ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
15 მაისი, ხუთშაბათი, 2025

წიგნში გამქრალი ხმები

0

წლების წინ წიგნების ფესტივალზე „დონ კიხოტის“ გამარტივებულ, ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებულ, მოზარდი მკითხველისთვის განკუთვნილ ვერსიას გადავაწყდი. რატომღაც, დიდი ფასი არ ედო და ვიყიდე. მინდოდა გამეგო, რას სთავაზობდნენ ადაპტირებული ტექსტის ავტორი და გამომცემელი მათ, ვისი მოხიბვლაც ეცადათ მსოფლიო ლიტერატურის ამ უდავო შედევრის, ცოტა არ იყოს,  სარისკო გამოცემით; რა ენა აერჩიათ ადაპტაციისთვის; როგორი სახე მიეღო იმ უცნაურზე უცნაურ ამბავს, რომელიც ყოველი წაკითხვისას მიფორიაქებდა წარმოსახვას. „დონ კიხოტს“ ისეთ წიგნად მივიჩნევდი, რომლის ყოველ სიტყვას თავისი წონა და ფასი ჰქონდა, თითოეული ფრაზა ძვირფასი იყო, ამიტომაც ვერ წარმომედგინა თუნდაც ერთი აბზაცის ან რომელიმე ეპიზოდის მეტ-ნაკლებად შემოკლება.

კითხვას შინ დაბრუნებისთანავე შევუდექი. ველოდი, რომ არ მომეწონებოდა, გამარტივებულ ამბავში ყველა ხმა გაქრებოდა და მხოლოდ ორი ახირებული კაცის უთავბოლო ხეტიალი, ორი შეშლილის  არცთუ თავშესაქცევი თავგადასავალი დარჩებოდა. ვინ უნდა მოხიბლოს სიარულის ისტორიამ – უსასრულო მსვლელობამ შარაგზიდან შარაგზამდე, სოფლიდან სოფლამდე, თუ წარმოსახვის ამაფორიაქებელ წვრილმანებს დაუნანებლად გადავხაზავთ, მთელ გვერდებს ორ წინადადებაში მოვაქცევთ და დავივიწყებთ, რომ მკითხველებისთვის სხვადასხვა რამ არის მთავარი?

ეს ილუსტრირებული, პრიალაგვერდებიანი, ერთი შეხედვით, საუკეთესო ხარისხის გამოცემა ერთადერთი წიგნი აღმოჩნდა, რომელიც გადასაგდებად გავიმეტე. მისი დანახვაც კი გულს მიმძიმებდა. მახსენებდა, როგორი თავზარდამცემი შეიძლება გახდეს სამყარო, თუ გამოვაკლებთ ყველაფერს, რაც არ მოგვწონს ან ნაკლებად მნიშვნელოვნად გვეჩვენება. სანჩო პანსა, რომელიც საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად უამრავ ანდაზას არ ახვავებს, სანჩო პანსა არ არის. გონებამახვილი იდალგო დონ კიხოტიც, გრძელ-გრძელი ბრძნული თუ არც ისე ბრძნული მონოლოგების გარეშე, მხოლოდღა გაძვალტყავებულ ჯაგლაგზე ამხედრებულ, ჭკუას გადაცდენილ კაცად შეიძლება მოეჩვენოს მკითხველს, მით უფრო მცირეწლოვანსა და ნაკლებად გამოცდილს.

მერე რა, რომ ადაპტირებული ტექსტის ავტორსა თუ გამომცემელს მხოლოდ კეთილი ზრახვები ჰქონდათ.

მერე რა, რომ ეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა და როგორც „დონ კიხოტის“, ასევე სხვა დიდი წიგნების არაერთი ადაპტირებული ვერსია არსებობს.

წაკითხული წიგნები ადრე თუ გვიან გვავიწყდება. რჩება ბუნდოვანი მოგონება, დასაწყისი და დასასრული ერთმანეთს რამდენიმე წინადადებით ებმება, პერსონაჟები ჩარჩოში ჩასმულ პორტრეტებად იქცევიან, განწყობა, რომელიც კითხვის დროს გვქონდა, უმეტესწილად წაკითხულისადმი ჩვენი დამოკიდებულების განმსაზღვრელი ხდება. ყველაზე ცოცხლად მეხსიერება ცალკეულ დეტალებს ინახავს – იმას, რაც ყველაზე მძაფრად განვიცადეთ ან რამაც, აუხსნელი ძალით, ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ხინეს დე პასამონტეს ცალი თვალი მომწვანო ქსოვილით აუხვევია, მის მხარზე შემომჯდარი მაიმუნი კი კბილებს აკაწკაწებს. მწუხარე სახის რაინდს საფეთქლებზე მოყვითალო სითხე ჩამოსდის – საჭურველმტვირთველმა ჭურჭელი ვერ იპოვა და ახლად ნაყიდი ხაჭო მის ჩაჩქანში შეინახა. გოგოს, რომელსაც დულსინეა ტობოსელად ყოფნის პატივი ხვდა წილად, პირიდან ნივრისა და ხახვის სუნი ამოსდის…

რას იმახსოვრებს ადაპტირებული ტექსტის მკითხველი? იმას, რომ წაკითხული აქვს ტექსტი, რომელიც სინამდვილეში არ წაუკითხავს.

ამგვარი პრაქტიკის გამართლება მხოლოდ უცხო ენების შემსწავლელთა დახმარება შეიძლება იყოს. საწყის ეტაპზე მათთვის მართლაც ექნება აზრი გამარტივებული ტექსტების კითხვას – ლექსიკური მარაგის გამდიდრების, წაკითხულის გაგების უნარის გაუმჯობესებისა თუ უცხო კულტურასთან მიახლოების თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში ადაპტირებული ტექსტი რიგითი სავარჯიშოს როლს ასრულებს და მკითხველსაც შესაბამისი დამოკიდებულება უჩნდება.

მინახავს ასეთი წიგნები – თხელყდიანი, დასურათებული. ბოლოში პატარა ლექსიკონით და სტანდარტული სავარჯიშოებით. იქაც ქრება ხმები. ქრება მთელი სამყარო.

არასწორ დროს წიგნების კითხვა დიდი დანაშაული არ არის – თუ მეტისმეტად რთულია, გადადებ და სხვა დროს მიუბრუნდები; თუ მცდარი დასკვნები გამოგაქვს, მათი სისწორის შემოწმებაში დრო დაგეხმარება (ამ შემთხვევაშიც შეიძლება ისევ მიუბრუნდე წიგნს), თუ საფიქრალი გაგიჩინა, გაგმართლებია და ეგ არის. ბოლოს და ბოლოს, ვინ იცის, რა ასაკში რა წიგნი უნდა წაიკითხო? გაუბრალოება, მარტივ შემადგენლებამდე დაყვანა, სწორხაზოვანი არჩევანი, დეტალების ულმობლად გადახაზვა, სახეების კარიკატურულად გამოკვეთა, მოულოდნელად გაჩენილი სიჩუმე იქ, სადაც მრავალი ხმა ისმოდა… როგორც ყველა დიდი დანაშაული, ესეც სიკეთის სახელით ხდება. უფროსები უმცროსებზე ზრუნავენ.

მკითხველი კი ყველა ასაკში მკითხველია და ნამდვილ წიგნებს ეძებს – ჭეშმარიტად სულისშემძვრელს, სასიამოვნოდ წასაკითხს, განსხვავებულს, სავსეს.

ბავშვის ემოციებზე ორიენტირებული სკოლა

0

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, იუნესკო, მოითხოვს, ემოციური წიგნიერება სკოლის კურიკულუმის ნაწილი გახდეს. სხვებს სასწავლო პროგრამა ისედაც გადატვირთულად მიაჩნიათ. მაშ, უნდა გამოიძებნოს თუ არა დრო სკოლაში ემოციური ინტელექტის განსავითარებლად?

რომელი ინტელექტია უკეთესი – გონებრივი თუ ემოციური? თავად ვხედავთ, პოზიტიური ემოციების მქონე ადამიანები რა იოლად პოულობენ საზოგადოებაში ადგილს. ხშირად ისიც კი გვიფიქრია: ნუთუ მართლა ასე დადებითად აფასებენ ყველაფერს? ან იქნებ, უბრალოდ, იციან, რომ ამგვარი დამოკიდებულების გამომჟღავნებით სოციალურ კიბეზე უფრო ზემოთ აიწევენ?

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს იშვიათად ეუფლებათ დეპრესიული განწყობა, ადვილად უმკლავდებიან სტრესულ სიტუაციებს, არ ეტანებიან ალკოჰოლს, არ ახასიათებთ უარყოფითი ემოციები, ნაკლებად აწუხებთ ფსიქიატრიული პრობლემები და, საზოგადოდ, კმაყოფილნი არიან იმით, რასაც ცხოვრება სთავაზობთ.

ასეა თუ ისე, ემოციების მართვას ბავშვობიდან ასწავლიან. „არ იტირო, სირცხვილია“, – ეტყვიან ბავშვს და ისიც ცრემლებს ყლაპავს. არავინ ეკითხება, რამ აატირა. მერე იტყვიან, უმიზეზოდ ტიროდაო. უმიზეზოდ კი არაფერი ხდება. ასე გაზრდილი ბავშვი ან ისწავლის ემოციების მართვას, ან ვერა. საკუთარ ემოციებში არათუ ბავშვები, ხშირად ზრდასრულებიც კი ვერ ერკვევიან.

ბევრმა სკოლამ, რომელსაც ინოვატორობის პრეტენზია აქვს, უკვე დანერგა ემოციური წიგნიერების გაკვეთილები: მოსწავლეები სკამებს წრეზე ალაგებენ და სხდებიან; მასწავლებელი თითოეულ მათგანს ეკითხება, როგორ გრძნობს თავს; ბავშვები მორიგეობით გადმოსცემენ თავიანთ გრძნობებს და განმარტავენ, რატომ აქვთ ასეთი შეგრძნება. ვისაც გრძნობების გაზიარება არ სურს, არ აიძულებენ.

ზოგ სკოლაში საკლასო ოთახების კედლებზე გამოკრულია ბავშვებისსურათებიანი პოსტერი. გაკვეთილის დასაწყისში და დასასრულს მოსწავლეები მიდიან თავიანთ სურათებთან და მის ქვეშ შესაბამისი ემოციის გამომხატველ ილუსტრაციას ამაგრებენ. მასწავლებელი აკვირდება ბავშვის ემოციების ცვალებადობას.

ასე ისწავლება განცდისთვის სახელის დარქმევა. დანიელ გოლემანი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის „ემოციური ინტელექტის“ პოპულარიზაციაში, წერს, რომ ემოციისთვის ზუსტი სახელის მისადაგება შინაგანი სამყაროს შეცნობას ნიშნავს, რაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა და ემოციების მართვის საწინდარია.

მართალია, ტერმინი „ემოციური ინტელექტი“ გოლემანმა გააცნო მსოფლიოს, მაგრამ ფსიქოლოგიაში მისი შემოტანა პიტერ სოლოვეისა და ჯონ მაიერის დამსახურებაა. დღეს ეს ცნება კამათის საგანია. ბევრი მას კომპეტენციად ან პიროვნულ თვისებად მიიჩნევს. სოლოვეი და მაიერი ასაბუთებდნენ, რომ საქმე გვაქვს უნარ-ჩვევასთან, რომლის დასწავლაც შესაძლებელია. მათი განმარტებით, ემოციური ინტელექტი არის ემოციების ამოცნობის, ამ ცოდნის გამოყენების და საკუთარი და სხვისი ემოციების მართვის უნარი.

 

როგორ განვუვითაროთ ბავშვებს ემოციური წიგნიერება?

გოლემანი მიიჩნევს, რომ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ საკუთარ შეგრძნებებზე დაფიქრება.

ოდითგანვე ცნობილია, რომ საკუთარი თავის შეცნობა – შინაგან სამყაროში აღძრული ფიქრებისა და გრძნობებისკენ ყურადღების მიმართვა – საკუთარი თავის მართვაში გვეხმარება. ფორიაქის დროს ყურადღებას თუ შინაგან სამყაროზე გადავიტანთ, მის მართვასაც შევძლებთ.

თავის ტვინი ახალ–ახალი გამოცდილების შეძენის კვალობაზე, გამუდმებით ვითარდება. ტვინის განვითარება ბავშვებთან განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს. 20 წლისთვის თავის ტვინის სტრუქტურა ფაქტობრივად ბოლომდეა ჩამოყალიბებული. ახალი გამოცდილება თავის ტვინის ნეირონების, ქსელის გააქტიურებას იწვევს, ეს კი ნეირონულ ქსელში ჩართული უჯრედების კავშირებს ან ასუსტებს, ან აძლიერებს. უჯრედშორისი კავშირების ამგვარ ცვლილებებს ნეიროპლასტიკურობას უწოდებენ და მეხსიერების საფუძვლად მიიჩნევენ.

