ქალთევზა
ფაკირები ჩვენკენ იყურებიან და ცეცხლს მონდომებით ყლაპავენ. ჯერ ყლაპავენ, მერე უშვებენ. ჩვენ კი არ მოვწონვართ, სხვებისთვისაც სწორედ ასე მოინდომებდნენ. „ჩვენ“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ-ერთ კაფეში მყოფი კლიენტები ვართ და მათი სამუშაოც ეგაა, კლიენტურა თავის სანახაობაში ჩაითრიონ და რაც შეიძლება დიდხანს დატოვონ მაგიდასთან. მაგიდასთან ისე ხომ არ იჯდები, ადგები და რამეს შეუკვეთავ, მერე კიდევ… და ეს რაც დიდხანს გასტანს, კაფესთვისაც და ფაკირისთვისაც მით უკეთესი.
სიტყვა „ფაკირი“ ღარიბს ნიშნავს, ადრე მოხეტიალე ჯადოსნებს ეძახდნენ, რომლებიც ასევე ღარიბები იყვნენ. ისე, თუ ჯადოსანი იყო, ჯერ თავისთვის ეშველა და გამდიდრებულიყო… თუმცა, ეს ხალხი გამდიდრებას ათასგვარი სანახაობით ცდილობდა. ზემოთ აღწერილი ფაკირები ვარშავაში „ძველი ქალაქის“ მოედანზე, რომელიღაც პატარა კაფეს ეზოში ცდილობდნენ გამდიდრებას… ძირითადად ჩვენს ხარჯზე…
ფაკირების უკან ვარშავის სიმბოლო „სირენკას“ ქანდაკება იდგა. „სირენკა“ ქალთევზაა და იქაც ბუნებრივია კუდაპრეხილი გახლდათ. სირენკას შემხედვარე ერთი მეთევზე მახსენდება. თქვენ ალბათ ფიქრობთ, ზღაპრის მოყოლას იწყებსო, მე კიდევ ნამდვილი ამბავი უნდა დავწერო, აქ… დიახ… ქალთევზაა მოქმედი პირი.
მეთევზე პატარა ქოხში ცხოვრობდა. ღარიბული სახლი ჰქონდა, მაგრამ ბედს არ ემდუროდა. ცოლი და ორი შვილი ჰყავდა. ქალს ოჯახი და შვილები ებარა, კაცი კიდევ სათევზაოდ დადიოდა. ერთ დღესაც წავიდა და აღარ დაბრუნდა. ცოლ-შვილი ელოდა. გავიდა ერთი დღე… ორიც… მაგრამ მეთევზე არსად ჩანდა. ბოლოს სამეზობლო შეიკრიბა და მოსაძებნად წავიდნენ. იპოვეს… ოღონდ მხოლოდ მისი ნავი და ნივთები. თავად მეთევზე „წყლის დედამ“ წაიყვანა.
ასე იცის ხოლმე, წყლიდან სანახევროდ ამოდის, ხელებს შენკენ გამოიწვდის და მძლავრად მიგიზიდავს. წინააღმდეგობას ვერ გაუწევ და იძულებული ხდები თან წაყვე. „წყლის დედა“ ქალთევზაა, ლათინურ ამერიკაში მდინარე გუიანაში ბინადრობს და განსაკუთრებით დეკემბრის თვეში აქტიურობს. ვინ მოთვლის, რამდენი ჰყავს ასე წაყვანილი. კვალსაც კი ვერ აგნებენ, მალავს საგულდაგულოდ.
მეთევზის ნავში ქაფპლასტის ნაჭრები იპოვეს. ეტყობა თევზების მისაზიდად თუ იყენებდა. იქვე „სკოტჩის“ ხვია ეგდო. როგორც მეზობლებმა თქვეს, ასეთი ხვიები სულ თან დაჰქონდა – რა ვიცი, რაში გამოდგესო. ჰოდა, დაასკვნეს, რომ ნავი ნამდვილად მათ მეზობელს ეკუთვნოდა.
ქაფპლასტის დასახელება ქაფპოლისტიროლია. სტიროლი არომატული სითხეა, მისი ფორმულა ბენზოლისა და ვინილის რადიკალისგან შედგება. ეს სითხე იოლად პოლიმერიზდება და პოლისტიროლს წარმოქმნის. ძალიან გავრცელებული პლასტმასია. რას აღარ ამზადებენ, ერთჯერად ჭურჭელს, ბავშვის სათამაშოებს, კვერცხის შესაფუთს, იოგურტის ყუთებს, კონტეინერებს. გამჭირვალობით გამოირჩევა. თუ ამგვარ ნაკეთობაზე ნომერი 6 და PS წერია, იცოდეთ, რომ ეს პოლისტიროლია. წინა საუკუნის შუა პერიოდში გერმანელმა ქიმიკოსებმა ქაფის მაგვარი პოლისტიროლი გამოიგონეს. შეიქმნა მასალა, რომელიც 98% ჰაერისგან შედგება. სად აღარ იყენებენ, ძირითადად მსუბუქ შესაფუთ მასალად, ველოსიპედისტების შლემებიც მისგან მზადდება. მათი ზედა პრიალა ზედაპირი პოლისტიროლია. ქაფპლასტს იგივე, ქაფპოლისტიროლს მშენებლობაშიც იყენებენ. იაპონიაში პატარა სახლებსაც კი აგებენ, ასეთი სახლები ძალიან კარგად ინარჩუნებს სითბოს. რაც მთავარია, ასეთ სახლებს მიწისძვრის არ ეშინიათ. ასევე გავრცელებული მასალაა ქაფპოლიურიტანი, Foam rubber (ქაფ რეზინა). ბალიშების, მატრასების, სავარძლების შემავსებლად იყენებენ. ნაკლი ის აქვს, რომ დროთა განმავლობაში ყვითლდება, იშლება, ერთმანეთს ეწებება. საერთოდაც, იმ ქაფპოლიურიტანის გამოყენება, რომელიც ათ წელზე მეტისაა, საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან მისგან მავნე ნივთიერებები გამოიყოფა.
დღეისათვის, ქაფმასალებს სხვადასხვა პოლიმერების ბაზაზე აკეთებენ. მაგ. ქაფპოლიეთილენი და ქაფპროპილენი. მათგან სახლების კედლებისთვის სხვადასხვა დამათბობლებს ამზადებენ. ტურისტული დასაფენი ქაფპოლიეთილენია, ტყეში ან სადმე მთაში დაიფენ და დაჯდები. მე კიდევ მასზე სახლში ვვარჯიშობ ხოლმე. პირველი ქაფპლასტმასი კაუჩუკის საფუძველზე გააკეთეს. 1897 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე ასეთ ღრუბლისებრ რეზინას შეხვდებოდით. დღეს ღრუბლისებრ მასალებს ცელულოზისგან აწარმოებენ. ასეთი ღრუბლები გარემოს არ აბინძურებენ.
თუ შეიძლება, რომ ქაფპლასტი ჩვენვე გავაკეთოთ?
ავიღოთ ჩვეულებრივი წებო პოლივინილაცეტატის ბაზაზე. თიხის ან პლასტმასის ჭურჭელში ლიმონმჟავა და სოდა შევურიოთ ერთმანეთს. დავამატოთ ზემოთ აღნიშნული წებო, რომელიც წყალს შეიცავს. გამოიყოფა ნახშირორჟანგი და მასა მოცულობაში გაიზრდება. შემდეგ კი გამყარდება და ქაფპლასტს მივიღებთ.
სხვანაირადაც შეიძლება. დავამზადოთ შარდოვანას ხსნარი ფორმალინში. მეორე სინჯარაში დავამზადოთ მარილმჟავას და რაიმე ქაფის წარმომქნელის ხსნარი, მაგალითად, შამპუნის. სინჯარას თავსახური მოვარგოთ და შევანჯღრიოთ (ფრთხილად!!!! შიგნით მარილმჟავაა), სანამ ქაფი კარგად არ წარმოიქმნება. ამის შემდეგ, ორი სინჯარის შიგთავსი ერთმანეთს შევურიოთ და კვლავ კარგად შევანჯღრიოთ. გაცხელებით პოლიკონდენსაციის რეაქციას დავაჩქარებთ. წარმოიქმნება ქაფპლასტი, რომელიც ჰაერზე მაშინვე გამყარდება.
ქაფპლასტი კარგად იხსნება ისეთ ორგანულ გამხსნელში, როგორიც აცეტონია. ეს მის ნაკლად შეიძლება ჩავთვალოთ. თუ აცეტონიან ჭურჭელში ქაფპლასტის ნაჭერს ჩავუშვებთ, ის მომენტალურად გაიხსნება მასში და ჟანგბადი გამოიყოფა.
რეაქცია სიტყვიერად შეიძლება ასე ჩავწეროთ:
სტიროლი+აცეტონი=ჟანგბადი+5-მეთილციკლოჰექსადიენ-1,3
გახსოვთ ალბათ, ზემოთ დავწერე, რომ გაუჩინარებული მეთევზის ნავში „სკოტჩის“ ხვიაც (წებოვანი ლენტი) ეგდო. წებოვანი ლენტი ყველას გინახავთ. მისი სახელწოდება ინგლისური სიტყვიდან „Scotch“ მოდის და ნიშნავს „შოტლანდიური“, „შოტლანდიელი“. ეს ლენტი შოტლანდიაში სულაც არ გამოუგონიათ, ამერიკაში შექმნეს. წარმოშობით შოტლანდიელსაც არ შეუქმნია. გაგიკვირდებათ და მისი გამომგონებლის გვარიც არ ყოფილა სკოტჩი. ლენტის ავტორს რიჩარდ დრიუ ერქვა. ერთხელაც თავის მანქანას თვალი შეავლო და გაიფიქრა, რა კარგი იქნებოდა სხვადასხვა ფერად შემეღებაო. ბევრი აღარ დააყოვნა და მანქანა ავტოსახელოსნოში მიიყვანა შესაღებად. ფერები შეარჩიეს და ღებვაც დაიწყეს, მაგრამ დაინახა, რომ ქაღალდი, რომელსაც ოსტატი იყენებდა, რომ ერთი ფერი მეორეში არ შერეულიყო, იხეოდა და ფერებიც ერთმანეთში გადადიოდნენ, რაც ძალიან არაესთეტიკური სანახავი გახლდათ. დრიუმ გადაწყვიტა გამოსავალი ეპოვა და გარკვეული ხნის შემდეგ სახელოსნოში წებოვანი ლენტით დაბრუნდა. ოსტატმა ლენტი მანქანის კარებს მიაკრა და საქმეს შეუდგა, ოღონდ… ლენტი ღებვის პროცესში დაიჭმუჭნა. ეს იმიტომ მოხდა, რომ წებო ლენტს მხოლოდ ნაპირზე ჰქონდა დატანებული. აღშფოთებულმა ხელოსანმა შესძახა – რა უბედურებაა, ეს ლენტი ნამდვილად შოტლანდიურიაო (Scotch tape). საქმე ის გახლდათ, რომ იმხანად შოტლანდიელებს ძალიან ძუნწების სახელი ჰქონდათ, მათ მიერ გაწეულ ეკონომიაზე უკვე სახალისო ამბებსაც კი ჰყვებოდნენ. ხელოსანმაც სწორედ ეს იგულისხმა, ანუ ლენტი შოტლანდიურია, რადგან წებო მთლიანად წასასმელად ვერ გაიმეტეთო. დრიუს ლენტის სრულფასოვნებამდე მისაყვანად კიდევ ხუთი წელი დასჭირდა. პირველი ლენტი ცელოფნის საფუძველზე დაფენილი კაუჩუკისგან და ზეთებისგან მზადდებოდა. მაშინვე პოპულარული გახდა და ხალხი თავადვე იგონებდა, რაში გამოეყენებინათ.
ისევ იმას დავუბრუნდები, რითაც დავიწყე. გახსოვთ, საგანგებოდ ვთქვი, ზღაპარს არ ვყვები, ნამდვილი ამბავია-მეთქი. მდინარე გუიანას სანაპიროდან არაერთი მეთევზე თუ ბავშვი გაქრა. ისინი ქალთევზამ, „წყლის დედამ“, Water mama-მ წაიყვანა. ქალთევზამ ჩვენთან ლეგენდებიდან, მითოლოგიიდან და ფოლკლორიდან შემოაბიჯა. მზის ღვთაებას ადამიანის სხეული და თევზის თავი ჰქონდა, მანტიად თევზის ფარფლები ემოსა. მოგვიანებით ღვთაება „ეა“ დაიბადა, რომელიც სანახევროდ ადამიანი, სანახევროდ კი თევზი გახლდათ. ბერძნულ მითოლოგიაში ყველანაირ შტორმებს და კატასტროფებს სწორედ მას მიაწერენ. მთვარის ღვთაების სელენას და კი, ატარგატისი, უშუალოდ ქალთევზების წინაპრად ითვლება. ადამიანებს სწამდათ, რომ ღვთაებების ასეთი სიმბიოზი იმიტომ იყო საჭირო, რომ მათ ერთნაირად კომფორტულად ეგრძნოთ თავი ცაშიც და წყალშიც.
