადგილს იკავებდა. მკვლევრები ცხოვრებით კმაყოფილების მაჩვენებელს სწავლობდნენ – ეს იყო ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტზე თითოეული მოქალაქის ხელმისაწვდომობა, ჯანსაღი ცხოვრების ხანგრძლივობის მოლოდინი, თავისუფალი გარემო და სხვა.
მე არ მაქვს რაღაც გასაოცარი ტალანტი. უბრალოდ, ცნობისმოყვარე ვარ.
აინშტაინი
1. შესავალი
სწავლების პროცესში მასწავლებლის მიერ მრავალფეროვანი მიდგომების გამოყენება ზრდის მასწავლებლის ინტერესს და, რაც მთავარია, მოსწავლისთვის სასწავლო პროცესი სახალისო ხდება. მასწავლებელსაც და მოსწავლესაც ამ მრავალფეროვნების დახმარებით შეუძლიათ ეფექტურად გაართვან თავი რუტინას.
სწავლების მრავალფეროვნების შესახებ დისკუსიები მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. გლობალური საგანმანათლებლო საზოგადოება ცდილობს იპოვოს გადაჭრის გზები და დასახოს განვითარების სტრატეგიები. სიახლეების ძიება და სასწავლო მეთოდების მრავალფეროვნება განიხილება, როგორც წარმატების საფუძველი. მოსწავლეთა უკეთესი შედეგების მიღწევა დაფუძნებულია რწმენაზე, რომ:
·
მოტივირებული და დაინტერესებული მოსწავლე უკეთ სწავლობს;
·
მოტივირებული მოსწავლე იძენს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ შეუძლია მისი გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში;
·
მოსწავლეთა დაინტერესება შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც შეზღუდულია რესურსები.
ამ სტატიაში განვიხილავთ ცნობისმოყვარეობის როლს სასწავლო პროცესში, კერძოდ, როგორაა შესაძლებელი ცნობისმოყვარეობის საფუძველზე მოსწავლეთა მოტივაციისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდა.
2. რა არის ცნობისმოყვარეობა?
მოსწავლეთა სწავლის პროცესში ჩართვა და მათი მოტივაციის ზრდა შეუძლებელია, თუ მათ ცნობისმოყვარეობას უგულებელვყოფთ. ცნობისმოყვარეობა რეალობის კვლევის ინსტრუმენტია. ის გვაიძულებს დავაკვირდეთ გარემომცველი სამყაროს მრავალ ასპექტს, ჩვენს შინაგან სამყაროს, გავიაზროთ მათი უნიკალურობა. ცნობისმოყვარეობის გამო დასმული კითხვებით იწყება მეცნიერული აზროვნება. ბავშვები ხშირად სვამენ კითხვებს: რატომ? საინტერესოა, რატომ ხდება ასე? როდესაც აბაზანაში ვწვები, რატომ იწევს წყლის დონე?რამდენი ჭიაყელა ცხოვრობს ჩვენს ბაღში? ცა რატომაა ლურჯი? ცნობისმოყვარეობა აძლიერებს აზროვნებას.ალბერტ აინშტაინი თვლიდა, რომ მეცნიერული აღმოჩენის პროცესი არის ცნობისმოყვარეობასთან ხანგრძლივი ბრძოლის შედეგი.
სასწავლო პროცესში ცნობისმოყვარეობის როლზე მოსაზრებები გამოთქვეს მასწავლებლებმა, როდესაც მათთან განვიხილავდით წარმოსახვითი განათლების საკითხებს (2013 წელი, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ტრენინგების ციკლი). მათ უპასუხეს კითხვებს: რა არის ცნობისმოყვარეობა? რა როლი აქვს მას ბავშვის ცხოვრებაში? გთავაზობთ მოსაზრებებს, რომლებიც კარგად ასახავს ცნობისმოყვარეობის არსს და ცდილობს დაგვანახოს მისი მნიშვნელობა საგაკვეთილო პროცესში.
ცნობისმოყვარეობა არის მდგომარეობა, როდესაც მოსწავლეს უჩნდება სურვილი, შეისწავლოს ახალი მასალა. ამ მიზნით მასწავლებელი ქმნის გაკვეთილის დრამატურგიას, რომელსაც გარკვეულწილად იდუმალი იერი და შინაარსი აქვს. ცნობისმოყვარეობით ანთებული მოსწავლე მიჰყვება მასწავლებელს და თავად ხდება საგაკვეთილო პროცესის აქტიური მონაწილე. თუ მათემატიკაში მასწავლებელი ბავშვებს ციფრებს უხსნის, მან უნდა შეძლოს გააცოცხლოს მოვლენები და ფაქტები, მიანიჭოს გადატანითი მნიშვნელობა.
