ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

სპორტული ამუნიციის ისტორია

0

რამდენიმე წლის წინ სპორტის ქართველი მოყვარულებისათვის ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა ის ინფორმაცია,  რომ ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე იტალიის ნაკრებს საქართველოში შეკერილი სპორტული მაისურები ეცვა, რაც იძლეოდა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ საქართველოში შეკერილი მაისურები ევროპის რამდენიმე ცნობილმა საფეხბურთო კლუბმაც ჩაიცვას.

მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ფირმები, რომლებიც სპორტული დანიშნულების ნივთებსა და აქსესუარებს აწარმოებენ, წლიდან წლამდე ცდილობენ, რომ ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, ერთმანეთს მძაფრი კონკურენცია გაუწიონ და ამ კონკურენციის წყალობით, სპორტის კონკრეტული სახეობების განვითარების პარალელურად, ავტომატურად იხვეწება სპორტული აქსესუარების ხარისხი.

ხშირ შემთხვევაში, სპორტული ფირმები ნამდვილ ნოვატორებად გვევლინებიან და სპორტის განვითარებას მთელს რიგ შემთხვევებში წინაც კი უსწრებენ. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სპორტული მაისურების დიზაინი, რომელიც წლიდან წლამდე იხვეწება და თანდათან ყალიბდება ტენდენცია, რომ ამა თუ იმ კლუბს ან ნაკრებს, კონკრეტულად მისთვის შესაფერისი და განსაკუთრებული ეკიპირება ჰქონდეთ.

2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე იტალიის ნაკრებს ფირმა “ნაიკმა” პირველად ჩააცვა ფეხბურთელის ტანის ზედა ნაწილში შემოჭერილი და წელზე ოდნავ განიერი მაისურები. შემდგომ ასეთი ტიპის მაისურები “რომამ,” “ლაციომ” და სხვა კლუბებმაც დაუკვეთეს. ასეთ მაისურებში იტალიელი ფეხბურთელები ნამდვილ რომაელ ლეგიონერებს დაემსგავსნენ.

რომაელი ჯარისკაცები ტრადიციული სამოსის (ტუნიკის) ქვეშ სწორედ ასეთ მჭიდროდ შემოჭერილ მაისურებს იცვამდნენ და როგორც ერთ-ერთი რომაელი ისტორიკოსი, კერძოდ კი ტაციტუსი ამბობს:

“რომელებისაგან ჩაცმულობის სტილი პართიელებმაც (შემდგომში სპარსელები) გადაიღეს, მაგრამ პართიელმა თერძებმა ტუნიკის შიგნით ჩასაცმელი პერანგი ვერაფრით შეკერეს და ჩვეულებრივ ხალათებს იცვამდნენ”.

ეს ყველაფერი ნათლად მეტყველებს, რომ სპორტს ისტორიასთან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი კავშირი აქვს და ამ ფაქტის უგულებელყოფა უბრალოდ შეუძლებელი გახლავთ.

ევროპული ჩაცმულობის ჩვენს ქვეყანაში პოპულარიზაციის შემდეგ, სამწუხაროდ, ჩვენამდე ჩოხების მხოლოდ მცირე სახეობებმა მოაღწია. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ქართულ ჩოხებთან ერთად, მეგრელი, აჭარელი და გურული გლეხები იცვამდნენ, ე.წ. საცქვიტაო ჩოხებსაც, ანუ ასეთი ტიპის ჩოხების უმთავრესი დანიშნულება იყო, რომ მის მფლობელს რაც შეიძლება მარტივად ემოძრავა და ცნობილი ქართული თამაშობების დროს ჩვენი წინაპრები, სავარაუდოდ, სწორედ ასეთ ჩოხებს იცვამდნენ.

ქართულ თამაშობებში შესაძლებელია ისეთი სპორტულ-კულტურული ფენომენი აღმოვაჩინოთ, რომელზეც ეთნოგრაფებსაც კი არ უმუშავიათ.

როგორ შეგვიძლია პროფესიულ განათლებაში სწავლის უზრუნველყოფა? კონსტრუქტივიზმი და ზრდასრულთა განათლება

0

 

თუ ადამიანი ქვას ფეხს წამოჰკრავს, ზუსტად შეძლებს განსაზღვროს, რა მიმართულებით გადავარდება ის.  დარტყმის ძალისა და კუთხის ცოდნა საშუალებას მოგვცემს, პროგნოზი გავაკეთოთ. თუმცა, თუ ადამიანი ძაღლს დაეჯახება, რეაქცია გაურკვევლია, რადგან სულიერი არსება შესაძლოა თავდასხმაზე გადავიდეს. რამდენად  ეხება ეს  მოზარდებს  და მათ სასწავლო პროცესს?

პედაგოგიკასა და დიდაქტიკაში არსებობს ისეთი მოძველებული მოდელები, რომელთა მიხედვითაც ოპტიმალური სასწავლო პროცესები ბოლომდე დაგეგმილი და წინასწარგანჭვრეტადია; სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მიღებული შედეგები აუცილებლად გამოიწვევს ახალგაზრდების გარკვეულ წარმატებას. კონსტრუქტივიზმმა და მისმა გამოვლინებამ ევროპაში, ბოლო ათ წელიწადში, გარკვეული ძვრები მოახდინა ამ მიმართულებით. იმართებოდა ცხარე დებატები, მთავარი კითხვები კი გახლდათ: არის თუ არა  სწავლა ახალგაზრდებში საიმედოდ პროგნოზირებადი? რა ტიპის შენიშვნები და კითხვებია განათლების მიღების პროცესში დამატებით გასათვალისწინებელი?

სტატიაში ვეცდებით, სამეცნიერო დებატების პოტენციალს შევხედოთ სხვადასხვა კუთხიდან, შევაჯამოთ პროფესიული განათლების თეორიისა და პრაქტიკის მნიშვნელობა.

ტერმინი “კონსტრუქტივიზმი” აბსტრაქციებით აზროვნებას ნიშნავს. ეს არის თეორიებისა და ცნებების სხვადასხვა კონტექსტი. ადამიანს არ აქვს პირდაპირი შემეცნებითი ხელმისაწვდომობა რეალობასთან, იგი განიცდის ზემოქმედებას, გავლენას, რის შედეგადაც იაზრებს იმ ინფორმაციას, რომლის გადამუშავებაც შეუძლია. ცოდნას აქვს რაღაც სუბიექტურიც. ცხოვრება ჰგავს პილოტის  ფრენას, რომელიც თავს არიდებს უამინდობის დროს დაბრკოლებებს, რადგან ინსტრუმენტები  მიანიშნებენ, რომ “რაღაც” წინაღობა არსებობს გზაზე. ის  სათანადოდ  აფასებს სიტუაციას. შესაძლოა, ვერ ხვდება, თუ რა არის ეს “რაღაც”, მაგრამ მას შეუძლია იპოვოს ეფექტური გზა არსებული პრობლემის გადასაჭრელად დეტალებზე დაკვირვების გარეშე. ეს არის სიცოცხლისუნარიანობა (Viabilität ) და არა –  ცოდნის ობიექტურობა და მოქმედება.

ეს გნოსეოლოგიური პერსპექტივა  ჩვენთვის ახალი  როდია. ყველას, ვისაც მცირედი წარმოდგენა მაინც აქვს ფილოსოფიის ისტორიაზე, შეუძლია თავი წარმოიდგინოს პლატონის მღვიმეში. ნეიროფსიქოლოგიაში არსებობს ასეთი შეხედულება, რომ ადრინდელთან შედარებით  უკეთესად შეგვიძლია  საკითხის განჭვრეტა  და გაგება. საინტერესოა, როგორ შერჩევით ფუნქციონირებენ ჩვენი ინსტრუმენტები რეალობის შესაცნობად. „დასკვნა“, როგორც შეფასების ქსელი, ჩნდება ჩვენს თავში, ხოლო დასკვნები ხშირად არის დადასტურება  წინარე ვარაუდებისა.

ინდუსტრიული ეპოქის მსოფლიო იყენებდა გამოუთქმელ თეორიულ მიდგომას: „სინამდვილე არის ცნობადი და წარმატებით შეიძლება მისი მოდელირება“. წინადადების პირველი ნაწილი აღმოჩნდა არასწორი, შეუმდგარი. „სინამდვილე არის ცნობადი?“ მის ადგილას წარმოჩნდება დამკვირვებლის ხედვა: „საქმე აღარ ეხება გარე რეალობის ან სინამდვილის ბუნებას, არამედ ადამიანი იწყებს რეალობის მინიშნებას ან დამკვირვებლის მიერ აღქმული სინამდვილის, ეს უკანასკნელი კი საკუთარი გამოცდილებიდან მოგვითხრობს“ (Maturana in Pörsken 2001, გვ. 73).

როდესაც საუბარია მეტა-დონეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე საქმის, რომელიმე ადამიანის ან სიტუაციის შესახებ სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია, გარდა იმისა, რასაც ჩვენი მხედველობითი და სმენითი აღქმის ორგანოები გვაწვდიან. კონსტრუქტივიზმის დამკვირვებლის თეორია აღწერს, როგორ არის შესაძლებელი  ფრაგმენტული აღქმის საფუძველზე, მოვახდინოთ რეალობის კონსტრუირება – დაკვირვების  და არა თვით რეალობის გზით.

ხშირად ეს რეალობა ჩვენ წინაშე დგას არა პირდაპირ, არამედ იგი გადმოგვეცემა სხვა დამკვირვებლებისაგან.

ჩვენ ვცვლით ხედვის  მიმართულებას.  როცა ვაკვირდებით ორ ან მეტ ადამიანს შორის კომუნიკაციას, ვხვდებით, რომ ისინი იყენებენ ერთნაირ სიტყვებს, თუმცა განსხვავებული გაგება გვხვდება, რადგან ყველას სხვადასხვა წინარე გამოცდილება აქვს. ამ შემთხვევაში გაუგებრობები დასაშვებია. ზოგჯერ ვკარგავთ თავდაჯერებულობას: ნამდვილად გვესმის ერთმანეთის? ასეთ შემთხვევაში ყურადღებას ვამახვილებთ  ინტონაციაზე,  სხეულის ენასა  და ემოციაზე,  რათა გავიგოთ, რამდენად გაიაზრა მსმენელმა მონათხრობი.

ერთმანეთის ვაგებინებთ სათქმელს, თუმცა ხშირად ერთი და იგივე ამბავი  ადამიანებში სხვადასხვა ემოციას აღძრავს. შესაძლებელია, ორ პედაგოგს ერთი მოსწავლის მიმართ რადიკალურად განსხვავებული შეფასება ჰქონდეს და ეს გამოჩნდეს საუბრისას. ორივე ისაუბრებს სრულიად სხვადასხვა პერსპექტივიდან ან სიტუაციის ასპექტებს განსხვავებულად შეაფასებს – მაშინაც კი, თუკი ისინი მოსწავლეს  მხოლოდ ვერბალურად აღწერენ, როგორც ძალიან მშვიდსა და წყნარს. პირველი მასწავლებლისთვის შესაძლოა კლასში მოსწავლის რეპრესირებული როლი წინა პლანზე იდგეს, მაშინ როცა მეორისთვის ეს გარკვეული ტიპის დაბრკოლებაა. ორივე მასწავლებელი ცდილობს იპოვოს გზა, რათა შეიმუშაოს ეფექტური მიდგომა და განავითაროს ის. თანამშრომლობაში პედაგოგებს დაეხმარება „სიცოცხლისუნარიანობა“ – უნარი შესაბამისი მიდგომების პოვნისა.

შინაგან სისტემაში ჩვენ ვხედავთ ძალიან სპეციფიკურ კითხვებს, გაურკვევლობებსა და იდეებს. ადამიანები რეაგირებენ მთელი რიგი შინაგანი კოგნიტური და ემოციური მახასიათებლების, უმთავრესად, „ფხიზელი“ რეაქციის საფუძველზე. საჭიროა ამ ფაქტების გათვალიწინება. რაოდენ პარადოქსულიც უნდა გვეჩვენოს, ჩვენ უნდა შევძლოთ „ბრძოლა რეალობისათვის“ (Simon 1999, გვ. 53), რათა „ობიექტური“ ცოდნა დავთმოთ და ჩვენი ქმედებები პროფესიულ განათლებაში უფრო მკაფიოდ მივმართოთ მთავარი საკითხებისკენ.

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ზრდასრულთა განათლება, იმის გაცნობიერება, რომ სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. საწყის ეტაპზევე უნდა გვქონდეს მოლოდინი. მასწავლებლების შეფასება უნდა იყოს უფრო მეტად მრავალფეროვანი. ჩვენი მოვალეობაა, რომ  ვიყოთ საჭირო  სტუდენტებისათვის, ანუ ვიპოვოთ პრაქტიკული მიდგომები, რათა ვიმოქმედოთ ეფექტურად. მხოლოდ სწავლის მეთოდი ან ზუსტად დაგეგმილი მედიაციის ნიმუში ვერ იქნება ერთადერთი განზოგადებული პასუხი.  ქმედება უნდა იყოს ყოველთვის მოქნილი და „თავსებადი“.

უარი ვთქვათ წარსულზე ორიენტირებულ დასკვნებზე. „ნორმალური“ ენობრივი წესებითა და ტრადიციული პედაგოგიური ნიმუშებით შეუძლებელია, ან ნაკლებად შესაძლებელია მუშაობა. სიტუაციებს ისე ვხედავთ, როგორც აღვიქვამთ, ჩვენი ბიოგრაფიებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გათვალისწინებით. მოსწავლეს მასწავლებელი აღიქვამს, როგორც „სუფთა ფურცელს“, რომელიც ცოდნით უნდა შეავსოს. ახალგაზრდების სწავლების პროცესში უნდა გავითვალისწინოთ ე. წ. „სიცარიელე“და ურთიერთდამოკიდებულება სწავლის გადამცემსა და მიმღებს შორის. ამის გააზრებით შესაძლებელია გაკვეთილის დაგეგმვა.

ზრდასრულთა განათლების სისტემაში კიდევ უფრო მეტი ხარვეზი გვხვდება.  სასწავლო სიტუაციების გაცნობისას შევნიშნავთ, რომ ძალიან ბევრი რამ დამახინჯებულია ან საერთოდ დაკარგული. პრობლემა აქტუალურია, რაზეც მიგვანიშნებს საგანმანათლებლო თეორია. დღეისათვის არსებობს უამრავი  ნაშრომი, სადაც თავმოყრილია ზრდასრულთა სწავლის სპეციფიკასთან დაკავშირებული საკითხები.

ცოდნის გადამცემმა (მასწავლებელმა) უნდა შეძლოს ცოდნის მიმღების (მოსწავლის) ინტერესების, დამოკიდებულებების, ღირებულებების, წინარე გამოცდილების და პოტენციალის აქტიურად და ინდივიდუალურად გაანალიზება. აღსანიშნავია, რომ ზრდასრულ მოსწავლეებს,  როგორც თავიანთი  ბიოგრაფიის ექსპერტებს, სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ მასწავლებლებისადმი.  არ არსებობს  დიდი პედაგოგიური უფსკრული მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.

პროფესიულ განათლებასა და ზრდასრულთა სწავლებაში მნიშვნელოვანია პრაქტიკული ურთიერთობები. უმთავრესად, მოსწავლეს მოაქვს გარკვეული წინარე გამოცდილება, რომელიც დააგროვა სახლში ან სხვა ადგილას, სოციუმთან ურთიერთობის შედეგად.  მან უფროსი თაობა ნახა და გამოსცადა, როგორც მისაბაძი (მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ან პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას). მიბაძვისა და მცდელობის გზით ახალგაზრდებმა რაღაცები შეითვისეს. ეს შესაძლოა, არასწორი, რთული ან სამაგალითო აღმოჩნდეს. მყარდება გარკვეული ბალანსი მასწავლებლების მხრიდან ახლად მიწოდებულ და უკვე ნასწავლ, ათვისებულ სასწავლო პროგრამებს შორის. მასწავლებელი იმყოფება მუდმივად ცვალებად როლში.

