ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
21 მაისი, ოთხშაბათი, 2025

არასწორი ვალდებულებები გოგონებისთვის

0

არ არის ლამაზი ასეთი მოკლე კაბებით და ვიწრო შარვლებით სიარული, კი გიხდება, მაგრამ მაინც; გვიანობამდე გარეთ რომ ხარ, რას იფიქრებს ხალხი? ამდენს რომ დადიხარ, ვის აქვს შენი თავი? ძალიან თავდაჯერებული ქალების ეშინიათ კაცებს, სუსტი გოგონები უფრო მოსწონთ; ნუ ტირი ყველაფერზე, არ არის ლამაზი; ნამეტანი არაფერი არ ვარგა, არც სწავლა, მით უმეტეს, გოგო ხარ, ოჯახზეც ხომ უნდა იფიქრო; მაგისტრატურაში ჩააბარე, ხარისხი მაინც მნიშვნელოვანია, რა იცი რაში გამოგადგეს; ორსულად ხომ არ ხარ? კიდევ ორსულად ხარ? ერთი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ხომ უნდა გქონდეს, შეიძლება არ გიყვარს, მაგრამ რა იცი, როდის გამოგადგეს; ნუ იტყვი, რომ წინა სამსახურიდან შენ თვითონ წამოხვედი, არასერიოზულის შთაბეჭდილება არ დაუტოვო პოტენციურ დამსაქმებელს; როდემდე შეიძლება იარო ჯინსით და კედებით, ქალს ხომ უნდა ჰგავდე; როგორ დადიხარ მაღალი ქუსლებით; ამ ბოლოს მოიმატე ხომ? გინდა კარგი დიეტა გასწავლო; ძალიან გახდი, კაცი ძაღლი კი არ არის, ძვლები რომ ღრღნას; დაცხა უკვე, თეთრი ფეხებით სიარული უხერხულია, რუჯი საჭიროა; როგორი შავი ხარ, ამდენიც არ შეიძლება, ოჯახის და კარიერის ერთმანეთთან შეთავსება ძნელია. აბა ვის მოწონს ცოლი, რომელიც არასოდეს არ არის სახლში ან თანამშრომელი, რომელიც სულ ბავშვებზე ფიქრობს და ასე დაუსრულებლად…

ალბათ მსოფლიოს ყველა წერტილში ისმენენ გოგონები მსგავს შეგონებებს სხვა გოგონებისგან, დედებისგან, მასწავლებლებისგან, მეზობლებისგან, უბრალო ნაცნობებისგან, ყველა იმ ადამიანისგან, ვისაც სხვის საქმეში ჩარევა არ ეზარება, ვინც ფიქრობს, რომ სხვისი ქცევის მართვა მისი საქმეა. როგორც წესი, ამ შეგონებებს მეტი დამარჯერებლობისთვის ერთი საერთო ლაიტმოტივი გასდევს – ასეთი ნუ იქნები, ასეთები კაცებს არ მოწონთ და მსოფლიოს ყველა წერტილში გოგონები იწყებენ ფიქრს იმაზე, როგორები იყვნენ, რომ კაცებს მოეწონოთ. გოგონების უმეტესობა ადვილად ივიწყებს, რომ პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს კომფორტულად საკუთარ თავთან და შემდეგ წამოიწყოს ფლირტი სხვებთან. გოგონების უმეტესობას საკუთარი თავის პატივისცემას ბევრი არავინ ასწავლის. პრინციპში, არც ბიჭებს.

უარყოფას აზრი არ აქვს, მეც მომისმენია რჩევები იმის შესახებ, როგორი უნდა ვიყო, რას ვაკეთებ არასწორად, რა შეიძლება არ მოეწონოს პოტენციურ პარტნიორს და ა.შ. მომისმენია ძალიან ახლობლებისგანაც და უბრალო ნაცნობებისგანაც. მეტიც, სანამ ის ბიჭი შემიყვარდებოდა, რომელიც ახლა ჩემი შვილების მამაა, შეწუხებულს რამდენჯერმე იმაზეც კი მიფიქრია, მართლაც პრობლემური ხომ არ არის ჩემი ესა თუ ის ქცევა, ხომ არ სჯობს, რამე შევცვალო-მეთქი. ახლა ვხვდები როგორი სისულელეა, როგორი შეურაცხყოფაა საკუთარი თავის კორექტირება იმაზე ფიქრით, რომ ვიღაცისთვის სასურველი გახდები და კიდევ უფრო მეტად თანაუგრძნობ გოგონებს, რომლებსაც ასეთი ქცევისკენ მოუწოდებენ. მათი უმეტესობა ხომ ასეთ რჩევებს სულაც არ თვლის მათ საქმეში ჩარევად, შეურაცხყოფად.
ცოტა ხნის წინ ერთი გადასარევი წიგნი წავიკითხე, ჯულიან ბარნსის “დასასრულის განცდა”, რომლის მთავარ გმირსაც ცხოვრების განმავლობაში ორი გოგონა უყვარდება, ერთი სტუდენტობისას, ერთი უფრო მოგვიანებით. ეს ორი გოგონა არაფრით არ ჰგავს ერთმანეთს. ერთი სრულიად არაპროგნოზირებადია, ცოტა თავქარიანი, ტვინს ურევს ამ ტიპს, ვერაფერს ვერ იგებო, ეჩიჩინება, ისიც იჯერებს და მაინც, მიუხედავად სირთულეებისა, უყვარს, მთელი არსებით. მეორე მოწესრიგებულია, ყველა დეტალი გათვლილი აქვს, ზუსტად არჩევს სათქმელ სიტყვებს, კარგად იცის, რა უნდა და როგორ და ასე შემდეგ. ესეც მთელი არსებით უყვარს, დაშორების მერეც საუკეთესო მეგობრებად რჩებიან, ყველაზე კარგად ესმით ერთმანეთის, მოკლედ, ამ კარგ წიგნსა და გადასარევ ავტორზე ბევრი სხვა რამის თქმაც შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ იმით შემოვიფარგლები, რომ ამბავი აუცილებელი საკითხავი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც გონია, რომ კაცებისთვის თავის მოსაწონებლად, რაიმენაირი უნდა იყო.

ტონი უებსტერის ნარატივი მხოლოდ გოგონებისთვის არა, ბიჭებისთვისაც საყურადღებოა. მათაც ხომ აიძულებს საზოგადოებრივი წნეხი თავი მაჩოებად წარმოადგინონ, თავდაჯერებული იყვნენ, არაფრის შეეშინდეთ, ცხოვრების განმავლობაში ბევრ გოგონასთან ჰქონდეთ კავშირი და ა.შ. ეს კიდევ დგას და ყვება, როგორი უძლურები ვართ ადამიანების დროის, სიყვარულის, სიკვდილის, ავადმყოფობის, სასოწარკვეთის განცდის, საკუთარი მეხსიერების წინაშე, როგორი მყიფეა გარემო ჩვენ გარშემო და რა ცოტაა ისეთი რამეები, რასაც შეიძლება დაეყრდნო. იმდენად კარგად არის დაწერილი ამბავი, ისეთი გულწრფელია მთავარი გმირი, ისე კარგად ყვება თავისი სისუსტეების და უერთიერთობების სირთულეების შესახებ. კითხვის პარალელურად იწყებ ფიქრს, როგორ გადარჩე, როგორ გიყვარდეს, როგორი მეგობარი იყო, როგორი ხალხი გჭირდება გარშემო და ხვდები, რომ საკუთარი თავის კორექტირებაზე ფიქრი სისულელეა, იმდენ რამეზე ხარჯავ ადამიანი დროს და რესურსებს, რომ სწორედ შენ უნდა იყო ის, ვისაც ენდობი, ვისაც ესაუბრები, ვისიც გჯერა, რომ გადარჩე.
ამიტომ ალბათ მათ, ვინც საკუთარ თავთან ჰარნომიულად ცხოვრების ფასი დავინახეთ, ბევრი უნდა ვილაპარაკოთ არასწორ ვალდებულებებზე, რასაც გოგონებს (და პრინციპში ბიჭებსაც) ვაკისრებთ ხოლმე, რომ მეტმა ადამიანმა შეძლოს თავისუფლად ცხოვრება, ლაღი ურთიერთობები, მყარად დგომა, დროსთან და საზოგადოებრივ წნეხთან გამკლავება.

თავისუფალი სივრცე – სკოლა ბორბლებზე

0
თქვენთან როგორ იყო არ ვიცი, ჩემთან კი სკოლის მერხს მასწავლებელი გვირჩევდა და მასთან ჯდომა, კონკრეტულ თანაკლასელთან ერთად, ერთი, ორი, ხშირად სამი წელიც გვიწევდა. ასე გავატარე დაწყებითი კლასის ორ-ორი წელი ორ სხვადასხვა თანაკლასელთან ერთად ერთ მერხთან. არადა, მრავალფეროვნება და მეტი კომუნიკაცია სხვადასხვა თანაკლასელთან ცუდი არ არის. პირიქით, სასარგებლოა განსაკუთრებით დაწყებილი კლასის მოსწავლეებისთვის. დღემდე ვერ ვუძებნი ახსნას მასწავლებელთა ჩვევას, მკაცრად განსაზღვროს კონკრეტული მერხი კონკრეტული მოსწავლისთვის და აიძულოს მასთან ჯდომა, როცა მოსწავლეს გემოვნება შესაძლოა ხშირად შეეცვალოს. მოუნდეს უფრო ახლოს იჯდეს კართან, ან სხვა თანაკლასელთან, რომელსაც ყველაზე მეტად ემეგობრება და სურს მეტი დრო გაატაროს, ან სულაც, ურჩევნია წითელ მერხთან იჯდეს, ვიდრე თეთრთან. 
მერხის სურვილისამებრ არჩევის გარდა, ჩემს სკოლაში აკრძალული იყო გაკვეთილიდან უნებართვოდ გასვლა. მნიშვნელობა არ ჰქონდა რა მიზნისთვის გჭირდებოდა კლასის დატოვება – თავს შეუძლოდ გრძნობდი, ორწუთიანი შესვენება გინდოდა – ყოველთვის მასწავლებელი წყვეტდა როდის ადგებოდი და შეგეძლო თუ არა კლასის დატოვება. მოგვიანებით, როცა სწავლა ლონდონში განვაგრძე, თვალებს არ ვუჯერებდი, როცა მასწავლებელი მერხზე შემომჯდარი გვესაუბრებოდა, თანაკლასელები სურვილისამებრ გადიოდნენ კლასიდან. შოკი მივიღე, როცა ჩემ გვერდით მჯდომმა ლილიმ ჩანთიდან სენდვიჩი ამოაცურა და ჭამა დაიწყო. მეგონა, მასწავლებელი მივარდებოდა და გარეთ გასვლას უბრძანებდა. ასე არ მომხდარა. მას ზედმეტი ყურადღებაც არ მიუქცევია ამ ფაქტისთვის.

მოსწავლეთა ამგვარი ქცევა ჩემს კლასში არ გამხდარა მიზეზი დაბალი აკადემიური მოსწრების, გაკვეთილების ჩაშლისა და გაცდენის. პირიქით, ყველა ბედნიერი ვიყავით. ჩვენ მაქსიმალურად ჩართული ვიყავით გაკვეთილების პროცესში და სიხარულით ვსწავლობდით ტექსტებსა და ვწერდით ტესტებს, როცა მასწავლებელი არაორდინალური ხერხებით, თამაშით ცდილობდა ჩვენს დაინტერესებას.

მოსწავლეებს საკლასო ოთახში თავისუფალი გადაადგილებისა და თავისუფალი არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეთ. ამ დროს თავს ისინი მერხზე გამობმულ არსებებად თავს არ მიიჩნევენ და გრძნობენ, რომ მათ სურვილებს უფროსები ითვალისწინებენ. ეს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია.

ფინეთის განათლების სისტემაზე, მათ წარმატებაზე არაერთხელ დამიწერია. თუმცა დღეს კიდევ ერთხელ უნდა გიამბოთ მათი ახალი სკოლის შესახებ. ფინელი მოსწავლეები მსგავსი მარტივი საკითხებით არ დაიტანჯებიან და გაკვეთილებზე მათ სურვილებს, აზრს და გემოვნებას აუცილებლად გაითვალისწინებენ. ფინეთი ახალ სასწავლო წელს ახალი სკოლით შეხვდა. სკოლა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და უნიკალურია მსოფლიოში. სკოლა ბორბლებზე – ეს ახალი სკოლის საუკეთესო ეპითეტია.

ახალი სკოლა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს წააგავს. არქიტექტორებმა უარი თქვეს მოსაწყენ, ტრადიციულ დაგეგმარებაზე, სკოლის კლასებად დაყოფაზე.

10500 კვადრატულ მეტრზე განთავსებულია დაწყებითი და საშუალო სკოლა, ახალგაზრდული სახლი, თეატრალური დარბაზი, სასადილო, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი. სასწავლო პროცესი თავისუფალ ატმოსფეროში მიმდინარეობს. მოსწავლეებს არ ეკრძალებათ მათთვის სასურველ პოზაში ჯდომა, რაც საგაკვეთილო პროცესში მეტ ჩართულობას განაპირობებს. მოსწავლეები იქ სხედან, სადაც თავად სურთ და ამგვარად, უფრო ჩართულები არიან დისკუსიებში. მათთვის მსგავსი ურთიერთობები წახალისებულია.

სასკოლო მერხები მოსწავლის სიმაღლის მიხედვით, ბორბლებზე რეგულირდება და მოსწავლეებს კლასის ნებისმიერ კუთხეში გადაადგილება შეუძლიათ.

მსურველებს უფლება აქვთ წამოწვნენ დივანზე, შემოსხდნენ მერხზე. სასკოლო დაფის როლს აქ ნოუთბუქი ასრულებს, რომელიც საერთო ქსელშია მიერთებული და მასწავლებელთან უწყვეტი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

სასადილო სივრცე ის ადგილია, სადაც მასწავლებელიცა და მოსწავლეებიც ერთად მიირთმევენ. აქვეა სცენა, რომელზეც კონცერტებს მართავენ, სპექტაკლებს დგამენ. სკოლის ეზოში, ხანგრძლივი დასვენების დროს, მოსწავლეებს სეირნობა და თამაში შეუძლიათ. სკოლის ინტერიერის შესაქმნელად არქიტექტორებმა

ეკოლოგიურად სუფთა მასალა გამოიყენეს. რომელიც თბილ და კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის. სკოლის ეზო ღიაა, არ დგანან დაცვის თანამშრომლები. ვიდეოკამერები კი შეუმჩნევლად არის დამონტაჟებული.

