სამშაბათი, აგვისტო 5, 2025
5 აგვისტო, სამშაბათი, 2025

ათენეფი აქ არიან

0

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ – ჩვენ გვინდა დავიჯეროთ, რომ დრო შეიცვალა, სინამდვილეში კი, კიდევ ერთხელ და მერამდენედ, ჩვენ თვალწინ ბრუნდება ძველი დრო თავისი განუყოფელი პერსონაჟებით. იმ ადამიანებით, ვინც ჩვენს ბავშვობაში დაწინაურებული იყო და სახელმწიფოს სათავეში იდგა. მათ წესით ბევრი რამ უკეთესობისკენ უნდა შეეცვალათ, მაგრამ მხოლოდ ომი, სისხლისღვრა და განუკითხაობა მოიტანეს. შემდეგ თვალს მიეფარნენ და გაყუჩებული ელოდნენ ხელსაყრელი დროის დადგომას.

ჩვენ რომ საარაკოდ მეხსიერებადაქვეითებული ხალხი ვართ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა. საუბედუროდ, დღესაც და მომავალშიც არაერთხელ მოგვიწევს იმ თავხედობის, უტიფრობის, სისულელის, და რაც მთავარია – სამშობლოს გამყიდველთა ჭკუისდამრიგებლური სიტყვების მოსმენა. ეს ჩვენ დავიმსახურეთ: გულგრილობით, პირადი ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენებით, საკუთარი არჩევანის უპატივცემლობით, ტყუილისა და კონფორმიზმის დაკანონებით, მკვლელებისა და მოძალადეების შეწყალებით.

ეს ჩვენ დავიმსახურეთ: ხალხმა, რომელსაც დიდი უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი დევნილი, ნაღალატევი და გაუბედურებული ყველას თვალწინ მოუკლეს და იმის უფლებაც არ მისცეს, ამ უკანონობისთვის წინააღმდეგობა გაეწია, ამ დანაშაულზე საქვეყნოდ ხმა ამოეღო.

ეს ჩვენ ვიწვნიეთ: თავზე დამხობილი ქვეყანა, დარბეული და აოხრებული კუთხეები, დაკარგული თუ გასხვისებული მიწები, და შემდეგ – შეურაცხმყოფელ კავშირებსა და გაერთიანებებში ნებაყოფლობით შესვლა.

თითქოს ეს გუშინ იყო, თითქოს ეს დიდი ხნის ჩავლილი გვეგონა. თურმე ჯერ სად ხარ –ყველაზე ბნელი სიზმრიდან გადმოსული პერსონაჟები ჯერ ქუჩებში გამოჩნდნენ თამამად, ქორწილებსა და გასვენებებში მოუხშირეს სიარულს, მერე და მერე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თავშეყრის ადგილებზეც და… იქიდან კი ტელეეკრანამდე ერთი ნაბიჯია!

არსად ისე არ ჭირს მტყუან-მართლის გარჩევა, როგორც შოუებში. არსად ისე ადვილი არ არის მხედრიონელი ქალის მომღერალ ბანოვანად გადაქცევა, როგორც შოუში, რომელსაც ყოველკვირეულად მთელი ქვეყანა ელოდება. არც კრიმინალური ბიოგრაფიის გასუფთავებაა ძნელი, თუკი წარსულს არ გაგახსენებენ, ჩამჭრელი შეკითხვებით ძალიან არ გაგაღიზიანებენ და ხელოვნებაზე, კულტურაზე, მხატვრობაზე დაგეკითხებიან აზრს.

უფრო მეტიც, ამ ორიოდე წლის წინ, თავდაცვის ყოფილმა და ავადსახსენებელმა მინისტრმა ისე ერთიანად ამოიღო დაგროვილი ჯავრი, რომ დაკვირვებული კაცი გაიფიქრებდა, აჰა, სადაცაა იარაღსაც დააჟღარუნებსო. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი: რამდენიმე დღეში თენგიზ კიტოვანმა საქართველოს მთავრობას სთხოვა მისთვის და მისი ბიჭებისთვის იარაღის ტარების უფლება მიეცა.

უქმად არც სკკპ ცეკას ყოფილი პირველი მდივანი და ექსპრეზიდენტი ყოფილა. ის დროდადრო ჭკუისდამრიგებლური საუბრებით გვანებივრებდა კრწანისის ველიდან და თავისი მაგალითით აგულიანებდა მასსავით პენსიაზე გასულ და ყველა მზაკვრობაშერჩენილ თანამოაზრეებს, ნუ გგონიათ, რომ ჩვენმა მატარებელმა ჩაიარა, გულს ნუ გაიტეხთ, კიდევ დავჭირდებით და მოგვძებნიანო.

ერთხელ იყო, გამზირზე დაჩოქება არ ვითაკილეთ და ახლა აზრის გამოთქმას დავუშლით ვინმეს?! უფრო პირიქით: შევეხვეწებით, ოღონდ რამე გვითხრან, ოღონდ გამოჩნდნენ, დაგვენახონ, ჩვენ ხომ ისინი მოგვენატრა! – მათი ხმის გაგონება, მათი სახის დანახვა. როგორ მოტეხილან, მოფამფალებულან, გაჭაღარავებულან! არადა, რა მხნედ იყვნენ, როცა დავშორდით, რა ომახიანად, როგორი შემართებით.

ზურაბ კიკნაძე თავისი ჩანაწერების წიგნში ერთ ამბავს იხსენებს: გასული საუკუნის ოციან წლებში, ბოლშევიზმის მძვინვარების ხანაში, მღვდელი ილია შალამბერიძე თურმე ასე ანუგეშებდა ნოქალაქევში მასთან სტუმრად ჩასულ დისწულს: „ნუმ გოშქურუ, ლუკა. გიჩქუდას, ქეგესკიდუნა ათენეფი ვერჩხის…“, ანუ: „ნუ გეშინია, ლუკა. იცოდე, გაირიყებიან ესენიო“.

ამ დანუგეშების შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარაო, – ამბობს ჩანაწერის ავტორი, – რისხვამ გადაიარა ქვეყანაზე, ხალხზე, ერზე და ბერზე. ყველაფერი მოხდა, რასაც შიშის გამოწვევა შეეძლო, თუმცა ის ნუგეში ამაო არ ყოფილაო. როცა ჟამი ამოიწურა და სამოცდაათმა წელმა განვლო, სისხლიანად, მაგრამ წავიდნენ ათენეფი. ბოლშევიკების, საბჭოთა ცნობიერების ეს წასვლა ზღვის მიქცევას ჰგავდა. წავიდნენ და უკან მობრუნდნენ, როგორც დამნაშავე ბრუნდება დანაშაულის ადგილზე. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ათენეფი ისევ აქ არიანო.

ათენეფი ისევ აქ არიან – ტელეშოუებიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან დაწყებული რეაბილიტაცია სულ რამდენიმე წელიწადში მათ პოპულარიზაციაში გადაიზარდა და გუშინდელი ჯალათები, ძალადობის პროპაგანდისტები და საბჭოთა იდეოლოგიის მედროშეები ჩრდილიდან გამოვიდნენ. თავიდან წერტილოვანი დარტყმებით, ნიადაგის მოსინჯვით, ნიჰილისტური განცხადებებით („ეს რა გვჭირს?“, „ამას ვიმსახურებდით?“, „ხედავთ, რა მოგვიტანა დამოუკიდებლობამ?“, „ამის გამო ღირდა ყველაზე სტრატეგიული და ერთმორწმუნე მეზობლის გადაკიდება?“) დაძრული ნაკადი თვალსა და ხელს შუა აზვირთდა და სანამ ჩვენ ამაზე სოციალურ ქსელსა და პირად საუბრებში ვქირქილებდით, ხელისუფლების წარმომადგენლები კი პილატეს ჩაურევლობას არჩევდნენ (მეტიც, ზოგიერთი პარლამენტარი მგზნებარე ბოლშევიკადაც მოგვევლინა), ის სერიოზულ ძალად, ყოველდღიურ თემად იქცა: უკვე სისტემატურად ტარდება კომპარტიის ყრილობისმაგვარი ღონისძიებები (თავისი ყველანაირი ატრიბუტიკით), პროლეტარიატის ბელადისადმი მიძღვნილი მასშტაბური შეკრებები, სხვადასხვა სატელევიზიო არხი, საინფორმაციო სააგენტო და გაზეთი უკვე დაუფარავად ტირაჟირებს საბჭოთა იდეოლოგიას.

2013 წელს ბერძენი ფეხბურთელი გიორგოს კატიდისი, რომელმაც გამარჯვების გოლი ნაცისტური სალმით აღნიშნა, სამუდამოდ მოკვეთეს ეროვნული ნაკრებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში და აღიარა, შეუგნებლად მომივიდა, თორემ ჰიტლერთან და ნაციზმთან არავითარი იდეოლოგიური საერთო არა მაქვსო, ოფიციალურ საფეხბურთო წრეებს ეს გადაწყვეტილება არ გადაუსინჯავთ.

დარწმუნებული ვარ, ვიღაცები თავს გამოიდებენ – ნაციზმი და ბოლშევიზმი, ჰიტლერი და სტალინი ერთმანეთს როგორ შეადარაო, მაგრამ ჩემდათავად, დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, იმის მტკიცებაც კი ზედმეტად მიმაჩნია, რომ ნაციზმი და ბოლშევიზმი ორი თანაბარი მნიშვნელობის ბოროტება იყო და კაცობრიობას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა: მილიონობით ადამიანი დახოცა და მილიარდობით კიდევ ათწლეულების განმავლობაში ტერორსა და მონობაში ამყოფა. სწორედ ამიტომაც ამ ორი ბოროტების იდეოლოგიური რეაბილიტაციის მცდელობაც კი საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან მკაცრად უნდა დაიგმოს.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ, როცა საბჭოური მემკვიდრეობისგან უნდა ვთავისუფლდებოდეთ და ნამდვილი, პირუთვნელი ისტორიის დაწერას ვცდილობდეთ, თითქოს თვალს ვხუჭავთ, ვიბრმავებთ იმ ყველაზე ძვირფასზე – თავისუფლებაზე, რაც ბრძოლით მოვიპოვეთ; თითქოს ზურგს ვაქცევთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს იმისთვის, რომ ჩვენ დამონებულ, მორალურად განადგურებულ იმპერიის პროვინციაში კი არა, თავისუფალ ქვეყანაში გვეცხოვრა.

აბა, სხვანაირად როგორ უნდა აიხსნას ის, რომ ათენეფი ისევ აქ არიან – წარსულის აჩრდილები, მაოხრებელი მკვდრები, უნიათო ხელისუფლებისგან გათამამებული კრიმინალები, რუსეთუმე პოლიტიკოსები, საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით შეპყრობილი ხალხი. ამიტომ ჯერაც უდაბნოში მღაღადებელ ხმად ისმის – „ნუმ გოშქურუ“, „ნუმ გოშქურუ“. შიშისა და სიფრთხილის ბევრი მიზეზი გვაქვს, რადგან ჯერ არ დაგვიტოვებია მონობის სახლი, ბოლომდე არ მიგვიფურთხებია მონური ბუნებისთვის, ის ბიბლიური მონობის ორმოცი წელიც არ გასულა, რომელიც თავისუფლებისკენ სწრაფვას არ გვანებებს და დროდადრო მაჯლაჯუნების სახით გვეცხადება, რომ დაგვაბნიოს, დაგვზაფროს, დაგვაშინოს.

ჩვენ კი მხოლოდ იმ იმედით ყოფნა, რომ ესენი ერთხელაც გაირიყებიანო, ვერაფერს გვიშველის. თუ ჩვენ თვითონვე არ მოვთხოვეთ პასუხი, თუ ყოველ წუთას, ყოველი საჯარო გამოსვლისას არ შევახსენეთ, რომ წლების წინ მათ მიერ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არ დაგვვიწყებია, კარგად გვახსოვს, სამუდამოდ გვემახსოვრება.

ზაფხულის ორი კვირა

0

აგვისტოს ორი თავისუფალი კვირა სკეიტით სხვების განსაცვიფრებელად მოგონილი ხრიკების  შესწავლასა და შეყვარებულთან დაშორებას მივუძღვენი.

