შაბათი, ივლისი 4, 2026
4 ივლისი, შაბათი, 2026

იკუჯირო ნონაკას „ცოდნის შემქმნელი კომპანია“

0
იმ ეკონომიკაში, სადაც ერთადერთი უდავო ფაქტი ბუნდოვანებაა, გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობის საიმედო წყარო ცოდნაა. როცა ბაზრები იცვლება, ტექნოლოგიები ვრცელდება, კონკურენცია მრავალფეროვანი ხდება, ხოლო პროდუქტები ერთი ღამის განმავლობაში ძველდება, წარმატება ელით იმ კომპანიებს, რომლებიც ახალ ცოდნას ქმნიან, მას მთელ ორგანიზაციაში ავრცელებენ და მისი საშუალებით ახალ ტექნოლოგიებსა და პროდუქტებს აწარმოებენ. ეს აქტივობები განსაზღვრავს „ცოდნის შემქმნელ” კომპანიას, რომლის ერთადერთი ბიზნესი მუდმივი ინოვაციაა.
მიუხედავად „გონების ძალასა” და „ინტელექტუალურ კაპიტალზე” საუბრებისა, მენეჯერთაგან ცოტა თუ სწვდება ცოდნის შემქმნელი კომპანიის ჭეშმარიტ ბუნებას, რომ არაფერი ვთქვათ მისი მართვის ცოდნაზე. ეს იმიტომ, რომ მათ არასწორად ესმით ცოდნის არსი და არ იციან მისი გამოყენება.
ფრედერიკ ტეილორით დაწყებული, ჰერბერტ საიმონით დამთავრებული, დასავლური მენეჯმენტის ტრადიციებში გამეფებულია წარმოდგენა ორგანიზაციის როგორც „ცოდნის გადამამუშავებელი” მანქანის შესახებ. ამ წარმოდგენის თანახმად, ერთადერთი სასარგებლო ცოდნა ფორმალური და სისტემური ცოდნაა – თვლადი მონაცემები, კოდიფიცირებული პროცედურები, უნივერსალური პრინციპები. ასევე თვლადია ახალი ცოდნის ღირებულების საზომებიც – გაზრდილი ეფექტიანობა, მცირე დანახარჯები, ინვესტიციებიდან ამონაგების ზრდა.
არსებობს ცოდნასა და ორგანიზაციაში მისი როლის შესახებ სხვაგვარი მოსაზრებაც. მისი ილუსტრაციაა წარმატებული იაპონური კომპანიები Canon-ი, Matsushita, Sharp-ი და Kao. ამ კომპანიებმა სახელი გაითქვეს მომხმარებლის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირებით, ახალი ბაზრების შექმნით, ახალი პროდუქტების სწრაფი განვითარებით და ახალი ტექნოლოგიების დომინირებით. მათი წარმატების საიდუმლო ახალი ცოდნის შექმნის მართვისადმი მათივე გამორჩეულ მიდგომაშია. 
დასავლელი მენეჯერებისთვის იაპონური მიდგომა ხშირად უცნაური ან გაუგებარია. განვიხილოთ შემდეგი მაგალითები:
● როგორ შეიძლება, სლოგანი „ავტომობილის ევოლუციის თეორია” იქცეს ახალი ავტომობილის დიზაინის კონცეფციად? მიუხედავად ამისა, ეს ფრაზა დაედო საფუძვლად „ჰონდას” ინოვაციურ ქალაქის ავტომობილს Honda City-ს. 
● რატომ არის ლუდის თუნუქის ქილა პერსონალური ასლის გადამღების სასარგებლო ანალოგი? სწორედ ასეთი ანალოგი დაედო საფუძვლად „ქენონის” დიზაინის ფუნდამენტურ ცვლილებას – შეიქმნა რევოლუციური მინი-ასლგადამღები – პროდუქტი, რომელმაც დააარსა პერსონალური ასლგადამღების ბაზარი და გამოიწვია „ქენონის” მიგრაცია ფოტოკამერების სტაგნაციური ბიზნესიდან უფრო მოგებიან ოფისის ელექტრონულ აღჭურვილობაში.
● რა კონკრეტული მიმართულება შეიძლებოდა მიეცა სიტყვა „ელექტროოპტიკურს” კომპანიის პროდუქტის შემმუშავებელი ინჟინრებისთვის? ამ რუბრიკით „შარპმა” შექმნა ახალი ტექნოლოგიებისა და ბაზრების განმსაზღვრელი „საწყისი პროდუქტი”, ხოლო თვით „შარპი” მთავარ მოთამაშედ აქცია ბიზნესში, რომელიც ფერადი ტელევიზორებით იწყება და თხევადი კრისტალური მონიტორებით მთავრდება. 
სამივე შემთხვევაში იდუმალი სლოგანი, რომელიც დასავლელ მენეჯერს შესაძლოა სულელურადაც მოეჩვენოს და მისაღებად მიიჩნიოს სარეკლამო კამპანიისთვის და არა კომპანიის მართვისთვის, ფაქტობრივად ახალი ცოდნის შექმნის ძალზე ეფექტური ინსტრუმენტია. მენეჯერები აღიარებენ ინოვაციის იდუმალ-ინტუიციურ თავისებურებას. იაპონური კომპანიების ხელმძღვანელები ამ თავისებურებას საკუთარი კომპანიის, თანამშრომელთა და მომხმარებელთა სასარგებლოდ იყენებენ. 
იაპონური მიდგომის საფუძველი იმის აღიარებაა, რომ ახალი ცოდნის შექმნა ობიექტური ინფორმაციის უბრალო „გადამუშავება” როდია. პირიქით, ის ხშირად დამოკიდებულია იმპლიციტურ (და ხშირად ძალზე სუბიექტურ) ალღოზე, ინტუიციაზე და მის ტესტირებასა და გამოყენებაზე მთელი კომპანიის მიერ. ამ პროცესის გასაღებია პირადი თავდადება, თანამშრომლის მიერ საწარმოსა და მის მისიასთან იდენტობის განცდა. ამ თავდადებისა და იმპლიციტური ცოდნის მობილიზება და მათ საფუძველზე რეალური, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პროდუქტების შექმნა ისეთ მენეჯერებს მოითხოვს, რომლებიც ისევე კარგად ერკვევიან გამოსახულებებსა და სიმბოლოებში, როგორც ბაზრის წილის გაზომვასა და მწარმოებლობაში.
ცოდნისადმი კიდევ უფრო ჰოლისტური მიდგომით ხასიათდება მრავალი იაპონური კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხედულება: კომპანია არის არა მანქანა, არამედ ცოცხალი ორგანიზმი. ინდივიდის მსგავსად, მას შესაძლოა ჰქონდეს იდენტობის კოლექტიური განცდა და ფუნდამენტური მიზანი. ეს თვითცოდნის ორგანიზაციული ეკვივალენტია – გაზიარებული ცოდნა იმისა, რა არის ორგანიზაციისთვის მთავარი, საით მიემართება, როგორ სამყაროში სურს ცხოვრება და, რაც მთავარია, როგორ აქციოს სასურველი სამყარო რეალობად.
ამ თვალსაზრისით ცოდნის შემქმნელი კომპანია ისევე ზრუნავს იდეალებზე, როგორც იდეებზე. სწორედ ეს ფაქტი ასრულებს საწვავის როლს ინოვაციისთვის. ინოვაციის არსი ხომ სამყაროს თავიდან შექმნაა კონკრეტული ხედვის ან იდეალის შესაბამისად. ახალი ცოდნის შექმნა, სიტყვასიტყვით, კომპანიისა და მისი თანამშრომლების თავიდან შექმნაა პერსონალური და ორგანიზაციული თვითგანახლების მუდმივი პროცესის ფონზე. ცოდნის შემქმნელ კომპანიაში ახალი ცოდნის შექმნა არ არის სპეციალიზებული აქტივობა – კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის, მარკეტინგის ან სტრატეგიული დაგეგმვის კომპეტენციის სფერო. ის ქცევის წესია, მეტიც, არსებობის წესია, რომელშიც ყველა ცოდნის მუშაკია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეწარმე. 
მრავალმხრივია ის მიზეზები, რომელთა გამოც იაპონური კომპანიები ასე გამოირჩევიან მუდმივი ინოვაციებისა და თვითგანახლების მიმართულებით. თუმცა მენეჯერებისთვის მთავარი გაკვეთილი საკმაოდ მარტივია: მსოფლიოს მასშტაბით მრავალმა მეწარმემ ისწავლა იაპონური წარმოების ტექნიკა, მაგრამ ნებისმიერმა კომპანიამ, რომელსაც ცოდნის საფუძველზე კონკურენცია სურს, ცოდნის შექმნის იაპონური ტექნიკაც უნდა ისწავლოს. იაპონური კომპანიების გამოცდილება გვთავაზობს ცოდნის შემქმნელ კომპანიაში მენეჯერული როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილების, ორგანიზაციის დიზაინისა და ბიზნესპრაქტიკის წარმართვის ახლებურ გზებს. ეს ის მიდგომაა, რომელმაც ცოდნას თავისი ადგილი მიუჩინა: კომპანიის ადამიანური რესურსების სტრატეგიის ცენტრში.
ცოდნის სპირალი 
ახალი ცოდნა დასაბამს ინდივიდიდან იღებს. საუკეთესო მკვლევარი ისეთ რამეს სწვდება, რაც ორიგინალურ გამოგონებას უყრის საფუძველს. საშუალო რგოლის მენეჯერის მიერ ბაზრის ტენდენციების ინტუიციური ცოდნა ახალი მნიშვნელოვანი პროდუქტის კატალიზატორად იქცევა. მრავალწლიანი გამოცდილება მუშაკს პროცესის ინოვაციას კარნახობს. ამ შემთხვევებში ინდივიდის პერსონალური ცოდნა გარდაიქმნება ორგანიზაციულ ცოდნად, რომელიც მთელი კომპანიისთვის ღირებული ხდება.
ცოდნის შემქმნელი კომპანიისთვის მთავარი აქტივობაა პერსონალური ცოდნის ქცევა სხვებისთვის ხელმისაწვდომ ცოდნად. ეს ხდება მუდმივად და ორგანიზაციის ყველა დონეზე. ქვემოთ მოცემული მაგალითი გვიჩვენებს, რომ ამას ხშირად მოულოდნელი შედეგები მოჰყვება.
1985 წელს ოსაკაში Matsushita Electric Company-ის ახალი პროდუქტების შემმუშავებლები პურის სახლში გამოსაცხობი მანქანის შექმნას ცდილობდნენ. მათ ვერ მიაღწიეს, მანქანას „სწორად” მოეზილა ცომი. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, პურის ქერქი იწვებოდა, ხოლო გული გამოცხობას ვერ ასწრებდა. მუშაკები დაუღალავად იმტვრევდნენ თავს ამ პრობლემის გამო. მათ მანქანისა და პროფესიონალი ხაბაზის მიერ მოზელილი ცომი მრავალგვარი საშუალებით შეადარეს ერთმანეთს, მაგრამ საჭირო მონაცემებს ვერ მიაგნეს.
საბოლოოდ პროგრამული უზრუნველყოფის შემმუშავებელმა იკუკო ტანაკამ კოლეგებს პრობლემის შემოქმედებითი გადაჭრა შესთავაზა. ოსაკის საერთაშორისო სასტუმრო ცნობილი იყო როგორც ოსაკაში საუკეთესო პურის მცხობელი. ხომ შეიძლებოდა მისი მოდელად გამოყენება? ტანაკამ წვრთნა გაიარა სასტუმროს მთავარ ხაბაზთან, რათა ცომის მოზელის მისეული ტექნიკა შეესწავლა. ის მიხვდა, რომ ხაბაზი განსხვავებულად წელავდა (აბრტყელებდა) ცომს. პროექტის ინჟინრებთან ერთად ერთწლიანი ცდისა და შეცდომების შემდეგ ტანაკამ მიზანს მიაღწია. გამომგონებლებმა მანქანის შიგნით სპეციალური ბასრპირიანი ზოლები დაამონტაჟეს და ცომის გაწელვის ხაბაზისეული ტექნიკის წარმატებული რეპროდუქცია შექმნეს. შედეგი იყო Matsushita-ს უნიკალური „გრეხილი ცომის” მეთოდი და პროდუქტი, რომელმაც პირველივე წელს სამზარეულოს ელექტრომოწყობილობათა გაყიდვების რეკორდი დაამყარა.
იკუკო ტანაკას ინოვაცია თვალნათლივ ასახავს ცოდნის ორ განსხვავებულ ფორმას შორის მოძრაობას. ამ მოძრაობის საბოლოო წერტილი „ექსპლიციტური” ცოდნაა: პროდუქტის სპეციფიკაციები პურის საცხობი მანქანისთვის. ექსპლიციტური ცოდნა ფორმალური და სისტემურია. ამის გამო ადვილია მისი კომუნიკაცია და გაზიარება პროდუქტის სპეციფიკაციების, მეცნიერული ფორმულის ან კომპიუტერული პროგრამის სახით.
მაგრამ ტანაკას ინოვაციის ათვლის წერტილი სხვა სახის ცოდნაა, რომელიც ასე ადვილად არ გამოიხატება: იმპლიციტური („არადეკლარირებული”, ნაგულისხმევი) ცოდნა, რომელიც ოსაკის საერთაშორისო სასტუმროს მთავარ ხაბაზს ჰქონდა. იმპლიციტური ცოდნა ძალზე პიროვნულია. ძნელია მისი ფორმალიზება და, შესაბამისად, ძნელია მისი სხვებისთვის გაზიარება. ფილოსოფოს მაიკლ პოლანის სიტყვებით თუ ვიტყვით, „ჩვენ შეგსაძლოა ვიცოდეთ მეტი, ვიდრე გამოხატვა (თქმა) შეგვიძლია”. იმპლიციტურ ცოდნას ღრმად აქვს ფესვები გადგმული ქმედებაში და სპეციფიკური კონტექსტისადმი ინდივიდის პასუხისმგებლობებში – ხელოსნობა და პროფესია, კონკრეტული ტექნოლოგია თუ საქონლის ბაზარი, სამუშაო ჯგუფის ან გუნდის აქტივობები.
იმპლიციტური ცოდნა ნაწილობრივ ტექნიკური უნარ-ჩვევებისგან შედგება. ეს არის გარკვეულწილად არაფორმალური, ძნელად დასაკავშირებელი უნარები, რომლებიც გამოიხატება სიტყვით „know-how”. ოსტატი მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად აგროვებს პროფესიულ ცოდნას, რომელიც მისი „თითის წვერებშია” მოქცეული, თუმცა ხშირად არ ძალუძს ჩამოაყალიბოს საკუთარი ცოდნის მეცნიერული და ტექნიკური პრინციპები.
იმავდროულად, იმპლიციტურ ცოდნას მნიშვნელოვანი კოგნიტური საზომი აქვს. ის შედგება გონებრივი მოდელებისგან, შეხედულებებისგან, პერსპექტივისგან, რომელიც ისეა ფესვგადგმული, რომ მას ვიღებთ როგორც ბუნებრივს, განუყოფელს, თავისთავადს და, შესაბამისად, ადვილად და ზუსტად ვერ ვაყალიბებთ. სწორედ ამის გამო ასეთი იმპლიციტური მოდელები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჩვენ მიერ გარესამყაროს აღქმას.
იმპლიციტურ და ექსპლიციტურ ცოდნას შორის განსხვავება ნებისმიერ ორგანიზაციას ცოდნის შექმნის ოთხ ძირითად მოდელს სთავაზობს. 
იმპლიციტურიდან იმპლიციტურისკენ. ზოგჯერ ერთი ინდივიდი იმპლიციტურ ცოდნას უშუალოდ უზიარებს მეორეს. მაგალითად, იკუკო ტანაკა შეგირდად უდგება ოსაკის საერთაშორისო სასტუმროს მთავარ ხაბაზს, მის იმპლიციტურ უნარებს დაკვირვების, იმიტაციისა და პრაქტიკის გზით სწავლობს. ეს ყველაფერი თვით მისი იმპლიციტური ცოდნის ნაწილი ხდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის ხელობაში „სოციალიზდება”. 
თავისთავად სოციალიზაცია ცოდნის შექმნის ერთობ შეზღუდული ფორმაა. მართალია, შეგირდი სწავლობს ოსტატის უნარებს, მაგრამ არც შეგირდს და არც ოსტატს არ უყალიბდებათ ხელობის ცოდნის შესახებ სისტემური ხედვა. რაკი მათი ცოდნა ვერასოდეს გახდება ექსპლიციტური, ის ვერ იქნება მარტივი ბერკეტი მთელი ორგანიზაციისთვის. 
ექსპლიციტურიდან ექსპლიციტურისკენ. ინდივიდს შეუძლია ექსპლიციტური ცოდნის ცალკეული ნაწილების გაერთიანება ერთ მთლიანად. მაგალითად, როცა კომპანიის ბუღალტერი თავს უყრის მთელი ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას და მის საფუძველზე ქმნის ფინანსურ ანგარიშს, მისი ანგარიში ახალი ცოდნაა იმ გაგებით, რომ ის ახდენს მრავალი სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის სინთეზს. თუმცა ეს კომბინაცია არ აფართოებს კომპანიის არსებული ცოდნის ბაზას. 
Matsushita-ს მაგალითზე იმპლიციტური და ექსპლიციტური ცოდნის ურთიერთქმედების შედეგად რაღაც განსაკუთრებული ხდება. სწორედ იმპლიციტური და ექსპლიციტური ცოდნის ამგვარი ურთიერთგაცვლით არიან იაპონური კომპანიები გამორჩეულნი.
იმპლიციტურიდან ექსპლიციტურისკენ. როცა იკუკო ტანაკა შეძლებს პურის ცხობის შესახებ საკუთარი იმპლიციტური ცოდნის საფუძვლების ჩამოყალიბებას, მისი ცოდნა ექსპლიციტურად გადაიქცევა და შესაძლებელი იქნება მისი გაზიარება. კიდევ ერთ მაგალითად გამოგვადგება ბუღალტერი, რომელიც, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი კომპანიის ჩვეულებრივი ფინანსური გეგმა მოამზადოს, წლების განმავლობაში გამომუშავებული საკუთარი იმპლიციტური ცოდნის საფუძველზე ქმნის ბიუჯეტის კონტროლისადმი ინოვაციურ მიდგომას.
ექსპლიციტურიდან იმპლიციტურისკენ. როცა ორგანიზაცია გაიზიარებს ახალ ექსპლიციტურ ცოდნას, თანამშრომლები გაითავისებენ მას, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ამ ცოდნას საკუთარი იმპლიციტური ცოდნის გასაფართოებლად, გასაღრმავებლად და ხელახლა შესაქმნელად იყენებენ. ბუღალტრის მომზადებული ანგარიში კომპანიის ფინანსური კონტროლის სისტემის გადასინჯვის მიზეზად იქცევა. სხვა თანამშრომლები ინოვაციას იყენებენ და საბოლოოდ მას ისე უდგებიან, როგორც თავისთავადს, როგორც საკუთარი გამოცდილებით მოპოვებული ინსტრუმენტებისა და რესურსების ნაწილს, რომელიც აუცილებელია სამუშაოს შესასრულებლად.
ცოდნის შემქმნელ ორგანიზაციაში ოთხივე პატერნი დინამიკურ ურთიერთქმედებაშია და ცოდნის ერთგვარ სპირალს ქმნის. მივუბრუნდეთ იკუკო ტანაკას მაგალითს: 
1. ის სწავლობს იმპლიციტურ საიდუმლოებებს ოსაკის საერთაშორისო სასტუმროს ხაბაზისგან (სოციალიზაცია).
2. ის ამ საიდუმლოებებს გადააქცევს ექსპლიციტურ ცოდნად, რომელიც შეუძლია გაუზიაროს (დაანაწევროს, ჩამოაყალიბოს) საკუთარი გუნდის წევრებს.
3. გუნდი ახდენს ამ ცოდნის სტანდარტიზაციას და მას პროდუქტის შექმნის სახელმძღვანელოდ იყენებს (კომბინაცია).
4. საბოლოოდ, ახალი პროდუქტის შექმნის გამოცდილების საფუძველზე, ტანაკა და მისი გუნდის წევრები იმდიდრებენ საკუთარი იმპლიციტური ცოდნის ბაზას (გათავისება). კერძოდ, ისინი ძალზე ინტუიციურად აცნობიერებენ, რომ ისეთი პროდუქტები, როგორიც არის პურის სახლში გამოსაცხობი მანქანა, შესაძლებელია ძალზე მაღალხარისხოვანი იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მანქანამ ისეთივე კარგი პური უნდა გამოაცხოს, როგორსაც პროფესიონალი ხაბაზი აცხობს. 
აქედან იწყება ცოდნის სპირალის ახალი, თუმცა ამჯერად უფრო მაღალი წრე. პურის სახლში საცხობი მანქანის შექმნისას წარმოშობილი ახალი იმპლიციტური ცოდნა არაფორმალური გზით გადაეცემა Matsushita-ს სხვა თანამშრომლებს. ისინი იყენებენ მას Matsushita-ს სხვა პროდუქტებისთვის (სამზარეულოს ელექტრომოწყობილობები, აუდიოვიზუალური ტექნიკა და სხვ.) ხარისხის ეკვივალენტური სტანდარტების შესაქმნელად. ამგვარად, ორგანიზაციის ცოდნის ბაზა მდიდრდება.
ჩამოყალიბება/დანაწევრება (იმპლიციტური ცოდნის გარდაქმნა ექსპლიციტურ ცოდნად) და გათავისება (ექსპლიციტური ცოდნის გამოყენება ინდივიდის იმპლიციტური ცოდნის ბაზის გასაფართოებლად) ცოდნის ამ სპირალის უმნიშვნელოვანესი საფეხურებია. ეს იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში საჭიროა „მე”-ს აქტიური მონაწილეობა, ანუ პიროვნული ვალდებულება. იკუკო ტანაკას გადაწყვეტილება, საკუთარი თავი ოსტატი ხაბაზის შეგირდად ექცია, ამგვარი ვალდებულების ერთ-ერთი მაგალითია. სწორედ ასევე, როცა ბუღალტერი უბრალოდ კი არ „ჩაყრის” ციფრებს ჩვეულებრივ ფინანსურ გეგმაში, არამედ აყალიბებს/ანაწევრებს საკუთარ იმპლიციტურ ცოდნას და მას ინოვაციად აქცევს, მისი იდენტობა უშუალოდ პროცესის მონაწილე ხდება.
მართლაც, რაკი იმპლიციტური ცოდნა მოიცავს გონებრივ მოდელებს, შეხედულებებსა და „ნოუ ჰაუს”, იმპლიციტური ცოდნიდან ექსპლიციტურზე გადასვლა, ფაქტობრივად, სამყაროს ინდივიდისეული ხედვის ჩამოყალიბების პროცესია – რა არის და რა უნდა იყოს. როცა მუშაკი ახალ ცოდნას ქმნის, ის, იმავდროულად, ხელახლა ქმნის საკუთარ თავსაც, კომპანიასაც და თვით სამყაროსაც.
როცა მენეჯერი ამას აცნობიერებს, ის ხვდება, რომ ცოდნის შემქმნელი კომპანიის მართვის ინსტრუმენტები სრულიად არ ჰგავს დასავლური კომპანიების უმრავლესობის მართვის ინსტრუმენტებს.
 
