

|
თანამედროვე მსოფლიოში ინოვაციური ინფრასტრუქტურის ყველაზე გავრცელებული სახეა თავისუფალი ეკონომიკური ზონის ერთ-ერთი ტიპი – სამეცნიერო-ტექნოლოგიური პარკი ანუ ტექნოპარკი. თავად ტერმინი „ტექნოპარკი” შედარებით ახალია და განათლების, მეცნიერების, წარმოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტეგრაციას ნიშნავს.ტექნოპარკები უფრო და უფრო პოპულარული ხდება მთელ მსოფლიოში. მათი შექმნით დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ კერძო საწარმოები ან სასწავლებლები, არამედ მთავრობებიც, რადგან ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას და შედარებით სუსტი რეგიონების განვითარებას.
მსოფლიომნიშვნელობისმაღალტექნოლოგიურიინდუსტრიულიზონა – სილიკონის ველის (Silicon Valley) ტექნოპარკი – აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, სან-ფრანცისკოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სანტა-კლარას ველის აღმნიშვნელი ჟურნალისტური კლიშეა. სახელწოდება უკავშირდება პირველ ნახევარგამტარებსა და ელექტრონულ ტექნიკას, რომელიც ფუძეშრედ კაჟისგან მიღებულ ნაერთს – სილიციუმს იყენებს. ტერმინი „სილიკონის ველი” კალიფორნიელმა მეწარმემ რალფ ვერსტმა მოიგონა, ხოლო მისმა მეგობარმა, ჟურნალისტმა დონ ჰოფლერმა, პირველმა გამოიყენა საჯაროდ 1971 წლის 11 იანვარს – თავისი სტატიების ციკლს ყოველკვირეულ ჟურნალ „Electronic News”-ში მან „Silicon Valley USA” უწოდა. ამ სტატიებში ჰოფლერი წერდა სანტა-კლარას შესახებ, სადაც თავმოყრილი იყო უდიდესი IT-კომპანიების შტაბ-ბინები. სწორედ ამ ველზე მდებარეობს ნახევარგამტარების ინდუსტრიის ძირითადი საწარმოები, ხოლო ინტეგრალური მიკროსქემების ნახევარგამტარების ელემენტების ძირითადი მასალა სწორედ სილიკონია.
ოდესღაც სასოფლო-სამეურნეო რაიონში ამჟამად გაშენებულია მრავალი ქალაქი, რომლებიც ჯაჭვივით არის გადაჭიმული სან-ფრანცისკოს ყურედან ქალაქ სან-ხოსემდე. მათ წარმოშობას სათავე დაუდო პალო-ალტოში მდებარე სტენფორდის უნივერსიტეტმა, სადაც 1940-იანი წლებიდან ტარდებოდა კვლევები ელექტრონიკის სფეროში. ელექტროგამომთვლელი მანქანების პირველი დიდი ქარხანა სან-ხოსეში 1956 წელს გახსნა ფირმა IBM-მა. სილიკონის ველი მაღალტექნოლოგიური მრეწველობის (განსაკუთრებით – რადიოელექტრონული და რაკეტათმშენებლობის) და ცხოვრების მაღალი დონის გამოხატულებაა. 1950 წლამდე სილიკონის ველი განთქმული იყო ქლიავის ბაღებით და მას მსოფლიოს შავქლიავის დედაქალაქს უწოდებდნენ.
„სილიკონის ველი” პირობითი ცნებაა და კარტოგრაფიულად არ აღინიშნება. ამჟამად ის გეოგრაფიულად სანტა-კლარას ველის ჩრდილოეთ, ურბანიზებულ ნაწილს მოიცავს. იგი გადაჭიმულია სან-მატეოსა და პალო-ალტოს შორის. სილიკონის ველზე მდებარე ქალაქებია: კემბელი, ბელმონტი, კუპერტინო, ფრომონტი, ლოს-ალტოსი, ლოს-გატოსი, მენლო-პარკი, პალო-ალტო, სან-ხოსე, სანტა-კლარა, სარატოგა, სანივეილი და სხვ. სილიკონის ველის დედაქალაქად ხშირად არაოფიციალურად სან-ხოსეს მიიჩნევენ.
1909 წელს ჩარლზ ჰეროლდმა აშშ-ში პირველმა დააარსა რადიოსადგური, რომელიც სან-ხოსეში აიწყო. ერთი წლის შემდეგ სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა სირილ ელვილმა რადიოგადამცემი ტექნოლოგიების პატენტი იყიდა და პალო-ალტოში Federal Telegraph Corporation-ი ( FTC)დააფუძნა. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ამ კომპანიამ მსოფლიოში პირველი გლობალური რადიოსისტემა შექმნა.
სილიკონის ველის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია სტენფორდის ინდუსტრიული პარკის შექმნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტენფორდის უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და აუცილებელი გახდა დამატებითი ფინანსების მოძიება. უნივერსიტეტის მფლობელობაში იყო მიწის დიდი ფართობი (დაახლოებით 32 კვ. კმ), რომლის გაყიდვის უფლებაც უნივერსიტეტს, მისი დამაარსებლის ლელანდ სტენფორდის ანდერძის თანახმად, არ ჰქონდა. საინჟინრო ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ფრედერიკ ტერმანმა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შესთავაზა, ეს მიწა გრძელვადიანი იჯარით გადაეცათ საოფისე პარკისთვის, სადაც მაღალტექნოლოგიური კომპანიები განთავსდებოდა. ამის შედეგად უნივერსიტეტმა შემოსავალი მიიღო, ხოლო კომპანიებმა – ლიზინგური ინსტრუმენტებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამ იდეას კიდევ ერთი დადებითი შედეგი მოჰყვა: სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცათ, ალმა-მატერის მახლობლად დასაქმებულიყვნენ. იმავდროულად მოგვარდა კომპანიის პრობლემაც, რომელიც მაღალკვალიფიციური სპეციალისტების პოვნას უკავშირდებოდა. ფ. ტერმანი მანამდეც ურჩევდა თავის სტუდენტებს, კომპანიები უნივერსიტეტთან ახლოს დაეარსებინათ.
