ხუთშაბათი, აგვისტო 7, 2025
7 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

საკალმახე წყალი

0

ალბათ მეექვსე კლასში ვიქნებოდი, როცა სოფლის ბიბლიოთეკაში ტარიელ ხარხელაურის სადებიუტო კრებული „წყალი საკალმახე“ ვნახე, მანამდე მასზე არაფერი მსმენოდა. გარეკანი მომეწონა, წავიღე სახლში და იმ საღამოსვე დაიწყო შედევრების ამ მომცრო კრებულის და ჩემი მრავალწლიანი ძმაკაცობა, რომელიც დღემდე გრძელდება (ბიბლიოთეკისთვის არ დამიბრუნებია). შემიძლია ვთქვა, რომ ამ წიგნში ვცხოვრობდი, მუდმივად ვკითხულობდი და ყველა ლექსი ზეპირად ვიცოდი (ზოგი დღემდე მახსოვს). მათი მიბაძვით მეც დავიწყე წერა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში.

ბავშვობის საყვარელ წიგნებთან, ზოგადად, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს და მოზრდილ ასაკში გადაკითხვისას აღმოჩენილ სისუსტეებზე სუბიექტურად ვხუჭავთ თვალს, მაგრამ „წყალი საკალმახეს“ საშეღავათო არაფერი სჭირს, პირიქით – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ქართულ ენაზე გამოცემული ერთ-ერთი საუკეთესო პოეტური კრებული, დაწერილი სრულიად უჩვეულო ვერსიფიკაციით, პოეტური მეტყველებითა და ტროპებით. ვერსიფიკაციული თვალსაზრისით მკრთალი პარალელის გავლება შეიძლება ადრინდელ პაოლოსთან („ფარშავანგები ქალაქში“, „წითელი ხარი“, „წერილი დედას“ და სხვა.), როცა ლექსი ალაგ-ალაგ ლამის პოლიმეტრული კონვენციისა და შიდა რითმებით გაწყობილი ვერლიბრის ზღვარზეა, მაგრამ თუ პაოლოსთვის ეს ფორმალისტური ძიება იყო, ტარიელ ხარხელაურთან ასეთი ფორმა კონცეპტით არის გამართლებული, მთის მწყემსურ-პასტორალურ გარემოში ქოშინით დაჰყვები ლექსების ლირიკულ სუბიექტ-ობიექტ(ებ)ს, გიწევს მათთან ერთად „მგლის მუხლებით / ბილიკების გადაღუნვა“.

წიგნში შეხვდები ძია ტარიელის კოლეგა-მწყემსების (თვითონაც ხომ მწყემსია) ბრწყინვალე პორტრეტებს, ხედავ, როგორ დააბიჯებენ „უროკვერით ნაბრტყელები“ მხრებით და „მეტრიანი ნაბიჯებით“ თედო, იორამი, თოლიგე, ღვთისავარი, ჩალხია, ჯუღურა, ბესა, ბაღათირი, ავტორთან ერთად შენც გიკვირს „რის ამტანობა აქვთ ამ ღმერთძაღლებს“. კითხულობ: „ო, რა ბრწყინვალე კაცები ხართ…“ ან „არ ვიცი, / რად მიყვარს ამგვარი კაცებით, / ამგვარი ხალხით სიამაყე“. და ხვდები, თუ რატომ გარბოდა შუა სემესტრში უნივერსიტეტის სტუდენტი ტარიელ ხარხელაური თიანეთში, საიდანაც ვახუშტი კოტეტიშვილს ძალით ჩამოჰყავდა ხოლმე.

როცა იცი ძია ტარიელის ტრაგიკულად დაღუპული ვაჟიშვილის (ჩემი სეხნიის) შესახებ, ძნელია მის დაბადებამდე დაწერილი ამ სტრიქონების წაკითხვა:

„შვილი გამეზრდება

ჩემზე ძლიერი,

ჩემზე ამაყი.

კარგს არ დააყრის

მამულის მოშუღარს,

თვალებს აუნთებს

უწმინდეს სანთლებად.

მოკვდება ხნიერი

და ჩასვლა საფლავში

ჩემზე ამაყი“.

მახსოვს, ძია ტარიელს „წყალი საკალმახე“ მივუტანე, მოვუყევი, თუ რა მაკავშირებდა ამ წიგნთან და წარწერის გაკეთება ვთხოვე, დღემდე უემოციოდ ვერ ვკითხულობ ამ წარწერას: „ჩემო ბექა, ამ სახელის გამოთქმა შენმა სიყვარულმა გამიადვილა. მამა-შვილური სიყვარულით“.

ერთხელ, რომელიღაც ლიტერატურული საღამოს დაწყებამდე, მე, ნუკრი ბერეთელი და გიო არაბული ფოიეში ვიდექით და ვსაუბრობდით. უცებ დავინახე ძია ტარიელი, როგორ იდგა და გაღიმებული, ნათელი თვალებით გვიყურებდა, მერე მოვიდა და გვითხრა: ჩემს დროს ერთი თაობის პოეტები ასე ძმურად კი არ ლაპარაკობდნენ, ზურგს უკან ერთმანეთს ლანძღავდნენო. თვითონ ალბათ ამ ჭუჭყს გაერიდა სოფელში.

კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: ჩამოსული იყო და ერთხელ, ოპერასთან, თავის სახლში წამიყვანა და ბოლოს გამოცემული თავისი წიგნები მაჩუქა. ნასვამი მოვდიოდი რუსთაველზე, იღლიაში ძია ტარიელის ნაჩუქარი წიგნები მქონდა ამოჩრილი და პირველი ბიჭი ვიყავი ქალაქში.

ამას წინათ, ვირსალაძის ქუჩაზე, პატარა ბიჭმა ჩამიარა სირბილით, ძია ტარიელის სქელი წიგნი ეჭირა. იქნებ ჩემსავით მასაც დააწყებინეს წერა ძია ტარიელის ლექსებმა და სახლში გარბოდა, რომ პირველი ლექსი ფურცელზე გადმოეტანა. გამორიცხული არაფერია.

 

 

 

 

 

ჩავდოთ სტიმული შემაჯამებელ სამუშაოში

0

სკოლაში მათემატიკის სწავლა რუტინულ შრომას მოითხოვს, ერთფეროვანი სამუშაო კი, როგორც წესი, ასუსტებს მოსწავლის ინტერესს, ამიტომ მასწავლებელმა საგნის სწავლებასთან ერთად მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზეც უნდა იზრუნოს. მრავალფეროვანი, სწორად დაგეგმილი შემაჯამებელი დავალებები მათემატიკის სწავლას გაცილებით სახალისოს ხდის და ამაღლებს მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხს.

შემაჯამებელი დავალება საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის დამოუკიდებელი მუშაობის უნარის განვითარების საუკეთესო საშუალებაა. დამოუკიდებელი მუშაობა, თავის მხრივ, ადამიანის აზროვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. შესაბამისად, მოსწავლის აზროვნების განვითარება დამოუკიდებელი აქტივობების ხელშეწყობის გზით უნდა ხდებოდეს. ამ პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია მოსწავლის ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპები. მხოლოდ თანასწორუფლებიანი ურთიერთობისას, საკუთარი ღირსების შენარჩუნების პირობებში, შეცდომის დაშვების შიშისაგან გათავისუფლებით შეიძლება მოსწავლის დარწმუნება საკუთარ შესაძლებლობებში. ასე განწყობილი, იგი მზად არის დამოუკიდებელი საქმიანობისთვის.

მათემატიკის გაკვეთილებზე დამოუკიდებელი საქმიანობის მიზანი უნდა იყოს ინტელექტუალური ოპერაციების (ანალიზის, შედარების, განზოგადების) უნარების განვითარება, სწავლისათვის მოტივაციის შენარჩუნება. მოსწავლის დამოუკიდებელი აზროვნება ვითარდება, როცა მას საშუალება ეძლევა, ამოხსნას ამოცანა, ამტკიცოს ინდივიდუალური გადაწყვეტილება, მოამზადოს რეფერატი ნასწავლი თემის შესახებ და სხვა მსგავსი აქტივობები. დამოუკიდებელ მუშაობას საწყის ეტაპზე გეგმავს მასწავლებელი და მისივე ზედამხედველობით ახორციელებს მოსწავლე. მომდევნო ეტაპებზე მასწავლებლის ჩართულობა თანდათან უნდა შემცირდეს, ხოლო მოსწავლის პასუხისმგებლობა გაიზარდოს.

საგაკვეთილო პროცესში დამოუკიდებელი მუშაობის უნარის გასაუმჯობესებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ტრადიციული საკონტროლო წერაა. სწორედ საკონტროლო წერის დროს არის მოსწავლე სრულიად დამოუკიდებელი. მათემატიკის საკონტროლო წერის ძველი ფორმატი, ხუთი ღია ამოცანისგან შემდგარი დავალება, მოსწავლის აზროვნების განვითარებას არათუ ვერ წაახალისებს, არამედ თრგუნავს კიდეც და შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვის. ასეთი დავალება მოსწავლის მხრივ დინამიკურ ცოდნასა და ამ ცოდნის ტრანსფერის უნარზეა გათვლილი, რასაც მოსწავლეთა უმრავლესობას ვერ მოვთხოვთ. თუ მოსწავლის ინტერესთა სფეროში მათემატიკა არ შედის, მსგავსი დავალება მას კიდევ უფრო გაუნელებს სწავლის, დამოუკიდებლად მუშაობის სურვილს და შესაძლოა, მისი თვითშეფასების დაქვეითებაც გამოიწვიოს.

შემაჯამებელი დავალება მრავალფეროვანი უნდა იყოს, შეიცავდეს როგორც თეორიული ხასიათის კითხვებს, ისე დახურულ და ღია ამოცანებს. სირთულის მიხედვით დიფერენცირებულ ამოცანებს სასურველია დაერთოს ილუსტრაციაც. დავალება დაყოფილი უნდა იყოს სავალდებულო (რომელიც მოითხოვს ყველა მოსწავლისათვის აუცილებელ საბაზისო ცოდნას) და არჩევით (რომელიც მოითხოვს დამოუკიდებელი აზროვნების უფრო მაღალ ხარისხს) ნაწილებად. ასეთი ფორმატი მოსწავლეს სთავაზობს არჩევანის თავისუფლებას. ამ შემთხვევაში მისი დამოკიდებულება შეგნებულია. იგი უარს იტყვის პლაგიატზე, იგრძნობს პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებაზე, დაინტერესდება საკუთარი შედეგით.

შემაჯამებელ დავალებას უნდა ერთვოდეს შეფასების სქემა (რუბრიკა). სასურველია, მასში ჩართული იყოს გრაფაც თვითშეფასებისთვის. ასეთი პრინციპით შედგენილი დავალება მასწავლებელსაც უადვილებს საქმეს – ხელს უწყობს როგორც მთელი კლასის, ისე ცალკეული მოსწავლეების ცოდნის შეფასებაში.

გთავაზობთ შემაჯამებელი დავალების ნიმუშს IX კლასისთვის თემაზე „სამკუთხედების მსგავსება, ჰერონის ფორმულა“.

სავალდებულო ნაწილი:

 

დავალება ათი ამოცანისგან შედგება. მისი სავალდებულო ნაწილი შვიდ საკითხს შეიცავს. მათგან ორი თეორიული კითხვაა, სამი – მარტივი დახურული ამოცანა. მათზე სწორი პასუხის გაცემა მოსწავლისგან განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს, თუ ის სისტემატიურად სწავლობს განსაზღვრებებს, თეორემებს, ფორმულებს. მომდევნო ორი ღია ერთსაფეხურიანი ამოცანა იძლევა შესაძლებლობას, მოსწავლემ თეორიული მასალა დინამიკაში გამოიყენოს. ეს ამოცანები უნდა ჰგავდეს საკლასო ან საშინაო სამუშაოში წინასწარ ამოხსნილ ამოცანებს. მოსწავლე, რომელიც ამ მოთხოვნებს ასრულებს, სავსებით შესაძლებელია, შეფასდეს საშუალო (7 ან 6) ქულით.

მოსწავლეს, რომელიც სავალდებულო ნაწილს ადვილად და სწრაფად გაართმევს თავს, ეძლევა შესაძლებლობა, ამოხსნას მეტი ამოცანა და, შესაბამისად, უფრო მაღალი შეფასება დაიმსახუროს. დავალების არჩევითი ნაწილი სამი ღია ამოცანისგან შედგება და ცოდნის უფრო მაღალ დონეზეა ორიენტირებული. ამოცანების რაოდენობისა და სირთულის განსაზღვრა კლასის დონეზეა დამოკიდებული და მასწავლებლის პრეროგატივაა.

მათემატიკის სწავლების პროცესში მოსწავლის ცოდნისა და უნარების კონტროლი მნიშვნელოვანი რგოლია. არსებითად მასზეა დამოკიდებული მასწავლებლისა და მოსწავლეების საქმიანობის ეფექტიანობა. შესაბამისად, საგანმანათლებლო პრაქტიკაში დიდი ადგილი ეთმობა შეფასების ორგანიზებასა და შინაარსს.

