ოთხშაბათი, აგვისტო 20, 2025
20 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025

რატომ ნატურალური?

0
საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, როდესაც ყურძნის მოწევისა და ღვინის დაყენების დიდმა მასშტაბებმა აბსურდის სახე მიიღო, უკანა პლანზე გადაინაცვლა ძველი ქართული მეთოდით ქვევრში ღვინის დაყენების წესმა და, ე.წ. ინდუსტრიულმა ღვინომ მთლიანად გადაყლაპა ქართული ქვევრი, რომელსაც ღვინის დაყენება–შენახვა–დავარგების უნიკალური თვისებები გააჩნდა. მისი ადგილი კი ბევრად მარტივმა და ადვილად მოსავლელმა ჭურჭელმა დაიკავა, რამაც ერთიანად შეცვალა ქართული მეღვინეობა. როგორც მეღვინე – ტარიელ ტოკლიკაშვილი ამბობს – “ქვევრის მივიწყებამ, ქართულ მეღვინეობას საყრდენი გამოაცალა”.   
ეს მავნე ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდა და ბოლო წლების მანძილზე, საქართველოში კვლავ ბევრი მეღვინე თვლიდა, რომ ქვევრში ღვინის დაყენების წესი ღვინის დამზადების მოძველებული ხერხი იყო. ქვევრი ითვლებოდა სიბინძურის წყაროდ და რთულად მოსავლელ ჭურჭლად, რომელმაც ავტომატურად ვერ გაუძლო დროს და მისი მივიწყება სამართლიანი იყო. უკანასკნელ პერიოდში ქართული ღვინის ბიზნესში მომხდარმა ცვლილებებმა კი კიდევ ერთხელ დააფიქრა ქართველი მეღვინეები იმაზე, რომ ქვევრის მივიწყება ერთ–ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ქართული მეღვინეობისათვის. 
 
ბოლო სამი წელია, მკვეთრად იმატა ევროპიდან საქართველოში ქვევრის შესაძენად ჩამომსვლელი მეღვინეების რიცხვმა. ჩვენი ქვეყნიდან, ასეულობით  ქვევრი წაიღეს იტალიელმა, სლოვენიელმა, ხორვატმა, გერმანელმა და ფრანგმა მეღვინეებმა. განსაკუთრებულ ინტერესს მაინც იტალიელები იჩენენ. იტალიაში ვერონასა და ტოსკანას რეგიონებში უკვე გავიდა ბაზარზე ქართულ ქვევრში დაყენებული ღვინო, რომელთაც კონტრეტიკეტზე მითითებული აქვთ, რომ ღვინო”ქართულ ქვევრში” დააყენეს. ეს ყველაფერი კი ხდება მაშინ, როდესაც ქართული ღვინის კომპანიების დიდმა ნაწილმა ახლაღა ირწმუნა ქვევრის ღირსებები. არადა, სულ ცოტა ხნის წინ,  საქართველოში არსებობდა გაბატონებული აზრი, რომ ქართული ღვინის ევროპის ბაზარზე გასატანად თითქოს საჭიროა ღვინის, ე.წ. ევროპული წესით (ძირითადად კასრში, უკლერტოდ დადუღებული ღვინო) დაყენება, ხელოვნური საფუარების საშუალებით ღვინის არომატიზება და მხოლოდ ამის შემდეგ დაინტერესდებოდა ევროპა ქართული ღვინით. 
როგორც უკვე ვთქვით, ევროპელი მეღვინეები ქართული ქვევრისადმი განსაკუთრებულ დაინტერესებას გამოთქვამენ. ბევრი ევროპელი, საქართველოდან წაღებულ ქვევრში დაყენებული ღვინის ეტიკეტზე პატიოსნად უთითებს, რომ ღვინო ქართულ ქვევრშია დაყენებული. თუმცა მეღვინე სოლიკო ცაიშვილის თქმით, უკვე გამოჩნდნენ ისეთი ევროპელი მეღვინეები, რომლებიც გარკვეული მიზნებით თავს არიდებენ ქვევრის იდენტურობის მითითებას, რაც მომავალში შეიძლება მეტად ცუდ ტენდენციად იქცეს.
 
ევროპელების მხრიდან ქართული ღვინით დაინტერესება, ლოგიკური რამ გახლავთ. ქვევრი მართლაც რომ უნიკალური ჭურჭელია თავისი თვისებებით, რაც ევროპელების მახვილმა თვალმა ადვილად შენიშნა. ევროპაში, რა თქმა უნდა, არსებობს თიხის ჭურჭლის კეთების ტრადიცია, მაგრამ კლასიკურ ქართულ ქვევრს ანალოგი არ გააჩნია და, თითოეული გამონაკლისის გარდა, ქართული ქვევრის “ქართულობაზე” არავინ კამათობს. 
 
ევროპელების ქართული ქვევრით დაინტერესება ლოგიკური გაგრძელება იყო იმ ტენდენციისა, რაც დასავლეთში მიმდინარეობს. არიან ადამიანები, რომელთაც  სურთ, რომ მეღვინეობა ძველ ფესვებს დაუბრუნდეს, როდესაც ღვინო ბუნებრივი, ყოველგვარი “ალქიმიისაგან” თავისუფალი სასმელი იყო. სუფთა, ხარისხიან ღვინოს უკვე ყველგან აფასებენ და ხვდებიან, რომ ღვინოში ხელოვნური ჩარევები, როგორც წესი, ძალიან ცუდი საქციელია. ევროპელები კი ადვილად მიხვდნენ ქვევრის ღვინის ღირსებებს და ქართული ქვევრების ყიდვაც მასობრივად დაიწყეს, მაგრამ ამის დასაჯერებლად ყველაზე მეტი დრო ქართველებს დასჭირდათ.
თუმცა, არ უნდა იფიქროთ, რომ ყველა ევროპელი ჩვენზეა გადაყოლილი და ყველა ქართული ღვინის დიდი გულშემატკივარია. მაგალითად, არსებობს ერთ–ერთი იტალიელი მეღვინე, რომელმაც ღვინო საქართველოდან წაღებულ ქვევრში დააყენა, მაგრამ ქართული ქვევრის მითითებას ვინ ჩივის, ბოთლის ეტიკეტზე მის დაყენებულ ღვინოს ეწერა, რომ ღვინო თითქოს დაყენებული არის ძველი რომაული წესით, ძველ ჭურჭელ – ამფორაში. ამფორასა და ქვევრს შორის განსხვავება სპეციალისტებისათვის თვალსაჩინოა, მაგრამ რიგით მომხმარებელს ვერ მოსთხოვ იმის ცოდნას, რომ ამფორა და ქვევრი ისევე განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც ჯანსაღი და “ალქიმიკოსების” მიერ გაკეთებული ღვინო. 
 
სამი წლის წინ, შემოდგომაზე, საქართველოში ჩამოსული იყო ცნობილი ფრანგი სომელიე და ღვინის სპეციალისტი ქალი – იზაბელ ლეჟერონი. ლეჟერონს განსაკუთრებით აინტერესებდა ქართული ქვევრი და საქართველოში გადაღებული დოკუმენტური ფილმი – “საქართველო ღვინის აკვანიც”, უმეტესად სწორედ ქვევრში დაყენებულ ქართულ ღვინოს და ბიომეღვინეებს მიუძღვნა. იზაბელ ლეჟერნს დიდი დაინტერესება არ გამოუთქვამს კასრებში, ან სხვა ტიპის ჭურჭელში დაყენებული ღვინისადმი, რამაც საქართველოში ბევრის გულისწყრომა გამოიწვია. მის მიერ გადაღებული ფილმის პრეზენტაციაზე წარსადგენად კი ლეჟერონმა საქართველოდან მხოლოდ და მხოლოდ ქვევრის ღვინო მოითხოვა. ამ საკითხში იზაბელ ლეჟერონი იმდენად შეუვალი აღმოჩნდა, რომ მას გადაწყვეტილი აქვს, ფილმის პრეზენტაციაზე მისულ მსოფლიო მეღვინეობის ცნობილ წარმომადგენლებს მხოლოდ და მხოლოდ ქვევრის ღვინით გაუმასპინძლდეს და არ სურს ისეთი ქვევრის ღვინოც კი, რომელიც ქვევრიდან ამოღების შემდეგ, თუნდაც ერთი თვე ინახებოდა უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში ან კასრში.  
 
ევროპელი მეღვინეებისა და ღვინის სპეციალისტების მხრიდან ქართული ქვევრით დაინტერესებამ, გარკვეული ზეგავლენა უკვე იქონია ქართულ ღვინის ბიზნესზე. რამდენიმე კომპანიამ, მაგალითად: კომპანია “ხარებამ”, “თელავის ღვინის მარანმა” და “ბადაგონმა” ხელი საფუძვლიანად მოჰკიდა ქვევრის ღვინოზე ერთბაშად თუ არა, ეტაპობრივად მაინც გადასვლის საქმეს. “ბადაგონმა” თავისი დაქვემდებარების ქვეშ მოაქცია ალავერდის მონასტრის მარანი, სადაც ალავერდელი მიტროპოლიტის – მეუფე დავითის უშუალო ზედამხედველობით, ადგილობრივი ბერები უკვე 6 წელია რაც ტრადიციული კახური წესით ქვევრში აყენებენ რქაწითელს, კახურ მწვანესა და საფერავს (კუპაჟური ვარიაციებითურთ) და ამ წამოწყებას ევროპაში გამართულ სხვადასხვა ღვინის კონკურსებზე უკვე მოჰყვა გარკვეული აღიარება. 
თავის მარნებში რამდენიმე ასეული ქვევრი უკვე ჩაყარა კომპანია “ხარებამაც” და მომავალში კიდევ იგეგმება ქვევრების შესყიდვა. “კასრის ძილისაგან” თანდათან ფხიზლდებიან სხვა კომპანიებიც. თუმცა კვლავ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის საკითხი, რამდენად იქნება ხარისხიანი და ჯანსაღი  ქვევრში იმ მეღვინეების მიერ დაყენებული ღვინოები, რომლებიც ხშირად წლების მანძილზე “ანტიქვევრისტებად” გვევლინებოდნენ.
 
მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, საქართველოში თითქმის ყველა თანხმდება, რომ ევროპელი მეღვინეების მიერ ქართული (იგულისხმება როგორც კახური, ასევე იმერული, ჭურის ტიპის ქვევრები) ქვევრებით დაინტერესება მეტად დადებითი მოვლენაა და მომავალში შესაძლოა ბევრი დადებითი ტენდენციის წინაპირობაც გახდეს. ახლა ყველაფერი ქვევრის ქართველ სპეციალისტებზე, მევენახეებსა და მეღვინეებზეა დამოკიდებული. იმედია, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ამ შანსს მაინც გამოვიყენებთ სათანადოდ. 

რატომ მიყვარს მარგალიტა

0

არც ისე ძველი ამბავია – ბებიაჩემ მარგალიტას მოუწია სამკურნალოდ თბილისში ჩამოსვლა რამდენიმე კვირით. ყოველდღიურად რთული სამედიცინო პროცედურების გადატანა უწევდა, გუნება-განწყობაც უფუჭდებოდა და ხალისიან, მხიარულ და ენაწყლიან ქალს თავისი უგუნებობით ვინმე რომ არ შეეწუხებინა, დიდხანს იკეტებოდა ხოლმე ოთახში.

სამსახურიდან გვიან ვბრუნდებოდი და დაღლილ-დაქანცული მხოლოდ რამდენიმე სიტყვის გაცვლას ვასწრებდი ბებიასთან: ვახშმის შემდეგ ადგებოდა და საძინებლისკენ გასწევდა, რომ ძილისთვის მიენდო ტკივილიც, სევდაც და დაღლილობაც, თვითონ კი ისევ დილისთვის შემზადებულიყო.

