პარასკევი, აგვისტო 8, 2025
8 აგვისტო, პარასკევი, 2025

ორი ზღაპარი დიდებისა და პატარებისთვის

0

ერთ დღეს გადავწყვიტე, ჩემი პატარა ბიჭის ნახატები გამეზღაპრებინა. ეს მეთოდი, ნახატების ამეტყველების, გაკვეთილზეც მშვენივრად გამოგადგებათ, მოსწავლესა და მასწავლებელს ან მოსწავლეებს შორის ურთიერთობის დამყარების შესანიშნავი საშუალებაა. ჰოდა, თქვენც სცადეთ, მანამდე კი ნახეთ, რა გამოგვივიდა მე და გიორგის.

  1. დიდი ხელმწიფის და პატარა სასახლის ამბავი

zg1

 

იყო და არა იყო რა… ალბათ უფრო იყო, ვიდრე არ იყო, რაკი ერთმა პატარა ბიჭმა დახატა.

ჰოდა, იყო ერთი დიდი ხელმწიფე. რატომ იყო დიდი, თვითონაც ვერ გიპასუხებდათ, მაგრამ მას მერე, რაც ასწავლეს, რომ არსებობს დიდი და პატარა, გადაწყვიტა, დიდად ყოფნა ჯობიაო.

ნამდვილი ხელმწიფე იყო – ოქროს გვირგვინით, რომელიც მზის შუქზე ბრდღვიალებდა და ბრდღვიალებდა, ალისფერი მოსასხამით, უფრო სწორად, ძოწეულით, რომელიც მკერავმა ბიზანტიისა და შორეული აღმოსავლეთის ხელმწიფეების სამოსის თარგის მიხედვით შეუკერა და შავი, პრიალა ფეხსაცმელებით. (აი, ისეთი, დედას ბანკში ანდაც გამგეობაში რომ შეჰყვები და კაცებს რომ აცვიათ, ზემოთ ახედვაც არ გჭირდება, ზუსტად იცი, ჰალსტუხი როგორი ფერისა ექნებათ). ეს ფეხსაცმელები ისე პრიალებდა, მეფეს მასში ჩახედვა და გვერდზე ჩამოცურებული გვირგვინის გასწორებაც კი შეეძლო.

რა თქმა უნდა, როგორც ყველა ხელმწიფეს, მასაც ჰქონდა ოქროთი მოგუმბათებული დიდებული სასახლე. ოღონდაც სასახლე ისეთი პატარა იყო, ხელმწიფეს კისრამდე ძლივს სწვდებოდა.

ძალიან დარდობდა ხელმწიფე – ცალი თვალით მაინც შემაჭვრიტა ან ჩემი ტახტი როგორია, ან მამაჩემის დანატოვარი განძი როგორაა შენახული, სხვა თუ არაფერი, სასახლეში როგორი სამზარეულო მაქვს, დანა-ჩანგალი ვერცხლისაა თუ ჩვეულებრივიო, მაგრამ ვერაფერიც… სასახლის ხავერდის ფარდები სულ ჩამოფარებული იყო, საკვამურიდან ვერ ჩაიჭყიტებდი, კარიდან კი, დიდი, დიდი, დერეფანი და კედლებზე ჩამოკიდებული მეფეების სურათები დაგენახა – ისიც ისეთი პატარა, ვინ რომელი მეფე იყო, ვერ გაარჩევდი.

ერთ დღესაც დადარდიანებული მეფე, რომელიღაც კანონზე მუშაობდა, თვალი სასახლისკენ გაექცა და დაინახა, ორი თაგვი როგორ გამოცუნცულდა სასახლის პაწაწინა კარიბჭიდან, მოცუნცულებდნენ და რაღაცაზე ჩხუბობდნენ. მეფე გაისუსა და ყური დაუგდო:

მოზრდილი თაგვი უფრო პატარას ეჩხუბებოდა:

– რით ვერ ისწავლე, რომ საჭმელი მაგიდასთან უნდა ჭამო და არა იმ ხავერდის  სამეფო ტახტზე. დაყრი ამ ნამცეცებს, დაასხამ ამ ფაფას. ეს ხავერდი კიდევ ისე ცუდად იწმინდება, მეფის ტახტია თუ ფეთხუმი ვირთხის, ვერ გაიგებ!

გაეცინა ხელმწიფეს, მეზობელი ქვეყნის მეფემ რომ გაიგოს, ჩემს ტახტზე პატარა წრუწუნა საუზმობს, მეორე დღესვე ყველა ხელშეკრულებას გააუქმებსო. გადაწყვიტა, ეს მისი სამხედრო საიდუმლოება ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ ეს პირველი მნიშვნელოვანი სამხედრო საიდუმლოება იყო, რომელიც საერთოდ ჰქონდა მის პატარა ქვეყანას.

კმაყოფილი ხელმწიფე სასახლის წინ, მწვანე მოლზე წამოწვა და დიდხანს, დიდხანს, მზის ჩასვლამდე უყურებდა, როგორ თამაშობდნენ მზის ოქროსფერი სხივები მისი პატარა სასახლის ქონგურებზე.

საერთოდ, ზღაპრები სხვანაირად მთავრდება, მაგრამ ეს ერთი ასე დამთავრდეს, ჩვენი ნება არაა?

 

 

ფერი ყველაფერია თუ არა?

 

zg2

ხომ შეიძლება ერთი ზღაპარი ამ „იყო და არა იყო რა“-ს გარეშე დავიწყო? მით უმეტეს, რომ ყველაფერი ნამდვილია, რასაც პატარა ბავშვები ხატავენ.

ჰოდა, ერთ ქუჩაზე რამდენიმე ლამაზი სახლი ცხოვრობდა.

არ დამიწყო ახლა, სახლები როგორ ცხოვრობდნენო, უსულოები არიანო, გეგონოს! დიახაც ცხოვრობდნენ, დილაობით ყავის ნაცვლად სუფთა ჰაერსაც სვამდნენ (ზოგჯერ მწარე გამონაბოლქვსაც), ღრუბლების ჩრდილსაც ეფარებოდნენ, მზესაც ეფიცხებოდნენ, გვერდით მდგარი ერთადერთი ხის ფოთლების შრიალსაც უსმენდნენ და იმასაც უყურებდნენ, თანდათანობით, შემოდგომის მოსვლასთან ერთად როგორ ოქროსფერდებოდა გაზონებზე ბალახი.

სიმართლე გითხრა, სახლები დიდი ჭორიკანა ვინმეები გახლდნენ, გადმოფენდნენ სარეცხ თოკებზე გასაშრობ სარეცხს და ამბებს – ვის ვინ როგორ უყვარდა, როგორ სწავლობდა პატარა ბიჭი, როგორი ლექსები უყვარდა პატარა გოგოს, როგორ წვნიანს აკეთებდა ბებია… სხვა ქუჩების ამბებსაც ჰყვებოდნენ – იმ ქალაქში სახლების გარდა, ქარიც და ჩიტებიც ჭორიკნები იყვნენ და ამბები გაჰქონდათ და გამოჰქონდათ.

ერთ დღესაც ქუჩის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს, სახლები გადაეღებათ, იყიდეს ფერად-ფერადი საღებავები და საქმესაც შეუდგნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ზუსტად ვერ გათვალეს საღებავის რაოდენობა და ერთი სახლი შეუღებავი დარჩა. დარჩა და დაე, დარჩესო – დაეზარათ საღებავის საყიდლად წასვლა, ადამიანებს ხომ ასე უყვართ დაუმთავრებელი საქმეები….

მეორე დილას, სახლებმა გაიღვიძეს თუ არა, ერთმანეთი შეათვალიერეს, მოეწონათ ახალი, მბზინვარე ფერები… ბოლოს, იმ ერთ სახლსაც შეავლეს თვალი, შეუღებავი რომ დარჩა და მორცხვად, ნაღვლიანად ახამხამებდა ფანჯრებზე ფარდებს… შეხედეს და არ მოეწონათ, არ მოეწონათ და დასცინეს, ძველი სამოსი გაცვია, სულ მთლად გახუნებული, მოდიდან გამოსული,  შარშანწინ რომ კაჭკაჭმა დაგასკლინტა, ისიც გეტყობაო… რაღაცნაირი, არარესპექტაბელური ხარო (გრძელი სიტყვაა ხო? მაგრამ ჟღერს), შენთან  ლაპარაკი აღარ გვინდაო… არც საღამოს ნისლის სმაზე დაპატიჟეს, არც დილის რიჟრაჟის დასაგემოვნებლად….

მოიწყინა საბრალო, თეთრმა სახლმა, სახურავი ნაღვლიანად ჩამოჰკიდა და დარაბებიდან გავიდა ხანი, ჯერ წვიმა მოვიდა, მერე დათოვა, მერე ქარი, ისევ წვიმა, თოვლი – შეღებილ სახლებს სამოსი გაუხუნდათ, აუჭრელდათ, დაუუშნოვდათ, ხელმეორედ შეღებვას კი მათი პატრონები ვინ იცის, როდის მოისურვებდნენ.

თეთრი სახლი კი იდგა ისევ ისე, ფერი არ შეცვლია, უბრალო, თეთრი სამოსი ეცვა…

საღამოს რომ მეზობლებმა ვარსკვლავების ორცხობილებზე ისევ დაპატიჟეს, სახლი რაღაცას მიხვდა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, მას ორი კარგი თვისება  ჰქონდა – სახურავი, რომელიც წყალს არ აპარებდა და პატიების საოცარი ნიჭი.

მოკლედ, ალბათ მიხვდი, რისი თქმა მინდოდა, ძველ მეგობარს არანაირი სიახლის თუ წარმატების გამო არ უნდა აწყენინო, ყველაფერს ყავლი გასდის, ყველაფერი ძველდება, მეგობარი კი ყოველთვის შენთან რჩება.

 

 

 

სასწავლო პროექტი პოეზიის სწავლებისათვის

0

მეთერთმეტეკლასელები თერგდალეულთა შემოქმედებას გადიან და ილიას ლექსს „ჩემო კალამო“ და აკაკის „პოეტს“ სწავლობენ.

ორივეგან პოეტის დანიშნულებასა და პასუხისმგებლობაზეა საუბარი. თავისთავად ცხადია, ქართულის მასწავლებლისთვის არ არის რთული ამოცანა, ბავშვებს მოუყვეს და დაანახვოს იმდროინდელი სინამდვილე, რომელიც შემოქმედისგან სწორედ ამას, ერის მამობას ითხოვდა.

თუმცა ჩვენი პროგრამები ნაკლებად იძლევა საშუალებას მოსწავლეებმა შედარებით თანამედროვე პოეტთა განცდებსა და შეხედულებებსაც მიადევნონ თვალი.  რაიმე ერთი კუთხით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოეზიასთან, მის აღქმასთან და პოეტის დანიშნულებასთან დაკავშირებით, საერთო სურათის წარმოდგენა, პარალელების გავლება, აზროვნებისა და დამოკიდებულებების ცვლილება ეპოქის ცვლილებასთან ერთად, ვფიქრობ, საინტერესო იქნება მეთერთმეტეკლასელებისათვის და მათ პოეზიაში აზროვნების უნარ-ჩვევებსაც აუმაღლებს და საკუთარ სააზროვნო სივრცესაც მისცემს. ეს კი ყველაზე მეტად ხიბლავთ მოზარდებს და გულწრფელ ინტერესს აღუძრავთ.

ამ წერილში შემოგთავაზებთ პოეზიასთან და პოეტებთან დაკავშირებული პროექტის გეგმას, რომელიც, ვფიქრობ, საინტერესო და ბევრის მომცემი იქნება მოსწავლეებისათვის.

პროექტის ფარგლებში კლასი შეიძლება დაიყოს ოთხ ნაწილად და თითოეული ჯგუფის წევრებს დაევალოთ კონკრეტულ პოეტსა და პერიოდზე, ასევე ამ პოეტის  კონკრეტულ ლექსზე მცირე კვლევის ჩატარება.

