ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
21 მაისი, ოთხშაბათი, 2025

მოსახლეობის ზრდის თავისებურებები და დემოგრაფიული გადასვლის მოდელი

0
მოსახლეობის ზრდის ისტორია

დედამიწაზე ადამიანის თაობათა მუდმივი ცვლა და განახლება ანუ მოსახლეობის აღწარმოება მიმდინარეობს. ბუნებრივი მატება გვიჩვენებს, რა მიმართებაა შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს შორის დროის გარკვეულ მონაკვეთში. დაბალი ან უმნიშვნელო მატებისას იმაზე ოდნავ მეტი ადამიანი იბადება, ვიდრე კვდება – მოსახლეობის რაოდენობა თითქმის არ იცვლება, ოდნავ იმატებს, ამიტომ თაობათა ასეთ აღწარმოებას მარტივს უწოდებენ.

თაობათა ცვლის მეორე სახეა გაფართოებული აღწარმოება. იგი ბუნებრივი მატების მაღალ მაჩვენებელს გულისხმობს. განსაკუთრებით მკვეთრი და სწრაფი მატება დაიწყო XX ს-ის მეორე ნახევრიდან აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის განვითარებად ქვეყნებში. ამ პროცესს ხატოვნად „დემოგრაფიული აფეთქება” უწოდეს.

არსებობს აღწარმოების მესამე ტიპიც – შეზღუდული. ამგვარი აღწარმოების დროს ნაკლები ადამიანი იბადება, ვიდრე კვდება – მოსახლეობის რაოდენობა იკლებს.

დემოგრაფიაზე საუბარი რიცხვების მოშველიების გარეშე შეუძლებელია. როგორი იყო წინათ სიკვდილიანობა ან შობადობა, ამის თაობაზე სწორედ სტატისტიკა გვიქმნის სწორ წარმოდგენას. ფაქტობრივად, ფუჭი სიტყვები იქნება, თუ ვიტყვით, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბალი იყო, ხოლო სიკვდილიანობა – მაღალი, რადგან „მაღალიც” და „დაბალიც” ფარდობითი ცნებებია და სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება სხვადასხვა დატვირთვა ჰქონდეთ. ამდენად, ჩვენს სიტყვებს სწორედ რაოდენობრივი მონაცემები სძენს კონკრეტულ კონტურებს. მაგალითად, თუ ვიტყვი, რომ სიკვდილიანობა და შობადობა ყოველ 1000 კაცზე 40-დან 50-მდე იყო, ანუ 40-50 პრომილე, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა – 20 წელი, გასაგები გახდება, რომ ამ პერიოდში მარტივ აღწარმოებასთან გვქონია საქმე.

თუ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში გადმოვინაცვლებთ, უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში ზოგიერთ რეგიონში შობადობა კვლავ მაღალ, 35-40‰-იან ნიშნულზე იყო, ხოლო სიკვდილიანობა განახევრდა. ეს ტენდენცია ეხება როგორც ცენტრალური, სამხრეთი ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებს, ასევე აზიასა და აფრიკის ნაწილსაც კი.
რატომ შემცირდა ასე მკვეთრად სიკვდილიანობა, ბევრი რამით შეიძლება აიხსნას, მაგრამ მთავარი მაინც საბაზისო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დამკვიდრება და მედიცინის მიღწევებია. შეიძლება დავასახელოთ მათი უკეთესი ხელმისაწვდომობაც. იმუნიზაციამ მოიცვა მთელი მსოფლიო, ის განსაკუთრებით ხელმისაწვდომი გახადა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯანდაცვის პროგრამებმა. სწორედ ამ გზით შემცირდა მანამდე სასიკვდილო დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა და გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. გარდა ამისა, კოლონიურმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მიიღეს, რამაც შეამცირა ძალადობა.

შეინიშნებოდა შობადობის შემცირების ტენდენციაც, თუმცა ეს ისევე სწრაფად არ მომხდარა, როგორც სიკვდილიანობის შემთხვევაში. რეგიონული განსხვავება აქ უფრო მკვეთრადაა გამოხატული, რადგან განვითარებულ ქვეყნებში ეს შემცირება უფრო აშკარა იყო, ვიდრე სხვაგან. ამდენად, გასაგებია, რომ საქმე გვაქვს მოსახლეობის მკვეთრ მატებასთან, რომელიც დემოგრაფიული აფეთქების სახელითაა ცნობილი.
უნდა ითქვას, რომ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა საკმაო სტაბილურობით გამოირჩეოდა, ზრდა უმნიშვნელო იყო, თუმცა მოგვიანებით საგრძნობლად დაჩქარდა, რამაც 50-იანი წლების შემდეგ სახიფათო კონტურები შეიძინა. ისევ რიცხვებს დავუბრუნდეთ: კაცობრიობის მთელი ისტორია აღმოჩნდა საჭირო, რომ მოსახლეობას 1800 წლისთვის მილიარდიანი ნიშნულისთვის მიეღწია, 1930 წელს კი დედამიწას უკვე 2 მილიარდი მკვიდრი ჰყავდა, რაც ნიშნავს, რომ 130-მა წელიწადმა იკმარა მოსახლეობის 100%-იანი ზრდისთვის. ამის შემდეგ ტემპი უფრო მეტად გაიზრადა და მხოლოდ 30 წელიწადში მოსახლეობას კიდევ მილიარდი შეემატა; შუალედის შემცირება გაგრძელდა და მომდევნო მატებას მხოლოდ 15 წელი დასჭირდა.
ამ საფეხურებრივ ზრდას კარგად აჩვენებს ქვემოთ მოცემული გრაფიკი:

მსოფლიოს მოსახლეობის ზრდა
ამ გრაფიკიდან ჩანს, რომ მოსახლეობის მორიგი მილიარდიანი ნამატისთვის მხოლოდ 12-13 წელიწადია საჭირო. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მსოფლიოს მეშვიდმილიარდე მოქალაქე 2012 წელს დაიბადა.

ზრდის ტენდენცია კვლავაც გრძელდება, თუმცა სხვადასხვა პროექციის მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობა სხვადასხვა ნიშნულზე სტაბილურდება. საუკეთესო გათვლებით, ეს 8,5 მლრდ იქნება, ხოლო ყველაზე რთული სცენარით – 12 მლრდ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთა შორისაც გადამწყვეტია:

* ეკონომიკური პროგრესი მეტ რეგიონსა და ქვეყანას შეეხოს;
* გაუმჯობესდეს სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები და გაიზარდოს მათი ხელმისაწვდომობა;
* გაუმჯობესდეს სამედიცინო მომსახურება და მისი ხელმისაწვდომობა;
* გაიზარდოს განათლების მაჩვენებლები, განსაკუთრებით – ქალებისთვის;
* გაიზარდოს დასაქმება, განსაკუთრებით – ქალებისთვის;
* გაიზარდოს პირველი მშობიარობის ასაკი;
* ხელმისაწვდომი გახდეს ოჯახის დაგეგმვა და კონტრაცეფცია.

თუ კარგად დავუკვირდებით მონაცემებს, განვითარებადი ქვეყნები გადიან სწორედ იმ დემოგრაფიულ გზას, რაც ევროპამ წლების წინ გაიარა. თითქმის ასწლიანი განსხვავებით დაიწყო დემოგრაფიული გადასვლა განვითარებად ქვეყნებში. მისი ტემპი განსხვავებულია და არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მსოფლიოს მოსახლეობის ზრდა განვითარებადი რეგიონების ხარჯზე მოხდება.
დემოგრაფიული გადასვლის მოდელი

შობადობა და სიკვდილიანობა არის ორი ფაქტორი, რომელთა ცვლილებებიც განსაზღვრავს დემოგრაფიული გადასვლის მოდელს. დღეისთვის 4 ძირითად ფაზას გამოყოფენ. საუბარია აგრეთვე მე-5 ფაზაზე, რომლის ცალკე გამოყოფის საჭიროება ქვეყნების განვითარების თავისებურებებმა დააყენა დღის წესრიგში.

სასწავლო გეგმის მიხედვით, ეს საკითხები უკვე დიდი ხანია ისწავლება სკოლაში, მაგრამ ამჯერად თითოეული ფაზის შესაბამის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რაც უფრო გასაგებსა და აღქმადს გახდის ამ მოდელის არსს.
I ფაზა

პირველი ფაზისთვის დამახასიათებელია მაღალი შობადობა და სიკვდილიანობა, რაც იწვევს დაბალ სიცოცხლის ხანგრძლივობას. სწორედ პირამიდის სიმაღლეა ამის მაჩვენებელი. ამ ფაზაში შობადობა მაღალი და სტაბილურია, თუმცა ეპიდემიების, დაავადებების, შიმშილობის, უბედური შემთხვევებისა და კონფლიქტების მასშტაბები მაღალ სიკვდილიანობას იწვევს. ეს მიზეზები ყველა ასაკობრივ ჯგუფს ეხება, ამდენად, ყოველ მომდევნო ასაკობრივ ჯგუფამდე წინა ასაკობრივი პოპულაციის მხოლოდ ნაწილი აღწევს, ამის გამო პირამიდებს აქვთ მკვეთრად გამოხატული საფეხურები. მოსახლეობის ზრდა ამ ფაზისთვის უმნიშვნელოა. თანამედროვე მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ არის დღეს აღნიშნულ ფაზაში, მხოლოდ ტრადიციული ტომები ჰიმალაის მთიანეთში, ირიან ჯაიას ხალხები ინდონეზიაში და სხვა ტომები ცენტრალურ აფრიკასა და ამაზონის ჯუნგლებში იმყოფებიან დემოგრაფიულად ჯერ კიდევ განვითარების ამ სტადიაზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვილ ბავშვთა მოკვდავობა იმდენად მაღალია, ოჯახები მეტ შვილს სწორედ სიკვდილის საკომპენსაციოდ აჩენენ. ბავშვები ოჯახის ძლიერების, დამხმარე ხელის სინონიმია. ისინი 5-6 წლიდან შრომობენ და 10-12 წლისთვის გამოიმუშავებენ იმაზე მეტს, ვიდრე მოიხმარენ.

II ფაზა
მეორე ფაზას ახასიათებს სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრი კლება, რაც ვაქცინაციისა და სამედიცინო მიღწევების დამსახურებაა, თუმცა ქვეყანას თავად არ გააჩნია ამის რესურსი და აცრები და მსგავსი ელემენტარული

ღონისძიებები გარე დახმარებების ხარჯზე ტარდება. კულტურული და რელიგიური ფაქტორებიდან გამომდინარე, კვლავაც მაღალი რჩება შობადობა. მოსახლეობა ჯერ კიდევ ბევრ შვილს აჩენს, თუმცა ამის აუცილებლობა აღარ არსებობს, საჭირო აღარ არის ბავშვების გაჩენა სხვათა საკომპენსაციოდ, მაგრამ მაინც შვილები არიან მშობლების მშვიდი სიბერის გარანტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებისთვის, რომლებსაც არ აქვთ კარგად განვითარებული საპენსიო სისტემა. ტრადიციულ საზოგადოებებში სწორედ ესაა დიდი ოჯახებისა და მრავალშვილიანობის მიზეზი. მკვეთრად იზრდება სხვაობა სიკვდილიანობასა და შობადობას შორის. მაგალითად, თუ ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი 35‰-ა, ხოლო სიკვდილიანობა უკვე 20‰-მდე დაეცა, ბუნებრივი მატება 1,5% იქნება. ამ საფეხურზე არიან კენია, პარაგვაი, ავღანეთი, ნეპალი, ეთიოპია…

პირამიდისთვის კი დამახასიათებელია განიერი საფუძველი, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო თითოეულ ასაკობრივი ჯგუფიდან მეორემდე სულ უფრო ნაკლები აღწევს, თუმცა სიცოცხლის ხანგრძლივობა მაინც იზრდება. ამ ფაზისთვის დამახასიათებელია ახალგაზრდების სიჭარბე და ხანდაზმულთა ნაკლებობა. ხშირად მოსახლეობის 50% 15 წლამდე ასაკისაა.
III ფაზა
ეს ფაზა სიკვდილიანობის უკვე შენელებული კლებისა და შობადობის მკვეთრი შემცირების ფონზე მიმდინარეობს. განსხვავებული სურათია ფაზის დასაწყისსა და და მის ბოლოში, რაც კარგად ჩანს მოსახლეობის ამ ორ პირამიდაზე. პირველი, რა თქმა უნდა, ფაზის დასაწყისს მიეკუთვნება, ხოლო მეორე – ბოლოს. შობადობის შემცირება შეიძლება იყოს დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგი ან, უფრო მეტად, მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობებას მოჰყვებოდეს. იცვლება ადამიანთა წარმოდგენები ოჯახის სიძლიერეზე, აღარ არის საჭირო ათი შვილის გაჩენა იმისთვის, რომ სამი მაინც გადარჩეს. უფრო ადვილი ხდება ოჯახის დაგეგმვა, იზრდება მოსახლეობის ინფორმირებულობა კონტრაცეფციის შესაძლებლობებზე, განათლებაც მოსახლეობის უფრო და უფრო ფართო ფენებისთვის ხდება ხელმისაწვდომი, მათ შორის არიან გოგონებიც, რომელთაც ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნითა და შესაძლებლობებით დასაქმდნენ და ეკონომიკურად დამოუკიდებლები გახდნენ, ეს კი ზრდის მათ მონაწილეობას ოჯახის დაგეგმვაში და ამცირებს შობადობას. ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ განვითარებას, რა თქმა უნდა, მოჰყვება სიკვდილიანობის გამომწვევი ძირითადი მიზეზების შერბილება, შესაბამისად, ვიღებთ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას. იმავდროულად იცვლება ეკონომიკის სტრუქტურაც და სულ უფრო ვითარდება მესამეული სექტორი, რაც უფრო მეტად ზრდის მოთხოვნას ქალის შრომაზე.

პირამიდის მოხაზულობაც ამის კვალობაზე იცვლება. შევიწროებულია საფუძველი, რადგან სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადება. ამ ქვეყნებში უკვე დაბადებულები და ფერტილობის ასაკში შესულები ისინი არიან, ვინც გაფართოებული აღწარმოების დროს დაიბადნენ ამდენად, ინერციით ხდება მოსახლეობის ზრდა, თუმცა ცხოვრების წესი უკვე შეცვლილია. სწორედ 15-35 წლის ასაკობრივი ჯგუფების გაფართოებული კონტურია ამ პროცესების მაჩვენებელი. მესამე საფეხურზე არიან მალაიზია, ისრაელი, სინგაპური, ჩინეთი, ჩილე, ახალი ინდუსტრიის ქვეყნები…

IV ფაზა
მეოთხე ფაზა გამოირჩევა შობადობისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლებით. ამის საპირისპიროდ, გაზრდილია სიცოცხლის ხანგრძლივობა. მოსახლეობის ზრდა ამ ფაზაში მყოფი ქვეყნებისთვის არ არის დამახასიათებელი, ან მეტისმეტად უმნიშვნელოა, ზოგიერთ ქვეყანაში კი მოსახლეობის კლება შეინიშნება. ეს ფაზა დამახასიათებელია განვითარებული ქვეყნებისთვის, ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის ქვეყნებისა და აღმოსავლეთი ევროპისთვის. ამ ქვეყნებში კატასტროფულად იზრდება ხანდაზმული მოსახლეობის ხვედრითი წილი ახალგაზრდა მოსახლეობის კლების ხარჯზე. ევროპაში 65 წელზე უხნესი მოსახლეობა 15%-ს აჭარბებს, რაც სულ უფრო მეტად აბერებს ქვეყანას. ეს ქვეყნები პოსტინდუსტრიული განვითარების ქვეყნებია, რომლებშიც მაღალია განათლებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ორივე სქესისთვის და ქალები თითქმის თანაბრად არიან ჩართულნი ეკონომიკურ საქმიანობაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ ფაზისთვის დამახასიათებელი პირამიდა მაღალია და თითქმის ერთი სიგანისა, ერთი ასაკობრივი ჯგუფიდან მეორეში გადასვლა, ფაქტობრივად, უდანაკარგოდ ხდება და პირამიდაზე საფეხურების არარსებობაც ამის ბრალია.
V ფაზა

ამ ფაზაში შობადობა კიდევ უფრო მცირდება, რაც საფუძვლის უფრო მეტად შევიწროებას გამოიწვევს. სიკვდილიანობა გაიზრდება არა დაავადებების მატების გამო, არამედ მოსახლეობის გადაბერების მიზეზით. იაპონია ქვეყანაა, რომელიც სწორედ მეხუთე ფაზაში მოიაზრება.

გეოგრაფია თარიღებში (მეორე ნაწილი)

0

1526 . – პორტუგალიელებმა აღმოაჩინეს კ. ახალი გვინეა.

1526-1530 წწ. – სებასტიან კაბოტმა აღმოაჩინა და გამოიკვლიამდინარეების პარანასა და პარაგვაის ქვედა დინებები.

