შაბათი, ივლისი 4, 2026
4 ივლისი, შაბათი, 2026

სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა დაიწყო

0

სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა დაიწყო. ოლიმპიადის პროგრამის მიხედვით, საქართველოს 11 ქალაქში (გორი, თბილისი, ბათუმი, მცხეთა, რუსთავი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ამბროლაური) 2015 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ჩატარდება. მასში მონაწილეობას 400-ზე მეტი სკოლა მიიღებს.

ოლიმპიადა შემდეგ სახეობებს მოიცავს:
– მინიფეხბურთი (ვაჟები);
– კალათბურთი (ვაჟები);
– კალათბურთი (გოგონები);
– მაგიდის ჩოგბურთი (გოგონები);
– მძლეოსნობა (შერეული);
– მოძრავი თამაშები (მხიარული სტარტები).
რეგიონალური თამაშები, მარტიდან ივნისის ჩათვლით, ხოლო დასკვნითი ფინალური ეტაპი – 2015 წლის 1-10 ივლისს – ანაკლიის ,,მომავლის ბანაკში” ტარდება. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის წარმატებულ მონაწილეებს, მინიფეხბურთში, 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვების პერსპექტივა აქვს, რომელიც ხორვატიაში გაიმართება.
კალათბურთში (3×3) წარმატებულები 2016 წლის ესტონეთის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიიღებენ. მაგიდის ჩოგბურთში წარმატებულებს – 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატი ისრაელში, ხოლო კროსში წარმატებულებს – უნგრეთში 2016 წლის სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზურები ელოდებათ. საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის სპორტულ თამაშებში მონაწილეობის უფლება VIII-X კლასის მოსწავლეებს აქვთ, ხოლო – მოძრავ თამაშებში – III-VII კლასების მოსწავლეებს.
 
ოლიმპიადაში მონაწილეობის მსურველმა სკოლის გუნდმა რეგისტრაცია შემდეგი წესით უნდა გაიაროს: ოლიმპიადის პირველ ეტაპზე – მონაწილეობის მსურველი სკოლები სახეობების მიხედვით განაცხადებს სპორტული ოლიმპიადის ადგილობრივ საორგანიზაციო ჯგუფს წარუდგენენ. ოლიმპიადის მეორე ეტაპზე – განაცხადი ცენტრალურ სარეგისტრაციო კომისიას უნდა მიაწოდონ.

23 მარტს ქალაქ გორმა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრების ფინალურ ეტაპს უმასპინძლა.
ფინალურ ეტაპზე უშუალოდ დასასწრებად გორს საქართველოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი, და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე ეწვივნენ. ისინი მძლეოსნობისა და მხიარული სტარტების შეჯიბრებათა ფინალურ ასპარეზობებს დაესწრნენ და ოლიმპიადის პროგრამის ყველა სახეობაში გამარჯვებულებიც დააჯილდოვეს.

მძლეოსნურ ესტაფეტაში პირველი ადგილი დაიკავა გორის II საჯარო სკოლამ, მომდევნო ადგილებზე შესაბამისად I და IV სკოლა გავიდნენ. კალათბურთში ვაჟთა შორის ყველას II სკოლამ აჯობა, გოგონებიდან კი საუკეთესო III სკოლა იყო. ეს სკოლა გახდა მინი ფეხბურთში ვაჟთა შორის გამართული ტურნირის გამარჯვებულიც. მაგიდის ჩოგბურთში გოგონათა შორის საუკეთესო აღმოჩნდა ანა მარიამიძე (გორის ღირსი გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზია), ხოლო ვაჟებში – გიორგი მჭედლიძე (IV სკოლა). ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის გუნდმა მხიარულ სტარტებშიც ყველას აჯობა, მეორე და მესამე ადგილებზე კი გორის VIII და VII საჯარო სკოლის გუნდები გავიდნენ.
შეჯიბრების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა გორის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა და გორის რაიონის გამგებელმა, დავით ონიაშვილმა მიიღეს. სხვადასხვა სახეობებში სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულები ჩვენი ქვეყნის 11-ვე ქალაქიდან მონაწილეობას გადამწყვეტ შეჯიბრებებში მიიღებენ, რომელიც ანაკლიაში გაიმართება. იქ გამოვლენილი საუკეთესოები კი სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებენ, რომელიც ხორვატიაში, უნგრეთში, ესტონეთსა და ისრაელში გაიმართება.
სპორტული ოლიმპიადა წლეულს საქართველოში პირველად იმართება. პროექტი საპილოტეა და გაისად მასში ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლის ჩართვა იგეგმება.
ლევან ყიფიანი გორში გამართული შეჯიბრების და გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ, ცენტრალურ სასპორტო სკოლაში ძიუდოისტ ქალთა ნაკრების სავარჯიშო პროცესს დაესწრო. ეს გუნდი მთავარი მწვრთნელის გია თენაძის ხელმძღვანელობით მოსამზადებელ შეკრებას გადის. ბოლოს ბატონმა მინისტრმა ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის დარბაზიც მოინახულა. შეგახსენებთ, რომ დარბაზის მშენებლობა შარშანდელი წლის მიწურულს დასრულდა. იქ გორელი ფალავნებიც უკვე ვარჯიშობენ, თუმცა მიზეზთა გამო ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში შესაბამისი ჭიდაობის სკოლის დაფუძნება, რაც ბუნებრივია პრობლემას უქმნის დარბაზში სრულფასოვან მუშაობას.
როგორც უკვე ვთქვით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები დაგეგმილია ანაკლიის „მომავლის ბანაკში”, სადაც სპორტულ შეჯიბრებებთან ერთად, კულტურული და გასართობი სანახაობაც გაიმართება. პროექტის სპონსორია კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო”.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა წელს პირველად იმართება. პროექტი საპილოტეა. მომავალ წელს ოლიმპიადაში საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლის ჩართვა იგეგმება.

ახალი მოძრაობის დასაწყისი

0

თბილისში ახალ მოძრაობას ჩაეყარა საფუძველი. იგი საზოგადოებრივ-პოლიტიკური შინაარსის არ გახლავთ. მოძრაობა ქალაქის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დასახმარებლად და გასაძლიერებლად შეიქმნა. 21-ე საჯარო სკოლის (ყოფილი მეექვსე გიმნაზია) კურსდამთავრებულებმა თავიანთი სასწავლებლის მხარდასაჭერად ახალი ასოციაცია ჩამოაყალიბეს. ევროპასა და ამერიკაში ამგვარი ორგანიზაციების საქმიანობა მრავალწლიან საპატიო ტრადიციად მიიჩნევა, საქართველოში კი ძალიან ცოტა ადამიანი თუ იწუხებს თავს საკუთარ სკოლაზე ზრუნვით.

კურსდამთავრებულებსა და სკოლებს შორის კავშირების მოშლა მრავალი ფაქტორით შეიძლება აიხსნას. უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, უმუშევრობა, კეთილდღეობის დაბალი დონე. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ წლების განმავლობაში სკოლა ერთ-ერთ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებას წარმოადგენდა საქართველოში. სამინისტრო დიდხანს ერიდებოდა სკოლასა და თემს, სკოლასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის არსებული კედლის დანგრევას, გარკვეული ზედამხედველობისა და კონტროლის პირობებში სკოლის კარის შეღებას. ამასთანავე, დღემდე არსებობენ სკოლის მესვეურები, რომელთაც გამჭვირვალობა, საზოგადოებასთან თანამშრომლობა საფრთხედ მიაჩნიათ. ისინი კურსდამთავრებულებთან თანამშრომლობაში მათ მიერვე დაფუძნებული სასკოლო წესრიგის შეცვლის საშიშროებას ხედავენ. შესაბამისად, მათ არ აწყობთ „სტატუს კვოს” შეცვლა და არასახარბიელო სამუშაო პირობებს უქმნიან მოხალისეობის საფუძველზე შექმნილ ასოციაციებს. თუმცა, როგორც ჩანს, სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება. ადამიანები საკუთარ სასწავლებლებზე იწყებენ ზრუნვას, სკოლები კი დაუსაბუთებელი შიშის გარეშე ხვდებიან საზოგადოებრივ ინიციატივებს.

რას საქმიანობს საჯარო სკოლის მხარდამჭერთა ასოციაცია ???

წარსულში ამგვარი ასოციაციის მიზნები მეც განსხვავებულად წარმომედგინა. მეგონა, რომ მისი მთავარი მისია მხოლოდ შემოწირულობების შეგროვება და სკოლის მატერიალური დახმარება შეიძლებოდა ყოფილიყო. 21-ე სკოლის მხარდამჭერებზე დაკვირვებამ კი ამ საკითხთან დაკავშირებით მეტ-ნაკლებად სრულყოფილი ცოდნის მიღების შესაძლებლობა მომცა. თურმე, საკუთარი სკოლის დახმარება ჩემნაირ ღარიბ და ჯიბეგაფხეკილ ადამიანებსაც შეუძლიათ.

ასოციაციის „ფეისბუკის” გვერდის დამკვირვებლებმა უკვე აღმოვაჩინეთ, რომ გაერთიანება სამი მთავარი მიმართულებით მუშაობს. უპირველესად, ასოციაციის წარმომადგენლები მოსწავლეებისთვის დამატებითი საგანმანათლებლო რესურსების შექმნაზე ზრუნავენ. სხვადასხვა სფეროს პროფესიონალად ჩამოყალიბებული კურსდამთავრებულები ინტენსიურად სტუმრობენ თავიანთ სასწავლებელს, და საჯარო ლექციებს, სემინარებს, დისკუსიებსა და ფილმის ჩვენებებს აწყობენ.

კურსდამთავრებულთა მეორე ჯგუფი სკოლის პრესტიჟსა და აღიარებაზე ზრუნავს. ისინი ცდილობენ, რომ საზოგადოებრივი კომუნიკაციების საშუალებით მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მიაწოდონ ინფორმაცია სკოლის დადებითი მახასიათებლების შესახებ. მომავალში საზოგადოებასთან ურთიერთობებზე მომუშავე ჯგუფის წევრების სოციალური კაპიტალი სკოლისთვის ფინანსური თუ სხვა ტიპის დახმარების მობილიზების წინაპირობაც შეიძლება გახდეს. საჭიროების შემთხვევაში ალბათ ეს ჯგუფი სხვადასხვა სტრუქტურებში სასწავლებლის ინტერესების ლობირებასაც შეეცდება.

მესამე მიმართულება კლასგარეშე საქმიანობის ორგანიზებაზეა ორიენტირებული. ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანები გეგმავენ ექსკურსიებს თავიანთ სამუშაო ადგილებზე (მაგალითად პარლამენტში), ხელს უწყობენ სპორტული, მუსიკალური თუ სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებების ჩატარებას.

მაშასადამე, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში კურსდამთავრებულები თავიანთი სასწავლებლის დახმარებას უკვე ახერხებენ დაწესებულების ინტერესების ლობირებით, ფინანსების მოზიდვის მცდელობით, საგანმანათლებლო რესურსების შექმნითა და კლასგარეშე ღონისძიებების დაგეგმვით. იმედია, რომ ამგვარი მოძრაობა ოდესმე ყველა სკოლაში დაიწყება.

ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისაგან. ჩვენი ქვეყანა ძალიან ღარიბია. საუბედუროდ, საქართველოს პოლიტიკურ ელიტას სხვა პრიორიტეტები აქვს. შესაბამისად, ჩვენი უშუალო დახმარებისა და თანამონაწილეობის გარეშე, მხოლოდ სახელმწიფოს იმედად საქართველოს განათლების სისტემის განვითარება ჯერჯერობით წარმოუდგენელია.

წარმოსახვა და ახალი გამოცდილება რუტინის წინააღმდეგ

0

თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში მნიშვნელოვანია, მივმართოთ ჩვენი ძალები ახალი ტიპის ადამიანის აღსაზრდელად, რომელიც არ იგრძნობს თავს დაკარგულად და უცხოდ, რომელსაც ეს ცვლილებები შთააგონებს, რომელსაც შეეძლება იმპროვიზება, იქნება თავდაჯერებული, გამბედავი, ძლიერი, რათა ღირსეულად და აღტაცებით შეხვდეს ახალ, მისთვის მოულოდნელ სიტუაციებს.

აბრაამ მასლოუ
სწავლების ეფექტური სტრატეგიების შემუშავება, თანამედროვე მეთოდების მოძიება, უშუალოდ სწავლების პროცესში მოსწავლეთა ასაკობრივი, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური თავისებურებებისა და ინტერესების გათვალისწინება გადამწყვეტი ფაქტორია მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის ასამაღლებლად.

როგორც ცნობილია, სწავლა-სწავლების პროცესში მონაწილე სუბიექტი ჩართულია რეპროდუქციულ საქმიანობაში (წინარე ცოდნას, სხვების გამოცდილებას, უკვე არსებულ სქემებს, მონაცემებს ამუშავებს, აანალიზებს, იმახსოვრებს), მაგრამ თუ ამ პროცესში შემოქმედებითი ასპექტიც არ იქნა გათვალისწინებული, ის უბრალოდ მოსაწყენი, არაეფექტიანი და რუტინული გახდება.

რა შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმა შემოქმედებითი უნარების გასააქტიურებლად? არსებობს კონკრეტული სავარჯიშოები და მეთოდები, რომლებიც მოსწავლეს შემოქმედებით მიდგომას ასწავლის თუ ეს მხოლოდ თანდაყოლილი უნარებია?

შევეცდებით, ვუპასუხოთ ამ კითხვებს და რამდენიმე მარტივ და პრაქტიკულ სავარჯიშოსა და სტრატეგიასაც შემოგთავაზებთ.

რობერტ შტენბერგი და უენდი ვილიამსი სტატიაში „კრეატიულობის სწავლება: 24 რჩევა” მიმოიხილავენ კრეატიულობის ინვესტიციის თეორიებს და ასკვნიან, რომ „კრეატიულად მოაზროვნე ადამიანები კარგ ინვესტორებს ჰგვანან: ისინი პროდუქტს „იაფად ყიდულობენ”, მერე კი ძვირად ყიდიან, მაგრამ, ფინანსურ სამყაროში მოქმედი ინვესტორებისგან განსხვავებით, კრეატიული ადამიანები ასე იდეების სამყაროში იქცევიან”.

ეს შედარება საკმაოდ ზუსტია, თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე მოცემულობას, სადაც ინოვატორული იდეები და მათი განხორციელების სტრატეგიები საკმაოდ ძვირად ფასობს.

ამავე სტატიაში ავტორები მიუთითებენ: „ჩვენ ხშირად გვგონია, რომ კრეატიული ადამიანები რაღაც იშვიათი და სხვებისთვის მიუწვდომელი შესაძლებლობებით არიან დაჯილდოებულნი, მაგრამ ასე არ არის. კრეატიული ადამიანები ისინი არიან, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს”.
აბრაამ მასლოუს მიხედვით, კრეატიულობა სიახლის შეცნობის, განჭვრეტისა და მიღების უნარია. სწორედ ასეთ დროსაა ადამიანი სრულად ინტეგრირებული გარემოში, რომელშიც არსებობს. ეს სისტემური თვისებაა და, მასლოუსავე ხატოვანი შედარებით, წარმატება-აღიარებასავით არ აცხრება თავს ადამიანს და არც ციებ-ცხელებასავით იპყრობს მას. კრეატიული, შემოქმედებითად განწყობილი ადამიანი შემოქმედების აქტზეა კონცენტრირებული და მიღებულ განათლებას, ცოდნას, გამოცდილებას სრულად, დაუნაწევრებლად იყენებს საქმიანობისას.

ეს ორი მიდგომა სავსებით საკმარისია იმ დასკვნის გამოსატანად, რომ შემოქმედებითობა, კრეატიულობა ექსტრაორდინარული, მხოლოდ ერთეულებისთვის დამახასიათებელი უნარი არ არის და მისი გამომუშავება სწორად წარმართული სასწავლო პროცესის მეშვეობითაცაა შესაძლებელი. ამრიგად, პასუხი სტატიის შესავალში დასმულ ერთ კითხვაზე – თანდაყოლილია შემოქმედებითობა თუ მისი „შეძენაც” შეიძლება – გაცემულია. გადავიდეთ პრაქტიკულ ნაწილზე.

ზემოთ რუტინა ვახსენეთ. ობიექტურად რომ შევაფასოთ, სწავლების პროცესი მუდმივად ხალისიანი ვერ იქნება.
სწავლა შრომაა, ხშირად – საკმაოდ მძიმე და ერთფეროვანიც.

რამდენად გვაქვს ჩვენ, მოქმედ პედაგოგებს, ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში იმის დრო და საშუალება, რომ ცალკე დრო დავუთმოთ ახალი სტრატეგიების მოძიებას და მათ ჯეროვან დანერგვას? ამ საკითხზე მომუშავე სპეციალისტების აზრით, თუ მასწავლებელს სურს, მოსწავლეების შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეუწყოს ხელი, შეუძლია, არსებული სასწავლო გეგმა, კურიკულუმი და საპროგრამო მასალა უკვე აპრობირებულ მეთოდებზე მორგებით მიაწოდოს მათ.

განვიხილოთ ეს მოსაზრება სასკოლო საგნების მაგალითზე.

სხვადასხვა სახის ტექსტზე მუშაობა მოსწავლეებს სხვადასხვა საგნის შესწავლის დროს უწევთ. რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ტექსტზე მუშაობა მათთვის მოსაწყენი და ერთფეროვანი კი არა, საინტერესო და სასარგებლოც იყოს?

განათლების ფილოსოფიის, წარმოსახვის მეშვეობით სწავლების კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი კირან იგანი მიიჩნევს, რომ სწავლების პროცესში, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია წარმოსახვის უნარის გააქტიურება. წარმოსახვის უნარის განვითარება მას თეორიული ცოდნის დიდი რაოდენობით მიღებაზე მნიშვნელოვნად მიაჩნია, რადგან სწორედ ესაა სწავლების არსი, ამ უნარის გარეშე ვერ იარსებებს ფართო თვალსაწიერი, ვერ მოხდება პიროვნების ჰარმონიული განმვითარება და ვერც ერთი „დიდი და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის ახალი აღმოჩენა”.

ამა თუ იმ ტიპის ტექსტზე მუშაობის დაწყებამდე, სასურველია, მასწავლებელმა აღძრას ინტერესი შესასწავლი საკითხის მიმართ. ამის გაკეთება ერთი ან რამდენიმე ზოგადი კითხვის მეშვეობითაა შესაძლებელი. მეტი სიცხადისა და დროის ეკონომიისთვის, მასწავლებელს შეუძლია, წინასწარ დაამზადოს ბარათები ან დაფაზე ჩამოწეროს კითხვები. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია აუდიტორიაში გაჩენილი აზრების, იდეების, მოსაზრებების უკრიტიკოდ აღნუსხვა. ეს მეთოდი გაააქტიურებს მორიდებულ და პასიურ მოსწავლეებსაც, რომლებიც, როგორც წესი, ერიდებინ საკუთარი მოსაზრების გამოთქმას იმის შიშით, რომ პასუხი არასწორი ან მიუღებელი იქნება (დავალების პირობის გაცნობისას მასწავლებელი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ დასმულ საკითხებზე გამოთქმულ ნებისმიერ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება!).

გაკვეთილის ძირითადი თემის განხილვისას გზადაგზა თავად მოსწავლეები შეეცდებიან, არგუმენტირებულად დაასაბუთონ დაფაზე არსებული თეზისების მართებულობა ან მცდარობა.

გაკვეთილის ბოლო ნაწილში მასწავლებელი კვლავ მიმართავს წარმოსახვის გასააქტიურებელ მეთოდს და კვლავ კითხვების მეშვეობით შეეცდება სასურველი შედეგების მიღწევას. ამ ეტაპზე შესაძლებელია სიტუაციური ან როლური თამაშების გამოყენებაც.

სთხოვეთ მოსწავლეებს იმ ცხოვრებისეული სიტუაციების პროეცირება, მოფიქრება, მოგონება, სადაც მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოადგებათ. სთხოვეთ მათ გაკვეთილის ილუსტრირება. მაგალითად, დაუსვით ასეთი კითხვა: თქვენ რომ სახელმძღვანელოს ილუსტრატორი იყოთ, ამ თემის შესახებ პარაგრაფისთვის რა ილუსტრაციას მოიფიქრებდით? რას დახატავდით? როგორ? რით? რატომ მაინცდამაინც ამას?

ან როლური თამაშის შემთხვევაში დაავალეთ, თავიანთივე მოფიქრებული სცენარის მიხედვით დადგან მცირე სცენა, სადაც თავადვე იქნებიან მსახიობებიც და რეჟისორებიც.

შესაძლებელია თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვაც. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ მოსწავლეები ინტერესით ამზადებენ 2-3-წუთიან „ვიდეოსიუჟეტებს” მიცემული თემის მიხედვით. ჩანაწერს კი, მათი სურვილის თანახმად, ან ერთად ნახავთ, ან კონფიდენციალურად.

ნებისმიერ ზემოთ აღწერილ შემთხვევაში წამყვან როლს მოტივაციის ამაღლებასა და პროცესის გასაინტერესოებაში სწორედ წარმოსახვა ასრულებს. ზოგ შემთხვევაში მოსწავლე თავს ილუსტრატორად წარმოიდგენს, ზოგ შემთხვევაში – ინოვატორული იდეების შემოქმედად ან რეპორტიორად, რომელსაც საინტერესო რეპორტაჟი აქვს მოსამზადებელი „რედაქტორის” მიერ მიცემულ თემაზე.

ზემოთ უკვე ნახსენებ სტატიაში „კრეატიულობის სწავლება: 24 რჩევა” ავტორთა მიერ შემოთავაზებული 24 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ასეთია: „გაითვალისწინეთ სხვა შეხედულებები”. შტერნბერგი და ვილიამსი მიიჩნევენ, რომ სხვა ადამიანებთან თანამშრომლობას მაქსიმალური სარგებლობა მაშინ მოაქვს, როდესაც „თავს სხვის ადგილას წარმოვიდგენთ… როდესაც თვალსაწიერს იმით ვიფართოებთ, რომ სამყაროს სხვა წერტილიდან დანახვას ვსწავლობთ. ეს გამოცდილება ზრდის კრეატიულ აზროვნებას და წვლილს”.

გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება და გამოცდილება კომენტარებში. ეს, ერთი მხრივ, წარმოდგენას შეგვიქმნის თანამედროვე მდგომარეობაზე, მასწავლებელთა დამოკიდებულებაზე სხვადასხვა მეთოდის დანერგვისადმი, მეორე მხრივ კი საშუალებას მოგვცემს, გავიგოთ და გავიზიაროთ სხვების პირადი გამოცდილება.
გამოყენებული ლიტერატურა:

. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება; წარმოსახვითი განათლება, თავი V, რობერტ შტერნბერგი და უენდი მ. ვილიამსი, კრეატიულობის სწავლება: 24 რჩევა, თბილისი, 2012 წ.
. Abraham Harold Maslow THE FARTHER REACHES OF HUMAN NATURE, ელექტრონული რესურსი
. Kieran Egan An Imaginative Approach to Teaching, ელექტრონული რესურსი
. Abraham H. Maslow, The Farther Reaches of Human Nature

ტექნოლოგიები და ინგლისური ენის გაკვეთილი

0
დღეს წარმოუდგენელია სახელმწიფოს წინსვლა და განვითარება ტექნოლოგიების გარეშე. მსოფლიოს თანამედროვე საზოგადოება აქტიურად იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მას დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტად მოხდეს ისტ-ის სხვადასხვა საშუალების გამოყენება სწავლისა და სწავლების პროცესში. ისტ-ის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, არამედ თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებას; ასევე, შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას; ისეთი ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავებას როგორიცაა გაგების, კომუნიკაციისუნარი, ანალიტიკური, სინთეზური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები. ტექნოლოგიების საშუალებით შესაძლოა უფრო მდიდარი და მრავალფეროვანი სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება. შეგვიძლია სასწავლო შინაარსი გავხადოთ უფრო ინტერაქტიური. ისტ-ის სასწავლო პროცესში დანერგვა ჩვენს ქვეყანაშიც აქტიურად მიმდინარეობს. 

საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის მიზანია, მოსწავლეებს მისცეს ცოდნა და განუვითაროს ის უნარები და დამოკიდებულება, რომლებიც შეესაბამება საქართველოს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მრავალ რეფორმას ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. იგეგმება და ხორციელდება ტრენინგები პედაგოგებისთვის. არსებობს ქართული ინტერნეტ-რესურსები, რომელთა გამოყენება შეუძლიათ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. რაც, თავის მხრივ, უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის სწავლისა და სწავლების პროცესს. როგორც ხედავთ სასწავლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება თანამედროვე სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია. იგი სწავლების ყველა საფეხურს და საგანს ეხება, მათ შორის ინგლისურსაც. ინგლისურის გაკვეთილი უფრო მეტად მიმზიდველი ხდება მოსწავლეებისათვის, როდესაც იგი ინტეგრირებულია ისტ-თან. სხვადასხვა ისტ რესურსის გამოყენება: ვიდეო და აუდიო მასალა, პრეზენტაციები და სხვადასხვა საიტები ონლაინში სამუშაოდ სასურველი შედეგის განმაპირობებელია.

ნიმუშისათვის წარმოგიდგენთ მასალას, რომელიც ასახავს, თუ როგორ უწყობს ხელს ისტ რესურსის გამოყენება მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას. ისტ-ის გამოყენებით მოსწავლეს უვითარდება ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვების, მართვის, დამუშავების, შეფასების და ანალიზის უნარი. გაგაცნობთ კონკრეტულ აქტივობებს რომლებიც ავითარებენ ზემოთ აღნიშნულ უნარებს.
მე გახლავართ ინგლისური ენის მასწავლებელი ჩემი აქტივობების მიზანი, რომლებიც განვახორციელე მეხუთე კლასში, გახლდათ:

ნამყო განუსაზღვრელი დროის პრაქტიკაში გამოყენება და მოსწავლეებში ტექნოლოგიური და კოლაბორაციული უნარების განვითარება.
მიზანი შესაბამისობაშია ესგ საგნობრივი პროგრამის შედეგებთან და ინდიკატორებთან კერძოდ:

უცხ.დ.III.3. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება;

უცხ.დ.III.6. ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება. მოსმენისას დამუშავებულ ტექსტში ნაცნობი სიტყვების მოძიება წინასწარ მიცემული ინსტრუქციის მიხედვით;

უცხ.დ.III.8. მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება. აფორმებს ნახატებს /ილუსტრაციებს წარწერებით).
1 აქტივობა – გაკვეთილი იწყება გამოწვევით, მოსწავლეებს ვაჩვენებ ზღაპრის გმირის სურათს და ისინი ინგლისურად ამბობენ ნებისმიერ სიტყვას, რაც სურათის დანახვისას ახსენდებათ. მეტი თვალსაჩინოებისათვის მოსწავლეების მიერ დასახელებულ სიტყვებს ვაგროვებთ დაფაზე. ამ აქტივობის შედეგად მოსწავლეები ხვდებიან, რომ გაკვეთილი უკავშირდება მულტფილმის გმირებს.

2 აქტივობა – მოსწავლეები უყურებენ ანიმაციურ ფილმს “Jack and the beanstalk” (ანიმაციური ფილმი მოძიებულია ბრიტანეთის საბჭოს ვებგვერდზე) და ცდილობენ დაიმახსოვრონ მოქმედი გმირების სახელები. მულტფილმის დასრულების შემდეგ ბავშვები პასუხობენ შეკითხვებს:

ვინ არის მთავარი გმირი?
რა ჰქვია ჯეკის დედას?
ვინ არიან მულტფილმის პერსონაჟები?

ამის შემდეგ მოსწავლეები თითო წინადადებით აალაპარაკებენ მულტფილმის პერსონაჟებს.

3 აქტივობა – მოსწავლეები კითხულობენ ილუსტრირებულ ტექსტს ” Jack and the beanstalk” და ტექსტში ხაზგასმით ნიშნავენ ზმნებს (ტექსტში ზმნები მოცემულია ნამყო განუსაზღვრელ დროში). ჩამოწერენ მათ დაფაზე. მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს უნდა შეძლონ წინადადებების ჩამოყალიბება წარსულ დროში. შესაბამისად ამ აქტივობით ისინი კიდევ ერთხელ აკვირდებიან მოქმედებისა და მდგომარეობის გამომხატველ სიტყვებს.

4 აქტივობა – პერსონაჟების ალაპარაკება – სპეციალური პროგრამის მეშვეობით.

(იხილეთ ლინკი: https://www.pimpampum.net/bubblr) მოსწავლეები მუშაობენ ონლაინში. მოსწავლეები მოიძიებენ მულტფილმის გმირების სამ სურათს, ზემოთ აღნიშნული პროგრამის მეშვეობით, ზედ დაასვამენ ბუშტს და შიგნით ჩაწერენ წინადადებას იმ ზმნების გამოყენებით, რომლებიც ტექსტში მონიშნეს. მოსწავლეები თავიანთ ნამუშევრებს აარქივებენ. ამის შემდეგ თითოეულ მოსწავლეს ევალება, სახლში გაეცნოს თანაკლასელის ნამუშევარს და დატოვოს კომენტარი. ამ აქტივობით მოსწავლეები პრაქტიკაში იყენებენ იმ ცოდნას, რომელიც შეიძინეს გაკვეთილის მსვლელობისას. ისტ-ის გამოყენება მათ სამუშაოს უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის.
აქტივობების შედეგად ჩვენ გვაქვს მოსწავლის მიერ შექმნილი თვალსაჩინოება, მოძიებული და წარწერით გაფორმებული ნახატი. ამ აქტივობებმა ასევე ხელი შეუწყო თანამშრომლობისა და ტექნოლოგიების გამოყენებას. მათ განუვითარდათ:

ინფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავების უნარი – ანიმაციური ფილმის ნახვის შემდეგ მათ უკეთ გაიგეს ტექსტი;

ძიების უნარი – მოიძიეს მულტფილმის გმირების ფოტოები;

მართვის უნარი – აალაპარაკეს პერსონაჟები, რომელთა ტექსტის რედაქტირებაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს;
გაანალიზების უნარი – მოსწავლეები გაეცვნენ თითოეული თანაკლასელის ნამუშევარს;

შეფასების უნარი – მოსწავლეებმა დაწერეს კომენტარი თანაკლასელთა ნამუშევრებზე.
ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გვაძლევს იმის გაკეთების საშუალებას, რაც შეუძლებელია მის გარეშე და თან ძალიან მოკლე დროში.
გამოყენებული ლიტერატურა:
წიგნები
English World, Marry Bowen and Liz Hocking- Macmillan
ვებგვერდები
https://www.pimpampum.net/bubblr
https://learnenglishkids.britishcouncil.org/en/short-stories/jack-and-the-beanstalk
ნინო სარაული
გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლა
ინგლისური ენის მასწავლებელი

მარინა კვაჭაძე – გენდერი სკოლებში

0
რა არის გენდერი, რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა ამ თემაზე, რომ იგი სწორად მიაწოდონ მოწაფეებს? ამის შესახებ mastsavlebeli.ge საერთაშორისო სამართლის დოქტორს, “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის” პროფესორს მარინა კვაჭაძეს ესაუბრა.

– გენდერი გულისხმობს მამაკაცისა და ქალის თანაბარუფლებიანობას, თანაბარ შესაძლებლობებს, თანაბარ უფლება-მოვალეობებს და თანაბარ შანსებს ცხოვრებასა და საქმიანობაში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობას სკოლის მერხიდანვე მიეწოდოს ინფორმაცია ამ ცნებების შესახებ. გენდერი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ბავშვს ასწავლის თანამშრომლობის წესებს და ერთი სქესის პატივისცემას მეორის მიმართ. მიმაჩნია, რომ ამის ელემენტები დაწყებით კლასებშივე უნდა ჩაიდოს, ხოლო მომდევნო ასაკობრივ ჯგუფებში უფრო მეტად გაიშალოს. საჭიროა სპეციალური სახელმძღვანელოების შექმნაც.

