კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

ფანტაზია ჯულიეტასთვის (I ნაწილი)

0

 მუსიკა უფრო მაღლა დგას, ვიდრე სიბრძნისა და ფილოსოფიის ყველა აღმოჩენა                     

ლ. ვ. ბეთჰოვენი

 

ეს მოხდა 1801 წელს. ბეთჰოვენი შეყვარებულია. ვინ იყო ის, ვინც გენიალური კომპოზიტორის გული დაიპყრო და უკვდავი ნაწარმოების „მთვარის სონატის“ შთაგონების წყაროდ იქცა?

ვიდრე შედევრის შექმნის ისტორიას მოგიყვებოდეთ, კომპოზიტორის ცხოვრების ადრეული წლები გავიხსენოთ. გატანჯული სული, რომელიც იმედისა და სიყვარულის უდიდესი რწმენით კვლავ იბრუნებს სიცოცხლეს და ქმნის, ქმნის, ქმნის.

გერმანიის რეინისპირა ქალაქ ბონში დაბადებული ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827) მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა. ბავშვობის წლები მძიმე იყო. ამაყ და დამოუკიდებელ ბიჭუნას მამის დესპოტური ხასიათის ატანა უწევდა. გამოუცდელი პედაგოგი, უხეში, მკაცრი და ანგარებიანი მამა, შვილის მუსიკალური ნიჭის გამოყენების მიზნით ოთხი წლის ლუდვიგს, დილიდან დაღამებამდე ოთახში გამოკეტილს, კლავესინისა და ვიოლინოს სრულყოფილებამდე დაუფლებას აიძულებდა. მას სრულიად არ აღელვებდა, რომ შვილს ბავშვობას ართმევდა. ამ ჯოჯოხეთური მდგომარეობის გაძლება ლუდვიგს მხოლოდ დიდმა ნიჭმა და მუსიკის უსაზღვრო სიყვარულმა შეაძლებინა.

ასე რომ, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ცხოვრება თავიდანვე მკაცრი და პირქუში ბრძოლით დაიწყო. საკუთარ თავსა და ოჯახზე პასუხისმგებლობით სიყრმის წლებშივე დაითრგუნა, მით უფრო, რომ ის ადამიანიც დაკარგა, რომელსაც აღმერთებდა… „ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როდესაც შემეძლო, უტკბესი სიტყვა – „დედა“ წარმომეთქვა და როდესაც მას ჩემი ესმოდა“, – იხსენებდა ბეთჰოვენი.

8 წლის მუსიკოსმა საჯარო კონცერტი გამართა კიოლნში და პირველი ანაზღაურებაც მიიღო. ამას სხვა ქალაქებში დიდი წარმატებით ჩატარებული კონცერტები მოჰყვა. 11 წლის ლუდვიგი უკვე თეატრალურ ორკესტრში უკრავდა, 13 წლისა კი ორგანისტი გახდა. სამწუხაროდ, წარმატებას მისთვის ბედნიერება არ მოუტანია. ახალგაზრდა მუსიკოსი თანდათან ჩაკეტილ და უკარება ადამიანად იქცა.

12 წლის ლუდვიგის ცხოვრებაში კეთილი და ბრძენი მასწავლებელი კრისტიან გოტლობ ნეფე გამოჩნდა. მან ბიჭს ხელოვნების მშვენიერების შეცნობა-აღქმის უნარი გაუღვიძა. შეასწავლა უძველესი ენები, ფილოსოფია, ლიტერატურა, ისტორია, ეთიკა. მომავალში ფართოდ მოაზროვნე ბეთჰოვენი თავისუფლების, ჰუმანიზმის, ადამიანების თანასწორობის პრინციპების ერთგული მიმდევარი ხდება.

17 წლის კომპოზიტორი ბონს ტოვებს და ვენაში მიემგზავრება. უმშვენიერესი თეატრებითა და ტაძრებით, ქუჩის ორკესტრებითა და ფანჯრების ქვეშ შესრულებული სასიყვარულო სერენადებით სავსე ქალაქმა უმალვე დაიპყრო ახალგაზრდა გენიოსის გული. უნდა ითქვას, რომ ფორტეპიანო იმ დროისთვის სრულიად ახალი გამოგონება იყო და ამ ახალ საკრავს სრულყოფილად დაუფლებულმა 22 წლის კომპოზიტორმა თავდაპირველად ბრწყინვალე პიანისტის სახელი მოიხვეჭა. ახალგაზრდა ვირტუოზმა ყველა თანამედროვე პიანისტი უკან ჩამოიტოვა და ვენის საზოგადოების გული დაიპყრო.

1796-1800 ის წლებია, როდესაც ახალგაზრდობის კერპის, წარმოუდგენლად წარმატებული კომპოზიტორის ნაწარმოებები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მას ვენის არისტოკრატულ წრეებში იწვევენ. 30 წლის კომპოზიტორი და ვირტუოზი პიანისტი გარშემო მყოფებზე დამოუკიდებელი, ამაყი, სიცოცხლის მოყვარული და ბედნიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენს.

სერიოზული, ხანდახან მხიარულიც, მაგრამ ყოველთვის ირონიული, ბავშვური და გულისხმიერი, სამართლიანი, თამამი და პირდაპირი ბეთჰოვენი საშუალო სიმაღლისა, თითქმის ათლეტური აღნაგობისა იყო, საოცრად ხშირი და ხვეული შავი თმის პატრონი. მისი გამჭოლად და ძლიერად მომზირალი მონაცრისფრო-მოცისფრო თვალები მუქ კანზე თითქმის შავი გეგონებოდათ. „მას კეთილი ღიმილი ჰქონდა, – იხსენებს მეგობარი, – და როდესაც ვინმეს ესაუბრებოდა, სახეზე უმალ კეთილგანწყობა აღებეჭდებოდა ხოლმე. მაგრამ მისი ღიმილი იმ ადამიანის ღიმილი იყო, რომელსაც იშვიათად უხაროდა. ჩვეულებრივ, მისი გამომეტყველება „უკურნებელ მწუხარებას“ გამოხატავდა“.

ფრანგი მწერალი რომენ როლანი ასე აღწერს კომპოზიტორის პორტრეტს: „შეხედეთ ამ 30 წლის დამპყრობელს, დიდ ვირტუოზს, ბრწყინვალე არტისტს, სალონურ ვეფხვს, რომლის მუსიკამ ახალგაზრდობა აღაფრთოვანა და რის გამოც გარშემო მყოფებს აბოდებთ, ხოლო ბეთჰოვენის დაუხვეწავ მანერებს მოთმინებით შეალამაზებს კეთილი თავადის ქალი ლიხნოვსკაია. ბეთჰოვენი, რომელიც მოდას აბუჩად იგდებს, თეთრი და სამჯერ გადაგრეხილი ყელსაბამის სილამაზით კმაყოფილი, ამაყი და არცთუ მშვიდი, ირიბად აკვირდება როგორ შთაბეჭდილებას ახდენს ირგვლივ მყოფებზე. ამ დროს ის სიცოცხლით სავსეა“.

მეგობრები მას ცოცხალ, მხიარულ, მახვილგონიერ პიროვნებად მოიხსენიებდნენ. საზოგადოებაში ბეთჰოვენი თავაზიანი და მომაბეზრებელ ადამიანებთან მომთმენი იყო. თუმცა მის შესახებ განსხვავებული შეხედულებაც არსებობდა. გულწრფელ ბეთჰოვენს ფარისევლობა და მლიქვნელობა სძულდა, ამიტომ ხშირად ახდენდა უხეშის შთაბეჭდილებას. უხამს გამოთქმებს არ ერიდებოდა, რის გამოც საზოგადოების ნაწილი მას მდაბიოდ, ხეპრედ და თავხედადაც კი მიიჩნევდა, თუმცა სინამდვილეში ის უბრალოდ სიმართლეს ამბობდა.

„მთვარის სონატის“ შექმნის ისტორია ძალზე დრამატულია. ჯერ კიდევ 21 წლის ბეთჰოვენს განსაცდელი კარზე მიუკაკუნებს, სიცოცხლის ბოლომდე მასთან დასახლდება და აღარასოდეს მიატოვებს.

1801-1802 წლები ის ავბედითი პერიოდია, როდესაც კომპოზიტორი სმენის გაუარესებას უჩივის. თანამოსაუბრეთა სიტყვებს ძნელად არჩევს, სიყრუის დამალვას ცდილობს და, დათრგუნული, საზოგადოებას გაურბის.

სწორედ იმ დროს, როდესაც პროგრესირებადი სიყრუე თანდათან ახვევდა თავის ქსელში, კომპოზიტორს სიყვარული ეწვია. ნამდვილი სიყვარული. ბეთჰოვენის ცხოვრებაში გაზაფხულივით მშვენიერი, ანგელოზისსახიანი, ღვთიური ღიმილისა და საოცნებო თვალების პატრონი, „შექსპირის ჯულიეტაზე ოდნავ უფროსი და არცთუ ნაკლებად მომხიბვლელი“, არისტოკრატული წარმოშობის 16 წლის ჯულიეტა გვიჩარდი გამოჩნდა.

მოსწავლეთა შეგრძნებებზე ზემოქმედება ანუ, ცოცხალი რვაფეხა კლასში

0

ეს ჩემი კლასია. ბავშვების წინ ვდგავარ და პიჯაკში A4 ფორმატის ლამინირებულ ნახატს ვმალავ. ბავშვები ინტერესდებიან, თვალები უფართოვდებათ, ერთმანეთს გადახედ-გადმოხედავენ. გაისმის რამდენიმე ცნობისმოყვარე ხმაც: „– მას, რას მალავთ?“; „– გვაჩვენეთ, რა!“; „– ჩვენთვისაა?“ პიჯაკში საგულდაგულოდ შემალულ ფოტოს ნელ-ნელა გარეთ ვაცურებ, შემდეგ ამავე ზომის თავისუფალ ფურცელს ვაფარებ, ჯერ მხოლოდ ერთ კუთხეს ვაჩენ და ბავშვებს ვთხოვ, გამოიცნონ, რა ხატია მასზე. კუთხე ფერადია და ბავშვებს თანდათან ინტერესი იპყრობთ. ზოგი აბსტრაქტულ ტილოს ამოიცნობს, ზოგს შპალერის ნაწილი ჰგონია, ზოგს – ტყის ფოტო, ზოგი ფიქრობს, რომ ნამცხვარია, ზოგიც ასაბუთებს, რომ ხავსია. ერთი სიტყვით, კლასში ხალისიან ცნობისმოყვარეობასთან ერთად ხმაურიც იმატებს და ის დროა, ფურცლის ქვემოდან ფოტოს უფრო მოზრდილი ნაწილი გამოვაცოცო. „– ხომ ვამბობდი, რომ ხავსია!“ – სიხარულით და ამაყად აცხადებს გიგი და მასთან ერთად უკვე სხვებიც ხვდებიან, რომ საქმე ხავსსა და წყალს ეხება. ნახევარი ფოტოს დანახვაზე კი თითქმის უკვე მთელი კლასი ხვდება, რომ დღის „გმირი“ ოკეანის უცნაური ბინდარი – იისფერი ვარსკვლავთევზაა.

კლასი წყნარდება, ჩემი მიზანი ნაწილობრივ მიღწეულია, ამ აქტივობით ბავშვებში ცნობისმოყვარეობის აღძვრას ვახერხებ და შემეცნებით სურვილს – ინტერესს ვიწვევ, ხოლო რაკი ასეა, ვიცი, გაკვეთილზე შემდგომშიც ყველაფერი წყალივით წავა. ფაქტია, ახლა ბავშვები ჩემთან არიან და აინტერესებთ, რატომ შემოვიტანე ვარსკვლავთევზას მშვენიერი სურათი მათთან.

ამ ან სხვა არსების კლასის წინაშე წარდგენას შეიძლება სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს: ქართულისა და უცხო ენის მასწავლებლები მოწაფეებს მათ შესახებ საინფორმაციო ტექსტებს მოვაძიებინებთ, ლექსიკურ მახასიათებლებს დავაჯგუფებინებთ, ცნების რუკას და მხატვრულ ტექსტებს შევადგენინებთ; მათემატიკის მასწავლებლებმა მოსწავლეებს შეიძლება ფოტოზე არსებული საგნების რიცხოვნობის დადგენა-დაანგარიშება, სხვადასხვა მოქმედების გამოყენებით მაგალითების, განტოლებების, ამოცანების შედგენა-ამოხსნა სთხოვონ. ხელოვნების მასწავლებელმა – ფერები, მუსიკისამ კი – მუსიკალური ბგერები შეაწყობინოს და შესაბამისი კომპოზიციებიც შეათხზვევინოს; ისტორიის მასწავლებელმა თითო ქიმზე თითო მნიშვნელოვანი მოვლენა მოაფიქრებინოს და მიაკვრევინოს ბავშვებს, ბიოლოგიის მასწავლებელმა კი შეგრძნებების რუკად გამოიყენოს. თუმცა ვინაიდან დღესდღეობით მეცნიერები არა ხუთ, არამედ რვა შეგრძნებას ასახელებენ, ეს მოდელი მხოლოდ შესადარებლად თუ გამოგვადგება. ამდენად, მხოლოდ ზღვის ვარსკვლავას ფოტოს რვაფეხას ფოტოს ჩვენებასაც ვამჯობინებ და ახლა სწორედ მის მომცრო ნაწილს ვაცურებ ოვალურად ამოჭრილი ფერადი ფურცლის ქვემოდან იმის გასარკვევად, რა ხატია სურათზე. ბავშვები კვლავ ახლოს მოდიან და სურათს კარგად აკვირდებიან.

 

ამჯერად ისინი სწრაფად გამოიცნობენ, რომ სურათზე რვაფეხას ხელებისა და მისაწოვრების ნაწილი ჩანს. ამრიგად, შედარების დროც დგება და ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად წინასწარ მომზადებულ სლაიდს ვთავაზობ. თან ვარსკვლავთევზას თითოეულ ფეხზე მოთავსებული სურათის შესაბამისად სახელდებას ვთხოვ:

ეს სლაიდი მათთვის აღმოჩენაა, რადგან იციან, რომ ადამიანს მხოლოდ 5 შეგრძნების ორგანო აქვს.

მაშასადამე, ერთი მხრივ, გვაქვს ზღვის ვარსკვლავა – ხუთი, მეორე მხრივ კი – „რვაფეხა“ რვა ხელით და რვა შეგრძნებით. ბავშვები, რა თქმა უნდა, უკვე ხვდებიან, რომ რვაფეხა კლასში პირობითად, მხოლოდ თვალსაჩინოებისთვის შემოვიყვანეთ იმის სადემონსტრაციოდ, რომ მას უკლებლივ ყველა გრძნობა აბადია, მათ შორის 400 ჰერცი სიხშირის ბგერების აღქმაც შეუძლია. ზოგი კი ამაოდ მიიჩნევს, რომ ამ გასაოცარ ქმნილებას, სამი გულით და ერთი ადამიანის მეორისაგან გარჩევის უნარით, სმენა არ გააჩნია.

ახლა ჩემი როგორც მასწავლებლის მიზანი შეგრძნებათა რვაფეხას გაცოცხლება და მის მიერ თითოეული მოსწავლის გარემოცვა ან დაპყრობაა, რადგან მშვენივრად მოგვეხსენება, როგორ თანხმდებიან განათლების ფსიქოლოგიის თეორეტიკოსები, რომ საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის სრულფასოვანი ჩართულობის ანუ ინკლუზიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი მხარე სწორედ მის შეგრძნებებზე ზემოქმედება და ემოციური მხარის სტიმულირებაა. შეგრძნებები კი სტატიკურთან ერთად კინესთეტიკურიც არსებობს და სასწავლო შედეგები მხოლოდ მაშინაა მაღალი, როცა მიდგომები მულტისენსორულია. ლორენ ლოვილიოს თანახმად, თუ ბავშვს შეუძლია მოძრაობების კონტროლი, ის მინიმალურ დახარჯავს ენერგიას ფიზიკური მანიპულაციების შესასრულებლად, ხოლო მაქსიმალურ შესაბამისი გონებრივი მანიპულაციისთვის.

