სამშაბათი, ივნისი 17, 2025
17 ივნისი, სამშაბათი, 2025

გამოტოვებული ზარების სევდა

0

ხმა გამორთულია და შარვლის ჯიბეს ვიბრაცია მიწვავს. ეკრანს დავხედე. დათო კახაბერი მირეკავს. დადიანების სასახლის საგამოფენო დარბაზში გიდი წარსულის ამბებს ჰყვება – ტკბილად, ემოციურად, სხაპასხუპით, თითქოს ძალიან უნდა, არც თვითონ გამორჩეს და არც ჩვენ გამოგვატოვებინოს საზეპიროები ისტორიიდან.

ვუპასუხო თუ არ ვუპასუხო? კარგი, არა უშავს, ხუთ წუთში გადავურეკავ. აქედან გავალ თუ არა, მაშინვე გადავურეკავ. ეკრანს დავცქერი და თან ექსპონატებსაც ავხედავ ხოლმე, ხანაც ჩემი სტუმრისკენაც გავაპარებ თვალს – რაც თავი მახსოვს, იმდენჯერ და იმდენ ადამიანთან ერთად მოვსულვარ, წესით მოყირჭებული უნდა მქონდეს აქაურობა, მაგრამ აი, ის მიყვარს: ემოციებზე დაკვირვება. როგორ დაიმუხტება, აინთება, რას გაიფიქრებს და მერე იტყვის (ან არ იტყვის), რა შეეტყობა და რას გამოხატავს, განცვიფრდება თუ დაიბნევა, რამე აზრიანს იტყვის თუ უცნაურ შეკითხვას დასვამს, როგორც ერთ გოგოს დაემართა, როცა სოფ. თაგილონთან აღმოჩენილ კოლხური ცულის ყალიბზე იკითხა, – ეს ეკატერინე ჭავჭავაძის დროინდელია?

ეკრანს დავყურებ. ზარი არ შემოდის და შემომავალი ზარების მწკრივში წითლად მოჩანს გამოტოვებული ზარი. ეზოში რომ ჩავალ, დავურეკავ. აუცილებლად. ვინ იცის, რა უნდოდა. ბოლოს რომ ველაპარაკე, – მოემზადე, პაპა, პრუსტის „გერმანტები“ უნდა ვთარგმნოო, ერთი-ორი პატარა საქმე და მერე შევუდგებიო.

ვურეკავ. ზარი წყდება. არა, გამორთული არა აქვს, ალბათ სიხშირის პრობლემაა. ისევ ვურეკავ. ისევ წყდება. დადიანების ეზოში ვართ. სანამ თბილისისკენ დავეპირებით, სტუმარ-მასპინძლები ერთმანეთს სიტყვას ვუცვლით – ისეთი ამბავია, თითქოს ყველაზე მნიშვნელოვნი რაღაცის თქმა რომ გევალება და ამ დროს ყველაზე ჩვეულებრივ რამეზე ლაპარაკობ: ამინდზე და პარტიების დაპირისპირებაზე, რომელმაც ოჯახები ერთმანეთს გადაჰკიდა; შიგადაშიგ საჭირო და აპრობირებულ წინადადებებს შევურევთ ხოლმე: „დიდი ხანია ტელევიზორისთვის არ შემიხედია, ან რას უნდა უყურო – კინკლაობას, სკანდალს თუ დაცინვას? გამასხრებული ჰყავთ მოხუცები, ბავშვები და უზნეო ქალების ვალიდან ხომ ვერ ამოვედით ჯერ კიდევ, დროდადრო მფარველი ანგელოზებივით რომ გამოჩნდებინ ეკრანზე ჭკუის დამრიგებლად“.

თბილისში გვიან ღამით ჩავდივართ. რამდენიმედღიან დაჭიმულ რიტმში გამოღლილი ტანსაცმლის გამოცვლას ვასწრებ და სამსახურში დაგეგმილი შეხვედრების წყებას მთელი დღის განმავლობაში ვუმკლავდები. შინ საღამოხანს მისულს მკვდარივით მეძინება. ნაშუადღევის სადილობისა და ბავშვებთან თამაშის შემდეგ, ლეპტოპს ვხსნი. მანონ ბულისკერიას თავის გვერდზე დათო კახაბერის ფოტო უდევს და… გამოსამშვიდობებელი ტექსტი. ღმერთო, რა ხდება?! ფოტოს ვუყურებ, მერე ტელეფონს ვიღებ და შემომავალი ზარების მწკრივში გამოტოვებულ ზარებს დავცქერი. ისევ ფოტოს ვუყურებ და მის ქვეშ გაჩენილ სამძიმრის კომენტარებს – ერთს, მეორეს, მესამეს… ღმერთო, ეს როგორ დამემართა! რისი თქმა უნდოდა?! ვდგები და ოთახიდან ოთახში დავბორიალობ იმის გასააზრებლად, რომ ადამიანი, რომელიც გუშინ თუ გუშინწინ მირეკავდა და რაღაც უნდოდა ჩემგან, რაღაცაზე პასუხი სჭირდებოდა – ცოცხალი არ არის. და მე ამ დროს თავი მომაქვს იმით, რომ ძვირფასი ადამიანების ტელეფონის ნომრებს მათი ამქვეყნიდან წასვლის შემდეგაც არ ვშლი მობილურიდან. ჰო, ბევრჯერ მიტრაბახია (მათ შორის, საკუთარ თავთანაც), რომ ჯემალ მონიავას, არიანე ჭანტურიას, ჯანრი კაშიას ნომრები – მათთან ურთიერთობის უკვე ჩამქრალი ხაზები – მკაცრი და ულმობელი დროის ცვლილებას არ გადაურეცხავს ჩემთვის.

ჟიდი თარგმნაო, იონესკო თარგმნაო, უელბეკი თარგმნაო, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოიყვანაო, – წერდნენ და ამბობდნენ იმ დღეებში დათო კახაბერზე, ისე, როგორც წესია და როგორც მშრომელ, კეთილ კაცზე უნდა ილაპარაკო. იმსახურებს. დრო რომ გავა, უფრო მეტად დაფასდება მისი საქმე. მე კი სამუდამოდ დამიტოვა იმ უპასუხო, გამოტოვებული ზარის სევდა, მოურჩენელი და გამოულეველი.

აკადემიური კეთილსინდისიერება – მასწავლებელი, კონფერენცია, პლაგიატი

0

სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთა გამო ხშირად მიწევს მასწავლებელთა კონფერენციებში მონაწილეობა სარედაქციო კოლეგიისა თუ საორგანიზაციო ჯგუფის წევრის ამპლუაში. კარგი გამოცდილებაა, ბევრ საინტერესო პედაგოგს ხვდები, კითხულობ და ისმენ მნიშვნელოვან საგნობრივ თუ ზოგადპედაგოგიკურ თემებზე მათს ნაფიქრალსა და ნააზრევს. შენც იზრდები – გიჩნდება შეკითხვები, იგებ აქამდე არგაგონილს, მსჯელობ ამა თუ იმ საგანში პრაქტიკულ მიგნებებზე… მოკლედ, კარგი პროცესია. თუმცა, დღეს ცოტა სხვა სათქმელი მაქვს, „უშიშარად მოსაფენი ხალხში“, ბევრს რომ ენიშნება და ბევრიც გიჟიას დამიძახებს.

ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ ბევრ საკონფერენციო მასალას ვისმენ და ვკითხულობ, ზოგსაც ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე ვეცნობი ხოლმე და სწორედ ამან გადამაწყვეტინა მეთქვა სათქმელი.

როგორც ცნობილია, სახელმწიფომ მასწავლებლებს შეუქმნ-დაუდგინა ერთგვარი მინიმალური სტანდარტი – „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა.“ ამ დოკუმენტით მათ, სხვა აქტივობებთან ერთად, განესაზღვრათ კონფერენციაში მონაწილეობა და სასწავლო-მეთოდური სტატიის დაბეჭდვა, რაც გარკვეული კრედიტ-ქულის მოპოვების საწინდარია.

მკითხველს მოეხსენება, რომ სასწავლო-მეთოდური სტატიის დაწერა არც თუ მარტივი რიგის საქმეა, დიდი ფიქრისა და შრომის შედეგია – ჯერ დაძებნო პრობლემა, მერე თავი მოუყარო მასალას, შეადგინო სამოქმედო გეგმა, გაწერო ამოცანები, შექმნა სამუშაო ვერსია და ასე შემდეგ. „ესე ყოველი ერთად და თვითოეული ცალკე“ დიდ დროსა და რუდუნებას მოითხოვს, შესაბამისად, რთულია და შრომატევადი. მახსოვს ერთ-ერთ გასაუბრებაზე სადოქტორო პროგრამაზე სწავლის მსურველმა ახალგაზრდამ რომ თქვა 20-მდე სამეცნიერო სტატია მაქვს დაწერილიო, მარიკა ლორთქიფანიძემ გაოგნება ვერ დამალა – გენიოსი ყოფილხართ თქვენ ახალგაზრდავო. ეს ამბავი ლირიული გადახვევა არაა, სათქმელთან არის სწორედ დაკავშირებული. ერთ თავში ერთი წლის განმავლობაში 5-6 და მეტი სასწავლო-მეთოდური მიგნება გადამუშავდეს, დაიწუროს, მიეცეს საბოლოო სახე და პროფესიული საზოგადოების წინაშე გამოსატანად ღირსი გახდეს, ძალიან იშვიათია, ფაქტობრივად, ერთეულთა ხვედრია. თავი ფუჭსიტყვაობით რომ არ მოგაბეზრო, მკითხველო, აქვე მოკლედ მინდა ჩამოვთვალო აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევასთან დაკავშირებული ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც გვხვდება ხოლმე საკონფერენციო მასალებში, სტატიებსა თუ მოხსენებებში.

  • ციტირების წესის აბსოლუტური იგნორირებით მოყვანილია სხვადასხვა ავტორის მასალა;
  • ხშირად შემოთავაზებულ სტატიებში გამოყენებულია სხვადასხვა აკადემიურ გამოცემებსა და, მათ შორის, ჩვენს ჟურნალში გამოქვეყნებული მასალები – ზოგ შემთხვევაში აბსოლუტური „ქოფი- ფეისთით“, ზოგიერთ შემთხვევაში კი, მართალია, მითითებულია წყარო, თუმცა მთელ სტატიაში ავტორის ორიგინალური ნააზრევის 10%-საც კი ვერ შეხვდებით. ასე მაგალითად, ერთ-ერთი კონფერენციის ფარგლებში სამეცნიერო ჟურნალში 15 -18 გვერდებზე დაბეჭდილი სტატია (https://gesj.internet-academy.org.ge/ge/list_artic_ge.php?b_sec=edu&issue=2013-03)წარმოადგენს აბსოლუტურ პლაგიატს ამავე წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომებში 28 – 31 გვერდებზე განთავსებული სამეცნიერო სტატიისას https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/154104/1/Akaki_Weretlis_Saxelmwifo_Universitetis_Shromebi_2013.pdf  ცხადია, ამ პედაგოგს აკადემიური ხელმრუდობის გადაწყვეტილება კრედიტის მოპოვების სურვილმა გადააწყვეტინა.
  • ხშირია თავისივე ავტორობით უკვე გამოქვეყნებული მასალებისათვის სათაურის შეცვლის და მინიმალურამდე დაყვანილი კორექტივის შეტანის შედეგად ერთი და იმავე პრობლემისა და შინაარსის ტექსტების ტირაჟირება და სხვადასხვა საკონფერენციო მასალად წარდგენა.
  • თავის მიერ შექმნილი სხვა სასწავლო-მეთოდური სტატიის შესავლის აბსოლუტური კოპირება მითითების გარეშე.
  • საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის, ჯიპრაიდის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სატრენინგო საკითხავი ლიტერატურისა თუ სხვა სასწავლო რესურსის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ შექმნილი მასალების პირველ პირში გადაწერა, როგორ მათ მიერ მოფიქრებულ-განცდილის. ასე მაგალითად: „ ჩემი პრაქტიკის კვლევის შედეგად მივედი დასკვნამდე … „ და მოცემულია ნახევარგვერდიანი მსუყე ამონარიდი რომელიმე მეთოდური რესურსიდან.
  • როგორც წესი, და, სამწუხაროდ, იგივე ტენდენციაა ჩვენს ვებფურცლებზეც, სტატიის ავტორები უგულებელყოფენ ან ნაკლულად გვთავაზობენ დამოწმებული/გამოყენებული ლიტერატურის ნუსხას.
  • ცალკე აღნიშვნის ღირსია საკონფერენციო მასალებად წარმოდგენილი ორიგინალურობისგან დაშორებული, გამოქვეყნებულ-დაბეჭდილ-სივრცეში განთავსებული რომელიმე მეთოდითა თუ სტრატეგიით ჩატარებული გაკვეთილების აღწერები, რომლებიც ანალიზურ კომპონენტს არ შეიცავენ და აღიარებული მეთოდური პროდუქტების ოდენ პრაქტიკაში განხორციელების მცდელობებს წარმოადგენენ.
  • აქვე უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მახასიათებელი – სასწავლო-მეთოდური ნაშრომის ფარგლებში შემოთავაზებულია გადაღეჭილი თემატიკები, რომლებსაც აქვთ უმნიშვნელო ავტორისეული პრაქტიკული კომპონენტი, რაც გულისხმობს, რომ, პირობითად, 5-გვერდიან სტატიაში 4 გვერდი გადმოწერილია სწორედ ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან და მხოლოდ რამდენიმე აბზაცია ავტორის ორიგინალური ნააზრევი.
  • როგორ არაეთიკურადაც არ უნდა ჩანდეს, მინდა აქცენტი გავაკეთო ჟურნალ მასწავლებლის, როგორც აკადემიური კეთილსინდისიერების სანიმუშო სუბიქტის როლზე და ვისურვო გაცილებით მნიშვნელოვანი კონტროლის მექანიზმების გაჩენა ამ სივრცეში. მით უფრო, რომ ეს ჟურნალი მართლაც ერთ-ერთ უძირითადეს წყაროს წარმოადგენს ქართველი პედაგოგებისათვის პროფესიული განვითარების მიმართულებით. განსჯისათვის მინდა შემოგთავაზოთ სწორედ ჩვენი ჟურნალის ვებფურცლებიდან ერთი ნიმუში, რომლის შეფასებაც მკითხველისათვის მომინდია:

გთხოვთ შეადაროთ 2014 წლის 11 ნოემბრის  ამ სტატიის https://mastsavlebeli.ge/?p=1844ნარატიული ნაწილი და 2013 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული სტატიის  https://mastsavlebeli.ge/?p=2412  დასაწყისი. პირველი სტატიის ავტორი, ასევე, უშურველად ეყრდნობა  და იყენებს მანამდე გამოქვეყნებულ ამ ორ მასალასაც https://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/rogor%20davgegmoT%20da%20ganvaxorcieloT%20proeqtgakveTili.pdf

https://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2–00-1—-0-10-0—0—0prompt-10—4——-0-1l–10-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL2.17&d=HASH01aba976ff11adc4d564b004.2.fc

რა თქმა უნდა, მე არ ვარ წინააღმდეგი, თეორიული ნააზრევი დაეყრდნოს უკვე არსებულ სასწავლო-მეთოდურ რესურსს, მაგრამ, როგორც მინიმუმ, წყაროს მითითებით და არა სათქმელის აბსოლუტური კოპირებით.

სამწუხაროდ, მკითხველისათვის შემოსათავაზებელი ნიმუშები კიდევ ბევრია, მაგრამ სათქმელი ითქვა და არც ამ პრობლემაზე კონკრეტული მაგალითებით საუბარია ჩემთვის მომხიბლავი. უბრალოდ, ეს მიჩქმალული, რატომღაც ტაბუდადებული რეალობაა და უნდა გაჟღერდეს ხმამაღლა. მით უფრო სიმბოლური იქნება, თუ ეს ჟურნალ მასწავლებლის ვებფურცლიდან მოხდება.

აქვე ვფიქრობ, სახელმწიფომ სტატიების წერით პედაგოგების მიერ კრედიტების დაგროვების მარათონს უნდა გადახედოს –  გააკონტროლოს და არ აქციოს ფაბრიკაციისა და არააკადემიური ქმედების ასპარეზად. თავად პედაგოგებმა კი კარგად უნდა გაიაზრონ, რომ მასწავლებლის დიდოსტატობასა და ხელოვნებას არანაირი ჩრდილი არ მიადგება, თუ კი სტატია არ ეწერება. არც მორიგ კონფერენციაზე სახელდახელოდ მომზადებული, დარგისა და მისი პროფესიული განვითარებისათვის ნაკლებმნიშვნელოვანი მასალით გამოსვლა-არგამოსვლა აღელვებთ  მშობლებს და, მით უფრო, მოსწავლეებს. მათ შემოქმედებითი, მაძიებელი მასწავლებელი გაკვეთილზე სჭირდებათ. მიგნებები და ხარისხიანი, მნიშვნელოვანი სათქმელი კი იშვიათია და გაცილებით აღემატება კრედიტ-ქულის ქონა-არქონას..

იმისთვის, რომ ამ შინაარსის სტატიისა თუ ბლოგის შექმნის საჭიროება აღარ გვქონდეს მომავალში, შემოგთავაზებთ ორ მნიშვნელოვან რესურსს, რომელიც აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის მსურველ ყველა პედაგოგს, და არა მარტო მათ, მისცემს საშუალებას თავი დაიზღვიოს ზემოაღნიშნული გადაცდომებისაგან.

https://moodle.iliauni.edu.ge/mod/page/view.php?id=133

https://erasmusplus.org.ge/files/publications/plagiati.pdf

სკოლა და ჩვენი ევროპული არჩევანი

0

სკოლა ზუსტად და ნათლად ასახავს ამა თუ იმ ქვეყანაში საზოგადოების მდგომარეობას, დამოკიდებულებებსა და ხედვებს. სკოლა ზუსტად ისეთია – როგორიცაა საზოგადოება. სასკოლო განათლების საკითხი პირდაპირ მიბმულია ქვეყანაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციასთან.