1529 . – ესპანეთის ექსპედიციამ აღმოაჩინა მარშალის კუნძულები(წყნაროკეანური სახელმწიფო მიკრონეზიაში).

1535 . ფრანგულმა ექსპედიციამ აღმოაჩინა მდ. წმინდალავრენტისშესართავი და გამოიკვლია იგი დღევანდელ ქ. მონრეალამდე.

1536-1537 წწ. ესპანელებმა აღმოაჩინეს და დაიპყრესკოლუმბია.

1540-1541 წწ. – ესპანურმა ექსპედიციამ (ფრანცისკო ვასკეს დე კორონადო) აღმოაჩინა მდ.კოლორადოს აუზი, დიდი კანიონი,მდ. რიო-გრანდესზემო დინება და პირველად გადაჭრადიდი ვაკეებისდაბლობი.

1540-1553 წწ. – ესპანელებმა პედრო დე ვალდივიას მეთაურობით აღმოაჩინეს დადაიპყრესჩილე.

1541-1542 წწ. – ესპანელებმა ფრანცისკო დე ორელიანას მეთაურობით გამოიკვლიეს მდ.ამაზონისშუა და ქვემოდინება.

1568 . – ესპანეთის ექსპედიციამ აღმოაჩინა სოლომონისა და ტუვალუსკუნძულები.

1578-1579 წწ. ინგლისელმა ადმირალმა ფრენსის დრეიკმა ამერიკის დასავლეთ სანაპიროსგასწვრივ იმოგზაურა.

1582-1585 წწ. – ერმაკის ციმბირული ექსპედიცია.

1585-1587 წწ. – ინგლისელმა მეზღვაურმა ჯონ დევისმაარქტიკის ჩრდილო-დასავლეთიგასასვლელის ძიებაში აღმოაჩინა სრუტე, რომელიც მის სახელს ატარებს.

1592 . – ჯონ დევისმააღმოაჩინა ფოლკლენდის (მელვილის) კუნძულები.

1596 . – ჰოლანდიის ექსპედიციამ ალვარო მენდანია დე ნეირას მეთაურობით აღმოაჩინაშპიცბერგენის არქიპელაგი.

1606 . – პორტუგალიელმა პედრო ფერნანდეს დე კიროსმა აღმოაჩინა მარჯნის და ახალიჰიბრიდის კუნძულები. ჰოლანდიელმა ვილემ იანსონმა აღმოაჩინა კეიპ-იორკისნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპირო (ავსტრალია) დაკუნძულ ახალი გვინეის სამხრეთისანაპირო. ესპანელმა ლუის დე ტორესმააღმოაჩინა მარჯნის ზღვა და სრუტეავსტრალიასა დაახალგვინეას შორის. ეს სრუტე ტორესის სახელს ატარებს.

1633 . – ილია პერფილოვისადა ივან რებროვის მეთაურობით კაზაკთა რაზმი მდ.ლენასშესართავამდე დაეშვა.

1634-1641 წწ. ილია პერფილოვისადა ივან რებროვის კაზაკთა რაზმმა აღმოაჩინა მდინარეებიიანა და ინდიგირკა,გამოიკვლეს სანაპირო ზოლი ამ მდინარეთა შესართავებს შორის.პირველად იცურეს აღმოსავლეთი ციმბირის ზღვაში.

1639 . – ტომსკელმა კაზაკმა ივან მოსკვიტინმაპირველად მიაღწია ოხოტის ზღვის სანაპიროს,აღმოაჩინა სახალინის ყურე.

1642 წ. – ჰოლანდიელმა აბელ ტასმანმააღმოაჩინა კუნძული ტასმანია, რომელიც მის სახელსატარებს, ახალი ზელანდიის კუნძულები და კუნძული ტონგა. მან პირველადშემოუარაავსტრალიას და დაამტკიცა, რომ მისი ფართობიარცთუ დიდია და იგი არწარმოადგენს”სამხრეთისმიწის” ნაწილს.

1648 . – რუსმა მოგზაურმა სემიონ დეჟნევმა გაცურა მდ. კოლიმას შესართავიდან წყნაროკეანეში, გარს შემოუარაჩუკოტკის ნახევარკუნძულს და აღმოაჩინა სრუტე აზიასა დაამერიკას შორის.

1649-1653 წწ. – ეროფეი ხაბაროვმა მოაწყო რამდენიმე ექსპედიცია მდ. ამურის აუზში დაშეადგინა მდინარის აუზის სქემა.

1669-1678 წწ. – მისიონერ-იეზუიტებმა (ლუი ჟოლიე,ლუი ანეპენი, ჰადიფერ დე ლა-საალი)აღმოაჩინეს ერის ტბა დაჩანჩქერი ნიაგარა.

1681 . – ჰადიფერ დე ლა-საალმა იმოგზაურამდ. მისისიპიზე მის შესართავამდე.

1697-1699 წწ. – ვლადიმერ ატლასოვმა გამოიკვლია კამჩატკის ნახევარკუნძული. მანმოგვცაპირველი ცნობები კამჩატკისა და კურილისკუნძულების შესახებ.

1736-1742 წწ. – დიმიტრი და ხარიტონ ლაპტევებმა გამოიკვლეს აზიის ჩრდილოეთი სანაპირომდ. ლენასშესართავიდან მდ. ხატანგამდე.

1741 . – რუსული ფლოტის კაპიტანმა დანიელმა ვიტუს ბერინგმა და მისმათანაშემწემალექსეი ჩირიკოვმა ორი გემითჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსმიაღწიეს და აღმოაჩინეს ალეუტის კუნძულები.

1767 . – ინგლისის ექსპედიციამ სამუელ უოლისის მეთაურობით აღმოაჩინაკუნძული ტაიტი.

1768 . – პირველი ფრანგული ექსპედიცია ლუი ანტუან დე ბუგენვილის მეთაურობით,რომელმაც გარს შემოუარადედამიწას, აღმოაჩინა რამდენიმე კუნძული ტუამოტუსა დალუიზიადასარქიპელაგებში.

1770-1778 წწ. – ინგლისელმა მეზღვაურმა ჯეიმს კუკმა სამჯერ მოაწყო ექსპედიცია დედამიწისგარშემო. აღმოაჩინა უამრავი კუნძული წყნარ ოკეანეში, დიდი ბარიერული რიფი,ავსტრალიისაღმოსავლეთი სანაპირო. დაამტკიცა, რომ ახალიზელანდია კუნძულებია.

1787წ. – ფრანგმა მეზღვაურმა ჟან ფრანსუალაპერუზმა აზიის აღმოსავლეთი სანაპირო დათათრის სრუტე გამოიკვლია.

1789 . – შოტლანდიელმა ვაჭარმა ალექსანდრ მაკენზიმ გამოიკვლია მდინარე მონები, დიდიმონების ტბა; აღმოაჩინა მდინარე, მთები და ყურე, რომელთაცმისი სახელი ეწოდა,ფრანკლინის მთები და რიჩარდსონისქედი.

1792-1795 წწ. ინგლისელმა მეზღვაურმა ჯორჯ ვანკუვერმაჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთსანაპირო გამოიკვლია.

1816-1818 წწ. რუსეთის სანაოსნო ექსპედიციამ ოტო კოცებუს მეთაურობით აღმოაჩინაკუნძულები ტუამოტუს არქიპელაგში, ხოლო დასავლეთ ალიასკაზე – ყურე, რომელსაცკოცებუს სახელი ეწოდა.

1819-1821 წწ. ინგლისელების პირველი პოლარული ექსპედიცია ჯონფრანკლინისმეთაურობით. მათ ჩრდილოეთამერიკის არქტიკული სანაპიროს ნაწილიაღმოაჩინეს.

1820 . – პირველი რუსული ანტარქტიდული ექსპედიცია ფადეი ბელინსჰაუზენისა დამიხეილ ლაზარევის მეთაურობით. მათ აღმოაჩინეს ანტარქტიდა და რამდენიმეკუნძულიატლანტისა და წყნარ ოკეანეებში.

1822-1823 წწ. ინგლისელების ექსპედიციამ (კლაპერტონი, აუდნი და დანემი)გადაკვეთასაჰარა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და დაამტკიცა, რომ მდ. ნიგერსარავითარი კავშირიარა აქვს ჩადისტბასთან.

1823-1826 წწ. – ოტო კოცებუსმეორე სანაოსნო ექსპედიცია. აღმოაჩინეს მარშალის რამდენიმეკუნძული და ბელინსჰაუზენისკუნძულები.

1825-1827 წწ. – ჯონ ფრანკლინისმეორე პოლარული ექსპედიცია.

1826-1829 წწ. – ფეოდორ ლიტკეს რუსული ექსპედიცია დედამიწის გარშემო.

1829-1830 წწ.– ავსტრალიის ინგლისელმა მკვლევარმა ჩარლზ სტიორტმა აღმოაჩინა მდ.დარლინგი;გამოიკვლია მდ. მურეისაუზი.

1831 . – ინგლისელების ექსპედიციამ ჯეიმს კლარკ როსის ხელმძღვანელობით ჩრდილოეთმაგნიტური პოლუსი აღმოაჩინა.

1831-1836 წწ. – ინგლისელმა მაიორმა ტომას მიტჩელმა გამოიკვლია მდინარეები მურეი დადარლინგი და დიდიავსტრალიის წყალგამყოფი ქედი.

1838-1842 წწ. – ამერიკელების ექსპედიციამ ჩარლზ უილკსის მეთაურობით გამოიკვლიაჩრდილოეთ პოლინეზიის 260 კუნძული,აღმოაჩინა აღმოსავლეთ ანტარქტიდის სანაპიროებისნაწილი (უილკსის მიწა).

1840-1843 წწ. – ანტარქტიდაში სამი ექსპედიციის განმავლობაში ჯეიმს კლარკ როსმააღმოაჩინა ზღვა დაყინულის ბარიერი, რომელთაც შემდეგ მისი სახელი დაერქვა, აგრეთვე -ვულკანები ერებუსი და ტორერო.

1844-1846 წწ. – ჩარლზ სტიორტმა პირველად გამოიკვლია ცენტრალური ავსტრალია.

1850-1855 წწ. – გერმანელმა გეოგრაფმა ჰენრიხ ბარტმა ორჯერ გადაკვეთა საჰარა.

1852-1856 წწ. – შოტლანდიელმა დევიდ ლევინგსტონმა გადაკვეთა აფრიკა დასავლეთიდანაღმოსავლეთისაკენ, აღმოაჩინა ჩანჩქერი ვიქტორია და გამოიკვლიამდ. ზამბეზის აუზი.

1856-1857 წწ.– რუსმა გეოგრაფმა პიოტრ სემიონოვ-ტიან-შანსკიმ გამოიკვლია ტიან-შანისმთები.

1858 . – ინგლისელმა მოგზაურებმა რიჩარდ ბერტონმა და ჯონსპიკმა აღმოაჩინეს ტბებიტანგანიკა და ვიქტორია.

1858-1859 წწ. – დევიდ ლივინგსტონის მეორე ექსპედიციამ აღმოჩინა ტბები ნიასა და შირვა.

1860-1861 წწ. – ინგლისელმა მკვლევარმა რობერტ ო’ჰარა ბიორკმაპირველმა გადაკვეთაავსტრალია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ.

1860-1863 წწ. ინგლისელებმა (ჯონ სპიკი, ჯეიმს გრანტი) აღმოაჩინეს მდ.ნილოსისსათავეები.

1864 . – ინგლისელმა სამუელუატმა მდ. თეთრინილოსის სათავეები გამოიკვლია.

1866-1873 წწ. – დევიდ ლივინგსტონის ბოლო ექსპედიციააფრიკაში.

1867-1869 წწ. – რუსმა გენერალმა ნიკოლაი პრჟევალსკიმ გამოიკვლია უსურიის მხარე.

1870-1873 წწ.– ნიკოლაი პრჟევალსკის ექსპედიცია მონღოლეთში, ჩინეთსა და ტიბეტში.

1874-1877 წწ. – ინგლისელების ექსპედიციამ ჰენრი მორტონ სტენლის მეთაურობითგადაკვეთა აფრიკა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, მთელ სიგრძეზეგამოიკვლია მდ.კონგო(ზაირი), ტბა ვიქტორიადა მდ. ნილოსისსათავეები.

1876-1886 წწ. – რუსი მკვლევარისვასილ იუნკერის ორი ექსპედიცია აფრიკაში. გამოკვლეულიქნა მდინარეების ნილოსისა და კონგოსწყალგამყოფი.

1879-1885 წწ. – ნიკოლაი პრჟევალსკის ორი ექსპედიციატიბეტში.

1900 . – ნორვეგიის ექსპედიციამ კარსტენ ბორჰ გრევნიკის მეთაურობით მიაღწია სამხრეთგანედის 78 გრადუსს და აღწერა როსის ყინულოვანი ბარიერი. ექსპედიციამ პირველადგამოიზამთრა ანტარქტიდაში.

1903-1906 წწ. – ნორვეგიის ექსპედიციამ რუალ ამუნდსენისმეთაურობით პირველად გაიარაჩრდილო-დასავლეთი გასასვლელი კანადის არქიპელაგში.

1907-1909 წწ. – ინგლისის ექსპედიციამ ერნსტ ჰენრი შეკლტონის მეთაურობით მიაღწიასამხრეთ განედის 82 გრადუსს.

1908-1909 წწ. – ამერიკელებმა ფრედერიკ კუკმა (1908 წ. აპრილი) და რობერტ პირმა (1909წ.აპრილი) პირველად მიაღწიეს ჩრდილოეთ პოლუსს.

1911-1912 წწ. – ნორვეგიელებმა რუალ ამუნდსენმა (1911 წ. 14 დეკემბერი)და რობერტ სკოტმა(1912 წ. 18 იანვარი) პირველად მიაღწიეს სამხრეთ პოლუსს.

1953 . – ედმუნდ ჰილარიმ და თენცინგნორგეიმ პირველად დაიპყრეს დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა (ევერესტი).

1955 . – სახელმწიფოების მიერ მიღებულია ანტარქტიდის სისტემატური კვლევისშეთანხმება. 11-მა სახელმწიფომ ანტარქტიდასადა მის მიმდებარეკუნძულებზე 60 სამეცნიეროსადგური შექმნა.

მიგრაცია, როგორც გლობალური პრობლემა

0

იძულებითი მიგრაცია (მესამე ნაწილი)

წინა სტატიებში საუბარი გვქონდა ადამიანთა გადაადგილების ისეთ ფორმებზე, სადაც გადაწყვეტილებას თვითონ ადამიანი იღებს. ასეთ მიგრაციას ნებაყოფლობითი ეწოდება და გლობალიზაციის ეპოქაში სულ უფრო მზარდ გავლენას ახდენს როგორც გამცემი, ისე მიმღები ქვეყნების სოციალურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაზე, იმავდროულად, მოქმედებს ბუნებრივ გარემოზეც და საგრძნობლად ცვლის დემოგრაფიულ სურათს.

განვითარებული, განვითარებადი და სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები პროცესებში ერთნაირად აღმოჩნდნენ ჩართულნი, თუმცა განვითარებადი ქვეყნები უმთავრესად სწორედ მიგრანტთა გამცემ ქვეყნებად მოიაზრება, საიდანაც ადამიანები უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მიემგზავრებიან.

ნებაყოფლობითი მიგრაცია მზარდი ტემპით მიმდინარეობს, რასაც ხელს უწყობს ტექნოლოგიების განვითარება, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის ზრდა და მგზავრობის გაიაფება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რაც უფრო მკაფიო კონტურს სძენს გადაწყვეტილების მიღების პროცესს, შრომის ბაზრის გამრავალფეროვნება, სადაც გაჩნდა მოთხოვნა სხვადასხვა კვალიფიკაციისა და სქესის ადამიანებზე, სულ უფრო დიდი დისონანსი მსოფლიოს ქვეყნების განვითარების დონეებს შორის.

ადამიანს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საცხოვრებელი, თუმცა სინამდვილე ყოველთვის არ იძლევა ამის საშუალებას; მილიონობით ადამიანი იძულებულია, დატოვოს სამშობლო და თავი უცხო ქვეყანას შეაფაროს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იძულებით მიგრაციასთან, რომლის მიზეზი, ფორმა და ხანგრძლივობა სხვადასხვაა, შედეგიც – მწვავე და მრავალფეროვანი.

ქვემოთ სწორედ იძულებით მიგრაციაზე, მის მასშტაბებსა და ხასიათზე ვისაუბრებთ.

