სამშაბათი, ივნისი 9, 2026
9 ივნისი, სამშაბათი, 2026

ინტეგრირებული გაკვეთილი დაწყებით კლასებში

0

წინამდებარე სტატიაში  ვისაუბრებ ინტეგრირებულ გაკვეთილზე – როგორ შეიძლება დავგეგმოთ და ჩავატაროთ ასეთი ტიპის გაკვეთილი. ასევე, კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის გეგმის ნიმუშსა და რეფლექსიას, რომლებიც რესურსის სახით შეიძლება გამოიყენონ მასწავლებლებმა. აღვნიშნავ, რომ ინტეგრირებული გაკვეთილი ჩავატარე კლასკომპლექტში, სადაც ორი კლასია და თითოეულ კლასთან ინტეგრირება განხორციელდა ქართულსა და სახვით ხელოვნებაში.

  1. როგორ დავგეგმოთ ინტეგრირებული გაკვეთილი?

წლის დასაწყისში მასწავლებელი შეადგენს თავისი საქმიანობის თემატურ გეგმას, სასურველია მოიაზროს ის თემები, რომელთა დაკავშირება სხვა სასწავლო საგნებთან იქნება შესაძლებელი. შემდეგ ეტაპზე უნდა გაეცნოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნების პროგრამებს. თუკი ამ საგნის სასწავლო გეგმაც მოიცავს მსგავს თემებს და თან ქრონოლოგიურადაც შესაძლებელია მათი ერთმანეთთან დაკავშირება, მაშინ უკვე შესაძლებელი იქნება ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა. მთავარია, ინტეგრირებული გაკვეთილისთვის სწორად შეირჩეს საგაკვეთილო თემა. რაც ნიშნავს იმას, რომ არჩეულ თემას უნდა ჰქონდეს ყველა ინტეგრირებულ საგანთან შეხების წერტილი და ინტეგრირება იყოს ლოგიკური და ბუნებრივი. ინტეგრირებული გაკვეთილის ძირითადი მახასიათებელი არის ის, რომ იგი უნდა უზრუნველყოფდეს ინტეგრირებული საგნების შესაბამისი სასწავლო შედეგების მიღწევას.

ჩამოვაყალიბოთ ის თანმიმდევრობა, რომელიც ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ:

  1. საგაკვეთილო თემის სწორი შერჩევა, რადგანაც ის ინტეგრირებული საგნების შემაკავშირებელი რგოლია;
  2. უნდა გამოიკვეთოს სასურველი მიზნები;
  3. დაუკავშირდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევ შედეგებს ყველა ინტეგრირებულ საგანში;
  4. დროში გაიწეროს მიზნის შესაბამისი აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფს შედეგების მიღწევას;
  5. თემის შესაბამისი დამატებითი ინფორმაციისა და რესურსების მოძიება.

რაც შეეხება კლასკომპლექტში ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ორივე კლასში როგორც ერთი საგნის ფარგლებში შერჩეული თემების მსგავსება, ასევე, მათი კავშირი ინტეგრირებულ საგანთან ან საგნებთან. ცხადია, უნდა გავითვალისწინოთ დიფერენცირებული სწავლებაც.

  1. წარმოგიდგენთ ჩემს გაკვეთილის გეგმას:
კლასი/კლასები 1-2 კლასი (კლასკომპლექტი)
გაკვეთილის თემა 1 კლასი –  „ბებერი მწევრისა და ტრაბახა კურდღლის გასაუბრება“;

2  კლასი –  „ვინ აირჩია ძაღლმა“.

 

კლასის დახასიათება კლასში 5 მოსწავლეა და კლასკომპლექტია. შესაბამისად, გამოვიყენებ დიფერენცირებულ სწავლებას. პირველი კლასის მოსწავლე ცნობს ანბანის ყველა ასოს და მასწავლებლის კონკრეტული მითითებებით შეუძლია დავალების დამოუკიდებლად შესრულება. მეორე კლასის მოსწავლეები სწორად და შეგნებულად კითხულობენ მხატვრულ ტექსტებს და შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა.

 

სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მიზანი:

1 კლასი

მოსწავლემ უნდა შეძლოს

Ø  ტექსტის წაკითხვა დამარცვლით;

Ø  ტექსტის შინაარსის გადმოცემა დამხმარე კითხვებით;

Ø  წინადადებებში გამოტოვებული ასოების პოვნა და შესაბამის ადგილზე ჩაწერა;

Ø  მოსმენილი საინფორმაციო ტექსტიდან კითხვებზე პასუხის გაცემა;

Ø  ტექსტში მოცემული სიუჟეტის მიხედვით, აპლიკაციის შექმნა (ტექსტის პერსონაჟების გამოჭრა, დაწებება და გაფერადება).

2 კლასი

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ

Ø  დეფორმირებული ტექსტის აღდგენა;

Ø  ტექსტის შინაარსის გადმოცემა დამხმარე კითხვებით;

Ø  მოსმენილი საინფორმაციო ტექსტიდან კითხვებზე პასუხის გაცემა;

Ø  ტექსტში მოცემული სიუჟეტის მიხედვით აპლიკაციის შექმნა (ტექსტის პერსონაჟების გამოჭრა, დაწებება და გაფერადება).

 

ესგ-ს მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:

1 კლასი:

ქართული

ქართ.I.7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა:

Ø  აკავშირებს ასოებს ბგერებთან და ამთლიანებს მათ მარცვლებად, სიტყვებად (წარმოთქვამს სიტყვებს);

Ø  ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს.

 

ქართ.I.4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება:

 

·         სვამს/პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;

·         აფასებს პერსონაჟს და მის ქცევას (კეთილია/ბოროტია; კარგად მოიქცა/ცუდად მოიქცა და ა. შ).

 

ხელოვნება

ს.გ. I.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას:

·         იყენებს ფანქრებს, პასტელს, პლომასტერებს გრაფიკული ნამუშევრის შესაქმნელად;

·         ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი, ბუნებრივი მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟს.

 

 

 

 

2 კლასი:

ქართული

ქართ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება;

·         გადმოსცემს მოსმენილი ტექსტის შინაარსს;

·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ თხრობას;

·         ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათ გარეგნობას, თვისებებს);

·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს/არ მომწონს, კარგად მოიქცა/ცუდად მოიქცა, კეთილია, გონიერია და ა.შ);

·         გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს (მაგ., გამაკვირვა, შემეცოდა და ა.შ.).

 

ხელოვნება

ს.გ. II.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას ნამუშევრის შექმნისას:

·         ბუნებრივი და ხელოვნური მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟსა და მოზაიკას.

 

 

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი  

კლასი 1 კლასი 2

 

აქტივობა #1.

ტექსტის შინაარსის გახსენება:

მოსწავლე ტექსტს დამოუკიდებლად,  ხმამაღლა წაიკითხავს. შემდეგ კი უპასუხებს მასწავლებლის შეკითხვებს:

1.      ლექსის მიხედვით როგორია მწევარი? კურდღელი? (გამოვიყენებთ გონებრივი იერიშის რუკას).

2.      როგორ ეტრაბახება კურდღელი მწევარს?

3.      რისი იმედი აქვს ბებერ მწევარს?

 

დრო:  8 წთ.

მეთოდი:  შეკითხვებზე მუშაობა.

ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური.

აქტივობა #1.

ტექსტის აღდგენა:

მოსწავლეებს დაურიგდებათ ფურცლები, სადაც მოცემულია  ტექსტი. ტექსტში მოცემულია ინფორმაცია მთავარ პერსონაჟზე – ძაღლზე. მოსწავლეებს ევალებათ, შინაარსიდან გამომდინარე აღადგინონ ტექსტი.

 

დრო:  8 წთ.

მეთოდი:  დამოუკიდებელი სამუშაო.

ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური.

 

 

აქტივობა #2

წინადადებებში  გამოტოვებული ასოების ჩასმა:

მასწავლებელი მოსწავლეს მისცემს თაბახის ფურცელზე მომზადებულ დავალებას, სადაც მოსწავლემ წინადადებაში გამოტოვებული ასოები უნდა ამოიცნოს და ჩაწეროს. სიტყვები მოცემულია იგივე ტექსტიდან.

 

დრო: 8 წთ.

მეთოდი: დამოუკიდებელი სამუშაო.

ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური.

აქტივობა #2

ტექსტის გააზრება:

შესრულებული დავალება გადაიტანება ფლიფჩარტზე და შემოწმდება.

შემდეგ მოსწავლეები გაგრძელებით გადმოსცემენ ტექსტის შინაარსს და უპასუხებენ კითხვებს:

1.      რატომ აირჩია ძაღლმა ადამიანი?

2.      თქვენი აზრით, სწორი იყო ძაღლის არჩევანი?

3.      რით არის ადამიანი ყველაზე ძლიერი?

4.      რომელი ანდაზები გახსენდებათ ამ ზღაპართან დაკავშირებით?

(„ძალა აღმართსა ხნავს“).

(„მჯობნის მჯობნი არ დაილევა“).

 

 

დრო: 8 წთ.

მეთოდი: შეკითხვებზე მუშაობა.

ორგანიზების ფორმა: ფრონტალური-კლასთან.

 

 

აქტივობა #3.

„იცით თუ არა, რომ“

ორივე კლასის მოთხრობაში ერთ-ერთი პერსონაჟია ძაღლი, რომლის შესახებაც მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს საინფორმაციო ტექსტს. წაკითხულის მოსმენის შემდეგ მოსწავლეები უპასუხებენ კითხვებს:

 

(ტექსტი შერჩეულია „ბუნების კარიდან“; ავტორები: ნ. დარჩიაშვილი; ლ. კარდენახიშვილი).

 

დრო: 9 წთ.

მეთოდი: საუბარი.

ორგანიზების ფორმა: ფრონტალური-კლასთან.

 

 

აქტივობა #4.   სიუჟეტური ნახატების შექმნა აპლიკაციით:

პირველკლასელ მოსწავლეს მიეცემათ ძაღლის, ლეკვისა  და კურდღლის გრაფიკული გამოსახულებები. ეს გამოსახულებები უნდა გამოიჭრას, დაწებდეს თაბახის ფურცელზე და გაფერადდეს.

მეორე კლასის მოსწავლეებს კი დაურიგდებათ ძაღლის, დათვის, მგლისა და ტურას  გრაფიკული გამოსახულებები. ეს გამოსახულებები უნდა გამოიჭრას, დაწებდეს თაბახის ფურცელზე და გაფერადდეს.

მოსწავლეები მოთხრობის შინაარსიდან გამომდინარე სურვილისამებრ დახატავენ სახლს და პეიზაჟის სხვადასხვა ელემენტებს:  ბუჩქებს, ყვავილებს, ხეებს,  და ა.შ. ყველა ნამუშევარი გამოიკვრება დაფაზე.

დრო: 20 წთ

მეთოდი: პრაქტიკული სამუშაო

ორგანიზების ფორმა: ფრონტალური-კლასთან

 

 

 

 

მოსალოდნელი პრობლემები და შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზები მოსწავლეებს შესაძლოა გაუჭირდეთ ტყის პეიზაჟის შექმნა. მასწავლებელი დაეხმარება მათ – შექმნის ტყის გრაფიკულ გამოსახულებებს.

 

 

 

 

სასწავლო რესურსები სახელმძღვანელო, ფლიპჩარტი, წებო, მაკრატელი, წებოვანი ქაღალდი, ფლომასტერები, ფანქრები, თაბახის ფურცლები.

„ბუნების კარი“ – ნ. დარჩიაშვილი; ლ. კარდენახიშვილი; თბილისი-1997.

მასწავლებლის მომზადებული რესურსები:

რესურსი #1. ტექსტი;

რესურსი #2.  წინადადებებში გამოტოვებული ასოები;

რესურსი #3. საინფორმაციო ტექსტი ძაღლის შესახებ;

რესურსი #4.  ძაღლის, ლეკვისა  და კურდღლის გრაფიკული გამოსახულებები;

რესურსი #5.  ძაღლის, დათვის, მგლისა და ტურას  გრაფიკული გამოსახულებები.

 

შეფასება და თვითშეფასება ·         მასწავლებელი მოსწავლეებს შეაფასებს შეფასების სქემით; შეფასების საგანი იქნება შესრულებული დავალებები და შექმნილი ნამუშევრები (აპლიკაციები). მოსწავლეები მიიღებენ განმავითარებელ კომენტარებს.

·         მასწავლებელი, გაკვეთილის დასრულების შემდეგ, საკუთარ თავს შეაფასებს თვითშეფასების სქემით და დაწერს ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიას.

პირველი კლასის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

 

კარგია საშუალოა საჭიროებს გაუმჯობესებას

 

ტექსტის წაკითხვა/ კითხვებზე პასუხის გაცემა კითხულობს ტექსტს დამარცვლით ან ასოებით სწორად და ხმამაღლა; ცნობს ყველა ასოს; ყველა კითხვაზე იძლევა სწორ პასუხს.

 

უმეტესად ტექსტს კითხულობს დამარცვლით ან ასოებით სწორად და ხმამაღლა; იშვიათად ავიწყდება ასოთა სახელწოდებები; კითხვათა უმეტესობაზე იძლევა სწორ პასუხს.

 

ტექსტს ვერ კითხულობს დამარცვლით ან ასოებით;  ხშირად ავიწყდება ასოთა სახელწოდებები; კითხვათა უმეტესობაზე იძლევა არასწორ პასუხს.
წინადადებებში გამოტოვებული ასოების ჩასმა

 

ყველა წინადადებაში სწორად წერს გამოტოვებულ ასოებს.

 

წინადადებებში უმეტესად სწორად წერს გამოტოვებულ ასოებს. წინადადებათა უმეტესობაში არასწორად წერს გამოტოვებულ ასოებს.

 

მოსმენილი ტექსტის გაგება

 

ყურადღებით ისმენს ტექსტს, იმახსოვრებს არსებით ინფორმაციას და აკეთებს დასკვნას.

 

ისმენს ტექსტს, იმახსოვრებს ზოგიერთ ფაქტს და ცდილობს გამოიტანოს დასკვნა. არ ისმენს ტექსტს, იმახსოვრებს არასწორ ფაქტებს და გამოაქვს მცდარი დასკვნა.
ორგანიზებულობა/ შემოქმედებითობა

 

გაკვეთილზე გამოცხადდა საჭირო აღჭურვილობით, იცავს დროის ლიმიტს;

ყურადღებით ისმენს ინსტრუქციებს და ადეკვატურად  იყენებს მომზადებულ მასალას ნამუშევრის შესაქმნელად.

 

გაკვეთილზე  გამოცხადდა საჭირო აღჭურვილობით, მეტ-ნაკლებად იცავს დროის ლიმიტს; უმეტესად ისმენს ინსტრუქციებს და მეტ-ნაკლებად იყენებს მომზადებულ მასალას ნამუშევრის შესაქმნელად.