ლიტერატურაში ზრდასრულთა განათლების თეორიის მიდგომები კვლავ პრინციპულად რჩება. ისევ განიხილება „პედაგოგი“ და „მოსწავლე“, “საჭიროებათა განვითარება” და “პროგრამების დაგეგმვა”; აგრეთვე ჯერ კიდევ აქტუალურია მასწავლებელთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი, “წარმატების კონტროლი” და “ხარისხის უზრუნველყოფა”. ამას მოსდევს მეტ-ნაკლებად ფარულ გაცემა-მიღებასთან დაკავშირებული მოსაზრებები: “თუ მასწავლებელი აკეთებს ამას, მაშინ ზუსტად ასეთივე შედეგს უნდა ველოდეთ მოსწავლისაგან”.

ყოველივე ზემოთ თქმულს ამყარებს შემდეგი მოსაზრება: მე ფეხს ვკრავ ქვას და ზუსტად შემიძლია იმის განსაზღვრა, საით გადავარდება ის. კარგია, რომ სასწავლო გეგმას (კურიკულუმს) ევროპულ კონტექსტში სწავლის მიზნების, შედეგების  გათვალისწინებით ვწერთ, ხოლო პროფესიულ მედიაციაში ერთიან საგანმანათლებლო სტანდარტებს ვქმნით. პედაგოგიურ-დიდაქტიკურად ფატალური იქნება, თუკი მასწავლებელი მოსწავლეებთან ურთიერთობისას აზროვნების ამ მოდელს მექანიკურად და ცალმხრივად მიჰყვება. ამ შემთხვევაში გაკვეთილი იქნებოდა ერთფეროვანი და მოსაწყენი. აუცილებელია მოტივაცია, რათა მოსწავლეებს არ ჩაეძინოთ და საგაკვეთილო პროცესს ბოლომდე მიჰყვნენ. ევროპაში დისკუსია იქით მიდის, რომ „რადიკალური“ შედეგები, ძალზე მნიშვნელოვანი  საკითხების წყალობით, სწავლისა და სწავლების კონტექსტში მოვაქციოთ.

პედაგოგიურ და ზრდასრულთა საგანმანათლებლო დებატებში შესამჩნევია ახლებური კონცეპტუალური ორიენტაცია, სისტემურ-კონსტრუქტივისტული მიდგომები  (vgl. Rotthaus 2002; Voß 1998). ექსპერტები ძალისხმევას არ იშურებენ იმისათვის, რომ კომუნიკაცია, როგორც ბაზისი სწავლა-სწავლების სისტემისა, დიდაქტიკის ამოსავალ წერტილად აქციონ. ასევე არის მცდელობა იმისა, რომ სწავლების სისტემა უფრო ფუნდამენტური პროფესიულ-თეორიული მიზნებისთვის და  საგანმანათლებლო შედეგების აღმოჩენისთვის გამოიყენონ (vgl. Arnold/Siebert 2003). აქცენტი კეთდება იმაზე, თუ როგორ შეძლებენ მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარებას სასწავლო პროცესში. ასეთი მიდგომა გვაძლევს ახალ, გარკვეულწილად მეტაფაქტიურ (R. Amold) ცოდნას (ძირითად პროფესიულ ცოდნას), რომელიც ფოკუსირებულია სწავლაზე, თვითქმედითუნარიანობაზე. იგი ამოსავალ წერტილად იღებს ზრდასრულთა დიდაქტიკური სწავლების მოდელს.

მოსწავლეებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თავად ჩაუღრმავდნენ შინაარსებს, თავად დაამუშაონ და გაითავისონ, დამოუკიდებლად მოძებნონ საუკეთესო გზა იდეის განსახორციელებლად ან პრობლემის მოსაგვარებლად. მომავალმა ხელოსანმა უნდა იცოდეს სტანდარტული საქმიანობები, მაგალითად, რაღაცის დამუშავება, მაგრამ ვინც გამოცდილებას დააგროვებს, ეცოდინება, რომ არსებობს ბევრი ვარიანტი ხელსაწყოს მოხმარებისა. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლემ გამოსცადოს სხვადასხვა გზა და მისთვის სასურველი და რელევანტური აირჩიოს.  ამისთვის კი მას სჭირდება მასწავლებელი, რომელსაც მიბაძავს და ტექნიკურად კარგად აღჭურვილი ოთახი ექსპერიმენტებისა და სხვა პრაქტიკული სამუშაოსთვის.

ილუსტრაცია1: ზრდასრულთა განათლების კონტრფაქტორული სქემა

კონტრფაქტორული  დიდაქტიკა დიდაქტიკა, საკვანძო სიტყვები;
სწავლება სწავლა 1. როგორ და რის კონსტრუირებას ახდენენ მოსწავლეები, როდესაც ისინი სასწავლო ობიექტში  არიან „დასაქმებულები“?

2.”გააზრების”  და „დაკავშირების“ ქსელში რომელი მექანიზმებია სასარგებლო ან დამთრგუნველი?

გადაცემა

 

შესაბამისობა 3. რა არის და როგორ ხდება  მდგრადი ათვისება?

4. პედაგოგიკის რომელი ნიმუშები ამსუბუქებენ ან ართულებენ სწავლის შინაარსის ათვისებას?

გაძღოლა თვითქმედითუნარიანობა

თვითშემოქმედება

5. რომელ კომპეტენციებს (იგულისხმება დამოუკიდებლად სწავლის უნარი) იყენებენ მოსწავლეები  დამოუკიდებლად სწავლის პროცესში?

6. რომელი ღონისძიებები ან პროფესიული ინტერვენცია უწყობს ხელს ასეთი კომპეტენციების განვითარებასა და გამოყენებას?

პროფესიული განათლების ან ზრდასრულთა სწავლების ახლებური მეტაფაქტიური დიდაქტიკა, რომელიც ეფუძნება კონსტრუქტივიზმსა და სისტემურ სწავლებას, მიმართულია იმისკენ, რომ დაადგინოს მოსწავლის თვითაქტივობისათვის საჭირო წინაპირობები და მოახდინოს ზრდასრულთა პედაგოგიკის კომუნიკაციის ნიმუშის იდენტიფიცირება.

ამ თვალსაზრისით თომას ჰალმაიერი უპირისპირდება კლაუს-პეტერ-ჰუფერს და  უკუფაქტორული კონსტრუქტივიზმის კრიტიკაში აღმოაჩენს: „ზრდასრულთა განათლების პოლიტიკური სარგებლობისა და სამეცნიერო შედეგების მისაღებად საჭიროა მთელი რიგი დიდაქტიკური ორიენტაციების გვერდით ზრდასრულთა განათლების საფუძვლიანი განმარტება“ (ჰალმეიერი 2002, გვ. 135).

მასწავლებლები და მოსწავლეები თანაბარ სიბრტყეზე  უნდა იყვნენ. ეს არის სწავლა-სწავლების პროცესში საკუთარ ქმედებებზე დაკვირვება და შეფასება. დროდადრო მასწავლებელი მოსწავლეებს აკვირდება და აანალიზებს, როგორ უნდა იმოქმედოს ისე, რომ საბოლოოდ მათ კარგი შედეგები მიიღონ.

ამ საკითხზე ყურადღებას აღარ გავამახვილებთ, ერთი რამ კი ცხადია: იმისათვის, რომ გარკვეული ტიპის მოთხოვნები შესრულდეს, მივიღოთ სასურველი შედეგი, საჭიროა მასწავლებლების უფრო მეტად ჩართვა აღნიშნულ პროცესში და მათი ფუნქცია-მოვალეობების მკაფიოდ  განსაზღვრა.

მომავალში პროფესიული განათლება არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ სწავლის შედეგებზე. მასწავლებლებმა ხელი უნდა შეუწყონ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასაც. ასეთი შედეგის მისაღწევად ბევრი რამ უნდა შეიცვალოს.  მოსწავლემ უნდა ისწავლოს  სასწავლო პროექტების მართვა (ჰოლცკამპი, 1993). ეს მოსაზრება პედაგოგიკაში ახალი არ არის, თუმცა ზრდასრულთა სწავლებაში ძალიან ცოტა იყო მსგავსი ტიპის რეკომენდაცია. როგორ შევუწყოთ ხელი სასწავლო პროექტების სტიმულირებას? როგორ უნდა მოხდეს მათი უზრუნველყოფა? ხშირად საკითხს ასე არ უყურებენ პროექტის მონაწილეები, თუმცა თითოეულს თავის სფეროში მსგავსი დავალებები  ბევრჯერ შეუსრულებია.

მასწავლებლებისათვის პროფესიული პედაგოგიკის ახალი აღმოჩენები ხშირად უჩვეულოა. საჭიროა, რომ პედაგოგებმა მომავალში ინდივიდუალური სტილის,  განსხვავებული გაკვეთილები ჩაატარონ და დაადგინონ, რომ  მოსწავლეთა ჯგუფი მინიმალურ შედეგს მაინც მიაღწევს. მასწავლებელს სჭირდება სიტუაციური უნარი  ჯგუფში განსხვავებული პროცესების მართვისთვის.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კონსტრუქტივისტული ფიქრი ზრდასრულთა პედაგოგიკას მექანიკურ სასწავლო ტერმინებში ნაკლებად სვამს და ზრდასრულთა განათლება აღიწერება, როგორც მრავალფეროვანი პროცესი სასწავლო ჯგუფებში (Vgl. Arnold u.a. 1998). „სწავლა მჭიდროდ უკავშირდება იდენტობას. შემეცნება და ემოცია გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. სწავლის წინააღმდეგობებიც კი შესაძლოა ბიოგრაფიულად და გონივრულად დასაბუთდეს (არნოლდი და სხვები 1999, გვ. 12).

სასწავლო ღონისძიებებში უნდა გაერთიანდეს  სწავლების მეთოდები, რომლებიც დინამიკური უნარ-ჩვევების განვითარებას,  განსხვავებული ნიჭის ხელშეწყობას უზრუნველყოფენ, რადგან მხოლოდ ინფორმირებული, კომპეტენტური და მოტივირებული ადამიანები ქმნიან  სოციალურ ცვლილებებს. ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ახალგაზრდებს ეს შევაძლებინოთ.

მასწავლებლის როლი ცვალებადია. სხვა დანარჩენთან ერთად, მისი ამოცანაა დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს დახმარების გაწევა და მეთოდოლოგიური კომპეტენციების გადაცემა, ასევე ჯგუფურ-დინამიკური პროცესების გაცნობიერება და რეფლექსიის ხელშეწყობა. ამ შემთხვევაში მასწავლებელი გახდება „შესაძლებლობის მიმნიჭებელი“.

გამოყენებული ლიტერატურა

Arnold, R. (2003): Emotionale Kompetenz und emotionales Lernen in der Erwachsenenbildung. Bd. 18 der Schriftenreihe „Pädagogische Materialien der Universität Kaiserslautern“. Kaiserslautern

Arnold, R./Schüßler, I. (Hrsg.) (2003): Ermöglichungsdidaktik. Baltmannsweiler

Arnold, R. Siebert, H. (1995): Konstruktivistische Erwachsenenbildung. Von der Deutung zur

Konstruktion von Wirklichkeit. Hohengehren

  1. Arnold, H. Siebert: Konstruktivistische Erwachsenenbildung – Von der Deutung zur Konstruktion von Wirklichkeit; Schneider Verlag: Hohengehren, Neuaufl. 2003

Arnold, R./Krämer-Stürzl, A./Siebert, H. (1999): Dozentenleitfaden. Planung und Unterrichtsvorbereitung in Fortbildung und Erwachsenenbildung. Berlin

Arnold, R. u. a. (Hrsg.) (1998): Lehren und Lernen im Modus der Auslegung. Baltmannsweiler

Fuhr, R./Gremmler-Fuhr, M. (1988): Faszination Lernen. Transformative Lernprozesse im Grenzbereich von Pädagogik und Psychotherapie. Köln

Hallmayer, T. (2003): Realität statt Konstruktion? Konstruktivismus, politische Bildung und Erwachsenenpädagogik. In: Erwachsenenbildung, H. 3, S. 133-135

Holzkamp, K. (1993): Lernen. Subjektwissenschaftliche Grundlegung. Stuttgart

Jank, W./Meyer, H. (1991): Didaktische Modelle. Frankfurt

Pörsken, B. (2001): Abschied vom Absoluten. Gespräche zum Konstruktivismus. Heidelberg

Prange, K. (2000): Phänomenologisch oder konstruktivistisch? Zu der Frage, wie der Begriff der Erziehung zu bestimmen ist. In: Adick, Ch. u. a. (Hrsg.): Was ist Erziehungswissenschaft? Donauwörth, S. 15-34

Riemann, F. (1998): Grundformen der Angst. Eine tiefenpsychologische Studie. München

Schmitz, E. (1984): Erwachsenenbildung als lebensweltbezogener Erkenntnisprozess. In: ders./

Tietgens, H. (Hrsg.): Erwachsenenbildung. Bd. 11 der Enzyklopädie Erziehungswissenschaft. Stuttgart, S. 95-123

Simon, F. B. (1999): Die Kunst, nicht zu lernen und andere Paradoxien in Psychotherapie, Management, Politik. 2. Auflage Heidelberg

Rotthaus, W. (2002): Wozu erziehen? Entwurf einer systemischen Erziehung. Heidelberg

Tietgens, H. (1992): Reflexionen zur Erwachsenendidaktik. Bad Heilbrunn

Voß, R. (Hrsg.) (1998): Schulvisionen. Theorie und Praxis systemisch-konstruktivistischer Pädagogik. Heidelberg

 

სამეტყველო ფაზლი ანუ  რატომ უნდა ველაპარაკოთ ბავშვებს?

0

რატომ არის ჭარხალი წითელი? რატომ ცხელა ზაფხულში? რატომ ირეკლავს სარკე? როგორ მოდის თოვლი? სად ცხოვრობს ღმერთი? დაბერება რას ნიშნავს, მერე ვფუჭდებით?  კანსქვეშ რა არის? ძვალი შეიძლება გახმეს? ღმერთი არ იცავს ძაღლებს? ჩვენ, რომ ვაჩუქოთ სანტა კლაუსს საჩუქრები, ხომ შეიძლება? რატომ არის სისხლი წითელი? ცაში ბაბუას სახლი აქვს? ყველა ადამიანი კვდება?  – ამ და კიდევ ბევრ ასეთ კითხვას სვამს ჩემი სამი წლის შვილი, რომელზედაც ზოგჯერ სწრაფი პასუხები მაქვს და ზოგჯერ კი დრო მჭირდება დაფიქრებისთვის, იმისთვის რომ ზერელე პასუხი არ გავცე, იმისთვის რომ სწორი ორიენტირები პატარაობიდანვე ჰქონდეს მონიშნული და შემდეგ, თვითონ დააშენოს მასზე ცოდნა, თვითონ მოიპოვოს ინფორმაცია, რომელიც დააინტერესებს, თვითონ გადაშალოს სიტყვიერების თვალუწვდენელი რუკა და საკუთარი აზრების უკეთ გადმოსაცემად  ამოირჩიოს საჭირო სიტყვები.

