ხუთშაბათი, აგვისტო 21, 2025
21 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

ამბები ქართულ კინოზე

0

ალბათ ხშირად გაგიგიათ, რომ საქართველო ღვინისა და ოქროს საწმისის ქვეყანაა, ახლა კი დროა გაიგოთ ისიც, რომ საქართველო კინოს ერთ-ერთი სამშობლოც არის და ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მსოფლიო კინოს, განსაკუთრებით კი ევროპული კინოს განვითარებაში.

 

პირველი კინოსეანსი თბილისში პარიზში გამართული ჩვენებიდან სულ რამდენიმე თვეში, 1896 წლის 16 ნოემბერს გაიმართა, მაყურებელს ლუმიერების ფილმები უჩვენეს.  ეროვნული კინემატოგრაფი სათავეს კი 1908 წელს იღებს. 1912 წელს კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა ფირზე დიდი ქართველი პოეტის აკაკი წერეთლის მოგზაურობისა და პოეზიის სახალხო დღესასწაულის ცოცხალი და შთამბეჭდავი სურათები აღბეჭდა, “აკაკის მოგზაურობას რაჭა-ლეჩხუმში”, თავისი თემატიკით, მეტრაჟითა და მხატვრული დონით, იმდროინდელ მსოფლიო კინემატოგრაფში ანალოგი არ მოეძებნება.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ მსოფლიოს პირველი კინოვარსკვლავი ფლორენს ლოურენსი იყო, ევროპის მასშტაბით არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა ქართველი ნატო ვაჩნაძე, რომლის კინოდებიუტიც 1923 წელს შედგა და ათწლეულების განმავლობაში ქართული კინო მის გარეშე წარმოუდგენელი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მასალაზე მუშაობისას მრავალი ავტორი სცოდავდა ყალბი რომანტიკულობითა და ეგზოტიკურობისაკენ სწრაფვით, მათი ფილმები მაყურებელთა მოწონებით სარგებლობდა, რასაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი ამ ფილმებში სწორედ ნატო ვაჩნაძის მონაწილეობამ, რომლის ბუნებრივ მომხიბვლელობას, 1923 წლიდან მოყოლებული 50-იან წლებამდე, დაპყრობილი ჰქონდა ეკრანი. ვაჩნაძე წარმატებულად ჩაანაცვლა დიდმა ქართველმა კინოვარსკვლავმა ლეილა აბაშიძემ, რომელიც 1941 წელს, 8 წლის ასაკში გამოჩნდა ეკრანზე და მალევე იქცა ქვეყნის ეროვნულ საგანძურად. როგორც ხშირად ამბობენ, ლეილა აბაშიძე ქართული კინოსათვის ყოველთვის იყო ერის ხასიათის, რწმენის და ეროვნულობის სახე.

ქართულ კინოს არსებობის 100 წლის მანძილზე გამარჯვებებიც ჰქონდა და წარუმატებლობაც. განსაკუთრებულ წარმატებას ქართულმა კინომ 1960-1970-იან წლებში მიაღწია. ამ პერიოდის საუკეთესო ქართული ფილმები აშკარად გამოირჩეოდა საბჭოთა კინოპროდუქციის საერთო ნაკადიდან. ტოტალიტარული სისტემა კინოხელოვნებას იდეოლოგიური პროპაგანდის ძლიერ იარაღად მიიჩნევდა. აქედან გამომდინარე, საბჭოთა კინორეპერტუარში დიდი ადგილი ეთმობოდა რევოლუციური თემატიკისა და პატრიოტული ჟღერადობის ფილმებს.

რეჟისორების ახალი ტალღა საქართველოში 60-იანი წლებიდან გამოჩნდა, რომლებიც მკაცრი ცენზურის პირობებში მაინც ახერხებდნენ თავი აერიდებინათ ოფიციალური პროპაგანდისთვის და შეხებოდნენ აქტუალურ სოციალურ პრობლემებს და გაეკრიტიკებინათ არსებული სისტემა.

ასე იყო თუ ისე, მრავალი ქარტეხილის მიუხედავად ქართულმა კინომ თვითმყოფადობა შეინარჩუნა და როგორც ბერლინის, კანის, ვენეციის, სანდენსისა და სხვა კინოფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ქართულ კინოში ახალი ტალღა დაიწყო. ამ ტალღის სათავეებში კი ქართველი ქალი რეჟისორები – ნანა ექვთიმიშვილი და რუსუდან ჭყონია მოექცნენ.

 

ნანა ექვთიმიშვილმა, რამდენიმე მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმზე მუშაობის შემდეგ, 2012 წელს, რეჟისორ სიმონ გროსთან ერთად, საკუთარი კინოსცენარით გადაიღო ფილმი „გრძელი, ნათელი დღეები“, რომელმაც მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან კინოფესტივალზე გაიმარჯვა, მათ შორის ბერლინის, ჰონგ-კონგის, პარიზის, სარაევოს, ლოს-ანჯელესისა და ტოკიოს ფესტივალებზე. ფილმი 20-ზე მეტ ჯილდოს ფლობს. 2013 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე „გრძელი, ნათელი დღეები“ ახალი ქართული ტალღის მომასწავებლად მიიჩნიეს, ხოლო ჰონგ-კონგის ფესტივალზე ფილმს ქართული კინოს გაზაფხული უწოდეს. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება FIPRESCI-მ კი ფილმს “ქართული კინემატოგრაფიის ხელახალი აღორძინების ნიმუში” უწოდა.

წელს ქართულ კინოს მნიშვნელოვანი წელი ჰქონდა იმ მხრივაც, რომ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საკმაოდ საინტერესო პროგრამით წარდგა. მაგალითად, აღსანიშნავია უკვე ხსენებული რეჟისორის, ნანა ექვთიმიშვილის ახალი ფილმი – „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი სიტყვა უკვე თქვა, თუნდაც იმით, რომ ფილმის გლობალურად დისტრიბუციის უფლება ნეტფლიქსმა იყიდა, კინოკრიტიკოსებმა კი ის წლის ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ ფილმად შეაფასეს.

„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ გამორჩეულად სევდიანი ფილმია, სადაც, მცდელობების მიუხედავად, იუმორის ადგილი აღარ რჩება და მელანქოლია უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ნანა და სიმონი ბრწყინვალედ ახერხებენ, ეტაპობრივად მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა არის ოჯახი, რა არის და სად არის ბედნიერება. თუმცა, ამას დამრიგებლური ტონით არ აკეთებენ. “ფილმში კარგად ჩანს, თუ როგორი რთულია შენი პასუხი იყოს “დიახ”, როცა გინდა, თქვა – “არა”, – წერდა კინოკრიტიკოსი ენდრიუ კრამპი.

რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ნანასა და სიმონის ფილმმა ოდესის ფესტივალის ორი ჯილდო მიიღო საუკეთესო რეჟისურისა და სამსახიობო ანსამბლისათვის.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ ევროპის კინოაკადემიამ კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანებას FIPRESCI-ს თხოვნით მიმართა, დაესახელებინა წლის 10 საუკეთესო ფილმი. FIPRESCI-მ კი ათეულში „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ დაასახელა.

ამავდროულად, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს, საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების პრიზების გარდა, ფესტივალის მთავარი ჯილდო – ოქროს ზეთისხილის ხე, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გადაეცა. მანამდე კი The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.

გარდა ამისა, ბერლინის კინოფესტივალზე მისულ მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ენახა რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“, რომელიც 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ეხება. ფილმზე ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კინოკრიტიკოსმა, ანტონ დოლინმა დაწერა, რომ „მძევლები“ ჩვენი ქვეყნის სახელით აუცილებლად უნდა გაიგზავნოს ოსკარზე – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად, რადგან შანსები რეალურია.

გაცილებით კრიტიკული აღმოჩნდა ქართველი მაყურებელი. ქართულმა პრესამ ერთხმად დაიწუნა კინოსურათი და წერდნენ, რომ „მძევლები“ იდეისგან დაცლილი ფილმია, სადაც რეჟისორმა ვერ მოახერხა, ეჩვენებინა ის, რისი თქმაც, სავარაუდოდ, სურდა.

ბერლინში, ერთ-ერთ სექციაში აჩვენეს დიტო ცინცაძის „ბედნიერების ღმერთიც“, სადაც რეჟისორი აღწერს, თუ რა მარტივად ნადგურდება იმედებით სავსე გზა, როდესაც ემიგრანტები მათთვის უცხო კულტურაში თავის დამკვიდრებას ცდილობენ.

ქართული ფილმების ჩვენებამ წარმატებით  ჩაიარა კარლოვი-ვარის კინოფესტივალზეც, სადაც გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი“ ხიბულა“ და მარიამ ხაჭვანის „დედე“ უჩვენეს. ამ უკანასკნელმა კი პრიზიც დაიმსახურა.

 

რაც შეეხება „ხიბულას“, მიუხედავად იმისა, რომ ოვაშვილი ხელცარიელი დარჩა, ეს დანაკლისი თამამად შეუძლია ამოავსოს გავლენიანი გამოცემების დადებითი რეცენზიებით. პრესამ ერთხმად აღიარა, რომ „ხიბულა“ პოეტური და სულისშემკვრელი ფილმია.

ბოლო პერიოდში გადაღებული ფილმებიდან აღსანიშნავია, ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები“. ეს არის ამბავი,  რომელიც ხდება ჩვენს ეზოებში, ქუჩებში, ქალაქში, დედამიწაზე, როცა პეიზაჟი ნისლშია გახვეული, როცა ქალაქში ზღაპარი დგება და როცა არ გეშინია იტირო იმდენი, რამდენიც დაგჭირდება, გრძნობ გმირებთან და ისტორიასთან სიახლოვეს. რეჟისორი ზედმიწევნით კარგად იცნობს იმედგაცრუებულ, დეპრესიულ 90-იანელთა “დაკარგულ თაობას”, როცა უფროსი თაობის მაგალითი ავადმყოფურად გადამდები ხდება, როცა გზა არსაით მიდის, ხოლო თინეიჯერები სკოლის მერხებიდან პირდაპირ “დაკაცების” გაკვეთილებზე გადადიან და როცა მშობლები შვილებს კოშკში კეტავენ, შვილი კი მოუთმენლად ელის იმედს, ხსნას და გადარჩენას, რომელიც არავინ იცის მოვა თუ არა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო შავი ზღვის რეგიონში  კინოგადაღებისათვის მნიშვნელოვანი ადგილია.  საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც შავი ზღვის რეგიონის მასშტაბით შეიმუშავა წამახალისებელი პროგრამები კონკრეტული ინდუსტრიების განვითარებისა და სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სფეროების ხელშეწყობისათვის. შესაბამისად, საქართველოში გადაღებების წარმოება სასიამოვნოსთან ერთად მომგებიანი პროცესიც გახდა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო პროდიუსერებს საშუალება მიეცათ, პროგრამის “გადაიღე საქართველოში” ფარგლებში წამახალისებელი,  ე.წ cash rebate მექანიზმის დახმარებით აინაზღაურონ გადაღებებზე გაწეული ხარჯების 20 პროცენტი.

 

მიუხედავად ქვეყნის მცირე ფართობისა, საქართველო მსოფლიოში მრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა. აქ შეგძლიათ შეხვდეთ სუბტროპიკულ სარტყელს, ალპურ ზონასა და ნახევარუდაბნოებს. ერთდროულად შეგიძლიათ დააკვირდეთ თოვლს მთებზე, სიმწვანეს, გაზაფხულის ყვავილობას და უღრუბლო ზაფხულს ზღვის სანაპიროზე.

 

რა თქმა უნდა , ერთ სტატიაში სრულად ვერც ქართული კინოს ისტორიას მოვყვებოდით და ვერც ახალი თაობის კინორეჟისორებზე შევძლებდით ვრცლად მოგვეთხრო. მაგრამ მთავარია ვიცოდეთ და გვახსოვდეს, რომ ქართული კინემატოგრაფი, რომელმაც უამრავი დაბრკოლება გადალახა, ერთ-ერთი მოწინავე და მნიშვნელოვანი მოთამაშეა ევროპულ ბაზარზე. აქ შეხვდებით ბულინგს, პიროვნების დაკნინებას, უიმედობას,  ოჯახურ პრობლემებს, ქუჩას, სკოლას, აუხდენელ ოცნებებს, გზააბნეულობას, რომელიც ნაივური ცინიზმითა და ახალგაზრდული ენერგით არის კინოფირზე გადმოტანილი, რომელიც ერთდროულად ანაყოფიერებს და განდევნის ჩვენს უიმედობას, რომელიც რაღაცით ჭაობში ჩაფლული კაცის მდგომარეობას ჰგავს, რომელსაც სჯერა, რომ მალე გზა გამოჩნდება.

 

პროტესტის მუსიკა

0

რეპის მიმდინარეობა აშშ-ში 80-იანი წლებიდან მოდის. თავდაპირველად, როგორც წესი, რეპს აფროამერიკელები მღეროდნენ და ეს იყო ერთგვარი პროტესტი არსებულის მიმართ. რეპერი ზანგები იბრძოდნენ თანასწორობისათვის და ამერიკული ქუჩის წესებით ცდილობდნენ გასწორებოდნენ მრავალ სოციალურ უთანასწორობას, რაც ასე ფესვგადგმული იყო დასავლურ სამყაროში. ისინი უპირისპირდებოდნენ პოლიტიკას. შეიძლება ითქვას, ზედმეტსახელის ქონა მათთვის აუცილებელია, მეტიც – ბევრი ცნობილი რეპერების ნამდვილი სახელი თითქმის არავინ იცის.

 

რეპერთა სიმღერები, განსხვავებით თუნდაც როკისაგან, არ არის აგებული მუსიკალურობაზე. ის ერთგვარად სწრაფად წაკითხული ლექსებია, რომელსაც არცთუ ისე რთული მუსიკა ახლავს თან. თუმცა ამას ნამდვილად არ შეუშლია ხელი რეპერებისთვის, მრავალი თაყვანისმცემელი შეეძინათ ჯერ აშშ-ში და შემდგომ მთელ მსოფლიოში. თითქმის ყველა ქვეყანაში უმალვე გადმოიღეს ეს მუსიკა და ამჟამად ევროპელი რეპერებიც (კანის ფერის მიუხედავად) არანაკლებ ცნობილ რეპულ ჰიტებს ქმნიან.