 

შეფასების სქემა: მაქსიმალური ქულა – 17

ქულა 17-15 14-12 11,10 9,8 7,6 5 4 3 2 1
ნიშანი 10 9 8 7 6 5 4 3 2 1
თქვენი შეფასება
მასწავლებლის შეფასება

 

მართალია, შემაჯამებელი სამუშაოს შემოწმების გონივრულ ვადას სკოლა განსაზღვრავს, მაგრამ მოსწავლეთა მოტივაციის მაღალი დონის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, შედეგების ანალიზი საკონტროლო წერის მომდევნო გაკვეთილზე მოხდეს. საკონტროლო წერა მხოლოდ მაშინ მიაღწევს მიზანს, თუ მას კარგად ორგანიზებული უკუკავშირი მოჰყვება. საკონტროლო წერის განმსაზღვრელი შეფასება სავალდებულოა. განმსაზღვრელი შეფასების პარალელურად საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელმა განმავითარებელი შეფასებაც უნდა გამოიყენოს, რასაც შემეცნებითთან ერთად ფსიქოლოგიური დანიშნულებაც აქვს. შედეგების ინდივინდუალური განხილვა და მოსწავლისთვის აპელაციის საშუალების მიცემა, მოსწავლისა და მასწავლებლის ინდივიდუალური ურთიერთობისას მასწავლებლის მხრივ არგუმენტირებული და წამახალისებელი განმარტებები მოსწავლეს პიროვნული მნიშვნელობის შეგრძნებას მატებს. მასწავლებელი შედეგის კონფიდენციალურობის გარანტი უნდა იყოს.

ნაკრები ჩემი მღელვარებისა

0

მეკარე:

პიტერ შმაიხელი – შეშლილი დანიელი. საჯარიმოში მისი ჩარბენა „მანჩესტერი“-„ბარსელონას“ 98/99 ფინალში ჩემი საფეხბურთო მეხსიერების ერთ–ერთი გადამწყვეტი კადრია. ყველგან დიადი კაცი გამოდგა, სადაც რომ ხელთათმანი ჩაიცვა.

 

მცველები:

ფილიპ ლამი – იშვიათი ინტელექტუალი მოედანზე – მშვიდი, მოდერნული კაპიტანი. გამარჯვება წესად აქვს, ორთაბრძოლა იქნება ეს თუ რამე ტიტული, ამიტომაც თავდამსახმელები თითქოს წინასწარ ნებდებიან.

პაოლო მალდინი – უბერებელი, სტაბილური, გაუვალი… ვინ მოთვლის ეპითეტებს. ფეხბურთი არაერთხელ გადააწყო. ზოგს ალღო უმტყუნებდა, ზოგს – ფიზიკური კონდიცია, ამან კი ეპოქები ისე გადაიარა, თითქმის არ შემცდარა. ვამბობთ დაცვას, ვგულისხმობთ მალდინის. ეგ არის.

ფრანც ბეკენბაუერი – თუ რომელიმე გვარი მაგონდება ბავშობიდან, დიდების საუბარში ყურმოკრული – პელე–გარინჩა–მარადონასთან ერთად ბეკენბაუერია. ამ კაცმა მცველის პოზიცია გახადა პოპულარული და მოდური – იოლი საქმე როდია „თავდამსხმელების სპორტში“.

დენის ირვინი – მისი სახელი დღეს ბევრს არაფერს ეუბნება, თუმცა თავის დროზე დიდი იმედი იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოქროს თაობის. კარგი მცველი, ბრწყინვალე შემტევიც, დიდებული მეპასე და ცივსისხლიანი პენალტისტი. საამაყოა, რომ ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ირვინმა თქვა: ყველაზე რთული ჰაჯისთან, სტოიჩკოვთან და ქინქლაძესთან თამაში იყოო.

 

ნახევარმცველები:

რაიან გიგზი – არსებობს გიგზის გოლი „არსენალის“ კარში, ასოციაციის თასის ნახევარფინალში, და მერე სხვა გოლები არსებობენ. ბექემი, კინი, სქოულზი, ბატი… მაგრამ ფერგის შვილთაგან უმთავრესი მაინც რაიანია. მისი ისტორია, რაც ნაკრების არჩევასთან დაკავშირებით გადახდა თავს, ჩემთვის ბევრს მოწმობს – დიდად ადამიანური ამბავია, მაგრამ არანაკლებ საფეხბურთოც. იქ თუ ბიოლოგიური დედის, აქ მწვრთნელი-მამის ერთგული გამოდგა. ეფექტური და სასარგებლო კაცი – რიგითი არარიგითი რაიანი.

დიეგო მარადონა – ის იმ ნაკრების მტერია, რომელსაც ვგულშემატკივრობ, თუმცა დიდი მტერი. ჰოდა, რთული საქმე – „გიყვარდეს მტერი შენი“ – აქ მეიოლება. მის საქმეში ყველგან ღმერთის ხელი ერია, გარდა ფიდელ კასტროსთან მკურნალობისა. რაც მინახავს, წამიკითხავს თუ მსმენია, ცენტრალურ კაცად მოჩანს ფეხბურთის ისტორიაში.

ჯორჯ ბესტი – სიტყვა „ქარიზმაზე“ თუ ვინმეს პოლიტიკოსი ახსენდება, მე უფრო „მეხუთე ბითლი“ – სრული გიჟმაჟი და ვნებებს შეწირული, ეგებ უდიდესი ტალანტიც კი მოედნის სამყაროში. ბურთი რომ მიჰქონდა, ტალღასავით იყო – დანარჩენები მიჰყვებოდნენ. კადრები უნდა ნახოთ, მოყოლით ძნელად გამოდის. ფეხბურთზე ნაკლებად ლაპარაკობდა, უფრო ქალებზე, ალკოჰოლზე. მისი ფრთიანი ფრაზები სხვა ამბიციებს გულისხმობდა. ბოლოს თითქოს ბურთი დაივიწყა და როკვარსკვლავურ სკანდალებს მისდევდა. მაგრამ მხოლოდ თითქოს. ერთხელ, როცა ვისკის მორიგ დოზას უწურავდნენ სისხლიდან, თქვა: „მთელ დალეულ შამპანურს დავაბრუნებდი, ოღონდ კი ერთი მატჩი მათამაშა „ოლდ ტრაფორდზე“ ერიკ კანტონასთან ერთად“.

დავით ყიფიანი – აქ შეიძლება ყოფილიყო ზინედინ ზიდანი, მაგრამ ეგებ ზიდანზე მეტიც არის. ჩვენთვის, ქართველებისთვის. ელეგანტური ფინტები, გამოთლილი პასი, ეშმაკური დარტყმა – უბრალოდ, ცუდ საზღვრებში მოხვდა, ცუდ კონტექსტში, და იქაც მწვერვალები ნახა. თავისფლება რომ ყოფილიყო – ღრუბლებს ნახავდა.

 

თავდამსხმელები:

ლუსი ნაზარიო რონალდო – ეს რონალდოც დიდია, კრიშტიანუ, და ახლა google-ს ან მეათეკლასელ მოსწავლეს რომ ჰკითხო, ალბათ პორტუგალიელი უფრო გაახსენდება, მაგრამ ის რონალდო, ძველი, ბრაზილიელი, ძალიან დიდი იყო. ერთხელ ტურამი და დესაი ისხდნენ რაღაც ეთერში, იგონებდნენ – ეგ რომ კარისკენ მოდიოდა, გვეგონა, ბურთი ბუცზე მიწებებული ჰქონდა და ვფიქრობდით, აძრობის რამე არასაფეხბურთო საშუალება მაინც მოვიგონოთო. ვერავინ ააძრო. შეუჩერებლად დარჩა.

დენის ბერგკამპი – ზოგჯერ გოლები ძველები არიან, წლების წინ გატანილები, და რომ უყურებ, ისე წამოიყვირებ, გეგონება ამწამს გავიდა – ეს არის ჰოლანდიელის გოლი არგენტინის და ნიუკასლის კარში. დენის ჩვეულებრივად დარტყმა არ შეეძლო – თითქოს ხატავდა.

 

მწვრთნელი:

სერ ალექს ფერგიუსონი – ეპოქალური მწვრთნელი. ტაქტიკებს ისე ღეჭავდა, როგორც კევს. ფეხბურთი მისმა „მანჩესტერმა“ შემაყვარა. ყოველთვის თანამედროვე იყო, ხან თვითონ ნოვატორი, ხანაც – სიახლეების ამყოლი. ბოლო წუთის კაცი, ფეხბურთი სისხლიან ჯოჯოხეთად რომ მიაჩნდა და მაინც ტკბებოდა.

 

საყვარელი ფეხბურთელი:

პოლ გასკოინი – ფერგიუსონი თავისთვის და მე ჩემთვის სულ ვდარდობდით, რომ თავის დროზე გასკოინის, იმავე გაზას, ტრანსფერი ვერ მოხერხდა „მანჩესტერში“. არადა პოლი იმ დრამების კაცი იყო, „ტრაფორდზე“ რომ იწერებოდა. მინდვრის ჰამლეტი, ,,ყოფნა – არყოფნის’’ საზღვარზე მობოდიალე ლოთი გენიოსი.

 

დასამახსოვრებელი მატჩი:

პირველსავე წელს, როცა მე „მანჩესტერ იუნატედის“ გულშემატკივრობა დავიწყე, გუნდმა ყველა დროის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ ფინალში „ბარსელონას“ „,კამპ ნოუზე“ მიუნხენის „ბაიერნი“ დაამარცხა. 90 წუთი 1:0-ს აგებდა და დამატებულ წუთებზე ჯერ შერინგემმა, მერე სოლსკიაერმა (ინგლისელებისთვის – სულშერმა) გაიტანეს გოლი. ორივემ – კუთხურის გათამაშების შემდეგ. მაშინ კლუბის კარს პიტერ შმეიხელი იცავდა, სწორედ ის იყო შეშლილი დანიელი, რომელმაც აქ ჩამონათვალის დასაწყისში და იმ მატჩის ბოლოს, პირველი კუთხურისას, მეტოქის საჯარიმოში ჩაირბინა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იყო. უკვე მოგახსენეთ – ქალაქ ოზურგეთში ჯერ კიდევ არსებობდა „გადმოყვანილი დენის“ არამიწიერი მადლი და მისი მომმატებელი ალქიკიმოსი ტრანსფორმატორი. ეს უკანასკნელი ან გულებს წვავდა სერიალების მაყურებელთა, ან – მათ სახლებს, ვისაც ღამით ჩართული რჩებოდა. ჩემი გული კი, და სახლიც, და რაც გნებავთ, მაშინ ბარსელონაში იყო. წითელმაისურიანმა თერთმეტმა ნომერმა რაღაცნაირად განწირულად მოიქნია ფეხი, თითქოს უმიზნოდ, ტედი შერინგემმა დაახვედრა და ანგარიში გათანაბრდა. „ბაიერნი“ – „მანჩესტერი“  – 1:1. თერთმეტი ნომერი კი რაიან გიგზისა გახლდათ, „მანჩესტერის“ ყველა დროის უმთავრესი კაცთაგანის – ჩარლტონის, ბესტის, კანტონას ტოლის. ის ფეხბურთიდან ახლახან წავიდა. მერე ამას სოლკაიერი მოჰყვა. ხანდახან ეს თამაში მესიზმრება ხოლმე.

ბლუზი: ბესი სმითი   (I ნაწილი)

0

 

ბლუზი პლანტაციებიდან მოსული მუსიკაა. მასში შავკანიანი მონების ღია ჭრილობები, სისხლი და ტკივილია ჩაქსოვილი. მონებისთვის ურთიერთობის საუკეთესო საშუალებას სიმღერა წარმოადგენდა, ვინაიდან მხოლოდ სიმღერით შეეძლოთ იმის გაგება, მეზობელი წყურვილს, დაღლილობას ან ჯოჯოხეთურ სიცხეს ხომ არ მოეკლა. მღეროდნენ თავიანთ მძიმე ყოფაზე, სირთულეებსა და წინააღმდეგობებზე, ყოველ შავკანიანს გზაზე რომ ეღობებოდა. მელოდია დაკავშირებული იყო შრომის სიმღერასთან, ევროპული წარმოშობის ხალხურ სიმღერასთან, ბალადასთან. ბლუზი („მწუხარე“, „მელანქოლიური“, „გულგატეხილი“) ბალადის ანალოგია. მოგვიანებით ეს მუსიკა აფროამერიკული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვრად და მსოფლიო მუსიკის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ვოკალური ჟანრის ლირიკული ზანგური სოლო სიმღერის, ბლუზის, ტექსტი უბრალო, მარტივი და დაუხვეწავია სიკვდილის, სიყვარულის, მონობისა და თავისუფლების ბანალური თემებით. ტრაგიკული ამბებისა და განცდების მიუხედავად, მუსიკა თავისი რიტმით შესაძლოა საზეიმოც კი იყოს. დროთა განმავლობაში ბლუზის უფრო ხალისიანი ნაირსახეობა განვითარდება.

რაც შეეხება ბლუზის სტრუქტურას, ის სამ აკორდზეა აგებული. ძირითადი მონახაზი 12–ტაქტიანია. პირველი ოთხი ტაქტი ტონიკურ ჰარმონიაზე იკვრება, აქედან ორი – სუბდომინანტასა და ტონიკაზე, ხოლო ორი – დომინანტასა და ტონიკაზე. საინტერესოა, რომ მისი ვარირება უსასრულობამდეა შესაძლებელი. მეტრული საფუძველია 4/4. ბლუზი განსაკუთრებულია იმით, რომ მის კილოში გამოყენებულია დადაბლებული III, V და VII საფეხურები, ეგრეთ წოდებული „ბლუზური ნოტები“.

