შაბათი, აპრილი 25, 2026
25 აპრილი, შაბათი, 2026

ბავშვთა უფლებები სკოლამდელ დაწესებულებებში: ზეიმები ბავშვების წინააღმდეგ

0

ბავშვის უფლებების შესახებ მსჯელობა დღეს უკვე აღარ წარმოადგენს იშვიათობას. მედიაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა თუ ინტერნეტსივრცეში ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ხშირად (ერთ-ერთი პერსპექტივიდან მაინც) სწორედ მათი უფლებების კონტექსტში ხდება. თუმცა ამ უფლებათა შესახებ წარმოდგენები ხშირად ზედაპირულია და არ ეფუძნება უფლებების მატარებელ სუბიექტად ბავშვის წარმოდგენას. ამის ნათელი მაგალითია შემთხვევა, როდესაც მასწავლებელს მიაჩნია, რომ ბავშვის უფლებები „ზედმეტ თავისუფლებას“ ანიჭებს ბავშვებს, ხელს უშლის მასწავლებელს „ეფექტური“ აღზრდისა და დისციპლინირების პროცესში (მაგ., სხვადასხვა ფორმით ძალადობა ბავშვზე სასურველი ქცევის მიღწევის მიზნით). ასეთ დროს საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, ბავშვის დაკნინებასა და ობიექტივაციასთან („ბავშვის განცდები აწმყოში უმნიშვნელოა, რადგან ის ჯერ არ არის „ჩამოყალიბებული“ ადამიანი“), მეორე მხრივ კი პროფესიული ცოდნის ნაკლებობასთან, ვინაიდან ზემოაღნიშნული დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებულ ცოდნას, რომ ბავშვის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა გრძელვადიან და ხშირად შეუქცევად უარყოფით ზეგავლენას ახდენს მის განვითარებაზე, სწავლის უნარზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

 

ბავშვის უფლებების კონვენცია და ძირითადი პრინციპები

 

ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ მთავარ საერთაშორისო სამართლებრივ აქტს წარმოადგენს 1989 წელს მიღებული ბავშვის უფლებების კონვენცია, რომლის რატიფიცირება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ მოახდინა (აშშ-ის გარდა). საქართველო კონვენციას 1994 წელს შეუერთდა[1]. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციით განსაზღვრული უფლებები განუყოფელია, გამოყოფენ ოთხ პრინციპულ უფლებას, რომელთა გარეშე შეუძლებელია სხვა დანარჩენი უფლებების განხორციელება[2]. ეს უფლებებია:

  1. დისკრიმინაციისგან დაცვის უფლება (მუხლი 2);
  2. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება (მუხლი 3);
  3. სიცოცხლის, გადარჩენისა და განვითარების უფლება (მუხლი 6);
  4. ბავშვის მონაწილეობის უფლება, ბავშვის შეხედულებების პატივისცემა (მუხლი 12).

 

სწორედ ბავშვის მონაწილეობითი უფლებების აღიარება გვთავაზობს ბავშვის განსხვავებულ ხედვას: ის აღარ წარმოადგენს მხოლოდ ზრუნვის ობიექტს, დაუცველ, სუსტ, არარაციონალურ, არასანდო, გამოუცდელ, არაკომპეტენტურ და განუვითარებელ არსებას[3]. ბავშვი პიროვნებაა, რომლის მოსაზრებების აღიარება, პატივისცემა და გათვალისწინება მისი სხვა უფლებების რეალიზების პროცესის განუყოფელი ნაწილი ხდება. ბავშვის წარმოდგენები და შეხედულებები აღარ აღიქმება როგორც უმწიფარი და ჩამოუყალიბებელი ზრდასრულის წარმოდგენებსა და შეხედულებებთან შედარებით. ისინი აღიქმება როგორც მათგან განსხვავებული. ამ შემთხვევაში ამოსავალ წერტილს წარმოადგენს არა ზრდასრულის „სწორი“ პერსპექტივა, არამედ ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვთა შეხედულებები ეხმარება ზრდასრულებს უკეთ გაიგონ მათი გამოცდილება.[4]

 

საგანმანათლებლო დაწესებულება როგორც უფლებების რეალიზების ადგილი

 

საბავშვო ბაღები და სკოლები, ინსტიტუციური მოწყობითა და ფუნქციური დატვირთვით, ბავშვების სხვადასხვა უფლების რეალიზების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვები ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ, ხშირად – უფრო მეტს, ვიდრე შინ ან რომელიმე სხვა გარემოში. საქართველოში სკოლამდელი ასაკის ბავშვები საბავშვო ბაღში ყოველდღიურად საშუალოდ 8-9 საათს ატარებენ (კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ აწესებს საჯარო სკოლამდელი დაწესებულების მუშაობის 9-საათიან სავალდებულო დროს). ბუნებრივია, ბაღისა თუ სკოლის პირდაპირი ფუნქცია განათლების უფლებას უკავშირდება, რომელიც, კონვენციის 29-ე მუხლის მიხედვით, უნდა ემსახურებოდეს:

  • თითოეული ბავშვის პიროვნების, ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური უნარების მაქსიმალურ განვითარებას;
  • ბავშვის მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას;
  • საკუთარი და განსხვავებული კულტურის, ენის, ფასეულობების პატივისცემას;
  • ბავშვის მომზადებას თავისუფალ საზოგადოებაში შეგნებული ცხოვრებისთვის ურთიერთგაგების, თანასწორობის, მშვიდობისა და შემწყნარებლობის სულისკვეთებით;
  • გარემოსადმი პატივისცემის გაღვივებას.

საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამასთანავე, ის სივრცეა, სადაც ბუნებრივად ხდება თამაშისა და გართობის უფლების რეალიზება (მუხლი 31)1. იმავდროულად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის შეხედულებების გათვალისწინება საგანმანათლებლო დაწესებულების ცხოვრების წარმართვაში (მუხლი 12). ის, თუ რა კუთხით მიიღებენ ამაში აქტიურ მონაწილეობას ბავშვები, დამოკიდებულია მათ „ასაკსა და სიმწიფეზე“. როდესაც ადრეულ ასაკში ბავშვებისთვის აქტუალური მათი უშუალო გარემო და თამაშებია, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე შესაძლოა ისინი სკოლის მართვის აქტიური და ეფექტური თანამონაწილენი იყვნენ. დღეს უკვე არაერთი კვლევა ადასტურებს საბავშვო ბაღებში ბავშვების შეხედულებათა მოსმენის მნიშვნელობას სასწავლო გარემოსა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის, ვინაიდან ის გვთავაზობს უშუალოდ „განმცდელის“ პერსპექტივას (სიტუაციებზე, გარემოზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე). რა თქმა უნდა, თუ ბავშვს სურს, გააცოცხლოს დინოზავრები, მასწავლებელი და ბაღის ადმინისტრაცია ბევრს ვერაფერს გახდებიან, მაგრამ ცვლილებების განხორციელება ნამდვილად შესაძლებელია, თუ საუბრისას აღმოვაჩენთ, რომ გოგონებს კუბებით თამაშისკენ გული იმიტომ არ მიუწევთ, რომ იქ ბიჭები უხეშად ექცევიან და დასცინიან, ან ზოგიერთი ბავშვი იმიტომ არ ხატავს საღებავებით, რომ ეშინია, დასვრილი ტანსაცმლის გამო მშობლისგან საყვედური არ მიიღოს, ან ვერ იტანს ეზოში გასვლას, რადგან იქ ერთი ქალია, რომელიც სულ ეჩხუბება ბავშვებს.

საბავშვო ბაღში, ყოველდღიური აქტივობებისა და თამაშების გარდა, ბავშვების მონაწილეობის უფლების რეალიზების შესანიშნავი საშუალებაა განსაკუთრებული ღონისძიებები. ისინი შესაძლოა უკავშირდებოდეს რომელიმე დღესასწაულს ან მოვლენას (მაგ., ახალ წელს, საბავშვო ბაღის დასრულების დღეს) ან სპონტანურად დაიგეგმოს ბავშვების რომელიმე ინტერესის გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ღონისძიებები ბავშვების მონაწილეობის, თამაშის და გართობის უფლებების რეალიზებას უნდა ემსახურებოდეს, საქართველოში დამკვიდრებულ პრაქტიკას ხშირად არაფერი აქვს საერთო ზემოაღნიშნულ უფლებებთან.

 

ზეიმი

საქართველოს სკოლამდელ დაწესებულებში ღონისძიებები „ზეიმების“ სახელით დამკვიდრდა და ერთგვარი ტრადიციული ფორმა მიიღო. ზეიმი უმეტესად ტარდება საახალწლო და საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე. ის, წესისამებრ, მოიაზრებს ხანგრძლივი რეპეტიციების შედეგად ბავშვების მიერ პოეტური, მუსიკალური და საცეკვაო (იშვიათად – დრამატული) ნომრების წარმოდგენას ბაღის თანამშრომლებისა და მშობლების წინაშე. ზეიმის არსი ბავშვების მიერ აღმზრდელის, მუსიკისა თუ ცეკვის მასწავლებლის ან ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მიერ წინასწარ განსაზღვრული რეპერტუარის დაზეპირებაში მდგომარეობს, რაც იმთავითვე გამორიცხავს ბავშვთა აზრის გათვალისწინებას ზეიმის დაგეგმვისა და მომზადების პროცესში. ვინაიდან დასაზეპირებელი ლექსები, სიმღერები და ცეკვები ხშირად ბავშვებისთვის გაუგებარი, ნაკლებად საინტერესო და ასაკობრივადაც შეუსაბამოა, რეპეტიციები თვეობით მიმდინარეობს და ყოველდღიური თამაშებისა და ღირებული საგანმანათლებლო აქტივობების ადგილს იკავებს. შეიძლება ითქვას, რომ ზეიმს ყველა განსაკუთრებულად ელოდება, გარდა ბავშვებისა. საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია თავს იწონებს „წარმატებული“ და მასშტაბური ზეიმებით მმართველი რგოლების წინაშე. აღმზრდელებისთვის, მუსიკისა და ცეკვის მასწავლებლებისთვის ზეიმი წარმოადგენს მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგის დემონსტრირების საშუალებას. მშობლებს კი მიაჩნიათ, რომ ზეიმზე მათი შვილები აქტიურობას, ნიჭსა და ღირებულ ცოდნას წარმოაჩენენ. თუმცა, სავარაუდოდ, ყველა მშობელი ასე არ ფიქრობს. ბევრისთვის ზეიმი ტვირთია: იმისთვის, რომ მათი შვილები ზეიმის მიღმა არ დარჩნენ, სხვადასხვა ხარჯის გაწევა უწევთ, მაგ., სპეციალური კოსტიუმის შეკერვა (ზეიმების მნიშვნელოვან მახასიათებლად იქცა კოსტიუმირებული შოუ), ზეიმის ფოტო– და ვიდეოგადაღების უზრუნველყოფა, ანიმატორების (სანტა კლაუსი, ფიფქია და ა.შ.) მოწვევა… პოპულარულია ამგვარი ზეიმების ვიდეოჩანაწერების მომზადება და ინტერნეტსივრცეში განთავსება (მათ ადვილად მოიძიებთ ისეთ საიტებზე, როგორიცაა იუთუბი და ფეისბუქი). მიუხედავად ერთმნიშვნელოვანი ნაკლოვანებებისა, ამ ტიპის ზეიმები საზოგადოებაში ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა და მათი პრობლემურად წარმოჩენა თითქმის არ ხდება. მეორე მხრივ, ეს ალბათ არ არის გასაკვირი ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 60% დასაშვებად მიიჩნევს ბავშვზე ძალადობას და სჯერა, რომ მას დადებითი აღმზრდელობითი ეფექტი აქვს[5].

პოზიტიური დამოკიდებულება ზემოაღნიშნული ტიპის ზეიმების მიმართ მიუთითებს, რომ სკოლამდელი განათლების მიზნები, ბავშვის უფლებები და საბავშვო ბაღში მათი რეალიზების შესაძლებლობები მონაწილე მხარეებს (გარდა ბავშვებისა) სრულიად არ აქვთ გააზრებული.

 

რა ნაკლოვანებები აქვს დამკვიდრებულ ზეიმებს?