 

 

გაკვეთილზე არ გამოცხადდა საჭირო აღჭურვილობით, არ  იცავს დროის ლიმიტს; არ ისმენს ინსტრუქციებს და არაადეკვატურად იყენებს მომზადებულ მასალას  ნამუშევრის შესაქმნელად.

 

მეორე კლასის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები

 

კარგია საშუალოა საჭიროებს გაუმჯობესებას

 

დეფორმირებული ტექსტის აღდგენა სწორად და თანმიმდევრულად აღადგენს წინადადებებს  ტექსტში. სწორად და თანმიმდევრულად აღადგენს წინადადებათა უმეტესობას ტექსტში არასწორად და არათანმიმდევრულად აღადგენს  წინადადებებს ტექსტში

 

თხრობა/ შინაარსის გადმოცემა

 

ლოგიკური თანმიმდევრობით გადმოსცემს ტექსტის შინაარსს.

 

უმეტესად თანმიმდევრულად გადმოსცემს ტექსტის შინაარსს. არათანმიმდევრულად გადმოსცემს ტექსტის შინაარსს.

 

 

მოსმენილი ტექსტის გაგება

 

ყურადღებით ისმენს ტექსტს, იმახსოვრებს არსებით ინფორმაციას და აკეთებს დასკვნას.

 

ისმენს ტექსტს, იმახსოვრებს ზოგიერთ ფაქტს და ცდილობს გამოიტანოს დასკვნა. არ ისმენს ტექსტს, იმახსოვრებს არასწორ ფაქტებს და გამოაქვს მცდარი დასკვნა.
ორგანიზებულობა/ შემოქმედებითობა

 

გაკვეთილზე გამოცხადდა საჭირო აღჭურვილობით, იცავს დროის ლიმიტს;

ყურადღებით ისმენს ინსტრუქციებს და ადეკვატურად  იყენებს მომზადებულ მასალას ნამუშევრის შესაქმნელად

 

გაკვეთილზე  გამოცხადდა საჭირო აღჭურვილობით, მეტ-ნაკლებად იცავს დროის ლიმიტს; უმეტესად ისმენს ინსტრუქციებს და მეტ-ნაკლებად იყენებს მომზადებულ მასალას ნამუშევრის შესაქმნელად.

 

 

გაკვეთილზე არ გამოცხადდა საჭირო აღჭურვილობით, არ  იცავს დროის ლიმიტს; არ ისმენს ინსტრუქციებს და არაადეკვატურად იყენებს მომზადებულ მასალას  ნამუშევრის შესაქმნელად.

 

 

 

რესურსი #1.  აღადგინეთ დეფორმირებული ტექსტი

 

ძაღლი

  1. ის მრავალი ჯიშისაა.  2. ძაღლი ადამიანის ერთგულია.  3. ზოგი ისეთი პატარაა, რომ კაცს ჯიბეშიც ჩაეტევა.  4. ძაღლი შინაური ცხოველია.  5. ზოგი კი ხბოზე დიდია.  6. ამიტომაც ადამიანი ძაღლს უფრთხილდება.

 

(ი. გოგებაშვილის მიხედვით)

 

რესურსი #2.

ჩასვით წინადადებებში გამოტოვებული ასოები

რესურსი #3.  საინფორმაციო ტექსტი ძაღლის შესახებ

 ძაღლი

იაკობ გოგებაშვილის მიხედვით

ძაღლი შინაური ცხოველია. დიდი შრომა დასჭირდა ადამიანს, გარეული ცხოველების მოსაშინაურებლად. ძაღლი ერთ-ერთი პირველია, ხანგრძლივმა ერთად ცხოვრებამ ძაღლი გამგონე გახადა. ადამიანი მას აჭმევს, ასმევს, ზრუნავს მასზე, ამიტომ იგი უყოყმანოდ ასრულებს პატრონის სურვილს.

ლეკვი ძაღლის ნაშიერია. ახლად დაბადებული ბრმაა, მხოლოდ ორი კვირის შემდეგ ახელს თვალს. დედა ძაღლი მზრუნველი მშობელია. ლეკვები სუფთად ჰყავს, ყოველ წუთში ლოკავს, ეთამაშება. აბა, მივუახლოვდეთ ლეკვს! დედა ძაღლი ისე გამძვინვარებული დაიყეფებს, რომ ახლოს ვერ მიეკარები. ძაღლს კარგი სმენა და ყნოსვა აქვს. დღისით თუ ღამით იგი სახლის დარაჯია.

ძაღლი ჩვენი ერთგული მეგობარი და დამცველია.

 

დავალება:  მოსმენილი ტექსტის მიხედვით უპასუხეთ კითხვებს:

  1. რატომ უვლის და პატრონობს ადამიანი ძაღლს?
  2. ტექსტის მიხედვით ჩამოთვალეთ ძაღლის თვისებები.
  3. რომელი მოთხრობები შეგიძლიათ დაასახელოთ, სადაც მოთხრობილია ძაღლის ერთგულება?
  4. რომელი კინოფილმები შეგიძლიათ გაიხსენოთ, სადაც ასახულია ძაღლისა და ადამიანის მეგობრობა?

 

რესურსი #4.

 

 

 

                                      

 

 

  1. წარმოგიდგენთ მოსწავლეთა მიერ აპლიკაციის ხერხით შექმნილ ნამუშევრებს:

  1. გაკვეთილის რეფლექსია

 

რამ განაპირობა შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება?

 

ორივე კლასის საკითხავ მასალაში იყო საერთო პერსონაჟი – ძაღლი. შესაბამისად, ქართულის ნაწილში, ტექსტებში საერთო წერტილის პოვნამ შესაძლებლობა მომცა, ჩამეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი. გამომდინარე აქედან, ერთ-ერთი აქტივობა ორივე კლასთან ქართულის ნაწილში იყო ძაღლის შესახებ საინფორმაციო ტექსტის მოსმენა და ანალიზი. ამ აქტივობამ კარგად გამოკვეთა ორივე კლასის მოთხრობების გადაკვეთის წერტილი. რაც შეეხება სახვით ხელოვნებასთან ინტეგრირებას, ორივე კლასმა ტექსტებში მოთხრობილი ამბავი აპლიკაციის ხერხით გარდაქმნა აზრობრივ ნახატად. ამრიგად, პრაქტიკული სამუშაოს შესრულებით მოვახდინეთ  ინტეგრირება ხელოვნებასთან.

კლასკომპლექტის თავისებურებიდან გამომდინარე გამოვიყენე დიფერენცირებული სწავლებაც, სადაც ორივე კლასმა იმუშავა როგორც ინდივიდუალურად, ისე ფრონტალურად.

რადგანაც ეს იყო ორივე კლასის ერთობლივი ინტეგრირებული გაკვეთილი და ინტეგრირება განხორციელდა რეფლექსია-გამთლიანების ფაზაზე პრაქტიკულ ნაწილში, პირველ კლასთან 35 წუთის ნაცვლად ვიმუშავე 45 წუთი.

 

 

რა სარგებელი მიიღეს გაკვეთილზე დამსწრე კოლეგებმა?  მოსწავლეებმა?

 

 

გაკვეთილი საინტერესო და სახალისო გამოვიდა. ხელი შეუწყო კოლეგების პროფესიულ განვითარებას. ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილიდან ზოგიერთი ელემენტის გათვალისწინება და გამოყენება შესაძლებელია. თუნდაც, წინადადებებში გამოტოვებული ასოების  ჩაწერა. აღნიშნული აქტივობა მცირე მოდიფიცირებით შესაძლოა სხვადასხვა საგანშიც დაიგეგმოს. მაგალითად, მათემატიკაში შეკრების ან გამოკლების დროს გამოტოვებული საკლების, მაკლების ან პირველი და მეორე შესაკრებების პოვნა და გამოტოვებულ ადგილზე ჩაწერა.

დამსწრე კოლეგებმა მცირე მოდიფიცირებით სახვით ხელოვნებასთან ინტეგრირებაც შეიძლება გამოიყენონ. კერძოდ, ისტორიაში შესაძლებელია შეიქმნას პირამიდების კოლაჟი; მათემატიკაში – გეომეტრიული ფიგურების კომბინაციით რაიმე საგნის მაკეტი (მოდელი). სახვით ხელოვნებასთან ინტეგრაციით ხელი შეეწყო  მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნებისა და სახელოვნობო უნარების განვითარებას.

 

 

იქნა თუ არა მიღწეული მიზანი?

 

გაკვეთილის მიზანი სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეთა ნამუშევრებიდან გამოჩნდა, რომ მათ სწორად გაიაზრეს ტექსტები. შესაბამისად, ნახატებზეც სწორად ასახეს ტექსტის შინაარსი. გარდა ამისა, მოსწავლეებმა ტექსტების დამუშავებასაც კარგად გაართვეს თავი. კერძოდ, პირველმა კლასმა ტექსტიდან მოცემულ წინადადებებში გამოტოვებული ასოები სწორად ამოიცნო; მეორე კლასმა კი – სწორად აღადგინა  ტექსტი. საანალიზო კითხვებსაც სწორი პასუხები გასცა.

გაკვეთილის მიზნის მიღწევა უზრუნველყო, ასევე, სწორად შერჩეულმა შემდეგმა სტრატეგიებმა:

·         ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავებამ;

·         არსებული ცოდნის გახსენება/ცოდნის კონსტრუირებამ;

·         პრაქტიკულმა  მუშაობამ.

 

რა შეიცვლება თქვენი და თქვენი კოლეგების პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ გაკვეთილის ჩატარებით?

 

 

რადგანაც ეს იყო კლასკომპლექტში ჩატარებული ინტეგრირებული გაკვეთილი, აუცილებელი იყო დიფერენცირებული სწავლების გამოყენებაც, რომელიც ერთ-ერთი კლასისთვის განსხვავებული სირთულის დავალების შეთავაზებას ითვალისწინებს. შესაძლებელია, რომ ერთი კლასის ფარგლებშიც დასჭირდეს მასწავლებელს მოსწავლეებისთვის განსხვავებული სირთულის დავალებების მიცემა. გაკვეთილმა კი კოლეგებს ხელს შეუწყო ამ კუთხით გაეზიარებინათ ჩემი გამოცდილება. მან დამანახა, რომ სწორად შერჩეული თემები ყოველთვის უზრუნველყოფს შესაბამისი სასწავლო შედეგების მიღწევას. შესაბამისად, უფრო ხშირად ჩავატარებ ინტეგრირებულ გაკვეთილებს.
სასწავლო პროცესის კონკრეტულად რა მხარეები განვითარდება, რომელი პრობლემები დაიძლევა?

 

 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უძნელდებათ ხოლმე ტექსტის შინაარსის გაგება. მით უმეტეს, პირველ კლასელებს, რომლებიც ახალი გადასულები არიან ანბანის შემდგომ პერიოდზე. შესაბამისად, მოთხრობების აზრობრივ ნახატად წარმოდგენა უადვილებს ბავშვებს ტექსტის შინაარსის დამახსოვრებას. გარდა ამისა, მოქმედი პერსონაჟების გაფერადება, გამოჭრა და ფურცელზე დაწებება (პრაქტიკული მუშაობა) დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის უფრო მეტად სახალისოს გახდის გაკვეთილს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას.

 

 

რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?

 

 

გაკვეთილი წარიმართა დაგეგმილის შესაბამისად და არ წარმოშობილა გეგმიდან გადახვევის აუცილებლობა. გაკვეთილზე გამოიკვეთა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა, რაც გაკვეთილის ძლიერი მხარეა. მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა კი განაპირობა საინტერესო აქტივობებმა.
რომელ კომპონენტში იყო გაკვეთილი ყველაზე წარმატებული და რატომ?

 

 

გაკვეთილი ყველაზე წარმატებული იყო სახვითი ხელოვნების ნაწილში, როდესაც აპლიკაციის ხერხით შექმნეს აზრობრივი ნახატები. იმის გამო, რომ ეს იყო პრაქტიკული ნაწილი, უფრო მეტადაც გააქტიურდნენ.

 

 

რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?

 

 

 

პირველი კლასის მოსწავლე ტექსტს უმეტესად კითხულობდა ასოებით და არა მარცვლებით. შესაბამისად, აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ მარცვლებზე, რომ მოსწავლეს გაუადვილდეს ტექსტების მთლიანი სიტყვებით წაკითხვა. უკეთესი იქნება, თუ მოსწავლეს მივაწვდი დამარცვლის პრინციპით დაწერილ ტექსტს, სადაც მარცვლები სხვადასხვა ფერით იქნება გამოკვეთილი.
რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას?

 

 

 

 

მომავალში მსგავსი ტიპის გაკვეთილის მომზადებისას, ვფიქრობ, გავამრავალფეროვნებ აქტივობებს. კერძოდ, მეორე კლასის მოსწავლეებისთვის გავითვალისწინებ ტექსტში გამოტოვებული სიტყვების ჩასმას. ეს აქტივობა დამეხმარება, მივხვდე, რამდენად სწორად დაიმახსოვრა მოსწავლემ ტექსტის შინაარსი. გარდა ამისა, აპლიკაციის ნაცვლად მოსწავლეებს შევთავაზებ კოლაჟის მომზადებას.

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
  2. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. მეორე ნაწილი.

 

 

ნინო დათუკიშვილი

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი

 

პერსონაჟების ფსიქოლოგიური ძვრები  და  ლიტერატურის სწავლება

0

ლიტერატურის სწავლებისთვის  მნიშვნელოვანია დისკურსი იმის თაობაზე, თუ როგორ ვასწავლოთ პიროვნების ფსიქოლოგიურ ძვრებთან  დაკავშირებული საკითხები, მათი სწავლების შესაძლო ფორმები.  მასში განხილულია რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოები, რომლებიც მე-კონცეფციას, მეტამორფოზას შეეხება, ნათელჰყოფს გარდასახვის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებს. ნაშრომში მოცემული ლიტერატურული მაგალითები შეპირისპირებულია ერთმანეთთან; განხილულია პროტაგონისტთა მორალური პოზიციები. ამ ყველაფრის აღქმა საკმაოდ რთულია, მოითხოვს ლიტერატურულ გამოცდილებასა და შესაბამისი ფსიქოლოგიური ნარატივის ცოდნას. სტატიის მიზანია  დაკვირვება იმ ცვლილებებზე, რომლებიც ადამიანის გარდასახვის პროცესში ხდება, საკუთარი ლიტერატურული გამოცდილების გაზიარება და სწავლებასთან დაკავშირებული ზოგადი საკითხების მიმოხილვაც.

ამ მიმართულებით აღსანიშნავია ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაური“, ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი“, ფრანც კაფკას ,,მეტამორფოზა“. გარდა ამისა, მოცემული თეზისების განსამტკიცებლად წარმოდგენილია ერიკ-ემანუელ შმიტის ნააზრევი ჭეშმარიტების, მორალისა და ინდივიდუალისტურ  კონდიციათა შესახებ.