– მოდი, სახლში როცა მივალთ, ინტერნეტში მოვიძიოთ ამ თემაზე ინფორმაცია  და იქ წავიკითხოთ – ვეუბნები, როდესაც მზა პასუხი არ მაქვს  მის “უცნაურ” შეკითხვებზე. მასთან , ურთიერთობის დროს ბევრ სხვა რამესთან ერთად, ერთი რამ ვისწავლე –  არ არის საჭირო მუდმივად გამოწერილი მქონდეს რეცეპტებივით  პასუხები  და  თავი ყოვლისმცოდნედ მოვაჩვენო, პირიქით მისთვის უფრო საინტერესო თავგადასავალია, როდესაც ერთად ვიგებთ სიახლეებს და ერთად ვსწავლობთ, რადგან ამ დროს ორივე თანაბარ პოზიციაში ვართ და ეს უფრო მოტივირებულს ხდის, ამიტომ ერთად ვეცნობით  იმ თემებს, რომელიც გვაინტერესებს, ერთად ვუყურებთ მის საყვარელ მულტფილმებს და გზადაგზა ვჩერდებით და განვიხილავთ, მეკითხება იმაზე თუ რას ნიშნავს სიტყვა “ინაუგურაცია”. ვუხსნი, შემდეგ კი მულტფილმის პერსონაჟივით გაჰყვირის – ინაუგურაცია, ინაუგურაცია. მას სიტყვები უყვარს და ამ სიტყვებით სიახლეების აღმოჩენა. მას ადამიანებთან ურთიერთობაც მოსწონს და ყოველთვის ახერხებს მათთან კარგად გაატაროს დრო. ის ელაპარაკება ტაქსისტებს, ავტობუსის მძღოლებს, მაღაზიის გამყიდველს. უყვება თავის სამყაროზე, ოჯახზე, ბაღზე, რომელიც არ უყვარს, მასწავლებელზე, სკოლაზე, თოვლის ბაბუის მოტანილ საჩუქრებზე  და ა.შ.

მე ბავშვების ექსპერტი არ ვარ, მითუმეტეს არც სკოლამდელი  განათლების , თუ კი რამე ახალს  ვსწავლობ და ცოტა უფრო მეტი გამეგება მათზე, ისევ ჩემს შვილზე დაკვირვებით და მასთან ურთიერთობით. ის ერთი,  ძალიან ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც ბევრს ლაპარაკობს და ლაპარაკი ძალიან უყვარს. უყვარს, როდესაც, რაიმე ახალს სწავლობს, უყვარს როდესაც საშინაო საქმეებში მეხმარება და ყოველთვის იჩენს დახმარების ინიციატივას, უყვარს როდესაც მრავალნაირი ვარიაციით ზღაპარს მიყვება, უყვარს როდესაც მისით აღტაცებული ვარ და არ უყვარს, როდესაც საკუთარ სმარტფონს ჩავკირკიტებ და არ ველაპარაკები, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ რაც შეიძლება იშვიათად წავიღო ხელი ამ უკანასკნელისკენ  და ბევრი ვილაპარაკოთ. ის მეუბნება : “ მოდი, ახლა  ვიფიქროთ ახალ თამაშზე, ვითომ მე დედაბერი ვარ და შენ თოვლის ბაბუა, მე კარზე გიკაკუნებ და შენ გეშინია. მოდი, ვითომ მე ფერია ვარ და შენ პინოქიო, ღამით ქუჩაში აღმოჩნდი და მე უნდა დაგეხმარო, მოდი ვითომ მე ფიფქია ვარ და შევჭამე მოწამლული ვაშლი,  მოდი ვითომ შენ მგელი ხარ და მე გოჭი, მოდი ვითომ მე მონადირე ვარ და უნდა გადაგარჩინო, მოდი ვითომ შენ მაღაზიაში მიდიხარ და ჩვენ სახლში ვრჩებით” –   და ასე დაუსრულებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაშები საინტერესო და მისთვის ძალიან სასარგებლოა, ყოველთვის ერთნაირი ხალისით ვერ ვთამაშობთ უფროსები,  ასეთ “ვითომ” გარდასახვებს.  ის კი ყოველთვის ხვდება, ჩემი  როლი   რამდენად გულისყურით და ყურადღებით შევასრულე  თუ უყურადღებოდ მოვისროლე სიტყვები და იმ დროს სხვაგან ქროდა ჩემი გონება, “უფრო მნიშვნელოვან, საჭირბოროტო საკითხებზე”.

– “ მოდი დავსხდეთ და ზღაპარი წავიკითხოთ”. – ვეტყვი, მაგრამ მას დაჯდომა არ უნდა, ურჩევნია ოთახის ყველა კუთხე მოიაროს, სათამაშოები გადმოყაროს  და მე ხმამაღლა ვუყვებოდე ზღაპრებს, დაუსრულებლად. მაგრამ როდესაც მგონია, რომ ზღაპარი ბოლომდე არ მოისმინა, სადღაც გონება გაეფანტა და სხვა საქმეზე გადაერთო, მისი ხმამაღალი რეპლიკები ისევ მაბრუნებს წიგნთან, ზოგჯერ წაკითხულს აპროტესტებს, ზოგჯერ სიუჟეტის ხაზი არ მოსწონს  და თავისი ფანტაზიით ავითარებს.

მასთან ხშირი საუბრები  მეხმარება ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ, მასთან ხშირი საუბრები მას ეხმარება უკეთ თქვას თავისი სათქმელი, კარგად გამოხატოს ის რისი თქმის სურვილიც აქვს.  მეც შევძლო მის კანში შევძვრე, სამი წლის და ცოტა მეტი, ბავშვის ტყავში და ვეცადო იქიდან გამოვხედო ქვეყნიერებას,  ჩემი სურვილები და ჩემი აზრები გავუმხილო ყველას და არ მეშინოდეს არასწორი ინტერპრეტაციების, შეცდომით ნათქვამი სიტყვების, არ ვიფიქრო რომ ჩემი აზრები სისულელეა და ამის გამო გამიჯავრდებიან.

ჩვენ ახლა ყველაფერზე ვლაპარაკობთ, თუკი ვსეირნობთ მითუმეტეს. ზის ეტლში და ისმენს ქუჩების, ხიდების, ძეგლების , მდინარეების, მუზეუმების დასახელებებს. სწავლობს მოძრაობის წესებს, ვუყვები თავის უფლებებზე  და პასუხისმგებლობებზე  და შორს  ვარ იმ აზრისგან, რომ ასე პატარას არ ესმის რას ნიშნავს პასუხისმგებლობის განცდა, ასე პატარა ვერ ხვდება როგორ არღვევენ უფროსები ბავშვების  უფლებებს, მისი მეგობრის უფლებებს ან ვერ ამჩნევს  უსამართლობას . ის განიცდის, როცა მის მეგობარს ბებია ხმამაღლა უყვირის და შენიშვნას აძლევს სხვა ბავშვების თანდასწრებით, ის ფიქრობს რომ ამ ამბავში რაღაც არასწორია. მან კატეგორიულად აგვიკრძალა მისი ამბების სხვებისთვის მოყოლა და ჩვენც მივხვდით, რომ არ იყო სწორი ჩვენი მხრიდან ასეთი საქციელი და მეც აქ შევწყვეტ მასზე საუბარს.

როდესაც, ჩვენს ურთიერთობაზე ვფიქრობ და ჩემს თავს ვიხსენებ მის ასაკში, გული მწყდება რომ ასეთი თამამი არ  ვყოფილვარ  და არც,  ასე გაბედულად გამომიხატავს საკუთარი აზრი. არც, იმხელა თავისუფლება მიგრძვნია, რომ  ჩემი აზრები  ვინმესთვის  გამეზიარებინა, საერთოდაც  საკუთარი სათქმელის  გამოხატვა საკმაოდ გვიან ასაკში ვისწავლე, როდესაც მივხვდი, რომ საკმაოდ ძლიერი ვარ რომ ჩემი მოსაზრებები დავიცვა,  რომ ჩემი აზრები და შეკითხვები არც თუ ისე უინტერესოა სხვა ადამიანებისთვის. მგონი, ამ ყველაფერში დამნაშავე განათლების ის სისტემა იყო, რომელშიც ვიზრდებოდით და ვვითარდებოდით, სადაც პატარებს არ უსმენდნენ და არც მათ სიტყვებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი ძალა. ბაღში თუ სკოლაში,  ჩვენ არ  გვქონდა საშუალება სიტყვების საშუალებით საკუთარი თავი წარმოგვეჩინა და უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი. და ახლა, როცა საკუთარ შვილს ასეთ მოტიკტიკეს ვხედავ სხვადასხვა თემაზე , მგონია რომ მას არასდროს შეეშინდება საკუთარი სათქმელის ხმამაღლა გამოხატვის.  მას მე ვასწავლი ბევრ სიტყვებს, რომ როცა მოუნდება თამამად გამოთქვას  ყველაფერი და მოვუსმენ ბევრს, რომ არასდროს გაუჩნდეს კომპლექსი, რომ მისი აზრები უმნიშვნელოა. ამის, შემდეგ კი ის თვითონ შეეცდება, ააწყოს მისი სამეტყველო ფაზლი, რომელიც მრავალი, ფერადი და ხალისიანი სიტყვისგან შედგება.

სინტოიზმი

0

სინტოიზმი (იაპ. „ღმერთების გზა“) იაპონიის ნაციონალური რელიგიაა. მის საფუძველს წარმოადგენს ბუნების ძალებისა და წინაპართა სულების გაღმერთება. ამ რელიგიის მიხედვით, მრავალ საგანს და, რა თქმა უნდა, სულიერ არსებას აქვს საკუთარი სულიერი არსი, რომელსაც კამი ეწოდება. კამი შეიძლება იყოს როგორც კონკრეტული ადგილის სული, მაგალითად, არსებობდეს ხეში, ქვაში თუ წმინდა ადგილას, ისე განასახიერებდეს გლობალურ ბუნებრივ მოვლენებსაც – მზეს, ქარს, წვიმას და სხვ. კამის ასევე უწოდებენ გარდაცვლილ წინაპართა სულებს, რომლებიც ოჯახებსა და გვარებს მფარველობენ. სინტოს მიხედვით, თითოეულ ადამიანშია კამი, რომელიც მისი მფარველი და კეთილდღეობის საფუძველია.

სინტოს მთავარი სულიერი პრინციპია ადამიანის ცხოვრება ბუნებასა და საზოგადოებასთან სრულ ჰარმონიაში. ამ რელიგიის მიხედვით, სამყარო ერთიანია, სადაც კამები, ადამიანები და გარდაცვლილთა სულები თანაარსებობენ. ამავე დროს, ეს სამყარო ცვალებადია და უსასრულო არ არის – გარკვეული ხნის შემდეგ ის ნადგურდება, მერე კი ახალ ფორმას იძენს.

სინტოიზმში, ქრისტიანობისგან განსხვავებით, ერთიანი ეთიკური კანონი არ არსებობს. სიკეთე და ბოროტება მასში მეტად ფარდობით ხასიათს ატარებს და მათი დაპირისპირება ბუნებრივ მოვლენად აღიქმება. სინტოს მოძღვრების მიხედვით, თუ ადამიანის ქცევა პატივისცემას იმსახურებს საზოგადოების მხრივ, მაშინ ის, სავარაუდოდ, სიკეთეს სჩადის. ასევე სათნოებად მიიჩნევა გარშემო მყოფთა მიმართ თანადგომა, უფროსების პატივისცემა, საზოგადოების წევრებთან მეგობრული ურთიერთობა და სხვა. სინტოიზმი გმობს ეგოიზმს, შეუწყნარებლობას. ბოროტებადაა მიჩნეული ყოველივე ის, რაც არღვევს სოციალურ წესრიგს და სამყაროს ჰარმონიას. ადამიანის სული იმთავითვე სათნო და უცოდველია, ხოლო ამქვეყნიური სამყარო – კარგი, თუმცა სულების გავლენით, რომლებიც ადამიანთა მოდგმის სისუსტით სარგებლობენ, ვრცელდება ბოროტება. ამრიგად, სინტოს მიხედვით, ბოროტება თავისებურ ავადმყოფობას წარმოადგენს, რომელიც ადამიანისთვის ბუნებრივი არ არის.

სინტოიზმი როგორც სახელმწიფო რელიგია ჩამოყალიბდა დაახლოებით VII–VIII საუკუნეებში, როდესაც ერთიანი იაპონური სახელმწიფო შეიქმნა. ახალი რელიგიის მიხედვით, სინტოს უზენაესი ღვთაება გამოცხადდა საიმპერატორო დინასტიის წინაპრად, ხოლო სხვა ღმერთები – იაპონიის გავლენიანი გვარების წინაპრებად. ამავე დროს შეიქმნა ქრონიკა „ძველი ამბების ჩანაწერები“ – კოძიკი და „იაპონიის ანალები“ – ნიჰონგი. ამიერიდან სწორედ ეს წიგნები წარმოადგენდა სინტოს მიმდევართა ძირითად კანონს.

კოძიკისა და ნიჰონგში ასახვა პოვა სინტოიზმის მითოლოგიამაც, რომელიც სამყაროს შექმნის ამბავს მოგვითხრობს. მითის მიხედვით, თავდაპირველად იყო ქაოსი, რომელშიც ყველა ელემენტი არეულ, უფორმო მდგომარეობაში იმყოფებოდა. მერე წარმოიშვა ცა და დედამიწა, პირველი ღმერთები და ღვთებრივი წყვილები – და–ძმები, რომლებიც ბუნებრივ მოვლენებს განასახიერებდნენ. უკანასკნელი წყვილი, იძანაგი და იძანამი, დაქორწინდენენ. მათგან წარმოიშვა იაპონიის კუნძულები და მრავალი კამი. იძანამიმ შვა ცეცხლის ღმერთი, რის შემდეგაც გარდაიცვალა და წყვდიადის ქვეყანაში გაემგზავრა. დამწუხრებულმა იძანაგიმ მოკლა ცეცხლის ღმერთი, რომლის სისხლისგან მრავალი კამი წარმოიშვა, და მეუღლის კვალს გაუყვა, რათა ის ამქვეყნად დაებრუნებინა, მაგრამ როცა გახრწნილი ნახა, ბნელეთიდან გამოიქცა. ქმრის გაქცევით განრისხებულმა იძანამიმ ფიცი დადო, რომ დღეში ათას ადამიანს მოკლავდა, რის პასუხადაც იძანაგიმ მშობიარეებისთვის ყოველდღე ათას ხუთასი ქოხის აგება დაიწყო.

სინტოისტური ტაძარი - 1

ეს მითი თვალსაჩინოდ გადმოსცემს სინტოს წარმოდგენას სიკვდილ-სიცოცხლის შესახებ, კერძოდ, იმას, რომ ღმერთებიც კი მოკვდავნი არიან და აზრი არ აქვს გარდაცვლილთა საიქიოდან დაბრუნებას, თუმცა სულიერი გარდასახვის წყალობით სიცოცხლე ყოველთვის ამარცხებს სიკვდილს.

იძანაგისა და იძანამის მითში უკვე არიან მოხსენიებულნი ადამიანები. ამრიგად, სინტოს მითოლოგია ადამიანთა მოდგმის წარმოშობას იაპონიის კუნძულების გაჩენის თანადროულად განიხილავს, თუმცა კონკრეტულად ადამიანის შესაქმის აქტის შესახებ სინტოიზმი არაფერს გვეუბნება. ეს იმით აიხსნება, რომ სინტო განსაკუთრებულ ზღვარს არ ავლებს ადამიანსა და კამის შორის.

ბნელეთიდან დაბრუნების შემდეგ იძანაგი მდინარის წყალში განიბანა. განბანის დროს მისი სხეულიდან ჩამოსული წყლის წვეთებისგან მრავალი კამი იშვა. მაგალითად, მარცხენა თვალიდან ჩამოსული წვეთებისგან იშვა მზის ქალღმერთი – ამატერასუ, ხოლო ცხვირიდან ჩამოსული წვეთებისგან – სუსანოო, ქარისა და ქარიშხლის ღმერთი. ერთხელ სუსანოო ეწვია დას და გაანაწყენა. ამატერასუ თავის ციურ გამოქვაბულში ჩაიკეტა, რის გამოც სამყარო წყვდიადმა მოიცვა. მითის მიხედვით, ღმერთებმა მზის ქალღმერთი ჩიტების ჭიკჭიკით, სიმღერითა და ხმამაღალი სიცილით გამოიტყუეს გამოქვაბულიდან, რის შემდეგაც სამყაროში ისევ სინათლემ დაისადგურა.

