ოთხშაბათი, ივლისი 30, 2025
30 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

როგორ ვასწავლი სინტაქსური ურთიერთობის სახეებს

0

ქართული ენის სწავლებისას ხშირად მასწავლებლები და მოსწავლეები ვაწყდებით ამა თუ იმ  პრობლემას. ეს მრავალ საკითხს ეხება, მაგალითად, ზმნის გვარის სწავლებას, თემისა და თემის ნიშნების სწავლებას, სინტაქსური ურთიერთობის სახეების სწავლებასა და მრავალ სხვას. მე მინდა ყურადღება გავამახვილო სინტაქსური ურთიერთობის სახეების სწავლების საკითხზე.

ყველასათვის ცნობილია, რომ სინტაქსური ურთიერთობის სახეები ისწავლება მე-8 კლასში, სანამ მოსწავლეები ისწავლიან წინადადების წევრებს. არა და მათ ჯერ მხოლოდ მეტყველების ნაწილები იციან. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, ეს საკითხი მაშინ შევიდეს პროგრამაში, როცა მარტივი წინადადების შესწავლა დამთავრდება და ბავშვებს უკვე ეცოდინებათ შემასმენლისა და ქვემდებარის ურთიერთობა რიცხვში, ასევე ეცოდინებათ წინადადების ის წევრები, რომლებიც სახელზმნით არის გადმოცემული. აუცილებელია, უკვე ნასწავლი ჰქონდეთ უბრალო დამატება. მაშინ უფრო კარგად გაიგებენ შეთანხმების, მართვისა და მირთვის არსს. მაგრამ, რადგან პროგრამა ამას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ვცდილობ, მე-8 კლასის მოსწავლეებს გავუადვილო  სინტაქსური ურთიერთობის სახეების შესწავლა და ამიტომ მე-7  კლასიდან ვიწყებ თანდათან მზადებას ამ მნიშვნელოვანი საკითხის შესასწავლად.

როცა ზმნასა და მის პირს ვასწავლი, მაშინვე ვამხვილებ ყურადღებას ზმნისა და მის პირთან შეწყობილი სახელების ურთიერთობაზე. მაგალითად, ავიღოთ ასეთი წინადადება: „მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა“. რადგანაც მოსწავლეებმა უკვე იციან, რომელია ზმნა, ამოიწერენ მას და შეუწყობენ პირებს: სტყორცნა მან, მას, ის. შემდეგ ასახელებენ, რომელია აქედან სუბიექტი და ობიექტები.(აღსანიშნავია, რომ მათ უკვე იციან პირისა და რიცხვის ნიშნები ზმნაში, ასევე სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვები). შემდეგ დავაწყვილებინებ ზმნასა და სუბიექტისა და ობიექტის ფარდ სიტყვებს:

მზემ სტყორცნა;

სხივი სტყორცნა;

ფანჯარას სტყორცნა.

შემდეგ ბავშვებს კითხვების საშულებით ვეხმარები, გაარკვიონ ურთიერთობა წყვილებს შორის. მაგალითად:

  1. რომელ დროშია ზმნა?
  2. რომელ ბრუნვაშია სუბიექტური პირი?
  3. რომელ რიცხვშია ზმნა?
  4. რომელ რიცხვშია სუბიექტური პირი?
  5. ზმნას რომ დრო შევუცვალოთ, როგორ შეიცვლის ბრუნვას სუბიექტი, ანუ რამ იქონია სუბიექტის ბრუნვაზე გავლენა?

ამას ბავშვები სწორად პასუხობენ, რომ ზმნისა და მის დროზეა დამოკიდებული სუბიექტის ბრუნვა და მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ზმნა მართავს სუბიექტს ბრუნვაში. შემდეგ ბავშვებს ვუსვამ კითხვას, სუბიექტი რომ მრავლობითში იყოს, მაგალითად, მზის მაგივრად ბავშვები(რადგან მზეს მრავლობითი რიცხვი არ ეწარმოება) რომ იყოს, რომელ რიცხვში იქნება ზმნა? ბავშვები ამასაც ადვილად პასუხობენ და ასკვნიან, რომ სუბიექტის რიცხვზეა დამოკიდებული ზმნის რიცხვი, სუბიექტი ითანხმებს ზმნას რიცხვში.  ამის შემდეგ ბავშვებს ვეკითხები: რომელი პირის ფორმაა სუბიექტი და რით არის ის გამოხატული ზმნაში?  რადგან მათ პირის ნიშნები უკვე იციან, არ უჭირთ პასუხის გაცემა და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სუბიექტი მართავს ზმნას პირში. ამისათვის ვასახელებთ რამდენიმე ზმნას სხვადასხვა პირსა და რიცხვში და ვამტკიცებთ უკვე შეძენილ ცოდნას, რომ სუბიექტი და ზმნა ეთანხმება ერთმანეთს რიცხვში და ერთმანეთს მართავენ ბრუნვასა და პირში. (თუმცა იმას, რომ მნიშვნელობა აქვს რიცხვში შეთანხმებას სუბიექტი სულიერი სახელით არის გადმოცემული თუ უსულოთი, ეს შემდეგ კლასში უნდა ისწავლონ). ამ საკითხთან დაკავშირებით ბავშვებს ვავარჯიშებ დაფასთანაც და დამოუკიდებლადაც და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდივარ ზმნისა და ობიექტების ურთიერთობაზე. ბავშვები უმალ პასუხობენ დასმულ კითხვებს და თვითონ მიდიან იმ დასკვნამდე, რომ  პირდაპირი ობიექტური პირი იმართება ზმნისგან ბრუნვაში, ხოლო ზმნას ვერ ითანხმებს რიცხვში. ბოლოს, ვთხოვ ბავშვებს, რომ გაარკვიონ ურთიერთობა ირიბ ობიექტურ პირთან ჩემი დახმარების გარეშე და მარტივად ხვდებიან, რომ ირიბი ობიექტური პირი იძულებულია, იყოს სულ მიცემით ბრუნვაში, მაგრამ ორივე ობიექტური პირი მართავს ზმნას პირში, რადგან აიძულებენ, რომ ისინი გამოხატულნი იყვნენ პირის ნიშნებით, ანუ მართონ ზმნა.( ობიექტური პირი რომ ითანხმებს ხანდახან ზმნას მრავლობით რიცხვში, ამას შემდეგ კლასში ისწავლიან).

მიმაჩნია, რომ ამ საშუალებით ბავშვებს დახმარებას ვუწევ, რომ შემდეგ კლასში გაუადვილდეთ სინტაქსური ურთიერთობის სახეების შესწავლა და ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ამ მეთოდმა მეც და ჩემს მოსწავლეებსაც გაგვიადვილა ამ საკითხის შესწავლა.

 

სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის # 199 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი   თამარ ჩხაიძე

 

 

 

 

 

 

ჩვენი ემიგრაციის დარბაზი

0

მთელი ჩემი ლევილური ვოიაჟებისას, საკმარისად დავაკვირდი აქაურებს და დავასკვენი, რომ გურული და ფრანგული საერთო ძირიდან მოდის. აი, წარმოიდგინეთ დიალოგი:

– კოფე გინდებიენ?

– ტღე ბიენ.

არის კიდევ ერთი გურული გადამისამართება ცუდი ამბების. მტერსა და ავს მოუვიდეს ესა და ეს საქმეო. ასე გამოთქმის – მტერსდ’ავს. ფრანგულ ნიშანს მოითხოვს. ერთი ეგ არის, ცოტა უგემურ მსხალს დავარქვით გურულებმა ფრანგულა. მოკლედ, ვხუმრობსავით. მაგრამ საბაბით. მართლა ძალიან ბევრი გურულია იმ ხალხში, 1921 წელს ბოლშევიკურ ცელს რომ გამოექცა, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა რომ ერქვა და ევროპამ შეიფარა. დიდწილად საფრანგეთმა. პარიზთან ახლოს, დაბა ლევილის მშვენიერი ეზო და ძალიან საინტერესო რეზიდენცია გახდა მათი სახლი. ამ რთულზე რთული ბიოგრაფიის ხალხის. დღეს ბევრი აძაგებს მათ. არაერთი მძაგებლებს აძაგებს. ხშირად ერთი და მეორეც ზეპირ ლეგენდებს ეყრდნობა. ჰაერში დაჭერილ, ათას ენაზე დანაფრენ-ანაფრენ სიტყვებზე დაყრდნობა კი ნამეტნავად გვიყვარს და მერე ამ სიყვარულში გაჯიუტება. ეროვნული ბიბლიოთეკის ამჟამინდელი მუშაობა ემიგრაციის შესწავლის მიმართულებით, სწორედ ამ გაჯიუტების დაძლევის მცდელობა. ფაქტებზე, საბუთებზე სწორება. სანდო ბილიკებით სიარული. რთული საქმეა. ცხადია, უნდა აღვნიშნოთ საქართველოს ემიგრაციის მუზეუმის (თსუ) ფუნდამენტური ღვაწლი. ჩვენც, ჩვენი მხრივ, ამ საერთო პროცესის მონაწილეობას ვცდილობთ. უკვე გავხსენით ემიგრაციის დარბაზი – ამერიკიდან სამი უმნიშვნელოვანესი არქივი ჩამოვიტანეთ – ზალდასტანიშვილების, დიასამიძის, ხვედელიძის. გერმანიიდან – კერესელიძის. დნეპროპეტროვსკიდან სულხან-საბას ძმის შთამომავლის, გალინა ბულატნიკოვა- ორბელიანის, ბაქოდან მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართველების, სტამბოლიდან ქართველ მუჰაჯირებთან დაკავშირებული მასალები, შატუდან ნანო კვინიკაძის ფანტასტიკური ფოტოალბომები, ლევილიდან ყველა ის გამოცემა, რომელთა სამი პირი მაინც არსებობდა.

ეს ჩამოტანილი. თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი ხედვა, ამ თვალსაზრისით, ამგვარია: ამ არქივების საქართველოში განთავსება არ არის აუცილებელი და განმსაზღვრელი ამოცანა. შესაძლოა, მათი ასლებიც დაბინავდეს ჩვენთან, ორიგინალებს კი იქვე მივხედოთ. სიმონ ზაზაძესთან, რომელიც სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა უნიკალური არქივის მფლობელია, სწორედ ასე ვმუშაობთ და იმედი მაქვს, მალე შევთანხმდებით. იგივე გზა აღმოჩნდა უკეთესი ლევილის ბიბლიოთეკასა და საარქივო მასალასთან დაკავშირებით. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ჯგუფმა, საქართველოს პრეზიდენტის დაფინანსებით, საქართველოს ელჩის საფრანგეთში, ეკა სირაძის დიდი მეცადინეობით და შატოს მეურვეთა თანადგომით, ლევილის ბიბლიოთეკა მოაწყო. მალე კიდევ უფრო დიდი ამბები იგეგმება – ვცდილობ, დროს არ გაასწროს ჩემმა ენამ.

ის,  რომ  ბიბლიოთეკა და ექსპონატები, ამ შემთხვევაში, ადგილზე  დარჩება,  შემაშფოთებელი როდია: არსებობენ ადამიანი-ხიდები, მით უფრო, თუ მათთან კულტურული ურთიერთობებია დაკავშირებული. ამიტომაც, სულ ეჭვის თვალით ვუყურებ იმ მნიშვნელოვანი ქართველების გადმოსვენების საკითხს, რომლებიც სხვაგან მოღვაწეობდნენ და იქაც დატოვეს თავიანთი კვალი. ისინი საქართველოს მარადიული ელჩები არიან, სწორედაც რომ ხიდები, რომელზეც შეგვიძლია ქვეყნებს შორის ურთიერთობები ავაგოთ და განვავითაროთ.

 

მეღვინეობის ანაბანა

0

საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა – აქ წარმოიშვა ყურძნის პირველი კულტურული სახეობები. უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მრავალფეროვანი ნიადაგი იდეალურ პირობებს ქმნის მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისათვის.

კახეთის მევენახეობის ისტორია ძვ. წ. აღ.-ის VI ათასწლეულიდან იწყება. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყურძნის წიპწები სწორედ ამ ასაკისაა და ისინი უძველესია მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო – ვაზის სამშობლოა.

მეცნიერთა აზრით, თავად სიტყვა – “ღვინო” (“vin”, “wine”, “vine” და სხვ.) ქართული წარმოშობისაა. მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია.

არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ნაკეთობანი, უძველესი საწნახელები, მარნები, თიხისა და მეტალისგან დამზადებული ღვინის სასმისები და სხვ. აღმოჩენილია ჩვ.წ.-მდე IX-VII სს. დათარიღებული ღვინის მსმელი კაცის ფიგურა, რომელიც აგრეთვე ნაყოფიერების სიმბოლოცაა. ყურადღებას იქცევს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოსაგან დამზადებული ღვინის სასმისები, შემკული ძვირფასი თვლებითა და ვაზის გამოსახულებით.

ვაზის კულტურასთან არის დაკავშირებული საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება, ვაზის ჯვრით შემოვიდა საქართველოში წმინდა ნინო და იქადაგა ქრისტიანობა. ქართულ ტაძრებს ხშირად ამშვენებს ვაზის გამოსახულებანი.

ქართულ ეკლესია-მონასტრებში არსებობდა პრიმიტიული ღვინის ქარხნები. აქ დღესაც შეხვდებით მარნებსა და საწნახელებს. აღსანიშნავია ნეკრესში აღმოჩენილი IV საუკუნის მარანი, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვინის ქარხნის ნაშთები. ალავერდის კათედრალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ორმოცქვევრიანი მარანი, სამონასტრო ღვინის დამზადების ტრადიცია აქ დღესაც გრძელდება.

ყვარლის რაიონში მდებარეობს უნიკალური ღვინის საცავი, რომელიც კლდეში ნაკვეთ გვირაბშია განთავსებული. გვირაბის სიგრძე 13,5 კმ-ს შეადგენს. საცავი წელიწადის ყველა დროს ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას 14-დან 16-გრადუსამდე, რაც იდეალურია ღვინის დაძველებისათვის. საცავში დღემდე აძველებენ ქართულ სამარკო ღვინოებს.

როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული თვალსაზრისით, აღსანიშნავია ალ. ჭავჭავაძის მამულში მდებარე XIX საუკუნეში აგურით ნაგები ენოთეკა თავისი უძვირფასესი ღვინოების კოლექციით. კოლექციის ყველაზე ძველი სასმელი – „პოლონური თაფლი“ – 1814 წლით თარიღდება.

ღვინის დამზადების კახური ტექნოლოგია

კახეთში ღვინოს ყველა ოჯახში ამზადებენ. გლეხური წესით დამზადებული ღვინო ტოლს არ უდებს ცნობილ საფირმო ღვინოებს.

ტრადიციულად, დაკრეფილი ყურძენი გადასამუშავებლად სპეციალურ ნაგებობაში – მარანში თავსდება. დასაწურად საწნახელი გამოიყენება. მიღებული წვენი მიწაში ჩაფლულ ქვევრში ჩაედინება – იქ ღვინდება და ინახება.

ღვინის ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის გამოიყენება ტყავისაგან დამზადებული ტომრები – ტიკები და რუმბები.

ღვინის სასმისებად სპეციალურად დამზადებული თიხის ფიალები გამოიყენება. ტრადიციულად გამოიყენება – ყანწიც, თხის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებული სასმისი.

მარანი

მარანს, ძირითადად საცხოვრებელ სახლთან ან ვენახთან აგებენ, საშენ მასალად ქვა ან აგური გამოიყენება. ვხვდებით აგრეთვე კაპიტალურად ნაშენ მარნებს – დამუშავებული ქვისაგან აგებულს და ორნამენტებით დამშვენებულს, რომლებიც არქიტექტურულ ძეგლთა რიგს მიეკუთვნება.

მარანი, როგორც წესი, საწნახელითა და ქვევრითაა აღჭურვილი. ხშირად ღვინის დაყენებას თან ერთვის მისი დაჭაშნიკებაც, რისთვისაც მარანშივე ვხვდებით სუფრის გასაშლელ ატრიბუტიკას.

საწნახელი

ყურძენი ქვაში ნაკვეთი ან ხისაგან გამოთლილი ნავისებური ფორმის საწნახელში იწურება. მისი ძირი, საიდანაც სითხე გაედინება, შინდისა და გვიმრის წნულითაა დაფარული. გლეხი საწნახელში დგებოდა და ყურძენს ფეხით წურავდა, რასაც სიმღერები და შეძახილები სდევდა თან. ღვინის წურვის ამ ტრადიციას დღეს აღარ მისდევენ, მისი ხილვა მხოლოდ ღვინის ფესტივალებსა და თეატრალიზებულ სანახაობებზეა შესაძლებელი.

ქვევრი

ქვევრი ღვინის დაყენებისა და შენახვისათვის გამოიყენება. იგი მზადდება თიხისაგან, რომელიც სპეციალურ წვასა და დამუშავებას გადის. ღვინის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, დამზადებული ქვევრი მიწაში ეფლობა. მასში ჩასხმული ყურძნის წვენი ღვინის საბოლოო დაყენებამდე ჰერმეტულად ილუქებოდა, მას მხოლოდ მოსარევად და ჭაჭის მოსახდელად ხსნიდნენ. დღესდღეობით ქვევრში ღვინოს იშვიათად აყენებენ, მას მხოლოდ ღვინის შენახვის ფუნქცია აქვს.

არქეოლოგიური გათხრებისას ქვევრის კულტურა უძველეს ფენებშია აღმოჩენილი. არსებობდა აგრეთვე ქვევრის ეკლესიისადმი შეწირვის ტრადიცია. ეკლესია – მონასტრებში დღესაც შეხვდებით ძველისძველ ქვევრებს.

რთველი

საქართველოში ყურძნის კრეფას რთველი ეწოდება. რთველი, როგორც წესი, სექტემბრის ბოლოს იწყება და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. კახეთში რთველი შრომის დღესასწაულია, მოსახლეობა რთვლისათვის განსაკუთრებულად ემზადება. ყურძნის კრეფა დილას ადრე იწყება და გვიან საღამომდე გრძელდება. მას ამ მოვლენისადმი სპეციალურად მიძღვნილი ფოლკლორული სიმღერები სდევს თან.

ყურძნის საკრეფად დაწნული კალათა – გოდორი გამოიყენება. რთველში მეზობლები, ნათესავები და ჩამოსული სტუმრები მონაწილეობენ. სამუშაო დღის დასასრულისთვის ხალხი სუფრასთან იყრის თავს, სადაც რთვლის დღესასწაულს განსაკუთრებული მხიარულებით აღნიშნავენ.

 

 

ჩემი ეკონაკვალევი

0

თუ გიფიქრიათ, რას ნიშნავს სიტყვა „ნაკვალევი“? ეს ნიშნავს, რა წვლილი შეიტანა ადამიანმა რაიმე საქმეში, რით დაამახსოვრა თავი სხვებს, რა მოგონებები დატოვა. თითოეული ჩვენგანი ტოვებს კვალს – სკოლაში, სამსახურში, შინ, მეგობრების წრეში და, რაღა თქმა უნდა, ჩვენს პლანეტაზე. მაგრამ ყოველთვის გვაქვს კი საფუძველი, ჩვენი ნაკვალევით, განსაკუთრებით – ეკონაკვალევით, ვიამაყოთ?

ეკოლოგიური ნაკვალევი ერთი ადამიანის მიერ პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით გარემოზე ზეგავლენას ნიშნავს. ეს გზები გულისხმობს ცხოვრების წესს, ენერგოეფექტურობას, მოხმარებული ენერგიის რაოდენობასა და წყაროებს… ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. მაგალითად, როცა ანთებულ ნათურას უსარგებლოდ ვტოვებთ, არა მარტო ჭარბ ელექტროენერგიას მოვიხმართ, არამედ წყლის ზედმეტ რესურსსაც ვხარჯავთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზამთარში ჩვენი ენერგოსისტემა იძულებული გახდება, ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადავიდეს, ატმოსფეროში უფრო მეტი ნახშირორჟანგი გატყორცნოს და ბუნებაზეც უფრო მავნე ზეგავლენა მოახდინოს. მნიშვნელოვანია ყოფითი ცხოვრების წესიც. თუ, მაგალითად, კბილების გახეხვისას, ჭურჭლის რეცხვისა თუ შხაპის მიღებისას ონკანი მუდმივად მოშვებული გვაქვს, წყალს ამ შემთხვევაშიც ფუჭად ვღვრით.

იმაზე თუ დაფიქრებულხართ, რა სიმძლავრის ძრავა აქვს თქვენს მანქანას? რაც უფრო მცირე ლიტრაჟისაა ავტომობილი, მით უფრო ნაკლებ ნახშირორჟანგს უგზავნით გარემოს. ან რამდენად ხშირად დადიხართ საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ ფეხით? შესაძლოა, ამაზე არასდროს გიფიქრიათ, მაგრამ თქვენი ყოველდღიური საქმინობითა და ცხოვრების წესით გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენთ და მასზე ეკოლოგიურ ნაკვალევსაც ტოვებთ.

ადამიანი გარემოზე ზემოქმედებას დაბადებისთანავე, ავტომატურად იწყებს, თუმცა რამდენად მტკივნეული იქნება ეს პროცესი, მის არჩევანზეა დამოკიდებული.

ეკონაკვალევის იდეა 1992 წელს უილიამ რიზომ წამოაყენა. მისი გამოთვლის კონცეფცია ფართოდ გავრცელდა მსოფლიოს ველური ბუნების დაცვის ფონდის (WWF) წყალობით. 2003 წელს კი შეიქმნა ეკოლოგიური ნაკვალევის გლობალური ქსელი (Global Footprint Network), რომელმაც გააერთიანა სამეცნიერო და სამთავრობო წრეები, ბიზნესისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ამ ქსელმა წამოიწყო მეტად საინტერსო და ქმედითი აქცია – ეკოლოგიური მოვალეობის დღე.

კაცობრიობის ეკოლოგიური ნაკვალევი უფრო და უფრო იზრდება. მსოფლიოში უამრავი ადამიანი მოიხმარს იმაზე მეტ ენერგიასა და რესურსს, ვიდრე სჭირდება, მათ მიერ დატოვებული ნაკვალევის მოცულობა კი გარემოსთვის მიყენებული ზიანის პირდაპირპროპორციულია. ექსპერტთა და მეცნიერთა კვლევების მიხედვით, გლობალურმა ეკოლოგიურმა ნაკვალევმა დედამიწის ბიოლოგიურ შესაძლებლობას 25%-ით ჯერ კიდევ 2003 წელს გადააჭარბა. შესაბამისად, თუ ყველა ადამიანი ენერგიების ჭარბ მოხმარებას გააგრძელებს, დედამიწას რესურსი უბრალოდ არ ეყოფა.

 

მსოფლიოს ქვეყნები ეკონაკვალევის მიხედვით

 

კომფორტი ყველას მოსწონს, მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, რა ფასს ვიხდით ამისთვის. ენერგოეფექტურობა კი სწორედ იმას ნიშნავს, რომ კომფორტიც გქონდეს, ნაკლები ენერგიაც დავხარჯოთ და გარემოსაც ნაკლები ზიანი მივაყენოთ. სწორედ ამას ისახავს მიზნად ეკონაკვალევის შემცირების პროგრამა, რომლის ძირითადი პუნქტებია:

  1. მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შემცირება და საბოლოოდ შეჩერება
  2. ერთ სულ მოსახლეზე პროდუქციის მოხმარებისა და მომსახურების შემცირება
  3. წარმოებასა და მომსახურების სფეროში გამოყენებული რესურსების მოცულობის შემცირება
  4. ბიოპროდუქტიული რეგიონების ფართობების გაზრდა, მცირეპროდუქტიანი მიწების გაუმჯობესება (ირიგაცია, დატერასება)
  5. ბიოპროდუქტიული ეკოსისტემების გაფართოება.

თუ გადაწყვეტ, შეიცვალო ცხოვრების წესი – გადაჯდე ველოსიპედზე, გადახვიდე ჯანსაღ კვებაზე, დაზოგო ენერგია და სხვ., ანუ იზრუნო საკუთარ ეკონაკვალევზე, მაშინ ეცადე, შემდეგი წესები დაიცვა:

  1. დაზოგე ელექტორენერგია:

* შეცვალე ვარვარა ნათურები შუქდიოდურით. იმავე განათებას მიიღებ, თანაც ელექტროენერგიის 80%-ს დაზოგავ.

* თუ კომპიუტერით 10-15 წუთი მაინც არ სარგებლობ, გამორთე მონიტორიის ყველაზე მეტ ენერგია სმოიხმარს. პარამეტრების გასწორებისას კი screensaver–ის ნაცვლად sleep mode ფუნქცია აირჩიე.

