შაბათი, აგვისტო 9, 2025
9 აგვისტო, შაბათი, 2025

რატომ გვჭირდება ინტეგრირებული გაკვეთილი

0

უკანასკნელ წლებში სკოლებში აქტუალური გახდა ინტეგრირებული გაკვეთილები და არაერთი პედაგოგი მიმართავს სწავლების პროცესში ამ მეთოდს. საყურადღებოა, რომ, ისევე როგორც სხვა ტიპის გაკვეთილები, ინტეგრირებული გაკვეთილიც, მისი მომზადება და ჩატარება, მოითხოვს განსაზღვრული პრინციპების დაცვას სასურველი ეფექტის მისაღებად და დასახული მიზნების მისაღწევად.

მაინც რა არის ინტეგრირებული გაკვეთილი, რა საჭიროა მისი გამოყენება სწავლების პროცესში და რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთი გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში? ვფიქრობ, ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხი ბევრი პედაგოგისთვის საყურადღებო და გასათვალისწინებელი იქნება.

ყველამ იცის, რომ განათლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა თანამედროვე ცხოვრებისთვის ბავშვის მომზადება, მისთვის აუცილებელი კომპეტენციების ფორმირება, და ამის ერთ-ერთი გზა სასწავლო დისციპლინების ინტეგრაციაა. სკოლაში ბავშვები სწავლობენ ბევრ ისეთ საგანს, რომლებიც ერთმანეთთან ნაკლებად არის დაკავშირებული. შეძლებენ კი ჩვენი მოსწავლეები სკოლაში 12–წლიანი სწავლის შემდეგ, დამოუკიდებელი ფრაგმენტებისგან შეიქმნან მთლიანობითი წარმოდგენა სამყაროზე? თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვის აღქმები იმ პერიოდში, როცა ის სკოლაში სწავლას იწყებს, მთლიანობით ხასიათს ატარებს და მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას, ცალკეულ გაკვეთილებზე ფრაგმენტულად, განცალკევებულად მიწოდებული ცოდნა, ინფორმაცია ვერ შეუწყობს მას ხელს სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის შექმნაში. ბევრი პედაგოგი ხვდება ამას და პერიოდულად მიმართავს ინტეგრირებულ გაკვეთილს, რომელიც, ბავშვის აზროვნების თავისებურებებიდან გამომდინარე, საკმაოდ კომფორტულ პირობებს უქმნის მას ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად. ასეთი მუშაობის პროცესში პედაგოგს შეუძლია დაანახოს ბავშვს, რომ ცალკეული სასწავლო საგნები სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებული თვალსაზრისები რეალურად არსებულ შესასწავლ ობიექტებზე. ინტეგრაცია სასწავლო პროცესში სამყაროზე მთლიანობითი წარმოდგენის ფორმირების, მოვლენების და პროცესების არსებითი ურთიერთკავშირის გაგების ხელშემწყობი ხდება. თანამედროვე პედაგოგიკის ამოცანაც ხომ ის არის, რომ ბავშვის აღქმაში გააერთიანოს, დააკავშიროს ცალკეულ საგნებში მიღებული ცოდნა, დაეხმაროს მას, შეიქმნას ერთიანი, მთლიანი, ფართო წარმოდგენა სამყაროზე, ბუნებაზე, საზოგადოებაზე და საკუთარ ადგილზე ამ სამყაროში. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეს აქვს ღრმა და მრავალფეროვანი ცოდნის მიღების საშუალება სხვადასხვა საგნიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენების და მოვლენების სრულიად ახლებურად გააზრების გზით. საგანთაშორისი კავშირები სწავლების უმნიშვნელოვანესი პრინციპია თანამედროვე სკოლაში. ის სწავლების უმაღლესი დონეა. სკოლაში კომპლექსური პრობლემების შესწავლისას საგანთაშორისი კავშირების დამყარების ყველაზე ეფექტურ გზას ჩვენს დროში ინტეგრირებული გაკვეთილი წარმოადგენს. ის იძლევა ცოდნის სინთეზის შესაძლებლობას, გვეხმარება, ჩამოვუყალიბოთ ბავშვს ერთი სფეროდან მეორეში ცოდნის გადატანის უნარი, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეებში ანალიტიკური აზროვნების და განზოგადების უნარის განვითარებას. ამ გაკვეთილებზე მიიღწევა ასევე სინამდვილის მთლიანობითი აღქმა, რაც ბავშვს გარემომცველი სამყაროს შემეცნებაში დიდ დახმარებას უწევს.

გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული მიზანი ინტეგრირებულ გაკვეთილზე თავისთავად არ მიიღწევა. მის მომზადებას და ეფექტიანად ჩატარებას სჭირდება განსაზღვრული პირობების დაცვა:

  • ინტეგრირებულ გაკვეთილს, როგორც წესი, ატარებს სხვადასხვა საგნის ორი ან ორზე მეტი მასწავლებელი. თუმცა ასეთი გაკვეთილი შეიძლება ჩაატაროს ერთმა პედაგოგმაც, რომელსაც აქვს საბაზისო ცოდნა და მომზადება შესაბამის საგნებში.
  • იმ პედაგოგებს შორის, რომლებიც ერთად ამზადებენ და შემდეგ ატარებენ ინტეგრირებულ გაკვეთილს, აუცილებლად უნდა არსებობდეს ფსიქოლოგიური შეთავსებადობა. ურთიერთგაგების და მხარდაჭერის გარეშე ასეთი გაკვეთილი ეფექტიანი ვერ იქნება.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება უფრო მიზანშეწონილია მაშინ, როცა განსაზღვრული მოცულობის სასწავლო მასალა უკვე ათვისებულია იმ საგნებში, რომელთა ინტეგრირებასაც ვაპირებთ. უმჯობესია, ასეთი გაკვეთილის ჩატარება სასწავლო წლის ბოლო პერიოდისთვის დავგეგმოთ.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში თითოეული მასწავლებლის მონაწილეობის წილი დამოკიდებულია სასწავლო მასალის შინაარსზე, მაგრამ მაინც ვეცადოთ, ყოველი მათგანი ამ პროცესში თანაბრად იყოს ჩართული. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ მასწავლებელს აუცილებლად მოუწევს წამყვანის როლის შესრულება.
  • ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეები სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილეები არიან, ცდილობენ, თავად გააანალიზონ ინფორმაცია გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების დროს, გამოყოფენ პრობლემას, შეიმუშავებენ დასახული ამოცანების გადაწყვეტის შესაძლო გზებს. მოსწავლის დამოუკიდებლად მუშაობის როლის ამაღლება ინტეგრირებული გაკვეთილის მიმართ ერთ-ერთი აუცილებელი და ძირითადი მოთხოვნაა, იქიდან გამომდინარე, რომ ინტეგრაცია აფართოებს შესასწავლი მასალის თემატიკას, იწვევს მოვლენების უფრო ღრმა ანალიზისა და განზოგადების აუცილებლობას.
  • ინტეგრირებული გაკვეთილი არ გულისხმობს ორი ან მეტი საგნის სასწავლო მასალის მექანიკურ გაერთიანებას. აქ უბრალოდ ახალ ცოდნას კი არ უნდა იღებდეს ბავშვი, არამედ უკვე არსებული ცოდნის ახალ სიტუაციებში გამოყენების შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეს. ინტეგრირებულ გაკვეთილზე მან უნდა შეძლოს სამყაროს წარმოდგენა ერთ მთლიანობად, რომელშიც ყველა ელემენტი ურთიერთდაკავშირებულია.
  • ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანად ჩასატარებლად აუცილებელია განსახილველი და შესასწავლი ობიექტის სწორად განსაზღვრა და გაკვეთილის შინაარსის გულდასმით შერჩევა.
  • პედაგოგის მაღალი დონის პროფესიული თვისებები და უნარ-ჩვევები, რომლებიც უზრუნველყოფს მასწავლებელთა და მოსწავლეთა შემოქმედებით თანამშრომლობას გაკვეთილის მომზადებისა და ჩატარების პროცესში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტიანობისთვის.
  • მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინების გარეშე ნებისმიერი გაკვეთილის, მით უმეტეს – ინტეგრირებულის, ეფექტიანად ჩატარების ალბათობა საკმაოდ მცირეა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაზღვრული პრინციპების დაცვით მომზადებული და ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი დიდი სარგებლობის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც მოსწავლეებისა და მაწავლებლებისთვის, ისე მთელი სასწავლო პროცესისთვისაც.

ორი ნაჭერი შარლოტკა

0

XX საუკუნის პირველ ნახევრში პოლონეთში მოღვაწე არქიმანდრიტისა და პროფესორის, მამა გრიგოლ ფერაძის ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ მეტ-ნაკლებად ყველა იმ ადამიანისთვისაა ცნობილი, ვინც ოდესმე დაინტერესებულა ამ ორი ქვეყნის  ურთიერთობით. არც ის ფაქტია დამალული, რომ ვარშავის უნივერსიტეტში სწორედ მამა გრიგოლის მუშაობის დაწყების შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში  როგორც ძველი ქართული ენა, ისე რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. მაგრამ მეორე მსოფლიო ომმა და ოსვენციმის ბანაკში მისმა ტრაგიკულმა დაღუპვამ, პოლონეთში ქართველოლოგიის დარგის განვითარება ფაქტობრივად შეწყვიტა. ასე გრძელდებოდა წლები,  სანამ არ გამოჩნდა მამა გრიგოლის საქმის ღირსეული მემკვიდრე და  ქართულ ენასა და საქართველოზე შეყვარებული ადამიანი, პროფესორი იან ბრაუნი – თბილისის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, ენათმეცნიერი – შუმეროლოგი, ბასკოლოგი და ქართველოლოგი, აზიის იშვიათი ენების მკვლევარი და და წმ. გრიგოლ ფერაძის ორდენის კავალერი.

ამას წინათ ჩემმა მეგობარმა, რომელიც წლების წინ ვარშავის უნივერსიტეტში სწავლობდა, საუბარში შემთხვევით მითხრა, რომ პირადად იცნობდა იან ბრაუნს და უნივერსიტეტის მყუდრო კაფეში მჯდომს, არაერთხელ უსაუბრია მასთან. ბოლოს კი იმაშიც გამომიტყდა, რომ ამ საუბრების ჩანაწერებიც შენახული აქვს. ასეთი განძი თუ გაქვს, ხელი შეავლე და  გამოაქვეყნე, რაღას ელოდები-მეთქი, ვუთხარი. ისეთი არაფერიაო, დაიმორცხვა, ამას ჩემთვის ვაკეთებდი, თანაც, არც მახსოვს სად მაქვს შენახულიო. ორი დღის შემდეგ კი მიგზავნის ამ ჩანაწერებს  და მეუბნება, რომ „მჩუქნის“ და მათი წერილად ქცევის უფლებასაც მე მაძლევს. მიხვდებით, რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი – ცალკე უხერხულობისა და სიხარულისგან, ცალკე კი პასუხისმგებლობისგან – მაგრამ დავთანხმდი.

წერილში, სადაც, ჩანაწერების შინაარსიდან გამომდინარე, შეგნებულად ავარიდე თავი იან ბარაუნის სამეცნიერო მიღწევებზე საუბარს, პროფესორი გვიყვება საქართველოსა და ქართველებზე თავისი პირველი შთაბეჭდილებების შესახებ.  აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სამუშაო მასალა დიდი მოცულობის არ ყოფილა და, შესაბამისად, წერილიც მომცრო გამოვიდა, ალბათ ზედმეტად მოკრძალებული და უმნიშვნელოც კი  ქართულ-პოლონური მრვალსაუკუნოვანი ურთიერთიერთობებისა და იმ დიდი თუ დიადი საქმეების ფონზე, რაც იან ბრაუნმა  საქართველოსთვის გააკეთა; მაგრამ, სამაგიეროდ, კარგად ჩანს, რამხელაა სიყვარული, რომელიც ჩემმა მეგობარმა წლობით შეინახა თავის გულსა და ჩანაწერებში ამ  უდიდესი მეცნიერისა და ადამიანის პატივისცემის ნიშნად.

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერებს მოჰყვა თხოვნაც, არ გამემხილა მათი ავტორის ვინაობა, მე ამ თხოვნას, ცხადია, ვერ შევასრულებ და მადლობასთან ერთად ვიტყვი, რომ  ჩანაწერები მომაწოდა გერმანიაში მცხოვრებმა მწერალმა და მთარგმნელმა კატია ვოლტერსმა.

 

* * *

კატია ვოლტერსი:   პროფესორ იან ბრაუნს პირველად 1994 წელს შევხვდი. ვარშავაში რამდენიმე დღის ჩასულსა და  პოლონური ნოემბრის რუხი ფერითა და სიცივით დაზაფრულს, უნივერსიტეტის კლუბში ჩაითა და ტრადიციული პოლონური ნამცხვრით, შარლოტკათი გამიმასპინძლდა. თან საქართველოს ამბებს მეკითხებოდა. ვწვალობდი ლაპარაკის დროს, ვნერვიულობდი. ჩემი მაშინდელი საყველპურო პოლონური ვერ სწვდებოდა ჩემს სათქმელ-საამბობს. ცოტა ხანს მისმინა და კეთილი ღიმილით ქართულად მითხრა: „ნუ წვალობ, შვილო, მშობლიურ ენაზე ილაპარაკე, მე ქართული ვიცი“. გამაკვირვა ამ ამბავმა, რადგან მაშინ, არც მის შესახებ ვიცოდი ბევრი არაფერი, სამშობლოდან შორს მყოფს კი ძალიან მეამა პოლონელი მეცნიერისგან ჩემი ენის გაგონება. თან როგორი ქართულით საუბრობდა –  მდიდარი, დახვეწილი, უზადო; ხოლო როდესაც  საუბრისას  „შუშანიკის წამებიდან“ და „ვეფხისტყაოსნიდან“ციტატების მოყვანა დაიწყო, აი, მაშინ კი,  კინაღამ საერთოდ წამერთვა მეტყველების უნარი.

მე და პროფესორი დავმეგობრდით. ერთმანეთს არცთუ იშვიათად ვხვდებოდით, მაგრამ მცირე ხნით,  გულითადი და ხანგრძლივი ურთიერთობისთვის ვერ ვიცლიდით, ორივე დაკავებული ვიყავით. ამიტომ მხოლოდ თბილი მოკითხვითა და მოკლე საუბრით შემოვიფარგლებოდით ხოლმე. წლები კი მიქროდა.

 

* * *

კ.ვ.:   მართლა არ ვიცი, როგორ გაირბინა ათმა გრძელმა წელიწადმა. და ერთ დღესაც მე და ბატონი პროფესორი კვლავ შევხვდით ერთმანეთს. ისევ უნივერსიტეტის კაფეში, ისევ შემოდგომის ცივ და მოღრუბლულ დილას. პოლონური ენა უკვე მშობლიურივით ვიცოდი, აღარც კომპლექსები მაწუხებდა. ამიტომ მტკიცედ გადავწყვიტე, პროფესორისთვის დაწვრილებით გამომეკითხა, თუ რამ გადააწყვეტინა, თავისი ბედი და საქმიანობა ასე შორეული პატარა ქვეყნისათვის დაეკავშირებინა. მაგიდაზე კვლავ მისი ნაყიდი ორი ნაჭერი შარლოტკა იდო. ფინჯნებში ჩაი ცივდებოდა. პროფესორმა კი, აი, რა მიამბო:

იან ბრაუნი:  ლოძის უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ არჩევანის წინაშე დავდექი. ან ლათინური და ბერძნული უნდა მესწავლებინა სკოლაში, ან მეცნიერება უნდა ამერჩია. შემთხვევამ ყველაფერი თავად გადაწყვიტა. სადღაც ამოვიკითხე, რომ კავკასიური ენები ერთ-ერთ უძველეს ცოცხალ ენებს მიეკუთვნებოდა.  ახლგაზრდა და მეოცნებე ლინგვისტმა, ეს ენები უძველეს და თანამედროვე სამყაროთა შორის გადებულ ხიდად წარმოვიდგინე და მათი შესწავლა გადავწყვიტე. ამ დროს, ბედად, საბჭოთა კავშირში ასპირანტურაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობაც გამოჩნდა და ბევრი აღარ მიფიქრია, სასწრაფოდ მოსკოვში გავემგზავრე. ვფიქრობდი, განათლების სამინისტროც დამეხმარებოდა და კავკასიური ენების განხრით ასპირანტურაში ადგილს მოვძებნიდი. თუმცა ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა.