ერთხელ გადავწყვიტე რაღაც მომეფიქრებინა, ბებიაჩემი რომ ცოტა ხნით მაინც გამომეყვანა ამ დამთრგუნული პროცედურისგან და ვუთხარი, – მარგო, სადმე წავიდეთ, თუ გინდა, თეატრში წაგიყვან-მეთქი. და თვალწინ დამიდგა რამდენიმე კვირის წინ ნანახი „მოხუცი ჯამბაზები” – ბრწყინვალე სპექტაკლი საუკეთესო მსახიობების შესრულებით. მახსოვს, კარგა ხანს ვყვებოდი იმ შთაბეჭდილებებს, რაც კახი კავსაძისა და ჯემალ ღაღანიძის შეუდარებელი შესრულების ნახვისას დამეუფლა. მინდოდა, ბევრს ენახა, მონაყოლითა და ტელეეკრანზე დროდადრო გამკრთალი კადრებით კი არა, საკუთარი თვალით, ცოცხლად ენახა ეს ყველაფერი.

და ის იყო, გავიფიქრე, ბებიაჩემიც დაყოლიებული მყავს-მეთქი, მოკლედ მომიჭრა მარგალიტამ:

– თიშ ჯინაშა ტუტუშ ძირაფა ქომსხუნ, ბები (მაგის ყურებას ტუტუს ნახვა მირჩევნიაო), – მითხრა და დავრწმუნდი, რომ ტკივილამდე ენატრებოდა სოფელი და თავისი სახლი. ის ტუტუც, სოფლის მეწისქვილე, რომელიც მისი ყოველდღიური ყოფის აუცილებელი ნაწილი იყო აგერ უკვე რამდენი ხანია. შვილიშვილი ხომ უყვარდა და მისი ხათრიც ჰქონდა, მაგრამ სოფელზე ფიქრს თეატრში ნანახი სპექტაკლი ვერ გაუქარვებდა, ამიტომ მიკიბვ-მოკიბვა არც უცდია, რასაც ფიქრობდა, პირდაპირ მითხრა.

იმ დღიდან, დღე არ გავა, ეს ამბავი არ გამახსენდეს, და ყოველთვის იმ აზრამდე მივდივარ, რომ რაც არ უნდა სიტკბო-სიამტკბილობასა და ფერებაში იყოს სხვაგან, მშობლიური სახლი მაინც თავისკენ ეზიდება ადამიანს; სულ რომ ლეგენდები და ხელოვნების ნიმუშები დაუყენო თვალწინ, შეჩვეული და შეთვისებული მეწისქვილის მონატრება უფრო გაუღვიძებს სიცოცხლის აზრსა და ხალისს, რადგან ჩვეულებრივი, ცოცხალი ადამიანის უფრო სჯერა, ვიდრე სცენაზე განსახიერებული როლების.

– თიშ ჯინაშა ტუტუშ ძირაფა ქომსხუნ, ბები, – თქვა და გულიანად გაიცინა ბებიაჩემმა.

ჰოდა, ამიტომაც მიყვარს მარგალიტა.

პედაგოგის პროფესიის ხიბლი

0
ვფიქრობ, ამ სტატიის სახელწოდების წაკითხვისას ბევრს მწარედ გაეღიმება, ზოგი ალბათ გაბრაზდება, ბევრმა შეიძლება საერთოდ გვერდზე გადადოს. თითოეული ამ ადამიანის ქმედება ჩემთვის გასაგებია და ნამდვილად არ არის საფუძველს მოკლებული. მართლაცდა რომელ ხიბლზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როდესაც პედაგოგის პროფესიის პრესტიჟულობა წლითიწლობით დაბლა ეცემა და ჩვენი სკოლების კურსდამთავრებულთა შორის ძნელად თუ მოიძებნება ისეთი ახლგაზრდა, რომელიც თავის მომავალ საქმიანობას მასწავლებლობას დაუკავშირებდა. ერთხელ, როდესაც უფროსკლასელებს, მათი ინტერესების, ღირებულებების და დამოკიდებულებების შესასწავლად, დაუსრულებელი წინადადებების ჩამონათვალი შევთავაზე და ვთხოვე დაესრულებინათ, საინტერესო და ყურადსაღებ ფაქტს წავაწყდი. ერთ-ერთ დაუმთავრებელ წინადადებას, კერძოდ „მე რომ მასწავლებელი ვიყო…..”, ისინი ასე აგრძელებდნენ: „ღმერთმა დამიფაროს”! „არავითარ შემთხვევაში”! „აზრადაც არ გავივლებ”! „არასოდეს მიფიქრია ამაზე”; „მასწავლებლად არასოდეს ვიმუშავებ”; „ეს პროფესია არ მომწონს” და ა.შ.

პედაგოგობა არცერთ ეპოქაში, არასდროს ყოფილა ადვილი და ის ყოველთვის საკმაოდ რთულ და საპასუხისმგებლო პროფესიათა რიგში მოიაზრებოდა. განსხვავებით სხვა პროფესიის ადამიანებისაგან, პედაგოგი თავის სამუშაოს სკოლიდან გასვლის შემდეგაც აგრძელებს – მეორე დღეს ჩასატარებელი გაკვეთილებისთვის მომზადება, მოსწავლეთა ნამუშევრების გასწორება-გაანალიზება, დამატებითი სასწავლო რესურსების მოძიება-მომზადება და ა.შ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღევანდელი მიზერული ანაზღაურების პირობებში მომუშავე პედაგოგი საკუთარი თავისა და ოჯახის სარჩენად, მუდმივად დამატებითი შემოსავლების ძიებაშია და იძულებული ხდება, სამსახურის შემდეგ სხვა საქმითაც დაკავდეს, ადვილი წარმოსადგენი იქნება, თუ რა მდგომარეობაში, რა განწყობით შეიძლება შედიოდეს ის გაკვეთილზე. ნერვებდაწყვეტილი, ათასგვარი სოციალურ-ეკონომიური პრობლემებით დამძიმებული პედაგოგი, ხშირად გაკვეთილის ჩატარების პროცესში იმაზე ფიქრობს, თუ როგორ მოასწროს, მთელი დღის განმავლობაში, ყველა საქმის გაკეთება ისე, რომ საყვედური არავისგან დაიმსახუროს. ასეთ პირობებში ძნელია მოვთხოვოთ მასწავლებელს, რომ ის ყოველდღიურად იღრმავებდეს თავის ცოდნას, საგანგებოდ მომზადებული და ხალისიანი შედიოდეს გაკვეთილზე. ეს მაშინ, როცა ყოველი მოსწავლისათვის იდეალი მცოდნე, განათლებული, მხიარული, მოღიმარი, ხალისიანი მასწავლებელია.

იმისათვის, რომ საკუთარი შემოსავალი როგორმე საარსებო მინიმუმს გაუთანაბროს, სკოლაში მომუშავე მასწავლებელი შესაძლებლობის შემთხვევაში მაქსიმალურად იტვირთება და არცთუ იშვიათად დღეში 6-7 გაკვეთილს ატარებს. ასეთი დატვირთვის პირობებში მომუშავე პედაგოგი, როგორც წესი, დროს ვერ პოულობს, რომ გაუზიაროს თავის კოლეგას საკუთარი შეხედულებები, მოისმინოს მისი აზრი, იკამათონ, იმსჯელონ რაიმე საკითხზე. მასწავლებელთა შორის ასეთი ხასიათის ურთიერთობის დეფიციტს იწვევს არა მხოლოდ სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობით გადატვირთვა, არამედ ზემდგომი ორგანოებისგან მიწოდებული ბევრი ისეთი დოკუმენტის წარმოება, რომელიც თითქოს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მისი შემაფერხებელი ხდება. რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთი პედაგოგი თავის წუხილსა და გულისტკივილს ვერ მალავდა: „ჩვენი მასწავლებლები ისე არიან დაკავებული სხვადასხვა ცხრილების და სქემების შევსებით, რომ ბავშვებზე და გაკვეთილებზე საფიქრალად უკვე დრო აღარ რჩებათ”. გადატვირთვა უარყოფითად მოქმედებს, როგორც პედაგოგთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე (დაუკმაყოფილებლობა მუშაობის შედეგებით, შფოთიანობა), ასევე ჩვენი პედაგოგიური საზოგადოების ხარისხობრივ შემადგენლობაზე. დღევანდელ პირობებში, მცირე ანაზღაურების და დიდი დატვირთვის გამო, ძალიან ბევრ კარგ სპეციალისტს აღარ სურს სკოლაში მუშაობა და სხვა სამსახურის ძიებაშია. გადატვირთვასთან არის დაკავშირებული პედაგოგთა გავრცელებული „დაავადება” – ვიწროპროფესიულ ინტერესებში ჩაკეტვა, რამდენადაც სხვა ინტერესების დასაკმაყოფილებლად დრო არ ჰყოფნით. ხშირად ხდება, რომ სადაც არ უნდა შეიკრიბონ მასწავლებლები, ისინი მხოლოდ სკოლაზე და ბავშვებზე ლაპარაკობენ, იმიტომ ხომ არა, რომ სკოლა შთანთქავს მთელ მათ დროს და არაფერს უტოვებს გართობისა და პიროვნული განვითარებისათვის? ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს მასწავლებლებს, სკოლისა და ბავშვების გარდა, სხვა სალაპარაკო თემა არც კი აქვთ. ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი და ამასთან ყველაზე სერიოზული მიზეზი ბავშვების ის დიდი სიყვარულია, რომელიც მასწავლებელს სკოლის დატოვების საშუალებას არ აძლევს. რამდენიმე დღის წინ ავტობუსში ორი ქალბატონი ამოვიდა. სკამებზე დაჯდომისთანავე მათ დაიწყეს საუბარი და მთელი გზა არ გაჩერებულან. მათი საუბრის ერთადერთი თემა სკოლა და მოსწავლეები იყო. ისინი პედაგოგები აღმოჩნდნენ და საუბრობდნენ არა საკუთარი შვილების, არამედ სადამრიგებლო კლასების მოსწავლეების შესახებ. ამასთან, საუბრობდნენ ისე ემოციურად, ისეთი გულისტკივილით და ამასთან ისეთი კეთილგანწყობით და თანაგრძნობით ბავშვების მიმართ, რომ შეუძლებელი იყო მათ მიმართ გულგრილი დარჩენილიყავით. ვუყურებდი და ვუსმენდი საკუთარი მოსწავლეების გულშემატკივარ ამ ორ პედაგოგს და ვფიქრობდი – ნეტა ამ ბავშვების მშობლებიც თუ ასე აანალიზებენ საკუთარი შვილების ქცევას და ასე კარგად თუ იცნობენ მათ, როგორც ეს ადამიანები-მეთქი. ვფიქრობ, სწორედ ბავშვების დიდ სიყვარულს უკავშირდება პედაგოგის პროფესიის ის ხიბლი, რომელიც მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას, უამრავი სირთულის მიუხედავად, თავის პროფესიაზე უარს ვერ ათქმევინებს. ბავშვის სახით პედაგოგს ისეთ დიდ სიწმინდესთან და სისუფთავესთან აქვს ურთიერთობა, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი მოისურვებდა განეცადა ის, რასაც ბევრი მასწავლებელი განიცდის ამ სიწმინდესთან შეხებისას. ამასთან, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით მეტია მასში ეს სიწმინდე და სისუფთავე. ერთხელ მეცხრეკლასელებთან დისკუსიისას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო მოსაზრებების მოსმენის საშუალება მომეცა. ჩვენი საუბარი ადამიანის ხასიათის თვისებებს შეეხებოდა. მას შემდეგ, რაც მათი მოსაზრებები დაფაზე დაფიქსირდა და თვალი გადავავლეთ ჩანაწერს, სადაც ყველაზე მოწონებად თვისებებს შორის მოხვდა: გულწრფელობა, პირდაპირობა, უშუალობა, ბუნებრიობა, ინდივიდუალურობა, მე მათ მივმართე შეკითხვით: „როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ეს თვისებები, რაც თქვენ ასე მოგწონთ, ბავშვებში უფრო მეტად გვხვდება, ვიდრე მოზრდილ ადამიანებში?” ნიკამ ჩემს შეკითხვას საინტერესო პასუხი გასცა – „ამაში გასაკვირი არაფერია. ბავშვი, რომელიც პირდაპირობით და გულწრფელობით ხასიათდება, დროთა განმავლობაში ხვდება, რომ ამ თვისებებს მისთვის მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია, ვინაიდან საკუთარ ქცევასთან დაკავშირებით უფროსებისათვის პირდაპირი და გულწრფელი ინფორმაციის მიწოდების გამო, მათ მიერ ის ისჯება. ამასთან ერთად, ის იმასაც ხვდება, რომ არც ინდივიდუალურობაა მისთვის დიდი სიკეთის მომტანი, რადგანაც ეს თვისებაც ურთულებს მას გარშემომყოფებთან ურთიერთობას. ადამიანებს უჭირთ განსხვავებულის მიღება და ატანა, ისინი მას მაშინვე არანორმალურად შერაცხავენ ხოლმე. ამიტომ, გართულებების თავიდან ასაცილებლად, ასაკის მატებასთან ერთად, ბავშვს ურჩევნია იყოს ისეთი, როგორიც ყველა სხვა ადამიანია; მოიქცეს ისე, როგორც ყველა იქცევა და ამგვარად ის ინდივიდუალურობასაც კარგავს”. ვფიქრობ, მეცხრეკლასელი ნიკას სიტყვები უფროსებისთვისაც საყურადღებო და დამაფიქრებელია. ღმერთს ბავშვები ანგელოზებად მოჰყავს დედამიწაზე. უფროსები, ჩვენი არასწორი დამოკიდებულებით მათ ამ ანგელოზისებურ ბუნებას ვუკარგავთ და ისეთ ადამიანებად ვაქცევთ, რომლებიც უკვე ჩვენ თვითონ აღარ მოგვწონს და ვეჩხუბებით, თუ რატომ არიან ისინი ასეთები. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბავშვის გულწრფელობის, პირდაპირობის, ბუნებრიობის, ინდივიდუალურობის ადეკვატურად მიღება მხოლოდ ამ თვისებების მატარებელ ადამიანს შეუძლია. ადამიანი, რომელსაც ეშინია და გაურბის საკუთარი პოზიციის პირდაპირ და ღიად დაფიქსირებას, რომელიც მოკლებულია ინდივიდუალურობას, გულწრფელობას, ვერასოდეს იქნება შემწყნარებელი იმის მიმართ, ვინც უშიშრად და თავისუფლად აფიქსირებს საკუთარ აზრს. უფრო მეტიც, ყალბი, ინდივიდუალურობას მოკლებული, მშიშარა და მხდალი ადამიანისთვის დამთრგუნველია გულწრფელი, პირდაპირი, ღია, გახსნილი, დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნება და ის ყველანაირად შეეცდება მასში ამ თვისებების ჩახშობას, მით უმეტეს, თუ თავისი სოციალური მდგომარეობა და სტატუსიც შეუწყობს ხელს ამაში.