ცნობისმოყვარე ბავშვს ყველაფერი აინტერესებს, სვამს კითხვას: რატომ? მას სურს, მისთვის უცნობი მოვლენა, ამბავი დაშალოს, რათა იპოვოს პასუხი, პასუხის ძიების პროცესში კი თავად ხდება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროდუქტის შემქმნელი. ამ დროს მოსწავლის დასმულ კითხვას მასწავლებელი ბოლომდე არ პასუხობს და ცდილობს, მოსწავლემ თავად აღმოაჩინოს პასუხი ან ახალი მოსაზრება შემოგვთავაზოს. თუ ბავშვი ანთებულია ამ გრძნობით, მას აქვს ჯადოსნობისა და სასწაულის შეგრძნება. ბავშვისთვის ჯადოსნობისა და სასწაულის შეგრძნება სრულიად ბუნებრივია, რადგან ის იზრდება ზღაპრებით, მათ შორის ჯადოსნური ზღაპრებით. ჯადოსნური ზღაპარი კი ისეთი ზღაპარია, სადაც ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც ზებუნებრივი ადამიანის ხელშია და მას ეხმარება წარმატების მიღწევასა და ბოროტის დამარცხებაში. ცნობისმოყვარეობა გარკვეულწილად ოცნების სამყაროს უკავშირდება, სადაც ლოგიკური აზროვნების უნარი შერწყმულია ოცნების უკიდეგანო სამყაროსთან. ცნობისმოყვარეობას აღძრავს ქართული ზღაპრების დასაწყისი: ,,იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა”, ხოლო ზღაპრების დასასრული პოზიტიური და ოპტიმისტურია: ,,ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა”. რაც ამ ორ ფრაზას შორის ხდება, ბავშვის ცნობისმოყვარეობის გაღვიძების არაჩვეულებრივ შესაძლებლობას წარმოადგენს.
ბუნებისმეტყველებაში მრავლადაა ფაქტები, როდესაც ცნობისმოყვარეობა ბავშვს საშუალებას აძლევს დაინახოს მოვლენა სხვა მხრიდან. ხშირად მოვლენის მიზეზი ნათლად არ ჩანს. ამ დროს ანალიზი უფრო საინტერესო ხდება, მოსწავლეს უჩნდება კითხვები: რა ხდება სინამდვილეში? რატომ ხდება? რა შედეგს მივიღებთ? ამგვარად წარმართული საგაკვეთილო პროცესი ბავშვისთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება.
სასწავლო პროცესში ცნობისმოყვარეობის გამოყენების მიზნით,საინტერესო კონცეფციას გვთავაზობს წარმოსახვითი განათლების ავტორი, საიმონ ფრაიზერის უნივერსიტეტის პროფესორი კირან იგანი (Kieran Egan). მისი მიდგომის საფუძველს ლევ ვიგოტსკის სოციალურ-კულტურული თეორია წარმოადგენს. იგანმა შეაჯამა ვიგოტსკის იდეები სწავლისა და წარმოსახვის შესახებ. წარმოსახვის საფუძვლად იგანი ცნობისმოყვარეობას თვლის.
რა არის წარმოსახვა?იგანი თვლის, რომ წარმოსახვა შესაძლებელზე და არარსებულზე ფიქრის უნარია. სწორედ ეს უნარი ამდიდრებს რაციონალურ აზროვნებას. ამ გზით იქმნება ახალი სახეები და ემოციები, ადამიანი ისრუტავს ახალ იდეებს, აფასებს მათ, მიუჩენს შესაბამის ადგილს ნასწავლ საკითხებს შორის და ფიქრობს: აი, ეს რაში გამომადგება?
მოსწავლის ცნობისმოყვარეობა განათლების მიზნის მიღწევას აიოლებს. იგანი გამოყოფს განათლების სამ ძირითად მიზანს, რომლის მიღწევაც თანამედროვე სკოლის მნიშვნელოვანი ფუნქციაა. სკოლა მოსწავლეს უნდა დაეხმაროს: სოციალიზაციაში, კონკრეტული საგნის სწავლასა და საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებაში/ინდივიდუალურ განვითარებაში.