ცნობილია, რომ ადამიანს გონება ხშირად ეფანტება და დიდხანს არ შეუძლია ერთ საკითხზე კონცენტრირება. თუ განსაზღვრულ საკითხზე ფიქრს გადავწყვეტთ, თანაც ისე, რომ გონება სხვაგან არ გაგვექცეს, როგორც კი შევამჩნევთ, რომ სხვა რამეზე ვფიქრობთ, მაშინვე შერჩეულ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ, ოღონდ ამისთვის ჯერ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სხვაზე გადავედით.

ეს ერთგვარი სავარჯიშოა თავის ტვინისთვის, ტრენაჟორებზე მუცლის სწორი კუნთის ვარჯიშის მსგავსი, ოღონდ ის გონებრივ „სპორტულ დარბაზში“ მიმდინარეობს და ყურადღების მოკრებას და ხელის შემშლელი ფაქტორების იგნორირებას გვასწავლის.

ნეიროპლასტიკურობა ვითარდება ნებისმიერი სოციალური და ემოციური დასწავლის დროს. ემპათიისა და საკუთარი თავის მართვის უნარიც შინაგანად ვითარდება და ყალიბდება ბავშვობასა და მოზარდ ასაკში.

ბავშვებს გაკვეთილებზე შეიძლება ვასწავლოთ იმპულსების შეკავება, განსაზღვრულ საკითხზე ფოკუსირება და ხელის შემშლელი ფაქტორების უგულებელყოფა. ამ უნარ-ჩვევების მქონე მოსწავლეებს უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვთ.

დასწავლა საუკეთესოდ მაშინ მიმდინარეობს, როცა ირგვლივ სიწყნარეა და ადამიანი ყურადღებითაა. თუ აწყენინეს, მისი ყურადღება დასასწავლ თემას ასცდება და წყენის მიზეზზე გადაინაცვლებს. ამიტომ არის, რომ ბავშვებს გაკვეთილზე სიმშვიდე სჭირდებათ, რათა დასასწავლ საკითხზე ფოკუსირება შეძლონ.

ემოციური ინტელექტი ნიჭია, რომელიც ყველას არ დაჰყვება თან, მაგრამ ამ ნიჭის შეძენა შესაძლებელია. თუ ემოციებში გარკვევას ვასწავლით, ბავშვებს ნამდვილად გავუადვილებთ ცხოვრებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Daniel Goleman. We Should Be Teaching Emotional Literacy in Schools
  2. Jochen Paulus. Eine emozionale Debatte
  3. Reinhard Pekrun. Emotionsand Learning.

პროფესიული განათლება ქართული მეღვინეობის სექტორში

0

საქართველოს შესწევს უნარი, ვაზის ადგილობრივი ჯიშებისგან აწარმოოს თავისებური, დამახასიათებელი ღვინო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით ქართული ღვინო აღიარებულია საერთაშორისო ბაზარზე. ევროპაში ქართული ღვინის გატანა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, მაგრამ რამდენიმე ქართველმა მეღვინემ ევროპისკენ ბილიკები უკვე გაჭრა და ეს იმედს გვიტოვებს, რომ მომავალში ამ ბილიკებზე ჩვენი თანამემამულე სხვა მეღვინეებიც გაივლიან.

ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი ყოველთვის იყო ღვინის დაყენების ქართული ტრადიციისა და ხარისხის დასავლური სტანდარტის ერთმანეთთან შერწყმა. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიური მევენახეობა-მეღვინეობის ახალდაარსებულ ფაკულტეტზე, ჰაილბრონის უმაღლესი სასწავლებლის ხელშეწყობითა და დახმარებით, უმაღლესი განათლება საერთაშორისო დონეზე იქნა აყვანილი და ეს მომავლის დიდ იმედს იძლევა.

სასიხარულოა, რომ ღვინოსთან დაკავშირებული ცოდნის გაღრმავების მსურველი ახალგაზრდების რაოდენობა საქართველოში საკმაოდ დიდია. შტაინბაისის ინოვაციის ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატები თავისთავად ევროპის ღვინის ქარხნებში დასაქმების გარანტიას არ იძლევა (თუნდაც სტუდენტს პრაქტიკა გერმანიაში ჰქონდეს გავლილი), თუმცა, გერმანელი ტრენერების განმარტებით, ევროპის ღვინის ქარხნები სერტიფიკატებზე მეტ მნიშვნელობას სტუდენტის რეალურ ცოდნას ანიჭებენ.

ამ ცოდნას კი ყველა ის ქართველი ახალგაზრდა მიიღებს, რომელიც არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ სწავლებაშიც გამოიჩენს თავს. თანამედროვე მსოფლიოში ღვინოსთან დაკავშირებული ცოდნის 60% – პრაქტიკულ, 40% კი თეორიულ მუშაობას მოიცავს, რაც ძირეულად განსხვავდება საბჭოთა განათლების სისტემისგან, რომელიც პრაქტიკოსი მეღვინეების ნაცვლად ხშირად თეორეტიკოსებს ზრდიდა და ასეთი „კაბინეტის მეღვინეები“ ღვინის დაყენების პრაქტიკულ პროცესებში ხშირად სრულიად ვერ ერკვეოდნენ.

კარგი პროფესიული განათლება ყოველი დარგის გრძელვადიანი წარმატების საფუძველია. ის მოიცავს როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ გამოცდილებასაც. ამიტომ დუალური პროფესიული განათლება ორივე ამ მოთხოვნას თანაბრად ასრულებს. გარდა ამისა, თავიდანვე უყრის საფუძველს ღირებულ პარტნიორულ ურთიერთობებს საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ღვინის კერძო კომპანიებს შორის. მუდმივი ცვლილებები საბაზისო ცოდნის გაფართოების საჭიროებას გულისხმობს. ისევე როგორც სხვა პროფესიებში, ამ პროფესიაშიც სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაშია აუცილებელი.

სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ბრენდის შესახებ ცოდნას და რა შეიძლება შესძინოს ამ კუთხით ევროპულმა გამოცდილებამ ქართულმა ღვინის სექტორს ღვინის ბრენდირების საკითხი დიდ ყურადღებას იმსახურებს და თუ ქართულ ღვინოს ევროპის ბაზარზე გასვლის პრეტენზია აქვს, უწინარესად სწორედ ბრენდების ზუსტი და ლოგიკური განსაზღვრა მოეთხოვება.

ცნობილია (და ბუნებრივიც), რომ მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი ღვინის შეძენის დროს ყურძნის ჯიშზე, ღვინის დაყენების ტექნოლოგიასა და სხვა ნიუანსებზე მეტ ყურადღებას სწორედ ბრენდს აქცევს, ამიტომ ღვინის ბრენდირება და შეფუთვა ისე უნდა მოხდეს, რომ არც მყიდველი დაიბნეს და ღვინის მწარმოებელმაც ზუსტად იცოდეს, რა სჭირდება მისი ღვინის პოტენციურ შემძენს.

წიგნიერების გაკვეთილები: ქართული ზეპირსიტყვიერება  

0

როგორც წინა წერილში აღვნიშნე, წიგნიერება ტიპური აკადემიური საგანი არ არის, თუმცა სწორედ ეს ნიუანსი განაპირობებს მასწავლებლის თავისუფლების ხარისხს სასწავლო მასალების შერჩევის დროს.

თუ წიგნიერების გაკვეთილების ჩატარება მოგანდეს, უპირველეს ყოვლისა, გადაავლეთ თვალი ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებს, რათა მოინიშნოთ საკითხები, რომლებიც მათ ავტორებს ყურადღების მიღმა დარჩათ. სასურველია, ქართული ენის მასწავლებელთან ინტეგრირებული გაკვეთილების ფორმატში ითანამშრომლოთ და იმ ავტორების უფრო ახლოს გაცნობის შესაძლებლობა მისცეთ მოსწავლეებს, რომლებიც, ასე ვთქვათ, გადარბენით ისწავლება. უმჯობესია, მეტი ყურადღება მიაქციოთ თანამედროვე ქართველი მწერლების შემოქმედებას, რადგან სახელმძღვანელოებში მათ იშვიათად წააწყდებით. ნურც მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებს დაივიწყებთ, რადგან არა მგონია, რომელიმე სკოლაში საზღვარგარეთული ლიტერატურის კურსი იკითხებოდეს. თუმცა მე რომ წიგნიერების გაკვეთილებს ვატარებდე, ახალ სასწავლო წელს ქართული ზეპირსიტყვიერების შესწავლით დავიწყებდი.

ეროვნული სასწავლო გეგმის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის მიხედვით, დაწყებით და საბაზო საფეხურებზე ფოლკლორი მწერლობასთან ინტეგრირებულად ისწავლება, მაგრამ სახელმძღვანელოებს თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ ზეპირსიტყვიერების ნიმუში იქ ცოტაა და მათ უმეტესობასაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ზღაპრები, ლექსები და ბალადები წარმოადგენს, მითები კი სახელმძღვანელოებში თითქმის არ შემხვედრია. ამ ტიპის ტექსტები მცირე რაოდენობით, მასწავლებლის დამხმარე მასალადაა შემოტანილი სასწავლო კურსში (მაგალითად, მეოთხე კლასში ერთ–ერთ ასეთ მასალად გამოყენებულია „თქმულება დუმაცხოს ზეგარდის წმინდა გიორგის ეკლესიაზე“ – კულტის დაარსების მითი). ცხადია, მასწავლებელს გაუჭირდება პარალელის გავლება ლიტერატურულ ტექსტებში აღმოჩენილ მითურ პერსონაჟებთან, რადგან მოსწავლემ თითქმის არაფერი იცის თარგამოსზე, ქართლოსსა და მცხეთოსზე, მორიგე ღმერთზე, დევებთან მებრძოლ კოპალაზე, აბუდელაურის ტბაში დევს ადევნებულ იახსარზე, გველეშაპთან შებმულ მექობაურზე, ხისბეჭიან ჯიხვზე, ვეშაპის სახსოვარ მცურავ ჯაჭვზე, ფუძის ანგელოზზე, ადგილის დედაზე, ბედის მწერლებზე, ალზე, კუდიანების (მაზაკვალების) მეთაურ როკაპზე, ოჩოპინტრესა და ტყაშმაფაზე…

ქართულ ფოლკლორში მრავლად მოიპოვება ხატებისა და ეკლესიების დაარსებასთან დაკავშირებული ლეგენდები, სამონადირეო, საისტორიო და სოციალური თქმულებები. ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს ერთმნიშვნელოვნად დაამშვენებდა ქართული ეპოსი, მაგალითად, „ამირანიანი“ (წინათ ისწავლებოდა, მერე კი პროგრამიდან ამოიღეს), „ეთერიანი“, „ტარიელიანი“, „როსტომიანი“ და სხვ. ეპოსი როგორც მხატვრული ფორმა სიუჟეტურ თხრობას ემყარება. ეპიკურია ისეთი მხატვრული ტექსტი, რომელიც რაიმე ამბავს მოგვითხრობს. მას შეიძლება ჰქონდეს როგორც სალექსო, ისე პროზაული ფორმაც. ჟანრობრივი მრავალფეროვნების გამო მისი შესწავლა, არქაული ცნობიერების გააზრებასთან ერთად, ტექსტის ფორმაზე დაკვირვების შესანიშნავი საშუალებაცაა.

მესმის, შეუძლებელია სახელმძღვანელოს შეზღუდულ ფორმატში ყველაფრის მოქცევა, მაგრამ მომავალ თაობას ფოლკლორთან, ჩემი აზრით, მეტისმეტად მცირე შეხება აქვს. არადა, ქართული ზეპირსიტყვიერების საგანძურში მრავლად მოიპოვება ნიმუში, რომელიც იდეალურ მასალას წარმოადგენს მხატვრული ტექსტის ანალიზის, ლიტერატურული პარალელების ძიებისა და, საზოგადოდ, ქართული ლიტერატურის უკეთ შესწავლისთვის.

ფაქტია, ქართულმა საზოგადოებამ უძველეს ბერძნულ–რომაულ თუ ეგვიპტურ რწმენა–წარმოდგენებზე გაცილებით მეტი იცის, ვიდრე ქართულზე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მაგალითად, მასალების ხელმიუწვდომლობა (ამგვარ სპეციფიკურ ლიტერატურას ქალაქის მთავარ ბიბლიოთეკაში თუ მოიძიებთ, საბავშვო გამოცემებში კი მხოლოდ რამდენიმე ყველაზე ცნობილი მითური პერსონაჟია წარმოდგენილი) და მცირე ინტერესი.

