შაბათი, ივლისი 4, 2026
4 ივლისი, შაბათი, 2026

ფანტასმაგორიული შეხვედრები

0

თუ ბორხესი ეჭვობდა, რომ ადამიანები პერსონაჟთა მსგავსად, შეიძლება გამოგონილნი ყოფილიყვნენ, გივი მარგველაშვილი ამ ეჭვს რეალობად აქცევს და წერს:

„მე წიგნის გმირი ვარ.
ჩემს წიგნში_მე მას ჩემს ბიოგრაფიულ რუკასაც ვუწოდებ,
ზუსტად მიწერია ჩემი ბედისწერა.
იქ მატარებელივით მივიწევ წინ.
ჩემი ცხოვრების ხაზი
ამ წიგნის ყველა თავში უცვლელი რჩება.
დღე, როდესაც მავანი მკითხველი ამ მარშრუტს აირჩევს,
ჩემი დაბადების დღეა”.

ასე რომ, მწერალი თვითონვე აქცევს თავს წიგნის გმირად და ამგვარად თავს დააღწევს მოკვდავობას, სიცოცხლის ერთჯერადობას. წიგნის ყოველი წაკითხვისას ის ხელახლა აღდგება და ასე, მკითხველთან ყოველი ახალი შეხვედრისას ისევ იგრძნობს ცხოვრების სიტკბოსა და სიმწარეს და გაიმეორებს ცხოვრების მისტერიას.

ხორხე ლუის ბორხესს წერილში „დონ კიხოტში” დაფარული მაგია” მოჰყავს მაგალითები მსოფლიო ლიტერატურიდან, როდესაც პერსონაჟები და რეალური პიროვნებები ერთ დრო-სივრცულ არეალში მოაზრებიან. მაგალითად, „დონ კიხოტში” მღვდელი და დალაქი ათვალიერებენ დონ კიხოტის ბიბლიოთეკას, სადაც ერთ-ერთი წიგნი თვითონ სერვანტესის „გალათეაა”. უფრო მეტიც, დალაქი მაინცდამაინც არ არის აღფრთოვანებული ამ წიგნით და მიაჩნია, რომ ავტორი უფრო ძლიერი ფათერაკების აღწერაშია. „ასე რომ, სერვანტესის გამონაგონი, ან სერვანტესის სიზმრის ნაშიერი ეს დალაქი თვით სერვანტესზე მსჯელობს”. ამავე რომანის მეორე ნაწილში კი პერსონაჟებს უკვე წაკითხული აქვთ „დონ კიხოტის” პირველი ნაწილი. ამ და სხვა მსგავსი მაგალითების მოხმობით ბორხესი დაასკვნის: „კაცობრიობის ისტორია არის დაუსრულებელი ღვთაებრივი წიგნი, რომელსაც მსოფლიონნი წერენ და კითხულობენ (და ცდილობენ შეიმეცნონ) და რომელშიც თვითონ მათაც ამგვარადვე წერენ”. ბორხესისთვის „წიგნი, ყოველგვარი წიგნი წმინდა რამ არის”. იგი ლეონ ბლუას მოიხმობს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ მაგიური წიგნის სტრიქონები ვართ, ან სიტყვები, ან ასოები; და წიგნი, რომელიც მარადჟამს იწერება, ერთადერთია.

ჩვენს დროში განსაკუთრებულად გამძაფრებული შეგრძნება, რომ ყველაფერი უკვე დაწერილია, გივი მარგველაშვილმა გადალახა ამ დაწერილთან ურთიერთობის გამონახვის ფორმების ძიებით. სწორედ ეს ძიებებია ასახული მისი მინიატურებისა და ლექსების წიგნში „მე წიგნის გმირი ვარ” (გერმანულიდან თარგმნა და წინათქმა დაურთო ნაირა გელაშვილმა).

გივი მარგველაშვილი ტრაგიკული ბედის წყალობით გერმანულენოვან მწერლად იქცა, თუმცა მისი მრავალფეროვან შემოქმედებაში საქართველოს თემატიკა გამორჩეულია და მნიშვნელოვანი. მან საუკეთესო თავშესაფრად დაწერილი მხატვრული ტექსტი აირჩია. იგი მკითხველის კულტსაც ქმნის. ადამიანი, ერთი მხრივ, კითხულობს სხვათა დაწერილ ტექსტებს, მეორე მხრივ, საკუთარ თავსაც ამოიკითხავს (შეიმეცნებს) ცხოვრების წიგნში. ამ შემთხვევაში, მთავარია, ერთგვარი მეორეული ცხოვრება, რომელიც იქმნება კითხვის პროცესში. ამ დროს ადამიანი (მკითხველი) იქცევა სხვად და ერთგვარ იწყებს მოგზაურობას და ურთიერთობას ტექსტისმიერ სამყაროსთან. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ის ეხმიანება ოსკარ უაილდს, ჰერმან ჰესესა თუ მარსელ პრუსტს, რომლებიც წიგნის, გამოგონილი და წარმოსახული სამყაროს რეალობაზე უპირატესობას აღიარებდნენ.

უპირველესი წიგნი, რომელთანაც ურთიერთობით ახალ სიცოცხლეს შეიძენს ადამიანი, არის ბიბლია. გივი მარგველაშვილის დამოკიდებულება ამ წიგნის და იქ აღწერილი მოვლენების მიმართ ორიგინალურია. იგი ქმნის მისტიფიკაციას ერთგვარი რაინდული ორდენისას, რომელსაც ჩვენს დროში სიკეთის დაცვა აურჩევია თავის მოვალეობად. ამ ორდენს შეიძლება შეუერთდეს ნებისმიერი მკითხველი, რომელიც გივი მარგველაშვილის მინიატურების კითხვას შეუდგება. მწერალი ერევა უკვე დაწერილი ტექსტის ისტორიაში და ცვლის, მართალია ეს ცვლილება წარმოსახულია და მხოლოდ კითხვის პროცესში ხორციელდება, მაგრამ მკითხველს პასიური დამკვირვებლიდან აღწერილი ამბების აქტიურ მონაწილედ აქცევს, მას უქმნის ილუზიას, რომ შეუძლია ჩაერიოს უკვე დაწერილში და პერსონაჟთა ბედი შეცვალოს. მინიატურაში „ისააკის გაქცევა ბეთლემში” მწერალი მკითხველთან ერთად ცვლის ცნობილ ისტორიას. ის მამის წინ სამსხვერპლოდ მორჩილად მიმავალ ისაკს მოულოდნელად შეშინებულ ბავშვად აქცევს, ჯიუტად რომ გაურბის დანამოღერებულ მამას. მწერალი მკითხველთან ერთად მფრინავი თეფშით მიუძღვება ისააკს ახალი აღთქმის ტექსტისაკენ, სადაც „ძველტექსტისმიერ არსებას თემატიურად ეკრძალება აქ შემოსვლა. პატარა ისააკისთვის კი გამონაკლისს ვუშვებთ”. ეს, რა თქმა უნდა, ლიტერატურული თამაშის ნაირსახეობაა, მაგრამ ძალიან ორიგინალური და საინტერესო. მკითხველი თავისუფლდება ტექსტზე მიჯაჭვულობისაგან, ის შედის ტექსტში და მონაწილეობას იღებს პერსონაჟთა ბედის გადაწყვეტაში. მსოფლიო ლიტერატურაში ამგვარი „თამაშების” გამოცდილება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ გივი მარგველაშვილის მიერ შემოთავაზებული ამ თამაშის ფორმები განსხვავებულია, მომნუსხველი და შთამბეჭდავი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ბიბლიურ პერსონაჟებს ეხებათ. აქ უკვე აღარ მოჩანს საბედისწეროდ და გარდუვალად: „რომ დაწერილი სიტყვა უნდა აღსრულდეს”.

აქ მჟღავნდება მარგველაშვილის პოსტმოდერნისტული თვალთახედვა, მისთვის აღარ არსებობს ტექსტი, როგორც ავტორიტეტი, ხელშეუხებელი. ის დაწერილს ცვლის, მართალია, მას არა აქვს პრეტენზია ჭეშმარიტების ჩანაცვლებისა, ან რაიმე აღიარებული ჭეშმარიტების ეჭვქვეშ დაყენებისა, ის, უბრალოდ, წაკითხვის ახალ გზას იგონებს ძველი ტექსტების ახალი გაცოცხლებისთვის და მათთან ახალი და ორიგინალური დიალოგის გასამართავად. ამ შემთხვევაში, ბიბლიური ამბავი, რა თქმა უნდა, ინარჩუნებს მის თვალში ავტორიტეტულობას, მაგრამ ის არ კითხულობს მას ისე, როგორც აქამდე სხვები კითხულობდნენ, ის ეძებს და პოულობს კიდევაც ახალ გზებსა და ბილიკებს ცნობილი მხატვრული ტექსტების ახალი აღქმისათვის, რათა ძველ ტექსტთან ურთიერთობის ნაცნობი განცდა გადაახალოსოს და გაამრავალფეროვნოს.

გივი მარგველაშვილი, როგორც ნაირა გელაშვილი შენიშნავს ხატოვნად, მართლაც, „პერსონაჟების მესიად” გვევლინება. „აი, ძვირფასო მკითხველო, _ აი, მცირეოდენი ოქრო, გუნდრუკი და მური. აიღე და შეურთდი იმ ქარავანს! ესენი აღმოსავლელი ბრძენები არიან.… ჰო, მართლა, სად მიდიან? შეგიძლია მიპასუხო? არა? ო_ო_ო… დაგვიწყებია. დიდხანს, ძალზე დიდხანს მიედინებოდა შენი უაზრო კითხვა_ყოფნა უბადრუკ წიგნთა საუფლოში”.
ასე და ამგვარად, მწერლის კეთილშობილური განზრახვით, მკითხველი მასთან ერთად ბიბლიაში მიემგზავრება, თავისსავე წარსულში, რათა გაიგოს: „ვინ არის, სიდამ მოსულა,/ სად არის, წავა სადაო”(გურამიშვილი).

მკითხველი კითხვის ახალი სასწაულის მოწმე და მონაწილე ხდება მინიატურაში „წიგნის გმირების დროული გადასახლება”. უჩვეულო შთაბეჭდილებას იწვევს ამბავი, რომლის მიხედვითაც, „წიგნის სამყაროს მმართველობის მიერ წარგზავნილ წინამძღოლებს” მშობლიური კუთხიდან აყრილი მშობლები და ყრმანი მათეს სახარებიდან ლუკას სახარებაში გადაჰყავთ, „რადგან აქ არ ჟლეტენ ყრმებს და ლტოლვილებს წიგნის სამყაროს ამ მხარის ისტორია ხიფათს არ უქადის”. ის, რაც რეალურ დროში განხორციელდა და ამგვარადვე აღიბეჭდა დაწერილში, კითხვის პროცესში შეიცვალა. უდანაშაულო ყრმები ჰეროდეს რისხვას და გაჟლეტას გადაურჩნენ. რა თქმა უნდა, ეს ილუზიაა, მაგრამ მკითხველი გრძნობს, რომ დაწერილი არ ნიშნავს შეუცვლელს, ყოველ შემთხვევაში, კითხვის პროცესში ყველაფერი შეიძლება მკითხველის სურვილისამებრ გარდაიქმნას.

ეს არის არა განსხვავებული ინტერპრეტაცია ტექსტისა, არამედ მისი სრულიად ახალი ვერსია. ამოსავალი მწერლისთვის არის ცნობილი პოსტმოდერნისტული ფორმულა: „სამყარო ტექსტია”. ამ სივრცეში ის თავისუფლად მოძრაობს, შლის და გადაადგილებს ამ დაწერილის ცალკეულ ფრაგმენტს. მწერალი ქმნის უტოპიას, რომლის მიხედვითაც, თუ ღმერთის სურვილი იქნება, შეიძლება ადამიანის შექმნილი ტექსტი ღვთის შექმნილს გაუთანაბრდეს, ე.ი. რეალურ დრო_სივრცეში დაიწყოს არსებობა.

პერსონაჟებს აღარ აკმაყოფილებთ ადამიანი _პასიური მკითხველი, მათ სურთ არა ხანმოკლე, არამედ მარადიული სიცოცხლე, გათავისუფლება ქაღალდზე მიჯაჭვულობისაგან და სიცოცხლის თავბრუდამხვევ რიტმში მონაწილეობა. ამგვარ ლიტერატურულ თამაშებში შემოჰყავს მწერალს მსოფლიო თუ ქართული ლიტერატურის გმირები და ფანტასმაგორიული შეხვედრების სამყაროს ქმნის.

მნიშვნელობა აღარ აქვს

0
ჭკვიანი და მკვდარი კაცებისა ტყუილიც დაიჯერება. ჟურნალ Esquire-ის ფურცელზე სულმნათი გაბრიელ გარსია მარკესის ასეთი სიტყვები წერია: „ჩვენ გვიწევს, ვიბრძოლოთ ენის გაქვავების წინააღმდეგ. ისეთმა სიტყვებმა, როგორებიცაა „ერი”, „დემოკრატია”, დაკარგა მნიშვნელობა. ყველას, ვისაც არჩევნების ორგანიზება შეუძლია, თავი დემოკრატი ჰგონია”.
კოლუმბიიდან საქართველომდე ოკეანე და მრავალი ათასი კილომეტრია, მაგრამ მარკესის აზრი ჩვენს ქვეყანას ისევე ერგება, როგორც თემიკო ჩირგაძე – ვაჟა ზაზაევიჩის როლს. „ერისა” და „დემოკრატიის” გარდა, ჩვენში ყველა, როგორც იტყვიან, ძაღლი და ღორი, წაღმა-უკუღმა რომ ატრიალებს, უამრავმა სიტყვამ თუ ფრაზამ დაიწყო გაქვავება. ბევრი კი თავიდანვე ქვადშობილი იყო. მათ დაკარგეს მნიშვნელობა ან მნიშვნელობის გარეშე დაიბადნენ, ზოგიერთი საფიცარი, ამაღელვებელი ფრაზის გაგონებაზე კი არათუ სისხლის ტემპერატურა არ გვიწევს მაღლა, არამედ ხანდახან გვეცინება კიდეც.

