პარასკევი, მაისი 16, 2025
16 მაისი, პარასკევი, 2025

საჭირო ცვლილებები საქართველოს სკოლებში

0

რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა განათლების დონის საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში მოსწავლეთა წიგნიერების დონე ძალიან დაბალია, მკვეთრად ჩამორჩება ევროპის ქვეყნებს და ის სიის ბოლო ადგილებს აფრიკასთან, ირანსა და კატართან იყოფს. დაწყებით კლასებში წაკითხულის შინაარსის გააზრებისა და გადმოცემის მიხედვით, მსოფლიოს 45 ქვეყნიდან ჩვენი ქვეყანა 37-ე ადგილზეა.

2016 წლის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის წიგნიერების დონით საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილზეა. წერა-კითხვის გავრცელების დონე ქვეყანაში, ბიბლიოთეკებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, ტესტებში სტუდენტებისა და მოსწავლეების მიერ ნაჩვენები შედეგები – ეს იმ კრიტერიუმების მხოლოდ ნაწილია, რომელთა საფუძველზეც რეიტინგი დგება.

საინტერესოა ქართული წიგნის ბაზრის 2016 წლის კვლევის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც მხატვრული ლიტერატურის კითხვის სიხშირე განსხვავდება ასაკის მიხედვით. როგორც ირკვევა, ასაკის მატებასთან ერთად წიგნების კითხვის სიხშირე მატულობს. საქართველოში წიგნებს ყველაზე ხშირად 65 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეები კითხულობენ (მათი 75% წიგნებს კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად კითხულობს).

კვლევის შედეგად ასევე აღმოჩნდა, რომ საჯარო ბიბლიოთეკები მკითხველების მხოლოდ 7%-ისთვის არის წიგნის წაკითხვის ზოგადი წყარო. მას სასურველი წიგნის წაკითხვის ძირითად წყაროდ მიიჩნევს მკითხველების მხოლოდ 2%.

მართალია, მოსწავლეთა ოჯახებს ფინანსურად აღარ აწვებათ სასკოლო სახელმძღვანელოების თანხა, მაგრამ უფასო სახელმძღვანელოები განათლების დონის ზრდის პირდაპირპროპორციული არ აღმოჩნდა. სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებიც სავალალოა – პედაგოგთა საშუალოდ 70%-მა ვერ გადალახა ბარიერი სხვადასხვა საგანში.

რას შეცვლიდით საქართველოს სკოლებში? – ამ კითხვით მივმართეთ სასწავლო პროცესში მონაწილე თითქმის ყველა რგოლს. როგორც მცირე გამოკითხვამ აჩვენა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ცვლილებები აუცილებელია.

დათა ნადარეიშვილი, IX კლასის მოსწავლე: „საჯარო სკოლებში ვისურვებდი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას, მეტ შემოქმედებითობას სწავლების პროცესში, რაც სხვადასხვა საგნის მიმართ მოსწავლეების ინტერესს გაზრდიდა. მოსწავლეები, რომლებსაც სურთ ტექნიკური საგნები გაძლიერებულად ისწავლონ, ჩემი აზრით, ცოტათი იჩაგრებიან. ვფიქრობ, კლასების დაყოფა დონეების მიხედვით გამართლებული იქნება, რადგან სუსტ მოსწავლეს ექნება მოტივაცია, რომ კარგად ისწავლოს და ძლიერების ჯგუფში გადავიდეს, „ძლიერისათვის“ კი გაკვეთილზე ჯდომა უინტერესო აღარ იქნება“.

 

თათია მელაშვილი, სსსმ მოსწავლის მშობელი: „ვფიქრობ, სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენთან ერთად, მშობლების აზრის გათვალისწინებით უნდა მიჰყვეს სკოლაში დაგროვილ პრობლემებს. პირველ რიგში შესაცვლელია სპეციალური მასწავლებლების სტატუსი. ერთი შეხედვით ისინი გათანაბრებული არიან ტექნიკურ პერსონალთან და არა მასწავლებლებთან. დიდი რესურსი და სპეცპედაგოგების მრავალწლიანი გამოცდილება იფანტება, რადგან ძალიან ხშირია ამ ნიჭიერი ახალგაზრდების სკოლებიდან გადინება. ეს ყოველივე კი ცუდად აისახება სკოლებში ინკლუზიური სწავლების პროცესსა და ხარისხზე. სტატუსის ცვლილება მოტივაციას გაზრდიდა ახალგაზრდა სპეციალისტებში, რომლებიც ამჟამად მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე, მწირ ხელფასზე მუშაობენ. მათ სჭირდებათ ყველა ის შეღავათი, რითაც მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს დღეს საჯარო სკოლაში (40დღიანი შვებულება, შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა, სამუშაო საათების გაწერა და სხვ.).

 

ვლადიმერ გირინი, არაქართულენოვანი სკოლის მასწავლებელი: „სკოლაში, სადაც სწავლება რუსულ ენაზეა (ეს ეხება აზერბაიჯანულ და სომხურ სკოლებსაც), მუშაობენ სასწავლო გეგმით, რომელიც განსხვავდება ქართულენოვანი სკოლების სასწავლო გეგმისგან. ვთქვათ, VII კლასში „საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საფუძვლების“ საგნის ნაცვლად ისწავლება ბიოლოგია. რუსულ სექტორზე მისი შესწავლა X კლასში სრულდება, ქართულ სექტორზე კი ის გრძელდება XI კლასშიც, როგორც წესით უნდა იყოს კიდეც, რადგან XI კლასის მოსწავლეები ბიოლოგიის საატესტატო გამოცდას აბარებენ. ამჟამად რუსული სექტორის მოსწავლე გამოცდაზე ისე გადის, რომ საგანს უკვე არ სწავლობს.

კიდევ ერთი მაგალითი: ქიმიის შესწავლა ქართულ სექტორზე VII კლასში იწყება და XI კლასში მთავრდება. ამავე წელს აბარებენ ქართული სექტორის მოსწავლეები საატესტატო გამოცდას. რუსულ სექტორზე კი ქიმიის შესწავლა XII კლასშიც გრძელდება და შესაბამისად, საატესტატო გამოცდასაც XII კლასის დამთავრებისას აბარებენ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ციკლის საგნების შესწავლასას ეს რადიკალური განსხვავებები დაუშვებელია, რადგან არ შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმასა და მის სტანდარტებს. ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის სახელმძღვანელოები სხვადასხვა დონისა და შინაარსისაა, განსაკუთრებით ფიზიკის სახელმძღვანელოები X და XI კლასებისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ არსებული სახით ეროვნული სასწავლო გეგმები ნებისმიერი ტიპის სკოლისათვის (სწავლების ენის მიუხედავად) უნდა შეიცვალოს. ცვლილებები უნდა შეეხოს ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის საათობრივ ბადესაც IX-XI კლასებში ისეთ საგნებში, როგორებიცაა მუსიკა, გამოყენებითი და სახვითი ხელოვნება, რადგან ამ საგნების სწავლებაშიც ბევრი უზუსტობა გვხვდება.

 

თამარ ლებანიძე, სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემელი: „სკოლის მთავარი პრობლემა არა მხოლოდ  სასწავლო გეგმა, არა მხოლოდ  სახელმძღვანელოები, არამედ პედაგოგებიცაა. საქმეს სავარაუდოდ წაადგება „სისხლის გადასხმა“, ახალი კადრები ახალი ხედვით, რომლებიც ღირსეული ანაზღაურებით იმუშავებენ მოსწავლეებთან. მასწავლებლობა მიმზიდველი უნდა გახდეს ახალგაზრდებისთვის. კარგი იქნება, თუ უნივერსიტეტებში სასწავლო პროგრამებს დაემატება სპეციალური კურსი და, სურვილის შემთხვევაში, კონკრეტული დარგის სპეციალისტს პედაგოგიური ცოდნის მიღებაც შეეძლება.

საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ თავისუფალი ბაზრის არსებობას პროგრესისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ავტორები და გამომცემლები ერთობლივად ქმნიან ხარისხიან სახელმძღვანელოებს. გამომცემლებს – განათლების რეფორმის სრულფასოვან მონაწილეებს, წლების განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორებს – მტრად არ უნდა აღიქვამდნენ. პირიქით, მათ უნდა უსმენდნენ და დაგროვილ გამოცდილებასაც გონივრულად იყენებდნენ. ჩვენი ქვეყანა სახელმძღვანელოების მხრივ ლიდერი იყო რეგიონში. ახლა კი, უკვე ხუთი წელია, რაც ავტორები და გამომცემლები უმოქმედოდ არიან. თუკი ადრე წლიდან წლამდე სახელმძღვანელოები იხვეწებოდა და მასწავლებელთა და სხვათა შენიშვნებსაც ვითვალისწინებდით, ახლა ეს შეუძლებელია. გაუგებრობაც ხშირად ხდება. მაგალითად, მოგეხსენებათ, რომ უცხო ენის სახელმძღვანელოებში მოსასმენი მასალა მნიშვნელოვანი კომპონენტია. უფასო სახელმძღვანელოებს კი აუდიოდისკი არ ახლავს, რაც სწავლების პროცესს არასრულფასოვანს ხდის. საზოგადოდ, აუცილებელია, რომ განათლებას გაცილებით მეტი ყურადღება დაუთმოს სახელმწიფომ და მთელმა საზოგადოებამ იმისათვის, რომ სიტუაციის გამოსწორება შევძლოთ“.

მოიგონე, აირჩიე, წარმოიდგინე, შექმენი – იყავი თავისუფალი

0

რამდენიმე აქტივობა წარმოსახვის განვითარებისთვის

სწავლებაში  ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ორი რამაა;

პირველი: რომ ბავშვებს მოსწონდეთ ის, რასაც აკეთებენ, უხაროდეთ სკოლაში წასვლა, გაკვეთილზე დასწრება, ჰქონდეთ მოლოდინები, პოზიტიურად იყვნენ განწყობილი სასწავლო პროცესისადმი; გაკვეთილს უკავშირებდნენ სასიამოვნოს, საინტერესოს, ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ, იგონებდნენ, წარმოიდგენდნენ.

და მეორე: რომ მათ სულ პატარაობიდანვე განუვითარდეთ შემოქმედებითი, კრეატიული, ანალიტიკური უნარები. ამ უნარების განვითარება კი რომელიმე მხოლოდ ერთი საგნის მასწავლებლის ამოცანა და მიზანი არ უნდა იყოს. ნებისმიერი საგანი, რომელიც სკოლაში ისწავლება ამ კუთხით უნდა მუშაობდეს და მასწავლებელს ყოველდღიურ გაკვეთილებში ერთი აქტივობა მაინც უნდა ჰქონდეს ისე დაგეგმილი, რომ მოითხოვდეს შემოქმედებით, თავისუფალ აზროვნებას.

დღევანდელ ბავშვებს, როგორც არავის, ისე სჭირდებათ თავისუფლება.  თავისუფლება მათი სასიცოცხლო მოთხოვნილებაა, ისეთივე როგორც ჭამა ან ძილი. მნიშვნელობა არ აქვს, სად ან როგორ ოჯახში, ქვეყანაში იზრდებიან, მათში გენეტიკური კოდივით დევს ბუნებრივი სწრაფვა თავისუფლებისკენ. ამიტომ არის, რომ მოზარდებში გახშირებული სუიციდური შემთხვევების უმეტესობის მიზეზი სწორედ რომ პროტესტია პიროვნული თავისუფლებისა და „მეს“ გამოხატვის შეზღუდვაზე (იგულისხმება: ჩაგვრა, დაცინვა, სტერეოტიპების და დამახინჯებული ტრადიციულების თავს მოხვევა).

ჩვენთვის, 90-იანელი თაობისთვის, თავისუფლების ამგვარი განცდა შორეული ოცნება იყო. ოცნება, რომ ჩვენვე მივიღებდით გადაწყვეტილებას საკუთარი ცხოვრების შესახებ, რა გამოვსულიყავით, სად ჩაგვებარებინა, ვისთან გვემეგობრა, ვინ შეგვეყვარებინა ან საერთოდ ღირდა თუ არა შეყვარება. და არა მარტო რა წაგვეკითხა, როგორ წაგვეკითხა, რა ჩაგვეცვა (დასაცინი რომ არ გავმხდარიყავით ან ვინმეს ზედმეტი არ გაეფიქრა/ეთქვა), არამედ ,ზოგადად, როგორ გვეცხოვრა.

ჩვენც მივუყვებოდით მშობლების, ბებია/ბაბუების მიერ ნაჩვენებ გზას უდრტვინველად, ვაბარებდით ეკონომიურზე, იმიტომ, რომ მერე ბანკში კარგი სამსახური გვეშოვა. არადა, გულში მასწავლებლობა, არქეოლოგობა, ვეტერინარობა ან ისტორიკოსობა გვინდოდა. მაგრამ ჩვენ არ ვიყავით თავისუფლები, ჩვენ არ გვქონდა თავისუფლების განცდა, რადგან საბჭოეთის კლანჭები ჯერ ისევ ჩენს მხრებზე იდო და სუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდა. რადგან ურჩხულ საბჭოეთს ერთი თავი სკოლაში დარჩენოდა, კუდი მშობლების ცნობიერებაში, ხოლო მის ბინძურ ოხშივარს ჩვენს ფილტვებამდეც ჩაეღწია.

ამ ოხშივარმა მოგვწამლა ისე, რომ დღეს გვიკვირს და გვაოცებს ჩვენი შვილების, ჩვენი მოსწავლეების სწრაფვა თავისუფლებისკენ. და ვცდილობთ ისინიც ამ ოხშივრით გავაბრუოთ. ძალიან რთულია მისგან თავის დაღწევაც, შეიძლება ითქვას, შეუძლებელიც კი. და ეს ცხოვრების ყველა სფეროში იგრძნობა. ყველაზე მეტად კი ყველაზე სათუთ და სახიფათო სფეროში – განათლებაში.