მდინარე გუიანას სანაპიროზე მცხოვრებ ადგილობრივ აბორიგენებს ქალთევზების დღესაც გულწრფელად სჯერათ. მათი ქალთევზა თეთრი სახის ქალია, თევზის კუდი აქვს და ადამიანებს იტაცებს. ადგილობრივების ფოლკლორში ჯერ „mimi vater“ დაერქვა, შემდეგ კი შეატრიალ შემოატრიალეს და “water mama”, ანუ წყლის დედა მიიღეს.
სინამდვილეში, ეს 100 კილოგრამზე მეტი წონის თევზი გახლავთ. დიახ, თევზი… სახელად არაპაიმა. კუდს ადამიანებს მკერდში უმიზნებს, ერთს მისცხებს და გულის შეტევა გარანტირებულია. დანარჩენს იმავე მდინარეში მცხოვრები პირანიები ასრულებენ და სწორედ ამიტომ დაკარგულის ალი-კვალიც კი აღარსად ჩანს ხოლმე. თევზი დეკემბერში აქტიურდება, რადგან ამ დროს მდინარის ფსკერზე ამოთხრილ ორმოში ქვირითს ყრის და შთამომავლობას ინსტიქტურად იცავს.
ამბავი საბავშვო ლიტერატურაზე
საბავშვო~ ისეთივე უძველესი მწერლობაა, როგორიც `სადიდო~. შუმერულ ტექსტებშიც კი არსებობს თურმე პერსონაჟი, ონავარი მაიმუნი, ლუსილუსი. სავარაუდოდ, ეს მაიმუნი, საბავშვო ლიტერატურის უძველესი პერსონაჟია.
საბავშვო ლიტერატურასთან ურთიერთობისას, ერთ დასკვნამდე მივედი: საბავშვო ლიტერატურა საერო ლიტერატურის ყველაზე სარწმუნოებრივი დარგია, რადგან იგი დაუეჭვებელი რწმენის მატარებელია, სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ბრძოლაში სიკეთის უცილობელი გამარჯვებისა. სადიდო ლიტერატურა კი სულ ეჭვებს ებრძვის და ვერც ამარცხებს ასე პირწმინდად, როგორც საბავშვო; ადამიანი საბავშვოს წიაღში სულ გამარჯვებულია და ფსიქოლოგიურადაც, სულიერადაც, თავს დაცულად გრძნობს.
საბავშვო ლიტერატურის ინსტიტუტი
დიახ, არსებობს! სტოკჰოლმის შუაგულში, ორგანიზაცია, რომელიც შვედეთის განათლების სამინისტროს ბიუჯეტზეა. იგი მთელ საბავშვო შვედურ ლიტერატურას იკვლევს. აქ მუშაობენ პროფესიონალი ექსპერტები. გარდა კვლევებისა, ბიბლიოთეკაცაა, 70 000-ზე მეტი საბავშვო წიგნით. ამ ბიბლიოთეკაში გროვდება მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ენაზე თარგმნილი და გამოცემული საბავშვო წიგნები, მათ შორისაა 90 ენაზე თარგმნილი ასტრიდ ლინდგრენის გამოცემები. აქ იმასაც გეტყვიან, რომ პირველი სამეცნიერო კვლევები საბავშვო ლიტერატურაში 1964 წლიდან დაიწყო, ხოლო 70-იანი წლებიდან სერიოზული სამეცნიერო კვლევის ობიექტად იქცა საბავშვო ტექსტები. მაგრამ ახლა ამ კვლევებიდან ერთ-ერთ მიმართულებაზე მინდა გითხრათ: ამ ინსტიტუტში ყოველწლიურად გამოიცემა დიდი ალმანახი, რომელშიც მთელი წლის საბავშვო წიგნებია წარმოდგენილი. ამ წიგნებს მინიჭებული აქვთ თავიანთი მახასიათებლები, რომელი ასაკისთვის, რა ინტერესთა სფეროსთვის, რა თემებისთვის არის რეკომენდირებული მათი გამოყენება. ამ დასკვნებს 4 დამოუკიდებელი ექსპერტი ადგენს. ეს ალმანახები მთელ შვედეთში უფასოდ ურიგდება ნებისმიერ სკოლას, ბიბლიოთეკას თუ მკითხველს და წარმოადგენს ყველაზე სანდო გზამკვლევს მათთვის, ვისაც აინტერესებს საბავშვო წიგნის შერჩევა. ამავე ინსტიტუტის თაოსნობით ტარდება კონკურსი „ბავშვების ჟიური“, რომლის პრიზი ყველაზე საპატიო ჯილდოდ ითვლება შვედი მწერლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ფულად ჯილდოს არ წარმოადგენს და მხოლოდ სიმბოლური პრემიაა, რადგან მას მრავალნაირი გამოკითხვის საფუძველზე სწორედ მკითხველი ბავშვები ანიჭებენ მწერალს. თუმცა შვედეთში სხვა ბევრი კონკურსი, პრემია და პრიზიცაა დაწესებული საბავშვო მწერლებისთვის, და, არა მხოლოდ. მათ შორისაა დებიუტანტი მწერლებისთვის პრემია „შურდული“, რომლის საორგანიზაციო კომიტეტმა თავისი მუშაობის გაცნობისას იმით გამაკვირვა, რომ მექანიზმი იძლევა საშუალებას, კონკურენტი გამომცემლები თანაბრად ზრუნავდნენ მორალურადაც და ფინანსურადაც ნებისმიერი გამომცემლობის ავტორის წარმოსაჩენად.
პირველი საჩუქარი
შვედეთში დაბადებული ნებისმიერი ბავშვი, შვედეთის მოქალაქე, სახელმწიფოსგან პირველ საჩუქრად იღებს საბავშვო ბიბლიოთეკის კარგა მოზრდილ ფონდს, დაახლოებით 100 წიგნს, ხან მეტსაც. და სულ ერთია, ვინაა ეს მოქალაქე, რა სოციალური წრის წარმომადგენელი, სამეფო ოჯახის შთამომავალია, თუ კუნძულზე მცხოვრები მეთევზის შვილი. დაბადებიდან მე-3 დღეს ოჯახის წარმომადგენელი ვალდებულია გამოცხადდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში საჩუქრის მისაღებად. ამის მერე რაღა თეორიული მტკიცება სჭირდება იმას, თუ როგორ უნდა იქცეს წიგნი ღირებულებად? მაგრამ ეს ყველაფერი როდია. შვედეთის ბიბლიოთეკებში ნახავთ მღოღავი, პამპერსიანი ბავშვების ოთახებს, სადაც წიგნები უბრალოდ იატაკზე ყრია, და მშობლები (უფეხსაცმელოდ) ბავშვებთან ერთად სხედან იატაკზე, ხან აძინებენ, ხან აჭმევენ და საათობით ატარებენ დროს ასეთ დარბაზებში. ბავშვები კი წიგნს, როგორც სათამაშოს ეჩვევიან. მერე სხვა დარბაზებში ყველაფერი ასაკის შესაბამისად იზრდება, თაროს სიმაღლე, წიგნის შინაარსი და ა. შ. და ა. შ. და სტოკჰოლმის შუაგულში, კულტურის ცენტრის მე-5 სართულზე გამართულ ექსპერიმენტულ ბიბლიოთეკაში უზარმაზარი შუქნიშანია დამონტაჟებული, რომ ქუჩაში მომლოდინე ბიბლიოთეკაში შემოსვლის მსურველებს მაღლიდან ანიშნონ, წითელი ან მწვანე შუქით, არის თუ არა თავისუფალი ადგილი ბიბლიოთეკაში. დიახ, აი ასე. მსურველები კი დგანან და ელიან, როდის აინთება ფანჯარაში მწვანე…
იუნიბაკენი
რანაირ მუზეუმს არ შეხვდები მსოფლიოში, ნაგვისა და დამწვარი საჭმლის მუზეუმების ჩათვლით… თბილისში, სამწუხაროდ, არ არსებობს ისეთი მუზეუმი, როგორიც არის გერმანიის ქალაქ ტროისდორფში, 1982 წელს, ვაჭარ ვილჰელმ ალსლებენის მიერ ულამაზეს ციხე-სიმაგრეში გახსნილი ილუსტრირებული საბავშვო წიგნების მუზეუმი, თავისი უამრავი ფონდებითა და ექსპონატებით, სადაც ერთ-ერთ ფონდში 800-მდე მარტო „წითელქუდას“ თემაზე დაწერილი და დახატული წიგნია და სხვა უამრავი რამ, მაგრამ რომ გვქონდეს მსგავსი მუზეუმი, დარწმუნებული ვარ, აქაც საინტერესო ექსპონატები შეგროვდებოდა. და გარდა ექსპონატებისა, სწორედ ასეთ მუზეუმში წარმომიდგენია, რომ იქნებოდა საინტერესო იმ ქართველ მწერალთა განყოფილებები, ან ოთახები, ან დარბაზები, რომელთა სახლ-მუზეუმები, სამწუხაროდ, არა გვაქვს. აქვე მოეწყობოდა პრეზენტაციები, საქმიანი შეხვედრები, სემინარები და სხვა უამრავი რამ… ერთი სიტყვით, ეს იქნებოდა `საბავშვო წიგნის სახლი~. მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ მუზეუმზე მინდა მოკლედ მოგითხროთ. ჯერ კიდევ ასტრიდ ლინდგრენის სიცოცხლეში, შეუთავაზებიათ მისთვის მისი შემოქმედების ამსახველი საბავშვო ლიტერატურის მუზეუმის დაარსება. მე წილად მხვდა ბედნიერება, უშუალოდ გამეცნო ამ მუზუმის შემქმნელი სცენოგრაფისტი , ასტრიდ ლინდგრენის კარგი მეგობარი. სწორედ იგი მოგვიყვა ამ მუზეუმის დაარსების პერიპეტიებზე. სახელმწიფოს სურდა, მწერლისადმი მადლიერების ნიშნად გაეხსნა ეს მუზეუმიო. ასტრიდ ლინდგრენმა კი სასტიკი უარი უთხრა მათ და შემდეგი მოთხოვნები წაუყენაო : `მე მხოლოდ მაშინ მოგცემთ ამ მუზეუმის გახსნის ნებას, თუ სხვა შვედი მწერლების საბავშო წიგნების სამყაროსაც ასახავთ მუზეუმშიო~. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დაჰყვა თავისი სათაყვანო მწერლის ნებას და მალე მსოფლიოს შეემატა ადგილი, რომელიც ალბათ ყველა ბავშვმა ერთხელ მაინც უნდა მოინახულოს. ეს არის დიდი გემოვნებით გაცოცხლებული ლიტერატურული სამყარო, რომელშიც მოგზაურობთ ისევე, როგორც შეიძლებოდა ნაწარმოებების კითხვისას თქვენს ფანტაზიას წაეყვანეთ შორეულ მხარეებში და თავი პერსონაჟების გვერდით წარმოგედგინათ. ნამდვილი საოცრება, რომლის დათვალიერების შემდეგ, გამუდმებით ვფიქრობ, როდის იქნება მსგავსი მუზეუმი საქართველოში? ყველა წიგნის ყველა ეპოქა, ყველა გმირი, ყველა კუთხე-კუნჭული, ყველა სასწაული აქ ხილულად და მატერიალურადაა განხორციელებული. აქვეა უდიდესი წიგნის მაღაზია, სადაც მთელი შვედური საბავშვო წიგნის ინდუსტრია თვალნათლივაა წარმოდგენილი. წიგნების გარდა აქ უამრავი აქსესუარი, სათამაშო-პერსონაჟები, ღია ბარათები, სურათები, რას არ ნახავთ და შეიძენთ. და, რაღა თქმა უნდა, აქაა დიდი სასადილო-კაფე, სადაც მხოლოდ ის საკვები იყიდება, რაც სხვადასხვა წიგნებში გვხვდება კარლსონის გუფთებისა და პეპის მაჭკატების ჩათვლით… აქვეა თეატრი,პატარ სცენით, სადაც ნაწარმოებებს აცოცხლებენ ბავშვები, აქვეა ილუსტრატორების ძალიან საინტერესო გამოფენა,.. და აქვეა ვილა `ყიყლიყო~, ზუსტად იმ მდგომარეობაში და არეულობის იმ ხარისხში წარმოდგენილი, რომ იფიქრებ, ჩვენმა პიპი-პეპიმ ერთი ნაბიჯით გაგვასწროო…
მწერალი – ვინ იცავს მის უფლებებს?