ამას ჩვენ ყოველდღე ვაკეთებდით: შინ, ოჯახის წევრებთან საუბრისას; სკოლებში, გადაუმოწმებელი და გაუაზრებელი ისტორიული პასაჟების მოყოლისას; ბირჟებზე, ქვეყანაში მოქმედი კანონების ალტერნატიული, ქუჩის კანონების შექმნისას; საზოგადოებრივ ტრასპორტში, დადგენილი წესების ერთობლივად უგულებელყოფისას; სუფრებზე, მლიქვნელობისა და ფარისევლობის ზეიმის დროს; პარლამენტში, საკუთარი უნიათობის მაღალფარდოვანი სიტყვებით გადაფარვისას; მიტინგის ტრიბუნაზე, ხელოვნური ცრემლების მოსადენად.
დღეს ჩვენ ისე გვჭირდება ერთად დგომა, როგორც არასდროს
ქართული მიტინგების სცენარის გამოცნობა ისევე იოლია, როგორც დაბალბიუჯეტიანი ჰოლივუდური ფილმის ფინალისა, რომელშიც უბრალო ბიჭს კოლეჯის ფეხბურთის გუნდის კაპიტნის შეყვარებული უყვარს, მაგრამ თქმა ვერ გაუბედავს. რუსთაველის გამზირზე, ყოფილი და მომავალი (ამისა ვეღარა გავიგე რა) პარლამენტის შენობის წინ, უკან საეჭვობანერგაკრულ სცენაზე გამოსული მოპატრიოტო ან ვაიმოპატრიოტო ელემენტი ადრე თუ გვიან აუცილებლად იტყვის სიტყვებს: „ქართველებო, დღეს ჩვენ ისე გვჭირდება ერთად დგომა, როგორც არასდროს”. მიდი და არკვიე ახლა მტყუან-მართალი. ბოლო-ბოლო, ერთი და ორი ცრუ მესია გვინახავს?!

ერთადერთი ემოცია, რომელიც ამ სიტყვების გაგონებისას მეძალება, სიცილია, ამის მთქმელი ადამიანები კი წამსვე გადაიქცევიან ხოლმე კომიკურ, პატარა პერსონაჟებად, რომლებიც, რამე რომ იყოს, ასანთის კოლოფშიც თავისუფლად მოთავსდებოდნენ. გახსოვთ, როგორ მთავრდება „მარტოობის 100 წელიწადი”? „ადამიანთა მოდგმა, რომელიც განწირულია ასწლიანი მარტოობისთვის, მეორედ ვეღარ მოვა ამქვეყნად”. ჩვენს შემთხვევაში კი ასე მგონია: ადამიანთა მოდგმას, რომელიც ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად ვერ აკეთებს თავის საქმეს, გაერთიანება არ უწერია.
თავისუფლება ლომთა ხვედრია
ჩვენში დარჩეს, მაგრამ თავისუფლება ადამიანთა ხვედრი უფროა. ოღონდ ყველა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ვერ ან არ ახერხებს იყოს თავისუფალი თავისი დამოკიდებულების, კომპლექსების, მიჯაჭვულობის, წარსულის, მოკლე მეხსიერების გამო. რაგბის თამაშის წინ, რესტორნებში, მანქანებში ვუსმენთ და ხანდახან ავყვებით ხოლმე სიმღერას, რომელშიც ამბობენ, რომ თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია. ამასობაში ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს სიტყვები ჩვენზე კია დაწერილი, მაგრამ არ გვეხამება.

ტალონით ნაყიდი რუსული ხიზილალას გემო; ფიქრი: რას იტყვის მეზობელი, თუ ჩემმა შვილმა ტატუ გაიკეთა; ეჭვი, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავენ, პატრონი არ ჰყავთ; რწმენა, რომ ნუგეში ვითომდა საერთო რელიგიის აღმსარებელი მეზობელის უბეშია; იმის კომპლექსი და მცდარი აზრი, რომ ვინც ტელევიზორში ხშირად გამოდის, შენზე ჭკვიანია; შიში, რომ კონკურენტზე უკეთესი ვერ იქნები; ძალა, რომელსაც საკუთარ ორგანიზმსა და გონებაში ვერ პოულობ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის; არგუმენტი, რომ ვაჟა-ფშაველა მხოლოდ იმიტომაა მაგარი, რომ ალენ დელონმა წაიკითხა (თუმცაღა არ წაუკითხავს); იდეა, რომ რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ. ეს ყველაფერი და კიდევ ვინ მოთვლის რამდენგვარი სიმსივნე გვართმევს საშუალებას ვიყოთ თავისუფლები. ესაა ბალასტი, რომელიც აეროსტატიდან უნდა გადაიყაროს.
და თუკი თავისუფლება მართლაც ლომთა ხვედრია, მაშინ ჩვენ ნაღდად არ ვართ ლომები. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
მანდილოსნებს გაუმარჯოს
ამ სადღეგრძელოს ორ რამეს ვედავები – სიკეკლუცესა და სიყალბეს. გამარკვიეთ ერთი, რატომ უნდა გაუმარჯოს მანდილოსნებს ცალკე? ქართულ სუფრაზე მე არ მომისმენია მამაკაცების სადღეგრძელო. თუ მაინცდამაინც არ ვიშლით, იქნებ აჯობებდეს ვთქვათ, ადამიანებს გაუმარჯოსო. განა ქალი სხვა სახეობაა?

ასეც რომ არ იყოს, ამ სიტყვებს გაგრძელება და საქმით დასტური არ გააჩნია.

ცოტა ხნის წინ ერთ თბილისურ საპურმარილეში ასეთ ამბავს შევესწარი: ფერხორციანი მამაკაცები ერთი მათგანის დღეობას აღნიშნავდნენ. სუფრა ეზნიქებოდათ. ხორხოცებდნენ, ნაკლებად სასაცილო ანეკდოტებს ჰყვებოდნენ, გაუცინარზე იცინოდნენ. მიჰყვნენ პროტოკოლით განსაზღვრულ სადღეგრძელოებს და მიადგნენ მანდილოსნებს. სად წაუვიდოდნენ?! დიდად აზიზი სიტყვებით შესვეს. ზოგიერთმა უცნობი პოეტების ნაკლებად ცნობილი ლექსებიც მოაყოლა. არ გასულა ხუთი წუთი, რომ ერთმა მათგანმა, ყველაზე მთვრალმა და ცუდი ენის კაცმა, მიმტან გოგონას მიმართა:

– სადაა ჩემი ხინკალი?

– გამოვა თუ არა, მოგიტანთ, ბატონო, – უპასუხა მიმტანმა და შებრუნდა.

– ოე, …-ო – უღრიალა მამაკაცმა, რომელმაც ხუთი წუთის წინ ცრემლმოსადენი სიტყვებით დალია მანდილოსნების სადღეგრძელო.

ღმერთმა დამიფაროს, იმას ვამბობდე, რომ ასე უგვანად ბევრი მოიქცეოდა. ცხადია, ცოტა მოიძებნება ასეთი არაკაცი, მაგრამ ამ სიტყვების ფასი რომ ნულია, ნული ეგეთი უნდა.
დანარჩენზე მერე დავწერ.

ზრდასრულთა განათლება საქართველოში – რეალობა და პერსპექტივები

0
სწავლა სიბერემდეო, გვასწავლის ქართული ანდაზა. ბევრი იზიარებს და მისდევს ამ ბრძნულ გამონათქვამს, თუმცა უმეტესობა ამას მხოლოდ თვითგანათლებით ახერხებს.
რა მდგომარეობაა საქართველოში ზრდასრულთა განათლების მხრივ? ათეულობით წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული იყო აზრი, რომ ადამიანი ერთხელ ირჩევდა პროფესიას და შეცდომა არ უნდა დაეშვა, ვინაიდან მთელი სიცოცხლე ამ პროფესიით მოუწევდა მუშაობა. ამასთან, პროფესიასაც დროულად უნდა დაუფლებოდა, ვინაიდან რამდენიმე წლის შემდეგ განათლებაზე ფიქრი მისთვის შესაძლოა ოცნებადვე დარჩენილიყო. ასეთივე მიჯაჭვულობა იგრძნობოდა სამსახურის მიმართაც: როცა ამა თუ იმ პროფესიის ადამიანი მუშაობას იწყებდა, დარწმუნებული იყო, რომ სიკვდილამდე იქ იმუშავებდა, ამიტომ, თუ რაიმე მიზეზით სამსახურის დატოვება მოუწევდა, ეს სიცოცხლის დაკარგვის ტოლფასად მიაჩნდა. უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ ათწლეულებში რაიმე სერიოზული ძვრა ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არ მომხდარა. უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების მსურველთა ასაკი დღესაც მკაცრად არის განსაზღვრული. ზრდასრულთა განათლება საქართველოში დღეს უმთავრესად განსაზღვრული პროფესიის მქონე პირთა შემდგომ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვით შემოიფარგლება და ეს, როგორც წესი, ტრენინგების ფორმატში მიმდინარეობს. წლების განმავლობაში მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტთან არსებული სასწავლო კურსები საშუალებას აძლევდა მსურველს, რამდენიმე გამოცდის ჩაბარების შემდეგ პედაგოგის პროფესიას დაუფლებოდა, თუმცა აქ წინაპირობა ის იყო, რომ მას უკვე უნდა ჰქონოდა ნებისმიერ სხვა სფეროში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ კურსებმა ბევრი კარგი პედაგოგი შემატა საქართველოს. ისინი დღესაც წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას ჩვენს სკოლებში.
ზრდასრულთა განათლებისადმი ინტერესი ხშირად ამა თუ იმ საგრანტე პროგრამის განხორციელებისას წარმოიშობა და მისი დასრულებისთანავე ქრება. ბევრ სხვა საინტერესო პროგრამასთან ერთად ასეთი ბედი ეწია ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების პროგრამასაც, რომელიც წლების წინ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით წარმატებით ამოქმედდა. ის მიზნად ისახავდა მშობლებში პედაგოგიური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო განათლების გავრცელებას. ამ პროგრამის ფარგლებში ბევრი სასიკეთო და სასარგებლო რამ გაკეთდა: მომზადდა პოპულარული საკითხავი ლიტერატურა 3 წლამდე ასაკის ბავშვთა განვითარების საკითხებზე, დაიწერა სცენარი და გადაღებულ იქნა ვიდეოფილმები, ტელეკომპანია „იმედის” მხარდაჭერით მომზადდა გადაცემების ციკლი სახელწოდებით „პირველი ნაბიჯი”, გაიმართა ტრენინგების სერია მშობლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას მშობელთა მხრიდან დიდი მოწონება, აღიარება, მხარდაჭერა ხვდა წილად, მან მხოლოდ ორი წელი იმუშავა და დაიხურა, როდესაც ჩვენს ქვეყანას უკვე დამოუკიდებლად, საგარეო დახმარების გარეშე უნდა ეზრუნა მომავალი თაობის მშობელთა შემდგომ განათლებაზე. ამ პროგრამის დახურვით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის, მშობელთა განათლების, მოგვარება კიდევ ერთხელ დავაყენეთ კითხვის ნიშნის ქვეშ. და ეს მაშინ, როცა მშობლების განათლებისა და მშობლობისთვის მათი მომზადების კუთხით თითქმის არაფერი კეთდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მშობლობაც პროფესიაა და, თამამად შეიძლება ითქვას, ყველაზე რთული პროფესია, ამასთან, ბავშვის აღზრდაში მშობლების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგვიანებით ხშირად შეუძლებელიცაა, ალბათ ეჭვს არ უნდა ბადებდეს, რომ ზრდასრულთა განათლების სისტემის ამოქმედების შემთხვევაში მის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მიმართულებად მშობელთა განათლება უნდა იქცეს. ამასთან, მშობლობისთვის ადამიანის მომზადება ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაიწყოს, როცა ის ბავშვის ყოლას გადაწყვეტს. სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოს ბავშვის განვითარების, მისი სწავლებისა და აღზრდის საკითხების შესახებ მომავალი მშობლის განათლება, და ყოველივე ამაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა სწორედ ზრდასრულთა განათლების პროგრამას შეუძლია.
თამამად და გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ზრდასრულთა განათლების საკითხებზე ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტიურად და ნაყოფიერად პროფესიული კოლეჯები მუშაობენ, მაგრამ თუ ამ საწავლებლებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები დროულად არ მოგვარდა, შესაძლოა, იქ მომუშავე პედაგოგები დიდ სირთულეებს შეეჯახონ. უპირველეს ყოვლისა, ყურადსაღებია, რომ პროფესიული კოლეჯების სასწავლო ჯგუფები საკმაოდ არაერთგვაროვანია, ხშირად გვერდიგვერდ უწევთ სწავლა 14-15 წლის მოზარდს და 40-50 წლის ზრდასრულს. ცხადია, ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც საბაზისო ცოდნით, ასევე ცხოვრებისეული გამოცდილებით, სასწავლო მოტივაციითა და სამომავლო მიზნებითაც. რასაკვირველია, ყველაფერში დადებითი მხარე უნდა ვეძებოთ. ამ შემთხვევაშიც მდგომარეობა შეიძლება სასწავლო მიზნებს დავუკავშიროთ და სასიკეთოდაც გამოვიყენოთ, შევქმნათ ისეთი სიტუაციები, რომ 14-15 წლის მოზარდმა უფროსი მეგობრისგან ბევრი საჭირო რამ ისწავლოს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ზრდასრულთა განათლება სპეციფიკურია და ძირეულად განსხვავდება მოზარდთა განათლებისგან, ცხადი გახდება, რომ პროფესიული კოლეჯების პედაგოგებს სერიოზული დახმარება სჭირდებათ ზრდასრულთა სწავლების საკითხებზე ცოდნის გაღრმავებისა და ახალი ინფორმაციის მიღების კუთხით, რათა ასეთ არაერთგვაროვან ჯგუფებშიც წარმატებით მოახერხონ სასწავლო პროცესის წარმართვა და მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილება.
ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, რატომ უნდა ზრუნავდეს ქვეყანა ზრდასრულთა სწავლებაზე, როცა მას უამრავი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი. ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ქვეყნის ძლიერება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად დაცულად, უსაფრთხოდ, იმედიანად და მშვიდად გრძნობენ თავს მისი მოქალაქეები, რამდენად აქვთ მათ ემოციური სტაბილურობის განცდა და ახერხებენ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღებაზე ფიქრს ადამიანი საკმაოდ ადრე ამთავრებს და ამით მომავალში საკუთარ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების იმედსაც კარგავს, რაც მასში ემოციური არასტაბილურობის განცდას ბადებს. ცხადია, ასეთი ადამიანი სასიკეთოს ბევრს ვერაფერს გააკეთებს ქვეყნისთვის და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებაც დაუკმაყოფილებელი დარჩება. არარეალიზებული ადამიანი კი ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმია საზოგადოებისთვის და ასოციალურ ქცევას სწორედ მისგან უნდა მოველოდეთ.
განათლება ადამიანს ეხმარება როგორც შიშის დაძლევაში, ასევე ემოციური სტაბილურობის განცდაშიც, მომავლის რწმენას, იმედს უღვივებს მას და, აქედან გამომდინარე, უფრო დაცულადაც აგრძნობინებს თავს. ასეთი ადამიანი სასიკეთო საქმეების საკეთებლად არის მომართული, რაც, თავის მხრივ, ქვეყანას აძლიერებს.
ზრდასრულთა სწავლების სისტემის დამკვიდრება და ამოქმედება საქართველოში გაცილებით იმედიანებს გახდის ადამიანებს, რაც საზოგადოების ემოციურ ფონზეც აისახება, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პარალელურად ხელისუფლება დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლადაც დაიწყებს ზრუნვას და დასაქმების ასაკიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. დღეს, როცა 30-35 წლის ადამიანი მრავალი სამსახურისთვის უკვე ხანდაზმულად ითვლება და დასაქმებაზე უარს ეუბნებიან, საეჭვოა, ზრდასრულმა მოქალაქეებმა თავიანთ მომავალ განათლებაზე დაიწყონ ზრუნვა.
განათლებული ადამიანების სიმრავლე ქვეყანას აძლიერებს. ძლიერი საქართველო განათლებული მოქალაქეების გარეშე წარმოუდგენელია. ვიზრუნოთ ადამიანების განათლებაზე, რა ასაკისაც უნდა იყვნენ ისინი; მუდამ გვახსოვდეს, რომ სწავლისთვის მეტისმეტად ხნიერი არავინ არის.