  • ზეიმები მთლიანდ უფროსების მიერაა მართული. მათი შინაარსობრივი ნაწილი ბავშვებისთვის ხშირად უინტერესო და გაუგებარია (მაგრამ, პრაქტიკულად, სავალდებულო), აცდენილია ბავშვების რეალურ ინტერესებს და იმ მრავალფეროვან თემებს, რომლებიც ნამდვილად უყვართ და აინტერესებთ (მაგალითად, იშვიათი არ არის ლექსები „მიწიერ სამოთხეზე“, „ძეწნის ალერსზე“ სამშობლოსთვის თავგანწირვაზე და სხვა). სწორედ ამაზე მიუთითებს “წარმატებული” ზეიმების ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ფართოდ ხელმისაწვდომია ინტერნეტსივრცეში. უმრავლეს შემთხვევაში ბავშვები მოვალეობის მოხდის მიზნით უხალისოდ იმეორებენ გაზეპირებულ სიტყვებსა და მოძრაობებს, ხშირად ავიწყდებათ და მასწავლებლების მითითებების მოლოდინში დაბნეულები იყურებიან ირგვლივ.
  • ზეიმის ფორმატი – ბავშვების „ცოდნისა“ და „ნიჭიერების“ დემონსტრირება – ეფუძნება სწავლის მცდარ გაგებას, კერძოდ, სწავლა გათანაბრებულია დაზეპირებასთან. ბავშვების რეალური შესაძლებლობები, მათი აზროვნება, შემოქმედებითობა უგულებელყოფილია; ასევე უგულებელყოფილია ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები, რომელთა დაუფლებაც სწორედ ადრეულ ასაკში იწყება და რომლებიც უმნიშვნელოვანესია კრიტიკულად, შემოქმედებითად და მოქალაქეობრივად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.
  • წარმოდგენების გამართვა უამრავი ნაცნობი და უცნობი უფროსის წინაშე ბევრი ბავშვისთვის სტრესულია, განსაკუთრებით – მათ მიმართ ხაზგასმული მოლოდინების ფონზე (მასწავლებლებისა და მშობლების მხრივ). ზეიმებზე და მათთვის მოსამზადებელ პერიოდში იშვიათი არ არის ბავშვებში გადაღლა და სტრესი.
  • ზეიმი ხშირად გულისხმობს საკმაოდ დიდ ხარჯებს, რაც დამატებითი ტვირთია ბევრი ოჯახისთვის (კოსტიუმების შეკერვა, ანიმატორების დაქირავება და ა.შ.), მაგრამ ამ ტვირთის თავიდან აცილება წარმოუდგენელია მშობლისთვის, რათა ბავშვი არ დარჩეს ბაღისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების მიღმა.
  • ზოგიერთი ბავშვისთვის ზეიმი იმედგაცრუებისა და მტკივნეული გამოცდილების წყაროა. ხშირად ზეიმის ორგანიზატორები გამოარჩევენ „ნიჭიერ“ და „ლამაზ“ ბავშვებს, რომლებსაც წამყვან როლებს მიაკუთვნებენ, ხოლო „ჩუმი“ და „არაფრით გამორჩეული“ ბავშვებისთვის ადგილი მოცეკვავეთა გუნდის მხოლოდ უკანა რიგებში მოიძებნება. ამდენად, ზეიმები ხშირად უსამართლო პრინციპებს ეფუძნება: მასწავლებლების მიერ (ან ობიექტურად) პრივილეგირებული ბავშვების წახალისებას, ხოლო დანარჩენების მიმართ უყურადღებობას.
  • ზეიმები არ არის მორგებული ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებსა და ინტერესებს: ერთი მხრივ, დაზეპირებული ნომრების უინტერესოდ შესრულებისას ხელოვნურად ესმება ხაზი ინფანტილიზმსა და ბავშვურ სისუსტეს, მაშინ როდესაც ბავშვებს გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე შინაარსისგან დაცლილი ტექსტებისა და მოძრაობების დაზეპირებაა; მეორე მხრივ, ზეიმებზე ხშირად ხდება ზრდასრულთა უხერხული იმიტაცია (მაგ., გოგონების მაკიაჟი, ხაზგასმით „დიდური“ კოსტუმები და სხვა).
  • ყოველივე ზემოთქმულს მივყავართ დასკვნამდე, რომ ასეთი ზეიმების დროს ბავშვი არ განიხილება როგორც მონაწილე მხარე, როგორც სუბიექტი, რომლის შეხედულებები, გრძნობები და დამოკიდებულებები თანაბარმნიშვნელოვანია ზრდასრულთა შეხედულებებისა. ამ ფორმით დადგმული ზეიმების ერთადერთი მიზანია ბავშვი-ობიექტის წარმოჩენა ზრდასრულთა წარმოდგენების შესაბამისად (როგორი უნდა იყოს ამ ასაკის ბავშვი, რა უნდა შეეძლოს, რა უნდა იცოდეს და ა. შ.). ასეთი დამოკიდებულება უგულებელყოფს ბავშვს როგორც პიროვნებას.

 

არსებობს სკოლამდელ დაწესებულებებში ღონისძიებების დაგეგმვისა და ჩატარების მრავალი საშუალება და ფორმა, რომლებიც არათუ არ არღვევს ბავშვის უფლებებს, არამედ, პირიქით, მათი რეალიზების წყაროა. საჭიროა რამდენიმე ძირითადი პრინციპის დაცვა:

  • ბავშვის ინტერესების გათვალისწინება შინაარსისა თუ ფორმის თვალსაზრისით: სამშობლოსთვის თავგანწირვაზე ლექსები ადრეულ ასაკში გაუგებარი და უინტერესოა; ბავშვებმა შესაძლოა თავად შექმნან ლექსები, რომლებიც გაგაკვირვებთ იუმორით, რითმითა და სიხალასით[6][7][8]. ბავშვებისთვის მასწავლებლის მიერ ნაკარნახევი ზღაპრის დიალოგების დაზეპირებაზე გაცილებით საინტერესო იქნება, თავად გააცოცხლონ საყვარელი ზღაპარი ისეთი ფორმით, როგორითაც სურთ; თავად მოიფიქრონ და შექმნან პერსონაჟის კოსტიუმის დეტალები და ერთად შეთანხმდნენ აუდიტორიაზე უფროსების ჩარევის გარეშე.
  • განსაკუთრებული დღე: ღონისძიება განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი უნდა იყოს თითოეული ბავშვისთვის. ამისთვის შესაძლოა ერთი შეხედვით მცირე დეტალის მოფიქრებაც კი საკმარისი აღმოჩნდეს. მაგალითად, 21 დეკემბერს წელიწადში ყველაზე გრძელი ღამის აღსანიშნავად ყველა უცნაურად გამოწყობილი მიდის საბავშვო ბაღში – ღამის პერანგებით! ეთამაშებიან მასწავლებელთან ერთად კვირის განმავლობაში დამზადებულ „დედამიწის“ კონსტრუქციას, რომელსაც კაშკაშა „მზის“ გარშემო ატრიალებენ და ხან თეთრ დათვს აძინებენ ზედ, ხან – ჟირაფს. ბავშვები იხსენებენ თავიანთ საყვარელ სიზმრებს და ემზადებიან მთვარისა და ვარსკვლავების ფორმის ორცხობილების გამოსაცხობად. მალე მშიერი მშობლები მოვლენ, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ორცხობილებით ჩაიტკბარუნონ პირი.
  • ბავშვების უნიკალური სააზროვნო და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა: ღონისძიებები საშუალებას უნდა აძლევდეს ბავშვებს, გამოხატონ თავიანთი უნიკალური შესაძლებლობები და შეხედულებები მათთვის საინტერესო და სახალისო ფორმით. მაგალითად, ზეიმის დღეს ჯგუფის ოთახი სულ მთლად თეთრია, რადგან იატაკსა და კედლებზე – ყველგან თეთრი ფორმატის ქაღალდი გაუკრავთ. მასწავლებელი აკვირდება ბავშვების რეაქციებს, აღფრთოვანებას, ინტერესს, უსმენს მათ და ეკითხება: რა შეიძლება გააკეთონ ამ უღიმღამო ოთახში? მერე იდეებს შეაჯერებს და მხიარული ზეიმიც იწყება: ბავშვები ერთმანეთს ენაცვლებიან – ზოგი ხელების „აფრიკულად“ მოხატვით გართულა, ზოგს ტამტამი მოუმარჯვებია და ადრე ნასწავლ რიტმს ოსტატურად უწყობს მეგობარს, სხვები კი საღებავებს არჩევენ და იატაკის ფეხებით მოსახატად ემზადებიან.

ჰენრი დარჯერი [9]

[1] კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ. (1989), https://matsne.gov.ge/ka/document/view/1399901

[2] ნ. ვუჩკოვიჩ ჩაჰოვიჩ, ი.ე. დოეკი, ჟ. ცერმატენი. (2012). ბავშვის უფლებები საერთაშორისო სამართალში. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული გამოცემა, 2015)

[3] Penn, H. (2005). Understanding early childhood. Issues and controversies. Open University Press: Berkshire.

[4] MacNaughton, G. & K. Smith. (2009). Children’s rights in early childhood – Chapter 10. In An Introduction to childhood studies, Ed. M.J. Kehily. Open University Press

[5] გაეროს ბავშვთა ფონდი, USAID. (2013). ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში. ეროვნული კვლევა არსებული ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ. https://unicef.ge/uploads/Unicef_VAC_GEO_Final3_02_09.pdf

[6] Pramling Samuelsson, I., M. Asplund Carlsson, B. Olsson, N. Pramling & C. Wallerstedt. (2009). The art of teaching children the arts: music, dance and poetry with children aged 2 – 8 years old. International Journal of Early Years Education 17 (2), 119-135.  

[7] D. Varga. (2000). Hyperbole and humor in children’s language play. Journal of Research in Childhood Education, 14 (2), 142-151.

[8] E. Loizou. (2004). Humorous bodies and humorous minds: Humor within the social context of an infant child care setting. European Early Childhood Education Research Journal, 12 (1), 15-28.

[9] სურათი – Henry Darger, illustration from The Story of the Vivian Girls, in What is Known as the Realms of the Unreal, of the Glandeco-Angelinian War Storm, Caused by the Child Slave Rebellion. https://greenlanternpress.wordpress.com/tag/henry-darger/

პირველად იყო სიტყვა

0

,,ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა… „მოიისფრო“, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა „გავძეხი“, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა „მაშასადამე…“ – იშვიათად წამიკითხავს სიტყვის გამომსახველობაზე ასე მოკლედ, გასაგებად და ლამაზად დაწერილი.

სიტყვებთან თამაშს ბავშვი სკოლაში მისვლისთანავე ეჩვევა. უფრო ადრეც. და ეს ხშირად მათი საყვარელი თამაშია. სიტყვების სამყარო ცოცხალია და ჯადოსნურივითაა. იცვლება, ფერადდება, ზოგჯერ გაჯიქება იცის, აწვალებს პატარას, მაგრამ სიხარულით ავსებს, როცა იმორჩილებს.

სიტყვებთან მუშაობის უამრავი ცნობილი მეთოდი არსებობს: დაკარგული სიტყვები, სიტყვის პირამიდა, მნიშვნელოვანი სიტყვები, რეიტინგი…

მაგრამ მგონია, რომ რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო შორდება სიტყვების სამყაროს და ითავისებს მას როგორც ძალიან ჩვეულებრივსა და თავისთავადს, რომელსაც არავითარი ზედმეტი ზრუნვა და ფიქრი არ სჭირდება. ამიტომ სულ ვცდილობ, სიტყვებთან შევარკინო ისინი. მაგალითად, ნახვად ღირს, როგორ აფრთიანდებიან, როცა ნახავენ, რომ საბას “სამშობლო“ განმარტებული აქვს როგორც “დედის სახლი“. თავიანთ „რატომ“-ს ასობით პასუხს, განმარტებას, ასოციაციას თავადვე მოაყოლებენ ხოლმე…

ახლა აღარ ვთამაშობთ, უბრალოდ, ვუფიქრდებით თითოეულ სიტყვას. რას ნიშნავს, შეიცვალა თუ არა მნიშვნელობა დროთა განმავლობაში, თუ კი – რატომ და რას გვეუბნება ეს ცვლილება ჩვენს ენაზე, ხალხზე, ისტორიაზე… სიტყვები გვარწმუნებენ, რომ ყველა სულიერზე უფრო ცოცხალია ენა. ის გვიყვება, რისი სწამდათ და სჯეროდათ, რა უხაროდათ და რა სწყინდათ ადამიანებს და ახლა როგორ შეიცვალნენ.

საიდუმლოებების და თავსატეხების გაჩენაც უყვარს ენას…

ზოგჯერ განსაკუთრებით შეპყრობა იციან სიტყვებმა და მათი განმარტებების ძიებამ.

აი, ძველ ქართულს რომ შეებმებიან, მერე იწყება „მეხთა ტეხა“. მათსავე დასმულ კითხვებს მათვე ვუბრუნებ, ვაიძულებ, დავაფიქრო და მეც მათთან ერთად ვფიქრობ.

ახლა – რამდენიმე ჩვენი ნაფიქრალიდან.

ვაჟა-ფშაველაზე საუბრისას ყოველთვის ვეუბნები ბავშვებს, რომ ავადმყოფი, ფილტვებდასუსტებული პოეტი თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ლაზარეთში იწვა. იქ, სადაც ახლა უნივერსიტეტია. იქ მოითხოვა მთის წყალი და მინდვრის ყვავილები. სიტყვა „ლაზარეთი“ მაშინვე ხვდებათ ყურში. ლამაზია.

ხომ ყოფითი სიტყვაა, მაგრამ ღვთისა და სასწაულის იმედს, ექიმის საოცარ ნდობასაც იტევს. სახარებიდან ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ, შთამბეჭდავ ეპიზოდს უკავშირდება – ლაზარეს აღდგინებას. ოთხი დღის მკვდარი ლაზარე იესომ ისე აღადგინა, ხელითაც არ შეხებია. გარედან დაუძახა: ლაზარე, გამოვედ გარეთო, – და ისიც გამოვიდა.