თავდაპირველად, ამ პროცესის აქტუალობა რომ გავაცნობიეროთ, რამდენიმე ფაქტს მოვიყვანთ.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მონაცემების მიხედვით, დღეს მსოფლიოში იძულებით გადასახლებულია 44 მლნ კაცი, რომელთაგან 15,4 მლნ ლტოლვილია (რომლებმაც საზღვრები გადაკვეთეს), ხოლო 27,5 მლნ – იძულებით ადგილნაცვალი პირი (ისინი, ვინც ქვეყნის ფარგლებში გადასახლდნენ); ამათ გარდა, 800 ათასი თავშესაფრის მაძიებელია, რომლებიც ცდილობენ, მიმღებ ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მოიპოვონ და სამართლებრივად ლტოლვილის სტატუსი მიიღონ. ამ “მოკრძალებული” სტატისტიკის მიღმა რჩება 12 მლნ მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელთაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ. ამ უკანასკნელ ჯგუფზე ინფორმაცია ძნელი მოსაძიებელია, თუმცა უნდა ითქვას, რომ თუ 2004 წელს მხოლოდ 30 ქვეყანა იძლეოდა მათ შესახებ ინფორმაციას, დღეს ამ ქვეყნების რიცხვი 65-მდე გაიზარდა.

იძულებით გადაადგილებულ პირებს ძირითადად მეზობელი სახელმწიფოები იფარებენ ლტოლვილთა ბანაკებში.
ლტოლვილთა მიმწოდებელი ქვეყნების კარტოგრამა

ლტოლვილთა მიმღები ქვეყნების კარტოგრამა

კარტოგრამების შედარებითი ანალიზისთვის საჭიროა, წინასწარ წარმოვიდგინოთ, როგორ უნდა იყოს სტრუქტურირებული პასუხი. თავდაპირველად დავფიქრდეთ, როგორი უნდა იყოს იგი, რა ლოგიკურ თანამიმდევრობას უნდა მივყვეთ, რათა პასუხი სწორი, ამომწურავი და გასაგები აღმოჩნდეს. სტრუქტურაში მოსაქცევად აუცილებელია, პასუხი დავიწყოთ სათაურის პერიფრაზირებით. პირველ წინადადებად სწორედ მისი დაწერა იქნება უპრიანი.

ამის შემდეგ აღვწერთ თითოეულ კარტოგრამას. აღწერა რამდენიმე წინადადებისგან უნდა შედგებოდეს და მოიცავდეს ყველა მოცემულ შინაარსობრივ კომპონენტს. ჩამოთვლილი უნდა იყოს ქვეყნები მსხვილი რეგიონების მიხედვით, რომლებიც განსაკუთრებით დიდი და მცირე მაჩვენებლებით გამოირჩევა.

მომდევნო, უფრო ვრცელი ნაწილი ანალიტიკური უნდა იყოს. მასში ხაზი უნდა გაესვას აღწერილობით ნაწილში გამოყოფილ ქვეყნებში პოლიტიკურ სტაბილურობა-არასტაბილურობას, ეკონომიკურ მდგომარეობას, სოციალურ ფაქტორებს, ბუნებრივ-კატასტროფულ მოწყვლადობას, დემოგრაფიულ სურათს.

დაბოლოს, დასკვნითი ნაწილით უნდა შეიკრას ტექსტი, სადაც აიხსნება მიგრაციის მიმართულებები.

ლტოლვილთა გამცემ 10 ქვეყანა-“ლიდერს” შორის არიან ავღანეთი, ერაყი, სომალი, სუდანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, კოლუმბია, ვიეტნამი, მიანმა, ბურუნდი, პალესტინა.

ლტოლვილთა მიმღებ ქვეყნებს შორის – პაკისტანი, სირია, ირანი, გერმანია, იორდანია, აშშ, კენია, ჩადი, ჩინეთი და ტანზანია.
სტატუსგარეშე პირების რაოდენობის მიხედვით გამოირჩევა ერაყი ქურთების ეთნიკური ჯგუფით, კენია – ნუბიელებით, ესტონეთი და ლატვია – რუსებით, ნეპალი – ბუტანელებით.

ყველა ამ ჯგუფის 50% 18 წლამდე ასაკისაა, ხოლო 11% – 5 წლამდე ასაკისა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს პრობლემას.
პრობლემისთვის ხაზის გასასმელად 20 ივნისს ლტოლვილთა მსოფლიო დღე აღინიშნება.

1951 წელს შემუშავებულ იქნა ლტოლვილთა სტატუსის განმსაზღვრელი კონვენცია, რომელიც 147 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული. ქვეყნები, საიდანაც დიდია იძულებითი გადინება, მათ შორის – ირანი, პაკისტანი და სირია, აღნიშნულ კონვენციას არ უერთდებიან.

იძულებითი მიგრაციის მიზეზები

იძულებითი მიგრაციის მიზეზები მრავალფეროვანია. მათგან აღსანიშნავია ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენები, ანთროპოგენული ხასიათის კატასტროფები, ომი, კონფლიქტები, შიმშილობა, ეკონომიკური განვითარება.

1. კონფლიქტით გამოწვეული გადაადგილება

ამ დროს ადამიანები იძულებით ტოვებენ საკუთარ სახლებს, სადაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მათ დაცვას. მიზეზებს შორისაა შეიარაღებული კონფლიქტი, მათ შორის – სამოქალაქო ომი, ძალადობა, ეროვნების, რასის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების საფუძველზე დევნა.

ამ გადაადგილებული პირების დიდი ნაწილი თავშესაფრის ძიებაში საერთაშორისო საზღვრებს კვეთს. მათი ნაწილი თავშესაფარს საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით ეძებს და ლტოლვილის სტატუსს იღებს, ნაწილი გამოსახლების შიშით სტატუსგარეშე დარჩენას ამჯობინებს.

ფართომასშტაბიანი ომების რაოდენობა მცირდება, თუმცა მათ ადგილს იკავებს შეიარაღებული სეპარატისტული კონფლიქტები, რომლებიც უკვე შიდა შუღლსა და დაპირისპირებას იწვევს. ეს ბევრს გადასახლებისკენ უბიძგებს. დრამატულად იზრდება იძულებით ადგილნაცვალ პირთა რაოდენობა, რომელთა რიცხვი ლტოლვილებისას აღემატება.
2. განვითარებით გამოწვეული გადაადგილება

ამ გადაადგილებაში ჩართულნი არიან ადამიანები, რომლებიც იძულებულნი არიან, დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი მსხვილი ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტების გამო. ასეთი გადაადგილებები ხშირად სახელმწიფო ინტერესს წარმოადგენს და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. მაგალითად, გზების, პორტების, აეროპორტების, ეროვნული პარკების, კაშხლების მშენებლობა.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად დაზარალებული ადამიანები, როგორც წესი, ქვეყანაში რჩებიან და სახელმწიფოსგან კომპენსაციასაც იღებენ, თუმცა ამ ანაზღაურებას ისინი უმეტესად არაადეკვატურად მიიჩნევენ.

ასეთი გადაადგილებები საერთაშორისო საზოგადოების ნაკლებ ყურადღებას იმსახურებს, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ეს ხალხი ზარალდება და მათი უფლებებიც ირღვევა. მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 100 მილიონი კაცის საცხოვრებელი ადგილიდან აყრა მოჰყვა; ყოველწლიურად 10 მლნ-მდე ადამიანი კაშხლების მშენებლობის გამო ტოვებს თავის საცხოვრისს.
3. კატასტროფებით გამოწვეული გადაადგილებები

ეს კატეგორია მოიცავს ბუნებრივი კატასტროფების (წყალდიდობა, ვულკანი, მეწყერი, მიწისძვრა…), გარემოს ცვლილების (გაუტყეურება, გაუდაბნოება, მიწის დეგრადაცია, გლობალური დათბობა….) და ადამიანის საქმიანობის შედეგად გამოწვეული კატასტროფების (სამრეწველო ავარიების) გამო იძულებით გადაადგილებულებს. ცხადია, ამ შემთხვევაში მკაფიო საზღვრების დადგენა რთულდება, რადგან ხშირად ერთი მათგანი მეორეს იწვევს. ამის მაგალითია იაპონიის მიწისძვრა, რომელსაც ცუნამი მოჰყვა, რამაც, თავის მხრივ, ფუკუშიმას სადგურში ბირთვული ავარია გამოიწვია.

ამ შემთხვევაში მიზეზის შეფასება უფრო რთული სადავოა, ვიდრე მიგრაციის წინა ორი ფორმის დროს. ამ ტიპის მიგრაციაში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანია ჩართული. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, აგრეთვე არასამთავრობო (საერთაშორისო თუ ადგილობრივი) ორგანიზაციები დაზარალებულებს დახმარებას უწევენ. ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენების შედეგად დაზარალებულებს ხშირად ეკომიგრანტებად მოიხსენიებენ.
ადამიანებით ვაჭრობა, ტრეფიკინგი

ექსპლოატაციის დაფიქსირებული ფორმები

ტრეფიკინგიც უკანონო მიგრაციის სახეობაა ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) – არის დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ყიდვას ან გაყიდვას, ანდა მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებას მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა ფორმის (მოტაცება, შანტაჟი, თაღლითობა, მოტყუება, უმწეო მდგომარეობაში ჩაყენება, მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება) გამოყენებით, რომლის დროსაც ხდება ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, საკუთარ ან სხვა ქვეყანაში ტრანსპორტირება, ადამიანით მოვაჭრეებისათვის გადაცემა, შეფარება ანდა მიღება მისი ექსპლუატაციის გზით სარგებლის მიღების მიზნით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი).

მიუხედავად იმისა, რომ ეს დასჯადი დანაშაულია, უამრავი ადამიანი ხდება ამ სახის იძულებითი მიგრაციის მსხვერპლი.

ადამიანებს უმთავრესად ყიდიან ან ამუშავებენ სექსუალური მომსახურების მისაღებად და მისი მსხვერპლი ქალები და ბავშვები არიან.

შესაძლოა, პირმა საკუთარი ქვეყანა ნებით დატოვოს, მაგრამ ვალის, მუქარის, ზეწოლის შედეგად, შემდგომში ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდეს. არის შემთხვევები, როცა საზღვრის გადაკვეთაც უკანონოდ, კონტრაბანდისტების დახმარებით ხდება, რომლებიც არალეგალური გზებით ცდილობენ ბარიერების დაძლევას. ამის გამო ტრეფიკინგის სტატისტიკის წარმოება ძალიან რთულია.
საერთაშორისო მიგრაციის ვიზუალური გამოვლინება მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდებში
მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდებში ამოიცნობა საერთაშორისო მიგრაციების მასშტაბები. ქვემოთ მოგვყავს ორი სხვადასხვა ტიპის ქვეყანა, მიმღები და გამცემი.

თუ დავაკვირდებით არაბთა გაერთიანებული საამიროების სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას, ვნახავთ, რომ მას განსხვავებული ფორმა აქვს და მისი გვერდები აშკარად დარღვეული მოხაზულობისაა. განსაკუთრებით თვალში საცემია ეს გამოზნექა კაცების მხარეს. ეს შეიძლება აიხსნას მაღალი იმიგრაციით, განსაკუთრებით – სამუშაო ასაკის მამაკაცებში. რაკი ვიცით, რომ ქვეყანა ნავთობით მდიდარია, შეგვიძლია ავხსნათ, რატომ არის ეს მიგრაციული ნაკადი სწორედ ამ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფში. რაც შეეხება შედარებით ნაკლებ გამოზნექას ქალების ნაწილში, ეს იმით აიხსება, რომ ქალთა შრომის ბაზარი არ არის მიმზიდველი ამ ქვეყანაში, არ არის მოთხოვნა მათ შრომაზე და ეს ამოზნექა, ანუ შედარებით მცირე ნამატი, შესაძლოა იყვნენ სამუშაოს მაძიებელი მამაკაცების მეუღლეები, რომლებიც მათთან ერთად ჩამოვიდნენ ქვეყანაში.

კონტური, რომელიც აჩვენებს შრომის ასაკის მოსახლეობის შემცირებას, ნიშნავს ამ ასაკობრივი ჯგუფის შემცირებას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სიკვდილიანობით (მაგ., ომით) ან მიგრაციით. ამ შემთხვევაში, როდესაც ცნობილია, რომ შოტლანდიას არ გადაუტანია ომი, სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდის ფორმის დარღვევის მიზეზად მიგრაცია რჩება. შოტლანდიიდან შრომისუნარიანი მამაკაცების გადინება მიმდინარეობს.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო მიგრაციის მასშტაბი მომავალშიც გაიზრდება. ამდენად, ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, მათ მიზეზებსა და შედეგებზე. ამ მონაცემების გამოყენება შეიძლება აისახოს ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში, რაც შედეგებს რამდენადმე შეარბილებს.

გეოგრაფია თარიღებში

0

გეოგრაფია მეცნიერების ერთ-ერთი უძველესი დარგია. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მისი ამოცანები და შინაარსი მრავალგზის შეიცვალა. თავდაპირველად გეოგრაფიას აღწერითი ხასიათი ჰქონდა, XIX საუკუნეში კი იგი მეცნიერებად ჩამოყალიბდა. გეოგრაფიული ცოდნა აღმოჩენებისა და გამოკვლევების საფუძველზე გროვდებოდა.

გეოგრაფიული აღმოჩენა ახალი გეოგრაფიული ობიექტის ან კანონზომიერების მიკვლევას ნიშნავს. გეოგრაფიის განვითარების ადრეულ ეტაპზე უმთავრესი ყურადღება ექცეოდა ხმელეთის უცნობი ნაწილების აღმოჩენას (ტერიტორიული აღმოჩენები). შემდეგ უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა მოიპოვა ისეთმა აღმოჩენებმა, რომლებიც ხელს უწყობდა გეოგრაფიულ კანონზომიერებათა დადგენას.

ტერიტორიული აღმოჩენები აისახება მსოფლიოს გეოგრაფიულ რუკაზე. ეს აღმოჩენები მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოების განვითარების საერთო პროცესთან. მათი სოციალურ-ისტორიული როლი საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაა.

გთავაზობთ გეოგრაფიული აღმოჩენებისა და გამოკვლევების დეტალურ ქრონოლოგიას.

ჩვ. წ. აღ-მდე IX ს. – ფინიკიელების მიერ აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროების კოლონიზაცია, კანარის კუნძულების აღმოჩენა.

ჩვ. წ. აღ-მდე 600 წ. (დაახლოებით) – ჰეროდოტეს თანახმად, ეგვიპტის ფარაონმა ნეჰომ აღჭურვა ფინიკიელთა გემები, რომლებმაც მოგზაურობა წითელი ზღვიდან დაიწყეს, გარს შემოუარეს კეთილი იმედის კონცხს და ხმელთაშუა ზღვამდე მიაღწიეს.

ჩვ. წ. აღ-მდე 510 წ. (დაახლოებით) – ბერძენმა მეზღვაურებმა და გეოგრაფმა სკილაკიმ მოაწყო საკვლევი ექსპედიციები მდ. ინდიზე, ინდოეთის ოკეანეში და წითელ ზღვაზე.

ჩვ. წ. აღ-მდე 500 წ. (დაახლოებით) – ჰეკატეოს მილეტელმა შექმნა ერთ-ერთი პირველი ნაშრომი ქვეყანათმცოდნეობაში – “დედამიწის აღწერა”, სადაც დედამიწა წარმოდგენილია წრის სახით, რომელსაც გარს აკრავს ოკეანე. ჰეკატეოსი დედამიწას ორ -ჩრდილოეთ (ევროპა) და სამხრეთ (აზია) – ნაწილად ყოფდა. საზღვარი მათ შორის გადიოდა გიბრალტარიდან ხმელთაშუა ზღვამდე, შავ ზღვაზე მდინარე ფაზისამდე (რიონი), რომელიც აღმოსავლეთ ოკეანის საწყისად ითვლებოდა.

ჩვ. წ. აღ-მდე 470 წ. (დაახლოებით) – კართაგენელმა განონმა აფრიკის დასავლეთ სანაპიროს გასწვრივ სიერა-ლეონემდე იმოგზაურა.

ჩვ. წ. აღ-მდე 350-320 წ.წ. – ბერძენმა მეზღვაურმა, ასტრონომმა, მათემატიკოსმა და გეოგრაფმა ჰიფეიმ ევროპის დასავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროების გასწვრივ იმოგზაურა. აღმოაჩინა კუნძულები: ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და ირლანდია, სკანდინავიისა და ბრეტანის ნახევარკუნძულები, ჩრდილოეთისა და ირლანდიის ზღვები, კატეგატის სრუტე და ბისკაის ყურე.

ჩვ. წ. აღ-მდე 334-321 წ.წ. – ალექსანდრე მაკედონელის დიდი ლაშქრობა ინდოეთში.

ჩვ. წ. აღ-მდე 326-324 წ.წ. – მაკედონელის ფლოტის მეთაურმა ნეარქოსმა ფლოტი მდ. ინდის მიმართულებით შესართავამდე გაიყვანა, მერე კი ზღვით მდ. ევფრატის შესართავამდე. განვლილი გზა მან დეტალურად აღწერა.

