კვირა, მაისი 11, 2025
11 მაისი, კვირა, 2025

პროფესორი იმნაიშვილი

0

ტოლსტოისეული ბედნიერი და უბედური ოჯახების მსგავსად, ყველა ცუდი ლექტორი ერთმანეთს ჰგავს, ყველა კარგი ლექტორი კი – კარგია თავისებურად.

ვახტანგ იმნაიშვილი სტუდენტობის პირველსავე დღეს დავინახე. ვერ ვიტყვი გავიცანი-მეთქი. ახალბედა სტუდენტი, თავისი ნებით, ერთი შეხედვით, უმკაცრესი იერის მქონე პროფესორის გაცნობას ვერ გაბედავდა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VI  კორპუსის, მძიმე კარი 08:15 საათზე სანახევროდ გამოაღო და ქვის ფილაქნებზე სწრაფი ნაბიჯებით გამოიარა, თუმცა ჩანთა, რომლის სახელურიც მაგრად ჰქონდა მუჭში მოქცეული, არც კი ირხეოდა. იმნაიშვილი, მას შემდეგ, რაც დაცვის სამსახურის თანამშრომელს აუდიტორიის გასაღები გამოართვა, კიბისკენ დაიძრა. მერე კიბის პირველ საფეხურთან მდგომ ბიჭს წარბების ქვემოდან ამოხედა და მის მიერ ნათქვამ გულწრფელ სალამს სალმითვე უპასუხა. ის ბიჭი მე ვიყავი.

ამ დღის შემდეგ ერთი წელი გავიდა. მე ვცდილობდი პირველი, მშობლებისგან დამოუკიდებელი ნაბიჯები გადამედგა ცხოვრებაში. დღეები ერთმანეთს მისდევდნენ, მოუმზადებელი დავალებები უხმოდ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, წასაკითხი თაბახის ფურცლები კი ჩემს საწერ მაგიდაზე კურდღლებივით მრავლდებოდნენ. მე ვცდილობდი მესწავლა ის საგნები, რომლებიც მაინტერესებდა. მეეშმაკა იმ საგნების კოლოკვიუმებზე, რომლებიც ინტერესს არ იწვევდნენ ჩემში. ცოდვა გამხელილი ჯობს – ამას იოლად ვახერხებდი. პერიოდულად მახსენდებოდა ის მკაცრი პროფესორი, რომელიც პირველ დღეს დავინახე. “ნეტავ, რას ასწავლის ის კაცი?” – ვეკითხებოდი საკუთარ თავს, მაგრამ, როგორც ახალგაზრდას გონებას სჩვევია, მალევე მავიწყდებოდა ეს ფიქრი.

Vakhtang Imnaishvili

მეორე კურსზე საბოლოოდ გადავწყვიტე, ჟურნალისტი გავმხდარიყავი. სკოლის პერიოდში შეთხზული თავისუფალი თემების გამო, მეგონა, რომ წერა კარგად გამომდიოდა. აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი. ამიტომაც  ქართული ენის კურსის არჩევა მომიწია.  საქართველოში ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ქართულ ენაზე მომუშავე ჟურნალისტმა ქართული ენაც უნდა იცოდეს. სკოლაში ქართული ენა ნესტან კუბლაშვილმა ძალიან კარგად მასწავლა (ვფიქრობ, რომ ის ერთერთი საუკეთესოა მათ შორის, ვინც კი დღეს ქართულ საჯარო სკოლებში ქართულს ასწავლის), მაგრამ სკოლიდან უნივერსიტეტში გადადგმული ნაბიჯი ადამიანის თავში ყველაფერს დავდაყირა აყენებს. იმხანად სემესტრის დასაწყისში, საგნების არჩევის დროს, თსუ-ის ელექტრონულ ბაზაში ქრისტეს ტირილი ისმოდა. სასურველ საგანზე, სასურველ ლექტორთან მოსახვედრად იუდა კიდევ ერთხელ გაყიდდა მაცხოვარს, ძმა კი ძმას სიამოვნებით გამოუსვამდა ყელში ბლაგვ დანას. ამის გამო, გადავწყვიტე, წინასწარ გამეკითხა, ვინ, სად და როგორ ჯობია და კომპიუტერთან მედარაჯა. ალბათ ჩემს ცხოვრებაში ერთით ნაკლები ჭკვიანი ადამიანი იქნებოდა, VI კორპუსის წინ, სტუდენტურ ბირჟაზე ერთი წინადადება რომ არ დამცდენოდა: “ვინ ავირჩიო ქართულ ენაში?” – ვიკითხე და თითქოს თბილისმა ერთხმად იხუვლა: “იმნაიშვილი, იმნაიშვილი”, ისევე როგორც მაჰმუდის სახელს აგუგუნებენ შორეულ მიწაზე. ეს ხმა ექომ გაიტაცა ჭავჭავაძესა და მელიქიშვილზე.

მერე მოხდა ის, რაც ჰოლივუდურ ფილმებში ხდება ხოლმე. უმკაცრესი პროფესორი, რომლის ვინაობაც სულ მაინტერესებდა, ვახტანგ იმნაიშვილი აღმოჩნდა. კაცი, რომელიც ქართული ენის გარდა, გასწავლიდა იმასაც, თუ როგორ დარჩენილიყავი ადამიანად ისეთ გარემოშიც კი, სადაც ადამიანობას არავინ გთხოვდა. გირჩევდა, ყოფილიყავი შენი პრინციპების ერთგული და თავისუფალი ადამიანი. ღიად შეგეტანა ეჭვი იმაში, რაც ყოველთვის გიღრღნიდა გონებას, მაგრამ, საზოგადოებაში გამეფებული ტაბუს გამო, თქმას ვერ ბედავდი.

მისი ლექციები ყოველთვის 08:30 საათზე იწყებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთ ზარმაც ყმაწვილს, რომელიც ვაზისუბანში ცხოვრობდა, ცივი ზამთრის დროს 06:30-ზე უნდა გაეღვიძა, მომზადებულიყო და 07:00-ზე გასულიყო სახლიდან, როცა ჩაბნელებული უბნის კორპუსებში ჯერ არცერთი ფანჯრიდან არ გამოდიოდა სინათლე. ქუჩის ძაღლთან ერთად მდგარიყო გაჩერებაზე და კანკალით დალოდებოდა #35 სამარშრუტო ტაქსის. გაჰყოლოდა მას ელბაქიძის აღმართამდე და უნივერსიტეტამდე ფეხით გაეგრძელებინა გზა. ამ რთული დავალების შესასრულებლად ენერგიასა და შთაგონებას თავად ვახტანგ იმნაიშვილი მაძლევდა. ის ყოველთვის თხუთმეტი წუთით ადრე მოდიოდა VI კორპუსთან და ლექციის დაწყებამდე ეზოში სეირნობდა. “როგორ ბრძანდებით, ბატონო ვახტანგ” – ვკითხავდი ჯერ კიდევ ნამძინარევი და უსიცოცხლო ხმით 70 წლის პროფესორს. ის კი ენერგიულად და სხარტად მპასუხობდა: “ყველაზე კარგად”. არც ტყუოდა.

ცხადია, ისეთი ადამიანის ლექციები, როგორიც ვახტან იმნაიშვილია, სტანდარტული ვერ იქნებოდა. ის გვერდს უვლიდა სწავლების რუტინულ და მოსაბეზრებელ მეთოდს – წესების დაზუთხვას და დაუჯერებელია, მაგრამ გვასწავლიდა ისეთი მეთოდით, რომ 06:30-ზე აწკრიალებული მაღვიძარას ხმა თავზარს კი არ გცემდა, სასიამოვნოდ ჩაგესმოდა ყურში. იმნაიშვილის მიერ შექმნილი ტესტები დანაღმულ ველს ჰგავდა, რომელიც ფრთხილად უნდა გაგევლო, ნაღმები აღმოგეჩინა, ანუ შეცდომები გეპოვა, გაგენეიტრალებინა, ანუ შეგესწორებინა და გზა გაგეგრძელებინა. პირადად მე, თითო ტესტში, ასე, ხუთჯერ-ექვსჯერ მაინც ვფეთქდებოდი ხოლმე. სულ რამდენჯერმე გამიღწევია ჯანმრთელს სამშვიდობომდე.

დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ვხედავ: ვახტანგ იმნაიშვილმა უსისხლო, უმტკივნეულო ოპერაცია ჩამიტარა, რომელიც ორი აკადემიური სემესტრის განმავლობაში გრძელდებოდა. ისევე როგორც ალკოჰოლიკებს უდგამენ ხოლმე კუნთში კაფსულებს, მან ჩამიმონტაჟა მოწყობილობა, რომელიც ჩემს გონებას მუდმივად აიძულებს იმუშაოს ქართულ ენაზე; შეეცადოს სწორად დაალაგოს წინადადებები; აღმოაჩინოს შეცდომები და გაასწოროს ისინი.

იმნაიშვილის კოლოკვიუმები და გამოცდები სხვათა გამოცდებს არ ჰგავდა. აქ ინტელექტუალურ ქურდობას, ანუ სხვისი ნაწერიდან გადაწერის მეთოდს, არ მივდევდით. განა იმიტომ, რომ ჩვენი ჭინკებით სავსე ტვინები რაიმე მანქანას ვერ მოიფიქრებდნენ. უბრალოდ იმიტომ, რომ გადაწერის გვერიდებოდა. ვიცოდით, რომ ამით მასთან ურთიერთობას გავაფერმკრთალებდით, ურთიერთობას, რომელიც ჩემთვის დღემდე ძალიან ძვირფასია.

ქართული ენის კურსის მიწურულს ვახტანგ იმნაიშვილმა საკუთარი წიგნი მაჩუქა იმის ნიშნად, რომ ჩვენი ურთიერთობა არც მისთვის იყო უმნიშვნელო. წიგნში წერილი დამხვდა, რომელიც ამ სიტყვებით მთავრდებოდა: “მიხარია, რომ მშობლიური ენის მასწავლებლად მაინცდამაინც მე ამირჩიე, და, რაც უფრო მნიშვნელოვანია – თუკი შენი მოლოდინი გავამართლე”.

რამდენიმე თვის წინ ვახტანგ იმნაიშვილი ერთერთ (სწორედ მისი კურსის შემდეგ ვწერ ამ სიტყვას ერთად და არა დეფისით) სატელევიზიო გადაცემაში ვნახე, სადაც საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე ლაპარაკობდა. ეს თემა ირიბად, მაგრამ ყოველთვის თან სდევდა იმნაიშვილის ლექციებს. ერთხელ მელიქიშვილზე შემხვდა. გაიცანი, ეს ჩემი შვილიაო – მითხრა. მეორე დღეს, ლექციის წინ მკითხა:

–         დათო, გახსოვს გუშინ ჩემი შვილი რომ გაგაცანი?

–         რა თქმა უნდა.

–         ის სინამდვილეში ჩემი ცოლია – თქვა და გულიანად გაიცინა. ამ ამბავს ხშირად მახსენებს, როდესაც ტელეფონით ვსაუბრობთ.

ასე გავიცანი ქალბატონი ქეთინო, რომელიც, მართალია, ქმრის ლექციებს არ ესწრებოდა, მაგრამ ყოველთვის ვხედავდით მას, როცა კი იმნაიშვილს სიყვარულზე დასცდებოდა რამე.

ჩემი და იმნაიშვილის ურთიერთობა დღემდე გულწრფელი და სიყალბისგან დაცლილია. ხანდახან ის მირეკავს და მთხოვს, რომ Facebook-ზე ბილწსიტყვაობის გარეშე გამოვთქვა ჩემი აზრი. მე მას ყოველ ჯერზე ვაძლევ პირობას, მაგრამ ხანდახან მაინც მომდის გადაცდომები, რის გამოც ბოდიშს ვუხდი ხოლმე.

… და მაინც, ბატონო ვახტანგ, ნეტავ რამდენჯერ ავფეთქდი ამ წერილის წერისას?