ჩემ მიერ შერჩეული პოეტებისა და მათი ლექსების სია ასე გამოიყურება:

ნიკო სამადაშვილი _ „ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით )“

შოთა ჩანტლაძე _ „მანიფესტი“

ბესიკ ხარანაული _ „სიტყვების უქონლობის გამო“

შოთა იათაშვილი _ „მეოცე საუკუნის დასასრულის პოეტი“

 ჩემ მიერ შემოთავაზებულ პროექტში არ არიან ცისფერყანწელები და გალაკტიონ ტაბიძე, რადგან მათი შემოქმედება ისედაც შედის სასწავლო პროგრამებში, თუმცა პედაგოგს, რა თქმა უნდა შეუძლია, საკუთარი სურვილის მიხედვით შეცვალოს და შეადგინოს თავისი გეგმა და მან უფრო ამომწურავად მოიცვას მთელი მეოცე საუკუნე, მე უბრალოდ შევეცდები ჩემეული მოდელის ჩვენებას.

ნიკო სამადაშვილი _ „ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით)

ამ პოეტის შემოქმედების გასაცნობად ჯგუფის წევრებს შეიძლება დაევალოთ:

  1. პოეტის ბიოგრაფია
  2. თამაზ ჩხენკელის წერილი „ ნიკო სამადაშვილი“
  3. ზურაბ კიკნაძის წერილი „მუდამ სინათლისკენ გამყივარი ძახილი“
  4. პროექტის ფარგლებში შეთავაზებული ლექსი „ ჩემს ორეულს, ბუღალტერ ნიკო სამადაშვილს, პოეტ ნიკო სამადაშვილისგან (თუ პირიქით) „
  5. პოეტის შემოქმედების რამდენიმე ნიმუში.

კვლევის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა უნდა დაინახონ მოცემული ეპოქის გავლენა ადამიანისა და პოეტის ცხოვრებაზე, პოეტის დამოკიდებულება პოეზიასთან და საკუთარ ლექსებთან მაშინ, როდესაც ის არათუ ერის მამა არ არის, არამედ გამოქვეყნების საშუალებაც კი არა აქვს, შემოქმედის ინდივიდუალური სტილი.

შოთა ჩანტლაძე _ „მანიფესტი“

ჯგუფის წევრებს დაევალოთ:

  1. მოიძიონ და გაიღრმავონ ცოდნა ვერლიბრის შესახებ
  2. შოთა ჩანტლაძის ბიოგრაფია
  3. ინტერვიუ მაია ჯალიაშვილთან _ „მე მინდა სიცოცხლე“
  4. შოთა ჩანტლაძე _ „მანიფესტი“
  5. შოთა ჩანტლაძის პოეზიის ნიმუშები

კვლევის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა უნდა შეძლონ, დაინახონ პოეტი, რომელიც თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით არ ჩაეწერა საბჭოთა პოეტის საერთო სურათში, რამაც ერთი მხრივ, მას მისცა შემოქმედებითი თავისუფლების, განუმეორებელი ინდივიდუალიზმის საშუალება, მეორე მხრივ, მან, როგორც შემოქმედმა გავლენა ვერ იქონია შემდგომ ლიტერატურულ პროცესებზე, რადგან საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ის ისე გარდაიცვალა, საკუთარ წიგნს არ მოსწრებია. მოსწავლეებმა „მანიფესტის“ განხილვისას უნდა შეძლონ, გაიაზრონ 60-იანი წლების არაფორმალი პოეტის ირონიისა და პროტესტის, მაქსიმალურად მშრალი სტილის მიზეზები და სათქმელი.

ბესიკ ხარანაული _ „სიტყვების უქონლობის გამო“

ჯგუფის წევრებს დაევალოთ:

  1. ბესიკ ხარანაულის ბიოგრაფია
  2. ნაირა გელაშვილი _ „ბესიკ ხარანაულის პოეზია“ (წერილი პირველი)
  3. გაეცნონ ბესიკ ხარანაულის პოეზიის სხვა ნიმუშებსაც, გაიხსენონ თავიანთ სახელმძღვანელოებში შეტანილი ლექსები, (სასურველია, წაიკითხონ პოემა „მიკარნახე ანგელინას“ მეორე თავი)
  4. „სიტყვების უქონლობის გამო“

ჯგუფის წევრებმა კვლევის ფარგლებში უნდა შეძლონ, დაინახონ თანამედროვე პოეტის აღქმა და პასუხისმგებლობა პოეზიისადმი, განსაზღვრონ, ლექსის თემატიკა, რომ აქ მეორე ტრაგიკული ხაზიცაა, დედასთან, სამყაროსთან მიმართებაში. (ამაში ნაირა გელაშვილის წერილიც დაეხმარებათ)

შოთა იათაშვილი _ „ მეოცე საუკუნის დასასრულის პოეტი“

პროექტის ფარგლებში შეისწავლონ:

  1. პოეტის ბიოგრაფია
  2. საქართველოს უახლეს ისტორია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
  3. ეკა ქევანიშვილი _ „შოთას პოეტური გამოცდილების სიმწარე“
  4. შოთა იათაშვილი _ „მეოცე საუკუნის დასასრულის პოეტი“

ჯგუფის წევრებმა უნდა გაიაზრონ გასული საუკუნის დასასრულის კრიზისი და მისი გავლენა პოეზიაზე, შეძლონ, განსაზღვრონ თანამედროვეობის გამოწვევები არა მხოლოდ სათქმელის, არამედ ფორმობრივი, გამოხატვის კუთხითაც.

ზემოთ მოყვანილი მასალები ადვილად მოსაძიებელია ინტერნეტ სივრცეში. სურვილისა და შესაძლებლობის მიხედვით პედაგოგსა და მოსწავლეებს შეუძლიათ გააფართოვონ ან შეამცირონ კვლევის მოცულობა.

მას შემდეგ, რაც თითოეული ჯგუფის თითოეული წევრი შეასრულებს დაკისრებულ დავალებას, მათ ჯერ საკუთარი ჯგუფის წევრებს უნდა გააცნონ კვლევის შედეგები, რის შემდეგაც ჯგუფი მზად იქნება პრეზენტაციით წარდგეს კლასის წინაშე.

       თუკი კლასში საშუალება არის (პროექტორი, დიდი ეკრანი) სასურველია მოიძიონ და მოიტანონ ფოტო და ვიდეო მასალაც.  სამწუხაროდ, ნიკო სამადაშვილისა შოთა ჩანტლაძის არც ვიდეო და არც აუდიო ჩანაწერი არ დარჩენილა, მაგრამ რაც შეეხება თანამედროვე პოეტებს _ ბესიკ ხარანაულსა და შოთა იათაშვილს, მათი აუდიო და ვიდეო მასალები ინტერნეტ სივრცეში ადვილად ხელმისაწვდომია.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებს მოუწევთ ერთამანეთთან მჭიდრო ურთიერთობა, რაც მათ თანამშრომლურ უნარებსა და ჯგუფური სამუშაოსთვის საჭირო ჩვევებს განავითარებს.

ჯგუფის წევრებთან თუ კლასთან საკუთარი კვლევის წარდგინებისას მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, აიმაღლონ აუდიტორიასთან ურთიერთობის, პრეზენტაციის უნარები.

მოცემული მასალები საშუალებას მისცემთ თუნდაც ფრაგმენტული წარმოდგენა შეექმნათ მეოცე საუკუნეზე და ამ პერიოდში მომხდარ კულტურულ ცვლილებებზე, რაც პოეზიაში და პოეტების საკუთარ შემოქმედებასთან დამოკიდებულებაშიც აისახა.

პროექტის დასასრულს შეიძლება მოეწყოს დისკუსია, სასურველია, დისკუსიისას ოთხივე ლექსი (ელექტრონული ან ამობეჭდილი ) ხელმისაწვდომი იყოს ყველა მონაწილისათვის.

პედაგოგს შეუძლია წინასწარ დაავალოს, გაიხსენონ ქართული პოეზიის გზა რუსთაველიდან („შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი“) ან გაუფრთხილებლად მიმართოს მათი ყურადღება პოეზიის სათავეებთან და დისკუსიის სივრცე მოულოდნელად გააფართოვოს.

გარეგანი მოტივაციისათვის, შესაძლებელია,  პედაგოგმა თითოეული ჯგუფის კვლევა შეაფასოს,

ან მისცეს რაიმე სახის  კონკურსის სახე.

ვფიქრობ, მსგავსი ტიპის პროექტები არა მხოლოდ იმ სიცარიელეს შეავსებს, რომელიც თანამედროვე ლიტერატურის სწავლებისას გვაქვს, არამედ დაეხმარება ჩვენს მოზარდებს, ისწავლონ აზროვნება ერთიან ლიტერატურულ სივრცეში და ნაწარმოების, პოეტის, ეპოქის ერთმანეთთან დაკავშირება, აღქმა, ანალიზი შეიძლონ.

სხვა ბერლინი

0

არსებობს სხვა ქალაქის სიყვარული, ისეთი მძაფრი, შენს ქალაქში დგახარ და გული გიჩერდება, კუჭთან პეპლებს გრძნობ და სუნთქვა გიჭირს. ისეთი ხორციელია ეს სიყვარული, ისეთი ხანგრძლივი და მუდმივიც კი, რომ არ წახვიდე, მოგადგება ყასაბივით და მთელი ცხოვრების განმავლობაში უმოწყალოდ დაგჩეხავს, მერე გულმოდგინედ გაგანაწილებს: იქით ქონი, აქეთ ხორცი, მჭლე. მერე იტყვიან, რომ არაპატრიოტული საქციელია, რომ არავის შეეფერება სხვა ქალაქის ასეთი სიყვარული და წასვლა მით უმეტეს. ეს ისეთი უხერხულია, როგორც შენი ვეგეტარიანული შიმშილი რომელიმე ხორციან სუფრაზე.

მაგრამ როგორ შეიძლება, სიყვარული იყოს ასეთი უხერხული?! წასვლა მით უმეტეს: ამას, როგორც წესი, ასე ადვილად არ გპატიობენ, მიწა- წყლისას, მამულისას შეგახსენებენ და ბევრჯერ გისაყვედურებენ შენს უკანონო სიყვარულს, შენს არალეგალურ საქციელს. მერე შენზე დიდხანს ილაპარაკებენ ისე, როგორც ქალზე, რომელმაც შვილები და ოჯახი მიატოვა და სხვა კაცთან გაიქცა.

არადა, უწყინარია ჩვენი სიყვარული.

პირველად ჩემი მეგობარი წავიდა. მაშინ ჩვიდმეტი წლის ვიყავი, ის უარაფროდ წამოვიდა ჩვენი ბავშვობის სიყვარულში, მე ჩემი ყველაფრით თბილისში დავრჩი.

ჰო, ეს პოსტდამერ პლატცია, ბერლინი. ვდგავარ და გვერდით უზარმაზარი შენობები მიდგას, ცოტათი ნიუ იორკშიც ვარ, უფრო მეტად- ბერლინში.  ხმაურია, სიმაღლე და სიცივე.

ახლა, როცა ჩემს მეგობართან ერთად აქ, ამ ქალაქში ვდგავარ, გვერდით კი  ამხელა შენობები ამოგვიდგნენ,  ვხედავ:

სხვა ქალაქებს და სხვა ქვეყნებს. სხვების სამშობლოებს და ჩემსას. ყველა ისეთი არაჩვეულებრივია, სრულიად შესაძლებელია, ჩახვიდე და უკან აღარ დაბრუნდე. სრულიად შესაძლებელია, სხვა მიწა ისე ბუნებრივად გახდეს შენი, როგორც თმა, რომელიც საუკუნის წინ გადაიღებე  და ახლა  შენი ბუნებრივი ფერი დაგავიწყდა. და ეს ღალატი, აბა რაღა თქმა უნდა, რომ არ არის.