ჩვ. წ. აღ-მდე III ს. – ერატოსთენემ შემოიღო ტერმინი “გეოგრაფია” და სათავე დაუდო გეოგრაფიას როგორც მეცნიერებას. მას მიაჩნდა, რომ გეოგრაფიის ძირითადი ამოცანაა რუკების შედგენა. მან დააფუძნა მათემატიკური გეოგრაფია, გაზომა მერიდიანის რკალის სიგრძე და სხვ.

ჩვ. წ. აღ-მდე 100 წ.- I ს. დასაწყისი – ბერძენმა გეოგრაფმა და ისტორიკოსმა სტრაბონმა თავის ნაშრომში “გეოგრაფია” (17 წიგნი) სრულყოფილად აღწერა მისთვის ცნობილი გეოგრაფიული ადგილები.

60 წ. (დაახლოებით) – რომის იმპერატორ ნერონის ექსპედიციამ მდ. ნილოსის სათავეებს მიაღწია.

160-180 წ.წ. – კლავდიოს პტოლემეოსს თავის ნაშრომში “სახელმძღვანელო გეოგრაფია” (8 წიგნი) 8 ათასამდე გეოგრაფიული პუნქტის კოორდინატები მოჰყავს.

981-983 წწ.- ნორმანდიელმა მეზღვაურმა ერიკ როუდიმ აღმოაჩინა კუნძულები გრენლანდია, დისკო და ბაფინის მიწა, დევისის სრუტე და ბაფინის კონცხი.

1004 წ.- ნორმან ლეიფ ერიკსონმა (ერიკ როუდის შვილმა) გადაკვეთა დევისის სრუტე და ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებს მიაღწია.

1246 წ. – ფრანგმა მღვდელმა ჯოვანი პიანო დი კარპინიმ მიაღწია მონღოლეთამდე, მომდევნო წელიწადს დაბრუნდა იტალიაში და ჩამოიტანა უაღრესად საინტერესო გეოგრაფიული მასალა ნანახი მიწების შესახებ.

1271-1272 წწ. – იტალიელმა ვაჭარმა მარკო პოლომ იმოგზაურა ჩინეთში, სადაც დაყო 17 წელი და 1292-1295 წლებში დაბრუნდა იტალიაში. მან პირველმა მოგვაწოდა სრულყოფილი ცნობები ცენტრალური, აღმოსავლეთი და სამხრეთი აზიის ქვეყნებზე.

1327-1377 წ.წ.- არაბმა იბნ ბატუტამ ეგვიპტეში, არაბეთში, მესოპოტამიაში, სირიაში, მცირე აზიაში, ინდოეთში, რუსეთის სამხრეთ რაიონებში, ჩინეთში, ესპანეთში, დასავლეთ და ცენტრალურ სუდანში იმოგზაურა. მან ზუსტად აღწერა ეს რაიონები.

1468-1474 წ.წ. – რუსმა აფანასი ნიკიტინმა იმოგზაურა სპარსეთსა და ინდოეთში. უკანა გზაზე ესტუმრა აფრიკის სანაპიროს (სომალი), მასკატს და თურქეთს.

1482 წ. – პორტუგალიელებმა დიეგო კანის მეთაურობით აღმოაჩინეს მდ. კონგოს შესართავი.

1488 წ. – პორტუგალიელმა მეზღვაურმა ბართოლომეო დიაშმა, ევროპელთაგან პირველმა, გარს შემოუარა აფრიკას და აღმოაჩინა კეთილი იმედის კონცხი.

1492-1493 წ.წ. – ქრისტეფორე კოლუმბმა, ინდოეთისკენ მიმავალი უმოკლესი საზღვაო გზის ძიებაში, გადაცურა ატლანტის ოკეანე, აღმოაჩინა სარგასის ზღვა და 1492 წ. 12 ოქტომბერს აღმოაჩინა ბაჰამის კუნძულები, კუბა და ჰაიტი.

1493-1504 წ.წ. – მომდევნო სამი ექსპედიციის დროს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა დიდი და მცირე ანტილიის კუნძულების ნაწილი, კარიბის ზღვა, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის სანაპიროები.

1497 წ. – იტალიელმა ჯოვანი კაბოტმა გადაცურა ატლანტის ოკეანე და მიაღწია ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებს კუნძულ ნიუფაუნდლენდთან.

1497-1499 წ.წ. – პორტუგალიელმა ვასკო და გამამ ლისაბონიდან ინდოეთამდე იმოგზაურა. მან გარს შემოუარა აფრიკას და პირველმა გაიკვლია საზღვაო გზა ევროპიდან სამხრეთ აზიამდე.

1499-1500 წ.წ. – ესპანელების ექსპედიციამ ალონსო დე ახედას ხელმძღვანელობით აღმოაჩინა გვიანის სანაპირო, ვენესუელის ყურე, ტბა მარაკაიბო. ამავე პერიოდში მეორე ექსპედიციამ ვისენტე იანეს პინსონის მეთაურობით აღმოაჩინა ბრაზილიის ჩრდილოეთ სანაპირო, მდ. ამაზონის შესართავი და კუნძული ტობაგო.

1500-1503 წ.წ. – პორტუგალიელების (დიეგო დიასი, ვასკო და გამა) მიერ აღმოჩენილ იქნა სეიშელის კუნძულები, მადაგასკარი და წმინდა ელენეს კუნძული.

1505 წ.- პორტუგალიელება აღმოაჩინეს კუნძული ცეილონი (შრი-ლანკა).

1507 წ.- ამერიგო ვესპუჩის ხსოვნის პატივსაცემად, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ესპანურ და პორტუგალიურ (1499-1504) ექსპედიციაში სამხრეთ ამერიკის სანაპიროებთან, მ. ვილსმიულერმა შემოიღო სახელწოდება “ამერიკა”.

1509 წ.- ინგლისელთა ექსპედიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა სებასტიან კაბოტი, ჰუძონის ყურე აღმოაჩინა.

1511-1512 წ. წ. – პორტუგალიელებმა მიაღწიეს ბანდისა და მოლუკის კუნძულებს (არქიპელაგი ინდონეზიის შემადგენლობაში, მალაის არქიპელაგში. გეოგრაფიულად, არქიპელაგი მდებარეობს კუნძულ სულავესსა და ახალ გვინეას შორის. ამ კუნძულების ისტორიული სახელია “სანელებლების კუნძულები”, როგორც მას ჩინელები და ევროპელები უწოდებდნენ).

1513 წ. – ესპანელებმა ვასკო ნუნიეს დე ბალბოას მეთაურობით პირველებმა გადაკვეთეს პანამის ყელი და წყნარი ოკეანის სანაპიროზე გავიდნენ.

1518 წ. – ესპანელებმა ხუან დე გრიხალვას მეთაურობით აღმოაჩინეს მექსიკის სანაპირო, პორტუგალიელებმა კი იაპონიის კუნძულ რიუკიუმდე მიაღწიეს.

1519-1521 წ.წ. – ესპანელებმა დაიპყრეს მექსიკა.

1520 წ. – ესპანეთის ფლოტილიამ პორტუგალიელი ფერნანდო მაგელანის მეთაურობით აღმოაჩინა და გამოიკვლია სამხრეთ ამერიკის სანაპირო ლა-პლატის სამხრეთით, აღმოაჩინა მაგელანის სრუტე და პატაგონიის კორდილიერები.

1521 წ.- მაგელანის ექსპედიციამ აღმოაჩინა კუნძული გუამა და ფილიპინების კუნძულები.

1522 წ. – მაგელანის ფლოტილიიდან დარჩენილი ერთადერთი გემი “ვიქტორია” ხუან სებასტიან დე ელკანოს მეთაურობით ესპანეთში დაბრუნდა. მაგელანის ექსპედიციამ დაამტკიცა მსოფლიო ოკეანის ერთიანობა და დედამიწის სფეროსებურობა.

გლობალური დემოგრაფიული პრობლემა – მიგრაცია (მეორე ნაწილი)

0

ვაგრძელებთ საუბარს საერთაშორისო მიგრაციის შესახებ. წინა სტატიაში მიგრაციის თეორიებს შევეხეთ, რაც ამ თემის შესწავლის მნიშვნელოვანი საფუძველია (იხ. ბმული:https://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=1000&id=274 ).

საბჭოთა კავშირში საზღვრები ჩაკეტილი იყო და მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული ჰქონდა. ამის კვალობაზე, საერთაშორისო მიგრაციის საკითხები ნაკლებად იყო შესწავლილი და ნაკლები ყურადღებაც ექცეოდა სკოლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო კურსში.

დღეს სხვაგვარი ვითარებაა; არ მეგულება ოჯახი, რომელსაც ქვეყნიდან ამა თუ იმ მიზეზით წასული ერთი ნაცნობი მაინც არ ჰყავდეს. ამდენად, მოსწავლეები ადვილად უკავშირებენ შესასწავლ თემას რეალობას.

სწავლების პროცესში ტექსტს უდიდესი დატვირთვა აქვს. რა თქმა უნდა, ტექსტის კითხვა არ ნიშნავს მხოლოდ ასო-ნიშნებისა და მათგან შედგენილი სიტყვების ამოკითხვას – მთავარი შინაარსის გააზრებაა.

ინფორმაციული ტექსტები, ტრადიციისამებრ, შეაქვთ ყველა სახელმძღვანელოში, თუმცა უნდა ითქვას, რომ სახელმძღვანელო არ არის ინფორმაციის ერთადერთი წყარო. ეს როლი შეიძლება შეასრულოს:

* საგაზეთო სტატიამ;

* ლიტერატურულმა ნაწარმოებმა;

* გამოქვეყნებულმა თუ გამოუქვეყნებელმა ნაშრომმა;

* ინტერნეტში მოძიებულმა მასალამ.

მოსწავლეს უნდა შეეძლოს ექსპლიციტური – აშკარა, თვალსაჩინო – და იმპლიციტური – ფარული, ნაგულისხმევი – ინფორმაციის ამოკითხვა, წაკითხულის არა მხოლოდ დამახსოვრება, არამედ გააზრება-გაანალიზებაც.

მინდა შემოგთავაზოთ ისტორია, რომელიც შესაძლოა დისკუსიის დაწყების იმპულსად გამოდგეს. ამ ტექსტის წასაკითხად მოსწავლეთაგან აარჩიეთ 4 მოხალისე, გაუნაწილეთ ან აარჩევინეთ როლები (ცოლი, ქმარი, მოხუცი, მთხრობელი) და წააკითხეთ. დანარჩენები ყურადღებით ისმენენ ტექსტს.

წავიდეთ თუ დავრჩეთ?

როდესაც კაცი შინ დაბრუნდა, ძალიან შეშფოთებული ჩანდა. მან ცოლს უთხრა:

ქმარი: მგონი, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება, აღარც არჩევანი გვაქვს. დროა, წავიდეთ.

ცოლი: კი მაგრამ, სად? – უპასუხა ცოლმა და ფიჩხი შეუმატა ცეცხლს.

ქმარი: მე მგონი, ამაღამვე უნდა ავიღოთ გეზი მთისკენ. თუ ბედმა გაგვიღიმა და საზღვარი გადავკვეთეთ, – იქ ღამით ცოტა მესაზღვრეა, – მაშინ შეიძლება, ყველაფერი უკეთ აგვეწყოს.

ცოლი: კი მაგრამ, დედაზე არ გიფიქრია? – თქვა ქალმა და მოხუცი, ჩია ქალისკენ მიიხედა, რომელიც იქვე, კუთხეში, ცეცხლს მისჯდომოდა. მოხუცი არ იძვროდა, თუმცა ყველაფერი ესმოდა.

მოხუცი: მე აქაურობას ვერ მივატოვებ, ეს არის ჩემი ქვეყანა, აქ დავიბადე და აქ უნდა მოვკვდე, – თქვა მან ჩუმად.

ცოლი: ასე ნუ ამბობ, დედა, – თქვა ქალმა, – აქ მარტოს ვერ დაგტოვებთ. ათასი რამ შეიძლება მოხდეს, ხომ იცი, რა დაუცველია აქ ყველა…

მოხუცი:საერთოდ, როგორ იფიქრეთ წასვლა?! ჩვენი ადგილი ჩვენს ქვეყანაშია, ჩვენი ხალხის გვერდით! – ბრაზით წამოიძახა მოხუცმა.

ქმარი: ვინ არის “ჩემი ხალხი”, სად არის “ჩემი ადგილი”?! მე ხომ ადამიანი ვარ, აქ კი, ცხოველივით ოთხ კედელში გამომწყვდეულს, ხმის ამოღებისაც კი მეშინია! – სასოწარკვეთით თქვა კაცმა.

ცოლი: ნუთუ არ გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ და უბრალოდ ბედნიერები ვიყოთ? არ გვეშინოდეს ჩვენი შვილის მომავლისა? – თქვა ცოლმა და მოხუცს ხელი ჩაჰკიდა, – გთხოვ, გაბედე, ჩვენ ხომ უშენოდ ვერ წავალთ!

მოხუცი:მე თქვენ ვერ დაგაკავებთ, – თქვა მოხუცმა, – თუ წასვლა გინდათ, წადით. მე ვერ წამოგყვებით. თქვენ ახალგაზრდები ხართ, ყველაფერი წინ გაქვთ, მე კი უცხოეთში ვერ გავძლებ.

ახალგაზრდა ქალმა შეხედა მოხუცს – დედამისს; გახედა მამაკაცს – თავის მეუღლეს; გახედა შვილს… რა რთულია გადაწყვეტილების მიღება, როგორ მოიქცეს?

 

ამის შემდეგ მოსწავლეებს ჩამოვუთვლით კითხვებს, რომლებსაც მათ პასუხი უნდა გასცენ:

* რატომ ტოვებს ხალხი საცხოვრებელს?

* რატომ რჩებიან, რა აკავებთ მათ?

* რა სარგებლობა და ზიანი მოაქვს მიგრაციას ინდივიდისთვის, სამშობლოსა და მიმღები ქვეყნისთვის?

* როგორ ექცევიან ჩამოსულებს? აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა იგი?

* როგორი იქნება შედეგი გამცემი და მიმღები ქვეყნისთვის?

პასუხების სისტემაში მოსაყვანად, სასურველია, გამოვიყენოთ სამუშაო ფურცელი ცხრილის ფორმატით. ცარიელ ცხრილებს მოსწავლეებს ვურიგებთ და ჯგუფებში ვამუშავებთ. ყოველი ჯგუფი მუშაობს ცხრილის სრულად შევსებაზე. ჯგუფებში მოსწავლეთა რაოდენობა (მაქს. 6) კლასის ზომის მიხედვით უნდა შეირჩეს, რათა თითოეულმა ჯგუფმა შეძლოს ცხრილის თუნდაც თითო სეგმენტის წარდგენა. თუ ჯგუფს რომელიმე ფაქტორი გამორჩა, მას დანარჩენი ჯგუფები დაამატებენ.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წინასწარ არის შეტანილი მოსალოდნელი პასუხები, თუმცა ისინი შესაძლოა გარკვეულწილად განსხვავდებოდეს მოსწავლეთა პასუხებისგან. იმისთვის, რომ მეტად დავაფიქროთ მიგრაციის პროცესის კომპლექსურობაზე, მოსწავლეებს შეიძლება ვთხოვოთ, ჩამოთვლილ ფაქტორებს ფრჩხილებში მიუწერონ, ეკონომიკური ხასიათისაა ის, სოციალური, ბუნებრივი თუ პოლიტიკური. თუ დაინახავთ, რომ რომელიმე ერთი აშკარად ჭარბობს, მოსწავლეებს შესთავაზეთ, შეავსონ ცხრილი შესაბამისი მიმართულებით.

გავლენა გამცემ ქვეყანაზე გავლენა მიმღებ ქვეყანაზე პიროვნული ფაქტორები და მოლოდინები
პოზიტიური • მცირდება მოსახლეობის სიმჭიდროვე

• მცირდება რესურსების მოხმარება

• იგზავნება ფული დარჩენილ ოჯახებში

• მცირდება სამუშაო ადგილებზე კონკურენცია

• ზრდება მოსახლეობის რაოდენობა

• ხდება ასაკობრივი სტრუქტურის გაჯანსაღება

• სამუშაო ბაზარზე იქმნება კონკურენტუნარიანი გარემო

• ივსება არამოთხოვნადი, ცუდად ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები

• იზრდება სოციალური და ეკონომიკური განვითარების ტემპი

• ხდება გამოცდილი, განათლებული ახალგაზრდების მოდინება

• იზრდება კულტურული მრავალფეროვნება

• ადგილობრივკულტურასთან ზიარებისშესაძლებლობა

• განათლების მიღებისშესაძლებლობა

• სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა

• დარჩენილი ოჯახის დახმარებისშესაძლებლობა

• მატერიალური შესაძლებლობების გაუმჯობესება

• დემოკრატიის მაღალი ხარისხი

• ცხოვრების უკეთესი სტანდარტები

• გართობის უკეთესი შესაძლებლობა

ნეგატიური • ხდება შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება

• მცირდება სამუშაო ძალა (ხშირად – მოსახლეობის მეტად განათლებული ნაწილის ხარჯზე)

• მცირდება ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური განვითარების ტემპი (იხურება სკოლები, საავადმყოფოები და ა.შ.)