მეტაფორიდან მოდელამდე
იმპლიციტური ცოდნის ექსპლიციტურ ცოდნად „კონვერტაცია” (გარდაქმნა) ნიშნავს გამოუხატავის გამოხატვის გზების მოძებნას. სამწუხაროდ, მენეჯმენტის ეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი ხშირად უგულებელყოფილია: ეს არის ხატოვანი ენისა და სიმბოლიზმის მარაგი, რომლის გამოყენებაც მენეჯერებს შეუძლიათ საკუთარი ინტუიციისა და ხედვის გამოსახატავად. იაპონურ კომპანიებში ეს მასტიმულირებელი და ზოგჯერ ძალზე პოეტური ენა განსაკუთრებით თვალსაჩინოა პროდუქციის შექმნისას. 
1978 წელს „ჰონდამ” წამოიწყო ახალი კონცეფციის მანქანის შექმნა. სლოგანად გამოიყენა „მოდი, გავრისკოთ” (Let’s gamble). ფრაზა გამოხატავდა ტოპ (უმაღლესი) მენეჯერების შეხედულებას, რომ „ჰონდა”-ს Civic და Accord მოდელები მეტისმეტად ცნობილი ხდებოდა. მენეჯერებმა ისიც გააცნობიერეს, რომ ავტომობილების ბაზარზე ომისშემდგომი ახალი თაობის შესვლასთან ერთად პროდუქტის დიზაინერთა ახალი თაობა არატრადიციულ იდეებს მოიტანდა იმის თაობაზე, თუ როგორია კარგი მანქანა.
ბიზნესგადაწყვეტილებებს, რომლებიც სლოგან Let’s gamble-ს მოჰყვა, ახალი პროდუქციის შემქმნელი ახალგაზრდა ინჟინრებისა და დიზაინერების გუნდი იღებდა, რომელთა საშუალო ასაკი 27 წელი იყო. უმაღლესმა მენეჯმენტმა გუნდს მხოლოდ ორი მითითება მისცა: შეემუშავებინათ პროდუქტის კონცეფცია, რომელიც ძირეულად განსხვავებული იქნებოდა იმისგან, რაც კომპანიას ოდესმე გაეკეთებინა და მეორე – შეექმნათ მანქანა, რომელიც არ იქნებოდა ძვირი, მაგრამ არც იაფი.
ეს მისია, ერთი შეხედვით, ბუნდოვანი ჩანდა, მაგრამ გუნდს, ფაქტობრივად, მკაფიო მიმართულება მისცა. მაგალითად, პროექტის დაწყების პირველ დღეებში გუნდის რამდენიმე წევრმა წამოაყენა Honda Civic-ის მომცრო და უფრო იაფი ვერსიის შექმნის იდეა, რომელიც უსაფრთხო და ტექნოლოგიურად მისაღები (შესაძლებელი) ვარიანტი იქნებოდა. თუმცა, გუნდი მალევე მიხვდა, რომ ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგებოდა მისიის მთლიან არსს. ერთადერთი გამოსავალი იყო რაღაც სრულიად ახლის მოფიქრება. 
პროექტის გუნდის ლიდერმა ჰირო ვატანაბემ განსხვავებული სლოგანი მოიფიქრა, რათა გამოეხატა გუნდის ამბიციური გამოწვევა: „ავტომობილის ევოლუციის თეორია” (Theory of Automobile Evolution). ფრაზა აღწერდა იდეალს. არსებითად, ის სვამდა კითხვას: ავტომობილი რომ ცოცხალი ორგანიზმი იყოს, როგორ განვითარდებოდა? ვატანაბეს მიერ შეთავაზებული სლოგანის მნიშვნელობაზე მსჯელობისას გუნდმა ახალი სლოგანის სახით იპოვა პასუხი: „ადამიანი – მაქსიმუმი, მანქანა – მინიმუმი”. მან მოიცვა გუნდის წარმოდგენა იმის შესახებ, რომ იდეალურმა ავტომობილმა გარკვეულწილად უნდა გადალახოს ტრადიციული ურთიერთობა – ადამიანი-მანქანა. მაგრამ ასეთი მიდგომა მოითხოვდა, ეჭვქვეშ დაეყენებინათ ის, რასაც ვატანაბე „დეტროიტულ აზროვნებას” (the reasoning of Detroit) უწოდებდა და რასაც მსხვერპლად ეწირებოდა მანქანის „გარეგნობა”. გუნდის მიერ შექმნილ „ევოლუციურ” მიმართულებას, საბოლოოდ, სფეროს სახით შეესხა ხორცი – მანქანა ერთსა და იმავე დროს „მოკლეც” იყო და „მაღალიც”. ასეთი მანქანა, მათი აზრით, უფრო მსუბუქიც იქნებოდა და იაფიც, მაგრამ, იმავდროულად, უფრო კომფორტულიც, სოლიდურიც და ტრადიციულ მანქანებთან შედარებით გამძლეც. სფეროსებურმა ფორმამ უფრო მეტი ადგილი „შესთავაზა” მგზავრს და, ამავე დროს, ნაკლები სივრცე „მოითხოვა” გზაზე. რაც მთავარია, ასეთმა ფორმამ მინიმუმამდე შეამცირა ძრავისა და სხვა მექანიკური სისტემებისთვის საჭირო სივრცე. ამგვარად შეიქმნა პროდუქტის კონცეფცია, რომელსაც გუნდმა „მაღალი ბიჭი” (Tall Boy) უწოდა და რომელიც, საბოლოოდ, Honda City-ს – კომპანიის გამორჩეული ქალაქური ავტომობილის – წინაპრად იქცა. 
„მაღალი ბიჭის” კონცეფცია რადიკალურად ეწინააღმდეგებოდა ტრადიციულ წარმოდგენას ავტომობილის დიზაინის – გრძელი, დაბალი სედანის – შესახებ. City-ს რევოლუციური სტილი და ტექნიკური აგებულება დროს უსწრებდა. მანქანა იაპონურ ავტომრეწველობაში დიზაინის სრულიად ახალი სიტყვა იყო. ის ეფუძნებოდა კონცეფციას „ადამიანი – მაქსიმუმი, მანქანა – მინიმუმი”, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამჟამად იაპონიაში ძალზე გავრცელებული „მაღალი და მოკლე” მანქანების ახალ თაობას.
Honda City-ს ისტორია გვიჩვენებს, როგორ იყენებენ იაპონური კომპანიები ხატოვან ენას კომპანიის საქმიანობის ყველა დონეზე და პროდუქტის შექმნის პროცესის ყველა ფაზაში. ის ასევე ცხადყოფს ხატოვანი ენის მრავალგვარობას და მის გამორჩეულ როლს. 
ხატოვანი ენის ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფორმაა მეტაფორა. „მეტაფორა” მხოლოდ გრამატიკულ სტრუქტურას ან ალეგორიას არ გულისხმობს. ის აღქმის განსხვავებული მეთოდია. ერთგვარი ხერხია სხვადასხვა კონტექსტში დამკვიდრებული და განსხვავებული გამოცდილების მქონე ინდივიდებისთვის, რომელიც მათ წარმოსახვისა და სიმბოლოების გამოყენებით, ანალიზისა და განზოგადების დაუხმარებლად, ინტუიციურად რაღაცის გაგებაში ეხმარება. მეტაფორების საშუალებით ადამიანები ახლებურად უყრიან თავს იმას, რაც იციან და იწყებენ იმის გამოხატვას, რაც იციან, მაგრამ ჯერ ვერ ამბობენ. ამ თვალსაზრისით, მეტაფორა ძალზე ეფექტურად უწყობს ხელს ცოდნის შექმნის ადრეულ ეტაპებზე შემოქმედებითი პროცესებისადმი ვალდებულების გრძნობის ჩამოყალიბებას.
მეტაფორა ამას აღწევს გამოცდილების ორი განსხვავებული სფეროს შერწყმით ერთ ტევად ხატად ან სიმბოლოდ, რაც ლინგვისტმა და ფილოსოფოსმა მაქს ბლეკმა (Max Black) ოსტატურად აღწერა როგორც „ორი იდეა ერთ ფრაზაში”. ერთი შეხედვით, მხოლოდ შორეული კავშირის მქონე ორ საგანს შორის კავშირის დამყარებით მეტაფორა იწვევს უთანხმოებასა და კონფლიქტს. ხშირად მეტაფორულ ხატებს მრავალი მნიშვნელობა აქვს, ლოგიკურად წინააღმდეგობრივი ან ირაციონალურიც კი გვეჩვენება. თუმცა ეს მათი ნაკლი კი არა, უდიდესი ღირსებაა. სწორედ ის კონფლიქტი, რომელსაც მეტაფორა განასახიერებს, უყრის საფუძველს ნახტომისებრი შემოქმედებითი პროცესის დაწყებას. როცა თანამშრომლები ცდილობენ, რაც შეიძლება მკაფიოდ განსაზღვროს მეტაფორით გადმოცემული აზრი, ისინი ათანხმებენ წინააღმდეგობრივ მნიშვნელობებს. ეს პირველი ნაბიჯია იმპლიციტურის ექსპლიციტურად გადაქცევის გზაზე. 
განვიხილოთ ჰირო ვატანაბესეული სლოგანის მაგალითი: „ავტომობილის ევოლუციის თეორია”. როგორც ყველა კარგი მეტაფორა, ისიც მოიცავს ორ ისეთ იდეას, რომლებიც თითქოსდა შეუსაბამოა – ავტომობილი, რომელიც მანქანაა და ევოლუციის თეორია, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებზე მიგვანიშნებს. მიუხედავად ამისა, ეს წინააღმდეგობრიობა წარმატებული პლატფორმაა იდეალური მანქანის თავისებურებების შესახებ ფიქრისთვის. 
მართალია, მეტაფორა სასხლეტის როლს ასრულებს ცოდნის შექნის პროცესისთვის, მაგრამ საქმის ბოლომდე მისაყვანად ის არ კმარა. მომდევნო ნაბიჯი ანალოგიაა. თუკი მეტაფორა უმეტესწილად ინტუიციის საფუძველზე იქმნება და ერთმანეთთან აკავშირებს ერთი შეხედვით შორეულ ხატებს (წარმოდგენებს), ანალოგია წინააღმდეგობათა შეთანხმების და განსხვავებათა დადგენის უფრო სტრუქტურირებული პროცესია. სხვაგვარად თუ ვიტყვით, მეტაფორაში გაერთიანებული წინააღმდეგობების ჰარმონიზაცია ანალოგიის საშუალებით ხდება. ამ თვალსაზრისით, ანალოგია შუალედური ნაბიჯია ჭეშმარიტ წარმოსახვასა და ლოგიკურ აზროვნებას შორის. 
შესაძლოა, ანალოგიის საუკეთესო მაგალითი იყოს „ქენონის” მიერ შექმნილი რევოლუციური მინი-ასლგადამღები. „ქენონის” დიზაინერებმა იცოდნენ, რომ კარგი ასლგადამღები საიმედო უნდა ყოფილიყო. საიმედოობის უზრუნველსაყოფად მათ გადაწყვიტეს, ადვილად მოსახსნელი და დასამაგრებელი გაეხადათ ასლგადამღების შუქმგრძნობიარე დოლურა – სწორედ ეს იყო ექსპლუატაციის პრობლემათა 90%-ის წყარო. ამისთვის დოლურა იაფი და ადვილად მოსახმარი უნდა ყოფილიყო. როგორ უნდა შეექმნათ ასეთი დოლურა?
პრობლემის გასაღები იმ დღეს იპოვეს, როცა გუნდის ლიდერმა ჰიროში ტანაკამ ყველასათვის ლუდი შეუკვეთა. თანამშრომლები ლუდს სვამდნენ და თან დიზაინის საკითხებზე მსჯელობდნენ. ტანაკას ხელში ეჭირა ლუდის ლითონის ქილა და ხმამაღლა ფიქრობდა: „რა ღირს ამ ქილის წარმოება?” ამ კითხვამ გუნდი დააფიქრა იმაზე, შესაძლებელი იყო თუ არა, ლუდის ალუმინის ქილის წარმოების პროცესი ასლგადამღების ალუმინის დოლურას საწარმოებლად გამოეყენებინათ. იმის გარკვევისას, რამდენად ჰგავდა სინამდვილეში დოლურა ლუდის ქილას, მინი-ასლგადამღების შემქმნელმა გუნდმა მიაგნო ტექნოლოგიას, რომელიც ასლგადამღების ალუმინის დოლურას დაბალ ფასად წარმოების საშუალებას იძლეოდა.
დაბოლოს, ცოდნის შექმნის პროცესში უკანასკნელი ნაბიჯია რეალური მოდელის შექმნა. მოდელი, რომელიც უფრო ადვილად მისახვედრი და დამაჯერებელია, ვიდრე მეტაფორა ან ანალოგია. მოდელში წინააღმდეგობები აღარ გვაქვს და კონცეფციები ემორჩილება თანმიმდევრულ და სისტემატურ ლოგიკას. ოსაკის საერთაშორისო სასტუმროში პურის ხარისხის სტანდარტი დაეხმარა Matsushita-ას გუნდს, პურის სახლში საცხობი მანქანის შესაბამისი სპეციფიკაციები შეემუშავებინა. სფეროს გამოსახულებამ Honda-ს „მაღალი ბიჭის” კონცეფცია შეაქმნევინა.
რა თქმა უნდა, ისეთი ტერმინების გამიჯვნა, როგორებიცაა „მეტაფორა”, „ანალოგია” და „მოდელი”, სინამდვილეში ძალზე რთულია; შესაძლოა, პროდუქტის შექმნის პროცესში ერთსა და იმავე ფაზაში ერთზე მეტი ტერმინი იყოს ჩართული. მიუხედავად ამისა, ეს სამი ტერმინი მოიცავს პროცესს, რომლის საშუალებით ორგანიზაცია იმპლიციტურ ცოდნას ექსპლიციტურად გადააქცევს ხოლმე: თავდაპირველად – მეტაფორის საშუალებით წინააღმდეგობრივი საგნებისა და იდეების დაკავშირებით, შემდეგ – ანალოგიის საშუალებით ამ წინააღმდეგობათა გადაჭრით, დაბოლოს – შექმნილი კონცეფციების კრისტალიზებით და მოდელში მათი ხორცშესხმით, რაც ცოდნას კომპანიის ყველა დანარჩენი წევრისთვის ხელმისაწვდომს ხდის.