 

საქართველოში რეპის შემოსვლა ისეთ პერიოდს დაემთხვა, როდესაც მუსიკა თითქმის მკვდარი იყო. არ არსებობდა რამე წინაპირობა, რომ ქართველი მსმენელი ამ სიახლის მისაღებად მზად ყოფილიყო. ამიტომ რეპი უმალ მიიჩნიეს ქართული ენისათვის შეუსაბამო სტილად და აქედან გამომდინარე, მიუღებლადაც. თუმცა, სავარაუდოდ, ქართულ ენაზე დაწერილი ნებისმიერი ლექსის რეპად სიმღერა შესაძლებელია, რადგან თვითონ ენის წყობის მუსიკალურობა იძლევა ამის საშუალებას. სხვათა შორის, ამ მხრივ საინტერესოა ქართული მხატვრული ფილმი “ქეთო და კოტე“, სადაც ერთ ეპიზოდში ქალის მზითევის ჩამოთვლა სწორედ რეპის სტილში ხდება.

 

ქართველი რეპერები, განსხვავებით ამერიკელი კოლეგებისაგან, სრულიად საპირისპირო რამეს ქადაგებენ. მაგალითად, ამერიკელი “ქულიო“ თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერაში ამბობს: `ფულით ძალაუფლება, ხოლო ძალაუფლებით ფული მოიპოვება და ეს ასეც უნდა იყოს”. ქართველები სრულიად საპირისპიროს მღერიან. მაგალითად, ერთ-ერთი ქართული რეპ ჯგუფი მღერის: “არ გვინდა ფული, არ გვინდა ქონება“ ან “ბევრი ფული იშოვე და დაივიწყე ძმაკაცი, ამის მერე იცოდე, რომ შენ ხარ არაკაცი“..

 

თუ რატომ არის ქართული რეპი ესოდენ არააგრესიული, ერთ-ერთმა პირველმა ქართველმა რეპერმა “ბილომ“ ასე ახსნა: “მე ყოველთვის ვეუბნები ახალგაზრდა რეპერებს: ბიძიკო, ეს არ არის ამერიკა. მათ თავიანთი პრობლემები აქვთ, ჩვენ ჩვენი და არ გინდათ მათსავით მაფიის გინება“.

 

ახალი თაობის რეპის მომღერალ ქართველ ახალგაზრდებში კი უმთავრესად სოციალურ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული. “დიზი“ (გიგი გვარს თავისი რეპული მოსაზრების გამო არ გვიმხელს), რომელიც ამბობს: “ჩვენ ვმღერით იმას, რასაც ვხედავთ და ვცდილობთ ვებრძოლოთ იმ ხალხს, რომლებიც ჩვენი პროტესტის სათავისოდ წარმართვას ცდილობს“.

 

„დეგინი“ კი (გიორგი, ამჯერად ცალკე მღერის – მომავალი ინსტრუმენტალისტი) აცხადებს, რომ ქართული რეპის ესთეტიკა უნდა შეიცვალოს: “ძალიან მინდა იყოს ისეთი ადგილი, სადაც ყველა რეპერი ერთად შევიკრიბებით ხოლმე და ერთმანეთს უფრო დავუახლოვდებით. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი რეპერი ერთმანეთს არ ვიცნობთ. უფროსი თაობის რეპერებისგან განსხვავებით, ცხოვრების კარგი სტილის ქადაგებით არ გამოვდივართ, რადგან ეს უკვე აღარავის აინტერესებს“.

 

როგორც ხედავთ, ქართული რეპი ჯერჯერობით საინტერესო ფენომენია. უკვე ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ მან შეიძინა ორიგინალობის ელემენტები, ანუ კერძოდ ის, რომ ჩვენში ეს მიმდინარეობა ცუდი ცხოვრების გმობას და ახალი, პატიოსანი ყოფის დაწყებას ქადაგებს.

 

და მაინც, ქართველი მუსიკის მოყვარულთა “თინეიჯერული” ნაწილისათვის რეპი ერთ-ერთი ყველაზე `შინაურული” მუსიკაა, რადგან უმთავრესად მათი თანატოლები ქმნიან ასეთი სტილის ჯგუფებს. საყურადღებოა, რომ რეპერთა უმეტესობას არც სიმღერის ცოცხლად შესრულების სიამოვნებაზე აქვს პრეტენზია. თუმცა დედაქალაქის გლდანის ტიპის უბნებში თითქმის ყველა სკოლასა თუ კორპუსს ერთი რეპ-ჯგუფი მაინც ჰყავდა. ამიტომაც რეპის პოპულარობის ხარისხი იქაურ “თინეიჯერებში“ საკმაოდ მაღალი იყო.

 

ამერიკაშიც სწორედ გარეუბნებში იქმნებოდა მუსიკისა და ცხოვრების ამგვარი სტილი. იქ თითქმის ყველა ზანგ ბავშვს შეუძლია რეპის მოყვარულთა მოხიბვლა თავისი დამახასიათებელი მოძრაობებით თუ სიმღერის “კითხვით”. ისიც საინტერესო ფაქტია, რომ იქ უცნობი რეპერები თავიანთ სიმღერებს სტუდიაში (უფულობის გამო) თუ ვერ წერენ, ქუჩაში მაინც მღერიან ცოცხალი შესრულებით. ქართველები ამ მხრივ მკვეთრად ჩამორჩებიან თავიანთ ოკეანისგაღმელ კოლეგებს. ისინი ქუჩაში არ მღერიან და მხოლოდ ღია ცის ქვეშ (ან ამგვარი სტილის) გამართულ კონცერტებზე თუ შეგვახსენებენ თავს თავიანთი ინგლისურიდან გადმოქართულებული შემოქმედებით, რომელთა ჩაწერაც ქართულ სტუდიებში სულ რამდენიმე ასეულ ლარადაა შესაძლებელი.

 

ჩვენს კითხვაზე: თუ რატომ არ მღერიან ქართველი რეპერები ქუჩაში და მათი სიმღერების უმეტესობა რატომაა უცხოურიდან გადმოქართულებული ანუ ფაქტობრივად – პლაგიატური, ერთ-ერთმა ახალგაზრდა რეპერმა, რომელსაც აუცილებელი ზედმეტსახელი ჯერ კიდევ არა აქვს, გვითხრა: “უმეტესობას მუსიკასთან შეხება თითქმის არა აქვს, რომ არა ყოვლისშემძლე კომპიუტერი, მათ სიმღერის სწორად წაკითხვაც გაუჭირდებათ. გადმოქართულება კი, მოგეხსენებათ, სხვისი დაკრეფილი ხილით პირის ჩატკბარუნებაა“.

ჯავახიშვილი და კამიუ – ინტერტექსტუალური პარალელები

0

ერთი ყველაზე ძველი და მაინც უცვეთელი თემა, რომელსაც მსოფლიო ლიტერატურა დღემდე ერთგულებს, ბედისწერის თემაა. უძველესი დროიდან დღემდე მწერლები ჩხრეკენ და ეძიებენ ამ ამოუხსნელი ფენომენის რაობას. მიხეილ ჯავახიშვილმა თავის მოთხრობებსა და რომანებში ადამიანისა და ბედისწერის რთული ურთიერთდამოკიდებულება წარმოაჩინა.

ჰენრიკ იბსენისადმი მიძღვნილ წერილში ჯავახიშვილი საგანგებოდ ჩაუღრმავდება ამ საკითხს. იგი იხსენებს კლასიკური ხანის ბერძნულ მწერლობას, როდესაც ადამიანი ყველა მოვლენას უცნობ, უხილავ, ყოვლისშემძლე ფატუმს მიაწერდა, რომელიც წინდაწინვე უნიშნავდა ადამიანებს ბედსა და უბედობას, სახელ-დიდებას, სიმდიდრესა და სიღატაკეს, ბედნიერებისა და სიკვდილის დღეს. მწერლის დაკვირვებით, ბერძნული ტრაგედიის შინაარსს შეადგენდა ადამიანის ბრძოლა ბედისწერასთან. ამ ბრძოლაზე იყო აგებული ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს ტრაგედიები.

ამ წერილში მიხეილ ჯავახიშვილი გამოწვლილვით წარმოაჩენს, თუ რა ცვლილება განიცადა ბედისწერის თემამ ლიტერატურაში. მისი აზრით, აღორძინებისა და რეფორმაციის ხანამ შექსპირის წყალობით ახალ ტრაგედიას ფატუმის საძირკველი გამოაცალა და მის მაგივრად რეალური ნიადაგი მიუსადაგა. წინათ თუ ფატუმი ციდან იძლეოდა ბრძანებას, ახლა მბრძანებლად იქცა `ადამიანის სურვილი, მისწრაფება და ქრისტიანული ელფერით შეღებილი სინდისი, რომელიც დასაწყისი და დასასრულია ადამიანის ცხოვრებისა.

შექსპირის გმირებს ამოძრავებთ მხოლოდ სინდისი და თუმცა ისინი ებრძვიან ამ ძალას, მაგრამ ბოლოს მაინც იღუპებიან თავიანთი სურვილებისგან, როგორც იღუპებოდნენ ბერძნული ტრაგედიის გმირები ფატუმისაგან~.

მიხეილ ჯავახიშვილის აზრით, შემდეგი დროის მწერლობამ, განსაკუთრებით, გოეთემ და შილერმა, მოიწადინეს ფატუმის იდეის გაცოცხლება, მაგრამ ვერ მიაღწიეს მიზანს: `გოეთემ ბუნების მეტყველებაში შეტოპა და იქ დაიწყო ახალი იდეის ძებნა, ხოლო შილერმა თავის გმირებს ბერძნული ტრაგედიის ქურქი წამოასხა და ამით დაკმაყოფილდა~. ჯავახიშვილი თვალს მიადევნებს ამ თემის შემდგომ განვითარებას. მისი აზრით, მეცნიერებამ ახალი სული შთაბერა ბედისწერის იდეას: `კანტმა, ლაპლასმა, ლამარკმა და ჰეგელმა მოამზადეს ის საძირკველი, რომელზეც დარვინმა ააშენა თავისი დიდებული კანონები შთამომავლობისა. შთამომავლობის თეორიას კი მხატვრულად ხორცი შეასხა ემილ ზოლამ, თუმცა ვერ გასცდა თეორიულ ქადაგებას~. ამ თვალსაზრისით, მიხეილ ჯავახიშვილის აზრით, ყველასგან გამოირჩა ჰენრიკ იბსენი, რომელმაც ბედისწერის თემა ახალი კუთხით წარმოაჩინა: `თუ ბერძნული ტრაგედიის გმირები ფატუმის მსხვერპლნი იყვნენ, შექსპირის გმირები თავიანთი ვნებათაღელვითა და სინდისით მარცხდებოდნენ. იბსენის აზრით, უფრო რეალური, სასტიკი, საშინელი და უსამართლო მიზეზი გვმუსრავს, ეს არის შთამომავლობითი სენი~. ამჯერად. ბედისწერის თემა მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა `ორი შვილისა~ და კამიუს პიესა `გაუგებრობის~ მიხედვით გვინდა წარმოვაჩინოთ.

კამიუმ ეს ნაწარმოები, მისივე თქმით, `პირქუში პიესა~, 1943 წელს დაწერა დაპყრობილ საფრანგეთში. მწერალი ცდილობდა, როგორც თვითონ წერს `თანამედროვე ფაბულაში  მოექცია ფატალურობის Uუძველესი თემატიკა~. პიესის წინასიტყვაობაში მწერალი იმასაც აღნიშნავს, რომ `უბედურებას ერთადერთი საშუალებით ძალუძს გაიმარჯვოს საკუთარ თავზე _ ამაღლდეს ტრაგიკულობამდე~.

მიხეილ ჯავახიშვილმა `ორი შვილი~ 1928 წელს დაწერა საქართველოში, აგრეთვე, ოკუპირებულ ქვეყანაში.  ფაბულის ერთგვარმა მსგავსებამ გადაგვაწყვეტინა ეს ორი მხატვრული ტექსტი ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა.

ჯავახიშვილისა და კამიუს ხსენებული ნაწარმოებების მსგავსება თემის ერთნაირ განვითარებაში მჟღავნდება. 1. ადამიანი ბედისწერას ვერსად გაექცევა; 2. ბედისწერა სათამაშოებივით ეპყრობა ადამიანებს; 3. ცოდვა უწევს ადამიანს; 4. ადამიანი თან მიტევებას სთხოვს ღმერთს და თან ბოროტებას სჩადის _ პირჯვარს გადაიწერს და ადამიანს კლავს.

ორივე ნაწარმოებში მშობელი კლავს შვილს. საგულისხმოა, რომ არც ზაქრომ (`ორი შვილი~) და არც დედამ (`გაუგებრობა~) არ იციან, რომ საკუთარ შვილებს უღებენ ბოლოს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ უცხოს კლავენ და სხვისი მკვლელობა თითქოს უმსუბუქებთ ჩადენილი ცოდვის სიმძიმეს. მათ არ სტანჯავთ არც სინდისი და არც ტკივილი, თუმცა როგორც კი გაიგებენ, რომ საკუთარი შვილები მოუკლავთ, თავზარი ეცემათ. ზაქრო (`ორი შვილი~)  ჭკუიდან იშლება, ხოლო დედა (`გაუგებრობა~) თავს იკლავს.

ორივე ნაწარმოებში მკვლელებს ჰყავთ თანამზრახველები. ზაქროს ეხმარება ცოლი ნატო, ხოლო დედას _ ქალიშვილი მარტა. ორივე ნაწარმოებში პერსონაჟები ცდილობენ საკუთარი ბედნიერების მოპოვებას სხვისი უბედურების ხარჯზე. ზაქროს თავისი პატარა ბიჭის მომავალი აღელვებს: `ზურაბს შველა უნდა, თუ მამამ საძირკველი არ შეუმზადა, თუ ათასი თუმანი მაინც არ შეუგროვა, მისი შვილი კაცებში ვერ გაერევა, ადრევე დაიჩაგრება და ჩამორჩება, ამიტომ…~. ამიტომ კლავს ადამიანებს და ძარცვავს. თევდორესგან ცხენი იყიდა, შემდეგ უკან დაედევნა, მაგრამ ბიჭი გაუსხლტა და  ზაქროს სახლს შეაფარა თავი. იქ კი `გაუგებრობა~ მოხდა. სიბნელეში მამამ შვილი ვერ იცნო და მოკლა. დედა და ქალიშვილი მარტაც სხვა ცხოვრებაზე ოცნებობენ: `აჰ! დედა! ბევრ ფულს რომ მოვაგროვებთ და შევძლებთ გავეცალოთ ამ უკიდეგანო მხარეს, უკან რომ მოვიტოვებთ ამ სასტუმროსაც და ამ წვიმიან ქალაქსაც, როცა დავივიწყებთ ამ ბნელ ქვეყანას, ერთ დღესაც, როცა ბოლოს და ბოლოს, აღმოვჩნდებით ზღვის პირას, რაზეც ამდენი მიოცნებია, მაშინ დამინახავთ გაღიმებულს. ამიტომ არა ღირს ყოყმანი. სწორედ ამიტომ  უნდა მოვიცალოთ იმისთვის, ვინც ახლა მოვა. თუ ის საკმარისად მდიდარია, ჩემი თავისუფლება, ალბათ, ამით დაიწყება~.

