კვირა, ივნისი 7, 2026
7 ივნისი, კვირა, 2026

 მოსწავლეთა ინტერესის მართვის პრაქტიკული ასპექტები   

0

ინტერესი რისამე გაგების, გაცნობის, შესწავლის სურვილი,  მიზანი, მისწრაფება და  მოთხოვნილებაა, რომელიც  უზრუნველყოფს პიროვნების ჩართულობას შემეცნების პროცესში. ეს ინსტინქტია, რომელიც გარკვეულ მომენტში აღძრავს კონკრეტული საქმიანობის სურვილს, რომლის დაკმაყოფილებისას ინტერესი კიდევ უფრო ღრმავდება და  ახალი ინტერესებს წარმოშობს, ამიტომ რაც უფრო მძაფრია ინტერესი, მით უფრო მეტად ინტენსიურად ცდილობს ადამიანი მის დაკმაყოფილებას, მით მეტად აქტიურადაა ჩართული ინტერესის დაკმაყოფილებისა და საინტერესოს შემეცნების პროცესში.

ზოგადად ინტერესი რამდენიმე სახისაა:

  • უშუალო, პირდაპირი ინტერესი, რომელიც გამოწვეულია ობიექტის გარეგნული იერ-სახით;
  • და არაპირდაპირი ინტერესი, რომლის დაკმაყოფილებისთვის გარკვეული საქმიანობის გაწევაა საჭირო.

უშუალო და არაპირდაპირი ინტერესი შეიძლება დაიყოს:

უშუალო – როდესაც ინტერესი მიმართულია თავად საქმიანობის პროცესზე, შემოქმედებაზე, რომლის მიზანია რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილება;

არაპირდაპირი – როდესაც ინტერესს იწვევს საქმიანობის შედეგები: განათლების ცენზი, პროფესიის შეძენა, საზოგადოებრივი მდგომარეობა, ანუ ერთგვარად  ცხოვრებისეული მოთხოვნილებები.

ინტერესში შეიძლება გამოიყოს:

  • პასიური, ანუ განსჯის, დაფიქრების პერიოდი;
  • აქტიური – ქმედების პერიოდი.

მასშტაბის მიხედვით ის შეიძლება იყოს:

  • ფართო – როდესაც ბევრია დაინტერესებული ღრმად გაიაზრონ რაიმე;
  • ვიწრო – რომლის საფუძველია  უბრალო ცნობისმოყვარეობა.

სიღრმის მიხედვით:

ღრმა – როდესაც ადამიანი მიისწრაფვის ღრმად „შეიჭრას“ საგნის შიგნით მის შესამეცნებლად;

ზედაპირული –  როდესაც ინტერესი ზერელეა;

სამყაროს, სიმტკიცის მიხედვით ინტერესი შეიძლება იყოს:

მდგრადი – როდესაც ხდება საკუთარი როლის გაცნობიერება და აღიარება, რომ ამის გაკეთება (ინტერესის დაკმაყოფილება) აუცილებელი და საჭიროა;

არამდგრადი – ის, რაც მდგრადის საწინააღმდეგოა (ის დამახასიათებელია მოზრდილებისა და ბავშვებისთვის).

გამომდინარე იქედან, რომ ინტერესი მრავალგვარია, თავის მხრივ, წარმოიშობა ინტერესის კატეგორიის პრობლემის გადაჭრის მოთხოვნილება. ასეთ შემთხვევაში ადვილია ინტერესთან დაკავშირებული ყველა სფეროს საქმიანობა, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემის, რადგან განათლება უპირველეს ყოვლისა მიმართულია პიროვნების განვითარებისკენ, მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების გააქტიურებისკენ, დამოუკიდებელი მუშაობის მეთოდების ათვისებისკენ, თვითკონტროლისკენ, სწავლის აქტიური ფორმების და მეთოდების გამოყენებისკენ, რომელიც შესაბამისი ინტერესების გარეშე ვერაფრით მიიღწევა.

მოსწავლეთა ინტერესი ძალიან მრავალგვარია, რომელთა ზოგადი  კლასიფიკაცია შემდეგი პრინციპის მიხედვით ხდება. მათ აინტერესებთ:

  • შინაარსი (რისკენაა მიმართული);
  • მატერიალური სარგებლიანობა;
  • საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხასიათი;
  • პროფესიული და შრომითი საქმიანობა;
  • შემეცნებითი ფორმა – სასწავლო, სპეციალური, სამეცნიერო;
  • ესთეტიკა;
  • მკითხველი;
  • სპორტი და
  • ა.შ.

ინტერესის  ეს ნიშნები  იჭრება ერთმანეთში და ერთ მთლიან სისტემას ქმნის, რომლის საერთო მიზანი შემეცნებითი პროცესის – ინტერესის დაკმაყოფილებას – ემსახურება.  მაგრამ თუ გარემომცველი სამყაროდან ადამიანი  ირჩევს  არა ყველა ობიექტს, არამედ მხოლოდ მას, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ „მნიშვნელოვანი“  და „საჭირო“  მხოლოდ  ინტერესის ფორმაა  მოსწავლისთვის, რადგან შემეცნებითი ინტერესი გაცილებით ღრმაა და ის პიროვნების შინაგანი მდგომარეობის გამოვლინებაა. მისი ფასი ის გახლავთ, რომ პიროვნება ინტელექტუალურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, ის ელოდება ახალს, ინტელექტუალურ სიხარულს, წარმატებას. შეუძლებელია ადამიანის შემეცნებითი ინტერესის გარეშე  პიროვნული განვითარება.

 

შემეცნებითი ინტერესის გაღვივება მოსწავლეებში სხვადასხვა კუთხით შეიძლება გამომჟღავნდეს. პედაგოგიკის თეორიაში ძირითადად მითითებულია, რომ ის წარმოადგენს მოსწავლის შინაგან სტიმულს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული მისი აქტიურობა, მასწავლებელს მისი დახმარებით ადვილად შეუძლია მოსწავლის მოტივირება, სწავლის  შედეგების ამაღლება, სწავლებაში იმ ასპექტების გამოყოფა, რომელსაც შეუძლია მოსწავლის ყურადღების მიპყრობა და აზროვნების გააქტიურება.

მეტწილად მოსწავლეთა  ინტერესის ფორმირება ორ საკითხს უკავშირდება:

  1. მოსწავლის შემეცნებით სამყაროზე მეცნიერების მიღწევათა ასახვას, მის მიმართ ინტერესის გამოხატვას;
  2. ცოდნის შეძენის პროცესში მხარდაჭერას, სწავლისა და ცოდნის შეძენის მიმართ დამოკიდებულების განმტკიცებას, რომელიც აღუძრავს მოსწავლეს ცოდნის დაუფლების სურვილს.

ძირითადად მოსწავლის შემეცნებითი ინტერესის დაკმაყოფილება  ხდება:

  • სახელმძღვანელოების შინაარსით;
  • სასწავლო პროცესის ორგანიზებით;
  • მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაციური პროცესით.

ეს დეტალები  სტიმულების  ფართო სპექტრს წარმოშობენ,  ავითარებენ ინტერესს და ხელს უწყობენ მის დაკმაყოფილებას. მაგრამ არის ინტერესის გაზრდის კიდევ ერთი  საინტერესო გზა,  როგორიცაა ისეთი გაკვეთილზე სიტუაციების შექმნა, რომელიც მოსწავლეს  საშუალებას მისცემს:

  • გამოხატოს საკუთარი აზრი;
  • დარჩეს საკუთარ აზრზე;
  • მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებსა და განხილვებში;
  • დაუსვას შეკითხვები თანაკლასელებს და მასწავლებელს;
  • გააკეთოს რეცენზია თანაკლასელის ნაშრომზე, მიიღოს მონაწილეობა მათ სწავლა/სწავლებაში;
  • აუხსნას შედარებით სუსტ მოსწავლეებს მათთვის გაუგებარი ადგილები სახელმძღვანელოს ტექსტიდან;
  • მოიძიოს დავალების შესრულების  ალტერნატიული გზა;
  • შეასრულოს შემეცნებითი ხასიათის დავალება და გადაჭრას პრობლემა;
  • შეაფასოს საკუთარი თავიც და სხვებიც;
  • გამოიყენოს სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნიკური საშუალებები.