როგორ გამოვიყენოთ კროსენსი გაკვეთილზე

0

ადამიანის აზროვნება უნიკალურია, ის გამუდმებით ახლის ძიებაშია და ამ აზრების „დალაგებაში” გამოისახება კიდეც ჭეშმარიტი ცოდნის ორიენტირები, ახალი აზრები და იდეები. მათი ფორმირება ძირითადად სასკოლო ასაკში ხდება, ამიტომ სწავლების პროცესში მთელი რიგი თავისებურებების გათვალისწინებაა საჭირო.

ისტორიის საგნის სწავლებისა და ისტორიული ცოდნის ფორმირების პროცესში ყურადსაღებია, რომ ისტორიამ, როგორც „მეცნიერებამ წარსულის შესახებ”, სამუდამოდ „იტვირთა” ფაქტებისა და მოვლენების შეფასების, ჰიპოთეზებისა და მტკიცებულებების წამოყენების, ობიექტურობისა და სუბიექტივიზმის გამოვლენის, შეხედულებებისა და კომენტარების გადმოცემის როლი, მაგრამ, ამასთანავე, ყოველთვის გვიჩნდება სურვილი, ვიპოვოთ ის კონკრეტული სივრცე, სადაც ამ როლს იგი ყველაზე ეფექტურად განახორციელებს, ადამიანური აზრების ფორმირებისა და განვითარებისთვის ყველაზე ოპტიმალური იქნება და ისტორიული ცოდნის ლაბირინთებშიც სწორ გზას გვაპოვნინებებს. ასწავლო მოსწავლეს ამ ლაბირინთში სწორად ორიენტაცია და მისცე გასასვლელი გზის ძიებისა და არჩევანის თავისუფლება, შეცდომების დანახვისა და შეფასების აუცილებლობა, ნიშნავს მისცე მოსწავლეს ისტორიული რეალობის მოდელირების მექანიზმი.

დღეისათვის მოსწავლეთა უმრავლესობა საკმოდ ადრეულ ასაკში ახერხებს ვირტუალური რეალობის მოდელირებას: თამაშობენ რა ფანტაზიების სამყაროში, ისინი ქმნიან გმირებს, იარაღებს, არმიებს, ქალაქებსა და სახელმწიფოებს და ეს ყველაფერი მათ შინაგან სამყაროზეც აისახება. მაგრამ ისტორიული რელობის ცოდნამ შეიძლება კიდევ უფრო მეტი მასალა მისცეს მოსწავლეს ასეთი მოდელირებისთვის, წარმოსახვის განვითარებისთვის, რადგანაც ისტორიული ცოდნაა ის საფუძველი, რომელიც ადამიანური ცხოვრების კანონზომიერებას და სპეციფიკას ყველაზე მეტად გვამცნობს და გვიჩვენებს; იგი თავის თავში მოიცავს ადამიანთა ასეულობით წლის გამოცდილებას, რომელსაც ზედმეტი დოგმატიკისგან თუ გავათავისუფლებთ, კარგ საფუძველს მივიღებთ შემოქმედებითი უნარებისა და თვითგამოხატვის განვითარებისთვის. და მთავარი ისევ იმ სივრცის პოვნაა, რომელშიც შემოქმედებით ექსპერიმენტს ჩავატარებთ და მივალთ არა მხოლოდ უბრალოდ რეალურობის გადმოცემასთან, ასახვასთან, არამედ ახალი ცოდნის აღმოჩენასთან, სამყაროს აღქმის ალტერნატიულ გზასთან. ასეთ სივრცეს ხელოვნება გვთავაზობს წარმოსახვითი ანუ ვიზუალური ხატის/სახის/სიმბოლოს სახით.

აღსანიშნავია, რომ განათლების მეცნიერებაში ცნება „სახეს” უმეტესად მეორეხარისხოვანი როლი აკისრია, მაგრამ თუ სიტყვის შინაარსს დავუკვირდებით, მივხვდებით, რომ ის მიუთითებს ნათლით ავსებაზე ანუ პიროვნების სახის/ხატის გა-ნათლებაზე. და მართლაც, თავისი შინაარსით სკოლა უდიდეს როლს ასრულებს ბავშვის შემეცნებითი სამყაროს განვითარებაში: მოზრდილობაშიც კი ადამიანი მეტწილად სასკოლო ასაკში დაგროვებული წარმოსახვებით საზრდოობს და იმდროინდე

ლი მაგალითებით მიჰყვება ცხოვრების გზას, ამიტომ არ შეიძლება სათანადოდ არ შევაფასოთ სახე/ხატის პედაგოგიური მნიშვნელობა.

წარმოსახვა მჭიდრო კავშირშია ასოციაციასთან, რამდენადაც ის „გადაიქცევა” აზრებად. ემოციების მოზღვავების მიზეზი კი ბევრი რამ შეიძლება იყოს: სიტყვა/ტექსტი, გამოსახულება, ხმა, ვიდეო და სხვ.

ისტორული მოღვაწის გამოსახულება, ხატი/სახე ყველაზე ხშირად ინფორმაციას ეფუძნება, ხოლო სახელმწიფოს სახე/ხატი – ცოდნას მის მმართველებზე, პოლიტიკაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაზე და ა.შ. იგივე ხდება, როცა საუბარია ეპოქებზე, პერიოდებზე. ცხადია, რომ ასეთი სახე/ხატების ვიზუალურ აღქმას უდიდესი საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ გზით გაცილებით „ნათლად” დავინახავთ შესასწავლი მასალის შინაარსს.

როგორც წესი, სახელმძღვანელოებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ვიზუალურ მასალას და არც ისაა სადავო, რომ ტექსტი ისტორიის შესწავლისთვის ამოსავალი წერტილია, მაგრამ მასალის ვიზუალიზაცია ინფორმაციის აღქმის „ყველა არხს” ხსნის და მასალა ამის წყალობით გაცილებით უკეთ გვამახსოვრდება.

მაგალითად, ისტორიის შესწავლისას ვიზუალურ მასალად შეგვიძლია გამოვიყენოთ პლაკატები (სურ. 1):




მოცემული მასალის საფუძველზე შესასრულებელი დავალება შესაძლოა ასეთი შინაარსისა იყოს: განსაზღვრეთ, რომელი მოვლენები დაედო საფუძვლად ამ პლაკატებს.

პლაკატებს შესაფერისი აზრობრივი დატვირთვა აქვს და ისინი მთელი რიგი ისტორიული მოვლენების კრებითი სახეა, რომელშიც ასახულია თანამედროვეთა დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენების მიმართ.

კიდევ უფრო დიდია მოთხოვნილება მასალის ვიზუალიზაციისა სამოქალაქო განათლების სფეროში, როდესაც ყველა ცნება თითქმის „დახატვას” და სურათებად წარმოსახვას ითხოვს.

მასალის ვიზუალიზაციის, სახე/ხატი/სიმბოლოს გახსნის საუკეთესო ხერხია კროსენსზე მუშაობა. კროსენსი (ავტორები – ს. ფედინი და ვ. ბუსლენკო, 2002 წ.) „აზრების ჩამოთვლას” („ჩამოვთვალოთ აზრები”) ნიშნავს, რაც კროსვორდის (ინგლ. „სიტყვების ჩამონათვალი”) ანალოგიურია.

რას ნიშნავს „აზრების ჩამონათვალი”?

განვიხილოთ მაგალითი: ქართული ენის მართლწერისა და კითხვის წესების შესაბამისად, ტექსტი იკითხება მარცხნიდან მარჯვნივ და ზემოდან ქვემოთ. ამის მიხედვით შევეცადოთ „ვიზუალური აზრების” ანუ სურათების ჩამოთვლას/დასახელებას (სურ. 2):






პირველი ნაბიჯი იქნება „მოსწავლე”; მეორე – ვიპოვოთ, რა აკავშირებს მას მომდევნო სურათთან. მის გვერდით „გემია”, მერე – „ვეფხვი” , დაბლა „ქვიშის საათია”, მას მოსდევს „ხე – წელიწადის ოთხი დრო” და ბოლოს – აღდგომის სიმბოლო. ესაა ასოციაცია „მოძრაობაზე” – სურათზე ყველაფერი მოძრაობასთან (მათ შორის – დროის მოძრაობასთან) არის დაკავშირებული. უბრალო ასოციაციური სურათით აზრების მთელი წყება გამოვხატეთ და ესაა კროსენსიც.

კროსენსი ძირითადად წარმოადგენს რამდენიმეუჯრიან (მეტწილად – 6-9-12- უჯრიან) ცხრილს სხვადასხვა თემაზე. საჭიროა ასოციაციური კავშირის დადგენა მეზობელ სურათებს შორის ანუ გამოსახულებები ისე უნდა განვათავსოთ, რომ ყველა სურათს ჰქონდეს კავშირი წინასა და მომდევნოსთან, თუმცა ცენტრალური გამოსახულება ერთდროულად რამდენიმესაც შეიძლება უკავშირდებოდეს. კავშირები იქნებ სიღრმისეული არც იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ავითარებს ლოგიკურ და შემოქმედებით აზროვნებას.

რისთვის უნდა შევქმნათ კროსენსი? მისი მეშვეობით შეიძლება ნებისმიერი ისტორიული ფიგურა განვიხილოთ რამდენიმე კუთხით. მაგალითად, სხვადასხვანაირად გადმოვცეთ ვახტანგ გორგასლის ან ჰანიბალის ისტორია – როგორც პოლიტიკოსებისა და პიროვნებების, ან მხედართმთავრების. შეგვიძლია, ამ გზით შევადაროთ მსოფლიო ომებიც, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მოვლენებიც, მეცნიერებების სხვადასხვა მხარე და ა.შ. მთავარი ისაა, რომ ამ გზით მოსწავლეებს უვითარდებათ კომპლექსური ხედვა. კროსენსი ხელს უწყობს ფაქტობრივი ცოდნის განვითარებას, კონკრეტული ფაქტისა და კონკრეტული თემატიკის ცოდნას.
ყველა კროსენს საერთო ალგორითმი უდევს საფუძვლად:

  • თემატიკის განსაზღვრა, საერთო იდეები;
  • 6-8-9 ელემენტის გამოყოფა, რომლებსაც აქვთ საერთო ეპოქასთან, იდეასთან, თემასთან;
  • ელემენტებს შორის კავშირის, რიგითობის დადგენა;
  • ცენტრალურ ელემენტზე ორიენტირება;
  • ძირითადი დამახასიათებელი ნიშნების გამოხატვა;
  • გამოსახულების შერჩევა;
  • ასოციაციური ხატის, სიმბლოს წინ წამოწევა;
  • ასოციაციური კავშირის აგება ელემენტებისთვის დამახასიათებელი თვისებების მიხედვით;
  • ცოდნის ახალ დონეზე ასვლა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კროსენსის დროს ჯერ სიტყვებით ვავასებთ ყველა უჯრას და მერე ვცვლით მათ გამოსახულება/სიმბოლოთი.
მაგალითად: დრო და თანამედროვეობა

დავალება: განსაზღვრეთ კროსენსის თემა ანუ ეპოქა/პერიოდი და იპოვეთ კავშირები მეზობელ სურათებს შორის (სურ. 3):


კროსენსი:


ცხადია, მოცემულ შემთხვევაში კავშირების ხასიათს არა უბრალო რიგითობა, არამედ სიუჟეტური ნათესაობაც განსაზღვრვს. შუაში მოქცეულია ვაჟა-ფშაველა, როგორც ადამიანი, რომელმაც ხელი შეუწყო წარსულის სურათების უკვდავყოფას, მერე კი მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ნიუანსები.

რამდენადაც კროსენსში ძირითადია გამოსახულების ანუ ინფორმაციის შინაარსი, ის შეიძლება არც ისე ადვილი გამოსაცნობი იყოს. შედარებით ადვილია საგნობრივი კროსენსის შევსება-გამოცნობა, უფრო რთული – საგანთაშორისისა. მაგალითად, დავუბრუნდეთ „ვაჟას შემოქმედების კროსენსს”, გავხადოთ იგი საგანთაშორისი ანუ კიდევ უფრო გავართულოთ და კროსენსის ელემენტებს შორის ასოციაციური კავშირების რაოდენობაც გავზარდოთ. ამ შემთხვევაში შეიძლება სწორი იყოს ნებისმიერი ვარიანტი, რომელსაც ექნება ლოგიკური თანმიმდევრობა (სურ. 4):





კროსენსის გამოყენება საზოგადოებრივი მეცნიერების სწავლა/სწავლებაში მრავალმხრივად შეიძლება. საგულისხმოა, რომ ასეთ თავსატეხებს რამდენიმე მეთოდური მიზანი აქვს:

  • შესაძლებელია მათი გამოყნება გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე;
  • ან შემაჯამებელის დავალების სახით;
  • ან საშინაო დავალებად;
  • კროსენსით შეიძლება ზოგადად გაკვეთილის შინაარსის გადმოცემაც, ანუ შეგვიძლია მივანიჭოთ მას საყრდენი სქემის ფუნქცია;
  • შეგვიძლია გამოვყოთ პრობლემები (მიზეზები, თავისებურებები, შედეგები);
  • შესაძლებელია მისი გამოყენება მასალის განზოგადებისა და განმტკიცებისთვის;
  • ჯგუფური სამუშაოს ორგანიზებისთვის (ანუ კროსენსის შექმნა ჯგუფურად);
  • შეგვიძლია, მივცეთ შემოქმედებითი ხასიათის დავალებად – კროსენსის შექმნა ელექტრონული ან ბეჭდური სახით;
  • შეგვიძლია გაკვეთილის სტრუქტურის აგება (9-კვადრატიანი კროსენსის მიხედვით).

შეუძლებელია, ყურადღება არ მივაქციოთ კროსენსის აღმზრდელობით ხასიათსაც: ის შეიძლება გამოვიყენოთ კლასის საათის ჩაატარებისთვის, რადგან ხელს უწყობს კომუნიკაციურ კავშირებს.

კროსენსი ეხმარება მოსწავლეს საკუთარი აზრობრივი სახეების შექმნაში, რასაც საფუძვლად სამყაროს აღქმის საკუთარი გამოცდილება უდევს და ამის მიღწევა იქნება მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი გამარჯვება. იქნებ ესაა განათლების, სახის, ხატის, გამოსახულების შექმნის ანუ განათლების მიზანიც.

ფაქტია, რომ კროსენსი ის ასოციაციური ჯაჭვია, რომელიც მოითხოვს განსაზღვრულ ერუდიაციასაც და ლოგიკურ აზროვნებასაც, ხელს უწყობს აზროვნებისა და გამოგონებების განვითარებას, ამიტომ კროსენსი ერთგვარი თავსატეხია ინტელექტუალებისთვის და მისი გამოყენება სასკოლო პრაქტიკაში მნიშვნელოვანი და დადებითი შედეგის მომტანია.









