ოთხშაბათი, ივნისი 24, 2026
24 ივნისი, ოთხშაბათი, 2026

მოსწავლეთა  დამოუკიდებელი კვლევითი  საქმიანობა  და   ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარება

0

ჩვენ გლობალური ცვლილებების ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც „ვიწრო ნაციონალიზმის“ მრავალმხრივი დამღუპველი გავლენები უკვე კარგა ხანია იქცა სერიოზული დისკუსიის საგნად. საჭირო და აუცილებელია მომავალ თაობებს  ნაციონალიზმის მონოეთნიკური გაგებისაგან განსხვავებული სააზროვნო მოდელები,  სხვაგვარი ნაციონალური  აზროვნება შევთავაზოთ და გავათავისებინოთ.  ამ მიმართულებით პედაგოგებს წარმატებით შეგვიძლია ინტერკულტურული განათლების გამოყენება, რადგან ინტერკულტურული აზროვნება  იმგვარი ტიპის ცნობიერებას ეფუძნება, რომელიც აღიარებს აზროვნების განსხვავებულ ფორმებს,  ისწრაფვის სოლიდარობისკენ და  საკუთარი  კულტურული  საზღვრების გადალახვაში  ეხმარება პიროვნებას  (სქემა 1):

ფ1

 სქემა 1.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინტერკულტურულ აზროვნებაში ცოდნა არა მხოლოდ თეორიის, არამედ კონკრეტული  ისტორიული რეკონსტრუქციების დონეზე გადაიაზრება და  აქედან გამომდინარე ააქტიურებს კრიტიკულ დამოკიდებულებას,  თანაც  არამარტო საკუთარი აზროვნების, არამედ  იმ ტრადიციის მიმართაც, სადაც იგი ჩამოყალიბდა. ამ კონტექსტში „საკუთარი ტრადიცია“ შესაძლოა იქცეს ერთგვარ ხიდად, დამაკავშირებელ რგოლად ინტერკომუნიკაციისათვის. საბოლოო ჯამში  ეს იწვევს „სხვა“  ცოდნის კონსტრუირებას და „განსხვავებული კულტურული წარმომავლობის ჯგუფების“ მიმართ პატივისცემას. ამგვარი  გაგებით ინტერკულტურული განათლება არ წარმოადგენს  უთანასწორობის კომპენსაციის საშუალებას, არამედ ესაა თანასწორობის სწავლა/სწავლება თანასწორუფლებიან გარემოში.

სკოლას რეალურად  შეუძლია ხელი უნდა შეუწყოს ამგვარი კომუნიკაციის განვითარებას, თანაც ყველაზე ეფექტურად და შედეგიანად. ამისათვის მასწავლებელმა უნდა შესთავაზოს მოსწავლეს ანალიზისა და აზროვნების კომპეტენცია, მისსავე რწმენასა და ღირებულებებზე დაფუძნებული, რათა შეძლოს კრიტიკული რეფლექსიის უნარის გამომუშავება. ამით სკოლა ხელს შეუწყობს  სახელმწიფოს წინაშე მოქალაქეობრივი  პასუხისმგებლობისათვის და  მულტიკულტურულ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის  მზადმყოფი პიროვნებების ჩამოყალიბებას (სქემა 2).

2

პედაგოგიკის მეცნიერებაში აღიარებული მტკიცებულებით მრავალფეროვან გარემოში ინტერკულტურული განათლების ელემენტების გამოყენება  მოსწავლეს უვითარებს:

  • მრავალმხრივ ხედვას;
  • კონფლიქტის თავიდან არიდების უნარს;
  • საერთო ღირებულებების მიმართ პატივისცემას.

ამგვარი ცოდნა კი მოსწავლეებს წარსულის, აწმყოსა და მომავლის მათეული ინტერპრეტაციის საშუალებას მისცემს (სქემა 3).

ფ2

სამწუხაროდ სასკოლო სახელმღვანელოებში მულტიკულტურული განათლება მცირედაა ასახული, ძირითადად გადმოცემულია ინფორმაციები, მაგრამ არაა საუბარი ეთნიკური უმცირესობების  წვლილზე  ქართული კულტურის ფორმირებაში.   პედაგოგებსაც და მასწავლებელებსაც უჭირთ სოციალური ქმედებების რეალური, კონკრეტული  მაგალითების დასახელება, მულტიკულტურული განათლების პერსპექტივიდან კი  საქართველოს ისტორიის სწავლება ეთნიკური ჯგუფების გამოცდილებისა და პერსპექტივის გაუთვალისწინებლად, საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად სწავლებას ნიშნავს. ინტრკულტურული განათლების აღიარებით  მოსწავლეები და პედაგოგები შექმნიან უსაფრთხო „მესამე სივრცეს“, რომელშიც შეისწავლიან ურთიერთკავშირს ძველ – მათთვის უკვე ნაცნობ და ახალ კულტურებს შორის და სამომავლოდაც ერთად გააგრძელებენ სვლას ისტორიის ფართო შარაგზაზე.

სასწავლო პროგრამების   ამ  „ნაკლოვანებების“   შევსება და ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარება შესაძლებელია:

  • მოსწავლეთა დამოუკიდებელი შემოქმედებითი და კვლევითი  საქმიანობის წარმართვით და
  • სასკოლო სივრცეში არსებული ფაქტობრივი მრავალფეროვნების როგორც  სასწავლო რესურსის გამოყენებით.

ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებისა და ქართულ-ასურული ურთიერთობების შესწავლის მიზნით თბილისის ვ. ესვნაჯიას სახელობის  იტალიური სკოლა „ცისკარის“ საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრაზე 2015-2016 სასწ წელს ორ ეტაპად განხორციელდა მოსწავლეთა დამოუკიდებელი შემოქმედებითი და კვლევითი საქმიანობა:

I ეტაპი –

3

II ეტაპზე – 2016 წლის ივნისში კი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კულტურულ საგანმანათლებლო ფესტივალის – „ოქროს საწმისის“  ინიციაციის ფარგლებში  (რომლის სამუშაო ვერსია გახლდათ  „ქართული ტოლერანტობა მეფე აიეტიდან დღემდე“)  ნ. გელოვანმა, როგორც საუკეთესო საკლასო ნაშრომის ავტორმა,  წარადგინა საკონფერენციო თემა – „ქართულ-ასურული  ურთიერთობები – ერთად  ყოფნის  გამოცდილება“. (სურ.1). მისი ნაშრომი, როგორც რჩეული მოხსენება, დაიბეჭდა კონფერენციის მასალებში.

 

 5

 

 ფ

  სურ.1

III   ეტაპზე –  გამოიკვეთა თვისობრივი შედეგების კიდევ უფრო მაღალი ხარისხი:

6

IV ეტაპი  – ინტერკულტურულ კომპეტენციებზე მუშაობით იტალიურ სკოლის X კლასის  მოსწავლეთა ზოგადი  წინსვლა ძალიან ხელშესახები გახდა სასკოლო ცხოვრების ყველა მიმართულებით, საბოლოოდ კი თანასკოლელებმა – ქართველემა  და ასურელემა მოსწავლეებმა – ერთმანეთი დაინახეს  როგორც ჩვენი ქვეყნის კულტურის  ერთობლივი შემომქმედები, თანამონაწილეები   და ამ თანამონაწილეობის განცდა  გახდა  მათი ურთიერთმიმღებლობის საოცარი სტიმული.   

7

აღნიშნულმა გამოცდილებამ დამანახა, რომ ისტორიის მასწავლებლებს  ნამდვილად შეგვიძლია  ინტერკულტურული  კომპეტენციების  განვითარება მოსწავლეებში    და ისინი  რეალურად შეძლებენ    არსებული  გამოწვევების  დაძლევას და  წინ წასავლას.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. შ. ტაბატაძე, ნ. ნაცვლიშვილი, ინტერკულტურული განათლება, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2008;
  2. ლ.ზაქარაძე, ქართული ფილოსოფიის ახალი პერსპექტივები ინტერკულტურული აზროვნების ჭრილში, თბ. 2013;
  3. ნ.ჭყონია, მრავალმხრივი განათლების შინაარსის თანამედროვე პრობლემები, დისერატიცა დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, ბათუმი, 2013

 

დაბადება სიკვდილის დროს

0

ედემში ვარ. ედემი სასტუმროს სახელია. ის ყვარელში დგას და მისი დარაბების მიღმა შემოდგომაა. უფრო სწორად, მისი უდიდებულესობა, შემოდგომა. ღამეა. 23 საათი და 59 წუთი. სადაცაა 12 ნოემბერი დადგება. სასტუმროს ეზოში დაფენილ ყვითელი ფოთლების ხალიჩას მთვარის შუქი ადგას და ვერცხლისფერ ბილიკებს ხატავს. უშველებელ სივრცეში სულ ოთხნი ვსხედვართ. ვიტრაჟებთან მიმდგარ სავარძელში მჯდომი კაცი, ჩემი აზრით, რომ ან ზაალი ჰქვია, ან ხვიჩა, ტელეფონს უკირკიტებს. სათვალე ცხვირის წვერთან ახლოს აქვს დაკოფსებული და ღრმად სუნთქავს. ბარის გადასწვრივ წყვილი ზის. ღვინითა და ერთმანეთის სიყვარულით მთვრალებს თავები მიუბჯენიათ და მგონი მიიძინეს კიდეც. მეც მთვრალი ვარ. ერთი საათის წინ საფერავი დავლიე და როგორც საფერავს სჩვევია, ცხოვრებაზე მაფიქრებს. ერთ წუთში ჩემი ოცდამეექვსე დაბადების დღე დადგება და ვხვდები, რომ წინა ოცდახუთისგან განსხვავებით თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობ. მექსიკური კარტელის ბოსივით სიღრმეში ვზივარ და ჩემს სახეს შუქი სანახევროდ ანათებს. ყურში ლეონარდ კოენის „A Thousand Kisses Deep“ ჩამესმის. კოენის გარდაცვალების შესახებ დილით შევიტყვე, როცა ყვარლისკენ მოვდიოდი. როგორც ჩანს, სასტუმროს მენეჯერმაც გაიგო ეს ამბავი და მის სიმღერას სიმღერაზე უშვებს. მადლობის მეტი რა მეთქმის – მეხმარება დავრჩე იმ გაურკვეველ, თუმცა სიცოცხლისთვის არასახიფათო სევდაში, რომლიდან გამოსვლაც არ მსურს.

