სამშაბათი, ივნისი 9, 2026
9 ივნისი, სამშაბათი, 2026

როგორ ვასწავლოთ რევაზ ინანიშვილის ანტისაბჭოთა ქვეტექსტების მოთხრობები საბაზო საფეხურზე?

0

ქართველებს თუ რამით შეგვიძლია თავმოწონება ცივილიზებული სამყაროს წინაშე, უპირველესად – ქართული ლიტერატურით. მრავალი ისეთი ავტორი გვყავს, რომელთათვისაც მსოფლიო ასპარეზი ალალია. მათ შორის გამორჩეულია რევაზ ინანიშვილი. მისი ტექსტები ნამდვილი სულის მალამოა მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. ეს ავტორი ქმნის დაუვიწყარ მიკროკოსმოსს, რომელიც სამყაროს უდიდეს საიდუმლოებებს უმარტივეს, გენიალურ ნარატივებში ხდის ფარდას. არასდროს მავიწყდება ხოლმე გაკვეთილი და ბავშვების კომენტარები, როცა ინანიშვილის ტექსტზე ვმუშაობთ. საბედნიეროდ, მრავალი მათგანია შეტანილი სასკოლო პროგრამაში და უამრავსაც მასწავლებლები მოვიშველიებთ ხოლმე დამატებით რესურსებად.

მახსოვს, კერძო სკოლაში მუშაობისას რა ზეიმი იყო მეექვსე კლასში „ნეკერჩხლის წითელი ფოთლის“ სწავლება. პაწაწინა ტექსტმა საკლასო ოთახში სასწაულები მოახდინა. რამდენიმე წლის შემდეგ ამ კლასის მოსწავლემ ნეკერჩხლის ფოთლის ფოტოზე მომნიშნა სოციალურ ქსელში. გაოცებულმა კომენტარში კითხვა დავუსვი ბავშვებს: „გახსოვთ ეს მოთხრობა?“ არასდროს დამავიწყდება ლიკას კომენტარი: „მაკა მას, მაგ მოთხრობას რა დამავიწყებს? თქვენ ხომ ჩვენ ნეკერჩხლის წითელ ფოთლებად გვაქციეთო…“. სიხარულისგან დავმუნჯდი. „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების“… საამური განცდა იყო… ასეთი მაგიური ძალა აქვს ინანიშვილის ფსიქოლოგიზმს, გამომსახველობას, პერსონაჟის ხატვის მანერას, მისი ექსპრესიულობა ყველას იპყრობს და სულიერების გაუკვალავ შრეებში დაივანებს ხოლმე.

რევაზ ინანიშვილი საბჭოთა ეპოქის შვილია. მამამისი სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლა 1937 წელს, როცა მომავალი მწერალი 11 წლის იყო. ამ ტრაგედიამ ღრმა კვალი დაამჩნია მწერლის ცხოვრებას და მის შემოქმედებაშიც ანტისაბჭოური განწყობის ტექსტებს ხშირად ვხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს უწყინარი და კეთილშობილი ადამიანი არ ყოფილა პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი რკინის ფიგურა. ის მსოფლიო მასშტაბის ჰუმანისტია და მხოლოდ კალმით, მხოლოდ ალეგორიულად, მხოლოდ მეტაფორულად თუ ამხელს საბჭოთა რეჟიმს. მაგრამ რა ძალა აქვს კალამს? განა ორგანიზებულ პოლიტიკურ წინააღმდეგობას ჩამოუვარდება მხატვრული სიტყვით გავრცელებული იდეები? და რა სიმბოლურია, რომ 1991 წლის 26 დეკემბერს, როცა „ბოროტების იმპერიის“ დაშლა გამოცხადდა, ხოლო თბილისის ქუჩებში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, რევაზ ინანიშვილიც აღესრულა…

თანამედროვეობის უდიდესი ჩეხი მწერალი მილან კუნდერა, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა ნონ გრატად გამოაცხადა სამშობლოში და იძულებული გახდა საფრანგეთისთვის შეეფარებინა თავი, წერდა, რომ ის ის არ იქნებოდა, რომ არა საბჭოური რეპრესიები ჩეხეთში. საბჭოთა დიქტატურები საბჭოთა კავშირისა და ცენტრალური ევროპის გასაბჭოებულ ქვეყნებში, კუნდერას აზრით, მწერლებს აიძულებდა, ანტისაბჭოთა განწყობები შეფარვით, ალეგორიულად ისე მაღალმხატვრულად გადმოეცათ თავიანთ ტექსტებში, რომ აქედან მიგვეღო ბევრად უფრო ღრმა, სახეობრივი, ღირებული ლიტერატურა.

მაგრამ… როგორ ვასწავლოთ უახლოესი წარსული, გასული საუკუნის ანტისაბჭოთა, ალეგორიული ტექსტები თანამედროვე მოსწავლეს, რომელიც საბჭოეთს, საბედნიეროდ, არ მოსწრებია და ეს ეპოქა მისთვის სრულიად უცხო და შეუცნობელია? დაკვირვებული ვარ, რომ ისტორიიდან ჩვენს ბავშვებს ბევრად უფრო ნათელი წარმოდგენა აქვთ შორეული წარსულის ეპოქებზე, პოლიტიკურ სისტემებზე, მეფეებსა და ყოფა-ცხოვრებაზე, ვიდრე მეოცე საუკუნის 70-წლიან რეალობაზე. ეს მრავალი მიზეზით აიხსნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ესეც არის: 30 წლის წინ, როცა საქართველომ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის პირველად ღიად დაიწყო ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა და პირველმავე მიიღო დამოუკიდებლობა, იმდენად დიდი იყო ეროვნული ცნობიერების იმპულსები, ანტისაბჭოთა და რუსოფობიური განწყობები, რომ დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ თითქოს ამ ეპოქას დავიწყების ნისლიანი ფარდა გადავაფარეთ. 1991 წლიდან კი უკვე დამოუკიდებელ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, სამოქალაქო ომებმა დედაქალაქსა და დასავლეთ საქართველოში, რუსული იმპერიის მიერ ინსპირირებულმა ორმა ეთნოკონფლიქტმა, ტერიტორიული მთლიანობის რღვევამ, ხელისუფლებების რევოლუციურმა ცვლილებებმა და სამოქალაქო მღელვარებებმა ისე ჩაგვიხვია შინაურ მორევში, რომ საბჭოეთის ფენომენის კვლევა და ანალიზი ვერც მოვასწარით. საძულველი ხანა დავივიწყეთ და ახლა ეს ამბები მხოლოდ ცნობილი „სოვლაბისთვის“ (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) გადაგვიბარებია (ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ინიციატივა. მიზანი – საქართველოს საბჭოთა წარსულის შესწავლა და გააზრება, რომლის ფარგლებშიც ფონდი 2009 წლიდან პარტნიორებთან ერთად იკვლევს  ტოტალიტარულ წარსულს).

მიზეზი რაც არ უნდა იყოს, რეალობა ასეთია: ინანიშვილის ალეგორიული ტექსტები თანამედროვე ბავშვისთვის სრულიად გაუგებარია და მასწავლებლის ოსტატობას აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს იმდენად ღირებული ტექსტებია, რომ გაუგებრად და უკვალოდ მათმა სწავლებამ არ უნდა ჩაიაროს! სპეციალისტებს ემახსოვრებათ, რომ 2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის ერთ-ერთ ვარიანტში, უცნობი ტექსტის სახით მოხვდა რევაზ ინანიშვილის იშვიათი ექსპრესიულობით და დრამატიზმით, უღრმესი ფსიქოლოგიზმით გამორჩეული მოთხრობა „ლარა“. გამოცდების ცენტრის სტატისტიკით, აბიტურიენტთა 57%-მა, ვინც ეს მოთხრობა აირჩია გასაანალიზებლად, საერთოდ ვერ გაიგო მწერლის მიზანდასახულობა და მოთხრობის იდეები. სტალინური რეპრესიების შედეგად დემორალიზებული, მზრუნველი შვილისა და შვილიშვილის დამსმენი, ე.წ. სტოკჰოლმის სინდრომით დაავადებული კაცი აბიტურიენტებმა თავიანთ ნაშრომებში გმირად გამოაცხადეს.

მახსენდება ბავშვების რეაქცია, როცა ინანიშვილის „ჩიტების გამომზამთრებელს“ ვსწავლობთ მეშვიდე კლასში. ვკითხულობთ მოთხრობას, რომელსაც პიესის ფორმა აქვს. ბავშვები გულდასმით უსმენენ. ინანიშვილის ენა სხვა მოთხრობებიდან მათ ძალიან ემშობლიურებათ და მოსწონთ, მაგრამ „ჩიტების გამომზამთრებელი“…

– მას, ვერაფერი ვერ გავიგე! რა უნდოდააა? – გაოგნებული მეკითხება ნინო და სახეზე ვერგაგების ტანჯვა აწერია… ნინო აქ უკლებლივ მთელი კლასის განწყობის გამომხატველია…

და ჩვენ ვიწყებთ საუბარს საბჭოთა ეპოქის სურნელზე, რუხ ფერზე, შავ-თეთრ რეალობაზე, რომელიც ყველაფერს ფერადს და მიმზიდველს ანადგურებს, რეპრესიების პირსისხლიან ბუნებაზე, ტოტალიტარიზმის სასტიკ მარწუხებზე, რომელიც ისე უჭერს თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს, რომ ჩვენში ქრისტეს ჯვარცმის ალუზია ბუნებრივად ჩნდება, ხოლო იქ, წარსულში, ადამიანები სისხლისგან იცლებიან, სული ეხუთებათ, არაერთგზის ტრანსფორმირებული დიქტატურის გისოსებში ჰომო სოვიეტიკუსებად გარდაქმნილთ… საბჭოთა იმპერია მსოფლიოს ცნობილ ტირანიებს შორის თავისი მრავალსახოვნობით ალბათ იშვიათი ფენომენია და მისი სახის გახსნა არ არის იოლი. მაგალითად, როცა ვსწავლობთ ინანიშვილის სულისშემძვრელ ავტობიოგრაფიულ მოთხრობას „პატარა ბიჭი გოლგოთაზე“, ბავშვებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რანაირად შეიძლება, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანი ასე უცნაურად გაიმეტონ და დასაჯონ.

– რატომ? – კითხულობენ ბავშვები და ისეთი გაუგებრობის შეშფოთებული მზერა ახლავს ამ კითხვას, რომ მასწავლებელს დიდი ძალისხმევა სჭირდება, სანამ ყველა „რატომ“-ს გაეცემა პასუხი და სანამ ბავშვები არ დამშვიდდებიან, ხოლო მასწავლებელს ახსნილის, გადაცემულის, გაგებულის და გაზიარებულის განცდა გაახარებს.

და მაინც: როგორ ვასწავლოთ? ძნელია ერთი მომცრო ნოველის სწავლის დროს საბჭოთა ეპოქის უზარმაზარი ისტორიის ამოტრიალება და იმ ყველაფრის ახსნა, რასაც ის წარმოადგენდა. თუ ეს არ იქნება, არ აღიქმება ისტორიულ-ლიტერატურული კონტექსტები და ვერჩაწვდომისა და ვერგაგებისთვის განწირულია უნიკალური ტექსტი.

ორი რამ დამეხმარა ამ რთული ამოცანის გადაჭრაში: ჩემი საბჭოთა ბავშვობის ფერების (უფრო სწორად, უფერულობის)  და სურნელის (უფრო სწორად, უმეტესად ყროლის სუნის) გაზიარება და ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა ისტორიის მასწავლებელთან. პირველი ძალიან ეფექტური იყო. მათი ასაკის აწ უკვე „დიდი“ ადამიანის განცდების გულწრფელი გადმოცემა, მაშინდელი სკოლა, როგორც იდეოლოგიური სამჭედლო: პიონერია და კომკავშირი, ყოფის რუხი ფერები და ჩაკეტილი საზღვრები, მომაკვდინებელი ერთფეროვნება და იდეოლოგიზებული, კომპარტიული ფსევდორეალობა… ეს აქ მოკლედ… იქ, გაკვეთილზე, კი შორს მივდივართ ერთად, შორს, საბჭოთა სინამდვილის გატკეპნილ ბილიკებზე, საიდანაც სამყაროს ვერ დაინახავდი ფართოდ გახელილი თვალებით… სიბნელე, შიში… მხოლოდ მინიმალური სოცუზრუნველყოფა რკინის ფარდების უკიდეგანო გისოსებში…