ფინური განათლების მენეჯმენტის მამამთავრებს კარგად აქვთ გაანალიზებული ის ფაქტი, რომ მსგავსი სასკოლო სისტემა მოსწავლეებს ნერვულ დაძაბულობას უმცირებს. სტანდარტული სკოლის ფორმისაგან გამიჯვნა ცვლის სოციალურ ფონს და მოსწავლეებს სწავლისკენ მეტად უბიძგებს.

თქვენ თუ გიცდიათ საკუთარი მოსწავლეებისათვის ცოტა მეტი თავისუფლება მიგეცათ და გეჩვენებინათ, რომ მათ სურვილებს პატივს სცემთ?

მუსიკა ომის არომატით: ხელთათმანებიანი ვაგნერი

0
უახლეს ისტორიაში ებრაელთა დევნის დასაწყისად 1930-იან წლებს განიხილავენ, როდესაც გერმანიისა და ევროპის ზოგიერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში ანტისემიტური პოლიტიკის გამტარებელი მემარჯვენე რადიკალები მოვიდნენ (სინამდვილეში, ისტორიული ქრონოლოგიით, ებრაელები ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. 1200 წლიდან იდევნებოდნენ). მიმდინარე მოვლენებმა ასეულობით ათასი ებრაელის დევნა განაპირობა. მეორე მსოფლიო ომამდე 400 ათასამდე ებრაელმა დატოვა გერმანიის, ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის ტერიტორია.

როდესაც გერმანიაში ებრაელ და ანტინაცისტ ავტორთა წიგნების საჯარო დაწვა დაიწყო, ათასობით ებრაელმა თავშესაფარი საფრანგეთში, ბელგიასა და ჰოლანდიაში პოვა. ქვეყნები, რომლებიც 1939 წლამდე მესამე რაიხის მიერ დევნილ ებრაელობას იფარებდნენ, მალე თავად აღმოჩნდნენ ოკუპირებულნი და დევნილებს, ფაქტობრივად, გასაქცევი აღარსად ჰქონდათ. აქვე უნდა ითქვას, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არცთუ ცოტა დევნილი მიიღო და გადაარჩინა.

ცნობილია, რომ ანტისემიტიზმი კომპოზიტორ რიჰარდ ვაგნერის მსოფლმხედველობის განუყოფელი ნაწილი იყო. მისი ანტისემიტური გამოსვლები და პუბლიკაციები („ებრაელობა მუსიკაში”) იმ დროის ლაიფციგის კონსერვატორიის პროფესორების აღშფოთებას იწვევდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს გენიალური მუსიკოსი ებრაელ დირიჟორს მხოლოდ იმ შემთხვევაში აძლევდა თავისი ოპერის, „პარსიფალის”, დირიჟორობის უფლებას, თუ ის მოინათლებოდა. დირიჟორი ჰერმან ლევი ბავარიის სამეფო კაპელის კაპელმაისტერი იყო, ორკესტრს სხვა დირიჟორთან ერთად გამოსვლის უფლება არ ჰქონდა, კონტრაქტის დარღვევა ბავარიის მეფესაც კი არ შეეძლო, მაგრამ, კომპოზიტორის კატეგორიული მოთხოვნით, მეფემ ვაგნერთან ერთად ახალი სამპუნქტიანი ხელშეკრულება გააფორმა (კონტრაქტი დაცულია მიუნხენის გერმანული ხელოვნების მუზეუმში). დანარჩენი ორი მოთხოვნის გახმოვანებისგან თავს შევიკავებ…

უნდა ითქვას, რომ ოპერა „პარსიფალი” მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ვაგნერის შემოქმედებაში. კომპოზიტორი ნაწარმოებს არა ოპერას, არამედ სადღესასწაულო სცენურ მისტერიას უწოდებდა, რელიგიურ ცერემონიად მიაჩნდა და არა ტრადიციულ გასართობ სანახაობად. ოპერის პირველი გამოცემის წინასიტყვაობაში კომპოზიტორი წერდა: „ჩემს ოპერაში წარმოვადგენ ებრაული სისხლისგან განწმენდილი ქრისტეს იდეას”. მისივე სიტყვებით, „პარსიფალი” „ხსნაა მხსნელისგან”, „ვინაიდან ქრისტეს ძარღვებში ებრაული სისხლი მიედინებოდა”. მეუღლისადმი მიწერილ წერილში კი, აი, რას ვაწყდებით: „გამანადგურებელი ბგერები, რომლებიც ლიტავრებისთვის სოლ მინორში შევთხზე, ებრაელთა სრულ დაღუპვას განასახიერებს. ამაზე დიდებული არაფერი დამიწერია”. ნიცშე კი „პარსიფალს” შავ მესას უწოდებდა. მოგვიანებით ერთმა ავსტრიელმა ოფიცერმა, ვაგნერის ოპერების შესანიშნავმა მცოდნემ, „პარსიფალში” XX საუკუნის ანტიქრისტე – ადოლფ ჰიტლერი ამოიცნო.

ისტორია ცხადყოფს, რამდენად სახიფათოა რასისტული და ქსენოფობიური იდეების თამამად ფრქვევა, განსაკუთრებით – სახელოვნებო ელიტის წარმომადგენლებისგან, რადგან არ ვიცით, როგორ მოგვიბრუნდება ჩვენივე სიტყვები. და აი, XIX საუკუნის უდიდესი კომპოზიტორის სიტყვებს მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტრაგედიით მილიონობით ცხედარი „გამოეხმაურა”. 

შემაშფოთებელია ვაგნერის წიგნის ერთ-ერთი თავი – „ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტა” (იდეისა და ტერმინის ავტორი თავად ვაგნერია). კომპოზიტორი ბავარიის პარლამენტს ებრაელების განადგურების საკუთარ გეგმას სთავაზობდა. მთელი ისტორიის განმავლობაში, არათუ მუსიკოსი, არავინ, ფილოსოფოსების ჩათვლით, ასეთი გეგმით არ გამოსულა. ვაგნერის მუსიკის დიდი თაყვანისმცემელი ნიცშეც კი, რომელსაც ებრაელთა მიმართ სიმპათიას ვერაფრით დააბრალებდი, კომპოზიტორს სწერდა: „თქვენ ხართ ავადმყოფობა და არა ადამიანი”. ფილოსოფოსის აზრით, ვაგნერი ციხეში უნდა მომკვდარიყო და არა საწოლში.

 
ვაგნერი ზრუნავდა, რომ მისი იდეები ნათლად გაეგოთ თაობებს. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, საკუთარ იუბილეზე წარმოთქმულ სიტყვაში, კომპოზიტორმა ხაზგასმით აღნიშნა: „ჩემი სადირიჟორო ჯოხი კიდევ ბევრჯერ დაანახებს მომავალ თაობებს, რა გზით უნდა იარონ”. ვაგნერს არა მხოლოდ საკუთარი იდეების ხორცშესხმა სურდა, არამედ: „სიკვდილის შემდეგ ზევიდან მივადევნებ თვალს, რომ მითითებული გზიდან არავინ გადაუხვიოსო”. გამაოგნებელი აღმოჩნდა გზა, რომლისკენაც ვაგნერმა თაობებს მიუთითა. მოგვიანებით სწორედ ეს იდეები აიტაცეს ნაცისტებმა. ვაგნერის მისტიციზმმა და იდეოლოგიურმა ანტისემიტიზმმა უდიდესი გავლენა მოახდინა XX საუკუნის დასაწყისის გერმანულ ნაციონალიზმზე. ჰიტლერს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ვაგნერი მისი სულიერი მოძღვარი იყო. უფრო მეტიც – გერმანულმა ნაციზმმა, ფაქტობრივად, ვაგნერის შემოქმედების საფუძველზე „ააგო” ფაშიზმი.

ჰიტლერის წარმოუდგენელი თავდაჯერება მაგიურად რომ ზემოქმედებდა და თრგუნავდა საზოგადოებას, სწორედ ვაგნერის „რეალობის გადაჭარბების”, „შეუძლებლის შეძლების” მოთხოვნიდან მომდინარეობდა. სწორედ ვაგნერით დაიწყო ხელოვნებაში მასების მოჯადოების ეპოქა, ხელოვნების რეალობაზე მეფობა. ვაგნერის გარეშე  მესამე რაიხის ესთეტიკა წარმოუდგენელია. კომპოზიტორის ექსპანსიურობით მოწამლულმა ადოლფ ჰიტლერმა ხელისუფლების სათავისკენ ტრიუმფალური სვლა ვაგნერის გმირივით დაიწყო; თავისი არტისტულობითა და შეუპოვრობით საკუთარი მსმენელი მან უზარმაზარ მასად აქცია.

ვაგნერი გერმანულ მუსიკალურ ტრადიციებს აღმერთებდა და თუ არსებობს გამოთქმა: „იტალიელისთვის მუსიკა სიყვარულია, ფრანგისთვის – საზოგადოების სამსახური, ხოლო გერმანელისთვის – მეცნიერება”, – ვაგნერის პერიფრაზით ის ასე ჟღერდა: „იტალიელი მომღერალია, ფრანგი – ვირტუოზი, გერმანელი კი მუსიკოსი. მხოლოდ გერმანელს აქვს სრული უფლება, იწოდებოდეს მუსიკოსად, რამეთუ მხოლოდ მასზე ითქმის: „მუსიკა მას უყვარს არა იმისთვის, რომ მისით მოიხიბლონ, მოიპოვოს ავტორიტეტი ან ფული, არამედ იმიტომ, რომ მუსიკა ღვთაებრივია”.

გერმანელების ისტორიული როლის შეცნობასა და გერმანული ნაციის ფორმირებაში დარწმუნებულმა რიჰარდ ვაგნერმა ძალზე რთული და მონუმენტური დრამატურგიის მქონე ეპიკური ტილო „ნიბელუნგების ბეჭედი” შექმნა. ტეტრალოგია იღბლიანი აღმოჩნდა – პრემიერიდან მოყოლებული დღემდე, თეატრების აფიშებიდან არ ჩამოსულა.

გერმანიის მსოფლიო ბატონობის იდეით შეპყრობილი ადოლფ ჰიტლერი სახელმწიფოს 1933 წელს ჩაუდგა სათავეში. სწორედ ამ წელს აღინიშნა რიჰარდ ვაგნერის გარდაცვალებიდან 50–ე წლისთავი ფესტივალით „ვაგნერი და ახალი გერმანია”. ამ იუბილესთან დაკავშირებით ჰიტლერს ვაგნერის რამდენიმე ოპერის პარტიტურა მიართვეს. ამბობენ, რომ ფიურერმა ისინი ბუნკერში თან წაიღო. სახელმწიფოს სათავეში ნაცისტების მოსვლით განსაკუთრებული კავშირი დამყარდა XIX საუკუნის კომპოზიტორსა და XX საუკუნის დიქტატორს შორის. ჰიტლერი ვაგნერის მსოფლმხედველობასთან მისტიკურ კავშირს გრძნობდა. ის ჯერ კიდევ 1924 წელს ამტკიცებდა, რომ გერმანიის მომავლის მისეული ხედვა ვაგნერის შემოქმედებაში იყო ასახული. გერმანიის სათავეში მოსვლის შემდეგ კი ვაგნერით გატაცება თავისებურ ნაციონალურ კულტად აქცია.

ჰიტლერის წყალობით ვაგნერი სამყაროს ნამდვილ ცენტრად გადაიქცა, თუმცა აღიარება არც მანამდე აკლდა. მისი მუსიკა ჟღერდა ყველგან, საკონცენტრაციო ბანაკების ჩათვლით, სადაც სასიკვდილოდ განწირულები გაზის კამერაში „ზიგფრიდის” უვერტიურის თანხლებით შედიოდნენ. არც ერთ სხვა მუსიკოსს არ ჰქონია ნაცისტებთან ესოდენ მჭიდრო კავშირი, როგორიც ვაგნერს და მესამე რაიხთან ასოცირება ლაქად ისე არავის დამჩნევია, როგორც ვაგნერის შემოქმედებას. დიახ, ჰიტლერის მიერ მისი მუსიკის სიყვარული ჩრდილად ადგას კომპოზიტორის შემოქმედებას. მის ნაწარმოებებს ისრაელში იშვიათად თუ შეასრულებენ.

საინტერესოა, რომ რიჰარდ ვაგნერის შვილთაშვილი, მუსიკათმცოდნე გოტფრიდ ვაგნერი, იერუსალიმის არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორს, ისტორიკოსსა და ნაცისტურ დამნაშავეთა მკვლევარს თხოვნით მიმართავს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ისრაელში ვაგნერის მუსიკა არ ჟღერდეს. შვილთაშვილი კარგად აცნობიერებს დიდი ბაბუის ზღვარგადასულ ანტისემიტობას. გოტფრიდი მიიჩნევს, რომ კომპოზიტორის აქტიურმა ანტისემიტურმა პოზიციამ და სხვა ფაქტორებმა ჰიტლერი „ებრაელთა საკითხის საბოლოო გადაწყვეტის” აუცილებლობაში დაარწმუნა. 