ექვსი თუ შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნინიამ ეს სიმღერა პირველად მომასმენინა. ზუსტად მახსოვს, როგორ ამოვარდა mp3-ის ფაილი სიტყვებით სავსე ველში და როგორ უყოყმანოდ დავეთანხმე მის ჩამოტვირთვას. საოცარია, რა ღრმა ნაკვალევს ტოვებენ ასეთი მომენტები შენს გონებაში.

26 წელია მოგონებებს ვაგროვებ. ამ პროცესის აღქმა კი მხოლოდ მაშინ შევძელი, როცა მულტფილმი „Inside Out“ ვნახე. მაშინ დავინახე, როგორ მუშაობს ჩემი მეხსიერება. როგორ ხდება ერთის დამახსოვრება და მეორის სანაგვეზე გაგზავნა. რა მახსოვდა იმ მომენტში? რა ტივტივებდა ჩემი გონების ზედაპირზე, როცა სანახევროდ მთვრალი, შემოდგომით გარშემორტყმული, თბილი სასტუმროს ვესტიბიულში მჯდომი, ახლად გარდაცვლილი ლეონარდ კოენის სიმღერას ვისმენდი? – მახსოვდა კარადა.

ბავშვობაში, ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კარადაში ჯდომისას ვიღებდი. კარადასთან კიბეს მივადგამდი და ზედა ნაწილში ვძვრებოდი. იქ საოჯახო მუზეუმის ექსპონატები, საახალწლო ნაძვის ხის მორთულობა, სათადარიგო საბნები და ბალიშები ეწყო. იქვე სუფევდა სხვაგან თვალით უნახავი და გულით უგრძნობი სიმყუდროვე და მარტოობის განცდა, რომლის მსგავსსაც წლების შემდეგ მხოლოდ გაბრიელ გარსია მარკესის წიგნები მაგრძნობინებს. მყუდრო ატმოსფეროს ქმნიდა სხვადასხვა ნაცნობი საგნის ერთობლიობა და მათი სურნელებისგან შემდგარი ბუკეტი, რომელიც ჩემს გონებას, ყნოსვის რეცეპტორების გავლით ერთსა და იმავე სიგნალს აწვდიდა – უსაფრთხოდ ხარ, შეგიძლია თავისუფლად იფიქრო.

თავისუფლად ფიქრი კი, უპირველესად, თავისუფლად ოცნებას გულისხმობდა. რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო მკვეთრად იკვეთებოდა ოცნებათა საზღვრების კონტურები. კარადის სიმყუდროვეში დაბადებულ პირველ ოცნებებში, სკოლის კარადის უკან სამალავი მქონდა. თუმცა, სამალავი კი არა, მთელი სასახლე იყო – ზუსტად ისეთივე, როგორშიც ზორო ცხოვრობს: უშველებელი სავარჯიშო დარბაზით, იარაღის საცავით, შავი ბედაურისთვის განკუთვნლი თავლით და თეთრი ქვისგან გაკეთებული ბუხრებით. მოგვიანებით, მგონი მეორე კლასში, იმ სამალავში გოგონა გაჩნდა. რა თქმა უნდა, ჩემს გონებას, რომელსაც იმ დროისთვის ძალიან სუსტი ოპერატიული მეხსიერება, ვიდრე ბარათს და მყარ დისკს, ჰქონდა, არ შეეძლო ჩემი პერსონაჟისთვის გოგონასთან ურთიერთობაში რთული დავალებების მიცემა. ამის გამო, ის წარმოსახვა უხმო კინოს უფრო ჰგავდა, ვიდრე ეროტიულს.

დროთა განმავლობაში კარადაში უამრავი ოცნება დაიბადა: დათო – მეცენატი; დათო – ზღვაში ბავშვის გადამრჩენელი; დათო – წარმატებული მექალთანე (ამ ოცნების აუხდენლად დარჩენა ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზის – ჩემი გარეგნობის გამო მოხდა); დათო – ცნობილი კინორეჟისორი; და ბოლოს, დათო – ცნობილი მწერალი… ვესტიბიულში სიმხურვალემ იმატა. ლეონარდ კოენის ხმა უფრო და უფრო სევდიანი ხდებოდა, მიცვალებული  დაბადებიდან ოცდამეექვსე წლისთავს მილოცავდა.

  • რაზე ოცნებობ ახლა, 2016 წლის 12 ნოემბრს? – მკითხა პირველკლასელმა დათომ, კარადაში მჯდომმა.
  • რა ვიცი მე, რა უხერხულ შეკითხვებს სვამ? – ვუპასუხე წყრომით.
  • ბოლოს როდის მოიტოვე საოცნებო დრო ძილის წინ? – ტონს აუმაღლა, კობრასავით წამოემართა.
  • არ მახს…
  • ეეეე, ვერ ივარგე – სიტყვა გამაწყვეტინა – ვერავის იმედი ვერ გაამართლე და რაც მთავარია, ვერც საკუთარი თავის – მექსიკური სერიალის ბრძენკაცის ხმით მითხრა.

პირი გავაღე, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე.

  • იქ მოდი, ჩვენ რომ ვიცით.
  • იქ? სად იქ? კარადაში?
  • ხო, აბა სად?
  • იქ რა მინდა?
  • იქნებ გეშველოს რამე.
  • 110 კილო ვარ, როგორღა დავეტევი იქ?
  • 110?
  • ხო.
  • აუფ.
  • აბა.
  • სცადე მაინც…

წყვილს ერთმანეთზე თავმიდებულს ეძინა. „ვცდი“ – ვიფიქრე ჩემთვის – „იქნებ ავძვრე კიდეც, თუკი ჩემი ოცნებები ჩემს წონას აღემატება“.

მწყემსი კეთილი – პოპულარული მეტაფორის ორი მხარე

0

როდესაც ჩემი შვილები პატარები იყვნენ, ძალიან უყვარდათ ერთი ინგლისურენოვანი წიგნი, რომელსაც მათ ხშირად ვუკითხავდი. ამ წიგნში სახარების იგავი იყო ბავშვისთვის გასაგებ ენაზე ამეტყველებული. წიგნის ავტორმა შესანიშნავად მოახერხა, ისეთი სიტყვები დაეძებნა, რომლებიც მარტივად დაამახსოვრებდა პატარებს ფარას მოწყვეტილი დაკარგული ბატკნისა და კეთილი მწყემსის იგავს. ამ წიგნში პატარა ბატკანი შესაბრალისი ხმით ჩიოდა, რომ დაიკარგა, რადგან მწყემსს გამოეპარა და ახლა, როდესაც ღამდება და მგლის ყმული ისმის, შეშინებულმა აღარ იცის, რა ქნას. კეთილი მწყემსი მიატოვებს დანარჩენ 99 ცხვარს და მეასე დაკარგული ბატკნის გადასარჩენად მიემართება. გახარებული ბატკანი, რომ იპოვა მწყემსმა და არ მიატოვა განსაცდელში, პირობას დებს, რომ მუდამ დაუჯერებს მწყემსს და აღარ ჩამოშორდება ფარას. კეთილი მწყემსის სახე ალბათ ყველაზე უფრო ხშირია ბიბლიაში. ის მეტაფორის, შედარების სახით გვხვდება, ასევე არაერთი იგავი ეძღვნება ამ პერსონაჟს. ბიბლიიდან ეს სახე მხატვრულ ლიტერატურაშიც გადავიდა და, შუასაუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე, მწყემსი კეთილი ყველაზე უფრო პოპულარული მეტაფორაა და მას ხშირად მიმართავენ სულიერი ლიდერის იქნება ეს თუ ღმერთის მისამართით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მეტაფორა არ იყო ყველასთვის საყვარელი მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალება.

პლატონის „სახელმწიფო“ ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, რომელიც სამართალზე და სამართლიანობის თემაზე შექმნილა. დიალოგი, რომელიც სოკრატესა და სხვა ცნობილ თუ არაცნობილ პირებს შორის წარიმართა, მრავალ, მანამდე ბუნდოვანებით მოცულ საკითხს ხდის ნათელს. ერთ-ერთი საკითხი მმართველის მწყემსთან შედარებაა. მაგრამ, სანამ ამ შედარებას განვიხილავდეთ, აუცილებლად უნდა გავერკვეთ, ვინ არიან დიალოგის მონაწილენი.