ინტერესის გამოხატვის სხვადასხვა დონე არსებობს, რომლის მიხედვით მასწავლებელს შეეძლება თვალი ადევნოს მოსწავლის განვითარებას, რამდენადაც დაინტერესება სწავლის შედეგის პირდაპირპროპორციულია.

ინტერესის გამოხატვის I დონეა, როდესაც მოსწავლე ცდილობს დაიმახსოვროს, გაიგოს და გამოიყენოს ცოდნა, დაეუფლოს მისი გამოყენების გზებს. ამ ეტაპს შეესაბამება ინტერესის „არამდგრადობა“, როდესაც მოსწავლე არ ინტერესდება ცოდნის სიღრმით და არ იყენებს შეკითხვის ტიპს: „რატომ?“

ინტერესის გამოხატვის II დონეა, როდესაც მოსწავლე მიისწრაფვის შესწავლილი მასალის გამოვლენისკენ, როდესაც გამოხატავს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების სურვილს, აკეთებს შედეგების ინტერპრეტაციას. ამ ეტაპს შეესაბამება ინტერესის მკვეთრად გამოხატული „მდგრადობა“, როდესაც მოსწავლე ცდილობს, მიიყვანოს დაწყებული საქმე ბოლომდე, არ უშინდება სიძნელეს და ეძებს პრობლემის გადაწყვეტის გზას.

III  დონეა  – შემოქმედებითი ეტაპი, როდესაც მოსწავლის ინტერესი  არამარტო უბრალოდ იჭრება მოვლენათა „სიღრმეში“, არამედ ის ცდილობს ამ მიზნით ახალი საშუალებების მოპოვებას.  ამ ეტაპზე ინტერესის ყველა თვისება ჯაჭვური რეაქციის სახით გამოვლინდება და მოსწავლის  წინარე ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი ცოდნის სინთეზის ეტაპად გარდაიქმნება.

 

მაგრამ ერთია მოსწავლის ინტერესის გამოწვევა გაკვეთილზე და მეორეა მისი განვითარება, რომლისთვისაც მასწავლებელმა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები და ფორმები უნდა გამოიყენოს.  ამ დროს, ცხადია, გათვალისწინებულია   სწავლების შინაარსი, თემის შინაარსი, აქტუალურობა და ასაკობრივი თავისებურებები.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს შემოქმედებით საქმიანობაში გამოვყოფდი შემდეგ მიმართულებებს:

  • სახელმძღვანელოსთან მუშაობას (ესაა პროცესი ტექსტის კითხვიდან და ელემენტარულ კითხვებზე პასუხების ძიებიდან გაკვეთილის დიდი ნაწილის დამოუკიდებლად შესწავლამდე);
  • სამუშაო რვეულების წარმოებას (საშინაო დავალებების აუცილებლად შემოწმება);
  • წყაროებზე მუშაობას (პროცესი ისტორიულ წყაროების ანალიზიდან პროდუქტიული, შემოქმედებითი დავალებების დამოუკიდებლად შესრულებამდე);
  • დავალებების შესაბამისი მოსწავლეთა ორგანიზაციის ფორმას (ინდივიდუალური და ჯგუფური);
  • ისტორიის შესწავლის სხვადასხვა ხერხების და გზების გამოყენებას (წყაროზე მუშაობის სხვადასხვა მეთოდები) და ა.შ.

მოსწავლეთა ინტერესის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება დაწყებითი საფეხურის  V-VI კლასებში და მომდევნო საფეხურის – საბაზო – საწყის ეტაპზე. პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ამ პერიოდებში მოსწავლეებს შეუნარჩუნდებათ ისტორიის მიმართ ინტერესი, ის გაჰყვებათ მომდევნო საფეხურზეც.

პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე V-VI-VII კლასებში ინტერესის განვითარებისკენ მიმართული პრაქტიკული საგაკვეთილო საქმიანობა და ინტერესის მართვის სტრატეგიები  ასეთი სურათს გვაძლევს:

 

V კლასი VI კლასი VII კლასი
– გაკვეთილის  ტექსტის უმეტესი  ნაწილის წაკითხვა და შემეცნებითი ხასიათის  კითხვებზე პასუხის გაცემა;

–  სავარჯიშოების შესრულება, როგორიცაა: სურათის აღწერა, კროსვორდების შევსება, ჩანახატების წარმოდგენა და სხვ.

– სხვადასხვა სახის პრეზენტაციის მომზადება, მაგალითად, „ჩემი მშობლიური მხარე“, „ჩემი საყვარელი დასვენების ადგილი“ და ა.შ.

– ფიზიკურ და სხვ. სახის რუკებზე მუშაობა და დასახელებული ობიექტების მოძებნა;

– თამაშის გამოყენება გაკვეთილზე;

– წერილობითი და ნივთიერი წყაროების გაანალიზება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

– გაკვეთილის ტექსტზე მუშაობა და ტექსტის ბოლოში დასმულ შეკითხვებზე  პასუხი;

– მოთხრობების შედგენა სახელმძღვანელოს სურათების მიხედვით;

–         და ა.შ.

–  გაკვეთილის თითქმის ½ -ის დამოუკიდებლად სწავლა;

– მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება და სინქრონიზება;

– დრო რომ არ დაიკარგოს, თანაკლასელების პასუხის დროს დანარჩენებს  შეუძლიათ სამუშაო რვეულებში მუშაობა;

– შედარებების  გაკეთება (ცხრილები), გეგმების მომზადება  – ჯერ მარტივი გეგმების, შემდეგ, წლის ბოლოს –  რთულზე მუშაობა;

– მუშაობა ისტორიულ პერსონალიებზე;

– მოთხრობების შედგენა სხვადასხვა თემაზე, ისტორიული მოვლენების მოდელირება;

– გენეალოგიური ცხრილების მომზადება;

– ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებებისა და თარიღების  ამოწერა;

– მასწავლებლის მონათხრობის მიხედვით მოთხრობის შედგენა.

 

– გაკვეთილის  დიდი  ნაწილის  დამოუკიდებლად სწავლა;

– სამუშაო რვეულების დამოუკიდებლად წარმოება;

– სხვადასხვა გეგმისა  და ცხრილის შედგენა;

– დავალებების დამოუკიდებლად არჩევა;

– ისტორიული რუკებისა და წყაროების  ერთმანეთთან და  ისტორისკოსთა შეხედულებებთან  შედარება;

– შემოქმედებითი დავალებების შესრულება, ჯგუფური მუშაობის ფორმების მოძიება;

– ზეპირი პრეზენტაციის მომზადება წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით.

 

 

სწორად წარმართული სასწავლო პროცესი,  სათანადო მეთოდური მიდგომები  და მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე და მოტივაციაზე ორიენტირებული სწავლება  თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების ადეკვატური და წარმატებული შედეგების მანიშნებელია.

 

 კლასის საათის შესახებ

0

კლასის საათის ჩატარებას განსაკუთრებული ორგანიზებულობა სჭირდება, რათა მოსწავლემ ამ დროს დახარჯული წუთები დაკარგულად არ ჩათვალოს და სამომავლოდ დაიჯეროს, რომ მისი აქ ყოფნა ნამდვილად საჭიროა.