კომპოზიტორის დასაცავად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ხელოვნების სამყაროში ვაგნერი ერთადერთი ანტისემიტი არ ყოფილა, რომ სხვადასხვა გამონათქვამის საფუძველზე ქსენოფობიური მიდრეკილებები არაერთი გამოჩენილი მოღვაწისთვის „დაუბრალებიათ”. და ერთიც – რიჰარდ ვაგნერის მუსიკა მსოფლიო კულტურის მწვერვალია, მაგრამ…

გოგოების თამაში

0

სტამბოლში მოხვედრის იმედი, ცოტა ხნის წინ, კიდევ ერთხელ გამიცრუვდა. ყოველთვის, როცა ვაპირებ, ვგეგმავ, ცალი ფეხი აეროპორტში მიდგას, გამოჩნდება რაღაც, რაც ჯადოსნური კონსტანტინოპოლის ნახვაში ხელს მიშლის. ამჯერადაც დავუშვი, რომ შეიძლებოდა, ერთ საინტერესო სამუშაო შეხვედრაზე მე წავსულიყავი და სტამბოლი ცალი თვალით მაინც მენახა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მონაწილეთა ჯგუფში ვერ მოვხვდი და თბილისში დავრჩი, ჩემს რუტინასთან და საშემოდგომო გამოცდასავით გამოყოლილ ზაფხულის სიცხესთან ერთად.

კვირა მძიმედ დაიწყო. ორშაბათმა საკუთარ თავს არ უღალატა. საღამოს კი, სახლისკენ მიმავალი, კიდევ ერთხელ გავბრაზდი ჩვენს სინამდვილეზე და საზოგადოებაზე, რომლის ნაწილი მე თვითონაც ვარ. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ერთერთი ეზოდან, ბავშვების ბედნიერი ყიჟინა მომესმა. ჩანდა, მშვენივრად ერთობოდნენ. რამდენიმე წამში მათი ხმა ქალის შეშფოთებულმა შეძახილმა გადაფარა: „გოგოებმა ცალკე ითამაშეთ! აქეთ გამოდით!” მალე ბავშვები მიჩუმდნენ. როგორც ჩანს, მშობლებმა იმარჯვეს და გოგონებს განცალკევებით მიუჩინეს ადგილი.
„გოგოებმა ცალკე ითამაშეთ!” _ ეს ფრაზა შესანიშნავად აღწერს ჩვენი რეალობის მთელ სიმძიმეს. გოგონებს თამაშს არ უშლიან, მაგრამ ისინი მოვალენი არიან, საკუთარი სივრცე ჰქონდეთ, სხვების მიერ დადგენილ ქცევის წესებს დაემორჩილონ და საზღვარს, რომელიც მათ ტერიტორიას ბიჭებისგან ჰყოფს, არ გადააბიჯონ. გოგოების თამაში სხვაგვარი უნდა იყოს, უფრო მშვიდი, უფრო ჩუმი, რომელიც მეზობლებს საღამოს საათების იდილიას არ შეუშფოთებს, რომელიც დაზიანებებს არ გამოიწვევს, რომელიც მშობლებს თავსატეხს არ გაუჩენს.
გოგოები, რომლებსაც ცალკე თამაშისკენ მოუწოდებენ, დედებს და მამებს იშვიათად შეჰყავთ სპორტის იმ სახეობაზე, რომელიც ბიჭების პრივილეგიად ითვლება. ფეხბურთი მამაკაცების სამყაროა, საფეხბურთო მოედანზე ქალის ადგილი არ არის _ ასე ფიქრობენ საქაართველოში. ამიტომ არ გამკვირვებია, რომ წინა კვირაში ჩვენმა ფეხბურთელმა გოგონებმა ჩეხეთის ნაკრებთან წააგეს, წააგეს თითქმის ცარიელი ტრიბუნებით გარშემორტყმულ მოედანზე, წააგეს აქა-იქ წამოსროლილი გამამხნევებელი შეძახილების და გაცილებით მეტი ქილიკისა და კრიტიკის ფონზე, წააგეს თავდადებული გულშემატკივრობის გარეშე. როგორც სპორტის მოყვარულმა, კარგად ვიცი, რომ გულშემატკივრობას დამსახურება სჭირდება, მაგრამ ასევე მჯერა, რომ გუნდს, რომელიც გვიყვარს, რომლის მომავლისაც გვჯერა, წაგების დროსაც გვერდით უნდა დავუდგეთ. უფრო მეტიც, მე თუ მკითხავთ, გაცილებით საინტერესო მათი მხარდაჭერაა, ვინც დიდ გზაზე ახლა გადის, ვისთვისაც თითოეული ტაში, თითოეული შეძახილი მნიშვნელოვანია.
ჩვენ ერთად უნდა გავიზარდოთ: გოგოები და ბიჭები, მშობლები და შვილები, მოთამაშეები და გულშემატკივრები. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ერთად, ერთ სივრცეში, ერთ მოედანზე, ერთიანი სულისკვეთებით. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ერთმანეთის გამხნევება და უნდა გვესმოდეს, რომ მთელ ცხოვრებას ტრავმებისა და შეცდომების გარეშე ვერ გავატარებთ და ჯობია, არ გვეშინოდეს.
სწორედ იმ პერიოდში, როცა ვიმედოვნებდი, რომ სტამბოლში ვიქნებოდი და თბილისში აღმოვჩნდი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა მხარი დაუჭირა გენდერული კვოტების შესახებ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წინადადების კანონპროექტად ქცევას. სხდომას, პროცესში ჩართულ სხვა ადამიანებთან ერთად, მეც დავესწარი. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, რა შედეგს მივიღებთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არასოდეს დამავიწყდება, როგორ შევედით კომიტეტის სხდომაზე წინადადების ავტორი და მხარდამჭერი ორმოცზე მეტი ქალი. არასოდეს დამავიწყდება ეს დღე და წამები, როცა „ცალკე მოთამაშე” გოგოებმა „ძირითად მოედანზე” შეაბიჯეს. ამ ისტორიული დღის მონაწილედ ყოფნისთვის ნამდვილად ღირდა თბილისში დარჩენა. სტამბოლის ნახვას ალბათ ოდესმე შევძლებ. იმედი ჯერაც არ დამიკარგავს.
იქამდე კი, სანამ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ქალებს მხარდაჭერა სჭირდებათ. ზოგჯერ აუციელებელია, ერთმანეთს შემოვუძახოთ და შევახსენოთ, რომ ცალკე არ უნდა ვითამაშოთ, რადგან ფეხბურთი, პოლიტიკა და ყველაფერი სხვა, ჩვენი, გოგოების და ქალების თამაშიცაა.

ჩვენ ვასწავლით მოსწავლეს, თუ ის თავად სწავლობს?

0
ზოგადად, მასწავლებლებისთვის არაა უცხო მოსწავლეთა მოტივაციის პრობლემა – უნარი ვასწავლოთ ისე, რომ სწავლა-სწავლების პროცესი იყოს საინტერესო მოსწავლისთვისაც და თავად მასწავლებლისთვისაც. ვფიქრობ, მასწავლებელი, რომელიც ისტ-ს სისტემატურად იყენებს გაკვეთილებზე, განსხვავდება სხვა მასწავლებლებისგან: ჩვენ საკითხის შესასწავლად გვაქვს ,,მთელი სამყარო – რესურსი”. გვინდა თუ არა ისტ-ის გამოყენება, თავისთავად ცვლის ტრადიციული მუშაობის მეთოდებს, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას.

ჩემი, როგორც მათემატიკის მასწავლებლის მუშაობა, ძირეულად არ იცვლება – ვარ ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმის (ესგ) სტანდარტებზე და წლის ბოლოს მისაღწევ შედეგებზე, რის შედეგადაც ჩემი მუშაობა მუდმივად განიცდის განახლებას. ყველა ცვლილება ორიენტირებულია მოსწავლეთა მათემატიკური ცოდნის გაღრმავებაზე;

დავალებები უნდა იყოს შინაარსობრივი, პრაქტიკულად ღირებული, მოსწავლეთათვის საინტერესო, ისინი ხელს უნდა უწყობდეს აზროვნების უნარების განვითარებას, შემოქმედებითი ნიჭის გააქტიურებას, დავალებებს უნდა მოეძებნოს პრაქტიკული გამოყენება. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები დავალებაზე მუშაობის დროს, თავად შეაფასონ დავალების ტიპი და შეარჩიონ სასურველი ისტ-პროდუქტი შედეგის თვალსაჩინო ასახვისათვის.
გაკვეთილის დაგეგმვაზე მუშაობის დროს, აქტივობების დაგეგმვისას, ისტ-ის გამოყენების საშუალებით უნდა გაოცდე თავად და გააოცო მოსწავლეებიც, რადგან XXI საუკუნეში მათემატიკის სწავლება მხოლოდ რიცხვებით და ფორმულებით აღარ შემოიფარგლება. მათემატიკამ ადამიანის საქმიანობის ბევრად მეტი არეალი მოიცვა და, რაც ყველაზე მთავარია, ეს სივრცე ყველგან რადიკალურად განსხვავებულია. კერძოდ, თუ ერთ სფეროში კონკრეტული გამომთვლელია საჭირო, მეორე სფეროში მხოლოდ მათემატიკური ლოგიკით შემოვიფარგლებით. ზუსტად ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მათემატიკის და არა მხოლოდ მათემატიკის სწავლებისას, ისტტექნოლოგიებს ასე ფართოდ ვიყენებ. ის მეხმარება იმ უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, რასაც 21-ე საუკუნის უნარებს უწოდებენ .ჩემი აზრით, აღნიშნული უნარები ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს, ის უნდა გააჩნდეს მოსწავლესაც, რომელმაც უნდა დაიმკვიდროს თავი საზოგადოებაში, გახდეს კონკურენტული მისთვის სასურველი საქმიანობის სფეროში. ზემოაღნიშნული უნარების განვითარებაზე საუბარია ესგ-ს ერთ-ერთ თავშიც – “გამჭოლი კომპეტენციები”, რომლებიც ცხრა მიმართულების სახითაა ჩამოყალიბებული. ყველა მიმართულება მნიშვნელოვანია, თუმცა მათემატიკაში პრიორიტეტი ენიჭება ოთხ ძირითად მიმართულებას, რომლებიც გამოყოფილია დიაგრამაში:


 

მონაცემების გამოყენება და ინფრომაციის წყაროები;
მონაცემების დახარისხება და კვლევა;
ანალიზი და პროცესის ავტომატიზაცია;
მოდელი და მოდელირება.
სხვა მიმართულებები, ბუნებრივია, ასევე, შესაძლოა გამოვიყენოთ და განვავითაროთ მათემატიკაში.
თითოეული ეს მიმართულება შესაძლებელია შემდეგნაირად გაიშალოს:
დამოუკიდებელი მუშაობა ინფორმაციასთან: მოძიება, შერჩევა, ანალიზი და შეფასება, დახარისხება, წარდგენა, მისი გადაცემა;
მოდელირება, ობიექტის დაგეგმარება პროცესში, მათ შორის სხვა ფაქტორების ურთიერთქმედების გათვალისწინებით, საკუთარი გეგმების პასუხისმგებლობით რეალიზება;
გადაწყვეტილების მიღება და გაუთვალისწინებელი მოვლენების/ფაქტების გათვალისწინება, სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში (LLL).
აღნიშნულის შესაბამისად, ჩემი გაკვეთილების დაგეგმვისას ორიენტირებული ვიყავი როგორც ესგ-ს შედეგზე, ასევე დასახელებული უნარების განვითარებაზე.
ამასთანავე, მსურს, აღვნიშნო, რომ ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებისთვის ხელი შემიწყო კომპანია Microsoft–ის და კომპანია Intel–ის ერთობლივმა პროექტმა “Windows 8 1:1 ელექტრონული სწავლება”. პროექტის ფარგლებში ყველა მოსწავლეს გადაეცა ტრანსფორმერი პლანშეტები. შესაბამისად, გაკვეთილისთვის ისტრესურსის შექმნისას ან ინტერნეტში სხვადასხვა ონლაინრესურსის ძიებისას, ვიცოდი, რომ, როგორც გაკვეთილზე, ასევე საკლასო სივრცის მიღმა, ყველა მოსწავლეს შეუფერხებლად ექნებოდა წვდომა ჩემ მიერ გადაგზავნილ მასალებზე.
ამჟამად გაგიზიარებთ მათემატიკის სწავლებისას ტექნოლოგიების გამოყენების მაგალითებს,- თუ როგორ ვუსადაგებდი გაკვეთილის მიზანს სხვადასხვა ელექტრონულ ინსტრუმენტს. ვცდილობდი მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარებას, საშუალებას ვაძლევდი მოსწავლეებს, თავად აეგოთ ახალი ცოდნა ინფორმაციული სივრცეში ორიენტაციის გზით.
ალბათ, თითოეულ ამ გეგმაზე უფრო რეფლექსიის სახით ვისაუბრებ, რა შედეგი გამოიღო მიდგომამ, აქტივობამ, რომელიც მე დავგეგმე და გაკვეთილზე განვახორციელე. თუ როგორ იმუშავეს მოსწავლეებმა გაკვეთილებზე და გაკვეთილების მიღმა.
უპირველეს ყოვლისა, გაკვეთილების ძლიერ მხარედ მინდა აღვნიშნო მოსწავლეთა მოტივაცია. ამასთანავე, ხაზს ვუსვამ, რომ მოტივაციის მიზეზს არ განაპირობებდა მხოლოდ პროექტში მონაწილეობა, ან ის, რომ მათ ინტერაქტიულ პრეზენტაციას ვუჩვენებდი, ან ვთხოვდი, შესულიყვნენ საიტზე, სადაც თამაშით სწავლობდნენ და ითვისებდნენ ახალ საკითხს, არამედ გაკვეთილები იყო იმგვარად დაგეგმილი, რომ მოსწავლეები მუდმივად აღმოჩენის პროცესში იყვნენ. მე მათ მხოლოდ საწყის ცოდნას ან მითითებებს ვაწვდიდი. მოსწავლეები თავად აგრძელებდნენ ახალი მასალის სასურველი ტემპით ათვისებას. აქვე, ალბათ, არ შეიძლება, არ ვახსენო “შებრუნებული საკლასო ოთახის” მოდელი ((Flipped Classroom),), რომელსაც მე აქტიურად ვიყენებდი გაკვეთილზე. თუმცა შემდგომ ეტაპზე, მას შემდეგ, რაც მოსწავლეები შეისწავლიდნენ საკითხს, ისინი თავად ქმნიდნენ ვიდეოებს ამ მოდელის შესაბამისად. შემოგთავაზებთ ერთ-ერთი აქტივობის აღწერას:
აქტივობის დასახელება: გეომეტრია, კუთხის გრადუსული ზომა, კუთხის აგება.
მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს გეომეტრიული ფიგურების აგება მათი კუთხეების გრადუსული ზომების გათვალისწინებით. დაასახელოს კუთხეები მათი გრადუსული ზომის მიხედვით: ბლაგვი, მართი, მახვილი და გაშლილი.
მიმდინარეობა: გაკვეთილამდე, წინა დღეს, მოსწავლეები სახლში ეცნობიან ვიდეოს „კუთხის აგება ტრანსპორტიის გამოყენებით”.
მასწავლებელი იწყებს გაკვეთილს მოსწავლეთათვის პერსონალურ კომპიუტერებში „სავარჯიშო 1″-ის გადაგზავნით. მოსწავლეები ასრულებენ დავალებას და უკან უგზავნიან მასწავლებელს ტექსტურ რედაქტორში შესრულებულ დავალებას ელექტრონული ფოსტის გამოყენებით.