სახელმწიფო და მოქალაქეები! აი, ასეთ ორგანიზაციას გადავაწყდი შვედეთში – „მწერალთა საბჭოს“, რომელიც 1964 წელსაა დაარსებული და უკვე თავისი წონა და ძალა აქვს. ამ ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი, მწერალი, ჰონორარს იღებს ნებისმიერი შეხვედრიდან, ლექციიდან, შეკრებაში მონაწილეობიდან. თან არსებობს ნიხრები, ტარიფები, რამდენი კილომეტრია მწერლის სახლიდან იმ დაწესებულებამდე, სადაც მას იწვევენ, რამდენი წუთი გრძელდება მწერლის ლექცია ან შეხვედრა, რა ასაკის და რამდენი წევრი უზის მწერალს აუდიტორიაში მსმენელად. გასაოცარ ამბავს ვყვები? არც ისე, რადგან გაოცება იმან უფრო გამოიწვია, რომ აღმოჩნდა მწერალი, რომელიც ჰონორარს არა მხოლოდ ამგვარი სამუშაოს შესრულებისას იღებს, არამედ მას თავის საბანკო ანგარიშზე ერიცხება თურმე ჰონორარი ყველა საავტორო წიგნის ბიბლიოთეკიდან გატანის მიხედვითაც. არადა, შვედეთში ბიბლიოთეკები ძალიან აქტიური რგოლია და ყველა სკოლას აქვს საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა, რომ არაფერი ვთქვათ ქალაქებისა და უბნების ბიბლიოთეკების ქსელზე. ამ ორგანიზაციის გარდა, არსებობს სხვა შემოქმედებითი ორგანიზაციებიც, თუნდაც მწერალთა კავშირი, რომელიც წარმოადგენს ასევე ავტორის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას. რომელიც მწერალს ეხმარება იურიდიულად მომგებიან პირობებში გააფორმოს კონტრაქტები გამომცემლებთან, ასწავლიან (მიუხედავად ასაკისა) ყველა საინტერნეტო პროგრამას, რითაც ადვილად ახდენს ინტეგრაციას გარემოსთან ყველაზე ხანდაზმული მწერალიც კი, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ფესტივალებში და სხვა და სხვა. მე ქართველ მწერლებთან ერთად გავხდი მონაწილე ერთი საოცარი დღესასწაულისა, თავყრილობისა, რომელსაც ერქვა შვედეთის საბავშვო მწერლების `საგაზაფხულო შეკრება~. მწერალთა კავშირი წელიწადში ორჯერ, შემოდგომით და გაზაფხულზე თავისი ხარჯით ქირაობს საბავშვო ავტორებისთვის შენობას და იქ ჩამოდიან ყველა კუთხიდან და ყველა ქალაქიდან შვედი მწერლები. თავისი ხელით ამზადებენ კერძებს, ეროვნულ მენიუს: ხარშავენ კარტოფილს, ორაგულს, სალათებს და ჭიქა ღვინოზე ატარებენ დროს, ჰყვებიან საკუთარ მიღწევებზე, მღერიან, ეცნობიან ერთმანეთის სიახლეებს. ჩვენ კი ცოცხალი გვყავს თუ გარდაცვლილი მწერალი, ესეც ვერ გაგვიგია, არამც თუ მათი საქმიანობა აინტერესებდეს ვინმეს და მით უფრო, მათი წახალისება, გართობა და განტვირთვა. საკმაოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა შეხვედრას. უხუცესი 92 წლის მწერალი იყო. ვყურებდი მათ და ოცნებეში წასული, ვფიქრობდი, ნუთუ ამგვარი ამბები მხოლოდ ევროპაში ხდება?
ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემია
ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემია –Aალმა, 2003 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში დააარსა შვედეთის სახელმწიფოს მთავრობამ. ეს იყო მადლიერების და პატივისცემის გამოხატულება იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მსოფლიოს მილიონობით ბავშვს გააცნო და შეაყვარა თავისუფლება, ადამიანი, სამყარო, წიგნი და, რა თქმა უნდა, შვედეთი და შვედი ხალხი. მადლიერმა სახელმწიფომ როდი იკმარა, რომ ასტრიდ ლინდგრენის წიგნები მსოფლიოს 90 ენაზე ითარგმნა და დაიპყრო პატარების გულები, მან ამ საოცარი მწერლის სახელს დაუკავშირა, ზოგადად, საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის მომავალი განვითარების სტრატეგიები და ინდუსტრია მსოფლიოს მასშტაბით. უდიდესი საპრემიო ფულადი ფონდი, ნახევარ მილიონზე მეტი ევრო, და უპირველესად წიგნიერებაზე გათვლილი სწორი დამოკიდებულებები ბავშვის სულიერი განვითარების საქმეში, ნებისმიერი ქვეყნის ავტორებისა თუ ილუსტრატორებისთვის, ორგანიზციებისთვის გულისხმობს გამარჯვების შანსს და მოტივაციას საბავშვო წიგნის სფეროში მუშაობისთვის. პრემია ყოველწლიურად გაიცემა. ოთხ ნომინაციაში წარდგენილი ნომინანტებისთვის ერთადერთი პრემია გაიცემა და ეს გამარჯვებული გამოვლინდება მარტის ბოლოს. ჯილდო კი ივნისის დასაწყისში, საზეიმო ცერემონიალზე გადაეცემა. თუმცა ამ ყველაფერს წინ უძღვის ჟიურის თითქმის ერთწლიანი სამუშაო პროცესი წარდგინებიდან გამარჯვებულის დასახელებამდე. შვედებს მიაჩნიათ, რომ ეს პრემია, მატერიალური წახალისების გარდა, იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის საბავშვო მწერალთა და ილუსტრატორთა დაახლოებას და მსოფლიო გამოცდილების გაზიარებას. ასევე, ამ დარგში მოღვაწე ნიჭიერი ადამიანების დიდ პოპულარიზაციას. საპრემიო საბჭო, ანუ კულტურის საბჭო, სერიოზული ორგანიზაციაა, რომელშიც 12-წევრიანი ჟიური მუშაობს. აქვთ თავიანთი ვებგვერდი და ნებისმიერს შეუძლია, გაეცნოს ამ საბჭოს მუშაობას (წწწ.ალმა.სე).
საბჭოს ყველა სახელმწიფოში ჰყავს თავისი ოფიცილური წარმომადგენელი, საქართველოში ეს ორგანიზაციაა _ საპარლამენტო ბიბლიოთეკა. საბჭოს უფლება აქვს, შეცვალოს წარმომადგენელი, მაგრამ უწარმომადგენლოდ არანაირ წარდგენას არ ღებულობს, ვთქვათ, კერძო პირთაგან ან სხვა ორგანიზაციისგან, რომლებიც იურიდიულად არ ფლობენ ლეგიტიმაციას ამ საბჭოსგან. თუმცა ეს ლეგიტიმირებული ორგანიზაცია ექვემდებარება როტაციას სიტუაციის შესაბამისად. ნომინაციებია: ა) მწერალი, ბ) ილუსტრატორი, გ) ზეპირსიტყვიერების ოსტატი, რომელიც სცენიდან უკითხავს ბავშვებს ლიტერატურასა და ფოლკლორს, დ) ორგანიზაცია ან პიროვნება, რომელიც მუშაობს კითხვისა და წიგნის პოპურაზაციისთვის ბავშვებში. ოთხივე ნომინაცია ივსება ყოველწლიურად მხოლოდ ერთი ნომინანტით და იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს არა ჰყავს შესაფერისი კანდიდატები ყველა ნომინაციისათვის, მას შეუძლია წარადგინოს ორი თავისი და ორი სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ავტორი უნდა იყოს ცოცხალი და მეორე, მისი ნამუშევარი (სიტყვიერება იქნება ეს თუ მხატვრობა) უნდა იყოს ასტრიდ ლინდგრენის კრედოსა და მაღალი მხატვრული ღირებულებების მატარებელი. ამ ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დოტაციის კალთიდან „გადმოვსვით“ საბავშვო წიგნი, რაც მოვაშორეთ მას იდეოლოგიის ხუნდები, და რაც გავუშვით „თავის საპოვნელად“, `სახელის მოსაპოვებლად“ თუ ა. შ. და ა. შ., ათიოდე ადამიანმა შეძლო მყარად ფეხზე დადგომა თავის სფეროში. და მათგან არც ერთი არაა არც გამოცემული და არც თარგმნილი ისე, როგორც საჭიროა ეს დღევანდელ დღეს. ჩვენ საბავშვო ლიტერატურის კონკურსები არ გაგვაჩნია. მხოლოდ თითოჯერ ჩატარდა ასეთი კონკურსი პროზაში, 1996 წელს (`დიოგენეს~ მიერ), 2003 წელს (ჟურნალ `დილის~ მიერ) და ამ სამი წლის წინ `ოქროს ბუმბული~ (`გია ქარჩხაძის გამომცემლობისა~ და ბაზისბანკის მიერ) და სულ ესაა. რეალურად არავინ ზრუნავს ამ დარგის განვითარებაზე. ქვეყანაში არც ერთი ლიტერატურული ჟურნალი არ გამოიცემა, რომელშიაც ცოცხალ ლიტერატურულ პროცესს მიადევნებდი თვალს, ან თარგმანებს დაბეჭდავდი. ერთადერთი ნომინაცია `წლის საბავშვო წიგნი~ ჰქონდა თბილისის საკრებულოს მიერ დაარსებულ ლიტერატურულ კონკურსს, `გალას~ და ეს კონკურსიც აღარ არსებობს, სამწუხაროდ, პოლიტიკის მსხვერპლად იქცა. არანაირი გრანტები, დახმარება, პროექტები ამ სფეროში… ვერც ბიზნესად იქცა ქართული საბავშვო ლიტერატურა. გაჩხერილია სადღაც შუაში, წიგნსა და მწერლობას შორის. მხოლოდ ერთეულთა ინდივიდუალური მცდელობები აქა-იქ `გამოაშუქებს~ ხოლმე. დიდად სამწუხაროდ, საბავშვო მწერლები არ მიაჩნიათ მწერლებად, ასე რომ არ იყოს, ისინი აუცილებლად მოხვდებოდნენ საერთაშორისო საბავშვო წიგნების გამოფენებზე გამოცდილების გასაზიარებლად, თვალსაწიერის გასაფართოებლად. ჩვენს სახელმწიფოს ისე არ უჭირს, რომ მათ ვერ შეუწყოს ხელი. და თავი და თავი მათდამი უყურადღებობისა იმაშიც ჩანს, რომ 2006 წლიდან შეიძლებოდა კანდიდატების წარდგენა ამ პრემიაზე და ეს არ მომხდარა 2009 წლამდე. ვიყოთ გულახდილები: თანამედროვე საბავშვო მწერლის გვარსა და სახელს, ნაწარმოებს, პერსონაჟს ვერ დაგისახელებს წიგნის მოყვარული საზოგადოების 98 პროცენტი და ეს რეალობაა. ამ ბოლო დროს ლიტერატურულმა პორტალებმა და სოციალურმა ქსელებმა ბევრი რამ აიღეს თავის თავზე, მაგრამ ისინი მაინც ვერ აკეთებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ ერთად, საერთო ძალისხმევით მწერლებმა, საგამომცემლო საბჭოებმა, რედაქტორებმა, მხატვრებმა, ფსიქოლოგებმა, განათლების სპეციალისტ-ექსპერტებმა და მეთოდისტებმა. რა თქმა უნდა, ლიტერატურა იქმნება, იწერება, მაგრამ შედეგი, უკუგება არის ძალიან ცოტა, ვიდრე ეს უნდა იყოს ყველანაირი თვალსაზრისით.
საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი `ლიბო~ 2006 წელს დაარსდა. მე და ჩემი მეგობარი, ფონდის ხელმძღვანელი, მწერალი ირმა მალაციძე, დღემდე მხოლოდ ენთუზიაზმით ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ. შეიძლება ბევრსაც ვერაფერს, მაგრამ მაინც ვეცადეთ, იმ მძიმე წლებში ქართველი ავტორების გარკვეულ პოპულარიზაციას. 2006 წელს დავაარსეთ „ქართული საბავშვო წიგნის დღე _ 27 ოქტომბერი“, ვცდილობთ ყოველ წელს აღვნიშნოთ ეს დღე, 2006-2007 წლებში გამოვეცით „საბავშვო ლიტერატურის ალმანახის“ სამი ნომერი (`სახალხო ბანკმა~ გაიღო სტამბის ფული, თორემ მთელი ეს სამუშაოც სრულ ენთუზიაზმს ეფუძნებოდა). 2006 წლიდან რადიო „ივერიით“ მიგვყავს საავტორო გადაცემა `საუბარი საბავშვო მწერლობაზე~ და უნიკალური ფონდი შევქმენით საბავშვო მწერალთა ჩანაწერებისა, 2009 წელს შვედი მწერლების დახმარებით ჩავატარეთ ორდღიანი სემინარი `ქართული და შვედური საბავშვო ლიტერატურის ისტორია, აწმყო, მომავალი~, რამდენიმე გამოფენა მოვაწყვეთ სხვადასხვა წლებში გამოცემული უნიკალური ქართული საბავშვო წიგნებისა, ქართული საბავშვო პერიოდიკის, ქართული და შვედური საბავშვო წიგნებისა, ასევე აქცია-გამოფენა `გამოუცემელი საბავშო წიგნები“, ვცდილობთ დავეხმაროთ მწერლებსა და გამომცემლებს ერთმანეთის `მოძიებაში~. 2011-2012 წლებში 15 საბავშვო ქართველი ავტორის წიგნი გამოვეცით გამომცემლობა „საუნჯის“ დახმარებით, სერიაში `ბიბა“ (ბიბლიოთეკა ბავშვებისათვის) თითქოს დაძრულია ყინული, მაგრამ იყო ურთულესი წლები, როცა ქართულ საბავშვო ლიტერატურას თითქოს მომავალი აღარ უჩანდა. შეიძლება ეს განცხადება საქმეში ჩაუხედავ ადამიანს გადაჭარბებულადაც მოეჩვენოს, მაგრამ ეს ასე იყო… ჩვენს მწერლებსა და ლიტერატურას აღმოაჩნდა ის ძალა, რომ მსოფლიო კონკურენციისთვის გაეძლო და თავისი სიტყვა ეთქვა, თუმცა ვფიქრობ, რომ უკეთესი კიდევ წინ გველის….
სწორედ იმ შვედი მწერლების დახმარებითა და `შვედეთის ინსტიტუტის~ მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ერთობლივი სემინარის მერე, ვორკშოპის ფარგლებში, ჩვენი ფონდიც მოხვდა ასტრიდ ლინდგრენის ქვეყანაში. საინტერესო ვიზიტი იყო, ძალიან საქმიანი და ერთი შეხვედრა ალმას საბჭოშიც შედგა. მათ კარგად გაგვაცნეს თავიანთი მუშაობის სტილი და დაგვავალეს კიდეც, რომ თბილისში დაბრუნებისას აუცილებლად წარგვედგინა ჩვენი ფონდის მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია საჯარო ბიბლიოთეკის დირექციისთვის. თუმცა მანამდე ჩვენ და საერთოდ არავინ საქართველოში, საჯაროს მაშინდელი დირექტორის გარდა, არ იცოდა, რომ `ალმა~ გამუდმებით, ყოველწლიურად გზავნიდა წერილებს ქართველი ნომინანტების წარდგენის მოთხოვნით თბილისში. ეს 2006 წლიდან გრძელდებოდა, რადგან ამ წელს გაფორმებული ქართულ-შვედური მემორანდუმით ქართველ ავტორებსაც ეძლეოდა მონაწილეობის უფლება `ალმაზე~. შვედეთში ჩვენმა სტუმრობამ ეს საკითხი ადგილიდან დაძრა და ფონდი `ლიბო~, ნომინაციით `ორგანიზაცია~ გახდა კიდეც პირველი `ალმას~ ნომინანტი საქართველოდან. იმ წელს ნომინანტთა შორის სხვა ქართველიც იყო, მხატვარი ლელა ტაბლიაშვილი, რომელსაც აგერ უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია, წარადგენს შვეიცარია. ზოგადად, მასალებს ამა თუ იმ წარსადგენ ნომინანტის საქმიანობისა და შემოქმედების შესახებ აბარებ `ალმას~ ქართველ წარმომადგენლებს და ივსება სპეციალური ბლანკი და სტოკჰოლმში ოფიციალურად 15 მაისამდე იგზავნება.
ერთი და იმავე ნომინანტების დასახელება უნდა გრძელდებოდეს რამდენიმე წელი. შვედებისთვის ამასაც აქვს მნიშვნელობა. ქართული მხარე დღემდე ცოტა სპონტანურად ეკიდება ამ საქმეს, რადგან ეს საკითხები ევალება მათ, ვინც ნაკლებად იცნობს ან საერთოდ არ იცნობს ამ დარგს. ამიტომ ხშირად მხოლოდ ვალდებულების შესრულებით შემოიფარგლებიან და სხვა მხრივ არაფერს აკეთებენ ხელშესაწყობად და ამ პრემიის პოპულარიზაციისთვის. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ხშირად იღებს პრემიას ილუსტრატორი ან მწერალი-ილუსტრატორი, ე.წ. ინტეგრირებული ავტორი, ვინც თავად წერს და აფორმებს საბავშვო წიგნებს. ორგანიზაციასაც აქვს აღებული ორჯერ ეს პრემია, ერთადერთი ნომინაცია, რომელიც არასდროს დასახელებულა პრემიის მფლობელთა შორის, არის `ზეპირსიტყვიერების მთხრობელი~, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველომ ამ ნომინაციითაც უნდა სინჯოს მომავალში ბედი, რადგან ჩვენ გვყავს ამ საქმით დაკავებული მსახიობებიც, ადამიანები, რომლებიც 30-40 წელიწადია ამის მეტს არაფერს აკეთებენ, ვთქვათ, ელდინო საღარაძე, გოგა პიპინაშვილი და სხვა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე სახელმწიფოს უნდა ჰყავდეს გაპიროვნებული მობილური პატარა ჯგუფი მაინც, ვთქვათ, 2-3 წევრით, რომელიც მაისის წინა დღეებში კი არ გაიხსენებს, რომ კანდიდატია წარსადგენი, არამედ მთელი წელიწადი იმუშავებს იმაზე, რომ სათანადოდ მოამზადოს წარსადგენი კანდიდატი, და ხელი შეუწყოს მის ნაწარმოებთა თარგმნას, სათანადო გამოცემებს, პოპულარიზაციას, შეხვედრებს, ვიდეო რგოლების დამზადებას, ამ ავტორის ან ორგანიზაციის ვებგვერდის მუშაობას და სხვა ათასგვარ რამეს, რითაც წარმოაჩენს კონკრეტული კანდიდატის მნიშვნელოვნებას ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. ჩვენ კი არც ერთი ორგანიზაცია, საიტი, საბჭო ან რაც გენებოთ, დაარქვით არ გაგვაჩნია ქვეყანაში, რომლიც სწორ პასუხს გაგცემდათ, ვინ ვინაა დღეს საბავშვო დარგში მოღვაწე. ამიტომ მე არა მაქვს იმედი, რომ თუ კარგა ხანს ასე გაგრძელდება, ალმა ჩვენთვის იქნება მხოლოდ ერთი დღის ნიუსი, როცა კულტურის სამინისტროს ან საჯაროს დირექცია უზრუნველყოფს პრესსამსახურის მეშვეობით ყველა არხზე თუ არა, მთავარ არხებზე მაინც, თქმას, დღეს საქართველოდან ალმაზე წარადგინეს ესა და ეს პიროვნებაო. და აქ დაასრულებს ყველანაირ საქმეს, რაც ალმას ან ზოგადად საბავშვო დარგს უკავშირდება.
თუ გადავხედავთ ძველ გამარჯვებულებს, წინა წლების შედეგებს (ამის საშუალებას ზემოთ მითითებული ალმას ვებგვერდი იძლევა) ნახავთ, რომ ჩვენ ავტორებს არც ამდენი წიგნები აქვთ გამოცემული და არც ამდენად პოპულარულები არიან მსოფლიოსთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ისეთი ავტორები, როგორებიც არიან ნატო დავითაშვილი, თეა ლომაძე, თამრი ფხაკაძე, თეა თოფურია, ირმა მალაციძე, ან ვთქვათ, მხატვრები: სოფიკო კინწურაშვილი, ნინო ჩაკვეტაძე, ნანა სამანიშვილი, რუსკა ყიფიანი და ბევრიც სხვა არ წარმოადგენენ კონკურენტებს სხვებისთვის. მათ ხელშეწყობა სჭირდებათ. ევროპაში პოპულარული გახდა გამოცემები, რომელსაც წერს ავტორი და თავადვე აფორმებს, ჩვენც გვყავს ასეთი ავტორები: სანდრო ასათიანი, ნანა კაციაშვილი, ოლესია თავაძე, ზაზა აბზიანიძე და სხვები და გვყავს სულ ახალი ავტორებიც, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია წახალისება, მოტივირება თავიანთი მუშაობისა: თეა თოფურია, მაკა მიქელაძე, ლელა ცუცქირიძე, ვასიკო გულეური, და კიდევ და კიდევ სხვებიც.
რაც შეეხება „ძველ“ თაობას, მათ ძლიერი საფუძველი შექმნეს საიმისოდ, რომ ჩვენ ვისაუბროთ თამამად და ღირსების გრძნობით ქართული საბავშვო ლიტერატურის ტრადიციებზეც და მომავალზეც. რა თქმა უნდა, გამიხარდება, რომ ვთქვათ, ცირა ქიტიაშვილის საბავშვო ლექსებმა აიღონ ეს პრემია, ან გურამ პეტრიაშვილის ზღაპრებმა, ან ქეთევან ჭილაშვილის და მერი ბოლქვაძის მინიატურულმა პროზამ, ან დოდო ხიმშიაშვილის ნაწარმოებებემა მოზრდილთათვის, ან ნინო ბეზარაშვილის ზღაპრებმა, ან გუგული ტოგონიძის ზღაპრებმა და რომელი ერთი დავასახელო ცოცხალ ავტორთაგან (თუმცა ამათგან სულ ახლახან გარდაიცვალნენ მერი ბოლქვაძე, ნინო ბეზარაშვილი და ქეთევან ჭილაშვილი)… რეალისტები თუ ვიქნებით, ამ მწერლებს იმდენად გაუჭირდათ თანამედროვე გამომცემლებისგან მიეღოთ `ვიზა“ მათ ნაწარმოებებზე, რომ ვეჭვობ, თარგმნონ ან დაუმზადონ ამონარიდების თარგმანი, ან მათ ღვაწლზე ისაუბრონ და წარუდგინონ მსოფლიოს… ან გამოსცენ თანამედროვე ბრწყინვალედ ილუსტრირებულ კრებულებად… ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ არც ამ 15-20-წლიან `ჩავარდნაზე“ ვიწუწუნებდით… თუნდაც შვედეთიდან დაჟინებულ მოთხოვნას და წერილებს სიჩუმით კი არ ვუპასუხებდით, ავდგებოდით და ცოცხალ ოტია იოსელიანის წიგნებს წარვადგენდით, ის მაინც იყო თარგმნილიცა და პოპულარულიც კარგა ბევრ ქვეყანაში. ჩვენ როცა იმდენიც ვერ მოვახერხეთ, გაგვხსენებოდა, რომ გვყავდა ასეთი ავტორი, მეეჭვება, ძველი ლიტერატურის გამომზეურებაზე იფიქროს ვინმემ. აქ ალბათ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, ისევ ახალ და თანამედროვე წიგნებზე იქნება აქცენტები გაკეთებული. თუმცა რამ გაყო `ძველი~ და `ახალი~, როცა საქმე ლიტერატურას ეხება? დაველოდოთ მაისს, იქნებ კიდეც ვიხილოთ კანდიდატთა შორის ჩვენი ღვაწლმოსილი ავტორები? თუმცა არც ერთ მათგანს, ვიცი, არ გააჩნია არც საკუთარი ვებგევრდები, არც ბლოგები, საიდანაც დაინტერესებული ადამიანი მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან უფრო ახლოს გაიცნობს მათ? არც ახალგაზრდებთანაა ეს ყველაფერი რიგზე, მაგრამ თურმე ამაზე ზრუნვაც საჭიროა, რადგან კონკურსში მონაწილე წლის ნომინატთა დასახელებისას (ეს ცხადდება ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე), `ალმას~ ვებგვერდზე ღია რეჟიმში იდება ყველა ნომინანტის საინტერნეტო გვერდების ლინკები და მას მთელი მსოფლიო ათვალიერებს და ეცნობა. სავარაუდოდ, ამ ნომინანტთა რიცხვი ასე 170-მდეა ხოლმე, ხოლო მონაწილე ქვეყნების რიცხვი 80-მდე. მასშტაბებს თავად წარმოიდგენთ. ოქტომბრიდან მარტამდე კი ჟიური სწავლობს მათ საქმიანობას და მარტის ბოლოს ასახელებენ ერთადერთ გამარჯვებულს. ჩვენ კი მხოლოდ წარდგენილთა დასახელებაც კი ნომინანტთა მრავალრიცხოვან სიაში დიდ საქმედ მიგვაჩნია და გვიხარია და ვართ ერთ მილოცვ-მოლოცვებში. და ამიტომაც ვავლენთ ჩვენ მამა-პაპურ თვისებას, რომ გვგონია, საქმე თავისით გაკეთდება, ჩამოივლის ქრისტე ღმერთი და ჩამოჰყრის პრემიებს…
თავად ალმას პრემიას სჭირდება პოპულარიზაცია ჩვენში. ალმა დიდი შანსია ბევრისთვის! და მე მიმაჩნია, რომ სავარაუდოდ გზის გახსნა სხვა საერთაშორისო პრემიებისკენაც უნდა მოხდეს: ჰანს ქრისტიან ანდერსენის სახელობის საერთაშორისო პრემიის საბჭოსთანაც საჭიროა გარკვეული კავშირის დამყარება და ქართველი ავტორების ამ საპატიო ჯილდოს მოსაპოვებელ „მარათონში“ ჩართვა.