ინტროვერტების „მშვიდი ძალა“

0

სიუზენ კეინის „ინტროვერტების მშვიდი ძალა“ იმ წიგნთაგანია, რომლებზეც საუბარი არ წყდება. მისი ფოტო ჟურნალ TIME-ის გარეკანზე დაიბეჭდა, ხოლო თავად წიგნს, მერამდენე თვეა, წამყვანი პოზიცია უკავია New York Times-ის ბესტსელერთა სიაში. TED Talks-ზე ვიდეო წიგნის შესახებ 13 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა.

„ბავშვები ამ ამბის მთავარი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილები არიან“, – ამბობს კეინი. ინტროვერტები, შესანიშნავი, განათლებული, ნიჭიერი და საყვარელი ბავშვები, გამუდმებით გრძნობენ, რომ მათ თავს რაღაც ვერ არის რიგზე. წიგნის ავტორის მიზანი ის იყო, უფროსებს მეტი გაეგოთ ინტროვერტების შესახებ და ასეთ ბავშვებს აღარ ჰქონოდათ პრობლემები, რომლებსაც დღეს ეჯახებიან.

რას ნიშნავს ინტროვერტობა, როგორია ინტროვერტი ბავშვი?

თანატოლებს ინტროვერტი ბავშვი სრულიადაც არ მიაჩნიათ განსხვავებულად. განსხვავებას ხშირად მხოლოდ უფროსები ხედავენ. ინტროვერტები თავიანთ მაქსიმალურ შესაძლებლობას შედარებით მშვიდ, წყნარ გარემოში ამჟღავნებენ. იქვე გრძნობენ თავს ყველაზე კომფორტულად. სწორედ ესაა განსხვავება ინტროვერტებსა და ექსტროვერტებს შორის. უფრო ზუსტად რომ ავხსნათ, მათ სხვადასხვანაირი ნერვული სისტემა აქვთ. ინტროვერტები საუკეთესოდ გრძნობენ თავს, როცა ირგვლივ სიმშვიდეა და არა ქაოსი, ურჩევნიათ, მშვიდ გარემოში ხატვით ან ერთ-ორ მეგობართან ერთად საყვარელი სპორტით შეიქციონ თავი, ხოლო ექსტრავერტებს ხალხმრავალი ადგილები უფრო იზიდავთ. დაბადების დღეზე უამრავი ხალხის დაპატიჟება და გართობა მათთვის საუკეთესო სტიმულატორი და მოტივატორია.

რა საერთო აქვს ინტროვერტობასა და სიმორცხვეს?

ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამაა. სიმორცხვე გახლავთ განსჯის, შეფასების შიში. ეს არის ქცევა, როცა ადამიანს არ სურს, სხვების ყურადღება მიიპყროს და მათი ესა თუ ის შეფასება დაიმსახუროს. ბევრი ინტროვერტი ბავშვი სინამდვილეში სულაც არ არის მორცხვი და პირიქით, შესაძლოა, ექსტროვერტი მორცხვი იყოს. როცა ექსტროვერტი ბავშვები მორცხვობას სძლევენ, ისინი თავიანთი თემის, ჯგუფის, მეგობრების წრის ეპიცენტრში ექცევიან. ასე რომ, ბავშვთან მუშაობის დროს უმნიშვნელოვანესია, კარგად გავარკვიოთ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ის და ერთმანეთში არ ავურიოთ ინტროვერტობა, ექსტროვერტობა და მორცხვობა.

 

გრძნობენ თუ არა ინტროვერტი ბავშვები სკოლაში თავს კომფორტულად?

უამრავი სკოლა მონდომებით ეძებს ინფორმაციას იმის თაობაზე, როგორ მიუდგნენ ინტროვერტ მოსწავლეებს, რათა მათ თავი კომფორტულად იგრძნონ. ისინი სვამენ კითხვებს: როგორ გავუჩინოთ ინტროვერტს მოტივაცია, აქტიურად ჩაერთოს საკლასო მუშაობაში? ხომ არ შევცვალოთ სწავლების მეთოდები? ზედმეტ უპირატესობას ხომ არ ვანიჭებთ მოსწავლეებს, რომლებსაც გაკვეთილზე ხელი სულ აწეული აქვთ და საპასუხოდ მზად არიან? რა უნდა იყოს მოსწავლის შეფასების კრიტერიუმი – წერილობით გამოცდაზე ნაჩვენები შედეგი თუ საკლასო ოთახში გამოჩენილი აქტიურობა? „ჩემს წიგნში, – ამბობს კეინი, – სკოლები წავახალისე, წერილობითი გამოცდებისთვის მეტი ყურადღება მიექციათ, ვიდრე კლასში აქტიურობისთვის, რადგან ინტროვერტებს და მორცხვ ბავშვებს უჭირთ გაკვეთილის პროცესში კითხვებზე პასუხის სხარტად გაცემა, ვერ ამჟღავნებენ თავიანთ მაქსიმუმს. ამ დროს ისინი ფიქრობენ: „როგორ მოიქცევიან თანაკლასელები, თუ არასწორად ვუპასუხე?“

 

კარგია თუ არა საკლასო ოთახში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება? ეხმარება თუ არა ამგვარი მიდგომა ინტროვერტებს? იქნებ პირიქით?

სიუზენ კეინი ამბობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საკლასო ოთახში ინტროვერტი და მორცხვი ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლოა. მაგალითად, ინტროვერტი თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, როცა საშინაო დავალებისა თუ საკლასო სამუშაოს შესრულება ეკრანთან, საკუთარ კომპიუტერში უწევს. ის მარტივად კრეფს პასუხებს, რომლებსაც თანაკლასელები მხოლოდ ეკრანზე ხედავენ. განხილვა და დისკუსია საჭირო აღარ არის.

როგორ გავხადოთ ჯგუფური სამუშაო ინტროვერტებისთვის კომფორტული და სასარგებლო?

„ჩემი გამოცდილებით, – ამბობს სიუზენ კეინი, – ეს ჯგუფის სტრუქტურაზეა დამოკიდებული. მინახავს ძალიან კარგად წარმართული ჯგუფური სამუშაო, სადაც ყველა ბავშვმა იცის საკუთარი როლი და მინახავს უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონიც“, სადაც მხოლოდ რამდენიმე დომინანტი ბავშვი საუბრობს, ყველა დანარჩენი კი გარიყულია. ასე რომ, ჯგუფური სამუშაოს წარმატება მთლიანად მასწავლებელზეა დამოკიდებული.

წყარო: https://www.npr.org/sections/ed/2016/02/18/465999756/how-parents-and-teachers-can-nurture-the-quiet-power-of-introverts

,,სიყვარული მარტის თვეში“

0

ის 26 წლის იყო, შთამბეჭდავი წარმოსახვის უნარით დაჯილდოებული. მე კი დამწყები ფანტაზიორი გახლდით. დღემდე მიკვირს, როგორ აღმოვჩნდით ერთ სივრცეში. მე ჯერ თექვსმეტისაც არ ვიყავი და ზრდის პროცესის ,,დასაჩქარებლად“ ძალ–ღონეს არ ვიშურებდი, ყველაფერს ვკითხულობდი, რაც ხელში ჩამივარდებოდა. ფარნის შუქზე – საბნის ქვეშ, სანთლის მბჟუტავ ალზე, მთვარის შუქზეც კი – თუ ზაფხულის ნათელი ღამეები დამებედებოდა. ამგვარი ლიტერატურული შიმშილის დასაპურებლად კარგი მრჩეველი ნამდვილად დროული იყო. ჰოდა, თავი არც დაუზოგავს იმ ოცდაექვსი წლისას. ჩვენი ხანმოკლე ნაცნობობის პერიოდში რამდენიმე საინტერესო ავტორი გამაცნო. მათ შორის იყო გურამ რჩეულიშვილიც. მაშინ ამ ავტორის შესახებ მხოლოდ ის მსმენოდა, რომ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

მარტის თვე იყო. მორიგი შეხვედრიდან სახლში ვბრუნდებოდი. დამემგზავრა. ჯერ თავისი ახალი მოთხრობა წამიკითხა, მერე კი რატომღაც გურამ რჩეულიშვილი ახსენა და შემპირდა, რომ მის მოთხრობებსაც წამიკითხავდა. პირველი მერცხალი გახლდათ ,,სიყვარული მარტის თვეში“ და მგონი – უკანასკნელიც. ის ბიჭი ისევე მოულოდნელად გაქრა ჩემი ჰორიზონტიდან, როგორც გამოჩნდა. მისგან მხოლოდ ეს ბუნდოვანი მოგონება და მარტის თვის მოურჩენელი სიყვარული დამრჩა.

მართალია, გაგრაში არასდროს დამისვენია და არც საყვარელი მწერლის თუ ბიჭის დაკარგვა მიგლოვია. მაგრამ  რატომღაც სწორედ გურამ რჩეულიშვილს ეძღვნებოდა ჩემი პირველი ნოველა, რომელშიც ახალგაზრდა მწერლისა და ზღვის საბედისწერო  შეხვერაზე ვწერდი. მას შემდეგ ყველა მარტი მის შემოქმედებასთან მიბრუნების საბაბად იქცა,  მოგვიანებით კი ჩვევაში გადაიზარდა.

,ცისკარში“ 1957 წელს პირველად დაიბეჭდა გურამ რჩეულიშვილის ხუთი მოთხრობა: „სიყვარული მარტის თვეში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „სათაგური“ და „შემოდგომა ბაბუა კოტესი“. ეროვნულ არქივში მოთხრობის რამდენიმე ვარიანტთან ერთად ინახება ჩანაწერი, რომელშიც გურამი ახალ მოთხრობასთან დაკავშირებულ შეგრძნებებზე წერს:

„…ახლა დავამთავრე ერთი პატარა მოთხრობის წერა, რომელსაც დავარქვი „სიყვარული მარტის თვეში“. ჯერ მხოლოდ დილის ათი საათია. დედას ძინავს, ბებომ კი გაიღვიძა და თავისთვის წვალობს. მე კარგ ხასიათზე ვარ რატომღაც. არა, კარგზე კი არა, უბრალოდ რაღაცას ძლიერადა ვგრძნობ. ამას ვეძახი მე კარგ ხასიათს.“ (1956 წლის 29 მაისი).

guram rcheulishvili

ახალი მოთხრობის სიზმარ–ცხადის მიჯნაზე მყოფი მთავარი გმირიც ,,კარგ ხასიათზეა“… დიდი ხანია სიყვარულთან შეხვედრაზე ოცნებობდა, ისღა დარჩენია, შთაბეჭდილების მოსახდენად რომელიმე ბრძნული გამონათქვამიც მოიშველიოს:

,,იყო არაბეთს ერთი მეფე, მეფე ბრძენი და მჭევრმეტყველი. ერთხელ მეფემ იხმო თავისი მრჩეველი და ჰკითხა:
– ბრძენო! მითხარ ჭეშმარიტება სად არის, ან თუ არის, რასა ჰგავს?
– დიდო მეფეო, – მიუგო ბრძენმა, – ჭეშმარიტება სად არის, არავინ იცის, ხოლო გვანებით იგი კეფასა ჰგავს, რომელიც ვიცით, სად არის, მაგრამ ვერასოდეს დავინახავთ.“

ჩემი შთაბეჭდილება ნოდარის სიტყვებითვე შემიძლია გადმოვცე: ,,დიდი არაფერია, თუმცა სიყვარულია.“ გურამ რჩეულიშვილის ობიექტივში სწორედ ასეთი ამბები ხვდებიან – შეგრძნებების და სამწერტილების ზღვაში მოხვედრილები, ზღვაში, რომელიც, არც თუ ისე ღელავს, არადა, ღრმად თუ შეხვალ, შეიძლება ნაპირი სამუდამოდ დაკარგო.