მასწავლებელი შეაჯამებს დავალებას, (მოგვიანებით, გაკვეთილის შემდეგ, იგი ნახულობს თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებულ დავალებას და მოსწავლეებს უგზავნის განმავითარებელი შეფასების კომენტარს).

შემდეგ ის მოსწავლეებს „სავარჯიშო 2″ უგზავნის. მოსწავლეები ასრულებენ დავალებას და პასუხებს საზიარო დაფაზე აფიქსირებენ www.padlet.com. გაზიარებული დაფის ბმული მასწავლებელს მოსწავლეებთან წინასწარ აქვს გადაგზავნილი. ბოლოს იმართება დისკუსია, თუ ვინ რა ნიშნით მოახდინა სამკუთხედების განაწილება.
დავალებად მასწავლებელი მოსწავლეებს „სავარჯიშო 3″ -ს უგზავნის.
შედეგი: მოსწავლეები დამოუკიდებლად, ვიდეო-გაკვეთილის ყურებით სწავლობენ. გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ახალ ცოდნას დავალებაზე მუშაობით. მასწავლებელს აქვს უფრო მეტი დრო, რათა დააკვირდეს თითოეულ მოსწავლეს და დაამყაროს უკუკავშირი. მოსწავლე თავად სწავლობს მისთვის ბუნებრივი ტემპით.
გარდა აღნიშნულისა, სწავლების ერთ-ერთ ძლიერ მხარედ გამოვყოფ სხვა პედაგოგებთან თანამშრომლობას და ერთობლივად ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილებს, მაგალითად: ვინ ვარ მე? Who I Am?

აქვე აღვნიშნავ, რომ ამ გაკვეთილის ჩატარების დროს მე თავად მივლინებით ვიყავი წასული და გაკვეთილზე Skype-ის საშუალებით ჩავერთე და ასე ერთობლივად შევძელით გაკვეთილის ჩატარება მე და ინგლისური ენის მასწავლებელმა, ქალბატონმა ნანა გოგიაშვილმა.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საილუსტრაციოდ კიდევ რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: ,,ნატურალური რიცხვის ჯერადები და გამყოფები”. ამ გაკვეთილის ძლიერ მხარედ მინდა ავღნიშნო, როგორც დავალებების სიმრავლე და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინება (დიფერენცირებული დავალებები), ასევე, გამოყენებული აპლიკაცია Mind Map, რომლის გადმოწერა Windows 8 Store-ის მაღაზიიდან შევძელით, სადაც უამრავი სხვადასხვა აპლიკაციაა, რომელთაც აქტიურად ვიყენებდით საგაკვეთილო პროცესში .
„მართკუთხედის ფართობი”, ამ საკითხის განმარტებისას გამოყენებული იყო თამაში Kodu. თავად მოსწავლეებმა აღმოაჩინეს და ჩაწერეს მართკუთხედის ფართობი, და რაც ყველზე საინტერესო იყო. გაკვეთილის ბოლოს შექმნეს ვიდეო-რგოლი, თუ როგორ გამოსახონ ერთეულოვანი ფართობის გამოყენებით ნებისმიერი ფიგურის ფართობი.
დამეთანხმებით, რომ მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ კოსმოსი, პლანეტები, ოცნებობენ იქ მოგზაურობაზე. სწორედ ამ თემას დაუკავშირე გაკვეთილი სახელწოდებით “სიგრძის ერთეული, დრო”. მოსწავლეებმა იმოგზაურეს ვირტუალურ ტურში – ჩვენს გალაქტიკაში. გაიგეს, თუ რა სიჩქარით მოძრაობს სინათლის სხივი კოსმოსში და რა დრო სჭირდება მას მზიდან სხვადასხვა პლანეტებამდე; შემდეგ, ამ მონაცემების საფუძველზე, გაიგეს მანძილი მზიდან ჩვენი გალაქტიკის თითოეულ პლანეტამდე. ამ საკითხმა მოსწავლეები ისე გაიტაცა, რომ გადავწყვიტე, გამეხორციელებინა პროექტი სახელწოდებით “მოგზაურობა მარსზე”. პროექტის განხორციელებისას, მოსწავლეებმა, როგორც კი გაიგეს მარსზე არსებული სასიცოცხლო პირობები, ააგეს ხომალდის მოდელი, მოახდინეს ფრენის ტრაექტორიის მოდელირება და გამოთვალეს ფრენისთვის საჭირო საწვავისა და სურსათის რაოდენობა. გამოთქვეს ვარაუდები. მოსწავლეთა ნაწილმა შექმნა მარსის ლანდშაფტის მოდელი, ააგო სახლები და სათბურები, დათესა სხვადასხვა მცენარე, და, დააკვირდა ზრდის პროცესს, შეისწავლა ზრდისთვისს საჭირო ხელშემწყობი ფაქტორები, და, რაც ყველაზე მთავარია, თავად მოსწავლეებმა შეძლეს მოეძიებინათ ზრდისთვის საჭირო ალტერნატიული ელემენტები (მზის ნაცვლად მუდმივი ხელოვნური განათება, ნიადაგის ნაცვლად სხვადასხვა ფხვიერი მასა, და ა.შ.).
ზემოაღნიშნულ პროექტზე მუშაობამ შექმნა წინაპირობა, რომ მოსწავლეთათვის ამეხსნა ზოგიერთი სივრცული ფიგურა, თუმცა ეს საკითხი წინარე გამოცდილებით მათთვის იმდენად მარტივი აღმოჩნდა, რომ თემის სწავლებისთვის დათმობილი გაკვეთილები თითქმის მთლიანად დატვირთული იყო ონლაინრესურსებით და სიმულაციებით, რამაც საშუალება მოგვცა, გავსულიყავი როგორც მათემატიკის სტანდარტის შედეგზე, ასევე, უფრო მეტი ცოდნა გადამეცა მოსწავლეთათვის და ხელი შემეწყო მათი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.
ამოცანის ამოხსნის სხვადასხვა ხერხით მოცემული საკითხის სწავლებამაც არ ჩაირა ისტ და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობის გარეშე. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, თავად მოეფიქრებინათ ამოცანები. ამასთან ერთად, ამოცანის პირობები ბუნებისმეტყველების საკითხებიდან უნდა მოეფიქრებინათ, რითაც კიდევ ერთი საგნის ინტეგრირება შევძელით მათემატიკასთან, და გრამატიკაც არ დაგვრჩენია უყურადღებოდ. ყველა ამოცანის პირობა გამართული უნდა ყოფილიყო. აქტივობის დასასრულს, მოსწავლეთა ნაწილმა ვიდეო-რგოლი მოამზადა, ზოგიერთმა მათგანმა კი ამოცანის ანიმაციური პირობა შექმნა.
კიდევ ერთ თემას გამოვყოფდი. ესაა – “წილადი”, აქვე აღვნიშნავ, რომ საკითხზე მუშაობის დროს გამოვიყენე მანიპულატივები, რეალური ხელშესახები რესურსი, რათა ჩემი კლასი მთლიანად ვირტუალურ კლასად არ გადაქცეულიყო. ასევე მოსწავლეებმა იმუშავეს როგორც ჩემ მიერ მომზადებულ ელექტრონულ დავალებებზე, ასევე ონლაინრესურსებზე.
 
აქტივობის დასახელება: წილადი – მთელის ნაწილი.
მიზანი: მოსწავლეებმა განივითარონ წილადების წაკითხვის, გამოსახვისა და შედარების უნარ-ჩვევები; მოახდინონ წილადების ცნების ინტერპრეტაცია.
მიმდინარეობა: მოსწავლეები მუშაობენ დავალებებზე, რომლებსაც მათ მასწავლებელი ელ-ფოსტის საშუალებით გადაუგზავნის. ისინი დავალებას მასწავლებელს უკან გადაუგზავნიან.
ასევე მოსწავლეებს საშუალება აქვთ დავალებების შესრულებისას იქონიონ ერთმანეთთან მიმოწერა ჩეთის მეშვეობით, გაუწიონ კონსულტაციები ერთმანეთს.
მოსწავლები კომპიუტერში წილადების მოდელებს ქმნიან, მოიძიებენ და შემდეგ თავად შექმნიან ვიდეოგაკვეთილებს: „წილადების ისტორია”.

თვალსაჩინო მასალის „წილადების” გამოყენებისას მოსწავლეები წყვილებში თავად აღმოაჩენენ წილადების შედარების წესს.
შედეგი: ტექნოლოგიების დახმარებით საშუალება მომეცა მეჩვენებინა მოსწავლეთათვის ანიმაციური რესურსები, რომლებიც უკეთ დაეხმარა მათ ცნების გააზრებაში.

ამასთან მანიპულატივებზე მუშაობისას, მოსწავლეები აფიქსირებენ საკუთარ აზრს, აკეთებენ ვიდეოჩანაწერებს, ამზადებენ პრეზენტაციებს.

პრობლემებზე მუშაობისას მოსწავლეები მუდმივად თანამშრომლობენ ისტ-ტექნოლოგიების დახმარებით, ეხმარებიან ერთმანეთს ახალი ცოდნის კონსტრუირებაში.

თემის შესწავლის პარალელურად მოსწავლეებმა დაიწყეს პროექტის განხორცილება „წილადები”.
მოსწავლეები იკვლევენ საკითხებს:
რამდენად მნიშვნელოვანია წილადები?
რამდენად ხშირად და სად აქვთ ოჯახის წევრებს წილადებთან შეხება?
პარალელს ავლებენ საყოფაცხოვრებო პირობებში მსგავს საკითხებთან შეხების საშუალებებს. რაც შეეხება სასწავლო პროექტის ეფექტურობას, ეს ცალკე განსახილველი თემაა …
დასკვნის ნაცვლად…
მე შევნიშნე, რომ უფრო საინტერესოდ წარიმართება გაკვეთილები, სადაც თემაზე მუშაობა პირდაპირ არ უკავშირდება ისტ-ს შესწავლას – გამოყენებას: პოსტერის შექმნა, სქემების აგება, ამოცანის კრებულების შექმნა, ანიმაციური მოთხრობების შექმნა თემის ირგვლივ.

მოსწავლეებს უხარიათ საკუთარი მიღწევები, ხოლო ზოგიერთი მათგანი კი პირველად განიცდის თვითრეალიზაციის შეგრძნებას. განსაკუთრებულ დაინტერესებას ჩემში ასევე სხვადასხვა საგნის ინტეგრირება იწვევს. ახალი გამოწვევები, რადგანაც მაშინ მეც მოსწავლის როლში გამოვდიოდი, როდესაც სხვა საგნის სწავლების თავისებურებებს – ახალ მეთოდიკას, ინოვაციურ ტაქტიკებს ვეცნობოდი.
მასწავლებელი, რომელიც სასწავლო პროცესში სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობას იყენებს, სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოსა და ეფექტურს ხდის, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და აუმჯობესებს სწავლის შედეგებს და აქვს ეფექტური უკუკავშირი თითოეულ მოსწავლესთან.

სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, ასევე აღსანიშნავია 1:1 ელექტრონული სწავლების შესაძლებლობა, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებელს გასცდეს ფორმალური განათლების ჩარჩოებს და უფრო აქტიურად ჩართოს მოსწავლეები პროექტსა თუ სხვა აქტივობებში, საშუალება მისცეს მოსწავლეებს თავად ააგონ საკუთარი ცოდნა თანამშრომლობით და კვლევა ძიებით.
რესურსები:

1.1.შებრუნებული საკლასო ოთახის შესახებ: https://shsotreiningi.blogspot.com/p/20-4-3-2.html
1.2.ვიდეო შსო-ს მოდელის მიხედვით: https://www.youtube.com/watch?v=KryfP7aecWo
3.დავალების ნიმუშები: https://isischool-my.sharepoint.com/personal/dimitri_teacher_ge/_layouts/15/guestaccess.aspx?guestaccesstoken=q56tkm%2bilDPVt58TSJMJ1fUuvEGgkQDDlPdNWkeoZbw%3d&docid=0469e35c2d8bf44acaa819892203750e22
https://isischool-my.sharepoint.com/personal/dimitri_teacher_ge/_layouts/15/guestaccess.aspx?guestaccesstoken=l%2fnSbfSoMhtIF8MoOukW7LmnT7DDAoAGXnjneo7af6A%3d&docid=0c066dd45ece24218b5235530cc73c0fb
https://isischool-my.sharepoint.com/personal/dimitri_teacher_ge/_layouts/15/guestaccess.aspx?guestaccesstoken=a8uVDPi42QAxuA1bynOTonbgNJuCtM14yg%2f5huy9%2fwU%3d&docid=02d4dac2a16884da9b849ede7db1e7462
2.4.გაკვეთილის გეგმა და რესურსები: https://www.educatornetwork.com/Resources/LearningActivities/Details/6c7594b7-90aa-4731-89b9-0a66f441c595
https://www.educatornetwork.com/Resources/LearningActivities/Details/d2ab704c-e48f-4bcd-81b9-e42c9dc52e84
დიმიტრი პოპოვი

სსიპ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა,
მათემატიკისა და ისტ-ის მასწავლებელი

მამობის უფლებებს მიღმა

0
ამ წერილის დაწერას უფრო ადრე ვაპირებდი, მაგრამ თითქმის მთელი სექტემბერი საშემოდგომო ვირუსულ ინფექციებს ვებრძოდით და ხან ერთი და ხან მეორე ბავშვის წამლებს წიწილებივით ვითვლიდი, რამე რომ არ შემშლოდა და ამრეოდა გადაღლილ და დასტრესილ გონებაზე. გავიფიქრებდი – “აი, ეს ერთი გამოჯანმრთელდა უკვე და სახლში ვბრუნდებით, რა კარგია ყველა ერთად ჯანმრთელად და მშვიდად გავაგრძელებთ ცხოვრებას”- რომ უკვე მეორეს ეწყებოდა სიცხეები, სურდო, უხასიათობა და მაღალ ხმაზე გაჰკიოდა შემართებით. მერე, ისევ თავიდან იწყებოდა მაღალი სიცხეები, პატარა ხელებში გარჭობილი კათეტერი, “დაბინტული” მაჯები, გადასხმის მილები, დაღონებულთვალებიანი მშობლების სახეები საავადმყოფოს გრძელ დერეფნებში, რომლებიც ყველაზე მეტად ითხოვენ მალე გამოჯანმრთელების იმედს, სვამენ უამრავ შეკითხვას, ექიმები კი მხოლოდ მათთვის გასაგები ტერმინებით უხსნიან მდგომარეობის სიმძიმეს. ყველაზე მთავარი კი ეს შეკითხვაა – როდის გაგვწერთ? როდის გვიშვებთ?