ჩვენი სკოლის უმთავრესი მიზანი დამოუკიდებლად და კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებაა, პიროვნების, რომელსაც ექნება საკუთარი პოზიციის ღიად გამოხატვის, არგუმენტირებული მსჯელობის, ანალიზის და შეფასების უნარი. თუმცა იმისათვის, რომ ბავშვებში აღნიშნული უნარების ჩამოყალიბების ხელშემწყობი გავხდეთ, ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ ამ უნარების მატარებელი. დათრგუნული, დაშინებული, შეურაცხყოფილი ადამიანი დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნებას ვერასოდეს აღზრდის. ამდენად პედაგოგებზე ზრუნვა, მათთვის კომფორტული, მშვიდი საყოფაცხოვრებო და სამუშაო გარემოს შექმნა, მათი ავტორიტეტის ამაღლებაზე ზრუნვა ჯანსაღი ფსიქიკის და ღირსეული მომავალი თაობის აღზრდის სერიოზული გარანტი იქნება.

ჩვენ გვქვია შავ-თეთრი

0
სულ სხვა საქმეა: აი, თოვლის მერე რომ იწვიმებს… მიწა და ფიფქი რომ აირევა, წყალი და ტალახი… ბაცი მზე და შემორჩენილი სუსხი ანუ სითბო და სიცივენახევარი… შინ – „კერასინკა” ან შეშის ღუმელი, ფერდამფრთხალი ნაკვერჩხალი… მძინარე მაცივარზე – რამდენიმე „ნაკლეიკა”: რემბო ან Loves Is… ელნათურა როგორც მოულოდნელი სიხარული, ადგილი, საითაც სულ თვალი გიჭირავს და როცა დაგეღლება, მაშინ ინთება… ჭერში შემოწყობილი იმედები… ძილი, ძილი, ძილი… დაძინებამდე შეიძლება აკუმულატორს მიერთებულ პატარა ტელევიზორში „პესნია 95″-ის მეათასედ ცქერა, ან „მარიანა”, ან „მდიდრებიც ტირიან”. და ღარიბები? ეჰ. დაძინებამდე შეიძლება ავტომატის კაკანიც მოისმინოთ, კივილი. „დააყაჩაღეს”. ხვალ ინგლისურის გაკვეთილი გაქვს – ტროლებუსი თუ არ იქნა, ფეხით გადაჭრი ამა და ამ ქუჩას, მიხვალ – დაგხვდება მხრებზე შალმოსხმული ქალი „ბონქითა” და თერმოსში ჩაით. ჰოდა, ჯობს, დაიძინო.

 

ხომ არის მდგომარეობა, რომელიც თავისით ირქმევს სახელს, თითქოს გაძალებს… ჰოდა, ამ ამინდს და დროს, რომანების წერა რომ შესძლებოდა, უსათუოდ უწოდებდა: „მე მქვია შავ-თეთრი”.

აი თოვლის მერე რომ იწვიმებს… მიწა და ფიფქი რომ აირევა.

ეს დრო გამოვიარეთ – მისი შვილები ვართ. როგორ არა, სხვა ფერებიც იყო, ვხედავდით, მაგრამ თითქოს კადრს მიღმა, ფოკუსისგან შორს – შენც რომ არ იმჩნევ, შემჩნევის რომ გეშინია. ამდენი ომი უკვალოდ არ ჩაივლის – გინდა, თვალი მოატყუე. ომს ვინ ამბობს – ის სახალმძღვანელოებიც, სადაც შენი წინამორბედი მოსწავლისგან საგანგებოდ გადმოცემულ წიგნში საგანგებოდაა გადახაზული ლენინი და ტელმანი – თითქოს ასე უნდა დამდგარიყო ახალი. „შავ-თეთრი” უკვე სისხლში იყო. თვითონ სისხლი თუ არა.

ვიღაც თავს წირავდა, ანუ ხელოვნებისთვის ეცელათ, მაგრამ…

„ოცნებები, რომლებიც ვერ ავიხდინეთ, ჩვენში იხრწნება და სამუდამოდ გვშხამავს”, – თქვა ერთხელ უაილდმა. დაკარგულ თაობას ვერახდენილი სურვილების თაობასაც უწოდებენ. არავინ იცის, ზუსტია თუ არა ამგვარი შეფასება, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ აუსრულებელმა, უფრო სწორად, გაუმხელელმა ოცნებებმა დღევანდელ სახელოვნებო სივრცეს საკუთარი დაღი დააჩნია. 90-იანი წლების არტი, ქართული რეალობისთვის უჩვეულო პერფორმანსები, გამოფენები ოდნავ პროვოკაციული ჟესტებით და სოციალური მესიჯებით. ქარის წისქვილებთან ბრძოლა ისეთ მხარეში, სადაც ამგვარი წისქვილები არც კია.

ამიტომაც არის, რომ აღქმის უნარი დავკარგეთ – უცებ რომ შევეჯეხეთ, ჭრელი აღვიქვით და არა ფერადი. ჭრელი და ფერადი სრულიად სხვადასხვაა.

შევძლებთ კი ოდესმე გარჩევას?

ვინ იცის…

მიწასთან დაბრუნების გაკვეთილი

0
დიდი ხანია პროფესია მასწავლებელი საკლასო ოთახში დაფასთან ასვეტილი სათვალიანი დიქტატორის ხატს გასცდა და საკუთარი თავის ძიების პროცესში მრავალი საინტერესო ამპლუით წარსდგა ჩვენ წინაშე. სასკოლო რეალობაში დამკვიდრებულმა თამაშით სწავლების მეთოდმა აუცილებელი გახადა ორატორის როლიდან გამოსვლა და სასცენო ხელოვნების ნიჭის დახვეწა. სხვა საგნების რა მოგახსენოთ და  ქართული ენის გაკვეთილზე ამა თუ იმ ტექსტის ახალბედა მკითხველებამდე სათანადო ემოციით მიტანასა და თანაგანცდის გამოწვევას მართლაც სჭირდება  ,,როლში შესვლა”.

მალე წელიწადის ყველაზე ბარაქიანი სეზონი კარს გაიხურავს და ბუნებაც გაყუჩდება. მაგრამ ვიდრე  ,,შემოდგომის უღელს მზე ხარივით უბია”, მასწავლებელსაც სურს  საკუთარ მოსავალს გაუსინჯოს გემო. ქართული ენის სახელმძღვანელოში ნამდვილად მოიძებნება ტექსტები, რომელიც მიწასთან დაბრუნების საშუალებას გაძლევს,  მაგრამ  მაინც გრჩება განცდა, რომ ქართული შემოდგომის  შესაფერის მოსავალს  თოხის ერთი დაკვრით ვერ აიღებ. ან როგორ უნდა  ახსნა  ვენახის, ყანისა და გუთანი ხარის ,,გადამეტებული სიყვარული” ?!  ე.წ. ასფალტის თაობისთვის ხომ  პური ყოველდღიური მენიუს შემადგენელი ნაწილია, ყურძენი კი –  მხოლოდ  ხილი. მიწიდან ამოჯეჯილებული თავთუხის ხოდაბუნებისა და საწნახელში ჩაჭყლეტილი შემოდგომის  სურნელი  მათთვის ისეთივე უცხოა, როგორც  შორეულ წინაპართა მიერ მიტოვებული კერია პატარა სოფლის ორღობეში.
,,შენ ხარ ვენახი”

წარმოიდგინეთ ორ ჯგუფად გაყოფილი კლასი. მოსწავლეთა ერთი ნაწილი რთველს გამართავს, მეორე ,,კევრს დააბზრიალებს”. იქვე, ტაბლაზე თონის პური და ყურძნის ჯაგანი დევს – გაკვეთილის დასასრულს ,,მოსავლის” დაგემოვნების დროც დადგება…

ქართული ზეპირსიტყვიერების საგანძურში მრავლად მოიძებნება ლექსი, რომელიც ხოტბას ასხამს ვაზს, როგორც გამორჩეულ მცენარეს და მისი ნაყოფის  წვენს ღვთაებრივ სასმელად მიიჩნევს. 

ადვილი არაა, თანამედროვე ბავშვს დააჯერო, რომ ვაზი ,,შვილივით ნაზარდია”, რადგან მას არც ყინვისგან დამზრალი ვენახი უნახავს და არც დასეტყვილი მოსავალი გამოუგლოვია.  მსგავსი  დანაკარგის მწარე გემოს მხოლოდ მიწის მსახური თუ იგრძნობს. თანაგანცდის გამოსაწვევად აუცილებელი არაა თოხის ხელში დაჭერა, მაგრამ ის მაინც უნდა იცოდე, რომ ,,მერცხლის ბუდესავით შეკრული მტევანი”  ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში მოდის და მის გარეშე ვერც ჭკვიანი დაბრძენდება და ვერც ,,რეგვენი წამოჩხუბდება”.

ბავშვებს მოსწონთ ნამდვილი ამბები და სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას  თავგადასავალში, რომელიც უხსოვარ დროს დაიწყო და ჯერ კიდევ გრძელდება. ღვინის ისტორია სწორედ ასეთი თავგადასავალია:
პირველად  ყურძნის მოშენება ეგვიპტეში დაუწყიათ. თავიდან ღვინის მოხმარება  შეზღუდული ყოფილა, მას ძირითადად  რელიგიურ დღესასწაულებზე მხოლოდ დიდგვაროვნები სვამდნენ.  