• იკარგება ქვეყანაში განათლებისთვის გაწეული ხარჯი/ ინვესტიცია

• ირღვევა სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა

• იზრდება ასაკოვანი მოსახლეობის წილი

• ოჯახები ინგრევა

• მცირდება შობადობა

• რასიზმი და ეთნიკური დაძაბულობა

• კულტურული შეუთავსებლობა და ინტეგრაციის სირთულე

• ენობრივი ბარიერები

• დაავადებების გავრცელება

• ადგილობრივთათვისსამუშაო ადგილების შემცირება

• კრიმინალის ზრდა

• ფულადი გზავნილების გამო ადგილზე გამომუშავებული თანხა მთლიანად არ იხარჯება ქვეყანაში

• ენობრივი ბარიერი

• ოჯახიდან, მეგობრებისგან მოშორება

• მაღალი კონკურენცია

• ადგილობრივ კულტურასთან ინტეგრაციის რთული პროცესი

ამის შემდეგ მოსწავლეები აანალიზებენ ტექსტს, ასკვნიან, რა პირობებში ცხოვრობდა ოჯახი, როგორი იყო მათი ეკონომიკური მდგომარეობა, რა პოლიტიკური ვითარება იყო ქვეყანაში.

 

* ეგოცენტრულია თუ არა წასვლის სურვილი? გაუმჯობესდება თუ არა ამ ოჯახის საცხოვრებელი პირობები?

* ყველას აქვს წასვლის უფლება?

* ყველას აქვს შესაძლებლობა?

* გვაკისრია თუ არა პასუხისმგებლობა ვინმეზე/რამეზე, რომ დავრჩეთ?

* როგორ უნდა მოიქცეს ამ ისტორიის გმირი?

 

სიტუაციის გაანალიზების შემდეგ მოსწავლეებს შესთავაზეთ, დაეხმარონ ისტორიის გმირებს, დაუსვან საკვანძო კითხვები, რათა ისინი უკეთ გაერკვიონ საკუთარ მდგომარეობაში და ინფორმირებული, გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ.

გაგრძელება იქნება

გლობალური დემოგრაფიული პრობლემა

0

მიგრაცია (ნაწილი პირველი)
ამ წერილს სტატისტიკური მონაცემებით დავიწყებ. საერთაშორისო მიგრანტთა რაოდენობა, 2010 წლის მონაცემებით,214 მილიონს უტოლდება. თუ ზრდის ტემპი გაგრძელდა,2050 წლისთვის მათმა რიცხვმა შესაძლოა 405 მილიონს მიაღწიოს. ეს მაჩვენებელი ყველაზე უკეთ წარმოაჩენს პრობლემის გლობალურ ხასიათსა და მასშტაბს. განვითარების სხვადასხვა დონეზე მდგომ ქვეყნებს საერთაშორისო მიგრაცია სხვადასხვა კუთხით ეხება. მეტწილად, განვითარებადი ქვეყნები მიგრანტთა მიმწოდებელია განვითარებული ქვეყნებისთვის, ხოლო ეს უკანასკნელნი – მიგრანტთა მიმღებნი. თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. მაგალითად, რესურსმომპოვებელი ქვეყნებისკენ ნაკადი მძლავრია, რადგან იქ სამუშაო ადგილებზე მუდმივი მოთხოვნაა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მსოფლიოში სამი ძირითადი მიმღები ბირთვია: აშშ, დასავლეთი ევროპა და აზიის ნავთობმომპოვებელი ქვეყნები.

უნდა ითქვას, რომ გეოგრაფიის საბჭოთა სკოლა საკმარის ყურადღებას არ უთმობდა იმას, რასაც დასავლეთში ინტენსიურად შეისწავლიდნენ. მიგრაციის თეორიები აქ სხვა კუთხით ისწავლებოდა. ამდენად, მიგრაციის მოდელების განხილვა მასწავლებლებისთვის ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს. ეს საკითხები ჩვენი მოსწავლეების ყოველდღიურობას ეხება და ამიტომ არის მათთვის აქტუალური. ისინი ვერ დარჩება სახელმძღვანელოს ფურცლებზე, კონკრეტულ კონტურებს შეიძენს და ნასწავლის რეალურ ცხოვრებასთან კავშირს გაამძაფრებს.

ქვემოთ მიმოხილულია მიგრაციის მოდელები, რომლებიც ხსნის მოსახლეობის მოძრაობის არსს, ძირიდად კონცეპტებს. ამ მოდელების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია აღქმად ფორმატში, გაცილებით ადვილად გავიგოთ რთული პროცესები, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობს. თეორიებიდან ამოღებულია ობსტრუქციული დეტალები, რომლებიც მთავარი პრინციპების აღქმაში გვიშლის ხელს. ისინი გამოყენებითი ხასიათისაა და შესაძლებლობას იძლევა, მიგრაციის პროცესი სასწავლო დანიშნულებით გასაგები გავხადოთ. ზოგიერთი მოდელი, რომელიც დიდი ხნის წინ შემუშავდა, დღემდე საინტერესო და ღირებულია.

რავენშტეინის მიგრაციის თეორია 1875-1889 წლებშია შემუშავებული და მის მიერ გამოყოფილი პრინციპები დღემდე საინტერესო და აქტუალურია, თუმცა დროთა განმავლობაში მათ შინაარსი იცვალეს, ამიტომ ამ მოდელის განხილვა კიდევ უფრო საინტერესოა, რადგან ბევრ სადისკუსიო საკითხს ტოვებს.

1. მიგრანტების უმეტესობა გადაადგილდება მოკლე მანძილზე. არსებობს უარყოფითი დამოკიდებულება მათ რაოდენობასა და მანძილს შორის:

fd

2. მიგრაცია საფეხურებრივი პროცესია; როდესაც ერთი ჯგუფი რაიმე ახალი ადგილისკენ გადაადგილდება, ჩაანაცვლებს იქ მყოფი ადამიანების ჯგუფს, ეს უკანასკნელნი კი მომდევნო იერარქიული საფეხურისკენ გადაადგილდებიან და ა.შ.

სოფელი → რეგიონული ცენტრი/მცირე ქალაქი → დიდი ქალაქი → მეგაქალაქი/დედაქალაქი

3. ემიგრაცია იმიგრაციის საპირისპირო პროცესია.

4. მიგრაციის ყოველი ტალღა ახალისებს ნაკადს საპირისპირო მიმართულებით. პროცესი დაბალანსებულია ბუნებრივი მატებით სოფელში და მექანიკურით – ქალაქში.

5. მიგრანტები, რომლებიც დიდ მანძილზე მიემგზავრებიან, მეტი ალბათობით აღმოჩნდებიან მსხვილ საფინანსო, ადმინისტრაციულ ან ეკონომიკურ ცენტრებში.

6. სოფლის მოსახლეობა, ქალაქის მოსახლეობისგან განსხვავებით, მეტი ალბათობითაა ჩართული მიგრაციულ პროცესში. ისინი ზრდასრულები არიან და მთელი ოჯახი ნაკლებად მიგრირებს.

7. ქალები მეტად მიგრირებენ ქვეყნის ფარგლებში, ხოლო მამაკაცები – ქვეყნის გარეთ.

რავენშტეინის პრინციპებს გეოგრაფებმა მოგვიანებით რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი დაუმატეს:

<> მსხვილი დასახლებები და ქალაქები მიგრაციის ხარჯზე მეტად იზრდება, ვიდრე ბუნებრივი მატების ხარჯზე.

<> ადამიანები ყველაზე ხშირად ეკონომიკური მიზეზების გამო მიგრირებენ.

<> მიგრანტების უმეტესობა დაუქორწინებელია, 20-35 წლისა.

<> მიგრაციის მაჩვენებელი იზრდება, როცა ქალაქებში ინდუსტრია და სატრანსპორტო კავშირები ვითარდება.

<> დაუსაქმებლობის შემთხვევაში მიგრანტთა უმეტესობა თავის საცხოვრებელ ადგილს უბრუნდება.

ალბათ, რავენშტეინის მიერ გამოყოფილი პრინციპები წლების განმავლობაში დროის შესაბამისი იყო, ვიდრე ტექნოლოგიები, სატრანსპორტო კავშირები მკვეთრად გაუმჯობესდებოდა და განვითარდებოდა. ამავე პერიოდში ადამიანებმა მეტი იცოდნენ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის ახლოს მდებარე დასახლებებზე. სწორედ მოშორებით მდებარე ადგილებზე ინფორმაციის ნაკლებობა განაპირობებდა საერთაშორისო მიგრაციის, შორ მანძილებზე მიგრაციის მცირე მასშტაბს. მეგაქალაქებს მიმღებ ქვეყანაში იმ მიზეზით ირჩევენ, რომ მეტი ინფორმაცია სწორედ მათ შესახებ აქვთ, ამოუცნობი კი ადამიანს აფერხებს/აშინებს. სოფელში დასაქმება და თავისუფალი დროის ორგანიზება შეზღუდულია, დიდ ცენტრებში კი შესაძლებლობა მეტია, რაც სოფლის მოსახლეობას უფრო მეტად უბიძგებს მიგრაციისკენ. ქალები, ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების პარალელურად, აქტიურად ჩაერთნენ საერთაშორისო მიგრაციაში. წინათ მეტად იყო განვითარებული მეურნეობის პირველადი და მეორეული დარგები, სადაც მამაკაცის შრომა უფრო მოთხოვნადი გახლდათ; მოგვიანებით, მეურნეობის სტრუქტურის გამრავალფეროვნებასთან ერთად, გაჩნდა მოთხოვნა ქალების შრომაზეც, მოთხოვნა კი იწვევს მიწოდებას.

სტაფერის კანონი შუალედური შესაძლებლობების შესახებ 1960 წელს იქნა შემუშავებული. სტაფერი ამტკიცებდა, რომ მიგრაციის მოცულობა მანძილზე ნაკლებად არის დამოკიდებული; პირდაპირი დამოკიდებულება მოსახლეობის შესაძლებლობებთან ვლინდება. ადამიანი მიგრაციაში გარკვეული მიზნის მისაღწევად მიდის. ეს შეიძლება იყოს სამუშაო ადგილის შოვნა, უკეთესი საცხოვრებელი პირობები, მეტი დემოკრატია და თავისუფლება, განათლების მიღების შესაძლებლობა და სხვა. ამ ასპექტებზე საუბარია რავენშტეინის მე-2, მე-5 პრინციპებში. სტაფერის მიხედვით, მიგრანტს, სანამ მიმღებ ქვეყანას მიაღწევს, გზაზე, მოსალოდნელია, სხვადასხვა შესაძლებლობა გამოუჩნდეს. თუ ეს შესაძლებლობა შეესაბამება მის მოლოდინს, – რის მისაღწევადაც დატოვა თავისი ქვეყანა, – მიგრანტმა შესაძლოა გადაწყვეტილება შეიცვალოს და შუალედურ ადგილას დასახლდეს. ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მისი მიზანი კონკრეტულ ადგილას ცხოვრება არ ყოფილა.

ლის მოდელი, რომელიც 1966 წელს შეიქმნა, ყველაზე უკეთ სწორედ ქვემოთ ნახსენებ ფაქტორებს ასახავს.

გადაწყვეტილება, დატოვო თუ არა საცხოვრებელი ადგილი, ძნელი მისაღებია. ყველა თანხმდება, რომ აქ ეკონომიკური ფაქტორია გადამწყვეტი, თუკი ეს არ ეხება იძულებით მიგრაციას. ფაქტორთა ერთობლიობას, რომლებმაც შეიძლება აიძულოს ადამიანი, გახდეს მიგრანტი, გამომწვევი ფაქტორები ეწოდება. ამ ფაქტორებს შორისაა უმუშევრობა, მცირე ხელფასი, ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენები, უფლებების შელახვა, განვითარების დაბალი დონე, გაუდაბნოება, შიმშილობა, პოლიტიკური დაძაბულობა, დიქტატურა, არასათანადო ჯანდაცვა, თავისუფლებათა (რელიგიურის, პოლიტიკურის) შეზღუდვა, გარემოს დაბინძურება, გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, ჩაგვრა, დისკრიმინაცია და სხვა. იმავდროულად, მეორე მხარეს არის მიზიდულობის ფაქტორები, რომლებიც ადამიანის წარმოდგენებზეა დაფუძნებული: უკეთესად ანაზღაურებადი სამსახური, მეტი სამუშაო ადგილი, კარგი სკოლები, დაცულობა, გართობა, უკეთესი საცხოვრებელი პირობები, ცხოვრების მაღალი ხარისხი, განვითარების დონე, დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, უკეთესი ჯანდაცვა, მიმზიდველი კლიმატი, განვითარებული ეკონომიკა და სხვა. თუმცა მათი ნაწილი შესაძლოა მხოლოდ ადამიანის წარმოსახვაში იყოს და რეალობას არ შეეფერებოდეს.

ამრიგად, არსებობს ფაქტორები, რომლებიც აიძულებს ადამიანს, დარჩეს ან წავიდეს. ასევე არსებობს ფაქტორები, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენა არ აქვს. მათ ნეიტრალურ ფაქტორებს უწოდებენ. საინტერესოა, რომ ეს ფაქტორები ძალიან სუბიექტურია. ყველას, ასაკიდან, სქესიდან, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსიდან, განათლების დონიდან თუ ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, თავისი პერსონალური ფაქტორები აქვს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს. ლის მოდელში სწორედ ეს ფაქტორებია ნაჩვენები. იმის მიხედვით, რომელი გადაწონის, ადამიანი შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. ლი შემაფერხებელ ფაქტორებზეც ამახვილებს ყურადღებას – ეს შეიძლება იყოს სავიზო რეჟიმი, მგზავრობის ხარჯები, ენის არცოდნა, განსხვავებული კულტურა, რელიგია…

sdf

დაბოლოს, ყველა მოდელს აქვს თავისი შეზღუდვები. იგივე შეიძლება ითქვას მიგრაციის მოდელებზეც. სწორედ გამარტივების დროს ხდება სხვადასხვა შინაარსისგან დაცლა, რაც მის განზოგადებას უშლის ხელს.

<> მაგალითად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ადამიანი არ არის თავისუფალი, რომ გადაადგილდეს;

<> ყველას არ აქვს საჭირო განათლება, უნარები და კვალიფიკაცია იმისთვის, რომ შეძლოს მიმღებ ქვეყანაში დასაქმება;

<> რომ დღემდე არსებობს ისეთი ბარიერები, როგორებიცაა რასა, კლასი, ხარჯი, ენა და სქესი.

ამ შეზღუდვების გამო არ შეიძლება, მანძილი ყველაზე მნიშვნელოვან ხელშემშლელ ფაქტორად განვიხილოთ.

მიგრაციაზე როგორც გლობალურ დემოგრაფიულ პრობლემაზე საუბარი ერთი სტატიით ვერ ამოიწურება. მომდევნო სტატიაში ამ თემის ირგვლივ მოსწავლეებთან ერთად განსახორციელებელ აქტივობებს შემოგთავაზებთ.

ავსტრალია – ქვეყანა, სადაც ყველაფერი ყირამალაა

0
იცით, რომ ფრენკ ბაუმის “ოზის ქვეყნის ჯადოქარსა” და ალექსანდრ ვოლკოვის “ზურმუხტქალაქის ჯადოქარში” აღწერილი არაჩვეულებრივი მხარე ავსტრალიაა? ავსტრალია მართლაც საოცრებათა ქვეყანაა. აქ წარსული და თანამედროვეობა ერთმანეთშია გადახლართული. მე ავსტრალიაში მოგზაურობაზე ვოცნებობ. თქვენც? თუ არა, იქნებ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მოგინდეთ იქ გამგზავრება, ამ უცნაურ ქვეყანა-კონტინენტზე, რომელიც დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს და ამიტომ იქ ყველაფერი ყირამალაა.
ავსტრალია ყველაზე დაბალი კონტინენტია დედამიწაზე. მისი საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 330 მეტრია. ავსტრალიის უმაღლესი მწვერვალია კოსციუშკო (2228 მ). წინათ მას ტაუნსენდი ერქვა, კოსციუშკოს კი მეზობელ მწვერვალს ეძახდნენ, რომელიც იმხანად ავსტრალიის უმაღლეს მწვერვალად მიიჩნეოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კონტინენტზე ყველაზე მაღალი მთა ტაუნსენდი ყოფილა, მაგრამ კოსციუშკოს პირველაღმომჩენის, პაველ ედმუნდ სტშელეცკის პატივსაცემად ავსტრალიის მთავრობამ საოცარი გადაწყვეტილება მიიღო: მთებს სახელები შეუცვალა, ტაუნსენდს კოსციუშკო უწოდა, ხოლო კოსციუშკოს – ტაუნსენდი.