ერთადერთი, ვინც არ იღებს პრემიას, ესაა გამომცემლობა, თუმც გამომცემლის მოუწადინებლად წარმოუდგენელია რაიმე საერთაშორისო წარმატებაზე ლაპარაკი. თავის მხრივ, გამომცემლობაც სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე ცოდოა. ამიტომ სულ მიწევს ამის თქმა და ახლაც გავიმეორებ, რომ გამომცემლობა და ავტორი ერთად უნდა მუშაობდნენ. და მათ გვერდით უნდა ედგას სახელმწიფოს კულტურული განვითარების პოლიტიკა და დიდი ამბიცია (კარგი გაგებით), რომ ჩვენ არავიზე ნაკლები ვართ. უნდა მეტად აქტიურ ფაზაში გადავიტანოთ ქართული საბავშვო წიგნის საქმე. ისე კი, სანამ დიდ მსოფლიო გზაზე შედგებოდეს მწერალი, რამდენი რამ აქვს გასაკეთებელი საკუთარ სამშობლოში, საკუთარი მკითხველისთვის, საკუთარ ენაზე? და განა მარტო ალმასთვის გვაქვს საკეთებელი და სათარგმნელი?
ეჰ… ნეტარ არიან `მორწმუნენი~! და ოდესმე მაინც მას გაუმართლებს, ვინც თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი და კიდევ ცოტა მეტი გააკეთა საიმისოდ, რომ ბავშვები უფრო ბედნიერები იყვნენ ამ პლანეტაზე…
ფოტო გარეკანზე: Bertil Alvtegen
ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი!
ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი მალე ყველა სკოლას და მასწავლებელს!
ამ ნომერში წაიკითხავთ :
სახიფათო ჰაერი
ჩემი ნაწერების გმირები იკრიბებიან და მასამართლებენ. კარგი თემაა~ – ჩაწერს მიხეილ ჯავახიშვილი 1924 წელს უბის წიგნაკში და შემდეგ გაირკვევა, რომ ამ სურვილს ასრულება არ უწერია. მწერლის ფიზიკურმა განადგურებამ შეიწირა ძალზე საგულისხმო და შთამბეჭდავი ჩანაფიქრი, რის საშუალებითაც ერთი ყდის ქვეშ ვნახავდით თეიმურაზ ხევისთავსა და გივი შადურს, ჯაყო ჯივაშვილსა და კვაჭი კვაჭანტირაძეს, მართალ აბდულასა და მარგო ყაფლანიშვილს. და ყველას, უკლებლივ ყველას, ვინც საბრალდებო სკამზე დასვამდა ავტორს და გაასამართლებდა.
მართლაც ორიგინალური თემაა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ მაშინდელი, საბჭოთა ლიტერატურის თემატიკას, ოღონდ მხოლოდ საბჭოთას… რადგან იმ დროისთვის, უფრო ზუსტად, 1915 წელს სალამანკაში უკვე გამოცემულია მიგელ დე უნამუნოს „ბურუსი“, სადაც სწორედ ასეთი ამბები ხდება. რომანის მთავარი მოქმედი პირი აუგუსტო პერესი ყველანაირად ცდილობს გაექცეს ავტორს, არ დაემორჩილოს, დაუმტკიცოს, რომ დამოუკიდებელია. ამისთვის თვითმკვლელობასაც კი გაბედავს, მაგრამ ავტორის ნება შეუვალია: იგი ჯერ სუიციდს აუკრძალავს პერსონაჟს („თავს მართლა ვერ მოიკლავ, რაკიღა ცოცხალი არა ხარ, უფრო სწორად, არც ცოცხალი ხარ და არც მკვდარი, უბრალოდ არ არსებობ… იმიტომ არ არსებობ, რომ გამოგონილი არსება ხარ, შენ არ ხარ შენ, შენ ხარ მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი და კიდევ იმათი, ვინც შენი ცხოვრების, შენი თავგადასავლებისა და ბედუკუღმართობათა შესახებ ჩემ მიერ დაწერილ ნაწარმოებს კითხულობს“), შემდეგ კი, არც მეტი არც ნაკლები, სიკვდილს გადაუწყვეტს. ყველაზე ამაღელვებელია სცენა, სადაც ბრალმდებელი პერსონაჟი ავტორს შეწყალებას ევედრება:
„– მე სიცოცხლე მწყურია, დონ მიგელ, სიცოცხლე მწყურია, სიცოცხლე…
– აკი თავის მოკვლას აპირებდი!
– ოჰ, არა, გეფიცებით, სინიორ დე უნამუნო, თავს აღარ მოვიკლავ, არ მოვიკლავ, არ გამოვესალმები ამ ღვთისა თუ თქვენს მიერ ნაბოძებ სიცოცხლეს, გეფიცებით… ახლა, როცა ჩემი მოკვლა გადაწყვიტეთ, უკვე სიცოცხლე მომინდა…“
მაგრამ დონ მიგელი გადაწყვეტილების გადათქმას არ აპირებს: „შეუძლებელია! ასე მიწერია და ვეღარაფერს გადავასწორებ! შენ აღარ იცოცხლებ. არ ვიცი მეტი რა გიყო და როცა უფალმა ღმერთმა არ იცის, რა გვიყოს, მაშინ გვკლავს ხოლმე“.
პირველი შეკითხვა, რაც ამის წაკითხვის შემდეგ გვიჩნდება, ალბათ ესაა: იცნობდა თუ არა მიხეილ ჯავახიშვილი უნამუნოს რომანს? ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ქართველი მწერლის ლიტერატურულ წერილებსა და ჩანაწერებში ვერსად ნახავთ მიგელ დე უნამუნოს. გვხვდება იმდროინდელი გერმანელი, ფრანგი, რუსი მწერლები, მათი თხზულებებიდან დამოწმებული ციტატები, მაგრამ დონ მიგელი არსად ჩანს. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ისიც შეიძლება იყოს, რომ XX საუკუნის 10-20-იანი წლების ესპანურ ლიტერატურას ათწლეულების დაგვიანებით გაეცნო ქართველი მკითხველი. დიდად არც საბჭოთა რუსეთის ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები და გამომცემლობები დაინტერესებულან უნამუნოს შემოქმედებით. უფრო მეტიც, ერთხანს თავის სამშობლოშიც იდევნებოდა მწერალი, რადგან მკაცრად შეაფასა ესპანეთის ხელისუფლებაში სამხედრო დიქტატორის – პრიმო დე რივერას მოსვლა. ხოლო მას შემდეგ, რაც მისი „ქრისტიანობის აგონია“ რომის პაპმა საჯაროდ დაგმო, უნამუნოს სახელს ევროპაშიც ფრთხილად ახსენებდნენ. აქედან გამომდინარე, სამართლიანი ეჭვი შეიძლება გამოითქვას იმის შესახებ, რომ მიხეილ ჯავახიშვილი არ იცნობდა მიგელ დე უნამუნოს რომანს.
განსხვავებული ვითარებაა გაბრიელ გარსია მარკესისა და ოთარ ჭილაძის შემთხვევაში, ამიტომაც კრიტიკოსები ხშირად ადარებენ კოლუმბიელი და ქართველი მწერლის რომანებს – „მარტოობის ასი წელიწადი“ (1967 წ.) და „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ (1976 წ.). ორივეგან ერთი გვარის (ბუენდიებისა და მაკაბელების) საუკუნოვანი ამბავია მოთხრობილი და მათი ცხოვრება გააზრებულია როგორც მთელი ქვეყნის, კაცობრიობის თავგადასავალი – მარადიული ვნებებით, ტკივილებითა და გამოსავლის ძიებით.
ეს ისაა, რასაც აშკარად ამჩნევენ და აღნიშნავენ ლიტერატურის მკვლევარები. თუმცა შეიძლება ბევრს არ მიუქცევია ყურადღება, რომ ჭილაძის პირველი რომანი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ (1972 წ.) და მარკესის მესამე რომანი „პატრიარქის შემოდგომაც“ (1975 წ.) ჰგავს ერთმანეთს. ქართულ ენაზე დაწერილ წიგნში ზღვა უკან იხევს, დაპყრობილი, გადაგვარებული და ზნეობამოშლილი ქვეყნიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მიიპარება, თან ისე, რომ ფხიზელ და ჯიუტ მეთვალყურეს, კისერზე თოკის გორგალგადაცმულ ბედიასაც კი გააცურებს; მარკესის რომანში კი დაპყრობილი და გადაგვარებული ქვეყნის დიქტატორი თავის დაუძინებელ მტრებზე, გრინგოებზე ჰყიდის ზღვას, რითაც კიდევ უფრო უახლოვდება „სიკვდილის ნავის დაძონძილ იალქანს“.
რა შეიძლება დაერქვას ამგვარ დამთხვევებს – როცა ლიტერატურული რუკის სხვადასხვა წერტილში მცხოვრები მწერლები თითქმის არ იცნობენ ერთმანეთს და მათი პერსონაჟების განცდა, ხასიათი და თავგადასავალი ასე იკვეთება?
მოგვიანებით ამ ამოუხსნელ დამთხვევებს ერთ-ერთ ინტერვიუში თავად ოთარ ჭილაძე ახსნის, უფრო სწორად, ჟურნალისტის შეკითხვაზე – „არ არსებობს მწერალი, მეორისგან რომ არ იღებდეს რაღაცას. თქვენთვის ვინ არის ასეთი „მეორეო“, ასე უპასუხებს:
„ასეთი „მეორე“ ძალიან ზოგადი ცნებაა. ასეთი „მეორეა“ ყველა, ვინც წაგიკითხავს; შეიძლება არც წაგიკითხავს, მაგრამ გაგიგია; ან არც გაგიგია, მაგრამ მისი ბაცილა დაფრინავს ჰაერში და, გინდა არ გინდა, შენზეც ახდენს გარკვეულ ზემოქმედებას. ლიტერატურული ატმოსფერო ამგვარი ბაცილებითაა გავსებული და ჩვენც, თავზეხელაღებული სულელები, ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო ღრმად ჩაისუნთქავს ამ „სახიფათო“ ჰაერს…“
ტერმინების ტყვეობაში: სილაბუსი
შეგახსენებთ, რომ ენა კომუნიკაციის მთავარი იარაღია, სიტყვიერი კომუნიკაცია კი გარესამყაროსთან ადაპტირებისა და სოციუმში ინტეგრირების უნარს ავითარებს. გადატვირთული ტერმინოლოგიით მოსაუბრე ადამიანი განსაკუთრებულ დისკომფორტს ბავშვებს უქმნის, რადგან მათ უჭირთ საუბრის შინაარსის სრულყოფილად გაგება და მოსაუბრის დამოკიდებულების სწორად განსაზღვრა.
ადრე სპეციფიკურ ტერმინებს მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომებში თუ შეხვდებოდი, ახლა კი სამეტყველო ენაშიც ისე ღრმად გაიდგა ფესვი, თითქმის ყველა ორატორისა თუ რიგითი მუშაკის მონოლოგში აღმოაჩენთ.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი გვამცნობს, რომ „ტერმინოლოგია“ მეცნიერების, ტექნიკის ან ხელოვნების რაიმე დარგში გამოყენებულ ტერმინთა ერთობლიობაა, ტერმინი (L. Terminus – საზღვარი) კი – სიტყვა, რომელიც ზუსტად გადმოსცემს/განმარტავს გარკვეულ ცნებას.
