ხუთშაბათი, მაისი 8, 2025
8 მაისი, ხუთშაბათი, 2025

როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს წერის უნარ-ჩვევები

0

როგორც ვიცით, კომუნიკაცია ადამიანებს შორის ხდება არა მარტო ზეპირმეტყველების,  არამედ წერის საშუალებითაც, ამიტომ წერითი მეტყველების დაუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან წერის უნარ-ჩვევების განვითარება ზეპირმეტყველებისა და კითხვის უნარების განვითარებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულია, სწავლების საფეხურების მიხედვით  მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტების შექმნა. მიუხედავად ზემოთქმულისა, კვლევები ადასტურებს, რომ მოსწავლეებს უჭირთ წერა. ხშირად გაიგონებთ საყვედურებს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების მიმართ.

  • საინტერესოა, რატომ უჭირთ ბავშვებს წერა და სწავლების რომელ საფეხურზე იჩენს განსაკუთრებით თავს ეს პრობლემა?

 ვიდრე კითხვას ვუპასუხებდეთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს საკითხი  ბევრს აწუხებს, იწერება წერილები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ  ავტორები თემას ზოგადად მომოიხილავენ, მასწავლებელს კი  სჭირდება რჩევა, რომელიც კონკრეტულ კლასში სწავლებისას გამოადგება. სწორედ კონკრეტულ კლასში ამ პრობლემის მოსაგვარებელი ნაბიჯების კოლეგებისთვის გაცნობაა  ჩემი მიზანი.

      დავუბრუნდეთ ზემოთ დასმულ კითხვას. ჩემი აზრით, ამ პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი  არსებობს. ის  მაშინ იჩენს თავს, როცა მასწავლებელი მუშაობის დროს:

  • არ ითვალისწინებს საგნის სტანდარტს;
  • ასაკობრივ თავისებურებებს;
  • სწორად ვერ არჩევს მეთოდებსა და აქტივობებს;
  • შეფასების ფორმებს.

უნდა ითქვას, რომ მასწავლებელი პრობლემებს აწყდება არა მეშვიდე კლასში, არამედ ეს პრობლემები ყველაზე თვალსაჩინო სწორედ 12-13 წლის ასაკშია, რადგან კოგნიტური, ემოციური, ფიზიოლოგიური და მორალური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ასაკია.

     რატომ უნდა გავითვალისწინოთ საგნის სტანდარტი? 

 ყოველი კლასის საგნის სტანდარტი შედგენილია მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებებისა და გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით. სახელმძღვანელოებში შეტანილი  დავალებებიც სტანდარტის შესაბამისია, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი მასწავლებელი  იწუნებს დავალებებს. დავალების  შეცვლა დანაშაული  არ არის,  თუ  მასწავლებელი არ არღვევს სტანდარტის მოთხოვნებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მასწავლებლები  სახელმძღვანელოში შეტანილ დავალებებსაც უგულებელყოფენ და  სტანდარტის მოთხოვნებსაც  არ პასუხობენ. თუ მეხუთეკლასელ მოსწავლეს დავავალებთ რეზიუმეს ან პუბლიცისტური წერილის დაწერას, ცხადია, ის ამას ვერ შეძლებს, ისევე, როგორც სასაცილო იქნება დავავალოთ მეათეკლასელ მოსწავლეს შინაარსის დაწერა. ამბობენ, ,,საკუთარ  თავზე დიდი წარმოდგენა მოკლე ჭკუის ნიშანიაო’’. მასწავლებლის ამბიციურობამ შეიძლება დაღუპოს ბავშვი.

      როგორც ითქვა, მასწავლებელი წერის უნარ-ჩვევების განვითარებისას სიძნელეებს აწყდება  მეშვიდე კლასში. საშუალო საფეხურის ამ კლასის სტანდარტით გათვალისწინებული წერითი დავალებები სირთულითა და მრავალფეროვნებით განსხვავდება წინა წლების სტანდარტით   გათვალისწინებული წერითი დავალებებისგან. მხოლოდ ეს არ წარმოადგენს პრობლემას.

რატომ უნდა გავითვალისწინოთ ასაკობრივი თავისებურებები?

მასწავლებელი მეორე სიძნელის წინაშეც დგება –   მას უწევს ურთიერთობა იმ მოსწავლეებთან, რომელთა  ხასიათიც საგრძნობლად შეცვლილია. ახლა მათ სწავლაზე მეტად სხვა რამ აინტერესებთ. ამ ასაკის მოსწავლე, პიაჟეს მიხედვით, ფორმალუროპერაციულ  სტადიას მიეკუთვნება.  მართალია, ამ სტადიაზე ბავშვი გონებრივად მეტად  განვითარებულია და, ერთი შეხედვით, მასწავლებელს არ უნდა უჭირდეს მასთან მუშაობა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ გონებრივ  განვითარებასთან ერთად იცვლება ბავშვის ფსიქიკაც. მოზარდებში თავს იჩენს ახალი ფორმის ეგოცენტრიზმი, რომელიც ხასიათდება საკუთარი უნიკალურობის შეგრძნებით,  სურვილით, რომ  თვალში საცემნი იყვნენ; რწმენით, რომ სხვები ისევე დაინტერესებულნი არიან მათით, როგორც თვითონ. მეშვიდე კლასის მოსწავლისათვის უკვე მნიშვნელოვანია სოციალური სტატუსი, თანატოლების მოწონება, დამოკიდებულებები, დიდ დროს უთმობენ მეგობრობას. ასე რომ, სწავლა მათთვის მეორეხარისხოვანი ხდება. ცხადია, თუ ბავშვი   დავალებას არ  შეასრულებს, აგრესიით, დასჯით, მუქარით  მასწავლებელი ვერაფერს გახდება, რადგან ასეთ შემთხვევაში მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა დაემსგავსება  ბრძოლის ველს, სადაც დამარცხებული ყოველთვის მასწავლებელი იქნება. უმჯობესია, მასწავლებელი იყოს ლოიალური, წაახალისოს მოსწავლეები, შეაქოს, განუმარტოს შეცდომები, ამუშაოს კლასში, ისეთი აქტივობები შეიტანოს, რომ მაქსიმალურად  ჩართოს  ყველა მოსწავლე. ამგვარი მიდგომით მასწავლებელი გაუადვილებს მოსწავლეებს  ნებისმიერი ტიპის წერითი დავალების  შესრულებას.

რა მნიშვნელობა აქვს მეთოდოლოგიის სწორად შერჩევას?

 

სწორად შერჩეული მეთოდის გარეშე მასწავლებლის ყველა მცდელობა ფუჭია. სწორად შერჩეულ მეთოდად მიმაჩნია დაკვირვების გზით დასწავლა, რაც გულისხმობს წერის მაგალითის ქონას. რატომ უნდა გამოვიყენოთ ეს მეთოდი? მეშვიდეკლასელი მოსწავლისთვის, რომელსაც არა აქვს გამოცდილება მხატვრული თუ არამხატვრული ტექსტის დაწერისა, უმნიშვნელოვანესია იმ ტიპის  თხზულებაზე  დაკვირვება, რომლის მსგავსის შექმნაც მას ევალება. ამ მეთოდის გამოყენება არ არის იოლი. ყოველი ტექსტი თავისებურია და აქტივობები მეტი  სიფრთხილითა და დაკვირვებით უნდა შევარჩიოთ.  მუშაობის დროს  უნდა  გამოვიყენოთ კოგნიტური სქემები, რაც გაუადვილებს მათ ტექსტის სტრუქტურის გაგებას, მაგალითად: მოსწავლეს ევალება დაწეროს იგავ-არაკი. თეორიულად ახსნა იმისა, თუ რა არის იგავ-არაკი, ცარიელ სიტყვებად რჩება მანამ, ვიდრე მოსწავლეებს არ წავაკითხებთ ამ ჟანრის ნაწარმოებს, არ მივაქცევინებთ ყურადღებას მის მახასიათებლებს, არ დავავალებთ დამოუკიდებლად შეავსონ ცხრილი, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება იგავ-არაკის მახასიათებლები. ამ ნაბიჯების გადადგმა კი საუკეთესო  შედეგს იძლევა.

    წარმოგიდგენთ  თვალსაჩინოებას:

როგორ ვასწავლოთ იგავ-არაკის დაწერა?
აქტივობა          მეთოდი
–         რა არის იგავ-არაკი? ,,გონებრივი იერიში’’
–         იგავ-არაკის მახასიათებლების გაცნობა მინილექცია

 

–         იგავ-არაკის წაკითხვა

და  კოგნიტური სქემის შევსება

ჯგუფური  მუშაობა

 

–         შეფასება

 

თვითშეფასება

 

                             კოგნიტური      სქემა

იგავ-არაკი პერსონაჟები სიუჟეტი ფაბულა მხილებულია მორალი

ცხადია, ამჯერად ყველა ტექსტის დაწერის სწავლების ანალიზი შორს წაგვიყვანს, მაგრამ პრობლემის აქტუალობის საჩვენებლად მოვიყვანოთ კიდევ ერთი მაგალითი.

             მსჯელობის ტიპის ტექსტის დაწერა უფრო რთულია ამ ასაკის მოსწავლეებისთვის, ვიდრე სხვა ტიპის ტექსტებისა, რადგან  თეზისი – არგუმენტი-დასკვნა მათთვის უცხო ცნებებია. მსჯელობის ტიპის ტექსტის შესწავლამდე უმჯობესია, მოსწავლეებს დავუსვათ შეკითხვა რაიმე მათთვის ნაცნობ პრობლემურ საკითხზე, ეთანხმებიან თუ არა გამოთქმულ თვალსაზრისს. გამოვიყენოთ ჩვენთვის კარგად ნაცნობი სქემა. ავუხსნათ, რომ „კი“ ან „არა“ ვერ ჩაითვლება დამაჯერებელ პასუხად. საჭიროა დადასტურება, რატომ ეთანხმებიან ან არ ეთანხმებიან ამ შეხედულებას. დაფაზე დაიწერება მათ მიერ მოფიქრებული მტკიცებულებები შესაბამის გრაფებში. სიტყვების – თეზისი, არგუმენტი, დასკვნა – მნიშვნელობა ამ აქტივობის გამოყენებით   ნათელი უნდა გავხადოთ მათთვის: ფაქტი – დებულება, არგუმენტი – მტკიცებულება,  დასკვნა  –  შეჯამება. ამ ცნებების მნიშვნელობა ჯერ უნდა ავუხსნათ,  ტექსტის წაკითხვის  შემდეგ კი შევავსებინოთ სქემა.

წარმოგიდგენთ  თვალსაჩინოებას:

როგორ  ვასწავლოთ მსჯელობის ტიპის ტექსტის დაწერა?
აქტივობა მეთოდი
შეკითხვის დასმა

 

T  სქემის  შევსება

 

 

მსჯელობის ტიპის ტექსტის მახასიათებლების გაცნობა

 

მინილექცია

 

მსჯელობის ტიპის ტექსტის წაკითხვა და

სქემის შევსება

 

ჯგუფური მუშაობა

 

შეფასება

 

ურთიერთშეფასება

 

                                          კოგნიტური სქემა

თეზისი არგუმენტი დასკვნა

წერითი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია შეფასების პროცესის უწყვეტობა.  სასურველია, შეფასების კრიტერიუმები მასწავლებელმა შეადგინოს მოსწავლეებთან ერთად, რათა თითოეული კრიტერიუმის დანიშნულება ბავშვმა კარგად გაიაზროს. უმჯობესია,  გამოვიყენოთ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების  სქემები. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, კრიტერიუმებს განსაზღვრავს აუდიტორია, მიზანი  და ფორმატი. მოთხრობა, ესეი, წერილი… ერთმანეთისაგან განსხვავდება, შესაბამისად, განსხვავებული უნდა იყოს კრიტერიუმებიც.

       ნაბიჯები, რომლებიც მე გადავდგი  მოსწავლეთა წერის უნარ-ჩვევების  განსავითარებლად, მაძლევს საუკეთესო  შედეგს. წერს ყველა, აკადემიური მოსწრების მიუხედავად. ხდება ისე, რომ ზოგიერთი მოსწავლე, რომელთაც ნაკლებად ჰქონდათ წერის სურვილი, თხზავს საუკეთესო ტექსტს. ეს სასიამოვნო მოულოდნელობა სიხარულს მანიჭებს მეც, კლასსაც და ტექსტის ავტორსაც. მუშაობა ბავშვებისთვის ნიშნავს ფანტაზიის უნარის განვითარებას, საკუთარ თავში აღმოჩენას შემოქმედებითი უნარისა. ისინი ამ დროს იმასვე განიცდიან, რასაც ჭეშმარიტი მწერლები. სიტყვასთან  შეჭიდება და გამარჯვება დაარწმუნებთ საკუთარ შესაძლებლობებში.   ერთიც უნდა ითქვას: ისინი აღარ ზარმაცობენ, მშობელი არ თვლის საჭიროდ დაეხმაროს ან, უკიდურეს შემთხვევაში, თვითონ დაუწეროს დავალება. თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების გამოყენებით მოსწავლე ხედავს თავის შეცდომებს, იაზრებს. თანაკლასელის თუ მასწავლებლის მეგობრული რჩევა კი არ აღიზიანებს, არამედ სურვილს უჩენს, მომდევნო ტექსტის დაწერისას გაითვალისწინოს შეცდომები.  მას უნდა წარმოჩინდეს თანატოლთა წინაშე როგორც ავტორი და  დაიმსახუროს მოწონება. ეს ეხება არა ერთეულებს, არამედ ჯგუფში ყველას. კლასში იქმნება საქმიანი  და მეგობრული ატმოსფერო.

     იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი მივმართოთ მომავლისაკენ, მოსწავლეებს უნდა განვუვითაროთ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დაეხმარება მათ რთული ცხოვრებისეული საკითხების მოგვარებაში. წერის უნარ-ჩვევების განვითარება მასწავლებლის მიერ ხვალინდელ დღეზე ფიქრისა და ზრუნვის გამოხატულებაა. კომუნიკაციის ამ უმთავრესი საშუალების  გარეშე გაუჭირდება ადამიანს ცხოვრების გზის გაკვალვა. თავისი ნაფიქრისა და ნააზრევის ორიგინალურად და საინტერესოდ ჩამოყალიბება წერილობით ხშირად გამხდარა ადამიანებისთვის ახალი ცხოვრების დაწყების საწინდარი.  მოსწავლისთვის წერის უნარ-ჩვევების განვითარება არ არის იოლი. დიდი  ძალისხმევაა საჭირო მიზნის მისაღწევად, მაგრამ   საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმის უფლება არცერთ ჩვენგანს არა აქვს. საქმის სიყვარული  რაც შეიძლება მეტ ალტერნატივას უნდა გვაძებნინებდეს, მათგან კი უნდა ვირჩევდეთ ჩვენთვის სასურველს. გვახსოვდეს, სასწავლო პროცესის სწორად წარმართვა მოსწავლეს სასიკეთოდ წაადგება ერთფეროვან, ყოველდღიურ ცხოვრებაში

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მაია ინასარიძე, მაია ნაჭყებია, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თანამედროვე მეთოდები, გამომცემლობა ,,საიმედო’’, 2006 წელი
  2. რუსუდან ტყემალაძე, ნანა დალაქიშვილი, ქეთევან თოფაძე, თათია პაჭკორია, თამარ ბუწაშვილი, სწავლება და შეფასება, გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე’’, 2008 წელი
  3. სწავლებისა და სწავლის ახალი მიდგომები, სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის,

2004 წელი

  1. ვახტანგ როდონაია (ჯგუფის ხელმძღვანელი), ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი, ქართული ენა და ლიტერატურა, VII   კლასი, გამომცემლობა ,,სწავლანი’’,2012  წელი

მადონა ფარეხელაშვილი – ქალაქ  თბილისის #175 საჯარო სკოლის  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

“მაია.” თამაშით, დიდი აღმოჩენებამდე.

0

ქალაქ ტეკალში უცნაური ხალხი ცხოვრობდა. სწამდათ, რომ დედამიწა ერთი დიდი ნიანგის ზურგი იყო. ყველა ბუნებრივი მოვლენაც სწორედ მის ხუშტურებს  ემორჩილებოდა. წიგნები ესპანელებმა დაუწვეს, მაგრამ ჩვენთან, ქვების მეშვეობით, დღემდე საუბრობენ. ჩვენ კიდევ ხმაურის მოყვარული ხალხი ვართ, გაზვიადება და ალიაქოთი გვიყვარს, ჰოდა, სულ რამდენიმე წლის წინ მათ დანაბარებზე დაყრდნობით 21 დეკემბერი სამყაროს დასასრულად გამოვაცხადეთ და 22 დეკემბრის დილამდე ვიხმაურეთ. მერე ვთქვით, უი, უხუმრიათო და სხვა სახმაურო ამბების ჩხრეკა განვაგრძეთ.

მაიას ცივილიზაციაზე ვწერ.

ზემოთ ნახსენებ ქვებზე მხოლოდ 21 დეკემბრის ამბავი კი არ იყო ამოკვეთილი. აქვე იყო მაიას მბრძანებლების მოვალეობები. მაგალითად, მათ ღმერთებისთვის დროდადრო თავისი სისხლი უნდა შეეწირათ. ღმერთებს შორის მთავარი მაისი იყო. მაისმა მაიას სიმინდის კულტურა გამოუგზავნა.

მაისი, ანუ სიმინდი, მათი დამხმარე ყოფილა, ყველანაირ პირობებში კარგად იზრდებოდა. ეს ღმერთების საჩუქრად ითვლებოდა და ცივილიზაცია მისით გადარჩა. მთელ ცენტრალურ ამერიკაში მოყავდათ სიმინდი. ამის დასტური არქეოლოგებმაც იპოვეს მეხიკოსთან ახლოს.

სანამ მეცნიერები გათხრებს ჩაატარებდნენ, დიდი ხნით ადრე ტყუპი ძმები ცხოვრობდნენ. ბურთის თამაში უყვარდათ. ბურთი კაუჩუკის იყო. იმდენი უთამაშიათ, რომ გაუთავებელი ხმაურით მიწისქვეშ მცხოვრები ღმერთები განურისხებიათ.

ეს ამბავი იქეთ იყოს და ჩემი ზედა მეზობლები გამახსენდა. თუმცა, რა გახსენება მათ უნდათ, არ გაიხსენებ და თავად შეგახსენებენ თავს. რითი? რითი აღარ? წყლის ჩამოსხმიდან დაწყებული გაუთავებელი ბრახუნ-კაკუნით, რომელიც დილის სამ-ოთხ საათზეც კი არ წყდება. ხმაურობს ყველა, დაწყებული ოჯახის უფროსიდან, რომელსაც ჩაქუჩის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია, მისი 25 წლის შვილით დამთავრებული, რომელსაც თავი ჯერაც ბავშვი ჰგონია და სახლშიც კი  განსაცვიფრებლად მაღალი ქუსლებით დაბაკუნობს, სიარულის მანერა რომ არ გაუფუჭდეს.

უჰ, სადღაც სხვაგან წავედი, ისევ ტყუპ ძმებს დავუბრუნდეთ. მოკლედ, ესენიც ცუდად იქცეოდნენ და ხმაურით იკლებდნენ არე-მარეს. მიწისქვეშა ღმერთებმა ბრძენი ბუ გაუგზავნეს და თავისთან მიიპატიჟეს. შეუთვალეს, თუ ჩვენამდე მოხვალთ, ბურთი ვითამაშოთო…  მოიგებთ, ბედს გწევთო. დიახ, თუ მოხვალთო… ღმერთებამდე ხუთი გამოქვაბული იყო გასავლელი, ერთში გველები იყვნენ, მეორეში – ველური ღამურები და ა.შ. ძმებმა ყველა დაბრკოლება  გადალახეს და ღმერთებამდე მივიდნენ. აქვე ისიც უნდა დავწერო, ბიჭებს უკან მამა გაჰყვათ, მაგრამ ის გზად მგონი გარეული კატების მსხვერპლი გახდა.

ღმერთებთან მისულმა ძმებმა ბურთი ითამაშეს, ცოტა მოიტყუეს, ცოტა იღბალიც ჰქონდათ და მოიგეს. ღმერთები ხომ დაპირდნენ ბედს გწევთო, ჰოდა ერთი მთვარედ აქციეს, მეორე მზედ, მათი მამა კი გააცოცხლეს და ღმერთ მაისად მოუვლინეს სამყაროს. ასე ყველა კმაყოფილი დარჩა. მამა ღმერთი გახდა, ბიჭები მანათობელი პლანეტები, მიწისქვეშა ღმერთები კიდევ  წყნარად და მშვიდად ცხოვრობდნენ.

მაიას ლეგენდებში მამის გაცოცხლება მიწიდან სიმინდის თესლის კვლავ აღმოცენებას განასახიერებს. მაიას მითებში მაისი სიკვდილს და ხელახალ სიცოცხლეს  ნიშნავს.

მაიას ყველა ქალაქში ერთი სტადიონი მაინც იყო. ეს ისეთივე ადგილი იყო მათთვის, როგორც ბერძნებისთვის თეატრი. ბურთის თამაში რელიგიასთანაც ასოცირდებოდა. ზოგ ქალაქში თამაშის შემდეგ მსხვერპლშეწირვა მიდიოდა. მაიას ხალხს სიკვდილის არ ეშინოდა, სწამდათ,  ასე ღმერთს ემსახურებოდნენ.

მაიას ბურთი კაუჩუკის იყო. კაუჩუკის ხისგან შეგროვებული თეთრი წვენი სქელდებოდა, რეზინად გარდაიქმნებოდა და სწორედ მისგან ქმნიდნენ ბურთებს.

თავის დროზე, ქრისტეფორე კოლუმბი ძალიან გაკვირვებული დარჩა, როცა ნახა, როგორ თამაშობდნენ  ინდიელები რაღაც უცნაურად მოხტუნავე ბურთებით.

ბუნებრივ კაუჩუკს კაუჩუკის შემცველი მცენარეებიდან ღებულობენ. ბრაზილიური ჰევეა, ქოქსაღიზი, ტაუ-საღიზი და სხვა. ის კი არა, კაუჩუკის შემცველ წვენს ბაბუაწვერაც კი შეიცავს. ჰევეას დასერვით სითხე ჩამოედინება, რომელსაც ლატექსს უწოდებენ. ლატექსი 20-60% კაუჩუკს შეიცავს. მის წვენში კაუჩუკი ემულსირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ლატექსზე ძმარმჟავას მოქმედებით კაუჩუკი განიცდის კოაგულაციას. შედედებულ კაუჩუკს წყლით რეცხავენ და შემდეგ ამუშავებენ.

ევროპაში კაუჩუკი მეცხრამეტე საუკუნიდან შემოვიდა. ძირითადად საწვიმარი ტანსაცმლის დასამზადებლად იყენებდნენ. თუმცა კაუჩუკის ტანსაცმელი მოსახერხებელი არ იყო, ყინვაში სკდებოდა, სიცხეში დნებოდა. ასე რომ, მის შესახებ მალევე დაივიწყებდნენ ამერიკელი ჩარლზ ნელსონ გუდიერი, რომ არ გამოჩენილიყო. 1839 წელს მრავალწლიანი ძიების შემდეგ აღმოაჩინა, რომ  თუ კაუჩუკს დაუმატებდა გოგირდს და გააცხელებდა, მისი მდგრადობა, ელასტიურობა, სითბო და ყინვაგამძლეობა  გაუმჯობესდებოდა. ამ პროცესს ვულკანიზაცია უწოდეს. ალბათ იმიტომ, რომ გოგირდს ჩამქრალი ვულკანების ტერიტორიიდან მოიპოვებდნენ. ანუ მან რეზინი მიიღო. რეზინი წყალგაუმტარი, გაზგაუმტარი, ელასტიურია. დაიწყეს რეზინის ფართოდ გამოყენება, მათ შორის მედიცინაშიც, მანქანების ბორბლების წარმოებაში და სად აღარ.

ვულკანიზაციის პროცესს თუ უფრო ჩავუღრმავდებით… რეზინი კაუჩუკის გოგირდთან ურთიერთქმედებით მიიღება და სწორედ ამ პროცესს ეწოდება ვულკანიზაცია. ამ დროს გოგირდის ატომები „გადაკერავენ“  კაუჩუკის წრფივ (ორგანზომილებიან) მოლეკულებს და მიიღება სივრცითი (სამგანზომილებიანი) სტრუქტურა.

თუ გოგირდის შემცველობა მაღალია (25-40%), მიიღება მყარი ნივთიერება ებონიტი, რომელიც კარგი ელექტროიზოლატორია.

ბუნებრივი კაუჩუკის მოლეკულური მასა საშუალოდ 350000 ტოლია. ის 1,4-პოლიიზოპრენის ცის ფორმას წარმოადგენს. ტრანს 1,4-პოლიიზოპრენი არის გუტაპერჩა, რომელსაც შეიცავს მცენარე palaquium gutte-ს ლატექსი. ეს მცენარე ხარობს მალაიზიასა და ინდონეზიაში. გუტაპერჩა კაუჩუკთან შედარებით ნაკლებად ელასტიკურია.

ბუნებრივი კაუჩუკის აგებულება დადგენილ იქნა ოზონირების რეაქციით. ოზონი უერთდება იქ, სადაც ორმაგი ბმებია და წარმოიქმნება ოზონიდი. ის წყლის მოქმედებით იშლება და მიიღება ლევულინის ალდეჰიდი.

ვულკანიზაციის ბუმის შემდეგ ნათელი გახდა, რომ აუცილებელი იყო სინთეზურად შექმნილი კაუჩუკის მოშველიება, თორემ ბუნებრივი, გაზრდილ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა. სინთეზური კაუჩუკის მისაღებად ძვირფას მონომერებად ნახშირწყალბადები დივინილი და იზოპრენი აღმოჩნდა. 1,3-ბუტადიენი ლებედევმა მიიღო ეთილის სპირტის სპეციალურად შემუშავებულ, გახურებულ კატალიზატორზე (MgO-ZnO) გატარებით. ამ დროს ადგილი აქვს ეთილის სპირტის ერთდროულ დეჰიდრირებას და დეჰიდრატაციას, დივინილი კარგი გამოსავლიანობით მიიღება (70%).

საბოლოოდ, რამდენიმე ტიპის სინთეზური კაუჩუკი შეიქმნა.  ბუთადიენსტიროლური კაუჩუკი, რომელსაც მდგრადობისთვის მურსა და ნავთობიდან მიღებულ ზეთებს ამატებდნენ. ქლოროპრენული კაუჩუკი, რომლის მონომერი ვინილაცეტატზე ქლორწყალბადის მოქმედებით მიიღება. ამ ტიპის კაუჩუკი ტრანსპორტირების ლენტების  დასამზადებლადაც გამოიყენება. ზოგიერთი თვისებით, ის ბუნებრივ კაუჩუკზეც კი უკეთესია.

თუ ბუთადიენთან თანაპოლიმერად აკრილის მჟავას ნიტრილს გამოვიყენებთ, მიიღება ბუთადიენ-ნიტრილის კაუჩუკი. ამ კაუჩუკზე ბენზინი და ნავთობის სხვა პროდუქტები ნაკლებად მოქმედებენ. მაღალ ტემპერატურასაც უძლებს.

სილიციუმორგანული ნაერთებიდან მიღებულ კაუჩუკს სილიკონური კაუჩუკი ეწოდება. სილიკონური კაუჩუკი მიიღება მონომერ დიმეთილდიქლორსილანისგან. ამ სახის კაუჩუკი საუკეთესო თვისებებს ამჟღავნებს დაბალ ტემპერატურაზე. მისგან დამზადებულ დეტალებს იყენებენ იქ, სადაც სხვა კაუჩუკის ნაწარმი უვარგისი ხდება. გამოიყენება მედიცინაშიც.

ეს ყველაფერი  თამაშით დაიწყო. ჯერ იყო და  უცნაური ბურთებით მაიას ტომის ძმები თამაშობდნენ, მერე ჰაიტის კუნძულზე ჩასულმა ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის წევრებმა შენიშნეს ინდიელი ბავშვების ხელში უცნობი მასალისგან დამზადებული ბურთები. მოგვიანებით პერუში, იგივე ბურთები ფრანგ მეცნიერთა ჯგუფმაც ნახა.

მოკლედ, გალაკტიონის არ იყოს…

„… არის გზა, არის ნელი თამაში…

და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!…“

რისი თქმა მსურს იცით? დიდ აღმოჩენებს ადამიანები  ხშირად  მარტო იწყებენ, ზოგჯერ თამაშითაც… შემდეგ, ამ თამაშს სხვები აქცევენ ყურადღებას, იმ სხვებს კიდევ სხვები და საბოლოო ჯამში ისეთი მასალა შეიქმნება, რომელსაც თითოეული ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია.