დიალოგი წარიმართა ათენის შემოგარენში, ნავსადგურ პირეოსში მდიდარი მეტიკის კეფალოსის ოჯახში, სადაც დემოკრატიის მომხრე ახალგაზრდებიც ხშირად იკრიბებოდნენ, გაგანია პელოპონესის ომის დროს. პელოპონესის ომი ჩვ. წ-მდე 433 წლიდან 404 წლამდე ორ უმსხვილეს პოლისს, ათენსა და სპარტას შორის მიმდინარეობდა. მეტიკი არამოქალაქეა, თუმცა მეტიკს ბიზნესის წარმოებაც შეუძლია, ოჯახის შექმნაც, მაგრამ მოქალაქისგან ის განასხვავებს, რომ იგი ქალაქის საქმეებში, პოლიტიკურ ცხოვრებაში ვერ მიიღებს მონაწილეობას, ე.ი. მას ხმის მიცემის უფლებაც არ გააჩნია. სამაგიეროდ, მისი შვილები ამ უფლებით სარგებლობენ და კეფალოსის დიდი სურვილია, მისი შვილები პოლიტიკაში ჩაერთნონ, ამიტომაც არანაირი თანხა არ ენანება მათთვის საუკეთესო განათლების მისაცემად. იმ პერიოდში ამ კუთხით ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესი სოფისტებს ჰქონდათ, ისინი ამზადებდნენ მდიდარი ათენელების შვილებს ორატორულ ხელოვნებაში და სხვა საგნებში, რომელთაც დიდი გასავალი ჰქონდათ, რადგან სასამართლოებში გამოიყენებოდა. ამ გზით სოფისტები იმდენად გამდიდრდნენ, რომ, სხვა ფილოსოფოსებისგან განსხვავებით, მათ ტაძრებისთვის საუკეთესო გულუხვი ძღვენის შეწირვა შეეძლოთ. ისინი მდიდრული ჩაცმულობით და ოქროს სამკაულებითაც ბრწყინავდნენ და ფუფუნებაშიც ცხოვრობდნენ. როგორც ვთქვით, მათი შემოსავლის მთავარი წყარო მდიდარი ოჯახები იყო და მათი კეთილდღეობაც მოწაფეთა რაოდენობის პარალელურად იზრდებოდა. სოკრატეს, რომლისთვისაც ფილოსოფია შემოსავლის წყარო არ ყოფილა, არ უყვარდა სოფისტები. წარმოიდგინეთ, მისი რეაქცია, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდამ ერთ დღეს ფილოსოფოსს პირეოსიდან ათენში სახლში წასვლის საშუალება არ მისცა და ლამის ძალით წაიყვანა კეფალოსის სახლში. სოკრატე გაოგნებულია, როდესაც შენიშნავს, რომ მისი თანმხლები გლავკონიც, პლატონის ძმა, ამ მოძალადე ახალგაზრდების მხარესაა. ამიტომაც მათ არა იმდენად შიშის, არამედ ინტერესის გამო უფრო მიჰყვება. კეფალოსის სახლში მისულს მას კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა დახვდება და მათთან ერთად ამ ახალგაზრდების სოფისტი მასწავლებელი თრასიმაქოსი. სოკრატე ხვდება, რომ ახალგაზრდებისთვის ძალადობა უცხო არაა და ამაში წვლილი სწორედ მათ მასწავლებელს მიუძღვის, რადგან ის ასწავლის მოწაფეებს, რომ მომავალი პოლიტიკოსებისთვის ნებისმიერი გზა მისაღებია. როგორ პოლიტიკოსებად შედგებიან ეს ახალგაზრდები და რა დღეში ჩააგდებენ ქვეყანას, ეს უკვე მათ მასწავლებელს არ ადარდებს. მისთვის მთავარია, ახლა იშოვოს ფული და, თუკი დიალოგის დროს მისი მოწაფეები აჯობებენ სოკრატეს, მისი სახელი კიდევ უფრო შორს გავარდება და მისი, როგორც მასწავლებლის ფასი კიდევ უფრო აიწევს. სოკრატე ხვდებ, რომ ძალადობასთან დაპირისპირება ადვილია არაა, ერთადერთი გზაა, დიალოგი ისე წარმართოს, რომ ამ ახალგაზრდებს და მათ მასწავლებელსაც ასწავლოს, რა არის სამართალი. ამისთვის კი შეერთებული ძალით მოძებნონ ეს ცნება. პირველად სამართალს თავად კეფალოსი განმარტავს. მისთვის სამართალი არის ღმერთისთვისაც და ადამიანებისთვისაც ვალის გადახდა, ანუ ყველამ საკუთარი წილი უნდა მიიღოს. სოკრატე ადვილად გააჩუმებს კეფალოსს, როდესაც ასეთ სიტუაციას წარმოადგენს: თუკი მეგობარი ჩაგაბარებს იარაღს და ეს მეგობარი წლების შემდეგ ჭკუიდან შეიშლება, უნდა დავუბრუნოთ თუ არა მას იარაღი, რამდენად სამართლიანი იქნება ეს საზოგადოების მიმართ, რომელიც შეშლილი მეგობრის სამიზნე გახდება (ეს თემა დღესაც აქტუალურია, თუკი დოლარი-ლარი-კუპონი-რუბლის სესხება-დაბრუნებაზე ვისაუბრებთ). კეფალოსს ამ კითხვაზე პასუხი არა აქვს და ოთახს ტოვებს, ხოლო მისი ქონების მემკვიდრე, მისი ვაჟიშვილი, მამის არგუმენტის მემკვიდრეც  ხდება. პოლიმარქოსი უკვე სხვანაირად განმარტავს სამართლას და ამბობს, რომ სამართალია, როდესაც მეგობარს ვარგებთ, მტერს კი ვავნებთ. ეს განმარტება პელოპონესის ომის დროს ასე უნდა გავიგოთ: სამართლიანია, დავაზიანოთ ნებისმიერი სპარტელი, თუნდაც ღირსეული, და ათენელს, როგორიც არ უნდა იყოს ის, ბოროტი თუ მაოხრებელი, საუკეთესო პირობები შევუქმნათ (დღეს ეს თემაც აქტუალურია საქართველოში, თუკი სპარტელს რუსით ჩავნაცვლებთ). ცხადია, სოკრატე პოლიმარქოსსაც გადაარწმუნებს შესაბამისი არგუმენტებით და პოლიმარქოსი ასეთ სიტყვებს იტყვის: მე შენი პარტნიორი გავხდები ნებისმიერ საქმეშიო. თრასიმაქოსი, რომელიც ამ ყველაფერს უსმენს, ხედავს, რომ მისი მოწაფეები არათუ ვერ იგებენ დისკუსიას, არამედ ხელიდანაც ეცლებიან და სოკრატეს მხარეს გადადიან, ამიტომ სასწრაფოდ ერთვება საუბარში. ჰოდა, სწორედ ეს თრასიმაქოსი, სოფისტი მასწავლებელი, რომელიც სოკრატეს აზრით, რყვნის მოწაფეებს, რადგან არასწორ შეხედულებებს უყალიბებს,  სოკრატეს, ერთი შეხედვით, საკმაოდ მიმზიდველ სურათს უხატავს. მისთვის მმართველი მწყემსს წააგავს, რომელიც დღედაღამ ზრუნავს თავისი ფარაზე. თუკი მანამდე სოკრატესთვის მმართველი წააგავდა ექიმს, რომელიც პირადი კეთილდღეობისთვის კი არ ზრუნავდა პაციენტზე და სარგებლის გამო კი არ კურნავდა მას, არამედ მისი მთავარი ინტერესი თავად ავადმყოფის ჯანმრთელობა იყო, თრასიმაქოსისთვის ეს მაგალითი მიუღებელი ხდება და მმართველი ის ექიმია, რომელიც საკუთარ კარიერაზეა ორიენტირებული და არა პაციენტის მდგომარეობაზე. ზუტად ასევე მისთვის მმართველი მწყემსია, ნებისმიერი მწყემსის მიზანი კი ფარაზე და ცხვარზე ზრუნვაა ცხვრისა და ფარის სიკეთისთვის კი არა, არამედ ცხვრის დასუქებაზე და მოფრთხილებაზე ისევ და ისევ ამ ცხვირს საჭმელად გამოყენების მიზნით. სწორედ ეს შედარება მიაჩნია სოკრატეს არასწორად. მისთვის კარგი მმართველი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შედარდეს კარგ მწყემსს, რადგან ეჭვსგარეშეა, რომ მწყემსი, ვეგეტარიანელიც რომ იყოს, იგი მაინც ცხვრებს თავად ცხვრების ბედნიერი ცხოვრებისთვის კი არა, სხვათა ბედნიერი ცხოვრებისთვის ელოლიავება, პატრონობს და იცავს ყველანაირი საფრთხისაგან. ასე რომ მწყემსისა და მმართველის შედარება სოკრატესათვის არათუ არადამაჯერებელი, არამედ მიუღებელიცაა. მწყემსისა და მმართველის შედარება მოსწონს და მისაღებია თრასიმაქოსისთვის, რომელიც სამართალს განსაზღვრავს, როგორც ძლიერის უპირატესობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ძლიერი ადამიანი, როგორიც არ უნდა იყოს ის, თავის სამართალს დააწესებს, უსამართლო ძლიერი ადამიანი უსამართლო სამართალს დააწესებს, ტირანი – ტირანიისთვის მომგებიან სამართალს და ა.შ. ამდენად სამართალი შეიძლება არც იყოს ყველასათვის სამართლიანი, ის სამართლიანი იქნება მხოლოდ ძლიერთათვის.

ეს მოსაზრება მიმზიდველი აღმოჩნდა მრავალთათვის. არა მარტო პლატონის ნაწარმოების მკითხველისთვის, არამედ საუკუნეთა მანძილზე უამრავი ადამიანისთვის, სამწუხაროდ, სამართალი თრასიმაქოსისეული ამ განმარტებით, უფრო ახლობელი და დამაჯერებელი აღმოჩნდა. ასევე მმართველისა და მწყემსის შედარებაც მეტაფორად იქცა და ბევრი არც კი უფიქრდება, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში, როგორ იხსნება პრაქტიკაში თეორიაში დამკვიდრებული ეს მეტაფორა, ამიტომაც ავტომატურად იმეორებს სოკრატესათვის მიუღებელ მეტაფორადქცეულ შედარებას. ამას ხელი შეუწყო ქრისტიანობამაც, რადგანაც წმინდა წიგნებში საკმაოდ ხშირია ამ მეტაფორის გამოყენება. შემდეგ ეს მეტაფორა გადავიდა ლიტერატურაში და ჩვენც, ისე რომ არ ვიხსენებთ ამ ცნების ისტორიას, მექანიკურად ვასწავლით და ტვინში ვუბეჭდავთ მას ჩვენს მოსწავლეებს. აღსანიშნავია, რომ ძველ აღთქმაში მწყემსის მეტაფორა, რომელიც აღნიშნავს მეფეს/უფალს, 90-ჯერ გვხვდება (გუგლის მონაცემებით), ბიბლიაში 43 მეტაფორაა, როდესაც მწყემსი უფალს აღნიშნავს, ხოლო იესოს 8-ჯერ. თუმცა მწყემსის ფუნქციით უფლის გამოყვანა დაახლოებით 102-ჯერ გვხვდება. საქმე ისაა, რომ როდესაც მწყემსის ბიბლიურ მეტაფორაზე ვსაუბრობთ, ამ დროს გასათვალისწინებელია ახლო აღმოსავლეთის ტრადიცია. როგორც ვიცით, მწყემსი არასოდეს არაა ასაკოვანი, ის ახალგაზრდაა ან სულაც ყმაწვილი, მწყემსის ხელობა/პროფესია არც პრესტიჟულია, რადგან მწყემსი არასოდეს არ უვლის საკუთარ ფარას, რეალურად მისი ცხვარი სხვას ეკუთვნის. სწორედ ეს მომენტია გასათვალისწინებელი, როდესაც მწყემსის მეტაფორის ბიბლიურ გამოყენებაზე ვსაუბრობთ. ფარა ეკუთვნის პატრონს, მას მწყემსი მხოლოდ უვლის, ასევე არიან ადამიანებიც, მეფე მათზე ზრუნავს დროებით, ადამიანები კი ეკუთვნიან სხვას, ამ შემთხვევაში – უფალს.