პირველად სპეციფიკურ ტერმინოლოგიასთან შეჭიდება საგანმანათლებლო დაწესებულებაში მომიხდა. მოგვიანებით, სკოლაში მასწავლებლის სტატუსით დაბრუნებისას, ისევ დამჭირდა უცხო სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის დახმარება. მალევე შევისისხლხორცე ტერმინები: სილაბუსი, პორტფოლიო, ინტეგრირება, უკუკავშირი, მოტივაცია, ტრენინგი, ფასილიტატორი და სხვ. თავიდან ყველა იმ დოკუმენტის სახელის განმარტებას ვეძებდი, რომლის შექმნაც მევალებოდა. გარკვეული გამოცდილების მიღების შემდეგ კი მეც დავიწყე მათი გამოყენება.
სასწავლო წლის დასასრულს ტერმინი ,,სილაბუსი“ განსაკუთრებით აქტიური ხდება. სხვა მასწავლებლების მსგავსად, მეც გასული თვე თემატური გეგმების წერას შევალიე, ამიტომ დღეს სწორედ ამ ტერმინის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ვისაუბრებ.
სასწავლო გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო პროცესის ყველა ეტაპზე დროის განაწილების სქემას, მისაღები სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებს, იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი ეტაპის დამთავრებისას, ამ უნარ-ჩვევებისა და ცოდნის შეძენის საშუალებების აღწერას. ასეთ დოკუმენტს ადგენს სახელმწიფო, საგანმანათლებლო დაწესებულება ან მათი გაერთიანება და მასწავლებელი, განათლების სხვადასხვა მიმართულებისა (საგნის) და საფეხურის შესაბამისად. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განასხვავებენ რამდენიმე სახის სასწავლო გეგმას, კერძოდ: ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლის სასწავლო გეგმას და ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას. მასწავლებელი თავისი საგნის სილაბუსს ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ადგენს.
სილაბუსი საგნობრივი თემატურ–კალენდარული გეგმაა და წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას. მასში მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები, სწავლების ფორმატი (მეთოდი), საათობრივად გაწერილი თემატური ერთეულების სია, გამოყენებული სახელმძღვანელოების გვერდები ან სხვა ტიპის რესურსის დეტალური მონაცემები. აუცილებელია კურსის შეფასების პრინციპების (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი…) მითითება და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრაც.
სილაბუსის დაწერა არც თუ ისე ადვილია: ჯერ კარგად უნდა დაამუშაოთ სახელმძღვანელოში არსებული მასალა. შემდეგ იწყება მისი თემატურ ნაწილებად დახარისხება (ზოგიერთი საგნის სახელმძღვანელო თემატურ მონაკვეთებადაა დაყოფილი, რაც საქმეს საგრძნობლად აადვილებს), სასწავლო მასალის დამუშავებისთვის საჭირო დროის განსაზღვრა, ეფექტური მეთოდებისა და აქტივობების შერჩევა. ნიმუშად გთავაზობთ ამონარიდს თემატური გეგმიდან ქართულ ენასა და ლიტერატურაში (V კლასი):
(სილაბუსის ნიმუში N1)
მსგავსი მსხვილ თემატურ ერთეულებად დაყოფილი სასწავლო გეგმის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე დეტალურად გაწერილი სილაბუსის ყველაზე გავრცელებული ფორმის შევსება, სადაც საკმაოდ ვრცლად უნდა ჩამოაყალიბო პროგრამის შინაარსი და მიზნები, თითოეულ შესასწავლ მასალას ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნობრივი ინდიკატორები მიუსადაგო და დროც ადეკვატურად და ზუსტად გაანაწილო. პირადი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, მსგავსი სილაბუსი სასწავლო პროცესის წარმართვის დროს ნაკლებად გამოგადგებათ. თუმცა სკოლაში საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი (დამკვირვებელი) თუ გესტუმრათ, მის წინაშე საკმაოდ გამართული, მისაღები ფორმის დოკუმენტით წარსდგებით.
(სილაბუსის ნიმუში N2)
ერთგვარ მინისილაბუსს წარმოადგენს გაკვეთილის გეგმა (სცენარი), რომლის დაწერაც ყოველდღე თუ არა, ღია გაკვეთილების ჩატარების წინ მაინც მოგიწევთ. იმ შემთხვევაში, თუ დეტალური სცენარის შედგენა დაგევალათ, თქვენი გეგმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრავდეს გაკვეთილის სტრუქტურას, აღრიცხავდეს საგაკვეთილო პროცესის განვითარების თითოეულ ნაბიჯს. როგორც წესი, გეგმაში გაწერილია გაკვეთილის მიზანი და სასურველი შედეგის მიღწევისთვის საჭირო აქტივობები, მოცემულია აქტივობების ორგანიზების ფორმა, შეფასების კრიტერიუმები და საგაკვეთილო დროის დაგეგმილ აქტივობებზე განაწილების სავარაუდო მონახაზიც. უნდა მიუთითოთ გაკვეთილის მომზადებისა თუ ჩატარების პროცესში გამოყენებული რესურსების ჩამონათვალიც.
როგორც წესი, მასწავლებლის წიგნში მოცემულია სცენარის რამდენიმე ნიმუში, სადაც ზუსტადაა აღწერილი გაკვეთილის სავარაუდო მსვლელობა. სასურველია, მასწავლებელმა წინასწარ მოიფიქროს თემატური შეკითხვები, რითაც მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას უზრუნველყოფს და მათ აქტიური მოსმენის უნარსაც გამოუმუშავებს. სასწავლო მასალის შესაბამისი აქტივობების წინასწარ შერჩევა და მათზე დროის ადეკვატურად განაწილებაც ხელს შეუწყობს ეფექტური და ნაყოფიერი პროცესის წარმართვას. თუმცა გეგმის ზედმიწევნით შესრულება აუცილებელი არაა (მასწავლებელს უნდა შეეძლოს სიტუაციის შესაბამისად ლავირება).
გაკვეთილის გეგმის შედგენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მოსწავლეების წინარე ცოდნა, მოტივაცია, საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობა, საკლასო გარემო და სხვ. საგაკვეთილო პროცესის შეფასება რომ გაგიადვილდეთ, შეგიძლიათ მიზნის მიღწევის დონეების გამოყოფა, შეფასების რუბრიკის შედგენა. მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა მიიღონ უკუკავშირი, განმავითარებელი/განმსაზღვრელი შეფასების ან თუნდაც თვითშეფასების კითხვარის მეშვეობით (მაგალითად, აქტივობა ,,ვიცი, გავიგე, მინდა გავიგო“). სასურველია, თავად მასწავლებელმაც შეაფასოს საკუთარი ნამუშევარი: გამოყოს ჩატარებული გაკვეთილის დადებითი და უარყოფით მხარეები, მიაგნოს გეგმის სრულყოფილად შესრულების ხელისშემშლელ ფაქტორებს, დაშვებულ შეცდომებს და მათი გამოსწორების ეფექტურ გზებს. გთავაზობთ გაკვეთილის სცენარის ნიმუშს:
(სილაბუსის ნიმუში N3)
შეგიძლიათ გაკვეთილის გეგმას დაურთოთ აქტივობათა მოკლე აღწერაც:
აქტივობა N1 – მასწავლებელი ხმამაღლა, მიმდევრობით კითხულობს ანბანს, ანბან–პლაკატზე თითოეულ ასოზე მიუთითებს, შემდეგ მთელი კლასი იმეორებს მასწავლებელთან ერთად.
აქტივობა N2 – მოსწავლეები ასახელებენ ამა თუ იმ ასოზე დაწყებულ სიტყვებს, გამოყოფენ სიტყვის თავ ასოს.
აქტივობა N3 – მასწავლებელი მოსწავლეებს ახსენებს წინა გაკვეთილზე დამუშავებულ ტექსტს, შემდეგ კი ანაწილებს როლებს. ,,მთხრობელი“ მასწავლებლის დახმარებით (კითხვა–პასუხის რეჟიმი) აღწერს ტყის ბინადართა საკლასო ოთახს, ,,ძია თომა“ კი ყველას ულოცავს სწავლის დაწყებას და სათითაოდ ეცნობა ახალ მოსწავლეებს. იმართება მარტივი დიალოგები მოსწავლეებს შორის. მათ არ უნდა დაავიწყდეთ, თუ რომელი პერსონაჟის როლი მოირგეს, მაგალითად:
– რა გქვია?
– ბაჭია.
– ვინ მოგიყვანა სკოლაში?
– დედიკო კურდღელმა და ა.შ.
აქტივობა N4 – მოსწავლეები რიგრიგობით აღწერენ სურათზე მოცემულ ნივთებს, მათ თვისებებს და დანიშნულებას.
აქტივობა N5 – მოსწავლეები დაიყოფიან მცირე ჯგუფებად. მათ თვალით უნდა მოძებნონ სკოლისათვის შეუსაბამო ნივთი (მაგალითად, ფოტოალბომი, სათამაშო, ჩაიდანი და სხვ.), რომელიც მასწავლებელმა გაკვეთილის დაწყებამდე შეიტანა კლასში. შემდეგ მასწავლებელი ჩამოთვლის საკლასო ნივთებს, რომელშიც ერთი საოჯახო ან სათამაშო ნივთი ურევია. შეუსაბამო საგნის დასახელების დროს ჯგუფის წევრებმა ტაშით უნდა შეაჩერონ მასწავლებელი. გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც პირველი აღმოაჩენს კლასში დამალულ ზედმეტ საგანს და ყველაზე მეტ შეუსაბამო სიტყვასაც ამოიცნობს.
ბიომრავალფეროვნება – ჩვენი მასწავლებელი
„სკოლის ექსკურსიების საბჭოთა ფორმატმა თავისი დრო მოჭამა. ჩვენ შეგვიძლია ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებელს გაცილებით საინტერესო რამ შევთავაზოთ – შთაბეჭდილებით სავსე ლაშქრობები, აქტიური დასვენება ბუნების წიაღში, სადაც შენი სიცოცხლეც დაცულია და პატარ-პატარა თავგადასავლებიც გარანტირებული. საქართველოს დაცული ტერიტორიები იდეალურია საგანმანათლებლო კუთხით. აქ ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ საკუთარი თვალით ნახოს გარემო, რომლის დაცვასაც ვითხოვთ და რაც ასევე, პირდაპირ კავშირშია გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობასთან“, – ამ სიტყვებით გვეპატიჟება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის მწვანე ეზოში მისი ხელმძღვანელი, პროფესიით ბიოლოგ-გენეტიკოსი გიორგი სულამანიძე.
თბილისიდან ლაგოდეხამდე ორსაათიანი გზაა. აქ ისე ჩამოხვალთ, დაღლასაც ვერ მოასწრებთ. ეს რეგიონი მდიდარია არა მხოლოდ კულტურის ძეგლებითა და ისტორიული მნიშვნელობის ქალაქებით, არამედ იმ საოცარი სამყაროთი, რომელსაც ბუნება ჰქვია.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე მდებარეობს. ადმინისტრაციის მთავარ შესასვლელს დიდი ჭიშკრით შორიდანვე ამოიცნობთ. ტერიტორიაზე ხეირიანად შესულებიც არც კი იქნებით (შესვლა უფასოა), რომ მაღალი კონცენტრაციის ჟანგბადი ფილტვებს „გაგიხსნით“ და სტრესს დაგავიწყებთ.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორია ერთ-ერთი პირველია კავკასიის მასშტაბით, როგორც დაარსების თარიღით (პირველი ნაკრძალი აქ 1912 წელს დაარსდა), ისე ბიომრავალფეროვნებით. ეს კი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სახეობების გადაშენება და ბიომრავალფეროვნების შემცირება დედამიწის დღის წესრიგში დიდი ხანია მოწინავე პოზიციებს იკავებს. ბიომრავალფეროვნების გაღარიბება ჩვენმა მიწიერმა სამყარომ უკვე ხუთჯერ განიცადა, ბოლოს 65 მლნ წლის წინ. მკვლევართა გაფრთხილებით, რიგით მეექვსე მასობრივი გადაშენება გაცილებით სწრაფი ტემპით, ადამიანის როლის გააქტიურებით მიმდინარეობს.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მთავარი შესასვლელიდან საინფორმაციო ზონაში ხვდებით, სადაც ვიზიტორთა ქცევის წესებსაც გაეცნობით. ერთ-ერთი ტერიტორიაზე ხმაურსა და ხმამაღალ საუბარს კრძალავს. სწორედ ამ დროს აცნობიერებ, რომ ადამიანი ბუნების ნაწილი ხარ და არა პირიქით, რომ ჩვენ გარშემო უამრავი ცოცხალი არსება ცხოვრობს, რომელიც მხოლოდ იძულებით თუ დაარღვევს ადამიანის პირად საარსებო სივრცეს.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციულ კორპუსში მოწყობილია საექსპოზიციო და საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც სტუმარს დაცული ტერიტორიების სპეციფიკისა და უსაფრთხოების წესების გაცნობა შეუძლია.