ამერიკელები საბჭოთა კავშირში, ანუ ,,boys, how lucky you are”

0

ძალიან თემატური ლინკი:

ხანდახან ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი შეიძლება გამოგრჩეს – ეს რომანი მაშინ ვიყიდეთ, წიგნების ფესტივალს ბოლო, საკონტროლო წრეს რომ ვარტყამდით. ისე მოხდა, ყველაზე ბოლოსაც წავიკითხე, ჰოდა, ,,ტკბილი ლუკმა” გადმოდგა.

შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა კარგა ხანია ამტკიცებს, რომ მკითხველისათვის ძალიან საინტერესოა, რას წერენ მის ქვეყანასა და ხალხზე უცხოელი ავტორები. მე პირადად კანტის ერთადერთი მოსაზრება მახსოვს ზეპირად: ,,საქართველო მზეთუნახავების ორანჟერეაა”. დიდი კეთილშობილებაა თქვენი მხრიდან, ჰერ კანტ!

ჯონ სტაინბეკი თავის ,,რუსულ დღიურში” ქართველი ქალების სილამაზეს კანტივით მძაფრად ვერ აღიქვამს, თუმცა ამაზე ნუ შევედავებით, წიგნი, ძირითადად, სალბუნად ედება ჩვენს თავმოყვარეობას.

,,რუსული დღიური” ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია დოკუმენტური პროზისა მათ შორის, რაც ოდესმე წამიკითხავს. თავისი საქმის ორმა ოსტატმა, მწერალმა ჯონ სტაინბეკმა და ფოტოგრაფმა რობერტ კაპამ, გადაწყვიტეს ერთად წასულიყვნენ საბჭოთა კავშირში და ბოლოს და ბოლოს გაეგოთ, სინამდვილეში როგორი იყო ეს მითოლოგიური ქვეყანა. საბჭოეთი კი უფრო დიდი მითი გამოდგა, ვიდრე წარმოედგინათ…

ამ მითოლოგიას უპირველეს ყოვლისა საოცრად რთული და ჯანსაღი ადამიანის გონებისათვის ყოვლად გაუგებარი საბჭოთა ბიუროკრატია ქმნიდა, რომელზე უარესიც მხოლოდ საბჭოთა აბაზანები შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს ნერვებისმომშლელი და სასოწარკვეთილებამდე მიმყვანი წესრიგი თუ უწესრიგობა საშუალებას აძლევდა ,,მათ”, არ დაერთოთ არაფრის ნება – თუკი ასე სურდათ და მერე ეს ნანინანატრი ნებართვა უცებ და იოლად გაეცათ, რადგან საქმეში ,,საჭირო” პირი ერეოდა. ამ ბიუროკრატიის ალოგიკურობა აიძულებდათ ადამიანებს ხელები ჩამოეყარათ ზემო ეშელონების ნების წინაშე და დამორჩილებოდნენ: ,,მოთმინებაც რომ დაკარგო, ვერაფერს შეცვლი, რადგან ამას ვერაფერი მოუხერხდება. ეს პროცესი გარდაუვალია”, – წერს სტაინბეკი, რომელსაც გაუთავებელი ბუღალტრული აღრიცხვების გამო ძლივს აღირსეს სანატრელი ვახშამი.

თუმცა სტაინბეკის აღშფოთება საბჭოთა ბიუროკრატიის გამო რას მოვიდოდა კაპას გულისწყრომასთან, რომელსაც ყოველმხრივ უზღუდავდნენ ფოტოაპარატების გამოყენების საშუალებას, მათ შორის, არც ზაჰესის გადაღების უფლება მისცეს.

საბჭოთა მოსკოვი ცივი ქალაქია, ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. აქ ყველაფერი: აღლუმები, მაღაზიები, რესტორნები, ცენზურა ერთი სიტყვით ხასიათდება – დამთრგუნველი:

,,შემდეგ ჩვენს მწვანე საძინებელში დავბრუნდით….. და მივხვდით, რომ ძალიან ვიყავით დათრგუნულები. თავიდან ვერ გავარკვიეთ, კერძოდ რისი ბრალი იყო, შემდეგ კი მივხვდით _ ამ ქალაქში ძალიან იშვიათად იცინის ვინმე და თითქმის არც არავინ გიღიმის. ადამიანები დასეირნობენ ან გვერდიგვერდ ჩქარ-ჩქარა მიაბიჯებენ, თავდახრილები, არ იღიმიან… ქუჩებში უზარმაზარი სერიოზულობა სუფევს. იქნებ ყოველთვის ასე იყო, აბა, ჩვენ რა ვიცით…”

ერთმა მონაკვეთმა კი გამახსენა დისტოპიური რომანი, რომელიც შარშან ვთარგმნე – მასში აღწერილი იყო ტოტალიტარული სახელმწიფო, სადაც მაღაზიებზე წარწერების ნაცვლად იმ პროდუქტების მუყაოსაგან გამოჭრილი მაკეტები ეკიდა, რომლებიც მაღაზიაში იყიდებოდა. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირში მაღაზიებში გასაყიდი პროდუქტების ცვილის ასლები იყო გამოფენილი. მრავლისმეტყველი დამთხვევაა, მე მგონი…

მომეჩვენა, რომ მოსკოვის შემდეგ ამერიკელი შემოქმედებისათვის უკრაინა სულის მოთქმასავით გამოდგა. ,,რუსულ დღიურში” იგი აღწერილია, როგორც ქვეყანა უბრალო და კეთილი ადამიანებისა, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ ომმა გაანადგურა, მუდამ გიღიმიან და უკეთესი მომავლის იმედი აქვთ. თუ გაინტერესებთ, რაზე დგას საბჭოთა კავშირი, გეტყვით – იმედზე, – დაახლოებით ასეთ რაღაცას ამბობს სტაინბეკი, დიდად გონებამახვილური და საინტერესო დაკვირვება კია.

ალბათ თქვენც ასე მოიქცეოდით. სტალინგრადის პერიოდი დროებით გამოვტოვე და პირდაპირ საქართველოში მოგზაურობის აღწერაზე გადავედი. მომეჩვენა, რომ ავტორის მსუბუქი და შეფარული ირონია ამ შემთხვევაში შენელდა, რასაკვირველია, გარდა იმ მონაკვეთისა, როდესაც საქმე ,,მწერალთა კავშირის” მიერ ჩატარებულ ღონისძიებას ეხებოდა.  მე კი გულწრფელად მაინტერესებს, მართლა ასეთი რომანტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ თუ არა სხვა საბჭოთა ხალხებს საქართველოს მიმართ: ,,…გვგონია, რომ ბევრ რუსს სჯერა, წესიერად და პატიოსნად თუ იცხოვრებს, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არა, საქართველოში მოხვდება”. მაინც მეჩვენება, რომ მიუხედავად თავისი განზრახვისა, ობიექტური ყოფილიყო, როცა საქართველოზე წერდა, სტაინბეკი ცნობილი კლიშეების ტყვეობაში იყო. პირადად ჩემთვის, ყველაზე საინტერესო ის მომენტი აღმოჩნდა, როდესაც იგი სტალინის მიმართ საბჭოთა ხალხის დამოკიდებულებას ასახავს. ეს ნამდვილად სადიდტანიანრომანე თემაა.

,,რუსული დღიურის” წაკითხვისას გამიჩნდა შეგრძნება, რომ ყოველთვის, როდესაც სტაინბეკს მეტი აღარ შეუძლია, იუმორს აფარებს ხოლმე თავს, რაც ძირითადად, კაპას მასხრად აგდებაში გამოიხატება. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ჩანართი ,,კაპას საყვედური”, რომელშიც თხრობა ფოტოგრაფის პირით მიმდინარეობს, კიდევ ერთი პასაჟია, სადაც სტაინბეკი კაპაზე ხალისობს. ამ ხაზის გარეშე ჩანაწერები ბევრს დაკარგავდა.

საქართველოში ხშირად ხდება – ზოგი ნაკლებმნიშვნელოვანი წიგნის გამოცემა დიდი ზარზეიმით ჩაივლის, ზოგი მნიშვნელოვნისა კი – უხმოდ. ,,რუსული დღიური” აშკარად ის წიგნია, რომელიც მხატვრული ღირებულებასა და ისტორიული დისკურსის გათვალისწინებით ძალიან უნდა აინტერესებდეს ქართველ მკითხველს. შესაძლებელია საბჭოთა პერიოდის შესწავლისას (როგორც ისტორიაში, ასევე ქართულ ლიტერატურაში) მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის ამ წიგნის კლასგარეშე საკითხავად მიცემა: ჯერ ერთი, რომ მასში მართლა დიდი დაკვირვებით არის გაანალიზებული საბჭოთა რეჟიმის თავისებურებები და, მეორეც, ეს დაკვირვება არასაბჭოთა ავტორს ეკუთვნის, რაც ასევე ძალიან საგულისხმოა.

,,რუსული დღიურის” ქართულ ენაზე გამოცემა, როგორც უკვე აღვნიშნე, მრავალმხრივ დადებითი მოვლენაა, თუმცა მე მერჩივნა, უფრო ძვირი გადამეხადა წიგნში და კაპას ფოტოები უკეთესი ხარისხით დამეთვალიერებინა, თუმცა სამომავლოდ არც ამის გამოსწორება იქნება დიდი პრობლემა.

ბოლოს კი, დასასრულისკენ, ვეცდები მეტი მოტივაცია მოგცეთ ამ მართლაც კარგი წიგნის წაკითხვისთვის და შემოგთავაზებთ ამონარიდს, სადაც დიდი სტაინბეკი პირადად თქვენ გაქებთ: ,,საქართველო ჯადოსნური მხარეა და სიზმრისეულ ზმანებას ემსგავსება იქიდან წამოსვლის შემდეგ. ქართველებიც ზღაპრული ხალხია… მივხვდით, რატომ გვეუბნებოდნენ რუსები, ,,ვიდრე საქართველო არ გინახავთ, ჩათვალეთ, არაფერი გინახვთო”.

სოლიდარობა დევნილებს

0

ევროპა უდიდესი განსაცდელის წინაშე დგას. ამგვარი კრიზისი ევროკავშირის ქვეყნებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ახსოვთ. „არაბულმა გაზაფხულმა“ და სირიის ომმა კონტინენტზე მიგრანტთა რაოდენობის კოლოსალური ზრდა გამოიწვია. ჩრდილოეთ აფრიკიდან ადამიანები სისხლისღვრას გასაბერი ნავებითაც კი გაურბიან. დევნილები ხმელთაშუა ზღვის გადაცურვას სახელდახელოდ შეკოწიწებული ტივებით ცდილობენ. სირიელთა უმრავლესობა კი უფრო რთულ გზას ადგას. ისინი ათობით სახელმწიფოს გავლით დასავლეთ ევროპაში მოხვედრას ცდილობენ. მოგზაურობის დროს მათ უამრავი საგუშაგოს, მავთულხლართებით გაწყობილი ბარიერისა და ახლადაშენებული კედლის გადალახვა უწევთ. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა კი მაინც ქსენოფობია, უცხო ადამიანების მიმართ შიში და სტერეოტიპული დამოკიდებულება გახლავთ. რიგი ევროპელი ხალხები უბედურებისგან გამოქცეულ ადამიანებში მხოლოდ ტერორისტებსა და მუქთახორებს ხედავენ. ეკონომიკური კრიზისი ბევრს აფიქრებინებს, რომ იაფად მომუშავე დევნილები მათ სტაბილურ სამუშაო ადგილებსა და ხელფასებს საფრთხეს უქმნიან. რადიკალი ნაციონალისტები კრიმინალის ჩადენასაც არ ერიდებიან. მხოლოდ გერმანიაში დევნილთა დროებით საცხოვრებლებზე თავდასხმის, თავშესაფართა დაწვის ხუთასზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. პოლონეთის მმართველი პარტიის წარმომადგენლები შუა საუკუნეების ეპოქის არგუმენტის გამოყენებასაც ბედავენ და მხოლოდ სამხრეთელი ეთნოსებისათვის დამახასიათებელ სპეციფიკურ დაავადებებზე ამახვილებენ ყურადღებას. მაშასადამე, ისინი ამტკიცებენ, რომ მიგრანტებს ევროპაში უცნობი ეპიდემიები შემოაქვთ.

ბევრს ალბათ გული გაგისკდათ. ასეთ დასავლეთზე  ჩვენთან იშვიათად საუბრობენ. საქართველოში ამგვარი დამოკიდებულებები და შიშები მხოლოდ საბჭოთა წარსულთან ასოცირდება. სამწუხაროდ, ბოროტება ყველგან არსებობს. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ ჯერ არ დამიმთავრებია, მიგრანტთა კრიზისის ნათელ მხარეზეც უამრავი ამბის მოყოლა შემიძლია.