თავდაპირველად ბლუზის ნახევრად პროფესიონალი შემსრულებლები გასამრჯელოს საძებნელად ქალაქიდან ქალაქში მოხეტიალე მაწანწალები იყვნენ. მათ ბლუზური კომპოზიციების შესრულება უმთავრესად ქუჩაში, ჭიშკართან, მატარებლის კიბეზე უწევდათ. „სოფლურ ბლუზს“ (country blues) ძირითადად მამაკაცები ასრულებდნენ გიტარის თანხლებით. „კლასიკურш ბლუზი“ მხოლოდ XX საუკუნის 20-იან წლებში ჩამოყალიბდა, როცა დიდი შოუბიზნესის სამყაროში მოხვდა. ის სწორედ „სოფლური ბლუზის“ დახვეწის შედეგია. „კლასიკურ ბლუზს“ ძირითადად ქალები ასრულებდნენ. ეს შესრულება გრძნობებით, ეროტიზმითა და სექსუალურობით იყო აღსავსე. კლასიკური ბლუზის „დედოფლებად“ შერაცხულნი იყვნენ გერტრუდ რეინი, მეტსახელად “მა” – ბლუზის ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი მომღერალი (კონტრალტო) – და მისი მოსწავლე ბესი სმითი.

მა რეინსა და ბესი სმითს შავკანიანი აუდიტორია აღმერთებდა. მათ რისკის ფასად უერთდებოდნენ ზანგების ხელოვნებით მოხიბლული თეთრი მსმენელები. ამ დიდებული ქალბატონების მიერ შესრულებული ბლუზი მსმენელს “ქანთრი ბლუზს” მოაგონებდა. სხვათა შორის, მამაკაცებს არასოდეს განუცდიათ ისეთი თავბრუდამხვევი წარმატება, როგორიც “ბლუზის ბუმის” დროს ქალებს ხვდათ წილად.

ძველ, ტრადიციულ ბლუზში აფრიკული ელემენტები დომინირებდა, მოგვიანებით კი მასში ევროპული მუსიკის გავლენა გამოიკვეთა. ბლუზის შემსრულებელი ქალები ევროპულ ტრადიციებთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე მამაკაცები. მათი უმეტესობა მხოლოდ ბლუზს კი არ ასრულებდა, არამედ მენესტრელების თეატრის ვოკალისტიც იყო და თავს ესტრადის მომღერლად მიიჩნევდა.

XX საუკუნის 20-იან წლებში ბლუზმა დიდი ძალისხმევის ფასად თავი დააღწია ზანგურ გეტოს და ამერიკელების – შავებისა და თეთრების – მნიშვნელოვანი ნაწილის საყოველთაო გატაცებად იქცა.

30-იანი წლების მუსიკოსებისთვის ბლუზი ჰარმონიების განსაზღვრულ ნაკრებს ნიშნავდა, რომლის ფარგლებშიც ვითარდებოდა იმპროვიზაცია. ბლუზის ძირითადი ელემენტები, რომლებმაც პირველადი ფუნქცია დაკარგა, ჯაზის საერთო სისტემაში აღმოჩნდა ჩართული. ჯაზმენებისთვის ბლუზი ჯაზის რეპერტუარის ნაწილი გახდა და არა გამოცალკევებული მუსიკალური ფორმა.

თუმცა 50-იანი წლების ბოლოს ბლუზი ბიბლიურ ლაზარესავით აღდგა. ის მოულოდნელად იქცა ახალი მუსიკის – როკის წყაროდ, რომელმაც ელვის სისწრაფით დაიპყრო მსოფლიო. როკი, ისევე როგორც ჯაზი, ბლუზისგან დაიბადა, ასე რომ, ბლუზი თავის „შვილებთან“ ერთად დღემდე მშვიდად აგრძელებს ცხოვრებას.

 

ბესი

ბლუზის უდიდესი მომღერალი ბესი სმითი ამერიკული მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი იყო, რომელმაც მომდევნო თაობებზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა.

XX საუკუნის 20-იანი წლები წარმატების პერიოდად იყო მიჩნეული როგორც ბესი სმითისთვის, ასევე მთელი ამერიკისთვის. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკის ზრდამ (უმთავრესად – სამხედრო დაკვეთების ხარჯზე) ქვეყანა მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოთა რიგებში ჩააყენა. მაგრამ 20-იანი წლების ბოლოს, „შავ ხუთშაბათად“ წოდებულ 1929 წლის 24 ოქტომბერს, როდესაც ნიუ იორკის ბირჟამ კრახი განიცადა, ქვეყანაში დიდი დეპრესია დაიწყო. შემოღებულ იქნა მშრალი კანონი, თუმცა მოყვარულები ალკოჰოლს მალულად მაინც ეძალებოდნენ, უკრავდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ. ამ პერიოდს ამერიკელმა მწერალმა ფრენსის სკოტ ფიცჯერალდმა „ჯაზის ეპოქა“ უწოდა.

 

ბავშვობა

ბესის ახალგაზრდობის წლების შესახებ, სამწუხაროდ, ცოტა რამ ვიცით. საკამათო იყო მისი დაბადების თარიღიც, თუმცა, კრის ალბერტსონის „ბესის“ მიხედვით, მომღერალი 1894 წელს უნდა დაბადებულიყო. უნდა ითქვას, რომ ჯაზის ლიტერატურაში ეს წიგნი ერთ-ერთ საუკეთესო ბიოგრაფიულ ნამუშევრად მიიჩნევა. უტყუარია ცნობა იმის შესახებ, რომ ბესი შვიდშვილიან უღარიბეს ოჯახში დაბადებულა, მშობლები კი ადრე გარდაცვლია. ობოლი, ნახევრად მშიერი და მრავალჯერ გამონაცვალ ტანსაცმელში გაზრდილი ბესი რაც შეიძლება ბევრი ფულის შოვნაზე ოცნებობდა და იმედით უყურებდა მომავალს.

ბესი ბავშვობაშივე გაიტაცა სიმღერამ. კვირაობით მღეროდა საეკლესიო გუნდში, ყველგან, სადაც კი შესაძლებელი იყო. 9 წლისა ქუჩაში სიმღერით ირჩენდა თავს – გულკეთილი გამვლელები ხუთცენტიანებით აჯილდოებდნენ.

არავინ იცის, ბესი ბავშვობაში როგორ მუსიკას უსმენდა. რა თქმა უნდა, მშობლიურ ჩატანუგაში ჯაზს ვერ მოისმენდა. თუმცა ბლუზის ადრინდელი ვარიანტები და პოპულარული მელოდიები მენესტრელების წარმოდგენებიდან მაშინ უკვე ჟღერდა. შესაძლოა, ბესი, ახალფეხადგმული რეგტაიმის მელოდიებსაც ისმენდა და ითვისებდა.

 

გზაჯვარედინი

შესაძლოა, ბესი ბოლომდე ქუჩის მომღერლად დარჩენილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ბედმა სხვაგვარად ინება. ბესის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც 1912 წელს მის ქალაქში საკუთარი შოუ-დასით „ბლუზის დედა“ – მა რეინი ჩამოვიდა. მა რეინმა ბესის ნამღერი მოისმინა, ცეკვის გამორჩეული ნიჭიც უმალ შეამჩნია და დასში აიყვანა.

მა რეინი მუსიკალურ წრეებში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. იგი არც თაყვანისმცემლების ნაკლებობას უჩიოდა და უსაფუძვლოდ არც „ბლუზის „დედად“ ყოფილა მონათლული. მა რეინი მეტოქეობის ჟინით არასდროს გამოირჩეოდა, ამიტომ ბესის მომღერლად აღზრდას სიამოვნებით მიჰყო ხელი. თავიდანვე შესამჩნევი იყო, რომ ბესი მასწავლებელს აჯობებდა. გოგონას დაბალი, ძლიერი, მსუყე და გულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა. დროთა განმავლობაში ის ბრწყინვალედ დაეუფლა ბლუზის ინტონაციური შეფერილობის ხელოვნებასა და ბგერათა სწორ არტიკულაციას. საინტერესოა, რომ ბესის არასდროს გამოუყენებია მიკროფონი. „მას შეეძლო ემღერა უფრო ხმამაღლა, ვიდრე ნებისმიერ სვინგურ ორკესტრს“, – ამბობდა ერთ-ერთი ცნობილი მესაყვირე.

ახალბედა მომღერალმა მა რეინისგან ბევრი კარგიც და ცუდიც შეითვისა. ვოკალური ოსტატობაც სწორედ მისგან ისწავლა. სამწუხაროდ, ამავე დასში მიეძალა ალკოჰოლს, რამაც შემდგომ ძალზე გაურთულა ცხოვრება.

მომდევნო წლებში ბესი სხვადასხვა თეატრში მუშაობს, გამოდის ტენტ-შოუებში, კარნავალებზე, საესტრადო ჯგუფებთან ერთად მონაწილეობს გასტროლებში. პირველი მსოფლიო ომის დასასრულისთვის, ჯაზის ციებ-ცხელების დასაწყისში, 26 წლის ბესი უკვე ცნობილი მომღერალია.

ბოდიში, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მომეხადა

0

ფეისბუქზე წერილი მივიღე. კლასელი მწერდა, რომელთანაც, უკვე წლებია, ურთიერთობა აღარ მქონია – ჩემი კლასი სკოლის დამთავრებამდე დატოვა და გაუჩინარდა. საუბრის დასრულებამდე ვკითხე, სწავლა სადმე თუ გააგრძელე-მეთქი. მიპასუხა, ყველანი ჩვენი ცხოვრებით ვსწავლობთო.

ვიცი, რასაც გულისხმობდა.

მეათე კლასამდე ვსწავლობდით ერთად. კარგ მოსწავლედ და ამხანაგად მიგვაჩნდა, მაგრამ მანამდე, სანამ გავიგებდით, რომ იეჰოვას მოწმე იყო.

მერე ყველაფერი შეიცვალა.

ხშირად ვსეირნობდით და ვსაუბრობდით ყველაფერზე, რაზეც ორ კლასელს შეეძლო ესაუბრა, მაგრამ სკოლაში თეონას დასცინოდნენ და მე ვერაფერს ვაკეთებდი, ვდუმდი. ხანდახან წარმოვიდგენ, როგორ ვბრუნდები წარსულში, სკოლის მერხთან, დროსთან ერთად შეძენილი გამოცდილებით, ცოდნით და გამბედაობით, წარმოვიდგენ, როგორ ვცდილობ მის დაცვას მასწავლებლებისგან, კლასელებისგან და ჩემგან: აბუჩად ვიგდებდით, როცა გეოგრაფიის გაკვეთილის დაწყებამდე ლოცვას არ კითხულობდა, დავცინოდით, როცა ეკლესიაში შესვლაზე უარს ამბობდა. ხშირად ამბობდნენ, უცნაური ბავშვიაო, მაგრამ დღემდე ვერ მივმხვდარვარ, რა იყო მის ქცევაში უცნაური.

ნელ-ნელა სწავლას მოუკლო და მასწავლებლებისგანაც ხშირად იღებდა საყვედურს. ბოლოს ვეღარ გაუძლო და სკოლიდან გადავიდა. წერილი დამიტოვა – ყველას არ ენდო, მატყუარები კარგ ადამიანებსაც უბიძგებენ ბოროტებისკენო.

ვიცი, რასაც გულისხმობდა.

კლასელები ხშირად არ მახსენდება, თუმცა თეონა ცოტა ხნის წინ მომაგონდა – დიტრიხ ბრიუგემანის ფილმ “გოლგოთის გზის” ყურებისას. ფილმი 14 თავად არის დაყოფილი, რომლებიც იესოს უკანასკნელ მოგზაურობას ეხმიანება. ყოველი მომდევნო თავი პატარა გაელვებაა მარიას ცხოვრებიდან – გოგონასი, რომელიც ასეთსავე სიმბოლურ ტრაექტორიას გადის.

ოჯახურ წრეში მარია წმინდა პიუს XII-ის საზოგადოების სწავლებასა და ტრადიციონალისტური კათოლიციზმის მკაცრ წესებს ემორჩილება. დედას არ სურს, მისმა ქალიშვილმა ჭეშმარიტი გზიდან გადაუხვიოს, ამიტომ გამუდმებით აკონტროლებს მას. წნეხი ფილმის დასაწყისიდანვე იგრძნობა, როცა მღვდელი მოსწავლეებს ღვთის ერთგულებასა და მის წინაშე ვალდებულებებზე, „სატანური“ როკმუსიკის მოსმენისგან თავის შეკავებასა და იმ ბრძოლაზე ესაუბრება, რომელიც უფლის სადიდებლად უნდა გამართონ.

ერთ-ერთ ეპიზოდში მარია ვარჯიშზე უარს ამბობს, მიზეზად კი მუსიკისადმი მისი რელიგიის დამოკიდებულება მოჰყავს. სკოლა პრობლემებით აღსავსე ხდება, მუსიკისადმი მარიასა და მისი ოჯახის დამოკიდებულება დაცინვის საგნად იქცევა.

მარია კეთილშობილი, მოაზროვნე თინეიჯერია, რომელიც ცდილობს, თანატოლების მსგავსად, დამოუკიდებლად დაიწყოს ცხოვრება. მძიმე სანახავია, როგორ ნებდება მარია სტრესს მხოლოდ წმინდა, გულიდან წამოსული განზრახვებით, როცა მის გარშემო ფანატიკოსები ჩნდებიან.