ორივე ნაწარმოებში შინიდან წასული და გადაკარგული შვილები ბრუნდებიან. მაშინვე არ ამხელენ ვინაობას, მშობლის მოულოდნელი გახარება და გაბედნიერება სურთ, მაგრამ ბედისწერა ულმობლად დასცინით, მშობელთა ხელით იღუპებიან.

ზაქროს ცოლი ნატო თავის უფროს ვაჟს, ანტონს, ვერ იცნობს, უცხო სირაჯად მიიღებს და ქმრის მოულოდნელი მოდუნების გამო თვითონ მოუღებს შვილს ბოლოს. ზაქროს კი განგება თითქოს რაღაცა ნიშანს აძლევს, რომ განზრახვა გადაიფიქროს, მაგრამ ვერ ხვდება. მკვლელებს ცოდვის ჩადენისას ღმერთიც ახსოვთ და მისი სასჯელიც, მაგრამ ეს არ აბრკოლებთ, თავს იმართლებენ კიდევაც: `ღმერთო, აპატიე ზაქროს, ნატოსაც! შენცა ხედავ, რომ გულში ბოროტი არა უდევთ რა. სტუმარი ღვთისაა მაგრამ… მაგრამ რა ჰქნან. ეს კაცი უდროოდ შეეჩეხათ შუა გზაზე, ისე მოეწყო თავისთავად, რომ ვიღაც უნდა გადავარდეს ხრამში ¬_ ან ეს კაცი, ან ზაქრო და მისი ოჯახი~.

ზაქრო არჩევანს თავის სასარგებლოდ აკეთებს, თან იმშვიდებს კიდევაც გულს: `უეჭველად უკანასკნელი იქნება, უეჭველად!  ღმერთი შეეწევა და ფიცს შეასრულებს. ცოდვილია ზაქრო, ცოდვილი! მაგრამ ამასაც მოინანიებს, მოირეცხავს: შუამთაში წავა, შავნაბადას მოივლის, ალავერდსაც ეწვევა, მცხეთასაც _ ყველას თითო საკლავს მიუტანს, სანთელს დაუნთებს და შენდობას მიიღებს~ და სანამ ბავშვს  მოკლავს, კვლავ ღმერთს შეევედრება: `ღმერთო, უშველე ზაქროს და შეიწყალე ცოდვილი~.

კამიუს პიესაში ვაჟი ბრუნდება შინ, სადაც დედა და და ეგულება. მათ სასტუმრო გაუხსნიათ. დროდადრო მგზავრს, რომელსაც ფულს დაუგულებენ, აძინებენ და მდინარეში აგდებენ. ასე გააქვთ თავი და თან სხვაგან წასვლაზე ოცნებობენ. სხვაგან წასვლით თითქოს ჩადენილ ცოდვებს ჩამოირეცხავენ. დედას რელიგიურობა არ აკლია, ქალიშვილი მარტა კი ყველაფრის, მათ შორის, რწმენის მიმართაც გულგრილია და აი, უცნობი მგზავრი, ეტყობა, რომ ფულიანი, კვლავ ეწვიათ. დედას მის დანახვაზე უცნაური შეგრძნება აქვს, მაგრამ ვერ აცნობიერებს. თითქოს რაღაც აკავებს, რომ მორიგი დანაშაული აღარ ჩაიდინოს, მაგრამ თანვე ხედავს: უცნობს `მსხვერპლის სახე აქვს~ და თავსაც იმართლებს: `ცხოვრება, როგორც ჩანს, უფრო ულმობელია, ვიდრე ჩვენ. იქნებ ამიტომაცაა, რომ მიჭირს, თავი დამნაშავედ ვიგრძნო~. მარტას კი აქედან წასვლა სურს და ყველაფრის დავიწყება: `მეჩქარება იმ ქვეყანაში მოხვედრა, სადაც მზე არ გიტოვებს ფიქრის საშუალებას~.

კამიუსთვის გაუგებრობა თუ შემთხვევითობა არის ცხოვრების აბსურდულობის გამოხატულება, ადამიანი კი გარემოებათა ტყვეა. `უბედურება აღმემატებოდა მე~, _ იტყვის პიესის გმირი და ამით წარმოაჩენს ადამიანებს, როგორც ბედისწერის სათამაშოებს.

მიხეილ ჯავახიშვილი კი ბედისწერას გაიაზრებს, როგორც ადამიანის ცხოვრების, ფიქრის, განცდისა თუ განზრახვის გამოძახილს. ცოდვა აუცილებლად უწევს ადამიანს. ცოდვა იქცევა ბედისწერად, ცოდვას კი ადამიანი სჩადის, ე.ი. ბედისწერა ადამიანის ხელითვე მოქმედებს. ჯავახიშვილს ებრალება ბედისწერისა თუ საკუთარი თავის მსხვერპლნი, ამიტომაცაა, რომ შვილის მკვლელ მშობლებს ხალხი რისხვის ნაცვლად სიბრალულითა და ლმობიერებით შესცქერის. კამიუს პიესაშიც გაიხმოვანებს შებრალების პათოსი.

ბედისწერა ორივე ნაწარმოებში გაუგებრობაზე აგებს თავის თამაშს, სინამდვილეში კი ეს გაუგებრობა კანონზომიერებაა, რომელიც შემთხვევითობათა ლოგიკურ ჯაჭვს ეფუძნება. ორივე ნაწარმოების გმირები ცოდვის ქმნით თვითონვე `წერენ~ საკუთარ ბედისწერას. მსხვერპლი კი ყოველთვის უდანაშაულოა, რათა უფრო ცხადად წარმოჩნდეს ცხოვრების აბსურდულობა და სისასტიკე.

მიხეილ ჯავახიშვილმა და ალბერ კამიუმ ცხოვრება. როგორც ტექსტი, თავისებურად წაიკითხეს და ბედისწერის საინტერესო მხატვრული ინტერპრეტაციები შემოგვთავაზეს.

სხვათა შორის, ალბერ კამიუს თავის რომანში („უცხო“, რომელიც ამ ნოველაზე ერთი წლით ადრე გამოაქვეყნა, 1942 წელს) ნოველის ფაბულა ჩართული აქვს, როგორც გაზეთში ამოკითხული ამბავი.  რომანის გმირი, მარტოსული მერსო, ციხეში პოულობს ძველ გაზეთს და კითხულობს: „ფიცარს შორის ვიპოვე ძველი გაზეთის გაცრეცილი და გაყვითლებული ნაგლეჯი; გაზეთი ლეიბზე იყო მიკრული. შიგ ერთი ამბავი ეწერა, რომელსაც დასაწყისი აკლდა. ვფიქრობ, ეს ჩეხოსლოვაკიაში უნდა მომხდარიყო. ერთი კაცი ჩეხური სოფლიდან გასამდიდრებლად წასულიყო. ოცდახუთი წლის შემდეგ, ცოლ-შვილთან ერთად გამდიდრებული დაბრუნდა. ამ კაცის დედას და დას სოფელში სასტუმრო ჰქონდათ.

დედა რომ მოულოდნელად გაეხარებინა, ცოლ-შვილი სხვაგან დატოვა, თვითონ კი სასტუმროში მივიდა. დედამ ვეღარ იცნო. შვილმა ხუმრობით ნომერი აიღო, თან ფულიც დაანახა. დედამ და დამ მისი გაქურდვა განიზრახეს და ჩაქუჩით მოკლეს, ცხედარი კი მდინარეში გადააგდეს. დილით ცოლი მოვიდა, მან არაფერი იცოდა მომხდარი ამბის შესახებ და მგზავრის ვინაობა გაამჟღავნა. დედამ თავი ჩამოიხრჩო, და ჭაში ჩავარდა. ეს ამბავი ათასჯერ მაქვს წაკითხული“ .

 

 

 

 

 

შაქარივით ტკბილი

0

სტომატოლოგის სავარძელს ხშირად ვსტუმრობ ხოლმე. ადრე, მოუხერხებელი სავარძლები ჰქონდათ, ახლა  მამა-პაპურად წამოგაწვენენ  და თუ გინდა დაიძინებ  კიდეც. ადრე პირს ბამბებით გამოგიტენიდნენ და ნერწყვი მაინც ასველებდა. ახლა, ქვედა ტუჩზე პაწაწინა მილუკას ჩამოგკიდებენ და წამში გამოგიშრობს მთელ პირს. ადრე,  ბურღი ისე ღმუოდა, მარტო მისი ხმის მოსმენით დაიზაფრებოდი. ახლა  ჩემი სადარბაზოს კატასავით კრუტუნით მუშაობს და მშვიდად ხარ, დაცულად გრძნობ თავს. ადრე ნერვს დარიშხანით გიკლავდნენ. უფრო სწორედ, ათი დღის განმავლობაში კბილში ჩაგიდებდნენ და შემდეგ მაინც ყველაფერს იგებდი. ის კი არა, ერთხელ,  ერთი  ექიმის სახლში, საგულდაგულოდ მოწყობილ კაბინეტ-ოთახში ცოცხალ რიგში ვიჯექი, როცა სავარძელზე სოლიდური გარეგნობის კაცი დაჯდა. ეს კაცი თავს მაინცდამაინც არავის უყადრებდა, თვით კბილის ბურღსაც კი. ექიმმა რაღაც შეუჩხიკინა, მოუჩხრიკ-მოუსინჯა და უცებ იქაურობა გამაყრუებელმა ღრიალმა დაფარა:

  • ოოოოო, უუუუუ, ააააა, ვააააა…

ასე სოლიდურად მომზირალი პაციენტი ყვიროდა, რომელსაც გაუფრთხილებლად ცოცხალი ნერვი ამოაცალეს კბილიდან. უკვე რამდენიმე წუთში ექიმი აწყნარებდა, ეგ არაფერიო, ყველაფერი უკანააო, ნერვიც ჩემთან არისო.

ახლა უკვე ყველგან გამაყუჩებელ ნემსებს იყენებენ და თან პრეპარატების  ისეთი დიდი არჩევანია, კარგი ექიმის ხელში ალერგიასაც  მოატყუებ.

ჩვენი კბილები საკმაოდ მტკიცე  დენტინისგან შედგება. სიმტკიცეს კალციუმის მარილები აძლევს. დენტინის თითოეული კვადრატული მილიმეტრი 60კგ დატვირთვას უძლებს. ზემოდან დენტინს კბილის ემალი ფარავს. ემალიც ალმასივით მტკიცეა. მისი სიმაგრე 397,6 კგ/მმ2-ია. ემალის შემადგენლობა ასეთია: კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის კარბონატი, დანარჩენ ნაწილს კი აპატიტების ჯგუფის კრისტალები შეადგენენ. ქსოვილების ცილოვანი მატრიქსი კოლაგენისგან და პროტეოგლიკანებისგან  (გლიკოზამინოგლიკანები-ჰეტეროგენული ნახშირწყლები) შედგება.  კოლაგენის ტიპურ მოლეკულაში  სამი პოლიპეპტიდური ჯაჭვია, სადაც თითოეული მარჯვნივ დახვეული სპირალის კონფორმაციაში იმყოფება. ამინმჟავების თანმიმდევრობა დაახლოებით ასეთია: -Gly-X-Y- ყოველი მესამე ამინმჟავური ნაშთი გლიცინია; X – მდგომარეობაში ხშირად გვხვდება ამინმჟავა პროლინი; რაც შეეხება Y- მდგომარეობას, აქ ასევე ხშირადაა პროლინი ან 4-ჰიდროქსიპროლინი. კოლაგენი ასევე შეიცავს 3-ჰიდროქსიპროლინის და 5-ჰიდროქსილიზინის  ნაშთებსაც. ჰიდროქსიამინმჟავების არსებობა კოლაგენის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. პროლინის და ლიზინის ნაშთები ჰიდროქსო ჯგუფებს უკვე ჯაჭვში ჩართვის შემდეგ იკავშირებენ. კოლაგენის დაახლოებით 12 ვარიაცია არსებობს, მათ შორის განსხვავება ალფა პოლიპეპტიდური ჯაჭვების სხვადასხვა შეთანხმებაა. კბილის ქსოვილში გავრცელებულ ტიპს შემდეგი მეოთხეული სტრუქტურა აქვს [α1(I)]2α2(I). კოლაგენს მიკროფიბრილების და ფიბრილების წარმოქმნის უნარიც აქვს. უმეტესად 20-500 ნმ დიამეტრის ცილინდრული ფორმის ფიბრილებს წარმოქმნის.

ადრე… როცა,  დედამ პირველად წამიყვანა სტომატოლოგთან, შიშისგან მუშტისხელა გავხდი. ახლა გაბედულად შევაბიჯებ ხოლმე. ოღონდ, იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს სავარძლის გვერდზე ვინ დაჯდება. ადრე, პირველად ნათელა ექიმთან მოვხვდი. კარიეზი მქონდა სარძევე კბილზე. კარიეზის მიზეზი ის სპეციფიკური ორგანიზმებია, რომლებიც მეტაბოლიზმისას მჟავას წარმოქმნიან და ემალზე ზემოქმედების შედეგად, ეს მჟავა ემალს აზიანებს. სარძევე კბილების კარიესის მკურნალობაც საჭიროა. დიახ, ალტერნატივაც არსებობს, პირდაპირ ამოღება, ბოლოს მაინც ხომ მოსაცვლელი იქნება. ნათელა ექიმი კი ამბობდა, მოსაცვლელი კბილის დროზე ადრე ამოღება არ შეიძლება, რადგან დიდი ალბათობაა,  ძირითადი კბილი  სწორი მიმართულებით არ ამოვიდეს და თანკბილვა არასწორი  იყოსო. მაშინ თანკბილვის მნიშვნელობა ვერ გავიგე და ამიხსნა, რომ გაიცინებ, კარგი ღიმილი, რომ გქონდეს, აი, ეგ არისო. სხვათა შორის, ბოლო კვლევების თანახმად, თურმე ეს მიკროორგანიზმები, ემალის გარდა, სისხლძარღვებსაც აზიანებენ და უყურადღებობის შემთხვევაში ინსულტის ან ინფარქტის წინაპირობასაც ქმნიან. სისხლძარღვებს ზედმეტი შაქარიც აზიანებს, რადგან გლუკოზა ცილის თავისუფალ ამინოჯგუფებთან სპეციფიკურ ნაერთს წარმოქმნის. შედეგად სისხლძარღვი ისე გამოიყურება, თითქოს დაფხაჭნილიაო. ამიტომაც არის, რომ დიაბეტის ღრმად წასულ ფორმებში სისხლძარღვები და თვალის ბადურა ზიანდება (აქაც კაპილარების პათოლოგიის გამო).