გურამი რომ მძაფრი შეგრძნებების მოყვარული იყო, ამას მისი შემოქმედება და მეგობრებიც ადასტურებენ. სიკვდილი და სიყვარული კი ის თემებია, რომელსაც ვერც ერთი რისკიანი თავგადასავლების მაძიებელი გვერდს ვერ აუვლის.

,,სიკვდილი მთებში“ შედარებით გვიან წავიკითხე.  გურამი ბევრს წერს მოულოდნელი დასასრულებზე. მის მოთხრობებში სიკვდილის მიერ დადგმული წარმოდგენის მთავარ გმირებად  გარდაცვლილები კი არა, ,,გადარჩენილები“ გვევლინებიან. დასასრულის ელდით შებორკილი ადამიანების დუმილში, საუბარსა თუ მოქმედებაში ერთმანეთს ენაცვლება ცივი გონება და ემოცია, კრიტიკა და თანაგრძნობა. ზემოხსენებულ მოთხრობაში ადგილობრივებს  ,,ცივი გერმანელების“ სიკვდილისადმი დამოკიდებულება აგიჟებს. ცხადია, კავკასიის მთებში, სადაც

დღემდე არსებობს მამაკაცების ,,ზარი“,  მსგავსი ემოციური კონტრასტი ორმაგად თვალისმომჭრელია:

,, – დგას და სურათებს იღებს, მგონი არ უყვარდა!.. თითქოს სულ არ დარდობს“

 ,,გურამი უყურებდა და უკვირდა, როგორ ახერხებდა კურელა დარდისა და საქმის ასე საოცრად შეთავსებას!“

ვაღიარებ, დღემდე მიჭირს მეუღლის დასახიჩრებულ გვამთან მდგომი, ლამაზი ხედების გადაღებით დაკავებული ახლად დაქვრივებული ალფრედის ქცევის ბოლომდე გაანალიზება. ყველა მისი სიტყვა ემოციისგან დაცლილია, მისი საუბარი კი სულ უფრო ემსგავსება თავის მართლებას. თუმცა ვინ იცის, იქნებ სწორედ ასე გამოიყურება რეალობიდან გაქცევის მცდელობა?!

,,- ვინც დარდი არ იცის, მან არც მხიარულება იცის, არც რაიმე ძლიერის გრძნობა. მან მხოლოდ გონებით იცის, რომ არის ძლიერი და სუსტი განცდები.“

და აქვე:  – ,,ნეტა მეც ასე შემეძლოს!“

ხორცმა და სულმა ერთად იგრძნო იმ ადამიანის დასასრული, ოცი წელი რომ ალფრედის სარეცელს იზიარებდაო, – წერდა მოთხრობის ერთ–ერთ ვარიანტში მწერალი. თუმცა საბოლოოდ დასკვნითი ეპიზოდი ავტორისეული ,,ახსნა–განმარტების“ გარეშე დაიბეჭდა –  გურამმა დასკვნების გამოტანა მკითხველს მიანდო:

,,კიბეებზე მსუბუქად ამოვიდა ალფრედი, სწრაფად მოათვალიერა სასადილო და საწოლ ოთახში შევიდა, კარი ღია იყო, სასადილოს სარკეში ჩანდა: ალფრედი იდგა გაშეშებული, მარტოკა, და იმ საწოლს უყურებდა, რომელზეც ქალის კაბა და ყვითელყვავილებიანი ხალათი იყო გადაკიდებული… სარკეში ჩანდა: ალფრედი დაეცა საწოლზე, აღრიალდა. ის ტიროდა, ხმამაღლა ქვითინებდა და ზორბა მხრები უძაგძაგებდა…“

გურამ რჩეულიშვილი ხშირად გვევლინება მისივე მოთხრობების პერსონაჟად. იგი ხან დამკვირვებელია, ხან კი სიუჟეტის განვითარების მწვერვალზე დროშასავით ფრიალებს და მზად არის ყველაზე გიჟური საქციელიც კი ჩაიდინოს, ოღონდ ეს მოდუნებული, ცხოვრების რუტინულ ყოფას აყოლილი ხალხი გამოაფხიზლოს. თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ამდენი წლის მანძილზე გადაგვარებული რწმენა–წარმოდგენების ნიადაგით გამოკვებილი ბრბოს ახალ ეპოქაში ,,გადარგვა“ არც თუ ისე ადვილია:

,,აღარ შველის ალავერდობას აღარაფერი… უცნაური განურჩევლობა, უმიზნო დაუოკებელ ვნებაში შეზრდილი, სუფევს გარეშემო და თითქოს ყველაფერს, როგორც რეჟისორის მთავარ ჩანაფიქრს, ხაზს უსვამს ორი ნაცნობი, ოფლში გაღვრილი მოცეკვავე, დარჩენილი უმუსიკოდ და უმაყურებლოდ. უყურებს მათ მანქანიდან ახლად ჩამომხტარი ჩვენი მოთხრობების გმირი და ცრემლებივით ადგება ყელში, უნდა რაღაც გააკეთოს, შეაჯანჯღაროს რითიმე ეს ხალხი.“

ცხენებისა და მთის სიყვარულით სტუდენტობისას ,,დაავადდა“. ხევსურეთის ექსპედიციის წევრებს ალბათ სამუდამოდ დაამახსოვრდათ, როგორ დააქროლებდა ფაფარს ჩაფრენილი გურამი უბელო ცხენს. მაგრამ სიკვდილი მხოლოდ მთის ბილიკებზე და ,,თვირთვილებში“ არ იყო ჩაბუდებული…

ზღვაზე იმდენი მოთხრობა დაუწერია, ძნელია რომელიმე მათგანი გამოარჩიო. მათ შორისაა ,,ნელი ტანგოც“. ზღვის ფონზე გათამაშებული ,,ტრაგედია გმირებით“ ხალხისთვის კიდევ ერთ თავშესაქცევს წარმოადგენს, სალაპარაკო თემას, რომელიც დროებით მაინც გაუყუჩებს ცოცხლად დარჩენილებს ,,ადამიანად ყოფნის ტკბილ სევდას“:

როგორც ვიცი, სკოლაში უკვე ისწავლება გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები (,,ალავერდობა“,  ,,ნელი ტანგო“). გურამი საბავშვო მწერალი ნამდვილად არაა, მაგრამ ჩემი პატარებისთვისაც შევარჩიე ერთი–ორი მოთხრობა. ძალიან მოეწონათ ,,შემოდგომა ბაბუა კოტესი“ – ოცნებებშიც კი შეეზიარნენ და გასხვისებული სახლის ბაღში ერთად აიღეს მანდარინის მოსავალი. თუმცა ყველაზე მეტი მაინც აი ამ პატარა მოთხრობაზე იფიქრეს და იდარდეს:

,,ტკივილი? – არა. რაღაც და გათავდა

პირველი თოვლი სულ თხელი იყო. იმ ღამეს არ გადაიღო, დილისთვის მთელი ველი დაფარა. ახლა უკვე ფეხი ეფლობოდა. მოშივდა ბაჭიას. ციოდა. თოვლი გაქექა და უკანა ფეხებზე ხტომით დაეშვა ჭალისაკენ. ქარი უბერავდა. ვერაფერი იპოვა.

შიოდა.

ძალიან, ძალიან მოუნდა ბალახი; თუნდაც სულ ცოტა, უფრო მოუნდა ან თივა, ან ყლორტი.

შიოდა.

რა გემრიელი იქნებოდა ბალახი.

ახლა შუა ველზე მიკუნტრუშობდა.

შიოდა.

უცებ იგრძნო რაღაც.

ტკივილი? – არა.

რაღაც და გათავდა.

ვანომ თავის შვილს დაუძახა და მოკლული ბაჭია აბგაში ჩაუდო:

– მამა, ფეხები მომეყინა, – თქვა ბიჭმა.

– ნუ გეშინია, ერთ საათში შინ ვიქნებით, – დაამშვიდა მამამ.“

ნორვეგიული მუსიკალური ზღაპარი   (III ნაწილი)

0

 

ტყეში ხეტიალის დროს პერ გიუნტი მთის მეფის ასულს გადაეყრება. ასული პერს „ბნელი სულებით“ გარშემორტყმული მამის სამფლობელოში – გამოქვაბულში მიიყვანს, სადაც მათთან ერთად დოვრის მეფის ერთგული უწმინდური არსებები – ტროლები, კობოლდები და ჯადოქრები ცხოვრობენ. ტროლების მეფე საკუთარი წესების თავს მოხვევით მოხეტიალე პერს საბოლოოდ გაუმრუდებს ცხოვრების გზას.

იბსენის დრამის ერთ-ერთი ეპიზოდის მუსიკალური ილუსტრაციაა „მთის მეფის გამოქვაბულში“. ამ სცენაში დამუშავებული კობოლდისეული სახეები სტიქიური, დემონური თვისებებით არიან აღჭურვილნი. ძირითადი თემა კონტრაბასის, ფაგოტისა და ვიოლონჩელისთვისაა დაწერილი. თავშეკავებულად იწყება, ყოველი გამეორებისას უფრო და უფრო ჩქარდება და ბოლოს ბობოქარ prestissimo-ზე მძაფრი აკორდებით წყდება. კომპოზიტორი ოსტატურად შლის ამ სცენის მუსიკას – თემის იდუმალი ხმოვანებით ბანებში გატარებიდან, დინამიკის თანდათანობითი გაძლიერებითა და რეგისტრის ამაღლებით მძლავრად მჟღერ ტონალობამდე. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს გამოქვაბულის ზღაპრული მკვიდრნი უხილავმა ძალამ გრიგალში გაახვიაო.

პერი 40 წლის განმავლობაში დაეხეტება მთელ ქვეყანაზე – ამერიკაში, ჩინეთში, აფრიკაში… ძალაუფლებასა და დიდებაზე მეოცნებე და გამდიდრებული აღმოსავლეთში მოგზაურობისას ბედუინების ტომის ბელადს და მის ქალიშვილს ხვდება. ბელადის ასული ცდილობს, მდიდარ უცხოელს თავი მოაწონოს. მისი გრაციოზული ცეკვა მართლაც ხიბლავს პერს, მაგრამ ცბიერი ანიტრა მეოცნებე მოგზაურს მოხერხებულად გაძარცვავს და მიატოვებს.

დახვეწილი საორკესტრო პიესა, „ანიტრას ცეკვა“, სწორედ ცეკვითაა განსაკუთრებული. ორკესტრის სიმებიანი ჯგუფის უფაქიზესი ჟღერა სამკუთხედის ტემბრითაა შემკული. სიმებიანების ამ ფაქიზ მაქმანში სამკუთხედის ნაზი წკრიალი ძვირფასი ქვების ელვარებას ჰგავს. მუსიკალურ ნაგებობაში იმიტაციები და ნაზი ქრომატული სვლებია ჩაქსოვილი. აკორდული საცეკვაო აკომპანემენტი staccato ოქტავებით იცვლება. პიესა არა მხოლოდ აღმოსავლეთის ველურ სილამაზესა და ანიტრას მოხდენილობას, არამედ მის ხასიათსაც აღწერს – მხიარულს, ცვალებადსა და ცბიერს. გრაციით აღსავსე აღმოსავლური სცენები, „ანიტრას ცეკვა“ და „არაბული ცეკვა“, კონტრასტს ქმნის ნაწარმოების საერთო ეროვნულ კოლორიტთან.

ცნობისთვის: ნორვეგიულ მუსიკაში განსაკუთრებით უხვადაა წარმოდგენილი გლეხური ცეკვები, ეგრეთ წოდებული სლოტერები, ანუ ცეკვები, რომლებსაც ნორვეგიულ ხალხურ ვიოლინოზე უკრავენ (ხალხურ ვიოლინოს ხარდინგული ეწოდება, ჩვეულებრივ ვიოლინოზე პატარაა, აქვს მოკლე ყელი და მკვეთრად გამობურცული დეკა, 4 ნორმალურ სიმს ემატება ოთხი ალიკვოტური (მარეზონირებელი) სიმი, რაც საკრავს ლითონისებრ ჟღერადობას ანიჭებს).