მარიას სურს, ავადმყოფ ძმას დაეხმაროს. მისი კეთილი ბუნების მეშვეობით რეჟისორი რელიგიური ფანატიზმის ფუნდამენტური საფრთხეების წარმოჩენას ცდილობს, რომლებსაც ყველაზე მეტად „მართლმორწმუნე“ დედას განასახიერებს. მამა მოვლენების პასიური მონაწილეა და კრიტიკულ მომენტებშიც კი უმოქმედო მაყურებლად რჩება.

„გოლგოთის გზაში“ მრავლადაა ხელოვნური სცენები, თუმცა ეს მხოლოდ დისტანციის შესაქმნელად და ტრაგედიის იმ „შავ იუმორად“ გადასაქცევად კეთდება, რომლითაც ფილმია გაჯერებული. ღმერთისთვის თავის მიძღვნაშია ჩაქსოვილი მარიას განადგურების გზა. ფილმის საბოლოო დანიშნულება აბსოლუტურად თანდაყოლილი საბრალდებო დასკვნაა და ჩვენ ვიღებთ დოგმებს რწმენის ნაცვლად.

თეონასთვის არასოდეს მომიხდია ბოდიში ჩემი უმოქმედობის, უცოდინრობისა და გაუბედაობის გამო. ვწუხვარ, რომ ვერასდროს ვახერხებდით იუმორსა და ირონიას შორის ზღვარის გავლებას. ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი სკოლისგან, ბავშვებისა და საკუთარი თავისგან მისი დაცვა.

მაგრამ ეს უკვე თავის მართლებას ჰგავს.

სემინარული მუშაობა,  როგორც   სწავლების ხარისხის ამაღლების ეფექტური საშუალება

0

სემინარი, როგორც საგაკვეთილო საქმიანობის ფორმა, საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა მისი  პრაქტიკული  გამოყენება შედარებით  იშვიათად  ხდება სასკოლო ცხოვრებაში, რაც სემინარული  მუშაობის გარკვეული თავისებურებებით აიხსნება. ძირითადად ესაა მასწავლებლის საკმაოდ მაღალი ჩართულობა და როლი მუშაობის პროცესში. სემინარული მუშაობის სწორად ორგანიზებისათვის მასწავლებელს სჭირდება:

  • მოსწავლის შესაძლებლობებისა და შესაფერისი პრობლემური სიტუაციების გამოკვეთა;
  • მასალების განზოგადებისთვის და დავალების შესრულებისათვის აუცილებელი ლიტერატურის შერჩევა, მოძიება და გაანალიზება;
  • დიალოგის წარმოება მოსწავლეებთან, კონსულტაცია და შუალედური კონტროლი;
  • ჯგუფური და ინდივიდუალური სამუშაოს ორგანიზება/ჩატარება.

 

მიუხედავად მოსამზადებელი სამუშაოს მრავალფეროვანი ეტაპისა, სემინარული მუშაობა მნიშვნელოვანია მოსწავლეთა კვლევითი და შემოქმედებითი უნარების განვითრებისთვის.  ამ დროს  მოსწავლეები  დამოუკიდებლად გამოიყენებენ და შეისწავლიან  სხვადასხვა ინფორმაციებს (რომლებიც თავის მხრივ სხვადასხვა გზით აქვთ მოპოვებული), იღრმავებენ ცოდნას, კვლევითი უნარ-ჩვევებთან ერთად უვითარდებათ ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარებიც.

 

რა კონკრეტული უპირატესობები გააჩნია სემინარულ მუშაობას ჩვეულებრივ  საგაკვეთილო სიტუაციასთან შედარებით?

სემინარის დროს საბაზო საფეხურზე მოსწავლეები მუშაობენ:

  • წერილობით წყაროებზე, რომლის დამუშავებისთვის მასწავლებელს წინასწარ აქვს მომზადებული თეზისები, გეგმები და ა.შ.
  • დამატებითი სასწავლო ლიტერატურის გამოყენებაზე;
  • ეწევიან დამოუკიდებელ შემოქმედებით საქმიანობას, ატარებენ დისკუსიასა და განხილვებს.

საშუალო  საფეხურის   მოსწავლეები:

  • იყენებენ მრავალფეროვან ისტორიულ  წყაროებს;
  • არიან გაცილებით აქტიურები (მაგალითად, მასწავლებელი თვითონ არ სვამს შეკითხვებს,  ამას აკეთებენ  მოსწავლეები);
  • შეუძლიათ მასალების სიღრმისეული ანალიზი;
  • იღრმავებენ კვლევით უნარებს;
  • შეუძლიათ შეფასებების გაკეთება თანაკლასელებისთვის და მათი ნაშრომების რეცენზირება;
  • აკადემიური წესებით მიჰყავთ დისკუსია, პატივს სცემენ ოპონენტებს, შეუძლიათ საკუთარი პოზიციების წამოყენებაც და დაცვაც.

სემინარული მუშაობა  იწყება მასწავლებლის  შესავალი სიტყვით და თემის ფორმულირებით, მიზნის, ამოცანისა და აქტუალობის გაცნობით; შემდეგ მოსწავლეები გამოთქვამენ აზრს გეგმის შესახებ, საბოლოო  სიტყვა კი ისევ მასწავლებლისაა, რომელიც შეაჯამებს შედეგებს, გამოყოფს ძირითად იდეებს და შეაფასებს მოსწავლეთა მუშაობას. მუშაობისას მოსწავლეები მოქმედებენ გეგმის შესაბამისად, მაქსიმალურად არიან ჩართული თემის შესწავლასა და განხილვაში, ამზადებენ მოხსენებას და რეფერატებს, ირჩევენ მომხსენებელს და ოპონენტს, ამზადებენ სადისკუსიო საკითხებს. შინაარსის სირთულიდან გამომდინარე,  სემინარული მუშაობა სასურველია ჩატარდეს თვეში დაახლოებით 2-ჯერ. სემინარული მუშაობის დღეს არაა რეკომენდებული წერილობითი და ზეპირი  დავალებების შესრულება, ან ჩათვლები და გამოცდები სხვა სასწავლო დისციპლინებში.

 

განვიხილოთ სემინარული მუშაობის პრაქტიკული მაგალითი:

 

გაკვეთილის ტიპი: განმეორებისა  და განზოგადების გაკვეთილი;

მეთოდები: რეპროდუქტიული, ნაწილობრივი ძიების (ევრისტიკული);

რესურსები: სემინარის გეგმა; სქემა ისტორიული პირების შესახებ.

გაკვეთილის მიმდინარეობა:

  1. ორგანიზაციული მომენტი;
  2. თემის განზოგადება და გამეორება – „ქართლის სამეფოს წარმოქმნა. საქართველო ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში“.

ა) მასწავლებელი წამოაყენებს თემას, რომლის განხილვაც ხდება და ეს იქნება ძირითადი დავალება (მოცემულ შემთხვევაში ეს იქნება „ქართლის სამეფოს წარმოქმნა. საქართველო ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში“).

დავალების შესაბამისად მომზადდება მოხსენებებიც შემდეგ თემებზე:

  1. 1. „ფარნავაზ მეფე როგორც ისტორიული პიროვნება“;
  2. „ფარსმან II როგორც ისტორიული პიროვნება“;
  3. 3. „მირიან მეფე როგორც ისტორიული პიროვნება“.

 

მოხსენების – ისტორიული პირების ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღწერა“ –  სტრუქტურის  მაგალითი:

  1. ცხოვრებისა და მმართველობის წლები;
  2. მოკლე ბიოგრაფიული ცნობები;
  3. პიროვნების ისტორიული როლი;
  4. მოხსენება აიგება იმ ეპოქის მთლიანი სურათის გათვალისწინებით, რომელშიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კონკრეტული ისტორიული პიროვნება.

ბ) მაწავლებელი მოხსენებას ეცნობა წინასწარ, შეხვედრის გამართვამდე და მოსწავლეს აძლევს  რეცენზიას.

გ) მოსწავლეები იყოფიან 3 ჯგუფად, თითოეულის მიზანია ჯგუფის მოხსენების ძირითადი იდეის დაცვა, ისტორიულ პიროვნებებზე ცოდნის თავმოყრა და განზოგადება;

დ)  მოისმენენ რა მოხსენებებს ფარნავაზ მეფეზე, ფარსმან II-სა და მირიან მეფეზე,  როგორც ისტორიულ პიროვნებებზე, მოსწავლეები წინასწარ მომზადებულ სქემაში    შეიტანენ მათი აზრით ყველაზე  მნიშვნელოვან დასკვნებს:

 

მასალის  სისტემატიზაციის და განზოგადების სქემის ნიმუში

.

  ფარნავაზ მეფე

(ძვ.წ. IV-III სს.)

ფარსმან II

(ახ.წ. IIს.)

მირიან მეფე

(ახ.წ. III-IV სს.)

ძირითადი მიღწევები საშინაო პოლიტიკაში ტერიტორიის ფორმირება; სამეფოს მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბება;

სახელმწიფო სტრუქტურების ფორმირება; საგადასახადო სისტემის შემოღება;

ჯარისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების შექმნა; სახელმწიფო ენის შემოღება.

 გაამყარა სახელმწიფო ხელისუფლება

 

 

 

 

 

 ცდილობდა მშვიდობის შენარჩუნებას; ზრუნავდა  ქვეყნის უსაფრთხოებაზე; მოინათლა და მონათლა ქართლის მოსახლეობა;  იზრუნა მთის მოსახლეობის გაქრისტიანებაზე
ძირითადი მიღწევები საგარეო პოლიტიკაში სახელმწიფოს შექმნისას გაითვალისწინა და დააფასა მეზობელი ქვეყნების პოზიცია და დამოკიდებულება გაამყარა კავშირები მეზობელ კავკასიურ ხალხთან; დაიცვა ქვეყნის საზღვრები და კიდევ უფრო გააფართოვა ისინი მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებით.  ქრისტიანობის აღიარებით საგარეო პოლიტიკაში დაიკავა რომის იმპერიის პოზიციები და დაუპირისპირდა მეზობელ ირანს; უპირისპირდებოდა მტერს სამეფოს ტერიტორიების დაცვაში.
ძირითადი მიღწევები კულტურაში გაატარა რელიგიური რეფორმა –  შემოიღო საერთო ქართული კერპი; ააგო წარმართული ტაძრები; ზრუნავდა ქართული მწიგნობრობის და კულტურის განვითარებაზე. ერთგულად ემსახურებოდა კერპებს.  სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა ქრისტიანობა;  ააგო  სვეტიცხოვლის ტაძარი; ისწრაფვოდა ბიზანტიურ-რომაული კულტურული ღირებულებისაკენ;

 

 

ე) ჯგუფის თითოეული წევრი მზადაა შეავსოს ცხრილი (განიხილება ყველა მოსაზრება);

ვ) მასწავლებელი ცოდნის სისტემატიზაციისა და განზოგადების სქემის შედგენის შემდეგ შეაჯამებს მოსწავლეთა მუშაობას და დამატებით გაამახვილებს ყურადღებას თითოეული ისტორიული პირის მოღვაწეობაზე და მის გავლენაზე ისტორიულ პროცესში;

ზ) მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ მომზადებას სემინარული მუშაობისთვის (ანუ შეაფასებს მათ მოხსენებებსაც და სქემის შევსებაში  მონაწილეობასაც) დაბოლოს, ჯგუფის საერთო მუშაობასაც.

III.   დასკვნა/შეჯამება – სემინარული მუშაობის ძირითადი მიზნის გახსენება და უკუკავშირი შესრულებულ სამუშაოსთან.

  1. საშინაო დავალების მიცემა – „შუა საუკუნეების გამოჩენილი ისტორიული პიროვნებები“ .

სემინარულ მუშაობას ფართო საგანმანათლებლო და განმავითარებელი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებისათვის – ისინი იმეორებენ მასალას, სხვადასხვა ეპოქებს შორის  ამყარებენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, უფართოვდებათ საგნობრივი ცოდნა და   კომპეტენციები, ანალიზისა და განზოგადების და ზოგადად კომუნიკაციური უნარები, ეუფლებიან შეკითხვების  დასმის  ალტერნატიულ  გზებსა და ცოდნის შეძენის ინტერაქტიულ მეთოდებს. ამ ყოველივეს შედეგად კი მათი მიღწევები კონკრეტული შედეგების მიმართულებით გაცილებით იზრდება, ამიტომ სემინარული მუშაობის ჩართვა სასწავლო საქმიანობაში ცოდნის ხარისხის ამაღლების ეფექტური საშუალებაა.

 

 

გარემოს როლი „მე“-ს ჩამოყალიბებაში

0

„სამყარო გამუდმებით ცდილობს, სხვად გაქციოს.

დარჩე იმად, რაც ხარ – უდიდესი მიღწევაა“.

რალფ უოლდო ემერსონი, ამერიკელი ფილოსოფოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

 

ჩემი სტატიების მკითხველებს მოეხსენებათ, რომ უმთავრესად აღზრდის საკითხებზე ვწერ. ეს პატარა წერილიც აღზრდის პროცესში პიროვნების „მე“-ს ჩამოყალიბებას ეხება. საქმე ის არის, რომ ფსიქოლოგები დიდი ხანია აღნიშნავენ გარემომცველი სოციუმის როლის მნიშვნელობას პიროვნების „მე“-ს ჩამოყალიბებაში. „ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“, – ეს ანტუან დე სენტ–ეგზიუპერის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებადი ფრაზაა და მეც იმისთვის მოვიხმე, რომ მკითხველს ავუხსნა: სწორედ იმან, რაც ჩვენი ბავშვობიდან წამოვიღეთ, გვაქცია ისეთებად, როგორებიც ახლა ვართ.

