შაბათი, ივნისი 21, 2025
21 ივნისი, შაბათი, 2025

დები პინკუსი – როგორ შევასრულებინოთ ბავშვებს საშინაო დავალება

0
მშობლებს თავიანთ მოვალეობად მიაჩნიათ, მათი შვილები კარგად სწავლობდნენ. ისინი ზრუნავენ შვილების წარმატებაზე და მზრუნველობის ერთ-ერთი საგანი საშინაო დავალების შესრულებაა.
როცა მშობელი შვილის წარმატებას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს, ის მკაცრ მოთხოვნებს უყენებს ბავშვს, მათ შორის – საშინაო დავალების შესრულების თაობაზეც, რაც საბოლოო მიზნის მიღწევის ერთ-ერთ კომპონენტად განიხილება. ჩემი რწმენით, ასეთი მიდგომა სუსტ პოზიციაში აყენებს მშობელს, რადგან შვილს მისი მოთხოვნის შესრულება არ სურს. შეიძლება ითქვას, რომ საშინაო დავალების შესრულება-შეუსრულებლობისთვის ბრძოლა რეალურად კონტროლის მოსაპოვებლად ბრძოლას წარმოადგენს. ბავშვი ცდილობს, მისი არჩევანი მისავე ხელთ იყოს, მაგრამ მშობელს მიაჩნია, რომ კონტროლის უფლება მას ეკუთვნის და არა შვილს, და საბოლოოდ მათი დაპირისპირება უკომპრომისო ოჯახურ ომში გადაიზრდება ხოლმე.

წლების მანძილზე მრავალ მშობელთან მისაუბრია, რომელთაც ასეთი ბრძოლა ჰქონიათ შვილებთან და მათი მონაყოლიდან ვიცი, რა ოინებს იგონებენ ბავშვები, როცა საქმე სასკოლო აქტივობას უკავშირდება. მათ შეიძლება „დაავიწყდეთ” საშინაო დავალების შესრულება ან ის ზერელედ, უყურადღებოდ შეასრულონ. ამ გზით ბავშვები საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შენარჩუნებას, სხვისი ჩარევისგან მის დაცვას ცდილობენ. როდესაც ბავშვები ასე იქცევიან, მშობლები გრძნობენ, როგორ უჭირთ შვილის მართვა და მათ დასჯას იწყებენ, ხოლო თუ ამანაც ვერ გაჭრა, მაშინ მათ ნაცვლად ასრულებენ საშინაო დავალებას.

რაც უფრო მეტად ღელავს მშობელი, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას უწევს შვილი და ამ ფონზე საშინაო დავალების შესრულებას აზრი ეკარგება; მას არ გამოაქვს ის შედეგი, რაც, წესით, უნდა გამოიღოს.
მწარე სიმართლეა: თქვენ შვილს ვერაფერს აიძულებთ. ნაცვლად ამისა, ჯობს დაუწესოთ საზღვრები, რომელთა ფარგლებშიც პატივს სცემთ მის ინდივიდუალურ არჩევანს. ეს ბავშვის მოტივაციის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
შესაძლოა, ამაზე მიპასუხოთ: „თქვენ არ იცნობთ ჩემს შვილს! ვერაფით მოვახერხე მისი მოტივირება რამის გასაკეთებლად!” უმჯობესია, დამშვიდდეთ და ყურადღებით დააკვირდეთ ვითარებას. იქნებ თვითონვე უწყობთ ხელს შვილის ჯანყს თქვენ წინააღმდეგ ან მის აპათიას? თუ საშინაო დავალების შესრულების საკითხი თქვენ უფრო მეტად გაღელვებთ, ვიდრე თქვენს შვილს, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რისი ბრალია ეს (გახსოვდეთ: თუ მის გასაკეთებელ საქმეზე თქვენ უფრო მეტად ინერვიულებთ, ბავშვი უფრო ნაკლებად იზრუნებს დავალების შესრულებაზე).
ნუ ეცდებით ბავშვის დამორჩილებას, უბრალოდ, უხელმძღვანელეთ

ბევრი მშობელი მეუბნება, რომ მათი შვილები არ არიან მოტივირებულნი თავიანთი საქმის შესასრულებლად, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ არიან, თუმცაღა, შესაძლოა, არა ისე, როგორც თქვენ გსურთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმის თაობაზე, როგორ უხელმძღვანელოთ მათ საშინაო დავალების შესრულებისას ყოველგვარი ბრძოლის, მუქარისა და ზეწოლის გარეშე.
. გაიხსენეთ, როგორი მიდგომა ჭრიდა წარსულში. გაიხსენეთ ის დრო, როცა თქვენი შვილი კარგად ასრულებდა საშინაო დავალებებს. რა იყო მაშინ განსხვავებული? როგორ ახერხებდით თანამშრომლობას? ჰკითხეთ ამის შესახებ თქვენს შვილს. შეეცადეთ გაარკვიოთ, რა ზრდის თქვენი შვილის (და არა თქვენს) მოტივაციას.
შეწყვიტეთ ბრძოლა. ყველანაირად ეცადეთ, არ იმოქმედოთ ბრძოლის სცენარით ყოველ საღამოს. ეცადეთ, სხვაგვარად წარმართოთ შვილთან ურთიერთობა. თუ ჩხუბის გარდა მოქმედების სხვა ტაქტიკას არ ცნობთ, ჯობს, საერთოდ არაფერი მოიმოქმედოთ. მიანდეთ საშინაო დავალების შესრულებაზე ზრუნვა მას, ვისი საქმეც არის ეს – მასწავლებელსა და მოსწავლეს. ნუ ჩაერევით ამ სასკოლო დავიდარაბაში, საკუთარ საქმეს მიხედეთ, თქვენი შვილი კი თავის საქმეს გააკეთებს.

შეისვენეთ: თუ ფრუსტრაციას გრძნობთ, თავი დაანებეთ შვილის იძულებას საშინაო დავალების შესასრულებლად. თქვენი წნევის აწევა სარგებლობას არავის მოუტანს. შეისვენეთ თქვენც და დაასვენეთ ბავშვიც, თუ გრძნობთ, რომ ისიც გადაიღალა. დააწესეთ საშინაო დავალების შესასრულებლად საჭირო დროითი ჩარჩო.
აქვე გთავაზობთ რამდენიმე მითითებას, რომლებიც მრავალი ოჯახისთვის ეფექტური აღმოჩნდა:

. საშინაო დავალება უნდა შესრულდეს ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს;
. საშინაო დავალება უნდა შესრულდეს თქვენი სახლის გაშლილ სივრცეში.
. თუ მოსწავლეს დაბალი ნიშნები აქვს, ეცადეთ ყოველგვარი პირობა შეუქმნათ, რათა მან უკეთ მოახერხოს შესასრულებელ სამუშაოზე კონცენტრაცია;
. უქმეებზე გართობა მანამდე აკრძალეთ, სანამ ბავშვი მეცადინეობას არ დაასრულებს.
ამოსავალი ბავშვის პოზიცია უნდა იყოს და არა თქვენი. როცა შვილის სამუშაოზე ფოკუსირებას დაიწყებთ, ცოტა ხანს შეჩერდით და თქვენს მიზანს დაუფიქრდით. რა მიგაჩნიათ ცხოვრების მიზნად და რას მოელით საშინაო დავალებისგან, რით შეუწყობს ეს ხელს მიზნის მიღწევას? სანამ შეუპოვარ ბრძოლაში ჩაებმებით, ვითარებას შვილის თვალითაც შეხედეთ.
მიეცით ბავშვს არჩევანის უფლება – თქვენ მხოლოდ ამ არჩევანის შედეგებთან უნდა გქონდეთ საქმე. დაე, თქვენს შვილს თავისუფალი არჩევანი ჰქონდეს. თქვენ, მშობელმა, უკან დაიხიეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფრით დაეხმარებით შვილს თავისი მოვალეობის წარმატებით აღსრულებაში. თუ ეცდებით, სიტუაცია მთლიანად მართოთ, ყოველივე საპირისპიროდ შემოგიბრუნდებათ და ძალაუფლებისთვის ბრძოლა ხელახლა დაიწყება. ბრძოლა კი, მერწმუნეთ, საშინაო დავალების შესასრულებლად ნამდვილად არ არის საჭირო. ბევრი ბავშვი მინახავს, რომლებიც განზრახ ცუდად ასრულებენ საშინაო დავალებას, რათა მშობელს დაანახვონ, „ვინ მართავს რეალურად სიტუაციას”. ისეთი ბავშვებიც ვიცი, რომლებიც მშობლის კონტროლის ფონზე ასე თუ ისე ასრულებენ საშინაო დავალებას, მაგრამ ვერასოდეს სწავლობენ დამოუკიდებლად აზროვნებასა და გადაწყვეტილების მიღებას.
მე მწამს ასეთი მეთოდის ეფექტურობის, როცა საქმე სასკოლო აქტივობას ეხება. იმ სტრუქტურის ფარგლებში, რომელსაც თქვენ ადგენთ, შვილს არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, შეასრულოს თუ არა საშინაო დავალება, კარგად შეასრულოს ის თუ ცუდად. ყოველგვარ არჩევანს თავისი ლოგიკური შედეგი მოსდევს – თუ ბავშვი დავალების შეუსრულებლობას ამჯობინებს, მისი ნიშნები გაუარესდება, ეს კი დააფიქრებს მას.

როდესაც ასე მოხდება, თქვენ შეგიძლიათ შვილს ჰკითხოთ: „კმაყოფილი ხარ შენი აკადემიური მოსწრებით?”, „თუ არა, რის გაკეთებას აპირებ ამ პრობლემის მოსაგვარებლად?”, „რით შემიძლია დაგეხამრო?”
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვი საშინაო დავალებებს თავისი უნარისა და მოტივაციის მიხედვით უნდა ასრულებდეს. თუ ის საერთოდ აღარ იჩენს ძალისხმევას და ხედავთ, რომ მისი ნიშნები უარესდება, ჩაერიეთ და უთხარით: „მე დაგეხმარები. მოდი, მუშაობის გეგმა შევიმუშაოთ, მე კი დროდადრო შევამოწმებ, როგორ მიჰყვები მას”. ამის შემდეგ ერთად იწყებთ გეგმის შედგენას. ის შეიძლება ითვალისწინებდეს საშინაო დავალებების შესრულებას საერთო ოთახში, სანამ ბავშვის ნიშნები არ გამოსწორდება, მასწავლებელთან ერთად შეხვედრას და ერთობლივ კონსულტაციებს. ერთი სიტყვით, თქვენ მხოლოდ ხელს შეუწყობთ შვილს, ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდეს. როდესაც მდგომარეობის გაუმჯობესებას შეამჩნევთ, შეგიძლიათ უკან დაიხიოთ და ისე აქტიურად აღარ ჩაერიოთ ბავშვის ცხოვრებაში.

კონტროლის ხარისხი ბავშვის ასაკის მიხედვით უნდა განსაზღვროთ. გეგმის შედგენისას ნახევარი საათით მაინც უნდა გაზარდოთ ყველა საგანში მისი მოსწრების შემოწმების დრო. რაც მთავარია, გახსოვდეთ: ამ პრაქტიკულ გეგმას მის დასასჯელად კი არ ადგენთ, არამედ დასახმარებლად.
ბავშვი ამბობს, რომ ცუდი ნიშნები არ აღელვებს
ბევრი მშობელი იტყვის, რომ მათ შვილს უბრალოდ არ ადარდებს მოსწრება, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ცუდი ნიშნები ბავშვებს გულის სიღრმეში ძალიანაც აწუხებთ. გამოთქმა „არ მაინტერესებს” ხშირად ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენი შვილი აცხადებს: „არ ვაპირებ, ნიშნების გამოსწორებაზე ვიზრუნო; ვერ მაიძულებ ამის გაკეთებას; შენ არ ხარ ჩემი ცხოვრების ბატონ-პატრონი”. სიმართლე ის არის, რომ თქვენ მართლა ვერ აიძულებთ ბავშვს. ნაცვლად ამისა, ჯობს იმის გაცნობიერებაში დაეხმაროთ, რომ ნიშნებზე ზრუნვა სწორედ მის ინტერესებში შედის.

ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია იმის მიხვედრაც, რომ მზრუნველობასა და მოტივაციას ფესვები სწორედ ფლობის შეგრძნებაში უდგას. თქვენ შეგიძლიათ, დაეხმაროთ შვილს იმის გაცნობიერებაში, რომ საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი თვითონ არის. ამ შემთხვევაში ის საკუთარი ნიშნების გამო პასუხისმგებლობასაც გააცნობიერებს. ნუ განიცდით ბავშვის ცუდ ნიშნებს მასზე მეტად. ეცადეთ გაარკვიოთ, რა გაზრდის მის მოტივაციას და ნუ დაისახავთ მიზნად, შვილს თქვენი ეშინოდეს. ეცადეთ, უხელმძღვანელოთ მას, მაგრამ არასწორი არჩევანის შედეგები მან თავად უნდა გააცნობიეროს. უმჯობესია, ამ შედეგებს 10 წლისა შეეჯახოს, ვიდრე 25 წლისა, როდესაც ამის გამო სამსახურს დაკარგავს.
ბავშვს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს

ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, რისი ბრალია დავალებების შეუსრულებლობა. თუ ბავშვი თავიდანვე ცუდად სწავლობდა, შეამოწმეთ მისი ყველა უნარი, რათა ყოველგვარი უნარშეზღუდულობა გამოირიცხოს.
თუ ბავშვს რომელიმე უნარი აქვს შეზღუდული, მას მეტი ხელშეწყობა დასჭირდება. რასაკვირველია, ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ სტრუქტურული საზღვრების დაწესება, მაგრამ აუცილებლად თქვენი შვილის შესაძლებლობების გათვალისწინებით. შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს ხშირად ზომაზე მეტად ეხმარებიან და საბოლოოდ გამოდის, რომ ისინი ფაქტობრივად არ მონაწილეობენ დავალებების შესრულებაში, მაშინ როდესაც ასეთი მოსწავლეები მცირე დახმარებითაც თავისუფლად შეასრულებდნენ დავალებებს საკუთარი ძალებით.
განსხვავება ხელმძღვანელობასა და ზედმეტ აქტიურობას შორის

თქვენს შვილს მხოლოდ ხელმძღვანელობა სჭირდება, რაც არ გულისხმობს საშინაო დავალების მის ნაცვლად შესრულებას. როცა თქვენ, მშობელი, ასე იქცევით, მის წილ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებთ.
თუ ბავშვი დახმარებას გთხოვთ, შეგიძლიათ მხოლოდ კონსულტაცია გაუწიოთ მას. ურჩიეთ, გაურკვეველი საკითხის შესახებ მასწავლებელს გაესაუბროს, ანუ განუვითარეთ მას კომუნიკაციის უნარი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხოლოდ გზა უჩვენეთ, რათა თავის თავს დაეხმაროს. ერთი სიტყვით, შუალედური პოზიცია დაიკავეთ – არც სრული უმოქმედობა და არც ზედმეტი ჩარევა.