ახლა „საავადმყოფოთი“ შევცვალეთ. მერედა რა პროზაული, ფაქტის მშრალად აღმნიშვნელი სიტყვაა! ავად თუ ხარ, აქ უნდა იყოო. და ამ სიტყვაზე თომას მანის „ჯადოსნური მთის“ ასოციაცია მიჩნდება, განკურნება რომ განუსაზღვრელი დროითაა გადადებული და „აფეთქებაღა“ თუ უშველის.

როსტევანი რომ თავის ერთადერთ ქალიშვილს ამეფებს, ტახტზე ასულს პირველად ამას ეუბნება: „იყავ წყნარი და ცნობილიო“. ჩვენს დროში ასე აქტუალური სიტყვა რომ ხვდებათ და აღმოაჩენენ, სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონია, ფიქრს იწყებენ: „ცნობა“ ძველად გონებას ნიშნავდა, აქედან გამომდინარე, „ცნობილი“ – გონიერს. თუ ამ სიტყვის დღევანდელ მნიშვნელობას დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ, ქართველი ხალხის აზრით, ცნობილი მხოლოდ და მხოლოდ გონიერი, ბრძენი ადამიანი თუ გახდებოდა. თუმცა დღეს სულ სხვაგვარადაა.

სიტყვა „ქველს‘‘ სულხან-საბა ორბელიანი თავის „სიტყვის კონაში‘‘ ასე განმარტავს; „კეთილი, გინა მოწყალე‘‘. აქედან, „ქველმოქმედება‘“ სიკეთის კეთებას ნიშნავს. თუმცა ასევე ხშირად აღნიშნავს „მამაცსაც“ (მაგალითად, ფარსმან II ქველი, სიმამაცით გამორჩეული; ან ვეფხისტყაოსნიდან: „…აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა“) გამოდის, კეთილის ქმნა თავისთავად სიმამაცედ ჩაუთვლია ქართველ ხალხს და ეს მნიშვნელოვანი დამოკიდებულება ენას შემოუნახავს.

სიტყვა „ნიჭი‘‘ ძველ ქართულში საჩუქარს ნიშნავდა. ახლა კი აღნიშნავს განსაკუთრებულ უნარს, რომელსაც ადამიანი ავლენს. ასეთ უნარს თუ შევამჩნევთ, ადამიანს „ნიჭიერს‘‘ ვუწოდებთ. ენას ჩაუთვლია, რომ მათი ეს განსაკუთრებული უნარი უფლის საჩუქარია.

სიტყვა „ღარიბი‘‘ ძველ ქართულში „უცხოს“ ნიშნავდა, „საღარიბოდ წასვლა“ კი „სახეტიალოდ, სამოგზაუროდ წასვლას“ („…წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა“ – „ვეფხისტყაოსანი“). ანუ ადამიანებისთვის სულ უცხო, უცნობი იქნებოდი. აქედან გამომდინარე, მას, ვინც სულ დახეტიალობს, არაფერი გააჩნია, ე.ი. „ღარიბია‘‘ დღევანდელი მნიშვნელობით.

კიდევ ერთი სიტყვის უცნაური ისტორია: სიტყვა „პატიჟი‘‘ ძველ ქართულში ტანჯვას, სასჯელს ნიშნავდა („აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“ – „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“). საბასთან ეს სიტყვა „პატივის“ ანტონიმია. „პატივს“ ასე განმარტავს: „კეთილის მიპყრობა სიტყვით და საქმით, ხოლო პატიჟი – წინაუკმო: უპატიურად და შეჭირვებით პყრობაჲ“. დღეს „შეპატიჟება – დაპატიჟებას“ სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. ან არასწორად დამკვიდრდა პარონიმული წყვილის ცალი, ან, თუ სტუმარს ძალიან და შემაწუხებლად ვეპატიჟებით, ე.ი. ვტანჯავთ ამით…

ბევრ გამოცანასაც გვიტოვებს ენა. მაგალითად, სიტყვა „მედგარი“ ( ჰაგიოგრაფიაში გვხვდება არაერთხელ) ასეა განმარტებული: „მცონარი და მოუძლურებული; მედგარი ითქმის მარადის ძვირისა დამმარხველი გულთა შინა აღუჴოცელად. მედგარი არს, უღონოცა რა მოუძლურდეს“. მაგრამ გავიდა ხანი და „მედგარი“ ახლა შეუპოვარს, ძლიერს აღნიშნავს. რატომ შეიცვალა სიტყვამ ასე რადიკალურად მნიშვნელობა? რისი თქმა სურს ენას?

ან ყველა ლექსიკონში „წამებულად“ განმარტებული „მარტვილი“ რატომ ნიშნავს საბასთან „ბავშვს“ (გავიხსენოთ იგავი „განშორებული და მარტვილი“)?

რა თქმა უნდა, ბავშვებს ამ კითხვებზეც აქვთ თავიანთი მოსაზრებები და უსასრულოდ შეიძლება ასე სიტყვების და მათზე ნაფიქრის ჩამოწერა, მაგრამ აღარ გავაგრძელებ.

ამ პატარა წერილით მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, რომ ბავშვების „სასიტყვეთში“ მოგზაურობა დაწყებით კლასებში არ უნდა დასრულდეს. ისინი მუდმივად უნდა ჩერდებოდნენ რომელიმე საინტერესო სიტყვასთან, უკირკიტებდნენ, ფიქრობდნენ, გამოთქვამდნენ აზრებს, კამათობდნენ და რწმუნდებოდნენ, რომ ნამდვილად არსებობს საიდუმლო კი არა, საიდუმლოები, რომლებიც „ამას ენასა შინა დამარხულ არს“.

როცა მასწავლებლის გეშინია

0

უმცროსკლასელთა შორის სკოლაში სიარულზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი მასწავლებლის შიშია, მასწავლებელთან დაკარგული კონტაქტი. მსგავს პრობლემას ხშირად ჯახებიან მგრძნობიარე და ნაკლებად თავდაჯერებული ბავშვები. როგორ უნდა იქცეს მშობელი შვილის დამცველად და ესაუბროს მასწავლებელსა თუ სკოლის დირექტორს ისე, რომ მათი გაღიზიანება არ გამოიწვიოს?

„ძალიან დავიღალე. მასწავლებელი თითქმის ყოველდღე უჩივის თაკოს. ბავშვსაც აღარ უნდა სკოლაში სიარული. ხან რას მოიმიზეზებს, ხან – რას. ერთხელ ლოგინიდან არ ადგა. გვეგონა, გრიპი ჰქონდა, ახლა კი ვეჭვობ, რომ უბრალოდ, ისე შეეშინდა მასწავლებლის, სიცხემაც კი აუწია…

ერთი შვილი გვყავს, სათუთად ვზრდით და საკმარისია ვინმემ ხმას აუმაღლოს, რომ ბავშვი პანიკაში ვარდება, ჰგონია, უბრაზდებიან. ამ თემაზე მასწავლებელს არაერთხელ ვესაუბრე, მაგრამ მას ეგონა, შვილის გამართლებას ვცდილობდი. არ მისმენდა, მხოლოდ მეწინააღმდეგებოდა, დარწმუნებული იყო თავისი პედაგოგიური მიდგომების სისწორეში. ათასი არგუმენტი მოჰყავდა, თითქოს ყველაფერში ბავშვი იყო დამნაშავე.

დირექტორს რომ მივმართე, გვიპასუხა: ბავშვი გაიზრდება, სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან მოუწევს ურთიერთობა, ამიტომ სკოლაშივე უნდა ისწავლოს პრობლემების მოგვარებაო. რასაკვირველია, დავეთანხმე, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. ბავშვს მასწავლებლის ეშინია. მე კი მინდა, სწავლაზე გული არ აუცრუვდეს“, – ამბობს თაკოს დედა.

თაკო მართლაც დამფრთხალი ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებს. ის საცოდავადაა მოხრილი მხრებში. როცა ლაპარაკობს, იატაკს ჩასქცერის და ხმა უთრთის. მშობელი წუხს. არ იცის, როგორ დაიცვას შვილი ისე, რომ გული არავის ატკინოს, არც ბავშვს, არც მასწავლებელს.

ამ შემთხვევაში ფსიქოლოგები მშობლებს ბავშვის ადვოკატირებას ურჩევენ. ეს რთულია, ძალისხმევას, მოთმინებას და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ამ პრობლემას მშობელზე უკეთ ვერავინ მოაგვარებს. მხოლოდ მშობელს შეუძლია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. ის შვილთან ერთად განიცდის მორალურ სიმძიმეს, ყველაზე უკეთ იცის, რა მდგომარეობაშია ბავშვი.

ასეთ დროს მშობლები, როგორც წესი, თავდაცვით პოზიციას ირჩევენ, რაც არცთუ მისაღებია. ფსიქოლოგები ურჩევენ მათ, გაითვალისიწინონ მასწავლებლის ცხოვრების წესი, მისი დატვირთული გრაფიკი. გაიხსენონ, რომ მასწავლებელიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ასევე განიცდის სტრესს სამსახურში და შინ, პასუხისმგებელია ბავშვთა დიდ ჯგუფზე – კლასზე, ყოველდღიურად უწევს მძიმე სამუშაოს შესრულება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მშობელმა უნდა შეარჩიოს სწორი გზა მასწავლებელთან ურთიერთობისთვის, მასთან ნაყოფიერი დიალოგისთვის. აუცილებელი როდია მასწავლებელზე იერიშის მიტანა. ამაზე მეტად მშობელს საკომუნიკაციო უნარების გამომუშავება სჭირდება.

მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ფსიქოლოგების ინსტრუქციას:

უპირველეს ყოვლისა, მშობელი მასწავლებელს პირადად უნდა შეხვდეს. ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია უეფექტოა.

იმისთვის, რომ მასწავლებელმა მოუსმინოს, მშობელი ხაზგასმით უნდა დაეთანხმოს მის რომელიმე სამართლიან არგუმენტს. მაგალითად, თუ მასწავლებელი ამბობს, რომ თაკო ზედმეტად ემოციურია, მშობელმაც უნდა დაუდასტუროს – თაკო შინაც ასეთია. როგორც კი მასწავლებელი და მშობელი შეხების წერტილს იპოვიან, მათი ურთიერთობა გამარტივდება.

მშობელს მართებს, ყურადღებით მოუსმინოს მასწავლებელს და დროებით დაივიწყოს თავისი ინტერესი. თუ რამეს ვერ გაიგებს, უნდა ჩაეკითხოს. ყურადღება უნდა მიაქციოს თავის ინტონაციას. მასწავლებელმა უნდა იგრძნოს, რომ მშობელი მას დაკითხვას კი არ უწყობს, არამედ ცდილობს გაუგოს. ვთქვათ, თუ მასწავლებელი ამბობს, რომ ბავშვი თავს ვერ ართმევს დავალებებს, მშობელმა უნდა ჰკითხოს, ხომ არ შეუძლია, თვალსაჩინოებისთვის ბოლოდროინდელი მაგალითები მოუყვანოს?

მშობელმა უნდა მიაგნოს პრობლემის სათავეს – თუ ბავშვი ცუდად იქცევა, რა არის ამის ნამდვილი მიზეზი, თუ იტყუება, რა უბიძგებს ტყუილისკენ. გარდა ამისა, შეუძლებელია, ბავშვს უმიზეზოდ ეშინოდეს მასწავლებლის. ჰკითხეთ მასწავლებელს, თვითონ რას ფიქრობს ამის თაობაზე, რა მიზეზს დაასახელებდა, რას ამჩნევს ბავშვს.

თუ ისე მოხდა, რომ მშობელმა ვერაფრით გაარკვია, რას განიცდის ბავშვი და რა აფუჭებს მის განწყობას სკოლის მიმართ, გააანალიზეთ მისი ტემპერამენტი. იქნებ მხოლოდ იმიტომ ტირის, რომ არ შეუძლია სკოლის თავგადასავლების მონელება? იქნებ, ინტროვერტია და პირადი სივრცე სჭირდება? იქნებ მასწავლებლისა იმიტომ არ ესმის, რომ ზემგრძნობიარეა? იქნებ დავალებებს ნელა იმიტომ ასრულებს, რომ ბევრ ყურადღებას უთმობს დეტალებს და მერეღა ხვდება, საიდან უნდა დაეწყო? ამ ყველაფრის დადგენა მხოლოდ მასწავლებელთან გასაუბრებით ვერ მოხერხდება. აუცილებელია ბავშვის ჩართვა. ჰკითხეთ, რას გრძნობს ამა თუ იმ სიტუაციაში. მისი პასუხი შესაძლოა მოულოდნელიც კი აღმოჩნდეს.

მასწავლებელთან საუბრის დროს მშობელს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ პედაგოგი კარგად ერკვევა ბავშვის ტემპერამენტის საკითხებში. მას შესაძლოა აზრადაც არ მოუვიდეს, რომ ბავშვის განსხვავებულობის მიზეზი სწორედ მისი ტემპერამენტია.