მას შემდეგ, რაც რვა შეგრძნების გამოსახატავად რვაფეხას ხატი ამეკვიატა, უფრო ნათლად წარმოვიდგინე სტუდენტობისას ნასწავლი ჟან ჟაკ რუსოს აზრი, რომ ბავშვები ბუნებაში უნდა აღიზარდონ, ბუნების შესაბამისად და ბუნებრივ პირობებში, რადგან ბუნება განაპირობებს ადამიანის ნიჭის განვითარებას გრძნობათა ორგანოების მეშვეობით. აკი იან ამოს კომენსკიც აცხადებს, რომ შემეცნების დასაწყისი ყოველთვის შეგრძნებებიდან გამომდინარეობს. „გონებაში არაფერია ისეთი, რაც პირველად შეგრძნებებში არ ყოფილა; ცოდნის ჭეშმარიტება და სიზუსტე დამოკიდებულია იმაზე, ადასტურებს მას შეგრძნებები თუ არა“. მარია მონტესორიც აქვეა თავისი მოსაზრებით, რომ შეგრძნებათა ერთდროული აქტუალიზაცია წარმოშობს დასწავლის ნაყოფიერ პროცესს.

ამიტომაც არის, რომ დღესდღეობით სწორედ არასაკმარის მოძრაობებს, მოტორულ დაუკმაყოფილებლობას მიიჩნევენ სწავლის დისფუნქციის მიზეზად. მოტორიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებასა თუ ნევროლოგიურ ჩამოყალიბებაში და რადგან „ჩვენი ქუჩები, პატარა ბინები და “ტელევიზორის ყუთი” არ აძლევს ჩვენს პატარებს საშუალებას, შეასრულონ მოძრაობათა მთელი ის გამა, რომელიც სჭირდებათ“, საგაკვეთილო პროცესებიც რვაფეხასავით მაქსიმალურად მოქნილი და აქტიური უნდა იყოს მათთვის, რვავე შეგრძნების მასტიმულირებელი და წამახალისებელი!

ე. ი. კლასში რვაფეხას მოშინაურებაც კი შესაძლებელია,

 

  • თუ მოსწავლეს თვალსაჩინოებით, ვიდეოფილმებით ვასწავლით და მის მხედველობას ვააქტიურებთ.

 

  • თუ მოსწავლეს ხმის ტემბრის მონაცვლეობით სასიამოვნოდ ვესაუბრებით ან ვიდეო- თუ აუდიომასალას ვასმენინებთ და ამით მის სმენას ვააქტიურებთ.

 

  • თუ მოსწავლეს ვთხოვთ, წარმოსახვით სცადოს ნანახის ან მოსმენილის გარკვეულ სუნთან დაკავშირება, ან სურნელებით, არომატებით (ყვავილები, ზღვის ნიჟარები, ხის ქერქი, ფორთოხალი, ვაშლი…) მის ყნოსვას ვააქტიურებთ.

 

 

  • თუ ვთხოვთ, გაიხსენონ და აღწერონ ესა თუ ის (პირობითად, ზღვის წყლის) გემო და აღწერონ და ამით მათ გემოვნებას ვააქტიურებთ.

 

  • თუ მათ საგაკვეთილო აქტივობისას ტაშის შემოკვრას ვთხოვთ, მხარზე ხელს ვადებთ ან ხელჩაკიდებული ერთი ადგილიდან მეორემდე მიგვყავს და ამით მათში შეხების შეგრძნებას ვააქტიურებთ.

 

  • რაც შეეხება ვესტიბულურ, ანუ წონასწორობის შეგრძნებას, ის სივრცეში ჩვენი სხეულის, განსაკუთრებით – თავის, ორიენტაციის, ასევე ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიღების საშუალებას გვაძლევს შიგნითა ყურის სითხით სავსე პარკუჭებსა და არხებში მდებარე უხილავი რეცეპტორების, პატარა ბუსუსების წყალობით, რომლებსაც ვერ ვხედავთ. თუ კლასში გვყავს მოსწავლე, რომელსაც თანდაყოლილი ან შეძენილი ტრავმვის შედეგად არ აქვს წონასწორობის შეგრძნება და დეზოროენტირებულია, კლასში გადაადგილებისთვის ჩვენი ან ოკუპაციური თერაპევტის ფიზიკური დახმარება დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მათ თავბრუ ეხვევათ და ხშირად ეცემიან, უნდა გვახსოვდეს: ასეთი ადამიანების უმრავლესობა დროთა განმავლობაში ვიზუალურ მასალაზე დაყრდნობით მაინც ახერხებს ნაკლის კომპენსირებას. თუ ვიზუალური სისტემიდან მომავალი სიგნალები კონფლიქტში არ შევა ვესტიბულური აპარატიდან წამოსულსიგნალებთან, გულისრევაც აღარ იქნება. ხოლო თუ კლასში ფიზიკური შეზღუდვის მქონე ბავშვები არ გვყავს, ვესტიბულური შეგრძნებები შეიძლება გავააქტიუროთ სხვადასხვა „ენერჯაიზერის“ საშუალებით ან თითო-ორწუთიანი თამაშებით: „წერო“, „ხე“, „პეპელა“, „სალუტი მზეს“…

 

  • მიკუთვნებულობას, კოორდინაციას პროპრიოცეპტულ შეგრძნებებს უწოდებენ და მათი როლი გადამწყვეტია ნებისმიერი მოძრაობისა თუ წონასწორობის შენარჩუნებისას. ამდენად, ეს შეგრძნებები კინესთეტიკურ და სტატიკურ (სხეულის მდგომარეობის) შეგრძნებებად იყოფა და მათი რეცეპტორები კუნთებში, მყესებსა და ყურის ვესტიბულურ აპარატში მდებარეობს. პროპრიოცეპტული შეგრძნებების ინტეგრაცია ანიჭებს ბავშვს თვალის გუგების მოძრაობის კონტროლის, საგანზე მზერის დაფიქსირების, მოძრავი საგანისთვის მზერის გაყოლების უნარს, გავლენას ახდენს კუნთების დაძაბულობის მართებულ განაწილებაზე. სიტყვიერი კომუნიკაციის უნარისთვის საჭიროა სტიმული სამი: სენსორული, ვესტიბულარული და სმენითი, – სისტემიდან.

 

  • კლასში ინტეროცეპტული გრძნობების გააქტიურებაც კია შესაძლებელი, თუ მოსწავლეს, სეზონის შესაბამისად, სითბოს ან სიგრილეს დავახვედრებთ; თუ დავანახებთ, რომ გვიყვარს და მასზე მთელი გულით ვზრუნავთ; თუ მათ წყლის დალევის ან არაალერგიული, სურნელოვანი ნივთების დაყნოსვის საშუალებას ვაძლევთ. ეს, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ADHD სინდრომის შემთხვევას, როდესაც ჰიპერაქტიურობას, ყურადღების დეფიციტს და იმპულსურობას აქვს ადგილი. ამ უკანასკნელის შესამცირებლად ფსიქოლოგები გვირჩევენ, ბავშვისთვის წყლის მიწოდების დროთა შორის მანძილი თანდათან გავზარდოთ, მაგრამ მივცეთ მოძრაობის საშუალება და ჩვენ მიერ მიწოდებული საგაკვეთილო ვიზუალური მასალით მოვახდინოთ მისი ყურადღების კონცენტრირება.

ასეც ვიქცევით.

ამასობაში კი რვაფეხამ, რომელიც უკვე მოვაშინაურეთ, საკლასო ოთახში ერთ-ერთ კედელზე დაიდო ბინა. ამიერიდან ყოველი გაკვეთილის დასასრულს ბავშვების მიერ მის ხელებზე მიკრული ფერადი სახელები მაჩვენებს, ვინ რა შეგრძნების გააქტიურებით შეიძინა დღეს ცოდნა.

მერე ჩვენს სტუმარს პირთან ტეტრაქორდებად დაყოფილი ოქტავაც მივახატეთ და რვიდან თითო ნოტი, თითო ფერით, თითო გრძნობას დავარქვით.

და შეგვიყვარდა ჩვენი მომღერალი ოქტოპუსი, ასეთი საინტერესო, ლაღი და კეთილი!

გამოყენებული რესურსები:

 

  1. Lorraine Loviglio, “Mathematics and The Brain: A Tale of Two Hemespheres,” The Masachusetts Teacher (January –February 1981) pp. 13–14.[1]
  2. https://www.growinghandsonkids.com/what-are-the-8-senses.html
  3. https://www.pinterest.com/pin/233272455678087388/
  4. https://en.wikipedia.org/wiki/Octopus

 

 

[1] Lorraine Loviglio, “Mathematics and The Brain: A Tale of Two Hemespheres,” The Masachusetts Teacher (January –February 1981) pp. 13–14.

 

                  ბიძა მუხტარი- კაცი, რომელმაც ღმერთი ნახა

0

„ღამე ორსულად არის დღეზე,

არავინ იცის როგორი დილა შაიქნების“.

ყველა ნაწილი მთელის სრული სახეა, მის ყველა ნიშანს ატარებს, ამიტომაც ჩვენ, ყველანი,  ჩვენი ქვეყნის ნაწილიც ვართ და მთლიანად ვართ ჩვენი ქვეყანა. მუხტარ დარჩიაშვილი ფერეიდანიცაა და მისი საუკეთესო შვილიც.

მიწას მოწყვეტილი და მაინც მასში ძალიან მყარად ფესვგადგმული, უხუცესი და ბრძენი მუხტარი, ძველ ბერძნულ მითოსში ნახევრაღმერთი ბრძენკაცები რომ არიან, ანდა ქართულ ზღაპრებში – ამვლელმაც რომ უნდა ჰკითხოს აზრი, ჩამვლელმაც, ომში მიმავალმაც და შინ მშვიდობით დაბრუნებულმაც.  მან ყველაფერი იცის, მის სიტყვის სალაროში ბევრი ძვირფასი სიტყვაა, ზოგიერთი – დიდი ხნის, ათასშრიანი და ჩაკირული, ზოგიც ისე მსუბუქი, რომ სულის შებერვითაც აფარფატდება.

ბიძა მუხტარმა ყველაფერი იცის, რაც მომხდარა და რაც მოსახდენია. თუ არსებობს დაბადებიდან მთქმელი, ნიჭითა და მოწოდებით, მთქმელი, რომლის მეტყველების ნაკადი თავისთავად ლაგდება საოცარ ტექსტობრივ კალაპოტში, შინაგანი ლოგიკით, სტრუქტურით, მეტაფორებით, ლექსიკით, ეს მუხტარ დარჩიაშვილია.  ალბათ სწორედ ასე მეტყველებდა ბრმა ჰომეროსი, ასე ქადაგებდა იოანე ოქროპირი, ის ქმნის ფორმებს, რომლებიც არ არსებობს, აყალიბებს გრამატიკულ სისტემებს, თხზავს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სინტაქსურ კონსტრუქციებს.

“უსამშობლო შვილს რათ აჩენს?! ღმერთო, უბედო, ღმერთო, ღმერთო, უბედო ბაûშს რისთვის ჲბადავ?! ღმერთო, ღმერთო, უბედო ბავშს რისთვის ჲბადავ და რომ ჲბადავ, მაგის ბედს როგორ ჲსწერავ? ის, რო ბადავს, მაგის ბედსაც იცის, მაგის ბედი იცის, ის რო ჲბადაûს, მაგის ბედიც იცის და ის რო იმან იცის, არმინ არ იცის. ის, რო იმან იცის, ეს იმანი ნიშნავს ღმერთს. არმინ არ იცის, არვინ არ იცის, ვინც თქოს, რო მე ვიციო! ტყუის!.. ღმერთის გარდა არმინ არ იცის. არმინ არ იცის და მე ღმერთი რო ვნახე, გაიცან და ჶთქი, რო: ღმერთი არი–მეთქი და რო არა ვნახე იქამდი, რო არ მენახა, ვამბობდი ღმერთი არ არი–მეთქი და იმაშინ რო ვნახე ღმერთი, ჶთქი, რო აი, ღმერთი არი–მეთქი მაგის უკან, აი! ჴელები ავწივე და!”

ამბავი 1.   სიტყვების შემგროვებელი

მუხტარმა ყველა ქართული სიტყვის ადგილი იცის. სიტყვის ადგილი რაღააო, მკითხავთ, რა და სოფელია, ქალაქია, მთაა, წყაროა, სადაც სიტყვა ცხოვრობს, სადაც სიტყვას შინაარსი გაუდგამს. მუხტარს ყველაფერი შეუძლია,  ჯერ ქართული ანბანი შემოიტანოს ფერეიდნელთა ყოველდღიურ ყოფაში ისე, რომ თავისთავად ისწავლებოდეს, მეხსიერების კედლებს ჩუქურთმად ექადგებოდეს : „პირველი ანბანი – რო ალეჶბე იყოს, ფიცარით, რო თახტა იყოს, ხელით დავაკეთეთ, მე – მუხტარა, ჰიდარამ და მანსურ ასლანიმ და ჰოსენე ყალანიმ, რო ჰადარანთას არი, და ნაჭერზე ნემსით ამოკემსა სედიყამ, ჩემმა მეუღლემ. იმის უკან ანბანი მეორედ ფიცარზე ამოვჭერით ჩემ ძმა ჰაიდარამ და რეზო დავითაშვილმა და პურის სუფრაზე და მაგიდას სუფრაზე ისპანს დააბეჭდინეს, რო ყმაწილებმა ისწავლონ და ეხლა იმ სუფრებს ნამა სყიდობენ.”

მერე  კლდეს გამოსტაცოს ძვირფასი მადანი, მარმარილოს მისცეს სიტყვის ფორმა, ფერეიდნული ყაყაჩოების მინდორზე აღმოაჩინოს, საკუთარი მეხსიერების წიაღებში, სხვათა მონათხრობში თუ ბავშვობის ზღაპრებში.  ისევე, როგორც თავის დროს, ერთმა ტანძიელმა კაცმა ერთ კონად შეკრა სიტყვების თავთავი, მუხტარსაც შეუძლია სიტყვები ერთ ლექსიკონში დააბინავოს, რომ საქართველოსთან კავშირი არ გაწყდეს, რომ ის ერთიანობის ძაფი, ისედაც ძალიან ფაქიზი და გაცრეცილი, რომელიც ფერეიდნელთა სიზმრებში სამშობლომდე გადებულ ბეწვის ხიდად იქცევა, არ ჩაიშალოს… სიტყვებს კი ისეთი ძალა აქვთ, უფრო დიდი, ვიდრე იმ მითიურ ცისარტყელას, რომლის ქვეშ სამშობლოს კარია:

გუდაფხაკუნა

ნაპირალის წყარო

ფოლთქუა

ჩილბატკანი

ჭიჭაბატკანი

ბიჭბუჭები

დაკოწიწილი

გადაბოტება…

„ეს არი შუბლი, შუბლი და მერე წარბი. წარბი. ესები არი წარბი. ეს არი წამწამი და თოლი და თოლის თოლი და შიგ თოლის ბაია და ცხირი. ცხირი და ცხირის ლულები. ლაში, ლაში, ულვაში და თავის ლაშებით და ლოყა. ლოყა. ჩონ ემასღა თელა თავ-პირს ვეძახით. არა, ეს ხო ჩანგარი. ჩანგა, ჩანგა. ქენ რას ეძახით? ნიკაპნიც არი, რასთი? ნიკაპნი. ნიკაპიო, შენ დედამ, ღმერთმა აცხონოს.– წიიღო შენ ნიკაპნიო, ელ ეს იყვისყე, დედამ თქისყე. [სედიყე ასლანი] – ჩემ დედამ.  ყური. ეს ბალიში, ბალიში, ყური ბალიში, ჴაჴაა და ეს ჴარჴანტო. თელად ჴაჴა არი და ეს ჴარჴანტო.– საკლიტე პირჩი.– საკლიტე პირჩი.– კბილები და ენა და საკლიტე და სასა და. –

ასე თანდათან ეწყობა ადამიანი, ფერეიდნელი, ქართველი…

 

ამბავი 2 .  კაცი, რომელმაც ღმერთი ნახა

 

მუხტარი ბრძენი კაცია და ისიც, როგორც ყველა ბრძენკაცი დედამიწის ზურგზე, ერთ დღეს მთავარმა კითხვამ შეაწუხა – სად არის ღმერთი, რა არის ღმერთი, ღმერთი ვინ არის? ჰოდა, სწორედ ამ კითხვის პასუხად – ერთ დღეს, წისქვილში ღმერთი ნახა. გაგიკვირდათ? როგორ ნახაო? ჰოდა, თავიდან ბოლომდე გიამბობთ, მომყევით!

