ოთხშაბათი, მაისი 7, 2025
7 მაისი, ოთხშაბათი, 2025

კიდევ ერთხელ პატრიოტული ლირიკის შესახებ _ ანუ როგორ გადავცეთ ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება

0

ფეხბურთის მოყვარულ მამაკაცებს ერთი ჩვეულება აქვთ ხოლმე, თავიანთ ,,ოცნების ნაკრებს” ადგენენ, გეგმავენ, რომელი ფეხბურთელებისაგან დააკომპლექტებდნენ საყვარელ გუნდს. როგორც ყველა ოცნებას სჩვევია, არც მათ აქვთ მისჯილი ,,ზღვათა სილურჯე”, შეუძლიათ უკვე გარდაცვილილი ანდა კარგა ხანია დაბერებული ფეხბურთელიც კი ,,ათამაშონ” თავიანთ ნაკრებში.

მსგავსი ოცნება აქვთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებსაც _ შეადგინონ ,,თავიანთი” სახელმძღვანელო, რომელშიც საკუთარი გემოვნებით შეიტანენ ამა თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს. მეტიც, თუ ქართულის მასწავლებელი რამე ახალს წაიკითხავს და მოეწონება, ერთი პირობა აუცილებლად გაიფიქრებს, ნეტავ ეს პროგრამაში იყოს შეტანილი და ჩემი მოსწავლეები იძულებული იყვნენ, წაიკითხონო. ზოგიერთი იმ იდეათაგანი, რომლებიც მე მსმენია, ნამდვილად არ არის დასაწუნი, მაგალითად, თუნდაც ის, რომ მოსწავლეები სკოლაში ეცნობოდნენ კოტე ჯანდიერის ,,გლობალიზაციას”.

თუმცა იმაზე მეტად, თუ რას შეიტანდნენ სასკოლო პროგრამაში, ჩემი კოლეგები საუბრობენ იმაზე, თუ რას ამოიღებდნენ სასკოლო პროგრამიდან, მათი ნება რომ იყოს. ,,შუშანიკის წამებიდან” დაწყებული ბესიკ ხარანაულის ლექსებით დამთავრებული თითქმის ყველაფერზე გამიგონია, რომ ეს ნაწარმოები სასკოლო პროგრამიდან ამოსაღებია ამა თუ იმ მიზეზის გამო. თვით ,,ვეფხისტყაოსანიც” კი არ დარჩენილა ხელშეუხებელი… თუმცა ყველაზე ხშირად მაინც პატრიოტული ლირიკა ხდება ხოლმე განქიქების საგანი. პათეტიკურობა _ ამ ბრალდებას ყველაზე ხშირად უყენებენ ამ თემატიკაზე შექმნილ პოეზიას. ,,ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები”, ,,გულზე მჯიღის ბრაგუნი”, ,,პატარა ქვეყნის კომპლექსი” _ და მსგავსი მკვეთრი შეფასებები ხშირად გვსმენია ყველას იმ ლექსების მიმართ, რომლებსაც არათუ სკოლაში, ხშირად სკოლამდელ ასაკშიც გვასწავლიდნენ ზეპირად და  გამოთქმით ვამბობდით ისე, რომ მათი შინაარსი და მით უმეტეს, განწყობა ჩვენთვის საკმაოდ ბუნდოვანი იყო.

რასაკვირველია, როდესაც ამ საკითხზე დავფიქრდი, გამიჩნდა კითხვა, არის თუ არა პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილი ნაწარმოებებისადმი მიძღვნილი ცალკე ქვეთავი სხვა ქვეყნების ლიტერატურის სახელმძღვანელოებში და საგანმანათლებლო წიგნების ცნობილი ამერიკული გამომცემლობის, ,,პრენტას ჰოლის”, ,,ოქროს სტანდარტის” სახელმძღვანელო გადმოვიღე _ ერთ-ერთ ქვეთავში გვხვდება კარლ სენდბერგის ,,ლინკოლნის” შესავალი, მარტინ ლუთერ კინგის ,,მე ვოცნებობ”, უოლტ უიტმენის ,,მესმის, როგორ მღერის ამერიკა”, მისივე ,,ჰეი, კაპიტანო, ჩემო, კაპიტანო”. მოკლედ, მთელი თაიგული.

ეს ამერიკის ამბავია, თუმცა ისიც ცხადია, რომ პატრიოტული მოტივი პატარა და დამპყრობლებისაგან შევიწროვებული ქვეყნების ლიტერატურისთვის უფროა დამახასიათებელი: შოტლანდიური ლიტერატურა მეტადაა პატრიოტული სულისკვეთებით განმსჭვალული, ვიდრე _ ინგლისური; ქართული უფრო მეტად, ვიდრე _ რუსული და ვინ იცის, ეგებ ტიბეტური მეტად _ ვიდრე ჩინური. ამიტომ იმას, რაც ჩვენი ქვეყნის ლიტერატურული ტენდენცია იყო საუკუნეების მანძილზე, რასაკვირველია, ვერც სასკოლო სწავლებისას ავუქცევთ გვერდს.

სხვა საქმეა, თუ რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს თანამედროვე მოსწავლისათვის ,,თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”, რომლის მხატვრული ღირებულება და პათოსიც მათთვის გაუგებარი არ რჩება, მაგრამ არც დიდად გულთან მისატანია და მხოლოდ ისტორიული რაკურსის თვალსაზირისით აინტერესებთ; ანდა რამდენად მრავლისმომცემია სკოლაში ილიას ,,ბედნიერი ერის” სწავლა, როდესაც ახალი თაობისთვის კოლექტიური ეროვნული თვითრწმენის ნაკლებობა ისედაც არაა უცხო ხილი.

 პატრიოტიზმი, რასაკვირველია, მარადიული თემაა, მაგრამ ერის განვითარების ყოველ კონკრეტულ პერიოდში იგი სხვადასხვა ნიუანსებით წარმოჩინდება. ის, რაც კონკრეტულ ისტორიულ ეპოქაში ერის ხმის გამოძახილი იყო, შემდეგი თაობის სინამდვილისათვის შეიძლება არცთუ დამაჯერებლად ჟღერდეს.

როგორია პატრიოტიზმის დღევანდელი აღქმა? ჩემი მოკრძალებული აზრით, მას ყველაზე უკეთ გურამ დოჩანაშვილის ცნობილი მოთხრობის  სათაური _ ,,ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება” _ ასახავს. ეს აღქმა გულისხმობს ნაკლებ ლაპარაკს პატრიოტიზმის შესახებ და მეტ საქმეს, სამშობლოზე ლაპარაკი, თანაც მაღალფარდოვნად, სულ უფრო ცუდ ტონად ითვლება.

მეოცე საუკუნის პატრიოტული პოეზიის იმ ნიმუშთა უმეტესობა, რომლებიც სასკოლო სახელმძღვანელოშია შეტანილი, მე პირადად, როგორც ერთ რიგით მკითხველს, მომწონს და მიყვარს, თუმცა, ასევე მგონია, რომ კარგი იქნება, მოსწავლეებმა მეტი შეიტყონ ამ პერიოდის ,,ექპერიმენტატორი” პოეტების, ტარიელ ჭანტურიასა და ვახტანგ ჯავახაძის შესახებ, თუნდაც იმიტომ, რომ გაიგონ, რომ პატრიოტულ პოეზიაში სიღრმე და ამავდროულად, მეტი უშუალობაც შეიძლება სიტყვასთან თამაშითა და აზროვნების ,,ცელქობითაც” იყოს მიღწეული.

და თუ განცდების უშუალობასა და სისადავეზე მიდგება საქმე, ეგებ უმჯობესია თანამედროვე მოსწავლეებს თანამედროვე პოეტების ლექსები შევთავაზოთ, თანამედროვე პრობლემატიკითა და სახეებით.

მაგალითად, ნაწყვეტი ერთ-ერთი გამორჩეული პოეტის, ზვიად რატიანის, ლექსების ციკლ ,,გზები და დღეებიდან”:

III
(12 აგვისტო, 2003)

ეს ქვეყანა ხშირად გაძლევს შესაძლებლობას
გიყვარდეს იგი. იშვიათად – კიდეც სარგებლობ.
განსაკუთრებით – თუ გზაში ხარ, გზა კი ეფლობა
ზაფხულის მთებში, იკლაკნება. “ჩემო კარგებო,
მე თქვენ მიყვარხართ”, _ გინდა უთხრა გზისპირა სოფელს
და სოფლის თავზე დროშასავით გაკიდულ ძერას.
და ტყიან ფერდობს, საიდანაც ეს ძერა მოფრენს.
და ცას, მთებშორის ჩამოწოლილს, რომელსაც სერავს.
ბალახს, რომელსაც მალე მსხვერპლის ბუმბულით მოფენს
და მსხვერპლს, რომელსაც გულდასმით ზვერავს.
ძაღლი კი გიყეფს. ყეფა-ყეფით აწყდება ღობეს.
სოფლელი გოგო შენს მანქანას აყოლებს მზერას.
შენ კი რას უზამ ამ სიხარულს, გულში გალღობილს?
ტკივილი იყოს – აჯობებდა, რამეს დაწერდი.
მაგრამ რას დაწერ სიხარულზე, როცა არცერთი,
არც სიმარტოვე და არც ნიჭი, არ გაქვს სამყოფი?

 ამ ლექსში ასახული შეგრძნება არის ის, რითაც, ჩემი აზრით, ადამიანი პირველად აცნობიერებს სამშობლოს სიყვარულს _ მშობლიური, ნაცნობი და მშვენიერი კადრები გაგრძნობინებენ, რომ შინ ხარ, იმ ადგილას, რომელსაც ეკუთვნი და ჰარმონიას გრძნობ. ვფიქრობ და შემთხვევასაც არაერთხელ დაუდასტურებია, რომ ეს ლექსი მოსწავლეებს მოსწონთ _ მოსწონთ იმიტომ, რომ მათი შეგრძნებებია ასახული, მოსწონთ ის, რომ არც პათეტიკა და არც შეფარული მოწოდება არ ჩანს და თუ ჩანს (,,ეს ქვეყანა ხშირად გაძლევს შესაძლებლობას გიყვარდეს იგი. იშვიათად კიდეც სარგებლობ”) ავტორი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს საყვედურობს და მოსწონთ იმიტომ, რომ სამშობლოს სიყვარული, როგორც იქნა, ბედნიერებასა და სილაღესთანაა კავშირში და არა _ დაბრკოლებების გადალახვასა და სირთულეებთან.

თითქმის ყველა მოსწავლე, რომლის ლიტერატურით დაინტერესებაც გაკვეთილის ანდა გამოცდის ჩაბარების მისწრაფებით არ სრულდება და კარგ თანამედროვე ქართველ ავტორებს ეძებს, მაინც ზვიად რატიანის პოეზიამდე მიდის. მაშ, რატომ არ უნდა მივაწოდოთ მათ ის, რაც ძალიან მოეწონებათ, სკოლაშივე?!

სამშობლოს სიყვარული, რომელსაც ბედნიერებისა და სილაღის შეგრძნება მოაქვს, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ, ამასთანავე პრობლემების განხილვაც არანაკლებ საინტერესოა. ჩვენ მოსწავლეებს არც იარაღით უწევთ სამშობლოს დაცვა (და დიდი იმედი მაქვს, არც მოუწევთ) და მეტ-ნაკლებად თავისუფალ ქვეყანაშიც ცხოვრობენ. ის პრობლემატიკა, რომელიც მათთვის განსაკუთრებით აქტუალურია, არის სამშობლოში დარჩენისა თუ მისი დატოვების არჩევანი. ჩემი ყოფილი მოსწავლეების დიდი ნაწილი უკვე საზღვარგარეთ ცხოვრობს და არ ვარ დარწმუნებული, რომ მათი შესაძლებლობები მომავალში საქართველოს განვითარებას მოხმარდება. საკლასო პოლემიკის ყველაზე ხშირი თემაც ეს არის: უნდა წავიდნენ და ბედი ეძებონ თუ დარჩნენ და მცირედს დასჯერდნენ.

ეს ლექსი დარჩენაზეა და იგი ერთ-ერთ საინტერესო თანამედროვე პოეტს, ლელა სამნიაშვილს, ეკუთვნის. ამ ლექსის ინტიმმა დასაწყისში შეიძლება აფიქრებინოს მოსწავლეებს, რომ ის სასიყვარულო პოეზიას მიეკუთვნება და მხოლოდ ტექსტზე დაკვირვების შემდეგ ჩნდება სამშობლოს განცდა:

,,რადგან შენ თვითონ მომახატე მხარზე მერცხალი,

ნუ გიკვირს წასვლა, ნურც დაბრუნება.

ზოგჯერ მგონია თავი _ მეცხვარე _

სიტყვებს გაბარებ თვლით და უვნებლად.

ცარიელი და თავისუფალი _

არადა, მინდა ქარივით ვქროდე,

ადგილის ღმერთთან ვიყო არადანს

და სივრცე  _ კაბის ატლასად მქონდეს.

შენგან და შენკენ რატომ მეწევი,

თუკი ასეთი ლაღი გამზარდე?

მე შემიძლია აღარ მოგწერო,

სიტყვებიანად შენში გავზავდე,

მხრებში ჩაგიწყო მხრები და შუბლში

შუბლი _ ცაზეც რომ ფართო მეგონა _

ჩავტიო შენში, დავემშვიდობო

გზების გადაღმა ყველა მეგობარს

და გავქრე შენში.

მე მსუბუქი ვარ.

ისე მატარებ, თითქოს გაგეშვი.

და მაპატიე ეს უნებური

აწრიალება _ მკერდის არეში.”

ძვირფასო მკითხველო, ჩათვალეთ, რომ ეს ჩემი საფეხბურთო ნაკრების ორი მოთამაშეა, რომლებიც დიდი სიფრთხილით შევარჩიე, თუმცა ვთვლი, რომ ეს სია კიდევ უნდა გაგრძელდეს და რასაკვირველია, სახელმძღვანელოების ავტორები, ჩემზე ბევრად კომპეტენტური ადამიანები, ამას შეძლებენ და მოახერხებენ, რომ, ჯერ ერთი, მოსწავლეებს სიმპათია აღუძრან თანამედროვე ლიტერატურული პროცესების მიმართ და მეორეც, დაარწმუნონ, რომ როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობს, პატრიოტზმი გულის საქმეა და იგი ერთნაირად აქტუალურია ყველა დროში, ესაა, რომ ყველა დრო გამოსახვის განსხვავებულ, მისთვის დამახასიათებელ ფორმებს გვთავაზობს.