პირველი კომპანია, რომელიც უკვე 1951 წელს გადავიდა სტენფორდის ინდუსტრიულ პარკში, იყო Varian Associates. მალე იქ ოფისები გახსნეს Eastman Kodak-მა,General Electric-მა,Shockley Semiconductor Laboratory-მ,Lockheed-მა,Hewlett-Packard-მა და სხვა კომპანიებმაც.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ტერმანი იყო მენტორი ჰიულეტისა და პაკარდისა, რომლებმაც 1939 წელს კომპანიაHewlett-Packard-ი დააფუძნეს. ეს უკანასკნელი სიმბოლურად სილიკონის ველის პირველ კომპანიად მიიჩნევა, თუმცა 1960 წლამდე ის ნახევარგამტარებს არც კი აწარმოებდა. ფრედერიკ ტერმანს სამართლიანად უწოდებენ „სილიკონის ველის მამას”.
„ჰიულეტ-პაკარდი”(The Hewlett-Packard Company) ან,უბრალოდ, HP, ამერიკულიკორპორაციაა დასაოფისედასამედიცინოაპარატურისმწარმოებელთა შორის ლიდერია მსოფლიობაზარზე.HPმსოფლიოშიპირველ ადგილზეა კომპიუტერულიტექნიკისგაყიდვით. ის აწარმოებს პრინტერებს, სკანერებს, პორტატიულ ჯიბის კომპიუტერებს, პერსონალურ კომპიუტერებს, ციფრულ კამერებს, სერვერებსა და ნოუთბუქებს. 2007 წელს HP-სწლიურმა შემოსავალმა104 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
ავტოფარეხი პალო-ალტოში, სადაც დაიწყო საქმიანობა კომპანია HP-მ.
2010 წლის მონაცემებით, სილიკონის ველი აშშ-ის სიდიდით მესამე ტექნოლოგიური პარკია ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის შემდეგ. აქ დაახლოებით 386 000 ადამიანი მუშაობს და ყოველ 1000 დასაქმებულზე IT სფეროს 286 მუშაკი მოდის.
სილიკონის ველზე განთავსებულია მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების, მათ შორის – Adobe-ის,AMD-ს, Apple-ის,Altera-ს,Cisco-ს,eBay-ს,Electronic Arts-ის,Facebook-ის,Google-ის, Intel-ის,SanDisk-ის,Symantec-ის,Yahoo!-ს,Xerox-ისშტაბ-ბინები. აქვე მდებარეობს სან-ხოსეს, სანტა-კლარას, სტენფორდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტები.
eBay Inc. ამერიკული ინტერნეტკორპორაციაა, რომელიც ფლობს eBay.com-ს, ონლაინაუქციონს და მაღაზიას, სადაცშესაძლებელია სხვადასხვა პროდუქციისა და სერვისის შეძენა. იგი 1995 წელს დაარსდა და დღეისთვის 30-ზე მეტქვეყანაში ოპერირებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი უმთავრესად აუქციონის რეჟიმში ფუნქციობს, დაარსებისშემდეგ მას დაემატა რეჟიმი „Buy It Now”, რომელიც პროდუქტის დაუყოვნებლივ შეძენის საშუალებასაც იძლევა.
„ეპლი” (ინგლ. Apple Inc.) ამერიკული ტრანსეროვნული კორპორაციაა, რომელიც აწარმოებს როგორც სამომხმარებლო ელექტრონიკას, ასევე მასთანდაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფასაც. მისი შტაბ-ბინამდებარეობს სილიკონის ველზე, ქალაქ კუპერტინოში. კომპანიისყველაზე ცნობილპროდუქტთაგანია„მაკინტოშის” სერიის პერსონალური კომპიუტერები დამათთან დაკავშირებული მოწყობილობები,პორტატიულიმედიაპლეერ „აიპოდის” სერია დაბოლო დროს – უკვე აიფონიც. იმავდროულად, „ეპლი” პროფესიონალური აუდიო-და კინოინდუსტრიის პროგრამული პროდუქტების მნიშვნელოვანი მწარმოებელია. „ეპლში”მუდმივად დადროებით 20 000-მდე ადამიანია დასაქმებული მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო მისმა მსოფლიო გაყიდვებმა2007წელს 24,01 მილიარდი შეადგინა.
Google ამერიკული კორპორაცია Google Inc.-ის, მისი ვებგვერდისა და საძიებო სისტემის სახელია. იგი ლარი პეიჯმადა სერგეი ბრინმა დააარსეს 1996 წელს. დღეს გუგლი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნისსისტემაა მთელ მსოფლიოში. მისი თავდაპირველი ვერსია ინგლისურენოვანი იყო. დღეს სისტემა თარგმნილიათითქმის ყველა ენაზე, მათ შორის – ქართულადაც.
Yahoo! Inc. ამერიკული სააქციო კორპორაცია და ინტერნეტსერვისპროვაიდერია. მისი მომსახურების არეალიმრავალ სფეროს სწვდება. მათ შორისაა ვებპორტალი, საძიებო სისტემა, ფოსტა, ახალი ამბები და ჰოსტინგი. იგი 1994წლის იანვარში დააარსეს სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა ჯერი იანგმა და დევიდ ფილომ, ხოლო კორპორაციად 1995 წელს ჩამოყალიბდა. კომპანიის სათავო ოფისი სილიკონის ველზე, ქ. სანივეილში მდებარეობს.