ზოგადად აუცილებელ საკითხთა შესახებ

იმისათვის, რომ მსგავსი ტიპის ლიტერატურა მკითხველისათვის ახლობელი, შესაგრძნობი გახდეს, აუცილებელია მისი დაკავშირება რეალობასთან, ასევე საინტერესოა ლიტერატურის სწავლება ინტერტექსტუალურ ჭრილში. გრეგორ ზამზასა (,,მეტამორფოზა“) და იგის შეპირისპირება, ვფიქრობ, საინტერესო იქნება. აუცილებელია ადამიანის არსებობის ცნობიერ და ქვეცნობიერის შრეებზე საუბარი. ცნობიერი სამყარო, როგორც ადამიანის ცხოველურ საწყისზე გამარჯვება, ქვეცნობიერი ზრახვების დაძლევა. მორალი – ცნობიერი სამყაროა, სუპერეგოა, განვითარების ის ეტაპია, როდესაც მოთხოვნები მხოლოდ საკუთრი საჭიროებებით არ ისაზღვრება.

მეთოდები, აქტივობები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

ტექსტის წაკითხვამდე აუცილებელია აღნიშნული ფსიქოლოგიური საკითხებით მოსწავლეთა დაინტერესება. ინტერესის აღძვრა შესაძლებელია დისკუსიის მეთოდის გამოყენებით; უმჯობესია  მიმდინარეობდეს ჯგუფებად დაყოფილ კლასში, რათა დისკუსია ჯგუფებს შორის წარიმართოს. დისკუსია ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას, ავითარებს კრიტიკულ აზროვნებასა და სოციალურ უნარებს. დისკუსიის დაწყებამდე მასწავლებელმა უნდა დასვას პრობლემური შეკითხვა ან წარმოადგინოს თეზისი, რომელიც მასალას უკავშირდება. მოცემული საკითხების შემთხვევაში სადისკუსიო შეკითხვა შეიძლება ჩამოყალიბდეს ასე: შეიძლება თუ არა ადამიანის ცხოვრებაში მოხდეს ისეთი რამ, რაც სამუდამოდ და ძირეულად შეცვლის მის პიროვნებას, სხვა ადამიანების დამოკიდებულებებს მის მიმართ? რა შეიძლება იყოს ეს მოვლენა/ცვლილება?

შემდგომ შესაძლებელია სათაურების განხილვა. ასოციაციურად რას უკავშირდება მათთვის სათაური ,,გარდასახვა“ (შესაძლო ასოციაციების მოხმობა და „ასოციაციურ რუკაზე“  განთავსება)?

ტექსტთა შინაარსის რეალიზების შემდგომ  აუცილებელია პროტაგონისტთა საქციელის გაანალიზება, ამისათვის მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ გმირის მიერ განვლილი გზა: როგორი იყო გმირი ამბის დასაწყისში, რამ შეცვალა ის და როგორი იყო  ცვლილების შემდგომ, ამისათვის შესაძლებელია სააზროვნო სქემის გამოყენება ,,პერსონაჟის ცვლილება“.

 

 

 

 

შემდეგ ნაწარმოებებში დასმული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შედარებითი ანალიზი კოგნიტური სქემების გამოყენებით, როგორებიცაა ,,ვენის დიაგრამა“, ,,პრობლემა და მისი გადაჭრის გზები“

 

მოცემულ დიაგრამებში დახასიათდება სამივე პერსონაჟი, მათი ქმედებები ცალ-ცალკე და გამოიკვეთება საერთო ნიშნები, ის, რაც სამივესთვის ან მხოლოდ ორისათვისაა ნიშანდობლივი.

ავტორისეულ იდეაზე საუბრისას ჯერ უნდა გამოიკვეთოს თითოეული იდეა, ხოლო შემდგომ უნდა მოხდეს ამ იდეათა სინთეზი და ჩამოყალიბდეს მთავარი იდეა. ეს აქტივობაც თვალსაჩინოებისათვის შეიძლება წარიმართოს სქემატურად (სქემა – ,,იდეა და მთავარი იდეა“).

მთავარი იდეა

იდეა       იდეა

    

 

 

 

მთავარი იდეა    

 

,,ალუდა ქეთელაურისა“ და „იგის“ იდეური ხაზი  შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: დაფარული ჭეშმარიტების აღმოჩენა – მნიშვნელოვანი წინააღმდეგობების წინაპირობა და გაადამიანების დასაწყისი. ხოლო ფრანც კაფკა თავის მოთხრობაში ცდილობს, დაგვანახოს მისი ოჯახის წევრების რეალური სახე. მეტამორფოზამ, რომელიც სხვებისთვის უსარგებლო ადამიანად გვაქცევს, შესაძლოა საერთოდ დაგვიკარგოს ცხოვრებისეული დანიშნულება.  საერთო კი სამივესათვის არის ცხოვრების საზრისის ძიებისა და რეალიზების, საკუთარი დანიშნულების ღირსეულად აღსრულების მოტივები. წინააღმდეგობის  დაძლევა ადამიანის არსებობის, ,,კაცის ადამიანად“ ყოფნის უმთავრესი დანიშნულებაა.

მნიშვნელოვანია თეორიული ცოდნისა და არსებული რეალობის ნაწარმოებთან დაკავშირება. მოცემული ნაწილის მიზანია, მოსწავლემ დაინახოს ლიტერატურის კავშირი ცხოვრებასთან.  ამისათვის შეიძლება სქემის გამოყენება ,,ლიტერატურა და ცხოვრება“, რომელშიც 2 მხარე იქნება გამოყოფილი: იგი ლიტერატურაში – იგი ცხოვრებაში; ალუდა ქეთელაური ცხოვრებაში – ალუდა ქეთელაური ლიტერტურაში;

გრეგორ ზამზა ლიტერატურაში – გრეგორ ზამზა ცხოვრებაში.

 

,,ლიტერატურა და ცხოვრება“

 

                                                   რა მოხდა

                                                 (მოთხრობებში/პოემაში)

                                                      ლიტერატურაში? 

 

 

  რა შეიძლებოდა მომხდარიყო ცხოვრებაში, ისინი ჩვენი მეგობრები, ახლობლები, რომ ყოფილიყვნენ?
 

 

,,იგი“

   
 

 

,,მეტამორფოზა“

   
 

,,ალუდა ქეთელაური“

   

 

დასკვნა – სიცოცხლე არის ლიტერატურა და პირიქით: ლიტერატურაც ისეთივე ცოცხალი, ადამიანური განზომილებაა, როგორიც თავად ადამიანი, იმიტომ, რომ ის ადამიანებზე, მათ განცდებზეა.

 

დასკვნა!

მე დავასკვენი, რომ ლიტერატურა და ცხოვრება…

…………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………….

…………………………………………………………………………………………….

 

 

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა იპოვონ კავშირი ტექსტსა და საკუთარ ცხოვრებას შორის. მოიყვანონ გარდასახვასთან დაკავშირებული ცხოვრებისეული მაგალითები ან უბრალოდ წარმოიდგინონ, რამდენად შესაძლებელია მათ ცხოვრებაში მოხდეს მსგავსი რამ (ამ საკითხზე კითხვა-პასუხის მეთოდით შესაძლებელია საუბარი). მოსწავლეებს შეგვიძლია მივცეთ ბარათები, რომლებზეც დაწერილი იქნება პროტაგონისტთა სახელები და ვთხოვოთ, წარმოიდგინონ თავი მათ ადგილზე და წერილობითი ფორმით უპასუხონ ბარათში დასმულ კითხვებს, მაგალითად:

როგორ მოიქცეოდით (იგის ადგილზე) დღევანდელ რეალობაში, აჰყვებოდით შინაგან ხმას თუ წუხილის გარეშე გაარძელებდით ცხოვრებას?

როგორ და რამდენად იმოქმედებდა თქვენზე მტრის ვაჟკაცობა, მოახერხებდით უარი გეთქვათ  სახელსა და დიდებაზე მისი დანდობის სანაცვლოდ?

ხოლო გრეგორ ზამზასთან მიმართებით თავი უნდა წარმოიდგინონ მისი ოჯახის წევრად – დად, დედად ან მამად. როგორ მოიქცეოდით საკუთარ ოჯახში რომელიმე წევრი ისეთივე ,,საზიზღარი“ შესახედაობის, უსარგებლო ადამიანად რომ გარდაისახოს, როგორიც ზამზა იყო? როგორ იქმნება და რით განისაზღვრება ადამიანის ადგილი,  მისი ,,ფასი“  ოჯახსა და საზოგადოებაში?

 დასასრულ, სასურველია აღნიშნულ თემაზე ესეის ფორმით დავალების შესრულება, რომლის მიზანი მიღებული ცოდნის განმტკიცება და სინთეზურად ყველა ძირითადი პრობლემისა და იდეის გაერთიანება იქნება (ჩამოაყალიბეთ მოთხრობებსა და პოემაში წამოჭრილი პრობლემები; მთავარ გმირთა ქმედებების გათვალისწინებით იმსჯელეთ მათ მსგავსება-განსხვავებებზე;  გამოყავით თითოეული ტექსტის მთავარი სათქმელი; ჩამოაყალიბეთ ის მხატვრული საშუალებები და სახეები, რომლებითაც ავტორი სათქმელს გადმოგვცემს).

ვფიქრობ, რომ აღნიშნული თემა საინტერესო და განგრძობადია.  ცხოვრებისეულ რეალობასთან, თითოეული ადამიანის სულიერ სამყაროსთან დაკავშირებული საკითხია, რომლის გაცნობიერებაც საკუთარი თავის აღმოჩენის, პიროვნული განვითარების, შინაგანი ხმის შეგნებით მოქმედების, მე-კონცეფციის სწორად ფორმირების საწყისია.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ფრანც კაფკა, ,,გარდასახვა’’, 23-108, თბილისი, გამომცემლობა ,,ოჩო“, 2010 წელი;
  2. ერიკ ემანუელ შმიტი , ,,პილატეს სახარება“, თბილისი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013 წელი;
  3. ვაჟა-ფშაველა-„ალუდა ქეთელაური“,20-40, თბილისი, გამომცემლობა ,,ნაკადული“, 1985 წელი;
  4. ჯემალ ქარჩხაძე , ,,იგი“ , თბილისი, ქარჩხაძის გამომცემლობა, 2012 წელი;
  5. კარლ როჯერსი, პედაგოგიკის საკითხები, ,,ჰუმანისტური ფსიქოლოგია და სწავლა გამოცდილებით“, 32-37, თბილისი, გამომცემლობა ,,უსტარი“, 2013 წელი.

 

 

 

 

რას ითხოვს ჩვენგან მუსიკის გაკვეთილები (IV ნაწილი)

0

მშობლის როლი

 

ადამიანის პირველი მასწავლებელი მშობელია, რომელიც გვასწავლის ლაპარაკს, სიარულს, თვლას, კითხვას, წერას, როგორ მოვიქცეთ საზოგადოებაში და სხვა.  მშობლებზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული: ჩვენი ხასიათი, მსოფლმხედველობა, კულტურა…

ზოგიერთ ოჯახში საკითხი – ვასწავლოთ თუ არა ბავშვს მუსიკა, საერთოდ არ განიხილება. მშობლებს კარგად მოეხსენება, რომ მუსიკა, როგორც კულტურის ნაწილი ადამიანს მრავალმხრივად და სრულფასოვნად ავითარებს. ვინაიდან 5-7 წლის ბავშვს მხოლოდ თამაშის სურვილი აქვს, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი საკითხი მშობლების გადასაწყვეტია.

 

მუსიკის სარგებელი

მშობელთა ცნობიერებაში ორი მცდარი შეხედულება არსებობს: პირველ შემთხვევაში, როცა ბავშვს აუცილებლად აბსოლუტური სმენა უნდა ჰქონდეს, ხოლო მეორე შემთხვევაში, სწავლას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ბავშვი მუსიკას თავის პროფესიად აქცევს.

მშობლებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და რომ მუსიკა ტვინის ცალკეული უბნების სტიმულირებით შესანიშნავ თერაპიულ ეფექტს ახდენს.

გვახსოვდეს, მუსიკის შესწავლის პროცესში განუსაზღვრელი შესაძლებლობა არსებობს. სწავლების მრავალფეროვნებისა და სურვილის შემთხვევაში შესაძლოა ვიპოვოთ ის, რაც ბავშვს „აქ და ამ წუთში“ დააინტერესებს და ამავდროულად მუსიკით გატაცებაშიც გადაზრდის.

 

ერთობლივი მეცადინეობები

 

მუსიკის შესწავლის პროცესში ბავშვისა და მშობლის ერთობლივი მეცადინეობები, გაკვეთილის მომზადებაში მონაწილეობის მიღება უკიდურესად მნიშვნელოვანი და ძალზე სასარგებლო ჩვევაა, რადგან დახმარება ყოველთვის დადებითი შედეგის მომტანია. მშობელი მოთმინებით უნდა მოეკიდოს ბავშვის სისუსტეებს. კრიტიკულ შენიშვნებში ფრთხილი იყოს. მშობელს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ მუსიკალური საკრავის ათვისება ძნელია, ამიტომ მცდელობისთვის, დავალების შესრულებისთვის და მცირე პროგრესისთვისაც კი ბავშვი უნდა შეაქოს. მშობლების მხრიდან ძალზე კარგი ჩვევაა ბავშვში წარმატების რწმენის მუდმივად ჩანერგვა. ბავშვი თუ დაიჯერებს, რომ სწავლის შესაძლებლობები საკმარისზე მეტი აქვს, წარმატება გარანტირებული ექნება.

აქვე მშობლის უარყოფით როლზეც უნდა ითქვას: მშობელი ბავშვის სიზარმაცის მიზეზი იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს, თუ მეცადინეობის ორგანიზების ჰუმანური და კონსტრუქციული მეთოდის გამოძებნა  ვერ მოახერხა.

 

მასწავლებლის როლი

ბავშვის ცხოვრებაში მუსიკის პირველი მასწავლებლის როლი ფასდაუდებელია. მასზეა დამოკიდებული მოსწავლის მუსიკისადმი სიყვარულის გაღვივება, სწავლით დაინტერესება, პირველი წარმატება, პროფესიონალური გზის გასაგრძელებლად შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და სხვა. ამიტომ, მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა ენიჭებათ მასწავლებლის შერჩევის საკითხში.

 

მასწავლებლის შერჩევა

მუსიკის სწავლების ხანგრძლივ გზაზე ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მასწავლებლის შერჩევას შეეხება. პირველ რიგში, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს მასწავლებლისა და თქვენი ბავშვის ფსიქოლოგიური თავსებადობა. მათ შორის ურთიერთობამ დადებითი ენერგეტიკა უნდა წარმოშვას და იმის შეგრძნება, რომ ერთმანეთი მოსწონთ და სჭირდებათ. ამიტომ მშობელს, რომელიც მასწავლებელს დამოუკიდებლად შეარჩევს, არ უნდა დაავიწყდეს შვილს ჰკითხოს, მოეწონა თუ არა მომავალი მასწავლებელი და თუ აქვს მასთან მეცადინეობის სურვილი.