ასევე ვურჩევ მშობლებს, ჰქონდეთ საკუთარი შვილების რწმენა. ნუ შეხედავენ შვილს როგორც სუსტ არსებას, რომელსაც თავისი საქმის გაკეთება არ შეუძლია. რატომღაც გვგონია, რომ თუ შვილს არ დავეხმარეთ, ის არაფერს გააკეთებს. სიტყვები „მე მხოლოდ შენს დახმარებას ვცდილობ” ბავშვმა შეიძლება ასე გაიგოს: „შენ სუსტი ხარ”. ნაცვლად ამისა, თქვენი მესიჯი ასეთი უნდა იყოს: „მე ვიცი, რომ შენ შეგიძლია ამის გაკეთება და საკმაოდ მჯერა შენი შესაძლებლობების, რათა თავისუფalი არჩევანის საშუალება მოგცე”.
 

საშინაო დავალება

0
საზაფხულო დავალებები გახსოვთ?!-  ბოლომდე შესავსები „ოკულ დეფტერები”, რომლებიც ისე მკაცრად გამოიყურებოდნენ, როგორც- მასწავლებლები ყოველი არშესრულებული საშინაო დავალების შემდეგ. ჩვენ კი, სოფლის ორღობეებს მოდებულები, მუხლებგადატყავებულები, სიმინდისა და ბლის ქურდობის „ცოდვით” დამძიმებულები, ხან- სოფლის გოშიების ლუკმები, ხან- ბებოების და პაპების ცრუ მრისხანების ობიექტები, აგვისტოს ბოლომდე მივიდოდით, მივირბენდით.  ბოლოს ნაჩქარევად შევავსებდით რვეულებს, რომლებიც, თავისთავად, იყო ხაფანგი, რომლებშიც საგანგებოდ დიდი ასოები იყვნენ გაჩხერილები. სისხლი სდიოდათ „წაკითხული წიგნების” სიებს და ყველა ავტორი „ოკულ დეფტერებიდან”  თავგამოდებით ცდილობდა გაქცევას.
 ერთი სიტყვით, რვეულების ნაცვლად მასწავლებლებს ტომისა და ჯერის „დაჭერობანას” სრულ ქრონოლოგიურ სურათსა და ისტორიას ვაბარებდით. მაშინ გვეგონა, საშინაო დავალებები მხოლოდ იმისთვის მზადდება, რომ ჩაიბარონ. მაშინ გვეგონა, ყველა სუფთა რვეული ხაფანგი იყო და სახელმძღვანელოები- უსასრულო უდაბნოები, სადაც მირაჟების ადგილიც არ რჩებოდა. 

არადა, ვსწავლობდით. სწავლა- განათლება მაშინ, რა თქმა უნდა, აბსტრაქტულ ცნებად გვეჩვენებოდა. პატარა, ქორფა თავები ტვინგამოდებით მუშაობდნენ და დისციპლინაც არ გვავიწყდებოდა. ეს ის სიტყვაა, რომელიც, რამდენჯერმე რომ გაიმეორო, მნიშვნელობას კარგავს და ასოების გროვად იქცევა. ასაკის მატებასთან ერთად ამ ტერმინის ჩვენ მიმართ გამოყენების  სიხშირემ როგორც კი იმატა, უდისციპლინოები გავხდით. ყოველ შემთხვევაში, სულ ცოტათი მაინც, ვიდრე- ადრე.

საშინაო დავალებებზე გიყვებოდით. მახსოვს, ერთ- ერთ მორიგ საზაფხულო არდადეგებზე ურეკში წავედით. მაშინ ზღვა პირველად ვნახე და შემეშინდა, რადგან ცასავით იყო. ცა კი იმდენად არამატერიალური მეჩვენებოდა, იმდენად მისტიკური და საშიშად არანივთიერი, სადღაც, თავისთვის მყოფი, განმარტოებული სუბსტანცია, რომ მას შემდეგ ზღვაშიც ვერ ვიკიდებ ფეხს, ვერც- ხელს. ერთი სიტყვით, დღემდე ვერ ვისწავლე ცურვა და დღემდე ყველა დამცინის ამის გამო. ახლა ამას ასე მძაფრად, რაღა თქმა უნდა, აღარ განვიცდი. მაგრამ მაშინ, სექტემბერში სკოლაში მისულმა, გარუჯულმა და ბედნიერმა სკოლაში ტკბილი საზღვაო არდადაგებით ინსპირირებული საზაფხულო საშინაო დავალება მივიტანე. ახლაც მძაფრად მახსოვს საკუთარი ემოციური დიაპაზონი. მასწავლებელმა ტექსტი ხმამაღლა წაიკითხა და აი, იმ მომენტამდე მივიდა, სადაც ზღვა ცასავით საშიშია, სადაც ზღვას ხელში ვერ დაიჭერ, „იქსელის” ქილასავით ვერ მოჭმუჭნი და ვერ გადააგდებ, ფეხსაც ვერ დაადგამ, რომ მოგინდეს, ვერც კი იხტუნავებ. იმათ რა იცოდნენ, რომ ბედნიერების მომენტებში ჩემი თვისება სწორედაც რომ ჯამბაზივით ხტუნვა გახლდათ. ბავშვებმა გაიცინეს და მე, გარუჯული, პატარა და ბედნიერი კიდევ უფრო დავპატარავდი და  გავიფიქრე, რომ მიწის გასკდომა ბუნების საჩუქარი იქნებოდა.

მიწა, რა თქმა უნდა, არ გასკდა. ძალიანაც კარგი. სამაგიეროდ, კლასელების უბოროტო სიცილის შემდეგ (რომელიც, ახლა მგონია, რომ ვერაფრით იქნებოდა დაცინვა), ჩემი ემოციური ინტელექტის სრულყოფას მივყავი ხელი. მაშინ მსგავსი ტერმინოლოგიის არაფერი გამეგებოდა და ჩემი შეუგნებელი ქმედებაც ინსტიქტური საწყისების შედეგი იყო.  მე მაშინ პეპიზე ვგიჟდებოდი, ჩემს ფემინისტ ლიდერზე, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, მეკობრე გამოვიდეს თუ ნამდვილი მანდილოსანი. ის არც ისეთი დახვეწილია და ვერც კარგი აღზრდით გამოირჩევა, ზრდილობაში ცოტა მოიკოჭლებს კიდეც, სამაგიეროდ, შეუძლია, ყველაფერი გრძელ, კნაჭა ფეხებზე ეკიდოს და მსოფლიო თავის გარშემო ატრიალოს. მისი ემოციური ინტელექტის კოეფიციენტი დაბალი ნამდვილად არ უნდა იყოს. სიმართლე  გითხრათ, სწორედ პეპი დამეხმარა, გადამელახა  ბავშვური ტრაგედია  და ხმამაღლა ბევრჯერ გამემეორებინა რომ დიახ, ზღვა ცასავითაა და ამაში არაფერია უცნაური. რომ ინდივიდუალიზმი ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც ოდესმე შეიძლება, გქონდეს. რომ თუ შენნაირად არ განიცდიან, ამაში არაფერია დრამატული. რომ მიწის გასკდომა დიდი ვერაფერი ნატვრაა, ამას სჯობს, გვერდით ისეთი მეგობრები გყავდეს, როგორებიც ტომი და ანიკა არიან. 

ერთი ეგაა, დღემდე მძულს ჩემი ძმისშვილის საზაფხულო დავალებები და საერთოდაც, ყოველგვარი შრომა, რომელიც ზაფხულს უკავშირდება, რადგან სრულიად ფუქსავატურად მგონია, რომ ადამიანები ზაფხულში მხოლოდ უნდა ისვენებდნენ. განსაკუთრებით კი ბავშვები, რომლებსაც ძალიან ცოტა დრო აქვთ გრძელი მაგალითების გამოსაყვანად, რადგან ჯერ კიდევ ბევრი სიმინდია მოსაპარი. 

ჩვენი მთავარი ევროპელი მეგობარი

0

აგვისტო საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის უმძიმესი თვეა. ყველას ომის საშინელი თავგადასავლები და ასობით უსამართლოდ დაღუპული ადამიანი ახსენდება. ჩვენს ისტორიოგრაფიაში უკვე დაიწყო 2008 წლის სამხედრო-შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ შესაბამისი მასალების შეგროვება. წელს ცნობილმა ქართველმა კინოდოკუმენტალისტმა მორიგი ფილმი გადაიღო, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უმძიმეს ტრაგედიას და მის პოლიტიკური შინაარსს აღწერს. ფილმების პროფესიული შეფასება და ანალიზი ჩემი საქმე არ არის, მხოლოდ საკუთარ შთაბეჭდილებებზე შემიძლია საუბარი. თითქოს ფილმის ავტორიც და მისი რესპონდენტებიც ცდილობენ, რომ პუტინის რუსეთის შემდეგ საქართველოს ყველაზე ავისმოსურნე ქვეყნად გერმანია წარმოაჩინონ. გამიკვირდა და გავბრაზდი. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პარტნიორისადმი განსაკუთრებული უმადურობის გამოვლენა ჩვენი საზოგადოებისათვის სიკეთისმომტანი არ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე მოგითხროთ იმის შესახებ, თუ რატომ არის გერმანია ჩვენი მთავარი ევროპელი მეგობარი.

შორეულ წარსულს აღარ მივუბრუნდები, აღარ გავიხსენებ არც საქართველოს წყალქვეშა ნავებით მომარაგების საკითხს და არც გერმანიის პირველი ელჩის, გრაფ შულენბურგის მიერ ნაჩუქარი გერმანული ჩაფხუტების ისტორიას. მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ჩამოყალიბებულ თანამედროვე ეპოქას მიმოვიხილავ მოკლედ, ძალიან მოკლედ.

გერმანია ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა გახლდათ, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო და თბილისში საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობა გახსნა. ფედერაციული რესპუბლიკა ჩვენი დამოუკიდებლობის 22 წლის განმავლობაში არ თმობს მოწინავე ადგილს საქართველოს დონორებს შორის. მათ მიერ გამოგზავნილი ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება ყოველთვის სოლიდური იყო, ევროპელებს ჩვენთვის არასდროს უწყალობებიათ წყალი და ჰიგიენური საშუალებები. რაც მთავარია, გერმანელები აქცენტს ყოველთვის სკოლასა და მასწავლებლებზე აკეთებდნენ.

საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ არ იცის, რომ გერმანიის ფედერალური ხაზინის დაფინანსებით 1997 წლიდან საქართველოს ათზე მეტ სკოლაში სპეციალური სასწავლო პროგრამა მოქმედებს. პროგრამის მონაწილეები ინტენსიურად შეისწავლიან გერმანულ ენას, საკუთარ სკოლაში უფასოდ იღებენ საერთაშორისო ენის დიპლომს და კავშირებს ამყარებენ კვალიფიციურ უცხოელ თუ ქართველ პროფესიონალებთან. ამასთანავე, პროგრამის მონაწილე მასწავლებლებს გერმანიის სხვადასხვა პედაგოგიურ დაწესებულებაში სწავლების ყველაზე თანამედროვე მეთოდებს დაუფლების შესაძლებლობა ეძლევათ. “ZfA-ს” ხელშეწყობით უკვე რამდენიმე ათასმა ქართველმა მოსწავლემ მოახერხა გერმანული ენის უმაღლეს დონეზე შესწავლა, რამდენიმე ასეულმა პედაგოგმა კი დამატებითი, სერიოზული პროფესიული გამოცდილება დააგროვა.

გერმანიის ხაზინისა და სხვა შემომწირველების ხელშეწყობით 1988 წლიდან საქართველოში „გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის” (DAAD) წარმომადგენლები მუშაობენ. ალბათ ვერავინ დათვლის რამდენი სტუდენტი, მასწავლებელი, ლექტორი, ახალგაზრდა მკვლევარი გააგზავნა ამ დაწესებულებამ გერმანიის უმთავრეს სამეცნიერო ცენტრებსა და წამყვან უნივერსიტეტებში. DAAD გახლავთ ორგანიზაცია, რომლის ხელშეწყობითაც უამრავი ცნობილი და გავლენიანი პროფესორი ჩამოდის საქართველოში. მოწვეული პროფესორები ახალ, ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის უნიკალურ სალექციო კურსებს უძღვებიან და ადგილობრივ კადრებს მაღალი დონის სასწავლო პროგრამების შემუშავებაში ეხმარებიან.

საქართველოში დემოკრატიის, სოციალური სამართლიანობის, ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ღირებულებების დაცვისა და განმტკიცების სადარაჯოზე კი გერმანული პარტიული ფონდები დგანან. წლებია თბილისში ფუნქციონირებენ ჰაინრიხ ბიოლის, ფრიდრიხ ებერტისა და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდები. მათი დაფინანსებითა და ხელშეწყობით იქმნება სოციალურ მეცნიერებებში მოწინავე და თანამედროვე აკადემიური  ნაშრომები, იბეჭდება უნიკალური კვლევები და პუბლიკაციები (ჰაინრიხ ბიოლის ფონდის გამოცემებს სამართლიანად მოიხსენიებენ „ბესტსელერებად”), გაიცემა სასწავლო გრანტები და სტიპენდიები. შედეგად საქართველოს განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერისა და სამოქალაქო სოლიდარობის წახალისებისათვის უამრავი ახალი დამატებითი რესურსი იქმნება.

ბევრს აღარ გავაგრძელებ და აღარ დავწვრილმანდები “გერმანიის სახალხო უნივერსიტეტთა გაერთიანების”, „გერმანია-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის” და სხვა ათობით მსგავსი დაწესებულების საქმიანობის აღწერით. აღარც საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შესაშურ აქტიურობას გავიხსენებ, რომელიც 2008 წლის ზაფხულის დასაწყისში სოხუმსა და თბილისს შორის დარბოდა და ყველაფერს აკეთებდა, რათა მხარეები ცეცხლის განუახლებლობის შეთანხმების ხელმოწერაზე დაეყოლიებინა.

მაშასადამე, ვფიქრობ, გერმანია ყოველთვის გახლდათ ჩვენი მთავარი ევროპელი მეგობარი, რომელიც ხელისუფლების მხარდაჭერაზე მეტად მასწავლებლების, მეცნიერების, მოსწავლეების, სამოქალაქო აქტივისტების დახმარებაზე ფიქრობდა. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი – ამ უმდიდრესი და უძლიერესი სახელმწიფოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი მოქალაქეებია. შესაბამისად და საუბედუროდ, ჩვენ ვერ მოვთხოვთ მათ, რომ საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა აღმოსავლეთ ევროპის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოების ბედი დააყენონ.

პროფესიული თვითგანვითარება და მისი ბარიერები

0
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ სწავლებისა და სწავლის ხარისხს, უპირველეს ყოვლისა, პროფესიონალი მასწავლებელი განსაზღვრავს, მასწავლებელი, რომელიც მუდმივად ავლენს პროფესიული განვითარების სურვილსა და მზაობას. სწორედ მასწავლებელი, რომელიც საკუთარი საქმიანობის ობიექტური შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე მუდმივად ვითარდება, ქმნის პირობებს თითოეული მოსწავლის განვითარებისათვის.    

ზოგიერთი თქვენგანი იკითხავს: არის კი მასწავლებელი, რომელსაც არ აქვს პროფესიული თვითგანვითარების სურვილი? სამწუხარო რეალობაა, მაგრამ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ასეთი მასწავლებლების რაოდენობა არც თუ ისე მცირეა.   