საქართველოში ხშირად ამბობენ, რომ ქართული სასკოლო განათლება იაკობ გოგებაშვილის გზაზე დგას, და რომ გოგებაშვილისეული ხედვა და მე-19-ე საუკუნის განათლების სისტემა სრულიად შეესაბამება საქართველოს და ჩვენს მომავალს. გოგებაშვილის ღვაწლის შესახებ ალბათ დავაც კი ზედმეტია, მაგრამ, გვინდა კი ჩვენ დავრჩეთ იქ, საიდანაც მთელი მსოფლიო კარგა ხანია გამოვიდა? ჩვენ ხომ  ბოლოს და ბოლოს იმასაც მივხვდით, რომ სკოლაში სწავლა ხელზე სახაზავის დარტყმასა და მასწავლებლის თვალების ბრიალს არ უნდა ნიშნავდეს.

ჩემს ბავშვობაში ქვეყანაში უმძიმესი ყოფითი ვითარება იყო და ეს სკოლაზეც სათანადოდ აისახა. ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ამას მოჰყვა ომი საქართველოს ორ რეგიონში. გაჭირვებამ სახელმწიფო ინსტიტუტებიც ჩამოშალა და საბოლოოდ ეკონომიკურ კოლაფსამდეც მივედით. მიუხედავად მრავალი ნაკლოვანებისა, ფაქტია, რომ ჩემს ბავშვობაში სასწავლო პროცესის უწყვეტობა მთლიანობაში მაინც შენარჩუნდა და სამოქალაქო ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის,  ვფიქრობ, თავად ეს ფაქტიც მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, რამდენი პრობლემა იყო ჩემი მოსწავლეობისას სკოლაში, როგორ არცერთხელ არ ჩატარებულა ცდა ქიმიაში და ფიზიკაში, როგორ უცნაურად და ჩიქორთულად ისწავლებოდა ქართული გრამატიკა და სხვა… ამას ემატებოდა გაყინული საკლასო ოთახები და ჩვენ მივიღებთ სურათს 90-იანი წლების ქართული სკოლისა, რომელმაც დიდი წვალებითა და მრავალი ლაფსუსით, მაინც შეძლო დიპლომების გაცემა. დიპლომების, რომელთა ასაღებადაც 11-წლიანი წვალება და მაშინდელ რეალობასთან შეგუება გვიწევდა.

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლების პროცესი დღეს შეუდარებლად გამოსწორებულია, ასე თუ ისე მოწესრიგდა სასკოლო ინფრასტრუქტურა და ზოგიერთ სკოლას ისეთი ლაბორატორია და სპორტული დარბაზი აქვს, აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას რომ შეშურდება, მაგრამ მხოლოდ ესაა სკოლა და შეგვიძლია ჩავთვალოთ ეს ყველაფერი წარმატებულად? ცხადია, არა!

რაც დღეს საქართველოს სკოლებს აწუხებს – ეს, პირველ ყოვლისა, არის პედაგოგების მომზადების არასათანადო დონე. რასაკვირველია, ბევრია მონდომებული და საკუთარ კვალიფიკაციაზე მზრუნველი პედაგოგი, მაგრამ მოსწავლეთა მიერ ნაჩვენები შედეგებიდანაც (განსაკუთრებით ეს საბუნებისმეტყველო საგნებს ეხება) ნათლად ჩანს, რომ  პედაგოგთა დონე ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობს თანამდროვე გამოწვევებს და ეს, ცხადია, მოსწავლეებზე მკვეთრად უარყოფითად აისახება.

კვალიფიკაცია და ცოდნის ხარისხი განსაკუთრებით კარგად ჩანს უცხო ენის პედაგოგებში, რადგან ეს, როგორც იტყვიან, „ხელისგულზეა“. ენა ადამიანმა ან იცის, ან არ იცის და ის მრავალწლიანი შრომა, რაც უცხო ენების კარგად დაუფლებას სჭირდება, ბევრისათვის ხშირად მხოლოდ და მხოლოდ სიტყვების დაზეპირებაში გამოიხატება.

ამ კუთხით სასურველიც და აუცილებელიცაა, რაც შეიძლება ბევრი პედაგოგი გადამზადდეს და რაც შეიძლება ბევრ უცხო ენის მასწავლებელს ჰქონდეს შეხება მათ უცხოელ კოლეგებთან. ენა განვითარებადი და დროის მიმყოლი ფენომენია და მუდმივად საჭიროებს პრაქტიკულ სამუშაოებს. საკმარისია ადამიანი ერთხელ ჩამორჩეს რომელიმე ენაში მომხდარ ცვლილებებსა თუ რეფორმებს, რომ შემდეგ ამ დანაკლისის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრელად მეტი შრომა და რესურსი დასჭირდება.

მომავალი სკოლა რასაკვირველია პედაგოგთან ერთად მოსწავლეზეც უნდა იყოს მორგებული. სკოლა თანაბრად ეკუთვნის პედაგოგსაც და მოსწავლესაც და მხოლოდ ამის გააზრების შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ ჩვენ სკოლაში დემოკრატიული ღირებულებების დანერგვაზე და დასავლური ფასეულობების წინ წამოწევაზე.

საქართველოს ევროპული არჩევანი სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად, სასკოლო სწავლების დასავლური სტანდარტების მიღებას და აღიარებასაც გულისხმობს და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ლიტონი სიტყვები. სახელმძღვანელოების გათანამედროვება და დახვეწა, პედაგოგთა ხელფასების ეტაპობრივი – მაგრამ მუდმივი მატება, სასკოლო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება და მორგება შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე, მასწავლებლებში ბილინგვური განათლების გაცემის უნარების დანერგვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და შემწყნარებლობის – ტოლერანტობის ხელშეწყობა უნდა იყოს ის საფუძველი, რაზეც მომავალი, ევროპული ქართული სასკოლო განათლება უნდა აშენდეს.

ეს ყველაფერი, ცხადია, დიდი შრომით მიიღწევა, მაგრამ სხვა ქვეყნების გამოცდილება გვაძლევს იმის მაგალითსა და იმედს, რომ შეუძლებელი არაფერია და სულ მალე დადგება საქართველოში დრო, როდესაც მოსწავლეებიც და პედაგოგებიც სკოლაში სიხარულით წავლენ და სკოლა საზარელს სიტყვასთან – რუტინასთან არ იქნება ასოცირებული!

 

 

 

 

მოსწავლეთა შეფასების სასკოლო პოლიტიკა

0

შეფასება სასწავლო პროცესის კომპონენტებს შორის სრულიად განსაკუთრებულ როლს იკავებს იმ უზარმაზარი ემოციური ზეგავლენის გამო, რომელსაც იგი მოსწავლეებზე და, შესაბამისად, სასწავლო პროცესზე ახდენს. შეფასებამ უნდა გააძლიეროს სწავლისკენ მისწრაფება, შეასრულოს კონსტრუქციული გზამკვლევის მისია, მოიცვას მოსწავლეთა მიღწევების სრული სპექტრი. ამისთვის საჭიროა შეირჩეს და დაიხვეწოს ეფექტური კომპონენტები შეფასების პრაქტიკიდან:

შეფასების გაცხადებული მიზნები – რათა მოსწავლეებმა უკეთ ისწავლონ, ხოლო მასწავლებლებმა უკეთ დაგეგმონ და წარმართონ სწავლება;

დიაგნოსტიკა – რათა გაირკვეს, რა იციან უკვე მოსწავლეებმა, რა გაიგეს და რა შეუძლიათ;

მიმდინარე შეფასება – რათა დიფერენცირებული დავალებებისა და აქტივობების საშუალებით მოხდეს საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება თითოეული მოსწავლის სწავლის შესახებ დასკვნების გასაკეთებლად;

სწავლის მიზნები – რათა მოსწავლეებმა იცოდნენ, რას სწავლობენ, რატომ არის მნიშვნელოვანი სწავლა, როგორი უნდა იყოს სწავლის შედეგები და როგორ შეფასდება მათი სწავლა და მიღწევები;

შეფასების სტრატეგიები – რომლებიც სამართლიანია და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სრულფასოვნად წარმოაჩინონ მიღწევები;

შეფასებისთვის განკუთვნილ აქტივობები – უპირატესად ისეთები, რომლებიც ინტეგრირებულია სწავლასა და სწავლებასთან;

შეფასებისთვის განკუთვნილი თენტური დავალებები;

შეფასებისთვის განკუთვნილი დიფერენცირებული დავალებები – რომლებიც მოსწავლეებს აძლევენ არჩევნის საშუალებას, როგორ წარმოაჩინონ ცოდნა, გაგება და უნარ-ჩვევები;

დროული და კონკრეტული უკუკავშირი – რომლებიც სპეციფიკურ ინფორმაციას აწვდის თითოეულ მოსწავლეს მისი მიღწევებისა და გასაუმჯობესებელი კომპეტენციების შესახებ.

შეფასების ეფექტური ინსტრუმენტები და სტრატეგიებია, მაგალითად:

მოკლე ჩანაწერები – აღწერს მოსწავლეთა მიერ დავალებათა შესრულებას, უპირატესობებს, საჭიროებებს, პროგრესს და ყოფაქცევას;

აღრიცხვის ცხრილები, სკალები და რუკები – წარმოაჩენს მოსწავლეთა მიღწევებს რუბრიკის დონეების, ასოთა თუ ციფრული ნიშნების ან ჩათვლის სახით;

გასაუბრებები – ხდება მოსწავლე-მშობელი-მასწავლებლის შეხვედრებზე, სადაც მოწმდება პროგრესი და დაისახება მოსწავლის კომპეტენციების შემდგომი განვითარების ამოცანები;

კონტრაქტები – წარმოადგენს შეთანხმებებს მოსწავლესა და მშობელს/მასწავლებელს შორის მოსწავლის კომპეტენციების შემდგომი განვითარების გზებისა და ეტაპების შესახებ;

თანატოლთა შეფასება ან/და თვითშეფასება – ხდება დადგენილ და შეთანხმებულ კრიტერიუმთა მიხედვით ან სასწავლო პროგრამის შედეგების შესაბამისად;

პორტფოლიო – მოსწავლის ნამუშევრების საშუალებით წარმოაჩენს მოსწავლის ძალისხმევას, პროგრესსა და მიღწევებს ერთი ან რამდენიმე მიმართულებით;

რუბრიკები – წარმოადგენს გზამკვლევს მიღწევების საზომს, რომელშიც მოცემულია სწავლის შედეგები, შესრულების კრიტერიუმები და რანჟირების სკალა ან ცხრილი.

შეფასების პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოირიცხოს არასწორი წარმოდგენები და გაუგებრობები შეფასების შესახებ, რომელთა მიხედვით თითქოს:

შეფასება არის მხოლოდ ტესტირება სასწავლო ერთეულის ბოლოს ან გაკვეთილების სერიის შემდეგ – ამ შემთხვევაში იგნორირებულია განმავითარებელი შეფასება;

შეფასება არის შემოწმება იმისა, თუ რა იციან (ან არ იციან) და რა შეუძლიათ (ან არ შეუძლიათ) მოსწავლეებს მხოლოდ მეხსიერებაზე ორიენტირებული თუ „კვიმატი“ შეკითხვებისა და სავარჯიშოების საშუალებით – ამ შემთხვევაში იგნორირებულია მაღალი დონის სააზროვნო მოქმედებების მომცველი სასწავლო მიზნები;

შეფასება ფოკუსირებულია მხოლოდ იმ კომპეტენციებზე, რომელთა შემოწმებაც ადვილია – ასეთ შემთხვევაში არ ხდება იმის შემოწმება, რაც მნიშვნელოვანია;

შეფასება არის სწავლების პერიოდის განმავლობაში მოსწავლის მიერ დავალებების შესრულების დონეების საშუალო მაჩვენებელი – ამ შემთხვევაში იგნორირებულია სწავლება-სწავლის შედეგების მნიშვნელობა;

ჯგუფური მუშაობის შედეგად ჯგუფის ყოველი წევრი იმსახურებს იმავე შეფასებას, რასაც ჯგუფი – ამ შემთხვევაში იგნორირებულია ჯგუფის თითოეული წევრის წვლილი ჯგუფის წარმატებაში;

შეფასება იგივეა, რაც ნიშნების დაწერა – ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული მიზნები (შეფასება ფოკუსირებულია მოსწავლის სწავლის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე, ხოლო ნიშნები იწერება მიღწევების შესახებ დასკვნების სიმბოლური გამოხატვისთვის);

მართებულია შეფასება „არადამაკმაყოფილებელი“, თუ მოსწავლემ არ წარმოადგინა ნაშრომი – ამ შემთხვევაში არ ხდება მოსწავლის სწავლის/ნასწავლისა და მოსწავლის ქცევის შეფასება;

მოსწავლის მიღწევების შეფასების გამომხატველ ნიშანში გათალისწინებულია მოსწავლის დამოკიდებულებები და ქცევა – ამ შემთხვევაში ნაკლები ყურადღება ექცევა განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს.

შეფასების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება უკუკავშირს – სწორედ იგია  მიღწევების გაუმჯობესების ყველაზე მძლავრი მოდერატორი. უკუკავშირის მთავარი ამოცანებია:

  • წარმოჩნდეს და განიმარტოს ნიშნების წარმოქმნა;
  • გაირკვეს და დაფასდეს მოსწავლის ნამუშევრის სპეციფიკური მახასიათებლები;
  • გაცხადდეს გაუმჯობესებისთვის საჭირო შემდგომი ნაბიჯები;
  • განვითარდეს მოსწავლეთა უნარი – დააკვირდნენ, შეაფასონ და მართონ თავიანთი სწავლა.

უკუკავშირის მთავარი ნაკლია, რომ ის მხოლოდ ნიშნის გამართლებამდე დაიყვანება და ხდება უკუკავშირის სხვა დანიშნულებების უგულებელყოფა. მთავარი რისკი უკუკავშირთან მიმართებით არის მისი არასწორი ფორმულირება და მიწოდება. ცნობილია, რომ, მაგალითად, თინეიჯერები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თანატოლების აზრს მათ შესახებ. საჯაროდ გამოთქმული უკუკავშირი თინეიჯერების მიერ აღიქმება, როგორც შეტევა მათზე და შესაძლოა გამოიწვიოს მარცხის შიში ან დაპირისპირება. ამის თავიდან აცილების საშუალებაა ინდივიდუალურად შენიშვნის მიცემა, რომელიც ცხად გზავნილს შეიცავს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჩურჩულით იქნას წარმოთქმული და მხოლოდ იმან გაიგონოს, ვისთვისაც იგი განკუთვნილია. ყოველ შემთხვევაში, სრულიად უნდა გამოირიცხოს შედარება სხვებთან – ნეგატიური შედარებების მავნე ზეგავლენაზე რომ არაფერი ითქვას, პოზიტიურ შედარებებსაც კი არანაკლებ მძიმე შედეგები მოჰყვება – მას ნარცისიზმისკენ მიჰყავს მოსწავლეები, იწვევს მოტივაციის კლებას, მომეტებულ შფოთვას, უნდობლობას. ამას ბევრად სჯობს მასწავლებელმა მოიმარაგოს და საჭიროებისამებრ გამოიყენოს ყოფილ მოსწავლეთა ანონიმური ნამუშევრები როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური შედარებისთვის. მასწავლებლის კიდევ ერთი დამხმარე საშუალებაა რუბრიკაზე აპელირება, ოღონდ იგი წინასწარ (შეფასებამდე და უკუკავშირის მიწოდებამდე) უნდა იყოს წარდგენილი და შეთანხმებული  მოსწავლეებთან.

მოსწავლეთა შეფასება მასწავლებლის მიერ წინასწარ დაგეგმილი და ეფექტურად წარმართული პროცესი უნდა იყოს. უფრო მეტიც, სკოლაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შეფასების ერთიანი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს დირექციას, მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შორის გაზიარებულ მიდგომებს შეფასების მიზნებთან, საშუალებებთან, პროცედურებთან, განრიგთან, კომუნიკაციასთან, ანგარიშგებასთან და ადმინისტრირებასთან დაკავშირებით.

პოლიტიკის დოკუმენტში შეფასებასთან დაკავშირებული პრაქტიკა უნდა განიხილავდეს მოსწავლეების დონეს, სასწავლო გეგმის შედეგებს და პირობებს, რომელშიც მიმდინარეობდა სწავლა. ეს პრაქტიკა ისე უნდა იყოს გააზრებული და განხორციელებული, რომ:

  • მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება, წარმოაჩინონ როგორც სწავლის პროცესთან, ასევე სწავლის შედეგებთან დაკავშირებული მიღწევები;
  • მასწავლებლებმა უნდა განსაზღვრონ მოსწავლეთა პროგრესი მათი ასაკობრივი, განვითარების თუ შემეცნებითი დონის გათვალისწინებით მონაცემთა მრავალფეროვანი წყაროების საშუალებით, როგორიცაა: აღრიცხვის ცხრილები, შემაჯამებელი მიმოხილვები, მასწავლებელთა მიერ შექმნილი ტესტები და ქვიზები, დაკვირვების ჩანაწერები, პორტფოლიოები, გასაუბრებები, მოსწავლეთა თვითშეფასებები და სხვა;
  • მასწავლებლებმა უნდა აწარმოონ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები, უნდა მოაწესრიგონ და შეინახონ შეფასების ამსახველი დოკუმენტაცია თითოეული მოსწავლის შესახებ;
  • სკოლებმა უნდა გააანალიზონ გარე და შიდა შეფასებების შედეგები, გაარკვიონ მოსწავლეთა საჭიროებები და შექმნან სამოქმედო გეგმა ამ საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის.

