პარასკევი, მაისი 23, 2025
23 მაისი, პარასკევი, 2025

     უსახელო „საბა“ (ერთი დღის ქრონიკა)

0

დაჯილდოების ცერემონიაზე მისვლას არ ვაპირებდი, რადგან ასოციალური კაცი ვარ ინტროვერტული შტრიხებით, ხოდა,  ერთად შეყრილ ბევრ ადამიანს ისე ვუფრთხი, როგორც აფრიკის ვრცელ სავანებში ჯოგს ჩამორჩენილი ზებრა – დამშეულ ლომებს. ტელეფონი გამიფუჭდა და წინა დღეებში ჩემთან დაკავშირება შეუძლებელი იყო, ფეისბუქზეც არ შევსულვარ. წინა დღეს ჩემმა ძმაკაცმა ირაკლი ყალიჩავამ ჩემი დის ნომერზე დამირეკა, ზვიადი გეძებს, კვარაცხელია, და ან დაურეკე, ან ფეისბუქზე მიწერეო. თურმე „საბადან“ მოსაწვევის გამოგზავნა უნდოდათ და მისამართი აინტერესებდათ. თან ზვიადმა და გვანცამ (ჯობავამ) მითხრეს: შენზე ბევრჯერ დაგვირეკეს და აუცილებლად მოდი დაჯილდოებაზეო, კარგი-მეთქი. მოსაწვევის მოტანა ვერ მოხერხდა, ჩემს დას მოუწია მისვლა „საბას“ ოფისში.

როგორც აღვნიშნე, არ ვაპირებდი წასვლას, ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ არ ველოდი გამარჯვებას, რადგან ჩემი წიგნი არ მომწონს, ძალიან ვიწროდ წარმოაჩენს ჩემს შესაძლებლობებს,  მაგრამ მაინც წასვლა გადავწყვიტე.

მეორე დღე რომ გათენდა, დილიდანვე დავურეკე შალვა ბაკურაძეს და გიო ლომიძეს და სანაპიროს ლუდზე დავპატიჟე. ჯერ მე და გიო ჩავედით და შალვა მერე შემოგვიერთდა. მთელი დღე ვსვამდით, ისედაც ათასჯერ მქონდა ნათქვამი, მაგრამ კიდევ გავიმეორე, რომ არ ველოდი მოგებას. გიომ ფეისბუქზე შოთა იათაშვილის სტატუსი ნახა, სადაც „საბას“ პროგნოზს აკეთებდა, დებიუტს ჩემზე ვარაუდობდა. შალვამ თქვა: “შოთას ასეთ ამბებში მაგარი ინტუიცია აქვსო”. მერე მითხრა:

–  ისე, ვის ეჯიბრები, ოცდათერთმეტი წლის კაცი ხარ, მაგ ნომინაციაში კი ბავშვები არიანო, და საერთოდაც, ლუკა ბაქანიძემ თავის ნომინაციაში თუ მოიგო, ანკესები უნდა იყიდოს, შენ რა უნდა იყიდოო?..

მოკლედ, საღამომდე ვსვით, მერე შალვასთან სახლში გავიარეთ და ჩემი ორი ცალი მოსაწვევით „ქარვასლაში“ “გავგაზეთ”.

შესვლისთანავე შოთა იათაშვილი და ზვიად რატიანი შეგხვდა. შალვამ გაიკაიფა: ნახე რა ხალხი შეგხვდა ეგრევე, ამათ კაი ფეხი აქვთო. კიბიდან გადავსებული დარბაზი რომ ვნახე, გულწრფელად ვინატრე, ნეტავ ჩემი სახელი არ გამოაცხადონ, ამდენი ხალხის წინ  რა ავა სცენაზე-მეთქი –  მართლა გულწრფელად ვინატრე.

კიბეზე ჩავდივარ და რას ვხედავ: სოსო მეშველიანი მიცინის შორიდან, ჯერ თვალები მოვიფშვნიტე, მერე მკლავზეც ვიჩქმიტე, უეჭველი მეჩვენება-მეთქი, ბილბაოში მგონია კაცი ნახევარი წელიწადია და აქ საიდან-მეთქი. მოკლედ, ისე ჩავეფსკვენით ერთმანეთს, რომ ძლივს დაგვაშორეს ხვიჩა და გოჩასავით.

დაიწყო ცერემონია, მე და სოსო დარბაზის კუთხეში ვდგავართ. უცებ ვიღაცა მეძახის, გავიხედე, ქეთი დუმბაძე და დალილა გოგია სხედან, მივედი, გადავკოცნე. უკან, მოშორებით, გიორგი შონია ზის, მანამდე პირადად არ ვიცნობდი, ერთხელ, მწერალთა სახლში, ლიტერატურულ ფესტივალზე შემთხვევით მოვხვდი (აკი ვთქვი, ვერიდები-მეთქი ხალხმრავლობებს), ხოდა,  ვიღაც ბიჭს ოდიშურად გადავეხვიე, შონია მეგონა, მერე ტატო ჩანგელიამ მითხრა, შონია შიგნით ზისო. ხოდა, ვიფიქრე, ახლაც არ მომივიდეს ეგეთი იაღლიში-მეთქი, კარგად დავაკვირდი და მხოლოდ ამის მერე მივედი.

მოკლედ, გამოაცხადა რატიმ ჩვენი ნომინაცია, ბატონმა გურამ ოდიშარიამ გადმომცა „საბა“ და გამოვედით გარეთ. „საბა“ იქვე, შენობის შვერილზე დავდე, ჩვენ კი ღვინო გამოვიტანეთ შიგნიდან და ვსვამთ. ამასობაში დამთავრდა დაჯილდოება. ისევ შევედი ღვინოს გამოსატანად და მაიკო კუდავა შემხვდა, ზვიადი გეძებსო. ზვიადმა მითხრა,  სადაა შენი „საბა“, შენი სახელი უნდა წააწერონო. გამახსენდა, რომ გარეთ დავდე, ახლავე მოვიტან-მეთქი.  რომ გავდიოდი, გზაში ათასი ვინმე შემხვდა,  ლაპარაკში გავერთე და წარწერის გაკეთება სულ გადამავიწყდა. ჩემი სიგარეტი შალვასთან დამრჩა სახლში და გარეთ გავედი, რომ ბიჭები მომეძებნა და სიგარეტი გამომერთმია. უცებ ვიღაც ბიჭი მოვიდა, ახალგაზრდა მოყმე: –  ამას ხომ არ ეძებთო? გავერთეთ ბავშვები, სურათები გადავიღეთო –   და ჩემი „საბა“ მომცა.

–  უი, მაიტა, შენი ჭირიმე, ეს მამაჩემს რომ არ მივუტანო, ისე არ დამიჯერებს-მეთქი. შიგნით რომ შევბრუნდი, ის კაცი, ვისაც წარწერა უნდა გაეკეთებინა, უკვე წასული იყო. ზვიადმა მისი ნომერი კი მომცა, მაგრამ მომდევნო დღეებში ტელეფონი გათიშული მქონდა, რადგან რადიოდან და ტელევიზიებიდან უნდა დაერეკათ, მე კი ეგეთი რამეები არ გამომდის, თან, უარის თქმაც მერიდება.

მოკლედ, დღემდე არ დავკავშირებივარ იმ კაცს და დარჩა ჩემი „საბა“ უსახელოდ, თუმცა ასეც ძალიან უხდება ჩემს წიგნების თაროს.

 

ბავშვობადაკარგულები

0

ბევრს ახსოვს რამდენიმე წლის წინ კატალონიის „ბარსელონას“ არასრულწლოვან ფეხბურთელებთან საიდუმლო კონტრაქტის გაფორმების გამო, სეზონის მანძილზე ტრანსფერების განხორციელება და ფეხბურთელების შეძენის უფლება რომ შეუზღუდეს. ეს პრობლემური საკითხი ევროპულ ფეხბურთში და, ზოგადად, მსოფლიო სპორტში ცხადია, მხოლოდ კატალონიური კლუბის დასჯით არ ამოწურულა და დღესაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

ჯერ კიდევ სკოლის ასაკის ტალანტი ფეხბურთელების ძიება მსოფლიოს ბობოლა კლუბების ძველი და ნაცადი სტრატეგიაა და ამაზე მრავალი ცნობილი ფეხბურთელი საკუთარი ბიოგრაფიული შტრიხების გამომზეურებისასაც ჰყვება. მიუხედავად იმისა, რომ გაერო და მრავალი ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია ბრძოლას უცხადებს არასრულწლოვანთა შრომას (და სპორტსმენად ჩამოყალიბების პროცესი ხშირად ნებისმიერ ფიზიკურ შრომაზე მძიმეა), დიდი ფინანსური მოგების სურვილი ხშირად ყოველგვარ სასჯელის შიშს სძლევს და აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა თუ აზიაში უამრავი სპორტული სკაუტი დასუნსულებს, რომლებიც ზოგი საბუთების გაყალბების გზით უმატებს ახალგაზრდა ნიჭიერ ბავშვებს ასაკს, ზოგი კი სულაც არაოფიციალურად უფორმებს რაიმე სახის კონტრაქტს მის მშობლებს და ამ გზით იბევებს მომავლის ვარსკვლავს. მაგალითად, ფიფა-მ გამოიკვლია, რომ ერთ-ერთმა ბრაზილიურმა საფეხბურთო კლუბმა ნიჭიერი ტალანტის მამას კონტრაქტი დამლაგებლის პოზიციაზე გაუფორმა და ამ გზით უხდიდა ხელფასს 14 წლის მოზარდს, რომელიც ოფიციალურად კლუბის წევრადაც კი არ იყო გაფორმებული.

საქართველოსთანა ქვეყანაში, სადაც სპორტის მთელი რიგი სახეობები დიდ კრიზისს განიცდიან,  რა გასაკვირია, რომ ნიჭიერი ბავშვების მშობლები პირველ ყოვლისა შვილების სხვა ქვეყანაში წაყვანასა და ამ გზით მათი სპორტული შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე ფიქრობენ და ოცნებობენ. ცხადია, ვერავის დავძრახავთ, რადგან წარმატება ყველას სურს და არავის მოეთხოვება, ფუჭ იმედებს გამოეკიდოს. თუმცა, სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნებში წასული ქართველი მოზარდებიც ხშირად ხდებიან ბობოლა კლუბების დიდი მადის მსხვერპლი და ყალბი კონტრაქტები და საბუთებში ასაკმომატებული ბავშვები არც ჩვენი სპორტისთვისაა უცხო. ეს პრობლემა განსაკუთრებით საგრძნობია ფეხბურთში, ჭიდაობასა და კალათბურთში.

მოზარდის ნიჭის საზომად ცხადია, მხოლოდ მისი ტრანსფერის ღირებულება ვერ გამოდგება, თუმცა, თუ ბოლო პერიოდში განხორციელებული ასტრონომიულ თანხებში გამოხატულ საფეხბურთო ტრანსფერების დინამიკას გადავხედავთ, მარტივად დავინახავთ, რომ ესაა ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი ბიზნესი და ეს ბიზნესი კიდევ უფრო და უფრო შლის ფრთებს მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად მოზარდების უფლებები ეწირება.  წარმატება და ცნობადობა სანუკვარი რამაა, მაგრამ  ღირს ეს ყველაფერი ბავშვობის დაკარგვად? წესით, ეს რიტორიკული შეკითხვა საერთოდ არც უნდა დაისვას.

მეტყველების განვითარების დარღვევები და რეკომენდაციები გართულების ასაცილებლად

0

იმ პრობლემათაგან, რომლებსაც ბავშვის აღზრდის პროცესში აწყდებიან მშობლები, ყველაზე მტკივნეულად მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები აღიქმება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტელექტუალური განვითარება პირდაპირ კავშირშია მეტყველების განვითარებასთან, მშობლების წუხილი, ვფიქრობ, გასაგები იქნება.

მეტყველების ყველა ცნობილი დარღვევა შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად ჯგუფად:

  • ბგერათწარმოთქმის დარღვევა;
  • მეტყველების რიტმისა და ტემპის დარღვევა;
  • სმენის დაქვეითებასთან დაკავშირებული დარღვევა;
  • მეტყველების განუვითარებლობა ან ადრე დაუფლებული მეტყველების უნარის დაკარგვა.

ამის გათვალისწინებით, გამოყოფენ მეტყველების დარღვევის შემდეგ სახეებს:

  • დისლალია – მეტყველების ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. ის უკავშირდება ბგერების წარმოთქმას. ამ დარღვევის მქონე ბავშვი სიტყვებში ბგერებს ტოვებს ან არასწორად წარმოთქვამს მათ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, კარგი ლექსიკური მარაგი ჰქონდეს, სიტყვებსაც სწორად ათანხმებდეს და წინადადებებსაც სწორად აგებდეს;
  • დიზართრია – დარღვეულია დანაწევრებული მეტყველების უნარი, გაძნელებულია ცალკეული სიტყვების, მარცვლებისა და ბგერების წარმოთქმა, დარღვეულია მეტყველების რიტმი, ინტონაცია და ტემპი;
  • რინოლალია – ხმის ტემბრის ან ბგერათწარმოთქმის დარღვევა. დამახასიათებელი ნიშნებია: ჯუჯღუნი, ცხვირში ლაპარაკი, ბგერების, განსაკუთრებით – თანხმოვნების, წარმოთქმის გაძნელება ან დამახინჯებულად წარმოთქმა;
  • ალალია – მეტყველების სრული ან ნაწილობრივი უუნარობა ნორმალური სმენისა და ინტელექტის ფონზე. ერთმანეთისგან განასხვავებენ მოტორულ ალალიას და სენსორულ ალალიას. მოტორულ ალალიასთან გვაქვს საქმე, როცა ბავშვს ესმის მეტყველება, მაგრამ თავად ვერ ლაპარაკობს. სენსორული ალალიის შემთხვევაში ბავშვს სხვისი მეტყველება არ ესმის. შეინიშნება სხვისი სიტყვების ავტომატური გამეორება, კითხვაზე პასუხის გაცემის ნაცვლად ბავშვი იმეორებს კითხვას;
  • მუტიზმი – მეტყველების განვითარების შეწყვეტა. განასხვავებენ ზოგად მუტიზმს და შერჩევით მუტიზმს. ზოგადი მუტიზმის დროს ბავშვი საერთოდ არ ლაპარაკობს, გარშემო მყოფებთან მეტყველებით ურთიერთობას ვერ ამყარებს, კითხვებზე არ პასუხობს. ასეთი რამ უმეტესად ემართებათ ყრუ-მუნჯებს ან ტვინის დაზიანების მქონე, ასევე ფსიქიკური ტრავმის შედეგად დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს. შერჩევითი მუტიზმის დროს ბავშვი დუმილით გამოხატავს პროტესტს რაიმე ვითარების ან ადამიანების მიმართ.

მეტყველების გამოსასწორებლად აუცილებელია მისი დარღვევის ჭეშმარიტი მიზეზის პოვნა.