აქ მოსული სტუმარი აღმოაჩენს, რომ ბიომრავალფეროვნების კუთხით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მკვეთრად გამოირჩევა მსგავსი ადგილებისგან. ეს ნამდვილი სამოთხეა, ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი, რომელიც ევროპის შუაგულში რომ ყოფილიყო, ალბათ მილიონებით ვიზიტორი ეყოლებოდა. ამჟამად ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მოიცავს სახელმწიფო ნაკრძალსა და აღკვეთილს. სწორედ აღკვეთილშია მოწყობილი თვალწარმტაცი ტურისტული მარშრუტები.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უპირველესი დანიშნულებაა იმ ქალწულებრივი ბოიომრავლფეროვნებისა და ეკოსისტემების დაცვა-შენარჩუნებაა, რომლის წყალობით ჯერ კიდევ შეგვიძლია ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი, დავლიოთ სუფთა წყალი, მივირთვათ სუფთა პროდუქტი და განვავითაროთ ეკოტურიზმი.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე შენარჩუნებული და დაცულია 1100 სახეობის მცენარე, საიდანაც 15 სახეობა (კაკალი, წაბლი, მაღალმთის მუხა, ლაფანი, უთხოვარი თუ კავკასიური ხურმა და სხვ.) „წითელ ნუსხას“ ამშვენებს. ნაკრძალსა და აღკვეთილში ბინადრობს 126 სახეობის ცხოველი. ფაუნის ყველაზე დიდ სიამაყეს წარმოადგენენ რუხი მგელი, ევრაზიული ფოცხვერი, მურა დათვი, გარეული ტახი და კეთილშობილი ირემი, რომელიც საქართველოში მხოლოდ სამ დაცულ ტერიტორიაზე შემოგვრჩა – გარდაბნის აღკვეთილში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. აქაურობის სავიზიტო ბარათი მცირერიცხოვანი კავკასიური ჯიხვია. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათი ფოტოგადაღებაც კი აღარ არის დიდი პრობლემა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გავრცელებული ძუძუმწოვრების 40% სწორედ ლაგოდეხის ნაკრძალისა და აღკვეთილის ბინადარია, ადგილობრივ რეინჯერთა თქმით, ვიზიტორთა სიცოცხლეს, მით უფრო ბავშვების, ცხოველთა და ფრინველთა მხრიდან საფრთხე არასოდეს დამუქრებია.
დავაზუსტებ: ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 19 რეინჯერი მუშაობს. მათ გიდის როლის შეთავსებაც უწევთ. ტერიტორიების პატრულირება, ფლორა-ფაუნის აღრიცხვა და უკანონო ნადირობასთან ბრძოლა შრომატევადი და რისკიანი საქმეა. რეინჯერები ტერიტორიაზე ფეხით, მანქანით და ცხენით გადაადგილდებიან (სამსახურს 15 ცხენი ჰყავს). ცხენის დაქირავება ვიზიტორებსაც შეუძლიათ. მაგალითად, თუ რომელიმე საშუალო სირთულის მარშრუტის დალაშქრვას მოზარდების ჯგუფი უფროსებთან ერთად მოისურვებენ, ცხენის დაქირავება ბარგის სატარებლადაც შეეძლება.
გიორგი სულამანიძე აღნიშნავს, რომ გარემოს დაცვის სფეროში დაბალი ცნობიერების დასაძლევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი განათლება. ბავშვს ის ადრეული ასაკიდანვე უნდა ჰქონდეს.
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბავშვთა დასვენებისთვის შესანიშნავი ადგილები და მარტივი მარშრუტია, სადაც ისინი დროს არა მხოლოდ აქტიურ დასვენებაში, არამედ გარემოს შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებაში გაატარებენ.
საშუალო სირთულის ტურისტული ბილიკების გარდა (როჭოს და ნინოსხევის ჩანჩქერებისკენ, მაჭის ციხისა და შავი კლდეების ტბისკენ), ბავშვებისათვის გამოყოფილია ბუნების შემეცნების ბილიკი. მისი გავლისას მოლაშქრეებს ბევრი სახალისო რამ ელით: წონასწორობის სავარჯიშო, ტყის წიგნი, ტყის საკუჭნაო, ბეწვის ხიდი, ხის ტელეფონი, ცხოველთა საბინადრო ადგილების გაცნობა და სხვ. საინტერესოა, რომ ბილიკთან ახლოს ბინადრობს ჯიხვი სახელად ტონი, რომელიც არ თაკილობს ბავშვებსა და ცნობისმოყვარე უფროსებს აჩვენოს, რამდენად საინტერესოა ბუნების წიაღში დროის გატარება. ბუნების შემეცნების ბილიკის სიგრძე 600 მეტრია და ის სათავეს ვიზიტორთა ცენტრიდან იღებს.
ასეთ „საველე“ პირობებში ბავშვი უკეთ იმახსოვრებს ახალ ინფორმაციას, რომლის თვალსაჩინოებას თავად ბუნება წარმოადგენს. ის ხედავს, რას წარმოადგენს ცოცხალი ფლორა და ფაუნა, რატომ არ არის ბუნებრივი რესურსები უსაზღვრო, აცნობიერებს, რომ ბუნებას დაცვა სჭირდება. ასეთ გარემოში არცერთ მასწავლებელსა და მშობელს არ გაურთულდება, განუმარტოს ბავშვს, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი, რასაც ხედავენ, ერთმანეთზეა დამოკიდებული. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ჯაჭვური თანაარსებობა. ვთქვათ, ტყე, რომელიც უზრუნველყოფს მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნებას, შეიძლება ასევე გამოვიყენოთ საკვებად, თავშესაფრად, სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად და სხვ.
ბიომრავალფეროვნების შემცირების გამომწვევ ფაქტორებს შორის დღეს არა მხოლოდ გარემოსდაცვის სფეროში არსებული დაბალი ცნობიერება, არამედ სიღარიბე და ადამიანების უპასუხისმგებლო ქმედებები სახელდება. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მართალია, ბოლო წლის განმავლობაში შედარებით შემცირდა უკანონოდ ტყით სარგებლობისა და ჭარბი ძოვების პრობლემის მასშტაბი, მაგრამ ხშირია ნარჩენებისა და ბრაკონიერობის შემთხვევები.
65 წლის რეინჯერი გოგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 22 წელია მუშაობს. ამბობს, რომ ბრაკონიერები რეინჯერებს ხშირად ემუქრებიან ანგარიშსწორებით, უზიანებენ მანქანებს. 5 წლის განმავლობაში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობის 70-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
„ამ ადამიანებს კანონი არ აშინებს. სასამართლო მხოლოდ ჯარიმებს უწესებს და საპროცესო გარიგებებით ათავისუფლებს, სანადირო თოფსაც კი არ ართმევს, მხოლოდ ნანადირევის კონფისკაციით შემოიფარგლება. რამდენიმე ხნის წინ გარეული ღორი მოგვიკლეს. ეს ადამიანი დავაკავეთ, მაგრამ უკვე გვიანი იყო… ამ ტერიტორიებზე 300 წლის განმავლობაში არავინ ცხოვრობდა, ვიდრე შაჰ-აბასმა ადამიანები არ ჩამოასახლა. შესაბამისად, აქ არც ნადირობის ტრადიცია არსებობდა“, – გვიყვება ლაგოდეხის ასაკოვანი რეინჯერი. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 20-ზე მეტი ფოტომახეა დამონტაჟებული, მაგრამ ახალი ტექნოლოგიების პარალელურად ბრაკონიერებიც „ვითარდებიან“.
შარშანდელი მონაცემებით, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს 45 ათასი ვიზიტორი ეწვია. აქედან 35 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იყო. ყველაზე ბევრი მნახველი აქაურობას ზაფხულსა და სექტემბერში ჰყავს. როგორც წესი, ბევრი ვიზიტორი კემპინგით ინტერესდება. ტურისტული სერვისებიდან შემოსული თანხა 2%-ს შეადგენს. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს განვითარებაში უცხოელი პარტნიორები და საერთაშორისო ფონდები ეხმარებიან. ბიუჯეტის 49%-ს კი სახელმწიფო აფინანსებს.
დღეს ბევრს საუბრობენ მდგრადი განვითარების კონცეფციაზე – ადამიანმა თავისი მოთხოვნილებები ისე უნდა დაიკმაყოფილოს, რომ მომავალ თაობას საფრთხე არ შეუქმნას. ალბათ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი განათლებისა და მდგრადი განვითარების კონცეფციის შერწყმა.
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული, პირველყოფილი ბუნებრივი ლანდშაფტების მქონე საუკეთესო ადგილია უფროსი თაობისთვის გარემოს მიმართ მგრძნობელობის გასაზრდელად. ახალი თაობისთვის კი ეს უზარმაზარი ლაბორატორიაა, სადაც ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი ინფორმაცია ცოცხალი არსებისა თუ მიკროორგანიზმის სათუთი ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.
არდადეგები
ჩვენ სხვანაირი ბავშვობა გვქონდა. სხვისას არ ჰგავდა. არც გამხმარ პურს ვჭამდით და არც შოკოლადისკარაქიანს. ეს არ ყოფილა უკიდურესი სიღარიბე და რა გასაკვირია, რომ არც სიმდიდრე ყოფილა. არც მწუხარება ყოფილა და არც სიხარული. არც ტყვეობა და არც თავისუფლება. სადღაც შუაში ვიყავით გაჩხერილები მამიდაშვილების გამონაცვალი შარვლებით, შარვლებში – ნაკლეიკებით და რუმინეთიდან ბიცოლაჩვენის ჩამოტანილ კევს ვღეჭავდით და ვბერავდით. მაგრამ ერთი დიდი და მნიშვნელოვანი ამოვარდნა გვეგულებოდა იმ დროს – საზაფხულო არდადეგები. განა რამე იცვლებოდა კალენდარში რიცხვების გარდა. იგივე ხიდი იდგა და მდინარეში იმავე ხიდიდან ვხტებოდით. იგივე მდინარე ჩამოდიოდა. იგივე ღობეები და იგივე ლოგინები და იგივე სიზმრები. და წვიმის ხმა ოჭვათოში – ძალიან იგივე. მაგრამ ზაფხულის არდადეგებს მაინც საგანგებო სუნთქვით ვხვდებოდით, რადგან ეს შეუმჩნეველი ოცნება იყო ნამდვილ არდადეგებზე. მოგზაურობებით და თავგადასვლებით სავსე არდადეგებზე. სიახლეებით და გაკვირვებით სავსე არდადეგბზე. და გვიხაროდა, რადგან ვიცოდით ან, უფრო ზუსტად, ვგრძნობდით, რომ ზაფხულის არდადეგები გულისხმობდა სხვა ამბებს, რომლებიც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ ვერასოდეს მოხდებოდა.
ამ უცხო ტვირთით მოვედით ჩვენ. სხვა ვერ გაიგებს ამ სიმძიმეს და სიმსუბუქეს. გაუგებარ სიხარულს. შეიძლება ბოლომდე ჩვენც ვერ გავიგოთ ჩვენი ნელთბილი ბავშვობა დიდი ამოვარდნით, დიდი სიცხით – საზაფხულო არდადეგებით. კარგ ამინდებში ეზოში ზეწარს დამიგებდნენ და ვწვებოდი. წიგნი უნდა წამეკითხა. ცაზე ღრუბლების მეზობლების ცხვირებისთვის მიმსგავსება მალე გბეზრდება. წიგნის ყდაზე ჭიანჭველების წვალებაც. ხანდახან თვითმფრინავის გუგუნი ისმის. თითქოს ღრუბლებს თავი სტკივათ. ამ დროს ეგ არის, რომ ხმა სხვა მხრიდან მოდის, თვითმფრინავი კი სხვაგანაა. თვალს ძნელად მოჰკრავ. გამოცვივდებიან მეზობლები: „ტრანტალიოტი, ტრანტალიოტი!“ – და რა გასაკვირია, რომ ვერც ისინი ხედავენ. მე ეს ხმა მგონია ყველაზე მისტიკური აქამდე ყურმოკრულთაგან. მინიშნებების ძნელად მჯერა, თორემ ვიტყოდი: რაღაცის კარნახი, ამოუცნობის. წუხელ შუაღამემდე ფანჯარასთან ვიჯექი და ამ ხმაზე ვფიქრობდი. აქ არადროს გამიგონია, ეტყობა სხვა ხმები ფარავს.