აუტიზმის დიაგნოზიდან უნივერსიტეტის პროფესორობამდე

0

სტივენ შორი, რომელსაც აუტისტური სპექტრის ერთ-ერთი აშლილობა – ასპერგერის სინდრომი აქვს, ნიუ-იორკის ადელფის უნივერსიტეტის პროფესორი, სპეციალური პედაგოგიკის დოქტორი და საერთაშორისო ექსპერტია. ის თხუთმეტ წელიწადზე მეტია ეხმარება აუტიზმის მქონე ბავშვებს, რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, აქვეყნებს სტატიებს და რამდენიმე წიგნის ავტორიცაა. ამჟამად მუშაობს მესამე წიგნზე – „კოლეჯი შეზღუდულ შესაძლებლობათა მქონე სტუდენტებისთვის“. სტივენმა ოჯახის წევრების თანადგომით შეძლო სიჩუმის კედლის დანგრევა, ახლა კი მათ ეხმარება, ვისაც ჯერ კიდევ ეუცხოება ეს სამყარო.

შორი ამბობს, რომ მშობლები ყოველთვის ისეთად იღებდნენ, როგორიც იყო. ექიმები მის მშობლებს ურჩევდნენ, შვილი სპეციალურ დაწესებულებაში მიებარებინათ, მაგრამ ისინი ასე არ მოქცეულან. ესმოდათ – ბავშვის სიცოცხლე ნაყოფიერი და სრულფასოვანი რომ ყოფილიყო, მოთმინებით უნდა ემუშავათ. სწორედ მშობლები იცავდნენ სტივენის უფლებებს, განუწყვეტლივ იბრძოდნენ და ცდილობდნენ, სახლის პირობებში განევითარებინათ ის. იმდროინდელ ამერიკულ საზოგადოებას აუტიზმის მქონე პირთა მიმართ არცთუ ტოლერანტული განწყობა ჰქონდა – ისინი საზოგადოებისგან იზოლირებულები იყვნენ, მაგრამ სტივენს ბედმა გაუღიმა – მას შინ ასწავლიდნენ ფიზიკურ კულტურას, მუსიკას, სენსორულ ინტეგრაციას.

„არტისტული ბავშვი ვიყავი და მახსოვს, იმიტაციის გაკვეთილებს რომ გავდიოდი, მშობლები ვერაფრით მაიძულებდნენ, მათთვის მიმებაძა. ბოლოს ადგნენ და თავად მომბაძეს. ასე ყალიბდებოდა ჩვენს შორის ნდობა. აუტიზმის პირველი ბომბი წლინახევრის ასაკში აფეთქდა. მე ერთბაშად შევწყვიტე ლაპარაკი. მოულოდნელი ბრაზის შეტევები დამეწყო. მშობლები ვარაუდით ხვდებოდნენ, რა მინდოდა. ბევრს მესაუბრებოდნენ, ყველაფერს დაწვრილებით მიხსნიდნენ. მაგალითად, თუ ვიჯექი, ამბობდნენ: „ო, სტივენი ზის!“ – და ა.შ. მასმენინებდნენ მუსიკას, რომელიც ჩემზე პოზიტიურად მოქმედებდა.

ოთხი წლისამ ლაპარაკი დავიწყე. ამ ასაკში გამიჩნდა პირველი „სპეციალური ინტერესი“, ჰობი. სამზარეულოს დანა ამიღია და მაჯის საათი დამიშლია, დეტალებით მითამაშია და ისევ ამიწყვია. საათი მუშაობდა. მშობლებმა ეს შეამჩნიეს და რეგულარულად მაპარებდნენ სხვადასხვა ნივთს, რომლებსაც ვშლიდი და ვაწყობდი: მაგნიტოფონებს, ველოსიპედებს, ფოტოაპარატებს. სხვათა შორის, დღეს 13 ველოსიპედი მაქვს“, – ამბობს სტივენი.

მუსიკას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა სტივენის ცხოვრებაში. დღეს ის მუსიკას როგორც კომუნიკაციის საშუალებას აუტიზმის მქონე ბავშვებთან მუშაობის დროს იყენებს. პროფესორს მიაჩნია, რომ მუსიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ვერბალური ურთიერთობისგან. ის საუკეთესო ინსტრუმენტია კავშირის დასამყარებლად. შორი პატარა საწებურიან ფურცლებზე ნოტებს წერს, ბავშვები კი ამ ფურცლებს ფორტეპიანოს კლავიშებზე აკრავენ. ისინი სხვადასხვა ოქტავაში პოულობენ ერთსა და იმავე ნოტებს და ითვლიან. მერე სტივენი სანოტო სისტემას ხაზავს და ზედ ნოტებს მონიშნავს. ის ბავშვს ეკითხება: „შეგიძლია, აქ „სი“ დახატო? ახლა კი კლავიატურაზე მაჩვენე“. ამის შემდეგ ბავშვები სიმღერის ფრაგმენტს ასრულებენ. მუსიკა მათ მობილიზებაში, მოძრაობის კონტროლში ეხმარება.

სტივენ შორის სამყარო მთლიანად შეგრძნებებს ეფუძნებოდა – მისთვის შეგრძნება იყო ენაც, ისიც, რასაც თვალით ხედავდა, არომატებიც, რომლებსაც ცხვირით იჭერდა. სტივენი ყველაფერს მძაფრად აღიქვამდა. მასზე განსაკუთრებით მოქმედებდა ხმაური. აშინებდა სუპერმარკეტი, სადაც ხალხმრავლობა იყო და კაშკაშა ნათურები ენთო.

6 წლისა საბავშვო ბაღში მიიყვანეს. იქაურმა პედაგოგებმა არ იცოდნენ, როგორ მოჰქცეოდნენ. არც ბავშვს ესმოდა, როგორ უნდა დაემყარებინა ურთიერთობა თანატოლებთან. სტივენს დასცინოდნენ, ის კი ვერ ხვდებოდა, რას ითხოვდნენ მისგან. მასწავლებლები უფრო მარტივი გზით მიდოდნენ და უბრალოდ აძლევდნენ იმის კეთების საშუალებას, რაც აინტერესებდა.

თავდაპირველად სტივენი ვერავის უმეგობრდებოდა, მერე კი რამდენიმე მეგობარი გაიჩინა. ერთად სეირნობდნენ ველოსიპედით, დადიოდნენ სტუმრად.

სტივენი ბიბლიოთეკაში ჩაეწერა. ისტორიულ ლიტერატურას კითხულობდა, გარდა ამისა, უნდოდა, მეტი გაეგო კატაკლიზმების შესახებ, მაგრამ სხვა საგნებში ჩამორჩებოდა. ერთხელ მათემატიკის მასწავლებელმა უთხრა, რომ ვერასოდეს ისწავლიდა მის საგანს, რადგან მეტისმეტად იტაცებდა ასტრონომია, თუმცა სტივმა სკოლის პერიოდშივე ისეთ დონეზე შეისწავლა მათემატიკა, რომ შეეძლო, უნივერსიტეტის მასწავლებელს გატოლებოდა.

მაღალ კლასებში სტივენი მუსიკამ გაიტაცა. ეს იყო სტრუქტურირებული ინტერესი, რომელიც გარე სამყაროსთან ურთიერთობაში ეხმარებოდა. სტივენი საათობით იჯდა სარეპეტიციო ოთახში და გულმოდგინედ უკრავდა ხან ტრომბონზე, ხან პიანინოზე, ფლეიტასა და ფრანგულ საყვირზე. სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრა საუნივერსიტეტო დონეზე შეისწავლა და ბაკალავრის ხარისხიც მიიღო. მერე ორი სადოქტორო დისერტაცია დაიცვა – მუსიკასა და სპეციალურ პედაგოგიკაში.

„ჩემს განვითარებას ჩემივე გატაცებებმა შეუწყო ხელი. დიახ, თანატოლებთან კონტაქტი მიჭირდა, მაგრამ მუსიკასა და ასტრონომიაზე შემეძლო საათობით მელაპარაკა. ამიტომ თუ ველოსიპედმა დაგაინტერესა, კარგი იქნება, ველოსიპედისტთა კლუბს შეუერთდე, თუ მუსიკამ – ორკესტრში მიხვიდე. გატაცებები აუტიზმის კომპენსირებას ახდენს. ამ დიაგნოზთან ერთად ცხოვრების სწავლა შესაძლებელია. აუტიზმთან ადაპტირება ადამიანს წარმატების შანსს აძლევს. თუმცა სირთულეები ყოველთვის ექნება. მაგალითად, ისევე როგორც აუტიზმის მქონე სხვა სხვა ადამიანები, მეც მგრძნობიარე ვარ მკვეთრი სინათლის მიმართ, ამიტომ კეპს ვხმარობ და ის ჩემი იმიჯის ნაწილი კი არ არის, აუცილებელი ატრიბუტია.

მიჭირს სახეების დამახსოვრება. სემესტრის დასაწყისში სტუდენტებს ვაფრთხილებ, რომ არ გამინაწყენდნენ, თუ სახეზე ვერ დავიმახსოვრე.

აუტიზმის მქონე ადამიანები ხშირად ვარდებიან უხერხულ სიტუაციებში სამსახურში. დაზღვეული რომ ვიყო, უნივერსიტეტში რამდენიმე სანდო კოლეგა მყავს, რომლებსაც ხშირად ვთხოვ რჩევას.

ახლაც არ მიყვარს ტანზე მოტმასნილი სამოსი, რომელსაც სხვები დიდ ყურადღებას არ აქცევენ, ზოგჯერ კი არ მესმის პოლიტიკის, როდესაც ადამიანი ერთს ამბობს და სხვა რამეს გულისხმობს. თქვენ ავტომატურად იგებთ ამას, ჩემნაირებს კი კონკრეტული ინსტრუქცია სჭირდებათ“, – განმარტავს პროფესორი.

სტივენს ხშირად უწევს საუბარი კიდევ ერთ საკითხზე – აუტიზმის მქონე პირთა დასაქმებაზე. ამერიკაში მათი 88% ვერ საქმდება. არადა, მათ შეუძლიათ, საზოგადოებას სარგებლობა მოუტანონ. ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ის უხერხული სოციალური სიტუაციებია, რომლებსაც დამსაქმებელი თავს არიდებს. თუმცა არის კომპანიები, მათ შორის – კორპორაცია Microsoft-ი, რომელიც მიესალმება აუტიზმის მქონეთა დასაქმებას, რადგან ისინი შესანიშნავი პროგრამისტები გამოდიან. კიდევ ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ აუტიზმის მქონე ადამიანს შეიძლება შეასწავლო სასარგებლო უნარები.

პროფესორი აღნიშნავს, რომ აუტიზმის მქონე ბავშვებს სხვადასხვანაირად უნდა მივუდგეთ. მაგალითად, ზოგის რეაბილიტაცია წარმატებით ხორციელდება იპოთერაპიის (ჯირითი და ა.შ.) გზით, ზოგს კი TEACCH პროგრამა (სტრუქტურული სწავლება), Daily თერაპია („ყოველდღიური ცხოვრების თერაპია“), PECS (გამოსახულების ცვლაზე დაფუძნებული კომუნიკაციის სისტემა), არტთერაპია, მუსიკალური თერაპია შველის.

სტივენი ამბობს: „რასაკვირველია, მნიშვნელოვანია დაავადების აღმოჩენა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი მართვის ცოდნა. სხვადასხვა ბავშვს სხვადასხვა მიდგომა სჭირდება. აუტისტი შვილის მშობლებს ვურჩევდი დაედგინათ, რა აინტერესებს ბავშვს, რა ძლიერი მხარე აქვს. მშობლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათი შვილი განუსაზღვრელ პოტენციალს ფლობს და ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი სხვა. ის ინდივიდია“.

მეუღლე, რომელთანაც უკვე 23 წელია ცხოვრობს, სტივენმა ბავშვობაში, მუსიკის გაკვეთილზე გაიცნო. ბავშვები ერთმანეთს გაკვეთილების შესრულებაში ეხმარებოდნენ. მერე საზოგადოებრივ საქმიანობაშიც ერთად ჩაერთნენ. ერთხელ, პლაჟზე სეირნობის დროს, მომავალი მეუღლე მოეხვია, აკოცა და ხელი ჩაჰკიდა. სტივი მიუხვდა, რომ გოგონას მოუნდა, მეგობარზე მეტი ყოფილიყო მისთვის. სასწრაფოდ რამე უნდა ეპასუხა, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა. არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა, მეგობრებს სხვაგვარადაც ჰყვარებოდათ ერთმანეთი. „ასეთ ემოციაში გარკვევა გამიჭირდა, რის გამოც „სატრფო“ გამინაწყენდა, ატირდა, გამიმხილა, რომ ისედაც რცხვენოდა, პირველმა რომ გადადგა ეს ნაბიჯი… მე მასთან მხოლოდ მეგობრობა მაკავშირებდა. თანაც ძალიან ხმამაღალი ტემბრი ჰქონდა და ეს მძაბავდა. მერე ჩემი ცხოვრებიდან გაქრა. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ არსებობს ურთიერთობის კიდევ ერთი სახე – სულ სხვა, არავერბალური კომუნიკაცია. ამ თემაზე უამრავი წიგნი წავიკითხე და მივხვდი, რომ სიყვარული მხოლოდ აუტიზმის მქონე ადამიანებს არ ატკივებს თავს“, – იღიმება სტივენი.

ახლა ის ბევრს მოგზაურობს. მის პრეზენტაციებს, რომლებსაც ხანგრძლივი მონოლოგის ფორმატი უფრო აქვს, ათასობით ადამიანი ესწრება. თუ საუბარი კონკრეტულ ინტერესებს შეეხო, სტივენი აუდიტორიასთან დიალოგშიც შედის. მისი ლექციების შემდეგ ბევრმა შეიცვალა წარმოდგენა აუტიზმზე.

„დედაჩემი დღეში სულ ორ საათს მუშაობდა, მე კი 18 თვისამ სამყაროსთან ურთიერთობის ფუნქცია დავკარგე. მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ექიმმა პირველად რომ გამსინჯა, აუტიზმი მიშვებულ ფსიქიატრიულ აშლილობად მიიჩნეოდა, ცუდი აღზრდის შედეგად. ათი ათასი პაციენტიდან მხოლოდ ერთს უსვამდნენ აუტიზმის დიაგნოზს. დღეს ატლანტის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ასეთ პროპორციას ადგენს – 1:50. ან უტიზმის მქონე ადამიანების რაოდენობა იზრდება, ან აუტიზმის დიაგნოსტირება უმჯობესდება. ალბათ სიმართლე სადღაც შუაშია“, – ასკვნის სტივენ შორი.