ავსტრალიის ერთ-ერთი სიმბოლოა ულურუ. ქვიშაქვის ეს უზარმაზარი ფორმაცია ცენტრალურ ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ქალაქ ალის-სპრინგსის სამხრეთ-დასავლეთით, 335 კილომეტრზე. ულურუ არეალის მეორე უმთავრეს მახასიათებელთან, კატა-ტიუტასთან ერთად ულურუ-კატა-ტიუტის ეროვნული პარკის საზღვრებში შედის. აქ მრავლადაა კლდის მღვიმეები და მხატვრობა. ულურუ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.

ულურუს სიგრძე 3 კმ-ზე მეტია, სიმაღლე – 348 მეტრი, ხოლო მიწის ქვეშ 2 100 მეტრ სიღრმეზე ჩადის. მთის ასაკი 600 მილიონი წელია. ევროპელებმა მისი არსებობა 1870-იან წლებში შეიტყვეს. ადგილობრივი ანანგუს ხალხისთვის ულურუ წმინდა ადგილია. სახელწოდება “ულურუც” სწორედ აბორიგენთა ენიდან მომდინარეობს. მთას მეორენაირად აიერს-როკს (Ayres Rock) უწოდებენ XIX საუკუნის ავსტრალიის ერთ-ერთი პრემიერ-მინისტრის, ჰენრი აიერსის პატივსაცემად. 1993 წლიდან ავსტრალიის მთავრობამ ოფიციალურად დააკანონა მისი ორსახელიანობა – აიერს-როკ-ულურუ, 2002 წლიდან კი მთა ულურუ-აიერს-როკად იხსენიება.

პირველი ტურისტები ულურუს სანახავად 1936 წელს ჩავიდნენ. 1940-იანი წლებიდან მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. უკვე 1948 წელს გაიყვანეს მთის გარშემო პირველი გზა, რომელზეც მოძრაობა დაიწყო ტურისტულმა ავტობუსებმა. ამჟამად მთის გარშემოვლაც შეიძლება და მისი ვერტმფრენიდან დათვალიერებაც.

ტურისტებს ასევე იზიდავს ავსტრალიის ფლორა და ფაუნა, რომელთაგან 54 სახეობა ენდემურია.

ულურუ შორიდანვე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. შუაგულ უდაბნოში ერთბაშად წამოიმართება ძალზე უცნაური, “გაბრტყელებული”, ულამაზესი მთა. დღის სხვადასხვა მონაკვეთში და ამინდის ცვალებადობისას მთა ფერს იცვლის. საღამო ხანს ის ოქროსფერია, მზის ჩასვლისას ჯერ წითლდება, მერე კი იასამნისფერი ედება, ღრუბლიან ამინდში ნაცრისფერია.
ავსტრალია დედამიწის ყველაზე მშრალი კონტინენტია. აქ წელიწადში დაახლოებით 500 მმ ნალექი მოდის. კონტინენტის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 70%, უდაბნოებს უკავია. საინტერესოა, რომ აქ ცენტრალური ავსტრალიის ვრცელი უდაბნოს გვერდით სანაპიროს ტროპიკული მცენარეულობა და თოვლიანი მთების ფერდობები გვხვდება. ზამთარი აქ ივლისშია, ზაფხული კი იანვარში.

ავსტრალიის კონტინენტი დაახლოებით 50 მლნ წლის წინ წარმოიშვა. მეცნიერთა აზრით, ხმელეთის ეს დიდი ნაწილი სამხრეთ კონტინენტს – გონდვანას ეკუთვნოდა.

ჩარლზ დარვინი, როცა ავსტრალიის ნაპირებთან მიცურდა, გაკვირვებული დარჩა აქაური პრეისტორიული ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებით. კონტინენტის ხანგრძლივი იზოლაციის შედეგად აქ ბინადრობენ კენგურუები, ვარანები, იქედნეები, ჩანთოსანი ოპოსუმები, ველური ძაღლი დინგო, ტასმანიური ეშმაკი და ტასმანიური ვეფხვი. ავსტრალიაში მობინადრე ფრინველებს სხვაგან ვერსად შეხვდებით. ესენი არიან კუკაბარა, ფრინველი ლირა (ბოლოქნარა), ჯუჯა პინგვინები, როზელა… კონტინენტზე ყველაზე გავრცელებული ხე ევკალიპტია.

უკვე 150 წელია, ავსტრალიაში საოცრად გამრავლებულ ბოცვრებს ებრძვიან. ისინი კოლონისტებმა შემოიყვანეს და მას შემდეგ მათმა რიცხვმა რამდენიმე მილიარდს მიაღწია. ავსტრალიის სანაპიროებთან ზვიგენებიც მრავლადაა. ბოლო 50 წლის განმავლობაში მათ 53 ადამიანი იმსხვერპლეს.

კონტინენტზე სულ 22 მლნ კაცი ცხოვრობს, მაშინ როცა ქვეყანას ფართობის (7,741,220 კმ2 ) მიხედვით მე-6 ადგილი უკავია მსოფლიოში.

ავსტრალია აბორიგენების ქვეყანაა. დაახლოებით 40 ათასი წლის წინ ამ კონტინენტზე 300 ათასამდე აბორიგენი ცხოვრობდა. დღეს ისინი ქვეყნის მოსახლეობის 1.5%-ს შეადგენენ. კონტინენტის ცენტრში მდებარეობს ქალაქი ელის-სპრინგსი, სადაც აბორიგენები ცხოვრობენ.

ახალაღმოჩენილ კონტინენტზე პირველი კატორღელების გადმოსახლებიდან მხოლოდ 70 წლის შემდეგ გაბედეს ინგლისელებმა, გაეშვათ ექსპედიციები კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში. მათ იქ მუქკანიანი ხალხი დახვდათ და მათ შორის შეტაკებები დაიწყო. მე-19 საუკუნის ბოლოს აბორიგენები ინგლისელებმა გადასარჩენად სპეციალურ რეზერვაციებში გადაასახლეს. მე-20 საუკუნის ოცანი წლებიდან ქვეყნის მთავრობა ცდილობდა, ე.წ. “აბორიგენთა პრობლემა” შერეული ქორწინებებისა და ცხოვრების სტილის შეცვლის გზით მოეგვარებინა, მაგრამ აბორიგენების მნიშვნელოვანმა ნაწილმა უარი განაცხადა წესების, ტრადიციების, კულტურისა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე, ამიტომ მთავრობა იძულებული გახდა, აბორიგენები ავსტრალიის სრულფასოვან მცხოვრებლებად ეღიარებინა. უფრო მეტიც – ქვეყანაში აბორიგენთა საქმეების სამინისტროც კი შეიქმნა და მათი ძველ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების პროცესი დაიწყო. აბორიგენთა ენაზე სიტყვა “სამშობლო” “მუდმივ სახლს”, “წმინდა ადგილს” და “სიცოცხლის წყაროს” ნიშნავს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქვეყნის მოსახლეობის 25% სხვა ქვეყანაშია დაბადებული. თითქმის ყველა ავსტრალიელი არცთუ დიდი ხნის ემიგრანტია, ამიტომ აქ ყველა ისე გრძნობს თავს, როგორც სახლში. “მიეცი სხვას შანსი!” – ავსტრალიელთა საყვარელი გამოთქმაა.

პირველი ევროპელები, რომლებიც ავსტრალიაში მოხვდნენ, ბრიტანეთიდან გადმოსახლებული კატორღელები იყვნენ და პოლიციის პირველი 12- კაციანი ბრიგადა კონტინენტზე სწორედ ამ გადმოსახლებული ადამიანებისგან შეიქმნა.

პორტ-არტური იყო ავსტრალიის უდიდესი ციხე ბრიტანეთიდან გადმოყვანილ მსჯავრდადებულთათვის.
ავსტრალიის დედაქალაქი კანბერაა, სადაც 300 ათასი კაცი ცხოვრობს. ქვეყნის უდიდესი ქალაქი კი სიდნეია, რომლის მოსახლეობა 4 მლნ-ს შეადგენს, თუმცა ფართობით მოსკოვსაც კი აღემატება. იმის გამო, რომ ავსტრალიის ორმა უდიდესმა ქალაქმა, სიდნემ და მელბურნმა, ვერაფრით გაიყო დედაქალაქის სტატუსი, ეს ფუნქცია კანბერას ერგო, რომელიც საგანგებოდ აშენდა ჯერ კიდევ 1824 წელს დაარსებული პატარა დასახლებული პუნქტის ადგილას. დედაქალაქი სიდნეისა და მელბურნს შორის, თითქმის შუაში მდებარეობს.
ავსტრალიელები ძირითადად კერძო სახლებში ცხოვრობენ, რომელთა შორის პარკებია გაშენებული. ნებისმიერ პარკში შეიძლება შეგხვდეთ ჩანთოსანი ოპოსუმები, ხმამაღლა მოღრიალე დიდი კაკადუები.

ავსტრალიელეთა დაახლოებით სამი მეოთხედი ქალაქებსა და სანაპირო ზოლებში ცხოვრობს.
ქვეყანაში საკმარისზე მეტია სასარგებლო წიაღისეული, ოკეანეში, – თევზი, ხოლო მზე წელიწადში სამი მოსავალს ჰყოფნის – რასაც დათეს, ყველაფერი მოდის. უსაფრთხოება, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი, ირგვლივ – სასიამოვნო ხალხი… რატომაც ვერ მიაღწევ 78 წელს? დიახ, ასეთია სტატისტიკურად ავსტრალიელთა საშუალო ასაკი. ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82 წელია, მამაკაცებისა – 77.

სახელმწიფოს მეთაურია გაერთიანებული სამეფოს მონარქი, რომელიც მონეტებზეა გამოსახული. ავსტრალიური დოლარი კი მსოფლიოში პირველი პლასტიკური ფულია და არა ქაღალდისა.

ეკონომიკის გაძლიერების მიზნით ავსტრალიელები მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრივ ნაწარმს ყიდულობენ, რომელსაც მწვანე სამკუთხედში ჩასმული ყვითელი კენგურუს გამოსახულებიანი ნიშანი ამშვენებს, ხოლო რეკლამებში აუცილებლად აღნიშნავენ: “proudly Australian” / “proudly made in Australia” (“ავსტრალიური ნაწარმი”, “დამზადებულია ავსტრალიაში”).

ავსტრალიელთა ნაციონალური კერძია ვეჯიმაიტი (vegemite), რომელსაც პურზე ან სენდვიჩზე უსვამენ.
ავსტრალიას პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში ცხვრების რაოდენობითა და მატყლის წარმოებით. ცხვრების დინგოსგან დაცვის მიზნით ქვეყანაში ააგეს ღობე, რომელიც ყველაზე გრძელი ღობეა მსოფლიოში. მისი სიგრძე 5530 კმ-ია.

უსიამოვნებების თავიდან აცილების მიზნით ავსტრალიაში აკრძალულია მცენარეების შეტანა და და ცხოველების შეყვანა – ეშინიათ, ისინიც ბოცვრებივიტ არ გამრავლდნენ.

ავსტრალიელები გულღია ხალხია. თუ თითოეულმა გერმანელმა იცის თავისი გვარის ისტორია, თავისი იმპერატორები ფრიდრიხ დიდი და ვილჰემ ჰოჰენცოლერნები, ავსტრალიელებს მხოლოდ კუკი ჰყავდათ და ისიც ჰავაელებმა შეჭამეს. ავსტრალიაში ადამიანებს არ უხდებათ ” ბრძოლა არსებობისათვის”. თუ ითხოვთ, აუცილებლად მოგცემენ, უპირველესად კი სახელმწიფო დაგეხმარებათ: უმუშევრებს საკმაოდ სოლიდურ თანხას უხდიან, თანაც დახმარების მიღება მათ სიცოცხლის ბოლომდე შეუძლიათ. ამიტომაც ავსტრალიაში კრიმინალები თითქმის არ არიან.

ავსტრალიელთა კეთილგანწყობა ზოგჯერ გასაკვირიც კია. მაგალითად, თუ მაღაზიის გამყიდველს გზას ჰკითხავთ, იგი არ დაგზარდებათ და ავტობუსის მძღოლთანაც კი მიგყვებათ, რათა გააფრთხილოს, სად უნდა ჩამოგსვათ.

ცხელი კლიმატის გამო მრავალ დაწესებულებაში სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყება და დღის 2-ზე მთავრდება. ეს საკმარისია, რომ მუშაობაც მოასწროთ და საყვარელი საქმისთვისაც მოგრჩეთ დრო: ითამაშოთ გოლფი, დალიოთ ლუდი მეგობრებთან ერთად, დაისვენოთ პლაჟზე… ისინი, ვინც 9 საათზე იწყებენ მუშაობას, სამუშაოს დაწყებამდე სერფინგით ერთობიან.

ავსტრალიაში სპორტის ძირითადი სახეობებია რაგბი, გოლფი, კრიკეტი, აერობიკა და სერფინგი, მაგრამ აქაურებს ყველაზე მეტად პოკერის თამაში უყვართ და მსოფლიოში ყველაზე მეტ თანხას პოკერში სწორედ ის

კილიმანჯაროს თოვლიანი მთა

0

აფრიკის გრილი ნიავი მიბერავდა და აფრიკის სივრცეების სურნელი მცემდა… ვუყურებდი სამყაროსავით უსასრულო, ცაში აზიდულ, მზით განათებულ და საოცრად ქათქათა მთას და თავს ბედნიერად ვგრძნობდი…”

ერნესტ ჰემინგუეი, “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა”

ინგლისის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების კედლებში სიცილ-ხარხარი ისმოდა: “თოვლი? აფრიკაში?! მომხსენებელს როგორი მხედველობა აქვს? ხომ არ დაავადდა იგი შავ კონტინენტზე ყვითელი ციებით?” ასე ცინიკურად გერმანელ მისიონერს იოჰან რებმანს მიმართავდნენ, რომლის დანაშაულიც მხოლოდ ის იყო, რომ მან სიმართლე თქვა.

მოხსენებამდე რამდენიმე თვით ადრე აღმოსავლეთ აფრიკაში მისიონერული მოგზაურობისას რებმანმა ზღაპრული სანახაობა იხილა: მის წინ აღმართულიყო მთა, რომლის მწვერვალებიც თეთრ ღრუბლებში გახვეულიყო, თუმცა მათი უმოძრაობა ეჭვს იწვევდა. დაკვირვების შემდეგ რებმანი მიხვდა, რომ მთის მწვერვალი თოვლით იყო დაფარული და ძლიერ გაოცდა: “თოვლი ეკვატორთან, აფრიკულ სიცხეში?!” 1848 წლის 11 მაისს მისიონერმა ნანახი თავის დღიურში აღწერა და თანაც აღნიშნა, რომ ამ საოცარ მთას ადგილობრივი მცხოვრებლები “ბერედის” ეძახიან, რაც “ცივს” ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, ერთხელ ადგილობრივმა ბელადმა მთაზე თავისი ქვეშევრდომები გაგზავნა ვერცხლის ჩამოსატანად, მაგრამ იქ მცხოვრებმა ბოროტმა სულებმა ხელი შეუშალეს ბელადის სურვილს – უკან დაბრუნებისას ძვირფასი ლითონი წყლად გადაიქცა. მისიონერი მიხვდა, რომ ლეგენდაში ნახსენები ვერცხლი თოვლი იყო, მაგრამ აღჭურვილობამ, რომელიც მხოლოდ ბიბლიისა და ქოლგისგან შედგებოდა, მას საშუალება არ მისცა, მთაზე ასულიყო და საბოლოოდ დარწმუნებულიყო თავისი დაკვირვების სიზუსტეში.


იოჰან რებმანი

ევროპაში დაბრუნებული რებმანი სამეფო გეოგრაფიულ საზოგადოებაში მიიწვიეს, სადაც იმხანად დებატები იმართებოდა ნილოსის სათავის მდებარეობის შესახებ. ამაზე მისიონერს პასუხი არ ჰქონდა, თუმცა მეცნიერებს ამცნო, რომ აფრიკის გულში ყინულით დაფარული მთა იხილა, რის გამოც ანეკდოტების გმირად იქცა.

რამდენიმე თვის შემდეგ მისი თანამემამულე და კოლეგა იოჰან კრაპფი აფრიკიდან დაბრუნდა და რებმანის ცნობები დაადასტურა, თუმცა კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მას მთის სიმაღლის საკითხში. მთის “პირველაღმომჩენი” ამტკიცებდა, მისი სიმაღლე დაახლოებით 6 კმ-იაო, მისი ოპონენტის აზრით კი მთა 1,5-ჯერ დაბალი იყო. მთის გაბარიტების შესახებ ატეხილი დავის გამო მეცნიერებმა, რომელთაც აფრიკა მხოლოდ რუკასა და გლობუსზე ჰქონდათ ნანახი, დაასკვნეს, რომ თოვლიანი მთა ამ კონტინენტზე საერთოდ არ არსებობდა.