ამატერასუს დაბრუნების შემდეგ იაპონურ მითებში აღწერილია მხოლოდ ცალკეული ისტორიები, რომლებსაც ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს. ისინი მოგვითხრობენ კამების ერთმანეთთან ბრძოლის ამბავს იაპონიის კუნძულების ხელში ჩასაგდებად. ერთ-ერთი მითი გვიყვება, როგორ ჩამოვიდა მიწაზე ამატერასუს შვილიშვილი ნინიგი, რომელსაც მთელი იაპონიის მმართველობის ხელში ჩაგდება სურდა. მას ხუთი ღვთაება ახლდა თან, რომლებმაც იაპონიის ხუთ არისტოკრატულ გვარს დაუდეს სათავე. მეორე მითის მიხედვით, ნინიგის შთამომავალმა ძიმუმ კუნძულ კიუსიუდან კუნძულ ჰონსიუზე გაილაშქრა და მთელი ქვეყანა გააერთიანა, რის შედეგადაც წარმოიშვა იაპონიის იმპერია, ხოლო თავად ძიმუ პირველი იმპერატორი გახდა. მითი იმითაა ორიგინალური, რომ მასში დასახელებულია ამ მოვლენის თარიღი, კერძოდ, ძვ. წ. 660 წელი. თუმცა, მეცნიერთა აზრით, მოვლენა (იაპონიის სახელმწიფოს შექმნა), რომელიც მითშია აღწერილი, ახ. წ. III საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს. სწორედ ამ ისტორიას ეყრდნობა თეზისი საიმპერატორო გვარის ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ. იმპერიის დაარსების დღე ყოველი წლის 11 თებერვალს აღინიშნება იაპონიაში.

საიმპერატორო დინასტიის ღვთაებრიობიდან გამომდინარე, წარმოიშვა იაპონელი ერის რჩეულობის იდეაც. ტრადიციისამებრ, კამი განაგრძობს არსებობას იმპერატორებში, საიდანაც გამომდინარეობს თეორია, რომ ქვეყანა ღვთაებრივი ნების წყალობით იმართება. ამ იდეამ კიდევ უფრო რადიკალური ელფერი მიიღო შუა საუკუნეებში, როდესაც იმპერატორი ქალღმერთ ამატერასუს ცოცხალ გარდასახვად აღიარეს, რაც მისადმი ღმერთების მსგავს თაყვანისცემას მოითხოვდა. იაპონია მიიჩნეოდა ოჯახ-სახელმწიფოდ, სადაც ქვეშევრდომებს იმგვარი პატივისცემა უნდა გამოეხატათ იმპერატორისადმი, როგორიც შვილს – მამისადმი, ხოლო იმპერატორი მამობრივი სიყვარულით უნდა ყოფილიყო გამსჭვალულიყო თითოეული ქვეშევრდომის მიმართ.

სინტოისტური ტაძარი

იაპონიაში იმპერატორთა ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში ნომინალური იყო, რაც გაუთავებელი ფეოდალური შინაომების შედეგი გახლდათ, თუმცა 1868 წელს იმპერატორის ძალაუფლება ისევ აღდგა. ამას მოჰყვა ქვეყნის მმართველის ცოცხალ ღმერთად აღიარება, ხოლო სინტოიზმი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ოც წელიწადში, იაპონიის კონსტიტუციით, აღიარებულ იქნა რწმენის თავისუფლება, სინტოიზმმა მაინც შეინარჩუნა ოფიციალური რელიგიის სტატუსი.

სახელმწიფო სტატუსი სინტომ II მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ დაკარგა, როდესაც ამერიკული საოკუპაციო ხელისუფლების ზეწოლით იაპონიამ ახალი კონსტიტუცია მიიღო. ამ კონსტიტუციის მიხედვით, იმპერატორი აღარ ითვლებოდა ცოცხალ ღვთაებად და უმაღლეს ქურუმად. ის მხოლოდ თავისი ერის ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.

სინტოისტური კულტის საფუძველს წარმოადგენს კამის თაყვანისცემა. ამისთვის ტარდება რიტუალები, რომელთა დანიშნულებაა მორწმუნესა და კამის შორის კავშირის დამყარება. იაპონელთა აზრით, კამის გულის მონადირება შეიძლება, თუ მას სიამოვნებას მივანიჭებთ. რიტუალთა სისტემა სინტოიზმში დაწვრილებითაა გაწერილი. ის ითვალისწინებს როგორც ტაძარში კოლექტიურ ლოცვას, ისე ინდივიდუალურ ლოცვასაც შინ. სინტო ოთხ ძირითად რიტუალს მოიცავს – განწმენდას, მსხვერპლშეწირვას, ლოცვას და სიმბოლურ სუფრას (ტრაპეზს).

განწმენდის დროს სინტოისტები იყენებენ ჭურჭელს, სუფთა წყალს და ხის ჩამჩას. მორწმუნე ჯერ ხელებს იბანს, მერე – პირს, მერე კი რეცხავს ჩამჩის ტარს, რათა მომდევნო მლოცველს სუფთა დაუტოვოს. არსებობს მასობრივი განწმენდის რიტუალიც, როდესაც მღვდელმსახური მორწმუნეებს მარილიან წყალს აპკურებს.

მსხვერპლშეწირვა: მორწმუნემ საჩუქრები უნდა მიართვას კამის და ამით დაამტკიცოს მისდამი ერთგულება. ძღვენი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ აუცილებლად ან უბრალო ნივთები, ან საკვები. ტაძარში ლოცვის დროს კამის ძღვენს ალაგებენ თეფშებსა და ლანგრებზე, რომლებიც სპეციალურ მაგიდებზე აწყვია. ეს ძღვენი მღვდელმსახურს მიაქვს. საკვებიდან ყველაზე გავრცელებულია წყაროს წყლის, საკეს (არყის მსგავსი სასმელი), გაწმენდილი ბრინჯის, ბრინჯის კვერების, იშვიათად – თევზის შეწირვა. შესაწირავი ნივთები შეიძლება იყოს მონეტები, რომლებსაც ტაძარში გამოყოფილ სპეციალურ ყუთებში ყრიან. დიდ ფულად შესაწირავს მლოცველები ქაღალდში ახვევენ და ტაძრის ქურუმს აძლევენ. კამის, რომელიც ხელოსნობის რომელიმე დარგს მფარველობს, შეიძლება შესწირონ ამ დარგის ნაწარმიც, მაგ., თიხის ჭურჭელი, ტილო და სხვა. იაპონიაში ძალიან გავრცელებულია ღვთაებისთვის მცენარეების ან მათი ტოტების მირთმევა. მირთმეულ ძღვენს ქურუმები აგროვებენ და სხვადასხვანაირად იყენებენ. მცენარეებთა და შეწირული ნივთებით ტაძარს რთავენ. საკვების ნაწილი შესაძლოა თავად მიირთვან ან რელიგიური ტრაპეზისთვის გამოიყენონ.

სინტოიზმში ქურუმს, რომელიც ადამიანსა და კამის შორის შუამავლად გვევლინება, ნორიტოს უწოდებენ. ნორიტო უძღვება ლოცვებს, რომლებიც ღირსშესანიშნავ და სადღესასწაულო დღეებში სრულდება. რიტუალური ცერემონია შესაძლოა ჩატარდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მორწმუნე მას სპეციალურად შეუკვეთავს. მაგ., როდესაც ადამიანი სარისკო საქმეს (ბიზნესს) იწყებს ან, პირიქით, კარგად დაასრულებს ამ საქმეს. შეიძლება ასევე რიტუალური ლოცვის შეკვეთა შვილის გაჩენის, მისი სკოლაში წასვლის, უნივერსიტეტის დამთავრების ან რაიმე სხვა მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად. ნორიტო ხოტბას ასხამს ღვთაებას, რომელსაც ეძღვნება ეს რიტუალი, შემდეგ ჩამოთვლის ყველა დამსწრეს და აღწერს, რისთვის შეიკრიბნენ ისინი, დაბოლოს, კამის სთხოვს, შეუსრულოს მათ თხოვნა.

სინტოისტური პროცესია

მეოთხე მნიშვნელოვანი რიტუალი, რომელსაც სინტოისტები ასრულებენ, არის ნაორაი, რაც რელიგიურ ნადიმს გულისხმობს. ეს არის მრევლის საერთო ტრაპეზი, რომელზეც ღვთაებისადმი შეწირული ძღვენის ნაწილს მიირთმევენ, რაც სიმბოლურად კამისთან ერთად პურობას განასახიერებს.

იაპონიაში მეტად გავრცელებულია სახლში პატარა სამლოცველოს მოწყობა. ასეთი სამლოცველოსთვის უმეტესად ბინის რომელიმე კუთხეს გამოყოფენ. ამ კუთხეში ეწყობა საკურთხეველი, რომელსაც კამიდანას ეძახიან. კამიდანა ირთვება ფიჭვის ან წმინდა ხის – საკაკის ტოტებით. თუ შესაძლებელია, კამიდანას პირდაპირ ათავსებენ სარკეს. ამ საკურთხეველს ამკობენ ტაძარშია ნაყიდი თილისმებით ან ფირფიტებით, რომლებზეც ღვთაებათა სახელები წერია.

სინტო არ ითხოვს მორწმუნეებისგან ტაძარში ხშირად სიარულს. საკმარისია ლოცვაზე დასწრება მხოლოდ დიდი რელიგიური დღესასწაულების დროს. დანარჩენ დღეებში ადამიანს შეუძლია ილოცოს შინ. ლოცვა კამიდანას წინ აღესრულება. რიტუალის აღსრულებამდე კამიდანა კარგად იწმინდება, მასთან იდგმება ხის ტოტები და საკე. გარდაცვლილთა მოხსენიების დროს შეიძლება საკურთხეველზე მათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირადი ნივთებიც მოათავსონ, მაგ., უნივერსიტეტის დიპლომი, ცნობა სამსახურში დაწინაურების შესახებ და სხვა. რიტუალური განწმენდის (სახისა და ხელების განბანის) შემდეგ მლოცველი დგება კამიდანას პირდაპირ და რელიგიურ რიტუალს აღასრულებს: ერთი მოკლე თავის დაკვრით ესალმება კამის, მერე ორჯერ ხანგრძლივად უკრავს თავს, ბოლოს კი ტაშს უკრავს, რათა კამის ყურადღება მიიქციოს. რიტუალი გრძელდება ჩუმი ლოცვით, რომლის შემდეგაც მლოცველი კიდევ ერთხელ იდრეკს თავს კამიდანას წინაშე. ამ რიტუალის დასრულების შემდეგ ოჯახი ნადიმს მართავს.

სინტოიზმი თავისი ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა რელიგიის გავლენას განიცდიდა. კონფუციანელობა, დაოსიზმი, ძველი იაპონური კერპთაყვანისმცემლობა – ეს ის კულტებია, რომელთა ელემენტებიც უხვად გვხდება ამ რელიგიაში. მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა სინტოიზმსა და ბუდიზმს შორის ჩამოყალიბდა. ვინაიდან ბუდიზმი ძალზე პოპულარული იყო იაპონურ არისტოკრატიაში, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ამ ორ რელიგიას შორის კონფლიქტი არ ყოფილიყო: კამები ბუდიზმის მფარველებად გამოცხადდნენ, მოგვიანებით ზოგიერთი კამი ბუდისტურ წმინდანებთან გაიგივდა, ხოლო საბოლოოდ შეიქმნა დოქტრინა, რომლის მიხედვითაც კამებს, ისევე როგორც ადამიანებს, ხსნა სჭირდებათ, რომელიც ბუდისტური რელიგიური კანონებით მიიღწევა.

სინტოისტური ტაძრების ტერიტორიაზე ბუდისტური სამლოცველოების აშენებაც დაიწყეს, სადაც ამ რელიგიისთვის დამახასიათებელ რიტუალებს ასრულებდნენ. მე-9 საუკუნიდან, როდესაც ბუდიზმი იაპონიის სახელმწიფო რელიგია გახდა, სინტოს ტაძრებში ბუდასა და ბოდჰისატვების გამოსახულებებიც გაჩნდა. წარმოიშვა ახალი რელიგიური დღესასწაულები. ბუდიზმის დიდი გავლენა განიცადა სინტოისტურმა საკულტო არქიტექტურამაც.

რწმენის თვალსაზრისით, ბუდიზმის გავლენა იმით გამოვლინდა, რომ სინტოიზმში წარმოიშვა ახალი კონცეფცია, რომელიც მოიაზრებდა განწმენდის გზით კამისთან ჰარმონიის მიღწევას. განწმენდა გულისხმობდა ყოველივე ზედმეტის, უცხოს მოშორებას, ყოველივე იმის მოშორებას, რაც ადამიანს ხელს უშლის, დაინახოს სამყარო ისეთი, როგორიცაა ის სინამდვილეში. ადამიანის განწმენდილი გული სარკესავით აირეკლავს სამყაროს ყველა მისი გამოვლინებით და კამის გულად გადაიქცევა. ღვთაებრივი გულის მქონე ადამიანი სამყაროსა და ღმერთებთან ჰარმონიაში ცხოვრობს, ხოლო ქვეყანა, რომლის საზოგადოებაც მიისწრაფვის განწმენდისკენ, კეთილდღეობას აღწევს.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ სინტოიზმი მეტად საინტერესო რელიგიაა. მრავალი მეცნიერის აზრით, სწორედ სინტოისტურმა სულმა განაპირობა იაპონიის ისეთი სწრაფი განვითარება, რომელსაც მთელი მსოფლიო XX საუკუნის განმავლობაში თვალს ადევნებდა.

დაჯისავით ემოციური, ზაზასავით თავშეკავებული, ნათიასავით შრომისმოყვარე

0

სულ ახალბედა, ,,ჭყინტი” მასწავლებელი რომ ვიყავი, მახსოვს, შესვენებაზე მოსწავლე შემოვიდა სამასწავლებლოში, რათა იმ სტრატეგიულ კომპიუტერულ თამაშზე გვესაუბრა, რომლითაც იმ პერიოდში ორივე ვიყავით შეპყრობილი. მახსოვს, ამ ყველაფერს მაშინ ჩემი უფროსი კოლეგებისაგან არა მხოლოდ მიმიკურად, ვერბალურად გამოხატული აღშფოთებაც მოჰყვა. ამ სიტუაციაში საბოლოო სიტყვა ჩვენი დირექტორისა აღმოჩნდა, ბატონმა მამუკამ თქვა, რომ მასწავლებელს გაკვეთილების შემდეგ შეუძლია აკეთოს ყველაფერი, რაც სურს.

_ რას აკეთებენ მასწავლებლები გაკვეთილებისაგან თავისუფალ დროს? _ ეს კითხვა ნამდვილად აქტუალურია მოსწავლისათვის, ყოველ შემთხვევაში, იყო სოციალური ქსელების გავრცელებამდე. ამ კითხვაზე პასუხები მეც ძალიან მაინტერესებდა და ბოლოს ვიპოვე კიდეც: მეცადინეობენ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კერძო მოწაფეებს ამზადებენ, მურაბებს ხარშავენ ზამთრისთვის, ტელევიზორს უყურებენ, ჭიქა ყავაზე იკრიბებიან და მოსწავლეებს განიხილავენ…

ისეთი მასწავლებლებიც მყოლია, წიგნებს რომ წერდნენ, საჯარო ლექციებს კითხულობდნენ, ექსპედიციებში დადიოდნენ, მაქმანის საყელოთი მორთული ძველი შავი კაბით შემოსილი არც ერთ სპექტაკლს არ აცდენდნენ, ემოციისაგან აყვირებულნი გვიკითხავდნენ ლექსებს… ჩემთვის სუნთქვის შეკვრამდე საინტერესო და საიდუმლოებით მოცული იყვნენ. უბრალოდ თავიანთი არსებობით, ყოველგვარი მორალის კითხვის გარეშე, მიღვიძებდნენ სურვილს, რომ უფრო მეტი მესწავლა, უფრო მეტი მემუშავა საკუთარ თავზე, რათა მათი მსგავსი ცხოვრება მქონოდა.