სახელწოდება „სილიკონის ველი” უკვე საყოველთაოა და ამიტომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშიმას სხვა ტექნოპარკების აღწერისასაც იყენებენ.
თუ აქამდე გეგონათ, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ფლობდით, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ შესაძლოა აზრი შეგეცვალოთ.
ყველამ ვიცით, რა არის გლობალიზაციის დადებითი მხარე. ინფორმაციის მოპოვება დღეს უკვე აღარ წარმოადგენს რაღაც შრომატევადს, შეუძლებელს, მიუღწეველს. თუ ორიოდე ათწლეულის წინ რაიმე თემის დასამუშავებლად საჭირო იყო ბიბლიოთეკაში დიდხანს ჯდომა და უამრავი პუბლიკაციის გამოწერა, ლოდინი და შემდეგ – დამუშავება, დღეს აკრეფ კომპიუტერის შესაბამის ველში საკვანძო სიტყვებს და საძიებო სისტემა თვალის დახამხამებაში გიპოვის სამეცნიერო თუ პოპულარულ ენაზე დაწერილ ინფორმაციას.
ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა არამხოლოდ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მკვიდრთათვის – ტექნოლოგიების გაიაფების წყალობით ამ სიკეთეებით სხვა, ეკონომიკურად ნაკლებგანვითარებული ქვეყნებიც სარგებლობენ.
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის შეუცვლელი წყაროებია ჟურნალ-გაზეთები და ტელევიზია. თანამედროვე მსოფლიოში ჟურნალები და გაზეთები უკვე ვებზეა განთავსებული, რაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ზრდის. ჩვენ შინიდან გაუსვლელად ვეცნობით მახლობელ თუ შორეულ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს. მაგრამ, თუ კარგად დავფიქრდებით, საინფორმაციო წყაროები სრულად არ მოიცავენ ქვეყნებს, რომელთა შესახებაც გვაწვდიან ინფორმაციას. ერთი მხრივ, იყო ქვეყანა, რომლის შესახებაც სტატიები და სიუჟეტები არ მზადდება, არის ნიშანი იმისა, რომ შენს ტერიტორიაზე ექსტრაორდინარული არაფერი ხდება. ამის საპირისპიროდ, თუ ქვეყანაში კონფლიქტები, გამოსვლები, გაფიცვები, ბუნებრივი კატასტროფები და მსხვერპლი, ეკონომიკური და პოლიტიკური კატაკლიზმებია, მის მიმართ საინფორმაციო საშუალებების ინტერესი ყოველთვის გარანტირებულია. ზოგი ქვეყანა მეტად ახერხებს ყურადღების მიქცევას, ზოგიც – ნაკლებად.
43 მილიონზე მეტი მოვლენა, რომლებიც გაშუქდა 1979-დან 2013 წლამდე, რუკაზე დაიტანეს. აღმოჩნდა, რომ მოვლენები არცთუ თანაბრად შუქდება. ხაზები აღნიშნავს მოვლენასა და მის გაშუქებას; შესაბამისად, რაც უფრო ნათლად ჩანს რუკაზე ესა თუ ის ქვეყანა, მით მეტია მისდამი საინფორმაციო საშუალებების ინტერესი.
ამერიკის შეერთებული შტატები, შეიძლება ითქვას, ინტერესის მუდმივი ობიექტია. ყველაზე ნათელი ხაზები აშშ-სა და რუსეთს, აშშ-სა და ჩინეთს შორისაა.
აშშ-ს მოსდევს ავღანეთი, ჩინეთი, ირანი, ერაყი, ისრაელი და რუსეთი. ინფორმაცია საგარეო ურთიერთობებზე, ფინანსურ საკითხებზე, კონფლიქტებზე და ვინ მოთვლის, კიდევ რაზე, ძირითადად დედაქალაქიდან გადაიცემა, თუმცა ამ რუკაზე სიზუსტე დაცული არ არის. აქ ხაზები სათავეს იღებს გეოგრაფიულ ცენტრში, განურჩევლად იმისა, ქვეყნის რომელი წერტილის შესახებ გადაიცა ინფორმაცია. კარგად ჩანს რუსეთისა და აშშ-ის ცენტრიდან ამოტყორცნილი ხაზები. მაგალითად, ავსტრალიაში ხაზები ვიქტორიის დიდი უდაბნოდან იწყება. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ეს რუკა ძირითად ტენდენციებსა და გასაშუალოებულ მონაცემებს ასახავს, აქ არ უნდა ვეძებოთ დეტალური სიზუსტე.
ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებიდან ყველაზე აქტიურად არის გაშუქებული ისრაელი და ეგვიპტე, სადაც ურთიერთს გადაკვეთს 385 ათასი მოვლენა. ისრაელსა და მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირს 335 ათასი მოვლენა აერთიანებს, ამდენივე – ისრაელსა და ლიბანს.
რეგიონების ფარგლებში ინფორმაცია უთანაბროდაა გაშუქებული. უთანაბრობა ძალზე საგრძნობია. თუ ჩრდილოეთ ამერიკის შესახებ გაშუქებულ ინფორმაციას ავიღებთ, 31,6 მილიონი მოვლენიდან 90%-ზე მეტი აშშ-ის შესახებაა, ხოლო დანარჩენი – კანადისა, ევროპის ქვეყნებიდან კი პოპულარულია რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია.