მასწავლებლისადმი სწორი მიდგომა, მისი მოსმენა, გაგება იმის გარანტიაა, რომ მასწავლებელიც მოუსმენს მშობელს, ისიც ეცდება დეტალურად გაერკვეს, რა ხდება ბავშვის თავს.

მასწავლებლის პრიორიტეტების გარკვევის შემდეგ მშობელმა ყურადღება მისთვის მტკივნეულ თემაზე უნდა გადაიტანოს. თავის ინტერესებზე კონცენტრირდეს და არა პოზიციაზე. მაგალითად, მშობელს შეუძლია თქვას: „მინდა,თაკო სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობდეს“. მან თავი უნდა არიდოს რადიკალურ განცხადებებს, მაგალითად, ასეთს: „მინდა, შვილი სასწრაფოდ გადავიყვანო სხვა კლასში!“ ამ შემთხვევაში თავდაცვითი ბარიკადების აგება მშობელს არაფერში არგებს, რადგან მასწავლებელთან ერთად გონივრულ გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეს. მშობელს შეუძლია, სთხოვოს მასწავლებელს გაკვეთილზე დასწრება, რათა საკუთარი თვალით ნახოს, რა შეიძლება აშინებდეს მის შვილს.

მშობელს შეუძლია, მასწავლებელს გაუზიაროს – მეთოდი, რომელსაც თავად იყენებს და შედეგიანია.

მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ მასწავლებელსაც აქვს თავისი ტემპერამენტი. მისი პირველადი რეაქცია შესაძლოა ნეგატიური იყოს, ნელა ადაპტირდებოდეს ან ჯიუტობდეს. ნუ იძალადებთ მასწავლებელზე. გაუზიარეთ თქვენი იდეები. თუ პირველმა შეხვედრამ დაძაბულად ჩაიარა, ხელს ნუ ჩაიქნევთ და აუცილებლად შეხვდით მეორედ. იმავდროულად, მშობელმა საკუთარი ტემპერამენტის თავისებურებებიც უნდა გაითვალისწინოს. თუ იცის, რომ ჰიპერემოციურია და გაუჭირდება მასწავლებელთან საუბრის დროს წონასწორობის შენარჩუნება, შეუძლია, შეხვედრაზე მშვიდად მოსაუბრე ახლობელი გაიყოლოს, რომელიც საჭირო მომენტში დროულად განმუხტავს სიტუაციას.

მასწავლებელთან უშედეგო მოლაპარაკების შემთხვევაში მშობელს შეუძლია, სკოლის ფსიქოლოგს ან დირექტორს შეხვდეს და ამ გზით გამოასწოროს სიტუაცია. სასურველია, შეხვედრაში ჩართოს ადამიანები, რომლებიც მის შვილს პატარაობიდანვე იცნობენ, მაგალითად, ბაღის მასწავლებელი, ბებია, ძიძა.

თაკოს დედა ჰყვება: „ერთხელ შვილის ცურვის გაკვეთილს ვესწრებოდი. ვუყურებდი, როგორ ნავარდობდნენ ბავშვები და უცბად მივხვდი, რომ ჩვენ არ ვასწავლით მათ ღრმა წყალში ცურვას. ცურვას ისინი ჯერ წელამდე წყალში სწავლობენ, იქ, სადაც არ ეშიანიათ და იმედიანად არიან… სკოლის დირექტორს რომ შევხვდი, ამას მოვუყევი. ისიც დამეთანხმა. დიახ, ვუთხარი, ბავშვმა სკოლაში უნდა შეძლოს სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ეს თანდათანობით უნდა მოხდეს და არა იმის შიშით, რომ მასწავლებელი და სკოლა მას მაღალი წყალივით დაახრჩობენ.

დირექტორმა ყურადღებით მისმინა. გამოიძახა მასწავლებელი და გაესაუბრა. თაკო სხვა კლასში გადავიყვანეთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მისი მასწავლებელი ცუდი პედაგოგი იყო, არამედ იმიტომ, რომ თაკო სხვა მასწავლებელთან უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს. ძველი მასწავლებელი ამ ამბავს მშვიდად შეხვდა…. თაკო არ არის რთული ბავშვი და სავსებით იმსახურებს ისეთ მიდგომას, რომლის შედეგად სკოლაში ცოდნას და პოზიტიურ ემოციებს მიიღებს“.ირმა

ვაჟა-ფშაველადან სვეტლანა ალექსიევიჩამდე

0

ბაგრამის სიახლოვეს… შევედით ყიშლაკში (თურქ. „სოფელი“), ვთხოვეთ, ეჭმიათ რამე. მათი კანონებით, თუ ადამიანი შენს სახლშია და მშიერია, მას უარს ვერ ეტყვი ცხელ პურზე. ქალებმა დაგვსხეს მაგიდასთან და გაგვიმასპინძლდნენ. როდესაც ჩვენ გავემგზავრეთ, ეს ქალები და მათი შვილები ყიშლაკმა სასიკვდილოდ გაიმეტა: ქვები და ჯოხები დაუშინეს. მათ იცოდნენ, რომ დახოცავდნენ, მაგრამ მაინც არ გამოგვყარეს. ჩვენ კი მათთან ჩვენი კანონებით მივდიოდით… მეჩეთებში ქუდდახურული შევდიოდით…

რიგითი არტილერისტის ეს მონათხრობი შესულია ნობელიანტი მწერლის – სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნში – „ცინკის ბიჭები“, რომელიც ავღანეთის ომსა და საბჭოთა კავშირის იმპერიალისტურ სისასტიკეს ეხება. მხატვრულ-დოკუმენტური რომანი, რომელიც რუსულიდან ზურაბ ქუთათელაძემ თარგმნა და ქართველი მკითხველისთვის მალე იქნება ხელმისაწვდომი, სრულად ეფუძნება ავღანეთში მივლენილი საბჭოელი ჯარისკაცების რეალურ ამბებს.

ეს ომის კანონია და არა მშვიდობის: ნებისმიერი ხერხით შეიტანო შენი „კულტურა“ მტრის ყოფაში. რაც შეეხება წესს – „სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო“ – ის სხვისი პატივისცემისას და კეთილგანწყობილი სტუმრობის პირობებში მოქმედებს. ვიცი, ამ ეპიზოდის წაკითხვისას თქვენც ვაჟა-ფშაველას უკვდავი პოემა „სტუმარ-მასპინძელი“ გაგახსენდებოდათ და კარგი იქნება მისი სწავლებისას ავღანურ ადათებსა და ალექსიევიჩის „ცინკის ბიჭებსაც“ თუ შეეხებით ხოლმე.

ავღანელები და კავკასიელები ძალიან რომ ჰგვანან ერთმანეთს ადათ-წესებითა თუ მენტალიტეტით, ეს ალექსიევიჩის შემდგომი თაობის მწერლის შემოქმედებაშიც კარგად ჩანს. მხედველობაში მაქვს ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის – ხალიდ ჰოსეინის რომანები, რომლებშიც პერსონაჟები ავღანელები არიან. სტუმარი მათთვისაც საკრალურია. მაგალითად „ფრანით მორბენალში“ არის ეპიზოდი, სადაც ახალგაზრდა კაცი ცინიკურად, შეურაცხმყოფელად საუბრობს ძმის სტუმარზე, რის პასუხადაც ძმა დაუღრიალებს: „დაგავიწყდა, სად ხარ? ეს ჩემი სახლია! ამირ-აღა ამაღამ ჩემი სტუმარია და შერცხვენას არ გაპატიებ, იცოდე!“ „ათას მოელვარე მზეშიც“ რეალური ისტორიული ფონი ჩანს და ვკითხულობთ:

თალიბებმა გამოაცხადეს, რომ ბინ ლადენს არ გადასცემდნენ, რადგან იგი მათი მეჰმანი, სტუმარი იყო. ავღანეთში მას თავშესაფარი მისცეს, სტუმრის გაძევება კი პაშტუნთა ეთიკის კოდექსს ეწინააღმდეგებოდა. თარიყმა სიმწრით ჩაიცინა. ლაილამ მის ღიმილში პაშტუნების ღირსეული ადათ-წესების, მისი ხალხის თავისებურებების განზრახ დამახინჯებით გამოწვეული აღშფოთება ამოიცნო.

ისევ სვეტლანა ალექსიევიჩს რომ დავუბრუნდეთ, ჩემი აზრით, მან სათავე დაუდო ახალ ლიტერატურულ ჟანრს, რომელსაც პირობითად პუბლიცისტური რომანი შეიძლება ეწოდოს. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ჟურნალისტიკაა, თუმცა უამრავი ინტერვიუდან/ისტორიიდან რა არ შეიტანო წიგნში და რა შემოუნახო კაცობრიობას, კომპოზიციურად როგორ დაალაგო ისე, რომ „უტოპიის ხმებს“ (ალექსიევიჩის რომანების ციკლის საერთო სახელი) არც სიმძაფრე მოაკლდეს და არც ლიტერატურული ღირებულება – ამას განსაკუთრებული ნიჭი და მწერლური ალღო სჭირდება. აღსანიშნავია, რომ რეალური მთხრობელის ინტონაცია მის რომანებში ყველგან შენარჩუნებულია და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. ვფიქრობ, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ამ წიგნებისათვის (რა ჟანრსაც არ უნდა მივაკუთვნოთ ისინი), რომლებიც, მწვავე თემებიდან გამომდინარე, მწერლისგან როგორც ობიექტურობას, ისე დიდ გამბედაობასა და შეუპოვრობას მოითხოვდა. თუნდაც ზემოთ მოტანილი ეპიზოდი წიგნიდან, მშრალი თხრობა არტილერისტისა, დიდი შენაძენია 21-ე საუკუნის ადამიანისათვის და ის განსჯისა და დაფიქრების საგნად უნდა იქცეს. ეს ფრაგმენტი ქართველ მკითხველს უნებურად „სტუმარ-მასპინძლის“ რამდენიმე ეპიზოდს გადაუშლის თვალწინ. შესაძლოა სწორედ მსგავსი სიტყვებით მიემართათ ბაგრამელ კაცებს ორ ცეცხლს – სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციასა და შიშს – შუა მყოფი ქალებისათვის, რომლებსაც საბჭოელები ხშირად ბავშვებსაც კი უხოცავდნენ, ხელნაკეთ ნაღმს არ გვიდებდნენო:

„თემს რაც სწადიან, მას იზამს
თავის თემობის წესითა.
მთელის ქისტების ამომგდე
სტუმრად რადა გყავ სახლშია?
ზვიადაურის სახელი
ბავშვმაც კი იცის მთაშია.
ეს იყო მუდამ, ჭკვათხელო,
ჩვენის გაჟლეტის ცდაშია,
მგლურად რო გვეტევებოდა,
რო გვიჯდებოდა გზაშია.“

ჩაქოლვა დღემდე საკმაოდ გავრცელებულია ბევრ ქვეყანაში. მას ქალების წინააღმდეგ უმეტესად ცოლ-ქმრული ღალატის შემთხვევაში იყენებენ. ეპიზოდი „ცინკის ბიჭებიდან“, სავარაუდოდ, ავღანელების თვალთახედვით, ქალების მხრიდან ერთგვარი ღალატიც იყო. მასპინძლობისას ქალს ალბათ სინანული „წაესობოდა“ და საბჭოელების მიერ მოკლული თავისიანების მოგონებისას „თითქოს ნატყორცი ისარი ზედ გულის კოვზზე“ დაესობოდა, მაგრამ ამასთან ძველი ადათიც გაახსენებდა თავს:

„დღეს სტუმარია ეგ ჩემი,

თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,

მითაც მე ვერ ვუღალატებ,

ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა.“

„მათ იცოდნენ, რომ დახოცავდნენ, მაგრამ მაინც არ გამოგვყარეს…“ აღაზასგან განსხვავებით, ავღანელ ქალებს გააზრებული აქვთ, რომ მტერს უმასპინძლდებიან. ქისტი აღაზა მოგვიანებით შეიტყობს ზვიადაურის ვინაობას და მისი მამაცობით აღფრთოვანებული დასტირის ხევსურს. ქალი, რომელსაც მტრის მასპინძლობისთვის თემი გარიყავს, რომელსაც სასაფლაოდან მკვდარი ქისტების, მათ შორის საკუთარი ძმის, გამკიცხავი ხმები ჩაესმის, რომელსაც ღალატის გამო ქმრისათვის საფლავიც არ გამოუყვეს მშობლიურ მიწაზე, ჯოყოლაზე უფრო დამნაშავედ მიიჩნევს თავს: „მე უფრო დიდი ცოდვა მაქვს, / უცხოსთვის ცრემლი ვღვარია.“ ავღანელი ქალებიც არ გასცემენ საბჭოელი რიგითი ჯარისკაცების სტუმრობას, რასაც თემი, ამ შემთხვევაში – ყიშლაკი, მტერთან თანამშრომლობაში ჩაუთვლის.