ორი კვირის წინ საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებულმა თანაკურსელმა ერთი არაფორმალური ორგანიზაციის არსებობის შესახებ მიამბო. ამ გაერთიანების წევრები ძირითადად დაუოჯახებელი ხელოვანი სტუდენტები არიან. ისინი თავიანთი შემოქმედებით აგროვებენ ფულს. დაგროვებული მოკრძალებული კაპიტალით კი ყიდულობენ პატარა, ძველ სატვირთო მანქანებს, პურის საცხობ მეორად დანადგარებს, ცოტა ფქვილს და მთელ ევროპაში მოგზაურობენ. მათ მოგზაურობას კონკრეტული მიზანი და მარშრუტი აქვს. ლტოლვილთა მხარდამჭერ აქტივისტებს შოვინისტურად განწყობილ სხვადასხვა ქვეყანაში განთავსებულ თავშესაფრებამდე პური და ცხელი ჩაი მიაქვთ. ცხადია, მათი გაკეთებული საქმე გლობალურ კრიზისის მოგვარებაში გადამწყვეტ და გრანდიოზულ როლს ვერ ასრულებს, მაგრამ სტუდენტთა მოქმედება არის სოლიდარული საზოგადოების პასუხი აგრესიული დაჯგუფებების ვანდალურ თავდასხმებზე.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი საბავშვო საფეხბურთო კლუბის მატჩს დავესწარი. თამაშის შემდეგ ყური მოვკარი კლუბში დროებით ჩამოსული მოწვეული სპეციალისტის საუბარს. მწვრთნელი  პენსიაზე გასულ სკანდინავიელ კოლეგაზე საუბრობდა. შვედეთის პატარა ქალაქში მცხოვრებ მოხუცს კეთილი საქმის გაკეთების მიზნით ძველი საქმე გაუხსენებია. ყოფილმა ფიზკულტურის პედაგოგმა ხელახლა ჩამოაყალიბა ბავშვთა სპორტულია აკადემია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებისა და მოქალაქეთა შემოწირულობების ხარჯზე უფასოდ ამზადებს დევნილ ბავშვებს საფეხბურთო კარიერისთვის. თურმე, ძალიან მალე ომს გამოქცეული მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი ადგილობრივ ჩემპიონატშიც დაიწყებს ასპარეზობას. ბუნებრივია, ბავშვები საერთო საცხოვრებლითა და საკვებითაც უზრუნველოფილნი არიან.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ევროპაში არასდროს ვყოფილვარ რამდენიმე იქაური მეგობარი მაინც მყავს. მათი უმრავლესობა სოციალურ მეცნიერებებს წარმოადგენს. ისინი სამაგისტრო ნაშრომის თეზისების შერჩევის დროს ჩემს დახმარებას ცდილობდნენ. გუშინწინ, კიდევ ერთხელ გავბედე ერთი გერმანელი პროფესორის შეწუხება და მას მორიგი ელექტრონული შეტყობინება გავუგზავნე. მეცნიერმა ცივად მიპასუხა და მომწერა, რომ შვებულებაშია გასული, გაკვეთილებს ატარებს და პროვინციული კავკასიური უნივერსიტეტის დანჯღრეულად მოსაუბრე მაგისტრანტის თეზისის შესამოწმებლად არ სცალია. გული გამიტყდა, მეწყინა, მაგრამ ტექსტში ამოკითხული ერთი ფრაზა ძალიან მენიშნა. დავინტერესდი იმით, თუ რატომ ატარებს შვებულებაში მყოფი უმაღლესი რანგის პროფესორი გაკვეთილებს. პასუხმა მოლოდინს გადააჭარბა. დასვენების ნაცვლად ვიურტენბერგელი პოლიტოლოგი შვაბურ ტყეებში გაშლილ კარვებს, ბანაკებს შორის გადაადგილდება, რათა გამოხიზნულ ადამიანებს გერმანულის უფასო გაკვეთილები ჩაუტაროს და მოხალისე ახალგაზრდებს ენის შესწავლის ინტენსიური კურსის საფუძვლების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. ცხადია, დამატებითი ცნობის მიღების შემდეგ ბრაზმა გადამიარა.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემზე დაკვირვებულ ადამიანებს ათასობით ასეთი შემთხვევის აღმოჩენა შეუძლიათ. ნამდვილი ევროპელები გაჭირვებულ ადამიანებს თანადგომის გარეშე არ ტოვებენ და დევნილებს რითიც შეუძლიათ იმით ეხმარებიან.

ტექნოლოგიებით სწავლება დაწყებით კლასებში

0

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებ ელექტრონული წიგნზე – თუ როგორ შეიძლება შევქმნათ ის, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ გაკვეთილზე და რა შედეგების მიღწევაა შესაძლებელი. როგორ შეიძლება ტექნოლოგიების დახმარებით შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელის გამოყენებით დაწყებითი კლასის მოსწავლეებში კითხვის უნარის გაუმჯობესება. ასევე, კოლეგებს შევთავაზებ აღნიშნული რესურსის გამოყენებით ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის ნიმუშს.

სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების გამოყენება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ელექტრონული რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში?

  • ელექტრონული რესურსი არის დამატებითი თვალსაჩინოება;
  • სასწავლო პროცესი საინტერესოა და სახალისო;
  • სასწავლო პროცესში იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა;
  • იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია.

ყველა მოსწავლეს განსხვავებული კითხვის ტემპი აქვს. ზოგიერთს უჭირს წაკითხულის გააზრებაც. შესაბამისად, ყველა მოსწავლეს განსხვავებული დრო სჭირდება ტექსტის დასამუშავებლად. ამიტომ ქართულის გაკვეთილზე გამოვიყენე ტექნოლოგიები (ელექტრონული წიგნი) და შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელით დავგეგმე გაკვეთილი. მოსწავლეები სახლში კითხულობენ ჩემ მიერ დამზადებულ ელექტრონულ წიგნს, რომელიც დავალებად მივეცი. ყველა მათგანს შესწავლის ინდივიდუალური ტემპი აქვს. შესაბამისად, მათ ტექსტის დასამუშავებლად შეუძლიათ დახარჯონ იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა თითოეული მათგანისთვის, განსხვავებით ტრადიციული გაკვეთილისგან, სადაც ახალი მასალის დასამუშავებლად დრო მკაცრად განსაზღვრულია და ზოგიერთი მოსწავლისთვის არასაკმარისი. შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელით დაგეგმილი გაკვეთილით სუსტ მოსწავლეს ეხსნება დაძაბულობა და ახლა სახლში ყურადღებითა და დამოუკიდებლად ამუშავებს ტექსტს.

გაგაცნობთ ელექტრონული წიგნის შექმნის ერთ-ერთ საშუალებას. კითხვა მოსწავლისათვის  სასიამოვნო პროცესად რომ იქცეს, შესაძლებელია მათ შევთავაზოთ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული ელექტრონული წიგნები. შექმნილი რესურსი მასწავლებელს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესში გამოიყენოს მრავალფეროვანი მხატვრული და საინფორმაციო ლიტერატურა.

 

  1. როგორ შევქმნათ ელექტრონული წიგნები?

ამისათვის საჭიროა შევარჩიოთ  ტექსტი, ფონი, პერსონაჟები, დავუკავშიროთ ისინი ერთმანეთს თემატურად და შევქმნათ ილუსტრაციები. ილუსტრაციებს გავაერთიანებთ პროგრამა „PowerPoint“-ში და ვურთავთ შესაბამის ტექსტს.

ფონების შესაქმნელად გამოვიყენოთ ვებგვერდი: www.pizap.com. ამ ვებ-გვერდზე შესაძლებელია შევქმნათ ფოტო-კოლაჟი, დავამუშავოთ ფოტო, ჩამოვტვირთოთ მზა ფონი ან შევქმნათ საკუთარი ფანტაზიით. „Backgrounds“ განყოფილებაში მოცემულია მზა ფონების ფართო არჩევანი. შესაძლებელია მოცემული ფონების  ჩამოტვირთვა და უცვლელად შენახვა. ვებგვერდის „Holidays“-ის განყოფილებაში არის დამატებითი ჩანართები, სადაც მოთავსებულია სადღესასწაულო თემატიკასთან დაკავშირებული მზა ფონები. პროგრამა სურვილის შემთხვევაში საშუალებას გვაძლევს, თავად შევიტანოთ ცვლილებები არჩეულ ფონზე.

შექმნილი ფონები  შესაძლებელია უკვე გადავიტანოთ პროგრამა „Power point“-ის სლაიდებზე. ასევე, ფოტოს შეიძლება დავამატოთ მოძრავი ანიმაციები, სხვა გრაფიკული ობიექტები ან დავამატოთ ტექსტი. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ მოძრავი ანიმაციები მოძრაობენ მხოლოდ გაშვების რეჟიმში. შექმნილ სლაიდს შეგვიძლია დავადოთ ხმოვანი ეფექტი. შესაძლებელია ხმა ავტომატურ რეჟიმშიც გავუშვათ.

 datu1

datu2

  1. ტექსტის დამუშავებისთვის გამოვიყენოთ კორნელის ჩანაწერების მეთოდი
  • რატომ არის მნიშვნელოვანი ჩანაწერების გაკეთება?
  • როგორ ვაწარმოოთ ჩანაწერები კორნელის მეთოდით?
  • როგორ გამოვიყენოთ კორნელის ჩანაწერების მეთოდი კლასში?

  • ჩანაწერები ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
  • ინფორმაციის დამახსოვრებას;
  • ამარტივებს ინფორმაციისა და მონაცემების დახარისხებასა და დამუშავებას;
  • მოსწავლეებს უვითარდებათ დავალებაზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარები.

კორნელის ჩანაწერების ფორმის შესაქმნელად გვერდი გავყოთ 4 ნაწილად, როგორც ქვევითაა ნაჩვენები. გვერდის ზედა სტრიქონში შეგვაქვს სახელი და გვარი, კლასი, თარიღი, მოთხრობის სათაური. მარჯვენა სვეტში გავაკეთოთ ჩანაწერები. ეს შეიძლება იყოს საკვანძო სიტყვები, მნიშვნელოვანი სახელები ან თარიღები, დიაგრამები და სურათები, ფორმულები და სხვა. მარცხენა სვეტში დავწეროთ ძირითადი იდეები და შეკითხვები თემის ირგვლივ. ქვედა სტრიქონზე გავაკეთოთ მოკლე შეჯამება.

ჩანაწერების გაკეთების დროს შესაძლებელია საკუთარი სიტყვებით პერიფრაზირება, აბრევიატურების ან სიმბოლოების გამოყენება, განსხვავებული კონცეფციების ვიზულიზაციისთვის სხვადასხვა ფერების გამოყენება, მხოლოდ მნიშვნელოვანი, საკვანძო ინფორმაციის ჩაწერა, დიაგრამების, გრაფების გამოყენება.

სახელი:

გვარი:                             მოთხრობის სათაური:

კლასი:                       

თარიღი:                     

 

 

ძირითადი იდეები, შეკითხვები

 

 

 

 

 

ჩანაწერები ან ნახატი:

 

ü  საკვანძო სიტყვები

ü  მნიშვნელოვანი სახელები ან თარიღები

ü  დიაგრამები და სურათები

ü  ფორმულები

ü  და სხვა.

 

 

მოკლე შეჯამება

 

 

  1. როგორია შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელით დაგეგმილი გაკვეთილი?

გთავაზობთ გაკვეთილს, რომელიც ჩავატარე შებრუნებული საკლასო ოთახის გამოყენებით და რომელიც კითხვის უნარის გაუმჯობესებასა და წაკითხულის გააზრებას  უწყობს ხელს.

გაკვეთილის თემა:  „მზე ყველას ეყოფა“

საგანი:  ქართული

კლასი: მეორე

მიზანი: წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის გააზრება და შინაარსის გადმოცემა, დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. ისეთი უნარ-ჩვევებისა და პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარება, როგორიცაა წიგნიერება, სწავლის სწავლა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ხელშეწყობა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა.

 

 

მსვლელობა:

წინა დღით მოსწავლეებს ბუკებში ჩავუტვირთე პროგრამა „Power Point“-ში მომზადებული ელექტრონული წიგნი. მივეცი მითითება, რომ ყურადღებით წაეკითხათ და მოესმინათ ტექსტი, მოეფიქრებინათ კითხვებზე პასუხები. მომდევნო გაკვეთილზე უნდა შეგვესრულებინა დავალებები.

ამ დროს მოსწავლეები დამოუკიდებლად გაეცნობიან და დაამუშავებენ ელექტრონულ წიგნს. აღნიშნული რესურსის გამოყენებით ხალისით ხდება ახალი ტექსტის შესწავლა. მოსწავლეები კლასში შესასრულებელ დავალებებს ასრულებენ შინ, კლასში კი სრულდება სახლში მოსამზადებელი დავალებები.

აქტივობა 1:

ელექტრონული წიგნის განხილვა – მუშაობა კლასთან.

მოსწავლეებს დაურიგდებათ კორნელის გრაფა. მუშაობენ ინდივიდუალურად, შემდეგ აკეთებენ პრეზენტაციას.

აქტივობა 2:ახალ სიტყვებზე დაკვირვება და წინადადებების შედგენა

მოსწავლეს ვაძლევთ დავალებას – ახალი სიტყვების გამოყენებით შეადგინონ წინადადებები.

აქტივობა 3 წყვილში მუშაობა

მოსწავლეებს ვურიგებთ თაბახის ფურცლებს, სადაც მოცემულია დიაგრამა და უნდა დაწერონ დათუნიასა და მუხის ხის თვისებები. შემდეგ დიაგრამას გადმოვიტანთ დაფაზე და ვიმსჯელებთ.

dat3

 

 

აქტივობა  4ტესტები

მოსწავლეებს დაურიგდებათ თაბახის ფურცლებზე გამზადებული ტესტები, რომლებიც შედგება დახურული და ღია კითხვებისგან.

აღნიშნული დავალება ორიენტირებულია ტექსტის შინაარსის გახსენებაზე.

ტესტი

  1. დათუნია ცხოვრობდა

ა) უღრან  ტყეში;        ბ) ჭალაში;      გ) მდინარის ნაპირას.

  1. ხე, რომელმაც გამოუშვა მზის სითბო იყო

ა) წიფელი;            ბ) ნაძვი;      გ) მუხა.

  1. ტექსტში არ არის   ნახსენები

ა) მგელი;         ბ)კურდღელი;                   გ) ციყვი.

  1. კურდღლები, ციყვები და თაგვები თამაშობდნენ

ა) კალათბურს;     ბ) თხილბურთს;      გ) რკობურთს.

  1. ბურთი და მოედანი დარჩა დათუნას, ანუ

ა) ბურთი დარჩა;       ბ) მოედანი დარჩა;      გ)  გამარჯვება დარჩა.

  1. თხილბურთელები გულგახეთქილები გაიქცნენ, ანუ

ა) გახარებულები გაიქცნენ;    ბ) შეშინებულები გაიქცნენ;      გ) მოწყენილები გაიქცნენ.

  1. ტესტის მიხედვით მცივანა იყო

ა) ციყვი ;                       ბ)  თაგვი;               გ) დათუნია.

  1. გაიგონა მისი ხმა ________________  მუხამ

ა) ახალგაზრდა;         ბ)  ბებერმა;        გ) მწვანე.

  1. რას მოგიწყენია! მოდი, მოლზე ყველამ ერთად ვითამაშოთ და მუხაც შეგვირიგდება

ა) თქვა წრუწუნამ;      ბ) თქვა  მზემ;     გ)  თქვა   ციყვმა.

  1. ხის ტოტებიდან _____________  დაეშვნენ ციყვები

ა) პარაშუტებივით;     ბ) საოცრად;      გ)  ნელა.

  1. გაიხსენეთ და დაწერეთ ციყვის საყვედური:

  1. როგორ გამოასწორა დათუნიამ თავისი შეცდომა?

აქტივობა 5:   წყვილში შესასრულებელი სამუშაო

მოსწავლეებს ვაძლევთ შემდეგ დავალებას: ერთი მოსწავლე ფურცელზე დაწერს, რა მოეწონა ამ მოთხრობაში; მეორე კი – რა არ მოეწონა.

შემდეგ წაიკითხავენ ერთმანეთის მოსაზრებებს და შეაჯამებენ.

აუცილებელია, მოსაზრებები იყოს დასაბუთებული.

შედეგად, სასწავლო პროცესი გახდა საინტერესო და სახალისო, მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია, გაკვეთილზე მაღალი იყო ჩართულობის ხარისხი. მოსწავლეებს განუვითარდათ ის უნარები და კომპეტენციები, რომლებიც 21-ე საუკუნის უნარებად მოიაზრება. კერძოდ, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, დამოუკიდებლად მუშაობა, საკუთარი სწავლის მართვა, წიგნიერება.