მოსკოვში დამხვდა პოლონელ ასპირანტთა ჯგუფი. ამ ადამიანებს, როგორც უფროს კოლეგებს, ჩემნაირი ახალბედების იმ დროისათვის შესაფერისი სულისკვეთებით „აღზრდა“ ევალებოდათ. მათ მირჩიეს, უარი მეთქვა კავკასიური ენებზე და მის ნაცვლად საფუძვლიანად შემესწავლა მარქსიზმ-ლენინიზმი. ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, შეუპოვარი, უკომპრომისო. თანაც კარგად ვიცოდი, რაც მინდოდა. ამიტომ  პირობა წავუყენე სამანისტროში, ან საქართველოში გამიშვებთ, ან არადა, პოლონეთში ვბრუნდები-მეთქი. განათლების სამინისტროს მოხელეები დიდხანს ცდილობდნენ ჩემს მოდრეკას. უნდოდათ, ჩემთვის „თავნება“ რესპუბლიკაში – ასე ეძახდნენ საქართველოს – გამგზავრება გადაეთქმევინებინათ. მერე თითქოს დათმეს და, მითხრეს, თუ როსტოვში წახვალ, იქ მოგიჩენთ რუს მეცნიერს, რომელიც  ქართულ ენას შეგასწავლისო, მაგრამ მაინც ვერ გადამიბირეს. საბუთები თბილისში გაიგზავნა და როგორც კი თბილისის უნივერსიტეტმა  ასპირანტის მიღების შესაძლებლობა დაადასტურა, ჩავჯექი მატარებელში და ჩემთვის უცნობი, შორეული საქართველოსკენ გავწიე.

 

* * *

ი.ბ.:  მატარებელში  ერთი კარგი ქართველი ვაჟკაცი, ტარას ალავიძე დამემგზავრა. მოცეკვავე იყო და ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის სხვა წევრებთან ერთად გასტროლებიდან შინ ბრუნდებოდა. სამი დღე და ღამე მიდიოდა მატარებელი. სამი დღე და ღამე არც ისე ცოტა დროა კაცის გასაცნობად. მარტო გაცნობა კი არა, დამეგობრებაც კი შეიძლება ამ დროში და მე და ტარასიც დავმეგობრდით. ლაპარაკში დრო მალე გადიოდა.  თანდათან ვშორდებოდით  თოვლით დაფარულ რუსეთს. მხოლოდ რუხი და სევდიანი  ცა მოჩანდა მატარებლის ფანჯრიდან. მაგრამ როგორც კი ორთქლმავალმა საქართველოს მიწას   მოაკივლა, ფანჯრიდან მაშინვე გამოჩნდა, როგორ გვიღიმოდა უმანკო ყვავილებით გადაპენტილი გაზაფხული. ყვავილებით მოჩითული კორდების გარდა, მაღალ  ხის ფეხებზე კოხტად შემოდგმულ ოდებს ვხედავდი. ყველაფერი განსხვავებული, თბილი და ჩემ მიმართ კეთილგანწყობილი იყო.

 

* * *

ი.ბ.:  მოსაღამოებულზე ჩამოვაღწიეთ თბილისში. ალავიძემ სახლში მიმიპატიჟა, მოისვენებ, დანაყრდები და მერე შენს საქმესაც უკეთესად გაარკვევო. კამოს ქუჩაზე ცხოვრობდა ტარასი. ეს იყო ნამდვილი ქართული ოჯახი – შავთვალება მოფუსფუსე დიასახლისით და ორი კარგად აღზრდილი მოწიფული ვაჟით. მშვენიერი სუფრაც გამიშალეს. მერე კი, დაღლილს, ტახტზე დამიგეს ლოგინი. როცა ჩათვლემილს საიდანღაც დოლისა და ზურნის ხმა შემომესმა, გავიფიქრე, თბილისმა თავის საიდუმლოს ფარდა ახადა, უკვე ნამდვილად საქართველოში ვარ-მეთქი და ტკბილად ჩამეძინა. ტარასმა ერთ ღამეში მოახერხა, ეჩვენებინა ჩემთვის მთელი საქართველო.

მეორე დილას ჩემი მასპინძლის ერთ-ერთმა ვაჟმა უნივერსიტეტამდე მიმაცილა. გამაოცა თბილისის უნივერსიტეტის სილამაზემ. შენობაში შესული კი უნივერსიტეტის პრორექტორმა რთული არჩევნის წინაშე დამაყენა: შემეძლო შემესწავლა ახალი ქართული ენა ვარლამ თოფურიას ხელმძღვანელობით, ან ძველი ქართული და კავკასიური ენები აკაკი შანიძისა  და არნოლდ ჩიქობავას ხელმძღვანელობით. მე ძველი ქართული ავირჩიე და, შესაბამისად, აკაკი შანიძესთან მოვხვდი.

მშობელი მამასავით იყო ჩემთვის ბატონი აკაკი. პირველი შეხვედრისას მკითხა, სადაური ხარო. „ია პოლიაკ“, – ვუპასუხე რუსულად. „პოლიაკი კი არა, პოლაკი ხარ!“ – რუსული სიტყვა პოლონურით შემისწორა ბატონმა აკაკიმ. შემდეგ წამიყვანეს სტუდქალაქში და ჩემი თანაოთახელი და მეზობელიც გამაცნეს. ეს იყო მაშინდელი ასპირანტი და მომავალში ცნობილი პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე, ჩემი ძვირფასი კოლეგა და მეგობარი.

 

* * *

ი.ბ.:  ძველი ქართული ენის საიდუმლოებებს ჩემი მასწავლებლის მიერ მითითებული სახელმძღვანელოებიდან ვეუფლებოდი, თანამედროვე სასაუბრო ენას კი სტუდქალაქში მცხოვრები ახალგაზრდებისაგან ვსწავლობდი. ზურაბ ჭუმბურიძესთან ერთად მთელი საქართველო ფეხით მაქვს შემოვლილი. ვიყავი რაჭაში, სვანეთში, ქართლსა და კახეთში, მესხეთ-ჯავახეთში. შოთა რუსთაველის კვალსაც მივყევით და მესხეთის რუსთავიც მოვინახულეთ. მინდოდა მენახა, რა მიწამ შვა ეს გენიოსი. დავდიოდით მე და ზურაბი და თან ტოპონიმებს ვიკვლევდით, რაც ზურაბის უშუალო კვლევის საგანი იყო.  „ხერთვისი“, „ბირთვისი“…  ხომ გაგიგონია ეს სახელები?“… რა ლამაზად ჟღერს…ყველა ქართული სიტყვა მიყვარს, მათი წარმოშობა, მათი ძირები… ლამაზი ენა გაქვთ, ძალიან ლამაზი…

 

* * *

კ. ვ.:  ერთხელ დიდხანს ვუკირკიტებდი მის ბასკურ ჩანაწერებს – სხვადასხვანაირი მათემატიკური  სიმბოლოებით ჩაწერილ ასოებს, მარცვლებს, ფუძეებს, წინსართებს და ბოლოსართებს. რა თქმა უნდა, ბევრი ვერაფერი გავიგე. მერე გავბედე, მორცხვად დავადე თითი ერთ-ერთი ზმნის შუაში ჩაქარგულ ფესვის სიმბოლოს და ვკითხე, ეს ხომ ფესვის ნიშანია-მეთქი. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია  და მითხრა: დიახ, თქვენი საერთო კავკასიური ფესვის ნიშანია, თქვენი საერთო საამაყო წარსულისა.  ენას, რომელზეც თქვენ, ქართველები, მეტყველებთ, დაახლოებით 50-საუკუნოვანი ისტორია აქვს და თვალისჩინივით უნდა უფრთხილდებოდეთ ამ საუნჯესო. საუნჯის ხსენებამ კი ზურაბ ჭუმბურიძესთან ერთად სამცხე-ჯავახეთის შემოვლისას კლდიდან გამონაჟური წყლისგან გადარეცხილი უძველესი ფრესკები გაახსენა და გულისტკივილით მითხრა: გევედრებით, იღონეთ რამე, წყალს ნუ გაატანთ იმას, რაც  თქვენმა წინაპრებმა სისხლის ფასად შემოგინახესო.

 

* * *

კ.ვ:  ბოლოს პროფესორი 2007  წელს ვნახე.  ივნისში იგი კვლავ ეწვია თბილისს  საინტერესო რეფერატით, რომელიც პროტოქართველურ ენას (ქართული ენის უძველეს ფორმას) შეეხებოდა. უფლება მომცა, თვალი გადამევლო მისი რეფერატისთვის და რამდენიმე კითხვაც დამესვა თემის გარშემო. კითხვებზე ამომწურავი პასუხი გამცა. მერე კი, უკვე საკმაოდ მხცოვან მეცნიერს, თვალში ცრემლი აუკიაფდა და თავად დამისვა კითხვა: „ნუთუ ქართველი ახალგაზრდებიდან არავინ მოისურვებს, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გადავცე, გადავცე ის ყველაფერი, რაც თქვენ, ქართველებს, თქვენი ჭეშმარიტი ფესვების პოვნაში დაგეხმარებათ, რომ მერე მეც ბედნიერი წავიდე იმქვენად, დამშვიდებული იმით, რომ ტყულიად არ დავშვრი და  ამაოდ არ ჩაიარა საქართველოსადმი ჩემმა სიყვარულმა?“ – ვერაფერი ვუთხარი დასაიმედებლად და ასევე ცრემლმორეულმა, თავი ჩავღუნე.

 

სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა დიდ მეცნიერს, მარტო პოეტ იეჟი  ზაგურსკისთან ერთად  ბრწყინვალედ თარგმნილი ვეფხისტყაოსნიც“ წარმოაჩენდა მას. თუმცა ის ამ შემთხვევაზეც  ჩვეული თავმდაბლობით, მორცხვად ამბობდა: მე პოეტი არა ვარ“, და თუ რამე წვლილი მიმიძღვის ამ საქმეში, ეს  ძველქართულიდან პოლონურად სიტყვასიტყვითი თარგმანიაო. ბრაუნის მიერ ნათარგმნი ვეფხისტყაოსანი1975 წელს კრაკოვში გამოიცა  და მას დღესაც უამრავი მკითხველი ჰყავს.

იან ბრაუნი გარდაიცვალა 2015 წლის 29 ივნისს, ღრმად მოხუცებული, 89 წლის ასაკში. დაკრძალულია პოლონეთში, პოვონზსკის სასაფლაოზე.    

 

 

 

 

 

კიდევ ერთხელ სკანდინავიურ სასწაულზე

0

2016 წელს დანია კიდევ ერთხელ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქვეყნად. დანიელი ქალბატონი მალინ რიუდალი თავის წიგნში „დანიელებივით ბედნიერები“ გვიყვება იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს ბავშვთა კეთილდღეობას ქვეყანაში. ის საუბრობს სასკოლო განათლებაზე და თითოეული მოსწავლის პიროვნული განვითარების მნიშვნელობაზე. ამონარიდები წიგნიდან:

 

არ არის მთავარი იყო სხვაზე უკეთესი

ბავშვთა განათლების სისტემაში აქცენტი კეთდება არა ტესტების წარმატებით გავლის უნარებზე, არამედ  თვითგანვითარებისა და ცნობისმოყვარეობის გაღვივებაზე. სკოლებში ცდილობენ დაარწმუნონ მოსწავლე, რომ ყველაზე ღირებული მისი პიროვნული თვისებები და უნარებია, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა ნიშანს მიიღებს ის. ბავშვს არწმუნებენ, რომ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ნებისმიერს შეუძლია. მთავარია, თავის საყვარელ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

 

დანიური სისტემა არ არის მიმართული ელიტის აღზრდისკენ, არც მატერიალური და არც ინტელექტუალური თვალსაზრისით. სკოლის პროგრამა ისეა გაწერილი, რომ მოსწავლეების  უმეტესობამ იოლად შეძლოს მისი ათვისება. ამის შედეგად დანიაში იშვიათად ნახავთ განათლების სისტემიდან „ამოვარდნილ“ მოსწავლეებს.

 

დანიური მენტალიტეტის განსაკუთრებულობა სწორედ ის გახლავთ, რომ დანიელების მიზანი არ არის, იყვნენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოები. 1993-2006 წლებში დანიის სასწავლო დაწესებულებებში ჯგუფური გამოცდა „გუნდური სულისკვეთების დასამკვიდრებლადაც“ კი მოქმედებდა, სადაც თითოეული სტუდენტისა და მოსწავლის შეფასება მთელი გუნდის შედეგებზე იყო დამოკიდებული. 2006 წელს ხელისუფლებამ უარი თქვა ამ გამოცდაზე, რადგან სტუდენტის პიროვნული ღირსებები მეორე პლანზე რჩებოდა, მაგრამ ამან საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. 2012 წელს გამოცდა ისევ გაოფიციალურდა. ამჟამად სასწავლო დაწესებულებები თავად წყვეტენ, სჭირდებათ თუ არა ეს გამოცდა.

 

წერა-კითხვის ცოდნასავით აუცილებელია, იყო ის, რაც ხარ

დანიის განათლების სისტემა, უპირველეს ყოვლისა, დამოუკიდებელი პიროვნების აღზრდისკენაა მიმართული და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. კანონმდებლობით გაწერილია, რომ დაწყებითმა განათლებამ ბავშვს უნდა მისცეს არა მხოლოდ საბაზისო ცოდნა და უნარები, არამედ პიროვნულადაც უნდა განავითაროს. საბავშვო ბაღსა და მოსამზადებელ ჯგუფებში აუცილებელია, ბავშვმა გაიმდიდროს სიტყვათა მარაგი, გაეცნოს სკოლის წესებს; გაიგოს, რა არის ტოლერანტობა, მოემზადოს ცხოვრების სხვა ეტაპისთვის.

 

დაზუთხვას არ მიესალმებიან

ყველა სკოლა მიესალმება მოსწავლის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებულ ინფორმაციას, ექსპერიმენტებს, წყაროების გაანალიზებას. სწავლების პერიოდში მოსწავლეს „უნდა გაუჩნდეს შეკითხვები, რათა გამოიძიოს“, გამოთქვას საკუთარი აზრი, რითაც ის არა მხოლოდ თვითშეფასებას აიმაღლებს, არამედ საკუთარ შესაძლებლობებსაც  აღმოაჩენს. საზოგადოებისთვის სასარგებლო და მოთხოვნად თვისებებად მიჩნეულია კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება, ინიციატივა და არა სახელმძღვანელოდან აბზაცების ზუთხვა.

 

მნიშვნელოვანია მოსწავლის კეთილდღეობა და არა შედეგი

სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემები ერთმანეთისთვის ტესტების შედეგების მიხედვით რომ შეგვედარებინა, დანიური საუკეთესოდ ვერ დასახელდებოდა, მაგრამ დანია განათლების დონით მსოფლიო რეიტინგების ათეულში შედის, 2016 წლის უმაღლესი განათლების ეროვნული სისტემების რეიტინგში კი მესამე ადგილს იკავებს.