დამრიგებელი მოსწავლეებს ეხმარება სკოლასთან და გარემოსთან ადაპტაციაში, უყალიბებს ჯანსაღ ღირებულებებს. შეხვედრებზე ხდება საჭირო და მოსწავლეთათვის საინტერესო თემების განხილვა. თავდაპირველად მასწავლებელს დიდი ძალისხმევა სჭირდება პროცესის სამართავად, სანამ მოსწავლეები არ გაითავისებენ ასეთ შეხვედრებზე დასწრების აუცილებლობას და არ ისწავლიან ქცევის წესებსა და მიმდინარეობის თავისებურებებს. მათ აუცილებლად უნდა ავუხსნათ, რომ აქ ვინმეს განსჯას და გასამართლებას კი არ ვაპირებთ, არამედ კონკრეტულ  შემთხვევებზე ვმსჯელობთ და ვსახავთ გამოსწორების გზებს.

თავდაპირველად უნდა დავიწყოთ ქცევის წესების შემუშავებით. ვიმსჯელოთ მათთან ერთად. საუბარი მეტად მშრალი და ზერელე რომ არ გამოგვივიდეს, ქცევის წესები ამკრძალავი ნიშნებით გავაცოცხლოთ. ეს ნიშნები შეიძლება იყოს:

 

 

მივცეთ საშუალება იმსჯელონ ამ ფოტოების შესახებ, თამამად გამოთქვან აზრები. ბოლოს მათი აზრებიდან ამოვარჩიოთ საუკეთესოები და გამოვაკრათ თვალსაჩინო ადგილას. დავიმახსოვროთ: წესი არ უნდა იყოს ბევრი.

ამ ყველაფრის შემდეგ გადავიდეთ ამ კონკრეტული კლასის საათის იმ ნაწილზე, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ – წიგნთან სწორი ურთიერთობის წესებზე. აქ გამოვიყენოთ საგზაო მოძრაობის ნიშნები:

  1. გადაშალე

;

2. გადაფურცლე

;

;

ვაჩვენოთ შემდეგი სურათი:

.

 

მივცეთ საშუალება, იმსჯელონ და დადებითი განწყობა ჩამოუყალიბდეთ კლასის საათის მიმართ.

დასასრულ, შეგვიძლია მათთან ერთად დავგეგმოთ შემდეგი შეხვედრის თემა.

 

ავხსნათ შემდეგნაირად: ,,ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის“.

ამის შემდეგ მათ აუცილებლად გაუჩნდებათ დადებითი განწყობა. მივცეთ მათ აზრის თავისუფლება. ამ დღესვე გამოვაკრათ ქცევის წესები და ხშირად შევახსენოთ, რომ ეს მათთან ერთად არის შემუშავებული.

სადამრიგებლო საათის ბოლოს, სასურველია, მოსწავლეებისგან მივიღოთ უკუკავშირი. ეს  მიდგომის გამოყენება სასურველია დაწყებით საფეხურზე.

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს თანაგრძნობა საკლასო ოთახში

0

გამუდმებით იმაზე ზრუნვისას, მოსწავლეები გამოცდებისთვის მოამზადონ და რაც შეიძლება მეტი ცოდნა გადასცენ, მასწავლებლებს ხშირად ავიწყდებათ ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ღირებულებებზე საუბარი.

საკლასო ოთახში თანაგრძნობის შესახებ პროექტის იდეა მირანდა მაკკერნიმ გამიზიარა, რომელიც 2015 წელს კონფერენციაზე გავიცანი. მირანდა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორია და ასეთი რამ მითხრა: მხატვრული ლიტერატურის კითხვა მოსწავლეებს შესანიშნავად უვითარებს ფანტაზიას, ნამდვილი ამბებისა და ადამიანების გაცნობა და მათზე საუბარი კი – ემპათიის გრძნობას; ასწავლის, როგორ უთანაგრძნონ სხვებს.

თავდაპირველად ჩვენს სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის საპილოტე გაკვეთილი ჩავატარეთ, სადაც ემპათიის გასაღვიძებლად და საკითხის უკეთ გასაგებად ვესაუბრეთ პატარებს იმაზე, რა არის ომი, კონფლიქტი და საკუთარი სახლიდან სხვა ქვეყანაში თავშესაფრისთვის გახიზვნა.

ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა: „მეგონა, ლტოლვილები ჩვენნაირები არ იყვნენ, ახლა ასე აღარ ვფიქრობ“. მეორემ გამანდო, რომ ლტოლვილების შესახებ საუბრისას მიხვდა, რა სასტიკია სამყარო, რომელშიც ცხოვრობს და როგორ შეიძლება, ერთ დღესაც ყველანი საშინელ საფრთხეში აღმოვჩნდეთ.

საპილოტე გაკვეთილის შემდეგ ჩემი სკოლა ახალ პროექტში ჩაერთო. ეს გახლავთ ნაწილი კამპანიისა, რომელიც მიზნად ისახავს, მოსწავლეებს ერთმანეთთან, სკოლასა და გარემოსთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში დაეხმაროს. პროექტის ფარგლებში რამდენიმე მოხალისე მასწავლებელმა მოვუწოდეთ სხვა მასწავლებლებს, ეფიქრათ თავიანთი მოსაწავლეების მეგობრობის, სტრესის მიზეზების, ბულინგისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ და დახმარებოდნენ მათ საჭირო დროს. მეოთხეკლასელებმა ყველაზე მეტი ყურადღება ლტოლვილებს დაუთმეს. ჩვენ გავეცანით თანამედროვე ლიტერატურას ამ თემაზე, ბევრი ვიკვლიეთ და გავაცნობიერეთ, ვინ არიან ლტოლვილები და მიგრანტები, რა პრობლემები აქვთ მათ და რა გამოწვევების წინაშე დგანან.

პროცესმა ჩემს მოსწავლეებზე მყისიერი და ძლიერი გავლენა მოახდინა. შინ დაბრუნებისთანავე უკლებლივ ყველა ესაუბრა მშობლებს, მერე კი მთხოვეს, კლასის კრება ჩამეტარებინა, რომ უფროსებთან ერთად მოეფიქრებინათ, როგორ დახმარებოდნენ ლტოლვილებს. ისინი ამბობდნენ, რომ მანამდე თავს არიდებდნენ ლტოლვილების შესახებ ინფორმაციას, ამიერიდან კი გულწრფელ ყურადღებას დაუთმობდნენ.

სკოლის ადმინისტრაციამ ღია გაკვეთილსაც გაუწია ორგანიზება. მომხსენებლებად საერთაშორისო ორგანიზაციების, Amnesty International-სა და Great Yarmouth Refugee Outreach Support-ის თანამშრომლები მოვიწვიეთ, რომლებიც თემას საფუძვლიანად იცნობდნენ. მოსწავლეებმა მათ ბევრი კითხვა დაუსვეს და ბოლოს, საკუთარი ინიციატივით, წერილები გაუგზავნეს სირიელ ლტოლვილ თანატოლებს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კიდევ ერთი გამოწვევა დავუსახეთ – დავავალეთ, დილით შინიდან წამოეღოთ მხოლოდ ის ხუთი ნივთი, რომლებსაც ყველაზე საჭიროდ მიიჩნევდნენ და ის ღამე სკოლაში გაეთიათ. მეორე დილით ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ძალიან მძიმე ღამე გადაიტანეს და ეს ნივთები სრულიად არ იყო საკმარისი ცხოვრებისთვის. ძალიან რთული აღმოჩნდა თავად ნივთების არჩევის პროცესიც და ბავშვები მიხვდნენ, რომ ლტოლვილობა წარმოუდგენლად ძნელია. „მე ყოველთვის თანავუგრძნობდი ლტოლვილებს, უბრალოდ, არ ვიცოდი, რა დამერქმია ამისთვის ან როგორ გამომეხატა ეს“, – მითხრა ერთ-ერთმა მოსწავლემ.