 

რომ არა ერთი თითქოს “უმნიშვნელო” დეტალი მთელი რიგი ამ ამბებისა, ასეთ პირადულ და უსიამო ამბებს ნამდვილად არ გავიხსენებდი. ვითარების სიმძიმის მიუხედავად, ავადმყოფობები ტრივიალური მოვლენაა ბავშვის გაზრდის პროცესისა და ამ ყველაფერს მშვიდად უნდა შევხვდეთ. სათქმელად ადვილია… მიუხედავად გამოცდილი მშობლების დარიგებისა და დამშვიდებისა, რთული საყურებელია სიცხისგან გაკაშკაშებული ბავშვის ლოყები, გაღიზიანებული და აღგზნებული მზერები ერთმანეთს რომ ენაცვლებიან, ხან ქრებიან და ხან ისევ ინთებიან.

მამა უფროს სიცხიან ბიჭს გაჰყვა საავადმყოფოში, დედა უმცროს გოგოსთან დავრჩი სახლში და მთელი აფორიაქებულობა და იმდღევანდელი დაძაბულობა შიშები და შეკითხვები – რა იქნება? ექიმი რას იტყვის? გარდა სიცხისა და მუცლის ტკივილისა რამე სერიოზული ხომ არ იქნება? – ჩავიბარე. დედის ტვინი კი გამოულეველი და უძირო შიშების საბადო ყოფილა. ყველაფრისთვის ემზადები თითქოს. ემზადები გადამწყვეტი და რთული მომენტებისთვის. სანამ, იმედის მომცემ სიტყვებს არ გეტყვიან, სანამ არ დაგირეკავენ და არ გახარებენ, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ თითქმის ყველაფერი ნორმალურადაა, სანამ “მის” ხმას არ გაიგონებ – მანამდე ღელავ, შფოთავ და ვერ ისვენებ. მაგრამ გეუბნებიან, რომ მამებს ღამით პალატაში დარჩენის უფლება არ აქვთ, აუცილებლად დედა ან ბებია უნდა დარჩეს. ასეთია წესი. ახალი საფიქრალი გაჩნდა, ვინ დარჩება ბავშვთან ღამით? არადა, ჩვენ შეგვიძლია სხვების დაუხმარებლად ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე, ორივემ გადავინაწილოთ საქმეები. ამას ხომ თავიდანვე ორივე ძალიან კარგად მივეჩვიეთ, გამოცდილებაც დაგვიგროვდა ამ ამბებში და ცოტა არ იყოს უცნაურია, როცა მამას მხოლოდ იმიტომ არ რთავენ შვილთან თავდგომის უფლებას, რომ მამაკაცია.

და ზუსტად იმ დროს გადავწყვიტე, რომ თუ მე ხმამაღლა ვლაპარაკობ ქალების უფლებებზე თუ უუფლებობაზე, მათ დისკრიმინაციასა თუ ძალადობის ფაქტებზე, თუ არაკომფორტულ სიტუაციებშიც არ მერიდება ვისაუბრო, რომ ჩვენს ქვეყანაში მართლაც იჩაგრებიან ქალები და ამ “ახალი ამბით” იმ ადამიანების გაღიზიანებას არ ვერიდები, რომლებსაც ვერც კი დაუჯერებიათ, რომ ეს ჩვენ გარშემო მართლა ასე ხდება, ასევე აუცილებლად უნდა ვილაპარაკო ამაზეც. როდესაც საქმე მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობას ეხება, მეორეხარისხოვანი ამბავი უნდა იყოს, დედა დარჩება მასთან ღამით თუ მამა. მაგრამ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, მამები ნაკლებად არიან ჩართულნი შვილების აღზრდის პროცესში და თავიანთ მეუღლეებთან ერთად არ ინაწილებენ ოჯახური მოვალეობების ტვირთს, ასეთი დამოკიდებულება და მსგავსი ხელის შემშლელი ფაქტორები უფრო მეტად აღრმავებს სტერეოტიპებს და აკნინებს მამის როლს.

ჩვენს მეზობლად პალატაში ორნი არიან, მამა და პატარა ბიჭი. პატარა ბიჭსაც გადასხმების კვალი ატყვია მაჯაზე – სქლად შემოხვეული მარლა. მამა ფუსფუსებს, ხან გასარეცხ თეფშებს გამოიტანს და გარეცხავს, ხან ხილი მიაქვს პატარა ბიჭისთვის. საღამოს სააბაზანოში მიჰყავს და იქიდან სუფთა და მოწესრიგებული გამოჰყავს. სხვა დედებმა თქვეს, რომ მარტო არიან. დედა არ ჰყავთ. არ ჩავძიებივარ, სად ჰყავს დედა. საავადმყოფოს ჩვენზე ადრე ტოვებენ. ფანჯრიდან ვხედავ მამა ბარგით ხელდატვირთული ცდილობს ერთ თავისუფალ ხელში ბიჭი აიყვანოს. ცრემლი მერევა. განსაკუთრებული, ხომ არაფერი მომხდარა. მამამ გამოჯანმრთელებული შვილი სახლში წაიყვანა. ალბათ, გადაღლილობის ბრალი იყო…

პ.ს როცა მე სკოლაში ვსწავლობდი, მშობელთა კრებებზე მხოლოდ დედები და ბებიები დადიოდნენ, მამები იშვიათად მინახავს. ეს ამბავი იმიტომ გამახსენდა, რომ მასწავლებლებს ძალიან კარგი საბაბი აქვთ ჩართონ მამები თავიანთი შვილების აღზრდის პროცესში, ჩააყენონ ისინი საქმის კურსში, ესაუბრონ თავიანთი შვილების განათლებაზე, წარმატებებსა და პრობლემებზე. შეიძლება დღეს სიტუაცია მეტ-ნაკლებად გამოსწორდა და თანამედროვე მამები უფრო მეტად ინტერესდებიან საკუთარი შვილების განათლებით, უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ მათთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას, მაგრამ მათი რაოდენობა მაინც ძალიან მცირეა.

 

 

 

 

 

მეცადინეობის სირთულეები

0

„სანამ გაკვეთილებს არ ისწავლი, ეზოში ვერ ჩახვალ!” – ეს ისტორიული ფრაზა მშობლებისგან ალბათ ყველა ჩვენგანს გაუგონია. ზოგიერთი შინ დარჩენაზეც თანახმაა, ოღონდ მეცადინეობას თავი აარიდოს.

რატომ ჭირვეულობენ პატარები მეცადინეობის დროს? რატომ ვერ უდებენ გულს საშინაო დავალებებს? იქნებ ამის მიზეზი დაღლილობაა და მცირეოდენმა განტვირთვამ მათ ენერგია და ხალისი დაუბრუნოს? იქნებ არ ესმით ესა თუ ის საგანი და მისი შესწავლა მათთვის სტრესია?

იმისთვის, რომ პატარებს სწავლის სურვილი დაუბრუნდეთ, მშობლების აქტიური ძალისხმევაა საჭირო. ისინი ბავშვის ქცევაზე უდიდეს გავლენას ახდენენ. რაც უფრო მეტადაა ჩართული მშობელი სასწავლო პროცესში, მით უკეთესად უვითარდება ბავშვს სწავლისა და სოციალიზაციის უნარები. გარდა ამისა, მოსწავლე მშობლის დახმარებით იძენს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა სწავლის სწორი გზის მისაგნებად. ასეა ნათქვამი კვლევაში, რომელიც საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციამ, PISA-მ ჩაატარა.

ცნობილი ფსიქოლოგი ასკელ უილიამსი ჟურნალ TIME-ის მეშვეობით უხსნის მშობლებს, როგორ იპოვონ კორექტული მეთოდები შვილების დასახმარებლად. უილიამსი წერს, რომ სკოლასა და ოჯახში ყურადღებას არ ამახვილებენ მოსწავლის წვრთნაზე, იმაზე, როგორ მიიყვანონ ისინი შინაარსის გაგებამდე და არ აზეპირებინონ ტექსტი, რომელიც, ცხადია, მოკლე ხნის შემდეგ აღარ ემახსოვრებათ.

·მეცადინეობისას დაუხატეთ პატარებს სურათები და დაუხაზეთ დიაგრამები – ეს მათ შინაარსის გაგებაში დაეხმარება. აქ განსაკუთრებით მხედველობითი მეხსიერება ჭრის.

·შეუდგინეთ კითხვები და დაეხმარეთ, რომ სწორ პასუხებს მიაგნონ.

·როცა რაიმე ახალს შეისწავლიან, ეცადეთ, ის იმ დადებით ემოციასთან დააკავშიროთ, რომელიც მათ უკვე აქვთ. მაგალითად, გამოიყენეთ მათი საყვარელი კომპიუტერი და მოუძებნეთ ინტერნეტში ინფორმაცია ახალი თემის შესახებ.
·ნუ იქნებით ზედაპირულები. მანამდე აუხსენით, სანამ კარგად არ გაიგებენ საკითხს.

·მათთან ერთად გააკეთეთ ჩანაწერები, რომლებიც მათ ერთი შეხედვით გაახსენებს მნიშვნელოვან საკითხებს და დადებით ემოციასაც მოჰგვრის იმის გამო, რომ დაეხმარეთ.

ასკელ უილიამსმა და მისმა კოლეგებმა დაასკვნეს, რომ მოსწავლეებს, რომლებიც ამ სტრატეგიებს არ მისდევენ, საშინაო დავალების შესრულება უჭირთ.
ივლისში TEDx-მა თბილისში ბავშვებს დაუთმო სცენა. პატარებმა მათთვის საინტერესო არაერთ საკითხზე ისაუბრეს. გიორგი ზიბზიბაძემ თავისი საუბრის თემას ასე დაარქვა: „როგორ ვაქციოთ მოსაწყენი საქმე გასართობ აქტივობად”. საუბარი იმით დაიწყო, რომ ყველა ადამიანს დედამიწაზე საკუთარი პრობლემა აქვს. ერთის გასაჭირი მეორისთვის შესაძლოა სასაცილოდ ჟღერდეს, მაშინ როდესაც პირველს დეპრესია იპყრობს. გიორგის სკოლაში თურმე ქართული ლიტერატურის სწავლა უჭირდა – ვერაფრით იზეპირებდა ლექსებს, რაც უფრო და უფრო აძულებდა ამ საგანს. სამაგიეროდ, ძალიან უყვარს ხატვა – დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერ სიტუაციაში. მას შემდეგ, რაც მდგომარეობა გაუსაძლისი გახდა და პრობლემაზე სერიოზულად დაფიქრდა, გიორგიმ ორი აქტივობა – საყვარელი და საძულველი – ერთმანეთს შეუხამა და ყველაფერი დალაგდა. წაკითხულ ლექსებს გონებაში საგნებთან აკავშირებდა და ხატავდა. ასე დახატა ლექსი „მზეო თიბათვისა” და ნახატზე დაკვირვებით იოლად წაიკითხა დაფასთან. გიორგი ამბობს, რომ პრობლემა უკვე საბოლოოდ მოაგვარა და „ლექსების ხატვა” ძალიან კარგად გამოსდის.

ამ ბმულზე გიორგი ზიბზიბაძე თავად გიამბობთ მეცადინეობის სირთულეების გადალახვის შესახებ:

ბელგა უკვე ვეღარასოდეს ითამაშებს ჭადრაკს

0
ბაბუებს მაინც უცნაურად უყვართ შვილიშვილები. მინდოდა მეთქვა, უცნაურად უყვართ და ესმით კიდეც მათი-თქო. თითქოს რა ისეთი აუხსნელი რამეა, კაცს რომ გაუკვირდეს, მაგრამ მაშინ, როცა მშობლები უამრავ ყოფით საქმეს არიან შეჭიდებულები, ბაბუებმა შეიძლება სწორედ ის აღმოაჩინონ, რაც მერე მისი შვილიშვილის ცხოვრებაც იქნება და საქმეც.
პატარა გაბოს შემთხვევაშიც ასე იყო.
პოლკოვნიკი ნიკოლას რიკარდო მარკესი, რომელსაც შვილიშვილები პაპალელოს ეძახდნენ, გვიანობამდე შერჩებოდა ხოლმე ბელგას სახელოსნოში. ბელგა – ეს შიშისმომგვრელი მოხუცი – თურმე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა არაკატაკაში, ორივე ფეხის კიდური ნორმანდიაში, დანაღმულ მინდორში დაეტოვებინა.
ოთხი წლისამ გავიცანიო, – ჰყვება გაბრიელ გარსია მარკესი ავტობიოგრაფიულ წიგნში „იცხოვრო, რომ მოჰყვე” (ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ), – ბაბუაჩემი მასთან ჭადრაკის მდუმარე და დაუსრულებელი მატჩების სათამაშოდ მიდიოდა ხოლმეო.
სანამ გაუთავებელი და მოსაწყენი სეანსები მიეწყობა, სახელოსნოში მოხვედრილ ბავშვს პირველივე საღამოდან უკვირს, რომ იქ არაფერია ისეთი, რაც შეიძლება რამეში გამოიყენო. აკვარელით დახატული ზღვის პეიზაჟები, ბავშვების დაბადების დღისა და ზიარების ფოტოები, აზიური სამკაულების ასლები, ძროხის რქებისგან დამზადებული ფიგურები, სხვადასხვა ეპოქის ავეჯი – ეს ყველაფერი ერთმანეთზე ახუხულავებული – და ბელგაც თითქოს საკუთარი ნამუშევრების ამ უწესრიგობაში ცხოვრობს.
– არასოდეს მყვარებია. მით უფრო, ჭადრაკის თამაშის დროს. საათობით აყოვნებდა ყოველი ფიგურის მოძრაობას, ძილისგან ჩამოღვენთილი ვიყავი. ერთ ღამეს უზომოდ დაუძლურებული მომეჩვენა და შინაგანად ვიგრძენი, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა. მის მიმართ სიბრალული გამიჩნდა, მაგრამ ხანდახან იმდენად დიდხანს ფიქრობდა ჭადრაკის თითოეულ სვლაზე, რომ გულწრფელად ვნატრობდი მის სიკვდილს.