არ შეიძლება სკოლაში მხოლოდ ერთი მიზნის სტიმულირება დანარჩენი ორის ხარჯზე. შეხედულებები და ღირებულებები მოსწავლეს ვერ ჩამოუყალიბდება, თუ მას არ შეუძლია იდეებისა და მოსაზრებების სკეპტიკურად განხილვა, თუ მოსწავლის ცოდნა მხოლოდ თეორიებისა და იდეების კრებულია და მისი გამოყენება საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეუძლებელია. ინდივიდუალური განვითარება კი სწავლა-სწავლების პროცესის საფუძველი უნდა იყოს.
თუ მასწავლებელი ამ სამი მიზნის საფუძველზე მოახერხებს გაკვეთილის მიზნის ფორმულირებას, ამით ხელს შეუწყობს მოსწავლეებისსოციალიზაციასდა მათ ინდივიდუალურ განვითარებას, გაუმჯობესდება მოსწავლეების აკადემიური მიღწევები. სწორედ ეს წარმოადგენს მასწავლებლის სოციალურ ფუნქციას ყველა დროსა და ყველა ქვეყანაში.
იგანი წერს: ,,მასწავლებლებს შეუძლიათ მიიპყრონ მოსწავლეების ყურადღება, გააღვიძონ მათი წარმოსახვა და ემოცია, რათა მათ გაიღრმავონ სამყაროს შესახებ ცოდნა” (იგანი, 2012).
3. როგორ გავაღვივოთ მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობა?
გთავაზობთ მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გაღვივების ორ ინსტრუმენტს: ამბავი და ბინარული დაპირისპირებები.
ამბავი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემეცნებითი ინსტრუმენტია. სხვადასხვა საკითხზე შეთხზული ან მოძიებული ამბები მოსწავლეებზე დადებითად მოქმედებს, ისინი ახდენენ შესასწავლი საკითხის გადამუშავებას, გააზრებას წარმოსახვის გამოყენებით.
ბინარული დაპირისპირებები ცოდნის მოწესრიგებისა და კატეგორიებად დაყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი ინსტრუმენტებია. ამგვარ დაპირისპირებას თითქმის ყველა ამბავში ვხვდებით. ყველაზე ძლიერი დაპირისპირებებია: კარგი/ცუდი, უსაფრთხოება/შიში, შეჯიბრი/თანამშრომლობა. ამგვარი დაპირისპირების ფონზე წარმართული სწავლების პროცესი ემოციურია და ზრდის მოსწავლის ჩართულობას.
ეს ინსტრუმენტები მოსწავლეებს შესასწავლი საკითხის მრავალ განზომილებას დაანახებს. ისინი შეძლებენ განივითარონ საყოველთაოდ აღიარებული და მკაცრი წესების სკეპტიკური განსჯის უნარი, რიგ შემთხვევებში – მათთან ბრძოლის უნარიც.
სასწავლო აქტივობები და საკლასო გარემო მოსწავლეებს უნდა უღვიძებდეს და უვითარებდეს შემოქმედებითობას, ცნობისმოყვარეობას, წარმოსახვას. მხოლოდ ასე შეძლებს მასწავლებელი, მოსწავლე ,,აიძულოს”, რომ წაიკითხოს, შექმნას, დაწეროს, იმსჯელოს, განიხილოს. ასე გარდაიქმნება ცნობისმოყვარეობა სწავლის წყურვილად. ამ დროს გათვალისწინებულია მოსწავლის ინტერესი, ხოლო მასწავლებელი, რომელიც სოციალური ფუნქციის მატარებელია, მოახერხებს როგორც სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მიღწევას, ასევე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი, მთელი ცხოვრების განმავლობაში საჭირო უნარების განვითარებას. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ის, რასაც უზნაძე უწოდებს ინტელექტუალური მოთხოვნილების (ცნობისმოყვარეობა) სწავლის წყურვილში გადაზრდას.
4. ამბავი და ბინარული დაპირისპირებები, როგორც სამეცნიერო ცოდნის მიღების საშუალება
გთავაზობთ, როგორ შეიძლება მოსწავლეების წარმოსახვისა და ცნობისმოყვარეობის გააქტიურება სასწავლო პროცესში ამბების შეტანითა და ბინარულ დაპირისპირებებზე მოსწავლეთა დაფიქრებით.