მეტყველების დარღვევის მიზეზებია:

  • ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში ნეგატიური ფაქტორების ზემოქმედება. ტოქსიკოზი, ჰემოგლობინის დაბალი დონე, წნევის მოუწესრიგებლობა, ვირუსული და ენდოკრინული დაავადებები, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები, ნაყოფის დაკარგვის საფრთხე – ყველაფერი ეს შესაძლოა მომავალში ბავშვს მეტყველების განვითარების შეფერხების მიზეზად იქცეს;
  • თავის ტვინის დაზიანება მშობიარობამდე, მშობიარობის დროს და მშობიარობის შემდეგ. თავის ტვინის ჰემისფეროების სამეტყველო არეების ორგანული დაზიანება ან თავის ტვინის სამეტყველო ზონის განუვითარებლობა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოწვეული იყოს ორსულობის რთული მიმდინარეობით, შინაგანი პათოლოგიებით, დაბადების დროს თავის ტვინის ტრავმით ან დაბადების შემდგომი ასფიქსიით, ზრდასრულ პერიოდში დაცემის დროს მიღებული თავის ტრავმით, თავის ტვინის ინსულტით ან ორგანული დაავადებით;
  • სამეტყველო აპარატის ანატომიურ-ფიზიოლოგიური დეფექტი (ე.წ. მგლის ხახა, კურდღლის ტუჩი, უკბილობა);
  • სმენის დაქვეითება:
  • ორენოვან გარემოში აღზრდა;
  • ხშირი ავადმყოფობა, ინფექციური დაავადებები, ტრავმები 3 წლამდე;
  • მემკვიდრეობითი, გენეტიკური ფაქტორები;
  • „პედაგოგიური მიშვებულობა“, არასათანადო ყურადღება და მეტყველებითი ურთიერთობის დეფიციტი.

 

რეკომენდაციები მეტყველების განვითარებაში მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად და არსებული დარღვევების დასაძლევად:

  • ბავშვის მეტყველების განვითარებაზე ჯერ კიდევ მის დაბადებამდე ვიზრუნოთ. მეტყველება ფორმირებას პირველი სიტყვების წარმოთქმამდე გაცილებით ადრე იწყებს;
  • დადგენილია, რომ მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვი გრძნობს დედის განწყობას, მასთან ერთად განიცდის ყველა ემოციას. ამ დროს ის კარგად ვითარდება, თუ მშობლები ესაუბრებიან, უკითხავენ წიგნებს, ღიღინებენ საყვარელ მელოდიებს. ორსულის სიმშვიდე, მყუდრო, კომფორტული გარემო მუცლად მყოფი ბავშვის განვითარებაში ბევრი პრობლემის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა;
  • წინასამეტყველო პერიოდში მნიშვნელოვანია ძუძუთი კვებაზე დაკვირვება. დედამ ყურადღება უნდა მიაქციოს, როგორ წოვს ბავშვი – აქტიურად თუ დუნედ, აფიქსირებს თუ არა მზერას დედაზე წოვის დროს, უღიმის თუ არა მას 2 თვიდან. თუ ეს ყველაფერი არ ხდება, საჭიროა მივმართოთ ექიმს. 2-4 თვიდან პატარა ცდილობს მოკლე ბგერების წარმოთქმას, იწყებს ღუღუნს. თუ 5-6 თვის ასაკში ჩვილი ჯერ კიდევ არ ღუღუნებს, ეს მიუთითებს დარღვევაზე, რამაც შესაძლოა მეტყველების პათოლოგია გამოიწვიოს. ასეთ დროს აუცილებელია მივმართოთ ნევროლოგს;
  • მეტყველების დარღვევის კორექტირება, როცა ის ბგერების წარმოთქმას უკავშირდება, შესაძლებელია ბავშვისთვის ბგერების სწორად წარმოთქმის მოსმენის სწავლებით, აქტიური მეტყველებითი ურთიერთობით, წვრილი მოტორიკის განვითარებით, ენის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშებით;
  • მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად ნუ მოვთხოთ ბავშვს რთული სიტყვების წარმოთქმას, მოვერიდოთ მეცადინეობით მის გადატვირთვას, ნუ ვეჩხუბებით სიტყვების წარმოთქმისას დაშვებული შეცდომების ან არასწორად წარმოთქმული სიტყვების გამო. ჩხუბმა შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ნევროზულ რეაქციებს. ბავშვი ჩაიკეტება, შეწყვეტს ლაპარაკს და ახალი სიტყვების სწავლას;
  • ნევროზული გარემო, ოჯახური პრობლემები, მუდმივად მოჩქარე, მოჩხუბარი უფროსები ის მიზეზებია, რომლებსაც ენაბლუობის პროვოცირება შეუძლია. ბავშვის ნორმალური მეტყველების აღსადგენად შეიძლება 7-10 დღით შემოვიღოთ „დუმილის რეჟიმი“. გამოვრიცხოთ ბავშვზე ყოველგვარი ემოციური ზემოქმედება, მინიმუმამდე დავიყვანოთ მასთან საუბრები, აუცილებლობის შემთხვევაში მივმართოთ ძალიან ხმადაბლა, დასვენებისთვის გამოვიყენოთ მშვიდი თამაშები. თუ ამ ყველაფერმა არ გვიშველა, მივმართოთ ნევროლოგს;
  • მეტყველების განვითარებაში მოსალოდნელი სირთულეების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, უფროსებისგან ბავშვს ესმოდეს სწორი, გამართული მეტყველება. ბავშვთან ურთიერთობისას უფროსების მიერ სიტყვების გამარტივება, ენის მოჩლექა მეტყველების განვითარების დარღვევის კიდევ ერთი შესაძლო მიზეზია.

გავითვალისწინოთ, რომ ზემომოყვანილი ინფორმაცია მხოლოდ გაცნობით ხასიათს ატარებს. ნუ ვეცდებით დიაგნოზის დამოუკიდებლად დასმას. ნურც „კეთილმოსურნეების“ რჩევას დავუჯერებთ – „ჩემი შვილიც ზუსტად ასე იყო და შემდეგ ერთბაშად დაიწყო ლაპარაკი“. რასაკვირველია, ბავშვი ლაპარაკს დაიწყებს; მთავარია – როგორ. გვახსოვდეს, რომ მეტყველების ნებისმიერი დარღვევა შეიძლება გამოვასწოროთ. მთავარია, არ დავკარგოთ ძვირფასი დრო. წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული და განმტკიცებული დეფექტების გამოსწორება ძალიან რთულია. გავითვალისწინოთ ისიც, რომ სამეტყველო ფუნქციის დარღვევის მკურნალობა უნდა ჩატარდეს კომპლექსურად, პედიატრის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, დეფექტოლოგის, ლოგოპედის, ფსიქოლოგის მონაწილეობით. შესაძლოა, საჭირო გახდეს სურდოლოგის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის, გენეტიკოსის დახმარებაც. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ბავშვის სამეტყველო ფუნქციების აღდგენის პროცესში სპეციალისტებსა და თანამედროვე საკორექციო მეთოდებზე დამოკიდებულია ბევრი რამ, მაგრამ არა ყველაფერი. ძირითადი როლი ეკუთვნით მშობლებს, ოჯახს. ისინი ექიმების მოკავშირეებად უნდა იქცნენ, შეასრულონ ყველა დანიშნულება, საშინაო დავალებები, იმოქმედონ შეთანხმებულად, განუხრელად იარონ დასახული მიზნისკენ. კომპლექსური სამედიცინო მიდგომა და მშობლების აქტიური მონაწილეობა ბავშვის სამეტყველო ფუნქციის განვითარების პროცესში აუცილებლად შედეგიანი იქნება.

გოგონა და რძის ქურდი

0

უახლესი პოლიტიკური ისტორია მომავალი თაობებისთვის უამრავ მხიარულ ამბავს ინახავს. საარჩევნო კომუნიკაციების საკითხებით დაინტერესებული მეცნიერები თავისუფალ დროს პოლიტიკური მეტსახელების შესწავლაზეც ხარჯავენ. ადამიანებს ხშირად უჭირთ ათობით პოლიტიკოსის არაფრით გამორჩეული, აბსოლუტურად სტანდარტული სახელებისა და გვარების დამახსოვრება. მოქალაქეთა ნაწილს ხანდახან სურს, რომ საყოველთაოდ ცნობილი პირის მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოხატოს. ცხადია, არიან ისეთებიც, რომელთაც დაუფარავი სიძულვილი ამოძრავებთ. ხშირად კონკრეტული მოვლენები და განცხადებები განსაზღვრავენ საჯარო ფიგურათა განსაკუთრებულ მახასიათებლებს. შესაბამისად, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი უამრავ მეტსახელს წარმოშობს, მათგან მხოლოდ ერთეულები იმკვიდრებენ ადგილს ლიტერატურასა თუ პუბლიცისტიკაში.

1970 წელს დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰითმა თავის კაბინეტში ახალგაზრდა ლიდერებიც მიიწვია. მოულოდნელად, გაერთიანებული სამეფოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დეპუტატი მაგრარეტ ტეტჩერი გახდა. ტეტჩერი ყოველთვის სახელმწიფოს სოციალური ხარჯების შემცირების მომხრე გახლდათ. მინისტრობის პირველივე წელს მან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიღებული კანონის გადახედვა გადაწყვიტა. ათწლეულების განმავლობაში ბრიტანეთის მთავრობა გარემოს დაბინძურებისა და სიღარიბის უარყოფითი შედეგები აღმოფხვრას სხვადასხვა გზით ცდილობდა. ბავშვებზე საწარმოო ნარჩენების მავნე ზემოქმედებისა და გაჭირვების გამო კონკრეტული სასარგებლო ნივთიერებების დეფიციტის დასაბალანსებლად კუნძულის სკოლებში მოსწავლეები ყოველდღიურად ერთ ჭიქა უფასო რძეს იღებდნენ. ტეტჩერმა რძის დარიგების პრაქტიკის დასრულება მოიწადინა. მას ოპოზიციაც და კოლეგა მინისტრებიც განსაკუთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ. თუმცა, ახალბედა პოლიტიკოსმა უპრეცენდენტო სიმტკიცე გამოავლინა. 1971 წლის დაწყებისთანავე ათასობით ინგლისელმა, შოტლანდიელმა, უელსელმა და ირლანდიელმა მოსწავლემ სასკოლო საუზმეზე რძის უფასო ულუფა დაკარგა. ლეიბორისტებმა და გაზეთებმა ტეტჩერს „რძის ქურდი“ (Milk Snatcher) შეარქვეს. მრავალი წლის შემდეგ, აწ უკვე პრემიერ-მინისტრ ტეტჩერს ოქსფორდმა საპატიო დოქტორის სტატუსი ჩამოერთვა. რექტორმა როი ჯენკინსმა გადაწყვეტილება კონსერვატორის უპასუხისმგებლო პოლიტიკით დაასაბუთა. მან აღნიშნა, რომ ტეტჩერი მუდამ ამცირებდა განათლებისა და მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსებას. ჯენკინსს არც იმის გახსენება დავიწყებია, რომ დარგის ალალბედზე მიტოვების პროცესი „რძის ქურდობით“ დაიწყო. თურმე, ეს მეტსახელი სახელგანთქმულ „რკინის ლედის“ ყველაზე მეტად სძულდა.

მეტსახელების ცვალებადობა ზუსტად აღწერს კონკრეტული პოლიტიკოსის განვლილ გზასა და მის მიერ მიღწეულ შედეგებს. 1990 წელს, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა გადაწყვიტა. მეცნიერებათა ახალგაზრდა დოქტორმა და შესანიშნავმა ორგანიზატორმა მალევე მიიქცია არაკომუნისტი ლიდერების ყურადღება. ყოფილი მკვლევარი ჯერ მთავრობის პრესმდივნის მოადგილე გახდა, შემდეგ კი გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიის მხარდაჭერით ბუნდესტაგის მანდატიც მოიპოვა. 1991 წელს, აღმოსავლეთ გერმანელი ფიზიკოსის სახელი მთელმა ევროპამ შეიტყო, ახლადგაერთიანებული გერმანიის პირველ მთავრობაში ჰელმუთ კოლმა ბევრისთვის უცნობი ანგელა მერკელი ქალთა და ოჯახის საკითხთა მინისტრად დანიშნა. ორ წელიწადში ერთი ჩვეულებრივი, რიგითი მეცნიერ-თანამშრომელი გაერთიანებული გერმანიის პირველი მთავრობის წევრი გახდა. ჰელმუთ კოლის მხარდაჭერით, მერკელმა მინისტრის რამდენიმე პორტფელიც გამოიცვალა, საბოლოოდ კი იგი მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გამაერთიანებელი კანცლერის ადგილმონაცვლეც გახდა. 2005 წლამდე მერკელს ყველა ერთი მეტსახელით მოიხსენიებდა. თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალს წლების განმავლობაში „კოლის გოგონას“ (Kohls Mädchen) უწოდებდნენ და მის წარმატებას მხოლოდ ზემდგომის მზრუნველობას მიაწერდნენ.

გავიდა დრო და ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერი გახდა. ის თორმეტი წელია სათავეში უდგას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სახელმწიფოს. საქართველოს პროფკავშირების სწორუპოვარი თავმჯდომარის მსგავსად, წარმატებული კანცლერი მეოთხე ოთხწლიანი ვადითაც აპირებს ქვეყნის მთავრი პოლიტიკური ლიდერის თანამდებობის დაკავებას. მერკელი გერმანიას ომების, ტერორიზმის, დევნილობისა და ეკონომიკური კრიზის ეპოქაში მეტ-ნაკლებად წარმატებულად გაუძღვა. დღეს აღარავის ახსოვს მისი ძველი ზედმეტსახელი. 24 სექტებრის ზოგიერთ საარჩევნო პლაკატზე ერთადერთი სიტყვა – „Mutti“ წერია, რაც ქართულად დედის კნინობით-ალერსობით ფორმად შეგვიძლია ვთარგმნოთ. მერკელი ახალი გერმანიის საყვარელ დედად მიიჩნევა.

რიგ შემთხვევებში მეტსახელებს ორმაგი შინაარსიც აქვთ. ამერიკელები რიჩარდ ნიქსონს დღემდე „გაიძვერა, ქვეშ-ქვეშა დიკს“ (Tricky Dicky) უწოდებენ. ნიქსონი ზედიზედ ორ არჩევნებში დამარცხდა, ჯერ კენედისთან დათმო ოვალური კაბინეტის გასაღები, შემდეგ კი კალიფორნიის გუბერნატორის სავარძელიც გამოეცალა ხელიდან. ყველას ეგონა, რომ მეორე წარუმატებლობის შემდეგ მისი სახელი აღარავის აღარასდროს გაახსენდებოდა. უმრავლესობა შეცდა, რადგან 1969, გარემოებათა მოულოდნელი დამთხვევის წყალობით ჩამოწერილი პოლიტიკოსი შეერთებული შტატების პრეზიდენტად აირჩიეს. მისი თანამდებობის გადადგომაც ფარულ მიყურადებასთან და ერთგვარ გაიძვერობასთან არის დაკავშირებული. ნიქსონის ადმინისტრაცია ოპოზიციური პარტიის შტაბიდან ინფორმაციის ფარულად მოპოვებას ცდილობდა, რაც ადგილობრივ მედიას ყურადღების მიღმა არ დარჩენია. „უოთერგეიტის სკანდალის“ შემდეგ, ინგლისური ენის მოქნილობისა და ადამიანთა მხრიდან ორაზროვნების აღმოჩენისკენ მიდრეკილების წყალობით „Tricky Dicky“ უწყინარი მეტსახელიდან უცენზურო, უბინძურეს პოლიტიკურ ჟარგონად გარდაიქმნა.

ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკურ მეტსახელებთან შედარებით დასავლური მაგალითები უსუსურ უნიჭობად მოგეჩვენებათ. ზოგიერთ სფეროში მათზე გაცილებით წინ ვართ.

 

ინკლუზიური განათლების გამოწვევები

0

27 წლის მარიამ ბიაშვილი კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრია. ბოლო ოთხი წელია, რაც ინკლუზიური განათლების მიმართულებით დაიწყო მუშაობა და ამჟამად თბილისის №41-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. მისი აღსაზრდელი მესამე კლასის მოსწავლეა. მარიამი ამბობს, რომ თავდაპირველად მოსწავლეს ძალიან უჭირდა გაკვეთილებზე ხანგრძლივად გაჩერება, თუმცა შემდგომმა მიზანმიმართულმა მუშაობამ  ის პოზიტიურ შედეგამდე მიიყვანა. მარიამის მოსწავლე ახლა მშვიდად ზის გაკვეთილზე და მასწავლებლის ინსტრუქციებს ასრულებს.

„ვთვლი, რომ თბილმა, მეგობრულმა საკლასო გარემომ ხელი შეუწყო, მისი პიროვნების განვითარებას და მის სასკოლო წარმატებებს. დღის განმავლობაში ის სამ გაკვეთილს ესწრება და აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში: წერს, კითხულობს ჩვენი დახმარებით დაფასთან მუშაობს, მონაწილეობს ზეიმებში, ექსკურსიებში, რაც მასწავლებლების, განსაკუთრებით კი დამრიგებლის მნიშვნელოვანი დამსახურებაა. ჩვენ ყველა მშობელთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სწორად მოხდეს ინდივიდუალური  სასწავლო გეგმის შექმნა, გაკვეთილის დაგეგმვა, ეფექტური მუშაობა მოსწავლეებთან, რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განვითარების საწინდარია”, – ამბობს მარიამი.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია, რომლის ავტორი და ხელმომწერები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ და ითხოვენ, მოხდეს სპეციალური მასწავლებლის სტატუსის გათანაბრება მასწავლებლის სტატუსთან და სპეციალური მასწავლებლებისთვისაც შესაძლებელი გახდეს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ზრუნვა და კვალიფიკაციის ამაღლება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ  სპეციალურ მასწავლებელს მასწავლებლად აღიარებს ( მუხლი 212 პუნქტი „ე”), დღესდღეობით სკოლებში ისინი ადმინისტრაციულ ან ტექნიკურ პერსონალად მოიაზრებიან და, შესაბამისად, ვერ სარგებლობენ ყველა იმ შეღავათით, რითაც მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს საჯარო სკოლაში – კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, შრომითი ანაზღაურების ზრდის პერსპექტივა, ორმოცდღიანი საშვებულობო დღე და ა.შ

ნათია ნიაური, რომელიც  ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და ამ  პეტიციის ავტორია, საუბრობს, რომ სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და  კარიერული წინსვლის სქემის  არარსებობა შემაფერხებელი ფაქტორია ინკლუზიური განათლების განვითარებისთვის. „რადგან, სპეციალური  მასწავლებლებისთვის არ გვაქვს პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა. მათი დაინტერესებაც, გაიარონ მსგავსი ტრენინგები და აიღონ კრედიტები, დაბალია. გამოდის, რომ თანაბარ პირობებში იმყოფებიან ისინიც, ვინც ამ საქმეში ძალისხმევას არ დებენ და ისინიც, ვინც კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნავენ, ანუ აქვთ თანაბარი ანაზღაურება (350 ლარი, ხელზე – 280ლ). სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როცა უკვე გადამზადებული კადრი ტოვებს სკოლას, იმის გამო, რომ იშოვოს უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო. გამოდის, რომ სახელმწიფო ტყუილად ხარჯავს რესურსს, რადგან ვერ ხერხდება საჭირო კადრის შენარჩუნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ახალი კვალიფიციური კადრის მოძიება სკოლას ძალიან უჭირს… საბოლოდ კი ისევ ხარისხიანი ინკლუზიური განათლების პრობლემის წინაშე ვდგებით და ვარღვევთ სსსმ მოსწავლეების უფლებას, თანატოლების მსგავსად მიიღოს თანაბარი და ხარისხიანი განათლება”, – ამბობს ნათია ნიაური.

სპეციალური მასწავლებლების მიმართ დისკრიმინაციაზე საუბრობს მარიამ ბიაშვილიც და ამბობს, რომ, თუ  ინკლუზიური განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტებისთვის არ შეიქმნება ხელშემწყობი პირობები, მივიღებთ ფსევდო-ინკლუზიურ განათლებას. ამით პირველ რიგში ყველაზე ძალიან სწორედ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები დაზარალდებიან.

„ჩვენ არ გვაქვს კონკრეტული სტატუსი, რაც სამუშაო საათების გაწერაზე, შვებულებაზე, ხელფასზე იმოქმედევს. თუ სპეციალურ მასწავლებელს მოეთხოვება პედაგოგიური გამოცდილება  და გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება, მაშინ დისკრიმინაციად  უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ჩვენ ვერ ვსარგებლობთ მასწავლებლის 40-დღიანი შვებულებით და ხელფასის ზრდის პერსპექტივაც ჩვენთვის არ არსებობს. სკოლაში ჩვენ მივეკუთვნებით ადმინისტრაციულ რგოლს, ამიტომ სპეციალურ მასწავლებელს, თავისი საქმიანობის გარდა, კიდევ სხვა საქმეების შესრულებაც უწევს, რაც ცხადია, უარყოფითად იმოქმედებს მასწავლებლის მოტივაციაზე, რაც შესაბამისად აისახება კიდეც მათ შრომითუნარიანობაზე. სულ მალე კი მივალთ იმ სავალალო შედეგამდე, რომ ინკლუზიურ განათლებაში მომუშავე საუკეთესო კადრი სკოლიდან  გადინებას დაიწყებს. ამ ეტაპზე კი ჩემი შინაგანი მოტივაცია მხოლოდ ჩემი მოსწავლეების კეთილდღეობა და სიყვარულია. მინდა ვაჩვენო საზოგადოებას არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობები, არამედ პიროვნებები, რომლებსაც დიდი შედეგებისა და წარმატების მიღწევაც შეუძლიათ”, – ამბობს მარიამი.

ნათია ნიაური ორგანიზაცია „სპეციალური განათლების პედაგოგთა ასოციაციის” დამფუძნებელიცაა  და თავისი საქმიანობის ფარგლებში ხშირად უწევს სპეციალური მასწავლებლებისთვის ტრენინგების ჩატარება. მისი დაკვირვებით მასწავლებელთა კვალიფიკაციის მხრივ დედაქალაქსა და რეგიონებში განსხვავებული სიტუაციაა. რეგიონებში საქმე უფრო რთულადაა, მეტი არაკვალიფიციური კადრია. რადგან ტრენინგებიც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და სპეციალური მასწავლებლებიც კრედიტს ვერ იღებენ, მასწავლებელთა მოტივაცია დაბალია.

„ამ მხრივ გაცილებით უკეთესი სიტუაცია გვაქვს დედაქალაქში, სადაც სპეცმასწავლებლებად უმეტესად ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე სპეცმასწავლებლები ან ფსიქოლოგები მუშაობენ. უმეტესობა მათგანს გავლილი აქვს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული 120-საათიანი სატრენინგო კურსი სახელწოდებით: „სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი“.  აღნიშნული ტრენინგი ეხმარება სპეცმასწავლებლებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია, უკეთ დაეხმარონ საგნის მასწავლებლებს, დაგეგმონ და განახორციელონ სასწავლო პროცესი სსსმ მოსწავლეებთან, აწარმოონ დოკუმენტაცია მოსწავლეთა შედეგის ასახვის მიზნით და ჩაატარონ ცნობიერების ასამაღლებელი სემინარები/შეხვედრები სკოლის პერსონალთან, მოსწავლეებთან ან მშობლებთან… თუმცა,  ამ  მოდულის გავლა არის სარეკომენდაციო და არა სავალდებულო მათთვის, შესაბამისად ყველა არ გადის”,  – ამბობს ნათია ნიაური.

სპეციალური მასწავლებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლის განვითარებაში. ის შუალედური რგოლია მოსწავლესა და მასწავლებელს, მშობელსა და ადმინისტრაციას შორის, რომელიც ფლობს საჭირო კომპეტენციას, სწავლების იმ მიდგომებს, მეთოდოლოგიასა და სტრატეგიებს, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის და მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართულობას და თანამონაწილეობას საგანმანათლებლო სივრცეში. ნათია ნიაურის თქმით, ინკლუზიური განათლების ფილოსოფიის ეს პრინციპი ხშირად ირღვევა მასწავლებელთა დაბალკვალიფიციურობის მიზეზით, რაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის საკლასო გარემოდან იზოლირებაში ან კლასიდან ინტენსიურ გაყვანაში გამოიხატება, რაც ხარისხიანი განათლების მიღწევაში  და თანატოლებთან ინტერაქციის პროცესში ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია.

„იზოლირება-აქტივობებში ჩაურთველობა, ან კლასიდან ინტენსიური გაყვანა უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლის თვითეფექტურობაზე, რადგან ხაზს უსვამს მის განხვავებულობას და სუსტ მხარეს. იკარგება აღიარებისა და კლასთან ერთიანობის განცდა, არასწორი დამოკიდებულება სსსმ მოსწავლეში აყალიბებს რწმენას, რომ ის უუნარო, ე.ი. წარუმატებელია, რაც მას სწავლის მოტივაციას და ინიციატივას უკარგავს, ხდის დათრგუნულს ან, პირიქით, ხდება რთული ქცევის გამოვლენის პროვოცირება”.

 

ნათია ნიაური და მარიამ ბიაშვილი ინკლუზიური განათლების პროცესის წარმატებით გაგრძელების ერთ-ერთ მთავარ როლს კვალიფიციური სპეციალური მასწავლებლების არსებობაში ხედავენ, რომლებსაც პროფესიული განვითარებისა და წინსვლის პერსპექტივა ექნებათ, რაც დაეხმარებათ როგორც საკუთარი თავის დამკვიდრებაში, ასევე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე მოსწავლეთა უფლებების ადვოკატირებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მიიჩნევენ, რომ სკოლაში სპეციალურ  მასწავლებელად მუშაობის მსურველ პროფესიონალთა რიცხვი შემცირდება, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში ინკლუზიური განათლების განვითარებაზე.

 

 

 

 

„ბავშვის გულისკენ მიმავალი ხუთი გზა“ (გაგრძელება)

0

 

სიყვარული – უმთავრესია

ჩვენ სრულიად დარწმუნებულები ვართ, რომ სიყვარულის მოთხოვნილება – უმთავრესი ადამინური მოთხოვნილებაა. თუ ადამიანს შეუძლია სიყვარულის გაცემა და მისი მიღება, მაშინ ნებისმიერი საქმე, რასაც ის წამოიწყებს წარმატებულად დაგვირგვინდება.

ჩვილი ბავშვისათვის რძე და სინაზე – სინონიმებია. ის არ ანსხვავებს ერთმანეთისაგან საკვებს და სიყვარულს. პატარა საკვების გარეშე ისევე დაიღუპება, როგორც სიყვარულის გარეშე. თუ ბავშვი არ არის მიჯაჭვული საყვარელ ადამიანებზე ის ემოციურად დაიღუპება. პატარა ვერასოდეს შეძლებს სრულფასოვნად იცხოვროს. თითქმის ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ადამიანის ემოციური სფერო ძირითადად პირველი წელიწადნახევრის მანძილზე ყალიბდება. აქ განსაკუთრებულად დიდ როლს ასრულებს ბავშვის ურთიერთობა დედასთან.  შეხება, საალერსო სიტყვები და ფაქიზი მზრუნველობა ეს არის საკვები, რომელიც განაპირობებს ადამიანის მომავალ ემოციურ სიჯანსაღეს.

ბავშვი იზრდება, ის სწავლობს სიარულს, ლაპარაკს, ის სულ უფრო მეტად აცნობიერებს საკუთარ თავს, როგორც პიროვნება. ის თანდათანობით ანსხვავებს საკუთარ თავს სიყვარულის ობიექტებისაგან: არის ის და არიან სხვები. ბავშვი წინანდებურად დამოკიდებულია დედაზე, მაგრამ უკვე აცნობიერებს, რომ ის და დედა ერთიდაიგივე პიროვნებები არ არიან. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვს ემატება უნარი უფრო მეტად უყვარდეს. ახლა ის არა მხოლოდ იღებს სიყვარულს, არამედ შეუძლია მასზე პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, ბავშვი ჯერ კიდევ არ არის მზად თავგანწირვისათვის, ის ჯერ კიდევ ბავშურად ეგოისტურია. მაგრამ თანდათნ დროის გავლასთან ერთად მატულობს, ბავშვის უნარი გამოხატოს სიყვარული სხვების მიმართ. და თუ პატარა წინანდებურად შეიგრძნობს უფროსების სიყვარულს, ახლა ისიც მზად არის საკუთარი სიყვარული გაუზიაროს მათ.

ეს წიგნი, როგორც მიხვდით იმ სიყვარულზეა, რომელიც ყველაფრის საფუძველია. სიყვარული, რომელიც ბავშვის ფუნდამენტშია ჩაშენებული გავლენას ახდენს მის უნარზე ისწავლოს და შეიძინოს სულ ხალ-ახალი ინფორმაცია. ბევრი ბავშვი სკოლაში მიდის ისე, რომ საერთოდ არ აქვს სასწავლო მზაობა, რადგან ემოციურად მოუმწიფებელია. აუცილებელია, ბავშვმა საკუთარი ასაკის შესაბამის გარკვეულ ემოციურ დონეს მიაღწიოს, მანამდე სანამ სწავლას შეძლებს. თუ მოსწავლე ვერ ახერხებს სწავლას, არ არის საჭირო მას სკოლა და მასწავლებლები ვუცვალოთ, რადგან ამით პრობლემას ვერ აღმოვფხვრით. ბავშვები სწავლისათვის ემოციურადაც მზად უნდა იყვნენ.

მკითხველი დაგვეთანხმება, რომ სრულად დააკმაყოფილო ბავშვის მოთხოვნილება სიყვარულზე არც თუ ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით შესაძლებელია მოგვეჩვენოს და მით უფრო თუ თქვენი შვილი უკვე ეგრეთ წოდებულ გარდატეხის ასაკშია.