თუ ვინმე ისევ იკითხავს, რატომ უნდა ისწავლებოდეს ფოლკლორი სკოლებში, მის ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს მივაპყრობ:

  • ფოლკლორული ტექსტების სპეციფიკის აღქმა;
  • ფოლკლორის ანარეკლი ლიტერატურაში – ლიტერატურულ ტექსტებთან პარალელების გავლების შესაძლებლობა;
  • საინტერესო სიუჟეტური ქარგა;
  • ჟანრული მრავალფეროვნება (ზღაპრები, თქმულებები, ლეგენდები, ლექსები, შაირები, ოდები, პოემები, ბალადები…);
  • წარმართულ რწმენა–წარმოდგენებთან დაკავშირებულ თავისებურებებზე დაკვირვება.

დღეს თითქმის ყველა ქართული გამომცემლობის პროდუქციის ჩამონათვალში შეგხვდებათ „ქართული მითოლოგია ბავშვებისთვის“, რომელიც შეგიძლიათ დაწყებით საფეხურზე დამატებით საკითხავ მასალად გამოიყენოთ. მოზარდებს ამ წიგნების დამოუკიდებლად წაკითხვაც შეუძლიათ, მაგრამ ჯობს, ფოლკლორული ტექსტების გააზრებაში მათ მასწავლებელი დაეხმაროს, რადგან სპეციფიკური საბაზო ცოდნის გარეშე ძნელია მითებისა და ლეგენდების სათანადოდ აღქმა.

ქართველი ფოლკლორისტები თავდაუზოგავად მუშაობდნენ იმ ტექსტების მოსაპოვებლად, რომლებსაც დღემდე საზოგადოების მცირე ნაწილი თუ იცნობს. ყველა მათგანის ჩამოთვლა შეუძლებელია, თუმცა გვერდს ვერ ავუვლით მასალბს, რომლებმაც ყველაზე ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა ძველ ქართულ რწმენა–წარმოდგენებსა და ყოფა–ცხოვრებაზე. ზურაბ კიკნაძის „ანდრეზებში“ (ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში ანდრეზი ჰქვია ერთგვარ ზნეობრივ შეგონებას, სამაგალითოდ შემონახულ ამბავს ლაშქრობა–მესისხლეობის, გმირობისა და ლაჩრობის, თემის გადაწყვეტილებისა და სოციალური მნიშვნელობის სხვა შემთხვევების შესახებ) აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიურ–მითოლოგიური გადმოცემებია თავმოყრილი. ბატონი ზურაბის ნაშრომებიდან ასევე აღსანიშნავია „ქართული მითები I. ჯვარი და საყმო“, „ქართული ხალხური ეპოსი“ და „,ქართული ფოლკლორი“. საბაზო და საშუალო საფეხურებზე დამხმარე მასალად ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ თეიმურაზ ქურდოვანიძის ავტორობით გამოცემული „ქართული ზეპირსიტყვიერების საგანძურის“ სამტომეული, რომლის პირველი წიგნიც  – „თქმულება და ეპოსი“ – ქართველ მკვლევართა მიერ თავმოყრილი საუნჯიდან ამოკრებილი მარგალიტებისგან შედგება.

თუ ქართული ზეპირსიტყვიერების დამოუკიდებლად სწავლების საშუალება არ გაქვთ, შეგიძლიათ, პროექტის ფარგლებში მაინც აწარმოოთ დაკვირვება ფოლკლორისა და მხატვრული ლიტერატურის ურთიერთდამოკიდებულებაზე. სწორად მიწოდებულ მასალაზე დაყრდნობით მოსწავლე შეძლებს გაიაზროს, რომ ფოლკლორიც ლიტერატურის განუყოფელი ნაწილია, რადგან მხოლოდ ზეპირი გზით კი არ გადაეცემა, ჩაწერის, დამუშავებისა და ჟანრობრივი იდენტიფიკაციის შედეგად ფურცელზე ასო–ნიშნებითაც ფიქსირდება და მხატვრული ტექსტის სახეს იღებს. შესაბამისად, ქართულ ზეპირსიტყვიერებას არა მარტო მსმენელი, მკითხველიც სჭირდება. ამგვარი მიდგომა მოსწავლეს ფოლკლორისა და ლიტერატურის ერთიან პროცესად განხილვისა და თითოეული მათგანის სპეციფიკის აღქმის საშუალებასაც მისცემს. შეგიძლიათ, ყურადღება გაამახვილოთ უკუპროცესზეც (ლიტერატურული ნაწარმოების ზეპირსიტყვიერ ტექსტად ქცევა – ფოლკლორიზაცია), რომლის ნიმუშსაც ქართულ ლიტერატურაში ადვილად მოიძიებთ (მაგ., „ვეფხისტყაოსანი“ და „ტარიელიანი“).

ლიტერატურულ ტექსტებში ბევრი მითისა და ლეგენდის ნაკვალევს იპოვით.  განსაკუთრებით – საგმირო–სამონადირეო ეპოსისას. საკრალური ცხოველებიდან, რომლებთან შეხვედრაც ხშირად მონადირისთვის ფატალურად სრულდება, გამოირჩევიან ვეფხვი და ჯიხვი.

„ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისას ქართულ ფოლკლორში აუცილებლად აღმოაჩენთ რამდენიმე საინტერესო ტექსტს, რომლებიც ტარიელის და ვეფხვის სახეების გაშიფვრას საგრძნობლად გაგიადვილებთ. მაგალითად მოვიყვან სამონადირეო ეპოსის უძველეს ნიმუშს – „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“.

ვეფხვი საკმაოდ გავრცელებული სიმბოლოა მხატვრულ სააზროვნო სისტემაში. ის განასახიერებს ძალას, სისასტიკეს, მრისხანებას, სისხარტეს და სილამაზესაც კი. მას კონტრასტულობა ახასიათებს – სიცოცხლესაც გამოხატავს და სიკვდილსაც, ბოროტებასაც და სიკეთესაც. ვეფხვის სახე–სიმბოლო ხშირად გვხვდება ქართულ ფოლკლორსა და ლიტერატურაშიც. ვეფხვისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოწმობს მთაში გავრცელებული ვეფხვის დატირების ტრადიცია („რამდენი ზოლიც ჰქონია ვეფხის ტყავს, იმდენნაირი დატირება უნდა თქმულიყო“).

 

„იარებოდა დედაი

ტირილით, თვალცრემლიანი,

ჩემს შვილს გზად ვეფხვი შაჰყრია,

გაჯავრებული, ტიალი,

ჩემს შვილს – ხმლით, იმას – ტოტითა

დღე დაუბნელდათ მზიანი.

არც ვეფხვი იყო ჯაბანი,

არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვიანი,

მათ დაუხოცავ ერთურთი,

არ დარჩენ სირცხვილიანნი“.

 

როგორც ვხედავთ, მთაში გავრცელებული ტრადიციის თანახმად, მოყმის დედა შვილთან ერთად მის მეტოქესაც გლოვობს, თუმცა ისიც ეამაყება, რომ ვეფხვებთან მეომარი ერთი ვაჟი მაინც გაზარდა.

ხმით ნატირალის როგორც სპეციფიკური პოეტური ტექსტის უკეთ გასააზრებლად სასურველია მისი ერთ–ერთი ნიმუშის განხილვაც:

 

„ჩემ შვილ რად უნდა სამოსელი?

ჩოხა გახადეთ, გადაუგდეთ,

მიწის სამოსელ შაუკერეთ,

სარჩულად მოთქმა დაუდევით,

ცრემლები ღილად დაუკერეთ,

სამარეს პირი გაუკერეთ

ჩემი ცრემლების ძაფებითა,

ხავერდოვანი ბალახითა.

სამარევ, პირი დაიბანე

მწუხარე დედის ცრემლებითა,

მიწაო, შვილი შამინახე,

შენ შემოგჩივი ვედრებითა“

(„სიკვდილო, შვილი გაგიზარდე“)

 

შედარებითი ანალიზისთვის ასევე შეგვიძლია მოვიშველიოთ ვაჟა–ფშაველას პოემა „დაჭრილი ვეფხვი“, სადაც პოეტმა ხალხური ბალადის საპირისპირო სიუჟეტი განავითარა.

ვეფხვზე ნადირობა უმეტესად წმინდა ცხოველის მოკვლას მოსდევს დამსახურებულ სასჯელად. თუმცა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ყველაზე გავრცელებულ ცხოველზე – ჯიხვზე ნადირობაც არ გახლავთ ადვილი:

 

„ჯიხვების გადავლილი კლდე

რო ნახო, გაგიკვირდება…

იმათ ნაწოლსა, ნადგომსა,

თოლი არ მაეკიდება.

ფეხ რო მაუსხლტეს ტიალსა,

კლდეზე რქით დაეკიდება“.

(„ჯარჯი“)

 

იშვიათად გადარჩენილა ჯიხვს ადევნებული მონადირე. მოკლული ნადირის სიმრავლე „კაი ყმობის“ საბუთია, თუმცა „გაბუდაყებულ“ ვაჟკაცს (მაგ., ვაჟა–ფშაველას „მონადირე“) ნადირთა პატრონის რისხვა არ ასცდება:

 

„ჯიხვებს ნუ ჩასდევ, კვირიკავ,

ჯიხვებს, ფადუხის კლდირებსა;

ჩაგივლენ ტანიაშია,

ჯარს ჩაგიწყობენ რქისასა;

თანაც შენ ჩაგიყოლებენ,

ჩხერს ჩაგაჭრიან კლდისასა“.

(„ზენ ბაცალიგოს“)

 

რაკი სამონადირეო ეპოსს შევეხე, ნადირთა მფარველებზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას.

ნადირთპატრონია ოჩოპინტრე. მის შესახებ გადმოცემები უფრო აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული. ვარაუდობენ, რომ სახელის პირველი ნაწილი (ოჩო) ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას – ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე (პინტე, პინტრე) – ბერძნულ პანს. ოჩოპინტრეს თითოეული ცხოველის სული აბარია. მონადირე სწორედ მას ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას სთხოვს. ხევსურთა რწმენით, თუ მონადირე ოჩოპინტრეს ძმად გაეფიცება, შეუძლია, ნადირთპატრონის დახმარების იმედი ჰქონდეს. ასეთი მონადირე შინ მუდამ უხვი ნანადირევით დაბრუნდება, მაგრამ თუ ოჩოპინტრესთან დაძმობილების საიდუმლო გაამჟღავნა, ნადირთა მფარველი მას სასტიკად დასჯის.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ნადირთპატრონებად ითვლებიან აგრეთვე ოჩოკოჩი, ბოჩი, აჟვეფშაა, მამბერი, ანთარი, წმ. გიორგი.

მატრიარქატის ეპოქაში ნადირთა მფარველმა ქალის სახე მიიღო (დალი, ტყაშმაფა, აჟვეფშაას ქალიშვილები). ხალხის წარმოდგენით, ის ლამაზი, ოქროსთმიანი ქალი იყო, წყვილდებოდა ჭაბუკ მონადირეებთან, სამაგიეროდ კი ნადირობაში უმართავდა ხელს. თუ მონადირე ქალღმერთს ინტიმურ კავშირზე უარს ეტყოდა, დიდი განსაცდელი ელოდა – დალი კლდიდან გადაჩეხავდა ან გზა–კვალს აურევდა. იღბლიანები კი ღვთაებას ნანადირევიდან კუთვნილ წილს სწირავდნენ.

მონადირის მიმართ ნადირთპატრონების კეთილგანწყობა ვლინდება თქმულებაში ხის ბეჭზე, რომელშიც ასახულია შეჭმული ნადირის ძვლების მოკრეფისა და ცხოველის გაცოცხლების უძველესი რიტუალი. თქმულების სხვადასხვა ვარიანტი ჩაწერილია რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში, ხევსურეთსა და თუშეთში, მაგრამ უძველესად ხევსურულს მიიჩნევენ. გავიხსენოთ ძვლის სიმბოლიკაც: უძველესი რწმენა–წარმოდგენების თანახმად, ადამიანი ძვლებისა და სისხლისგან იქმნება. ძვალს საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს ხალხურ ზღაპრებშიც – თევზის ფხაზე ალვის ხე ამოდის, ძროხის ძვლებისგან რაში ცოცხლდება და ა.შ.

სიტყვა გამიგრძელდა, თუმცა ეს წერილი წვეთია ქართული ფოლკლორის უკიდეგანო ზღვაში. ამბობენ, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველიაო. ჰოდა, მეც კარგად დავიწყებული ძველის განახლების იმედით დაგემშვიდობებით.

ტახის ქელეხი

0

 

უცნაურად ვიწყებ. ალბათ, ბევრი გავაკვირვე არაორდინარული სათაურით. დღეს მინდა, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის მიზნებსა და ამოცანებზე მოგიყვეთ. სისტემას კავკასიის ტერიტორიაზე მოქმედი რამდენიმე კერძო უნივერსიტეტის მაგალითზე განვიხილავ. დასაწყისშივე დავესესხები გენიალურ ინგლისელ მწერალს, ვირჯინია ვულფს, რომელიც თავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაშრომს, „საკუთარ ოთახს“, ამ სიტყვებით იწყებს: „უზუსტობებს უხვად გადმოვაფრქვევ, მაგრამ ცოტ-ცოტა სიმართლესაც გავურევ; თქვენ უნდა მოიძიოთ აქა-იქ გაბნეული სიმართლე და განსაჯოთ, ღირს თუ არა, დაიმახსოვროთ. თუ ვერაფერი აღმოაჩინეთ, რასაკვირველია, მოისვრით სანაგვეში და დაივიწყებთ“.