სამშობლო მოცემულობაა, ამ სიტყვის ყველაზე კეთილი, ემოციური გაგებით. ის ხანდახან არ გენატრება, რა დაუნდობლადაც არ უნდა ჟღერდეს, ასეა. თანდაყოლილი რამეა, ხშირად ვერ მოგენატრება. მაგრამ თუ მოგენატრა, ერთი დიდი სევდაა.

ასეთი მონატრებებისას დედაჩემის მომზადებული ყავის და კარტოფილის ღვეზელის სუნი მცემს ხოლმე. ვხედავ, ჩვენი უზარმაზარი ფანჯრებიდან ზამთრის მზე გადმოდის, წყალივით იღვრება, ოთახს პირთამდე ავსებს. ალბათ შაბათია. ჭრიალებს ჩვენი ძველი იატაკი, დედაჩემი დედურად, ფეხაკრეფით დადის, ეს კი მაინც ჭრიალებს. ეს მენატრება ხოლმე, ეს მახსენდება, ეს აუღელვებელი სიმშვიდე, ეს უარაფრო და უანგარო სიყვარული, ეს სიღარიბე და ეს სიმდიდრე.

რამდენი ხანია არ მიფიქრია სამშობლოს რაობასა და მისი ქონის აუცილებლობაზე. ბავშვობაში ძალით გვაფიქრებდნენ ხოლმე და ხანდახან ჩვენ, ბავშვები, დროებით ვიძულებდით ამ აუცილებლად შესაყვარებელ სივრცეს, ამ მიწას და გაუბედავად ვამბობდით, რომ სამშობლო მგონი ისაა, სადაც გავიზარდეთ და რომ კი, გვიყვარს და რომ არ ვიცით როგორ გვიყვარს და რომ კი, მის წინაშე პასუხისმგებლობები გვაქვს, რომ ჰო, შესაძლოა, ცოტაოდენი ვალიც, რომ კი, ის თავდადებას მოითხოვს, ეს თავდადება ადრე მსხვერპლი იყო, შესაძლოა ახლაც.

მაგრამ იქნებ, უმსხვერპლოდაც შესაძლებელია სიყვარული?!

იქნებ მაშინ, როცა შენი საყვარელი ქალაქის ცენტრში დგახარ და არსაიდან მოსული სევდა კიდევ ერთხელ გაფიქრებინებს, რომ ამ სიყვარულის მიუხედავად მაინც სხვაგან ხარ და სხვა ხარ, საკმარისია ეროვნული იდენტობის, ჩემთვის ხანდახან ასეთი გაუგებარი ტერმინის შეგრძნების, შეგნებისა თუ შენარჩუნებისთვის?!

ნეტა, საერთოდაც, რა არის ეს ეროვნული იდენტობა, ეგ ფანჯარაა, რომლიდანაც ზამთრის მზე იღვრება ხოლმე?!

 ჭრელი წინდა და რამდენიმე რჩევა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის

0

სიყვარულს ორმაგად აბრუნებენ, სხვებზე მეტად თანაუგრძნობენ და უგებენ, უყვართ მშობლები, და-ძმები, სკოლაში სიარული, მასწავლებლები და მეგობრები, დედის მომზადებული კერძები და მამის მოსმენა, კითხვა და მუსიკა, თვალებში ცქერა, მოფერება, წახალისება, შექება… ჭრელი წინდებიც ასევე უყვართ, თუმცა ქრომოსომებს რომ წინდის ფორმა აქვთ, ნაკლებად იციან.

150 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა გამოაქვეყნა ნაშრომი, სადაც დანარჩენებისაგან საერთო სახასიათო ნიშნებით  გამორჩეული ბავშვების ჯგუფი პირველად აღწერა და გამოავლინა დაავადება, რომლის საფუძვლად 1959 წელს ფრანგმა გენეტიკოსმა ჯერემი ლეჟერმა პირველად მიიჩნია ქრომოსომული ანომალია, როცა ნაცვლად 46 ქრომოსომისა, 21-ე წყვილში გვხვდება დამატებით მესამე ქრომოსომა. სწორედ ამიტომ შეირჩა დაუნის სინდრომის მქონე პირთა დღედ წლის მესამე თვის 21-ე რიცხვი და ეს თარიღი უკვე მეათე წელია, რაც მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

უკვე საზოგადო მოღვაწე და მსახიობი, ჯეისონ კინგსლი პროფესორ მიშელ ლევიტზთან ერთად წიგნში Count Us In—Growing Up With Down Syndrome ‘ჩვენც ჩაგვრთეთ – ზრდა დაუნის სინდრომით’ (Jason KingsleyMitchell Levitz, 2007) ამ მოვლენას სულაც არ მიიჩნევს ნაკლოვანებად და აცხადებს, რომ ეს არის დეფექტი, რომელიც ანელებს ათვისების პროცესს, რაც ტრაგედიად ამაოდ მიგვაჩნია, რადგან თითოეული ბავშვის შემთხვევაში ეს სინდრომი სხვადასხვანაირად ვლინდება, მათ განსხვავებული უნარი და შესაძლებლობები აქვთ. ზოგიერთ მათგანს შეუძლია საკმარისი ცოდნა შეიძინოს, რათა საზოგადოების აქტიური წევრი გახდეს და სრულფასოვნად იცხოვროს.

ყოველწლიურად მსოფლიოში სულ უფრო მეტი დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვი მიდის სკოლაში და თავის და-ძმებთან და მეგობრებთან ერთად ერთობა. თუმცა ჩვენში ჯერ კიდევ ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა მშობლები, სხვა შვილებისაგან განსხვავებით, ამგვარი ბავშვის ტარებას სპეცსკოლაში ამჯობინებს. მართალია, მათ სწავლა უჭირთ, მაგრამ თანატოლებთან ერთად სასკოლო განათლების მიღება ეხმარებათ, გახდნენ უფრო დამოუკიდებელი, ურთიერთობა ჰქონდეთ ხალხთან და ინტელექტუალურადაც განვითარდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ბავშვები ნელა ვითარდებიან, თანატოლებთან შედარებით სხვაობა ასაკის მატებასთან ერთად უფრო შესამჩნევია, ზოგი ექსპერტი მაინც ამჯობინებს მათ ჩვეულებრივ სკოლაში მიყვანას იმ პირობით, თუ იქნება ორმხრივი შეთანხმება მასწავლებლებსა და მშობლებს შორის და თუ სკოლა გაითვალისწინებს დამატებითი მეცადინეობის საათებს, საჭიროების შემთხვევაში ლოგოპედის დახმარებას და სხვ..

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად გაუმჯობესდა ის სასწავლო მეთოდები, რომლებსაც დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად იყენებენ. თერაპევტები მშობლებს ურჩევენ, რომ ბავშვებს საოჯახო საქმეებში მიაღებინონ მონაწილეობა; თამაშებისა და სპეციალური სასწავლო პროგრამების საშუალებით უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარონ. ასეთი პროგრამები, რომლებშიც ბავშვი დაბადებიდან მალევე უნდა ჩავრთოთ, მოიცავს ფიზიოთერაპიას, ლოგოპედიას, დამატებით ყურადღებას და აგრეთვე ბავშვისა და ოჯახის ემოციურ მხარდაჭერას. პროგრესი შესაძლოა ნელა მიმდინარეობდეს. ზოგჯერ იმის გამო, რომ ლაპარაკი უჭირთ, ბავშვები ტირილს იწყებენ ან ცუდ ხასიათზე დგებიან. მიუხედავად ამისა, მშობლებს შეუძლიათ, ასწავლონ მარტივი ჟესტებითა და თვალსაჩინო დამხმარე საშუალებებით აზრის გამოხატვა.

სკოლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ასეთი ტიპის აღსაზრდელს იღებენ, უნდა იცოდნენ, რომ მათთან მუშაობა დიდ დროს, ძალისხმევას, თავის მიძღვნასა და მოთმინებას მოითხოვს. თუმცა მათი ეს შრომა დროთა განმავლობაში დაჯილდოვდება სწავლაში კარგი შედეგითა და დიდი სიყვარულით. ამ ბავშვებს ხომ გარშემომყოფთა დაახლოების თანდაყოლილი ნიჭიც აქვთ და სხვებს მეტ თანაგანცდასა და ემპათიას ასწავლიან. თავადაც მუდამ რაღაც ახალს სწავლობენ და გამოცდილებას იძენენ, რადგან, როგორც წესი, ძალიან კარგი ხანმოკლე მეხსიერება აქვთ. თუმცა სასურველია მათი სასწავლო გარემო კარგად ორგანიზებული იყოს, რადგან ნებისმიერ ხელისშემშლელ ხმაურსა თუ მოვლენაზე იოლად გადაერთვებიან. არ უნდა დავსვათ ისინი ახლოს ფანჯრებთან და კართან ან ისეთ ადგილას საკლასო ოთახში, სადაც ხმაურის აღმოცენების ალბათობა მაღალია. მათი ემოციური თუ ინტელექტუალური განვითარებისთვის კი მუდამ უნდა გვახსოვდეს შემდეგი:

  • ვუყუროთ პირდაპირ სახეში, დავამყაროთ მათთან მხედველობითი კონტაქტი,
  • ვესაუბროთ ბავშვს მისთვის გასაგებ ენაზე, მოკლე წინადადებებით, დანაწევრებული ფრაზებით.
  • გამოვიყენოთ სხეულის ენა – ჟესტები, მიმიკები, მინიშნებები.
  • შევანელოთ მეტყველების ტემპი, მივცეთ დრო გააზრებისთვის.
  • ყურადღებით მოვუსმინოთ და ჩვენი ნათქვემის გამეორება ვთხოვოთ.
  • გამოვიყენოთ მულტიმოდალური მიდგომა, ვასწავლოთ სმენით და შეხებით, გამოვიყენოთ წიგნები სხვადასხვა სენსორული ელემენტებით
  • გამოვიყენოთ რაც შეიძლება მეტი კონკრეტული მაგალითი და ყოფითი სიტუაცია სწავლებისათვის.
  • ყოველთვის დავყოთ დავალებები პატარა ეტაპებად და ყოველი ეტაპის წინ უზრუნველვყოთ ბავშვი ახალი ინსტრუქციით.
  • ახალი მასალის მიწოდებისას ვეცადოთ ჩვენი მეტყველების ტემპი იყოს შენელებული, მასალა კარგად სტრუქტურირებული (მარტივიდან – რთულისკენ), მოვლენები –ლოგიკურად ერთმანეთთან დაკავშირებული.
  • უმჯობესია, წინასწარ იცოდნენ გაკვეთილის გეგმა, ანუ რას რის შემდეგ აკეთებენ, რათა მზად იყვნენ ცვლილებებისათვის და ახალ დავალებაზე გადართვამ არ გაუფანტოს ყურადღება.
  • მასწავლებლის მკაფიო და მარტივი ინსტრუქციები, ასევე გამოკითხვის ალტერნატიული ფორმები (წერილობითი, კითხვებზე მოკლე პასუხები, სურათებზე მითითება) ეხმარება ბავშვს, აქტიურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში, ამავდროულად, მასალის ათვისებაში.
  • ქცევის მართვის სტრატეგიები დაუნის სინდრომის ბავშვებისთვის იგივეა, რაც ყველა დანარჩენი ბავშვისთვის. მთავარია, რომ სასურველ ქცევას აუცილებლად მოჰყვეს დადებითი განმტკიცება (შექება, წახალისება, დასაჩუქრება) და, რომ ეს განმამტკიცებელი აუცილებლად მნიშვნელოვანი და ღირებული იყოს ბავშვისთვის.

თავადვე გვირჩევენ: „ნუ დავკარგავთ მოთმინებას!“, რადგან ძლიერ უყვართ სიცოცხლე! ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მათზე ზრუნვა და სრულფასოვანი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის მომზადება ჩვენი უპირველესი ვალია. ისინი კი ჩვენს იმედებს ყოველთვის გაამართლებენ, რადგანაც არაჩვეულებრივი ადამიანები არიან!