როგორც ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ მეტაფორა არაჩვეულებრივი მხატვრული საშუალებაა, სათქმელი მოხდენილად მივიტანოთ მსმენელამდე, მეტაფორა ხშირად თავგზასაც გვიბნევს, რადგან ნებისმიერ მეტაფორას თავისი ისტორიული განვითარების გზა გააჩნია და ამ გზის ცოდნის გარეშე, შესაძლოა, პრობლემებს წავაწყდეთ. მეტაფორის მსგავსად, სხვა მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებებიც ასეთივე ბედს იზიარებენ, ამიტომაც, მათი გამოყენებისას და მათი გახსნისას მეტი პროფესიონალიზია საჭირო.

ანგელოზთა აჯანყება

0

„- შემიძლია, თავს ნება მივცე და სამართლიანად განვსაჯო, მე მაქვს ამის უფლება, – გადმოსძახა მოხუცმა კიბის სიმაღლიდან, – დელაკრუა ღვთის გმობისა და ურწმუნოების დროში ცხოვრობდა. დეკადანსის მხატვარს არც სიამაყე აკლდა და არც სიდიადე. ის უკეთესი იყო, ვიდრე მისი ეპოქა. მაგრამ რწმენა აკლდა, უზაკველობა და სიწმინდე. ანგელოზები რომ დაინახოს და ხატოს, საამისოდ ანგელოზებრივი, პრიმიტივისტთა მსგავსი სათნოება უნდა მოსდევდეს კაცს. სათნოება და უბიწოება, რომელთაც, ღვთის მადლით, მთელი სიცოცხლე, რაც ძალა შემწევდა, ვემსახურებოდი.

– გაჩუმდი, მიშელ, შენც სხვებივით ღორი ხარ! – შესძახა ზეფირინმა“.

ძალიან მინდა, მხოლოდ ეს დავტოვო გამოსაქვეყნებელ ტექსტად, მაგრამ შესაძლოა, მკითხველთა ნაწილი, რომელსაც ეს წიგნი ჯერ არ გადაუშლია, ვერ მიხვდეს სიტუაციის გემოს.

მოკლედ, ჩვენი გმირი, რომელსაც ხატვა ეხერხება და ხატწერაშიც ბევრს ცდილობს, ძველი ტაძრის ხარაჩოებზე შემდგარა და ფრესკებს რესტავრაციას უკეთებს. ქვემოთ რამდენიმე ადამიანი დგას, რომლებსაც მხატვარი ხელოვნებაზე ესაუბრება, ამ დროს კი ცოლი, ზეფირინი შემოუსწრებს… იშვიათია, ან მე არ წამიკითხავს ასე მოხდენილად მოულოდნელი, მაგრამ დროული და სანტერესო სიტყვები.

მოკლედ, რისი თქმა მინდა: ჩვენ ხშირად ბევრი რამ გვეჩვენება. საზოგადოებაში მიღებული ნორმებისა და წესების ურღვევი კედლის მიღმა კომფორტულად ვართ მოკალათებული და საკუთარ თავს და საქმეებს იქიდან ვუყურებთ. მასწავლებლისთვის კი ასეთი ხედვა ნამდვილად არ არის კარგი. და მოსწავლეებმაც სხვა რამ უნდა ისწავლონ.

ჩვენ თითქოს მართლა ხარაჩოებზე ვდგავართ და ანგელოზებს ვხატავთ – ბავშვებს ვზრდით, მაგრამ საინტერესოა, როგორ, რა ტიპის ადამიანები გვინდა ჩვენ გარშემო და ვინ ვართ თავად ჩვენ.

მოსწავლის პიროვნებას აუცილებლად განაპირობებს მისი მასწავლებლის პიროვნების თავისებურებები.

ბავშვები და მოზარდები ძალიან მგრძნობიარეები არიან, რადგან პირადი ცხოვრების დიდი გამოცდილება არ გააჩნიათ. ისინი უფროსებისგან – მისაბაძი ადამიანებისგან იღებენ ქცევის, აზროვნების, ჩვევების, ცხოვრების წესის მაგალითებს. და, რა თქმა უნდა, ერთმანეთისგანაც.

არ მინდა, პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ საინტერესო კითხვაა: ვინ ვარ მე? არა როგორც მასწავლებელი, არამედ როგორც ადამიანი. მასწავლებელი შესაძლოა არ იყოს საუკეთესო პროფესიონალი, არ იცნობდეს უახლესი მეთოდიკების ნიუანსებს, განათლების სისტემაში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევების შედეგებს და ა.შ., მაგრამ თუ იცნობს საკუთარ თავს, თუ პიროვნებაა, მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს ამ მხრივ მაინც მისცემს სწორ მიმართულებას.

რატომ არის, რომ ხშირად ვსაუბრობთ ღირებულებით კრიზისზე, რომ დღევანდელ მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ განვითარებული ლოგიკური აზროვნების, სინთეზის უნარები, სხვადასხვა კომპეტენცია, ნაკლებად იცნობენ თავიანთი სოციუმის კულტურულ მახასიათებლებ? „კულტურული რელატივიზმი ამტკიცებს, რომ ერთ კულტურას არ გააჩნია აბსოლუტური კრიტერიუმი სხვა კულტურის ქცევების „ცუდად“ ან „კარგად“ გამოცხადებისთვის, მაგრამ ყველა კულტურას შეუძლია და უნდა განსაჯოს ამ კრიტერიუმებით საკუთარი ქცევა, რადგან მის წევრებს ქცევის როგორც განხორციელება, ისე მასზე დაკვირვება ძალუძთ? (გირტ ჰოფსტედე და გერტ იან ჰოფსტედე, „კულტურები და ორგანიზაციები,   გვ. 15).

ვიდრე ჩვენ ამ ხარაჩოებზე ვდგავართ და გვგონია, რომ ანგელოზებს ვხატავთ – ბავშვებს ვზრდით, შესაძლოა, ანგელოზების მაგივრად სხვა რამ გამოისახოს მათგან, ამიტომ ჯერ ის უნდა გავიგოთ, ვინ ვართ ჩვენ, მასწავლებლები, რა ღირებულებები გვაქვს, და ამის შემდეგ დავიწყოთ თუ გავაგრძელოთ საქმიანობა.

ყველაფერი ყირამალა: სწავლების ახალი მოდელი

0

2009 წელს, 21-ე საუკუნის 9 მთავარი სასწავლო მახასიათებლის დადგენის შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლების სრულიად ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რომელსაც „ყირამალა მეთოდი“ უწოდეს.

მოდელის შექმნის მიზანი მარტივი და ცხადი იყო: მოსწავლეებს სიხარულით უნდა ევლოთ სკოლაში და ინტერესით ჩართულიყვნენ გაკვეთილებში. სკოლა მათთვის უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ წმინდა აკადემიური გამოცდილების მიღების, არამედ ავთენტური თვითშემეცნების, ადგილობრივი და გლობალური ურთიერთკავშირების გაცნობის, ადაპტირებული და კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების შესწავლის ადგილი.

ამ მოდელის დიზაინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლებში თამაშის, მრავალფეროვანი ციფრული ტექნიკის გამოყენების, ფიზიკური დატვირთვის მნიშვნელობას მოსწავლეებისთვის ინტერესის გასაღვივებლად.

სწავლების „ყირამალა“ მეთოდი მოსწავლეებს აკადემიური სივრციდან რეალურ საზოგადოებაში აბრუნებს, სადაც ისინი მრავალფეროვან პრაქტიკულ ცოდნას იღებენ, მაგალითად, სწავლობენ, როგორ ებრძოლონ სირთულეებს.

ამჟამად სკოლებში აღარ ასწავლიან. მასწავლებლები კურატორებად გადაიქცნენ, რომლებიც მხოლოდ მეცადინეობის ტვირთს ჰკიდებენ მოსწავლეებს და ხშირად არც კი ეხმარებიან თვალსაწიერის გაფართოებაში, არ უსახავენ პერსპექტივას, არ აძლევენ თავისუფლად ფიქრის საშუალებას. ამაში ყველა დამნაშავეა – ოჯახები, ბიზნესლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მეზობლები, მენტორები, უნივერსიტეტები… ყველა ეს ორგანიზაცია მოწადინებული უნდა იყოს, თავის წევრებს სწავლის პროცესში რეალური დახმარება გაუწიოს.

„ყირამალა“ სწავლების მოდელის 9 მთავარი მახასიათებელი

  1. ხუთი მთავარი მოქმედება

. პროექტზე დაფუძნებული სწავლება

. პირდაპირი და არაპირდაპირი თამაში

. ვიდეოთამაშები და სიმულაციების სწავლა

. დამხმარე მასწავლებელთან ერთად მუშაობა (როცა კლასში 2 მასწავლებელია)

. აკადემიური გამოცდილების შეძენა

  1. უნარ-ჩვევების შეცვლა

. სიახლეების გაგება და დიზაინი

. პროექტის ზომა-წონის გაცნობიერება

. ურთიერთდამოკიდებულებაზე ასახვა

. თავისუფლად ფიქრში დახმარება

. მოსწავლისათვის ჯილდოს გაზრდა

. ხშირი ცვლილებების, მრავალფეროვნების შეთავაზება

  1. გამჭვირვალობა

. პროექტის შექმნა, პრობლემების წამოჭრა

. გამოსავლის პოვნა

. ქება ნიშნების ნაცვლად

  1. თვითინიცირებული გარდასახვა

. თითოეული პროექტის მცირე ნაწილებად დაშლა და ნაწილების ანალიზი

. პროექტის ნაწილების პრობლემების წარმოჩენა და მოგვარების მრავალფეროვანი გზის დასახვა

  1. მენტორობა & კომუნა

. თითოეული პროექტის განხორციელების გზები

. ადგილობრივი და გლობალური ბაზრის განხილვა და ანალიზი

. ციფრული მედიის გამოყენებით მსოფლიო მაგალითების გაცნობა და გაანალიზება

  1. როლების გაცვლა

. მოსწავლეებისა და მასწავლებლების როლების გაცვლა, ანუ მოსწავლე მასწავლებლის როლში

  1. კლიმატის შენარჩუნება

. ყოველდღე ახალ–ახალი ამბების შეთავაზება

. აკადემიური სტანდარტების მრავალფეროვნება

  1. აზროვნება

. ბევრი მაგალითის მიცემა

. მთავარი იდეის/ამოცანის დასახვა

  1. ცოდნისა და პრაქტიკის გამდიდრება

. სხვადასხვა მედიასაშუალებიდან ყოველდღიურად თითო ახალის ამბის გაცნობა და ანალიზი

. სწორი ინფორმაციის მცდარისგან გარჩევა

. ინფორმაციის მოძიება და დამოუკიდებლად შექმნა

აუტისტი ბავშვის მშობლის წერილი

0

ტერმინების „შეზღუდული შესაძლებლობა“ და „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება“ გათავისების ურთულესი გზის მცირე მონაკვეთი უკვე გავიარეთ. მოსაყოლიც დაგვიგროვდა…