როგორ იქმნება კავკასიის რეგიონში კერძო უმაღლესი სასწავლებლები?

ჩვენს სივრცეში უნივერსიტეტის დაარსების უამრავი გზა არსებობს. ცოდნის კერის დასაფუძნებლად ყველაზე ხელსაყრელია ყოფილი სახელმწიფო დაწესებულების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ან სკოლის იაფი პრივატიზაცია. ხშირად თავად ბანკებიც, ჩვენი ეპოქის ყველაზე ძლევამოსილი სტრუქტურები, ქმნიან თავიანთ აკადემიებს თითქმის მუქთად ხელში ჩაგდებულ მიწის ნაკვეთებზე. არამხოლოდ მდიდრებს – უფულო ადამიანებსაც შეუძლიათ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვა. მათი მეთოდი, ერთი შეხედვით, მარტივია – ისინი ქმნიან არააკრედიტებულ კოლეჯებს, დიპლომზე მონადირე მშობლებს ატყუებენ და შვილებისთვის უგამოცდოდ სახელმწიფოს მიერ აღიარებული ფურცლის მოპოვებას პირდებიან. ისინი ხელმოკლე მოქალაქეებს ფარატინა ქაღალდში მილიონებს ახდევინებენ. სანამ მშობლები სიმართლეს გაარკვევენ, უნივერსიტეტთა დამფუძნებელი მამები მიწას ყიდულობენ და მასზე სასწავლო კოშკებს აგებენ. იმ დორისთვის კი, როცა გაბრაზებული მშობლები მოცვივდებიან, ნაგებობა უკვე დაგირავებულია. ბანკის ვალის გადახდა სწავლას მოწყურებულთა ახალი ნაკადის ხარჯზე მოხერხდება. შესაბამისად, მოტყუებულთათვის თანხის უკან დაბრუნება პრობლემა არ არის. ხშირად დამფუძნებლებს უფრო მეტადაც უმართლებთ – კოლეჯის სტუდენტები ეროვნულ გამოცდებს აბარებენ და ახალ უნივერსიტეტში აგრძელებენ სწავლას. ამ შემთხვევაში მშობლებს ფულს აღარ უბრუნებენ, პირიქით, შესაძლოა, უფრო მეტი თანხაც გადაახდევინონ, რადგან იგივე პედაგოგები და სტუდენტები უკვე გარემონტებულ შენობაში აგრძელებენ საქმიანობას. კოლეჯიდან უნივერსიტეტად დაწინაურებისთვის რემონტი შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს.

მრავალსართულიანი საუნივერსიტეტო შენობების ინტერიერის დიზაინში უმაღლესი განათლების სისტემის კონცეფციაა ჩადებული.

უნივერსიტეტის ქვედა სართულების კედლებს ამერიკული ასდოლარიანის გამოსახულებები ამშვენებს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სისტემის არქიტექტორისთვის უმაღლესი განათლების მთავარი მიზანი ადამიანის თვითშემეცნება, სამყაროში საკუთარი ადგილის, როლისა და ფუნქციის პოვნა კი არა, ბაზარზე მტკიცე პოზიციის მოპოვება და ფულის მოხვეჭაა. სტუდენტმა იმისთვის უნდა ისწავლოს, რომ მდიდარი გახდეს.

რაში უნდა გამოიყენოს კურსდამთავრებულმა თავისი ცოდნით მოხვეჭილი ასდოლარიანები?

ამ კითხვაზე პასუხი მომდევნო სართულების მორთულობაში შეგვიძლია ვეძებოთ. აუდიტორიები ქალის სხეულისა და ტუჩების კონტურებით არის დამშვენებული. ამ სართულების კონცეფციას მეცნიერები ალბათ უტილიტარიზმს უწოდებდნენ. რთული ფილოსოფიური წიაღსვლა რომ არ გამომივიდეს, ტერმინის მნიშვნელობის გასაგებად ლექსიკონში ჩავიხედოთ: „სოციალურ მეცნიერებებში სარგებლიანობის თეორიის ერთ–ერთი ვარიანტი. მისი პრინციპია სოციალური ცხოვრებისა და პროცესების განხილვა სარგებლიანობასთან მიმართებით, შესაბამისად, ყველა არსებული ურთიერთობის სარგებლიანობისთვის დაქვემდებარება. უტილიტარიზმს დასაბამი მისცა ბენტამის თეორიამ, რომელშიც ყოველგვარი მიმართების ერთადერთი შინაარსი სარგებლიანობაა. ბენტამი სარგებლიანობას აიგივებდა სიამოვნებასთან, ტკბობასთან და მიაჩნდა, რომ ზნეობრიობის საფუძველი უნდა იყოს „რაც შეიძლება მეტი ადამიანის სწრაფვა რაც შეიძლება მეტი სიამოვნებისკენ“. უფრო მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, დაგროვილი ასდოლარიანები სიამოვნებისთვის, მაშასადამე, ცოდვისთვის უნდა დაიხარჯოს.

სიამოვნება რომ ცოდვად განიხილება, ამას შენობის უკანასკნელ სართულზე განთავსებული დიდი სამლოცველოც ადასტურებს. განათლების შედეგად მოპოვებული ფულით მიღწეულ ტკბობას მონანიება სჭირდება.

გაგიკვირდებათ და შენობაში სამოთხის იდეაც არის ჩადებული. სამოთხესთან ცათამბჯენის ვერანდა უნდა ასოცირდებოდეს. ვერანდაზე წელიწადში რამდენჯერმე „ტახის ქელეხი“ ეწყობა. ყველაზე მდიდარი და გავლენიანი პირი ტახს მოინადირებს ან სხვას მოანადირებინებს ჩალის ფასად. დაკლული მხეცი ამწეთი ააქვთ სახურავზე და ოქროს კავზე კიდებენ. წვეულებას მხოლოდ ყველაზე მორჩილი და ყველაზე ცნობილი ადამიანები ესწრებიან. იქ მხოლოდ რჩეულები ხვდებიან. სტუმრები და მასპინძლები საკუთარი ხელით ამზადებენ „ბარბექიუს“ და შეექცევიან უნივერსიტეტის ეზოში გაშენებული ვენახისგან დაწურულ ღვინოს. განათლების სისტემაში ჩაბმული ყველა პირი ოცნებობს იქ მოხვედრაზე, რადგან „ტახის ქელეხი“ სასუფევლის ანალოგიაა.

მაშასადამე, განათლების მიზანი ფულის მოპოვებაა. ამ ფულით ჯერ ყველაფერი უნდა გამოსცადო, მერე ცოდვების გამოსასყიდად ინდულგენცია შეიძინო. სამოთხეში კი ულევად გექნება შემწვარი ტახის ხორცი.

ზემოთ მოთხრობილი ამბები თბილისსა და ერევანში შევიტყვე. ეს არ არის ერთი კონკრეტული დაწესებულების ტრაგედია – დაახლოებით ასეთივეა მთელი განათლების სისტემა საქართველოშიც და სომხეთშიც. უბრალოდ, რამდენიმე სკოლის მაგალითზე პრობლემები განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ხოლმე. მე არავის ვაკრიტიკებ, არავის განვსჯი, მხოლოდ ჩემი ძველი თანამებრძოლის, სოფო შუბითიძის სიტყვების გამეორება მინდოდა: „განათლება არის ღირებულება, ღირებულება თავისთავადი და უქვემდებარო არსია, ამდენად, შეუძლებელია, ღირებულება იყოს საშუალება. განათლება თავად არის მიზანი“.

გეომეტრიული ოპტიკა

0

ოპტიკა შეისწავლის სინათლის გავრცელებას, აგრეთვე მის როგორც ელექტრომაგნიტური ტალღის თვისებებს. სინათლის ტალღურ თეორიას, როგორც ცნობილია, საფუძვლად უდევს ჰიუგენსის პრინციპი, რომელიც საშუალებას იძლევა, დროის მოცემულ მომენტში არსებული ტალღური ფრონტის მიხედვით განისაზღვროს ტალღის მდებარეობა დროის მომდევნო მომენტებში. ამ პრინციპის თანახმად, ტალღური ფრონტის წერტილი თვითონვე წარმოადგენს მეორეული სფერული ტალღის წყაროს. ასეთი მეორეული სფერული ტალღების მომვლები ზედაპირი კი განსაზღვრავს ტალღურ ფრონტს დროის მომდევნო მომენტში. ჰიუგენსის პრინციპი იმის საშუალებასაც იძლევა, აღვწეროთ სინათლის ტალღის ქცევა ორი გამჭვირვალე გარემოს გამყოფ ზედაპირზე. გეომეტრული ოპტიკის ფარგლებში განვმარტავთ სინათლის სხივს, რომელიც წარმოადგენს სინათლის ტალღის ფრონტის მართობულ სხივს, გავლებულს სინათლის გავრცელების მიმართულებით.

ვრცლად

გეომეტრიული ოპტიკა

   მეტაფორების ფეიერვერკები – ლია სტურუას პოეზია

0

პავლე მოციქული ერთგან ამბობს: „ის აღტაცებულ იქნა სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს, რომელთა გამოთქმა ნებადართული არა აქვს ადამიანს“ (კორინთელთა მიმართ, მეორე წერილი). ვფიქრობ, ლია სტურუასთვის პოეზიის სივრცე ერთგვარი სამოთხეა, რომელშიც ღვთის ძალითა და ნებით „აღიტაცება“ და ისმენს „გამოუთქმელ სიტყვებს“, მერე კი მკითხველთათვის „ათარგმანებს“, ეს არის მისი ჯილდოცა და სასჯელიც. ჯილდო, რადგან შეუძლია საიდუმლოს მოსმენა და სასჯელი, რადგან არ არსებობს იმაზე მეტი ტანჯვა, რასაც პოეტი „გამოთქმის“ სრულყოფაზე ფიქრისას განიცდის, თანაც „აკრძალულს“ ეხება.

„დაო ნუშის ხეო, მიამბე რაიმე ღმერთზე“. ასე მიმართა ფრანციზ ასიზელმა, მეცამეტე საუკუნის მისტიკოსმა და პოეტმა ბერმა დამზრალ ხეს და „ნუშის ხე აყვავდა“. ეს იყო მშვენიერი და გულშიჩამწვდომი, სასწაულებრივი პასუხი გულის სიღრმიდან ამომსკდარ შეკითხვაზე.

ასე პასუხობს პოეტი მშვენიერი ლექსებით მკითხველს, რომელიც მას სწორედ ამგვარად მიმართავს და მზადაა ყურის დასაგდებად, ოღონდ გულისყურითა და გულის თვალებით მოსასმენ-დასანახად. ლია სტურუას პოეზიაში ყველა ის გამოცდილებაა, რომელიც პოეტურ ტრადიციაში არსებობს. მის შექმნაში წვლილი აქვთ აღმოსავლეთისა და დასავლეთის სხვადასხვა დროის პოეტებს.

მას აქვს ექსპრესიონისტული მსოფლგანცდა, რადგან ყოველივეს სულის პრიზმაში გარდატეხს. აბსტრაქტული სახეებით არის გაჯერებული მისი ლექსები. ერთ ლექსში „ქართულის გაკვეთილები“ რომ ჰქვია, წერს, როგორ აღელვებდა „შუშანიკის წამებიდან“ ზაფხულის აღწერის ეპიზოდი და როცა კითხულობდა; „ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი“ — იხიბლებოდა არა აზრით, არმედ ფერითა და მუსიკით. მასწავლებელი კი გულგრილად დაეძებდა დედააზრს და გრამატიკულ ფორმებს არჩევდა, ე.ი. სულსა და ხორცს აცლიდა სიტყვებს. პოეტი წერს:

„მათ მეხუთე საუკუნისგან უპიროვნო

და უხორცო სივრცე აშორებდათ,

მე კი ვგრძნობდი, რომ

სივრცესაც აქვს სისხლი“. და ამ შეგრძნებას ამგვარი არჩვეულებრივი მეტაფორით „აღრმავებს“ ზემოთ ნახსენები ფეიერვერკულობით;

„ყაყაჩოებიანი მინდორი რომ წარმოიდგინო თოვლზე,

ოღონდ მინდორი რომ გამოაცალო

და ყაყაჩოები დატოვო“.