 

სკეიტბორდი

დამწყები სკეიტერი პირველად მაშინ იბნევა, როცა აღმოაჩენს, რომ მსოფლიო ოთხ ბორბალზე მდგარ ხის მგორავ დაფას სკეიტბორდის გარდა სხვა დასახელებებითაც იცნობს: მაგ. ლონგბორდი და პენიბორდი. გააკეთო არჩევანი ამ სამს შორის მაშინ, როცა მანამდე არცერთზე არასდროს მდგარხარ, რთულია. თითოეულს კი ზომისა და ფორმის გარდა,  ფუნქცია და დანიშნულებაც განსხვავებული აქვს. ერთით უკეთესად გამოგდის ხრიკები, მეორეთი- მარტივად და სწრაფად დიდ მანძილებზე გადაადგილდები, მესამე კი მცირე ზომისაა, მსუბუქი, მოქნილი და მოკლე მარშრუტებზე გათვლილი. სანამ ამ ყველაფერში გაერკვევი, ხარბად ათვალიერებ ონლაინ მაღაზიებს და თვალს ლამაზად მოხატული დაფები გჭრის. ცდუნებას რომ ავყოლოდი, მანათობელ, პლასტიკატის პენიბორდს ვიყიდიდი, 80- იანების პოპვარსკვლავივით ფერადი ქვედაბოლოთი და გამჭვირვალე ბადე- ბლუზით შევიმოსებოდი, თმაზე ბაფთას მივიბნევდი და „I wanna dance with somebody”- ის ღიღინით ჩავიქროლებდი ჩრდილო რაინ- ვესტფალიის პატარა ქალაქის ვიწრო ქუჩებში.

მე  სკეიტბორდი ვიყიდე, მფრინავი ადამიანებისთვის.

ის დილის ათზე მუყაოს გრძელი ყუთით მომიტანეს. მთელი ღამე ბავშვურმა მოლოდინმა არ დამაძინა და ზარი რომ დარეკეს, უკვე ვიცოდი, კართან კეთილი ბიძია იდგა და ხელში ჩემი მფრინავი დაფა ეჭირა, ჩემი ალადინის ხალიჩა, ჩემი ნიმბუს 2000. ხელის კანკალით გავხსენი და მთელი ჯადოსნობა წამში გაქრა: დიახ, ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ოღონდ არასრულყოფილი სახით, ნაწილებად დაშლილი და შეფუთული. ცალკე ბორბლები, ცალკე დაფა თუ  ლითონის გაურკვეველი დეტალები. ჩუმად ჩავედი სარდაფში, ხელსაწყოების ყუთი ამოვიტანე და მივხვდი, რომ სრულიად მარტო დავრჩი ბრტყელტუჩასთან და ჩემი ხელით ასაწყობ ოცნებასთან, რომელიც უკვე საკმაოდ არარომანტიულად გამოიყურებოდა.

შესაძლოა, თქვენ ფლობდეთ ხუთ ან მეტ უცხო ენას, რამდენიმე დიპლომს, საკმარის თავდაჯერებულობას, მაგრამ თავი მაინც ძალიან უსუსურად იგრძნოთ ლითონის ამდენი უცნაური ნივთის წინაშე.

მაგრამ გამოწვევა მივიღე და ღირსეულადაც გადავლახე.

შემდეგი გამოწვევა სკეიტერის სახელის დამკვიდრება გახლდათ. ამაზე დღემდე დაუღალავად ვმუშაობ.

იანი

მანამდე არცერთ ურბანისტს არ ვიცნობდი.  უზარმაზარი ქალაქების, ამ ცოცხალი ორგანიზმების დაბალანსება შესანიშნავი საქმეა- მეთქი, გავიფიქრე და დავინტერესდი. გერმანული მარტი იდგა ანაც აპრილის დასაწყისი და ის მსოფლიოს ყველა სხვა მარტსა ან აპრილის დასაწყისზე უფრო  ნაცრისფერი და წვიმიანია. ჩვენი გაცნობა, შესაძლოა, ყოფილიყო საკმარისად რომანტიკულიც, მაგალითად ნიუ- იორკში, უმჯობესი იქნებოდა, ბიჭს ხელში ყვითელი ქოლგა სჭეროდა, რომელიც შენ ოდესღაც რომელიღაც წვეულებაზე დაგრჩა, მაგრამ ეს საერთოდ არ აღმოჩნდა რომანტიკული, არც- ლეგენდარული, რადგან ჩვენ არ ვიყავით საკულტო ამერიკული სერიალის (How I met your mother) პერსონაჟები.

იმ წვიმიან მარტსა თუ აპრილის დასაწყისში მარკეტის შესასვლელში საიმედოდ დაპარკინგებული ველოსიპედი მომპარეს. გადავწყვიტე, რომ საშინლად უბედური ვიყავი, ასფალტზე დავჯექი და ავბღავლდი. გამოცდები ახლოვდებოდა, ნერვები დაწყვეტაზე მქონდა და ვიღაც უნამუსომ ამ დროს ველოსიპედის მოპარვა გამიბედა. ქურდები ძალიან არაკეთილშობილები არიან, ისინი ვერასდროს არჩევენ სწორ დროს.

„ორი კვირის შემდეგ მაინც მოეპარათ“,-  გერმანულად მივმართე ბიჭს,  რომელიც ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. მერე კი ქართულად გავაგრძელე საკუთარი უიღბლობის გამოტირება, სასოწარკვეთილს ყველა სხვა ენა მავიწყდება ქართულის გარდა.

ის ძალიან კარგი ბიჭი აღმოჩნდა, შესანიშნავიც კი. მაგრამ გავა დრო და უხერხულად დამისვამს კითხვას ჩემი ერთადერთი ტატუს შესახებ, მეც მშრალად ვუპასუხებ რომ ეს სპილოა, რომელიც გველმა გადაყლაპა, ანაც გველი, რომელმაც სპილო გადაყლაპა, ზოგიერთისთვის შლაპა და საერთოდაც, რამდენიმე დღის შემდეგ „პატარა პრინცს“ ვაჩუქებ. გავა დრო და იანი ამ წიგნს ბოლომდე არ წაიკითხავს, რადგან მისი აზრით, ზედმეტად ბავშვურია. მე  გული დამწყდება. ჩემი მეგობრები თავს გააქნევენ. თითოეულ მათგანს სახეზე „ასეც ვიცოდი“ ან  „ხომ გეუბნებოდი“ გამომეტყველება აღებეჭდება და აი, ეს კი ძალიან ემსგავსება სცენას  ამერიკული საკულტო სერიალიდან, როცა ტედი აღმოაჩენს, რომ მის საყვარელ ქალს „ვარსკვლავური ომები“ არ მოეწონა. უფრო მეტიც, ერთ დიდ სისულელედ შერაცხა.

ამის გამო, როგორც წესი, არ შორდებიან. შესაძლოა, სამარცხვინო საქციელია ჩემი მხრიდან. მაგრამ სულ მახსენდება, როგორი უძლური ვიყავი სიტყვების წინაშე, რომელიც „ბავშვურობისთვის“ ყველაზე გენიალურ წიგნს სჯიდა.

შეიძლება, თქვენ ფლობდეთ ხუთ ან მეტ უცხო ენას, რამდენიმე დიპლომს, საკმარის თავდაჯერებულობას, მაგრამ თავი მაინც ძალიან უსუსურად იგრძნოთ სიტყვების წინაშე.

 

 

ლიტერატურული კონკურსი – “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე”!

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი  “მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ფარმაცეტული კომპანია „PSP“ მხარდაჭერით, აცხადებს ლიტერატურულ კონკურს მწერლებისთვის: “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე“,  რომლის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა  და სკოლის ცხოვრების შესახებ.

კონკურსის ფარგლებში განიხილება  მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის მიზანია,  მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს ჟიური.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ  საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ პერსონალური პორტატული კომპიუტერები, ასევე  ფულადი პრიზი:

I ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

ლიტერატურული ნაწარმოებები მიიღება 2016 წლის 20 სექტემბრამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: tpdc.georgia@gmail.com გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე.

ადამიანები და… სხვა ცხოველები

0

ცოტა ხნის წინ  ჩვენ ყველანი შემზარავი ფაქტის მომსწრე და…თანამონაწილე გავხდით. ბავშვებმა ლეკვი აწამეს. საბრალო, უდანაშაულო არსება დაიღუპა. დაიწყო დიდი მითქმა-მოთქმა, დაპირისპირება, ერთნი ბავშვების უპირობო დასჯას ითხოვდნენ, მათ მიმართ არანაკლები სისასტიკის გამოვლენისკენაც მოუწოდებდნენ სხვებს, მეორენი ამ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმებას და შესაბამისი ზომების მიღებას ემხრობოდნენ.

რამდენიმე დღის წინ ჩემმა13 წლის გოგონამ დამირეკა აღშფოთებულმა. სოფელში ისვენებს და მიყვებოდა, როგორ ეპყრობოდნენ ბავშვები ეზოში ლეკვს – კი არ ურტყამენ ან ცემენ, უბრალოდ სათამაშო ჰგონიათ და ხან ნაჭრებში ახვევენ და აძინებენ და ხან კოვზით ვითომ-ვითომ  საჭმელს ტენიანო. როცა ვუთხარი, ცოცხალი არსებაა და არა სათამაშო, ასე ნუ ექცევითო, ბავშვების დედამ უხეშად მითხრა, მათი ლეკვია და რასაც უნდათ, იმას უზამენო. ეს თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ ეს ბავშვები იმიტომ კი არ იქცევიან ასე, რომ ბუნებით ბოროტები და სასტიკები არიან, არამედ იმიტომ, რომ უფროსები არასწორად ზრდიან და ცუდ მაგალითს აძლევენ მათ.

და ერთი ამბავიც შესავლის ნაცვლად – ცოტა ხნის წინ უკრაინელი კოლეგები მყავდა სტუმრად. ცხადია, შემთხვევა ხელიდან არ გავუშვით და ჩვენი გამოცდილება ერთმანეთს გავუზიარეთ. მათგან ძალიან საინტერესო და ამ თემებთან დაკავშირებული სოციალური პროექტის შესახებ შევიტყვე. წერილის დაწერაც სწორედ ამ ფაზლის ნაწილებივით ერთმანეთთან დაკავშირებულმა ამბებმა გადამაწყვეტინა – ვალერა და ანია გატაცებით მიყვებოდნენ, როგორ ახორციელებენ თავიანთ სკოლაში  ძაღლების თავშესაფრის ბინადრებთან  ბავშვების დამეგობრების პროექტს.

მართალი გითხრათ, არ ვიცი, რა კონკერტული სასწავლო-შემეცნებითი პროექტები ხორციელდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ან დაწყებით კლასებში. შესაძლოა, სახელმძღვანელოებსა და დამხმარე სასწავლო რესურსებში არის კიდევაც გაწერილი რაიმე ღონისძიებები ბავშვებისთვის ცხოველების უფლებების გაცნობისა და მათ მიმართ პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბების მიმართულებით, თუმცა პრობლემა რომ თვალსაჩინოა და სამუშაო – კოლოსალური, ფაქტია.

თავიდან აღვნიშნე, საბრალო ლეკვის მკვლელობის მომსწრე და თანამონაწილეებიც გავხდით მეთქი. თანამონაწილეობაში კი უშუალოდ პროცესში მონაწილეობის მიღება არ მიგულისხმია, ცხადია. დავსვათ კითხვა – რას ვაკეთებთ თითოეული ჩვენგანი იმისთვის, რომ ბავშვებს სწორი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეთ ცოცხალი არსებების მიმართ? ვსაუბრობთ თუ არა სკოლაში ცხოველთა უფლებებზე? გარდა საუბრისა, კიდევ რას ვაკეთებთ ან რისი გაკეთება შეგვიძლია? მხოლოდ საუბარი, შეგონება და სახელმძღვანელოში ილუსტრაციების გაცნობა საკმარისი ნამდვილად ვერ იქნება. მინდა ის რამდენიმე იდეა გაგიზიაროთ, რაც ვალერასგან და ანიასგან შევიტყვე.

სოციალური პროექტების სერია თავშესაფარში მცხოვრები ცხოველების დასახმარებლად

გამოვკვებოთ თავშესაფრის ბინადრები

მასწავლებელი წინასწარ უკავშირდება ცხოველთა თავშესაფრის ადმინისტრაციას. არკვევს იქ შეფარებული ცხოველების რაოდენობას. ათანხმებს ვიზიტის დროს და ეცნობა უსაფრთხოების ზომებს. სთხოვს ადმინისტრაციას, უზრუნველყოს იმ ცხოველების გარიდება, რომლებიც ბავშვების მიმართ აგრესიას გამოხატავენ. ასევე წინასწარ უთანხმებს, რომ ბავშვები ცხოველებთან საკვებს ან სხვა საჭირო ნივთებს მიიტანენ. ადგენს სიას.

მოსწავლეებთან მოსამზადებელი საუბრის და საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ იგეგმება თავშესაფარში ვიზიტის დღე. სტუმრობის წინა დღეს ბავშვები ოჯახის წევრების თანხმობით და დახმარებით ამზადებენ საკვებს ცხოველებისთვის. ეს შეიძლება იყოს ბურღულეულის ფაფა, სპეციალური მშრალი საკვები, პური. შესაძლოა, თავშესაფარში დასჭირდეთ მედიკამენტები, ძველი პლედები ან თბილი ტანსაცმელიც ლეკვების და ავადმყოფი ძაღლების მოსავლელად. თავშესაფარში მისული მოსწავლეები და მასწავლებლები ცხოველებთან შეხვედრამდე კიდევ ერთხელ გაიმეორებენ უსაფრთხოების წესებს და მომვლელების თანხლებით გამოკვებავენ თავშესაფრის ბინადრებს.