ის ფაქტი, რომ მასწავლებელს მათ მიღმა კიდევ აქვთ ინტერესების სფერო და გატაცებები, მოსწავლეებს მხოლოდ დადებითად განაწყობთ მათ მიმართ. ამ წერილში მინდა გაგაცნოთ სამი ადამიანი, რომლებსაც საკლასო ოთახის გარეთაც არანაკლებ საინტერესო საქმიანობა ეგულებათ, ვიდრე _ მათ კედლებში. ნება მიბოძეთ, გიამბოთ სამი ამბავი: დაჯისავით ემოციური, ზაზასავით თავშეკავებული, ნათიასავით შრომისმოყვარე.

დაჯი

მესტიის ერთი პატარა სოფლის სკოლის მოსწავლეებს წარმოდგენაც კი არ აქვთ იმის შესახებ, რომ მათი ისტორიის მასწავლებელი ერთ-ერთი საუკეთესო ბლოგერია. თუ დაჯის გაუმართლა, ერთხანს კიდევ ვერ გაიგებენ: ,,იმდენად ინტიმურ რამეებზე ვწერ ხოლმე იქ, რომ ვფიქრობ ჩემი მოსწავლეებისათვის…მდაჰ!” ვგრძნობ, რომ წარმოდგენაზეც კი გააჟრჟოლა. ,,ინტიმური რაღაცები” ძირითადად წიგნებია, კიდევ მუსიკა, ფილმები, კიდევ საკუთარი თავის ძიება. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ხმამაღლა ეძებენ და ამ პროცესის ყველა ეტაპი ფურცელზე გადააქვთ, აუცილებლად უნდა იყვნენ მასწავლებლები, ისინი ბევრი რამით დაეხმარებიან მოსწავლეებს. დაჯი ისე წერს, რომ გიხარია, მთიან, თოვლიან სოფელში რომ არის გამოკეტილი და ბევრი არაფერი საცდური არ აქვს ირგვლივ კითხვისა და წერის გარდა:

,,ჩვენ ყველას საკუთარი ცხოველი დაგვყვება ხოლმე. ბავშვობაში მჯეროდა, რომ ხან კატა დამყვებოდა; ხან სპილო; ხან მაინ რიდის წიგნებში ამოკითხული ანტილოპა. მერე გავიზარდე და ამ ცხოველებმა სახე იცვალეს, ტრანსფორმირდნენ, ყურები დაუმოკლდათ, ცხვირი გაეზარდათ, წვერები ჩამოუშვეს, თავზე სასაცილო ქუდები მოირგეს, ხელები ჩამოუშვეს მუხლებამდე, რომანების წერა დაიწყეს, ლაპარაკი ისწავლეს, ზოგჯერ მღეროდნენ კიდეც. მერე მივხვდი, რომ ადამიანებს დაესგავსნენ და მაწანწალებივით სულ კუდში დამყვებოდნენ საღამოს ქუჩებში. ამ დროს აივანზე ფლოსტებით გამოსული მოსაწყენი ბერიკაცი ვახშმის ნარჩენებს დაუყრიდა მტრედებს და მხოლოდ ჭუჭყიან, ფერგასულ წვერებში ჩაიღიმებდა ხოლმე ჩემს თანამგზავრებზე,” _ ,,ტომ! შოკოლადი იესოსათვის”.

ეგონ შილეს ნახატის ფონზე დაჯის მიერვე შემოთავაზებულ გერშვინის ,,მეორე პრელუდიას” ვუსმენ და პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარე უფრო ლიტერატურულ პოსტებს ვკითხულობ. ახალი და აქტუალური თარგმანების უმეტესობა აქ არის: ,,პერსეპოლისი”, ,,ჭიანჭველები”, ,,შავი წყალი”… ლიტერატურა, რომელიც ისე ჩაწმახვნია ერთი გოგოს პირად ცხოვრებას, როგორც უკანა მერხიდან ჩაწებებული კევი _ მოწაფის ნაწნავებს. ვკითხულობ და შეგრძნება მიჩნდება, რომ ავტორი ჩემი სტუდენტია, ლიტერატურათმცოდნეობის სემინარზე  წინ მიზის და ცხვირს იჭმუხნის, რადგან ეს-ესაა ვუთხარი, რომ მე ჯერ არ წამიკითხავს ის ახალი წიგნი, რომლითაც ის რამდენიმე დღეა სულდგმულობს. მერე კი რაღაც ისეთ მოხდენილს ამბობს, რომ ცალკე ფურცელზე ვინიშნავ მის სახელს და გვარს, დაჯი თოდუას და წითელი კალმით წრეში ვსვამ.

ნუ წაიკითხავთ ცნობილი კრიტიკოსების შეფასებას ახალ წიგნებზე, წაიკითხეთ ეს ბლოგი: https://magarayuelady.wordpress.com/

ზაზა

ზაზა მანია ჯერ კიდევ თავისი სკოლის გუნდში თამაშობდა ,,რა? სად? როდის?” ტიპის ინტელექტუალურ თამაშებს, მერე კი, უკვე ათ წელზე მეტია თბილისის ინტელექტკლუბის წევრია. ამჯერად სუპერლიგის გუნდ ,,26-ე საათის” შემადგენლობაში თამაშობს, თუმცა სოციალურ ქსელში მის ფოტოს დავხედე თუ არა, გამახსენდა, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენი, შედარებით დაბალლიგელების, თამაშებსაც ხშირად ესწრებოდა ხოლმე. იქ სუპერლიგელები საკუთარ ასპარეზობამდე ტვინის გასავარჯიშებლად დადიან ანდა იმიტომ, რომ თვეში ერთხელ თამაში და ინტელექტკლუბის გარემო არ ჰყოფნით.

ახლა ზაზას ინტელექტკლუბის ყველა შეხვედრაზე დასწრება ალბათ ძალიან გაუჭირდება, ვინაიდან, დაჯის მსგავსად, ისიც ,,ასწავლე საქართველოსთვის” პროგრამით მუშაობს, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელია მარტვილის რაიონის სოფელ ბალდში. თუმცა თვეში ერთხელ, კვირა დღეს გამართულ თავისი გუნდის თამაშებს არასოდეს აცდენს, ჩამოდის, თამაშობს და იმავე დღეს უკან ბრუნდება, რომ ორშაბათს უკვე გაკვეთილები ჩაატაროს. ძველი ინტელექტკლუბელებისათვის გუნდის ასეთი ერთგულება საყოველთაო დაუწერელი კანონია. სწორედ ამ და მრავალი სხვა მიზეზის გამო ,,რა? სად? როდის?” სულ უფრო პოპულარული ხდება ახალ თაობაში და ინტელექტკლუბი წევრობის მსურველებს ვეღარ იტევს, რაც თავისთავად შესანიშნავი ამბავია.

არ არის გამორიცხული, რომ კლუბს ახალი წევრები მალე ბალდიდანაც დაემატონ: ზაზა მასწავლებელი ცდილობს თავის მოსწავლეებსაც გადასდოს ინტელექტუალური თამაშების აზარტი. შესაბამისად ადაპტირების შემდეგ სუპერლიგის კითხვებს მოსწავლეებსაც უსვამს და დროსაც უნიშნავს სწორი პასუხის გასაცემად, ხანდახან ეს სწორი პასუხი არც აყოვნებს ხოლმე. ის კი არადა, სასკოლო შეჯიბრებასაც კი ატარებს სხვადასხვა კლასის გუნდების მონაწილეობით.

ზაზა მანიას საკუთარ თავზე ლაპარაკი დიდად არ უყვარს, მაგრამ მჯერა, რომ ის შემთხვევაა, როდესაც მასწავლებლის ჰობის შეუძლია უზომოდ დადებითი გავლენა მოახდინოს მოსწავლეებზე.

ნათია

მისი ყოველდღიურობა ორ ნაწილად იყოფა: დილას ენერგიულად და ხმაურიანად ატარებს მოსწავლეებთან ერთად, საღამოს _ კარს მოიკეტავს და სრულ სიჩუმეში მარტო რჩება წიგნის პირდაპირ. ნათია ჩუბინიძე მთარგმნელია, მათ შორის ისეთი ცნობილი ნაწარმოებისა, როგორიც მარგარეტ მიჩელის ,,ქარწაღებულნია”, თუმცა მის მოსწავლეებს ალბათ მის მიერ ნათარგმნი საყმაწვილო სერიების რომელიმე წიგნი უფრო მოსწონთ, მაგალითად, მარკუს ზუზაკის ,,წიგნის ქურდი” ანდა გეილ ფორმანის ,,თუ დავრჩები”. საოცრად მოსახერხებელია, როცა წიგნს კითხულობ და მისი მთარგმნელი შენი მასწავლებელია, ეგებ ისიც წამოაცდენინო, როგორ მთავრდება, ოღონდ არა ნათია მასწავლებელს… თუმცა, მოსწავლეებს ისიც კი უხარიათ და ეამაყებათ, როდესაც საკუთარი პედაგოგის სახელს უბრალოდ წიგნის ყდაზე ამოიკითხავენ. ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ მასწავლებელი ელის, რა ნიშანს დაუწერს მოსწავლე:

,,ერთ-ერთი საყმაწვილო სერიის მთარგმნელი რომ გავხდი, სრულიად შემთხვევით ჩემი ყოფილი მოსწავლე, გოგა ჯაჭვაძე, აღმოჩნდა ამ პროექტის წევრი, იმ წიგნების დიდი ნაწილი, რომლებსაც ვთარგმნი, გოგასა და მისი მეგობრების შერჩეულია, გეილ ფორმანის ,,თუ დავრჩების“ მთარგმნელის გვარი რომ უკითხავს, დააზუსტა, თუ ნამდვილად მე ვიყავი. მას მერე ხშირად მამხნევებდა, პრეზენტაციაზე კი გახარებულმა გამიზიარა შთაბეჭდილებები, მითხრა, რომ ძალიან მოეწონა თარგმანი,  ამ პროექტის მონაწილეებს, როგორც ვიცი,  სანამ წიგნი მაღაზიების ქსელში მოხვდება, მანამ აქვთ მისი წაკითხვის საშუალება და ძალიან გამიხარდა, გოგასა და მისი თანატოლების იმედები რომ გავამართლე.”

კითხვაზე, მასწავლებლობასა და მთარგმნელობას შორის, რომელს უფრო მიიჩნევს ჰობიდ, ნათია მპასუხობს, რომ ორივე მათგანი პროფესიაა, რომლებიც ერთი ჰობისაგან, წიგნის კითხვისაგან, იღებენ სათავეს. ყველანაირი ჰობი და პროფესია კი მის ცხოვრებაში, დედისაგან, ქალბატონი მზია კაპანაძისაგან მომდინარეობს, რომელიც, ნათიას მსგავსად, პედაგოგია და რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის შვილის ყველა წარმატებაში.

მთარგმნელობა ნათია მასწავლებლისათვის ,,ორი კურდღლის დაჭერაა”: ცხოვრების იმ ეტაპზე, როდესაც ადამიანს ცოტა დრო რჩება საყვარელი საქმისათვის, იგი მთარგმნელის პროფესიის წყალობით წიგნების კითხვასაც ახერხებს და მეტიც, თავისი წვლილიც შეაქვს მსოფლიო ლიტერატურის სიახლეების ქართველი მკითხველისათვის მიწოდების საქმეში.

განახლებული ოპერის შენობა და არავერბალური კომუნიკაცია

0

ფეისბუქის აქტიურ მომხმარებელთა შორის უფრო დიდი აჟიოტაჟი თავად ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნამ კი არა, იქ მისული მაყურებლის ჩაცმულობამ გამოიწვია. საკმაოდ მწარე კომენტარები დაიმსახურეს ქურქებში შემოსილმა ქალბატონებმა. არადა, როგორც ჩანს, ვერცერთი წარმოიდგენდა, რომ ფუფუნებასთან ასოცირებული ბეწვეულის ჩაცმა მას რაიმე უხერხულობას მოუტანდა ფაუნის მოყვარული ფეისბუქმომხმარებელი აქტიური მოქალაქეების თვალში.

დღეს საყოველთაოდაა აღიარებული, რომ არავერბალური კომუნიკაციის სწორად გამოყენებასაც ისეთივე წარმატების მოტანა შეუძლია, როგორც ვერბალური კომუნიკაციისას. პოლიტიკოსები ტრიბუნიდან და ტელეეკრანიდან, ადვოკატები – სასამართლო დარბაზებიდან, მსახიობები სცენიდან აქტიურად იყენებენ კომუნიკაციის ამ საშუალებას. არავერბალური კომუნიკაცია კი სამოსით იწყება. როდესაც აუდიტორიასთან შესახვედრად ვემზადები, ვითვალისწინებ იმას, რომ მინდა, ჩემსა და ჩემს მსმენელს შორის რაღაც დროით მაინც უშუალო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, ამიტომაც, ვცდილობ, ჩაცმულიც შესაბამისად ვიყო. ეს პირველი ეტაპია, დანარჩენი კი უკვე სხვა რამეზეა დამოკიდებული. მაგრამ, თუკი კომუნიკაციის პირველი ეტაპი სწორად შედგება, ეს უკვე დიდი საქმეა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხშირ შემთხვევაში კომუნიკაციის პირველი ეტაპი სწორედ სამოსით კომუნიკაციაა. არავერბალური კომუნიკაციის ამ ტიპზე რუსთველიც საუბრობს. საკმარისია, გავიხსენოთ რამდენიმე ეპიზოდი „ვეფხისტყაოსნიდან“ და მივხვდებით, რომ ამ პოემაში საკმაოდ ხშირ შემთხვევაში სამოსითაც ხდება კომუნიკაცია. მაგ. ტარიელის მიზანი, როდესაც იგი ვეფხის ტყავით იმოსება, ისაა, რომ საყვარლის სილამაზის აქცენტირება მოახდინოს: „რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს, ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს“; (662) სამწუხაროდ, მისი ქმედება მნახველებისთვის გაუგებარია და ეს იწვევს გაუგებრობას კომუნაკიციის დროს (sc. miscommunication). ტარიელის სამოსის არასწორი შეფასება გახდება ნაწარმოების სიუჟეტის განვითარებისთვის საკვანძო მომენტი. ეს პასაჟი ახსნილი მაქვს წერილში „ვეფხისტყაოსანი“ და ფოლკლორი (https://mastsavlebeli.ge/?p=4013 ), რომელშიც გამოვთქვამ მოსაზრებას, რომ ტარიელის ჩაცმულობას უკავშირდება როსტევანის ხასიათის შეცვლა, რადგან ტარიელი მას მოაგონებს შელოცვების პერსონაჟს. ის, რომ ტანსაცმლით ხდება გარკვეული ტიპის კომუნიკაცია, არავისთვის არ უნდა იყოს სადავო. არსებობს გარკვეული დრესკოდები, რომელთა გაუთვალისწინებლობაც პრობლემებს გვიქმნის დღევანდელ დღეს. ის, ვინც არ იცავს დადგენილ ნორმებს, კონტექსტიდანაა ამოვარდნილი. ასეთსავე სურათს გვიხატავს „ვეფხისტყაოსანიც“. მაგ. ფარსადანი, რომელსაც დაბნედილი ტარიელის გონზე მოსვლა გაახარებს, თავშიშველი გამორბის სასახლიდან: „ფარსადანი მეფე მორბის თავშიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა…“ (361) რა თქმა უნდა, ფარსადანი ამ შემთხვევაში კონტექსტიდანაა ამოვარდნილი, მეფე სასახლეს არ უნდა ტოვებდეს შესაფერისი სამოსისა და აღჭურვილობის გარეშე. მაგრამ მეფის სწორედ ამგვარმა „კონტექსტიდან ამოვარდნამ“ უნდა აღძრას შესაბამისი ემოცია მკითხველში. ასევე კონტექსტიდან ამოვარდნილი და უადგილო იქნება სამი დღე მეფის (როსტევანის) ან ავთანდილის თავშიშველი სიარული ნაძლევის წაგების შემთხვევაში: „ვინცა იყოს უარესი, თავშიშველი სამ დღე ვლიდეს“. (71) დღევანდელი მკითხველისთვის თითქოს ცოტათი გაუგებარია, რას უკავშირდება ეს ნაძლევი, რა სირთულესთანაა დაკავშირებული მისი შესრულება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ქმედება დღევანდელ საქართველოშიც შემორჩენილია ოდნავ შეცვლილი სახით, როდესაც ბიჭები ნაძლევის ან აზარტული თამაშის წაგების შემთხვევაში თავს იპარსავენ. მიმაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც მამაკაცებისთვის ქუდის ტარება სავალდებულოდ აღარ ითვლება, თმის გადაპარსვა უნდა იმეორებდეს იმ „სასჯელს“, რაც დაეკისრებოდა ხოლმე წაგებულს თავშიშველი სიარულით.