სანამ ეს სიკვდილი ჩამოდგებოდეს, ბავშვის თვალს და ყურადღებას ბელგას ძვლებზე მიკრული ყვითელი კანი მიიქცევს, ასეთივე ფერის თმა და შუბლზე ჩამოყრილი ქოჩორი, სახეს რომ უფარავს და ლაპარაკს უშლის. მოხუცი ზღვის ლომის ძვლის ყალიონს ეწევა და მხოლოდ ჭადრაკის თამაშის დროს ანთებს ხოლმე – ამ ხრიკით მეტოქის დაბნევას ცდილობს. წელს ქვემოთ მოწყვეტილი, ზურგში მოკუზული და მარცხნივ გადახრილი, თავისი ყავარჯნებით თევზივით დაცურავს საკუთარი სახელოსნოს ნანგრევებში.
– არასოდეს მოუყოლია ნაოსნობის შესახებ. ვიცოდი, რომ არაერთი მღელვარე თავგადასავალი გადახდენოდა. ერთადერთი გატაცება, რომელიც გარეშე ხალხმა მის შესახებ იცოდა – კინო იყო.
არც ის კინოსეანსი ჩაივლის მოხუცის გარეშე – ლუის მაილსტოუნის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია”-ს ჩვენება. რემარკის ნაწარმოების მიხედვით შექმნილ ფილმის ნახვისას ბელგა ნორმანდიის ჭაობში ჩაყრილი მეომრების დაჩეხილ და დანაწევრებულ გვამებში საკუთარ თავს ამოიცნობს და იმდენად შეძრავს სანახაობა, რომ გადაწყვეტს, საბოლოო წერტილი დაუსვას თავის სიცოცხლეს.
– პატარა მისაღებ ოთახში ბინდი იდგა. ფანჯრები დახურული იყო. ეზოდან შემოსული მზის პირველი სხივი მხოლოდ საძინებელს ანათებდა. ქალაქის მერი და სხვა ოფიციალური პირები ბაბუას ელოდნენ. ზეწარგადაფარებული ცხედარი იქ ესვენა. ყავარჯნები ახლოს, ერთი ხელის გაწვდენაზე დაეწყო მის პატრონს, მანამ, სანამ ლოგინში სიკვდილთან შესახვედრად დაწვებოდა.
სასთუმალთან ხის პატარა მაგიდაა, ზედ – ის ჭურჭელი, საიდანაც ბელგამ ოქროს ციანიდის ორთქლი თავის ძაღლთან ერთად შეისუნთქა. იქვეა წერილიც, საღებავით, დიდი ასოებით გამოყვანილი: „არავის დააბრალოთ, თავს ვიკლავ, რადგან ბრიყვი ვარ”. მიცვალებულს შიშველი, მტკიცე და დაგრეხილი სხეული ინდაურის უხეში კანითა და ყვითელი ბალნით აქვს დაფარული და გარშემომყოფებს მშვიდი, შემრიგებლური თვალებით ცოცხალივით უმზერს.
და უცებ, ცხედრის დანახვაზე, ბელგას სახლში გატარებული ღამეების სევდა ახსენდება პატარა გაბოს და ბაბუას ეუბნება:
– ბელგა უკვე ვეღარასოდეს ითამაშებს ჭადრაკს.
უბრალო ნათქვამი იყოო, – მოკრძალებულად იხსენებს ავტობიოგრაფიულ წიგნში გაბრიელ გარსია მარკესი, – მაგრამ ბაბუაჩემმა ისე უამბო ოჯახის წევრებს, როგორც გენიალური აზრის გამონათება. ქალები ისეთი ენთუზიაზმით ავრცელებდნენ გარშემო, რომ სტუმრის მოსვლის დროს შიშის ზარი მცემდა და ვიმალებოდიო. არ მინდოდა ჩემი თანდასწრებით ეთქვათ, ან უარესი: იძულებული გავეხადე, თავად მომეყოლაო.
იქვე არც იმის აღნიშვნას მოერიდება, – არავინ იცის, როგორი თანაგრძნობით ვივსები იმ ბავშვების მიმართ, რომლებსაც მშობლები გენიოსებად მიიჩნევენ; აიძულებენ იმღერონ სტუმრების თანდასწრებით; მიბაძონ ჩიტებს ან უარესი, მოიტყუონ უფროსების გასართობადო, – მაგრამ დღეს ვხვდები, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ის მარტივი ფრაზა ჩემი, როგორც მწერლის, პირველი წარმატება იყოო.
…ხომ მეთანხმებით: ბაბუებს მაინც უცნაურად უყვართ შვილიშვილები. უყვართ და ესმით კიდეც მათი. მაშინ, როცა მშობლები უამრავ ყოფით საქმეს არიან შეჭიდებულები, ბაბუებმა შეიძლება სწორედ ის აღმოაჩინონ, რაც მერე მისი შვილიშვილის ცხოვრებაც იქნება და საქმეც.

საბავშვო ბაღების მასწავლებლები ბაღებში თამაშის შესანარჩუნებლად იბრძვიან

0

საბავშვო ბაღის მასწავლებლები – უკანასკნელი ბასტიონი თამაშის უფლებისთვის ბრძოლაში

ავტორი: პიტერ გრეი, ბოსტონის (აშშ) კოლეჯის პროფესორი
ბრძოლა ბავშვობის წინააღმდეგ გრძელდება. ბავშვებს უკვე აღარ აქვთ საშუალება, თავისთვის ითამაშონ, იხეტიალონ შემოგარენში და გამოიკვლიონ გარემო, რომელშიც იზრდებიან. წინათ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, რადგან გამოკვლევის, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა და თავისუფალი მოძრაობის მოთხოვნილება ყველა ადამიანში ჩადო ბუნებამ.

აშშ-ში მშობლები, რომლებიც ბავშვებს თავისუფლად თამაშის საშუალებას აძლევენ, ხშირად ისჯებიან საზოგადოების მიერ (იხ. სტატიები: აქ და აქ). სკოლებმა მთელ ამერიკაში საგრძნობლად შეამცირეს შესვენებების ხანგრძლივობა ან საერთოდ გააუქმეს ისინი. აღმოჩნდა, რომ ბავშვობისა და თამაშისთვის ბრძოლაში უკანასკნელ ბასტიონს საბავშვო ბაღები წარმოადგენენ, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ამა თუ იმ ტიპის თამაშები, თუმცა, სამწუხაროდ, უკვე იქაც შესამჩნევია თამაშის შეზღუდვის ტენდენცია, მიუხედავად ზოგიერთი მასწავლებელის წინააღმდეგობისა.

გასულ თვეებში, კონფერენციებსა და შეხვედრებზე, ბევრჯერ ვესაუბრე ბავშვების ადრეული განათლების სპეციალისტებს და საბავშვო ბაღების მასწავლებლებს. თითქმის ყოველ ნაბიჯზე მესმოდა ისტორიები თამაშის გადასარჩენად მათი გულწრფელი ბრძოლის შესახებ. ისინი იბრძვიან პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის No Child Left Behind (NCLB) და პრეზიდენტ ობამას დროს შტატების უმეტესობაში მიღებული Common Core-ის ფედერალური პროგრამების სტანდარტების წინააღმდეგ (8 შტატში ეს სტადარტები ჯერ მიუღიათ – ლ.ა.), რომელთა უარყოფითი შედეგები მაღალიდან დაბალ კლასებში და ახლა უკვე საბავშვო ბაღებშიც გავრცელდა.

საბავშვო ბაღების მასწავლებლები იბრძვიან საგანმანათლებლო პოლიტიკის იმ „შემოქმედთა” წინააღმდეგ, რომლებიც ხელაღებით უარყოფენ ათასობით სამეცნიერო ნაშრომს, ბავშვის განვითარებისთვის თამაშის მნიშვნელობას რომ ადასტურებენ და მკაფიოდ აჩვენებენ ადრეული აკადემიური სწავლების უარყოფით გავლენას ბავშვის ჩამოყალიბებაზე. განათლების სტანდარტიზებული პროგრამებისა და ტესტების ამ ავტორებისთვის სტანდარტიზებული ტესტები განათლების უნივერსალურ სისტემას და თვით განათლების კვინტესენციას, მის არსს წარმოადგენს.
საბავშვო ბაღების მასწავლებლებს, რომლებიც ბავშვების თავისუფალი განვითარებისთვის იბრძვიან, ბრძოლა უწევთ განათლების ადმინისტრატორებთან, რომლებსაც ან ფანატიკურად სჯერათ სტანდარტიზებული ტესტების, ან ცინიკურად ამტკიცებენ მათ სიკეთეს თავიანთი მაღალანაზღაურებადი თანამდებობების შესანარჩუნებლად.

საბავშვო ბაღების მასწავლებლებს ბრძოლა უხდებათ დაწყებით კლასებში მომუშავე პედაგოგებთანაც, რომლებიც აცხადებენ, რომ ბავშვებს სკოლის მომდევნო ეტაპისთვის ამზადებენ და ამისთვის უნერგავენ კლასში წყნარად ჯდომისა და დავალებების შესრულების უნარებს, ფაქტობრივად კი თრგუნავენ მათში მოძრაობის, თამაშისა და ძიების წყურვილს.

სკოლამდელი დაწესებულებების მასწავლებლებს ბრძოლა უწევთ იმ მშობლებთანაც, რომელთაც სჯერათ, რომ მათი 3, 4 ან 5 წლის შვილები ვერასოდეს მოხვდებიან ჰარვარდში, თუ საბავშვო ბაღში და წინასასკოლო კურსის დროს მხოლოდ თამაშით იქნებიან დაკავებულნი.

ეს ბრძოლა ხანდახან მეტისმეტად მძიმეა და ბევრი თავს ანებებს მას. ხშირად უარესიც ხდება: ზოგი ნებდება და თანხმდება იმის კეთებას, რაც იცის, რომ ცუდია. (ავტ. შენიშვნა: სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები, როგორც ყველგან დედამიწაზე, საყვარელი და მშვიდობიანი ხალხია. ტერმინი „ბრძოლა” გამოიყენება იმ პროცესის აღსაწერად, როდესაც ისინი ოპონენტების გადარწმუნებას ცდილობენ).
ადრეული განათლების სპეციალისტების კომენტარები

ერთ-ერთ სტატიაში (იხ. აქ) ვახსენეთ ის გრძელვადიანი ზიანი, რომელიც ნაადრევმა აკადემიურმა სწავლებამ შეიძლება მოუტანოს ბავშვებს. ქვემოთ გთავაზობთ საბავშვო ბაღის რამდენიმე ამერიკელი პედაგოგის ემოციურ კომენტარებს აღნიშნულ სტატიაზე საბავშვო ბაღის კურიკულუმში აკადემიური სწავლების ელემენტების ინტეგრაციისა და მათი უარყოფითი როლის შესახებ:

* „მე საბავშვო ბაღში კიდევ 11 დღეს ვასწავლი, მერე პირველკლასელებთან გადავალ. ის, რასაც ჩვენ ვუშვრებით ჩვენს 4-6 წლის ბავშვებს ამ ქვეყანაში (გულისხმობს აშშ-ს, – ლ.ა.), სრულიად არაეთიკური და შეუსაბამოა. ნებისმიერი პროფესიონალი მასწავლებელი, ვისაც მართლა ღრმად ესმის ბავშვების განვითარების არსი, აკადემიური იქნება ის, სოციალური, კოგნიტიური თუ ემოციური, წინ აღუდგება იმ კომედიას, რომელსაც „რეფორმატორები” „მკაცრ სტანდარტებს” ეძახიან.

ბავშვებს არ სჭირდებათ კითხვის ცოდნა საბავშვო ბაღის დამთავრებისას (თუ ეცოდინებათ, რა თქმა უნდა, შესანიშნავი იქნება!). მათ არ სჭირდებათ განტოლებების ამოხსნა ამ ასაკში!

სკოლამდელ ბავშვებს არ სჭირდებათ „აკადემიური” სასწავლო სავარჯიშოების შესრულება. მათ სჭირდებათ თამაში, ხატვა, კუბებით სასახლეების შენება, ახალი ნივთების შექმნა, წიგნებთან ურთიერთობა, ამბების მოსმენა, სიმღერები და მათი შესრულება, ეზოში „მოგზაურობა”, თავისივე გამოგონილი თამაშები, როლური თამაშები, გარემოს გამოკვლევა და სხვა ასეთი აქტივობები.

მე თავს ვანებებ საბავშვო ბაღში მუშაობას, მაგრამ ვაგრძელებ ბრძოლას ადრეული განათლების სწორი დაგეგმვისთვის, რაც საბოლოოდ ალბათ ისევ საბავშვო ბაღში დამაბრუნებს. მაგრამ მე უარს ვამბობ იმ სახიფათო პრაქტიკაში მონაწილეობაზე, რომელსაც ჩვენი ბავშვების წინააღმდეგ იყენებენ დღეს”.