პროექტებით სწავლების ახალი მეთოდი

0

თანამედროვე განათლების მოთხოვნილება ყოველდღიური სიახლე და განვითარებაა, რაც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და პედაგოგის პროფესიონალიზმის დახვეწის პირობაა. ახალი იდეების, ინოვაციების გამოცდა, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოჩენაა. სკოლის განვითარების პრიორიტეტები მასწავლებლის პრფესიული ზრდაა. ადამიანს გარკვეულ სიტუაციასთან მიმართებით ყოველთვის აქვს შეცვლის, გაუმჯობესების, განვითარების სურვილი. წამოყენებული მაღალი მოთხოვნილებები პიროვნებას აძლევს ნებისმიერი მოქმედების შესრულების უნარს. პედაგოგს ხშირად უწევს გონებრივად ახალ სიტუაიასთან შეგუება, ახალი ამოცანების გადაწყვეტა და სიახლის შეტანა სასწავლო პროცესში. ერთსა და იმავე საკითხს ადამიანი განსხვავებულად იღებს იმის მიხედვით, თუ როგორია მისი გამოცდილება ამ საკითხის მიმართ, ანუ რა იცის მან ამ საკითხის შესახებ, როგორი დამოკიდებულება აქვს მასთან დაკავშირებით. თუ პედაგოგისთვის პრიორიტეტი პროექტებით სწავლება არ არის, მაშინ მისთვის მიუღებელი და ყოველთვის უცხო დარჩება ინტელის ფორმატით სასწავლო პროექტებზე მუშაობა. გამოცდილების გავლენით უფრო ადვილი გასაგები და დასაუფლებელია ნებისმიერი აქტივობა. ამასთანავე, როდესაც ადამიანი წინასწარ კარგად არის განწყობილი სიახლის მიმართ, ეს სიახლე მისთვის დაუძლეველ პრობლემას აღარ წარმოადგენს, ხოლო თუ განწყობა უარყოფითია, მაშინ სიახლე მიუღებელი და იგნორირებულია. ინტელის კურსით პროექტებით სწავლებისას, პედაგოგები, რომელთაც პროექტებით სწავლების გამოცდილება ჰქონდათ, ფიქრობდნენ, რომ განსაკუთრებული არაფერი იქნებოდა, იმიტომ, რომ მათ უკვე საკმაო გამოცდილება აქვთ, უფრო მეტიც, მათი პროექტები არის წარმატებული და ა.შ. მაგრამ თავდაჯერებულობის მუხედავად, აღმოჩნდა, რომ ინტელის კურსი ეს იყო აბსოლუტურად განსხვავებული სიახლე, რომელიც გათვლილია როგორც მასწავლებლის, ასევე მოსწავლის მაღალ უნარებზე. ინტელის სასწავლო პროგრამის ძირითადი კურსი ორიენტირებულია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე, მაგალითად: შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და თანამშრომლობა, საინფორმაციო წიგნიერება, ე. ი. ინფორმაციასთან მუშაობის კულტურა (რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის მიღებას, აღქმას, გადაცემას, დამუშავებას, ანალიზს, გადარჩევას, ახალი ინფორმაციის შექმნას, შენახვას, შევსებას). ინტელის კურსის მიხედვით პროექტი აერთიანებს მუშაობის პროცესში შექმნილ ფაილებს, მაგალითად: კურსის რესურსები, მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტის დამხმარე, სურათები, აუდიო, ვიდეო; შეფასებები, თემატური პორტფოლიო.

კურსის რესურსები შედგება შემდეგ დოკუმენტებისგან: 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პუბლიკაციის დაგეგმვის ჩეკლისტი. მოსწავლის ნიმუში ეს არის მიღებული პროდუქტი, რომელიც შეიძლება იყოს: პრეზენტაცია, ბროშურა, პუბლიკაცია, კონფერენცია. სასწავლო პროექტის დამხმარე აერთიანებს მასწავლებლის ბროშურას, შაბლონს მოსწავლის ნიმუშისათვის, ფასილიტატორს მოსწავლისათვის. შეფასებებში  წინარე ცოდნის დასადგენ იყენებ სქემებსა და დიაგრამებს, მაგალითად: ვიცი – მინდა ვიცოდე – ვისწავლე დიაგრამა (K W L დიაგრამა), ასოციაციური რუკა, T დიაგრამა. მოსწავლეები პასუხს სცემენ კითხვებზე (ინტერვიუ) პროექტის დაწყებამდე, პროექტის მსვლელობისას და დასრულების შემდეგ. იყენებ პროექტის მართვის უნარების თვითშეფასებას, პრეზენტაციაზე თანატოლთა უკუკავშირს და ა.შ.

  ამრიგად, ადგენ და აფასებ მოსწავლის ცოდნას გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით.  პროექტზე მუშაობის პროცესში მნიშვნელოვანია გამოყენებული მეთოდები, მაგალითად აქტივობები აზროვნებისათვის, ამ დროს მოსწავლეები აზროვნებენ, რომ გააკეთონ პროგნოზირება, აღნუსხონ და დონეების მიხედვით გაანაწილონ იდეები და გააკეთონ ანალოგიები წინარე ცოდნაზე დაყრდნობით.

იყენებ დისკუსიას, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის წინარე ცოდნის აქტივაციას, რამდენადაც ამ დროს ისინი ერთმანეთს უზიარებენ იდეებსა და განიხილავენ მოსაზრებებს. ტექსტების დასამუშავებლად იყენებ სწავლების ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა: თანამშრომლობითი სწავლება, დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე, ჯიგსოუს მეთოდი, გონებრივი იერიში და ა. შ. აქედან გამომდინარე, ინტელის კურსი, რომელიც სასწავლო პროცეში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებაზეა ორიენტირებული, ეყრდნობა ყველა იმ მეთოდს, რომლებიც გამოიყენება ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით დასახული მიზნების მისაღწევად.

 სურათები, აუდიო, ვიდეო, – ამ ფაილში შედის ციტირებლი დოკუმენტი, რომელზეც ფიქსირდება გამოყენებული რესურსები. ციტირებული დოკუმენტის დანიშნულებაა მარტივ ფორმატზე ლინკებით მიუთითო  გამოყენებული მასალა. ამ აქტივობით, ერთი მხრივ, დაცულია საავტორო უფლებები და მერე მხრივ, აღარ ეწევი პლაგიატიზმს. აღსანიშნავია სასწავლო პროექტის დამხმარე, მასწავლებლის ბუკლეტი, რომელიც პროექტზე მუშაობის დაწყებისას იქმნება. ბროშურა განკუთვნილია მშობლებისათვის, მისი დანიშნულება პროექტებით სწავლების უპირატესობის ჩვენებაა. ბროშურა მასწავლებელს ეხმარება მშობელი დაარწმუნოს, რომ მისი შვილი 21-ე საუკუნის პროგრესული ადამიანია, რომელიც ადვილად გადაჭრის პრობლემებს, დააკმაყოფილებს თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებს, რაც განათლების პრიოტიტეტია. საოფისე პროგრამებიდან ბუკლეტი იქმნება publisher-ის  გამოყენებით. პედაგოგთა უმრავლესობასთვის, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ საიფორმაციო ტექნოლოგიებს,  publisher- ი სიახლე იყო.  ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლის ჩეკლისტი,  იგი საშუალებას გაძლევს თანმიმდევრულად და ორგანიზებულად წარმართო მუშაობა.

 სასწავლო პროექტის გეგმაში ფიქსირდება შემდეგი ინფორმაცია: თემის მონახაზი, თემის შინაარსი, თემის საფუძვლები – შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები, მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები (ზოგადი კითხვები, თემატური კითხვები, შინაარსობრივი კითხვები), შეფასების გეგმა, შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, საბაზისო უნარ-ჩვევები, სასწავლო პროცედურები, დიფერენცირებული სწავლება – სპეციალური საჭიროებები; არაქართულენოვანი მოსწავლეები, მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები; სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები, ტექნოლოგია, პროგრამული უზრუნველყოფა, ბეჭდვითი მასალები, ინვენტარი, ინტერნეტმასალები და  სხვა რესურსები. ნიმუშად გთავაზობთ შესრულებული სასწავლო პროექტის გეგმას:

პროექტის სახელწოდება:  მშვენიერ სულთა ჰარმონია

სასწავლო თემის ავტორი:

სახელი, გვარი:  მადლენა ჩუბინიძე
რაიონი:  ბაღდათი
სკოლა: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელ დიმის#1 საჯარო
თემის მონახაზი, თემის დასახელება: ,,მშვენიერ სულთა ჰარმონია”

თემის შინაარსი:

,,ვეფხისტყაოსანში” დასმული მთავარი საკითხის გასააზრებლად   მოსწავლეები იკვლევენ ,,პლატონურ სიყვარულს”, განიხილავენ ანტიკური ეპოქის ყველაზე დიდი ფილოსოფოსის შეხედულებას სიყვარულთან დაკავშირებით, მსჯელობენ, ეპოქა რამდენად განსაზღვრავს საკითხისადმი დამოკიდებულებას და როგორ უნდა აიხსნას ბუნების ეს გასაოცარი ნიჭი, რომელიც როგორც პლატონთან,  ასევე რუსთაველთან განიხილება, როგორც არამიწიერი ძალა. პლატონისა და რუსთველისეულ შეხედულებას უკავშირებენ მე-19 საუკუნის პოეზიას, კერძოდ, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას.  აანალიზებენ სიყვარულის პოეტურ ახსნას და მსჯელობენ, დღეს როგორ აფასებს ამ საკითხს  თანამედროვეობა, მინილექციისა და  უფლება-მოვალეობების დელეგირების შემდეგ, მოსწავლეები მუშაობენ გუნდურად, განსაზღვრავენ მიზანს, გეგმავენ აქტივობებსა  და შესასრულებელ ვადებს, ქმნიან პროდუქტს და აკეთებენ პრეზენტაციას.

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა.

დონე/კლასი: საშუალო საფეხური, XI კლასი.

განხორციელების დროის ჩარჩო: ერთი თვე და სამი კვირა.

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები:

ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 

·მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;

·აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე;

·ადარებს ერთი და იმავე თემების, იდეების, პრობლემების ინტერპრეტაციას სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში და მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე;

ქართ. XI. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.

·განსაზღვრავს კითხვის მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს: მოინიშნავს საკითხებს, რომელთა დაზუსტებას, უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში, განიხილავს ეპოქის შესახებ მისთვის ნაცნობ ინფორმაციას;

·იყენებს სხვადასხვა სტრატეგიას შესწავლითი  კითხვის დროს უცნობი სიტყვის მნიშვნელობის გასაგებად (კონტექსტი, სიტყვათა აგებულების ცოდნა, ლექსიკონი);

·ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას.

ქართ. XI. 1. მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: 

·მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;

საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

მოსწავლეები შეძლებენ

·გააანალიზონ რამდენად აისახება ეპოქის ღირებულებები მხატვრულ ნაწარმოებში, გაიაზრონ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ  სიყვარულის მიმართ ანტიკურ ხანაში, მე-12 და მე-19 საუკუნეებში;

·სიღრმისეულად გაიაზრონ პლატონური სიყვარულის მნიშვნელობა;

·იმსჯელონ და ერთმანეთს შეადარონ სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ნაწარმოებები იდეალების, მოსაზრებებისა და ერთი და იმავე საკითხისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით.

·შეაფასებენ სულიერებაზე დამყარებული გრძნობის დანიშნულებას;

·ჩაატარებენ კვლევას, თუ როგორ ესმის დღეს თანამედროვეობას სიყვარული, ამასთან დაკავშირებით გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს;

·ახსნიან და დააზუსტებენ  ტექსტებში მათთვის გაუგებარ სიტყვებსა და გამოთქმებს ლექსიკონებისა და კონტექსტის საშუალებით.

·საკუთარი დაკვირვებით, მოსაზრებით, აღმოჩენით, ვარაუდის გამოთქმითა და სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციით დასრულებული პროდუქტი გააცნონ აუდიტორიას.

წარმოდგენილი ინფორმაცია გაამყარონ შესაბამისი არგუმენტებით, კვლევის შედეგებითა და  ციტატებით.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები:

რა შობს სულიერ ჰარმონიას?