შრომის გაკვეთილები

სკოლაში, რომელშიც ჩემი კოლეგები ასწავლიან, არის შრომის გაკვეთილები, სადაც მოსწავლეები სხვადასხვა მასალისგან სხვადასხვა ნივთის დამზადებას სწავლობენ. მეოთხე კლასის ხელობის გაკვეთილების ერთი სემესტრი მთლიანად ეთმობა პატარა სახლების ან თავშესაფრისთვის საჭირო სხვა ნივთების ( თაროები, სათავსოები, ჯამები…)მშენებლობას და დამზადებას. მოსწავლეები მასწავლებლის და მშობლების დახმარებით აგებენ პატარა სახლებს ძაღლებისა და ლეკვებისთვის, რომლებიც შემდეგ თავშესაფარში მიაქვთ. სურვილის და მონდომების შემთხვევაში, მშობლების ჩართვით, ჩვენთანაც შესაძლებელია ისეთი პროექტის დამუშავება, რომელშიც მონაწილეობას ბავშვებთან ერთად მათი მშობლებიც მიიღებენ. საჭირო მასალისა და ნივთების შესაძენად შეიძლება კაფეს ან ბაზრობის ორგანიზება, სადაც მოსწავლეები მათ მიერვე დამზადებულ საკვებს ან ნივთებს გაყიდიან, მიღებული შემოსავლით კი საჭირო ინვენტარს შეიძენენ. ეს ფასდაუდებელი გამოცდილება იქნება ბავშვებისთვის.

ლიტერატურის გაკვეთილებზე

თავშესაფრებს ან სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფს ხშირად აქვთ ვებგვერდები, სადაც იტვირთება გასაჩუქებელი ცხოველების ფოტოები. გასაჩუქებელი ცხოველების შესახებ ინფორმაცია მნიშვნელოვანია ჩუქების მსურველებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად. ლიტერატურის გაკვეთილებზე ბავშვებს შეგვიძლია ვთხოვოთ, დაწერონ ისტორიები იმ ცხოველებზე, რომლებიც მოსიყვარულე და მზრუნველ პატრონს ელოდებიან. მათ შეუძლიათ სახელებიც დაარქვან ლეკვებს, გააპიროვნონ ისინი და პირველ პირში დაწერონ მათი ისტორია – როგორ აღმოჩნდნენ თავშესაფარში, რას გრძნობენ, რას ელიან, რა სწყინთ და რა უხარიათ. ემპათიის უნარი უმნიშნელოვანესია და ეს სამუშაო ძალიან დაეხმარება ბავშვებს, თავადაც შეიგრძნონ ამ საბრალო არსებების განცდები. დაწერილი ისტორიების ატვირთვა შესაბამის რესურსებზე მასწავლებლის დახმარებით გახდება შესაძლებელი.

ყველაზე ძვირფასი საჩუქარი – ურთიერთობა

თავშესაფრების ბინადარ ცხოველებს აკლიათ ადამიანებთან ურთიერთობა. ძაღლები სოციალური, კონტაქტური არსებები არიან. სულ მცირე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია თავშესაფრებში მცხოვრები ცხოველებისთვის, მათთან ურთიერთობაა. შეიძლება დაიგეგმოს მათთან სტუმრობა უბრალოდ გასასაირნებლად ან მათთან სათამაშოდ. ცხადია, ადმინისტრაციასთან წინასწარ შეთანხმებით და ისევ და ისევ უსაფრთხობის ზომების დაცვით.ისინი შეარჩევენ ძაღლებს, რომელთა გასეირნება ღვედით უსაფრთხო და სასარგებლო იქნება როგორც მათთვის, ასევე ბავშვებისთვისაც.

მედიასაშუალებების გამოყენება

თითოეული ამ პროექტის განხორციელების პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მიღებული გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება და ინფორმაციის გავრცელება. „სიკეთე გადამდებია“. მსგავსი ღონისძიებების გაშუქებით კი, შესაძლოა, სხვებსაც აღეძრათ სურვილი იმავეს გაკეთების. თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გადავიღოთ და დაუყონებლივ ავტირთოთ სხვადასხვა მედიასაშუალებაში განხორციელებული პროექტები. დახმარება უფროსკლასელებს შეიძლება ვთხოვოთ. ისინი სიამოვნებით და ინტერესით გადაიღებენ მასალას, ჩაწერენ ინტერვიუებს პროექტში მონაწილე ბავშვებთან, უზრუნველყოფენ სხვადასხვა სოციალურ ქსელში თუ ვებგვერდზე ინფორმაციის გავრცელებას. თავისუფლად შეგვიძლია დავუკავშირდეთ ოფიციალურ მედიასაშუალებებსაც. რაც უფრო მეტი ადამიანი შეიტყობს და ჩაერთვება მსგავს პროექტში, მით უფრო სწრაფად მივიღებთ სასურველ შედეგს.

ვიზუალური აზროვნებიდან ვერბალური აზროვნებისაკენ  და პირიქით

0

მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები

კარგი პრეზენტაცია ნიშნავს უბრალოდ ინფორმაციის გადაცემას კი არა, არამედ იმგვარ გადაცემას, რომელიც ჩვენი გონების მყარ დისკზე ჩაიწერება, ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ინფორმაცია იქნება ცოცხალი: შეგვეძლება მისი წარმოდგენა, შეგრძნება, შემეცნება, დამახსოვრება კი თავისთავად მოხდება.

ძალიან მნიშვნელოვანია პრეზენტაციის ვიზუალურად გაფორმება. რადგანაც ვიზუალური ხატი ერთბაშად იპყრობს მსმენელს, ხოლო ვერბალური კომუნიკაცია მიმდინარეობს დროში და დანაწევრებულია. ორივე ერთად კი წარმოადგენს მთლიან აზრს. მართალია, ვერბალური და ვიზუალური განსხვავებული სტრუქტურის ელემენტებია და სხვადასხვა სემიოტიკურ სისტემებს მიეკუთვნება, მაგრამ მათი სინთეზი, წარმატებული ურთიერთქმედება აზრის დაბადებას, აზრის გამოთქმას ემსახურება.

ცალ-ცალკე ორივე სისტემა ნაკლულია აზრის გამოსათქმელად. მაგალითად,  ავიღოთ ქიმიური ნაერთი –  წყალი H2O – იგი შედგება ორი ატომი წყალბადისაგან და ერთი ატომი ჟანგბადისაგან. ცალ-ცალკე ეს ელემენტები არცერთი წყალი არ არის, ასევე ნაწილობრივად წარმოადგენენ აზრს ვიზუალური და ვერბალური სისტემები პრეზენტაციისას.

რა კავშირია ვერბალურსა და ვიზუალურს შორის?

თანამედროვე სამყაროში კომუნიკაციის პრობლემა განპირობებულია იმით, რომ ენის მეშვეობით მეტყველება ავტომატიზებულ პროცესად იქცა. ამაში „დამნაშავე“ ენა არ არის, აჩქარებული სამყაროს ადამიანი ყველაფერს ამარტივებს და კომუნიკაცია დაჰყავს უბრალოდ ინფორმაციის გადაცემამდე. დაიკარგა (უმრავლეს შემთხვევაში) ემოცია, განცდა, გრძნობა, რაც სიტყვებს უნდა მოჰყვებოდეს. ის წარმოსახვები, რომლებიც კონცეპტუალურ კომუნიკაციას ახლავს, გაუფერულდა, გაიცრიცა და გაქრა. თითქოს ცალკე არსებობს ადამიანი (შინაგანი ადამიანი)  და „ენობრივი ადამიანი“, რომლებიც სულ უფრო შორდებიან ერთმანეთს. დაქვეითდა ენის ძირითადი ფუნქცია, ექსპრესიული ფუნქცია, შესამაბისად, ურთიერთგაგებინების პროცესიც ადამიანებს შორის, ხალხებს შორის, კულტურებს შორის სულ უფრო პრობლემატური გახდა. ზოგ შემთხვევაში, ენა ურთიერთგაგებინების ნაცვლად იქცა ურთიერთგაუგებრობის წყაროდ.

რატომ ხდება ასე და რას ნიშნავს, რომ ენა ავტომატიზებული პროცესია?

ბგერითი ენა ნიშნავს, რომ ადამიანი აზრს, ემოციას, გრძნობას გარდაქმნის სიტყვებად, ცნებებად, ანაწევრებს და გამოთქვამს და ასე გამოიხატება. რა სახით გვეძლევა აზრი…? როგორ იქცევა აზრი, როგორც მენტალური წამოდგენა, ცნებებად და როგორ შეგვიძლია, რომ ჩვენი აზრი სრულყოფილად გავუზიაროთ მეორე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს?

აი, აქ იწყება აზრის გადაცემის რთული ფსიქო-ფიზიოლოგიური პროცესი. ეს ძალიან ჰგავს თარგმნის პროცესს, მაგრამ გაცილებით უფრო რთულს, რადგან „თარგმნა“ გვიწევს არა სხვა ენიდან, არამედ აზრის მრავალფეროვანი სემიოტიკური რაკურსებიდან ვერბალურ, ბგერით ენაზე… ჩვენს ცნობიერებაში წარმოქმნილ ვიზუალურ ხატებს სიტყვები უნდა შევუსაბამოთ და როდესაც სიტყვები „არ გვეყოფა“, მაშინ მეტაფორებს უნდა მივმართოთ. წარმოგიდგენიათ, რამდენი რამ უნდა გადაიტანოს სიტყვებში ენამ (ენის მომხმარებელმა)…? დაანაწევროს ერთიანი სურათი, მერე შეაერთოს სხვადასხვა ტიპის განცდა, რომ საბოლოოდ შეძლოს აღადგინოს ერთიანი სურათი და ეს უნდა მოახერხოს, არც მეტი და არც ნაკლები, პირობით ნიშანთა სისტემით. დიახ, ბგერები, სიტყვები, ცნებები მხოლოდ პირობითი ნიშნებია აზრის გადმოსაცემად. ნიშნის პირობითობა ხომ ენის ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპია. ენის ჩვეულებრივი მომხმარებელი არ არის ვალდებული, ენისა და აზროვნების თეორიებს ფლობდეს და ენისა და მეტყველების ფუნქციებში ერკვეოდეს (ეს მეცნიერების საქმეა), მაგრამ ის ახორციელებს სწორედ ცნობიერად თუ არაცნობიერად აზრის სიტყვებით შეფუთვის ურთულეს პროცესს…

წარმოიდგინეთ, რომ ზღვაზე ხართ, დაისია… და თქვენ უნდა უამბოთ თქვენს მეგობარს მზის ჩასვლის შესახებ, თან ისე, რომ ყველა განცდა, რომელიც თქვენშია, გადაიტანოთ სიტყვებში, როგორც სიგნალებში, რომელთა მოსმენის შემდეგ თქვენს მეგობარს უნდა გაუჩნდეს იგივე ემოციები და იგრძნოს ის, რაც თქვენ იგრძენით ამ დაისის  მზერისას…

პრაქტიკულად შეუსრულებელი ამოცანაა…

მხატვარი ამას უფრო ადვილად შეძლებდა ფუნჯისა და ფერების მეშვეობით, მაგრამ ენაში აზრის მატერიალიზაცია მხოლოდ ბგერებითაა შესაძლებელი. მისტიკოსები იტყვიან, რომ ის, ვისაც შეუძლია ასეთი სურათის ნახვისას ილაპარაკოს, ვერაფერს ვერ გრძნობს… მაგრამ მეორე დღეს ეს განცდა რომ სიტყვებით გააფორმო, მოჰყვე, ნამდვილი ხელოვნებაა საჭირო… ამრიგად, გამოდის, რომ კომუნიკაციის პროცესში ერთიან ვიზუალურ წარმოდგენებს ვანაწევრებთ ბგერებად და გარდავქმნით კონცეპტუალურ, ცნებით აზროვნებად. რით განსხვავდება ერთი მეორისგან? ვიზუალური ხატი გვეძლევა ერთიანი სახით, ხოლო სიტყვებით ხდება მისი დანაწევრება და გადატანა. ვანაწევრებთ და გადაგვაქვს რა ვიზუალური ვერბალურში, შემდეგ იწყება პირიქით პროცესი: ენამ, ანუ პირობით ნიშანთა სისტემემ, კომუნიკაციის ადრესატზე უნდა მოახდინოს იმგვარი გავლენა, რომ ვერბალური, ცნებითი აზროვნება კვლავ გადრაისახოს ვიზუალურ ხატში. საინტერესო იქნებოდა, სუბიექტის მიერ გადაცემული და ადრესატის მიერ აღქმული ვიზუალური ხატების შედარება, ისინი ალბათ ვერასდროს დაემთხვეოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მაქსიმალური დაახლოევება არის ენის მიზანი; თუმცა აზრთან მიმართებით ვერბალური მეტყველება ყოველთვის დარჩება  ინპერპრეტაციად.