და თუ მკითხველი დაუჯერებს და მიჰყვება პოეტს, აუყვება წარმოსახვის აღმართს, სვენებ-სვენებით, მაგრამ ჯიუტად, მალე პოეტთან ერთად აღმოჩნდება ულამაზეს მწვერვალზე, ხელით შეეხება აბრეშუმის ლაჟვარდს და შეიგრძნობს რაღაც არაჩვეულებრივს და გამოუთქმელს. ეს სიზმრისეული სიმსუბუქე და განცდილ სახეთა მრავალმნიშვნელოვნება ცოტა ხნით „სხვად აქცევს“ მკითხველს და პოეზიის ტკბობის ნეტარებას განაცდევინებს.

ლია სტურუას პოეზია გაჯერებულია იმპრესიონისტული სახეებით. ფერი მის სტრიქონებში ლაპარაკობს, ფერმწერისთვის დამახასიათებელი კონცეპტუალურობით არის აღბეჭდილი ყოველი ფერადოვანი მონასმი. ერთ ლექსში „გარდაცვალება“ ასეთი სახეა: ‘

„მოულოდნელად გამოეღვიძა:

შავ და უაზრო უკუნეთში თეთრი პეპელა შემოიჭრა —

მუსიკის ხელი,

ჩაძირული ბატისტის რუშებში…

ცაზე გაფატრული ორღანი ეკიდა

და მარმარილოს მკვეთრი თითები

მუსიკის წრეს აქუცმაცებდნენ,

ხოლო მაჯიდან ბატისტის თეთრი პეპლები ცვიოდა“.

აქ მეტაფორები ისე ხმაურობენ, თითქოს ჩანჩქერის შუაგულში იდგე და ერთად გრძნობდე ყველა იმ ხმას, რომლებიც სიცოცხლეში მოგისმენია. წყლის შხეფებზე მოთამაშე მზის სხივების ცისარტყელებმა კი ერთად მოაზღვავონ ყველა ფერი. ეს არის გამოღვიძება: ფერების, ხმებისა და სურნელის წიაღში შეჭრა, სამყაროსთან შერწყმა, მის ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტად თავის შეგრძნება, აქ აღარც სიხარულია და აღარც ტკივილი და საერთოდ აღარავითარი გრძნობა, მხოლოდ ნეტარება, რომელსაც სიყვარული ჰქვია ადამიანურ ენაზე.

ვინ ასწავლა პოეტს ამგვარი ფიქრი? ვინ მიუძღვება სიტყვაში დაფარული სამოთხისა და ჯოჯოხეთისაკენ? ხან ვინ და ხან ვინ — რუსთაველი და ვაჟა ფშაველა… ვაგნერი და მოცარტი… ფიროსმანი და ვან გოგი… რემბო და ბოდლერი… და აღარ გვიკვირს ლია სტურუას „ნათესაობა“ სიმბოლისტებთან და ისე გადაეწვნება ერთმანეთს სიმბოლო და მეტაფორა, ვეღარ არჩევ, სად ერთია და სად მეორე. როგორც ცნობილია, რემბო პოეტს ნათელმხილველად მიიჩნევდა და წერდა: „პოეტი შედის შეუცნობელში და თუ საკუთარი ხილვებისა თავადაც აღარ გაეგება, დაინახა მაინც უხილავი. დაე, დაიღუპოს გაუგონარ და სახელდაურქმეველ საგნებში თავისი უზარმაზარი ნახტომისაგან“.

ლია სტურუას პოეზიაში იგრძნობა ამგვარი „ნახტომებით“ მოგვრილი ერთგვარი ექსტაზი, როდესაც პოეტი მეტაფორათა უწყვეტ ნაკადში ჩაიკარგება და მერე სადმე მოულოდნელად ამოყვინთავს „განახლებული“ და თვითონვე გაოცებული, თითქოს სიზმრიდან ახლად გამოღვიძებული და ცდილობს მოუყვეს მკითხველს განცდილ-ნანახის შესახებ. ამ „გადმოცემისას“ კი ქმნის სრულიად ახალ წყვილებს აქამდე დაუკავშირებელ საგანთა და მოვლენათაგან.

ერთ ლექსში, „ქალაქის მსხვერპლი“ რომ ჰქვია, პოეტი ხატავს გულგრილ, ფუტურო ადამიანებს, რომელთაც დაჩლუნგებიათ სილამაზის შემჩნევისა და აღქმის უნარი. მათ აღარ ახსოვთ ნეტარება გაოცებისა:

„მაგრამ რომელიმე მათგანს რომ დაესიზმროს

ისეთი მკაფიო წერო,

თითქოს მწვანე მინდორს გვირილა უჭირავს ხელში

და ერთი წუთით შეაჩეროს

ნაჯახივით წინ გაშვერილი შუბლი,

მერე ვეღარასოდეს უცხოსავით ვეღარ ჩაივლის…“

ლია სტურუას ლექსების კითხვა ნიშნავს, რომ ისწავლო პოეზიის ენა, გაიწაფო პოეტურ აზროვნებაში, განსხვავებულად აღიქვა სამყარო. იგი სიტყვის ჯადოქარს ჰგავს, სიტყვისგან მეტაფორის სასწაულებს ქმნის და პოეტის „უკუღმართი ტვინით“ გვაჯერებს, რომ

„ბულბულმა მოკლა ეკალი,

ისეთი გავარვარებული მკერდით შეასკდა“.

სახელი ლია სტურუასი თანამედროვე პოეზიის სინონიმად წარმომიდგება, და არა მხოლოდ ქართული პოეზიისა, რადგან მის შემოქმედებაში წარმოჩენილია ყველა ის ნიშანი, რომლებიც თანამედროვე პოეზიას ახასიათებს.

ლია სტურუა თანამედროვეა არა მხოლოდ ჩვეული, არამედ, აგრეთვე, ელიოტისეული თვალსაზრისითაც. იგი ფიქრობდა, რომ თანამედროვეობა გულისხმობდა წარსულის გამოცდილების ათვისებას და მასზე ახლის დაფუძნებას. ლია სტურუას პოეზიაში ირეკლება წარსულის მემკვიდრეობა, ტრადიცია. ძველის ცოდნა და გადააზრება. ეს მისი ღრმა ფესვებია. ლია სტურუა ლექსის დიდოსტატია — ვერლიბრისა თუ კონვენციური ლექსისა. ამაზე მეტყველებს მისი თავისუფალი ლექსები და სონეტები. სონეტი ხომ პოეტისგან განსაკუთრებულ სმენას, დახვეწილობასა და ელეგანტურობას მოითხოვს. სხვაგვარად სონეტი გარკვეულ ჩარჩოში მოქცეულ სტრიქონთა გარითმულ რიგს დაემსგავსება.

ლია სტურუას პოეტური აზროვნების საყრდენია მეტაფორა. იგი მეტაფორაში მოაქცევს ყველა სასიცოცხლო ძალას და მეტაფორითვე ავლენს თავის დამოკიდებულებას გარე სამყაროს მიმართ. მისი დიალოგის ენა მეტაფორულია და მკითხველისგან გარკვეულ მზაობას მოითხოვს, რომ სრულყოფილად მიუხვდეს და ჩასწვდეს მისი ლექსის ემოციასა და აზრს.

მისი პოეზიისთვის დამახასიათებელია ორიგინალური მეტაფორების ფეიერვერკები, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი ლექსის დრო-სივრცეში მოულოდნელად შემოჭრილი ელვარე მეტაფორა თითქოს ჯაჭვური რეაქციით იწვევს მეორეს, მეორე მესამეს და წარმოიქმნება ფერადოვანი ქსოვილი მხატვრული სახეებისა, რაღაც აბსტრაქტული და სიურრეალისტური სურათი იხატება, ერთმანეთში გადახლართული სიმბოლოებით. აი, ერთი მაგალითი:

„ზაფხული მიდის, ოქროს ძაფები ისე წყდება,

თითქოს დღე გაიხია და არავის არ სცალია,

გვირისტი დაადოს, ჭრილობა შეუხვიოს,

მე იმით ვარ დაკავებული,

რომ ფრთხილად მომაქვს ჩემი ჩამავალი მზისფერი თმა,

იოანე ნათლისმცემლის თავივით

(ნუთუ შეიძლება კაცი გიყვარდეს

და მის სისხლში ამოივლო გარეგნობა?)

ზაფხული ილევა, მაგრამ ოთახები,

ჯერ კიდევ გარეთ გადიან

ყველა ფანჯრიდან, გასაღებების აცმა

კითხვის ნიშნებივით კიდია კედელზე.

თავი ფიქრობს სისხლზე, რომელიც აღარ მიეწოდება,

რადგან ძარღვებში შედედებული დარდი ჩადგა…

ზაფხული მიდის, ვიღა გვასწავლის

ჩამავალი მზის ანატომიას?“

მისი ლექსების რთული და მრავალწახნაგოვანი სახეები ერთმანეთს იწვევენ, ეწყვილებიან და ახალ პოეტურ გამოცდილებას აზიარებენ მკითხველს. თანვე, ამგვარი წარმოჩენა სამყაროსი ერთიანობაში განაცდევინებს მკითხველს ხილულსა და უხილავს. ასე ვლინდება ზოგადი უნივერსალური კანონზომიერებანი, უპირველესად კი სიკვდილი და სიცოცხლე, სიკეთე და ბოროტება, რწმენა და ურწმუნოება, სიყვარული და სიძულვილი.

როგორც აღვნიშნეთ, მისი პოეტური აზროვნების საყრდენია მეტაფორა. მის სულში სამყარო მეტაფორებით ირეკლება და ამ გზითვე გამოათარგმანებს მკთხველისთვის. ლია სტურუა ბუნებით ესთეტია. ის მშვენიერებად აქცევს ყოველივეს, რისკენაც ფიქრს წარმართავს და რასაც მხატვრული სახეებით მოიხელთებს. იგი წერს კიდეც ერთგან, „სინატიფე მომისაჯესო“. ამ თვალსაზრისით, მოდერნისტებს წააგავს, მისთვის ახლობელია უაილდისეული ესთეტიზმი. ის არ ცნობს სიმახინჯეს, მისთვის ყოველივე და, მათ შორის, უსახურებაც, არტე-ფაქტად იქცევა და კეთილშობილდება.

ლია სტურუა მეტაფიზიკოსია. პოეზიით ცდილობს და ახერხებს კიდეც სიტყვათა მიღმა გასვლას, როგორც გრიგოლ რობაქიძე იტყოდა, სიტყვათა ასტრალურ სხეულებს მოიხელთებს, ემოციასა და ინტელექტს ისე შეაზავებს, რომ ზღვრის დადგენა ჭირს.

სიტყვა მის პოეზიაში სუნთქავს, ფეთქავს, იზრდება და ფერად, მუსიკად თუ სურნელად გარდაიცვლება, რათა კვლავ ახლიდან იშვას და ლექსების პოეტურ განზომილებაში გააგრძელოს მარადიული და უსასრულო ცვალება.

სიტყვა ლია სტურუას პოეზიაში ღმერთია, პირველითგან რომ იშვა. სიტყვა მისთვის ხსნაა. ამ გზით აღწევს იგი თავს მატერიალურ სამყაროზე მიჯაჭვულობას. ის ინტელექტუალი პოეტია, ჯონ დონისეული მეტაფიზიკური მედიტაციებით რომ ცდილობს სამყაროს მთლიანობაში გააზრებას, დაფარული კანონზომიერებების მოხელთებასა და აღბეჭდვას.

ლექსი მისთვის თვითონვეა ერთგვარი შემოქმედი, რომელიც შექმნის პროცესშივე იძენს დამოუკიდებლობას და თვითონ კარნახობს პოეტს ცხოვრებას. რემბო წერდა: „შეცდომაა თქვა: მე ვფიქრობ, უნდა ითქვას: მე მფიქრობენ“. რაღაც ამდაგვარი შეიგრძნობა ლია სტურუას პოეზიაში, იგი გადმოგვცემს, რას ფიქრობს მასზე ჰაერი, ღრუბელი, წიგნი თუ ხე… თვითონ გამტარივითაა, მედიუმივით, ჩვენამდე მოაქვს “უსულოთა და უასაკოთა“ ვნებანი (გალაკტიონი: „ყვავილებს მე ვესიზმრებოდი“, ტიციანი: „ლექსი თვითონ მწერს“…).

პოეტი გალაკტიონისადმი მიძღვნილ ერთ ლექსში წერს:

„მზესუმზირების კაშკაშა თავებს

დღე შემოჰყავთ ქვეცნობიერის უკუნეთში,

რომელიც არის ღმერთი“.

ამ სტრიქონების მიხედვით, დღე ღვთის სიმბოლოა, რომელიც უკუნეთს, გონებისმიერსა თუ სამყაროულს, „განანათლებს“. ე. .ი. ლექსი სიცოცხლეა, მეორედ შობაა ახალ სამყაროში. თვითონ სამყაროც ხომ მეტაფორაა, ამიტომ მასზე შექმნილ წიგნთაწიგნში „ბიბლიაში“ სწორედ იგავურ-მეტაფორულად არის გადმოცემული არსებობის აზრი.