გამოყენებულმა რესურსმა ხელი შეუწყო ისეთი სასწავლო უნარების განვითარებასაც, როგორიცაა ყურადღების კონცენტრაცია, აზრის გამოხატვა, პრეზენტაცია, გააზრება და ინტერპრეტაცია.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
  2. ტრენინგმოდულის „შებრუნებული საკლასო ოთახი“ მასალები – მარიკა ჩიტაძე

www.gesj.internet-academy.org.ge/download.php?id=2255.pdf&t=1 (წვდომის თარიღი: 31.01.2016)

https://www.ict.tpdc.ge/video/13   (წვდომის თარიღი: 31.01.2016)

 

ნინო დათუკიშვილი

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტმასწავლებელი

მე და ჩემი ტრენინგომანია

0

მსოფლიოში ბევრი მანია არსებობდა და არსებობს. ღრმა ბავშვობიდან მოყოლებული მახსოვს მამაჩემის სამეგობროს ბიტლომანია, ფეხბურთომანია, მონეტომანია და სხვა მრავალი. მანია ვიღაცისთვის შეიძლება იყოს კარგი, საშიში ან კიდევ მომაკვდინებელი. ადამიანს  მრავალი რამ გაუკელთილშობილებია კაცობრიობის არსებობის მანძილზე და არც მანია გახლავთ გამონაკლისი. ასე რომ, მანია მთელი თავისი პოზიტივით თუ ნეგატივით ახლავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. მაგალითად სერიალომანია, ყავამანია, ფეისბუქომანია, მესიჯომანია და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი. მაგრამ მოცემულ სტატიაში მინდა პროფესიულ მანიას შევეხო. ტრენინგომანიას, რომელიც ყველა სფეროში იმკვიდრებს თავს. გავარკვიოთ, ტრენინგი მითია თუ რეალობა ჩვენს ყოფით ცხოვრებაში. გავარღვიოთ დამკვიდრებული სტერეოტიპი და ვისაუბროთ ტრენინგომანიის პოზიტივზე, განსაკუთრებით კი პედაგოგთა კვალიფიკაციისა და პროფესიული ზრდის სემინარებს გავუსვათ ხაზი, ვინაიდან ჩვენს შემთხვევაში სწორედ ის წარმოდგენს ინტერესის სფეროს.

ჩემი პირველი ტრენინგომანია 2003 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც კოლეგის რეკომენდაციით აღმოვჩნდი ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგზე ცემში. მას შემდეგ ხელიდან არ გამიშვია არცერთი შესაძლო ვარიანტი, რაზეც კი ხელი მიმიწვდებოდა.

ხშირად მესმის კითხვები – რაღად გინდა ამდენი ტრენინგი, ვინ რაღა უნდა გვასწავლოს, ახალს რას ამბობენ ისეთს, ჩვენ რომ არ ვიცით. სავსებით მესმის და ვუგებ ჩვენს გამოცდილ, ინტელექტით სავსე პედაგოგებს. პედაგოგებს, რომლებიც საზოგადოებას მომავალ თაობას უზრდიან, რომლებიც მომავალ ისტორიას ძერწავენ. ხშირად გვისაუბრია ამ ინდიფერენტულ დამოკიდებულებაზე ჩემს ენთუზიასტ კოლეგებთან. მახსოვს, ერთხელ ჩემი ტრენერი და ამავდროულად კოლეგა ნინო დონდოლაძე გვიტარებდა ვორქშოფს, ჯგუფურ მუშაობაზე გვქონდა აქცენტი და საინტერესო რამ მოგვიყვა თავისი გამოცდილებიდან. გაიხსენა გურიაში ჩატარებული ტრენინგი ჯგუფურ მუშაობასთან დაკავშირებით ასაკით უფროს პედაგოგს უთქვამს: ,,მაი, ნენა, ჩვენთვის ახალი არაა, მაგას ჩვენ დროს ,,დასწავლა კოლექტიური წესით“ ერქვაო. ვეთანხმები ქალბატონს, საბჭოთა საქართველოში, სადაც ვიგოტსკის იცნობდნენ, ჯგუფური მუშაობა უცხო არ უნდა ყოფილიყო ჩვენთვის.

ჰოდა, აქედან გამომდინარე მეც ხშირად დავფიქრებულვარ, მართლა რატომ დავდივარ ამ ტრენინგებზე, ენთუზიაზმია მარტო მამოძრავებელი ძალა? მოტივაცია მართლა ხელფასია, როგორც ეს მავანთ და მავანთ მიაჩნია? რა თქმა უნდა, არა. მასწავლებლებს კუპონებზეც და უხელფასოდაც უმსახურიათ სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის.

აბა რა მხიბლავს ყველაზე მეტად, როცა ტრენინგებს  და სემინარებს ვესწრები?! რა მხიბლავს და ჩემი კოლეგების საინტერესო აზრები და პასუხები შეკითხვებზე, რომლებზეც ბევრი მიფიქრია, ვერ გადამიჭრია და თურმე ჩემს კოლეგებს რა მარტივი გზები უპოვიათ მათ გადასაწყვეტად. ტრენინგი ის ადგილია, სადაც ყველა შენს აზრს მეგობრულად ეცნობა, პასუხობს და აკრიტიკებს. შენ იძენ კრიტიკულ მეგობარს, რომელიც გაძლევს კონსტრუქციულ უკუკავშირს და არა ისეთს, როგორსაც წლებია მიჩვეულები ვართ: ,,უი, რა კარგი და რა მაგარი იყო“ – და მერე ზურგს უკან, სამასწავლებლოებსა და ოთახებში კულუარულად გარჩეული გაკვეთილები. ტრენინგებზე ღირებულია თითოეული გამოცდილი პრაქტიკოსი პედაგოგის რჩევა, გამოსავლის ერთად პოვნა და პროფესიული ზრდა.

დიახაც, ტრენინგომანიამ შეცვალა ჩვენი დამოკიდებულება, ღირებულებები და თანამშრომლობითი კულტურა, რაც პრაქტიკულად არ გაგვაჩნდა სკოლებში, რომელიც ჯერ კიდევ დანერგვის პროცესშია და არ გადასულა აქტიურ ფაზაში. ან კიდევ რამდენი ძლიერი, გამოცდილი პედაგოგი ამშვენებს სკოლას, მაგრამ ამაოდ. „ავმა ძაღლმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამაო“ – გვაქვს ქართველებს ერთი ასეთი შესანიშნავი ანდაზა. გამოცდილების გაზიარების სურვილი რამდენს არ უჩნდება კოლეგისთვის. ტრენინგი ის ადგილია, სადაც ყველამ ისწავლა აზრის გაზიარება, უფრო მეტიც, კონკრეტული აქტივობის ადაპტაციაზე პედაგოგთა ჯგუფი მუშაობს და ამრავლებს პრაქტიკას, ცოდნას, უნარს, მეთოდებს… ყველა ტრენინგიდან მიგვაქვს აქტივობა, რომელსაც ორშაბათის გაკვეთილზე შევიტანთ, გავახალისებთ და გავამრავალფეროვნებთ საგაკვეთილო პროცესს. მოსწავლის გახარებული სახით ხვდები, რომ რაღაცა ასიამოვნე, დღეს რაღაცა გამოგივიდა, რაღაცა ახალი იყო. და ყველაზე დიდი ის არის, რომ მადლობას უხდი შენს ტრენერსა თუ კოლეგას გაღებული ქონებისათვის, ქონება, რომელიც პედაგოგს გრჩება და გრჩება.

იყო წლები, როცა საქართველოს საერთოდ არ ჰქონდა ამ ფუფუნების საშუალება. ამ მხრივ ინგლისური ენის პედაგოგებს ამერიკისა და ბრიტანეთის საელჩოები გვანებრივნებდნენ. ჩვენთვის ახალი მიდგომები ადვილად მისაღები აღმოჩნდა და გაცილებით უფრო ადვილად ჩავებით სარეფორმო სისტემაში, ვიდრე სხვა საგნის მასწავლებლები. ამ მხრივ ფასდაუდებელია ETAG-ის საქმიანობა. ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციამ უამრავი ტრენინგი, სემინარი თუ ვორქშოფი შემოგვთავაზა და დაგვატრენინგა.

ყოველ ახალ ტრენინგზე ღებულობ ინფორმაციას, ერთვები აქტიურ ცხოვრებაში და არ აძლევ საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას. არსებობს უამრავი პროექტი, გაცვლითი პროგრამა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობები. სწორედ ტრენინგებია ის ადგილები, სადაც კოლეგებისაგან ფასდაუდებელ ინფორმაციებს ღებულობ. E

ETAG-ი საქართველოს ყველა რეგიონში ზრდის და ავითარებს ინგლისური ენის პედაგოგებს. ჩემს განვითარებაშიც მეტი წვლილი ETAG-ს ეკუთვნის. მინდა აქვე ვახსენო ნელი კუხალეიშვილი, იტაგის ბათუმის ჰედი, რომელიც დაუღალავად ატარებდა და ატარებს უწყვეტ ტრენინგებსა და ვორქშოფებს, რომელიც ახერხებს და არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. იგი ჩვენს ქალაქში ტრენინგომანიის დანერგვის ერთ–ერთი ინიციატორი და ინოვატორია.

ამ უწყვეტი ტრენინგების დამსახურებაა ისიც, რომ დღეს მდიდარი ვარ კოლეგა–მეგობრებით. ჩემს ფეისბუქის მეგობრებში უამრავი მასწავლებელია. მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, უნიჭიერესი, უმაგრესი ადამიანები. ერთმანეთს ერთი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ვაწვდით მასალებს, იდეებს და მხარდაჭერას სხვადასხვა საკითხებში.

ტრენინგომანიითა და ენთუზიაზმით შეპყრობილმა ამოვყავი თავი ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ხანგრძლივ ტრენინგზე. პროექტმა ,,ჰარმონიამ“ მოგვცა მოტივირებულ მასწავლებლებს რეალიზაციის საშუალება ზაფხულის ბანაკის, კონფერენციის და გაცვლითი პროგრამის ორგანიზების საშუალებით. 30 შერჩეულ მასწავლებელს გვაჩუქა დაუვიწყარი დღეები შტატებში. ტრენინგები და კულტურულ–შემეცნებითი აქტივობები ფასდაუდებელი აღმოჩნდა ჩვენთვის. ტრენინგები გვხვეწს და გვასწავლის აუდიტორიასთან მუშაობას. სწორედ ტრენინგომანიის დამსახურება იყო ისიც, რომ მე და ჩემმა ორმა კოლეგამ მონაწილეობა მივიღეთ მასწავლებელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელსაც ინგლისურის, როგორც უცხოური ენის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია ყოველწლიურად, გაზაფხულზე მართავს დიდ ბრიტანეთში. 2015 წელს 10–15 აპრილს რიგით 49–ე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა ქალაქ მანჩესტერში. ეს ინგლისური ენის სწავლებით დაინტერესებული საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. კონფერენცია 5 დღეს გრძელდება და მას 2500-ზე მეტი პროფესიონალი ესწრება 100-ზე მეტი ქვეყნიდან. სიამოვნებით დავარქმევდი ამ ადგილს პედაგოგთა სამოთხეს. ამდენი პროფესიონალი მასწავლებელი ერთად თავმოყრილი ნამდვილი საოცრებაა. წარვადგინეთ თემა შემდეგი სათაურით: „საუბრის უნარის განვითარება ვიდეოს გამოყენებით“. გამოგვეყო 45 წუთი ვორქშოფის წარსადგენად. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ საქართველომ 2015 წლის 12 აპრილს პირველად წარადგინა მოხსენება საერთაშორისო კონფერენციაზე. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. თავდაჯერებული გამოსვლა ამდენ კორიფეს შორის და ჩვენი ეს წარმატება სწორედ მრავალი წლის ტრენინგომანიის დამსახურება იყო. მართალია, დღეს ჰორიზონტი გაფართოვდა და დატრენინგება სახლის პირობებშიც შეგვიძლია, ოთახიდან გაუსვლელად. უამრავ ონლაინტრენინგს გვთავაზობენ საელჩოები. ამ ზაფხულში გავიარე ბრიტანეთის საკონსულოს მიერ შემოთავაზებული ონლაინტრენინგი, მაგრამ ტრენერთან და კოლეგებთან ერთად ჩატარებულ ტრენინგს, მერწმუნეთ, მაინც არაფერი არ სჯობს. ყველაზე დიდი მაინც ადამიანური რესურსია. ყოველი დანახული მიმიკა და ფიზიკურად განხორციელებული აქტივობა ფასდაუდებელია. ერთი გუნდის შეგრძნების პრინციპი და ერთად განხორციელებული შრომა ენთუზიაზმს და საკუთარი თავის რწმენას გმატებს.

ვიცი და დარწმუნებულიც ვარ, ჩემს ამ ტრენინგომანიისადმი დადებით დამოკიდებულებას კონტრარგუმენტებიც მოეძებნება, მაგრამ მაინც, კარგია თუ არა ტრენინგომანია? ამ შეკითხვას შეიძლება მარტივად ვუპასუხოთ. ჩვენი პროფესია ჩვენი ნაწილია. ასე რომ, შევცვალოთ ჩვენი პროფესიის კლიმატი. ტრენინგები კი ამისათვის საუკეთესო ხერხია. ტრენინგომანია იმედია უკეთესი საგაკვეთილო პროცესის წარმართვისათვის. ტრენინგები ზოგადად ის სივრცეა, სადაც მისაღებია ყველა ინდივიდის ნააზრევი და მოსალოდნელი კრიტიკა არ იწვევს შიშს. ტრენინგები ჩვენი ჰორიზონტის გაფართოებისა და გამდიდრების საშუალებაა.

Top of Form

მოსწავლეთა სწორი კვების ბარიკადებზე

0

ჯეიმი ოლივერი ექსცენტრიული შეფმზარეული და ტელეწამყვანია. წლებია იბრძვის სწორი სასკოლო კვებისათვის. მისი იდეა ინგლისისა და ამერიკის უამრავმა სკოლამ აიტაცა. ოლივერმა არაერთხელ აიმხედრა ხელისუფლება და მშობლები, მაგრამ ბევრისთვის ის კომპეტენტურ მრჩეველად, ჯანსაღი კვების მქადაგებლად და ფასფუდთან მებრძოლ რაინდად იქცა.