სპექტაკლი ხელისგულზე

0

მასწავლებელი უნდა იყოს მსახიობი, არტისტი, 

რომელიც თავდავიწყებითაა შეყვარებული თავის საქმეზე.
ა.პ. ჩეხოვი

 

მასწავლებლობის დაახლოებით ათწლიანი გამოცდილება მაქვს. ათი წელი არცთუ ბევრია, მაგრამ არც ძალიან ცოტა. ყოველ შემთხვევაში, იმის გასაცნობიერებლად მეყო, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, შემოქმედებითი პროფესია, რომელიც მუდმივად ტონუსში გამყოფებს. პროფესია წრეზე მბრუნავი ენერგიით – გასცემ და გიბრუნებენ პატარა ადამიანები. კიდევ გასცემ – კიდევ გიბრუნებენ. გგონია, აღარ დაგრჩა გასაცემი, გამოწურული ხარ… მაგრამ მეორე დღეს კვლავ აღდგები ფენიქსივით და კვლავ ირთვება ენერგიების გაცვლის უჩინარი მექანიზმი. სულ პატარა, ოცდაერთი წლისა აღმოვჩნდი სკოლაში. მაშინ ბევრი არც სწავლების თანამედროვე მეთოდებზე ვიცოდი რამე და არც ბავშვთა უფლებებზე. ერთადერთი, რაც არ მეშლებოდა, თექვსმეტამდე თვლა იყო, რადგან სწორედ ამდენი პირველკლასელი მოსწავლე მყავდა, რომლებიც სულ გარს მეხვივნენ და რომელთაც გამუდმებით ვითვლიდი. ოდნავ მოგვიანებით, როდესაც მათი სახელები და სახეები ერთმანეთში აღარ მერეოდა და მათი ჩემ გარშემო ტრიალი თავბრუს აღარ მახვევდა, მივხვდი – ერთდროულად ყველაზე რთული და მარტივია, მიიჩვიო, მოათვინიერო, დააინტერესო, გაააქტიურო, შეიყვარო პატარა ადამიანები. შეიყვარო არა როგორც მშობელმა, არც როგორც მოვალეობის პირნათლად შემსრულებელმა პირმა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელიც ითავისებს თავის პასუხისმგებლობას, რომ მას უდიდესი წვლილი მიუძღვის პატარა ტვინების, პატარა გულების, ცნობიერების ფორმირების საქმეში. შეიყვარო იმ ადამიანის დაჟინებული, ფრთხილი სიყვარულით, რომელიც აცნობიერებს, რომ სწორედ მისი შრომის ანარეკლი იქნება ის საზოგადოება, რომელსაც რამდენიმე წელიწადში ხალხთან ერთად თავადაც შეაქებს ან აძაგებს.
ზემოთ ვახსენე, ეს ერთდროულად რთული და მარტივია-მეთქი. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამოა რთული. ხანდახან მეგონა, ეს გიგანტური პასუხისმგებლობა, ღამე რომ არ გაძინებს, არდადეგებზე რომ გაფუსფუსებს, დაღლილს რომ მაღაზიაში წაგალასლასებს მეორე დღისთვის რესურსების შესაძენად, ქვეშ მომიყოლებდა და გამსრესდა. მაგრამ იმხელაა ბავშვებისგან წამოსული ენერგია და იმდენად ჯადოსნურად მაცოცხლებელი, მთების გადადგმაც კი გიღირს მის ფასად! აი, სწორედ ამიტომაცაა რთულთან ერთად მარტივიც. ბავშვები ძალიან მარტივად გენდობიან, უშურველად გაძლევენ სიყვარულს, მუხტებს… მთავარია, შენ მთელი ეს ემოციური არსენალი სწორად მიმართო და შედეგი აუცილებლად მოვა! შეიძლება გვიან, მაგრამ უეჭველად!
ამ ყველაფრის გაცნობიერებასთან ერთად მუდმივად ვფიქრობდი იმაზე, როგორ დამემყარებინა მათთან სწორი კომუნიკაცია, როგორ მომეხერხებინა, რომ დამეცვა ოქროს შუალედი მაგიდაზე დიდი ბეჭდით დამკაკუნებელ, თვალებდაწკურულ, მკაცრსახიან პედაგოგსა და იმ მასწავლებელს შორის, რომლის გაკვეთილიც შეიძლება არ ვისწავლოთ, რადგან მაინც არაფერს იტყვის – „ჯიგარია“; როგორ მომეხერხებინა, რომ მე და მათ ერთ ენაზე გვესაუბრა; როგორ მეგრძნობინებინა, რომ მართლა ვგულშემატკივრობ, მართლა მიხარია მათთან ერთად რაღაცების კეთება, მართლა მაინტერესებს მათი ამბები…
გამოცდილების, მიგნებების გაზიარება ხომ მნიშვნელოვანი, საჭირო და კეთილშობილი საქმეა…
ჰოდა, აი, რამდენიმე რჩევა რიგითი მასწავლებლის პირადი გამოცდილებიდან:

რჩევა 1. ჩამოდი კვარცხლბეკიდან!
პირველი, რასაც მივაგენი, იყო, რომ დიდობის კვარცხლბეკიდან უნდა ჩამოვსულიყავი და მათი  სიმაღლიდან ცქერა, მსჯელობა, დაკვირვება მესწავლა.
აგრძნობინე, რომ მათ აღიქვამ ინდივიდებად, რომ შენთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ისინი შენზე, რომ მათი რჩევა მნიშვნელოვანია, რადგან რაღაცების მიხვედრაში, შეცვლაში დაგეხმარება. ლაღად იცინე, იხუმრე მასთან ერთად და ნუ შეგეშინდება, რომ თავს გაუვა და გაგითამამდება. სწორედ შენი სწორი დამოკიდებულებები, შენი ქცევის მაგალითი იქნება მათთვის ნიმუში, თუ როგორ კალაპოტში უნდა მიედინებოდეს თქვენი ურთიერთობა.

რჩევა 2. ესაუბრე – გაიგებს!

ხანდახან სულ მარტივი რამეა საჭირო – დაელაპარაკო. მხოლოდ საქმეზე, გაკვეთილის ცოდნაზე, წესიერად მოქცევაზე საუბრებს არ ვგულისხმობ (თუმცა, ცხადია, ეგეც მნიშვნელოვანია), არც ჭკუის დამრიგებლური გამოგონილი სიუჟეტების მოყოლას. უბრალოდ, ესაუბრე. მოუყევი, რამ გაგაკვირვა დღეს დილით, რა გაგახსენდა ავტობუსში და გაგეცინა, რა დაინახე ფანჯრიდან, რას აკეთებდით შენ და შენი მეგობარი არდადეგებზე, როგორ გიკითხავდა დედა, რა გეზარება, რა შეგშლია, რისი გრცხვენია…
მოუყევი შესვენებაზე, კლასში, ეზოში, სოციალურ ქსელში, წერილში…
მოუყევი და ნახავ, როგორ გაქრება თვალსა და ხელს შუა მისი შებოჭილობა. მოუყევი და ნახავ, როგორი კარგი მსმენელია. ეს საუბრები იქნება ის ხიდი, რომელიც მის შინაგან სამყარომდე მიგიყვანს.

რჩევა 3. მოუსმინე!
როცა მასწავლებელი ხარ, თვალი, ყური, გული – ყველაფერი ორმაგად გაწაფული და გამახვილებული გაქვს. სულ მარტივად შეატყობ, როდისაა საჭირო, გვერდით მიუჯდე, ცალკე დაელაპარაკო, აგრძნობინო, რომ მის გვერდით ხარ, შენი პედაგოგიური ოსტატობა გამოიყენო და გაიგო, რამე ხომ არ უჭირს, ხომ არ შეგიძლია დახმარება. იქნებ მას უბრალოდ უნდა ვინმეს გაუზიაროს, როგორ აჭამა ეზოში ძაღლს, იქნებ კლასელი ეუხეშა და მან თავის დაცვა ვერ მოახერხა, იქნებ უნდა ვინმეს წერილი მისწეროს და რჩევა სჭირდება, იქნებ უნდა, გკითხოს, დაბადების დღეზე რა ჩაიცვას… აგრძნობინე, რომ გაინტერესებს ის, რაც მისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ გახარებს მისი შენდამი ნდობა და ეცდები გაამართლო, რომ მზად ხარ სიხარულით მოუსმინო და გაიზიარო მისი ემოციები.

რჩევა 4. იქნებ რაღაც გაერთიანებთ?
ახლაც მახსოვს, როგორ ვუსმენდი ხოლმე გაყურსული, როდესაც თავიანთ საყვარელ სათამაშოებზე, მსახიობებზე, მულტფილმებზე, კომპიუტერულ თამაშებზე საუბრობდნენ. ვუსმენდი და ბუტბუტით ვიმეორებდი ჩემთვის უცნობ სახელებს, რომ არ დამვიწყებოდა.
მერე იყო მეცადინეობა. ნამდვილი და სერიოზული. დავჯექი, მოვძებნე, მოვუსმინე, ვუყურე, გავიაზრე… არასოდეს დამავიწყდება, როგორი აღფრთოვანებით მიყურებდნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ მესმის, რაზეც ლაპარაკობენ, შემიძლია აზრი გამოვთქვა იმაზე, რაც მათ აინტერესებთ. არც ჩემი სიხარული დამავიწყდება, როცა ვიგრძენი, რომ მათიანად მიგულეს და მენდნენ. პირველი ხიდი გაიდო! მერე უკვე ადვილია – ხან იმაზე საუბრობთ, რაც შენ მოგწონს, ხან ისინი გიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს, ხან ერთად მიდიხართ ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად. ერთი ცხადია, აუცილებლად გაიბმება ძაფი, რომელსაც შეუძლია მჭიდროდ დაგაკავშიროთ. ჰოდა, მოძებნე!

რჩევა 5. თავად იყავი მაგალითი!

აბსტრაქტულია ნებისმიერ ღირებულებაზე საუბარი ბავშვებთან, თუ თავად არ აჩვენე მაგალითი იმისა, რაც გინდა შეასწავლო. შენ მათ ხელისგულზე ჰყავხარ, შენი თითოეული ქცევა, მიმიკა, შეფასება, ჟესტიკულაცია იქნება ის მაგალითი, რომელსაც ღრუბლებივით შეისრუტავენ და არეკლავენ თავიანთ საქციელში.
გინდა იყვნენ კაცთმოყვარეები? თავად აჩვენე ყოველდღიური მაგალითით, როგორ გიყვარს ადამიანები.
გინდა, შეძლონ პატიება და ბოდიშის მოხდა? თავად არ შეგეშინდეს მათ წინაშე დაშვებული შეცდომების აღიარების და ნურც მასწავლებლურ წყენას ჩაიდებ გულში.
გინდა ჰქონდეთ კითხვის მოტივაცია? თავადაც იკითხე მათთან ერთად შენი საყვარელი წიგნი და სიხარულით ისაუბრე მასზე.
გინდა ყოველთვის მომზადებულნი მოვიდნენ სკოლაში? თავად იყავი თავდაჯერებული და სიღრმისეულად მომზადებული მათთან შესახვედრად.
გინდა სიხარულით მოდიოდნენ გაკვეთილზე? თავად გამოხატე გულწრფელი სიხარული მათთან შეხვედრისას.
გინდა, რომ არ დასცინონ ერთმანეთს, იყვნენ გულისხმიერები, კეთილგანწყობილნი ერთმანეთის მიმართ? თავად მოექეცი ამგვარად და ბუმერანგივით დაგიბრუნებენ ყველაფერს. არ იყო ცინიკური მათი გულუბრყვილო ქმედებების ან თუნდაც შეგნებული ცუდი საქციელის მიმართ, არ დაგრჩეს რომელიმე მათგანი უყურადღებოდ ან არ დაამძიმო ზედმეტი ყურადღებით, არ მიაკერო იარლიყები, რომლებიც შეიძლება მთელი ცხოვრება ვეღარ ჩამოიხსნან, არ დაგეჩაგროს შენი უფროსული უპირატესობის გამო.

გახსოვდეს, შენ ყოველდღიურად მონოსპექტაკლს თამაშობ! ყველაზე საპასუხისმგებლო სპექტაკლს, რომლის დადგმაც, როლის გათავისებაც, რეკვიზიტისა და დეკორაციის მომზადებაც უზარმაზარ ენერგიას, ფიზიკურსა თუ ემოციურ რესურსს მოითხოვს შენგან მსხვერპლად. ზოგჯერ ძალა არ შეგწევს, ზოგჯერ გარეგანი ფაქტორები სულაც გიკლავენ მოტივაციას, მოირგო შენი როლი და გამოხვიდე ავანსცენაზე…
მაგრამ თავდაუზოგავი შრომის შედეგიც აქვეა:
შენი „აპლოდისმენტები“ რამდენიმე წყვილი ცნობისმოყვარედ აციმციმებული თვალია,
შენთვის „მორთმეული ყვავილები“ – საინტერესო პრეზენტაციებია,
შენი „ბის“ – „მას, კიდევ როდის გვექნება თქვენი გაკვეთილი“-ა.
ჰოდა, გამოდიხარ, დაღლილი, ფეხებდაქანცული, წინა ღამის უძინარი, მაგრამ მაინც გაღიმებული – შედგა! – იმსჯელეს, იკითხეს, იფიქრეს, ივარაუდეს, წარმოიდგინეს, პარალელები გაავლეს, გაიაზრეს, შეაფასეს… სწორედ ეს გინდოდა!
საიდანღაც გამოწურული ენერგიაც გიბრუნდება, ახალი იდეები თავში ფუთფუთს იწყებენ…
ერთგვარი ჟინიც გიპყრობს – ხვალ უფრო საინტერესო მასალას მივუტან, ტექსტს ასე დავამუშავებინებ, ამას ვაჩვენებ, იმას გავაკეთებინებ…
და იწყებ ახალი დღისთვის მზადებას ხელისგულისოდენა სცენის მსახიობი – მასწავლებელი.

გართობა, როგორც ასეთი

0

“ჩვენი, სტუდენტების ფული, უნივერსიტეტის ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილი იხარჯება გართობაზე”, – მითხრა ერთმა ჩემმა რესპოდენტმა რამდენიმე დღის წინ, რომელიც ახლა უნივერსიტეტის ავტონომიურობისთვის იბრძვის თსუ-ს 115-ე აუდიტორიაში.