თანამედროვე განათლების კონცეფცია თავისუფალ არჩევანზე და ნებაზეა დამყარებული, დემოკრატიულ ღირებულებებზე. ის ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეცნობისკენ, საკუთარი უნარების გააზრებისკენაა მიმართული, ისევე, როგორც ზოგადად თანამედროვე ცხოვრების სტილი.

ამიტომ ჩვენც, საბჭოეთით მოწამლულებმა, ვინც დღეს მასწავლებლები და მშობლები ვართ, ბოლოს და ბოლოს უნდა ვირწმუნოთ, რომ დღეს თავისუფლება უკვე შესაძლებელია.  და რომ ბავშვების სურვილი – იყვნენ თავისუფლები, გამოხატონ  საკუთარი თუნდაც მიუღებელი, მაგრამ მათი პირად აზრები, განიხილონ ტექსტი ისე, როგორც მათ წარმოუდგენიათ და ფიქრობენ – ეს ბუნებრივია და ასეც უნდა იყოს.

ბუნებრივია, რომ მოსწავლემ გააპროტესტოს გაკვეთილის თემა;

რომ არ დაინტერესდეს თქვენ მიერ მომზადებული მასალებით;

რომ თქვენმა მოსწავლემ უკვე იცოდეს ის, რის მომზადებასაც რამდენიმე დღე მიუძღვენით.

ბუნებრივია, როდესაც მას არ დააინტერესებს გაკვეთილი – იხმაურებს, ან ისაუბრებს და თქვენ არ მოგისმენთ.

ბუნებრივია, რომ მას გაუჩნდება ათასი შეკითხვა და მუდამ გამოხატავს პროტესტს;

რომ მეორე კლასის მოსწავლე შესაძლოა არ დაინტერესდეს თხისა და გიგოს ისტორიით და არც კი გაეღიმოს.

და საერთოდაც, ჩვენს მიერ უტყუარ ჭეშმარიტებად ქცეული ცნებები თავდაყირა დაგვიყენოს და ერთხელაც ძალიან მშრალად გამოგვიცხადოს, რომ  მას სულ არ მოსწონს გალაკტიონ ტაბიძის პოეზია, იმიტომ კი არა, რომ რამე შეიცვალა, ან პოეზია მოძველდა, არამედ იმიტომ,  რომ მათთვის კვარცხლბეკზე შემომდგარი ძეგლები ხელოვნურია და ისინი ჩვენივე მოწამლულები არიან.

ჩვენ მათ უნდა  დავანახოთ/მოვასმენინოთ გალაკტიონის მუსიკა.

არ არის აუცილებელი მაღალ კლასებში, დაწყებითი საფეხურიდანვე სცადეთ და დაინახავთ, როგორ გაისუსებიან, როგორ აღფრთოვანდებიან „ქარი ქრის“-ის მელოდიურობით.

მათთვის „უნდა მოგწონდეს“, „უნდა გიყვარდეს“, „უნდა ისწავლო“  შესაცვლელია იმის ახსნით და იმაზე საუბრით, რატომ უნდა მოსწონდეთ, რატომ უნდა უყვარდეთ, იმის გააზრებით, რატომ უნდა ისწავლონ – და შედეგად: თუ უნდათ, მოეწონებათ; თუ უნდათ,  შეუყვარდებათ; თუ უნდათ, ისწავლიან. ეს არის სწორად თავისუფალი ნება – რომელზეც ასე ვოცნებობდით.

ჰოდა, მასწავლებლის ფუნქციაა, რომ მოაწონოს, რომ მოანდომოს სწავლა, რომ შეაყვაროს სკოლა, გაკვეთილები. ამიტომ არის ძალიან რთული, მე თუ მკითხავთ ყველაზე უფრო რთული და საპასუხისმგებლოც კი, მასწავლებლობა.

ძალიან ხშირად გადამეტებული წესრიგი და დისციპლინა, საკლასო წესებზე გამუდმებით ყურადღების გამახვილება, შენიშვნები, მუქარები უკუშედეგს გვაძლევს. თითქოს ჩვენვე ჩარჩოებში მოქცევით ამ ჩარჩოების მსხვრევისკენ, თავისუფლებისკენ ვუბიძგებთ.  რაც ხშირად სწორად იმ წესების იგნორირებით ან დარღვევით გამოიხატება, რომლებსაც ჩვენვე ვადგენთ.

ვფიქრობ, რომ ერთადერთი, რამაც დღეს შეიძლება თანამედროვე მოსწავლე კარგ მსმენელად აქციოს და საგაკვეთილო პროცესში სიხარულით ჩართოს, ეს არის საინტერესო, მრავალფეროვანი გაკვეთილები და აქტივობები.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მოსწავლე თავად მონაწილეობდეს გაკვეთილის დაგეგმვაში. ხშირად ხდება ხოლმე, რომ მასწავლებლის მიერ მომზადებული გაკვეთილი უინტერესო აღმოჩნდება, რაც არ უნდა კარგად იყოს დაგეგმილი. მშვენიერი იქნება თუ მასწავლებელი ბავშვებთან ერთად დაგეგმავს მომდევნი გაკვეთილს, ერთად შეარჩევენ თემებს – ამ შემთხვევაში მოლოდინიც იქნება, ინტერესიც და წინასწარი მზაობაც. თუმცა აქ საფრთხე შეიძლება ის იყოს, რომ  ბავშვებმა ინფორმაცია თავადვე წაიკითხონ/უყურონ და ინტერესი დაიკმაყოფილონ. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ მასწავლებელი მოწონებულ/არჩეულ თემაზე საინტერესო აქტივობებს მოიფიქრებს, თან ერთს კი არა, რამდენიმეს, ისევ და ისევ მოსწავლეების განწყობიდან გამომდინარე. მგონია, რომ ბავშვებს ყოველთვის უნდა მივცეთ არჩევნის საშუალება (შეიძლება კენჭის ყრაც),  რომ საკუთარ თავზე აიღონ მათი პასუხისმგებლობის წილი, რომ ისწავლონ სხვისი აზრის პატივისცემა,  რომ უბრალოდ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირონ, რომ თავი მნიშვნელოვნად იგრძნონ, რომ დემოკრატიული ცნობიერების ჩამოყალიბება სწორედ ასეთი წვრილმანებით იწყება.

სადღეისოდ, როდესაც  ყველა კარი ღიაა, როცა ინფორმაცია მოედინება ინტერნეტიდან, ტელევიზორიდან,  ულამაზესი და მრავალფეროვანი ენციკლოპედიებიდან, როდესაც პატარაობიდანვე ჩაჰკირკიტებენ კოსმოსის იდუმალებას თუ ცხოველთა სახეობების მრავალფეროვნებებს, როდესაც იმდენად მრავალფეროვანია მათი  სამყარო, იმდენად მრავალშრიანი, რომ ამ პატარა არსებების დაინტერესება არც ისე მარტივია. ამიტომაა, რომ მასწავლებელი მხოლოდ სასკოლო სახელმძღვანელოთი არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მაგალითად, როდესაც დედაენას გავდივართ,  კარგი იქნება თუ კი ბავშვებს ვუამბობთ  დედაენის, მისი ავტორის საინტერესო და უცნობ ისტორიებს, წერილებს, მოგონებებს (ამისთვის ბიბლიოთეკაში სტუმრობაც დაგვჭირდება), ვაჩვენებთ იმდროინდელ ფოტოებს, მოვუყვებით ბუნების კარზე, წავუკითხავთ იქიდან არასაპროგრამო, თუმცა ძალიან საინტერესო ტექსტებს. მუდამ უნდა ვფიქრობდეთ, როგორ დავაინტერესოთ მოსწავლე; როგორ არ გავხადოთ გაკვეთილი მისთვის მომაბეზრებელი;  როგორ განუვითაროთ შემოქმედებითი უნარი და დავაფიქროთ უფრო ღრმად. აქ გაგიზიარებთ იმ კონკრეტულ აქტივობებს, რომლებიც, ვფიქრობ, რომ ბავშვებს მოსწონთ, უვითარებთ შემოქმედებით და კრეატიულ აზროვნებას.

თხრობის კუბები – story cubes

ეს არის კამათლები, რომლების ოთხივე მხარეს რაიმე საგანია გამოსახული, მაგალითად ყვავილი, მთვარე, ციხე-კოშკი, გზა, უცხოპლანეტელი, გასაღები და სხვ. ბავშვები სხედან წრეზე. რიგრიგობით აგორებენ კამათლებს და აწყობენ თანმიმდევრობით. რომელიც გააგორებს, ის ბავშვი იგონებს/ჰყვება ამბავს, რომლის პერსონაჟებიც კუბებზე დახატული ფიგურები ხდებიან.  ამბავს მეორე ბავშვი აგრძელებს. ისიც იმავენაირად აგორებს კამათლებს და პირველის მიერ დაწყებულ ამბავს აგრძელებს, თუმცა უკვე საკუთარი პერსონაჟებითა და ფიგურებით, რადგან შესაძლოა მას სულ სხვა საგნები ამოუვიდეს. ასე იქცევა ყველა მონაწილე. საბოლოოდ გამოდის ერთი საერთო ამბავი. აღნიშნული აქტივობა შესაძლოა ფოლკლორის სწავლებისას გამოიყენოთ  და მოსწავლე ზღაპრის შემთხზველადაც აქციოთ. ამ აქტივობის გაგრძელება იქნება, თუ ამბავს ჩაიწერთ და შემდეგ ხელნაკეთ წიგნად აქცევთ, ბავშვების მიერ შექმნილი ილუსტრაციებითა და გაფორმებით. წიგნის პრეზენტაციაზე კი სტუმრებს მოიწვევთ.

ასე შეიძლება რამდენიმე კლასის საერთო წიგნის შექმნაც. story cubes მე გამოვიწერე ამერიკიდან. თუმცა საინტერსო იქნება თავად ბავშვებსაც დავამზადებინოთ და დავახატვინოთ.

https://www.amazon.com/Ceaco-318-Rorys-Story-Cubes/dp/B003EIK136/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1470228959&sr=8-2&keywords=story+cubes

შემოქმედებითი წერა მინიშნებებით

დაწყებით ასაკში, ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვები შემოქმედებით წერას, დამოუკიდებლად, თავისუფლად თხზულებების თხზვას, საკუთარი ფანტაზიის ამუშავებას, ამბების გამოგონებას მივაჩვიოთ. ამისთვის ძალიან წაგადგებათ მინიშნებები, ინსტრუქციები და მზა ჩარჩოები, რომლებიც ძალიან ბევრია ინტერნეტში. მაგალითისთვის:

ინ

 

ადამიანი, ცხოველი, საგანი, რობოტი თუ?

აღწერე ხასიათი. როგორია? სევდიანი, მხიარული, მეოცნებე…

გარეგნობა – თვალები, თმები. რა მოსწონს, რა უყვარს, რა წიგნებს კითხულობს და სხვ.

    

  ინ1

                   

სად ცხოვრობს შენი გმირი?

დედამიწაზე, კოსმოსში, ქალაქში, სოფელში, წარმოსახვით სამყაროში, სხვა განზომილებაში, ტყეში, ყვავილში, სახლის სახურავზე და სხვ.

აღწერე როგორია მისი სახლი, საცხოვრებელი.

 

ინ1

 

რა მოხდა ერთხელ?

მოიფიქრე ამბავი, რომელიც შენს პერსონაჟს შეემთხვა

(თუ დაგჭირდება, შეგიძლია სხვა პერსონაჟებიც შემოიყვანო).

 

ინ2

დასასრული

როგორ დაასრულებ შენს ამბავს,

სევდიანად თუ მხიარულად?

იქნებ გაგრძელებაც ჰქონდეს მომავალში

ინ4

რჩევები

მოიძიე ინფორმაცია იმ სამყაროზე ან ეპოქაზე, რომელზე წერასაც გადაწყვეტ.

  • შეეცადე თვალები დახუჭო და წარმოიდგინო შენი პერსონაჟები და გმირები.
  • თავიდანვე განსაზღვრე ჟანრი. რა ჟანრის იქნება შენი მოთხრობა: დეტექტივი, კომედია, ტრაგედია, ფენტეზი და სხვ. (აქვე შეგიძლიათ დაურთოთ თითოეული ჟანრის განმარტებაც).

 

საბოლოოდ თითოეული მოსწავლე საკუთარი პატარა წიგნის ავტორი ხდება.

ეს არის მოკლე ნიმუში, რომელიც შეგიძლიათ განავრცოთ და თქვენი სურვილისამებრ შეცვალოთ. შეგიძლიათ დაუმატოთ სხვადასხვა ჩარჩო თავის ინსტრუქციებით.

აქ იხილავთ უამრავ ჩარჩოს.

https://www.google.ge/search?q=frame&hl=en&biw=1280&bih=665&site=webhp&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwii6Ob_vKXOAhUnMZoKHZPkCWIQ_AUIBigB#q=frame&hl=en&tbm=isch&tbs=itp:lineart

ბარათებით წერა

წინასწარ ინტერნეტიდან ან სხვადასხვა წიგნიდან/ჟურნალიდან ამობეჭდილი გექნებათ ბარათები სხვადასხვა ილუსტრაციით (დრაკონები, მზე, ცხოველები, ხეები, ადამიანები),  რომლებსაც მოათავსებთ ქისაში. მოსწავლე იღებს ქისიდან ერთ მათგანს და ცდილობს მასზე გამოსახული საგანი საკუთარი ამბის პერსონაჟად აქციოს. ამბავი კი წინასწარ მომზადებულ ფორმაში ჩაწეროს. სტიმულისთვის შეგიძლიათ ეს ბარათი შემდეგ მასვე მისცეთ საჩუქრად.

წარმოიდგინე!

უჩვენებთ ჯადოსნური კარის სურათს და ეკითხებით: რას ფიქრობთ, რა არის მის უკან? რა ამბები ხდება? წარმოიდგინე და ჩაწერე მოკლე ამბად.