„გარდატეხის ასაკი“, რთული პერიოდია და განსაკუთრებულად უჭირთ იმ ბავშვებს რომლებიც არ არიან დარწმუნებული გარშემო მყოფი ადამინების სიყვარულში. ასეთი მოზარდი, არ არის მზად შეეჭიდოს იმ პრობლემებს, რომლებიც მას ამ ასაკში შეხვდება. ის ბავშვები, რომლებიც არ იზრდებოდნენ უპირობო სიყვარულის გარემოცვაში, თავისთავად სწავლობენ, სიყვარული გასცენ „რაიმეს სანაცვლოდ“. ასეთი ბავშვები იზრდებიან, მოზარდები ხდებიან და ამ დროისათვის სრულად ფლობენ მშობლებით მანიპულირების ხელოვნებას. სანამ ასეთ მოზარდს არავინ არაფერში ეწინააღმდეგება ის თბილი და ალერსიანია, მას უყვარს მშობლები. მაგრამ საკმარისია, მას რამე არ მოეწოის, რომ მოზარდი, უმალ „წყვეტს მშობლების სიყვარულს“. საპასუხოდ, მისი მშობლები, რომლებმაც არ იციან შვილის უპირობო სიყვარული ასევე „წყვეტენ მოზარდის სიყვარულს“. თქვენ აუცილებლად დამეთანხმებით, რომ ეს  – მოჯადოებული წრეა. შედეგად, მოზარდი ხდება გაბოროტებული და გაღიზიანებული.

ბავშვები – საოცრად ემოციური არსებები არიან. სწორედ, ემოციების საშუალებით შეიმეცნებენ ისინი სამყაროს. კვლევები ადასტურებენ, რომ ჯერ კიდევ ჩანასახში, რეაგირებენ პატარები დედის ემოცური მდგომარეობის ცვლილებებზე, როგორც პოზიტიურზე ასევე, ნეგატიურზე. ბავშვებს დაუჯერებელი სიზუსტით შეუძლიათ ამოიცნონ მშობლების ემოციური მდგომარეობა.

ჩემი შვილები (პატარა კემპბელები), ელვის უსწრაფესად ხვდებოდნენ თუ როგორ ხასიათზე დაბრუნდა დღეს მათი მამიკო სამსახურიდან. ზოგჯერ, საკუთრ ფიქრებში ჩაძირული, თავად ვერც კი ვაცნობიერებდი მხიარული ვიყავი თუ მოწყენილი, მშვიდი თუ შეშფოთებული – ჩემი შვილები კი ყოველთვის ხვდებოდნენ თუ რა ხასიათზე ვიყავი სახლში დაბრუნებული. მაგალითად, ჩემი გოგონა დანახვისთანავე მეკითხებოდა: „მამიკო, რატომ ხარ ასეთი გაბრაზებული? რამე მოხდა?“ მე მიკვირდა: „გაბრაზებული? არა, რას ამბობ, შენ მოგეჩვენა“. მაგრამ, როგორც კი ჩავუღრმავდებოდი საკუთარ გრძნობებს მაშინვე ვხვდებოდი, რომ ჩემი გოგონა მართლაც არ ცდებოდა, მე იმ დღეს სამსახურში პრობლემები მქონდა და ამიტომაც ვიყავი გაბრაზებული.

სიმართლე უნდა ითქვას, ყოველთვის მაინტერესებდა როგორ ახერხებდნენ პატარები ასე ზუსტად დიდი ადამინის დაფარული გრძნობების გაშიფვრას. ხოდა როდესაც მორიგ ჯერზე ჩემი შვილები ისევ მიხვდნენ თუ როგორ ხასიათზე ვიყავი და მკითხეს: „რატომ ხარ ასეთი გახარებული?“ – შემხვედრი კითხვა დავუსვი მათ: „როგორ მიხვდით?“ ჩემმა გოგონამ მხრები აიჩეჩა და მიასუხა: „ადვილად. შენ წეღან ღიღინებდი, როგორც ყოველთვის“. წარმოიდგინეთ მე არასდროს შემიმჩნევია საკუთრი თავისათვის, რომ, როდესაც გახარებული ვარ ვღიღინებ.

დამეთანხმებით, ეს ძალიან გასაოცარია! ისინი როგორც რენდგენის სხივები ისე ამჩნევენ ყველაფერის, წვრილმანებიც კი არ გამორჩებათ! ახლა ხომ ხვდებით, რომ ბავშვები ყოველთვის ზუსტად გრძნობენ, თუ როგორ ექცევიან მათ მშობლები. ბავშვები მომენტალურად რეაგირებან როგორც, სიყვარულის გამოხატულებაზე, ასევე მრტულ დამოკიდებულებაზეც.

მნიშვნელოვანია მშობლებმა გამოხატონ სიყვარული იმ ენაზე, რომელსაც ბავშვები ადვილად გაიგებენ. სახლიდან გაქცეული მოზარდები ხშირად ხსნიან საკუთარ საქციელს, იმით რომ „სულერთია სახლში იქნებიან თუ არა, ისინი ხომ მაინც არავის სჭირდება“.

ამ ბავშვების მშობლები, თითქმის ყოველთვის აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ძალიან უყვართ საკუთრი შვილები. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს მართლაც ასეა. უბრალოდ, მათ ვერ მოახერხეს თავიანთი სიყვარულის შვილამდე მიტანა. როგორც წესი მშობლები ზრუნავენ შვილებზე, არ აკლებენ საკვებს, ტანსაცმელს, ცდილობენ კარგი განათლება მისცენ მათ. ეს ყველაფერი, უდაოდ სიყვარულის გამოხატულებაა. მაშ რაშია საქმე? საქმე კი შემდეგში გახლავთ: თუ მშობლებმა ვერ მოახერხეს შვილისათვის უპირობო სიყვარულის განცდის მიცემა, მაშინ ვერანაირი მზრუნველობა ვერ დაარწმუნებს პატარას, რომ ის ჭეშმარიტად ძვირფასია საკუთრი ოჯახისათვის.

ვფიქრობთ, რომ ბავშვები ყოველთვის უშეცდომოდ ანსხვავებს ერთმანეთსაგან უპირობო სიყვარულს და იმ სიყვარულს, რომელიც მათ გარკეული „საფასურის სანაცვლოდ“ ეძლევათ. ამიტომ, როდესაც ბავშვი ამბობს, რომ მშობლებს ის არ უყვართ – დაუჯერეთ მათ, ეს ნამდვილად ასეა.

და მაინც როგორ მოვახერხოთ, ბავშვისადმი სიყვარულის გამოხატვა?

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, შვილების ძალიან მცირე რაოდენობაა დარწმუნებული იმაში, რომ რაც არ უნდა მოხდეს მშობლებს ის ყოველთვის ეყვარებათ და იზრუნებენ მასზე.  მიუხედავად იმისა, რომ ყველა მშობელს უყვარს საკუთრი შვილი (ამაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ), ბავშვები მაინც ეჭვის თვალით ეპყრობიან მათ გრძნობებს. ჩვენი აზრით ეს იმიტომ ხდება, რომ მშობლებმა არ იციან, როგორ მიიტანონ საკუთარი გრძნობები შვილების გულებამდე. მშობლების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ მათი სიყვარული იმდენად თვალნათელია, რომ  დაუჯერებელია შვილმა არ იცოდეს ამის შესახებ. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ საკმარისია დრო და დრო შვილებს უთხრან: „მე შენ ძალიან მიყვარხარ“. ფაქტი კი ჯიუტია, ეს ყველაფერი არ არის საკმარისი მტკიცებულება შვილებისათვის.

უდაოა, რომ სიყვარულის განცდა და მასზე საუბარი – მშვენიერია. ოღონდ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შვილი დარწმუნდეს მშობლების უპირობო სიყვარულში. საქმე იმაშია, რომ ბავშვები აფასებენ უფროსებს, მათი ქცევების მიხედვით. პირველ რიგში, ისინი ყურადღებას აქცევენ იმას, თუ როგორ იქცევიან მათი მშობლები. ამიტომ, იმისათვის, რომ შვილებს საკუთარი სიყვარული დაანახონ მშობლებმა უნდა ისაუბრონ შვილებთან მათ „ენაზე“, ანუ სიყვარული საქციელით უნდა გამოხატონ. ასეთ მიდგომას უდიდესი უპირატესობა აქვს. აი, მაგალითად: სამსახურში რთული დღე გქონდათ და სახლში ისეთ ცუდ ხასიათზე დაბრუნდით, რომ სიყვარულს დიდად ვერავის მიმართ ვერ განიცდით. მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც შეგიძლიათ მოსიყვარულე დედის (ან მამის) როლი შეასრულოთ: მოეხვიოთ შვილს, ვახშამი მოუმზადოთ და ა.შ. სიყვარულის საქციელით გამოხატვა, ძალიან ადვილია, მაშინაც კი თუ სრულიად არ ხართ ამის ხასიათზე.

შესაძლებელია, მკითხველს გაუჩნდეს კითხვა: „ბავშები ხომ ძალიან ფაქიზები არიან და ხომ არ არის საფრთხე „ტყუილში გამოგიჭირონ“. დიახ, ბავშვებმა ზუსტად იციან, რომ მშობელი ცუდ ხასიათზეა და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ უფრო მეტად დააფასებენ მათ ზრუნვას და ქცევაში გამოხატულ მოქმედებას, რადგან ბავშვები ხვდებიან, რომ ისინი უყვართ მიუხედავად ყველაფრისა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძირითადად ხუთი მეთოდი არსებობს, რომლებითაც მშობლებს შეუძლიათ საქმით დაამტკიცონ საკუთარი უპირობო სიყვარული: მოფერება; შვილისთვის ყურადღების მიქცევა და დროის გამოყოფა; საჭირო მომენტში გამხნევება; მზრუნველობის გამოხატვა და საჩუქრების ჩუქება. ყველაზე მთავრია ბავშვი დარწმუნდეს, რომ ის უყვართ და ძალიან სჭირდებათ.

აღსანიშნავია, რომ შესაძლებელია თქვენმა შვილმა კარგად იცის სიყვარულის გამოხატვის ხუთივე „ენა“, მაგრამ როგორც წესი ბავშვს ყველაზე უკეთესად ესმით საკუთარი „მშობლიური ენა“. ამიტომ, თუ მშობელს სურს სრულად დააკმაყოფილოს შვილის სიყვარულის მოთხოვნილება, აუცილებელია დაადგინოს ზუსტად ის „ენა“, რომელიც ყველაზე უკეთ ესმის მის შვილს.

საგულისხმოა, რომ თუ თქვენი პატარა ჯერ კიდევ არ არის ხუთი წლის, მაშინ ჯერ ადრეა, მისი გულისკენ მიმავალი რომელიმე ერთი გზის განსაზღვრა. ისუბრეთ მასთნ ყველა „ხუთ ენაზე“. პატარა აუცილებლად იგრძნიბს თქვენს სიყვარულს და მომავალში გაუადვილდება სწავლა და სხვა ნებისმიერი აქტივობა. როდესაც თქვენი შვილი წამოიზრდება, განაგრძეთ მასთან „სიყვარულის ყველა ენაზე“ საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ „მშობლიური“ მისთვის უფრო გასაგებია, მაგრამ ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია ყველა ხუთივე „ენის“ ცოდნა.

ამგვარად, ბავშვი გრძნობს სიყვარულს, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. მიუხედავად ამისა შეცდომა იქნებოდა გვეთქვა, რომ ამის შემდეგ ყველა პრობლემა წარსულს ჩაბარდა. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის, შვილებსა და მშობლებს შორის გაუგებრობები მაინც იქნება მაგრამ მიგვაჩნია, რომ სიყვარული დაიფარავს ოჯახში ურთიერთობებს. გახსოვდეთ, ბავშვი – ყვავილია, რომელსაც მშობლების სიყვარული ასაზრდოებს. უსიყვარულო პატარა, მოგვაგონებს უდაბნოში აღმოცენებულ მცენარეს, რომელიც წყალს ითხოვს და ვერ იღებს მას.

ყველა მშობელი ისწრაფვის, რომ მისი შვილი გახდეს სრულფასოვანი ზრდასრული ადამინი. მშობლები გამოხატავენ საკუთრ სიყვარულს ნებისმიერი საშუალებით, რასაც ბავშვები უყურებენ და სწავლობენ. სიყვარულის გამოხატვის რაც უფრო მეტი ხერხი ეცოდინებათ შვილებს მით უფრო გაუადვილდებათ მომავალში სოციუმში ურთიერთობა. ზრდასრული ადამინის ერთ-ერთი ძირითადი  თვისებაა – მიიღოს და გასცეს სიყვარული „ხუთივე ენაზე“. მაგრამ ყველა მოზრდილი ვერ ახერხებს ამას, უკეთეს შემთხვევაში უფროსები ირჩევენ მხოლოდ რომელიმე ორ გზას.

და ბოლოს, გვინდა ვთქვათ, რომ როდესაც მშობლები ცდილობენ ასწავლონ საკუთარ შვილებს სიყვარულის გამოხატვის ხუთი „ენა“, თავდაც იზრდებიან, მათ ეცვლებათ წარმოდგენა იმის თაობაზე თუ როგორი შეიძლება იყოს ადმიანებს შორის ურთიერთობები. მშობლებიც შეისწავლიან „ყველა ენას“ და მათი ოჯახი ნამდვილი „პოლიგლოტები“-ს ოჯახი გახდება.

 

ამონარიდი როს კემპბელისა და ჰარი ჩეპმენის წიგნიდან: „ბავშვის გულისკენ მიმავალი ხუთი ბილიკი“.