 

“ერთადერთი, რისთვისაც ფული არ მენანება, გართობაა, კარგი კონცერტი, მოგზაურობა”, – გვითხრა ერთმა მეგობარმა, როცა მორიგი მსჯელობა გვქონდა იმაზე, სად მიდის ფული, რომლისთვისაც ლამის დღე და ღამე ვმუშაობთ.

 

ფულზე და გართობაზე ფიქრი და ლაპარაკი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ახლა, ამ მოვლენების ფონზე, რაც ჩვენ გარშემო ტრიალებს უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ ამ ორ განსხვავებულ პოზიციაზე და მგონია, რომ ჩვენ ვართ ხალხი, რომლებსაც არც საკმარისი ფული გვაქვს და არც გართობის გაგვეგება დიდად რამე. და თუ ამ მსჯელობას გავყვებით, ადვილად შესაძლებელია, ჩვენი ბევრი პრობლემა ამ მოცემულობასაც კი დავაბრალოთ.

 

როგორია ტიპური ქართველი სტუდენტის, გინდა მოსწავლის ან უკვე დამოუკიდებლად მცხოვრები ახალგაზრდის გართობა?

 

არ დამავიწყდება ზაფხული, როცა ქვიშხეთში ვისვენებდი. მთელი კვირის განმავლობაში ვეძებდი სხვა დამსვენებლებს, ახალგაზრდებს, ჩამოსულებს, ადგილობრივებს. არავინ ჩანდა. შაბათ-კვირას გამოვიდნენ სოფლის ორღობეებში, საღამოს ლოცვისა და დილის წირვისთვის. ხო, ეკლესიის ეზო იყო ერთადერთი ადგილი, საჯარო სივრცე, სადაც მათ ერთმანეთის ნახვა, ერთმანეთთან ლაპარაკი, ცოტაოდენი გართობა შეეძლოთ. ღვთისმსახურების მერე ისხდნენ გალავნის გარშემო და ლაპარაკობდნენ. მერე მცირე ჯგუფებად უკან ბრუნდებოდნენ, შემდეგ კვირამდე.

 

Screen Shot 2016-03-16 at 4.16.20 PM

ქვიშხეთი პირობითი ადგილია, ასეა ქვეყნის თითქმის ყველა დიდსა და პატარა დასახლებაში, ასე იყო იქ, სადაც მე გავიზარდე.

არაფერი ხდებოდა. ბიბლიოთეკებში საბჭოთა პერიოდის წიგნები იყო, კინო არ არსებობდა, არც სპორტული მოედნები და დარბაზები, შიგადაშიგ რომელიმე ესტრადის ვარსკვლავი შეიძლებოდა ჩამოსულიყო,  საშინელი კონცერტი გაემართა. ისიც ძალიან იშვიათად.  დაბადების დღეებზე და სასკოლო ღონისძიებებზეც შეიძლებოდა წასულიყავი, მაგრამ იქაც რა, წინასწარ იცოდი, ვინ დაგხვდებოდა და რა მოხდებოდა.

გავიზარდეთ ასე, გართობის გარეშე.

 

უნივერსიტეტში რა ხდებოდა? არც იქ ხდებოდა არაფერი საინტერესო. სტუდენტური დღეები, უნიჭო შემსრულებლების კონცერტები, ხმამაღალი პოეზიის საღამოები, იდეოლოგიზებული პატრიოტთა ბანაკები… ეგ იყო და ეგ.

 

მართალია ის ჩემი რესპონდენტი, რომელიც ამბობს, ჩვენი ფული გართობაზე იხარჯებაო. მაგრამ მე ამას ერთ პრინციპულად მნიშვნელოვან სიტყვას დავამატებდი. ფული უაზრო გართობაზე იხარჯება. გუშინ ვიყავი უნივერსიტეტში მისული და განცხადებები დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ არაფრით განსხვავდებოდა 10 წლის წინანდელი განცხადებებისგან. იგივე ხალხის საჯარო ლექციები, იგივე შეხვედრები, იგივე საღამოები. ჩვენ რომ ბავშობიდან კარგად გართობა გვესწავლა, ბევრი განსხვავებული სივრცე გვქონოდა, სადაც ჩვენი ინტერესების შესაბამის გასართობებს აღმოვაჩენდით, ალბათ ასე ადვილად ვერ შემოგვთავაზებდნენ წლების განმავლობაში ერთსა და იმავე გასართობებს, ერთსა და იმავე თემებს სასაუბროდ, ერთსა და იმავე ადგილებს წასასვლელად. ალბათ ის დაფა ახლა ცოტა განსხვავებული იქნებოდა.

 

მართალია ჩემი მეგობარიც, რომელიც ამბობს, რომ გართობაზე არ ენანება ფულის დახარჯვა. ის გართობის იმ ფორმას გულისხმობს, რაც დიდ ემოციებს, კარგ მუხტს, თავგადასავლებს და დაუვიწყარ მოგონებებს ნიშნავს. ამისთვის კი არაფერი უნდა დაგენანოს კაცს, სწორედ ამეებისთვის უნდა იცხოვრო. დაუვიწყარი მომენტებისთვის, მნიშვნელოვანი თავგადასავლებისთვის.

 

ჩვენი ინტერესები და გასართობები რომ მრავალფეროვანი იყოს, ყველას რომ ჰქონდეს საშუალება ის აკეთოს, რაც ესიამოვნება, იქნებ უფრო ნაკლებად გვექექა სხვისი ცხოვრების დეტალები, გვეძებნა ჭუჭრუტანები ყურის მისაგდებად, გაგვერჩია მნიშვნელოვანი ნაკლებად მნიშვნელოვნისგან, სწორი აქცენტები დაგვესვა და ამდენი დრო არ დაგვეხარჯა ელემენტარული ჭეშმარიტებების მტკიცებაში.

 

 

 

ბავშვის ბუნების ფენომენი და აღზრდის პრობლემები

0

ამ სტატიის დაწერა თბილისის ერთ-ერთი სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებთან და აღმზრდელებთან შეხვედრამ გადამაწყვეტინა. შეხვედრაზე საუბარი იყო 6-9 წლის ბავშვების განვითარების ასაკობრივ თავისებურებებზე. მასწავლებლები და აღმზრდელები ამ ასაკიდანვე აწყდებიან სერიოზულ სირთულეებს, როგორც ბავშვებთან ურთიერთობისას, ასევე მათ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესში. შეხვედრის დროს პედაგოგებმა რამდენიმე „რთული“ შემთხვევა აღწერეს. ისინი ცდილობდნენ  მიეღოთ პასუხები საკუთარ შეკითხვებზე:

  • რომელი ასაკიდან ხდებიან ბავშვები „რთულები“?
  • რატომ ხდება, რომ მათ მიერ დახარჯული ძალისხმევა ზოგ შემთხვევაში სრულიად უშედეგოა?

შევეცდები ამ კითხვებზე პასუხის გაცემას.

„რთული“ მოზარდების კატეგორია საკმაოდ ფართო და მრავალგვარია. ამ კატეგორიას ზოგადად მიაკუთვნებენ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებთანაც მშობლებს, აღმზრდელებსა და მასწავლებლებს უჭირთ მუშაობა. უფროსები ფიქრობენ, რომ ასეთ ბავშვებთან ოჯახში თუ საკლასო ოთახში მისაღები ქცევის ნორმების შესახებ ბრძნულ საუბრებს აზრი არ აქვს. გარშემო სოციუმი დარწმუნებულია, რომ ასეთი ბავშვები ჯიუტი, თავნება, უყურადღებო, გონებაგაფანტული, ზარმაცი, ზოგ შემთხვევაში აგრესიული და უმართავიც კი არიან.

და მაინც ცხოვრების რომელი პერიოდიდან უყალიბდება ბავშვს ისეთი თვისებები, რომლებიც აფიქრებინებს ზრდასრულ ადამიანებს, რომ ისინი „რთული“ ქცევის არიან? ფსიქოლოგების უმრავლესობა დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ბავშვის პიროვნება ხუთი წლის ასაკისათვის უკვე ფორმირებულია. ფართოდ გავრცელებულია ის მოსაზრებაც, რომ ხუთი წლის შემდეგ ბავშვის აღზრდაში დაშვებული სერიოზული შეცდომების გამოსწორება ძალზე რთულია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ასევე არსებობს მოსაზრება, რომ არასწორი და არაადეკვატური აღზრდის სტილის მიუხედავად, ბევრი ბავშვი ზრდასრულ ასაკში  ყალიბდება დამოუკიდებეალ, ძლიერ პიროვნებად და აღწევს გარკვეულ წარმატებას პროფესიულ კარიერასა და პირად ცხოვრებაში.

„რთულ“ ბავშვებთან, მოზარდებთან, ახალგაზრდებთან, მათი ოჯახის წევრებთან მუშაობის ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების შედეგად ვემხრობი მოსაზრებას, რომ მიზეზები, რომელთა გავლენითაც ბავშვების ქცევა „რთულის“ კატეგორიას მიეკუთვნება, განპირობებულია  აღზრდაში სულ მცირე ასაკიდანვე დაშვებული შეცდომებით.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ მშობლობა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მოვალეობაა. ახალგაზრდა მშობლებს არავინ ასწავლის და არც ტრენინგებს უტარებს. როდესაც ოჯახში პატარა ჩნდება მაშინვე მის ფიზიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე გადადის მთელი ძალისხმევა. რამდენი გრამი შეჭამა; კბილები ხომ დროზე ამოუვიდა;  სიარულის როდის დაიწყო; ავად ხომ არ გახდა…. და უამრავი მსგავსი საზრუნავი.

შვილი წამოიზარდა, საჭიროა საბავშვო ბაღში შეყვანა. აქ ოჯახში ახალი საზრუნავი ჩნდება: როგორი ბაღი ავირჩიოთ? სადაც კვებაა დაბალანსებული თუ „ინგლისურს“რომ ასწავლიან განსაკუთრებული ხერხებით? ზეიმებზე აუდიოჩანაწერებს ხომ აკეთებენ? აბა როგორ, სოციალურ ქსელში მისი ვიდეო არ უნდა დაიდოს?

შემდეგი ეტაპი – „კარგი“ სკოლის შერჩევა. როგორ ირჩევენ დღეს მშობლები სკოლას? ჩემი დაკვირვებით ოჯახების უმრავლესობა საკუთარი ნაცნობებისა და მეგობრების რჩევა-დარიგებას მისდევს. და არჩევანიც გაკეთებულია, სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება უცხო ენები, ფუნქციონირებს სხვადასხვა დამატებითი სპორტული და შემეცნებითი, ე.წ. „წრეები“. მშობელი კმაყოფილია. სად არის აქ ბავშვის საუკეთესო ინტერესები? რომელმა მშობელმა სცადა საკუთარ პატარას დალაპარაკებოდა და ისე მიეღო გადაწყვეტილება? ჩვენს კულტურაში ბავშვები, მშობლების არარეალიზებული სურვილების რეალიზების „ინსტრუმენტია“. ბავშვს გამუდმებით ესმის უფროსებისგან: „მშობლების იმედები გაგემართლებინოს. მასზე კარგად არავინ იცის შენთვის რა არის საუკეთესო“. განა ბევრია ისეთი ოჯახი, რომელიც საკუთარი შვილის შესაძლებლობებს ობიექტურად აფასებს?

მაგრამ მივუბრუნდეთ დასაწყისში ჩემს მიერ ნახსენებ სკოლას, რომელიც კერძო სკოლებს შორის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად ითვლება და რომლის მეორე კლასში  სწავლობენ ის „რთული“ ბავშვები.

შეფიქრიანებულ მასწავლებლებთან პრობლემაში უფრო სიღრმისეულად  გარკვევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ:

  • ერთ ბავშვს მშობლები არ ჰყავს (უცხოეთში არიან სამუშაოდ წასულები), მას ბებია ზრდის;
  • მეორის ოჯახში დიდი არეულობაა, მშობლები გაყრის პროცედურას აწარმოებენ;
  • მესამის მშობლები დაძაბული სამუშაო გრაფიკის შემდეგ სახლში ძალიან დაღლილები მიდიან და ბავშვთან კონტაქტს თითქმის ვერ ახერხებენ;
  • მეოთხეს სულ ახლახან პატარა ძამიკო შეეძინა და ამიტომ დარწმუნებულია, რომ ის მშობლებს ისე ძალიან აღარ უყვართ;
  • მეხუთეს ძალიან „მზრუნველი“ მშობლები ჰყავს და ახლახან ბოლო თაობის მობილური და პლანშეტი უყიდეს. ის დარწმუნებულია, რომ ყველა მისი სურვილი ყოველთვის უნდა ასრულდეს;
  • მეექვსეს უფროსი დაიკო ჰყავს, რომელიც სწავლაში წარჩინებულია და ყველა „წრეზე“ დადის. დედიკოს უნდა, რომ მანაც იაროს იმავე წრეებზე და თანაც უფრო მეტად წარმატებული იყოს. მას კი სულ სხვა სურვილები აქვს;
  • მეშვიდე ბავშვის მშობლები გარკვეულწილად აცნობიერებენ საკუთარი შვილის ქცევით პრობლემებს. მაგრამ დარწმუნებული არიან, რომ „გაიზრდება და თავისათავად გადაუვლის“, რადგან მის ასაკში თავადაც ცელქები და ჯიუტები იყვნენ, მაგრამ ახლა წარმატებული ადამიანები არიან;
  • მერვეს მშობლები თვლიან, რომ ბავშვი ზედმეტად არ უნდა აკონტროლო და შეზღუდო, ამიტომ ის მთელ თავისუფალ დროს ხან ტელევიზორთან და ხანაც კომპიუტერთან ატარებს.

ალბათ მიხვდით, რომ ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ სათქმელი ვფიქრობ ისედაც ნათელია: მასწავლებლებს ძალიან უჭირთ ასეთ კლასში საგანმანათლებლო პროცესის  წარმატებით წარმართვა და მაქსიმალური შედეგის მიღება.

ბავშვები სკოლაში ოჯახებიდან მიდიან და შესაბამისად მათ უკვე გავლილი აქვთ აღზრდის ოჯახური სტილის სპეციფიკური „კურსი“. ხომ საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ ადამიანის ძირითადი პიროვნული თვისებები სწორედ ოჯახში ყალიბდება. რაც არ უნდა კვალიფიციური  პროფესიონალი პედაგოგი შეხვდეს სკოლაში ბავშვს, რომელსაც უკვე გარკვეული წარმოდგენა აქვს სიკეთესა და ბოროტებაზე, გამომუშავებული აქვს საკუთარი პოზიტიური და მავნე ჩვევები, ძალიან გაუჭირდება ცვლილებების შეტანა მის ღირებულებათა სისტემაში.