გაორებული ქალებისა და მათი შვილების ტრაგედია ალექსიევიჩთან სულ ერთ აბზაცშია თავმოყრილი, მინიატურასავით. აქ არაა გახსნილი პერსონაჟების ხასიათი, არ ჩანს მათი ჟესტები თუ ფიქრები, აქ ვერ ნახავთ ხელმოსაჭიდ დეტალებს, რომელიც სრულყოფილად აღადგენდა ფსიქოლოგიურ ფონს ან ავღანურ სოფრას (ჩვენებურად – სუფრას). მხოლოდ ცხელი პურია ნახსენები. ამიტომაც იძლევა ეს ეპიზოდი სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას. აკი 1893 წელს დაწერილი ვაჟას შედევრიც გაგვახსენა უნებურად. „სტუმარ-მასპინძლისგან“ ერთი საუკუნით დაშორებული, 1991 წელს გამოცემული წიგნი ბევრ საფიქრალს დაგიტოვებთ და ქართულ ხალხურ ლექსთანაც გაპოვნინებთ საერთოს. აი, თუნდაც ცინკის კუბოთი ჩამოსვენებული ერთ-ერთი ჯარისკაცის დედის ხილვა:

და ერთხელ მესიზმრება კუბო… სარკმელია გამოჭრილი იქ, თავის მდებარეობის ადგილას, დიდი… დავიხრები საკოცნელად… მაგრამ ვინ წევს იქ? ეს ჩემი შვილი არ არის… ვიღაც შავია… ვიღაც ავღანელი ბიჭი, მაგრამ საშას მსგავსი… მახრჩობს ფიქრი: ეს მან მოკლა ჩემი შვილი… მერე ვხვდები: ისიც ხომ მკვდარია?! ისიც ხომ ვიღაცამ მოკლა!.. ვიხრები და ვკოცნი, სარკმლიდან გადახრილი…

საოცარია, მაგრამ ფაქტია: ხშირად მხატვრული ტექსტების სიუჟეტები რეალურ ცხოვრებაში „გადმოდიან“, წინასწარმეტყველებასავით ახდებიან და შემდეგ ისევ წიგნებში, ოღონდ სხვა ავტორის წიგნებში „ბრუნდებიან“.

„ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი
ელანდებოდა მძინარსა,
ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს
ტანზეით აყრის რკინასა,
ხან კიდენ იმისი შვილი
ვეფხვს გადაავლევს ყირასა.
აი, ამ სიზმრებს ხედავდის,
გამაეღვიძის მტირალსა.
ხან იფიქრებდა, უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა შვილისა,
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა.
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!“

კაცობრიობა ხომ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს. წიგნებიც სწორედ ამის მუდმივი შეხსენებაა. და სვეტლანა ალექსიევიჩის რომანების არაერთი გმირი არაერთხელ დაიჩივლებს:

რატომ მაიძულებთ წარსულის გახსენებას?

საბჭოთა წარსულის ამ ეპიზოდის გახსენებამ უძველეს სტუმარ-მასპინძლობის ადათთან დაგვაბრუნა და რამდენიმე ქვეყნის ლიტერატურისთვისაც შეგვავლებინა თვალი. ბელარუსი ნობელიანტის წიგნის ერთ-ერთი შეკითხვის ადრესატებიც ალბათ ჩვენ, მკითხველები, ვართ:

„ვის ვესროლო ეს სიტყვები, როგორც ყუმბარა?“

 

 

შავ-თეთრიდან ნათელი ფერებისკენ       

0

ყველაფერი ცუდი რომ დასრულდა, თოთხმეტი წლის იყო. ხატვა ამის მერე დაიწყო. ჯერ ფურცლები და ფანქრები მოითხოვა, მერე – საღებავები, ფუნჯები, ტილოები. მოლბერტი დედას მეგობარმა აჩუქა. ხატავდა თითქმის ყოველდღე და იმას, რასაც ხელი „თავისით დახატავდა“. ხატვის ტექნიკაზე წარმოდგენა არ ჰქონდა. ისიც კი არ იცოდა, ზეთის საღებავის გახსნა ზეთში რომ შეიძლებოდა…

მანამდე ფუნჯი არასოდეს მოესვა, ფერები არასოდეს გაეზავებინა. ყოფილა ისეც, რომ არც ფურცელი ჰქონია და არც ტილო და საღებავები. ასეთ დროს კედლებზე ხატავდა, ნაქირავები ბინის გაურემონტებელ, ღია ცისფერ კედლებზე. ხატავდა ფანქრებით, ფუნჯებით, თითებით, საღებავში ჩაწობილი თმის ბოლოებით. ხატავდა იმას, რაც გამოვიდოდა. ღამეებს ათევდა. არ ადარდებდა, შეუქებდნენ თუ დაუწუნებდნენ ნახატს. მთავარი იყო, რომ თავს კარგად გრძნობდა, უსიამოვნო მოგონებები გარეთ გამოჰქონდა, თავისუფლდებოდა. გამთენიისას იძინებდა, დაღლილი, მაგრამ ბედნიერი. ოჯახის წევრებს კი მოლბერტზე ახალ-ახალი ნახატები ხვდებოდათ.

სულ პირველად პორტრეტი დახატა – „ღამისთვალება“ გოგო სისხლის ცრემლებით (ოღონდ არ ვიცი, ეს მე ვარ თუ არაო, ამბობს). მეორეც შავ-თეთრ ფერებში შესრულებული პორტრეტი იყო, რომელზეც უკვე გახელილი, მაგრამ ნაღვლიანი და შეშინებული თვალებით მოცქირალი გოგონა ფანჯრის რაფას ათივე თითით ჩაბღაუჭებია (წერილის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რომ თითები ამ ნახატის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია). ამას, მართალია, უსახო, მაგრამ წითელკაბიანი დედის პორტრეტი მოჰყვა – სასთუმალთან „ღამისმთეველი დედის“ პორტრეტი. მერე ისევ „შიში“ და „შავი კლანჭები“ შემოეჭდო ქალის (თუ გოგოს) შიშველ სხეულზე, რასაც მოგვიანებით კვლავ „ნათელი“ შიშველი სხეულების სერია მოჰყვა – თავდაჯერებული, საკუთარ თავში დარწმუნებული გოგოს „კვლავდაბრუნება“ ადამიანებთან.

მინდა, რაც შეიძლება მეტმა თანატოლმა გაიცნოს ის – ყოჩაღი, ლამაზი, მიზანდასახული მეთერთმეტეკლასელი მარიამ პატაშური. სიფრიფანა გოგო, რომელმაც დაამარცხა უმძიმესი დაავადება, დაძლია ბევრი კომპლექსი, თითქმის სრულიად მარტომ მოახერხა ბულინგისგან თავის დაღწევა, დღეს კი მზად არის, თავისი გულახდილი ნაამბობით (და არა მხოლოდ ნაამბობით) სხვებსაც (ალბათ უფროსებსაც) დაეხმაროს.

 

ტრავმა

ხუთი წლის ვიყავი, ველოსიპედის ბორბალში რომ ჩამიყვა თითი. მარცხენა ხელის არათითი (ხელს მაღლა სწევს და მიჩვენებს). უმძიმესი ტრავმა მივიღე. თითის დაკარგვა გარდაუვალი იყო. ცოტა ხანში კი ისე გამირთულდა ეს მოტეხილობა, ჭრილობა თუ დაჟეჟილობა, – მოკლედ, ყველაფერი ერთად, – თითს ვინღა ჩიოდა, კინაღამ მთელი ხელი დავკარგე. არ ვიცი, ვეღარც ვითვლი, იმდენი ოპერაცია გავიკეთე. ზაფხული იყო მაშინაც, ივლისის დასაწყისი, ეს ამბავი რომ დამემართა და ოქტომბრის ბოლომდე ყოველდღე დავყავდი ჩემს მშობლებს საავადმყოფოში თითის დასამუშავებლად. ბევრჯერ ანესთეზიის გარეშეც მიფხეკდნენ ძვალს, მაგრამ არასოდეს მიტირია. თან მე თვითონაც ვუყურებდი ოპერაციებს, ვითხოვდი, შემახედეთ-მეთქი. ასე უფრო ადვილი იყო ტკივილის მოთმენა. ჩემი მშობლები თავს არ ზოგავდნენ ჩემს გადასარჩენად და მეც მინდოდა, რამით დავხმარებოდი. სხვა რა შემეძლო 5 წლის ბავშვს? – მხოლოდ მოთმინება. და ვითმენდი კიდეც. შეიძლება არც დაიჯეროთ, რომ ასეთი პატარა გოგო იმ დროს ამაზე ვფიქრობდი, მაგრამ მართლა ასე იყო (ამას რომ ამბობდა, ღაწვებზე სიწითლე აჰყვა).

მერე, როგორც იქნა, თითმა მორჩენა დაიწყო. უმეტესად უკვე სახლში ვიმუშავებდი და ვიხვევდი ჭრილობას. ექიმმაც დაგვრთო ნება და თან აღარც ფულის გადახდის საშუალება გვქონდა. დედა თავიდან მარტოს არ მანდობდა ხელს შესახვევად, მაგრამ როცა დარწმუნდა რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, ის ექთნად იქცა, მე კი ექიმად – „ძირითად სამუშაოს“ მე ვასრულებდი (იცინის). როგორც თავიდანვე ივარაუდეს ექიმებმა, ზუსტად ისე მოხდა: თითის მთლიანად შენარჩუნება ვერ მოხერხდა, ორი ფალანგი დავკარგე. უფრო სწორად, ფალანგნახევარი (თითი აღარ უჩვენებია. თუმცა თვალსაჩინოდ ედო მუხლზე).

 

მარტოობა და ბულინგი

როდესაც ჩემი მშობლებისთვის, ანუ უფროსებისთვის, ყველაფერი ასე თუ ისე მშვიდობიანად „დასრულდა“, არანაკლებ რთული ახალი ცხოვრება მაშინ დაიწყო ჩემთვის. მეზობლის ბავშვები აღარ მეთამაშებოდნენ, თავს მარიდებდნენ. ხან კითხვებს მისვამდნენ თითის შესახებ, ხან დამცინოდნენ, ხან კი მეუბნებოდნენ, თითი არ გაქვს და როგორ უნდა ითამაშოო. ვიდექი და მხოლოდ მათ ვუყურებდი, ან ჩემთვის მარტო ვთამაშობდი. რამდენჯერმე თითიც ვიტკინე თამაშის დროს, მაგრამ ეს ტკივილი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც ღობესთან თუ კართან ატუზული სხვა ბავშვების ასეთი დამოკიდებულების გამო განვიცდიდი. მარტო ვიყავი. უმეგობროდ. შინ ამაზე არ ვლაპარაკობდი. ახლაც მგონია, რომ სხვა ბავშვებთან ურთიერთობა შენ თვითონ უნდა მოაგვარო, უფროსები არ უნდა ჩარიო, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება.

 

სკოლა, ცხრა თითი და კვლავ ბულინგი

სკოლაში რომ მივედი, სამი თვე ხელი ისევ შეხვეული მქონდა. კლასელები მეზობლის ბავშვებზე სასტიკები აღმოჩნდნენ. არავინ მეგობრობდა ჩემთან. „ცხრათითას“ მეძახდნენ. ერთმა კლასელმა ჩემი მარცხენა ხელი დახატა დაფაზე ოთხი თითით და მთელი კლასი ამაზე იცინოდა. იმიტომაცაა, პირველი კლასის ბოლოს გადაღებულ სურათში ყველა ბავშვს ბედნიერი სახე რომ აქვს, მე კი ნატანჯი გამომეტყველებით ვდგავარ…

მიჭირდა, მაგრამ ვიბრძოდი, როგორც შემეძლო. რვა წლის ვიყავი, „როლიკებზე“ დადგომა რომ გავბედე. ჩვენი დიასახლისის შვილი მასწავლიდა. ერთხელაც დავეცი და თითი დავარტყი (ჯერ კიდევ მტკიოდა). გავმწარდი. ჩემი თანატოლი ბიჭები იდგნენ იქ და დამცინეს. ძალიან შემრცხვა. მაშინვე სახლში წავედი. დედა წამოწოლილი დამხვდა. არაფერი მითქვამს. ჩახუტება მინდოდა და ესევე, ტანსაცმლიანად, მეც გვერდით მივუწექი. პირველი შეტევა იმ ღამით დამემართა. უცნაური რაღაც ხდებოდა ჩემს თავს. დედა სასოწარკვეთილი დამძახოდა: „მარიამ, მარიამ, გაიღვიძე, რა გემართება, გამოფხიზლდი, გთხოვ!“ მე მესმოდა დედას ხმა, მინდოდა მეთქვა, მღვიძავს, დედა, მესმის შენი ხმა–მეთქი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ყველაფერი შავ-თეთრი იყო… (ველოდი,აი, ახლა ჩამოუგორდება ცრემლი, აი, ახლა-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ხმა აუკანკალდა ოდნავ, სულ ოდნავ).