იაპონური აღზრდა-განათლების შტრიხები

0
„ხუთ წლამდე ბავშვი მეფეა, ხუთიდან თხუთმეტამდე – მონა, თხუთმეტის მერე – გათანაბრებული”. ასეთია კლასიკური იპონური აღზრდის ფორმულა. 
იაპონურ ენაში „ამაე” „დამოკიდებულების სურვილს” ნიშნავს. სწორედ ასეშ შეფასებას იმსახურებს დედასა და მცირეწლოვან შვილს შორის არსებული ურთიერთობა. დედა ბავშვს თანატოლივით ესაუბრება. უყვება იმის შესახებ, რაც გარშემო ხდება. დედა სულ ბავშვთან ერთად არის, ყველგან და ყოველთვის. ამომავალი მზის ქვეყანაში ბავშვი ბაგებში იშვიათად დაჰყავთ. აქ  ეს ნაკლებად მისაღებია. პატარა იაპონელებს ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეთ – მათ არაფერი ეკრძალება, არ უწყრებიან. თუ იცელქებენ, მხოლოდ ღიმილს დაიმსახურებენ. თუ რამეს დააშავებენ, ვთქვათ, სკამის გატეხვას თუ ეცდებიან, მშობლები ასე დააშოშმინებენ: „არ გატეხო, სკამი იტირებს”. იაპონელი ბავშვები მალევე იწყებენ ლაპარაკს. იშვიათად ტირიან. უბრალოდ, ტირილის მიზეზი არ აქვთ. მშობლები ფიზიკურად არ სჯიან. დედ-მამა მშვიდად პასუხობს ბავშვის ყველა კითხვას. 
იაპონური ოჯახი მეგობრულია. მშობლებს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ შვილმა არაფერი იცის. მისთვის ოჯახი მხოლოდ ფსიქოლოგიურ კომფორტთან ასოცირდება. იაპონელი დედა ზედმიწევნით ცდილობს იყოს იდეალური. ის შესანიშნავი დიასახლისი და ბავშვის მომვლელია. თუ დედა მუშაობს და თან ბავშვს უვლის, მას ან გმირად მიიჩნევენ, ან ეგოისტად, რომლისთვისაც კარიერაა პრიორიტეტული. 
იაპონელ დედებს იმდენად უყვართ შვილები, რომ მათი ყურადღება ზემზრუნველობაში გადადის. ხშირად გაზრდილ შვილებს კვლავ ბავშვებივით ექცევიან. „მაზაკომი” – ვაჟიშვილის ძლიერი მიბმულობა დედაზე სიცოცხლის ბოლომდე. „ხაკო ირი მუსუმე” (გოგონა კოლოფში) – შვილ გოგოს 20-25 წლამდე ელოლიავებიან. მის ჩაცმულობაზე, გართობასა და კაპრიზებზე დიდ თანხებს ხარჯავენ, რის გამოც ის თავს ბავშვად გრძნობს. ა საუბრის მანერაც კი ბავშვური აქვს. 
იაპონიაში ბიჭისა და გოგოს მიმართ სოციალური მოლოდინი სხვადასხვაა: გოგო კარგად უნდა გამოიყურებოდეს და წარმატებით გათხოვდეს, ბიჭი კი მცირე ასაკიდან მოემზადოს  უნივერსიტეტისთვის, კარიერისთვის.   
იაპონელი მამები მსოფლიოში ყველაზე ცოტა დროს ატარებენ შვილებთან – კვირაში მხოლოდ 3 საათს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრს მუშაობენ. იაპონიაში მამების უმრავლესობა 30 წლის ასაკს არაის გადაცილებული, მაგრამ ბევრი ოჯახისათვის ფსიქოლოგიურად მოუმზადებელია.. ბოლო პერიოდში იაპონელი მამები შვილებს მეგობრებივით ექცევიან. ბავშვები კი მათ სახელებით მიმართავენ. 
ტიპური იაპონელი მამა – სპორტულ ავტომობილს ცვლის საოჯახო მანქანაზე, დაჰყავს ბავშვები დისნეილენდში, ხალხმრავალ რესტორნებში. ბავშვებს მამა უყვართ, რადგან იშვიათად ნახულობენ. უქმე დღეებში ის შვილებს ფეხბურთსა და  ბეისბოლს ეთამაშება, საკურას ყვავილობის დროს კი პიკნიკებზე დაჰყავს. ამით იაპონელი მამის ფუნქცია ამოწურულია. ბავშვის ინტელექტუალური და მორალური განვითარება დედისა და სკოლის მხრებზეა.      
სასწავლო გეგმა ზუსტი და ჰუმანიტარული საგნების გარდა, მოიცავს ბუნებისმეტყველებას, ფიზიკურ კულტურას, კალიგრაფიას, მებაღეობას, ჰაიკუს ხელოვნებას, ბიბლიოთეკით სარგებლობის, ველოსიპედის მართვის, საგზაო მოძრაობის წესების სწავლებას. იაპონიაში ქუჩებს სახელები არ აქვთ. ამიტომ ბავშვებს სკოლიდანვე ასწავლიან რუქის გამოყენებას.     
 
 
იაპონური აღზრდის მთავარი მიზანი გუნდურობის შეთვისებაა. საბავშვო დაწესებულებებში ბავშვები ყველაფერს კოლექტიურად აკეთებენ. მათ არასოდეს ტოვებენ იმავე კლასში, არ ყოფენ „ნიჭიერებად” და „ჩამორჩენილებად”. თუ მასწავლებელი ჯგუფებად დაყოფს ბავშვებს, ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩნდებიან სხვადასხვა შესაძლებლობების მოსწავლეები. აუცილებელია ბავშვები ერთმანეთს დააკვირდნენ, ერთმანეთის გამოცდილება გაიზიარონ. იაპონიაში ძალიან პოპულარულია სწავლების მეთოდი – დაკვირვება. ვთქვათ, დედა აწყობს კონსტრუქტორს. ბავშვი უყურებს და იმეორებს (შედარებისთვის: ამერიკელი დედები ბავშვებს კონსტრუქტორის აწყობის ყველა ეტაპს განუმარტავენ). მიბაძვის მეთოდს იაპონელები სწავლების პროცესში აქტიურად იყენებენ.   
იაპონიის სკოლებში სათანადოდ ფასდება შეჯიბრის მომენტი, მაგრამ არა დასავლური გაგებით. იაპონური „გაგებით” იმარჯვებს გუნდი და არა პიროვნება. ვთქვათ, სირბილში შეჯიბრის ნაცვლად ესტაფეტა იმართება. იაპონიაში უყვართ ბაწრის გადაქაჩვის თამაში, სადაც დაპირისპირება კი არა, გუნდის გამარჯვება არის მთავარი.      
კოლექტიურობის გარდა, სკოლაში მნიშვნელოვან როლს იერარქია თამაშობს. ყველა პირველკლასელს ჰყავს თავისი კურატორი უფსოკლასელი, რომელსაც უნდა დაუჯეროს ისევე, როგორც უფროს და-ძმას. იერარქიისადმი სწრაფვა იმ დროდან მოდის, როდესაც იაპონელებმა პირველად მოიყვანეს ბრინჯი და აუცილებელი გახდა ვიღაცის მეთვალყურეობის ქვეშ ადამიანებს კოლექტიურად ეშრომათ. იმდროინდელია ზემოხსენებული ფორმულაც: „ხუთ წლამდე ბავშვი მეფეა, ხუთიდან თხუთმეტამდე – მონა, თხუთმეტის მერე – გათანაბრებული”. 
ერთის მხრივ, იაპონია ქვეყნაა, სადაც პატივს სცემენ ტრადიციებსა და რიტუალებს, მეორეს მხრივ – აღიარებენ ახალ ტექნოლოგიებს და ისწრაფიან პროგრესისაკენ. ქვეყანაში  კულტივირებულია შრომა. გამართულად მუშაობს პრინციპი „ნუ იქნები ყველასგან გამორჩეული”. სენსაციური წიგნის – „სამის მერე გვიანია” ავტორი, იაპონელი მასარუ იბუკა ირწმუნება, რომ ადამიანი პიროვნებად სამი წლის ასაკამდე ყალიბდება. იაპონიაში ადრეული განვითარების მეთოდიკა ძალზე პოპულარულია. უძველესი ტრადიციებისა და პიროვნების აღზრდის თანამედროვე მეთოდების შერწყმა ქვეყნის წარმატების გარანტია. 
გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს იაპონიის განათლების შესახებ:
 
* საბავშვო ბაღში იაპონელი ბავსვები სიარულს 3 წლის ასაკიდან იწყებენ. აქ სწავლობენ არითმეტიკას, ხირაგანასა და კატაკანუს.   
* სკოლაში შესასვლელად ბავშვები მისაღებ გამოცდას აბარებენ. ვინც გამოცდას ვერ ჩააბარებს, მოსამზადებელ სკოლაში ირიცხება. 
* დაწყებით და საშუალო სკოლაში სწავლა უფასოა, მაღალ კლასებში და უნივერსიტეტში – ფასიანი. მიიჩნევა, რომ ყველაზე ბევრს უფროსკლასელები მეცადინეობენ. 
* ყველა სკოლას თავისი უნიკალური ფორმა აქვს. 
* სკოლის დერეფანში უამრავი ფეხსაცმლის კარადაა.
* სკოლებში დიდ ყურადღებას აქცევენ თმის ფერს. ის ბუნებრივი ფერის უნდა იყოს. სახელმწიფო სკოლებში ბიჭებს თმა მოკლედ უნდა ჰქონდეთ შეჭრილი.
*მოსწავლეებს მხოლოდ თეთრი ფერის წინდის ჩაცმა შეუძლიათ. თუ მოსწავლემ სხვა ფერის ჩაიცვა, წინდის კონფისკაცია ემუქრება. 
* ტიპურ იაპონურ კლასში 30-40 მოსწავლეა.  
* იმისათვის, რომ სკოლის მოსწავლემ დაწეროს, მან 2500 ასო (სიმბოლო) უნდა შეისწავლოს.
იაპონელმა მოსწავლეებმა წერა-კითხვა რომ შეძლონ, უწევთ იაპონური იეროგლიფების, ჩინური ეროგლიფების იაპონური ვერსიისა და ლათინური ასოების სწავლა. 
* იაპონურ სკოლაში არ მუშაობენ დამლაგებლები. ბავშვები ჯგუფებად იყოფიან და სხვადასხვა საქმეს ასრულებენ: ზოგი კლასს ალაგებს, ზოგი – ეზოს.    
* ზაფხულის არდადეგები 40-დღიანია, 20 ივლისიდან 31 აგვისტომდე, ზამთრის არდადეგები გრძელდება 26 დეკემბრიდან 6 იანვრამდე, გაზაფხულის – 25 მარტიდან 5 აპრილამდე. 
* იაპონიაში სსწავლო წელი აპრილიდან იწყება. 
* სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ სკოლაში ნებისმიერი სახის პროდუქტი ატარონ, მათ შორის საწუწნი ტაბლეტები ყელის ტკივილისგან, რადგან მათ კანფეტების ფორმა აქვთ. კანფეტი კი კვების პროდუქტია.  
* სკოლაში მუშაობს დიეტოლოგი. ის თვალს ადევნებს მოსწავლეების ჯანსაღ კვებას და ადგენს მენიუს. 
* საშუალო სკოლიდან უმაღლეს სკოლაში გადასასვლელად მოსწავლეები გამოცდებს აბარებენ. ასევე, გამოცდებს აბარებენ ყოველი ტრიმესტრის ბოლოს და პირველ და მეორე ტრიმესტრს შორის. 
* სტუდენტები მანქანებით მოძრაობენ. იაპონიაში არ არსებობს სკოლის ავტობუსები. მოსწავლეები ფეხით, ველოსიპედებით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან.  
* რაც უფრო მაღალი ქულებით აბარებს აბიტურიენტი უნივერსიტეტში, მით უფრო მეტი შანსი უჩნდება მოიპოვოს იმ მსხვილი კომპანიის მხარდაჭერა, რომელიც მის სწავლა-განათლებას დააფინანსებს. შემდეგ სტუდენტი ამ კომპანიაში საქმდება. კომპანია კი მისი ხელფასიდან სწავლის საფასურს ნელ-ნელა ქვითავს.    
* უნივერსიტეის სტუდენტები თვითონ ირჩვენ სასურველ დისტიპლინებს. მათ არ უწევთ საკურსოსა და დიპლომზე მუშაობა, სამაგიეროდ, ყოველთვიურად რამდენიმეგვერდიანო ანგარიშების წერა ევალებათ.    

მოამზადა ირმა კახურაშვილმა 

დღესასწაულების სევდა

0

აღდგომის მეორე საღამოს დასავლეთიდან მოვდიოდი მეგობართან და მის ოჯახთან ერთად. რიკოთი რომ გადმოვიარეთ, ათობით კილომეტრზე გადაჭიმულ საცობში აღმოვჩნდით. მანქანების რამდენიმე მწკრივი თითქოს არც აპირებდა ადგილიდან დაძვრას. გამოთვლილი მქონდა _ რვა საათზე თბილისში უნდა ვყოფილიყავი. არ მახსოვს, ბოლოს როდის იყო ჩემს ცხოვრებაში დღე, წინასწარ, საგულდაგულოდ რომ არ მქონოდა გადანაწილებული. ამჯერად სულ ტყუილად. ცხრა საათი რომ შესრულდა და ჩვენ ჯერ კიდევ საცობის შუაგულში ვიდექით, ნერვიულობას თავი დავანებე და მიმოვიხედე.

 


კორტასარის „სამხრეთის გზატკეცილი” ხომ წაგიკითხავთ? ცოტა მეგულება ასეთი მოთხრობა, ასეთი ადამიანური, ასეთი სავსე. ჰოდა, რაღაცნაირად, „სამხრეთის გზატკეცილი” გამახსენდა, ავტობანის მისადგომებს რომ გადავხედე. ადამიანები ბრუნდებოდნენ შინ, ზოგი პირიქით, შინიდან ბრუნდებოდა, ბრუნდებოდნენ და უზარმაზარი სევდა მოჰქონდათ თან, წელიწადში ერთხელ გახსენებული დედების და მამების, ბებიების და ბაბუების, მშობლიური სახლების, ნაწვიმარი მიწის, სადღესასწაულოდ საგულდაგულოდ გაწმენდილ-დავარცხნილი საფლავების, საგანგებოდ ნაყიდი „გამოსასვლელი” სიგარეტის და ასე, დაუსრულებლად.


აღდგომა სევდიანი დღესასწაულია, დღესასწაული ილისა და თაფლის სანთლების მოკრძალებული სურნელით. ერთხელ, წლების წინ, ჩემს ერთ ღრმადმორწმუნე მეგობარს ვუთხარი, აღდგომა არ მიყვარს-მეთქი და თავს მისი მრისხანება დავიტეხე. არადა, ასე არ არის, უბრალოდ, ”არ მიყვარს” არასწორი ფრაზაა ჩემი განწყობისა და შინაგანი მდგომარეობის გამოსახატად. ჩემთვის აღდგომის დღეები იმხელა სევდას იტევს, ყოველ წელს მგონია, რომ ცოტაც და ვეღარ გავუძლებ, ცოტაც და გული გამისკდება.


ჩემი ბავშვობის აღდგომა ასეთი იყო _ ვიბარგებოდით და სოფელში მივდიოდით, სოფელში, სადაც მშვიდი სასაფლაოს ხეების ჩრდილებს ერთი დღით აახმაურებდა ქალაქიდან ჩასული შვილებისა და შვილიშვილების სიცილი, გადაძახილი, ჭიქის ჭიქაზე მიჭახუნება. სევდიანად იყურებოდნენ მიცვალებულები საფლავის ქვებიდან, მე კი ვკითხულობდი მათ დაბადებისა და გარდაცვალების წლებს და ვცდილობდი, წარმომედგინა, როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება. მაშინ მეგონა, რომ აღდგომა, ძირითადად, ამისთვისაა და კიდევ იმისთვის, რომ მეზობლებმა და ნათესავებმა ერთმანეთს საფლავებს შორის გადაფენილი პურ-მარილი შეუფასონ, პასკები დაუგემოვნონ და გოჭის ხორცის ავკარგიანობაზეც თქვან ორიოდე სიტყვა.


დიდი ხანია, სოფელში არ ვყოფილვარ, დიდი ხანია, ფეხი არ მიმიდგამს სასაფლაოზე, სადაც ბაბუაჩემის გვერდით მშვიდად განიხვენებენ მისი პირველი ცოლი და მეორე ცოლი, ანუ ბებიაჩემი. ეს კიდევ სხვა სევდაა, ცალკე მოსაყოლი და დასაწერი, ყველა ოჯახს რომ აქვს თითო ცალი და გულდაგულ უფრთხილდება. რაც გავიზარდე, ვერიდები შორეულ ახლობლებთან შეხვედრას, ვერიდები ბავშვობაში ხშირად გაგონილი ფრაზის _ ”კარგი გოგოა, მაგრამ დედამისისთანა ვერ არის” მოსმენას. საერთოდაც, იმათ რიგებში ჩავეწერე, ვინც ვალდებულებებს არ აღიარებს, სინამდვილეში კი ასე საკუთარი თავის დაცვას ცდილობს ემოციებისგან, დარდისგან, სევდიანი დღესასწაულებისგან.


ახლა ჩემი აღდგომა ასეთია: ვიბარგები და ქუთაისში მივდივარ, იქ, სადაც შაბათ საღამოს, ქუჩაში ერთი გავლით, ყველას ნახულობ, ვისი სახეც მეხსიერებამ შემოინახა, იქ, სადაც აღდგომა მართლაც ზეიმია, რადგან ბავშვობის მეგობრები სახლებში ვბრუნდებით და ერთად ყველაზე ბედნიერები ვართ, იქ, სადაც წლების მოკლებაც ადვილია და ყველაზე დიდი პრობლემების დავიწყებაც.