* ნუ მოათავსებ მაცივარში ცხელ კერძს და ნუ დატოვებ კარს ღია. დადგი ის ყველაზე გრილ ადგილას. გაითვალისწინე, რომ რაც უფრო მეტია კედლიდან დაშორება, მით უფრო ეფექტურად მუშაობს მაცივარი.

* ყოველთვის მიაქციე ყურადღება სარეცხის წონას. ნურც გადააჭარბებ და ნურც დააკლებეს 10-30%-ით მეტი ელექტროენერგიის ხარჯვას გამოიწვევს. სწორად შეარჩიე რეცხვის პროგრამაც.

* საკვების თავღია ჭურჭელში მომზადება ენერგიის 2-6%-ს გვაკარგვინებს. ნუ ჩაასხამ ამ ჭურჭელში ზედმეტ წყალსეს არა მარტო კერძის მომზადების ხანგრძლივობას, არამედ დახარჯულ ენერგიასაც ზრდის.

* გაწმინდე მტვერსასრუტი – როცა ტომარა და ფილტრი გაუწმენდავია, ხელსაწყო 40%-ით მეტ ენერგიას ხარჯავს.

* გამორთე ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი თუ დამმუხტველი მოწყობილობები ქსელიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მაინც გააგრძელებენ ელექტროენერგიის მოხმარებას.

* ელექტრომოწყობილობის შეძენისას ყურადღება მიაქციე ენერგეტიკულ იარლიყსმასზე მოცემულია ინფორმაცია წლიური ენერგომოხმარების შესახებ. ეცადე, ყველაზე ეკონომიური შეარჩიო.

 

  1. გაუფრთხილდი წყალს:

* შხაპის მიღებას თუ 1-2 წუთით ადრე დაასრულებ, თვეში 600 ლიტრ წყალს დაზოგავ, თუ კბილების გახეხვისას ონკანს დაკეტავ – 100 ლიტრს.

 

  1. ნაკლებად იმოძრავე ავტომობილით.
  2. საკვების მიღებისას იფიქრე ბუნებაზე – რასაც ხვალ მიირთმევ, დღეს უნდა დათესო და მოაშენო.
  3. ნაკლებად გამოიყენე ნახევარფაბრიკატები და გაყინული პროდუქტები.
  4. შეამცირე ნარჩენების რაოდენობა.
  5. გამოიყენე ნარჩენები რეციკლინგის გზით.

 

ამჟამად „ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველო“ ქართულენოვანი ეკონაკვალევის გამოსათვლელი კალკულატორის შექმნაზე მუშაობს. აპლიკაცია ეკოლოგიური ნაკვალევის ზომის დადგენაში დაგეხმარება: ადამიანებმა უნდა დაინახონ, რა მტკივნეულ გავლენას ახდენს თითოეული მათგანი გარემოზე საკუთარი ცხოვრების წესით. დაფიქრდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია რესურსების ოპტიმალური გამოყენება. თუ ჯერ ფიქრს, მერე კი მოქმედებას დავიწყებთ, იმედია, სამყარო ოდნავ უკეთესი მაინც გახდება.

ქართულენოვანი კალკულატორის გამოსვლამდე კი გარემოზე თქვენი ზემოქმედების ხარისხისა და ეკოლოგიური ნაკვალევის ზომის დადგენაში უცხოურენოვანი კალკულატორები დაგეხმარებათ, რომელთა ნახვა ამ ბმულებზეა შესაძლებელი:

https://myfootprint.org/subscription.php https://www.earthday.net/Footprint/index.asp

 როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი

0

მინდა გაგიზიაროთ   ჩემი გამოცდილება – როგორ დავგეგმე და ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი ბიოლოგიაში, მეათე კლასში. გაკვეთილის მიზანი – მოსწავლეებს შევასწავლოთ უჯრედში მიმდინარე კატაბოლიზმის პროცესები.

მათ უნდა შეძლონ სახელმძღვანელოდან ინფორმაციის მოძიება,  შეფასება და გაზიარება; საუბარი სუნთქვის პროცესის თავისებურებების შესახებ.

მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ მოწოდებული პრობლემური სიტუაციური ამოცანის ანალიზისას უნდა შეძლონ  პრობლემის იდენტიფიცირება, მიზეზების დასახელება და მისი გადაჭრის გზის დასახვა. მათ გამოუმუშავდებათ არგუმენტირებული მსჯელობისა და პრობლემის  გადაჭრის უნარები.

სტანდარტთან შესაბამისობა:

ბიოლ.x.5. მოსწავლეს შეუძლია უჯრედში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობა და ორგანიზმისათვის მათი მნიშვნელობის დასაბუთება.

  • მსჯელობს ანაბოლური და კატაბოლური პროცესების არსზე, აღწერს და სქემატურად გამოსახავს მათ მიმდინარეობას.

ბიოლ. x.6. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს სუნთქვის პროცესის თავისებურებები მცენარეებსა და ცხოველებში.

– საუბრობს სუნთქვის პროდუქტებით უჯრედების მომარაგების გზებზე და მსჯელობს ცხოველური და მცენარეული უჯრედების მიერ ენერგიის წარმოქმნის თავისებურებებზე.

– მსჯელობს აერობული და ანაერობული სუნთქვის თავისებურებებზე. აღწერს  და სქემატურად გამოსახავს მათ მიმდინარეობას, წერს შესაბამის განტოლებებს, ერთმანეთს ადარებს ამ ორ პროცესს.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

მოსწავლეებმა იციან  მეთოდის მმმ (მტკიცება, მტკიცებულება, მსჯელობა) სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროცესში. შესწავლილი აქვთ უჯრედის ქიმიური შემადგენლობა, მეტაბოლიზმის არსი და ფოტოსინთეზი. მოსწავლეები ფლობენ განმავითარებელი შეფასების რუბრიკის გამოყენების ტექნიკას.

სასწავლო მასალა და რესურსები:

სახელმძღვანელო, სამუშაო ფურცლები, ფლიპჩარტები, მარკერები, ცარცი, სამუშაო რვეულები და კალმები. ფერადი პატარა ზომის ქაღალდები.

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა:1.(3 წთ)

მიზანი: მასწავლებელი  მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს, ახდენს  საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას. მოსწავლეებთან ერთად აღწერს შეფასების ფორმებს და  რუბრიკებს, რომელთაც გამოიყენებენ გაკვეთილის პროცესში.  ასევე,  ახსენებს  კლასში  მუშაობის  წესებს.

აღწერა: ვკითხულობ  სიას, ვაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს. ვუხსნი როგორი სამუშაო ელოდებათ გაკვეთილის დროს. ვაცნობ კლასის ორგანიზების ფორმებს. შევახსენებ იმ მეთოდებს, რომელთა საშუალებითაც მათ მოუწევთ მუშაობა და მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ შეფასების რუბრიკებს, რომელთა გამოყენებასაც  საგაკვეთილო პროცესში მოვახდენთ.

აქტივობა.2.(5 წთ)

მიზანი:  მასწავლებელი  შეახსენებს მოსწავლეებს წინარე ცოდნას  და შეამოწმებს მათ მზაობას გაკვეთილისათვის; მოსწავლეები საუბრობენ ანაბოლიზმის პროცესზე (ფოტოსინთეზზე) და გამოსახავენ სქემატურად .

აღწერა: დაფაზე გამოვსახავ სქემას, რომელთა შევსებასაც ვთხოვ მოსწავლეებს. მუშაობა წარიმართება მთელ კლასთან, კითხვა-პასუხის რეჟიმში. სქემა ორნაწილიანია, მაგრამ ამ აქტივობის დროს ისინი მხოლოდ ერთ ნაწილს ავსებენ (ფოტოსინთეზის საწყის და საბოლოო ნივთიერებებს წერენ). შემდეგ კი განმარტავენ ჩანაწერს:

1.რა არის მეტაბოლიზმი? (ანაბოლიზმის და კატაბოლიზმის პროცესების ერთობლიობა არის მეტაბოლიზმი).

  1. ფოტოსინთეზი რომელ პროცესს ეკუთვნის: ანაბოლიზმს თუ კატაბოლიზმს? (ფოტოსინთეზი ეკუთვნის ანაბოლიზმის პროცესს).
  2. რატომ მიეკუთვნება ანაბოლიზმის პროცესს ფოტოსინთეზი? (სინათლის ენერგიის ხარჯზე არაორგანული ნივთიერებებიდან იქმნება ორგანული ნივთიერება – გლუკოზა. მისი მონომერები კი სახამებელს წარმოქმნის, ამიტომაც ფოტოსინთეზი არის ანაბოლიზმის პროცესი).
  3. რა მნიშვნელობა აქვს ფოტოსინთეზს ცოცხალ სამყაროში? (დედამიწაზე ფოტოსინთეზი პრაქტიკულად წარმოადგენს თავისუფალი ჟანგბადის მნიშვნელოვან წყაროს. ამ პროცესში წარმოქმნილი დიდი მასა ორგანული ნივთიერებებისა  არის საკვები ცოცხალი ორგანიზმებისათვის).

მუშაობა საერთო კლასთან წარიმართება შუქნიშნის ბარათების გამოყენებით. ნამუშევარი შეაქვთ სამუშაო რვეულებში. აქტივობის შეჯამებას  მასწავლებელი აკეთებს: სიცოცხლეს უჯრედში მიმდინარე პროცესები განაპირობებენ. ამ პროცესებიდან ერთ-ერთი უმთავრესია მეტაბოლიზმი.  აქ  სქემის ნიმუშს წარმოვადგენ უკვე შევსებული სახით:

 

  ფოტოსინთეზი სუნთქვა
საწყისი პროდუქტები CO2 ,H2O  
საბოლოო პროდუქტები C6H1206,O2  

 

აქტივობა.3.( 15 წთ)

მიზანი: მოსწავლეები უნდა გაეცნონ მასწავლებლის მიერ მოწოდებულ პრობლემურ სიტუაციას. საკითხში უკეთ გარკვევისთვის მოსწავლეები ახდენენ სახელმძღვანელოდან ენერგეტიკული ცვლის  ეტაპების შესახებ ინფორმაციის მოძიებას, გაცნობას, ჩანაწერების გაკეთებას (სამუშაო ფურცლებზე), საკითხის შეფასებასა  და მის გაზიარებას კლასისათვის.

აღწერა: ვარიგებ ტექსტს, სადაც აღწერილია პრობლემური სიტუაცია. მასწავლებელი სვამს კითხვას – იცით, რომ მცენარეები მართლაც ასუთავებენ ჰაერს, მათ მიერ გამოყოფილი ჟანგბადი კი სუნთქვას უწყობს ხელს? რაში მდგომარეობს ამ სიტუაციური ამოცანის პრობლემა? საკითხში სიღრმისეული წვდომისათვის მოსწავლეებმა უნდა  დაამუშაონ სახელმძღვანელოში მოწოდებული ინფორმაცია უჯრედული სუნთქვის შესახებ, ისინი მუშაობენ წყვილებში.

ვაწვდი წყვილებს სამუშაო ფურცლებს და ვაცნობ დავალების ინსტრუქციას:

ენერგეტიკული ცვლის სამი ეტაპი დანაწევრებულია სამუშაო ფურცლის სამ დავალებად. დრო დიფერენცირებულია ცალ-ცალკე  დავალებებისთვის. #1და #2-ე  დავალებაზე მუშაობენ 2 წუთი, ხოლო #3-ზე დავალებაზე – 3 წუთი.  თითოეული დავალების შემდეგ სხვადასხვა წყვილი წარმოადგენს ერთი კითხვის პასუხს. მოსწავლეთა მიერ თითოეული დავალების შეჯამების შემდეგ მასწავლებელი აკრავს ფლიპჩარტს მზა პასუხით. მოსწავლეები ადარებენ თავიანთ პასუხებს. გაუგებრობის შემთვევაში სვამენ კითხვებს, მასწავლებლის დახმარებით ერკვევიან მათთვის ბუნდოვან საკითხებში, საჭიროებისამებრ  შეაქვთ შესწორებები  ნამუშევრებში. სამუშაოს დასრულების შემდეგ წყვილში მომუშავე მოსწავლეები თავის მეწყვილეს  აწვდიან  განმავითარებელ მხიარულ ურთიერთშეფასებას.

აქტივობა:4(5წთ).