უჩვენებთ იდუმალი სარკმლის სურათს და ეკითხებით? ვინ გადმოიხედავს? ვის ელოდება? რატომ ელოდება? რა ხდება?

უჩვენებთ უჩვეულო სამყაროს სურათს და სთხოვთ, მოიგონონ ამ სამყაროს ისტორია.

მოკლედ, მოსწავლეების ფანტაზიის განვითარებისთვის, შემოქმედებითი აზროვნებისთვის და წერის კულტურის ჩამოყალიბებისთვის ძალიან ბევრი სურათის თუ ილუსტრაციის გამოყენება შეგიძლიათ.

 

სიტყვების ლოტო

ეს აქტივობა ძალიან კარგია პირველ კლასში, როდესაც მოსწავლეები წერა-კითხვას სწავლობენ. წინასწარ გვაქვს მომზადებული ფურცლები, რომლებიც დაყოფილია მართკუთხედებად. თითოეულ უჯრაში წერია სხვადასხვა სიტყვა, მაგალითად: ხე, წერო, პეპელა, დრაკონი, ცეცხლი, პლანეტა, მზე და სხვ.  ფურცლებს ვურიგებთ ბავშვებს, ჩვენ კი ასევე მომზადებული გვაქვს ქისა, სადაც გვიყრია ბარათები აღნიშნული სიტყვების ილუსტრაციებით ან სხვადასხვა საგანი: პატარა სათამაშოები, გირჩები, ფოთლები, ყვავილები, კენჭები, ნიჟარები, მძივები და სხვ. მასწავლებელს ქისიდან ამოაქვს ბარათი/საგანი. ბავშვები დასცქერიან საკუთარ ფურცლებს და რომლის ფურცელზეც დაწერილ საგანსაც ამოიღებს მასწავლებელი ქისიდან, ის მოსწავლე ხელს იწევს და თავისთან იდებს მას. ამ აქტივობის წყალობით მოსწავლე ახერხებს ერთმანეთთან დააკავშიროს ვიზუალური გამოსახულება  და ტექსტი. გარდა ამისა, ცდილობს სიტყვის მთლიანობაში, დაუნაწევრებლად აღქმას. საბოლოოდ კი ამ სიტყვების სხვა ტექსტში წაკითხვა აღარ გაუჭირდებათ. ამ აქტივობის შემდეგ შეიძლება ისეთი ტექსტიც წააკითხოთ, რომლებიც ამ სიტყვებით იქნება შედგენილი. წახალისებისთვის, ვაჩუქოთ ის ბარათები და საგნები, რაც მათ შეხვდებათ. ეს წარმოუდგენელ ბედნიერებას მიანიჭებს მათ.  დამერწმუნეთ, ეს აქტივობა ყველაზე საყვარელ აქტივობად იქცევა თქვენი ბავშვებისთვის.

კიდევ უამრავი ხერხი არსებობს იმისა, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეებს შევაყვაროთ გაკვეთილი, სკოლა, გავუჩინოთ პოზიტიური დამოკიდებულება, არ შეზღუდოთ მათი სწრაფვა თავისუფლებისკენ, პირიქით, საჩვენოდაც კი გამოვიყენოთ  და თავადვე ჩავრთოთ საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში. ამდაგვარი წარმატებით შეიძლება დაიგეგმოს გაკვეთილები ბუნებისმეტყველებაში, მათემატიკაში, ხელოვნებაში, ინგლისურში და სხვ.

გახადეთ თქვენი მოსწავლეები, თქვენი შვილები უფრო მეტად თავისუფლები, მიეცით საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება და იქნებ ჩვენი ოცნებაც ახდეს. ოდესმე ჩვენც ხომ უნდა ვიგრძნოთ, ნამდვილი, ბუნებრივი, საბჭოეთის მარწუხებისგან თავისუფალი თავისუფლება.

 

 

 

 

 

 

თომას მანი ტყიბულში

0

მიმდინარე წლის გაზაფხული სოციალური მოძრაობების თვალსაზრისით უაღრესად გადატვირთული გახლდათ. უნივერსიტეტში განვითარებულმა მოვლენებმა მთელი საქართველო განათლების რეფორმის აუცილებლობის საკითხზე აალაპარაკა. სტუდენტურ ჯანყს წინ უძღოდა ტყიბულის გაფიცვა. გაფიცვის შესახებ შესანიშნავი ფილმი – „ქალაქი, რომელმაც გაფიცვა გაბედა“ გადაიღეს. დეტალების შესახებ დასახელებული ვიდეოდან შეგიძლიათ შეიტყოთ. მე კი სულ სხვა გარემოებაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.

ბუნებრივია, ჩემს მეგობრებთან ერთად გაფიცვის მხარდამჭერ ღონისძიებებში მეც ვმონაწილეობდი. ჩვენ 2010 წლიდან მოყოლებული არცერთი გაფიცვა არ დაგვიტოვებია მოკრძალებული თანადგომის გარეშე. შესაბამისად, ტყიბულშიც გახლდით. გაფიცვის დასრულების წინა დღეს მთელი ქალაქი მსვლელობითა და შეძახილებით მოვიარეთ. ხმაურით მივადექით ყველა ადმინისტრაციული შენობის კარს. რამდენიმე საათის განმავლობაში დავხეტიალობდით ყველასგან მიტოვებულ, ულამაზეს პატარა ქალაქში. მთელი დღის ნაომარი ხალხი შახტის სათავო ოფისის წინ, სახელდახელოდ შეკოწიწებულ კარავთან დავბანაკდით. კეთილმა ხალხმა კარავში დადგმულ თუნუქის ღუმელთან დამითმო ადგილი, რათა დედაქალაქში დაბრუნებამდე ხელები მაინც გამეთბო. ქარიშხლის წინ სიჩუმე ისადგურებს ხოლმე. კარავში, ღუმელთან მოკალათებულს მომეჩვენა, რომ საბოლოო მოლაპარაკებებამდე გაფიცულებმა შესვენება გადაწყვიტეს. ირგვლივ სიჩუმე ჩამოწვა. მე კი მომეცა შესაძლებლობა საყვარელი საქმე გამეკეთებინა.

 შორიახლოს მყოფ ბავშვებს ვუხმე და წიგნებზე დავუწყე საუბარი. ერთმა უფროსკლასელმა გოგომ მოულოდნელად მითხრა, რომ თომას მანზე გიჟდებოდა. გამეცინა, გამიკვირდა, ვერ დავიჯერე. ტყიბულში ვიზიტამდე მეგონა, რომ დალი ფანჯიკიძის და ლევან ბერძენიშვილის შემდეგ ყველაზე მაგარი ვიყავი თომას მანის შემოქმედებაში. ამპარტავნებით წახალისებულმა გამოცდის ჩატარება ვცადე და ტყიბულელ მოსწავლეს ვკითხე იმის შესახებ, თუ გერმანელის რომელი რომანი ჰქონდა წაკითხული. მან მიპასუხა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ მოთხრობების წაკითხვაზე ხარჯავდა დროს. ხელი ჩავიქნიე და შევთავაზე მომავალში გაგვეგრძელებინა დისკუსია. სწორედ, აქ წავიმტვრიე ცხვირი. თომას მანის მოყვარული უფროსკლასელი შეტევაზე გადმოვიდა და მკითხა: „ლევან, თავი რომ მოგაქვთ, იქნებ მითხრათ, რას უწოდებს კლასიკოსი ბედნიერებას? მან ზუსტად ამიხსნა ის, თუ რა არის ბედნიერება“. მოსწავლემ მიწასთან გამასწორა, დიდი ფიქრის შემდეგ დაბნეულმა ვერაფერი გავიხსენე. ტყიბულელმა კი გერმანელის პატარა და ბრწყინვალე ნაწარმოები „ბედნიერება“ შემომთავაზა განსახილველ საკითხად.

თომას მანი წერდა, რომ ნებისმიერი ადამიანის გონებაში, ცნობიერებაში, ფიქრებში ორი სამყარო არსებობს. პირველი მათგანი რეალური ცხოვრება გახლავთ, ხშირად პრობლემებით, წინააღმდეგობებით, გაჭირვებითა და თავსატეხებით სავსე, რომელიც ხანდახან ტანჯვასაც კი უქადის დაჩაგრულ ადამიანს. მეორე სამყარო მიღწეული მიზნების ერთობლიობისგან შედგება, ის იდეალური და განსაკუთრებით სასურველი გახლავთ. როდის არის ადამიანი ბედნიერი? როდესაც ეს ორი სამყარო ერთმანეთს უახლოვდება, ერთმანეთს ემსგავსება, ორ სამყაროს ბევრი რამ აქვთ ერთმანეთთან საერთო. რა აკავშირებს ამ ორ სამყაროს ერთმანეთთან? ორ სამყაროს შორის ადამიანების ოცნებები გადაადგილდებიან, მათი ერთიანობა ოცნებებისთვის ბრძოლის შედეგად არის შესაძლებელი.

პირდაღებული და გაოცებული ვუსმენდი ჩემს გამომცდელს. საკუთარ თავზე ვბრაზობდი, რატომ ვერ დავიმახსოვრე სამუდამოდ ეს უმარტივესი და შესანიშნავი განმარტება, რომელიც „ბედნიერებაშია“ მოცემული. თუმცა გული მაინც სიხარულით მქონდა სავსე. წარმოვიდგინე ის პერიოდი, როდესაც მოზარდს უკვე „ბუდენბროკები“ და „ჯადოსნური მთა“ ექნებოდა წაკითხული. დარცხვენილმა მადლობა გადავუხადე მოსწავლეს. უკვე ვფიქრობდი, რომ ჩემი შერცხვენის პროცედურები დასრულებული იყო, მაგრამ მწარედ შევცდი. ტყიბულელს განუმეორებელი მოთხრობა „მძიმე საათი“ გაახსენდა და შემეკითხა: „თომას მანის საერთაშორისო საზოგადოების ნამდვილო წევრო, გახსოვთ რით  განასხვავებს ავტორი ერთმანეთისგან გმირსა და ღვთაებას?“. ეს უკეთ მახსოვდა, მაგრამ მაინც მას დავუთმე ასპარეზი.

თომას მანის „მძიმე საათი“ ფრიდრიხ შილერს ეძღვნება. ნაწარმოებში ავტორი ერთმანეთს ადარებს შილერსა და გოეთეს. გოეთე ღვთაებაა, მას თვითნაბადი ნიჭი აქვს, ის თავისუფლად, ხელის ერთი მოსმით ქმნის შედევრებს. ის დაბადებიდან შემოქმედი გახლდათ, მას შემეცნებაზე დროის დახარჯვა არ დასჭირვებია. შილერს კი ნაწარმოების დაწერის პროცესში ტკივილის, ტანჯვის, წვალების გადატანა უწევს. მისთვის ნაწარმოების დაწერა შემეცნებისთვის შრომასთან ასოცირდება. შილერი ჯერ შეიმეცნებს და შემდეგ ხდება შემოქმედი. მძიმე საათის განმავლობაში მას შეიძლება ბევრჯერ მოუწიოს უკან დახევა, მაგრამ საბოლოოდ მაინც აღწევს მიზანს და ქმნის მაღალი რანგის ლიტერატურულ ნაწარმოებს. თუ გოეთე ლიტერატურის ღმერთი და ღვთაებაა, შილერი რაინდად და გმირად ცხადდება. რა განსხვავებაა გმირსა და ღვთაებას შორის. ღვთაებას არასდროს მოუპოვებია გამარჯვება შეუპოვარ ბრძოლაში სისხლის ფასად. ღვთაების დამარცხება არასდროს ყოფილა ტრაგიკული სანახაობა. ღვთაება სულ მუდამ გამარჯვებული და დაუმარცხებელია. გმირს კი ბრძოლა უწევს. თავისი გამოსვლა გოგონამ ასე დაასრულა: „რა აზრი აქვს სულ გამარჯვებულად ყოფნას. ბრძოლას აქვს თავისი ხიბლი. მძიმე საათის გადატანის შემდეგ უფრო დიდი ფასი ეძლევა წარმატებას, დამარცხება სძენს გამარჯვებას თავის მნიშვნელობას. ტყიბულელებიც გმირები ვართ, დავმარცხებულვართ, ახლა მძიმე საათის გადატანა გვიწევს, ბოლოს კი შეუპოვარ დაპირისპირებაში მოვიპოვებთ სასურველ შედეგს! ღვთაებად ყოფნა მოსაწყენია“.

ტყიბულში ყოფნისას ჩემს სიცოცხლეში პირველად ჩავიჭერი გამოცდაში და მიუხედავად ამისა, ძალიან გახარებული და ამაყი ვიყავი. იმედია, ამის შემდეგ არცერთი პედაგოგი აღარ იტყვის, რომ მოსწავლეებისათვის თომას მანის წაკითხვა ადრეა. მოთხრობებით დაწყება საშუალო საფეხურის კლასებიდანაც კი შეიძლება.

საინტერესო გაკვეთილი – ფუნქცია და ლიტერატურა

0

მასწავლებელს ხშირად უწევს, თავის საგანში ამა თუ იმ თემის სწავლებისას გამოიყენოს  სხვა საგნის თემატიკა, რაც  ეხმარება მოსწავლეს სხვადასხვა საგანში კომპეტენციის ამაღლებასა და ამა თუ იმ მასალის ჰოლისტურად  შესწავლაში.

მინდა გაგაცნოთ  რესურსი, რომელიც ითვალისწინებს  მათემატიკური საკითხების გამოყენებით მოსწავლეებისთვის ლიტერატურული მასალის  გააზრებას. რესურსის „ფუნქცია და ლიტერატურა“ ელექტრონული მისამართი  ბლოგზე https://imarinina.blogspot.com/p/blog-page_96.html იხილეთ გვერდი  ,, პრეზენტაცია“. რესურსის შექმნაში ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ  XI კლასის მოსწავლეები.