ახლა კი აეხილებათ თვალები ბავშვებს და არ უკვირთ, რატომ არის ოროსანი სკოლაში განგია? რატომ მოთქვამს მისი დიასახლისი დედა და რატომ არის მათი ბინის რეალობა აუტანელი ბიჭისთვის? რატომ გარბის ის და უკანასკნელი ფულით ფერად ჩიტბატონებს ყიდულობს, რომ გამოაზამთრებინოს?.. რომ ეს გამოზამთრება ალეგორიაა საბჭოეთის სასტიკი ხანის გადაგორებისა… რომ ეს ფერადი ჩიტბატონები ამ აუტანელი ერთფეროვნების გაფერადების და გადარჩენის, თავისუფლების წყურვილის ალეგორიული სიმბოლოებია, ხოლო ჩიტბატონების მკვლელი დედა – საბჭოთა ეპოქის „სასოწარკვეთილი დიასახლისი“, რომლის მსგავსებიც მილიონები იყვნენ, ასე გატანჯული, გაწამებული, ენამწარე, უიმედო, ჭირვეული, მარად უბედური, ახალგაზრდობაწართმეული… რომ განგიას ოროსნობა მისი პროტესტია საბჭოთა სკოლისადმი, ხოლო განგიას მამის მოსაზრება, რომ არაა აუცილებელი ყველამ ისწავლოს, უბედურებაა, ყველას რომ კილობით ხორცისა და ლიტრობით ღვინის ჩანთქმა უნდა ყოველდღე, თეთრი სამსახურეობრივი ტელეფონები და ფაფუკი ხელები უნდათ და არავის – პროფსასწავლებელში გამოსადეგი პროფესიის დაუფლება, რეალობის ადეკვატურად აღქმაა (ნეტა განსხვავებული ვარიაციებით მსგავსი მენტალური პრობლემები ახლაც ხომ არ გვაქვს? – შევაპარებ კითხვას ბავშვებს და შემდეგი გაკვეთილისთვის სადისკუსიო თემად ესეც გვიჩნდება: მოსწავლის თვითმენეჯმენტი და კარიერის დაგეგმვა, მიმართება საკუთარი განათლებისადმი)… ვიწყებთ ჩვენს საყვარელ საქმიანობას – ალეგორიული სახე-სიმბოლოების დეკოდირებას. ვსაუბრობთ იმაზე, რომ მოთხრობის დასაწყისში მამის მიერ მოტანილი, გაზეთში გახვეული სპორტული „რეიტუზი“ საბჭოური მარკეტინგის უბადრუკობის სიმბოლოა, დედის მიერ ბიჭის თვალწინ დახოცილი ჩიტბატონები კი სიმბოლურ-ალეგორიულად გამოხატავს საბჭოთა ახალგაზრდის ჩაკლულ სულს. გულდაწყვეტილი, ცრემლმორეული, შეურაცხყოფილი განგიას უმწეო პასუხი დედის აგრესიაზე: „კარგით, კარგით“… სწორედ მის დიდბუნებოვნებასა და მიხვედრილობაზე მეტყველებს… ბიჭმა გაუგო დედას, ისეთი რამ გაუგო, რისი გაგება და მიტევებაც  ყველა ეპოქის ბავშვს გაუჭირდებოდა… ხოლო მამის სიტყვები ფინალში: „თუ არავინ გავალებს, არც ჩიტების გამოზამთრებაა საჭირო, თუ არავინ გავალებს“… იმხელა ქვეტექსტს იტევს: რომ საბჭოთა სინამდვილე გამორიცხავს შემოქმედებითობას და თავისუფალ არჩევანს.

ქართული ლიტერატურისა და ისტორიის ინტეგრირებულ გაკვეთილზე თუკი ისტორიის მასწავლებელი ისტორიის და წყაროების ენაზე აუხსნის ბავშვებს საბჭოთა იმპერიის რეალურ სახეს, რევაზ ინანიშვილის უცნაური ფორმით გამოთქმული ანტისაბჭოთა იდეები ნათელი გახდება ყველასთვის. და აი, ვამზადებთ პროექტ-გაკვეთილს და პრეზენტაციას საბჭოთა სინამდვილის კვლევასა და ლიტერატურაში მის ასახვაზე…

ახლა უკვე ნინოს აღარ აქვს გაოცებული სახე. ღიმილი აფენია და ბრიალა თვალები უბრწყინავს, შეცნობილი და გააზრებული საიდუმლოს ამოხსნით გაბედნიერებულს… ამ ემოციას მასში საბჭოთა ადამიანებისადმი თანაგრძნობის სევდა თუ ჩაანაცვლებს ამიერიდან.

 

 

წაიკითხე ჩემი წიგნი

0

ცნობილია, რომ კითხვა ძალადობას ვერ იტანს. პატარა ადამიანების კითხვით დაინტერესებისთვის სიამოვნებასთან და სიხარულთან დაკავშირებული აქტივობების გამოგონება ბევრად გამართლებულია. ერთ ძალიან საინტერესო თამაშზე უნდა გიამბოთ, რომელიც ზამთრის არდადეგებზე მე და ჩემმა რვა წლის გოგომ გავაჩაღეთ.

უჩვეულო თავგადასავალი ზამთარში დაიწყო. სოფლის მონოტონური რიტმისა და გრძელი ღამეების გადასაგორებლად  „დონ კიხოტის“ კითხვა დავიწყე. ადგილ-ადგილ მინაწერებს ვუტოვებდი მარიამს, ჩემს მოსწავლეს, რომელსაც ჩემ შემდეგ სურდა მახვილგონიერი იდალგოს გაცნობა. არშიებზე მარიამმაც დაუტოვა თანაკლასელ თამარს მინაწერები, მერე თამარმა წაიკითხა და ფურცლებს მისი კომენტარებიც  დაემატა. ამგვარად შეიძინა განსაკუთრებული და ძვირფასი ამბები  წიგნმა, რომელიც ყოველთვის გამახსენებს ჩემს მესამე რაჭულ ზამთარს, მარიამს, თამარს, დონ კიხოტის ხიფათებზე სიცილს – ჩვენი ერთიანობის სიმბოლოდ ქცეულს.

არშიებზე დატოვებულმა მინაწერებმა ივლისის ცხელ დღემდე მოგვიყვანა. მესინჯერში წერილი მოწკაპუნდა, საჩუქარი მოგიმზადეთ და ჩვენს ჭიშკარს რომ  ჩამოივლით, გამოგაწოდებთო.  14 წლის მარიამს ელიფ შაფაქის „სიყვარულის ორმოცი წესი“ წარწერებიანი ბარათებით გადაევსო, წებოვანი ლენტით საგულდაგულოდ შეეფუთა, წიგნის წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ წასაკითხი წერილები ხელნაკეთ კონვერტში გამხმარ ყვავილებთან ერთად მოეთავსებინა და ამგვარი „იძულების“ წესით წამაკითხა სასურველი წიგნი, მხოლოდ იმიტომ, რომ მერე შთაბეჭდილებების გამზიარებელი ვყოლოდი, თან რაც შეიძლება მალე უნდა წამეკითხა მისი წიგნი.  მარიამის წამოწყებამ გაამართლა. თურქი მწერლის რომანი ორ-სამ დღეში შემომეკითხა, თან ინტერესით ველოდი ფურცელ-ფურცელ მიმობნეულ წარწერებს. კითხვის პროცესში თითქოს მარიამიც ჩემთან ერთად იყო და კვალდაკვალ მომყვებოდა განცდებსა და შთაბეჭდილებებში.  იმდენად მოვიხიბლეთ პროცესით, გადავწყვიტეთ, სხვისთვისაც გაგვეზიარებინა.

მერე შევიკრიბეთ, ჩამოვწერეთ მიზნები, მოვიგონეთ თამაშის წესები, პროექტის სახე მივეცით და სახელად „წაიკითხე ჩემი წიგნი“ ვუწოდეთ. გავიხსენეთ ადამიანები, რომლებსაც კითხვა უყვართ და ჩვენი წარმოდგენებით წიგნის ამგვარად წაკითხვა გაახალისებდათ, მერე ბავშვებმა რამდენიმე წიგნი მათთვის წაიკითხეს.  ჩანაფიქრი გაგვიმართლდა. შემოვიკრიბეთ უფროსი მეგობრები და ერთმანეთს ძალიან საინტერესო ურთიერთობები ვაჩუქეთ.

პროექტის მოკლე აღწერილობა ასეთია: მე ვკითხულობ წიგნს, არშიებზე ვტოვებ მინაწერებს, ადგილ-ადგილ წარწერებიან ბარათებს, ვწერ წიგნის წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ წასაკითხ წერილებს და ვუგზავნი სასურველ ადრესატს, რომელიც ერთი თვის განმავლობაში კითხულობს ჩემს წიგნს, მპასუხობს ან არ მპასუხობს შეკითხვებზე, სურვილისამებრ ეხმიანება გამოთქმულ მოსაზრებებს და მწერს წერილს, მთავარი არის ის, რომ წაიკითხოს და შთაბეჭდილებები უკუკავშირით გამოხატოს, შემდეგ ეტაპზე უკვე თვითონ არჩევს ჩემთვის ნაწარმოებს და ამავე ფორმით მაკითხებს თავის წიგნს.

შედეგად პოულობ ადამიანს, ვისაც უზიარებ კითხვისას დაგროვებულ ემოციებს,  ცდილობ წაკითხულის გააზრებას, დაწვრილებით ეცნობი ავტორს, სათაურს, პერსონაჟებს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ივითარებ მკითხველის უნარ-ჩვევებს. თამაში ერთმანეთში შეიძლება წამოიწყონ მეგობრებმა, მოსწავლე-მასწავლებლებმა, ოჯახის წევრებმა,  უცნობმა თუ ნაცნობმა ადამიანებმა. სწავლა-სწავლებისას ამგვარი აქტივობა განსაკუთრებით სასურველია უფროსსა და უმცროსს შორის, რადგან უფროსი ადამიანის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო მოზარდის სიხალისე და გულწრფელობა – გადამდები და ახალი ძალების მომცემი. ჩვენი პროექტი თავდაპირველად ორ მოსწავლეს და შვიდ უფროსს მოიაზრებდა, ახლა კი სხვებიც შემოგვიერთდნენ და მალე ბლოგზე გადავინაცვლებთ, სადაც შევეცდებით, ამგვარად რაც შეიძლება მეტ ადამიანს წავაკითხოთ წიგნები და ჩვენი გამოცდილება  გავუზიაროთ.

პროექტის მიზნებმა ასეთი სახე მიიღო:

  1. ჩემი წიგნი დროზე ადრე წავაკითხო ს
  2. ასურველ ადამიანს;
  3. გამოვხატო შთაბეჭდილებები და გავიგო მისი აზრიც;
  4. ერთად წაკითხულმა წიგნმა დაგვაახლოვოს;
  5. კომუნიკაცია სხვადასხვა ასაკის ადამიანს შორის;
  6. კითხვის სოციალურ მოვლენად გადაქცევა;
  7. წიგნებს ვაჩუქოთ ახალი სიცოცხლე;
  8. გავხდეთ დაკვირვებული მკითხველი;
  9. დრო საინტერესოდ გავატაროთ;
  10. ურთიერთობები გავხადოთ შინაარსიანი.

ამ ყველაფერთან ერთად განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტის კიდევ ერთი დადებითი მხარე – წიგნების გასულიერება, მისთვის ამბების გამოგონება. ადრესატთან  გაგზავნისას წიგნი მოგზაურობას იწყებს, მერე ისევ უკან ბრუნდება და განსაკუთრებულად ძვირფასი ხდება იმ თავგადასავლების გამო, რომლებსაც თან მოიყოლებს.

როგორც წერილის დასაწყისში ვახსენე, წამოწყებამ მე და ჩემი რვა წლის გოგოც მოგვხიბლა. გიამბობთ ერთად წაკითხული წიგნის შესახებ, ანუ დედა-შვილის მიერ წამოწყებულ თამაშზე, რომელმაც დამარწმუნა, რომ ბავშვის წიგნამდე მისაყვანად და  ინტერესის გასაღვივებლად არაჩვეულებრივი გზაა, წაიკითხო მისთვის, დაუტოვო მინაწერები, მინიშნებები და კითხვა დღესასწაულად უქციო. პირველად თეკლამ წაიკითხა ჩემთვის – ანე-კატერინე ვესტლის „ანტონის საჩუქრები“. სკოლაში დაატარებდა და დარდობდა, ბავშვები რომ მეკითხებიან, რატომ წერ წიგნში, ვერ ვუხსნი მიზეზს, ჰგონიათ, რომ ეს არ შეიძლებაო. არადა, ფანქართან ერთად კითხვა საუკეთესო მეთოდია გაგება-გააზრების, მკითხველის გემოვნების ჩამოყალიბებისა და რაც მთავარია, ინდივიდუალიზმის გასაღვივებლად. იმის მიხედვით, თუ რას გახაზავს, რაზე გააკეთებს აქცენტს, ხვდები, როგორია, რა უხარია, რა ამახსოვრდება და კიდევ უფრო უახლოვდები მის შინაგან სამყაროს.

შობას თეკლას მეგობრის – მარიამის – დაბადების დღეზე აღმოვჩნდით. ბავშვები გასართობ ცენტრში დავტოვე და საჩუქრისთვის წიგნის მაღაზიაში გავიქეცი. ვესტლის რამდენიმე წიგნი მარიამისთვის გამოვაქროლე, ცხელ-ცხელი, ახალგამოცემული მეშვიდე ნაწილი კი თეკლასთვის ვიყიდე. სანამ ბავშვები ერთობოდნენ, გადავშალე და კითხვა დავიწყე. რეალობამ წიგნის პირველივე გვერდზე გადაინაცვლა – იქაც შობა დამხვდა.

„მორტენი, დიდედა და ქარიშხალა“ დიდი ოჯახის ყოველდღიურობაა – უბრალო ამბებითა და ერთმანეთით ხარობენ. ყველაზე მეტად კი ბებიისა და შვილიშვილის მეგობრობა მოგხიბლავთ.