უკვე დავწერე, რომ კარიეზს მიკროორგანიზმები იწვევენ, რომლებიც კბილის ემალზე არიან მოკალათებული და თავიანთ სასიცოცხლო ციკლს ანაერობული გლიკოლიზით აწარმოებენ. შედეგად, ორგანულ მჟავებს გამოყოფენ (რძემჟავა, პროპიონმჟავა, ძმარმჟავა, ერბომჟავა), რომლებიც ემალიდან კალციუმის იონებს გამორეცხავს. ბაქტერიული შაქრის მეტაბოლიზმის კიდევ ერთი პროდუქტია დექსტრანები, უხსნადი პოლისაქარიდები. ისინი ბაქტერიებს იცავენ. ბაქტერიები დექსტრანებთან ერთად კბილის ქვის ძირითად მასას წარმოქმნიან.

ეს ყველაფერი კანფეტიჭამია ბავშვებს უფრო აწუხებს და რადგან, მეც კანფეტიჭამია ვიყავი, ნათელა ექიმთანაც  მოვხვდი. ის დალოცვილი ყველა მანიპულაციას ისე აკეთებდა, მართლა ვერაფერს ვიგებდი. ხელიც ტკბილი ჰქონდა და ენაც. დამეთანხმებით, რომ ამ დროს ბავშვს მიფერება და დაყვავება სჭირდება და არა, მაგ. დაღრიალება – თუ პირის გაღება არ იცოდი, აქ რას მოდიოდი, ბავშვოო. ჰო, ზუსტად ასე შემომძახა ერთმა სტომატოლოგმა, რომლის აზრითაც პირი საკმარისად ვერ გავაღე. ერთხელაც, ვეღარ მოვითმინე და  ექიმს ვკითხე:

  • ნათელა ექიმო, ხელებზე შაქარი გაქვთ-მეთქი?

არაო, შეწუხდა, შენს მოსვლამდე ჩაი კი დავლიე, მაგრამ ხომ დაინახე, როგორ დავიბანეო. არა-მეთქი,  ჩემივე ნათქვამი შევასწორე, შაქარივით ტკბილი ხელი გაქვთ და მაგიტომ ვიკითხე-მეთქი.

შაქარზე გამახსენდა… შაქარი ხომ კბილს აზიანებს, ზემოთ, რომ ვახსენე იმ მიკროორგანიზმების მეტაბოლიზმსაც  და კარგად ყოფნასაც ხომ  უწყობს ხელს. ჰოდა, რაოდენ სახალისოა, რომ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ერთმა ამერიკელმა სტომატოლოგმა ბამბის ნაყინის მოსამზადებელი დანადგარი გამოიგონა. ჩაყრი შიგნით შაქარს, რომელიც ლღობის ტემპერატურამდე ცხელდება და შემდეგ უწვრილესი ნახვრეტებიდან შაქრის ძაფები გამოდის და ჯოხზე მათი ერთ დიდ ფთილად შეკრება შეიძლება. ჰო, მანქანა კბილის ბურღის ტრიალის პრინციპით იყო აგებული. ბამბის ნაყინში შაქარი, ოდნავ წყალი და ჰაერია, ამიტომაცაა ასე გაბერილი. საშუალო ზომის პორცია  28 გრამ  შაქარს შეიცავს.

მანამდე, ბამბის ნაყინი მეთხუთმეტე საუკუნის იტალიიდან იყო ცნობილი. ქუჩაში ხელით ამზადებდნენ და ძვირიც ღირდა, რადგან შრომატევადი იყო და შაქარიც ძვირფას პროდუქტად ითვლებოდა. ჰოდა, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ამერიკელმა სტომატოლოგმა გააიაფა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. მეცინება, სიმართლე გითხრათ. რა მახსენდება იცით? ჩარლი ჩაპლინის ფილმში „ბიჭუნა“, ბიჭი, რომ ფანჯრებს ამტვრევდა, ჩარლი კი სვამდა… ერთი ფეხსაცმლის წმენდავიც იყო, მისი ძაღლი ტალახში თათებს ამოისვრიდა და გამვლელ-გამომვლელს ფეხსაცმელს უსვრიდა. მწმენდავიც იქვე იყო თავისი ჯაგრისებით. ჰოდა, ეს ჩვენი ბამბის ნაყინს მიძალებული ხალხიც სტომატოლოგის პაციენტები ხდებოდნენ… ალბათ…

ახლა ზაფხულია და ყველაზე მეტად ნაყინი, ბამბის ნაყინი და გაზიანი სასმელები იყიდება. არადა, სასარგებლო არც ერთი არ არის. გაზიან სასმელზე აღარაფერს ვამბობ, არაერთხელ დამიწერია. ბამბის ნაყინი ცარიელი შაქარია, აი, ნაყინი კი ჩემთვის ყველაზე მისაღებია, თუმცა სასარგებლოა-მეთქი, ვერ ვიტყვი.

დავინტერესდი, რომელში რამდენი  კალორიაა. ნაყინის ერთი სტანდარტული პორცია (ყველაფრის გარეშე, მხოლოდ ვაფლით) 180 კკალ-ს შეიცავს. ბამბის ნაყინის 100 გრამზე 108 კკალ. მოდის. გაზიანი სასმელის 100 მლ კი 210 კკალ-ს შეგმატებთ.

ახლა თითოეულში შაქრის შემცველობა ვნახოთ.

ნაყინის ერთი სტანდარტული პორცია (ყველაფრის გარეშე, მხოლოდ ვაფლით)-17გრ. შეიცავს. ბამბის ნაყინის 100 გრამზე – 28 გრ. გაზიანი სასმელის 100 მლ კი 58 გრამ შაქარს  შეგმატებთ.

კვლავ გავიმეორებ… ადრე, ბავშვობაში, კანფეტიჭამია ვიყავი. ალბათ, ამიტომაც მიწევდა სტომატოლოგთან სიარული. ტკბილი სასუსნავი ახლაც მიყვარს, ოღონდ ამ სიყვარულს ძალიან ვაკონტროლებ. სტომატოლოგთან მისვლა ახლაც მიწევს.

იმ დღესაც ჩვეულებისამებრ მივედი. სავარძელში მოვკალათდი და პირი გავაღე. ჩემს ექიმს ახალი თანაშემწე გოგო ეხმარებოდა. ეტყობოდა გამოუცდელი იყო, მაგრამ ყველაფერს სწრაფად იმახსოვრებდა და აკეთებდა. ერთ საღეჭ კბილზე ბჟენი ჩამომიტყდა და ექიმმა, როგორც კი დაზიანება დაათვალიერა, თქვა ამჯერად ბურღი არ მჭირდებაო, უბრალოდ ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს და გაიწმინდოსო. ამ პროცესს კი ნატრიუმის პოლიჰექსამეთილგუანიდინის ხსნარი სჭირდებაო. ამ ბოლო დროს ძალიან პატივს ვცემ ამ სითხესო. მერე თან მე მიბჟენდა კბილს, თან ახალბედა თანაშემწეს უხსნიდა რაღაცებს. ისე კარგად უხსნიდა, მეც სიამოვნებით ვუსმენდი.

წამოსვლისას ერთი წამი შევჩერდი, მაგრამ თქმა გადავიფიქრე, მადლობა გადავუხადე, დავემშვიდობე და ოთახიდან გამოვედი.

ახლა კი, წერილის დასასრულ, იმ ბავშვის ენაზე ვეტყვი, ოდესღაც რომ ვიყავი:

  • ეკა ექიმო, იცით, რომ შაქარივით ტკბილი ხელი გაქვთ?…

 

 

შებრუნებული საკლასო ოთახი  – დისტანციური სწავლება თუ პირისპირ შეხვედრების ოპტიმიზაცია?

0

შებრუნებული საკლასო ოთახი ხშირად, შეცდომით, სასწავლო კონტენტის და საკლასო აქტივობების ვიდეოლექციებით ჩანაცვლება ჰგონიათ და ერთ ნაწილს სიხარული იპყრობს –  რა კარგია გაკვეთილებზე ან ლექციებზე სიარული არ მოგვიწევსო, ხოლო მეორე კი შფოთავს – მაშინ გაკვეთილზე ან ლექციაზე რაღა ვაკეთოთო.

 

სინამდვილეში, შებრუნებული საკლასო ოთახის ძირითადი დანიშნულება ინტერაქციული სწავლებაა, რომელიც მოსწავლესთან ან სტუდენტთან პირისპირ შეხვედრის ოპტიმალურად გამოყენებას ისახავს მიზნად.

 

როგორ შეიძლება ოპტიმალურად გამოვიყენოთ სტუდენტთან პირისპირ შეხვედრა? სწორედ ამ მიზანს ემსახურება შებრუნებული კლასის სწავლების სტრატეგია.

 

შებრუნებული კლასი კოლაბორაციული და ინტერაქციული სწავლების ინოვაციური მოდელია, რომელიც ტრადიციულ სასწავლო გარემოს ცვლის, ისე, რომ  სტუდენტებს ახალი სასწავლო მასალა სწავლების მართვის სისტემაში, კლასში შეხვედრამდე მიეწოდებათ. ისინი უყურებენ მცირე ვიდეოებს/ვოდკასტებს, აწყობენ ონლაინ დისკუსიებს და იკვლევენ მასალას სახლში, ხოლო კლასში შეხვედრები კი აქტიური სწავლების პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის გამოიყენება.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ შექმნილი ეს მეთოდოლოგია ცნობილია თავისი გავლენით სწავლა-სწავლების ხარისხზე და მოქნილობით, რომელსაც ის მოსწავლეებს უქმნის. შებრუნებული საკლასო ოთახი სკოლებში, კოლეჯებსა თუ უნივერსიტეტებში ხარისხის ნიშანი გახდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

2017 წლის აპრილიდან, საკონსულტაციო კომპანია  „მაინდვორქსი“ კოლეჯებში „ბლექსი“ და „ერქვანი“, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისაქართველოს, მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდოლოგიას ნერგავს.  პროექტი 9 თვის განმავლობაში გრძელდება და მასში ჩართულია 5 სხვადასხვა საგნის პედაგოგი. 2017-2018 სასწავლო წლისთვის ისინი თავიანთ საგნებს „შეაბრუნებენ“

როგორ ამაღლებს შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდოლოგია სწავლა-სწავლების ხარისხს?

შებრუნებული კლასი არის ინტერაქციული სწავლების სტრატეგია რომელიც ეხმარება მასალის უკეთ ათვისებაში და ზედა დონის სააზროვნო უნარების განვითარებაში.

 

სწავლების პროცესში, ინფორმაციის ახალი ნაკადი გადადის ჯგუფური სივრციდან (გაკვეთილი) ინდივიდუალურ სივრცეში (სახლი),  ხოლო ჯგუფური სივრცე გადაიქცევა დინამიურ სასწავლო გარემოდ, სადაც მასწავლებელი ფასილიტაციას უწევს მოსწავლის ცოდნის პრაქტიკული გამოყენების პროცესს და ორიენტირებულია  მის მაღალ ჩართულობაზე.

 

სტუდენტები სახლში ახალ მასალას ინტერაქციული ვიდეორგოლებით ეცნობიან, რაც გულისხმობს ვიდეოს აქტიურ ყურებას, მოსმენილის ათვისების შემოწმებას, ამოცანების ამოხსნას, კითხვაზე პასუხს.  მასწავლებელი იმასაც აკონტროლებს თუ ვინ ნახა ვიდეო. ვინ რა ნაწილი გაიგო და ვის სად უჭირს. ასე რომ, ეს ინდივიდუალური სივრცე ნახევრად მოდერირებულია.

 

კლასში, მასწავლებელს მეტი დრო რჩება მოსწავლესთან ერთი ერთზე ურთიერთობისთვის. მოსწავლეს დიდ პროექტზე მუშაობით, საშუალება ეძლევა ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენოს.

შებრუნებული კლასი არ არის ვიდეოგაკვეთილები, არამედ ინტერაქციული გაკვეთილი ჯგუფურ სივრცეში. მთელი მცდელობები არის მიმართული იმისკენ რომ ჯგუფური სივრცე იყოს: საინტერესო, შინაარსიანი და ემსახურებოდეს მიზანს.

 

 

რა ხდება კლასში?

კლასში შეხვედრისას მოსწავლეები ახალი მასალის გაგების მიხედვით, სხვადასხვა ზონებში ნაწილდებიან. საკლასო ოთახში ისინი მენტორის ხელმძღვანელობით ჩართული არიან განხილვებში, გამოცდილების გაზიარებაში, როლურ სავარჯიშოებში, პრეზენტაციებში, ლაბორატორიულ ექსპერიმენტებსა და ბრეინშტორმინგებში. იყენებენ ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICT) ინსტრუმენტებს, როგორიცაა გაფართოებული რეალობის (Augmented Reality), მყისიერი უკუკავშირისა და ხმის მიცემის მობილური აპლიკაციები, რაც მაღალ ჩართულობას უზრუნველყოფს.

 

რამდენად რთულია ამ მეთოდოლოგიის დანერგვა?

მეთოდოლოგიის დანერგვა არ გულისხმობს ერთი ან რამდენიმე გაკვეთილის „შებრუნებას“ არამედ სრული საგნის ახლებურად სწავლებას, რაც დასაწყისში საკმაოდ შრომატევადია და მასწავლებლის მხრიდანაც დიდ ენთუზიაზმს მოითხოვს. თუმცა, თავიდან გაწეული შრომა იმდენად აადვილებს სწავლების, შეფასების და უკუკავშირის მიცემის პროცესს მომავალში, რომ მასწავლებლები მზად არიან ამ დატვირთვისთვის.

სამწუხაროდ ლიტერატურა შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდოლოგიის შესახებ ქართულ ენაზე არ არის, თუმცა ამ პროექტის ერთ ერთი მიზანი ქართულენოვანი სახელმძღვანელოს შექმნაც არის.