დიაგნოზი „ბავშვთა აუტიზმი“ და კითხვის ნიშნით – „ასპერგერის სინდრომი“ ოთხი წლის წინ მოვისმინე. ახლა ჩემი ბიჭი 9 წლისაა… მოვისმინე, მაგრამ მხოლოდ ის დავიმახსოვრე, რომ ჩემი შვილი იყო „სხვა პირის დახმარების მუდმივი საჭიროების მქონე“… მხოლოდ ის გავიაზრე, რომ გვჭირდა რაღაც, რაც არ იკურნებოდა. როცა დავფიქრდი, ვინანე კიდეც, შესაფასებლად რომ მივიყვანე. როგორც იტყვიან, ტკივილმა თხემით ტერფამდე დამიარა… მტკიოდა, რომ ვერაფერს ვუშველიდი… ნეიროგანვითარების ცენტრი მხოლოდ ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრირების საკითხში დახმარებას გვპირდებოდა, მე კი ვეძებდი წამალს, თუნდაც ძვირად ღირებულს, რომელიც იმ ბიჭს დამიბრუნებდა, სამ წლამდე რომ მყავდა – ხალისიანს, კომუნიკაბელურს, ტიტინას… შევყურებდი აბრებზე ცნობილი ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების გვარებს – ნუთუ ამდენ პროფესორს სულ ეს შეეძლო?!

მორჩილად დავიწყე ქცევითი თერაპევტის დავალებების შესრულება. იმავდროულად, ვეცნობოდი ლიტერატურას, ვუყურებდი ფილმებს – დოკუმენტურს და მხატვრულს, რომლებიც მაპოვნინებდა პასუხს კითხვაზე, რა მჭირდა.

ცენტრში რომ მივედით, ჩემი შვილის მდგომარეობა უმძიმესი იყო… სამ წლამდე არაფერს ვუჩიოდით, მერე სამსახურში გავედი და ჩემზე მოკედლებულმა პატარამ დედის მონაცვლე ბებია არ მიიღო. კომპიუტერს მიეჯაჭვა, კონტაქტი ყველასთან გაწყვიტა, დაძახებაზე არ რეაგირებდა, არაკომფორტულ მდგომარეობას კივილით გამოხატავდა. ლექსიკა იმდენად მწირი გაუხდა, რომ მარტივ წინადადებებსაც ვეღარ ამბობდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოიძახებდა ხოლმე სიტყვებს. მეტყველების უნარი არ დაუკარგავს, ყველა ბგერას გამოთქვამდა, მაგრამ ლაპარაკს ყვირილს ამჯობინებდა. ტუალეტის ჩვევებიც დაივიწყა და დიდი ხნის მიტოვებულ პამპერსს დაუბრუნდა. ვერ ამჩნევდა სახლში შემომსვლელებს, დაკარგა შიმშილისა და ნაყროვანების შეგრძნებები. მისი ქცევა რობოტისას დაემსგავსა. მარტო თამაშობდა და მხოლოდ ცხოველები აინტერესებდა, მხოლოდ ზოოპარკში სიარული სიამოვნებდა. გამოიგონა ცხოველი „პაშეტი“, რომელსაც თავდაპირველად ჰაერში ხატავდა ხელის მოძრაობით, მერე – ფურცელზეც. ეს აგრესიული, რქიანი და გრძელკუდა ცხოველი იყო და ჩემი შვილი ხშირად ნამძინარევიც წამომხტარა, პაშეტი მომდევდაო.

სპეციალისტები აუტიზმის მიზეზს ვერ ასახელებენ, მე კი ვვარაუდობ, რომ ეს ჩემმა სამსახურში გასვლამ გამოიწვია… თუმცა მიზეზის ძებნას რაღა აზრი ჰქონდა, ამიტომაც „საშველის“ ძიება გადავწყვიტე…

ქცევითი თერაპიის ინტენსიურმა კურსმა უდავოდ გამოიღო შედეგი, მაგრამ ამ შედეგის დემონსტრირების არეალი იყო მხოლოდ დასწავლილი სივრცე-შენობა, ფსიქოლოგები და ცენტრის მეგობრები… სკოლაში მისვლამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა.

სკოლას კომუნიკაციის უნარების დახვეწა მივანდეთ. ბავშვებთან ძალიან ფრთხილი იყო – მათთან კონტაქტი ვერ მოხერხდა, გაკვეთილებზე მისი მართვა კი სრულიად შეუძლებელი აღმოჩნდა.

ჩემი შვილი მეოთხე კლასში გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ „მშობელთა სკოლის“ მსმენელიც ვიყავი და ტრენინგიც გავიარე, შესაძლოა, ბევრი მაინც არაფერი მესმოდეს, მაგრამ შვილზე დაკვირვებამ გარკვეულ დასკვნებამდე მიმიყვანა. არ ვიცი, რამდენად კომფორტულია საზღვარგარეთ ამ ტიპის პრობლემის მქონე ბავშვების „ჩვეულებრივ“ მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილებზე ყოფნა, მაგრამ საქართველოში ეს გაუმართლებლად მიმაჩნია. მზრუნველობა სფეროს ნამდვილად ეტყობა – საზოგადოება მზადაა და ინფორმირებულია, მასწავლებლების მიმართ, რომლებიც ჩემს შვილზე დედასავით ზრუნავენ, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. იმავეს თქმა შემიძლია თანაკლასელებსა და მათ მშობლებზეც. რა გასაოცარიც უნდა იყოს, თანაკლასელებმა მისი „მეურვეობა“ იკისრეს და მას დიდი სიყვარულით უვლიან.

ახლა ვაცნობიერებ პრობლემის არსს, მაგრამ დანებება არ მინდა, არა სიჯიუტის, არამედ გამოცდილების გამო. ორი წელი ვაკვირდებოდი, რისი სწავლა შეეძლო ჩემს შვილს – აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ლექსებს იზეპირებდა. ითვლიდა ასამდე, მაგრამ ანგარიშს ხუთის ფარგლებშიც ვერ ახერხებდა. ტექსტის წაკითხვის შემდეგ მარტივ კითხვებზეც ვერ პასუხობდა. მესამე წელს მისი ინდივიდუალურად მომზადება დავიწყეთ. წელს პირველი კლასის მათემატიკა სრულფასოვნად დაძლია, გამართულად წერს და კითხულობს, სვამს კითხვებს და პასუხობს. შეუძლია პერსონაჟის ქცევის შეფასება, მოვლენის მიზეზის პოვნა და ასე შემდეგ.

ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩემს შვილს ბევრი რამის სწავლა შეუძლია გაგებით, სააზროვნო უნარების დახვეწაზე მუშაობით, მაგრამ ასეთი შედეგის მიღება შეუძლებელია იმ მიდგომით, რომელიც დღეს გვაქვს სკოლებში. სისტემა რომ იხვეწება, კარგია, მაგრამ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან სამუშაოდ ათასობით მასწავლებლის გადამზადებას უამრავი დრო სჭირდება, ბავშვები კი იზრდებიან და მათი საჭიროება სცდება სისტემის დახვეწა-განვითარებისთვის დაწესებულ ვადებს. ან რომელ სპეციალურ პედაგოგს ძალუძს, ყველა საგანში დაეხმაროს მოსწავლეს? ჩემი აზრით, ჯობია უფრო მარტივი ინსტრუმენტის მოფიქრება, რომელიც დააჩქარებს სისტემის დახვეწის პროცესს. სხვისი არ ვიცი, მე კი მირჩევნია, ჩემი შვილი სწავლობდეს საჯარო სკოლის სპეციალურ ჯგუფში, სადაც ერთი ადამიანი იქნება მისი კურატორი და უნარების დახვეწაში დაეხმარება.

უნდა შეიქმნას პროგრამა, რომელიც ბავშვებს საზოგადოებაში ინტეგრირებას გაუადვილებს. ეს პროგრამა უნდა განსხვავდებოდეს სასკოლო პროგრამისგან. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა დღეს მასალის შემცირებას და ეტაპობრივ გართულებას გულისხმობს. არადა რამდენი რამის სწავლა შეუძლიათ „შეზღუდული“ უნარების მქონე ადამიანებს, პრაქტიკულ ცხოვრებას თუ ვასწავლით…

ჩემი ოცნებაა, ჩემი შვილი სწავლობდეს სკოლაში, სადაც დაეუფლება პრაქტიკული ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნას იმ უნარებსა და ინტერესებზე დაყრდნობით, რომლებიც აქვს. სწორედ ამგვარი მიდგომა შეუწყობს ხელს საზოგადოებაში მის ინტეგრირებას. პრობლემის „შეფუთვა-შელამაზება“ საქმეს ვერ უშველის, ყველა მშობელი უსწორებს თვალს რეალობას, მათ შორის – მეც. მოსასმენად სასიამოვნოა, რომ ჩემი შვილიც „ჩვეულებრივი“ ბავშვია და დანარჩენებთან ერთად უნდა სწავლობდეს, აღსაქმელად კი სურათი სხვაგვარია: ჩემი შვილი სწავლაში სხვასაც უშლის ხელს და ვერც თვითონ სწავლობს ვერაფერს, ირღვევა როგორც მისი, ისე დანარჩენ მოსწავლეთა უფლებები. გთხოვთ, შექმენით ამ ტიპის ჯგუფები სკოლებში და მოგვეცით არჩევანის გაკეთების საშუალება.

გოდერძის 3 ამბავი სტივ ჯობსის „სამთა წესის“ მიხედვით

0

მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები (სავარჯიშო)

წინა წერილებიდან ალბათ გახსოვთ პრეზენტაციის გაკვეთილები სტივ ჯობსისგან, „სამთა წესი“. ეს მეთოდი გამოიყენა სტივმა სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას. როცა ამ მეთოდის შესახებ რიტორიკის ლექციაზე ვუამბე სტუდენტებს, ზოგიერთს გაუჩნდა სურვილი, რომ ამ მოდელის მიხედვით შეექმნა საკუთარი Speech-ი.