სხვათა შორის, ზოგიერთმა უმაღლესმა სასწავლებელმა გენდერული თანასწორობის შესახებ სასწავლო კურსი შეიმუშავა, მაგრამ უმაღლესში მიდის უკვე ჩამოყალიბებული პიროვნება, რომლისთვისაც ქალისა და მამაკაცის უფლებებზე საუბარი ცოტა დაგვიანებულია. ამ ასაკში ადამიანს გარკვეული სტერეოტიპები უკვე ჩამოყალიბებული აქვს. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პერიოდში გააცნობიეროს ბავშვმა ეს პრობლემა, როდესაც მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება ხდება. ამაში მას შეიძლება დაეხმაროს სკოლა, მასწავლებელი. მიზანშეწონილია, მასწავლებლებისთვისაც მომზადდეს სასწავლო კურსი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის სწავლების თაობაზე, მათთვისაც გამოიცეს სახელმძღვანელოები. მნიშვნელოვანია, თავად სახელმწიფოც იყოს დაინტერესებული გენდერული თანასწორობის სწავლებით, რადგან საქართველოში მოქმედებს “კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ”, არსებობს მექანიზმები, თუმცა ზოგიერთი მათგანი უეფექტოა, რადგან ვერ მუშაობს. ამიტომ, თუ სახელმწიფო გაითვალისწინებს, რომ ადამიანის ჩამოყალიბების ეტაპზე მის აღზრდაში გენდერული ელემენტებიც ჩართოს, კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ოჯახის როლს არ უგულებელვყოფ, მაგრამ ბავშვების უმეტესობა მაინც სკოლაში ყალიბდება, იმ გარემოში, სადაც განათლებას იღებს.
– გენდერულ თანასწორობას რა პრობლემები უპირისპირდება საქართველოში? 
– ტრადიციები, მენტალიტეტი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებებისადმი ჩვენს მიმართებას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა სოციალურ და ეთნიკურ ჯგუფთან გვაქვს საქმე. საქართველოში გენდერული თანასწორობა უფრო ქალთა უფლებებისკენ იხრება, ქალის როლი ბოლომდე არ არის გახსნილი საზოგადოებაში. ჩამოყალიბებულია მყარი სტერეოტიპი, რომ ქალი უნდა იჯდეს სახლში, ოჯახს მოუაროს და ბავშვები აღზარდოს. რა თქმა უნდა, ამას არავინ უარყოფს, გენდერული თანასწორობა არ ნიშნავს ფუნქციების არაადეკვატურ განაწილებას, მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ქალს არ შეეძლოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრება, თუნდაც პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობა. სტატისტიკას თუ ავიღებთ, ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა მუდმივი დეფიციტია. ეს იმის ბრალიც არის, რომ ქალი თავისუფლად ვერ წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობას, ბიზნესში იქნება თუ ცხოვრების სხვა სფეროში. თუმცა ხშირად თავად ქალებისთვისაა მიუღებელი გენდერული თანასწორობა. ბევრს მიაჩნია, რომ მთელი ცხოვრება ჩაკეტილმა, გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეულმა უნდა გაატაროს. ეს შეიძლება განპირობებული იყოს ტრადიციებით, სოციალური ჯგუფის წარმოდგენებით, დამკვიდრებული წესებით, ინფორმაციის ნაკლებობით. ამიტომ სკოლას აქ ძალიან დიდი როლი ეკისრება. მნიშვნელოვანია, როგორ და რა ფორმით მიაწვდის მასწავლებელი მოსწავლეს ამ ინფორმაციას. ეს ინფორმაცია უნდა იყოს ადეკვატური და ბავშვისთვის იოლად აღსაქმელი. მსოფლიოში უამრავი მეთოდოლოგია არსებობს მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის ასამაღლებლად. შეიძლება ამ მოდელების შერჩევა, საქართველოს სინამდვილეზე მორგება. თუ სკოლები და, მით უმეტეს, განათლების სამინისტრო ამ მიმართულებით უფრო აქტიურად იმუშავებენ, ძალიან კარგი იქნება მთელი საზოგადოებისთვის.
– გენდერული თანასწორობის რეგულირებით დაინტერესება სახელმწიფოს ერთგვარი ვალდებულებაც არის, ვინაიდან ჩვენ ვისწრაფით დასავლური ღირებულებებისკენ, სადაც ეს პრობლემა გაცილებით უკეთაა მოგვარებული.

– სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კონსოლიდაციით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა და გენდერული თანასწორობის საკითხები პოლიტიკურ დონეზე დადგა. თავის მხრივ, სახელმწიფომაც  გადადგა მოკრძალებული ნაბიჯები, რაც მისასალმებელია. ქვეყანამ მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, შეიქმნა საპარლამენტო საბჭო, შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც განათლების მიმართულებასაც მოიცავს, მაგრამ ვინაიდან სახელმწიფოში უამრავი პრობლემაა, არსებული მექანიზმები ეფექტურად ვერ მუშაობს. ზოგიერთ მიმართულებას უფრო მეტად უნდა ამოქმედება. მართალია, არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან აქტიურობენ ამ კუთხით, მაგრამ თუ სახელმწიფო პარტნიორად არ გამოვიდა და რეალური ნაბიჯები არ გადადგა ამ თემის პოპულარიზებისთვის, მათი საქმიანობა ვერ გასცდება ინფორმაციის მიწოდებას. სახელმწიფოს ყოველ შტოს შეუძლია, ძალიან ბევრი რამ გააკეთოს, გენდერული მექანიზმების დაფინანსების გაზრდა იქნება ეს თუ ახალი სისტემების შექმნა.

ბევრია სამუშაო ეთნიკურ უმცირესობებთან, სადაც პრობლემა უფრო ღრმაა. მათ უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ. საჭიროა საინფორმაციო გადაცემების მომზადება. მედიას დიდი როლის შესრულება შეუძლია გენდერული პრინციპების დანერგვაში, თუმცა აქაც სიფრთხილეა საჭირო, რომ ინფორმაციის არასწორად მიწოდება არ მოხდეს. არ შეიძლება, გენდერული თანასწორობა გაგებულ იქნეს მხოლოდ ქალთა უფლებების დაცვად – ის იცავს მამაკაცთა უფლებებსაც, უბრალოდ, ქალთა უფლებები უფრო შეზღუდულია და ამიტომ მათზე აქცენტირება მეტად ხდება.

– ხშირად საუბრობენ გენდერულად დაუბალანსებელ პროფესიებზე. პედაგოგიკა სწორედ ის დარგია, სადაც ქალები ჭარბობენ.

– მართალია, მასწავლებელი ქალი მეტია, რაც იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ ეს პროფესია უკავშირდება აღზრდას და უფრო ახლოსაა დედობასთან. არსებობს სხვა პროფესიებიც, სადაც ქალები ჭარბობენ. სტატისტიკის თანახმად, უმაღლეს სასწავლებლებში უფრო მეტი ქალი იღებს უმაღლეს განათლებას, მაგრამ საინტერესოა, როგორ ხდება შემდეგ მათი ცოდნის რეალიზება – ქალები რჩებიან შინ, იძულებულნი ხდებიან, შეიცვალონ პროფესია თუ თავიანთი პროფესიით მუშაობენ. საქართველოში სამსახურებიდან დათხოვილთა, უმუშევართა შორის ქალთა წილი დიდია. ამასთან, გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში უმთავრესად მამაკაცები მუშაობენ. ბოლო ხანს შედარებით გამოსწორდა მდგომარეობა – პარლამენტში დღეს 16 დეპუტატი ქალი.
როდესაც საუბარია გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში ქალთა მონაწილეობაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალებს ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურთ. აქ საუბარია გენდერულ თანასწორობაზე და არა ქალების რაოდენობის ხელოვნურ ზრდაზე. ქალების პრობლემები ქალებზე უკეთესად არავინ იცის. რაც უფრო მაღალ თანამდებობაზეა ქალი, მით მეტი საშუალება ეძლევა მას ამ პრობლემების გახმაურებისა და ისეთი მექანიზმის შეთავაზებისა, რომელიც ადეკვატური იქნება ქალის უფლებათა დაცვის კუხით. მე სრულიად არ ვაკნინებ მამაკაცის როლს, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზოგიერთ პრობლემას ქალი უკეთესად ხედავს. აღსანიშნავია, რომ ქალების მიმართ არც შრომის კანონმდებლობაა ადეკვატური. ამჟამად მოქმედი შრომის კოდექსი საფუძვლიან გადახედვას მოითხოვს.
– რას ურჩევდით მასწავლებელს, საიდან დაიწყოს მოსწავლეებში გენდერული თანასწორობის საძირკვლის ჩაყრა?
– ვფიქრობ, პირველი, რაც ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს, ის არის, რომ თვითონ მასწავლებლებმა გაიარონ საფუძვლიანი ტრენინგი; შემუშავდეს სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც მასწავლებელს ბავშვებთან ურთიერთობისთვის მოამზადებს. იქ, სადაც მასწავლებელს მყარად აქვს გამჯდარი სტერეოტიპი, მდგომარეობა უფრო რთულია, მაგრამ თუ პედაგოგი ადეკვატურად იქნება მომზადებული, იგი ვეღარ უბიძგებს მოსწავლეს უთანასწორობისკენ. მასწავლებელმა უნდა დაანახვოს და ჩაუნერგოს მოსწავლეს ერთი სქესის მეორისადმი პატივისცემა. ძალიან რთულია, როდესაც ოჯახურ ძალადობაზე საუბრობს პედაგოგი, რომელიც თავად გაიზარდა ასეთ ოჯახში და მისთვის არავის უსწავლებია ამ სტიგმის დაძლევა. ეს კომპლექსური პრობლემაა, რომლის მოგვარების მექანიზმები თანდათან უნდა დაინერგოს.
გენდერი მგრძნობიარე თემაა – საკმარისია ხელოვნურობა, თავზე მოხვევა, რომ იგი უკუეფექტს, პროტესტს გამოიწვევს, ამიტომ ის უნდა მივაწოდოთ შესაბამისი მეთოდოლოგიით. სხვათა შორის, მაღალი კლასების სასკოლო სახელმძღვანელოებს გადავხედე – კარგად არის შეტანილი გენდერული საკითხები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამას მაინც უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. გენდერული თანასწორობის თემა დაბალ კლასებშივე ბუნებრივად უნდა შევიდეს, რომ ასევე ბუნებრივად განვითარდეს. გენდერი ის თემაა, სადაც მარტო საზოგადოება ვერაფერს გახდება, ისევე როგორც სახელმწიფო დამოუკიდებლად ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

მაპატიე, მე შეცდომა დავუშვი!

0
ჩემთვის ყველაზე რთულად სათქმელი ეს სიტყვებია. ეს სწორედ ის ბურთია ყელში რომ გეჩხირება, დღენიადაგ გახრჩობს, ერთი სული გაქვს როდის მოიცილებ, როდის გადაყლაპავ, გულზე დადებულ ლოდს გაალღობ და გათავისუფლდები. დღე–ღამეში 24 საათი და მეტი ოცნებობ ამ წამზე, თავისუფლების განცდის წამზე. თუმცა გეძლევა თუ არა შანსი, დაუფიქრებლად უშვებ ხელიდან და მერე იმაზე ფიქრი გტანჯავს, როგორ დაკარგე ძვირფასი დრო, წუთები, რომელიც არასოდეს განმეორდება. რამდენჯერ გვიღიარებია შეცდომები საკუთარი თავისა და სხვების წინაშე? ჩემს შემთხვევაში ეს ალბათ ბევრჯერ არ მომხდარა. ზრდასრულ ასაკში, როცა ნამდვილად ვაცნობიერებ, რომ ვინმეს ჩემი საქციელის გამო გული ეტკინა, შეცდომის აღიარება ნაკლებად მიჭირს. საკუთარი თავის წინაშე აღიარება პირველი და ყველაზე რთული ეტაპია. ამ დროს ძლიერი დარტყმა ადამიანის თვითშეფასებას ადგება. შეცდომის დაშვებამდე თავი სრულყოფილება თუ არა, მასთან მიახლოებული მაინც გგონია. ფიქრობ, რომ ადამიანურ სისუსტეებზე მხოლოდ წიგნებსა და ფილმებში ჰყვებიან, ეს სადღაც შენი ცხოვრების მიღმა ხდება და თავად არასოდეს აღმოჩნდები არასასურველ სიტუაციაში. ამ სამყაროს პატარა ნაწილი რომ ხარ, მხოლოდ მაშინ აღმოაჩენ, როდესაც უკვე დაგვიანებულია და დრო მხოლოდ საკუთარი ნაბიჯების ანალიზისთვის გრჩება.