გამოყენებული რესურსები:

  1. ინკლუზიური განათლების გზამკვლევი, თბილისი, 2012.
  2. Kingsley Jason,Levitz Mitchell, Count Us In – Growing Up With Down Syndrome, New York, 2007.
  3. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98

ერთით მეტი ქრომოსომა – ოთხი პორტრეტი

0

თეოდორა

6 წლის, დადის საბავშვო ბაღში. უყვარს მეგობრებთან ერთად თამაში, მონაწილეობს სპექტაკლებში, ვიდეორგოლებში. სექტემბრიდან მიდის სკოლაში. დედა ცდილობს, რომ როგორც სკოლამდელი, ისე საშუალო განათლების პროგრამა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის საქართველოში გამართული იყოს და თეოდორამ და მისმა მეგობრებმა თანაბარ პირობებში ისწავლონ.

12476537_1293454780681420_559967928_n

ნინო

ცხოვრობს თიანეთში, მესამეკლასელია. დედა იხსენებს წინააღმდეგობებს, რომელიც პატარა ასაკიდანვე შეხვდათ: იმის შიშით, რომ არ იცოდა საზოგადოება რეგიონში გოგონას როგორ მიიღებდა, ოჯახი არ ურჩევდა მის საჯარო ბაღში მიყვანას. ბაღში არ გამოჰყავდათ სცენაზე ჯგუფელებთან ერთად, მშობლის პროტესტი კი აკვირვებდათ. ახლა დაბაში ნინოს ყველა იცნობს, მისდამი უკვე კეთილგანწყობილი არიან. დადის სკოლაში, უყვარს ქართულისა და ბუნების გაკვეთილები, სახელოვნებო საგნები. შეხვდა ძალიან კარგი მასწავლებელი, რომელიც უწყობს ხელს მის განვითარებას და აქტიურად რთავს საგაკვეთილო აქტივობებში.

ლექსო

ნიჭიერი, 23 წლის თვითნასწავლი მხატვარია. მეამაყება, რომ მისი ფერწერული ნამუშევარი ჩემი სახლის კედელსაც ამშვენებს. მშვიდი და მეგობრულია. სკოლაში ვერ იარა – იმ პერიოდში არ იყო ინკლუზიური სწავლების გამოცდილება, კერძო სკოლებმაც კი ვერ მიიღეს (სხვა მოსწავლეთა მშობლების პროტესტის შიშით). რამდენიმე წელიწადი დღის ცენტრში დადიოდა, პარალელურად ემზადებოდა კერძო მასწავლებლებთან სხვადასხვა საგანში. მეცხრე კლასის ატესტატი აიღო ექსტერნად. ამჟამად ჩაბმულია პროფესიული განათლების პროგრამაში, დადის კოლეჯში და ეუფლება მზარეულის პროფესიას, რომლის დამადასტურებელი სერტიფიკატიც სექტემბერში ექნება. ოცნებობს გახსნას კაფე, რომელსაც საკუთარი ნახატებით მოაწყობს.

12721904_1293454784014753_801241078_n

გიგო

გიგო უკვე ცნობილი ბიჭია. პოპულარული ტელეწამყვანისა და მსახიობის ნიჭს პატარა ასაკიდან ვადევნებდი თვალს – 10 წლისა უკვე ძალიან კარგად პოზიორობდა ფოტოობიექტივთან. 14 წლამდე დადიოდა დღის ცენტრში, საჯარო სკოლაში კი მხოლოდ მეექვსე კლასში მიიღეს, სადაც ყველა საგნის მასწავლებლები მასთან ინდივიდუალური გეგმით დღემდე მუშაობენ. პარალელურად დადიოდა სამსახიობო კურსებზე ცენტრ „აისიში“ და სტუდია „ლურჯა ცხენებში“. ახლა მეთორმეტე კლასშია და იბრძვის ატესტატის ასაღებად, რომლისათვისაც გამოცდები სურს განსხვავებული, მასზე მორგებული წესით ჩააბაროს. აპირებს სწავლის გაგრძელებას თეატრალურზე, მაგრამ არც პროფესიულ სასწავლებელს ამ მიმართულებით და არც თეატრალურ უნივერსიტეტს სსსმ პირებთან ურთიერთობის გამოცდილება არ გააჩნია.

ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესებისა და მიზნების მქონე ამ ოთხ ადამიანს ერთით მეტი ქრომოსომა აერთიანებთ. საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე მოზარდები ინკლუზიურ განათლებაში არიან ჩართული და თანატოლებთან ერთად სწავლობენ. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საშუალო განათლების ხარისხი პირდაპირ დაკავშირებულია სკოლამდელ განათლებასთან, სადაც არაერთი ხარვეზი გვხვდება. მშობლები ასახელებენ სკოლამდელი განათლების კანონს, საიდანაც მასწავლებელთა გადამზადების აუცილებლობა ამოღებულია. ბაღების მართვის სააგენტოს განცხდებით კი 2015 წელს პროფესიული რესურსის 60% გადამზადდა, დანარჩენი 40% კი წელს აიმაღლებს ცოდნას. სკოლებში დაუნის სინდრომის მქონე მოსწავლეებს, ჩვეულებრივ, არ უჭირთ გაკვეთილზე გაჩერება და საკლასო ყველა აქტივობაში არიან ჩართული. საშუალო განათლების მიღების შემდეგ ისინი პროფესიულ სასწავლებლებში მათთვის საინტერესო პროფესიებს ეუფლებიან და ხანდახან დასაქმებასაც ახერხებენ.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა!

აღზრდის შეცდომები  

0

 

  • ორი წლის დათუნა ჯერ გამართულად ვერ ლაპარაკობს და თანაც დედიკომ შენიშნა, რომ ბავშვი ბოლო პერიოდში ზედმეტად შფოთავს, ამიტომ დედამ შვილი კონსულტაციაზე სპეციალისტებთან წაიყვანა. დათუნას არავითარი პრობლემა არ აღმოაჩნდა.
  • სამწლინახევრის ნინოს ბებოს მეგობარმა წიგნი აჩუქა. ნინომ ფერადი ნახატებით ლამაზად გაფორმებული და სპეციალურად მისი ასაკის ბავშვებისათვის გამოცემული პატარა ფორმატის წიგნი მეორე დღესვე საბავშვო ბაღში გაარბენინა. მასწავლებელს გაბრწყინებული სახით გადასცა და სთხოვა მას ხმამაღლა წაეკითხა, რათა მის მეგობრებსაც მოესმინათ. მასწავლებელმა კითხვა დაიწყო და რამდენიმე წუთში წიგნი ნინოს საშინლად უკმაყოფილო სახით დაუბრუნა, თან მკაცრად გააფრთხილა: „ასეთი სულელური წიგნი აღარ მოიტანო, დედაშენს უთხარი მომავალში კარგად შეარჩიოს წიგნი, რომელსაც აქ გამოგატანს“.
  • ნატა საბავშვო ბაღის აღსაზრდელია, ის ხუთი წლისაა და ამიტომ წინასასკოლო მზაობის სპეციალურ ჯგუფშია ჩართული. ბაღის აღმზრდელი ნატას დედას მუდმივად აფრთხილებს: „თქვენი შვილი სხვებივით ბეჯითი და მოწადინებული არ არის, ის ვერც დიდი ნიჭით დაიკვეხნის, მას სწავლას თამაში ურჩევნია, ამიტომ სახლში ბევრი უნდა ამეცადინოთ“.
  • გიორგი ექვსი წლისაა, ის თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეა. სასწავლო წლის დასაწყისში მასწავლებლები მუდმივად უკმაყოფილო იყვნენ მისი ქცევით. დედა ყოველ დღე საყვედურებს ისმენდა მასწავლებლებისაგან: „გიორგი ძალიან ცელქია. სულ ცდილობს საკუთარი აზრების და სურვილების გატანას, საკუთარი უპირატესობის წარმოჩენას. არავის არაფერს უთმობს. ამიტომ ძალიან გთხოვთ მიხედეთ, ასწავლეთ, როგორ უნდა მოიქცეს სკოლაში, თორემ თანდათან სულ წავა ხელიდან და ვეღარ მოვერევით ვერც თქვენ და ვერც ჩვენ“.
  • შვიდი წლის მარიამმა წერა-კითხვა უკვე ისწავლა. მაგრამ მას წიგნების კითხვა არ უყვარს. ოჯახი და მასწავლებლები ძალიან შეწუხებული არიან. ისინი ცდილობენ როგორმე შეაყვარონ მარიამს წიგნების კითხვა. მაგრამ ბავშვი სულ წინააღმდეგობას უწევს უფროსებს. ის ფიქრობს, რომ არ უნდა ასრულებდეს მათ თხოვნებს, რადგან მათგან არასდროს მიუღია თხოვნაზე ადეკვატური პასუხი.
  • საბა ოჯახში ერთადერთი შვილია. მას ბოლო მოდელის მობილური ტელეფონი, პლანშეტი აქვს. ის გამორჩეულ კერძო სკოლაში დადის. მამიკოს მძღოლი ემსახურება. გაძლიერებულად სწავლობს ინგლისურს. დადის სპორტზე. ოჯახში მუდმივად ნერვიულობენ საბას გამო. ეშინიათ რაიმე ცუდი არ შეემთხვეს. აკონტროლებენ მის ყოველ ნაბიჯს („რა ვიცით რა ხდება, ეშმაკს არასდროს სძინავს“). სკოლაშიც, მუდმივად ყურადღების ცენტრშია და მასწავლებლების განუწყვეტელი მეურვეობის ქვეშ იმყოფება.

დარწმუნებული ვარ მკითხველს ეცნო სიტუაციები, რომლებიც შესაძლებელია თავადაც კი გადახდა თავს, რადგან შეცდომები, რომლებსაც აღზრდის პროცესში უფროსები უშვებენ, ბევრ შემთხვევაში ტიპურია და სამწუხაროდ არცთუ ისე იშვითი.

სავარაუდოდ, ყველა უფროსი, მშობელი იქნება ის, ბაღის მასწავლებელი თუ სკოლის პედაგოგი, ცდილობს იყოს კარგი აღმზრდელი. თითოეული მათგანი საკუთარი შეხედულებების, სურვილების, ღირებულებათა სისტემის შესაბამისად ცდილობს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესის მართვას.

დათუნას დედა, ძალიან ყურადღებიანი მშობელია ის ხშირად უსმენს სხვადასხვა ტელეგადაცემებს ბავშვთა აღზრდისა და განვითარების შესახებ. ამიტომ შვილს მუდმივად აკვირდება, ეშინია რამე არ გამოეპაროს, პატარას დავალებებს აძლევს, ცდილობს მის ალაპარაკებას. კონსულტაციაზე ფსიქოლოგმა აუხსნა, რომ დათუნა მისი ასაკისათვის  სრულიად ნორმალურად ვითარდება. აი დედიკოს და ოჯახის წევრების საგანგებო, გაძლიერებული ყურადღება, დაძაბულობა და შფოთვა კი მასზე ნეგატიურად აისახება და ბავშვი თავადაც ჭირვეული და გაღიზიანებულია.

ამდენად, მშობელი ხშირ შემთხვევაში მისდა უნებურად ახდენს საკუთარი შიშებს, ფობიების, ბავშვზე პროეცირებას, რის გამოც მისი შვილი შფოთავს, წუხს, ერღვევა ისედაც მყიფე შინაგანი წონასწორობა.

მშობლები და მასწავლებლები ერთმანეთს მხარს უბამენ და გიორგის გამოსწორებას იწყებენ. მთელი ოჯახი მკაცრად აკონტროლებს მისი მეცადინეობების გრაფიკსა და დროს. დედა მუდმივად ცდილობს, აღარ დაიმსახუროს მასწავლებლის შენიშვნა. შვილს უფრო დამჯერ და ნიჭიერ თანაკლასელებს ადარებს, რომლებმაც გიორგიზე მეტი იციან და მასზე კარგად იქცევიან სკოლაში. შედეგად გიორგი, უფრო ჯიუტი, უფრო დაძაბული გახდა. ის ცდილობს სკოლა რაც შეიძლება ხშირად გააცდინოს და ხელიდან არ უშვებს ნებისმიერ ხელსაყრელ მომენტს, რათა ბეჯით თანაკლასელებს დასცინოს.