ზოგადი კითხვები:

·როგორ გაიაზრა ეროსი ქართულმა სარაინდო ეპოქამ  და ქართულმა რომანტიზმმა?
·როგორ ესმის 21-ე საუკუნის ადამიანს სიყვარული?
 თემატური კითხვები:
·რუსთველისეული გაგებით, რატომ არის სიყვარული ,,საცოდნელად ძნელი გვარი”?

·არის თუ არა რუსთაველთან ისეთი ფრაზები და მონაკვეთები, რომლებშიც მიწიერი სიყვარულის აღიარება ჩანს?

შინაარსობრივი კითხვები?
  • რუსთაველის რომელი პერსონაჟი შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილ მიჯნურად?
  • პლატონის დებულებას სიყვართან დაკავშირებით რა ნიშნით დაუკავშირებთ რუსთაველსა და ბარათაშვილის პოეზიას?

რა შობს სულიერ ჰარმონიას?

ზოგადი კითხვები:

·როგორ გაიაზრა ეროსი ქართულმა სარაინდო ეპოქამ  და ქართულმა რომანტიზმმა?

·როგორ ესმის 21-ე საუკუნის ადამიანს სიყვარული?

 თემატური კითხვები:

·რუსთველისეული გაგებით, რატომ არის სიყვარული ,,საცოდნელად ძნელი გვარი”?

·არის თუ არა რუსთაველთან ისეთი ფრაზები და მონაკვეთები, რომლებშიც მიწიერი სიყვარულის აღიარება ჩანს?

შინაარსობრივი კითხვები?
  • რუსთაველის რომელი პერსონაჟი შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილ მიჯნურად?
  • პლატონის დებულებას სიყვართან დაკავშირებით რა ნიშნით დაუკავშირებთ რუსთაველსა და ბარათაშვილის პოეზიას?
შეფასების გეგმა:
  • შეფასების დროის ჩარჩოები: KWL დიაგრამა, ტესტირება, ინტერვიუ და გონებრივი იერიში.

 

  • მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს: მოდელირება, მოსწავლის პროექტის გეგმა, პრეზენტაციაზე თანატოლთა უკუკავშირის ფორმა, ჯიგსოუს მეთოდი.

 

  • პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ: პროექტის მართვის უნარების თვითშეფასება. მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმა (კვლევითი პროექტებისთვის)
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

K-W-L დიაგრამა ეხმარება მოსწავლეებს იმის გააზრებაში, თუ რა იციან საკითხის შესახებ, რისი ცოდნა უნდათ, რა ისწავლეს და კიდევ რა არის შესასწავლი. ისინი მოსწავლეებს საშუალებას აძლევენ, რომ დაინტერესდნენ საკითხით მანამ, სანამ სიღრმისეულად შეისწავლიან მას. აღნიშნული მეთოდი ამზადებს მოსწავლეს მასალის მთლიანობაში გააზრებისთვის. გვიჩვენებს რა არის მოსწავლისათვის მნიშვნელოვანი, ავითარებს ინფორმაციის დახარისხების უნარს. ხოლო ინტერვიუს გამოვიყენებ მოსწავლეებთან ინდივიდუალი შეხვედრებისას. კითხვებზე გაცემული პასუხებით შეფასდება მოსწავლეთა შესაძლებლობები, მათი მზაობა. ამ შემთხვევაში ისინი გაიაზრებენ თავიანთი სწავლების პროცესსა და საჭიროებებს. პრეზენტაციის თანატოლებისგან შეფასება ეხმარება მოზარდს დახვეწოს ამ აქტივობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, მეტი იმუშაოს საკუთარ თავზე და გაითვალისწინოს მითითებები და შენიშვნები. ხოლო პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ პრეზენტაციის რუბრიკა დამეხმარა ყველა იმ კრიტერიუმის შეფასებაში, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპრეზენტაციო ნაშრომი, მაგალითად: მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი, კვლევის დაგეგმვა და მისი მიმდინარეობა, კვლევით მიღებული შედეგები და დასკვნები, პრეზენტაციის სტრუქტურა და ა.შ.

სხვა საკითხები:

საბაზისო უნარ-ჩვევები

კომპიუტერთან მუშაობისა და საოფისე პროგრამების (world, power point) ფლობის უნარ-ჩვევები, გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევები, საპრეზნტაციო უნარ-ჩვევები.

სასწავლო პროცედურები

პროექტზე მუშაობას ვიწყებ მოსწავლეების პროვოცირებით, რათა წამოაყენონ პროექტის იდეა მათთვის საინტეროსო საკითხზე. სამუშაო თემაზე შეთანხმების შემდეგ ვამზადებ ბუკლეტს მშობლებისათვის და ამ ფორმით ვამცნობ მათ,  თუ რამდენად უწყობს ხელს სასწავლო პროექტები მათი შვილების პროგრესულ პიროვნებებად ჩამოყალიბებას. მასალა, რომელზედაც უნდა ვიმუშაოთ (,,ვეგხისტყაოსანი”  ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია),  წლის განმავლობაში მოსწავლეებს უკვე შესწავლილი აქვთ, მაგრამ ვადგენ მათ საჭიროეებებს, რა ახსოვთ და რასთან დაკავშირებით სჭირდებათ დამატებითი მუშაობა, ამისათვის ფაქტობრივი ცოდნის დასადგენად ვიყენებ ტესტირებას, სადაც დახურული კითხვებით ვამოწმებ ტექსტის დეტალების ცოდნას. შემდეგი ნაბიჯი  K_W_L  დიაგრამით მუშაობაა. მივმართავ  საერთო საკლასო მუშაობას და ბავშვებს ვავსებინებ K-W-L სქემის პირველ სამ სვეტს, რათა გამოავლინონ ,,ვეფხისტყაოსნის” ცოდნა, დამოკიდებულება პოემაში დასმული საკითხების მიმართ,  სწორი თუ არასწორი შეხედულებები, ხოლო ტექსტის თავიდან გადახედვის შემდეგ ავსებენ მეოთხე სვეტს. მინდა რომ სიღრმისეულად ჩავწვდე ბავშვების შესაძლებლობებსა და საჭიროებებს, მათ შეხედულებებს, წარმოდგენებს, მოლოდინებს, ამიტომ  ვიყენებ ინტერვიუს. იმისათვის, რომ მოსწავლეები უფრო დაინტერესდნენ და გააქტიურდნენ მივმართავ მოდელირებას და ჩემი პირადი გამოცდილებით ვაძლევ მათ თვალსაჩინო მაგალითს, რათა თვითონ ადვილად შეიმეცნონ მასალა და მასწავლებლის ხმამაღლა ფიქრით განუვითარდეთ სააზროვნო უნარები. ამ  აქტივობების  დასრულების შემდეგ ბავშვები მუშაობენ მოსწავლის პროექტის გეგმაზე, რომელიც ორ ეტაპად იყოფა: პირველი ეტაპი ეს არის გონებრივი იერიშით იდეების გენერირება, პროექტის მიზნების განსაზღვრა, სამოქმედო გეგმის შემუშავება, ხოლო მეორე ეტაპი ეთმობა შესრულებული სამუშაოს   მონიტორინგს და დასრულებული პროექტის საბოლოო შეფასებას, რომელიც განხორციელდება სპეციალურად შემუშავებული კრიტერიუმებით. ჯგუფებში გადანაწილებული სამუშაოს შესრულებისას (ერთი ჯგუფი მუშაობს ,,ვეფხისტყაოსანსა” და პლატონზე, მეორე – ნიკოლოზ ბარათაშვილზე, მესამე 21-ე საუკუნეზე),  ეს არის: ინფორმაციის მოძიება, მისი სინთეზი და ანალიზი, კვლევა ,,fasebook”-ით, მოსწავლეები იყენებენ ჯიგსოუს მეთოდს, რაც ეხმარება მათ მოპოვებული ინფორმაციის გაცვლაში. ამის შემდეგ გაიმართება დისკუსია და საბოლოოდ, სწორი მსჯელობის საფუძველზე მივლენ ერთ დასკვნამდე. პრეზენტაციაზე თანატოლთა უკუკავშირის ფორმით მოსწავლეები ხვეწენ საპრეზენტაციო უნარ-ჩვევებს, ხოლო პროექტის მართვის უნარების თვითშეფასება მოსწავლეებს ეხმარება პროექტის წარმატებით მართვაში, რადგან საშუალებას აძლევს მათ შეაფასონ ყველა ის ეტაპი, რომლებიც პროექტზე მუშაობისას გაიარეს, ხოლო მულტიმედიური პრეზენტაციის შეფასების ფორმით მოწმდება   საბოლოო პროდუქტი, რომლის პრეზენტაციას მოსწავლეები გამართავენ მასწავლებლებისა და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის.

დიფერენცირებლი სწავლება; სპეციალური საჭიროების მოსწავლეები:

·მოსწავლეს ზეპირად და წერილობით ვუმეორებ მითითებებს;
·ვამოწმებ ინფორმირებულობის დონე
·დავალების შესასრულებლად მეტი დროს ვაძლევ;
·მივუთითებ წყაროებს;
·ვაწვდი მისთვის საჭირო პროდუქტების შაბლონებს;
·თვალსაჩინოებით ვეხმარები პერსონაჟების დამახსოვრებაში;

·საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად თვითონ ვარჩევინებ მუშაობის მეთოდს;

ვუმცირებ დავალებას.

არაქართულენოვანი მოსწავლეები: არ მყავს.
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები:
·ვაძლევ თავისუფალ დავალებებს;
·ყურადღებას ვამახვილებ მოსწავლის სწავლის უნარსა და განვითარებაზე
·აქცენტს  ვაკეთებ პრობლემის გადაჭრის უნარებსა და შემოქმედებით ასპექტებზე;
·ყურადღებას ვამახვილებ ინდუქციურ და დედუქციურ მსჯელობაზე;
·მოსწავლეებს ვაძლევ  საშუალებას, რომ შესასრულებელი დავალების სირთულის დონე თავად აირჩიონ;

·წაახალისებით ვუმაღლებ მოტივაციას, რათა მათ არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულად შეისწავლონ საკითხი და რთული პრობლემების კრეატიულ გადაწყვეტილებას მიაგნონ.

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
      ფოტოკამერა                                 ლაზერული დისკი                                            VCR, ვიდეო
      კომპიუტერი (ები)                      საბეჭდი მანქანა/პრინტერი                              ვიდეოკამერა
     ციფრული კამერა                          პროექტორი                                                        ტელევიზორი
     DVD ფლეიერი                              სკანერი                                                                 სხვა
      ინტერნეტკავშირი                       ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.

ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )

 მონაცემთა ბაზა/ცხრილები             ფოტო/სურათების დამუშავება               ვებგვერდის შექმნა
 საგამომცემლო პროგრამები             ინტერნეტძიება                                          ვორდის პროგრამა
 ელფოსტის პროგრამა                        მულტიმედია                                             სხვა                                              ენციკლოპედია კომპაქტდისკზე

ბეჭდვითი მასალები: შოთა რუსთაველი ,,ვეფხისტყაოსანი”, ნიკოლოზ ბარათაშვილი ,,რად ჰყვედრი კაცსა ბანოვანო”, ,,არ უკიჟინო სატრფოო”.

ინვენტარი/მასალები: არ არის გამოყენებული

ინტერნეტრესურსები: მითითებულია ციტირებულ დოკუმენტში

სხვა რესურსები: მოსწავლეები სხვა კლასებიდან, მასწალებლები, მშობლები.

ინტელის კურსით უზრუნყოფილია ტექსტური მასალის ანალიზისა და კვლევის პროცესების ურთიერთკავშირის, სტრუქტურირებული ინფრმაციისა და სასწავლო პროექტისათვის საჭირო ყვლა აქტივობის ვიზუალიზაცია  სადემონსტრაციო პროგრამებითა და მულტიმედიური საშუალებებით, რაც თავისთავად ეფექტურია და აყალიბებს  სისტემატიზაციის უნარ-ჩვევებს.  გარდა ამისა, იგი ხელს უწყობს მოსწავლის განვითარებასა და მის მომზადებას ინფორმაციულ საზოგადოებაში ცხოვრებისათვის, სწავლების პროცესის ეფექტურობასა და ხარისხის ამაღლებას, განათლების ღია სისტემის მშენებლობას, ცოდნის თვალსაწიერის გაფართოებას, და რაც მთავარია, საბაზო საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელოვანი ასპექტი ცოდნის აგებაა.

 

 

წრე ესე იგი წრედი

0
შესვენების დამთავრება ზარით გვამცნეს. მეოთხე კლასში ბუნებისმეტყველების გაკვეთილი დაიწყო. ბავშვებს ეზოში მოუსვენრად გატარებული შესვენების კვალი ავარდისფრებულ ლოყებზე ეტყობოდათ. შევატყვე, არ ეხალისებოდათ კლასში დაბრუნება. გადავწყვიტე, გაკვეთილი კინესთეტიკური აქტივობით დამეწყო: ბავშვები წრეზე უნდა მოწყობილიყვნენ და ერთმანეთისთვის დაესვათ კითხვები ბუნებისმეტყველებაში ნასწავლი ცნებების შესახებ.
მას შემდეგ რაც პესტალოცის პროგრამაში მივიღე მონაწილეობა, ბავშვების წრეზე მოწყობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. წრეს მართლაც რომ დიდი ძალა ჰქონია. წრეზე მდგარი ბავშვებიდან არც ერთს არ აქვს პოზიციური უპირატესობა და თავს თანასწორებად აღიქვამენ, განურჩევლად აკადემიური მოსწრებისა თუ სხვა განმასხვავებელი ნიშნებისა.

ყოველი კითხვის შემდეგ ბავშვებს ერთი ნაბიჯით მარჯვნივ უნდა გადაენაცვლათ. ასე მოძრაობითაც გახალისდებოდნენ და მერე უფრო მშვიდად მიუსხდებოდნენ მერხებს წიგნებთან სამუშაოდ.

ბავშვები სწრაფად მოეწყვნენ წრეზე და ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს.

– მასწავლებელო, ჩვენ ახლა წრედი ვართ? – მკითხა ლაზარემ.
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი.