მიზანი: მოსწავლეები ასრულებენ გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი სქემას, ავსებენ და ადარებენ ანაბოლიზმის (ფოტოსინთეზის) და კატაბოლიზმის (სუნთქვის) პროცესების მსვლელობასა და პროდუქტებს.

აღწერა: მოსწავლეები დაფაზე გამოსახულ სქემას შეავსებენ. მუშაობა წარიმართება მთელ კლასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში. სქემა ორნაწილიანია, მაგრამ ამ აქტივობის დროს ისინი მხოლოდ მეორე ნაწილს ავსებენ (წერენ სუნთქვის საწყის და საბოლოო ნივთიერებებს). შემდეგ კი განმარტავენ ჩანაწერს: 1. რატომ ეძახიან ანაბოლიზმს პლასტიკურ ცვლას და კატაბოლიზმს ენერგეტიკულ ცვლას? (ანაბოლიზმი უჯრედს უზრუნველყოფს საშენი მასალით, ხოლო კატაბოლიზმი უჯრედს ენერგიით უზრუნველყოფს); 2.რატომ შეადარეს სუნთქვის და ფოტოსინთეზის პროცესი? (სუნთქვა და ფოტოსინთეზი ურთიერთსაწინააღმდეგო პროცესებია, რომლებიც მცენარისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ფოტოსინთეზის დროს წარმოქმნილი ორგანული ნივთიერება არის მცენარის სუნთქვის საწყისი პროდუქტი). მუშაობა საერთო კლასთან წარიმართება შუქნიშნის ბარათების გამოყენებით. ნამუშევარი შეაქვთ სამუშაო რვეულებში. მასწავლებელი აკეთებს აქტივობის შეჯამებას: უჯრედებს მუდმივად სჭირდებათ ენერგია, რომელსაც სუნთქვითი პროცესების დროს იღებენ.

აქ  უკვე წარმოგიდგენთ ამ სქემის დასრულებულ სახეს:

  ფოტოსინთეზი სუნთქვა
საწყისი პროდუქტები CO2 ,H2O C6H1206,O2
საბოლოო პროდუქტები C6H1206,O2 CO2 ,H2O

 

აქტივობა. 5 (12წთ)

მიზანი: მოსწავლეები ინდივიდუალურად ახდენენ გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებლის მიერ მოწოდებული სიტუაციური ამოცანის ანალიზს. ისინი აღმოაჩენენ  პრობლემას, დაასახელებენ მის მიზეზებს,  შეძლებენ გადაჭრის გზების მოძებნას. მოსწავლეები ნამუშევარს   არგუმენტირებული მსჯელობის მეთოდით (მმმ-სტრატეგიით) ზეპირად ჩამოაყალიბებენ.

აღწერა: მუშაობა წარიმართება ინდივიდუალურად. მოსწავლეები  წარმოადგენენ ზეპირად – მტკიცება-მტკიცებულებებსა და მსჯელობას. მასწავლებელი მიაწოდებს უკუკავშირს მმმ სტრატეგიის – განმავითარებებლი  შეფასების რუბრიკით.

აქტივობა.6.(5წთ)

მიზანი: მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად  აჯამებს გაკვეთილს, შემდეგ მოსწავლეებს აცნობს  და ანიშნინებს საშინაო დავალებას. მასწავლებელი დაარიგებს გასასვლელ ბილეთებს, რათა  განმავითარებელი შეფასებით განსაზღვროს  მოსწავლეთა  აზროვნების    დონე გაკვეთილზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

აღწერა: მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს – ანაბოლიზმი და კატაბოლიზმი ურთიერთსაწინააღმდეგო, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესია.  მათ შორის კი შუალედურ რგოლს ატფ წარმოადგენს.

აერობული სუნთქვა დამახასიათებელია როგორც  ცხოველებისთვის, ისე მცენარეებისთვის, როცა ისინი გამოიყენებენ ჟანგბადს. თუმცა მცენარეების როლი ცოცხალ სამყაროში უნიკალურია, რადგან ისინი  მხოლოდ დღისით აწარმოებენ ფოტოსინთეზს და გარემოს ჟანგბადით ამდიდრებენ.

  მასწავლებელი  მოსწავლეებს ანიშნინებს საშინაო დავალებას: მეათე კლასის სახელმძღვანელო, გვერდები 67 და 68, ხოლო წერითი  სავარჯიშო მოსწავლეებმა თავიანთი სურვილით უნდა აირჩიონ:

  1. ტექსტში ჩართულ კითხვებზე მოსწავლეები პასუხებს წერილობით შესრულებენ;
  2. ან მოიფიქრებენ საკვლევი კითხვის პასუხს. კითხვის შინაარსი ასეთია:
  • წარმოქმნილი ენერგიის დიდ ნაწილს ცხოველები მოძრაობას ახმარენ. რისთვის სჭირდება მცენარეს სუნთქვის პროცესში წარმოქმნილი ენერგია?

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს  ბილეთებს, მოსწავლეები პასუხს გასცემენ მას და  მასწავლებელს უბრუნებენ.  პასუხები ანონიმურია.

 

ბილეთის კითხვებია:

  1. უნდა გვქონდეს თუ არა მცენარეები საძინებელ ოთახში? (მცენარეები, ისევე როგორც ჩვენ, სუნთქავენ დღისითაც და ღამითაც. ცოცხალი ორგანიზმები სუნთქვისას მოიხმარენ ჟანგბადს. სინათლეზე ფოტოსინთეზის დროს მცენარეებს შეუძლიათ გარემოში ჟანგბადის გამოყოფა. ამიტომაც ღამით საძინებელში არ არის რეკომენდებული მცენარეების განთავსება).
  2. რომელი პროცესების განხორციელებისას იღებს უჯრედი ენერგიას? (უჯრედი ენერგიას იღებს სუნთქვითი პროცესების განხორციელებისას).
  3. რას ეწოდება უჯრედული სუნთქვა? (უჯრედში მოხვედრილი საკვები ნივთიერებები იშლება და მათგან ორგანიზმი სასიცოცხლოდ აუცილებელ ენერგიას იღებს. ამ ნივთიერებების დაშლის პროცესს უჯრედულ სუნთქვას უწოდებენ).

შეფასება:

 

განმავითარებელი შეფასება

გაკვეთილის პროცესში გამოიყენება:

  • შუქნიშნის ფერადი ბარათები;
  • გასასვლელი ბილეთები;
  • მხიარული ურთიერთშეფასება;
  • მმმ სტრატეგიით მუშაობის რუბრიკა.

დიფერენცირება – დიფერენცირება დაგეგმილია  სასწავლო მასალის შინაარსის დანაწევრებით, აქტივობები მრავალფეროვანი (ტექსტის კითხვა და კითხვებზე პასუხების დაწერა, სქემის შექმნა, შევსება და პროცესების აღწერა, ზეპირი არგუმენტირებული მსჯელობა,  პრობლემის იდენტიფიცირება და დასკვნის გაკეთება) და  დიფერენცირებულია კლასში მოსწავლეთა ორგანიზების ფორმების, მათი მოტივაციის, სასწავლო მიზნებისა და შედეგების გათვალისწინებით.

 

პრობლემური სიტუაციის აღწერა:

   „ჯოზეფ პრისტლიმ განაცხადა: „მე ბედმა გამიღიმა – სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე გაჭუჭყიანებული ჰაერის გამსუფთავებელი საშუალება, ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი გამასუფთავებელი – ეს გახლავთ მცენარე.

მალე პრისტლიზე ალაპარაკდნენ ლონდონის ქარვასლებშიც. ერთმა მდიდარმა ქალბატონმა, ცნობილი გემის მეპატრონის ქვრივმა, როგორც კი გაიგო ლიდსელი მქადაგებლის აღმოჩენის შესახებ, გადაწყვიტა თავისთავზე გამოეცადა ახლად აღმოჩენილი ჰაერის გამასუფთავებელის მოქმედება. ერთხელ შუაღამისას, წვეულებიდან დაბრუნდა თუ არა სახლში, უბრძანა მსახურთ უფროსს მის საძინებელ ოთახში, რომელიც არასდროს ნიავდებოდა, ზამთრის ბაღიდან გადმოეტანა 5 ყველაზე დიდი ყუთი ტროპიკული მცენარით. დილით ქვრივმა საშინელი თავის ტკივილით გაიღვიძა და მაშინვე ექიმი მოიხმო. როგორც კი უკეთესად გახდა, ქალბატონმა საჩქაროდ მიაშურა თავის ნაცნობებს. ყველას არწმუნებდა, რომ პრისტლი მატყუარა და ცრუ მეცნიერიაო. ავყევი სატანის ჩაგონებას და კინაღამ მოვკვდიო. ნამდვილად ვიცი,  რომ მცენარეები კი არ ასუფთავებენ ჰაერს, პირიქით,  აჭუჭყიანებენო!“

ნაწყვეტი წიგნიდან ,,დიდი საიდუმლოს კარიბჭესთან“ – მიხეილ ივინი.

 გთავაზობთ გაკვეთილის ჩატარებისთვის საჭირო რესურსებს, რომელიც მე ეფექტურად გამოვიყენე:

  • გაკვეთილის პროცესში გამოყენებული სამუშაო ფურცელი;
  • მხიარული ურთიერთშეფასების რუბრიკა;
  • მმმ სტრატეგიით შეფასების რუბრიკა;
  • მასწავლებლის მიერ მომზადებული საპრეზენტაციო მასალა (ფლიპჩარტებზე განთავსებული მასალა).

სამუშაო ფურცელი:     თემა – უჯრედული სუნთქვა

დავალება #1

1.დაწერეთ ენერგეტიკული ცვლის პირველი ეტაპის  სახელწოდება.

————————————————————————————–

 

2.დაწერეთ სად მიმდინარეობს მოსამზადებელი ეტაპი

ა. ორგანიზმის დონეზე ———————————————————

ბ. უჯრედულ დონეზე————————————————————-

 

  1. ჩამოთვალეთ მოსამზადებელი ეტაპის შედეგად წარმოქმნილი ნივთიერებები:

ა. ცილები იშლება   —————————————————————-

ბ. სახამებელი იშლება————————————————————-

გ. ნუკლეინის მჟავები იშლება—————————————————–

 

  1. როგორი სახით გამოიყოფა ენერგია მოსამზადებელ ეტაპზე?

—————————————————————————————————————————————————————————————————————–

დავალება#2

  1. რას ეწოდება  უჯრედული სუნთქვა?

—————————————————————————————

  1. დაწერეთ გლიკოლიზის ეტაპის ქიმიური რეაქციის ტოლობა:

—————————————————————————————-

  1. გლიკოლიზის დროს წარმოქმნილი ენერგიის რა ნაწილი გროვდება ატფ-ის სახით და რა ნაწილი იფანტება სითბოს სახით?

————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————

 

დავალება #3

  1. სქემის სახით წარმოადგინეთ უჯრედში პიროყურძნის მჟავას ბედი სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმში ჟანგბადის არსებობისა და მისი ნაკლებობის დროს.

 

  1. აერობული სუნთქვისას ენერგიის რა ნაწილი გროვდება ატფ-ის სახით და რა ნაწილი იფანტება სითბოს სახით?

——————————————————————————————————————————————————————————–

  1. დაწერეთ სუნთქვის შეჯამებული ტოლობა:

 

 

მხიარული ურთიერთშეფასება

დაწერე შენი მეწყვილის სახელი და გვარი, შემდეგ კი შემოხაზე ის სმაილი, რომელიც ყველაზე მეტად ასახავს მის მუშაობას წყვილში

 

 

მმმ სტრატეგიით შესრულებული დავალების შეფასების სქემა

მტკიცება

დებულება ან დასკვნა, რომელიც პასუხს სცემს საწყის კითხვას/პრობლემას.

მტკიცებულება

სამეცნიერო მონაცემები, რომელსაც ეფუძნება მტკიცება. მონაცემები უნდა იყოს შესაბამისი, საკმაო და სანდო იმისთვის, რომ გაამყაროს მტკიცება.

მსჯელობა

ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობა, რომელიც მტკიცებულებას უკავშირებს მტკიცებას. სათანადო და საკმაო სამეცნიერო პრინციპების გამოყენებით. მსჯელობა გვიჩვენებს, რატომ ითვლება კონკრეტული მონაცემები მტკიცებულებად.