ნინო სახლში ძალიან ნაწყენი დაბრუნდა და ბებოს უთხრა, რომ მისი მეგობრის მიერ ნაჩუქარი წიგნის გამო მასწავლებელმა მკაცრად გააფრთხილა და ბავშვებმა დასცინეს. ბებომ შვილიშვილის მასწავლებლის გამო აღშფოთება ვერ დამალა და ნინოს თანდასწრებით სერიოზულად გააკრიტიკა მისი აღმზრდელის გემოვნება, განათლების დონე და ბავშებთან სწორად მოქცევის უნარი. ნინო ძალიან დაბნეულია, ის გაჭირვეულდა და ითხოვს, რომ ბაღში აღარ წაიყვანონ ან სხვაგან გადაიყვანონ. ბებია თავის მხრივ ატყობს შვილიშვილს, რომ ის ხშირად იბუტება და ბებოს უწინდებურად აღარ ენდობა.

ნინოს შემთხვევა, ვფიქრობ, ასევე ტიპურია და ნათლად მიგვანიშნებს, რომ ბავშვების ოჯახები და მათი აღმზრდელები შეთანხმებულად უნდა მოქმედებდნენ. უფროსებს აუცილებლად თანამიმდევრული, მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიდგომები უნდა ჰქონდეთ შემუშავებული ბავშვების აღზრდის პროცესში. ისინი უნდა გახდნენ პარტნიორები და თანამოაზრეები. აუცილებელია უფროსებმა მოახერხონ ერთმანეთთან ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების აგება.

ხუთი წლის არცთუ ისე „ნიჭიერი“ ნატას დედა მთელი დღე მუშაობს და ნატას სამეცადინოდ ვერ იცლის. არადა, ბაღში მასწავლებელი დავალებებს აძლევს. დაღლილი და შეწუხებული დედა ხშირად ადანაშაულებს ნატას, რომ ის სხვებთან შედარებით ნაკლებად ბეჯითია და სწავლას თამაში ურჩევნია. შედეგად ნატას და დედას ბოლო პერიოდში ურთიერთობები ვეღარ ეწყობათ. დედა გამუდმებით საყვედურობს, ადანაშაულებს – ასე ფიქრობს ბავშვი და ცდილობს სულ ბებოსთან იყოს. ბებო მას სამართლიანად ექცევა და ზედმეტადაც არ უჯავრდება მას სიზარმაცისა და ლექსების დაზეპირების ნაცვლად თოჯინებით თამაშის სურვილის გამო.

ნატას შემთხვევაშიც შეცდომა სწორედ ბავშვის მიმართ წაყენებულ შეუსაბამოდ გაზრდილ მოთხოვნაში მდგომარეობს. გამოდის, რომ უფროსები აღზრდის პროცესში საკმაოდ ხშირად გადაჭარბებულ მოთხოვნებს უყენებენ ბავშვებს და შემდეგ ბრაზობენ, როდესაც ისინი მათ მოთხოვნებს ვერ ასრულებენ.

აი კიდევ ერთი შეცდომა: ხშირად, უფროსები ბავშვებს უსამართლო ბრალდებებს უყენებენ. და რაც კიდევ უფრო ცუდია, ისინი არ ცდილობენ საკუთარი უსამართლობის გამოსწორებას, ბოდიშის მოხდას, რადგან უფროსებმა ხომ ბავშვებზე უკეთ იციან რა სჭირდებათ მათ პატარებს.

მარიამის გარშემო შემოკრებილ უფროსებს ძალიან უკვირთ, რატომ არის ბავშვი ასეთი ჯიუტი და რატომ არასდროს ასრულებს მათ თხოვნებს.

უფროსებს ავიწყდებათ, რომ ხშირად სულ მარტივ ყოფით სურვილებსაც კი არ უსრულებენ ბავშვებს. ალბათ ბევრისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც მამა სახლში დაღლილი მივიდა და სწორედ მაშინ სთხოვს მას შვილი, ველოსიპედის დაშვებული საბურავის გაბერვას; საჭმლის კეთებით გართულ ბებოს პატარა ზღაპრის წაკითხვას სთხოვს; სიმღერის წრეზე სამი წლის გოგონას არ აინტერესებს გაკვეთილი, ის კარადაში ჩაკეტილი სათამაშოს გამოღებას ითხოვს; კომპიუტერის ეკრანთან მოკალათებულ დეიდას დისშვილი სასეირნოდ წაყვანას სთხოვს….

ნუთუ საბასაც პრობლემები აქვს? დიახ, მას ძალიან უჭირს დამოუკიდებელად მეცადინეობა, ამიტომ ბავშვს სახლში სპეციალურად მოწვეული პედაგოგი დამატებით ამეცადინებს. მიუხედავად ამისა, საბა მუდმივად შფოთავს, ის არასდროს არის დარწმუნებული, რომ კარგად შეასრულებს ნებისმიერი ტიპის დავალებას. მას ყოველთვის ეჭვი ეპარება საკუთარი ქმედებების სისწორეში. საბას მიაჩნია, რომ კლასში ყველაზე ჩამორჩენილი მოსწავლეა და მის გამო დაბალი თვითშეფასება ჩამოუყალიბდა.

საბას მზრუნველი უფროსების მთელი არმია ახვევია გარს, მაგრამ ის მაინც არ არის საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნებული ბედნიერი ნებიერა. ჰიპერმეურვეობა და მზრუნველობა ეს ერთ-ერთი შეცდომათაგანია, რომელიც ზოგ შემთხვევაში უგულვებელყოფის ტოლფას კვალს ტოვებს ბავშვის ფსიქიკაზე.

მსგავსი მაგალითების მოტანა უსასრულოდ შეიძლება. ეს სწორედ ის მაგალითებია, რომლებიც გვახსენებს, რომ უფროსებს ზოგჯერ  უძნელდებათ, ზოგჯერ დრო არ ჰყოფნით,  ზოგჯერ შესაბამისი რესურსი არ აქვთ და ზოგჯერ სულაც ეზარებათ ბავშვების თხოვნების შესრულება. მათ ხომ ყოველთვის საპატიო მიზეზი აქვთ: ისინი დაიღალნენ; საკუთარი საქმე აქვთ და თანაც გადაუდებელი; მათ არ შეუძლიათ დაარღვიონ მუშაობის გრაფიკი თუნდაც მცირე ხნით; სამაგიეროდ არასოდეს ავიწყდებათ საყვედურები და მითითებების გაცემა. არ ეზარებათ, გამუდმებით მიუთითონ ბავშვებს შეცდომებზე, უსაყვედურონ და აკრძალვები დაუწესონ. უფროსები მუდმივად რაღაცას ითხოვენ უმცროსებისგან: საჭმელი არ დატოვო, გაკვეთილები მოამზადე, თბილად ჩაიცვი, დროზე დაწექი დასაძინებლად, არ დაიგვიანო, კომპიუტერი გამორთე და სწავლა დაიწყე. ეს ყველაფერი კარგად ნაცნობია და მსგავს სიტუაციებს ხშირად შევსწრებივართ.

მაგრამ რამდენად ხშირია უფროსების მხრიდან:

  • მოზარდთან ერთად წიგნის წაკითხვა, მხატვრული ფილმის ნახვა, მის ავ-კარგიანობაზე საუბარი;
  • თავისუფალი დროის ერთად გატარება;
  • ისე უბრალოდ გულითადი საუბარი ან სულაც უსიტყვოდ მოსმენა;
  • ბავშვების წინაშე საკუთარი შეცდომების აღიარება და მათთვის ბოდიშის მოხდა  არასწორი საქციელის გამო?

დასცინე და იბატონე

0

განსაკუთრებით მიყვარს ერთი ადგილი იოანეს გამოცხადებაში: „ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ, არცა ტფილი. ჯერ-იყო, რაჲთამცა, ანუ გრილი იყავ, ანუ ტფილი. არამედ ესრეთ ნელ-ტფილი ხარ და არცა გრილი, არცა ტფილი. მეგულების აღმოგდებაჲ შენი პირისაგან ჩემისა“.

ნელ-თბილობა ოც საუკუნეზე მეტი ხნის წინ აწუხებდა კაცობრიობას, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ის დრო იყო, როცა ღვთის მოციქულები პირდაპირ, შუამავლის გარეშე ელაპარაკებოდნენ ადამიანებს. დღეს კი, სანამ საჭირო სიტყვა ჩვენამდე მოაღწევდეს, გზაში იმდენ საზვერეს გადის, ისეთ ჩარევას განიცდის, „ვეფხისტყაოსნის“ ცნობილ ინტერპოლატორს – ნანუჩა ციციშვილს რომ არც დაესიზმრებოდა.

ჩვენ სახელდებები გვიზიდავს ხოლმე – სულიერი კრიზისის ასწლეულიო, ატომური საუკუნეო, ამოუწურავი შესაძლებლობების ეპოქაო, – მაგრამ ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, დანარჩენისთვის ერთი ჯადოსნური რამ მოუგონია გამჭრიახ გონებას: უნდა დასცინო.

საინფორმაციო გამოშვებები თითქოს წინასწარ შეითქმებიან ხოლმე მნიშვნელოვან დღესასწაულებზე, და ისე როგორ იქნება, ერთი ცხელ-ცხელი ინტერაქტივი არ გამოაცხონ.

„რა გვარი იყო თამარ მეფე?“, „რომელ წელს გავრცელდა საქართველოში ქრისტიანობა?“, „გეორგიევსკის ტრაქტატზე ვინ მოაწერა ხელი საქართველოდან?“, „პლეხანოვის გამზირს ამჟამად რა ჰქვია?“, „ვეფხისა და მოყმის ძეგლი ვინ ააგო?“ – შოუების წამყვანები, სტუდიაში შეკრებული და ტელევიზორს მიშტერებული ხალხი თითქოს გულს ვიოხებთ იმ უვიცობითა და გულუბრყვილობით, რაც ეკრანიდან გვესმის, უკეთესი მომავლისთვის ვიმუხტებით და ხშირად საკუთარი უპერსპექტივო ყოფაც გვავიწყდება. მეტი რომ არ ვთქვა, კარგ ხასიათზე ვდგებით: დასაცინი გამოჩნდა!

ნეტა აქამდე სად იყო?! ჩვენ ხომ უნდა გვცოდნოდა, რომ ამ ქვეყნად არსებობს ძველგაზრდა თუ ახალგაზრდა, ვინც არ იცის, რომ თამარი ბაგრატიონთა დინასტიას ეკუთვნის, დიახ, დიახ, სწორედ მათ, და არა, ვთქვათ, ფარნავაზიანებს – ნატოში და ევროკავშირში რომ გვინდა, აჯობებდა, მანამდე საშუალო განათლება მაინც მიგვეღო; ამაშია საქმე: მაშინ ისიც გვეცოდინებოდა, რომ ქრისტიანობის გავრცელება ქართლში თუმცა I საუკუნიდან იწყება, როცა აქ ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა იქადაგეს, მაგრამ ქართლის გაქრისტიანება წმინდა ნინოს სახელთან არის დაკავშირებული და ეს, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესია მიიჩნევს, 326 წელს მომხდარა (აქ აუცილებლად იქნება მწუხარების, გულზე შემოყრის, ასე ჩვენ ვერ გავფრინდებით, მეტის ღირსი ვართ, და, ცხადია, დაცინვის აურაცხელი სმაილი); ჯერ სად ხარ! ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება და ევროპაში ინტეგრაციაო, რომ გაიძახი, მინიმუმ უახლესი ისტორია მაინც უნდა იცოდე! ავადსახსენებელია თუ რაცაა, მაგ ტრაქტატს, გეორგიევსკის ციხესიმაგრეში 1783 წლის 24 ივლისს საქართველოს მხრიდან იოანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ მოაწერეს ხელი; დანარჩენი ისეთი მარტივია, სათქმელად არ ღირს, გენაცვალე: პლეხანოვს ახლა აღმაშენებლის გამზირი ჰქვია, ვეფხისა და მოყმის ძეგლი კი თბილისის შემოსასვლელში ელგუჯა ამაშუკელმა გამოაქანდაკა.