სიცოცხლის განმავლობაში პერი რამდენჯერმე აიხდენს ოცნებას – მოიპოვებს ზღაპრულ სიმდიდრეს, მაგრამ სიცრუით შეძენილს ადვილად კარგავს. ბოლოს, ღარიბი, დაღლილი და სასოწარკვეთილი, სამშობლოში ბრუნდება. ის მოხუცია და მარტოხელა. მისი ცხოვრება ამაოდაა გაფლანგული. პერს ერთადერთი შვება და თავშესაფარიღა დარჩენია – სოლვეიგის უანგარო სიყვარული, თავისი მუზისა, პერის დაბრუნების მოლოდინით რომ ცხოვრობდა და ხსოვნაში ინახავდა ახალგაზრდა, ლამაზი და გულადი ჭაბუკის სახეს.

ასე სრულდება ერთგულებისა და სიკეთის ამბავი, ამბავი იმისა, როგორ გადაარჩენს სიყვარული გზააბნეულს. სოლვეიგის სახე ამაღლებული გრძნობების სამყაროს სიმბოლოა.

ახლა მოვუსმინოთ ნორვეგიის მუსიკალური კულტურის სიამაყეს – „სოლვეიგის სიმღერას“. გულწრფელი სიყვარულით დამუხტული, საოცრად მგრძნობიარე მელოდია მსმენელთა გულებს ადვილად იპყრობს.

დიდი ეროვნული თავისებურებებით გამოირჩევა გრიგის ხალხური ხასიათის მელოდიები. ასეთია მომხიბვლელი „სოლვეიგის სიმღერაც“ – სიუიტის დასკვნითი აკორდი, რომლის დამახასიათებელი მელოდიური საქცევები კომპოზიტორისთვის სამშობლოს სიყვარულის გამოხატვის საშუალება იყო. „ „სოლვეიგის სიმღერა“ ჩემს სიმღერებს შორის ალბათ ერთადერთია, სადაც ხალხური მელოდიის პირდაპირი მიბაძვა შეიძლება დავინახოთ“, – წერდა გრიგი.

სოლვეიგი მღერის განშორებაზე, სიყვარულსა და მარტოობაზე, დროზე, სწრაფად რომ გადის, მაგრამ შეხვედრას არ აახლოებს. მის სიმღერაში გრძნობათა მთელი გამაა გამოხატული: იმედს იმედგაცრუება ცვლის, თავდაჯერებას – ეჭვი. მხოლოდ სიყვარული რჩება უცვლელი.

ეს სევდიანი და ნაზი სიმღერა ერთმანეთის მიმართ კონტრასტული ორი ნაწილისგან შედგება: წამოწყებისა და მისამღერისგან. სიმღერის წამოწყება მშვიდია და თხრობითი. მასში გამოხატულია მწუხარება, ბედის მორჩილება და რწმენა. მისამღერი ნატიფ და მსუბუქ ცეკვას ჰგავს. სოლვეიგისთვის ის იმედის მუსიკაა.

გრიგისთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო ერთგული, მოსიყვარულე სოლვეიგის სახე, ამიტომ „სოლვეიგის სიმღერა“ მთელ პარტიტურას ლაიტმოტივად გასდევს. ნორვეგიული ხალხური სულით გაჟღენთილი ეს წმინდა და უმანკო მუსიკა გრიგის საუკეთესო ქმნილებათა რიცხვს მიეკუთვნება.

„პერ გიუნტმა“ უკვდავყო, ერთი მხრივ, გრიგის როგორც კომპოზიტორის სახელი, მეორე მხრივ კი იბსენისა როგორც დიდი დრამატურგისა.

„პერ გიუნტის“ მდიდარი სახეები, მაღალი მხატვრული ღირსებები გრიგის სიუიტას თეატრალური მუსიკის ისეთ თვალსაჩინო ნიმუშთა გვერდით აყენებს, როგორებიცაა ბეთჰოვენის „ეგმონტი“ (გოეთეს პიესისთვის), მენდელსონის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (შექსპირის პიესისთვის), ბიზეს „არლელი ქალი“ (დოდეს პიესისთვის).

კითხვები მოსწავლეებისთვის

  1. რა როლს ასრულებს მუსიკა თეატრში?

მაგალითად: იშვიათია დრამატული სპექტაკლი მუსიკის გარეშე. ის შესაძლოა იყოს ინსტრუმენტული, ვოკალური ან საცეკვაო, როგორც მოქმედების შემავსებელი (პერსონაჟი თავად უკრავს რომელიმე საკრავზე, მღერის ან ცეკვავს). ფსიქოლოგიური ფონის შექმნით მუსიკა მაყურებელს პიესის იდეისა და მოქმედი გმირების ხასიათის გახსნაში ეხმარება.

 

  1. რომელ მუსიკალურ ჟანრებს იყენებს გმირების დასახასიათებლად კომპოზიტორი?

(ქონდრისკაცებთან – მარშს, ანიტრასთან – ცეკვას, ხოლო სოლვეიგთან – სიმღერას).

  1. თეატრალური მუსიკის რომელი ჟანრებია თქვენთვის ცნობილი?
  2. რა არის სიუიტა?
  3. რას ნიშნავს „pastorale“?
  4. „სოლვეიგის სიმღერაში“ რა კონტრასტს ქმნის ერთმანეთთან წამოწყება და მისამღერი?

ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში

0

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd).

 

ბიზნესის უნარჩვევების პროგრამის მიზანია, მოსწავლეებს ადრეული ასაკიდან განუვითაროს ისეთი უნარჩვევები, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ლიდერობა, დაგეგმვა და სხვა.

რა არის ბიზნესის უნარჩვევების პროგრამა?

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) ორიენტირებულია კითხვისა და მათემატიკის უნარების გაუმჯობესებაზე  I-VI კლასებში. პროექტი საჯარო სკოლებში 2011 წლიდან ხორციელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და პროექტში ჩართული დაწყებითი სკოლების ქსელის მეშვეობით G-PriEd და მისი მთავარი პარტნიორი ორგანიზაცია Junior Achievement ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით მთელი საქართველოს მასშტაბით 39 საპილოტე სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მეწარმეობის, დასაქმებისთვის მზაობის და ფინანსური წიგნიერების საფუძვლებს ასწავლის. G-PriEd-ის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება და სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას მოსწავლეებს, რომლის შედეგადაც ისინი უკეთ გაიგებენ და აღიქვამენ ბიზნესის სამყაროს, რომელში ჩართვაც მათ სკოლის დასრულების შემდეგ ელით. დაწყებით (I-IV) კლასებში ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილებს კლასის დამრიგებელი ატარებს, ხოლო კერძო სექტორიდან მოწვეული მოხალისეები აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ, რადგან V-VI კლასებში გაკვეთილებს ისინი უძღვებიან. სწორედ მოხალისეები ქმნიან საკლასო ოთახებში ბიზნესგარემოს და უტარებენ ბავშვებს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, რაც მოსწავლეთა შორის მოტივაციას აღვივებს. გაკვეთილები მოსწავლეებს სახალისო თამაშებისა და აქტივობების სახით მიეწოდება. მოხალისეები მოსწავლეებს აცნობენ ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს, ეხმარებიან მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტისა და ცხოვრებისეული უნარების განმტკიცებაში.

4 G-PriEd Business Skills 2

რა არის Junior Achievement?

Junior Achievement აშშ-ში დაარსდა და თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ექსპერიმენტული და პრაქტიკული პროგრამების საშუალებით მეწარმეობას, დასაქმებისთვის მზაობასა და ფინანსურ წიგნიერებას ასწავლის. ამჟამად Junior Achievement-ის მიერ შემუშავებული პროგრამები მსოფლიოს 123 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) წარმატებით ისწავლება და მათში ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი მოსწავლეა აქტიურად ჩართული.

რას მოიცავს დაწყებითი სკოლისათვის განკუთვნილი ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა?

ბიზნესის უნარ-ჩვევების დაწყებითი სკოლის პროგრამა მოსწავლეებს აცნობს საბაზრო სისტემის მუშაობის პრინციპებს, მათ მიმართებას დემოკრატიულ ღირებულებებთან და იმას, თუ რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავად მათ აღნიშნული სისტემის მუშაობაში.

რატომ არის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანი და რა იქნება მოსალოდნელი შედეგი?

ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის დახმარებით მოსწავლეები შეძლებენ ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია, ლიდერობა, გადაწყვეტილების მიღება, გუნდური მუშაობა, არჩევნის სწორად გაკეთება და სხვა. ადრეულ ასაკშივე ასეთი მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებით მოსწავლეები უკეთ მოემზადებიან სამომავლო განათლებისა და სამუშაო გარემოსათვის.

sagakvetilo procesi2

რა არის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის ძირითადი მიმართულებები?

ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: დასაქმებისთვის მზაობა, ფინანსური წიგნიერება და მეწარმეობა.

რა როლი ეკისრება მასწავლებელს და კერძო სექტორის მოხალისეს ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილების ჩატარებისას?

I-IV კლასებში ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილებს კლასის დამრიგებელი ატარებს და პროგრამას სპეციალური თვალსაჩინოებებისა და სასწავლო მასალების გამოყენებით ახორციელებს. V-VI კლასებში კი გაკვეთილებს კერძო სექტორის მოხალისეები უძღვებიან. ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის სწავლების მეთოდიკა სრულად არის დაფუძნებული შემეცნებით-სააზროვნო თამაშებზე. გარდა ამისა, მოხალისეები მოსწავლეებს თავიანთ ცხოვრებისეულ და კარიერულ გამოცდილებასაც უზიარებენ. სწორედ მოხალისეები ქმნიან საკლასო ოთახში ბიზნესგარემოს, ატარებენ ინტერაქტიულ გაკვეთილებს, რაც სამომავლოდ მოზარდებს შორის აღვივებს მოტივაციას. მოხალისეები აცნობენ მოსწავლეებს ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს. ეხმარებიან მათ პრობლემის შემოქმედებითად გადაწყვეტასა და ცხოვრებისეული უნარების განმტკიცებაში.

 

 

ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამები და მათი მიმოხილვა

G-PriEd-ის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროექტი მოიცავს I-VI კლასებისათვის განკუთვნილ შვიდ ინდივიდუალურ პროგრამას, როგორებიცაა: „ჩვენ თვითონ“ (I კლასი), „ჩვენი ოჯახი“ (II კლასი), „ჩვენი საზოგადოება“ (III კლასი), „ჩვენი ქალაქი“ (IV კლასი), „ჩვენი რეგიონი“ (V კლასი), „ჩვენი ქვეყანა“ და „ფულზე მეტი“ (VI კლასი).

I კლასი – „ჩვენ თვითონ“

პროგრამა მოსწავლეებს ინდივიდის ეკონომიკურ როლებს ასწავლის – არჩევნის გაკეთების, მიზნების დასახვის, სურვილების და საჭიროებების განსაზღვრის, ფულის გამომუშავების, დანაზოგის გაკეთების, გაზიარებისა და ეთიკური შრომის პრინციპების გაცნობის გზით.

II კლასი – „ჩვენი ოჯახი“

პროგრამაში აღწერილია ის როლები, რომლებსაც ადამიანები ასრულებენ ადგილობრივ ეკონომიკაში. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩართვას ისეთ აქტივობებში, რომლებიც დაკავშირებულია საჭიროებებთან, სურვილებთან, სამუშაოსთან, საშუალებებთან და უნარებთან, ასევე ურთიერთდამოკიდებულების პრინციპებთან.

III კლასი – „ჩვენი საზოგადოება“

პროგრამაში განხილულია დასაქმებულთა როლები საზოგადოებაში, სხვადასხვა საქმიანობათა ურთიერთკავშირი და საზოგადოებაში შრომის ორგანიზების საკითხები.