 

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მოსწავლეთა გამოკითხვის მიხედვით ნათლად ჩანს, რომ მათ არ მოსწონთ სწავლა, კოლეჯში სიარული მოსაწყენია. დანიაში ცდილობენ ასეთ პრობლემებს თავი აარიდონ: მოსწავლემ სწავლით უნდა ისიამოვნოს, არ უნდა იქცეს ის მისთვის სატანჯველ მოვალეობად.

 

უფროსკლასელებისთვის მისაღები გამოცდები ნაკლებად სტრესულია, როცა ისინი თვითონ აკეთებენ არჩევანს. სპეციალურად იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც ჯერ კიდევ არ არის დარწმუნებული, რომ უნდა უმაღლესი განათლების მიღება ან სოციალიზაციის სირთულეებს განიცდის, შექმნილია პოსტსკოლები (Efterskole), რომელსაც ყოველწლიურად მოსწავლეთა 15%-ზე მეტი ეწერება. 14-18 წლის ახალგაზრდები აქ ერთ წელს ატარებენ, სანამ კარგად არ ჩამოყალიბდებიან, სად სურთ ჩაბარება. პოსტსკოლებში სწორედ ისეთ სფეროებს ეთმობა ყურადღება, რომლებიც სკოლაში არ ისწავლებოდა, ანუ მოზარდებს ეძლევათ საკუთარი ტალანტებისა და ნიჭის გამოვლენის შესაძლებლობა შემოქმედებაში, სპორტში, ხელსაქმეში. ასეთი სკოლების მესიჯი სოლიდარობა და თავისუფლებაა.

 

აგრეთვე, დანიაში მოქმედებს სახალხო სკოლების უნიკალური სისტემა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში ეპისკოპოსმა ნიკოლაი გრუნდტვიგმა შექმნა. ეს არის, ე.წ. ცხოვრების სკოლა. აქ ნებისმიერი ასაკის მოსწავლეებს იღებენ. სკოლაში გივითარებენ შემოქმედებითობას, გასწავლიან საზოგადოებასთან თანაარსებობას. აქ უმეტესად ჰუმანიტარული მეცნიერებები ისწავლება. შეგიძლია დასვა ნებისმიერი შეკითხვა, ისაუბრო ნებისმიერ თემაზე. მოსწავლეები ხშირად განიხილავენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. ურთიერთობა და სწავლის სისტემა საფუძველშივე მოიაზრებს თანასწორობის პრინციპების დაცვას, ურთიერთპატივისცემას, საერთო საქმის გაზიარებას და თანამონაწილეობას. გრუნდტვიგის იდეის არსი ის იყო, რომ განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო – ასეთ სკოლაში შეგიძლია, სწავლით ნამდვილი სიამოვნება განიცადო, შეჯიბრისა და დიპლომის აღებაზე ორიენტირების გარეშე. ამჟამად დანიაში 70 ასეთი სკოლაა.

 

თანაბარი შანსები

დანიელების მხოლოდ 11% მიიჩნევს, რომ მაღალი ხელფასი მნიშვნელოვანია. დანიაში, სადაც მსოფლიოში ლამის ყველაზე დიდი სახელმწიფო გადასახადებია, გამდიდრებისადმი სწრაფვა არაპოპულარულია. პროფესია, რომელსაც პრაგმატულად ირჩევ, არ არის თანხვედრაში პირად ინტერესებთან და სულიერ მოთხოვნილებებთან – ამას ბავშვებს სკოლაშივე შთააგონებენ. საქმე, რომელსაც აირჩევ, უბრალოდ, უნდა გიყვარდეს.

 

კმაყოფილების მომტანი პროფესიის არჩევაში ახალგაზრდებს პროფორიენტირებული განათლების სისტემა ეხმარება. სპეციალური სოციალური სამსახური უფროსკლასელ მოსწავლეებს უმაღლესი და საშუალო სასწავლო დაწესებულების შერჩევაში ეხმარება. ამისათვის უფროს კლასებში რეგულარულად ტარდება კრებები, სადაც მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ინდივიდუალურად მსჯელობენ თავიანთ ინტერესებზე.

 

მალინ რიუდალი დანიას „ჭეშმარიტი სოციალური მობილობის“ ქვეყანას უწოდებს. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმატებულ ადამიანად შეიძლება იქცეს უკლებლივ ყველა, არ აქვს მნიშვნელობა, როგორ სწავლობდა. ამის ხელშემწყობი ისიცაა, რომ დანიაში განათლებას სახელმწიფო აფინანსებს – სტუდენტებს უხდის სტიპენდიას, რომელიც სწავლის საფასურის გადასახდელადაც საკმარისია და თავის სარჩენადაც, მათი მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად.

 

მალინ რიუდალი წიგნზე მუშაობის დროს შეხვდა ადამიანს, რომელიც მუშათა ოჯახში, პატარა ქალაქში დაიბადა, დღეს კი ის კოპენჰაგენის ერთ-ერთ მსხვილ საადვოკატო ბიუროში მილიონზე მეტ კრონს იღებს. „სხვა ქვეყნის შვილი რომ ვყოფილიყავი, მეეჭვება ამისათვის მიმეღწია. ჩემს მეგობრებთან თანაბარ პირობებში ვიმყოფებოდი. იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, სტიპენდიას ვიღებდი და ვალი არასოდეს ამიღია. ვამაყობ, რომ დღეს თავისუფლად ვიხდი მაღალ გადასახადებს და შემიძლია ჩემს ქვეყანას ვემსახურო“.

 

ყველაფერი იდეალურად არ არის

ცხადია, დანიურ სისტემასაც აქვს ნაკლოვანებები. როდესაც სისტემა თანაბარ პირობებსა და უმრავლესობაზეა ორიენტირებული, მაღალია ნიჭიერი მოსწავლეების ვერშემჩნევის, მათი დაკარგვის რისკი. დანიური სისტემა გათვლილია საშუალო დონის შენარჩუნებასა და დაკმაყოფილებაზე, რამაც შეიძლება „დაჩრდილოს“ საინტერესო მოსწავლეების პოტენციალი.

 

 

 

საზაფხულო სკოლა – შესაძლებლობა საკვანძო კომპეტენციების განვითარებისთვის

0

მასწავლებლის დამატებით აქტივობათა ჩამონათვალში ახალი აქტივობა – საზაფხულო სკოლის/ბანაკის მოწყობა გაჩნდა.

საზაფხულო (ისევე როგორც საზამთრო, საგაზაფხულო ან საშემოდგომო) სკოლამ, შესაძლოა, საგნობრივი ცოდნის გაღრმავება-გაფართოება დაისახოს მიზნად, მაგრამ ამჯერად მინდა, თქვენი ყურადღება საზაფხულო სკოლის სხვა შესაძლებლობებზე შევაჩერო.

პედაგოგს ყოველ გაკვეთილზე ევალება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საკვანძო კომპეტენციების განვითარება, რადგან ეს კომპეტენციები თანაბრად საჭიროა ყველა საგნის შესასწავლად. რეალობა გვიჩვენებს, რომ საგაკვეთილო აქტივობებს შორის ამ შედეგზე ორიენტირებული აქტივობები იშვიათად გვხვდება ან ეფექტურობით არ გამოირჩევა.

საზაფხულო სკოლის ფორმატი კარგ შესაძლებლობას აძლევს მასწავლებელს, შეადგინოს პროგრამა, რომელიც ამ საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. საზაფხულო სკოლა უმთავრესად სოციალურ მიმართულებას მოიაზრებს. მაგალითად, მან შესაძლოა მიზნად დაისახოს ისეთი სოციალური კომპეტენციის განვითარება, როგორიც არის სხვადასხვა გარემოში კონსტრუქციული კომუნიკაციის უნარი.

მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული პროგრამის შესადგენად (რაც აქტივობის ერთ- ერთი კრიტერიუმით ფასდება კიდეც) საუკეთესო გზაა პოტენციურ მონაწილეთა ინტერესების წინასწარი შესწავლა. როცა ამ აქტივობაზე იწყებს ფიქრს, მასწავლებელმა იცის, რომელი საფეხურის, რომელი კლასის მოსწავლეებისთვის სურს პროგრამის შედგენა და კითხვარსაც მათი წინარე ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით აგებს. კითხვარი მოიცავს როგორც დახურულ, ისე ღია კითხვებსაც სავარაუდო თემების შესახებ. ღია კითხვებზე მიღებულმა პასუხებმა შესაძლოა უფრო საინტერესო და მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული იდეები აღძრას. მცირე კვლევის გაანალიზების შემდეგ იწყება პროგრამაზე მუშაობა. პარალელურად ზუსტდება საზაფხულო სკოლის მუშაობის ვადები და განრიგი.

აქტივობის დაგეგმვის ეტაპზევე საჭიროა, სკოლის დირექციასთან შეთანხმდეს ფართობისა და ტექნიკის გამოყოფის საკითხი. აუცილებელია იმ რისკების გათვალისწინებაც, რაც ამ პროცესს შეიძლება ახლდეს და მათი თავიდან აცილების ან შესუსტების სტრატეგიის დაგეგმვა. ბუნებრივია, მთელი პროცესი მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოში უნდა მიმდინარეობდეს.

დავუშვათ, აქტივობის ვადა 7 სამუშაო დღით, გრაფიკი კი ყოველდღიური სამი საათით განსაზღვრეთ. გადასაწყვეტი იქნება, დღის რომელ მონაკვეთში აჯობებს შეხვედრა. ვინაიდან საზაფხულო სკოლა მთლიანად 21 საათს იმუშავებს, აქტივობები ისე უნდა გადანაწილდეს ამ დროზე, რომ თეორიული ნაწილი და სავარჯიშოები ერთმანეთს ჩაენაცვლოს. ინტერაქტიული მეთოდები, მათ შორის – თამაშები და ენერჯაიზერები, ხალისს შემატებს პროცესს. დასაწყისშივე აჯობებს ფეისბუქ გვერდის ან ბლოგის შექმნა, რაც კომუნიკაციის ერთი ფორმის გამოცდილებასაც შესძენს მოსწავლეს და ციფრული წიგნიერების განვითარებაშიც შეუწყობს ხელს. ამ გვერდზე/ბლოგზე აიტვირთება საზაფხულო სკოლის საქმიანობის ამსახველი ფოტო– და ვიდეომასალა, რომლებიც შემდეგ მასწავლებელს აქტივობის დადასტურებისთვის დასჭირდება.

 

საორიენტაციო თემები კომუნიკაციის უნარებზე ორიენტირებული საზაფხულო სკოლისთვის

* რა არის კომუნიკაცია?

* კომუნიკაციის რომელი ფორმები არსებობს?

* რას ნიშნავს კონსტრუქციული კომუნიკაცია?

* რა ხდება მაშინ, როცა ადამიანებს არ შეუძლიათ კონსტრუქციული კომუნიკაცია?

* რა აბრკოლებს და რა უწყობს ხელს კომუნიკაციას?

* როგორი უნდა იყოს კარგი პრეზენტაცია?

* საპრეზენტაციო ფაილების მომზადება.

ამ თეორიული ინფორმაციის შესაბამისად დაიგეგმება პრაქტიკული სამუშაოები, მაგალითად, მოსწავლეები შექმნიან ჯგუფებს ინტერესების მიხედვით და მოამზადებენ პრეზენტაციას მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, შექმნიან და წარადგენენ PP ფაილებს, გაიმართება დისკუსიები. აქვე მოხდება დაკვირვება იმაზე, რამდენად კონსტრუქციულია დიალოგები მონაწილეებს შორის.

მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, მისწერონ წერილი მეგობარს, მშობელს, მასწავლებელს, თვითმმართველობას, მინისტრს, რედაქციას და ასე შემდეგ.

პრაქტიკულ სამუშაოდ გამოდგება საჯარო დისკუსიების ვიდეოჩანაწერების ნახვა და განხილვა იმის გასარკვევად, კონსტრუქციული კომუნიკაციის რომელი წესი დაიცვეს ან დაარღვიეს ოპონენტებმა. ეს მოსწავლეებს კარგ გამოცდილებას შესძენს და კრიტიკული აზროვნების განვითარებაშიც დაეხმარება, მასწავლებელი კი დაინახავს, რამდენად სწორად გაიგეს და გაიაზრეს მოსწავლეებმა თეორიული მასალა.

პროცესს მრავალფეროვნებას შემატებს საინტერესო სტუმრების მოწვევა, რომლებიც ან კომუნიკაციის უნარებით გამოირჩევიან, ან ისაუბრებენ კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და მათთან შეხვედრა ღია დიალოგის ფორმატში გაიმართება.

კარგი იქნება, დაიგეგმოს ვიზიტები ისეთ საზოგადოებრივ ადგილებში, როგორიც ადგილობრივი თვითმმართველობა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებია. მონაწილეებმა თავად წარადგინონ საზაფხულო სკოლა და გააცნონ მასპინძლებს ვიზიტის მიზანი, დასვან კონსტრუქციული კითხვები ამ სტრუქტურის საქმიანობის შესახებ

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს მოტივაციას აუმაღლებს სახალისო კონკურსების გამართვა და პატარ-პატარა ჯილდოების მინიჭება. შესაჯამებელ აქტივობად შეიძლება გამოდგეს ვიდეოინტერვიუების (თანატოლებთან, საინტერესო ადამიანებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან…) კონკურსი.

სკოლა დაიხურება საპრეზენტაციო შეხვედრით, რომელსაც სტუმრები და მშობლებიც დაესწრებიან. მოსწავლეები გააცნობენ სტუმრებს თავიანთ საქმიანობას, როლური თამაშების სახით წარმოადგენენ კონსტრუქციულ და არაკონსტრუქციულ დიალოგებს. საბოლოოდ მასწავლებელი ჩაატარებს მოსწავლეებისა და მშობლების გამოკითხვას შეფასების ფურცელში მოცემული კითხვების გათვალისწინებით. ეს გამოკითხვა იქნება მასალა მასწავლებლის აქტივობის შესაფასებლად.

ზაფხულის სკოლის დასრულების შემდეგ პედაგოგი გააანალიზებს გაწეულ საქმიანობას, მოახდენს თვითშეფასებას და გამოიტანს დასკვნებს. მას მტკიცებულებებიც (წინასწარ გამოქვეყნებული ინფორმაციის ელექტრონული მისამართი, აქტივობის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო– და ვიდეომასალის მისამართი, რეფლექსია და გამოკითხვის შედეგები) მზად ექნება საქაღალდეში ასატვირთად.

ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, საზაფხულო სკოლა უამრავი მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობას აძლევს მასწავლებლებს: საკვანძო კომპეტენციები, ტოლერანტობის, მოხალისეობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ხელოვნების, სპორტის მიმართულებით და სხვა. დანარჩენი მასწავლებლის შემოქმედებით ნიჭსა და რესურსებზეა დამოკიდებული. თუ დამატებით წყაროსაც (დონორს, გრანტს) მოიძიებს, შეუძლია, საზაფხულო სკოლა უფრო მრავალმხრივიც გახადოს.