ინგლისური ენის ცოდნა და ტექნოლოგიური უნარები არის ძირითადი გამოწვევები მასწავლებლებისთვის ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდების დანერგვისთვის, ამიტომ შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდოლოგიის და შესაბამისი ინსტრუმენტების ქართულენოვანი ინსტრუქციები მნიშვნელოვნად შეამცირებს ბარიერებს და ქართველი მასწავლებლებისთვის შექმნის ინოვაციური განათლების მეთოდების ათვისების უკეთეს შესაძლებლობებს.

 

სახელმწიფოს სიზუსტე უყვარს

0

მოთხრობა

ოთხი წელია, 21 წლის ტუსი ძმასთან ერთად მატარებლის ვაგონში ცხოვრობს. მათ მხოლოდ რადიომიმღები, ნათურა, სამი ჭიქა, ორი თეფში, საწოლი, კარადა, ფეხის საწმენდი ჩვარი, ცოცხი, ალუმინის პატარა ქვაბი, ორი წყვილი ფეხსაცმელი, სუფრის კოვზი, დანა­ჩანგალი და რამდენიმე წიგნი აქვთ. ეს მონაცემები ანკეტიდანაა, რომელიც სოცმუშაკმა შეავსო  სოციალურად დაუცველი და-ძმის ვაგონში. ერეკლე დეისაძის მოთხრობაში („სიზუსტე“) დევნილი, უდედმამო სიმსივნიანი გოგოსა და მისი ძმის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდია აღწერილი. გაუსაძლისი ყოფა ძმას აიძულებს ქუჩაში იმათხოვროს და შიგადაშიგ წებოც ისუნთქოს.

„როცა ადამიანი კვდება, მარხავენ. ტუსის შემთხვევაში პირიქით მოხდა. ჯერ დამარხეს და მერე მოკვდა.“ – ასე იწყება მოთხრობა და მკითხველიც ასე თუ ისე  მზადაა სიუჟეტის განვითარებისთვის, თუმცა არა – ცინიზმისთვის. ტუსის დამადლებული პირველი ქიმიოთერაპიის კურსის გარდა სახელმწიფომ შესაძლოა და-ძმას ყოველთვიური დახმარებაც დაუნიშნოს. მაგრამ სახელმწიფოს სახაზავი არასდროს ცდება:

„იმისათვის, რომ სახელმწიფო დახმარება დაგენიშნოთ, ნაოპერაციები ფეხი ხუთი სანტიმეტრით ნაკლები უნდა იყოს მეორეზე, – თქვა სტუმარმა და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა, – აქ 4 სანტიმეტრი და 95 მილიმეტრია… სახელმწიფოს სიზუსტე უყვარს“.

 

ფილმი

„არსებობს გარკვეული სტანდარტები და ამ ჩარჩოში უნდა ჩაჯდეთ“, „ნუ ცდილობთ, ბავშვით გული აგვიჩუყოთ და ნუ სპეკულირებთ“ – გულგრილად მოუწოდებენ სოციალური აგენტები მარტოხელა ქალს, აუტიზმის მქონე მცირეწლოვანი ბიჭის დედას ნინო ბასილიას ფილმში „ანას ცხოვრება“, როდესაც ანა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. ის ხომ მუშაობს და ხელფასიც აქვს, ზოგს კი ქაღალდის ფული თვალითაც არ უნახავს!.. „აქ იცით რამდენი თქვენნაირი მოდის? სახელმწიფო ყველას ვერ გაწვდება!“ – შეუვალი არიან საჯარო მოხელეები. სოციალური დრამა გარკვეულწილად ასახავს თანამედროვე ქართულ ყოფას და აჩვენებს ბიუროკრატიულ სიმკაცრეს, სიხისტეს, გნებავთ – სიზუსტეს ყოველ დეტალში. არანაირი გადახვევა კანონიდან! ფუქსავატი სახელმწიფო მოხელეების პრემიებიც ხომ ყოველთვის კანონიერია?!.

 

 

ქართული რეალობა

ახლახან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მშობელს ან ადამიანს, ვინც მასზე 18 წლის ასაკის შემდეგ უნდა იზრუნოს, სახელი შეეცვალა: „მეურვის“ ნაცვლად საქართველოში მას უკვე „მხარდამჭერი“ ჰქვია და ეს „წოდება“ 5 წლით ენიჭება. მხარდამჭერად აღიარება სასამართლოს პრეროგატივაა. თუმცა ჯერ ფსიქოლოგიურმა დისპანსერმა, სამხარაულის ბიურომ და სოციალურმა სააგენტომ უნდა დაადასტუროს, რომ კონკრეტული პირი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და მას მხარდამჭერი ნამდვილად სჭირდება. აი, სწორედ ამ რგოლებშია კვალიფიციური კადრების დეფიციტი:

„ეს ბიჭი რა აქტიურია?!. მოძრავი აუტისტი მე არ მინახავს! ეგენი ხომ თავისთვის სხედან? თავიანთი სამყარო აქვთ… ბოთლს აკვირდება და ამან სავარაუდოდ კითხვაც იცის და რაღაც სხვა დიაგნოზი უნდა იყოს.“ – ეუბნებიან 18 წლის აუტიზმის მქონე ბიჭის დედას და დაუსრულებლად გზავნიან სხვადასხვა დაწესებულებაში. საქართველოში მხარდამჭერები მეტწილად დედები არიან და შშმ შვილებზე ზრუნვის გამო მუშაობას ვერ ახერხებენ. ბიუროკრატიის გამო იკარგება ძვირფასი დრო, რაც ხშირად აისახება როგორც შშმ პირის რეაბილიტაციის პროცესსა და შედეგზე, ისე მხარდამჭერის ნერვებზე. გულგრილობას და სავარაუდოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დაზოგვას უკავშირდება შემთხვევა, რომელიც საკმაოდ ხშირია:

საქართველოში შშმ პირებისთვის განკუთვნილ დღის ცენტრებში ადგილები შეზღუდულია, მოთხოვნა კი გაცილებით მეტია. ვაუჩერი, რომელსაც შშმ პირებზე გასცემს, სახელმწიფოს  220 ლარი უჯდება. როდესაც სრულწლოვნების ასაკის შესრულებამდე რამდენიმე თვე რჩება, პირობითად შშმ პირის დედას, ჯერჯერობით გაურკვეველი სტატუსის გამო, უარს ეუბნებიან მოთხოვნაზე, მოიპოვოს შემდეგი თვეების ვაუჩერები შვილისთვის – ჯერ სასამართლოს გადაწყვეტილება მოიტანეო. სხვა გზასაც უტიფრად სთავაზობენ: შენ ნაცვლად თავად შშმ პირმა რომ მოითხოვოს ვაუჩერი, დაწეროს განცხადება და ხელიც მოაწეროს, ავტომატურად გაუგრძელდება მომსახურებაო. როცა შშმ პირი მეტყველებს, სასამართლო განხილვის აუცილებლობა აღარაა – მისი სასურველი ადამიანი ნოტარიუსის მეშვეობით გახდება „მხარდამჭერი“. მაგრამ რა ხდება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როცა 18 წლის პირი ვერც მეტყველებს და ვერც წერს, მშობელი კი ჯერ აღიარებული არაა მხარდამჭერად? სასამართლო პროცესები ხომ თვეობით, ხან წელიწადსაც კი იწელება? ამ გაურკვევლობის პერიოდში შშმ პირი სახელმწიფო პროგრამის მიღმა რჩება – მას არ აძლევენ დღის ცენტრის რამდენიმე თვის (ხშირად 9 თვისაც კი) ვაუჩერებს და, შესაბამისად, ძირითად დროს ის სახლში ატარებს, რაც წინა თვეების შედეგებს წყალში ყრის. საქართველოში ძალიან იშვიათია შშმ პირების დასაქმების შემთხვევები.

 

ბლოგი

„ამ ბავშვებს მაინც არაფერი გამოუვათ“, „ტყუილად წვალობენ დედებიც და ბავშვებსაც ტანჯავენ“, „ვერაფერს სწავლობენ და სხვებსაც უშლიან ხელს განათლების მიღებაში“ – ასეთ ფრაზებს კიდევ თუ წავაწყდებოდი, აღარ მეგონა. ეს განხილვა სოციალურ ქსელში მოჰყვა ბლოგს ( https://megikavtuashviliblog.wordpress.com/2017/07/16/2076/ ), სადაც თბილისის ერთი სკოლის ამბავი იყო მოთხრობილი. სკოლაში ახლახან ერთმანეთს რიგითი, ტიპური განვითარების მოსწავლისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მშობლები დაუპირისპირდნენ.  მშობლების უმეტესობა კლასიდან ჰიპერაქტიური სინდრომის მქონე თეკლას გადაყვანას მოითხოვდა. ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ გოგონა სკოლიდან გაიყვანეს და სახლში გამოკეტეს. დაიჩაგრა უმცირესობის წარმომადგენელი, შეილახა მისი განათლების უფლება, გაიმარჯვა განსხვავებულის მიმართ სიძულვილმა.

რბილად რომ ვთქვათ, გასაკვირია, როცა სწორედ ასეთ არატოლერანტულ ადამიანებს უჩუყდებათ ხოლმე გული ვირტუალურ სამყაროში აუტიზმის მქონე ბავშვების „საოცარი ფრაზებით“, თუ ვუნდერკინდების აღმოჩენებით ან დაუნის სინდრომის მქონე პირების შესანიშნავი თამაშით კინოში და „მეორე ხელით“ საკუთარ „კედლებს“ აჭრელებენ მსგავსი სტატიებით სოციალურ  ქსელებში.

 

ჩვენი წარსული

რა მოხდა? ვის არ მოსვლია?! ვის არ დაუმცირებია „გონებასუსტი“ (ადრე კონკრეტული დიაგნოზების გარკვევას ვინ დაგიდევდათ) თანაკლასელი ან მეზობელი? ახლა ამას ბულინგს ვუწოდებთ, არც თუ ისე შორეულ წარსულში კი ბავშვები მას აბუჩად აგდებას ვეძახდით. მეც ვარ სამწუხაროდ მოძალადეთა შორის. მახსოვს, კლასიც ავიყოლიე ხითხითში და „ჩემს ჭკუაზე გავატარე“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონა, რის გამოც მისი დედისგან და შემდეგ – მასწავლებლისგანაც გავიკიცხე, მაგრამ ეს ცხოვრებისეული გაკვეთილი დღემდე მწარედ მახსოვს. მარტივად შეიძლება ბავშვობაშივე მიხვდე, რომ საკუთარი უპირატესობის გამოყენება ხშირად უღირსი საქციელია.

 

სამიზნე სკოლა

კარგი და ცუდი შემთხვევები ინკლუზიური სწავლებისას გვხვდება როგორც საქართველოს სკოლებში, ისე საზღვარგარეთაც. ბრიტანელი მასწავლებლის მიერ 11 წლის ბენისთვის გაგზავნილი წერილი (https://sputnik-georgia.com/positive/20160721/232778780.html) შესანიშნავი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება სსსმ მოსწავლე მისი საუკეთესო თვისებებითა და გამორჩეული უნარებით წარმოაჩინო და არა სუსტი მხარეებით.

 

დღევანდელობა

სასწავლო წლის ბოლოს ჩემი სათვალიანი, 6 წლის, აუტიზმის მქონე ბიჭი უკვე ძალიან დაღლილია, რადგან ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს. მისი ტოლი ბავშვები სექტემბერში შედიან სკოლაში, ის კი სავარაუდოდ 7 წლისა შევა. მისი ასაკის ბიჭებს ალბათ გაუძნელდებათ 40 წუთიან გაკვეთილებზე ჯდომა, ის კი ყოველდღიურად, უკვე 4 წელია, საათობით მეცადინეობს სპეციალურ პედაგოგებთან, ABA თუ ოკუპაციურ თერაპევტებთან, რომ „ჩვეულებრივ“ ბავშვებს „დაემსგავსოს“, დაეწიოს. მისი თითოეული წუთი განსხვავებულ გარემოში ახალი გამოცდილებაა, ახალი „გამოწვევაა“, რომელიც უნდა დაძლიოს, რომ მოერგოს ჩვენს სამყაროს იმისთვის, რომ მომავალში არ მიუთითონ, რომ მან ცალკე ინტერნატში, „თავისნაირებთან“ ერთად უნდა ისწავლოს.

დადგენილია, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მდგომარეობა უმჯობესდება ინკლუზიურ გარემოში, რომ არაფერი ვთქვათ „ჩვეულებრივ“ ბავშვებზე, რომლებიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე თანაკლასელებთან სწავლით მეტად ტოლერანტულ და მზრუნველ პიროვნებებად ყალიბდებიან.

 

უცხოური ფილმი და რეალობა

ფილმ „ნოთინგ ჰილში“ ერთი ეპიზოდია, როდესაც კაცს სურს შეაღწიოს პრესტიჟული სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში, სადაც კინოვარსკვლავთან ჟურნალისტების შეხვედრაზე დასწრება მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული საშვებითაა შესაძლებელი. როცა შეაჩერებენ და საბუთებს მოსთხოვენ, მას უცებ ეტლით მოსარგებლე მეგობარი გამოექომაგება: ეს მე მახლავსო და დაუყოვნებლივ შეუშვებენ. აქედან ჩანს არა მხოლოდ პატივისცემა შშმ პირისა, არამედ შიშიც კანონდარღვევისა. ცივილიზებულ ქვეყნებში ვერავინ ბედავს შშმ პირების უფლებების დარღვევას. მათ კანონი რეალურად იცავს. მეტიც, ზოგი გადაჭარბებულ ლოიალობასაც კი მიმართავს შიშით  – რაიმე ქმედება დისკრიმინაციულ მოპყრობად არ ჩამეთვალოსო.

ამასთან, მახსენდება მონათხრობიც ერთი ეტლით მოსარგებლე ამერიკელი ქალისა, რომელიც მაღალ თანამდებობას იკავებს თავის ქვეყანაში. აქაც კი, ასეთ განვითარებულ ქვეყანაში, შინაგანად მაინც ვგრძნობ, რომ „ჩვეულებრივი“ ადამიანები ზემოდან მიყურებენ, თანასწორად არ აღმიქვამენ, უპირატესად გრძნობენ თავს ჩემი მიღწევების მიუხედავადო.