საკუთარის თავის ძიება, საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბება, დამეთანხმებით, ურთულესი პროცესია. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ორიგინალური აღმოჩენა არ არის – ამაზე ბევრს წერენ, ფიქრობენ, მსჯელობენ მწერლები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები. როგორ გაივლის ბავშვი ამ გზას, როგორ ჩამოყალიბდება ის, ჩვენზე – მის გარშემო არსებულ სოციუმზეა დამოკიდებული. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენი „მე“ იმ გამოცდილების შედეგია, რომელიც გვიგროვდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად. ეს სხვა ადამიანები სწორედ ის უახლოესი გარემოცვაა, რომელთა თვალებში სარკესავით აირეკლება ჩვენი „მე“. გახსენდებათ ალბათ ბავშვობაში მოწებებული იარლიყები:

  • „რა ლამაზი ხარ“;
  • „რა ჭკვიანი ხარ“;
  • „რა ნიჭიერი ხარ“;
  • „რა ზარმაცი ხარ“;
  • „ყველას სჯობიხარ
  • „რა ცელქი ხარ“;
  • „სრულიად უნიჭო ხარ“.

შეგიძლიათ, ჩამონათვალი თავად განავრცოთ, გაიხსენოთ საკუთარი იარლიყები და მიხვდეთ, რომ ამ ფრაზების გახსენება ახლაც გსიამოვნებთ ან არ გსიამოვნებთ და, რაც მთავარია, დარწმუნდით, რომ ადრეულ ბავშვობაში განცდილი ემოცია თუ მიღებული შთაბეჭდილება აყალიბებს ჩვენს „მე“-ს.

თუ ბავშვის გარშემო არაკეთილსაიმედო გარემოა, შემდგომში მისი მოთხოვნილებები შესაძლოა უკიდურესად ფრუსტრირებული აღმოჩნდეს, რის შედეგადაც ბავშვი, სავარაუდოდ, ზრდასრულ ასაკშიც ტრავმირებული იქნება. ტრავმა შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს.

თანამედროვე მკითხველს და დაინტერესებულ მსმენელს კარგად მოეხსენება არასასურველი ბავშვის ტრამვული განვითარების შესახებ. როდესაც ბავშვი, ასე ვთქვათ, „დაუგეგმავი“ ან „არასწორი სქესისაა“, გარემო მისთვის არაკეთილმოსურნე და შესაძლოა მტრულიც კი გახდეს. მაგრამ ზოგჯერ, გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად, შესაძლოა სასურველი შვილებიც აღმოჩნდნენ მატრავმირებელ გარემოში.

  • „მეგონა, ჩემი შვილი ყველაზე ჭკვიანი და ნიჭიერი იქნებოდა, მან კი მთელ ოჯახს და სანათესავოს იმედი გაუცრუა“;
  • „რამდენი დრო და ენერგია შევალიეთ მის აღზრდასა და განათლებას, მაგრამ სასურველ მიზანს მაინც ვერ მივაღწიეთ“.

ასეთი ფრაზები თუ თავად არ გითქვამთ, სხვებისაგან მაინც გაგიგონიათ.

მაშ, რა გამოდის – სასურველი შვილიც „მიუღებელია“? ჩვენ შვილებს ტრამვას ვაყენებთ იმით, რომ ვცდილობთ, მათგან ჩვენთვის სასურველი რამ „შევქმნათ“. გამოდის, ნებით თუ უნებლიეთ ვკლავთ მათ ინდივიდუალობას და დაბრკოლებებს ვუქმნით მათ საკუთრი „მე“-ს ძიებაში. ბავშვის გარშემო არსებული სოციუმი, რომელზეც დამოკიდებულია მისი პიროვნული განვითარება, ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციური დონორია. განვითარების ადრეულ ეტაპზე ბავშვი უპირობოდ უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის – მომავალში ეს მისი დადებითი თვითშეფასების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. არაკეთილსაიმედო გარემოში მყოფი ბავშვი კი ძნელად თუ მოახერხებს ზრდასრულ ასაკში საკუთარ ძალებზე დაყრდნობას, საკუთარი თავის მიღებას და შეყვარებას.

განვითარების მომდევნო ეტაპზე რა ხდება? ბავშვი, რომელიც ადრეულ ასაკში საკუთარი ძალიან ვიწრო გარემოცვისთვისაც კი არ წარმოადგენს დიდ ღირებულებას, სავარაუდოდ – და ლოგიკურადაც (მკითხველი თავადაც მიხვდება, როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ ისტორიას) – უფრო ფართო სოციუმის წინაშე „გაუფასურებული“ წარდგება.

საბავშვო ბაღი:

  • „შენ ლექსების დაზეპირება გეზარება, ამიტომ ზეიმში მონაწილეობას ვერ მიიღებ“;
  • „რამდენს გასწავლი და მაინც ვერ ახერხებ, ტაქტში აჰყვე სიმღერას, საერთოდ არ გაქვს სმენა;
  • შეხედე, შენი თანატოლები როგორი მონდომებულები არიან შენ კი არაფერი არ გინდა“.

იზრდება ჩვენი პატარა, მაგრამ მისი მხარდაჭერა და მისი შესაძლებლობების წარმოჩენა მაინც არავის „სურს“.

არ გეგონოთ, რომ ის არავის უყვარს; სახლში, ბაღში – ყველგან აღიარებენ, რომ ძალიან საყვარელია, მაგრამ რაღაცნაირი განსხვავებული, სხვა ბავშვებივით არ ცდილობს თავის წარმოჩენას, უფროსების წინაშე საკუთარი მიღწევების დემონსტრირებას (სტუმრების წინაშე ლექსების თქმას, ინგლისური სიტყვების დაზეპირებას…) და ამიტომ დიდად არავინ იწუხებს თავს მისი უნარების განვითარებაზე ფიქრით. მიხვდით ალბათ: იმის თქმა მინდა, რომ ხშირად თავად ის ფაქტი, რომ ვიღაც განსხვავებულია (განსაკუთრებით – ბავშვი), იწვევს გაღიზიანებას და სოციუმს უჩნდება სურვილი, „გადააკეთოს“ ის, სხვებს დაამსგავსოს. ეს კი კიდევ ერთი მატრავმირებელი ფაქტორია ბავშვისთვის.

სამწუხაროდ, ჩვენი სკოლების დიდ უმრავლესობაში ასეთი „განსხვავებული“ ბავშვებისადმი მიდგომა არანაკლებ „მტრულია“, ამიტომ ჩვენი პატარა განვითარების მომდევნო ეტაპზეც ვერ იღებს სათანადო ყურადღებას, ზრუნვას, მხარდაჭერას – ის ხომ „განსხვავებულია“, მასწავლებელს კი კლასში იმდენი ბავშვი ჰყავს, რომლებსაც მისი ყურადღება უფრო მეტად სჭირდებათ. „ცოდვა გამხელილი სჯობიაო“, ჩვენს წინაპრებს უთაქვამთ – კარგი, ბეჯითი, დამჯერი მოსწავლე ნაკლები თავის ტკივილია და მასწავლებლისათვისაც სწორედ ის წარმოადგენს საყრდენს. „განსხვავებულები კი, ჯობს, დროზე მოეგონ გონს და სხვებს მიბაძონ.“. და საერთოდაც, „ბავშვების ტრავმებზე მშობლებმა და ფსიქოლოგებმა იზრუნონ, მასწავლებლებს ისედაც იმდენი საზრუნავი აქვთ… ბოლოს და ბოლოს, რამდენს უნდა გასწვდნენ?!“

ფსიქოლოგები კი გვაფრთხილებენ, რომ როცა ბავშვი გამუდმებით მატრავმირებელ გარემოშია, შესაძლოა, იდენტობის კრიზისს შეეჯახოს. ის იფიქრებს, რომ არსებობის უფლება არ აქვს, რადგან „ნორმალური“ ვერ გახდა. უფრო რთულ შემთხვევებში მოზარდს შესაძლოა დეპრესიაც კი განუვითარდეს და სუიციდურმა აზრებმა შეიპყროს. სოციალური იდენტობის რღვევა შესაძლოა გამოიხატოს საკუთარი უმაქნისობის, უსარგებლობის განცდით. „ასეთი არავის ვჭირდები“; „გარემო მე ვერ მომერგება, მე კი ვერაფრით მოვახერხე, მას მოვერგო“.

ზემოთაც ვთქვი და აქაც მინდა გავიმეორო – თვითშეფასების დარღვევა ვლინდება ბავშვის განცდებით, მისი უარყოფითი განწყობით საკუთრი თავის მიმართ: „ცუდი ვარ“; „არაფერი შემიძლია“; „ყველაზე უარესი ვარ“; „არაფერი გამომდის“…

სოციუმის მხრივ გამუდმებით ნეგატიური შეფასება თანდათან „საკუთარ შეფასებად“ ყალიბდება.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ როდესაც გარემო ვერ ახერხებს, ადეკვატურად ასახოს ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი „მე“, ის მის გარშემო ქმნის დამახინჯებულ „რეალობას“.

დაბალი, არაადეკვატური თვითშეფასება საქმეში რთავს პროექციის მექანიზმს – ბავშვი იწყებს ფიქრს, რომ ის ისეთი ცუდია, მისი დანახვა, მასთან ურთიერთობა არავის უნდა, ყველას აშინებს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვებს (და, საზოგადოდ, ნებისმიერი ასაკის ადამიანებს) აქვთ მიღების, აღიარების, პოზიტიური შეფასების მოთხოვნილება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს დაუკმაყოფილებელი სოციუმის უუნარობის, უხეშობის გამო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ზრდასრული ადამიანის მიერ გაკეთებული შეფასება ბავშვს ტრამვის მიზეზად არ ექცეს.

„ასლი დედანთან სწორია“…

0

ბოლო დროს პერიოდულად არქივში ვმუშაობ. მაინტერესებს უწინ რა ხდებოდა საქართველოს სკოლებში, ქიმიას რანაირად ასწავლიდნენ, ან როგორ სწავლობდნენ, პროგრამაში რა ჰქონდათ და ა.შ.

სანამ საქმეზე გადავალ, ვიტყვი, რომ არქივის შენობა უზარმაზარია, მაგრამ მკვლევართა დარბაზი, სადაც მასალების გაცნობა მიწევდა, ძალიან პატარაა. აქ ისტორიის მკვლევარები სხედან და მინდა გითხრათ, რომ ბევრნი არიან. თუ დროულად არ მიხვალ, შესაძლებელია დასაჯდომი ადგილიც ვერ მოიძიო. მუშაობის პრინციპი შემდეგია, საკვანძო სიტყვების მიხედვით   კატალოგში „ფონდებს“ პოულობ, უკვე გამოწერილ „ფონდში“  კი შენთვის საინტერესო დოკუმენტაციას ეძებ. ისეც შეიძლება მოხდეს, რომ  ვინმე მკვლევართან ერთად ერთი და იმავე „ფონდში“ ძიება დაგჭირდეს. მაშინ, ვინც პირველი გამოიწერს, „ფონდიც“ მისია.  ან შეთანხმების ამბავია და „ფონდის“  ნაწილებს ერთდროულად (ერთი „ფონდი“ შეიძლება 7-8 ტომისგანაც შედგებოდეს), თუმცა მორიგეობით ათვალიერებთ, მაგ. პირველ ტომს მე ვნახავ, მეორეს „ის მკვლევარი“, შემდეგ კი გავცვლით. ერთი ასეთი ძიების დროს, მე და ერთმა დროულმა ბატონმა მშვენიერი რამ მოვიფიქრეთ, უზარმაზარი „ფონდის“ ტომის ნახვისას, მე ყურადღებას „ქიმიის სწავლებასაც“ ვაქცევდი და გვარ „ვასაძესაც“. ასევე იქცეოდა ის ბატონიც იმავე „ფონდის“ სხვა ტომის თვალიერებისას, ანუ, „ქიმიასაც“ ეძებდა და „ვასაძესაც“. მიხვდით ალბათ, გვარზე მონაცემები მას სჭირდებოდა, მაგრამ რადგან ორივეს  ერთი „ფონდი“ გვაინტერესებდა, ასე თითქოს დრო დავზოგეთ.

„ფონდებში“ ისიც საინტერესო იყო (ჩემთვის), რომ ერთად ათასგვარი დოკუმენტისთვის მოეყარათ თავი. მაგალითად, საკვანძო სიტყვასთან- ქიმიის (ბუნებისმეტყველების) სწავლება მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში-  ერთად,  უამრავი დოკუმენტის შესახებ ნახავდით ჩანაწერს. აფთიაქების გახსნაზე, წყალგაყვანილობის შეკეთებაზე, მარილზე… ჰო, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მარილით მომარაგება კავკასიის რეგიონის და განსაკუთრებით „ტიფლის-ქუთაისისა“, ცუდი ყოფილა. ფასებიც მაღალი ქონიათ და „ოკრუგის“ ხელმძღვანელთან „დონოსი დონოსზე“ მიდიოდა თურმე.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს საგანი სახელად „ქიმია“ არსად  შემხვედრია. სამაგიეროდ, უამრავ ენას ასწავლიდნენ, ფიზიკა-მათემატიკასაც. ზოგიერთ გიმნაზიაში იყო „ბუნების ისტორია“ და მასწავლებლების პრობლემაც ყოფილა. ერთ-ერთ ანგარიშში ამოვიკითხე-ლათინურის მასწავლებელმა როდემდე ასწავლოს „ბუნების ისტორიაო?“, თავადაც დაიღალა და…  მთლად ასე  არ ეწერა, მაგრამ, სავარაუდოდ მოსწავლეებიც დაღალა. სხვათა შორის, სწორედ ამ საგანში საკონტროლო წერისას, თემა უწერიათ ლომონოსოვის შესახებ. თემა თავებად ყოფილა დაყოფილი და ერთ-ერთი ნაწილი სწორედ ლომონოსოვსა და ბუნებისმეტყველებაზე უნდა გაეშალათ .