შესაძლებლობების დაბლოკვა

მასწავლებლებმა გაკვეთილი არ უნდა დავიწყოთ ფრაზით „დღეს ჩვენ რთულ თემაზე უნდა ვისაუბროთ“, ან „ჩვენ ამას ვერ დავძლევთ“, ან „ამის სწავლა შეუძლებელია“. სიტყვა „რთულია“ ბავშვის შესაძლებლობებს ბლოკავს. ამ კონტექსტში „რთული“ „საინტერესოთი“ შევცვალოთ და ბავშვებს ასე მივმართოთ: „დღევანდელი თემა საინტერესოა“, „ჩვენ ამას დავძლევთ“ და ა.შ. აგრეთვე შესაძლებელია აზრის ასე ფორმულირება: „ვითამაშოთ“. ბავშვის წარმოდგენაში თამაში ხომ გართობაა.

 

კლასგარეშე თავისუფალი სწავლება

საკრავის თავისუფლად ფლობის ერთ-ერთი პირობაა მუდმივი დაკვრის პრაქტიკა. ბავშვებს უყვართ საყვარელი სიმღერის სმენით გარჩევა და აკომპანირება. შესაბამისად, ძალზე მნიშვნელოვანია მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი სწრაფვა სწავლების ტრადიციული პროგრამის ჩარჩოებიდან გამოსვლისკენ და მოსწავლის რეპერტუარის იმ ნაწარმოებებით გამდიდრება, რომლებიც მას აინტერესებს. გაკვეთილის ორგანიზების ახალი და განსხვავებული ფორმები ბავშვებისთვის მიმზიდველია და მეცადინეობა აღარ არის მოსაწყენი. ბავშვს მაქსიმალური თავისუფლება მივანიჭოთ და ის გაკვეთილზე მშვიდად და სიამოვნებით იმუშავებს. და ერთიც, მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მის მიერ შერჩეული პროგრამა მოსწავლის ასაკსა და განვითარების დონეს ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს.

 

სანიმუშო მასწავლებლის პარამეტრები

მასწავლებლებისთვის იმის შეხსენება, რომ მუსიკის გაკვეთილები სიცოცხლით სავსე, საინტერესო და მხიარულ გარემოში უნდა მიმდინარეობდეს, უხერხული მეჩვენება. ბუნებრივია, ამგვარ ატმოსფეროში ჩატარებული გაკვეთილები და თავად მუსიკით გატაცებული მასწავლებლის ენერგეტიკა მოსწავლეებისთვის აუცილებლად გადამდები იქნება. მუსიკის მასწავლებელი ბავშვების მოყვარული და ამავდროულად კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს. ძალზე მნიშვნელოვანია ყოველ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომა და მეგობრული ატმოსფეროს შექმნა. და მაინც, საინტერესოა სანიმუშო მასწავლებელს რა პარამეტრები გამოარჩევს:

  • გულისხმიერება
  • მზრუნველობა
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • სამართლიანობა
  • კომუნიკაბელურობა
  • მოსმენის უნარი
  • მუდამ ღია დიალოგისათვის
  • ოპტიმიზმი და სიცოცხლისადმი სიყვარული
  • მეტყველების კულტურა
  • ერუდიცია

კარგი მასწავლებელი კეთილი ჯადოქარია, რომელიც ჩვენს თვალწინ სასწაულებს ახდენს.

P.S. ძალიან კარგია სწავლების ადრე დაწყება, მაგრამ მუსიკის შესწავლა ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი, თუ ადამიანს ამის მიდრეკილება და სურვილი აღმოაჩნდება.

დათო

0

სექტემბრის იმ სევდიან დღეს, როცა მარჯვენახელმოტეხილი და წინა დღეებისგან გამოღლილი თბილისი-ზუგდიდის გზას დავადექი, ვეცადე გამეხსენებინა დიდი ხნის წინანდელი შეხვედრა დათო თოლორაიასთან – ბებიაჩემის ძმასთან, რომელიც უკვე ცოცხალი აღარ იყო. მეტიც – მე სწორედ მის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად ჩავდიოდი ქალაქში, სადაც ის მეოცე საუკუნის 20-იანების დასაწყისში დაიბადა და 2010 წლიდან დაბრუნდა რუსეთში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ.

უბრალო და შემთხვევითი კაცის ცხოვრებით არ უცხოვრია, რასაც მისი უკანასკნელი ნაბიჯიც მოწმობს, მაგრამ სანამ იქამდე მიაღწევდა, ბევრისთვის მოუწია დამტკიცება, რომ სხვა ნიჭისა და გაქანებისა იყო. ჯერ ჯანმრთელობის გამოცდა ჩააბარა – მაშინ ძალიან გავრცელებული ტუბერკულოზისგან განიკურნა, მარტო, ოჯახისგან შორს მყოფ სტუდენტს რომ შეეყარა. მერე კი უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქში გამოეცადა თავი, გასაცემიც გაეცა და მისაღებიც იქ მიეღო.

ინჟინერ-მშენებლის პროფესიით რუსეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრ ქალაქში, მათ შორის დახურულ და საიდუმლოებით მოცულ ელექტროსტალსა და სემიპალატინსკში უმუშავია და ალბათ ბევრი რამ იცოდა იმ ეპოქის კულუარებზე, რომელსაც მცირე დოზით ოჯახურ თავყრილობებზეც ჰყვებოდა. ასეთი შეკრებები კი ძალიან უყვარდა და ხშირად თვითონვე იყო ინიციატორი – დედ-მამის, მეუღლის, და-ძმის დაბადების დღეებს უგამონაკლისოდ იხდიდა, სულ მარტოც რომ დარჩენილიყო და მხოლოდ მას აენთო სანთელი ძვირფასი სახეების წინაშე. წესრიგი და სიჯიუტე, რომლითაც მოხუცი ფორმაში ყოფნასაც ახერხებდა და სხვებზე ზრუნვასაც, თითქმის ბოლო დღეებამდე მიჰყვა; გაჭირვების ფასიც იცოდა და ფუფუნებისაც, ამიტომ ახლობელ-ნათესავებისთვის დახმარების ჩვევას მკაცრ ხელმომჭირნეობასთან აზავებდა, ამიტომ ფული ყოველთვის ჰქონდა და არც პატივისცემის გარეშე დაუტოვებია ვინმე.

დათო ბიძიას (ყველანი ასე ვეძახდით) ნაშუადღევის ძილი უცვლელ წესად შემოეღო და ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან ერთგულობდა. და საერთოდ, როგორც ყველა ჭკუაკითხული მეგრელი, ისიც ამოჩემებული თუ მის მიერ საკუთარი თავისთვის დაწესებული ნორმების განუხრელად დამცველი და შემსრულებელი იყო. ეს ეხებოდა შრომის პროცესს, კვებას, მკურნალობას, ადამიანების შეფასებას თუ პოლიტიკურ სიმპათიებს. ალბათ ამიტომაც არ შევიდა კომუნისტურ პარტიაში – და არა იმიტომ რომ დისიდენტობა უნდოდა – უბრალოდ მიაჩნდა, რომ ვიღაც-ვიღაცებმა პარტიული პლატფორმა პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენეს და იდეალებისთვის ბრძოლის ნაცვლად, მომხვეჭელობასა და მექრთამეობას მიჰყვეს ხელი. თავისი პროფესიული კარიერის მწვერვალს – საბჭოთა კავშირის რკინა-ბეტონის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გენერალურ დირექტორობას – ამის გამო ვერ მიაღწია და მხოლოდ მის წინა საფეხურს დასჯერდა, მაგრამ ამაზე საერთოდ არ სწყდებოდა გული. მე კი მუდმივად განვიცდიდი იმას, რომ საინტერესო ადამიანების მემუარულ ტექსტებზე დაგეშილს დათო თოლორაიას ცხოვრებიდან მხოლოდ ფრაგმენტები მქონდა მოსმენილი. არადა, ყოფილი საბჭოთა კავშირის არაერთი ცნობილი თუ დასამახსოვრებელი პერსონაჟის ამბავი მოეყოლა სუფრებსა და ხანმოკლე შეხვედრებისას და კიდევ რამდენის გახსენება შეეძლო: უმაღლესი რანგის პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრები, ათასი იდუმალი თუ გაუხმაურებელი თემა – მათ შორის სტალინის შვილის – ვასილის ოჯახთან ურთიერთობის დეტალები, უშუალო პირველწყაროდან მოსმენილი ბერიას მკვლელობის საქმე და ბევრი სხვა…

მოსკოვში სულ უფრო იშვიათად ბრუნდებოდა და უკვე ყველამ იცოდა, რომ მშობლიურ ქალაქში, დედ-მამის გვერდით უნდა გაჭრილიყო მისი საფლავი, მაგრამ სანამ ეს წუთი დადგებოდა, ერთხელაც გადავწყვიტე და აგვისტოს ცხელ დღეს, კივის ტალავრის ჩრდილში ჩამომჯდარს ჩემი განზრახვა გავუმხილე, – კითხვებს და დიქტოფონს მოვამზადებ, დავსხდეთ რამდენჯერმე, რამდენიმე საათით და კარგი რამე გამოვა-მეთქი. ფასეული, ყველას რომ გამოადგება, ოჯახსაც და ქვეყანასაც. დღესაც და მომავალშიც.

გაიღიმა, თავი გააქნია და მეუბნება:

– არ გამოვა.

– რატომ?

– ვის სჭირდება ჩემი ბიოგრაფია?

– როგორ თუ ვის…

– ჰო, ვის აინტერესებს ჩემი ცხოვრება? კაცის, რომელმაც შეიძლება დიდ წარმატებას მიაღწია, მაღალ თანამდებობებზეც იყო, მაგრამ თავისი ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია.

– როგორ არ გაუკეთებია… – დავიბენი, ამის თქმაღა შევძელი, არადა სათითაოდ მინდოდა ჩამომეთვალა, რაც გაუკეთებია, რაც იყო ეს ერთი კაცი ჩვენი ოჯახისა და თავისი გვარისთვის.

– მოკლედ, არ ღირს.

გაგრძელებაც არ ღირდა. მივხვდი, რომ იმ მომენტში ყველაზე გულწრფელი კაცი იდგა ჩემ წინ და მასთან შეკამათების ყველა ცდა ყალბიც იყო და განწირულიც. ამაყი და პატიოსანი კაცის აღსარება ხომ იმაზე მეტი წონისაა, ვიდრე ყველა ის ადამიანური სიკეთე, ჩვენ რომ სიკეთე გვგონია ხოლმე.

…დემეტრემ მითხრა ამასწინათ, – ზუგდიდში რომ ჩავალთ, დათო ბიძიას ხომ ვნახავთო. როგორ, მამა, – ვუთხარი გაკვირვებულმა, – შენც იქ არ იყავი, დათო რომ დავასაფლავეთ-მეთქი.

არადა, ოცი საუკუნე გავიდა და ჩვენ მაინც გვგონია, სხეული თუ ქრება, ადამიანის ნიშანწყალი არ უნდა დარჩეს…

მამაკაცები საბავშვო ბაღის აღმზრდელებად

0

აქ საბავშვო ბაღების უმრავლესობაში მამაკაც აღმზრდელებს ვერ ნახავთ. აღმზრდელები მხოლოდ ქალები არიან. კვლევის თანახმად, მშობლები თვლიან, რომ მამაკაცების მუშაობა ამ პოზიციაზე სარისკოა და ისინი სამუშაოს თავს ვერ ართმევენ.

დიახ, ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში, სადაც კერძო ბაღები მრავლადაა, თითქმის ვერ ნახავთ მამაკაც აღმზრდელებს.

 

ჯამელ კემპბელი, ლონდონის Early Years Foundation-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მშობლები პატარების საბავშვო ბაღში მიყვანისას თითქმის ყოველთვის ინტერესდებიან აღმზრდელების სქესით. მათი აზრით, კაცებს არ შეუძლიათ გამოკვებონ და მოუარონ ბავშვებს ისე, როგორც ქალებს. მშობლები თვლიან, რომ კაცები სრულიად შეუსაბამო და უუნარონი არიან მაშინ, როცა საქმე მცირეწლოვან ბავშვს ეხება. ზემოხსენებულ ქვეყნებში დაახლოებით 400,000 საბავშვო ბაღის აღმზრდელია, მათი 99% ქალია.

 

შესაბამისად, კაცებს აღმზრდელის პოზიციაზე მუშაობის მოტივაცია და სურვილი აღარ აქვთ. კემპბელი განმარტავს, რომ უფრო მეტი მამაკაცი დაინტერესდება ამ საქმიანობით, თუ ისინი მცირეწლოვან ბავშვებთან ურთიერთობის ბენეფიტებს გააცნობიერებენ; მშობლებიც გაიაზრებენ, როგორი მნიშვნელოვანია კაცი აღმზრდელების ჩართულობა.

„ზოგიერთ ბავშვს შინ მამა საერთოდ არ ჰყავს. მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბალანსი და ინტერაქცია მამაკაცებთან”, – ამბობს კემპბელი. ბავშვებმა მცირე ასაკიდანვე უნდა იცოდნენ, თუ რამხელა სისულელეა გამოთქმა – „თუ მაჩო არ ხარ, კაცი ვერ იქნები”. ისინი უნდა ხედავდნენ, რომ კაცებიც ხუმრობენ, თამაშობენ, ტირიან, სჭირდებათ გამხნევება, როცა ცუდ ხასიათზე არიან”.

 

ნადიმ ზაჰავმა, ბავშვებისა და ოჯახების სამინისტროს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მამაკაცი აღმზრდელების ნაკლებობა საბავშვო ბაღებში განათლების დეპარტამენტის ამჟამინდელი კვლევის საგანია და პრობლემის გადასაჭრელად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. განათლების კომიტეტის ყრილობაზე მან თქვა: „ვფიქრობ, ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მეტი უნდა ვიფიქროთ და მშობლების ცნობიერების ასამაღლებლად მტკიცე ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ისინი უნდა დავაფიქროთ იმაზე, თუ როგორი საზიანოა მამაკაცების უგულვებელყოფა აღმზრდელობით პროცესში და  მივახვედროთ, რომ მამაკაცის როლის ნაკლებობა მთელ რიგ საკითხებში სავალალოა”.

პურნიმა ტანუკი, საბავშვო ბაღების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ბავშვებზე ზრუნვა სტერეოტიპულად ქალის საქმედ ითვლება და ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რაც მამაკაცებს აიძულებს, არ იფიქრონ საბავშვო ბაღების აღმზრდელის კარიერაზე.

ტანუკუ ამბობს, რომ საბავშვო ბაღების მენეჯერებმა მკაცრი უარით უნდა უპასუხონ მშობლების მოთხოვნას ქალი აღმზრდელების დაქირავების თაობაზე და არ შეეგუონ მათ წინააღმდეგობას, რომ ბავშვები საპირფარეშოში მამაკაცებმა წაიყვანონ ან საფენი გამოუცვალონ. „იყო შემთხვევები, როდესაც მშობლებმა მამაკაც აღმზრდელებს სთხოვეს, არ ეზრუნათ მათი შვილებზე პერსონალურად. ბაღის მენეჯმენტისგან ეს საკითხი სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. ყველა მშობელს კარგად უნდა აუხსნან, რომ მამაკაცი აღმზრდელი ისეთივე დაფასებული, აღიარებული და სანდო თანამშრომელი უნდა იყოს, როგორც ქალი. მსგავსი ფაქტები მკაცრად დისკრიმინაციულია და მამაკაცი თანამშრომლების უფლებებს ლახავს.