როდესაც სამოსის როლს განვიხილავთ კომუნიკაციაში, არ შეიძლება, გვერდი ავუაროთ თინათინისა და ავთანდილის შეხვედრას ნადირობის შემდეგ. ამ ეპიზოდში თინათინი ავთანდილს ცოტა უცნაურად შემოსილი დახვდება: „გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი…“ (127) თინათინის ჩაცმულობას სხვადასხვაგვარად ხსნიან „ვეფხისტყაოსნის“ მკვლევრები. ჩემი აზრით კი, თინათინის მიერ შიშველ სხეულზე ყარყუმის ოდნავ უდიერი მოგდება და ჩამოშლილი რიდე ავთანდილისთვის თინათინისგან ეროტიზმის ხაზგასმა კი არა, გმირის უხასიათობაზე მინიშნებაა. თინათინი, რომელიც „უებრო ქუშად ჯდა“ (126) და „დაღრეჯით იყო მჯდომარე“ (128), ისეთ საგონებელშია ჩავარდნილი როსტევანის გამო, რომ მას აღარც კი სცალია ეტიკეტზე საფიქრელად. მისმა ჩაცმულობამ ავთანდილსაც და მკითხველსაც უნდა დაანახოს, რომ თინათინისთვის მამის დადარდიანება იმდენად სულისშემძვრელია, რომ მას არც დრო და არც თავი აქვს იმისთვის, რომ თავისი სამოსის მოწესრიგებაზე იფიქროს. თუმცა ამ ახსნასთან (რომელსაც თვითონ ტექსტი გვაძლევს) ერთად უფლებას ვიტოვებ, გამოვთქვა ერთი ვარაუდიც: რამდენადაც ვიცით, ხშირ შემთხვევაში სამოსი განგვაწყობს საუბრისთვის, გვკარნახობს საუბრის ტონს. მაგ. მასწავლებელი მოსწავლეს თავისი ჩაცმულობით აქცევს შესაბამის კალაპოტში. ასევეა პოლიტიკოსიც. სპორტულ სამოსში ან თავისუფლად ჩაცმული პოლიტიკოსიც და მასწავლებელიც გულახდილი საუბრისთვის განგვაწყობს, ხოლო სოლიდურად, აკადემიურად ჩაცმულ პოლიტიკოსსაც და მასწავლებელსაც ვერ მივმართავთ ისეთივე თავისუფალი ტონით, როგორც პირველ შემთხვევაში. ჩვენი ტონი, მეტყველება იმისდა მიხედვით შეიცვლება, თუ რა აცვია თანამოსაუბრეს. ჩაცმის სტილი ერთგვარად განაპირობებს საუბრის უშუალობას ან ფორმალურ ხასიათს. შესაძლოა, თინათინის ხალვათად ჩაცმა ავთანდილისთვის იმის მიმანიშნებელი იყოს, რომ საუბარი ოფიციალურ ტონალობაში არ წარიმართება და ამზადებს მოსაუბრეს უშუალობისთვის. თინათინის შემდგომი ტექსტიც ხომ იმის მიმანიშნებელია, რომ მას არ უნდა, ავთანდილი დაიძაბოს. ამ დაძაბულობის მოსახსნელად კი პირველი ნაბიჯია მისი დახვედრა არაოფიციალური სამოსით.

ასევე არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ავთანდილის თავგადასავალი გულანშაროში. სანამ ყრმა ამ სამეფოში შევოდოდა, იგი ვაჭრებს მეკობრეების მოგერიებაში დაეხმარა, შემდეგ კი გადაწყვიტა, ვაჭრული სამოსი ჩაეცვა და ისე წარმდგარიყო ახალი ნაცნობების წინაშე: „მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა; თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!“ (1067) ამ ვაჭრული სამოსის გამო დაიწყება ის პატარა გაუგებრობა, რომელიც არასწორად გაგებულ არავერბალურ კომუნიკაციას მოჰყვება. ფატმანი ჩათვლის, რომ ავთანდილი მისი წრის არის და სამიჯნურო წერილს მისწერს ავთანდილს. მაგრამ, მიუხედავად ავთანდილის გაოცებისა, ჭაბუკი ხვდება, რომ არასწორი კომუნიკაცია მისი ვაჭრული სამოსის გამო შედგა და მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ამხელს სიმართლეს – იბრუნებს სამოსს და, შესაბამისად, მასა და ფატმანს შორის უკვე სწორი კომუნიკაცია მყარდება.

როგორც ვნახეთ, სამოსის სწორად შერჩევა არავერბალური კომუნიკაციის აუცილებელი ნაწილია. ცოტა ხნის წინ ოპერის თეატრის გახსნაზე მისულმა ქალბატონების ნაწილმა ვერ განსაზღვრა ეს, მაგრამ ალბათ მომავალში, სანამ სამოსს შეარჩევენ, კარგად დაფიქრდებიან იმაზე, რისი კომუნიკაცია სურთ თავიანთი ჩაცმულობით აუდიტორიასთან.

კაუჭი

0

„აბრეშუმი გვსურს და

არა ძონძები,

მშრომელები-

და არა ხორხონცები.

არავისთვის

საიდუმლო არაა,

მუშას რად სურს

აბრეშუმის მარაო,

მაგრამ ამბობს:

გეყოფათო, კმარაო.

დაიჯერებ –

ან მეტირაჩარაა.

მუშასაც სურს

აბრეშუმი, ამრიგად,

როგორც გინდათ,

ეს ამბავი გაიგეთ…“ (გალაკტიონი, აბრეშუმი გვსურს)

დიახ, როგორც გინდათ, ეს ამბავი გაიგეთ. ამ სტატიებს ადამიანების ქიმიაში „შესატყუებლად“ ვწერ. პირველ რიგში მოსწავლეების და თუ „კაუჭს“ სხვაც წამოეგება, სულაც არ იქნება ურიგო საქმე. „კაუჭი“ სწორედ ის არის, რაც ზემოთ წერია. ამჯერად გალაკტიონის ლექსია აბრეშუმზე. სხვა სტატიებში კიდევ სხვაა. ერთში პაპა მამათმზესა და მისი კანფეტის მოყვარული შვილიშვილის ამბავი, სხვაგან ზღაპრად გადამღერებული ალქიმიკოსების ისტორიები, უფრო სხვაგან ჩემივე მოგონებები საკუთარ თავზე. „კაუჭის“ საქმე მკითხველის შეყოლიებაა, რომ შემდეგ სტატიის შუა ნაწილში მოთხრობილი ქიმიური ნაწილიც შემოეკითხოს და თავისდაუნებურად დასკვნას მიადგეს, რომელიც „კაუჭს“ ან უნდა ეხმიანებოდეს, ან რაღაცნაირად იყოს დაკავშირებული.  ამ ტიპის სტატიას სამეცნიერო-პოპულარული ეწოდება და თქვენს მონა-მორჩილს არავითარი პრეტენზია არ აქვს, რომ ისინი სამეცნიერო სტატიებად გაასაღოს. სამეცნიერო სტატიები სხვაგვარად  იწერება  და სხვა ჟურნალებში იბეჭდება. შესაბამისად, ვიცი, როგორ დავწერო და სად გამოვაქვეყნო.

ახლა კი, იძულებული ვარ ჩემივე საყვარელი ჟურნალის გვერდიდან აი, ასეთი განმარტება გავაკეთო მათთვის, ვისგანაც ამას წინად შენიშვნასავით მივიღე, ეს სტატიები ქიმიაზე არ არისო; არც ასეთი ნაერთი თუ ელემენტი არსებობსო – მამათმზე; არც ის არის ქიმია, როგორ შეიგრძენი სადღაც ყავის სურნელიო… (დაახლოებით ასე გამოუვიდათ). ჰმ, თან ამ სიტყვების ავტორს არც ქიმიასთან აქვს საქმე და  თავს დავდებ, ერთი სტატიაც  არ წაუკითხავს ბოლომდე.

ეს ისე, ლირიკული გადახვევაა, თორემ, ვისთვისაც სტატიებია განკუთვნილი, მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის, ძალიან კარგად იციან მათი სტრუქტურაც  და სწორედ იმ საქმისთვის იყენებენ, რისთვისაც იწერება, ანუ ქიმიის პოპულარიზაციისთვის. დანარჩენებმა, გალაკტიონის არ იყოს.. „..როგორც გინდათ,

ეს ამბავი გაიგეთ…“

აი, ახლაც მთელი ეს ტექსტი მავანთათვის განმარტებაც არის და „კაუჭიც“.

აბა რაზე ვწერ?

ჩინეთის პირველი იმპერატორის ცოლმა სი ლინ შინმა ჩაის დალევა გადაწყვიტა და ბაღში განმარტოვდა. ჩაის ჭიქაში საიდანღაც აბრეშუმის ჭიის პარკი ჩავარდა. ამოღებას ცდილობდა და ძაფი შერჩა ხელში. როცა  მოქაჩა, უფრო მეტი ძაფი ამოვიდა. ეს იყო პირველი აბრეშუმის ძაფი ადამიანის ხელში. მას შემდეგ ჩვენ აბრეშუმით ვტკბებით.

 ქიმიური აგებულების მიხედვით, აბრეშუმს ცილოვანი შემადგენლობა აქვს. ავიღოთ პატარა ნაჭერი აბრეშუმი და დავწვათ. დამწვარი ცილის სუნს იგრძნობთ, ამ ცილას ფიბროინი ეწოდება. არც წყალში, არც ბენზინში, არც  სპირტსა და აცეტონში არ იხსნება. სამაგიეროდ ფიბროინი სპილენძის ამიაკურ ხსნარში შეგვიძლია გავხსნათ. სპილენძის ამიაკური ხსნარი შემდეგნაირად დავამზადოთ. შაბიამნის ხსნარს უმატებთ ნიშადურის სპირტს. ჯერ გამოიყოფა სპილენძის ჰიდროქსიდის ნალექი, რომელიც ჭარბი ამიაკის თანაობისას გაიხსნება და წარმოიქმნება კომპლექსური ნაერთი. თუ ამ ხსნარს დაუმატებთ ცოტა ნატრიუმის ტუტეს, ცოტა გლიცერინს, მივიღებთ სპილენძის ამიაკურ ხსნარს, რომელშიც უნდა გაიხსნას აბრეშუმი. ხელოვნური აბრეშუმი მასში ვერ გაიხსნება.

ხელოვნურ აბრეშუმზე პირველად ფიქრი რობერტ ჰუკმა დაიწყო. 1665 წელს იგი წერდა: „ხშირად ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გამოინახოს გზები ისეთი წებოვანი მასის მისაღებად, რომელიც აბრეშუმის ჭიის წებოვანი მასის მსგავსი იქნება. როცა ასეთი მასა გვექნება, მისგან ძაფის მიღებას იოლად მოვახერხებთ“. სამოცდაათი წლის შემდეგ ანალოგიური აზრი გამოთქვა ფრანგმა ფიზიკოსმა და ბიოლოგმა რეომიურმა.  მხოლოდ 1883 წელს ინგლისელმა სვენიმ პირველად მიიღო  ხელოვნური ძაფი. 1885 წელს ინგლისში სამრეწველო გამოფენაზე უჩვენეს ამ ძაფისგან დამზადებული ლოგინის გადასაფარებლები და ხელსახოცები. სვენის პირველი ნაშრომების გამოქვეყნების შემდეგ ფრანგმა გილიარმა და შარდონემ ჩამოაყალიბეს სააქციო საზოგადოება ამ მეთოდის სამრეწველო მასშტაბით დანერგვისთვის. 1891 წელს ბეზანსონში ამუშავდა მსოფლიოში პირველი ხელოვნური ბოჭკოს ქარხანა, რომელიც, ე.წ. ნიტროაბრეშუმს ამზადებდა.

ხელოვნური ბოჭკოს შესაქმნელად ცელულოზა აირჩიეს. საქმე ის იყო, რომ აბრეშუმის ჭიისგან მიღებულ ძაფში აღმოჩნდა ცელულოზაში მყოფი დიდი და პატარა მოლეკულების მსგავსი მოლეკულები, მაგრამ ისინი ნახშირბადის, ჟანგბადის და წყალბადის ატომების გარდა, აზოტის ატომებსაც შეიცავენ, ცელულოზის მოლეკულებში კი აზოტის ატომები არ იმყოფება. ამიტომაც, ცელულოზის აზოტმჟავით დამუშავება და ამ გზით მასში აზოტის ატომების შეტანა გადაწყვიტეს. გარდა ამისა, ასე ცელულოზა ხსნადი გახდებოდა. აზოტმჟავით დამუშავების შემდეგ, ცელულოზა მართლაც კარგად იხსნებოდა სპირტის და ეთერის ნარევში. ცელულოზასთან აზოტმჟავას ურთიერთქმედების დროს კონდენსაციის რეაქცია მიმდინარეობს, მჟავას თითოეულ მოლეკულაზე წყლის ერთი მოლეკულა გამოიყოფა და მიიღება ნიტროცელულოზა.  ეს რეაქცია შემდეგი ტოლობით გამოისახება:

C6H7O2(OH)3+2HNO3=C6H7O2OH(ONO2)2+2H2O

თუმცა სიროფისებური მასიდან ძაფის მიღება არ ხერხდებოდა. ცელულოზის მოლეკულები უწესრიგოდ ლაგდებოდნენ. საჭირო იყო ცელულოზის ხსნარი უწვრილეს ნახვრეტებში გაეტარებინათ, ასევე აუცილებელი იყო შესაბამისი დანადგარის გამოგონებაც.  მოგვიანებით ეს განახორციელა ფრანგმა ინჟინერმა შარდანემ და მას ხელოვნური ბოჭკოს მიღების ნიტრატული წესი უწოდეს.  ბოჭკოდან დამზადებულ ქსოვილს კი ნიტრატული აბრეშუმი, რომელიც ძალზედ პოპულარული გახდა, თუმცა მალევე გამჟღავნდა მისი ნაკლი – ადვილად აალებადობა.