 

მეცნიერებები მობილურ  აპლიკაციებში

0

როცა სასკოლო პროგრამაში საბუნებისმეტყველო საგნები გაჩნდა, ჩემ შესახებ ჩამოყალიბდა აზრი, რომ უფრო „ჰუმანიტარი” ბავშვების კატეგორიას მივეკუთვნებოდი და ვინაიდან ლიტერატურას, უცხო ენებს და ისტორიას კარგად ვსწავლობდი და ხელოვნების მიმართაც ვიჩენდი ინტერესს, არსებობდა დაუწერელი შეთანხმება სკოლასა და ოჯახთან, რომ ქიმიასთან, ფიზიკასთან, ბიოლოგიასთან  და მსგავს დისციპლინებთან შედარებით გულგრილი ურთიერთობა მექნებოდა და ეს პრობლემად არ იქცეოდა. სკოლის პერიოდშიც და მერეც, ვფიქრობდი, რომ ეს დაუწერელი შეთანხმება კარგი გამოსავალი იყო, რომელიც საშუალებას მაძლევდა,  ის საგნები უკეთ მესწავლა, რაც მეტად მაინტერესებდა, ნაკლებად მენერვიულა ნიშნებზე და ცუდად შესრულებულ დავალებებზე. მაგრამ მერე, როცა რამდენჯერმე თვითონ შევწუხდი სხვადასხვა საკითხში ჩემი უცოდინარობით, მივხვდი, რომ შეუძლებელია, იცოდე რამე, თუ მის შესახებ არაფერს გაიგებ. და რას ვიგებდით სასკოლო პროგრამაში არსებული საბუნებისმეტყველო საგნების შესახებ ჩემი თაობის მოსწავლეები? ბევრს ვერაფერს. ფორმულებს, წესებს, გრაფიკებსა და ამოცანებს. ვერ ვიგებდით ყველაზე მთავარს, რატომ არის ეს დისციპლინა მნიშვნელოვანი, რა საჭიროა ეს ფორმულები და წესები და რატომ არის მათი ცოდნა „ჰუმანიტარებისთვისაც” მნიშვნელოვანი.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების საკითხებზე მასწავლებლის ჟურნალსა და გაზეთში არაერთხელ დაწერილა და ამ თემებზე ჩემზე ბევრად კომპეტენტურ ადამიანებს სჯობს მოვუსმინოთ. მე კი, როგორც რიგით „ჰუმანიტარს”, რომელიც ორ შვილს ზრდის და არ უნდა იგივე შეცდომა დაუშვას, რაც მისი აღზრდისას დაუშვეს, მინდა მოგიყვეთ, როგორ შეიძლება ბავშვების დაინტერესება მეცნიერებებით ჯერ კიდევ სკოლამდე, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მობილური აპლიკაციები იმისთვის, რომ ბავშვებს მივაწოდოთ ინფორმაცია მისთვის გასაგები ფორმით იმის შესახებ, რატომ არის ესა თუ ის დისციპლინა მნიშვნელოვანი.

მაშ ასე.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ვიპოვე აპლიკაცია პატარა თაგვის შესახებ, რომელიც ყველა სხვა თაგვის მსგავსად სოროში ცხოვრობს და სანამ მიწის ზემოთ ამოდის, გზად ხვდება მატლები, ჭუპრები, სხვა მღრღნელები, ბიბინა მინდორში კი პეპლები დაფრინავენ, ყვავილები ყვავიან, ფუტკრები ბზუიან და ცხოვრება მშვენიერია. ამ აპლიკაციის ხიბლი ის გახლავთ, რომ თან ახლავს ლუპა, რომელიც შეგიძლია მიიტანო ნებისმიერ მცენარესთან, მწერთან ან მღრღნელთან და ნახო კარგად დაწურული და ადვილად აღსაქმელი გრაფიკით. პატარა თაგუნიას თავგადასავალი ბავშვს არა მხოლოდ ფლორისა და ფაუნის მიმართ უღვივებს ინტერესს, არამედ ცოცხალი ორგანიზმების სტრუქტურის შესახებ ელემენტარულ ინფორმაციას აძლევს; ახვედრებს, რომ განვითარების სხვადასხვა ეტაპი ყველა ორგანიზმს აქვს და ამავდროულად, შიშის ან ზიზღის  ნაცვლად, ინტერესს უჩენს მწერების შესახებ.

https://www.youtube.com/watch?v=4irf0JZm46k

გადმოსაწერი ბმული:

IOS – https://apple.co/2xDh1JZ

Android – https://bit.ly/2zjLGcs

შემდეგი აპლიკაცია, რომელიც სულითა და გულით შევიყვარეთ, მზის ოჯახზე და მზის სისტემაში შემავალ პლანეტებზეა. სად არის დედამიწა, რას ნიშნავს ორბიტა, რატომ თენდება და ღამდება, როგორ მოძრაობენ კომეტები და რამხელაა სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სულ რამდენიმე წუთში ისე მარტივად შეგიძლიათ აუხსნათ ბავშვებს, თავადაც გაგიკვირდებათ.

https://youtu.be/Ilp3QpQP-9Y

 

გადმოსაწერი ბმული:

IOS – https://apple.co/2xDh1JZ

Android – https://bit.ly/2zjLGcs

 

ანატომიის გაკვეთილების შესახებ უამრავი მართალი და გამოგონილი ამბავი არსებობს, რომლებსაც სხვადასხვა თაობის ქართული სკოლადამთავრებულები ჰყვებიან. რაც ნამდვილად შემიძლია დავადასტურო, ბიოლოგიის კაბინეტში გამოკეტილი დამტვერილი თვალსაჩინოებები და ზედაპირულად გავლილი თავები იმ საკითხების შესახებ გვიყვებიან, რომლებიც იმ დროს ყველაზე მეტად გვაინტერესებდა. იმ ეჭვს, რომ ანატომიის გაკვეთილების შესახებ მითების უმეტესობა მართალია, ჩვენი (ანუ საზოგადოების დიდი ნაწილის)  ცხოვრების წესი, კვების რეჟიმი, ექიმებთან სიარულის ინტენსივობა და სხვა ჩვევებიც მიმყარებს ხოლმე.

იმისათვის, რომ ბავშვებმა საკუთარი სხეული შეისწავლონ, სულაც არ არის საჭირო იმ დროს დაველოდოთ, როცა სასკოლო პროგრამაში შესაბამისი საგანი გამოჩნდება. MotionBody-ის საშუალებით  3-4 წლის ბავშვებსაც კი კარგად შეგიძლიათ აჩვენოთ, რა ორგანოებისგან შედგება ადამიანი, რომელს რა საქმე აქვს და როგორ ფუნქციონირებს. დანარჩენი ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა დაუმატოთ.

https://www.youtube.com/watch?v=jd233h–nSI

 

გადმოსაწერი ბმული:

IOS – https://apple.co/2zk1wnE

სხვადასხვა მეცნიერებების შესახებ სახალისო ფაქტების გასაგებად შეგიძლიათ გამოიყენოთ Science Facts (https://apple.co/2hDk4qX ), მოზრდილებს კი აუცილებლად აჩვენეთ BrainPoP (https://bit.ly/2xCp9p6 ), რომელიც დაეხმარება მისთვის საინტერესო დისციპლინებში მოკლე ვიდეოებით, სახალისო ტესტებითა და თავის სურვილებზე მორგებული სასწავლო პროგრამით გაიღრმავონ ცოდნა.

ყველა აპლიკაცია, რომელიც გაგაცანით, უფასოა და არაქართული. ფასიანი აპლიკაციები, როგორც წესი, კიდევ უფრო დატვირთულ პროგრამას სთავაზობენ  მომხმარებლებს, ქართულენოვანი  აპლიკაციები კი,  სამწუხაროდ, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია.  ჩვენ ჯერ წინ გვაქვს პროცესი, როდესაც დავიწყებთ ფიქრს იმაზე, როგორ დავაადაპტიროთ სასწავლო პროგრამები თანამედროვე ბავშვებისთვის  სხვადასხვა მედიუმებში და როგორ მოვარგოთ სწავლის პროცესი მათი, ციფრული თაობის ინტერესებს. როცა ფიქრს დავიწყებთ, აღმოვაჩენთ, რომ მოსაძებნი გვაქვს თხრობის ახალი ფორმები, განახლებას საჭიროებს  ვიზუალური მასალები, დრო კი ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს.

 

 

 

აღმზრდელთა უმანკოება

0

ჰენრი ჯეიმსის მოთხრობა, რომლის მიხედვითაც 1961 წელს ჯეკ კლეიტონმა ფილმი გადაიღო, ქართულად ჯერ არ უთარგმნიათ. სათაურიც კი საკმოდ ძნელად სათარგმნი გამოდგა – “The Turn of the Screw”. იდიომების ლექსიკონში ასეთ განმარტებას ვკითხულობთ: „რაღაც, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც მძიმე, დაძაბულ სიტუაციას“. მოთხრობის სათაურის სწორ თარგმანზე სხვა დროს ვიფიქრებ, თავად მოთხრობაზეც სხვა დროს დავწერ – როცა მკითხველს მისი ქართულად წაკითხვის საშუალება ექნება. მის მიხედვით გადაღებულ ფილმს, საბედნიეროდ,  “The Innocents” ჰქვია – უმანკონი, უცოდველნი. მთავარ როლს – აღმზრდელისას – შეუდარებელი დებორა კერი ასრულებს. ბავშვების როლების შემსრულებლებიც დიდებულად თამაშობენ – დასაწყისიდანვე მათ უცოდველობაშიც გეპარება ეჭვი და ვერც ბოლომდე იჯერებ და-ძმის თანამზრახველობას.

ჰენრი ჯეიმსის მოთხრობამ კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა, მაგრამ ტექსტის სწორხაზოვანი წაკითხვა, ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯეკ კლეიტონმა სწორედ ამ ორაზროვნების, მომხიბვლელი ბუნდოვანების შენარჩუნება შეძლო: ერთი მხრივ, აღსაზრდელთა სისუფთავის, ბავშვური ცნობისმოყვარეობისა და კეთილგანწყობის, აღმზრდელის კეთილი ზრახვებისა და იდეალისტური ბუნების ჩვენება, ხოლო მეორე მხრივ, ჟანრების ზღვარზე თამაშით მე-19 საუკუნის დასასრულის ინგლისში მომხდარი ამბის ისე გადმოცემა, რომ სივრცე ყველაზე საშინელი ვარაუდებისთვისაც დარჩეს.

აღმზრდელი მის გიდენსი დასაწყისში დარწმუნებულია, რომ ყველა ბავშვი „სუფთა დაფაა“ – უფროსების მზრუნველობა, მონდომება, კეთილი ნება საკმარისია იმისათვის, რომ აღსაზრდელებით თავის მოწონების მიზეზი გაჩნდეს, შრომამ სასურველი ნაყოფი გამოიღოს. იმთავითვე უგულებელყოფილია ბავშვის პიროვნული თვისებები, მისწრაფებები, სურვილები. ვიქტორიანული ინგლისი ცოდვას ხედავს იქ, სადაც განმასხვავებელი ნიშნებია. უცოდველი, უმანკო – როგორც კი ასეთად აღგიქვამენ, ფაქტობრივად, განვითარების შესაძლებლობს გართმევენ. არ გისმენენ, ისევე როგორც მის გიდენსი არ უსმენს პატარა მაილსს – ყურს კი უგდებს, მაგრამ არ ესმის; ან მხოლოდ იმას იმახსოვრებს, რისი გაგონებაც უნდა. და ეს სულაც არ მოსდის უმეცრებით ან უგუნურებით.

რთულ გზას გადის ახალგაზრდა ქალი, რომელსაც უზარმაზარი შენობის ჩაბნელებულ დერეფნებსა თუ ოთახებში უამრავი უსიამოვნო სიურპრიზი ელოდება. ჩნდება ეჭვი, რომ რასაც ხედავს – უმეტესწილად მისივე გამძაფრებული წარმოსახვის ნაყოფია. ყოველთვის რჩება ადგილი ამა თუ იმ სცენის რაციონალური ახსნისათვის – მაყურებელი სიუჟეტის განვითარებას თვალს მთავარი პერსონაჟის პერსპექტივიდან კი არ ადევნებს, მას თითქოს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი, იდეალურად განსაზღვრული, სრულიად უსაფრთხო. ეს არ არის საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომელიც თავს გავიწყებს. პირიქით, თითქოს შენგან გამუდმებით ითხოვენ, რომ დარჩე იმად, ვინც ხარ და ფხიზელი გონებით შეაფასო გმირების არაერთმნიშვნელოვანი ფრაზები თუ ქმედებები.

დაობლებულ ბავშვებს – მაილსსა და მის დას, ფლორას არავინ ჰყავთ დედამიწის ზურგზე, ვისაც ბოლომდე ენდობიან, გულს გადაუშლიან, ვინც მათ მოუსმენს და მათი მონათხრობის გაგებას შეეცდება. ლონდონში მცხოვრებ ბიძას და-ძმის ბედი დიდად არ ანაღვლებს, მის გიდენსს კი სტერეოტიპული წარმოდგენები უშლის ხელს იმის დანახვაში, რაც მეტისმეტად თვალსაჩინოა: ბავშვები თანამზრახველებად იმიტომ იქცევიან, რომ ეს უფროსების ბოროტი სამყაროსგან თავდაცვის ერთადერთი გზაა. ისინი არ არიან უცოდველნი. ვერავინ იქნება უცოდველი თუნდაც მათ ასაკში – წლები, მოვლენები, ადამიანები ხილულ კვალს ტოვებენ „დაფაზე“, რომელიც აღმზრდელს სუფთაზე სუფთად ეჩვენება.

სად უშვებს შეცდომას მის გიდენსი? ვფიქრობ, დასაწყისშივე, როცა და-ძმაზე მზრუნველობას გადაწყვეტს და მათ საკუთარი წარმოდგენების ჩარჩოში მოაქცევს. საკუთარ თავს, ცხადია, ასევე უმანკოდ აღიქვამს – ვიქტორიანული ეპოქის სანიმუშო შვილია, მყარი ზნეობრივი პრინციპებით. არ მინდა, ფილმის შინაარსი მოვყვე. ერთს კი ვიტყვი: მისი უცოდველობა თვალს და ხელს შუა ქრება, თავადაც ვერ აცნობიერებს, ისე იქცევა იმ არსებად, ვინც მიზნის მისაღწევად უკვე ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებს.

ჯეკ კლეიტონის ამ ფილმს ჰენრი ჯეიმსზე დაწერილ ესეში ჯონ ბენვილი ახსენებს – თავადაც დიდი მწერალი, თანამედროვე, ირლანდიელი. ისეთ მაღალ შეფასებას აძლევს, რომ მისი ნახვის სურვილი ესეს წაკითხვისთანავე გამიჩნდა. ფილმის ერთ-ერთი სცენარისტი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ტრუმენ კეპოუტია – გასული საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკელი მწერალი. დიდი სახელები. სამი საუკუნე. ლიტერატურა უმანკოთა წინააღმდეგ და მათ გვერდით, ვინც სხვისთვის ხმის მიწვდენას ცდილობს.

რა დანიშნულება აქვს სინამდვილეში სასკოლო სისტემას?

0

ავტორი: პროფესორი პიტერ გრეი, ბოსტონის კოლეჯი, აშშ

Source: https://www.psychologytoday.com/blog/freedom-learn/201704/what-are-the-proper-purposes-system-schooling;

https://www.psychologytoday.com/blog/freedom-learn/201706/ideal-purposes-schools-readers-weigh-in

 

სანამ რამეს განვავითარებთ ან შევქმნით, ალბათ აუცილებელია, ნათელი წარმოდგენა გვქონდეს მის დანიშნულებაზე. რას უნდა აკეთებდეს ის, რასაც ვქმნით? რაღაცის აგებულებაზე ან სტრუქტურაზე საუბარს ალბათ აზრი არ აქვს, თუ გონების თვალით ვერ ვხედავთ ამ „რაღაცის“ ფუნქციას. ფორმა ფუნქციას უნდა მოჰყვეს.

ხალხს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სავალდებულო სასკოლო განათლების საყოველთაო სისტემას, – სისტემას, რომელიც ჩვენი სკოლებისთვის დღესაც მოდელად გამოიყენება, – ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი, რა მიზნით ქმნიდა მას.