 

საბავშო ბაღების კვლევაში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ რეკრუტირების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ საბავშვო ბაღების გამოცდილი აღმზრდელები მინიმუმ 25 წელიწადს ატარებენ ამ კონკრეტულ სამუშაო ადგილზე და იშვიათად გადიან პენსიაში თავის დროზე.

განათლების პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აღმოაჩინა, რომ ხარისხიანი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის დიდი ნაწილი 40-ე მეტი წლისაა.

ყოველი ხუთიდან ერთი აღმზრდელი 50 წელს გადაცილებულია და გეგმავენ, რომ ათ ან თხუთმეტ წელიწადში დატოვებენ თავიანთ პოზიციას საბავშვო ბაღში. ახალგაზრდები უფრო მოხალისეობრივი სამუშაოთი ინტერესდებიან.

 

 

 

აღმოსავლეთი და დასავლეთი გრიგოლ რობაქიძის თვალით

0

აღმოსავლეთისა და დასავლეთის მეტაფიზიკურ მსგავსება-განსხვავებას არაერთგზის შეხებიან და რადიკალურად განსხვავებული აზრებიც გამოუთქვამთ. გრიგოლ რობაქიძისთვის ეს ნაცნობი და საყვარელი საფიქრალია, რომელსაც ხშირად უღრმავდება. მის ამ წერილშიც – `სიცოცხლის განცდა აღმოსავლეთსა და დასავლეთში~ – არსობრივად და ხატოვნადაა გაჩხრეკილ-გაანალიზებული ეს თემა.

თაურშიშის ფენომენი მწერლისთვის საყრდენია, რომელიც ეხმარება მას ერთმანეთისგან განასხვავოს აღმოსავლეთი და დასავლეთი. მისი აზრით, ადამიანის გონებაში მუდმივი ჭიდილია ღმერთსა და არარსებობას შორის, მაგრამ ამ ჭიდილისას აღმოსავლელი „მესგან“ თავისუფლდება და თაურსაწყისს უახლოვდება, მას არ შორდება დაკარგული სამოთხის წუხილი. ამ წუხილს შეიგრძნობს მწერალი აღმოსავლური სიმღერების მონოტონურ ნაღვლიან ჟღერაში, ქარავნის ნელ სვლაში, აქლემთა მელანქოლიურ მზერაში _ პირველსამშობლოს მეტაფიზიკური სევდა აქ ყოველივეს მოიცავს.

მწერლის დაკვირვებით, დასავლეთში თაურშიშის დასაძლევად ადამიანი საკუთარ `მეს~ კი არ ამდაბლებს, არამედ აფართოებს და ამგვარად „მე“ ნაკლებად განიცდის ტკივილს, თითქოს მეტაფიზიკურის საზღვრებს გადასწევს, მაგრამ არ შლის. საზღვართან შეხლა კი შეიძლება მოულოდნელი და  დამანგრეველი აღმოჩნდეს. მწერალს მოჰყავს მაგალითი საშუალო ამერიკელისა, 77-ე სართულზე რომ ცხოვრობს, არაფერი აკლია _ სამსახური, მეგობრები, საქმეები, ურთიერთობები, მაგრამ იგი წლების განმავლობაში ვერც ერთ ცხოველს ვერ ხედავს და ფოთოლთა სურნელებას ვერ შეისუნთქავს. იგი საზღვრებს ვერ შეიგრძნობს, მაგრამ საკმარისია ერთი შეცდომა ამ მექანიკურ ცხოვრებაში, რომ ყველაფერი დაკარგოს – სამსახური, ურთიერთობები, მაშინ გაუსაძლისი სიცარიელე ისადგურებს, რომელიც მას არარაობად აქცევს.

მწერალი მკითხველის ყურადღებას მიაქცევს აღმოსავლური და დასავლური ლანდშაფტებისკენ. მისი აზრით, აღმოსავლეთის პეიზაჟები ადამიანს მარადიულობის სუნთქვას შეაგრძნობინებენ, აქ დედამიწა კოსმიური ყოფიერებაა, რომელშიც მითის სუნთქვაა: `დრო აქ არ მიედინება, ის, სივრცეში ამაღლებული, გაქვავებულია _ და წამი თავის თავში მარადისობას ინახავს,  როგორც ნიჟარა ხმაურს დიდი ხნის წინათ უკუქცეული ოკეანის ტალღებისას~. დასავლეთში კი, მართალია, უხვადაა მშვენიერი და საუცხოო სანახები, მაგრამ გენეზისის სუნთქვა არ შეიგრძნობა, აქ დედამიწა მხოლოდ ნიადაგია, რომელსაც უვლიან. დასავლეთში ხელშეუხებელი აღარაფერია, აღარ არსებობს ტოტემი და ტაბუ: `წამი აქ არ გახლავთ ჩასუნთქვა, რომელშიც მარადიულობის კეთილსურნელება შეიწოვება~. არადა, მწერალი ფიქრობს, რომ დასავლეთის პეიზაჟთა ესთეტიკურ ხიბლს მთავარი რამ აკლია _ სივრცე, რომელიც უსაზღვროებას შეიცავს. ამიტომ მისტიკურ შეგონებას აძლევს დასავლელებს, მიწის რაღაც ნაწილი ხელშეუხებელი დატოვონ, რათა დედამიწა კოსმიურმა სუნთქვამ არ დატოვოს.

დასავლეთისა და აღმოსავლეთის განსხვავებულობის წარმოსაჩენად რობაქიძე კვლავ მცენარესა და თაურმცენარეს იხსენებს. აღმოსავლეთში თაურმცენარის შეგრძნება მეტადაა, დასავლეთში _ მცენარისა. თაურსაწყისში ყველა ნივთი ერთეულია, საგანთა შორის ზღვარი წაშლილია. ყოველივე, რაც ჩანს, მაიაა, სინათლით სავსე ნათება. იგი ძველ ინდოელთა შეგონებას იხსენებს: `ყველაფერი, რასაც შენ ხედავ, თვით შენ ხარ~. დასავლეთში კი ყოველ ნივთს მტკიცე მონახაზი აქვს. რობაქიძე ამ განსხვავებულობის გამოვლენას, უპირველესად, ხელოვნების ნაწარმოებებში ხედავს. მისი აზრით, უსაზღვროებაში ჩაძირულმა აღმოსავლეთმა დასრულებული ნაწარმოების შექმნა ვერ შეძლო, მაგრამ შექმნა `ბაბილონური ეპოსი~, რომელიც უსასრულოს სუნთქვას ინახავს. დასავლეთმა კი სამყაროსა და „მეს“ სისრულე `ღვთაებრივი კომედიითა~  თუ გოთური კათედრალებით გამოხატა.

რობაქიძე ამ განსხვავებას ჩვეულებრივ რიგით მოკვდავებშიც ამჩნევს და ცხოვრებისეულ მაგალითებს ასახელებს. `სინამდვილე და პოეზია აღმოსავლეთში ერთია~, ამიტომაც უჭირთ აქ რაიმეს ზუსტი დათვლა თუ ამბის ობიექტურად მოყოლა. `აღმოსავლეთის ადამიანი ღმერთს დახუჭული თვალებით ხედავს~, დასავლელი კი გახელილი თვალებით ცდილობს მასთან შეხებას. მწერლის დაკვირვებით, დასავლელის მზერა გარეთ მიემართება, აღმოსავლელისა _ შიგნით, დასავლეთში კითხულობენ: `საით?~ და მოუთმენლობით მოუსვენრად დრტვინავენ, აღმოსავლეთში: `საიდან?~ და აუჩქარებელ მოლოდინში ირინდებიან. აღმოსავლეთში ყოველთვის აქვთ დრო, დასავლეთში კი არა. მწერალი აპოკალიფსის ფრაზას იმოწმებს: `ეშმაკს ცოტა დრო აქვს~. წერილში კიდევ არაერთი მაგალითია, რომლებიც მოწმობენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მეტაფიზიკურ სხვაობას. თუმცა, მწერლის აზრით, დასავლეთი და აღმოსავლეთი, ყოფიერების ორი სახე, ერთმანეთს ავსებენ: `დასავლეთი აღმოსავლეთს რომანტიკულად ესწრაფვის და აღმოსავლეთი მოლოდინით უმზერს დასავლეთს~. მისი აზრით, როგორც თაურსაწყისია წარმოუდგენელი საწყისის გარეშე, ასევე დასავლეთი და აღმოსავლეთი უერთმანეთოდ. მართალია, დასავლეთის კუთვნილებაა ტექნიკის ჯადოსნური ძალა, მაგრამ მხოლოდ მის ამარა დარჩენა შეუძლებელია. ტექნიკა საფრთხის შემცველია, რადგან ადამიანს ღმერთზე აღმატებულად, ან მის დარად, `შემქმნელად~ წარმოადგენინებს თავს, მაგრამ ღვთის  გარეშე ქმნა დემონურია და ურჩხულთა წარმომქმნელი (ფრანკეშტეინიდან დაწყებული თანამედროვე რობოტებით დამთავრებული).  მწერლის აზრით, ადამიანმა უნდა გადალახოს ტექნიკის გზით განცდილი დემონური თრობის ცდუნება. ამას მხოლოდ ის შეძლებს, ვინც თაურსაწყისს არ დაშორდება.

როგორ შეიძლება დროსთან შეჭიდება, მისი უკან დაბრუნება?

რობაქიძის აზრით, ადამიანი მუდმივად საიდუმლოს წინაშეა უცხო შიშით შეპყრობილი. რაღაცის, თანაც, ავის მოლოდინი უფლეთს ადამიანს გულს. რატომ? მწერალი ცდილობს ამ მოვლენის ახსნას ესეში `თაურშიში და მითოსი~ (კრებულიდან `დემონი და მითოსი~).

ადამიანს უცნაური შიში იპყრობს მაშინ, როდესაც მეტაფიზიკურად ეხება ყოფიერებას, როდესაც მატერიალისტურად ვერ ხსნის რაიმე მოვლენას. მწერლის აზრით, შიში ყოფიერებაშია ფესვგადგმული, რადგან ადამიანის `მე~  გამუდმებით ეხლება საზღვარს, რომელიც „მეს“ ანადგურებს.  არადა, `არაფერია უფრო ტკბილი, ვიდრე საკუთარი `მეს~ შემოსაზღვრული კიდეებით ტკბობა. მწერალი სვამს კითხვას: `არის კი `მე~ კოსმიური ბოროტება?~ ამ კითხვაზე საპასუხოდ მწერალი იხსენებს `ბიბლიას~, თუ როგორ დაარღვიეს ადამმა და ევამ ღვთის ნება და სამოთხე დაკარგეს.

მწერალი სვამს კითხვას: `სინამდვილეში `მე~ ხომ არ არის წყევლა, რომლისგანაც ადამიანს სურს თავი გაითავისუფლოს?~ აღმოსავლურ სამყაროში „მესგან“ გათავისუფლება ცხოვრების წესივითაა. ამის დამადასტურებლად მწერალი მოიხმობს მაგალითებს: `ჩინელი შორდება `მეს~, როდესაც ცდილობს, თაურარსს მიუბრუნდეს. ინდუსი საგნებს, მათ შორის, საკუთარ `მესაც~, მარადიულ გამონათებად აღიქვამს და თავდავიწყებით უპიროვნო ნირვანას ერწყმის~. რობაქიძე  ირანელი პოეტის, ჯალალ-ედინ-რუმის (რომელსაც იგი ნათელმხილველს უწოდებს) სტრიქონებსაც მოიხმობს დასტურად:

`…სადაც სიყვარული იზრდება,

კვდება `მე~, ბნელი დესპოტი.

გათავისუფლდი ამ `მესგან~, მოკვდეს ღამეში

და განთიადზე თავისუფლად ამოისუნთქე~.

ამგვარად, აღმოსავლეთისთვის `მეს~ სიკვდილი სამყაროსთან თავისუფალ ურთიერთობას უხსნის გზას. დასავლეთშიც აქვთ განცდა იმისა, რომ მე შემბოჭველია, მაგრამ აქ მისგან მთლიანად მაინც ვერ თავისუფლდებიან.

რობაქიძე ბიბლიაში ეძებს „მეს“ საიდუმლოს გასაღებს და პოულობს კიდეც.  მისი აზრით, „მე“ არა მხოლოდ წყევლა, არამედ ყოფიერების უმაღლესი საჩუქარია. იგი ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ  `შესაქმეში~ ღმერთს `ელოჰიმი~ ეწოდება, რაც ძველებრაულად `ღმერთებს~ ნიშნავს. იგი ცდილობს ამ უცნაურობის ახსნას და მახვილგონივრულ მსჯელობას ამგვარ დასკვნას მოაყოლებს: `ღმერთი `მეა~, უზენაესი და ყველაზე სიღრმისეული, მაგრამ, ამავე დროს, `სხვაცაა~, იგი საკუთარ თავს თავისივე თავისგან წარმოქმნის, და როდესაც მისგან შექმნილი მისი `მესგან~ გამოცალკევებულია, ის თითქმის `სხვაა~, თითქმის უცხო~.

რობაქიძე სამოთხისეულ ადამს ბავშვს ადარებს, რომელსაც არა აქვს სივრცის აღქმა. მისი `მე~ არ იცნობს საზღვარს და უსასრულობის ნაწილია. მხოლოდ აკრძალული ნაყოფის გემოსხილვის შემდეგ (რობაქიძე იმასაც მიაქცევს ყურადღებას, რომ, ქართველთა ტრადიციით, ადამმა ვაშლი კი არა, ლეღვი იგემა), ღვთაებრივთან განშორებისას, შეიგრძნო სიშიშვლე, მეტაფიზიკურ საზღვრებთან შეხებამ მას შიში გაუჩინა `მეს~ გაქრობისა.

საინტერესოა, თუ როგორ გაიაზრებს რობაქიძე ევასა და ადამის მაცდუნებელი გველის სახეს. აქ იგი ორიგინალურ ახსნას გვთავაზობს. მისთვის გველი სწორედ ეს საზღვარია _ `გესლიან-ცივი ტალღა, რომელიც ღვთაებრივსა და არაღვთაებრივს შორის ელვისებურად მიიკლაკნება~. ამგვარად, მისთვის გველი `თაურშიშის ხორცშესხმაა~. ამ შიშს დევნიან, `ან კლავენ (წმინდა გიორგი და დრაკონი, ან უყვავებენ (გველის შელოცვა, ან სულაც თაყვანს სცემენ (მაგალითად, გველის კულტი საქართველოში, სვანებთან). გველი ოდენ ურჩხული არ არის, ის მეტაფიზიკური რეპტილიაა. ზიგფრიდი დრაკონის სისხლისგან ახლად დაიბადა, მას ესმის ჩიტების გალობა და ხეების ჩურჩული. ქართული მითის მიხედვით, მინდია, მას შემდეგ, რაც მან გველის ხორცი გასინჯა, ყველა ცოცხალი არსების ენას იგებს~.