მაინც რა წინააღმდეგობები შეიძლება დაუდგეს წინ პროფესიულ თვითგანვითარებას და, პირიქით, რა უწყობს ხელს თვითგანვითარების პროცესს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის ცდაა ეს წერილი.    

პროფესიულ თვითგანვითარებას შეიძლება ჰქონდეს სამი მიმართულება: თვითდამკვიდრება, თვითსრულყოფა და თვითაქტუალიზაცია.

თვითდამკვიდრება. მასწავლებელი თავის პროფესიაში სხვადასხვა მოტივით ცდილობს დამკვიდრებას: ეს შეიძლება იყოს მიბაძვა მისთვის იდეალური მასწავლებლისათვის, უბრალოდ სურვილი, არ იყოს სხვაზე ნაკლები, შური სხვების, ე.წ. „ვარსკვლავების” ან დირექციის ფავორიტების მიმართ და სხვ. ეს მოტივები ხშირად მასწავლებელს აძლევს სტიმულს იმუშაოს საკუთარ თავზე, იზრუნოს პროფესიულ თვითგანვითარებაზე. თუმცა არიან მასწავლებლები, რომლებიც თვითდამკვიდრებას არა პროფესიული განვითარებით, არამედ სხვადასხვა მანიპულატორული ტექნიკის საშუალებით ცდილობენ. თვითდამკვიდრების ამ ტექნიკების საშუალებით იქმნება საქმისათვის თავდადების, მაღალი ინტერესებისკენ სწრაფვის ილუზია, სინამდვილეში კი მასწავლებელი ამისათვის ყველა გზასა და ხერხს იყენებს, მათ შორის ზოგჯერ არაეთიკურსაც. სამწუხაროდ, ამის მაგალითები სკოლაში არც თუ იშვიათად გვხვდება. აი თუნდაც ასეთი: მასწავლებელი კლასში ნამდვილი დიქტატორია. საკუთარ ურთიერთობას მოსწავლეებთან აგებს შიშსა და მორჩილებაზე, მაგრამ ამ გზით აღწევს მაღალ აკადემიურ შედეგებს. ის არ მუშაობს საკუთარ თავზე, არ აქვს პროფესიული განვითარების სურვილი, რადგან დარწმუნებულია თავის ძალებში და შეუძლია იტრაბახოს კოლეგებთან საკუთარი წარმატებების შესახებ, დაიმკვიდროს თავი სწორედ ამ გზით.  

არის  თვითდამკვიდრების სხვა ტექნიკაც. მაგალითად, მასწავლებელი მუდმივად გამოთქვამს საყვედურებს მოსწავლეების მიმართ მათი სიზარმაცის, უნიჭობის, უცოდინრობის გამო, „ცუდი კლასი” მისთვის არის საკუთარი წარუმატებელი პედაგოგიური საქმიანობის გამართლების საშუალება. თვითდამკვიდრებისათვის მასწავლებელს მთელი პასუხისმგებლობა გადააქვს მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე და არ ეძებს წარუმატებლობის მიზეზებს საკუთარ თავში. აქედან გამომდინარე, არც პროფესიულ თვითგანვითარებაზე ფიქრობს.  

ხელმძღვანელობასთან და კოლეგებთან თავის დამკვიდრებისათვის ზოგიერთი თავს იმით იწონებს, რომ ბევრს კითხულობს პედაგოგიურ სფეროში არსებული სიახლეების შესახებ, ასახელებს ავტორებს, მათ ნაშრომებს, სინამდვილეში არც ერთი არ წაუკითხავს. საკმარისია, ჩაეძიო, ეს ნათელი ხდება. მაგრამ ამისათვის უნდა იყოს ადამიანი, ვინც თავად არის კომპეტენტური და ვისაც თვითდამკვიდრების ამგვარი ტექნიკით მასწავლებელი ვერ „გააცურებს”. 

ასეთი მანიპულაციური საშუალება ბევრია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი სკოლის ხელმძღვანელი იყოს ექპერტ-ლიდერი, რომელიც ადვილად შეძლებს პროფესიულ თვითგანვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლის გარჩევას ამგვარი ხერხებით მოქმედი მასწავლებლისაგან. სხვათა შორის, ამგვარი მანიპულაციებით მოქმედი მასწავლებლის ამოცნობის საუკეთესო საშუალება სკოლაში პროფესიული განვითარების ჯგუფების არსებობაა. ასეთი ჯგუფები მიზანმიმართული და ეფექტიანი საქმიანობით, თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნით არწმუნებენ ნეგატიური გზით თვითდამკვიდრებისაკენ მიდრეკილ მასწავლებლებს პროფესიული განვითარების აუცილებლობაში.

თვითსრულყოფა. თვითსრულყოფას ბიძგს აძლევს სურვილი აჯობო შენს თავს, მიაღწიო უფრო მაღალ შედეგებს, აიმაღლო ოსტატობა. ეს არის საკუთარ თავზე ყოველდღიური, ყოველწუთიერი მუშაობა, რომლის მიზანია ერთგვარ ეტალონთან მიახლოება (ჩვენს რეალობაში ეს შეიძლება იყოს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული უფრო მაღალი საფეხური).   

თვითსრულყოფის პროცესი, თავის მხრივ, გულისხმობს თვითანალიზს – ეს არის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების აღმოჩენის პროცესი. იმის მიხედვით, რამდენად აღიარებს მასწავლებელი თავის სისუსტეებს, ირჩევა თვითსრულყოფის სტრატეგია. ამ ეტაპზე მასწავლებელი ქმნის თვითგანვითარების გეგმას, რომელშიც განსაზღვრავს, რა სახის საქმიანობები სჭირდება, იქნება ეს ტრენინგები, გაკვეთილზე დაკვირვება და უკუკავშირი, პროფესიული ლიტერატურის დამუშავება თუ სხვა; ადგენს განრიგს, როდის, რომელ თვეში რა გააკეთოს, როგორ შეაფასოს ამ გეგმის განხორციელების შედეგები, ვინ დაიხმაროს შეფასებაში და რა კორექტივები შეიტანოს პროფესიული თვითსრულყოფის შემდგომ ეტაპზე.

თვითაქტუალიზაცია – ეს არის თვითგანვითარების უმაღლესი დონე, რომელიც იწყება თვითსრულყოფისა და თვითდამკვიდრების (ოღონდ პოზიტიური ფორმებით) მომენტიდან და ხელშემწყობი პირობების შემთხვევაში გადის მათი ჩარჩოებიდან. ეს ხდება მაშინ, როცა პიროვნება იღებს საკუთარ პროფესიულ საქმიანობასთან სრული იდენტობის განცდას, ანუ გრძნობს, რომ ეს სწორედ მისი საქმეა. აქ შეძლებს ის სრულად გამოავლინოს საკუთარი თავი, საკუთარი შესაძლებლობები. მისთვის საქმე სიამოვნებაა და არა რუტინა. ის შემოქმედია მაშინაც კი, როცა ასრულებს უმნიშვნელო ამოცანას. მისთვის არ არსებობს წვრილმანი და მეორეხარისხოვანი საქმე. აქ აღარ არის საჭირო თვითსრულყოფისათვის საქმიანობების დაგეგმვა, რადგან  თვითსრულყოფისაკენ სწრაფვა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე იქცევა ყოველდღიურ და ყოველწუთიერ აქტად, რომლის დროსაც ადამიანი სრულად ახდენს საკუთარი თავის რეალიზაციას და ისე აღწევს საზოგადოების მიერ თავისი საქმიანობის აღიარებას, რომ არც კი ფიქრობს თვითდამკვიდრებაზე. კვლევები ადასტურებს, რომ ასეთი მასწავლებლის სწავლების შედეგები გაცილებით მაღალია. თვითაქტუალიზებული პიროვნება თავადაც ბედნიერია და მოსწავლეებსაც აზიარებს ბედნიერების განცდას.
რა უშლის ხელს მასწავლებლებს პროფესიულ თვითგანვითარებაში? 

ეს არის ის წინააღმდეგობები, რომლებიც შეიძლება ყველა ჩვენგანს შეხვდეს, მაგრამ ყველას არ შეუძლია მათი უმტკივნეულოდ გადალახვა, ზოგიერთი კი საერთოდაც ვერ ახერხებს ამას.

ეს წინააღმდეგობები შეიძლება იყოს შინაგანი და გარეგანი, განპირობებული სუბიექტური და ობიექტური ფაქტორებით.
გარე ობიექტური წინააღმდეგობებია:

·დაბალი ხელფასი, რომელსაც არ შეუძლია მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მასწავლებელი იძულებულია იმუშაოს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაგრამ როგორც კი პოულობს სამსახურს უკეთესი ანაზღაურებით, მაშინვე ტოვებს სკოლას, ან ეძებს დამატებითი შემოსავლის წყაროს რეპეტიტორობით და არ რჩება დრო პროფესიული თვითგანვითარებისათვის. 

·დიდი ოჯახი – ზრუნვა შვილებსა და ოჯახის სხვა წევრებზე ბევრ დროსა და ენერგიას ითხოვს და ამიტომ ვეღარ იცლის პროფესიული განვითარებისათვის.

·დიდი საათობრივი დატვირთვა, რომელიც არ გიტოვებს დროს თვითგანვითარებისათვის.

·ჯანმრთელობის მდგომარეობა – როცა ფიზიკური პრობლემები, მდგომარეობის გაუარესების მუდმივი შიში და მოლოდინი გიკარგავს პროფესიული თვითგანვითარების სურვილს. 
გარე სუბიექტური წინააღმდეგობები:
·სასწავლო დაწესებულებაში არ არის შექმნილი პირობები მასწავლებლის პროფესიული განვითარებისათვის. არ ტარდება სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები. არ არსებობს პროფესიული განვითარების ღონისძიებების შესახებ მასწავლებლების ინფორმირების სისტემა.

·მტრული დამოკიდებულება, შური, ზეწოლა (ხელმძღვანელობისა თუ კოლეგების მხრიდან), კონფლიქტები – ყველაფერი ეს უკარგავს მასწავლებელს პროფესიული თვითგანვითარების სურვილს.

·სკოლის ხელმძღვანელობის მხარდაჭერისა და დახმარების არარსებობა, რაგდან მას არ სურს შემოქმედი, განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებლები (ასეთი მასწავლებლების მართვა რთულია).
შინაგანი ობიექტური წინააღმდეგობები:

·თვითგანვითარების სურვილის არარსებობა შაბლონებისა და სტერეოტიპების ერთგულების გამო.
·თვითგანვითარების მოტივისა და მოთხოვნილების არარსებობა.
·თვითიდენტიფიკაციისა და რეფლექსიის დაბალი დონე.
·თვითგანვითარებისა და თვითსრულყოფის სტრატეგიების ფლობის დაბალი დონე.  
შინაგანი სუბიექტური წინააღმდეგობები:

·ინერტულობა, სიზარმაცე. ცვლილებების მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება, პიროვნული ზრდის სურვილის არქონა.

·პროფესიაში განხიბვლა მარცხის, წარუმატებლობის გამო, პროფესიის აღქმა, როგორც „ნერვების მომშლელისა”, რომელიც არ გაძლევს ცხოვრებით კმაყოფილების საშუალებას.

·თავდაჯერებულობა, თვითკმაყოფილება („მე ისედაც ყველაფერი ვიცი…”), რომელიც ბლოკირებას უკეთებს თვითგანვითარებისკენ სწრაფვას.

·უარყოფითი დამოკიდებულება ყოველგვარი სიახლის მიმართ, რადგან სიახლე არღვევს მყუდროებას და აიძულებს მასწავლებელს იმუშაოს საკუთარ თავზე მაშინ, როცა ის დარწმუნებულია, რომ არანაირი ინოვაცია არ სჭირდება განათლებას. 

 ამ წინააღმდეგობების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება, მაგრამ მთავარი ის არის, როგორ გადავლახოთ ისინი?   

არიან პედაგოგები, რომლებსაც შეუძლიათ პროფესიულ თვითგანვითარებაზე ზრუნვა პრაქტიკულად ყველა პირობებში. ესენი არიან შემოქმედი, საკუთარი საქმეზე უზომოდ შეყვარებული მასწავლებლები. არიან ისეთებიც, რომლებსაც სჭირდებათ გეზის მიცემა, მოტივირება, მხარდაჭერა და მეთოდური დახმარება, ხელსაყრელი პირობების შექმნა. თუ ისინი ამ პირობებში მოახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებასა და თვითდამკვიდრებას, საქმისადმი დამოკიდებულებით დაუახლოვდებიან პირველ ჯგუფს. ამიტომ  მნიშვნელოვანია შემოქმედებითი და მხარდამჭერი ატმოსფეროს შექმნა, რომ ყველა პედაგოგს გაუჩნდეს თვითგანვითარების სურვილი.
ასეთი ატმოსფერო კი გულისხმობს:

·მასწავლებლის საქმიანობის შეფასების ობიექტური, სამართლიანი და გამჭვირვალე სისტემის არსებობას.

·წარმატებული მასწავლებლების წახალისებისა და აღიარების სისტემის არსებობას.

·თანამშრომლობით და მხარდამჭერ გარემოს, რომელშიც ყველასათვის ცნობილია ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები და ურთიერთთანადგომით წყდება პრობლემები.  

·შემოქმედებითობის მხარდაჭერასა და წახალისებას ადმინისტრაციის ძალდატანებისაგან „თავისუფალი სივრცის” მიცემით მასწავლებლებისათვის.

·ნდობასა და პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს, როცა მასწავლებელზე ხდება მნიშვნელოვანი ფუნქციების დელეგირება და გაფართოება. 

·დაცულობისა და სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდის არსებობას.  

თუ ამგვარ ატმოსფეროში მასწავლებელი მაინც არ გამოამჟღავნებს თვითგანვითარების სურვილს, მაშინ  უნდა იფიქროს: არის კი იქ, სადაც უნდა იყოს?.. 