ასმათის სახის გაგებისათვის ,,ვეფხისტყასანში”

0

ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით, ქალში, ღვთისმშობელში, მარიამის წიაღში სულიწმინდას გარდმოვლენით, იშვა ძე ღმერთი,იესო ქრისტე. სულიწმინდას მადლის მეტაფორულ-სიმბოლური ასახვა ხდება გენიალურ ვეფხისტყაოსანში  /ძველი ქართული მწერლობის უმეტეს ძგლებშიც/ ქალთა სახეების დახატვისას, როგორც აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე აღნიშნავდა:  ,,ყველაფერი ეს შესაძლებელი და მოსალოდნელი იყო იმდროინდელ საქართველოში, სადაც ქალში ხედავდნენ  არა ბოროტების საწყისს ევას, როგორც დასავლეთ ევროპაში, არამედ ბოროტების დამთრგუნველ იესოს დედას, იმ ღვთისმშობელს, რომლის წილხვდომილად რუსთაველის ეპოქის დასაწყისში გამოცხადებული იქნა საქართველო მწერლობაში. ეს მოსალოდნელი იყო საქართველოში, რომლის განმანათლებლად ნინოს სახით ქალი იყო აღიარებული /ქართ. ლიტ. ისტ. ტომი II, გვ. 84/ ამას დავუმატოთ ისიც, რომ საქართველოში ჯერ კიდევ წარმართულ ხანაში არსებობდა დიდი დედის- ნანას კულტი, დედა უფლის კულტი, მზის მდედრობითი ასპექტის კულტი და ა. შ. მრავლისმეტყველია ისიც, რომ თამარი ,,ქართველთ ლამაზი დედა” /ვაჟა/  წმინდა სამების მეოთხე იპოსტასად იქნა აღიარებული.

ყველა ამ ფსიქოლოგიური, ტრადიციული თუ ეპოქალური ასპექტის სიმბოლური ასახვა ხდება შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანში”, სადაც ქალთა სახეები ღვთაებრივი ნათლითაა მოსილი, მაგრამ სკოლებში ,,ვეფხისტყაოსნის” ქალი პერსონაჟებიდან რატომღაც ნაკლები ყურადღება მახვილდება ასმათზე, არადა ის ,,საღვთო სიბრძნე”, რომელიც ,,ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟთა ენითაა გაცხადებული, თითქოს იდუმალი ენით უკავშირდება 9 წლის განმავლობაში გამოქვაბულის ბნელში ნათელ შუქად მყოფ ,,დად საესავ” ასმათს /როგორც მას უწოდებს ტარიელი/ თანაც ისიც უნდა დავსძინოთ, რომ ერთგულების და თავგანწირვის სიმბოლოდ ,,ვეფხისტაყაოსნის” ყმა პერსონაჟებიდან უმეტესად შერმანდინს მოვიხსენიებთ ხოლმე. შერმანდინისადმი დამოკიდებულების ეს ფორმა სკოლებში შეიძლება ილია ჭავჭავაძის ,,გლახის ნაამბობიდანაც” მოდიოდეს, გავიხსენოთ გაბრიელისა და დათიკოს უკანასკნელი შეხვედრა, როგორი ავთანდილიც შენ იყავი, ისეთი შერმანდინი მე ვიყავიო.

არადა ასმათი შერმანდინზე ბევრად საყურადღებო, იდუმალი სიღრმის პერსონაჟია. ,,ვეფხისტყაოსნის” ღვთაებრივ სტრიქოსანთა შორის უნდა ამოვიკითხოთ ამ ყველაზე უფრო იდუმალი და ,,ენაუთქმმელი” პერსონაჟის ,,მიჩქმალული გმირობა”. ჯერ თავად გავაცნობიეროთ და მერე მივიტანოთ მოსწავლეებამდე. ასმათთან, როგორც პერსონაჟთან მასწავლებლის ფსიქოლოგიური დამოკიდებულების დროს მჟღავნდება აზროვნების ისეთი კონტექსტი, რაზედაც  კონსტანტინე გამსახურდია ბრძანებდა: ,,მიჩქმალული გმირობის ქომაგიაო მწერალი და სხვა არაფერი“ . ,,ვეფხისტყაოსნის” გმირს არ შეიძლება უწოდო მიჩქმალული გმირი, მაგრამ ამ შემთხვევაში სტრიქონთა შორის გაბნეული ასმათის მიჩქმალული  სუნთქვა, ცრემლი და საოცარი გული უნდა ამოიცნოს და დაანახოს მასწავლებელმა მოსწავლეს.

ფილოსოფიაში მკვიდრობს ასეთი ტერმინი – ,,შინაგანი ადამიანი”, ასმათი სწორედ ის შინაგანი ადამიანია, რომელზედაც გადმოსულა სიკეთისა და სულიწმინდას ღვთაებრივი მადლი და ამიტომაც არ შეუძლია სულიერად გაშეშდეს, გაჩერდეს ,,ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მესიამოვნება ღმერთის რჯული” /რომაელთა მიმართ. თავი 7, ლექსი 12/ და სწორედ ღმერთის სჯულის კანონით უკავშირდება ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის სიყვარულის მთელი პოემა ასმათს. ამავე ძალით არიან დაკავშირებული ამ საოცარ ქალთან ნაწარმოების რაინდი პერსონაჟები და შეიძლება ითქვას სიკეთის არსების გამარჯვებაც რამდენადმე ასმათის ,,გულის გარშემო ” იკვეთება.

,,ჭეშმარიტების მომენტის მახასიათებელია დუმილი და სიმარტოვე” /მ. მამარდაშვილი ,,საუბრები ფილოსოფიაზე”/ სწორედ ამგვარ დუმილზე უბრძანებიათ: ,,დუმილი ოქროს არს რჩეულიო” იქნებ ამიტომაც ასმათი ,,ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟთაგან, ერთ-ერთი ყველაზე მდუმარე პერსონაჟია. მისი სიტყვამრავლობა მხოლოდ ,,ცნობიერთა დოსტაქარ”, ,,ბუნება ზეარს” ავთანდილთან მიმართებით მჟღვანდება, და არც ეს არის შემთხვევითი, რადგან ასმათი ხშირად ცრემლიან დუმილში გამჟღავნებული მოყვისასდმი თანადგომით, ისეთივე ბუნება ზეარსი პერსონაჟია, როგორც ავთანდილი; ნაწარმოებში ფუნქციის ფსიქოლოგიური დატვირთვითაც ჰგავს ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთს. შეიძლება ითქვას უასმათოდ შეუძლებელი იქნებოდა ავთანდილს ავთანდილობა გაეწია ტარიელისათვის. ისევე როგორც ასმათს გაუჭირდებოდა ტარიელისათვის ასმათობის გაწევა უავთანდლოდ.

ამ საოცარ ქალზე გადმოსულ სულიწმინდის მადლს შეუძლია ადამიანის მთელი არსის შერხევა. თავად მადლს ასმათისას შეუძლია შვას მის ირგვლივ სიკეთე და სიყვარული, როგორც ეს ხდება პოემაში, სადაც ასმათი არის პოემის სასწაულთა შორის ერთ-ერთი დიდი სასწაული ,,სული გრძნობებით სავსე” /კანტი/.

არც ის არის შემთხვევითი, რომ ასმათს, როგორც პერსონაჟს, გამოქვაბულის ბნელში გვაცნობს რუსთაველი. რადგან ქვაბი ისევე როგორც ჭა, სიმბოლოა საღვთო ბნელისა /ტარიელი აპოფატიკის სიმბოლო, საღვთო ბნელში მაძიებელი ღვთისა/, იგი არის სიმბოლო უგუნობისა, დაფარულისა, ჩახურულისა, შეუღწევლისა, სიმბოლო გულის, როგორც სპირტუალური ცენტრისა“. /ზ. გამსახურდია, ,,ვეფხისტყაოსნის სახისმეტეყველება“, გვ. 265/ აქ მოიპოვება მიუღწეველი საუნჯე, მისტიური ცენტრი სულისა. მითებსა და ლეგენდებში სიმდიდრე და განძი მოიპოვება მუდამ ქვაბებში. ამავე დროს ქვაბი საყოველთაოდ გავრცელებული სამკვიდრებელია ქრისტიან მოღვაწეთა და წმინდანებისა. აქ მოიპოვება უმაღლესი მე და თუ ქვაბში საყვარლის დაკარგვით ცნობამიხდილ ტარიელს ახლავს ერთადერთი ასმათი, ის არის აქ განმახორციელებელი მისტიური ჩაღრმავების და ცნობიერების სიღმისა. და თუ ტარიელის გზა გულის, გრძნობის გზაა, ,,მისტიური ღვთისმეტყველების“ გზაა, გამოქვაბულის ბნელში მყოფი ასმათი ის ნათელი შუქია, რომელმაც ეს გზა უნდა გაანათოს. ქვაბი სიმბოლურად ღვთაებათა შეხვედრის ადგილიცაა და სწორედ გამოქვაბულში ახვედრებს ასმათი ტარიელსა და ავთანდილს ერთმანეთს.

ასმათისა და ავთანდილის პირველი შეხვედრაც გავიხსენოთ, ფაქტიურად ეს შეხვედრა ასმათთან როგორც პერსონაჟთან, პირველი შეხვედრაცაა. როგორც ავღნიშნეთ ასმათთან ეს შეხვედრა ავთანდილთან მიმართებით ხდება და როცა ავთანდილისაგან ასმათის ,,პირველი გაცნობა შედგა“ ასმათის მისამართით რუსთაველი დასძენს, ,,სარჩელი უგავს ბჭობასო“, ე. ი. ასმათის თითოეული სიტყვა სამართლის განცხადებაა და ამას ბრძნებს რუსთაველი, როცა ასმათთან ,,პაექრობაში“იხატება ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ავთანდილი, რომლის სახითაც განაცხადა ,,ვეფხისტყაოსნის“ აფორიზმთა უმრავლესობა რუსთაველმა.
ამ შეხვედრისას ,,გაცუდდა“ ბუნება ზეარსი ავთანდილის წინასწარი ბჭობა ,,ქალი შევიპყრა მის ყმისა ამბავი ვაამბობინო“, რადგან შეუძლებელია ასმათის დადრეკა და დამორჩილება ფიზიკური ძალითა და შიშით და როცა ვერც დანის ყელზე დაბჯენით და მუხლმოდრეკითაც ვერას გახდა ,,ცნობიერთა დოსტაქარი“ მიხვდა, რომ ერთადერთი სიყვარული იყო ის საღვთო სიბრძნე, რომლის წიაღშიც შეიძლებოდა ასმათის დანახვა და დამორჩილება. ცრემლი სულიწმინდას მადლიაო ნაბრძანებია და პირველად სწორედ მონანიე ცრემლმა დაახლოვა ეს ორი სიყვარულით ამაღლებული პერსონაჟი ერთმანეთს.

,,ავთანდილ ქვე ზის ტირილად აღარას მიუბარია,

კვლა იქით ქალი ატირდა, მისთვის გულ-ნალმობარია“.

სიყვარულის გონება გულია, ეს გულიც იგზნო ავთანდილმა და ასმათის საოცარი სულიერი ძალაც აღიარა. ,,სულთა მოგცემ გულისთვისო“- განუცხადა ასმათს.

,,თავი ჩემად სამასხურად, თუცა ავად მოგაწონე,

მიჯნურისა შებრალება ხამს ესეცა გაიგონე,

სხვაგნით, ყოვლგნით უღონო ვარ, არვინ არის ჩემი ღონე,

სულთა მოგცემ გულისათვის სხვა მეტიცა რა გაქონე“.

 

ვისაც თავის თავში შეცნობილი აქვს ღვთიური მე მან ისიც უწყის, რომ ამგვარი ცნობიერება ტკივილიდან იწყება. ასმათმა იცის ვინ არის, ვის ემსახურება. თავისი ღვთიური ფუნქციაც გაცნობიერებული აქვს და ავთანდილსაც ამგვარად აცნობს თავს.

,,მე ასმათ მქვიან, რომელსაც წვა მაქვს ცეცხლისა ცხელისა,

სულთქმა სულთქმისა ბევრისა, მაშა თუ არ ეთხელისა“.

,,სულთქმა სულთქმისა ბევრისა“ – ეს მეტაფორული სახე ყოვლისმომცველად გვიხატავს ასმათის ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ პორტრეტს. წუთით დავფიქრდეთ, თუ როგორ გვიჭირს ადამიანებს პასუხი გავცეთ ერთი შეხედვით უბრალო კითხვაზე, ,,ვინ ვართ და რისთვის გავჩნდით?“ ამგვარ კითხვაზე პასუხის ფსიქოლოგიური დატვირთვით ასმათს, ისევ ავთანდილი თუ შეიძლება შევადაროთ.

,,მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ მოვკრეფ კიტრად ბერად,

ვინ სიკვდილი მოყვარისტვის თამაშად და მიჩანს მღერად“

ახლა ავთანდილისა და ტარიელის პირველი შეხვედრაც გავიხსენოთ: ასმათის საოცარმა არსებამ შესძლო ერთად შეეყარა ეს ორი  რაინდი და თუ პირველსავე შეხვედრისას ,,მათ აკოცეს ერთმანეთსა, უცხოობით არ ადრიდეს, /ყელი ყელსა გარდააჭდეს ერთმანეთსა აუტირდეს“. ამ საოცარი თბილი შეხვედრის მიზეზითა-მიზეზი, გარდა ამ ორი რაინდის სულიერი სიახლოვისა, ასმათის იდუმალ და მოსიყვარულე ბუნებაშიც იხატება. „ალბათ არ შევცდებით – განმარტავს გრიგოლ ნოსელი- თუ პირველ მიზეზს ჩვენი ყოფნისას ვუწოდებთ დედას, სიყვარული და სიკეთე ღვთის არის წიაღი, საიდანაც ჩვენ წარმოვიშვით“. სწორედ ასმათია რაინდთა შეხვედრის ის საღვთო წიაღი, რომელიც ისევ გრიგოლ ნოსელის სიტყვებით, რომ ვთქვათ, ,,მკვიდრობს განწმენილ ადამიანში და შობს მრავალ კეთილშობილ შვილებს: რწმენას, ღვთისმოსაობას, სამართლიანობას, სიწმინდეს, თავშკავებას, უბიწობას“. და მართლაც ყველა ეს უბიწოება ისადგურებს ასმათის გარშემო, ხოლო ,,თუ რას აკეთებს“ რაინდთა ამ პირველი შეხვედრის დროს ასმათი, ამაზედ რუსთაველი მხოლოდ ერთხელ, მაგრამ ყოვლისმომცველი ფრაზით ბრძანებს: ,,ასმათი სულთა უღებდა სიტყვათა საკვირველითა“. მაშინ კი როცა ავთანდილი განუცხადებს ტარიელს ,,ამან დღემან დამავიწყა გული ჩემი ვინ დაბინდა“… ღვთიური სიყვარულით ამაღლებული ასმათი დასძენს: ,,არს უკეთესი რაღაცა სწადს განგებასა ზენასა“.

უხარბო, უშიშო და უანგაროა სიყვარული. ასეთივეა ასმათი, უამრავი საჭურჭლე მიართვა ტარიელმა ასმათს მიჯნურთან შეხვედრის საზღაურად. მაგრამ ამ სამსახურის საზღაური მხოლოდ სიყვარულით თუ გადაიხდევა.

,,ასმათს მივართვი რჩეული თვალი ოქროსა ჯამითა

მან მითხრა არა არ მინდა ვარ გამაძღარი ამითა“.

ერთი აიღო ბეჭედი, მართ აწონილი დრამითა;

ესე კმა ნიშნად, სავსე ვარ სხვად ხელის შესაბამითა.“

ახლა არაბეთიდან, პირობისამებრ, ტარიელთან შესაყრელად დაბრუნებული ავთანდილის შეხვედრა გავიხსენოთ ასმათთან. /,,წასვლა ავთანდილისა და ტარიელის შეყრა მეორედ“/

ძნელია ადამიანმა თავისთავში მარადიულად ატაროს უფლისმიერი სიმშვიდე. ავთანდილის სიმშვიდეც დაირღვა წამით, როცა არაბეთიდან დაბრუნებულ რაინდს ვეფხისტყაოსანი ტარიელი დათქმულ ადგილზე არ დაუხვდა. მუნათი ჰკადრა მეგობარს და ასმათს შესჩივლა:

,,ქალსა ეტყვის, აჰა დაო ეგეთიცა კაცი ნუა

ეგე ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე ვით მეცრუა“.