საგანმანათლებლო მიზანი: მოსწავლემ შეძლოს მხატვრული ლიტერატურის სფეროში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე აგებული  სქემების  გამოყენებით ფუნქციის ცნების გააზრება; ინფორმაციის მიღება მწერლებზე და მათ ნაწარმოებებზე ქართულ, ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებზე.

მოსალოდნელი შედეგები:

  • მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება რეალური ვითარების მოდელირებისას (მათ.XI.5);
  • მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული მათემატიკის ცნებებისა და აპარატის გამოყენება მოდელირებისას და პრობლემის გადაჭრისას (მათ.XI.7).

              ესგ-ს გამჭოლი კომპეტენციები:

  • წიგნიერება;
  • ციფრული წიგნიერება;
  • სემიოტიკური;
  • ცოდნის ტრანსფერი;
  • მულტილინგვისტური.

რესურსის შექმნისათვის გამოყენებული პროგრამები:

  • ,,Pover Point”;
  • ,,Paint”.

,,ფუნქცია და ლიტერატურა“ შეიძლება გამოყენებული იქნეს რესურსად მათემატიკის გაკვეთილზე ფუნქციის, გრაფის ცნებების გასაცნობად და გასააზრებლად (IX-XII კლასები).  ამავე დროს მოსწავლეები მიიღებენ მრავალ საინტერესო ინფორმაციას მხატვრული ლიტერატურის სფეროდან. ამ თვალსაზრისით მისი გამოყენება ლიტერატურის გაკვეთილზეც შეიძლება.

ყოველი მოქალაქე, განსაკუთებით კი მასწავლებელი, უნდა პასუხობდეს  თანამედროვეობის მოთხოვნებსა და გამოწვევებს, რადგან ქვეყნის მომავალი ყველაზე  მეტად  განათლების სისტემაზეა დამოკიდებული, ხოლო მასწავლებელი ამ სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწავლების თანამედროვე მეთოდების გაცნობისა და მათი პრაქტიკაში დანერგვის, პროფესიული კომპეტენციების გაღრმავების, პედაგოგიური პრაქტიკის სრულყოფის მიზნით არაერთ ტრენინგში მიმიღია მონაწილეობა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ინიცირებული ტრენინგი ,,როგორ  ვიმუშაოთ  პედაგოგიურ  კვლევებსა  და  სასწავლო  პროექტებზე“. სწორედ ამ ტრენინგის დამსახურებაა ის, რომ ჩემს საგაკვეთილო პრაქტიკაში დავნერგე სწავლების ისეთი ფორმები, როგორიცაა პროექტი, კვლევა, იტნეგრირებული გაკვეთილი. სწორედ ტრენინგზე გამიჩნდა იდეა, ჩემს სკოლაში განმეხორციელებინა სასკოლო პროექტი ,,ფუნქცია და ლიტერატურა“. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა აღნიშნული ციფრული რესურსი ,,Pover Point“-ის საპრეზენტაციო სლაიდის სახით.

ქ. მარტვილის N2 საჯარო სკოლაში 2012 წლის 20 დეკემბერს ჩატარდა ინტეგრირებული პროექტის ,,ფუნქცია და ლიტერატურა“ პრეზენტაცია. იგი მოიცავდა საგნებს –  მათემატიკა, ქართული, რუსული, ინგლისური და გერმანული ენები. მე ამ სკოლაში ვასწავლი მათემატიკას. XI კლასის მოსწავლეებს მივეცი ასეთი დავალება: მოიძიეთ ინფორმაცია თქვენი საყვარელი, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მწერლებისა და მათ მიერ შექმნილი ნაწარმოებების შესახებ;  განიხილეთ ასეთი მიმართებები: ვთქვათ, გვაქვს მწერალთა რაღაც A სიმრავლე. ყოველი მწერალი გამოხატეთ თავისი გვარით.  ყოველ მწერალს თქვენ მიერ შედგენილი სიმრავლიდან შეუსაბამეთ თავისი დაბადების  წელი, საკუთარი სახელი, საკუთარი ნაწარმოებები, ლიტერატურის დარგში მიღებული პრემიები, რომლებიც მათ მოიპოვეს, საკუთარი ეროვნება, ფსევდონიმი, რომელსაც ისინი იყენებდნენ მოღვაწეობის პერიოდში;  თქვენ მიერ შედგენილი სიმრავლიდან ყოველ ნაწარმოებს შეუსაბამეთ ჟანრი, რომელსაც ეს ნაწარმოები  ეკუთვნის,  ნაწარმოების ავტორი;  ეს შესაბამისობები წარმოადგინეთ გრაფის სახით;  გააანალიზეთ  თითოეული გრაფის სახით წარმოდგენილი შესაბამისობა და დაადგინეთ, არის თუ არა შესაბამისობა ფუნქცია, ახსენით რატომ არის ან არ არის წარმოდგენილი შესაბამისობა ფუნქცია.  შეგიძლიათ მოიფიქროთ სხვა შესაბამისობანი მწერლებზე ან მათ ნაწარმოებებზე;  განიხილეთ შესაბამისობა  ,,ფრაზა-ავტორი“  და  ეს  შესაბამისობანი წარმოადგინეთ ავტორის მშობლიურ ენაზე. ანუ ქართულენოვანი მწერლის  ფრაზას წარმოადგინეთ ქართულ ენაზე, რუსულენოვანი მწერლისას  რუსულ  და ქართულ ენებზე, ინგლისურენოვანი მწერლისას ინგლისურ და ქართულ ენებზე,  გერმანულენოვანი მწერლის ფრთიან გამონათქვამს წარმოადგინეთ გერმანულ და ქართულ ენებზე. რა თქმა უნდა, თარგმანი თქვენი უნდა იყოს. თან შეეცადეთ, თქვენ მიერ მოძიებული გამონათქვამები ნაკლებად ცნობილი იყოს. დახმარებისათვის მიმართეთ ქართული, რუსული, ინგლისური და გერმანული ენის მასწავლებლებს.  დაბოლოს, დავგეგმეთ დღე, როდესაც მოვახდენდით  ჩვენი პროექტის პრეზენტაციას.  მოსწავლეებს მივეცი ერთი კვირა პირველი სამუშაოების  ჩასატარებლად.  დათქმულ გაკვეთილზე  მათ წარმოადგინეს მოძიებული ინფორმაციები – ზოგი  ინტერნეტიდან მოძიებული, ზოგიც  წიგნებიდან ამოწერილი. მოიტანეს წიგნებიც.  ერთმა  მოსწავლემ საკმაოდ მოძველებული წიგნი მოიტანა, ალბათ სამოციან წლებში იყო გამოშვებული – ,,ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები“. როცა ვკითხე, საიდან მოიტანე ეგ წიგნი-მეთქი, მიპასუხა, რომ, მამამ უთხრა ამ წიგნის არსებობის შესახებ, მან კი მოძებნა.   ერთმა მოსწავლემ სიძველისაგან გაყვითლებული  რვეული მოიტანა, რომელშიც   დედამისს ახალგაზრდობაში მწერლებისა და ფილოსოფოსების გამონათქვამები ჩაეწერა.  იმ გაკვეთილზე  მრავლად წავიკითხეთ  მწერლების, ფილოსოფოსების, მეცნიერების,  ცნობილი ადამიანების  გენიალური გამონათქვამები,  ბევრად უფრო მეტი, ვიდრე  პრეზენტაციისთვის შევარჩიეთ. საპრეზენტაციო მასალის შერჩევის პროცესში მასალის შერჩევასთან დაკავშირებით მოსწავლეებს შორის საკმაოდ ცხარე კამათი გაჩაღდა –  ბევრი მასალა დაგვიგროვდა და პროექტში ყველაფერს ვერ გამოვიყენებდით.  მე ვურჩიე, რომ რადგან ჩვენი თემა იყო ,,ფუნქცია და ლიტერატურა“, ამიტომ მხოლოდ მწერლების გამონათქვამები გამოგვეყენებინა.  მოსწავლეებმა მოიტანეს გამონათქვამები  ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე და მათი ქართული თარგმანები.  ამაში მათ შესაბამისი საგნების მასწავლებლებმა გაუწიეს კონსულტაციები. გაკვეთილის ბოლოს მათ გაინაწილეს ის გამონათქვამები, რომელსაც ისინი პრეზენტაციის დროს  წაიკითხავდნენ. აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც თავიდანვე  არ ისურვეს პრეზენტაციაში მონაწილეობა. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყო, რომ პრეზენტაციის გაკეთება სხვა მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინაშე მოუწევდათ.  მე მათ ავუხსენი, რომ ჩვენი პროექტი იყო ინტეგრირებული,  მოიცავდა ოთხ საგანს და მათ ჩვეულებრივად შევაფასებდით  და ცხადია, ვინც პრეზენტაციაში მონაწილეობას არ მიიღებდა,  მაღალ შეფასებას ვერ დაიმსახურებდა.  ამის შემდეგ  პასიური მოსწავლეებიც გააქტიურდნენ, თუნდაც იმიტომ, რომ უკვე გაწეული შრომის წყალში ჩაყრა არ უნდოდათ. იმ მოსწავლეებს, რომელთაც სახლში ჰქონდათ კომპიუტერი, მივეცი დავალება, რომ საპრეზენტაციო ტექსტის უკვე მზა ნაწილი კომპიუტერზე აეკრიფათ. მთელ კლასს მივეცი დავალება, დაეზუსტებინათ მასალა და მომზადებულიყვნენ გრაფების ასაგებად. შემდეგ გაკვეთილზე, რომელსაც ჯგუფური მუშაობის ფორმა ჰქონდა,  მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა ააგეს გრაფები და  გააკეთეს მათი ანალიზი. აქ წარმოგიდგენთ მათ მიერ აგებული გრაფისა და მისი ანალიზის  ნიმუშს.(ეს არის საპრეზენტაციო მასალის ფრაგმენტი).

ყოველი ფსევდონიმის მიღმა ერთი კონკრეტული  სახელი და გვარის მქონე ადამიანი დგას. ამიტომ, ეს მიმართება არის ფუნქცია. თუ საპირისპირო მიმართებას განვიხილავთ, მაშინ არ გვექნება ფუნქცია, თუნდაც იმიტომ, რომ ლუკა რაზიკაშვილს ორი ფსევდონიმი შეესაბამება – ვაჟა-ფშაველა და ჟულაკა გოგოჭური, ან იმიტომ, რომ ზოგიერთი მწერალი, მაგალითად, თამაზ ჭილაძე სულაც არ სარგებლობდა ფსევდონიმით.

აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი მოფიქრებული შესაბამისობებიც. ჩემ მიერ მითითებული შესაბამისობების გარდა, მოსწავლეებმა თავადაც მოიფიქრეს სხვა შესაბამისობანი:  ფსევდონიმი – მწერალი; მწერალი – სქესი; მწერალი – ჟანრი; მწერალი – ეპოქა; თითოეული ჯგუფის  ნამუშევარი, თავისი დასკვნებით  მოსწავლეებმა შეიყვანეს კომპიუტერში, დაწერეს  საპრეზენტაციო მასალის შესავალი ნაწილი, სადაც ხაზი გაუსვეს იმას, თუ რატომ იყო პროექტი აქტუალური, შემდეგ საპრეზენტაციო მასალას დაამატეს  წინა დღეს აკრეფილი ტექსტი, რომელიც წარმოადგენდა ცნობილ მწერალთა ფრთიან გამონათქვამებს ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე და წარმოადგინეს  საპრეზენტაციო პროგრამით ,,Pover Point“. საპრეზენტაციო მასალა მზად იყო.  მეორე დღეს, 19 დეკემბერს  ქართულის გაკვეთილზე მოსწავლეები მოემზადნენ პრეზენტაციისათვის. მათ დახმარებას უწევდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – ხათუნა ფირცხალავა, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – ინგა ბარათელი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – ინგა კალანდია, გერმანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – ლორეტა მანტუა.                                                                                                                                              პროექტის პრეზენტაცია  მარტვილის N2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა  სკოლის სხვა  კლასების მოსწავლეების,  მასწავლებლებისა და დირექციისა  წინაშე.   პრეზენტაციის შემდეგ მოვისმინეთ დამსწრე მასწავლებლების, დირექტორისა და მოსწავლეების შეფასებები. XI კლასის მოსწავლეები ჩვენ, პროექტში ჩართულმა მასწავლებლებმაც შევაფასეთ სათანადო შეფასების რუბრიკების გამოყენებით. მოსწავლეების შეფასებას კი, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად გამოხატავს XI-კლასელი, სწავლაში არც თუ ისე წარჩინებული ბიჭების სიტყვები, რომლებმაც მითხრეს: ,,მასწ, ასეთი გაკვეთილი კიდევ გავაკეთოთ“.

 რა თქმა უნდა, პროექტში მონაწილე მასწავლებლები ამ პროექტის განხორციელებით ვგეგმავდით ჩვენს საგნებში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით  დადგენილი მისაღწევი მიზნების შესრულებას. ასევე, როგორც ჩვენ მოველოდით, პროექტზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს განუვითარდათ თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ორგანიზაციის, პროდუქტის შექმნის, ცოდნის ტრანსფერის, პასუხისმგებლობის, თვითშეფასების უნარები.