– მე ჩამრთველი ვიქნები! – წამოიძახა ნიკამ, – ხელებს ასე ვამოძრავებ, ღია და შეკრული წრედი რომ ვაჩვენოთ.
ნიკამ მხრების სიმაღლეზე გაშლილი მარჯვენა ხელი გვერდით მდგომ თანაკლასელს გაუშვა და მეორე მკლავთან მიიტანა, მერე კი ისევ შეკრა წრე.

უსაზღვროდ გამიხარდა! ალბათ ისე ძლიერ, როგორც მენდელეევს გაუხარდებოდა პერიოდულობის ტაბულის კანონზომიერების დადგენა და გრეგორ მენდელს – გენეტიკის კანონების აღმოჩენა. მიხაროდა, რომ ჩემს პაწია მოსწავლეებს დიდი ფანტაზია აღმოაჩნდათ, რომ თავისუფლად გამოხატავდნენ აზრებს და გაკვეთილის თამაშად გადაქცევა შეეძლოთ. ეს თამაში მათ ხალისით შეასწავლიდა ელექტრობის იმ მცირე ნაწილს, რომლის ცოდნაც მათ მოეთხოვებოდათ.

მაშინვე მოვამზადეთ „კოსტიუმები”: ქაღალდის ქუდები ელემენტებისა და სხვადასხვანაირი ნათურების წარმოსადგენად.

ჩამქრალი საღი და გადამწვარი ნათურები თეთრ ფურცლებზე დახატეს, ანთებული – ვარდისფერსა და წითელზე.
მავთული მხრების სიმაღლეზე ხელებგაშლილ მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ.

ჩამრთველის როლში მყოფი ორივე ხელს გაშლიდა ან ერთს მეორესთან მიიტანდა (როგორც ნიკამ გვირჩია).

ნათურის როლის შემსრულებელს ხელები უნდა ჩამოეშვა და ოთხივენაირი ნათურის შესაბამისი ქუდი ჰქონოდა, რათა საჭიროების შემთხვევაში სწორად წარმოედგინა ჩამქრალი, სუსტად (ვარდისფერი ქუდი) ან ძლიერ (წითელი ქუდი) განათებული ნათურა.

ელემენტებსაც ხელებჩამოშვებული მოსწავლეები წარმოადგენდნენ, რომლებსაც თავზე შესაბამისი ქუდები ეხურათ.

პირველად ერთ ელემენტთან მიმდევრობით შეერთებული ორი ნათურა წარმოადგინეს. ნიკა თუ ხელებს ერთმანეთთან მიიტანდა, ანუ წრედი თუ ღია იყო, ნათურების როლში მყოფები თავზე თეთრ ქუდებს იხურავდნენ, ხოლო თუ წრეს (ანუ წრედს) შეკრავდა, ნათურების ანთების ნიშნად ბავშვები ვარდისფერ ქუდებს იხურავდნენ, და თუ მეორე ელემენტსაც მიიწვევდნენ წრედში, ნათურები წითელ ქუდებად აკაშკაშდებოდა. შემდეგ ერთი ნათურა „გადაიწვა”. მეორე ნათურის როლში მყოფმა უშეცდომოდ დაიხურა თავზე საღი, მაგრამ ჩამქრალი ნათურის შესაბამისი თეთრი ქუდი.

მერე პარალელური შეერთებით წარმოადგინეს ნათურები. ამ დროს როგორ მოეწყობოდნენ ჩემი მოსწავლეები, უკვე თავადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.

არა, წრედის აწყობას მთლად უხმაუროდ არ ჩაუვლია. იყო დავა როლების განაწილებაზე, წრედის სწორად აწყობაზე, უნდა გაენათებინა თუ არა მეორე ნათურას პარალელური შეერთების წრედში, თუ ერთი ნათურა გადაიწვებოდა. ფიქრობდნენ, შლიდნენ და აწყობდნენ ცოცხალ წრედს, ცვლიდნენ როლებს და ასწავლიდნენ ერთმანეთს. მე თეატრში მეგონა თავი, მათ კი – სათამაშო მოედანზე.
მას შემდეგ ხშირად ვთამაშობთ კლასში წრედობანას.

ძია ვასო

0
_ ბუ! _ მეუბნება გადაჭრით და კატეგორიულად.

_ რა ბუ, დედი? _ წლინახევრის ბავშვთან ურთიერთობა რთული შარადაა, მისი ამოხსნისას ლოგიკის იმედად ვერ იქნები.

_ ბუუ! _ გაჭირვეულდა.

_ კარგი, წამო, მაჩვენე სად არის.

წიგნების თაროსთან მივყავარ და თითით მანიშნებს:
_ ბუ!

ანუ ,,ბუ” მართლა ბუს ნიშნავს. ამ საბავშვო წიგნში ერთი ლექსი ამ ფრინველზეა. ეს მისი საყვარელი ლექსია ან ეგებ ფრინველის დიდი ილუსტრაცია იზიდავს, რას გაიგებ… ასეა თუ ისეა, გაუმართლა, მისი დედიკო ამ ლექსის ავტორს, ვასილ გულეურს, იცნობს, შეუძლია ინტერვიუც კი ჩაწეროს მასთან.

საიდან იწყება ხოლმე საბავშვო პოეტობის ამბავი:  როცა პატარა ბიჭი პირველ ლექსს დაწერს, რომელსაც მერე საგუდაგულოდ გადამალავს? თუ მაშინ, როცა ლექტორი აღმოაჩენს, რომ სტუდენტმა საშინაო დავალება _ ლექსების თარგმანები _ ისე შეასრულა, რომ მათი გაზეთში დაბეჭდვა აუცილებელია? ან ეგებ მაშინ, როცა პირველი შვილი უკვე ერთი წლისაა და აღარ ყოფნის ის ლექსები, რომლებსაც საბავშვო კრებულებში პოულობენ? ალბათ, ეს უკანასკნელი. საბავშვო პოეტობას ადამიანი მხოლოდ მაშინ იწყებს, როცა მის ოჯახში პატარა ჩნდება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე წარმომიდგენია. 

,,ბავშვისთვის, რომ წერო, გარკვეულწილად, თვითონაც ბავშვი უნდა იყო,” _ ამბობს ვასო და მერე წუხს: _,,ძალიან ბანალურად გამომივიდა”. ბანალურად რომ არ გამოგვივიდეს, ასე უნდა ვქნათ, ვუთვალთვალოთ, რა მოსწონს ბავშვს, ისიც გამოვარკვიოთ, რა არ მოსწონს, შეცდომებზე ვისწავლოთ და მერე, როცა ჩვენს შვილს საყვარელ ლექსს ჰკითხავენ, ჩვენს ლექსს ჩამოურაკრაკებს ზეპირად, მეტიც, მალე სხვისი შვილებიც ჩამოარაკრაკებენ საბავშვო ჟურნალიდან ნასწავლს.


ბავშვები დაიზრდებოდნენ და ყველაფერი დავიწყებას მიეცემოდა, რომ არ ყოფილიყო ლიტერატული საიტი ,,Literatura.ge”, სადაც რამდენიმე წლის წინ სამწერლობო ცხოვრება სჩქეფდა და ყირაზე გადადიოდა _ აქ პოულობდნენ ავტორები მკითხველებს და აქვე იწვნევდნენ ხოლმე კრიტიკას _ ვასომ, მისივე თქმით, ერთიც ბევრი ნახა და მეორეც. მერე კი ამავე საიტის კონკურს ,,წეროზე” მეორე ადგილი დაიკავა და პირველი წიგნის დაბეჭდვის წინადადებაც მიიღო გამომცემლობა ,,დიოგენესაგან”. გამოიცა ,,მელაკუდას მაღაზია”, ღია ბარათების კრებული ია გიგოლაშვილის ილუსტრაციით; ამას მოჰყვა ,,ჩიტის მოტანილი ამბები”. შემდეგ უკვე პროზაშიც სცადა ბედი _ გამომცემლობა ,,ელფმა” ვასოს ,,საშობაო ზღაპარი” დაბეჭდა, რომელიც მაშინვე რადიოსპექტაკლად აქცია ,,პირველმა რადიომ”. გარდა ამისა, ვასო გულეური არაერთი საბავშვო წიგნის (და კიდევ უფრო მეტი არასაბავშვოსი, თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა) მთარგმნელი გახლავთ.

როგორც მშობელი და როგორც ლიტერატორი ვფიქრობ, რომ ქართული საბავშვო პოეზია არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია. კრებულებში შეტანილი ლექსების ნახევარს პირველივე მხატვრული სახის ანდა პირველივე სარითმო ერთეულის წაკითხვის შემდეგ ,,ვახტები” და შემდეგზე გადავდივარ. გამართული რიტმიკა და მელოდიკა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის გემოვნების განვითარების თვალსაზრისით. მაინც რატომაა ასე რთული კარგი საბავშვო ლექსის დაწერა, უნდა გაითვალისწინოს პოეტმა, რომ პატარას მისი ლექსი მთელი ცხოვრების განმავლობაში ახსოვდეს. ვასო ამბობს:

·საბავშვო ლექსში აუცილებლად უნდა იყოს მოთხრობილი ამბავი;
·ლექსის სიუჟეტი სახალისო უნდა იყოს;
·სასურველია,  მოულოდნელი დასასრული ჰქონდეს;
·ლექსის მორალი სჯობს იყოს შეფარული და არა _ დიდაქტიკური სულისკვეთებისა;
·საბავშვო ლექსი აუცილებლად უნდა იყოს რიტმული და მელოდიური, რათა პატარა მსმენელმა ადვილად აღიქვას იგი;

·საჭიროა მაქსიმალურად ზუსტი რითმები.

ყველა ჩვენგანი ვამბობთ, ,,ბავშვი არ უნდა მოატყუო”, ამ ფრაზაში, ალბათ, უნდა ვგულისხმობდეთ კიდეც, რომ ბავშვს არაფერი უნდა დაუმალო, ბავშვთან ყველა თემაზე შეიძლება ლაპარაკი: სიკვდილზე, ტყუილზე, ღალატზე, უსამართლობაზე, ავადმყოფობასა და სასოწარკვეთილებაზე, არათუ შეიძლება, აუცილებელიცაა, რადგან ამ ყველაფრის ცოდნა ინექციასავითაა, თუ იგი ადრეულ ასაკში არ მივაწოდეთ ბავშვს, შეიძლება წამოზრდილმა ძალიან მძიმედ გადაიტანოს. მთავარია, ეს ყველაფერი მისთვის გასაგები ენითა და ფორმით ავუხსნათ.

თავად ვასოს ბავშვობაში ნამდვილი სიყვარულით ნაღვლიანი ამბები უყვარდა, ამბები, რომლებიც პერსონაჟისადმი ემპათიას აღვივებენ: ,,მეფე მათეუშ პირველი”, ,,უფლისწული და მათხოვარი”, ,,დევიდ კოპერფილდი”…

ფიქრობს, რომ თუ საბავშვო ლიტერატურას აღმზრდელობით ხასიათს დავაკისრებთ, მან სწორედ ეს უნდა ასწავლოს ბავშვებს: ემპათია, ტოლერანტობა, საკუთარი და სხვისი ინდივიდუალიზმის პატივისცემა.

როგორც ყველა დარგს ჩვენში, საბავშვო ლიტერატურასაც აქვს თავისი პრობლემები: ერთ-ერთი მათგანია კრიტიკის სიმწირე, რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ ხშირ შემთხვევებში ხარისხიანი და უხარისხო ერთნაირადაა შეყრილი ახალ გამოცემებში.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი პრობლემაა საავტორო უფლებებიც. ვასო გულეური ამბობს, რომ ჰქონია შემთხვევა, როდესაც სასკოლო სახელმძღვანელოებში უნებართვოდ შეიტანეს მისი ტექსტები; ასევე მოიქცა ერთ-ერთი ცნობილი გამომცემლობაც, რომელმაც ძვირადღირებულ საბავშვო პოეზიის კრებულის გამოცემისას დაუკითხავად და ანაზღაურების გარეშე ისარგებლა მისი ლექსებით. საგულისხმოა ის, რომ მაშინ, როდესაც მთელი ქართული კულტურის მუშაკთა წრეები ერთთავად საავტორო უფლებების დაცვის შესახებ საუბრობენ, არავინ არ მოისურვა, წონიან გამომცემლობას დაპირისპირებოდა და კოლეგას უფლებების დაცვაში დახმარებოდა.

თუმცა უსიამოვნებებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, საბავშვო მწერლობა ხომ მსოფლიოში ყველაზე სასიამოვნო პროფესიაა: საბავშვო მწერალს სკოლებსა და ბაღებში იწვევენ, სადაც ბავშვები მის ლექსებს კითხულობენ, მისთვის სპექტაკლებს თამაშობენ, უმღერიან და გულში ეხუტებიან. თუმცა, ხშირად ყველაფერი დაბნეულობით იწყება:

,,ყველა ბავშვს ჰგონია, რომ  პოეტი აუცილებლად მკვდარი უნდა იყოს, სულ მცირე, ძალიან მოხუცი მაინც,” _ ეცინება ვასოს.

იყო ასეთი შემთხვევაც, როცა  ერთ-ერთ სკოლაში სტუმრად მისულს ბავშვებმა ჰკითხეს, ის ამბავი როგორ იყო, იაკობ გოგებაშვილს ხელზე რომ ემთხვიეთო. აღმოჩნდა, რომ ბავშვი გულეურს კი არა, სტუმრად ნიკო ლომოურს ელოდა.

ახლა მას თავისი შაბათ დილის გაკვეთილები აქვს მწერალთა სახლში, რომელიც მუდამ პატარებითა და მათი მშობლებით სავსე დარბაზში მიმდინარეობს. იქ კითხულობენ, ხატავენ, სტუმრებს იწვევენ, მსჯელობენ.

ბავშვებსაც ისევე სჭირდებათ, რომ მათ აზრს ვინმე ისმენდეს, როგორც უფროსებს.

გაკვეთილის ბოლოს მოდიან და ეხუტებიან, ფიქრობენ, რომ ძია ვასო კარგი კაცია.

საბავშვო მწერალი ხომ აუცილებლად კარგი ადამიანი უნდა იყოს.