ეს ხომ ელემენტარულია. ეს ოჯახიდან, სკოლიდან, პატარაობიდანვე უნდა იცოდეს ადამიანმა. კიდე კარგი, ბებიაჩემი რომ ასეთი უვიცი არ ყოფილა – ჩვენს განათლებაზე იყო გადაგებული; კიდე კარგი, ამნაირი შვილი რომ არ გვეზრდება და არც ეგეთი რძალი არ შემოადგამს ჩვენს ოჯახში ფეხს არასოდეს! ნწ, ნწ, ნწ, ნახე რა თქვა? ღმერთმა დაგვიფაროს.

მოკლედ ასეა: ვიცინით და ვართ! მთელი ქვეყნის დასანახად დავცინით და ამ „პრადვინუტობანას“ თამაშში ისე გაგვიტაცებს ჩვენო ეგო, რომ უმალ იმათზე, „ჩაFეილებულებზე“, ჩაფლავებულებზე, თამარისგვარისუციდინარ და პლეხანოვისპროსპექტზეჩარჩენილ „ბრბოზე“ ბატონობის სურვილიც გაგვკრავს გულში. თითქოს რა უნდა, მით უმეტეს, თუ ფულიც გაქვს, დაცინვაც შეგიძლია და ორტეგა ი გასეტის შრომებისთვისაც ჩაგიკრავს თვალი.

ამ ინტერაქტივ-ფარსების ურიცხვ შემფასებელთა შორის არაერთი რაციონალური შეგონება და აუცილებელი ცნებაც („განათლების საჭიროება“, „გემოვნების ჩამოყალიბება“, „თავისუფალი არჩევანი“) გამოერევა, მაგრამ ავად მღელვარი ნაკადი/ ჩანაფიქრი – დასცინე და იბატონე – იმდენად მღვრიე და დამთრგუნველია, ყველაფერი აზრს კარგავს.

გულზე ხელს დავიდებ და ვიტყვი, უცებ, მოულოდნელად, ვინმემ რომ ქუჩაში გამაჩეროს, კამერა და მიკროფონი მომიშვიროს და მკითხოს, აბა, მითხარი, „გალობანი სინანულისანი“ ვინ დაწერაო, შეიძლება ისე დავიბნე, დავით აღმაშენებლის ნაცვლად კლოდ მაკელელე ვუხსენო (მიუხედავად იმისა, რომ არც „ჩელსის“ ქომაგი ვარ და არც წინა დღეს მიყურებია მისი თამაშისთვის „იუთუბზე“). ჰოდა, ნუ დავუდგებით ჩვენს ხალხს საჯარო გამომცდელებად, ასე პირდაპირ ეთერში ეგზამენებს ნუ ჩავაბარებინებთ, მით უმეტეს, დიდად არც განვითარებული ქვეყნები ბრწყინავენ ამ მხრივ – ჩვეულებრივმა ბრიტანელმა შეიძლება ვერ გითხრათ, „მაკბეტის“ ავტორი ვინაა, არც რიგითი ფრანგი მოიკლავს თავს, თუკი გუსტავ ფლობერის შედევრების სახელები არ მოაგონდა.

არ ვამბობ, გაგებით მოვეკიდოთ და რაღაცების გამოსწორებაზე არ ვიფიქროთ-მეთქი, მით უფრო განათლების სფეროში, სადაც ძალიან სერიოზული კრიზისია, მაგრამ ეს თვითგვემა და სავალდებულო ჰარაკირები რომ ვერაფერს შველის, კარგად ვხედავთ უკვე. ამიტომ ვიღაცის აბუჩად აგდებაზე ფიქრს, რიცხვებისა და სახელების არაფრისმომცემ ზეპირობას, აჯობებს, ცოტათი უფრო შეგნებული მოქალაქე აღგვეზარდა საკუთარ თავში.

როცა თქვენი შვილი სხვას ჩაგრავს

0

ძალიან მძიმეა მშობლისთვის იმის აღმოჩენა, რომ მისი შვილი ვიღაცის მიმართ აგრესიას იჩენს, ამცირებს და ჩაგრავს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მშობელი მაშინვე ჩაერიოს და დაიწყოს მუშაობს ასეთი ქცევის აღსაკვეთად. თუკი დროზე არ შეწყდება, ფიზიკური ან ვერბალური ბულინგი შეიძლება უფრო აგრესიულ ანტისოციალურ ქცევაში გადაიზარდოს.

ბულინგის მიზეზების გააზრება

მოზარდები სხვა ბავშვების მიმართ სხვადასხვა მიზეზებით იჩენენ აგრესიას. ზოგჯერ ამის საფუძველი ისაა, რომ ბავშვი თავს დაუცველად გრძნობს. იმის დაჩაგვრა, ვინც ემოციურად ან ფიზიკურად უფრო სუსტია, ბავშვს კონტროლის ან უპირატესობის შეგრძნებას ანიჭებს. ის ფიქრობს, რომ თავად უფრო მნიშვნელოვანი, უფრო პოპულარულია. ზოგ შემთხვევაში, ბავშვები სხვებს ამცირებენ, რადგან უბრალოდ არ იციან, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია და არ შეიძლება სხვისი დაცინვა თუ გამორჩევა გარეგნობის, რასისა თუ რწმენის მიხედვით.

ზოგჯერ ბულინგი წარმოადგენს მოზარდის მიმდინარე გამომწვევი ან აგრესიული ქცევის ნაწილს. ასეთ ბავშვებს ჩვეულებრივ სჭირდებათ დახმარება, რომ ისწავლონ ბრაზისა და წყენის, ან სხვა ძლიერი ემოციების მართვა. შესაძლოა, მათ არ ჰქონდეთ სხვებთან ურთიერთობისთვის საჭირო ყველა უნარი. ამ შემთხვევაში პროფესიონალ ფსიქოლოგთან მუშაობა დაეხმარება მათ, ისწავლონ საკუთარ გრძნობებთან გამკლავება, გაბრაზების შემთხვევაში არ მიმართონ სხვის დამცირებას და გაიუმჯობესონ სოციალური ურთიერთობის უნარები.

ზოგიერთი ბავშვი, ვინც თანატოლებს ამცირებს ან ჩაგრავს, უბრალოდ იმეორებს იმ ქცევას, რასაც სახლში ხედავს. ბავშვები, ვინც ოჯახურ გარემოში აგრესიულ და ბოროტ ურთიერთობებს აწყდება, ხშირად სხვებსაც ასე ექცევა. ხოლო იმ ბავშვებს, ვინც თავად განიცდის დამცირებას და ჩაგვრას ოჯახის წევრებისგან, ეს ქცევა გადააქვთ იმ თანატოლებზე, რომლებიც, მათი აზრით, სუსტები არიან.

როგორ დავეხმაროთ ბავშვებს ბულინგის შეწყვეტაში

პირველ რიგში, უნდა აუხსნათ შვილს, რომ ბულინგი თქვენთვის მიუღებელია და ამას შესაძლოა მძიმე შედეგები მოყვეს სახლში, სკოლაში ან საზოგადოებაში. შემდეგ გაიაზრეთ, რატომ იქცევა თქვენი შვილი ასე. ზოგჯერ ბავშვები იმიტომ ამცირებენ სხვებს, რომ თავად ვერ უმკლავდებიან ძლიერ ემოციებს, როგორიცაა ბრაზი, იმედგაცრუება ან დაუცველობის შეგრძნება. ზოგჯერ კი მათ უბრალოდ სჭირდებათ ისწავლონ, როგორ გადაწყვიტონ კონფლიქტები და განასხვაონ კონფლიქტის არააგრესიული გადაწყვეტის გზები ბულინგისგან.

 

ზოგიერთი მეთოდი ბულინგის აღსაკვეთად

 

  • ყურადღებით მოეკიდეთ ბულინგის ნებისმიერ გამოვლინებას თქვენი შვილის მიერ. დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ ბულინგის სასტიკად წინააღმდეგი ხართ და ასეთ ქცევას შესაბამისი შედეგები მოყვება. შეიმუშავეთ ბულინგთან დაკავშირებული წესები. მაგალითად, თუკი თქვენი შვილი სხვა ბავშვების მიმართ კიბერაგრესიას იჩენს იმეილით, ტექსტური შეტყობინებებით ან სოციალურ საიტზე, ცოტა ხნით შეუზღუდეთ კომპიუტერისა და ტელეფონის გამოყენების უფლება. თუკი თქვენი შვილი აგრესიულად იქცევა სახლში, და-ძმის ან სხვების მიმართ, აღკვეთეთ ასეთი ქმედება. ასწავლეთ კონფლიქტების გადაწყვეტის არააგრესიული გზები, მაგალითად, კონფლიქტის ადგილის დატოვება.

  • ასწავლეთ შვილებს, მოექცნენ სხვებს პატივისცემით და კეთილად. ასწავლეთ შვილებს, რომ მიუღებელია სხვისი დამცირება განსხვავებულობის (რასობრივი, რელიგიური, გარეგნობის, სპეციალური საჭიროებების, სქესის, ეკონომიკური სტატუსის) გამო. ჩაუნერგეთ ემპათიის გრძნობა განსხვავებული ადამიანების მიმართ. მოძებნეთ ჯგუფები და კლუბები, სადაც სხვადასხვა ასაკის, განვითარების, უნარების თუ ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები არიან და მიეცით თქვენს შვილს მათთან ურთიერთობის საშუალება.

  • დააკვირდით თქვენი შვილის სოციალურ ცხოვრებას. მოძებნეთ ფაქტორები, რომელიც მოქმედებს თქვენი შვილის ქცევაზე სკოლაში ან სხვა ადგილას, სადაც ის სხვების მიმართ აგრესიას იჩენს. გაესაუბრეთ თქვენი შვილის მეგობრების და სხვა თანატოლების მშობლებს, მასწავლებლებს, ფსიქოლოგს და სკოლის დირექტორს. იჩენენ თუ არა ასეთივე აგრესიას სხვა ბავშვები ან თქვენი შვილის მეგობრები? რა ტიპის წნეხს განიცდიან ბავშვები სკოლაში თანატოლებისა და უფროსებისგან? ისაუბრეთ ამ ურთიერთობებსა და წნეხზე, რომელსაც თქვენი შვილი თანატოლებისგან გრძნობს. ჩართეთ თქვენი შვილი სკოლის გარეთა აქტივობებში, რომ უცხო ბავშვებთან სხვადასხვა ტიპის ურთიერთობები ჰქონდეთ.

  • წაახალისეთ კარგი ქცევა. დადებითი თვისებების განმტკიცება გაცილებით შედეგიანია, ვიდრე უარყოფით თვისებებზე ყურადღების გამახვილება და დასჯა. დააკვირდით, როდის იქცევიან თქვენი შვილები კარგად, როდის უმკლავდებიან რთულ სიტუაციებს კონსტრუქციული გზებით, ხმამაღლა აღნიშნეთ ასეთი მომენტები და შეაქეთ ისინი ასეთი ქცევისთვის.

  • საკუთარი ქცევით უჩვენეთ კარგი მაგალითი. კარგად დაფიქრდით, როგორ საუბრობთ თავად, როცა ბავშვები გისმენენ, და როგორ მართავთ კონფლიქტებსა და პრობლემებს. თუ თქვენი შვილების წინაშე თავად იქცევით აგრესიულად, ისინი ხშირ შემთხვევაში მოგბაძავენ. ამიტომ სხვების შესახებ ისაუბრეთ დადებითად, ყურადღება გაამახვილეთ სხვების პოზიტიურ და არა უარყოფით თვისებებზე. ხოლო როცა თქვენს ცხოვრებაში კონფლიქტები ჩნდება, მოუყევით ბავშვებს საკუთარი სირთულეებისა და იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდებით საკუთარ გრძნობებს.