ამ პროექტზე მუშაობისას  მე აღმოვაჩინე, რომ  XI კლასში იყვნენ მოსწავლეები, რომელთაც უყვარდათ ლიტერატურა. მათთვის უცხო არ იყო გვარები — დოსტოევსკი, ტოლსტოი, გოლზუორთი, მარკესი, კოელიო, უნამუნო, ბიოლი, ჩოხელი, მანი, რობაქიძე, დოჩანაშვილი… მე ამის მოლოდინი მქონდა,  სწორედ ამიტომ გავაკეთე ეს პროექტი ამ კლასში, და არა უფრო   დაბალ კლასში,  მაგრამ უფრო მეტნი იყვნენ ისინი, რომლებიც  მხატვრულ ლიტერატურას ან საერთოდ არ კითხულობდნენ,  ან ძალიან ცოტას კითხულობდნენ.  ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, „მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ მან ერთ რომელიმე საგანში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს”. მოსწავლეებს ფუნქციის ცნება, რომ  გაეაზრებინათ,  მე, მათემატიკის მასწავლებელმა სამუშაო სივრცედ  მხატვრული ლიტერატურა გამოვიყენე.  მოსწავლეებში საგნობრივი თუ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებასთან ერთად, მათში მხატვრული ლიტერატურისადმი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება მსურდა. ჩვენი პროექტის პრეზენტაცია დავასრულეთ ოთარ ჭილაძის სიტყვებით –  ,,რა შეიძლება, კაცმა დღეს უსურვოს ქართველ ხალხს?!  ყველამ წიგნი უნდა აიღოს ხელში, როგორც კი ამის საშუალება მიეცემა, და იკითხოს, იკითხოს, იკითხოს…“

P.S. ეს სტატია პროექტის განხორციელების შემდეგ მალე დავწერე, მაგრამ რატომღაც არ  გამოვაქვეყნე. ახლა, როცა ხელახლა წავიკითხე, გამიჩნდა სურვილი ჩემი გამოცდილება მასწავლებელთა ფართო აუდიტორიისათვის გამეზიარებინა. მათთვის მინდოდა მეთქვა, რომ  მე მომწონს პროექტებით სწავლება, იმიტომ, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა მოსწავლეთა მრავალმხრივი კომპეტენციების განსავითარებლად.

მარინა გაბისონია

 ქ. მარტვილის N2 საჯარო სკოლა.

ფიქრები ვახტანგ ჯავახაძის ელეგიაზე

0

რატომ აგვაღელვა, აგვაფორიაქა და თითქოს გაგვაერთიანა კიდეც ვახტანგ ჯავახაძის ამ ლექსმა? – წესით, ბევრი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ გულწრფელები ვიყოთ, ყოველდღიურად თუ არა, დროდადრო მაინც განვიწმინდებოდით იმ სიყალბისგან, რითაც ვსუნთქავთ და ვიკვებებით. ასე ვაკეთებთ კიდეც, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ამ გულახდილობაშიც კი თამაში შემოგვეპარება, ნამდვილები არ ვართ, გამომწვევად, მოსაჩვენებლად, სხვის დასანახად ვიწყებთ ხოლმე ჩვენი მოუთოკავი ფიქრების გახმოვანებას. და ზუსტად მანდ გვავიწყდება ჩვენი სისუსტეები – ადამიანური სისუსტეები, რომელიც ვახტანგ ჯავახაძემ ბოლომდე ამოხაპა ამ ლექსში საკუთარი თავიდან.

ავტორი – აღიარებული პოეტი – ამ შემთხვევაში ტექნიკას კი არ მიენდო მხოლოდ (როგორც ხშირად იქცევიან თავისი საქმის მცოდნე ხელოვანები, როცა სათქმელი დაეშრიტებათ ან გამოელევათ), არამედ ლექსის ვირტუოზული ფლობა გამოიყენა იმისთვის, რომ ჩვენთვის ნივთებისა და ადამიანების ისტორია მოეთხრო.

რეკვიემის დაწერა ალბათ ყველაზე ძნელია. როგორ გინდა, რაც მხოლოდ შენია, შენ გტკივა და გაწუხებს, სხვისიც რომ გახდეს. შენი პირადი ტრაგედია და ოჯახური ისტორიები საქვეყნოდ გამოიტანო და ყველას ნაწილად აქციო ისე, რომ ნებისმიერი ასაკის მკითხველმა თავისი წილი ამბავი წაიკითხოს. ვახტანგ ჯავახაძემ „ელეგია: ყელსაბამში“ საკუთარი ტრაგედიის განზოგადება კი არა, სწორედ დეტალიზება სცადა და ამ ლექსით, შეიძლება ითქვას, რომანიც კი დაწერა.

ჯერ ნივთებისა ვთქვათ თუ პერსონაჟების? თუმცა რამ გაყო. მით უმეტეს, როცა ყველაფერი ერთი ადამიანის გარშემო მთლიანდება, რადგან, ავტორის აღიარებით, – ყველა ნივთი და საგანი მან მიიზიდა და მიითვისა. და იმ ფრაზის მიუხედავად, რომელიც მთელ ტექსტს რეფრენად მიჰყვება – „გირეკავენ და სახლში არა ხარ და არა მარტო სახლში არა ხარ“ – პოეტისთვის ყველგან სწორედ ისაა.

თავიდან, პირველივე სტრიქონიდანვე: „დაცარიელდა კაბა, საწოლი, სარკე, სათვალე, ქოლგა ─ შენები“. შემდეგ ფოტოები: „ფოტოსურათებს გადავამრავლებ, რომ ნაწილ-ნაწილ გადაგარჩინო, გადავამრავლე და მომევლინე უფრო საჩინო და თვალსაჩინო“. ყვავილები: „შენ ხომ იმ პირველ დაბადების დღეს არ მავიწყებდი არასდიდებით, როცა წითლები – მოპარულივით – შემოგაჩეჩე ხელში ტიტები“. ისევ ყვავილები: „მესიჯი მაინც გამომიგზავნე, როდის დავუსხა წყალი ყვავილებს. ერთმა ძალიან მაეჭვიანა: გიერთგულა და ვერ ამიტანა: ნეტავ რომელი მუხლით ისჯება ბეგონიაზე ეჭვის მიტანა?“ მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ყელსაბამს უჭირს და თითქოს მას დაკისრებია, ავტორისთვის მონატრების სიმბოლოც იყოს („მოდი, კასეტას გადავახვევ და არ შეგაშინოს ჩემმა შექებამ, მოვტეხავ მაგ შენს ყელსაბამებს და ხელსაბამებს და ისე შეგაბამ“), ძნელ წუთებში გაძლების ხატიც („სარკესთან, სადაც საკუთარ ანფასს ვეღარ და ვეღარ ესაბამები, ახალ პიეტას ელოდებიან შენი ჯვარცმული ყელსაბამები“) და სინანულიც იმ წუთებზე, რომელიც აღარასდროს დადგება („ვეღარ შეიბი ერთი, რომელიც შენმა ირაკლიმ ჩამოგიტანა“).

ვახტანგ ჯავახაძე (დეა სოსელიას ფოტო)

ლექსში ბევრი ინფორმაციაა როგორც ავტორისა და მისი მეუღლის (მიძღვნის ადრესატის), ასევე ოჯახთან დაკავშირებული ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანების შესახებაც. საოცარია, როგორ ახერხებს ამ ინფორმაციის დაწურვას და ყოფითიდან პოეტურ სინამდვილედ გარდასახვას ვახტანგ ჯავახაძე. რამდენიმე ნიმუში:

„როგორც პლატონი (ბაჩანა) ბრძანებს, სხეული სულის საპყრობილეა: სულს აღსარება გადაარჩენსო, – დასძენს მამაი ჩვენი ილია“.

„ვიხსენებ, რათა წამოვაშველო ჩემს გაწბილებულ იმედს ამაოს – დოჩანაშვილის ნაჩუქარ ჯვარს და გურამის მიერ მოგვრილ მამაოს“.

„მაგრამ გწყალობდა ზარი ანასი და საღარაძის შანდორ პეტეფი“.

„შენ თიანეთში ბესიკის დედამ ჩაგაწერინა ხინკლის რეცეპტი“.

სასიამოვნო თუ სევდიან ამბებთან ერთად, ერთი ასეთი ფაქტიც გვხდება ტექსტში: „შენ მოესწარი მეგობრის ღალატს, რომელმაც მირონს გადააბიჯა“. ცხადია, ადამიანის ურთიერთობების ბიოგრაფია მხოლოდ თბილ და ნოსტალგიურ მომენტებს არ ინახავს, ამიტომ ვახტანგ ჯავახაძე, როგორც თავისი ოჯახის ჟამთაღმწერელი, ასეთი, ერთი შეხედვით, საჩოთირო ამბის გამოქვეყნებასაც არ ერიდება. დამეთანხმებით, ბევრი თავს შეიკავებდა.

ავტორი არც ლექსის ადრესატის სახელს გვიტოვებს საკვლევ-საძიებლად და ამ მხრივ განსხვავდება თავისი სახელოვანი წინამორბედებისგან, რომელმაც ლირიკული გმირის ნამდვილი ვინაობის დასახელება საჭიროდ არ მიიჩნიეს:

„ნანები! – შენი იავნანები: ნანები! – შენ და ვარდონანები: გინანე! – კვლავაც მაგ ჩანიშნული დედის ლოცვისთვის დამენანები“.

„მოგიხსენიეს და შენს სახელზე ხატი აკურთხეს ნანა დედოფლის“.

და რადგან ლექსის უშუალო წინამორბედზე ჩამოვარდა სიტყვა, სხვებისა არ ვიცი და მე პირადად ისევ ვახტანგ ჯავახაძის ლექსი მახსენდება, ორმოცდაათი წლის წინ დაწერილი, სიმონ ჩიქოვანისა და მისი მეუღლის – მარიკასადმი მიძღვნილი „ოღონდ ხელი არ გამიშვა“:

„თუმცა დიდი იმედი მაქვს გულის – ნაამაგარისა,

ხელი მაინც შემაშველე, ხელი მაინც არ გამიშვა.

რომ არასდროს გამიჭირდეს, როგორც ერთხელ გამიჭირდა,

არ დამტოვო, არ მომშორდე, არ მომშორდე ნაბიჯითაც.

როცა მტოვებ, ზუზუნებენ ბუკები და წინწილები

და ხელს ისე მაგრად გიჭერ, თითქოს წყალში ვიძირები.

გავექცევი მეგობრების ვალებსა და ანგარიშებს,

არაფერიც არ მომივა, სანამ შენ ხელს არ გამიშვებ,

არც იმედი არ მექნება ყავარჯნის და არგანისა,

ოღონდ ხელი შემაშველე, ოღონდ ხელი არ გამიშვა“.

თუ კარგად დავაკვირდებით, ვახტანგ ჯავახაძის ელეგიაში რამდენიმე ადგილას მინიშნებაც კია ამის შესახებ: „ხელი ჩამჭიდე, აღარ გამიშვი და მიმიყვანე ნაცნობ ხატებთან“; „ისე დამძიმდა შენი ხელკავი, ვეღარ გავბედე ხელის გაშვება“.

„ელეგია: ყელსაბამი“ თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის უპრეცედენტოა – ერთ ლექსში თავმოყრილი დიდი, მრავალწლიანი პოეტური და ცხოვრებისეული გამოცდილება; კლასიკური და ექსპერიმენტული ფორმებით მოთხრობილი რეკვიემი; ორი ადამიანის – ქალის და მამაკაცის, ცოლ-ქმრის ურთიერთობის ბრწყინვალე ილუსტრაცია (ეს ის თემაა, რომელზეც დღეს განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ და ზედაპირული, მზამზარეულო რეცეპტებით ცდილობენ უსიყვარულობის, ურთიერთობის პრობლემების ამოხსნასა და გადაჭრას).

ათეული წლების წინ, „უცნობის“ ხელნაწერის წაკითხვის შემდეგ, ბესიკ ხარანაულს ვახტანგ ჯავახაძისთვის უთქვამს, – მოვა დრო, შენ, როგორც პოეტი, ხალხს დაავიწყდები, „უცნობი“ კი ყველას ემახსოვრებაო.

მე მგონი, „უცნობს“ საკმაოდ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა!

აკადემიური ემოციები

0

 

ემოციურობის თვალსაზრისით ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ერთსა და იმავე სიტუაციაში სხვადასხვა მოსწავლეს განსხვავებული ემოციები აღეძვრება. ერთ მოსწავლეს შესაძლოა სიამოვნებდეს მათემატიკის გაკვეთილი, მაშინ როცა მეორეს იგივე დავალება შფოთვას აღუძრავს. ამ ინდივიდუალურ მახასიათებლებზე გავლენას ახდენს მოსწავლის კულტურა, ეთნიკურობა, სქესი, სკოლისადმი და კლასისადმი მიკუთვნებულობის გრძნობა. მაგალითად, აღმოსავლეთ აზიელი და არაბული ქვეყნების სტუდენტები ტესტების ჩაბარების დროს განსაკუთრებულად შფოთავენ. ისიც ცნობილია, რომ გოგონები უფრო ნერვიულობენ ტესტის წერისას, ვიდრე ბიჭები.

ბავშვები გაკვეთილზე, სწავლის დროს, ტესტებსა და გამოცდებზე გასვლისას ემოციურად დაძაბული არიან. ემოციები შეიძლება იყოს პოზიტიური და ნეგატიური, ინტენსიური და ხშირი. ზოგჯერ კლასში შინიდან გამოყოლილი ემოცია მოჰყვება ბავშვს. თუმცა ბევრი ემოცია სასწავლო გარემოში აღიძვრება. საინტერესოა, რაინჰარდ პეკრუნის მიერ წარმოდგენილი აკადემიური ემოციების ოთხი ჯგუფი.

მიღწევის ემოციები დაკავშირებულია მოსწავლის მცდელობასთან, რათა მიაღწიოს წარმატებას. წარუმატებლობის შემთხვევაში აღიძვრება ნეგატიური ემოციები. სწავლის დროს მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს სიხარულის განცდა, იმედი, მიღწევებთან დაკავშირებული სიამაყის შეგრძნება, შფოთვა, წარუმატებლობის შემთხვევაში კი – სირცხვილის შეგრძნება.

ეპისტემური ემოციები გამოწვეულია კოგნიტური მდგომარეობით. მაგალითად, დავალებით გამოწვეული გაოცება, ცნობისმოყვარეობა, დაბნეულობა და იმედგაცრუება, პრობლემის გადაჭრით გამოწვეული აღფრთოვანება. ეპისტემურ ემოციებს დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი ან კლასგარეშე მასალის დასწავლის დროს.