წრიულ დიაგრამაზე ეს შემდეგნაირად გამოიყურება:
აზიის შესახებ 32,6 მილიონი ინფორმაცია გაშუქდა. აქაც პოპულარობით აშკარად გამოირჩეოდა რამდენიმე ქვეყანა: ჩინეთი, პაკისტანი, ავღანეთი, ინდოეთი და თურქეთი. სხვა ქვეყნები კი ასეთივე სიხშირით არ შუქდებოდა. ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გამოირჩეოდა ისრაელი, ირანი, ერაყი, სირია, ეგვიპტე და ლიბია, ლათინურ ამერიკასა და კარიბის აუზში კი – მექსიკა, კუბა, კოლუმბია და ბრაზილია.
ინფორმაციის გაშუქების სიხშირე ყოველთვის როდია დაკავშირებული მოსახლეობის რაოდენობასა თუ ქვეყნის წარმატებასთან; მედიის ფოკუსში ყველაზე მეტად სახელმწიფოში არსებული სირთულეები ხვდება.
მიუხედავად ზღვა ინფორმაციის რეგიონულ ჭრილში გაანალიზებისა, უნდა ითქვას, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მასშტაბი მაინც შეზღუდულია. შეზღუდვას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს შემდეგი:
მსხვილ საინფორმაციო საშუალებებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გაგზავნილი ან დაქირავებული ჰყავთ სპეციალური კორესპონდენტები, რომელთაგანაც დაუყოვნებლივ იღებენ ინფორმაციას. ისინი უმთავრესად ისეთ გეოგრაფიულ წერტილში არიან, საიდანაც ადვილია რეგიონში მომხდარი ახალი ამბების გაშუქება. თუმცა კორესპონდენტები მეტად იცნობენ სწორედ იმ ქვეყანას, სადაც ცხოვრობენ, შესაბამისად, იქ მომხდარი თუნდაც ნაკლებმნიშვნელოვანი მოვლენები უფრო ადვილად ხვდება საინფორმაციო წყაროებში. რესურსების დასაზოგავად მრავალი ცნობილი საინფორმაციო სააგენტო ადგილობრივი ჟურნალისტებისა და მოსახლეობის მიერ მომზადებულ რეპორტაჟებს ეყრდნობა. ასეთ საინტერესო და ინტერაქტიულ ხერხს მიმართავს CNN (https://ireport.cnn.com/). ეს მეტ საშუალებას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობას, გაიგოს სხვა, აქამდე უცნობი ადგილების შესახებ ან ადგილობრივ მცხოვრებთა თვალით დანახული და განცდილი შეიტყოს.
იმავდროულად, შეიძლება ითქვას, რომ მეტია ინტერესი იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც მსოფლიოს გეოპოლიტიკურ ცენტრებს წარმოადგენენ.
ზოგიერთი სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია ძნელად ხელმისაწვდომია ისეთი ბარიერების გამო, როგორებიცაა ცენზურა, ინტერნეტზე წვდომის, პრესის თავისუფლების შეზღუდვა. ყოველივე ეს მოწოდებულ ინფორმაციას არასანდოს ხდის.
ინფორმაციის გავრცელების გასაანალიზებლად „გარდიანმა” (https://www.theguardian.com/uk) გადაწყვიტა, მეტი ყურადღება დაეთმო ინფორმაციის გეოგრაფიული გავრცელებისთვის. რედაქციის დაკვეთით გაანალიზდა ინფორმაციის გეოგრაფია სამი წლის განმავლობაში.
ეს „გარდიანის” მიერ 2010 წელს გაშუქებული ინფორმაციაა ქვეყნების მიხედვით:
ეს კი „გარდიანის” მიერ 2012 წელს გაშუქებული ქვეყნები და იქ მომხდარი მოვლენებია:
ასეთი შედარების შედეგად რედაქციას შეუძლია, აღმოფხვრას ინფორმაციის უთანაბრო გავრცელება, გაითვალისწინოს ეს მომავალი მუშაობის დაგეგმვისას. გარდა ამისა, ეს რუკები ძალიან კარგი რესურსია, რათა ვივარაუდოთ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში, რომელსაც რუკაზე ბუნებრივზე მეტი ფართობი უკავია, შფოთიანი, აქტიური წელი იყო. მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ზომა 2010 წელს მის ხშირ გაშუქებაზე მიუთითებს. სწორედ ამ წელიწადს აქ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. აშშ-ის 2012 წლის ზომა თითქოს ძნელი დასაკავშირებელია რომელიმე გამორჩეულ მოვლენასთან, თუმცა 2011-ში აშშ-ში გაიხსნა „გარდიანის” ამერიკული გამოცემა, რამაც მას ამ ქვეყნის უფრო მეტად დაფარვის საშუალება მისცა.
საქართველოში ინფორმაციის ბრუნვა ასე არ გაანალიზებულა, ეს კი ძალიან საინტერესო კვლევის საშუალებას იძლევა. მოსწავლეებს შეიძლება დავუნაწილოთ ტელეარხები, რომლებსაც ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან. ისინი ჩაინიშნავენ საინფორმაციო გადაცემაში გასულ სიუჟეტებს ქვეყნების მიხედვით და შეკრებილ მასალას კონტურულ რუკაზე გადაიტანენ. სიხშირეს სხვადასხვა ფერით აღნიშნავენ: ქვეყანას, რომლის შესახებაც სიუჟეტი ერთხელ გავიდა – ღია ფერით, რაც უფრო მეტჯერ გადაიცა ინფორმაცია – მით უფრო მუქად. ეს რუკის ლეგენდაში განიმარტება. ერთი კვირის შემდეგ გვექნება სურათი, როგორია ინფორმაციის დაფარვა ჩვენი საინფორმაციო საშუალებების მიერ.