რაც თავი მახსოვს, პირველად შეცდომის აღიარების სიმძიმეს პირველ კლასში წავაწყდი. მაშინ, როდესაც ბებომ ჩემი მათემატიკის რვეული გადაფურცლა, სადაც ამოცანის მოკლე პირობის ჩაწერისას გულმოდგინედ მქონდა ჩაგვირისტებული – „მოსწავლეს ჰქონდა ათი ვაშალი”. მეც იხტიბარი არ გავიტეხე და მთელი საღამო ვამტკიცებდი – ზუსტადაც რომ სწორი ფორმა „ვაშალია” და არა „ვაშლი”-მეთქი. „შ” და „ლ” თანხმოვნებს შორის არის კიდევ ერთი ხმოვანი „ა”, რომელიც თქვენ არ გესმით და, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მე მესმის-მეთქი. მეტი არგუმენტაციისათვის ვცდილობდი ისე გამომეთქვა ეს სიტყვა, რომ ყველა დამერწმუნებინა ჩემს სიმართლეში. განა არ ვიცოდი, რომ ვცდებოდი, უბრალოდ მიჭირდა იმის აღიარება, რომ შემეშალა. მეორე მოგონება შეცდომაზე, რომელმაც უკვე სხვა ადამიანი დააზარალა, ისევ დაწყებით კლასებს უკავშირდება. სკოლაში სწავლა 1990–იან წლებში მიწევდა და სანთლის შუქზე ნასწავლ გაკვეთილებსა და ნავთქურით გამჭვარტლულ საკლასო ოთახზე ბევრს არ ვისაუბრებ. მსგავსი ფაქტები ყველა ჩვენგანის მეხსიერებაშია ჩარჩენილი. ეს ის პერიოდია, მასწავლებელი ნახევარ გაკვეთილს შეშის ღუმელის ანთებაში რომ ატარებდა. ჩემს რაოდენიმე კლასელს რევმატიზმების პრობლემები რომ დაეწყო ნესტიანი საკლასო ოთახის გამო, ნახევარ ქალაქს ფეხით რომ გავდიოდით ქალაქის ცენტრში ჯერ კიდევ სასწაულებრივად შემორჩენილი უფასო წრეებისათვის და ჩემს ნახევარ კლასთან ერთად ცეკვის ანსამბლიდან გამოსვლა რომ მომიწია თვეში 5 ლარის გადაუხდელობის გამო. სწორედ ამ პერიოდში, ჩემთან ერთად ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი სწავლობდა. თინეიჯერობისას მახსოვს მუდმივად ვცდილობდით მის დაცვას სხვების აგრესიისაგან, მაგრამ პირველი კლასიდან თინეიჯერობამდე ბევრი წელი გავიარეთ ერთად. იგი მუდმივად მარტო იჯდა ბოლო მერხზე და მის გვერდით დაჯდომა სირცხვილად ითვლებოდა. ჩვენც სტიგმის მსხვერპლი ვიყავით და არც არავის გამოუთქვამს სურვილი, ოდესმე მასთან გაეზიარებინა მერხი. მე, პატარა აღნაგობის გამო წინ ვიჯექი, დაფა რომ უკეთ დამენახა. საინტერესოა, ისიც პატარა აღნაგობის იყო, მაგრამ მაინც უკან იჯდა მუდმივად. არ ვიცი, რატომ. როგორც ჩანს რამდენჯერმე ყურადღება გამოვიჩინე ჩემი ნამდვილად განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე კლასელის მიმართ და მანაც იგივე საქციელით მიპასუხა. ერთ დღესაც ბავშვებთან მორიგი კამათისას ხმამაღლა განაცხადა – თამთა კარგი გოგოა, ნუ ეჩხუბებით, თავი დაანებეთო. ეს ფაქტი არავის გამოპარვია. მას შემდეგ რამდენიმეჯერ მოვისმინე დამცინავი სიტყვები, რომ ჩემზე ერთი კლასელი შეყვარებულია და ეს სწორედ „ის” გახლდათ – ბოლო მერხზე, მუდმივად ჩუმად მჯდარი განსხვავებული ბიჭი. ახლაც მახსოვს, როგორ შემრცხვა ჩემი კლასელების წინაშე. ეს ხომ წარმატებული ბავშვების სოციალური ჯგუფისთვის მიუღებელი გარემოება იყო. ისიც კარგად მახსოვს როგორ უარვყოფდი მასთან კონტაქტს, ვიცავდი თავს პერიოდული დამცინავი რეპლიკებისგან და მათ თვალწინ მეტი დამაჯერებლობისათვის როგორ შევაქციე ზურგი ჩემზე ვითომ შეყვარებულ ბიჭს. არც „დაჭერობანა” ვეთამაშე, არც „დამალობანა” –გამარჯვებული სახით, წარბაწეული მოვშორდი. მის მერე აღარასოდეს გვითამაშია ერთად. ალბათ როგორ ეტკინა მაშინ, ემწარებოდა ნამდვილად. მაშინვე, წამის მეასედში მივხვდი რომ შევცდი, და ეს უკვე უბრალოდ „ვაშალი” აღარ იყო – ეს ბრძოლა იყო გადარჩენისთვის. მივხვდი შეცდომას, თუმცა დღემდე არ მიღიარებია და არც პატიება მითხოვია.

სოციალური გარემოს მნიშვნელობაზე მრავალი კვლევა და თეორია საუბრობს. მოსწავლეებში სტრესისა და არასასურველი ქცევის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად კლასში/სკოლაში არსებული გარემო შეიძლება დასახელდეს. მოსწავლეებში იღვიძებს თვითდამკვიდრებისა და თვითგადარჩენის ინსტიქტები, რომლის შედეგადაც საერთო ნიშნით დაახლოებული ბავშვები ერთ ჯგუფად ერთიანდებიან. დამრიგებლის უპირველეს ფუნქციას სწორედ კლასში არსებული ჯანსაღი მიკროკლიმატის შექმნა წარმოადგენს, რადგან სასკოლო გარემო წარუშლელ კვალს ტოვებს ბავშვის ფსიქიკასა და მის შემდგომ ემოციურ განვითარებაზე. ეს ერთობ რთული დავალებაა პედაგოგისთვის, მას ხომ განსხვავებული შესაძლებლობებისა და ინტერესების მქონე მოსწავლეებთან უწევს ურთიერთობა. პრობლემის გასაღები კი ემპათია და ბავშვებში ამ გრძნობის გაღვიძებაა. რა თქმა უნდა, მოსწავლეები ვერასოდეს შეძლებენ ყოველთვის ისე მოიქცნენ, რომ სხვებს გული არ ატკინონ, თუმცა ფაქტის გააზრება და მისი აღიარება ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. მთავარია დავეხმაროთ მათ, სწორად გააანალიზონ საკუთარი საქციელი და ისწავლონ შეცდომებზე.

ემპათიასა და ბავშვებში ამ გრძნობის გაძლიერებაზე ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქცენტები კეთდება როგორც განათლების თეორეტიკოსების, ასევე პრაქტიკოსი მასწავლებლების მხრიდან. ისინი აღნიშნავენ, რომ მოსწავლის ემოციურ განვითარებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც სასკოლო გარემოს, ასევე ოჯახს. გერმანული გამოცემები სამომავლო წარმატების ერთ–ერთ გასაღებად გრძნობის ადრეულ ასაკში განვითარებას ასახელებენ. კვლევებში სკოლასა და ოჯახს შორის პასუხისმგებლობა თანაბრადაა განაწილებული. გერმანული გამოცემები მშობლებს მოუწოდებენ, საკუთარი გულწრფელი გრძნობები დაანახონ ბავშვებს და ამგვარად გააღვივონ მათში ემპათია. მაგალითად, არასასურველი ქცევის დროს, ნაცვლად დასჯისა, ისინი ურჩევენ მშობლებს საკუთარ ემოციებზე ელაპარაკონ შვილებს და წინადადებები დაიწყონ შემდეგნაირად: „შენ რომ ასე მოიქეცი, ძალიან მეწყინა, გული მეტკინა, იმიტომ რომ…” ისინი ასევე არწმუნებენ მშობლებს, რომ მსგავსი მიდგომა არა მხოლოდ ბავშვებთან, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობაშიც გამოიყენონ, რადგან წყვილის ურთიერთდამოკიდებულება გადამწყვეტ როლს თამაშობს ბავშვის აღზრდასა და მისი ფსიქიკის ფორმირებაში. პატარები ყოველთვის ცდილობენ მიჰბაძონ მშობლებს და გაუცნობიერებლად იმეორებენ მათ სიტყვებს, საქციელს, ემოციებს.

დამრიგებლებს სადამრიგებლო საათის ჩატარებისას სხვადასხვა მეთოდების გამოყენება შეუძლიათ, რაც დაეხმარება მათ კლასის გუნდად გადაქცევაში. ეს შეიძლება იყოს როგორც სასკოლო, ასევე სკოლის გარეთა აქტივობები – ექსკურსია, სხვადასხვა სათემო/სასკოლო/საკლასო პროექტების განხორციელება, შეჯიბრებებსა და ვიქტორინებში მონაწილეობა. მთავარია ბავშვებს საერთო მიზანი აერთიანებდეთ.

სტატიის შემდეგ ნაწილში შემოგთავაზებთ სხვადასხვა აქტივობებს ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, რაც კლასში არსებული გარემოს გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

დღეს, ჩემი ქცევების ანალიზისას ვხვდები, რამდენად შეიძლებოდა შევცვლილიყავი თუნდაც მცირედი დახმარებით. ყველა რიგითმა მასწავლებელმა მთავარია გააცნობიეროს, რომ მათ პიროვნებების შეცვლა და ჩამოყალიბება შეუძლიათ. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ალბათ მეც შეიძლებოდა არ შემექცია იმ დღეს ზურგი ჩემი მეგობრისათვის, და წლების შემდეგ, ინტერნეტგაზეთ „მასწავლებლის” მეშვეობით არ მეთხოვა პატიება მისთვის და არამხოლოდ მისთვის. არ მეთქვა ხმამაღლა – მაპატიე, შევცდი-მეთქი. არ მეღიარებინა საქციელი, რომელიც დღემდე მახსოვს და მას ალბათ უკვე დაავიწყდა. იქნებ, საერთოდაც ვერ გამიხსენოს, ვინ იცის.
 
 
 
 
 

რწმენის უფლება

0

აღდგომა მოდის და სკოლაში სააღდგომო პროექტებზე მუშაობაა
გაჩაღებული: ბავშვები სათამაშო კვერცხებს ათასგვარად რთავენ, ხორბალს თესავენ, მუშაობენ
სადღესასწაულო კედლის გაზეთზე… პატარებს ბიბლიური ისტორიების მოსმენაც ძალიან უყვართ.
თუმცა გამოგიტყდებით, ყველაზე მეტად რელიგიური თემატიკის თხზულებების წაკითხვა მიჭირს.
არ მინდა, პატარების ჯერ კიდევ გაუაზრებელ რწმენას შევეხო, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ,
ბიბლიური ისტორიები ყოველგვარი გადაჭარბებული ემოციის გარეშე წავიკითხო.

საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი არ არის ეროვნებით ქართველი და არც
სახელმწიფო რელიგიად აღიარებულ ქრისტიანულ მრწამსს იზიარებს. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე
მეტად გავრცელებულია მართლმადიდებლობა (მოსახლეობის 70
%),   მას მოსდევს კათოლიციზმი და
პროტესტანტიზმი (ბაპტიზმი), მრავლად შეხვდებით სხვადასხვა რელიგიური სექტის
წარმომადგენლებსაც. აჭარის მაღალმთიან რეგიონში კი უმეტესად ქართველი მუსლიმები
ცხოვრობენ.


 

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხშირად ფიქსირდება  რელიგიური და ეროვნული ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტები. გამოკითხვის
შედეგად დადგინდა, რომ რელიგიურ
უმცირესობათა დევნა-შევიწროება ბოლო წლებში
შემცირებულია,
თუმცა ეს შედეგი სამართალდამცავი ორგანოების აქტიური
ჩარევის შედეგად მივიღეთ.
არადა, რელიგიური თუ ეთნიკური თავისუფლების დაცვა თავად საზოგადოების მიერ უნდა ხორციელდებოდეს.დღემდე საკამათო საკითხად რჩება, ისწავლებოდეს თუ არა
სკოლაში რელიგიის ისტორია.
ამ კითხვას სახელმწიფომ 2005 წელს ზოგადი განათლების
შესახებ კანონის მიღებით გასცა პასუხი, როდესაც თქვა, რომ რელიგიის სწავლება სკოლაში
სავალდებულო აღარ იქნებოდა. თუმცა აშკარაა, სკოლა დღემდე ვერ იქცა რელიგიური ორგანიზაციებისგან
თავისუფალ სივრცედ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს საგანი საქართველოს განათლების
სისტემაში არასავალდებულო დისციპლინად ითვლება, თბილისის ზოგიერთ კერძო თუ საჯარო სკოლაში
მაინც ტარდება რელიგიის გაკვეთილები, რომლებსაც უმეტესად ეკლესიის მსახური ან რელიგიის
ისტორიის სპეციალისტი ხელმძღვანელობს.

აღსანიშნავია, რომ არც საპატრიარქო მიიჩნევს საჭიროდ
რელიგიის სასწავლო დისციპლინების ჩამონათვალში შეტანას. მათი აზრით,
 სკოლამ ბავშვს უნდა მისცეს საწყისი ცოდნა ძირითად მეცნიერულ დისციპლინებში.
დაინტერესების შემთხვევაში კი შესაძლოა სკოლაში რელიგიის, ოღონდ არასავალდებულო, არჩევით
საგნად ჩართვა.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
სახელმძღვანელოებს თუ გადავხედავთ, რელიგიურ თემებს მრავლად აღმოვაჩენთ ისტორიის, სამოქალაქო
განათლებისა და გეოგრაფიის სასწავლო მასალაში.

ჩემი აზრით, არამარტო მართლმადიდებლობის, არამედ მსოფლიოში
გავრცელებული რელიგიების ისტორიის იმ დოზით შესწავლა, რომ არ დაირღვეს არცერთი მოქალაქის
რწმენის უფლება, უფრო მეტად მიმღებს გახდიდა ჩვენს ქვეყანას განსხვავებულობისადმი.

ეთნიკურ უმცირესობათა დამცველების აზრით, ერთი რელიგიის
სავალდებულო საგნად სწავლება  დიდი წნეხის ქვეშ
აქცევს რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ მოსწავლეებს, მაგალითად, მუსლიმ ქართველებს,
რომელთა რიცხვიც საკმაოდ დიდია აჭარის მთიანეთში. ამავე რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლებში
 მრავლად დაფიქსირებულა მასწავლებელთა
მხრიდან მოსწავლეების რელიგიური ნიშნით გამორჩევისა და შევიწროების ფაქტები  (ისლამის აღმსარებლების რწმენას ,,ისტორიულ შეცდომას”
უწოდებენ), თითქოს უნებლიე დამნაშავის მძიმე ლოდის ზიდვას პატარაობიდანვე აჩვევენ აღსაზრდელებს.

არადა, ვინ დაგვიწესა, ვისაუბროთ მხოლოდ
უმრავლესობის მიერ აღიარებულ ღმერთზე?!  თუ
მე, რელიგიური უმრავლესობის წევრმა, ,,კრძალვით და ცახცახით”, მაგრამ მაინც გავბედე  მსგავსი კითხვის დასმა, მაშინ პატარა მუსლიმ მოსწავლესაც
ოდესმე დააინტერესებს, თუ ისიც საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეა, რატომ არ აქვს
საკუთარი რწმენის ,,დემონსტრირების”, მასზე ღიად საუბრის უფლება?!

ჩემს სკოლაში სხვადასხვა ეროვნების ბავშვები სწავლობენ (აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, თურქები…),  შესაბამისად, ორმაგი სიფრთხილით გვიწევს მუშაობა
ეკლესიური დღესასწაულების მოახლოების დროს. არავინ საუბრობს იმაზე, თუ რომელ რელიგიურ აღმსარებლობას მიეკუთვნება. და რა
ქნას მასწავლებელმა, რომელმაც არ იცის, როგორ მიაწოდოს ბავშვებს რელიგიური თემატიკის
თხზულებები ისეთი ფორმით, რომ  მათი რწმენის
თავისუფლება მცირედითაც არ  შეავიწროვოს?! ერთადერთი
გზა რჩება: შეგვიძლია ავიღოთ რელიგიური თემატიკის კარგი საბავშვო ლიტერატურა და ყოველგვარი
კომენტარის, ემოციური ინტონაციის გარეშე წავუკითხოთ ბავშვებს ან ამავე თემაზე შექმნილი
საბავშვო ფილმები ვაჩვენოთ… მათ რწმენაზე ზემოქმედების ნაცვლად,  მსოფლიოს რელიგიებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული
რელიგიის ისტორიაში ხანმოკლე მოგზაურობას თუ დავისახავთ მიზნად, უხერხულ სიტუაციებს
აუცილებლად ავირიდებთ თავიდან.

***

ამას წინათ, სკოლაში ბავშვებს გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მოთხრობა წავუკითხე.
გაკვეთილი გარემოს დაცვას ეხებოდა და ბუნებასთან იდენტობის უკეთ გასააზრებლად, ვაჟასეულ
თანაგრძნობას ნაძვად გადაქცეული კაცის ამბავიც მივამატე. ცოტა ხნის შემდეგ, რამდენიმე
მშობელთან, ე.წ. ,,უჟასების” მწერლის ზემოთხსენებული თხზულების მხატვრული ღირებულების
განმარტება  და  ,,პროფესიული თვითნებობის” გამო თავის მართლება
დამჭირდა.

საოცარია, თუ ბავშვს შეგვიძლია გავაცნოთ საქართველოს დიდი მეფეების მიერ
ქვეყნის გაერთიანებისთვის დაღვრილი სისხლით ნაწერი ამბები, რატომ არ შეგვიძლია მოვუყვეთ
განსხვავებულ სიძლიერეზე: ერთი შეხედვით უჩინარ ადამიანებზე, სულ სხვანაირი თავგანწირვა
რომ შეუძლიათ; მათ თანატოლებზე, რომელთა დიდგორიც შეიძლება საკუთარ სოფელს, სკოლის
ეზოს არ გასცდენია, მაგრამ  სწორედ ასეთი ბრძოლების
შედეგად მათ ლექსიკონშიც შეიძლება გაჩნდეს ისეთი სიტყვები, როგორიცაა ,,არჩევნის უფლება”.

ჩემი აზრით, თუ გვინდა, რომ შერეული ეროვნების მოსწავლეებით დაკომპლექტებულ
კლასებში ოდესმე მოიხსნას რელიგიურ-ეროვნული ნიშნით ადამიანთა შევიწროების ფარული შიში,
მგონი დისკრიმინაციის მაგალითების დამალვა კი არა, პირიქით, გამომზეურება და განხილვა
უნდა დავიწყოთ. ამ მხრივ კი მე, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს,
ჩოხელის ,,ლუკას სახარებაზე” უკეთესი რესურსი არ მეგულება, განსაკუთრებით წინასააღდგომო  პერიოდში.



(პრიზისაუკეთესოსცენარისათვის,დსთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალი ,,კინოშოკი(ანაპა1998).

შეიძლება ბევრმა თქვენგანმა გაიფიქროს, რომ ეს ნაწარმოები ძალიან მძიმე
მოსასმენ/ საყურებელია, რადგან შეიცავს ძალადობას სკოლაში, მოსწავლის შეურაცხმყოფელ
ეპიზოდებს, რწმენის თავისუფლების პირდაპირ უარყოფას და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ბავშვმა
უნდა იცოდეს შორეული ისტორია ქართველთა თავგანწირული ბრძოლების შესახებ, რომელთა უმეტესობაც
რელიგიის შენარჩუნების მიზნით ჩაღდებოდა, რატომ არ შეიძლება გაეცნოს, ერთი შეხედვით,
სხვა მოსწავლეებისგან არაფრით გამორჩეული თანატოლის თავგანწირვის ამბავს?! ჩემი აზრით,
მუსლიმი მოსწავლე (და ყველა რელიგიური ნიშნით ,,გამორჩეული” ადამიანი) დაინახავს, რომ
მარტო თვითონ არ მოქცეულა რელიგიურ წნეხში და იგივე ბედი შეიძლება სხვამაც გაიზიაროს.
არა მგონია, ცუდი შედეგი გამოიღოს ამ აღმოჩენამ, მეტიც, შესაძლოა ერთგვარი ემპათია
გააჩინოს სხვადასხვა რელიგიის აღმსარებელ ადამიანთა შორის, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოდ
ჩამოყალიბების გზაზე კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს.

დიდი სიამოვნებით ვასწავლიდი ნებისმიერი რელიგიური აღმსარებლობის ადამიანს
,,ლუკას სახარების” მსგავს რელიგიური თემატიკის ტექსტებს. სამწუხაროდ, ხელი არ მიმიწვდება
სხვა რელიგიათა ისტორიის შესახებ დაწერილ საბავშვო ლიტერატურაზე, არც ის ვიცი, არსებობს
თუ არა მსგავსი ლიტერატურა ქართულ ენაზე, თორემ აუცილებლად გავეცნობოდი ჩემს მოსწავლეებთან
ერთად.

რაც შეეხება ,,ლუკას სახარებას”, სათაურზე დაკვირვებაც კი საკმარისია,
რომ მივხვდეთ, ის სახარება, რომელსაც ლუკა იცავს, ის რწმენა, რომლის მატარებელიცაა
ერთი ჩვეულებრივი მოსწავლე, მისთვის ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ზოგადად რელიგიისადმი
დაბადებიდანვე ნასწავლი მორჩილება შეიძლება იყოს.

მავანნი შემახსენებენ, რომ რელიგია ამა თუ იმ საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი
გამაერთიანებელი კომპონენტია  და თაობიდან თაობას
გადაეცემა.  მაშინ როგორ ინარჩუნებენ ერთეულები
რწმენას, როცა საზოგადოება კარგავს მას?!  სწორედ
ესაა არჩეული, გააზრებული და არა მემკვიდრეობითი რწმენის მაგალითი. მხოლოდ ასეთ ადამიანებს
შეუძლიათ დაანგრიონ ძირგამომპალი კოლექტიური ცნობიერება და დარჩნენ მარტო მთელი სამყაროს
პირისპირ.