თამაშის წესები  გზადაგზა გამოიკვეთა. ყურადღებას ვამახვილებთ სხვადასხვა ჭრილით, მაგალითად:

  1. საერთო ამბები – სიუჟეტში აუცილებლად შემოგხვდებათ ერთი სიტყვა, წინადადება, ეპიზოდი ან პერსონაჟი, რომელიც საერთო ამბავს გაგახსენებთ. ამგვარ დეტალებზე ყურადღების გამახვილებით პატარა ადამიანებს ვასწავლით საკუთარი ცხოვრებით სიხარულს, შემოვუნახავთ დაუვიწყარ მოგონებებს, მაგალითად, ერთ-ერთ ილუსტრაციაზე მორტენი ნაძვის ხის ძირას დგას, მე კი შემდეგი წარწერა დავუტოვე:

 

„ეს ხის ფესვი იცი რას მახსენებს? ბეღლორის ხავსიან ხის ფესვებს, შენ რომ დაძვრებოდი ხოლმე“.

 

თეკლას კი ერთგან გაუხაზავს სიტყვა „ფოტოაპარატი“ და არშიაზე დაუწერია: „დე, შენ რომ გვიღებდი ფოტოაპარატით გახსოვს?“

 

„- ერთი წუთით… აქ დამიცადეთ, – უთხრა დედამ ბავშვებს, სამზარეულოში შეირბინა, ხუთი ფუნთუშა და თხის ყველის ნაჭრები გამოიტანა და შეშინებულ ბავშვებს ჩამოურიგა“. ანასტასიას ბებოს ჰყავდა თხა. ბებოს ოლია ერქვა. მე ის ძალიან მიყვარდა. ხშირად მახსენდება-მეთქი, ვუწერ  მეგობრის ბებიის შესახებ და მინდა, რომ თვითონაც წამოიყოლოს ბავშვობიდან ადამიანები.

 

  1. სიტყვების აღმოჩენა – ლამაზ სიტყვებზე ყურადღების გამახვილებით ბავშვებიც სიტყვის მაძიებლები ხდებიან. ადგილ-ადგილ ვხაზავ, ყოველი თავის ბოლოს კი სიტყვის სიას ვუწერ, ასე დავაგემოვნეთ უცნობი სიტყვები: ზღურბლი, შურდული, ქაშაყი, კასრი, ძელ-სკამი, მალაყი, ციმციმა, ეჟვანი, მარხილი… სანაცვლოდ თეკლაც მაყვარებდა თავის აღმოჩენილ სიტყვებს, ლურჯი ფანქრით გახაზული  „დაუცაცხანა“ დამახვედრა წარწერით – „კარგი სიტყვა“, ერთგან კი ისრით მანიშნებს სიტყვაზე „ბოროტი“ და ასეთ რამეს მწერს:  „ვერ ვიტან „ბოროტ“ სიტყვას!“

 

  1. ლიტერატურული პარალელები – შეიძლება, რომელიმე ადგილმა ცნობილი ზღაპარი, ლექსი ან საბავშვო წიგნი გაგახსენოთ. აუცილებლად გახადეთ შესამჩნევი, ამგვარად ტექსტიდან ტექსტში მოგზაურობას დაუდებთ სათავეს.

 

„უცებ ხის ქვედა ტოტები ოდნავ შეირხა და იქიდან კურდღელი გამოცუნცულდა. მორტენს მოეჩვენა, თითქოს პირდაპირ მისკენ მორბოდა…“ – კურდღლის უეცარმა გამოჩენამ რომელიმე წიგნი ხომ არ მოგაგონა-მეთქი, არშიაზე ვეკითხები თეკლას  ზამთრის არდადეგებზე წაკითხული ლუის კეროლის ელისის გასახსენებლად.

 

  1. ცნობიერების ამაღლება – ბავშვისთვის მორალური შეგონებები გარკვეულ ასაკამდე გაუგებარია. თუ გვსურს, ნაბიჯ-ნაბიჯ ვასწავლოთ განსხვავებული ადამიანების მიმღებლობა ან მასში გააღვივოთ თანაგანცდა, ლიტერატურული მაგალითები ამჯერადაც დაგვეხმარებიან.

 

„უცნაური თავი“ ერთ-ერთი თავის სათაურია. იქვე მინაწერი დავუტოვე: „მომწონს უცნაური ხალხი. ბავშვობიდან მომწონდნენ განსხვავებული ადამიანები“.

 

შემდეგი მონაკვეთი კი ლურჯად გავუხაზე: „ხომ იცით, სიმართლის თქმა ყოველთვის ძნელია, მაგრამ აუცილებელი. ადამიანი, რომელიც სიმართლეს არ გაურბის, ყველანაირ გაუგებრობას იცილებს თავიდან. ეს გახსოვდეთ!“

 

  1. მშვენიერების აღქმა – ალბათ, ხშირად დაფიქრებულხართ, ურბანული გარემო და რიტმი როგორ გვიხევებს შინაგან სამყაროს, დრო არ გვრჩება ცაში სამზერლად, სხვისი ღიმილის შესამჩნევად, უფრო და უფრო ვუღრმავდებით საკუთარ პრობლემებს. ვფიქრობ, ბავშვობიდან ყურადღების გამახვილება სამყაროს მშვენიერებაზე საიმედო საყრდენი იქნება პატარა ადამიანის ჰარმონიული განვითარებისთვის. ამგვარად გზას გავუკვალავთ საინტერესო ცხოვრებისკენ.

„- ცა ახლა მუქი ლურჯი უფროა, – შენიშნა მინამ, – მაგრამ ვარსკვლავები ლამაზად ციმციმებენ“.  – საგანგებოდ გავაფერადე ეს ფრაზა, თეკლამ კი ერთგან შემდეგი წინადადება გახაზა: „არყის ხე ყინულის ჭირხლით იფარება“.

„დიდედამ კიდევ ერთხელ შეიყნოსა ხის სურნელი“. – ყველა სურნელზე მეტად მიყვარს, სხვა გვერდზე ვუტოვებ მინაწერს.

 

  1. იუმორი –  „ხა, ხა, ხა, ხა“ – თეკლა ყველაზე ბევრს ამ  შორისდებულებს მახვედრებს და ძირითადად დიდედას თავქარიანობებზე ეცინება. ის კი არადა, მთხოვა, ძალიან მინდა, დიდედას დაემსგავსოო.

ალბათ, ვესტლის მიერ აღწერილი ოჯახის ძირითადი ნიშანი მხიარულებაა, რომელიც ყველა ასაკის მკითხველს  ხიბლავს. აბა როგორ არ გაგეცინება, ეზოში სტუმრად შესულს ხის ცხენზე შემოსკუპებულ დედას რომ აღმოაჩენ ან რომელიღაც თავში პატარა გოგოსავით გამოწყობილი დიდედა რომ გამოგეცხადება.

 

„- რა სასიამოვნო სუნი დგას აქ. მგონი, დურგალს სიამოვნებით გავყვებოდი ცოლად.

მორტენმა სასოწარკვეთილმა შეხედა. რას წარმოიდგენდა, რომ იმ მაღაზიაში დიდედა დაქორწინებაზე დაიწყებდა ლაპარაკს?!“  – ისევ გაფერადებული და ხაზგასმული ეპიზოდიდან. დაკვირვებული ვარ, ყველაზე მეტად მხიარული ამბავი ახალისებთ. წიგნში აღმოჩენილი სასაცილო თავგადასავლები დიდი თუ პატარა მკითხველის ემოციური სამყაროსთვის დადებითი ძალების მომცემია.

კიდევ ბევრ რამეზე შეიძლება ყურადღების გამახვილება, თუმცა ინსტრუქციის აღწერილობა და ჩამონათვალი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ამგვარად წაკითხული წიგნებით წინ დიდი სიამოვნება გელით. მოარგეთ მიზნები თქვენს ფანტაზიას, გემოვნებას და წაიკითხეთ  სასურველი ადამიანისთვის, შედეგად კი  ისიამოვნებთ, მოლოდინი შეგიპრობთ, დროს გაიმრავალფეროვნებთ, სხვაზე ფიქრს ისწავლით, წერით თუ შემოქმედებით უნარ-ჩვევებს გაიაქტიურებთ, საფუძვლიანად გაიცნობთ ავტორებსა და ნაწარმოებებს, სიხარული აგავსებთ და თქვენ წარმოიდგინეთ, დროისა და სივრცისთვის ფორმის შეცვლასაც კი შეძლებთ.

 

 

 

 

 

 

 

თანამედროვე ხელოვნება გამოძახებით

0

როგორ მივაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია თანამედროვე ხელოვნების, ხელოვანების, საინტერესო პროცესების, ნამუშევრებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ იმ რეალობაში, სადაც სასკოლო სახელმძღვანელოები ასეთ თემებს ვერ ფარავს, თანამედროვე ხელოვნების გალერეები და მუზეუმები არ არსებობს და მაინცდამაინც ბევრი კვლევაც არ იძებნება ამ მიმართულებით?

ამ კითხვას ალბათ არაერთი მასწავლებელი და, უბრალოდ, ხელოვნების მოყვარული უსვამს საკუთარ თავს, მაგრამ პასუხი ძნელი საპოვნელია, ვინაიდან თანამედროვე ქართული ხელოვნება ძნელად თუ ახერხებს მცირე ჯგუფის გარეთ გასვლას, ხილვადობა აკლია და რეზონანსიც იშვიათად აქვს, კარგ ნამუშევრებსაც კი.

რამდენიმე თვის წინ არსებული ვაკუუმის ამოვსების საინტერესო მცდელობა გაჩნდა – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თბილისი, რომელიც ხელოვანებმა დააარსეს და, ტრადიციული გაგებით, მუზეუმის ჩარჩოებში არ ჯდება – ეს არის მუზეუმი გამოძახებით, რომლის ექსპონატებიც ერთ პორტატიულ ჩემოდანში ეტევა და რომლის დამთვალიერებლები 30-მდე ფოტო- და ვიდეოდოკუმენტის საშუალებით იქმნიან წარმოდგენას 80-იანი წლებიდან დღემდე ქართულ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებზე, ამ პროცესების მთავარ გმირებზე და იმაზეც, როგორ აისახა საქართველოს უახლესი ისტორია არტისტების ნამუშევრებში.

მუზეუმის გამოძახება ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერი აუდიტორიისთვის სასურველ დროს შეიძლება და ეს ფორმატი, ერთი მხრივ, უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს თანამედროვე ხელოვნების გალერეის ან მუზეუმის არარსებობის ფაქტს, მეორე მხრივ კი ხელმისაწვდომს ხდის თავად ხელოვნებას. გინდათ გააცნოთ მოსწავლეებს თანამედროვე ხელოვნება? – მუზეუმს გამოიძახებთ; უცხოელი სტუმარი გყავთ და არ იცით, რა აჩვენოთ? – მუზეუმი მოვა; გაინტერესებთ, რას ქმნიან დღეს ხელოვანები? – დარეკავთ, მოვლენ, მოგიყვებიან.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის გაცნობა მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის ბევრი რამის გამოა საინტერესო, მაგრამ მთავარი, რაც ამით შეიძლება ისწავლონ, ალბათ ის არის, როგორ შეიძლება მოიქცე გამოუვალ სიტუაციაში: სადაც შენთვის სივრცე არ არსებობს – თავად შექმნა, როცა უხილავი ხარ – თავი დაანახო და როცა შენზე არ ლაპარაკობენ – თვითონვე ილაპარაკო საკუთარ თავზეც და სხვებზეც, საინტერესოდ, მსმენელისთვის მისაღებ დროს, ადგილას და ფორმით. თანამედროვე ხელოვნებაც ალბათ ამიტომ უნდა გავაცნოთ ბავშვებს ადრეული ასაკიდან, რომ მათ სათქმელის ახალი ფორმების ძიების უნარი გამოიმუშაონ, სიახლეებისა არ ეშინოდეთ, სტანდარტულ განსაზღვრებებში არ მოაქციონ საკუთარი იდეები და შეხედულებები და ისწავლონ განსხვავებულად ფიქრი, განსხვავებულად მიდგომა.

მუზეუმის ვებგვერდის მისამართია: https://museumofcontemporaryarttbilisi.wordpress.com/

მოლოდინის ბორკილები

0

„დედა, ბოდიში, რომ მოგატყუე, თასმის შეკვრა არ მისწავლია, უბრალოდ, მინდოდა გამეხარებინე“, – მითხრა ჩემმა ხუთი წლის შვილმა, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ჯიუტად ცდილობდა, თასმის შეკვრა ესწავლა, მაგრამ სწორი კვანძი ხან გამოსდიოდა, ხან – ვერა. „ხუთი-ექვსი წლის ბავშვი დამოუკიდებლად უნდა ახერხებდეს თასმის შეკვრას“, – სადღაც ამოკითხული ამ ფრაზით თავდაპირველად სწორედ მე წავაქეზე. არადა მანამდე ბევრჯერ მიფიქრია, რომ მშობლებისთვის დამახასიათებელი ჭარბი მოლოდინით არ ვიტანჯებოდი და არც შვილის პიროვნებას ვაყენებდი ზიანს, მაგრამ იმ დილით, როდესაც საბავშვო ბაღში გვეჩქარებოდა და თავად შევუკარი ფეხსაცმლის თასმა, დავფიქრდი, რომ ბავშვები ისეთი წვრილმანების შემჩნევის ოსტატები არიან, რომელთა გააზრებასაც უფროსები ბევრ დროს ვანდომებთ და ბავშვის განვითარების სტანდარტების მხარდამხარ სიარული ზოგჯერ იმედგაცრუებას იწვევს.