1 ვერ წარმოადგენს მტკიცებას, ან წარმოადგენს არასწორ მტკიცებას. არ წარმოადგენს მტკიცებულებას ან წარმოადგენს მხოლოდ შეუსაბამო ან ბუნდოვან მტკიცებულებას. მოკლებულია მსჯელობის ნაწილს ან წარმოადგენს მხოლოდ ზოგად, ბუნდოვან, ლოგიკას მოკლებულ  მსჯელობას.
2 წარმოადგენს სწორ, მაგრამ ბუნდოვან და/ან არასრულ მტკიცებას. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი. მაგ., განიხილავს შესწავლილ მოვლენას/ობიექტს მხოლოდ ერთი მიმართულებით ან არასაკმარისი სიღრმით. იმეორებს მტკიცებულებას და უკავშირებს მას მტკიცებას, მაგრამ მსჯელობა ნაკლებად ლოგიკურია, არ არის მოყვანილი საჭირო სამეცნიერო თეორიები/შეხედულებები.
3 წარმოადგენს სწორ, მკაფიო და სრულ მტკიცებას. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია. განიხილავს შესწავლილ მოვლენას/ობიექტს ყველა მიმართულებით და სიღრმისეულად. მსჯელობა ლოგიკური და გამართულია, მტკიცებულება დაკავშირებულია მტკიცებასთან და ახსნილია მათ შორის კავშირი. საჭიროების შემთხვევაში მოყვანილია სათანადო მეცნიერული თეორიები/შეხედულებები.

 

ფლიპჩარტზე მომზადებული საპრეზენტაციო მასალის საკითხები:

ნივთიერებათა და ენერგიის გარდაქმნის სქემა:

I-ეტაპი

Ø მოსამზადებელი

 

 

 

 

Ø  რთული ნივთიერებები იშლებიან:

ცილები  – ამინომჟავები

ლიპიდები – გლიცერინი და ცხიმოვანი მჟავა

სახამებელი – გლუკოზა

ნუკლეინის მჟავები – ნუკლეოტიდები

 

Ø  ამ ეტაპზე გამოყოფილი ენერგია სითბოდ გამოიყოფა.

 

II  ეტაპი – გლიკოლიზი

Ø  (ანაერობული, ანუ უჟანგბადო სუნთქვა).

1.     გლიკოლიზის რეაქციის ტოლობა:

C6H12O6+2ადფ+2 ფ=2C3H4O3+ 2 ატფ+2 H2O+Q

2.     გლიკოლიზის დროს წარმოქმნილი ენერგიიდან 60% სითბოს სახით იფანტება და 40% ატფ-ის სახით გროვდება.

III ეტაპი

Ø  პიროყურძნის მჟავას ბედი და აერობული (უჯრედული სუნთქვა)

სპირტული დუღილი რძემჟავური დუღილი უჯრედული სუნთქვა
პიროყურძნის მჟავა პიროყურძნის მჟავა პიროყურძნის მჟავა+O2
CO2+სპირტი+

2 ატფ

რძემჟავა+2ატფ CO2+ H2O +

36ატფ

1.

 

2. აერობული  სუნთქვისას წარმოქმნილი ენერგიიდან 44% სითბოს სახით იფანტება, ხოლო 55%  კი ატფ-ის სახით გროვდება.

 

 

IVეტაპი

Ø  გლიკოლიზის და აერობული სუნთქვის შეჯამებული ტოლობა

1.     C6H12O6+2ადფ+2 ფ=2C3H4O3+ 2 ატფ+2 H2O+Q

2.     2C3H4O3+5O2 =6 CO2+4 H2O+36ატფ

ამ ორი რეაქციის შეჯამებულ ტოლობაა:

C6H12O6+6O2=6 CO2+6H2O+38ატფ

 

კითხვის და მოტივაციის 13 ნაბიჯი

0

მოსწავლეებისთვის გაცილებით მარტივია საკლასო ოთახში, უკანა მერხებზე მოთავსდნენ, თავი ხელებში ჩარგონ და მასწავლებლებს აფიქრებინონ, თითქოს კითხულობენ. კითხვას, განსაკუთრებით – კლასგარეშე ლიტერატურისას, მოტივაცია სჭირდება. დამოუკიდებლად წაკითხვის გადაწყვეტილების მიღებასა და მოტივაციის ამაღლებაში მოსწავლეებს ოჯახის წევრებიც უნდა დაეხმარონ და სკოლაც. ამისთვის გასავლელ 13 ნაბიჯს მასწავლებლებს აქვე გაგაცნობთ:

  • გამოყავით დრო გაკვეთილებზე დამოუკიდებლად კითხვისთვის. მოსწავლეები ამას თავიანთი ნებით არ გააკეთებენ. დაეხმარეთ, 15 წუთი მაინც გამონახონ.
  • შექმენით საკლასო ოთახებში კითხვისთვის კომფორტული გარემო. ამობეჭდეთ წიგნის ყდები და კედელზე მიამაგრეთ. ეცადეთ, ინტერესი აღუძრათ მოსწავლეებს იმის მიმართ, რა ხდება ამა თუ იმ წიგნში.
  • დაამზადებინეთ სანიშნები და სხვა ნივთები საყვარელი პერსონაჟების გამოსახულებით.
  • აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სკოლის ბიბლიოთეკას, რომ ის მოწესრიგებული, მრავალფეროვანი და კომფორტული იყოს, ხოლო ბიბლიოთეკარს არასოდეს ეზარებოდეს მოსწავლეებთან ურთიერთობა.
  • ზოგიერთ მოსწავლეს ურჩევნია, ხმამაღლა იკითხოს. ჩუმად კითხვას ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ, ვერ კონცენტრირდებიან. ნუ დაუშლით, იკითხონ ისე, როგორც მოსწონთ და გამოსდით.
  • გამოყავით მათთვის წიგნის საკითხავი დრო. თავად წაუკითხეთ, მერე კი მიეცით საშუალება, გააანალიზონ, იმსჯელონ ტექსტზე.
  • მოიწვიეთ გაკვეთილებზე სტუმრები მკითხველების ამპლუაში, ადამიანები, რომლებიც მოსწავლეებს მოსწონთ, რომლებსაც ჰბაძავენ.
  • დაეხმარეთ ბავშვებს, გაეცნონ სხვადასხვა ჟანრს, გააანალიზონ და აირჩიონ, რომელი მოსწონთ ყველაზე მეტად.
  • შექმენით სოციალური მედიის, twitter-ისა და facebook–ის, მოსწავლეების საყვარელი, თავშესაქცევი ადგილებისთვის განკუთვნილი ჰეშთეგი წიგნების გასაზიარებლად.
  • ეცადეთ, ამ პროცესში მოსწავლეთა ოჯახის წევრებიც ჩართოთ. შექმენით მათთვის მკითხველთა კლუბი. თუ თქვენ მიერ დაწყებულ საქმეს შინაც მოჰყვება გაგრძელება, ეს ერთიორად უკეთეს შედეგს გამოიღებს.
  • მხარი დაუჭირეთ სკოლის ბიბლიოთეკების ფინანსურ განვითარებას. იზრუნეთ ფონდის გაზრდაზე, თუნდაც კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სოციალური პასუხისმგებლობის გაწევის ხარჯზე. ფინანსურად ძლიერი ბიბლიოთეკა უფრო მრავალფეროვან კონტენტს შესთავაზებს მოსწავლეებს.
  • შექმენით საზაფხულო საკითხავის სია და გაუმარტივეთ არჩევანი მოსწავლეებს, რომლებსაც, შესაძლოა, დამოუკიდებლად წიგნების არჩევა უჭირდეთ.
  • იქნებ მოახერხოთ და საკლასო ოთახში სტუმრად მიიწვიოთ მათი საყვარელი ავტორები, რომლებიც მათ ლიტერატურაზე ესაუბრებიან და ავტოგრაფებსაც დაურიგებენ.
  • აუცილებლად წაიკითხეთ ყველაფერი, რისი კითხვაც თქვენს მოსწავლეებს უყვართ, რათა მათთან ერთად იმსჯელოთ, განიხილოთ მათი საყვარელი პერსონაჟები, სიუჟეტი.

საუზმე პრუსტთან ერთად წიგნის კითხვის თანხლებით

0

მარსელ პრუსტი წიგნის კითხვას ჯადოსნურ გასაღებს უწოდებდა, რომელსაც შეეძლო მკითხველი უხილავი სამყაროებისათვის ეზიარებინა. თავის ესეიში „წიგნის კითხვა“ ის მკითხველს იმ გამოცდილებას უზიარებს, რომელიც მან იმ ვნების წყალობით შეიძინა, რომელსაც კითხვა ჰქვია.

არაფერი შეედრება ბავშვობის იმ მოგონებებს, რომლებიც კითხვასთან არის დაკავშირებული. პრუსტი ამას ასე გამოხატავს: „ყველაფერს, რითაც  სხვები ამ დღეებში თავს იქცევდნენ,  ჩვენ ისე ვიშორებდით, როგორც ღვთაებრივი ნეტარების წინ გადაღობილ უხამს დაბრკოლებას“. ასეთ წუთებში  ამგვარ დაბრკოლებად შეიძლება ქცეულიყო რომელიმე მეგობარი, ან  ფუტკარი თუ მზის სხივი, ცოტა ხნით წიგნს რომ მოგწყვეტდა: „უნდა ვაღიარო  ბავშვობის კითხვის მიმზიდველობა, რომლის მოგონება ყოველი ჩვენგანისთვის კურთხეულია“.

ყველა შთაბეჭდილება, რომლებსაც ადამიანი იღებს წაკითხული წიგნებიდან, მეხსიერებაში ძვირფას მოგონებებად იქცევა, იმგვარ წიგნად, რომლის ფურცლების გადაშლა რაღაც სამოთხისეულთან მიგვაახლებს. პრუსტის აზრით, „თუ დღესაც გვინდება მაშინდელი წიგნების გადაფურცვლა, ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს მხოლოდ გარდასულ დღეთა კალენდრებს ვათვალიერებდეთ და იმედი გვიჩნდება, იქნებ ამ ფურცლებზე აირეკლოს ის სახლები და ტბორები, დღეს რომ აღარ არიან“.

წიგნის კითხვა ხომ ერთგვარი თავშესაფარია, რომელშიც შეიძლება განმარტოვდე და არ იყო მარტო, რადგან სწორედ კითხვისას ხვდები უხილავ, უცნობსა და საოცარ სამყაროებს, უამრავ  განსხვავებულ პერსონაჟს, რომლებიც ჯერაც განუცდელ გამოცდილებას გაზიარებენ, სულიერად გზრდიან, გხვეწენ და  საკუთარი თავის შეცნობის გრძელ, რთულსა და ტკბილ-მწარე გზაზე გაყენებენ. პრუსტი მოიხმობს დეკარტის ფრაზას: „ყველა კარგი წიგნის კითხვა გასული საუკუნის ყველაზე წესიერ ხალხთან – მათ ავტორებთან საუბარს ჰგავს“. მწერლისთვის საბედისწეროდ აღიქმებოდა ფრაზა: „დახურე წიგნი, უნდა ვისაუზმოთ“, თუმცა საინტერესო ის არის, რომ პრუსტს, როგორც დაკარგული დროის ძიებისა და აღმომჩენის  ყველაზე ცნობილ მოგზაურს, წიგნის კითხვასთან ერთად ახსენდება  მრავალფეროვანი მოვლენები, რომლებიც მაშინ ხდებოდა, როცა ის  რაიმე წარმტაცსა და საგულისხმოს გატაცებით კითხულობდა. „წიგნის კითხვა განსაკუთრებით იმ ადგილებისა და დღეების ხატს გვიტოვებს, სადაც ან როცა ვკითხულობდით“. შეწყვეტილ დროსაც, ამ შემთხვევაში, საუზმით გამოწვეულს, მწერალი თავისი მომხიბვლელი ფერწერული სტილით წარმოაჩენს, გემრიელი გემოებისა და ხასხასა გრილ სურნელთა თანხლებით, მოგონებათა ასოციაციური ნაკადებით, რომლებიც ნაზად გითრევენ და სასიამოვნო სიმშვიდის მყუდრო სავანეში გრიყავენ:  „მადუღარა საამო სურნელს აფრქვევდა. მიყვარდა ცქერა, როგორ უეცრად ამოდუღდებდა მინის ხუფიდან ქაფქაფა სითხე და მერე დაორთქლილ კედლებზე სურნელოვან ყავისფერ ნალექს ტოვებდა. შემოჰქონდათ კრემი და მარწყვიც, რომელსაც ბიძაჩემი კოლორისტის ოსტატობითა და გურმანის ალღოთი, სასურველი ფერის მიღებამდე, ყოველთვის თანაბარი პროპორციებით ურევდა ერთმანეთში“.