პედაგოგთა ჩართვა განათლების რეფორმაში (II ნაწილი)

0
პედაგოგთა   ჩართვა   განათლების   რეფორმაში (II ნაწილი)
(ვასრულებთ მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის მსოფლიო გამოცდილების მიმოხილვისადმი მიძღვნილი წერილების სერიას. ბოლო ორ წერილში შევეხებით ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორც არის რეფორმაში პედაგოგიური საზოგადოების ჩართვა. ჩვენი წერილები ეყრდნობოდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის განათლების ექსპერტების  2011 წლის მოხსენებას.  მოხსენება მომზადებულია ანდრეას შლეიხერის (გერმანია) მიერ, რომელიც არის განათლების მკვლევარი, ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაციის (OECD) PISA-ს ერთ-ერთი  ხელმძღვანელი და კოორდინატორი.
მოხსენება ეყრდნობა შემდეგ კვლევებს, მოხსენებებს და მონაცემებს:
1.OECD Program for International Student Assessment (PISA) and the OECD Teaching
and Learning International Survey (TALIS ) 
2.OECD ’s comparative policy review Teachers Matter;
3. The reports of the ILO /UNESCO Committee of Experts on the Application of the Recommendations concerning Teaching Personnel;
4. OECD ’s annual data collection Education at a Glance; 
5. OECD ’s report Strong Performers and Successful Reformers;
6. OECD ’s review of Evaluation and Assessment Frameworks for Improving School Outcomes;
7. OECD ’s study Evaluating and Rewarding the Quality of Teachers – International Practices;
8.OECD’s report Making Reform Happen
9. Outcomes from the recent meeting of OECD Education Ministers in November 2010. )
      პედაგოგთა  რეფორმებში  მონაწილეობის  მნიშვნელობა  თანდათან  იზრდება. მათი  განხილვა  უნდა  ხდებოდეს  როგორც  ნაციონალური  პროფესიონალური  ორგანიზაციების,  ასევე  პედაგოგების მონაწილეობით.
      განათლების  რეფორმაზე  მუშაობა  პედაგოგთან  პარტნიორობით სულ  უფრო  მეტ  აღიარებას  პოვებს  პოლიტიკოსებს  შორის. OECD-ს   ქვეყნების  განათლების  მინისტრთა  შეხვედრაზე დუბლინში 2004წ. განმათლების რეფორმაში მასწავლებლების  მონაწილეობას ყველამ მხარი დაუჭირა: „მინისტრებმა  პირობა  დადეს,  ჩაეტარებინათ  კონსულტაციები  და კოლექტიური ღონისძიებები. ისინი ენთუზიაზმით შეხვდნენ იმ ამბავს, რომ პედაგოგიური  ორგანიზაციები მონაწილეობას მიიღებენ პედაგოგთა ატესტაციის ახალი მიდგომების და მათი კარიერული ზრდის შემუშავების პროცესში. „საზოგადოების  დიალოგი  –  განათლების  სისტემის  რეფორმის  წარმატების  საწინდარია. მასწავლებლების  აქტიური  მონაწილეობის  გარეშე, ანუ მათ  გარეშე, ვინც  პირველ  რიგში  აგებს პასუხს რეფორმის განხორციელებაზე, საგანმანათლებლო  განათლების  სისტემას  არც  უნდა  ჰქონდეს  იმედი, რომ  სწავლებას გააუმჯობესებს”. კომისიის  ექსპერტებმა ასევე  აღნიშნეს, რომ „განათლების საკითხებზე  საზოგადოებრივი  დიალოგი  უმრავლეს  ქვეყნებში  ცუდად  რეგულირდება  და  გადაწყვეტილების  მიღების  პროცესები  არასტაბილურია”.  2006წ.  კომისიამ   თქვა: ძირითადი  პირობა, რომ  დიალოგი  შედგეს – დემოკრატიული  კულტურა, კანონების  და წესების და იმ მექანიზმების პატივისცემაა, რომელიც  შესაძლებლობას  აძლევს  ადამიანებს  ინდივიდუალურად  ან  კოლექტიურად  გამოხატონ  თავიანთი  შეხედულებები,  რომელიც  მათ  ყოველდღიურ  პირადულ  ან  პროფესიონალურ  საკითხებს  ეხება.

ეს გულისხმობს პროფესიული თავისუფლების პატივისცემას და პედაგოგთა აქტიურ  მონაწილეობას პროფესიული საკითხების გადაწყვეტაში –  რომელიც  სასწავლო  გეგმას, პედაგოგიურ  თეორიასა  და  პრაქტიკას, მოსწავლეთა  შეფასების  გაუმჯობესებასა და  განათლების  სტრუქტურას  ეხება. განათლების  მართვის  ორგანოები  და  მასწავლებელთა  პროფკავშირები უნდა შეეცადონ პრობლემის ერთად გაანალიზებას და  გადაწყვეტილების  მიღებას. მონაწილეობა  და  კონსულტაციები  –  ეს  პანაცეა  არ  არის სირთულეების  გადალახვისას, თუმცა ის ერთადერთი  მექანიზმია  შიშებთან  ბრძოლისა და  დადებითი  კლიმატის  შესაქმნელად. 

     კონსულტაციების  გარდა  არსებობს  ინსტიტუციები, რომლებსაც  შეუძლიათ,  ხელი  შეუწყონ  დიალოგის  განვითარებასა და  მასწავლებლებისა  და მათი პროფესიული  ასოციაციების მოზიდვას პოლიტიკის  ფორმირებისთვის. ზოგიერთ  ქვეყანაში  პედაგოგებს  და  სხვა  დაინტერესებულ  ჯგუფებს  ინსტიტუციონალურად  აქვთ  საშუალება  მონაწილეობა  მიიღონ   პოლიტიკის  შემუშავებაში   და,  რაც  მთავარია,  პედაგოგიური  განათლების ხარისხის პროფესიული ნორმებისა და სტანდარტების განსაზღვრის   შემუშავებაში, სწავლების  ეფექტურობასა  და  პროფესიულ  განვითარებაში. ასეთი  ორგანიზაციები  ცდილობენ  დამოუკიდებლობის მიღწევას –  შესაბამისობა, რომელიც უკვე დიდი ხანია არსებობს  სხვა პროფესიებში, როგორიცაა მედიცინა, საინჟინრო  საქმე  და მართვა.

      მაგალითად ავსტრალიაში პედაგოგები ქვეყანაში პროფესიული ნორმების დადგენაში მონაწილეობენ. ავსტრალიის  პედაგოგთა  და  სკოლების  ხელმძღვანელთა  ინსტიტუტმა (Australian Institute for Teaching  and School  Leadership, AITSL) საბოლოოდ მასწავლებელთა  ნაციონალური პროფესიული ნორმები შემოიღო, ხოლო ფედერალურმა და შტატის  განათლების  მინისტრებმა  ის დაამტკიცეს. ამ  ნორმებში  ჩადებულია, თუ  რა  უნდა  იცოდეს  პედაგოგმა  თავისი  პროფესიული  მოღვაწეობის  სხვადასხვა  ეტაპზე – იქნება ის  ახალი  კურსდამთავრებული, გამოცდილი  სპეციალისტი, პირველი  კლასის  სპეციალისტი  თუ  წამყვანი  სპეციალისტი. მისი  კვალიფიკაცია  ფასდება  სამ  სფეროში: პროფესიული  ცოდნა, პროფესიული  პრაქტიკა  და  პროფესიული  ურთიერთმოქმედება. AITSL-მა  განათლების ეროვნული კავშირი დამოუკიდებელი სტრუქტურის შემადგენლობაში შეიყვანა, რომელიც  განათლების  რეფორმაში  ნაციონალურ  ლიდერს  წარმოადგენს  და  უმაღლეს  სტანდარტებს  სთავაზობს სწავლებასა  და  სკოლების  ხელმძღვანელობაში, რომელზეც ორიენტირდებიან ფედერალური ხელისუფლების ასევე შტატების და  ტერიტორიების ჩინოვნიკები. AITSL უზრუნველყოფს  საერთოეროვნული  პროფესიული სტანდარტების დაცვას, ასტიმულირებს და ხელს უწყობს მასწავლებლებისა და სკოლების ხელმძღვანელების პროფესიულ განვითარებას, მეცნიერების  სხვადასხვა სფეროს სპეციალისტების თანამშრომლობას და კავშირი აქვს წამყვან პროფესიულ ორგანიზაციებთან.  

       ამგვარად, მასწავლებლებს  შესაძლებლობა  ეძლევათ  უფრო  აქტიური  მონაწილეობა მიიღონ პროფესიაში  ვარგისობის  კრიტერიუმების,  კარიერული  ზრდის  პირობების და  არაეფექტური  პედაგოგების  გათავისუფლების  მიზეზების განსაზღვრაში. ასეთი  მიდგომა  შეესაბამება მასწავლებლის  სტატუსთან  მიმართებაში იუნესკოს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.

       ფინელმა  პედაგოგებმა  დიდი ხანია  მაღალპროფესიული  სტატუსი  მიიღეს, მაგრამ  მხოლოდ  ცოტა  ხნის  წინ  მიაღწიეს  ისეთ  ნდობას, რომელიც  მათ  საშუალებას  აძლევს განათლების  რეფორმაზე  აიღონ პასუხისმგებლობა.
     შესაძლებელია, რეფორმის  დროს  განსაკუთრებულ სირთულეს  ნდობა  წარმოადგენს. ნდობას  კანონის  ძალით  ვერ  დაამყარებ. ის  განსაკუთრებული  როლი, რომელსაც  ნდობა  თამაშობს  ფინეთის  ხელისუფლებასა  და  პედაგოგების  ურთიერთობას  შორის, შეიძლება  ეჭვქვეშ  დააყენოს  ფინეთის  გამოცდილების  გამოყენება  სხვა  ქვეყნებში, განსაკუთრებით თუ  ნდობას  რეფორმის  გატარების  წინაპირობად  განვიხილავთ.  მაგრამ  რაც  შეეხება  პედაგოგების  და  მთლიანად  საზოგადოების  ურთიერთობას, ფინეთის  გამოცდილება  მეტყველებს  იმაზე, რომ  ნდობა  ისეთივე   პოლიტიკური  გადაწყვეტილებების შედეგია, როგორც  არსებული  კულტურის  პროდუქტი.

       განათლების სისტემის აგებისას ფინეთი გამოდის იქიდან, რომ მოსწავლეები   უკეთესად სწავლობენ მაშინ, როდესაც  მასწავლებლები  განწყობილნი არიან სასწავლებლად, მასწავლებელი კი ვერ შეიქმნის განწყობას, თუ ისინი  ხელისუფლების  მხრიდან  ზეწოლას  იგრძნობენ. ენდო  მასწავლებელს – ნიშნავს,  იცოდე  მისი  აზრი  იმის  შესახებ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს  მოსწავლეთა მიღწევები, იმოქმედონ ამ შეხედულების  შესაბამისად და დაეხმარონ მასწავლებლებს აუცილებელი კვალიფიკაციის შეძენაში მოსწავლეთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. პატივისცემა, რომლითაც  ფინელი  პედაგოგები  დიდი ხანია  სარგებლობენ, საიმედო  საფუძვლად იქცა  რეფორმის  გატარებისთვის. მაგრამ  ფინელმა  მასწავლებლებმა  მხოლოდ ახლახან მიიღეს დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების  მიღებაში, რომელიც  სასწავლო  გეგმას,  ატესტაციას  და სხვა საკითხებს ეხება. ამ  ნდობამ  ხელისუფლების  მხრიდან, ასევე  უნივერსიტეტის  კურსდამთავრებულთათვის  მინიჭებულმა  სტატუსმა, რომლებმაც  მაღალსელექციური  პროგრამებით  ისწავლეს, მასწავლებლები  ისეთი  სამუშაოებისთვის შთააგონეს, რომლებმაც კიდევ უფრო გააძლიერა მათდამი ნდობა  მშობლებისა  და  საზოგადოების  მხრიდან.        

 

       სისტემური  კონსულტაციებისა  და  პოლიტიკოსების  ძალისხმევის  გარდა  რეფორმის  წარმატებისთვის  დიდი მნიშვნელობა აქვს პედაგოგთა ურთიერთობას სკოლაში. ეს  ნიშნავს, რომ ისინი, როგორც სასწავლო  საზოგადოების  წევრები, პასუხისმგებლობას იღებენ ცვლილებებზე.

ხელისუფლებასა  და  პედაგოგთა  პროფკავშირებს  შორის  სტრატეგიული  ურთიერთობების   უზრუნველყოფა
       პროფკავშირებსა  და  რეფორმატორებს  შორის  კონფლიქტი   წარმატებულად  დაიძლევა  არა იქ,  სადაც  პროფკავშირი  სუსტია, არამედ  იქ, სადაც  ის  რეალურ  ძალას  წარმოადგენს  და  რეფორმატორებთან  თანამშრომლობაზე  მოდიან.

        შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პროფკავშირები ეწინააღმდეგებიან  სასკოლო  განათლების რეფორმის განხორციელების პროგრამებს, უპირატესობას ანიჭებენ ყოველდღიურ  ეკონომიკურ  პრობლემებს და არა  იმას, რაც კვლევების მიხედვით, მოსწავლეებს  წარმატების  მიღწევაში ეხმარება. მაგრამ ის, რომ მოსწავლეთა მოსწრების საუკეთესო მაჩვენებლების ქვეყნებში,  მასწავლებელთა  პროფკავშირები  წარმოადგენს  რეალურ  ძალას  და  რაც  უფრო  წარმატებულია  ქვეყნის  განათლების  სისტემა, უფრო  სავარაუდოა, რომ  ხელისუფლება  კონსტუქციულად  თანამშრომლობს  პროფკავშირებთან  და  პედაგოგებს  უყურებენ, როგორც  საიმედო  კოლეგებს, ეს  დადგენილი  ჭეშმარიტებაა.

      როდესაც პედაგოგები და მათი ორგანიზაციები სამინისტროების  ჩინოვნიკების  სახით კონსტრუქციულად თანამშრომლობენ  ხელისუფლებასთან,  კითხვები,  რომლებიც  ეხება  კოლექტიურ  შეთანხმებას, იოლად  შეიძლება  გამოვყოთ  პროფესიონალური  კითხვებისგან.

         ბოლო,  მაგრამ  არანაკლებ  მნიშვნელოვანი  შენიშვნა:  ბოლო  წლებში  მასწავლებელთა  პროფკავშირებმა  მჭიდრო  კავშირები  დაამყარეს საზღვარგარეთთან ძირითადად  საერთაშორისო  კვლევითი  საგანმანათლებლო  ქსელის  საშუალებით (Research  Network  of  Education  Internacional). ქვეყნის  შიგნით  პედაგოგთა  პროფკავშირების  კვლევითი  დანაყოფები  მჭიდროდ  თანამშრომლობენ  სამინისტროებში  თავიანთ კოლეგებთან, დამოუკიდებელ კვლევით ინსტიტუტებთან და  უნივერსიტეტებთან. მოღვაწეობის  ეს  მიმართულება  ძალიან  მნიშვნელოვანია, რადგან  ხელს  უწყობს  კონსტრუქციულ  დიალოგს, რომელიც  კვლევებს ეფუძნება.
                                                            დ   ა   ს   კ   ვ   ნ   ა
        ჩვენ მიერ განხილული მოხსენების მიზანია, განათლების  სფეროში  ნებისმიერი  ცვლილებისას მასწავლებლის  უმნიშვნელოვანესი  როლის  ხაზგასმა. ცალკეული  ქვეყნების  მაგალითი, რომლებმაც  წარმატებას  მიაღწიეს  მასწავლებლის  პროფესიის  პრესტიჟის  ამაღლების კუთხით, მოწმობს  იმაზე, რომ  ფართო  უფლებამოსილება  და  შესაბამისი ანაზღაურება  ამ  პროფესიაში იზიდავს განსაკუთრებით ნიჭიერ კურსდამთავრებულებს. მართლაც, მასწავლებლის სტატუსი და სპეციალისტების  მომზადების დონე სხვადასხვა ქვეყნებში საოცრად კონტრასტულია. ამ დონის  მნიშვნელოვანი  ამაღლება  და  პრესტიჟის აწევა  არცთუ  ისე  იოლია. მოხსენებაში  ჩვენ  ვსაუბრობთ  ამ  საკითხის მოგვარების  სხვადასხვა  მეთოდზე, რომელიც  გამოიყენება  კადრების  შერჩევისას და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ნიჭიერ კურსდამთავრებულებს  ნაკლებად  მიიზიდავს  სწავლება, თუ  ისინი  დაინახავენ, რომ  პრაქტიკოსი  მასწავლებლების  დონე  დაბალია  და  მათ, როგორც  სპეციალისტებს  არ  ენდობიან.