არსებობს ისეთი ტექსტები, რომლებიც თავისი მხატვრულობით მყისიერად წარმოქმნიან ვიზუალურ ხატებს. მაგალითად, ასეთია კობიაში ისას ეს ჰაიკუ:

„ჩემს ძველ სახლში,

რომელიც დავტოვე,

ალუბალი ყვავის…“

თუ კარგად გავიაზრებთ იმას, რაც აქამდე ვთქვი, აუცილებლად გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ საერთოდ შეუძლებელია ორი ადამიანის ასეთი ღრმა ურთიერთგაგება… ამიტომ ყველაფერი პირობითია და ზუსტი სიტყვები არ არსებობს ჩვენი მრავალფეროვანი შინაგანი განცდების გადმოსაცემად. ეს კარგად უწყიან პოეტებმა, ამიტომაც ამბობენ:

..Как сердцу высказать себя?

Другому как понять тебя?

поймет ли он, чем ты живешь?

Мысль изреченная есть ложь… (Тютчев, «Silentium)

მაგრამ ამის მიუხედავად, ვიდრე დედამიწაზე ვართ და ადამიანურ ფორმაში და ვიდრე ენა ჩვენი გამოხატვის ერთ-ერთ ძლიერ საშუალებად რჩება, ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ყველა სიღრმე, რაც ენით გამოთქმას უფრო მიახლოებულს გახდის. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ვერბალურ ენას შეუძლია შექმნას სიტყვებით ვიზუალური ხატებიც, მუსიკაც და გამოიწვიოს კინესთეტიკური შეგრძნებებიც… პრეზენტაციის დროს განსხვავებული სემიოტიკური სისტემებით აზრის გამოთქმა შესაძლოა იმაზეც მიანიშნებდეს, რომ ეს სისტემები დამოუკიდებლადაც ქმნიან მთლიანობას (მაგალითად, თავისთავად სრულყოფილებაა მოცარტის მუსიკის მოსმენა, ან მხატვრის ტილო, ან პოეტის ტექსტი…) და სინთეზით კი – ახალ შესაძლებლობას, რათა გააცოცხლონ ავტომატიზებული მეტყველება და შეიტანონ მასში სიცოცხლე.

მუსიკალური სმენა: ხმა, რომელსაც არ ვიცნობთ

0

ერთხელ სოკრატესთან ახალგაზრდა მიიყვანეს თხოვნით შეეფასებინა მისი თვისებები და ნიჭიერება. ბრძენი ერთხანს ათვალიერებდა ახალგაზრდას და შემდეგ წარმოთქვა: „ილაპარაკე, რომ შევძლო შენი დანახვა“.

 

როდესაც მხედველობაში მეტყველებითი ინტონაციები გვაქვს, მასში ყოველთვის ხმის მოქნილობას ვგულისხმობთ, როგორც უნარს მოდულაციების მიმართ. მაგალითად, ადამიანის ხმაში პირველი ინტონაციური მარცვლები დაბადებიდან რამდენიმე კვირაში ჩნდება. ძალიან მალე ჩვილის ტირილში შეიძლება უკმაყოფილებისა და მოთხოვნის ინტონაციები ამოვიცნოთ. მისთვის ხმის ინტონაცია ერთადერთი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი გრძნობებისა და სურვილების გაცხადებისთვის. სწორედ ეს ინტონაციებია, მომავალში რომ რთულდება და იხვეწება.

შესაძლოა ბევრმა არც იცის, რომ ჩვილის ლაპარაკის სწავლებას წინ უძღვის ბგერების გარჩევა სიძლიერის, სიმაღლის, გრძლიობის და ტემბრის მიხედვით. საკუთრივ ამ შეძლებას ადამიანები მუსიკალურ სმენას ვუწოდებთ. მუსიკალური სმენა მეტყველებასთან ერთად ვითარდება. დაბადებიდან 2 კვირის პატარა, რომელსაც ჯერ არ ესმის სიტყვების მნიშვნელობა, მათი წარმოთქმის ინტონაციას შეუცდომლად საზღვრავს.

***

როგორც ვიცით, XXI საუკუნე ინფორმაციის საუკუნეა. არის თუ არა თქვენთვის ცნობილი, რომ ინფორმაციის 40 პროცენტს ადამიანის ფსიქიკა სწორედ ხმით, მისი ტემბრით, ინტონაციით, პაუზით, აქცენტებით მოიპოვებს? დღეს საქმიანი კონტაქტების ცოცხალი ურთიერთობებისთვის ხმოვანი მეტყველების მნიშვნელობა ძალზე დიდია. ანუ დღეს მოთხოვნადი პროფესიების უმეტესობა „ხმის გავლენის სფეროში“ შედის. ახლა პირველ პლანზე მენეჯერების კომუნიკაციური ჩვევებია, სადაც „ხმას გვერდს ვერაფრით ავუვლით“. შესაბამისად, კარგად უნდა ვაცნობიერებდეთ ხმის მართვის აუცილებლობას. სწორედ ხმის ჩვევებში არსებული ნაკლოვანებებია მუშაობაში ხელის შემშლელი ფაქტორი.

ოდესმე თუ დავფიქრებულვართ, რა მნიშვნელობა აქვს ხმას კომუნიკაციისთვის? რატომ გვსიამოვნებს ზოგიერთის ხმა, ზოგიერთის კი გვაღიზიანებს, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ვეთანხმებით მის მოსაზრებებს? საქმე ის გახლავთ, რომ საუბრის შინაარსზე კონცენტრირებულნი მეტყველებას ცნობიერ დონეზე აღვიქვამთ. ის შეგვიძლია გავაანალიზოთ, მივიღოთ ან უარვყოთ. ხოლო ინფორმაციას, რომელსაც მოსაუბრის ხმა გვაწვდის, როგორც წესი, მექანიკურად, შეუცნობლად, ემოციურად ვითვისებთ და ჩვენს დასკვნებს საკუთარ ინტუიციას მივაწერთ.

როგორც წესი, მოსაუბრეზე შთაბეჭდილება გვექმნება პირადი ან სატელეფონო ურთიერთობის პირველივე წუთებში. მაგ: კეთილგანწყობილია თუ არა, თვითდაჯერებულია თუ მფრთხალი, რამდენად მზად არის თანამშრომლობისთვის, შეიძლება თუ არა ვენდოთ, და ბოლოს და ბოლოს ამ ადამიანთან ურთიერთობა გვსიამოვნებს, თუ გვსურს, რაც შეიძლება სწრაფად გავწყვიტოთ საუბარი. ეს პირველი რეაქცია ეფუძნება არა იმას, როგორი სიტყვები მოვისმინეთ, არამედ როგორ გაიჟღერა ამ სიტყვებმა.

სამუელ ბატლერის მოსაზრებით, ჩვენ გვარწმუნებენ არა არგუმენტები, რომლებზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, არამედ ტონი და ტემპერამენტი, მეტყველების მანერა, ანუ თვით ადამიანი.

ხმა

არსებობს ადამიანების შეცნობის ერთგვარი განმსაზღვრელი სტერეოტიპები. იმის მიხედვით, როგორ „ვხმოვანებთ“, შეიძლება განვსაზღვროთ, როგორ განწყობაზეა ადამიანი; ვიმსჯელოთ მის ინტელექტის დონეზე, საქმიანობის სახეობაზე, ტემპერამენტზე და ა.შ. ხმის ტემბრით გაცილებით მეტი ინფორმაციის მოპოვებაა შესაძლებელი, ვიდრე ნათქვამი სიტყვებით. ხმის ტემბრი ისევე, როგორც თითების ანაბეჭდის მოხაზულობა აბსოლუტურად ინდივიდუალურია. რიგ ქვეყნებში ხმის ჩანაწერი უდავო იურიდიულ დოკუმენტად მიიჩნევა, რომლის გაყალბებაც შეუძლებელია.

ხმის რომელი მახასიათებლები ახდენენ გავლენას მეტყველების გამომსახველობაზე, და, შესაბამისად, ჩვენი მეტყველება გარედან როგორ აღიქმება? ეს, უპირველეს ყოვლისა, არის: ინტონაცია, ხმის ტემბრი, დიაპაზონი, ხმის სიძლიერისა და სიმაღლის ვარირება, რეზონანსი, დიქცია და არტიკულაცია, მეტყველების ტემპი და რიტმი, სუნთქვის განსაზღვრული ალგორითმები, სხეულის ტონუსი. ამ მახასიათებლების შეხამება ადამიანის „ხმოვან პორტრეტს“ შეადგენს, მის შინაგან მდგომარეობას, გარეგან საქციელს და შესაძლებელია პირად ისტორიასაც კი.

ხმა არა მხოლოდ ჩვენი შინაგანი მდგომარეობის გამოხატულებაა, არამედ პროფესიული ინსტრუმენტი – კომუნიკაციის უძლიერესი იარაღი. საუბრისას ხმა ყოველთვის ყურადღებას იპყრობს. ვინც ადვილად გადმოსცემს აზრებისა და განწყობების ყოველგვარ ნიუანსს, ნიშნავს, რომ საკუთარი ხმის მართვა და შესაბამისად აუდიტორიის ფლობა შეუძლია. ხმის ფლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის, ვისი პროფესიული მოღვაწეობა და წარმატება დაკავშირებულია მეტყველებასთან (მსახიობები, პედაგოგები, იურისტები, ფსიქოლოგები, დიჯეები, მენეჯერები). რა თქმა უნდა, ხმის ფლობა ნებისმიერ სიტუაციაში აუცილებელია, იქ, სადაც ადამიანებს შორის კონტაქტია: ოჯახში, პირად ურთიერთობებში, ნებისმიერ მოლაპარაკებებსა თუ კონფლიქტურ სიტუაციებში.

რა სიძნელეებს აწყდებიან ადამიანები, რომლებსაც ხმა ესაჭიროებათ, როგორც პროფესიული ინსტრუმენტი? ამის მიზეზებია:

ხმა:   –  სწრაფად იღლება და დატვირთვას ვერ უძლებს;

  • საპასუხისმგებლო მომენტში „იკარგება“ ან თრთის;
  • არასაკმარისი სიძლიერით ვერ ახერხებს აუდიტორიაში შეღწევას და მის   დამორჩილებას;
  • მეტყველებისას არასაკმარისი სიმაღლე გააჩნია (ხმა მეტად „ნაზია“ ან მეტად „უხეში“);
  • არასაკმარისად მოქნილია იმისთვის, რომ სასურველი ემოცია გამოხატოს;
  • არასასიამოვნოდ ჟღერს;
  • საუბრის ტემპი შეუსაბამოა;
  • მეტყველებაში არსებული დიქციისა და არტიკულაციის ნაკლოვანებები.

ყველა ეს სიძნელე ერთმანეთთან ურთიერთკავშირში და ერთმანეთზე დამოკიდებულია.

უნდა გვახსოვდეს, რომ დაძაბულობა, რომელიც ხმას თავისუფლად გაჟღერების საშუალებას არ აძლევს, აღარიბებს ტემბრს და ამით ართმევს, როგორც დაბალ – მსუყე, ასევე მაღალ – წკრიალა შეფერილობას.

ერთხელაც აღვნიშნავ, რომ აუდიალური ჩვევების გამომუშავება ჩვენს დროში, როდესაც მოსაუბრესთან საქმიანი საკითხების გადაწყვეტა ტელეფონის საშუალებით გვიხდება, განსაკუთრებით აქტუალურია. მოსაუბრეზე სასურველი შთაბეჭდილების მოხდენა ხმის საშუალებით სავსებით შესაძლებელია. ასე რომ, ხმა ადამიანის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს არა მხოლოდ ჩვენს თვითშეფასებაზე, არამედ საერთოდ სამყაროსთან ურთიერთობაზე.

„ენაში მეტნაკლებად გასაგებია არა თვით სიტყვა, არამედ ტონი, მახვილი, მოდულაცია, ტემპი, რომლებითაც სიტყვები წარმოითქმის. მოკლედ რომ ვთქვათ:

მუსიკა დაფარული სიტყვების უკან;

ვნება დაფარული მუსიკის უკან;

პიროვნება დაფარული ვნების უკან;

ანუ ყველაფერი ის, რის დაწერაც შეუძლებელია…“ ფრიდრიხ ნიცშე.