 

… ამგვარ ფსიქოლოგიურ განწყობას ჩვეულებრივ ,,ყოფიერ ცხოვრებაში წუწუნს ეძახიან“. რა თქმა უნდა  ,,ვეფხისტყაოსნის“ ზეცნობიერ რაინდს ამ გამთქმას ვერ შეჰკადრებ, მაგრამ აქ მაინც ირღვევა ავთანდილის ზეცნობიერი სიმშვიდე. მისი განსჯა ვერ წვდება  ტარიელის მდგომარეობის სიმძიმეს.

როგორც პლატონი ამბობს ,, მშვენიერი მშვენიერითაა მშვენიერიო“: აბა ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ავთანდილის საყვედურს მეგობრისადმი ასმათიც დასთანხმებოდა. მაშინ დაირღვეოდა სულის მშვენიერების ის მარადიული ჰარმონია, რითაც ,,ვეფხისტყაოსნის“ გმირები ასე ძვირფასია ჩვენთვის. გულთამხილავი ასმათი კი ბრძანებს:

 ,, აწ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა

 იგი უგულო მოელის მართ დღეთა გასრულებასა“.

გულია ღვთის საჭურჭლე. გულიდან საზრდოობს  ადამიანის ჭეშმარიტი მე და სიყვარული. ნესტან-დარეჯანის დაკარგვით ტარიელისათვის გული დაიკარგა და რაღა თქმა უნდა სხვა ყველაფერი ამ გულთან მიმართებით დაირღვა.

ავთანდილთან ამ ,,დიალოგისას“ ასმათი ყველაზე მეტ მრავალსიტყვაობას იჩენს. რადგან აქ მან უნდა ახსნას გულის საიდუმლო ლოგიკა და აქვე განუცხადებს ავთანდილს გულის სიბრძნიდან მომდინარე  ჭეშმარიტებას:

„გული ცნობა და გონება  ერთმანეთზედა ჰკიდია,

 რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან,

 უგულო კაცი ვერ კაცობს,  კაცთაგან განაკიდიან“

ეს აფორიზმი საოცარო სიცხადით წვდება ტარიელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ამავე დროს საოცარი სიცხადით გვიმხელს ასმათის შინაგანი ბუნების სიღრმეს. ამგვარი რამ მხოლოდ ასმათს შეეძლო ეთქვა ავთანდილისათვის  და მუნათიც ცხადად ეკადრებინა:

 ,,შენ უმართლე ხარ, ემდურვე, შენ გაეყარე ძმობილსა

 მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვით რა გიამბო ცნობილსა

 ამას მით ვამბობ, მინახავს, მე უბედურსა შობილსა“

ასმათის სიბრძნე ამ შემთხვევაში ცხოვრების ტკივილით  დანაპურები, ტარიელთან ერთად ,,გამოქვაბულში თანაცხოვრებით“ შეძენილი სიბრძნეა, ასმათმა ტარიელის ცხოვრებითა და გვემით იცხოვრა ფიზიკურადაც, მართალია ავთანდილის მოყვასის არ დამვიწყებელი რწმენის რაინდია, მაგრამ რაც უნდა ძლიერ გიყვარდეს ადამიანი, რაც უნდა ერთგულებით იყო მისადმი გამსჭვალული, დრო და სივრცე მაინც შობს ,,რაღაც შორეულს“, რომელიც გიშლის ჩაწვდე მოყვასის შინაგან ფსიქოლოგიურ არსს. ისიც ხომ ცნობილია, რომ ყოველი ადამიანი, მეორე ადამიანის მდგომარეობას საკუთარი ,,სადგომიდან“, საკუთარი მე-ს ცნობიერი მდგომარეობიდან ჭვრეტს. ამიტომაც შეუძლებელია არაბეთიდან დაბრუნებულმა ავთანდილმა, მიუხედავად ბუნება ზეარსობისა, ტარიელის მდგომარეობა განჭვრიტოს ისე, როგორც ეს შეუძლია გამოქვაბულში მყოფ ასმათს. ამიტომაც ასმათსავე აქვს უფლება ავთანდილს განუცხადოს:

,,თვით როცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: ,,სხვა სხვისა ომსა ბრძენია“. აქ ასმათის ერთი იდუმალი ფუნქციაც იკითხება: იგი ღვთის სიმშვიდის და წონასწორობის მატარებელია თავის-თავში, რითაც ძალუძს თავისი დუმილიანი თუ სიტყვიერი განაცხადით გარშემო მყოფთ თავის ნამდვილ ადამიანურ დანიშნულებაზე მიანიშნოს. იგი ასე ვთქვათ ,,აბრუნებს“ ტარიელს ,,ტარიელობასთან“, ავთანდილს- ავთანდილობასთან. ხოლო, როცა მეგობრის მოსაყვედურე ავთანდილს განუცხადა: ,,ქმნენ რაცა შენი ფერიაო“, ამით ისიც განუცხადა: – შენ ავთანდილი ხარ. შენ მოყვასისათვის თავგანწირვა აგამაღლებს“და არა საყვედური მოყვასისადმიო.

,,ესე არაკი მართალი ჩანს, ქვასა ზედა წერია,

ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია

აწ ზაფრანია ვის წინა ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია

თუღა მონახავ, მონახე, ქმნენ, როცა შენი ფერია“.

ასმათისა და ავთანდილის ამ ,,შესიტყვებისას“ ფსიქოლოგიური და აზრობრივი უპირატესობა აშკარად ასმათის მხარეზეა. ამას ავთანდილიც აღიარებს და თავის ჭეშმარიტ მე-სთან შერწყმული განაცხადებს:

,, სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,

აწ მეცა მიჯობს მონახვა, მის მზისა ლერწამ ტანისა“.         

ასე რომ ავთანდილთან ამ შეხვედრისას ასმათის ასმათობამ ავთანდილის ავთანდილობა განაპირობა .

… ასე თანდათან ირკალება რწმენისა და სიყვარულის გზები ასმათის გარშემო.  ასმათი კი უმეტესად დუმს, მისი წმინდა ცრემლის მადლით თითქოს დნება გამოქვაბულის კედლები…

… ბოლოს სძლია ბოროტს კეთილმან, რისი გამარჯვებაც  ასე ღვთიური სიმშვიდით სწამდა გამოქვაბულის ბნელში მყოფ ასმათს. სულიწმინდას მადლი გაეფინა გამარჯვებულ სიყვარულს  და ასმათმაც განაცხადა:

                      ,, ასმათ ჰკადრა:  მადლი ღმერთსა , ვარდი ვნახენ არ დაზრულნი,

                         ბოლოს ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი,

                         სიკვდილიცა სიცოცხლედ მიჩს, ოდეს გნახენ მხიარულნი

                         სჯობან ყოვლთა მოყვარულთა პატრონ – ყმანი მოყვარულნი“.

 

დასკვნის სახით:

ჩვენ შევეცადეთ შეძლებისდაგვარად გაგვეშუქებინა ,, ვეფხისტყაოსნის“ ყველა ის თავი თუ სტროფი, რომელიც ყველაზე უკეთ წარმოგვიდგენს ასმათს, ნაწარმოების ერთ-ერთ ყველაზე უფრო იდუმალ, სულიწმინდას მადლით მოსილ პერსონაჟს.

 

 

 

…იქ, სადაც ოკეანეა

0

ერთი ნაცნობი მყავდა. ადამიანების დახმარება უყვარდა. ოღონდ ზოგჯერ დაპირებები ზედმეტი გამოსდიოდა და ვეღარ ასრულებდა. ამიტომ, ისეც ხდებოდა, ადამიანებს გაინაწყენებდა ხოლმე. არადა, ყველაფერს გულით ჰპირდებოდა, მაგრამ ოდნავ გადაჭარბების გამო, ბოლომდე შესრულება არ გამოსდიოდა.

ჰოდა, მიდიოდა და მიდიოდა მის სამუშაო ოთახში ხალხი. ზოგს ალბათ მართლაც უჭირდა, ზოგიც ფიქრობდა, იქნებ და რამეს გამოვრჩეო. ერთხელ, ამ ჩემი ნაცნობის სამუშაო ოთახში ერთი ქალის სტუმრობას შევესწარი. ქიმიასთან დაკავშირებით მასალები უნდა წამეკითხა და რეცენზია დამეწერა. ჰოდა, ოთახის იქითა კუთხეში ჩუმად ვიჯექი და ვკითხულობდი. ვცდილობდი, მაქსიმალურად ფრთხილად მოვქცეულიყავი, რომ სამუშაო პროცესისთვის ხელი არ შემეშალა. შემოსული ქალი შვილისთვის სამსახურს ეძებდა, თან აუცილებლად სპეციალობით უნდა დასაქმებულიყო  და ანაზღაურებაც კარგი  ჰქონოდა.

– რა სპეციალობის არისო თქვენი შვილი,- დაინტერესდა ჩემი ნაცნობი. ოკეანოლოგი გახლავთო, მიუგო ქალმა. უჰ, მძიმე სპეციალობა ჰქონიაო, გულწრფელად შეწუხდა ჩემი ნაცნობი.

და მართლაც, ოკეანოლოგმა საქართველოში რა უნდა აკეთო? არა, ნახევარზე მეტი საქართველო არასპეციალობით არის დასაქმული (ან სულაც  დაუსაქმებელია), ამიტომ, ოკეანოლოგისთვისაც გამოინახებოდა რამე, მაგრამ სჯობს იქ წახვიდე, სადაც ოკეანეა.

ოკეანის ქიმიური შემადგენლობა მრავალფეროვანია. მეთვრამეტე საუკუნის შუა პერიოდიდან, როცა მრეწველობა განვითარდა, ოკეანის ქიმიურმა მრავალფეროვნებამაც იმატა. მიხვდით, ალბათ, სინამდვილეში ანთროპოგენური ფაქტორით დაბინძურება გაიზარდა. თუმცა, დღეს ნორმალურ შემადგენლობაზე დავწერ, ოღონდ ყველაფერზე არა.  მხოლოდ რამდენიმე ბიოგენურ ელემენტზე.

ბიოგენური ყველა ის ქიმიური ელემენტია, რომელიც   ცოცხალ ორგანიზმებში ორგანული ნაერთების სახით შედის  და აუცილებელია მეტაბოლიზმისთვის. H, O, C, N, P, Si, S, Mg, Ca, K, Fe, Al, Mn…

აქედან, აზოტის, ფოსფორის და სილიციუმის  ნაერთები განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ, რადგან  ისინი ფიტოპლანქტონის განვითარების სტიმულირებას ახდენენ.  ფიტო და ზოოპლანქტონში ამ ელემენტების გარკვეული თანაფარდობა გამოანგარიშებულია. საშუალოდ ფიტოპლანქტონისთვის C:Si:N:P=42:28:7:1 (მასის ერთეული) და 108,5:31:15,5:1 (მოლური ფორმით). ზოოპლანქტონისთვის  C:N:P=40:7,4:1 (მასის მიხედვით) ან 106:16:1 მკ/მოლი.

აღნიშნული თანაფარდობის მიხედვით რიჩარდსმა 1965 წელს ოკეანის ორგანული ნივთიერების სტექიომეტრული მოდელი შეიმუშავა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები ნახშირწყლების, ამიაკი და ფოსფატის სახით არიან წარმოდგენილნი.

(CH2O)106(NH3)6H3PO4

ამ მოდელში წარმოდგენილი თანაფარდობა ძალიან ახლოს დგას ოკეანეში ბუნებრივი ორგანული ნაერთების თანაფარდობასთან.

სტექიომეტრული მოდელის ფარგლებში ორგანული ნივთიერების დაშლა, ჰიდროლიზი და დაჟანგვა შემდეგი სქემით წარიმართება:

(CH2O)106(NH3)16H3PO4=106 CH2O+16 NH3+ H3PO4

106 CH2O+106 O2=106 CO2+106H2O

16 NH3+32 O2=16HNO3+16H2O

ანუ:

(CH2O)106(NH3)16H3PO4+138 O2=106 CO2+122H2O+16HNO3+ H3PO4

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 1მგ ორგანული ნახშირბადის დაჟანგვისას იხარჯება 3,47 მგ (2,43მლ) ჟანგბადი, გამოიყოფა 0,79მკ/მოლი  ფოსფორი და 12,64მკ/მოლი აზოტი.

ჟანგბადის მარაგის ამოწურვის შემთხვევაში ორგანული ნივთიერების დაჟანგვა ნიტრატების ჟანგბადის ხარჯზე შეიძლება წარიმართოს (დენიტრიფიკაცია).

(CH2O)106(NH3)16H3PO4+94,4 HNO3=106 CO2+55,2 N2+177,2H2O+ H3PO4

ნიტრატების  მარაგის ამოწურვის შემდეგ ორგანული ნივთიერების დაჟანგვა სულფატების  ჟანგბადის ხარჯზე  წარიმართება (სულფატრედუქცია).

(CH2O)106(NH3)16H3PO4+53SO42-=106 CO2+53S2- +16NH3+106H2O+ H3PO4

შედეგად, ამიაკის და სულფიდების აკუმულაცია მიმდინარეობს.

აზოტის არაორგანული ნაერთები ოკეანეში ძირითადად ამონიუმის, ნიტრატ და ნიტრიტ იონების სახით არის წარმოდგენილი. ინტენსიური ფოტოსინთეზის პირობებში შეიძლება არაორგანული აზოტის მთლიანი ასიმილირება მოხდეს და ფოტოსინთეზი შეჩერდეს.  რთული ორგანული ნაერთებიდან  აზოტის მინერალურ ფორმაში გადასვლა პირდაპირი და არაპირდაპირი რეგენერაციის პროცესში ხდება. პირდაპირი რეგენერაცია ფოტოსინთეზის ზონაში მიმდინარეობს, როდესაც ცხოველების საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მიერ გამოყოფილი ფერმენტების და ბაქტერიების მეშვეობით მათივე ცხოველქმედების პროდუქტები სწრაფად მინერალიზდებიან და ორგანული აზოტის ნაწილი კვლავ მინერალურ ფორმაში გადადის. აზოტის არაპირდაპირი რეგენერაცია განპირობებულია ორგანული დეტრიტის (დეტრიტი წარმოადგენს წყლის სიღრმეებში შეწონილ მდგომარეობაში მყოფ ორგანულ-მინერალურ ნაწილაკებს) დაშლით ოკეანის სიღრმეებში.

ფოსფორი, აზოტის მსგავსად, ჩართულია ციკლში, სადაც ორგანულიდან არაორგანულ ნაერთებში გადადის.  საშუალოდ, წლიურად ოკეანეში 25 ტონამდე შეწონილი არაორგანული ფოსფორი შედის. მისგან დაახლოებით 0,5 ტონა იხსნება, დანარჩენი ფსკერზე ილექება. ზოგადად, მსოფლიო ოკეანის მონაცემებით, ფიტოპლანქტონის მიერ დალექილი ფოსფორის გამოტანა 1070X106 ტონაა. გამოდის, რომ ცოცხალი ორგანიზმების მოთხოვნა ფოსფორის ოკეანის შიდა ბრუნვით არის დაკმაყოფილებული.

ყველაზე გავრცელებულ და შედარებით შესწავლილ ფორმას წარმოადგენს ორთოფოსფორმჟავას იონები. ფოსფატები წყალხსნარში ჰიდროლიზდებიან და წარმოქმნიან  PO4,  HPO42- და  H2PO4,იონებისგან შემდგარ წონასწორულ სისტემას. არაორგანული ფოსფორი შეითვისება მცენარეების მიერ, გარდაიქმნება ფოსფო ორგანულ ნაერთებად და ზოოპლანქტონის და ოკეანის სხვა ორგანიზმების მნიშვნელოვანი საკვები კომპონენტი ხდება. ფოსფორის გადასვლა ორგანულიდან არაორგანულ ფორმაში ცხოველების საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მიერ გამოყოფილი ფერმენტებისა და ბაქტერიების მეშვეობით მიმდინარეობს. უფრო მდგრადი ფოსფო ორგანული ნაერთების მინერალიზაცია კი ოკეანის ფსკერზეა, დეტრიტზე ბაქტერიების მოქმედებით.