კითხვის მოგონება მოიყოლებს უამრავ ძვირფას სურათს, მათ შორის,  საკუთარ ოთახს, რომელშიც ყველა ნივთს, საჭიროსა თუ უსარგებლოს, თავისი ესთეტიკური ფუნქცია  ჰქონდა.  გაღებულ ფანჯრებს ვარდისა და იასამნის  მომაჯადოებელი სურნელი ავსებდა.

მწერლის აზრით, კითხვა მეგობრობის უწმინდეს სახეს ავლენს, რადგან ამ დროს უარყოფილია ყოველგვარი ტყუილი, მოჩვენებითობა თუ ფარისევლობა, იცინი იმაზე, რაც მართლაც სასაცილოდ გეჩვენება. თუ მოგბეზრდება, უდიერად მიაგდებ ისე, რომ არავინ გაგინაწყენდება: „ამ წმინდა მეგობრობის ატმოსფერო დუმილია – სიტყვაზე უფრო ხალასი, რადგან ვლაპარაკობთ სხვებისთვის, ვდუმდებით ჩვენთვის“.  მისი აზრით, გონებასაც აქვს თავისი დახვეწილი და კეთილშობილური „მანერები“, რომლებიც სხვა გონებასთან ურთიერთობისას ყალიბდება. პრუსტი თავისი საყვარელი მწერლის, ჯონ რესკინის, თვალსაზრისს მოიხმობს, რომლის მიხედვითაც, ადამიანს ცხოვრებაში ხშირად უჭირს არჩევანი – ვისთან ერთად, რომელ საზოგადოებაში გაატაროს დრო სასიამოვნოდ. არადა, „ამასობაში არის საზოგადოება, რომელსაც მუდამ ღია აქვს კარი ჩვენთვის; ადამიანები, რომლებიც, რამდენ ხანსაც გვინდა, იმდენ ხანს გვესაუბრებიან. გვესაუბრებიან, ვინც არ უნდა ვიყოთ, რანგის მიუხედავად. საზოგადოება, იმდენად დინჯი და მომთმენი, რომ შეგვიძლია მთელი დღე ვალოდინოთ“, „კითხვა საუბარია გაცილებით უფრო ჭკვიან და საინტერესო ხალხთან, ვიდრე ის ადამიანები არიან, ჩვენ გარშემო რომ ტრიალებენ, ის ადამიანები, ვისი გაცნობაც შეგვიძლია“.  რესკინის აზრით, წიგნსა და მეგობარს, ძირითადად, მათი მეტ-ნაკლები სიბრძნე კი არ განასხვავებთ, არამედ ურთიერთობის ხასიათი. „კითხვა, საუბრისგან განსხვავებით, თითოეული ჩვენგანისთვის ნიშნავს ურთიერთობას სხვის აზრთან, თან ისე, რომ მაინც მარტო დარჩე, ე.ი. შეინარჩუნო საკუთარი ინტელექტუალური სიძლიერე, რომელიც გატკბობს მარტოობისას და მაშინვე ქრება საუბრისას“.  პრუსტის აზრით კი, „კითხვა თავისი განუმეორებელი არსით, მარტოობისას  საკუთარ თავთან ურთიერთობის მაცოცხლებელი სასწაულით, რაღაც უფრო მეტია“. ეს არის, ერთი მხრივ, თრობა და, მეორე მხრივ, ბიძგი აზროვნებისკენ: „ჩვენი სიბრძნე იწყება იქ, სადაც მთავრდება ავტორის სიბრძნე… ჭეშმარიტებას ვერავინ გვიბოძებს, ის თავად უნდა შევქმნათ“. ასე რომ, ავტორები მკითხველებს დანახვას ასწავლიან მხოლოდ. დანახვის ხელოვნება კი საუკეთესოა იმ ხელობათა შორის, რომელსაც ადამიანი შეიძლება დაეუფლოს სამყაროს შესამეცნებლად

„კითხვით გამოწვეული ეგზალტაცია“ ხშირად შემოქმედებით იმპულსებს აღვიძებს: „ამბობენ, რომ ბევრ მწერალს უყვარდა მშვენიერი წიგნების გადაფურცვლა, სანამ მუშაობას შეუდგებოდა. ემერსონი იშვიათად იწყებდა წერას ისე, რომ პლატონის რამდენიმე გვერდი არ გადაეკითხა. დანტეც ერთადერთი პოეტი როდია, ვინც ვერგილიუსმა მიაცილა სამოთხის კარიბჭემდე“.

პრუსტი ფიქრობს, რომ კითხვა შეიძლება „სამკურნალო დისციპლინადაც“ იქცეს და ფსიქოთერაპევტის როლიც შეასრულოს. მისი აზრით, სულიერი ცხოვრების უქონლობა ავადმყოფობაა, რომელიც შეიძლება წიგნის კითხვამ განკურნოს. თუმცა,  კითხვამ  რეალური ცხოვრების სურვილი უნდა აღძრას და არა მას შეენაცვლოს: „კითხვა სულიერი ცხოვრების კარიბჭესთან დგას, შეუძლია შიგნით შეგვიყვანოს, მაგრამ თვითონ არ ქმნის ამ ცხოვრებას“.

პრუსტი დაასკვნის, რომ „კითხვა ზიარებაა, ჯადოსნური გასაღებია, რომელიც საკუთარი სულის სიღრმეში გვიღებს იმ სავანეების კარს, სადაც სხვაგვარად ვერ შევაღწევდით, იგი მხსნელის როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში“. კითხვის პროცესში შეიგრძნობა, რომ „წარსული ჩვენ შორისაა, აქვე, ჩვენ გვერდითაა, ხელშესახებია, მზეზე გარინდული“. სწორედ კითხვამ გაუმახვილა მას ის შეგრძნებები, რომლებმაც დაკარგული დრო აპოვნინა და კიდევ ერთხელ განაცდევინა ის ბედნიერება, რომელიც ათასგვარ ხმას, გემოსა თუ სურნელს არის შეფარებული და გამოხმობას ელის.

 

ერთი სამოდელო, ინტერდისციპლინური გაკვეთილი

0
ვიტამინ C-ს შემცველობის განსაზღვრა სხვადასხვა პროდუქტში

გაკვეთილის მიზანი

გაკვეთილის მიზანია, მოსწავლემ თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით პრაქტიკულად  განისაზღვროს ხილსა და ბოსტნეულში ვიტამინ-C-ს შემცველობა.

გაკვეთილის შედეგი

მოსწავლეები შეისწავლიან:

  • ხილსა და ბოსტნეულში ვიტამინ C-ს განსაზღვრას;
  • იოდსა და სახამებელს შორის მიმდინარე ფერად (მუქ ლურჯ) რეაქციას;
  • დაადგენენ, რომელი ხილი ან ბოსტნეული შეიცავს უფრო მეტ ვიტამინ C-ს.

ქიმიით დაინტერესებული მოსწავლეები ასევე შეისწავლიან:

  • სამუშაო ხსნარების სტანდარტიზაციას;
  • ვიტამინ C-ს რაოდენობრივი შემცველობის გაანგარიშებას;
  • ვიტამინ C-ს რაოდენობის დამოკიდებულებას ტემპერატურაზე (განსაზღვრა უმ და მოხარშულ პროდუქტში);
  • ვიტამინ C-ს რაოდენობის დამოკიდებულებას ვეგეტაციაზე (განსაზღვრა მოუმწიფებელ და მომწიფებულ პროდუქტში);
  • ვიტამინ C-ს რაოდენობის დამოკიდებულებას შენახვის პირობებზე;
  • ვიტამინ C-ს რაოდენობის დამოკიდებულებას შენახვის ვადაზე.

 

  • გაკვეთილის თეორიული ნაწილი
  • ვიტამინ C-ს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მისი დეფიციტი იწვევს დაავადებებს, რომელთაგან ყველაზე ცნობილია სურავანდი (ცინგა, სკურბიტი). სამწუხაროდ, ვიტამინ C-ს ადამიანის ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს, ამიტომ მისი მიღება უმთავრესად საკვებთან ერთად ხდება. საჭიროების შემთხვევაში ექიმი მას დანამატის სახითაც ნიშნავს.
    საბედნიეროდ, ვიტამინ C-ს ხილი და ბოსტნეული შეიცავს. განსაკუთრებით ბევრია ის ლიმონისა და ფორთოხლის ახალგამოწურულ წვენში. ზოგიერთ მზა საკვებში შეიძლება შედიოდეს სპეციალური დანამატის სახით. ამ შემთხვევაში მისი შემცველობა ყოველთვის არის მითითებული ნაწარმის ეტიკეტზე. ვიტამინ C-ს ტრივიალური სახელწოდებაა L-ასკორბინის მჟავა, ხოლო ქიმიური – (5R)-[(1S)-1,2-დიჰიდროქსიეთილ]-3,4-დიჰიდროქსიფურან -2(5H)-ონი.

 

ასკორბინის მჟავას მარტო ვიტამინის ფუნქცია არ აქვს – ის ასევე მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი (დამჟანგველი). ჟანგვის ცნება, წესისამებრ, მოიაზრებს რეაქციებს, რომლებიც ჟანგბადის მონაწილეობით მიმდინარეობს, თუმცა ამჟამად ეს ტერმინი უკვე შედარებით ფართო მნიშვნელობით გამოიყენება. უფრო მეტიც – ვინაიდან ჟანგვის რეაქციის დროს ერთი ნაერთი იჟანგება და იმავდროულად სხვა აღდგება (აუცილებელია ელექტრონული ბალანსის დაცვა), ამ სახის პროცესებს უკვე რედოქსრეაქციებად მოიხსენიებენ (RedOx – REDuction (აღდგენა) – Oxidation (დაჟანგვა)).

რედოქსრეაქცია შეიძლება გამოვიყენოთ ხსნარში ასკორბინის მჟავას რაოდენობის განსაზღვრისთვის.

 

მასალის მომზადება

გაკვეთილისთვის განკუთვნილი დროის ეფექტურად გამოსაყენებლად მიზანშეწონილია, წინასწარ მოვამზადოთ 10 გ გახეხილი პროდუქტი (მაგ., ვაშლი, ლიმონი, ფორთოხალი) პლასტმასის თავდახურულ კონტეინერით და სტანდარტიზებული ხსნარები. მათი უშუალოდ გაკვეთილზე მომზადება მოსწავლეების ყურადღებას ექსპერიმენტის არაარსებით ნაწილზე გადაიტანს.

 

სამუშაო ხსნარების სტანდარტიზაცია და მასალის მომზადება

ექსპერიმენტის ეს ნაწილი ტარდება გაკვეთილის დაწყებამდე ან კლასგარეშე (საკლუბო) მუშობისას ქიმიაში ქიმიით დაინტერესებულ მოსწავლეებთან ერთად. გაანგარიშებების გამარტივების მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ თანდართული Excel-ის ფაილი.

Vitamin C

 

ექსპერიმენტისთვის დაგჭირდებათ:

 

 

 

საანალიზო ხილი ან ბოსტნეული (100-100 გრამი სასწორი

 

ბოსტნეულის მექანიკური ან ელექტრონული სახეხი
ბოსტნეულის საჭრელი დაფა დანა 100 მლ–იანი საწყაო ან ლაბორატორიული მენზურა
ვიტამინ C-ს აბები 1 ლ–იანი საწყაო 5 მლ–იანი მენზურა ან შპრიცი

 

პლასტმასის ჭიქები სახამებელი ან ფქვილი –
100 გ
იოდის წვეთები
პატარა კოვზი
  1. სახამებლის ხსნარის მომზადება (ხსნარი A). პლასტმასის ჭიქაში მოათავსეთ 1 კოვზი სახამებლის ან ხორბლის ფქვილი, დაამატეთ თბილი წყალი და მოურიეთ სრულ შერევამდე. აცადეთ გაცივება.
  2. ასკორბინის მჟავას ხსნარის მომზადება (ხსნარი B): ჩაასხით საწყაოში 1 ლიტრი წყალი, ჩააგდეთ შუშხუნა ვიტამინ C-ს ერთი აბი და დაელოდეთ სრულ გახსნამდე. შეიტანეთ წყლის რაოდენობა (1000 მლ) სამუშაო ფაილის D6 უჯრაში. ვიტამინის C-ს ეტიკეტზე წაიკითხეთ ერთ აბში ასკორბინის მჟავას შემცველობა და ჩაწერთ D5 უჯრაში.