2000 წლიდან ოლივერი სერიოზულად დაკავდა ჯანსაღი კვების შესწავლით. კერძოდ, განათლების სისტემაში არსებული სასკოლო კვების ხარვეზებით. მან დაადგინა, რომ ბრიტანელი მოსწავლეების უმეტესობა ნახევრად-ფაბრიკატებით და სნეკებით იკვებებოდა. ასევე, მათ არასაკმარისი თანხა ეძლეოდათ მშობლებისგან, რათა სკოლაში ნორმალურად ეჭამათ. მზარეული ეყრდნობოდა კვლევას, რომლის მიხედვით ბრიტანეთის ზრდასრულ მოსახლეობას ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტად აწუხებდა ჭარბწონიანობის პრობლემა.  ჭარბწონიანობას უჩიოდა 11 წლამდე ასაკის 900 ათასი ბავშვი. ბოლო 50 წლის განმავლობაში კი ეს რიცხვი ორჯერ გაიზარდა.

2005 წელს მზარეულმა ფონდი Feed Me Better  დაარსა და სკოლის მოსწავლეებში სწორი კვების კულტურის პოპულარიზაციას მიჰყო ხელი. ოლივერი დარწმუნებული იყო, რომ სკოლის სასადილოებს ფერმერები უნდა ამარაგებდნენ. მენიუში კი აუცილებლად უნდა ყოფილიყო სეზონური ხილი. მისი თქმით, ყველა სახელმწიფო ვალდებულია აკონტროლოს პროდუქტების ხარისხი, მათი ვარგისიანობა და კვების რაციონის მრავალფეროვნება.

პირველ ექსპერიმენტში ჯეიმმა ლონდონის გრინვინჩის Kidbrooke სკოლა ჩართო, სადაც მან არა მარტო გადაასხვაფერა არსებული მენიუ, არამედ თვითონაც დაიწყო ახალი კერძების მომზადება. ეს პროცესი მან დოკუმენტური ფილმის ფარგლებში გადაიღო და Channel 4-ზე ჩაუშვა. შედეგად მას Most Inspiring Political Figure of 2005 წოდება მიენიჭა. ბრიტანეთის ხელისუფლებამ კი სასკოლო საუზმისთვის £280 მლნ. გამოყო, რაც სამ წელიწადზე გადანაწილდა. ოლივერმა ექსპერიმენტში ჩართული ლონდონური სკოლების წრეც სწრაფად გააფართოვა.

რა არ მოეწონა ჯეიმი ოლივერს სასკოლო მენიუში? ვიდრე მზარეული ბრიტანული სკოლების სადილებს მიაქცევდა ყურადღებას, მენიუში შედიოდა ბურგერები, სოსისის როლები, ინდაურის ხორცი, თევზის ჩხირები, ჩიფსები და ვანილის პუდინგი. ოლივერმა უარყო ეს მენიუ და სკოლები მოამარაგა სოსისით, შემწვარი კარტოფილით, როსტბიფით, ხილითა და მოხარშული ორცხობილებით. ეს ნაკრები ჩვეულ მენიუზე ორჯერ ნაკლებკალორიული იყო.

ამ რადიკალურ ნაბიჯს 2006 წელს ქალაქ როუმარშში მცხოვრები მშობელთა პროტესტი მოყვა. მათ მიიჩნიეს, რომ მზარეულის მიერ შემოთავაზებული საკვები ადგილობრივ პროდუქტთან შედარებით ძვირადღირებული და უხარისხო იყო. მშობლები აცხადებდნენ, რომ მოსწავლეებს არ ჰყოფნით პატარა პორციები, რომლებსაც ოლივერი სთავაზობს. ისინი დემონსტრაციულად ყიდულობდნენ შვილებისთვის ფასტფუდს.

ოლივერი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა ენდრიუ ლანსლიმაც გააკრიტიკა.

მან მზარეული „ერისთვის ნოტაციების კითხვაში“ დაადანაშაულა. ოლივერი კი თავის იდეას მიჰყვებოდა და 2010 წლისთვის გრინვიჩის 80 სკოლა აითვისა. „თუ სახელმწიფო იმაზე აგებს პასუხს, რასაც 190 დღის განმავლობაში 4-დან 18 წლის ბავშვებს აჭმევს სკოლაში, მაშინ სამომავლოდაც იყოს პასუხისმგებელი მათ ჯანმრთელობაზე“, –  განაცხადა ცნობილმა მზარეულმა. საცდელი პროექტის ფარგლებში მან დაიანგარიშა, რომ იმ სკოლაში, სადაც მენიუ შეიცვალა, ფრიადოსნთა რაოდენობამაც 6%-ით იმატა.

Dily Mail-ის მონაცემებით კი სკოლის სასადილოთი მოსარგებლე ბავშვების რაოდენობა 400 ათასამდე შემცირდა და ახლა აქ მხოლოდ ყოველი მესამე მოსწავლე იკვებებოდა. განათლების მინისტრის მოადგილის, დევიდ ლოუსის აზრით, ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ კვების ახალ სტანდარტებს სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები მოუმზადებლები შეხვდნენ. კვების ჩვევა სათავეს ოჯახიდან იღებს. ამიტომ სკოლა ვერ შეძლებს ჯანსაღი კვების მიმართ მშობლებისა და მოსწავლეების მგრძნობელობის გაზრდას.

ასეთი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებების მიუხედავად, 2010 წელს ოლივერმა ამერიკის დასაპყრობად გასწია. ამერიკა ჭარბწონიანობის მიმართულებით მსოფლიო რუქაზე მეორე ადგილს იკავებდა. ჭარბ წონას აქ ყოველი მესამე მოქალაქე უჩივის. 1980 წლიდან კი ეს მაჩვენებელი სამჯერაა გაზრდილი. ჭარბწონიანობა პროვოცირებას უწევს სხვა დაავადებებს, რომელთა მკურნალობაზე აშშ-ის სამედიცინო ხარჯების 27%-ია მიმართული. ჟურნალ Health Affairs-ის ინფორმაციით, ამერიკელი ბავშვები სნეკებიდან კალორიების დღიური ნორმის ნახევარს იღებენ, რაც ზრდის დიაბეტისა და ჰიპერტონიის რისკს. ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის კვლევით დადასტურდა, რომ 2-დამ 18 წლამდე ბავშვები დღის განმავლობაში საერთოდ არაფერს ჭამენ ფასფუდის გარდა, რაც ძირითადად ოჯახის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირდება.

აშშ-ის სასკოლო კვება მნიშვნელოვნად განსხვავდება ბრიტანულისგან. საუზმეზე ბავშვებს პიცას აჭმევენ, სადილზე კი ნაგეტსებს. პრობლემას ამძაფრებს სნეკებისა და კოკა-კოლის აპარატები. ასეთი აპარატების 16% სწორედ სკოლებშია განთავსებული. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიშელ ობამას ინიციატივით, ავტომატის საკვების შეცვლა მიუსლით და ხილით დაიწყეს.

აშშ-ში ოლივერმა თავისი პროექტი დასავლეთ ვირჯინიაში მდებარე ქალაქ ჰანტინგტონის დოკუმენტალური შოუ Jamie’s Food Revolution-ით დაიწყო. საპილოტე სერიაში მან პირველკლასელთა ცოდნა შეამოწმა შეკითხვით – საიდან ჩნდება საკვები. ტელეწამყვანი ბავშვებს ბოსტნეულს აჩვენებდა და ეკითხებოდა, რა ეჭირა ხელში. ბაშვები არასწორ პასუხებს იძლეოდნენ. „ბავშვებმა საერთოდ არ იციან, რისგან კეთდება საჭმელი. ეს უნდა ვასწავლოთ“, – აღშფოთდა შეფმზარეული.

ჰანტინგტონში ოლივერმა კომუნალური სამზარეულო გახსნა, სადაც ბავშვებს სამზარეულოს ჭურჭლით სარგებლობას ასწავლიდა და ზოგჯერ მათთვის საჭმელსაც ამზადებდა. თუმცა მისი გარჯა არც ბავშვებმა, არც სკოლის მზარეულებმა არ დააფასეს. მიუხედავად ამისა, ოლივერის შოუმ „ემმის“ პრემია აიღო და მეორე სეზონიც დაემატა. „საქმე ისაა, რომ რაღაცის შეცვლა ძალიან რთულია. თუ ეცდები შუქი მოჰფინო ყველაზე ბნელ ქალაქს, ძვირად დაგიჯდება. შეუძლებელია ამის მეგობრულ გარემოში განხორციელება, რადგან ყველაფერი უნდა შეიცვალოს: ბიზნესი, ორგანიზაციების ხედვა და სხვადასხვა სტრუქტურების სტრატეგია. ეს კი არავის მოსწონს“, – ხსნის ტელეწამყვანი.

ოლივერმა ფოკუსის შეცვლა და აშშ-ის მოსახლეობისთვის იმის დამტკიცება გადაწყვიტა, რომ ფასფუდი მავნებელია. მეორე სეზონის ერთ-ერთ სერიაში ოლივერმა მოჰყვა, რომ ჰამბურგერი მზადდება ამიაკით დამუშავებული ხორცისა და ცხიმისგან. მან აჩვენა, თუ როგორ ცხელდება 100 გრადუსზე შედარებით ცხიმიანი ხორცის ნაჭრები, როგორ თავისუფლდება ცხიმისგან, დარჩენილი მასა კი ამიაკით მუშავდება, რათა ბაქტერიებისგან გაიწმინდოს. ოლივერმა ამ მასას „ვარდისფერი ლორწო“ უწოდა.

შოუს შემდეგ შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა მშობლებმა სოციალურ ქსელებში ტექსტუირებული საქონლის ხორცის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს, რის შემდეგაც აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სკოლებს ნება დართო თავად გადაეწყვიტათ, გამოიყენებდნენ თუ არა ხორცს სასკოლო მენიუში.

შოუს ტრანსლაციის შემდეგ ჯეიმის ოფისთან მოსწავლეთა მშობლები შეიკრიბნენ. მათ ბავშვებისთვის განკუთვნილი საუზმე მოიტანეს და შეფმზარეულს შეფასება თხოვეს. შეფმზარეულმა კრიტიკის ცეცხლში გაატარა მიკროტალღურ ღუმელში  გასაცხელებელი ნახევრად-ფაბრიკატები. მშობელთა უმრავლესობის მხარდაჭერის მიუხედავად, ოლივერს აეკრძალა ლოს-ანჟელესის სკოლებში გამოჩენა.

ამის მერე ოლივერმა ზედმეტად ტკბილი სასმელების წინააღმდეგ გალაშქრება სცადა.  რათა საზოგადოებას უფრო თვალსაჩინოდ ენახა, ლოს-ანჟელესის სკოლებში რამდენ შაქარს ამატებენ ბავშვებისთვის განკუთვნილ რძეში ერთი კვირის განმავლობაში, მან სასკოლო ავტობუსი შაქრის ფხვნილით აავსო და კარ-ფანჯრიდან დაცალა. ავტობუსში 57 ტონა შაქარი ჩაეტია! „ნებისმიერი მოსამართლე, რომელიც საკუთარი თვალით ნახავს სტატისტიკურ მონაცემებს, ასეთ ქმედებას ბავშვების წამებად აღიარებს“, – ამბობს ოლივერი. მსგავსი პერფორმანსის გამოყენებით შეფმზარეულმა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა Coca-Cola-ს ევროპული თავმჯდომარე ჯეიმს ქვინსი. „გაზიანი სასმელით თუ ჭყიპავთ თქვენს ბავშვებს, მახინჯი ხართ, ჩიფსებსაც თუ აჭმევთ – იდიოტი. თქვენი შვილი არ ჭამს ნორმალურ, ცხელ სადილს და გირჩევთ ეს შეცდომა დროულად გამოასწოროთ“, – მოუწოდა ამბოხებულმა მზარეულმა.

ბრიტანეთში დაბრუნებულმა ოლივერმა გააანალიზა რა სასკოლო მენიუს შეცვლის კამპანიის წარმატება, გადაწყვიტა ოჯახის დონეზე შეეცვალა კვებისადმი დამოკიდებულება: „არ არის საჭირო ადამიანს დღეში ხუთჯერ ამცნო, რომ ყველაფერი ცუდად აქვს. უბრალოდ, მასთან ახლოს უნდა იყო. აუცილებელია იმ პლატფორმების შექმნა, სადაც ადამიანი უფასოდ ისწავლის კერძების მომზადებას“, – დარწმუნებულია შეფმზარეული.

ახლა სწორი კვებისთვის მებრძოლი შეფმზარეული ბრიტანეთის მასშტაბით „კვების სამინისტროებს“ ხსნის. აქ საჭმლის მომზადების მთავარ უნარებს ასწავლიან, რათა შემდგომში ადამიანებმა უარი თქვან ნახევრად-ფაბრიკატებზე. პროექტისთვის £130 მლნ გრანტი გამოიყო. პროექტის ფარგლებში საკვების დამუშავებას და კერძების მომზადებას 8 ათასი ადამიანი ისწავლის.

ფარ-ხმალს არც ოლივერის კრიტიკოსები ყრიან. ისინი აცხადებენ, რომ ოლივერი შოუს აკეთებს და ფულზე „იყიდება“, ის ხომ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ანაზღაურებადი მზარეულია. მისი ქონება  £150 მლნ არის შეფასებული. ფლობს ბიზნესიმპერიას, რომელიც მოიცავს რესტორნებს, კვების პროდუქტის წარმოებებს, სამზარეულოს ჭურჭელს, წიგნებს, ჟურნალებს და DVD. შარშან მან £44 მლნ მოგება ნახა.

„მინდა რომელიმე საგრაფოში მუნიციპალური პროგრამა დავიწყო და ყველა ადგილობრივი სკოლა მოვიცვა: ვასწავლო სასადილოების თანამშრომლებს, მოვეხმარო თანამედროვე სამზარეულოების გამართვაში, უფასოდ ვკვებო ბავშვები… მაგრამ მხოლოდ ამით ვერ შემოვიფარგლებით. უნდა შეიქმნას დიდი პროექტი, რომელიც ნებისმიერ ადგილს მოერგება. ამას ფული სჭირდება“, – ასეთია ოლივერის პასუხი.

მნემოტექნიკის  ელემენტების გამოყენება ისტორიისა და სამოქალაქო განათლების  გაკვეთილებზე

0

მახსოვრობის  პრობლემა  უძველესი დროიდან იყო აქტუალური, მაგრამ ის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ინფორმაციის უსაზღვრო ნაკადი შემოვიდა. საკითხმა უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა მოსწავლეებისთვისაც, რადგან მათ განსაკუთრებით მოეთხოვებათ აქტიური გონებრივი მოღვაწეობა, ამიტომ სასკოლო ცხოვრებაში  მოსწავლის მახსოვრობის პრობლემის გამოკვეთა დღეს არავისთვისაა უცხო და მოულოდნელი. მასალის დამახსოვრებისა და გამტკიცებისთვის მოსწავლეები   ტექსტებს ზეპირად იმახსოვრებენ,  მაგრამ შეგვიძლია მოსწავლეებს დამახსოვრების  სხვადასხვა მეთოდი  შევთავაზოთ და  სწავლა შედარებით მარტივ და საინტერესო  პროცესად გადაიქცევა.