ოდესღაც იყო ჩემს ცხოვრებაში სხვანაირი აღდგომაც, რომელიც ჩემი ცნობიერის მიღმა დარჩა, აღდგომა აფხაზეთში, ოჩამჩირის სოფელ არადუში, სასაფლაოზე, რომელიც არ მახსოვს. არ მახსოვს, რას ამბობდნენ ჩემზე იქაური ნათესავები, როგორ აღნიშნავდნენ დღესასწაულს, როგორი შეგრძნებაა, როცა ქართველები და აფხაზები ერთმანეთს ულოცავენ. იქიდან თითქმის არაფერი მახსოვს, მამაჩემის საფლავის ბუნდოვანი კონტურების გარდა, მაგრამ რაც ვიცი და რაც ძლივს შემოუნახავს ჩემს გონებას, ფიქრისა და დღეების დასამძიმებლად საკმარისია.


ახლა, როცა ჩემი სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე, ინტენსიურად მაქვს ურთიერთობა დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებთან, მსგავსი ისტორიების მოსმენა ხშირად მიწევს. მე მხოლოდ ერთერთი ვარ იმ უამრავს შორის, ვისაც აღდგომას საფლავებთან დაბრუნების უფლება წაართვეს.


ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ, რა მოხდება, ერთ აღდგომას უცნაური გადაწყვეტილება მივიღო, ბევრი ვიარო და ე.წ. საზღვართან მივიდე, მივადგე მესაზღვრეებს და ვუთხრა, რომ აუცილებლად უნდა გადავიდე „იქით”, სადაც ჩემი ღრმა რწმენით, საქართველოა, სადაც მეკუთვნის ყოფნა, მარტო მე კი არა, კიდევ ბევრ ჩემისთანას. მერე კი სასწაული მოხდეს და თუნდაც ერთი დღით, საზღვარი გამიხსნან.


რას არ იფიქრებს ადამიანი.


ხომ გითხარით, აღდგომა სევდიანი დღესასწაულია.



ეკონომიკური წიგნიერება როგორც „თამაშის წესების“ გაცნობა

0
„ეხლანდელს დროში ნურვინ იფიქრებთ, რომ წინ წაუხვიდეთ მცოდნესა და განსწავლულსა და ან არსებობისათვის ჭიდილში საეკონომიო მოედანზედ გამარჯვება თქვენ დაინარჩუნოთ” (ი. ჭავჭავაძე, „ისევ განათლების საკითხებზე”, 26 ოქტომბერი, 1889 წ.).
ყოველი საზოგადოება ცდილობს „მოერგოს” მასზე მოქმედ პოლიტიკურ, სოციალურ, ეკოლოგიურ და სხვა ფაქტორებს. ამგვარი ადაპტაციის საჭიროება ხშირად საზოგადოების კრიზისის მიზეზად იქცევა. საზოგადოება იძულებულია, გარკვეულწილად შეცვალოს „თამაშის” ძველი ან შეიმუშაოს სრულიად ახალი „წესები”, რომლებიც ადეკვატურ პასუხს გასცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს. 

ადაპტაციური კრიზისის მიზეზია რადიკალურად შეცვლილი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუტები და ქცევის ძველი, ფაქტობრივად უცვლელი მოდელები. ქცევის ახალ მოდელებს და თამაშის ახალ წესებთან ზიარებას გარკვეულწილად ახალი ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები უდევს საფუძვლად და მისი უზრუნველყოფის რთული პროცესი მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით კი განათლების სფეროში მომუშავე ადამიანების ხანგრძლივი ძალისხმევის შედეგია ხოლმე. 
გვჭირდება თუ არა ეკონომიკის ცოდნა?

„ხშირად გამიგონია, რომ ქრისტე ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ, ამ ჩვენს პატარა ქვეყანაში დაიბერტყაო. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა ბევრს სხვა ქვეყანაზე უფრო მდიდარია, უფრო სავსეა. არც თვითონ ჩვენა ვართ უხეირონი, ღმერთი-რჯული. მკლავ-ძარღვად კარგები ვართ, ჯანიც და ძალ-ღონეც მოგვდევს, არც ხალისი გვაკლია… მაშ, რაღათა ვართ ღარიბნიო? მკითხავთ თქვენ.

იმიტომ, რომ არ ვიცით, სად რა სიმდიდრე ძევს, სად რა განძია. არ ვიცით, საიდამ რა ამოვიღოთ, რა ხერხითა და ოსტატობით ამოვიღოთ, რომ ჯაფაც ადვილი იყოს და ნაჯაფიც ბლომად… ცოდნის გარეშე დედამიწა თავის უხვსა და უხარბელს გულს არ გადაგვიხსნის, ისე უხვად არ მოგვაბარებს” (ილია ჭავჭავაძის სიტყვა წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე 1886 წელს). 

ამ ცოდნას ეკონომიკური მეცნიერება გვაძლევს. დღეს უკვე აღარავის სჭირდება იმის მტკიცება, რომ ეკონომიკური ცოდნა აუცილებელია – გვინდა თუ არა, ეკონომიკა ჩვენს ცხოვრებაში იჭრება. ბავშვები ჩვენგან დამოუკიდებლად, თავისთავად (სტიქიურად) სწავლობენ ეკონომიკას. ზრდასრულებმა ეს სტიქიური ცოდნა უნდა მოვუწესრიგოთ, სისტემაში მოვუყვანოთ და გავუფართოოთ. დაფანტული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციის ნაცვლად ბავშვებმა უნდა შეძლონ გარემომცველი ეკონომიკური სამყაროსა და ამ სამყაროში მცხოვრებ ადამიანთა ეკონომიკური ურთიერთკავშირის მთლიანი სურათის წარმოდგენა. ეკონომიკის სწავლება მოემსახურება განათლების ეროვნულ მიზანს – „იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე”. საშუალო სკოლადამთავრებულმა უნდა შეძლოს გლობალურ ეკონომიკაში ჩაბმა და სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენება საკუთარ ქვეყანასა თუ მსოფლიოში მიმდინარე რთული პროცესების ანალიზისას. ეკონომიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებრივი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ეკონომიკური საკითხები ხშირად გავლენას ახდენს ამომრჩევლების გადაწყვეტილებებზე სახელმწიფო თუ ადგილობრივ არჩევნებზე. ეკონომიკის ცოდნა ეხმარება ადამიანს, უკეთ გაიგოს მის ცხოვრებაზე ყოველდღიურად მოქმედი ძალების არსი და შეაფასოს პიროვნული გადაწყვეტილებებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგები. დემოკრატიული საბაზრო ეკონომიკის მრავალი ინსტიტუტი გაცილებით ეფექტურად ფუნქციობს, როცა მოქალაქეებმა კარგად იციან ეკონომიკა. ეკონომიკური აზროვნება ასევე მნიშვნელოვანია ისტორიაში, პოლიტიკაში, ბიზნესში და საერთაშორისო ურთიერთობებში გაჩენილ მრავალ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

საშუალო სკოლის დამთავრებისას მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული ეკონომიკური ცოდნა. უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა ესმოდეთ ძირითადი ეკონომიკური კონცეფციები და შეეძლოთ ლოგიკური მსჯელობა იმ ძირითად ეკონომიკურ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მათი როგორც მშრომელების, მომხმარებლებისა და მოქალაქეების ცხოვრებაზე, რათა შეძლონ მრავალი შეცდომის თავიდან აცილება.

ეკონომიკის სწავლებისას არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ უნარებსაც, რომლებიც მოსწავლეებს ეკონომიკის შესწავლით ჩამოუყალიბდებათ, რადგან ეკონომიკური უნარები, ისევე როგორც ეკონომიკური ცოდნა, ეკონომიკური აზროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. ძირითადი უნარები, რომლებიც მოსწავლეებს ეკონომიკის შესწავლამ უნდა განუვითაროს, მოიცავს: (ა) ეკონომიკური პრობლემების, ალტერნატივების, სარგებლისა და ხარჯების განსაზღვრას; (ბ) ეკონომიკაში სტიმულების გავლენის ანალიზს; (გ) ეკონომიკური პირობებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის მოსალოდნელი ცვლილებების შესწავლას; (დ) ეკონომიკური მონაცემების თავმოყრასა და ორგანიზებას და (ე) სარგებლისა და ხარჯების შედარებას.

ეკონომიკის შესწავლის საფუძველზე მოსწავლეები გახდებიან:

1. პასუხისმგებელი მოქალაქეები – მათ ხელთ არსებული ინფორმაციის გააზრებით ისინი პასუხისმგებლობით ჩაერთვებიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში;

2. ნაყოფიერი მშრომელები – საკუთარი ადამიანური კაპიტალის გონივრული ინვესტირებით მოსწავლეები პროდუქტიულები იქნებიან მთელი შრომითი ცხოვრების განმავლობაში;

3. მცოდნე მომხმარებლები – საკუთარი გადაწყვეტილებების ხარჯისა და სარგებლის შეფასებით უკეთ მოახერხებენ როგორც პირადი, ისე ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფას;

4. კეთილგონიერი (ფრთხილი) მომჭირნეები და ინვესტორები – მომჭირნეობის, დაზოგვისა და ინვესტირების შესახებ გადაწყვეტილებების ხარჯისა და სარგებლის ანალიზის ცოდნით ხელს შეუწყობენ პირად და ქვეყნის გრძელვადიან კეთილდღეობას;

5. გლობალური ეკონომიკის ეფექტური მონაწილეები – მსოფლიო ეკონომიკაში საკუთარი როლის პერსპექტივის გათვალისწინებით, განივითარებენ გლობალურ საბაზრო სივრცეში შეჯიბრების (კონკურენციის) უნარს;

6. გონივრული გადაწყვეტილებების მიმღებნი მთელი სიცოცხლის განმავლობაში – დასაბუთების უნარის ვარჯიშითა და ეკონომიკური ცოდნის გამოყენებით ისწავლიან ეფექტური არჩევანის გაკეთებას მუდმივად ცვალებად გარემოში.
საჭიროა თუ არა ეროვნული სტანდარტები ეკონომიკაში?

სამწუხაროდ, ეკონომიკური განათლება და აღზრდა ხშირად უსისტემო და დაუგეგმავი პროცესია, პერიოდული ხასიათი აქვს და განათლების ენთუზიასტი მუშაკების ძალისხმევაზეა აგებული. 

ეკონომიკის სწავლების საერთაშორისო გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ, „ვასწავლოთ თუ არა ეკონომიკა” კითხვასთან შედარებით უფრო აქტუალური იქნება კითხვა „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა”.

ნებისმიერი საგნის საგანმანათლებლო სტანდარტი განსაზღვრავს საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსის სავალდებულო მინიმუმს, მისი სწავლების გზებს და შედეგების მიღწევის ინდიკატორებს. ეკონომიკის სტანდარტებმაც თავისუფალი არაპოლიტიკური და არაპარტიზანული მეგზურის როლი უნდა შეასრულოს და განსაზღვროს, რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა, რა უნდა შეძლონ ამ ცოდნით შეიარაღებულებმა და როგორი დამოკიდებულება განივითარონ საზოგადოებაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების მიმართ. 

საგანმანათლებლო სტანდარტი არ ზღუდავს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო მასალების ვარიანტულობას, ხელს არ უშლის სკოლებს, იმუშაონ მათთვის მისაღები სასწავლო პროგრამებით. მასში განსაზღვრულია იმ სავალდებულო კომპეტენციების მინიმუმი, რომლებიც ეკონომიკის კურსგავლილ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს, განურჩევლად იმისა, რომელი სკოლა დაამთავრა და რა პროგრამით ისწავლა.

ეკონომიკაში სტანდარტების შექმნის შესახებ რამდენიმე პრაქტიკული მოსაზრებაც არსებობს:

. უამისოდ ბევრმა სკოლამ შესაძლოა საერთოდ არ ჩართოს „ეკონომიკა” სასწავლო გეგმაში, ზოგმა კი მხოლოდ უმნიშვნელო ყურადღება დაუთმოს ან მისი სწავლება ააგოს არარეალური, ძნელად განსახორციელებელი სტანდარტების საფუძველზე (მრავალი სკოლა ეკონომიკური მეცნიერების სახელით სულ სხვა საგნებს – „წარმოების მართვა”, „ფინანსები”, „მარკეტინგი” – ასწავლის). ეროვნული სტანდარტები უზრუნველყოფს „ეკონომიკის” ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სასწავლო პროგრამაში;

. ეროვნული სტანდარტები საფუძვლად დაედება ეკონომიკაში ქართული სახელმძღვანელოების შექმნას საშუალო სკოლის ყველა კლასისთვის;

. მასწავლებლები, რომლებსაც ეკონომიკის კურსის წაკითხვას ავალებენ, ხშირად დიდი სირთულის წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე, რადგან არ იციან ან თვით საგანი, ან მისი სწავლების მეთოდიკა. ეროვნული სტანდარტები მათთვის ერთგვარი საყრდენი იქნება, კომპასის როლს შეასრულებს და მიუთითებს, რაზე შეაჩერონ ყურადღება საგნის სწავლების თითოეულ საფეხურზე;
. თავი მოეყრება და შეჯერდება მასალები და გამოცდილება, რომლებიც ეკონომიკის სწავლებაში არსებობს, რაც, თავის მხრივ, გააადვილებს მეთოდური მასალების, რეკომენდაციების, დიდაქტიკური მასალების, საქმიანი თამაშების შერჩევას თითოეული კლასისათვის;

. ეკონომიკის ეროვნული სტანდარტები გახდება ეკონომიკის სწავლების მყარი საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა ეკონომიკურ წიგნიერებას. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მათ გაუადვილდებათ საბაზრო ეკონომიკის რთულ, ცვალებად სისტემაში გზის გაკვლევა.

ეკონომიკაში საგანმანათლებლო სტანდარტების შექმნისას აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ შეზღუდულობის სიკეთე. თავის ნაშრომში „ბევრის სწავლება მცირეთი” ნოელ მაკინისი წერს: „შესავალი კურსები თითქმის ყველა დისციპლინაში თანდათან ძალზე არაპრაქტიკული ხდება, რადგან ცდილობს, მთელი მონათესავე ინფორმაცია მოიცვას. შეიძლება, ეს კურსები აიგოს დისციპლინის 5-6 ძირითადი საკითხის ირგვლივ, ვასწავლოთ მხოლოდ ის აუცილებელი, რაც ადამიანს ამ ინფორმაციის ცხოვრებაში გამოყენებაში დაეხმარება”.

რითია ეკონომიკა გამორჩეული? როგორ შეუძლია მას ახსნას ადამიანური ქცევის სირთულეები განსხვავებული ფასეულობების, კულტურების, რესურსების, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების ჭრილში? უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, რომ ეკონომიკას საქმე აქვს ადამიანურ ქცევასთან. ადამიანური ქცევის თითქმის ყველა ასპექტი შეიძლება გაანალიზდეს ეკონომიკური მიდგომით, ეკონომიკის კუთხით. ეკონომიკა სწორედ მიდგომაა და არა დასკვნების განსაზღვრული ნაკრები. ჯონ მეინარდ კეინსის მიხედვით, „ეკონომიკური თეორია არ ასაზრდოებს პოლიტიკაში მყისიერად გამოსაყენებელ მყარ დასკვნებს. ის უფრო მეთოდია და არა დოქტრინა, გონების აპარატია, აზროვნების ტექნიკა, რომელიც მის მფლობელს სწორი დასკვნების გამოტანაში ეხმარება”.

იმედი უნდა გვქონდეს, რომ ეკონომიკის სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში „გონების აპარატის, აზროვნების ტექნიკის” დახვეწაში დაეხმარება მომავალ თაობებს და ასწავლის იმ „ხერხსა და ოსტატობას”, როცა „ჯაფაც ადვილია და ნაჯაფიც ბლომად”.

ცდა ბედის მონახევრეა

0
მოგეხსენებათ, ნებისმიერი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია,  როცა საკუთარი ბიბლიოთეკიდან ჩვენთვის სასურველ წიგნს შევარჩევთ, ან მაღაზიაში შევიძენთ,ან მეგობარი გვათხოვებს. წაკითხულთაგანაც  ჩვენივე გემოვნებით  მოგვწონს ან არ მოგვწონს რომელიმე. ამა თუ იმ წიგნის წაკითხვის მოტივაციად, ხშირად, ავტორიტეტის რჩევაც გაგვითვალისწინებია, მაგრამ წაკითხვის უფლება ხომ საკუთარია და ვერავინ შეგვილახავს?!
გეთანხმებით, მრავალი მიზეზი არსებობს  წიგნის წასაკითხად, მაგრამ ეს მას შემდეგ ხდება ,როცა ჯერ – კითხვას და მერე წაკითხვას ვისწავლით. ასევე, მრავალი მიზეზია იმისთვის,რომ მკითხველად არ შევდგეთ, თუმცა, ესეც თანდათანობითი პროცესია, როცა  გარემომ არ მოინდომა, რომ კითხვასთან ერთად წაკითხვაც გვესწავლა.

ჩემი აზრით, მასწავლებელს მოსწავლისგან მკითხველის შექმნა არ ევალება. სკოლაში მან უნდა მიაწოდოს ფაქტები, ახსნას, მისცეს მითითება, ასწავლოს სწორად წაკითხვა… ასწავლოს სწავლა : სწორედ ამას ( არც თუ ისე სასურველად)  აფინანსებს სახელმწიფო. მაგრამ, თუ მასწავლებელს შეუძლია და  თუ ამ შეძლებას სურვილიც ახლავს, მაშინ, შესაძლებელია, რომ მისი მცდელობით  მოსწავლე მკითხველიც გახდეს.  ჩვენ ჩვენი ვცადოთ, პრაგმატულად, ეს  ჩვენსავე ინტერესებშია, რადგან საბოლოოდ კარგი მკითხველი ხომ უკეთ წარმოაჩენს  სწავლების შედეგს?!  კარგი შედეგისკენ მისასვლელი გზის ძებნა მასწავლებლობის კარგი მოტივაციაა.  