         იმისათვის, რომ ამაღლდეს მასწავლებლის პროფესიული განვითარების დონე, საჭიროა პედაგოგთა პროფესიული განვითარების კარგად მოფიქრებული მეთოდების  გამოყენება, რომელიც დიდ  რესურსს მოითხოვს. მაგრამ არ უნდა შემოვიფარგლოთ  მხოლოდ  კვალიფიკაციის  ამაღლების  დამატებითი  კურსების  შექმნით.  პირველ  რიგში,  პროფესიული განვითარება უნდა ვაქციოთ, როგორც ცალკეული მასწავლებლის  კარიერული  ზრდის, ასევე  მთლიანად  განათლების  სისტემაში ცვლილებების განუყოფელ  ნაწილად. კარიერული წინსვლისას  აუცილებელია სწავლების  სისტემა შესაბამისობაში მოდიოდეს   სამუშაო  ადგილთან, ატესტაციასთან და ანაზღაურებასთან. სწავლება, რომელიც  ხელს  შეუწყობს  ინდივიდუალური  პროფესიული  დონის  განვითარებას და  პედაგოგთა  თანამშრომლობას, ეხმარება  სწავლების  მეთოდების გაუმჯობესებას. ამიტომ  ისინი  მუდმივად  კავშირში  უნდა  იყვნენ  ერთმანეთთან.

       დაბოლოს, განათლების  რეფორმის  სისრულეში მოყვანისას ძალიან ხშირად იჩენს თავს   არაპროგნოზირებადი  პროცესები. აქ მნიშვნელოვანია შედგეს კონსტრუქციული  დიალოგი  პედაგოგებისა პოლიტიკოსებთან და  ჩინოვნიკებთან იმისათვის, რომ ისინი რეფორმის  ძირითადი  მიზნების  გაგებისას იყვნენ ერთსულოვნები. ეს  არ  ნიშნავს ცალკეული ჯგუფების ინტერესების იგნორირებას: არსებული  სისტემის  ცვლილებას  ყოველთვის თან  სდევს კომპრომისების ძიება, განსაკუთრებით  მაშინ, როდესაც ის  რომელიმე მხარეს აზარალებს. მიუხედავად ამისა, როგორც მსოფლიო პრაქტიკამ  გვიჩვენა, თანამშრომლობის მოდელი განათლების  რეფორმის  დროს  შეიძლება  საკმაოდ  ეფექტური აღმოჩნდეს.                                                                           
              სტატია მოამზადდა – „Building a high-quality teaching profession. Lessons from around the world”
– მოხსენების საფუძველზე, რედაქტირება გაუკეთა კახა ჟღენტმა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.Building a High-Quality Teaching Profession Lessons from around THe worLd – https://asiasociety.org/files/lwtw-teachersummit.pdf
2.https://www.oecd.org/education/school/programmeforinternationalstudentassessmentpisa/47506177.pdf
3.«Учитель как специалист высокой квалификации: построение профессии.Уроки со всего мира» – Вопросы образования.2011

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თანამედროვე მოდელები

0
განათლების ხარისხის ამაღლება სკოლაში მასწავლებლის შრომის ინტენსიფიკაციას უკავშირდება. იმისათვის, რომ მოსწავლეებს 21-ე საუკუნეში საჭირო შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარ-ჩვევები განუვითარდეთ, მასწავლებლებმა უნდა ისწავლონ ისე სწავლება, რომ მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევები და ქცევითი მოდელები წარმოაჩინონ. ამ რთული მისიის შესრულებისთვის განათლების სისტემამ მასწავლებლები უნდა უზრუნველყოს უფრო ეფექტიანი მომზადებით (კერძოდ, პროფესიული განვითარებით), ვიდრე ეს აქამდე ტრადიციულად ხორციელდებოდა. 

ტერმინი “პროფესიული განვითარება” ნიშნავს მოწესრიგებულ, უწყვეტ და ინტენსიურ მიდგომას მასწავლებელთა შრომის ეფექტიანობის გაუმჯობესებისადმი იმ საბოლოო მიზნით, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს მოსწავლეთა მიღწევები. 

გავეცნოთ თანამედროვე მოთხოვნებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართ.

I.პროფესიული განვითარება ხელს უწყობს მოსწავლეთა მიღწევების ამაღლებაზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას. მასწავლებელთა პროფესიული განათლება ისე უნდა წარიმართოს, რომ იგი:
1.შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და სკოლის განვითარების მიზნებს;

2.მიმდინარეობდეს სკოლაში თანამშრომლებთან ერთად და მას უძღვებოდნენ სკოლის დირექტორები ან სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების ლიდერები – მწვრთნელები, მენტორები, ფასილიტატორები და სხვა;

3.პერიოდულად ხორციელდებოდეს თანამშრომლების დადგენილ ჯგუფებში პრაქტიკის გაუმჯობესების უწყვეტი ციკლების სახით. ეს ციკლი მოიცავს:

მოსწავლეების, მასწავლებლების და სკოლის საჭიროებების ღრმა ანალიზს, რომელიც მოსწავლეებისა და მასწავლებლების შესახებ მონაცემებს ეფუძნება;

პედაგოგების განათლების მიზნების განსაზღვრას ამ მონაცემების საფუძველზე;

დასახული მიზნების მიღწევას თანმიმდევრული, უწყვეტი და მონაცემებზე დაფუძნებული სასწავლო სტრატეგიებით, როგორიცაა, მაგალითად, გაკვეთილებზე დაკვირვება და განმავითარებელი შეფასების დამკვიდრება;

სწავლებასთან დაკავშირებულ წვრთნას ან სხვა სახის დახმარებას, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გადატანას გაკვეთილებზე;

პროფესიული განვითარების ეფექტიანობის რეგულარულ შეფასებას დასახული მიზნების, სწავლების გაუმჯობესების, მოსწავლეთა მიერ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების მიღწევის მიმართულებით;

დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე პროცესებისა და წარმატებების შესახებ სწავლებასა და მოსწავლეთა მიღწევებში;

საჭიროების შემთხვევაში, გარე დახმარებას უზრუნველყოფას.
II.ზემოთ აღწერილი პროცესების მხარდაჭერა შესაძლებელია ისეთი ღონისძიებებით, როგორებიცაა: პროფესიული განვითარების კურსები, სემინარები, ქსელები, კონფერენციები და სხვა. ეს ღონისძიებები უნდა:

1.შეესაბამებოდეს სკოლაში პროფესიული განვითარებისთვის პედაგოგების მიერ დასახულ მიზნებს; 

2.აღრმავებდეს სკოლის ბაზაზე მიმდინარე პროფესიულ განვითარებას;

3.ტარდებოდეს მოგებაზე ორიენტირებული ან არამომგებიანი ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა: უნივერსიტეტები, საგანმანათლებლო მომსახურების დაწესებულებები, სპეციალისტთა/ექსპერტთა ქსელები და სხვა.

დავაზუსტოთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შინაარსი, კონტექსტი და დიზაინი ამგვარი მიდგომის ფარგლებში.

პროფესიული განვითარების შინაარსი
მასწავლებელთა წვრთნა, რომელიც, ძირითადად, მოკლევადიანი ტრენინგ-სემინარებითა და ვორკშოპებითაა წარმოდგენილი, უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული მათი კომპეტენციების რეალურ ზრდაზე და ნაკლებად გულისხმობდეს მათთვის, უბრალოდ, სალაპარაკო ფორუმის მოწყობას. აბსტრაქტულ განხილვებთან და ხანგრძლივ დისკუსიებთან შედარებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს აქტიური სწავლა/სწავლების, მოსწავლეთა შეფასების, დაკვირვებისა და რეფლექსიის უნარ-ჩვევების განვითარებაზე მუშაობას. უმჯობესია, მასწავლებლებმა იმეცადინონ სპეციფიკური შინაარსის სწავლების ხერხების დაუფლებაზე – ეს ბევრად მეტ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს მათ პრაქტიკაზე.

მასწავლებლებიც აღიარებენ და მრავალწლიანი გამოცდილებაც ადასტურებს, რომ პროფესიული განვითარების ღონისძიებებზე სასწავლო შინაარსი საგნობრივ-მეთოდიკური ხასიათის უნდა იყოს და, ამასთანავე, აქტიური სწავლა/სწავლების ხერხების გამოყენებით უნდა იყოს მიწოდებული. ეფექტი მით უფრო დიდია, რაც უფრო მჭიდროდ უკავშირდება სასწავლო მასალა ეროვნულ სასწავლო გეგმას.

პროფესიული განვითარების ერთ-ერთი წარმატებული ღონისძიება შესაძლოა დაიგეგმოს და განხორციელდეს ასე: სწავლის დაწყებამდე მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღონ ხუთდღიან საზაფხულო ვორკშოპში და შემდეგ, წლის განმავლობაში, ყოველ ორ კვირაში ერთხელ შეხვდნენ და გაუზიარონ ერთმანეთს პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემები და მიღწევები. მათ შესაძლოა განიხილონ მოსწავლეთა შერჩეული ნამუშევრები, ან უყურონ გაკვეთილების ვიდეოჩანაწერებს, სადაც მოსწავლეები წყვეტენ სხვადასხვა სასწავლო პრობლემას. ამ შეხვედრებზე მასწავლებლები სწავლობენ აგრეთვე მოსწავლეთა მოტივირებულობის შეფასებას, საკლასო დისკუსიების წარმართვას, მოსწავლეთა ნაშრომების შეფასებას რუბრიკების საშუალებით და შეფასების ინსტრუმენტების შექმნას.

პროფესიული განვითარების კონტექსტი

პროფესიული განვითარება უფრო ეფექტიანია მაშინ, როდესაც სკოლის ძალისხმევა პროფესიულ განვითარებაზე იზოლირებული არ არის სხვა სასკოლო სარეფორმო ღონისძიებებისგან. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შეუსაბამობები მასწავლებლების მიერ ნასწავლსა და იმ ცოდნას შორის, რისი დანერგვაც რეალურად შესაძლებელია გაკვეთილებზე, სკოლებმა უნდა დაუკავშირონ სასწავლო პროგრამა, სტანდარტები, შეფასება და სწავლების ორგანიზაცია (კერძოდ, საკლასო-საგაკვეთილო სისტემა და მეცადინეობათა განრიგი) მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას.

მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნებში სტანდარტებისა და სასწავლო პროგრამის ცვლილებასთან დაკავშირებით, მასწავლებლებმა შესაძლოა, მონაწილეობა მიიღონ ინტენსიურ ექვსკვირიან საზაფხულო კურსებში, სადაც აითვისებენ ახალ სასწავლო შინაარსსა და მეთოდიკურ მიდგომებს. სასწავლო წლის განმავლობაში ისინი მონაწილეობას მიიღებენ ექვს სემინარში, რომლებიც მიეძღვნება სასწავლო პროგრამის თანაბარ მისაწვდომობას ყველა მოსწავლისთვის და ავთენტურ შეფასებას. გარდა ამისა, ისინი მოთხოვნისთანავე მიიღებენ რეკომენდაციებს რეგიონული ლიდერებისგან და გაუზიარებენ კოლეგებს საკუთარ მოსაზრებებს ყოველწლიურ კონფერენციაზე.

კვლევებში გამოაშკარავდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლობითი და კოლეგიალური სასწავლო გარემო სკოლაში, რადგან სწორედ ეს განაპირობებს ცვლილებებს სკოლის მასშტაბით, როდესაც ინოვაცია სცილდება ერთი კლასის ფარგლებს. თუ ბევრი კლასი მონაწილეობს ინოვაციის დანერგვაში, მაშინ ისინი ქმნიან “კრიტიკულ მასას” და პრაქტიკა იცვლება მთელი სკოლის დონეზე. თუ მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მასწავლებელი ცდილობს ტრენინგ-სემინარებზე ათვისებული მიდგომების დანერგვას და საკუთარი პრაქტიკის შეცვლას, ეს, როგორც წესი, მარცხით მთავრდება, რადგან ისინი იზოლაციაში ხვდებიან – არ ჰყავთ თანამოაზრეები და თანამზრახველები კოლეგებს შორის, არ ჰყავთ მხარდამჭერები სკოლის ხელმძღვანელებს და მშობლებს შორის, ხოლო მოსწავლეები უჩივიან განსხვავებული მიდგომებისგან შექმნილ დისკომფორტს.

მასწავლებლებს შეუძლიათ ერთმანეთის მხარდამჭერი ჯგუფების შექმნა პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. ნდობით გაჯერებულ გარემოში მასწავლებლებს შეუძლიათ წარმართონ კვლევა და რეფლექსია, წამოჭრან აქტუალური საკითხები, დილემის წინაშე უკან არ დაიხიონ _  გარისკონ და საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა შედეგებზე.

პროფესიული განვითარების დიაზაინი
პროფესიული განვითარების პროგრამის დიზაინი უნდა ითვალისწინებდეს იმას, თუ როგორ სწავლობენ მასწავლებლები. პროფესიული განვითარების ღონისძიებებზე აქტიური სწავლა/სწავლების შესაძლებლობა მათ საშუალებას აძლევს, გარდაქმნან საკუთარი სწავლება. ამგვარი შესაძლებლობები მოიცავს ახალი სტრატეგიების მოდელირებას, მათ გამოცდას და რეფლექსიას.

მაგალითად, გაამართლა მიდგომამ, როდესაც მათემატიკის მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასებაში ახალი კურიკულარული მოთხოვნებისა და შეფასების ნორმების გამოყენებით. პროფესიული განვითარების ღონისძიებებზე მასწავლებლები დააკვალიანეს იმ კონცეპტუალურ შეფერხებებში (მათემატიკური ცნებებისა და პროცედურების გაგება), რომლებსაც მოსწავლეები აწყდებოდნენ. მასწავლებლებმა ისწავლეს, თუ როგორ განჭვრიტონ წინასწარ მოსწავლეთა მხრიდან მოსალოდნელი გაუგებრობები ახალ მასალასთან დაკავშირებით (ე.წ. ტიპური შეცდომები) და გაუმკლავდნენ ამ მხრივ წარმოქმნილ პრობლემებს ახალი კურიკულუმის სწავლებისას.

საბოლოოდ დადგინდა, რომ ტრადიციული ეპიზოდური, ფრაგმენტული ტრენინგები არ იძლევა სასურველ კუმულაციურ ეფექტს. მასწავლებელთა პრაქტიკა და მოსწავლეთა სწავლა, სავარაუდოდ, შეიცვლება, თუ  მასწავლებლების პროფესიული განვითარება იქნება მოწესრიგებული, უწყვეტი და ინტენსიური. კვლევამ აჩვენა, რომ ის მასწავლებლები, რომლებმაც, სულ ცოტა, 80-საათიანი პროფესიული განვითარების პროგრამა გაიარეს წინა წელს, მნიშვნელოვნად აღემატებიან ინოვაციების დანერგვის მხრივ იმ კოლეგებს, ვინც ნაკლები დრო დახარჯა პროფესიულ განვითარებაზე. ამასთანავე, მოსწავლეთა მიღწევების ზრდა დაკავშირებულია პროფესიული განვითარების პროგრამებში მასწავლებელთა ინტენსიურ მონაწილეობასთან და დაუფლებული ინოვაციების უფრო ფართო გამოყენებასთან. 