ბერძნების  გაუზავებელ ღვინოში ჩამბალი ქერის პურით საუზმობდნენ. სტუმრები საერთო ჯამიდან სვამდნენ არომატიზირებულ (თაფლით, დარიჩინით, პიტნით…) ღვინოს.  ვახშმის დასასრულ კი იმართებოდა  სიმპოზიუმი  (თანაწამოწოლა),  რომელშიც მხოლოდ მამაკაცები მონაწილეობდნენ. ისინი ჭამდნენ ხმელ ხილსა და ცოტა პურს, მაგრამ ღვინოს კი შეუზღუდავად მიირთმევდნენ. 
ღვინის, როგორც ღვთაებრივი სასმელისადმი თაყვანისცემა დიონისეს (ბახუსის) კულტმაც გაამყარა. მისი დაგემოვნების უფლება, ეგვიპტელების მსგავსად, მხოლოდ ბერძენ და რომაელ დიდგვაროვნებს ჰქონდათ, მათი მონები და ჯარისკაცები კი უვარგისი ღვინის, ძმრისა და წყლის ნარევს სვამდნენ. 

საგულისხმოა, რომ რომაელები სქელ ღვინოს ყოველთვის წყლით აზავებდნენ, რადგან სუფთა სახით მისი მიღება ბარბაროსობად  ითვლებოდა. მათრობელა სითხის დალევა მხოლოდ ოცდაათ წელს გადაცილებულ მამაკაცებს შეეძლოთ,  ქალებს კი  მისი მიღება სასტიკად ეკრძალებოდათ.

იმ უძველეს ქვეყნებს შორის, რომლებმაც ვაზის კულტურა დახვეწეს და ჩვენამდე მოიტანეს, საფრანგეთსაც მოიხსენებენ. ამ ქვეყანაში პირველი ვენახის ბაღები ჩვენს ერამდე 600 წელს გაშენებულა. გალები ღვთაებრივი სასმელისადმი უსაზღვრო სიყვარულით გამოირჩეოდნენ,  ,,მონასაც კი გაცვლიდნენ ერთ ამფორა ღვინოზე”.
ვაზი რელიგიური თვალსაზრისით დღემდე მნიშვნელოვან მცენარედ ითვლება. გავიხსენოთ წმინდა ნინოს ვაზის ლერწისგან შეკრული ჯვარი. ამასთან, მორწმუნეთა ზიარება დღემდე  პურითა და ღვინით ხდება.  ამ უჩვეულო მცენარეზე  ბევრი ლექსი და საგალობელი დაწერილა.

ბავშვებს ყველაზე მეტად ლეგენდების მოსმენა უყვართ.  ქართული ზეპირსიტყვიერების საგანძურში ღვინოზე  რამდენიმე საინტერესო თქმულება მოიძებნება.  ,,ვაზის ჯგუფის” გამოსვლასაც  ერთ-ერთი მათგანით დავასრულებდი: 

,,ღმერთი დედამიწაზე დაეძებდა ისეთ ადგილს, სადაც ვაზი უნდა გაეშენებინა და არჩევანი იმ მიწაზე შეაჩერა, სადაც დამარხული იყო ბულბულის, ლომისა და ღორის ძვლები. ასეთი ადგილი საქართველო აღმოჩნდა (არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება, რომ ევრაზიის აფრიკასთან მატერიკულად ერთიანობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ლომები მართლაც სახლობდნენ). როდესაც ღმერთმა ამ მიწაზე ვაზი დარგო, შემდეგ მოსავალი მოიწია, დაწურა და ღვინო გააკეთა, ღვინოს იმ სამი სულდგმულის თვისებები გამოჰყვა, რომელთა ძვლებზეც ვაზმა იხარა. როდესაც ადამიანი ცოტა ღვინოს სვამს, მისი საუბარი ხშირად ბულბულის გალობასავით საამო მოსასმენია. როდესაც ზომაზე ცოტა მეტს სვამს, ლომს ემსგავსება და ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევის ილუზია ექმნება. უკიდურესად გადათრობის შემთხვევაში კი ღორად  გადაიქცევა”.

,,ხოდაბუნები თავთუხებისა”

,,ხორბლის ჯგუფი” შეეცდება სიტყვის გუთნით მოხნას,  დათესოს და მოიწიოს ყველაზე მთავარი – ,,უფლის კალოზე ნალეწი” პური. მოსწავლეები მსმენელებს ჯერ ქართული ხორბლის შესახებ მოუთხრობენ,  შემდეგ კი  ,,სახემშვენიერი” ნიკორასავით ძარღვიან ლექსებსაც მოუსინჯავენ ქედის სიმტკიცეს:

საქართველოში ველური ხორბალი ჯერ კიდევ ნეოლითისა და ენეოლითის ხანაში ყოფილა გავრცელებული.  ,,ხვარბალი” პირველად კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ჩვენს ქვეყანაში  დღეისათვის რეგისტრირებული და აღწერილია ხორბლის 154-ზე მეტი სახეობა.  მისი უძველესი ჯიშების უმეტესობა (ზანდური, მახა, ასლი, დიკა, თავთუხი, იფქლი, დოლის პური, ხულუგო, ხოტორა…) ჯერ კიდევ მოჰყავთ საქართველოში.  

ხარის თაყვანისცემა სწორედ ხვნა-თესვის რიტუალს უკავშირდება. ეს ცხოველი ქართული ზეპირსიტყვიერების მრავალ ნიმუშში გვხვდება. გავიხსენოთ ზღაპარი  ,,წიქარა”, სადაც ხარი თავგანწირვის ერთგვარ სიმბოლოდ გვევლინება. ქართულ  წარმართულ ცნობიერებაში დიდხანს არსებობდა ხარის კულტი, რაც მას წმინდა ცხოველის ტიტულს ანიჭებს.  

,,ორშაბათობით აშენდა ციხე-ქალაქი ქვაზედა, 
გარს გალავანი არტყია, ცანი დაჰყურებს თავზედა. 
სამშაბათს იყო ყრილობა, დიდი მეუფის კარზედა, 
ხარი და ადამიანი დადგნენ ერთ სამართალზედა. 
ადამიანის დარჩენა ვერავინ იდვა მხარზედა, 
ადგა, ხარმა მოახსენა:  “მე დამიდვია თავზედა”. 
წამოდგნენ ანგელოზები, აკოცეს ორსავ თვალზედა, 
ჩამოქნეს წყვილი სანთელი, დააკრეს ორსავ რქაზედა: 
წადი, ხარო და იხარე ცასა და ქვეყანაზედა, 
ექვსი დღე კი იმუშავე, მეშვიდეს დაწექ მხარზედა, 
ვინც მეშვიდეს შენ შეგაბას, რისხვა მიადგეს კარზედა!” 

პატარა მთესველების გამოსვლას დასასრულად  ყველასათვის ცნობილი ბიბლიური იგავი  მოუხდებოდა.

გასვლითი ღონისძიების ფარგლებში ღვინის სამშობლოში სტუმრობის დაგეგმვაც შეიძლება. თუ ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებთ, მაშინ  თბილისის ეროვნული მუზეუმს ეწვიეთ, სადაც თქვენს აღსაზრდელებს ქართული ვაზისა და ხორბლის შესახებ ბევრ საინტერესო ამბავს მოუყვებიან…

რა თქმა უნდა, მიწასთან დაბრუნება მხოლოდ ამ გზით არ ხდება. მე მხოლოდ ჩემი ერთ-ერთი გაკვეთილის მოსავალი ,,გაგასინჯეთ”.  ვინ იცის, იქნებ თქვენკენ  უკეთესად  ,,დაისხას”…  ბარაქა მოგცეთ ღმერთმა!

ისინი, ვინც თამაშის წესებს ცვლიან(|| ნაწილი)

0
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ინტერვიუს იმ ცხრა ვიზიონერთან, რომლებიც თანამედროვე სამყაროში მსოფლიო განათლების რევოლუციონერებად გვევლინებინ. ისინი სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, ზოგი მათგანი სწავლების ციფრულ მომავალს ქმნის, ზოგი კი _ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სკოლაში სიარულის ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად, თუმცა საბოლოო ჯამში ყველა მათგანი ერთ მიზანს ემსახურება: მსოფლიოს ყველა ბავშვს მიეცეს საშუალება 21-ე საუკუნის განათლება მიიღოს.
რობინ რიჩარდსონი
შეისწავლის თანასწორობასა და განსხვავებულობას განათლების სფეროში;
დიდი ბრიტანეთი.
_ ყველა ბავშვს, რომელიც კი საკლასო ოთახის ზღრუბლს გადააბიჯებს, ერთნაირად უნდა ექცეოდნენ. მაგრამ სამყაროში, სადაც რელიგიური დაპირისპირებები ანაწევრებენ საზოგადოების ქსოვილს, ჯერ კიდევ ბევრი რამაა შესაცვლელი, _ ამბობს რობინ რიჩარდსონი, გლობალური განათლების წამყვანი ბრიტანელი თეორეტიკოსი.

რელიგიური შეუწყნარებლობა, რიჩარდსონის აზრით, არასოდეს ყოფილა ისეთი მწვავე პრობლემა, როგორიც ახლაა. განსაკუთრებით დიდ საფრთხედ იგი ისლამოფობიას მიიჩნევს. რიჩარდსონი თავის კოლეგებთან ერთად  განათლების სფეროში გამეფებული სტერეოტიპების აღმოფხვრაზე მუშაობს, 1997 წელს იგი  ,,რანიმიდ ტრასტთან” (ბრიტანეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრი, რომელიც თანასწორობისათვის იბრძვის _ მთარგ. შენ.) თანამშრომლობდა, რის შედეგადაც გამოაქვეყნა კვლევა ანტიმაჰმადიანური სტერეოტიპების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა და მრავალ საერთაშორისო მოვლენას დაედო საფუძვლად 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი ცნობილი ტერაქტის შემდეგ. 

,,ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველეთ, რაც მოხდა, თუმცა ამის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელიც იყო. ყველაფერი ეს: 11 სექტემბრის ტერაქტი, ლონდონის დაბომბვა 7 ივლისს, ერაყისა და ავღანეთის ინტერვენცია _ ადამიანური წარმოსახვის მიღმიერი მოვლენებია.”

_ საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრება გვკარნახობს, რომ ანტიმაჰმადიანური სტერეოტიპების დასამარცხებლად საუკეთესო გზაა კარგად შევისწავლოთ ისლამი და ეს ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, _ ამბობს რიჩარდსონი, _ საყოველთაო შეხედულებებს, როგორც წესი, ბევრი მომხრე ჰყავს, მაგრამ ხშირად ისინი მცდარია, თუ ჩვენ გვსურს შევისწავლოთ ისლამოფობიის მიზეზები, უნდა შევისწავლოთ ისლამოფობიის მიზეზები და არა _ ისლამი. ისლამოფობიის კვლევა გარკვეულწილად ისლამის შესწავლასაც გულისხმობს, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და არც მის მთავარ პრიორიტეტად მოიაზრება.

რიჩარდსონის მოსაზრებით, ამ პრობლემის გადაჭრის გზა არის უზრუნველყოფა იმისა, რომ ,,სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელი ბავშვები იღებდნენ როგორც ემპირიულ, ასევე ინტელექტუალურსა და კოგნიტურ განათლებას და რაც მთავარია, იღებდნენ ერთად.” 
 როია მაჰბუბი
კომპიუტერული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია ,,ავღანეთის ციტადელის” დამაარსებელი, ავღანეთი.
 
როია მაჰბუბი და მისი საინფორმაციო ტექნოლოგიების კონსულტანტების გუნდი, რომელიც უმთავრესად ქალებისაგან შედგება, ანგრევენ ავღანეთის განათლებაში არსებულ გენდერულ ბარიერებს, ისინი ქმნიან ახალ სასწავლო ტექნოლოგიებს, რომლებიც მალე უნდა იქცეს წამყვან მიმართულებად არა მხოლოდ ავღანეთის, არამედ მასზე უფრო განვითარებული ერებისთვისაც.