პროექტი მთელი წელი გაგრძელდა. ჩვენ მას კვირაში სამ საათს ვუთმობდით. ამ ყველაფერმა ძალზე დადებითად იმოქმედა მოსწავლეების ემოციებზე, შეცვალა მათი დამოკიდებულება ერთმანეთთანაც და ლტოლვილებთანაც, ისინი უფრო კეთილები, მიმტევებლები გახადა და არაერთ საკთხზე დააფიქრა. წარმომიდგენია, როგორ გაახარა მათმა წერილებმა სირიელი ბავშვები…

სექტემბრიდან, პროექტი უკვე სხვა საკლასო ოთახებშიც გადაინაცვლებს.

ანა მაკკენზი, დაწყებითი კლასის მასწავლებელი ინგლისიდან

 

მოამზადა ნინია მაჭარაშვილმა

   ეთიკა თუ ესთეტიკა? ფორმა თუ შინაარსი?

0

ხელოვნების ნაწარმოებთა განხილვისას დღემდე აქტუალურია საკითხი ფორმისა და შინაარსის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ. შედევრის შემთხვევაში ეს კითხვა თითქოს მნიშვნელობას კარგავს, რადგან ორივე ისე ჰარმონიულადაა წარმოდგენილი, ზღვრის დადგენის საჭიროება იკარგება. ამ თემაზე ფიქრისას კარგი იქნება გავითვალისწინოთ კიტა აბაშიძის, ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნის, კრიტიკოსისა და პუბლიცისტის შეხედულებები, რომლებსაც დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა. მას ამ საკითხზე საგულისხმო დაკვირვებები აქვს გამოთქმული 1910 წელს დაწერილ წერილში – „აზრი თუ ფორმა, შინაარსი თუ სხეული“. ამ დროს უკვე დაწყებულია ქართულ ლიტერატურაში მოდერნიზაციის პროცესი. ლიტერატულ სამყაროში გამოჩნდნენ ახალი სახელები, რომელთაც დაიწყეს გამოთქმის ფორმაზე ზრუნვა. უპირველესად, ესენი იყვნენ ცისფერყანწელები, რომელთაც რუსთველის პოეტიკის რენესანსი გადაწყვიტეს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურამ, რომელიც ფართო მასების  მოსაზიდად იქმნებოდა,  შაბლონებითა და სტერეოტიპებით გაავსო მწერლობა, დააკნინა მხატვრული სიტყვის ხარისხი. ფორმის სრულყოფილებაზე ზრუნავდნენ  გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი და თავიანთ, გამორჩეული გემოვნების მკითხველს ქნიდნენ. მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობებში აშკარად არ ჩანდა ფორმალური ძიებები, რადგან ტრადიციული თხრობის სტილი ჰქონდა არჩეული, მაგრამ დაკვირვებული მკითხველი ხვდებოდა, რომ სრულიად განსხვავებული ინტონაციური ნიუანსებით ახალ ელფერს სძენდა რეალისტურ გამოცდილებას და მისი ნეორეალისტური სტილური მანერა წარმოჩნდებოდა, როგორც მოდერნიზმის ერთგვარი ალტერნატივა.

კიტა აბაშიძე „ეტუდებში“ თვითონვე შესანიშნავად წარმოჩნდა, როგორც კრიტიკოსი ხელოვანი, როგორც ოსკარ უაილდი იტყოდა, რომელიც ფორმისა და შინაარსის ანალიზს თანაბრად აქცევდა ყურადღებას. სწორედ ეს იყო მიზეზი იმ ევოლუციური მეთოდისა, რომელიც მან მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურის ანალიზისთვის მოიმარჯვა. მართალია, ბრუნეტისეული კვლევის ეს გზა უნაკლო არ ყოფილა.  ამას თვითონ გრძნობდა და აღნიშნავდა კიდეც,   მაგრამ სწორედ ამ მეთოდმა შეაძლებინა ქართული ლიტერატურის უმთავრესი, ძირითადი და მაგისტრალური ხაზი გამოეკვეთა და მთლიანობაში გაეაზრებინა ლიტერატურული პროცესის თავისებურებანი. ამან მომავლის ლიტერატურული ტენდენციები და პერსპექტივები დაანახვა, გამოკვეთა ის იმპულსები, რომლებიც ლიტერატურას შინაგანი ენერგეტიკისა თუ მუხტის საშუალებით ავითარებდნენ და უბიძგებდნენ ცვლილებისა და ტრანსფორმაციისკენ. მთავარი იყო, რაიმე გარეგან ფაქტორს არ შეეჩერებინა ეს ევოლუციური ბუნებრივი სვლა. სამწუხაროდ, ქართული ლიტერატურის, და ზოგადად, ხელოვნების, ამ საბედისწერო გარეგან შემაფერხებლად იქცა საბჭოთა იდეოლოგიური ტოტალიტარული სისტემა, რომელმაც ხელოვნურად შეუცვალა გეზი ლიტერატურას, ჩაკეტა და იზოლაციაში მოაქცია. კიტა აბაშიძე წერდა: „XIX საუკუნის ჩვენი ლიტერატურა ევოლუციის შემდეგ საფეხურებს გაივლის: იწყება იგი სალირიკო რომანტიზმით, რომლის მეთაური ალ. ჭავჭავაძეა, განმავითარებელი გრ. ორბელიანი, უმაღლეს წერტილამდის ამყვანი ნ. ბარათაშვილი, ხოლო მისი დაცემის, დეკადანსის გამომხატველი ვახტ. ორბელიანია. რომანტიზმი გადადის, იცვლება – რეალურ პოეზიად (1850-იან წლებში). რეალიზმის დამწყები გიორგი ერისთავია, მისი უდიდებულესის წარმატების გამომსახველი ილია ჭავჭავაძეა (პოემები და პროზა) და აკაკი წერეთელი (სალირიკო ლექსები). რეალიზმის დაცემის, უფერულის ნატურალიზმის მწერალი ბ-ნი გიორგი წერეთელია (1870-იან წლებში); რეალიზმის გადაგვარების შემდეგ ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას თხზულებები დაამკვიდრებენ ნეორომანტიზმს, რომელიც რეალიზმისა და რომანტიზმის საუკეთესო თვისებების შემრჩევია; ვაჟა გახდება ჩვენს ლიტერატურაში სიმბოლიზმის მეთაურად, რომლის ნასახი მოიპოვება უკვე ილიასა და აკაკის პოეზიაში“.