ოკეანეში სილიციუმის შემცველობა, სხვა ბიოგენური ელემენტების შემცველობას ოდნავ აღემატება. ოკეანის წყლებში სილიციუმი H2SiO3 და H2SiO4-ის გვხვდება. ან მათი დისოციაციის და პოლიმერიზაციის პროდუქტების სახით. ასევე შევხვდებით კვარცის, სილიკატების და ალუმინოსილიკატების  შემადგენლობაში შემავალ კრისტალურ SiO2-ს. ოკეანის წყლიდან სილიციუმის უტილიზაციის ძირითადი გზა ბიოგენურია.

სხვათა შორის, ნატრიუმის სილიკატით ერთი საინტერესო ცდის გაკეთება შეიძლება. ნებისმიერ სამრეწველო მაღაზიაში თხევად სილიკატურ წებოს შეიძენთ. დიდ ქიმიურ ჭიქაში ჩავასხათ ნატრიუმის სილიკატი და 1:1 პროპორციით განვაზავოთ წყლით. შემდეგ, შიგნით შაბიამნის რამდენიმე კრისტალი ჩავაგდოთ და დაველოდოთ. კრისტალებისგან ლამაზი „ტოტები“ გამოიზრდება. თუ სხვა ფერადი მარილების კრისტალებსაც მივამატებთ, მაშინ „ბაღის“ გაშენებაც შეგვიძლია. რეაქცია შემდეგნაირად მიმდინარეობს:

Na2SiO3+CuSO4=Na2SO4+CuSiO3

ე.წ. „ტოტები“ სწორედ სპილენძის სილიკატი გახლავთ.

ოკეანის ნაპირზე პირველად კანადაში, ვანკუვერში მოვხვდი. სამეცნიერო კონფერენციაზე ვიყავი. სესიები სასტუმროში ტარდებოდა. თავად სასტუმრო კი ოკეანის ნაპირას იყო. ამიტომ, შესვენებებზე სანაპიროზე ჩავდიოდი, საოცარ ჰაერს ვსუნთქავდი და იქვე მოყაყანე გარეულ იხვებს ვაკვირდებოდი. ისინიც მაკვირდებოდნენ და თავიანთ ენაზე რაღაცას მიყვიროდნენ.

ოკეანე მშვიდი იყო, თუმცა  გაბრაზება ცუდი ეცოდინებოდა. ვიქტორ ჰიუგო ალბათ გაბრაზებულ ოკეანეზე  წერდა:

„თითოეულ ზვირთს ნადავლი აქვს გაჩრილი პირში;

ერთი ცარიელ ნავს მიათრევს, სხვა კი მეზღვაურს“ .

(Oceano nox თარგმანი:დავით აკრიანი)

საერთოდაც, ოკეანით პოეტები ინტერესდებოდნენ. მისი ერთი ხსენება… და  ლექსი სუნთქვას გიკრავს.

„წინ, მეეტლევ!

ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!

მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო

გაზაფხულის მთები მწვანე.

მსურს, რომ დაფნით გადავხლართო

მძიმე ფიქრთა ოკეანე…

წამიყვანე!“ (გალაკტიონი)

სხვაგან ვკითხულობთ, ოკეანეს პატარა მდინარის შურსო…

„შენი ბედი ენატრება ოკეანეს,

ეხარბება შენი სიპატარავე…“ (თემურ ჩალაბაშვილი).

 

ჰო, პატარა სივრცე და პატარა პრობლემები, მცირე ბრუნვა, მცირე დაბინძურება…

თუმცა, ვანკუვერში ოკეანე თითქოს სუფთად გამოიყურებოდა. აი, სიღრმეებში რა ხდებოდა, ეგ ოკეანოლოგმა არკვიოს.

 

 

დედამიწის საოცარი უდაბნოები

0

სიცხე, კილომეტრებზე გადაჭიმული ქვიშა, ქვები და პეიზაჟი, რომელიც მთვარის ლანდშაფტს წააგავს – ყველა ეს სცენა ჩვენთან უდაბნოსთან ასოცირდება. ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ უდაბნო არაფრით საინტერესო და გამორჩეული არაა, თუმცა სულ ტყუილად. მაგრამ ჩვენი სამყარო ხომ მეტად მრავალფეროვანია და დედამიწის უდაბნოებიც არაა ერთნაირი. ეს ქვიშის, თიხის, ქვების თუ ყინულის უზარმაზარი ტერიტორიებიც კი გამორჩევიან თავისი უნიკალური თვისებებით და მრავალ მოგზაურსა თუ თავგადასავლის მაძიებელს იზიდავენ.

 

ალბათ რთული დასაჯერებელია, მაგრამ ლენსიოს-მარანენსის უდაბნო, რომელიც ბრაზილიაში, მარანიონის შტატში ეროვნულ პარკში მდებარეობს სავსეა ლაგუნებით. თეთრი დიუნებისა და ცისფერი ლაგუნების მონაცვლეობა მეტად შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის. ლაგუნებში, რომლებიც აქ წვიმის შედეგად ჩნდებიან, საოცრად გამჭვირვალე წყალია. მათში თევზები, კუები და მოლუსკები ბინადრობენ, თუმცა მათი დანახვა მხოლოდ ზამთრის მიწურულს და ზაფხულის დადგომამდეა შესაძლებელი.

 

ფერადი უდაბნო აშშ-ში, არეგონის შტატში მდებარეობს და ვრცელი ბორცვებისგან, ზეგნებისა და ციცაბოფერდობებიანი ცალკეული მაღლობებისგან შედგება. ესაა მშრალი ტერიტორია მეტად მწირი მცენარეულობით, სადაც აქტიურად მიმდინარეობდა ეროზიული პროცესები. სახელი „ფერადი უდაბნო” მას აქ გავრცელებული სხვადასხვა ფერის დანალექი ქანების გამო ეწოდა, რომლებიც მკაცრი პეიზაჟის ფონზე კარგად მოჩანს. ფერადი უდაბნოს რელიეფს ხშირად ადარებენ ტორტს სხვადასხვა ფერად შეფერილ ფენებს. ფენების ფერთა გამა დანალექ ქანებში სხვადასხვა მინერალური ნივთიერებების შემცველებისა და მათი დალექვის სიჩქარის შედეგია.

 

2.6 კვ. კმ ფართობის უდაბნო კარკროსი ჩვენი პლანეტის ყველაზე პატარა უდაბნოა და კანადაში, იუკონის შტატში მდებარეობს. მშრალი კლიმატისა და ქარების შედეგად აქ ქვიშიანი დიუნები და გარემოსთან ადაპტირებული მეტად იშვიათი მცენარეულობა წარმოიქმნა. წინა საუკუნის 90-იან წლებში ადგილობრივ ხელისუფლებას სურდა უდაბნოდან ნაკრძალი შეექმნა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობისგან წინააღმდეგობას წააწყდა და განზრახვაზე ხელი აიღო.

მსოფლიოში ყველაზე დიდი თაბაშირის უდაბნო აშშ-ში ნიუ-მეხიკოს შტატში მდებარეობს. თაბაშირის დიუნებს აქ დაახლოებით 712 კვ.კმ. ფართობი უკავია. სხვა უდაბნოებისგან განსხვავებით აქ ქვიშა მართლაც შედარებით გრილია ზედაპირიდან დიდი აორთქლებისა და ტენიანობის გამო.

ეგვიპტეში მდებარე დაუსახლებელ შავ უდაბნოში ვულკანური წარმოშობის ბორცვები დიდი რაოდენობით წვრილი შავი კენჭებითაა დაფარული. თუ ერთ-ერთ რომელიმე ბორცვზე მაინც ახვალთ, თქვენ წინ განუმეორებელი პეიზაჟი გადაიშლება – ირგვლივ მთლიანად შავი ფერის ლანდშაფტია.

ბოლივიაში მდებარე უდაბნო სოლონჩაკ იუნიმ სრულიად შეიძლება შეცვალოს თქვენი წარმოდგენა უდაბნოს შესახებ. სინამდვილეში ის დამშრალი მარილიანი ტბაა, რომლის რელიეფი აბსოლუტურად ბრტყელია და ამასთან ისეთი დიდი და გამჭვირვალეა, რომ გეჩვენება თითქოს ცა ირეკლება და ცისფერის სხვადასხვა გამას ქმნის. ამ უდაბნოს მეორე მიმზიდველი ასპექტი სხვდასხვა ფერის მრავალი ტბაა, რომელთაც ეს ფერები მრავალფეროვანი მინერალების წყალობით მიიღეს.

სოლონჩაკ იუნის – დედამიწაზე ყველაზე დიდი მარილიანი უდაბნოს ფართობი 10 582 კვ.კმ-ია. აქაური მარილი დიდი რაოდენობით შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს, ლითიუმსა და მაგნიუმს. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით უდაბნოში დაახლოებით 10 მლრდ. ტონა მარილია, დაახლოებით 25 ათასი ტონას კი ყოველწლიურად მოიპოვებენ.

ნასას მონაცემებით ჩილეში მდებარე უდაბნო ატაკამა ყველაზე მშრალი ადგილია მსოფლიოში. იგი 50-ჯერ უფრო მშრალია, ვიდრე სიკვდილის ხეობა (კალიფორნია, აშშ). უდაბნოს ფართობი 105 ათასი კვ. კმ-ია და ძირითადად მარილისგან, ქვიშისგან და ლავური ნაკადებისგან შედგება. რეგიონში ნალექების საშუალო რაოდენობა წელიწადში 1 მმ-ია. ზოგიერთ მეტეოსადგურზე არასდროს დაფიქსირებულა არანაირი ნალექი. უდაბნოში ისეთი მშრალი ჰავაა, რომ ისეთ მაღალ მთებშიც კი, რომელთა სიმაღლე 6500 მ-ს აღწევს მყინვარები არ გვხდება.

 

თაკლა-მაკანი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქვიშიანი უდაბნოა. იგი მდინარე ტარიმის აუზში 270 ათას კვ. კმ-ზეა გადაჭიმული, მისი სიგრძე 1000 კმ-ია, ხოლო სიგანე – 400 კმ. უდაბნოს ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებს კვეთს აბრეშუმის გზის ორი ტოტი. 2008 წელს ჩინეთის ყველაზე დიდ უდაბნოში აღინიშნა დიდთოვლობა და ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

სიმპსონის, იგივე წითელი ქვიშის უდაბნო ავსტრალიაშია და მნახველს თავისი წითელი ფერის დიუნებით აოცებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სწორედ აქ მდებარეობს პარალელურად გადაჭიმული ყველაზე გრძელი დიუნები. მათ შორის ყველაზე ცნობილი დიუნაა Big Red, რომლის სიმაღლე 40 მ-ია. დიუნები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაა გადაჭიმული და მათი რიცხვი უდაბნოში 1100-ია. მიუხედავად მკაცრი კლიმატისა, აქ ხარობს მცენარე სპინიფექსი, რომელიც ამაგრებს ქვიშას და 180-მდე სახეობის ფრინველის, ასევე ხვლიკებისა და ჩანთოსნების საარსებო გარემოა. უდაბნო ეროვნული პარკის სტატუსს ატარებს და აქ ყოვეწლიურად ათასობით ტურისტი ჩამოდის. მათ არ აშინებთ აუტანელი სიცხე (ზაფხულში ტემპერატურა 50 გრადუსია), ქვიშიანი ქარიშხალი და გაუვალი გზები, თუმცა რამდენიმე ფატალური შემთხვევის შემდეგ ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილებით სიმპსონის უდაბნო განსაკურებით ცხელ პერიოდში დროებით იკეტება.

აფრიკის უდაბნო ნამიბია ყველაზე ძველი უდაბნოა დედამიწაზე. ატაკამის მსგავსად ისიც მშრალია. წელიწადში აქ 10 მმ ნალექი მოდის. ამიტომ მისი უზარმაზარი სივრცეები უნაყოფო და უდაბურია. მისი სახელი ადგილობრივი ნამას ხალხის ენიდან წარმოსდგება და ნიშნავს ”ადგილს, სადაც არაფერია”. სამაგიეროდ აქ შეიძლება ნახოთ მსოფლიოში ყველაზე მაღალი დიუნები, რომელთა სიმაღლეც 300 მ-ს აღწევს. უდაბნოში აღმოჩენილია ურანის, ვოლფრამისა და ალმასის საბადოები.


უზბეკეთისა და ყაზახეთისა ტერიტორიებზე მდებარე უდაბნო არალკუმი კი ყველაზე ახალგაზრდაა დედამიწაზე. არალის ზღვამ, რომელიც ფართობით ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მეოთხე ადგილზე იყო მსოფლიოს მლაშე ტბებს შორის, გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან თავისი ტერიტორიის 90% დაკარგა. ამის მიზეზი საბჭოთა კავშირის დროს განხორციელებული ირიგაციული პროექტები იყო, რის შედეგადაც არალკუმუს ფართობი გაიზარდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არალკუმუ ჩვენს პლანეტაზე ყველაზე შხამიანი უდაბნოა. პესტიციდები და სასუქები, რომლებითაც ოდესღაც ბამბის მოსავლიანობის გაზრდას და მავნებლებთან ბრძოლას აწარმოებდნენ, მდინარეების სირდარიასა და ამურდარის წყლების საშუალებით ტბაში ხვდებოდა. ახლა კი დამშრალი ტბის ადგილას დაგროვილი ეს შხამები მტვრის სახით ქარს საკმაოდ შორ მანძილზე გადააქვს, თვით უდაბნოს ფარგლებს გარეთაც კი. ეს ტოქსიკური ნივთიერებები თვით ანტარქტიდის პინგვინების სისხლშიც კი იქნა აღმოჩენილი.

ფართობით ყველაზე დიდი უდაბნო საჰარა ჩრდილოეთ აფრიკაშია და თავისი ტერიტორიის სიდიდით შეიძლება ევროპას ან აშშ-ს შევადაროთ. მისი ფართობი 9 მლნ კვ. კმ-ია და აფრიკის 11 ქვეყნის ტერიტორიაზე ვრცელდება. აქვე იქნა დაფიქსირებული დედამიწაზე ყველაზე მაღალი ტემპერატურაც +57,8 გრადუსი ცელსიუსი. საჰარაში ყოველწლიურად დაახლოებით 160 მირაჟი შეინიშნება. მოგზაურებისთვის სპეციალური რუკაც კი არის შედგენილი, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია გავიგოთ, რომელ ადგილას შეიძლება დიდი ალბათობით დავინახოთ ჭის, პალმების ხეივნის, ოაზისების ან ქედების მირაჟები.

ანტარქტიდა ყველაზე ცივი უდაბნოა დედამიწაზე. 1983 წელს სწორედ აქ აღინიშნა ყველაზე დაბალი ტემპერატურა-89°С, რაც რეკორდული მაჩვენებელია. უდაბნო ტენიანია, თუმცა არა ატმოსფერული ნალექების გამო. მის ტენიანობას აქ არსებული ყინულის საფარი განაპირობებს, რომელსაც კონტინენტის 98% უკავია. სიცივის გამო აქ ნალექი ცოტა მოდის, რის გამოც ანტარქტიდა სამართლიანად ითვლება ყველაზე ცივ უდაბნოდ.

„გარდატეხის ასაკი“

0

„ბავშვების აღზრდა სრულად არის დამოკიდებული იმაზე,

თუ როგორ ექცევიან მათ უფროსები და არა იმაზე, თუ რა

დამოკიდებულება აქვთ უფროსებს აღზრდის მიმართ“

ჰილბერტ ჩესტერტონი (ინგლისელი მწერალი).