სკოლაში მოსწავლეთა შეფასების ერთიანი მიდგომის ამსახველი პოლიტიკის დოკუმენტი უნდა მოიცავდეს კონკრეტულ ფორმულირებებს შეფასების წარმართვასთან დაკავშირებით. მაგალითად, ასეთებს:

  • სატესტო დავალებები უშუალოდ უნდა იყოს ფოკუსირებული სასწავლო გეგმის შედეგებზე;
  • მოსწავლეები რამდენიმე დღით ადრე უნდა იყვნენ ინფორმირებული მომავალი ტესტირების შესახებ;
  • მოსწავლეებს ერთი კვირა მაინც უნდა მიეცეთ შემაჯამებელი პროექტის მოსამზადებლად;
  • მოსწავლეებმა არაუმეტეს სამი კვირის განმავლობაში უნდა მიიღონ აღწერითი უკუკავშირის შემცველი შეფასების შედეგები მათ მიერ შესრულებულ პროექტებთან დაკავშირებით;
  • მოსწავლეთა გაცდენები არ შეიძლება იყოს უკუკავშირის დაგვიანების საბაბი სხვა მოსწავლეებისთვის;
  • მოსწავლეთა გაცდენები არ ათავისუფლებს მათ შეფასებებისგან და სხვა.

ასე რომ, სკოლაში მოსწავლეთა შეფასების პოლიტიკის ამსახველ დოკუმენტში სრულად და ზუსტად უნდა წარმოჩნდეს პასუხები შეკითხვებზე:

  • რას ისწავლიან მოსწავლეები (სასწავლო პროგრამა);
  • საიდან გავიგებთ, რა ისწავლეს მოსწავლეებმა (კრიტერიუმები/ინდიკატორები, მაგალითები/ნიმუშები);
  • როგორ შევაგროვებთ მტკიცებულებებს სწავლის შესახებ (მიზნები და კონტექსტი, სწავლის და ნასწავლის დემონსტრირების საშუალებები);
  • როგორ მოახდენენ რეაგირებას მასწავლებლები დიაგნოსტიკისა და განმავითარებელი შეფასების საშუალებით გამოვლენილ საჭიროებებზე (საკორექციო და გამამდიდრებელი აქტივობები);
  • როგორ მიიღებენ მოსწავლეები განმავითარებელ ან განმსაზღვრელ შეფასებასთან დაკავშირებულ უკუკავშირს (აღწერითი/თვისებრივი, ქულებიანი/რაოდენობრივი, სპეციფიკური, სწავლის/პროცესის შეფასება, ნასწავლის/პროდუქტის შეფასება);
  • როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები სწავლაში (მასწავლებლის რეფლექსია, თვითრეფლექსია).

 

 

 

 

 

 

ილია და სოციალური საკითხი

0

ერთი ახალგაზრდა ქართველი მწერალი თავის პატარა მოთხრობაში ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ ფენომენზე ამახვილებს ყურადღებას. ავტორი შემოქმედის ღვაწლისა და საქმიანობის უსამართლო ინტერპრეტაციაზე სვამს აქცენტს. ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის სახელი ყველა თავზეხელაღებულის თავშესაფრად გადაიქცა. სხვადასხვა ტიპის ფუნდამენტალისტები საკუთარი ძალადობრივი იდეების გამართლებას კლასიკოსის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, საზრისდაკარგული ციტატებით ცდილობენ. ხშირად კუთხეში მიმწყვდეული პოპულისტებიც შედეგიანად იყენებენ „თერგდალეულის“ ფიგურას და საზოგადოებას ილიას მომხრეებად, კომუნისტებად, გაუნათლებლებად, განათლებულებად ანაწევრებენ. გამოჩნდნენ პოლიტიკური პარტიებიც, რომლებიც „ივერიის“ რედაქტორს ლიბერტარიანელად, ნეოკონსერვატორად და მარგარეტ ტეტჩერის დიდი ბაბუის გარე ბიძაშვილად ასაღებენ.

ჩემთვის ილია ჭავჭავაძე კარგი მწერალი, დიდი პატრიოტი და გულმხურვალე დემოკრატი გახლავთ. მწერლის ჰუმანიზმის სხვადასხვა მარგინალურ იდეოლოგიად დახურდავება მაინცდამაინც ქველი საქმე არ უნდა იყოს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჰუმანიზმის იდეები გასულ საუკუნეებშიც და დღესაც მკაფიო პასუხებს გვთავაზობს სოციალურ გაჭირვებასა და მოქალაქეების ჩაგვრასთან დაკავშირებულ უმწვავეს კითხვებზე. აქედან გამომდინარე, ჩემი მეგობრების „კომუნისტებად“ შერაცხვისა და შეჩვენების შემდეგ, ჩემს სასკოლო წიგნებსა და ჭავჭავაძის მრავალტომეულს მივუბრუნდი. მიზნად კი „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მემკვიდრეობაში სოციალური საკითხების კონტექსტის გამოვლენა დავისახე და ჩემთვის საკმარისს ნამდვილად მივაკვლიე.

ჩემი მოსწავლეობის დროს ილია ჭავჭავაძის პირველი პოემა, რომელსაც სკოლაში გვასწავლიდნენ, „რამდენიმე სურათი ანუ ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ გახლდათ. ბავშვობიდან ხშირად მესმოდა კაკო ყაჩაღის შესახებ. ერთი სული მქონდა, კლასში როდის წავიკითხავდით და გავარჩევდით ნაწარმოებს. მახსოვს გაკვეთილისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი. მასწავლებელთან შეხვედრამ ჩემი მოლოდინები ვერ გაამართლა. განხილვის დროს ბევრი ვისაუბრეთ მჭმუნვარე ღამის გუშაგზე, ტყეში ფოთლებთან მოჩურჩულე ნიავზე, დამდურებულ და შეუპოვარ ალაზანზე, დაღლილ მიწაზე, ცაზე, მოჭრიალე ურემზე. მოკლედ, დაწვრილებით შევიმეცნეთ გენიალურად აღწერილი ბუნების თითოეული დეტალის მნიშვნელობა. პოემის სიუჟეტზე გადასვლა კი არ დაგვცალდა, რადგან სახემძღვანელოს ბედნიერ ავტორს დრამატული თავების წიგნში დაბეჭვდა ზედმეტ გარჯად მიუჩნევია. ჩემი თანაკლასელების უმრავლესობამ დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერი გაიგო პოემაში გადმოცემული უმძიმესი სოციალური ყოფის შესახებ. ჩემმა მეგობრებმა გვიან შეიტყვეს, რომ ბატონები გლეხთა ოჯახებს იმონებდნენ, ადამიანებს ღრმა მოხუცებულობამდე აიძულებდნენ შრომას და შვილებს მამების შიმშილით სიკვდილისგან დახსნის შესაძლებლობლობასაც კი არ აძლევდნენ. ჩემებმა გვიან გაიგეს, რომ მესაკუთრენი ძველ საქართველოშიც არ ერიდებოდნენ მომაკვდავი ადამიანების დაუნდობლად გაროზგვას. ბუნებრივია, სასკოლო წიგნებში აღმოჩენილი, უმოწყალოდ დანაწევრებული პოემის ერთადერთი მონაკვეთიდან ბავშვები ვერაფერს აღმოაჩენდნენ ილია ჭავჭავაძის აჯანყებული ადამიანებისადმი დამოკიდებულების თაობაზე. „თერგდალეულთა“ ლიდერი კაკოს პირით აქებს და სწორუპოვარ რაინდად აცხადებს ზაქროს, ჭაბუკს, რომელიც ჩაგვრას აუჯანყდა და თავისი საქციელიდან გამომდინარე უსამართლობის წინააღმდეგ თავგანწირულად ბრძოლის, ტყეში გახიზვნის გადაწყვეტილება მიიღო.

„ლუარსაბ თათქარიძე“ დაწვრილებით და ზედმიწევნით კარგად შეგვასწავლეს. შემდეგ უკვე „გლახის ნაამბობის“ დროც დადგა. სახელმძღვანელოს ნაცნობი, ბედნიერი შემდგენელი კვლავ დაუნდობლად მოგვექცა. ჩვენს წიგნში მოთხრობიდან მხოლოდ მღვდლის ეპიზოდისთვის გამოინახა ადგილი. ქართული პროზის შესანიშნავი ნიმუში კლერიკალურ, მარტოდმარტო მღვდლის საქმიანობის მადიდებელ ტექსტად წარმოგვიჩინეს (არავინ აკნინებს მღვდლის მნიშვნელობას მოცემულ ნაწარმოებში). უკვე დიდები გახლდით, უფრო მზრუნველი მასწავლებელიც გვყავდა, ამიტომ „გლახის ნაამბობი“ ბოლომდე წავიკითხეთ. წაკითხვის შემდეგ ბევრი ვიმსჯელეთ, ბოლოს კი გადავწყვიტეთ, რომ დიდ ქაღალდზე დაგვეწერა და კედელზე ჩამოგვეკიდებინა მთხრობელის სიტყვები, რომელსაც იგი მონადირებული და მომაკვდავი ირმის დანახვისას ამბობს: „უნდა ჰნახოთ ის ამაყი, თავისუფალი ნადირი, რა-რიგად უდრტვინველად და მშვიდადა კვდება, მაგრამ მე ყოველთვის მის ცრემლმორეულ თვალებში ეს აღმომიკითხავს: ჩემო მკვლელო! ქვეყანა ღვთისა დიდია და ფართო… რად შეგშურდა, რომ მეც, უბოროტოს და მშვიდსა, ამ ღვთის მიუწვდომელ ქვეყანაში ერთი მტკაველი ალაგი მეჭირა?.. ეს სიტყვები აღონებდნენ გულს, მინამდინ დედამიწა შეიშრობდა სისხლსა დაღვრილსა და როცა შეიშრობდა, მეც კი მომაგონდებოდა, რომ ჩვენ თითონ სულიერთა მეუფენი, ჩვენ თითონ ქმნილებათა გვირგვინნი, ჩვენ თითონ ღვთის სახისანი ერთი-ერთმანეთს არ ვუთმობთ ადგილსა“. ქვეყნად ყველასთვის სამყოფი სივრცე და რესურსები არსებობს, მაგრამ სიხარბე და უპირატესობის შეგრძნების დაუოკებელი სურვილი ნერგავს უსამართლობას, რომელიც ამაყ და თავისუფალ ადამიანებს ანადგურებს.

თანამედროვე საზოგადოება მოგების საზოგადოებაა. დღეს ყველა მოგების მნიშვნელობაზე ქადაგებს. ზოგიერთები ადამიანების სიცოცხლესაც კი არაფრად დაგიდევენ, ოღონდ კი მოგება ნახონ. ქართულ ლიტერატურაში ძნელად თუ მოიძებნება ავტორი, რომელიც ილიას მსგავასად უჭერს მხარს უბრალოებას, ხელმომჭირნეობას, ზედმეტი შემოსავლის სრულად გაცემის პასუხისმგებლობას. ალბათ, ყველას წაგიკითხავთ „ოთარაანთ ქვრივი“. ალბათ, ყველას გახსოვთ, რომ მუყაითად მშრომელ და წარმატებულ გლეხ ქალს ხუთი ქისა ჰქონდა. ოთხ მათგანში მეურნეობის ელემენტარული საჭიროებებისა და მოკრძალებული ცხოვრებისთვის ანაწილებდა შემოსავალს, მეხუთე ქისაში კი მთელ თავის მოგებას ინახავდა. „რაც პირველს ოთხს ქისას გადარჩებოდა, ყველას მეხუთე ქისაში დაუთვლელად ჩაჰყრიდა და, მინამ გამოილეოდა, დაუთვლელადვე ჰხარჯავდა“. მეხუთე ქისა უპოვართათვის და ღარიბთათვის იყო განკუთვნილი. ოთარაანთ ქვრივი მთელ თავის მოგებას სოლიდარობისთვის გასცემდა.

სოციალური საკითხი ჭავჭავაძის პატარა ლექსებშიც იჩენს ხოლმე თავს. წაუკითხეთ თქვენს შვილებს, უმცროს დებსა და ძმებს, მოსწავლეებს ილიას ლექსი „მუშა“, რომლითაც მწერალი მშრომელი ადამიანების პრობლემების წარმოჩენას ცდილობს. ვფიქრობ, მისი ბწკარები შესანიშნავად გამოხატავს საქართველოს პატარა ინდუსტრიულ ქალაქებში, ტყიბულში, ჭიათურასა თუ კაზრეთში მცხოვრები ადამიანების ბედს:

„შენ სიცოცხლესა დააღამებ ესრეთს შრომაში,
კაცი კაცურად ვერ იცხოვრებ ვერც ერთსა დღესა…
მერე, ვინ იცის, რომელ ქოხში, რომელ სარდაფში
დაუწყებ ბრძოლას სასიკვდილოდ მოსულსა სენსა. ……

მოჰკვდები და მსწრაფლ ჩაგჭედავენ საკაცეშია,
უცრემლოდ, ძმაო, ჩაგიშვებენ სამარეშია!
ეგრეთ უბრალოდ გაფუჭდები, — და ჩვენ ხსოვნასა
არაფერი არ მოაგონებს შენს ”აქ” ყოფნასა.“

ბოლოს კი იმ ადამიანებს მინდა გავუცრუვო იმედი, რომლებიც „ივერიის“ რედაქტორს ურცხვად მოიხსენიებენ ეგოისტური ინდივიდუალიზმის დამცველად. გადაშალეთ მეცხრამეტე საუკუნის ქართული პრესის ფლაგმანის ფურცლები. სხვა სტატიებთან ერთად შეიძლება ერთი პატარა წერილიც შეგეფეთოთ, რომელსაც სათაურად „ზოგიერთი რამ“ ეწერება. ტექსტში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელი ქართულ საზოგადოების, ქართველი ხალხის მყარი კოლექტიური ცნობიერებისა და მის წევრებს შორის მუდმივი თანაგანცდის ტრადიციის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას: „ვაი იმ ხალხს, რომელსაც საერთო ძარღვი გაუწყდა; ვაი იმ ქვეყანას, საცა საერთო ძარღვში სისხლი გაშრა, საცა ყველაში თითო არ არის და თითოში – ყველა, საცა თვითეული ყველასათვის არ ჰფიქრობს და ყველა თვითეულისათვის, საცა “მე” ხშირია, და “ჩვენ” – იშვიათი!“.

ასე, რომ კარგად დავიმახსოვროთ – ილია ჭავჭავაძე ქართულ ენასთან, კულტურასთან, ისტორიასთან, მიწასთან, სკოლასთან, არისტოკრატიის საკუთრებასთან ერთად ღარიბ და გაჭირვებულ ადამიანებსაც იცავდა. ის საზოგადოებას მეტი სოლიდარობისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდებდა. სოციალური საკითხი ჭავჭავაძისთვის მემილიონეხარისხოვანი არ ყოფილა.

კარიკატურა, როგორც სასწავლო რესურსი

0

პოლიტიკური კარიკატურა ნახატის ისეთ ფორმას წარმოადგენს, რომლის მიზანიც კონკრეტული სიტუაციის, საქმისა თუ პიროვნების კრიტიკა ან მათთან დაკავშირებით მოსაზრების, დამოკიდებულების გამოხატვაა. კარიკატურით მიწოდებული ინფორმაცია იოლად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია. კარიკატურისტი მიზნის მიღწევისათვის მრავალფეროვან მეთოდებს იყენებს, მაგ. ფიზიკური მახასიათებლების დამახინჯებას, სიმბოლოებს, ტექსტებს და ა. შ.

პოლიტიკური კარიკატურა აქცენტს პოლიტიკურ მოვლენებზე აკეთებს. ის ვრცელდებოდა და დღესაც ვრცელდება გაზეთების, ჟურნალების, ახლა უკვე ვებგვერდების მეშვეობით. პოლიტიკური კარიკატურა ჩვეულებრივ სასაცილო, დამახინჯებული ფორმით გამოხატავს ვინმეს ან რაიმეს, თუმცა მისი მიზანი სულაც არ არის ის, რომ საზოგადოება გაართოს, კარგი პოლიტიკური კარიკატურა ადამიანებს აიძულებს, დაფიქრდნენ მიმდინარე მოვლენებზე, ხშირად კი უბიძგებს მათ, რომ შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულებანი აქტუალური საკითხების მიმართ და გაიზიარონ კარიკატურისტის ხედვები. ზოგჯერ ეს პროცესი იმდენად თავისთავად ხდება, ადამიანი ვერც კი ახერხებს გააზრებას.

პოლიტიკური კარიკატურა ნათლად ასახავს ამა თუ იმ ეპოქის ტენდენციებს და დამაინტრიგებელი, საინტერესო ფორმით გადმოგვცემს საზოგადოების დამოკიდებულებას აქტუალური მოვლენების მიმართ. მოყოლებული მე-18 საუკუნიდან კარიკატურა წარსულის სულისკვეთების ამსახველ საინტერესო იარაღად იქცა. დღესდღეობით კარიკატურას ისტორიის  სასკოლო სახელმძღვანელოებში თავისი ადგილი უჭირავს.