IV კლასი – „ჩვენი ქალაქი“

ამ პროგრამის საშუალებით მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა პროფესიებს, მათთვის საჭირო უნარებს, ეცნობიან თუ რა როლს ასრულებს ბიზნესი ქალაქის განვითარებაში.

V კლასი – „ჩვენი რეგიონი“

პროგრამაში წარმოდგენილია კავშირი სხვადასხვა რეგიონში არსებულ ბუნებრივ, ადამიანურ და კაპიტალურ რესურსებს შორის. მასში განმარტებულია რეგიონული ბიზნესები, რომლებიც მომხმარებელს საქონლითა და მომსახურებით უზრუნველყოფს.

VI კლასი – „ჩვენი ქვეყანა“

პროგრამის საშუალებით მოსწავლეები ითვისებენ პრაქტიკულ ინფორმაციას ბიზნესის მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ინდივიდებს შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის სჭირდებათ.

VI კლასი – „ფულზე მეტი“

პროგრამის მიხედვით, მოსწავლეები სწავლობენ ფულის გამომუშავებასთან, ხარჯვასთან, განაწილებასთან და დაზოგვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ისინი იძენენ თანხის მართვის უნარებს, მათ ცხოვრებაში ფულის როლის და მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერებისათვის.

sagakvetilo procesi1

წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები პროგრამის შესახებ

„ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავიდანვე უვითარებს ბავშვს ისეთ უნარ-ჩვევებს როგორებიცაა: მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ლიდერობა, ამოცანის გადაწყვეტის უნარი, ალტერნატივების ძიება და ა.შ. ჩვენი კომპანიის ბევრი თანამშრომელი სიამოვნებით დათანხმდა ამ პროექტში მონაწილეობას, ვინაიდან ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის საქართველოს მომავალი და ჩვენი წარმატება მომავალ თაობაზეა დამოკიდებული“.

აიეტი კუკავა, სს „ალიანს ჯგუფი  ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი

 

„ჩვენი კომპანიისთვის, „თი-ბი-სი ლიზინგისთვის“ ძალიან სასიხარულოა, რომ ამ პროექტში მონაწილეობის შანსი მოგვეცა, რადგან პირველ რიგში „თი-ბი-სი ჯგუფის“ ფასეულობებიდან გამომდინარე, სოციალური პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და განათლების სისტემაში მონაწილეობის მიღება, ორმაგად და სამმაგად უფრო მნიშვნელოვანი. აღნიშნული პროგრამა ბავშვებს შანსს აძლევს, რომ ბიზნესის უნარ-ჩვევები და ფინანსური განათლება პატარა ასაკიდანვე გამოიმუშაონ. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, იმ შეცდომების ალბათობა, იმ იმედგაცრუებების ალბათობა, რომლებიც დღეს ხშირად გვხვდება, უკვე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“.

ნანა მიქაშავიძე, სს „თი-ბი-სი ლიზინგის“ დირექტორი

სიტუაციური სავარჯიშოები ინტერკულტურული განათლებისთვის (მე–2 ნაწილი)

0

თანამედროვე სამყაროს გამოწვევა. სამყაროში, რომელიც სწრაფ ცვლილებებს განიცდის და სადაც კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარდატეხები ცხოვრების ტრადიციული წესის ერთგვარი გამოწვევა ხდება, განათლებამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს სოციალური ერთობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშესაწყობად. იმ პროგრამების საშუალებით, რომლებიც წაახალისებს განსხვავებული კულტურის, რწმენისა და რელიგიის მქონე ადამიანთა შორის დიალოგს, განათლებას შესწევს ძალა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მდგრადი და ტოლერანტული საზოგადოებების განვითარებაში. ინტერკულტურული განათლება ერთგვარი პასუხია ყველა ადამიანისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის გამოწვევაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაშია მოცემული: „განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გადიდებისაკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ხელი უნდა შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად“[i].

ტერმინის შესახებ. ალბათ, საჭიროა დაზუსტდეს ტერმინების – „ინტერკულტურული განათლება“ და „მულტიკულტურული განათლება“ – მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ სფეროს მკვლევრების უმრავლესობა (ბენკსი, ბენეტი, გეი, კუშნერი, გორსკი და სხვ.) განათლების საკითხებთან მიმართებაში იყენებს ტერმინს „მულტიკულტურული განათლება“, ხოლო სამეცნიერო ნაშრომთა ნაწილში ამ ტერმინებს სინონიმებადაც შევხვდებით: (1) „ინტერკულტურული განათლების იუნესკოს გზამკვლევის“ მიხედვით, ტერმინი „მულტიკულტურული“ აღწერს ადამიანთა საზოგადოების კულტურულად მრავალფეროვან ბუნებას. ის არა მხოლოდ ეთნიკური ან ეროვნული კულტურის ელემენტებს აღნიშნავს, არამედ მოიცავს ლინგვისტურ, რელიგიურ და სოციო-ეკონომიურ მრავალფეროვნებასაც. ინტერკულტურალიზმი დინამიკური კონცეფციაა და აღნიშნავს კულტურულ ჯგუფებს შორის ურთიერთობას. ის განისაზღვრება, როგორც „მრავალფეროვან კულტურებს შორის თანასწორი ურთიერთობები და დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე კულტურული თვითგამოხატვის გაზიარებულ ფორმათა შექმნის შესაძლებლობა“[ii]. ინტერკულტურული ურთიერთობები გულისხმობს მულტიკულტურალიზმს და ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ ან საერთაშორისო დონეებზე კულტურათაშორისი გაცვლისა და დიალოგის შედეგია. ინტერკულტურული განათლება პასიური თანაარსებობის მიზანს სცდება და მიზნად ისახავს მულტიკულტურულ საზოგადოებებში განვითარებადი და მდგრადი თანაცხოვრების მიღწევას სხვადასხვა კულტურულ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგების, ურთიერთპატივისცემისა და დიალოგის გზით. (2) ტერმინ „ინტერკულტურულ განათლებას“ იყენებს ევროპის საბჭო თავის ვებგვერდზე[iii] და თავისივე პუბლიკაციებში; (3) საქართველოს სამეცნიერო წრეებში თანამედროვე მრავალფეროვანი გარემოს აღსანიშნავად იყენებენ ტერმინს „მულტიკულტურული“, ხოლო განათლებასთან მიმართებაში – ტერმინს „ინტერკულტურული“.

ამრიგად, ინტერკულტურული განათლება ემსახურება მულტიკულტურული გარემოს საგანმანათლებლო მიზნებს.

გთავაზობთ ინტერკულტურული განათლების ხელშემწყობ რამდენიმე სიტუაციური სავარჯიშოს თარგმანს[iv].

ჯიმის შეცდომა

ორი წელია ჯიმი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ჯგუფს ხელმძღვანელობს. ახალი ქსელური პროგრამების შექმნისას ის მჭიდროდ თანამშრომლობს არუნასთან ჯგუფის ინდოელ ლიდერთან. ჯიმის კომპიუტერული პროგრამების განვითარების მხოლოდ 25-წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო არუნას, როგორც იტყვიან „ჭიპი აქვს მოჭრილი“ ამ საქმეში.

წინა კვირის ნამუშევრის გადახედვისას ჯიმიმ შენიშნა, რომ პროგრამის კოდირებაში შეცდომა ჰქონდა დაშვებული. ნახა, რომ არუნას გაესწორებინა მისი შეცდომა, თუმცა დაინტერესდა, რატომ არ გააგებინა მას, რომ მომავალში მსგავსი შეცდომა თავიდან აერიდებინა.

კითხვები:

  • უნდა ეთქვა თუ არა არუნას ჯიმისთვის შეცდომის შესახებ? დაასაბუთეთ.
  • თუკი ჯიმის სურს, რომ მომავალში არუნამ გააგებინოს ხოლმე შეცდომების შესახებ, როგორ უნდა მოიქცეს?

სავარაუდო პასუხი

ამ სიტუაციაში ჯიმი და არუნა ვერ აცნობიერებენ, რომ მათ მოლოდინებზე უდიდეს გავლენას ახდენს მათი კულტურა. ორივე ვარაუდობს, რომ მათი კომუნიკაციის მათეული მეთოდი ერთმანეთის მსგავსია.

აზიურ კულტურათა უმრავლესობაში ხელმძღვანელის კრიტიკა მიუღებელია. არუნა იცავს თავისი კულტურის ნორმებს და ჯიმის შეცდომის შესახებ პირდაპირ კომუნიკაციას თავს არიდებს. მეორე მხრივ, ჯიმი მოელის უფრო პირდაპირ კომუნიკაციას პროექტის ტექნიკური ასპექტების შესახებ.

ჯიმიმ უნდა დაარწმუნოს არუნა, რომ პირდაპირი კომუნიკაცია პროგრამული შეცდომების შესახებ წახალისებულია. მას უნდა გაიაზროს, რომ არუნას დრო დასჭირდება კომუნიკაციის მისეულ სტილთან შესაგუებლად და ყოველთვის უნდა ეცადოს გაგებას, როცა არუნა პირდაპირ მიუთითებს შეცდომებზე. ასევე გარკვეული ძალისხმევა დასჭირდება, როცა არუნა არაპირდაპირი გზით ეცდება პროგრამული შეცდომების მითითებას.

 

ლევანი სამსახურში არ არის

ლევანმა ახლახან დაიწყო მუშაობა დედაქალაქში მდებარე სათავო ოფისში. სწავლებისათვის მას 3 თვე შეერთებულ შტატებში მოუწევს გამგზავრება. მერიმ, ნიუ იორკში მდებარე ოფისის პროექტის მენეჯერმა სატელეფონო კონფერენცია სამშაბათისთვის დანიშნა. ლევანს ამ დროისთვის საელჩოში აქვს შეხვედრა.

მერი: შეგვიძლია ხვალ საღამოს 7:00 საათზე დავილაპარაკოთ, თუ სჯობს შენს დაბრუნებას დაველოდოთ?

ლევანი: უკეთესი იქნება, თუ დაველოდებით, თუმცა შემიძლია ჩავერთო კონფერენციაში, თუ გსურს – თუ საჭიროა.

მერი: გინდა გადავდოთ? მითხარი კი თუ არა!

კითხვები:

  • რა კულტურული და/ან პერსონალური თავისებურებები ახდენს გავლენას კომუნიკაციაზე?
  • სავარაუდოდ რას ფიქრობს/გრძნობს მერი?
  • სავარაუდოდ რას ფიქრობს/გრძნობს ლევანი?

სავარაუდო პასუხი

ლევანი რთულ სიტუაციაშია. მან, როგორც გუნდის ახალმა წევრმა, არაფერი იცის გუნდის კულტურისა და მერის კომუნიკაციის სტილის შესახებ. კომუნიკაციის პროცესში ის ცდილობს მიახვედროს მერი, რომ შეხვედრის გადადება სურს, მაგრამ მერი ვერ იგებს მის არაპირდაპირ შეტყობინებას. რაკი ლევანი გუნდის ახალი წევრია, მან უნდა შეძლოს პირდაპირი კომუნიკაციის სტილის სწავლა და მერის პირდაპირობა უხეშობად არ მიიღოს. მერი, როგორც პროექტის მენეჯერი, უნდა ეცადოს საკუთარი ვირტუალური გუნდის წევრების კომუნიკაციის განსხვავებული სტილის გაგებას. შესაძლოა მან კონსულტანტი მოიწვიოს და მისი დახმარებით შეძლოს ღია დიალოგი კულტურული განსხვავებებისა და გუნდის სამუშაო კულტურის შესახებ.

დაწინაურება

რამდენიმე წელია მერაბი საინფორმაციო ოფიცრად მუშაობს საელჩოში. მის უფროსს, ჰენდრიკს, სურს მუყაითობისათვის დააჯილდოვოს და სთავაზობს საინფორმაციო კლერკად დაწინაურებას და ხელფასის გაზრდას. მერაბი ზრდილობიანად ამბობს უარს შეთავაზებაზე. ჰენდრიკი დაბნეულია.