მეოცე  საუკუნის დასაწყისში საქმე გამოსწორებულა და ზოგიერთ სასწავლებელში საგანი „ქიმია“ უკვე პროგრამაში შეუტანიათ. ის კი არა, თურმე ბორჯომში მასწავლებლებისთვის  საზაფხულო სკოლებსაც აწყობდნენ. ახლა, რომ ტრენინგებს ვეძახით, ალბათ ისეთს. ასეთ სკოლებში სამი საგანი ერთად ისწავლებოდა-ქიმია, ზოოლოგია-ბოტანიკა და გეოგრაფია. სამხარეო გუბერნიაში გასაგზავნ წერილებში საგანგებოდ ხაზი აქვს გასმული, რომ ქიმიის გაკვეთილები ლაბორატორიული მეცადინეობის გარეშე არ შეიძლება, რადგან ლაბორატორიაში მოსწავლე უკეთესად აღიქვამს იმას, რასაც თეორიულად ასწავლიან. ამიტომ, ასეთი მეცადინეობები ყველა სკოლაში სავალდებულო უნდა გახდესო  და რაც მთავარიაო, ყოველწლიური დაფინანსება უნდა გამოიძებნოს საჭირო რეაქტივების და ჭურჭლის შესაძენადო.

გორის  გიმნაზიის პედსაბჭოს ანგარიშში ლაბორატორიაში მუშაობის და უსაფრთხოების წესები იყო ჩამოწერილი. დასამტკიცებლად სამხარეო გუბერნიას ეგზავნებოდა. წავიკითხე წესები და… შუა საუკუნეების ალქიმიკოსის ალბერ მაგნუსის მიერ დაწერილ წესებს   გავდა საოცრად. უფრო მეტიც… ამას წინათ, ამერიკელების ჯგუფს შევხვდი. ჯგუფის ხელმძღვანელმა ბროშურა გადმომცა, სადაც ლაბორატორიაში მის მიერ შემუშავებული  უსაფრთხოების ქცევის წესები იყო გაწერილი. ჰოდა, ეს წესებიც მაგნუსის და მეოცე  საუკუნის გორის გიმნაზიის  წესების იდენტური იყო. წინადადებების წყობა იყო ოდნავ განსხვავებული.

იცით რა გამახსენდა? ადრე, ჩემს ბავშვობაში ერთ საოცრად ნიჭიერ და ენაკვიმატ კრიტიკოსს ქუთაისის ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდილი სტატია წაუკითხავს. ტექსტი ნაცნობად მოსჩვენებია და  აღმოუჩენია, რომ სხვა ძველი გაზეთიდან პირწმინდად იყო გადაწერილი. ჰოდა, ეს კრიტიკოსი თავის კრიტიკულ წერილში სტატიის ავტორს  ასე მიმართავდა: „ასლი დედანთან სწორიაო“, ანუ, კარგად გადმოგიწერიაო. ჰოდა, სანამ მეც ვფიქრობდი, ლაბორატორიის უსაფრთხოების წესები ვინ ვისგან გადმოიწერა, გიმნაზიის ქიმიის მასწავლებელმა ალბერ დიდისგან, იმ ამერიკელმა „ამათგან“, თუ ალბერ დიდმა „იმათგან“, თვალში სხვა, საოცრად საინტერესო წერილი მომხვდა.

ფოთის გიმნაზიის ბიბლიოთეკა დამატებით საკითხავ წიგნებს იძენდა. წიგნების სიაში ათასგვარი ჩამონათვალი იყო. ათი წიგნი ჩვენს გარემოს ეხებოდა. წვიმის ბუნება, წყლის და მიწის ქიმია და ა.შ. წერილში ეწერა, ცოტა ბევრი წიგნი კი არისო, მაგრამ საჭიროა, რადგან ჩვენი გარემოს ქიმია უნდა ვიცოდეთო, ბოლოსდაბოლოს აქ ვცხოვრობთო. ჰმ… მომკალით და რომში „ლა საპიენსას“ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე ერთმა ქიმიკოსმაც  იგივე განაცხადა.

მოდით, მეც იმავეს გავიმეორებ  და   ჩვენს გარემოზე  გოგირდის დიოქსიდის ცირკულაციის გავლენაზე მოგითხრობთ (ჯერ ჯერობით ეს იყოს).

თან სარწმუნო წყაროდან გიყვებით-Ian Williams, Environmental Chemistry.

გოგირდის ბუნებრივი ციკლი ანთროპოგენური ფაქტორებით საკმაოდ დარღვეულია. SO2-ის ბუნებრივი ემისია ვულკანურ ამოფრქვევებს და ზღვის (ოკეანის) ზედაპირიდან ქარის მიერ მოტანილ აეროზოლებს გულისხმობს. თუმცა, ანთროპოგენური ფაქტორებით გამოწვეული ამავე ოქსიდის ემისია გაცილებით მომატებულია. ამ შემთხვევაში, ის გათბობის და ენერგიის საწარმოებელი წვის პროცესების შედეგად გამოთავისუფლდება. მოგეხსენებათ, ადამიანი საწვავად რასაც იყენებს: ზეთი, ნახშირი, ბუნებრივი გაზი, ტორფი, ხის მასალა და ორგანული საწვავი. ისინი გოგირდს შეიცავენ, წვის პროცესის დროს კი SO2 წარმოიქმნება.            S+ O2=SO2

აქვე უნდა ითქვას, რომ SO2-ის აღნაგობა ლავუაზიემ დაადგინა, შემადგენლობა გე-ლუსაკმა შეისწავლა, ხოლო მისი  ქიმიური  თვისებებით გეორგ შტალი ინტერესდებოდა.

გოგირდის ოქსიდის გამოთავისუფლების სხვა ანთროპოგენური წყარო  გოგირდშემცველი საბადოებიდან სპილენძის მოპოვების პროცესია.

მაგ: CuFeS2+5/2O2=Cu+FeO+2SO2

მსგავსი პროცესები მიმდინარეობს საბადოებიდან ტყვიის, თუთიის და ნიკელის მოპოვებისას.

გამოთავისუფლების შემდეგ, ოქსიდის მცირე ნაწილი SO3-ად იჟანგება. ეს უკანასკნელი ატმოსფეროში არსებულ წყლის ორთქლთან ურთიერთქმედებს და გოგირდმჟავას აეროზოლს წარმოქმნის. გოგირდშემცველი აეროზოლების კონცენტრაცია ინდუსტრიული საქმიანობის შედეგადაც იზრდება და სათბურის ეფექტის  ფორმირებაშიც მონაწილეობს.

ორმოცდაათიანი წლების ლონდონური სმოგის და მჟავა წვიმების შემდეგ,  70-ან წლებში ევროპაში პირველი რეგულაციები დაწესდა, რომელთა მიხედვითაც:  წესდებოდა კონტროლი SO2-ის ემისიაზე;  ენერგიის გამომამუშავებელ სადგურებს უსაფრთხოების დამატებითი  წესები ეკისრებოდათ.  ასევე, უნდა გამოყენებულიყო საწვავი, გოგირდის ნაკლები შემცველობით და ა.შ.

საზოგადოებაში მომატებულ ბრონქიალურ ასთმასთან, ალერგიულ რეაქციებთან და სხვა დაავადებებთან ერთად, ისიც ნათელი გახდა, რომ SO2-ის მომატებული ემისია მცენარეებზეც ცუდად მოქმედებდა.

სხვათა შორის, გაკვეთილზე ერთი საინტერესო  ცდის გაკეთება შეიძლება. აიღეთ კოლბა და შიგნით ვარდის (ან სხვა ფერადი ყვავილის) რამდენიმე ფურცელი და ფოთლები მოათავსეთ. გოგირდის ფხვნილი რკინის გრძელტარიანი კოვზით სპირტქურაზე გააცხელეთ და კოლბაში ისე ჩაუშვით, რომ საცობი მოერგოს. ცოტა ხანში დაინახავთ, რომ გამოყოფილი SO2 ფოთლებს და ვარდის ფურცლებს გააუფერულებს.  თუ გსურთ, ცდას სწრაფი ეფექტი ჰქონდეს, მაშინ მცენარის ფურცლები წინასწარ მცირე ხნით ეთერში ჩაუშვით. ასე, ფურცლების ზედაპირზე არსებულ ბუნებრივი ლიპიდების საფარს დაშლით და გაზით გაუფერულებაც სწრაფად მოხდება. გაუფერულება იმის ხარჯზე ხდება, რომ გოგირდის ოქსიდსა და ფურცლებში შემავალი პიგმენტის ურთიერთქმედებით უფერო ნივთიერება წარმოიქმნება (ცდა ქიმიის მასწავლებელთან ერთად უნდა გაკეთდეს).

დღეს თუ გამოიყენება გოგირდი?

რა თქმა უნდა, თანაც  მისი გამოყენების ვრცელი სია შეგვიძლია დავწეროთ, თითოეულმა მწარმოებელმა გამოყოფილი თანაური პროდუქტების ემისიის ნორმები მკაცრად უნდა დაიცვას. თუმცა, თუ ამის შესრულებას  მთავრობამაც  არ მიადევნა თვალი, მწარმოებელი არც არაფერზე იზრუნებს. ხომ იცით, ადამიანების უმრავლესობა ასე ფიქრობს: ჩემი წარმოებით გამოშვებული გოგირდის ოქსიდი აი, იმას ავნებს, მე არაო.

ჰოდა, უსაფრთხოებაზე თვალის მიდევნება და კონტროლია საჭირო, თორემ თავის დასამშვიდებლად უბრალოდ შეგვიძლია, უკვე არსებული რეგულაციები გადმოვწეროთ, ოღონდ, იქვე მინაწერის გაკეთებაც არ დავივიწყოთ, რომ „ასლი დედანთან სწორია“…

პიტერ გრეი: ბავშვობის კულტურა, რომელიც ჩვენ თითქმის გავანადგურეთ (ნაწილი მეორე)

0

თამაშის წესების შექმნა, მათი აღქმა და მოდიფიცირების მიზანი

ფუნდამენტური განსხვავება, რომელიც მოზრდილთა და ბავშვების თამაშებს შორის არსებობს, ის გახლავთ, რომ „დიდების“ თამაშები, ზოგადად, ფიქსირებულ, წინასწარდადგენილ წესებს ემყარება, ხოლო ბავშვები, ჩვეულებრივ, თამაშებში წესების ცვლილებას დასაშვებად მიიჩნევენ. როდესაც მოზრდილები, ვთქვათ, ბეისბოლს თამაშობენ, ისინი მიჰყვებიან, ან ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ მიჰყვნენ თამაშის „ოფიციალურ“ წესებს. ხოლო, როდესაც ბავშვები თამაშობენ, ისინი თამაშის წესებს თამაშის მიმდინარეობის დროს ცვლიან (Youniss, 1994).

ეს ასეა მაშინაც კი, როდესაც ბავშვები კალათბურთს ან, ვთქვათ, რომელიმე სამაგიდო თამაშს თამაშობენ. ოღონდ ამ დროს, როგორც წესი,  იქ მოზრდილები არ არიან ხოლმე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ბავშვები თამაშისას ბევრად უფრო კრეატიულები და თავისუფლებია არიან, ვიდრე მოზრდილები.

ცნობილი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე (1939) აღნიშნავდა, რომ ბავშვებს, წესების  ბევრად უფრო რთული და სასარგებლო აღქმა აქვთ სხვა ბავშვებთან თამაშის დროს, ვიდრე ეს მოზრდილებთან თამაშის დროს ხდება.

უფროსებთან თამაშისას, ბავშვებს ექმნებათ შთაბეჭდილება ფიქსირებულ, დადგენილ წესებზე, რომელიც თითქოს ვიღაც „ხელისუფალმა“ დაადგინა და რომელთა ცვლილება შეუძლებელია. მაშინ კი, როდესაც ბავშვები ერთმანეთთან თამაშობენ, მათი ურთიერთობების ბუნებრივი თანასწორობის შეგრძნებით, ისინი გრძნობენ, რომ შეუძლიათ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თამაშის წესების ახალი იდეებით. ეს დაპირისპირება ხშირად მოლაპარაკებით და ახალი, შეთანხმებული წესების დადგენით სრულდება. ამ გზით, ბავშვები სწავლობენ იმას, რომ წესები ზეციდან კი არ არიან დადგენილი, არამედ ადამიანის გამჭრიახობას ემყარება, რაც თამაშის პროცესს უფრო საინტერესოს, სამართლიანსა და ხალისიანს ხდის. ეს მნიშვნელოვანი გაკვეთილია; ეს გაკვეთილი დემოკრატიის ქვაკუთხედია.