ვფიქრობ, ამგვარი დავალების შესრულება საინტერესო შედეგს გამოიღებს: სწავლა უფრო მეტად დაუახლოვდება ყოველდღიურობას, გაიზრდება მოსწავლეთა ინფორმირებულობა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მოხდება ქვეყნების ლოკაციის გამეორება, მოსწავლეები უფრო მეტად განივითარებენ რუკის შექმნის უნარებს. არანაკლებ მნიშვნელოვანი შედეგი იქნება კომუნიკაციისა და კვლევითი უნარების განვითარებაც.
კონსტრუქტივისტულ პრინციპზე აგებული გეოგრაფიის გაკვეთილი გულისხმობს მოსწავლეთა აქტიურობას, რათა მათ შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი, ინტერპრეტაცია.
არსებობს მეთოდები, რომლებიც უფრო მეტ გააზრებას მოითხოვს. ერთ-ერთი მათგანია ჯიგსოუს ტექნიკა, რომელიც თანამშრომლობითი სწავლების კარგი საშუალებაა. ამ მეთოდს მოსწავლეები უკეთეს შედეგამდე მიჰყავს და თვითორგანიზებისა და პასუხისმგებლობის უნარებს უვითარებს. ასეთი გაკვეთილის ჩატარებისას შესაძლებელია, მასწავლებელი სახელმძღვანელოში მოცემულ რესურსებს გასცდეს და ინტერნეტსივრცეში არსებული ტექსტები და რუკები მოიშველიოს.
გთავაზობთ გეოგრაფიის გაკვეთილის ნიმუშს, რომელიც კონსტრუქტივისტულ პრინციპებზეა აგებული. ჯიგსოუს ტექნიკასთან ერთად მასწავლებელი ამ გაკვეთილზე პრობლემურ ლექციასაც იყენებს. ასეთი ლექცია იწყება ინფორმაციული და პრობლემური კითხვებით. კითხვები პრობლემურია, რადგან მოსწავლეთა პასუხები წინარე ცოდნაზე არ არის დამოკიდებული, ხდება მათი აზროვნების გააქტიურება. ტრადიციული ლექციისგან განსხვავებით, ამ დროს მოსწავლე პასიური მსმენელიდან აქტიურ მონაწილედ იქცევა. ყველა ერთად აყალიბებს ახალ ცნებებს, განიხილავს მოვლენებს, ადგენს მიზეზშედეგობრივ კავშირებს, რაც გაკვეთილს უფრო ცოცხალსა და საინტერესოს ხდის.
თემა: ურბანიზაცია
შედეგი: გეო.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ურბანიზაციის პროცესი.
გაკვეთილი იწყება პრობლემური ლექციით.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, გაიხსენონ მსოფლიოს ისტორიული ქალაქები და მათი წარმოშობის წინა პირობები, ჩამოთვალონ, რომელი მათგანი არსებობს დღესაც და რომელი – არა. პასუხები იწერება დაფაზე.
შემდეგ მოსწავლეები ადგენენ, რატომ არის, რომ ბრიტანული ქალაქი (მოსახლეობის რაოდენობით) უფრო პატარაა, ვიდრე ინდური სოფელი (განვიხილავთ საქართველოს მაგალითსაც). მოსწავლეთა მიერ გამოთქმული ქალაქის განსაზღვრის კრიტერიუმები იწერება დაფაზე. ხდება ქალაქის ცნების დეფინიცია, მნიშვნელობის განსაზღვრა.
ჯიგსოუს ტექნიკა, SWOT ანალიზი და სქემაზე მუშაობა. კლასი იყოფა ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ურიგდება ტექსტი – „ურბანიზაციის” ნაწილები და „ქალაქური პრობლემები”. ტექსტიდან გამომდინარე, დავალებები ნაწილდება შემდეგნაირად:
I ჯგუფი – შესავალი და რა არის ქალაქი;
II ჯგუფი – მომსახურების ინდუსტრია და მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქები;
III ჯგუფი – ბუნებრივი გაფართოება;
IV ჯგუფი – „აფეთქება” და მომავალი;
V ჯგუფი – ქალაქური პრობლემები.
ჯგუფები ამუშავებენ ტექსტს. შემდეგ იქმნება ახალი ჯგუფი ხუთივე ჯგუფის თითო წარმომადგენლისგან. ერთ მაგიდასთან თავმოყრილი „ექსპერტები” ჯგუფის დანარჩენ წევრებს აცნობენ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის იმ ნაწილს, რომელიც წინა ჯგუფში მუშაობისას დაამუშავეს, თანმიმდევრობით წარუდგენენ ახალ ჯგუფს თავიანთ მიერ მოპოვებულ მასალას (ჯერ ჰყვება I ჯგუფის „ექსპერტი”, შემდეგ – II ჯგუფისა და ა.შ.).
ამის შედეგად თითოეული ჯგუფი იღებს სრულ ინფორმაციას ურბანიზაციის შესახებ.
„ექსპერტთა” ჯგუფებს ეძლევათ დავალებები და კითხვები:
1) დადგინონ მსოფლიოს ყველაზე მეტად ურბანიზებული და ყველაზე ნაკლებად ურბანიზებული ქვეყნები;
2) ჩამოთვალონ ამ ქვეყნებში ურბანიზაციის ასეთი მაჩვენებლების არსებობის განმსაზღვრელი ფაქტორები.
რუკა. ურბანიზაციის დონე
შემდეგ მათ უნდა გააკეთონ SWOT ანალიზი.
მოსწავლეებმა ურბანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა დაადგინონ, განსაზღვრონ ის შესაძლებლობები და საფრთხე, რაც ურბანიზაციის პროცესს უკავშირდება. მათ უნდა შეავსონ SWOT ანალიზის სქემა ფორმატებზე.