 

  1. საკალიბრო მომზადება (ხსნარი C1):

3.1 აიღეთ ახალი პლასტმასის ჭიქა და ჩაასხით შიგ 100 მლ წყალი (გამოიყენეთ 100 მლ-იანი საწყაო ან მენზურა).

3.2 10 მლ-იანი მენზურით ან შპრიცით დაამატეთ 10 მლ ასკორბინის მჟავას ხსნარი (ხსნარი B). შეიტანეთ ხსნარის რაოდენობა სამუშაო ფაილის D8 უჯრაში.

3.3 იმავე ჭიქაში დაამატეთ შპრიცით 5 მლ სახამებლის ხსნარი (ხსნარი A).

3.4 პიპეტით წვეთწვეთობით დაამატეთ იოდის ხსნარი. დაითვალეთ წვეთების რაოდენობა! მოურიეთ ენერგიულად. დამატების პირველ ეტაპზე წარმოიქმნება ლურჯი ფერი, რომელიც მორევის შემდეგ გაქრება. გააგრძელეთ იოდის დამატება და მორევა, სანამ არ მიიღებთ მდგრადი მუქი ლურჯი შეფერილობის ხსნარს. ეცადეთ, დაამატოთ იოდის მინიმალური რაოდენობა.

3.5 აიღეთ ცარიელი ჭიქა და გაიმეორეთ 3.4 პროცედურა კიდევ ერთხელ. შეეცადეთ, იმავე შეფერილობის საბოლოო ხსნარი მიიღოთ. იოდის წვეთების რაოდენობა უნდა დაემთხვეს ან ძალიან ახლოს იყოს 3.4 საფეხურის დროს მიღებულ რაოდენობასთან. შეიტანეთ მონაცემები E10 უჯრაში.

3.6 გაიმეორეთ კიდევ ერთხელ 3.4 ექსპერიმენტი და შეიტანეთ მონაცემები F10 უჯრაში.

3.7 თუ D10, E10 და F10 მონაცემები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, უგულებელყავით ყველაზე განსხვავებული მონაცემი და მის ნაცვლად კიდევ ერთხელ ჩაატარეთ ექსპერიმენტი.

3.8 შემდეგი გაანგარიშებებისას გამოიყენეთ ვიტამინ C-ს საშუალო მასა (D13 უჯრა).

  1. ექსპერიმენტის ჩატარება (ტარდება უშუალოდ გაკვეთილზე მოსწავლეების მონაწილეობით)

4.1 აიღეთ რაიმე სახის საანალიზო მასალა (ხილი, ბოსტნეული) და ჩაწერეთ მისი სახელი ექსპერიმენტის ოქმში (უჯრა B20).

4.2 აწონეთ 10 გ საანალიზო მასალა. ჩაწერეთ მნიშვნელობა საანგარიშო ფაილში (D20 უჯრა)

4.3 გახეხეთ საგულდაგულოდ ქერქიანად და მოათავსეთ ცარიელ ჭიქაში.

4.4 მზომის საშუალებით აიღეთ 100 მლ წყალი. ჩარეცხეთ სახეხზე დარჩენილი საანალიზო მასალა იმავე ჭიქაში. ეცადეთ, წყლის მთელი რაოდენობა უდანაკარგოდ (100 მლ) გადაასხათ საანალიზო ჭიქაში.

4.5 შპრიცით დაამატეთ 5 მლ სახამებლის ხსნარი (ხსნარი A) და მოურიეთ. აცადეთ დალექვა.

4.6 ფრთხიალდ გადაწურეთ ახალ ჭიქაში. ქიმიურად ამ პროცესს ეწოდება დეკანტაცია.

4.7 წვეთწვეთობით დაამატეთ იოდის ხსნარი ენერგიული მორევის პირობებში. დათვალეთ იოდის წვეთები. ეცადეთ, დაამატოთ მინიმალური რაოდენობა მდგრადი ლურჯი ფერის მიღებამდე.

4.8 ჩაწერეთ ოქმში დახარჯული იოდის წვეთების რაოდენობა (D21 უჯრა).

4.9 ვიანგარიშოთ იოდის წვეთების რაოდენობა ერთ გრამ საანალიზო მასალაზე. (ოქმში მისი ანგარიში ავტომატურად მოხდება):

 

წვეთი/გ

 

4.10 ვიანგარიშოთ ვიტამინ C-ს შემცველობა საანალიზო მასალაში:

X = ვიტამინ C-ს საშუალო მასა (D13 უჯრა)×ვიტამინ C-ს შემცველობა საანალიზო მასალაში (D22 უჯრა)

 

4.11 გაიმეორეთ ექსპერიმენტი სხვადასხვა საანალიზო მასალაზე (პროცედურები 4.1-4.10)

4.12 იოდის ხსნარის შეცვლის შეთხვევაში კალიბრირება ხელახლა უნდა მოახდინოთ (პროცედურები 3.1-3.8)

წერის სწავლების ნაბიჯები და სტრატეგიები (ნაწილი პირველი)

0

 

ბევრი მიიჩნევს, რომ წერა რთული  და დამღლელი საქმიანობაა. ცხადია, წერა მეტაკოგნიტურ უნარებს აერთიანებს და იგი ამიტომაც არ არის იოლი საქმე. მაგრამ მსგავსად ნებისმიერი სხვა კომპლექსური სამუშაოსა, წერა და მისი სწავლების პროცესი იოლდება, თუკი  საჭირო ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ. წერის სტრატეგიები სწორედ ის ხელსაწყოებია, რომელთა ცოდნა წერის დროს ძალიან დაგვეხმარება. მთავარია, მათი გამოყენება ადრეულ ასაკში წერის ათვისებისთანავე ვისწავლოთ. მათთან მისასვლელად კი რამდენიმე აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა აუცილებლად დაგვჭირდება.

ნაბიჯი პირველი – მოვიხსნათ წერის შიში

წერა უმაღლეს სააზროვნო უნარებს მოითხოვს, რადგან შემოქმედებითი პროცესია და წერის შიშიც იქნებ სწორედ ამ ცოდნას უკავშირდება. სინამდვილეში საშიში არც არაფერია. მთავარია, ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ტვინი ეფექტურად, აღმოვაჩინოთ და განვავითაროთ ჩვენი შინაგანი შემოქმედების ძალა – კრეატიულობა.  ფსიქოლოგები დიდი ხანია თანხმდებიან, რომ ყველას აქვს უნარი, იყოს კრეატიული. მსოფლიოში ტვინის ფუნქციონირებისა და სწავლის საკითხებში წამყვანი ექსპერტის, ასევე გონებრივი რუკის რევოლუციური ტექნიკის გამომგონებლის, ტონი ბაზანის თქმით, ჩვენ გვაქვს მილიონობით ტვინის უჯრედი და ნებისმიერი, ვინც ტვინით არის აღჭურვილი და ამბობს, რომ ის არ არის კრეატიული, შეცდომას უშვებს. საქმე ისაა, რომ მათთვის უბრალოდ არ უსწავლებიათ, როგორ გამოიყენონ ეს ფენომენალური აღჭურვილობა. ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს გამოყენება უკავშირდება სიტყვებს, რიცხვებს, ცხრილებს, ლოგიკას, ანალიზს, ხოლო მარჯვენას საქმე აქვს რიტმთან, ფერებთან, ფორმასთან, წარმოსახვასთან, ოცნებასთან, ამიტომ  თვლიდნენ, რომ კრეატიულობა ტვინის მარჯვენა სფეროს ეკუთვნის და იმის გამო, რომ შემოქმედებითობის მარჯვენა სფეროსადმი კუთვნილება არასწორად გავაანალიზეთ, კრეატიულობა სინამდვილეში დაზარალდა, რადგან  ამ პროცესისთვის ტვინის ორივე სფეროს მუშაობაა საჭირო, რათა მან მიიღოს წარმოსახვითი ოცნება, ტექსტი, რიცხვები, ფერი – ყველაფერი ერთად. სწორედ ეს არის კრეატიულობა. და ეს სჭირდება წერის პროცესს.

ნაბიჯი მეორე – ვისწავლოთ ფიქრის სისწრაფე

 საჭიროა ვისწავლოთ ფიქრის სისწრაფე, რაც ნიშნავს, რამდენად სწრაფად შეგვიძლია იდეების გენერირება და ეს უნარი შეგვიძლია განვავითაროთ მარტივად – თამაშით. შეგვიძლია უფრო სწრაფად ფიქრში ვივარჯიშოთ. მეტი სისწრაფე და ასეთი სახის პროდუქტიულობაა გენიოსობის კრიტერიუმი. „გონებრივი იერიშის“ მეთოდის ხშირი გამოყენება სწრაფად ფიქრს ნამდვილად მიგვაჩვევს, თუკი მისთვის განკუთვნილ დროს გაკვეთილსა თუ წერის ლექციებზე თანდათან შევამცირებთ და დამატებით სხვა აქტივობას დავუკავშირებთ. მაგალითად, მოვიფიქროთ თამაში: „რა დევს ბრინჯის ყუთში?“

თამაშის აღწერა: კლასი დავყოთ ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფში მოვაწყოთ, ე.წ. სენსორული ზონა, მაგალითად, მაგიდის შუაში ჩავდგათ ბრინჯით სავსე ყუთი (თუმცა ბრინჯი შეიძლება ჩავანაცვლოთ სიმინდით, ქვიშით ან თუნდაც ლობიოთი). ყუთში ვმალავთ საგანს, რომელიც შეიძლება იყოს ლეგოს ნაწილი, ბარათი მითითებით, მარკერი, ცარცი, მიწით სავსე კოლოფი და ა. შ.  გუნდის წევრებს ეძლევათ ორი წუთი თავიანთი იდეების ჩამოსაწერად. გამარჯვებული ის ჯგუფია, რომელიც მეტ იდეას წარმოადგენს. (გაგრძელებაზე – ქვემოთ)

ნაბიჯი მეორე – ვისწავლოთ ორიგინალურად ფიქრი

 მომდევნო ნაბიჯი ფიქრების ორიგინალურობაა. თუ ვინმე იკითხავს, რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ცარცი ან მარკერი, რომელიც ყუთში ვიპოვეთ ან საკიდი და ვუპასუხებთ, რომ დაფაზე წერისთვის ან ქურთუკის დასაკიდებლად, ეს ვერ იქნება ჩვენი მაღალი კრეატიულობის საზომი. კრეატიულობა იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ „საკიდის გამოყენებით შეიძლება კოსმოსური ხომალდის საწვავით ავსება მთვარეზე გასაფრენად, თუ, ვქვათ, საკიდის შემადგენელ მოლეკულებს გამოვყოფდით და რაიმე საწვავად გარდავქმნიდით. ეს უჩვეულო და ექსტრავაგანტულია და ასეთი აზროვნება ცნობილია, როგორც ყუთს გარეთ აზროვნება“. ეს – ტონი ბაზანის თქმით. მის კვალდაკვალ კი აჯობებს, მოსწავლეებს ვკითხოთ, რისთვის შეიძლება გამოიყენონ მარკერი, ცარცი ან ლეგოს სხვადასხვა ნაწილი ცალ-ცალკე და ერთად. თუკი ისინი გვიპასუხებენ, რომ – თამაშისა ან თუნდაც სენსორული შიმშილის დასაკმაყოფილებლად, ცხადია, ვერც ეს იქნება კრეატიულობა და თუ რატომ, საკუთარი თავის გამოსაწვევად თითოეული ჩვენგანი ჯერ კარგად დავფიქრდეთ, მერე კი პასუხები წერილის ბოლოს, კომენტარებში ერთმანეთს გავუზიაროთ. ამით ხომ ერთმანეთსაც გავამდიდრებთ, აღსაზრდელებსაც და  დანარჩენს მკითხველსაც!