ფერეიდანში სომხების სოფელია, ხუნგი,  სადაც ერთი წისქვილია, ასიაბე გორჯის ეძახიან – ქართულ წისქვილს.  ხშირად დადიან იქ საფქვავით, რადგან სხვაგან ცოტა წყალია, წისქვილს კი ერთი დიდი რუ ამუშავებს, რომელიც რამდენიმე სოფელს ჩამოუდის და დიდ ველებს რწყავს, ამ რუსაც ქართულ რუს ეძახდნენ ადგილობრივი მცხოვრებნი.

ჰოდა, იმ წისქვილში, სოფლიდან 12 კილომეტრზე წავიდნენ ბიჭები – მუხტარი და მისი ძმაკაცები. ცისკარზე, განთიადისას ფეხით წავიდნენ, ხუნგის წისქვილში მივიდნენ და   საღამომდე თავიანთი ჯერის ცდა დაიწყეს.  იქვე ერთი მოხუცი კაციც იყო, ღარიბი, მრავალშვილიანი, ერთი „გამქრალი“ კაცი, როგორც მუხტარი იხსენიებს.  მოიტანა თავისი მწირი საფქვავი გამქრალმა კაცმა, მეწისქვილემ კარგად გადახვეტა წინა საფქვავიდან დარჩენილი ხორბალი, ემანდ ამ ღარიბ კაცს მეტი ლუკმა არ მოუვიდეს, არაფერი დაემატოსო. მერე კი აბუზღუნდა და მოხუცს ჩხუბი დაუწყო, ეგ შენი საფქვავი ქერია, ხორბალში ვერ ავურევ, ჯერ ხორბალს დავფქვავ, შენი ჯერი კიდევ დიდხანს ვერ მოაწევსო და წისქვილის მეპატრონის საფქვავის ჩამოყრა დაიწყო.

დაღონდა მოხუცი კაცი, აბა, ჯერი როდის მომიწევს, უკვე ლოცვის დრო მოვა, ლოცვა როგორ გავაცდინო ფქვილის გამოო, ცაში აიხედა და შესძახა – სადა ხარ ღმერთო, შენ რომ აქ იყო, ასე მომექცეოდნენო?

და უცებ, საოცრება მოხდა, საფქვავის დაყრაც არ აცალა, წისქვილის ქვა ხმაურით გასკდა, ერთ ნაწილი მეწისქვილეს მოხვდა, მეორემ  გორგალი გახვრიტა და წყალმა იწყო დენა,  წისქვილი მოიშალა, ხორბლის მარცვლებმა ტყვიის ჯერივით დაცხრილეს წისქვილში მყოფები, რომლებმაც ამ ზეციურ განსაცდელს თავი ძლივს დააღწიეს.

„ეს წისქილი დაჲწვა, დაჲწვა და აღარ გაისხნა და ეხლაც ილ იგრე წევს და გდია და გდია და იქ მე გაიცან ღმერთი და ვთქი, რო ღმერთი არი და ვერვინ ვერ იტყის, რო ღმერთი არ არი-მეთქი. იმის უკანაც ხელები ავწივე და: ღმერთო, გილოცავ შენა-მეთქი და დიდი მადლობა შენ, რო ეგრე გამააჩინე შენ თავი და მე დაგინახე, თოლით დაგინახე-მეთქი და გულით.“ – იხსენებს მუხტარ დარჩიაშვილი, რომელმაც ორი წლის წინ კიდევ ერთხელ იხილა ღმერთი, ამჯერად უკვე საბოლოოდ, ამჯერად უკვე ზეციურ სასუფეველში.

 

 

 

 

 

 

 

სოფლად სწავლების უპირატესობა

0

ბავშვმა ხარისხიანი განათლება რომ მიიღოს, მშობლები მზად არიან დატოვონ სოფელი და ასაცხოვრებლადქალაქშიგადავიდნენ. მათ სურთ შვილიქალაქელ თანატოლებსარჩამორჩეს, „ნორმალურ“ სკოლაში დასხვადასხვაწრეებზეიაროს. რამდენად მართებულია ასეთი მიდგომა? აქვს თუ არა სოფლის სკოლას დადებითი მხარე? ვიდრე მშობლები ქალაქში გადაცხოვრდებიან, მათ ყველა ნიუანსი ადექვატურად უნდა შეაფასონ.

სოფლის სკოლაში სწავლების ყველაზე დიდი უპირატესობა პატარა კლასია, სადაც სულ რამდენიმე მოსწავლე სწავლობს. თუკი ქალაქის მასწავლებელს საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ერთდროულად ორმოცამდე ბავშვთან უწევს, სოფლის მასწავლებლისთვის ეს ამოცანა საგრძნობლად გამარტივებულია. ამის შედეგად კი, თითოეული მოსწავლე მასწავლებლის ლუპის ქვეშაა მოქცეული, მაშასადამე, მეტი შანსი აქვს კარგად ისწავლოს და ხარისხიანი განათლება მიიღოს.

ის არგუმენტი, რომ პროვინციაში მასწავლებლები შედარებით სუსტად ერკვევიან თანამედროვე ტექნოლოგიებში ან უბრალოდ არ აქვთ მათზე ხელმისაწვდომობა, არცთუ დამაჯერებელია. პროფესიაზე შეყვარებული, დისტიპლინირებული, კრეატიული მასწავლებელი ნებისმიერ პირობებშია კარგი მასწავლებელი, მნიშვნელობა არ აქვს მეგაპოლისში ცხოვრებს ის თუპატარა სოფელში.

ბევრი კვლევა იმასაც ადასტურებს, რომ სოფლის მასწავლებელი ქალაქელ პედაგოგთან შედარებით აქტიურია, სურს ყველა სიახლის საქმის კურსში ყოფნა, ხარბად ეტანება დამატებით ლიტერატურას და ნებისმიერი სახის ინფორმაციას, რომელიც მის საგანს ან მისი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას უკავშირდება. სოფლის მასწავლებლისთვის სკოლა იშვიათად არის რუტინული სამსახური, უფრო პირიქით – მასწავლებელი ამაყობს თავისი პროფესიით, სოფელშიც მას ავტორიტეტად მოიაზრებენ.

სოფლის სკოლის და მასწავლებლის კიდევ ერთი ნათელი მხარე ის არის, რომ მასწავლებელს გაკვეთილზე ექსპერიმენტირებისთვის და იმპროვიზაციისთვის გაცილებით დიდი შესაძლებლობა და არეალი აქვს (მაგალითად, ბიოლოგიის და ქიმიის გაკვეთილის ჩატარება ბუნებაში).

ბნელ მხარედ შეიძლებასახლიდან სოფლის სკოლამდე მისასვლელი დიდი მანძილი დასახელდეს, თუმცა ეს პრობლემაც ნელ-ნელა კარგავს თავის სიმძაფრეს, რადგან ბევრ რეგიონში მოსწავლეებს სკოლის ტრანსპორტი ემსახურება.

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ სოფლის მოსწავლეები ქალაქელებთან შედარებით ნაკლებად ხვდებიან ავტოავარიებში. სოფლად მცხოვრები ბავშვები იძულებულები არიან სკოლაში ჯგუფურად იარონ, რაც კარგია მათი უსაფრთხოებისთვის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული sosსიტუაციებისთვის თავის ასარიდებლად.

ხშირად ქალაქის პრესტიჟული სკოლა ოჯახის საცხოვრისიდან საკმაოდ შორს მდებარეობს და მშობლები ჩივიან, რომ დიდ დროს კარგავენ შვილების სკოლაში წაყვანა-მოყვანაში.

პროვინციაში მასწავლებელი მეტ ინფორმაციას ფლობს თავისი მოსწავლეებისა და მათი მშობლების შესახებ. მოსწავლე ვერ მოატყუებს მასწავლებელს, რომ „ბებია გარდაეცვალა“.თუ მოსწავლის რომელიმე ოჯახის წევრი ავადობს,  მასკი საოჯახო საქმეების კეთებაც უწევს სწავლის პარალელურად, არც ეს გამოეპარება მასწავლებელს. სოფლის მასწავლებელმა კარგად იცის რომელი მოსწავლის მშობლები არიან ან არ არიან დასაქმებულები, რით არიან მთელი დღე დაკავებულები.  სოფლის მასწავლებელმა  ზუსტად იცის არის თუ არა ბავშვი ოჯახში ძალადობის ან შრომითი ექსპლოატაციის მსხვერპლი. სოფლის გარემოში, სადაც ყველა ერთმანეთის ნათესავი და მეზობელია ასეთი შემთხვევების გაკონტროლება მარტივია. დიდ ქალაქებში და სკოლებში, სადაც ასობით ბავშვი სწავლობს, ხშირად ოჯახური ძალადობით დასტრესილი მოსწავლე მასაშია „ჩაკარგული“ და მისი აღმოჩენა საკმაოდ გვიან ხდება. ასეთ დროს უფროსების დროულ ჩარევას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

მცირე სკოლაში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, ბულინგის პრობლემა მინიმუმამდე დადის. ესეც სოფლის სკოლის უპირატესობაა. ერთ კლასში ხშირად ხვდებიან ერთმანეთის ბავშვობის მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, მათი მშობლებიც ერთმანეთთან მეგობრობენ. უფროსი თაობის მოსწავლეები კარგად იცნობენ უმცროსი თაობის მოსწავლეებს. ამიტომ უსიამოვნო გარჩევები ბავშვებს შორის იშვიათია.

თუკი ქალაქში მომუშავე მასწავლებელმა შეიძლება წლების განმავლობაში არაფერი იცოდეს კლასში მოსწავლეებს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ (ასეთი გარჩევები ხომ სკოლის კედლებს გარეთ ხდება), სოფლის მასწავლებლის ყურამდე ეს ამბები მალევე აღწევს. მოჩხუბარ ბავშვებს მასწავლებელი თუ არა, მეზობელი მაინც ნახავს და მასწავლებელს შეატყობინებს.

მეგაპოლისში გადასვლა თავდაპირველად არცთუ კარგად აისახება მოსწავლის ცხოვრების პირობებზე (არ იგულისხმება მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ოჯახები). სოფლად მცხოვრები ბავშვები სახლში თუ არა, ეზოში მაინც პოულობენ საკუთარ, გაკვეთილების მოსამზადებელ ადგილს, მაგრამ როდესაც ოჯახი საცხოვრებლად გადადის მეგაპოლისში, როგორც წესი, მშობლები ხშირად ჯერ პატარა ბინას ქირაობენ, სადაც ბავშვს საკუთარი კუთხე არ გააჩნია და მეცადინეობა თავის კი არა, სამზარეულოს მაგიდასთან უწევს. ვიდრე მშობლები ქალაქში მომაგრდებიან, ბავშვი განიცდის, რომ მოწყდა მშობლიურ გარემოს და ახლა სულ სხვა რეალობასთან უწევს შეგუება.

პროვინციებში მშობლები მეტ დროს უთმობენ ბავშვებს – ეს არის ყველაზე მყარი არგუმენტი საიმისოდ, რომ სოფლად მცხოვრები ზრდასრულები ქალაქში არ გადაცხოვრდნენ. ასე თუ ისე, ოჯახის წევრები მეტ დროს ატარებენ სახლში, საკუთარ მეურნეობაში, ნათესავების გარემოცვაში. სოფლად მცხოვრები დედ-მამას თუ სამსახური აქვს, უფრო სახლის სიახლოვეს. მთავარია ოჯახს უნდოდეს, რომ ბავშვს კარგი განათლება მიიღოს. ეს სოფლის პირობებშიც შესაძლებელია.

ქალაქში საცხოვრებლად გადასულ ზრდასრულ ადამიანთა უმრავლესობა იძულებულია ბევრი იმუშაოს, ზოგჯერ დილიდან გვიან ღამემდე, რასაც ბავშვთან ურთიერთობა და კომუნიკაცია მინიმუმდე დაჰყავს. ბავშვი ნაკლებად კონტროლდება მშობლების მიერ. ყველა ბავშვსაც არ აქვს იმის უნარი, რომ დამოუკიდებლად და სწორად დაგეგმოს თავის დრო.

იშვიათია, როდესაც ქალაქელი ოჯახი ტოვებს ქალაქს და საცხოვრებლად სოფელში გადადის. და თუ ასე მოხდა, სოფლის სკოლა საშიში სულაც არ არის. საბედნიეროდ, ინტერნეტზე წვდომა პრაქტიკულად ყველგან ერთნაირია. ბევრ სკოლაში საუკეთესო ბიბლიოთეკებია გახსნილი. მასწავლებლებიც გაცილებით მოტივირებულები არიან პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით.

ქალაქური სკოლა ყოველთვის როდია ხარისხიანი სწავლების გარანტი. ქალაქურ სკოლებში ზოგჯერ ზედმეტად ბევრი ბავშვი სწავლობს. ქალაქელი მოსწავლეები მუდმივად განიცდიან ძილის უკმარისობას, აქვთ ბულინგის პრობლემადა სხვადასხვა უსიამოვნო ინციდენტში მოხვედრის მეტი შანსი. ქალაქელ მშობლებსა და შვილებს შორის დარღვეულია კომუნიკაცია, არის უფრო დეპრესიული და ურბანულად ერთფეროვანი ზოგადი ფონი. ეს კი დადებით მხარეებად ნამდვილად არ ჩაითვლება.

 

 

ჯანსაღი კვების ჩვევები

0

ჯანსაღი კვების ჩვევების სწავლებით და მაგალითის მიცემით შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, შეინარჩუნონ ჯანსაღი წონა და ნორმალური ზრდა. გარდა ამისა, ბავშვობაში ათვისებული კვების ჩვევები დაეხმარება მათ, ზრდასრულ ასაკშიც მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.

ექიმს, რომელიც თვალყურს ადევნებს თქვენი შვილის ჯანმრთელობას, შეუძლია შეაფასოს მისი წონა და ზრდა და გაცნობოთ, სჭირდება თუ არა მას წონის კლება ან მატება და საჭიროა თუ არა რამის შეცვლა მის კვების რეჟიმში.

ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი ასპექტებია ულუფების კონტროლი და შემცირება იმის მიხედვით, რამდენ ცხ  იმსა და შაქარს იღებს თქვენი შვილი. ცხიმის მიღების შემცირების და ჯანსაღი წონის ხელშეწყობის მარტივი გზაა:

  • დაბალცხიმიანი ან უცხიმო რძის პროდუქტები;
  • შინაური ფრინველის კანგაცლილი ხორცი;
  • მჭლე ხორცი;
  • ცეხვილი მარცვლეულის პური და ბურღულეული;
  • ჯანსაღი ხემსი – ხილი და ბოსტნეული.

გარდა ამისა, შეზღუდეთ თქვენი შვილის კვების რეჟიმში შაქრით დამტკბარი სასმელები და მარილი.

თუ არ იცით, როგორ შეარჩიოთ ან მოამზადოთ მრავალფეროვანი საკვები თქვენი ოჯახისთვის, გაიარეთ კონსულტაცია დიეტოლოგთან.

არ დასვათ ჭარბწონიანი ბავშვები შემზღუდველ დიეტაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დიეტა მიმდინარეობს ექიმის მეთვალყურეობით და სამედიცინო მიზნით.

სხვა მიდგომები, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ მშობლებს თავიანთი შვილებისთვის ჯანსაღი კვების ჩვევების განსავითარებლად, ასეთია:

  • უხელმძღვანელეთ თქვენი ოჯახის არჩევანს, მაგრამ ნუ აიძულებთ რაიმე საკვების მიღება. სახლში უნდა იყოს მრავალფეროვანი, მაგრამ ჯანსაღი სურსათი. საკვებთან ერთად სუფრაზე დადგით წყალიც.
  • წაახალისეთ შვილები, ნელა ჭამონ. ბავშვი უკეთ არჩევს შიმშილს და სიმაძღრეს, როცა ნელა ჭამს. ვიდრე ახალ კერძს ან ულუფას შესთავაზებდეთ, სთხოვეთ, 15 წუთი მოიცადონ იმაში დასარწმუნებლად, რომ ჯერ კიდევ შიათ. ეს ტვინს სიმაძღრის დაფიქსირების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, მეორე ულუფა პირველზე ნაკლები უნდა იყოს.
  • მიირთვით ოჯახთან ერთად შეძლებისდაგვარად ხშირად. სცადეთ, სადილობის პროცესი იყოს სასიამოვნო, მიმდინარეობდეს საუბრისა და აზრთა გაცვლა–გამოცვლის თანხლებით და არა ბუზღუნითა და კამათით. როცა ეს პროცესი არასასიამოვნოა, ბავშვი ეცდება, სწრაფად შეჭამოს და შეძლებისდაგვარად მალე წამოდგეს სუფრიდან. მოგვიანებით საკვების მიღება მისთვის შესაძლოა სტრესთან ასოცირდეს.
  • ჩართეთ შვილები საკვების ყიდვასა და მომზადებაში. ეს მიგანიშნებთ იმაზე, რა უყვართ თქვენს შვილებს, მოგცემთ შესაძლებლობას, ჩაუნერგოთ მათ კვების კულტურა. გარდა ამისა, ბავშვები მეტი სიამოვნებით მიირთმევენ კერძს, რომლის მომზადებაშიც მონაწილეობა მიიღეს.
  • აკონტროლეთ წახემსების პროცესი. თუ ბავშვი გამუდმებით ისუსნება, ამან შესაძლოა ჭარბი კალორიების მიღება გამოიწვიოს, მაგრამ თუ დღის მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთში წაიხემსებს, ეს შესაძლოა კვებითი დიეტის ნაწილი გახდეს და არც ბავშვს დაუკარგავს მადას სადილის ან ვახშმის დროისათვის. ხემსს შეძლებისდაგვარად უნდა ჰქონდეს კვებითი ღირებულება, ოღონდ ნუ წაართმევთ ბავშვს ხანდახან ჩიპსებისა თუ ნამცხვრების ჭამის შესაძლებლობას, განსაკუთრებით – დღესასწაულებზე.
  • აუკრძალეთ ჭამა ტელევიზორის ყურების დროს. მიაჩვიეთ ჭამას სახლში ამისთვის საგანგებოდ გამოყოფილ ადგილას, ვთქვათ, სასადილო ოთახში ან სამზარეულოში. ტელევიზორის წინ ჭამა ართულებს დანაყრების შეგრძნების შემჩნევას და შესაძლოა, ბავშვმა ზედმეტი ჭამოს.
  • წაახალისეთ ბავშვები, სვან მეტი წყალი. ტკბილი და გაზიანი სასმელების გადაჭარბებული მიღება სიმსუქნეს იწვევს.
  • ეცადეთ, არ დაუკავშიროთ საკვები სასჯელ ან ჯილდო. დასჯის მიზნით საკვების შეზღუდვამ ბავშვს შესაძლოა შიმშილის შიში ჩაუნერგოს და მიაჩვიოს ყოველ ხელსაყრელ შემთხვევაში ჭამას, ხოლო თუ საკვებს, მაგალითად, ტკბილეულს, ჯილდოდ გამოიყენებთ, ბავშვმა შესაძლოა დაასკვნას, რომ ეს საკვები სხვაზე უკეთესია. მაგალითად, ბავშვისთვის იმის თქმა, რომ თუ ბოსტნეულს მთლიანად შეჭამს, დესერტს მიიღებს, არასწორი გზავნილია ბოსტნეულთან დაკავშირებით.
  • შეამოწმეთ, ას ჭამს თქვენი შვილი სახლ გარეთ, მაგალითად, რისი შეძენა შეიძლება სკოლის სასადილოში. უკეთესი იქნება, თუ ლანჩს შინიდან გაატანთ.
  • ყურადღება მიაქციეთ ულუფის ზომასა და შემადგენლობას. წაიკითხეთ ეტიკეტი და მოარიდეთ ბავშვი ტრანსცხიმების შემცველ საკვებს.

 

წყარო: https://www.webmd.com/children/kids-healthy-eating-habits#1

ბავშვთა უფლებები სკოლამდელ დაწესებულებებში: ზეიმები ბავშვების წინააღმდეგ

0

ბავშვის უფლებების შესახებ მსჯელობა დღეს უკვე აღარ წარმოადგენს იშვიათობას. მედიაში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა თუ ინტერნეტსივრცეში ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა ხშირად (ერთ-ერთი პერსპექტივიდან მაინც) სწორედ მათი უფლებების კონტექსტში ხდება. თუმცა ამ უფლებათა შესახებ წარმოდგენები ხშირად ზედაპირულია და არ ეფუძნება უფლებების მატარებელ სუბიექტად ბავშვის წარმოდგენას. ამის ნათელი მაგალითია შემთხვევა, როდესაც მასწავლებელს მიაჩნია, რომ ბავშვის უფლებები „ზედმეტ თავისუფლებას“ ანიჭებს ბავშვებს, ხელს უშლის მასწავლებელს „ეფექტური“ აღზრდისა და დისციპლინირების პროცესში (მაგ., სხვადასხვა ფორმით ძალადობა ბავშვზე სასურველი ქცევის მიღწევის მიზნით). ასეთ დროს საქმე გვაქვს, ერთი მხრივ, ბავშვის დაკნინებასა და ობიექტივაციასთან („ბავშვის განცდები აწმყოში უმნიშვნელოა, რადგან ის ჯერ არ არის „ჩამოყალიბებული“ ადამიანი“), მეორე მხრივ კი პროფესიული ცოდნის ნაკლებობასთან, ვინაიდან ზემოაღნიშნული დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება მეცნიერული მტკიცებულებებით გამყარებულ ცოდნას, რომ ბავშვის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა გრძელვადიან და ხშირად შეუქცევად უარყოფით ზეგავლენას ახდენს მის განვითარებაზე, სწავლის უნარზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

 

ბავშვის უფლებების კონვენცია და ძირითადი პრინციპები

 

ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ მთავარ საერთაშორისო სამართლებრივ აქტს წარმოადგენს 1989 წელს მიღებული ბავშვის უფლებების კონვენცია, რომლის რატიფიცირება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ მოახდინა (აშშ-ის გარდა). საქართველო კონვენციას 1994 წელს შეუერთდა[1]. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციით განსაზღვრული უფლებები განუყოფელია, გამოყოფენ ოთხ პრინციპულ უფლებას, რომელთა გარეშე შეუძლებელია სხვა დანარჩენი უფლებების განხორციელება[2]. ეს უფლებებია:

  1. დისკრიმინაციისგან დაცვის უფლება (მუხლი 2);
  2. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება (მუხლი 3);
  3. სიცოცხლის, გადარჩენისა და განვითარების უფლება (მუხლი 6);
  4. ბავშვის მონაწილეობის უფლება, ბავშვის შეხედულებების პატივისცემა (მუხლი 12).

 

სწორედ ბავშვის მონაწილეობითი უფლებების აღიარება გვთავაზობს ბავშვის განსხვავებულ ხედვას: ის აღარ წარმოადგენს მხოლოდ ზრუნვის ობიექტს, დაუცველ, სუსტ, არარაციონალურ, არასანდო, გამოუცდელ, არაკომპეტენტურ და განუვითარებელ არსებას[3]. ბავშვი პიროვნებაა, რომლის მოსაზრებების აღიარება, პატივისცემა და გათვალისწინება მისი სხვა უფლებების რეალიზების პროცესის განუყოფელი ნაწილი ხდება. ბავშვის წარმოდგენები და შეხედულებები აღარ აღიქმება როგორც უმწიფარი და ჩამოუყალიბებელი ზრდასრულის წარმოდგენებსა და შეხედულებებთან შედარებით. ისინი აღიქმება როგორც მათგან განსხვავებული. ამ შემთხვევაში ამოსავალ წერტილს წარმოადგენს არა ზრდასრულის „სწორი“ პერსპექტივა, არამედ ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ბავშვთა შეხედულებები ეხმარება ზრდასრულებს უკეთ გაიგონ მათი გამოცდილება.[4]

 

საგანმანათლებლო დაწესებულება როგორც უფლებების რეალიზების ადგილი

 

საბავშვო ბაღები და სკოლები, ინსტიტუციური მოწყობითა და ფუნქციური დატვირთვით, ბავშვების სხვადასხვა უფლების რეალიზების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვები ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ, ხშირად – უფრო მეტს, ვიდრე შინ ან რომელიმე სხვა გარემოში. საქართველოში სკოლამდელი ასაკის ბავშვები საბავშვო ბაღში ყოველდღიურად საშუალოდ 8-9 საათს ატარებენ (კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ აწესებს საჯარო სკოლამდელი დაწესებულების მუშაობის 9-საათიან სავალდებულო დროს). ბუნებრივია, ბაღისა თუ სკოლის პირდაპირი ფუნქცია განათლების უფლებას უკავშირდება, რომელიც, კონვენციის 29-ე მუხლის მიხედვით, უნდა ემსახურებოდეს:

  • თითოეული ბავშვის პიროვნების, ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური უნარების მაქსიმალურ განვითარებას;
  • ბავშვის მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას;
  • საკუთარი და განსხვავებული კულტურის, ენის, ფასეულობების პატივისცემას;
  • ბავშვის მომზადებას თავისუფალ საზოგადოებაში შეგნებული ცხოვრებისთვის ურთიერთგაგების, თანასწორობის, მშვიდობისა და შემწყნარებლობის სულისკვეთებით;
  • გარემოსადმი პატივისცემის გაღვივებას.

საგანმანათლებლო დაწესებულებები, ამასთანავე, ის სივრცეა, სადაც ბუნებრივად ხდება თამაშისა და გართობის უფლების რეალიზება (მუხლი 31)1. იმავდროულად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის შეხედულებების გათვალისწინება საგანმანათლებლო დაწესებულების ცხოვრების წარმართვაში (მუხლი 12). ის, თუ რა კუთხით მიიღებენ ამაში აქტიურ მონაწილეობას ბავშვები, დამოკიდებულია მათ „ასაკსა და სიმწიფეზე“. როდესაც ადრეულ ასაკში ბავშვებისთვის აქტუალური მათი უშუალო გარემო და თამაშებია, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურზე შესაძლოა ისინი სკოლის მართვის აქტიური და ეფექტური თანამონაწილენი იყვნენ. დღეს უკვე არაერთი კვლევა ადასტურებს საბავშვო ბაღებში ბავშვების შეხედულებათა მოსმენის მნიშვნელობას სასწავლო გარემოსა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებისთვის, ვინაიდან ის გვთავაზობს უშუალოდ „განმცდელის“ პერსპექტივას (სიტუაციებზე, გარემოზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე). რა თქმა უნდა, თუ ბავშვს სურს, გააცოცხლოს დინოზავრები, მასწავლებელი და ბაღის ადმინისტრაცია ბევრს ვერაფერს გახდებიან, მაგრამ ცვლილებების განხორციელება ნამდვილად შესაძლებელია, თუ საუბრისას აღმოვაჩენთ, რომ გოგონებს კუბებით თამაშისკენ გული იმიტომ არ მიუწევთ, რომ იქ ბიჭები უხეშად ექცევიან და დასცინიან, ან ზოგიერთი ბავშვი იმიტომ არ ხატავს საღებავებით, რომ ეშინია, დასვრილი ტანსაცმლის გამო მშობლისგან საყვედური არ მიიღოს, ან ვერ იტანს ეზოში გასვლას, რადგან იქ ერთი ქალია, რომელიც სულ ეჩხუბება ბავშვებს.

საბავშვო ბაღში, ყოველდღიური აქტივობებისა და თამაშების გარდა, ბავშვების მონაწილეობის უფლების რეალიზების შესანიშნავი საშუალებაა განსაკუთრებული ღონისძიებები. ისინი შესაძლოა უკავშირდებოდეს რომელიმე დღესასწაულს ან მოვლენას (მაგ., ახალ წელს, საბავშვო ბაღის დასრულების დღეს) ან სპონტანურად დაიგეგმოს ბავშვების რომელიმე ინტერესის გარშემო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ღონისძიებები ბავშვების მონაწილეობის, თამაშის და გართობის უფლებების რეალიზებას უნდა ემსახურებოდეს, საქართველოში დამკვიდრებულ პრაქტიკას ხშირად არაფერი აქვს საერთო ზემოაღნიშნულ უფლებებთან.