ეს ხალხი იყო პროტესტანტი მღვდლები ევროპიდან და ამერიკული კოლონიებიდან, პროტესტანტული რეფორმაციის პერიოდში, მე-17 და მე-18 საუკუნეების მიჯნაზე. მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ სკოლა ემსახურებოდა შემდეგ მიზნებს: ინდოქტრინაციას (იდეოლოგიურ დამუშავებას) და მორჩილების სწავლებას.

სისტემის შექმნელებს სჯეროდათ, რომ ბავშვები (ისევე როგორც მოზრდილები) ბუნებრივად ცოდვილები არიან და მათი გადარჩენის ერთადერთი გზა ბიბლიური ინდოქტრინაცია და თავისუფალი ნების დათრგუნვაა. სკოლები, რომლებიც მათ შექმნეს, ამ მიზანს იყო მორგებული.

პროტესტანტული სკოლების იდეა იყო ბავშვებისთვის იმ გაკვეთილების სწავლება, რომლებიც უმეტესწილად სახარებისეული და ბიბლიური სწავლებიდან მომდინარეობდა. მათი რწმენით, ის მოსწავლეები, რომლებიც ბიბლიურ გაკვეთილებს ვერ შეისწავლიდნენ, დაისჯებოდნენ, ხოლო წარმატებული მოსწავლეები ჯილდოს მიიღებდნენ (ან, ყოველ შემთხვევაში, არ დაისჯებოდნენ მაინც).

ვინაიდან განზრახული ჰქონდათ, ყველა ბავშვისთვის ერთი და იგივე ესწავლებინათ, ბუნებრივი იყო სასწავლო ოთახში მათი რიგებად დასმა გაკვეთილების მოსასმენად, რომელსაც მასწავლებელი უძღვებოდა (იმ დროს მასწავლებელს „მასტერი“ ანუ ბატონი, წინამღოლი ერქვა) ან წიგნიდან გაკვეთილების ხმამაღლა წასაკითხად. სწავლებას გამოცდები მოსდევდა – ყველა ერთნაირ გამოცდას აბარებდა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ბავშვებმა ის აითვისეს, რაც უნდა აეთვისებინათ.

რაკი ყველაფერი, რასაც ადრეულ სკოლებში ასწავლიდნენ, „ჭეშმარიტებად“ ითვლებოდა, კითხვებს „მასტერს“ არავინ უსვამდა; სკოლა მხოლოდ გადაცემული მასალის დასაზეპირებლად იყო შექმნილი.

ვინაიდან სკოლის მთავარი დანიშნულება ბავშვებისთვის მორჩილების სწავლება იყო, ასევე ბუნებრივად მიიჩნეოდა, მოსწავლეებს ზედმეტი შეკითხვების გარეშე ეკეთებინათ ის, რასაც მათ მასწავლებელი ავალებდა. ეკეთებინათ ისე, როგორც მათ ეს მასწავლებელმა ასწავლა და იმ დროში, რომელიც დავალებისთვის გამოუყვეს.

დღეს სკოლის ადმინისტრაციებისა და მასწავლებლების უმრავლესობა მორჩილების სწავლებასა და ინდოქტრინაციას აღარ ისახავს მიზნად და ამას სკოლის მთავარ დანიშნულებად აღარ განიხილავს (ყოველ შემთხვევაში, ამას აშკარად არავინ აღიარებს), მაგრამ ჩვენი სკოლების საბაზისო სტრუქტურა დიდად არ შეცვლილა. ეს მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს დღეს სკოლებისა და სისტემის ფუნდამენტური პრობლემაა და ალბათ ამის გამო არ მუშაობს სკოლები ისე, როგორც გვსურს. სკოლების სიტემა კონკრეტული მიზნით ჩამოყალიბდა, მაგრამ დღეს იქ მომსახურე ადამიანების უმრავლესობას მიაჩნია, რომ სკოლა სხვა მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.

სასკოლო რეფორმების ნებისმიერი საკითხის განხილვა უნდა დაიწყოს შემდეგი კითხვებით: რა არის სკოლის რეალური ფუნქცია? რატომ გვინდა, გვქონდეს სკოლა? რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს მას? მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ სკოლების ერთადერთი დანიშნულება დღის განმავლობაში ბავშვის მეთვალყურეობა (ინგ. babysitting) არ არის და მათ საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვთ. რა როლი უნდა ეკისროს სკოლას განათლებაში? სხვა სიტყვებით – რა გვინდა ისწავლონ ბავშვებმა სკოლაში? ხასიათის რა თვისებები გვინდა განუვითარონ სკოლაში ბავშვებს? მგონია, რომ ესენია ძირეული კითხვები. კვლავ წარმოვიდგინოთ, რომ სამომავლო სასკოლო სისტემის ჩამოყალიბების კომიტეტის წევრები ვართ. ხალხი, რომელმაც სრულიად უნდა შეცვალოს განათლების ეს რგოლი და საქმე ნულიდან დაიწყოს. დარწმუნებული ვარ, თქვენ და კომიტეტის სხვა წევრები ახალი სისტემის სტრუქტურის შექმნამდე ამ სკოლების დანიშნულებასა და ფუნქციაზე იმსჯელებთ. ასევე დავუშვათ, რომ თქვენ იდეალისტი ბრძანდებით და გჯერათ, რომ სკოლის საქმე განათლება უნდა იყოს (ამის საპირისპირო მოსაზრება იქნება, თუ გჯერათ, რომ სკოლა მასწავლებლების დასასაქმებლად ან სახელმძღვანელოების საბეჭდ-საგამომცემლო ბიზნესისთვის უნდა არსებობდეს). თუ რომელიმე მოსაზრებას ემხრობით, წარმოიდგინეთ, რომ ზემოხსენებული კომიტეტის მომდევნო კრებაზე თქვენი მოსაზრებისა და მოკლე გეგმის წარდგენა გთხოვეს. ამ მიზნით მე ჩემს მკითხველებს ზემომოყვანილი კითხვები დავუგზავნე. პასუხებმაც არ დააყოვნა.

სტატიის მომდევნო ნაწილი შეეხება მომავლის სკოლაზე იმ მოსაზრებებს, რომლებიც ჩემი წერილის მკითხველებმა მომაწოდეს. ფაქტობრივად, გაგაცნობთ გამოკვლევის მიმოხილვას, რომელიც მკითხველების მოსაზრებათა შეჯამების შედეგად დაიწერა.

 

რისთვის არსებობს სკოლები? (მკითხველთა მოსაზრებების ანალიზი)

სკოლების დანიშნულების შესახებ მოსაზრება დაახლოებით 170 მკითხველისგან მივიღე. ზოგიერთი ესე მართლაც შესანიშნავი იყო და ყველას მადლობას მოვახსენებ გამოგზავნილი მოსაზრებებისთვის. ახლა შევეცდები მოგახსენოთ, რას ფიქრობენ მკითხველები და როგორ წარმოუდგენიათ “მომავლის სკოლის” ფუნქციები და დანიშნულება.

მიღებული წერილების განხილვა დავიწყე თვისებრივი ანალიზით, რომელიც აღწერს იმ მთავარ მოსაზრებებს, რომლებიც სკოლის დანიშნულებას ეხება. ამის შემდეგ დავაჯგუფე ის მოსაზრებები, რომლებიც ერთმანეთს ემთხვეოდა ან ჰგავდა. შედეგად მივიღე ცხრა სია, რომელთაგან თითოეული აღწერდა სკოლის დანიშნულების იმ საგანმანათლებლო კატეგორიას, რომელსაც შეიძლება სკოლები მოემსახუროს. შემდეგ ეს სიები სამ სუპერკატეგორიად დავაჯგუფე, რადგან მოსაზრებები ან გარკვეულწილად მოიცავდა ერთმანეთს, ან ძირეულად განსხვავებული იყო:

(1) სკოლა როგორც ბავშვების პირდაპირი, ყოველდღიური მოთხოვნილებებისთვის საჭირო დაწესებულება;

(2) სკოლა, როგორც ბავშვების გრძელვადიანი, სამომავლო საჭიროებისთვის საჭირო დაწესებულება და

(3) სკოლა, რომელიც საზოგადოების (სოციუმის) გრძელვადიან საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს ემსახურება.

ქვემოთ შემოგთავაზებთ თითოეული სუპერკატეგორიის შინაარსსა და დახასიათებას:

 

სკოლა – ადგილი ბავშვების პირდაპირი, ყოველდღიური მოთხოვნილებებისთვის

განათლების მესვეურთა უმეტესობას მიაჩნია, რომ სკოლა ბავშვებს მომავლისთვის ამზადებს. საყოველთაოდ მიღებული მოსაზრების მიუხედავად, გაკვირვებული დავრჩი, რამდენმა მიკითხველმა მიანიჭა სკოლას ბავშვების პირდაპირი, ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილების და არა ახალგაზრდების სამომავლოდ მომზადების ფუნქცია.

დაფიქრებისა და რეფლექსიის შემდეგ მივხვდი, რომ გასაკვირი აქ არაფერი იყო. ჩემი ბლოგის მკითხველების უმეტესობა არ მუშაობს განათლების საკითხებზე ან განათლების სისტემაში; მათი დიდი ნაწილი ის ხალხია, ვინც გარკვეულწილად უარყო ტიპური განათლება.

ერთმა მკითხველმა მომწერა: “ჩვენ “სკოლა” გვაქვს მანამდე, სანამ ის ბავშვებს უზრუნველყოფს იმით, რითაც მათ სახლში ან არსებულ თემში ვერ უზრუნველყოფენ. რატომ უნდა ვიფიქროთ ცხოვრებაზე ისე, თითქოს ეს იყოს რაღაც ისეთი, რაც მომავალში მოხდება, თუ ამისთვის მზად ვიქნებით? ცხოვრება ახლა მიედინება! “სკოლას” აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ ის მოსწავლეებს მისცემს იმას, რაც მათ ახლა აინტერესებთ, რისი გაკეთებაც სახლში ან სადმე სხვაგან შეუძლებელია”.

მეორე მკითხველმა, რომელსაც ალბათ განსაზღვრული ცოდნა აქვს ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაში, ასეთი წერილი მომწერა: “სკოლის დანიშნულება მოსწავლის საჭიროებების დაკმაყოფილება უნდა იყოს. თუ მასლოუს[1] საჭიროებათა იერარქიას გავიხსენებთ, განათლების ტრადიციული მიდგომები სრულიად უგულებელყოფს მის საფეხურებს, გარდა ყველაზე მარალი დონეებისა. სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო ადგილი, სადაც ბავშვი საკმარის საკვებს მიიღებს, სადაც მას თავშესაფარი ექნება და შეეძლება თავისუფლად სირბილი, შეეძლება ურთიერთობის გაბმა იმ ხალხთან, ვისაც ის მოსწონს და უყვარს. ბავშვების უფლებები დაცული უნდა იყოს, განსაკუთრებით – ისეთ საზოგადოებაში, რომელიც ხალისით ხვდება ამ უფლებების ყოველ დარღვევას”.

წარმომიდგენია თქვენი რეაქცია ამ ციტატის ბოლო ნაწილზე, რადგან ამ ყველაფერს ბავშვი, წესით, სახლში უნდა იღებდეს. მაგრამ სიმართლე ის გახლავთ, რომ ბევრ ოჯახში ბავშვები ამას მოკლებულნი არიან. მართლაც გავოცდი, როდესაც სკოლა ბევრისთვის ბავშვის პირდაპირი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი საჯარო ინსტიტუცია აღმოჩნდა.

ამ იდეის გარშემო ჯამში 107 წერილი გაერთიანდა. მათი ძირითადი აზრი ის იყო, რომ სკოლა ბავშვების ყოველდღიურ, პირდაპირ მოთხოვნილებებს უნდა ემსახურებოდეს.

თანამედროვე სამყაროში, რომელშიც ორივე მშობელი მუშაობს ან რომელშიც ბავშვს შეიძლება ერთი მშობელი ჰყავდეს, ბავშვებს სჭირდებათ მზრუნველობა დღის განმავლობაში. ბევრ პასუხში ამ ზრუნვის ხარისხზეც იყო საუბარი.

ოცდაერთი წერილის ავტორს სკოლა წარმოედგინა ადგილად, სადაც ბავშვები უსაფრთხოდ იქნებიან და სადაც მათ პატივისცემით მოეპყრობიან.

თხუთმეტმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც ბავშვებს შეეძლებათ თამაში, გართობა და ფიზიკურად დაიტვირთებიან.

თერთმეტმა ხაზი გაუსვა სკოლებში ბავშვებისადმი მზრუნველობას.

თერთმეტ წერილში აღნიშნული იყო, რომ სკოლებში ბავშვები უნდა განიცდიდნენ სიხარულს და თავს გრძნობდნენ მათ ოჯახზე უფრო დიდი თემის წევრებად და ნაწილებად.

სამ წერილში ნახსენები იყო ბავშვების ხარისხიანი კვება.

ამ კატეგორიის სხვა წერილებში აქცენტი დასმული გახლდათ თავგადასავლებისა და სწავლისადმი ბავშვების თანდაყოლილ მიდრეკილებაზე.

განათლების სამყაროში გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, რომელსაც მიაჩნია, რომ ბავშვები მომავალი ცხოვრებისთვის ჯილდოსა და დასჯის მეთოდით უნდა მოვამზადოთ, რესპონდენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბავშვებისთვის მთავარია იმ ინსტინქტების ხელშეწყობა, რომლებიც მათ კვლევისა და სწავლისკენ უბიძგებს და სკოლას სწორედ ასეთი ხელშეწყობა ევალება.

დაახლოებით 45 ასეთი პასუხი დავითვალე. მათი ავტორები, საბოლოო ჯამში, აღნიშნავდნენ, რომ სკოლებმა ბავშვები უნდა უზრუნველყოს დროით, თავისუფლებით, ხელსაწყოებითა და მაგალითებით და ხელი შეუწყონ მოსაზრებათა განსხვავებულობას, რათა ბავშვებმა თავიანთი ადგილი იპოვონ სამყაროში.

ის რესპონდენტები, რომლებიც სკოლას ბავშვების პირდაპირი, ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ადგილად მიიჩნევდნენ, გულისხმობდნენ, ზოგჯერ კი პირდაპირ აღნიშნავდნენ, რომ თუ ბავშვების ასეთი საჭიროებები და სურვილები სკოლებში დაკმაყოფილდება, ისინი გაიზრდებიან ჯანმრთელ, კომპეტენტურ ადამიანებად და უმეტესწილად მზად იქნებიან, წარმატებით გაუძღვნენ საკუთარ ცხოვრებას.

 

სკოლა – ადგილი, ბავშვების გრძელვადიანი, სამომავლო საჭიროებისთვის

განათლების ტიპური მუშაკი ამბობს შემდეგს: “სკოლა ემსახურება მოსწავლის მომზადებას მისი მომავალი ცხოვრებისთვის”. ამ წინადადების გრამატიკა გულისხმობს, რომ მოსწავლეები წარმოადგენენ განათლების პასიურად მიმღებ ჯგუფს, რომელსაც სკოლის პერსონალი “აძლევს” ამ “განათლებას”.