კითხვები:

  • რატომ შეიძლებოდა მერაბს უარი ეთქვა დაწინაურებაზე?
  • როგორ უნდა მოიქცეს ჰენდრიკი?

სავარაუდო პასუხი

სავარაუდოდ, მერაბი უარს ამბობს ამგვარ დაწინაურებაზე, რადგან საინფორმაციო ოფიცრის წოდება უფრო პრესტიჟულად ეჩვენება, ვიდრე საინფორმაციო კლერკის. თავის მხრივ, ამგვარი დამოკიდებულება შესაძლოა უჩვეულოდ ეჩვენებოდეს ჰენდრიკს, რომელიც ვარაუდობს, რომ ნებისმიერი ადამიანისათვის ხელფასი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სტატუსი და თანამდებობა. მერაბისთვის, მართალია, მნიშვნელოვანია ხელფასის გაზრდა, მაგრამ წუხს, როგორ იმოქმედებს მისი სტატუსის შეცვლა მისი ოჯახის სახელზე საზოგადოებაში. თუკი სტატუსის შეცვლას ვერ შეძლებს, ჰენდრიკმა მერაბის თავდადებული შრომის აღიარების სხვა გზა უნდა მოძებნოს. შეიძლება ამჟამინდელი სტატუსის პირობებში შეძლოს მისთვის ხელფასის გაზრდა ან ხელმძღვანელობას სთხოვოს მერაბისთვის სიგელის მიცემა, რომელსაც ის საკუთარ სახლში თვალსაჩინო ადგილზე დაკიდებს.

სხვებსაც უნდა შეხვდე

ამერიკელი მარკი დელიში ცხოვრობს. ის აჯაის ხვდება, რომელიც საჯარო სექტორში მუშაობს. მარკი დაინტერესებულია ადგილობრივ ბიზნესმენთან სურეშთან პარტნიორობით, რომელთანაც ადრე აჯაი მუშაობდა. მარკს აინტერესებს აჯაის აზრი სურეშთან პარტნიორობის შესახებ.

მარკი: იცნობ სურეშს?

აჯაი: რა თქმა უნდა, 10 წლის განმავლობაში ერთად ბევრ პროექტზე ვიმუშავეთ მას კარგად ვიცნობ.

მარკი: მასთან შეხვედრას ვგეგმავ, მინდა მოვსინჯო, შევძლებთ თუ არა თანამშრომლობას. შენ რას ფიქრობ?

აჯაი: მასაც უნდა შეხვდე და სხვებსაც.

მარკი: მადლობა. კიდევ ვის უნდა შევხვდე?

აჯაი: ხომ იცი ბევრი გოგოა, რომელსაც სწრაფად უყვარდება პოპულარული, კარგად ჩაცმული და სიმპატიური ბიჭი. როცა დაქორწინდებიან მიხვდებიან ხოლმე, რომ შეცდომა დაუშვეს, რადგან ბიჭი „ცარიელია“. ზოგი გოგო კარგი ხასიათის ბიჭს ეძებს, მისი ოჯახის შესახებ იგებს ინფორმაციას და მის მეგობრებს ესაუბრება. დაქორწინების შემთხვევაში ეს გოგოები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე პოპულარულ ბიჭზე გათხოვილები.

კითხვები:

  • უნდა შეხვდეს თუ არა მარკი სურეშს? დაასაბუთეთ.
  • რატომ იკითხა მარკმა სხვა ადამიანებთან შეხვედრის შესახებ?
  • რატომ საუბრობს აჯაი ჰიპოთეტურ ქორწინებაზე?

სავარაუდო პასუხი

მარკის ადგილზე ბევრი ამერიკელი არასწორად გაუგებდა აჯაის და იფიქრებდა, რომ აჯაი ცდილობს წაახალისოს ის და შეახვედროს სურეშს. აჯაის ადგილზე კი მრავალი ინდოელი იფიქრებდა, რომ ის სწორედ საპირისპიროს თქმას ცდილობს („არ შეხვდე სურეშს“). აქ სულ მცირე ორ კულტურულ განზომილებასთან გვაქვს საქმე. პირველი ეს არის პირდაპირი და არაპირდაპირი კომუნიკაცია. ამერიკელები პირდაპირ კომუნიკაციას ამჯობინებენ, თითქოს მოსაუბრეს ეუბნებიან: „პირდაპირ მითხარი, რის თქმა გსურს“, „მითხარი, რას გულისხმობ“, „რა შორიდან უვლი“. ინდოელები უფრო არაპირდაპირ კომუნიკაციას ამჯობინებენ, უფრო თავაზიან სტილს, განსაკუთრებით, როცა საქმე უარყოფით ინფორმაციას ეხება.

მეორე კულტურული განზომილება, რომელიც გავლენას ახდენს მარკისა და აჯაის საუბარზე, არის განსხვავება მაღალი და დაბალი კონტექსტის კომუნიკაციებს შორის. კულტურები, რომლებიც მაღალი კონტექსტის კომუნიკაციას ანიჭებენ უპირატესობას ძირითადად სიტუაციის კონტექსტს ეყრდნობიან ინფორმაციის გადაცემისას. მოსაუბრე ვარაუდით მსმენელი იმდენად გონიერია, რომ შეუძლია სიტუაციის კონტექსტში შეტყობინების გაგება. კულტურაში, სადაც დაბალი კონტექსტის კომუნიკაციაა უპირატესი, ინფორმაციის გადაცემისას უმთავრესად სიტყვებს ეყრდნობიან. ზუსტი სიტყვების შერჩევა და გამოყენება წარმატებული კომუნიკაციის ნიშანია და ხშირად ისინი თავისთავად ცხადზე მხოლოდ იმიტომ საუბრობენ, რომ დარწმუნდნენ, რამდენად გაიგო მსმენელმა.

[i] ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 1948, მუხლი 26.2.

[ii] UNESCO Convention on the Protection and Promotion of the Diversity of Cultural Expressions (2005), Article 8

[iii] https://www.coe.int/t/dg4/linguistic/EducInter_en.asp

[iv] https://www.shanticonsulting.com/multicultural-communication-case-studies/

როგორ დავაგროვოთ კრედიტქულები კარიერული წინსვლისთვის – მასწავლებლის სახელმძღვანელო

0

ამ წიგნის შინაარსის განსაზღვრა ორგანიზაციის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩატარებული მასწავლებლების გამოკითხვის შედეგებით მოხდა.  მასწავლებლთა ფოკუს ჯგუფებში ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა,  რომ მათთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია:

  • რა აქტივობები განახორციელონ?
  •  როგორ განახორციელონ აქტივობები?

ამ სახელმძღვანელოში მოცემული მასალები, ერთგვარი „მეგზური” იქნება მასწავლებლებისთვის სწორად დაგეგმონ, განახორციელონ, შეაფასონ საკუთარი მუშაობა და შედეგებზე დაყრდნობით თავიდან დაგეგმონ სასწავლო აქტივობები, პროექტები, საგანმანათლებლო რესურსების შექმნა თუ საკუთარი პროფესიული განვითარების საქმიანობები.

wigni

ფაქტია, მასწავლებლის პროფესიული ოსტატობა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული რომელთაგან უმნიშვნელოვანესია, საკუთარი პროფესიული პრაქტიკის რეფლექსია (ლათ. reflexio ნიშნავს „უკან მიბრუნებას”). წიგნში შევიდა პრაქტიკული ხასიათის მასალები, რაც დაეხმარება მასწავლებელს როგორც თვითრეფლექსიაში, თვით-რეალიზებაში, ასევე კარიერულ წინსვლაში.

ალტერნატიული განათლების საერთაშორისო ინსტიტუტმა, პროექტის ფარგლებში,  მასწავლებლებისთვის მოამზადა  პრაქტიკული  სახელმძღვანელო :”როგორ დავაგროვოთ კრედიტქულები კარიერული წინსვლისთვის”.

სახელმძღვანელოში მასწავლებლები გაეცნობიან შემდეგ  საკითხებს:

  • მასწავლებლის საქმიანობები და შესაბამისი კრედიტქულები
  • მნიშვნელოვანი კითხვების მასწავლებლის კარიერულ ზრდაზე
  • თვითშეფასების კითხვარის პრაქტიკული გამოყენება
  • ტრენინგი, პროფესიული განვითარების საშუალება
  • როგორ შევქმნათ საგანმანათლებლო რესურსები
  • როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილი
  • როგორ დავწეროთ სტატია
  • პედაგოგიური საქმიანობის კვლევის პრაქტიკული ასპექტები
  • როგორ დავწეროთ და განვახორციელოთ საგანმანათლებლო პრ

რატომ გვჭირდება პოლემიკა?

0

„ქვეყანას სამი რამ აკლია: ცას – კიბე, ზღვას – ხიდი და ადამიანს – სამართალი!“ – ამბობს გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხის“ პერსონაჟი. ჩვენ კი, და ეს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა განსაკუთრებით გამოაჩინა, განსხვავებული აზრის მოსმენის უნარი გვაკლია. მის გათვალისწინებაზე არაფერს ვამბობ: შეიძლება ისე მოხდეს, რომ დიდიან-პატარიანად ავილესოთ იმის წინააღმდეგ, ვინც ჩვენთვის არასასურველ რამეს გვეუბნება. და ამასობაში მოწინააღმდეგის დათრგუნვისა და დამარცხების ისეთი ხერხებიც გაგვიშინაურდა, როგორიც საძინებლის ჭუჭრუტანიდან თვალთვალია.

განსხვავებული აზრის მოსმენას/მოთმენას შესწავლა უნდა, პატარაობიდანვე – ანბანს რომ სწავლობ, ასოების მოხაზულობას და შეუცდომლად დაწერას, თითქმის ისე. ეს რომ მხოლოდ ოჯახში ისწავლებოდეს, ალბათ უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, მაგრამ ცხადია მარტო შინაურული გარემო არ აყალიბებს ადამიანს. ჩვენ დედ-მამის შვილები კი ვართ, მაგრამ გარეთ ნანახი, შენახვედრი და დამახსოვრებული უფრო გვძერწავს და ამტანსაც გვხდის.

მახსოვს, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში, ერთ-ერთი თავის ბოლოში, დანართის სახით VI საუკუნის ეგრისელი დიდებულების – აიეტისა და ფარტაზის სიტყვები იყო დაბეჭდილი. მეფე გუბაზის მკვლელობის შემდეგ, 555 წელს ეგრისში საგანგებო კრება მოეწყო, სადაც პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო. დიდებულთა ერთი ნაწილი, აიეტის მეთაურობით, მოითხოვდა ბიზანტიასთან კავშირის გაწყვეტას და ირანის მხარეზე გადასვლას; ფარტაზის მომხრეები ეწინააღმდეგებოდნენ ირანთან კავშირს, სამაგიეროდ ბიზანტიის იმპერატორისგან მოითხოვდნენ გუბაზის მკვლელთა სასტიკ დასჯას და ეგრისის მეფედ გუბაზის უმცროსი ძმის დამტკიცებას.

მეშვიდე კლასში ვიყავი და წაკითხულმა იმდენად მძაფრად იმოქმედა ჩემზე, რომ ერთიხანობა ყოველკვირეული პოლიტიკური სეირის, თოქ შოუების ყურებას თავი მივანებე. აგათია სქოლასტიკოსის მიერ შემონახული ეგრისის სახალხო კრების პოლემისტების შემდეგ, ეს უარგუმენტო, ადამიანების ურთიერთშეურაცხყოფაზე აგებული, ყალბი პათოსითა და ემოციებით დატვირთული ფარსი საერთოდ ამოვარდნილი ჩანდა პოლემიკის ჩარჩოდან.

ფარსი და სიძულვილით გამოკვებილი ციტატები არც მერე დაგვკლებია, და ახლა რომ ვუყურებ, რაღაც ძალიან სერიოზულად გაგვიჭირდა, ისე, რომ ცოტა ხანში სუფრაზე ამაყად მოხსენიებული წინაპრების მხოლოდ სახელები დაგვრჩება საკვეხნად.