 

ზეიმი

საქართველოს სკოლამდელ დაწესებულებში ღონისძიებები „ზეიმების“ სახელით დამკვიდრდა და ერთგვარი ტრადიციული ფორმა მიიღო. ზეიმი უმეტესად ტარდება საახალწლო და საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე. ის, წესისამებრ, მოიაზრებს ხანგრძლივი რეპეტიციების შედეგად ბავშვების მიერ პოეტური, მუსიკალური და საცეკვაო (იშვიათად – დრამატული) ნომრების წარმოდგენას ბაღის თანამშრომლებისა და მშობლების წინაშე. ზეიმის არსი ბავშვების მიერ აღმზრდელის, მუსიკისა თუ ცეკვის მასწავლებლის ან ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მიერ წინასწარ განსაზღვრული რეპერტუარის დაზეპირებაში მდგომარეობს, რაც იმთავითვე გამორიცხავს ბავშვთა აზრის გათვალისწინებას ზეიმის დაგეგმვისა და მომზადების პროცესში. ვინაიდან დასაზეპირებელი ლექსები, სიმღერები და ცეკვები ხშირად ბავშვებისთვის გაუგებარი, ნაკლებად საინტერესო და ასაკობრივადაც შეუსაბამოა, რეპეტიციები თვეობით მიმდინარეობს და ყოველდღიური თამაშებისა და ღირებული საგანმანათლებლო აქტივობების ადგილს იკავებს. შეიძლება ითქვას, რომ ზეიმს ყველა განსაკუთრებულად ელოდება, გარდა ბავშვებისა. საბავშვო ბაღის ადმინისტრაცია თავს იწონებს „წარმატებული“ და მასშტაბური ზეიმებით მმართველი რგოლების წინაშე. აღმზრდელებისთვის, მუსიკისა და ცეკვის მასწავლებლებისთვის ზეიმი წარმოადგენს მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგის დემონსტრირების საშუალებას. მშობლებს კი მიაჩნიათ, რომ ზეიმზე მათი შვილები აქტიურობას, ნიჭსა და ღირებულ ცოდნას წარმოაჩენენ. თუმცა, სავარაუდოდ, ყველა მშობელი ასე არ ფიქრობს. ბევრისთვის ზეიმი ტვირთია: იმისთვის, რომ მათი შვილები ზეიმის მიღმა არ დარჩნენ, სხვადასხვა ხარჯის გაწევა უწევთ, მაგ., სპეციალური კოსტიუმის შეკერვა (ზეიმების მნიშვნელოვან მახასიათებლად იქცა კოსტიუმირებული შოუ), ზეიმის ფოტო– და ვიდეოგადაღების უზრუნველყოფა, ანიმატორების (სანტა კლაუსი, ფიფქია და ა.შ.) მოწვევა… პოპულარულია ამგვარი ზეიმების ვიდეოჩანაწერების მომზადება და ინტერნეტსივრცეში განთავსება (მათ ადვილად მოიძიებთ ისეთ საიტებზე, როგორიცაა იუთუბი და ფეისბუქი). მიუხედავად ერთმნიშვნელოვანი ნაკლოვანებებისა, ამ ტიპის ზეიმები საზოგადოებაში ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევა და მათი პრობლემურად წარმოჩენა თითქმის არ ხდება. მეორე მხრივ, ეს ალბათ არ არის გასაკვირი ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 60% დასაშვებად მიიჩნევს ბავშვზე ძალადობას და სჯერა, რომ მას დადებითი აღმზრდელობითი ეფექტი აქვს[5].

პოზიტიური დამოკიდებულება ზემოაღნიშნული ტიპის ზეიმების მიმართ მიუთითებს, რომ სკოლამდელი განათლების მიზნები, ბავშვის უფლებები და საბავშვო ბაღში მათი რეალიზების შესაძლებლობები მონაწილე მხარეებს (გარდა ბავშვებისა) სრულიად არ აქვთ გააზრებული.

 

რა ნაკლოვანებები აქვს დამკვიდრებულ ზეიმებს?

  • ზეიმები მთლიანდ უფროსების მიერაა მართული. მათი შინაარსობრივი ნაწილი ბავშვებისთვის ხშირად უინტერესო და გაუგებარია (მაგრამ, პრაქტიკულად, სავალდებულო), აცდენილია ბავშვების რეალურ ინტერესებს და იმ მრავალფეროვან თემებს, რომლებიც ნამდვილად უყვართ და აინტერესებთ (მაგალითად, იშვიათი არ არის ლექსები „მიწიერ სამოთხეზე“, „ძეწნის ალერსზე“ სამშობლოსთვის თავგანწირვაზე და სხვა). სწორედ ამაზე მიუთითებს “წარმატებული” ზეიმების ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ფართოდ ხელმისაწვდომია ინტერნეტსივრცეში. უმრავლეს შემთხვევაში ბავშვები მოვალეობის მოხდის მიზნით უხალისოდ იმეორებენ გაზეპირებულ სიტყვებსა და მოძრაობებს, ხშირად ავიწყდებათ და მასწავლებლების მითითებების მოლოდინში დაბნეულები იყურებიან ირგვლივ.
  • ზეიმის ფორმატი – ბავშვების „ცოდნისა“ და „ნიჭიერების“ დემონსტრირება – ეფუძნება სწავლის მცდარ გაგებას, კერძოდ, სწავლა გათანაბრებულია დაზეპირებასთან. ბავშვების რეალური შესაძლებლობები, მათი აზროვნება, შემოქმედებითობა უგულებელყოფილია; ასევე უგულებელყოფილია ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები, რომელთა დაუფლებაც სწორედ ადრეულ ასაკში იწყება და რომლებიც უმნიშვნელოვანესია კრიტიკულად, შემოქმედებითად და მოქალაქეობრივად მოაზროვნე პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.
  • წარმოდგენების გამართვა უამრავი ნაცნობი და უცნობი უფროსის წინაშე ბევრი ბავშვისთვის სტრესულია, განსაკუთრებით – მათ მიმართ ხაზგასმული მოლოდინების ფონზე (მასწავლებლებისა და მშობლების მხრივ). ზეიმებზე და მათთვის მოსამზადებელ პერიოდში იშვიათი არ არის ბავშვებში გადაღლა და სტრესი.
  • ზეიმი ხშირად გულისხმობს საკმაოდ დიდ ხარჯებს, რაც დამატებითი ტვირთია ბევრი ოჯახისთვის (კოსტიუმების შეკერვა, ანიმატორების დაქირავება და ა.შ.), მაგრამ ამ ტვირთის თავიდან აცილება წარმოუდგენელია მშობლისთვის, რათა ბავშვი არ დარჩეს ბაღისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების მიღმა.
  • ზოგიერთი ბავშვისთვის ზეიმი იმედგაცრუებისა და მტკივნეული გამოცდილების წყაროა. ხშირად ზეიმის ორგანიზატორები გამოარჩევენ „ნიჭიერ“ და „ლამაზ“ ბავშვებს, რომლებსაც წამყვან როლებს მიაკუთვნებენ, ხოლო „ჩუმი“ და „არაფრით გამორჩეული“ ბავშვებისთვის ადგილი მოცეკვავეთა გუნდის მხოლოდ უკანა რიგებში მოიძებნება. ამდენად, ზეიმები ხშირად უსამართლო პრინციპებს ეფუძნება: მასწავლებლების მიერ (ან ობიექტურად) პრივილეგირებული ბავშვების წახალისებას, ხოლო დანარჩენების მიმართ უყურადღებობას.
  • ზეიმები არ არის მორგებული ბავშვების ასაკობრივ თავისებურებებსა და ინტერესებს: ერთი მხრივ, დაზეპირებული ნომრების უინტერესოდ შესრულებისას ხელოვნურად ესმება ხაზი ინფანტილიზმსა და ბავშვურ სისუსტეს, მაშინ როდესაც ბავშვებს გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე შინაარსისგან დაცლილი ტექსტებისა და მოძრაობების დაზეპირებაა; მეორე მხრივ, ზეიმებზე ხშირად ხდება ზრდასრულთა უხერხული იმიტაცია (მაგ., გოგონების მაკიაჟი, ხაზგასმით „დიდური“ კოსტუმები და სხვა).
  • ყოველივე ზემოთქმულს მივყავართ დასკვნამდე, რომ ასეთი ზეიმების დროს ბავშვი არ განიხილება როგორც მონაწილე მხარე, როგორც სუბიექტი, რომლის შეხედულებები, გრძნობები და დამოკიდებულებები თანაბარმნიშვნელოვანია ზრდასრულთა შეხედულებებისა. ამ ფორმით დადგმული ზეიმების ერთადერთი მიზანია ბავშვი-ობიექტის წარმოჩენა ზრდასრულთა წარმოდგენების შესაბამისად (როგორი უნდა იყოს ამ ასაკის ბავშვი, რა უნდა შეეძლოს, რა უნდა იცოდეს და ა. შ.). ასეთი დამოკიდებულება უგულებელყოფს ბავშვს როგორც პიროვნებას.

 

არსებობს სკოლამდელ დაწესებულებებში ღონისძიებების დაგეგმვისა და ჩატარების მრავალი საშუალება და ფორმა, რომლებიც არათუ არ არღვევს ბავშვის უფლებებს, არამედ, პირიქით, მათი რეალიზების წყაროა. საჭიროა რამდენიმე ძირითადი პრინციპის დაცვა:

  • ბავშვის ინტერესების გათვალისწინება შინაარსისა თუ ფორმის თვალსაზრისით: სამშობლოსთვის თავგანწირვაზე ლექსები ადრეულ ასაკში გაუგებარი და უინტერესოა; ბავშვებმა შესაძლოა თავად შექმნან ლექსები, რომლებიც გაგაკვირვებთ იუმორით, რითმითა და სიხალასით[6][7][8]. ბავშვებისთვის მასწავლებლის მიერ ნაკარნახევი ზღაპრის დიალოგების დაზეპირებაზე გაცილებით საინტერესო იქნება, თავად გააცოცხლონ საყვარელი ზღაპარი ისეთი ფორმით, როგორითაც სურთ; თავად მოიფიქრონ და შექმნან პერსონაჟის კოსტიუმის დეტალები და ერთად შეთანხმდნენ აუდიტორიაზე უფროსების ჩარევის გარეშე.
  • განსაკუთრებული დღე: ღონისძიება განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი უნდა იყოს თითოეული ბავშვისთვის. ამისთვის შესაძლოა ერთი შეხედვით მცირე დეტალის მოფიქრებაც კი საკმარისი აღმოჩნდეს. მაგალითად, 21 დეკემბერს წელიწადში ყველაზე გრძელი ღამის აღსანიშნავად ყველა უცნაურად გამოწყობილი მიდის საბავშვო ბაღში – ღამის პერანგებით! ეთამაშებიან მასწავლებელთან ერთად კვირის განმავლობაში დამზადებულ „დედამიწის“ კონსტრუქციას, რომელსაც კაშკაშა „მზის“ გარშემო ატრიალებენ და ხან თეთრ დათვს აძინებენ ზედ, ხან – ჟირაფს. ბავშვები იხსენებენ თავიანთ საყვარელ სიზმრებს და ემზადებიან მთვარისა და ვარსკვლავების ფორმის ორცხობილების გამოსაცხობად. მალე მშიერი მშობლები მოვლენ, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ორცხობილებით ჩაიტკბარუნონ პირი.
  • ბავშვების უნიკალური სააზროვნო და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენა: ღონისძიებები საშუალებას უნდა აძლევდეს ბავშვებს, გამოხატონ თავიანთი უნიკალური შესაძლებლობები და შეხედულებები მათთვის საინტერესო და სახალისო ფორმით. მაგალითად, ზეიმის დღეს ჯგუფის ოთახი სულ მთლად თეთრია, რადგან იატაკსა და კედლებზე – ყველგან თეთრი ფორმატის ქაღალდი გაუკრავთ. მასწავლებელი აკვირდება ბავშვების რეაქციებს, აღფრთოვანებას, ინტერესს, უსმენს მათ და ეკითხება: რა შეიძლება გააკეთონ ამ უღიმღამო ოთახში? მერე იდეებს შეაჯერებს და მხიარული ზეიმიც იწყება: ბავშვები ერთმანეთს ენაცვლებიან – ზოგი ხელების „აფრიკულად“ მოხატვით გართულა, ზოგს ტამტამი მოუმარჯვებია და ადრე ნასწავლ რიტმს ოსტატურად უწყობს მეგობარს, სხვები კი საღებავებს არჩევენ და იატაკის ფეხებით მოსახატად ემზადებიან.

ჰენრი დარჯერი [9]

[1] კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ. (1989), https://matsne.gov.ge/ka/document/view/1399901

[2] ნ. ვუჩკოვიჩ ჩაჰოვიჩ, ი.ე. დოეკი, ჟ. ცერმატენი. (2012). ბავშვის უფლებები საერთაშორისო სამართალში. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართული გამოცემა, 2015)

[3] Penn, H. (2005). Understanding early childhood. Issues and controversies. Open University Press: Berkshire.

[4] MacNaughton, G. & K. Smith. (2009). Children’s rights in early childhood – Chapter 10. In An Introduction to childhood studies, Ed. M.J. Kehily. Open University Press

[5] გაეროს ბავშვთა ფონდი, USAID. (2013). ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში. ეროვნული კვლევა არსებული ცოდნის, დამოკიდებულებისა და პრაქტიკის შესახებ. https://unicef.ge/uploads/Unicef_VAC_GEO_Final3_02_09.pdf

[6] Pramling Samuelsson, I., M. Asplund Carlsson, B. Olsson, N. Pramling & C. Wallerstedt. (2009). The art of teaching children the arts: music, dance and poetry with children aged 2 – 8 years old. International Journal of Early Years Education 17 (2), 119-135.  

[7] D. Varga. (2000). Hyperbole and humor in children’s language play. Journal of Research in Childhood Education, 14 (2), 142-151.

[8] E. Loizou. (2004). Humorous bodies and humorous minds: Humor within the social context of an infant child care setting. European Early Childhood Education Research Journal, 12 (1), 15-28.

[9] სურათი – Henry Darger, illustration from The Story of the Vivian Girls, in What is Known as the Realms of the Unreal, of the Glandeco-Angelinian War Storm, Caused by the Child Slave Rebellion. https://greenlanternpress.wordpress.com/tag/henry-darger/

პირველად იყო სიტყვა

0

,,ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ, საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა… „მოიისფრო“, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა „გავძეხი“, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა „მაშასადამე…“ – იშვიათად წამიკითხავს სიტყვის გამომსახველობაზე ასე მოკლედ, გასაგებად და ლამაზად დაწერილი.

სიტყვებთან თამაშს ბავშვი სკოლაში მისვლისთანავე ეჩვევა. უფრო ადრეც. და ეს ხშირად მათი საყვარელი თამაშია. სიტყვების სამყარო ცოცხალია და ჯადოსნურივითაა. იცვლება, ფერადდება, ზოგჯერ გაჯიქება იცის, აწვალებს პატარას, მაგრამ სიხარულით ავსებს, როცა იმორჩილებს.

სიტყვებთან მუშაობის უამრავი ცნობილი მეთოდი არსებობს: დაკარგული სიტყვები, სიტყვის პირამიდა, მნიშვნელოვანი სიტყვები, რეიტინგი…

მაგრამ მგონია, რომ რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო შორდება სიტყვების სამყაროს და ითავისებს მას როგორც ძალიან ჩვეულებრივსა და თავისთავადს, რომელსაც არავითარი ზედმეტი ზრუნვა და ფიქრი არ სჭირდება. ამიტომ სულ ვცდილობ, სიტყვებთან შევარკინო ისინი. მაგალითად, ნახვად ღირს, როგორ აფრთიანდებიან, როცა ნახავენ, რომ საბას “სამშობლო“ განმარტებული აქვს როგორც “დედის სახლი“. თავიანთ „რატომ“-ს ასობით პასუხს, განმარტებას, ასოციაციას თავადვე მოაყოლებენ ხოლმე…

ახლა აღარ ვთამაშობთ, უბრალოდ, ვუფიქრდებით თითოეულ სიტყვას. რას ნიშნავს, შეიცვალა თუ არა მნიშვნელობა დროთა განმავლობაში, თუ კი – რატომ და რას გვეუბნება ეს ცვლილება ჩვენს ენაზე, ხალხზე, ისტორიაზე… სიტყვები გვარწმუნებენ, რომ ყველა სულიერზე უფრო ცოცხალია ენა. ის გვიყვება, რისი სწამდათ და სჯეროდათ, რა უხაროდათ და რა სწყინდათ ადამიანებს და ახლა როგორ შეიცვალნენ.

საიდუმლოებების და თავსატეხების გაჩენაც უყვარს ენას…

ზოგჯერ განსაკუთრებით შეპყრობა იციან სიტყვებმა და მათი განმარტებების ძიებამ.

აი, ძველ ქართულს რომ შეებმებიან, მერე იწყება „მეხთა ტეხა“. მათსავე დასმულ კითხვებს მათვე ვუბრუნებ, ვაიძულებ, დავაფიქრო და მეც მათთან ერთად ვფიქრობ.