 

ზრდასრულთა კულტურის შესწავლა და მისი განვითარება

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები თავს მოზრდილებისგან განასხვავებენ, ისინი ზრდასრული ადამიანების კულტურის ბევრ თავისებურებას ითვისებენ და საკუთარ თავზე ირგებენ. ბავშვების დაკვირვების შედეგად, მოზრდილებისთვის დამახასიათებელი ბევრი უნარი და ღირებულება იჩენს თავს მათ თამაშებში. ამიტომაც არის რომ მონადირე-შემგროვებლების საზოგადოებებში ბავშვების თამაშები ასახავენ ნადირობას და სხვადასხვა საკვების შეგროვების სცენებს; სოფლად მცხოვრები ბავშვების თამაშებში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული თემები სჭარბობს; ქალაქში მცხოვრები ბავშვები კი თავს კომპიუტერებთან თამაშით ირთობენ.

ზუსტად ამიტომაც მონადირე-შემგროვებელთა კულტურაში არ არსებობს შეჯიბრზე დამყარებული თამაშები (ამ კულტურის მოზრდილები, ცხოვრების კოლექტიური წესის გამო,  არ ცნობენ ერთმანეთთან შეჯიბრს), მაშინ როცა ჩვენი კულტურის ბავშვებისათვის შეჯიბრი და კონკურენცია, მათი თამაშების ჩვეულებრივი ნაწილია (თუმცა არა იმ დოზით, როდესაც თამაშში მოზრდილებიც მონაწილეობენ).

თამაშისას, ბავშვები მოზრდილებს არა უბრალოდ ბაძავენ, არამედ საკუთარ ინტერპრეტაციას უკეთებენ დანახულს, ცდიან სხვადასხვა ვარიანტს და თანხმდებიან ისეთ ვერსიაზე, რომელიც მათთვის მისაღებია. ბავშვების თამაში ყოველთვის კრეატიულია და თამაშისას, ჩვეულებრივი ამბავია ექსპერიმენტირება, ახალი განვითარებისა თუ წესების გამოცდა. ეს ის ისტორიაა, როგორ სწავლობენ ერთმანეთისგან სხვადასხვა თაობები, როგორ ავითარებენ ახალ მიმართულებებსა და წესებს და არა უბრალოდ იმეორებენ მათი მშობლების თაობის მიერ დადგენილ სქემას.

ბავშვები, ბუნებრივად არიან მიდრეკილნი ინოვაციებისკენ. ზრდასრული ადამიანები ხშირად ეჭვის თვალით უყურებენ ცვლილებას. ბავშვები კი პირიქით – ცვლილებებისკენ და მოდიფიკაციებისკენ არიან მიმართულნი. ეს გახლავთ იმის თვალნათელი ილუსტრაცია, თუ რატომ სურთ პატარებს უახლესი კომპიუტერული ინოვაციების შესწავლა, მათი გამოცდა და შეთვისება; ამიტომაც ხდება ხშირად, რომ ბავშვებმა უკეთ იციან ახალი ტექნოლოგიები და მათი გამოყენება.

ბავშვების კულტურა, ბუნებრივი მიზეზებისა და ადაპტაციის ევოლუციური უნარების გამო უფრო მეტად ფოკუსირებული იმ უნარების შეთვისება-განვითარებაზეა, რომელიც მათ სამყაროს შეესაბამება და რომელშიც ისინი იზრდებიან. ყოველი თაობის მოზრდილები მუდმივად წუხან იმაზე, რომ მათი ბავშვები ისე არ თამაშობენ, როგორც თვითონ თამაშობდნენ ბავშვობისას. ეს კიდევ ერთი მიზეზი გახლავთ იმისთვის, რომ ბავშვებმა მოზრდილებისგან მოშორებით უნდა ითამაშონ, ბავშვურ სამყაროსთან უკეთესი ადაპტაციისათვის.

 

ურთიერთობა სხვებთან, როგორც თანასწორებთან

ბავშვებისა და მოზრდილების ურთიერთობისას მთავარი მიზეზი, რომელიც ამ ურთიერთობებზე მოქმედებს, გახლავთ ფიზიკური ძალა. მოზრდილები მათი უფრო დიდი ზომის, ძალის, სტატუსისა და ცხოვრებისეული გამოცდილებისა და რესურსებზე კონტროლის გამო ბავშვებზე აღმატებულნი არიან.

ამიტომაც, ბავშვების ურთიერთობა უფროსებთან ძალთა უთანასწორობის გამო არაბალანსირებულია. ბავშვებს ზრდასრულ ასაკში ცხოვრებისათვის და სხვებთან ეფექტური თანაცხოვრებისთვის იმ ურთიერთობების შესწავლა ესაჭიროებათ, რომლებიც მათ სხვა, თანასწორ ადამიანებთან მოუწევთ. ამის შესწავლა კი, უმეტესად, მხოლოდ ბავშვებთან (და არა მოზრდილებთან) თამაშისას არის შესაძლებელი.

შესაძლოა, ბავშვების კულტურის ყველაზე მთავარი ფუნქცია ის არის, რომ ბავშვმა თანატოლებთან ურთიერთობა ისწავლოს. ბავშვები ამაში მუდმივად ვარჯიშობენ მათი სოციალური ურთიერთქმედებისას – ისინი ხშირად გამოხატავენ და თამაშობენ სხვა ადამიანს – ამ დროს აუცილებელია, ყურადღება მიაქციო იმ „სხვა“ პიროვნების თავისებურებებს, მის საჭიროებებს, არა მხოლოდ საკუთარს. სხვაგვარად იმ „სხვას“ კარგად ვერ გამოხატავ ან „გაითამაშებ“.

სხვებთან თამაშისას, ბავშვმა უნდა გადალახოს ნარცისიზმი, ისწავლოს გაყოფა და გაზიარება, ისწავლოს მოლაპარაკება, რომლის დროსაც სხვის აზრებს პატივს სცემ და ითვალისწინებ სხვების ინტერესებსა და სურვილებს.

ეს შესაძლოა ყველაზე მთავარი უნარია, რომელიც ადამიანს სხვა ადამიანებთან ცხოვრებისათვის სჭირდება. ასეთი უნარის გარეშე შეუძლებელია იქორწინო, გქონდეს ბედნიერი ოჯახი, გყავდეს ნამდვილი მეგობრები და ითანამშრომლო პარტნიორებთან ერთად რაიმე საქმეში.

ბავშვების გაზრდა და აღზრდა „ბავშვების კულტურაში“ აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვმა შეისწავლოს, როგორ უნდა მოიქცეს მისი თანაბარი ფიზიკური ძალის მქონე, თანაზომიერ ადამიანებთან უკვე ზრდასრულ ასაკში. ეს იმ ყველაფრის საფუძველია, რასაც ბავშვი თანატოლებთან ურთიერთობისას სწავლობს.

ამიტომაც, ბავშვების კომუნიკაცია თანატოლებთან და სხვა ბავშვებთან უფრო გულწრფელია. ისინი ერთად სწავლობენ დამოუკიდებლობას, სიმამაცეს, თამაშის წესების დადგენასა და მათ შეცვლას. ჩამოთვლილი უნარებიდან არცერთი არ შეისწავლება ზრდასრულებთან ურთიერთობისას. თანატოლებთან ურთიერთობა გახლავთ თანასწორებთან ურთიერთობა. ზრდასრულებთან ურთიერთობა კი, უმეტესწილად, დომინაციასა და სუბორდინაციას გულისხმობს.

სამწუხაროდ, ზრდასრულების ბრძოლა „ბავშვების კულტურის“ წინააღმდეგ  საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობს.

მონადირე-შემგროვებლებს, როგორც ჩანს, ესმოდათ, რომ ბავშვებს საკუთარ, ბავშვურ კულტურაში გაზრდა სჭირდებოდათ უფროსების მინიმალური ჩარევით. მაგრამ, სამწუხაროდ, ბავშვთა აღზრდის ასეთი აღქმა სოფლის მეურნეობის გაჩენასთან ერთად გაქრა. მიწის ფლობამ, ჭარბმა წარმოებამ, იერარქიული სტრუქტურების ჩამოყალიბებამ და ძალაუფლების ორგანიზებამ ზრდასრულებს შორის ბავშვების განვითარებისა და მათი სწავლების წესები სრულად შეცვალა.

ზრდასრულმა ადამიანებმა დაიწყეს ბავშვების ბუნებრივი სურვილებისა და მიდრეკილებების დათრგუნვა, მათში მორჩილების შთაგონება, რაც ხშირად ბავშვების სხვა ბავშვებისგან დაცილებას გულისხმობდა და ხელს უწყობდა ბავშვების სუბორდინაციას, ზოგადად, „უფროსისადმი“. სავალდებულო სკოლებისა და სწავლების პირველი სისტემები, რომლებიც დღეს არსებული სკოლის წინაპარი გახლდათ, სწორედ ამ მიზნებით ჩამოყალიბდნენ.

თუ თანამედროვე სკოლის ფუძემდებელ მამებზე ვისაუბრებთ, ერთი მათგანი აუცილებლად XVII საუკუნის პროტესტანტი-პიეტისტი მოძღვარი, ქ. ლიუბეკის (გერმანია) ყველაზე სახელგანთქმული ლუთერანი მკვლევარი, აუგუსტ ჰერმან ფრაკე (August Hermann Francke) იქნება. ფრანკეს მეცადინეობით და ხელდასხმით მაშინდელ პრუსიაში ჩამოყალიბდა სავალდებულო სასკოლო სისტემა, რომელიც შემდეგ გადაღებულ იქნა ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში.

პასტორი ფრანკე თავის ინსტრუქციებში სკოლების დირექტორებისადმი   წერდა: „ყველაზე მთავარია, ბავშვის ბუნებრივი თავნებობის გატეხვა. ბავშვის მხოლოდ  ინტელექტის განვითარებაზე ზრუნვა არ არის საკმარისი. მას ავიწყდება მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, კერძოდ კი ბავშვის ნების მორჩილებად ქცევა“.

პასტორ ფრანკეს სჯეროდა, რომ ბავშვის ნების „გასატეხად“ ყველაზე ეფექტური გზა მოსწავლეთა მუდმივი შემოწმება და მათი მონიტორინგი იყო. იგი წერდა: „ახალგაზრდებმა არ იციან, როგორ მოაწესრიგონ თავიანთი ცხოვრება და ბუნებრივად მიდრეკილნი არიან უსაქმურობისა და ცოდვით აღსავსე ქცევისადმი, თუ მათ თვალყურის დევნების გარეშე მივატოვებთ“. ამიტომაც, ეს სისტემა პრუსიული პიეტისტური სკოლის წესებისგან არის შექმნილი, რომელიც აცხადებს, რომ მოსწავლე არასოდეს უნდა დარჩეს ზედამხედველის მეთვალყურეობის გარეშე. ზედამხედველის ახალგაზრდებთან ერთად ყოფნა დათრგუნავს მათ მიდრეკილებას ცოდვიანი საქციელისადმი და ნელ-ნელა დაასუსტებს მათ თვითნებობას“ (მელტონი, 1988).

დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია უარვყოთ ფრანკეს წესები, თუმცა უფროსების ბავშვებთან ურთიერთობის ზოგადი წესები კვლავ ფრანკეს ტრადიციას ემყარება. ფაქტობრივად, საზოგადოებრივი ძალები დღეს ისეა მობილიზებული, რომ ფრანკეს ფილოსოფია და რეკომენდაციები, რომლებიც თითქოს წარსულის ნაწილია, დღეს პრაქტიკაში უფრო ეფექტურად არის განხორციელებული, ვიდრე ეს ფრანკეს დროს ხდებოდა.

დღეს მშობლების უმეტესობას სჯერა, რომ ბავშვების თავისუფალი თამაში სხვა ბავშვებთან ერთად, უფროსების ზედამხედველობის გარეშე, შესაძლოა სახიფათო და უპასუხისმგებლო იყოს. ამიტომაც, შეზღუდვები ბავშვების ასეთი აქტივობის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი და ეფექტურია, ვიდრე ეს ადრე იყო.

სკოლაში ბავშვების მიერ გატარებული დროის ხანგრძლივობის გაზრდით, საშინაო დავალების მოცულობის მომატებით, მუდმივად ტესტებისა და მაღალი ნიშნების მიღების შესახებ შეგონებებით, ბავშვებისათვის საჯარო ადგილებში დამოუკიდებელი თამაშის შეზღუდვით და თავისუფალი თამაშის ჩანაცვლებით, მასწავლებლებისა და მწვრთნელების ხელმძღვანელობით მართული სპორტისა თუ სხვა გაკვეთილებით, ჩვენ შევქმენით სამყარო, რომელშიც ბავშვები, თითქმის ყოველთვის, ზედამხედველის ზედამხედველობის ქვეშ არიან, რომელიც მზად არის ჩაერიოს, დაიცვას ჩვენი შვილები და ფაქტობრივად, შეუძლებელი გახადოს ბავშვების მიერ სიმამაცის, დამოუკიდებლობის და თავისუფალი ქცევის გაკვეთილების მიღება თანატოლებთან ერთად.

მეც რამდენიმეჯერ ვიკამათე ამ თემაზე (გრეი, 2011) ჩემს ბლოგებში თუ სტატიებში და მჯერა, რომ ბავშვების მუდმივი კონტროლის შედეგებია დღეს ასე გავრცელებული შფოთვა, დეპრესია, თვითმკვლელობა და უძლურობის შეგრძნება მოზარდებსა და ახლაგაზრდებში.

სწორედ ამიტომაც, ინტერნეტი „ბავშვების კულტურის“ გადამრჩენი და დამოუკიდებლობის კუნძული აღმოჩნდა ჩვენი ბავშვებისათვის. დიახ, გამოდის, რომ ინტერნეტმა არ მოგვცა საშუალება ჩვენ, „მზრუნველ“ მოზრდილებს საბოლოოდ გაგვენადგურებინა ბავშვებისა და ბავშვობის კულტურული სივრცე.