  წერა-კითხვას ვასწავლით პირველ კლასს თუ ლიტერატურას- მეთორმეტეს, ეს ნაცადი ხერხია,  გამოგადგებათ. მიუხედავად იმისა,რომ  მეთერთმეტე- მეთორმეტე კლასის მოსწავლეთა ნაწილი უკვე ჩამოყალიბებულია მკითხველად, ნაწილი – „არმკითხველად”,  ხელს ნუ ჩაიქნევთ, რადგან წაკითხვა არასდროს არაა გვიანი და თან, ცდა, ნამდვილად  ბედის მონახევრეა. 
აქ შევნიშნავთ, რომ პირველი და მეთორმეტე კლასები სპეციფიკურია, რადგან პირველში კითხვას სწავლობენ ,ხოლო მეთორმეტეში  საპროგრამო  ლიტერატურა  იმდენად დიდი მოცულობისაა და თან მოსწავლეები  ეროვნული გამოცდებითვის ემზადებიან, რომ, მონდომების შემთხვევაშიც, მათთვის ფიზიკურად შეუძლებელი იქნება „კლასგარეშე” ლიტერატურის კითხვა. სჯობს, რომ მეთორმეტე კლასში ხაზგასმულად ვიმუშავოთ, რათა სკოლაში სავალდებულო  წასაკითხს  ისე მიუდგნენ ,როგორც „ნამდვილ „ ლიტერატურას;  ამ დროს შეგვიძლია დავიკმაყოფილოთ საკუთარი -ლიტერატორის ამბიცია და  გამოვიდეთ  თავისუფალი პროგრამით, როგორც ყინულზე ფიგურული სრიალისას. რადგან, ჩემი რჩევაა, რომ   მეთორმეტე  კლასში მშობლიური ენის მასწავლებელს ყურადღების გამახვილება ენისა და  წერის ტექნოლოგიის სრულყოფაზე მართებს. თუმცა, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

ახლა დავუბრუნდეთ  იმას,თუ  როგორ  „შევთხზათ” კლასის  ბიბლიოთეკა და როგორ გავახვიოთ მოსწავლე  მკითხველის საბურველში. 

საკლასო ბიბლიოთეკა ?! 

 ფორმა და შინაარსის სქემა მარტივია. საჭიროა მინიშნებული ერთი თარო, თუნდაც ფანჯრის რაფა; აღრიცხვისთვის – ასევე, მინიშნებული რვეული, რომელიც თაროზევე მოთავსდება.  თითოეულ მოსწავლეს მოაქვს საკუთარი არჩევანით წიგნი:  ან წაკითხული და მოწონებული, ან წიგნი,რომელიც უნდა, რომ წაიკითხოს, ან წიგნი,რომელსაც გული ვერ დაუდო … წიგნის არჩევის მიზეზი ნაირგვარი იქნება. ამ შემთხვევაში, მთავარია მიზანი: „ წიგნი,რომელიც მინდა,რომ ყველამ წავიკითხოთ” . წიგნის ფორზაცზე მფლობელი მითითებული უნდა იყოს. მოსწავლეები და თქვენ თავად წერთ  ბიბლიოთეკის რვეულში თუ რომელი წიგნი რა დროს გაიტანეთ  ან დააბრუნეთ, შეთანხმების მიხედვით ქულებით წაკითხულ წიგნსაც აფასებთ  .

ვთქვათ, კლასში 25 მოსწავლეა. შეგროვდება 26 წიგნი -ერთი თქვენც უნდა მიიტანოთ. თქვენი არჩევანიც  სუბიექტურად არგუმენტირებული უნდა იყოს  – შესთავაზეთ მოსწავლეებს , ანუ შეუცურეთ ბიბლიოთეკაში ის წიგნი, რომელსაც ისურვებდით, რომ  წაკითხული ჰქონდეთ და საჭიროების შემთხვევაში, დაიცავით თქვენი არჩევანი. 

დავალება: ვინც ამაში მონაწილეობს, წლის განმავლობაში თითოეული  ყველა წიგნს კითხულობს რეჟიმით: კვირაში ერთი წიგნი.  ანუ თითოეულ მათგანს მოუწევს 25 წიგნის წაკითხვა,  საკუთარი 26-ე შეუძლია არ წაიკითხოს.

მონიტორინგიც საერთო  საქმე იქნება. რვეული სულ თაროზე დევს. ნებისმიერს შეუძლია წაიკიტხოს ჩანაწერები. თქვენ კი  თვალს ადევნებთ ჩანაწერებს რვეულში და თქვენთვის აღრიცხავთ თქვენივე შეხედულებით საინტერესო შემთხვევებს. მთავარია,რომ ოცდაექვსივე წიგნი ორშაბათიდან ორშაბათამდე „იკითხებოდეს” . 

შესაძლოა, რამდენიმე ბავშვმა ერთი და იგივე წიგნი მოიტანოს, მაგრამ ეს კითხვის დინამიკას არ ამუხრუჭებს. ეს მხოლოდ წიგნის სოციალურობაზე მეტყველებს  და თქვენთვისაც საჭირო კითხვის ნიშანს სვამს -რითია ეს წიგნი მათთვის საინტერესო. კლასის ბიბლიოთეკის პრინციპის 
მიხედვით ამ წიგნს უფრო სწრაფად წაიკითხავს მთელი კლასი და უფრო ადრე  შეგეძლებათ მისი განხილვა. 

რვეულის ჩანაწერების მიხედვით უკვე საყოველთაოდ წაკითხულ წიგნს  წიგნის პატრონი წარადგენს. პრეზენტაციებამდე თუ მიხვედით, შეგიძლიათ მოეშვათ -თამაში შედგა, ოქროს გასაღები ნაპოვნია. ახლა გამოთქვან და დაიცვან საკუთარი შეფასებები, ეკამათონ ერთმანეთს, დაიწუნონ ან მოიწონონ. არ დაივიწყოთ,რომ თქვენც 25 წიგნი გქონდათ წასაკითხი და 26-ე წიგნის  პრეზენტაციაც თქვენზეა. გაითვალისწინეთ,რომ წიგნის პრეზენტაცია გაკვეთილზე არ „მოხდება”. თუ გაკვეთილზე დასწრება და სკოლის წესების მიღება  მოსწავლეების  მოვალეობაა,რომელზედაც ხელი მოწერილი აქვთ პირველი კლასიდან ვიდრე სკოლის დამთავრებამდე,  წიგნის გაკვეთილი მათი უფლება, სურვილი და პასუხისმგებლობაა. ეს ხაზგასმით უნდა აღინიშნოს,დაახლოებით ამ განწყობით:  „ეს მე არ მითქვამს,შენ თვითონ თქვი!”. მოგეხსენებათ,  იქ სადაც იწყება „ჩემი” და „საკუთარი” , მონდომებაც მეტია და აზრიც უფრო შედეგიანია.  

თამაშის გაცნობისას მოსწავლეები არ შებოჭოთ გამომცდელი შეკითხვებით, მათი არჩევანის შეფასებითა და კონტროლით. სამაგიეროდ, გააცანით თამაშის წესები,  რეჟიმი და ბონუსის შესახებ არ დაივიწყოთ. ჯილდო დაუკავშირეთ  სასწავლო პროცესს და აუცილებლად მიოსწავლის ინტერესების წამახალისებელი უნდა იყოს . ნუ დაგაფრთხობთ,რომ თამაში შედეგზე ორიენტირებული იქნება, ეს არ შეურაცხგყოფთ არც-თქვენ და არც -წიგნს. ბონუსი თავად მოიფიქრეთ. გათვალეთ სათითაოდ ყველა ბავშვზე. ამ თამაშში ხომ  შეიძლება ყველა გამარჯვებული გამოვიდეს-ყველამ წაიკიტხოს 25 წიგნი. ეს საუკეთესო შედეგი იქნება  და თუნდაც, გზადაგზა გამოაკლდნენ მონაწილეები, თამაშის პირობები არ შეცვალოთ – წლის ბოლოს თქვენ თამამად შეგიძლიათ საამურ დასვენებას მიეცეთ და კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს „ბონუსს” და როგორ აგდებს განწყობას დაბალი ხელფასი . მაგრამ, მხოლოდ-წლის ბოლოს, ზაფხულში იფიქრეთ ამაზე.  მთელი წელი ამ კუთხით  ხომ სახელმწიფომ უნდა იფიქროს, პროფესიულმა კავშირმა  და სკოლის ხელმძღვანელობამ. თქვენ მხოლოდ ასწავლიტ სწავლას.   

კითხვა წიგნით დავიწყოთ ?! 

გირჩევთ, პირველ კლასში ასოების სწავლა დავიწყოთ წიგნით. მივბაძოთ იაკობ გოგებაშვილს- ასოების სწავლას ხომ წინადადებით ვიწყებთ ?! 

 წავიტრაბახოთ,რომ როგორც  ქართული ანბანის სწავლა იწყება წინადადებით,ასევე წაკითხვა-წიგნით.  

თითოეულ მოსწავლეს ვაბარებთ,რომ მოიტანოს ან თან ატაროს ერთი ზღაპარი ან ამბავი, რომელსაც ხშირად უკითხავენ უფროსები. კითხვის გაკვეთილისთვის დრო ყოველდღიურად სპეციალურად გამოვყოთ  და იმდღევანდელ ნასწავლ ასოს მოსწავლეები დამოუკიდებლად მოძებნიან და ფანქრით მონიშნავენ.  შემდეგ ჩამოიარეთ და შვიდივე შეამოწმეთ, შეაქეთ, აღნიშნეთ. ამასობაში, წლის განმავლობაში  წიგნიც „შემოეკითხებათ”.
დავალებები წიგნის შესახებ?!

 კარგია, რომ წიგნის შესახებ ნებისმიერ კლასში ასაკთან შესაბამისი დავალება  მივცეთ მოსწავლეებს. მაგალითად, რომ  აღწერონ სახლის ბიბლიოთეკის ერთი თარო,ან  მოძებნონ გადაშლილი წიგნი საკუთარ სახლში,დაინტერესდნენ რა წიგნია და ვინ კითხულობს, ან საკუთარი ბიბლიოთეკიდან  ერთი წიგნის შესახებ ისაუბრონ, ან თვალი შეავლონ რას კითხულობენ ბებია-ბაბუები, ან გაიხსენონ პირველი წიგნი,რომელიც დედამ წაუკითხა,ან დაწერონ რას წაუკითხვენ  შვილს , ან მიეცით ლინკი და ვირტუალურად იმოგზაურონ მსოფლიოს ცნობილ ბიბლიოთეკებში, ან ესტუმრონ წიგნის მაღაზიას …  და სხვა ათასი რამ.

მასწავლებლის და მოსწავლის საქმიანი სისტემატურობა, სტაბილური დამოკიდებულება  წიგნთან  ყოველთვის შედეგიანია და თუ დამიჯერებთ- ეს ისაა, როცა ძალა აღმართს მოხნავს.

პირველი საკონფერენციო თემა

0
თვალდახუჭული ბუტბუტებდა, ბუხრის კუთხიდან ნახშირს აიღებდა და შუბლზე ჯვარს გამომსახავდა. ამთქნარებდა და ამთქნარებდა. „ნათვალავიაო”, – ბუტბუტით ამოაყოლებდა. მის კალთაში გატრუნული, მეც ვამთქნარებდი. ავი თვალის ძალას ეს გაბმული მთქნარებაც ადასტურებდა. ბუხარში ნაკვერჩხლები ტკაცუნობდა (ჰო, ზამთარი იდგა, მახსოვს, ფუმფულა ჯემპერი მეცვა). გვერდით ეწყო შავტარიანი დანა და თასით წყალი. შელოცვას რომ მორჩებოდა, ნახშირს წყლიან თასში ჩააგდებდა, მერე ბუხრის ოთახის ერთადერთ ფანჯარას გამოაღებდა და წყალს გარეთ გადაასხამდა. იქ მისი ვენახი იყო.
ალისასა მალისასა,
შეგილოცავ თვალისასა,
ქალის თვალი გცემდეს,
კაცის თვალი გცემდეს,
ბავშვის თვალი გცემდეს.
რიჟა იყოს, თეთრი იყოს, შავი იყოს.
რა ფერის იყოს,
გამოდი ჩემი შვილიშვილის ტანიდან,
თორემ აგჭრი ანეითა,
შავტარიანი დანეითა,
ჩაგაგდებ ქვაბსა ვარვარისასა,
მიგცემ ქარსა და ნიავსა.
ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს.
არა, სოფელში ნამდვილად არ უყვართ გამხდარი ბავშვები. ქალაქის ჰაერში გამოკიდებულ ბინაში გაზრდილი გოგოები, რომლებსაც სოფლის სხვა ბავშვებივით ლოყები წითლად არ აქვთ დაბრაწული და არც ხელები უწითლდებათ ზამთარში სიცივისგან. არ უყვართ ასფალტზე გაზრდილი ფერმკრთალი, „ლოყებჩატეტკილი” გოგოები, თუნდაც ეს უკანასკნელნი ძალიან ამაყობდნენ ამ სიფერმკრთალით. არ უყვართ გამხდარი, სისხლძარღვებამობურცული გოგოები – ეგენი შვილებს რას გაზრდიანო, ამბობენ. ალბათ, ამიტომაც გამომილოცავდა ხოლმე, სისხლი და ფერიანობა რომ მომმატებოდა.
ერთ დღეს ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა ნანა მანაგაძემ მითხრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ იმ წელს საკონფერენციო თემას დავწერდი და კონფერენციაში მონაწილეობას მივიღებდი. მეშვიდეკლასელისთვის ეს წინადადება ცოტა შემაშფოთებლად ჟღერდა, მაგრამ ერთი სასიამოვნო და განსაკუთრებული შეგრძნებაც ახლდა თან – ეს იყო ნდობის გამოცხადება, რომელმაც ყველა შიში და მღელვარება უცებ გადაფარა.
მალე თემაც მოვიფიქრე: ძველი შელოცვები და ცრურწმენები. იდეალური გზამკვლევი ცოცხალი მყავდა – ბებია, რომელიც ნათვალევის, შეშინებულისა და გულის ლოცვებს მიკითხავდა. უნაზესთმიანი შამანი თავისი გამოლოცვებით. მისი ჩუმი ბუტბუტი სიცოცხლის ბოლომდე ჩემი ბავშვობის ყველაზე კეთილ მელოდიად დარჩება. ის ჩვენი ჯადოქარი იყო გადიდის მაღალი მთებიდან, სადაც არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ აუცილებლად წავალ.
ჩემი საკონფერენციო თემა თორმეტფურცლიან მწვანე რვეულში მოთავსდა. ეს რვეული დროდადრო იკარგებოდა, მერე ვპოულობდი და ვინახავდი სხვა სასკოლო რვეულებთან ერთად, მაგრამ, მგონი, საბოლოოდ გაუჩინარდა. ჩემს ცუდ მეხსიერებას შემორჩა ცრურწმენები, რომელთა მიმართ ბებია დიდ პრინციპულობას იჩენდა:
 
ცოცხი მაღლა არ ააყუდო – ჩხუბი იცის!
მაგიდაზე არ დაჯდე – ავადმყოფობა იცის!
კარი არ გაიჯახუნო, თუ გაიჯახუნებ, მობრუნდი და ბოდიში მოუხადე!
კარაპინაზე არ დაჯდე – სიღარიბე იცის!
მარცხენა ხელისგული მოგეფხანა? – ფული იცის.
მარჯვენა მოგეფხანა? – ფულს გასცემ.
ცხვირი მოგეფხანა? – მოსასწრაფია.
ჩიტი ჭიკჭიკებს ფანჯარასთან? – ახალ ამბავს გაიგებ.
შენს პირს შაქარი ჩიტო, შენს პირს შაქარი.
ჩიტები დაბლა დაფრინავენ? – გაავდრდება.
მარჯვენა თვალი თუ გიციმციმებს, არ თქვა – უბედურება იცის.
წარბი თუ გეფხანება – მოსასწრაფია. ვიღაცა მოვა.
ღამით ძაღლები თუ ყმუიან – სიკვდილს გაიგებ…
ორშაბათს თავი არ დაიბანო. ორშაბათს თმა არ გაიშალო. ორშაბათს ფრჩხილები არ დაიჭრა!
ცუდი სიზმარი დაგესიზმრა? – უბრად გადი ეზოში, თავზე შემოივლე ეს სიზმარი და წყალს გაატანე.
შეგეშინდა? – სამჯერ მოსვი წყალი.
დაბანის დროს ფეხები ერთმანეთს არ გაუსვა, დედა მოგიკვდება.
მარილი ხელში არ მიაწოდო – ჩხუბი იცის.
პილპილი ხელში არ მიაწოდო – ჩხუბი იცის.
მარილი თუ დაგებნა, ჩხუბი იცის. ადექი და წყალი დაასხი.
მიცვალებულს სახეზე არ შეხედო – ქორწილის დღეს სახე გაგიშავდება.
ქათმის კუჭები არ შეჭამო – ქორწილის დღეს სახე გაგიშავდება.
სახლში ქოლგა არ გაშალო – შენი ქორწილის დღეს გაწვიმდება.
კიბის მესამე საფეხურიდან არ გადახტე, დედათა წესი შეგიწყდება.
უზმოზე არსად გახვიდე, თვალი გეცემა.
მურაბის ხარშვის დროს „ის” თუ გაქვს, ქვაბში არ ჩაიხედო – ქილები ავარდება.
ნახევარმთვარეა და მოხუფულებს აააგდებს.
ბოლოჭამიები ორსულ ქალს შეაჭრევინე.
ქათმებმა ნაადრევად დაიბუდეს? – ამინდი შეიცვლება.
გაჭყლეტილი ბაყაყი ნახე? – გაწვიმდება.
შეგეშინდა? – სამჯერ გადააფურთხე და სამჯერ თქვი: „ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს!”
გაცხელებულზე უცებ არ გაიხადო – დაგგრილავს.
გახურებულზე ცივი წყალი უცებ არ დალიო, ცოტა შეისვენე.
კატამ გადაგირბინა? – სხვა გზით წადი.
 