„არ შეიქმნა გადაჭარბებული მოლოდინი მის არაჩვეულებრივობაზე“, – ალბათ, ყოველ დილით შევაგონებდი თავს, დილის აჩქარებულ რიტმში ამაზე ფიქრისთვის დრო რომ მრჩებოდეს. მშობელი, რომელიც ამგვარ დამოკიდებულებას ამჟღავნებს შვილის მიმართ, ალბათ სწორედ ასე უმტკიცებს მას თავის უპირობო სიყვარულს, აჩვენებს, რომ იღებს ისეთს, როგორიც არის, რომ მოსწონს ის, კმაყოფილია მისით, მაგრამ ყველანაირად ეცდება, სხვა უნარების განვითარებაში დაეხმაროს.

ბავშვები ხშირად ხდებიან გადაჭარბებული მოლოდინის მსხვერპლნი და ამას ძალიან განიცდიან. განიცდიან, როდესაც მათგან უფრო მეტ დამოუკიდებლობას, სისხარტეს, გონიერებას, დათმობას, კარგ ქცევას მოელიან, მათ კი ამ უნარებით თავის მოწონება არ შეუძლიათ. ჩვენი მოლოდინი კი არ იკლებს. პირიქით, მოთხოვნა, გახდნენ „არაჩვეულებრივები“, ისეთ ტოტალურ სახეს იღებს, რომ ბავშვებს ამოსუნთქვის დრო არ რჩებათ და ისინიც, პასუხისმგებლობით ჩვენსავით დამძიმებულები, ჩვეულებრივ „სამსახურებრივ“ რუტინაში ერთვებიან, მათაც ისევე ეშინიათ შეცდომის, როგორც ხელქვეითებს – მკაცრი ხელმძღვანელის.

ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება განცდებით არის დატვირთული. ისინი ხომ თავისებურად გაიაზრებენ მთელი დღის განმავლობაში მიღებულ ემოციებს, უფროსებსა და თანატოლებთან ურთიერთობებს, კონფლიქტებს, დარდობენ შეცდომებზე… დიდი გამოწვევაა,  იმ მცირე დროში, რომელიც მათთან ურთიერთობისთვის გვრჩება, ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი უპირველესი მიზანი მათთვის ბედნიერების, სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდის მინიჭებაა. ხშირად ისე ხდება, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ამის გარდა. ვჩქარობთ, რომ ყველაფერი მოვასწროთ – ბაღში წასვლა, ინგლისურის გაკვეთილზე წასვლა, სუფთა ჰაერზე გასეირნება, ვარჯიში, თამაში, ძილის წინ წიგნის წაკითხვა, მსუყე და დაბალანსებული მენიუს დაგეგმვა და მომზადება, ვჩქარობთ პოლიკლინიკაში, სამსახურში, ტრანსპორტში და ამ რბოლაში ჩვენთან ერთად ბავშვებიც მონაწილეობენ.

იმ იშვიათი სიმშვიდის წუთებში, როდესაც გარემოზე დაკვირვებას ვიწყებ, ყოველი მხრიდან მესმის უკმაყოფილო და გაბრაზებული მშობლების შეძახილები: „თავად რატომ ვერ მოაგვარე ეს პრობლემა?! დღეს ლეგოს საღამო არ გვექნება, არ დაგიმსახურებია! რით ვერ გაიგე, რომ ყოველდღე ახალ სათამაშოს ვერ გიყიდი?!“ – და ა.შ ზოგჯერ გარემოზე დაკვირვება კარგი საშუალებაა საკუთარი შეცდომების დასანახად და გასააზრებლად. თქვენც დააკვირდით.

მარწყვი

0

სოფელში ბებოს ვენახში მარწყვი ჰქონდა დარგული. იმის ჭამას არაფერი სჯობდა, მაგრამ მთავარი მაინც დაკრეფის რიტუალი გახლდათ. საკუთარი ხელით დაკრეფილი სულ სხვაა… სხვა თუ არაფერი, შენი მოწეულია, ამიტომ უფრო გემრიელად მიირთმევ. ბოლომდე სამართლიანები თუ ვიქნებით, ბებოს მოწეული… ისე, დაკრეფაც არ არის მთლად იოლი საქმე. ყველაზე იოლი ჭამაა.

აი, ერთ მარწყვს უკვე გეახელით. კუჭში მოხვედრილი, გადამუშავდა და ცალკეულ ნივთიერებებად დაიშალა. ამ ნივთიერებათაგან პირველად ასკორბინის მჟავაზე დავწერ, იმავე C ვიტამინზე, რომელიც მხოლოდ იმუნიტეტის სასარგებლოდ კი არ იმუშავებს, არამედ კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებაზეც იზრუნებს, რადგან კოლაგენისა და ელასტინის სინთეზში პირდაპირი გზით მონაწილეობს, ეს ორი ცილა კი, მოგეხსენებათ, სტრუქტურულ ცილებს მიეკუთვნება და ჩვენი სახის კარკასს ქმნის.

თუმცა კანის ახალგაზრდობაზე გაცილებით მნიშვნელოვანი სისხლძარღვების ელასტიკურობის შენარჩუნებაა. სწორედ ამ ორი ცილის მეშვეობით ინარჩუნებს ელასტიკურობას მათი კედლები. შედეგად სისხლძარღვები დროულად ფართოვდება და ვიწროვდება, არტერიული წნევა კი დარეგულირებულია.

ცოტა ხნის წინ სახსრების ანთების დროს სასარგებლო პროდუქტებზე ვწერდი. მარწყვიც მათ რიცხვში შედის – C ვიტამინისა და უამრავი ანტიოქსიდანტის წყალობით შეუძლია, სახსარში მიმდინარე ანთებით პროცესზე დადებითად იმოქმედოს.

კიდევ რას გააკეთებს ჩემ მიერ მირთმეული მარწყვი? კარგ გუნებაზე დამაყენებს, რადგან სეროტონინის გამომუშავებაში დამეხმარება.

სეროტონინი ბიოგენურ ამინებს მიეკუთვნება და ნეირომედიატორია. ის ტრიფტოფანისგან წარმოიქმნება დეკარბოქსილირების გზით. სეროტონინი პირველად 1935 წელს გამოყო იტალიელმა ფარმაკოლოგმა ვიტორიო ესპრამერომ საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. დიახ, ის ნაწლავში გამომუშავდება იმ ბაქტერიების დახმარებით, რომლებიც საწვავად უხეში ტიპის ბოჭკოს მოიხმარენ. მარწყვი სწორედ ასეთ ბოჭკოს შეიცავს. იგივე ბოჭკო საჭმლის მონელებასაც უწყობს ხელს.

მარწყვი (ლათინურად – Fragaria) მრავალწლოვანი ბალახია და ვარდისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. საქართველოში მისი სამი სახეობა ხარობს ველურად: ტყის მარწყვი (Fragaria vesca), მწვანე მარწყვი (Fragaria viridis) და მუშკის მარწყვი (Fragaria moschata). ჩვენ სწორედ ამ უკანასკნელს მივირთმევთ (უფრო ზუსტად, მის სხვადასხვა ვარიაციას).

მარწყვი ანტიკური ეპოქიდანაა ცნობილი. არქეოლოგიური გათხრები ევროპის ტერიტორიაზე მის არსებობას ნეოლითის ხანაშიც ადასტურებს, თუმცა მოგვიანებით საყოველთაოდ ამერიკიდან გავრცელდა.

ამარიკაში მეცნიერებს კვლევა ჩაუტარებიათ, შემდეგ მათ ევროპელებიც შეერთებიან და ერთად დაუდგენიათ, რომ მარწყვი ორგანიზმს მეორე ტიპის შაქრიან დიაბეტთან ბრძოლაში ეხმარება. საქმე ის გახლავთ, რომ მარწყვი ფლავონოიდებს შეიცავს. ერთ-ერთი მათგანი ადიპონექტინია. ეს ნივთიერება უჯრედებს ეხმარება, დაიბრუნონ მგრძნობელობა ინსულინის მიმართ. ეს კვლევა 2016 წელს ჟურნალ Journal of Nutrition-ში დაიბეჭდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. დიაბეტთან საბრძოლველად დღეში 100-110 გრამი მარწყვი ყოფილა საკმარისი.

ვისაც დიაბეტი არ აწუხებს, მაგრამ შაქარს და კალორიებს ითვლის, მარწყვი მათთვისაც ძალიან სასარგებლოა, რადგან ძალიან დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ლიმონზე ნაკლებ შაქარს შეიცავს.

კიდევ რას შეიცავს მარწყვი?

 

100 გრამ პროდუქტზე მოდის
ვიტამინები მიკროელემენტები
ვიტამინი PP 0,3 მგ Ca 40 მგ
ბეტა-კაროტინი 0,03 მგ Mg 18 მგ
ვიტამინი B1 0,03 მგ Na 18 მგ
ვიტამინი B2 0,5 მგ K 161 მგ
ვიტამინი B5 0,3 მგ S 12 მგ
ვიტამინი B6 0,06 მგ Fe 1,2 მგ
ვიტამინი B9 20 მკგ Zn 0,097მგ
ვიტამინი C 60 მგ I2 1მკგ
ვიტამინი E 0,5 მგ Cu 140მკგ
ვიტამინი PP 0,4 მგ Mn 0,2მგ
ვიტამინი H 4 მკგ Cr 2მკგ
  F2 18მკგ
Mo 10მკგ
Co 4მკგ
Ni 2მკგ

როგორც ხედავთ, მარწყვი ყველაზე მეტად C ვიტამინითაა მდიდარი, ეს კი მშვენიერი საბაბია, გაკვეთილზე მისი აღმომჩენი რეაქცია ჩავატაროთ.

ჭურჭელი და რეაქტივები: ასკორბინის მჟავას შემცველი საკვლევი სითხე, ჩვენს შემთხვევაში – მარწყვის წვენი; 10%-იანი მარილმჟავა; რკინის (III) ქლორიდის ხსნარი; შტატივი სინჯარებით; 1 და 2 მლ–იანი პიპეტები (4 ცალი).

ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) დაჟანგვისას აღადგენს კალიუმის ჰექსაციანო (III) ფერატს K3[Fe(CN)6] და წარმოიქმნება კალიუმის ჰექსაციანო (II) ფერატი K4[Fe(CN)6], რომელიც რკინის იონთან, რომლის დაჟანგულობის ხარისხი +3-ია, მჟავა არეში წარმოქმნის რკინის ჰექსაციანო (III) ფერატს (ბერლინის ლაჟვარდი) K Fe [Fe(CN)6].

1 მლ მარწყვის წვენს ამატებენ 2-2 წვეთ კალიუმის ჰიდროქსიდისა და კალიუმის ჰექსაციანო (II) ფერატის ხსნარს. შენჯღრევის შემდეგ სინჯარაში ჩაამატებენ 10%-იანი მარილმჟავას 6-8 წვეთს და რკინის (III) ქლორიდის ხსნარის 1-2 წვეთს. გამოილექება ლურჯი ბერლინის ლაჟვარდის ნალექი.

C ვიტამინი წყალში ხსნადია, ამიტომ ბალანსის დასაცავად ერთიც ცხიმში ხსნადი ვიტამინი აღმოვაჩინოთ მარწყვში.

 

E ვიტამინის აღმოჩენა

რეაქცია კონც. აზოტმჟავასთან

ჭურჭელი და რეაქტივები: მარწყვი; კონც. აზოტმჟავა; რკინის (III) ქლორიდი; შტატივი სინჯარებით; 1 და 2 მლ პიპეტები (4 ცალი).

მშრალ სინჯარაში ათავსებენ 4-5 წვეთ მარწყვის წვენს. ამატებენ კონც. აზოტმჟავას 10 წვეთს და სინჯარას ფრთხილად შეანჯღრევენ. წარმოიქმნება ემულსია, რომელიც თანდათან ფენებად დაიყოფა. ზედა, ცხიმოვანი ფენა წითლად შეიფერება. ეს განპირობებულია α-ტოკოფეროლის დაჟანგვით, რის შედეგადაც წარმოიქმნება α-ტოკოფეროლქინონი, რომელსაც წითელი ან მოყვითალო-მოწითალო ფერი აქვს.

 

რეაქცია რკინის (III) ქლორიდთან

მშრალ სინჯარაში ათავსებენ მარწყვის წვენის 4-5 წვეთს. მორევის პირობებში ამატებენ 0,5 მლ რკინის (III) ქლორიდს. ხსნარი წითლად შეიფერება, რაც განპირობებულია რკინის (III) ქლორიდით α-ტოკოფეროლის დაჟანგვით, წარმოიქმნება ტოკოფეროლქინონი.

 

მარწყვის სიკეთეზე საუბრისას ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ეს კენკრა მავნებელიცაა. ასკორბინისა და ფოლიუმის მჟავებთან ერთად ის სხვა მჟავებსაც შეიცავს, მაგალითად, სალიცილის მჟავას, ამიტომ, თუ, მაგალითად, ადამიანს ცისტიტი აწუხებს, მარწყვს უნდა ერიდოს ან ძალზე ზომიერად მიირთვას – მჟავები შარდის ბუშტის კედლებს გააღიზიანებს.