ჩვენ შევქმენით ისეთი სამყარო, რომელშიც ბავშვებს მეტნაკლებად შევუზღუდეთ ფიზიკურ სამყაროში შეკრება და თამაში – სამაგიეროდ, მივიღეთ ის, რომ ბავშვები სხვა გზით წავიდნენ: მათ შეკრების ადგილად ვირტუალური სივრცე, ინტერნეტი გაიხადეს.

დღევანდელი ბავშვები დღეს ინტერნეტის კიბერსივრცეში იკრიბებიან.

ინტერნეტის მეშვეობით ბავშვები ერთმანეთთან თამაშობენ, ესაუბრებიან და ცვლიან თავიანთ აზრებს, შეთანხმების საფუძველზე იგონებენ თამაშების წესებსა და კულტურას, ასევე ინტერნეტის მეშვეობით სწავლობენ სხვა ბავშვებთან ურთიერთობებს.

ინტერნეტის ვირტუალურ სამყაროში ბავშვები ხუმრობენ უფროსებზე და დასცინიან ინტერნეტის მართვისათვის უფროსების მიერ შექმნილ წესებს. მოზარდები ამ სამყაროში უზიარებენ ერთმანეთს აზრებს, შეგრძნებებს; მეგობრებთან ერთად წერენ ტექსტებს, იყენებენ სოციალურ მედიას და ყოველთვის თავიანთ მშობლებზე ერთი ნაბიჯით წინ არიან ამ ურთიერთობების და ამ სივრცის პრივატულად  უფროსებისგან და საიდუმლოდ შენარჩუნებისათვის.

 

რა თქმა უნდა, ბავშვების „ინტერნეტ თავისუფლებას“ დაუყონებლივ მოჰყვა სხვადასხვა ჯურის „განმანათლებლებისა“ და „ექსპერტების“ რისხვა თემაზე „უნდა შევზღუდოთ ბავშვების დრო ეკრანებთან“. დიახ, თუ ჩვენ, ზრდასრული თაობა, ამას გავაკეთებთ და შევზღუდავთ ინტერნეტში მათ „ყოფნას“, საჯარო ადგილებში ბავშვების დამოუკიდებელი თამაშის შეზღუდვის პარალელურად, ჩვენ საბოლოოდ მოვსპობთ ბავშვთა კულტურას.

ჩვენ ამით ბავშვებს მოვუსპობთ საშუალებას, გაანათლონ ერთმანეთი, ისწავლონ ერთმანეთისგან, როგორც ეს ყოველთვის ხდებოდა ათასწლეულების განმავლობაში. შედეგად კი მივიღებთ ახალგაზრდების თაობას, რომლებიც მალე „ზრდასრული“ მოქალაქეები გახდებიან და რომლებსაც არ ეცოდინებათ, რას ნიშნავს იყო „ზრდასრული“, რადგან ჩვენ მათ არ მივეცით იმის საშუალება, რომ ბავშვობისას, ერთმანეთთან თამაშის მეშვეობით ესწავლათ და „ევარჯიშათ“ „ზრდასრულობაში“.

სტატია მოამაზადა და თარგმნა ლევან ალფაიძემ.

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/freedom-learn/201610/the-culture-childhood-we-ve-almost-destroyed-it

 

 

 

 

ბიძების გზა ჭილაძისა და ჰოსეინის რომანებში

0

გადაკვეთის წერტილი ბევრ ლიტერატურულ ნაწარმოებს აქვს, თანაც ისეთს, შექმნის პერიოდი ან მწერლების ეროვნება სულაც რომ არ ემთხვევა ერთმანეთს. ამა თუ იმ პასაჟის კითხვისას ხანდახან აშკარა მსგავსებას ვხედავთ სულ სხვა წიგნთან მაშინ, როცა დადასტურებულად შეიძლება თქმა, რომ კონკრეტულ ორ მწერალს ერთმანეთის შემოქმედება ვერაფრით ექნებოდა წაკითხული. მე ოთარ ჭილაძის რომანისა („ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“) და ხალიდ ჰოსეინის წიგნის – „ფრანით მორბენალის“ პერსონაჟი ბიძების მსგავსებასა და განსხვავებაზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. საგულისხმოა, რომ ორივე ცენტრალური ფიგურაა და რომანების სიუჟეტურ ხაზსაც და დრამატიზმსაც უმეტესად ისინი განსაზღვრავენ.

ავღანელი ამირი და ქართველი ალექსანდრე უპირველესად ძმები არიან, ბავშვობიდან მოდიან, სადაც ერთ შემთხვევაში ბავშვური სამყარო ძმის გაუპატიურების სცენის ხილვით იბღალება, მეორეგან კი – ბაბუაზე შურისძიებითა (საღორის აფეთქებით) და მისი შედეგით (ალექსანდრე ცალ ხელს დაკარგავს).

„მართალია, ორივენი ცოცხლები გადარჩნენ, მაგრამ იმღამინდელი ელდა, ტკივილი და საკუთარი უსუსურობის შეგრძნება გამოუთქმელ ბოღმად, გამოურწყავ ბალღამად ჩაილექა სამუდამოდ ორი პატარა ბიჭის სულში, სადაც ჯერ კიდევ არ შექმნილიყო სამყარო, ჯერ კიდევ უღმერთო ქაოსი და წყვდიადი სუფევდა.“ („ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“)

ალექსანდრეს ხელს მოჰკვეთენ, ამირს კი – წარსულს. უფრო სწორად, ის თავად მოინდომებს განეშოროს ჰასანს, ანუ ადამიანს, რომლის არსებობაც მუდამ საკუთარ უსუსურობას ახსენებს და სინდისის ქენჯნას უმძაფრებს. ძმების გზები ორივე რომანში ბავშვობის, ყმაწვილობის შემდეგ თითქმის აღარ იკვეთება. ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

დედმამიშვილთა ქიშპობა და ამავდროულად უსაზღვრო სიყვარული ის მარადიული თემებია, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კონტინენტზე დაწერილი ორივე რომანის ღერძად შეგვიძლია მივიჩნიოთ. Magnum Opus-ების შექმნისას ოთარ ჭილაძესაც და ხალიდ ჰოსეინისაც ალბათ ღრმად სწამდათ, „რომ ძმას ძმის ამბავი ცხრა მთის იქითაც მიუვა, ცხრა მთის იქითაც არ მოასვენებს, ლუკმას გაუმწარებს, სასთუმალს გაუქვავებს და იმდენს იზამს, სანამ შეუძლებელს არ შეაძლებინებს.“ („ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“)

ნიკო და ალექსანდრე; ჰასანი და ამირი… ერთ-ერთი ძმა ორივე რომანში მწერალია, ლექსებს ან მოთხრობებს წერს. ბარათიც ორივე წიგნში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, შეიძლება ითქვას, კვანძსაც ხსნის. „ყოველთვის მწამდი და მეამაყებოდი, მარად შენი ძმა ნიკო.“ – ძმის ნაცვლად გარდაცვლილის დანატოვარი ეს წერილი და ძმისშვილი მართა ხვდება ციმბირში ჩასულ ალექსანდრეს. ასევე გარდაცვლილი ძმის წერილის გაცნობის შემდეგ ავღანეთში ემიგრაციიდან საგანგებოდ ძმისშვილის საძებრად ჩასული ამირიც მამის მეგობრის წერილს კითხულობს:

ინშალლა, ამ წერილმა მოაღწია შენამდე. თუ ახლა ამ წერილს კითხულობ, ესე იგი დაბრუნდი. რაც წახვედი, ვლოცულობ, რომ ღმერთმა საფრთხეს აგარიდოს და რომ ავღანეთი მეტისმეტად ავი მასპინძელი არ აღმოჩნდეს შენთვის.

სულ ეჭვი გეპარებოდა, რომ მე ვიცოდი. არ შეგშლია, ჰასანმა მალევე გამიმხილა ყველაფერი. ცუდად მოიქეცი, მაგრამ არ დაგავიწყდეს, მაშინ პატარა ბიჭი იყავი, პატარა, შეშინებული, გამოუცდელი ბიჭი. ყოველთვის ზედმეტად მკაცრად განსჯიდი შენს თავს, მაშინაც, ახლაც. ერთი რამ იცოდე, ამირ, უნამუსოები არ იტანჯებიან საკუთარი საქციელის გამო. იმედი მაქვს, შენი ჩამოსვლა ავღანეთში წერტილს დაუსვამს შენს ტანჯვას.“ („ფრანით მორბენალი“, ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა)

ეს მათი კათარსისია – ძმისშვილების აღმოჩენა, პოვნა და პატრონობა იმის საშუალებას იძლევა, რომ ალექსანდრემაც და ამირმაც მთელი ცხოვრების სინდისის ქენჯნა და დანაშაული გამოისყიდონ.

ძმაზე – ჰასანზე და ძმისშვილზე – სოჰრაბზე მოძალადის მიერ წლების შემდეგ თავადაც ნაცემი ამირი დიდ შვებას იგრძნობს:

არ ვიცი, რომელ მომენტში, მაგრამ სიცილი დავიწყე. ყბები, ნეკნები, ყელი მეგლიჯებოდა ტკივილით, მაგრამ ვიცინოდი. ჩემი სიცილით გახელებული ასეფი კიდევ უფრო გამწარებით მირტყამდა ხელებით, ფეხებით, კასტეტით.

– რა გაცინებს? – დუჟმორეული ღრიალებდა ხელის ყოველ მოქნევაზე, სოჰრაბი ყვიროდა.

– რა გაცინებს? – კიდევ ერთი ნეკნი, ამჯერად ქვედა, მარცხენა.

რა მაცინებდა და პირველად, 1975 წლის შემდეგ, ვიგრძენი, რომ დავმშვიდდი. გულის კუნჭულში ალბათ მინდოდა კიდეც, რომ ასე მომხდარიყო. ის დღე გამახსენდა, ჰასანს ბროწეულს რომ ვესროდი და ვცდილობდი, როგორმე გამომეწვია. იდგა და მიყურებდა, ბოლოს ბროწეული აიღო, შუბლზე მიიჭყლიტა და მკითხა: კმაყოფილი ხარ? უკეთ გრძნობ თავს? არა, მაშინ არ მიგრძნია კმაყოფილება, მაგრამ ახლა, დალეწილი და დასახიჩრებული, ვგრძნობდი, რომ განვიკურნე, ბოლოს და ბოლოს, განვიკურნე! სიხარულისგან ვიცინოდი.

ტიუმენი და ქაბული; მართა და სოჰრაბი… ძმისშვილებამდე მისასვლელი გზა ორივე რომანში ჰგავს ერთმანეთს. ბიძები გარკვეულ მანძილსა და დაბრკოლებას კი გადიან, მაგრამ ეს მათი ეკლიანი გზის მხოლოდ ხილული მონაკვეთია, ფინალია იმ ტანჯვისა, ერთი შეხედვით დალხენილ ცხოვრებად რომ მოჩანს.

ამირი მიზანდასახულად მიდის ძმისშვილისაკენ, ალექსანდრე კი ძმისაკენ მიიწევს და მისი ქალიშვილის არსებობის შესახებ მოგვიანებით იგებს. ორივეს მისია ერთია – მათ  პატარა ძმისშვილები უნდა გამოიხსნან. ერთმა საკუთარი სისხლი და ხორცი ძალადობასა და აოხრებულ ავღანეთს უნდა გამოარიდოს, მეორემ კი – გადასახლებას, უსახურ ციმბირს. მართალია გადასახლებაში მართა მშობლების მეგობრებთან, კეთილმოსურნე კატორღელებთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ მას მამისეული სახლი, სამშობლო და თავისუფლება სადღაც ეგულება. კატორღელები კი:

„უყურებენ, როგორ მოარღვევს იგი [ალექსანდრე] თოვლს და ენაზე უტრიალებთ მისი სახელი, თუმცა არასოდეს უნახავთ ადრე, ერთად არაფერი გადახდომიათ თავს, არც კარგი და არც ცუდი, მაგრამ ერთადერთი ის იყო მაინც, ვისაც ელოდებოდნენ, ვინც აუცილებლად უნდა მოსულიყო იმ ქვეყნიდან, თუკი კიდევ არსებობდა ის ქვეყანა და თუკი კიდევ არსებობდა ძმობა.“

ბიძობისკენ მიმავალი გზა უმეტესად ალბათ საკუთარ თავში, საკუთარ სულში გადის, სადაც ალექსანდრემ და ამირმა ათეულობით კილომეტრი კი არა, ათეულობით წელი იარეს. „იმ დღის მერე სხვა არშინით იზომებოდა ალექსანდრესთვის დრო და მანძილი. კაცის კი არა, ქაჯის არშინით.“ ამ ორი უშვილო კაცის ცხოვრების აზრი ორივე რომანში ძმისშვილი აღმოჩნდება. „მე არც ქრისტე ვარ და არც ბარაბა… მე ვარ ალექსანდრე, ალექსანდრე მაკაბელი, აი, ამ პატარა გოგოს ბიძა და მეტიც არაფერი მინდა, ვინმე გადაუდგეს გზაზე!..“ – ამბობს ალექსანდრე. „შენი გულისთვის, თუნდაც ათასჯერ!“ – ამბობს ამირი და ფინალურ სცენაში ძმისშვილისათვის ფრანის მოსატანად გარბის.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...