თემასთან დაკავშირებული ემოციები გამოწვეულია სასწავლო თემატიკით. ეს ემოციები შეიძლება იყოს ემპათია ნაწარმოებში გაცნობილი პერსონაჟების მიმართ, შფოთვა და ზიზღი სამედიცინო საკითხების მიმართ, ხელოვნების ნიმუშის ნახვით ან მოსმენით გამოწვეული სიხარული. ამ დროს როგორც უარყოფითმა, ასევე დადებითმა ემოციებმა შეიძლება ერთნაირად დააინტერესოს მოსწავლე განხილული საკითხით.

სოციალური ემოციები დაკავშირებულია მასწავლებელთან და თანაკლასელებთან. ეს ემოციებია: სიყვარული, სიმპათია, თანაგრძნობა, აღფრთოვანება, აბუჩად აგდება, ეჭვიანობა, ბრაზი, სოციალური შფოთვა. ჩამოთვლილი ემოციები მნიშვნელოვანია მოსწავლეებსა და მასწავლებელთან ურთიერთობისთვის და ჯგუფში მუშაობის დროს.

ყველა ზემოთ ხსენებულ ემოციას დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლისა და აკადემიური მიღწევებისთვის. ამიტომ მასწავლებლებმა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ. ჩვენ ვეყრდნობით ჩვენს გამოცდილებას, რათა ამოვიცნოთ მოსწავლეების ემოციები, რომლებსაც ხშირად ვაიგივებთ ჩვენ მიერ განცდილ შეგრძნებებთან. სჯობს, ვკითხოთ მოსწავლეებს, რას განიცდიან ისინი. შეიძლება ჯგუფურად განვიხილოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს, კონკრეტულ სიტუაციაში რა განიცადა თითოეულმა ჩვენგანმა.

ხშირად მოსწავლეებს არ სურთ გაამხილონ საკუთარი გრძნობები, მით უმეტეს, თუ ის დაკავშირებულია გამოცდაში ჩაჭრით განცდილ სირცხვილის გრძნობათან. ყოველთვის ვერ გამოიცნობს მასწავლებელი, რას განიცდის ბავშვი. ამიტომ გვირჩევენ მასწავლებლებს, მოვიპოვოთ მოსწავლეების ნდობა, რომ შევქმნათ ღია საკლასო საზოგადოება. შეიძლება ვთხოვოთ ბავშვებს, დაწერონ რას განიცდიან ჩვენს გაკვეთილზე, ოღონდ არ მიაწერონ სახელი და გვარი. ისინი გულღიად გადმოსცემენ გრძნობებს და ჩვენ გავიგებთ, უხარიათ თუ ბეზრდებათ ჩვენს გაკვეთილებზე ჯდომა. ცხადია, თუ უფრო მეტადაა საჭირო მოსწავლის ემოციებში გარკვევა, მაშინ პროფესიონალ ექსპერტებს – სკოლის ფსიქოლოგებს უნდა მივმართოთ, რომლებიც დახელოვნებულნი არიან ემოციების ამოცნობასა და შეფასებაში.

ემოციების ცოდნა იმავდროულად საშიში იარაღიცაა. ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები საკუთარი ზეგავლენის ქვეშ აქცევენ მათ, ვისაც ეს უნარი არ გააჩნიათ. უსაფრთხოა თუ სახიფათო, ემოციური ინტელექტი ნამდვილად ნიჭია, რომელიც ყველას არ დაჰყვება ხოლმე თან. თუმცა ამ ნიჭის შეძენაც ყოფილა შესაძლებელი. ჩვენ ნამდვილად გავუადვილებთ ცხოვრებას ბავშვებს, თუ ემოციებში გარკვევას ვასწავლით.

პროფესია-მასწავლებელი. ნათია ცინცაძე

0

ნათია ცინცაძე ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მესამე კლასის დამრიგებელია. მისი პედაგოგიური კარიერა 19 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ეროვნული ვალუტა ისე იყო გაუფასურებული, რომ მისი პირველი ხელფასი შვიდ მილიონ კუპონს შეადგენდა, რომელიც მაშინ რვა პურის საფასური თუ იქნებოდა. მის მეხსიერებას დღემდე შემორჩა, როგორი შემართებით  იღვწოდნენ მისი კოლეგა პედაგოგები მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ,  და ცდილობდნენ, ბავშვებისთვის გადაეცათ თავიანთი ცოდნა. ამიტომ მიაჩნია, რომ მასწავლებლობა ხშირ შემთხვევაში მართლაც მოწოდებაა. ნათიას სასწავლო პროცესზე თანამედროვე შეხედულებები აქვს და ფიქრობს, რომ გაკვეთილი  მხოლოდ 45 წუთი არ არის და ცდილობს მოსწავლეების დასაინტერესებლად სწავლების სხვა არაფორმალურ მეთოდებსაც მიმართოს. მათთან ერთად არაერთი გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარებია. ისინი ერთად დადიოდნენ მუზეუმებში, თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში, კინოთეატრში, ბოტანიკურ ბაღში. ხან თავიანთი სკოლის ეზოში ატარებდნენ გაკვეთილებს. ის მუდამ ცდილობდა წაეხალისებინა მოსწავლეები, მოესმინათ და  გადაეცათ თავიანთი ცოდნა ერთმანეთისთვის  და განევითარებინათ სწავლისთვის საჭირო უნარები.

 

 ალბათ ყველა მასწავლებელს ახსოვს, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რამ ითამაშა  ამ პროფესიის არჩევაში განსაკუთრებული როლი. თქვენ რას გაიხსენებდით?

ვფიქრობ, ბავშვობიდანვე ვეზიარე ამ პროფესიას. პედაგოგების ოჯახში გავიზარდე.  დედა რუსული ენის მასწავლებელია, მამა მათემატიკას ასწავლიდა.  ხშირად მიხდებოდა დედის გაკვეთილებზე  დასწრება.  შესაბამისად, ალბათ გარემომ განაპირობა ის, რომ რუსული ენის პედაგოგობა გადავწყვიტე, მაგრამ 1991 წელს ამ საგნის მიმართ ქვეყანაში დაწყებული ცუდი დამოკიდებულების გამო, ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში დაწყებითი კლასების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობაზე.  ოჯახური  მდგომარეობის გამო  სწავლა დაუსწრებელ განყოფილებაზე გავაგრძელე და 19 წლის მესამე კურსის სტუდენტი, ნებით თუ უნებლიეთ, შევეჭიდე პედაგოგის საკმაოდ რთულ, მაგრამ უაღრესად საინტერესო პროფესიას.

 პირველი გაკვეთილი და პირველი მოსწავლეები ალბათ განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია. როგორ გაიხსენებდით მათ?

დღემდე კარგად მახსოვს ის 16 მოსწავლე, სადაც 11 ძალიან ცელქი ვაჟი და მხოლოდ 5 გოგონა ირიცხებოდა.  სრულიად გამოუცდელი პირდაპირ პირველ კლასში შემიშვეს. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემი მაშინდელი მოსწავლეების მშობლებსა და იმ დროისათვის  ურეხის საჯარო სკოლის დირექტორს – ნოდარ თავართქილაძეს. მათ ჩემში ეჭვიც არ შეჰპარვიათ და ჩემს პედაგოგად  ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს.  ვთვლი, რომ სწორედ მათმა მხარდაჭერამ,  თანადგომამ და სამართლიანმა შენიშვნებმა ძალიან გამზარდა ამ მიმართულებით, მეტი გამოცდილება,  პროფესიონალიზმი და თავდაჯერებულობა შემძინა.

რამდენად საინტერესო პროცესია სწავლება თქვენთვის? ბავშვებისგან რას სწავლობთ?

სწავლების პროცესი ჩემთვის გრძელი და მრავალი რგოლისაგან შემდგარი ჯაჭვია, რომელშიც ერთდროულად ჩართულია საჭიროც, აუცილებელიც, ნოვატორულიც, კონსერვატიულიც; სადაც ერთდროულად გაერთიანებულია ღირებულიც და ფასეულიც; ყველაფერი ის, რაც პედაგოგის სულშივე დევს და რასაც ცალკე  ვერ ისწავლი. მე მსიამოვნებს, როცა ჩემგან იღებენ  იმ საზრდოს,  რაც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ შემდგომში. მიხარია, როცა ვინმესთვის ღირებული და  ავტორიტეტი ვარ,  როცა შენგან შველას ელიან და შენ ეს დაუზარლად შეგიძლია, რადგან ისევე ეხმარები ნორჩ თაობას ცხოვრების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმაში, როგორც მშობელი შვილს ფეხის ადგმისას. ვფიქრობ, ყველა ბავშვი მიამიტია. გენდობა და ყველაზე ახლობელ, საუკეთესო და მისაბაძ პიროვნებად მიგიჩნევს. ამიტომ უპირველესი, სწორედ  მათი ნდობის მოპოვებაა, რომ მოგენდოს და ბოლომდე გაიხსნას. მათი აღსარებები, გულღიაობა ხშირად მახედებს მათსავე სულში და ვცდილობ, გავუგო მათ. საკლასო ოთახში თვალნათლივ ვხედავ ყველაფერს, რასაც ოჯახში განიცდიან.

თითოეული  ბავშვი თავისებურად გამოცანაა. პირველ კლასში მშობლებს ვთხოვ,  თავიანთი შვილები გამაცნონ, რადგან მსურს, ვიცოდე რა აწუხებთ, რის  მიღწევას ცდილობენ, რა თავისებურებებით გამოირჩევიან სახლში, რომ შევძლო ინდივიდუალურად მივუდგე და მათი პიროვნებებად  ჩამოყალიბების პროცესში ეს ყველაფერი გავითვალისწინო. მეოთხე კლასში კი  თავად ვაცნობ მათივე შვილების ხასიათის ისეთ ნიშნებს, რაც ზოგჯერ მშობლისთვის სრულიად შეუმჩნეველი შეიძლება აღმოჩნდეს,  ვინაიდან სკოლის წიაღი, სკოლის ატმოსფერო  ხშირად განსხვავებულ დაღს ასვამს პატარებს.

რა შეგრძნება მოაქვს მასწავლებლისთვის პროფესიულ წლებსა და გამოცდილებას? შეგიცვლიათ თუ არა მიდგომები? გადაგიფასებიათ თუ არა ღირებულებები?

მივიჩნევ,  რომ მასწავლებლობა სულაც არ ნიშნავს  პედაგოგიკის მხოლოდ თეორიული  ნაწილის კარგად ცოდნას. ამ წლების განმავლობაში არაერთი რეფორმა გატარებულა განათლების სფეროში. მეც  ყოველთვის ვცდილობდი მაშინვე ამება მხარი ნებისმიერი ნოვაციისათვის და ჩემს მოსწავლეებთან  პრაქტიკულად განმეხორციელებინა ის,  რასაც თეორიულად გადმოგვცემდნენ.

ყოველი ახალი გამოშვების შემდეგ  ვცდილობ კორექტივები შევიტანო მიდგომებში და რაღაც ახალი დავნერგო, რომ უფრო მეტად გავახალისო სწავლის პროცესი.

ცოდნა განახლებადი და მუდმივად ცვალებადი კატეგორიაა. რას გვეტყვით მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე? თქვენ რას აკეთებთ პროფესიული უნარჩვევების განვითარებისთვის?

2011 წლიდან  მეც ჩავერთე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  საქმეში და მასწავლებლებს დღემდე ვუზიარებ საკუთარ გამოცდილებას. ვუხსნი, როგორ გამოიყენონ ისტ-ის ტენოლოგიები ეფექტურად,  რომ მეტად სახალისო და სასიამოვნო გახადონ სამუშაო პროცესი.

აქცენტს მუდმივად იმაზე ვაკეთებ, რომ ბავშვისთვის სწავლის პროცესი არ უნდა წარმოადგენდეს იძულებას,  რომ პირიქით, მოსწავლის მოთხოვნებმა უნდა გვაიძულოს პედაგოგები, ვასწავლოთ, მივცეთ მათ სათანადო ცოდნა. ასეთი სურვილი ბავშვს ვერ გაუჩნდება, თუკი პედაგოგი არ მისცემს ერთგვარ ბიძგს, არ ჩაუგდებს პატარა ნაპერწკალს, რომელიც მიმართული იქნება პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისკენ. ეს გზები კი პედაგოგმა თავად უნდა შეარჩიოს, რადგან ყველაზე კარგად სწორეს მან იცის, როგორ მიუდგეს მოსწავლეს, რომ მეტი ინტერესი გაუღვივოს სწავლისადმი. ამ ყველაფერში უდიდეს როლს თამაშობს გაკვეთილზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

მოსწავლეებთან კომუნიკაციის დასამყარებლად  იყენებთ თუ არა ინტერნეტსაშუალებებს და რა როლი აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს სწავლების პროცესში?

საკლასო ოთახში  „კლასის მართვის“ პროგრამის გამოყენებით მეძლევა იმის საშუალება, რომ მოსწავლეებს  გადავუგზავნო დავალებები ან შევთავაზო საინტერესო თემები.  მეოთხე კლასში ყველა მოსწავლეს ჰქონდა თავისი ელექტრონული ფოსტა.  ამ გზით,  ფოსტის მნიშვნელობისა და მოხმარების წესების ცოდნის გარდა, ეძლეოდათ დავალებები, მათი შესრულების ინსტრუქტაჟი  და მითითებები, რაც ეხმარებოდათ  დამატებითი მასალის მოძიებაში. ისინი ახერხებდნენ  დისტანციურად მოემზადებინათ პრეზენტაციები. ამასთან, ონლაინკოლაბორაციის გზით ურთიერთობდნენ, რადგან სასწავლო პროცესი მეორე ცვლაში მიმდინარეობს და ვერც დილით ახერხებდნენ შეხვედრას და ვერც გაკვეთილების შემდეგ იმუშავებდნენ გულდასმით. ვაპირებ ამ გამოშვების კლასის კლასის მოსწავლეებიც დავარეგისტრირო,  როგორც ელფოსტის მომხმარებლები. ასევე დაგეგმილი მაქვს ჩავრთო მესამეკლასელები ისეთ საგანმანათლებლო სოციალურ სივრცეში, როგორიცაა Edmodo. ამ გზით დავიცავ მოსწავლეებს არასაჭირო ინფორმაციისგან. ეს სივრცე საუკეთესო საშუალებაა კომუნიკაციისა და  შეფასებისთვის.