მისი დაკვირვებით, „ევროპის ლიტერატურაში უკანასკნელ დროს გამეფებული წარმართული სული, ესთეტიზმი და ეროტიზმი არ დარჩენილა შეუმჩნეველი ჩვენი მწერლობისათვის. ყველა ეს კი იმედს გვაძლევს, ჩვენი ლიტერატურა მომავალშიაც ევოლუციის კანონიერ გზას არ გადუხვევს, მომავალშიაც ევროპულ ლიტერატურას უმცროს ძმობას გაუწევს და XIX საუკუნის ჩვენს ლიტერატურას მხარს დაუმშვენებს“.  შემდგომმა მოდერნისტულმა ძიებებებმა კი შესაძლებელი გახადა იმავე დროს შექმნილიყო მოდერნისტული მხატვრული ტექსტები, როგორც  ევროპაში. ვგულისხმობთ, ჯეიმს ჯოისის, ვირჯინია ვულფის, ტომას სტერნზ ელიოტის 20-იან წლებში გამოცემულ ნაწარმოებებს („ულისეს“, „უნაყოფო მიწას“…) და ჩვენში დაწერილ მოდერნისტულ რომანებს: კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილს“, დემნა შენგელაიას „სანავარდოსა“ და  გრიგოლ რობაქიძის „გველის პერანგს“

ტიციან ტაბიძე 1916 წელს ჟურ. „ცისფერი ყანწების“ პირველ ნომერში დაბეჭდილ წერილში, რომელშიც აანალიზებს სიმბოლიზმის ლიტერატურული სკოლის პრინციპებსა და კონტექსტს, საგანგებოდ აღნიშნავს კიტა აბაშიძის პოზიციასაც: „სიმბოლიზმი ჩვენში შემოიტანა გრ. რობაქიძემ. ბატონ რობაქიძეზე არ გამართლდა საერთო დებულება, რომ ყოველ ნოვატორს წინ ეღობება გაუგებრობის გალავანი. იმას არაფრად დაჯდომია ძველ ღირებულებათა გადაფასების კადნიერება, ახალ ძიებათა ფეიერვერკების გასროლა, ოსკარ უაილდი პიროვნების თავისუფლების და მეშჩანურ მორალის დაპირდაპირებამ რედინგის ციხემდი მიიყვანა. რედინგი მისთვის ძალიან ადრე დაიწყო და საფლავშიც არ გათავებულა. ვის არ ახსოვს პარიზის აღელვება „ციმბალისტების“ პირველ ლაშქრობაზე, ვ. სოლოვიოვის და ნ. მიხაილოვსკის რისხვა რუსეთელ სიმბოლისტთა გამოჩენაზე. საფიქრელი იყო, რადგან სხვაგან ასეთი აღელვება გამოიწვია სიმბოლიზმმა, ჩვენშიც მონახავდნენ ფიჩხებს ინკვიზიციის ცეცხლის დასანთებად, მაგრამ გრ. რობაქიძეს უთხრეს თავის დასტური არჩილ ჯორჯაძემ და კიტა აბაშიძემ. ამ ორი პიროვნებით იწურება ქართული ესთეტიკური კულტურა გრ. რობაქიძემდი“. ცისფერყანწელები სრულად იზიარებდნენ კიტა აბაშიძის ესთეტიკურ შეხედულებებს, თუმცა ვაჟა-ფშაველას სიმბოლისტობაში არ დაეთანხმნენ. მიუხედავად ამისა, ვაჟა-ფშაველა მათთვის სათაყვანო მწერალი იყო, რადგან სწორედ მან გააღრმავა და გაამრავალფეროვნა მხატვრული სამყარო თხრობაში მითოლოგიური ქვეტექსტებისა და კონტექსტების შემოტანით. სამწუხაროდ, კიტა აბაშიძე 1917 წელს გარდაიცვალა, როცა მოდერნისტული ძიებებების მნიშვნელოვანი  ხანა იწყებოდა ქართულ ლიტერატურაში. ის აქაც იტყოდა თავის სიტყვას. შალვა ამირეჯიბი წერდა: კიტა აბაშიძის “ლიტერატურული კალამი დიდი იარაღი იყო გავლენისა და გემოვნებისათვის,  მრავალი წლის განმავლობაში ის იყო არბიტრი ამ გემოვნებისა. მას უსაყვედურებდნენ, რომ როგორც კრიტიკოსმა, მან შექმნა აუარებელი ტალანტები ჩვენს ლიტერატურაში… მას ჰქონდა უტყუარი ნიჭი ნამდვილი ტალანტის გამოცნობისა, მაგრამ როდესაც ცხოვრება არ იძლეოდა მას, ის ქმნიდა მას წინააღმდეგ ფაქტისა, რათა ხალხს თავისი თავი ღარიბად არ ეგრძნო და მისჩვეოდა ამ ტალანტების ყოლის გამუდმებულ სურვილს. ამით იგი ამყნობდა კულტურულ თვისებებს იმ ერს, რომლის კულტურით იგი მოხიბლული იყო” (გაზ. “საქართველო”, 1917, 277).

„საკმაოა თუ არა ლიტერატურული ნაწარმოებისათვის მარტო გარეგანი მშვენიერება, მარტო ფორმა, და ამის მიხედვით უნდა დაფასდეს სიტყვაკაზმული მწერლობა, თუ ფორმას, გარეგან მხარეს ლიტერატურული ნაწარმოებისას იმდენი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენიც შინაარსს, აზრს, ნაწარმოების მიმართულებასა და ტენდენციას“, – ამგვარად სვამს  იგი კითხვას წერილში „აზრი თუ ფორმა, შინაარსი თუ სხეული“.  მისი აზრით, „ამგვარ დავას იმ საზოგადოებაში უფრო მაგრად აქვს ფეხი გადგმული, სადაც კულტურა ნაკლებად არის განვითარებული“. პოლიტიკური და სოციალური პრობლემები ქართველ მკითხველსაც ამ უკულტურო კონტექსტში მოაქცევდა, ამიტომ მიიჩნევდა საჭიროდ ამ საკითხის გარკვევას. მას სჯეროდა, რომ  ნაწარმოების ღირებულებას თანაბრად განსაზღვრავდა შინაარსიცა და ფორმაც და ასაბუთებდა ცალმხრივ შეხედულებათა უმართებულობას. იგი სწორად შენიშნავდა: „ყოველი ლიტერატურული ნაწარმოები, რა დარგსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, უსათუოდ აზრიანი იქნება და შინაარსიანი. აქ ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ აზრისა და შინაარსის ფასის და ღირებულების შესახებ“.

ამ წერილშიც კარგად გამოჩნდა, რომ იგი ზედმიწევით კარგად იცნობდა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურასა და ხელოვნებას, შესაბამისად, თავისი მსჯელობის დამაჯერებლობისთვის საგულისხმო მაგალითები მოჰყავდა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ქართული ლიტერატურის ნიმუშებს მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში მოაქცევდა. მისი აზროვნების სიმწყობრე, ლოგიკა და მრავალმხრივობა, ხელოვნების საკითხების ღრმა ცოდნა მეტყველებს, რომ იგი კარგად იცნობს ხელოვნების კრიტიკის იმ დროისთვის ცნობილსა და მნიშვნელოვან მეთოდოლოგიებს, კონცეფციებსა და მიმდინარეობებს. მისი შეხედულებები ფორმისა და შინაარსის ურთიერთმიმართების თაობაზე ეხმიანება არისტოტელეს, ჰორაციუსის, ბუალოს, ტენის, ბრანდესის და სხვათა თვალსაზრისებს. შესაბამისად, მისი  მსჯელობა მრავალფეროვანი და საინტერესოა.