საინტერესოა სინამდვილეში რატომ „იწებებენ“ ბავშვები მცირე ასაკიდანვე „რთული“ ბავშვის იარლიყს? ჩემი ფიქრით იმის მიზეზი, რომ მათ თავად ძალიან უჭირთ, ოჯახში არსებული ფსიქოლოგიური კლიმატია. ეს გასაჭირი კი სწორედ სწავლის დასაწყის ეტაპებზევე იჩენს თავს. მიზეზთა გამო მათ ეწყებათ სწავლისა და ქცევის პრობლემები, უძნელდებათ კლასში არსებული სასწავლო ტემპისთვის ფეხის აწყობა, ზოგადად ნებისმიერი დავალების წარმატებულად შესრულება.  მაგრამ არსებობენ წარმატებული  „რთული“ მოსწავლეებიც, მათთვის ადვილია სასწავლო პროგრამის დაძლევა. სამაგიეროდ მათ უჭირთ თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობა.

ბავშვებთან მომუშავე დაკვირვებული პერსონალი ხედავს, რომ ზოგიერთი ბავშვი თანატოლებს ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩება, ზოგი პირიქით, სწრაფი ტემპით ვითარდება. ზოგიერთი გონებრივი განვითარების შენელებული ტემპით ხასიათდება, ზოგიერთი პირდაპირ ვუნდერკინდია. ზოგი მათგანი უფროსების უგულვებელყოფის, ზოგიც ჰიპერმზრუნველობის მსხვერპლია. ზოგი საერთოდ ცდილობს ყველაფრით გამორჩეული და სრულიად ორიგინალური იყოს. ამით იმის თქმა მინდა, რომ უფროსი „სირთულის“ უამრავ ნაირსახეობას ხვდება და ნებისმიერი მათგანი ყურადსაღებია.

რა ტიპურ შეცდომებს უშვებენ მშობლები აღზრდის პროცესში:

  • ბავშვის ინტერესებისა და სურვილების გაუთვალისწინებლობა;
  • ჰიპერმზრუნველობა/ჰიპერმეურვეობა, რაც აფერხებს ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებას;
  • აქცენტის გადატანა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, პიროვნული განვითარების სერიოზულობის გაუცნობიერებლობა;
  • ბავშვის მიღწევების გადამეტებულად შეფასება;
  • არარეალისტური მიზნების დასახვა, რამაც მომავალში შესაძლებელია მას თვითშეფასება დაუქვეითოს;
  • სხვა ბავშვებთან გამუდმებული შედარება: „ნახე, შენი თანატოლი ნინიკო უკვე ინგლისურად ლაპარაკობს, შენ კი ერთი ლექსიც ვერ დაიმახსოვრე“, „შენზე პატარა გიორგიმ გამრავლების ტაბულა ზეპირად იცის, შენ კი ჯერ სწავლაც არ დაგიწყია“….

დიმიტრი უზნაძეს მიაჩნია, რომ „აღმზრდელი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს, თუ არ ჩასწვდება ბავშვის ბუნებას“. ხშირ შემთხვევაში, მშობლები ბავშვებთან ურთიერთობისას საკუთრი მიზნებით ხელმძღვანელობენ და ცდილობენ, მიზანს მბრძანებლური, ჭკუის დამრიგებლური დამოკიდებულებით მიაღწიონ.

 

როგორ მოიქცეს მშობელი და მასწვლებელი?

  • „დაივიწყეთ“ საკუთარი საქმეები და პრობლემები, რათა შეძლოთ ბავშვის პრობლემის დანახვა/გაცნობიერება;
  • შეეცადეთ შეხედოთ ბავშვების პრობლემებს ბავშვის თვალით. მას ხომ ჩვენზე მეტად უჭირს პრობლემასთან გამკლავება;
  • თუ არ გავარკვევთ მიზეზებს, რატომ უჭირს ბავშვს, ვერ მოვახერხებთ მათ აღმოფხვრას და ბავშვის დახმარებას;
  • არ იფიქროთ სხვა „მსუბუქ“ ბავშებზე. ბავშვების აღზრდის პროცესი – ყოველთვის რთულია, მიუხედავად საუკეთესო პირობებისა, რომელშიც შეიძლება იმყოფებოდეს ბავშვი;
  • არ ჩავარდეთ პანიკაში და არ იფიქროთ, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ხართ. არ შეაფასოთ ბავშვი, როგორც „ცუდი/გამოუსწორებელი“, მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარკვეულ შეცდომებს უშვებს;
  • მნიშვნელოვანი რჩევა, რომელსაც ყველა ფსიქოლოგი და ბავშვების აღზრდის პრობლემებზე მომუშავე სპეციალისტი აუცილებელ პირობად მიიჩნევს: მშობლებმა, აღმზრდელებმა, უახლოესმა სოციუმმა და მასწავლებლებმა უნდა ითანამშრომლონ და თანამიმდევრულად უნდა იმოქმედონ ბავშვთან ურთიერთობისას.

დაბოლოს, „რთული“ ქცევის მქონე შვილისა და  მოსწავლის მშობლობა და მასწავლებლობა არ არის გადაულახავი პრობლემა, მით უმეტეს მათთვის, ვინც ამას აცნობიერებს. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ პრობლემის მოგვარების სწორი გზის დასახვისათვის აუცილებელი წინაპირობა ამ პრობლემის გაცნობიერებაა.

  ეპითეტიდან ჰიპერბოლამდე – ფოლკლორი და ქართულის გაკვეთილები

0

მხატვრული საშუალებების შესწავლა წარმოუდგენლად მიმაჩნია მათი ჟანრიდან ჟანრში ტრანსფორმაციის გზის შესწავლის გარეშე. აუცილებელია ამ გრძელი გზის სწორად წარმოჩენა, რომელიც ზოგიერთმა მხატვრულმა საშუალებებმა განვლეს დასახული მიზნის – სათქმელის ადეკვატურად მისაღწევად. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ ხშირად, როდესაც ერთი მხატვრული საშუალება არ კმარა დასახული მიზნის მისაღწევად, მას ემატება ან ენაცვლება მეორე, რომელიც სრულყოფს სათქმელს. ასევე მეტად საინტერესო დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა ამ კუთხით ფოლკლორის, კერძოდ, საგმირო და საისტორიო პოეზიის შესწავლაც.

       საგმირო და საისტორიო პოეზიას ხშირ შემთხვევაში საზიარო პერსონაჟები ჰყავს. ორივე ხოტბას ასხამს ისტორიულ პერსონაჟს, თუკი იგი ქვეყნის სამსახურში იდგა. ამჯერად არ მაინტერესებს იმ თემატური ჯგუფის პოეზია, რომელიც შინაურ შუღლსა და უცხო ტომთა თარეშს ასახავს, რადგან ჩემი მიზანია, დავადგინო, რომელი მხატვრული საშუალებებით ხდებოდა ისტორიულ პირთა შესხმა-შემკობა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ძირითადად ეპითეტი გამოიყენება და ჩვენ სახოტბო პოეზიისთვის ტიპური ეპითეტების გამოყოფაც შეგვიძლია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს ეპითეტების გამოყენება ბანალური ხდება, რადგან მათი გამოყენება სხვა შემთხვევებშიც ჩვეულებრივი ამბავია. ნიჭიერ მთქმელს ეს ესმოდა და ამიტომაც, მიზნის მისაღწევად, შეექმნა გამორჩეული სახე, სხვა ხერხს მიმართავდა. ამ გზაზე საუკეთესო დამხმარე შედარებაა. შესადარებელი ობიექტი ძირითადად რომელიმე განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებულ ცხოველს ან ფრინველს დარდებოდა. ასევე საკმაოდ პოპულარულია რომელიმე მტკიცე ლითონის ხსენება. იშვიათად ახსენებენ ძვირფას ქვებსაც. მიზეზი კი ის არის, რომ ძვირფასი ქვები ტრადიციულად სილამაზის აღსაწერად გამოიყენებოდა. გმირის სილამაზეს კი ფასი არა აქვს, თუკი ის ბრძოლაში საჭირო თვისებებით არ გამოირჩევა. ამიტომაც, ძვირფასი ქვების შედარებად ან მეტაფორად გამოყენება უფრო მეტად საისტორიო პოეზიის მახასიათებელია, ისიც ქალ პერსონაჟებთან მიმართებაში (თამარი და რუსუდანი, შალვა ახალციხელი დედა, სხვა გმირების დედები და სატრფოები): „ო, სიხარულო, თამარ დედოფალო, ყველაზე უკეთესო თამარ დედოფალო! თმები გქონდა ხუჭუჭი, თვალები გეჯდა გიშრისა, კბილები გქონდა მარგალიტისა“; „შალვას დედა მოტიროდა! მოიშლიდა გიშრის თმასა“.

       ძვირფასი ქვების გარდა ქალ ისტორიულ პირებზე შექმნილ ლექსებში მცენარეთა გამოყენებაც ხდება. ჩემი ვარაუდით, ყველა ეს მხატვრული სახე ნასესხები უნდა იყოს მხატვრული ლიტერატურიდან და მათ გამოყენებას არანაირი ორიგინალობა არ ახასიათებს.

       ფაუნის წარმომადგენლის შერჩევა უპირატესად მთქმელის საცხოვრებელ არეალს უკავშირდებოდა, ქართულ ფოლკლორულ პოეზიაში არ გვხვდება მითოლოგიურ და ჯადოსნურ ცხოველურ არსებებთან გმირის შედარება. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, დიდი მოწონებით სარგებლობდა შესადარებელ ობიექტად ქორის, არწივისა და შევარდენის გამოყენება. ქართულ ფოლკლორულ პოეზიაში ხშირად გვხვდება შედარებები, თუმცა მთქმელები ხანდახან მეტაფორებითაც გვანებივრებენ: „მე ვიცი შევარდენი ხარ, მაგრამ რომელი ბუდისა?“; „ვაჟკაცსა -გული რკინისა, აბჯარი – თუნდა ხისაო, თვალნი ქორებულ მხედავნი, მუხლები შევარდნისაო.“

       ვაჟკაცის თვალების შედარება ქორის თვალებთან მოსალოდნელი პოეტური ხერხია, მაგრამ სრულიად მოულოდნელია გმირის მუხლების შედარება შევარდნის მუხლებთან. ბევრად უფრო მართებული იქნებოდა შესადარებლად აქცენტი შევარდნის ფრენის სისწრაფის უნარსა და მის მიერ მიმართულების სხარტად შეცვლის უნარზე გაკეთებულიყო ან მთქმელს გაეხსენებინა შევარდენი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მონადირე, რომელიც დაჯილდოებულია საუკეთესო მხედველობით. მაგრამ არა, უცნობ ავტორს შევარდნის მუხლების სიმტკიცე ახსენდება, მაშინ, როდესაც, ალბათ არცერთ სახელმძღვანელო თუ სპეციალურ ლიტერატურაში შევარდენის მუხლებს ავტორები სპეციალურად არ გამოყოფენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფრინველის მუხლების გახსენება არცთუ ისეთი ფუჭი საქმეა. მუხლები თითქმის ყველა ფრინველს აქვს. რომ არა მათი მუხლების სიმტკიცე, მაშინ, დიდი სისწრაფით მონავარდე ფრინველს გაუჭირდებოდა ზედაპირზე უცაბედი დაშვება, მას ყველა ძვალი დაემტვრეოდა, რომ არა მუხლების განსაკუთრებული ძალა. ერთი შეხედვით, ეს უცნაური შედარება, რომელიც ტყუილსაც კი წააგავს, ძალზედ ადეკვატურია და მორგებულია სინამდვილეზე.

       როგორც ვთქვით, ქართულ ფოლკლორულ პოეზიაში დიდი სიმპატიით სარგებლობს ქორი. არა ერთი და ორი ლექსი მიეძღვნა გმირის შედარებას ამ ლაღ, საუკეთესო უნარებით შემკულ ფრინველთან: „ვინც იცნობს ჩვენთა სოფლელთა, მთას ქორებულად ქრიანო, მტერსა და მოქალათესა ტანზეით ჯაჭვსა ჰყრიანო.“

       აღსანიშნავია, რომ გმირის სახის შექმნისას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნება იგი, ორივე შემთხვევაში – დაბალი თუ მაღალი ფენის წარმომადგენელია – მათი თვისებებისა და უნარების წარმოსაჩენად მთქმელი ერთნაირ მხატვრულ ხერხებს იყნებს, ერთნაირი შესადარებელი ობიექტებით. ანუ უსახელო გმირია თუ ისტორიული სახელიანი პერსონაჟი, მათ დასახასიათებლად ქორთან თუ მგელთან შედარება ერთნაირი სიხშირითა და წარმატებით ხდება: „შალვა (აქ: შალვა ახალციხელი) შურისა მძებნელი მთას ქორებულად ჰკიოდა“; „ხმა მამწონს თქვენის თოფისა, იცის გველივით წივილი, თქვენით მთათ შამავლილობა, ქორებულ შამაკივილი.“ „ხმალმა თქო: ლეკმა გამჭედა, ქართველმა მლესა ფხაზედა, შამკიდეს სააკაძესა, მაკურთხეს გმირის ტანზედა; მაგარმა მაჯამ ჩამიდგა, მალალა ხოყანაზედა, მიმაგდის ჯაჭვ-მუზარადზე, ვწიოდი გველის ხმალზედა.“

       ამ ბოლო ორ ლექსში საინტერესოა თოფის და ხმლის ხმის გველთან შედარება. გველი, როგორც შესადარებელი ობიექტი, თითქმის არასოდეს არ გვხვდება საგმირო პოეზიაში, მაგრამ აქ გველის წივილი, როგორც შიშის მომგვრელი და სახიფათო მოსალოდნელი უბედურება, ხმლის ან თოფის ხმას დარდება. ორივე იარაღი სახიფათოა და ისინი გველივით მოსალოდნელი უბედურების მომასწავებელია.

„ცხენზე შაჯდება – ქორსა ჰგავ, დაუქვეითებს – მგელია.“ მგელთან გმირის შედარებაც (ხოლო მტრის – ძაღლთან)  ჩვეულებრივი მოვლენაა ქართული ფოლკლორისთვის. თუმცა მგლის მეტაფორად გამოყენებაც არაა მისთვის უცხო: „კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი, ისე არ ამოსწყდებიან, ჯავრი შეჭამონ მტრისანი“; „გაგვიძეღ, ბერო მინდიავ, მუხლი მაიბი მგლისაო“.