,,განათლების ჩვენეული ხედვა გულისხმობს უშუალო კავშირს საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და ციფრულ მედიასა და პროფესიულ სერვისებს: ბლოგებს, სოციალური მედიას, კინოფილმების შექმნასა და კომპიუტერული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას შორის”, _ ამბობს ის.

მაჰბუბისათვის ყველაზე დიდი მოტივატორია ის, რომ საკუთარი გამოცდილებით იცის ,,სოციალური მედიისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების უზარმაზარი შესაძლებლობების” შესახებ: 

_ ვფიქრობდი, რომ ამით ავღანელ ქალებს დავეხმარებოდი გაძლიერებულიყვნენ და საკუთარი ცხოვრება შეეცვალათ, _ ამბობს იგი.

_ ავღანეთში განათლება უფასო და ყველასათვის ხელმისაწვდომია, მაგრამ მისი მიღების შესაძლებლობა ჯერაც საზოგადოებრივსა და ოჯახურ ტრადიციებზეა დამოკიდებული, იმაზე, დართავენ თუ არა ოჯახები თავიანთ ქალიშვილებს სწავლის გაგრძელების ნებას, _ აგრძელებს როია.

_ ტრადიციული საზოგადოებისა და კულტურის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ქალებისათვის განათლების მიცემა არცთუ კარგი აზრია.

მაჰბუბი მთელს ავღანეთში ორმოცი ინტერნეტით აღჭურვილი საკლასო ოთახის მოწყობას გეგმავს, სადაც ათასობით მდედრობითი სქესის მოსწავლეს საშუალება ექნება მიიღოს განათლება და ერთმანეთთან ურთიერთობა დაამყაროს. ინტერნეტქსელის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს მაჰბუბის ინტერნეტარხი ,,ქალების კუთხე”, მრავალენოვანი ბლოგი, ვიდეოსაიტი და ,,ეგზამერი” _ ვებსაიტი ინტერაქტიური სწავლებისათვის.

,,მოსწავლე გოგონებს შესაძლებლობა მიეცემათ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ და მიიღონ შემოსავალი, რომლითაც ოჯახს მატერიალურად დაეხმარებიან, თანაც ეს ისე, რომ ადგილობრივ ტრადიციებსაც გაუწიონ ანგარიში. ამგვარად ისინი შეცვლიან კულტურას და ავღანეთის ეკონომიკის გაუმჯობესებაში თავიანთ წვლილს შეიტანენ.”

იმას, რომ ტექნოლოგიების განვითარება დემოკრატიულ პროცესებსა და ერების დაახლოებას უწყობს ხელს, ისიც ადასტურებს, რომ მაჰბუბის იდეებმა და ოცნებებმა შეიძლება მისი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება:

,,ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოსწავლეებისათვის ინტერნეტი ხდება ხელმისაწვდომი, ასე რომ მათ ეძლევათ საშუალება მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობის დახმარებით შეასხან ხორცი საკუთარ იდეებს.”

უკან, საკლასო ოთახში

0
„ჩემი ცხოვრების კოშმარი”, „ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე სატანჯველი”, „დღესაც მაკანკალებს სკოლის გახსენებაზე”, „წლების შემდეგ, როდესაც ჩემს დამრიგებელს შევხვდი, შიშისგან ჩავიკეცე”, „იქ თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ციხეში”, „ყველაზე დაუცველი იქ ვიყავი”, „მასწავლებლებს ჩემი არ ესმოდათ და არ სჯეროდათ”…

 

…მესმოდა ჩურჩული და ხმამაღალი წამოძახილები. ჩვენ 90-იანი წლების სკოლის შვილები ვიყავით, რომლებსაც თითქოს განგებ არ გვინდოდა, სკოლის შესახებ რამე სასიკეთო გვეთქვა, თითქოს წინასწარ შევთანხმდით, კარგი არაფერი წამოგვცდენოდა იქ გატარებულ წლებზე. ჩვენ წინ ისხდნენ ჩვენი მშობლების ასაკის ადამიანები, რომლებიც ბედნიერი ღიმილით იგონებდნენ სკოლას, მის პოზიტიურ გავლენაზე გველაპარაკებოდნენ, უკვირდათ ჩვენი სიტყვები და ამბობდნენ, რომ საუკეთესო წლები სკოლაში გაატარეს, საუკეთესო გამოცდილება იქ მიიღეს, საუკეთესო მეგობრები იქ შეიძინეს…


სამწუხაროდ, ადამიანს დიდხანს მიჰყვება უარყოფითი გამოცდილება და ხშირად ვერ ახერხებს მის დავიწყებას, ახალი გამოცდილებით გადაფარვას, ძველი შიშების დაძლევას, ძველი წნეხისგან გათავისუფლებას. ეს ყველაფერი წარუშლელ დაღს ასვამს მას და სამუდამოდ ილექება მის ცნობიერებაში. ეს გამოცდილება კი თავისუფლად შეიძლება იყოს ვითომდა ჩვეულებრივი ბულინგის ისტორია, როდესაც თანაკლასელები დაგცინიან განსხვავებული აზრის გამო, განსხვავებული ქცევის გამო, განსხვავებული ჩაცმულობის გამო, დაგცინიან იმიტომ, რომ მათი გემოვნების კრიტერიუმებში ვერ ჯდები ან უბრალოდ არ მოსწონხარ და ცდილობენ გატკინონ. ფიზიკურად გეხებიან მასწავლებლის თანდასწრებით, გაკვეთილის მიმდინარეობისას, და ეს არავის აღელვებს შენ გარდა, არავინ მიიჩნევს ამას დამცირებად, გარდა მოძალადეებისა, არავინ რეაგირებს ამაზე და გაკვეთილიც ჩვეულებრივ იწყება და მთავრდება.


ძალადობრივი რუტინა კი გრძელდება – საკლასო ოთახში, სკოლის დერეფნებში თუ სკოლიდან შინისკენ მიმავალ გზაზე. და, რაც არ უნდა პათეტიკური მოგეჩვენოთ, ეს შეუმჩნეველი ძალადობა მიწის გახეთქვაა მსხვერპლისთვის, სირცხვილის ღრმა ჭაა, საიდანა ამოსვლასაც შესაძლოა წლობით ეცადოს, მაგრამ ვერ მოახერხოს, ვერ დააღწიოს თავი ამ საპყრობილეს, ვერ დაივიწყოს დამცირება, რომელიც ზრდასრულობაშიც გაჰყვება მძიმე კომპლექსებად.


სკოლაში ზოგიერთ მოსწავლეს მხოლოდ ერთი ოცნება აქვს და ეს ოცნება სწრაფად გაზრდაა. სკოლის მალე დამთავრება, რომ ვეღარავინ შეეხოს, ვეღარავინ გაბედოს მისი დამცირება, რომ მოძალადე და მსხვერპლი გზაზე აღარასოდეს გადაიკვეთონ, აღარასდროს შეხვდნენ ერთმანეთს. ზოგჯერ ასეთი განწყობითაც მთავრდება სკოლა.


არა მგონია, ყველაფერი მხოლოდ მასწავლებლების ბრალი იყოს და უსამართლობად მეჩვენება მხოლოდ მათზე ჯოხის გადატეხვა. არც სკოლა მიმაჩნია იმ ადგილად, სადაც პიროვნება ფსიქოლოგიურად მახინჯდება, თუმცა მართლაც არის შემთხვევები, როცა სკოლაში გადატანილმა ძალადობამ ადამიანის ცხოვრება, მისი მომავალი დააზარალა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლის აქტიური ჩარევა და ყურადღების გამოჩენა მსგავსი პრობლემების დროს.


მე მყავდა მასწავლებლები, რომელთა წყალობით სკოლაში წასვლა მიხაროდა, რომელთა გაკვეთილებზე მშვიდად ვიჯექი და სულმოუთქმელად არ ველოდი ზარს. ისეთი მასწავლებლებიც მახსოვს, თავიანთი ფავორიტები რომ ჰყავდათ და ეს სხვა მოსწავლეებს თრგუნავდა. აქ არაფრის მტკიცებას არ ჰქონდა აზრი.


როცა ვფიქრობ, რა უნდა გაეკეთებინა ყველას, რომ ასე დაზაფრულებს არ გაგვეხსენებინა სკოლის წლები, მარტივ პასუხს ვპოულობ: თავისუფლება უნდა გვეგრძნო. ჩვენ, პატარებს, საკლასო ოთახებში გამოკეტილებს, არ უნდა შეგვშინებოდა, თუ განტოლებას ვერ ამოვხსნიდით, შიშისა და სირცხვილისგან ხელისგულები არ უნდა გაგვოფლიანებოდა, უნდა დაგვესვა კითხვები, თუნდაც სულელური, ჩვენთვის უნდა მოესმინათ და დაეჯერებინათ, უნდა გვეგრძნო, რომ სამართლიანი და თანასწორი გარემოს ნაწილი ვიყავით.


საკლასო ოთახში კი ხშირად არის უთანასწორობა და ასეთი დამოკიდებულება მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზეც მოქმედებს. უალტერნატივო ფავორიტების არსებობა სხვა მოსწავლეთა მოტივაციას თრგუნავს და ისინიც ხელჩაქნეულნი ეგუებიან თავიანთ „გამართულ სამიანებს” – ყველა ერთნაირად მებრძოლი და ამტანი ხომ არ არის?


მახსოვს, როცა სკოლა დავამთავრე, ღრმად ამოვისუნთქე და პირველად აღარ შემეშინდა. იმხელა თავისუფლება ვიგრძენი, თითქოს ძალა მომემატა და ახალ ადამიანად დავიბადე.


ამდენ სევდიან ამბავთან ერთად ბევრი ისეთიც ამოტივტივდება, რომელიც მთელ ამ უსიამოვნებებს გვავიწყებს. გვახსენდება, როგორ ვისხედით გაყინულ საკლასო ოთახებში ერთად მასწავლებლები და მოსწავლეები, მათაც სციოდათ და ჩვენც. მახსენდება მათი თვალწასული „კოლგოტკები”, ფრთამოტეხილი ქოლგები და გაქუცული ხელჩანთები, სიცივისგან აწითლებული ხელები, მახსენდება, როგორ ელოდნენ თვეობით თავიანთ სასაცილო ანაზღაურებას, მახსენდება, რომ ხანდახან გვემეგობრებოდნენ კიდეც და ჩვენ მათი გაკვეთილები გვიყვარდებოდა და მერე ყველაზე ბეჯითად მათ საგანს ვსწავლობდით, მახსენდება, რომ ზამთრის ცივ დღეებში საკმაოდ შორ მანძილს გადიოდნენ ფეხით, რათა ჩვენთვის გაკვეთილი არ გაეცდინათ.


ახლა უკვე გამუდმებით ვფიქრობ იდეალურ სკოლაზე, სადაც ჩემი შვილები თავს კარგად იგრძნობენ და სწავლის სურვილი გაუჩნდებათ. სადაც ეყოლებათ ისეთი მასწავლებლები, რომლებსაც ნამდვილად უყვართ თავიანთი საქმე, რომლებიც არასდროს დატოვებენ უყურადღებოდ ძალადობას და სამართლიანი პოზიცია ექნებათ ნებისმიერი პრობლემის მოგვარების დროს. დარწმუნებული ვარ, ასეთ სკოლას მომავალი თაობები უფრო დადებით გაიხსენებენ და მჯერა, ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელია.

კვანტური ცნობიერება პრობლემებს აუქმებს

0
როცა ხედავ პრობლემას, ეს შესაძლოა არის არა პრობლემა, არამედ შესაძლებლობა, შანსი. უბრალოდ, შეცვალე შენი ხედვა და გახდები უფრო ეფექტური, შედეგად კი მიაღწევ მეტ წარმატებას.