მწერლის აზრით, ყოველ არსებულში (სულიერსა თუ უსულოში) თაურსაწყისია იდუმალად, რაც წარმოშობს ყოფიერების  მითიურ აღქმას, რომელიც მარადიული უკანდაბრუნების იდეაში გამოიხატება. რობაქიძე პითაგორას იხსენებს, ეგვიპტურ სადუმლოებებს ნაზიარებ ბრძენკაცს, რომელმაც მარადიული უკანდაბრუნების იდეა გააცნო მსოფლიოს. პითაგორელებს სჯეროდათ, რომ ათასი წლის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდებოდნენ ერთმანეთს და კვლავ მოისმენდნენ ამ იდეას. შეიძლება ეს ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ დემონური კი ნამდვილად არისო, ფიქრობს რობაქიძე.

საგულისხმოა, რომ მწერალი ევროპულ აზროვნებაში გაშლილ ამ იდეას მცდარად მიიჩნევს. იგი მკითხველს ნიცშესეულ თვალსაზრისს შეახსენებს: `ყოფიერების მარადი ქვიშის საათი მუდამ გადაბრუნდება და მასთან ერთად შენც, მტვრის მცირე ნამცეცი მტვრისაგან~. მისივე აზრით, ამგვარადვე აღიქვამდა ამ იდეას დოსტოევსკი (ეშმაკი ივანთან, `ძმები კარამაზოვები~, სვიდრიგაილოვი `დანაშაული და სასჯელი~). რობაქიძე ფიქრობს, რომ ცალკეული მარად კი არ უბრუნდება საკუთარ თავს, არამედ მარადიული, იგივე თაურსაწყისი,  ბრუნდება ცალკეულში.  მისი აზრით, სწორედ ეს არის `თაურმითოსი ყოველივე მომხდარისა დედამიწაზე~.

როგორ შეიძლება ყოველივე ამის შემეცნება? რობაქიძის აზრით, მხოლოდ ჭვრეტით. სამწუხაროდ, ადამიანმა დაკარგა `მითიური ჭვრეტით საგნების ხილვის უნარი და სიკვდილივით ცივი ცნებები აქ საბოლოოდ უძლურია~. თუმცა, იგი ბედნიერ გამონაკლისად მიიჩნევს გოეთეს, რომელიც მას `აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მსოფლიო-ისტორიული სინთეზის ცოცხალ ხატად~ აღიქვამს. მისი აზრით, გოეთე საგნებს წმინდა მითიურად სწვდება და მარადიული დაბრუნების თაურმითოსს სიმბოლურად ხსნის. რობაქიძე  მკითხველს კიდევ ერთხელ გამოწვლილვითა და ხატოვნად უხსნის იმ გზას, რომელმაც გოეთე თარსაწყისის გენიალურ აღმოჩენამდე მიიყვანა. საგულისხმოა, რომ ამ თემას რობაქიძე სხვადასხვა წერილში ხშირად დასტრიალებს და მისი რომანებიც სწორედ თაურსაწყისის, მარადიულის ერთეულში განცდის,  იდეას დასტრიალებს.

რობაქიძე გოეთესა და შილერის ერთ შეხვედრას იხსენებს, რომელშიც წარმოჩნდება ორი განსხვავებული სამყარო, ორი სახე ჭვრეტისა. გოეთემ შილერს თაურმცენარის მეტაფიზიკა გააცნო და სიმბოლური პალმის მცენარე დაუხატა. შილერს უთქვამს: `ეს ცდა არ არის, ეს იდეაა~. ამაზე გოეთეს უპასუხია: `მე იდეებს არა მხოლოდ ვიცნობ, არამედ ვხედავ კიდეც~.

ამგვარად, რობაქიძეს მიაჩნია, რომ  თაურმცენარის იდეა მოაზროვნეს საშუალებას აძლევს ყოფიერება წარმოიდგინოს, როგორც მითიური რეალობა: `ყოველივეში თაურსაწყისი თვლემს და მარადიული ცალკეულშია წარმოდგენილი~.

რობაქიძე პოულობს გასაღებს, თუ როგორ უნდა დაძლიოს ადამიანმა თაურშიში. მან თავი მარადიულთან წილნაყარად უნდა შეიგრძნოს, მაშინ მისთვის ყველა სასიკვდილო ზღვარი წაიშლება და `მეტაფიზიკურ მიჯნას შეჯახებული მისი „მე“ გადარჩება~. მას სჯერა, რომ მითიური რეალობის ცოცხალი წვდომა არის თაურშიშის დაძლევის ერთადერთი გზა. გერმანულ ენაზე დაწერილი ეს ესეები მანანა კვატაიამ შესანიშნავად თარგმნა, კრებული კი გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა.

 

ცოდნის საზომი

0
  • ადექი, მომიყევი გაკვეთილი! – მიძახებს დაფასთან მასწავლებელი. ვდგები, მთელი კლასი მე შემომყურებს, ამხელა ბიჭმა რომ დავდგე და მოყოლა დავიწყო, რა გაუძლებს თანაკლასელების დამცინავ მზერას და რეპლიკებს: – პროფესორა მოდის! გზა დაუთმეთ, ნასწავლი კაცი გაატარეთ! და ა.შ. ამიტომ ვარ ჩუმად, თორემ გაკვეთილი როგორ არ ვიცი?! გუშინ მთელი საღამო შევალიე, ბოლო ფურცლამდე ჩავიკითხე უტასა და კოლონკელიძის ქალის დიალოგი, გამოვიტირე დიდოსტატის მარჯვე მარჯვენა, ხვლიკისფერი სვეტიცხოველი მესიზმრებოდა მერე… გაკვეთილი ვიცი, თანაც ,,ტექსტთან ახლოს“, როგორც მასწავლებელს უყვარს. ძალიან მინდა, ვინმეს ჩემი შთაბეჭდილება გავუზიარო. ერთი წუთითაც არ ვიყოყმანებდი, ბოლო მერხზე სოფლის გამგებელივით მედიდურად წამოჭიმული გოგია ასე რომ არ მიბრიალებდეს თვალებს.
  • დაჯექი, ორიანი! – გამოაქვს მოსალოდნელი განაჩენი ჩემი დუმილით თავგაბეზრებულ მასწავლებელს, რომელსაც კუდიანების წერით დაღლილი ხელი ახლა სხვა საკბილოსკენ მიუმართავს და ეძახის:
  • ახლა შენ ადექი და მომიყევი გაკვეთილი!

ეს ისტორია ალბათ ძალიან მოუხდებოდა მეოცე საუკუნის ქართულ სკოლებზე დაწერილ ნებისმიერ მოთხრობას, მაგრამ მსგავსი სცენარით მოვლენები დღესაც არაერთ სკოლაში ვითარდება. საგანმანათლებლო რეფორმებისა და მეთოდოლოგიური სიახლეების მიუხედავად, მოსწავლეების ცოდნა უმეტესად ისეთი პრიმიტიული ინსტრუმენტებით იზომება, როგორიცაა გაკვეთილის მოყოლა, ლექსების, ციტატების, წესების გაუაზრებლად დაზეპირება, საკონტროლო წერისთვის სტანდარტული თემების (,,მეგობრობა ვეფხისტყაოსანში“-ს მსგავსი) შედგენა-დაზუთხვა და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ფაქტობრივი ცოდნის დამახსოვრებაზე ორიენტირებული ქმედებები, რომელთა გამოუსადეგარობაც საკუთარ თავზე ალბათ ყველას გამოგვიცდია. სამწუხაროა, რომ მოსწავლის შეფასების ეს ,,ტრადიციული“ მეთოდი მასწავლებლების დიდი ნაწილისთვის დღესაც ყველაზე მოსახერხებელ შეფასების ინსტრუმენტებს წარმოადგენს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ საგანმანათლებლო სისტემაში საფუძვლიან ცვლილებებს ხელს ბევრი რამ უშლის, მათ შორის, კლასში მოსწავლეთა ჭარბი რაოდენობა, რაც შეფასების პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს. დროთა განმავლობაში თვითგამოვლენის სურვილიც იკლებს და აღსაზრდელები ხშირად მიმართავენ ,,მასაში ჩაკარგვის“ სხვადასხვა ხერხს. თუ დაწყებით საფეხურზე მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვას კლასი აწეული ხელებით ეგებებოდა, საბაზო საფეხურზე დაუმორჩილებელ, თავისუფლების მოპოვებისთვის მებრძოლ მოზარდებს გამოკითხვის მეთოდით ვეღარ შეაფასებ. თან ფაქტობრივი ცოდნის გამოვლენა ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომელიმე სასწავლო უნარის სათანადოდ ფლობას. მთავარია მოსწავლეებს თვითსწავლის უნარი გამოვუმუშაოთ და შემეცნების სურვილი გავუღვივოთ. დავიწყებას უნდა მიეცეს ის დრო, როცა გამოცდის გადაბარება იმის გამო გიწევდა, რომ რომელიღაც ლექსი ზეპირად ვერ გაიხსენე. არავინ შეგეკითხებოდა, გესმოდა თუ არა მტკვრის პირას ჩაფიქრებული პოეტის ტკივილი. შენ მხოლოდ მისი ეპოქის მთავარი პრობლემის – გარეული მტრის შესახებ ინფორმაციით იყავი შეიარაღებული და ეს საკმარისი იყო ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად.

პირველ რიგში, მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმის შესახებ, თუ რას ვაფასებთ. მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სასწავლო პროცესი და მათ შორის, შეფასების სისტემაც მოსწავლის წინაშე მდგომ გამოწვევებსა და საჭიროებებს უნდა ერგებოდეს. სკოლაში მიღებული გამოცდილება მას დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირების საშუალებას უნდა აძლევდეს (კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო კონცეფცია) და რადგან მოსწავლის შეფასება სწავლა-სწავლების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ისიც ზემოხსენებულ კონცეფციას უნდა ეფუძნებოდეს. ამას გარდა, შეფასება მოსწავლის ინდივიდუალურ პროგრესს უნდა აღწერდეს.

ცოდნის აგების (ცოდნის, გამოცდილებისა და შეხედულებების სინთეზი) პროცესი წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ახლის შემეცნებასა და გამოყენებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, მოსწავლის შეფასების ძირითად მიზანს თავად სწავლის პროცესის მიმდინარეობისა და ,,ცოდნათა ურთიერთდაკავშირების ჩვენება“ (ესგ 2017-23) წარმოადგენს. განახლებული მოთხოვნების საპასუხოდ, სკოლამ მოსწავლეს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა უნდა შესთავაზოს.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა ტიპის სამუშაოს შესრულებას ვითხოვთ. მოსწავლეთა დაინტერესებას უფრო ადვილად კომპლექსური და მკაფიო კონტექსტის მქონე დავალებებით (ესე, პროექტი, კვლევა, პრობლემის გადაჭრა, დისკუსია, შემეცნებითი ექსკურსიები, დებატები და სხვ.) შევძლებთ. დავალება უნდა იყოს მნიშვნელოვანი (საგნობრივი კრიტერიუმების შესაბამისი), გასაგები (მკაფიო ინსტრუქციით შეიარაღებული), მიუკერძოებელი (ყველა მოსწავლეს, მის ხელთ არსებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით, თანაბრად უნდა შეეძლოს მასზე მუშაობა), დაძლევადი (სასწავლო საფეხურის შესაბამისი), შეფასებადი (უნდა შეიძლებოდეს მისი გაზომვა შეფასების რუბრიკის დახმარებით) და მოსწავლის მაღალ ჩართულობას მოითხოვდეს. მოსწავლე თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, თანამშრომლობდეს, შეეძლოს ახალი პრობლემის წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით გადაჭრდა და სხვ. მრავალფუნქციური დავალებები საინტერესოსთან ერთად გაცილებით ნაყოფიერი და გრძელვადიანი შედეგის მომცემია. საკამათო თემაა ისიც, თუ რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ განმსაზღვრელი შეფასება. განათლების მკვლევარები ასევე საუბრობენ  განმავითარებელი შეფასების უპირატესობაზეც, რადგან პროცესის შეფასების დროს  ინდივიდუალური პროგრესი უფრო ნათლად ჩანს.

შეფასების სისტემის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება მოსწავლისთვის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ჩვენებაა. ჩვენ ის უნდა შევაფასოთ, თუ რამდენაც ნაყოფიერ და კარგად გააზრებულ ნაბიჯებს დგას მოსწავლე თვითგანვითარების მიზნით. სწავლების შედეგის გაზომვის მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით კი მოსწავლეს ცოდნისა და უნარების სხვადასხვა გზით გამოვლენის საშუალებას მივცემთ. მოკლედ რომ ვთქვა, შეფასებადი დავალება შეფასების მიზნებს უნდა შეესაბამებოდეს და ღირებული ცოდნის შეძენა-განმტკიცებას ემსახურებოდეს.

ყველა საგანს მიზნის შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტები ესაჭიროება. მასწავლებელს ეძლევა მიმართულება, კრიტერიუმთა (სასწავლო უნარ-ჩვევათა ერთობლიობა) ჩამონათვალი, რომლითაც ის ხელმძღვანელობს. თითოეული შეფასების რუბრიკა დავალების მიზნის შესაბამის ინდიკატორებზე დაყრდნობით უნდა შეიქმნას (ნიმუშების ნახვა შეგიძლიათ ესგ-ში). შეფასების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, შეფასების რუბრიკაზე ხელი მოსწავლეებსაც უნდა მიუწვდებოდეს. მეტიც, მათ აუცილებლად უნდა ვასწავლოთ შეფასების რუბრიკის გამოყენება, სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და შესრულების მიზნით.

შეფასებადი დავალების შედგენამდე ჯერ რამდენიმე კითხვას უნდა ვუპასუხოთ: რას ვაფასებთ? არის თუ არა ფასეული ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლისგან ვითხოვთ? გაზომვადია თუ არა სწავლის შედეგები? სწორად არის თუ არა შერჩეული დავალების/აქტივობის ფორმა? შეესაბამება თუ არა დავალების სირთულეს ქულების სისტემა? თუ ფაქტობრივი ცოდნა არა, მაშინ რა უნდა შევაფასო ყოველი თემის დასასრულს? თუ ერთ წერილობით ნაშრომში მიღებული ქულა მოსწავლის წერით უნარ-ჩვევას მხოლოდ ამ კონკრეტულ დროსა და მომენტში ზომავს, მაშინ რატომ აქვს ერთნაირი წონა მიმდინარე და შემაჯამებელ შეფასებებს?.. მოკლეთ, კითხვები უამრავია,  მათზე პასუხის გაცემა კი არც ისე ადვილია.