არიან ალერგიული ადამიანებიც. ჩემს ერთ მეგობარს წლების წინ მარწყვზე ალერგია მისცა. ჯერ სახეზე გამოაყარა, მერე ამ გამონაყარმა ლობიოს მარცვლების ფორმა მიიღო, ერთმანეთისკენ წაიწია, გაბრტყელდა და შეერთდა. სათქმელად ადვილია, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი თქვენს სახეზე ხდება – რა ხასიათზე დადგებით? ისიც დათრგუნული დადიოდა და მარწყვისკენ გახედვისაც კი ეშინოდა. ასე იარა ორი თვე. მერე გამონაყარი გაქრა და ჩემმა მეგობარმაც შვებით ამოისუნთქა. საკვირველი ის არის, რომ ამ კენკრაზე არც მანამდე და არც მერე (დიახ, რამდენიმე ხნის შემდეგ მისი ჭამა ისევ გაბედა) მარწყვზე ალერგია არ ჰქონია. სავარაუდოდ, იმ ჯერზე ეკოლოგიურად დაბინძურებული შეხვდა.

მე ვცდილობ, მარწყვი ყველაფრის გარეშე მივირთვა. არავითარი შაქარი, კრემი, ათქვეფილი ნაღები, ცხელი შოკოლადი… რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი რაფინირებული შაქარია და მარწყვის ყველა ღირსებას ერთი ხელის მოსმით აცამტვერებს. თუ მაინც არ დაიშლით, მწარე შავ შოკოლადში ამოავლეთ, თუმცა მარწყვის თვისებებისთვის ესეც კი საზიანო იქნება.

– მურაბაო? – იკითხავთ.

– კი, მურაბა ზამთარში გემრიელია.

– სასარგებლო თუა?

– არა, ცივ ზამთარში ცხელ ჩაისთან გემრიელია და მორჩა.

ახლა მარტია, მალე მარწყვიც შემოვა. ჰოდა, რომელიმე გამყიდველმა მისი უსაშველო ფასის გასამართლებლად ჩემ მიერვე ჩაწიკწიკებული ქება-დიდება თუ მოიშველია… ხომ ვიქნები ღირსი?!

მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეები

0

მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებს მხოლოდ პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიებზე არ აშენებდნენ – სასიკვდილო გეტოებით დაფარული იყო მთელი ევროპა.

ავსტრიაში, ლინცსა და ვენას შორის მდებარე გზატკეცილზე, ერთი ნაკლებად ცნობილი ქალაქი, მაუთჰაუზენი მდებარეობს. გასული საუკუნის 30-იან და 40-იან წლებში იქ ნაცისტური საპყრობილე ფუნქციონირებდა. რასისტები ბანაკში ათასობით ადამიანს უყრიდნენ თავს. უპირველეს ყოვლისა, ავსტრიულ საპატიმროში ხვდებოდნენ მმართველი პარტიის ოპოზიციაში მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საკონცენტრაციო სივრცეში ცალკე ადგილები ჰქონდათ გამოყოფილი ემიგრანტებს, ებრაელებს, იეჰოვას მოწმეებს, ჰომოსექსუალებს, საგანგებო რეჟიმის დამრღვევ პირებს. ომის პერიოდში ავსტრიის შუაგულში განაწესეს სამხედრო ტყვეების ნაწილიც, საბჭოთა კავშირთან შეტაკებების დროს მტრის ზურგში აღმოჩენილი მებრძოლები და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის რამდენიმე გადარჩენილი პარტიზანიც. მაუთჰაუზენის ბანაკის ახლოს ქვის საბადო იყო. შედარებით ჯანმრთელი ტყვეები ავად გახდომამდე ან სიკვდილამდე სამტეხლოში მუშაობდნენ. ვისაც შრომა არ შეეძლო და გაუსაძლისი პირობების ატანას ვერ ახერხებდა, პირდაპირ ხოცავდნენ.

1945 წლის მაისში მაუთჰაუზენში ამერიკის სახმელეთო ჯარების კორპუსი შევიდა და ქალაქი გაათავისუფლა. ამერიკელმა ქვეითებმა საკონცენტრაციო ბანაკის დიდი ხნის წინ დაკეტილი ალაყაფის კარი გააღეს. საუბედუროდ, გადარჩენა ტყვეთა მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა მოახერხა. უსასტიკესი გამოცდილებისა და უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, გადარჩენილებმა საკუთარ მოვალეობად მიიჩნიეს ევროპაში ახალი მეხსიერების კულტურის ჩამოყალიბება. საკონცენტრაციო ბანაკებში ნატანჯმა ადამიანებმა თავიანთ ლოზუნგად გამოაცხადეს: „Nie wieder“ („აღარასოდეს“). მათ მთელი მსოფლიოსთვის უნდა მოეყოლათ თავს გადახდენილი უბედურების შესახებ, რათა აღარასდროს არავის მოსვლოდა აზრად ადამიანების გარკვეული ნიშნით ერთმანეთისგან გამოცალკევება და გარიყული, მტრად გამოცხადებული ჯგუფის წევრების დაუნდობლად ამოხოცვა. სისხლიანი მოვლენები ისე მყარად უნდა აღბეჭდილიყო ადამიანების მეხსიერებაში, რომ ფაშიზმის რესტავრაციის შესაძლებლობა სამუდამოდ მოესპოთ.

1949 წლის გაზაფხულზე მაუთჰაუზენის 14 000-მდე მსხვერპლის ხსოვნის პატივსაცემად პირველი მემორიალი აღიმართა. დროთა განმავლობაში ბანაკის ადგილას მასშტაბური სამუზეუმო კომპლექსი მოეწყო. ტყვეთა შთამომავლებმა და თანამემამულეებმა კომპლექსის ტერიტორიაზე ცალკეული დაფების დამონტაჟება დაიწყეს. ასე გაჩნდა მაუთჰაუზენის მემორიალის მიმდებარედ ერთგვარი ხეივანი, სადაც ებრაელებს, ლიტველ თუ უკრაინელ ჯარისკაცებს, საფრანგეთისა თუ იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს თავიანთი კუთხე აქვთ.

უკვე წლებია, შუაგულ ევროპაში ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაცია ფუნქციონირებს. მისი წევრები უცხოეთში შესანიშნავად წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას. ისინი ხშირად საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურებიან და თბილისში განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნით გამართული დემონსტრაციების პარალელურ სოლიდარობის აქციებს უწევენ ორგანიზებას ვენაში.

ავსტრიაში მყოფმა სტუდენტებმა მარიკა ბექაურმა და სალომე სალაძემ უდიდესი პასუხისმგებლობა იკისრეს – ორი წლის წინ მაუთჰაუზენის ბანაკში ექსკურსიაზე მყოფმა გამბედავმა ქალებმა ქართველი ტყვეების შესახებ ინფორმაციის მოძიება დაისახეს მიზნად. მრავალთვიანი კვლევის შემდეგ მარიკამ და სალომემ სამუზეუმო არქივში 65 ჩვენი თანამემამულის გვარს მიაგნეს. გოგონებმა არც მაუთჰაუზენში დაღუპულთა შორეული ნათესავების მოძიება დაიზარეს. ზოგიერთმა ოჯახმა სამოცდათვრამეტი წლის შემდეგ გაიგო, რა ბედი ეწია მის უგზო–უკვლოდ დაკარგულ წინაპარს.

რაც მთავარია, მკვლევართა მონდომების წყალობით მაუთჰაუზენში უკვე ქართული მემორიალიც დგას. ავსტრიის უდიდესი საკონცენტრაციო ბანაკის ადგილას გახსნილი სამუზეუმო კომპლექსის ყველა სტუმარი აუცილებლად შეიტყობს, რომ უახლესი ისტორიის უდიდეს ბოროტებას ჩვენი თანამემამულეებიც ებრძოდნენ.

ევროპაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების გააქტიურების ფონზე ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და დასაფასებელი უნდა იყოს ორი სტუდენტის საქმიანობა. ისინი თავდაუზოგავი შრომის ფასად ცდილობენ მასპინძელი ქვეყნისთვის საქართველოს საუკეთესო მხარის წარმოჩენას.

აღზრდის ანბანი მშობლებისათვის, უმცროსი და შუათანა შვილები

0

შუათანა შვილი

შუათანა შვილის ფსიქოლოგიური განვითარება განსაკუთრებული თავისებურებებით გამოირჩევა. საინტერესოა, რომ ის ყოველთვის განსაზღვრული სქემის მიხედვით არ მიმდინარეობს.

მეორე შვილს ჩვეულებრივ მშობლები განსხვავებულად ექცევიან. ამის შედეგია ის, რომ  შუათანა შვილი ან გაუბედავი, გულჩათხრობილი და გულჩვილია; ან – აგრესიული და მეტოქეობის ჟინით შეპყრობილი. ეს იმიტომ ხდება, რომ იგი ორ ძმას ან ორ დას შორის აღმოჩნდა. პირველ შემთხვევაში, იგი ჩვეულებრივ ემორჩილება მათ მოთხოვნებს თუ დაჟინებულ თხოვნას, თან იმედი აქვს, რომ კეთილი მამა ან ალერსიანი დედა მალე მოვლენ მის დასახმარებლად. მეორე შემთხვევაში, შუათანა შვილი არც ისე დამთმობია, იგი მუდამ თავდაცვით პოზიციას იკავებს და სწყურია შეტევაზე გადასვლა, გამარჯვების მიღწევა, რის წყალობითაც საკუთარ ძალებში დარწმუნებას ახერხებს. მშობლებს მოქმედების მეორე ვარიანტი აწყობთ, რაც ყოველთვის პირველზე უკეთესი როდია. უწყვეტ დაძაბულობას საშუალო იქამდე მიჰყავს, რომ მას მუდამ რჩება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა.

თავის მხრივ, მშობლებს ძალა არ შესწევთ, რაიმე გონივრული მოიმოქმედონ. აი, ჩვეულებრივ, როგორ ხდება ხოლმე: თავიდან მშობლები მთელ თავის ყურადღებას პირველ შვილს უთმობენ, როგორც ეს ხშირად ხდება. მეორე შვილის გაზრდა მათთვის ბევრად ადვილია, რადგან გამოცდილება უკვე აქვთ. ახლა ისინი უფრო მშვიდად გრძნობენ თავს და თავიდან მაინც, ყველაფერი საუკეთესოდ მიდის. მესამე შვილის გაჩენის შემდეგ მშობლები გრძნობენ, რომ დაიღალნენ ბავშვებზე ზრუნვით, მაგრამ აუცილებელ ზრუნვას არ აკლებენ ახალდაბადებულს; ეს გასაგებია – ჩვილი ხომ უმწეოა, შეუძლებელია მასზე არ ვიზრუნოთ. მშობლების გამოცდილების გათვალისწინებით ამის გაკეთება ძნელი არ არის. მეორე შვილისთვის კი ნაკლები დრო რჩებათ.

ამ სიტუაციაში პირველი შვილი თითქმის არ გრძნობს ყურადღების ნაკლებობას, იმიტომ, რომ იგი უკვე გადავიდა განვითარების სტადიაში – „მე თვითონ“. მეორე შვილი, პირიქით, ოთხ ფეხზე დარბის ან სიარულს იწყებს – მთლიანად დამოკიდებულია დედაზე და მის მზრუნველობას ითხოვს. დედისთვის, რა თქმა უნდა, დიდი შეღავათია, რომ პირველი შვილი თითქმის დამოუკიდებელია. მას ესმის, რომ აუცილებელია მესამე შვილის მოვლაც. შუათანა კი ყველაზე მეტად იჩაგრება.

ბავშვების გაზრდასთან ერთად პრობლემა კიდევ უფრო რთულდება: პირველი შვილი დამოუკიდებელია და სულ უფრო ნაკლებ პრობლემებს უქმნის მშობლებს, მესამე შვილი სულ უფრო მომხიბლავი ხდება, ხოლო შუათანას თუ არ აღმოაჩნდა რაიმე განსაკუთრებული ტალანტი, მისი ღირსებები ძნელად შესამჩნევი ხდება მშობლებისთვის, რაც ძალიან ცუდია, რადგან მას ისეთივე დამოკიდებულება უჩნდება საკუთარი თავის მიმართ, როგორსაც მშობლები იჩენენ მის მიმართ.

ოჯახური ცხოვრების რთულ პროცესში შუათანა შვილი აკეთებს არჩევანს ორ უკიდურესობას შორის. ბოლოს და ბოლოს, მის არჩევანს ჩვეულებრივ ორი ფაქტორი განსაზღვრავს – მშობლებისა და უფროსი შვილის  ხასიათი. თუ შუათანა შვილს არ აღმოაჩნდა ისეთი მიღწევები და ტალანტი, როგორიც უფროსს, მაშინ ის კარგავს საკუთარი თავის რწმენას და მალევე ხდება გულჩათხრობილი. თუ უფროსი შვილი წინდახედული, მშვიდი და ცოტათი გულჩათხრობილია, მოსალოდნელია, რომ შუათანა გახდეს აგრესიული და მასში მეტოქეობის ჟინმა იფეთქოს. ამ ფაქტორების გვერდით,  არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობლების განწყობა, თუ მშობლები უფროსი შვილის მიმართ არიან უფრო კეთილგანწყობილი, შუათანა შვილი უნებურად მისი მიმბაძველი ხდება, რაც ამ ასაკში ბავშვებს ხშირად თავხედობასა და აგრესიულობაში ეთვლებათ. ხოლო თუ მშობლები განსაკუთრებული ზრუნვით და ყურადღებით ეპყრობიან უმცროს შვილს, ამას შეუძლია შუათანა შვილში გამოიწვიოს სურვილი, მეტოქესავით მოიქცეს. ამ შემთხვევაში, უფროსების მხრიდან ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილით ის ეცდება, რომ ყველას ჩამოსცილდეს. ნათელია, რომ ამ ფაქტორების სხვადასხვაგვარ შეხამებას შემდგომში პრობლემის სხვადასხვაგვარი გართულების გამოწვევა შეუძლია.