 

„გარდატეხის ასაკი“ – ამ წერილს შეგნებულად შევურჩიე ასეთი სათაური, რადგან აღნიშნული ტერმინი, ვფიქრობ, გასაგებია, როგორც მშობლებისათვის, ასევე სხვადასხვა სააღმზრდელო დაწესებულებებში მომუშავე სპეციალისტებისათვის, მასწავლებლებისათვის და უბრალოდ ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებებით დაინტერესებული მკითხველებისათვის.

„გარდატეხის ასაკის“ კრიზისი, ისევე, როგორ ნებისმიერი სხვა კრიზისი – არ არის რაღაც სტიქიური უბედურება, ის მხოლოდ განვითარების აუცილებელი ეტაპია, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლის. მაგრამ შესაძლებელია მისი სასიკეთოდ გამოყენება!“ (ე. შევჩენკო; ნაწყვეტი წიგნიდან: „ხუთი საუკეთესო საშუალება, რათა ვიცხოვროთ სიმშვიდესა და სიყვარულში“).  უმრავლეს შემთხვევებში მშობლებისთვის საჭიროა საკუთარი ქცევების შეცვლა. ანუ, მშობელმა უნდა დაიწყოს საკუთარ შვილთან ერთად ზრდა, რათა გახდეს სრულფასოვანი მშობელი“. ეს მოსაზრება ძალიან მომეწონა და მართლაც, მოდით, ვცადოთ, გავხდეთ „ზრდასრული უფროსები“.

„გარდატეხის ასაკის“ თავისებურებებზე უამრავი ლიტერატურა არსებობს, რაც ყურადღებიან უფროსებს შესაძლებლობას აძლევს აღიჭურვონ ცოდნით და მიიღონ მათთვის საჭირო პრაქტიკული რჩევა-დარიგებები.

თავად მოზარდები, ვფიქრობ, ნაკლებად უთმობენ დროს ამ საკითხის შესწავლას და ამიტომ მათთვის ამ პერიოდში მიმდინარე პროცესები სრულიად მოულოდნელი და გაუგებარია. მოზარდები იბნევიან, მათ ვერ გაურკვევიათ, საიდან მოდის:

  • ცუდი ხასიათი;
  • მოულოდნელი ცრემლები („რა მჭირს? რა მემართება? ადრე სულაც არ ვიყავი ასეთი გულჩვილი“);
  • გაღიზიანება და მოულოდნელი „აფეთქებები“ („მე ხომ წყნარი და მშვიდი ტიპი ვიყავი? ახლა უცებ ისე ავყვირდები, საკუთარ ხმასაც ვეღარ ვცნობ“);
  • ყველაზე და ყველაფრის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება („მე ხომ ჩემები ძალიან მიყვარდა? ახლა რა ხდება ვერ ვიგებ, ყველას ვეუხეშები. იმ დღეს პატარა და ისე ვატირე…“)

 

სწორედ, საკუთარი შინაგანი სამყარო აშინებს ამ ასაკში მოზარდს. და ამ შიშს ჰქვია: არაპროგნოზირებადი,  გუნება-განწყობის მკვეთრი ცვლილება; მოულოდნელი გარდაქმნა ყველასა და ყველაფრისადმი დამოკიდებულებაში. მოზარდი აცნობიერებს საკუთარ თავში უმართავ ძალებს და აშინებს ამ ძალების სიღრმე და სიძლიერე. ამ ყველაფერს კიდევ ემატება მშობლების/უფროსების მხრიდან ვერგაგება და უკმაყოფილება. ამიტომაც არის, რომ მოზარდებს ხშირ შემთხვევაში ურჩევნიათ დაიმალონ, საკუთარ თავში ჩაიკეტონ.

 

ამ დროს მშობლები, როგორც წესი, იწყებენ გამოკითხვას:

 

  • „რა გჭირს? რა გემართება?
  • შენ ხომ ადრე ასეთი არ იყავი?
  • საერთოდ ვეღარ გცნობთ, აი მასწავლებლებმაც გვისაყვედურეს, რომ შეიცვალე და სკოლაშიც ცუდად იქცევი; შენს ნიშნებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, სრულიად აიღე ხელი სწავლაზე“;
  • მთელი ღამეები არ გძინავს, სულ ინტერნეტში ზიხარ;
  • მარტო ჩვენ კი არა, ვერავინ ვეღარ გცნობს, ყველას თავს არიდებ;
  • ვიღაც გაურკვეველ ტიპებთან დაიწყე მეგობრობა;
  • წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, როგორ ვნერვიულობთ ჩვენ შენზე? არა, რაში გაინტერესებს, ჩვენი განცდები, შენ მხოლოდ საკუთრი თავი გაღელვებს;
  • რამდენიც არ უნდა გელაპარაკო, მაინც შენსას აკეთებ, საერთოდ აღარ მისმენ.

 

ვფიქრობ, ნაცნობი ფრაზებია. ამ ფრაზებს უფროსები არცთუ იშვიათად ხმამაღლა და გაღიზიანებით წარმოთქვამენ, რითაც მოზარდს კიდევ უფრო უმტკიცდება იმის განცდა, რომ ის ახლობელი ადამინებისათვისაც კი  უცხო და მიუღებელი გახდა. მისი აღარავის ესმის.

განვაგრძოთ, მოვლენებზე თვალის დევნება და ადვილად მივხვდებით, რომ ასეთ ვითარებაში ნებისმიერი მოზარდი, მიუხედავად იმისა, რთული ხასიათი აქვს თუ არა, იდეალისტად მიიჩნევს თავს თუ რეალისტად, სერიოზულია თუ ხუმარა, ინტელექტუალია თუ არა, მორცხვია თუ თამამი, გულწრფელია თუ ნაკლებად გულწრფელი, მშვიდია თუ შფოთიანი, მაინც დაიწყებს გარეშე პირის ძიებას, რომელსაც ყველაფერს მოუყვება და ისიც გაუგებს, უთანაგრძნობს. იქნებ რამე სასიკეთოც ურჩიოს. სწორედ ამიტომ ცდილობენ მოზარდები უფრო მეტად იყვნენ სახლიდან შორს, სხვა ადამიანებთან. იწყება მეგობრების, კეთილის მსურველების ძიება და ზოგ შემთხვევაში, სამწუხაროდ,  შესაძლებელია არცთუ ისე სახარბიელო წრეში აღმოჩნდნენ.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ არის მომენტები, როდესაც ყველაზე უკეთესი, რაც მშობელს შეუძლია გააკეთოს – ეს არის მოზარდისთვის თავის დანებება.

უკვე მივხვდი, რომ ამის წაკითხვისას მრავალი მშობელი შეეწინააღმდეგება, ე.წ. „თავის დანებების ტაქტიკას“.

  • „თქვენთვის ადვილი სათქმელია“;
  • „რამე რომ მოხდეს? ეშმაკს არ სძინავს“;
  • „ვცადე რამოდენიმეჯერ, მაგრამ ისე ვნერვიულობ, არაფრით გამომდის“.

 

გეთანხმებით, მაგრამ ხომ იცით: რომ „აკრძალული ხილი უფრო გემრიელია?“ და ამიტომ  უნდა ითქვას, რომ ნებისმიერმა აკრძალვამ ამ ასაკის მოზარდისათვის სრულიად შესაძლებელია მაპროვოცირებელი როლი ითამაშოს და სურვილი გაუჩინოს მას, დაარღვიოს აკრძალვა. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი გარემოება, აკრძალვები კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს უფსკრულს უფროსებსა და მოზარდს შორის.

ხშირად მითქვამს, რომ ბავშვის მიმართ გამოჩენილი ზრუნვა და კონტროლი უნდა იყოს დაბალანსებული და არცერთმა არ უნდა გადაწონოს მეორე. „გარდატეხის ასაკში“, კი გაცილებით მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ მოზარდთან ურთიერთობა. ასეთ დროს ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ დაპატიჟოთ თქვენი შვილის მეგობრები სახლში სტუმრად და გაიცნოთ ისინი, იმის ნაცვლად, რომ უსაყვედუროთ მას მეგობრებთან ხშირი ურთიერთობების გამო და გამუდმებით ეჭვქვეშ დააყენოთ მათი ღირსებები. ესაუბრეთ თქვენი შვილის მეგობრებს, ეცადეთ მათ თვალშიც გაიძლიეროთ ავტორიტეტი და ამით საკუთრი შვილის თვალშიც მეტ ნდობასა და ავტორიტეტს მოიპოვებთ.

ვცდილობ, უფროსებს დავანახვო, რომ სწორედ მათი თანაგრძნობა, ყურადღება, დახმარება, ზომიერი ზრუნვა, და არა ჰიპერმეურვეობა, არის ის, რასაც შეუძლია სიტუაციას სასიკეთოდ შეცვლა. ამ თემაზე დაწერილ ლიტერატურაში აუცილებლად ამოიკითხავთ, რომ ამ დროს მთავარია, დაეხმაროთ თქვენს მოზარდს გააცნობიეროს, თუ რა ხდება მის თავს და რომ მსგავსი რამეები არის სრულიად ნორმალური და ბუნებრივი. მნიშვნელოვანია მის გვერდზე ყოფნა, რათა მოზარდმა სიმშვიდე და სულიერი წონასწორობა აღიდგინოს. მნიშვნელოვანია, გააცნობიერებინოთ მას, რა და რატომ ხდება მის ცნობიერებაში.

შეეცადეთ, ავუხსნათ თქვენს მოზარდ შვილებს, რომ, როდესაც რაღაც გაურკვეველს, უცხოს აწყდებიან, მაშინ იბნევიან, თითქოს სიბნელეში აღმოჩნდებიან და იმის ნაცვლად, რომ ხელების ცეცებით ეცადონ გარემოში ორიენტირებას, ყოველთვის შეუძლიათ დახმარება ითხოვონ და მიიღებენ კიდევაც მას გამოცდილი უფროსებისაგან, რომლებსაც კარგად ახსოვთ ის დრო, როდესაც მსგავს სიტუაციაში თავად აღმოჩნდნენ. ახსოვთ, როგორ მარტოსულად გრძნობდნენ თავს და ეგონათ, რომ ეს „კოშმარი არასოდეს დასრულდებოდა“.

უფროსებს ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ მოზარებს ამ ასაკში არა მხოლოდ საკუთრი ხასიათობრივი თუ მსოფმხედველობრივი ცვლილებები აფრთხობთ და აღიზიანებთ, არამედ მათ შესაძლებელია უფრო მეტად სხეულებრივი ცვლილებები ანერვიულებდეთ. დაკვირვებულ მშობლებს უთუოდ შეუნიშნავთ სარკის წინ საათობით მოტრიალე შვილები, რომლებიც უკმაყოფილოდ შესცქერიან საკუთარ ანარეკლს. ეს ცვლილებები მოზარდებში სერიოზული სტრესის და იმედგაცრუების საბაბი შეიძლება გახდეს, მით უფრო, რომ, სავარაუდოდ, ის შეიძლება „უიმედოდ იყოს შეყვარებული“.

აქ კიდევ ერთხელ დავაყენე საკუთარი თავი ჩემი მკითხველის ადგილას: „თქვენთვის ადვილია, თქვენ ხომ ფსიქოლოგი ხართ და, ესე იგი, ჭკუის სწავლებას შეჩვეული“.

სამაგიეროდ, თქვენ ხართ მშობლები/აღმზრდელები, რომლებსაც ძალიან გიყვართ საკუთარი შვილები და გსურთ, რომ თქვენმა შვილებმაც იცოდნენ ეს. ვიცი, რომ არის მომენტები, როცა ფიქრობთ, რომ თქვენს მოზარდ შვილს ეჭვი ეპარება თქვენს სიყვარულში, რადგან ზოგჯერ „ნერვები აღარ გყოფნით“ და საყვედურობთ, ხანდახან უყვირით კიდეც მას. მართლაც ძალიან რთულია, უყურო საკუთარ მოზარდ შვილს, რომელიც გამუდმებით გეუხეშებათ, აღარ გიჯერებთ და საერთოდაც ისე შეიცვალა, რომ ვეღარც კი ცნობთ. ასეთ წუთებში ფიქრობთ, რომ ძალიან ცუდ დღეში ხართ, საკუთარი თავი გეცოდებათ და აღარ იცით, როგორ მოიქცეთ.

სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი შესაბამისი სპეციალისტების დახმარება, რათა შეძლოთ შედარებით მაინც შეინარჩუნოთ სიმშვიდე. სიმართლე ის გახლავთ, რომ თქვენზე კარგად ვერავინ დაეხმარება თქვენს შვილს და სწორედ თქვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად იქნებით მზად, იცხოვროთ დროებით შეცვლილ რეალობაში. აუცილებელია იფიქროთ, რომ თქვენს შვილს ამ ეტაპზე თქვენზე მეტად უჭირს და მხარდაჭერა სჭირდება. ის უნდა გაიზარდოს, გადალახოს ასაკობრივი სირთულეები და აღიდგინოს დარღვეული წონასწორობა.

 

 

 

 

როგორ ვასწავლოთ ლექსები

0

მაშინ მეშვიდე კლასში იყვნენ. გალაკტიონის ლექსი უნდა მესწავლებინა, „მამული“. ზარი დაირეკა, შემოვიდნენ, კარგა ხანს იწრიალეს და აშრიალეს წიგნები და რვეულები, ბოლოს ძლივ-ძლივობით რომ მოწესრიგდნენ და შემიმჩნიეს, აბა, ყველამ დავხუჭოთ თვალები- მეთქი. ჯერ ეჭვის თვალით შემომხედეს, ხომ არ მოგვესმაო, რომ გავიმეორე, გაუბედავად და რიგრიგობით დაიწყეს თვალების დახუჭვა. მაგრამ წამის მერე რომ გადავავლე თვალი, თექვსმეტივეს მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა დახუჭული, მეორეთი ისევ მე მომჩერებოდნენ. მესამეჯერ გავიმეორე დავალება და დამმორჩილდნენ. მეც თვალდახუჭულმა დავიწყე: წარმოიდგინეთ, სოფელში ხართ,შემოდგომაა, გარშემო ყველაფერი ფერადია: მწვანეა, წითელ – ყვითელი, ყავისფერი, ზაფრანისფერი…ადრიანი დილაა, სისხამი, მზე ძლივსაა ამოწვერილი და ჩიტების ხმა ავსებს ჰაერს, გამოდიხართ სახლიდან…ფეხშიშველი, სასიამოვნო და ცოტა დამბურძგლავ სიგრილეს გრძნობთ, ასე ფეხშიშველი გადიხართ მინდორში,რომელიც ან ეზოშია, ან იქვე ვენახის პირასაა… რა შეიძლება, იგრძნოთ ამ დროს – მეთქი. ისე გაყუჩდნენ ეს აცმუკებული მეშვიდეები, ცოტა ხანს კაშპიროვსკი მეგონა თავი ( გემახსოვრებათ ,,ძველებს“ ) და სათითაოდ ალაპარაკდნენ: რომ ეს იქნებოდა უცნაური, ტკბილ – მწარე სიამოვნება, გამომაფხიზლებელი,შემაჟრჟოლებელი, მთელ სხეულს დაივლიდა, უკეთესად შეგრძნობდნენ დილისა და მიწას და ა.შ. და ა.შ. ეს გარდასახვა გალაკტიონის სტრიქონების ერთგვარი პრელუდია იყო: ,,ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველმა არ გავიარე, რაა მამული?!.“ წლები რომ გავიდა, სკოლა რომ დაამთავრეს და მეგობრებად რომ დავრჩით, ერთ დღესაც ერთ-ერთ მათგანთან ერთად დილის ბულვარში ვსეირნობდი, ბალახზე ფეხშიშველა მოსიარულე ადამიანის დანახვაზე უსიამოვნო შეგრძნებისგან გამაჟრჟოლა, ნეტა როგორ დადის ასე ფეხშიშველი – მეთქი და გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა: თქვენ რა, არასოდეს გაგივლიათ ბალახზე ფეხშიშველსო?!!! და მაშინვე ის „სეანსი“  გამახსენა. გამიხარდა, რომ ახსოვდა და არ მესიამოვნა, „ ტყუილში“ რომ გამომიჭირა წლების მერე.