რაც შეეხება შეფასებადი დავალების სტრუქტურას, რაც უფრო მრავალფეროვანი და არასტანდარტული თავსატეხებითაა აგებული, მით უფრო რთულდება ჯამური ქულის გადანაწილება. უნდა შევეცადოთ და დავალებებს ქულები სირთულის მიხედვით მივანიჭოთ. მოსწავლემ ადვილი და რთული დაბრკოლების გადალახვისთვის სხვადასხვა ჯილდო უნდა მიიღოს, ამ გზით ის საკუთარი ნაშრომის ადეკვატურად შეფასებასაც ისწავლის. მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის დავალების ინსტრუქციის წაკითხვა და გაგება პრობლემას წარმოადგენს, არადა, ამაზეა დამოკიდებული დავალების შესრულების ხარისხი. ჩემი აზრით, შეფასების რუბრიკა ამ მიმართულებითაც უნდა ასახავდეს მოსწავლის პროგრესს.

აქვე გაგიზიარებთ ჩემ მიერ შედგენილ შეფასების რუბრიკას, რომლის მიხედვითაც მიმდინარე სასწავლო წელს მოსწავლეების წერითი აზროვნების უნარებს ვაფასებ.

არგუმენტირებული ესეს შეფასების რუბრიკა (დაწყებითი საფეხური, VI კლასი)

 

 

კრიტერიუმი  
კრიტერიუმის აღწერა
ჯამური ქულა შეფასება ქულა
არგუმენტირება/მსჯელობის დასაბუთება
ესეში გამოთქმული მოსაზრება/ თეზისი დასაბუთებული უნდა იყოს თემატური არგუმენტებით, საჭირო-ებისამებრ გაანალი-ზებული უნდა იყოს მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.

 

 

4 ესეში გამოთქმული მოსაზრება დეტალურად დასაბუთებულია თემატური არგუმენტებით (მინიმუმ 3 არგუმენტი), გაანალიზებულია მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირები. 4

 

 

 

ესეში გამოთქმული მოსაზრება დასაბუთებულია ორი თემა-ტური არგუმენტით, მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირი ზოგადადაა მიმოხილული. 3

 

 

ესეში მოყვანილია ერთი თემატური, დასაბუთებული არგუმენტი, მეორე კი ნაწილობრივ უკავშირდება სამსჯელო საკითხს. 2
თეზისი დასაბუთებულია ერთი თემატური არგუმენტით. 1
ესეში გამოთქმული მოსაზრება არ არის გამყარებული თემატური არგუმენტებით. მსჯელობა არადამაჯერებელია.  0
თხრობის ორგანიზება/ სტრუქტურა

 
ნაშრომი უნდა პასუხობდეს დავალებას (დავალების პირობის გაგება); იგი ლოგიკურად უნდა იყოს ორგანიზებული, აზრობრი-ვად თანმიმდევრული და გამართული; აბზაცები ერთმანეთს ლოგიკურად უნდა უკავშირდებოდეს.

 
2 დავალების პირობა ადეკვა-ტურადაა გაგებული; ნაშრომი ორგანიზებული, აზრობრივად გამართული და თანმიმ-დევრულია. აბზაცები ლოგიკუ-რადაა გამოყოფილი და ერთმანეთთან დაკავშირე-ბული.  2
ნაშრომი ნაწილობრივ პასუხობს დავალებას;  ნაწილობრივ ორგანიზებული და თანმიმდევრულია, ცალკეული მონაკვეთი გასამართია აზრობრივად. 1
დავალების პირობა არაადეკვატურადაა გაგებული; დარღვეულია სტრუქტურა; თხრობა არათანმიმდევრული და აზრობრივად გაუმართავია. 0
სტილი და ლექსიკა

 
აზრები ნათლად და თანმიმდევრულად უნდა იყოს გადმოცემული, ნაწერი – სტილისტურად გამარ-თული; ნაშრომში მიზან-მიმართულად უნდა იყოს გამოყენებული მდიდარი ლექსიკური მარაგი. 2 მოსწავლის ნააზრევი ნათლადაა გადმოცემული, ნაშრომი სტილისტურად გამართულია, მოსწავლის ლექსიკა მდიდარია და იგი მას ადეკვატურად იყენებს. 2
ნაშრომში ცალკეული მოსაზრება ბუნდოვნადაა ჩამოყალიბებული, რამდენიმე მონაკვეთი სტილისტურად გაუმართავია. გამოყენებულია მწირი ლექსიკა. 1
ლექსიკა მწირია, ხშირ შემთხვევაში ჭირს აზრის გაგება, ნაშრომი სტილისტურადაც გასამართია. 0
გრამატიკა
ნაშრომში დაცული უნდა იყოს თანამედროვე სალი-ტერატურო ენისა და გრამატიკული ნორმების საფეხურის შესაბამისი მოთხოვნები. მასში არ უნდა იყოს დაშვებული წინასწარ განსაზღვრულ რაოდენო-ბაზე (ნაშრომის სიდიდისა და მიზნის შესაბამისი) მეტი ისეთი   ორთოგრაფიულ-მორფოლოგიური, სინტაქ-სური და  პუნქტუაციური შეცდომა, რომელთა დაცვაც მოსწავლეებს ესგ-ის მიხედ-ვით მოეთხოვებათ.

 

შენიშვნა: შეცდომების ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით, თითოეულ კრიტერიუმში შესაძლოა დაიწეროს  შეფასების გრა-ფაში მოცემულ ქულებზე დაბალი შეფასებები, ან წახალისდეს მოსწავლის ძალისხმევა და პროგრესი.

 
2 სალიტერატურო ენის სპეციფიკა და გრამატიკული ნორმები დაცულია. მოსწავლის მიერ დაშვებული შეცდომების რაოდენობა არ აღემატება წინასწარ განსაზღვრულ დასაშვებ რაოდენობას. 2
  სალიტერატურო ენის სპეციფიკა და გრამატიკული ნორმები ნაწილობრივ დაცულია; მოსწავლის მიერ დაშვებული შეცდომების რიცხვი რამდენიმე ერთეულით (საფეხურისა და კონკრეტული დავალების მიზნის შესაბამისად განისაზღვრება) სცდება დასაშვებ რაოდენობას 1
წერითი ნაშრომი ენობრივ-გრამატიკულად გაუმართავია. 0

 

ჩემი სამადლობელი

0

დაბადების დღე მქონდა. 10 აპრილს. კედლის კალენდარში გადავაწყდი თავს. არც კი ვიცი, ასეთ კალენდრებს დღეს იყენებს თუ არა ვინმე. ადრე, იმ უცნაურ ოთხმოცდაათიანებში, ნავთისლამპიან ღამეებში, მამაჩემი ჩამოხსნიდა კედლიდან და ერთად ვკითხულობდით. განსაკუთრებით – უკანა გვერდებს. აბა, სხვა რა გასართობი გვქონდა – ეგ, ჭადრაკი და დომინო. და ალბათ ძნელად წარმოიდგენდა, რომ ერთხელაც 10 აპრილის ფურცლის უკანა გვერდზე მე ვიქნებოდი, მით უფრო – მასზე დაწერილი ტექსტით. ამიტომაც რაღაცნაირად გამიხარდა, იმ უამრავ, გადაჭარბებულ და დაუმსახურებელსიტყვებიან მილოცვას შორის, რომლებიც თქვენგან მივიღე. უკან გადამისროლა უკანმოუხედავად.

ჰოდა, ქება ყველას სიამოვნებს, ყალბად მანერული თავმდაბლობა იქნება ახლა ამის ართქმა. მაგრამ ერთიცაა – ცოტა ზედმეტი მგონია ჩემს ასაკში ადამიანისთვის ძეგლის კვარცხლბეკის შენება. არც საამისო გამიკეთებია რამე და არც სასარგებლო საქმე მგონია. მე მოძრაობის ადამიანი ვარ. ვაღიარებ – ამბიციური და დიდ საქმეებს შეჭიდებული. ეს ზოგს ალბათ აღიზიანებს, უფრო მეტს – პირიქით. მაგრამ მცირედი სურვილიც კი არასდროს მქონია, საკუთარ თავში ის პატარა ბიჭი დამეკარგა, მამასთან ერთად კალენდარს რომ ფურცლავდა და ოცნებობდა, ცოტა ხნით დენი მოსულიყო, რომ მეზობელთან „მარიო“ ეთამაშა. ასე უფრო მიადვილდება ცხოვრება და ამიტომ არც დაბლა დანარცხების მეშინია ძალიან, თუ ამას „დაბლა“ ჰქვია, და არც მაღლა ავარდნის, თუ ამას ჰქვია „მაღლა“. მთავარი, რაც ამ წლებმა მომცა – ცვლილების უნარია. ძველი, უვარგისი ტყავის გამოცვლის და ახლის მორგების. ის, რასაც გუშინ ვაკეთებდი თუნდაც შეცდომით, ცხადია, ნიშნავს ჩემს პასუხისმგებლობას, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა არ გულისხმობს იმას, რომ მე, შენ და ისინი არ ვიმსახურებდეთ განახლების შანსს. ბიბლიური ფერისცვალების მთავარი მისტერიაც ეს არის და ადამიანად ყოფნის უმთავრესი ნიშანიც.
სულ ვამბობ: ფრაზა „ყველას უყვარხარ“, რომელსაც ჩემი მისამართით ხშირად გაიგონებთ, ელვის სისწრაფით შეიძლება სხვა ზმნით ჩანაცვლდეს – თუნდაც ერთი უმნიშვნელო ან სულაც დაუდასტურებელი ფეხის წამოკვრის გამო. ჩვენი სამწუხარო ეროვნული სპორტიც ეს არის, ჯერაც მოურჩენელი დაავადება. მშვიდად ვერ, მაგრამ ამასაც ველოდები და დანამდვილებით ვიცი, ადრე თუ გვიან მოხდება. ამიტომაც ჩემი ვნება შედეგებს დიდად არ გულისხმობს, უფრო პროცესისაა. მე მართლა მიყვარს ეს ქვეყანა, ის სოფლები და ადამიანები, ყოველდღე რომ ვხედავ, და მინდა, უკეთესი გახდეს. ამას მეტი შრომა, თავისუფლება და სწავლა სჭირდება. ერთმანეთის გათვალისწინებით. არასდროს მოვალ კლასიკურ პოლიტიკაში, არ მგონია ჩემი საქმე და იმიტომ. აქედან, გვერდიდან უკეთ ვმუშაობ და მგონია, რომ რაღაც გამოვა იმ უამრავ საქმეთაგან, რომლებსაც მოვედე.

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს სიკვდილზე

0

ნახევარი წლის წინ ჩემს ხუთი წლის ძმისშვილს მამა გარდაეცვალა და ერთ-ერთი პირველი საგანგაშო კითხვა, რომელიც იმ კრიტიკულ დღეებში დაისვა, იყო, რა ვუთხრათ ბავშვს, მამას რომ მოიკითხავსო. ჯერ დიდი ბჭობა და თათბირი გაიმართა, ვინ დაელაპარაკებოდა და გააგებინებდა ამ ამბავს გონიერ პატარა ბიჭს, რომელიც, ბუნებრივია, მალევე დასვამდა უამრავ კითხვას. განიხილეს ერთი ვარიანტი, განიხილეს მეორე ვარიანტი, იფიქრეს იმაზე, იფიქრეს ამაზე და საბოლოოდ არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. ერთხმად გადაწყდა, რაკი ყველაზე მეგობრულად მე ვიყავი მის მიმართ განწყობილი, ეს ამბავიც მე მეთქვა.

მერე განხილვის მეორე სერია გაიმართა – რა მეთქვა. აქ აზრი ორად გაიყო. ერთ მხარეს მიაჩნდა, რომ იმის თქმა ჯობდა, თითქოს მამა სადღაც წავიდა და მალე დაბრუნდებოდა, მეორე მხარე ფიქრობდა, რომ დამალვას აზრი არ ჰქონდა, თანაც ბავშვი იმსახურებდა სიმართლის ცოდნას. მხარეებმა ბევრი იკამათეს, მოიშველიეს რკინის არგუმენტები, არ დაინდეს ერთმანეთი და რაკი ვერ შეთანხმდნენ, ისევ მე დამეკისრა ვალდებულება, როგორც სწორად მივიჩნევდი, ისე მოვქცეულიყავი.

მთელი ღამე ვფიქრობდი, რანაირად ჯობდა თქმა – პირდაპირ თუ შელამაზებულად, ან როგორი ემოციით… ოთახიდან ოთახში დავდიოდი და გონებაში ტექსტს ვალაგებდი, ადგილს ვარჩევდი, სადაც წავიყვანდი და მშვიდად დაველაპარაკებოდი. ამ მდგომარეობაში ვიყავი, როცა წიგნების თაროსკენ გავიხედე და „ბაბუს კუნძულმა“ მომჭრა თვალი.

„ბაბუს კუნძული“ ბრიტანელი მწერლისა და ილუსტრატორის ბენჯი დეივისის ილუსტრირებული საბავშვო წიგნია, რომელიც ქართულ ენაზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა (მთარგმნელი – დავით გაბუნია). წიგნი ბავშვისთვის გასაგები, მარტივი ენით და საოცარი ნახატებით გვიყვება, რა სევდიანია ახლობლის დაკარგვა. ნაწარმოებში მოქმედება ბაბუისა და შვილიშვილის გარშემო ვითარდება. ხანში შესული ბაბუა პატარა ბიჭუნას მფრინავი გემით წაიყვანს საოცარ კუნძულზე, სადაც ყოველთვის მზეა და ლივლივა ზღვაში ცურვა ნებისმიერ დროს შეიძლება. კუნძულზე უამრავი ცხოველი და ფრინველია, შეგიძლია, სახლი აიშენო ხეზე და მთელი დღე ინებივრო. აქ ცუდი არაფერი ხდება, ცხოვრება ბედნიერი და ჰარმონიულია, არაფერი გემუქრება – არავითარი ტკივილი, სევდა და იმედგაცრუება, დილით ადრე ადგომას და სკოლაში წასვლას არავინ დაგაძალებს, შეგიძლია, იმდენი ბანანი ჭამო, რამდენიც მოგესურვება და გარეთაც იმდენ ხანს იყო, რამდენიც გაგიხარდება. სწორედ ამ კუნძულზე ატარებენ მთელ დღეს ბაბუა და შვილიშვილი, საღამოს კი უკან ბრუნდებიან. მეორე დღეს ბიჭუნა ისევ მიაკითხავს ბაბუას, მაგრამ ის შინ არ დახვდება. ბიჭი წერილიდან შეიტყობს, რომ ბაბუ კუნძულზე გაემგზავრა საცხოვრებლად.

წიგნი მარტივი ენით ცდილობს აუხსნას ბავშვებს, რომ ადამიანები, რომლებიც გვიყვარს, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან, რომ არ ღირს მათზე დიდხანს დარდი, რადგან ისინი კარგად არიან და კუნძულზე განცხრომაში ატარებენ დროს.

სწორედ ეს წიგნი წავუკითხე მეორე საღამოს პატარა ნიკოს, ბაბუ მამით შევცვალე, პატარა ბიჭუნას კი ნიკო დავარქვით.