       როგორც აღვნიშნე, რაღაც ეტაპზე ეპითეტი ამოწურავს თავს და ადგილს უთმობს შედარებასა და მეტაფორას. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც აღარც ეს ორია საკმარისი და თამაშში შემოდის ჰიპერბოლა. ჩემი აზრით, გაზვიადების გამოყენება პოეზიაში უკმარისობის გრძნობას მოაქვს, მაშინ, როდესაც ავტორი (უცნობი იქნება ის თუ ნაცნობი), აღარ კმაყოფილდება მის ხელთ არსებული მხატვრული საშუალებებით და ფიქრობს, რომ სათქმელის უკეთ გამოხატვას კიდევ უფრო მეტი სჭირდება. აი ასეთ დროს მხსნელად გვევლინება ჰიპერბოლა. ინტერნეტგამოცემის ერთ-ერთ წერილში ერთი ავტორი საუბრობდა იმაზე, თუ რა კარგია მოსწავლეებთან ერთად სიცილი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით ამ მოსაზრებას და მიგვაჩნია, რომ არაჩვეულებრივია, როდესაც მოსწავლე და მასწავლებელი ერთად ხალისობენ ტექსტებზე. მაგრამ, სამწუხაროდ, ავტორი ხალისისმომგვრელ მაგალითად „ვეფხისტყაოსანს“ ასახელებს. მას ჰგონია, რომ მასწავლებელი და მოსწავლეები ერთ ხმაში უნდა იცინოდნენ, როდესაც წაიკითხავენ, როგორ ხოცავდა პატარა ტარიელი ლომებსა და ვეფხვებს, რადგან, მისი აზრით, წარმოუდგენელია დასახელებულ ასაკში ასეთი რამის გაკეთება. ბოლოს კი ავტორი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ქართველებისთვის რუსთველი ხელშეუხებელი ავტორიტეტია და მასზე სიცილს ვერ ვბედავთ. არადა, რატომ უნდა იწვევდეს ტექსტში მსგავსი მონაკვეთები სიცილს, თუკი მკითხველს ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს ჰიპერბოლაზე. თუმცა, ამ არაკომპეტენტური სიცილის ახსნაც შესაძლებელი იქნება, თუკი გავიხსენებთ, რომ ხშირად სხვადასხვა ჟანრის ან პარადიგმის ფარგლებში ხდება ერთი და იგივე მხატვრული საშუალებების გამოყენება. ტექსტის წაკითხვის შემდეგ, თუკი მკითხველი სწორად დაადგენს ჟანრს ან პარადიგმას, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და არც იმის გამოცნობა გაჭირდება, რა მიზნითაა ჰიპერბოლა გამოყენებული – სიცილის გამოსაწვევად თუ აღსაფრთოვანებლად. ერთი პატარა ნაბიჯი, ოდნავი გადამეტება და, შეიძლება, მარტო მკითხველმა კი არა, ავტორმაც დაუშვას შეცდომა და ნანატრი ამაღლებული მხატვრული სახის შექმნის ნაცვლად კომიკური ან პაროდიული პერსონაჟი შექმნას. ასეთ დროს ავტორს (უცნობსაც და ნაცნობსაც) ოსტატობა სჭირდება, მკითხველს კი კომპეტენციასთან ერთად – ინტუიციაც. გავიხსენოთ კომედიები, პაროდიული და სატირული თხზულებები და აღმოვაჩენთ, რომ მთავარი თუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟების შესაქმნელად ავტორები იმავე მხატვრულ სახეებს იყენებენ, რომლებიც ჟანრის ან პარადიგმის შეცვლის შემთხვევაში ადვილად ტრანსფორმირდებიან დრამატული პერსონაჟების სახეთა შექმნის ატრიბუტებად. ამაზე საუბრობს პლატონი „ნადიმში“: აგათონის სახლში გამართული წვეულების შემდეგ სუფრას მხოლოდ მასპინძელი, პოეტურ შეჯიბრებაში გამარჯვებული აგათონი, ფილოსოფოსი სოკრატე და კომედიოგრაფი არისტოფანე შემორჩნენ. არისტოდემოსი, სოკრატეს თანმხლები პირი, რომელიც წვეულებაზე მომხდარს პირველ პირში ყვება, ძილბურანშია, თვალს რომ გაახელს, ამ სამის საუბარს უსმენს და თვალს რომ დახუჭავს, მათ ლაპარაკს აზრს ვეღარ ატანს, ამიტომაც, ბუნდოვნად და ისიც მხოლოდ ალაგ-ალაგ ახსენდება, რაზე კამათობდა სამეული. თურმე სოკრატე არისტოფანესა და აგათონს არწმუნებდა, რომ ერთი და იგივე ადამიანი ერთნაირი წარმატებით გახდება როგორც კომედიის, ასევე ტრაგედიის ავტორიც და რომ ის, ვინც ტრაგიკოსია, ის კომედიოგრაფიცაა. მთხრობელს ზუსტად არ ახსოვს, როგორ დაიწყო ამ საკითხზე დისკუსია, ამიტომ მკითხველს სხვა გზა არ დარჩენია, უნდა ივარაუდოს, რას შეიძლებოდა ეს მსჯელობა მოჰყოლოდა ან რა არგუმენტი მოსდევდა ამ ვარაუდს. ჩემი აზრით, სოკრატე, შესაძლოა, სხვა მოსაზრებების გარდა, სწორედ იმასაც გულისხმობდა, რომ ერთი არასწორი ნაბიჯი და ნებისმიერი ტრაგედია კომედიად იქცევა. ტრაგიკოსი ბეწვის ხიდზე გადის, რომ მის მიერ შექმნილი მხატვრული სახე დრამატულიდან კომიკურ და პაროდიულ პერსონაჟად არ იქცეს, რადგან ორივე პერსონაჟის დახატვა სწორედ რომ ერთი და იმავე მხატვრული საშუალებებით ხდება, გადამწყვეტი როლი კი, როგორც დაკვირვება ცხადყოფს, ჰიპერბოლას ეკისრება. თუკი ავტორს უნდა, რომ აღწეროს გმირი როგორც ზეკაცი, იგი სხვათაგან განსხვავებული, ე.ი. გარდამეტებული უნარებით უნდა აღჭურვოს; თუკი ავტორს უნდა, რომ მისი პერსონაჟი სასაცილოდ გამოიყურებოდეს, მასაც სხვათაგან განსხვავებული, ე.ი. გარდამეტებული უნარები უნდა მიანიჭოს. კონტექსტიდან ამოგლეჯის შემთხვევაში ეს მხატვრული სახეები ერთნაირი იქნება. წაკითხვის დროს უნდა გავითვალისწინოთ ჟანრი, პარადიგმა და, შესაბამისად, ჩვენი ინტონაციაც სხვადასხვანაირი იქნება ამ ცვლილების მიხედვით, რაც მსმენელს ადეკვატურ ატმოსფეროს შეუქმნის.

       ჰიპერბოლა ერთნაირად გამოიყენება ისტორიისთვის ცნობილი თუ უცნობი გმირებისთვის, სახელიანი და უსახელო პერსონაჟებისთვის, მისთვის სულ ერთია, რომელ სოციალურ კლასს განეკუთვნება ხოტბის შესასხმელი ობიექტი. აქ მთავარი მაინც მთქმელის ნიჭია, რაც გამოიხატება იმით, რომ მხატვრული სახის გამოყენებისას, რაც შეიძლება, სწორი სიტყვები, რომლებიც კონკრეტულ ობიექტებს აღწერს, შეირჩეს. ზოგ შემთხვევაში მთქმელი მართლაც ვირტუოზულად ახერხებს ჰიპერბოლიზაციას: „ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა; იალბუზზედ ფეხი შედგა, დიდმა მთებმა შექმნა დრეკა“; „ლეშის ნაკუწი ხორათ დგებოდა, სისხლის ნაღვარი ზღვას ერეოდა, შუბის ნამტვრევი ცასა ხვდებოდა!“ „დუჟეთ იყრების ლაშქარი, არ ერგებიან გზანიო, სასმელად არ ეყოფიან ბაზალეთურნი ტბანიო, სადგომლად არ ეყოფიან თრიალეთურნი მთანიო“; „ერეკლე ჩვენი ბატონი ერთი პატარა კახია, ჩაიცვა ჯაჭვის პერანგი, გაჰკრა ხელი და გახია“; „ერეკლე ბატონიშვილი განა უბრალო კახია?! საგურამოში ლეკისა ჯარ მარტომ შუა გახია!“ „ეს გივი ამილახვარი მტრისაგან შეგვეშალაო,.. სურამის ციხე ააგო, ცათამდის აიყვანაო…“

       ამდენად, მხატვრული სახეების კვლევა საგმირო და საისტორიო პოეზიაში გარკვეულ კანონზომიერებებს ავლენს და მისი შესწავლის გარეშე წარმოუდგენელია ამ ჟანრის სწორად გაგება. როდესაც ჩვენს მოსწავლეებს საისტორიო და საგმირო ჟანრის ლიტერატურას ვასწავლით, აუცილებელია მხატვრულ საშუალებებზე ვესაუბროთ, ამ ეტაპზე კი ზეპირსიტყვიერების ნიმუშების მაგალითებად მოტანა ბევრად უფრო გაამდიდრებს საგაკვეთილო პროცესსაც და მოსწავლესაც დაანახებს, როგორ უნდა გაიაზროს სწორად მათი ტრანსფორმაცია ფოლკლორიდან მხატვრულ ლიტერატურამდე და ზოგჯერ – პირიქით.

როგორ განვახორციელოთ საინტერესო პროექტი სკოლისათვის

0

შესავლისათვის

განადგურდა კი საბჭოთა კავშირი? რუკაზე – დიახ, მაგრამ აზროვნებაში? ჩვენს აზროვნებაში? ყოველთვის ვიტყვი: არა, რადგან ადეკვატურად არ შეფასებულა. ვიდრე ეს არ მოხდება (სამწუხაროდ, დასასრულის კი არა, აღორძინების ნიშნებს უფრო ვხედავთ), საბჭოთა კავშირიც იარსებებს, იარსებებს და წინ არ გაგვიშვებს, დაგვაბრკოლებს, ჩამოგვარჩენს. ისტორიის გამოცდებზე ჩასაბარებელ პროგრამულ ნუსხაში რუსეთის ისტორიას დიდი ადგილი უკავია. ეს ეხება როგორც მოსწავლის, ისე მასწავლებლის გამოცდებსაც. ვერა და ვერ გავცდით რუსეთს. ვერც მისდამი ლტოლვას. ამიტომ ვკითხულობ: დაემხო კი საბჭოთა კავშირი? ეს მოწამვლა ხომ დღესაც გრძელდება. ვერ ვხვდები, რატომ უნდა იყოს რუსეთის ისტორია ასე დაწვრილებით სასკოლო პროგრამაში (საგამოცდოს ვგულისხმობ, რადგან ეროვნულმა გეგმამ უკვე რამდენიმე წელია დაკარგა ფასი და არსიც, საგამოცდო საკითხები გადაიქცა რეალურ ეროვნულ გეგმად). მავანი (და რამდენია!) შემეკამათება: „რას ამბობთ, ეროვნულ სასწავლო გეგმას ხომ ვწერთ ახალ გაკვეთილის გეგმაში?!“ დიახ, ვწერთ, მაგრამ რეალურია? რეალობა ისაა, რომ საგამოცდო საკითხების ჩამონათვალი იქცა ეროვნულ გეგმად. ასეა და ვინც საპირისპიროს იტყვის ან იფიქრებს, ის, ცხადია, პრაქტიკას „გაცდენილია“. როგორ, არ უნდა იცოდეს მოსწავლემ დეტალურად პეტრე პირველის ცხოვრება და მოღვაწეობა?! იცოდეს, მაგრამ იცოდეს საქართველოსთან მიმართებით. თუ მეტის გაგება უნდა, ისწავლოს თავად, პროგრამული ჩარჩოების მიღმა. ან რუსეთის 1905 წლის რევოლუცია რატომ უნდა ისწავლებოდეს დეტალურად? რა არის ამის მიზანი? თანაც, ხომ იცით, პრინციპი ასეთია: სახელმძღვანელოში წერია? – მაშასადამე, უნდა ვასწავლოთ! პროგრამაში წერია? – მაშასადამე, უნდა დავიზეპიროთ!

თემას ცოტა გადავუხვიე… მოსწავლეები დღეს გაორებულები არიან. ერთნი ბრალს სდებენ რადიკალიზმში (სტალინისადმი ნეგატიური ანუ ობიექტური დამოკიდებულების გამო და, სამწუხაროდ, მათი რიცხვი არც ისე მცირეა). მეორენი ხოტბას ასხამენ სტალინს, მესამენი კი შაბლონურ ფრაზას ამოფარებიან: ჭკვიანი იყო – ომი მოიგო (აი, ისინი, ნეიტრალურები რომ არიან ყველაფრის მიმართ, უფრო კი ინფანტილურები, და ამ ომს დღესაც სამამულო ომად იხსენიებენ (ვაი, მამულო!). ასეთია სინამდვილე და, ვფიქრობ, ისტორიკოსებს – თუმცა, ცხადია, არამხოლოდ მათ – დიდი ბრალი მიუძღვით ამაში.

პროექტის – „უნდა აიკრძალოს თუ არა საბჭოთა სიმბოლოები საქართველოში“ – განსახორციელებლად საჭიროა წინარეცოდნა. მოსწავლეებს რეალურად სჭირდებათ  წინარეცოდნა (სამწუხაროდ, მას არ იძლევა სახელმძღვანელოები, სადაც სულ ოთხი საათი აქვს დათმობილი საბჭოთა ისტორიას, სტალინურ ეპოქას კი – მხოლოდ ერთი  (კონტექსტი ცალკე თემაა). მოსწავლეებს უკვე უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა სტალინური რეპრესიების, ჰოლოდომორის, ეკონომიკური პოლიტიკის, პროპაგანდის, სტალინის კულტის (კულტურაში და არამხოლოდ) შესახებ, განხილული უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ სტალინური ეპოქა, არამედ საბჭოთა კავშირი თავისი „ეროვნული“თუ სახელმწიფო პოლიტიკით.