მოგვიანებით ვისკოზური ბოჭკო გამოჩნდა. მის მისაღებად ნაძვის ხის ნარჩენებს, ნაფოტს, ნახერხს, კუნძებს აქუცმაცებენ, თორმეტი საათის განმავლობაში ხარშავენ 140 გრადუსზე კალციუმის ბისულფატის ხსნარში. ჩახარშულ მერქანს წყლით რეცხავენ  და გადააქვთ აპარატში, სადაც ქვიშა და სხვა მძიმე მინარევები შორდება, დარჩენილ მასას კალციუმის ან ნატრიუმის ჰიპოქლორიტით აუფერულებენ. გაუფერულებულ პროდუქტს მარილმჟავით ჩარეცხავენ და წყალს გადაავლებენ. სპეციალური დანადგარით დარჩენილ წყალს მოაშორებენ და მუყაოს განიერ ფურცლებად წნეხენ. სწორედ ასეთი სახით იგზავნება ხელოვნური აბრეშუმის ფაბრიკებში.

აქ მას ტუტით დაამუშავებენ, რის შედეგადაც ალკალი-ცელულოზა მიიღება. ამ პროდუქტისგან ტუტის გამოწურვის შემდეგ  ჭრიან, ბეგვავენ და გაფუებულ მასად აქცევენ. მისი მოცულობა იზრდება, ბოჭკოებს შორის სივრცე ჰაერით ივსება.  სწორედ ასეთი დაქუცმაცებული სახით ტოვებენ მოსამწიფებლად.  მომწიფების შემდეგი პროცესის დროს ალკალიცელულოზის მოლეკულები უერთდებიან გოგირდნახშირბადის მოლეკულებს, რომლებსაც ალკალიცელულოზა ხსნად მდგომარეობაში გადაჰყავს. გოგირდნახშირბადის და ალკალიცელულოზის ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება ახალი ქიმიური ნაერთი ქსანტოგენატი. მისი ხსნარი წყალში ან სუსტ ტუტე ხსნარში ვისკოზის სახელწოდებას ატარებს („Viscosité“  ფრანგულად სიბლანტეს ნიშნავს).

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მიღებულ ხსნარს კიდევ მრავალნაირად დაამუშავებენ, მოამწიფებენ, გოგირდმჟავას თანაობისას უწვრილეს მილაკებსა და ფილტრებში გაატარებენ. ეს უკანასკნელი მას ნატრიუმის და გოგირდნახშირბადის ნაწილაკებს ჩამოაშორებს და ხდება ცელულოზის აღდგენა. სუფთა ცელულოზა აბრეშუმის ძაფის სახით გამოიყოფა, რომელიც საბოლოოდ წყლით ჩაირეცხება ყველანაირი ნარჩენის მოსაცილებლად.

შემდეგ კი  ქსოვილები იქმნება, რომ პოეტმა თქვას:

„… შენ ხატაური აბრეშუმი დაგმშვენდებოდა…“-ო. (იოსებ ნონეშვილი)

ხატაური აბრეშუმი იქეთ იყოს და ფრაზა გამახსენდა  უოლტ უიტმანის ლექსიდან

„… მეგობარო, ეს არ არის წიგნი…“

მეგობარო, ეს მხოლოდ სამეცნიერო-პოპულარული სტატიაა. აქ ხელოვნური აბრეშუმის მიღების ქიმიურ გზებზე  დავწერე, ოღონდ სახალისოდ, პოპულარული ენით. „კაუჭად“ კი ის გამოვიყენე, რომ თქვენ ამ სტატიების არსი ვერ გაარკვიეთ… მაპატიეთ…

აუცილებლად წასაკითხი წიგნების შესახებ

0

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. არ არსებობს წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს წაკითხული. არც ისეთი 100 წიგნი არსებობს, რომელიც სიკვდილამდე უნდა წავიკითხოთ. მეტსაც გეტყვით, 50 რჩეული წიგნი მოზარდებისთვის საერთოდ აბსურდია. შესაბამისად აუცილებლობის სიები, შედგენილნი ჯილდოების, თუ გაყიდვების რაოდენობის, თუ კრიტიკოსთა შეფასების, თუ სხვადასხვა მიზეზებით, მხოლოდ მარკეტინგული სატყუარაა და მეტი არაფერი. თუ თქვენ 15 წლის ხართ და ჯერაც არ წაგიკითხავთ „ტომ სოიერის თავგადასავალი“ (აქ ტვენომანები აღშფოთებით შესძახებენ: „ნწ.. ნწ.. უვიცი!“), სანაცვლოდ კი უკვე მოასწარით წაგეკითხათ ჯონ გრინის ყველა რომანი („ფუფ, მდარე ლიტერატურა“), თქვენ არაფერი დაგიშავებიათ, მეტიც, თქვენ გაგიმართლათ, რადგან ძალით არავინ წაგაკითხათ ესა თუ ის სავალდებულო ლიტერატურული ქმნილება. გაგიმართლათ, რომ არავინ დაგემუქრათ, თუ „მობი დიკის“ 10 გვერდს არ წაიკითხავ, ფეხბურთის სათამაშოდ არ გაგიშვებო. მოკლედ, თქვენ თავისუფალი არჩევნის უფლება გქონიათ, რას ირჩევთ – ეს თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ძალიან გაგიმართლათ.

ხანდახან მეკითხებიან, რომელია ის აუცილებელი ლიტერატურა, რაც ამა და ამ ასაკში უნდა ჰქონდეს ბავშვს წაკითხულიო.. ანდა მოზარდსო.. დიდსო, ჩემხელა ადამიანსო.. გულწრფელად გიპასუხოთ? ხანდახან ვურჩევ ხოლმე: „იცით, 12 წლის ბავშვი უკვე გარდამავალ პერიოდშია.. რამე ისეთი შესთავაზეთ, არც ძალიან ბავშვური, არც ძალიან დიდური, აი, მაგალითად „ნარნიას ქრონიკები“, ან თუ კლასიკიდან ავიღებთ, ჯეიმზ ფენიმორ კუპერის რომანები თუნდაც“.. „რამდენის? 8-ის? რა გითხრათ, ალბათ ლინდგრენი საუკეთესო ვარიანტია.. მილნი, დალი, სენდაკი და სხვა მსგავსი ავტორებიც მისწრებაა“.. „ოო, ჰარი პოტერი უნიკალურია, კი, ყველა ასაკში შეიძლება.. ჰო, თქვენთვისაც, მერე რა.. არა, არ ვხუმრობ, მართლა ლამარა ბებია, თქვენთვისაც“.. და ა.შ. ჰო, ასე ვეუბნები ხოლმე, ვანაწილებ კარგი ექიმივით რეცეპტებს, ბოლოს ლამისაა ამბებიც გამოვიკითხო ხოლმე: „როგორაა თქვენი ბავშვი? წაიკითხა ნარნია? აბა? ახლა დიდი გოგოა უკვე“..

არადა, მე ხომ ვთაღლითობ. თვითონ არასოდეს წამიკითხავს ონორე დე ბალზაკი, ანდა გუსტავ ფლობერი.. ჰო, აი ის „მადამ ბოვარიც“ არ წამიკითხავს და მეტსაც გეტყვით, მგონი ჩემი საცოლე სადღაც გულის სიღრმეში დღემდე ვერ მიტანს იმის გამო, რომ უილიამ ფოლკნერის შემოქმედებას არც ისე სრულყოფილად ვიცნობ და მხოლოდ ერთი რომანი მაქვს წაკითხული. თუმცა სულ რომ არ წაგიხდეთ ჩემს ნაკითხობაზე შთაბეჭდილება, აქვე დავაყოლებ, რომ მთლად სტალინზე ლეგენდაში როგორცაა, იმდენი არა, მაგრამ საკმაოდ ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული ჩემი ჯერჯერობით ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე, რაიმე ნორმები თუ არსებობს, ალბათ, იმ ნორმებზე ბევრად მეტი.. და მთელი ამ გამოცდილების ფონზე, მხოლოდ ერთ დასკვნამდე მივედი: არ არსებობს წიგნი, რომელიც უნდა გვქონდეს წაკითხული. არ არსებობს წიგნი, რომლის წაკითხვითაც ვინმეზე მაღლა დავდგებით ან ვინმე დადგება ჩვენზე მაღლა. მკითხველობა ბუნებრივი მდგომარეობაა, ზედმეტი ძალდატანების გარეშე, ისევეა, როგორც გურმანობა, სპორტული ფანატობა, მელომანობა და ა.შ. წარმოიდგინეთ, კარგ გურმანს ვინმემ რომ დააძალოს, ადექი და ეს მწვადი ბოლომდე შეჭამეო.. ანდა დაემუქროს, 2 შამფურს თუ არ გამოცლი, ეზოში არ ჩაგიშვებო.. ჰო, წიგნიც ასეა, მხოლოდ მაშინ შეგერგება, როცა შენი ნებით ირჩევ, რა წაიკითხო და შენი ნებითვე საზღვრავ – დღეში რამდენი. ხანდახან 2 თვეც კი გადის ისე, რომ ახალ წიგნს ვერ ვეკარები, არ ვარ განწყობაზე, არ „მშია“. ასეთ დროს ჩემ მწერალ მეგობრებსაც კი ვიმტერებ ხოლმე, რომლებიც წასაკითხად თავის ახალ ნაწერს მიგზავნიან, მე კი ვეუბნები, რომ ახლა ვერ, სხვა დროს წავიკითხავ. მერე გაივლის ეს უძრაობის პერიოდი და ერთბაშაც ისე „მომშივდება“ ხოლმე, მივაძღები და შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაში ყოველდღე, დღეში 1 წიგნსაც ვნთქავდე. ეს ჩემი მადაა ასეთი. ყველას თავისი მადა აქვს. ზოგს შემწვარი უყვარს, ზოგს მოხარშული, ზოგს მჟავე და ზოგს მწარე. სიმართლე გითხრათ, ერთი ხანობა კლასიკური ლიტერატურა ჩემთვის გამომხმარ, უგემურ პურთან და გაყინულ ცხიმმოთანთალე შესქელებულ წვნიანთან ასოცირდებოდა. ფანტასტიკა კი ნაკვერჩხალზე აგიზგიზებულ ცვრიან მწვადთან, ზედ მოსხმული მაშარაფითურთ. დრო ცვალებადია. ბოლო დროს კლასიკური რომანების კითხვა მომენატრა, თქვენ წარმოიდგინეთ ბალზაკიც კი გადმოვიღე თაროდან. სისუფთავის მოყვარული დედაჩემი რომ არა, ახლა მაგ წიგნს იმსისქე მტვერი ედებოდა, ერთი შეხედვით ჩათვლიდით ორტომეულიაო. თუმცა, ძალიან რომ არ ავცდე თემას, ბავშვებს დავუბრუნდები.

მოკლედ, კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ერთი კარგი გადაცემა მიმყავს, „წიგნების თარო“ და ძალიან ბევრ საინტერესო, კარგ მოზარდთან მიწევს შეხვედრა, გაცნობა, დამეგობრება. სულ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი მივიღო მათგან, ისინი ხომ ასეთი სავსეები არიან ახლა, სავსეები ემოციებით, სურვილებით, ოცნებებით, იმედებით. მეც 10-11 წელს მოვიკლებ ხოლმე ერთი ხელის მოსმით და ვსაუბრობთ ათას რამეზე. ჰოდა, სანამ გადაცემა ეთერში გავიდოდა ასობით ასეთ ბავშვს გავესაუბრეთ მე და ტორესა მოსი, გადაცემის კიდევ ერთი სცენარისტი. გვინდოდა გაგვეგო, რა უყვართ, რას კითხულობენ. ფაქტობრივად პატარა კვლევა გამოგვივიდა, შესაბამისი სეგმენტით და თემატიკით. ჰოდა კარგ და სასიხარულო დასკვნებთან ერთად, რამდენიმე არასახარბიელო აზრიც გამოვიტანეთ ამ პროცესიდან. ხშირად ხდება ისე, რომ ბავშვებს ერთი რამის წაკითხვა უნდათ, მშობლები და უფროსები კი სხვას ავალებენ. ბავშვებს სხვა რამ მოსწონთ, უფროსები კი ჩასჩიჩინებენ ქიხია ეგო. ყველა უფროსს არ ეხება, ცხადია, თუმცა ისეთი შემთხვევებიც იყო 15 წლის ბავშვები გვეუბნებოდნენ, თანამედროვე ლიტერატურა, ზოგადად ფანტასტიკა და ფენტეზი, მით უფრო ჰარი პოტერი და მასეთი მდარე ხარისხის წიგნები არ გვიყვარს ჩვენ, ჩვენ უფრო ჰაგიოგრაფია და კლასიკაო.. საყვარელ ნაწარმოებებად „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ (შესანიშნავი ჰაგიოგრაფიული ძეგლია. ავტ. შენ.), ანდა ილია ჭავჭავაძის პოეზიაც (ძალზედ აქტუალური და ყოველთვის მწვავე. ისევ ავტ. შენ.) დაასახელეს, ამის თქმისას თან თვალს ვებკამერიდან მარჯვნივ აპარებდნენ, იქ, სადაც სავარაუდოდ მასწავლებელი ან რომელიმე უფროსი იდგა და კმაყოფილი უყურებდა 15 წლის სიცოცხლით სავსე ბავშვებს, რომელთა საყვარელ პერსონაჟადაც არა ჰერმიონ გრეინჯერი ან სირიუს ბლექი, არამედ გაბრიელ დაფანჩული (ფრიად დამსახურებული პიროვნება. ავტ. შენ.) ემეტება, ჰოდა ასეთ დროს, სტანისლავსკისა არ იყოს, არ მჯერა, მეგობრებო. მომიტევეთ და არ მჯერა. უფრო ნამდვილია ამ ასაკში ბავშვებს ქვიდიჩის თამაში და მეგობრებისთვის წრფელი სიყვარულით დახმარების სურვილი ჰქონდეთ, ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლის სურვილი ჰქონდეთ ჯადოსნური ჯოხებითა და ათასნაირი სასწაულებით, ვიდრე უდაბნოში ლტოლვა და მერჩულის ენით საუბარი. მავანმა შეურაცხყოფაში რომ არ ჩამომართვას, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია და ამ შემთხვევაში მაგალითის როლს ატარებს და არა კრიტიკის ობიექტისას, მაგრამ ღრმად მწამს იმისი, რომ ბავშვებს, 5 წლისანი იქნებიან ისინი თუ 15-ის, კარგ მკითხველებად, წიგნების გურმანებად ყველაზე უკეთ თავისუფალი არჩევნის უფლება ჩამოაყალიბებს. მდგომარეობა, როცა წიგნებთან დაძალება და დიდაქტიკა კი არ ასოცირდება, არამედ სიამოვნება, თავისუფლება, კითხვისგან მიღებული შეუდარებელი სიხარული. ამ სიხარულის მიღება ჯონ გრინისგანაც შეიძლება, ბალზაკისგანაც, მერჩულისგანაც და როულინგისგანაც (ამ უკანასკნელისგან განსაკუთრებით. პოტერომანი ავტ. შენ.), მაგრამ ყველას თავისი დრო აქვს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერავინ განსაზღვრავს, ვისთვის როდის ვისი დრო დგება. ვერავინ იტყვის, პატარაობაში ლინდგრენის დროა, შემდეგ კლასიკის დრო დგება, შემდეგ ამისი და ამისიო, რადგან ნებისმიერი მათგანის დრო მაშინ დგება, როცა გვსიამოვნებს მისი კითხვა, როცა ჩვენი ცხოვრებისეული განწყობა და მოთხოვნილებები ყველაზე მეტად უხდებიან ამა თუ იმ წიგნს. ჰო, ისიც შეიძლება 15 წლისას „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ უყვარდეს, დიახ, თავისუფლად შეიძლება, ოღონდ ძალდაუტანებლად, თავისი ნებით, თუ ასე მიიღებს, თუ იმ მომენტში ეს სჭირდება თავისივე სურვილებიდან გამომდინარე და არა მასწავლებლის, მშობლისა თუ რომელიმე ავტორიტეტული უფროსის ჩიჩინით.