ძლიერი მხარე | სუსტი მხარე |
საფრთხე | შესაძლებლობა |
დასასრულ, მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრება, როგორ გადააქციონ სუსტი მხარე ძლიერად, ხოლო საფრთხე – შესაძლებლობად.
პრეზენტაცია. ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ დავალებას, გამოტანილ დასკვნებს. პრეზენტაციის შემდეგ ყველა ერთად ადგენს საერთო SWOT ანალიზის სქემას და აყალიბებს საერთო მოსაზრებას, როგორ უნდა გადააქციონ სუსტი მხარე ძლიერად, ხოლო საფრთხე – შესაძლებლობად.
ტექსტი: ურბანიზაცია
ურბანიზაცია – ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და ურთიერთგანპირობებული სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების რთული შერწყმა, რაც გამოწვეულია ქალაქების მზარდი როლით საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ურბანიზაციის პროცესისთვის დამახასიათებელია ქალაქის მოსახლეობის სწრაფი ზრდა უპირატესად მიგრაციის ხარჯზე, ამიტომაც მის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებლად მიიჩნევა სტატისტიკური ზომა ქვეყნის მოსახლეობის წილისა, რომელიც ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს. ურბანიზაციისთვის დამახასიათებელია მოსახლეობის კონცენტრაცია ქალაქებში, რეგლამენტირებული ცხოვრების წესი, რომლისთვისაც ნიშნეულია ანონიმურობა და ფორმალური კავშირ-ურთიერთობები, შრომის რთული საზოგადოებრივი განაწილების საფუძველზე საქონლის წარმოების, მოხმარებისა და მომსახურების ინტენსიური ზრდა, ცხოვრების ქალაქური წესის სტანდარტების დაჩქარებული გადატანა სოფლად.
ქალაქი – მსხვილი დასახლებული პუნქტი, რომელიც ასრულებს სამრეწველო, სატრანსპორტო, სამეურნეო, კულტურული, პოლიტიკური, ადმინისტრაციული ორგანიზაციის ფუნქციებს. ქალაქის კატეგორია ადგილობრივი თავისებურებებით განისაზღვრება შემდეგი ნიშნების მიხედვით: მოსახლეობის რაოდენობა და საქმიანობა, დასახლებული პუნქტის ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა. ქალაქს ახასიათებს დასახლების დიდი სიმჭიდროვე და განაშენიანების კომპაქტურობა. ქალაქი წარმოიშვა ისტორიული განვითარების იმ საფეხურზე, როცა საზოგადოებაში მიმდინარეობდა შრომის საზოგადოებრივი განაწილებისა და სოციალური დიფერენციაციის პროცესები და ამის გამო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებული მოსახლეობის ძირითადი მასიდან გამოიყო სხვა სოციალური ჯგუფები (მმართველი კლასი, ხელოსნები, ვაჭრები და სხვა), რომელთა კონცენტრაციამ გარკვეულ დასახლებულ პუნქტებში ქალაქური ტიპის დასახლების გაჩენამდე მიგვიყვანა.
პირველი ქალაქები, როგორც ადმინისტრაციული და რელიგიური, ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრები, ძვ. წ. IV-III ათასწლეულში წარმოიშვა. ქალაქების შექმნამ დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების განვითარებაზე. ისინი იქცნენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და კულტურის განვითარების ორგანიზაციულ, კერძოდ, სამშენებლო საქმისა და არქიტექტურის განვითარების ცენტრად, ხელი შეუწყვეს ხელოსნობისა და ვაჭრობის (მათ შორის – საერთაშორისო ვაჭრობის) განვითარებას. აქ ჩაისახა სავაჭრო და სავახშო კაპიტალი. ქალაქის ხელოსნობასთან იყო დაკავშირებული ტექნიკის პროგრესი.
ტექსტი: „ქალაქური პრობლემები”
ქალაქში უამრავი პრობლემაა, რომლებიც მის ზრდასთან ერთად იმატებს. დიდი ქალაქებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის სისუფთავისა და ჯანსაღი კლიმატის, ტრანსპორტის განვითარებისა და სატრანსპორტო ნაკადების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დაკმაყოფილების ანუ ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნის, ასევე – კულტურული ფასეულობების შენარჩუნების პრობლემები.
ქალაქებში კლიმატური პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება მიმდებარე ტერიტორიების კლიმატური თავისებურებებისგან: მაღალია ჰაერის ტემპერატურა, განსხვავებულია ატმოსფეროს შემადგენლობა (მაღალია ნახშირორჟანგისა და მტვრის შემცველობა), იცის ხანგრძლივი და მკვრივი ნისლი. დიდი ქალაქები უდიდეს გავლენას ახდენენ ადგილობრივ კლიმატზე, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალური დათბობის პროცესში.
ქალაქების ზრდა მოითხოვს სოციალური, სატრანპორტო და კავშირგაბმულობის კომუნიკაციების თანადროულ განვითარებას, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელია ე. წ. „ახალი რისკები”, რომელთა შორის გამოირჩევა სოციალური კონფლიქტები. სხვადასხვა რასის, ეროვნების, რელიგიის ადამიანთა თავმოყრის ადგილებში ხშირია დაპირისპირება.
დიდ ქალაქებში ადმინისტრაციული, საქმიანი და ფინანსური ორგანიზაციები ძირითადად მის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული. მიწის სიძვირე მათ აიძულებს, ააშენონ მრავალსართულიანი ოფისები, რაც ქალაქის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნის.
ასეთი გაკვეთილი შეიძლება თავდაპირველად უფრო ხმაურიანი გამოვიდეს, მაგრამ შემდგომ, როცა მოწაფეებს ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბდებათ, ხმაურიც იკლებს. თუმცა მე, სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს „ხმაურიანი” გაკვეთილები.