მოსწავლეებისათვის არც თუ ისე მარტივია, წარსულის ამსახველ კარიკატურებში დაინახონ შეფარული აზრი. ეს სათანადო მიდგომებს და პედაგოგის მხრიდან რესურსის სწორ  გამოყენებას საჭიროებს. მე-18,  მე-19 საუკუნის კარიკატურები ხშირად იყენებენ არქაულ ენას, რთულ დიალოგებს, რომელთა ახსნაც საჭიროებს ისტორიული კონტექსტის სათანადო ცოდნას. კარიკატურებში ხშირადაა გამოყენებული რთული ვიზუალური სტრატეგიები. მასწავლებელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოსწავლეები დაეუფლონ კარიკატურის ენას, რათა ამ საინტერესო რესურსიდანაც სარგებელი მიიღოს.

კარიკატურის ანალიზი პირველ რიგში მის მახასიათებლებში გარკვევას გულისხმობს. ის დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს კარიკატურის უნიკალური ენის შესწავლაში.

  1. სიმბოლოები და მეტაფორები. კარიკატურისათვის დამახასიათებელია სათქმელის სიმბოლოების ენით გადმოცემა. სიმბოლოები შესაძლებელია გამოხატავდეს ადამიანებს, საგნებს, აბსტრაქტულ იდეებს, მოვლენებს, ტენდენციებს და სხვა. მაგალითად: ჩვეულებრივ კარიკატურაზე  დოლარი გამოსახავს ეკონომიკას. მეტაფორები, როგორც სიმბოლოები, აღწერენ ერთს და გულისხმობენ სხვას. მაგალითად, გავიხსენოთ შექსპირის ცნობილი სიტყვები, „მთელი სამყარო სცენაა“. ანალიზის საწყის ეტაპზე დეტალურად უნდა იქნას აღწერილი კარიკატურაში გადმოცემული სიმბოლოები და მეტაფორები:
  • აღწერეთ კარიკატურის მხატვრული ელემენტები (ადამიანების, ცხოველები, საგნები…), რომელთაც სიმბოლური დატვირთვა აქვთ.
  • რა იგულისხმება სიმბოლური დატვირთვის მქონე გამოსახულებების უკან?
  • რამდენად მართებულად იყენებს ავტორი სიმბოლოების ენას?
  • აღწერეთ ავტორის მიერ კარიკატურაზე გამოყენებული ტექსტური მინაწერები.
  • როგორ შეიძლება გავიგოთ ავტორის მიერ გამოყენებული ტექსტები, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით? პასუხი დაასაბუთეთ.
  • რისი თქმა სურს ავტორს ტექსტების დახმარებით?

 

  1. დამახინჯება/გაზვიადება. შესაძლოა შეცვლილი, დამახინჯებული ან გაზვიადებული იყოს გამოსახულების ზომა, ფორმა, ემოციები, ჟესტიკულაცია და სხვა, რაც თავის მხრივ მიზანმიმართულად არის გაკეთებული და ამა თუ იმ მახასიათებლის გაზვიადებით, ავტორი მასზე ყურადღების გამახვილებას ისახავს მიზნად. ამიტომ ანალიზის დროს, ყურადღება უნდა მიექცეს კარიკატურაზე ნებისმიერ დამახინჯებას, რაკი ის დიდი ალბათობით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია.

 

  • აღწერეთ კარიკატურის ელემენტები, რომლებიც სახეცვლილი (დამახინჯებული, გაზვიადებული) ფორმითაა გამოსახული.
  • რა სახის ინფორმაციაა დამალული კარიკატურის დამახინჯებულ დეტალებში?
  • რა მიზანს ისახავს ავტორი ნახატის ელემენტების დამახინჯებული ფორმით წარმოდგენისას?
  • დაგეხმარათ თუ არა კარიკატურისტის მიდგომა სათქმელის უკეთ გაგებაში?

 

  1. მარკირება. კარიკატურისტები ხშირად ახდენენ ამა თუ იმ სუბიექტის მარკირებას, რათა ხაზი გაუსვან იმ ფაქტს, რომ სახელდობრ ნაგულისხმევი საგანია წარმოდგენილი. მაგალითად: ცივი ომის პერიოდის პოლიტიკურ  კარიკატურებზე ხშირად გამოიყენებოდა დათვი, რომელზეც ნამგალი და ურო იყო გამოსახული. ამით ავტორი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ მასში საბჭოთა რუსეთი იგულისხმებოდა. ანალიზის დროს უნდა დავუკვირდეთ, როგორ არის მარკირება გამოყენებულია ამა თუ იმ ადამიანის თუ ობიექტის ასახვის დროს და გახდა თუ არა მისი წყალობით სათქმელი უფრო მკაფიო.
  • იყენებს თუ არა კარიკატურის ავტორი მარკირებას?
  • რომელი სუბიექტები/ ობიექტები არის ნაგულისხმევი მარკირების ქვეშ?
  • გაამარტივა თუ არა მარკირებამ ავტორის სათქმელი?
  • შეძლებდით თუ არა მარკირების გარეშე ავტორის სათქმელის ამოცნობას?
  1. ანალოგია. გულისხმობს ორი განსხვავებული საგნის ერთმანეთთან გაიგივებას საერთო მახასიათებლებზე დაყრდნობით. რთული პრობლემისა თუ სიტუაციის უფრო მარტივთან შედარებით კარიკატურისტები ეხმარებიან თავიანთ მკითხველებს, დაინახონ პრობლემა განსხვავებული მხრიდან. მას შემდეგ, რაც კარიკატურას გავეცნობით, უნდა გავარკვიოთ, რომელი ორი სიტუაციაა შედარებული. შეუწყო თუ არა კარიკატურისტის სტრატეგიამ ხელი სათქმელის გამარტივებას.
  • რომელ საგნებს/მოვლენებს შორის აკეთებს ავტორი ანალოგიას?
  • გამოყავით საერთო მახასიათებლები, რომლებზე დაყრდნობითაც ავტორი აკეთებს ანალოგიას.
  • დაეხმარა თუ არა ავტორს ანალოგია სათქმელის გამარტივებაში?
  • დაგეხმარათ თუ არა ანალოგის პრობლემის განსხვავებული კუთხიდან აღქმაში? პასუხი დაასაბუთეთ.
  1. სიტყვებსა და გამოსახულებაში გამოხატული ირონია. ირონია წარმოადგენს იუმორის ერთგვარ ფორმას, აზრი აქაც შეფარულია, გამოხატავს ერთს, მაგრამ გაგებული უნდა იქნას საწინააღმდეგოდ. ირონია კარგად ერგება პოლიტიკურ კარიკატურას, რომლის მიზანიცაა ვინმეს გაღიზიანება და მისი სიცრუის, არაკეთილსინდისიერების თუ სხვა მანკიერი თვისებების მხილება. ირონია შეიძლება გამოხატული იყოს სიტყვებში ქმედებაში და ასე შემდეგ. ის შესაძლოა ღია და იოლად შესამჩნევი იყოს, ან პირიქით ძნელად ამოსაცნობი და საჭიროებდეს კონტექსტის კარგ ცოდნას. ის ნათლად გვიჩვენებს განსხვავებას იმათ შორის, რაც არის და რაც უნდა იყოს.
  • იგრძნობა თუ არა კარიკატურაში ირონია? დადებითი პასუხის შემთხვევაში აღწერეთ სად.
  • აღწერეთ უარყოფითი მოვლენები, რომელთაც მხილების მიზნითაც ავტორი იყენებს ირონიას.
  • ვინ არის კარიკატურის ირონიის სამიზნე?
  • რა ემოციას იწვევს აუდიტორიაში კარიკატურაში ასახული ირონია?
  1. სტერეოტიპები. სტერეოტიპები წარმოადგენს ჯგუფის ამა თუ იმ წევრებისათვის დამახასიათებელი გარკვეული თვისებების მთელ ჯგუფზე განზოგადებას. სტერეოტიპები ხშირად შესაძლოა შეურაცხმყოფელი იყოს, თუმცა ის კარიკატურისტისათვის მახვილი იარაღია, რათა თავის სამიზნეს მისწვდეს. სტერეოტიპები მეტწილად დაკავშირებულია საზოგადოებრივ და კულტურულ ურთიერთობებში არსებულ წარმოდგენებთან. აუცილებელია სტერეოტიპებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება. უნდა გავაანალიზოთ კარიკატურაში მოცემული ნებისმიერი სტერეოტიპი, მეორე მხრივ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რამდენად ეხმარება ავტორს ის თავისი მიზნის მიღწევაში.
  • იყენებს თუ არა კარიკატურის ავტორი სტერეოტიპებს? აღწერეთ სად.
  • გააანალიზეთ, რა მახასიათებლების განზოგადებას ახდენს ავტორი, სტერეოტიპების გამოყენებით.
  • რატომ დასჭირდა ავტორს სტერეოტიპების გამოყენება?
  • იმსჯელეთ, რას ეყრდნობა კარიკატურაში გამოყენებული სტერეოტიპები, რა მიზეზებმა შეუწყო ხელი მის ჩამოყალიბებას.
  1. არგუმენტების ენა. ლოზუნგისგან განსხვავებით, რომელიც ღიად და მარტივად ამტკიცებს თავის სათქმელს, კარიკატურა თავის სათქმელს ღიად არ ამბობს, თუმცა მნახველს არგუმენტების ენით ესაუბრება. კარიკატურის არგუმენტაცია მიზეზებია, რომელთა გამოც უნდა გავიზიაროთ ავტორისეული ხედვა. კარიკატურის არგუმენტები ვიზუალური თუ წერილობითი ფორმით არის გადმოცემული, რომლებიც კომპლექსურად აკეთებენ თავიანთ საქმეს. ამიტომ კარიკატურის ანალიზის დროს უნდა დავაკვირდეთ, რა არგუმენტებს იყენებს ავტორი სათქმელის გადმოსაცემად.
  • რისი თქმა სურს კარიკატურის ავტორს?
  • ჩამოაყალიბეთ არგუმენტები (ვიზუალური, ტექსტური), რომელზე დაყრდნობითაც აღნიშნულ დასკვნამდე მიხვედით.
  • რამდენად მარტივია, ამ არგუმენტაციაზე დაყრდნობით კარიკატურისტის მთავარი სათქმელის გაგება.
  • იზიარებთ თუ არა ავტორის არგუმენტებს?
  1. მიზნობრიობა. კარიკატურა არ არის მხოლოდ ნახატი. მას ყოველთვის ჰყავს კონკრეტული სამიზნე, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია მისი ირონიის ისარი, ასევე აუდიტორია, რომელთანაც უნდა მიიტანოს ავტორმა თავისი სათქმელი. კარიკატურა შესაძლოა, ერთი მხრივ, იყოს დამცინავი, აღმაშფოთებელი, ასევე შეურაცხმყოფელი, მეორე მხრივ, კარიკატურის მიზანია, მოახდინოს რაღაც აზრისა თუ საკითხის პროვოცირება. ის არ ეგუება რეალობას და წარმოაჩენს საზოგადოების განწყობებს არსებული პრობლემების მიმართ.
  • ვის წინააღმდეგ არის მიმართული კარიკატურა?
  • ვინ არის კარიკატურის აუდიტორია?
  • რა პრობლემა არის დასმული კარიკატურაში
  • როგორ დაეხმარა ავტორს კარიკატურა თავისი სათქმელის გადმოცემაში?
  • იზიარებთ თუ არ ავტორის ხედვას?

 

ზემოთ მოცემულ შეკითხვებზე დაყრდნობით პედაგოგს შეუძლია შეიმუშაოს ანალიტიკური სქემები, რომლებზე დაყრდნობითაც მოსწავლეები გააანალიზებენ კარიკატურებს. შეკითხვები და ორგანიზების ფორმები შეუძლია განსაზღვროს კლასის საჭიროების მიხედვით. როგორც წესი, კარიკატურაზე მუშაობის დროს აუცილებელია ნახატს სხვადასხვა კუთხიდან შევხედოთ. ამის მიზეზი ის არის, რომ კარიკატურა სუბიექტურად ასახავს მოვლენებს და ზემოქმედებს ადამიანის ემოციებზე. მიუხედავად ამისა, მას ისტორიული პროცესების შესახებ, საინტერესო ინფორმაციის მიცემა შეუძლია, მთავარია სწორად შევძლოთ მისი ინტერპრეტაცია.

მაგალითისათვის მოვიყვანთ  კარიკატურის ანალიზის ნიმუშს:

  კითხვები: პასუხები:
I ეტაპი ·      აღწერეთ კარიკატურის მოქმედი პირები და სხვა ობიექტები;

·      აღწერეთ კარიკატურაზე გამოყენებული  წარწერები;

·      კარიკატურის რომელი მახასიათებლებია დამახინჯებული ან გაზვიადებული?

·      არის თუ არა კარიკატურაზე სიმბოლური დატვირთვის მქონე დეტალები?

·         კარიკატურაზე გამოსახული ორი ადამიანი: ერთი ტრადიციულ, მუსლიმანურ სამოსშია ჩაცმული და ხელში აღმოსავლური ხმალი უჭირავს,  მეორე კი შარვლით და პიჯაკით შემოსილი, უროთი შეიარაღებული ებრძვის მოწინააღმდეგეს;

·         ნახატზე არის წარწერები: „სსრკ“, „ავღანეთი“, „მეამბოხეები“;

·         კოსტიუმიანი მამაკაცი მეტოქესთან შედარებით არაბუნებრივად დიდია, თუმცა ფეხები წვრილი აქვს. მისი სახის გამომეტყველება  და ქცევა გამოხატავს აგრესიას;

·         სიმბოლური დატვირთვა აქვს ხმალს, უროს, სუბიექტთა  ჩაცმულობას.

II ეტაპი ·      რომელი ისტორიული  ფაქტები, პერსონაჟები ან მოვლენები არიან წარმოდგენილი სიმბოლური ფორმით?

·      რისი თქმა სურს ავტორს ნახატის ცალკეული დეტალების დამახინჯებით / გაზვიადებით?

·      იგრძნობა თუ არა კარიკატურაში ირონია? როგორ არის გამოხატული ის?

·      რა ინფორმაციას გვაწვდის ტექსტი ნახატის შესახებ?

 

·                   კოსტიუმიანი მამაკაცი ლეონიდ ბრეჟნევია, XX საუკუნის 60–70 იანი წლების საბჭოთა კავშირის სიმბოლო, ხოლო აღმოსავლელი მამაკაცი – ავღანელი მებრძოლების, რომლებიც საბჭოთა არმიის წინააღმდეგ იბრძოდნენ. მათ ფეხებთან გავლებული ხაზი ავღანეთ-სსრკ-ის საზღვარს ნიშნავს. ხმალი სახელმწიფოს ჩამორჩენილობის ნიშანია, ხოლო ურო კი საბჭოთა იდეოლოგიის სიმბოლოა;

·                   ერთი პერსონაჟი ბევრად დიდია მეორეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრად ძლიერია, თუმცა წვრილი ფეხები მის სისუსტესა და არამდგრადობაზე მიუთითებს;

·                   ავტორის ირონია იგრძნობა კარიკატურის ორი მთავარი სუბიექტის განსხვავებულობაში: ერთი ზედმეტად ჩაკეტილია ტრადიციულ ჩარჩოებში, მეორე კი, უფრო ძლიერი და  განვითარებული, თუმცა საკუთარ შესაძლებლობებს სუსტის დასაჩაგრავად და დასამორჩილებლად იყენებს;

·                   ტექსტი ინფორმაციას გვაწვდის, იმის შესახებ თუ ვინ არიან რეალურად კარიკატურის მოქმედი პირები, კერძოდ – სსრკ და ავღანეთი. 

 

III ეტაპი ·      რომელ ისტორიულ მოვლენასთან არის დაკავშირებული კარიკატურა?

·      რა არის კარიკატურის მთავარი სათქმელი?

·      ვინ წარმოადგენს კარიკატურის აუდიტორიას?

·      ვინ არის კარიკატურის ირონიის სამიზნე?

 

·                  კარიკატურა ავღანეთის ომთან არის დაკავშირებული ( 1979 -1989);

·                  კარიკატურისტი ამბობს, რომ ავღანეთი სსრკ-ის წინააღმდეგ უთანასწორო ომშია ჩაბმული. მოწინააღმდეგესთან შედარებით, ბევრად  ჩამორჩენილი ავღანელები არ აპირებენ აგრესორს დანებდნენ;

·                  კარიკატურის აუდიტორიას წარმოადგენენ დასავლური სახელმწიფოების მოქალაქეები და ზოგადად, მსოფლიო საზოგადოება, რომელიც თვალს ადევნებდა სსრკ- ავღანეთის კონფლიქტს;

·                  კარიკატურის ირონიის სამიზნეა სსრკ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

 

 

 

 

საგაკვეთილო მუშაობის დროს, კარიკატურის ანალიზისათვის ეფექტურია შემდგომი სტრატეგიების გამოყენება.

სტრატეგია 1.

საწყის ეტაპზე პედაგოგი მოსწავლეებს ინდივიდუალურად ურიგებს კარიკატურებს. რამდენიმე მოსწავლეს, რომლებიც შემდგომ ეტაპზე წყვილში ან ჯგუფში უნდა გაერთიანდნენ, აძლევს ერთსა და იმავე კარიკატურას.

პირველი ეტაპი. მოსწავლეები, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ინდივიდუალურად, გულმოდგინედ აკვირდებიან კარიკატურაზე მოცემულ ყველა დეტალს.

მეორე ეტაპი. მოსწავლეები ინდივიდუალურად აღწერენ კარიკატურაზე გამოსახულ ადამიანებს, საგნებს, სხვა ობიექტებს, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე.

მე ვხედავ…..

მესამე ეტაპი. მოსწავლეები  იწყებენ  კარიკატურის ინტერპრეტირებას, ჩამოწერენ შეკითხვებს, რომლებიც მათ ნახატის ირგვლივ გაუჩნდა, სამუშაო კვლავ ინდივიდუალურად სრულდება.