მათთან ისე ახლოს იყვნენ წმინდანები, თითქოს ღვთისმშობელსა და ანგელოზებს მათ ორღობეში ჩამოევლოთ. ისინი ისე ახლოს იყვნენ ბუნებასთან, მთელი მისი ასავალ-დასავალი იცოდნენ, ტანით გრძნობდნენ ამინდის ცვლილებას. მათი ლოცვები ისეთი უბრალო და მეგობრული იყო, თითქოს წმინდანებს და ანგელოზებს კი არა, საყვარელ ადამიანებს ელაპარაკებოდნენ. უზღვავ ცოდნას დაატარებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს უსწავლიათ სკოლაში, არ დაუმთავრებიათ კოლეჯები და უნივერსიტეტები. თითქოს არც ამ მიწისანი ყოფილან, თითქოს სულ სხვა კალენდრის მიხედვით ცხოვრობდნენ. მთვარის კალენდრის მიხედვით ხომ თესავდნენ ბოსტანში ბოსტნეულს და მწვანილს, ყანასაც ხომ ამ კალენდრის მიხედვით მარგლავდნენ. მთელი მათი ცხოვრება და საქმიანობა მჭიდრო კავშირში იყო ბუნებასთან. ბებიის გარდაცვალების შემდეგ კი ეს კავშირი ნელ-ნელა დაირღვა. აღარავინ დარჩა ამ ურთიერთობის გამგრძელებელი.
ეს ნათელი მისტერიები ისე ცხადად შემორჩა ჩემს გონებას, თითქოს ნამდვილად მენახოს, როგორ გადმოდიოდა შავი კლდიდან შავი კაცი შავი თოფით, შავი ნაბდით და შავტარიანი დანით კლავდა წითელ გველს. მენახოს მჯდომარე ღვთისმშობელი, რომელიც „ქსელსა ქსოვდა ძოძეულსა”.
თუ ბავშვობა ნამდვილად ტკბილი მოგონებების ზარდახშაა, მაშინ თქვენც აუცილებლად იპოვით იქ ისეთ ნაპერწკლებს, რომელთა მსგავსსაც, საბუხრეში თავშეყოფილი, მზერას არ აშორებდით, სანამ ბოლომდე არ მიიკარგებოდა. თქვენც გეყოლებოდათ ბებია, რომელიც უშუქობის ხანს ბუხართან მჯდომი, ჭრაქის შუქზე ტკბილ-ტკბილ შელოცვებს ჩაგჩურჩულებდათ: „აშინა მაშინა, გულო, რამ შეგაშინა”, „ჩემს შორენას გეეყარე, ვინცხა სხვა შორენას შეეყარე”, ჭინკობისთვეს კი ჭინკებით გაშინებდათ და მკაცრად გაფრთხილებდათ, თუ ჭინკამ დაგიძახა, ხმა არ გასცეო. თქვენც ამაოდ ელოდით ნოემბრის ღამეებში ჭინკის ძახილს. იპოვით შეღამებულზე სახლის წინ ჩამომსხდარ მოხუცებს და მათ გულითად საუბრებს. მაგიდის ქვეშ გაძრომაზე ნარდისა და დომინოს მოთამაშე მეზობელ კაცებს – ასეთი სანაძლეოც იდებოდა. ძალიან კეთილი იყო ეს ამბები. კოლორიტული და მხიარული. ნამდვილი იმერული ესკიზები.
ეს მოგონებათა ზარდახშა ფერადი და მხიარული ამბებითაა სავსე. აქ მრავლადაა წითელი ლენტებით მორთული ბუჩქები, სადაც ბატონები გადააბრძანეს. ბატონები ხომ ძალიან სერიოზული სტუმრები იყვნენ, მთელი ოჯახი ფეხაკრეფით დადიოდა მათ წინაშე. ბატონები რომ მობრძანდებოდნენ, ავადმყოფის ოთახი ხასხასა წითლით ირთვებოდა. წითელი ფარდები, წითელი თეთრეული, წითელი ჩაის ტილო. ბატონებიანი ავადმყოფის გაბრაზება ხომ არაფრით არ შეიძლებოდა, ყველა მისი სურვილი უნდა აესრულებინათ. დღემდე გული მწყდება, რომ თავად არასდროს მწვევია ბატონები ისეთ ცნობიერ ასაკში, რომ მთელი ამ წარმოდგენის მთავარი გმირი გავმხდარიყავი.
ეს წერილი ყველასთვისაა, განსაკუთრებით კი პედაგოგებისთვის, რომელთაც სურთ, საყვარელ მოსწავლეებს ასწავლონ წერა, ასწავლონ მნიშვნელოვანი ამბების შემჩნევა და ასეთ თემებზე რეფლექსია. მანამდე კი, სანამ მოსწავლეები წერის ტექნიკას დაეუფლებიან და ზოგადსაკაცობრიო თემებზე ფიქრს შეუდგებიან, იქნებ ჯობდეს, ვასწავლოთ დაკვირვება თავიანთ ყოველდღიურობაზე, ვასწავლოთ ამ ყოველდღიურობაში საინტერესო სიახლეების აღმოჩენა. ვთხოვოთ, მოგვიყვნენ მშობლებზე, ბებიებსა და ბაბუებზე, მეგობრებსა და და საყვარელ თამაშებზე, ან იმ წიგნებზე, რომლებიც შინ აქვთ. ეს გაცილებით მარტივია და ბუნებრივი.
 
პ.ს. ჩემმა სასკოლო საკონფერენციო თემამ მაშინ გაიმარჯვა. მერე გამარჯვებულები დაჯილდოებაზე მიგვიწვიეს და სიგელები გადმოგვცეს. ეს იყო და ეს.

 

რა არის ვიზუალიზაცია, ანუ რატომ უნდა იფიქროთ სახეებით?

0

„როდესაც იდეა მიჩნდება, მაშინვე ვიწყებ მის განვითარებას წარმოსახვაში: ვცვლი კონსტრუქციას, ვაუმჯობესებ და აზრობრივად მომყავს მექანიზმი მოძრაობაში. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, აზრებში ვმართავ ჩემს ტურბინას თუ სახელოსნოში… ასეთ ვითარებაში შემიძლია, სწრაფად განვავითარო და სრულვყო კონცეფცია ისე, რომ არაფერს შევეხო…”

ნიკოლა ტესლა, „My Inventions”
ადამიანის სხეული მექანიზმია, ოღონდ ცოცხალი მექანიზმი. ამ რთული სისტემის მუშაობის ცოდნა საშუალებას გვაძლევს, ის ვმართოთ. რაც უფრო ღრმად ვეცნობით და ვსწავლობთ, მით უფრო ეფექტური ხდება მართვის შედეგები.

ცოტა უცნაური სიტუაციაა: უკვე ორი ვართ: ერთი, ვინც სწავლობს და მეორე: ვისაც სწავლობს… შეიძლება, მესამეც გამოჩნდეს, უფრო სწორად, ის სულ ჩანს და ის მთავარია: ის, ვინც აკვირდება იმას, ვინც სწავლობს და იმას, რომელსაც სწავლობს…

სად ვართ ჩვენ… რომელი ვართ…?

ლოსევი წერს: თუ სული ჩემი – მხოლოდ „ჩემია” და არა მე თვითონ… მაშინ სად ვარ „მე”?

დავაკვირდეთ იმ კუთვნილებით ნაცვალსახელს, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ ვიყენებთ: ჩემი სული… ჩემი ხელი, ჩემი ნაწერი, ჩემი ფიქრები, ჩემი აზრები…. ეს ყველაფერი მე „მეკუთვნის”, ანუ: არცერთი მათგანი „მე” არ ვარ „თავად”… უბრალოდ, მეკუთვნის…

როგორც სადენები არ არის დენი, არამედ მხოლოდ გამტარია, ასევე არ არის ადამიანის სხეული სული, ისიც – გამტარია…

„მე” იმყოფება დაბადების, სიკვდილის და ცხოვრების მიღმა… (ლოსევი). არა მგონია, ამ განმარტებამ შვება მოგვიტანოს…

მოკლედ, ჩვენ (პირველი) ვსწავლობთ ჩვენს (მეორე) მექანიზმს და ის (მესამე) სულ გვაკვირდება…

ახლა ჩვენში იმ ადამიანს დავუბრუნდეთ, რომელიც ფიქრობს, ქმნის, წარმოიდგენს, წარმოისახავს… ანუ: სურვილებს აქცევს ფორმებად, „ფილმად”. ვიზუალიზაცია სწორედ ეს არის: წარმოსახვაში სასურველი რეალობის დანახვა სახეებით. ეს ჩვენი ყოველდღიური არსებობაა, არაფერია ახალი… ახალი ის არის, რომ ჩვენ ვიწყებთ მის შესწავლას და ამ სისტემის შესწავლით და გამოყენებით უფრო საინტერესოს გავხდით ჩვენს ცხოვრებას.

ვიზუალიზაციის გასაგებად საჭიროა ვიცოდეთ, როგორ მუშაობს ჩვენი ცნობიერი და არაცნობიერი. როდესაც ჩვენი აზრები ხშირად მეორდება ცნობიერში, ამის შემდეგ ის პირდაპირ გადაედინება არაცნობიერში, არაცნობიერი მას იღებს, როგორც ჭეშმარიტებას და ქმნის ყველა პირობას, რომ ის გამოვლინდეს, მატერიალიზდეს რეალურ ცხოვრებაში… საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი ტვინი ვერ არჩევს, არ შეუძლია ზღვრის გავლება რეალურსა და წარმოსახულ მოვლენებს შორის.

როდესაც ადამიანი პერიოდულად ფიქრობს ერთსა და იმავე მოვლენაზე და, ამავე დროს, წარმოიდგენს მას, რაც შეიძლება მკაფიოდ, არაცნობიერი ზღაპრული ჯინივით იწყებს მის შესრულებას.

არაცნობიერი – ჩვენი ყველაზე ერთგული მეგობარია, ის – ყოვლისშემძლეა; ის უსმენს ჩვენს აზრებს, დაუყოვნებლივ გამოაქვს დასკვნები, იწყებს გზების ძიებას სასურველის მისაღწევად, მაგრამ არსებობს ერთი პირობა, მისი ენა განსაკუთრებულია… მას მხოლოდ ვიზუალური, „სახეების” ენა, ესმის, ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალიზაცია… ანუ მკაფიოდ წარმოსახვა იმისა, რაც გსურთ… მაგრამ მხოლოდ წარმოსახვა არაფერია, თუ მას არ ახლავს შესაბამისი კინესთეტიკური განცდები, შეგრძნებები, ანუ ის უნდა იყოს ემოციური, მხოლოდ ეს ანიჭებს ვიზუალურ სახეებს ძალას… ამ გზით წარმოსახული ღრმად იჭრება ჩვენში… შესაძლოა, რომ ამ პროცესს სასიამოვნო მუსიკაც ახლდეს თან.

ახლა შეგიძლიათ, რომ თქვენი ცნობიერების „რევიზია” ჩაატაროთ: რაზე ფიქრობთ ხშირად, რას წარმოისახავთ? რომელი სახეებია თქვენს ცნობიერებაში რეგისტრირებული და ნამდვილად გსურთ თუ არა მათი „ახდენა”? ადამიანები ძალიან ხშირად ფიქრობენ იმაზე, რაც არ სურთ, ატარებენ ნეგატიურ წარმოდგენებს და ამით ნიშანს აძლევენ არაცნობიერს, რომ იმოქმედოს… მერე უკვირთ, რატომ „ახდა” ის, რაც არ სურდათ, მაგრამ რაზეც ბევრს ფიქრობდნენ.

კარგი იქნება, თუ აირჩევთ აზრის გამოხატვის პოზიტიურ ვერსიას და კონცნტრირდებით სასურველზე და არა იმაზე, რაც არ გსურთ… ადამიანი ის არის, რაზეც ფიქრობს, რაზეც საუბრობს, რა წარმოდგენებსაც ატარებს… ვისაც ფიქრის შეცვლა შეუძლია, მას შეუძლია სამყაროს შეცვლაც… ბრმა ბედისწერას ჩვენი უმოქმედობა და ავტომატიზმი ქმნის…

ვიზუალიზაცია, როგორც განსაკუთრებული სემიოტიკური ენა, შეგვიძლია ბევრი მეთოდით განვუვითაროთ მოსწავლეებს… მაგალითად, მოასმენინეთ კლასიკური მუსიკა და თხოვეთ, რომ გაახმოვანონ, რასაც წარმოისახავენ… ერთი სემიოტიკური სისტემიდან მეორე სემიოტიკურ სისტემაში „გადასვლა” შემოქმედებითი პროცესიც არის, საინტერესოც და მოსწავლეთა უნარების გამოვლენაც ასე უფრო მოხერხდება… მუსიკა შეიძლება იყოს ნებისმიერი, მაგალითად, ბეთჰოვენის „მთვარის სონატა”:

საინტერესო იქნება იმაზე დაკვირვებაც: რომელი ემოცია იქნება დომინანტი ტექსტებით გადმოცემულ შინაარსებში: სევდა, სიხარული, შიში, ბედნიერება….?
ნიკოლა ტესლა ადამიანის ევოლუციაში უპირველეს მნიშვნელობას გამომგონებლობას ანიჭებდა, რადგან თლიდა, რომ ეს იყო შემოქმედებითი აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი. ადამიანის განვითარების უზენაეს მიზნად მას მიაჩნდა მატერიალურ სამყაროზე ცნობიერების სრული დიქტატი. თავისი ყველა აღმოჩენა ტესლას ვიზუალური აზროვნების წყალობით აქვს გაკეთებული… ბევრმა მეცნიერმა აზროვნების ამ ტიპის წყალობით შეცვალა სამყარო…

აინშტაინიც ყოველთვის სახეებით ფიქრობდა და არა სიტყვებით ან მათემატიკური სიმბოლოებით… ხოლო ტესლას წარმოსახვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ხელშესახებად ხედავდა ყველაფერს… ტესლას სტრატეგიას ჰგავს მოცარტის სტრატეგია, რომელიც ამბობდა, რომ მუსიკას ჯერ გონებაში ქმნიდა და მერე გადმოჰქონდა ქაღალდზე, უკვე დასრულებული…

რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ ამ გენიოსთა აზროვნების წესი? ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტები თვლიან, რომ ამ სტრატეგიების ცოდნით ბავშვებში ძლიერდება ვიზუალური აზროვნება და ამიტომ ეს უნარები მათ სკოლიდანვე უნდა გამოვუმუშავოთ, შევაჩვიოთ სახეებით აზროვნებას…

როდესაც ბავშვები მშობლებს გამოგონილ ამბებს უყვებიან და როდესაც მშობლებს ეს ამბები არ მოსწონთ, ისინი ეუბნებიან: რომ ეს მათი ფანტაზიაა, ან რომ ეს ცუდი მოგონებაა და მალე გაივლის და ცდილობენ, რაც შეიძლება, დაუთრგუნონ მათ ასეთი ფანტაზიები და „გადმორთონ” რეალურ ცხოვრებაზე.

ტესლას ასეთ დროს სხვა მეთოდი ჰქონდა… როდესაც რაიმე წარმოსახვა აეკვიატებოდა (და გენიოსს ასეთი ბევრი ჰქონდა) და თავიდან ვერ იშორებდა, კი არ თრგუნავდა, იწყებდა ამ წარმოსახვის მართვას და უძებნიდა ისეთ განვითარებას, როგორიც მას სურდა… ვფიქრობ, ეს სტრატეგია ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე შეაჩვევს, მართონ წარმოსახვები და შემდგომში არა მხოლოდ წარმოსახვები, არამედ საკუთარი თავი და საკუთარი ცხოვრება.

წარმოსახვის უნარის განსაკუთრებულობაზეა ერთი თანამედროვე ესპანელი მწერლის, ხუან მარსეს, პატარა მოთხრობა („უჟანგავი ფოლადის ავტომობილი”), რომელსაც ასეთ შემთხვევაში ხშირად ვიმოწმებ. მოთხრობაში სულ ორი პერსონაჟია: ძლევამოსილი ფინანსისტი და ღარიბი ბიჭუნა. შემთხვევითობის წყალობით, მათი გზები გადაიკვეთება და მოწყენილი ნავთობის მაგნატი ღარიბი ბიჭუნასაგან ისეთ რამეს გაიგებს და ისწავლის, რაზეც მანამდე არასდროს უფიქრია… ბიჭუნა მას აზიარებს ნამდვილ მისტიკას და პირველად 50 წლის განმავლობაში სინიორ ალკონი სამსახურში არ მიდის… რაღაც მოხდა მის ცხოვრებაში ისეთი, რამაც ჩვეული ავტომატური რეჟიმიდან ამოაგდო… მოკლედ, ბიჭუნას დაჟინებულობით და ძლიერი წარმოსახვით მან შეიძინა მანქანა, რომელიც არ არსებობდა და რომლის დანახვაც მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, როცა გადაწყვიტა, შეეძინა ბიჭუნას შეთავაზებული არარსებული ლინკოლმ -კონტინენტალი.