მოსწავლეთა წარმოსახვის გააქტიურებისა და საგაკვეთილო პროცესში მათი ემოციური ჩართულობის გაზრდის მიზნით, დაგეგმვის პროცესში მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს შემდეგ საკითხებზე:
·
რა ამბავს შეიტყობენ მოსწავლეები?
·
გაკვეთილის მიზნის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან;
·
რითია მნიშვნელოვანი ეს გაკვეთილი? როგორ მოვახერხოთ მოსწავლეების ემოციური ჩართვა საგაკვეთილო პროცესში? როგორ გავზარდოთ მათი ცნობისმოყვარეობა?
·
ბინარული დაპირისპირებები – რა წინააღმდეგობას შეიცავს შესასწავლი თემა? რა ალტერნატივები არსებობს ამ წინააღმდეგობის დასაძლევად? რა მხატვრული სახეებით შეიძლება ამ წინააღმდეგობის, დაპირისპირების გამოსახვა?
ბუნებისმეტყველება
ბუნებისმეტყველების სწავლებისას, მეოთხე კლასში, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, განსაზღვრულია საარსებო გარემოსთან ორგანიზმის შეგუების თავისებურებების, სტრუქტურული და ქცევითი შეგუების სახეებისა და ორგანიზმთა ნიშან-თვისებების ადაპტაციური მნიშვნელობის შესწავლა (ესგ. ბუნ IV.2).
ბუნებისმეტყველების ამ მნიშვნელოვანი საკითხის შესწავლისას ფრინველი დოდოს დრამატული ამბავი მასწავლებლებს დაეხმარება მოსწავლეების ცნობისმოყვარეობის გაღვივებაში.
ამბავი, რომელსაც მოსწავლეები შეიტყობენ
ფრინველი დოდო
ინდოეთის ოკეანეში, კუნძულ მავრიკიზე ბინადრობდა ფრინველი დოდო. ის საკმაოდ დიდი ზომის ფრინველი იყო და 25 კილოგრამს იწონიდა. იგი მიწაზე ჩამოვარდნილი ერთ-ერთი მცენარის თესლებით იკვებებოდა. ამ კუნძულზე მტაცებლები არ ბინადრობდნენ. დოდო იმდენად უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, რომ ბუდეს პირდაპირ მიწაზე იკეთებდა, დებდა კვერცხებს, ჩეკავდა და ზრდიდა წიწილებს. დროთა განმავლობაში მან ფრენის უნარი დაკარგა.
ოთხი საუკუნის წინ კუნძული მავრიკი დიდი გემების პორტად გადაიქცა. მეზღვაურებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ფრინველი, რომელმაც ფრენა არ იცოდა. დოდო მეზღვაურებისთვის საკვების ახალ წყაროდ იქცა. შემდეგ ადამიანებმა კუნძულზე ღორები და მაიმუნები შეიყვანეს. ცხოველებმა დაიწყეს დოდოსა და მისი წიწილების განადგურება.
მეზღვაურების გამოჩენიდან ასი წლის შემდეგ დოდო კუნძულზე დიდი იშვიათობა გახდა. 1681 წელს კუნძულზე ამ სახეობის უკანასკნელი ფრინველი მოკლეს.
გაკვეთილზე შეტანისას აუცილებელია, ამბავში აღმოვაჩინოთ ყველაზე დრამატული მონაკვეთი. ამ ამბავში ყველაზე დრამატული ფრინველ დოდოს გადაშენებაა. მისმა გადაშენებამ სრულად შეცვალა კუნძულ მავრიკიზე ეკოლოგიური წონასწორობა (დოდოს გადაშენებამ გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა ის მცენარე, რომლის ნაყოფითაც ის იკვებებოდა. ამ მცენარეს მეცნიერებმა ,,დოდოს ხე” უწოდეს). ამ პრობლემის მთავარი მიზეზი ადამიანების გულგრილობა იყო, საკვების მოპოვების მიზნით მათ უმოწყალოდ დახოცეს ფრინველები. ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს კაცობრიობა ამ ტიპის საშიშროების წინაშე. ერთია, მოსწავლემ გაიაზროს ეკოლოგიური წონასწორობა უსაფრთხოების მიზნით და მეორეა, ემოციურად განიცადოს ეკოლოგიური წონასწორობის მწვავე შედეგები და გამოიმუშაოს სწორი დამოკიდებულება.