აბა, მათი ნათქვამი სიტყვისა ჩვენ არ გვეყურება და არც მათი გაკეთებული საქმეებისგან დავიტოვეთ რამე. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმათ ჩვენზე დროული და შედეგიანი კრიტიკა იცოდნენ, – გაწყდეს საცა ვიწროაო, – გადაწყვეტდნენ რაც გადასაწყვეტი იყო. ეს იმიტომ, რომ უსაბუთო და პიროვნების შეურაცხმყოფელი პასკვილები ცუდ, უკეთურ საქმედ იყო მიჩნეული და საზოგადოების თანაგრძნობა არ ეღირსებოდა.

„მამებისა და შვილების ბრძოლის“ სახელით შერაცხული პაექრობა 1860-70-იან წლებში ენისა და სტილის საკითხებზე მსჯელობით დაიწყო და მოგვიანებით კიდევ უფრო გამწვავდა, რადგან „შვილების“ თაობის სახელოვანმა წარმომადგენლებმა „მამების“ ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაც კი არ დაინდეს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ პოლემიკამ ბევრი სასიკეთო შედეგი (მათი ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ) გამოიღო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ საბოლოოდ დაადასტურა ერთმანეთისადმი პატივისცემა.

ადამიანური პატივისცემის საუკეთესო ნიმუშია ბერი ალექსი შუშანიასა და ექიმ ივანე გომართელის მიმოწერა (XX ს.-ის პირველი ათწლეული). მრწამსისა და მსოფლმხედველობის თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებულ პოლუსებზე მდგომი პიროვნებები, მაშინაც კი, როცა ცდილობენ მოპაექრე მისი შეხედულების მცდარობაში დაარწმუნონ, ინარჩუნებენ საოცარ ტაქტსა და წონასწორობას.

ნიკოლო მიწიშვილის გახმაურებული „ფიქრები საქართველოზე“ (1926 წ.) გახდა მიზეზი და საბაბი არაერთი უმნიშვნელოვანესი წერილის გამოსაქვეყნებლად, სადაც ავტორები – ქართული მწერლობისა და მეცნიერების თვალსაჩინო სახელები – ქვეყნის ბედს, ისტორიულ გამოცდილებასა და ქართულ ხასიათს, წარსულის მემკვიდრეობასა და თანამედროვეობას სიღრმისეულად განსჯიდნენ.

ხშირად მიფიქრია, რომ კარგი იქნებოდა საქართველოს ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში უფრო უხვად შეეტანათ პოლემიკის საუკეთესო ნიმუშები, სადაც საკამათო საგნის იმდროინდელი კონტექსტიც აიხსნებოდა და კულტურული/სალიტერატურო მნიშვნელობაც.

დღეს ამის საჭიროება უკვე აშკარად იგრძნობა. დაუნდობელი პოლიტიკური ბრძოლები და განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა დახშულ სივრცეს ქმნის. აქედან ერთადერთი გამოსავალი განათლებაა, იმ გამოცდილების შეთვისება სკოლის ასაკიდან, რომელიც ერთდროულად ორ რამეს გვასწავლის: 1) გაუაზრებელი, ბოლომდე გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებას, და 2) ადამიანის დანდობას და პატივისცემას.

მწერალი, მკითხველი, ჩრდილი  

0

ზაზა თვარაძის „სიტყვები“ მარტის დასაწყისში წავიკითხე. წლების წინ „ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანის“ სერიით გამოცემულმა ამ წიგნმა თვითონ მომძებნა და თავი წამაკითხა – ისეთივე ცოცხალი აღმოჩნდა, როგორც მისი მანათობელი, სურნელოვანი, სასწაულთმოქმედი სიტყვები. წავიკითხე და დავფიქრდი იმ ენის სიცოცხლეზე, რომლითაც რაღაცის გამოხატვას ყოველ წუთს ვცდილობთ, რომლის წიაღშიც არაერთხელ დავკარგულვართ და, საბოლოოდ გზააბნეულებს, ყველაფერი მისთვის დაგვიბრალებია – მისი სიხისტისთვის, მოუქნელობისთვის. ვინ იცის, რამდენჯერ ვმდგარვართ აწურული მხრებით უცხო ენის რთული სინტაქსური კონსტრუქციების წინაშე და მშობლიური ენობრივი ერთეულების მოძებნა, ქართული ენისკენ  ნაბიჯის გადადგმა წარმოუდგენლად გაგვძნელებია.

თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ჯონათან ფრენზენის წიგნში „შესწორებები“ მთავარი გმირი წინადადების ტყეში იკარგება. გრძელზე გრძელი, ამაღელვებელი წინადადება დიდ აბზაცად იქცევა და მკითხველის თვალწინ მთელი სრულყოფილებით გადაიშლება ენისა და ტყის მშვენიერებები, უსასრულობისკენ მიმავალი ბილიკები, ბინდით მოცული ფიგურები, იდუმალი ნათებები… მკითხველი ფეხდაფეხ დაჰყვება მთავარ გმირს, მისი ჩრდილი ხდება, ბოლოს კი მასთან ერთად მიადგება ტყის ნაპირს, სადაც პასუხის მოლოდინში გარინდული ქალი დგას, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს უსიერ ტყეზე, იქაურ ცხოველებსა და ფრინველებზე, საფრთხეებზე, ხმაურსა და სიჩუმეზე.

ჯონათან ფრენზენის წიგნში წინადადება მთელი სამყაროა, თავისი ფორმებით, ხმებით, შუქ-ჩრდილებით. ზაზა თვარაძის წიგნში კი ყოველი სიტყვა ცოცხალი არსებაა – მოძრაობს, სუნთქავს, ხელიდან გისხლტება, სხვა სიტყვებისკენ მიიწევს, ციმციმებს, მომდევნო სიტყვებს ირჩევს, შინაური ცხოველივით გეალერსება… ამ წიგნის მთავარი გმირი იმ დიდ შესაძლებლობებს აცნობიერებს, რომლებსაც ქართული ენა გვთავაზობს; იმ სიმდიდრის შემჩნევას იწყებს, რომელიც ამ ენას მწერლისთვის საოცნებო, ფასდაუდებელ ინსტრუმენტად აქცევს.

ჩვენი ენა ცოცხალია. მას სასწაულების მოხდენა შეუძლია, როგორც ამ წიგნში.

ზაზა თვარაძე აღარ არის ცოცხალი.

გასული საუკუნის ბოლოს ჟურნალ „არილის“ რედაქციაში გავიცანი. შუა ოთახში დიდ მაგიდასთან ვისხედით და იმ მინიატურებს ვარჩევდით, რომლების გამოქვეყნებაც გადაწყვეტილი მქონდა. მის ხელში მოხვედრილი ტექსტები უცნაურად იკუმშებოდნენ, საზარელ ნაოჭებს ისხამდნენ, შემზარავად მახინჯდებოდნენ, მერე კი, ჩვენ თვალწინ, მაგიდის ზედაპირზე სულს გააფრთხობდნენ ხოლმე. ზაზა მიხსნიდა, რომ ამის მიზეზი სიტყვებისადმი ჩემი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, მათი გაუაზრებლად შერჩევა იყო.

  • რატომ ეს სიტყვა და არა ეს?
  • რატომ წერტილ-მძიმე და არა, უბრალოდ, მძიმე?
  • რატომ არის პერსონაჟი მაინდამაინც ამ გვარისა?
  • რამე დააკლდება ტექსტს, ეს წინადადება რომ არ იყოს?
  • რამე შეიცვლება, პერსონაჟს რომ ასეთი ფერის თვალები არ ჰქონდეს?

მარწმუნებდა, რომ სიზუსტე გადამწყვეტი იყო – აუცილებლად უნდა მცოდნოდა არა მხოლოდ ის, თუ რატომ ვწერდი რომელიმე  სიტყვას ან ფრაზას, არამედ ისიც, თუ რატომ ვიყენებდი სასვენ ნიშანს, რატომ ვიწყებდი აბზაცს, რატომ ვამთავრებდი ტექსტს იქ, სადაც ვამთავრებდი. შემთხვევითობა დასაწყისშივე უნდა გამომერიცხა. უნდა გამეზარებინა, რომ წერა პასუხისმგებლობაა და მე პასუხისმგებელი ვიყავი როგორც თითოეული სიტყვის გამოყენების, მისთვის ადგილის შერჩევის, კონტექსტის განსაზღვრის გამო, ასევე მკითხველის თითოეული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის გამოც.

მე ლიტერატურული ღირსებებით გამორჩეულ ტექსტებს ვუსახელებდი, სადაც ბუნდოვანება თუ ორაზროვნება კიდევ ერთ ღირსებად ჩაითვლებოდა. ვუსახელებდი მოდური მწერლების, ლიტერატურის თეორეტიკოსების, სტრუქტურალისტებისა და პოსტსტრუქტურალისტების გვარებს – ძირითადად, თავის მოსაწონებლად. ზაზა სიცხადის მხარეს იყო – მიხსნიდა, რომ კარგმა მწერლებმა ყოველთვის იციან სიტყვის ფასი, დრო, ადგილი. ის, რაც მკითხველისთვის ბუნდოვანია, მწერლისთვის ცხადზე ცხადი უნდა იყოსო.

ვკამათობდით. თითოეულ წერტილსა და მძიმეს განვიხილავდით.

მასწავლებლად ვერ აღვიქვამდი, რადგან მასწავლებელს არ ჰგავდა. არც მისი რჩევა-დარიგებები მეჩვენებოდა შეუვალი ჭეშმარიტების ნიშნით აღბეჭდილად. დროდადრო თავს ვუქნევდი ხოლმე – როცა მის არგუმენტებს ვეღარაფერს ვუპირისპირებდი. ვწრიალებდი. თან მეჩვენებოდა, რომ თითოეულ ჯერზე უფრო და უფრო მეტს ითხოვდა ჩემგან. ალბათ ისეთი მოსწავლე ვიყავი, გაკვეთილის დასრულების მანიშნებელი ზარის ხმა ნაადრევად რომ ესმის – გონებაგაფანტული, გასაქცევად მზადმყოფი.

დადგა დღე, როცა ზაზა თვარაძის „სიტყვები“ წავიკითხე – „ყველაზე მდიდარი, ყველაზე მოუთოკავი ფანტაზიის ნაყოფი…  წიგნი, რომელიც ირონიანარევი სევდითა და ოცნებებითაა ნაშენები“ (მალხაზ ხარბედია) – და ამ პატარა წიგნმა მწერლის ჩრდილი კი არ გამოიხმო დავიწყების ტყიდან, ის ჩემ თვალწინ გააცოცხლა. მისი ფურცლებიდან ისეთად წარმომიდგა, როგორიც იყო: ენისა და სიტყვების ერთგული მცველი, მათი მშვენიერების დამნახავი და დამფასებელი, კეთილი კაცი, მასწავლებელი.

 

 

რატომ ვერ აითვისა ვან გოგმა მასწავლებლის პროფესია

0

ყველა დროის გამორჩეული პიროვნება, იმპრესიონიზმის იდეის განმავითარებელი ვინსენტ ვან გოგი, რომელმაც ფსიქიკური დაავადების შედეგად 37 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ისტორიაში ნოვატორი ფერმწერის სახელით შევიდა. თავისი გზის დასაწყისში მან სრულიად კონსერვატიული პროფესიები შეარჩია – შეისწავლა თეოლოგია და გახდა მოძღვარი, მანამდე კი სკოლაში იმუშავა. რამდენიმე წლის შემდეგ მისი ტალანტი სულ სხვა სფეროში გამოვლინდა – ის ვერც კარგი მოძღვარი დადგა და ვერც მასწავლებელი. მეტიც, სიცოცხლეში მან მხოლოდ ერთი ნახატი გაყიდა – „წითელი ვენახები არლში“.