მე მსურს, ვიცოდე…. მე მაინტერესებს…

ვინ?… რა?… სად?… როდის?… რატომ?… რისთვის?… როგორ?…

მეოთხე ეტაპი. მოსწავლეები წყვილში ან ჯგუფში ერთიანდებიან. შეაჯერებენ და განიხილავენ კარიკატურის ირგვლივ გაჩენილ შეკითხვებს და ეძებენ მათზე პასუხებს.

მეხუთე ეტაპი. მოსწავლეები წყვილში ან ჯგუფში, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით ცდილობენ, პასუხი გასცენ შეკითხვებს, ვისთვის არის კარიკატურა განკუთვნილი და რა არის ავტორის მთავარი სათქმელი.

მე ვფიქრობ, მხატვარს სურს თქვას…

მე ვფიქრობ, კარიკატურა განკუთვნილია….

მეექვსე ეტაპი. წყვილიდან/ჯგუფიდან შერჩეული მოსწავლე თავის თვალთახედვას წარუდგენს კლასს. ხდება მოსაზრებების საერთო საკლასო განხილვა და შეჯერებულ პოზიციამდე მისვლა.

 

სტრატეგია 2.

მოსწავლეებმა კარგად რომ გაიგონ, თუ რა არის კარიკატურის გზავნილი, საჭიროა გაიაზრონ, რა ნაწილებისაგან შედგება ის და როგორი მიმართება არსებობს ამ ნაწილებს შორის. შემდგომი სტრატეგიის გამოყენება, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარებათ, გაიაზრონ კარიკატურის ცალკეული ასპექტების მნიშვნელობა და მათი როლი კარიკატურის გზავნილის აღქმის პროცესში.

საწყის ეტაპზე მასწავლებელი ამზადებს სიმბოლოებს, რომლებიც ხშირად გამოიყენებოდა პოლიტიკური მიზნებისათვის. მაგალითად, ჩაქუჩი, ურო, არწივი, რაკეტა, ტანკები, ასევე, შესაძლებელია ცნობილი ისტორიული პირების სურათები, ისტორიულ მოვლენათა სურათები და ა.შ.

პირველი ეტაპი. პედაგოგი ჰყოფს მოსწავლეებს მცირე ჯგუფებად და აძლევს თითოეულ ჯგუფს სიმბოლოებს. მოსწავლეები ყურადღებით აკვირდებიან დარიგებულ მასალას.

 

მეორე ეტაპი: პედაგოგი სთხოვს თითოეულ ჯგუფს, 5-10 სიმბოლოს გამოყენებით შექმნან  პოლიტიკური კარიკატურა, ტექსტური წარწერა არ დაიშვება. მოსწავლეები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათი ნახატი კონკრეტულ მიზანზეა გათვლილი. პედაგოგს შეუძლია წინასწარ განუსაზღვროს თემა მოსწავლეებს, ანდა მისცეს მათ თავისუფალი არჩევანი.

მესამე ეტაპი:  ჯგუფები ერთმანეთს შორის ცვლიან შექმნილ ნახატებს.  ამჯერად მათი ფუნქციაა, შეისწავლონ სხვა ჯგუფის მიერ შექმნილი კარიკატურა  და დაასათაურონ ის.

მეოთხე ეტაპი: კარიკატურა კვლავ უბრუნდება ავტორ ჯგუფს. ისინი კითხულობენ დასათაურებას და ფიქრობენ შემდეგ შეკითხვაზე: შეესაბამება თუ არ სათაური ჩვენს ჩანაფიქრს? ჯგუფი აუმჯობესებს თავის კარიკატურას, რათა თავისი გზავნილი გახადოს უფრო ნათელი და მკაფიო. მას შეუძლია შეცვალოს კარიკატურის სახელწოდებაც.

მეხუთე ეტაპი: ნახატი კვლავ გადაეცემა მეორე ჯგუფს, რომელიც ნახატსა და მინაწერზე დაყრდნობით ამჯერად პასუხობს შემდეგ შეკითხვას: „რა არის კარიკატურის მთავარი გზავნილი?“ ისინი თავიანთ შეხედულებებს კარიკატურის ავტორ ჯგუფს წარუდგენენ და განიხილავენ საკითხს, თუ რა იყო კარიკატურის მთავარი გზავნილი და როგორ დაეხმარა მათ გამოყენებული სიმბოლოები ამის აღქმაში.

შედეგები:

  • მოსწავლეები მარტივად ჩასწვდებიან მოვლენის არსს, უკეთ გაიაზრებენ ისტორიული კონტექსტს;
  • განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნებისათვის საჭირო უნარები;
  • დახვეწენ დაკვირვებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს;
  • განუვითარდებათ ანალიზის უნარი;
  • კარიკატურებზე მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.

 

მასალები:

https://teachinghistory.org/teaching-materials/teaching-guides/21733

https://www.eiu.edu/eiutps/cartoon.php

https://www.learnnc.org/lp/editions/nchist-eg/6460

 

დავით ჩივაძე

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“.

 

 

        ,,კალიგრაფისტთა სკოლა’’

0

დიდი ხანია, მინდოდა, კალიგრაფიასა და მასთან დაკავშირებულ მიდგომებზე დამეწერა. საკითხზე დაფიქრებისაკენ კი ხელახლა მიბიძგა ცოტა ხნის წინ გამართულმა შეხვედრამ, რომელზეც  ქართულის სახელმძღვანელოს პოტენციური ავტორები მსჯელობდნენ, თუ როგორ უნდა ჩაიდოს დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოში  წერაზე, კალიგრაფიის დახვეწაზე მიმართული სავარჯიშოები, უნდა წერდნენ თუ არა მოსწავლეები ბადიან რვეულებში და ა.შ.

დავიწყოთ მცირეოდენი შესავლით, როგორც რიტორიკის კანონები მოითხოვს.         ,,კალიგრაფია“ ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვით ლამაზად წერას ნიშნავს. საქართველოში მას ოდითგანვე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ბეჭდური სისტემის განვითარებამდე კალიგრაფისტთა სკოლები არსებობდა, რომლებში განსწავლულებიც დიდი რუდუნებითა და მოწიწებით  ასრულებდნენ სხვადასხვა მნიშვნელობის ტექსტის გადამწერთა ფუნქციას. ერთი სიტყვით,  კალიგრაფისტობა ჩვენს ქვეყანაში ხელოვნების რანგში იყო აყვანილი . ბუნებით ესთეტი ქართველი ყოველთვის თვლიდა, რომ თვალი ჭამს და თვალი სვამს, ამიტომ ხელით ნაწერი ძალიან ლამაზი უნდა იყოს.  განათლების საბჭოური სისტემა ამ საკითხს კიდევ უფრო ხისტად  უდგებოდა-მოსწავლეებს სხვადასხვა წესით აიძულებდნენ ლამაზად წერას, მემარცხენეებს მაინცდამაინც მარჯვენა ხელის ხმარებას უკიჟინებდნენ, ,,ბატიფეხურის’’ ავტორს კი ხშირად აგემებდნენ ხოლმე იმ ავადსახსენებელ სახაზავს, წესით ჭკუა რომ უნდა ესწავლებინა.

გავიდა ხანი. მსოფლიო გადავიდა ბეჭდურ სისტემაზე. საზოგადოებაში გაჩნდა ლიბერალური შეხედულებები, განათლების სფეროში კი-კონსტრუქციული მიდგომები, მაგრამ ბევრისთვის ეს საკითხი რატომღაც იმავე სიმაღლეზე დგას, რა სიმაღლეზეც მაშინ იყო, როცა ადამიანები ჯერ კიდევ ბატის ფრთას აწებდნენ მელანში. ლამაზად წერა ისევაა ძალდატანების, წვალების, იძულების და, შესაბამისად, მოსწავლის მხრიდან წერითი სამუშაოს სიძულვილის ერთ-ერთი მიზეზი.  ვისაც დაბალ საფეხურზე ქართულის მასწავლებლად უმუშავია და საკითხსაც ჯანსაღად უყურებს, იშვიათია, არ ჰქონოდა ამ საკითხზე მცირეოდენი შეუთანხმებლობა მაინც მშობლებთან და ზოგიერთ კოლეგასთან. მასწავლებელთა ნაწილი ისევ აწვალებს მოსწავლეებს კალიგრაფიის გამო,  მშობელთა უმრავლესობაც  ჯიუტად თვლის პრიორიტეტად ლამაზად წერას, წერის სხვა ასპექტები კი ამის ფონზე მათთვის მნიშვნელობას კარგავს.

საკითხის უკეთ გასაშლელად ჩემი  პრაქტიკიდან ერთ ადრეულ და უხერხულ ეპიზოდს გავიხსენებ: სკოლაში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. ენთუზიაზმს არ ვუჩიოდი და , ბუნებრივია, დიდ დროს ვუთმობდი მოსწავლეებში წერისა და კითხვის უნარების გაუმჯობესებას. ამ ძნელად სავალ გზაზე ერთი გასაოცარი ამბავი გადამხდა: ერთ-ერთ მოსწავლეს უცნაური ჩვევა ჰქონდა : სახლში მიცემული  წერითი დავალება მინიმუმ შვიდჯერ დაწერილი მოჰქონდა. რომ მეგონა, ჩემ მიერ შესასწორებლად გამიზნულ ნაწერს ვეცნობოდი, აღმოჩნდებოდა, რომ 6-7 ვარიანტი შემდეგ გვერდებზე ეწერა. ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა. ნერვები მაწყდებოდა იმის გარკვევაში, რომელი იყო საბოლოო, რადგან ხშირად წინა ნაწერი სჯობდა შემდეგს. ვერ ვხვდებოდი , რატომ ,,თამაშობდა’’ ბავშვი ასე საშინაო დავალების რვეულში. მიზეზს კი არა და არ მეუბნებოდა. არაერთხელ მივეცი შენიშვნა ამის გამო. ჯიუტად იმავის გამეორების შემდეგ კი  გავაფრთხილე, რომ თუ კიდევ მომიტანდა ამდენჯერ დაწერილ ერთსა და იმავე დავალებას, ყველას გადავუხაზავდი. შენც არ მომიკვდე- არაფერი შეცვლილა. ერთ დღესაც ნერვებმა მიმტყუნა, ავიღე რვეული და ყველა გამეორებული დავალება გადავხაზე.  რას ვიზამთ, მუშაობის ადრეულ საფეხურზე ყველას მოგვდის მსგავსი შეცდომები.

შედეგმაც არ დააყოვნა. მეორე დღეს მოსწავლის დედაცა და მამაც ერთად დამესხნენ თავს. მიზანი კაპასი მასწავლებლის ,,შეხურება’’ იყო. დიალოგში, რომელიც ჩემი ძალისხმევით კონსტრუქციულ ჩარჩოში წარიმართა, გამოირკვა, რომ  თურმე შვილს მამა კალიგრაფიაში ავარჯიშებდა, არც მეტი და არც ნაკლები, საშინაო დავალების რვეულში. ეს იყო ერთი დავალების მრავალი ასლის არსებობის მიზეზი. გავშრი. შემეცოდა ბავშვი, რომელიც რატომღაც მიზეზს ვერ მაგებინებდა. ალბათ, ინტუიციურად ხვდებოდა, რომ ჩემი და მამის მიდგომები დიდად არ ემთხვეოდა. წარმოვიდგინე, როგორ იჯდა ღამით და ხვნეშა-ხვნეშით, მინიმუმ რვაჯერ, იძულებით წერდა ერთსა და იმავე დავალებას… მე კი ამდენი შრომა ერთი ფხრიწინით წყალში ჩავუყარე…

ეს ყველაზე დრამატული ფაქტია ჩემი პრაქტიკიდან კალიგრაფიასთან დაკავშირებით მშობელთა რადიკალურ-კონსერვატორული მიდგომების საილუსტრაციოდ. შესაძლოა, სხვები იძულების უარეს მეთოდებსაც მიმართავენ შინ.  მასწავლებელთან მშობლის დიალოგში კი საკითხი დაახლოებით ასე ისმება ხოლმე:

მშობელი:

-თქვენ ხომ სთხოვთ მკაცრად, რომ ლამაზად წეროს? (რატომღაც საეჭვოა ხოლმე მოთხოვნა, არადა, საინტერესოა, რომელ მასწავლებელს სიამოვნებს გაურკვეველი და უსუფთაო ნაწერის კითხვა?)

მასწავებელი:

-რა თქმა უნდა, წერის კულტურის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა  ეს საკითხი გარკვეულწილად კომპენსირდება იმ ფაქტით, რომ მოსწავლე ახერხებს უფრო მნიშვნელოვან რამეებს: აზრის გამართულად და მოქნილად ჩამოყალიბებას, ახალი ლექსიკური ერთეულების ოსტატურად გამოყენებას, კონკრეტული საკითხის ირგვლივ ვრცელ და თანმიმდევრულ მსჯელობას…

მშობელი:

-კი, მაგრამ ნაწერს რომ შეხედავ, სურვილი არ გაგიჩნდება წაკითხვის, როგორ ასოებს წერს, რა საშინელებაა…

მასწავლებელი:

– არც ისე ცუდად წერს. მთავარია, წერის კულტურა დაიცვას. ასოების მოხაზულობას რაც შეეხება, კალიგრაფია ხშირად გენეტიკურია, ინდივიდის გასაღებია, ასე ადვილად არ იცვლება. თან, მსოფლიო ბეჭდურ სისტემაზეა გადასული, ეს საკითხიც ასე მტკივნეულად აღარ დგას…

მშობელი:

– ასე როგორ შეიძლება, ბევრი უნდა ივარჯიშოს გამოსწორებაზე, ზოგი ხატავს, ისე წერს..

მასწავლებელი:

-მართალს ბრძანებთ, მაგრამ მას სხვა უფრო მნიშვნელოვანი უნარები აქვს. ასოების მოხაზულობას რაც შეეხება, ყველა ერთნაირად ვერ დაწერს. ყველა ვან გოგივით ხომ ვერ ხატავს…

(დუმილი)

არ იფიქროთ, რომ მასწავლებელი ან მოსწავლის ლამაზ ნაწერს არ აფასებდეს, ან წერის კულტურაზე არ მუშაობდეს, ან ღვლარჭნილი და აბდაუბდა ნაწერის კითხვა სიამოვნებდეს. მაგრამ მოგეხსენებათ, სწავლების პროცესში გონივრულია,  მეტი ძალისხმევა მიმართო შინაარსობრივ და არა- ფორმალურ მხარეზე. ენისა და ლიტერატურის სწავლება არ გახლავთ გრაფიკისა და ფერწერის გაკვეთილები, სადაც ფორმაზე მუშაობას უამრავ დროს დაუთმობ.

კაცმა რომ თქვას, რა პრობლემაა მასწავლებლისათვის კალიგრაფიის გაუმჯობესებისათვის ხშირი და მიზანმიმართული ვარჯიში. ,,სუფთა წერის გაკვეთილები“ ხომ ყველაზე ადვილი ჩასატარებელია: მიეცით მოსწავლეებს საწერი, ყოველგვარი ტვინის ჭყლეტისა და ფიქრის გარეშე, ერთადერთი მოთხოვნით: ,,წეერეთ ნეელა და ლაამაზად.“

მზრუნველმა და მოტივირებულმა მასწავლებელმა კი იცის, რომ ლამაზად წერის მოთხოვნა არ უნდა აქციოს მოსწავლის ტანჯვისა და წვალების იარაღად. ფორმალური მხარის ლაფსუსები კი მოსატანიც არაა იმ ბარიერებთან, რაც მოსწავლეს შეიძლება შეექმნას გრამატიკული პარადიგმების გაგების, გამართულად წერისა და აზროვნების კუთხით.  საოცარი ისაა, რომ ადამიანთა ნაწილს ამ ყველაფერზე უფრო პრიორიტეტულად სუფთად და ლამაზად წერა ესახება. ჩემი აზრით, ეს დამოკიდებულება ტიპური ანარეკლია საზოგადოების ცნობიერებისა, რომელიც ფორმას შინაარსზე მეტ დატვირთვას ანიჭებს.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კითხვაზე, თუ როგორ უნდა გადაიჭრას მოსწავლეებში კალიგრაფიის ჩამოყალიბების პრობლემა სახელმძღვანელოს შემქმნელთა, მშობლებისა თუ მასწავლებლების მხრიდან ,  ერთადერთი პასუხი არსებობს, რომელსაც უნდა დაეფუძნოს ყველა მეთოდი თუ სტრატეგია: უმტკივნეულოდ, ტანჯვისა და ძალადობის გარეშე!

 

მასობრივი გაკვეთილი ქიმიაში

0

 ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ  ბელფასტში  მეცნიერების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა გაკვეთილი ქიმიაში, რომელსაც  სხვადასხვა სკოლის 1339 მოსწავლე  ესწრებოდა. აქცია-აკვეთილი გინესების რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე მასობრივი გაკვეთილი  ქიმიაში. ასევე მსოფლიო რეკორდი დაამყარეს მოსწავლეებმა, რომლებმაც აქციის მოთხოვნის მიხედვით გარკვეულ დროში შეასრულეს მინიმუმ  ორი მეცნიერული ექსპერიმენტი და მოასწრეს დაკვირვების შედეგების ჩაწერა – მონაცემთა აღრიცხვა. ამ ინფორმაციის შედეგად გამიჩნდა სურვილი მსგავსი მოდელით ჩამეტარებინა ექსპერიმენტულკვლევითი გაკვეთილი თემაზე  –  ,,ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორები“.

 

სანდრო: „კვლევების შედეგად მე მარტივად  გავიგე და უკეთაც დამამახსოვრდა სიჩქარეზე

მოქმედი ფაქტორები!”

ქეთი: „ამ გაკვეთილზე ჩემი ჯგუფიდან  კვლევაში  ყველა აქტიურად  იყო  ჩართული“.