იგი ცდილობს მკითხველი დაარწმუნოს ფორმისა და შინაარსის განუყოფლობაში, ამიტომ ზედმიწევნით აკრიტიკებს იმ რადიკალებს, რომლებიც  ან ერთის, ან მეორის უპირატესობას აღიარებდნენ. იგი კონკრეტულ ნაწარმოებთა მაგალითზე ასაბუთებს, რომ არ არსებობს არცერთი ღირებული მხატვრული ნაწარმოები, რომელსაც აზრობრივი სიღრმე არ გააჩნია. ის არ აზიარებს იმათ თვალსაზრისს, რომელთაც, მაგალითად, ალ. ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის ლექსები “ვარდ-ბულბულის” ჰანგების გამომხატველად მიაჩნიათ. ეს მკითხველთა ზედაპირულბის ბრალია და არა მწერალთაო. მისი აზრით, მართალია, „საბერძნეთის ეპოპეისა და დრამის სიდიადეს ვერ გასცილდა მშვენიერება ევროპელთა ხელოვნებისა, მაგრამ სალირიკო პოეზია ბაირონის, ჰიუგოს, ლამარტინის, დე-ვინის და მიუსეს ხელში მთელ ფილოსოფიად გადაიქცა. დანტეს პოემა, ფორმის მხრივ, ჰომეროსის პოემებზე იქნებ ბევრად უფრო დაბლა იდგეს, აზრით კი დანტე უმაღლეს ფილოსოფოსობას იჩენს. სოფოკლესა და შექსპირის ტრაგედიები გარეგანი მხრით ერთ საფეხურზე შეიძლება დააყენოს კაცმა, სამაგიეროდ, შექსპირის ჰამლეტის ფილოსოფიას ძველი გენიოსი ვერ მიწვდება. რუსთაველის თხზულების ფორმის სიმშვენიერე – ეს ის ღვთაებრივი იდეალია, რომელსაც დღემდე ვერც ერთი ქართველი ვერ წასცილებია. არის თითქმის ხელოვნების ყოველ დარგში და ყოველ ქვეყანაში ასეთი მიუწვდომელი იდეალი, რომელიც მთელი ერის გენიოსობის შემქმნელია, ამ გენიოსობის გამომსახველი კი ერთი კაცი იყო. დღემდე ხელოვნება ქანდაკებისა ვერ გასცილებია ოლიმპიელ ჰერმესს (პრაქსიტელისას) და ვენერა მილოსელს (უცნობი ავტორისას), თავის დღეში მხატვარს ვერ უჯობნია მიქელანჯელოსათვის, რომლის გენიოსობა სიქსტის კაპპელის კედლებზე და ჭერზე არის აღბეჭდილი. ამგვარია ჩვენი “ვეფხისტყაოსანიც”. ეს არის ხელოვნური ნაწარმოები, რომლის შინაარსი და გარეგანი მხარე სრული ჰარმონიით არის შეზავებული, რომლის სიდიადე და სიმაღლე მარად მიუწვდომელ მანათობელ ვარსკვლავად ექნება ქართველ ერსა და ლიტერატურას, მაგრამ შინაარსის მხრით ბარათაშვილის სალირიკო ლექსების სიღრმე და თუნდ ილიას “განდეგილისაცა”, არც კი ჩამოუვარდება რუსთველის პოემის სიღრმეს“.

ამ წერილში იგი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ეს არის ხელოვნებისა და ზნეობის ურთიერთმიმართება. იგი მოიხმობს ოსკარ უაილდის თვალსაზრისს და მსჯელობას ასე წარმართავს: „ღრმა აზრით არის აღსავსე უაილდის სიტყვები: “ყოველივე ხელოვნება ზნეობის წინააღმდეგიაო”. დიახ, ყოველი ნაწარმოები დიდი ხელოვანისა წინააღმდეგია იმ ზნეობისა, რომელიც ოფიციალურ დოგმატად არის აღიარებული და რომელსაც იცავენ არსებული წესწყობილების დამცველნი. ყოველივე მშვენიერი ნაწარმოები, ყოველივე ხელოვნური ქმნილება უსათუოდ გამოსახულებაა მომავლის დიდი იდეალისა, ამიტომ, თავისთავად ცხადია, იგი არსებული პრინციპების რაიმენაირად უარმყოფელია. თავის დღეში უაილდს ამ ფრაზაში იმისი თქმა არ უნდოდა, თითქოს ნაწარმოები ხელოვნურად უმსგავსო და უშინაარსო რამ უნდა იყოსო. პირიქით, მისის აზრით, შეუძლებელია ხელოვნურმა, მშვენიერმა ნაწარმოებმა გაცვეთილ და დამლაშებულ ზნეობას მოსარჩლეობა გაუწიოს, იგი ემსახურება უმაღლეს პრინციპს, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრებაში არც კი განხორციელებულა და ამ დიდებული პრინციპის თვალსაზრისით განსჯის ყოველივე არსებულ მოვლენასაო. ამიტომაცაა, რომ იგივე მწერალი გვეუბნება: “ვინც მშვენიერ ნაწარმოებში ცუდ აზრს მონახავს, თვითაა გაფუჭებული და მოკლებული ყოველგვარ მომხიბვლელობას”. ამის თვალსაჩინოდ კიტა აბაშიძეს მაგალითები მოჰყავს არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო ლიტერატურიდან. მისი აზრით,  „ვეფხისტყაოსანი“ სამღვდელოების ბრმა ნაწილის მიერ იდევნებოდა, რადგან ზნეობას განსხვავებულად იაზრებდა. „ბაირონი განდევნა გულზვიადმა ინგლისის უმაღლესმა საზოგადოებამ და უაილდს პირში ჩააფურთხა, პარნელი საფლავში უდროოდ ჩამარხა და შელლის ნავსადგური უცხო ქვეყნის ზღვაში მოაძებნინა, – და განა ისინი, მთელი თავისის სიცოცხლით, უმაღლესი იდეალის განხორციელებას არა სცდილობდნენ!? მართალია, გაქსუებულმა და გარყვნილმა საზოგადოებამ მათ თავისი შემბღალველი კვალი დააჩნია და ზოგი მათგანი შეიძლება (ესეც დამტკიცებული არაა) არ მოიქცა თავისი პირადობის შესაფერისად, მაგრამ მსაჯულები ვინღა იყვნენ? – “წითელ მანტიაში გამოხვეულნი კეთროვანნი”, რომელთა სუნთქვაც კი წამლავს ჰაერს და როცა მათგანვე მოწამლულს და დაღუპულს დაინახავენ, ლაფში ამოსვრიან, რათა ამით თავიანთი სიწმინდე დაამტკიცონ“. კრიტიკოსს მიაჩნია, რომ ნამდვილი შემოქმედი თავისუფალია იმ  მოჩვენებითი ზნეობრივ-მორალური კანონებისაგან, რომლებიც საზოგადოების სამართავ-დასაბეჩავებლად და დასაბორკად იქმნება. შემოქმედი „ყოველგვარი ბორკილებისაგან განთავისუფლებული ბედნიერებისა და მშვენიერების მოტრფიალეა“. ხელისუფლებას კი  „სჭირდება მონა მხდალი და ლაჩარი, მონა ფეხთამლოკველი, რომელიც ხელს არ შეახებს მის გახრწნილ გვამს, რათა მომშხამველი სუნი არ დააყენოს ქვეყანაზე“.

კიტა აბაშიძეს ეხმიანება თომას მანი თავისი თვალსაზრისით, რომელიც მან წერილში „ხელოვანი და საზოგადოება“ გამოთქვა. მისი აზრით, „ხელოვანი იმთავითვე მორალური კი არა, არამედ – ესთეტიკური არსებაა. რომ მისი არსისეული ინსტიქტი თამაშია და არა სიკეთე… ხელოვანი სამყაროს მორალური მოძღვრებით კი არ “აუკეთესებს”, არამედ სულ სხვა გზით, იგი ცხოვრებას, ამაგრებს სიტყვაში, სახეში, აზრში, ანიჭებს მას აზრსა და ფორმას; ამჭვირვალებს მოვლენას იმისთვის, რასაც გოეთემ “სიცოცხლის სიცოცხლე” უწოდა. იგი გოეთეს კიდევ ერთ აზრს იმოწმებს:  “რა თქმა უნდა, შესაძლებელია ხელოვნების ქმნილებას მორალური შედეგები მოჰყვეს, მაგრამ ხელოვანს მორალური მიზნები და განზრახვები მოსთხოვო, ეს ნიშნავს ხელობა წაუხდინო მას” (თომას მანი „ხელოვანი და საზოგადოება“).