ჩემს ბავშვობაში ადვილი იყო ლექსების სწავლება, ყველა მათგანი ზეპირად უნდა გვესწავლა და იდეურ- მხატვრული ანალიზი დაგვეწერა. არადა, უკვე მერამდენე წერილში აღვნიშნავ, რომ ძალიან რთულია, ბავშვს ასწავლო და შეაყვარო პოეზია. ზოგადად, მგონია, რომ პოეზიის შეგრძნება ძალიან სპეციფიკურია და მუსიკის სიყვარულს ჰგავს – ბევრი უსმენს, მაგრამ ცხოვრების ნაწილი, ყოველი წუთისა და წამის ამავსებელი მხოლოდ ზოგიერთისთვისაა. მაგრამ პოეზიის მოყვარულები, ალბათ, უფრო ცოტანი არიან.

ჩვენი ვასიკო კეჟერაძე ძალიან კარგად ხსნის პოეზიის ამ თავისებურებას და პოეზიისადმი ქართველების დამოკიდებულებასაც აღნიშნავს: მე მაინც ვცდილობდი, ბოლომდე არ მეგრძნობინებინა თქვენთვის, მისალოცთათვის, ჩემი უპირატესობა და პოეზიაზე კრინტიც არ დამცდენია  – გიფრთხილდებოდით… ეს იმიტომ რომ, ჩვენი პაწია საქართველო მსოფლიოს პოეზიურ რუკაზე ერთერთი დიდი, ძლევამოსილი სახელმწიფოა…

 ჯონ სტაინბეკი ოდესღაც საქართველოში რომ ყოფილა, ჩაუწერია: ქართველებისთვის პოეზიის სიყვარული ტრადიციაა და ამ სიყვარულის ნაკლებობა ლამის დანაშაულად მიიჩნევაო.

ვასიკოც და ჯონიც აშკარად მიგვანიშნებენ მასწებს, აუცილებლად უნდა ასწავლოთ და შეაყვაროთ ბავშვებს პოეზიაო.

მე ჩემ მიერ მიგნებულ რამდენიმე მოკრძალებულ მეთოდს შემოგთავაზებთ:

 

  • ლირიკული გმირის ემოციური პორტრეტის შექმნა -მოსწავლეები არ განმარტავენ შინაარსს ან მხატვრულ სახეებს, არამედ მხოლოდ ლირიკული გმირის ხასიათის, განწყობის,ემოციის ამოცნობას ცდილობენ. ეძებენ სიტყვებს,რომლებიც რომელიმე ემოციაზე მიანიშნებს. ემოციების ამოკითხვა არ არის ადვილი საქმე. გაუჭირდათ და ამიტომაც მათთვის ძალიან ნაცნობი სივრციდან „ სმალიკები“ დავიხმარეთ. რომელ სტრიქონთან, რომელ ფრაზასთან რომელ სმაილიკს გამოიყენებდნენ, უნდა მიეწერათ. ამან ძალიან სახალისო გახადა პროცესი და ასე სმაილიკებმიწერილი ლექსის მიხედვით ლირიკული გმირის ემოციური პორტრეტის შექმნა აღარ გაუჭირდათ.
  • სტრიქონების გამოფენა – ირჩევენ ლექსიდან მათთვის საინტერესო, ბევრის მთქმელ ან ყველაზე ლამაზ ორ სტრიქონს და ხატავენ. დანარჩენები ცდილობენ, ამოიცნონ, ლექსის რომელი სტრიქონები აირჩია ავტორმა. ამოცნობის მერე თითოეული მოსწავლე განმარტავს,რატომ ამოირჩია ესა თუ ის სტრიქონი და რა დაინახა მასში განსაკუთრებული. ეს მეთოდი სხვანაირადაც შეიძლება. ლექსის დანაწევრებულ სტრიქონებს მასწავლებელი პატარა ყუთში ათავსებს, თითოეული მოსწავლე იღებს ერთ სტრიქონს, ხატავს და თან დაურთავს მოკლე წერილობით ტექსტს, რა დაინახა ამ კონკრეტულ სტრიქონში. ეს დავალება შეიძლება იყოს საკლასოც და საშინაოც. სწორედ ამ მეთოდით აღმოვაჩინე ჩემთვის უცნაური რამ: გალაკტიონის ლექსის ,,ატმის რტოო,დაღალულო რტოოს“ დამუშავებისას -მოსწავლეების უმეტესობამ აყვავებული ატმის რტოების მაგიერ, ატმებით დახუნძლული ტოტები დახატა, ხოლო „ ყვავილების ტბორში“, ჩვეულებრივი მინდვრის ყვავილები იგულისხმა. მათ ვერ წარმოიდგინეს აყვავებული ატმის რტოები.
  • ლექსის ემოციური რუკა: მხოლოდ სახელწოდებით ჰგავს პირველ მეთოდს. ვკითხულობთ ლექსს რამდენჯერმე,გამართულად,შესბამისი იტონაციით, რომ ემოციების ამოკიტხვა არ გაუჭირდეთ. მხოლოდ ზოგადად განვიხილავთ და ვავალებ ბავშვებს, დააკვირდნენ ლექსში გადმოცემულ ემოციებს და ნებისმიერი ფორმით ეცადნონ ამ ემოციების გადმოცემას: ნახატი, აპლიკაცია, სიტყვების რუკით, სხვადასხვა ნივთის პრეზენტაციით …
  • პროზაული ნაწარმოების შექმნა ლექსის მიხედვით – თუკი ოდნავ მაინც სიუჟეტური ლექსის სწავლა უწევთ, ძალიან საინტერესოა, დაწერონ ნოველა, მოთხრობა, მინიატურა მოცემული ლექსის თემაზე,რომელიც მსგავსი ემოციებითა და განწყობით იქნება გაჟღენთილი.რა თქმა უნდა, მოსწავლეს აქვს უფლება თავის ინტერპრეტაციაც შეიტანოს და თავის პროზაულ ნაშრომში ისაუბროს ისეთ რამეებზე, რაც ლექსში სულაც არაა ნახსენები… მაგალითისთვის: ძალიან საინტერესო ნაშრომები გამოუვიდათ ბავშვებს გალაკტიონის ლექსზე ,,კარალეთის დღეები“ ამ მეთოდით მუშაობისას, რადგანაც ამ ლექსის ერთგვარი იდუმალი სიუჟეტი ყველამ სხვადასხვანაირად გაიაზრა. ამ სიუჟეტის ინტერპრეტირება და სხვა სამოსლით შემოსვა,ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მათთვის.
  • უფროსკლასელებში საინტერესოა მხატვრულ სახეებზე მუშაობა. მოსწავლეები იწერენ მასწავლებლის მიერ მითითებულ მხატვრულ სახეებს და თავიანთი ფანტაზიითა და ინტერპრეტაციით ცდილობენ, ახსნან. ძალიან საინტერესო პროცესია მათი ნაწერების ერთმანეთთან გაცნობა. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს,ასე დანაწევრებული ლექსი ძალიან ადვილად მთლიანდება და მოსწავლე ლექსის მთლიან ხატსაც ძალიან კარგად აღიქვამს.
  • შემდეგი მეთოდიც უფროსკლასელებისთვისაა განკუთვნილი და არა მარტო პოეზიის გათავისებაში ეხმარება, არამედ მედიაწიგნიერებისა და ციფრული წიგნიერების აუცილებელ უნარებსაც უმუშავებს მათ. ბავშვებს ვავალებთ, PowerPoint -ში მოამზადონ ლექსის ერთგვარი ანალიზი – მათი თვალით დანახული ლექსი. მათ შეუძლიათ ემოციების გადმოსაცემად გამოიყენონ ილუსტრაციები, ნახატები,ფოტოები, სლაიდებზე გადაიტანონ ამონარიდები ლექსიდან შესაბამის ნახატთან ერთად, გამოიტანონ სლაიდებზე მათთვის საინტერესო მხატვრული სახეები, გაავლონ პარალელები ლექსაა და პოეტის ბიოგრაფიას შორის, სხვა ადამიანთა ნააზრევიდან ამოკრიბონ ამონარიდები, რომლებიც ლექსის განწყობას ეხმიანება, გაავლონ პარალელები იმავე ავტორის ან სხვა პოეტის ლექსებთან, განწყობა და ემოციები გამოხატონ ერთგვარი სიმბოლოებით და აუდიტორიას ამოცნობის საშუალება მისცენ, დასვან საინტერესო შეკითხვები – ამით აუდიტორიის გააქტიურებას მოახერხებენ  და ეს ყველაფერი სლაიდების დახმარებით. შესაძლებელია, პრეზენტაციას დაურთონ შესაბამისი განწყობის მუსიკაც ან პატარა ვიდეოც, თუკი ასეთს მოიპოვებენ. ამ მეთოდით, მაგალითად, ძალიან კარგად იმუშავეს ვაჟასა და ბარათაშვილის ლექსებზე.

 

ამ ჩამონათვალს ჩემთვის დაურღვეველ კანონებსაც დავურთავ და დავასრულებ:

კანონი N 1 – აუხსენით ბავშვს, რომ ზეპირად ნასწავლი ლექსი მეტ სიამოვნებას ანიჭებს მთქმელს და უკეთესად ხიბლავს და ატკბობს მსმენელს ( თვითონვე აჩვენეთ მაგალითი) და პარალელების გავლებისასაც უკეთ გაახსენდებათ, მაგრამ აუცილებლად დაუტოვეთ არჩევანი.

კანონი N2 –  ნურასოდეს აქცევთ დასჯის ფორმად ლექსის ზეპირად სწავლას.

კანონი N 3 – ნუ დაღლით ბავშვებს ლექსებით, შიგადაშიგ პროზა მიაშველეთ.

კანონი N 4 – ნუ წააქეზებთ ბავშვს, რომ ლექსი ხელების გაშლითა და ომახიანად უნდა წაიკითხოს. მთავარია, შესაბამისი ინტონაცია შეარჩიოს და ეცადოს,ამ ინტონაციით გადმოსცეს ლექში დამწყვდეული ემოცია.

 

მაია მენაბდე

ტრაგიკული ,,ბოლო ზარი” -ვინ აგებს პასუხს ,,ბოლო ზარის” დროს მოსწავლისთვის მიყენებულ ზიანზე?

0

,,ბოლო ზარის” დღეს მასწავლებლებმა მოსწავლეები გარდაცვლილი თანაკლასელის სასაფლაოზე წაიყვანეს. გზად სატვირთო ავტომობილი გააჩერეს, რომლის მძღოლიც ,,ნასვამი” იყო. მასწავლებლებმა მოსწავლეები სატვირთო ავტომობილის ძარაზე შემოსვეს.

 

მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, ავტომობილი გადაბრუნდა და ერთ-ერთი მოსწავლე ქვეშ მოიყოლა. მან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო.

 

ეს ამბავი 1996 წელს მოხდა. უზენაესმა სასამართლომ კი ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილება 2013 წელს მიიღო.

 

ვინ უნდა აგოს პასუხი მოსწავლისთვის მიყენებული მატერიალური თუ მორალური ზიანის გამო? მასწავლებლებმა? სკოლამ? განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ? ამ კითხვებს უზენაესმა სასამართლომ უპასუხა.

 

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პედაგოგები მოქმედებდნენ, როგორც სამინისტროს სისტემის დასაქმებული პირები და არა როგორც ფიზიკური პირები. სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების შედეგად დამდგარ ზიანად კი მიიჩნევა ისეთი ზიანი, რომელიც დადგა პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქმედებების განხორცილების ან სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტების დროს. როგორც წესი, უფლების გადამეტებისას ხდება ზიანის მიყენება. უფლებამოსილების გადამეტება, გაუფრთხილებლობა ადასტურებს სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევას და არ ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში თანამშრომელი მოქმედებს როგორც კერძო პირი.

 

სასამართლოს განმარტებით, სამინისტრო თავის მიზნებს აღწევს თავისი სისტემის თანამშრომლების საქმიანობის მეშვეობით, რომელთა მოქმედება სამინისტროს მოქმედებად ითვლება. პედაგოგების ქმედება კი უკავშირდებოდა სასწავლო პროცესის დასრულებას. სკოლის დამამთავრებელი კლასის  მოსწავლეების სკოლის ტერიტორიის გარეთ პედაგოგებთან ერთად გასვლა თავისთავად გულისხმობდა პედაგოგების ვალდებულებას, გამოეჩინათ წინდახედულება, სიფრთხილე, ეზრუნათ მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. პედაგოგების ქმედება არის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განხორციელებული, მიუხედავად იმისა, რომ ზიანი სკოლის ტერიტორიის გარეთ დადგა.

 

სასამართლოს დასკვნით, სკოლა, რომელშიც დასაქმებული იყვნენ პედაგოგები, სამინისტროს სისტემაში შემავალი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო. ამიტომ, სასამართლოს მტკიცებით, პედაგოგთა მიერ მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებელი არის სამინისტრო.

 

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან. პედაგოგთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მოსწავლეები სკოლის ტერიტორიის გარეთ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომობილის ძარაზე აღმოჩნდნენ, სადაც  არ იყო უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. ავტომობილი არ იყო განკუთვნილი მგზავრთა გადასაყვანად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეექმნა მნიშვნელოვანი საფრთხე, მოსწავლეს კი მიადგა მძიმე მატერიალური და მორალური ზიანი.

 

საინტერესოა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ნაწილში, რადგან ის ხანდაზმულად ცნო. თუმცა, იმსჯელა მორალური ზიანის ნაწილზე. კერძოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ხანდაზმული  არ არის, რადგან მორალური ზიანის მიყენება არ უკავშირდება უშუალოდ ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების მომენტს. მორალური ზიანი შესაძლოა მოგვიანებით სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად დადგეს. ეს ფაქტორები შეიძლება იყოს – მკურნალობის უშედეგობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რიტმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობა, ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვიული დაძაბულობა, არასრულფასოვნების კომპლექსის განვითარება და სხვა ფაქტორები.

 

კანონით არ არის განსაზღვრული მორალური ზიანის ოდენობა. მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და მრავალ სხვადასხვა პირობაზეა დამოკიდებული. მის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დელიქტით გამოწვეული მძიმე შედეგი. რადგან, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არის ადამიანის აბსოლუტური უფლება და სამართლებრივი დაცვის საგანი, ხოლო მიღებული ტრავმების შედეგად დარღვეულია მოსარჩელის ორგანიზმის მნიშვნელოვანი ფუნქციები, რამაც გამოიწვია მისი შრომის უნარის დაკარგვა, ყოფა-ცხოვრების არსებითი გაძნელება, თვითრეალიზებისა და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობის მკვეთრი შემცირება, სასამართლომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დააკისრა ზიანის ანაზღაურება 50.000 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილების მიღების დროს, უზენაესმა სასამართლომ მსგავს საქმეებზე ზიანის ოდენობის განსაზღვრის სასამართლო პრაქტიკაც გაითვალისწინა.

 

ამ გადაწყვეტილების შესახებ შესაძლოა განსხვავებული მოსაზრებები არსებობდეს, რადგან სკოლა ავტონომიური დაწესებულებაა, საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც, დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში, დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას. მაგრამ, ფაქტია, ეს არის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც იქმნება სასამართლო პრაქტიკა და ის, გარკვეულწილად, გავლენას ახდენს შემდგომ გადაწყვეტილებებზე მსგავსი საქმეების შემთხვევაში.

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...