 

პროექტი მე–11 კლასისთვის

პროექტი გრძელვადიანია და სკოლის აქტიურ დახმარებასა და მხარდაჭერას მოითხოვს.

პროექტი ხარჯიანია და სკოლისგან დაფინანსებას მოითხოვს.

 

პირველი კვირა

  1. მოსწავლეები სხდებიან სკოლის მიერ დაქირავებულ მიკროავტობუსებში ისე, რომ არ იციან საკვლევი თემა. ეს მნიშვნელოვანია.

აუცილებელია, თან იქონიონ ბლოკნოტი, კალამი, ფოტოაპარატი.

  1. მხოლოდ დანიშნულების ადგილამდე 10 წუთით ადრე აუხსნის მასწავლებელი პროექტის მიზანს:

ა. მათ კონკრეტულ ადგილას უნდა მოძებნონ საბჭოთა სიმბოლიკა. დრო – 5-10 წუთი. უნდა გააჩერონ გამვლელები (არანაკლებ ორი რესპონდენტისა) და ჩაიწერონ მათი დამოკიდებულება – უნდა აიკრძალოს თუ არა საბჭოთა სიმბოლიკა საქართველოში.

ლოკაციის ადგილები: გალაკტიონის ხიდი; პარლამენტის შენობა; იმელის შენობა; ორთაჭალის ჰესი-ხიდი (რეგიონებში მასწავლებლებმა თავად მოძებნონ და შეიტანონ გეგმაში ასეთი ადგილები).

სკოლისთვის მნიშვნელოვანი და ფასეული იქნება კვლევისა და ინტერვიუს პროცესის ფირზე აღბეჭდვა.

პროექტი გრძელვადიანი და მასში მოსწავლეები არიან აქტიურები, მასწავლებელი კი ძირითადად მოდერატორია.

 

მეორე კვირა

ექსკურსია გორში – სტალინის სახლ-მუზეუმში

მოსწავლეები მიჰყვებიან ექსკურსიამძღოლს და ეცნობიან ექსპოზიციას. იწერენ ინფორმაციას ბლოკნოტებში. ყურადღებას აქცევენ გიდის დამოკიდებულებას და ინიშნავენ.

რეფლექსია ამ აქტივობის შემდეგ აუცილებელია. მასწავლებელი მოდერატორია, რაც ნიშნავს, რომ მან უნდა მოახდინოს მონაცემთა კლასიფიკაცია და ანალიზი (მოსწავლეთა პასუხების განხილვა უნდა მოხდეს მომდევნო გაკვეთილზე ან სხვა გამოყოფილ დროს, როცა მასწავლებელს მზად ექნება მონაცემთა ანალიზი).

 

 

მესამე კვირა

ოკუპაციის მუზეუმი

ექსკურსიამძღოლი არ არის საჭირო. მოსწავლეები თავად იკვლევენ და იწერენ ინფორმაციას, აღწერენ საკუთარ ემოციებს, სპონტანურად. იღებენ ფოტოებს. მასწავლებელი აქაც დამკვირვებელია. ის აღნუსხავს მოსწავლეთა ემოციებს, ჩართულობას, კვლევას, კითხვების არსს და ყოველივე ამას იწერს, რათა შემდეგ გააანალიზოს.

უკუკავშირი-რეფლექსია აქაც აუცილებელია. მასწავლებელმა უნდა გამოყოს დრო მოსწავლეებთან სასაუბროდ – ინფორმაციის დასაზუსტებლად, კვლევის შესაფასებლად და ემოციების დასაფიქსირებლად.

ყველა აქტივობას მასწავლებელმა თან უნდა დაურთოს რეფლექსიის ფურცელი (რომელსაც თავად ქმნის). მაგალითად,  ასეთი:

პროექტი. რიცხვი/თვე/წელი/ მე–2 ეტაპი

 

მოსწავლე აქტივობა 2 –

ოკუპაციის მუზეუმის მონახულება

რეფლექსია

 

სახელი, გვარი მასწავლებელი აღწერს მოსწავლის ჩართულობას, კვლევის მეთოდს (კითხულობს თუ მხოლოდ ათვალიერებს? სერიოზულად უდგება თუ ფორმალურად? კითხვები აქვს თუ არა? როგორი? როგორ ემოციას განიცდის? რით გამოიხატება?

 

 

კვლევის შეფასება: რა ინფორმაცია მოიპოვა? რამდენად ვალიდურია? არის თუ არა რამე საკითხი, რომელსაც, მისი აზრით, სჭირდება დამატებითი კვლევა? რა კუთხით? რატომ?
ემოციის შეფასება:

როგორი ემოცია-დამოკიდებულება ჰქონდა აქამდე? კვლევის პროცესში? შემდეგ? რით გამოიხატება?

მეოთხე კვირა

მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალება: კვლევის შედეგების გამოყენებით დაწერონ ვრცელი ესე „უნდა აიკრძალოს თუ არა საბჭოთა სიმბოლიკა საქართველოში“. ვთხოვოთ მოსწავლეებს, გამოხატონ მკაფიო პოზიცია, მაგრამ ბოლოს.

ესეს კომპოზიცია ასეთია:

  1. შესავალი
  2. არგუმენტი (მტკიცებითი)
  3. არგუმენტი (მტკიცებითი)
  4. არგუმენტი – უარმყოფელი
  5. არგუმენტი – უარმყოფელი
  6. დასკვნა

სასურველია, ესეს ჰსქონდეს დეტალურად გაწერილი შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც დაურიგდებათ მოსწავლეებს (კარგი იქნება, მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად შექმნას ასეთი კრიტერიუმი).

არგუმენტი აქ გულისხმობს არა ერთი-ორ წინადადებას, როგორც ჩვენს საგამოცდო სივრცეშია მიღებული, არამედ მსჯელობის მთელ სისტემას, რომელიც მოსწავლემ უნდა გაამყაროს ფაქტებით, მაგალითებითა და მსჯელობით.

 

მეხუთე კვირა

საუბარი „ექსპერტთან“. დისკუსია (რამდენადაც შესაძლებელია, შესაძლებლობიდან და საჭიროებიდან გამომდინარე. ვიწვევთ ექსპერტს ან ექსპერტთა ჯგუფს). ექსპერტებად, ვფიქრობ, სასურველი იქნება ისეთი ადამიანების მოწვევა, რომელთაც:

ა. აქვთ მოსწავლეებთან კომუნიკაციის არაჩვეულებრივი უნარი.

ბ. არიან თავისუფალნი და გახსნილნი.

გ. არ არიან საბჭოთა ისტორიკოსები თუ ლიტერატორები, ანუ არიან თანამედროვები (საბედნიეროდ, არსებობს უამრავი ბლოგი, სადაც საინტერესო და არაშაბლონური სტატიები ქვეყნდება. შეიძლება, სწორედ მათ მიხედვით იქნეს შერჩეული ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი).

მეექვსე კვირა

 

მოცემულ რეზოლუციაზე დებატებისთვის მზადება

მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს მასალის მოძიებაში, ფოტო– და ვიდეოკოლაჟების მომზადებაში. ქვემოთ მოცემულია მხოლოდ ნაწილი რესურებისა (განხილულია სხვადასხვა მოსაზრება და საკანონმდებლო ბაზა), რომელიც ეფექტურია მოცემული თეზისის განხილვისთვის.

 

მეშვიდე კვირა

დებატების ტექნიკა: სწავლება

 

მერვე კვირა

დემოდებატი. მონაწილეთა რაოდენობა:

  1. გუნდი – მტკიცებითი
  2. გუნდი – უარმყოფელი
  3. გუნდი – მსაჯები. რაოდენობა – კენტი (მსაჯობას გაუწევენ მხოლოდ უფროსკლასელები (მე–11-12 კლასები)
  4. მსმენელები

სკოლის გასაწევი ხარჯები:

  • ტელევიზია და უზრუნველყოფა, რომ გადაღებულ იქნეს ყოველი ეტაპი
  • მიკროავტობუსის (ან ავტობუსის) დაქირავება სამჯერ
  • ფოტოების დაბეჭდვა
  • გამარჯვებულებებისთვის პრიზების გადაცემა – პროექტის ყველა აქტიურ მონაწილეს (მასწავლებლის მითითებისამებრ) შეიძლება დაურიგდეს სიმბოლური საჩუქრები. გამარჯვებულ გუნდს სასურველია გადაეცეს დამატებითი პრიზი და სკოლის სერტიფიკატი.
  • დარბაზის უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ დარბაზში იყოს ორი მიკროფონი. მოდებატეები დებატებს სცენაზე გამართავენ, ტრიბუნაზე გამოვლენ და მიკროფონით ისაუბრებენ.
  • აუდიტორიის უზრუნველყოფა

არ არის სასურველი, პროექტში მონაწილეობდეს ან მსაჯობდეს უმცროსკლასელი – მე–10 კლასი და ქვემოთ.

სასურველია, დარბაზში მიწვეულნი იყვნენ მხოლოდ უფროსი კლასების მოსწავლეები –  მე–10 კლასი და ზემოთ.

სასურველია, დებატებს დაესწრონ მასწავლებლებიც, მაგრამ გაითვალისწინონ, რომ პასიური მაყურებლები და მსმენელები იქნებიან და არ ჩაერიონ პროცესში (ეს მნიშვნელოვანია). უზრუნველყოფა უნდა მოხდეს წინასწარ, სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით.

მსაჯების კომენტარების შემდეგ დებატებს აფასებს პროქტის მასწავლებელი.

პროექტის ბოლოს სლაიდშოუს გამოყენებით მოსწავლეები აუდიტორიას გააცნობენ პროექტის ეტაპებს და სთხოვენ, ბარათებზე წერილობით გადმოსცენ საკითხისადმი თავიანთი დამოკიდებულება (ამისთვის დასჭირდებათ ბარათები.)

ბოლო ეტაპი

მოსწავლეებს დარბაზშივე აქვთ სამი კედლის საჭიკარტე დაფა.

მათ ურიგდებათ სამი ფერის ფურცლები: ვარდისფერი, მწვანე, ცისფერი.

რომელიმე ერთი ფერის ფურცლებზე წერენ: ამ პროექტმა მომცა…

სხვა ფერის ფურცლებზე წერენ: ვისურვებდი/არ ვისურვებდი, რომ…

მესამე ფერის ფურცლებზე დაიწერება: რას დავტოვებ სამუდამოდ აქ, დარბაზში (ანუ რას დავივიწყებ). თუნდაც მოსწავლეებს არ ესმოდეთ ამ კითხვის შინაარსი, მაინც არავინ აკონკრეტებს მას (სწორედ ამაშია ინტრიგა – როგორც ესმით, ისე დაწერონ).

მეტი თვალსაჩინოებისთვის პროექტის მიზანი წერილს ბოლოს დავურთე. მას შემდეგ, რაც მსურველი თითოეულ საფეხურს გაიაზრებს, უფრო ადვილად მიხვდება პროექტის მიზანს.

 

რა არის პროქტის მიზანი?

პროექტი სააზროვნო უნარ-ჩვევების მაღალ საფეხურზე გადის.

 

პროექტის მიზანია:

მოსწავლეებმა:

გამოიკვლიონ – მოახდინონ ინფორმაციის მოპოვება, კლასიფიკაცია და ანალიზი

  • მოსწავლეები გამოიკვლევენ თბილისში (ან რეგიონში) არსებულ საბჭოთა სიმბოლოებს, მათ ადგილმდებარეობას – ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა-დატვირთვა ამ კონკრეტულ ლოკაციას.
  • მოსწავლეები ჩაატარებენ რესპონდენტთა გამოკითხვას და მონაცემთა ანალიზის კვლევას.
  • მოსწავლეები ჩაატარებენ კვლევას მუზეუმებში ინფორმაციის მოპოვების, კლასიფიკაციისა და ანალიზის მიზნით
  • ესეს წერისას მოსწავლეები გამოიყენებენ კვლევას და ჩამოაყალიბებენ და გააანალიზებენ თავიანთ პოზიციებს.

 

შეაფასონ

  • დებატები შეფასება-სინთეზია. მოსწავლეები არგუმენტების აგებით (წინასწარ) და პოზიციის შექმნით (წინასწარ) შეაფასებენ და უპასუხებენ რეზოლუციას.

 

შექმნან (სინთეზი)

  • დებატები, გარდა წინასწარ მომზადებული პოზიციებისა თუ არგუმენტებისა, თამაშის პროცესში – კონტრარგუმენტაციაა, ჯვარედინი დაკითხვაა, სხარტი ლოგიკური აზროვნებაა და ითვალისწინებს გამოსავლის შეთავაზებას.

განათლება თუ მარათონი?

0

მე მჯერა, რომ განათლება სოციალური პროგრესისა და გარდაქმნის ფუნდამენტური მეთოდია.

მე მჯერა, რომ ყველა რეფორმა, რომელიც მხოლოდ კანონთა ამოქმედებას, სასჯელის მუქარას ან მექანიკურ თუ გარეგან ღონისძიებებს ეფუძნება, წარმავალი და ამაოა.

მე მჯერა, რომ განათლება საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჩართვის პროცესს ემსახურება. და ამ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე დაყრდნობით ინდივიდუალური აქტივობის მოწესრიგება სოციალური რეკონსტრუქციის ერთადერთი სანდო გზაა.

ჯონ დიუი  “ჩემი პედაგოგიური მრწამსი”

(გიორგი მელიქაძის თარგმანი)

ახლოვდება საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდები. ვითარება საჯარო სკოლების დამამთავრებელ კლასებში არც თუ სახარბიელოა. სხვადასხვა დისციპლინის სასკოლო კურსი საშუალო საფეხურზე ისედაც გამოსაშვები და მისაღები გამოცდების ჩაბარების მარათონს ჰგავს, მეთორმეტე კლასში კი მოსწავლეები ცალსახად სწავლობენ მხოლოდ იმას და მხოლოდ ისე, რომ დააკმაყოფილონ, „დაფარონ“ არსებული საგამოცდო მოთხოვნები. ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის შემთხვევაში ესაა დიდძალი შინაარსობრივი და ფაქტობრივი მასალა, გარკვეული სტრუქტურის და მკაცრად განსაზღვრული სქემის მიხედვით გარკვეული წერითი სამუშაოების შესრულება, გრამატიკული ასპექტი.