ჩემს გამოკითხვაში რამდენიმემ ახსენა “განათლების” გადაცემის ასეთი ფორმა, მაგრამ უმეტესობას სხვა მოსაზრება ჰქონდა. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ხმარობდა იმ ენას, რომელიც თვითმართვად განათლებას გულისხმობდა.

ეს ხალხი საუბრობდა “იდეალურ” სკოლაზე – გარემოზე, რომელშიც, მათი წარმოდგენით, ბავშვები თვითონვე ფლობენ მათ მიერ არჩეულ აქტივობებს (უფროსების დახმარებით, თუ ბავშვები ამას თვითონ მოისურვებენ) და რომლებიც მათ ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრებისკენ წაიყვანს. თუ თავს მოვუყრით წერილებში გამოთქმულ მოსაზრებებს სკოლის ფუნქციების შესახებ, მივიღებთ გრძელ სიას, რომელშიც ჩამოთვილი იქნება ის უნარები, ცოდნის ის სფეროები, დამოკიდებულებები და ხასიათის თვისებები, რომელთა შეძენა-განვითარებაშიც უნდა დაეხმარონ სკოლები ბავშვებს.

ჩემს თვისებრივ ანალიზში ეს ინდივიდუალური სურვილები ექვს ჯგუფად დავახარისხე.

ყველაზე დიდ კატეგორიას დავარქვი „ხასიათის თვისებები და თვითშემეცნება“.

წერილებში 82-ჯერ წავაწყდი სოკრატესეულ გამოთქმას: „განათლების უმთავრესი მიზანი უნდა იყოს საკუთარი თავის შემეცნება“, – რომელიც სხვადასხვა სიტყვებით იყო გამოხატული.

სულ მცირე, 25 რესპონდენტი ახსენებდა თვითშემეცნებას როგორც მიზანს, რომელიც მოიცავს საკუთარი ნიჭისა და ინტერესების აღმოჩენას და ცხოვრების დანიშნულების თვითგანსაზღვრას.

ამ კატეგორიის სხვა მიზნები მოიცავდა პირად პასუხისმგებლობას და თვითმართულ გზას (21-ჯერ); “ცხოვრების გემოს” ან სრულფასოვანი/სავსე ცხოვრების აუცილებლობას (18); გამძლეობას ან მოქნილობას, წარუმატებლობასა და გაურკვევლობასთან გამკლავების უნარს (11); თავმდაბლობას (3); სანდოობას (2) და სილაღეს (2).

ამ განყოფილებაში მეორე დიდ ქვეკატეგორიას „ფიქრი და მსჯელობა“ ვუწოდე.

ამ ქვეკატეგორიაში გამოიყო შემდეგი მოსაზრებები: შემოქმედებითი აზროვნება (19 ხსენება); კრიტიკული აზროვნება (13); აზროვნების დამოუკიდებლობა (10); პრობლემების განსაზღვრა და გადაჭრა (11); სიბრძნე და გონიერება (3); ემპირიული, სამეცნიერო მეთოდების აღქმა (3); გადაწყვეტილების მიღების უნარი (2) და პროექტების შექმნისა და მათი განხორციელების უნარი (2).

მესამე კატეგორიას შევარქვი „სოციალური უნარ-ჩვევები“.

ამ კატეგორიაში გავაერთიანე: ზოგადი სოციალური უნარები (15 ხსენება); კოოპერირებისა და სხვებთან თანამშრომლობის უნარები (13); კონფლიქტების მოგვარების უნარები (9); კომუნიკაციური უნარები (7); ჯანმრთელი ურთიერთობისა და მეგობრობის უნარი (5) და უნარი, მოითხოვო სხვების მხარდაჭერა/დახმარება (2). ეს კატეგორია უფრო გრძელი იქნებოდა, მასში რომ შემეყვანა სხვა სოციალური უნარებიც, მაგალითად, ემპათია/თანაგრძნობა, სხვებზე ზრუნვის უნარი, მაგრამ გადავწყვიტე, ისინი სხვა სუპერკატეგორიაში, “საზოგადოებრივ საჭიროებებში” მომექცია.

მეოთხე ქვეკატეგორიას “სწავლის მიღების განგრძობადი სურვილი” ვუწოდე.

აქ გამოვყავი: სწავლის სიყვარული (წყურვილი) (19-ჯერ); ცნობისმოყვარეობა (14); დამოუკიდებლად სწავლის უნარი (8).

საინტერესოა, რომ მეხუთე ქვეკატეგორიაში, რომელსაც “ჩვეულებრივი სასკოლო საგნები” დავარქვი, არც ისე ბევრი პასუხი (სულ 26) დაჯგუფდა.

მხოლოდ 14-ჯერ ახსენეს კითხვისა და მათემატიკური უნარების ათვისება და 16-ჯერ – სხვა ტიპური სასკოლო საგნები: ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო ცოდნა, ენები და ლიტერატურა. ჩემი აზრით, სასწავლო დისციპლინების შედარებით იშვიათად ხსენება კავშირშია იმ დამოკიდებულებასთან, რომლის თანახმად, სკოლები ამ საგნებს მეტისმეტად ბევრს დროს უთმობენ და მოსწავლეებისთვის უსარგებლო, საწვალებელ გამოცდილებად აქცევენ.

ვფიქრობ, ჯანმრთელ, კულტურულ გარემოში ბავშვები ბუნებრივი გზით შეისწავლიან კითხვას და რიცხვებს და თავად განივითარებენ ინტერესს სხვადასხვა დისციპლინისადმი, რომლებსაც დღეს მხოლოდ “სასკოლო საგნებად” აღიქვამენ.

მეექვსე ქვეკატეგორია, რომელსაც “ცხოვრების პრაქტიკული უნარები და ცოდნა” ვუწოდე, 16-ჯერ იქნა ნახსენები.

11–ჯერ ახსენეს განსაკუთრებული უნარები, როგორებიცაა საჭმლის მომზადება, ფულის მართვა, პირველადი დახმარება და საკვების გაზრდა. 7–ჯერ – უნარები, რომლებიც მომავალში გახდებოდა საჭირო სამსახურისთვის, ძირითადად – ტექნიკური. ორმა მკითხველმა განაცხადა, რომ აუცილებელია სკოლაში შეგირდობის სწავლება როგორც სამუშაო უნარების განვითარებისა და სხვადასხვა სამუშაოს გაცნობის გზა.

 

სკოლა – ადგილი, რომელიც საზოგადოების (სოციუმის) გრძელვადიან საჭიროებებს და მოთხოვნებს მოემსახურება

განათლების სფეროს ტრადიციული წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ სკოლები არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ საზოგადოების საჭიროებებს ემსახურება.

ადრე განათლების თეორეტიკოსები ღიად საუბრობდნენ სკოლების როლზე არამეამბოხე მოქალაქეების, კარგი მუშებისა და ქვეყნისთვის თავდადებული პატრიოტების ჩამოყალიბებაში.

როდესაც თავად გახლდით საშუალო სკოლის მოსწავლე (“სპუტნიკის” კოსმოსში გაშვების ეპოქაში), საუბრები ძირითადად ეხებოდა სკოლების როლს კარგი ინჟინრებისა და ფიზიკოსების წარმოებაში, რომლებიც დაეწეოდნენ ან დაამარცხებდნენ საბჭოთა კავშირს იარაღის წარმოების სფეროში.

დღეს საუბრები, ჩვეულებრივ, ეხება სკოლის როლს იმ მოქალაქეებისათვის განათლების მიცემის კუთხით, რომლებიც უკეთეს ცხოვრებას შექმნიან როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარშემო მყოფთათვის, რომლებიც ხელს შეუწყობენ მშვიდობას და დედამიწაზე ჯანმრთელი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას. არ არის გასაკვირი, რომ ჩემს გამოკვლევაში ეს იდეები გამოჩნდა.

ჯამში, მე მოვიძიე 63 პასუხი, რომლებიც მოექცა “საზოგადოების საჭიროებების” ჯგუფში. ამათგან ნახევარზე მეტი (33) ეხებოდა სკოლის როლს “კარგი მოქალაქის” ჩამოყალიბებაში. სხვა პასუხები მოიცავდა “სხვების პატივისცემას და მათი უფლებების დაცვას” (11); პლანეტაზე ზრუნვას და მდგრადი ცხოვრების წესებს, დემოკრატიასა და მშვიდობის საკითხებს ეხებოდა 10 პასუხი; ემპათია და სხვებზე ზრუნვა ახსენა 7–მა რესპონდენტმა, ხოლო ეთიკური ცხოვრების წესი – 2–მა.

თარგმნა ლევან ალფაიძემ

[1] აბრაამ ჰაროლდ მასლოუ (Abraham Maslow ) – მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი ფსიქოლოგი. ადამიანის თვითაქტუალიზაციისა და მოტივაციის თეორიის ავტორი.

მიხაელ ჰანეკეს „პიანისტი ქალი“

0

კანის ფესტივალზე სამ ძირითად ნომინაციაში გამარჯვებული (საუკეთესო ფილმი, საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო მსახიობი ქალი), „პიანისტი ქალი“, ერიკას ისტორიას მოგვითხრობს – არაჩვეულებრივი მუსიკოსისა და მასწავლებლისა, რომელმაც პირადი ცხოვრება კარიერას შესწირა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი რომანის მიხედვითაა გადაღებული, როგორც ჩანს, ფრანგული ფსიქოანალიტიკური ფემინისტური კინოს თეორიის პასუხად შეიქმნა. მეტიც – ზოგჯერ ის ფროიდისა და მისი ფრანგი მიმდევრის ჟაკ ლაკანის ნაწერების შესავალსაც მოგვაგონებს.

„პიანისტი ქალის“ წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ლაკანის კინოს თეორია თანდათანობით პოპულარული წარმოსახვითობა გახდა. ეს ფილმი ქალის სურვილების შეუძლებლობას ასახავს. ერიკა ვერ პოულობს სიამოვნებას ახალგაზრდა საყვარლის მკლავებში. ფემინისტურია ეს ფილმი თუ მიზოგინური, არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. მე თუ მკითხავთ, ის არაჩვეულებრივად ეხმიანება პატრიარქალური კულტურის მიერ ქალებზე ძალადობას ან მცდელობას, საკუთარ რეპრესირებულობაში ქალსვე დასდონ ბრალი.

არის რამდენიმე გზა, რა შემთხვევაშიც შეიძლება ფილმი ლაკანის თეორიებს მიესადაგებოდეს. ერიკა, რომელსაც იზაბელ იუპერი განასახიერებს, 40 წელს გადაცილებული ქალია, რომელიც კონტროლის მოყვარულ დედასთან ცხოვრობს (დედას ანი ჟირარდო განასახიერებს). ქალებს ერთ საწოლში სძინავთ და ერიკას ერთადერთი ოთახის კარსაც კი საკეტი არ აქვს. ფილმი იწყება  დედა–შვილის კამათით იმის გამო, რომ ერიკა შინ გვიან დაბრუნდა. დედა მის ჩანთას დასტაცებს ხელს, გაჩხრეკს და აღმოაჩენს კაბას, რის გამოც იწყება კამათი, რომელიც შემდგომ ფიზიკურ შეხლა–შემოხლაში გადაიზრდება. სცენა ერიკას ტირილით მთავრდება, ის მოუბოდიშებს დედას და თავს უსინჯავს, რადგან ჩხუბის დროს თმა მოქაჩა.

ერიკას უყვარს და, იმავდროულად, ეშინია მისი, რადგან მასზეა დამოკიდებული და ახლოა მის სხეულთან – ამ სიახლოვით შვილი დედას საკუთარ ნაწილად აღიქვამს. ფილმი რამდენიმენაირად ასახავს ერიკას დედას როგორც ფალიკურს და ამ ორ ქალს შორის დისტანციის ნაკლებობას. ფილმის დასაწყისში მუსიკოსი, რომელიც გაგიჟდა, უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია. ერიკასთან მის კავშირზე მიანიშნებს ფაქტი, რომ ორივეს მოსწონს შუბერტისა და შუმანის მუსიკა. ეს კომპოზიტორები შემთხვევით არ არის შერჩეული, შუბერტს, როგორც ამბობენ, ჰომოსექსუალური კავშირები ჰქონდა და სიფილისით გარდაიცვალა, ხოლო შუმანი გაგიჟდა. ამდენად, ორივე კომპოზიტორი განასახიერებს დიდ ხელოვნებას, სიგიჟეს და გენდერულ იდენტობას – შუმანი უკაასკნელ წლებში თავის ცოლზე იყო დამოკიდებული, რომელიც თავადაც კომპოზიტორი იყო და რომლის ნიჭსაც მისი ქმრის ნიჭი ფარავდა.

ფილმის ერთ-ერთ პირველ სცენაში მუსიკალური წარმოდგენაა ნაჩვენები, რომელშიც ერკაც მონაწილეობს. დაკვრის დასრულებისთანავე დედა მსთან მიდის და მხრებზე სვიტერს ახურავს, ხოლო წარმოდგენის შემდეგ გამართულ წვეულებაზე გამუდმებით მასზე უჭირავს თვალი. მალევე ვიგებთ, რომ ერიკა იძულებულია, ტყუილები მოიგონოს, რათა დედის მზერას გაექცეს. ის გრძელ გზას გადის იმისთვის, რომ დაუმალოს დედას თავისი სექსუალური ლტოლვა და იმავდროულად ოცნებობს, ამ სურვილებს დედა დაუპირისპირდეს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ერიკას ჩანთაში კაბის აღმოჩენა. როდესაც ახალგაზრდა საყვარელი სახლში აკითხავს, მან და ერიკამ ტანსაცმელი კართან უნდა დატოვონ, რათა ოთახში დედა არ შევიდეს.

ფროიდის თანახმად, ოიდიპოსის კომპლექსამდე ბავშვი ფოლიმორფულად პერვერტია, რადგან სექსუალურ სიამოვნებას იღებს სხეულის ფუნქციონირებისგან, რომელიც უშუალო სექსუალურ პენეტრაციასთან არ არის დაკავშირებული. ის, რასაც ფროიდი პერვერტს უწოდებს, პიროვნებაა, რომლის სექსუალური ენერგია ან ლიბიდო არ არის რიგისამებრ „ორგანიზებული“, რათა გენიტალური სექსისგან სექსუალური კმაყოფილება მიიღოს. რამდენადაც პრეოიდიპოსური პერიოდის ნაკვალევი რჩება ზრდასრული ადამიანის სექსუალობაში სიამოვნების ისეთ ფორმებში, როგორებიცაა კოცნა, ორალური სექსი, ფანტაზიები სექსუალურ აგრესიასა და დომინირებაზე, „ნორმალური“ ზრდასრული ადამიანი კმაყოფილებას იღებს ასეთი სიამოვნებებისგან, რამდენადაც იგი გენიტალური სექსით აღწევს კულმინაციას.

ფროიდის თანახმად, პერვერტი არის ის, ვისაც სექსუალური კმაყოფილების მიღება შეუძლია მხოლოდ არაგენიტალური სექსუალური აქტის მეშვეობით.