ღვთის თანაზიართაგან ლია სტურუასთვის გალაკტიონია სამყაროს უპირველესი მესაიდუმლე, ამიტომაც სწორედ მისმა პოეზიამ შეაგრძნობინა ჭეშმარიტება:

„მან იცის პასუხი უპასუხო შეკითხვაზე:

როგორ შეიძლება ერთი ლექსით,

ისევე როგორც ერთი პურით და ერთი თევზით

ათასობით კაცი გააძღო“.

ველის შროშანებზე მოსაუბრე მარადი ბავშვი — უფალი — რჩეულებს აზიარებს ამ „ცოდნას“, რომელიც სასწაულივით იფეთქებს ხოლმე ასწლეულებში ერთხელ რომელიმე შემოქმედში. ამ სასწაულს დამნახავიც რჩეული ჰყავს — ამჯერად ლია სტურუა, რომელიც არა პურითა ხოლო, არამედ პოეზიით საზრდოობს, უპირველესად, და თვითონვე „მოიმკის ამგვარ მოსავალს“ სხვათათვის.

მიხეილ ჯავახიშვილი წერდა: „ნეტარ იყვნენ ტანჯულნი მხატვრული სიტყვისთვის, რამეთუ მათი არს გული ყოველთა მკითხველთა“.

ლია სტურუა ჩვენი დროის ამგვარი „ტანჯულია“, რომლის პოეზიას მკითხველი მწყურვალივით დაეწაფება.

ერთი ხელნაწერის ამბავი

0

ამბის მოყოლა ალბათ იქიდან უნდა დავიწყო, როცა მინიატურებიანმა, ლამაზყდიანმა წიგნმა საკუთარი თავი ეტლში აღმოაჩინა.  ჰო, ასე, უბრალოდ, თანამგზავრების გარეშე.  მარტო აღმოჩნდა ტფილისური ეტლის ოდნავ გადაქექილ სავარძელზე.

წერეთლის ვაჟმა, ფრიდონმა, „ვეფხისტყაოსნის“ არა, ისე, ფრიდონმა… ხელნაწერი საჩხერიდან თბილისში ჩამოიტანა და მერე, თბილისის დუქნებში შესმული ღვინის თუ უბრალო, ახალგაზრდული დარდიმანდობის გამო, ეტლში დარჩა… წიგნი სულ ცოტახანს იყო მარტო,  საკუთარ ტექსტთან  დარჩენილი, ხელნაწერის მინდვრების სიცარიელეში გაყუჩებული, თავისივე მინიატურების თოვლიან უდაბნოში განმარტოებული. იცით ეს როგორი თოვლია? თბილი, თბილი,  ხელში ქვიშასავით რომ იფანტება და საკუთარ ზედაპირზე ყვავილებს რომ ახარებს…       ცოტა ხანში, წიგნი ერთმა ნოქარმა იპოვა, რომელმაც წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გააქანა, სარფიანად გავყიდი და ბედსაც ვეწევიო. ექვთიმე თაყაიშვილი, საგანძურის მცველი და შემგროვებელი იქ არ დახვდა, ამიტომაც, შემთხვევითი მპოვნელი უკან გამობრუნდა და ნაპოვნი განძი დავით სარაჯიშვილს შესთავაზა, მანაც, წიგნისა და ხელნაწერების ღირებულების კარგმა მცოდნემ და გულშემატკივარმა, ხელნაწერი შეიძინა. შეიძინა და თავისი ფრანგი სტუმრის, ბარონ დე ბაისთვის ჩუქება გადაწყვიტა.

ვინ იცის, რომელ გზას დაადგებოდა, რომელი ქვეყნის ჰაერს ჩაისუნთქავდა  მეთვრამეტე  საუკუნის უძვირფასესი ხელნაწერი, რომ არა მისი საბედისწერო შეხვედრა ექვთიმე თაყაიშვილთან, რომელმაც ხელნაწერის ბედი შეცვალა.

დავით სარაჯიშვილს ძალიან უყვარდა ექვთიმე თაყაიშვილი, მისი ნიჭის, გულწრფელობის, რაღაცნაირი, ბავშვური დაბნეულობისა და გულანთებული მამულიშვილობის გამო. ხშირად სადილობდნენ ერთად, სარაჯიშვილის სასახლის მყუდრო ბაღში, ექვთიმე ექსპედიციებზე უყვებოდა, ლიტერატურაზე საუბრობდნენ, ათას რამეს მიმოიხილავდნენ.  ამ კვირასაც ტრადიციულ  საზეიმო სადილზე იყო დაპატიჟებული  რამდენიმე მწერალთან და ოჯახის ახლობელთან ერთად.

ეკატერინე, სარაჯიშვილის მეუღლე, ბოლო დროს ევროპულ კერძებს უფრო სწყალობდა,  კნეინა ბარბარე ჯორჯაძის სამზარეულო წიგნიდან ათასგვარ ბლომანჟეს და პუდინგს ამზადებდა სარაჯიშვილების მზარეული. იმ საღამოსაც, რამდენიმე ქართულ კერძთან ერთად ევროპული დესერტებიც შესთავაზეს სტუმრებს, ღვინოც საგანგებო ჰქონდათ, მსურველებს კი პატარა, ბროლის სირჩებით სურნელოვანი კონიაკის გასინჯვაც შეეძლოთ.

მათთან სტუმრობა ყველას უყვარდა, ღირსეული მასპინძლები, კეთილგანწყობილი სტუმრები, საინტერესო საუბრები. თუკი ტფილისის გული სადმე სცემდა, ეს სარაჯიშვილების სასახლე იყო.

იმ კვირა დღესაც ათასი მეფისა და თავადის,   რამდენიმე შემთხვევითი და ზოგი ნამდვილი მკითხველის ხელში გამოვლილი ხელნაწერი სარაჯიშვილისეულ ბიბლიოთეკაში თვლემდა, რაღაცნაირ, გრილ სიმყუდროვეში გაყუჩებული და  ზანტად უცქერდა თაროებსა და მაგიდებზე  ჩამოლაგებულ წიგნებსა და ხელნაწერებს.

ბიბლიოთეკაში სულ ოდნავ ისმოდა მისაღები ოთახის ფორიაქი და ფაციფუცი, ფორტეპიანოს ხმა, ხმამაღალი სიცილი….

ზოგჯერ ბიბლიოთეკის კართან კაბების შარიშურითა და სწრაფი ნაბიჯით გაივლიდნენ ხოლმე შინამოსამსახურეები, ვერცხლის  დანა-ჩანგალი მოჰქონდათ, ან ფაიფურის  ულამაზესი ჭურჭელი სარაჯიშვილების გერბის ანაბეჭდით.

საკუთარი ნახატების ფერებში, საკუთარ სიუჟეტში ასე რომ არ გახლართულიყო, ხელნაწერი უთუოდ გაიგებდა საუბრის ნაწყვეტებსაც. ახალგაზრდა გიგო გაბაშვილი პარიზზე, მის მხატვრებზე და მონმარტრის ქუჩაზე ლაპარაკობდა, არტურ ლაისტი „ივერიის“ ახალ პუბლიკაციას განიხილავდა, აკაკი ახალბედა პოეტებზე  სასაცილო ამბებს ყვებოდა, ექვთიმე ჩუმად იჯდა და გონებაში ტაო-კლარჯეთის რამდენიმე ტოპონიმზე ფიქრობდა, საკითხები და კითხვები წინა საღამოს ჩაიწერა სამუშაო რვეულში, სავარაუდო პასუხები კი მოსვენებას არ აძლევდა.

-უი, ექვთიმე,  ერთი ისეთი ხელნაწერი უნდა გაჩვენო, ისეთი, რომ შენი მოწონებული! -უთხრა დავითმა. თუ რამე გამოიყვანდა ექვთიმეს ამ აბურდულ-ჩაბურდული ფიქრებიდან, ეს მაგიური სიტყვა „ხელნაწერი“ იყო. -რუსთაველია, საუცხოო ნახატებით, წამოდი წიგნების ოთახში და გაჩვენებ! მეგობრებო, გვაპატიეთ, მაგრამ ამ ყმაწვილის გულის ჭირს უნდა ვუწამლო, ახლა ვეღარ მოისვენებს,  ცოტა ხანში დავბრუნდებით!

წიგნმა ჯერ ორი ადამიანის ნაბიჯების ხმა გაიგონა, შემდეგ მძიმე კარი გაიღო და ერთ ნაცნობ და მეორე – უცნობ მზერას შეეფეთა.

ეს მეორე განსაკუთრებულად უცქერდა, შემდეგ მასპინძელს შეაჩერდა უსიტყვო კითხვის გამომხატველი თვალებით და როცა დასტური დაინახა, ოდნავ აკანკალებული, გამხდარი და ულამაზესი თითები ხელნაწერის ყდას შეახო, შემდეგ გადაშალა, ფრთხილად, ფრთხილად, განსაკუთრებული რუდუნებით ფურცლავდა, ხან სინგურისფერ, საწყის ასოებს აკვირდებოდა, ხანაც გადამწერის ხელწერას, გონებაში ყველა ადრე ნანახს ადარებდა, საერთოს ეძებდა, მერე კი, როდესაც პირველივე მინიატურას გადააწყდა, საერთოდ შეეცვალა მზერა, რუდუნება თაყვანისცემაში გადაეზარდა და ხმამაღლა აღმოხდა:

-საოცრებაა! დავით, საიდან მოიპოვეთ?

– წერეთლებისგან ვიყიდე, ხომ ძალიან მოგეწონა? უძვირფასესი ხელნაწერია,  განსაკუთრებული მეგობრისა და სტუმრისთვის მინდა, ბარონ დე ბაის უნდა ვაჩუქო…

იმ წუთიდან, როდესაც ეს სიტყვები გაიგო, ექვთიმემ გონებაში გადაწყვიტა, რომ ამ განსაკუთრებულ წიგნს საქართველოს საზღვრის გადალახვის უფლებას არ მისცემდა, ყველაფერს გააკეთებდა იმისათვის, რომ ის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაცულ საცავში ეხილა. გადაწყვიტა და მოქმედების გეგმაც დასახა. სარაჯიშვილს აღწერისა და კვლევისთვის სთხოვა ხელნაწერი რამდენიმე დღით ეთხოვებინა, წამოიღო და …

თითქმის ყოველ კვირაში მოდიოდა მასთან სარაჯიშვილის გამოგზავნილი შიკრიკი  ხელნაწერის წასაღებად, მაგრამ ექვთიმე ხან რას იმიზეზებდა, ხან რას, ხან აღსაწერი დამრჩაო, ხანაც თარიღს ვადგენო, ზოგჯერ კი უბრალოდ სახლში არ ხვდებოდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ბარონმა დე ბაიმ და მისმა მეუღლემ თბილისი არ დატოვეს. ცოტა ხანში, ექვთიმემ წიგნი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა დავით სარაჯიშვილის სახელით.

თუმცა, ბედისწერას, რომელიც საერთოდ  თან სდევს ხოლმე წიგნებს, ასე მარტივად არ დაუტოვებია იგი საცავის დაცულ სიმყუდროვეში. ჯერ წერეთლებმა წაიღეს ხელწერილით და დიდხანს არ დააბრუნეს, სანამ კვლავ ექვითმე თაყაიშვილმა არ გამოიჩინა თავისი დიპლომატიური და ამავე დროს მკაცრი ხასიათი, დაბრუნებისას კი აღმოჩნდა, რომ ხელნაწერს მინიატურები აკლდა, რამდენიმე უძვირფასესი ნახატი ისე ამოჭრეს წიგნიდან, როგორც ფურცლებს ამოხევს კაცი თხელყდიანი რვეულიდან… ნახატები კვლავ ექვთიმეს ძალისხმევითა და მარჯორი უორდროპის დახმარებით მოიძიეს და  დიდი ხნის შემდეგ  ორ ყდას შუა, თავის ადგილზე დააბრუნეს…

ყველა წიგნს თავისი ბედი აქვს, ამ ხელნაწერსაც მათ შორის… როგორც წესი, ორგვარ ადამიანებს ხვდებოდა ხოლმე, ერთნი გულწრფელად ეთაყვანებოდნენ ხოლმე, მის გადარჩენაზე ზრუნავდნენ, მეორეთათვის კი ის გემრიელი ლუკმა იყო, ამიტომაც არც გაყიდვას, არც  ქვეყნიდან ნაწილ-ნაწილ, ფურცელ-ფურცელ გატანას არ ერიდებოდნენ… ასე იყო თუ ისე, წიგნი ცხოვრობდა და ცხოვრობს დღემდე, უცნობი გადამწერისა და მომხატველების საერთო შრომის ნაყოფი, თავისი გენიოსი ავტორისა და კალიგრაფ-შემმკობელების ხსოვნის მარადსაყოფად…