 

ეპილეფსია

ამ კრუნჩხვით ჩემთვის ახალი ჯოჯოხეთი დაიწყო. რვა წელი ვებრძოლეთ ეპილეფსიას მე და ჩემმა მშობლები. ყოველთვის ძილში მემართებოდა – ძილის პარციალური ეპილეფსია იყო. წუთი, წუთნახევარ გრძელდებოდა და მერე კარგად ვხდებოდი. პირველ ხანებში დედა თავზე მადგა და ჩემს სახელს იმეორებდა, ნერვიულობდა. მერე და მერე დამშვიდდა, ცუდად როცა ვხდებოდი, თავთან მეჯდა და „მამაო ჩვენოს“ კითხულობდა, თან მეფერებოდა. დედას არასდროს დაუკარგავს იმედი, რომ კარგად გავხდებოდი და მეც გადმომედო ეს განწყობა. იმედი გადამდებია, მით უმეტეს – დედის (ამაყად მოიღერა მაღალი ყელი). ისე, საშინელი დაავადებაა, ყოველდღე წამალს სვამ და მერე სულ გეძინება. თავს ვაიძულებდი, რომ გაკვეთილებზე არ ჩამძინებოდა. ჯერ თითის გამო როგორ დამცინოდნენ ბავშვები და ახლა ამას ეპილეფსიაც რომ დამატებოდა, ძალიან გამიჭირდებოდა მათი მოგერიება. თან რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მწვავდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ცუდად ვგრძნობდი თავს. ამხელა სკოლაში ერთი ბავშვიც არ აღმოჩნდა, ვისაც ჩემთან მეგობრობა მოუნდებოდა, ვინც გამომესარჩლებოდა. მასწავლებლებს ნეიტრალური პოზიცია ეკავათ. მერე დედა მოვიდა და მშვიდად ელაპარაკა დირექტორს და ჩემს მასწავლებლებს – დედა ფსიქოლოგია და ასეთი ლაპარაკი იცის, არასოდეს ჩხუბობს, მაგრამ ადამიანებს თამამად ეუბნება სიმართლეს – და მეორე დღეს სხვა სკოლაში გადამიყვანა. კარგად მახსოვს, სკოლიდან რომ გამოვდიოდით, მითხრა, ჩვენ ჯერჯერობით მოთმინება და სიყვარული გვჭირდება და არა ბრძოლაო. დედა სხვადასხვა ფორმით ცდილობდა ჩემს დახმარებას. ერთხელ წამიყვანა და ისეთი ადამიანები გამაცნო, რომლებსაც სხვისი დახმარება სჭირდებოდათ – შშმ პირები, მარტოხელა დედები, მოხუცები… ამით მაჩვენა, რომ ზოგს ჩემზე მეტად უჭირს. მე დღესაც ვმეგობრობ ზოგიერთ მათგანთან და ვეხმარები, როგორც შემიძლია.

 

გამარჯვება და ლამაზი მეგობარი

რა თქმა უნდა, ღმერთს რომ არ ნდომებოდა, ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ჩვენ – მე, დედამ, მამამ და ჩემმა ძმამ – ბევრი ვიბრძოლეთ და დიდმა ძალისხმევამ, მოთმინებამ, წლობით ნათევმა ღამეებმა შედეგი გამოიღო. უკვე ორი წელი გავიდა, რაც საბოლოოდ დავამარცხე ეპილეფსია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სავსებით ჯანმრთელი ვარ. ყველაფერი ცუდი ჩემს ცხოვრებაში უკან დარჩა. ახლა მეგობარიც მყავს. არა, შეყვარებული არ გეგონოს (ისევ იცინის), დაქალია. ულამაზესი ლანა. ყველაზე ნიჭიერი და კეთილი გოგო. აღარც სხვა ბავშვები მერიდებიან და მეც უფრო თამამად ვურთიერთობ მათთან.

წლების მატებასთან ერთად აგრესიის მოგერიებაც ვისწავლე. ახლა უკვე აღარავის გავაბედვინებ, ცუდად მომექცეს. ის კი არა, როცა ვინმე დაუცველია ჩემ გვერდით, ვფიქრობ, რომ მის მაგივრადაც უნდა ვიყო ძლიერი და სამართლიანი (აქ მუშტს კრავს). აღარც თითის გამო ვნერვიულობ. ადრე სულ ვმალავდი, სათითეს ვატარებდი, ახლა აღარ. საბოლოოდ გადავლახე „ცხრათითას“ კომპლექსი.

ზოგი რამ ალბათ ჩემი ბრალიც იყო. როცა იცი, რომ ნაკლი გაქვს, საკუთარ თავში იკეტები, გარეთ გასვლა არ გინდა, გგონია, ყველა შენ გაკვირდება. ვცდილობდი, მეპოვა ჩემს თავში ძალა, დედაც მეხმარებოდა, მაგრამ ავადმყოფობა ხელს მიშლიდა. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, საგანგებოდ არასოდეს დავმდგარვარ სარკის წინ და არ მითქვამს ჩემი თავისთვის: „აბა მარი, შენ იცი, არავის დაეჩაგვრინო–მეთქი“. უფრო თავისით მოხდა გარდატეხა. ალბათ, გავიზარდე და ამის ბრალიცაა.

 

რეცეპტი

ბულინგისთვის თავის დასაღწევი, კომპლექსების გადასალახავი ჩემეული რეცეპტი ისაა, რომ აგრესიით ვერაფერს გახდები. შეიძლება, რაიმე თანდაყოლილი ან შეძენილი გარეგნული ნაკლი გქონდეს, მაგრამ ასჯერ მეტი ღირსება და სიკეთე იმალებოდეს შენს შიგნით. ამის მოძებნა და პოვნაა აუცილებელი. ბევრი რამის წამალი, ჩემი აზრით, კარგი მეგობრები და ურთიერთობებებიცაა, და კიდევ – საყვარელი საქმე ან ჰობი. ჩემი ჰობი ჯერჯერობით ხატვაა. პროფესია კი… უკვე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ექიმი გამოვიდე. ექთნის როლს ათი წლიდან ვირგებ – დიდი ხანია ვიცი წნევის გაზომვა, ნემსის გაკეთება, ჭრილობების დამუშავება და კიდევ ბევრი რამ; საჭმელების გამომგონებელიც ვარ – რაც უნდა უცნაური ინგრედიენტები ავურიო ერთმანეთში, მაინც გემრიელი კერძი გამომდის. ახლახან კერვაც ვისწავლე და ძალიან მომწონს ჩემი შეკერილი ტანსაცმლით სიარული. მოდელობაც ვცადე, მაგრამ ძვირად ღირებული სიამოვნებაა.

ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგო ვარ უკვე. არც მინდა არაჩვეულებრიობა. უბრალოდ, ჯანმრთელი და ბედნიერი მინდა ვიყო და იმავეს ვუსურვებ ყველას.

მობოდიშება

0

ბავშვებს ხშირად ვაიძულებთ, მოუბოდიშონ და-ძმას, მეგობარს ან უფროსს, მაგრამ ყველას გვეთაკილება, თავად მოვუბოდიშოთ ბავშვს. თავს იმით ვიმართლებთ, რომ მობოდიშებამ შესაძლოა შეასუსტოს ჩვენი ავტორიტეტი. მაგრამ თქვენც ხომ უფრო მეტ პატივს სცემთ იმ ადამიანებს, რომლებსაც შეცდომების აღიარება და გამოსწორება შეუძლიათ? არასწორი საქციელისთვის ბოდიშის მოხდა იმას არ ნიშნავს, რომ შვილებს შეცდომები არ უნდა შეუსწოროთ. მათ ისედაც კარგად იციან, ვინ არის უფროსი.

ადამიანების უმრავლესობა დისკომფორტს გრძნობს მობოდიშებისას. არა მხოლოდ იმიტომ, რომ შეცდომის აღიარება უწევს, არამედ იმიტომაც, რომ ეს აღვიძებს სირცხვილის შეგრძნებას, რადგან გვახსენდება, რომ ბავშვობისას ჩვენც გვაიძულებდნენ ბოდიშის მოხდას.

და მაინც, რას სწავლობს ბავშვი, როდესაც მშობელი თავს არიდებს ბოდიშის მოხდას?

  • ბოდიშის მოხდა ნიშნავს, რომ რაღაც ცუდი ჩაიდინეთ ან თქვენ თვითონ ხართ ცუდი ადამიანი. სირცხვილის გრძნობა ბოდიშს მოხდასთანაა გადაჯაჭვული.
  • არაფერი დაშავდება, თუ ურთიერთობას ვავნებთ და შეცდომას არ ვაღიარებთ ან არ ვეცდებით მის გამოსწორებას.
  • როდესაც ბოდიშს იხდი, სტატუსს კარგავ.

ნაცვლად ამისა, უმჯობესია, მობოდიშებით შვილებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი გავუგზავნოთ:

  • ყველას მოგვდის შეცდომა, მაგრამ შეგვიძლია, რაღაცების გამოსწორება ვცადოთ.
  • ხანდახან ყველანი ვაყენებთ ტკივილს სხვებს. მთავარია მივხვდეთ, როდის ვაკეთებთ ამას და მოვიბოდიშოთ.
  • როცა ბოდიშს იხდი, შენზე უკეთესი წარმოდგენა ექმნებათ.
  • მობოდიშება ძნელია, შესაძლოა გამბედაობის მოსაკრებად დრო დაგვჭირდეს, მაგრამ სამარცხვინო არ არის, რადგან საბოლოოდ ყველანი უკეთ ვიგრძნობთ თავს.

 

მაშ ასე, როგორ და როდის უნდა მოუბოდიშოთ შვილს:

 

  1. მოიბოდიშეთ მარტივად და ხშირად, ისეთ მომენტებშიც კი, რომლებიც უმნიშვნელო გეჩვენებათ, მაგრამ ცხოვრების ნაწილია: “უი, ბოდიში, რომ შეგაწყვეტინე”. გაითვალისწინეთ, რომ როცა ისე იქცევით, როგორც არ გინდათ იქცეოდეს თქვენი შვილი, ბოდიშის მოხდაც მოგიწევთ. ჩვენი საქმეა, ვმართოთ საკუთარი ემოციები, განურჩევლად იმისა, რას აკეთებს ჩვენი შვილი.
  2. თუ თქვენი შვილი რამეს მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გაითვალისწინეთ მისი აზრი, განურჩევლად იმისა, ეთანხმებით თუ არა. “დაგვპირდი, რომ ახალ რვეულს მოგიტანდი, მაგრამ სულ დამავიწყდა. ძალიან ვწუხვარ. ვიცი, ელოდებოდი…”
  3. აღწერეთ, რა მოხდა. “ყველა წყობიდან გამოვედით. შენ ყვიროდი. მერე მეც ყვირილი დავიწყე, შენ კი ატირდი. ძალიან ვწუხვარ, თუ შეგაშინე. იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ თავის შეკავება უნდა მომეხერხებინა. ყვირილი არ არის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევის საუკეთესო გზა”.
  4. ბოდიშიდან ნუ გადახვალთ დადანაშაულებაზე. “მართალია, გიყვირე, მაგრამ ამას იმსახურებდი”. ჩვენ უფროსები ვართ და თავშეკავების მაგალითი უნდა მივცეთ.
  5. აუხსენით, რატომ დაკარგეთ წონასწორობა: “ძალიან მძიმე დღე მქონდა, კიდევ ერთ უსიამოვნებას ვეღარ გავუმკლავდი. ამიტომაც გიყვირე. მაგრამ ეს არ მამართლებს. არავინ იმსახურებს, რომ უყვიროდნენ”.
  6. მიეცით ბავშვს პასუხისმგებლობის მაგალითი: “ვწუხვარ, რომ შენ გვერდით არ ვიყავი და ვერ დაგეხმარე”. თქვენ თავს არ იდანაშაულებთ – თქვენ წუხხართ, რომ იქ არ იყავით და პასუხისმგებლობა ვერ გაიზიარეთ. ეს დაეხმარება ბავშვს, საპასუხო ნაბიჯი გადმოდგას და თვითონაც მოიბოდიშოს.
  7. თუ რამე არ გამოგივიდათ, სცადეთ კიდევ ერთხელ. “მაპატიე, საყვარელო, არ მინდოდა, გაგბრაზებოდი. მოდი, კიდევ ერთხელ ვცდი. აი, რა მინდოდა მეთქვა…”
  8. შეიმუშავეთ გეგმა სიტუაციის გამოსასწორებლად. “იცი, რას გეტყვი? დილით, სკოლაში რომ წავალთ, გზად მაღაზიაში შევიაროთ შენი რვეულის საყიდლად”. ეს ნებისმიერი მობოდიშების აუცილებელი პირობაა.
  9. თქვენი შვილი ბევრს ისწავლის თქვენგან, თუ ჰკითხავთ, როგორ ჯობდა მოქცეულიყავით და განიხილავთ ამას თავდაცვით პოზიციაში ჩადგომის გარეშე. შემდეგ პირობა დადეთ: “მომავალში შევჩერდები და ღრმად ვისუნთქებ, სანამ არ დავმშვიდდები”, – და აუცილებლად შეასრულეთ. თუ საყვარელი ადამიანი ბევრჯერ გატკენთ გულს, ადრე თუ გვიან მის ბოდიშს აღარ დაიჯერებთ. პატიების თხოვნას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა იცით, რომ ადამიანი მართლაც აღარ გაიმეორებს თავის შეცდომას.
  10. ჰკითხეთ შვილს, მზად არის თუ არა შერიგებისთვის. “იმედი მაქვს, მაპატიებ.” ეს დაეხმარება ბავშვს, მოერიოს აღშფოთებისაგან და ხელახლა დაამყაროს ემოციური კავშირი. მაგრამ თუ ბავშვი მზად არ არის პატიებისთვის, ნუ აიძულებთ. ნაცვლად ამისა, წყენისაგან გათავისუფლებაში დაეხმარეთ.