თიკა: „მართალია, ცდებს ხშირად ვატარებთ, მაგრამ განსაზღვრულ  დროში დავალებების შესრულება/მოსწრება უფრო საინტერესო და სახალისო იყო!“

გაბრიელი: „მოდით, ჩვენც ჩავატაროთ გინესის  რეკორდის მსგავსად მასობრივი გაკვეთილი ქიმიაში!“.

 

გაბრიელის  ამ იდეას მისი ჯგუფი შეუერთდა, ჯგუფს კლასი, კლასს . . . 

ეს ხომ  საინტერესო და ინოვაციური გამოწვევაა!

ეს არის შეფასებები, რომელიც ექსპერიმენტულ-კვლევითი გაკვეთილის – ,,ქიმიური რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორების“ – შემდეგ მოსწავლეებმა გამოთქვეს, ამიტომ შესაძლოა კოლეგებისათვის საინტერესო აღმოჩნდეს ჩემი გამოცდილების გაზიარება კვლევაზე დაფუძნებული და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისათვის. მარტივი, ხელმისაწვდომი მასალებით კვლევის დაგეგმვა და ექსპერიმენტების განხორცილება კოლეგებს დაეხმარება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.

 

გაკვეთილის თემაქიმიური რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორები

 

გაკვეთილის მიზანი – მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, ჯგუფურად  ჩაატარონ  ექსპერიმენტული კვლევები №1-4 და თითოეული კვლევის  საფუძველზე დაადგინონ, რა ფაქტორი  განსაზღვრავს ქიმიური რეაქციის სიჩქარეს. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ექსპერიმენტით კონკრეტული პრობლემის გადაჭრა,  წინასწარ  დარიგებული  კვლევის ცხრილი 1-ის შევსება და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით დასკვნის გამოტანა.

 

აქტივობა  1. მოსამზადებელი ეტაპი;

აქტივობა  2. წინარე ცოდნის შემოწმება;

აქტივობა  3. გამოწვევა; პრობლემის  დასმა;

აქტივობა 4. პრობლემის გადაწყვეტა: კვლევა №1.-4;

აქტივობა  5. საშინაო დავალება;

აქტივობა 6.  გაკვეთილის შეჯამება/მოსწავლეთა შეფასება.

 

აქტივობა  1.(3წთ) მოსამზადებელი ეტაპი

მასწავლებელი კითხულობს სიას, მიმართავს კლასს წინა გაკვეთილის მსგავსად დაჯგუფდნენ ნომრების მიხედვით და დასხდნენ ერთი მაგიდის გარშემო. კლასი დაყოფილია სამ ჯგუფად,

აცნობს შეფასების რუბრიკას.

აქტივობა  2.(8წთ.) წინარე ცოდნის შემოწმება.

  1. 1. ცოდნის შემოწმება ხდება კითხვებით:

– როგორ განისაზღვრება ქიმიური რეაქციის სიჩქარე?

– რომელი ფორმულით გამოსახავენ ქიმიური რეაქციის სიჩქარეს?

– რა არის ქიმიური რეაქციის სიჩქარის ერთეულები?

– წამიკითხეთ, როგორ გააფორმეთ ამოცანის მოცემულობა?

(სახელმძღვანელო, გვ.64. ამოცანა 3). – რა უნდა გვეპოვა ამ ამოცანაში?

– გამაცანით, როგორ შეასრულეთ  ამოცანის გამოთვლა?

  1. მასწავლებელი იბარებს რეფერატებს თემაზე:

პირველი ჯგუფი –  ვინ იყო ა. გინესი?

 მეორე – გინესის წიგნის შექმნის ისტორია;

მესამე  ჯგუფი – გინესის მიხედვით სიჩქარესთან დაკავშირებული რეკორდები.

აქტივობა  3.გამოწვევა; პრობლემის დასმა (5წთ.)

– ჩვენ ირგვლივ  მრავალი ქიმიური რეაქცია ხდება (მაგ: შაქრის დუღილით სპირტის მიღება – რამდენიმე კვირა, ბენზინი წამებში იწვის…). როგორ ფიქრობთ, რეაქციები ერთნაირი სიჩქარით მიმდინარეობს თუ – სხვადასხვა?

– რა განაპირობებს რეაქციის სიჩქარეს? (პასუხები მრავალფეროვანია).

uმასწავლებელი:   2015წ.  როგორც ყველაზე მასობრივი გაკვეთილი ქიმიაში, გინესების რეკორდების წიგნში მოხვდა, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ  ბელფასტში (ქალაქი დიდ ბრიტანეთში)  მეცნიერების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.  აქცია-გაკვეთილს  ესწრებოდა სხვადასხვა სკოლის 1339 მოსწავლე.

ასევე, მსოფლიო რეკორდი დაამყარეს მოსწავლეებმა, რომლებმაც აქციის მოთხოვნის მიხედვით გარკვეულ დროში შეასრულეს მინიმუმ  ორი მეცნიერული ექსპერიმენტი და მოასწრეს დაკვირვების შედეგების ჩაწერა – მონაცემთა აღრიცხვა.

მოდით, ჩავთვალოთ, რომ ეს გამოწვევაა და იმავე მოდელით ჩავატაროთ გაკვეთილი – ,,ექსპერიმენტული’’.  შესრულებული კვლევებით  დაადგინეთ, თუ  რა ფაქტორები განაპირობებს  ქიმიური რეაქციის სიჩქარეს.

uმასწავლებელი:  *დავალება სრულდება ჯგუფებში (1-3). *კვლევის ინსტრუქციები თოთოეული  ჯგუფისთვის  საერთოა. *თითოეული კვლევა უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დროში.  * კვლევის ჩატარება/დაკვირვების შემდეგ, მოყვანილი  პირობები მოკლე ჩანაწერის სახით უნდა გააფორმოთ თაბახის ფურცელზე – ცხრილი 1, რომელიც მაგიდაზე გიდევთ. *ჯგუფური მუშაობის შედეგს თქვენ მიერ ჯგუფიდან შერჩეული რამდენიმე მოსწავლე წარმოადგენს

 

 

ქიმიურ რეაქციის სიჩქარეზე მოქმედი პირობების განსაზღვრა

ცხრილი 1.

სინჯარა

ექსპერიმენტის აღწერა და

   ქიმიური რეაქციის ტოლობა:

მონაცემების აღრიცხვა:

*რა შეამჩნიეთ?

*რომელ სინჯა-

რაშია რეაქციის

V  მეტი?

    დასკვნა:

*რომელი ფაქტორი ახდენს გავლენას

რეაქციის V-ზე?

1

 

   

 

   
2  

 

 
 
3  

 

 
 
4  

 

 
 
5  

 

 

 
 

 

აქტივობა 4. (6წთ.) პრობლემების გადაწყვეტა:  კვლევა №1.(6წთ.)

 


ჯგუფები აყალიბებენ რეაქციის სიჩქარეზე მოქმედ ფაქტორებს:

სქემა:    

კონცენტრაცია
ტემპერატურა
მორეაგირე ნივთ. ბუნება
?
კონცენტრაცია

 

აქტივობა  5. (2წთ.)  საშინაო დავალება.

  1. რვეულში ჩაწერეთ დაფაზე გამოსახული სქემა. თითოეულ ფაქტორს  მიუწერეთ  შესაბამისი ქიმიური რეაქციის ტოლობა.
  2. ჟანგვა-აღდგენის რეაქციებს მიუთითეთ შესაბამისი ჟანგვის რიცხვის მნიშვნელობა.

აქტივობა 6. (5წთ) გაკვეთილის შეჯამება/მოსწავლეთა შეფასება.

 

შეფასების რუბრიკა განმსაზღვრელი შეფასებისთვის

 

კრიტერიუმები 1–3 4-5 6-7 810
ინსტრუქციის მიხედვით კვლევითი პროცედურების განხორციელება ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას, ვერ ახორციელებენ კვლევით პროცედურებს. მიყვებიან ინსტრუქციას, ვერ ახორციელებენ კვლევით პროცედურებს. მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით, ნაწილობრივ ახორციელებენ კვლევით პროცედურებს. მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით, სწორად ახორციელებენ კვლევით პროცედურებს.
ჯგუფის წევრების ჩართულობა  მუშაობაში

 

ყველა წევრი არ არის ჩართული. ზოგიერთი წევრი არ არის ჩართული. უმრავლესობა

ჩართულია.

 

ყველა ჩართულია.
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი არ უსმენენ ერთმანეთს, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს. ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს. ზოგჯერ იზიარებენ ერთმანეთის აზრს. უსმენენ ერთმანეთს, იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
მონაცემთა  აღრიცხვა აღრიცხავს არასწორ მონაცემებს. ხშირი შეცდომებით აღრიცხავს მონაცემებს. ნაწილობრივ აღრიცხავს

მონაცემებს.

 

სწორად  და

სრულყოფილად

აღრიცხავს მონაცემებს.

დასკვნების გაკეთება დასკვნებს აკლია ლოგიკა. არასწორად

აკეთებს  დასკვნებს.

ნაწილობრივ

აკეთებს სწორ დასკვნებს.

სრულყოფილად აკეთებს  შესაბამის დასკვნებს.

 

დროის ლიმიტის დაცვა არ იცავენ დროის ლიმიტს. ვერ  იცავენ განსაზღვრულ დროს. უმნიშვნელოდ გადააცდენენ დროს. იცავენ დროის ლიმიტს.

 

 

მასწავლებელი:  როგორ მოგეწონათ დღევანდელი გაკვეთილი?

რას  შეცვლიდით/დაამატებდით  ამ გაკვეთილს?

სანდრო: „კვლევების შედეგად მე მარტივად  გავიგე და უკეთაც

დამამახსოვრდა სიჩქარეზე მოქმედი ფაქტორები!”

ქეთი: „ამ გაკვეთილზე ჩემი ჯგუფიდან კვლევაში  ყველა

აქტიურად  ვიყავით  ჩართული“.

თიკა: „მართალია, ცდებს ხშირად ვატარებთ, მაგრამ განსაზღვრულ

დროში დავალებების შესრულება/მოსწრება უფრო საინტერესო და

სახალისო იყო!“

გაბრიელი: „მოდით, ჩვენც ჩავატაროთ გინესის რეკორდის მსგავსად

მასობრივი გაკვეთილი ქიმიაში!“

 

(პრაქტიკული რჩევა – რეაქტივებისთვის გამოიყენეთ: ალუმინის ფოლგა, სპილენძის მავთული; სპილენძის მავთულის გაცხელებითა და ჩამოფხეკის შედეგად  შესაბამისი ოქსიდის მიღება და შეგროვება, თუთია – ბატარეის დაშლის შედეგად მიღებული კორპუსი).

 

გაკვეთილის დასრულების შემდეგ, დასვენებაზე ანი მეუბნება: მასწ! იცით, რომ  ბელფასტი ლეგენდარული ტიტანიკის სამშობლოა და იმავე ადგილზე ტიტანიკის ფორმის უდიდესი კომპოზიცია – მუზეუმი აშენდა?

ანი, ტიტანიკი 1912 წელს  გავიდა და საუკუნის შემდეგ  – 2012წ. გაიხსნა მუზეუმი.

როგორც ,,ტიტანიკს“, ასევე მუზეუმს სამი წლის განმავლობაში აშენებდნენ და

სიმბოლურად იმდენივე ადამიანის მიღება  შეუძლია, რამდენიც  ლაინერზე იყო.

მოდი, ეს ინფორმაცია შემდეგ გაკვეთილზე გააცანი მოსწავლეებს, იქნებ კიდევ გაჩნდეს ახალი იდეა, რომელიც დაგვეხმარება დავგეგმოთ ახალი კვლევა, ამოვხსნათ და  აღმოვაჩინოთ დაფარული საიდუმლოებები...

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. 1. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. ნაწილი II. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016;
  2. პრაქტიკული პედაგოგიკა – ფოკუსირებული დაკვირვების პრაქტიკა. მ. ბოჭორიშვილი. ჟურნალი ,,მასწავლებელი“, 8 ოქტომბერი, 2014წ., გამომცემლობა: მასწავლებლის სახლი;
3.პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა. მ.სეხნიაშვილი.  ჟურნალი ,,მასწავლებელი“, 9 მარტი,2016წ., გამომცემლობა: მასწავლებლის სახლი;
  1. სააზროვნო უნარების განვითარების ეფექტიანი სტრატეგიები.
     https://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/saazrovn%20unarebi.pdf
  1. როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მასწავლებელი – 15 მახასიათებელი -https://edu.aris.ge/news/rogori-unda-iyos-21-e-saukunis-maswavlebeli-15-maxasiatebeli.html
6.School children at Belfast’s Odyssey Arena smash record for world’s largest science lesson.
February 24. 2015.
7. https://irelandru.com/world-record-school-kids-belfast/

 

 

 

 

 

აზროვნება და ოპერაციები

0

პირველი ფილოსოფოფოსი, რომელმაც აზროვნების (νόησιςის) შესახებ საკითხი წამოჭრა, იყო პარმენიდე და მის თანახმად,  გონის ამგვარი შრომის შედეგი შეიძლება იყოს როგორც ჭეშმარიტება, ისე – აზრი. პლატონისათვის აზროვნება გაიგება, როგორც მთავარი შემეცნებითი პროცესი, მოგონება, გახსენება იმისა, რაც ადამიანის სულმა სხეულში ჩასახლებამდეც კი იცოდა. თუმცა ეს კოსმიური ცოდნა, როგორც კვლავქმედება, მხოლოდ მაშინ ცოცხლდება, როცა გონება უნდა აამოქმედონ, შემოქმედებისას კი აზროვნება ინტუიციით ოპერირებს. აზროვნების შესახებ მეცნიერების (ლოგიკის) ფარგლებში არისტოტელე გამოყოფს გაგებას, მსჯელობასა და დასკვნას.  მისთვის სილოგიზმი დედუქციური[1] დასკვნაა, ხოლო დედუქციური ლოგიკა არის ზოგადი მსჯელობიდან კერძო მსჯელობის გამოყვანა; რომლის ძირითადი პრინციპი ფორმულირებულია შემდეგნაირად: როცა რაიმე ითქმის სხვაზე, როგორც ქვემდებარეზე, მაშინ ყოველივე, რაც ითქმის შემასმენელზე, ითქმის ქვემდებარეზეც. მაგალითად, ადამიანი მოკვდავია. პლატონი ადამიანია. პლატონი მოკვდავია“.

როგორ მივხვდით? – ის საშუალება, რის მეშვეობითაც ჩვენს გონებაში ამ კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტა შეიძლება მოხდეს, სააზროვნო, ინტელექტუალურ ოპერაციად მოიაზრება და მას სხვა არაერთგვაროვან მოვლენათა ზოგადი კანონზომიერებების გაგების, არათვალსაჩინო მითითებების წვდომისა თუ ობიექტთა კლასის ზოგადი და არსებითი ნიშნების გამოყოფის უნარები მიეწერება. აზროვნების შესახებ საუბრისას  განიხილავენ ცალკე ოპერაციებს, ცალკე თვით აზროვნების ობიექტს, ამოცანას, ცალკე თვით აზროვნების პროცესის დინამიკას (მიმდინარეობას) ამოცანის გადაწყვეტის პროცესში.

ჟან პიაჟეს მიხედვით, ლოგიკური აზროვნების ძირითად თვისებას მისი ოპერაციულობა წარმოადგენს. აზროვნების ოპერაცია – ეს არის გონებრივი მოქმედება, ანუ მოქმედება გონებრივ პლანში. აზროვნებაში ასახულია მიმართებათა წვდომა. ინტელექტუალური ოპერაცია ადამიანის გარემოსთან წარმოებული მოქმედებების გაშინაგნების, ინტერიორიზაციის შედეგია. ინტერიორიზაციის განვითარების პროცესში ბავშვის ქცევა გარემო ფაქტორებისგან სულ უფრო დამოუკიდებელი ხდება და ხშირად უფრო შინაგან სახეს იძენს, ვიდრე გარე გამოხატული რეაქციების ფორმას. სწორედ ეს შინაგანი რეაქციები, რომლებიც თავისი არსით აზროვნების პროცესს შეესაბამება, მოიაზრება აზროვნების ოპერაციებად, რომელთაც, აღქმისაგან განსხვავებით, შექცევადობა ახასიათებს. შექცევადობის მარტივი ნიმუშია: 8-5=3 ან 8-3=5.

აზროვნების რთული ფენომენის ანალიზის საფუძველზე  ხდება დაშლისა მისი ცალკეული მხარის თუ თვისების აბსტრაჰირება და ისე განხილვა. თუკი აზროვნების ცალკეული მხარის განხილვის, აღწერის, გამოკვლევის შემდეგ მისი სხვადასხვა მხარეები სინთეზის საშუალებით ერთ მთლიანობაში  გაერთიანება არ მოხდა,  აზროვნების პროცესის შესახებ ძალიან ბუნდოვანი, წყვეტილი წარმოდგენა დაგვრჩება.  ფსიქოლოგიაში აზროვნების ოპერაციის გაგება არაერთგვაროვანია, მაგრამ ძირითადად აზროვნების შემდეგ ოპერაციებს  განასხვავებენ:

  • ანალიზი
  • განყენება ანუ აბსტრაქცია
  • სინთეზი
  • შედარება
  • გაერთიანება
  • დაყოფა/კლასიფიცირება
  • ანალოგია

ემანუელ კანტის „მსჯელობის უნარის კრიტიკიდან“ მოყოლებული, ამათგან ყველაზე მნიშვნელოვნად ანალიზსა და სინთეზს მიიჩნევენ[2].