”ქალაქი წყალზე” და სარკე წყლის ფსკერზე

0

სალომე ბენიძის წიგნის შესახებ

საზაფხულო ეკობანაკში, სადაც ეკოლოგიასთან ერთად მოსწავლეებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ესაუბრებიან, გენდერულ საკითხებზე უნდა წამეკითხა ლექცია. ვირჯინია ვულფის ესე, ”საკუთარი ოთახი” წავიღე და გადავწყვიტე ბავშვებთან ამ წიგნზე მელაპარაკა; წიგნზე, რომელიც შესანიშნავად უხსნის მკითხველს, თუ რატომ იყო საუკუნეების მანძილზე ლიტერატურა ცარიელი ქალების სახელებისგან, ლიტერატურის მსგავსად კი, თითქმის ნებისმიერი სფერო, რომელშიც კაცები ასე გაბედულად და ხმაურიანად ტოვებდნენ საკუთარ ნაკვალევს. ჩანთაში მეორე წიგნიც მედო, სალომე ბენიძის ”ქალაქი წყალზე”, რომლის კითხვაც წინა დღეს დავიწყე და ლექციის დაწყებამდე ბოლოში გავედი. როცა წიგნის უკანასკნელი ფურცელი ჩავიკითხე, ზუსტად ვიცოდი, რომ ვირჯინიას ესესთან ერთად ამ წიგნზეც ვილაპარაკებდი, როგორც იმის ხორცშესხმულ, მკაფიო ნიმუშზე, რაზეც ვულფი საუკუნის წინათ ოცნებობდა. ვულფი ამბობდა, რომ თუ ქალი, რომელსაც წერის ნიჭი აქვს, მოიპოვებს საკუთარ ოთახს და სტაბილურ შემოსავალს, ის აუცილებლად გახდება კარგი მწერალი. მეოცე და ოცდამეერთე საუკუნე გაივსო ქალი ავტორების სახელებით. ისინი აღარ არიან წარმოუდგენელი გამონაკლისები, რომლებზეც ვინმეს შეუძლია უპირობო სკეპტიციზმით, ან გაოცებით ილაპარაკოს. დღეს ავტორის სქესის ხაზგასმა თითქმის ყოველთვის უადგილოა ლიტერატურის კითხვისას და შეფასებისას, მაგრამ სალომეს ნაწერის კითხვამ დამაფიქრა იმაზე, რომ თავის ესეში ვირჯინია ვულფი ქალებისგან კიდევ ერთ რამეს ითხოვდა – სქესზე ფიქრისგან თავისუფალი, ანდროგენული გონებით წერას, მაგრამ ამავდროულად გაბედულად წერას იმაზე, რაც ქალს შეიძლება მამაკაცისგან განასხვავებდეს. ქალი უნდა გათავისუფლდეს კომპლექსისგან, რომ თუ ის აირჩევს განსაზღვრულ თემატიკას, ვთქვათ, დაწერს სიყვარულზე, მას მოუწევს ბეწვის ხიდზე სიარული, რომ ”ზედმეტი არ მოუვიდეს”, რომ მკითხველმა სენტიმენტალურის, გადამლაშებულის, ”ქალური ნაწერის” იარლიყი არ მიაწებოს მის პროზას თუ პოეზიას. ეს იარლიყი ხშირად მამაკაცი ავტორების წიგნებსაც ეხება, მაგრამ თუ ავტორი ქალია, ის მითუმეტეს დგება რისკის ქვეშ, მისი ნაწერები გატეხილი გულის გაბმულ კვნესად ან უთავბოლო კეკლუცობად მონათლონ. გოეთეს ”ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი” ქალს რომ დაეწერა, ალბათ მამაკაცების მხრიდან არ მოყვებოდა ამდენი თვითმკვლელობა; შეიძლება არც მილან კუნდერას წიგნები ყოფილიყო ისეთი პოპულარული, როგორიც არის. ამიტომ ის ქალები, რომლებიც არიან ფილოსოფიურები, წერენ ომზე, სოციალურ უსამართლობაზე, გლობალურ კატაკლიზმებზე, ნაკლები დარტყმის ქვეშ ექცევიან მკითხველის მხრიდან. მთელ ამ თემატიკაზე წერა შესანიშნავია, თუკი ეს გაწუხებს, მაგრამ თუ რაღაც მომენტში გადაწყვიტე, რომ უნდა დაწერო სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, ცვალებად ვნებებზე, ჭრელი, სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილებზე, ფრიალა კაბებზე, ლამაზ, მოშინაურებულ ნივთებზე, სამზარეულოს სურნელებზე, სუნამოებზე, ტკბილ გემოებზე, მლაშე ცრემლებზე და გულისგამწყალებელ მოლოდინზე,  და თუ მოგინდა დაწერო არა აგრესიით, არამედ სინაზით, რომელიც შეიძლება ყველაფერ ამაზე ფიქრისას გავსებდეს, არ უნდა შეგეშინდეს. არ უნდა შეგეშინდეს წინადადების საკუთარი წყობის – ჩახვეულის, ზოგჯერ მშვენიერი, სხვებისთვის ”ზედმეტი” აქსესუარებით ამოვსებულის. აი, ამაზე ოცნებობდა თავის ესეში ვირჯინია ვულფი; ასეთ უშიშარ ავტორებზე, რომლებიც უნივერსალურს შექმნიან საკუთარი შეგრძნებებიდან გამომდინარე და არა იქიდან, თუ რას მოითხოვს მათგან მკითხველი, თუნდაც ყველაზე გაწაფული, ინტელექტუალურად სნობი. სალომე ბენიძის ”ქალაქი წყალზე” სწორედ ასეთი წიგნია. ის სავსეა ქალურობით, ქალი პერსონაჟებით, რომლებიც თანადროულად არიან ძლიერებიც და ლამაზებიც, საკუთარი ცხოვრების, გადაწყვეტილებების, ტრაგედიების განმკარგავებიც კი. ისინი თან გვანან და თან არ გვანან ერთმანეთს. ისინი ანდერსენის ქალთევზას მემკვიდრეები არიან – სიყვარულზე მეოცნებეები, სიყვარულისთვის მებრძოლები, ხელმოცარულები, დაღუპულები და მაინც ჯადოქრულები. წიგნი სურეალისტურია და მასში სუნთქავს წყალი, შენობები, ნივთები, ყველაფერი, რასაც ქალები ეხებიან. ისინი განსხვავდებიან ვნებებით, საქმით, რომელიც ბედნიერებას ანიჭებთ; განსხვავდებიან მამაკაცები რომლებიც მათ ზრდიან და მამაკაცები, რომლებიც მათ უყვარდებათ. მამაკაცები მათი მთავარი ძალა და წყევლაა – მამები, რომლებიც მათ ზურგს უმაგრებენ და შეყვარებულები, რომლებსაც ძალა არ შესწევთ, იყვნენ ერთგულები. მათ ისტორიებს თან გასდევს განცდა, რომ ბედნიერება თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ქალები ამის გამო არ ნებდებიან. ისინი ქსოვენ ერთმანეთის ისტორიების გაგრძელებას. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, ყველა წინა ქალის მემკვიდრე, პირველ პირში მოლაპარაკე, წერს

14030859_10153688256660951_1726082073_n

”ჩემი სახლის მოპირდაპირე მხარეს თუთუს ხე იდგა, მთელ ქუჩას აწვდიდა ტოტებს. მაისის ბოლოდან შავ ნაყოფს ისხამდა, შავად ღებავდა ასფალტს, მანქანების სავალ გზას, ორივე ტროტუარს. შუაღამისას შინ დაბრუნებული, მანქანას ყოველთვის თუთის ქვეშ ვაყენებდი. არც არავინ მეცილებოდა. არავის უნდოდა, დილით ტკბილი ნაყოფით მოთხვრილი მანქანა დახვედროდა. აი, მე კი, სახლიდან რომ გამოვდიოდი და თუთას ვხედავდი, ვხედავდი ჩემს გაშავებულ მანქანას და ფეხქვეშ გაწებილი ასფალტი და მტვერში აზელილი ნაყოფი მედებოდა, სიცოცხლეს ვგრძნობდი. თუთის ხე იყო ერთადერთი, რაც სამყაროსთან მაკავშირებდა. დავდიოდი თუთებდაყრილი მანქანით და ზოგჯერ, წამიერად გამიელვებდა ფიქრი, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ არ დამიკარგავს.” – ამ პასაჟმა ლეღვის ხე გამახსენა სილვია პლათის ავტობიოგრაფიული რომანიდან ”ზარხუფი”. შეიძლება ავტორის მხრიდან, რომელიც შესანიშნავად იცნობს პლათის ნაწერებს, ეს გაცნობიერებული ალუზიაც იყოს. ახალგაზრდა ქალი დეპრესიის მომენტში, ვისთვისაც ხე, წებოვანი, ხრწნადი ნაყოფით სავსე, ცხოვრების სიმბოლოა; დაკარგული შესაძლებლობების, ხელმოცარვის, ტკივილის, რომელსაც ყველა გაურბის. მაგრამ ანა-ულრიკეს (მთხრობელს) შეუძლია თვალი გაუსწოროს ასეთ ცხოვრებას, ჩაეჭიდოს სიცოცხლის სურვილს და ტკივილი აქციოს გამოცდილებად.

ფოლკნერის მსგავსად, სალომემ გამოიგონა თავისი ოლქი, თავისი იოკნაპატოფა, ქალაქი, სადაც ცალკეული ადამიანების ისტორიები ერთმანეთშია გადაჯაჭვული. ამ წიგნში მოთხრობები კრავს რომანს, შეგვეძლო გვეთქვა, ვრცელ ზღაპარს. ალბათ ავტობიოგრაფიული ელემენტია ის, რომ ქალაქი ჩრდილოეთის ქარებით სუნთქავს და მთავარი პერსონაჟების სახელებიც ზღაპრულად ჩრდილოეთურია.

თხრობას გაბმულად გასდევს ქალის ხმის ტემბრი. სხვა შემთხვევაში ასეთ შეფასებას თვითონ გავაპროტესტებდი, მაგრამ სალომეს წიგნში, დარწმუნებული ვარ, მიზანდასახულადაა ეს ტემბრი ასე ხაზგასმული – ის, თავისი მოხიბლავი, მისტიური, ძლიერი ხმით გითრევს წყლის ფსკერზე, სადაც სარკე გველოდება.

ვირჯინია ვულფი წერდა, რომ საუკუნეების მანძილზე ქალები გავდნენ სარკეებს, რომელშიც მამაკაცები იმაზე ორჯერ უფრო დიდებულები ჩანდნენ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ. ვინ მოისურვებს ასეთი სარკის დაკარგვას.  სალომე თავის სარკეს გვთავაზობს, რომელშიც ქალი საკუთარ თავს უნდა დააკვირდეს, იმაზე ბევრად უფრო ძლიერს, ვიდრე ის საუკუნეების მანძილზე ჩანდა.

ზრდასრულთა განათლება: პროფესიული განვითარების ტრენინგის დაგეგმვისა და ხარისხის შეფასების სტანდარტები

0

პროფესიული განვითარება აუცილებელია, რათა ადამიანი არა მხოლოდ კონკურენტუნარიანი იყოს შრომის ბაზარზე, არამედ დასახული მიზნის მიღწევაც შეძლოს. პროფესიულ განვითარებაზე უარის თქმა, ფაქტობრივად, განაჩენია მომავალი პიროვნული და პროფესიული წინსვლისთვის. მთელი სიცოცხლე სწავლის აუცილებლობაზე დღეს აღარავინ დავობს. პროფესიული განვითარების იდეას გაცილებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე თუნდაც ხუთი წლის წინ ჰყავდა. რეალურად, ეს იდეა აღარც კი ექვემდებარება დისკუსიას მათთვის, ვისაც აქვს პრეტენზია, იყოს პროფესიონალი, განურჩევლად იმისა, მასწავლებელია, ექიმი, მშენებელი თუ სტილისტი. განათლების მიღება და პროფესიული განვითარება მზარდი ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა.

ზრდასრულთა ამ მოთხოვნას შესაბამისად უპასუხა შრომის ბაზარმა და შეიქმნა მთელი წყება ორგანიზაციებისა, რომლებიც პროფესიული განვითარების შესაძლებლობას აძლევს მსმენელს. ორი დაინტერესებული მხარე პასუხობს ერთმანეთის საჭიროებებს: ერთ მხარეს არიან ადამიანები, რომელთაც სურთ, მიიღონ უახლესი ცოდნა და განივითარონ ახალი უნარები, შეისწავლონ უცხო ენა ან ახალი კომპიუტერული პროგრამები, ხოლო მეორე მხარეს – ამ ცოდნის გადამცემი ორგანიზაციები, რომლებმაც ზრდასრულთა ეს დაკვეთა უნდა შეასრულონ.