გოდერძი გოგოლაძე ჩემი საუკეთესო სტუდენტია რიტორიკის ჯგუფში. ის დაბადებიდან უსინათლოა და ეს სამყარო არასდროს დაუნახავს. მე ვერ ვიჯერებ, რომ გოდერძი ვერ ხედავს, დიდხანს ვერც შევნიშნე. გოდერძის ყურადღება მაშინ მივაქციე, როდესაც ჯგუფში მეტაფორების შექმნაზე ვვარჯიშობდით. გოდერძიმ იმდენად ღრმა და საინტერესო მეტაფორები შექმნა, რომ ერთმა სტუდენტმა აღფრთოვანებულმა თქვა: გოდერძის რომ ვუსმენ, ვხვდები, მე როგორი ბრმა ვყოფილვარო.

გოდერძიმ ისაუბრა თავის „ჯადოსნურ ჯოხზე“, რომლითაც გზას იკვლევს ყოველ დღე და ეს ჯოხი შინაგანი ინტუიციის მეტაფორად წარმოადგინა. მე ვენდობი ჩემს ჯოხს, ის მარიდებს ახლო საფრთხეს და მაფრთხილებს დაბრკოლებების შესახებ… ასევეა ინტუიცია, თუ მას მიჰყვებით და მოუსმენთ, აუცილებლად დაბრკოლებების გარეშე მიგიყვანთ მიზანთანო.

მერე აღმოვაჩინე, რომ გოდერძი თითქმის ყოველთვის მეტაფორებით საუბრობს და ეს მეტაფორები იმდენად ვიზუალური და ხილვადია, წარმოუდგენელია, რომ ის ვერ ხედავდეს… რა თქმა უნდა, გოდერძი ხედავს, ის ხედავს ყველაფერს გულიდან, ყველაფერს ღრმად და საინტერესოდ.

გოდერძი ძალიან ბევრს კითხულობს, რაც კი ელექტრონულად არსებობს, თავისი ადაპტირებული ტელეფონით; ის ხორცშესხმული „პატარა უფლისწულია“ და სადაც ის არის, სამყარო უფრო მშვენიერი ხდება…

და აი, გოდერძიმ გადაწყვიტა, რომ სტივ ჯობსის სქემის მიხედვით შეექმნა საკუთარი  3 ამბავი, 3 ისტორია და ამ ამბების იდეა, როგორც მთავარი მესიჯები, მიეწოდებინა მსმენელებისთვის.

შეგახსენებთ, რომ სტივ ჯობსს ძალიან უყვარდა ციფრი 3 და ყვალფერს 3 ნაწილად ჰყოფდა, 3 ამბავს ქმნიდა, 3 საკითხს გამოჰყოფდა… სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავებულებსაც 3 ამბავი უამბო საკუთარი ცხოვრებიდან. ეს სამი ამბავი იყო: წერტილების შეერთება, სიყვარულის და დანაკარგის შესახებ და სიკვდილის შესახებ. გოდერძიმ აიღო ეს კლიშე და საკუთარი 3 ისტორია გვიამბო.

სიყვარულის და წერტილების შეერთების შესახებ  შესახებ:  გოდერძიმ გვიამბო პატარა ბიჭისა და პატარა ბურთის სიყვარულის სევდიანი ისტორია და მთავარი მესიჯი ასე ჩამოაყალიბა: წარმატებისა და ბრწყინვალების დროს ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან შეიძლება სიყვარული ვეღარ შევამჩნიოთ… რადგან სიყვარულს სულაც არ უნდა წარმატება და სულაც არ უნდა ეფექტურობა… თუმცა წარმატება სიყვარულითაც შეიძლება იყოს გამოწვეული… სიყვარული უფრო ძნელია, ადამიანი რომ გიყვარდეს, ამას ძალიან დიდი ძალა სჭირდება და მერე ამ ადამაინმა რომ მოტივაცია მოგცეს, ეს კიდევ უფრო ძნელია… ისე, სიყვარულის გარეშე, წარმატება ადვილად მიიღწევა: ემოციებით, მსახიობობით, სიყალბით…

სიკვდილის შესახებ: რაც არ უნდა წარმატებული და ბრწყინვალე  იყოს ადამიანი, თუ მას არა აქვს სიყვარული, არის მკვდარი!

ამ პატარა 3 წუთიან სპონტანურ გამოსვლაში გოდერძიმ შექმნა პატარა ისტორიები, მერე ისინი დააკავშირა ერთმანეთთან და თავისი გამოსვლის მთავარი მესიჯებიც გამოჰყო.

შეგიძლიათ, ასევე სპონტანურად გადაღებულ ვიდეოზე გოდერძის გამოსვლაც მოისმინოთ და დარწმუნდეთ მის გულწრფელობასა და სიღრმეში.

ადამიანები განსხვავებულად გამოხატავენ თავის სათქმელს და ზოგჯერ არ ფიქრობენ იმაზე, რასაც ამბობენ, რამდენად გასაგები შეიძლება იყოს მეორე ადამიანისთვის. არა და, გამოხატვის სისხარტე, ლაკონურობა და ეფექტურობა აუცილებელია, სხვა შემთხვევაში, მოსაწყენები ვიქნებით საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც; ამიტომ ფიქრი იმაზე, რასაც ვამბობთ, როგორ ვამბობთ აუცილებელია, ეს ყველას სჭირდება, ყველას, ვინც ენას ფლობს, როგორც „იარაღს“. ენა არ არის „ცივი იარაღი“, ენა საშუალებაა „თარგმნო“ და გამოხატო შენი აზრი, სხვას გაუზიარო და გააგებინო. ენას ბევრი არაფერი შეუძლია ისედაც, ის უბრალოდ „საგზაო ნიშნებივითაა“, ენა ყოველთვის არის ნიშანი და მინიშნება, ზუსტად ვერაფერსაც ვერ ამბობს. მით უფრო, საქმიანი და ცნებითი ენით საუბარი, აბსტრაქტული ტერმინებით დატვირთული კომუნიკაცია, ძალიან მოსაწყენია.

ამიტომ კომუნიკაცია, რომელიც ეფუძნება სიუჟეტს, რომელიც გიყვება ამბავს, რომელიც აღვიძებს და აღძრავს ემოციებს, შეგრძნებებს… უკვე საინტერესოა. ეს კომუნიკაციის ახალი პარამეტრებია, უფრო ცოცხალი ენა ნიშნავს უფრო ცოცხალ ადამიანს. ასეთია მეტაფორული კომუნიკაციის პარამეტრები.

  1. S.

ამ ბოლოს ვნახე  დენი ვილნევის  სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ახალი ფილმი „ჩამოსვლა“.  „მსოფლიოს საბრძოლო ძალები მზადყოფნაშია მოყვანილი, ხოლო საუკეთესო მოაზროვნე თავები ცდილობენ გაიგონ, როგორ ესაუბრონ დაუპატიჟებელ სტუმრებს. სახელმწიფო ითხოვს დახმარებას ლინგვისტი ლუიზა ბენკსისგან და ფიზიკოს იან დონელისაგან, რათა აიცილონ გლობალური კატასტროფა და გამონახონ საერთო ენა ჩამოსულებთან….“

ფილმის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი სწორედ ლინგვისტური იყო და ენას შეეხებოდა. თანამედროვე ადამიანმა ენა ისე პრაგმატული და მშრალი გახადა, დაიკარგა სიღრმე, მხოლოდ ზედაპირულობა, უბრალოდ, ინფორმაციების გაცვლაა შესაძლებელი… ენა კი თავისი არსით იდეებთან დაკავშირებული თუ არ არის და მისით არ იკვებება, სულს ღაფავს.

უცხო სამყაროდან „ჩამოსულები“ ახალი ენის შექმნით სწორედ ამ შეტყობუნებასაც გადასცემენ დედამიწელებს… „თქვენ გაქვთ იარაღი… და ეს იარაღი – ენაა… გამოიყენეთ ის!“ სწორედ ეს ფრაზა აიძულებს ფილმის მთავარ პერსონაჟს, ლინგვისტ ლუიზა ბენკსს, იფიქროს, როგორ უთხრას თავისი სათქმელი ჩინელ პოლიტიკოსს ისე, რომ მან უცხოპლანეტელების თავდასხმაზე ხელი აიღოს…

პარადოქსი ის არის, რომ ლუიზა ბენკსი სწავლობს ახალ ენას „ჩამოსულებისგან“, მაგრამ უკვე არსებული ენით უძლურია შეაჩეროს დედამიწელები, ხელი აიღონ თავის განზრახვაზე. მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად და მხოლოდ ემოციური ზემოქმედებით შეძლებს ბენკსი ისეთი რამ უთხრას პოლიტიკოსს და ისე ძლიერად იმოქმედოს მასზე, რომ ხელი ააღებინოს ამ თავდასხმაზე.

„ჩამოსულებთან“ საერთო ენის გამონახვა შესაძლებელი გახდა, მაგრამ ერთ და გასაგებ ენაზე მოალაპარაკე დედამიწელებთან გაცილებით რთული აღმოჩნდა კომუნიკაცია.

ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი ცოცხალ-მკვდარი ენის გაცოცხლება და სულ უფრო მეტად აღვადგინოთ ის კავშირები, ენას რომ იდეასთან აკავშირებს. არაფერი ისე არ გვამხელს და გამოგვხატავს, როგორც ჩვენი მეტყველება. „ არ უნდა გამოიყოს ენა აზრისაგან, როგორც სული სხეულისგან, რათა არ წაერთვას სიცოცხლე არც ერთს, არც – მეორეს“ (ციცერონი)

ერთი მასწავლებლის ამბავი

0

ნინო ქართლის ერთი პატარა სოფლის ქართული ლიტერატურის მასწავლებელია. აი ისეთი სოფლის, საზარელ სახელს, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრეს რომ ეძახიან, და ამ სიტყვების უკან ისეთი საფიქრალი რომ იმალება, რაზე საუბარიც ყველას გვიმძიმს და გვესიკვდილება.

ნინოს სახლი სოფლის განაპირასაა და ფანჯრიდან პირდაპირ მოჩანს რუსული საოკუპაციო ჯარის ბლოკსაგუშაგო. იქ დღისით და ღამით მორიგეობენ მთქნარია ჯარისკაცები და ღამღამობით მათ მიერ აბრჭყვიალებული პროჟექტორები ნინოს ძილს ხშირად უფრთხობს. ასეთ დროს არც ისე ადვილია, მშვიდად გეძინოს, უდრტვინველად ისწორებდე საბანს და მეორე დღეს სკოლაში წასვლაზე ფიქრობდე.