ანალიზი  (ბერძნ. ἀνάλυσις – განფენა) არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ცნობიერებაში მთლიანი ხატის ასეთ დაშლას ანალიზი ეწოდება.  ბენჯამენ ბლუმის  მიხედვით, ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:

  • მასალის (სტრუქტურის) შემადგენელ ნაწილებად დაყოფა: ნაწილების შედარება-შეპირისპირება, ნაწილებს შორის კავშირის ან სტრუქტურის დანახვა;
  • მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა;
  • პროცესის კანონზომიერების გამოვლენა;
  • მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა.

სინთეზი  (ბერძნ. σύνθεσις – დაკავშირება) არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც ანალიზის საწინააღდეგო პროცესს წარმოადგენს. სინთეზი გულისხმობს ცალკე მოცემული ელემენტების (ნაწილების, თვისებების) გონებაში გაერთიანებას ახალი სტრუქტურული მთლიანობის სახით: მაგალითად, ნაწილებისგან ახალი მთელის შედგენა, ცალკე თვისებების გაერთიანება ახალი მთლიანი შინაარსის სახით და ასე შემდეგ. სინთეზის ოპერაციის გარეშე შეუძლებელია ინდუქციური დასკვნა ცალკეული ფაქტებიდან, ხდომილებებიდან გარკვეული თეორიული მოდელის შედგენა. ბენჯამენ ბლუმის თანახმად, სინთეზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:

  • ნაწილების შეერთება ახალი სტრუქტურის (მაგ. ტექსტის) შესაქმნელად;
  • ჰიპოთეზის წამოყენება;
  • კვლევის ან რეფერატის დაგეგმვა;
  • შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა;
  • პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების წამოყენება;
  • პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა;
  • ახალი პროდუქტის (ინტელექტუალური ან მატერიალური) შექმნა ან გამოგონება.

შედარება  – საგანთა აზრობრივი ურთიერთმიმართება და მათში ზოგადისა და განსხვავებულის გამოყოფა, რომლის შედეგი შეიძლება იყოს დაჯგუფება.

დაჯგუფება  / განდასება – (ლათ. classis – ჯგუფი, დასი) – ადამიანის მოღვაწეობისა თუ ცოდნის რომელიმე სფეროში თანადაქვემდებარებულ გაგებათა (ჯგუფების, ობიექტების) სისტემა, რომელიც გამოიყენება, როგორც საშუალება ობიექტთა ამ კლასებისა თუ მნიშვნელობებს შორის კავშირების დასამყარებლად.

 

განყენება / აბსტრაქცია (ლათ. abstractio – განყენება) – აზროვნების ფორმა, დაფუძნებული საგნის არსებითი თვისებებისა და კავშირების აზრობრივ გამოყოფასა და მათგან დამოუკიდებლად გააზრებაზე; სხვა საგანზე  გადატანა, რომელიც ეწინააღმდეგება კონკრეტიზაციას. აბსტრაქციის სირთულე მოვლენათა და საგანთა მიმართებების განყენებაა. მაგალითად, რაოდენობის ან რიცხვის აბსტრაქცია, იგივეობის, ფუნქციის და ა.შ. რიცხვი არაა დაკავშირებული კონკრეტულ საგნებთან, მათ შინაარსთან. ის საგნების აღქმიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ, წარმოადგენს მათ შორის რაოდენობრივი დამოკიდებულებების განყენების შედეგს.

აბსტრაქცია შეიძლება იყოს:

  • გამაანალიზებელი, ცალკე ნიშნის განყენება (ფერის ან სიდიდის, ტემპერატურის ან კიდევ სხვა თვისებების განყენებას მათი მატარებელი საგნის წარმოდგენის გარეშე).
  • განმაზოგადებელი – ნამდვილი აბსტრაქცია, რომელიც გულისხმობს საგანთა ერთობლიობისათვის დამახასიათებელ საერთო, ზოგადი ნიშნის, თვისების გამოყოფას და ამ ზოგადის კონკრეტული საგნის გარეშე გააზრებას. განმაზოგადებელი აბსტრაქცია ეყრდნობა საგანთა შედარებას და მათ შორის მიმართების წვდომას. საგნებს შორის დამოკიდებულებაში ხშირად ჩნდება ისეთი თვისებები, რომელიც ცალკე აღებულ საგანში ან მოვლენაში არ ჩანს.

განზოგადება – განსახილველ საგანთა საერთო ნიშნების (თვისება, ურთიერთობა, განვითარების ტენდენცია…) გამოვლენის გზით განყენების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლა. იგი მოიცავს:

  • ახალ სამეცნიერო მდგომებს, წესებსა და თეორიებს.
  • საგანთა კლასის გაერთიანებას რაღაც ნიშნით. იქნება ეს ზოგადი თუ არსებითი თვისება.

მოამზადე პროდუქტის სარეკლამო ფურცელი; მოამზადე კვლევის ანგარიში;

ანალოგია (ბერძნ. αναλογία – მსგავსება, შესატყვისობა) – სხვადასხვა თვისებებში საგანთა (მოვლენების, პროცესების) მსგავსება.

  • ანალოგიის მიხედვით დასკვნა არის ის, რომ რომელიმე ობიექტის განხილვის შედეგად მიღებული ცოდნა გადაიტანება ნაკლებად შესწავლილ, მაგრამ მსგავსი თვისებებისა და ხარისხის ობიექტებზე.
  • ასეთი დასკვნა ერთ-ერთი წყაროა სამეცნიერო ჰიპოტეზისა. თუმცა მსგავსებებზე მსჯელობას არ გააჩნია დამამტკიცებელი ძალა და შეიძლება იყოს მცდარი, მიუხედვად ძალისხმევისა, რათა ეს მსჯელობა ყოფილიყო მართებული, კორექტული.
  • ამ განხილვებს გააჩნია ევრისტიკული ღირებულება.

 

ამრიგად, ადამიანისთვის აზროვნების ოპერაციები  წარმოადგენს წარმოქმნილ სააზროვნო ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას, ხერხს. მათი ცალკე-ცალკე განხილვა, ცხადია, ჩვენი ანალიზის და აბსტრაქციის შედეგია. აზროვნების პროცესში ყველა ეს ოპერაცია მონაწილეობს და რომელიმეს დომინირება ამოცანის ხასიათზეა დამოკიდებული.

კარლ დუნკერმა შემოიღო ხმამაღლა განსჯის მეთოდი: ამოცანის გადაწყვეტის დროს ცდის პირს ევალებოდა ხმამაღლა ემსჯელა, რაც არ უნდა მოსვლოდა თავში. ამ ოქმების ანალიზით იგი ცდილობდა აეხსნა, თუ როგორ ხდება პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტა, რა გზით წყვეტს ადამიანი ამოცანას. პირველად აღმოცენდება პრინციპი, გადაწყვეტის ფუნქციონალური ნიშნის გამოვლენა და ამის შემდეგ ხდება ამ პრინციპის კონკრეტული განხორცილება. გადაწყვეტის ზოგადი მიმართულების გაგება ყოველთვის ნიშნავს პირველადი პრობლემური სიტუაციის გარდაქმნას, მისი სტრუქტურის შეცვლას, ამიტომ გადაწყვეტის პროცესი არის არა მარტო გადაწყვეტის განვითარება, არამედ პრობლემის განვითარება. პიროვნება აანალიზებს სიტუაციას, განიხილავს ამ სიტუაციის თვისებებს, ვარიაციებს. ამოცანიდან გამომდინარე, იგი ფიქრობს, რომელი ვარიანტი გამოდგება, რა უშლის ხელს გადაწყვეტაში, სადაა კონფლიქტი. სიტუაციის ანალიზი არ მოიაზრება კონფლიქტის (წინააღმდეგობების) ანალიზით, ის მოიცავს მასალის ანალიზსაც, რისი გამოყენებაა შესაძლებელი კონფლიქტის გადასაჭრელად. მსჯელობისას პიროვნება აანალიზებს  სიტუაციას, ამოცანის კონფლიქტს და ეძებს ხერხს. ცდის პირს ებადება ზოგადი აზრი – უნდა იყოს რაღაც წინააღმდეგობა და სწვდება სიტუაციის ფუნქციონალურ მნიშვნელობას. ამრიგად, პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტა ნიშნავს ამ სიტუაციის შეცვლას, კერძოდ, მისი მთლიანი სტურუქტურის შეცვლას. ასეთი გადასტრუქუტირების შედეგად ამოცანის„რელიეფი“ იცვლება – ამოცანის რაღაც ნაწილები, ელემენტები უცბად წინა პლანზე იწევს და მთავარ „ფიგურად იქცევა ამოცანის საერთო „ფონზე“. სიტუაციის გამოყოფილი მხარეები (მომენტები) შესაბამის ფუნქციებს იძენენ, ხდება მათი სინთეზირება, შემდეგ კი შეფასება[3].

განათლების სპეციალისტი დ. პერკინსის (Perkins, 1992) „თეორია ერთი“ განიხილავს ინფორმაციის მიწოდების იმ ფორმებს, რომლებიც ხელს უწყობს აზროვნების ოპერაციების ამოქმედებას და, შესაბამისად, ეფექტურ სწავლასა და სწავლებას. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანი სწავლობს იმას, რის სწავლის ლოგიკური შესაძლებლობა და მოტივაციაც აქვს. „თეორია ერთის“ მიხედვით, რაიმეს კარგად შემეცნება მოითხოვს შემდეგი პირობების გათვალისწინებას:

  • ნათელიინფორმაცია: მიზნების და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა;
  • აზრიანიპრაქტიკა: აქტიური პრაქტიკა იმაში, რასაც მოსწავლე სწავლობს;
  • გამოხმაურება:რჩევები და შეფასება, რათა მოსწავლემ უკეთეს შედეგებს მიაღწიოს;
  • ძლიერიშინაგანი და გარეგანი მოტივაცია: დამაჯილდოვებელი აქტივობები ან დავალებები, რომლებიც თავისთავად საინტერესოა მოსწავლისათვის ან ეხმარება მას სხვა მიზნების მიღწევაში.

გარდა ამ პირობებისა, სასწავლო პროცესში უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა მეთოდი, თუ სტრატეგია, რათა გავზარდოთ აღსაზრდელთა სააზროვნო ოპერანტულობა. სხვადასხვა მითითებებით, კითხვების დასმითა თუ ვიზუალურ მასალაზე დაკვირვების გზით შეიძლება მათი ანალიზური უნარების განვითარებას, მათ „ოპერანტულ განპირობებულობას“ ძალიან  შევუწყოთ ხელი.

მითითებები ანალიზის ოპერაციისთვის:

გააანალიზე, ახსენი ძირითადი პრინციპი (მიზეზი); გამოყავი სტრუქტურა; მოაწესრიგე არსებით პრინციპზე დაყრდნობით; დაყავი მასალა სხვადასხვა ნაწილად. შეაპირისპირე ისინი და გამოავლინე მიმართებები; ახსენი მოვლენის მიზეზები; აღმოაჩინე  დაფარული აზრი; გამოავლინე კანონზომიერება; დაადგინე მიზეზშედეგობრივი კავშირები; ამოიცანი დამოკიდებულება; შეიტყვე ფარული აზრი; განსაზღვრე თვალსაზრისი.

კითხვები:

  • რა შეიძლება იყოს . . .-ის მიზეზი?
  • თუ . . . მოხდება, რა შედეგს მივიღებთ?
  • რა არის . . .-ის მთავარი აზრი?
  • კიდევ რა შედეგი შეიძლება მივიღოთ?
  • რატომ მოხდა . . . ეს ცვლილებები?
  • რა მოტივი უდევს ამას საფუძვლად?
  • რა არის პრობლემა?
  • რა არის მიზანი?

მითითებები სინთეზისთვის:

მოიფიქრე ალტერნატიული გზები პრობლემის გადასაჭრელად; პრობლემის გადაჭრისათვის დაგეგმე საჭირო მოქმედებები; გააერთიანე რამდენიმე მოსაზრება; წამოაყენე თვალსაზრისი; დაგეგმე კვლევის ჩატარება / ნაშრომის შექმნა; შექმენი პროდუქცია;

აქედან გამომდინარე, შეიძლება შემდეგი კითხვების დასმაც:

  • როგორ გადაჭრიდი პრობლემას?
  • რა გზებს მოიფიქრებდი?
  • როგორ დაგეგმავდი?
  • რას გააერთიანებდი?
  • რას მიიღებდი ახალს?
  • რა თვალსაზრისს წამოაყენებდი?

მითითებები შედარებისთვის: შეაჯერე მოპოვებული ინფორმაცია; გააკეთე დასკვნა; ამოხსენი თავსატეხი; გამოყავი ფუნქციონალური კავშირები; შეადარე არსებითი ნიშნებით; შეადარე, რით ემსგავსება ერთი საგანი მეორეს.

კითხვის დასმის ნიმუშები:

  • რა აქვთ საერთო . . .?
  • შეგიძლიათ თუ არა განასხვავოთ . . .?
  • რა არსებითი (ფუნქციონალური) ნიშნებით განიხილავდით საკითხს/ნიმუშს?
  • როგორ კონცეპტუალური რუკას ააგებდი?
  • როგორ გამოსახავდი სტრუქტურის ნაწილებს შორის ფუნქციონალურ კავშირებს სხვადასხვა სქემებით?

მითითებები დაჯგუფებისთვის:

დაყავი კლასებად, დააჯგუფე რომელიმე კონკრეტული ნიშნის მიხედვით; დაახარისხე მნიშვნელობები; დაახარისხე ღირებულებები; გამოიყენე ჯონ ვენისა და T დიაგრამები; ცნების რუკა; ისარგებლე პროგრამით: mind 42; დააჯგუფე კავშირები;

ვსვამთ შემდეგ კითხვებს:

  • რა ნიშნით დაყოფდი?
  • რა მნიშვნელობები გამოვლინდება?
  • რა მსგავსი ღირებულებები იკვეთება?

 

განყენების (აბსტრაქცის) ოპერაციისთვის შემდეგი მითითებები გამოგვადგება: გამოყავი საგნის არსებითი თვისებები და კავშირები  და ისინი დამოუკიდებლად გადაიაზრე; მოდელი გადაიტანე სხვა არაკონკრეტულ საგანზე .

კითხვები:

  • როგორ მოარგებდი ამ კონკრეტულ მოდელს სხვა შემთხვევას?
  • რა ცალკე ნიშანს განაყენებდი?
  • როგორ შეიძლება ფერის ან სიდიდის, ტემპერატურის ან კიდევ სხვა თვისებების განყენება მათი მატარებელი საგნის წარმოდგენის გარეშე?
  • საგანთა ერთობლიობისათვის დამახასიათებელ საერთო, ზოგადი ნიშნის, თვისება გამოყოფას და ამ ზოგადის კონკრეტული საგნის გარეშე გააზრება როგორ წარმოგიდგენია?
  • ასე რომ არ იყოს, რა იქნებოდა?
  • რა მიმართებები იარსებებდა?

მითითებები განზოგადებისთვის: გამოავლინე საგანთა საერთო ნიშნები (თვისება, ურთიერთობა, განვითარების ტენდენცია…); გააერთიანე  საგნები  რაიმე ნიშნით, იქნება ეს ზოგადი თუ არსებითი თვისება; მოამზადე პროდუქტის სარეკლამო ფურცელი; მოამზადე კვლევის ანგარიში;

კითხვები:

  • რა თვისებები ახასიათებს ამ ჯგუფის საგნებს?
  • რა საერთო ნიშნები, მსგავსებები გამოიყოფა?
  • რაა განმასხვავებელი?
  • რატომ?

ანალოგიისთვის შემდეგი მითითებების გამოყენება შეიძლება:

გამოავლინე სხვადასხვა თვისებებში საგანთა (მოვლენების, პროცესების) მსგავსება. გადაიტანე რომელიმე ობიექტის განხილვის შედეგად მიღებული ცოდნა ნაკლებად შესწავლილ, მაგრამ მსგავსი თვისებებისა და ხარისხის ობიექტებზე; შეეცადე, ამ მსგავსებებზე მსჯელობას ჰქონდეს დამამტკიცებელი ძალა; შეეცადეთ, იმსჯელოთ მართებულად, კორექტულად; გამორიცხეთ ყველანაირი შეცდომა და სიყალბე.

 

კითხვები:

  • რით ჰგავს ეს რამდენიმე მოვლენა ერთმანეთა?
  • კიდევ რა მსგავსი შემთხვევა გაგონდება?
  • იქნებოდა თუ არა ეს ამისი მსგავსი?

 

აზროვნების ოპერაციების ცოდნა დაგვეხმარება, რომ გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ცოდნის დონე, რათა ამოვაცნობინოთ მოსწავლეს ამოცანის ტიპი და ამის მიხედვით შევარჩიოს დამაზუსტებელი შეკითხვები, რომლებიც იერარქიით უფრო ქვედა დონეებზე გადის. შესაძლოა, შეფასების დონიდან სულ ქვედა – ცოდნის დონეზეც კი ჩამოვიდეთ და მერე ნაბიჯ-ნაბიჯ ავიდეთ ზემოთ ყველა დონეების გავლით ან თავიდანვე მხოლოდ ერთი ნაბიჯით ჩამოვინაცვლოთ ქვემოთ. მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ვასწავლოთ სააზროვნო ამოცანის ქვეამოცანებად დაყოფა. ამოცანის ადვილად მართვად ელემენტებად დანაწევრება კი ჩვენს აღსაზრდელებს ერთი შეხედვით რთული ამოცანის წარმატებით გადაჭრაში მნიშვნელოვნად დაეხმარება. მთავარია, ვურჩიოთ, რომ ყოველთვის ხვადასხვა გზებით იარონ და დაუზარებლად ეძიონ ახალ-ახალი საშუალებები დაბრკოლებების ეფექტურად გადასალახად.