1861 წელს ენთუზიასტებმა აფრიკის უმაღლესი მწვერვალის დალაშქვრა გადაწყვიტეს, მაგრამ ხან უამინდობამ, ხან არასათანადო აღჭურვილობამ და ხანაც სხვა ფაქტორებმა ევროპელებს ხელი შეუშალა კილიმანჯაროს დაპყრობაში. საბოლოოდ, 1889 წელს, გერმანელი მოგზაური და გამომცემელი ჰანს მაიერი და ავსტრიელი ალპინისტი ლუდვიგ პულჩელერი 60 ადგილობრივი მეგზურის თანხლებით ექვსკვირიანი მგზავრობის შემდეგ 5895 მეტრ სიმაღლეზე ავიდნენ და აფრიკის “სახურავს მიაღწიეს” – ასე ეძახიან მთა კიბოს უმაღლეს მწვერვალს, ერთ-ერთს იმ სამიდან, რომლებიც კილიმანჯაროს ქმნიან. გერმანიის იმპერატორის პატივსაცემად მას ვილჰემ II-ის პიკი უწოდეს. დავა იმის შესახებ, არის თუ არა ეკვატორთან თოვლი, ამ მტკიცების მომხრეთა გამარჯვებით დასრულდა. მთის ორი დანარჩენი მწვერვალი, შირა (3962 მ) და მავენზი ( 5149 მ), რომელთაც მეტად რთული ფერდობები აქვთ, ალპინისტებმა მხოლოდ XX საუკუნეში დაიპყრეს.

კილიმანჯაროს შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ამბობენ, რომ ძველი ეთიოპიის მბრძანებელმა მენელიკ I-მა, სოლომონ მეფისა და დედოფალ საკიას ძემ, სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, შეკრიბა თავისი ავლადიდება, მათ შორის – სოლომონ მეფის ცნობილი ბეჭედი წარწერით “ესეც გაივლის”, და მონებთან ერთად მთაზე ასვლა გადაწყვიტა. იგი წინ მიუძღოდა პროცესიას, ვულკანის კრატერშიც პირველი ჩახტა და მთელი სიმდიდრე თან წაიყოლა. ლეგენდის თანახმად, ვინც ამ საგანძურს იპოვის, – და, რა თქმა უნდა, სოლომონ მეფის ბეჭედსაც, – მას ეთიოპიის მბრძანებლად აღიარებენ.

მწვერვალზე ასვლისას მოგზაური 6 ბუნებრივ ზონას კვეთს. მთის ძირას სავანებია.
კილიმანჯაროს ძირას, სავანებში, თავისუფლად დასეირნობენ სპილოები, ჟირაფები, ლომები, ზებერბი, ბეჰემოთები,მარტორქები.

შედარებით მაღლა, იქ სადაც დამდნარი თოვლიდან ნაკადულები მოედინება, ადგილობრივ მოსახლეობას ყავა, ბანანი, სიმინდი, პომიდორი მოჰყავს. 1800 მ სიმაღლეზე ეს პეიზაჟი ხშირი და გაუვალი ტყეებით იცვლება,
300 მ-ით ზემოთ კი უკვე ალპური მდელოებია. ზ. დ-დან 4000 მ-ით მაღლა ხავსების სამეფოა, ხოლო 5000 მ-დან ნამდვილი ქვიან-ყინულიანი უდაბნო იწყება. იმის გამო, რომ ჰაერი გაიშვიათებულია, იქ ცოცხალი ორგანიზმები არ ბინადრობენ, თუმცა არსებობს ორი გადმოცემა ადგილობრივი ფაუნის შესახებ. ერთი თეთრ ლეოპარდს ეხება, რომელიც კიბოს ყინულებში უნახავთ და ამერიკელმა მწერალმა ერნესტ ჰემინგუეიმა აღწერა მოთხრობაში “კილიმანაჯროს თოვლიანი მთა”, მეორის თანახმად კი 1962 წელს ტურისტთა ჯგუფმა 5000 მ სიმაღლეზე ხუთი ველური ძაღლი შეამჩნია.

მთის ძირას ოდითგანვე ცხოვრობენ მასაისა და ჩაგას ტომები.

კილიმანჯაროზე ასვლის მსურველები დღესაც მრავლად არიან – იგი ხომ ცალკე მდგომი ყველაზე მაღალი მწვერვალია დედამიწაზე და მასზე ასვლა სპეციალური მომზადების გარეშეც შესაძლებელია. მათ, ვინც კილიმანჯაროზე ასვლას აპირებს, ურჩევენ, ასვლამდე ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 5-10 კმ ფეხით გაიარონ. ტურისტებს მთაზე ასასვლელად 5-7 დღე სჭირდებათ და თან მეგზურებიც უნდა იახლონ. მარშრუტისა და ასასვლელი დღეეების რიცხვის მიხედვით, ასეთი ექსკურსია 500-1000 დოლარი ღირს, რაშიც არ შედის ტანზანიაში გამგზავრებისა და მეგზურთა ხარჯები. ტურისტებს შორის შედარებით ნაკლები პოპულარობით სარგებლობს უჰურო (სუაჰილის ენიდან – “თავისუფლება”) – ასე უწოდებენ დღეს ვილჰემ კაიზერის პიკს, რომელსაც 1961 წელს, ტანზანიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, შეეცვალა სახელი.

კილიმანჯარო ტურისტების ნაკლებობას არ უჩივის. XXI საუკუნის პირველ განთიადს 1000-ზე მეტი კაცი სწორედ კილიმანჯაროზე შეხვდა.

სტატისტიკის მიხედვით, მწვერვალის ყველაზე ხანდაზმული დამლაშქრავი 87 წლის ყოფილა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა – 11-ის. თუმცა ახლა მთაზე ასვლა მხოლოდ 12 წლიდან შეიძლება. მწვერვალის დაპყრობის რეკორდი ბრაზილიელ მოცარტ კატაუს ეკუთვნის, რომელმაც მთაზე ასვლას 17 საათი და 30 წუთი მოანდომა, თანაც იმ მარშრუტით, რომელსაც ტურისტები ხუთ დღეში გადიან.

შემოქმედებითი ინტეგრირებული პროექტების იდეები. გასეირნება თბილისში

0
ჩვენი ქალაქი რომ ღირსშესანიშნაობებით გამოირჩევა და განუმეორებელი ხიბლი აქვს, მე არ აღმომიჩენია. თბილისისა ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ კარგად ნაცნობი ადგილებიც კი ხელახალი მონახულებისას შეიძლება სულ სხვა თვალით დაინახო, გადააფასო…

თბილისელებისა და თბილისის სტუმრებისთვის კარგად ცნობილ საქართველოს ეროვნულ გალერეაში, რომელსაც უფრო “ცისფერი გალერეის” სახელით ვიცნობთ, ფიროსმანის ტილოებს ვათვალიერებდი, თავში კი უცნაური ფიქრი მიტრიალებდა, თითქოს რაღაც ისე არ იყო, თითქოს რაღაც მაკლდა… გალერეაში ვიზიტორების ნაკლებობა არ იგრძნობოდა, მაგრამ არსად ჩანდნენ ყველაზე სასურველი სტუმრები – მოსწავლეები. არ ისმოდა მათი მოურიდებელი გადალაპარაკება, მათი მოუთმენელი სიცილი, თვალში არ გხვდებოდა მათი ენერგიული მიხრა-მოხრა, რაც უცხოეთის მუზეუმებისთვის ასე ჩვეული რამ არის.

ჩვენში ბავშვები სკოლებიდან მუზეუმებში თითქმის არ დაჰყავთ. ვიზიტებს უმეტესად ერთჯერადი გაცნობითი ხასიათი აქვს. არადა, გარემო და ექსპონატები აშკარად იძლევა შესაძლებლობას, მოსწავლეებს მრავალმხრივი და საინტერესო პროექტები მოვამზადებინოთ. ამის თაობაზე მთელ პასუხისმგებლობას ხელოვნების მასწავლებლებს ნუ დავაკისრებთ; თუ დავფიქრდებით და ყოველივე ამას გამოყენებითი კუთხით შევხედავთ, აუცილებლად დაგვებადება მოსწავლეებთან ერთად განსახორციელებელი საინტერესო იდეები. მაგალითად, საინტერესოა მუზეუმის ისტორია: თავდაპირველად, მე-19 საუკუნის 90-იან წლებში, ის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი იყო; 1918 წელს ეროვნულ გალერეად გადაკეთდა; ამის შემდეგ იქ ისევ პროპაგანდისტული გამოფენები იმართებოდა და მხოლოდ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო ამ გალერეაში მხატვართა ნამუშევრების გამოფენა. დღეს აქ ნახავთ ფიროსმანის, კაკაბაძის, ქიქოძის, გაბაშვილის ბრწყინვალე ტილოებს.

ქვემოთ გაგიზიარებთ ჩემს იდეას იმის თაობაზე, როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, რომ მოსწავლეებს გემოვნება, ეროვნული სიამაყე, სწორი დამოკიდებულებები და ფასეულობები ჩამოუყალიბოს და იმავდროულად სწავლითაც დააინტერესოს.
ვსწავლობთ ხელოვნების ნიმუშებისგან

მხატვრული ტილოების ინტერპრეტირება ფოტოების ინტერპრეტირებისგან არ განსხვავდება. უბრალოდ, მასწავლებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ფოტოობიექტივის მიერ აღბეჭდილი გამოსახულება უფრო ზუსტია და ხშირად ისეთ დეტალებსაც წარმოაჩენს, რომლებიც მხატვარმა შესაძლოა უმნიშვნელოდ მიიჩნიოს და არც კი ასახოს. ასევე შესაძლოა, ზოგიერთი დეტალი დიდი სიზუსტით არ იყოს გადმოცემული, რადგან მხატვრის მიზანი არ არის დანახულის სკრუპულოზურად გადმოცემა.

გეოგრაფიის მასწავლებელმა შეიძლება ყოველგვარი თვალსაჩინოება მნიშვნელოვან სასწავლო რესურსად აქციოს და მათი დახმარებით საკლასო ოთახში შეიტანოს ცოტაოდენი “რეალობა” – ტილოებზე ხომ ჩვენ ირგვლივ არსებული ობიექტები, ადამიანები, ჩვენ ირგვლივ მომხდარი მოვლენებია ასახული.

გეოგრაფიის სხვადასხვა კლასის სტანდარტში შეტანილია შედეგები და ინდიკატორები, რაც ამგვარი თვალსაჩინოებების გაანალიზებასა და ინტერპრეტირებას ითხოვს, თუმცა მასწავლებელს თავადაც შეუძლია მრავალი საინტერესო კითხვის მოფიქრება ვიზუალური მასალის ინტერპრეტირებაში მოსწავლის გასაწაფავად, ანალიზის პროცესში მისთვის მიმართულების მისაცემად.

ინტერპრეტირების უნარი თანდათანობით ვითარდება. არ შეიძლება, მასწავლებელი ერთხელ ჩატარებულ აქტივობას დასჯერდეს და მიიჩნიოს, რომ მიზანი მიღწეულია. სანამ მოსწავლეებს სიღრმისეულ ანალიზს მოვთხოვთ, სასურველია, საბაზისო უნარები უკვე ჰქონდეთ. მაგალითად, ყურადღება, დეტალების შემჩნევის უნარი.
მასწავლებელი მოსწავლეებს ყურადღებას უნდა ამახვილებინებდეს საჭირო ნიუანსებზე, რაც მათ უფრო ღრმა დაკვირვების საშუალებას მისცემს, ვიდრე ზედაპირზე მოცემული ინფორმაცია. ანალიზი შეზღუდული რომ არ იყოს, უნდა მოხდეს დაკვირვება ბუნების კომპონენტებზე, ენერგიის წყაროებზე, ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას შორის კავშირებზე, სოციალურ და ეკონომიკურ, კულტურასა და ტრადიციებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვაჭრობასა თუ საკუთრებაზე, ცხოვრების წესზე, გენდერულ თანასწორობაზე, ასაკობრივ და კლასობრივ განსხვავებებზე. კარგად შერჩეული ტილოები ზრდის მოსწავლეთა ინტერესს და ბიძგს აძლევს შემოქმედებით აზროვნებას. ასეთ დროს ხდება აღმოჩენით სწავლა. თუ მოსწავლეს უკვე აქვს უნარი, გააანალიზოს ტილოზე დანახული ინფორმაცია სხვადასხვა კუთხით, შეიძლება პროექტზე ფიქრიც.
ფიროსმანის “ფუნიკულიორი”

მუზეუმში არაერთი კარგად ნაცნობი თუ უცნობი ტილო ვნახე. ფიროსმანის “ფუნიკულიორთან” დიდხანს გავჩერდი…
ფუნიკულიორი მეცხრამეტე საუკუნის ბელგიელი ინჟინრის ალფონს რობის მიერ დაიგეგმა, ხოლო 1900 წელს საქალაქო თვითმმართველობამ მას მშენებლობის ნება დართო. თბილისის ფუნიკულიორი 1905 წელს გაიხსნა. მისი გზის სიგრძე 501 მეტრია, ხოლო მისი დახრილობა – 28-33°. ზედა სადგური ზღვის დონიდან 727 მეტრზე მდებარეობს, ხოლო ქვედა – 460-ზე.

https://burusi.wordpress.com/2009/08/05/phunikuliori/
სწორედ ამ მნიშვნელოვან მოვლენას უძღვნა ნიკო ფიროსმანმა თავისი ფერწერული ტილო, რომელიც დღეს მის სხვა ნამუშევრებთან ერთად ცისფერ გალერეაშია გამოფენილი.

დღემდე ფუნიკულიორს რამდენიმე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. საგრძნობლად იცვალა სახე მიმდებარე ტერიტორიამ, განაშენიანებამ. სწორედ ეს ცვლილებებია საინტერესო განსახილველი.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მოსწავლეს “შეუძლია გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად რუკის კითხვა და სხვა თვალსაჩინოების ანალიზი”. მე-8 კლასში მას უკვე მოეთხოვება წინა ეპოქის რომელიმე ლოკალური გარემოს (მცირე დასახლებული პუნქტი: სოფელი, უბანი და ა.შ.) შედარება ამავე ადგილის თანამედროვე გეგმასთან, მსჯელობა იმის შესახებ, რა ანთროპოგენული ცვლილებები განიცადა გარემომ ამ ორ ეპოქას შორის.

მასწავლებელს შეუძლია, წაიყვანოს მოსწავლეები ეროვნულ გალერეაში, დაათვალიერებინოს ექსპოზიცია, აუხსნას, რამდენად ეპოქალური მნიშვნელობა ჰქონდა ფუნიკულიორის გახსნას იმ დროისთვის და რა როლს ასრულებს დღეს იგი ქალაქის განვითარებაში. მოსწავლეებმა უნდა დაამუშაონ ინფორმაცია ფუნიკულიორზე, ფიროსმანზე. ამის შემდეგ მათ ყოფენ ჯგუფებად, სთხოვენ, მივიდნენ მთაწმინდის ძირას, – იქ, სადაც დღესაც არის ფუნიკულიორის ქვედა სადგური, – და სცადონ იმავე რაკურსით ფოტოს გადაღება, შეადარონ ფიროსმანის ნახატს და აღწერონ, რა შეიცვალა, როგორია ეს ცვლილებები (განაშენიანება, ტრანსპორტი, ჩაცმულობა, გარემო, მცენარეული საფარი), რომელი ცვლილებებია პოზიტიური, რომელი – ნეგატიური; შეიძლება ივარაუდონ, როგორი იქნება ცვლილებები მომდევნო საუკუნეში.

დასასრულ, ყოველივე ამას უნდა მიეცეს ნაშრომის სახე, რომელსაც დავურთავთ მოსწავლეთა მიერ გადაღებულ ფოტომასალას, დამუშავებულ წყაროებს.

ამგვარი პროექტებით ერთდროულად მიიღწევა რამდენიმე მნიშვნელოვანი შედეგი:
1. იზრდება მუზეუმების როლი სწავლებაში;
2. მოსწავლეები ეზიარებიან ქართველი მხატვრების შემოქმედებას;
3. ეცნობიან თბილისის ისტორიას და ღირსშესანიშნაობებს;
4. სწავლობენ საპროექტო მუშაობას და თანამშრომლობენ;
5. შეუძლიათ გარემოს ტრანსფორმაციის ანალიზი-შეფასება.

მიმაჩნია, რომ რიგითი პროექტისთვის ეს დიდი მიღწევაა, მით უმეტეს, მისი შესრულება ბევრ დროსა და მატერიალურ რესურსს არ მოითხოვს.