ბარემ კიდევ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ყველა წიგნი წასაკითხია და ამავე დროს, არც ერთი – აუცილებლად. ნუ იკითხავთ – რა უნდა წაიკითხოთ ამა და ამ ასაკში. უბრალოდ იკითხეთ ის, რაც გსურთ. წიგნი თავისუფლებაა, კითხვა კი – ბედნიერება.

ნინო ლომიძე-წერითი დავალება – რაობა, სახეები, მიზნები

0

საშინაო წერითი დავალების მიცემისას თანამედროვე მასწავლებელი გარკვეული დილემის წინაშე დგება. ინტერნეტში დღეს ნებისმიერ თემაზეა შესაძლებელი მზა მასალის მოძიება. მოსწავლეებიც, ხშირ შემთხვევაში, დავალების შესრულებისას მარტივ და სწრაფ ხერხს მიმართავენ.

საშინაო წერითი დავალების შესრულება სულ რამდენიმე წუთში და სულ რამდენიმე მარტივი „ოპერაციითაა“ შესაძლებელი. ინტერნეტის საძიებო სისტემა+ველში სწორი საძიებო სიტყვების შეყვანა+ინფორმაციის დაკოპირება+ინფორმაციის ჩასმა/გადაწერა დავალების რვეულში. დავალება – მზადაა. ჩაატარეთ მარტივი ექსპერიმენტი – აკრიფეთ თქვენივე  მიცემული დავალების შესაბამისი საკვანძო სიტყვები საძიებო სისტემაში და „დატკბით“ მზა შესრულებული დავალებების ხარისხით და რაოდენობით. ლექსის ან მხატვრული საპროგრამო ტექსტის მხატვრული ანალიზი, ჰაგიოგრაფიული ტექსტების პერიფრაზი-შინაარსი, „ვეფხისტყაოსნის“ პროზაული „ვერსია“…ეს ყველაფერი ხელის ერთ გაწვდენაზეა. ამ პირობებში მასწავლებელს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რომ საშინაო წერითი დავალების შესრულებისას სწორედ იმ მიზანს მივაღწიოთ, რაც ამ აქტივობას აქვს.

საშინაო დავალების მიზანი – იდეალი

საშინაო დავალება ჩვენი სასკოლო განათლების ორგანიზების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. იდეალურ შემთხვევაში, საშინაო დავალების შესრულებისას მოსწავლე განიმტკიცებს სკოლაში მიღებულ ცოდნას, ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას, მას უყალიბდება ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, შრომისმოყვარეობა, წერითი მეტყველების უნარი, პასუხისმგელობის გრძნობა, აკურატულობა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რაზეც შესავალში ვისაუბრეთ –  რამდენად შეესაბამება ეს იდეალი პრაქტიკულ საქმიანობას? წერილში სწორედ საშინაო დავალების რაობაზე, სახეებზე და მიზნებზე ვისაუბრებთ.

რა არის საშინაო დავალება?

ზოგადად, პედაგოგიურ პრაქტიკაში დავალება შემეცნების, სწავლა-სწავლების პროცესის განუყოფელი ნაწილია. დავალება არის მოსწავლის მიერ აუცილებლად შესასრულებელი სამუშაო, სავალდებულო და საპასუხისმგებლო, დროში შეზღუდული და კონკრეტული მიზნების მისაღწევად შემუშავებული.

დავალება სხვადასხვაგვარია. მოცულობა, ფორმა, შინაარსი, სახეობა განისაზღვრება მასწავლებლის მიერ. საშინაო დავალების მიცემამდე წინასწარ უნდა იყოს შემუშავებული ჩაბარებული დავალების შემოწმების(გასწორების) კრიტერიუმები, რომლებსაც მოსწავლეებს დავალების მიცემის დროს დეტალურად გავაცნობთ.

საშინაო დავალების შესრულებისას ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მასწავლებელი დავალების რაოდენობას, ინტენსივობას, ინსტრუქტაჟს და აგრეთვე დავალების შემოწმების მექანიზმებს სწორად შეარჩევს.

თვითდავალება – დავალების მიცემამდე:

საშინაო დავალების მოფიქრებისას სასურველია დავსვათ კითხვები, რომლებიც განსაზღვრავს დავალების არსს და მიზანს. ასე უკეთ შევძლებთ როგორც შესამოწმებელი მეთოდის შერჩევას, ისე კონკრეტული მიზნების მიხედვით ინსტრუქტაჟის შედგენას.

ზოგადი კითხვა ასეთია – რას ემსახურება მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სამუშაო?

სავარაუდო პასუხები:

  • ფაქტებისა და ტერმინების დამახსოვრებას
  • სიტუაციის, ამოცანის, პრობლემის გაანალიზებას
  • ძირითადი იდეების გაგებას
  • შეფასებების გაკეთებას ან მოსაზრებების გამოთქმას
  • პრობლემის გადასაჭრელად ინფორმაციის გამოყენებას
  • ახალი რაღაცის შექმნას ან ფორმირებას

დავალების შემოწმების ფორმები

საშინაო წერითი დავალების შემოწმების რამდენიმე ფორმა არსებობს. მრავალფეროვნებისთვის, სასურველია, მასწავლებელმა ხშირად ცვალოს გამოკითხვა/შემოწმების პროცესში მეთოდი და დავალების სპეციფიკის გათვალისწინებით, შეარჩიოს ერთ-ერთი ან რამდენიმე:

  • ზეპირი ინდივიდუალური ან ფრონტალური გამოკითხვა

 ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და მიღებული პრაქტიკაა.  მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს ერთი მოსწავლის გამოძახება-გამოკითხვით ან ფრონტალური გამოკითხვით. მეთოდი, ძირითადად, ფაქტობრივი და შინაარსობრივი მასალის გახსენება-გააქტიურების მიზნით გამოიყენება. ეთმობა მცირე დრო და აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები.

დადებითი:მცირე დროში შესაძლებელია საკვანძო დებულებების, მნიშვნელოვანი საკითხების გადამეორება, აქტიურობა/ჩართულობაზე დაკვირვებით  მასწავლებელი განსაზღვრავს, რამდენ მოსწავლეს აქვს ათვისებული მასალა.

უარყოფითი: ძირითადად ჩართულია მოსწავლეთა ის ნაწილი, რომელიც აქტიურობით გამოირჩევა, მოსწავლე, რომელსაც არ ან ვერ აქვს მომზადებული დავალება, იოლად გავა ფონს. ამისგან თავის დასაზღვევად მნიშვნელოვანია გამოვკითხოთ არა მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებიც თავად გამოიჩენენ ინიციატივას, არამედ თავად შევარჩიოთ მოსწავლეები და პირადად მივმართოთ მათ.

  • შესწორება ნიმუშის მიხედვი

მასწავლებელი დაფაზე წერს დავალების სწორ პასუხებს/ამზადებს სამუშაო ფურცლებს, სადაც სწორი პასუხებია თავმოყრილი, მოსწავლეები თავად გადახედავენ შესრულებულ დავალებას, ჩაასწორებენ შეცდომებს ისე, რომ მასწავლებლისთვისაც თვალნათელი იყოს, სად იყო დაშვებული შეცდომა, აკეთებენ ანალიტიკურ კომენტარს, სადაც მიმოიხილავენ შესრულებული დავალების ხარისხს. შესაძლებელია შევთავაზოთ ცხრილის შევსებაც. ორ ნაწილად გაყოფილ ფურცელზე მოსწავლე წერს- სწორი მეგონა / ახლა ვიცი, რომ და ავსებს ცხრილს მიღებული სწორი პასუხების გაცნობის შემდეგ.

  • თვითშეფასება

მეთოდი განსაკუთრებით კარგია შემაჯამებელი სამუშაოს შესრულების ან საკლასო წერითი დავალების დასრულების შემდეგ. მოსწავლე თავად აფასებს საკუთარ ნაშრომს. ცდილობს, აღმოაჩინოს შეცდომა, რომელიც მუშაობის პროცესში გაეპარა. თვითშეფასების პროცესში მას უფლება უნდა მივცეთ, მასწავლებელთან ან სახელმძღვანელოში  გადაამოწმოს პასუხები, მონიშნოს შეცდომები. ასეთ შემთხვევაში შემაჯამებელ სამუშაოს ან საკლასო წერით დავალებას მხოლოდ შესამოწმებელი კი არა, შემეცნებითი ფუნქციაც ენიჭება.

  • წერილობით შესრულებული დავალების გაცნობა-შესწორება-კომენტირება

მასწავლებელი აკეთებს განმავითარებელ ვრცელ კომენტარს შესრულებული დავალების ხარისხზე რვეულშივე. კომენტარი არ შემოიფარგლება ერთსიტყვიანი შეფასებით ( ყოჩაღ ან კარგია…), არამედ იწერება დეტალური მიმოხილვა. აუცილებელია ე.წ. სენდვიჩის მეთოდის გამოყენება. უნდა აღინიშნოს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური – რა მოგეწონათ, რა იყო კარგი, სად არის ფაქტობრივი/შინაარსობრივი შეცდომა, სად არის არასწორად გააზრებული საკითხი და ა.შ. შედეგის მისაღწევად მოსწავლეს ვთხოვთ, მითითებების გათვალისწინებით ხელახლა შეასრულოს სამუშაო. ვაკვირდებით, რამდენად აქვს გათვალისწინებული რჩევები.

  • მოსწავლეები წყვილდებიან და თავად ასწორებენ ერთმანეთის დავალებას ნიმუშის მიხედვით.

ამ მეთოდს განსაკუთრებით დიდი ხალისით ეკიდებიან თავად მოსწავლეები. მათი ამოცანაა, ყურადღებით გაეცნონ მეწყვილის ნაშრომს, აღმოაჩინონ სხვადასხვა ტიპის შეცდომები, შეასწორონ, დაწერონ კომენტარი, სადაც მიმოხილული იქნება სწორი ვარიანტი. მოსწავლეები, ფაქტობრივად, მცირე ხნით მასწავლებლის ფუნქციას „ითავსებენ“, თავადაც სწავლობენ(იმტკიცებენ ცოდნას) და მეგობარსაც ეხმარებიან.

იმის მიუხედავად, თუ რომელ ფორმას ირჩევს პედაგოგი, მნიშვნელოვანია მთავარი ფაქტორის გათვალისწინება – დავალების შემოწმებას არ აქვს ოდენ მაკონტროლებელი ფუნქცია, ეს პროცესი საკუთრივ უნდა იყოს შემეცნებისა და სააზროვნო-კოგნიტური უნარების გააქტიურებისკენ მიმართული.

 

 

ირინე ნადირაშვილი- როგორ შევქმნათ პოსტერი

0

პოსტერის შექმნა  დღეს განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა მასწავლებლისთვის.

ძალიან ხშირად მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების მიზნით იმართება მნიშვნელოვანი კონფერენციები, კონკურსები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც მასწავლებელს ხელს უწყობს კრედიტქულების დაგროვებაში. ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების ერთ-ერთი პირობა პოსტერის მომზადებაა.

რა არის პოსტერი?

– ზოგადად პოსტერი პოლიგრაფიული პროდუქტია, რომელიც გამოიყენება პროდუქციის რეკლამირებისთვის და შეიცავს როგორც ტექსტურ, ასევე გრაფიკულ გამოსახულებას. პოსტერების ზომას კედლის ზომის შესაბამისად არჩევენ. შეიძლება იყოს ვერტიკალური ან ჰორიზონტალური ფორმატი.

 პოსტერის მიზანია საზოგადოების ინფორმირება. ასევე ერთ-ერთი პოპულარული ფორმაა საგანმანათლებლო მიზნით მომზადებული საკონფერენციო თემის (მაგალითად, განხორციელებული პროექტის, კვლევის, გამოყენებული ეფექტური მეთოდის) პრეზენტაციისთვის. პოსტერი უნდა იყოს მესიჯი აუდიტორიისთვის (რისი თქმაც უნდა ავტორს).

ასევე მასწავლებელს შეუძლია პოსტერის, როგორც რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესში, რომელიც ხელს შეუწყობს, გააუმჯობესებს და ეფექტურს გახდის სასწავლო პროცესს.

პოსტერის შექმნა მოსწავლეებსაც შეუძლიათ. რომელიმე თემის შესწავლის შემდეგ  შესაძლებელია მოსწავლეებს მივცეთ დავალება შექმნან პოსტერი. რომელიც მათ ინფორმაციის დახარისხების, მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გარჩევის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, შეჯამების, დასკვნის გამოტანის უნარებს განუვითარებს.

პოსტერის საშუალებით მოსწავლეებს ჩატარებული პროექტის წარდგენაც შეუძლიათ.

პოსტერის შექმნისათვის არსებობს ზოგადი რეკომენდაციები: 

  1. უნდა ეხებოდეს ერთ თემას;
  2. მასზე ასახული უნდა იყოს პრობლემა-გადაჭრის გზა, მიღწეული შედეგები, დასკვნა და რეკომენდაციები;
  3. მნიშვნელოვანია ორგანიზებულობა – უნდა იკითხებოდეს მიმდევრობით (არა ქაოსურად);
  4. სასურველია გრაფიკებისა და დიაგრამების გამოყენება;
  5. მასზე განთავსებული უნდა იყოს დიდი ზომის ფოტოები, რომელიც ჰყვება ამბავს. ერთ პოსტერზე დაახლოებით 5 ფოტო ( მაღალი ხარისხის);
  6. ის არ უნდა იყოს გადატვირთული ტექსტით, დატანილი უნდა იყოს მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხები (გამოიყენეთ მარკირება და ნუმერაცია);
  7. სასურველია მასზე მხოლოდ ორი-სამი ფერი იყოს გამოყენებული;
  8. სათაური უნდა იყოს საინტერესო, სათაურის ქვეშ აუცილებელია ავტორის მითითება, სათაურის ზოლში – ლოგოს ჩასმა;
  9. შრიფტის ზომები: სათაური – შრიფტი – 85; ავტორი – შრიფტი – 56; ქვესათაური – 36; ტექსტი – 24; სურათის ქვეშ – 18;
  10. შესაძლებელია პოსტერის ზომის შერჩევა. (ხშირად იყენებენ ფლიფჩარტის ზომის პოსტერებს-А2).

pos1

სტენდური პრეზენტაცია პოსტერის ფორმატით საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მეტმა დაინტერესებულმა ადამიანმა გაიგოს თქვენი მოსაზრებები და ჩაერთონ დისკუსიაში. პოსტერის პრეზენტაციის დროს ეფექტურია დასარიგებელი მასალის მომზადება, მაგალითად, ბუკლეტების  ან დისკების  სახით.

  • პოსტერის მომზადება შეიძლება power-point -ში;
  • FILE მენიუ;
  • შემდეგ-New;
  • საძიებო ველში ჩაწერეთ-poster. იხილეთ მზა პოსტერის შაბლონები. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი;
  • მომზადებულ პოსტერს ინახავენ სურათის სახით, შესაძლებელია მისი დაბეჭდვა.

გამოცდილების გაზიარების მიზნით წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ პოსტერებს, რომლის საშუალებითაც გაგიზიარებთ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის მაგალითებს.

pos2

პოსტერი გამოცდილების გაზიარებისა და საზოგადოების ინფორმირების შესანიშნავი საშუალებაა.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://hsp.berkeley.edu/sites/default/files/ScientificPosters.pdf               

https://www.irides.ge/?23/121/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

https://www2.kenes.com/epa/sci/Pages/E-PosterInstruction.aspx

https://thinkcognitive.org/ru/blog/kak-sdelat-horoshij-poster#.VqSnmPkrLIV

ირინე ნადირაშვილი

ქ.საგარეჯოს № 2 საჯარო სკოლა

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...