ახლა – რამდენიმე ჩვენი ნაფიქრალიდან.

ვაჟა-ფშაველაზე საუბრისას ყოველთვის ვეუბნები ბავშვებს, რომ ავადმყოფი, ფილტვებდასუსტებული პოეტი თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ლაზარეთში იწვა. იქ, სადაც ახლა უნივერსიტეტია. იქ მოითხოვა მთის წყალი და მინდვრის ყვავილები. სიტყვა „ლაზარეთი“ მაშინვე ხვდებათ ყურში. ლამაზია.

ხომ ყოფითი სიტყვაა, მაგრამ ღვთისა და სასწაულის იმედს, ექიმის საოცარ ნდობასაც იტევს. სახარებიდან ერთ-ერთ ყველაზე მძაფრ, შთამბეჭდავ ეპიზოდს უკავშირდება – ლაზარეს აღდგინებას. ოთხი დღის მკვდარი ლაზარე იესომ ისე აღადგინა, ხელითაც არ შეხებია. გარედან დაუძახა: ლაზარე, გამოვედ გარეთო, – და ისიც გამოვიდა.

ახლა „საავადმყოფოთი“ შევცვალეთ. მერედა რა პროზაული, ფაქტის მშრალად აღმნიშვნელი სიტყვაა! ავად თუ ხარ, აქ უნდა იყოო. და ამ სიტყვაზე თომას მანის „ჯადოსნური მთის“ ასოციაცია მიჩნდება, განკურნება რომ განუსაზღვრელი დროითაა გადადებული და „აფეთქებაღა“ თუ უშველის.

როსტევანი რომ თავის ერთადერთ ქალიშვილს ამეფებს, ტახტზე ასულს პირველად ამას ეუბნება: „იყავ წყნარი და ცნობილიო“. ჩვენს დროში ასე აქტუალური სიტყვა რომ ხვდებათ და აღმოაჩენენ, სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონია, ფიქრს იწყებენ: „ცნობა“ ძველად გონებას ნიშნავდა, აქედან გამომდინარე, „ცნობილი“ – გონიერს. თუ ამ სიტყვის დღევანდელ მნიშვნელობას დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ, ქართველი ხალხის აზრით, ცნობილი მხოლოდ და მხოლოდ გონიერი, ბრძენი ადამიანი თუ გახდებოდა. თუმცა დღეს სულ სხვაგვარადაა.

სიტყვა „ქველს‘‘ სულხან-საბა ორბელიანი თავის „სიტყვის კონაში‘‘ ასე განმარტავს; „კეთილი, გინა მოწყალე‘‘. აქედან, „ქველმოქმედება‘“ სიკეთის კეთებას ნიშნავს. თუმცა ასევე ხშირად აღნიშნავს „მამაცსაც“ (მაგალითად, ფარსმან II ქველი, სიმამაცით გამორჩეული; ან ვეფხისტყაოსნიდან: „…აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა“) გამოდის, კეთილის ქმნა თავისთავად სიმამაცედ ჩაუთვლია ქართველ ხალხს და ეს მნიშვნელოვანი დამოკიდებულება ენას შემოუნახავს.

სიტყვა „ნიჭი‘‘ ძველ ქართულში საჩუქარს ნიშნავდა. ახლა კი აღნიშნავს განსაკუთრებულ უნარს, რომელსაც ადამიანი ავლენს. ასეთ უნარს თუ შევამჩნევთ, ადამიანს „ნიჭიერს‘‘ ვუწოდებთ. ენას ჩაუთვლია, რომ მათი ეს განსაკუთრებული უნარი უფლის საჩუქარია.

სიტყვა „ღარიბი‘‘ ძველ ქართულში „უცხოს“ ნიშნავდა, „საღარიბოდ წასვლა“ კი „სახეტიალოდ, სამოგზაუროდ წასვლას“ („…წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ შეეკაზმა“ – „ვეფხისტყაოსანი“). ანუ ადამიანებისთვის სულ უცხო, უცნობი იქნებოდი. აქედან გამომდინარე, მას, ვინც სულ დახეტიალობს, არაფერი გააჩნია, ე.ი. „ღარიბია‘‘ დღევანდელი მნიშვნელობით.

კიდევ ერთი სიტყვის უცნაური ისტორია: სიტყვა „პატიჟი‘‘ ძველ ქართულში ტანჯვას, სასჯელს ნიშნავდა („აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“ – „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“). საბასთან ეს სიტყვა „პატივის“ ანტონიმია. „პატივს“ ასე განმარტავს: „კეთილის მიპყრობა სიტყვით და საქმით, ხოლო პატიჟი – წინაუკმო: უპატიურად და შეჭირვებით პყრობაჲ“. დღეს „შეპატიჟება – დაპატიჟებას“ სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. ან არასწორად დამკვიდრდა პარონიმული წყვილის ცალი, ან, თუ სტუმარს ძალიან და შემაწუხებლად ვეპატიჟებით, ე.ი. ვტანჯავთ ამით…

ბევრ გამოცანასაც გვიტოვებს ენა. მაგალითად, სიტყვა „მედგარი“ ( ჰაგიოგრაფიაში გვხვდება არაერთხელ) ასეა განმარტებული: „მცონარი და მოუძლურებული; მედგარი ითქმის მარადის ძვირისა დამმარხველი გულთა შინა აღუჴოცელად. მედგარი არს, უღონოცა რა მოუძლურდეს“. მაგრამ გავიდა ხანი და „მედგარი“ ახლა შეუპოვარს, ძლიერს აღნიშნავს. რატომ შეიცვალა სიტყვამ ასე რადიკალურად მნიშვნელობა? რისი თქმა სურს ენას?

ან ყველა ლექსიკონში „წამებულად“ განმარტებული „მარტვილი“ რატომ ნიშნავს საბასთან „ბავშვს“ (გავიხსენოთ იგავი „განშორებული და მარტვილი“)?

რა თქმა უნდა, ბავშვებს ამ კითხვებზეც აქვთ თავიანთი მოსაზრებები და უსასრულოდ შეიძლება ასე სიტყვების და მათზე ნაფიქრის ჩამოწერა, მაგრამ აღარ გავაგრძელებ.

ამ პატარა წერილით მხოლოდ ის მინდოდა მეთქვა, რომ ბავშვების „სასიტყვეთში“ მოგზაურობა დაწყებით კლასებში არ უნდა დასრულდეს. ისინი მუდმივად უნდა ჩერდებოდნენ რომელიმე საინტერესო სიტყვასთან, უკირკიტებდნენ, ფიქრობდნენ, გამოთქვამდნენ აზრებს, კამათობდნენ და რწმუნდებოდნენ, რომ ნამდვილად არსებობს საიდუმლო კი არა, საიდუმლოები, რომლებიც „ამას ენასა შინა დამარხულ არს“.

როცა მასწავლებლის გეშინია

0

უმცროსკლასელთა შორის სკოლაში სიარულზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი მასწავლებლის შიშია, მასწავლებელთან დაკარგული კონტაქტი. მსგავს პრობლემას ხშირად ჯახებიან მგრძნობიარე და ნაკლებად თავდაჯერებული ბავშვები. როგორ უნდა იქცეს მშობელი შვილის დამცველად და ესაუბროს მასწავლებელსა თუ სკოლის დირექტორს ისე, რომ მათი გაღიზიანება არ გამოიწვიოს?

„ძალიან დავიღალე. მასწავლებელი თითქმის ყოველდღე უჩივის თაკოს. ბავშვსაც აღარ უნდა სკოლაში სიარული. ხან რას მოიმიზეზებს, ხან – რას. ერთხელ ლოგინიდან არ ადგა. გვეგონა, გრიპი ჰქონდა, ახლა კი ვეჭვობ, რომ უბრალოდ, ისე შეეშინდა მასწავლებლის, სიცხემაც კი აუწია…

ერთი შვილი გვყავს, სათუთად ვზრდით და საკმარისია ვინმემ ხმას აუმაღლოს, რომ ბავშვი პანიკაში ვარდება, ჰგონია, უბრაზდებიან. ამ თემაზე მასწავლებელს არაერთხელ ვესაუბრე, მაგრამ მას ეგონა, შვილის გამართლებას ვცდილობდი. არ მისმენდა, მხოლოდ მეწინააღმდეგებოდა, დარწმუნებული იყო თავისი პედაგოგიური მიდგომების სისწორეში. ათასი არგუმენტი მოჰყავდა, თითქოს ყველაფერში ბავშვი იყო დამნაშავე.

დირექტორს რომ მივმართე, გვიპასუხა: ბავშვი გაიზრდება, სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან მოუწევს ურთიერთობა, ამიტომ სკოლაშივე უნდა ისწავლოს პრობლემების მოგვარებაო. რასაკვირველია, დავეთანხმე, თუმცა ამით არაფერი შეცვლილა. ბავშვს მასწავლებლის ეშინია. მე კი მინდა, სწავლაზე გული არ აუცრუვდეს“, – ამბობს თაკოს დედა.

თაკო მართლაც დამფრთხალი ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებს. ის საცოდავადაა მოხრილი მხრებში. როცა ლაპარაკობს, იატაკს ჩასქცერის და ხმა უთრთის. მშობელი წუხს. არ იცის, როგორ დაიცვას შვილი ისე, რომ გული არავის ატკინოს, არც ბავშვს, არც მასწავლებელს.

ამ შემთხვევაში ფსიქოლოგები მშობლებს ბავშვის ადვოკატირებას ურჩევენ. ეს რთულია, ძალისხმევას, მოთმინებას და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ამ პრობლემას მშობელზე უკეთ ვერავინ მოაგვარებს. მხოლოდ მშობელს შეუძლია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. ის შვილთან ერთად განიცდის მორალურ სიმძიმეს, ყველაზე უკეთ იცის, რა მდგომარეობაშია ბავშვი.

ასეთ დროს მშობლები, როგორც წესი, თავდაცვით პოზიციას ირჩევენ, რაც არცთუ მისაღებია. ფსიქოლოგები ურჩევენ მათ, გაითვალისიწინონ მასწავლებლის ცხოვრების წესი, მისი დატვირთული გრაფიკი. გაიხსენონ, რომ მასწავლებელიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ასევე განიცდის სტრესს სამსახურში და შინ, პასუხისმგებელია ბავშვთა დიდ ჯგუფზე – კლასზე, ყოველდღიურად უწევს მძიმე სამუშაოს შესრულება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მშობელმა უნდა შეარჩიოს სწორი გზა მასწავლებელთან ურთიერთობისთვის, მასთან ნაყოფიერი დიალოგისთვის. აუცილებელი როდია მასწავლებელზე იერიშის მიტანა. ამაზე მეტად მშობელს საკომუნიკაციო უნარების გამომუშავება სჭირდება.

მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ფსიქოლოგების ინსტრუქციას:

უპირველეს ყოვლისა, მშობელი მასწავლებელს პირადად უნდა შეხვდეს. ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია უეფექტოა.

იმისთვის, რომ მასწავლებელმა მოუსმინოს, მშობელი ხაზგასმით უნდა დაეთანხმოს მის რომელიმე სამართლიან არგუმენტს. მაგალითად, თუ მასწავლებელი ამბობს, რომ თაკო ზედმეტად ემოციურია, მშობელმაც უნდა დაუდასტუროს – თაკო შინაც ასეთია. როგორც კი მასწავლებელი და მშობელი შეხების წერტილს იპოვიან, მათი ურთიერთობა გამარტივდება.

მშობელს მართებს, ყურადღებით მოუსმინოს მასწავლებელს და დროებით დაივიწყოს თავისი ინტერესი. თუ რამეს ვერ გაიგებს, უნდა ჩაეკითხოს. ყურადღება უნდა მიაქციოს თავის ინტონაციას. მასწავლებელმა უნდა იგრძნოს, რომ მშობელი მას დაკითხვას კი არ უწყობს, არამედ ცდილობს გაუგოს. ვთქვათ, თუ მასწავლებელი ამბობს, რომ ბავშვი თავს ვერ ართმევს დავალებებს, მშობელმა უნდა ჰკითხოს, ხომ არ შეუძლია, თვალსაჩინოებისთვის ბოლოდროინდელი მაგალითები მოუყვანოს?

მშობელმა უნდა მიაგნოს პრობლემის სათავეს – თუ ბავშვი ცუდად იქცევა, რა არის ამის ნამდვილი მიზეზი, თუ იტყუება, რა უბიძგებს ტყუილისკენ. გარდა ამისა, შეუძლებელია, ბავშვს უმიზეზოდ ეშინოდეს მასწავლებლის. ჰკითხეთ მასწავლებელს, თვითონ რას ფიქრობს ამის თაობაზე, რა მიზეზს დაასახელებდა, რას ამჩნევს ბავშვს.

თუ ისე მოხდა, რომ მშობელმა ვერაფრით გაარკვია, რას განიცდის ბავშვი და რა აფუჭებს მის განწყობას სკოლის მიმართ, გააანალიზეთ მისი ტემპერამენტი. იქნებ მხოლოდ იმიტომ ტირის, რომ არ შეუძლია სკოლის თავგადასავლების მონელება? იქნებ, ინტროვერტია და პირადი სივრცე სჭირდება? იქნებ მასწავლებლისა იმიტომ არ ესმის, რომ ზემგრძნობიარეა? იქნებ დავალებებს ნელა იმიტომ ასრულებს, რომ ბევრ ყურადღებას უთმობს დეტალებს და მერეღა ხვდება, საიდან უნდა დაეწყო? ამ ყველაფრის დადგენა მხოლოდ მასწავლებელთან გასაუბრებით ვერ მოხერხდება. აუცილებელია ბავშვის ჩართვა. ჰკითხეთ, რას გრძნობს ამა თუ იმ სიტუაციაში. მისი პასუხი შესაძლოა მოულოდნელიც კი აღმოჩნდეს.

მასწავლებელთან საუბრის დროს მშობელს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ პედაგოგი კარგად ერკვევა ბავშვის ტემპერამენტის საკითხებში. მას შესაძლოა აზრადაც არ მოუვიდეს, რომ ბავშვის განსხვავებულობის მიზეზი სწორედ მისი ტემპერამენტია.

მასწავლებლისადმი სწორი მიდგომა, მისი მოსმენა, გაგება იმის გარანტიაა, რომ მასწავლებელიც მოუსმენს მშობელს, ისიც ეცდება დეტალურად გაერკვეს, რა ხდება ბავშვის თავს.

მასწავლებლის პრიორიტეტების გარკვევის შემდეგ მშობელმა ყურადღება მისთვის მტკივნეულ თემაზე უნდა გადაიტანოს. თავის ინტერესებზე კონცენტრირდეს და არა პოზიციაზე. მაგალითად, მშობელს შეუძლია თქვას: „მინდა,თაკო სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობდეს“. მან თავი უნდა არიდოს რადიკალურ განცხადებებს, მაგალითად, ასეთს: „მინდა, შვილი სასწრაფოდ გადავიყვანო სხვა კლასში!“ ამ შემთხვევაში თავდაცვითი ბარიკადების აგება მშობელს არაფერში არგებს, რადგან მასწავლებელთან ერთად გონივრულ გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეს. მშობელს შეუძლია, სთხოვოს მასწავლებელს გაკვეთილზე დასწრება, რათა საკუთარი თვალით ნახოს, რა შეიძლება აშინებდეს მის შვილს.

მშობელს შეუძლია, მასწავლებელს გაუზიაროს – მეთოდი, რომელსაც თავად იყენებს და შედეგიანია.

მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ მასწავლებელსაც აქვს თავისი ტემპერამენტი. მისი პირველადი რეაქცია შესაძლოა ნეგატიური იყოს, ნელა ადაპტირდებოდეს ან ჯიუტობდეს. ნუ იძალადებთ მასწავლებელზე. გაუზიარეთ თქვენი იდეები. თუ პირველმა შეხვედრამ დაძაბულად ჩაიარა, ხელს ნუ ჩაიქნევთ და აუცილებლად შეხვდით მეორედ. იმავდროულად, მშობელმა საკუთარი ტემპერამენტის თავისებურებებიც უნდა გაითვალისწინოს. თუ იცის, რომ ჰიპერემოციურია და გაუჭირდება მასწავლებელთან საუბრის დროს წონასწორობის შენარჩუნება, შეუძლია, შეხვედრაზე მშვიდად მოსაუბრე ახლობელი გაიყოლოს, რომელიც საჭირო მომენტში დროულად განმუხტავს სიტუაციას.

მასწავლებელთან უშედეგო მოლაპარაკების შემთხვევაში მშობელს შეუძლია, სკოლის ფსიქოლოგს ან დირექტორს შეხვდეს და ამ გზით გამოასწოროს სიტუაცია. სასურველია, შეხვედრაში ჩართოს ადამიანები, რომლებიც მის შვილს პატარაობიდანვე იცნობენ, მაგალითად, ბაღის მასწავლებელი, ბებია, ძიძა.

თაკოს დედა ჰყვება: „ერთხელ შვილის ცურვის გაკვეთილს ვესწრებოდი. ვუყურებდი, როგორ ნავარდობდნენ ბავშვები და უცბად მივხვდი, რომ ჩვენ არ ვასწავლით მათ ღრმა წყალში ცურვას. ცურვას ისინი ჯერ წელამდე წყალში სწავლობენ, იქ, სადაც არ ეშიანიათ და იმედიანად არიან… სკოლის დირექტორს რომ შევხვდი, ამას მოვუყევი. ისიც დამეთანხმა. დიახ, ვუთხარი, ბავშვმა სკოლაში უნდა შეძლოს სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა, მაგრამ ეს თანდათანობით უნდა მოხდეს და არა იმის შიშით, რომ მასწავლებელი და სკოლა მას მაღალი წყალივით დაახრჩობენ.

დირექტორმა ყურადღებით მისმინა. გამოიძახა მასწავლებელი და გაესაუბრა. თაკო სხვა კლასში გადავიყვანეთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მისი მასწავლებელი ცუდი პედაგოგი იყო, არამედ იმიტომ, რომ თაკო სხვა მასწავლებელთან უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს. ძველი მასწავლებელი ამ ამბავს მშვიდად შეხვდა…. თაკო არ არის რთული ბავშვი და სავსებით იმსახურებს ისეთ მიდგომას, რომლის შედეგად სკოლაში ცოდნას და პოზიტიურ ემოციებს მიიღებს“.ირმა

ვაჟა-ფშაველადან სვეტლანა ალექსიევიჩამდე

0

ბაგრამის სიახლოვეს… შევედით ყიშლაკში (თურქ. „სოფელი“), ვთხოვეთ, ეჭმიათ რამე. მათი კანონებით, თუ ადამიანი შენს სახლშია და მშიერია, მას უარს ვერ ეტყვი ცხელ პურზე. ქალებმა დაგვსხეს მაგიდასთან და გაგვიმასპინძლდნენ. როდესაც ჩვენ გავემგზავრეთ, ეს ქალები და მათი შვილები ყიშლაკმა სასიკვდილოდ გაიმეტა: ქვები და ჯოხები დაუშინეს. მათ იცოდნენ, რომ დახოცავდნენ, მაგრამ მაინც არ გამოგვყარეს. ჩვენ კი მათთან ჩვენი კანონებით მივდიოდით… მეჩეთებში ქუდდახურული შევდიოდით…

რიგითი არტილერისტის ეს მონათხრობი შესულია ნობელიანტი მწერლის – სვეტლანა ალექსიევიჩის წიგნში – „ცინკის ბიჭები“, რომელიც ავღანეთის ომსა და საბჭოთა კავშირის იმპერიალისტურ სისასტიკეს ეხება. მხატვრულ-დოკუმენტური რომანი, რომელიც რუსულიდან ზურაბ ქუთათელაძემ თარგმნა და ქართველი მკითხველისთვის მალე იქნება ხელმისაწვდომი, სრულად ეფუძნება ავღანეთში მივლენილი საბჭოელი ჯარისკაცების რეალურ ამბებს.

ეს ომის კანონია და არა მშვიდობის: ნებისმიერი ხერხით შეიტანო შენი „კულტურა“ მტრის ყოფაში. რაც შეეხება წესს – „სადაც მიხვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო“ – ის სხვისი პატივისცემისას და კეთილგანწყობილი სტუმრობის პირობებში მოქმედებს. ვიცი, ამ ეპიზოდის წაკითხვისას თქვენც ვაჟა-ფშაველას უკვდავი პოემა „სტუმარ-მასპინძელი“ გაგახსენდებოდათ და კარგი იქნება მისი სწავლებისას ავღანურ ადათებსა და ალექსიევიჩის „ცინკის ბიჭებსაც“ თუ შეეხებით ხოლმე.

ავღანელები და კავკასიელები ძალიან რომ ჰგვანან ერთმანეთს ადათ-წესებითა თუ მენტალიტეტით, ეს ალექსიევიჩის შემდგომი თაობის მწერლის შემოქმედებაშიც კარგად ჩანს. მხედველობაში მაქვს ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერლის – ხალიდ ჰოსეინის რომანები, რომლებშიც პერსონაჟები ავღანელები არიან. სტუმარი მათთვისაც საკრალურია. მაგალითად „ფრანით მორბენალში“ არის ეპიზოდი, სადაც ახალგაზრდა კაცი ცინიკურად, შეურაცხმყოფელად საუბრობს ძმის სტუმარზე, რის პასუხადაც ძმა დაუღრიალებს: „დაგავიწყდა, სად ხარ? ეს ჩემი სახლია! ამირ-აღა ამაღამ ჩემი სტუმარია და შერცხვენას არ გაპატიებ, იცოდე!“ „ათას მოელვარე მზეშიც“ რეალური ისტორიული ფონი ჩანს და ვკითხულობთ:

თალიბებმა გამოაცხადეს, რომ ბინ ლადენს არ გადასცემდნენ, რადგან იგი მათი მეჰმანი, სტუმარი იყო. ავღანეთში მას თავშესაფარი მისცეს, სტუმრის გაძევება კი პაშტუნთა ეთიკის კოდექსს ეწინააღმდეგებოდა. თარიყმა სიმწრით ჩაიცინა. ლაილამ მის ღიმილში პაშტუნების ღირსეული ადათ-წესების, მისი ხალხის თავისებურებების განზრახ დამახინჯებით გამოწვეული აღშფოთება ამოიცნო.

ისევ სვეტლანა ალექსიევიჩს რომ დავუბრუნდეთ, ჩემი აზრით, მან სათავე დაუდო ახალ ლიტერატურულ ჟანრს, რომელსაც პირობითად პუბლიცისტური რომანი შეიძლება ეწოდოს. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ჟურნალისტიკაა, თუმცა უამრავი ინტერვიუდან/ისტორიიდან რა არ შეიტანო წიგნში და რა შემოუნახო კაცობრიობას, კომპოზიციურად როგორ დაალაგო ისე, რომ „უტოპიის ხმებს“ (ალექსიევიჩის რომანების ციკლის საერთო სახელი) არც სიმძაფრე მოაკლდეს და არც ლიტერატურული ღირებულება – ამას განსაკუთრებული ნიჭი და მწერლური ალღო სჭირდება. აღსანიშნავია, რომ რეალური მთხრობელის ინტონაცია მის რომანებში ყველგან შენარჩუნებულია და წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. ვფიქრობ, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ამ წიგნებისათვის (რა ჟანრსაც არ უნდა მივაკუთვნოთ ისინი), რომლებიც, მწვავე თემებიდან გამომდინარე, მწერლისგან როგორც ობიექტურობას, ისე დიდ გამბედაობასა და შეუპოვრობას მოითხოვდა. თუნდაც ზემოთ მოტანილი ეპიზოდი წიგნიდან, მშრალი თხრობა არტილერისტისა, დიდი შენაძენია 21-ე საუკუნის ადამიანისათვის და ის განსჯისა და დაფიქრების საგნად უნდა იქცეს. ეს ფრაგმენტი ქართველ მკითხველს უნებურად „სტუმარ-მასპინძლის“ რამდენიმე ეპიზოდს გადაუშლის თვალწინ. შესაძლოა სწორედ მსგავსი სიტყვებით მიემართათ ბაგრამელ კაცებს ორ ცეცხლს – სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციასა და შიშს – შუა მყოფი ქალებისათვის, რომლებსაც საბჭოელები ხშირად ბავშვებსაც კი უხოცავდნენ, ხელნაკეთ ნაღმს არ გვიდებდნენო:

„თემს რაც სწადიან, მას იზამს
თავის თემობის წესითა.
მთელის ქისტების ამომგდე
სტუმრად რადა გყავ სახლშია?
ზვიადაურის სახელი
ბავშვმაც კი იცის მთაშია.
ეს იყო მუდამ, ჭკვათხელო,
ჩვენის გაჟლეტის ცდაშია,
მგლურად რო გვეტევებოდა,
რო გვიჯდებოდა გზაშია.“

ჩაქოლვა დღემდე საკმაოდ გავრცელებულია ბევრ ქვეყანაში. მას ქალების წინააღმდეგ უმეტესად ცოლ-ქმრული ღალატის შემთხვევაში იყენებენ. ეპიზოდი „ცინკის ბიჭებიდან“, სავარაუდოდ, ავღანელების თვალთახედვით, ქალების მხრიდან ერთგვარი ღალატიც იყო. მასპინძლობისას ქალს ალბათ სინანული „წაესობოდა“ და საბჭოელების მიერ მოკლული თავისიანების მოგონებისას „თითქოს ნატყორცი ისარი ზედ გულის კოვზზე“ დაესობოდა, მაგრამ ამასთან ძველი ადათიც გაახსენებდა თავს:

„დღეს სტუმარია ეგ ჩემი,

თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,

მითაც მე ვერ ვუღალატებ,

ვფიცავ ღმერთს, ქმნილი იმისა.“

„მათ იცოდნენ, რომ დახოცავდნენ, მაგრამ მაინც არ გამოგვყარეს…“ აღაზასგან განსხვავებით, ავღანელ ქალებს გააზრებული აქვთ, რომ მტერს უმასპინძლდებიან. ქისტი აღაზა მოგვიანებით შეიტყობს ზვიადაურის ვინაობას და მისი მამაცობით აღფრთოვანებული დასტირის ხევსურს. ქალი, რომელსაც მტრის მასპინძლობისთვის თემი გარიყავს, რომელსაც სასაფლაოდან მკვდარი ქისტების, მათ შორის საკუთარი ძმის, გამკიცხავი ხმები ჩაესმის, რომელსაც ღალატის გამო ქმრისათვის საფლავიც არ გამოუყვეს მშობლიურ მიწაზე, ჯოყოლაზე უფრო დამნაშავედ მიიჩნევს თავს: „მე უფრო დიდი ცოდვა მაქვს, / უცხოსთვის ცრემლი ვღვარია.“ ავღანელი ქალებიც არ გასცემენ საბჭოელი რიგითი ჯარისკაცების სტუმრობას, რასაც თემი, ამ შემთხვევაში – ყიშლაკი, მტერთან თანამშრომლობაში ჩაუთვლის.

გაორებული ქალებისა და მათი შვილების ტრაგედია ალექსიევიჩთან სულ ერთ აბზაცშია თავმოყრილი, მინიატურასავით. აქ არაა გახსნილი პერსონაჟების ხასიათი, არ ჩანს მათი ჟესტები თუ ფიქრები, აქ ვერ ნახავთ ხელმოსაჭიდ დეტალებს, რომელიც სრულყოფილად აღადგენდა ფსიქოლოგიურ ფონს ან ავღანურ სოფრას (ჩვენებურად – სუფრას). მხოლოდ ცხელი პურია ნახსენები. ამიტომაც იძლევა ეს ეპიზოდი სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალებას. აკი 1893 წელს დაწერილი ვაჟას შედევრიც გაგვახსენა უნებურად. „სტუმარ-მასპინძლისგან“ ერთი საუკუნით დაშორებული, 1991 წელს გამოცემული წიგნი ბევრ საფიქრალს დაგიტოვებთ და ქართულ ხალხურ ლექსთანაც გაპოვნინებთ საერთოს. აი, თუნდაც ცინკის კუბოთი ჩამოსვენებული ერთ-ერთი ჯარისკაცის დედის ხილვა:

და ერთხელ მესიზმრება კუბო… სარკმელია გამოჭრილი იქ, თავის მდებარეობის ადგილას, დიდი… დავიხრები საკოცნელად… მაგრამ ვინ წევს იქ? ეს ჩემი შვილი არ არის… ვიღაც შავია… ვიღაც ავღანელი ბიჭი, მაგრამ საშას მსგავსი… მახრჩობს ფიქრი: ეს მან მოკლა ჩემი შვილი… მერე ვხვდები: ისიც ხომ მკვდარია?! ისიც ხომ ვიღაცამ მოკლა!.. ვიხრები და ვკოცნი, სარკმლიდან გადახრილი…

საოცარია, მაგრამ ფაქტია: ხშირად მხატვრული ტექსტების სიუჟეტები რეალურ ცხოვრებაში „გადმოდიან“, წინასწარმეტყველებასავით ახდებიან და შემდეგ ისევ წიგნებში, ოღონდ სხვა ავტორის წიგნებში „ბრუნდებიან“.

„ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი
ელანდებოდა მძინარსა,
ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს
ტანზეით აყრის რკინასა,
ხან კიდენ იმისი შვილი
ვეფხვს გადაავლევს ყირასა.
აი, ამ სიზმრებს ხედავდის,
გამაეღვიძის მტირალსა.
ხან იფიქრებდა, უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა შვილისა,
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა.
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!“

კაცობრიობა ხომ ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს. წიგნებიც სწორედ ამის მუდმივი შეხსენებაა. და სვეტლანა ალექსიევიჩის რომანების არაერთი გმირი არაერთხელ დაიჩივლებს:

რატომ მაიძულებთ წარსულის გახსენებას?

საბჭოთა წარსულის ამ ეპიზოდის გახსენებამ უძველეს სტუმარ-მასპინძლობის ადათთან დაგვაბრუნა და რამდენიმე ქვეყნის ლიტერატურისთვისაც შეგვავლებინა თვალი. ბელარუსი ნობელიანტის წიგნის ერთ-ერთი შეკითხვის ადრესატებიც ალბათ ჩვენ, მკითხველები, ვართ:

„ვის ვესროლო ეს სიტყვები, როგორც ყუმბარა?“

 

 

შავ-თეთრიდან ნათელი ფერებისკენ       

0

ყველაფერი ცუდი რომ დასრულდა, თოთხმეტი წლის იყო. ხატვა ამის მერე დაიწყო. ჯერ ფურცლები და ფანქრები მოითხოვა, მერე – საღებავები, ფუნჯები, ტილოები. მოლბერტი დედას მეგობარმა აჩუქა. ხატავდა თითქმის ყოველდღე და იმას, რასაც ხელი „თავისით დახატავდა“. ხატვის ტექნიკაზე წარმოდგენა არ ჰქონდა. ისიც კი არ იცოდა, ზეთის საღებავის გახსნა ზეთში რომ შეიძლებოდა…

მანამდე ფუნჯი არასოდეს მოესვა, ფერები არასოდეს გაეზავებინა. ყოფილა ისეც, რომ არც ფურცელი ჰქონია და არც ტილო და საღებავები. ასეთ დროს კედლებზე ხატავდა, ნაქირავები ბინის გაურემონტებელ, ღია ცისფერ კედლებზე. ხატავდა ფანქრებით, ფუნჯებით, თითებით, საღებავში ჩაწობილი თმის ბოლოებით. ხატავდა იმას, რაც გამოვიდოდა. ღამეებს ათევდა. არ ადარდებდა, შეუქებდნენ თუ დაუწუნებდნენ ნახატს. მთავარი იყო, რომ თავს კარგად გრძნობდა, უსიამოვნო მოგონებები გარეთ გამოჰქონდა, თავისუფლდებოდა. გამთენიისას იძინებდა, დაღლილი, მაგრამ ბედნიერი. ოჯახის წევრებს კი მოლბერტზე ახალ-ახალი ნახატები ხვდებოდათ.