ნაბიჯი მესამე – აზროვნების მოქნილობა

მომდევნო ნაბიჯი აზროვნების მოქნილობაა. მოსწავლეებისთვის ხშირად მითქვამს, რომ ზეპირი თუ წერითი აზროვნებისთვის ფრესკული/ცალსახა აზროვნება დამღუპველია. არადა, ადამიანებს გვახასიათებს მხოლოდ ერთი მიმართულებით ფოკუსირება და ეს მიმართულებაა – „მე ვფიქრობ“, „მე მიმაჩნია“. სინამდვილეში უნდა ვფიქრობდეთ, რამდენი მხრიდან, რამდენი პერსპექტივიდან შემიძლია ამის დანახვა. ყველას გვახსოვს, ალბათ,  ვორმსის ტაძრის ქანდაკება „ქალი – მიწა“[1], რომლის წინა მხარეს მოთავსებული მშვენიერება გველებ- თუ ჯოჯომოხვეული ზურგით აღიქმება ერთ მთლიანობად.  კარგად დავათვალიეროთ ყუთებში ნაპოვნი საგნები, ვნახოთ სახლი, დოქი, ქვევრი ან ნიჟარა, რომლებიც გარედან ძალიან მოგვწონს და ვიპოვოთ გზები, რომლებითაც ყველა მხრიდან რეალურად შეიძლება მათი დანახვა. შემოქმედებითი ძალის გასაცოცხლებლად ძალიან დაგვეხმარება სხვადასხვა პერსპექტივიდან თამაშის სწავლა-სწავლება.

ნაბიჯი მეოთხე – წარმოსახვა და ასოციაცია

 წარმოსახვა შემოქმედებითი აზროვნების სულია და მას კრეატიულად მოაზროვნე ყველა დიდი ადამიანი მიმართავს, ვინც დაბრკოლებების მიუხედავად, ხედვას გზას უხსნის და მირაჟების მანამ სჯერა, ვიდრე ისინი გაქრებიან[2]. წარმოსახვა და ასოციაცია ორი მთავარი, საკვანძო სიტყვაა კრეატიული აზროვნების აღსანიშნად. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვწეროთ კრეატიულად? ჯერ უნდა აღმოვაჩინოთ ასოციაცია და საგნებს შორის კავშირი. ეს არის ახლის შექმნის უნარი, წერისთვის ასე საჭირო და მნიშვნელოვანი, რომლის სწავლება და ათვისება ბავშვობის ასაკიდავნე შეიძლება.

თუკი ყველა ეს ნაბიჯი უკვე გადავდგით,  ინსტრუმენტებსაც მივუახლოვდით და გავაცნობიერეთ, რომ კარგად წერა შემთხვევითობად ვერ ჩაითვლება. ამ პროცესის წარმატებისთვის კი მნიშვნელოვანია სხვა მენტალური პროცედურის გავლაც. ისინი სტრატეგიებია, რომელთაგან რამდენიმეს მომდევნო ნაწილში აუცილებლად შემოგთავაზებთ.

თქვენი კომენტარების ზონაკიდევ ერთი ნაბიჯი წერისკენ

 

_____________________________________________________________________________

 

_____________________________________________________________________________

 

 

 

 

 

[1] გერმანია, მე-14 საუკუნე. ეს არის ევროპაში შუა საუკუნეთა კულტურის ერთი დამახასიათებელი ქანდაკება, რომელსაც წინ თუ შეხედავ, თვალ-ტანად ტურფა დედაკაცს იხილავ; მაგრამ უკანიდან, მის ტანზე – ტერფიდან თავამდე – მოფენილი არიან ჯოჯოები და გველები (ვიქტორ ნოზაძე, ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება, თბ.,1962).

[2] იხ. ჩვენი წერილი, წარმოსახვა აზროვნებაში, პირობითად – Fata Morgana, ამავე ინტერნეტგაზეთში, 2017,  https://mastsavlebeli.ge/?p=14083

 

 

შიში და განათლება

0

ნუ გეშინიათ, დატოვოთ თქვენი კომფორტის ზონა. აკეთეთ ის, რაც შეუძლებლად მიგაჩნიათ, ამოაყირავეთ თქვენი იდეებიისწავლეთ ის მოქმედებები, რომლებიც ავტომატურ შემდეგ ნაბიჯსარ გთავაზობთჩაატარეთ ექსპერიმენტები და მანამდე უხილავ უამრავ შესაძლებლობას აღმოაჩენთ თქვენ ირგვლივ…”

Tina Seelig, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი

მას შემდეგ, რაც ჩვენი ცნობიერი ცხოვრება იწყება, ყველაზე მძაფრად ჩვენში იჭრება „შიში“ – დაუპატიჟებლად აღებს ცნობიერების კარს და იქ სამუდამოდ სახლდება. განათლება და კულტურა ყოველდღე კვებავს ამ შიშის ნერგს, უსხამს წყალს და აძლიერებს. ამიტომაც „შიშს დიდი თვალები“ უხდება და ის იწყებს ჩვენს მართვასა და კონტროლს. ეკლესია ნერგავს ღვთის შიშს, სკოლა – შეცდომის შიშს, ოჯახი – მომავლის შიშს, პოლიტიკა – გაურკვეველ შიშს… იზრდებიან, მრავლდებიან  და ყვავილობენ ჩვენში შიშის მცენარეები, სარეველებივით მოსდებიან ცნობიერებას და გასაქანს არ აძლევენ.

ბავშვებს „ბუათი“, „გუდიანი კაცით“, „შავი კაცით“ აშინებენ, რომლებიც მოდიან და მიჰყავთ ბავშვები, თუ დროზე არ ჭამენ, თუ დროზე არ დაიძინებენ, თუ კარგად არ მოიქცევიან…

შიშის ბუდეა თანამედროვე სკოლა, ხოლო მასწავლებლები – შიშის დამნერგავები, დამშინებლები… კარგად მოიქეცი, თორემ მშობელს ვეტყვი; ისწავლე, თორემ… სისტემა, რომელიც დღემდე ძალადობას და იძულებას ეფუძნება (ფიზიკური ძალადობის ჩათვლით: ყურის აწევა, თავში წამორტყმა, სახეში შემოლაწუნება და სხვა).

დღემდე მასწავლებლები თავს იმყარებენ დავით გურამიშვილის „სწავლა მოსწავლეთას“ იდეებით:

„ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი“ ან: „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“. სისტემა ცოდნის გადაცემაზე კი არა, შეცდომებზეა ორიენტირებული. სკოლის მთავარი ფრაზებია: „შეცდომა არ დაუშვა“, „უშეცდომოდ დაწერეთ“, „შეცდომების გასწორება“ და სხვა.

შიშით შეპყრობილი მოსწავლე ხდება მართვადი და როცა დაემუქრებიან, რომ „კლასში დარჩებიან“, ან უნივერსიტეტში „საგანი შეეტენებათ“, ავტომატურ რეჟიმში იწყებენ „გამოცოცხლებას“ და ცოდვილობას, რომ როგორმე გაათრიონ კიდევ ერთი საგანი, ჩააბარონ კიდევ ერთი გამოცდა. გამოცდის შიში – ეს კიდევ უფრო სხვა ფენომენია, იმდენად ძლიერი და უნივერსალური, რომ მეტაფორა „ცხოვრება – გამოცდაა“ – სწორედ ამ გამოცდების სიმწარეს ეფუძნება. ერთხელ თუ მაინც ამ მეტაფორის ლინზით შეგიხედავთ ცხოვრებისთვის, მიხვდებით, რამხელა ტანჯვაა. ქრისტიანული სარწმუნოებაც ხომ ამაში გეხმარებათ, დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერი გამოცდაა, სამოთხეში მოსახვედრად დაწესებული…

და რა არის ასეთი სისტემის შედეგი, პროდუქტი? – შიშზე დამყნობილი კოლექტიური ცნობიერება, ანუ მომავალი მართვადი და მორჩილი მოქალაქე.

და ისმის კითხვა: სად არის ცხოვრება და ადამიანი ამ შიშით მართული ავტომატიზმის პირობებში? სად არის შემოქმედი, ღვთის სახედ და ხატად შექმნილი ინდივიდი? სად არის სიხარული და ცოდნის ზეიმი…?

ამგვარი განათლება წარმოშობს ტანჯვაზე დაფუძნებულ კულტურას და ორივე ერთად განაპირობებს ჩვენს მოსაწყენ და შეზღუდულ რეალობას, რომელშიც ყველას სული ეხუთება, მაგრამ არავინ ცდილობს, ჟანგბადი და სუფთა ჰაერი შემოიტანოს სისტემაში. განათლების მინისტრები, რომლებიც ერთობ კარიკატურულები გახდნენ ბოლო დროს, მოდიან და მიდიან, განათლების სისტემა არც მანამდე აღელვებდათ და არც მერე აღელვებთ.

ნორბერტ ბოლცი სტატიაში: „ვის ეშინის ფილოსოფიის?“  წერს: „ალან ჩარლზმა და ჰერეი სილვერგლეიტმა თავისუფლების აკადემიური ღალატის შესახებ ერთ შთამბეჭდავ, სუნთქვისშემკვრელ რეპორტაჟში თანამედროვე უნივერსიტეტი თავისუფალი საზოგადოების უდიდეს მტრად მონათლეს, ვინაიდან ის სტუდენტებს აღარ ექცევა, როგორც ინდივიდებს, არამედ მხოლოდ – როგორც ჯგუფური იდენტობების განსახიერებებს, და მათ ამის შესაბამისად ჯგუფური წესით ასწავლის.

სულის ახალი ინჟინრები ენობრივი კოდებით, ჯგუფური იდენტობის გაძლიერების განაწესებით და „sensitivity”-ის და „awareness”-ის ტრენინგ-კამპით (Camp – აღნიშვნის ციფრული კოდური სისტემა) მუშაობენ. ვინც სიტყვა „ინდივიდს“ იყენებს, მაშინვე ეჭვს აღძრავს, რომ ის ჯგუფის წმინდა სულის წინაშე სცოდავს…“ (თარგმნა დათო ბარბაქაძემ, გამომცემლობა „კალმოსანი“).

უნივერსალური კრიზისი განათლების სისტემაში, რომელშიც მეტნაკლებად მთელი სამყაროა ჩართული, ეფუძნება სწორედ კოლექტიურისა და ინდივიდუალურის პრობლემას. ამიტომ იყო თანამედროვე განათლების ექსპერტი კენ რობინსონი  ამბობდა: თანამედროვე განათლება კლავს შემოქმედებითობასო! შეგიძლიათ ლექცია მოისმინოთ ამ ლინკზე: https://www.ted.com/talks/ken_robinson_says_schools_kill_creativity?language=ka

 

სკოლა ზრდის ჯარისკაცებს, მეომრებს, მებრძოლებს…. რადგან მოქალაქე უნდა ემსახუროს სამშობლოს, დაიცვას სამშობლო, იბრძოლოს წარმატებისთვის, იყოს კონკურენტუნარიანი სამსახურის მოპოვებაში, კარგად გაყიდოს საკუთარი შესაძლებლობები. ამ ყველაფერს კი ნამდვილად სჭირდება მეომრის და ჯარისკაცის სულისკვეთება. „ცხოვრება ხომ ბრძოლაა“, ბრძოლაში კი ვიღაც უნდა დაამარცხო, მოკლა, გადათელო… ისე ვერ გაიმარჯვებ. თითქოს ეს სამყარო მხოლოდ გამარჯვებულებს ეკუთვნოდეთ. კლასიც ხომ ასეა დაყოფილი: ყოჩაღებად და ზარმაცებად… მასწავლებლებს უყვართ ყოჩაღები და არ უყვართ ზარმაცები. სიყვარული ხომ ასხვავებს… ზარმაცის სიყვარული არ შეძლება. აი, გახდეს ყოჩაღი და მასაც შეიყვარებს მასწავლებელი, მშობელიც შეიყვარებს და არა მარტო შეიყვარებს, არამედ იამაყებს კიდეც მისით.

და ამ სისტემაში მითხარით, სად არის ადამიანი, შემოქმედი ადამიანი, თავისუფალი ადამიანი, ბედნიერი ადამიანი? ისევ ბოლცის სტატიიდან მოვიყვან ციტატას: „სწავლით აღტაცება, სტუდენტთა გაცისკროვნებული თვალები – ეს ყველაფერი ხომ რა ხანია წარსულს ჩაბარდა…“

ყველაფერი ისეა, როგორც Pink Floyd-ის სიმღერის Another Brick In The Wall -ის ტექსტში:
We don’t need no education.

We don’t need no thought control.

No dark sarcasm in the classroom.

Teacher, leave those kids alone.

Hey, Teacher, leave those kids alone!

All in all it’s just another brick in the wall.

All in all you’re just another brick in the wall.

 

პ.ს. წერილი ეხება სისტემას და არა კონკრეტულ მასწავლებელს, მით უფრო არ ეხებათ კარგ მასწავლებლებს, რომლებიც ნამდვილად არსებობენ!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...