ჩაის სამშობლო ჩინეთია. იგი სხვადასხვა დროს ფართოდ გავრცელდა, აზიის ქვეყნებში, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა. თუ ჩინეთში ჩაის კულტურა დაახლოებით 350 წელს დამკვიდრდა, იაპონიაში მის დამკვიდრებას თითქმის ნახევარი ათასწლეული მოუნდა – და მხოლოდ 805-810 წლებში გაჩნდა, კორეაში ის 828 წელს აღმოცენდა. შემდგომი პაუზა კი მთელი ათასი წელი გაგრძელდა. თუმცა მალე ჩაის კულტურა არა მარტო აზიის, არამედ ევროპის ქვეყანაშიც გამოჩნდა. 1824-1826 წლებში ჩაის გავრცელების მცდელობა იყო იავასა და სუმატრაზე – იმდროინდელ ჰოლანდიურ ინდოეთში; 1824-1825 წლებში – ვიეტნამში (ანნამე), 1813 წელს – საქართველოში, 1834 წელს – ინდოეთში, 1842 წელს ცეილონზე (შრი-ლანკა) და 1846 წელს – უნგრეთში. უნგრეთის გამოკლებით, ყველა ზემოთჩამოთვლილ ქვეყანაში მე-19 საუკუნის 70-80 -იანი წლებიდან იწყება ჩაის წარმოება. ამ დროისათვის ჩაი კიდევ ორ კონტინენტზე – აფრიკასა (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთი როდეზია – თანამედროვე ზიმბაბვე, აღმოსავლეთი აფრიკა) და სამხრეთ ამერიკაში (ბრაზილია) გამოჩნდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი მათ რიგებს სხვა ქვეყნებიც შეემატა: 1900 წელს ირანი, 1920 წელს – ბულგარეთი, 1920-1930 წლებში – რუანდა, ბურუნდი, კონგო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაი არა მხოლოდ სამხრეთ რაიონებში, არამედ ჩრდილოეთის რაიონებშიც გავრცელდა. მათ შორის, მაგალითად, ჩრდილლოეთ იტალიაში, სამხრეთ შვეიცარიაში, უკრაინის კარპატისპირეთში.
ჩაის გავრცელების არეალები
ჩაის გავრცელების საზღვრებად მიჩნეულია ჩ.გ. 48° და ს.გ. 32°-ებს შორის მოქცეული ტერიტორია. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ხელსაყრელი კლიმატური პირობებისა, ჩაის ბუჩქი მხოლოდ განსაკუთრებულ, განსაზღვრულ და ფართობით შედარებით პატარა ტერიტორიებზე ე.წ. ” ჩაის ლაქებზე” ხარობს. როგორც წესი, ასეთი ”ლაქები” მაღალმთიანი პლანტაციებია, რომლებიც ზ.დ-დან 1500-1700 მ. სიმაღლეზეა გაშენებული. ჩინეთში ასეთი ადგილებია იუნნანი და ფუძიანი, იაპონიაში – უჯი (კიოტოს პრეფექტურა), ინდოეთში – დარჯილინგი, ნილგირისი (მადრასის შტატი) და კაზარანგა (ზემო ასამი), შრი-ლანკაში – კუნძულის სამხრეთი ნაწილი. გავრცელების ფართობის მხრივ გამონაკლისს მხოლოდ ჩინეთი წარმოადგენს, სადაც ჩაი საკმაოდ ვრცელ ტერიტორიებზე იზრდება, თუმცა იგი აქაც ძირითადად ორ ადგილასაა ლოკალიზებული: დასავლეთ რაიონებში (23°-31° ჩ.გ.) ტიბეტის საზღვართან და აღმოსავლეთ რაიონებში (27°-32° ჩ.გ.) ზღვასთან ახლოს.
თანამდეროვე მსოფლიოში ჩაის წარმოება 30-ზე მეტ ქვეყანაში ხდება. ამავე დროს კიდევ დაახლოებით 10 ქვეყანაში ჩაის ბუჩქების გასავრცელებლად ტარდება ექსპერიმენტი. მათ შორისაა სამხრეთი ინგლისი, პორტუგალია, შვეიცარიის სამხრეთი, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, ანუ, ერთი შეხედვით, ჩაისთვის ”შეუსაბამო” ქვეყნებში.
და მაინც, როცა საუბარი ჩაის შეეხება, პირველად ჩინეთი გვახსენდება, რაც სავსებით მართებულია, რადგან ჩინეთი იყო და არის ჩაის მწარმოებელი უდიდესი ქვეყანა. ამასთან, იგი გამოირჩევა ჩაის, როგორც ფართო ასორტიმენტით, ისე მაღალი ხარისხით. ასევე აღსანიშნავია ინდოეთი და შრი-ლანკა, ხოლო მოგვიანებით მათ კენიაც დაემატა. თუ მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაის მსოფლიოს მხოლოდ ათამდე ქვეყანა აწარმოებდა, ამჟამად მათი რიცხვი 40-ს აჭარბებს. დღესდღეობით ჩაის უდიდესი მწარმოებელი ქვეყნებია: ჩინეთი, ინდოეთი, შრი-ლანკა, ინდონეზია, იაპონია, კენია, ტანზანია, კამერუნი, მალავი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ჩაი ასევე მოჰყავთ და აწარმოებენ ვიეტნამში, ბანგლადეშში, ნეპალში, მალაიზიაში, თურქეთში, ირანში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ბრაზილიაში, ეკვადორში, პერუსა და ავსტრალიაში.