პირველი სასწავლო კვირის პრობლემატიკა

0

მაშ ასე, გავიდა მრავალფეროვანი, ცხელი, თავისუფალი, მხიარული ზაფხული, აგვისტოც იწურება  და სასკოლო ფაციფუციც დაიწყება… ძნელად თუ იპოვით ოჯახს, რომელიც რაიმე ფორმით არ ჩერთვება ამ ორომტრიალში, იქნება ეს მოსწავლეთა მშობლების ნერვიულობა, ბავშვების საოცარი მოლოდინი, მასწავლებლების მზადება… სასკოლო საყიდლების სია, საჭირო საკანცელარიო ნივთები, წიგნები,  საზაფხულო დავალების მობილიზება, სიახლეები და სირთულეები…მასწავლებლებისათვის  კი ყველაზე მთავარი გამოწვევა სასწავლო წლის პირველი კვირაა, არ აქვს მნიშვნელობა, ახალ, უცნობ კლასთან გვიწევს ურთიერთობა თუ საყვარელ მოსწავლეებს ხელახლა ვხვდებით, ნებისმიერ შემთხვევაში პირველი კვირა ის დროა, როდესაც მართლაც ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ – რეჟიმიდან ამოვარდნილი ბავშვები ნელ-ნელა უნდა შევაჩვიოთ სასკოლო მუშაობას ისე, რომ არც მეტისმეტი მოგვივიდეს და არც ზედმეტი თავისუფლების გამო ერთი კვირა დავუკარგოთ ჩვენს ძალიან რთულ და დატვირთულ აკადემიურ წელიწადს.

            ამიტომაც, მგონია, რომ ყველაფერი კარგად და დაწვრილებით უნდა გავთვალოთ, აქტივობები, დახვედრა, გაცნობა ( თუ ახალ კლასთან გვაქვს საქმე), მათი მხიარული ამბების მოსმენა და ურთიერთგაზიარება, სასკოლო წლის თუ საგნის სილაბუსის დაგეგმვა ( რასაც, მე პირადად არასდროს გავაკეთებდი მოსწავლეების გარეშე), საზაფხულო დავალებების შედეგების შემოწმება და ა.შ და ა.შ.

            პირველ რიგში, კლასის ატმოსფეროზე ვიზრუნოთ.  ვიზუალური მასალა გინდათ დაამატოთ? იქნებ კედლებზე ძველი თვალსაჩინოებები მოგბეზრდათ და ახალი გინდათ? იქნებ რაიმე განსხვავებული იდეა გაქვთ? სკოლის დაწყებამდე რამდენიმე დღე საუკეთესო დროა მსგავსი საკითხების მოსაგვარებლად. აქვე. გაარკვიეთ უსაფრთხოების საკითხები, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასების შემთხვევაში, იქნება ეს გატეხილი სკამი, უადგილოდ გამოჩრილი ლურსმანი და სხვა.

თუ ახალ კლასში შედიხართ, აუცილებლად დაგეგმეთ გაცნობის კვირეული. დაიმახსოვრეთ, რომ კლასი ეს მიკროსისტემა, მიკროსაზოგადოებაა, რომელმაც წლის ბოლომდე ერთად უნდა იმუშაოს, შედეგებზე გავიდეს, ამიტომაც გაცნობა, ერთმანეთის სურვილების, ინტერესების გაგება თქვენი მოსწავლეებისა და თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ხშირად მეგობრება პირველი შეხვედრიდან, პირველი გაცნობიდან იწყება.რასაკვირველია, თხზულების წერა თქვენთვის და ჩვენთვის კარგად ნაცნობი სათაურით „ როგორ გავატარე ზაფხულის არდაგეგები“ შეგიძლიათ გამოტოვოთ, მაგრამ, თავისთავად ცხადია, რომ  გაინტერესებთ სად და როგორ დაისვენეს, რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ, რა წიგნები წაიკითხეს თქვენმა მოსწავლეებმა?

მარტივი ვიზუალიზაცია დაგეხმარებათ, მაგალითად, დაფაზე საქართველოს რუკას გააკრავთ, სადაც ჭიკარტებით ან ფერადი, წებოვანი ფურცლებით მოვნიშნავთ ადგილებს, სადაც ვიმოგზაურეთ ამ ზაფხულში, ამბებსაც მოვყვებით, იქნებ კარგი შემეცნებითი და საინფორმაციო გაკვეთილიც გამოგვივიდეს, ეკოლოგიურ პრობლემებსაც შევეხებით, ადგილობრივი თუ გარე ტურიზმის საკითხებს და მერე, იქნებ ყველამ ერთად მოვნიშნოთ ადგილი, სადაც მთელი კლასი წავალთ ერთად, მაგალითად, საშემოდგომო ექსკურსიაზე.

პირველ კვირაში აუცილებლად წარუდგინეთ მოსწავლეებს თქვენი მუშაობის სამომავლო გეგმა, რას და როგორ აპირებთ, რაში დაგჭირდებათ მათი დახმარება, რა იდეები აქვთ, რას ისურვებდნენ, როგორ ფიქრობენ, რას გირჩევენ და ა.შ. წასაკითხი წიგნების სია, საჭირო საკანცელარიო თუ სასწავლო ნივთები – სჯობს საორგანიზაციო საკითხები პირველ, შედარებით თავისუფალ კვირაში მოაგვაროთ, რომ შემდეგ, სასწავლო გეგმის რთულ ოკეანეში ცურვისას წვრილმანებმა ხელი არ შეგიშალონ.

მაშ ასე, კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ ის საკითხები, რაზეც ვამახვილებთ ყურადღებას პირველ კვირაში:

  1. საკლასო ინფრასტრუქტურა, წიგნები, საკანცელარიო ნივთები, ყველაფერი რაც დაგვჭირდება;
  2. გაცნობის რიტუალი ( ახალი კლასის შემთხვევაში), ცვლილებები კლასში ( ახალი მოსწავლე თუ გვყავს), რა შეიცვალა, როგორ გავიზარდეთ, როგორია ჩვენი მოტივაცია სწავლისთვის.
  3. როგორ გავატარეთ ზაფხული, სად ვიყავით, რა ვნახეთ…
  4. საზაფხულო დავალება – რა წავიკითხეთ, რა მოვისმინეთ…
  5. პირველი კვირის გეგმა – რას გავაკეთებთ პირველ კვირაში, რა საკითხებს გავივლით, რაზე ვიმუშავებთ.
  6. მუშაობის სპეციფიკაზე შეთანხმება, იდეების გაზიარება, ახალი გეგმები, შემოთავაზებები;
  7. რას ვისწავლით წელს და ზოგადად, რას მოგვცემს ახალი სასწავლო წელი;

კიდევ ბევრის დამატება შეიძლება, მაგრამ ეს უკვე თქვენზეა, წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

ალო ანუ ალესანდრა ლოლიტა ოსვალდო

0

კახეთში ვარ… სიმართლე რომ ვთქვა, მირჩევნია სადმე მალდივის კუნძულებზე ვიყო, მაგრამ მწარე რეალობა სწორედ ეს არის, რომ კახეთში ვარ და მეზობლის ბიჭისთვის ელექტროდამაგრძელებელს დავეძებ. მეზობლად ცხოვრობს და ეზოს კარების საკეტის გამოცვლაში გვეხმარება. ელექტროდამაგრძელებელიც სწორედ ამიტომ უნდა, რომ, ე.წ. „ბარგალკა“ შეაერთოს.

– სიგრძე საკმარისი იქნება? – ვეკითხები,

– მაი, – ანუ კი საკმარისი იქნებაო.

იგივე „მაი“ შეიძლება უარყოფით კონტექსტშიც განვიხილოთ. აქ მთავარი ხმის ინტონაცია და ტონია. აერთებს და მეკითხება, ხომ არ შემაკანკალებსო. ანუ დენს ხომ არ დამარტყამსო. იქვე ამატებს, ამას წინათ მაკანკალა მაგრადო, ანუ სადღაც ეტყობა უხარისხო დამაგრძელებელი გამოიყენა და დენმა ოდნავ წაკბინა (ესეც მისებურად რომ ვთქვათ).

მაშინვე რჩევას ვაძლევ, უნდა აფთიაქში გაქცეულიყავი, A ვიტამინი გეყიდა  და ათი დღე გესვა-მეთქი. პასუხი კვლავ „მაი“-ია, ანუ ამ შემთხვევაში ნიშნავს, მეტი საქმე არ მქონდაო.

ისე აქ დავწერ, რომ დენის დარტყმის, ანუ წაკბენის შემთხვევაში, A ვიტამინი მართლაც აუცილებელია, რადგან პირველ რიგში თვალის ბადურა ზიანდება და ვიტამინიც სწორედ მის აღსადგენად არის საჭირო (დაზიანებასაც გააჩნია).

მეზობლის ბიჭის ტელეფონი რეკავს.

  • ალო, ჰო, შაქრო ძია, გადმოვალ საღამოსკენ.

ალო კი არა, ალესანდრა ლოლიტა ოსვალდო… სწორედ ასე ერქვა თურმე ტელეფონის გამომგონებლის სატრფოს. ტელეფონი გამართა თუ არა, პირველად რჩეულს დაურეკა და უთხრა – „ალესანდრა ლოლიტა ოსვალდო“… ანუ – ალო. მოგვიანებით ყველამ მას მივბაძეთ და ჩვენც ვიმეორებთ და ვიმეორებთ: ალო… გისმენთ…

დამავიწყდა მეთქვა, ალესანდრა ლოლიტა ოსვალდოს თავისი სახელის გაგონება, ტელეფონის აპარატის იქეთა მხრიდან ისე გახარებია, რომ უნებურად საყვარელი მინის ლარნაკი ხელიდან გავარდნია და გაუტეხავს.

მინა ერთ-ერთი პარადოქსული მასალაა. ერთი მხრივ, ძალიან სათუთია. ჩვეულებრივი ფანჯრის ან თუნდაც ლარნაკის  გატეხას არაფერი უნდა. მეორე მხრივ, ბუნებაში არსებული ერთ-ერთი მაგარი მასალაა. მინა შეიძლება გატეხოთ, მაგრამ მისი დაკაწრვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მხოლოდ ისეთი ბუნებრივი მინერალებით მოახერხებთ მის დაკაწრვას, როგორიც კორუნდი და ალმასია,.

სამეცნიერო თვალსაზრისით კი საერთოდაც სითხეს წარმოადგენს. ბლანტი  და გადაციებული სითხეა. მინის წკირი, რომ სპირტქურის ალზე დავიჭიროთ, ცეცხლზე მიფიცხებული ადგილი ჯერ დარბილდება და ბოლოს მის გაწელვასაც შევძლებთ. მინის ძაფებისგან მინის ქსოვილსაც ამზადებენ, რომელსაც რაღაც ნივთებს შემოაკრავენ სიმაგრისთვის (მაგ. ჰოკიჯოხს). მინის ბამბაც არსებობს, რომელსაც მილების შესაფუთად იყენებენ, ასევე სახლების თბოიზოლაციისთვისაც.

მაღალი ხარისხის მინის ფორმულა SiO2, ანუ სილიციუმის ოქსიდია. ბუნებაში იგივე ოქსიდი მინერალის სახით გვხვდება, რომლის სახელწოდებაც  კვარცია. როდესაც საქმე წვრილი კრისტალების ერთობლიობასთან გვაქვს, მაშინ მას ქვიშას ვუწოდებთ. როგორ არის მოწყობილი კვარცის კრისტალური მესერი. სილიციუმის ატომი წარმოქმნის ოთხ ქიმიურ ბმას და მესერში სილიციუმის ატომები ერთმანეთთან ჟანგბადის მეშვეობით არიან დაკავშირებული. კვარცისგან, რომ მინა გავაკეთოთ, უნდა გავაცხელოთ მანამდე, სანამ არ გალღვება, შემდეგ კი ძალიან სწრაფად გავაციოთ. გაცხელებისას სილიციუმის და ჟანგბადის ატომები სტრუქტურაში მოძრაობას იწყებენ. თუ ნელა გავაციებთ, მაშინ ატომები თავის ადგილზე დაბრუნებას მოასწრებენ. მყისიერი გაციებით კი ბრუნვის ადგილზე რჩებიან და კრისტალური მესერიც სახეს იცვლის. სწორედ ასეთი სახეცვლილი მესერი წარმოადგენს მინას, რომლისგანაც ტელესკოპის ლინზებს ამზადებენ. მას ძალიან კარგი ოპტიკური თვისებები აქვს, მაგრამ ძალიან სათუთია. ყოველდღიური გამოყენებისთვის კი რაიმე უფრო გამძლეა საჭირო. ასეთი მინა ქვიშისგან მზადდება. როდესაც ქვიშას ალღობენ, მას მცირე რაოდენობით სოდას უმატებენ, რაც უფრო მაგარი მინის მიღების საშუალებას გვაძლევს. მისი სტრუქტურაც უფრო მოწესრიგებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

მინა ამორფულია, ანუ ფორმა არ აქვს. სხვათა შორის, ასეთ მდგომარეობაში არა მხოლოდ სილიციუმის ოქსიდს შეუძლია არსებობა, არამედ ბორის და ფოსფორის ოქსიდებს, ალუმინის ფტორიდს და ა.შ.