შუათანა ბავშვის დასახმარებლად ორი ხერხი არსებობს:

პირველი – უნდა ვეცადოთ, მას საინტერესო საქმიანობა ვუპოვოთ, რომელიც დააკმაყოფილებს მის გაზრდილ აგზნებადობას და რომელშიც შეძლებს გამოავლინოს მეტოქეობის ჟინი.

აზრი არა აქვს არასასურველი ქცევის გამო გაჯავრებას. ამით უფრო გავართულებთ სიტუაციას.  ჩვეულებრივ, მშობლებს ნაკლებად უყვართ გულჩათხრობილი ბავშვები და პირიქით, წაახალისებენ შუათანა შვილში მეტოქეობის ჟინს. ეს უქმნის პრობლემას უფროსს, შუათანას კი აქეზებს უფრო აქტიურად და გაბედულად მოიქცეს, რაც ხშირად სცილდება გართობის საზღვრებს.

დავეხმაროთ შუათანა შვილს, დაიკავოს სწორი პოზიცია – ნიშნავს, გავამხნევოთ იგი და ვასწავლოთ, მოიქცეს ისე, რომ არავინ გაანაწყენოს. 5 წლის ბიჭუნას გაუბედაობა ინდივიდუალური სათამაშო კონსტრუქტორით დააძლევინეს. იგი ისე კარგად აწყობდა კონსტრუქციას და ისე მშვენივრად ხატავდა, რომ მალე მასთან თამაში სხვა ბავშვებსაც მოუნდათ. ის უკვე თავისუფლად გრძნობდა თავს სხვა ბავშვებთან. არც ისე ცოტა თამაშია, რომლითაც ბავშვი განმარტოებით ერთობა და არაფერი ცუდი არ არის, თუ ისინი ამას ბევრ დროს დაუთმობენ.

ხუთი წლის გოგონას აგრესიული ქცევების დაძლევა მისთვის თამაშის სწორად შეთავაზებით იქნა მიღწეული. მისთვის მიწოდებულ თამაშებს შეჯიბრის ხასიათი ჰქონდა, რამაც ბავშვი დააინტერესა. თამაშები იგებოდა ისე, რომ მასში ძირითადი ყოფილიყო არა შედეგი, არამედ მიმდინარეობა. გოგონამ თავისი იმპულსური რეაქციების შეკავება ისწავლა. როგორც დანარჩენმა ბავშვებმა, დაიწყო მშვიდად თამაში და აღარ უნდოდა მათგან გამორჩეული ყოფილიყო.

         მეორე, რაც უნდა გაკეთდეს, შეძლებისდაგვარად ვეცადოთ, ბავშვები დავაცალცალკევოთ.

ეს რჩევა უკან დახევას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ბავშვებს მაინც რჩებათ ბევრი საერთო ინტერესი, ისინი იწყებენ ხალისით შეხვედრებს, ერთად თამაშს, ჩხუბს. ასეთი მიდგომის მიზანია, ვაჩვენოთ მათ, რომ ჩვენ თითოეულ მათგანში ვაღიარებთ პიროვნებას. აი რატომ უნდა ჰქონდეთ მათ ცალ-ცალკე ოთახები, ჰყავდეთ სხვადასხვა მეგობრები და სასურველია დადიოდნენ სხვადასხვა სკოლაში. მართალია, ყველაფერი ეს შეუძლებელია ჩვეულებრივ ოჯახში, მაგრამ შესაძლებლობის ფარგლებში მაინც უნდა ვეცადოთ. მაგალითად, არ ღირს ერთნაირი ტანსაცმელი და სათამაშოები ვუყიდოთ ბავშვებს, თუმცა ისინი ხშირად ისეთივეს ითხოვენ, რაც მის და-ძმას აქვს. ეს მათთვის მშობლის სიყვარულში დარწმუნების ხერხია. მშობლებს დიდი მოქნილობა სჭირდებათ, რომ თითოეულ ბავშვს ინდივიდუალურად მოეპყრონ. რაც უფრო მეტი ძალისხმევით ეცდება მშობელი შვილებისთვის ამის დემონსტრირებას, მით უფრო მეტად დარწმუნდებიან შვილები მშობლის სიყვარულში.

უმცროსი შვილი

 

იმ ოჯახებში, სადაც რამდენიმე ბავშვი იზრდება, მშობლები უმცროს შვილს გამორჩეულად ეპყრობიან. ალერსსა და სინაზეს მხოლოდ სიტყვით არ გამოხატავენ. ახლობლები გულწრფელად თვლიან მას პატარად და დიდი ხნის განმავლობაში ისე ეპყრობიან, როგორც უსუსურს, მაშინაც კი, როცა ის ამ ასაკიდან გამოდის.

მსგავსი დამოკიდებულება საკმაოდ ხშირია, როდესაც ნაბოლარა ბავშვი წინასგან რამდენიმე წლის შემდეგ იბადება. ხშირად ხდება, რომ მას არა მხოლოდ მშობლები ანებივრებენ, არამედ უფროსი და-ძმაც, რადგან ასაკის გამო მასში ვერ ხედავენ მეტოქეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს ასეთი სითბო და სიყვარული სიამოვნებს, ნებისმიერი უკიდურესი დამოკიდებულება მასში მუდმივად სხვებისგან დახმარების სურვილს აღძრავს. სანამ პატარაა, ის ბედნიერია ამ ყურადღებით, მაგრამ როცა გაიზრდება და ცხოვრების სიძნელეებს შეეჯახება, ეჭვიანი და მოუსვენარი ხდება. მისი შინაგანი პრობლემები სკოლის ასაკში ან უფრო მოგვიანებითაც ხდება შესამჩნევი. შესაძლოა, ასეთ ბავშვს კიდევ დიდხანს დასჭირდეს მუდმივი მხარდაჭერა. მსგავსი ინფანტილიზმის ნიშნები ხშირია ზრდასრულ ასაკშიც, როდესაც ადამიანი კარგად აფასებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას, მაგრამ გაცილებით ლაღად გრძნობს თავს, როდესაც მის ნაცვლად სხვა ფიქრობს ან აკეთებს. ეს პრობლემა არცთუ ისე სერიოზულია, მაგრამ ამ მავნე შედეგების დასაძლევად გარკვეული ძალისხმევაა საჭირო. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ბავშვი შეძლებისდაგვარად ხშირად წავახალისოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შეშფოთების მიზეზი აქვს, მაგალითად, როცა პირველად მიდის სკოლაში, უნდა ავუხსნათ, რომ მისი უფროსი და-ძმაც ასე მიდიოდნენ პირველ კლასში.

უმცროსი ბავშვის წინაშე ხშირად სხვა სახის ფსიქოლოგიური სიძნელეებიც დგება, როდესაც მასსა და უფროს და-ძმას შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. ამ დროს ის არა ორი (მშობლების), არამედ 4 ან 5 „ავტორიტეტის” წინაშე დგება, რაც არა მხოლოდ ახანგრძლივებს მის ბავშვობას, არამედ მტრობისა და სასოწარკვეთილების გრძნობასაც აღვივებს მასში. რასაკვირველია, მშობლებს მონდომების შემთხვევაში შეუძლიათ შეამცირონ სიძნელეები თავიანთი შვილების განვითარების გზაზე, გამოავლინონ გარკვეული მოქნილობა ამ პროცესში. ყველა ბავშვი განსხვავებულია და განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. მათ ქმედებებზე განსხვავებული მიდგომაა საჭირო. მაგალითად, როცა 4 წლის ბავშვი მოდის და ტირის იმის გამო, რომ არ დაუბრუნეს სათამაშო, რომელიც მან ამხანაგს ათხოვა, დედა უნდა მოეფეროს და დააწყნაროს, მაგრამ მის 12 წლის დასთან სხვაგვარად უნდა მოვიქცეთ.

ერთი სიტყვით, ჩვენი სიყვარული და ყურადღება ბავშვების მიმართ სხვადასხვაგვარად შეიძლება გამოვხატოთ. ერთ შემთხვევაში ალერსიანი ჟესტით ან კოცნით; მეორე შემთხვევაში, მოთმინებით ახსნით. ეს ერთი და იგივე პრობლემის გადაწყვეტის ორი სხვადასხვა გზაა. რა თქმა უნდა, უმცროსი შვილი მართლაც მოითხოვს დიდ ყურადღებას, მაგრამ ამის გამო უფროსებს ყურადღება არ უნდა მოაკლდეთ, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ მეტ დროს ატარებენ. ამასთანავე, არც უმცროსი შვილი იგრძნობს თავს დაჩაგრულად, რადგან უფროსი და-ძმის სახლში არყოფნის დროს მთელი ყურადღება ისედაც მასზეა გადატანილი. ასეთ შემთხვევაში ის ეცდება, ოჯახურ იერარქიაში თავისი ადგილი დაიჭიროს, რისკენაც მას არა მარტო მშობლები, არამედ უფროსი და-ძმაც უბიძგებენ.

 

გამოყენებული ლიტერატურა: ალან ფრომი, “აღზრდის ანბანი მშობლებისთვის”

 

 

კუდიანებზე ნადირობა წითელ სცენაზე

0

ართურ მილერის „სეილემის პროცესი“ მოზარდ მაყურებელთა თეატრის აფიშაზე – თავდაპირველ დაბნეულობას სიხარული ცვლის, სიხარულს – დაეჭვება: არ გაუჭირდებოდა თეატრს თავისი განსაკუთრებული მაყურებლებისთვის ისეთი სპექტაკლის შეთავაზება, როგორიც მათ გულსა და გონებას დიდი ხნით დაიპყრობდა? ართურ მილერი უდავოდ დიდი სახელია, ეს პიესაც პირველად არ იდგმება ქართულ სცენაზე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს მოზარდებისთვის, უფროსკლასელებისთვის, საერთოდ, ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ყველგან და ყველაფერში რაღაც სათავისოს ეძებენ? შორეული წარსულის არცთუ იოლად აღსაქმელი ამბებით მათი დაინტერესება, ერთი შეხედვით, საკმაოდ რთული ამოცანა უნდა იყოს.

1692 წელი, მასაჩუსეტსი. სალემში ხმები დადის, ვიღაც-ვიღაცები სატანას შეკვრიან და მისი ბნელი საქმეების თანამონაწილეებად ქცეულანო. ყველაფერს გაფაციცებით აკვირდებიან, ყველა ხის უკან ავი სულები და კუდიანები ელანდებათ. პურიტანული საზოგადოების ჩახუთულ სივრცეში გადამდები სენივით სწრაფად ვრცელდება შიში და ისტერია. არაჯანსაღი ატმოსფერო ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყოველგვარი სიბრიყვის დასაჯერებლად და უგუნური ნაბიჯების გადასადგმელად. სწორედ ამ დროს ქალიშვილები, რომლებსაც თავშესაქცევი ბევრი არაფერი აქვთ, მალულად იკრიბებიან და ცეკვას იწყებენ…

პიესას ორიგინალში „The Crucible“ ჰქვია, რაც შეგვიძლია „მკაცრ გამოცდად“ თუ „მძიმე განსაცდელად“ ვთარგმნოთ. მისი წერისას ართურ მილერი ნამდვილ ამბავს დაეყრდნო, მთავარი გმირების სახელებიც კი უცვლელად დატოვა. 1692-93 წლებში სალემში მართლაც იმართებოდა სასამართლო პროცესები, სადაც ადგილობრივ მოსახლეებს კუდიანობაში სდებდნენ ბრალს და აღიარებით ჩვენებებსაც იღებდნენ. მთელი დასახლება მასობრივმა ისტერიამ მოიცვა. საბოლოოდ, ოცი ბრალდებული ჩამოახრჩვეს, მათ შორის – თოთხმეტი ქალი. რამდენიმე „კუდიანი“ ჩამოხრჩობამდე, საპყრობილეშივე გარდაიცვალა.

სცენა ერთიანად გადაწითლებულია. სისხლი, სისხლის წყურვილი, მოუთოკავი ვნებები… მესმის, რასაც ემსახურება მთელი ეს სიწითლე, მაგრამ მაინც გადამეტებული მგონია – სწორხაზოვნად მიმანიშნებელი იმაზე, რაც ჩვენ თვალწინ უნდა გათამაშდეს. ასეთივეა დასაწყისის მუსიკაც. თითქოს ვიღაც გვეუბნება: უნდა შეგაშინო, უნდა დაგზაფრო, საზარელი სანახაობა გელის, თვალი და ყური უნდა შეაგაჩვევინოო.