სულ პირველად პორტრეტი დახატა – „ღამისთვალება“ გოგო სისხლის ცრემლებით (ოღონდ არ ვიცი, ეს მე ვარ თუ არაო, ამბობს). მეორეც შავ-თეთრ ფერებში შესრულებული პორტრეტი იყო, რომელზეც უკვე გახელილი, მაგრამ ნაღვლიანი და შეშინებული თვალებით მოცქირალი გოგონა ფანჯრის რაფას ათივე თითით ჩაბღაუჭებია (წერილის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით, რომ თითები ამ ნახატის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია). ამას, მართალია, უსახო, მაგრამ წითელკაბიანი დედის პორტრეტი მოჰყვა – სასთუმალთან „ღამისმთეველი დედის“ პორტრეტი. მერე ისევ „შიში“ და „შავი კლანჭები“ შემოეჭდო ქალის (თუ გოგოს) შიშველ სხეულზე, რასაც მოგვიანებით კვლავ „ნათელი“ შიშველი სხეულების სერია მოჰყვა – თავდაჯერებული, საკუთარ თავში დარწმუნებული გოგოს „კვლავდაბრუნება“ ადამიანებთან.

მინდა, რაც შეიძლება მეტმა თანატოლმა გაიცნოს ის – ყოჩაღი, ლამაზი, მიზანდასახული მეთერთმეტეკლასელი მარიამ პატაშური. სიფრიფანა გოგო, რომელმაც დაამარცხა უმძიმესი დაავადება, დაძლია ბევრი კომპლექსი, თითქმის სრულიად მარტომ მოახერხა ბულინგისგან თავის დაღწევა, დღეს კი მზად არის, თავისი გულახდილი ნაამბობით (და არა მხოლოდ ნაამბობით) სხვებსაც (ალბათ უფროსებსაც) დაეხმაროს.

 

ტრავმა

ხუთი წლის ვიყავი, ველოსიპედის ბორბალში რომ ჩამიყვა თითი. მარცხენა ხელის არათითი (ხელს მაღლა სწევს და მიჩვენებს). უმძიმესი ტრავმა მივიღე. თითის დაკარგვა გარდაუვალი იყო. ცოტა ხანში კი ისე გამირთულდა ეს მოტეხილობა, ჭრილობა თუ დაჟეჟილობა, – მოკლედ, ყველაფერი ერთად, – თითს ვინღა ჩიოდა, კინაღამ მთელი ხელი დავკარგე. არ ვიცი, ვეღარც ვითვლი, იმდენი ოპერაცია გავიკეთე. ზაფხული იყო მაშინაც, ივლისის დასაწყისი, ეს ამბავი რომ დამემართა და ოქტომბრის ბოლომდე ყოველდღე დავყავდი ჩემს მშობლებს საავადმყოფოში თითის დასამუშავებლად. ბევრჯერ ანესთეზიის გარეშეც მიფხეკდნენ ძვალს, მაგრამ არასოდეს მიტირია. თან მე თვითონაც ვუყურებდი ოპერაციებს, ვითხოვდი, შემახედეთ-მეთქი. ასე უფრო ადვილი იყო ტკივილის მოთმენა. ჩემი მშობლები თავს არ ზოგავდნენ ჩემს გადასარჩენად და მეც მინდოდა, რამით დავხმარებოდი. სხვა რა შემეძლო 5 წლის ბავშვს? – მხოლოდ მოთმინება. და ვითმენდი კიდეც. შეიძლება არც დაიჯეროთ, რომ ასეთი პატარა გოგო იმ დროს ამაზე ვფიქრობდი, მაგრამ მართლა ასე იყო (ამას რომ ამბობდა, ღაწვებზე სიწითლე აჰყვა).

მერე, როგორც იქნა, თითმა მორჩენა დაიწყო. უმეტესად უკვე სახლში ვიმუშავებდი და ვიხვევდი ჭრილობას. ექიმმაც დაგვრთო ნება და თან აღარც ფულის გადახდის საშუალება გვქონდა. დედა თავიდან მარტოს არ მანდობდა ხელს შესახვევად, მაგრამ როცა დარწმუნდა რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, ის ექთნად იქცა, მე კი ექიმად – „ძირითად სამუშაოს“ მე ვასრულებდი (იცინის). როგორც თავიდანვე ივარაუდეს ექიმებმა, ზუსტად ისე მოხდა: თითის მთლიანად შენარჩუნება ვერ მოხერხდა, ორი ფალანგი დავკარგე. უფრო სწორად, ფალანგნახევარი (თითი აღარ უჩვენებია. თუმცა თვალსაჩინოდ ედო მუხლზე).

 

მარტოობა და ბულინგი

როდესაც ჩემი მშობლებისთვის, ანუ უფროსებისთვის, ყველაფერი ასე თუ ისე მშვიდობიანად „დასრულდა“, არანაკლებ რთული ახალი ცხოვრება მაშინ დაიწყო ჩემთვის. მეზობლის ბავშვები აღარ მეთამაშებოდნენ, თავს მარიდებდნენ. ხან კითხვებს მისვამდნენ თითის შესახებ, ხან დამცინოდნენ, ხან კი მეუბნებოდნენ, თითი არ გაქვს და როგორ უნდა ითამაშოო. ვიდექი და მხოლოდ მათ ვუყურებდი, ან ჩემთვის მარტო ვთამაშობდი. რამდენჯერმე თითიც ვიტკინე თამაშის დროს, მაგრამ ეს ტკივილი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც ღობესთან თუ კართან ატუზული სხვა ბავშვების ასეთი დამოკიდებულების გამო განვიცდიდი. მარტო ვიყავი. უმეგობროდ. შინ ამაზე არ ვლაპარაკობდი. ახლაც მგონია, რომ სხვა ბავშვებთან ურთიერთობა შენ თვითონ უნდა მოაგვარო, უფროსები არ უნდა ჩარიო, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება.

 

სკოლა, ცხრა თითი და კვლავ ბულინგი

სკოლაში რომ მივედი, სამი თვე ხელი ისევ შეხვეული მქონდა. კლასელები მეზობლის ბავშვებზე სასტიკები აღმოჩნდნენ. არავინ მეგობრობდა ჩემთან. „ცხრათითას“ მეძახდნენ. ერთმა კლასელმა ჩემი მარცხენა ხელი დახატა დაფაზე ოთხი თითით და მთელი კლასი ამაზე იცინოდა. იმიტომაცაა, პირველი კლასის ბოლოს გადაღებულ სურათში ყველა ბავშვს ბედნიერი სახე რომ აქვს, მე კი ნატანჯი გამომეტყველებით ვდგავარ…

მიჭირდა, მაგრამ ვიბრძოდი, როგორც შემეძლო. რვა წლის ვიყავი, „როლიკებზე“ დადგომა რომ გავბედე. ჩვენი დიასახლისის შვილი მასწავლიდა. ერთხელაც დავეცი და თითი დავარტყი (ჯერ კიდევ მტკიოდა). გავმწარდი. ჩემი თანატოლი ბიჭები იდგნენ იქ და დამცინეს. ძალიან შემრცხვა. მაშინვე სახლში წავედი. დედა წამოწოლილი დამხვდა. არაფერი მითქვამს. ჩახუტება მინდოდა და ესევე, ტანსაცმლიანად, მეც გვერდით მივუწექი. პირველი შეტევა იმ ღამით დამემართა. უცნაური რაღაც ხდებოდა ჩემს თავს. დედა სასოწარკვეთილი დამძახოდა: „მარიამ, მარიამ, გაიღვიძე, რა გემართება, გამოფხიზლდი, გთხოვ!“ მე მესმოდა დედას ხმა, მინდოდა მეთქვა, მღვიძავს, დედა, მესმის შენი ხმა–მეთქი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ყველაფერი შავ-თეთრი იყო… (ველოდი,აი, ახლა ჩამოუგორდება ცრემლი, აი, ახლა-მეთქი, მაგრამ მხოლოდ ხმა აუკანკალდა ოდნავ, სულ ოდნავ).

 

ეპილეფსია

ამ კრუნჩხვით ჩემთვის ახალი ჯოჯოხეთი დაიწყო. რვა წელი ვებრძოლეთ ეპილეფსიას მე და ჩემმა მშობლები. ყოველთვის ძილში მემართებოდა – ძილის პარციალური ეპილეფსია იყო. წუთი, წუთნახევარ გრძელდებოდა და მერე კარგად ვხდებოდი. პირველ ხანებში დედა თავზე მადგა და ჩემს სახელს იმეორებდა, ნერვიულობდა. მერე და მერე დამშვიდდა, ცუდად როცა ვხდებოდი, თავთან მეჯდა და „მამაო ჩვენოს“ კითხულობდა, თან მეფერებოდა. დედას არასდროს დაუკარგავს იმედი, რომ კარგად გავხდებოდი და მეც გადმომედო ეს განწყობა. იმედი გადამდებია, მით უმეტეს – დედის (ამაყად მოიღერა მაღალი ყელი). ისე, საშინელი დაავადებაა, ყოველდღე წამალს სვამ და მერე სულ გეძინება. თავს ვაიძულებდი, რომ გაკვეთილებზე არ ჩამძინებოდა. ჯერ თითის გამო როგორ დამცინოდნენ ბავშვები და ახლა ამას ეპილეფსიაც რომ დამატებოდა, ძალიან გამიჭირდებოდა მათი მოგერიება. თან რაც დრო გადიოდა, სულ უფრო მწვავდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ცუდად ვგრძნობდი თავს. ამხელა სკოლაში ერთი ბავშვიც არ აღმოჩნდა, ვისაც ჩემთან მეგობრობა მოუნდებოდა, ვინც გამომესარჩლებოდა. მასწავლებლებს ნეიტრალური პოზიცია ეკავათ. მერე დედა მოვიდა და მშვიდად ელაპარაკა დირექტორს და ჩემს მასწავლებლებს – დედა ფსიქოლოგია და ასეთი ლაპარაკი იცის, არასოდეს ჩხუბობს, მაგრამ ადამიანებს თამამად ეუბნება სიმართლეს – და მეორე დღეს სხვა სკოლაში გადამიყვანა. კარგად მახსოვს, სკოლიდან რომ გამოვდიოდით, მითხრა, ჩვენ ჯერჯერობით მოთმინება და სიყვარული გვჭირდება და არა ბრძოლაო. დედა სხვადასხვა ფორმით ცდილობდა ჩემს დახმარებას. ერთხელ წამიყვანა და ისეთი ადამიანები გამაცნო, რომლებსაც სხვისი დახმარება სჭირდებოდათ – შშმ პირები, მარტოხელა დედები, მოხუცები… ამით მაჩვენა, რომ ზოგს ჩემზე მეტად უჭირს. მე დღესაც ვმეგობრობ ზოგიერთ მათგანთან და ვეხმარები, როგორც შემიძლია.

 

გამარჯვება და ლამაზი მეგობარი

რა თქმა უნდა, ღმერთს რომ არ ნდომებოდა, ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ჩვენ – მე, დედამ, მამამ და ჩემმა ძმამ – ბევრი ვიბრძოლეთ და დიდმა ძალისხმევამ, მოთმინებამ, წლობით ნათევმა ღამეებმა შედეგი გამოიღო. უკვე ორი წელი გავიდა, რაც საბოლოოდ დავამარცხე ეპილეფსია. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სავსებით ჯანმრთელი ვარ. ყველაფერი ცუდი ჩემს ცხოვრებაში უკან დარჩა. ახლა მეგობარიც მყავს. არა, შეყვარებული არ გეგონოს (ისევ იცინის), დაქალია. ულამაზესი ლანა. ყველაზე ნიჭიერი და კეთილი გოგო. აღარც სხვა ბავშვები მერიდებიან და მეც უფრო თამამად ვურთიერთობ მათთან.

წლების მატებასთან ერთად აგრესიის მოგერიებაც ვისწავლე. ახლა უკვე აღარავის გავაბედვინებ, ცუდად მომექცეს. ის კი არა, როცა ვინმე დაუცველია ჩემ გვერდით, ვფიქრობ, რომ მის მაგივრადაც უნდა ვიყო ძლიერი და სამართლიანი (აქ მუშტს კრავს). აღარც თითის გამო ვნერვიულობ. ადრე სულ ვმალავდი, სათითეს ვატარებდი, ახლა აღარ. საბოლოოდ გადავლახე „ცხრათითას“ კომპლექსი.

ზოგი რამ ალბათ ჩემი ბრალიც იყო. როცა იცი, რომ ნაკლი გაქვს, საკუთარ თავში იკეტები, გარეთ გასვლა არ გინდა, გგონია, ყველა შენ გაკვირდება. ვცდილობდი, მეპოვა ჩემს თავში ძალა, დედაც მეხმარებოდა, მაგრამ ავადმყოფობა ხელს მიშლიდა. ისე, სიმართლე რომ ვთქვა, საგანგებოდ არასოდეს დავმდგარვარ სარკის წინ და არ მითქვამს ჩემი თავისთვის: „აბა მარი, შენ იცი, არავის დაეჩაგვრინო–მეთქი“. უფრო თავისით მოხდა გარდატეხა. ალბათ, გავიზარდე და ამის ბრალიცაა.

 

რეცეპტი

ბულინგისთვის თავის დასაღწევი, კომპლექსების გადასალახავი ჩემეული რეცეპტი ისაა, რომ აგრესიით ვერაფერს გახდები. შეიძლება, რაიმე თანდაყოლილი ან შეძენილი გარეგნული ნაკლი გქონდეს, მაგრამ ასჯერ მეტი ღირსება და სიკეთე იმალებოდეს შენს შიგნით. ამის მოძებნა და პოვნაა აუცილებელი. ბევრი რამის წამალი, ჩემი აზრით, კარგი მეგობრები და ურთიერთობებებიცაა, და კიდევ – საყვარელი საქმე ან ჰობი. ჩემი ჰობი ჯერჯერობით ხატვაა. პროფესია კი… უკვე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ექიმი გამოვიდე. ექთნის როლს ათი წლიდან ვირგებ – დიდი ხანია ვიცი წნევის გაზომვა, ნემსის გაკეთება, ჭრილობების დამუშავება და კიდევ ბევრი რამ; საჭმელების გამომგონებელიც ვარ – რაც უნდა უცნაური ინგრედიენტები ავურიო ერთმანეთში, მაინც გემრიელი კერძი გამომდის. ახლახან კერვაც ვისწავლე და ძალიან მომწონს ჩემი შეკერილი ტანსაცმლით სიარული. მოდელობაც ვცადე, მაგრამ ძვირად ღირებული სიამოვნებაა.

ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგო ვარ უკვე. არც მინდა არაჩვეულებრიობა. უბრალოდ, ჯანმრთელი და ბედნიერი მინდა ვიყო და იმავეს ვუსურვებ ყველას.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...