სიტყვა მინა ინგლისურად „Glass“  არის, ლათინურად – “Vitro” . აქედან მოდის  სიტყვა ვიტრინა და ვიტრაჟი.

ზემოთ დავწერე მინას სოდას უმატებენ-მეთქი. ორი ნივთიერება არსებობს და ორივეს სოდა ჰქვია. მოდი გავერკვიოთ. ჩვეულებრივი სოდა, იგივე ტექნიკური, ნატრიუმის კარბონატია Na2CO3. წყალში კარგად იხსნება და წყალხსნარს  ტუტე გარემო აქვს. ანუ სოდის წყალხსნარში ინდიკატორი ფენოლფთალეინის დამატებისას მოვარდისფრო შეფერილობას მივიღებთ, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ხსნარში ჰიდროქსილ იონები ჭარბობენ. სოდა წყალში გახსნისას იშლება ნატრიუმის დადებით და კარბონატის უარყოფით იონებად. წყალიც გარკვეული ხარისხით იშლება  წყალბადის დადებით და ჰიდროქსილის უარყოფით იონებად. კარბონატის იონები წყალბადის იონების გარკვეულ რაოდენობას იკავშირებს და ჰიდროქსილის იონები ხსნარში ჭარბად რჩება. ეს კი წყალხსნარს ტუტე გარემოს ანიჭებს.

მეორეს  საკვები სოდა ეწოდება და ის ნატრიუმის ჰიდროკარბონატია NaHCO3. ამ სოდასთანაც იგივე რომ გავიმეოროთ, ანუ ფენოლფთალეინი ჩავამატოთ, ის ოდნავ შესამჩნევად შევარდისფრდება. რატომ? ეს ჰიდროკარბონატია და ერთ წყალბადს შეიცავს. წყალში გახსნისას სწორედ ეს წყალბად იონი დაუკავშირდება ჭარბად მყოფ ჰიდროქსილის იონებს და ნაწილობრივ კომპენსაცია ხდება. შესაბამისად, ტუტე გარემო ისეთი ძლიერი აღარ იქნება, როგორც ეს ტექნიკური სოდის შემთხვევაში გამოვლინდა.

კიდევ ერთ ნივთიერებას უწოდებენ სოდას, ოღონდ კაუსტიკურს. „კაუსტიკუს“ ძველ ბერძნულად მწვავეს ნიშნავს. ამ სოდის თანამედროვე დასახელება ნატრიუმის ტუტეა.

სამი სხვადასხვა ნივთიერება ერთ სახელს ატარებს. რატომ? Sodium ნატრიუმის ძველი ლათინური სახელწოდებაა. ნატრიუმი სამივე ნივთიერების შემადგენლობაში შედის.

ამასობაში სამზარეულოდან ეზოში  ვანილის გემრიელმა სურნელმა  გამოაღწია.

0,00000000002გრ/1ლ. ჰაერში, სწორედ ასეთი მცირე რაოდენობაც კი შეიძლება შევიგრძნოთ. პირველად მისი გამოყენება ძველმა აცტეკებმა დაიწყეს. მას მცენარე Vanila Planifolia-სგან იღებენ. თვითონ მცენარეს დიდი არაფერი სუნი აქვს. რანაირად მიხვდნენ აცტეკები, რომ სწორედ ამ მცენარისგან შეიძლებოდა ასეთი სურნელოვანი საკაზმის მიღება, არ ვიცი. მაგრამ ვანილის მიღების რთული ტექნოლოგია რომ მოიფიქრეს, ეს ფაქტია. თავიდან უმწიფარ ნაყოფს 20 წამის განმავლობაში ცხელ წყალში ათავსებდნენ, შემდეგ შალის გადასაფარებელში ახვევდნენ და ინახავდნენ. 24 საათის შემდეგ ნაყოფი მზეზე გაჰქონდათ, ოღონდ მხოლოდ ერთი საათით. მეორე დღეს საათი და ათი წუთით, შემდეგ კიდევ ათ წუთს უმატებდნენ და ასე გრძელდებოდა ერთი თვე. შემდეგ უკვე ჩრდილში აშრობენ მანამდე, სანამ თეთრი ფიფქი არ დაედებოდა.  ვანილის ნაყოფში გაცხელებისას ფერმენტაცია, ანუ ბუნებრივი კატალიზატორების თანხლებით დაშლის პროცესები იწყება. ამ დროს იშლება გლიკოვანილინი და წარმოიქმნება ვანილინი. თეთრი ნაფიფქი სწორედ ესაა. 1874 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ვილჰელმ ჰაარმანმა ვანილინი სინთეზურად მიიღო. ხელოვნური გზით სინთეზს 15 საათი სჭირდება.

ღამეა უკვე. თბილისში მთვარეს ვერ ვხედავ ხოლმე, აქ კიდევ ყოველ ღამე ჩანს. ჯერ ეზოს ბოლოშია დაკიდული, შემდეგ აი იმ ხის თავზე მოექცევა ხოლმე, ბოლოს კი სახლის მოპირდაპირე მხარეს ამოყოფს თავს. ასე ღამის სამ-ოთხ საათზე კიდევ პირდაპირ შუშაბანდის თავზე მოკალათდება და ისე ანათებს, დღე გეგონება.

მშვენიერია, შუქი ჩაქრა. ამ ქვეყანაში მგონი შუქის ჩაქრობას ვერასდროს გადაეჩვევიან. მთვარის იმედად და უმოქმედოდ ვერ ვიჯდები, ამიტომ ვრეკავ იმ კაცთან, ვისაც სოფელში შუქის ამბები ევალება. საქმეში ხარ? ვინ იღებს. ტელეფონის ელემენტი მართალია, სულს ღაფავს, მაგრამ იმდენს ვახერხებ, რომ მეგობარს მივწერო თბილისში, დაურეკე მაქედან „შუქის კაცს“, იქნებ შენი ნომერი მოეწონოს და აიღოს-მეთქი. მეგობრის პასუხი მომდის, არ იღებს. როგორც ჩანს, მტკიცე ხასიათის კაციაო. მაინც ვერ ვწყნარდები და ახლა ქვითრიდან ამოკითხულ ენერგოდისტრიბუციის ცხელ ხაზზე ვრეკავ. იქ ჩანაწერია ჩართული, ხმადაყენებული ქალბატონი მეუბნება, რომ სიგნალის შემდეგ ვილაპარაკო და იქნებ,  როდისმე ვინმემ  ჩემს ხმას მოუსმინოს. ჰმ…

გამწარებული ფანჯარას ვაღებ და მთვარის იმედად დარჩენილ  სოფელს გავცქერი… გზაზე ვიღაც კაცი მიდის და  ტელეფონში ყვირის – ალო, ალო-მეთქი.

მერე იქვე გამწყრალი ხმით ხმამაღლა ამბობს – სიგნალი არა, ისა კიდე…

ეტყობა, მაგანაც ცხელ ხაზზე დარეკა. ბოლოს ემოციებს ვეღარ იკავებს და მისი ყვირილი უკვე გზის იქიდან  ისმის:

ელასა მელასა

ჭიქა მეკიდა ყელასა

მთქმელსა და გამგონებელსა

შუქი ჩაგიქრეთ ყველასა…

ჰო, გამოდის, რომ ლექსშიც  შუქჩამქრალებში მოვხვდი. იმ წუთას ლექსი მგონი მხოლოდ მე მესმოდა.

ცხოვრებაშიც ასეა, თუ სადმე რამე უნდა გაფუჭდეს, ამ ამბით დაზარალებულთა სიაში განგება უეჭველად მომახვდრებს ხოლმე….

ტელეფონი რეკავს…

ალო…

საჭირო ცვლილებები საქართველოს სკოლებში

0

რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა განათლების დონის საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მოსწავლეთა წიგნიერების დონე ძალიან დაბალია, მკვეთრად ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს და ის სიის ბოლო ადგილებს აფრიკასთან, ირანსა და კატართან იყოფს. დაწყებით კლასებში წაკითხულის შინაარსის გააზრებისა და გადმოცემის მიხედვით, მსოფლიოს 45 ქვეყნიდან ჩვენი ქვეყანა 37-ე ადგილზეა.

2016 წლის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის წიგნიერების დონით საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა. წერა-კითხვის გავრცელების დონე ქვეყანაში, ბიბლიოთეკებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ტესტებში სტუდენტებისა და მოსწავლეების მიერ ნაჩვენები შედეგები – ეს იმ კრიტერიუმების მხოლოდ ნაწილია, რომელთა საფუძველზეც რეიტინგი დგება.

საინტერესოა ქართული წიგნის ბაზრის 2016 წლის კვლევის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც მხატვრული ლიტერატურის კითხვის სიხშირე განსხვავდება ასაკის მიხედვით. როგორც ირკვევა, ასაკის მატებასთან ერთად წიგნების კითხვის სიხშირე მატულობს. საქართველოში წიგნებს ყველაზე ხშირად 65 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეები კითხულობენ (მათი 75% წიგნებს კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად კითხულობს).

კვლევის შედეგად ასევე აღმოჩნდა, რომ საჯარო ბიბლიოთეკები მკითხველების მხოლოდ 7%-ისთვის არის წიგნის წაკითხვის ზოგადი წყარო. მას სასურველი წიგნის წაკითხვის ძირითად წყაროდ მიიჩნევს მკითხველების მხოლოდ 2%.

მართალია, მოსწავლეთა ოჯახებს ფინანსურად აღარ აწვებათ სასკოლო სახელმძღვანელოების თანხა, მაგრამ უფასო სახელმძღვანელოები განათლების დონის ზრდის პირდაპირპროპორციული არ აღმოჩნდა. სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებიც სავალალოა – პედაგოგთა საშუალოდ 70%-მა ვერ გადალახა ბარიერი სხვადასხვა საგანში.

რას შეცვლიდით საქართველოს სკოლებში? – ამ კითხვით მივმართეთ სასწავლო პროცესში მონაწილე თითქმის ყველა რგოლს. როგორც მცირე გამოკითხვამ აჩვენა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ცვლილებები აუცილებელია.

დათა ნადარეიშვილი, IX კლასის მოსწავლე: „საჯარო სკოლებში ვისურვებდი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას, მეტ შემოქმედებითობას სწავლების პროცესში, რაც სხვადასხვა საგნის მიმართ მოსწავლეების ინტერესს გაზრდიდა. მოსწავლეები, რომლებსაც სურთ ტექნიკური საგნები გაძლიერებულად ისწავლონ, ჩემი აზრით, ცოტათი იჩაგრებიან. ვფიქრობ, კლასების დაყოფა დონეების მიხედვით გამართლებული იქნება, რადგან სუსტ მოსწავლეს ექნება მოტივაცია, რომ კარგად ისწავლოს და ძლიერების ჯგუფში გადავიდეს, „ძლიერისათვის“ კი გაკვეთილზე ჯდომა უინტერესო აღარ იქნება“.

 

თათია მელაშვილი, სსსმ მოსწავლის მშობელი: „ვფიქრობ, სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენთან ერთად, მშობლების აზრის გათვალისწინებით უნდა მიჰყვეს სკოლაში დაგროვილ პრობლემებს. პირველ რიგში შესაცვლელია სპეციალური მასწავლებლების სტატუსი. ერთი შეხედვით ისინი გათანაბრებული არიან ტექნიკურ პერსონალთან და არა მასწავლებლებთან. დიდი რესურსი და სპეცპედაგოგების მრავალწლიანი გამოცდილება იფანტება, რადგან ძალიან ხშირია ამ ნიჭიერი ახალგაზრდების სკოლებიდან გადინება. ეს ყოველივე კი ცუდად აისახება სკოლებში ინკლუზიური სწავლების პროცესსა და ხარისხზე. სტატუსის ცვლილება მოტივაციას გაზრდიდა ახალგაზრდა სპეციალისტებში, რომლებიც ამჟამად მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე, მწირ ხელფასზე მუშაობენ. მათ სჭირდებათ ყველა ის შეღავათი, რითაც მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს დღეს საჯარო სკოლაში (40დღიანი შვებულება, შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა, სამუშაო საათების გაწერა და სხვ.).

 

ვლადიმერ გირინი, არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელი: „სკოლაში, სადაც სწავლება რუსულ ენაზეა (ეს ეხება აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებსაც), მუშაობენ სასწავლო გეგმით, რომელიც განსხვავდება ქართულენოვანი სკოლების სასწავლო გეგმისგან. ვთქვათ, VII კლასში „საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საფუძვლების“ საგნის ნაცვლად ისწავლება ბიოლოგია. რუსულ სექტორზე მისი შესწავლა X კლასში სრულდება, ქართულ სექტორზე კი ის გრძელდება XI კლასშიც, როგორც წესით უნდა იყოს კიდეც, რადგან XI კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის საატესტატო გამოცდას აბარებენ. ამჟამად რუსული სექტორის მოსწავლე გამოცდაზე ისე გადის, რომ საგანს უკვე არ სწავლობს.