სკოლაში სხვადასხვა ფაქტორების გამო ( წერილის მიზანი ამ ფაქტორების ანალიზი არ გახლავთ, ამ შემთხვევაში, თავად ფაქტს აღვნიშნავთ მხოლოდ) არ ან ვერ ხერხდება ამ ყველაფრის „მოსწრება“, თითოეულ შემადგენელზე ყურადღების სათანადოდ გამახვილება, აბიტურიენტები გამოცდაზე წარუმატებლობის შიშით არჩევენ კერძო რეპეტიტორებთან მომზადებას და შედეგად იკვრება მანკიერი ჯაჭვი: სასკოლო განათლება, მეტწილად, ვერ უზრუნველყოფს უმაღლესში ჩაბარებისთვის საჭირო კომპეტენციებს, სკოლის მოსწავლე ( იგულისხმეთ მშობელი) ქირაობს რეპეტიტორს, რეპეტიტორი „კონვეიერის“პრინციპით „ამზადებს“ აბიტურიენტს, შედეგად, ამ საგამოცდო მარათონში იმარჯვებს ის, ვინც მეტად გამოცდილ, ძვირადღირებულ, ეფექტიან რეპეტიტორთან „მოემზადება“, ანუ დაისწავლის კონკრეტულ, გამოცდების ჩასაბარებლად საჭირო უნარ-ჩვევებს და ერთმნიშვნელოვნად არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან ისინი, ვისაც კერძო რეპეტიტორტან დამატებით მეცადინეობის საშუალება არ აქვს. ( ეს არ გამორიცხავს ერთეულ შემთხვევებს, როდესაც მოსწავლეები თავიანთი მაღალი შესაძლებლობების დამსახურებით თავადვე ახერხებენ კარგი შედეგების მიღებას. საერთო სურათს ამგვარი გამონკლისები არ ცვლის).

აქ ჩამოთვლილი მოსაზრებები მკითხველს ოდენ სუბიექტურ თვალსაზრისად რომ არ მოეჩვენოს, მოვიყვან 2011 წელს ივლისი-დეკემბრის პერიოდში განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებს. (კერძო რეპეტიტორობის თემაზე ეს კვლევის მესამე ეტაპი გახლდათ, პირველი ეტაპი 2003 -2006  წლებში, მეორე ეტაპი კი 2009-2010 განხორციელდა).

რა აჩვენა კვლევამ?

კვლევის ძირითადი შედეგების მიხედვით, დღეისათვის საქართველოში რეპეტიტორთან ყოველი მეოთხე მოსწავლე ემზადება. რეპეტიტორებთან მომზადების მაჩვენებლები იზრდება საფეხურების ზრდასთან ერთად და კრიტიკულ მაჩვენებელს დამამთავრებელ კლასში აღწევს.

მომზადების მასშტაბები პირდაპირაა დაკავშირებული ოჯახის შემოსავალთან. მაღალშემოსავლიან ოჯახებს შორის კერძოდ მომზადების წილი (64%)  მნიშვნელოვნად აღემატება დაბალშემოსავლიან ოჯახებში მომზადების წილს (24%).

კვლევამ აჩვენა ასევე, რომ დედაქალაქში მცხოვრები  მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახის დამამთავრებელ კლასში მყოფი თითქმის ყველა მოსწავლე ემზადება რეპეტიტორთან.

გამოკითხულთა 60%, რომელიც არ ემზადება, მიზეზად მხოლოდ ფინანსების სიმცირეს ასახლებს.  სოფლებში ეს მიზეზი 60%-მა დაასახელა.

რესპონდენტების უმეტესობა კერძო რეპეტიტორობის გავრცელებულობის მთავარ მიზეზად სასკოლო განათლების დაბალ ხარისხს ასახელებს (53%).

გამოდის, იმ მოსწავლეთა უმეტესობა, ვინც უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად ემზადება, ემზადება რეპეტიტორტან ან ამის სურვილს გამოთქვამს და ვერ ახორციელებს მატერიალური მდგომარეობის გამო.

აუცილებლად მიგვაჩნია იმის აღნიშვნაც, რომ ეროვნული გამოცდების შემოღების შედეგად კორუფცია მისაღებ გამოცდებზე ნამდვილად აღმოიფხვრა რეფორმის პირველ წლებში, თუმცა, მიუხედავად ამისა, დამამთავრებელ კლასში რეპეტიტორობის მასშტაბები არ შემცირებულა 2004  წელთან შედარებით. დროის ამ მონაკვეთში გაიზარდა იმ საგნების რაოდენობა,  რომლებშიც მოსწავლეები კერძო რეპეტიტორთან მომზადების საჭიროებას ხედავენ და თუ ადრე დამამთავრებელი კლასში სამ საგანზე მეტში მხოლოდ მეოთხედი ემზადებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი გაიზარდა და თითქმის გაორმაგდა, რაც სერვისის მომხმარებლებისათვის რეპეტიტორობის საერთო ღირებულების გაძვირებას იწვევს და სერვისის მომწოდებლებზე მოთხოვნას ზრდის.

აქვე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საუკეთესო  და ყველაზე ძვირადღირებულ რეპეტიტორებად ე.წ.“გამსწორებლები“ ითვლებიან.

ვფიქრობ, ეს დამატებით ზრდის არათანაბარი პირობების შექმნის რისკს და კვლავ კორუფციის ძველ, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდელ ეპოქასთან გვაახლოებს, როდესაც „კომისიის წევრთან მომზადება“ უკვე იყო ჩაბარების უპირობო გარანტი.

ზევით „კონვეირის პრინციპი“ ვახსენე. ვფიქრობ, ეპითეტი განმარტებას საჭიროებს. აქ ვგულისხმობ გამოცდებისთვის მომზადების მექანიზებულ, რუტინულ პროცესს, რომელსაც განათლების მიღებასთან კავშირი ნაკლებად აქვს. რატომ? იმიტომ, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნები, რის მიღწევასაც სკოლები უნდა უზრუნვეყოფდნენ, გახლავთ:

ა) მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ

პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ბ) მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით

უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ

ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ

კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა…

რა ხდება რეპეტიტორთან მომზადების შემთხვევაში?

მოსწავლეები წინასწარ შექმნილი სქემების, სტრუქტურების, კრიტერიუმების ( „ყალიბი“ სხვადასხვაგვარია და ისევ და ისევ დამოკიდებული რეპეტიტორის გამოცდილებასა და კომპეტენციაზე) მეშვეობით ემზადებიან გამოცდისთვის და ისეთი საბაზისო უნარების განვითარებისთვის, როგორიცაა, თუნდაც, სტანდარტში გაწერილი მიმართულებები (კითხვა, ზეპირმეტყველება, წერა -იგულისხმება არა კონკრეტულად არგუმენტირებული ესე ან მოცემული მითითებების მიხედვით წერილობითი ანალიზი, რაც ამ მექანიკური „დასწავლის“ ხარჯზე მარტივად გამოსამუშავებელი უნარია, არამედ სხვა და სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნა), სოციალიზაცია, სამოქალაქო ცნობიერება, თვალსაწიერის გაფართოება და ა.შ. არ და ვერ იცლიან.

უცნაური ვითარება იქმნება – გამოდის, სკოლა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს იმას, რაც მისი უპირველესი და მნიშვნელოვანი დანიშნულებაა ( გაწერილი განათლების ეროვნულ მიზნებში), ის ასევე ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეების სათანადოდ მომზადებას უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად ( რაც მისი არაპირდაპირი დანიშნულებაც უნდა იყოს…), მოსწავლეები დამამთავრებელ კლასში სასკოლო განათლებას, შესაძლებლობის შემთხვევაში, ანაცვლებენ კერძოდ მომზადებით, ამაში იხარჯება არც თუ მცირე თანხები, მოსწავლე – წაგებული რჩება ნებისმიერ შემთხვევაში.

წერილს კი ერთი, სასურველია, არარიტორიკული, არამედ მსჯელობის და მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლის მაპროვოცირებელი კითხვით დავამთავრებ:

სად არის გამოსავალი?

საინტერესო შეთავაზება მოსწავლეებს!

0

მიმდინარე წლის 20-27 ივნისს, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსი,  უმასპინძლებს საზაფხულო სკოლას, რომლის მიზანია, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში გაზარდოს ინტერესი საჯარო სამსახურის მიმართ, რათა მათ მომავალი განათლება დაუკავშირონ საჯარო მმართველობის სფეროს.

საზაფხულო სკოლის მონაწილეები გამოვლინდებიან  მათემატიკის ტურნირით, რომლის  მეშვეობით შედგება რეიტინგული სია და საქართველოს მასშტაბით შეირჩევა ათ-ათი მოსწავლე (7 მოსწავლე – კერძო და საჯარო სკოლებიდან, ხოლო  3-3 მოსწავლე ფიზიკა-მათემატიკური სკოლებიდან,)   მე-9, მე-10, მე-11 კლასებიდან (ჯამში 30 მოსწავლე), რომლებიც გაივლიან 5 დღიან ტრენინგ-პროგრამას საქართველოს  იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყვარლის კომპლექსში.

დეტალურ ინფორმაციას  იხილავთ ბმულზე:

ვრცლად

 

 

არ დააყენოთ მოსწავლე კუთხეში

0

ნუ იტყვით, რომ ძველი დრო კარგი დრო იყო: მასწავლებელს შეეძლო 6 წლის ბავშვის ხელის გულზე ხის სახაზავი გამეტებით გადაერტყა. „მასწავლებელმა თმა ამიწია“, ,,დღეს რაღაც დავაშავე და მასწავლებელმა კუთხეში დამაყენა“, ,,მასწავლებელმა საჩვენებელი ჯოხი მესროლა“, ,,მასწავლებელმა მუხლებზე დამაყენა…“ ადრე დროში ეს დისციპლინის დამყარებისთვის მიღებული ღონისძიებები იყო, დღეს კი ძალადობაა, ღირსების შელახვაა. ალბათ, ყველაზე მძიმე დანაშაულია, რაც შეიძლება მასწავლებელმა სკოლაში ჩაიდინოს.

 

ადამიანის ღირსება, თავისუფლება და ფიზიკური ხელშეუხებლობა, როგორც უზენაესი ღირებულება, გარანტირებულია კონსტიტუციით. მასწავლებელს ეკრძალება მოსწავლეზე ნებისმიერი სახის ძალადობა. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე სასკოლო დისციპლინა უნდა დაიცვათ ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას. აკრძალულია ნებისმიერი ღონისძიება, რაც გამოიწვევს მოსწავლის ღირსების შელახვას.

 

მოსწავლე, რომელიც თვლის, რომ მასწავლებელი მასზე ძალადობს, უფლებამოსილია მიმართოს სკოლას საჩივრით და მოსთხოვოს მას მისი უფლებების დაცვა. უკიდურეს შემთხვევებში, შეიძლება მასწავლებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას.

 

აქ მოვიტან სხვადასხვა ქვეყანებში ბოლო პერიოდში აღრიცხული ძალადობის შემთხვევებს:

 

  • 23 წლის მათემატიკის მასწავლებელმა მოსწავლე სიკვდილამდე სცემა. როგორც მასწავლებლის ადვოკატმა განაცხადა, მასწავლებელს არ ჰქონდა მოსწავლის მოკვლის განზრახვა, მისი მიზანი იყო გაკვეთილზე დისციპლინის დამყარება. ცემის შედეგად მოსწავლემ გონება დაკარგა და საავადმყოფოში გარდაიცვალა. მასწავლებელს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს;

 

  • მასწავლებელმა 12 წლის მოსწავლეს მდუღარე წყალი შეასხა სახეში. მოსწავლემ მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო. მასწავლებლის განმარტებით, მოსწავლემ ის შესვენების დროს შეაწუხა. თურმე მოსწავლემ რამდენჯერმე შეიხედა მასწავლებელთა ოთახში შესვენების დროს და მასწავლებლებს კითხვებით მიმართავდა. მასწავლებელი პოლიციამ დააკავა;

 

  • 48 წლის მასწავლებელმა 12 და 13 წლის მოსწავლეები სახლში მიიწვია და შესთავაზა საცურაო აუზის გამოყენება. როდესაც მოსწავლეები ტანსაცმელს იცვლიდნენ, მასწავლებელმა წინასწარ დამონტაჟებული კამერით გადაუღო. ერთ-ერთმა მოსწავლემ შენიშნა ვიდეოკამერა და მასწავლებელს უჩივლა. მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლეს. პოლიციამ მასწავლებლის კომპიუტერი და ვიდეოკამერა ამოიღო და საქმის გამოძიება დაიწყო;

 

 

  • 22 წლის მასწავლებელმა 32 მოსწავლე გააუპატიურა. მასწავლებელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს;

 

  • მასწავლებელმა 11 წლის მოსწავლეს სცემა და მცხუნვარე მზის ქვეშ დააყენა. მოსწავლე კომაში ჩავარდა და მოგვიანებით გარდაიცვალა. მასწავლებლის განმარტებით, მოსწავლემ საშინაო დავალება არ შეასრულა. მასწავლებელი დააკავეს;

 

  • მასწავლებელმა მოსწავლე სკამზე მიაბა. მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სკოლამ მასწავლებელს სანქციები დააკისრა;

 

  • მასწავლებელმა პირველკლასელ მოსწავლეს პირი აუკრა. მიზანი: დისციპლინის დაცვა. მასწავლებლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო;

 

  • 30 წლის მასწავლებელმა საკლასო ოთახის კარი ჩაკეტა. ერთ-ერთი მოსწავლე პანიკაში ჩავარდა და მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა. მოსწავლემ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. პროკურატურამ მასწავლებლის წინააღმდეგ საქმე აღძრა მოსწავლის ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების ბრალდებით.

 

ასეთი მაგალითების მოტანა მრავლად შეიძლება, თუმცა საილუსტრაციოდ ესეც საკმარისია. მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე ძალადობის შემთხვევები ხშირია განვითარებად ქვეყნებში, თუმცა ნაკლებად ვლინდება. განვითარებულ ქვეყნებში კი საქმე პირიქითაა – შემთხვევებია ნაკლები, თუმცა ამ შემთხვევების უმრავლესობაზე სახელმწიფოს მწვავედ რეაგირებს.

 

არ დააყენოთ მოსწავლე კუთხეში. დისციპლინური სანქციის გამოყენების დროს კი დაფიქრდით, რამდენად გონივრული და თანაზომიერია მისი გამოყენება გადაცდომასთან მიმართებაში, ხომ არ ლახავს სანქცია მოსწავლის ღირსებას. ბავშვი არაფერს ისე მტკივნეულად და მწარედ არ აღიქვამს, როგორც უსამართლო მოპყრობას.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...