22 წლის ვინსენტ ვან გოგი წარმატებული ახალგაზრდა იყო. 16 წლიდან სამხატვრო-სავაჭრო ფირმაში კომისიონერად მუშაობდა ჯერ ლონდონში, ჰააგაში, ბრიუსელში, პარიზში, მერე კი, ერთ-ერთი ვერსიით, სიყვარული ეწვია, რომელიც მამამისს არ მოსწონებია და ვინსენტსაც სავაჭრო სფეროს მიმართ ინტერესი დაუკარგავს. 23 წლის ახალგაზრდა განათლების გარეშე დარჩენილა და სამსახურიდანაც დაუთხოვიათ.

როგორც ჩანს, აუწყობელი პირადი ურთიერთობებით გამოწვეულმა კრიზისმა ვან გოგზე ძლიერ იმოქმედა. თავის ძმას, თეოს, ის სულ უფრო ხშირად წერს სევდიან წერილებს, სადაც თვითუარყოფას ცდილობს, „სხვათა გამო“ ცხოვრებას ქადაგებს და ბიბლიას ახსენებს. „იმისათვის, რომ კაცობრიობისთვის იცოცხლო და იშრომო, საკუთარი თავისთვის უნდა მოკვდე“, – წერს 1875 წლის მაისში. იმ პერიოდში მას უკვე ხიბლავს ქალაქის მოძღვრის ისტორია, რომელიც „ღარიბ უბანში ცხოვრობდა და ხანგრძლივი დაავადების შემდეგ, 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოძღვარს ერთი გალოთებული ქალი უვლიდა. ის მისი გავლენის ქვეშ მოექცა, საკუთარ თავს ძლია და სულიერი სიმშვიდე ჰპოვა“, – უყვება თავის ძმას ვან გოგი.

ამ წერილის დაწერიდან ორიოდე თვეში ვან გოგს ლონდონიდან 80 კილომეტრში მდებარე პატარა საპორტო ქალაქ რამსგიტში მასწავლებლობას სთავაზობენ.

ახლა ვან გოგი ფრანგული ენისა და არითმეტიკის მასწავლებლად მუშაობს. ჯამაგირის ნაცვლად ბინითა და კვებით უზრუნველყოფენ. ვან გოგისთვის გაკვეთილებისა და კარნახის შემოწმება მარტივი საქმეა. „იმის მიღწევა, რომ ვაჟებმა ისწავლონ, გაცილებით ძნელი ყოფილა“, – წერს ვან გოგი ძმას.

ღარიბთა ინტერნატში, სადაც ვან გოგი მასწავლებლობდა, 10-დან 14 წლამდე 24 ვაჟი სწავლობდა. მასწავლებელთა კოლექტივში ვინსენტზე გაცილებით უმცროსი ასაკის პედაგოგებიც იყვნენ. მაგალითად, მისი დამხმარე 17 წლის იყო და იქვე, მეზობლად ცხოვრობდა.

ვან გოგი მგრძნობიარე ნატურა გახლდათ, სხვისი უბედურება გულთან ახლოს მიჰქონდა. ძმასთან მიმოწერაში ის ასე აღწერს თავისი მოწაფეების ამბებს: „ოჰ, ნეტავი ერთხელ მაინც შეგახედა, ფანჯრებიდან როგორ იყურებიან! არის ამაში რაღაც საშინლად სევდიანი. სასმელ-საჭმელი – მხოლოდ ეს და სხვა არაფერი ახარებთ, მხოლოდ ეს ეხმარება მათ დღეების გადაგორებაში. მინდა დაინახო, როგორ მიუყვებიან ვიწრო დერეფანს, შემდეგ ბნელი კიბით სასადილოში ადიან. თუმცა ის მზიანი და მყუდროა. მეორე საინტერესო ადგილი გამომპალიატაკიანი ოთახია, სადაც ბიჭები პირს იბანენ. იქ შვიდი ტაშტი დგას. ტაშტებს მინებჩატეხილი ფანჯრებიდან შემოპარული მკრთალი შუქი ეცემა. მეტად სევდიანი სანახავია. მიუხედავად ამისა, აქ დაუზარელად გავატარებ ზამთარს, რათა ადგილობრივთა ცხოვრება უფრო ახლოს გავიცნო“.

მასწავლებლობის პერიოდში ვან გოგს უნდოდა მოძღვარი გამხდარიყო, ექადაგა და სიტყვით მაინც დახმარებოდა ღარიბებს: „ამ დღეებში ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ქვეყნად მხოლოდ ორი ხელობა არსებობს – სკოლის მასწავლებლობა და მოძღვრობა, დანარჩენი კი, მათ უკავშირდება“. სკოლის დირექტორი სტოუქსი, მოჩვენებასავით გალეული, რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ვან გოგის ჩანაცვლებას ყოველთვის შეძლებდა და ვინსენტიც ეთანხმებოდა ამაში.

მაგრამ ყველაზე არასასიამოვნო პროცესი, რომელიც ვან გოგს მასწავლებლობის დროს უნდა გაეკეთებინა, ლონდონში ჩასვლა და მოსწავლეთა მშობლებისგან სწავლის გადასახადის გამოთხოვა იყო. ეს ადამიანები ისედაც ღარიბები იყვნენ: მეძველმანეები, მეწაღეები, წვრილმოვაჭრენი, რომლებსაც თავიანთი შვილები ყველაზე იაფასიან სკოლაში ჰყავდათ მიბარებული. ვინსენტმა ვეღარ შეძლო კარდაკარ სიარული. ტოტალური სიღარიბის ნახვისას გული უწუხდა და ბოლოს სამსახურიდანაც დაითხოვეს.

ვან გოგი ოთხი თვე მასწავლებლობდა. სკოლაში აპრილში მივიდა და ვიდრე დაითხოვდნენ, სკოლის მეთოდისტი მოძღვრის, მისტერ ჯონსის დამხმარე გახდა. ამ წამოწყებაში ოჯახმაც დაუჭირა მხარი და გამოცდების ჩასაბარებლად სწავლის საფასურიც გადაუხადა.

აბიტურიენტი ვან გოგი მოწესრიგებული და გულმოდგინე იყო, მაგრამ ზოგ საგანს არ ითვისებდა, ლათინური და ბერძნული ენების სწავლაში აზრს ვერ ხედავდა. ლაკენის მისიონერთა სკოლაში (ბრიუსელთან) სამი თვე ძლივს დაჰყო. მისი თანატოლები იხსენებენ, რომ ვინსენტი ურჩობდა. ირვინგ სთოუნის თხზულებაშიც ნათქვამია, რომ ვან გოგს ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა პედაგოგ ბოკმასთან. ბოკმა მას ყოველდღიურად ავალებდა ქადაგების მომზადებას. ისიც ამზადებდა, მაგრამ თუკი ვან გოგის თანაკლასელები ზეპირად ქადაგებდნენ, ის ფურცლიდან კითხულობდა, მისთვის ყოველი სიტყვა ღირებული იყო. ეს ძალიან აბრაზებდა ბოკმას. ბრაზობდა, რომელი მოძღვარი კითხულობს ქადაგებას ფურცლიდანო. ფეთქებადი ხასიათის ვან გოგიც არ რჩებოდა ვალში, რისთვისაც გამოუცხადეს, რომ ის მოუმზადებელია და სკოლაში კიდევ ექვსი თვე უნდა გაატაროს. ვან გოგმა იუარა. მას აღარ შეეძლო მშობლების კმაყოფაზე ყოფნა.

მერე გარისკა და ბორინაჟში მოძღვრის სტატუსით ჩავიდა. ეს იყო მაღაროელთა ქალაქი ბელგიის სამხრეთით. ვან გოგი იმედოვნებდა, რომ კარგი მოძღვარი დადგებოდა და მისი წარუმატებელი ცხოვრებაც დავიწყებას მიეცემოდა.

ვინსენტი გაუბედურებულ დასახლებაში მოხვდა, სადაც ადამიანები მაღაროებში იღუპებოდნენ და ამას მიჩვეულნი იყვნენ. არც საკუთარი თავი ენაღვლებოდათ, არც საჭმელ-სასმელი, მაგრამ როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ახალი პრაქტიკანტი მოძღვარი მოეწონათ. ის თავს არ არიდებდა მაღაროში ჩასვლას, სტუმრობდა ოჯახებს, სადაც გადამდები დაავადებები მძვინვარებდა, ქალებთან ერთად ჩიჩქნიდა მიწას და ეძებდა ნახშირს, რათა მათი სახლები გაეთბო, კათედრიდან გამურული სახით ქადაგებდა, რითაც ყველას აჩვენებდა, რომ მაღაროელივით ჩვეულებრივი მოკვდავი იყო. ამ სამუშაოს შესრულებისას არ დასჭირვებია ლათინური და ბერძნული…

აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად გამოსდიოდა სხვათა ნუგეში: ყველაფერს არიგებდა, რაც გააჩნდა; იატაკზე ეძინა, რადგან ლოგინი გააჩუქა; ლენტებად დახია საკუთარი პერანგი, რომ ბავშვისათვის ჭრილობები გადაეხვია. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა: ევანგელისტურმა საზოგადოებამ 50 ფრანკიც კი დაუნიშნა. ნახევარი წლის შემდეგ კი ვან გოგმა ევანგელისტურ სკოლაში განათლების გაგრძელება გადაწყვიტა, მაგრამ სწავლის გადასახადის გამო ჩანაფიქრზე უარის თქმა მოუწია.

ამასობაში, იმის ნაცვლად, რომ კარგი პრაქტიკისთვის საეკლესიო პირთა მხარდაჭერა ეგრძნო, ვან გოგი სასტიკად გაილანძღა. საქმე ისაა, რომ მან მაღაროელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვა, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას არ მოეწონა. პასტორმა ბონტმა  რომ გაიგო, სად და რას ქადაგებდა თავადაც სიღარიბის ზღვრამდე მისული ვან გოგი, ქადაგების უფლება ჩამოართვა. ვინსენტი კვლავ განათლების მიღმა დარჩა. გარდა ამისა, ის ვეღარც იქადაგებდა, რადგან სხვების უმწეობამ დატანჯა. ერთ-ერთ მაღაროში მომხდარმა ავარიამ რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვინსენტი მიხვდა, რომ ამ ამბავს ვეღარაფერს უშველიდა. მისი მანუგეშებელი სიტყვები ამქვეყნად ვერავის დააბრუნებდა…

ვან გოგს დეპრესია დაეწყო. ის 27 წლის იყო, პროფესიის უქონელი, ავადმყოფი, ნახევრადმშიერი, მისი არცერთი იმედი არ გამართლდა. ის ლამის მოკვდა ბორინაჟში, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მინდორში, ქვაზე დაჯდა და მიწათმოქმედთა ხატვა დაიწყო, გონს მოეგო, გააცნობიერა, რა მისია ჰქონდა დაკისრებული. მან იწამა ფერებით გრძნობების გადმოცემის ჭეშმარიტება. ის მაშინაც ხატავდა, როცა ჰყვებოდა. მთელი დროის განმავლობაში ვან გოგი წერდა არა მხოლოდ თავის საქმეებზე, არამედ ტილოებზეც, პეიზაჟებზეც. ის საკმაოდ გვიან დაკავდა ფერწერით და იმას ხატავდა, რისი სიტყვებით გადმოცემასაც ცდოლობდა.

სკოლის მოსწავლეებზე წერის დროს, ვან გოგი საპორტო ქალაქსაც აღწერს, საუბრობს ბიბლიაზე, იხსენებს წვიმიან ლონდონს. ვინსენტში ყოველთვის ცოცხლობდა მხატვარი და, მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგიურ ასპარეზზე წარუმატებლობა ხვდა წილად, უკვდავების გზა მაინც იპოვა და  სამხრეთის მზით გაკაშკაშებულ ნამუშევრებში ჰარმონიისა და ბედნიერებისკენ მოჩქარე მეოცნებედ დარჩა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...