კიდევ ერთი მაგალითი: ქიმიის შესწავლა ქართულ სექტორზე VII კლასში იწყება და XI კლასში მთავრდება. ამავე წელს აბარებენ ქართული სექტორის მოსწავლეები საატესტატო გამოცდას. რუსულ სექტორზე კი ქიმიის შესწავლა XII კლასშიც გრძელდება და შესაბამისად, საატესტატო გამოცდასაც XII კლასის დამთავრებისას აბარებენ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ციკლის საგნების შესწავლასას ეს რადიკალური განსხვავებები დაუშვებელია, რადგან არ შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მის სტანდარტებს. ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის სახელმძღვანელოები სხვადასხვა დონისა და შინაარსისაა, განსაკუთრებით ფიზიკის სახელმძღვანელოები X და XI კლასებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ არსებული სახით ეროვნული სასწავლო გეგმები ნებისმიერი ტიპის სკოლისათვის (სწავლების ენის მიუხედავად) უნდა შეიცვალოს. ცვლილებები უნდა შეეხოს ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივ ბადესაც IX-XI კლასებში ისეთ საგნებში, როგორებიცაა მუსიკა, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნება, რადგან ამ საგნების სწავლებაშიც ბევრი უზუსტობა გვხვდება.

 

თამარ ლებანიძე, სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემელი: „სკოლის მთავარი პრობლემა არა მხოლოდ  სასწავლო გეგმა, არა მხოლოდ  სახელმძღვანელოები, არამედ პედაგოგებიცაა. საქმეს სავარაუდოდ წაადგება „სისხლის გადასხმა“, ახალი კადრები ახალი ხედვით, რომლებიც ღირსეული ანაზღაურებით იმუშავებენ მოსწავლეებთან. მასწავლებლობა მიმზიდველი უნდა გახდეს ახალგაზრდებისთვის. კარგი იქნება, თუ უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამებს დაემატება სპეციალური კურსი და, სურვილის შემთხვევაში, კონკრეტული დარგის სპეციალისტს პედაგოგიური ცოდნის მიღებაც შეეძლება.

საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ თავისუფალი ბაზრის არსებობას პროგრესისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ავტორები და გამომცემლები ერთობლივად ქმნიან ხარისხიან სახელმძღვანელოებს. გამომცემლებს – განათლების რეფორმის სრულფასოვან მონაწილეებს, წლების განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორებს – მტრად არ უნდა აღიქვამდნენ. პირიქით, მათ უნდა უსმენდნენ და დაგროვილ გამოცდილებასაც გონივრულად იყენებდნენ. ჩვენი ქვეყანა სახელმძღვანელოების მხრივ ლიდერი იყო რეგიონში. ახლა კი, უკვე ხუთი წელია, რაც ავტორები და გამომცემლები უმოქმედოდ არიან. თუკი ადრე წლიდან წლამდე სახელმძღვანელოები იხვეწებოდა და მასწავლებელთა და სხვათა შენიშვნებსაც ვითვალისწინებდით, ახლა ეს შეუძლებელია. გაუგებრობაც ხშირად ხდება. მაგალითად, მოგეხსენებათ, რომ უცხო ენის სახელმძღვანელოებში მოსასმენი მასალა მნიშვნელოვანი კომპონენტია. უფასო სახელმძღვანელოებს კი აუდიოდისკი არ ახლავს, რაც სწავლების პროცესს არასრულფასოვანს ხდის. საზოგადოდ, აუცილებელია, რომ განათლებას გაცილებით მეტი ყურადღება დაუთმოს სახელმწიფომ და მთელმა საზოგადოებამ იმისათვის, რომ სიტუაციის გამოსწორება შევძლოთ“.

მოიგონე, აირჩიე, წარმოიდგინე, შექმენი – იყავი თავისუფალი

0

რამდენიმე აქტივობა წარმოსახვის განვითარებისთვის

სწავლებაში  ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ორი რამაა;

პირველი: რომ ბავშვებს მოსწონდეთ ის, რასაც აკეთებენ, უხაროდეთ სკოლაში წასვლა, გაკვეთილზე დასწრება, ჰქონდეთ მოლოდინები, პოზიტიურად იყვნენ განწყობილი სასწავლო პროცესისადმი; გაკვეთილს უკავშირებდნენ სასიამოვნოს, საინტერესოს, ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ, იგონებდნენ, წარმოიდგენდნენ.

და მეორე: რომ მათ სულ პატარაობიდანვე განუვითარდეთ შემოქმედებითი, კრეატიული, ანალიტიკური უნარები. ამ უნარების განვითარება კი რომელიმე მხოლოდ ერთი საგნის მასწავლებლის ამოცანა და მიზანი არ უნდა იყოს. ნებისმიერი საგანი, რომელიც სკოლაში ისწავლება ამ კუთხით უნდა მუშაობდეს და მასწავლებელს ყოველდღიურ გაკვეთილებში ერთი აქტივობა მაინც უნდა ჰქონდეს ისე დაგეგმილი, რომ მოითხოვდეს შემოქმედებით, თავისუფალ აზროვნებას.

დღევანდელ ბავშვებს, როგორც არავის, ისე სჭირდებათ თავისუფლება.  თავისუფლება მათი სასიცოცხლო მოთხოვნილებაა, ისეთივე როგორც ჭამა ან ძილი. მნიშვნელობა არ აქვს, სად ან როგორ ოჯახში, ქვეყანაში იზრდებიან, მათში გენეტიკური კოდივით დევს ბუნებრივი სწრაფვა თავისუფლებისკენ. ამიტომ არის, რომ მოზარდებში გახშირებული სუიციდური შემთხვევების უმეტესობის მიზეზი სწორედ რომ პროტესტია პიროვნული თავისუფლებისა და „მეს“ გამოხატვის შეზღუდვაზე (იგულისხმება: ჩაგვრა, დაცინვა, სტერეოტიპების და დამახინჯებული ტრადიციულების თავს მოხვევა).

ჩვენთვის, 90-იანელი თაობისთვის, თავისუფლების ამგვარი განცდა შორეული ოცნება იყო. ოცნება, რომ ჩვენვე მივიღებდით გადაწყვეტილებას საკუთარი ცხოვრების შესახებ, რა გამოვსულიყავით, სად ჩაგვებარებინა, ვისთან გვემეგობრა, ვინ შეგვეყვარებინა ან საერთოდ ღირდა თუ არა შეყვარება. და არა მარტო რა წაგვეკითხა, როგორ წაგვეკითხა, რა ჩაგვეცვა (დასაცინი რომ არ გავმხდარიყავით ან ვინმეს ზედმეტი არ გაეფიქრა/ეთქვა), არამედ ,ზოგადად, როგორ გვეცხოვრა.

ჩვენც მივუყვებოდით მშობლების, ბებია/ბაბუების მიერ ნაჩვენებ გზას უდრტვინველად, ვაბარებდით ეკონომიურზე, იმიტომ, რომ მერე ბანკში კარგი სამსახური გვეშოვა. არადა, გულში მასწავლებლობა, არქეოლოგობა, ვეტერინარობა ან ისტორიკოსობა გვინდოდა. მაგრამ ჩვენ არ ვიყავით თავისუფლები, ჩვენ არ გვქონდა თავისუფლების განცდა, რადგან საბჭოეთის კლანჭები ჯერ ისევ ჩენს მხრებზე იდო და სუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდა. რადგან ურჩხულ საბჭოეთს ერთი თავი სკოლაში დარჩენოდა, კუდი მშობლების ცნობიერებაში, ხოლო მის ბინძურ ოხშივარს ჩვენს ფილტვებამდეც ჩაეღწია.

ამ ოხშივარმა მოგვწამლა ისე, რომ დღეს გვიკვირს და გვაოცებს ჩვენი შვილების, ჩვენი მოსწავლეების სწრაფვა თავისუფლებისკენ. და ვცდილობთ ისინიც ამ ოხშივრით გავაბრუოთ. ძალიან რთულია მისგან თავის დაღწევაც, შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც კი. და ეს ცხოვრების ყველა სფეროში იგრძნობა. ყველაზე მეტად კი ყველაზე სათუთ და სახიფათო სფეროში – განათლებაში.

თანამედროვე განათლების კონცეფცია თავისუფალ არჩევანზე და ნებაზეა დამყარებული, დემოკრატიულ ღირებულებებზე. ის ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეცნობისკენ, საკუთარი უნარების გააზრებისკენაა მიმართული, ისევე, როგორც ზოგადად თანამედროვე ცხოვრების სტილი.

ამიტომ ჩვენც, საბჭოეთით მოწამლულებმა, ვინც დღეს მასწავლებლები და მშობლები ვართ, ბოლოს და ბოლოს უნდა ვირწმუნოთ, რომ დღეს თავისუფლება უკვე შესაძლებელია.  და რომ ბავშვების სურვილი – იყვნენ თავისუფლები, გამოხატონ  საკუთარი თუნდაც მიუღებელი, მაგრამ მათი პირად აზრები, განიხილონ ტექსტი ისე, როგორც მათ წარმოუდგენიათ და ფიქრობენ – ეს ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს.

ბუნებრივია, რომ მოსწავლემ გააპროტესტოს გაკვეთილის თემა;

რომ არ დაინტერესდეს თქვენ მიერ მომზადებული მასალებით;

რომ თქვენმა მოსწავლემ უკვე იცოდეს ის, რის მომზადებასაც რამდენიმე დღე მიუძღვენით.

ბუნებრივია, როდესაც მას არ დააინტერესებს გაკვეთილი – იხმაურებს, ან ისაუბრებს და თქვენ არ მოგისმენთ.

ბუნებრივია, რომ მას გაუჩნდება ათასი შეკითხვა და მუდამ გამოხატავს პროტესტს;

რომ მეორე კლასის მოსწავლე შესაძლოა არ დაინტერესდეს თხისა და გიგოს ისტორიით და არც კი გაეღიმოს.

და საერთოდაც, ჩვენს მიერ უტყუარ ჭეშმარიტებად ქცეული ცნებები თავდაყირა დაგვიყენოს და ერთხელაც ძალიან მშრალად გამოგვიცხადოს, რომ  მას სულ არ მოსწონს გალაკტიონ ტაბიძის პოეზია, იმიტომ კი არა, რომ რამე შეიცვალა, ან პოეზია მოძველდა, არამედ იმიტომ,  რომ მათთვის კვარცხლბეკზე შემომდგარი ძეგლები ხელოვნურია და ისინი ჩვენივე მოწამლულები არიან.

ჩვენ მათ უნდა  დავანახოთ/მოვასმენინოთ გალაკტიონის მუსიკა.

არ არის აუცილებელი მაღალ კლასებში, დაწყებითი საფეხურიდანვე სცადეთ და დაინახავთ, როგორ გაისუსებიან, როგორ აღფრთოვანდებიან „ქარი ქრის“-ის მელოდიურობით.

მათთვის „უნდა მოგწონდეს“, „უნდა გიყვარდეს“, „უნდა ისწავლო“  შესაცვლელია იმის ახსნით და იმაზე საუბრით, რატომ უნდა მოსწონდეთ, რატომ უნდა უყვარდეთ, იმის გააზრებით, რატომ უნდა ისწავლონ – და შედეგად: თუ უნდათ, მოეწონებათ; თუ უნდათ,  შეუყვარდებათ; თუ უნდათ, ისწავლიან. ეს არის სწორად თავისუფალი ნება – რომელზეც ასე ვოცნებობდით.

ჰოდა, მასწავლებლის ფუნქციაა, რომ მოაწონოს, რომ მოანდომოს სწავლა, რომ შეაყვაროს სკოლა, გაკვეთილები. ამიტომ არის ძალიან რთული, მე თუ მკითხავთ ყველაზე უფრო რთული და საპასუხისმგებლოც კი, მასწავლებლობა.

ძალიან ხშირად გადამეტებული წესრიგი და დისციპლინა, საკლასო წესებზე გამუდმებით ყურადღების გამახვილება, შენიშვნები, მუქარები უკუშედეგს გვაძლევს. თითქოს ჩვენვე ჩარჩოებში მოქცევით ამ ჩარჩოების მსხვრევისკენ, თავისუფლებისკენ ვუბიძგებთ.  რაც ხშირად სწორად იმ წესების იგნორირებით ან დარღვევით გამოიხატება, რომლებსაც ჩვენვე ვადგენთ.

ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება თანამედროვე მოსწავლე კარგ მსმენელად აქციოს და საგაკვეთილო პროცესში სიხარულით ჩართოს, ეს არის საინტერესო, მრავალფეროვანი გაკვეთილები და აქტივობები.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოსწავლე თავად მონაწილეობდეს გაკვეთილის დაგეგმვაში. ხშირად ხდება ხოლმე, რომ მასწავლებლის მიერ მომზადებული გაკვეთილი უინტერესო აღმოჩნდება, რაც არ უნდა კარგად იყოს დაგეგმილი. მშვენიერი იქნება თუ მასწავლებელი ბავშვებთან ერთად დაგეგმავს მომდევნი გაკვეთილს, ერთად შეარჩევენ თემებს – ამ შემთხვევაში მოლოდინიც იქნება, ინტერესიც და წინასწარი მზაობაც. თუმცა აქ საფრთხე შეიძლება ის იყოს, რომ  ბავშვებმა ინფორმაცია თავადვე წაიკითხონ/უყურონ და ინტერესი დაიკმაყოფილონ. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ მასწავლებელი მოწონებულ/არჩეულ თემაზე საინტერესო აქტივობებს მოიფიქრებს, თან ერთს კი არა, რამდენიმეს, ისევ და ისევ მოსწავლეების განწყობიდან გამომდინარე. მგონია, რომ ბავშვებს ყოველთვის უნდა მივცეთ არჩევნის საშუალება (შეიძლება კენჭის ყრაც),  რომ საკუთარ თავზე აიღონ მათი პასუხისმგებლობის წილი, რომ ისწავლონ სხვისი აზრის პატივისცემა,  რომ უბრალოდ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირონ, რომ თავი მნიშვნელოვნად იგრძნონ, რომ დემოკრატიული ცნობიერების ჩამოყალიბება სწორედ ასეთი წვრილმანებით იწყება.

სადღეისოდ, როდესაც  ყველა კარი ღიაა, როცა ინფორმაცია მოედინება ინტერნეტიდან, ტელევიზორიდან,  ულამაზესი და მრავალფეროვანი ენციკლოპედიებიდან, როდესაც პატარაობიდანვე ჩაჰკირკიტებენ კოსმოსის იდუმალებას თუ ცხოველთა სახეობების მრავალფეროვნებებს, როდესაც იმდენად მრავალფეროვანია მათი  სამყარო, იმდენად მრავალშრიანი, რომ ამ პატარა არსებების დაინტერესება არც ისე მარტივია. ამიტომაა, რომ მასწავლებელი მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოთი არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მაგალითად, როდესაც დედაენას გავდივართ,  კარგი იქნება თუ კი ბავშვებს ვუამბობთ  დედაენის, მისი ავტორის საინტერესო და უცნობ ისტორიებს, წერილებს, მოგონებებს (ამისთვის ბიბლიოთეკაში სტუმრობაც დაგვჭირდება), ვაჩვენებთ იმდროინდელ ფოტოებს, მოვუყვებით ბუნების კარზე, წავუკითხავთ იქიდან არასაპროგრამო, თუმცა ძალიან საინტერესო ტექსტებს. მუდამ უნდა ვფიქრობდეთ, როგორ დავაინტერესოთ მოსწავლე; როგორ არ გავხადოთ გაკვეთილი მისთვის მომაბეზრებელი;  როგორ განუვითაროთ შემოქმედებითი უნარი და დავაფიქროთ უფრო ღრმად. აქ გაგიზიარებთ იმ კონკრეტულ აქტივობებს, რომლებიც, ვფიქრობ, რომ ბავშვებს მოსწონთ, უვითარებთ შემოქმედებით და კრეატიულ აზროვნებას.

თხრობის კუბები – story cubes

ეს არის კამათლები, რომლების ოთხივე მხარეს რაიმე საგანია გამოსახული, მაგალითად ყვავილი, მთვარე, ციხე-კოშკი, გზა, უცხოპლანეტელი, გასაღები და სხვ. ბავშვები სხედან წრეზე. რიგრიგობით აგორებენ კამათლებს და აწყობენ თანმიმდევრობით. რომელიც გააგორებს, ის ბავშვი იგონებს/ჰყვება ამბავს, რომლის პერსონაჟებიც კუბებზე დახატული ფიგურები ხდებიან.  ამბავს მეორე ბავშვი აგრძელებს. ისიც იმავენაირად აგორებს კამათლებს და პირველის მიერ დაწყებულ ამბავს აგრძელებს, თუმცა უკვე საკუთარი პერსონაჟებითა და ფიგურებით, რადგან შესაძლოა მას სულ სხვა საგნები ამოუვიდეს. ასე იქცევა ყველა მონაწილე. საბოლოოდ გამოდის ერთი საერთო ამბავი. აღნიშნული აქტივობა შესაძლოა ფოლკლორის სწავლებისას გამოიყენოთ  და მოსწავლე ზღაპრის შემთხზველადაც აქციოთ. ამ აქტივობის გაგრძელება იქნება, თუ ამბავს ჩაიწერთ და შემდეგ ხელნაკეთ წიგნად აქცევთ, ბავშვების მიერ შექმნილი ილუსტრაციებითა და გაფორმებით. წიგნის პრეზენტაციაზე კი სტუმრებს მოიწვევთ.

ასე შეიძლება რამდენიმე კლასის საერთო წიგნის შექმნაც. story cubes მე გამოვიწერე ამერიკიდან. თუმცა საინტერსო იქნება თავად ბავშვებსაც დავამზადებინოთ და დავახატვინოთ.

https://www.amazon.com/Ceaco-318-Rorys-Story-Cubes/dp/B003EIK136/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1470228959&sr=8-2&keywords=story+cubes

შემოქმედებითი წერა მინიშნებებით

დაწყებით ასაკში, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვები შემოქმედებით წერას, დამოუკიდებლად, თავისუფლად თხზულებების თხზვას, საკუთარი ფანტაზიის ამუშავებას, ამბების გამოგონებას მივაჩვიოთ. ამისთვის ძალიან წაგადგებათ მინიშნებები, ინსტრუქციები და მზა ჩარჩოები, რომლებიც ძალიან ბევრია ინტერნეტში. მაგალითისთვის:

ინ

 

ადამიანი, ცხოველი, საგანი, რობოტი თუ?

აღწერე ხასიათი. როგორია? სევდიანი, მხიარული, მეოცნებე…

გარეგნობა – თვალები, თმები. რა მოსწონს, რა უყვარს, რა წიგნებს კითხულობს და სხვ.

    

  ინ1

                   

სად ცხოვრობს შენი გმირი?

დედამიწაზე, კოსმოსში, ქალაქში, სოფელში, წარმოსახვით სამყაროში, სხვა განზომილებაში, ტყეში, ყვავილში, სახლის სახურავზე და სხვ.

აღწერე როგორია მისი სახლი, საცხოვრებელი.

 

ინ1

 

რა მოხდა ერთხელ?

მოიფიქრე ამბავი, რომელიც შენს პერსონაჟს შეემთხვა

(თუ დაგჭირდება, შეგიძლია სხვა პერსონაჟებიც შემოიყვანო).

 

ინ2

დასასრული

როგორ დაასრულებ შენს ამბავს,

სევდიანად თუ მხიარულად?

იქნებ გაგრძელებაც ჰქონდეს მომავალში

ინ4

რჩევები

მოიძიე ინფორმაცია იმ სამყაროზე ან ეპოქაზე, რომელზე წერასაც გადაწყვეტ.

  • შეეცადე თვალები დახუჭო და წარმოიდგინო შენი პერსონაჟები და გმირები.
  • თავიდანვე განსაზღვრე ჟანრი. რა ჟანრის იქნება შენი მოთხრობა: დეტექტივი, კომედია, ტრაგედია, ფენტეზი და სხვ. (აქვე შეგიძლიათ დაურთოთ თითოეული ჟანრის განმარტებაც).

 

საბოლოოდ თითოეული მოსწავლე საკუთარი პატარა წიგნის ავტორი ხდება.

ეს არის მოკლე ნიმუში, რომელიც შეგიძლიათ განავრცოთ და თქვენი სურვილისამებრ შეცვალოთ. შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა ჩარჩო თავის ინსტრუქციებით.

აქ იხილავთ უამრავ ჩარჩოს.

https://www.google.ge/search?q=frame&hl=en&biw=1280&bih=665&site=webhp&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwii6Ob_vKXOAhUnMZoKHZPkCWIQ_AUIBigB#q=frame&hl=en&tbm=isch&tbs=itp:lineart

ბარათებით წერა

წინასწარ ინტერნეტიდან ან სხვადასხვა წიგნიდან/ჟურნალიდან ამობეჭდილი გექნებათ ბარათები სხვადასხვა ილუსტრაციით (დრაკონები, მზე, ცხოველები, ხეები, ადამიანები),  რომლებსაც მოათავსებთ ქისაში. მოსწავლე იღებს ქისიდან ერთ მათგანს და ცდილობს მასზე გამოსახული საგანი საკუთარი ამბის პერსონაჟად აქციოს. ამბავი კი წინასწარ მომზადებულ ფორმაში ჩაწეროს. სტიმულისთვის შეგიძლიათ ეს ბარათი შემდეგ მასვე მისცეთ საჩუქრად.

წარმოიდგინე!

უჩვენებთ ჯადოსნური კარის სურათს და ეკითხებით: რას ფიქრობთ, რა არის მის უკან? რა ამბები ხდება? წარმოიდგინე და ჩაწერე მოკლე ამბად.

უჩვენებთ იდუმალი სარკმლის სურათს და ეკითხებით? ვინ გადმოიხედავს? ვის ელოდება? რატომ ელოდება? რა ხდება?

უჩვენებთ უჩვეულო სამყაროს სურათს და სთხოვთ, მოიგონონ ამ სამყაროს ისტორია.

მოკლედ, მოსწავლეების ფანტაზიის განვითარებისთვის, შემოქმედებითი აზროვნებისთვის და წერის კულტურის ჩამოყალიბებისთვის ძალიან ბევრი სურათის თუ ილუსტრაციის გამოყენება შეგიძლიათ.

 

სიტყვების ლოტო

ეს აქტივობა ძალიან კარგია პირველ კლასში, როდესაც მოსწავლეები წერა-კითხვას სწავლობენ. წინასწარ გვაქვს მომზადებული ფურცლები, რომლებიც დაყოფილია მართკუთხედებად. თითოეულ უჯრაში წერია სხვადასხვა სიტყვა, მაგალითად: ხე, წერო, პეპელა, დრაკონი, ცეცხლი, პლანეტა, მზე და სხვ.  ფურცლებს ვურიგებთ ბავშვებს, ჩვენ კი ასევე მომზადებული გვაქვს ქისა, სადაც გვიყრია ბარათები აღნიშნული სიტყვების ილუსტრაციებით ან სხვადასხვა საგანი: პატარა სათამაშოები, გირჩები, ფოთლები, ყვავილები, კენჭები, ნიჟარები, მძივები და სხვ. მასწავლებელს ქისიდან ამოაქვს ბარათი/საგანი. ბავშვები დასცქერიან საკუთარ ფურცლებს და რომლის ფურცელზეც დაწერილ საგანსაც ამოიღებს მასწავლებელი ქისიდან, ის მოსწავლე ხელს იწევს და თავისთან იდებს მას. ამ აქტივობის წყალობით მოსწავლე ახერხებს ერთმანეთთან დააკავშიროს ვიზუალური გამოსახულება  და ტექსტი. გარდა ამისა, ცდილობს სიტყვის მთლიანობაში, დაუნაწევრებლად აღქმას. საბოლოოდ კი ამ სიტყვების სხვა ტექსტში წაკითხვა აღარ გაუჭირდებათ. ამ აქტივობის შემდეგ შეიძლება ისეთი ტექსტიც წააკითხოთ, რომლებიც ამ სიტყვებით იქნება შედგენილი. წახალისებისთვის, ვაჩუქოთ ის ბარათები და საგნები, რაც მათ შეხვდებათ. ეს წარმოუდგენელ ბედნიერებას მიანიჭებს მათ.  დამერწმუნეთ, ეს აქტივობა ყველაზე საყვარელ აქტივობად იქცევა თქვენი ბავშვებისთვის.

კიდევ უამრავი ხერხი არსებობს იმისა, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეებს შევაყვაროთ გაკვეთილი, სკოლა, გავუჩინოთ პოზიტიური დამოკიდებულება, არ შეზღუდოთ მათი სწრაფვა თავისუფლებისკენ, პირიქით, საჩვენოდაც კი გამოვიყენოთ  და თავადვე ჩავრთოთ საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში. ამდაგვარი წარმატებით შეიძლება დაიგეგმოს გაკვეთილები ბუნებისმეტყველებაში, მათემატიკაში, ხელოვნებაში, ინგლისურში და სხვ.

გახადეთ თქვენი მოსწავლეები, თქვენი შვილები უფრო მეტად თავისუფლები, მიეცით საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება და იქნებ ჩვენი ოცნებაც ახდეს. ოდესმე ჩვენც ხომ უნდა ვიგრძნოთ, ნამდვილი, ბუნებრივი, საბჭოეთის მარწუხებისგან თავისუფალი თავისუფლება.

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...