 

ეპილოგი

ბოდიშს ვუხდი ჩემს სათვალიან, აუტიზმის მქონე, ჰიპერაქტიურ შვილს, რომელიც დაბადების დღეზე არ წავიყვანე – იმდენს ირბენს, დავიღლები-მეთქი (სხვების აზრი ან გაოცებული  მზერა კარგა ხანია აღარ მაღელვებს). თვითონაც გადაღლილი იყო სპეციალურ გაკვეთილებსა და საბავშვო ბაღში სიარულით. დაბადების დღეზე, რომელიც ღია ცის ქვეშ ზაფხულის გრილ საღამოს გაიმართა და ყველა სტუმარ ბავშვს ჰქონდა საშუალება ცხენზე დამჯდარიყო, ჩემმა „ჩვეულებრივმა“, ორმა ცელქმა შვილმა მაინც დამღალა. არც ის განსაკუთრებული ბიჭი უნდა გამოკლებოდა ამ მხიარულებას, ბიჭი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, ზოოპარკში სპეციალურად ამ „განსხვავებული ბავშვებისათვის“ გარეთ გამოყვანილ პონის ისე აკოცა და „ელაპარაკა“, იმდენი ეფერა და უცინა, თითქოს ძველი მეგობარი ნახაო.

ყველანაირად ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო მისთვის და მე მარტო არ ვარ. ჩვენ, შშმ ბავშვების მშობლები, ბევრნი ვართ და თუ სახელმწიფოს/ხელისუფლებას სიზუსტე, ხელმომჭირნეობა და დემაგოგია უყვარს, ჩვენც ბევრი რამე შეგვიძლია. ჩვენ შევცვლით დღევანდელობას და მივაღწევთ, რომ კანონი რეალურად იცავდეს ჩვენს შვილებს, ვერავინ ბედავდეს ამ ქვეყანაში მათი უფლებების შელახვას, კუთვნილი მომსახურების წართმევას, სკოლიდან გაგდებას და სხვ.

რაც შეეხებათ განსხვავებულების საზოგადოებისგან გარიყვის მომხრეებს, ისინი ყოველთვის და ყველა ქვეყანაში იყვნენ და იქნებიან. ზოგი პირდაპირ ამბობს საკუთარ აზრს, ზოგს კი შინაგანი ეთიკა არ აძლევს ნებას, მაგალითად, შშმ პირების მიმართ მიუღებლობა ხმამაღლა გამოხატოს 21-ე საუკუნეში. ასეთების ჯიბრზე და ყველა კეთილისმსურველის გასახარად, ვიცი, ეს ბავშვები ყველაფერს შეძლებენ, ბევრს გააოცებენ, დიდ წარმატებას მიაღწევენ და წლების შემდეგ ნიჰილისტებს საკუთარი სიტყვების შერცხვებათ! ამას ვპირდებით.

ადამიანები სევდიანი მომავლით

0

რას გააკეთებს ადამიანი წლების შემდეგ, მომავალში, როცა მას ტექნოლოგიური პროგრესი ახალ შესაძლებლობებს მისცემს? ან რა იქნება მისი უდიდესი მოთხოვნილება, თუ რობოტები ფიზიკურ შრომას ადამიანების ნაცვლად შეასრულებენ? – მომავალზე გადაღებული ფილმები ძირითად იმაზე მოგვითხრობენ, თუ როგორ ქმნიან ადამიანები რობოტებს, რომელთაც ადამიანები აღარ სჭირდებათ და დედამიწას ეპატრონებიან, თუმცა ცოტა თუ ვიცით იმის შესახებ, რა დასჭირდება მომავლის ადამიანს, როცა  ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად, მას დასვენების მეტი საშუალება, მეტი დრო და რესურსი ექნება საკუთარი თავის  ყველაზე ღირებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ამ იდეით შეპყრობილი ამერიკელი რეჟისორი სპაიკ ჯოუნზი 2012 წელს ფილმს იღებს. “Her” მომავლის ურთიერთობებზეა. იმაზე თუ რამდენად ადამიანური შეიძლება იყოს რობოტი და რამდენად რობოტული შეიძლება გახდეს ადამიანი. სპაიკ ჯოუნზის ფილმში ადამიანები ოპერატიულ სისტემას ქმნიან, რომელიც არამარტო ადამიანის დამხმარე, არამედ მისი მეგობარი, პარტნიორი და შეყვარებულიც კი შეიძლება გახდეს.

მარტოსული მწერალი თეოდორი ფულს წერილების წერითა და სხვისი გრძნობების გადმოცემით შოულობს. თუმცა თავად უჭირს სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია. სევდისგან თავის დასაღწევად თეოდორი ახალ ოპერაციულ სისტემას იყენებს და გაიცნობს სამანტას, რომელიც მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. რეალურ სამყაროში ურთიერთობით იმედგაცრუებული, მარტივად ეკონტაქტება მას და ოპერატიული სისტემა უყვარდება. მისთვის ეს გრძნობა ყველაზე ბუნებრივი ხდება, რადგან გარშემო არ დარჩა არავინ, ვისი შეყვარებაც შესაძლებელი იქნებოდა.

სამანტა იმისთვის შეიქმნა, რომ ადამიანებს გამოეყენებინათ. ოპერატიული სისტემები ადამიანთა სამსახურში უნდა ყოფილიყვნენ და მათი შესაძლებლობებიც იქ მთავრდებოდა, როცა ადამიანი გადაწყვეტდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური სხეული არ ჰქონდათ, ყველაზე არაადამიანური, რაც მათ ახასიათებდათ, თავისუფალი ნების არქონა იყო. სამანტა ყოველწამიერად ვითარდება. ის ახერხებს მწერლის სულიერი საჭიროებების დაკმაყოფილებას, თუმცა დროთა განმავლობაში იმდენად ვითარდება, რომ თავადაც უჩნდება მოთხოვნილებები.

თეოდორისა და სამანტას ურთიერთობა თანდათან უფრო განსხვავებული ხდება სხვა სომატური წყვილების რომანტიკისაგან. ეს რომანტიკა კი სწორედ მაშინ ხდება საინტერესო, როცა თეოდორის თვალებში სევდა გაჩნდება. ტკივილით, მარტოობით სავსე თვალები, რომელიც ძალიან ახლობელია თანამედროვე ადამიანისთვის. თეოდორს სამანტა უყვარს, თუმცა მისი სიყვარული ტრაგიკული დასასრულისთვისაა განწირული, რადგან სამანტასთვის გაუგებარია ისეთი ადამიანური ვნებები, როგორიც ეჭვიანობა და ერთგულებაა. მას თეოდორი უყვარს, თუმცა მეტი სჭირდება. სიახლე კი სხვა ადამიანებთან და ოპერატიულ სისტემებთან ურთიერთობასაც გულისხმობს, რაც თეოდორისთვის განგაშის საფუძველი ხდება.

 

მხიარული, კეთილი, რომანტიკული, ყურადღებიანი და ჭკვიანი ოპერატიული სისტემა ევოლუციის გზით თავისუფალი ნების მოპოვებისთანავე ტოვებს ადამიანს, რომელიც უყვარს. კიბერ-რაციონალური გონისთვის ადამიანურ გრძნობებზე მაღლა სხვა რამ დგას, რომელიც, როგორც თეოდორისთვის, ასევე მაყურებლისთვის ამოუცნობ ღირებულებად რჩება. რეჟისორი მაყურებელს უტოვებს საშუალებას, გადაწყვიტოს, რატომ წავიდნენ ოპერატიული სისტემები, ისევე, როგორც უტოვებს საფიქრალს გულნატკენ თეოდორს, და მის მდგომარეობაში დარჩენილ კაცობრიობას.

პოეზიის აფთიაქი: კალიგრამები ანუ  „მე ლექსებს არ ვწერ, – მე ლექსებს ვხატავ“

0

ვახტანგ ჯავახაძის ეს ახსნა ყველაზე უკეთ შეესაბამება პოეზიაში იმ მიმდინარეობას, რომელსაც ვუწოდებთ კალიგრამებს, ვიზუალურ პოეზიას, გრაფიკულ პოეზიას, კონკრეტულ პოეზიას და სხვა…

ასეთ პოეზიაში ვერბალური და ვიზუალური გამოხატვა ერთდროულადაა… დიახ, ეს არის ხატვა სტრიქონებით. ნახატი ხშირად გამოხატავს ტექსტის იდეას, ხშირად აცილებულიცაა, გააჩნია, რა ჩანაფიქრი აქვს ავტორს. ნახატი არის ტექსტის გაგების ერთი ასპექტი, შესაძლოა, ძალიან მარტივად გამოხატული, მაგრამ მაინც საინტერესო. განსაკუთრებით, როდესაც ტექსტი მექანიკურად კი არ ეწყობა რაიმე გრაფიკაზე (რაც ყველას შეუძლია), არამედ ქმნის მასთან „დიალოგს“  და ერთმანეთში გადადის. ტერმინი „კალიგრამი“ შემოიტანა ფრანგმა პოეტმა, გიიომ აპოლინერმა. „ნახატებით წერა“ ან „ნაწერით ხატვა“ კი უფრო ადრეულია… აპოლინერისათვის ეს ჟანრი მისი შინაგანი მდგომარეობის გამოხატულებაა,  “პოეტი სვამს ალკოჰოლს, როგორც თავის ცხოვრებას და სვამს თავის ცხოვრებას, როგორც ალკოჰოლს. სამყარო კონცენტრირებულია ღვინოში, ხოლო ღვინისადმი მიდრეკილება სიმბოლოა სამყაროს შეცნობისა”. ასეა კალიგრამიც… ერთმანეთში გარდამავალი ვერბალური და ვიზუალური ნიშნები, სრულიად განსხვავებული სემიოტიკური სისტემები, რომლებშიც დამოუკიდებლად თავისთავად შეიძლება გამოითქვას აზრი განსხვავებულ პარამეტრებში. ვერბალური ტექსტი ერწყმის გრაფიკას და გრაფიკა აგრძელებს ვერბალურ ტექსტს…

არის სხვა შემთხვევებიც, მაგალითად, თუ ავიღებთ პოეტურ ტექსტს, რომელსაც არ ახლავს გრაფიკული, ვიზუალური მხარე, მისი წაკითხვით ჩვენს ცნობიერებაში შეგვიძლია, რომ წარმოვიდგინოთ, დავინახოთ,  სიტყვებით ისე ვიზუალურად შეიძლება იყოს გამოთქმული რაიმე… მაგალითად, ბასიო მაცუოს ასეთი ჰაიკუ:

„ალუბლის თვალწინ,

ღრუბლის კვამლში,

ჩაიძირა ეული მთვარე…“

ეს ტექსტი რომ გრაფიკულად გაეფორმებინათ, გარკვეულ მონახაზს გაჰყვებოდა ტექსტი და ის გრაფიკაც იქნებოდა ჩვეულებრივი ვიზუალური ნიშანი. წარმოსახვის შემთხვევაში კი საქმე სხვაგვარადაა. თუ გრაფიკას ყველა ისე აღიქვამს, როგორც მიაწოდეს, წარმოსახვის შემთხვევაში, ერთი და იგივე პეიზაჟის იმდენი ვარიანტი არსებობს, რამდენი მკითხველიცაა. მაგალითად, ბასიოს ამ ჰაიკუს თუ „გავაცოცხლებთ“ და „დავინახავთ“, ალუბალი, ღრუბლის კვამლი და ეული მთავრე – კონკრეტული სახეების მიუხედავად, სრულიად ინდივიდუალურ ელფერს მიიღებდა.

აპოლინერის ცნობილი კალიგრამები კი ასე გამოიყურება:

 

როგორც ხედავთ, გრაფიკა დამოუკიდებლადაც  შეგვიძლია გავიაზროთ და ტექსტთან კავშირში კი ახალ გამომსახველობას იძენს.

ყველაზე პოპულარული გრაფიკული პოეზიის ნიმუში ქართული პოეზიიდან ვახტანგ ჯავახაძის ლექსებია. მაგალითად, „პირამიდა“:


ვა
შენე
პირამიდა
დიდზე დიდი
პირამიდა. ახლა
ვეღარ გამოვდივარ
პირამიდის სპირალიდან.
რად მინდოდა პირამიდა, დიდზე
დიდი პირამიდა, შუა კედელს ვეჯახები,
მე კი განაპირა მინდა. მზეო, დედამიწასავით
გაანათე პირამიდა, გზა მასწავლე, შენთან მოვალ
დიდი შესაწირავითა. ვისაც უნდა იმას ჰქონდეს დიდზე დიდი
პირამიდა, – აღარ მინდა უკვდავება, – აღარც პირამიდა მინდა.

 

ვახტანგ ჯავახაძის ეს ტექსტი მხოლოდ ვერბალურ-ვიზუალურის კავშირი არაა. ბგერებით იქმნება განსაკუთრებული რიტმი, მუსიკალობა და თავს თითქოს ისე გრძნობ, როგორც ამ სტრიქონში:

ახლა
ვეღარ გამოვდივარ
პირამიდის სპირალიდან.

ანუ ეს ლექსი ვერბალურ-ვიზუალურ-აუდიალურის კავშირი და ერთობაა. ოღონდ მუსიკას აქ ბგერა და რიტმი ქმნის, ვიზუალური კი – დამოუკიდებლად არსებობს.
უნდა ითქვას, რომ კალიგრამების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებებია. ერთნი ამბობენ, რომ კალიგრამა – ეს არის კრიზისული პერიოდის ექსპერიმენტი, ხოლო მეორენი თვლიან, რომ კალიგრამა – ეს არის საზღვრების დარღვევა ვერბალურ და ვიზუალურ ხელოვნებას შორის. მაგრამ ეს დარღვევა არ არის უბრალოდ დარღვევა… ეს უფრო შერწყმაა, როცა ორი განსხვავებული ფორმა აგრძელებს და აერთიანებს  ერთ აზრს. აზრის გამოხატვას კი მრავალი ფორმა აქვს. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ვერბალური ტექსტი თავის თავში შეიძლება ქმნიდეს ვიზუალურ, აკუსტიკურ ხატებს და პირიქითაც შეიძლება მოხდეს… ვფიქრობ, რომ შემოქმედებითად და მხატვრულად გადაწყვეტილი ექსპერიმეტი უკვე საინტერესოა და უნიჭობა თუა, არც ვერბალური ტექსტია საინტერესო, არც ვიზუალური ხატი და არც ვერბალურ-ვიზუალურის კომბინაცია.