გახსოვდეთ, რომ მობოდიშებაში არაფერია სამარცხვინო. პირიქით, მთელი ძალისხმევა შვილთან ურთიერთობის გამოსწორებისკენ მიმართეთ. შეცდომის აღიარებას და პატიების თხოვნას გამბედაობა სჭირდება, მაგრამ ეს უკეთეს მშობლად გაქცევთ, ასე აღზრდით უფრო ჯანსაღ პიროვნებას, რომელიც აფასებს ურთიერთობებს და შეუძლია პასუხისმგებლობის აღება.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/peaceful-parents-happy-kids/201706/how-and-when-apologize-your-child

სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის

0

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური მთელი საქართველოდან ჩამოსულ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს საშუალება აძლევს თავიანთი და მოსწავლეების საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა საექსპოზიციო დარბაზში გამოფინონ, ერთმანეთს შეხვდნენ, სიახლეებზე შთაბეჭდილებები გაუზიარონ, ძველი გაიხსენონ და მომავალი თანამშრომლობა დაგეგმონ.

ფორუმი რომ მზარდი ორგანიზაციაა, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ყოველწლიურად მისი წევრების რიცხვი იმატებს. ამ პროფესიულ გაერთიანებაში უკვე ათასზე მეტი სამოქალაქო განათლების პედაგოგია. წლევანდელ კონფერენცია-გამოფენაში 300-მდე მათგანი მონაწილეობდა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი სამოქალაქო განათლების პროგრამების ფარგლებში ჩამოყალიბდა და უკვე დამოუკიდებელ გაერთიანებას წარმოადგენს, თუმცა მჭიდროდ თანამშრომლობს სამოქალაქო განათლების პროგრამა ,,მომავლის თაობასთან“, რომლის აქტივობებიც პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ წარმოადგინა.

ფორუმის უმთავრეს მიზანს სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. ეს გახდა იმ მემორანდუმის საფუძველი, რომელიც მასწავლებელთა სახლსა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს შორის გაფორმდა. ამ თანამშრომლობის პერსპექტივაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა ისაუბრა.

სამოქალაქო განათლების პედაგოგების მოლოდინს  გამოფენა-კონფერენციისადმი ისიც ამძაფრებს, რომ ყოველწლიურად ფორუმი სამოქალაქო განათლების პედაგოგებს სხვადასხვა ნომინაციებით აჯილდოვებს და ეს მათთვის მამოტივირებელ ფაქტორს ქმნის. წელსაც გაიცა დამსახურებული ჯილდოები და ბევრი პედაგოგის შრომა დაფასდა. ფორუმის უმთავრესი პრიზი და წოდება ,,სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი“ 11-ივე  რეგიონიდან შერჩეულ პედაგოგებს გადაეცათ;

კონფერენციის მეორე ნაწილი სასემინარო მუშაობას დაეთმო. თემები საჭიროებაზე მორგებული და აქტუალური იყო: თანასწორობის საკითხები სკოლაში, არაფორმალური განათლების როლი სკოლაში, პედაგოგიური სტრატეგიები და სამოქალაქო განათლების სწავლება, ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. პედაგოგების წარმოდგენილ გამოცდილებაზე დისკუსიებს დარგის ექსპერტები უძღვებოდნენ.

მთავარი, რაც გამოიკვეთა, და რაც სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარების კოორდინატორის ნიკოლოზ სილაგაძის გამოსვლაშიც აღინიშნა, სამოქალაქო განათლება, როგორც საგანი თანდათან რეალურ ადგილს იკავებს საგანმანათლებლო სივრცეში და სულ ნაკლებად მიდის საუბარი, მის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე. ახლა განსჯის საგანს წარმოადგენს ის საკითხი, თუ როდის, როგორ, რა გზით ვასწავლოთ საგანი და როგორ შევაფასოთ შედეგები. საგნის სწავლება უკვე მესამე კლასიდან დაიწყება და უწყვეტად გაგრძელდება. ესგ-ში ეს ვალდებულება უკვე ასახულია და განხილვის საგანს საშუალო საფეხურზე სწავლებაღა წარმოადგენს.

მთავარი ვექტორი მიმართულია იქით, რომ მომავალმა მოქალაქემ სკოლაში მიიღოს ცოდნა კარგი მოქალაქეობის შესახებ, რომ მისი ცოდნა იყოს ფუნქციური, აქტიური მოქალაქეობისკენ მიმართული.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტომასალა შთამბეჭდავ ინფორმაციას აწვდიდა დამთვალიერებელს იმის შესახებ, რომ პროგრამა ,,მომავლის თაობის“ ფარგლებში მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ბევრი საინტერესო აქტივობის განხორციელება შეძლეს და სკოლისა და თემის საჭიროებაზე მორგებული პროექტები განახორციელეს. გარემოზე ზრუნვა, უსაფრთხოებაზე ზრუნვა, საქველმოქმედო ღონისძიებები, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თანამშრომლობა, ადვოკატირება და ასე შემდეგ – ის ზოგადი მიმართულებებია, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ  ასობით აქტივობას მოიცავს. მათი განხორციელების დროს პედაგოგებს საშუალება ეძლეოდათ სწავლა-კეთებით გაეაქტიურებინათ  პროექტული სწავლების, პრობლემური სწავლების მიდგომები და ეფექტურ შედეგზე გასულიყვნენ. საამისოდ მათ რესურსს პროგრამა ,,მომავლის თაობა“ სთავაზობდა.

საგნობრივი პროფესიული ასოციაციების შექმნა და მათი ეფექტური საქმიანობა ნამდვილად კარგ გავლენას ახდენს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუჯობესებაზე. როცა პედაგოგები თავად ერთიანდებიან პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვისათვის. ეს არის პროცესი ქვემოდან ზევით, რაც მის მნიშვნელოვნებას უფრო ზრდის.

 

 

 

 

          მდინარე

0

გავდივარ ჩემი კორპუსიდან (პოლიტკოვსკაიას 44. ყოფილი ჯიქიას 18 ა). წინა კორპუსთან ზევით ვუხვევ. მარცხნივ ბავშვთა სახლია – ძველი, ერთსართულიანი შენობა. ბავშვები ეზოში დარბიან, ჩერდებიან და მიყურებენ. ხელს ვუქნევ, ისინიც მიქნევენ. მე გზას ვაგრძელებ, ისინი – თამაშს. ბავშვთა სახლის წინ სამხედრო პოლიგონია, სადაც ბოლო ორი წელია აღარ ისვრიან, თორემ ადრე სულ ისროდნენ. ავტომატის ხმა ყოველდღე ისმოდა.  კვირაში რამდენჯერმე კი, რა იყო არ ვიცი, მაგრამ ისეთ იარაღს ისრვოდნენ ხოლმე, მის ხმაზე ავტომანქანების სიგნალიზაციები ირთვებოდა და სახლებში ბზარს ბზარი ემატებოდა. საოცარი რამეა: ბავშვთა სახლი და მის წინ სამხედრო პოლიგონი.

ზევით კერძო სასაფლაოა. საფლავები ფერდობზე მთის სოფელივითაა შეფენილი. სასაფლაოს გავცდი და უფრო ზევით მივუყვები მოასფალტებულ გზას. აღმართის თავში მაღალი ძაბვის უშველებელი ბოძის ქვეშ ვდგები და ვერეს ხეობას გადავყურებ. პატარა ეზოდან ძაღლი მიყეფს. მარჯვნივ და ზევით, შორს, სააგარაკე სახლები მოჩანს. პირდაპირ და ზევით კი – წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. წყნეთისკენ ამავალ გზაზე ავტომანქანები მოძრაობენ, გზიდან ვერემდე ღვარცოფებით ჩამორეცხილი უშველებელი კლდეა. ვერე ამ კლდეს მიუყვება, მეორე ნაპირზე კი ნაძვნარია. აქედან არ ჩანს, მაგრამ ნაძვის ტოტებზე პოლიეთილენის პარკები და მდინარის ადიდების დროს ჩამოტანილი ხმელი ბალახი და ლამია შერჩენილი.

უკვე ორი წელი გავიდა ცამეტი ივნისის ტრაგედიიდან და ამ ხეობაში მას მერე არ ვყოფილვარ. რაღაცნაირად გული ამიცრუვდა ამ მდინარეზე. არადა, ადრე სულ დავდიოდი ხოლმე. სტიქიის მსხვერპლთა შორის ჩემი ნაცნობი და ახლობელი არავინ ყოფილა, მაგრამ ის ღამე მაინც უდიდეს კოშმარად გამყვება მთელი ცხოვრება. თბილისის ქუჩებში მოსეირნე ზოოპარკის ცხოველები. ვეფხვის მიერ დაგლეჯილი მუშა. მაშინ ბროსეს ქუჩაზე ვცხოვრობდი. კალაპოტიდან გადმოსულმა მტკვარმა ლამის ჩვენს სახლამდეც მოაღწია. მხოლოდ ტელევიზორით ვადევნებდი თვალს იმ ახალგაზრდებს, სტიქიის მერე რომ იდგნენ გმირთა მოედანზე და მზიურში და ქალაქს ასუფთავებდნენ. მეც მინდოდა მათთან ერთად ყოფნა, მაგრამ ჩემი ცოლი მუშაობდა, ბავშვი მაშინ ბაღში არ დადიოდა და დამტოვებელი არავინ იყო.

ჩავყურებ ვერეს ხეობას. ისევ სამშენებლო ნაგვის გორები დგას. პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მხოლოდ ჩემი სახლის გარშემო ხუთი მაღალსართულიანი სახლი შენდება, მთელ ქუჩაზე რამდენი – ღმერთმა უწყის. ჰოდა, სამშენებლო ნაგავი აქ მოაქვთ და ყრიან, შორს წასაღებად თავს არ იწუხებენ.

ოდესღაც, თხუთმეტი წლის წინ, როცა ჩემს კორპუსში ფართი შევიძინეთ, მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობდა პირველ სართულზე. მე და მამაჩემმა ამ სამშენებლო ნაგავსაყრელზე აგურები მოვაგროვეთ. ძირითადად გადატეხილი აგურები იყო, მაგრამ მთელებიც ერია. დაქირავებული სატვირთო მანქანით კორპუსამდე მივიტანეთ და ზურგით ავზიდეთ მეექვსე სართულზე. მოგროვილი აგურებით გამოვყავით ჩვენი ფართი სხვისი ფართისგან და ამოვიყვანეთ უკლებლივ ყველა კედელი.  ამისთვის, ალბათ, მადლობელი უნდა ვიყო, მაგრამ ჩემი მადლიერება რა სახსენებელია, საკითხავი ის არის, როდის ადიდდება ისევ ვერე და როდის ამოქოლავს ამ და ხეობის სხვა ადგილებში დახვავებული სამშენებლო ნაგვით რომელიმე გვირაბს.

დიახ, საკითხავი აი ეს არის.

 

 

 

შვილების ადვოკატები

0

 

ადრე რამდენიმე გამორჩეული მამა გაგაცანით (https://mastsavlebeli.ge/?p=10727), ახლა კი იმ ქართველ დედებზე მინდა გიამბოთ, რომლებიც გარემოებების გამო შვილების ერთგვარ ადვოკატებად იქცნენ. მეტყვით, ყველა დედა მზრუნველია და ამაში არაფერია განსაკუთრებულიო, მაგრამ რადგან ჩემი სტატიის გმირები დროთა განმავლობაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი შვილების უფლებადამცველებადაც ჩამოყალიბდნენ და სხვა დაბნეული, გნებავთ თავზარდაცემული, მშობლების გზამკვლევებადაც, ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ საზოგადოება უფრო კარგად უნდა იცნობდეს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილებმა ამ დედებს საკუთარ თავში დიდი პოტენციალი აღმოაჩენინეს და უბიძგეს სულ სხვა სფეროში გამოევლინათ ნიჭი.