* „მე საბავშვო ბაღის ყოფილი მასწავლებელი ვარ. პატარებს 20 წელიწადზე მეტხანს ვასწავლიდი. მახსოვს, ბაღის ადმინისტრაცია ყოველთვის მაძალებდა მათთვის მათემატიკის სწავლებას. განსაკუთრებით გაუგონარი იყო მოთხოვნა 3 წლის ბავშვებისთვის წერის სწავლების თაობაზე! ასეთი ზეწოლის შედეგი კი ის გახლდათ, რომ ბაღი სკოლაში აგზავნიდა უამრავ საცოდავ ბავშვს. ყოველთვის მჯეროდა, რომ ასეთ „აკადემიურ” დაძალებას ზიანი უფრო მეტი მოჰქონდა, ვიდრე სარგებლობა. მიხარია, რომ არსებობენ განათლების ექსპერტები, რომლებიც ამ მიმართულებით „განათლების” წინააღმდეგ გამოდიან. მჯერა, რომ სულ მალე პატარებს შეეძლებათ ისეთ საბავშვო ბაღში სიარული, სადაც მათ ელით თამაში და სწავლა იმ ბუნებრივი გზით, რომელიც ბავშვებს აბედნიერებს”.

* „სისტემა მთლიანად დაზიანებულია; სწორედ ამიტომ მივატოვე საბავშვო ბაღის მასწავლებლობა. სიმართლე ისაა, რომ საბავშვო ბაღების უმეტესობა, სულ მცირე, ისინი მაინც, რომლებშიც მე მიმუშავია, არ ითვალისწინებს და არ იყენებს სამეცნიერო კვლევების შედეგებს ან ამერიკაში არსებულ საუკეთესო პრაქტიკას პატარების სწავლებისთვის. სამაგიეროდ, იყენებენ ნებისმიერ ახირებას, რომელიც მოდური ხდება – Common Core ბოლო კატასტროფაა, რომელიც მთავრობის ბიუროკრატებმა დაგვატეხეს თავს და რომელსაც უამრავი ფული და გრანტი მოჰყვება შტატისგან ან ფედერალური მთავრობისგან. ამ „სიახლის” მიღების შემდეგ კი იწყება ბავშვების „ტესტირება” სიკვდილამდე, მანამდე, სანამ პატარები სამუდამოდ არ შეიზიზღებენ სკოლას და სწავლას. ბავშვებს ერთი სული აქვთ, როდის დაამთავრებენ სკოლას. ეს იმიტომ, რომ ბავშვები, რომლებიც ტესტებში ცუდ ქულებს იღებენ, უკვე განწირულნი არიან, ისინი ვეღარ მიიწევენ წინ, მხოლოდ თავიანთ მარცხს ხედავენ, ნაცვლად იმისა, რომ ვინმე მათი ძლიერი მხარეების გამოვლენაში დაეხმაროს.

უარესიც ხდება: ბავშვებს უკვე საბავშვო ბაღებში აბარებინებენ ტესტებს. გამოდის, რომ „მარცხისა და ფრუსტრაციის წრე” სკოლამდელ ასაკში იწყება!

თუ განათლების სისტემის შეცვლა გვსურს, მაშინ ეს უფრო მშობლებისა და განათლების სპეციალისტების საქმეა, რომლებმაც უნდა შეაჩერონ პოლიტიკოსები და გამომცემლები, რომლებიც უზარმაზარ ფულს იხვეჭენ კურიკულუმების ცვლის ასეთი ინიციატივებით, ნერგავენ სწავლების არასამეცნიერო მეთოდებს და მათ ჩვენს შვილებზე ცდიან.

გამოუცხადეთ ბოიკოტი ტესტირებას, მისწერეთ კონგრესში თქვენს წარმომადგენლებს, დაესწარით სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს შეკრებებს და მოითხოვეთ ადრეული ასაკის ბავშვების აკადემიური ტესტირების შეწყვეტა. ეს ერთადერთი გზა იმისთვის, რომ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში თამაში დაბრუნდეს”.

* „როგორც 30 წელზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე საბავშვო ბაღის მასწავლებებელს, საშუალება მომეცა, საკუთარი თვალით მენახა ის დრამატული ცვლილებები, რომლებიც ადრეულ სკოლამდელ განათლებაში მოხდა – საბავშვო ბაღის საასწავლო პროგრამები ისე შეიცვალა, რომ თამაშის ადგილი აღარ დარჩა. ჩვენ ვხედავთ დაბნეულ და დაკარგულ ბავშვებს… სკოლამდელი განათლების ერთ-ერთი პროგრამის ნახვისას აღმოვაჩინე, რომ ბავშვებს შესვენება აღარ აქვთ, რადგან „იმდენი რამ აქვთ გასაკეთებელი!” – გვითხრა მასწავლებელმა. „მე მინახავს პატარები, რომლებიც მერხს უსხედან და მწარე ცრემლები ახრჩობთ, რადგან ვერ ასრულებენ წერით დავალებას, რომელიც მათ მასწავლებელმა მისცა”.

ასეთი ამბები მხოლოდ აშშ-ში როდი ხდება. აი, ერთი კომენტარი დიდი ბრიტანეთიდან:

„ბოლო 25 წელია, სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. ამ ხნის განმავლობაში საშუალება მომეცა, დავკვირვებოდი ბავშვების მიერ ინიცირებული სწავლების პროგრამებს და მერე უკვე შეცვლილ დიდაქტიკურ ინსტრუქტაჟზე დამყარებულ პროგრამებს. ჩვენი მთავრობა რეგულარულად გვიგზავნის ინსპექტორებს, რათა შემოწმდეს, როგორ მივყვებით (ჩვენ, მასწავლებლები) დადგენილ დოგმებს. შედეგად, დიდ ბრიტანეთში გვყავს მსოფლიოში ყველაზე უფრო „ტესტირებული” ბავშვები. 6 წლის ასაკში ბრიტანეთში მცხოვრები ყველა ბავშვი აბარებს ტესტს, რომლითაც მათი კითხვის უნარი მოწმდება. თუ ბავშვმა ტესტი ვერ ჩააბარა, ეს დაუყოვნებლივ ეცნობება მშობლებს. დიახ, ბავშვს შეიძლება ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში უწოდონ უცოდინარი!”
სისტემისა და ზემოდან ნაკარნახევი პოლიტიკის ზეწოლა

ბევრი მასწავლებელი ამბობს, რომ განათლების ის პოლიტიკა, რომელიც NCLB-ისა და Common Core-ის ფედერალურ აქტებშია მოცემული, აღარ უტოვებს მათ საკლასო ოთახში სათამაშო აქტივობების საშუალებას. მათი თქმით, ბავშვებისთვის აკადემიური უნარების განვითარების მცდელობა ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, რადგან ბავშვები მზად არ არიან ამ უნარებისთვის. მასწავლებლები ასევე ჩივიან, რომ აღარც სხვა ტრადიციული აქტივობებისთვის რჩებათ დრო: „დრო აღარ გვყოფნის, რათა ვუჩვენოთ და დავასახელებინოთ სხვადასხვა საგანი თუ მოვლენა, დრო აღარ გვყოფნის სადღესასწაულო ნივთების საკეთებლად, მუსიკისა და მოძრაობებისათვის, და ეს სია კიდევ შეიძლება გაგრძელდეს”. ზოგი შიშობს, რომ მალე გაქრება მსუბუქი საუზმის (სნექ-თაიმის) დროც, რადგან უკვე ითქვა, რომ სნექს, „სულ მცირე, ათი წუთი სჭირდება”, ახალი განაწესით კი მათემატიკისათვის დღეში 70 წუთია გამოყოფილი და საამისო დრო აღარ რჩება.

ზეწოლა დირექტორებისგან

რა გასაკვირია, რომ სისტემა თავის კურსს მმართველებისა და დირექტორების მეშვეობით ახორციელებს.
ტორონტოს უნივერსიტეტის დოქტორანტი მეგან ლინჩი წერს, რომ „მასწავლებელთა კომენტარებში ხშირად არიან მოხსენიებულნი საბავშვო ბაღების დირექტორები, – როგორც წესი, უარყოფითად”. ქალბატონი ლინჩი იკვლევს სოციალურ ქსელებში მასწავლებელთა დისკუსიას საბავშვო ბაღებში თამაშის შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთი მასწავლებლის კომენტარი ასეთია: „ჩემი დირექტორი ამბობს, რომ „ბავშვები საბავშვო ბაღში ნახატების გასაფერადებლად და სათამაშოდ” არ დადიან”. მეორე მასწავლებელი სიტუაციას ასე აღწერს: „ჩვენი ახალი დირექტორი გაცოფდა, როდესაც საკლასო ოთახში სათამაშო კუბები და საბავშვო სამზარეულო დაინახა”. „შევცბი, რადგან იმ დღეს ვავსებდი სავალდებულო ინდივიდუალურ ტესტებს მათემატიკურ, მანიპულაციურ სათამაშოებზე, რისთვისაც 20 წუთი მქონდა გამოყოფილი”.

მესამე მასწავლებელი ჰყვება, თუ როგორ გადაუყარა დირექტორმა მას სათამაშო მასალები, მიუხედავად მასწავლებლის პროტესტისა.

კიდევ ერთი მასწავლებელი იხსენებს ისტორიას, როდესაც ოთახში შესულმა სუპერინტენდანტმა დაინახა, როგორ მღეროდნენ ბაშვები და უთხრა: „იქნებ მორჩეთ სიმღერას და სწავლას შეუდგეთ!”

მასწავლებლები, რომელთა დირექტორები და სუპერინტენდანტები ბავშვებს თამაშის საშუალებას აძლევენ, თავს ბედნიერად მიიჩნევენ და დარდობენ, რა მოხდება მათი შეცვლის ან გათავისუფლების შემთხვევაში.

ერთმა მასწავლებელმა ასეთი შინაარსის პოსტი დაწერა: „გაგვიმართლა, რადგან ჩვენს სასწავლო ნაწილის უფროსს ადრეული და სკოლამდელი განათლების კურსი აქვს გავლილი უნივერსიტეტში. ის მხარს გვიჭერს ბავშვების განვითარებისთვის შესაფერისი კურსის შექმნაში”.
ზეწოლა სხვა მასწავლებლებისგან
საბავშვო ბაღის ზოგიერთი მასწავლებელი, რომელთა საკლასო ოთახებიც დაწყებითი სკოლების შენობებშია განლაგებული, ამბობს, რომ მათ ზევიდან უყურებენ, როდესაც მათი ბავშვები თამაშით, სიმღერით ან სხვა „არააკადემიური” აქტივობებით არიან დაკავებულნი.
ზეწოლა მშობლებისგან

საბავშვო ბაღის მასწავლებლები ზეწოლას მშობლებისგანაც განიცდიან. მაგალითად, ერთ-ერთი მასწავლებელი წერს: „ბევრი სკოლამდელი დაწესებულება ეწევა საკუთარი რეკლამირებას, სადაც ხაზს უსვამს, რამდენად „აკადემიურ” კურსს სთავაზობენ ისინი პატარებს სკოლაში შესვლამდე. ისინი მშობლებს არასწორ გზავნილს აწვდიან. ამიტომ მშობლებს უკვირთ, როდესაც ბაღში სათამაშოებს ან სახატავ ნაკრებებს ხედავენ… მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვები ვერაფერს ისწავლიან, თუ ფურცელზე არ წერეს რამე”.
ზეწოლასთან ბრძოლა

ბევრ მასწავლებელს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციასთან „ბრძოლა” საბავშვო ბაღებში თამაშის შესანარჩუნებლად ერთადერთი გამოსავალია მათთვის. უმეტესობა წერს, რომ, მიუხედავად მუდმივი უსიამოვნებისა, ბავშვებს მაინც აძლევენ სათამაშო დროს. აი ერთი მათგანის კომენტარი: „თავიმეამბოხედ წარმოვიდგინე, როდესაც გავიაზრე ის სისულელე, რომელიც ჯიუტად ინერგება ჩვენს შტატში და ჩვენს საკლასო ოთახებში ბოლო წლების განმავლობაში”. „წარმოვიდგინე, რომ თუ ზეწოლას ვერ გავუძელი, მიუხედავად იმ ხიფათისა, რომელიც სისტემისადმი წინააღმდეგობას ახლავს, სისტემა აუცილებლად გაგვსრესს”.

ზოგი მასწავლებელი, როგორც თავად ამბობენ, ეშმაკობას მიმართავს – ისინი ცდილობენ, ლექსიკონიდან ამოიღონ სიტყვა „თამაში” და აქტივობებს „აკადემიური” სახელები დაარქვან. მაგალითად, „სათამაშო კუთხეს” ზოგი „სამუშაო კუთხეს” ან „განვითრების კუთხეს” ეძახის, ზოგი – „აქტიური სწავლის კუთხეს”… ამ ეშმაკობით ისინი ბავშვებს საშუალებას აძლევენ, „აკადემიურ” კუთხეებში ითამაშონ.

სამწუხაროა, მაგრამ მეგან ლინჩის გამოკვლევაში ყველა მასწავლებელი არ დათანხმებია საბავშვო ბაღებში თამაშის შენარჩუნების იდეას. ეს მასწავლებლები, ფაქტობრივად, ზემოქმედების კიდევ ერთი მექანიზმია მათ წინააღმდეგ, ვინც პატარებს თამაშის უფლებას უტოვებს. ერთმა ასეთმა მასწავლებელმა თქვა: „ის, ვინც ბავშვებს სათამაშო დროს აძლევს, უბრალოდ ზარმაციაო”.

რა თქმა უნდა, საბავშვო ბაღების მასწავლებლების დაქირავებისა და გათავისუფლების პროცესი გაგრძელდება და შესაძლოა, თამაშის მოწინააღმდეგე მასწავლებლები მალე უმრავლესობაში ვიხილოთ.