ფიქრნი მკვდრის პირას

0
მკვდარია ყველაფერი, რაც უნდა მოძრაობდეს და არ მოძრაობს. მკვდარია ყველა ტბა, რომელშიც არ ჩაედინება არცერთი მდინარე და რომლიდანაც არ იღებენ წყალს სარწყავად. მკვდარია ყველა ხე, რომელიც ნიავის წამობერვისას არ არხევს ტოტებს, რომელსაც არ აჩხაპნიან მერქანზე სახელებს შეყვარებულები, რომელსაც არ გამოაქვს ახალი ღეროები, ძველების მოჭრის შემდეგ. მკვდარია ყველა პროცესი, რომელიც პროცესიად გადაიქცევა და მაინც, პროცესია უფრო ცოცხალი პროცესია, ვიდრე პროცესი, რომელიც არ იძვრის.

 

ხანდახან მკვდრები ცოცხლდებიან, ყვირიან, მართავენ კარნავალებს, წარმოდგენებს, დარბიან ქალაქებში და აშინებენ ცოცხლებს მანამ, სანამ ცოცხლები არ გამოიღვიძებენ ამ უცნაური სიზმრიდან. შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტს უბრუნდება. ცოცხლები ხვდებიან, რომ მკვდარი მკვდარია და ის არასოდეს გაიღვიძებს, თუმცა ხანდახან ცოცხლები თავად იქცევიან მკვდრებად და შემდეგ უკვე რთულია მიხვედრა, სად მთავრდება ცხადი და სად იწყება სიზმარი. როცა ცოცხალი ავადმყოფობს, გარშემომყოფები დიდ ყურადღებას არ აქცევენ, იმიტომ რომ ცოცხალია. როცა ცოცხალი სიკვდილის პირასაა, ის საუბრის მთავარ თემად იქცევა. ამ დროს ყველაფერი მისკენაა მომართული, სხვები ცდილობენ, რომ ის გადაარჩინონ: გალაწუნება, ხელოვნური სუნთქვა, ექიმები, დეფიბრილაცია, ლოცვა, ცოცვა, ხოცვა საკუთარი შიშების და ა.შ. მაგრამ შემდეგ ის კვდება და ყველა ამბობს, „ვერ გადავარჩინეთ, რისი ღირსნი ვართ ამის შემდეგ ჩვენ”, „ვერ გადავარჩინეთ, არადა, რა არ ვცადეთ, ვაი წუთისოფელო”. და ასეთებს კიდევ მრავლად ამბობენ, თავში ხელებს იცემენ და სინანულსაც ეძლევიან, შემდეგ ერთ-ერთი იტყვის, წასულებზე გაჩერება არ შეიძლებაო და ესენიც აგრძელებენ ძველებურად ღრიანცელსა და ბედნიერებას. რჩება მხოლოდ 1-2 ადამიანი, ვინც მართლა იმ მკვდართან იდგა, მართლა მის თვალებს უყურებდა ავადმყოფობისას, ვინც მართლა მისი ჭირისუფალია და ვისაც წასულებზე გაჩერება შეუძლია. ასეთები მარტო რჩებიან, რადგან დანარჩენები ახლისკენ ატრიალებენ თვალებს, ესენი კი ისევ მკვდრებს დასტირიან, სანამ ცრემლების ტბას არ დააყენებენ და სანამ ეს ტბაც არ მოკვდება, რადგან სხვისი ცრემლები არ ჩაედინება მასში.

და თუ სიცოცხლის ერთადერთი და უტყუარი ნიშანი მოძრაობაა, თუ სიცოცხლე გულის და ტვინის ფეთქვაა, თუ სიცოცხლე აზროვნებაა და თუნდაც სულ შეუმჩნევლად ფშვინვაა, მაშინ „საწყალობელ არს უბადრუკი” ყოველი, რომელიც ვერც კი გრძნობს ისე ნელ-ნელა ჩერდება, რომელიც აღარ იძვრის და დროთა განმავლობაში ნეშომპალად იქცევა, ჰაერში ორთქლდება, თვალსა და ხელს შუა ქრება, შაგრენის ტყავივით. და თუ სიცოცხლე პროცესია, მაშინ მას ახალი სიცოცხლეების შეთვისება ახალ სიცოცხლეებთან გადაჯაჭვა, გადახლართვა და იქიდან კიდევ ახალი სიცოცხლეების აღმოცენება, სხვანაირ სიცოცხლეებთან შეხვედრა, მათთან ფიქრების, სურვილების, ვნებების გაცვლა-გამოცვლა, შემდეგ კი ამ ყველაფრის საკუთარ თავში მოხარშვა და გამოცხობა ახასიათებს. და თუ სიცოცხლე მარტო დარჩა, უკაცრიელ კუნძულზე გარიყული მეზღვაურივით, ციხის საკანში ჩაკეტილი ეული ტუსაღივით, თუ სიცოცხლე არავის შეეთვისა და არავისგან გამოვიდა, თუ არ ნახა ახალი ქალაქები, ახალი სახეები, ახალი ფორმები, ახალი შეხედულებები, მაშინ ის ყველა სხვა საკმაზის გარეშე დაიწყებს საკუთარ თავში ხარშვას, თან ვადებისა და რეცეპტების გარეშე, გემოვნებისა და ნელსურნელების გარეშე, ჩახარშავს საკუთარ საკვებ პროდუქტებს თავისსავე ქვაბში, ჩახარშავს და როცა ვიღაც სხვა, მოძრავი სიცოცხლე მოვა მასთან, თავისი ნებით, ან შემთხვევით, ის სხვა აღმოაჩენს, რომ ქვაბში აღარაფერია, აორთქლდა, ჰაერს შეერია, ქვაბის ფსკერზე დაილექა. აღარაფერია მოსახარში და მით უფრო აღარაფერი იქნება საკვები მისგან, ქვაბი დაჟანგდა, ნაწილი წყლისა აორთქლდა, ნაწილი კი მისგან გადმოვიდა, ხოლო მისგან გადმოსულმა ნადუღარმა წყალმა ცეცხლიც ჩააქრო და შეწყდა ხარშვის პროცესიც. სიცოცხლე დასრულდა. ახლა ის მკვდარია, სხვა სიცოცხლეები კი ამბობენ: „ვერ გადავარჩინეთ, რამდენ ხანს უხარშია საკუთარ თავში ეს ყველაფერი, ეჰ, ეჰ”.

და თუ სიცოცხლის ერთადერთი და უტყუარი ნიშანი მოძრაობაა, და თუ სიცოცხლე პროცესია, და თუ სიცოცხლე პოეზიაა და უფრო კი პირიქით, თუ პოეზიის ერთადერთი და უტყუარი ნიშანი მოძრაობაა, და თუ პოეზია პროცესია, და თუ პოეზია სიცოცხლეა, მაშინ ის ახლა მხოლოდ საკუთარ თავში იხარშება, დუღს, იწვავს, აორთქლებს, ცეცხლს აქრობს და კვდება.

ფილოსოფიური საფიქრალიდან თავს ვწევ და თვალებს რეალობის მჭახე სინათლეს ვუსწორებ. მთელი ეს მაღალფარდოვანი ბალამუტი კი იმისთვის დამჭირდა რომ ჭირისუფალთა, ცოცხალთა და მკვდართა ყურადღება თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესებისკენ და მასში ხარშვადი თანამედროვე ქართული პოეზიისკენ მიმეპყრო. ზოგი იტყვის, განა ამაზე მეტად ცოცხალი რაღა უნდა იყოს, წელიწადში ამდენი და ამდენი წიგნი გამოდის, ამდენი და ამდენი პოეზიის საღამო იმართება, ამდენი და ამდენი ახალი პოეტი ჩნდება, მოკლედ 2015 წელია და ყველაფერი გენიალურადააო. ზოგი კი მიხვდება, რომ ერთ ქვაბში ბევრი ინგრედიენტის ჩაყრა, გემრიელი საჭმლის წინაპირობა ვერაფრით იქნება და იგივე ზოგი იმასაც მიხვდება, რომ მთავარი არა რაოდენობა, არამედ რეცეპტის სისწორე და ინგრედიენტთა საკვები ღირებულება თუ გემოვნებაა. და თუ მე ვიტყვი, რომ ღმერთო პარნასელო, რაც კი ქართულ პოეზიის საღამოებზე ვყოფილვარ, მე იქ უცხო ადამიანი არ მინახავს-მეთქი, სხვები იტყვიან – მერე რაო. და თუ მე ვიტყვი, როგორ – მერე რა, განა შეიძლება ყველა მკითხველს პირადად იცნობდე და ისიც კი ზუსტად იცოდე, რომ წერ, შემდეგ ამას ვინ და როგორ წაიკითხავს-მეთქი, სხვები იტყვიან – მერე რაო. და თუ მე ვიტყვი, როგორ – მერე რა, ეს უძრაობაა, მთელი ეს ახალი პოეტური კრებულები, ახალი მიგნებები, ახალი ფორმები, ახალი კონკურსები და ჯილდოები, მთელი ეს ახალი მიმართულებები ქართულ პოეზიაში და, მეორე მხრივ, მთელი ეს ხალხმრავალსაღამოებიანი იუთუბპოეტები, ძველი და ტრადიციული ფორმების ცუდი კოპირება, მთელი ეს ბერეტ-შარფოვანი ფორმები და ლექსთა კითხვის მთელი ეს ნიკოგომელაურისეული, თუ ხევსურ-ფშავლური ტონი საბოლოოდ მაინც ერთ ქვაბში იხარშება და ძვრა კი არ აქვს ამ ქვაბს-მეთქი, სხვები იტყვიან – აეფშიუ, ერთი შენაო, დრო გავა და დრო გადააფასებსო, ოდეს ყოფილ არს აქამომდეო. მე კი ახლა ისევ ფილოსოფიურ საფიქრელაში ჩავყვინთავ და იმასღა დავწერ, რომ ლექსნი ხორშაკნი და პოეტნი მავნებელნი არ აფუჭებენ ლიტერატურულ პროცესებს, არცა ერთი და იგივე მკითხველნი, ყველა საცნობი და საპირზეკოცნე, არც ახალ-ახალი კონკურსნი, ზოგისთვის კორუმპირებულნი, მიკერძოებულნი, ზოგისთვის კი ერთ-ორ თვე თავის გასატანნი, ბავშვების დამაპურებელნი, მოტივაციის მიმცემნი. არა. პროცესს მისივე უძრაობა კლავს. მისივე უპროცესობა და მისივე არარსებობა, ერთი კაი გულიანი კაცის, ერვინ შრედინგერის კატასავით. ასეა ახლა ქართული პოეზიაც, ერთი დიდს ყუთში ზის, არცა მკვდარია და არცა ცოცხალი, მოჩვენებითად ხან გაიფაჩუნებს, აქაოდა სული მიდგასო, ხან კი ისეა გასუსული, რომ სვავებიც კი აღარ კადრულობენ მის თქვლეფას.
და თუ მკვდარია ყველაფერი, რაც უნდა მოძრაობდეს და არ მოძრაობს, მაშინ არც ლექსი ვარგა, რომ „ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში” და არ იძვროდეს, დუმდეს და საკუთარ თავში იხარშებოდეს, დუღდეს და ხელს არავის წვავდეს, არამედ ორთქლდებოდეს, ისედაც მინავლებულ ცეცხლს კიდევ უფრო აქრობდეს, უჭირისუფლოდ კვდებოდეს, პროცესს არ ქმნიდეს, არამედ პროცესიას მიუძღვებოდეს, ერთ ლამაზ, კუბოს ფორმის წიგნში არხეინად ჩასვენებული.

დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეები

0
რით ავხსნით, რომ მოსწავლეს უჭირს კითხვა, წერა ან მათემატიკის სწავლა, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს ინტელექტუალური დარღვევები, ემოციური პრობლემები ან საგანმანათლებლო შეფერხებები, ხედავს, ესმის და მეტყველებს ნორმალურად? ერთ-ერთი ახსნაა დასწავლის უნარის დარღვევა. ეს არის განსაკუთრებულ მოსწავლეთა შედარებით ახალი, მაგრამ საკამათო კატეგორია. არ არსებობს ამ ცნების საბოლოოდ შეთანხმებული დეფინიცია – გვაქვს რვა სხვადასხვაგვარი განმარტება. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ასეთია: „ერთი ან მეტი საბაზო ფსიქოლოგიური პროცესის დარღვევა, რომელიც ზეპირი ან წერითი მეტყველების გაგებასა და გამოყენებაზე აისახება”. განმარტებათა უმეტესობა ერთმანეთს ეთანხმება იმაში, რომ ამ მოსწავლეთა შესაძლებლობების ფონზე სწავლაში მათი წარმატებები მოსალოდნელზე ნაკლებია.

 

2001 წელს აშშ-ის სპეციალური განათლების ოფისის დეპარტამენტმა სწავლის უუნარობის საკითხების თაობაზე შეხვედრა გამართა. სწავლის სპეციფიკური უუნარობა ამ შეხვედრაზე ასე განმარტეს: სწავლის სპეციფიკური უნარშეზღუდვის ძირითადი არსი პიროვნების სწავლებისა და შემეცნების შინაგან დარღვევებს გულისხმობს. ის სპეციფიკურია იმიტომ, რომ თითოეული ამ დარღვევათაგანი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შედარებით ვიწრო აკადემიურ შედეგებზე. სწავლის სპეციფიკური უნარშეზღუდვა შესაძლოა შეგვხვდეს სხვა ისეთ უნარშემზღუდველ მდგომარეობებთან კომბინაციაში, როგორებიცაა მენტალური ჩამორჩენა, ყოფაქცევის პრობლემები, სწავლის შესაძლებლობის უქონლობა ან პირველადი სენსორული დეფიციტები, თუმცა სწავლის უუნარობა არც ერთი მათგანით არ არის გამოწვეული.

ზოგ პედაგოგსა და ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ტერმინ „სწავლის უნარის დარღვევებს” მეტისმეტად ხშირად იყენებენ. მათი აზრით, ბევრი მოსწავლე, რომლებსაც სწავლაში უნარშეზღუდულს უწოდებენ, უბრალოდ, სხვებთან შედარებით ნელა ითვისებს მასალას, ან უცხოენოვანია და ენის პრობლემა აქვს, ანდა თანატოლებს ჩამორჩა ხშირი გაცდენის ან სკოლის ხშირი ცვლის გამო.