გლობალიზაცია და მისი გამოვლინებები – მეორე ნაწილი

0

გლობალიზებული სამყარო, ანტიგლობალისტები და არაგლობალიზებული ჩრდილოეთი კორეა

გლობალიზაციის თემა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მასზე წერას ამ სტატიაშიც ვაგრძელებთ. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მას არ ჰყავს მოწინააღმდეგეები ქვეყნების, მოძრაობებისა თუ პიროვნებების სახით. ამჯერად შევეცდებით, სწორედ მეორე მხარეს მდგომთა შეხედულებები და არგუმენტები გაგაცნოთ, რათა უფრო უკეთ მივადევნოთ თვალი პროცესის მიმდინარეობას.
გლობალიზაციის გაზომვა შესაძლებელია. არსებობს არაერთი მეთოდოლოგია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გავარკვიოთ მისი გაზომვის საშუალებები.

ა. ტ. კერნის (A. T. Kearney) ინდექსი და KOF ყველაზე გავრცელებული საზომებია. ისინი ეფუძნება იმ ძირითად მახასიათებლებს, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის ქვეყნებს შორის კავშირის შესაძლებლობაზე.

ა. ტ. კერნის (ჩიკაგო) ინდექსი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ინდიკატორებზე: პოლიტიკური ჩართულობა, მათ შორის – მონაწილეობა კავშირებში, ხელშეკრულებებში, ბლოკებში, ორგანიზაციებში, სამშვიდობო მისიებში; ტექნოლოგიების განვითარება – ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობა, კიბერუსაფრთხოების ჩათვლით; პერსონალური კონტაქტები – ტელეფონები, მოგზაურობები და რემიტანსები (ფულადი გზავნილები); ეკონომიკური ინტეგრაცია – საერთაშორისო ვაჭრობა და პირდაპირი ინვესტიციები.

მართლაც, თითოეული ინდიკატორი და მათი კომპონენტები ნათელ წარმოდგენას იძლევა იმის თაობაზე, რა საშუალებით უკავშირდება გარე სამყაროს ქვეყანა ამა თუ იმ მიმართულებით, თითოეულის დაბალი თუ მაღალი მაჩვენებელი კი მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რამდენადაა ქვეყანა ინტეგრირებული საერთაშორისო დონეზე.

ა.ტ. კერნის ინდექსის მიხედვით გლობალიზაცია 62 ქვეყანაშია გაზომილი, რაც მთლიან სურათს ვერ მოგვცემს, და მაინც, აღსანიშნავია, რომ სინგაპური, შვეიცარია და აშშ ამ ნუსხის სათავეში არიან. ცალკეული კომპონენტების მიხედვით ლიდერობენ: ეკონომიკური ინტეგრაცია – სინგაპური; ტექნოლოგიების განვითარება – აშშ; პერსონალური კონტაქტები – შვეიცარია; პოლიტიკური ჩართულობა – საფრანგეთი (რომელსაც სიაში მხოლოდ 23-ე ადგილი ერგო). დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ:https://www.atkearney.com/index.php/Publications/globalization-index-data-2007.html

კოფის (შვეიცარია) ინდექსი უფრო მეტ კომპონენტს მოიცავს, თუმცა გამოიყოფა ინდიკატორების სამი დიდი ჯგუფი.

კოფის ინდექსებიდან აღსანიშნავია: ეკონომიკური გლობალიზაცია – ფულადი ნაკადები, ვაჭრობა, პირდაპირი ინვესტიციები, შეზღუდვები, ბარიერები, ტარიფები, გადასახადები; სოციალური გლობალიზაცია – პირადი კონტაქტები, ანუ ტელეფონი, ტრანსფერები, საერთაშორისო ტურიზმი, უცხოელი მოსახლეობა, წერილები, ინტერნეტის მომხმარებლები, ტელევიზორების რაოდენობა და პროგრამების ხელმისაწვდომობა, გაზეთებით ვაჭრობა, “მაკდონალდსის” რესტორნების რაოდენობა, “იკეას” მაღაზიების რიცხვი, წიგნებით ვაჭრობა; პოლიტიკური გლობალიზაცია – საელჩოები ქვეყანაში, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, გაეროს უსაფრთხოების მისიებში მონაწილეობა, საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციების წევრობა.

იმავდროულად, კოფის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამ კვლევაში მეტი ქვეყანაა ჩართული.

ქვეყნების მონაცემები სხვადასხვა წელს არის გამოკვლეული და იკვეთება საერთო ტენდენცია, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა ხდება გლობალიზებული. ქვემოთ, ბმულზე, მოცემულია ინტერაქტიული რუკა და სხვა დამატებით ინფორმაციაზე გადასვლის საშუალებასაც იძლევა:
2

გლობალიზაციის პროცესს სამყაროს დაპატარავება-შეკუმშვა მოჰყვა. ეს, ცხადია, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. სატრანსპორტო საშუალებები უფრო მეტად აახლოებს ერთმანეთთან გეოგრაფიულ წერტილებს, რადგან მანძილის დაფარვა ბევრად უფრო სწრაფად ხდება შესაძლებელი. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის დროული გაცვლა – ინფორმაციული ტექნოლოგიები იმდენად განვითარდა, რომ დიდი მოცულობის ინფორმაციის ნაკადების უმოკლეს დროში გატარება უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას.
ყოველივე ეს გლობალიზაციის შეუქცევადი ნიშნებია, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ დღემდე არსებობენ ქვეყნები, რომლებიც უარს ამბობენ აღნიშნულ პროგრესზე. ამ ქვეყნების ხელისუფლებამ პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის შიშით იზოლაციაში მოაქცია საკუთარი მოსახლეობა და პერსპექტივაზეც კი უარი თქვა.
ანტიგლობალისტები

ანტიგლობალისტების შიში ეკონომიკის ლიბერალიზაციით არის გამოწვეული. მათ მრავალი მხარდამჭერი ჰყავთ და მასობრივ აქციებსაც მართავენ, რომლებიც, წესისამებრ, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებს, დიდი რვიანის, ევროკავშირისა თუ მსოფლიო სამიტებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ანტიგლობალისტების შეხვედრები სპონტანური არ არის; მათი საპროტესტო აქციები, მრავალი ათასი აქტივისტის სამოგზაურო ხარჯები თუ საინფორმაციო კამპანიაც, ეჭვგარეშეა, დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ეს “პროტესტანტები”, როგორც თავად ამბობენ, კაცობრიობის უსამართლობას ებრძვიან. ანტიგლობალიზმის რადიკალური გამოვლინების შედარებით ცივილიზებული ფორმაა მსოფლიო სოციალური ფორუმი, რომელიც 2001 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ის იდეურად დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საწინააღმდეგოა და მიმართულია არა კაპიტალისკენ, არამედ ადამიანისკენ. ფორუმის მონაწილეთა აზრით, გლობალიზაციის დადებითი შედეგებით მსოფლიოს ძლიერი, ეკონომიკურად დაწინაურებული ქვეყნები სარგებლობენ. ეს ძირითადად ტექნიკური პროგრესით, საინფორმაციო-ტექნოლოგიური რევოლუციით, სავაჭრო თუ ფინანსური ინსტიტუტების გაძლიერებით გამოიხატება, რაც მომავალი განვითარების, შეუფერხებელი კავშირების წინაპირობაა, დანარჩენი ქვეყნები კი განწირულნი არიან, სამუდამოდ ღარიბებად დარჩნენ და განვითარებული ქვეყნების დახმარების შემყურენი იყვნენ. ეს დახმარებები მოკლევადიანია, უმარტივეს საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად განკუთვნილი, ხოლო სესხები კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს ამ ქვეყნებს.

მიუხედავად ანტიგლობალისტების მსოფლმხედველობისა, მათ რიგებში ხშირად შეხვდებით გლობალიზაციის სიკეთეებით მოსარგებლე ხალხსაც.
არაგლობალიზებული ქვეყანა – ჩრდილოეთი კორეა

არაგლობალიზებული ქვეყნის ნათელი მაგალითია ჩრდილოეთი კორეა, რომელმაც საკუთარი ნებით თქვა უარი საერთაშორისო კავშირებზე. ეს არის კომუნისტური სახელმწიფო სუსტი ეკონომიკით.

1948 წელს კორეის ნახევარკუნძული ორად გაიყო. სწორედ ამ პერიოდში მიიღეს მარქსიზმ-ლენინიზმი. ჩრდილოეთ კორეას მეთაურობდა კიმ ჩენ ირი, შემდეგ – კიმ ირ სენი, დღეს კი ხელისუფლების სათავეშია მათი შთამომავალი კიმ ენ ნამი.

1.ფართობი: 120.500 კვ კმ
2.ბუნება: უმაღლესი მწვერვალი – ბაიტოუ შანი, 2.744; მდინარე (კმ) – იალუ ძიანი, 791; ტბა – სუპუნგ-ჰო; კუნძული – სინმი; კლიმატი – ზომიერი
3.ბუნებრივი რესურსები: ქვანახშირი, ტყვია, ვოლფრამი, თუთია, გრაფიტი, მაგნეზიტი, რკინის მადანი, სპილენძი, ოქრო, პირიტი, მარილი, ჰიდროენერგია
4.გლობალიზაციის ინდექსის შესახებ მონაცემები არ არსებობს

მშპ-ის 15 მლრდ-დან 5-7 მლრდ სამხედრო საჭიროებებისთვის იხარჯება; მრეწველობის 95% სახელმწიფო საკუთრებაშია, სოფლის მეურნეობაში მიწები კოლექტივიზებულია.

სახელმწიფო იდეოლოგია იუშე (მარქსიზმის გავრცობილი ფორმა) ანტიგლობალიზაციისკენ მოწოდებაა, ეფუძნება იზოლაციას, მედიის კონტროლს, პროპაგანდასა და დანარჩენი სამყაროს იგნორირებას. მათი მიზანია თვითკმარობის მიღწევა. მათი პოლიტიკური დოქტრინა დასავლეთის ქვეყნებისთვის ძნელი გასაგებია.

კორეაში კონფუციანიზმი საუკუნეების განმავლობაში იყო ფესვგადგმული. ის განაპირობებდა პოლიტიკურ და ეთიკურ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნებოდა ოჯახური ღირებულებებიც. შეიძლება ითქვას, რომ იაპონიის მიერ კორეის ოკუპაციას მოჰყვა ეროვნული იდენტობის გაძლიერება და დამოუკიდებელი მიმართულების ძიება. ამ ახალი იდეის ძიებაში მონოლითური იდეოლოგიის შექმნამ უფრო მეტად მოსწყვიტა გარე სამყაროს ჩრდილოეთი კორეა და საკუთარ თავზე უფრო მეტად დამოკიდებული სისტემების შექმნა განაპირობა. 1967 წელს იდეოლოგიის თეზისები პარტიის ყრილობაზე გაიტანეს, 1970 წელს კი იდეოლოგიის 10 პრინციპი დამტკიცდა. იდეოლოგიის პრინციპების გამტარებელი პარტია იყო. ის ადვილად შეერწყა მარქსიზმ-ლენინიზმს, რომელიც რელიგიის რანგში იქნა აყვანილი. დეკლარირებულად საუბარია მასების როლზე, რომლებიც ისტორიას ქმნიან, თუმცა იქვე ნათქვამია, რომ მასებს სჭირდებათ ლიდერი, რომელიც მათ სწორ მიმართულებას მისცემს. ამან კულტის თაყვანისცემა ერთ-ერთი ღერძად აქცია.გახადა.

თვითიზოლაციას ხელი შეუწყო 1950 წლის ომმა, როდესაც კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა რესპუბლიკა კორეას დაესხა თავს. ამ უკანასკნელს გაეროს ეგიდით აშშ-მა დაუჭირა მხარი, რის შედეგადაც კაპიტალისტური სამყარო მტრის ხატთან გაიგივდა. 1990 წელს ამას დაემატა თვითიზოლაციის გამამძაფრებელი კიდევ ერთი ფაქტორი – გაერომ რესპუბლიკა კორეა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. ამის შემდეგ სოციალისტური ბანაკიც დაიშალა, რამაც კიდევ უფრო მეტად მოსწყვიტა ჩრდილოეთი კორეა გარე სამყაროს.

დღევანდელი ჩრდილოეთი კორეა, ფაქტობრივად, არის მოშიში დანარჩენი სამყაროსი, რომელთან კავშირსაც, პოტენციური მტრებისა და ჯაშუშების შიშით, გაურბის. ეკონომიკური კავშირი მას მხოლოდ ორ ქვეყანასთან – რუსეთსა და ჩინეთთან აქვს. აქ აკრძალულია მოსახლეობის კონტაქტი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, მობილური ტელეფონები, ინტერნეტი. ეს უკანასკნელი ჩანაცვლებულია ინტრანეტით და მოსახლეობა იღებს შერჩეულ, გაფილტრულ ინფორმაციას. მაგალითად, ჩრდილოეთკორეელებმა დღემდე არ იციან, რომ ადამიანმა მთვარეზე ფეხი დადგა. მათ ეკრძალებათ უცხოელ ტურისტებთან კონტაქტიც, თუ ამგვარ შეხვედრას ოფიციალური პირი არ ესწრება. მამაკაცებისთვის თმის სიგრძეც კი განსაზღვრულია _ 2-დან 5 სანტიმეტრამდე და 5-დან 7-მდე, თუ მამაკაცმა 50 წელს გადააბიჯა. ეს შეზღუდვა უკავშირდება კვლევას, რომ გრძელი თმა ტვინს ჟანგბადს აცლის.

საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა ჩრდილოეთ კორეაში ორი ათასს არ აღემატება. ვიზების გაცემა შეზღუდულია და დაგეგმილი მოგზაურობის თარიღიც არაერთგზის შეიძლება შეიცვალოს. გიდი, მძღოლი ტურისტებს გვერდიდან არ სცილდებიან და თარჯიმნობას უწევენ, სინამდვილეში კი არ აძლევენ ქვეყნის ფარგლებში თავისუფალი გადაადგილებისა და მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტის საშუალებას. ტურისტებს ეკრძალებათ სურვილისამებრ სურათების გადაღება (ფოტოგადაღება ნებადართულია მხოლოდ მასპინძლების მიერ შერჩეულ ადგილებში), ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრება, ტურისტული მარშრუტებიდან გადახვევა. მობილურებს მათ საზღვარზე ატოვებინებენ მოგზაურობის დასრულებამდე. არც ბინოკლების შეტანა შეიძლება.

სანახავია რევოლუციური ადგილები, მონუმენტები, ლიდერის დაბადების ადგილი (ადგილობრივი მოსახლეობა ვალდებულია, ასეთი ადგილები მოინახულოს და მოილოცოს), ბუნება. აქ ბევრია ხელუხლებელი ლანდშაფტი, თუმცა ეს საფრთხის შემცველია. მაგალითად, სამხრეთ კორეასთან ხანმოკლე დათბობის შემდეგ ერთ-ერთ ბილიკზე მათ მოქალაქეს გზა აებნა, რის გამოც დახვრიტეს. ამან მეზობლებს შორის ურთიერთობა ისევ გაართულა.
ჩრდილოეთ კორეაში კრიმინალის მაჩვენებელი ნულის ტოლია. უცხოელის გაძარცვის ერთი შემთხვევაც კი არ არის აღრიცხული.

ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში არ ხდება. რესურსების ნაკლებობა, განსაკუთრებით – ნავთობისა, იწვევს საწარმოთა შეზღუდვით მუშაობას. უარესდება სოციალური სერვისები. როგორც არაერთგზის აღინიშნა, კორეაში მოსახლეობა კრიტიკულ მდგომარეობაშია, უმრავლესობა დღეში ერთხელ იკვებება, ძირითადი სახსრები კი შეიარაღებისა და ბირთვული ცდებისკენ არის მიმართული.

დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ მხოლოდ გლობალიზაციის ეკონომიკურ ასპექტზე არ შეიძლება აქცენტის დასმა. სოციალურ გლობალიზაციას ნელ-ნელა ყველა ქვეყნის განვითარებამდე მივყავართ. ამ მიმართულებით არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს. მთავრობებიც, აცნობიერებენ რა მის მნიშვნელობას, სხვადასხვა მექანიზმით უწყობენ ხელს მოსახლეობის ტექნოლოგიური წიგნიერების ამაღლებას. პოლიტიკური გლობალიზაცია აფართოებს ქვეყნების ურთიერთობას ყველა დონეზე, რაც კონფლიქტების თავიდან აცილების ერთ-ერთი საწინდარია. ეკონომიკური გლობალიზაციის დადებითი ასპექტები კი საერთაშორისო ფულადი გზავნილები, ინვესტიციები და ტრანსნაციონალური კორპორაციებია, რაც განვითარებად ქვეყნებში სამუშაო ადგილებს ქმნის და უცხოური ვალუტის შემოდენას იწვევს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მთავარი მიზანია ექსპორტ-იმპორტზე ეკონომიკური სანქციების შესუსტება, რაც მრავალ ქვეყანას საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვის საშუალებას მისცემს და სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...