ერიკა სწორედ ის არის, რასაც ფროიდი პოლიმორფულ პერვერტს უწოდებს. ეს არ არის ფილმის ფსიქოანალიზური განხილვის შედეგად დანახული ქვეტექსტი. მეტიც – ფილმში დიდი ადგილი ეთმობა ერიკას პერვერსიების ჩვენებას. მათ შორის – საკუთარი გენიტალიების სამართებლით დაზიანებას, ვუაიერიზმს, სექსუალური სიამოვნების მიღებას მოშარდვით, სადიზმსა და მაზოხიზმს. ერთ–ერთ სცენაში ვხედავთ, რა აგრესიულად შედის ერიკა პორნოს საყურებელ ჯიხურში. ის ელოდება ჯიხურის გათავისუფლებას და დაუმორცხვებლად პასუხობს მამაკაცის მზერას. როდესაც ჯიხურში შევა, მრავალ სურათს შორის არჩევანს შეაჩერებს ერთზე, სადაც ქალის მამაკაცთან ორალური სექსის სცენაა ნაჩვენები. ერიკა პორნოს ყურებისას ნაგვის ურნიდან იმ ნაჭერს იღებს, რომლითაც აქ მასზე ადრე მყოფმა მამაკაცმა სპერმა მოიწმინდა. ყურებისას ის ღრმად დაყნოსავს ნაჭერს და სახეზე სიამოვნება გამოეხატება. ფილმში არსად ჩანს ერიკას „ნორმალური“სექსუალური აქტი. მისი ყველა მცდელობა ასეთი აქტის ქონისა კრახით მთავრდება.

ერიკა ფილმში ნაჩვენებია როგორც მკაცრი და ცივი მასწავლებელი. როდესაც მისი მოსწავლეები თამაშობენ, ის ხელებგადაჭდობილი ფანჯარასთან დგას და შიგადაშიგ მათ ნამუშევრებს აკრიტიკებს. ფილმის დასაწყისში ვხედავთ მისი მოსწავლეების ხელებს, რომლებიც უკრავენ და ამ დროს ისმის ერიკას მკვეთრი ხმა, რომელიც ინსტრუქციებს აძლევს მათ. მისი ეს სიცივე კონტრასტს ქმნის მისივე დაკვრასთან, რაც მიგვითითებს მის მიერ კომპლექსურ ურთიერთობას გენდერთან. იყო პროფესიონალი პიანისტი ნიშნავს იყო ასპარეზზე, სადაც მამკაცები დომინირებენ, ასპარეზზე, რომელიც ზოგჯერ „ფემინურად“ ან „ქალისთვის სახასიათოდ“ მიიჩნევა. კიდევ ერთხელ, ერიკას აღფრთოვანება შუბერტითა და შუმანით მნიშვნელოვანია, რადგან ორივე მამაკაცი იყო „არაჯანსაღი“ – ეს კი თვისებაა, რომელსაც ჰეტეროსექსისტული კულტურა ზოჯერ ფემინურ ან ჰომოსექსუალ მამაკაცებს მიაწერს.

ერიკას ვალტერი უყვარდება, თავისი სტუდენტი ვაჟი, რომელსაც ბენუა მაჟიმელი თამაშობს. ვალტერს თავდაპირველად ერიკას ნიჭი იზიდიავს. როდესაც იგი ცდილობს, დაწინაურდეს მის კლასში, ერიკა კოლეგებთან უარყოფს ვალტერის თავდადებას ამ საქმის მიმართ. არცთუ შემთხვევით, პირველი, რასაც ვალტერი ერიკასთვის უკრავს, შუბერტია – მისი სწორედ ის ნაწარმოები, რომლის ათვისებასაც ერიკას სტუდენტი გოგონა მთელი ფილმის განმავლობაში ცდილობს.

საბოლოოდ, ერიკას ვალტერის მიმართ გრძნობა უჩნდება, რომელსაც ისინი თავიანთ პირველ სექსუალურ კავშირთან მიჰყავს. უფრო ადრე ფილმში ვხედავთ, რომ ერიკა ხელმძღვანელობს სტუდენტ გოგონას, რომელიც დარდობს შუბერტის შესრულებისას მომღერლის თანდასწრების გამო, იმდენად ღელავს, რომ ცრემლებამდე მიდის. მასტერკლასისთვის სარეპეტიციო სცენაში ფილმში ერთდროულად ორი კადრია ნაჩვენები – ვალტერისა და ამ სტუდენტისა, ერიკას მიახლოებული სახით. აქ ვხედავთ რომ ვალტერი ახალგაზრდა ქალს აცინებს; იგი მას დაკვრას უადვილებს შუბერტის შესრულებისას. თავდაპირველად ძნელია ამაზე ერიკას რეაქციის გარჩევა, თუმცა მოგვიანებით ერიკა სტუდენტს პალტოს ჯიბეში ჭიქის ნამსხვრევებს უყრის. ის მეთოდურად მოქმედებს – ჭიქას კაშნეში ახვევს და ქუსლით ამტვრევს. ამ ქმედებას რიტუალური ხასიათი აქვს და ის, ჩემი აზრით, პორნოგრაფიასა და მაზოხიზმთან ახლოსაა.

გოგონას ტირილი მას შემდეგ, რაც ის ჯიბეში ხელს ჩაიყოფს, ხდება საწყისი ერიკასა და ვალტერის პირველი სექსუალური კონტაქტისა. რეპეტიციის დასასრულს, როდესაც სტუდენტის ნაიარევს ვხედავთ, ერიკა ტუალეტში შედის და შარდავს, იმავე პოლიმორფულ პერვერსიულ ორგაზმს აღწევს. ვალტერი მას ტუალეტში შეჰყვება და ზემოდან დაჰყურებს, თუმცა კი ვერ ვხედავთ, რას ხედავს იგი. როდესაც ერიკა კაბინიდან გამოვა, ვალტერი მას კოცნის და ორივე იატაკზე ეცემა. საჯარო ტუალეტი ჰომოეროტიკული სექსუალური ქცევის ველი ხდება.

თუმცა ერიკა ვალტერისგან მამაკაცურ პრეროგატივას იღებს სექსუალური სცენის საკონტროლებლად. იგი ვაჟს მასტურბირებაში ეხმარება. როდესაც ვალტერი ქალს ეხვევა, ერიკა აჩერებს მას და აიძულებს, ქალის ნაცვლად საკუთარ პენისს უყუროს. ვალტერი ეუბნება რომ უყვარს იგი. პასუხად ქალი გამუდმებით ცდილობს, იყოს დომინანტი სექსუალურ სცენაში, წყვეტს, რას იზამენ და რას არა. ერიკა არ აძლევს ვალტერს თავისი სექსუალური სურვილების განვითარების საშუალებას და აფრთხილებს, რომ თუ მას არ დაუჯერებს, ყველაფერს შეწყვეტს. მაგრამ ვალტერი ორგაზმს ვერ აღწევს. ის ჰპირდება ერიკას, რომ მომავალში უკეთ შეასრულებს მის მითითებებს, ერიკა კი პასუხობს, რომ უფრო დეტალურ ინსტრუქციებს წერილობით მიიღებს.

მოგვიანებით ვალტერი ერიკას წერილში კითხულობს მისი მაზოხისტური სურვილების შესახებ ვალტერის მიმართ. როდესაც ერიკა საკუთარ წერილს თავისთვის ხმამაღლა კითხულობს, საკუთარი სურვილების წარმოთქმისას ტირის. ერიკას ფანტაზია მოიცავს სურვილს, დასაჯოს დედა, ანუ აყურებინოს საკუთარ ტრანზიციას გენიტალურ სექსუალობაში. წერილი ვალტერს ეუბნება, დაარტყას ერიკას, თუ იგი მის მითითებებს არ შეასრულებს. კითხვის ეს სცენები ნაჩვენებია დედის კადრებთან ერთად, სადაც იგი საუბრისთვის ყურის დაგდებას ცდილობს. ერთი მხრივ, ერიკა საიდუმლო ადგილიდან იღებს სიას იმ შეზღუდვებისა, რომლებიც სურს ვალტერმა დაუწესოს. ამგვარად ხსნის ფილმი ქალთა შორის გაუპატიურების ფანტაზიების არსებობას, რადგან ერიკას სწორედ ეს ფანტაზიებია ერთადერთი თავშესაფარი მისი შეუსაბამო ფალიკური სურვილებისაგან. ქალის მოთხოვნებით აშკარად შოკირებული ვალტერი მიდის.

ამ სცენას მოსდევს კადრი, სადაც იმავე ღამით ერიკა იმ საწოლში წვება, სადაც დედამისი წევს. ერიკა დედას ზემოდან მოექცევა, აკოცებს მას და ეუბნება: „მე შენ მიყვარხარ“. დედა დაიბნევა და ხელს ჰკრავს. ერიკა დაჟინებულია და დედაც ცდილობს, წინააღმდეგლობა გაუწიოს, ეს ყველაფერი კი ჰეტეროსექსუალური აქტის ერთი ვერსიის პაროდიას ჰგავს, რომელშიც ქალი თავდაპირველად ეწინააღმდეგბა მამაკაცის მცდელობას, დაიკმაყოფილოს ჟინი. ერიკას ეს „მასკულინური“ ქცევა, რომელიც მოჰყვა მის უშედეგო მცდელობას, მიეღო ფემინური პასიურობა მაზოხიზმის სახით, მიუთითებს იმაზე, რომ ერიკას არ სურს თავისი პოლიმორფული პერვერსული სიამოვნებების მიტოვება და კულტურის მიერ მოთხოვნილი ფემინურობის შეთვისება.

იმისთვის, რომ ფემინურობას დაექვემდებაროს, ერიკა ვალტერს საციგურაო მოდენაზე მიყვება. ეს სცენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ წინამორბედ სცენას ერთგვარად ეჭვქვეშ აყენებს. პირველ სცენაში ვხედავთ, რომ სწორედ ერიკა აკონტროლებს მზერას. ორი მოციგურავე გოგონა, რომელიც ყინულზე ვარჯიშობს, ტოვებს არენას ორი მამაკაცი მოციგურავის მოსვლის შემდეგ. ისინი უხალისოდ ემორჩილებიან მამაკაცების მიერ მათ განდევნას. მათი ფემინური ქცევა და პოზები, რომლებსაც ვარჯიშის დროს იღებენ, კონტრასტს ქმნის მამაკაცთა გუნდის მიერ ყინულის დაუფლების დროს ხმაურიან ქცევასთან. ვალტერი გუნდის ერთადერთი წევრია, რომელიც მოუბოდიშებს გოგონებს და ისინიც უღიმიან მას. ფილმში ვალტერის „სენსიტიურობა“ უფრო ფართოდაც არის ნაჩვენები. ერთზე მეტ სცენაში ვხედავთ, რა კომფორტულად გრძნობენ თავს ქალები მის კომპანიაში და ასეთივე კმაყოფილებით პასუხობენ მის ნიჭსა და ვაჟურ მომხიბვლელობას.

გასახდელში ერიკა ამბობს, რომ ვალტერთან საუბარი სურს. ერიკა და ვალტერი საკუჭნაოში განმარტოვდებიან სალაპარაკოდ, სადაც ქალი სტუდენტს თავის სურვილებს უმხელს და სთავაზობს, იქვე ჰქონდეთ სექსი. ბოდიშს იხდის წერილის გამო და ტირის. ცდილობს, გახადოს ვალტერს უნიფორმა და მინეტი გაუკეთოს, მაგრამ ვაჟი ვალტერი ხელს ჰკრავს. შემდეგ ქალი დაბლა წვება და ვალტერს სთხოვს, სექსით დაკავდეს მასთან. ვაჟი უპასუხებს, რომ ამის გაკეთება აქ არ შეუძლია. „მიყვარხარ“, – ეუბნება ერიკა და კოცნის მას. ვალტერს გული მოულბება. კომიკურია მისი მცდელობა, გათავისუფლდეს „მასკულინურობისგან“ და გაიხადოს უნიფორმა და ტრუსი. ერიკა მინეტს უკეთებს, თუმცა შემდეგ იატაკზე აღებინებს და ვალტერს სთხოვს, გვერდზე გაიხედოს.

საბოლოოდ ვალტერი ცდილობს, მისცეს ერიკას ის, რაც მას სურს. შუაღამისას მის სახლში მიდის, აღვიძებს მასა და დედამისს. წერილის ინსტრუქციის თანახმად, სილას აწნავს დედის თანდასწრებით, მერე კი დედამისს მეზობელ ოთახში კეტავს, საიდანაც მას ყველაფრის გაგონება შეუძლია. კვლავაც ინსტრუქციის თანახმად, ვალტერი ერიკას სილას აწნავს, როდესაც იგი არ ემორჩილება მამაკაცის ნებას. ერიკა ტირის და საღამური ცხვირიდან გადმოსული სისხლით ესვრება, მაგრამ როდესაც დედა ეძახის, პასუხობს, რომ კარგადაა. შემდეგ ვალტერი სექსით კავდება ერიკასთან და ორგაზმსაც აღწევს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ერიკა უძრავია.

ფილმი მთავრდება იმით, რომ ერიკა მკერდში, გულის ზედა მხარეს იჭრის თავს. წინა სცენაში ვხედავთ, როგორ იღებს იგი სამზარეულოს დანას და ჩანთაში იდებს. მისი ქცევა განზრახ არის ბუნდოვნად ნაჩვენები. ჩვენ ვფიქრობთ, ვისზე გამოიყენებს ერიკა დანას. როდესაც საკონცერტო დარბაზი გაივსება, ერიკა ვალტერს ელოდება. ამ დროს ჩვენ ველით, რომ ერიკა სწორედ ვალტერს დაარტყამს დანას მისი „გაუპატიურებისთვის“. ვალტერი კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოდის და ერიკას როგორც მასწავლებელს ისე ესაუბრება – თითქოს მათი სადისტური შემთხვევა არ მომხდარა, მიუხედავად ძალადობის აშკარა კვალისა, რომელიც ქალს სახეზე ეტყობა.

ჩვენ არ ვიცით, რამდენად სერიოზულია ჭრილობა, რომელსაც ერიკა თავის თავს აყენებს. ფინალიც ბუნდოვანია – სად წავა ერიკა, როცა საკონცერტო დარბაზს დატოვებს? დასასრულის ბუნდოვანებაც, თავის მხრივ, პრეოიდიპოსურია. ოიდიპოსის კომპლექსისაგან გასნსხვავებით, ერიკას დილემის „გადაწყვეტის გზა“ არ არსებობს.

ზოგიერთის თვალთახედვით, „პიანისტი ქალი“ მართლაც ფემინისტური ფილმია, რომელიც გვიჩვენებს პატრიარქალური კულტურის მიერ ქალთა სურვილების უგულებელყოფას. ერიკა გაჭედილია, ერთი მხრივ, თავის პედაგოგიურ წარმატებას, შიშს, რომ რომანტიკულმა სიყვარულმა შესაძლა ხელი შეუშალოს წარმატებაში და დედასთან ურთიერთობას, მეორე მხრივ – კი სექსუალური დაკმაყოფილების ფემინურ სურვილს შორის.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...