მოსწავლეთა მახასიათებლები. სწავლის უნარშეზღუდული ყველა მოსწავლე ერთნაირი არ არის. უნარშეზღუდულობა უმეტესად მჟღავნდება ერთ ან მეტ აკადემიურ სფეროში თავჩენილი სირთულეებით; ცუდი კოორდინაციით, ყურადღების პრობლემებით – ჰიპერაქტიურობითა და იმპულსურობით; სირთულეებით ვიზუალური და მოსმენილი ინფორმაციის სწორად დალაგებასა და თარგმნაში; აზროვნების, მეხსიერების, მეტყველებისა და სმენის დარღვევით; სირთულეებით მეგობრების შეძენისა და შენარჩუნებაში. როგორც ხედავთ, ზოგი ამ მახასიათებელთგანი სხვა სახის უნარშეზღუდვის (მაგ., ყურადღების დეფიციტის) მქონე და ჩვეულებრივ მოსწავლესაც შეიძლება აღენიშნებოდეს. სიტუაციას უფრო მეტად ართულებს ის, რომ სწავლის უნარშეზღუდულ ზოგ მოსწავლეს ამგვარი პრობლემები არ აღენიშნება და ძალიან ცოტას თუ აქვს ერთდროულად ყველა პრობლემა. ერთი მოსწავლე შესაძლოა სამი წლით ჩამორჩებოდეს კითხვაში, მაგრამ მათემატიკაში უსწრებდეს თავის კლასს, მეორეს საპირისპირო ძლიერი და სუსტი მხარეები ჰქონდეს, ხოლო მესამეს თითოეული საგნის სწავლასა და ორგანიზებულობაში აღმოაჩნდეს სირთულეები, რაც ყველა სფეროზე ახდენს გავლენას.

უნარშეზღუდული მოსწავლეებისთვის მეორე ყველაზე ხშირი პრობლემაა მათემატიკა – ანგარიშიც და ამოცანების ამოხსნაც. ზოგი მათგანი წერს და მეტყველებს გაურკვევლად, არაორგანიზებულად. დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეები ხშირად დავალებისადმი მიდგომის ეფექტური გზების დეფიციტს განიცდიან. მათ არ იციან, როგორ გაამახვილონ ყურადღება მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, იყვნენ ორგანიზებულნი, გამოიყენონ სწავლის სტრატეგიები და უნარ-ჩვევები, არაეფექტურობის შემთხვევაში შეცვალონ დამოკიდებულება ან შეაფასონ თავიანთი მეცადინეობა. ისინი მიდრეკილნი არიან პასიური სწავლისკენ, რადგან არ იციან, როგორ უნდა იმეცადინონ. დამოუკიდებლად მეცადინეობა განსაკუთრებით ძნელია, ამიტომ ხშირად საშინაო დავალება ბოლომდე ვერ სრულდება.

ადრეული დიაგნოზი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მოსწავლეებმა არ იგრძნონ იმედგაცრუება და არ დაკარგონ შემართება. თავად ისინი ვერ ხვდებიან, რატომ უჭირთ სწავლა და ხშირად დასწავლილი უმწეობის მსხვერპლნი ხდებიან. ეს მდგომარეობა პირველად ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტების დროს აღინიშნა. ცხოველები მოათავსეს გარემოში, სადაც მათ ელექტრული შოკით აყენებდნენ ტკივილს, ამ შოკის კონტროლი კი ცხოველებს არ შეეძლოთ. მოგვიანებით, როდესაც სიტუაცია იცვლებოდა და შოკის თავიდან აცილების შესაძლებლობა ეძლეოდათ, საამისოდ აღარც კი ირჯებოდნენ – ისინი უმწეო მსხვერპლობას შეეგუვნენ. დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეებსაც მიაჩნიათ, რომ არ შეუძლიათ საკუთარი სწავლის კონტროლი და ნაკლოვანებათა გამოსწორება. ისინი არასოდეს ცდილობენ, შეიცვალონ მეცადინეობის სტილი და, ამგვარად, პასიურნი და უმწეონი რჩებიან. თავიანთი პრობლემების მიჩქმალვას არასაკმარისი მეცადინეობით ცდილობენ ან იმის შიშით, რომ დავალებას თავს ვერ გართმევენ, თავს არიდებენ ზოგიერთ საგანს. ამის თავიდან ასაცილებლად მასწავლებლებმა მოსწავლეები სკოლაში სათანადო პროფესიონალებს რაც შეიძლება სწრაფად უნდა წარუდგინონ.

დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლება. ასეთი მოსწავლეების დახმარება კვლავ მსჯელობის საგანია. ერთ-ერთი წარმატებული მეთოდია სწავლის უნარისა და მოცემული საგნის (მაგ., კითხვის ან მათემატიკის) შესახებ ინფორმაციის დამუშავება. გაგაცნობთ რამდენიმე წარმატებულ სტრატეგიას.

სკოლამდელი პერიოდი

● ეცადეთ, ვერბალური ინსტრუქციები იყოს მარტივი და მოკლე.

● კონტექსტის სირთულე დიდი სიფრთხილით მიუსადაგეთ ბავშვის განვითარების დონეს.

● მნიშვნელობის ასახსნელად მოუყვანეთ რამდენიმე მაგალითი.

● მიეცით ახალ მასალასთან მეტი პრაქტიკის შესაძლებლობა.

დაწყებითი სკოლის პერიოდი

● გამოიყენეთ მოკლე და მარტივი ვერბალური ინსტრუქციები; მოსწავლეებს გაამეორებინეთ მითითებები, რათა დარწმუნდეთ, რომ გაიგეს.

● გამოიყენეთ მნემონიკა (მეხსიერების სტრატეგიები) მოსწავლეთათვის მეხსიერების გამოსამუშავებლად.

● ძირითადი საკითხები რამდენჯერმე გაიმეორეთ. სწავლებასა და პრაქტიკას დამატებითი დრო დაუთმეთ, აუცილებლობის შემთხვევაში თავიდან შეასწავლეთ.

საბაზო სკოლა და გარდატეხის ასაკი

● უშუალოდ შეასწავლეთ თვითმონიტორინგის სტრატეგიები; ასწავლეთ, საკუთარ თავს დაუსვან კითხვები, მაგალითად: „ვაქცევდი ყურადღებას?”

● ახალი მასალა დაუკავშირეთ.მოსწავლეთა ცოდნის მარაგს.

● მოსწავლეებს შეასწავლეთ გარე მეხსიერების სტრატეგიებისა და აპარატების გამოყენება (აუდიოჩანაწერების, შენიშვნების წიგნაკის, ჩამონათვალის გაკეთება და ა.შ.).

ალბათ მიგაჩნიათ, რომ ბევრი მოსწავლისთვის, რომლებსაც მეტი ხელშეწყობა და უნარ-ჩვევების უფრო დაწვრილებით სწავლება სჭირდებათ, ეს კარგი იდეაა. მართალი ბრძანდებით.

კითხვის სწავლების დროს ასოებისა და ბგერების (ფონეტიკური) ცოდნა, სიტყვის ამოცნობის სტრატეგიების სწავლების კომბინაცია ეფექტური აღმოჩნდა. მაგალითად, მორინ ლოვეტი და მისი კოლეგები კანადაში კითხვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოსწავლეებს ასწავლიდნენ სიტყვის ამოცნობის ოთხ განსხვავებულ სტრატეგიას:

1. სიტყვების ამოცნობას ანალოგების საშუალებით;

2. სიტყვის იმ ნაწილის მოძებნას, რომელიც იციან;

3. სხვადასხვა ხმოვანი ბგერის წარმოთქმას;

4. მრავალმარცვლიან სიტყვებში პრეფიქსებისა და სუფიქსების „მოცილებას”.

მასწავლებლები თითოეულ მოსწავლესთან, სიტყვაში ბგერისა თუ შერეული ბგერების გაანალიზებასთან ერთად, ამ ოთხი სტრატეგიის შესწავლასა და პრაქტიკაში გამოყენებაზეც მუშაობდნენ. უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების გამუდმებული სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კითხვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე მოსწავლეებისთვის./

ემოციური ინტელექტი სასწავლო პროცესში

0
უდავოა, მშობლების უმეტესობა ცდილობს თავიანთი შვილების განათლებაზე თავიდანვე ზრუნვას. ისინი დარწმუნებული არიან, რომ მათ მიერ დროის და თანხის სახით ჩადებული ინვესტიცია მათი შვილების წარმატებული მომავლის გარანტი იქნება. სკოლაში შესვლამდე მშობლები გატაცებით უკითხავენ შვილებს საღამოობით, ასწავლიან დათვლას და ანგარიშს, მათთან ერთად ხატავენ, ხოლო ბავშვების სკოლაში შესვლის შემდეგ პასუხიმგებლობით ამოწმებენ საშინაო დავალებებს, ეხმარებიან სწავლაში და ა.შ. ალბათ შეამჩნევდით, რომ ჩვენ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა აქტივობა აკადემიურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული. ეს არცაა გასაკვირი, როცა მშობლებს შვილები სკოლაში შეჰყავთ, მათ უპირველესად ბავშვების აკადემიურ სფეროში წარმატების სურვილი აქვთ და იმედოვნებენ, რომ ისინი ისწავლიან კითხვას, წერას, მათემატიკას და ა.შ. მაგრამ მონდომებულ მშობლებსაც არცთუ იშვიათად ელით ხოლმე იმედგაცრუება. თქვენს ყურადღებას სწორედ ამ იმეგაცრუების ერთ-ერთ მიზეზზე მივაპყრობთ, რომელიც მშობლების მხრიდან თითქმის იგნორირებულია, თუმცა უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ იგი არანაკლებ და უფრო მეტადაც არის აუცილებელი ბავშვების მომავალი წარმატებისათვის, ამასთანავე მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული აკადემიური მიღწევების დონეც. ამ სტატიაში ემოციურ ინტელექტზე ვისაუბრებთ, რა შეიძლება ითქვას მოკლედ ემოციურ ინტელექტზე? რამდენად აუცილებელია ემოციური ინტელექტი წარჩინებისა და წარმატებისათვის? არის თუ არა შესაძლებელი მისი სწავლა?

ემოციური ინტელექტის თეორიის ავტორი ამერიკელი ფსიქოლოგი დანიელ გოლმანი გახლავთ. თუმცა ამ ფენომენზე მანამდეც მუშაობდნენ და თეორიის შემდგომი განვითარება დღესაც გრძელდება. დროთა განმავლობაში მეცნიერებს დაუგროვდათ კითხვები და დაიწყეს კვლევა, თუ რატომ არ იყო დამოკიდებული ადამიანების წარმატება მხოლოდ გონებრივ შესაძლებლობებსა და აკადემიურ უნარებზე, როგორ ახერხებდა ზოგიერთი პიროვნება მასზე გონებრივად აღმატებულ ადამიანებთან შედარებით წარმატების მიღწევას, რატომ არ არის ინტელექტის მაჩვენებელი საკმარისი პროგნოზების გასაკეთებლად. მათ მიაგნეს ახალი ტიპის ინტელექტს, რომელსაც გოლმანმა ,,ემოციური ინტელექტი” უწოდა. მეცნიერების განმარტებით, ეს გახლდათ ადამიანის უნარი, გაიგოს საკუთარი გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური რეგულირება/მართვა. საინტერესოა, რომ ემოციური ინტელექტის დონე/ხარისხი არ დგინდება გონებრივი ინტელექტის საზომი ტესტებით. ემოციურ ინტელექტს IQ-გან (გონებრივი, კოგნიტური ინტელექტი) ისიც განასხვავებს, რომ ემოციური ინტელექტის ზრდა შესაძლებელია. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისთვის უფრო მნიშვნელოვანია მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი ინტელექტისა. ამ ემოციურ უნარს სხვანაირად „ადამიანური ურთიერთობის” უნარსაც უწოდებენ. საინტერესოა მკვლევრების ერთი დასკვნაც. როგორც ისინი ფიქრობენ, ემოციური კომუნიკაციის 90% არავერბალურია. ემოციურ ინტელექტს, ისევე როგორც სხვა რომელიმე უნარს, ზოგიერთი ბავშვი თავიდანვე ავლენს. ასეთი ბავშვები კონტროლს უწევენ საკუთარ იმპულსებს, ნაკლებად მიდრეკილი არიან ტანტრუმის და სხვა მსგავსი ქცევების მიმართ. ადრეულ ასაკში ემოციური ინტელექტის მიმანიშნებელია ისეთი ერთი შეხედვით უბრალო მოქმედება, როგორიცაა დესერტის მშვიდად დალოდება მაგიდასთან, სანამ სხვები სადილს დაამთავრებენ. ემოციურად ინტელექტუალური ბავშვები ხალისიანი არიან. ისინი უკეთესად ახერხებენ სასკოლო სირთულეებისათვის თავის გართმევას, ინარჩუნებენ სიმშვიდეს რთულ ვითარებაში, აკონტროლებენ ემოციებს, შეუძლიათ გამოიცნონ ახლობელი ადამიანების გრძნობები და შესაძლო რეაქციები.

მივუბრუნდეთ ჩვენ მიერ უკვე დასმულ კითხვას – არის თუ არა შესაძლებელი ემოციური ინტელექტის სწავლა? როგორც ვთქვით, ემოციური ინტელექტის გამოვლინებას ბავშვები ადრეული ასაკიდან იწყებენ, 3 წლის ბავშვებს უკვე შეუძლიათ ემპათიის გამოხატვა (მაგ: სხვა ბავშვის ტირილზე), თუმცა ამ უნარის განვითარებისათვის საჭიროა უფროსებმა შეამჩნიონ და ხელი შეუწყონ პატარების ემოციების განმტკიცებას. განსაკუთებით მნიშვნელოვანია ემოციური ინტელექტის უნარ-ჩვევების განვითარება სკოლაში. სკოლას შეუძლია მოახდინოს „ემოციური განათლების” პროგრამის დანერგვა. ეს პროგრამა ასწავლის მოსწავლეებს სიბრაზით, იმედგაცრუებით და მარტოობით გამოწვეული ემოციების მართვას. განათლების სპეციალისტები მიუთითებენ ამგვარი უნარ-ჩვევების განვითარების დიდ მნიშვნელობაზე, რადგან მოსწავლეები, რომლებიც დეპრესიაში ან გაბრაზებულნი არიან და კონფლიქტები აქვთ თანატოლებთან, ვერ შეძლებენ სწავლაში წარმატების მიღწევას.