პედაგოგიკის მეცნიერებაში ბევრი კვლევა გვხვდება მახსოვრობის პრობლემებსა  და მის ურიერთკავშირზე ასაკობრივ თავისებურებებთან (ლ. ვიგოცკი), მაგრამ  ამ საკითხზე არანაკლებ გვიფიქრია მოქმედ მასწავლებლებსაც. განსაკუთრებით ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს,  რადგან საგნობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე მოსწავლეებს ხშირად უწევთ რთული  ტერმინებისა და განსაზღვრებების დასწავლა. ამიტომ  ეს საკითხი მუდმივად ყურადღების ცენტრშია.

კვლევების მიხედვით, რაიმე მასალა დამახსოვრების მიზნით ოთხჯერ მაინც უნდა გავიმეოროთ: პირველად – გავიმეორეოთ დამახსოვრებისთანავე;  მეორედ – 20-30 წთ-ის შემდეგ; მესამედ – ერთი დღის შემდეგ; მეოთხედ- ორი-სამი კვირის შემდეგ  (ამასთანავე, ეფექტისთვის, განმეორებას აქტიური ხასიათი უნდა ჰქონდეს, ვიდრე პასიური კითხვის ან თუნდაც გადახედვის და გადაკითხვის დროს ხდება). თუმცა პედაგოგიკის მეცნიერები გვირჩევენ, მახსოვრობის გაუმჯობესებისათვის ფართოდ ჩავრთოთ  სწავლებაში მნემოტექნიკის ელემენტები, რომელიც ხელს უწყობს სიტყვების, რიცხვების და დიდი მოცულობის ინფორმაციის დამახსოვრებას. მნემოტექნიკა სავარჯიშოების კიდევ უფრო ფართო  სპექტრს გვთავაზობს, რადგან   იგი  სხვადასხვა მიდგომებისა და სისტემის ნაზავია, რომელიც  მიმართულია მეხსიერებაში ინფორმაციის  შენახვასა  და გარდაქმნაზე. მნემოტექნიკა – ეს  „დამახსოვრების ხელოვნება“, იმ  წესებისა და ხერხების ერთობლიობაა, რომლებიც გამოგონილია საჭირო ცნობების დახსომების გასაადვილებლად ხელოვნური ასოციაციების შექმნის გზით.

მნემონიკას  ერთობ ინდივიდუალური ხასიათი გააჩნია: ზოგი უკეთესად იმახსოვრებს  ციფრებს, ზოგიც – ხატოვან გამოთქმებს, მაგრამ ზოგადად, მნემოტექნიკის „საიდუმლო“ ძალიან მარტივია: ადამიანი თავის წარმოსახვაში გააერთიანებს რამდენიმე ვიზუალურ  სახეს. ტვინი აფიქსირებს ამ ურთიერთკავშირს, და შემდეგ, ერთ-ერთის გახსენების შედეგად ის ადრე დამახსოვრებულ სახეებს აღიდგენს.  კავშირის განსამტკიცებლად მნიშნელოვანია, რომ:

ა) ვიპოვოთ ასეთი სიტყვა;

ბ) გავაძლიეროთ ის  ვიზუალური სურათით, წარმოსახვით;

გ) გავაკეთოთ ახსნა-განმარტება – რატომ გაკეთდა ასე, რატომ მოგივიდათ თავში ამგვარი აზრი.

მეთოდის   თანახმად   დამახსოვრებისთვის  აუცილებელია,  მოსწავლემ შეძლოს შემდეგი სააზროვნო ოპერაციების შესრულება: საკითხის გააზრება;   დაინტერესება; საყრდენი სიტყვის მოძიება;  სიტყვებს  შორის  მსგავსების გამოვლენა; დროდადრო  დამახსოვრება; მიზნის დასახვა (“სერიოზულად და ხანგრძლივად“);  შინაარსი;  შთაბეჭდილება; კონტექსტი; მოცულობა;  განმეორება; „საწყისის და დასასრულის“  პოვნა; დაჯგუფება, კლასიფიცირება; ასოციაცია; სქემატიზაცია; მასალის სტრუქტურირება   და ა.შ.

განვიხილოთ მნემოტექნიკის  რამდენიმე დავალება, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება,  ადვილად აითვისოს ინფორმაცია ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე. მაგალითად,

I სქემატიზაცია:

ა) მასწავლებლის  კარნახის  მიხედვით  (ყოველ 10-15 წმ.) დაიმახსოვრეთ  თარიღები,  დასრულების შემდეგ კი ისინი ისე უნდა ჩამოწეროთ, როგორი  თანმიმდევრობითაც იყო ნაკარნახევი;

ბ) შედეგების შემოწმება: მასწავლებლის მითითებით, ერთ-ერთი მოსწავლე ჩამოთვლის დამახსოვრებულ სიტყვებს,  სხვები კი ამოწმებენ.

 

II –  სიტყვებს  შორის  მსგავსების გამოვლენა:

ცნებების დამახსოვრებისთვის იპოვეთ მსგავსება სიტყვებს შორის –

  • ისტორიული ტერმინი „სამოქალაქო ომი“ – ანუ ესაა ომი ერთი ქვეყნის მოქალაქეებს შორის;

·         ოქროს  ურდოს  დედაქალაქი  სარაი – გაავლეთ პარალელი  მონღოლების ცხოვრების  წესსა  და  მშენებლობას შორის (მომთაბარე ცხოვრების წესიდან გამომდინარე  მონღოლები არ აგებდნენ მონუმენტურ  ნაგებობებს. ყველაზე უკეთესად  მათ  გამოსდიოდათ სარაი /(სარაი (რუს.) – არასაცხოვრებელი შენობა სამეურნეო საქმიანობისთვის);

  • ტერმინი „ბენილუქსი“= ბელგია+ნიდერლანდია+ლუქსემბურგი;
  • და ა.შ.

III –  დამახსოვრება საყრდენი სიტყვის გამოყენებით:

მაგალითად, არგონავტები  მიცურავდნენ   ხომალდ „არგოთი“, დააკავშირეთ მასთან სიტყვები „კოსმონავტი“  და  „ასტრონავტი“:  ძველად  ადამიანები მოგზაურობისთვის იყენებდნენ ხომალდს,  არგონავტები მიცურავდნენ ხომალდით „არგო“,  კოსმონავტიც  და ასტრონავტიც  კოსმოსურ  „ხომალდში“  იმყოფება, კოსმოსში „დაცურავს“(სურ.1):

fi1

  1. IV) ასოციაცია:

 ა) თავისუფალი  ასოციაცია: სწავლის დაწყებით საფეხურზე  ახალი  ცნება „რეფორმის“ ახსნისთვის  შესაძლებელია გამოვიყენოთ  რამდენიმე მოქმედება:

  1. დაფაზე დავწეროთ სიტყვა „რეფორმა“;
  2. შეკითხვა მოსწავლეებს: ვინ იცის, რას აღნიშნავს ეს სიტყვა?

– ცხადია, ბავშვების უმეტესობამ არ იცის სიტყვის მნიშვნელობა.

  1. თქვენთვის ნაცნობ რომელ სიტყვას გაგონებთ ის?

– ძალიან კარგი, თქვენ შესძელით და იპოვეთ ის სიტყვა, რომელიც ნაცნობია თქვენთვის – „ფორმა“;

  1. თქვენი აზრით, ყველა საგანს გააჩნია „ფორმა“?

 – „დიახ, ყველას თავისი ფორმა აქვს“;

  1. აქვს თუ არა, მაგალითად, ფორმა საჰაერო ბუშტს?

– დიახ, აქვს;

  1. მაშინ მე ამ ბუშტზე დავწერ სიტყვა „ფორმას“, და სიტყვის რომელი ნაწილი დაგვრჩა გაურკვეველი? ესაა „რე“ (ფორმა);
  2. გაგონებთ რამეს ნაწილაკი „რე“? მაგალითად, „რევოლვერს“?

-დიახ;

  1. შეიძლება თუ არა რევოლვერიდან გასროლა?

-დიახ;

  1. და თუ ვესვრით საჰაერო ბუშტს, რა მოუვა მას? მოდით შევამოწმოთ. აქ კი ბავშვებში ჩაერთვება არამარტო მხედველობითი, არამედ ემოციური მახსოვრობაც და

– ბურთი გაიხევა;

  1. რა მოუვიდა ბურთის ფორმას?

– ის ფორმას შეიცვლის;

  1. ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს უნდა იყოს ის სიტყვა, რომელიც აღნიშნავს რაიმე ცვლილებას: რეფორმა -ცვლილება.
  2. ახლა ვნახოთ რას გვეუბნება სახელმღვანელო?

– იმავეს, ჩვენი აზრი დამტკიცდა.

  1. სიტყვის დამახსოვრების მთავარი პრინციპია კავშირის ძიება, ახალი სიტყვა უნდა „მივაბათ, დავაკავშიროთ“ უკვე ცნობილ სიტყვასთან.
  2. დამახსოვრებისთვის ამჯერად  ჩვენ გამოვიყენეთ ფანტაზია და ნახატი.

ბ) ასოციაცია – ფანტაზია, ნახატი:  

ნახატი და ფანტაზია გვეხმარება დავიმახსოვროთ არამარტო ცალკეული ისტორიული პიროვნებები და  მოვლენები, არამედ ისტორიული ანდა საზოგადოებრივი ტერმინები. მაგალითად, განვიხილოთ  სიტყვა „პროგრესი“ :

  1. დავწეროთ დაფაზე სიტყვა „პროგრესი“
  2. რაიმე მისანიშნებელი სიტყვა აქ არ გვაქვს. გამოსავალი ფანტაზიაა, ან რაიმე ნახატი.  პირველი  ასო-ბგერა „პ“ დავწეროთ  გამოცალკავებით, დიდი შრიფტით;
  3.   დავაკვირდეთ ხელის მოძრაობას, საიდან საით, რა მიმართულებით ვწერთ სიტყვას?
  • ქვემოდან ზევით.
  • fi2
  1. შეკითხვა მოსწავლეებს: რას გაგონებთ ეს სიტყვა?

      – ზემოთ სვლას.

  1. ანუ  შეიძლება ითქვას  რომ  ის ჰგავს უფრო დაბალი საფეხურებიდან უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას? წინსვლას?

        – დიახ.

  1. დავწეროთ ნახატის გვერდით ჩენი ვარაუდი, შემდეგ კი შევუდაროთ სახელმძღვანელოს განმარტებას –fi3

 –  პროგრესი (ლათ. progressus, მოძრაობა წინ, წარმატება) —

განვითარება, წინსვლა; განვითარების უფრო დაბალი საფეხურებიდან უფრო

მაღალ საფეხურებზე ასვლა.

  1. რა საერთოა ამ ორ განმარტებას შორის?

        -იგივე, ჩვენი აზრი დამტკიცდა;

  1. დამახსოვრებისთვის ჩვენ გამოვიყენეთ ფანტაზია და ნახატი.

Vმნემოტექნიკა შეიძლება გამოვიყენოთ ისტორიული თარიღების დამახსოვრებისთვისაც, რომლითაც საკმაოდ გადატვირთულია სახელმძღვანელოები.

  1. მაგალითად, რომის დაარსების  წელი შემდეგნაირად შეიძლება დავიმახსოვროთ:

ა)  უპირველესად მოვიგონოთ  მარტივი ახსნა-განმარტება დროის ხაზის შესახებ. შემდეგ  ვივარაუდოთ, რომ თქვენ იმყოფებით „ძველი“ და „ახალი“ წელთაღრიცხვების მიჯნაზე (მაგალითად, მარჯვენა ხელი –  ეს ახალი ერაა, მარცხენა ხელი – ძველი ერა, ჩვენს დრომდე არსებული წლები, „მინუსი“, „უარყოფითი“  რიცხვები);

ბ)  რომი დაარსდა ძვ.წ. 753 წელს,  ესაა  თუ  ბოლოდან  დავწერთ  რიცხვებს  (თავიდან ნულამდე თითო წლის გამოკლებით) მათი  თანმიმდევრობა ასეთი იქნება – х9х7х5х3х1х0х – შუა რიცხვი  არის  რომის დაარსების წელი.

  1. მონღოლები საქართველოში ბატონობდნენ 1235 წლიდან დაახლოებით 1335 წლამდე,  თითქმის 100 წელი და ა.შ.

VI –„ჭის“ პრინციპი დაფუძნებულია საუკუნეების ურთიერთპროექციაზე: დამახსოვრებისთვის სასარგებლოა დავიმახსოვროთ ბოლო ორი ციფრი. მაგალითად, ა) „ხრუჩოვი გადააყენეს 1964 წელს, შექსპირის 40 წლისთავზე“ –  ცხადია, შექსპირს არანაირი  როლი ხრუჩოვის ბიოგრაფიაში არ შეუსრულებია, მაგრამ დამთხვევა საინტერესოა („ჭა“ –  1564-1964);

ბ)1225 წელს მოხდა გარნისის ბრძოლა, 1625 წელს მოხდა მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლები, ანუ დაახლოებით  400 წლის შემდეგ და ა.შ.

VII  დამახსოვრება  რიგობითი ნომრის მიხედვით:

მეფეთა სახელების და შესაბამისი ეპოქების დამახსოვრებისათვის ეფექტურია მათი დამახსოვრება  რიგობითი ნომრის მიხედვით: მაგალითად,

 

 

დავით IV გიორგი V ვახტანგ VI გიორგი VII გიორგი VIII დავით IX დავით

X

გიორგი XI გიორგი XII
XI-XII სს. XIII-XIV სს. XVIII სს. XV  ს-ის ბოლოს და XVI ს-ის დამდეგს XV ს. შუა ხანები XIV -XVსს. შუა წწ. XVI ს-ის დამდეგი XVIII სს. XVIII სს.

VIII- უკეთესად გვამახსოვრდება ასევე ის ფრაზები, რომელიც რიცხვით ინფორმაციას   შეიცავენ.

 მაგალითად: „მსოფლიოს 7  საოცრება“, „ძველი რომის 7 ბორცვი“, „300 არაგველი“, „300 სპარტელი“, „9 ძმა ხერხეულიძე“, „12 მოციქული“, 8 მსოფლიო საეკლესიო კრება და ა.შ.