პროფესიული განვითარების ღონისძიებები, რომლებიც 14 საათზე მეტს არ გრძელდება, არავითარ ზეგავლენას არ ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე. ყველაზე დიდი ეფექტი ისეთ პროგრამებს აღმოაჩნდა, რომლებიც 30-დან 100 საათამდე გრძელდება და 6-დან 12 თვემდეა გადანაწილებული.

დასკვნები

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღწერილი მიდგომების მნიშვნელოვანი ნაწილი გაეროს ბავშვთა ფონდის  მხარდაჭერით (პროგრამის კოორდინატორი _ მარიამ ყუფარაძე) საქართველოში პირველად განხორციელდა პროგრამაში “აქტიური სწავლება. სწავლის მეთოდები”  (ავტორი _ პროფესორი ივან ივიჩი) ჯერ კიდევ 1998-2000 წლებში (პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოს განათლების სამინისტროს მხრიდან _ მიხეილ მინდაძე). 

მაგალითად, სატრენინგო ციკლებს შორის ტრენერები კურირებდნენ სკოლებს, რომელთა მასწავლებლებსაც ჩაუტარეს ტრენინგი. ყოველი ტრენერი სამი თვის განმავლობაში აგრძელებდა თანამშრომლობას მასწავლებლებთან – ეხმარებოდა გაკვეთილების დაგეგმვაში ინოვაციური მეთოდების გამოყენებით; ესწრებოდა გაკვეთილზე და აკვირდებოდა მასწავლებლის ოსტატობის ზრდასა თუ მოსწავლეების რეაქციებს მასწავლებლის მიერ გამოყენებულ მიდგომებზე; მასწავლებელთან ერთად განიხილავდა მიღწევებსაც და სისუსტეებსაც; რეკომენდაციებს აძლევდა მას შემდგომი განვითარებისთვის; უზრუნველყოფდა ჩატარებული გაკვეთილების ვიდეოგადაღებებს და ერთობლივ განხილვებს კოლეგებთან და მასწავლებლებთან.  

სწორედ ამავე პერიოდს და ანალოგიურ აქტივობებს ასახავს უცხოური კვლევების უმეტესი ნაწილი, რომელთა მიმოხილვაც მოცემულია წინამდებარე სტატიაში. მაშასადამე, ქართველი სპეციალისტები ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ მსოფლიოში განვითარებულ ტენდენციებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სფეროში. სამწუხაროდ, მოვლენათა სასურველი განვითარება შეფერხდა მიმდინარე რეფორმის საწყის პერიოდში, როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარება სწორი, საგნობრივ-მეთოდიკური კალაპოტით არ წარიმართა და დავიდა ე.წ. ერთდღიან “სიმპოზიუმებში” მასწავლებელთა მონაწილეობამდე.

თუ შევაჯამებთ კვლევების შედეგებს, მივიღებთ შემდეგ სურათს:

I.კვლევები მხარს უჭერს მასწავლებელთა ისეთ პროფესიულ განვითარებას, რომელიც:

გააღრმავებს მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა სასწავლო შინაარსისა და სწავლების მეთოდების ცოდნას;

დაეხმარება მასწავლებლებს, ისწავლონ, თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები სპეციფიკურ სასწავლო მასალას;

შეუქმნის მათ აქტიური სწავლის ხელმისაწვდომ შესაძლებლობას;

აათვისებინებს მასწავლებლებს ახალ მასალას, გამოაყენებინებს მათ პრაქტიკაში და მოახდენინებს რეფლექსიას მიღებულ გამოცდილებაზე (კოლეგებთან გაზიარების ჩათვლით);

არის სკოლის სარეფორმო ძალისხმევის ნაწილი, რომელიც უკავშირებს სასწავლო პროგრამას, სტანდარტებს, შეფასებას და სწავლების ორგანიზაციას (კერძოდ, საკლასო-საგაკვეთილო სისტემას და მეცადინეობათა განრიგს) მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას;

თანამშრომლობითი და კოლეგიალურია;
ინტენსიურია და უწყვეტია დროში.
II.კვლევები არ უჭერს მხარს მასწავლებელთა ისეთ პროფესიულ განვითარებას, რომელიც:

ეფუძნება ერთჯერად ვორკშოპებს;
შემოიფარგლება მხოლოდ მასწავლებელთა წვრთნით სწავლების ახალ ტექნიკაში ან ქცევაში;
არ არის დაკავშირებული მასწავლებლის კონკრეტულ სასწავლო გარემოსთან და სასწავლო გეგმასთან;
ეპიზოდური და ფრაგმენტულია;
მასწავლებლისგან ელის ცვლილებების განხორციელებას იზოლაციაში და მხარდაჭერის გარეშე;
არ უზრუნველყოფს მასწავლებლებისთვის უწყვეტი სწავლის შესაძლებლობას მრავალი დღისა და კვირის განმავლობაში.

სწორედ ასეთ მიდგომებს მოიცავს “მილენიუმის გამოწვევის კორპორაციის” სატენდერო განაცხადი. კერძოდ, ხაზგასმითაა შემოთავაზებული სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების მოდელი და სპეციალური სტატუსით აღჭურვილი სპეციალისტების მუშაობა სკოლაში. ესენი არიან სკოლის ბაზაზე პროფესიული განვთარების კოორდინატორები. შემოთავაზებულია აგრეთვე სპეციალური საგნობრივ-მეთოდიკური გზამკვლევების მომზადება, რომელთა სავარაუდო შინაარსი მოიცავს კლას-კომპლექტებთან მუშაობას, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობას, დიაგნოსტიკურ სწავლა/სწავლებას, მოსწავლეთა მოტივირების ხერხებს, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხერხებს. 

“მილენიუმის გამოწვევის კორპორაციის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ტრადიციულ ტრენინგებთან ერთად, განიხილება მასწავლებელთათვის მისაღები ტემპით დაგეგმილი ონ-ლაინ ტრენინგებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით; დისტანციური სწავლება, ვირტუალური საინფორმაციო რესურს-ცენტრის ამოქმედება საკუთარი ვებ-გვერდით, ონ-ლაინ კონფერენციებისა და ვორკშოპების მოწყობა მიზნობრივი აუდიტორიისთვის (მაგალითად, პროფესიული განვითარების კოორდინატორებისთვის) და სხვა.

მასწავლებლის თვითშეფასების მნიშვნელობა

0
თვითშეფასების ეფექტური ინსტრუმენტები 
მასწავლებლის თვითშეფასება შიდა სასკოლო შეფასების სისტემის, სკოლის განვითარების გეგმის, ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმის ან გარე შეფასების შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს. წინამდებარე წერილში მასწავლებელთა თვითშეფასების დადებით მხარეებს, თვითშეფასების ინსტრუმენტებს და მათ გამოყენებას, აგრეთვე შესაძლო სირთულეებს მიმოვიხილავთ. 

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თვითშეფასების მიზნით შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებამდე საჭიროა წინასწარი ტრენინგი თვითშეფასების მეთოდებისა და შედეგების ანალიზში, ინსტრუმენტების შექმნის და/ან მოდიფიცირების საკითხებში. ტექნიკური ცოდნის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ შეფასების ინსტრუმენტები ითვალისწინებდეს და ეფუძნებოდეს პროფესიულ სტანდარტს. ისინი მასწავლებლის საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული, რათა შედეგების გამოყენებით შესაძლებელი გახდეს სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. იმისათვის, რომ თვითშეფასების განმავითარებელი ინსტრუმენტები ეფექტურად გამოვიყენოთ, აუცილებელია მათი დიფერენცირება დამწყები და გამოცდილი მასწავლებლებისთვის. თვითშეფასების შედეგები, პირველ რიგში, სწავლების პროცესის, სასწავლო მასალების და ანგარიშგების გაუმჯობესებისთვის გამოიყენება. ასევე, რეკომენდებულია მასწავლებელთა თვითშეფასების შედეგების გამოყენება სკოლის განვითარების გეგმის ფორმირებისას.  

მასწავლებლის თვითშეფასების საანალიზო სფეროები შეიძლება იყოს: პროფესიული ცოდნა, სწავლების მეთოდიკა და ტექნიკა, სასწავლო პროცესის მართვა, პროფესიული უნარები/თვისებები და მოსწავლეთა შეფასების პროცესი. აღსანიშნავია, რომ შიდა სასკოლო შეფასებისა და გარე შეფასების პროცესშიც სწორედ ამ მიმართულებების დაკვირვება ხორციელდება და ამდენად, თვითშეფასება მასწავლებლს შემაჯამებელი გარე შეფასების წარმატებით გავლაშიც შეუწყობს ხელს. უკეთესი წარმოდგენისთვის დეტალურად მიმოვიხილავ, თუ რა კომპონენტებს შეიძლება მოიცავდეს თითოეული მიმართულება. 

·პროფესიული ცოდნა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: საგნობრივი კომპეტენცია, სასწავლო გეგმა, წარმატებული პრაქტიკა, საგნობრივი მასალის მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე, ადეკვატური სასწავლო მიზნები, დავალებები. 

·სწავლების მეთოდიკა _ სასწავლო ამოცანების, აქტივობების და შეფასების შესაბამისობა სტანდარტებთან, ადეკვატური სტრატეგიები, ტექნიკები, დიფერენცირებული სწავლება, რესურსები, მასალა, მოსწავლეთა მონაცემების ანალიზი გრძელვადიანი სასწავლო გეგმების შესაქმნელად, ჩართულობა (მოსწავლეთა მოტივაცია სწავლისადმი/მონდომება/ხალისით სწავლა). 

·სწავლების პროცესი _ სასწავლო მიზნების გაცნობა, მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება, მოსწავლეთა მომზადება ახალი მასალისთვის (თემისთვის), ახალი მასალის წარდგენა, ცოდნის გაღრმავება,  ცოდნის გამოყენება, აზროვნებისა და სწავლის კულტურა, მოსწავლეების რეფლექსიის ხელშეწყობა.

·მასწავლებლის პროფესიონალური უნარები – გაკვეთილის დაგეგმვა, პოზიტიური ურთიერთობები / სასწავლო გარემო, ორგანიზება, წესები და პროცედურები, მოლოდინები, ნდობა, გუნდური მუშაობა, უსაფრთხო გარემო, მოსწავლეთა პატივისცემა, მიუკერძოებელი დამოკიდებულება, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, კოლეგებთან თანამშრომლობა. 

·მოსწავლეთა შეფასება _ გაზომვადი მიზნები, განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასების გამოყენება, საჭიროებების გამოვლენა, სწავლების ეფექტურობის შეფასება, მოსწავლეებისთვის შეფასების ინსტრუმენტების/კრიტერიუმების წარდგენა/ახსნა; დროული, ხშირი, ეფექტური, ინდივიდუალური უკუკავშირის უზრუნველყოფა. 
ცხადია, ყველა ამ სფეროს ანალიზი და თვითანალიზი შეუძლებელი იქნება გარკვეული პრიორიტეტების დასახვის და სტრატეგიის შემუშავების გარეშე. ასევე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ თვითშეფასების ყველა სფეროსთვის, მასწავლებლის საჭიროებების და განვითარების მიზნების გათვალისწინებით, შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევა იქნება საჭირო. 

წარმოგიდგენთ მასწავლებლის თვითშეფასების ინსტრუმენტების სპექტრს და მათი შემუშავებისა და გამოყენების პრინციპებს. 

თვითშეფასების ინსტრუმენტებს, მათი ფორმატის მიხედვით, პირობითად, სამ ძირითად კატეგორიად დავყოფ: თავისუფალი, სტრუქტურირებული და ინტეგრირებული. რაც შეეხება მათ გამოყენებას, თვითშეფასების ინსტრუმენტები შეიძლება იყოს განმავითარებელი და/ან შემაჯამებელი. 

თავისუფალი ფორმატის თვითშეფასების ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ფართოდ გამოიყენება რეფლექსიის წერილობითი ან ზეპირი ფორმები, მულტიმედია საშუალებების გამოყენებით თვითდაკვირვება და შეფასება (მაგ., გაკვეთილის ვიდეო გადაღება და შემდგომი ანალიზი) და შენიშვნებისა და ჩანაწერების დღიური. რეფლექსია, ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლის პორტფოლიოს ნაწილად წარმოგვიდგება, თუმცა ის დამოუკიდებლადაც ხორციელდება.  მისი მიზანია, მასწავლებელმა გააანალიზოს, თუ როგორია მისი დამოკიდებულება სწავლების პროცესისადმი, რა ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, რამდენად თავდაჯერებულია თავის კომპეტენციებში. რეფლექსიის დროს მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, გააანალიზოს, დაასაბუთოს ან გააკრიტიკოს თავისი გადაწყვეტილებები, იფიქროს ამა თუ იმ სასწავლო ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეთა რეაქციებზე და მათ უკუკავშირზე. მულტიმედია საშუალებების გამოყენება თვითშეფასების პროცესში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენებასთან ერთად. გაკვეთილის ვიდეო გადაღება და შემდგომი ანალიზი თვითანალიზის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მასწავლებლებისთვის. მხოლოდ რეფლექსიით შეუძლებელია საგაკვეთილო პროცესის ყველა დეტალის აღქმა და  საანალიზოდ გახსენება, ვიდეო გადაღება კი სკრუპულოზური ანალიზისთვის საუკეთესო მასალას იძლევა. რეფლექსია და ვიდეო გადაღება გარკვეული პერიოდულობით შეიძლება განახორციელოს მასწავლებელმა. ჩანაწერების დღიურის წარმოება ყველაზე მოქნილი მეთოდია. თუმცა ანალიზის სიღრმის თვალსაზრისით, დღიურში წარმოებული ჩანაწერები მყისიერ რეაგირებას უფრო ეფუძნება, ვიდრე საკითხის კომპლექსურ ანალიზს. 

სტრუქტურირებული ფორმატის თვითშეფასების ინსტრუმენტებს განეკუთვნება: კრიტერიუმების ჩამონათვალი, კითხვარი, მოსწავლეთა გამოკითხვა, რანჟირებული შეფასება, რეიტინგის მინიჭება. აღნიშნული ტიპის ინსტრუმენტები შესაძლებელია ეფუძნებოდეს შესრულების კრიტერიუმებს, სასკოლო მიზნებს ან სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებელის პროფესიულ სტანდარტს, ეთიკის კოდექსს ან სხვა ნებისმიერ ნორმატიულ თუ პროცედურულ დოკუმენტს. სტრუქტურირებული ფორმატის ინსტრუმენტების საანალიზო საკითხები შეიძლება იყოს:

·როგორ ვხელმძღვანელობ (ან ვხელმძღვანელობ თუ არა) გაკვეთილის დაგეგმვისას სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტით?

·როგორ შევიმუშავებ გაკვეთილის დაგეგმვისას (ან შევიმუშავებ თუ არა) შეფასების სტრატეგიას და ინსტრუმენტებს?  

·ვიყენებ თუ არა მრავალფეროვან შეფასების ინსტრუმენტებს სწავლის შედეგის და აკადემიური მიღწევის სტანდარტის შესაბამისად?