დონა ჰიუსმენი, ფსიქოლოგიის სპეციალისტი მასაჩუსეტსიდან, ამბობს, რომ ემოციური ინტელექტის სწავლა სავსებით შესაძლებელია. მან თანამოაზრეებთან ერთად შექმნა სოციალ-ემოციური სწავლის (Social-emotional learning; SEL) პროგრამა, რომელიც ახდენს ჰუმანიტარული მიმართულების სასკოლო საგნებთან ისეთი სასიცოცხლო უნარების ინტეგრირებას, როგორიცაა ძიება, აქტიური სწავლა, რეფლექსია, საკუთარი თავის და სხვების შეცნობა. „უამრავი კვლევით და თითქმის 30 წლის განმავლობაში ემოციური ინტელექტის ჩვენი სკოლის კურიკულუმში ჩართვით დავამტკიცეთ, რომ მოსწავლეები ხდებიან რა თავიანთი ემოციების მცოდნენი, ეფექტურად შეუძლიათ მათი მართვა და უკეთესად ართმევენ თავს სწავლაზე კონცენტრირებას”, – ამბობს ჰაუსმანი. ის თვლის, რომ საუკეთესო შედეგი დაწყებითი კლასების მოსწავლეებში დაფიქსირდა.

ჰაუსმანის თანამოაზრე ჯონ პეიტონი იკვლევდა, რა შედეგები მოჰქონდა სოციალ-ემოციურ სწავლებას აკადემიური შედეგების თვალსაზრისით. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 300-ზე მეტი კვლევა 300,000-ზე მეტ მოსწავლეს შორის (ასაკი 6 -13 წელი). დადგინდა, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც სოციალურ-ემოციური სწავლების პროგრამაში იყვნენ ჩართული 11-17%-ით უფრო უკეთეს შედეგებს აღწევდნენ ვიდრე ისინი, ვინც ამ პროექტის მიღმა იყვნენ. „ჩვენ შევძელით დაგვემტკიცებინა, რომ სოციალ-ემოციური სწავლება არ არის მოსწავლის ძვირფასი დროის არააკადემიური მიმართულებით ტყუილად ხარჯვა. მოსწავლეების აკადემიური მიღწევები იზრდება, მათი სოციალური და ემოციური უნარები უმჯობესდება, ცუდი ქცევა და აგრესია მცირდება”, – ამბობს პეიტონი.

კონფლიქტის კრეატიულად გადაჭრის პროექტი ( The Resolving Conflict Creatively Project ) ემოციურ ინტელექტზე დაფუძნებული კიდევ ერთი პროგრამა გახლავთ. პროექტის დასახელება გვიჩვენებს, რომ იგი მიმართულია დაეხმაროს მოსწავლეებს კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიებაში, უვითარებს მათ ინტერპერსონალურ უნარებს. ჯოან დაფელი, პროექტის ავტორი და ბავშვთა კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს – „ეს ის უნარებია, რომლებიც ბავშვებს ამშვიდებს გაბრაზებისას, ეხმარება მეგობრების შეძენაში, ასწავლის სხვების აზრის გათვალისწინებით კონფლიქტების გადაჭრას, უყალიბებს ეთიკური და უსაფრთხო გადაწყვეტილებების არჩევის უნარს”.

ამრიგად, სპეციალისტები გამოყოფენ სამ გარემოებას :

Øსოციალ-ემოციური სწავლის პროგრამას სკოლაში შედეგად მოაქვს მოსწავლეთა გაუმჯობესებული თვითშეფასება, უკეთესი სოციალური უნარები და შემცირებული ძალადობის ფაქტები;

Øემოციური ინტელექტის სწავლება სკოლაში შესაძლებელია აკადემიური უნარების დამცრობის გარეშე, უფრო მეტიც, სოციალურ-ემოციური სწავლება აუმჯობესებს აკადემიურ შედეგებს;

Øემოციური ინტელექტის სწავლება უფრო ადვილია ადრეულ ასაკში, როცა ბავშვების ხასიათი გაცილებით დამყოლია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ემოციური ინტელექტის თეორიამ უკვე მოასწრო მოწინააღმდეგეთა ბანაკის გაჩენა. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორი მარტინ ქილდაფი ერთ-ერთი მათგანია. ქილდაფი და მისი თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ემოციური ინტელექტი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი უნარი, შეიძლება როგორც კეთილ, ასევე ბოროტ საქმეს ემსახუროს. მაგალითად, ემოციური ინტელექტის მატარებლები „შეგნებულად აყალიბებენ თავიანთ ემოციებს ისე, რომ საკუთარ თავზე კარგ შთაბეჭდილებას ქმნიან, ემოციების მიზანმიმართული მალვა და სხვების გრძნობებით სტრატეგიული მანიპულირება არა მხოლოდ შექსპირის პიესებში, არამედ ოფისებსა და დერეფნებშიც გვხვდება, სადაც სასწორზე დევს ძალაუფლება და გავლენა”., – ასეთია მათი ერთ-ერთი საინტერესო დასკვნა. პროფესორ ქილდაფის და მისი კოლეგების აზრით, „დროა შეწყდეს ემოციური ინტელექტის დაკავშირება დადებით ზნეობრივ თვისებებთან”
დაბოლოს, სპეციალისტების რჩევები მშობლებს :
  • არ არის საჭირო ბავშვების თანდასწრებით ემოციების ვერბალურ გამოხატვაზე უარის თქმა. ეს ისედაც ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. მთავარია ამ დროს იყოთ კორექტულები და გამოიყენოთ ისეთი ლექსიკა, რომელსაც ბავშვი გაიგებს. ბავშვები, რომლებიც იზრდებიან გრძნობების მიღების და გაგების გარემოში, ხდებიან უფრო მდგრადები ემოციების მიმართ, მათ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების ყველასთვის მისაღები გზებით გამოხატვა.
  • გამოიყენეთ ბავშვების საყვარელი ამბების გმირებთან იდენტიფიცირების ბუნებრივი უნარი. წაუკითხეთ ბავშვებს წიგნები, რომლებშიც გმირები სხვადასხვა ემოციებს გამოხატავენ, მათთან ერთად განიხილე, როგორ იგრძნობდნენ ისინი თავს ანალოგიურ სიტუაციაში. პატარა ბავშვებთან სასარგებლოა სურათებზე ასახული ადამიანების გრძნობების ამოცნობა.

ჩემი უცხოპლანეტელი მეგობარი

0
რა თქმა უნდა, სხვა დასახლებული პლანეტები არსებობს. ამაში ყოველთვის ისე ვიყავი დარწმუნებული, როგორც ჩემს სასწაულებრივ ნიჭში, მეცხოვრა საკვების გარეშე. მაშინ, როცა დედაჩემი ათასი ზღაპრით ცდილობდა ჩემს გაცურებას და კარტოფილის პიურეთი სავსე კოვზს ცხვირწინ მაცდუნებლად მიტრიალებდა, მე გულგრილად ვამბობდი, რომ უამისოდაც გავძლებდი. შესანიშნავად გამომდიოდა ჩემს წარმოსახვით მეგობართან თამაშიც, რომლისთვისაც მწვადის გამაბრუებლად სურნელოვანი ნაჭერი რომ შეგეთავაზებინა, ყურადღებით შეისწავლიდა, ათას კითხვას დაგისვამდა და, რა თქმა უნდა, პირს არ დააკარებდა. ის სხვანაირად იყო მოწყობილი, სიცოცხლეც ისევე ადვილად გამოსდიოდა, როგორც უამრავი კრეატიული ოინი. გარდა ოინების მოფიქრებისა, ათასი საზრუნავი და სალაპარაკო გვქონდა. მე წარმოუდგენლად მეშინოდა ღმერთის და ჩემს მეგობარს ვთხოვდი, გადავერჩინე, როცა ის ჩემს დასჯას დააპირებდა. იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, ღმერთი ძალიან მალე გადაწყვეტდა, გრძელი კულულებით ვეთრიე და გამოსასწორებლად რომელიმე ჯურღმულში ჩავეგდე. თან ვიცოდი, ღმერთი ყველგან იყო და პიურეს ყოველ არშეჭმულ კოვზს გაფაციცებით ითვლიდა. როგორ შეეძლო ღმერთს, თან ჩემთან ყოფილიყო, თან გიოსთან, თან მარისთან, თან ნინოსთან? უთუოდ ტელეპატიური ნიჭი ჰქონდა. ჩემი მეგობარი კი, კაცმა რომ თქვას, დიდი უღმერთო ვინმე იყო. შეძვრებოდა კარადაში და ყველა ჩემს საძულველ კაბას დამიჭრიდა. ზაფხულობით, როცა სოფელში ერთად ვისვენებდით, გოგია პაპას ყველა სიმინდს მოპარავდა. ყველა ბიჭს, რომელსაც ცოტათი მაინც მოვწონდი, არაადამიანური სიშმაგით გალახავდა. პრინციპში, როცა თავი ადამიანად არასდროს გიგრძნია და ყოველთვის უცხოპლანეტელი იყავი, გასაკვირი არაფერია. მერე მოგვადგებოდნენ გალახული ბავშვების მშობლები და დედაჩემს ჩემ შესახებ ყოველგვარ სისაძაგლეს უყვებოდნენ, თითქოს რამე ბრალი მიმიძღოდა მათი შვილების დალურჯებულ მუხლებსა და გადატყავებულ იდაყვებში. დედა დამსვამდა და მისაყვედურებდა ჩემს უკუღმართ ხასიათსა და ცოოოტა მამაკაცურ თვისებებს. ვერაფრით დაარწმუნებდი, რომ ეს მე არ გამიკეთებია, ჩემი მეგობრის სქესიც საკმაოდ რთული ასახსნელი იყო, ამიტომაც სიტყვას არ ვძრავდი.

როცა დედამ ჩემი მეგობრის არსებობის შესახებ გაიგო, ძალიან შეშინდა. ჩემი მეგობარი ჯეკ ლონდონის “სმოკ ბელიუს” დაუნდობლად ფხრეწდა, რადგან ერთხელ გულდაწყვეტილმა წავიწუწუნე, რომ ჩემს დასავით კითხვა არ გამომდიოდა. თიკას კი ჩვენი მთელი უზარმაზარი ბიბლიოთეკა უკვე წაკითხული ჰქონდა და მარწმუნებდა, რომ თუ ცოტას მოვიცდიდი და გავიზრდებოდი, მეც შევძლებდი. მაგრამ რაღაც ძალიან ნელა ვიზრდებოდი და თიკას ნათქვამში უკვე ეჭვი მეპარებოდა. საუკეთესო მეგობარი რისი საუკეთესო მეგობარია, მოწყენის საშუალება თუ მოგცა. ისიც ადგა და წიგნების დახევას მიჰყო ხელი. გაცოფდა დედაჩემი. მე თავი დავიძვრინე და სიმართლე ვუთხარი, ღმერთო ჩემო, საუკეთესო მეგობარი დავასმინე! “ვინაა, მითხარი”, – მიყვირა დედამ, – “მუმინტროლია? ჰომზაა? პეპია? კარლსონია? ვინაა?!” – ძალიან გამიკვირდა, კარადასთან ატუზული, ნაწყენი და შეურაცხყოფილი ჩემი მეგობარი რომ ვერ შეამჩნია. მაშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი საუკეთესო მეგობრის ჯადოსნურობაში.

სასოწარკვეთილი დედაჩემი ადგა და ფსიქოლოგთან წამიყვანა. კაცმა რომ თქვას, ფსიქოლოგი სასიამოვნო ქალიც კი იყო. გრძელი, შავი თმა ჰქონდა, ყვავილებიანი კაბა ეცვა და ფრჩხილებზე უნაკლოდ ესვა წითელი ლაქი. მაშინვე სიმპათიით განვეწყვე და ვკითხე, ჩემს მეგობარს ღმერთი ნამდვილად დასჯიდა თუ არა ბოლო, საკმაოდ მასშტაბური ოინის გამო. ჩემი სამარცხვინო დასმენის ამბავიც გავუმხილე და ისიც, რომ საუკუნეა, აღარ გამოჩენილა. ვდარდობდი, ალბათ, ზუსტად ისე გამებუტა, როგორც ჩემს ბაღელ ნინუცას თავისი შეყვარებული-მეთქი. ნინუცამ ერთ დღეს ლაშასთან თამაში არ მოინდომა და თემოს დაუმეგობრდა. ლაშას ეწყინა და დაშორება გადაწყვიტა. ისიც არ დავუმალე, რომ მთელი ცხოვრებაა ვფიქრობ, როგორ შეუძლია ღმერთს ასე ერთბაშად და ყველგან ყოფნა. რა საჭიროა ამდენი სასჯელი თაროზე შემოდებული შოკოლადის შეჭმისთვის – შოკოლადები ხომ თაროებზე არ უნდა ინახებოდეს. როგორ შეუძლია ღმერთს, ასეთ ელემენტარულ რაღაცებზე წუხდებოდეს? ბაღის ნანა მასწავლებელი სულ მარწმუნებდა ღმერთის შესაძლებლობებში, მე კი ვიდექი შადრევანთან ზაფხულის ცხელ დღეს, გავარვარებულ ჰაერს ჩრდილით ვებრძოდი და ვერაფრით გამებედა გასაგრილებლად ჩახტომა მაცოცხლებელ, გრილ წყალში – ღმერთს ეს რომ დაენახა, აუცილებლად ჭკუიდან შეიშლებოდა. 

მე და იმ გრძელთმიანმა ქალმა ბევრი ვილაპარაკეთ და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ღმერთი კეთილია და აზრად არ მოუვა ჩემი მეგობრის დასჯა, თუმცა ჩემი მეგობარი სანიმუშოდ ნამდვილად არ იქცეოდა. ყოველ შემთხვევაში, დიდი დანაკლისია დახეული წიგნები, რომლებსაც ვეღარავინ წაიკითხავს. ის იყო და ის. ჩემმა მეგობარმა მიმატოვა. მერე მარტომ დავიწყე ათასგვარი ოინის მოფიქრება, ხანდახან ბაღელი მეგბრებიც მეხმარებოდნენ. ოინები უნდა იყოს პომპეზური და, რა თქმა უნდა, მასშტაბურიც. ის ოინი რა ოინია, შენ გარდა კაციშვილმა რომ არ იცის. გენიალური საქმეები აპლოდისმენტებს უნდა იმსახურებდეს. ასეა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...