 

გამოყენებული ელრესურსები:

  1. https://eng.warwick.ac.uk/ircsa/abs/3rd/b2.html
  2. https://psylist.net/obh/00015.htm
  3. https://vestishki.ru/node/947
  4. https://tools-for-thought.com/2008/12/02/dry-thinking-dont-repeat-yourself/#more-592
  5. https://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2–00-1—-0-10-0—0—0prompt-10—4——-0-1l–10-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-10&a=d&c=civil2&cl=CL2.19&d=HASH53faba1e9f16a8a26bc137.4

[1] დედუქცია (deductio) ლათინური სიტყვაა და ნიშნავს გამოყვანას

[2] https://www.smyrnyh.com/?page_id=397

[3] https://eng.warwick.ac.uk/ircsa/abs/3rd/b2.html

სისტემატიზაციის პრინციპების გამოყენება გაკვეთილზე

0

გაკვეთილი მოსწავლის განვითარების გზაზე გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომლის მიზანია სპეციფიკური, გაზომვადი შედეგის მიღება – ისეთი უნარ-ჩვევისა და ცოდნისა, რომელიც მიიღწევა გაკვეთილზე მოსწავლის მიერ შესრულებული ოპერაციებით: გაგებით, ახსნით, აღწერით, შედარებით, შექმნით, გაანალიზებით, პრობლემის გადაჭრით, შეფასებით, გამოკვლევით და ა. შ. მხოლოდ ასეთი შედეგები შესძენს მოსწავლეს სათანადო კომპეტენციებს და ჩამოაყალიბებს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ამ თვალსაზრისით, გაკვეთილი კულტურულ-ისტორიული მოვლენის ნაწილადაც აღიქმება და, შესაბამისად, მისი კარგად ჩატარებისადმი ინტერესიც დიდია.

რა მეთოდები, მიდგომები და ტექნოლოგიური ხერხებიც უნდა გამოვიყენოთ გაკვეთილზე კარგი შედეგის მისაღებად, მაინც დაგვჭირდება ისეთ პრობლემასთან გამკლავება, როგორიცაა ცოდნის მთლიან სისტემად წარმოდგენა. ამ მიზნის მისაღწევად ძირითად იდეაზე აქცენტირება, ინტერვალებით სწავლა, კონტექსტის დამახსოვრება და ა.შ. ხშირად არ არის საკმარისი. ცოდნის სისტემატიზაციისთვის აუცილებელია, მოსწავლემ ყოველი თემის დასრულების შემდეგ შეასრულოს პრაქტიკული დავალებები, რომლებითაც მიღებულ ცოდნას სისტემაში მოიყვანს. მნიშვნელოვანია ნასწავლი მასალის გამეორებაც, ოღონდ გამეორება არ უნდა გადაიქცეს ნასწავლი საკითების ჩამოთვლად – მოსწავლეს შესწავლილი საკითხების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება უნდა ჩამოუყალიბდეს. აზროვნების სისტემატურობა ასოციაციური წარმოდგენების, წარმოსახვების, კავშირების დამყარების უნარსაც მოითხოვს, ამიტომ ამ მიმართულებით მოსწავლის გააქტიურება ხელს უწყობს საგანთაშორისი კავშირების დამყარებას და ტრანსფერული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ათვისებას. ამისათვის აუცილებელია, წინასწარ გამოიყოს ე. წ. „შემხვედრი წერტილები“ ანუ ის მოვლენები, რომლებიც შეისწავლება სხვადასხვა საგანში და გაკვეთილებზე სისტემატურად დაისვას მათზე აქცენტი (მაგალითად, რომელიმე ისტორიულ ეპოქაში კულტურის განვითარების დონე, რომლის თავისებურებებსაც შეისწავლიან ისტორიისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე და ა. შ.).

სწავლის პროცესი გაცილებით გაადვილდება და გაუმჯობესდება, თუ გავითვალისწინებთ სისტემატიზაციის პრინციპებს, რომელთა დახმარებითაც მოსწავლე შეძლებს სწავლის პროცესში თანმიმდევრულობისა და სისტემატურობის როლის დანახვას და ნასწავლი მასალისა და მიღებული ცოდნის სისტემურად გააზრებას. სისტემატიზაციის პრინციპებიდან ზოგიერთი მართლაც უმნიშვნელოვანესია. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მათი გამოყენება. შევჩერდეთ რამდენიმეზე:

  1. „ნუ ისწავლი, სანამ არ გაიგებ“ – იმ ინფორმაციის დასწავლის მცდელობა, რომლის აზრიც არ გვესმის, ნამდვილად უაზრობაა, მოსწავლეთა უმრავლესობა კი ხშირად ისე ცდილობს მასალის დასწავლას, რომ არც ესმის, რას სწავლობს. როგორც უნდა „დაიზეპიროს“ მოსწავლემ ვესტფალიის ზავის პირობები, ეს არ ნიშნავს, რომ მან ისტორიის შესახებ რაიმე იცის, მაგრამ თუ მასალის სტრუქტურირებაში დავეხმარებით, ის გაიგებს ინფორმაციას და სავსებით შესაძლებელია, დიდ წარმატებას მიაღწიოს ისტორიის შესწავლაში.
  2. „შეისწავლე, სანამ დაიმახსოვრებდე“ – სანამ მოსწავლეს გონება გადაეტვირთება ათასგვარი წესითა და წვრილმანი საკითხით, შესასწავლი საგნის საერთო სურათის წარმოდგენაში, მის შესახებ მკაფიო წარმოდგენის შექმნაში უნდა დავეხმაროთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება მას ინფორმაციის ცალკეული დეტალებისგან მთლიანი მოვლენის აგება. ეს ხელს შეუწყობს აზროვნების გააქტიურებასაც, რადგან წინა პლანზე წამოიწევს ძირითადი პრობლემა და არა მისი შემადგენელი ნაწილები. მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე დიდი ბერძნული კოლონიზაციის შესწავლისთვის ჯერ უნდა დავსვათ და განვიხილოთ ძველი ბერძნული ქალაქების შესწავლის საკითხი. როცა მოსწავლის გონება აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას გააქტიურდება, პასუხებსაც ადვილად მიაგნებს და ადვილადაც დაიმახსოვრებს.
  3. „დააშენე ბაზისზე“ – ზოგადი სურათის წარმოდგენისთვის სულაც არაა აუცილებელი სრული სურათის შექმნა. პირიქით, რაც უფრო მოკლეა ძირითადი ინფორმაცია, მით უკეთესია, რადგან მისი დამახსოვრება და ათვისება გაცილებით იოლია. მოსწავლეს უნდა დავეხმაროთ, ბაზისურ ინფორმაციას „ზემოდან დააშენოს“ დანარჩენი დეტალები და ამით მიაღწიოს სასურველ შედეგს.
  4. 4. „ინფორმაციის მინიმუმის პრინციპი“ – მოსწავლეს მასალა რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად უნდა მივაწოდოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ძირითადი საკითხების გამოტოვებას. „მარტივი“ არ უნდა გავაიგივოთ „ცოტასთან“. ცალკეულ ასპექტებად დანაწილებული ინფორმაციის სისტემატიზაციას კი მოსწავლე ისევე ადვილად მოახერხებს, როგორც პატარა ნაწილებად დაყოფილი ინფორმაციის დამახსოვრებას. მაგალითად, მოსწავლეს გაუჭირდება დიდი დეპრესისი დამახასიათებელი ნიშან–თვისებების დამახსოვრება. უფრო ეფექტური და სწორი იქნება, თუ საკითხს დავყოფთ ქვეკითხვებად: ა) როდის დაიწყო დიდი დეპრესია? ბ) სად მოხდა ეს? გ) რამ გამოიწვია? დ) რატომ მიიღო მასშტაბური სახე? ე) რატომ უწოდეს „დიდი დეპრესია“? ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მოსწავლეს დიდი დეპრესიის შესახებ გაცილებით მეტი ეცოდინება და უფრო ადვილადაც დაიმახსოვრებს ინფორმაციას.

5. „გამოტოვების მეთოდი“ – წინადადების ცალკეულ ადგილებში წერტილები ჩავსვათ და მოსწავლეს გამოტოვებული ფრაზების აღდგენა დავავალოთ. მაგალითად, „ჯორჯ … იყო აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელიც აქტიურად იბრძოდა შტატების დამოუკიდებლობისათვის“. აქ საჭიროა პრეზიდენტის გვარის გახსენება. ერთი შეხედვით, მშრალი ინფორმაცია – ვინ იყო აშშ-ის პირველი პრეზიდენტი – მოსწავლეს ადვილად დაამახსოვრდება განსაზღვრულ კონტექსტთან კავშირში.

  1. 6. მასალის ვიზუალურ ხატს ანუ ინფორმაციის გრაფიკულ გამოსახულებას გაცილებით მეტხანს იმახსოვრებას გონება („ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობია“), ამიტომ მოსწავლე ასეთ დავალებებზე უნდა ვავარჯიშოთ.
  2. გრაფიკული გამოტოვებები“ – ჰგავს „გამოტოვების მეთოდს“. განსხვავება ის არის, რომ სიტყვისა და ფრაზის ნაცვლად გამოსახულებაა გამოტოვებული. მაგალითად, პირველ სავარჯიშოში გვაქვს მთლიანი სურათი, „მიწათმოქმედი გლეხი“, და მხოლოდ პატარა დეტალია გამოტოვებული; მომდევნო დავალებაში სხვა ნაწილს გამოვტოვებთ და მოსწავლეს ვავალებთ მთლიანი სურათის წარმოსახვით აღდგენას. ამგვარად, ერთი სურათი შეიძლება ჩაენაცვლოს ათობით შეკითხვას, რისი წყალობითაც ცნებები – „მიწათმოქმედება“ და „გლეხი“ ადვილი გასაგები გახდება მოსწავლისთვის.
  3. მნემოტექნიკა ამარტივებს დამახსოვრების პროცესს. ფსიქოლოგების აზრით, ამ ტექნიკის სისტემატური გამოყენებისას მოსწავლეს ინფორმაციის 90% ამახსოვრდება.
  4. „უარი სიმრავლეს“ – მრავალრიცხოვანი ობიექტების დამახსოვრება ძნელია. მაგალითად, მოსწავლეს უჭირს ამგვარად ფორმულირებულ კითხვაზე პასუხის გაცემა: „რომელი ქვეყნები შედის ევროკავშირში?“ – მაგრამ გაცილებით ადვილად ასრულებს სხვა ოპერაციას: „ჩამოთვალე ევროკავშირის ქვეყნები“. ასეთი დავალება მოითხოვს დანაწევრებული ცოდნის გადმოცემას, ანუ ცალ-ცალკე ქვეყნის დამახსოვრებას, რასაც ადვილად ახერხებს გონება.
  5. „არ გვინდა სია“ – სიაც ცუდი ფორმატია დამახსოვრებისთვის, თუმცა შესასწავლ საკითხებში მოსწავლე უამრავ ჩამონათვალს ხვდება და მათი დამახსოვრება გარდაუვალია. „გამოტოვების მეთოდის“ დახმარებით შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება.

ცოდნის სისტემატიზაციას მასწავლებელმა შეიძლება ცალკე გაკვეთილი დაუთმოს განსაზღვრული თემების დასრულების შემდეგ, ან გაკვეთილის სტრუქტურულ ერთეულად გამოყოს სისტემატიზაციისა და ავტომატიზაციის ფაზა, რომელიც გულისხმობს საშინაო დავალების შემოწმებას, იდეების გენერაციას, ახალი ცოდნის გადაცემას და ამ ცოდნის ავტომატიზაციის მიღწევას.

ამგვარი გაკვეთილის ძირითადი მახასიათებლებია: ცოდნის აქტუალიზაცია, ცოდნისა და უნარ-ჩვევების კონსოლიდაცია, მოვლენათა სრული სურათის შექმნა, ადრე ნასწავლი საკითხების ერთ სტრუქტურაში მოქცევა, განზოგადება, მთავარი პროცესების, შესასწავლი პერიოდის მოვლენების, მთავარი მოქმედი პირების გამოყოფა, მოვლენათა შორის კავშირის დამყარება, რთულ საკითხებში ჩაღრმავება, რაც საზოგადოებრივი მოვლენების შესახებ კიდევ უფრო მეტი თეორიული მასალის გაცნობას მოითხოვს, მოსწავლეთა მიერ სავარჯიშოების შესრულება და საგნის შინაარსის ერთიანობაში დანახვა.

განვიხილოთ პრობლემა VII კლასის ისტორიის სწავლების მაგალითზე: ცოდნის სისტემატიზაციისთვის „ძველი საბერძნეთის“ განყოფილებაში (რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: კრეტა-მიკენი, არგონავტების ლაშქრობა, ტროის ომი, სპარტა, ათენი, დემოკრატიის საფუძვლები, ალექსანდრე მაკედონელი) მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა აქტივობა და თითოეულ ეტაპზე ზემოთ მითითებული პრინციპების გამოყენებით შეარჩიოს დავალებები.

I – თავდაპირველად მასწავლებელი იყენებს გონებრივ იერიშს და მოცემული თემიდან კითხვებს უსვამს მოსწავლეებს, მაგრამ ისე, რომ აირიდოს „სიმრავლე“. ნაცვლად შემაჯამებელი კითხვისა: „რა ნიშან-თვისებები ახასიათებდა ძველ ბერძნულ საზოგადოებას?“ – იყენებს „ინფორმაციის მინიმუმის“ პრინციპს. ის კითხვებს სვამს იმგვარად, რომ მასალა სისტემურადაც წარმოისახოს მოსწავლემ და ადვილადაც დაიმახსოვროს. კითხვები შეიძლება იყოს ასეთი:

* რა მიღწევები ერგოთ ბერძნებს კრეტა-მიკენის დროინდელი კულტურიდან? ვის ჰყავდა მონები ჰომეროსისა და ჰესიოდეს დროს? რა შედეგით დამთავრდა ბერძენ-სპარსელთა ომები? რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ათენელი მოქალაქეები? რატომ არ იყვნენ მონები დაინტერესებული საკუთარი შრომით? რა ნიშნები ახასიათებს ძველი ბერძნების რელიგიას? რა სახის მეცნიერული აღმოჩენები ეკუთვნით ძველ ბერძნებს? – და ა. შ.

II – მომდევნო ეტაპია გამეორება. ამ დროს მასწავლებელი მოსწავლეებს გაამეორებინებს მასალას და ყურადღებას გაამახვილებს თემის ძირითად ცნებებზე: არქონტი, დემოკრატია, ოლიგარქია, პოლისი, ტირანია, მონობა, ფილოსოფია და ა.შ. გამეორება შეიძლება მოხდეს დამოუკიდებელი სამუშაოს (ჩაწერის, ჩანიშვნის) და ზეპირი დიალოგის სახით. ამავე დროს, მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ გამოტოვებული ინფორმაციის ჩასმა, მაგალითად: „ბერძნულ პოლისებში არსებული მმართველობის ფორმა …. თანამედროვე მმართველობის ფორმებიდან უმნიშვნელოვანესია“.

გამეორებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ისტორიულ თარიღებს. ამ მიზნით მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ტესტური დავალება: „ამოირჩიეთ სწორი პასუხი“. ერთი დავალება შეიძლება ეხებოდეს ისტორიული მოვლენების შედარებასაც. მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს რამდენიმე თემა შედარების სავარჯიშოების შესასრულებლად, მაგალითად, „ძველი ბერძნების ცხოვრება სპარტასა და ათენში“, „ძველბერძნული და ძველეგვიპტური რელიგიები“ (რადგან მათ პროგრამულად უკვე აქვთ გავლილი ძველი ეგვიპტე), „რა აზრისა იყვნენ ჰომეროსი და არისტოტელე მონობის შესახებ“ და სხვ. დავალებების შესრულებისას მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ სისტემატიზაციის პრინციპებიდან რომელიმე.

III – მომდევნო აქტივობა სამუშაო რუკას უკავშირდება:

* იპოვეთ რუკაზე ძველი საბერძნეთი, მოხაზეთ მისი ტერიტორია, უდიდესი ქალაქები და კოლონიები.

აქ მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს სქემატური რუკებიც და „გრაფიკული გამოტოვების“ პრინციპით თანმიმდევრულად ცვალოს გეოგრაფიული ობიექტები .

მომდევნო გაკვეთილებზე, მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაასრულებენ ძველი საბერძნეთის ისტორიის გაცნობას, მასწავლებელს შეუძლია, ამგვარი დავალებები შეასრულებინოს მათ რომის ბლოკის სისტემატიზაციისთვის და ახალი ინფორმაციისა და ძველი მასალის (ეგვიპტე, საბერძნეთი და სხვ.) სისტემურად წარმოდგენისთვის. ის გამოიყენებს „ბაზისზე დაშენების“ პრინციპსაც და ასე გააგრძელებს პროგრამის დასრულებამდე.

ასეთი დავალებებით მოსწავლე შეძლებს ცოდნის სისტემატიზაციას, დაინახავს ისტორიის საგნის შინაარსს და ამ საგანში საკუთარ ცოდნასაც.

გაკვეთილზე სისტემატიზაციის პრინციპების გამოყენება მრავალმხრივაა საინტერესო. ეს ხელს უწყობს არა მარტო ცოდნის უფრო მაღალი დონის მიღწევას, შედარებით მოკლე ხანში გაცილებით დიდი მოცულობის სასწავლო მასალის ათვისებას, არსის ადვილად წვდომას, ფაქტების განზოგადებასა და კონცეპტუალურ ფორმირებას, საგაკვეთილო დროის რაციონალურად ორგანიზებას, არამედ, საზოგადოდ, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნასაც. ამიტომ მისი გამოყენება სასწავლო პროცესში ეფექტური და სასარგებლოა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...