ქათმებისთვის სიმინდის დაყრის სცენა იცით? უნდა იცოდეთ. ექვსზე უნდა ადგე. ქათმებს უკვე ღვიძავთ და წრიალებენ. საქათმეს გააღებ და თუ დგომის ტექნიკა არ იცი, სახეში შემოგაფრინდებიან. ისიც ოსტატობის საკითხია, სად უნდა დაყარო, ერთად რომ შეგროვდნენ და დათვალო, „ხომ არ მეიპარა რომელიმე ღამით რაცხა მოსასპობმა“. ეს „რაცხა მოსასპობი“ ან სინდიოფალაა, ან ვირთხა, ან მეზობლის ძაღლი, ან სულაც თავად რომელიმე მეზობელი.
ძროხის მოწველის სცენა იცით? უნდა იცოდეთ. ღამით ძროხა რომ დაბრუნდება, – და თუ არ დაბრუნდა, მოძებნით და დააბრუნებთ, – ბებიაჩემი ან მამაჩემი იღებენ რძეის ვედრას და მიდიან საძროხისკენ, რომელსაც სხვაგვარად ეწოდება ახორი. აქ ოსტატობა არ კმარა, საქმე დიდოსტატობას ითხოვს. ჯერ ერთი, საძროხეში ბნელა და თუ ანათებს, მხოლოდ რძე. მეორეც, ცურს ისე უნდა მოუნაცვლო, ძროხა არ შეწუხდეს და წუხილი წიხლით არ გამოხატოს. ამიტომაც მე გარეთ ვდგვარ. მხოლოდ ჩხრიალი მესმის. და თუ მთვარეა, მთვარეს ვუყურებ და ასე მგონია, მთვარე იწველება. დიდი, სავსე მთვარე. გაუგებარი სიხარულით სავსე მთვარე.
ადი სახლში, წიგნი წაიკითხე!
საზაფხულო თემასა და საკითხავებზე ჩვენს გაზეთზე ბევრი დაწერილა. აგვისტო წინაა და ალბათ კიდევ ბევრი დაიწერება. ვწერთ იმაზე, რა წავიკითხოთ და რა წავაკითხოთ ბავშვებს, როგორ ავუმაღლოთ კითხვითი უნარები. ხანდახან ერთმანეთს სხვადასხვა წიგნებზე ვუყვებით, შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ და ერთმანეთისგან სიახლეებს ველოდებით. ეს ისეთი სასიამოვნო თემაა, რომელზედაც ლაღად და ხალისით ვყვებით.
სკოლა რახანია დასრულდა. ჩვენ კი მაინც ჯიუტად ვამზადებთ საკითხავების სიას. ახალი წიგნების შეძენაზე ვფიქრობთ. გვინდა ჩვენმა შვილებმა ბევრი წიგნი წაიკითხონ. ეს ყველა მშობელს უნდა. ყველას გვინდა ჩვენმა შვილებმა თავაუღებლად იკითხონ წიგნები, რადგან გაგვიგია, როგორი კარგი რამეა წიგნების კითხვა, რა სასარგებლო შედეგს იძლევა ბევრი წიგნის წაკითხვა. მერე რა რომ სასწავლო წელი მორჩა, მერე რა რომ ახლა ზაფხულია და განტვირთვისთვის არაჩვეულებრივი დროა. ვცდილობთ, ხანდახან მაინც შევაპაროთ ბავშვებს წიგნები. ზოგიერთს ეს ძალდატანება სულაც არ სჭირდება. თვითონ ეძებს თავისთვის საჭირო საკითხავებს, იმარაგებს, ზოგჯერ ღამითაც კითხულობს. თავისი რიტუალები აქვს, წიგნის ფესტივალებზე დადის, გამომცემლობების ახალი თარგმანებით ინტერესდება, მეგობრები ჰყავს ისეთი, რომლებთანაც ახლად წაკითხულ წიგნებზე საუბრობს. ერთი სიტყვით, დიდი ხანია გაუსინჯა გემო წიგნების მტვერს, როგორც ბანალურად იტყვიან.
ეს წერილი სულ სხვა რამეზეა. არც წიგნების სიყვარულზე ვწერ და არც იმაზე, თუ რა სასიამოვნოა განცდაა, როდესაც კარგ წიგნს კითხულობ. ყველას, ვისაც კარგი წიგნი წაგვიკითხავს, გამოგვიცდია ის მრავალფეროვანი განცდები, საინტერესო წიგნის წაკითხვას რომ ახლავს თან. თითქოს ხელახლა დაიბადე, თითქოს გაცოცხლდი და ახალი ენერგიით აივსე, თითქოს სისხლი გადაგისხეს. ზოგიერთ წიგნს მართლაც აქვს გამაცოცხლებელი ეფექტი და ძალიან ძნელია, არ მოგინდეს ამ ყველაფერზე არ ისაუბრო და სხვები, განსაკუთრებით კი საყვარელი ადამიანები, არ დაარწმუნო ამ სასარგებლო საქმის სიკეთეში. მოკლედ, ძალიან დიდი ცდუნებაა ამ ყველაფერზე ლაპარაკი.
ალბათ მაინც სჯობს ვილაპარაკოთ, ოღონდ ერთი პირობის გათვალისწინებით: არ გავხდეთ ცრუ მქადაგებლები და როდესაც, ჩვენზე უმცროსების რაიმეში დარწმუნებას გადავწყვეტთ, არ მოვატყუოთ ისინი. უფროსებს ხშირად შეცდომა მოგვდის და ვცდილობთ ზედმეტი კარნახით და დიდი ძალდატანებით გამოვძერწოთ შვილებისგან იდეალური და სუპერგონიერი პიროვნებები, რომლითაც ვიამაყებთ გარშემომყოფებთან და თავს მოვიწონებთ. ვცდილობთ გავხადოთ ისინი იმაზე უკეთესები ვიდრე ჩვენ ვართ და ვიყავით. ზოგიერთი იკითხავს – რატომ არის ცუდი ასეთი მცდელობები? რატომ არ შეიძლება დავაძალოთ შვილებს ის, რაც ჩვენ მათთვის მნიშვნელოვნად და სასარგებლოდ მიგვაჩნია. პასუხი ერთია: როდესაც ჩვენ თვითონ არ ვკითხულობთ წიგნებს, როდესაც ჩვენ თვითონ არ ვაძლევთ მათ კითხვის მაგალითს, როდესაც ბავშვები ოჯახში ვერ ხედავენ, რომ მისი ოჯახის წევრებს წიგნები აინტერესებთ, დამერწმუნებით, რომ უსამართლობაა ბავშვებს გავუჯავრდეთ იმის გამო, რომ წიგნების კითხვას გარეთ სირბილი ურჩევნიათ. ძალიან დიდი ძალისხმევის დახარჯვა დაგჭირდებათ, ისინი დაარწმუნოთ ისეთ რამეში, რის მაგალითსაც თვითონ არ უჩვენებთ. ცხადია, მხოლოდ წიგნების კითხვა არ იგულისხმება, როდესაც მათ დარწმუნებას ვცდილობთ რაიმეში და არ გამოგვდის.
ზაფხული თვალის დახამხამებაში გავა და ისინი ისევ წიგნებთან აღმოჩნდებიან, ისევ უზღვავ ინფორმაციასთან, ციფრებთან, სქემებთან და ტესტებთან. ამიტომ მათი არჩევანი გასაგებია, მათი თავისუფლება კი – შეუზღუდავი. და რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, ამ თავისუფლებას არ გაგვინაწილებენ, არ გაგვიყოფენ, თუ მათ მართლაც საინტერესო საქმეს არ შევთავაზებთ, ცოტათი არ დავაინტერესებთ და მხოლოდ იმპერატიული ტონით შევეცდებით ის საქმე გავაკეთებინოთ, რომელიც მიგვაჩნია, რომ მათთვის სასარგებლოა. თან, რა აზრი აქვს წიგნების ძალდატანებით კითხვას?! წარმოუდგენელია ბედნიერი იყო, როდესაც ჩვენი ყველა უჯრედი უბედური და უსიცოცხლოა. ასეა წიგნებზეც, თუ საკუთარი ტანით არ შეიგრძნობ ამ განცდას, ტყუილად კითხვას რა აზრი აქვს.
– მარიამ, ადი სახლში და წიგნი წაიკითხე! მარიამ, ადი სახლში-მეთქი! – თითქოს ლურსმნებს არჭობენ ტვინში, ისე ჩამესმის ეს სიტყვები. არ ვიცი, მარიამი რამდენ წიგნს კითხულობს, უყვარს თუ არა საერთოდ კითხვა, კარგად სწავლობს თუ არა, რა ინტერესები აქვს და ა.შ მასზე არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ მეშვიდე კლასში გადავიდა და ლახტით კარგად ხტუნავს, მხიარული და საყვარელი გოგოა და რამდენჯერმე სურვილი გამიჩნდა წიგნებზე დავლაპარაკებოდი, მაგრამ რატომღაც გადავიფიქრე. ამიტომ, როდესაც ხმამაღლა უყვირიან და სახლში აგზავნიან წიგნის წასაკითხად, მისი კარგად მესმის. მას ურჩევნია ეზოში იჯდეს დედის გვერდით და უფროსებთან ერთად იმუსაიფოს, მათი საუბრები მოისმინოს და თავისი აზრი გამოხატოს.
თუკი ერთხელაც გავბედავ და მასთან წიგნების შესახებ ვილაპარაკებ, აუცილებლად მოვუყვები ბოლო დროს წაკითხულ წიგნებზე, რომლებმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს და დამამახსოვრდნენ. მათ შორის ერთ-ერთი ანა გავალდას “35 კილო იმედია”, რომელიც ერთი ბიჭუნასა და ბაბუასთან მის საოცარი ურთიერთობის შესახებაა. კიდევ ერთი წიგნი, რომელზეც მარიამს დაველაპარაკებოდი ჯუდი ბლუმის “აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ მარგარეტია”. მარგარეტ საიმონი თერთმეტი წლის გოგონაა, რომელიც ყველაზე გულახდილი თავის დღიურთანაა, თუმცა მასაც ჰყავს ყველაზე ახლობელი მესაიდუმლე, ეს მისი სამოცი წლის ბებიაა. ეს წიგნი არა მარტო თერთმეტი წლის გოგონებისთვის გამოდგება, არამედ პირველ რიგში მათი მშობლებისთვისაა, რომლებსაც ხანდახან არ ესმით საკუთარი შვილების და ვერც იმას ხვდებიან, როგორ უნდა ელაპარაკონ თავიანთ მოზარდ გოგონებს. ენ მარტინის “ჩემს დასთან ცხოვრების ათი წესი” ორი დის შესახებაა, რომელთაგან ერთ-ერთი ცდილობს თავი დაიცვას პატარა დის “შემოტევისგან” და მასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ათ წესს შეადგენს, იმისთვის, რომ ერთმანეთს არ დაურღვიონ პირადი სივრცე. ეს წიგნი განსაკუთრებული საკითხავი მგონია როგორც პატარებისთვის, ასევე უფროსებისთვისაც, რათა თავიდანვე მიეჩვიონ ერთმანეთის პირადი სივრცისა და პირადი ცხოვრების პატივისცემას, რომელიც მათ საკუთარ ოჯახთან თანაცხოვრებაში და შემდეგ უკვე საზოგადოებასთან ურთიერთობაშიც დაეხმარებათ.
კარგ წიგნებზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ამიტომ, თუ ისევ ძალიან გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა და მოსწავლეებმა იკითხონ მხატვრული ლიტერატურა, ადექით და თავად მოუყევით მათ თქვენი საყვარელი წიგნების შესახებ. მოუყევით ბავშვობაში წაკითხული წიგნებიდან მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ, რა აღგაფრთოვანებდათ და რა გამწუხრებდათ, რომელმა წიგნმა მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება და ისიც უთხარით, ახლა რას კითხულობთ, იქნებ ასე უფრო საინტერესო და მარტივი გახდეს მათთან ერთად მხატვრული ლიტერატურის სამყაროში ხეტიალი.