დარბაზში ოცდაათი-ორმოცი მაყურებელია. უმრავლესობა უფროსკლასელია – სანამ შუქი ჩაქრება, ხმამაღლა იცინიან, სელფებს იღებენ, სკოლის ამბებს არჩევენ. მათი ყურადღებისა და ენერგიის სცენისკენ მიმართვა ადვილი ნამდვილად არ იქნება.

– არ დავინახო, ტელეფონებში იყუროთ, შეინახეთ და სცენას უყურეთ, – მესმის მასწავლებლის ხმა.

პირველი მოქმედების დაწყებისთანავე ვხვდები, რატომ უნდა იყოს გამართლებული ამ სპექტაკლზე უფროსკლასელების წამოყვანა. ის, რასაც ვხედავ, მნიშვნელოვანია სწორედ აქ და ახლა: კუდიანებზე ნადირობის ვნებას სიმძაფრე არც ჩვენს საუკუნეში დაუკარგავს, რელიგიური ფანატიზმისა თუ „ახალი პურიტანიზმის“ საფრთხეც ხელშესახებია, განუსჯელად დადანაშაულების, საქმის არსში გაურკვევლად დასკვნების გამოტანის, საყოველთაო ისტერიას აყოლის მრავალი შემთხვევა გვახსოვს. მერე რა, თუ „სეილემის პროცესში“, ისევე როგორც მოზარდ მაყურებელთა თეატრის სხვა სპექტაკლებში, შესაძლოა მოგეჩვენოს, რომ მეტისმეტად ნათლად ჩანს რეჟისორის ჩანაფიქრი, შემაჯამებელ სენტენციებსაც ხელისგულზე გვიდებენ…

– გმადლობთ, ნანა მას! – ეს სიტყვები პირველი მოქმედების დასრულებისთანავე გავიგონე.

გოგოს ხმა იყო. უხაროდა, რომ ნანა მასწავლებლის არჩევანმა გაამართლა; რომ თეატრში წამოვიდა სხვებთან ერთად, მე-17 საუკუნის ამერიკაში მოხვდა, და რომ წინ მთელი მეორე მოქმედება ელოდა. გადამდები სიხარული იყო – გულით გავიზიარე, თუმცა კი თავი არ მიმიბრუნებია და მოსწავლე-მასწავლებლის სახეები არ დამინახავს.

ართურ მილერმა „სეილემის პროცესი“ 1953 წელს დაწერა, იმ პოლიტიკური ვითარების საპასუხოდ, რომელიც იმხანად სუფევდა მის სამშობლოში. მაკარტიზმი, კომუნისტად შერაცხილთა დევნა, კომუნისტობაში ეჭვმიტანილთა გასამართლება, ჯაშუშებისა და მოღალატეების ისტერიული ძებნა… პიესის წარმატებას უდავოდ განაპირობებს ისიც, რომ ყოველ ეპოქას თავისი „კუდიანები“ ჰყავს – ყოველთვის მოიძებნება ის, ვისზეც ჯოხი უნდა გადატყდეს. და დღეს ვის ვდევნით? ვის გასამართლებას მოვითხოვთ? ვისი გვეშინია?

„აღიარება ან სიკვდილი!“ – ამ სიტყვებით მიმართავენ სეილემის თავგზააბნეულ მკვიდრთ ისინი, ვისაც სიმართლის გარკვევა სულაც არ აინტერესებთ. მთავარია, ვიღაც უმკაცრესად დაისაჯოს. სიცოცხლის შესანარჩუნებლად ბევრი გადაწყვეტს, აღიაროს, რომ კუდიანია, რომ ბნელ ძალას ემსახურება, რომ ღამღამობით დაფრინავს ხოლმე… ყველაზე მამაცი და მომხიბვლელი გმირი, ჯონ პროქტორიც კი შეყოყმანდება ერთხანს. და მე და შენ როგორ მოვიქცეოდით? აქვს თუ არა აზრი უსამართლობასთან დაპირისპირებას მაშინ, როცა ბრძოლა იმთავითვე წაგებულია? რა ამართლებს მათ თავგანწირვას, ვინც სახრჩობელა აირჩია?

კითხვას კითხვა მოჰყვება. პასუხების საძებნელად დიდი დრო გვაქვს.

არც ეს დაგვავიწყდეს: ყველაფერი ქალიშვილების ყოვლად უწყინარი ცეკვით დაიწყო.

 

 

თანამედროვე ქართველ საბავშვო ავტორებსა და მოსწავლეებს შორის კონტაქტი მასწავლებლის პრეროგატივაა

0

თამრი ფხაკაძის „გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია, მეფე ბუთხუზ პირველი და სხვები“ 2017 წლის საუკეთესო ზღაპრად დასახელდა და იაკობ გოგებაშვილის პრემია დაიმსახურა.  მსგავსი ზღაპარი ევროპაში რომ შექმნილიყო და ასეთ მნიშვნელოვან კონკურსში გაემარჯვა, მის მიხედვით უკვე ანიმაციური ფილმი იქნებოდა გადაღებული, საბავშვო თეატრების სცენებზე, სკოლებსა თუ ბაღებში კი სპექტაკლებსა და მიუზიკლებს დადგამდნენ, დიზაინერები საკარნავალო კოსტიუმებს შექმნიდნენ… ჰელოუინსა თუ საახალწლო ზეიმებზე ყველაზე მოდურად ის მოსწავლეები ჩაითვლებოდნენ, ვინც ალქაჯ კეკასავით ცეცხლივით წითელ, გაჩეჩილ თმაში ბაყაყჩაბნეული, მუხლებამდე დაკიდებული ასკილისა და კუნელის მძივით გამოცხადდებოდა, ან მარსიასავით გრძელი ცხცვირითა და შაქარყინულებით გამოტენილი ჯიბეებიანი ჯადოქრის კაბით მოიწონებდა თავს, აღარაფერს ვამბობ დედოფალ ალუბლისას გარდერობსა და პარფიუმერიულ სისუსტეებზე. მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ კარგ მკითხველს (დიდსა თუ პატარას) შეუმჩნეველი არ დარჩება კოლორიტული პერსონაჟების მრავალფეროვნება ამ ორიგინალურ წიგნში, იქნება ეს დაბნეული მეეტლე, ვირების მწყემსი, მზარეულები ბუნჩი და ნეკერა,  საიდუმლოთუხუცესი, ნიახურა ბიჭი,  უფლისწული დემე თუ მეფის ასული ტიტა თავის მამიკო ბუთხუზიკოთი (თვით მთავარი გმირი, მეფე ბუთხუზ პირველი მყავს მხედველობაში).

არ იფიქროთ, ჩემი ფანტაზია პირველ აბზაცში ამოვწურე – ოცნებას ვაგრძელებ და წარმოვიდგენ, თამრის ზღაპრის მიხედვით დადგმულ სპექტაკლსა თუ ზეიმს როგორ მოუხდებოდა ჯადოქრობის წიგნიდან ამოწერილი წესებით აჭრელებული კედლები. ხალისიანი შელოცვები ავტორმა სპეციალურად ამ ზღაპრისთვის გამოიგონა და ამბავს განსაკუთრებული ხიბლიც შესძინა. „მკითხველთა კლუბში“ მოსწავლეებს რომ წავუკითხე, ყველამ სათითაოდ გამოთქვა მათი ხმამაღლა წაკითხვის სურვილი, წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა, ზოგიერთი ბავშვი მსახიობობის ხასიათზეც დადგა და ჯადოქარივით გრძნეული სახით, ცვალებადი ინტონაციებით წარმოსთქვამდნენ:

ჩალა- ბულააა, ჩალა, ბულააა, დიიიდი მეფეეე გა-ლუმ-პუ-ლა!.. წუმპე, წუმპე, ლუმპე, ლუმპეეე, ოქრო, ვერცხლიიი, ჩალას ცეეეცხლი, აკრა, ბაკრა, წვეთი გაქრააა… შრა, შრა, შრააა…  გა-ვირ-დააა!

შელოცვას, როგორც წესი გულიანი ხარხარი მოსდევდა, სიცილის მიზეზი კი მარსიას საბედისწერო შეცდომა გახლდათ. ზარმაცმა მარსიამ ჯადოქრობის 500 წესიდან (რომელიც ყველა ჯადოქრმა ზეპირად უნდა იცოდეს) მხოლოდ 5 იცოდა და ისიც ეშლებოდა. სწორედ მისმა დაუდევრობამ მისცა ბიძგი ზღაპრის სიუჟეტს – „გაშრას“ ნაცვლად ნათქვამმა „გავირდამ“ გალუმპული მეფე ბუთხუზ პირველი ვირად აქცია და აურზაურიც დაიწყო.

მეფე ბუთხუზ პირველის ვირად გადაქცევიდან, სილამაზის სალონ „კეკას,“ ტყის სასადილო „ბუნჩი და ნეკერას,“ მეფის სასახლისა თუ ვირების ჯოგის გავლით პატარა მკითხველები საოცარ თავგადასავლებში ებმებიან. ართობთ შერცხვენილ-დაბნეული მარსიას მიმართვები: „თქვენო უდიდყურეს… უდიდკუდეს… უდიდებულ-ბულ-ესობავ!“ და გამონათქვამები: „თვალის უსწრაფესოსობაში გადამეფება,“ „უსველესობიდან უმშრალესობად გადაქცევა“ და სხვა. ეკზოტიკური გარემო ხვდებათ ალქაჯის სალონში, სადაც ვარცხნილობა „საფრთხობელა,“ თმის გაჩეჩვა, „ძალიან გაწეწვა“ და მელნის გადასხმა 3 ოქრო ღირს, ტილების შესევა – 5 ოქრო, ტანსაცმლის დაჭმუჭვნა და მტვერში ამოგვანგლა კი 2 ოქრო ჯდება.

თანდათან მოსწავლეებს მხოლოდ ერთი სურვილი იპყრობს – არასოდეს დასრულდეს ორი მხიარული დობილის, მარსიას და კეკას ოინბაზობები, რაც შეიძლება მეტი შელოცვა ამოიკითხონ ჯადოქრობის წიგნიდან.

„გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია, მეფე ბუთხუზ პირველი და სხვები“ იმ თავგადასავლების ნაკრებია, რომელიც არა მარტო კითხვის, ხატვის ხასიათზეც აყენებს პატარებს. ნუთუ შეიძლება გულგრილი დარჩე მწვანე ჭაობის პირას მდგარი, მიბრეცილ-მობრეცილი, ხავსმოდებული ქოხის, ხის უზარმაზარ ფუღუროში გაწყობილი სალონის, ცაში აფრნილი მეფე-ვირის, ალუბლისას ოთახის, რაშზე შემომსხდარი ტიტასა და დემეს მიმართ?! თამრისეული სიუჟეტები კითხვაზე არანაკლებ ილუსტრატორობასაც გვანდომებს.

თუმცა… მწერლის ჯადოქრობანი ამით როდი ამოიწურება. ყველაფერთან ერთად თამრი ფხაკაძე არაჩვეულებრივი წამკითხველიცაა. შარშან, ერთერთი ლიტერატურული პროექტის ფარგლებში მასთან ერთად ახალციხელ მოსწავლეებს შევხვდი. სწორედ იმ შეხვედრაზე მოვისმინე პირველად „გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია, მეფე ბუთხუზ პირველი და სხვები.“ ვისაც ამ ავტორის მოსმენის სიამოვნება ჰქონია, ალბათ დამეთანხმება, რომ თამრი ფხაკაძე თავის ნაწარმოებების კითხვის პროცესში მონო-სპექტაკლებს დგამს. ზღაპრის მოსმენისას მიღებულმა სიამოვნებამ კი ყველა მოლოდინს გადააჭრაბა. თბილისში დაბრუნებულმა სასწრაფოდ შევიძინე წიგნი, დავიწყე და მივხვდი, როგორ გამიმართლა სწორედ თამრის ხმითა და ინტონაციებით რომ ჩამესმოდა ზღაპარი. იმასაც გაგიმხელთ, რომ მარსიას შაქარყინულივით და კეკას ღვეზელებივით გემრიელი წიგნი ერთ ღამეში გადავსანსლე – თვალი ვერ მოვხუჭე, სანამ მეფის ვირად გადაქცევიდან ბოლო თავამდე არ ჩავედი. შაქარყინულის გაჩენი წესი კი იმდენჯერ გადავიკითხე, სანამ  ზეპირად არ ვისწავლე და მას მერე სამზარეულოში რომ ვტრიალებ, ხან გულში, ხან კი ხმამაღლა, თამრისეულჯადოქრისეული ხმით გავიძახი ხოლმე:

მამლის ბოლო, თაგვის კბილი, ეზო ცივიიი, სორო თბილიიი, აცა ტკბილი, ბაცა ტკბილი, სეტყვა მსხვილიიი, ლოლო წვრილიიი, აქეთ ყინული, იქით ყინულიიი… დაცვივდა შაქარყინულიიიი!