პ.ს. სწორედ ასეთ შემთხვევებზე ამბობს ტესლა: რომ ცნობიერება ბატონობს საგნებზე…

ცვლილების მნიშვნელობა და ერთი უპრეცედენტო საბავშვო პროექტი

0

ჰაერივით საჭირო ცვლილებები

დიდი ხანია მინდა დავწერო ცვლილებების საჭიროებაზე იმ სფეროში, რომელსაც ქართული პედაგოგიკა ჰქვია და გამიხარდა, როცა წავიკითხე ჩვენი თანამედროვე ნორვეგიელი ფსიქოლოგიის პროფესორის, ესპენ რეისამბის დასკვნა ცვლილების, როგორც მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ. მეცნიერის მიერ ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევებით დასტურდება, რომ ცვლილება თავისთავად ყოველთვის პოზიტიური მოვლენაა და ის წარმატებული სოციალური ურთიერთობების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

მინდა ვთქვა, რომ ჩვენთან, პედაგოგიკის სფეროში განსახორციელებელი ცვლილებები უნდა შეეხოს საშინაო და საზოგადო აღზრდის საკითხებს. ფაქტია, აღმზრდელობით საკითხებში სკოლას ოჯახს და ზოგადად საზოგადოებას როგორც არასდროს, ისე სჭირდება ცვლილებები. საჭიროა, ხმამაღლა ითქვას, რომ დღევანდელ მასწავლებელს სჭირდება დამოკიდებულებების შეცვლა, ისევე, როგორც თანამედროვე დედას, რაც საბჭოთა ეპოქაში აღზრდილი ადამიანებისა და მათ მიერ აღზრდილი მემკვიდრეების ცნობიერებისათვის ძნელად მისაღები ტრანსფორმაციაა. დღესაც სკოლების მასწავლებელთა და მშობელთა უმრავლესობას სწორედ ის ადამიანები შეადგენენ, რომლებიც შინაგანად დასჯისა და წახალისების ძველი მოდელის მომხრენი უფრო არიან, ვიდრე საკუთარ პედაგოგიურ-აღმზრდელობით მიდგომებში ნებისმიერი პრინციპული, ახალ ღირებულებებზე ორიენტირებული ცვლილების შეტანისა.

ვფიქრობ, რომ მასწავლებელსა და მშობელს შორის, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებული ყოფითი და პედაგოგიური დამოკიდებულებები არაფრით შეცვლილა (არც ზედაპირულად და არც ძირეულად) უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. სერიოზული ცვლილება, ჩემი აზრით, იმიტომ არ ჩანს, რომ არ გვაქვს შინაგანი მზაობა სიახლის მისაღებად.
დედებს უჭირთ სიყვარულის გაცემა

სამი შვილი მყავს. ყოველდღე მიწევს სკოლასა და ბაღთან ურთიერთობა. ვხედავ, როგორ ვეპყრობით მშობლები შვილებს, მასწავლებლები – მშობლებს, აღმზრდელები – აღსაზრდელებს. ამ ფონზე მე, როგორც დედა, ყოველ წამს ვცდილობ იმ მავნე აღმზრდელობითი ჩვევების მოცილებასა და საკუთარი თავიდან განდევნას, რომელიც შეუთავსებელია დედის ფენომენთან. ეს მძიმე პროცესია და დიდი თევზის გასუფთავებას ჰგავს. ყველა დედას მინდა ვუთხრა, რომ შევცვალოთ საკუთარი თავი. ვცადოთ ბავშვის ტყავში შეძრომა და მისი გადმოსახედიდან ყურება. ეს ძნელია, მაგრამ შესაძლებელი. სხვანაირად, ცვლილება არ მოხდება, არ მოხდება განვითარება, სანატრელი ევროპული ღირებულებების დამკვიდრება.

უამრავ წვრილმან ყოფით სიტუაციაზე დაკვირვებით შემიძლია ვთქვა, რომ დედებს სიყვარულის გაცემა გვიჭირს. დედებმა სიყვარულის გაცემა უნდა ვისწავლოთ! თითქოს ბანალური, მაგრამ აუცილებელი მოწოდებაა, რადგან ყველა ადამიანს ეხება, და რაც ბევრს ეხება, ის მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელი. ჩემწილად, აღზრდაში დაშვებული შეცდომების ანაზღაურებას შვილების მოსმენით და გაგებით ვიწყებ…

ფული და ბავშვების განათლება

ეს საკითხი, ალბათ, დღევანდელი ეკონომიკის ყველაზე მტკივნეული სფეროა. საკმარისი ფული თუ არ გაქვს, ბავშვს (მარტივად, სიმძაფრის გარეშე რომ ვთქვათ) ბევრი რამ მოაკლდება, მათ შორის, ყველაზე აუცილებელი – განათლების მიღების შესაძლებლობა…

ამ ფონზე უპრეცედენტო და დაუჯერებელია ის პროექტი, რომელსაც „მწერალთა სახლი” მიმდინარე წლის თებერვლიდან აქტიურად ახორციელებს: მისი დირექტორის, ნატა ლომოურისა და საბავშვო პოეტის, ვასილ გულეურის, ძალისხმევით ყოველ შაბათს ტარდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები. გარდა იმისა, რომ ბავშვები სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ინფორმაციას იღებენ, მათთვის საინტერესო ფორმით ერთვებიან შემეცნებით აქტივობებში:

·ისმენენ ლექციებს;
·მონაწილეობენ სემინარებში;
·კითხულობენ ზღაპრებსა და ლექსებს;
·დეკლამატორობენ;
·ხვდებიან და ესაუბრებიან საბავშვო ავტორებს;
·ხატავენ.

ამ ყველაფრის გამო, ყოველ შაბათს მოსწავლეები მწერალთა სახლში სიამოვნებით დადიან. მოკლედ, ეს ჩვეულებრივი, ბავშვების ინტერესებზე ორიენტირებული თავისუფალი ურთიერთობებია, რაშიც არაჩვეულებრივია ის, რომ მშობლები ფულს არაფერში იხდიან: არც ფართში, არც ლექციებში, არც ინვენტარსა და სასწავლო ნივთებში. კიდევ ისაა სასიამოვნო, რომ ამ ყველაფრის ინიციატორი მწერალთა სახლია.

ყოველ შაბათს მწერალთა სახლში მიმდინარე ეს ამბავი, ვფიქრობ, ასე სასურველი ისეთი ცვლილების ნიმუშია, რომელიც თანდათან შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებასაც იმ საკითხის მიმართ, რომ აუცილებლად უნდა გადაიხადო, რათა შვილს საუკეთესო მისცე.

მე დავინახე ეს ცვლილება და ამიტომ დავწერე. როცა ვასილ გულეური ამ შეხვედრებს უძღვება, მას სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად ხომ მასწავლებლებიც ესწრებიან?! რა თქმა უნდა…

ამგვარად, მნიშვნელოვანია განვახორციელოთ ცვლილებები აღზრდის სფეროში და, უპირველესად, ცვლილებები ჩვენს დამოკიდებულებებში შევიტანოთ.

პოეტური გადაძახილი: ყივჩაღის პაემანი კარმენთან

0
გიორგი ლეონიძე პოეზიის მასკარადზე ხშირად ყივჩაღის ნიღბით ცხადდებოდა. საუკუნეთა სიღრმიდან გამოხმობილი გადამთიელის სახე უცნაური ძალით იზიდავდა, ხიბლავდა, ატყვევებდა, აჯადოებდა. ეს ნიღაბი უხდებოდა კიდევაც, საუკეთესოდ გამოხატავდა მის არსებაში ჩაბუდებულ სტიქიურ, ველურ, დაუმორჩილებელ, ვერმოხელთებულ ძალას:

„თეთრ ვარდებს დავეშურე ყივჩაღური ლირიკით, / მოდიოდა სახელი ნაოჭების ბილიკით!”

სწორედ ყივჩაღის სახის ქვეშ ვლინდებოდა მისი „სხვა მე”, ჩვეულებისამებრ, დაფარული, მიყუჩებული, მინავლებული. შეიძლება ეთქვა, რომ ყივჩაღი თვითონ არ ასვენებდა, მიიხმობდა და მანამ არ მოეშვებოდა, სანამ მასთან შერწყმას არ დათანხმდებოდა, სანამ არ მისცემდა საშუალებას, გაცოცხლებულიყო მისი გზით. ამ შემთხვევაში, პოეტი მედიუმივით ატარებდა თავის არსებაში ყივჩაღს და ლექსში შემოჰყავდა ცოცხალი, ატეხილი, ვნებადაუოკებელი.

პოეტი ახალგაზრდობიდან მოყოლებული სიბერემდე ვერ შეელია ამ სახეს და ასაკოვანიც ისევე ერგებოდა ამ ნიღაბს, როგორც ყმაწვილობისას, რადგან ყივჩაღი მისი სულის ორეული იყო, სულისა, რომლისთვისაც უცხოა დროის ცვალებადობა. პოეტმა თავისი პორტრეტიც სწორედ ამ ნიღბით წარმოაჩინა. ჯერ უზარმაზარი მთები გამოკვეთა, როგორც „ბუმბერაზთა საშინელი მხედრობა” („მთებში”), მერე საკუთარი სახეც დახატა, რომელიც „ყივჩაღურებ ჩაჰყურებდა” გაპობილ ნაპრალებს. „ყივჩაღური ყურება” მისთვის იმგვარი ხატი იყო, რომელსაც ვერანაირი სხვა სიტყვა ვერ ჩაენაცვლებოდა. ამგვარი მზერა იტევდა თავისუფალი ადამიანის ყოველგვარ განცდას, უპირველესად კი, დაუმორჩილებლობას: „თუ ხარ მონა, აქ არავინ გენდობა”.

პოეტი გულგრილად ვერ „ჩაუვლიდა” ვერც „ყურღანებს”, რადგან იქ ეგულებოდა ჩაძინებული ყივჩაღები, თავქვეშ თოქალთოები რომ ეგოთ. ხატავდა მათ სიზმრებში აჭიხვინებულ ცხენებს და წუხდა:

„როგორ გატორეს ერთხელ ტრამალი, 
როგორ ამტვრევდნენ გულის ფიცარსა, 
მაგრამ ვერ ნახეს ქვეყნად წამალი
და გამწარებით ხრავენ მიწასა” („ყივჩაღური ღამე”).

იდიომატური „მიწის ხვრა” აქ შინაარსის საზღვრებს იფართოებს და მკითხველს ჩაესმის მძლავრ ყბებში მოქნეული მიწის ხრაშახრუში. არა, ასეთნი მიწაში დიდხანს ვერ გაძლებენ და პოეტმა მხოლოდ შეაშველა ხელი ერთ-ერთს, ყველაზე გაბედულსა და გამორჩეულს. თუმცა ვიღაცას უკვე დაესწრო და „მუხრანის საზღვართან” ჩასაფრებული ყივჩაღი პოეტურ სამყაროში შემოეყვანა, ლაღი და თავხედი. იმ უსახელოს, მადლიანს არც ენა აკლდა, არც გული და ხელოვნება და არც ღვთის შემწეობა. გულში ჩამწვდომად გამოეთქვა ყივჩაღის ამბავი, თავზე ხელაღებული მოძალადისა, თავის გზაზე მშვიდად მიმავალ ცოლ-ქმარს რომ დაესხა და ქალის წაგვრას ლამობდა.

ხალხური ლექსის ყივჩაღი აღარ დაეხსნა პოეტს, ტყვედ გაიხადა, მის ალტერ- ეგოდ იქცა და „აიძულა” ახალი სიცოცხლე ჩაებერა მისთვის. „ისევ აღვსდექი”, _ იტყვის გიორგი ლეონიძის ხელით „განახლებული” ყივჩაღი და „ყურღანებიდან” გაფრენილ გნოლს გააყოლებს სივრცეს მოწყურებულ თვალებს. მერე კი გაჰყვება აყვავებული თავთუხების ხოდაბუნებში ჩაკარგულ გზას და თავის სისხლს ყაყაჩოებისას შეურევს. მანამდე კი სიყვარული უნდა დაიბადოს, როგორც ბალახი ან მინდვრის ყვავილი გაზაფხულზე, უბრალოდ, ბუნებრივად, თავისთავად, როდესაც ჟამი მოუწევს, როცა „ზაფხული მიწურვილი” იქნება, „ხოხბობის თვეში”. მართალია, ყივჩაღის ბედისწერა დიდი ხანია დაწერილია, მაგრამ იგი მაინც თავისუფალია, რადგან არ გაურბის მას. პირიქით, თქარათქურით აამტვერებს ტრამალებს, მცხეთას „საკეტურებს დაუმტვრევს” და „კელაპტრიან ტაძრებს დალეწავს”. ყივჩაღობა სიყვარულის გზით სიკვდილის დაძლევას ნიშნავს, ამიტომაც გაისმის ასე ზეაწეულად და საზეიმოდ:

''მუზარადიან შენ ქმარს შემოვხვდი, /თავი შუაზე გადამიჩეხა''. 

თითქოს მოწინააღმდეგეს სასიკვდილოდ კი არ დაეჭრას, არამედ გამარჯვებულის დაფნა დაედგას თავზე. მკითხველი ხედავს გადაჩეხილი თავიდან მოთქრიალე სისხლს, მაგრამ შიშისა და ძრწოლის ნაცვლად გამარჯვების სიხარული გადაედება. სიცოცხლე თითქოს კიდევ უფრო გამჭვირვალედ წარმოაჩენს თავის მშვენიერებას: „როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები”. სიცოცხლე წვაა, „ხარშვაა”, თუხთუხია. ტრიალებს და ბზრიალებს სამყარო წრეზე, სადაც ყოველი წერტილი ერთდროულად სიკვდილიც არის და სიცოცხლეც. „სატრფოს ელვის ტანი” კვლავ უხმობს ყივჩაღს „ათასი წლის მერეც” და ისიც ისევ აღსდგება „დასალეწად და თავგასაჩეხად”. იგი სატრფოს ვერასოდეს „შეეყრება”, მუდამ გადაეღობებიან და დაჩეხენ, მაგრამ ამით სიყვარულის ცეცხლს უფრო შეაგზნებენ, როგორც გრიგოლ რობაქიძის მოხუცი ხევსური („ენგადი”) ამბობს: „ღვთიურ არს სიყორულ, ხორციელ იგემებ _ მოჰკლავ მას, იწვოდ მხოლოდ”. 

სიზმარსა თუ ცხადში, როცა მთვარე „ხორცით გაივსებოდა _ უნაზესი მუცელი, აბრეშუმის საბუდარს რომ სწყდება” და ქვეყნიერება „მთვარის მორევში” ჩაიძირებოდა, ისევ ამოყვინთავდა რომელიმე ქალი, მერე ყივჩაღს რომ უნდა შეხვედროდა:

„უბნებში გადადიან ცეცხლები ყირამალა 
მღერის ვაჟთა კრებული, 
ყივჩაღურად თამაშობს 
გოგო ჩამკვრივებული”.

ასეთ დროს წლების სიმრავლით დაქანცული სოლომონიც იღვიძებდა და კვლავ მიიხმობდა მიჯნურს. „წლები წარვიდნენ, და შუადღეც თუ მიიწურა, ისევ ვენახში გელოდები, ჩემო სულამით”. 

თუმცა ყივჩაღის მორიგი მოვლენისა და „გაცოცხლებისას” მაინც შედგა გამორჩეული პაემანი. პოეტმა იგი თვით კარმენს შეახვედრა, სიყვარულისთვის თავზე ხელაღებულს. პროსპერ მერიმეს ნოველის („კარმენი”) ცეცხლოვანი და საბედისწერო ქალი ხელოვნების სამყაროში დაუოკებელი ვნების, დაუმორჩილებლობისა და თავისუფლების სიმბოლოდ დიდი ხანია უკვე ქცეულიყო. გიორგი ლეონიძისთვისაც კარმენი „ქალი და ხმალი იყო” („კარმენ”), ქარიშხალს ჩამოტეხილი ცეცხლის ნატეხი. „წარბქამანდებით ნაცნობი სახე” მოსვენებას უკარგავდა და სადღაც გულის სიღრმეში აფიქრებინებდა: „შენი ხანჯლური სევდაც ხომ ამხელს, კარმენ, ბასკი ხარ, ვგონებ, ქართველი”. და რადგან ეს „ვერსია” კარმენის ბასკ-ქართველობისა ასე უმტკივნეულოდ შეითხზა წარმოსახვაში, აქედან მწველმა ოცნებამაც გაშალა ფრთები და „ლოგიკურად” გაიდო ხიდი მუხრანისკენ. პოეტმა ყივჩაღის ნაცნობი ნიღაბი კვლავ მოირგო:

„და თუ ასეა… გახსოვს მუხრანი,
დანაყულ ხმალზე სისხლის კურცხალი…
მთვრალი ყივჩაღი გზად მობუღრავე, 
მტვერში ღრიალით დანამუხლარი''.

კარმენის ტოლი და სწორი ხომ მხოლოდ ყივჩაღი შეიძლება ყოფილიყო, რადგან ორივესთვის სიყვარული სიკვდილს ნიშნავდა. ამიტომაც მათი ავისმომასწავებელი შეხვედრა თან იზიდავდა და თან აშინებდა პოეტს:

„ვაი,თუ ავი სიზმარი ახდა,
ტორეადორი დაეცეს მხოლოდ, 
ვაჰ, თუ თავიდან იწყება ახლად, 
ის, რაც გათავდა მუხრანის ბოლოს”. 

ასე გადალახა პოეტმა მხატვრული დროსივრცის საზღვრები და თავისი პოეზიის უზადო სცენაზე ერთმანეთს შეახვედრა ყივჩაღი და კარმენი. 
 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...