კრიტიკოსი კაცთა თავისუფლების მოსარჩლე მწერლებად ასახელებს ჰომეროსს, სოფოკლეს, შექსპირს, ბაირონს, ჟან-ჟაკ რუსოს, ვიქტორ ჰიუგოს, გოეთეს, შილერს, დანტეს, მიქელანჯელოს, რუსთაველს, ბარათაშვილსა და ილია ჭავჭავაძეს. მისი აზრით, „ყოველი მათგანი, ცხადად თუ ჩუმად, ყოველთვის და ყველგან არსებული სიბინძურის წინააღმდეგი და უარმყოფელი იყო, ამიტომაც ყოველი მათგანი დევნილი იყო სიცოცხლეში ერის ოფიციალურ წარმომადგენელთა მიერ და მათგანვე ამაღლებული მის შემდეგ, რაც ისინი საშიშარნი აღარ ყოფილან მათთვის“. კრიტიკოსს მიაჩნია, რომ „ყოველი დიდი ნაწარმოები ზნეობრივია“, ამ თვალსაზრისით, ის გამოარჩევს საზოგადოებისგან უზნეოდ აღიარებულ რამდენიმე მწერალს, მათ შორის, ბოკაჩოს, ზოლასა და მოპასანს და მიაჩნია, რომ ისინი უზნეობის გამოსახვით მაღალი ზნეობის დამცველებად გვევლინებიან.  სწორედ ამას უსვამდა ხაზს მიხეილ ჯავახიშვილიც წერილში „მოპასანი და მისი ცხოვრება“. იგი წერდა: „ძალიან ხშირად მოპასანი ისე არხეინად, ისეთის ღიმილითა და განდგომით გვისურათებს გულის ასამღვრევსა და პირუტყვულ ამბავს, რომ გულუბრყვილო მკითხველს ჰგონია, ავტორს მოსწონს ეს ამბავი, ნამდვილად კი გულგრილი ირონიის ქურქში ოხვრა და სევდა აქვს გახვეული“.

კიტა აბაშიძე ფიქრობს, რომ საზოგადოება ხშირად სწორად  ვერ იგებს და აფასებს  მწერალთა განზრახვას. მაგალითად, ფრანგ  მწერლებს,  რასინსა და კორნელის, მლიქვნელობა დასწამეს, რაკიღა მეფეთა ცხოვრებას აღწერდნენ. თუმცა, მისი აზრით, „მათი დრამებისა და ტრაგედიის გმირ მეფეებთან შედარებას სირცხვილით უნდა დაეწვა მათი მფარველი მეფე“. გარეგანი და შინაგანი მშვენიერების ჰარმონიულ გამოხატულებად კიტა აბაშიძეს მიქელანჯელოს  შემოქმედება მიაჩნია. აგრეთვე, „ჰერმესი – პრაქსიტელისა, ვენერა მილოსელი გარეგან შეუდარებელ სიმშვენიერეში გვიშლიან სულიერი სიმდიდრის თვალუწვდენელ სიღრმესა და სიძლიერეს“. რუსთველის ავთანდილი მას კაცობრიობის იდეალად მიაჩნია. მისი აზრით, ხელოვნებას აქვს შთამაგონებელი ძალა. „სოფოკლესა და შექსპირის ტრაგედიები – ადამიანის სულის სიმაღლისა და ძლიერების მაჩვენებელნი არიან; ბაირონისა და ჰიუგოს ლირიკა ჩვენი მებრძოლი ბუნების იდეალური სურათია, ხოლო რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” – შეუდარებელი და იშვიათი მაგალითია ბედნიერი ცხოვრების ხატებისა“. „აბა, დაათვალიერეთ, რამდენჯერაც გნებავთ, შესანიშნავი ვენერა მილოსელი პარიზში, ლუვრის მუზეუმში და მითხარით, თუ ისეთივე კმაყოფილება და ბედნიერება არ იგრძნოთ ყოველ წუთში, როგორც რაიმე სასიამოვნო ამბის გამო, ანდა სიცხითა და წყურვილით დატანჯული მაგრილობელ ჩრდილში ცივ წყაროს რომ დაეწაფო“.

ამგვარი წერილებით კიტა აბაშიძე ხელს უწყობდა მკითხველს გემოვნების ჩამოყალიბებაში და იმის გააზრება-გაცნობიერებაში, რომ ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურის განუყოფელი ნაწილი იყო.

 

ვინ არიან „მიჯნურობის მორწმუნენი“

0

ვინ არიან  „მიჯნურობის მორწმუნენი“ანუ საიდუმლო ორგანიზაცია Fedeli d’Amore

 

„იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა“

შოთა

შეგვეძლო თხრობა ასე დაგვეწყო: ეს ტექსტი მხოლოდ „განდობილთათვისაა“, განდობილია (ამ შემთხვევაში) ის, ვინც თვითშეცნობის გზად ტრფობა აირჩია.     

დანარჩენებისათვის: „ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან…“

ავტორი

 

შუა საუკუნეების ევროპაში, პროვანსსა და იტალიაში, არსებობდა საიდუმლო ინიციატორული ორგანიზაცია Fedeli d’Amore, ანუ Fidelés d’Amour, რომელიც ზვიად გამსახურდიამ თარგმნა, როგორც  „მიჯნურობის მორწმუნენი“ (ზვიად გამსახურდია, “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება“). მისივე გადმოცემით: ამ გაერთიანებას ეკუთვნოდნენ ტამპლიერები, ალბიგოელები, კათარები, გრაალის მიმდინარეობის რაინდები, ტრუბადურები და „დოლჩე სტილ ნუოვოს“ სკოლის პოეტები. ამ ორგანიზაციას ჰქონდა საიდუმლო მეტაფორული ენა, რომელიც სიმბოლოებისა და ალეგორიების მეშვეობით გადმოსცემდა სიყვარულის ინიციაციის მისტერიებს. ეს ენა დაფარული იყო la gente grosa-სგან (უხეში ხალხისაგან), იგი ესმოდათ მხოლოდ ძმობის წევრებს.

ამ მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი ყოფილა დაფარულ ჭეშმარიტებათა გაცხადება ლიტერატურის მეშვეობით. ამის ნიმუშია დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“ (როგორც ცნიბილია, დანტე ამ საიდუმლო ორგანიზაციის წევრი იყო).

ზვიად გამსახურდია მიანიშნებდა „ვეფხისტყაოსნის“ მეტაფორული ენისა ამ ორგანიზაციის საიდუმლო მეტაფორული ენის კავშირზე, აგრეთვე იმ ინიციაციის გზაზე, რომელსაც გადიოდნენ „მიჯნურობის მორწმუნეები“ და „ვეფხისტყაოსნის“ გმირები.

ჩვენის თვალსაზრისით ამ მიმდინარეობის იდეებს გამოძახილი უნდა ჰქონოდათ საქართველოშიც, რაზედაც ამჯერად ჩვენ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ „თამარიანისა“ და „ვეფხისტყაოსნის“ მეტაფორულ მეტყველებას გარკვეული თვალსაზრისით ენათესავება „მიჯნურობის მორწმუნეთა“ საიდუმლო ენის ზოგი თავისებურება, რასაც ჩვენ ოდესმე დეტალურად განვიხილავთ”.(ზვიად გამსახურდია, „ვეფხისტყაოსნის“ სახისმეტყველება“).

ეს კავშირი და დამთხვევა ცნობიერი იყო თუ ზეცნობიერი, არავინ იცის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ორგანიზაციის შესახებ წავიკითხე, მსგავსება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა ჩემთვისაც.