***

რადგან ,,სულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული”, ყველაზე უტყუარ კომპასად
ამ რთულ და დაუსრულებელ გზაზე მხოლოდ რწმენა შეიძლება მივიჩნიოთ. მე კი იმედს ვიტოვებ,
რომ ერთხელაც აღარავინ ესვრის ქვას უცხო სამოსში გახვეულ უფალს, ადამიანს, რწმენის
უფლებას.

 


 

ქრისტე აღ(ს)დგა! ანუ სწორი ფორმის შესახებ

0

სკოლაში ნაკლებად, თუმცა უნივერსიტეტში უფრო ხშირად ხდება ხოლმე, რომ ვიღაც უცნობი შემომიღებს აუდიტორიის კარს და იტყვის „ბოდიშით”. არასოდეს არ მეზარებს (ეს ჩემი ქართული ენის მასწავლებლისგან გამომყვა) და კარის შემომღებს ყოველთვის მივუთითებ შეცდომაზე, ის კი არა, მოკლედ განვუმარტავ კიდეც, რატომ არ უნდა იხმაროს „თ”. არ ვიცი, რამდენად საკმარისია ხოლმე ეს მცირე განმარტება უცნობი კარის შემომღებისათვის, მაგრამ იმის იმედი მაინც მაქვს, რომ ჩემი სტუდენტები დაიმახსოვრებენ და არ დაუშვებენ მსგავს შეცდომას (თუკი მანამდე უშვებდნენ).

აღდგომის შემდეგ ჩემი ფეისბუქელი მეგობრების წრე ორ ჯგუფად შემიძლია დავყო: ისინი, ვინც ქართული ენის ნორმებს იცავენ და ქრისტეს აღდგომას სწორი გრამატიკული ფორმით გვილოცავენ და ისინი, ვინც ქრისტეს აღდგომას არასწორი ფორმით გვამცნობენ. მეორე ჯგუფიც ორ ნაწილად იყოფა, ერთმა ჯგუფმა იცის და მაინც არ ემორჩილება წესებს, მეორემ კი არ იცის და ისე იმეორებს, როგორც ტელევიზიიდან ესმის და არც დაფიქრებულა იმაზე, სკოლის მოსწავლე რომ იყოს, ასეთ შეცდომაში ქართულის მაწავლებელი ნიშანს დააკლებდა. პირადად მე ფეისბუქელთა პირველ კატეგორიას მივეკუთვნები და როდესაც ქრისტე აღდგა-ს ვამბობ/ვწერ, ჯიუტად უგულებელვყოფ ს-ს, რადგან ისევე, როგორც სხვა ჩემნაირებს, მეც დარწმუნებული ვარ, რომ ს ან მეორე სუბიექტური პირის ან მესამე ობიექტური პირის ნიშანია და ვინაიდან „აღდგა” ზმნა ერთპირიანია და ეს ერთი პირი, რა თქმა უნდა, მესამე პირის სუბიექტია, მისი ნიშანი კი ბოლოკიდური ა არის, ამიტომ ამ ზმნაში ს სრულიად ზედმეტია და მისი უფუნქციოდ ჩაწერა ზმნისწინის შემდეგ სრულიად გაუმართლებელია. წელს არ დავიზარე და იმის ნაცვლად რომ ყველა ჩემი მეგობრისთვის ერთი სტატუსით მიმელოცა აღდგომა, კურსორით ჩამოვუარე ფეისქბუქის მეგობრების „ქრისტე აღდგა/აღსდგა” სტატუსებს და კომენტარებში მივუწერე: „ჭეშმარიტად აღდგა”. ვისაც, ჩემი აზრით, სწორი ფორმა ეწერა, სოლიდარობის ნიშნად დავუკომენტარე. ჩემი ამ საქციელით შევეცადე, მეჩვენებინა, რომ ერთნაირად ვფიქრობთ და გრამატიკული წესების უზენაესობას ერთნაირად ვაღიარებთ, ხოლო, ვისაც, ჩემი აზრით, არასწორად ეწერა, შევეცადე, ჩემი კომენტარით მეჩვენებინა, რომ სწორ ფორმას S2O3-ის ნიშანი არ სჭირდება. რა თქმა უნდა, შემეძლო, შეცდომის უფრო დეტალური განმარტება მათთვის ჩატში ისევე მიმეთითებინა, როგორც ამას შარშან, შარშანწინ ვაკეთებდი, რადგან წლევანდელმა სტატუსებმა მიჩვენა, რომ, ჩემი გარჯა ფუჭი არ იყო და ვისაც შარშან გავუსწორე, ავუხსენი, რატომ არ იყო ს-თი დაწერილი ფორმა სწორი, წელს უკვე „ჩემიანი” გამხდარიყო. როგორც მივხვდი, ჩემი მეგობრების უმეტესობას, რომელთაც წესი უგულებელყვეს, შესანიშნავად იციან ქართული ენის გრამატიკა, მაგრამ მათ თავიანთი სიმართლე აქვთ, ამიტომაც, ამ სიმართლის გამო არაფრად დაგიდევენ ამ წესს, ჯიუტად არღვევენ მას და მცდარი ფორმის დამკვიდრებას უწყობენ ხელს. მათი სიმართლე კი ისაა, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია (პირველი აქსიომა), იგი არაჩვეულებრივად ასახავს სხვადასხვა პროცესს და მას ხელი არ უნდა შეუშალო. ამ მიდგომის გამოა, რომ ის, რაც გუშინ არასწორ ფორმად ითვლებოდა დღეს უკვე სწორ ფორმადაა მიჩნეული. გავიხსენოთ თუნდაც მისასალმებელი სიტყვა „გამარჯობათ”. ყველამ იცის, რომ ნიშანი „თ” ზმნის მრავლობით რიცხვს გამოხატავს. „გამარჯობა” რომელი ზმნა არის, რომ მას ზმნისთვის დამახასიათებელი ნიშანი ჰქონდეს? მაგრამ იმის გამო, რომ ყველა ენა უნიფიკაციისკენ ისწრაფვის (მეორე აქსიომა), ჯერ ცოცხალ მეტყველებაში დამკვიდრდა არასწორი ფორმა, ხოლო მერე უკვე ეს არასწორი ფორმა ნორმად იქცა. დღეს ორთოგრაფიულ ლექსიკონში „გამარჯობათ” სწორ ფორმად არის შეტანილი. ამგვარი მიდგომით ხვალ უკვე „ბოდიშით” ფორმაც შესაძლოა, სწორ ფორმად მოგვევლინოს და მე აღარ დამჭირდეს მცირე განმარტების გაკეთება იმ სტუდენტებისთვის/მოსწავლეებისთვის, ვინც აუდიტორიის კარს შემომიღებენ.

ენა „შეცდომებითაა” სავსე, მიუხედავად იმისა, რომ ენას, მისი მწყობრი სისტემის გამო, ხშირად მათემატიკას ადარებენ. ამ „შეცდომების” წარმომავლობა განსხვავებულია. სიტყვა „შეცდომა” იმიტომ დავწერე ბრჭყალებში, რომ არ არის მართებული, შეცდომა უწოდო იმას, რაც უკვე ნორმად იქცა. მახსოვს, თანამედროვე ქართული ენის ლექტორი ქართული ენის  ფილოსოფიური და თეოლოგიური ლექსიკის გამდიდრების საქმეში იოანე პეტრიწის დამსახურებაზე გვიამბობდა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ ამ დიდ საქმეში წესების დარღვევა ჩვეულებრივი ამბავია. დღეს „არსი”, „არსება”. „არსებობა” ყველასთვის ჩვეულებრივი ქართული სიტყვებია. არადა, თავის დროზე ეს სიტყვები წესების დარღვევით შეიქმნა. აბა, ვის მოუვა თავში აზრად, მესამე პირის ზმნას სახელობითის ნიშანი დაუმატოს და ასე მიიღოს ახალი სიტყვა? ვის მოუვა თავში აზრად, ნორმად აქციოს „ჭამსი” ან „წერსი”, არადა, თავის დროზე ასევე წარმოუდგენელი იყო, „არს” ზმნაზე სახელობითის „ი”-ს დამატება; ასევე წარმოუდგენელი იყო ხელოვნურად წარმოებულ ამ სიტყვაზე სხვადასხვა სუფიქსების დამატება და მისგან კიდევ ახალი სიტყვების – „ არსება” იქნებოდა ეს თუ „არსობა” – წარმოება. მაგრამ მთარგმნელის ფანტაზია და კრეატიულობა კიდევ უფრო შორს წავიდა და ზედსართავისა და არსებითი სახელებისთვის განკუთვნილი ორივე სუფიქსი ერთ ხელოვნურად მიღებულ სიტყვას დაურთო და სრულიად წარმოუდგენელი ფორმა „არსებობა” შემოგვთავაზა. დღეს არც არავის (ლინგვისტების გარდა) აინტერესებს ამ სიტყვის წარმომავლობა, იმდენად კარგად მოერგო და შეესისხლხორცა ქართულ ენას. იოანე პეტრიწის კრეატიულობას საზღვარი არ ჰქონდა. მან ზმნა „არს”-ის მოკლე ვარიანტსაც (ბიჭი არს = ბიჭია, არს=ა) დაურთო სუფიქსი და თავის ნაწერებში სიტყვა „აობა” შემოგვთავაზა, თუმცა, დანარჩენი სიტყვების მსგავსად, ეს სიტყვა ენამ ვერ იგუა.

დავუბრუნდეთ მთავარ სათქმელს. ის, ვინც „აღსდგა” ფორმის პროპონენტია, ამბობს, რომ რამდენიმე ძველ ქართულ ტექსტში ეს ფორმა გვხვდეა, ე.ი. მისი გამოყენება ისტორიულადაა გამართლებული. ისინი თვლიან, რომ ენამ  ჩვეულებრივი ქმედების განსხვავება მოახდინა, პროფანული საკრალურს დაუპირისპირა და ამის გამო მიმართა გრამატიკულად არასწორი ფორმის დამკვიდრებას. თუმცა არავინ საუბრობს იმაზე, რომ ძველ ტექტსებში დადასტურებულ შეცდომას სისტემატური ხასიათი არა აქვს და, შესაძლოა, საქმე არაკვალიფიციურ გადამწერთანაც გვქონდეს. ის, ვინც „აღსდგა” ფორმის ოპონენტია, თვლის, რომ შეცდომის გამოსწორება ადვილია, თუკი ყველანი შევთანხმდებით და სწორი ფორმის გამოყენებას დავიწყებთ. მაგრამ ამასობაში ეკლესია გამოსცემს კალენდრებს, ტაძრებიდანაც არასწორი ფორმა გვესმის და საზოგადოებაც ვერ გარკვეულა, რატომ უსწორებენ და მიუთითებენ შეცდომაზე. ნამდვილად შეგვიძლია, გრამატიკის კანონების უზენაესობის მომხრეებმა შეცდომაზე თვალი დავხუჭოთ, არასწორი ფორმა ნორმად ვაქციოთ, ოღონდ პირველ რიგში ამაზე შეთანხმება უნდა მოხდეს და ქართული ენის ახალ ორთოგრაფიულ ლექსიკონში „აღსდგა” ფორმა სწორ ფორმათა რიგში უნდა შეიტანონ. მანამდე კი, სანამ ამ ლექსიკონის სამოცდამეთერთმეტე გვერდზე სწორ ფორმად მხოლოდ „აღდგა” იქნება მითითებული, ზმნური ფორმა „აღსდგა” შეცდომად ჩაითვლება და მისი გამოყენების შემთხვევაში ჩვენი, ქართული ენის მასწავლებლების, მოვალეობა იქნება, ნიშანი დავაკლოთ მოსწავლეებს, თუნდაც გვესმოდეს, რომ ნორმად შეცდომაც შეიძლება იქცეს.