სტივენ კოვი

ცხოვრებას არაფერი არ „მოაქვს”…

ხშირად გვესმის ფრაზები: „ცხოვრებამ მოიტანა…”, „ასეთია ეს ცხოვრება…”, „ამ ცხოვრებისგან მეტს რას უნდა ელოდე…” და ასე შემდეგ…  საზოგადოებრივი ცხოვრების გარდა პირად ცხოვრებასაც ხშირად ვაქცევთ ნაჭუჭში: „ასეთი ყოფილა ჩემი ბედი…”, „ხომ ვამბობდი და ასეც მოხდა…”, „ჩემი ბედის რა ვთქვი…”, „მე რომ ბედი მქონებოდა…”

და რა მოაქვს ასეთი ცხოვრებას და ბედს…? რას ნიშნავს სინამდვილეში ასეთი დამოკიდებულება საკუთარი თავისა და პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ…? თითქოს „შავმა კატამ” გადაგვირბინა გზაზე და მორჩა… აქ დასრულდა ჩვენი იმედი, რწმენა, სურვილი, მიზანი..

.

განათლების სისტემა, რელიგია, ოჯახი და აღზრდა კიდევ უფრო ამრავლებს წარუმატებლობის შაბლონებს ჩვენს ცნობიერებაში და ვართ ასე: დაშტამპული ცნობიერების კვლავწარმოებაში, მუდმივ წრებრუნვაში საკუთარი თავისა და ცხოვრების მიმართ…

ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ამგვარი შტამპები ჩვენს არაცნობიერში საგულდაგულოდ მოკალათებულან და იქიდან გვმართავენ…. მოკლედ, მთელი კოლექტიური არაცნობიერის ოკეანეშიც გვიწევს ცურვა და რაც ჩვენ არ გაგვიგია, მაგრამ სხვებს უქცევიათ წესად და ჩვეულებად, ისინიც ჩვენს ცნობიერს ეპატრონებიან… ათასი დაკარგული ხმა ისმის და გვთრგუნავს ყველა მხრიდან… სად არის გამოსავალი?

სად უნდა ვეძებოთ ცხოვრების აზრი?

ან უნდა ვიცხოვროთ „მშვიდად” და წესებით, ჩვევებით და წინასწარ გამზადებული მოდელებით (მკვდარი ცხოვრებით) ან უნდა დავიწყოთ ფიქრი…. ფიქრი იმაზე, რა გვინდა…? ჩვენ რა გვინდა…? და არა: მშობლებს, მასწავლებლებს, აღმზრდელებს, მღვდლებს, სახელმწიფოს და ჩვენს მეზობლებს და ნათესავებს რა სურთ და ვინ და როგორი ადამიანი უნდათ, რომ ჩვენგან შექმნან….

თითოეული ჩვენგანის ხედვა სწორედ ამგვარი სტერეოტიპული პარადიგმებითაა განპირობებული… უკვე სტრუქტურირებულია და დანარჩენს ჩვენ ვარგებთ მერე მოდელზე. ჩვენში არსებული პარადიგმების ფარული მოქმედების შედეგად ხშირად ჩვენ მიერ დანახული და აღქმული რეალობა გვეჩვენება, რომ ერთადერთია და, შესაბამისად, ობიექტური, ამიტომ შეუძლებლად ვთვლით, რომ რაიმეს შეცვალა შეგვიძლია. ამ დამოკიდებულების შედეგია „ბედის მორჩილი” ცნობიერება და წუწუნი იმაზე: რომ „ასეთია ცხოვრება…” და ამაში დამნაშავეა „ის”, „სხვა”…

ხშირად მსმენია, რომ ზედმეტად ვებრძვით სტერეოტიპებს და რომ შეუძლებელია, სტერეოტიპების გარეშე ცხოვრება… საერთოდ ვფიქრობ, რომ „ბრძოლა” მეტაფორაა და საბოლოოდ თუ ვინმეს ებრძვის ადამიანი, მხოლოდ საკუთარი თავია. სტერეოტიპებიც ყოველთვის იარსებებს, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ თუნდაც კლასიკიდან წამოღებული სტერეოტიპები ყოველთვის სასარგებლო ვერ იქნება…. მაგალითად, ასეთი: „ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი”… თანამედროვე მასწავლებლები შესაძლოა, მოსწავლეებს არ წკეპლავენ, მაგრამ აგრესია სწავლებისას ნორმად მიაჩნიათ და არგუმენტად მოაქვთ ის, რომ სამაგიეროდ, შედეგი იქნება და მოსწავლისგან ამ ძალადობით და დაძალებით „რაღაც გამოვა”.

თანამედროვე განათლება შედეგზე ორიენტირებიდან რომ გადავიდეს პროცესზე ორიენტირებაზე, დარწმუნებული ვარ, სწავლის პროცესი გაცილებით შემოქმედებითი და ნაყოფიერი იქნება.

ცვლილება იწყება ფიქრით..

სინამდვილეში არავითარი „ჩიხი” არ არსებობს. ეს არის გარკვეული პარადიგმის ფარგლებში ხედვა, ფსიქოლოგები იტყვიან, რომ ამ დროს მოქმედებს ე.წ. „პროგრამები”, რომელთა ტყვეობაშიც ექცევა ადამიანი, რადგან მიეჩვია, გარკვეული „ლინზებით” ყურებას… ამის გამო ის სხვა გზას ვერ ხედავს. მაგალითად, უცხო ოთახში ეძებთ რაიმე ნივთს, ვთქვათ, კალამს… ვერ პოულობთ. როცა ამ ოთახიდან გამოდიხართ და გეკითხებიან, როგორი ფარდები ეკიდა ოთახში ან მაგიდა რა ფორმის იყო… ვერ იხსენებთ, რადგან  თქვენი ყურადღება არ იყო კონცენტრირებული სხვა საგანზე და ამიტომ ვერც შენიშნეთ… ასეა ცხოვრებაშიც, როცა პრობლემას აწყდებით და გამოსავალს ვერ ხედავთ, საჭიროა გამოცვალოთ ლინზები, ან შეცვალოთ ხედვის ფოკუსი…

თქვენ იტყვით, რომ ეს ასე ადვილი არ არის…. სინამდვილეში, ეს ძალიან ადვილია. საიდან დავიწყოთ…? ჯერ დავინახოთ და შემდეგ გავაცნობიეროთ და „გავაუქმოთ” ის პროგრამები, რომლებიც ჩვენი დახმარებით შექმნეს სხვებმა და „ჩაგვინერგეს”, როგორც ჭეშმარიტება… შემდეგ ვიწყებთ ფიქრს: ჩვენ რა და როგორ გვინდა. ხშირად ჩვენ გვინდა რაღაც…. მაგრამ არ ვიცით, ზუსტად რა… ამასაც მხოლოდ ფიქრით და ფიქრის პროცესში გავიგებთ, რადგან ფიქრის დაწყება უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია…. ფიქრის დროს ყურადღების და ენერგიის კონცენტრირება ხდება გარკვეულ საფიქრალზე, რაც უკვე ნიშნავს, რომ ცვლილებები დაწყებულია!

და რა ხდება მას შემდეგ, რაც ფიქრი დავიწყეთ?

 რა შუაშია კვანტური ცნობიერება?

მას შემდეგ, რაც ფიქრი დავიწყეთ და ყურადღების კონცენტრირება მოვახდინეთ გარკვეულ იდეაზე, ჩვენ გადავდივართ ჩვენი ცნობიერების „ფენტეზურ” (ც.ბ.), იგივე კვანტურ განზომილებაში, რომელშიც მიზიდულობის კანონის მოქმედებით ვიზიდავთ მსგავს ენერგიას და ვქმნით სასურველ რეალობას…. დიახ… და მხოლოდ ჩვენ ვართ ჩვენივე რეალობის შემოქმედები… თავდაპირველად ყველაფერი იყო იდეა…სიტყვა… ფიქრი და ენერგია ქმნის ახალ ვიბრაციას, ახალ სიხშირეს. ფიქრი და წარმოსახვა ნამდვილად „საშენი მასალაა”…

კვანტური ცნობიერების თეორიის მიხედვით, სიმყარე არ არსებობს… სიმყარე ჩვენი ხედვის ილუზორული აღქმაა, სინამდვილეში ყველაფერი ყოველ წამს იცვლება და მიმდინარეობს და ცვლილებებს იწვევს სწორედ ფიქრი, დამკვირვებელი…. ფიქრის კონცენტრაცია ქმნის სხვადასხვა სიხშირეს და ის, რითაც საგნები და ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, სიხშირეებია…. ფიქრით იცვლება ვიბრაცია და სიხშირე… ასეთია ე.წ. რეალობის ანატომია და ახალი რეალობის შექმნა სულაც არ არის ზღაპარი.

ჩვენ ვხდებით ის, რისიც გვჯერა, რაზეც ვფიქრობთ… ყველაფერი, რაც „გარეთ” ხდება, შინაგანის პროექციაა. არავინ არაფერ შუაშია ჩვენს ცხოვრებასთან, როცა ჩვენ ვქმნით… მაგრამ უმეტესად ჩვენი ცხოვრება სხვების მანიპულირების სივრცეა… უბრალოდ, ეს ზოგჯერ გაუცნობიერებელი პროცესია.

და როცა ვიცით, როგორ იქმნება, შეგვიძლია, გადავაფასოთ, გავაცნობიეროთ, შევქმნათ და ვმართოთ საკუთარი ცხოვრება.

კვანტურ ცნობიერებაში ყველა შესაძლებლობაა, მთავარია აირჩიო და გაჰყვე მერე იმ გზას, რომელიც ჩიხში არასდროს შეგიყვანს, რადგან აქ ჩიხი არ არსებობს…

ედგარ პოს მასტერკლასი

0
მწერლებს, კრიტიკოსებსა თუ მკითხველებს არაერთხელ განუსაზღვრავთ ნამდვილი ლიტერატურის  შეფასების კრიტერიუმები, თუმცა საგანგებოდ ამ საქმისთვის შექმნილი სხვადასხვა მეთოდი თუ სტრატეგია მაინც ვერ მოიცავს და ამოწურავს მხატვრული სისტემის რაობასა და ღირსებას. ყველაფერი მაინც გულის, გონებისა და სულის საოცარი ნაზავიდან წარმოიშობა: ემოცია, შთაბეჭდილება, ფიქრი და კიდევ რაღაც გამოუთქმელი ნეტარების შეგრძნება, რომელსაც „ქაღალდის პერსონაჟთა” ცხოვრებისა და განცდებისგან ვიღებთ. 

ყველა ვიღაცისთვის წერს, შეიძლება ფართო აუდიტორიის ან მკითხველთა მცირე წრისთვის, ან მხოლოდ ერთისთვის, მაგრამ წერისას ითვალისწინებს მოსალოდნელ პასუხს, განცდას, ფიქრსა და ემოციას. წინასწარ ჩაფიქრებულმა მიზანმა შეიძლება არ გაამართლოს, მაგრამ ირაციონალურ შემოქმედებით წვას ყოველთვის ჩრდილივით ახლავს რაციონალური „გათვლა”. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდა ედგარ პო, რომლის შემოქმედებასაც დღეს მთელი პლანეტა იცნობს.

წერილში, რომელსაც „კომპოზიციის ფილოსოფია” დაარქვა, იგი ერთგვარ მასტერკლასს უტარებს პოეტებს (ახალბედებსა თუ გამოცდილთ), თუ როგორ უნდა განისაზღვროს წინასწარ მომავალი მხატვრული ტექსტის კომპონენტები, რათა სიტყვამ სრულყოფილად შეძლოს თავისი პოტენციალის ზედმიწევნით სრულად გამოვლენა და მკითხველზე წარუშლელი შთაბეჭდილების, ზემოქმედების მოხდენა. ამ შემთხვევაში, ნიჭი, რა თქმა უნდა, თავისთავად იგულისხმება. რაც შეეხება მუზას, როგორც აკაკიმ იხუმრა ერთხელ, ამ მსჯელობაში თვალსაც ვერ მოვკრავთ. თხზვისას წარმოქმნილი ექსტაზი გულისხმობს იმ ღვთაებრივი ძალების თანამყოფობასაც, რომლებიც მიწიერ ადამიანს ზეციური  „კარიბჭეების გახსნაში” შეეწევიან, თუმცა მთელი ძალისხმევა მაინც თვით მთხზველზეა, როგორც რუსთველი ამბობს, „ბედი ცდაა”. სწორედ ამ მცდელობას აქცევს ედგარ პო უდიდეს ყურადღებას. 