ბავშვი ყურადღებით მისმენდა, გზადაგზა მაჩერებდა, ცხოველების ამოცნობას ცდილობდა, უნდოდა, დაწვრილებით გაეგო, როგორი იყო ცხოვრება კუნძულზე. მეც არ დავზარდი, ყველა კითხვაზე ვუპასუხე, ვცდილობდი, გამემდიდრებინა მისი წარმოდგენა კუნძულზე, სადაც მამა წავიდა. ავუხსენი, რომ მამა დაიღალა ამდენი პრობლემით: სულ სამსახური, მუშაობა, ბრძოლა… მანაც გადაწყვიტა, რომ ასეთი ცხოვრება აღარ უნდოდა და კუნძულზე გადასახლდა. ისიც ვუთხარი, რომ დიდი, ძალიან დიდი ხნის შემდეგ ჩვენც წავიდოდით იქ – მეც, დედაც, ბებიაც, ბაბუაც, ყველა, ვინც მას უყვარს, იქ კი მამა დაგვხვდებოდა, რომელიც ჩვენს მისვლამდე დიდ სახლს ააშენებდა ხეზე; ყველა ერთად ვიცხოვრებდით და ბედნიერები ვიქნებოდით. დავპირდი, რომ იმდენი სათამაშო ექნებოდა, რამდენიც მოუნდებოდა და ბევრს ითამაშებდა, ვერც დედა აიძულებდა წყალწყალა სუპის ჭამას და აღარც დილით გავაღვიძებდით ბაღში წასასვლელად.

მერე შევთანხმდით, რომ ბევრს არ ვიდარდებდით, რომ დარდით ვერაფერს შევცვლიდით – უფრო მეტად შევაწუხებდით ჩვენს საყვარელ ადამიანს, თანაც, სინამდვილეში, ის ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნებოდა და როცა მოგვინდებოდა, დაველაპარაკებოდით.

მას მერე ტრადიციად გვექცა – როცა ერთად ვიძინებთ, დაძინებამდე აუცილებლად მთხოვს კუნძულის ამბების მოყოლას. მეც ვუყვები, რა ხდება იქ, როგორ აშენებს მამა სახლს, როგორ აგროვებს ნიკოსთვის სათამაშოებს, როგორ გველოდება და როგორ ზრუნავს შორიდან ჩვენზე. ნიკოსაც ძალიან უხარია, ხან გულით იცინის, ხან დაფიქრებული მისმენს და ცდილობს, არც ერთი სიტყვა არ გამოეპაროს.

თანდათან ყველაფერი დალაგდა. ჯერ საფლავზე წაყვანა მოგვთხოვა, მერე ისიც თქვა, ვიცი, რომ გარდაიცვალაო, ყველაფერი გაიგო ნელ-ნელა, მაგრამ არაფერი აღმოჩნდა მისთვის იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კუნძული და ბედნიერი ცხოვრება ბევრ ცხოველსა და ფრინველთან ერთად ქვიშიან პლაჟზე, მარადიულ ზაფხულში.

დღემდე, როცა ვინმეს მოწყენას შეამჩნევს, ღიზიანდება, არ მოსწონს, როცა ვდარდობთ, ვტირით, განვიცდით. ხანდახან ვფიქრობ: თითქოს ყველაზე დაუცველი და პატარაა, მაგრამ მასთან შედარებით ჩვენ, ზრდასრულები, უფრო ვართ პატარები, ჩვენთვის უფრო რთულია საყვარელ ადამიანთან განშორება, იმის აღიარება, რომ ადამიანები ასე უბრალოდ არ მიდიან, რომ ისინი სულ ჩვენთან არიან. სწორედ ამიტომ მგონია, რომ დამალვას აზრი არ აქვს, ყოველთვის გამოინახება სწორი სიტყვები, სწორი ამბები, ყოველთვის მოხერხდება ბავშვთან ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი, სხვა თუ არაფერი, ერთი წიგნი მაინც იქნება თაროზე, რომელიც მოგვიყვება, რომ სადღაც შორს, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, არის კუნძული, სადაც ყველა ბედნიერია. მჯერა, რომ ჩვენ უფრო დავკარგეთ ძმა, შვილი, ქმარი, მეგობარი; ბავშვისთვის მამა არსებობას კიდევ დიდხანს გააგრძელებს.

რას ნიშნავს იყო ახალბედა მასწავლებელი – უპირატესობები და გამოწვევები

0

მეთიუ ჯონსონი, მიჩიგანის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი, ავტორი წიგნისა „წარმატება სწავლების პირველივე წელს: გადარჩენის სახელმძღვანელო ახალბედა მასწავლებებისთვის“

 

ახალბედა მასწავლებლებზე წერისას ძირითადად იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბრობენ, რომლებსაც ყველა ეჯახება სასკოლო კარიერის დასაწყისში, თუმცა ასევე ფასეულია მათი ძლიერი მხარეების დანახვაც.

 

თუ თვალს გადაავლებთ ახალგაზრდა და ახალბედა მასწავლებლებზე დაწერილ წიგნებს, აუცილებლად შეამჩნევთ ერთ მკაფიო ტენდენციას: ამ თემაზე დაწერილი ათობით წიგნი, Amazon-ის საუკეთესო ბესტსელერების ჩათვლით, სათაურში ან ქვესათაურში შეიცავს სიტყვა „გადარჩენას“. სხვა ჟანრებში, მეორედ მოსვლის თემაზე დაწერილ მხატვრულ ლიტერატურას თუ არ ჩავთვლით, ეს სიტყვა სათაურებში იშვიათად გვხვდება.

„გადარჩენის“ თემაზე მუდმივი აქცენტირება ბევრს ამბობს იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც საგანმანათლებლო საზოგადოებას აქვს ახალბედა მასწავლებლებისადმი. საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ასეთ მასწავლებლებს ააფსებენ არა მათი ცოდნით, უნარებით თუ წვლილით, არამედ იმ მიმართულებებით, სადაც ისინი თითქოს უნდა „გადარჩნენ“: ყოველდღიური ბრძოლით, ზეგანაკვეთური სამუშაოთი და მცდარი ნაბიჯებით.

ყველამ, ვინც ოდესმე ახალბედა მასწავლებლის ტყავში ყოფილა, იცის, რომ ბრძოლა, ზეგანაკვეთური სამუშაო და მცდარი ნაბიჯები მართლაც შეადგენს პირველი წლების გამოცდილების საკმაოდ დიდ ნაწილს. „ატლანტიკში“ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც გრძელი სახელი ჰქვია: „მასწავლებლობის პირველი წელი საძმოში ინიციაცის გამოცდას ჰგავს“, – იმაზე საუბრობენ, რისი გადატანა და დათმობა უწევთ ახალბედა მასწავლებლებს წყლის ზედაპირზე დასარჩენად.

თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ისტორიის მხოლოდ ნაწილია. ახალბედა მასწავლებლები უფრო მეტს აკეთებენ, ვიდრე გვიანობამდე დარჩენა და კლასში ყოფაქცევის კონტროლია. მათ შემოაქვთ სიახლეები და ინოვაციები, შთაგონებით აღავსებენ მოსწავლეებს და მათთან ერთად ძლევენ სწავლების კურსის სირთულეებს, ახალ სიცოცხლეს შთაბერავენ სკოლების მოძველებულ სასწავლო პროგრამებს… მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მიღწევები იშვიათად ხვდება სათაურებში.

ცალმხრივი და მიკერძოებული ნარატივი „ახალბედა მასწავლებლების“ შესახებ შესაძლოა სერიოზულ პრობლემად იქცეს – მათმა მუდმივმა სტიგმატიზაციამ გამოუცდელობისა და არასრულყოფილების გამო შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს საქმეს, რომელსაც ახალბედა მასწავლებელი უძღვება. არსებობს მტკიცე ურთიერკავშირი მასწავლებლის მყიფე მორალურ განწყობასა და მოსწავლეთა სუსტ მოსწრებას შორის და ეს არც არის გასაკვირი. არაკომპეტენტურობის თაობაზე მღრღნელმა ეჭვმა, რომელიც, ბუნებრივია, თან სდევს მასწავლებლის პირველ სამუშაო წლებს, შესაძლოა სერიოზული გავლენა მოახდინოს მის პირად ცხოვრებაზე. ალბათ ამის გამოც არის, რომ ახალბედა მასწავლებლების დაახლოებით ნახევარი პირველი ხუთი წლის განმავლობაში მიდის სკოლიდან.

ყველაზე დიდი დახმარება, რომელიც მენტორებმა შეიძლება გაუწიონ ახალგაზრდა მასწავლებლებს, იქნება იმის ჩვენება, რომ მასწავლებელი, თუნდაც ახალგაზრდა, უფრო მეტია, ვიდრე მათი პრობლემები თუ ბრძოლის ველი. აუცილებელია, ახალგაზრდებს ვუჩვენოთ, რომ მათი წვლილი სასწავლო ცხოვრებაში უფრო დიდია; დავანახოთ მათი ძალა და უპირატესობა.

თომას ნიუკირკი თავის გახმაურებულ წიგნში „Embarrassment: And the Emotional Underlife of Learning“ („დაბნეულობა და სწავლის ემოციური იატაკქვეშეთი“) განიხილავს, როგორ შეიძლება თუნდაც ერთმა გაცნობიერებულმა ძლიერმა მხარემ თავდაჯერება მიანიჭოს ადამიანს და ცხოვრების მკაცრი გამოცდები ჩააბარებინოს. სწორედ ახალბედა მასწავლებლების ძლიერ მხარეებსა და უპირატესობებს აღწერს თომას ნიუკირკი და საუბრობს უფრო ასაკოვანი, ვეტერანი მასწავლებლების დახმარების აუცილებლობის შესახებ.

 

ახალბედა მასწავლებლების ძლიერი მხარეები

ახალბედა მასწავლებლებს ახალი იდეები აქვთ: გასულ კვირას ერთმა კოლეგამ მითხრა რომ სიამოვნებით იყოლიებდა უფრო მეტ დამწყებ მასწავლებელს თავის განყოფილებაში, რადგან, მისი ჯგუფის მთავარი გამოწვევა ინოვაციებია და ეს თავისი განყოფილების მთავარ მიმართულებად მიაჩნია.

მსგავსი მოსაზრება ბევრისგან გამიგონია, რაც მოწმობს, რომ ახალი მასწავლებლები ახალი იდეებით მოდიან.

მაგალითად, ჩვენს სკოლაში ინგლისური ენის ახალმა მასწავლებელმა შეამჩნია, რომ, ახალი SAT-ის[1] მიხედვით, მოსწავლეებს მოეთხოვებთ რიტორიკისა და დარწმუნების ხელოვნების უფრო ღრმა გაგება, რაც ნაკლებად იყო აქცენტირებული ტესტების წინა ვერსიაში.

ამ საკითხებში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისთვის მასწავლებელმა გადაწყვიტა, ჩაეტარებინა ფესტივალი, რომლის დროსაც მოსწავლეებს უნდა ეკამათათ აბსურდულ ჰიპოთეზებზე რიტორიკის ტექნიკისა და დარწმუნების ხერხების გამოყენებით.

ახალგაზრდა მასწავლებლის იდეა სენსაციური აღმოჩნდა და მოსწავლეებმა ხალისით აიტაცეს ახალი წამოწყება, დისკუსიისა და დებატების აღნიშნული ტექნიკის გამოყენებით.

ახალ მასწავლებელებს ახალი პერსპექტივა მოაქვთ: მათ, თავიანთი „სიახლის“ წყალობით, შეუძლიათ იმ ნაკლოვანებების დანახვა, რომლებიც სკოლების ტრადიციულ ცხოვრებაში დაფარული რჩება.

მასწავლებლობის პირველ წელს ერთ პატარა სკოლაში ვმუშაობდი, რომელსაც ჰყავდა სპორტული გუნდი, მაგრამ არ ჰყავდა მძლეოსნები, ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა მძლეოსანთა ახალი გუნდი, რადგან ჩემს განვითარებაში მძლეოსნობამ ძალიან დიდი როლი შეასრულა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ორ წელიწადში მძლეოსანთა გუნდი ყველაზე დიდი გახდა სკოლაში და მოსწავლეთა მეოთხედი საკმაო წარმატებით დარბოდა, დახტოდა და ტყორცნიდა ბადროს. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ სკოლამ სპორტული გუნდის შექმნა ჩემი პედაგოგიური კარიერის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ჩათვალა, თუმცა პირადად მე ეს წამოწყება ჩემი საქმიანობის სავსებით ლოგიკურ გაგრძელებად მიმაჩნდა.

ხშირად ახალი მასწავლებლები ექსპერტები არიან იმ სფეროებში, რომლებშიც ვეტერან მასწავლებლებს არ აქვთ ღრმა ცოდნა: სწავლება უზარმაზარ დროს მოითხოვს და ყველაზე პატივსაცემი ვეტერანი მასწავლებლებიც კი ვეღარ იცლიან ინვოაციებისა და სიახლეების შესასწავლად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, სწავლების ბევრ სფეროში მიუხედავად ვეტერანი მასწავლებლების აშკარა უპირატესობისა, ახალბედა მასწავლებლებს უკეთესი ცოდნა აქვთ უახლეს გამოკვევებში, ახალ პრაქტიკასა და პედაგოგიურ თუ ტექნოლოგიურ სიახლეებში. ეს ცოდნა, თუ მას გონივრულად გამოვიყენებთ, შესაძლოა დიდად წაადგეს განყოფილებას, მთელ სკოლას და სასკოლო ოლქსაც კი.

ახალ მასწავლებლებს ენერგიის უნიკალური რეზერვი აქვთ: ისინი ახლები არიან და მოსალოდნელია, რომ მათი შემართება, მათი ენთუზიაზმი, განსხვავებული იყოს იმათგან, ვისაც სკოლაში უკვე ათეული წლები აქვს გატარებული.

ვფიქრობ, ეს პრინციპი სავსებით მიესადაგება ახალბედა მასწავლებლების მდგომარეობასა და სტატუსს – მათი გზა სასკოლო სამყაროში ახალი დაწყებულია და მათ უბრალოდ მეტი ენერგია აქვთ სასკოლო საქმიანობისთვის, იმ წამოწყებებისათვის, რომლებიც შესაძლოა ყველაზე გამოცდილი მასწავლებლებისთვისაც კი რთული აღმოჩნდეს ახალი ენერგიისა და ახალი პერსპექტივის გარეშე.

 

წყარო: https://www.edutopia.org/profile/matthew-m-johnson

 

[1] SAT (Scholastic Assessment Test ,ინგლ.), სასკოლო შეფასების ტესტი – სტანდარტიზებული ტესტი წერა-კითხვისა და მათემატიკური უნარების შესაფასებლად აშშ-ში. ეს ტესტი, ჩვეულებრივ, განკუთვნილია მაღალი სასკოლო საფეხურის, ე.წ. ჰაი-სქულის, მოსწავლეებისათვის (დამამთავრებელ კლასებში).

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...