სკოლა, სპორტი, და ჯანმრთელობა. რას გვირჩევს ექსპერტი

0

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, თუ რომელი ქვეყნის მოდელია საუკეთესო ნიმუში ქართული საგანმანათლებლო სისტემისათვის და ამ საკითხზე მსჯელობა ალბათ კვლავ გაგრძელდება. სპორტის სპეციალისტებს სკოლებში სპორტის სწავლების ხარისხსა და დონის ამაღლებაზე საუბრისას, ხშირად მოჰყავთ გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და სკანდინავიის ქვეყნების მაგალითები.

სპორტის ექსპერტი, სლავა გასპაროვი მიიჩნევს, რომ სკოლებში სპორტის სწავლების კუთხით ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის გამოცდილება საინტერესოა. მისი აზრით, სკოლებში სპორტის მასწავლებლებმა აქცენტი მძლეოსნობაზე, რაგბიზე, ტანვარჯიშსა და ფეხბურთზე უნდა გააკეთონ.
სლავა გასპაროვი, სპორტის ექსპერტი, ჟურნალ “რაგბის” რედაქტორი:
” საჯარო სკოლებში სპორტის სწავლების საერთო დონეს, სამწუხაროდ, ცუდად ვაფასებ, თუმცა არსებობენ სასიამოვნო გამონაკლისებიც. ჩემი აზრით, შესაცვლელია მიდგომა. ჯერ ერთი, ინფრასტრუქტურულადაა მოსაწესრიგებელი სპორტდარბაზები, სპორტული ფორმებისა და სხვა საკითხები. თანაც რამენაირი სისტემა ხომ უნდა იყოს? ცურვაზე ოცნებობენ სკოლების 99%. არადა, როგორი აუცილებელია ბავშვებისთვის გაკაჟება ამ ტოტალური ვირუსების ფონზე. წრეში ბურთი აბა რა სპორტია? ან ბიჭებს ფეხბურთის წესები განუმარტონ, ან რაგბის წესები…
– თქვენი აზრით, სპორტის რომელ სახეობებზე უნდა გააკეთონ აქცენტი სკოლებმა?
– ამ კითხვაზე ყოველთვის ერთი პასუხი მაქვს ხოლმე. ჩემი აზრით, მოზარდების ჯანმრთელობისათვის და მათ განსავითარებლად სპორტის საუკეთესო სახეობებია: ცურვა, მძლეოსნობა, ტანვარჯიში, რაგბი, ფეხბურთი, კალათბურთი.
– რომელი ქვეყნის მაგალითი მიგაჩნიათ სანიმუშოდ ამ კუთხით?
– ალბათ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანას ექნება ჩამოყალიბებული სისტემა. მთავარია, ეს სისტემა მოერგოს ადგილობრივ რეალობას და არ გამოვიდეს ისე, რომ სისტემა ცალკე იყოს და რეალობა ცალკე, რისი სამწუხარო მაგალითებიც გვახსოვს ახლო წარსულიდან.
– და მაინც, სპორტის რომელ სახეობაზე ურჩევდით მშობლებს შვილების მიყვანას და რატომ?
– რჩევით ბევრი რამ შემიძლია ვურჩიო, მაგრამ აქ უამრავი ფაქტორი და გარემოებაა გასათვალისწინებელი. ახლანდელი ბავშვების უმრავლესობას სასუნთქი გზების პრობლემები აწუხებს. ასეთებისთვის ცურვა, წყალბურთი და ფიგურული ციგურაობაა ზედგამოჭრილი.

ჩოგბურთი ჰარმონიულად ავითარებს ბავშვის სხეულს, მაგრამ ძვირი ფუფუნებაა. ბიჭებს რაგბის თამაშს ვურჩევდი – გარდა იმისა, რომ ფიზიკურად აძლიერებს, დადებით ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს და ხასიათსაც უყალიბებს. ამტანობა, დისციპლინა, ძალა, სიმტკიცე, გუნდური სულისკვეთება, ღირსება – ეს რაგბის სამყაროა. ფეხბურთი, კალათბურთი, ორთაბრძოლები (ძიუდო, კარატე) – ესეც ბიჭებისთვის. გოგოებს – მხატვრული ტანვარჯიში, იგივე ფიგურული ციგურაობა. თუმცა უმთავრესი მაინც თავად ბავშვის სურვილი, ხოლო მერე – მონაცემები და პერსპექტივა.
– ეგებ გაავლოთ პარალელები სპორტის სწავლების კუთხით საბჭოთა კავშირის პერიოდსა და დღევანდელობას შორის.
– პარალელი არანაირად არ გამოდის, უფრო პერპენდიკულარი. როცა მე ვსწავლობდი სკოლაში, მთელ კლასს ერთი სული გვქონდა, როდის მოვიდოდა ფიზკულტურის გაკვეთილის დღე. აუცილებელი მოთელვის და ტანვარჯიშის მერე ხან სიგრძეზე ხტომა გვქონდა, ხან სიმაღლეზე, ხან კალათბურთს ვთამაშობდით, ხან ფრენბურთს, რაიონული შეჯიბრებები, ათასი მსგავსი აქტივობები. სკოლაში აუცილებლად დაგვქონდა სპორტული სამოსი და ფეხსაცმელი.
ახლა ბავშვები სკოლაში რითიც მივლენ, იმ ტანსაცმლით გადიან სპორტის გაკვეთილს. ტრაგიკული მდგომარეობაა. თუ კარგი ამინდია, პედაგოგს ბავშვები გაჰყავს გარეთ, სპორტულ მოედანზე, აძლევს ბურთს, თავად მობილურზე საუბრობს და სიგარეტს აბოლებს, ბავშვები კი უსისტემოდ დარბიან აქეთ-იქით, დასდევენ ამ ბურთს და წარმოდგენაც არ აქვთ, თუ რას თამაშობენ. ანუ ძალიან დიდი ჩავარდნაა ამ მხრივ. ზომები სასწრაფოდაა მისაღები. მოშლილია ეს სეგმენტი. არადა, საუბარია ქვეყნის მომავალზე. პოლიკლინიკაში იმხელა რიგებია, ბავშვის მიყვანა შეგეშინდება, ემანდ რამე სხვა დაავადება არ დაემართოს. ნაკლებად ჯანმრთელი თაობები მოდის, სამწუხაროდ, რაც მედიცინის გარდა სპორტით შეიძლება მოგვარდეს.

სამეგრელოს საქმე

0
,,ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა,
ყველა ჩემი სამშობლოა, სამეგრელოს გარდა’’
დიახ, ჩვენ გვახსოვს და ეგებ გვიმღერია კიდეც ცნობილი ტექსტის ეს სამარცხვინო და სახიფათო ვარიაცია. იმ გაუაზრებელ და მრუმე წელიწადებში. არც ისე შორს – თვალისა და ფიქრის ახლო გაწვდენაზე. ასეთი სიმღერები უკვალოდ არ ჩაივლის, სადღაც რჩება: ან მოუხდელ ბოდიშად, სინდისი რომ გქენჯნის, ან სულაც, მეგრულად მოლაპარაკეთა შემხედვარე საგანგებოდ დაჭყანულ სახედ, უსინდისობა რომ ვერ შეაწუხებს. რადგან ასეთია. ასეთად გაზარდეს, მათ ვინც ტყვიებს ესროდა, აუპატიურებდა, ძარცვავდა თანამოქალაქეს. ადამიანს. ან თუნდაც: თანაუგრძნობდა ამ ლაშქრობებს. ბევრმა ეს ტკივილი გამოვტოვეთ. აი, მე, მაგალითად რამდენიმე დღის წინ, როცა ზვიად კვარაცხელია მმასპინძლობდა და დეტალებს მიყვებოდა, მართლა სიურეალისტური ფილმის სცენარი მეგონა აქამდე ათასჯერ განაგონი. არ და ვერ ვიჯერებდი. არადა, ხომ ვიცოდი, რომ თუნდაც ჩემს მეზობელსაც უმღერია ასე: ,,ყველა ჩემი სამშობლოა, სამეგრელოს გარდა’’. და ის, რომ ეს სიმღერა აადვილებს ტყვიების გამეტებას და მზერასაც ასხვაფერებს.
მოკლედ, რთული ამბავია. ასეთი ჭრილობების საქმე კი ორგვარად გვარდება – ან გაანალიზებით და მერე დისკუსიებით, ხან ჭრილობაზე მარილით და მერე გამოფხიზლებით. ან მეორე გზა  – უპირობო პატიება და ტაბუ.  ამ კუთხის მცხოვრებებმა აპატიეს ,,მომღერლებს’’ ,,სიმღერა’’.  იმაზე ადვილად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაიხსენეთ, იქით, ჩვენი დაუძინებელი ჩრდილოელი მოყვარის მცდელობები, თუნდაც უსაყრდენო სეპარატიზმის გასაღვივებლად. მაგრამ ამაოდ. და ვიცი, რომ სამუდამოდ ამაოდ. თუ მაინც რამე პოზიტიურის დანახვა გვინდა ოთხმოცდაათიანების შავ ქრონიკაში, ერთი ეს დასტურია: სამეგრელო საქართველოს ყველაზე მყარი ნაწილია.
აქ წერტილი დასვათ. და იგულისხმეთ ეს წერილი ჩემს ბოდიშად. ჩემი მეზობლის მაგივრად მოხდილ ბოდიშადაც და გასწორებულ სტრიქონებად: ,,ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო’’.. და ა.შ. და ა.შ.
პირველი, რაც სამეგრელოზე მახსენდება, გაგიკვირდებათ და დადიანების ბრწყინვალე მუზეუმი არ არის. ეს მარტვილის გზაა, განიერი მთები, მუხლებზე წეროების ბუდეებით.  ძნელია ამ გარემო-განწყობისთვის შედარებების დაძებნა. უმეტაფორო სილამაზეა. და მერე მეგრული ჯარგვალები. და ჩემთვის უცხო ენა, რომელსაც ისე ვხვდები, ოცამდე სიტყვის ცოდნაც მყოფნის. ანუ ჩემთვის უცხო ჩემი ენა. მერე უკვე დადიანების მუზეუმი. და მთელი ეს საგა მიუარატების. მერე ლამბერტი. ,,შემაშინებლად’’  მოვლილი ეზოები, მეგრული ყოფის აუცილებელი პროლოგი, იმთავითვე გულისხმობს განსხვავებულ დრამატურგიას, რომელსაც მერე სახლებში ხვდებით. სახლებიც ეგრე მოვლილი. ნივთებისადმი განსაკუთრებული ფეტიში. წყობა. აურა. ღომი. ელარჯი. გებჟალია. კულინარიის მარტივი და მიუწვდომელი მასშტაბები. მოკლედ, დიახაც, რომ ქებათა-ქებათა. ქება, რომლის ადრესატებზე უფრო წვრილად და კონკრეტულად მალე დავწერ.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...