როდესაც ადამიანს სურს, პროფესიულად განვითარდეს, ის შესაძლებლობის ძიებას იწყებს. ამ სტატიის მთავარი კითხვაც სწორედ ესაა: როგორ მოვახერხო მე, მსმენელმა, პროფესიული განვითარების ხარისხიანი შესაძლებლობის პოვნა და გამოყენება?

უამრავი ორგანიზაცია, კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულება ზრუნავს დღეს ამგვარი სერვისის მიწოდებაზე. „ტრენინგი“ ჯადოსნური სიტყვაა და ასოცირდება პროფესიულ განვითარებასთან, საქმიან იმიჯთან, წინსვლასთან. მაგრამ ყველამ, ვინც რამდენიმე ტრენინგზე მაინც ყოფილა, იცის, რას ნიშნავს წარმატებული და წარუმატებელი ტრენინგი. ტრენინგი, რომელზეც ღრუბელივით ისრუტავ სიახლეებს და ტრენინგი, რომლისთვის დაკარგულ დროსაც ნანობ. როგორ მივხვდეთ წინასწარ, სასარგებლო იქნება ტრენინგი ჩვენთვის თუ არა? ხარისხიანი იქნება თუ უხარისხო? უპასუხებს თუ არა ჩვენს საჭიროებებს? გაამართლებს თუ არა ტრენერი იმედს? ღირს თუ არა ამ ტრენინგისთვის დროის დაკარგვა?

რეალურად, სასარგებლო ტრენინგზე მოხვედრა თავად მსმენელის ხელთაა. მსმენელს შეუძლია დაგეგმოს, გამოადგება თუ არა ტრენინგი პროფესიული განვითარების კუთხით, მიიღებს ღირებულ ინფორმაციას თუ იმავე ცოდნით დატოვებს ტრენინგს, რომლითაც მივიდა. შეთავაზებული ტრენინგის კრიტიკული ანალიზი აუცილებელია როგორც მსმენელისთვის, ისე ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაციისთვისაც. თუ ტრენინგი არ შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს, ეს აუცილებლად თქვით. ტრენერმა ან იმაში უნდა დაგარწმუნოთ, რომ ეს ტრენინგი საჭიროა თქვენთვის, ან იმაში, რომ სხვა ტრენინგი გჭირდებათ. „ტრენინგი არ მომწონს და სახლში წავალ“ გამოსავალი არ არის. „ტრენინგი არ მომწონს, მაგრამ მაინც დავრჩები“ კიდევ უფრო არასწორი გადაწყვეტილებაა. ორივე შემთხვევაში უნდა დაასაბუთოთ, რატომ.

არსებობს წარმატებული ტრენინგის პოვნის რამდენიმე სტანდარტი, რომელთა დაცვა წარმატებით აისახება თქვენს პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზე.

სტანდარტი 1. გადაწყვეტილების მიღება

სანამ პროფესიული განვითარების ღონისძიებაში ჩაებმებოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი პირობა უნდა შეასრულოთ: მიიღოთ გადაწყვეტილება.

ამ ეტაპზე კარგად უნდა გაიაზროთ, გაქვთ თუ არა განვითარების სურვილი, ხედავთ თუ არა პროფესიული განვითარების ღონისძიებაში მონაწილეობის შემდეგ საკუთარ თავში უკეთეს პიროვნებას ან უკეთეს პროფესიონალს. თუ პასუხი დადებითია, იღებთ გადაწყვეტილებას. ვითარდებით პროფესიულად და/ან პიროვნულად.

რა მიზანი აქვს პროფესიულ განვითარებას, რისი მიღწევა გსურთ? ამ კითხვას ყველა მსმენელი უსვამს საკუთარ თავს, როდესაც ტრენინგზე დასასწრებად მიდის. პროფესიული განვითარება ორგვარია: მინიმალური და გასაუმჯობესებელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პროფესიულად ან იმისთვის ვვითარდებით, რომ პროფესიასთან დაკავშირებული მოთხოვნების მინიმალური სტანდარტი დავაკმაყოფილოთ, ან იმისთვის, რომ უფრო მეტი ცოდნა და უნარი შევიძინოთ, რათა ჩვენს პროფესიაში მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი გავხდეთ. მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება უმთავრესად იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომლებსაც დიდი ხანია არ უმუშავიათ პროფესიით და თავიდან იწყებენ კარიერას, ხოლო გასაუმჯობესებელ ტრენინგებს, როგორც წესი, ის ხალხი ესწრება, ვისაც განუწყვეტლივ უდევს ხელი საკუთარი პროფესიული შესაძლებლობების მაჯაზე, სიახლეების ძიებაშია და იცის, რომ ცოდნა ყველაზე ეფექტური იარაღია შრომის ბაზარზე.

  1. ორგანიზაციის შერჩევა

ამის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი – ორგანიზაციის შერჩევა. რომელ ორგანიზაციას მივანდოთ ჩვენი პროფესიული განვითარება? ამ ეტაპზე საჭიროა ინფორმაციის მოძიება იმ ტრენინგცენტრების ან სხვა მსგავსი ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ზრდასრულებს პროფესიული განვითარების ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებს სთავაზობენ.

ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტური საშუალებებია პროფესიული კონტაქტები და ინტერნეტი. კოლეგას ან ტრენინგებში გამოცდილ ადამიანს შეუძლია, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ ამა თუ იმ ტრენინგის ან ტრენერის შესახებ. ამ ფაზაში თქვენ მიერ დასმულ კითხვებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:

  • რატომ აირჩია კოლეგამ ესა თუ ის ორგანიზაცია ტრენინგისთვის?
  • მოხდა თუ არა წინასწარ მსმენელთა საჭიროებების იდენტიფიცირება?
  • მოქნილი იყო თუ არა ტრენერი და შეეძლო თუ არა მსმენელთა საჭიროებებზე სწრაფად რეაგირება?
  • ინტერაქტიული იყო ტრენინგი თუ ლექციის სახე ჰქონდა?
  • როგორი გარემო იყო სატრენინგო ოთახში?
  • სასწავლო-საკითხავი მასალა იყო თუ არა პრაქტიკული და საკმარისი?

მოკლედ, დასვით კითხვა ყველა იმ კრიტერიუმის შესახებ, რომლებიც, თქვენი აზრით, ახასიათებს წარმატებულ ტრენინგს. საბოლოოდ ტრენინგის ავკარგიანობაზე, რა თქმა უნდა, საკუთარი აზრი ჩამოგიყალიბდებათ, მაგრამ ინფორმაციის მოძიების ეტაპზე გამოცდილი კოლეგის რჩევა ძალიან დაგეხმარებათ.

ამა თუ იმ ტრენინგის შესახებ ინფორმაციის მოძიება ინტერნეტშიც შესაძლებელია. შეიძლება იმ ორგანიზაციის ვეგბვერდის დათვალიერებაც, რომელიც ორგანიზებას უწევს ტრენინგს. გაარკვიეთ, არის თუ არა ორგანიზაცია ან თავად ტრენინგპროგრამა აკრედიტებული, აქვს თუ არა ხარისხის მაჩვენებელი რაიმე სხვა ნიშანი, თუნდაც ყოფილი მსმენელების ფორუმი ან მსმენელთა უკუკავშირის დამდასტურებელი დოკუმენტები.

  1. ტრენინგის ღირებულება

საკმაოდ მტკივნეული საკითხია ტრენინგის ღირებულება. პროფესიული განვითარების ხარისხიანი ტრენინგები, როგორც წესი, საკმაოდ ძვირია და მათზე ყველას არ მიუწვდება ხელი. ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციის მხარდაჭერა, სადაც მუშაობთ. როცა ორგანიზაცია დაინტერესებულია პერსონალის განვითარებით, ის ტრენინგებსაც უკვეთავს მათთვის. თუ დამოუკიდებლად აპირებთ ტრენინგში მონაწილეობას, ფულის წინასწარ დაზოგვა მოგიწევთ, რათა სასურველ ტრენინგს დაესწროთ. ზოგიერთი პროფესიის ადამიანებს, რომელთა შორისაც საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებიც არიან, სახელმწიფო მთლიანად უფინანსებს პროფესიული განვითარების ტრენინგებს.

  1. ტრენინგის ხარისხობრივი მაჩვენებლები

ტრენინგს ოთხი მხარე აქვს: შინაარსობრივი, პიროვნული, პრაქტიკული და საორგანიზაციო. მსმენელმა, სანამ ტრენინგზე დასწრებას გადაწყვეტდეს, ოთხივე კარგად უნდა გააანალიზოს.

  1. შინაარსობრივი მხარე: უნდა ვიცოდეთ, როგორია ტრენინგის სასწავლო მიზნები და სწავლის შედეგები, სწავლების რომელი ფორმები და მეთოდები იქნება გამოყენებული ტრენინგზე და შეესაბამება თუ არა ისინი სწავლის მიზანს. დამწყები მსმენელისთვის ეს ადვილი შესაფასებელი არ არის, ტრენინგებში გამოცდილს კი ძნელად გამოეპარება ტრენინგის შინაარსობრივი მხარის ხარვეზები. თუ ახალბედა ბრძანდებით, სასურველია, ამის თაობაზე ინფორმაცია გამოცდილი კოლეგისგან მიიღოთ. უნდა არსებობდეს მსმენელთა მიერ ტრენინგით კმაყოფილების შეფასების კითხვარიც.
  2. პიროვნული მხარე: ვინ მართავს ტრენინგს? აქვს თუ არა თავად ტრენერს სათანადო პროფესიული ცოდნა და გამოცდილება, რათა ამ მნიშვნელოვან საქმეს შეეჭიდოს? არის თუ არა ტრენერის შესახებ ინფორმაცია, მისი CV ხელმისაწვდომი ონლაინ- ან სხვა ფორმით?
  3. პრაქტიკული მხარე: პრაქტიკულად რამდენად გამოსადეგია ტრენინგი მსმენელისთვის და შეიცავს თუ არა ის საკმაო რაოდენობის პრაქტიკულ მაგალითს? სხვა სიტყვებით, რამდენად გამომადგება ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია პროფესიულ ცხოვრებაში? გამოუყენებლად ხომ ყოველგვარი ცოდნა მკვდარია. შესაბამისად, მსმენელისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ტრენინგზე მიღებულ ინფორმაციას პრაქტიკული ღირებულება ჰქონდეს.
  4. საორგანიზაციო მხარე: სად ტარდება ტრენინგი? ადვილია თუ არა იქამდე მისვლა ავტომობილით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით? აღჭურვილია თუ არა სასწავლო ოთახები შესაბამისი ინფრასტრუქტურით? გათვალისწინებულია თუ არა დრო შესვენებისთვის? გთავაზობენ თუ არა წყალს, ყავას, ჩაი ან სხვა გამამხნევებელ საშუალებებს? რამდენსაათიანია ტრენინგი?

ზოგიერთი ორგანიზაცია მსმენელებს სთავაზობს დაუსწრებელ სწავლებას ან ტრენინგს ელექტრონული ფორმით e-learning ფორმატში. ეს ფორმა საქართველოში კარგად ჯერ კიდევ არ არის განვითარებული, თუმცა ტენდენცია მზარდია და მსმენელისგან მოითხოვს ისეთ კომპეტენციებს, როგორებიცაა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობა, დროის მენეჯემენტის უნარი.

 

  1. ტრენინგის დასრულების დამადასტურებელი საბუთი

ის ფაქტი, რომ პროფესიულად ვითარდებით, აუცილებლად უნდა იყოს დოკუმენტირებული, ერთი მხრივ, თქვენს პროფესიულ ბიოგრაფიაში (CV), მეორე მხრივ კი ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტით.

სანამ კონრეტულ ტრენინგპროგრამაში მონაწილეობას გადაწყვეტდეთ, აუცილებლად გაარკვიეთ, რა დამადასტურებელ დოკუმენტს მიიღებთ ტრენინგის დასრულების შემდეგ. აქ საქმე მხოლოდ სერტიფიკატს ან სხვა ცნობას არ ეხება – მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, ხდება თუ არა ტრენინგის განმავლობაში მსმენელების პროგრესის გაზომვა, ითვალისწინებს თუ არა ტრენინგი პოსტტესტირებას, შესაბამისად, ტარდება თუ არა პრეტესტი ან მისი ეკვივალენტი, რათა ტრენერმა დაადგინოს მსმენელების ცოდნისა და გამოცდილების დონე ტრენინგის თემატიკასთან მიმართებით. თუმცა ტესტი არც ერთადერთი საშუალებაა საამისოდ და არც საუკეთესო. მთავარია, დაგეგმილი იყოს მსმენელების წინარე დონისა და პროგრესის გაზომვა რომელიმე ეფექტიანი ხერხით.

სტატია მომზადებულია გერმანიის პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტის მიერ გამოცემული პუბლიკაციის მიხედვით: Borowiec/ Mettin/Zöller: Checkliste beruflicher Weiterbildung”, BIBB, 2016

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...