რა გავლენას ახდენს თქვენზე განათლების სისტემის მუდმივად ცვალებადი გარემო? როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და რამდენად  ღია ხართ ცვლილებების მიმართ?

1994 წლიდან დღემდე არაერთი რეფორმა გატარებულა განათლების სისტემაში. ყოველთვის მომხრე ვიყავი სიახლეების დანერგვის. მაინტერესებდა, თუ  სხვა ქვეყანაში მუშაობდა რაღაც მიდგომები, რატომაც არ გვეცადა მათი ჩვენთან გამოყენება. ამ მიზნით,  არაერთი  ტრენინგი გავიარე.  ამ ახალ მეთოდებსა  და გზებს  მუდამ ვიყენებ პრაქტიკაში.  ვაკვირდები და ვხედავ, რომ ეს  ჩემს  სამუშაო პროცესსაც გაცილებით სახალისოს და საინტერესოს ხდის,  ვიდრე  რუტინული, ერთგვარად ჩარჩოში ჩასმული გაკვეთილები. ჩემი აზრით, თუკი სიახლე პრაქტიკაში არ გამოიყენე, შესაბამისად, ვერ გაიგებ მის ვერც დადებით და ვერც უარყოფით მხარეს. ამიტომ მხოლოდ სწავლების პროცესში იბადება ოპტიმალური მეთოდი, რომლის შერჩევასაც შემდგომში ახორციელებ.

სხვადასხვა თაობის ბავშვებს ხშირად ადარებენ ერთმანეთს. თქვენი დაკვირვებით ბავშვები ერთმანეთისგან ასე განსხვავდებიან? რა თვისებებით გამოირჩევიან თანამედროვე ბავშვები?

ვცდილობ, მომავალთან ადაპტირებული, ცხოვრებისათვის მორგებული უნარებით შემკული ბავშვები აღვზარდო. ჩვენ ხომ მათ მხოლოდ საგნის ცოდნას არ ვუნერგავთ.

ცხადია, თაობები იცვლება.  ხშირად  ძველი თაობა ახალს აკრიტიკებს და პირიქით, ახალი თაობაც ბევრ რამეს უწუნებს წინამორბედს. ეს ბუნებრივი პროცესია. რა თქმა უნდა, თანამედროვე ბავშვები ბევრად გახსნილები, თამამები, კომუნიკაბელურები და ურთიერთობებში თავისუფლები არიან,  ვიდრე ეს 20 წლის წინ იყო. თუმცა,  მაშინაც იყვნენ ისეთები, ვინც ხმამაღლა აცხადებდა, რა არ მოსწონდა ძველ თაობაში, რა იყო მისაღები და რა მიუღებელი.  ვფიქრობ,  ეს ბუნების შეუცვლელი კანონზომიერებაა, დროის ცვლილებასთან  ერთად  თაობებიც იცვლებიან და ვითარდებიან.

საგაკვეთილო პროცესი არ არსებობს მცირე პრობლემებისა და ხარვეზების გარეშე. რაზე გაამახვილებდით ყურადღებას ამ მხრივ და როგორ ცდილობთ პრობლემებთან გამკლავებას?

სრულყოფილება არაფერში არ არსებობს. შესაბამისად, გამონაკლისს არც საგაკვეთილო პროცესი წარმოადგენს. თუმცა მასწავლებელი იმიტომ არის მასწავლებელი, რომ შეძლოს ნებისმიერ პრობლემასთან დამოუკიდებლად გამკლავება და სწრაფადვე გამოასწოროს ხარვეზი. საამისოდ ყოველთვის შეიძლება ალტერნატივის გამონახვა.

მასწავლებელს მხოლოდ ერთი ჯილდო აქვს და ეს მისი მოსწავლეებისა და მშობლების მადლიერებაა. მოსწავლის წარმატება, შედეგი იმ შრომისა, რასაც ყოველდღიურად დაუღალავად გასცემ – აი, ჯილდოც და საჩუქარიც პედაგოგისათვის. სამწუხაროა, რომ მასწავლებელს, ღვაწლის მიუხედავად, თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად, ოდნავი შეცდომის უფლებაც არ აქვს და უმალვე გაკიცხვისა და ფეხქვეშ გათელვის ობიექტად იქცევა. პროტესტს იწვევს  მატერიალური დაუფასებლობაც.

თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მუშაობა მაშინ დავიწყე, როდესაც ეროვნული ვალუტა გაუბედურებული იყო და ჩემი ხელფასი სულ რაღაც 7 მლნ კუპონს შეადგენდა,  რაც მხოლოდ 6-8 პურის საფასურს წარმოადგენდა.  სტუდენტი ვიყავი და სკოლაში მხოლოდ გამოცდილების მისაღებად დავდიოდი. თუმცა ჩემს  მეხსიერებაში სამუდამოდ  დაილექა, თუ როგორი შემართებით იღვწოდნენ იქ მომუშავე მასწავლებლები, როგორ არასდროს დაცემულან სულით და არასდროს უსწავლებიათ  ბავშვებისათვის ხელფასის შესაბამისად.  სწორედ, მაშინ  მივხვდი, რომ პედაგოგად უნდა დაიბადო! ეს ის პროფესიაა, მარტო სწავლით რომ ვერ შეიძენ.  თუკი შიგნით სულში არ გიზის, პედაგოგი ვერ დადგები.

დაბოლოს, როგორია კარგი გაკვეთილის ჩატარების თქვენეული მეთოდი?

ვფიქრობ, კარგი გაკვეთილი სულაც არ არის თვალსაჩინოებებით მოჭედილი დაფა, სიჩუმე და მხოლოდ მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვაზე შაბლონური პასუხი.

გაკვეთილი უნდა იყოს აქტიური, ცოცხალი, მოძრავი და საქმიანი, ხმაურიანიც კი. ასეთია აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი; ბუნერივია, თემაც საინტერესო უნდა იყოს.  მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს მოწყენის საშუალება, მას უნდა შეეძლოს საკუთარი აზრის გამოთქმა და დაცვა. კარგი გაკვეთილი სწორედ შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილია, სადაც მაქსიმალურად ჩართულია თითოეული მოსწავლე და კარგად აცნობიერებს გაკვეთილის თემის არსს.

სხვების ბავშვობა

0

 

სკოლაში სწავლისას ვერ ვხვდებოდი, რატომ იყო აუცილებელი მწერლების ბიოგრაფიების ცოდნა, რატომ არ შეიძლებოდა ძნელად დასამახსოვრებელი თარიღების დასწავლისა და მნიშვნელობას მოკლებული ფაქტების დამახსოვრების გარეშე წაგვეკითხა ტექსტი. მეჩვენებოდა, რომ ეს ბიოგრაფიები, მეტწილად, ერთმანეთს ჰგავდა. ყოველთვის იყო ვიღაც, ვინც მომავალ მწერალს ადრეულ ასაკშივე უვითარებდა წარმოსახვას, უყვებოდა ზღაპრებს, მითებს, თქმულებებს, აყვარებდა ლიტერატურას. იყო საბედისწერო შემთხვევები და ტრაგიკული მოვლენებიც. თითქმის გარდაუვალი გამხდარიყო მშობლის (ერთ-ერთის ან ორივეს) ნაადრევად გარდაცვალება, საყვარელი დის ან ძმის ადრეულ ასაკშივე დაღუპვა, ოჯახის გაღატაკება, მშობლიური სახლის (სოფლის, ქალაქის, ქვეყნის) იძულებით მიტოვება, ფიზიკური ტრავმები, გულგატეხილობა, სასოწარკვეთა, დაუფასებლობა თანამედროვეთა მხრიდან.

ამ ამბების ნამდვილობაში ეჭვი მეპარებოდა. ყველა ეს ბიოგრაფია ერთი კაცის დაწერილს ჰგავდა – იმის, ვინც უმნიშვნელოს შემჩნევასა და მნიშვნელოვნის შეუმჩნევლობაში გაწაფულიყო. სვანტე სვანტესონივით ვფიქრობდი: რატომაა, რომ ის, რისი ცოდნაც აუცილებელია, ჩემთვის სრულიად უინტერესოა და ის, რისი ცოდნაც ადამიანისთვის უსარგებლოა, ყოველთვის ძალიან საინტერესოა-მეთქი?

მაეჭვებდა იმ საზოგადო მოღვაწეთა ბიოგრაფიებიც, სადაც ეწერა, ბავშვობაშივე სრულყოფილად ფლობდნენ ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებსო. გასული საუკუნის 80-იან წლებში სკოლა არ იყო ის ადგილი, სადაც თუნდა ერთი უცხო ენის სრულყოფილად შესწავლა შეიძლებოდა. ჩემს სკოლაში ყოველ წელს იცვლებოდნენ ინგლისურის მასწავლებლები, ვსწავლობდით სიტყვებს, წესებს, სახელმძღვანელოს ტექსტებს, ვასრულებდით სავალდებულო სავარჯიშოებს, ვწერდით საკონტროლო წერებს, მაგრამ მაინც არაფერი ვიცოდით. ამის გამო იყო, დარწმუნებული რომ ვიყავი, სამ უცხო ენას ვერც ერთი ბავშვი ვერ ისწავლის-მეთქი.

ბიოგრაფიები მწერლებსა თუ რაიმე ნიშნით გამორჩეულ სხვა ადამიანებს სახეს უკარგავდნენ, ერთმანეთსა და მითიურ არსებებს ამსგავსებდნენ, ბუნდოვანების მიმზიდველ საბურველში გახვეულებს მიუწვდომლად წარმოსახავდნენ. სახელმძღვანელოების ავტორებისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, რას განიცდიდა მცირეწლოვანი მკითხველი. მოსწავლის განცდები არც ერთ დროში დიდად არავის ადარდებს.

მე კი ბიოგრაფიული თუ ავტობიოგრაფიული წიგნების კითხვას თანდათან მივეჩვიე. იმასაც მივხვდი, რომ მწერალი ყველაზე უკეთ ყვება თავის ამბავს: როგორც უნდა ეცადოს, საკუთარ თავს ვერსად გაექცევა. ნებისმიერ ნაშრომში ირეკლება – დაბრეცილი, სახეცვლილი, განგებ დამახინჯებული მისი სილუეტი მაინც იოლად ამოსაცნობია ხოლმე. მოთხრობებში, რომანებში. თუ ტოლსტოისა და ნაბოკოვის მსგავსად თავის ამბავს თვითონვე მოგვითხრობს (და თუ ასეთივე მთხრობელია), მაშინ ამ ჩანაწერების კითხვას არაფერი სჯობს. ვერ წარმომიდგენია მოზარდი, რომელსაც ვერ ააღელვებდა ზემოთ ნახსენები მწერლების ავტობიოგრაფიული წიგნების ცალკეული ნაწყვეტები; რომლის წარმოსახვაც ვერ იპოვიდა სათავისოს მათი კითხვისას. ახლაც კი გულისცემას მიჩქარებს იმის წარმოდგენა, როგორ კაწრავდნენ დანის წვერით ფიგურებს კარაქიან პურზე, რომელიც ცნობილი მწერლისთვის – იმხანად სულ პატარა ბიჭუნასთვის უნდა გაეწოდებინათ. ჩანაწერების კითხვას ვწყვეტ და ამ ფიგურების წარმოდგენას ვიწყებ: სახლი, ნაძვები, ვარსკვლავები, იქნებ სასაცილოდ ხელფეხგაფარჩხული გოგოც… მეჩვენება, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია – პურის ნაჭერზე კარაქის გადასმისა და სამყაროს მარტივზე მარტივი სურათის შექმნის ამბავი.

ერთი თანამედროვე ფრანგი მწერალი წერს, მწერლები ბავშვობაზე ამდენს იმიტომ ლაპარაკობენ, რომ მხოლოდ ბავშვობისას ცხოვრობენო. მთელი დანარჩენი ცხოვრება საწერ მაგიდასთან გატარებული საათები, ფიქრი და შრომაა – არც არაფრისთვის სცალიათ და დიდად არც აღელვებთ ისეთი რამეები, რაც სხვა შემთხვევაში უდავოდ ააღელვებდათო. ცხადია, აქ ყველა მწერალი არ იგულისხმება და ისიც ცხადია, რომ ვიღაც-ვიღაცებს არც თუ შეფარვით დასცინიან. მიუხედავად ამისა, ბავშვის განცდების სიმძაფრეს, პირველი შთაბეჭდილებების ძალას არავინ უარყოფს. ამ დროს ჯერ კიდევ იმ სამყაროს ნაწილი ხარ, რომელიც მოგწონს; ყოველი დღე რაღაც სასიხარულოს მოლოდინით თენდება; იმ რწმენით დადიხარ, რომ სულ მალე ენით აღუწერელი სასწაულის მომსწრე უნდა გახდე; ბედნიერების განცდა უხილავი საჰაერო ბუშტივით ლივლივებს ჰაერში – ხელის გაწვდენაზეა, შენია; დიდი დანაკარგების დრო ძალიან შორსაა, სიკვდილი არ არსებობს.

მაინც რა გვსიამოვნებს ავტობიოგრაფიული ჩანაწერების კითხვისას? ყველაზე მეტად ალბათ ის, რომ სხვისი ამბები ჩვენსას გვახსენებს – დიდი ხნის წინ დავიწყებულ, სამუდამო გაქრობისთვის განწირულ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო წვრილმანებს (დედაჩემსაც უყვარდა კარაქიან პურზე სახლების, ხეების, ძაღლების, მანქანების, გოგოებისა და ბიჭების დანის წვერით ამოკაწვრა). სხვისი ამბების კითხვისას ჩვენს ამბავსაც ვკითხულობთ, ვიხსენებთ, თავიდან ვიგონებთ და უცნაურად სასიამოვნო განცდა გვეუფლება: უჩვეულო სიახლოვეს ვგრძნობთ მწერალთან, მის გვერდით ვდგავართ, მისი გულისცემა გვესმის.