აგრესიის პრევენცია იწყება სახლიდან

როდესაც ცდილობთ, იპოვოთ თქვენი შვილის ცუდი ქცევის მიზეზები, პირველ რიგში დააკვირდით, რა ხდება თქვენს საკუთარ სახლში. ბავშვები, ვინც ოჯახის წევრებისგან ისმენს ყვირილს, დამცინავ სახელებს, მწვავე კრიტიკას ან აწყდება ფიზიკურ ძალადობას, ხშირად თავადაც ასე იქცევა სხვა გარემოში.

ბუნებრივი და ხშირია, რომ ბავშვები და-ძმასთან კინკლაობენ. თუკი ფიზიკური დაზიანების რისკი არ არსებობს, სწორი გზაა, არ ჩავერიოთ. მაგრამ უნდა დავაკვირდეთ, ხომ არ გადაიზრდება ეს კინკლაობა დაცინვაში, დამცირებასა და ფიზიკურ აგრესიაში. აუცილებლად უნდა ვესაუბროთ ბავშვებს ხშირად, თუ როგორი ქცევაა მისაღები და როგორ შეიძლება კონფლიქტების აგრესიის გარეშე გადაწყვეტა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ საკუთარ ქცევას. დააკვირდით, როგორ ელაპარაკებით შვილებს და როგორ მართავთ მათ წინაშე საკუთარ ძლიერ ემოციებს. ცხადია, ხშირად დაგჭირდებათ დისციპლინისა და კონსტრუქციული კრიტიკის გამოყენება, მაგრამ ზღვარს არ უნდა გადახვიდეთ და არ უნდა გამოიყენოთ ბრალდებები და დამამცირებელი სახელები. თუკი საკუთარი შვილის ქცევა არ მოგწონთ, ხაზი გაუსვით, რომ ეს ბავშვის ბრალი კი არაა, არამედ მისი კონკრეტული ქცევაა არასწორი, და დაანახეთ თქვენი რწმენა, რომ ის შეძლებს ამ ქცევის შეცვლას.

თუკი თქვენი ოჯახი სტრესულ გარემოში ან მძიმე სიტუაციაში იმყოფება, რაც, თქვენი აზრით, მოქმედებს ბავშვის ქცევაზე, მიმართეთ დახმარებისთვის სკოლას, მეგობრებს ან სათემო ორგანიზაციებს. ფსიქოლოგები, მოძღვარი, თერაპევტი ან ექიმი შესაძლოა თქვენთვის კარგი დასაყრდენი აღმოჩნდეს.

მიმართეთ დახმარებისთვის სხვებს

იმისთვის, რომ ბავშვმა შეწყვიტოს ბულინგში მონაწილეობა, ესაუბრეთ მასწავლებლებს, ფსიქოლოგებს და სკოლის სხვა თანამშრომლებს. ისინი დაგეხმარებიან, სწორად განსაზღვროთ ის სიტუაციები, რომლებიც ბავშვის აგრესიას და ბულინგს იწვევენ, რათა ერთად აღკვეთოთ ამის მიზეზები.

ასევე, მიმართეთ დახმარებისთვის ბავშვის ექიმს. თუკი ბავშვს გამომწვევი ქცევა ახასიათებს, ხშირად გამოხატავს აგრესიას და უჭირს ბრაზის მართვა, შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს არასწორ კვებასთან ან ძილის რეჟიმთან, ან მას სჭირდებოდეს ქცევითი თერაპია და რთულ ემოციებთან გამკლავების სწავლა.

რაც არ უნდა რთული და შრომატევადი იყოს თქვენი შვილის აგრესიისა და ბულინგის აღკვეთა, უნდა გახსოვდეთ, რომ ცუდი ქცევა თავისით არასდროს წყდება. იფიქრეთ იმაზე, თუ რა გავლენა ექნება ბულინგს როგორც მსხვერპლ ბავშვზე, ისე თქვენი შვილის ქცევის ჩამოყალიბებაზე, მომავალ ცხოვრებასა და ურთიერთობებზე. იფიქრეთ იმაზე, რომ ყველაზე მეტად თქვენ შეგიძლიათ, შეაცვლევინოთ მას ასეთი ქცევა და ასწავლოთ სწორი ურთიერთობა საზოგადოების სხვა წევრებთან, საკუთარი გრძნობების მართვა და კონფლიქტების გადაწყვეტა არააგრესიული გზით.

ავტორი: დარსი ლაინესი, მედიცინის დოქტორი.

  ეკოტურიზმის განვითარება საქართველოში

0

საქართველოს კოლოსალური პოტენციალი გააჩნია ეკოტურიზმის განვითარებისათვის, რადგან მას მრავალფეროვანი ბუნებრივი ზონები, ესთეტიკურად მიმზიდველი ლანდშაფტები, ურბანიზაციისა და გაკულტურების პროცესებისაგან ხელუხლებელი უნიკალური ფლორა და ფაუნა, ქართულ და საერთაშორისო წითელ წიგნში შეყვანილი არცთუ ისე ცოტა რაოდენობის რელიქტური და ენდემური სახეობები, ბუნებრივი ტერიტორიების დაცული და განვითარებული ქსელები გააჩნია. ეკოტურისტებისთვის ქვეყნის განსაკუთრებულ მიმზიდველობას ქმნის ეთნოკულტურის სიმდიდრე, სახალხო დღესასწაულების მრავალფეროვნება, ადათ-წესები, ხელობები, მოსახლეობის ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და თავისებური ქართული სამზარეულო.

გარემოს დაცვა ეკოტურიზმის განვითარების სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. მას ეკონომიკური სარგებლის მოტანაც შეუძლია. ეკოტურიზმში ეს მაშინ ხდება, როდესაც ჯანსაღია გარემოც და ბიზნესიც. ზოგჯერ გარემოს დაცვას მოსახლეობის ინტერესები ეწირება. მაგალითად, მოსახლეობას შეიძლება აეკრძალოს სოფლის მეურნეობის სამუშაოების შესრულება, საწვავი და სამშენებლო მასალების შეგროვება. მოკლევადიანი მოგების მაქსიმიზაციას ეწირება გარემოს დაცვა, ინგრევა არსებული ეკოსისტემა. ტურიზმის რესურსების დეგრადაცია კი ორივე (გარემოს დაცვა და ეკოტურიზმი) ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ტურიზმი ვერ განვითარდება გარემოზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენის გარეშე. ეკოლოგიაზე ზრუნვის გარეშე შეუძლებელია მთავარი აქცენტის გაკეთება მხოლოდ ტურიზმის განვითარებაზე. ეკოტურიზმის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი მასში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვის უზრუნველყოფაა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელოვნურადაც კი ჩამოცილებულია ამ პროცესს.

ეკოტურიზმის ღირსშესანიშნაობანი არ მოიცავს ბიომრავალფეროვნების მთელ რესურსებს მოცემულ რეგიონში. ეს უფრო ბიომრავალფეროვნების სარესურსო ბაზის ყველაზე მიმზიდველი ელემენტების ბაზარზე გასატანად შერჩევაა (ისევე როგორც ამ არეალის სხვა ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებისა). მაგრამ ეკოტურიზმის განვითარების საბოლოო მიზანი მაინც ბუნებრივი გარემოს დაცვაა.

ტურისტები, რომლებიც ნაკლებად განვითარებულ რეგიონებს სტუმრობენ, ხშირად მზად უნდა იყვნენ კომფორტთან დაკავშირებული ჩვეული სტანდარტების დასავიწყებლად. გარკვეული თვალსაზრისით ეს ეკოტურიზმის მიმზიდველ მხარედაც შეიძლება ჩაითვალოს. ტურისტებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია იმ ადგილის სპეციფიკის შესახებ, რომელსაც სტუმრობენ და იმის შესახებაც, როგორ უნდა მოიქცნენ, რათა მაქსიმალურად შეამცირონ გარემოზე ზეგავლენა. ეს ტურიზმის ინდუსტრიის მთავარი პასუხისმგებლობაა.

შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკოტურიზმს ოთხი მთავარი ქვაკუთხედი გააჩნია: განვითარების მდგრადობა, ეკონომიკური სარგებლიანობა ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ადგილობრივი კულტურის ინტეგრაცია და საგანმანათლებლო კომპონენტი.

რაც შეეხება საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივას, საერთაშორისო ექსპერტები მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. სხვა უპირატესობებთან ერთად ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ ქვეყნის გეოგრაფიული სიახლოვის შესახებ მსოფლიოს მთავარ ტურისტულ ბაზართან – ევროპასთან.

ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებში ეკოტურიზმის პოპულარობამ დიდად შეუწყო ხელი აგროტურიზმის განვითარებას. აგროტურიზმი ტურიზმის ის სექტორია, რომელიც ორიენტირებულია ბუნებრივი, კულტურულ-ისტორიული და სხვა სასოფლო რესურსებისა და მათი სპეციფიკის გამოყენებაზე კომპლექსური ტურისტული პროდუქციის შესაქმნელად. აგროტურიზმის მთავარი პირობაა, ტურისტების განთავსების საშუალებები სოფლის დასახლებაში მდებარეობდეს.

ზოგიერთი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიაში აგროტურიზმისა და ეკოტურიზმის ცნებები პრაქტიკულად იდენტურია. საქართველოს ეკო და აგროტურიზმის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი რესურსები გააჩნია: სტუმართმოყვარეობის მდიდარი ტრადიციები, საინტერესო ტურისტული მარშრუტები, ადრეული და შუა საუკუნეების ისტორიული ძეგლები, ლამაზი ბუნება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველა რეგიონს განუმეორებელი თავისებურებანი ახასიათებს, რეგიონების მოსახლეობა ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო არსებულ პოტენციალს ვერ იყენებს.

საქართველოში ეკოტურიზმის განვითარება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეგიონებში გადანაწილებას შეუწყობს ხელს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკოტურიზმის განვითარება, რამდენადაც მისი შესაბამისი სექტორი ბაზარზე ჯერ კიდევ არ არის სრულად ათვისებული. ეკოტურიზმის განვითარება არამარტო ქვეყნის ეკონომიკას წაადგება, არამედ ხელს შეუწყობს ბუნებრივი ადგილების მდგრად განვითარებას. თუ ამ გზას დროულად არ დავადგებით, ცოტა ხანში უკვე გვიან იქნება.

საქართველოს ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკის სისტემაში განაპირობებს ეკოლოგიური ტურიზმის, როგორც მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის, პრიორიტეტული მიმართულების განვითარების აუცილებლობას, რომელიც საშუალებას გვაძლევს ერთდროულად შევინარჩუნოთ: ბუნებრივი ფასეულობები, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა და შევავსოთ სახელმწიფო ბიუჯეტი.

დღესდღეობით ტურისტულ ბაზარზე კომპლექსური ეკოტურიზმი რეალური მოთხოვნით სარგებლობს, სადაც ეკოტურისტებს საშუალება აქვთ ერთდროულად ნახონ გარეული ცხოველები, მრავალფეროვანი ლანდშაფტები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ღირსშესანიშნაობები.

ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებულად დაცული ბუნებრივი ტერიტორიები ძირითად რგოლს წარმოადგენენ, იმიტომ, რომ მათ აქვთ მთელი რიგი უპირატესობანი:

  • შემეცნებითი თვალსაზრისით მდებარეობენ შედარებით ლამაზ, მიმზიდველ და საინტერესო ადგილებში;
  • აქვთ ტურისტული ჯგუფების მომსახურებისა და ტურისტული მარშრუტების კარგად დამუშავებული სისტემა, საგანმანათლებლო სამუშაოებით დაკავებული ორგანიზაციების გამოცდილება;
  • ფლობენ განსაზღვრულ ინფრასტრუქტურას და ჰყავთ მომზადებული პერსონალი;
  • ის აყალიბებს ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებას კონკრეტული ბუნებრივი რეზერვატისა და მათ ტერიტორიაზე სამეურნეო საქმიანობისადმი ეკოლოგიური შეზღუდვების მიმართ.