 

*

დაუნის სინდრომის მქონე ირაკლის (აკლის) დაბადებამ პროფესიით ფილოლოგი დედის  საქმიანობის სფერო რადიკალურად შეცვალა. ნინო ცინცაძემ 2006 წელს დააფუძნა „დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი“, ასევე საქართველოს „პორტიჯის“ ადრეული განვითარების პროგრამა და მას შემდეგ ზრუნავს ბაღებში ინკლუზიური სწავლების გაფართოებისათვის. ბოლო წლებში მისი ინიციატივით ქართულად ითარგმნა ამ დარგისათვის ისეთი მნიშვნელოვანი წიგნები, როგორიცაა „დაუნის სინდრომი – ნათელი მომავლისაკენ“, „მსხვილი მოტორიკა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში“, „როგორ ვასწავლოთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს კითხვა“; მომზადდა დაუნის სინდრომის მართვის სამედიცინო მეთოდური რეკომენდაციები, რომელიც სახელმწიფომ აღიარა და ახლა მათ რეგიონების სამედიცინო პერსონალს აცნობენ. 2012 და 2017 წლებში, სხვადასხვა ორგანიზაციასთან პარტნიორობით, ადრეული ინტერვენციის პროგრამა დააფუძნა ლაგოდეხსა და ახალციხეში. ამჟამად ილიას უნივერსიტეტთან ერთად „პორტიჯი“ ავითარებს ენისა და მეტყველების სამაგისტრო პროგრამას, რაც ასე მნიშვნელოვანია ყველა იმ ბავშვისათვის, ვისაც მეტყველების განვითარების დარღვევა აქვს.

 

*

 

 

„ვფიცავ, ვიქნები მისი ადვოკატი, მისი ხმა და მხარდამჭერი ყველგან, სადაც საჭირო გახდება. თავს შევაკლავ ყველას, ვინც მას დამიჩაგრავს!“ – ეს სიტყვები ხშირად გამიგონია მარი კორკოტაძისგან, აუტიზმის მქონე დათას დედისგან, რომელმაც რამდენიმე წელიწადში მოახერხა აქტიურად ჩაბმულიყო შშმ პირების უფლებების დაცვის საქმეში და გამხდარიყო ბევრი მშობლისათვის მაგალითი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)“ ერთი წლის წინ დააარსა და უშურველად უწევს კონსულტაციას დედებს, როცა მათ შშმ შვილებს რაიმე პრობლემა შეექმნებათ. მაგალითად მისი დახმარებით უკვე რამდენიმე ბავშვს დაენიშნა სპეცმასწავლებელი ბაღსა თუ სკოლაში; მისი ინიციატივით განათლების სამინისტრომ დააფინანსა პროექტი „მასწავლებლების სუპერვიზია საჯარო სკოლებში“, რისი საშუალებითაც მასწავლებლები შეისწავლიან იმ მოსწავლეებთან მუშაობის ტექნიკას, რომლებსაც აღენიშნებათ ქცევითი პრობლემები. ეს კი ხელს შეუწყობს ინკლუზიური განათლების განვითარებას საქართველოში. „FAD“-ის მოთხოვნით თბილისის მერიამ საკრებულოს დადგენილებიდან ამოიღო დისკრიმინაციული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც აუტიზმის აბილიტაციის პროგრამაში მოხვედრა შეეძლოთ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომლებიც 2015 წლის პირველ ივლისამდე იყვნენ თბილისში ჩაწერილი. ახლა ამ დიაგნოზის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ნებისმიერ თბილისელ თუ თბილისში გადმოწერილ პირს ეძლევა საშუალება გარკვეული დროის შემდეგ მიიღოს უფასო მომსახურება.

*

 

„ლევანის სიყვარული მაძლევს ძალას, რომ ვიბრძოლო ცვლილებებისთვის. სწორედ მან ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც ახლა ვარ. როცა ვიღლები, ის მეხუტება. დაღლა მალევე ქრება და მე ისევ განვაგრძობ ბრძოლას. ჩემი საქმიანობით რეალურად მე ჩემი შვილის მომავალს ვქმნი.“ – ეს მაია შიშნიაშვილის სიტყვებია. ანგელმანის სინდრომის მქონე ლევანის დედა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის განათლების მეცნიერებათა მაგისტრია. შვილის მომავალზე ფიქრმა მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, დაეფუძნებინა სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „ხელი ხელს“, რომელიც მიზნად დაისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერას საოჯახო საცხოვრისის სერვისით, მათ გაძლიერებას, დამოუკიდებლობის ხელშეწყობასა და დასაქმებას. პირველი საოჯახო ტიპის სახლი საკუთარი მშობლების სახლში, გურჯაანში, 2011 წელს გახსნა. ახლა უკვე ამ ტიპის ექვსი სახლი არსებობს (სამი გურჯაანში, სამიც თბილისში), რისი მეშვეობითაც ოცდახუთი ადამიანი დაუბრუნდა საზოგადოებას. „ხელი ხელს“ ძირითადად იმ ადამიანებს სთავაზობს საოჯახო საცხოვრისს, ვინც ინსტიტუციებში ცხოვრობდა. პრიორიტეტი ენიჭებათ ინტელექტუალური შეზღუდვებისა და ფსიქიკური დარღვევების მქონე პირებს, როგორც ყველაზე მეტად უგულებელყოფილ და სტიგმატიზებულ ადამიანებს. ორგანიზაციის დამფუძნებელი მუდმივად ზრუნავს შშმპ თემებზე ცნობიერების ამაღლებისა და საოჯახო ტიპის სახლების მოდელის ადვოკატირებისთვის.

*

 

ცნობილი ტელეწამყვანის – ნინო მეუნარგიას შემთხვევა სხვა დედების ამბებისგან ოდნავ განსხვავებულია, რადგან ის იმავე სფეროში, ჟურნალისტიკაში, დარჩა. ცერებრული დამბლის მქონე დაჩის დაბადების შემდეგ იგი ოთხი წლის განმავლობაში მოწყდა თავის საქმიანობას, თუმცა შემდეგ ისევ აქტიურად დაბრუნდა რადიოში პირველი ქართული სოციალური პროექტით, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ერთგვარ ხმად იქცა. „ჩვენ აქ ვართ“ რადიო „იმედის“ გადაცემაა, რომელიც თითქმის 5 წელია აშუქებს შშმპ თემებს. ნინო მეუნარგია წამყვანია მეორე სოციალური გადაცემისაც – „ვუსმენთ ერთმანეთს“. ის აქტიურად იყენებს თავის პროფესიას და ტრიბუნას შშმ პირთა შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად; არის ამ თემებზე არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებელი მედიის მიმართულებით. მისი საქმიანობა ამჟამად საქართველოს ეროვნულ პარალიმპურ კომიტეტსაც დაუკავშირდა, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობს და ცდილობს ის დიდი შედეგები, რაც ჩვენს პარასპორტსმენებს აქვთ, სათანადოდ წარმოაჩინოს, რითაც ხელს უწყობს როგორც სტერეოტიპების მსხვრევას საზოგადოებაში, ისე სხვა შშმ პირების სპორტით დაკავების წახალისებას.

ყვარლის საიდუმლო

0

ყვარლის რაიონი საქართველოს ტურისტულ რუკაზე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილად ჩამოყალიბდა. წლიდან წლამდე ათასობით ადამიანი სტუმრობს კახეთის ამ უმშვენიერეს კუთხეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ტრადიციული ტრეინინგების ჩასატარებლად ხშირად ადიან ლოპოტის ტბაზე. ახალდაქორწინებული წყვილები და შეძლებული ადამიანები მეგობრებთან ერთად ყვარლის ტბაზე ატარებენ თავისუფალ დროს. ადგილობრივი მოსახლეობისა და ღარიბი სტუმრებისთვის ილიას ტბაა გამოყოფილი, რადგან ყველა სხვა ობიექტისკენ მიმავალ გზაზე დაცვის პოლიციის პუნქტისა და შლაგბაუმის გასავლელად ფულის გადახდაა საჭირო. ვიღაცებს ჯერ კიდევ ახსოვთ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის არსებობა. ისინი ყვარლის მარშრუტს მწერლის მშობლიური კერის მოსანახულებლად ირჩევენ. ამავე მუნიციპალიტეტის მთავარ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა ნეკრესის უმშვენიერესი ტაძარი, საიდანაც ალაზნის ველი და მთელი კახეთი ხელისგულივით მოჩანს.

თავბრუდამხვევი ტურისტული ობიექტების მიღმა უამრავი საიდუმლო იმალება. სამწუხაროდ, დღეს აღარავის ახსოვს, რომ ყვარელი ერების პატარა მუზეუმია. ამ რაიონში კავკასიელი ხალხები მშვიდობიანად ცხოვრობენ გვერდიგვერდ.

მრავალი საუკუნის წინ თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ალბანეთის სახელმწიფო მდებარეობდა. ალბანელები ძლევამოსილი მებრძოლები იყვნენ და სხვადასხვა დროს ახლო აღმოსავლეთსა თუ ჩრდილოეთ კავკასიაშიც კი ლაშქრობდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ალბანეთი კავკასიის სამხრეთ საზღვარს ამაგრებდა. ყველა გავლენიანი იმპერიის პირველი შემოტევის მოგერიება ამ უძველეს სახელმწიფოს უწევდა. ისლამური სამეფოების მომძლავრებამ და ინტენსიურმა შემოტევებმა ალბანეთის ისტორიას წერტილი დაუსვა. შუა საუკუნეების მეორე ნახევარში სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა, მისი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა კი იდენტობა დაკარგა. პოლიტიკური ერთეულის განადგურებას ალბანური ენისა და კულტურის ბოლომდე მოსპობა არ მოჰყოლია. თანამედროვე მსოფლიოში ჯერ კიდევ ცხოვრობს ხალხი, რომელსაც ალბანელთა მემკვიდრეობაზე აქვს პრეტენზია. მათ უდები ეწოდებათ. უხეში გათვლებით, დედამიწაზე უდების საერთო რაოდენობა 10 000-ს აღწევს, მაგრამ ისინი უმეტესად გაფანტულად ცხოვრობენ. მთელ მსოფლიოში სამი სოფელიღაა, სადაც უდიები კომპაქტურად არიან დასახლებულნი. ამგვარ დასახლებათა შორის ერთ-ერთი, ზინობიანი, საქართველოში, ყვარლის რაიონში მდებარეობს, დანარჩენი ორი კი აზერბაიჯანში. მაშასადამე, ვინმე თუ გადაწყვეტს გამქრალი სახელმწიფოს საიდუმლოთა ამოცნობას და უძველესი წარწერების გაშიფვრას, უპირველესად ზინობიანს უნდა მიაშუროს, რადგან ძველი ენის რებუსების ამოსახსნელად იქ მცხოვრებ ორასამდე უდთან კავშირის დამყარებაა აუცილებელი.

ზინობიანიდან რამდენიმე წუთის სავალზე ერთმანეთის გვერდით სამი ულამაზესი სოფლის – თივის, თებელჯოხისა და არეშის ნახვაა შესაძლებელი. სამივე სოფელი დაღესტნური ტომებითაა დასახლებული. მათ ყველა ლეკებად მოიხსენიებს. ჩვენს ცნობიერებაში ლეკების შესახებ არაერთი შემზარავი ისტორიაა დალექილი. დაღესტნელებზე საუბრის დროს ქართველები უმთავრესად სოფლების დარბევისა და დაწიოკების, ახალგაზრდების გატაცებისა და გაყიდვის ამბებს იხსენებენ. სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება, რომ არც ჩვენ ვყოფილვართ შეუცდომელნი ლეკებთან ურთიერთობის დროს. ქართველი გენერლების წყალობით დამარცხდნენ შამილიცა და მისი თანამებრძოლებიც, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ლეკების რუსულ საპყრობილეში გამოკეტვა. ისინი დღემდე ებრძვიან ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ასიმილაციურ და ჩაგვრაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. თიველებს, თებელჯოხელებსა და არეშელებს დღემდე ახსოვთ ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე მომხდარი ტრაგედიაც. მეოცე საუკუნის დამლევს ქართველმა ექსტრემისტებმა არაერთხელ მოაქციეს ალყაში ლეკური სოფლები. ისინი ადგილობრივებს დამოუკიდებელი საქართველოს დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. მოკლედ, ჩვენც და დაღესტნელებსაც ერთმანეთის მიმართ ბევრი ცოდვა გვაქვს ჩადენილი. თუმცა მაინც ბევრი რამ გვაერთიანებს – კულტურა და ტრადიციები, იდენტური სოციალური ინსტიტუტების პატივისცემა, ერთი ცივილიზაციისადმი მიკუთვნებულობის განცდა… ქართველებსა და ლეკებს შორის კავშირის სიმტკიცის შესამოწმებლად ყვარლის რაიონში მოგზაურობას გირჩევთ.

საქართველოს სხვა სოფლების მსგავსად, მიგრაციას, უმუშევრობასა და სიღარიბეს პრობლემას ებრძვის სოფელი წიწკანაანთსერიც. აქაც მოუწესრიგებელია გზები და სხვა კომუნიკაციები. ადგილობრივები ხშირად უჩივიან სარწყავი და სასმელი წყლის უქონლობას. სოფელში შეიმჩნევა მოწესრიგებული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების მწვავე დეფიციტიც. წიწკანაათსერს სხვა, რიგითი სოფლებისგან ის განასხვავებს, რომ წლებია, აქ ქართველებთან ერთად ოსებიც ცხოვრობენ. შუაგულ ყვარელში მდებარე ულამაზესი სოფლის მოსახლეობის ორი მესამედი ეროვნებით ოსია.

ოსები, ლეკები, უდები და ქართველები ერთად ქმნიან ყვარლის რაიონის განსაკუთრებულობას.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...