8 აგვისტო – შავდათუაშვილის ომი

0

მეზობელმა თქვა, უკვე ტანკები დიღმის პარკში დგანანო, მაშინ იქვე ვქირაობდი ბინას, ფანჯრიდან გადავიხედე და ხუთი ახალგაზრდა კაცი იდგა. სმადაწყებული და მერე ნერვიულად შეწყვეტილი. სიგარეტსაც რომ ნახევრად ეწევიან და უცებ ახალს უკიდებენ. ცოტა ასაკით უფროსი ეუბნებოდა სხვებს, გვესწავლა ნეტავ რუსულიო და რაღაც ეგეთები. დაგვავიწყდაო. სკოლაში ვიცოდითო. სრული დიალოგი არ მახსოვს, გარდა იმისა, რომ ერთმა თქვა, მე რუსთავში წავალო, იქ ჩემი დაა გათხოვილიო. სხვამ უპასუხა, შენ ჩმორიკაო და ამან, მასე რუსებს უყვირეო, ჩემზე ვაჟკაცის დედაცო და მეორემ: დამიმტკიცეო და ამან: ახლავე წავიდეთ და  მოკიდა ხელი და გაბედული ღრიანცელით წავიდნენ დასავლეთისკენ, იმ მიმართულებით, აი, 40 კილომეტრში მტერი რომ იდგა. ეს ხალხი, ცხადია, უკან მობრუნდებოდა რაღაც მიზეზით, მალევე. ,,კაი, ძმები ვართ ხო იცი, ლელა ინერვულებს ბიჭო” და ა.შ. ეს ამბავი მორალის საკითხავად არ მომიგონებია, ომი უბედური რამეა – მრავალმხრივად რევს ადამიანს. უბრალოდ გავიხსენე, როგორც პირველი მძაფრი შთაბეჭდილება, კინო-კადრივით. და, რა თქმა უნდა,  რუსეთი ოკუპანტია. მტერია. ეს ბანალური სიტყვები არ არის. არ არის ამის თქმა სირცხვილი. ართქმა უფროა ცუდი. იმიტომ რომ დავიწყება იცის. დავიწყება უმადური რამეა. სულ მცირე, ის ბიჭები არ იმსახურებენ დავიწყებას – რუსულის სწავლის მოსურნე კი არა, რუსებთან მეომარი ბიჭები, ჩემი და შენი დამცველი. ჩემი და შენი მარტო სხეულის კი არა – სინდისის დამცველები.

ომი კი გრძელდება. ყველგან, ყველა მოედანზე. ამიტომაც ამ ომში ხანდახან ოქროზე უფრო ფასობს რაღაც.  ვნახე რამდენიმე გამოხმაურება, თითქოს რუსი ძიუდოისტის დამარცხებით გამოწვეული სიხარული, პატარა ერის კომპლექსის ბრალიაო.

მინდა გიპასუხოთ:

1) დიახ, ჩვენ რიცხოვნობით პატარა ქვეყანა ვართ, შესაბამისად ჩვენი სიხარული არის გაცილებით დიდი და განსხვავებული, ვიდრე სხვა ქვეყნების, რომელთაც გრაფაში უკვე ათობით მედალი აქვთ.

2) ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის დამარცხებით გამოწვეული აღტკინება არის ნორმალური და მეტიც – აუცილებელი.

3) სპორტი და პოლიტიკა, ზოგადი აზრით,  სხვადასხვა ვერ იქნება. სპორტი ამ შემთხვევაში ჩვენი სათქმელია მსოფლიოსთვის: რომ ვარსებობთ, რომ ვართ და ძლიერები ვართ.

 ამ იმედით უნდა ვიცხოვროთ. სხვაინარად დავმთავრდებით.

რაოდენობრივი კომპეტენციის განვითარება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

გეოგრაფიის ყოველ გაკვეთილზე ხდება სხვადასხვა კომპეტენციის განვითარება. ერთ-ერთი მათგანი – რაოდენობრივი კომპეტენციაა. ის მათემატიკური კომპეტენცია, ცოდნის, უნარისა და დამოკიდებულების ერთობლიობაა, რომელიც ხელს უწყობს მათემატიკური აზროვნების განვითარებას; ლოგიკური და არგუმენტირებული  მსჯელობის გაღვივებას; მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის საფუძველზე დასკვნების გამოტანას და გადაწყვეტილებების მიღებას. ასევე, ხელს უწყობს მოსწავლეს გახდეს  მიზანმიმართული, ეხმარება კრიტიკული აზროვნებისა და ინტელექტუალური განვითარების ფორმირებაში, ინფორმაციის აღქმაში, პრობლემების  ანალიზისა და გადაჭრის გზების ძიებაში.

„რაოდენობრივი წიგნიერება იმ უნარ-ჩვევების ერთობლიობაა, რომელთა დაუფლება მოსწავლეს უადვილებს რიცხვის არსის გააზრებას, რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვას, რიცხვებს შორის მიმართებების გაგებას, რაოდენობათა შედარებას. ეს უნარ-ჩვევები მოსწავლეს სჭირდება არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ სხვა საგნების შესასწავლადაც“, – ეროვნული სასწავლო გეგმა.

მე-20 საუკუნეში გეოგრაფიის გაკვეთილზე მასშტაბის გამოთვლით შემოვიფარგლებოდით. მოსახლეობის რაოდენობა, ქვეყნების ფართობები თუ მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე დასამახსოვრებელ-დასაზეპირებლად გვეძლეოდა. არც მდინარის ვარდნას ვანგარიშობდით და არც მოსახლეობის ბუნებრივი მატება გვქონდა გამოსათვლელი.

ყველა ამ მონაცემის გააზრება და გამოთვლის პროცესი პირდაპირ კავშირშია მათემატიკასთან და ავითარებს რაოდენობრივ კომპეტენციას.

გთავაზობთ რაოდენობრივი კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობას.

აქტივობა 1. შეფარდებითი სიმაღლის, ვერტიკალური გრადიენტისა და ბარომეტრული საფეხურის განმარტებების სწავლის შემდეგ ამოცანების ამოხსნა და ანალიზის უნარის განვითარებაც შეიძლება. მასწავლებელი აძლევს ჯგუფებს ლეგენდას ინდიელთა ბელადზე. მოსწავლეებმა უნდა განიხილონ ის ჯგუფებში და უპასუხონ შეკითხვებს:

ლეგენდა: ინდიელთა ბელადმა მწვერვალ აკონკაგუაზე ახალგაზრდები გაგზავნა და დააბარა:

  • წადით, ვიდრე ძალა გეყოფათ. ვინც დაიღლება შეუძლია დაბრუნდეს. მაგრამ თითოეულმა თქვენგანმა, იმ ადგილიდან საიდანაც დაბრუნდება, თითო ტოტი წამომიღეთ.

მალე პირველი ახალგაზრდა დაბრუნდა, რომელმაც კაქტუსის ღერო მოუტანა.

ბელადმა ჩაიცინა და უთხრა: შენ უდაბნო არ გადაგილახავს, მთის ძირშიც კი არ ყოფილხარ. მეორე ახალგაზრდამ ავშანის (აბზინდას) ვერცხლისფერი ტოტი მიუტანა.

  • შენ მთის ძირთან იყავი, მაგრამ არც კი გიცდია ასვლა. 1000

მესამემ, რომელმაც ვერხვის ტოტი მიუტანა, შექება დაიმსახურა:

  • შენ მიაღწიე მთის წყაროს.

მეოთხემ ხეჭრელას ბუჩქის ტოტი მიუტანა. ბელადმა ისიც შეაქო. 2000

მეხუთე კედარის ტოტით დაბრუნდა.

  • შენ შუა გზიდან დაბრუნდი – უთხრა ბელდმა. 3000

მეექვსე ახალგაზრდა ცარიელი ხელით დაბრუნდა, თუმცა მისი სახე ბედნიერებისაგან ბრწყინავდა. მან აუხსნა, რომ ის იყო იქ, სადაც ხეები არ არის, მაგრამ იხილა ბრწყინვალე ზღვა. ბელადმა არა მარტო დაუჯერა, არამედ ყველაზე დიდი პატივი მას მიაგო.

  • შენ სიმბოლოდ ტოტი არ გჭირდება, რადგან შენს თვალებში გამარჯვების სხივი ბრწყინავს, ეს შენი ცხოვრების ერთ-ერთი მწვერვალია. შენ იხილე მთა მთელი თავისი სიდიადითა და ბრწყინვალებით.

I ჯგუფის დავალება: რა სიმაღლეზე ავიდა მეორე ახალგაზრდა, რომელმაც ავშანის (აბზინდას) ვერცხლისფერი ტოტი მიუტანა? თუ მთის ძირში ტემპერატურა +26°-იყო და „მწვერვალზე“ +21°. ვერტიკალური გრადიენტი კი – 5°.

ამოხსნა: 1.  ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენი გრადუსით შეიცვალა ტემპერატურა?

+26°C- 21°C =5°C

  1. შემდეგ მოცემული პასუხი უნდა გავყოთ 5°C -ზე, რადგან ვერტიკალური გრადიენტი 5°C -ია. ამით ვიგებთ რამდენჯერ 1000 მეტრი გაიარა ასვლისას, ანუ ტემპერატურას რამდენი 5°C მოაკლდა.

5°C/5=1

  1. რადგან ერთ 1000 მეტრზე ავიდა ამიტომ:

  1*1000=1000 მ

პასუხი: მეორე ახალგაზრდა ავიდა 1000 მეტრ სიმაღლეზე.

II ჯგუფის დავალება: რა სიმაღლეზე ავიდა მესამე ახალგაზრდა, რომელმაც ვერხვის ტოტი მიუტანა? თუ მთის ძირში ტემპერატურა +26°C-იყო და „მწვერვალზე“ +13°C. ვერტიკალური გრადიენტი კი – 5°C.

ამოხსნა: 1. ჯერ უნდა გავიგოთ, რამდენი გრადუსით შეიცვალა ტემპერატურა?

+26°C-13°C= 13°C

  1. შემდეგ მოცემული პასუხი უნდა გავყოთ 5°C -ზე, რადგან ვერტიკალური გრადიენტი 5°C-ია. ამით ვიგებთ რამდენჯერ 1000 მეტრი გაიარა ასვლისას, ანუ ტემპერატურას რამდენი 5°C მოაკლდა.

13°C/5=2.6

  1. რადგან 2, 6 ჯერ 1000 მეტრზე ავიდა, ამიტომ:

 2.6*1000=2600მ

ახალგაზრდა ავიდა დაახლოებით 2600 მეტრამდე.

III ჯგუფის დავალება: რა სიმაღლეზე ავიდა მეოთხე ახალგაზრდა, რომელმაც ხეჭრელას ტოტი მიუტანა? თუ მთის ძირში ტემპერატურა +26°-იყო და „მწვერვალზე“ +10°C. ვერტიკალური გრადიენტი კი – 5°.

ამოხსნა: 1. +26°C-10°C= 16°C

  1. 16°C /5=3.2
  2. 3.2*1000=3200მ

ახალგაზრდა ავიდა დაახლოებით 3200 მეტრამდე.

I V ჯგუფის დავალება: რა სიმაღლეზე ავიდა მეხუთე ახალგაზრდა, რომელმაც კედრის ტოტი მიუტანა? თუ მთის ძირში ტემპერატურა +26°C-იყო და „მწვერვალზე“ +7°C. ვერტიკალური გრადიენტი კი – 5°C.

ამოხსნა: 1. +26°C-7°C = 19°C

  1. 19°C/5=3.4
  2. 3.4*1000=3400მ

ახალგაზრდა ავიდა დაახლოებით 3400 მეტრამდე.

V ჯგუფის დავალება: რატომ მიაგო ბელადმა ყველაზე დიდი პატივი ახალგაზრდას, რომელიც ცარიელი ხელით დაბრუნდა? რას გულისხმობდა ის ბრწყინვალე ზღვაში? მწვერვალი აკონკაგუას სიმაღლე 6962 მეტრია. რა ტემპერატურა იქნებოდა მთის მწვერვალზე თუ ძირში +26°C იყო.

  1. თავდაპირველად ვიგებთ რამდენი 1000 მეტრით ავიდა:

6962/1000=6.9

  1. შემდეგი მოქმედებით ვიგებთ, რამდენი გრადუსით განსხვავდება ტემპერატურა მწვერვალზე მთის ძირთან შედარებით?

6.9*5=34.5°C

  1. რამდენი გრადუსით შემცირდა ტემპერატურა მწვერვალზე?

+26°C- 34.5°C= -8.5°C

მეექვსე ახალგაზრდა არ შეუშინდა -8.5°C ყინვას და დაიპყრო მწვერვალი.

ჯგუფები ნამუშევრების პრეზენტაციას აკეთებენ და კლასი განიხილავს ყველა შემთხვევას.

შეჯამების ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ ვერტიკალური ზონალობის გრაფიკული (ნახატი, ნახაზი) გამოსახულება და უპასუხონ შეკითხვებს:

  1. მთებში ყველგან ერთი და იმავე რაოდენობის ბუნებრივი ზონაა?
  2. რაზეა დამოკიდებული მთებში ბუნებრივი ზონების რაოდენობა?
  3. რომელ მთებში იქნება მეტი ბუნებრივი ზონა?

რეფლექსიის ეტაპზე სახალისო იქნება სინქვეინის (ხუთსტრიქონიანი ლექსი) გამოყენება.

ანდების სიმაღლებრივი სარტყელობის სქემა.

 raod

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...