წარმოიდგინეთ, რა სევდიანი იქნება, როდესაც აღარავის გაახსენდება, რომ ბავშვები ერთ დროს თამაშობდნენ…
Source: https://www.psychologytoday.com/blog/freedom-learn/201507/k-preschool-teachers-last-stand-in-war-childhood
თარგმნა ლევან ალფაიძემ

თვითეფექტიანობისა და თვითრეგულირებული სწავლის სწავლება

0
მასწავლებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ მოსწავლეებმა უნდა განივითარონ უნარ-ჩვევები დამოუკიდებელი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლისთვის (თვითრეგულირებული სწავლა და სწავლის მიმართ თვითეფექტიანობის განცდა). საბედნიეროდ, არსებობს მრავალი კვლევა, რომლებიც ერთგვარი გზამკვლევის როლს ასრულებს და გვაწვდის ინსტრუქციებს იმის შესახებ, როგორ შევადგინოთ დავალებები, სტრუქტურირებული საკლასო ინტერაქციები მოსწავლეებისთვის თვითრეგულირებული სწავლის უნარის განსავითარებლად. კვლევებმა ცხადყო, რომ მოსწავლეებს მაშინ უვითარდებათ აკადემიურად უფრო ეფექტიანი თვითრეგულირებული სწავლის უნარი და სწავლის ეფექტიანობის განცდა, როცა მასწავლებლები რთავენ მათ ხანგრძლივ პერიოდზე გაწერილ კომპლექსურ შინაარსიან დავალებებში. თვითრეგულირებული სწავლისა და თვითეფექტიანობის განსავითარებლად მოსწავლეები საკუთარი სწავლის პროცესსა და პროდუქტებზე ერთგვარ კონტროლსაც უნდა ახორციელებდნენ. ვინაიდან თვითშეფასება და თვითმონიტორინგი ეფექტიანი თვითრეგულირებული სწავლისა და თვითეფექტიანობის განცდის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს შეუძლიათ, დაეხმარონ მოსწავლეებს ამ უნარების განვითარებაში. ამისთვის უნდა ჩართონ ისინი სასწავლო პროცესისა და შედეგების შეფასების კრიტერიუმების შემუშავებაში და შემდეგ მათვე მისცენ საშუალება, ამ სტანდარტების მეშვეობით გამოიტანონ დასკვნები საკუთარი პროგრესის შესახებ. დაბოლოს, ეს ეხმარება მოსწავლეებს, დაამყარონ თანამშრომლობითი ურთიერთობა თანატოლებთან, ეძებონ უკუკავშირი. უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული ეს ნაბიჯი.

კომპლექსური დავალებები. მასწავლებლებს არ სურთ, მისცენ მოსწავლეებს მეტისმეტად ძნელი დავალებები და ამით მათი სასოწარკვეთილება გამოიწვიონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მოსწავლეებს უჭირთ სწავლა ან დარღვეული აქვთ დასწავლის უნარი. მეტიც – კვლევა გვიჩვენებს, რომ მოტივაციის ყველაზე მეტად გამაძლიერებელი და აკადემიურად მომგებიანი დავალება მოსწავლეთათვის არის ის, რომელიც დააფიქრებს, მაგრამ ზედმეტად არ დატვირთავს მათ.

კომპლექსური დავალებები მეტისმეტად რთული არ უნდა იყოს. ტერმინი „კომპლექსური” ეხება დავალების დიზაინს (ჩანაფიქრის გაფორმებას) და არა მისი სირთულის დონეს. დიზაინის თვალსაზრისით დავალებები კომპლექსურია, როცა მათში რამდენიმე კითხვაა დასმული და მოიცავს შინაარსის დიდ ნაწილებს. ასეთებია პროექტები და თემატური თავები. ამასთან, კომპლექსური დავალებები გრძელდება დიდხანს და რთავს მოსწავლეს მთელ რიგ მეტაკოგნიტურ და კოგნიტურ პროცესებში. მაგალითად, ეგვიპტის პირამიდების შესწავლამ შესაძლოა მოითხოვოს წერილობითი მოხსენებების, რუკების, დიაგრამებისა და მოდელების მომზადება.

ნაკლებად მნიშვნელოვანი კომპლექსური დავალებებიც კი საკმაო ინფორმაციას აწვდის მოსწავლეებს მათი სასწავლო პროგრესის შესახებ. ეს დავალებები მათგან მოითხოვს ღრმა აზროვნებასა და საგულდაგულოდ დამუშავებულ პრობლემების გადაჭრაში ჩაბმას. ამ პროცესში მოსწავლეები ვითარდებიან და ხვეწენ თავიანთ კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ სტრატეგიებს. მეტიც – ამგვარ დავალებაში წარმატების მიღწევა ზრდის მოსწავლის თვითეფექტიანობის განცდას და შინაგან მოტივაციას. 

კონტროლი. მოსწავლეებისთვის არჩევანის მიცემით მასწავლებლებმა მათ შეიძლება მიანიჭონ თანაკონტროლის უფლება. როცა მოსწავლეებს აქვთ არჩევანი (მაგალითად, როგორ, სად, ვისთან ერთად იმუშაონ და ა.შ.), უფრო მოსალოდნელია, წარმატებას მიაღწიონ (ეს ზრდის თვითეფექტიანობას). ისინი უფრო და უფრო მეტი ძალისხმევით, უფრო და უფრო შეუპოვრად ეჭიდებიან პრობლემებს. ასევე, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსწავლეთა ჩართვით დაგეგმვის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის და შედეგების შეფასების დროს მასწავლებლები მათ უნაწილებენ სწავლის პასუხისმგებლობას. სწორედ ამას გულისხმობს მაღალეფექტიანი თვითრეგულირებული შემსწავლელის თვისებების გამომუშავება.

არჩევანის უფლების მიცემა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, შეცვალოს მოცემული დავალების სირთულის დონე (მაგალითად, აირჩიოს უფრო მარტივი ან რთული საკითხავი მასალა, განსაზღვროს წერითი დავალების სახე და ოდენობა, გამოიყენოს წერისას ნასწავლი გამოთქმები და ა.შ.). მაგრამ რა ხდება, როცა მოსწავლე მცდარ არჩევანს აკეთებს? მაღალეფექტიანი, მაღალი დონის მასწავლებლები ძალიან ფრთხილობენ იმ არჩევანის განხილვისას, რომელსაც მოსწავლეს აძლევენ. ისინი თავდაპირველად რწმუნდებიან, რომ მოსწავლეს აქვს დამოუკიდებლად მოქმედებისა და სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნა და უნარები. მაგალითად, როცა მოსწავლეები სწავლობენ ახალ უნარ-ჩვევებსა და რუტინულ ქცევებს, მასწავლებლებმა მათ შეიძლება გარკვეული საზღვრებში მოქცეული არჩევანი მისცენ (მაგალითად, დაწერონ, სულ მცირე, ოთხი წინადადება, აბზაცი, თავი, ფურცელი და ა.შ., მაგრამ შეუძლიათ დაწერონ მეტიც).

ამასთანავე, მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლები მოსწავლეებს ასწავლიან სწორი გადაწყვეტილების მიღებას და აჩვენებენ ამის ნიმუშს. მაგალითად, როცა მოსწავლე პარტნიორს, მეწყვილეს ირჩევს, მასწავლებელი სთხოვს, დაფიქრდეს და გაითვალისწინოს, რას მოელის მისგან (მაგალითად, საერთო ინტერესსა და მონდომებას თუ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლის განვითარებაც თავად სჭირდება). როცა მოსწავლე დროის რაციონალური გამოყენების თაობაზე აკეთებს არჩევანს, მასწავლებელი ეკითხება: „რა შეგიძლია გააკეთო, როცა საქმეს დაასრულებ? რა შეგიძლია გააკეთო ჩემი დახმარების მოლოდინში?” ხშირად სამუშაო გრაფიკი კედელზეა გამოკრული, რათა მოსწავლეებმა გამოიყენონ მუშაობის დროს. 

დაბოლოს, მაღალეფექტიანი მასწავლებლები მოსწავლეებს აძლევენ უკუკავშირს მათ მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ და საკუთარ რჩევებს მიუსადაგებენ შემსწავლელის უნიკალურ ხასიათსა და თავისებურებებს. მაგალითად, შესაძლოა წაახალისონ ზოგი მოსწავლე, შეარჩიონ მოხსენების თემა იმ მომენტისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და მისაღები რესურსებიდან, ზოგი – ერთობლივი მუშაობისთვის, ნაცვლად დამოუკიდებლად მუშაობისა, იმაში დასარწმუნებლად, რომ მათ წარმატების მისაღწევად მეტი მხარდაჭერა აქვთ. 

თვითშეფასება. მოსწავლე ამჩნევს, რომ თვითრეგულირებული სწავლის მეთოდების გამოყენება არ არის სახიფათო. ისინი ჩართულნი არიან მიმდინარე საქმიანობაში, აანალიზებენ როგორც თავად პროცესს, ისე მის შედეგებს, კონცენტრირდებიან პიროვნულ პროგრესზე და ეხმარებიან მათ შეცდომების ინტერპრეტაციაში. ეს მომავალში სწავლის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა. ამ კონტექსტში, მოსწავლეებს მოსწონთ და ეძებენ კიდევაც რთულ დავალებებს, რადგან წარუმატებლობის შემთხვევაში მონაწილეობის საფასური მცირეა. მოსწავლეების ჩართვა შეფასების კრიტერიუმების დადგენასა და საკუთარი პროგრესის შეფასებაში ამცირებს მათ შფოთვას, რომელიც ხშირად თან ახლავს შეფასებას, რადგან მოსწავლეებს შედეგის კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. მოსწავლეებმა შესაძლოა თვითონვე შეაფასონ თავიანთი ნამუშევარი იმ ნამუშევრის კრიტერიუმებთან მიმართებით, რომლებიც მათ თავად, მასწავლებლებთან ერთად, აღიარეს „კარგად”. ისინი განიხილავენ სწავლის მათეულ მიდგომათა ეფექტიანობას და ცვლიან თავიანთ ქმედებას მის გასაუმჯობესებლად.

მაღალი დონის თვითრეგულირებული სწავლის კლასებში მოსწავლეებს საკუთარი სწავლის შესაფასებლად აქვთ როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური შესაძლებლობა. მაგალითად, ერთმა მასწავლებელმა სთხოვა მეოთხე-მეხუთეკლასელებს, ეწარმოებინათ რეფლექსიის ჟურნალი, სადაც აღწერდნენ მეწყვილესთან ან მცირე ჯგუფთან ერთად შექმნილ ალბათობისა და სტატისტიკის თამაშებს. ამ ჟურნალებში აღწერილი იყო ჯგუფურ პროცესსა და შედეგებში მათ მიერ შეტანილი წვლილი, ასევე – რა ასწავლა მათ ამ პროცესში მონაწილეობამ. თამაშების შეფასებისას მასწავლებელმა გაითვალისწინა ეს რეფლექსიები.

მასწავლებლები მოსწავლეებს უსვამენ არაფორმალურ კითხვებს: „რა შეიტყვე დღეს საკუთარი თავის როგორც მწერლის შესახებ?” „რას აკეთებენ კარგი მკვლევრები და მწერლები?” „ისეთის რისი გაკეთება შეგიძლია, რაც წინათ არ შეგეძლო?” ამ და მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემა მოსწავლეებს მეტაკოგნიციის, მოტივაციისა და სტრატეგიული ქმედებისკენ უბიძგებს, რომლებიც თვითრეგულირებული სწავლის კომპონენტებია.

თანამშრომლობა. საშუალო სკოლის მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლების კომიტეტმა 2004 წელს დაასკვნა, რომ აზრების ურთიერთგაზიარებისას მოსწავლეები უკეთესად ითვისებენ, ადვილად აღიქვამენ რთულ და გამომწვევ დავალებებს –დავალებებს, რომლებიც თვითრეგულაციას ავითარებს. 

დასკვნის თანახმად, ჯგუფურ სამუშაოს ასევე შეუძლია, მოსწავლეებს თანამშრომლობის უნარების განვითარებაში დაეხმაროს. მეტიც – ის ხელს უწყობს მოსწავლეთა ერთობის შექმნას, სადაც მოსწავლეები პასუხისმგებელნი იქნებიან ერთმანეთის სწავლაზე და არ იქნებიან ორიენტირებულნი კონკურენტულ გარემოზე, რომელიც აუცხოებს ბევრ მოსწავლეს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც თანატოლებივით წარმატებულნი არ არიან.

თვითრეგულირებული სწავლის მხარდასაჭერად ყველაზე ეფექტიანია ის გზები, რომლებიც ასახავს თანამშრომლური ურთიერთობების გამოყენებას, ერთობის კლიმატს და პრობლემების ერთობლივ გადაჭრას. ამ კონტექსტში მოსწავლეები მასწავლებლების დახმარებით რეალურად არეგულირებენ ურთიერთსწავლას, სთავაზობენ ერთმანეთს მხარდაჭერას, განურჩევლად იმისა, ინდივიდუალურად მუშაობენ, წყვილებად თუ მცირე ჯგუფებში. ეს ინდივიდუალური განვითარების პრაქტიკული მხარდაჭერაა. იგი მეტაკოგნიციის, შინაგანი მოტივაციისა და სტრატეგიული ქმედებებისთვის გამოიყენება (მაგალითად, იდეათა გაზიარებისთვის, პრობლემის გადაჭრის სტრატეგიების შესადარებლად, თითოეულის ექსპერტობის არეალის დასადგენად). მაღალი დონის მასწავლებლები ყოველი წლის დასაწყისს რუტინების სწავლასა და გაკვეთილში მონაწილეობის ნორმების დადგენას უთმობენ (მაგალითად, როგორ განახორციელოს მოსწავლემ კონსტრუქციული უკუკავშირი და როგორ მოახდინოს თანატოლის მოსაზრების ინტერპრეტაცია, რა რეაქცია ჰქონდეს მასზე). მას შემდეგ, რაც რუტინებს და ურთიერთქმედების ნიმუშებს გაითავისებენ, მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ სწავლაზე კონცენტრაცია. მასწავლებლებს კი შეუძლიათ დაიწყონ აკადემიური უნარ-ჩვევების სწავლება და სასწავლო გეგმის შესრულება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...