 

გრაფიკული პოეზიის შესახებ ვახტანგ ჯავახაძემ მიხო მოსულიშვილთან ინტერვიუში თქვა: „გურამ ასათიანმა დაწერა: „პოეზია ვერ ძლებს უცნაურობის გარეშეო“. მე ძალიან მიყვარს მხატვრობა და ვერ ვხატავ. ამიტომ ვიყენებ ისეთ ფორმებს, რომლებიც ლირიკისა და გრაფიკის საწყისებს შეიცავენ. ვიზუალურმა პოეზიამ საერთაშორისო აღაიარება მოიპოვა. ნურც ჩვენ ჩამოვრჩებით.“

 

ეს კი ვახტანგ ჯავახაძის „ავტორპორტრეტია“

 

ძალა ჰქონია ავტოპორტრეტს – ანდამატისა,

ბევრი ხატავდა, – ბევრის გვარი გამიგონია:

გოგენი,                                            გოგენი,

კურბე,                                               კურბე,

მონე,                                                   მონე,

მარკე,                                                 მარკე,

მატისი,                                            მატისი,

გვარდი,                                          გვარდი,

რუბენსი,                                       რუბენსი,

ვერონეზე,                                   ვერონეზე,

დეგა, გოია;                                დეგა, გოია;

კანო, დომიე,                           კანო, დომიე,

რუსო, რუნგე,                         რუსო, რუნგე,

დორე, პუსენი,                     დორე, პუსენი,

ჯოტო და ვატო,                  ჯოტო და ვატო,

რემბრანდტი და                 რემბრანდტი და

ტულუზ-ლორტეკი,       ტულუზ-ლორტეკი,

 შემომცქერიან – სარკეებთან მოფუსფუსენი,

 აოცებთ ჩემი – გალექსილი ავტოპორტრეტი.

 

აპოლინერისა და ვახტანგ ჯავახაძის კალიგრამები კი თქვენთვის, მკითხველებო, პოეზიის აფთიაქიდან.

ვფიქრობ, ყველას შეუძლია ამ აბის მიღების შემდეგ საკუთარი ავტოპორტრეტი შექმნას ვერბალურ-ვიზუალური თამაშით და ამით სიამოვნება მიიღოს.

გარდასახვის მისტიკა -პაოლო იაშვილის  “დარიანულის” სწავლებისათვის

0

“და მღერის, მღერის კალამის წვერი, კალამის წვერი – ბულბულის ნისკარტი”. პაოლო იაშვილს გამორჩეული ხმა აქვს პოეზიაში. სწორედ ასე წარმოუდგებოდა მას პოეზიის მიზანი – მკითხველი მშვენიერებისთვის ეზიარებინა, თანაც, ეს მშვენიერება უნდა ყოფილიყო იდუმალი, მიუწვდომელი, როგორც ბულბულის ნამღერი, რომელიც მიწას მოგწყვეტს, ფრთებს გამოგასხამს და მეცხრე ცაზე აგიყვანს.

საოცრად ლამაზი სულის პატრონი იყო პაოლო, მეგობართა წრეში გამორჩეული სილაღით, სითამამით, მისი გადამდები სიცოცხლის ხალისი უცებ აქარწყლებდა დარდსა და ნაღველს.  1916 წელს სწორედ მისი თაოსნობით ქუთაისში გამოვიდა ჟურნალი “ცისფერი ყანწები”, რომელმაც ქართული პოეზიაში მოიტანა ახალი სუნთქვა. პაოლო იაშვილი ჟურნალის “პირველთქმაში”, საოცარი ენერგიით რომ არის დამუხტული, წერდა: `საქართველოს მგოსნებს! ყველა მეოცნებეს! ქართველ ხალხს! ისმინეთ ყველამ ჩვენი ქადაგება! მრავალის სასიკვდილოდ გავჩნდით ჩვენ ბინძური მზით გამთბარ ქვეყანაში, სადაც ხალხმა დაკარგა მშვენება სითამამისა. საქართველოს ლანდურ არსებას მოვევლინეთ ჩვენ ახალი სხივმოსილებით და ოცნებადაკარგულ ხალხს ვასწავლით განწმენდილ გზას მომავლის ცისფერი ტაძრისაკენ!”. “საქართველოს შემდეგ უწმინდესი ქვეყანა არის პარიზი, ადიდე, ხალხო, ეს ჩვენი მრისხანე ქალაქი, სადაც გიჟური გატაცებით ჯამბაზობდნენ ჩვენი ლოთი ძმები: _ ვერლენი და ბოდლერი, მალარმე, სიტყვების მესაიდუმლე და არტურ რემბო, სიამაყით მთვრალი, დაწყევლილი ჭაბუკი”. ასეთი სითამამით დაიბადა საქართველოში სიმბოლისტური სკოლა. პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, სანდრო ცირეკიძე და სხვა ცისფერყანწელები ქმნიდნენ ახალ ესთეტიკას, ახალ პოუტურ კულტურას ამკვიდრებდნენ. სწორედ ამ ჟურნალში მან თამამად განაცხადა ლექსით, რომ აღარ სურდა ძველ კერპთა მსახურება:

“პაოლო იაშვილს მომეწყინა ყვითელი დანტე,

ვაქებდი შექსპირს, მაგრამ ფარდა, შექსპირს უარი,

რა ვქნა, რომ ჩემთვის ბეთჰოვენი მხოლოდ ყრუ არი

და რომ წარსულმა ვერ გადმომცა მე ანდამატი”.

ცისფერყანწელებმა ქართული პოეზიის ევროპის რადიუსით გამართვა მოიწადინეს, როგორც ტიციან ტაბიძე წერდა, მომავალ დიდ ქართველ პოეტში უნდა “შეერთებულიყო რუსთაველი და მალარმ”.

ისინი თამამ პარალელს ავლებდნენ ასურელ მამებთან. მათსავით ცამეტნი ვართ, და თუ ისინი ორთოდოქს ქრისტიანობას ამტკიცებდნენ საქართველოში, ჩვენ ჭეშმარიტი პოეზიის იდეალებს ვამკვიდრებთო.

ჟურნალ “ცისფერ ყანწებში” მხოლოდ ერთი ქალის სახელი გამოჩნდა: ელენე დარიანი _ ულამაზესი ლექსით “პირამიდებში”. ვინ იყო ეს ქალი “ასეთი ცისფერი”, გალაკტიონის ცნობილი სტრიქონები რომ მოვიხმოთ? თანაც, რა უცნაური და ლამაზი გვარი ჰქონდა _ დარიანი.  მეხის გავარდნას ჰგავდა მისი ლექსები. არავინ იცოდა მისი ვინაობა. ზოგი გაოცებულიყო მისი სითამამით, რადგან მის ლექსებში ისე შიშვლად იყო საუბარი ქალის ვნებებზე, ინტიმურ განცდებზე, ზოგი აღტაცებულიყო და ზოგიც მზად იყო ინკვიზიციის ცეცხლზე საჯაროდ დაეწვა ქართველ ქალთა შემარცხვენელი.

მხოლოდ მეგობრებმა იცოდნენ, რომ ელენე დარიანის მშვენიერი ნიღბის მიღმა იმალებოდა პაოლო იაშვილი. სწორედ მან შექმნა დარიანული ლექსების ციკლი, რომლის ავტორად ელენე დარიანი გამოაცხადა. გვარი დარიანი აიღო სახელგანთქმული ესთეტის,   ოსკარ უაილდის პერსონაჟის, დორიან გრეის, სახელიდან, დორიან –დორიანული_  დარიანული.  უფრო მჟღერი და ლამაზია დარიანული.

პაოლო იაშვილს აღმოაჩნდა გასაოცარი გარდასახვის უნარი. მან ქალის სამყარო ხელისგულზე გადმოშალა, თუმცა ეს არც არის გასაკვირი. მსოფლიო ლიტერატურაში ქალთა სახეების შემქმნელნი ხომ უმეტესად კაცები არიან. `მადამ ბოვარი _ ეს მე ვარ~, _გავიხსენოთ გუსტავ ფლობერის სიტყვები. მოპასანის `წუთისოფელი~, სტეფან ცვაიგის მოთხრობები. შიო არაგვისპირელის ნოველებშიც გამოჩნდა ქალის ფსიქოლოგია, მაგრამ პაოლო იაშვილის ელენე დარიანი მაინც პირველი თამამი ქალია ქართულ პოეზიაში.

გრიგოლ რობაქიძემ ლექსი მიუძღვნა ელენე დარიანს:

“ვიჩქაროდი შენკენ, ტურფა… გული ტოკდა, სული მღეროდა, –

სისხლი ტანში ხალისობდა, თვალ-წამწამი აგიშერდა~.…

ცნობილია, როცა  ქუთაისის საზოგადოების წინაშე პირველად წაიკითხა პაოლომ ეს ლექსები, რამდენიმე ქალი პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გავიდა. .ამის შესახებ წერდნენ მაშინდელი გაზეთები. ეს იყო სრულიად უცხო პოეტი ქალი, რომელიც ლექსებში წერდა თავის შიშველ სხეულსა და ვნებებზე, ლტოლვებზე. სატრფიალო პოეზიის ფასი კარგად იცოდა ქართველმა მკითხველმა _ ბესიკის მიერ მხატვრულად გარდასახული ხორციელი თუ ბარათაშვილის სულიერი, ამაღლებული სიყვარული, მაგრამ ელენე დარიანის ლექსებში სულ სხვანაირი განცდები აისახა:

“იქ, სადაც სდუმან პირამიდები,

მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,

იქ, სადაც სდუმან პირამიდები,

შენ მომინდები, შენი თვალები, შენი მკლავები,

შენი სინაზე. შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,

თვალ დანაბული, საყვარელ ხელებს მივეცემი

როგორც ნაზ საწოლს და შენ დამკოცნი

ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს.

ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,

მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება…

პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში

ლურჯ სფინქსთან მივა, დიდხანს უცქერს და დაღონდება.

სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით

მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ვნებას ალურს;

გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,

დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს (“პირამიდები”).

ამიტომაც იყო რომ ჟურნალ გაზეთებში გამოჩნდა, როგორც უარმყოფელი, ასევე მაქებარი შეფასებები: `ელენე დარიანი საშიშია. მას ტემპერატურა აწეული აქვს.… სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია. მას არ მოეპოვება ქალური მოკრძალება, არც სინაზე. ტლანქია და ის ჩვენს პოეზიას არაფერს მატებს”, – აცხადებდა გაზეთი “სამშობლო” 1916 წელს.

გრიგოლ რობაქიძე წერდა: “ჩვენში ბევრი ლექსი იწერება ვნების შესახებ, მაგრამ სულ ცოტა მათგანი თუ მოგვცემს ნამდვილი ვნების გრძნობას. ეს ლექსები კი ნამდვილი გრძნობის ვნებას გადმოგვცემს და არა მშრალ სიტყვას” (“სახალხო ფურცელი”).

“ცისფერყანწელი” შალვა აფხაიძე ჟურნალ “ბახტრიონის” ფურცლებზე ამბობდა: “ქართულ პოეზიაში არ არის ქალური სინაზე უდავოდ. ერთადერთია ელენე დარიანი, რომელმაც ქართულ პოეზიაში ეს შეიტანა”.

ტიციან ტაბიძე ჟურნალ “ცისფერი ყანწების” ფურცლებიდან ქართულ საზოგადობას პირდაპირ ადანაშაულებდა ქართული ლექსის ჩარჩოში ჩაკეტვის გამო და დარიანული ლექსების პორნოგრაფიად გამოცხადებისთვის: “ვინ არის დამნაშავე, რომ ქართული პოეზია ისე დაასაჭურისეს, რომ პორნოგრაფიად ითვლება გრიგოლ რობაქიძისა და ელენე დარიანის ლექსები?!”

ვალერიან გაფრინდაშვილი ჟურნალ “მეოცნებე ნიამორებში” საქართველოში პირველი კლასიკური სონეტის ავტორად პირდაპირ ელენე დარიანს ასახელებდა: “ელენე დარიანმა დაწერა პირველი კლასიკური სონეტი ჩვენში”.

ლიტერატურის ისტორიამ იცის ბევრი დავა ამა თუ იმ საკითხზე. სკანდალს ვერც ელენე დარიანი გადაურჩა. მის გამოჩენისთანავე გაიმართა დიდი სჯა-ბაასი, აღშფოთებულნი იყვნენ მისი ამორალურობით.

შემდეგ, მოგვიანებით, ამას დაემატა  ახალი სკანდალი _ გამოჩნდა ქალი ელენე ბაქრაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ელენე დარიანი არ იყო მისტიფიკაცია, ე.ი. გამოგონილი და თვითონ, რეალური ელენე იყო მის ნიღაბს ამოფარებული. გაირკვა მისი და პაოლოს სამიჯნურო ურთიერთობაც _ მათი სიყვარულის წერილებით. ამ თემაზე საინტერესო გამოკვლევები დაიბეჭდა, გამოვარჩევთ ლალი ავალიანისა და გიორგი ჯავახიშვილის წერილებს _ მათ შორის გამართულ ერთგვარ პოლემიკას. ლალი ავალიანი _ პაოლოს ინტერესთა დამცველი (წიგნი `პაოლო იაშვილი~ და სხვა წერილები), გიორგი ჯავახიშვილი _ ელენე ბაქრაძისა.

გიორგი ჯავახიშვილი ზედმიწევნით გაეცნო ელენე ბაქრაძის პირად არქივს. მან აღნიშნულთან დაკავშირებით გამოსცა წიგნი `ელენე დარიანის ლეგენდა და სინამდვილე~. ელენე ბაქრაძე იმით ხსნიდა შენიღბვას, რომ უკვე გათხოვილი ქალი იყო და არ სურდა `აღვირახსნილი~ დაეძახათ _ სწორედ ამგვარად მოიხსენიებდნენ ეროტიკული ლექსების ავტორს. ელენე ბაქრაძე, მართლაც, იყო პაოლოს მუზა. პოეტი მას ლექსებში ელლიდ მოიხსენიებდა. მათ ერთმანეთი დაოჯახებამდე გაიცნეს,  1912 წელს. პირველი შეხვედრისთანავე ერთმანეთის მიმართ საოცარი ლტოლვა გაუჩნდათ, მაგრამ დაშორდნენ და შემდეგ შეხვედრაზე ორივე დაოჯახებული იყო.

პაოლოს წერილიდან: “არა მაქვს უფრო მშვენიერი ფიქრები, ვიდრე ფიქრები შენზე და რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად ვგრძნობ, რომ სიცოცხლე უშენოდ არის გამოუთქმელ სევდათა სასაფლაო”. პაოლოს სიყვარულს ირეკლავს ეს ლექსიც: “სონეტი ელლის”:

“სონეტით მინდა ჩემი გრძნობა შენდამი, ელლი,

შენს სულს გადავცე… მაგონდება სოფელი შორი;

ერთმანეთს შევხვდით; ყვავილებით ხარობდა ველი;

იყავი ნაზი ისე, როგორც ტყის ნიამორი.