·რა დროს ვუთმობ შეფასებას? 

·მოსწავლეებს ყოველთვის ვაცნობ და ვუხსნი გაკვეთილის მიზნებს?

·ვაძლევ თითოეულ მოსწავლეს უკუკავშირს ზეპირად და წერილობით?

·რა დამხმარე მასალას ვიყენებ? 

·რა აქტივობებს ვიყენებ სპეციფიკური მიზნით? 

·რა სტრატეგიას ვიყენებ საშუალო და სუსტ ბავშვებთან მუშაობისთვის? 

·აკადემიური პასუხისმგებლობის გარდა რა ვალდებულებებს ვასრულებ? 

·როგორ ვიყენებ საგაკვეთილო “ფანჯარას”? 

·რა მეთოდებით ვუწყობ ხელს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ კლასგარეშე აქტივობებში? 

·კლასის მართვის რა მეთოდებს ვიყენებ? 

·ვთანამშრომლობ კოლეგებთან, რათა უკეთ გავიგო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე სხვადასხვა კლასში?

·როგორ ვმუშაობ მშობლებთან? 

·რა სახით შეიძლება პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა?

·როგორ ვინარჩუნებ სისუფთავეს კლასში? 

·როგორ ვიცავ ვადებს? 

შეკითხვების სახით ფორმულირება შეესაბამება კითხვარის ან გამოკითხვის მეთოდს. კრიტერიუმების ჩამონათვალის ან რანჟირების მეთოდის გამოყენებისას ზემოთ ჩამოთვლილი ტიპის შეკითხვები თხრობით ფორმას მიიღებს და რანჟირების შემთხვევაში, რამდენიმე სავარაუდო პასუხიც წარმოდგენილი იქნება. 

ინტეგრირებული ფორმატის თვითშეფასების ინსტრუმენტებში ერთიანდება: მასწავლებლის პორტფოლიო, პროფესიული განვითარების გეგმა, შეფასების რუბრიკა, სწავლის შედეგების ანალიზი, მტკიცებულებათა შეკრება და არტეფაქტების შეგროვება-ანალიზი. ინტეგრირებული ფორმატის  ინსტრუმენტების გარკვეული კომპონენტები სტუქტურირებულია სკოლის ან შემფასებლების მიერ განსაზღვრული სტანდარტის ნაწილში, ხოლო თავისუფალი ფორმატისაა მასწავლებლის ინდივიდუალური მიზნების და ამოცანების შესაბამისად. 

მასწავლებლის პორტფოლიო მტკიცებულებებზე დაფუძნებული წერილობითი დოკუმენტია, რომელშიც მასწავლებელი ლაკონურად, სტრატეგიულად და სელექციურად განათავსებს ინფორმაციას მიმდინარე მიღწევების შესახებ. პორტფოლიო, როგორც წესი, 8-10 გვერდისგან შედგება და სამ ძირითად სფეროს მოიცავს: სწავლებას, კვლევას და ბენეფიციარებთან მუშაობის ხარისხს. პორტფოლიოში განთავსდება სასწავლო პროცესის ანალიზი, მასალები, გარე შეფასების შედეგები და მოსწავლეების მიღწევები. სწავლების მიმართულებით პორტფოლიო აღწერს მასწავლებლის მიერ გამოყენებულ მეთოდებს, მიზნებს, მასალებს, აქტივობებს. ბენეფიციარებთან მუშაობის ხარისხი განისაზღვრება თანამშრომელთა შეფასებების, სასკოლო რეიტინგების, წლიური შეფასებების, ჯილდოებისა და პრემიების, მოსწავლეებისგან, მშობლებისა და კოლეგებისგან მიღებული მადლობის წერილების მეშვეობით. მოსწავლეთა მიღწევები განისაზღვრება განმავითარებელი შეფასებების, შესრულებული პრე- და პოსტ-ტესტების, გამოცდების, პროექტების, პრეზენტაციების, ესეებისა და უკუკავშირის მეშვეობით. 

პროფესიული განვითარების გეგმა იმავე კომპონენტებს მოიცავს, რასაც პორტფოლიო (მიზნები, სტრატეგია, სწავლების ტექნიკა, მასალები). პროფესიული განვითარების გეგმაში დამატებით განსაზღვრულია დავალებების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებები და შესრულების ვადები. მრავალ ქვეყანაში პროფესიული განვითარების გეგმის წარმოება რესერტიფიცირების ავტომატური საშუალებაა. 

მასწავლებელთა თვითშეფასების რუბრიკას მარტივი ცხრილის სახე აქვს. ის შეფასების სამიზნედ სამ კომპონენტს იღებს: სასწავლო გარემოს, სწავლების ტექნიკასა და კლასის/გაკვეთილის ორგანიზებას. თვითშეფასების სხვა ფორმებისგან განსხვავებით, რუბრიკაში აღინიშნება სასწავლო გარემოში არსებული ნეგატიური ფაქტორები ან შემთხვევები და განისაზღვრება მათი მოგვარების გზები, ასევე, სწავლების პროცესში წამოჭრილი შინაარსობრივი და ტექნიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.  

მტკიცებულებათა ნაკრები და არტეფაქტები შესაძლებელია პორტფოლიოს ფარგლებში შეგროვდეს, მასალების გაუმჯობესებისა და მენეჯმენტის შემადგენელი ნაწილი იყოს, ან დამოუკიდებელი მიზნისთვის გამოიყენოს პედაგოგმა (მაგალითად, საუკეთესო გაკვეთილის გეგმის კონკურსში). 

მასწავლებლის მიერ თვითშეფასების განხორციელებას გარკვეული სირთულეებიც სდევს თან. როგორ ზემოთ აღინიშნა, აუცილებელია, მასწავლებლმა გაიაროს შესაბამისი ტრენინგი თვითშეფასების მეთოდებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას შეფასების სიზუსტე/სანდოობა, შეირჩეს სათანადო სფეროები შეფასებისთვის, შეფასების ინსტრუმენტები შეესაბამებოდეს სასწავლო მიზნებს, პროფესიულ სტანდარტებს და პროფესიული პრაქტიკის კრიტერიუმებს (სტანდარტები შეიძლება მოიცავდეს კომპეტენციებს, სამუშაო პროფილს, სამუშაოს აღწერას, ეთიკის კოდექსს, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, წლიურ სამოქმედო გეგმას). ასევე, მასწავლებელმა სწორად უნდა განსაზღვროს მონაცემების შეგროვების მიზნობრიობა, უნდა შეაგროვოს სათანადო მონაცემები და განსაზღვროს თვითშეფასების გეგმის განხორციელების შესაძლებლობა.

ფეხბურთისათვის თავშეწირული სტუდენტის ამბავი

0
“ცოტნე გმირია, დიდებული გმირი
ოღონდაც…
თუ ბიჭები ვართ, ნუ ვადიდებთ მარტოდენ ცოტნეს.
ვახსენოთ სახედაღრეჯილი ლომი მონღოლი
გმირობისა და ვაჟკაცობის უბადლო მცოდნე…”
როცა გასული საუკუნის 90-იან წლებში მომხდარ ერთ საოცარ ამბავს ვიხსენებ, მუდამ შოთა ნიშნიანიძის ეს მშვენიერი ლექსი მახსენდება. ეს ამბავი დიდ ჰოლანდიელ ფეხბურთელს, მარკო ვან ბასტენს უკავშირდება, რომელმაც “მილანში” მთელი ეპოქა შექმნა და კოჭის მძიმე ტრავმა რომ არა, ალბათ კიდევ ბევრჯერ აღაფრთოვანებდა ფეხბურთის ქომაგებს.

როდესაც მარკო ვან ვასტენმა კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო და მისი საფეხბურთო კარიერა ეჭვქვეშ დადგა, მილანური კლუბის ექიმმა, როდოლფო ტავანიმ საჯაროდ განაცხადა, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელის საფეხბურთო მომავალი ძალიან ბუნდოვანი იყო და მისი ხსნა მხოლოდ ახალი კოჭის გადანერგვის შედეგად თუ შეიძლებოდა. ანუ ვინმეს მისთვის თავისი ორგანო უნდა დაეთმო და სამუდამოდ ინვალიდად დარჩენილიყო მხოლოდ იმიტომ, რომ ვან ბასტენს “სან სიროზე” ბურთი ძველებურად ეგორებინა.

ღმერთმა ნუ ქნას, ვინმე ასეთი რეალობის წინაშე დაგვაყენოს, მაგრამ ბევრი ადამიანი იცით, რომელიც საყვარელი ფეხბურთელის გამო, საკუთარ თავს სამუდამოდ დაკოჭლებისთვის გასწირავს?! მაგრამ გამოჩნდა 21 წლის მილანელი სტუდენტი, “მილანის” თავგადაკლული ტიფოზი, ვინმე პაოლო რინომენტი, რომელიც საავადმყოფოში გამოცხადდა, მოძებნა როდოლფო ტავანი და განუცხადა, რომ მარკო ვან ბასტენისა და “მილანისთვის” მზად იყო, საკუთარი კოჭი გაეღო. ეს იყო გამაოგნებელი ნაბიჯი რიგითი მილანელი ახალგაზრდა კაცის მხრიდან და ნიმუში იმისა, რომ ფეხბურთის არსებობა ღირს თუნდაც პაოლოსნაირი ხალხის აღმოსაჩენად!

“მილანის” საექიმო შტაბმა ბევრი ითათბირა და დაასკვნა, რომ ერთი ფეხბურთელის (თუნდაც მარკო ვან ბასტენისთანა დიდი ლეგენდის) კარიერის გასაგრძელებლად არ ღირდა ახალგაზრდა იტალიელი ბიჭის დაინვალიდება, მიუხედავად იმისა, რომ პაოლო რიმონეტი უკვე სრულწლოვანი იყო და სრული უფლება ჰქონდა საკუთარი ცხოვრებისა და ორგანოების ბედი თავად გადაეწყვიტა. ამას დაემატა ვან ბასტენის დიდი პროტესტი, რომელმაც მსგავს შეთავაზებაზე თავიდანვე მტკიცე უარი განაცხადა.

როდესაც ვან ბასტენს ეს ამბავი უამბეს, ახალგაზრდა ბიჭის დიდსულოვნებით გაოგნებულ დიდ ჰოლანდიელს თურმე ცრემლები წასკდა და პაოლოსთან შეხვედრა მოითხოვა. ფეხბურთელი ჯერ გულმხურვალედ ჩაეხუტა დიდსულოვან სტუდენტს, შემდეგ კი უთქვამს: “ასეთ გადაწყვეტილებას არც მეგობრები და არც ნათესავები არ მოგიწონებენ. ალბათ გიჟადაც შეგრაცხავენ. მე კი, მთელი ცხოვრება გული უნდა მტკიოდეს იმის გამო, რომ ჩემ გამო დაინვალიდდი. მოდი, მოხდეს ის, რაც მოსახდენია – თუ ღმერთს არ სურს, რომ მე ფეხბურთის თამაში გავაგრძელო, დაე, იყოს ასე!”

ფეხბურთთან მწყრალად მყოფი ადამიანები ფეხბურთის თავგადაკლულ ქომაგებს ხშირად გიჟებსა და გადარეულებს ეძახიან. ეს ამბავი რომ გაიგონ, მსგავსი აბსურდული შეხედულებები ალბათ კიდევ უფრო განუმტკიცდებათ. რას ვიზამთ, ჩვენ არ შეგვიძლია ადამიანების შეცვლა. თავის დროზე ალბათ ცოტნე დადიანსაც გიჟად ჩათვლიდნენ სრულიად “გაუმართლებელ” რისკზე წასვლისა და “აუტკივარი თავის ატკივების” გამო. ზოგს შეიძლება ცოტნეს გმირობის დამფასებელი მონღოლები ჩაეთვალა სულელებად. მაგრამ ისტორიამ დაადასტურა, რომ მხოლოდ გმირობა ფასდება და არა გმირობის გამქიაქებლები!

ზაფხულის რიტუალები

0

ზაფხულს არასოდეს ველოდები. უკეთესად რომ აგიხსნათ, რა თქმა უნდა, მეც მიყვარს ზღვა და ბუნება, მზეზე გარუჯვა და პიკნიკზე სიარული, მეგობრებთან ერთად ღამეების თენება და ყველა სხვა სიკეთე, რომელიც ზაფხულს მოჰყვება თან. თუმცა ჩემი ზაფხულები ყოველთვის ისე გადის, რომ დასვენებას ვერ ვახერხებ და სექტემბრიდან დაღლილზე დაღლილი ვიწყებ ახალი სამუშაო წლის გადაგორებას.

ზაფხულის მოლოდინი არც მაშინ მახარებდა, როცა სკოლაში ვსწავლობდი და სამთვიანი დასვენება გარანტირებული მქონდა. მარტო გატარებული არდადეგები დედისერთა ბავშვების სევდაა. რა უნდა აკეთო თუნდაც ყველაზე გრილ კურორტზე, როცა სანათესაოში შენი ტოლი არავინაა და მეგობრები სხვაგან ისვენებენ? ამიტომ მე ყოველთვის სექტემბრის მოსვლას უფრო ველოდებოდი, ვიდრე ყველასათვის სანატრელ არდადეგებს. ჩემი თავისუფალი თემა, ”როგორ გავატარე არდადგები”, ძირითადად, წაკითხული წიგნების გრძელი ჩამონათვალისგან შედგებოდა.

სკოლაში აღარ ვსწავლობ და თავისუფალი თემის დაწერას აღარავინ მთხოვს, მაგრამ ჩემი განწყობა ბევრად არ შეცვლილა. თუმცა ჩემს ამჟამინდელ ზაფხულებს თავიანთი ხიბლი აქვთ, თავიანთი ხიბლი და რიტუალები. ალბათ ზრდასრულ ასაკში ადამიანები უკეთესად ვახერხებთ, ბედნიერი მომენტები შევქმნათ, დავიჭიროთ და დავიმახსოვროთ, მაშინაც კი როცა ჰაერის ტემპერატურა ორმოც გრადუსს სცილდება და სამუშაო მაგიდაზე ჩართული ლეპტოპი გველოდება საქმის დასასრულებლად.
***

ჩემი ქართულის მასწავლებელი ქუთაისის ძველ უბანში ცხოვრობს. მის სახლთან მოსასვლელად რამდენიმე ეკლესიასთან და ერთერთ სინაგოგასთან მიწევს გავლა. ბავშვობაში ამ გზაზე კვირაში რამდენიმეჯერ დავდიოდი. რელიგიებზე პირველად ამ გზამ დამაფიქრა. ეს სწორედ ის გზაა, რომელმაც ოდესღაც საკუთარ თავში ტოლერანტობის აღმოჩენამდე მიმიყვანა. დღეს აქ სიარული ჩემი ზაფხულის რიტუალია, რიტუალი, რომელიც ჩემი ყველაზე საინტერესო მიგნებების პერიოდში მაბრუნებს.