ეკოლოგიურ ტურიზმს განსაკუთრებულად დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებზე შეუძლია, განავითაროს თავისი ყველა სახეობა, მაგრამ ნაკრძალების რეჟიმი განსაკუთრებულად მკაცრია სხვა სახის დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებთან შედარებით და ეკოტურიზმს გარკვეულ შეზღუდვებს უყენებს.

ეკოლოგიური ტურიზმის განვითარება დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებზე, ეს ის მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც რეგიონების ეკონომიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს. მას ქვეყანაში  ბუნების დაცვის ხელშეწყობაც შეუძლია. მკაცრად დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებს არამხოლოდ ეკოლოგიური ტურიზმი გაძლიერება, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტების შემოსვლის სტიმულირებაც შეუძლია. ამ მიზნებისთვის დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებს აქვთ უნიკალური ორგანიზებული ტერიტორია, დაცვისა და ეკოლოგიური სისტემების აღდგენის გამოცდილება, მჭიდრო კონტაქტები ეროვნულ ფუნდამენტურ მეცნიერებასთან, საზღვარგარეთ თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, დაცვითი სტრუქტურები; ჰყავთ კომპეტენტური სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალი.

ეკოტურიზმი საქართველოს დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებზე, განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება. აქ ეკოტურისტები საზღვარგარეთის ეროვნულ პარკებთან შედარებით გაცილებით მცირე რაოდენობით არიან. იქ ქვეყნებს წელიწადში რამდენიმე მილიონი ტურისტი სტუმრობს.

ევროპელი და ამერიკელი ეკოტურისტებისთვის ეკოტური მკაცრად დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებზე ყველაზე პოპულარული დასვენების საშუალებაა. საქართველოში კი ეკოტურიზმი შედარებით ახალია და ბევრმა არ იცის, რით განსხვავდება ტურიზმის ეს სახეობა ბუნებაში ჩვეულებრივი დასვენებისაგან.

კონცეპტუალური შეკითხვა – მიზანშეწონილია თუ არა ეკოტურიზმის განვითარება მკაცრად დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებზე, დღემდე დისკუსიის თემად რჩება როგორც მეცნიერულ საზოგადოებაში, ასევე ამ დაცული ტერიტორიების თანამშრომლებს შორისაც. მთავარი არგუმენტი არის ის, რომ დაცული ტერიტორიების განვითარება ხდება განსაკუთრებულად, როგორც ხელშეუხებელი ბუნების ეტალონი, რომელზეც დაშვებულია მხოლოდ მეცნიერული გამოკვლევები.

შემოსავალი არ არის ეკოლოგიური ტურიზმის ერთადერთი შედეგი. ვერანაირი ფული ვერ დაიცავს ეროვნულ პარკს, თუ არ იქნება ლიკვიდირებული ეკოლოგიური დეგრადაციის მიზეზები.

მსოფლიოში ტრადიციულად ეკოტურისტული საქმიანობის ორი მოდელია მიღებული: დასავლეთევროპული (გერმანული) და ავსტრალიური. ეკოტურიზმის ფორმირების სტადიაზე მესამე მოდელს შეიძლება ეკოტურიზმის ,,ქართული“ მოდელი ვუწოდოთ. ის ავსტრალიურ მოდელს ჩამოჰგავს, დასავლეთევროპული მოდელის რამდენიმე ნიშანიც აქვს და განსაზღვრული სპეციფიკით ხასიათდება.

,,ქართული“ მოდელი, ისევე როგორც ავსტრალიური, განსაკუთრებულად დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებს განიხილავს როგორც ძირითად ობიექტს ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებისათვის. დასავლეთევროპული და ავსტრალიური მოდელებისაგან მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანია სოციალური ფაქტორი, ანუ ეკოტურიზმი ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის სურვილის დაკმაყოფილებისას მოწოდებულია, მინიმუმამდე დაიყვანოს ანთროპოგენური დატვირთვა, ხელი შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და აამაღლოს როგორც დამთვალიერებლების, ისე ადგილობრივების ეკოგანათლებისა და საერთო კულტურის დონე. ბევრი ქართული განსაკუთრებულად დაცული ბუნებრივი ტერიტორია ეკოლოგიური ტურიზმის განხორციელებისას სწორედ ამ მოდელს იყენებს.

ეკოლოგიური ტურიზმის სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობის აღიარება მსოფლიოს ბევრ ქვეყანასა და რეგიონში მისი განვითარების მიზეზი გახდა. ეკოტურიზმი სულ უფრო და უფრო ხდება ადამიანის დასვენების მასობრივი ფორმა და მისი ცხოვრების ხარისხის სრულყოფის აუცილებელი საშუალება.

საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებისთვის, რაც განპირობებულია მრავალფეროვანი უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტებით, რომლებსაც ურბანიზაციისა და კულტურიზაციის პროცესი არ შეხებია, თუმცა საქართველოს ეკოლოგიური ტურიზმის რესურსები დღემდე ფრაგმენტულად ვითარდება.

სკოლა პიროვნებებისთვის

0

ჩემი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერს ვაცნობიერებო, წერდა ალბერ კამიუ. რას გულისხმობდა ამაში? იქნებ მისივე აზრს და ხედვას ყოფიერების აბსურდულობაზე, ან, ზოგადად, იმას, რომ ადამიანი, რომელიც უფრო მეტად ფიქრობს საგნებსა და მოვლენებზე, მეტს ხვდება და ხედავს დეტალებს, ნაკლები დრო რჩება ზედაპირულობსათვის, რომ მიიღოს ის ყოველდღიური სიამოვნება ცხოვრებისგან, რასაც ათასები და მილიონები ეწაფებიან. დეტალების შესწავლა მუდამ მოქმედებაა, ათვლილი ცხოვრება, როცა ადამიანი რეალურად არსებობს საკუთარ დროში და მას მხოლოდ შესვენებები აქვს, რაღაც ფიქრის პაუზები, სადაც საკუთარი ყოფნის მსვლელობას თვითონ აჩერებს. დრო თავისთავად გადის სხეულისთვის, მოვლენებისთვს, მაგრამ თუ ის აითვლება პიროვნების შინაგანი დინამიკით, მაშინ მისი შეჩერება თითქოს შეიძლება. ესაა მომენტები, როცა გვერდზე გადადებ ნაწილებს და იღებ წუთშესვენებას ჩაფიქრებისთვის. ეს გაჩერებულ საათს ჰგავს, რომელსაც დაქოქავ, ან ბატარეას გამოუცვლი, გაასწორებ საათის ისრებს და ის ისევ სწორად აჩვენებს, ისევ მართალია და არაფერს ჩამორჩება. მომენტები, როცა ჩვენ ვქოქავთ საკუთარ თავს, როცა რაღაც საკვებ ენერგიას ვუცვლით ან გადავსინჯავთ, ყველაზე მეტად გვზრდიან.

თუ კამიუ ზემოთ მოყვანილ ფრაზას მეტ-ნაკლებად მეტაფორული გაგებით წერდა, ნამდვილი უბედურება ისაა, როცა ადამიანი უარს ამბობს გაცნობიერებულობაზე, ან ამის შესახებ არც იცის. გაცნობიერებულობა კი არჩევანის მუდმივი უფლებისგან იწყება. სამყაროს საუკეთესო თვისება მისი პირობითობაა. ყველაფერი ასეთივეა და ბურუსით მოცული. უზუსტესი მათემატიკური მონაცემებიც კი აზრს კარგავენ უახლოეს პლანეტაზე, ამ დროს კი ჩვენს სკოლებში ისევ იწერები თავისუფალი თემები ერთხელ, სადღაც ოცი წლის წინ დადგენილი სათაურებით, რომლებშიც ერთსადაიმავე მსჯელობას, აზრის განვითარებას ვხვდებით.

ისევ კამიუ ამბობს, რომ სკოლა ისეთი ცხოვრებისთვის გვამზადებს, რომელიც სამყაროში რეალურად არ არსებობსო. აბსოლიტურად შეესაბამება ეს სიტყვები დღევანდელი საქართველოს რეალობას. კერძო და საჯარო სკოლების სურათი, ჩემი დაკვირვებით ისეთია, რომ კერძო სკოლებში, სადაც საკმაო თანხას იხდიან მშობლები, ზრუნავენ, რომ მოსწავლე გაიზარდოს ისეთ ადამიანად, რომელიც შრომით ბაზარზე იქნება კონკურენტუნარიანი და უაკნ ამოიღებს ოჯახის იმ მატერიალურ დანახარჯებს, რაც მის განათლებაზე დაიხარჯა, _ ესაა და ეს ძირითადად, ხოლო საჯარო სკოლებში ყველაფერი თიტქოს თავისთავად მიედინება რაღაც კალაპოტში, თითქოს რაღაც დაკისრებული მოვალეობა იყოს სასწავლო პროცესი მოსწავლე-მასწავლებლებისთვის. ასეთ გარემოში, რა თქმა უნდა, შემდეგ იმარჯვებენ კერძო სკოლის მოსწავლეები და მეტს აღწევენ სკოლის გარეთაც, არსებული სიკეთეები მათთვის ყოველთვის მეტია.

თუმცა, ერთი რამ ორივეგან დავიწყებულია ძირითად შემთხვევებში, რომ სკოლამ უნდა აღზარდოს პიროვნება. ამ სიტყვას ყველასთვის სხვადასხვა გაგება აქვს, მაგალითად, ნეოლიბერალური საზოგადოებებისთვის აღიქმება ისე, როგორი მოლოდინებიც აქვთ ძირითადად კერძო სკოლის მოსწავლეთა მშობლების დიდ ნაწილს. დამერწმუნეთ, კერძო სკოლის მოსწავლის მშობელს რომ უთხრა, თქვენს შვილს პოეზია აინტერესებს, წერს ძალიან კარგად და მე ვახალისებ, მოტივაციას ვუჩენ, რადგან თვითონ უნდა, რომ პოეტი გახდესო, ალბათ გული გაუსკდება.

ჩვენ ვზრდით ადამიან-რობოტებს შრომითი ბაზრისთვის და რაც უფრო იზრდება სოციალური უთანასწორობა სკოლებში, მით უფრო ნათლად ჩანს ყველაფერი. გასაგებია, რომ სახელმწიფოს აქვს ფუნქციონალისტური მიდგომა რიგ საკითხებში, მაგალითად, გამოყოს სახელმწიფო სასწავლოგრანტი ისეთ ფაკულტეტებსა და პროფესიებზე, რომლებიც ნაკლებმოთხოვნადი, თუმცა საჭიროა და სხვა, მაგრამ მასწავებელი რა თქმა უნდა ინდივიდუალური მიდგომით უნდა მუშაობდეს.

ლიტერატურა მოქმედებს საზოგადოებებზე, თუმცა პიროვნებებისთვის იქმნება და მათ ცვლის. მისი საოცრად დადებითი მხარე ის არის სკოლაში, რომ უამრავი პერსონაჟის მაგალითით შეგვიძლია ვაჩვენოთ მოსწავლეების სხვადასხვა სოციალური როლები, დამოკიდებულებები, ისტორიული თუ სხვა კონტექსტები და, რაც მთავარია, გავუჩინოთ მათ თავიანთი დროის ათვლის შესაძლებლობა. დროის, რომელსაც აუცილებლად აქვს ფიქრის პაუზები და ისინი ყველაზე მატად გვაახლოვენებნ საკუთარ თავთან, რომ ვიყოთ თავისუფალი ადამიანები და არა მხოლოდ სამომხმარებლო ბაზრის რობოტები.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...