ამრიგად (ლოგიკურად თუ ზღაპრულად), დასაწყისს ანუ ამ წერილის სათაურს დავუბრუნდი: „თამნამედროვე ქართველ საბავშვო ავტორებსა და მოსწავლეებს შორის კონტაქტი მსწავლებლის პრეროგატივაა.“ ვფიქრობ, დღესდღეისობით მასწავლებლებს მართლაც საუკეთესო შანსი აქვთ თავად გაიცნონ და მოსწავლეებსაც გააცნონ თამრი ფხაკაძე, მიიწვიონ სკოლაში და თავადაც მოისმინონ, როგორ იკითხება გრძელცხვირა ჯადოქარ მარსიას, მეფე ბუთხუზ პირველისა და სხვათა თავგადასავლები. და არა მხოლოდ ამ კონკრეტული ზღაპრის გამო ღირს თამრი ფხააძის გაცნობა.  ის არაერთი წიგნის ავტორია,  წიგნებისა, რომლებიც სრულიად სხვადასხვა გემოვნების მკითხველს, დიდსა თუ პატარას აუცილებლად დააინტერესებს.

 

მედიაწიგნიერების უნარების განვითარება მათემატიკის სწავლებისას (მეორე ნაწილი)

0

უმრავლესობის მეთოდი და ხმის მიცემის სხვა სისტემები

პირველი ნაწილი – ამოცანის განხილვა

 

დავუშვათ, რომ ტურისტულ კომპანიას (ან თავგადასავლების მოყვარულთა კლუბს) სურს, შეისწავლოს – მოცემული 3 სახის აქტივობიდან (თხილამურებით სრიალი, რაფტინგი, მოგზაურობა მღვიმეებში) რომელს ანიჭებენ უპირატესობას ახალგაზრდები. ამისათვის მათ გამოკითხეს 40 რესპონდენტი. ცხრილში ნაჩვენებია გამოკითხვის შედეგები.

 

  ამომრჩეველთა რაოდენობა
  10 7 1 10 4 8
პირველი არჩევანი თხილამურებით სრიალი თხილამურებით სრიალი რაფტინგი რაფტინგი მოგზაურობა მღვიმეებში მოგზაურობა მღვიმეებში
მეორე არჩევანი რაფტინგი მოგზაურობა მღვიმეებში თხილამურებით სრიალი მოგზაურობა მღვიმეებში თხილამურებით სრიალი რაფტინგი
მესამე არჩევანი მოგზაურობა მღვიმეებში რაფტინგი მოგზაურობა მღვიმეებში თხილამურებით სრიალი რაფტინგი თხილამურებით სრიალი

 

ამოცანის განხილვა გულისხმობს პასუხების მოძებნას შემდეგ კითხვებზე:

 

  1. ამ ცხრილის საფუძველზე, რომელი ღონისძიებაა გამარჯვებული უმრავლესობის სისტემის მიხედვით? რატომ?

 

 

  1. რომელი ღონისძიება მოსწონთ ყველაზე ნაკლებად? ანუ, რომელ ღონისძიებას უკავია მესამე ადგილი ამომრჩეველთა უმრავლესობით?

 

 

  1. რატომ შეიძლება არ მივიღოთ უმრავლესობის მეთოდით ყველა ამომრჩევლისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი?

 

 

  1. როგორ ფიქრობთ, რატომ გამოიყენება უმრავლესობის მეთოდი უფრო ხშირად?

 

 

 

  1. მოიფიქრეთ ხმის მიცემის უმრავლესობის მეთოდის რაიმე სახის ვარიაცია, რომელიც შეიძლება იყოს უფრო დამაკმაყოფილებელი ამომრჩეველთათვის.

 

მეორე ნაწილი – ხმის მიცემის ალტერნატიული სისტემები:

 

ჰეირის ხმის მიცემის სისტემა გულისხმობს ნაკლებად პოპულარული ვარიანტის მუდმივ გამორიცხვას მანამ, სანამ არ გამოვლინდება ერთადერთი გამარჯვებული (ანუ პირველ ეტაპზე გამოვლინდება ის არჩევანი, რომელმაც მიიღო ყველაზე ნაკლები ხმა და ხდება მისი უგულვებელყოფა. შემდეგ ტარდება მეორე გამოკითხვა და ისინი, ვინც პირველად მისცეს ხმა უკვე გამორიცხულ ვარიანტს – ირჩევენ სხვას. კიდევ გამოვლინდება ყველაზე ნაკლებპოპულარული ვარიანტი და ხდება მისი უგულვებელყოფა და ა.შ.).

 

  1. ზემოთ წარმოდგენილი ცხრილის საფუძველზე, თქვენი აზრით, რომელ ღონისძიებას აირჩევენ რესპოდენტები? აღწერეთ პროცესი, თუ როგორ გამოირიცხება ვარიანტები.

 

ბორდას გათვლის მეთოდი არის ხმის მიცემის მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს თითოეული ამომრჩევლის პირველ, მეორე და მესამე არჩევანს. ყველა პირველი არჩევნის ხმას ენიჭება ორი ქულა, ყველა მეორე არჩევნის ხმას ენიჭება ერთი ქულა, ხოლო მესამე არჩევანს ქულა არ ენიჭება. ამგვარად, თითოეულ არჩევანს ენიჭება ქულა-შეფასება.

 

(მაგალითად:  ღონისძიების კლუბისთვის თხილამურებით სრიალს აქვს ჩვიდმეტი პირველი ადგილის ხმა და ხუთი მეორე ადგილის ხმა, ჯამში ).

 

  1. განსაზღვრეთ სხვა ორი ღონისძიების ქულების საერთო რაოდენობა და აჩვენეთ თქვენი გამოთვლები. რომელ ღონისძიებას აქვს ყველაზე მეტი ქულა ამ მეთოდის გამოყენებით?

 

თანმიმდევრული დაწყვილების ხმის მიცემის სისტემა მოიცავს თანმიმდევრობას თანაბარ კონკურსში. პირველ რიგში, ჯგუფი აძლევს ხმას ნებისმიერს ორი ვარიანტისგან, ხოლო შემდეგ უპირატეს ვარიანტს ატოლებენ შემდეგ ვარიანტთან მანამ, სანამ არ გამოირიცხება „დამარცხებული“. წყვილების ნაკლებად პოპულარული ვარიანტის მუდმივი გამორიცხვა ხდება მანამ, სანამ არ დარჩება ერთი.

 

  1. დავუშვათ, კლუბის წევრმა შემოგთავაზათ, რომ პირველ რიგში ხმა უნდა მისცენ თხილამურებით სრიალსა და გამოქვაბულებში მოგზაურობას, ხოლო შემდეგ ამ ხმის მიცემის გამარჯვებული დაუპირისპირდება რაფტინგს, რომელიც არის დარჩენილი ვარიანტი. რომელი ღონისძიება აირჩევა ამ მეთოდით?

 

  1. ამ მეთოდებიდან – უმრავლესობის, ჰეირის, ბორდას გამოთვლის ან თანმიმდევრული დაწყვილების ხმის მიცემის – რომელი უფრო სამართლიანია ამ სიტუაციაში? რატომ? რომელი უფრო ნაკლებად სამართლიანია? რატომ?

 

  1. დავუშვათ, რომ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ რაფტინგს. შეიმუშავეთ ხმის მიცემის სისტემა, რომლითაც შესაძლებელი გახდება რაფტინგის არჩევა და რომელიც სამართლიანი იქნება კლუბის სხვა წევრებისთვის.

 

 

პასუხები:

  1. ხმის მიცემის პირველ ტურში თხილამურებზე სრიალმა მიიღო ჩვიდმეტი ხმა, რაფტინგმა – თერთმეტი, ხოლო მოგზაურობამ მღვიმეებში – თორმეტი. ამგვარად რაფტინგი გამოირიცხა. შემდგომ არჩევნებში თხილამურებზე სრიალმა მიიღო რაფტინგის ერთი ხმა, ჯამში თვრამეტი, ხოლო მღვიმეებში მოგზაურობას თავის თავდაპირველ თორმეტ ხმას დაემატა რაფტინგის ათი ხმა, ჯამში ოცდაორი. ახლა გამოირიცხება თხილამურებზე სრიალი და გამარჯვებულად რჩება მოგზაურობა მღვიმეებში.

 

  1. მღვიმეებში მოგზაურობამ მიიღო ქულა. რაფტინგმა მიიღო  ქულა. თხილამურებზე სრიალმა მიიღო  ქულა. მღვიმეებში  მოგზაურობამ მოიგო ბორდას გამოთვლის მეთოდის გამოყენებით.

 

  1. პირველ ხმად თხილამურებზე სრიალმა მიიღო თვრამეტი ხმა, ხოლო მღვიმეებში მოგზაურობამ – ოცდაორი. თხილამურებზე სრიალი გამოირიცხება და მღვიმეებში მოგზაურობა იბრძვის რაფტინგთან ერთად თანაბარ კონკურსში. ამჯერად მღვიმეებში მოგზაურობამ მიიღო ცხრამეტი ხმა, ხოლო რაფტინგმა – ოცდაერთი. იგებს რაფტინგი.

 

  1. პასუხები შეიძლება იყოს სხვადასხვა; თუმცა შეიძლება ბევრი მოსწავლე ამტკიცებდეს, რომ რაფტინგმა მე-3 საკითხში უსამართლოდ მიიღო უპირატესობა.

 

  1. აქ შეიძლება დაგვჭირდეს მინიშნება. ერთი სავარაუდო პასუხი არის თხილამურებზე სრიალის, ანუ იმ ღონისძიების გამორიცხვა, რომელიც ამომრჩეველთა უმეტეს ნაწილმა დააყენა ბოლო ადგილზე. შემდეგ არჩევნების მეორე ტურის ჩატარდება დარჩენილ ორ ვარიანტს შორის.

 

მესამე დღე – შეჯამება

დამატებითი სავარჯიშოები

 

დავუშვათ, თქვენ ხართ ერთ-ერთი ათი სპორტული კომენტატორიდან, რომლებმაც უნდა განსაზღვრონ ფეხბურთელების რეიტინგი. გეძლევათ 10 ფეხბურთელის სია. თქვენ უნდა მიანიჭოთ თითოეულს ადგილი ჩამონათვალში თქვენი შეხედულების შესაბამისად (ანუ, შეადგინოთ რანჟირებული სია). მას შემდეგ, რაც რანჟირებულ სიას შეადგენს ყველა სპორტული კომენტატორი, ხდება ქულების დარიცხვა შემდეგი პრინციპით:

 

10 ქულა თითოეული პირველი ადგილის ხმისთვის;

9 ქულა თითოეული მეორე ადგილის ხმისთვის და ა.შ.;

და 1 ქულა თითოეული მეათე ადგილის ხმისთვის.

 

  1. გამოთქვით მოსაზრებები – რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ რანჟირების ეს სისტემა. რანჟირების ამგვარი მეთოდის პირობებში შესაძლებელია თუ არა, პირველ ადგილზე ვერ გავიდეს ფეხბურთელი, რომელსაც 8 სპორტული კომენტატორი ანიჭებს პირველ ადგილს?

 

 

  1. დავუშვათ, რომ კანდიდატები , და იყრიან კენჭს რაღაც პოზიციაზე (ან, უნდა შედგეს მათი პოპულარობის რეიტინგი). საზოგადოების უპირატესობები, გამოხატული ხმის მიცემის შედეგებში, წარმოდგენილია შემდეგ ცხრილში:

 

რეიტინგი პროცენტული განაწილება
38% 28% 24% 10%
პირველი არჩევანი A B C A
მეორე არჩევანი B A B C
მესამე არჩევანი C C A B

 

ა.  ვინ მოიგებს არჩევნებში, თუ გამოყენებული იქნება უმრავლესობის მეთოდი?

 

ბ.  ისევ უმრავლესობის მეთოდის გამოყენებით, არსებობს თუ არა სტრატეგია, რომლის გამოყენების პირობებშიც შესაძლებელია 24 პროცენტის სვეტში აღნიშნული ამომრჩევლებისთვის უფრო სასურველი შედეგის დადგომა? აღწერეთ ეს სტრატეგია.

 

გ.  ვინ მოიგებს არჩევნებს, თუ იქნება გამოყენებული  ჰეირის სისტემა?

ამომრჩეველთა რომელი სვეტები იქნება ყველაზე მეტად იმედგაცრუებული შედეგებით?

შეიმუშავეთ ალტერნატიული რანჟირება, რომლის წარდგენა მათ შეეძლებათ მეტი მოწონების შედეგების მიღებისთვის, როდესაც გამოიყენება ჰეირის სისტემა.

 

 

პასუხები:

 

  1. ასეთი რამ შესაძლებელია, თუ რვავე ექსპერტი მეორე ადგილს ანიჭებს ერთსა და იმავე ფეხბურთელს, რომელსაც დანარჩენი ორი ექსპერტი ანიჭებს პირველ ადგილს.

 

2.. თუ გამოიყენება უმრავლესობის მეთოდი, იგებს A ხმათა 48 პროცენტით, ხოლო B-ს აქვს 28 პროცენტი და C-ს 24 პროცენტი.

 

2.. თუ ამომრჩევლები ამ ჯგუფში B-ს დააყენებენ C-ს წინ, მაშინ იგებს B A-ს ნაცვლად.

 

2.. თუ იქნება გამოყენებული ჰეირის ხმის მიცემის სისტემა, მაშინ პირველ ტურში გამოირიცხება C. შემდეგ ტურში იგებს B ხმათა 52 პროცენტით. ამომრჩეველთა ბოლო 10 პროცენტი იქნება ძალიან იმედგაცრუებული ამ შედეგით. თუ წარადგენენ ბიულეტენს ადგილების მიხედვით C, A, B, მაშინ პირველ ტურში გამოირიცხება B, ხოლო A ამარცხებს C-ს.

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...