სკოლა სოფლის შესასვლელთანაა. სკოლის ორსართულიანი ძველი შენობის სახურავი ნინოს ეზოდანაც ჩანს და თუ კარგი ამინდია და გზები არ ატალახებულა, სკოლამდე მოკლე გზით მიდის. მისვლისთანავე ანთებს ძველ, მონჯღრეულ ფეჩს. მალე ბავშვებიც მოდიან.

მეხუთე კლასში სულ ხუთი მოსწავლეა – სამი გოგო და ორი ბიჭი. გაღმასოფლელი ლიზი სკოლაში ყოველთვის აგვიანებს, რადგან ომის დროს სოფლამდე მოსასვლელი ხიდი ააფეთქეს და სამკილომეტრიანი შემოვლითი გზით უწევს სკოლაში მისვლა. ნინო სიას არასოდეს კითხულობს, რადგან არცთუ რთულია ხუთი მოსწავლიდან რომელიმეს მოსაკლისება.

ომზე სკოლაში არასოდეს საუბრობენ. სასაუბრო პრინციპში არც არაფერია. ყველაფერი მათ გარეშე მოხდა და მათ გარეშე გადაწყვიტეს. ამ მდგომარეობას სულ სხვანაირად “ომის შემდგომი კრიზისული პერიოდი” ჰქვია, მაგრამ ყველაფერი, ცხადია, ვერ აიხსნება და არც უნდა იხსნებოდეს.

ნინოს სკოლაში სულ 51 ბავშვი სწავლობს და მოსწავლეთა რიცხვი ყოველწლიურად კლებულობს. სოფლიდან ქალაქში ადამიანების მიგრაციის ამბავი ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ეს ხომ ის სოფელია, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ომი იყო და დღესაც არავინ იცის, რა იქნება ხვალ. უნდა კი ვინმეს ასეთ ადგილზე ცხოვრება?

როდესაც გვიანი შემოდგომაა და ნინო სკოლიდან ბრუნდება, უკვე გვარიანად შებნელებულია. ბავშვების ნაწერების გასწორება ყოველთვის სკოლაში ურჩევნია, რადგან, ჯერ ერთი, სკოლის ფანჯრიდან რუსები ბლოკსაგუშაგო არ ჩანს და, ამას გარდა, რატომ უნდა მიგეჩქარებოდეს სახლში, როდესაც იქ სასიხარულო და საინტერესო არაფერი გეგულება.

სახლამდე გზად სოფლის ძველი მაღაზიაა, რომლისგანაც ახლა მხოლოდ ორი კედელია შემორჩენილი. ამ მაღაზიაში ადრე, საჭმლისა და ტანსაცმლის გარდა, ველოსიპედებიც კი იყიდებოდა. ნინოს კარგად ახსოვს, როცა პირველ კლასში მივიდა, ბებიამ როგორ სპეციალურად გამოპრანჭა, წაიყვანა ამ მაღაზიაში და ლამაზი, ყვითელი ველოსიპედი უყიდა.

მაღაზიის ნანგრევების გვერდით ძველი სალოცავის ნიშაა, რომლის ახლოს ამოთხრილ უზარმაზარ ორმოს ჯერ კიდევ ატყვია რუსული ბომბდამშენების კვალი. ნინო არასოდეს იხედება ნიშის მხარეს და პირჯვრის წერაც რატომღაც აღარასოდეს ახსენდება.

ნინო გამუდმებით ფიქრობს თბილისში საცხოვრებლად გადასვლაზე და ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანს გაუმხილა. მას თავისი სკოლაც უყვარს, ბავშვებიც, სოფელიც, მაგრამ საკუთარ სახლში შესვლა ესიკვდილება. არადა, ადრე ასე არ იყო…

როგორ გავართვათ თავი მასწავლებლის საქმიანობას

0

ახალბედა მასწავლებლების უმეტესობას ჰგონია, რომ მასწავლებლად მუშაობა ძნელია, მერე კი აღმოაჩენენ, რომ ეს საოცრად ძნელი ყოფილა! შეუძლებელია, მუდამ საუკეთესო იყო და შეცდომა არასოდეს მოგივიდეს, ყველა მოსწავლისა გესმოდეს და არასოდეს დაკარგო წონასწორობა, არ გიღალატოს რაციონალიზმმა და პროფესიონალიზმმა.

წერილში აღწერილი სამუშაო პრაქტიკა მხოლოდ და მხოლოდ საორიენტაციოდ გამოგადგებათ. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ქვემოთ მოცემული რჩევებით ყოველგვარ სიტუაციაში იხელმძღვანელებთ – გაგიმართლებთ, თუ გაკვეთილის მოსამზადებლად აუცილებელი დრო და  რესურსები გამონახეთ.

ეცადეთ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოიყენოთ დრო. შეინახეთ და დახვეწეთ დავალებების, თამაშებისა და საგაკვეთილო გეგმების ტექსტები. თვითორგანიზება დროის ეკონომიის საწინდარია, მაგრამ შესაძლოა, ყველაფერში გასარკვევად ორი-სამი წელი დაგჭირდეთ. შეგიძლიათ თუ არა, საქმე კოლეგასთან გაიყოთ? მოიპოვება თუ არა თქვენს სკოლაში (ან ინტერნეტში) მზა მასალა?

დროის ეფექტურად გამოყენება

 

დრო თქვენი ცხოვრებაა, ამიტომ გონივრულად ხარჯეთ. განსაზღვრეთ პრიორიტეტები, ორიენტაცია აიღეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი და სასწრაფოა საქმე. დრო დაუთმეთ მხოლოდ იმას, რაც მართლაც აუცილებელია (მაგალითად, მოსწავლეებთან დიალოგს).

მასწავლებლის იდეალური ორგანაიზერია საქაღალდეთა ნაკრები, რომელიც შეიცავს:

  • განრიგს;
  • კლასში მოსწავლეთა განლაგების გეგმას;
  • გაკვეთილების თანმიმდევრულ გეგმას;
  • თემატურ გეგმასა და „იდეათა ბანკს“ – სწავლების მეთოდებსა და მიდგომებს ყოველი თემისათვის: თამაშებ, დავალებებს, ექსპერიმენტებს, საინტერესო ფაქტებს და სხვ.;
  • დავალებათა ტექსტებს, ტესტებს, დასარიგებელ მასალას და სხვ.;
  • „სამუშაო“ ასლებს, რომლებზეც დავალებების დახვეწისა და სრულყოფის მიზნით შენიშვნებს გააკეთებთ;
  • შეფასების კრიტერიუმთა სისტემის ვარიანტების შეფასებას;
  • დასარიგებელი მასალის საქაღალდეებს, კოდოფირებს და ა.შ.;
  • საკურსო დავალებების ჩაბარების, მეოთხედის დასასრულის, საანგარიშო მასალების ჩაბარების და სხვ. თარიღებით გაწერილ წლიურ გეგმას.
ხმის შესანარჩუნებლად

● გაკვეთილის განმავლობაში სვით წყალი – ეს ატენიანებს ხორხს;

● ნუ ეცდებით გაკვეთილზე ხმაურის ყვირილით გადაფარვას. ყურადღების მისაპყრობად შემოკარით ტაში და დაელოდეთ კლასის გაჩუმებას.

● ჩახველება ძაბავს ყელს, ამიტომ ეს ფრთხილად გააკეთეთ ან უბრალოდ მოსვით წყალი.

● გამოიყენეთ მიდგომა „სწავლება ლაპარაკის აუცილებლობის გარეშე“ (იხ საიტი www.geoffpetty.com).

 

როგორი მასწავლებელი ხართ – აქტიური თუ პასიური?

 

ყველამ იცის, რომ არსებობენ აქტიური და პასიური მოსწავლეები, მაგრამ ის თუ იცოდით, რომ აქტიური და პასიური მასწავლებლებიც არსებობენ? თუ თქვენ აქტიური მასწავლებელი ხართ, მაშ, თქვენი დევიზი უნდა იყოს „ხელში აიღეთ სადავეები და აკონტროლეთ“ და „მე შემიძლია ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა“. თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას, აქტიურად ეძებთ პრობლემებს და ცდილობთ მათ გადაჭრას. თუ რომელიმე მიდგომა არ „მუშაობს“, უფრო დაჟინებით მოქმედებთ, ხოლო თუ ესეც არ შველის, ცვლით მიდგომას.

მაგალითად, თუ დავალებების დროულად ჩაბარების პრობლემა წარმოიშვა, კლასთან ერთად განიხილავთ შექმნილ სიტუაციას, ყურადღებას ამახვილებთ დავალების დროულად შესრულების აუცილებლობაზე. თუ ამან არ გაჭრა, ალტერნატიულ მიდგომას მოსინჯავთ: მოსწავლეებს ეკითხებით, რა უშლით ხელს, მერე დავალებას პატარ–პატარა საფეხურებად ყოფთ და მათზე სათითაოდ იწყებთ მუშაობას. შეგიძლიათ შეამოწმოთ შედეგები, როცა სამუშაოსთვის განკუთვნილი დროის ნაწილი გავა, რჩევისთვის მიმართოთ კოლეგებს და ა.შ. ერთი სიტყვით, ცვლილებებთან ადაპტაცია სცადოთ და გამუდმებით ეძებოთ შედეგების გაუმჯობესების გზები.

თუ პასიური მასწავლებელი ხართ, თქვენი დევიზია „ეს ჩემი ბრალი არ არის“ და „მე ვერაფერს გავხდები“. მიგაჩნიათ, რომ პრობლემები დამოკიდებულია განსაზღვრულ ფაქტორებზე, რომელთა კონტროლი თქვენს ხელთ არ არის, მაგალითად, თანდაყოლილ ნიჭზე, საგნის თავისებურებებზე ან თქვენთვის გამოყოფილ რესურსებზე. თუ ამან არ გაამართლა, ადანაშაულებთ გარეგან ფაქტორებს: თავად მოსწავლეებს, დირექტორს, შეზღუდულ რესურსებს – და ხელებს უმწეოდ შლით.

კვლევები მოწმობს, რომ პრობლემის ანალიზის დროს აქტიური და პასიური ადამიანები სხვადასხვა ასპექტებზე ამახვილებენ ყურადღებას.

აქტიური ადამიანები კონცენტრირებულნი არიან:

  • პროცესზე: „რა უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ?“;
  • გაუმჯობესებზე: „როგორ შეიძლებოდა ამის უკეთ გაკეთება?“;
  • პოზიტივზე: „ასეა თუ ისე, ამ ფაქტორმა არცთუ ურიგოდ იმუშავა“;
  • გამოცდილებაზე: „რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქედან?“.