მსოფლიოს სასურსათო ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში წელიწადში 3 მლნ. ტონა ჩაის აწარმოებენ. ამ მასიდან 1 მლნ. ტონაზე მეტი მსოფლიო ბაზარზე გავიდა. ამავე პერიოდში ჩაის უდიდესი იმპორტიორები იყვნენ ინგლისი, რუსეთი, აშშ, კანადა, უკრაინა. 2003 წლისთვის ჩაის წარმოება მსოფლიო მასშტაბით 3.21 მილიონ ტონას შეადგენდა, .2010 წელს კი წარმოებამ 4.52 მილიონ ტონას მიაღწია.
საქართველოში ჩაის შემოტანის სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, ჩაი საქართველოში გურიის მთავარმა მამია გურიელმა შემოიტანა. საქართველოში ჩაის, ციტრუსების და სურნელოვანი ვარდის ნერგების შემოტანა მამია გურიელმა მე–19 საუკუნის 10-იანი წლებიდან დაიწყო. 15 წლის განმავლობაში მან ციტრუსებისა და ჩაის ბუჩქების გაშენებით თავის მამულში შესანიშნავი ბაღნარი მოაწყო. თითქმის ათი წლის განმავლობაში მსხმოიარობის, მოსავლიანობის შეუფერხებელმა ფაქტმა ჩაის და ციტრუსების კულტივირების სტაბილური შესაძლებლობები დაადასტურა. საქართველოში ჩაის და სუბტროპიკული კულტურების სამრეწველო-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა მალე შენიშნეს და ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა მთელ იმპერიაში. მისი გაშენების არეალის გაფართოების შესაძლებლობების დადგენის მიზნით, რუსეთის მთავრობამ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში რამდენიმე ძვირადღირებული სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია დააფინანსა. მათი დადებითი დასკვნები საბოლოო ჯამში სოხუმის, ქუთაისის და სალხინოს ბაღების გაშენების სტიმული და საფუძველი გახდა. რუსეთი ვერ ეგუებოდა ადგილობრივ, ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობას. კავკასიაში თუ რამე პროგრესული ხდებოდა, მის გაკეთებას ვორონცოვს და რუს ჩინოვნიკებს აწერდნენ ან ვანდალურად ანადგურებდნენ. ასე მოექცნენ გურიელის ბოტანიკურ ბაღსაც, სადაც რუსეთ-თურქეთის (1854-56წწ.) ომის დროს სამხედროები ჩაასახლეს, რომლებმაც აჩეხეს და გაანადგურეს იგი.
მეორე ვერსიით, საქართველოში ჩაი პირველად 1847 წელს სოხუმის ბოტანიკურ ბაღში შემოიტანეს, საიდანაც ოზურგეთის საცდელ სადგურში გადაიტანეს. მოგვიანებით კი ჩაის ბუჩქები ზუგდიდში დ. დადიანის ბაღში და ოზურგეთის მაზრის სოფ. გორა-ბერეჟოულში, მიხა ერისთავის მამულში დარგეს. თავად მიხა ერისთავს ჩაის კულტურა პირველად ჩინეთში უნახავს, მისი ნაყენი დაუგემოვნებია და რადგან გურიის რეგიონის ჰავა, სადაც ის ცხოვრობდა, ძალიან ჰგავდა ჩინეთის სუბტროპიკულ კლიმატს, გადაწყვიტა ის საქართველოში შემოეტანა და გაეშენებინა. იმ პერიოდისათვის ჩინეთიდან ჩაის ნერგის ან თესლის გატანა სასტიკად აკრძალული იყო, ამიტომ თავადმა ჩაის თესლი გახვრეტილ ტროსტში ჩააწყო და საზღვარზე ისე გადმოიტანა. აქედან დაედო საფუძველი საქართველოში ჩაის კულტურის გავრცელებას. ცოტა მოგვიანებით თავადმა ერისთავმა 1864 წელს პირველად წაიღო ქართული ჩაის ნიმუში რუსეთში სანქტ–პეტერბურგის საერთაშორისო გამოფენაზე. 1899 წელს საფრანგეთში, პარიზის გამოფენაზე ქართული ჩაი დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ამ მაგალითმა აჩვენა, რომ ჩაის ბუჩქი, რომელიც საქართველოში გაიზარდა შეიძლებოდა გამხდარიყო უმაღლესი ხარისხის ნედლეულის მომცემი, როგორც მწვანე, ასევე შავი ბაიხის ჩაის დასამზადებლად.
დიდი მნიშვნელობა ქართულ ჩაის მე–20 საუკუნის 20–იან წლებში მიენიჭა. მაშინ ქვეყანაში მეჩაიეობის განვითარების მიზნით მიღებული იქნა სახელმწიფო პროგრამა. შეიქმნა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა კვლევითი ინსტიტუტი, სადაც გამოიყვანეს ახალი ჯიშები (ქართული 1, ქართული 2, კლონი, კოლხეთი), რომლებიც განუმეორებელი სინაზითა და არომატით გამოირჩეოდნენ.
საბჭოთა პერიოდში უზარმაზარ ქვეყანას აღნიშნული პროდუქტით საქართველო ამარაგებდა, პროდუქციის ხარისხის გაუარესების ხარჯზე გაიზარდა რაოდენობა, რასაც დამღუპველი შედეგი ჰქონდა როგორც ქართული ჩაის ავტორიტეტისთვის, ასევე მისი გემოსა და არომატისათვის.
ყველა მასწავლებლისათვის კარგადაა ცნობილი, რომ სწავლის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია – როგორ, რა ხერხებით, რის მეშვეობით შეგვიძლია შევასწავლოთ მოსწავლეს ეს შინაარსი, ანუ რა და რომელი მეთოდები, რა სახის რესურსები უნდა გამოვიყენოთ ამისათვის.