ასევე მნიშვნელოვანია ტექსტში ბინარული დაპირისპირებების აღმოჩენა. დოდოს შემთხვევაში ბინარული დაპირისპირებებია: საკვების მოპოვებისთვის ბრძოლა (საკვების მოპოვების მიზნით მეზღვაურები უმოწყალოდ ხოცავენ ფრინველ დოდოს) და მშვიდობიანი თანაცხოვრება ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების მიზნით.
მასწავლებელი აკვირდება, რამდენად დააინტერესა შეთავაზებულმა ,,დრამამ” მოსწავლეები, გადაიზარდა თუ არა მათი ცნობისმოყვარეობა ცოდნის წყურვილში. მათ მიერ შექმნილი ,,პროდუქტები” ასახავს მეცნიერულ ვარაუდებსა და მათ ემოციურ დამოკიდებულებებს.
მოსწავლეთა სწავლის პროცესზე დაკვირვებისთვის მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა სტრატეგია. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
ა) მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოთვალონ ის მიზეზები, რომელთა შედეგად დოდო გადაშენდა და შეავსონ ცხრილი.
დოდო არ გადაშენდებოდა, რომ ———————————————————————
გაკვეთილზე მოსწავლის ცნობისმოყვარეობა მასწავლებლის ყველაზე ძლიერი მეკავშირეა. მისი იგნორირება იწვევს მოსწავლის გაუცხოებას და ის თავის ფიქრებს, ოცნებებს, აზრებს, წარმოსახვას ვერ უკავშირებს შესასწავლ საკითხს. ცნობისმოყვარეობის გაღვივების ორი ინსტრუმენტი (სხვა ინსტრუმენტებთან ერთად) – ამბავი და ბინარული დაპირისპირებები წარმოადგენს მოსწავლეების მნიშვნელოვან მოტივატორს. ამ მიდგომის დანერგვამდე, მასწავლებლებმა საკუთარ თავს უნდა დაუსვან კითხვები: რა ბარიერებს ხვდება მოსწავლე სასწავლო პროცესში, როდესაც ვერ ხერხდება მისი ცნობისმოყვარეობის რეალიზება? საერთოდ, რა არის სწავლა-სწავლების პროცესი – ინფორმაციის გადაცემა, კოგნიტური უნარების განვითარება თუ აღზრდის პროცესში კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება? ეს არის კითხვები, რომელთა პასუხებიც ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც სკოლების საჭიროებები, მოსწავლის შინაგანი სამყარო და პიროვნული გამოცდილება.
გამოყენებული ლიტერატურა
1. მანანა ბოჭორიშვილი, ნანა გაბისონია. ბუნება. საქართველოს მაცნე. (2009): (25-26)
2.ჩიქსენტმიჰაი, გელდერი, ბუსტრომი. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვითი განათლება. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი. (2012): (199-211)
1990 წელს, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი გახლდით, საზაფხულო არდადეგებზე სვანეთში ფოლკლორის შეგროვება გადავწყვიტე. გადავწყვიტე და საქმესაც შევუდექი. დავიწყე სოფელ-სოფელ სიარული. ის დღეები დღესაც სიბნელიდან ვარსკვლავების გამონათებას ჰგავს. თვალწინ მიდგას იმ მოხუცების სახეები, რომლებიც წინაპრების გადმოცემულ ამბებს სათუთად ინახავდნენ და ენით გამოუთქმელი მოწიწებით ჰყვებოდნენ.
უამრავი საინტერესო თქმულება თუ ლეგენდა ჩავიწერე. განსაკუთრებით ერთი დამამახსოვრდა. მას ვუყვები ყველა თაობას, რომელსაც სკოლიდან ვაცილებ, ვყვები ყველგან, სადაც ამისი საშუალება მომეცემა. გამიჩნდა სურვილი, ხმა ინტერნეტგაზეთ ,,მასწავლებლის” მკითხველსაც მივაწვდინო.
თქმულება ჩავიწერე ჩემს მშობლიურ სოფელ ქართვანიში თამარ წერედიანისგან. ის ამქვეყნად უკვე აღარ არის. თამარა ბებოს, არაჩვეულებრივ მოუბარს, ოცდახუთი წლის შემდეგ საგაზეთო წერილის საშუალებით მინდა, მადლობა ვუთხრა.
შემოგთავაზებთ ტექსტის ვერსიას.