ედგარ პო მკითხველს უტარებს მასტერკლასს, როგორ შეიძლება შექმნა ისეთი ზემოქმედების ლექსი, როგორიცაა „ყორანი”, რომლიდანაც მთელი მოდერნისტული ლიტერატურა „გამოვიდა”. 

პო ამჯობინებს ისეთნირ თხრობას, ამბის, ემოციის გადმოცემას, როდესაც მოსალოდნელი შედეგი წინასწარ იცის. უპირველესად, შემოქმედმა უნდა იფიქროს, როგორ შეიძლება იყოს ორიგინალური. მისი აზრით, ეს მკითხველთა ცნობისწადილის გაღვივების ყველაზე  ნათელი და იოლად მისაწვდომი ხერხია.  მისი სამიზნე ერთდროილად უნდა იყოს: გული, ინტელექტი და სული. შემდეგ იწყება არჩევა _ რა უნდა იყოს ორიგინალური: ფაბულა თუ ინტონაცია? რომელი უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს?

პო ავსებს იმ დანაკლისს, რომელიც ლიტერატურაშია: არა გვაქვს დეტალური, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერილი მოქმედება, თუ როგორ მიაღწია შედევრმა სრულყოფილებას.  ის გამორიცხავს „ექსტაზურ ინტუიციას” და უკვირს, რატომ ერიდებიან პოეტები, თავიანთი დაუხვეწავი, აბურდული ფიქრების ლაბორატორიის გამოაშკარავებას. ამ დანაკლისის შესავსებად წერილში წარმოაჩენს საყოველთაოდ აღიარებული „ყორნის” ანალიზსა და რეკონსტრუქციას, რათა მკითხველი დაარწმუნოს, რომ „მის კომპოზიციაში არაფერია შემთხვევითი ან ინტუიციური და რომ თხზულება თავიდან ბოლომდე მათემატიკური სიზუსტითა და სიმკაცრით არის გათვლილი”.

მაშ, ასე: პომ გადაწყვიტა, შეექმნა ისეთი ლექსი, რომელიც დააკმაყოფილებდა ორი აუდიტორიის: ხალხისა და კრიტიკოსთა ­_ გემოვნებას. დღესაც ხელოვნებისთვის ეს ყველაზე აქტუალური და რთული ამოცანაა. პირველ რიგში, იგი დაფიქრდა ლექსის სიდიდეზე. მიიჩნია, რა რომ საჭიროა ერთიანი შთაბეჭდილების შექმნა, რომ ძლიერი მღელვარება ხანმოკლეა და დროში ვერ გაიწელება, ამიტომ ერთხელ დაჯდომაზე წასაკითხი სიდიდე შეარჩია (108 სტრიქონი).

შემდეგ დაისახა მიზანი: ყოფილიყო ყველასთვის გასაგები და აღსაქმელი ის მშვენიერება, რომელსაც ლექსით გამოხატავდა. მთავარი იარაღი უნდა ყოფილიყო სიცხადე და უბრალოება. პოსთვის მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ინტონაციის შერჩევა: „ყოველგვარი მშვენიერების უმაღლესი გამოვლენა მუდამ ცრემლს ადენს მგრძნობიარე მკითხველს, ამიტომაც მელანქოლია ყველაზე უფრო კანონზომიერია პოეტური ინტონაციებიდან”. ლექსის აგებისას საყრდენად გამოიყენა რეფრენი, ბგერითი და აზრობრივი მონოტონურობის აღმძვრელი, სიამოვნების გამომწვევი ერთგვარობა. მან გადაწყვიტა შთაბეჭდილება იმით გაეძლიერებინა, რომ ბგერითი მონოტონურობა შეენარჩუნებინა, მაგრამ აზრი გამუდმებით შეეცვალა. მაგრამ როგორი ინდა ყოფლიყო რეფრენი? უმჯობესი იქნებოდა მოკლე, სხარტი ერთსიტყვიანი რეფრენი. ასე რომ, ლექსი სტროფებად უნდა ყოფილიყო დაყოფილი და ყოველი სტროფი რეფრენს დაესრულებინა  _ ხმოვნებისა და მჟღერი თანხმოვნებით შედგენილს. ასე აირჩია სიტყვა „აღარასოდეს” (Nevermore): „არსებითად, სიტყვამ თვითვე აღმომაჩენინა თავი”.

ახლა საჭირო იყო მოეძებნა საბაბი ამ სიტყვის ხშირ გამოყენებისა. მაგრამ ვის შეიძლება ეს სიტყვა ეთქვა ხშირად და მონოტონურად? ამან სიძნელე წარმოშვა:  გონიერი არსება ამას არ იზამდა და სავსებით ბუნებრივად დაიბადა იდეა თუთიყიშის შემოყვანისა, თუმცა შემდეგ იგი შეცვალა ყორანმა, რომელსაც ასევე „შეუძლია ლაპარაკი”.  ასე გაჩნდა იდეა ყორნისა, ავის მომასწავებელი ფრინველისა, მონოტონურად რომ იმეორებს ერთ სიტყვას ყოველი სტროფის დასასრულს მელანქოლიური განწყობის ლექსში.

ყველა მსგავსი თემიდან რომელი უნდა ყოფილიყო ყველაზე მელანქოლიური? რა თქმა უნდა, სიკვდილი. სწორედ ეს თემა იყო „ყველაზე მელანქოლიური და თან ყველაზე პოეტური”, თანაც ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც „სიკვდილი მშვენიერებას უკავშირდება” _ „ყველაზე უკეთ ამას სატრფოდაკარგული მიჯნურის ბაგენი იღაღადებენ”. შემდეგ დარჩა საფიქრალი: როგორ დაეკავშირებინა ერთმანეთისთვის მგლოვიარე მიჯნური და ყორანი, ერთსა და იმავეს _ „აღარასოდეს” _ რომ იმეორებს. ეს სიტყვა მას უნდა ეთქვა მიჯნურის ყოველი კითხვის საპასუხოდ. რადგან გამორიცხული იყო ყორნის გონიერება,  მისი „აღარასოდეს” უნდა დატვირთულიყო იმ განსხვავებული შინაარსით, რომელსაც მიჯნურის სხდასხვაგვარი კითხვა გამოიწვევდა.  

ყორნისა და მიჯნურის შეხვედრის ადგილად პომ საგანგებოდ შეარჩია არა გაშლილი სივრცე ტყისა ან ველისა, სადაც მისი  გამოჩენა შეიძლება ბუნებრივი ყოფილიყო, არამედ ჩაკეტილი ოთახი, ქარიშხლიანი ღამე. ყორანი ქარისაგან გაღებულ ოთახში შემოფრინდება პატრონისგან დასწავლილი ერთადერთი სიტყვით, რომელიც მიჯნურის გონებასა, გულსა და სულში სასოწარმკვეთი მრავალმნიშვნელობით იტვირთება. ავტორმა წინასწარ დაგეგმა, როგორ გადააქცევდა ამ სიტყვას სიმბოლოდ, რომელსაც მკითხველი იდუმალი, მისტიკური სამყაროს რაეალობაში შემოწღევის განცდა უნდა გამოეწვია.  პომ პირველად კულმინაცია მოიფიქრა, ბოლო სტროფი, ადამიანური ყოფის ტრაგიკულობის გამომხატველი. მიჯნურის კითხვაზე, შეხვდება თუ არა  სულთა სამყაროში თავის მიჯნურს, რომელსაც ანგელოზური სახელი, ლენორი, ჰქვია, ყორანი გულგრილად და ცივად, გამყინავი ხმით უპასუხებს: აღარასოდეს! ამ კულმინაციამდე პომ მოიფიქრა სხვა კითხვებიც, რომლებიც კიბისებურად მაღლდებიან, მარტვილის თვითგვემის დარად, სრულ ნეტარებას რომ პოულობს ტანჯვასა და წამებაში, ამ თვითგვემით მიჯნური თითქოს ამართლებს თავის ასებობას, სატრფოს გარეშე სიცოცხლეს.

საგულისხმოა, რომ პომ ლექსის ყველა დეტალი ზედმიწევნით შეარჩია, რათა არ ყოფილიყო რომელიმე რითმასა თუ რიტმას თვითნებურად „მოყოლილი”. მაგალითად, ყორანი დასვა ათენას (პალადას) ბიუსტის თავზე.  ჯერ ერთი, სიტყვის მუსიკალურმა ჟღერადობამ მოხიბლა, მეორე, ბიუსტის მარმარილოსა და ბუმბულის კონტრასტს მაიქცია ყურადღება, თანვე მიჯნურის განსწავლულობას გაუსვა ხაზი, წიგნებში რომ ეძიებდა არსებობის მიზანს, ჭეშმარიტებას, ეგზისტენციალურ კითხვებზე პასუხებს.  მან თავიდანვე უკუაგდო ფანტასტიკურობა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო მკითხველს არ დაეკარგა რეალურობის შეგრძნება, ამავე დროს ჩრდილივით უნდა დაფენილიყო  საშიში და საბედისწერო მისტიკურობის განცდა, რომ ყოველივეს წარმართავს ბნელი ძალა, რომელსაც ვერავინ დააღწევს თავს: „და ყორანი აღარ მიფრინავს, კვლავ ზის პალადას თეთრ ბიუსტზე, ჩემი ოთახის კარს ზემოთ და მისი თვალები მოჰგავს დემონის თვალებს, როცა ოცნებობს და ლამპის შუქი, მის ზურს უკან რომ იღვრება, მის ჩრდილს იატაკზე აფენს. და ჩემი სულიც ამ ჩრდილიდან იატაკზე რომ დაცურავს, აღარ წამოდგება _ აღარასოდეს”.  

პომ გადაწყვიტა ვერსიფიკაციული ორიგინალურობისთვისაც მიექცია ყურადღება და ბეჯითი ძიების შედეგად, უკვე არსებულის ყარყოფის კვალდაკვალ, მოიფიქრა ერთ სტროფში სხვადასხვა მარცვლიანი სტრიქონების თავმოყრა და იმგვარი ეფექტების გამოყენება, რომელთაც წარმოშობდა რითმისა და ალიტერაციის სიუხვე. მართლაც, მან ამ „გათვლებით” შეძლო მკითხველის მოჯადოება, სიტყვის შინაგანი მაგიისა და ენერგიის გამოვლენა.

„ყორნის” მიმართ ინტერესი  ქართულ ლიტერატურაში მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე არ განელებულა, ამას მოწმობს მისი არაერთი თარგმანი, რომლებიც გამომცემლობა „ინტელექტმა” ერთად შეკრიბა და ცალკე წიგნად გამოსცა (ერთი შედევრის ოცდაერთი ქართული თარგმანი). მასში მკითხველი შეხვდება „ყორნის”  სხვადასხვა სტილის, გემოვნების, ნიჭისა და ინტელექტის, პოეტური სტილისა და მანერის მთარგმნელებს: ვაჟა-ფშაველას, კონსტანტინე გამსახურდიას, გალაკტიონ ტაბიძეს და სხვა თანამედროვე ავტორებს. ამ წიგნს თან ახლავს ზემოხსენებული მასტერკლასი ედგარ პოსი „კომპოზიციის ხელოვნება” (პაატა და როსტომ ჩხეიძეების თარგმანი).
ამგვარი მასტერკლასებს შემოქმედებს გულუხვად სთავაზობს გალაკტიონი, რომლის უამრავ ხელნაწერში ჩანს რაციონალური მუშაობის  კვალი შედევრების შექმნის გზაზე, თუმცა, საბოლოოდ, მაინც რჩება დიდი აფეთქების მსგავსად, იმ პირველი ბიძგის იდუმალება, რომელიც მხატვრულ სახეებს დროისა და სივრცის გონებამიუწვდომელი განზომილებებით სავსე  გაშლილ,  სიცოცხლით სავსე, მფეთქავ სამყაროდ აქცევს.