მე შემიყვარდი… და მიყვარხარ… და მარად გელი,

მე მინდა შენი სიახლოვე, შენი ამბორი;

შენთვის ვოცნებობ მე სონეტით მადიდებელი,

და შენით, ელლი, ანთებული მზის თანასწორი…

ყვავილებია ჩემ გარშემო!.. მაისი მინდა…

ჩემო ბაღებო, აყვავილდით, იმხიარულეთ!..”

მიუხედავად საგულისხმო მტკიცებულებებისა, ჩვენც პაოლო მიგვაჩნია ამ ლექსთა ავტორად.

დარიანულ ციკლში სულ 14 ლექსია, რომლებიც წარმოაჩენენ მშვენიერ ქალს, რომელმაც იცის პოეზიის ფასი, გატაცებით კითხულობს ფრანგი, რუსი თუ ქართველი პოეტების ლექსებს, განსაკუთრებით მოსწონს ანა ახმატოვა და მასთან სულიერ ნათესაობას გრძნობს და, რაც მთავრია, თამამად, მაგრამ დახვეწილად, არაჩვეულებრივი მხატვრული სახეებით გადმოსცემს თავის ფიქრებს.

ეს ლექსი `დარიანული~ სწორედ ამ ციკლიდანაა:

“დაიტანჯა

მაჯა

მარჯნის

მძიმე ჯაჭვის

ტარებით.

მე ლოყაზე

დამრჩა ფარჩა

ცხელი პირის

მიკარებით.

დაიტანჯა

მაჯა

მარჯნის

მძიმე ჯაჭვის ტარებით.

ბევრი ცრემლი

დამეხარჯა

ერთი პირის მიკარებით.

დაიტანჯა

მაჯა

მარჯნის

მძიმე ჯაჭვის ტარებით.

ჩემს დამტანჯველს

ღმერთი დასჯის

ქაჯად გადაგვარებით”.

ლექსის ლირიკული გმირი ქალია, რომელიც შთამბეჭდავად გადმოგვცემს სიყვარულით გამოწვეულ ტანჯვას. ლექსის მუსიკალურობას  იწვევს ალიტერაციები.

`დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით~. აქ ალიტერაცის ქმნის ჯ  და ტ თანხმოვნების გამეორება. თანაც, ეს სტრიქონი სამჯერ არის გამეორებული.

ლექსის ხერხემალია ტანჯვის განცდა _ რომელმაც მოიყოლა სიტყვები _ მაჯა, მარჯანი, ჯაჭვი, დაიტანჯა.

მარჯნის ჯაჭვი ქალის ულამაზესი სამკაულია, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მარჯნის ეს სამაჯური ქალს სატრფომ დაუტოვა სახსოვრად. ეს  მისთვის ერთდროულად სიხარულისა და ტანჯვის მომგვრელია. შეიძლება ამიტომაც სამაჯურის  ნაცვლად პოეტი იყენებს სიტყვა ჯაჭვს, თითქოს ამ მარჯნის ჯაჭვით არის დაბმული, დატყვევებული და არ შეუძლია მისგან გათავისუფლება: ეს ტყვეობა ტკბილ-მწარეა. ალექსანდრე ჭავჭავაძე რომ წერს ლექსში: `სიყვარულო ძალსა შენსა“: `თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?~ სიყვარულთან დაკავშირებული ტანჯვით სავსეა მსოფლიო ლიტერატურა, მათ შორის, ქართულიც და უპირველესი წიგნი სიყვარულისა _ `ვეფხისტყაოსანი~. როგორ შეიძლება ვინმეს დაავიწყდეს სატრფოს დაკარგვით დატანჯული ტარიელის მდუღარე ცრემლები და გლოვა.

აქ ყურადღებას იქცევს ის, რომ ამ სიტყვათა ავტორი ქალია, თუმცა ისიც შეიძლება ვთქვათ, რომ სიყვარულის გამჟღავნებაში ქალთა სითამამის მაგალითი `ვეფხისტყაოსანში~ გვაქვს: გავიხსენოთ, როგორ ხვდება თინათინი ავთანდილს, როდესაც პირველად დაიბარებს და სიყვარულს გაუმხელს:

“გაძრცვილსა ტანსა ემოსა ყარყუმნი უსაპირონი, ებურა მოშლით რიდენი….”.

გაძრცვილი ნიშნავს, რომ ის არ არის სამეფო სამოსით შემოსილი, არამედ მსუბუქად აქვს მოსხმული ყარყუმის ულამაზესი მოსასხამი, რომლის მიღმაც ალბათ  ნათლად ილანდება მისი უმშვენიერესი სხეული.

ელენე დარიანის ლექსების ლირიკული გმირი  საუბრობს თავის ვნებასა და ლტოლვაზე, მას არ ერიდება მკითხველისა: `მე ლოყაზე დამრჩა ფარჩა ცხელი პირის მიკარებით~. ეს მეტაფორაა,  ლოყაზე დარჩენილი ფარჩა _ ცხელი კოცნის კვალია. რომელიც წითელი აბრეშუმივით ატყვია თეთრ პირისკანს. ეს ნაკვალევი ტანჯავს ქალს.

“ბევრი ცრემლი დამეხარჯა ერთი პირის მიკარებით~ _ მკითხველს გულისნადებს უმხელს ქალი. ბევრი ცრემლის დახარჯვა მიანიშნებს მის დაბრკოლებით, წინააღმდეგობით აღსავსე სიყვარულზე. ეს ყოველივე კი აღვიძებს მკითხველის ცნობისწადილს, ვინ შეიძლება იყოს მისი სატრფო, რომელმაც მიატოვა და ასე დატანჯა. მიტოვებული ქალის გულში შურისძიების გრძნობა იღვიძებს.

მსოფლიო ლიტერატურა სავსეა მიტოვებული ქალების ტკივილითა და თუ მათი სასტიკი შურისძიების უამრავი მაგალითით (მხოლოდ კოლხი მედეას გახსენებაც კმარა, რომელმაც, ევრიპიდეს პიესის მიხედვით, მოღალატე იაზონზე შური იმით იძია, რომ შვილები დახოცა). მაგრამ ამ სტრიქონის წაკითხვაზე ჩვენ უმალ `ვეფხისტყაოსნის~ ნესტანი გვახსენდება: თათბირის შემდეგ რომ დაიბარებს ტარიელს. ამ თათბირზე, როგორც გახსოვთ, მეფე-დედოფალმა, ტარიელის უტყვი თანხმობით, ნესტანის ხვარაზმშაზე გათხოვება გადაწყვიტა. არადა, ნესტანსა და ტარიელს არა მხოლოდ  უკვე გამხელილი ჰქონდათ ერთმანეთისთვის სიყვარული, არამედ _ ერთგულებაც შეფიცული. წარმოვიდგინოთ, როგორ შედის ტარიელი ნესტანთან და რას ხედავს: `ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული, /არცა მზე ჰგავდა, არც მთვარე ხე ალვა ედემს ხებული~. ნესტანი ერთდროულად სამოთხის ხესავით მშვენიერი იყო და თან ვეფხვივით სასტიკიც. მათ დაძაბულ საუბარში კი გამოჩნდა, რას უპირებდა ნესტანი მოღალატე ტარიელს, დაემუქრა, გადაიკარგე ინდოეთიდან, თორემ არ გაცოცხლებო და თან იმის თქმაც არ დაავიწყდა: `ჩემისთანას ვერსად ნახავ, ცათამდისა ხელი აჰყოვო~. მთელი ქვეყნიერება რომ მოიარო, მეტაფორულად, ზეცაშიც რომ მოძებნო, ჩემს შესადარებელს ვერ იპოვიო.

პაოლო იაშვილის ლექსშიც ასეთი მუქარაა, ღმერთი დასჯის ჩემს დამტანჯველს და ქაჯად გადააქცევსო. პოეტი ალუზიებით ამძაფრებს და აღრმავებს სათქმელს. სწორედ  ქაჯები  მოიტაცებენ ნესტანსაც  და კოშკში გამოამწყვდევენ, რაც ლირიკული გმირის დიდ ტანჯვას  იწვევს. ასე რომ, ქაჯის ხსენებასაც ისე `ვეფხისტყაოსნის~ გმირებთან მივყავართ.

ცხადია, ელენე დარიანის სიყვარული შთაგონებულია `ვეფხისტყაოსნის~ გმირთა სიყვარულით, ოღონდ მეტი სითამამეა. ნესტანისა და თინათინის სითამამე  შუა საუკუნეებისთვის იყო ერთგვარად გასაოცარი, მეოცე საუკუნეში კი მათი შთამომავალი და მემკვიდრეა ელენე დარიანი, რომელიც თავისუფალია და ამაყი.

დარიანული ციკლის ლექსები მკითხველს არწმუნებს პაოლო იაშვილის  პოეტური გარდასახვის დიდ ოსტატობაში.

 

მარტორქის პატარა ამბავი, საზაფხულო საკითხავი

0

ამას წინათ ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი ახალი, თანამედროვე და ცოცხალი ავტორი გვინდა-მეთქი სასკოლო პროგრამაში, რომ ბავშვებს მათთან საუბრის, შთაბეჭდილებების გაზიარების საშუალება ჰქონდეთ. თორემ მრავალი ჩემი კოლეგისგან მომისმენია, როგორ გაიოცეს ამა თუ იმ სკოლაში სტუმრად მისული მწერლის დანახვისას – უიი, თქვენ ცოცხალი ხართ? ცოცხალი მწერლები არსებობენ? არ მოკვდეთ რა!

აქ ორი მთავარი ამბავია, ერთი ის, რომ რატომღაც მშობლებსა თუ პედაგოგებს მაინც კარგად ნაცადი, მრავალგზის წაკითხული ლიტერატურა ურჩევნიათ ახალს, ხშირად საკამათოს, ცოტა უცნაურს. მეორე კი, ნაწარმოებების სწავლებისას რატომღაც ნაკლებად გვაინტერესებს ავტორი, არა, იმ საოცარ ფრაზებს არ ვგულისხმობ ქართული ლიტერატურის ენციკლოპედიებსა თუ ცნობარებში რომ ვხვდებით  -„დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ესა და ეს დაიბადა ამა და ამ სოფელსა თუ ქალაქში, დაამთავრა ესა თუ ის სკოლა და უნივერსიტეტი”.  ავტორის გაცნობასა და გაგებაზე მოგახსენებთ, მის ჩვეულებრივ ადამიანად წარმოდგენაზე, რაც ნაწარმოების გაგებას გვიადვილებს.

მოკლედ, თანამედროვე ავტორებზე ვფიქრობდი-მეთქი, გიყვებოდით და უცებ ძალიან უცნაური და საყვარელი წერილი მომივიდა. ბრემენის სკოლიდან მომწერა მასწავლებელმა, სკოლის გაზეთს ვუშვებთ და თუ შეიძლება პატარა ლექსი დაგვიწერეთ მარტორქაზეო. ლექსს ყურადღებით წავიკითხავთ და ზეპირად ვისწავლითო.  წერილს ერთვოდა ბავშვური ნახატებით გაფორმებული ხელნაწერი, რომელშიც ბრემენის სკოლის პატარა ბარტყები მთხოვდნენ, დავუწერო ხუთსტრიქონიანი ლექსი მარტორქაზე. სხვა რამდენიმე ფაილში მსოფლიოში ცნობილი მწერლების ლექსების ( რასაკვირველია, მარტორქების შესახებ) ხელნაწერები იყო, ისეთი გენიოსების, როგორიც ჰანს მაგნუს ენცესბერგერი და ჰერტა მიულერი არიან. თავიდან გამოკვირდა, რომელი ცნობილი მწერალი მე ვარ- მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ შარშან ჩემი წიგნი გამოვიდა გერმანულად, ჰოდა, ალბათ სადღაც, შემთხვევით წააწყდნენ.

მოკლედ, რაღაც გავაგრძელო, პასუხად მივწერე, რომ ლექსს აუცილებლად გავუგზავნი, მერე კი ყოვლისშემძლე გუგლში ჩავწერე ბრემენის სკოლა და მარტორქის ამბავი. აღმოჩნდა, რომ მარტორქაზე დაწერილი ლექსების ამბავი თითქის 20 წლისაა და სკოლის ერთგვარ ტრადიციას წარმოადგენს.

 

ჰოდა, ხომ ხედავთ, რა მარტივია,  სახალისო გაკვეთილები, საინტერესო აქტივობა და შედეგად, სკოლის ტრადიცია შექმნა.

მარტორქაზე ლექსს, რასაკვირველია, აუცილებლად მოვიფიქრებ, მერე გერმანულადაც ვათარგმნინებ და გავუგზავნი, მაგრამ ახლა დავფიქრდი, სკოლაში ჩემს საყვარელ საბავშვო ( ან არასაბავშვო) მწერალთან წერილის მიწერა რომ შემძლებოდა, როგორ გავიხარებდი. საერთოდაც, ეს წერილი მიწერის პროცესი, რომელსაც წინ ნაწარმოებების გაცნობა უძღვის, სასკოლო აქტივობად შეგვიძლია ვაქციოთ. შეგვიძლია, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მწერალს მივწეროთ, ასეთ შემთხვევაში უცხო ენის მასწავლებლის დახმარებაც დაგვჭირდება.

მოკლედ, პირველ რიგში, ვირჩევთ წიგნს და მწერალს, კითხვის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ვამუშავებთ ტექსტს, ვხატავთ, პერსონაჟებად თუ როლებად ვანაწილებთ.  შემდეგ ვსაუბრობთ, ერთმანეთს ვუზიარებთ მოსაზრებებს და წერილის მოსამზადებლად ვემზადებით.

შეიძლება ერთ ტექსტზე შევთანხმედთ ყველანი, საერთო წერილი დავწეროთ, მთელმა კლასმა ვიმუშაოთ, ან, ერთგვარი წერილ-თამაში მოვიფიქროთ, ყველა მოსწავლემ თავისი სათქმელი დაწეროს, თავისი ერთი წინადადება და შემდეგ მთლიან წერილად გავაერთიანოთ.  თუ უცხოელ ავტორს ვწერთ, აქ უცხო ენის მასწავლებელი ერთვება, მოსწავლეებთან ერთად თარგმნის წერილს.

მერე ილუსტრაციების დრო მოდის, წერილი გავაფორმოთ, დავხატოთ, ჩვენი შთაბეჭდილებები და სურვილები მივაწეროთ, ავტორის მისამართი გავიგოთ და გავუგზავნოთ…

მერე დავუცადოთ, როდის მოგვწერს პასუხს, ან თუნდაც, პატარა, ხუთსტრიქონიან ლექსს მარტორქაზე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...