ოდესღაც, როცა გაცილებით პატარა ვიყავი და აზრები, რომლებიც თავში მომდიოდა, ხშირად მეჩვენებოდა სულელურად, როცა ხშირად მესმოდა, რომ ის, რაც პროგრამაში შეტანილი ნაწარმოებების განხილვაში წერია, ეჭვმიუტანელ ჭეშმარიტებად უნდა ჩაითვალოს, რომ მითითებებს სწორხაზოვნად უნდა მივყვეთ და სხვების მიერ დადგენილი გზისგან გადახვევით ცხოვრება არ უნდა გავირთულოთ, მე და ჩემს მეგობრებს პროტესტი და განსხვავებულად ფიქრი გვასწავლეს. ახლაც მგონია, რომ თუკი შემიძლია, ჩემი მოსაზრება გამოვთქვა და დავიცვა, თუკი ადამიანების თანასწორობის მჯერა, თუკი ჩემი ცხოვრებისეული პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა შევძელი, ეს ყველაფერი ჩემი ქართულის მასწავლებლის დამსახურებაა.

მასთან სტუმრობა ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემს ზაფხულის რიტუალებს შორის. დღეს ჩვენ შეგვიძლია, ისე ვისაუბროთ პირად, საქვეყნო თუ საერთაშორისო ამბებზე, როგორც ნამდვილ მეგობრებს შეეფერებათ და ეს დიდი ბედნიერებაა. ყოველთვის, როცა ვუსმენ, მახსენდება, ვინ დამანახა, რომ ჩემს განსხვავებულ აზრს არსებობის უფლება აქვს და ვხვდები, რომ ჩემი მასწავლებელი დღესაც გასაოცრად პროგრესული ადამიანია და რამდენიმე ათეული წლით მაინც უსწრებს თავის (ჩემი მშობლების) თაობას.

ჩემი დაკვირვებით, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობა მაშინ მთავრდება, როცა ბოლო ზარი ირეკება. მე არ ვიცი, როცა მასწავლებლები მოსწავლეებს ეუბნებიან, რომ სკოლამ უნდა იამაყოს მათი მიღწევებით, ფიქრობენ თუ არა, თავად იყვნენ ისეთები, რომ მოსწავლეებს მასწავლებლებთან, სკოლასთან დაბრუნების სურვილი გაუჩინონ. ან რას აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე ზრდასრული ყოფილი მოსწავლეების ცხოვრებას მათი კვალი ეტყობოდეს?
***

”ზაფხულის არდადეგები მოსაწყენად გავატარე” _ ასე დაიწყებოდა ჩემი თავისუფალი თემა, 2014 წლის სექტემბერში მისი დაწერა რომ მევალებოდეს. ვეღარც წაკითხული წიგნების უზარმაზარ სიას მოვიტანდი თავის დასაიმედებლად. ბავშვობაში მეც მიკვირდა, როცა უფროსები წუხდნენ უდროობის გამო და ვფიქრობდი, რომ მე ყოველთვის მოვახერხებდი, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მეკითხა საყვარელი წიგნები, მაგრამ რას ვიზამთ, ზრდასრული ადამიანის ცხოვრება ასეთია.

თქვენ კი, ვინც ჩემსავით არ ელოდებით ზაფხულს, ვერასოდეს ახერხებთ დასვენებას და ძალების აღსადგენად ალტერნატიულ გზებს ეძებთ, მინდა გითხრათ, რომ ცხოვრების ხიბლი და ბედნიერება ზოგჯერ სწორედ ჩვენს მიერ შექმნილ რიტუალებშია, რომელიც გვეხმარება, უკეთესად დავინახოთ საკუთარი თავი და ადამიანები, რომლებმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალეს.

საზაფხულო საკითხავი

0

ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავუბრუნდეთ ბავშვობას, გავხდეთ ისევ პატარები და კიდევ ერთხელ შევიგრძნოთ ის ბედნიერება, რომელიც მაშინ გვქონდა. ასე მაშინ ვფიქრობ, როცა დავიწყებულ მეგობრებს გადავეყრები წიგნის თაროზე და ნელ-ნელა ვაცლი მტვრის სქელ ფენას. წიგნები ზოგან ერთმანეთზეა დალაგებული და გარეკანი არ ჩანს, ზოგან გვერდი-გვერდ მჭიდროდ მიჯრილი. სულმოუთქმელად ვეძებ ნაცნობ გამოცემებს, რომ ისევ განმიახლდეს ძველი განცდები, ისევ სიხარულით ამევსოს გული და ცოტა ხნით მოვწყდე რეალობას. ნელ-ნელა ისინიც გამოჩნდებიან: ჰარპერ ლი – „ნუ მოკლავ ჯაფარას”, ძველი, მწვანე, თხელყდიანი გამოცემა, ორტომეული, ისევ მივყვები და ისევ ვაცლი მტვერს, რომელიც წლიდან წლამდე ედება ჩემს საყვარელ წიგნების თაროს. აჰა, გამოჩნდა მარკ ტვენი, წიგნი ყავისფერი გარეკანით. წიგნის ფურცლები უკვე გაყვითლებულია და სიძველის სუნი ასდის.
 
-ტომ!    
პასუხი არ არის.
-ტომ!
პასუხი არ არის.
-რა დაემართა იმ ბიჭს? ტომ!
მოხუცმა ცხვირზე სათვალე ჩამოიწია და მოათვალიერა მთელი ოთახი.
გახსოვთ ალბათ. არც ის დაგავიწყდებოდათ, როგორი ცელქი და ონავარი ბიჭი იყო ტომი და როგორ აბრაზებდა დეიდა პოლის. დეიდა პოლი კი სულგრძელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ საღმრთო სჯული პირდაპირ მოუწოდებდა – “ვინც წკეპლას არ ხმარობს, ყმაწვილს რყვნისო” და საბრალო მოხუცი ისევ თავის თავს ამუნათებდა , მე ცოდვილი კი როგორ ვანებივრებო და თავის სიბერეზეც წაიწუწუნებდა ხოლმე : “ბებერი სულელი ყველა სულელზე ტუტუცია” და ”ბებერ ძაღლს ახალს ვეღარაფერს შეასწავლი”-ო. ტომი კი ისევ განაგრძობდა მავნებლობას, საკუჭნაოდან იპარავდა მურაბას, ვაშლს, ხანდახან სკოლასაც აცდენდა და მდინარეზე დადიოდა. მოკლედ მაგრად ყალთაბანდობდა. ჰოდა, დაისაჯა კიდეც. შაბათს, უქმე დღეს, როცა ყველა ბიჭი ისვენებდა და თამაშობდა, დეიდა პოლიმ აღმზრდელობითი გადაწყვეტილება მიიღო – მთლად რომ არ დაღუპულიყო ეს ბიჭი, ცოტა უნდა ემუშავა. ტომს მესერი უნდა შეეღება. ამაზე ალბათ ისიც გაგახსენდებათ, როგორი მოხერხებული აღმოჩნდა ტომი და როგორ შეაღებინა მეგობრებს მესერი გარკვეული ჯილდოს საფასურად . ამის შემდეგ ის უკვე აღარ ფიქრობდა, რომ სიცოცხლე უაზრობა, არსებობა კი მძიმე ტვირთი იყო.
არც ისე საყვარელი წიგნები მტვრის მოცილების შემდგომ ისევ თაროს უბრუნდება. ძებნა კი ისევ გრძელდება, ახლა უკვე სელმა ლაგერლოფი გამოჩნდა -“ნილსი და გარეული ბატების მოგზაურობა”, გამძლე ყდით, ფურცლები აქაც გაყვითლებულია, ალბათ არასდროს დაგავიწყდებათ ნილს ჰოლგერსონის საოცარი მოგზაურობა ბატ მარტინთან ერთად, თეთრი, უზარმაზარი გარეული ბატის ზურგზე შემომჯდარი ბიჭი, რომელიც შვედეთის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს, საოცარ თავგადასავალში ერთვება გარეულ ბატებთან ერთად.
ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობებს მარტივად ვპოულობ, უამრავჯერ გადაკითხული ლინდგრენის წიგნის ყდა უკვე გაქუცულია, ცოტა არ იყოს კიდეც შელანძღული აქვს, მას ხომ ხან ვაშლის ხის ტოტზე მჯდომი ვკითხულობდი, ხან მდინარის პირას წამოწოლილი და საერთოდაც, ასტრიდ ლინდგრენი, როგორც კი ცხოვრებისეული სევდა შემოგაწვებათ მაშინვე უნდა აიღოთ ხელში და გადაშალოთ. ასე ძალიან არაფერი დაგაბრუნებთ ბავშვობაში, მზით განათებულ და სიცხიან მხარეში, სადაც ზაფხულობით გამუდმებით ჩაგესმით ჭრიჭინების მონოტონური და გულის წამღები ჭრიჭინი, კოღოების წუილი, სადაც კითხვის პროცესისთვის მომზადებულ, დამტვრეული თხილით სავსე თეფშს მოიდგამ გვერდით და გულდასმით განაგრძობ ლინდგრენის ჯადოსნური სიტყვების კითხვასა და თხილის კნატუნს. ეს ის დროა, როდესაც არაფერი გედარდება და გაწუხებს. ლინდგრენი ჩემთვის ყველაზე კარგი ანტიდეპრესანტია, რომელიც ყველანაირ სევდას, გულდამძიმებულობას და თავის ტკივილს კურნავს. ეს ისეთი დროა, როდესაც ყველაზე ერთგული და საყვარელი მეგობრები, წიგნის პერსონაჟებია, ონავარი ემილი, რომელიც თავისი პატარა დაიკო იდასთან, მშობლებთან, მოსამსახურე ალფრედთან და ლინასთან ერთად ცხოვრობს ხუტორ კატხულტში, ლიონბერგის ოლქში. რა ჩამოთვლიდა ემილის საოცარ თავგადასავლებს ან რა დაიმახსოვრებდა მათ, მისი ძვირფასი დედიკო ჩანაწერებს რომ არ აკეთებდეს მასზე. არასდროს დაგვავიწყდება მისი თოფუკა და კეპუკა, როგორ ჩაეძინა ფარდულში, ან კიდევ როგორ ჩამოიმხო თავზე საწვნე და ამის გამო როგორ წაიყვანეს მშობლებმა მარიანელუნდში ექიმთან, მანამდე თავად მოახერხა საწვნეს გატეხვა, რითაც თუ კარგად მახსოვს ნახევარი კრონი დაზოგა, ხუტორში გამომგზავრებისას კი მიირთვა ფუნთუშები. ან კიდევ როგორ ასწია ფლაგშტოკზე პატარა დაიკო – იდა.
ემილისთან ერთად გაგვახსენდება პეპი გრძელიწინდა ვილა “ყიყლიყოდან”, არცთუ ისე დახვეწილი მანერების მქონე ბანოვანი, მაგრამ ყველაზე დამოუკიდებელი და სამართლიანი გოგო ნაცნობ ლიტერატურულ გმირებს შორის. ანიკა და ტომი, სახურავის ბინადარი, ზომიერად ფერხორციანი კარლსონი და ბიჭუნა, არცთუ ისე სანდომიანი ფრეკენბოკი, კუნძული სალტკროკა, სალტკროკელები და კუპატივით გემრიელი ჩორვენი, ბიულერბიული ბავშვები : ლასე, ბოსე, ლიზი, ულე, ანადაბრიტა. 
და “ლოტა აურზაურის ქვეყნიდან” და კიდევ ბევრი უსაყვარლესი გმირი ასტრიდ ლინდგრენის საოცარი სამყაროდან.
ისევ მივყვები წიგნის თაროს. ახლა უკვე ანე-კატრინე ვესტლის “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა” გამოჩნდა . “იყო და არა იყო რა, იყო დიდი, ძალიან დიდი ოჯახი : დედა, მამა და მათი რვა შვილი. ბავშვებს ერქვათ მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა და წრიპა მორტენი. მათთან ერთად ცხოვრობდა დიდი საბარგო მანქანა, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა, ან როგორ არ ეყვარებოდათ, საბარგო მანქანა ხომ მთელ ოჯახს არჩენდა ” – ასე იწყება ეს კეთილი ზღაპარი და წარმოსახვაში უკვე ცოცხლდება ყველაზე მხიარული მრავალშვილიანი ოჯახი, მათი პატარა სამოვრის მილი, სახლი ტყეში, სადაც ზამთარში კედლებიდან ორპირი ქარი უბერავს.
 
ეს ის ანე-კატრინე ვესტლია, რომელმაც დაწერა “გოგონა ავრორა “ც” კორპუსიდან” და მოგვიყვა ამბავი პატარა გოგოზე, მის ისტორიკოს მამაზე, პატარა ძამიკო სოკრატზე, დედაზე და ბებიაზე. ეს მშვენიერი წიგნია ბავშვებისთვის, რომლებსაც გვინდა ვასწავლოთ, რომ არასწორია დიფერენცირებული მიდგომა სამუშაოსთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს კაცის და ქალის საქმე, რომ შვილის გაზრდა და მისი მოვლა უპირობოდ მხოლოდ დედის მოვალეობა არ  არის და სტერეოტიპური მოსაზრებები,  რომ მამა არ უნდა ჩაერიოს ოჯახურ საქმეებში, რადგან ის კაცია და სხვა საქმეებით უნდა იყოს დაკავებული, უბრალოდ არასწორია. ეს წიგნი ამსხვრევს სტერეოპტიპებს და გვაჩვენებს, რომ მამასაც შეუძლია იყოს კარგი მშობელი, მასაც შეუძლია მოუაროს პატარა ბიჭუნას, აღზარდოს გოგონა ავრორა, იმუშაოს დისერტაციაზე, დარეცხოს ჭურჭელი, იაროს მაღაზიაში და, გარდა ამისა, გემრიელი ნამცხვარიც გამოაცხოს შობისთვის.
წინ, სულ ახალი გამოცემა, ჯერჯერობით მხოლოდ ერთხელ წაკითხული “ლოტა აურზაურის ქუჩიდან” მიდევს. იუნასი, მია-მარია და ლოტა ყვითელ სახლში ერთ პატარა ქუჩაზე ცხოვრობენ, რომელსაც მექოთნეების ქუჩა ჰქვია. პატარა ლოტა ცოტა არ იყოს ბრაზიანია და ერთ დღესაც მშობლებზე განაწყენებული დეიდა ბერგის სხვენს იქირავებს, იქ დახვავებულ ხარახურას მოაწესრიგებს და ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს მოიწყობს მისთვის და პატარა დრუნჩასთვის.
 
ახლა უკვე ვიცი, რატომ ვუბრუნდები ყოველ ზაფხულს ბავშვობის წიგნებს, რატომ ვკითხულობ მათ ხელახლა და რატომ მინდა, მეც შევქმნა ჩემი შვილისთვის, ყველაზე საყვარელი წიგნების თარო, რომელიც მისთვის ყველა სხვა ნივთზე, დისტანციურ მანქანაზე, “მაქვინებზე” და სხვა ათას გასართობზე ძვირფასი იქნება. ეს ხომ ის წიგნებია, რომელიც არ გვასწავლიდა, რომ აუცილებლად უნდა გამოვსწორებულიყავით, არასდროს გვახვევდა თავს სხვა წესრიგს, რომელიც ჩვენთვის არაბუნებრივი იქნებოდა, პირიქით, უსაზღვრო თავისუფლებას გვანიჭებდა და ჩვენი წარმოსახვის და ოცნებების მასშტაბებს ზრდიდა, ძალას გვაძლევდა, რომ წიგნის გმირებივით უშიშრები, დამოუკიდებლები და ძლიერები გავმხდარიყავით.
 
 
 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...