აი, ისიც:
ყოფილან ნათლია-ნათლული. ნათლია ჯოჯოხეთში მოხვედრილა, ნათლული – სამოთხეში. ძალიან იტანჯებოდა ნათლია. ნათლულს სთხოვა უფალთან შუამდგომლობა. ნათლულიც მივიდა ქრისტე ღმერთთან და მოუყვა ნათლიის შესახებ. მან უპასუხა: წადი და ჰკითხე, თუ რამ სიკეთე უქმნია თავისი ცხოვრების განმავლობაშიო.
მივიდა ნათლული ნათლიასთან და უფლის ნათქვამი გადასცა. დაფიქრდა ნათლია და გაიხსენა, რომ ერთხელ მეზობელს ძაფი მისცა. მიაზომეს ის ძაფი და მუხლამდე მისწვდა. მუხლს ქვემოთ ისევ ჯოჯოხეთში რჩებოდა.
ნათლია მაინც საშინლად იტანჯებოდა და კვლავ სთხოვა ნათლულს დახმარება. მანაც არ დააყოვნა. ისევ ქრისტე ღმერთს მიადგა და შეეხვეწა, ნათლია ჯოჯოხეთიდან ამოეყვანა. ქრისტე ღმერთმა უპასუხა: რომც ამოვიყვანო, მისი სული მძიმეა და მაინც ჩავარდება ჯოჯოხეთში, ამიტომ შენ უნდა იტვირთოო.
ნათლული დასთანხმდა უფალს. ნათლია-ნათლული დღესაც ასე დადიან სამოთხეში. ნათლულს ნათლია ზურგზე ჰყავს წამოკიდებულიო.
შესაძლოა, ბევრი უარყოფითი თვისება გვაქვს, მაგრამ სულის ასეთი ამაღლებაც, სახარებისეული იდეების ასეთი ხორცშესხმაც გვახასიათებს. თამარა ბებოს ნაამბობი გვასწავლის ჯოჯოხეთისთვის როგორ არ უნდა გავიმეტოთ ერთმანეთი, როგორ შეიძლება, მოყვასმა მოყვასის ტვირთი ზიდოს, როგორი რთულია ადამიანად ყოფნა, მაგრამ მაინც შესაძლებელი, თუკი მოვინდომებთ.
რიუნესკო აკუტაგავა თავის ნოველა ,,აბლაბუდაში” სვანური გადმოცემის მსგავს სიუჟეტს განსხვავებული გადაწყვეტით გვთავაზობს. მკითხველს მოკრძალებით შევახსენებ ნოველის მოკლე შინაარსს: სამოთხეში მოსეირნე ბუდა დაინახავს რა ავაზაკ კანდატას ტანჯვას ჯოჯოხეთში, გაიხსენებს მის ერთ სიკეთეს (კანდატამ ერთი პაწაწინა ობობა სასიკვდილოდ არ გაიმეტა) და გადაწყვეტს შეეწიოს მას. კანდატასთან ჩაუშვებს ობობას ქსელს (ეს ეპიზოდი გაგვახსენებს სვანური გადმოცემიდან ძაფის მიზომების ამბავს), რომელსაც კანდატა ამოჰყვება. როცა შეამჩნევს ავაზაკი, მას სხვა ცოდვილებიც მოჰყვებიან, შეჰყვირებს: ,,ახლავე ჩაძვერით, ჩაძვერით ქვევით!” დაყვირება და ძაფის გაწყვეტა ერთი აღმოჩნდება. კანდატა ისევ ჯოჯოხეთში ვარდება.
რიუნესკო აკუტაგავამ ამ ნოველით გვითხრა, რომ ადამიანი ასეთი ბოროტიც შეიძლება იყოს. რომ არა კანდატას ეგოიზმი, უამრავ სულთა ხსნა შეიძლებოდა. სვანურ ფოლკლორულ გადმოცემაში კი ხალხმა ის ჩადო, რისი მატარებელიც თავად იყო. ის, როგორც ,,ობოლი მარგალიტი”, თაობიდან თაობას რუდუნებით გადაეცემოდა, რომ ჩვენამდე მოეღწია. მასში წინაპრების საუკეთესო თვისებებია დალექილი. ნათლულის ერთგულების, სიყვარულის, რწმენისა და ჯვარმტვირთველობის უნარის მქონე ერი რა გასაკვირია, რომ ,,ვეფხისტყაოსნისეულ” სიმაღლეებსაც შესწვდებოდა.
ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას.
ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...