კინო და გაკვეთილები

0
რამდენიმე წლის წინ კინოთეატრ „რუსთაველში” ერთ-ერთი მაღალმთიანი რეგიონის სკოლის მოსწავლეებისთვის საქველმოქმედო ხასიათის კინოჩვენება გამართეს. დიდი დარბაზი მთლიანად გაივსო10-15 წლის ბავშვებით. ორასამდე წყვილი თვალი წარმოუდგენელი გაოცებით შეისწავლიდა ჯერ კინოთეატრის ფოიეს აბრდღვიალებულ სივრცეს, შემდეგ კი ყველაზე დიდ სასწაულს – უკიდეგანო დარბაზს ლურჯი და წითელი სავარძლების რიგებით, რომელთა წინაც უზარმაზარი თეთრი ეკრანი გადაეჭიმათ, რამდენიმე წუთში კი ფერადი კადრების წყებას გაუშვებდნენ. სეანსის დასრულების შემდეგ დარბაზიდან ორასმა წყვილმა გაფართოებულმა, გაოცებულმა და ბედნიერმა თვალმა გამოანათა. დიდი ალბათობით ეს იყო მათი ერთადერთი სტუმრობა კინოთეატრში, ეკრანთან პირველი და უკანასკნელი შეხვედრა, რადგან მათ შორეულ მხარეში ფილმის დიდ ეკრანზე ყურებისას ბურბუშელას ხრამუნის ხმა არასდროს არავის გაუგია. 

კინო ყველას უყვარს. ის ყველაზე მასობრივი, ხელმისაწვდომი, დემოკრატიული და შედარებით იაფად მოსაპოვებელი ხელოვნებაა. თანამედროვე დროში, განვითარებული მსოფლიოს ყველაზე პატარა ქალაქიც კი წარმოუდგენელია კინოთეატრის გარეშე, მით უფრო ქვეყანაში, რომელიც გამუდმებით –  დამსახურებულად თუ გადაჭარბებით – ტრაბახობს საკუთარი კინოწარსულით. წლების განმავლობაში ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა: ტრაბახი ტრაბახად დარჩა, რეგიონული კინოქსელის აღდგენაზე საუბარი საუბრად, ამასობაში კი კინომაყურებლის მთელი თაობა დაიკარგა – ისინი ვისთვისაც კინო მხოლოდ კომპიუტერის მონიტორზე გამოსახულ მოპარულ კადრებად დარჩება. 

იქნებ სწორედ ამიტომ გახდა ასეთი წარმატებული განათლების სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის პროექტი „კინო სკოლებში”, რომელიც უკვე მეორე წელია საქართველოს რეგიონების სკოლებში ხორციელდება და სულ უფრო მეტ მასშტაბს იძენს (შარშან 40-იოდე, წელს კი 200 სკოლაა ჩართული). თუ პროექტის მონაწილე კინოპროფესიონალებს მოუსმენთ, მერწმუნეთ, ისინი ნამდვილ კინოს მოგიყვებიან: როგორც უყურებენ, იგებენ, განიხილავენ, ეჩვევიან და იყვარებენ ამ ხელოვნებას ბავშვები, როგორც უნდებათ ეკრანში შესვლა, სცენების გადაკეთება, დიალოგების შეცვლა, პერსონაჟების განსახიერება, კამერის უკან დადგომა და გადასაღებ მოედანზე ყველაზე მთავარი ბრძანების გაცემა. 

დროთა განმავლობაში უმეტესობისთვის კინო რაღაც მიუწვდომელ, სანატრელ და სადღესასწაულო მოვლენად იქცა. მე და ჩემი მეგობრები კინოთეატრების ხშირი, ზოგჯერ ზედმეტად ხშირი სტუმრები ვართ (სტუმრებიც აღარ გვეთქმის) და ცოდვა გამხელილი სჯობს – ბევრჯერ გაგვცინებია ფოიეში საგანგებოდ გამოპრანჭული, მაღალქუსლიანი ან გაპრიალებულ ჭვინტიანი ფეხსაცმლით თავმომწონეთა დანახვის, მათ საქმიანი გამომეტყველებისა და დარბაზში შესაშური პუნქტუალობით შესვლის გამო. თუმცა მერე თავადვე გვითქვამს, რომ ჩვენც ალბათ ასე მოვიქცეოდით პრეზიდენტთან მიღებაზე, სადაც არასდროს ვყოფილვართ. 

სხვაგან კი ასე ხდება: არა ერთი ქვეყნის სკოლებში ფილმების დამხმარე სახელმძღვანელოდ გამოყენების პრაქტიკა დიდი ხანია დანერგილია. მხატვრულად მოთხრობილი ან დოკუმენტური ხასიათის ვიზუალური მასალა აღქმას გაცილებით აიოლებს. ცხადია, ეს არ გახლავთ სავალდებულო სეგმენტი, თუმცა თუ ისტორიის, გეოგრაფიის ან ლიტერატურის გაკვეთილს კინომასალითაც შეავსებთ, გვერწმუნეთ, კლასში ყურადღებით განწყობილი მოსწავლეების რაოდენობა გაცილებით მოიმატებს. 

როდესაც მოსწავლეებისთვის (ზოგადად ბავშვებისთვის) კინომასალის დემონსტრირებას გადაწყვეტთ, ანოტაციასთან ერთად აუცილებლად გაეცანით მისთვის მინიჭებულ სარეიტინგო მონაცემებს, რათა ზუსტად იცოდეთ, არის თუ არა ესა თუ ის ფილმი კონკრეტული ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი. მსოფლიოში ამის საერთო სტანდარტი არ არსებობს, მას ყველა ქვეყანა საკუთარი სოციო-კულტურული თავისებურებების მიხედვით აწესებს. რა გასაკვირია, რომ მსგავსი სტანდარტი ჩვენ არ გაგვაჩნია, ამრიგად არჩევნის გაკეთება სხვა ქვეყნების სტანდარტის მიხედვით მოგვიწევს. ამ სქემის მოძიება ინტერნეტში მარტივად შეიძლება. მაგალითად, ვიკიპედიაზე სტატია სახელწოდებით Motion picture rating system (რომლის შესახებაც ქართული სტატია, ცხადია, არ არსებობს) რამდენიმე ქვეყნის მაგალითს გვიზიარებს. ვინაიდან ხელი ძირითადად ამერიკულ კინოპროდუქციაზე მიგვიწვდება, სწორედ ამ ქვეყნის მაგალითი განვიხილოთ: 

თუ ფილმს მინიჭებული აქვს G (General Audiences) რეიტინგი, ეს ნიშნავს, რომ მისი ნახვა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მაყურებელს, მათ შორის, ბავშვებს უფროსების გარეშე. PG (Parental Guidance Suggested) რეიტინგი გვატყობინებს, რომ ფილმში ზოგი სცენა ბავშვების სანახავად განკუთვნილი არაა, თუმცა ნაკლები საფრთხის შემცველია. რეიტინგი PG-13 (Parents Strongly Cautioned) გვაფრთხილებს, რომ ფილმი არაა განკუთვნილი 13 წელზე უმცროსი მაყურებლისთვის, R (Restricted) რეიტინგიანი ფილმის ნახვა 17 წლამდე მაყურებელს მხოლოდ უფროსის თანხლებით შეუძლია, ხოლო NC-17 (Adults Only) მკაცრად გვაფრთხილებს, რომ ფილმი 17 წლისაზე უმცროს მაყურებელს არ ვანახოთ. 

როგორ გავიგოთ ფილმის რეიტინგი? ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური კინოსაიტები იძლევა, თუმცა ამჯერად გაგაცნობთ ყველაზე მარტივსა და პოპულარულს. კინოპორტალი imdb.com მსოფლიო კინოს ყველაზე დიდ ბაზას წარმოადგენს. მის საძიებოში სახელწოდების აკრეფისა და მოძებნის შემდეგ ფილმის გვერდზე გადადიხართ, სადაც სათაურის ქვეშ ჟანრის, ქრონომეტრაჟისა და გამოსვლის თარიღის მაუწყებელ რიგში პირველი სწორედ რეიტინგის მანიშნებელია აღნიშნული. ამრიგად თქვენ უკვე იცით, არის თუ არა ეს ფილმი განკუთვნილი კონკრეტული ასაკის მაყურებლისთვის. ახლა კი მისი უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებაც შეგიძლიათ. მსახიობების ჩამონათვალის ქვემოთ სხვა მონაცემებსაც ამოიკითხავთ, მათ შორისა Parents Guide, სადაც დაწვრილებითაა განხილული ძალადობის, სექსის, ბილწსიტყვაობის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარებისა და სხვა ამგვარი სცენები. ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივი ინგლისურითაა მოთხრობილი, ამრიგად საბოლოო დასკვნის გაკეთება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. 

***
ფილმი შერჩეულია, ახლა კი ყველაზე უხერხულ ნაწილზე გადავდივართ – ფილმი უნდა მოვიპაროთ! ამ მხრივ სინდისის ქენჯნას თავს დიდად ნუ შეაწუხებინებთ, რადგან ასე იქცევა ჩვენი ქვეყნის კინომოყვარულთა აბსოლუტური უმრავლესობა – ინტერნეტმეკობრეობის მხრივ ხომ მოწინავე ქვეყნად მივიჩნევით. ამჟამად რამდენიმე კინოპორტალი არსებობს, თუმცა თუ კარგად  დაძებნით, სწორედ ისეთს მიაგნებთ, სადაც ფილმები ქართული გახმოვანებითაც დევს. 

სასურველ ფაილს თამამად მიაწკაპუნეთ და გადმოწერეთ, რადგან ალტერნატივა ისედაც არ არსებობს: ფილმს გაქირავებიდან ვერ გამოიტანთ, რადგან მგავსი არც სერვისი გაგვაჩნია და არც ოფიციალური გადმოსაწერი საიტები. ასევე პრაქტიკულად შეუძლებელია ფილმის ფიზიკურ მატარებელზე შეძენაც – ე.წ. DVD მაღაზიები ჯერ კიდევ შემორჩენილია, თუმცა იქ არსებული პროდუქციაც მეკობრული გახლავთ. 

წინასწარვე იყავით მზად, რომ საავტორო უფლებების დაცვის გამკაცრების გამო ვერ გადმოწერთ ახალ ქართულ ფილმებს, მგონი, ვერც ძველებს, ამრიგად არჩევნის შეჩერება ამავე საავტორო უფლებების მიერ დაუცველ უცხოურ პროდუქციაზე მოგიწევთ. მორიგი პრობლემა სწორედ აქედან იწყება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მეკობრული საიტები ოფიციალური კინოგაქირავებისგან განსხვავებით ფილმებს ქართულადაც ახმოვანებენ, ეს პროცესი  ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამრიგად, დიდი მსჯელობის შემდეგ შერჩეული ფილმი შესაძლოა მშობლიურ ენაზე ვერ მოიძიოთ. თუმცა ნუ დაღონდებით – თქვენი მოსწავლეების უმეტესობამ ინგლისური იმაზე უკეთ იცის, ვიდრე წინა თაობებმა იცოდა რუსული, ამრიგად სასიამოვნო, შემეცნებითი, გასართობი თუ აუცილებელი კინოსეანსი შეიძლება უცხო ენის პრაქტიკადაც გამოიყენოთ. 

იმედია, ეს მცირე გზამკვლევი გამოგადგებათ, დანარჩენი კი უკვე თქვენზეა. მზად იყავით – ფილმის დასრულების შემდეგ შეიძლება ბევრ კითხვაზე მოგიწიოთ პასუხის გაცემა, თუმცა საუკეთესო პასუხებს სწორედ თქვენი მოსწავლეებისგან მიიღებთ…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...