მაშინ როდესაც პასიური ადამიანები კონცენტრირებულნი არიან:

  • შესაძლო უარყოფით შედეგებზე: „ეს კატასტროფა იქნება!“;
  • პერფექციონიზმზე: „არასოდეს გამომივა კარგად“;
  • ნეგატივზე: „ეს საშინელება იქნება!“;
  • „დამნაშავის“ ძებნაზე: „ეს მოსწავლის ბრალია“.

აქტიური ან პასიური პოზიცია შეიძლება გქონდეთ სამსახურში არსებული სირთულეების, პირადი ურთიერთობების, ბავშვების აღზრდის, პირადი პრობლემების და სხვა ყველაფრის მიმართ. გასაკვირი არ არის, რომ, კვლევების თანახმად, „აქტიური პოზიცია“ ეფექტური მუშაობის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. პასიურ პოზიციასა და დაუკმაყოფილებლობის მდგომარეობას შორის ძლიერი ურთიერთკავშირია.

აქტიურ პოზიციას დაიკავებთ თუ პასიურს, თქვენი არჩევანია, მაგრამ იცოდეთ: აქტიური პოზიცია გაცილებით უკეთესია თქვენთვისაც და თქვენი მოსწავლეებისთვისაც. ვერ ვიტყვით, თითქოს სხვები სირთულეებს არ გვიქმნიდნენ ან არ არსებობდეს გარემოებები, რომელთა მართვა ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ, თქვენი მხრივ, პრობლემის მინიმუმამდე დასაყვანად ყველაფერი უნდა იღონოთ.

მუდმივ სირთულეებზე აქტიური რეაგირება ადვილი არ არის. ამ დროს ზოგიერთი მასწავლებელი ცინიზმამდე ეშვება. ეს არაჯანსაღი მდგომარეობაა, რომელიც მასწავლებელსაც ვნებს და მოსწავლესაც, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი პრობლემები მოსწავლეებსა და კოლეგებთან განიხილოთ. თუ მათაც აწუხებთ მსგავსი პრობლემები, მათი გადაჭრა ერთობლივად უფრო გაგიადვილდებათ. თუ სხვას ეს პრობლემები არ აქვს, შეგვიძლია, მისგან ავიღოთ მაგალითი. დახმარების თხოვნა ან რჩევის კითხვა სულაც არ ნიშნავს საკუთარი უძლურების აღიარებას, პირიქით – ეს უმაღლესი პროფესიონალიზმია.

 

 რ

 სრულ განაკვეთზე მუშაობის პირველი წელი თქვენს პედაგოგიურ კარიერაში ყველაზე რთული წელი იქნება. გაკვეთილზე საჭიროზე მეტს ნუ გააკეთებთ; გახსოვდეთ, რომ სამუშაო მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ და არა თქვენ! პედაგოგის სამუშაო ერთ–ერთი ყველაზე სტრესული სამუშაოა – ნუ მიმართავთ განტვირთვის ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა მოწევა ან ალკოჰოლი. გამონახეთ დრო განტვირთვისთვის და ნუ გექნებათ ამის გამო დანაშაულის განცდა; განაწილეთ სამუშაო პრიორიტეტების მიხედვით და ისწავლეთ უარის თქმა, როცა ისედაც დატვირთული ხართ.

აქტიური პოზიციის ქონა ერთია, საკუთარი თავისთვის გადაჭარბებული მოთხოვნების წაყენება კი – მეორე. ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს იმაზე მეტს, ვიდრე სხვებისგან ითხოვთ. თქვენ ვალდებულება გაკისრიათ არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ საკუთარი თავისა და ოჯახის წინაშეც.

რაც მოგეთხოვებათ, განსხვავებულ სიტუაციებში საუკეთესოდ მოქმედებაა, განსაკუთრებით – ისეთ სიტუაციებში, სადაც პასუხისმგებლობა არ გაკისრიათ.

მარტო თუ გუნდურად?

 

შეუძლებელია, არ მოგიწიოთ მუშაობა პედაგოგთა გუნდში. სწორედ ეს არის პედაგოგის სამუშაოს როგორც მთავარი ხიბლი, ისე მთავარი სირთულეც. როცა მე მასწავლებლად დავიწყე მუშაობა, ჩვენს კოლექტივში იყო ერთი ხანდაზმული პედაგოგი. შუალედური შეფასებები მასზე გახლდათ დამოკიდებული. ის გამუდმებით აგვიანებდა შეფასებებს, მე კი სითამამე არ მყოფნიდა, მეთქვა მისთვის, როგორ გვაბრკოლებდა ამით მეც და მოსწავლეებსაც.

თუ გიჭირთ გუნდის წევრების დარწმუნება, რომ ვადების დაცვა ან მობილიზება ისწავლონ, სცადეთ ღირებულებებზე აპელირება. ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებათაგან რომელი გეჩვენებათ უფრო დამაჯერებლად?

  • ორშაბათისთვის კლასის შეფასებები მჭირდება.
  • ჩვენი ხარისხის მართვის სისტემა ითხოვს, შეფასებები ორშაბათისთვის იყოს მზად.
  • ვისურვებდი, ორშაბათისთვის მოსწავლეებმა მიიღონ შეფასებები და მიეცეთ თქვენი კომენტარების გაცნობის საშუალება.

მოსწავლეთა მოთხოვნებს იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე თქვენ და პედაგოგიურ სისტემას.

კოლეგა პედაგოგის „მედლით“ დაჯილდოება თუ მისთვის „მისიის“ დასახვა თითქოს არ არის ადვილი, მეტადრე მაშინ, როცა ის თქვენზე უფროსია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ყველა კოლეგას სთხოვთ საგნის სწავლების შედეგიანობისა და ხარისხის თვითშეფასებას (სავსებით შესაძლებელია, თქვენს დაწასებულებაში იყოს მსგავსი მოთხოვნები). თქვენს კოლეგებს მოუწევთ, განსაზღვრონ საკუთარი საქმიანობის როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები, თქვენ კი ეს „მედლებისა“ და „მისიების“ ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

გაუზიარეთ კოლეგებს თქვენი მოსაზრება იმის თაობაზე, რა სარგებლობა მოაქვს მათ სამუშაოს. ისინი იგრძნობენ, რომ მათ აფასებენ და პატივს სცემენ. იფიქრეთ, უკეთ როგორ მოახერხოთ ეს – არაფორმალურად და პრივატულად თუ ფორმალურად და საჯაროდ. თუ კოლეგები იგრძნობენ, რომ აფასებთ მათ, აღარც იმის განცდა გაუჩნდებათ, რომ „გადაეკიდეთ“ და თავდაცვით პოზიციას აღარ დაიკავებენ.

ბავშვების ინტერესების დაცვა განსაკუთრებულ ძალას შეგძენთ. თუ გადაწყვეტილების მიღებისას ყოველთვის მოსწავლეთა ინტერესებს დაეყრდნობით, შეკრული და ეფექტური გუნდის შექმნასაც შეძლებთ.

წყარო:

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press.. 2009, p.611-615

პირველი წერილი სანტა-კლაუსს

0

მე რა ვიცოდი აბა სანტა-კლაუსი. თოვლის ბაბუა კი. აი, სათამაშოები რომ იდგა თხელი, თეთრ პლასტმასის – ნაძვის ხესთან. ქუდ-წვერ შეღებილი. და მეორე, მესამე წელს ამ საღებავ აცლილი. ძირიდან ხელის შეყოფა რომ შეიძლებოდა ან რამის ჩაყრა. ემახსოვრება ჩემი თაობის და მანამდელ ხალხს. თოვლის ბაბუა დეკორაციის ნაწილი იყო, განა თხოვნების ადრესატი და მიმტანი.

სანტ-კლაუსზე გვიან გავიგე. ამ წითელ ტანსაცმლიან კაცზე, რომელიც მგონი კოკა-კოლას რეკლამიდან შემომეჩეხა და მერე რაღაც წიგნებში გავიმეორე.

ჰოდა, არსდროს მიმიწერა მისთვის. ახლა მივწერ. სამ წერილს.

გამარჯობა სანტა-კლაუს! რადგან ბედმა ეგეთი საქმე გარგუნა, რომ ამქვეყნიურ სურვილებს ასრულებ, ასე მგონია, იმქვეყნადაც მიგიწვდება ხმა. მე აქ არაფერი მინდა, ოღონდ ვინც იქაურობას განაგებს,  ეს გადაეცი: მამაჩემი ახლა მანდ არის. უკვე 62 წლისაა. გამხდარი, მორცხვი კაცია. სულ ქვევით იყურება. ადვილად იცნობ. ჰოდა, რაღაც ამბები მაწვალებს და აქაურ საჩუქრებში ამ დანაბარებში გიცვლი:

  • მამაჩემმა სიგარეტს თავი გაჭირვების დროს დაანება. გამოხრულ კბილში რომ დიდხანს რამე საჭმელი ჩაგრჩება, ეგეთ ჩამპალ წლებში. უფულობის მოთმენის და შეგუების წლებში. მერეც ერიდებოდა, ცოტა ამოსუნთქვის წლებში მალავდა. მაგრამ ვატყობდი რომ უნდოდა მოწევა. მე ჩამქონდა და ვაძლევდი. უარობდა. არ ვეწევიო. ამაში ფულის დახარჯვა როგორ იქნებაო. ჰოდა, მინდა რომ იქ სიგარეტი ჰქონდეს. ფილტრიანი.
  • უმჯობესი იქნება უაზრო სიმძიმეებს თუ არ აწევს. არ შეიძლება ამდენი შრომა. აქაც შრომა. მაქაც შრომა. ამ თხილის ტომრების თრევა. ცოტა დაისვენოს. არა, ბევრი დაისვენოს. ბევრი დაისვენოს და რამე გაზეთიც თუ ავა, სადაც ჩემი ამბები ეწერება, იმას წაიკითხავს. აგროვებდა აქეთ ასეთ გაზეთებს. ბევრი აქვს. ორი უჯრა.
  • ვინმე იქნება ჭადრაკის მცოდნე. მას მოერიდება და იმ მეორეს უთხარი, ჭადრაკი ეთამაშოს.

აბა, შენ იცი სანტა-კლაუს. ცოტა ადრე გწერ. დრო გაქვს.

შენი გიორგიკეკელიძე

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...