IX ინტელექტ-სქემების აგება:

 სწავლის ზედა საფეხურზე მოსწავლეები ადგენენ ინტელექტ-სქემებსაც (მენტალურ რუკებს, ასოციაციებს), რომელთაც ასევე მნემოტექნიკა უდევთ საფუძვლად. ის მოსახერხებელია მიზნის განსაზღვრისა და ინფორმაციის სტრუქტურირებისათვის. მისი აგებისათვის ფურცლის ცენტრში ვათავსებთ ნახატს ან სიმბოლო-ცნებას წარწერით (მაგ. სახელმძღვანელოს სახელწოდება). შემდეგ ცენტრალური ობიექტიდან ფურცლის ბოლოებისკენ ავაგებთ ჯაჭვს იმ ცნება-სიმბოლოთი, რომელიც ასახავს შესასწავლი  მასალის სტრუქტურას. ასეთი პრინციპით აგებულ „ტექსტს“ ტვინი უკეთ იმახსოვრებს, ვიდრე მომქანცველ ინფორმაციას, მოსწავლეებს კი მდიდარი ფანტაზიის წყალობით  სრულიადაც არ უჭირთ ასოციაციური კავშირების დამყარება.

fi4

მნემოტექნიკის გამოყენებით ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილები გაცილებით საინტერესო და შემოქმედებითი  ხასიათისაა და  ხელს უწყობს მოსწავლეთა შემეცნებითი საქმიანობის განვითარებას.

სასკოლო ცხოვრება და თვითშეფასება

0

როგორ აფასებს და განიცდის მოსწავლე საკუთარ თავს? თვითშეფასებასთან დაკავშირებით მასწავლებელმა, სულ მცირე, ორი კითხვა უნდა დასვას:

  1. როგორია მოსწავლის თვითშეფასების გავლენა სკოლაში მის ქცევაზე?
  2. რა გავლენას ახდენს სასკოლო ცხოვრება მოსწავლის თვითშეფასებაზე?

ვუპასუხოთ პირველ კითხვას. კვლევებმა აჩვენა, რომ სკოლაში წარმატების მეტი შანსი აქვთ მაღალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეებს, თუმცა ამ ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი იცვლება იმის მიხედვით, კვლევის რომელ მეთოდებს ვიყენებთ მოსწავლის მახასიათებლების გათვალისწინებით. ლონგიტუდური კვლევა ცხადყოფს, რომ პოზიტიური თვითრწმენა დაკავშირებულია აკადემიურ მიღწევებთან, განსაკუთრებით – თუ ის სპეციფიკურია და შეესაბამება შესასწავლ საგანს, მაგრამ ამ ურთიერთდამოკიდებულების მაჩვენებელი, საზოგადოდ, დაბალია. რა თქმა უნდა, ორ პარამეტრს შორის კავშირი არ ნიშნავს, რომ ერთი მეორეს იწვევს. შესაძლოა, სწორედ წარმატებას და პოპულარობას მივყავდეთ საკუთარი თავის პატივისცემასთან (მაღალ თვითშეფასებასთან) და არა პირიქით. ფაქტობრივად, ორივე ვარიანტი დასაშვებია.

მეორე კითხვაა, რა გავლენას ახდენს სკოლა თვითშეფასებაზე, მნიშვნელოვანია თუ არა მისი როლი ამ კუთხით. მოსწავლეთა თვითშეფასებაში სკოლის როლი არაერთხელ ქცეულა კამათის საგნად. ერთ-ერთი სკოლის მე-6 კლასზე ორწლიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ როცა მოსწავლე კმაყოფილია სკოლით, მოსწონს მასწავლებლები და გაკვეთილებიც აინტერესებს, ყოველივე ეს, მასწავლებელთა შეფასებასთან ერთად, დიდ გავლენას ახდენს მის თვითშეფასებაზე. ფიზიკურ აღზრდაში მასწავლებლის აზრს განსაკუთრებული მნიშვნელობა აღმოაჩნდა მოსწავლეთა მიერ საკუთარი ათლეტური უნარის გაცნობიერებისთვის. დაბალუნარიანთა ჯგუფში ყოფნას ან სწავლაში ჩამორჩენას თვითშეფასებაზე, როგორც ჩანს, ნეგატიური გავლენა აქვს, ხოლო თანადგომისა და თანამშრომლობის პირობებში სწავლა დადებითად მოქმედებს.

დაახლოებით 125 წლის წინ ფსიქოლოგმა უილიამ ჯემსმა (1890) განაცხადა, რომ თვითშეფასება იმით განისაზღვრება, როგორი წარმატებით ვაღწევთ ჩვენთვის ფასეულ მიზნებს. როდესაც მიზანი მნიშვნელოვანი არ არის, მისი მიუღწევლობა თვითშეფასებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მოწაფეებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებში უნდა მიაღწიონ წარმატებას. ასევე მნიშვნელოვანია, რით ხსნის პიროვნება თავის წარმატებასა თუ მარცხს. მაღალი თვითშეფასებისთვის საჭიროა, მოსწავლემ წარმატება საკუთარ ქმედებებს მიაწეროს  და არა იღბალს ან ვისიმე დახმარებას.

მასწავლებელთა დამოკიდებულებამ, შეფასებამ, მზრუნველმა ურთიერთობამ შესაძლოა შეცვალოს მოსწავლის წარმოდგენა საკუთარ უნარ-შესაძლებლობებზე ამა თუ იმ საკითხში. თვითშეფასება განსაკუთრებით მაშინ იწევს მაღლა, როცა იზრდება მოსაწავლის კომპეტენტურობა მისთვის მნიშვნელოვან სფეროებში, მათ შორის – სოციალურშიც, რომელიც მოზარდ ასაკში მეტად დიდ მნიშვნელობას იძენს. ამგვარად, მასწავლებლის უმთავრესი ამოცანაა, მოსწავლეს მნიშვნელოვან საკითხებში გარკვევასა და უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმაროს.

როგორ უნდა მოიქცნენ მასწავლებლები, რომელთაც ასეთი პასუხისმგებლობა აკისრიათ? გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

◦ დააფასეთ და მიიღეთ ყველა მოსწავლე, მათი მცდელობები და მიღწევები.

◦ შეუქმენით მოსწავლეებს ფიზიკურად და ფსიქიკურად უსაფრთხო გარემო.

◦ გააანალიზეთ თქვენი წინასწარი განწყობა და მოლოდინი.

◦ დარწმუნდით, რომ სწავლებისთვის თქვენ მიერ გამოყენებული ხერხები და მოსწავლეთა დაჯგუფება ნამდვილად საჭიროა და არ არის მხოლოდ მოხერხებული გზა რთული მოსწავლეების სამართავად თუ ზოგიერთი მოსწავლისთვის თავის ასარიდებლად.

◦ შეიმუშავეთ შეფასების მკაფიო სტანდარტები; დაეხმარეთ მოსწავლეებს, ისწავლონ საკუთარი მიღწევების შეფასება.

◦ შეიმუშავეთ თვითკრიტიკის, შეუპოვრობისა და თვითდაჯილდოების შესაბამისი მეთოდები.

◦ თავი არიდეთ დესტრუქციულ შედარებებსა და შეჯიბრებას, წააქეზეთ მოსწავლე, შეეჯიბროს საკუთარი მიღწევის უმაღლეს დონეს და არა სხვა მოსწავლის მიღწევებს.

◦ მაშინაც კი ნუ უგულებელყოფთ მოსწავლეს, როცა თქვენთვის მიუღებელია მისი ქცევა ან შედეგი. ტესტირებაში ჩაჭრა ან შენიშვნის მიღება მოსწავლისთვის იმას არ უნდა ნიშნავდეს, რომ ის „ცუდი“ ადამიანია.

◦ გახსოვდეთ, პოზიტიურ თვითშეფასებას წარმატება და თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანების მხრივ თქვენი დაფასება განაპირობებს.

◦ ხელი შეუწყვეთ მოსწავლეებს, იკისრონ პასუხისმგებლობა თავიანთ რეაქციებზე. აჩვენეთ, რომ აქვთ არჩევანი და აჩვენეთ ისიც, როგორი უნდა იყოს პასუხი.

◦ სკოლაში შექმენით მხარდამჭერი ჯგუფები და ასწავლეთ მოსწავლეებს, როგორ დაეხმარონ ერთმანეთს.

◦ დაეხმარეთ მოსწავლეებს მკაფიო მიზნების დასახვაში; კოლექტიურად განიხილეთ მიზნის მიღწევის რეალური გზები.

◦ ხაზი გაუსვით სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის ფასეულობებს, მათ კულტურასა და მიღწევებს.

სული რომ ამოგვდიოდა

0

 

ამა წინათ ვფიქრობდი – ერთხელაც წიგნებიდან რომ გადმოვიდნენ გმირები, რას მოვუყვებით ჩვენ, რას დავახვედრებთ?!. დავუშვათ, თუნდაც უარყოფითი ან დადებითიც, მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც რომ გაცოცხლდნენ და მათ დაიწყონ ჩვენი ამბების მოსმენა-გაგება, რა გვექნება მოსაყოლი. ამას არ ვამბობ პირდაპირი გაგებით და რომც ვთქვა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ამ ბლოგის კითხვის დროს მაინც. საკაცობრიო რეალობაზე არ ვსაუბრობ, მე საქართველოში არსებული რეალობის მიხედვით ვქმნი ამ სურათს.

ვთქვათ და, პროსპერ მერიმეს პატარა ფორტუნატო ან გურამ დოჩანაშვილის დომენიკო, უილიამ ფოლკნერის დარლი, ჰამსუნის ნაგელი და სხვები გამოვიდნენ ერთხელ, რას დაინახავენ?… დღეს, როცა ამას ვწერ რამდენიმე დღის გამოქვეყნებულია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, გუშინ რუსეთმა კიდევ მიიერთა საქართველოს ტერიტორიები, უნივერსიტეტში სტუდენტების ერთ ნაწილსა და თვითმმართველობის წევრებს შორის დაპირისპირებაა, ზოგი ფანჯრიდან ძვრება და კარს ამტვრევს, ზოგი მიზნისთვის იბრძვის და ამ დროს უცებ სადღაც, თუნდაც ჯანდაბიდან ან იმავე წიგნებიდან თუ რა ვიცი კიდევ საიდან, წარმოიდგინე, გამოდიან წიგნის გმირები. მე, მაგალითად, გავშეშდებოდი და შემრცხვებოდა. ენს ბარდრენსი ან ურია ჰიპი რომ მენახა, მათიც კი შემრცხვებოდა.

სულ მგონია, რომ წიგნები ყველაზე მეტად ასხვაფერებენ ადამიანს, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ეს ძალიან ცოტას თუ ეტყობა. იქნებ ცოტა ადამიანი კითხულობს და კითხულობდა. ამან კი ის საზოგადოება შექმნა, რომელიც ახლა მოქმედებს და უმრავლესობაშია? მგონია, რომ ასეა. საბჭოთა კავშირის დაშლის და საქართველოში რამდენიმე ომის პერიოდში თუ მათ შემდეგ თითქმის არავის ეცალა წიგნისთვის. მე აღარ მოვყვები იმ დროის ვითარებას, რაც ხელს უშლიდა სხვადასხვა სიკეთეების მიღება-გამოყენებას. თითქოს ახლა ის პერიოდი დამთავრდა, მაგრამ ზუსტად ახლა დგას ყველაზე მძიმე დრო, როცა მაშინდელი პატარა ბავშვები დღეს საზოგადოების წევრები არიან და ისე დაეხეტებიან, თითქოს ოდისევსისა და მისი მეგობრების ნაცვლად ესენი გამოეკეტოს ბნელ გამოქვაბულში ციკლოპს.

რეპეტიტორის როლში, ჩემს მოსწავლეს როცა ვუყვები და ვუხსნი ვაჟა-ფშაველას გმირების ხასიათს, გადაწყვეტილებების სიმტკიცის მიზეზებს, როცა ილიას პოემებიდან განმარტებებს ვიწყებთ, ზოგჯერ მე თვითონ მიჭირს დავიჯერო ის, რომ ლიტერატურისა და ცხოვრების ხაზები სადმე ერთმანეთს კვეთენ. თუნდაც ქართული ლიტერატურიდან რომ ავიღოთ – ავთანდილი, ალუდა ქეთელაური, მინდია, ჯოყოლა მეურმე პეტრე და სხვები ვერაფერს გვასწავლიან, გარდა აზროვნებითი თანაგრძნობისა და საუბრებისა. მათი საქმეები არაა ჩვენი საქმეები და პირიქით. ეს იქნებ პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ პათეტიკაც რეალობაა და ესაა ცხოვრება, შემოთავაზებულიც და მიღებულიც.

ესპანეთში ბოლო წლებში აწუხებთ ის, რომ რომანების მკითხველთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და კომპიუტერზე დამოკიდებულება გაიზარდა. ეს, რა თქმა უნდა, სხვა პრობლემაა და მიზეზებზე არ დავიწყებ საუბარს, ის მინდა ვთქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომანს კითხულობენ ნაკლებად, პოეზიას თუ ნოველებს, მთავარი ის უნდა იყოს, როგორ მოქმედებს ეს ტექსტები პიროვნებებსა თუ საზოგადოებებზე. თუ ლიტერატურამ ცხოვრებაზე არ მოახდინა გავლენა და ცხოვრებამ ლიტერატურაზე, მაშინ ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად ზედმეტი გამოდის. ფაქტია, რომ დღეს აბსოლუტურად უგემოვნო ტელეშოუებს, უდიდეს ინფორმაციულ ნაკადს, რომელშიც უმეტესი ნაწილი სრულიად უსარგებლოა, უფრო მეტად მიპყრობილი აქვთ საზოგადოებებისა და ჯგუფების ყურადღება, ვიდრე წიგნებს, მათში დაბეჭდილ ტექსტებს, პერსონაჟებს, ამბებს, ისტორიებს, მეტაფორას.

მე ვახსენე აქ ფოლკნერის ერთ-ერთი გმირი, ამ ტექსტზე ავტორი ამბობდა: “დავხატე ოჯახი და ორი დიდი კატასტროფა დავატეხე თავს, რაც ადამიანს გადახდენია, წყალდიდობა და ცეცხლი. აი, სულ ესაა”…

და, აი, ამ “სულ ესააში” ვართ ჩვენც და ჯოჯოხეთის რეპეტიციას გავდივართ. ლიტერატურა კი ისეთივე შორია, როგორც სამოთხე, შავი ხვრელები ან პარალელური სამყაროები და ხარანაულის არ იყოს, თითქოს ესღა გვრჩება:

“როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,

როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,

გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!”

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...