იდეებსაც თავისი სივრცე და განზომილება აქვთ და საჭირო დროს იციან ხოლმე გამოჩენა. როგორ იბადება და იშლება ერთი აზრი…? ავტორი წვდება აზრს თუ აზრი წვდება ავტორს? როგორ ხდება ერთი საინფორმაციო ველიდან სხვადასხვა შემოქმედის ცნობიერებაში აზრის შემოღწევა და სიტყვებად გარდაქმნა, ადამიანთა ენაზე გამოთქმა… რისკენ ისწრაფვის დაბადებული აზრი? ეს ის კითხვებია, რომლებიც ყველას უჩნდება მაშინ, როდესაც არაცნობიერ გავლენას და ურთიერთკავშირს ხედავს ტექსტებს, საგნებს, მოვლენებს შორის.

„ვეფხისტყაოსანი“ ქართული ენის ზეიმია, თუმცა ის იდეა, რომელიც პოემას ასაზრდოებს, უნივერსალურიცაა, – სხვადასხვა კულტურაში განსხავავებულად გამოხატული. პოემა თითქოს სხვა განზომილებათა ერთგვარი მანიფესტია. შოთამ შექმნა პერსონაჟები, რომლებიც  ფიზიკურად დაბადებულებზე უფრო ნამდვილები არიან, ისინი პოემიდან გადმოვიდნენ და სიცოცხლე ჩვენში და ჩვენ გვერდით მოიპოვეს, რათა გაგვიადვილონ გზა – ერთი ცნობიერებიდან მეორეში გადასასვლელი.  პოემა სიყვარულის ცოცხალი მითია. აი, ყოველ ჯერზე რომ მიუბრუნდები და სწორედ იმას ამოიკითხავ, რაც ჩირაღდნად გამოგადგება ცნობიერების ლაბირინთებში.

ტექსტის ამგვარი უნივერსალურობა სამყაროს აგების კანონებიდან მომდინარეობს. ჩვენ ვამბობთ, მაგალითად, რომ ნამდვილი სიყვარული კანონების მიღმაა, სტერეოტიპების მიღმაა, მისი აღწერა შეუძლებელია, მისი გაგება შეუძლებელია და ასე შემდეგ. და როცა ამას ვამბობთ, ჩვენ ადამიანური ბუნება და ჩვენი პლანეტის ცნობიერება გვაქვს მხედველობაში… დრო და სივრცეც ხომ ადამიანური ცნობიერების პარამეტრებია? ენაც ადამიანებს სჭირდებათ…  ეს ასეა, მაგრამ თუ ღრმად ვიმოგზაურებთ ჩვენს ცნობიერებაში, აღმოვაჩენთ, რომ იქ სხვა განზომილებებიც არსებობს და იმ განზომილებებს განსხვავებული სტრუქტურები და კანონზომიერებები მართავს და ადამიანთა ენაზე მეტაფორებით გამოითქმის ის, რაც ყველასთვის გასაგები ვერ იქნება.

დიახ, ასეთია „ვეფხისტყაოსანიც“. მრავალგანზომილებიანი ტექსტი: ზღაპარიც, მითიც, ამბავიც და ამ ტექსტში ყველა თავისას ხედავს იმის მიხედვით, რა სიღრმით შეუძლია შემეცნება.

მიჯნურობა

ავიღოთ მიჯნურობის თემა. სკოლაში თხზულება ყველას დაუწერია ამ თემაზე და ძირითადად, ეს თხზულებები ტრაფარეტული და სტერეოტიპული ყოფილა. ლოგიკურად და ლინგვისტურად კარგად გასაგებიც კი, მაგრამ ძალიან ცოტა მეგულება, ვინც ახსნიდა, ვთქვათ, ამ სტრიქონების აზრს:

„მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,

ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან…“

ამ სტატიაში სწორედ „საცოდნელად ძნელ გვარ“ სიყვარულზე მინდა გესაუბროთ. ერთგვარად ოქსიმორონია საუბარი იმაზე, რაც გამოუთქმელია, რასაც ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან, რაზეც დუმილი უფრო მოხერხებულია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სიტყვებით დუმილის გამოთქმაც შესაძლებელია და დუმილით – აზრის გადმოცემაც.

რუთაველის სიყვარული ერთგვარად ტრფობის რელიგიასავითაა, მთელი ცხოვრება არის ძიება და გადალახვა ახალ-ახალი დაბრკოლებებისა, რომ საბოლოოდ, სატრფოები შეხვდნენ ერთმანეთს და სულმა იზეიმოს, სწორედ ისე, როგორც ზემო ხსენებულ Fedeli d’Amoreში იყო: იულიუს ევოლა წიგნში „სქესის მეტაფიზიკა“ გვიამობობს, რომ სიყვარულის ადეპტებისთვის ნიშანდობლივი  იყო ტკივილი, პრობლემა, ძლიერი ცხოვრებისეული რყევა, რომლის გადალახვის შემდეგაც ხდებოდა მათი ხელახალი დაბადება, დიადი ტრანსფორმაცია. სწორედ ისე, როგორც „ვეფხისტყაოსნის“ გმირებს ემართებათ. ევოლა იმოწმებს დე ბარბერინოს სიტყვებს სიყვარულის შესახებ: „მის ბუნებაშია ისეთი დარტყმის ძალა, რომელიც, როგორც ჩანს, სიკვდილია, თუმცა ეს არის უმაღლესი ცხოვრება“. საქმე ეხებოდა ერთ გრავიურაზე (Tractatus Amoris et operum ejus) გამოსახულებებს, რომლებიც ინიციაციის გზაზე სიყვარულის გამოცდილების განსხვავებულ საფეხურს გადმოსცემდნენ: გრავიურაზე გამოსახული იყო წყვილები, რომლებიც ისარგაყრილები მიწაზე ეყარნენ, ზოგი წყვილი წამომდგარია, ზოგი ჯერ კიდევ დგება… ის ვინც ფეხზე დადგა, ხელში ვარდი უჭირავს, ინიციაციის სიმბოლო, იქვე წარწერაა: „მათი სიკვდილი იქცა სიცოცხლედ“.

 

პოემა ადამიანური ცნობიერების ლაბირინთია. ამ ლაბირინთიდან გამოსვლა არის გათავისუფლება და გათავისუფლება არის ღვთაებრივი სიყვარულის მოპოვება. ღვთაებრივი სიყვარული ამ შემთხვევაში მეტაფორაა ისევე, როგორც მთელი პოემა.

ტრფობის რელიგია ასეთია:

მას ცოცხალი ნუ ელევის, რაცა პირველ შეუყვარდეს,
ნუცა ლხინსა აუზვავდეს, ნუცა ჭირსა შეუზარდეს:
მისთვის დათმოს ყველაკაი, მისთვის ველთა გამოვარდეს,
ნურა გაჰვა, სოფელიცა მისი კერძი გარდაქარდეს.

პროლოგი მიჯნურობის მანიფესტივითაა.

ყველა ადამიანი სიყვარულისთვის არ არის დაბადებული. არც ყველა ადამიანს არ შეუძლია ტრფობა შეცნობის გზად აქციოს, მაგრამ თუ კი მაინც არსებობს ისეთი, რომლის ცხოვრება სიყვარულის გზაა, მაშინ ეს პოემა სწორედ მისი ბიბლიაა.

და რას გვეუბნება სიყვარულის ბიბლია?

პირველ რიგში ის გვეუბნება, რომ შეყვარებული:

ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,
არ ბედითად “ჰაი”-ს ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს,
არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს,
მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

რატომ არ უნდა ამჟღავნებდეს მიჯნური თავის ხვაშიადს? შეყვარებულებს ხომ უნდათ, რომ თავისი სიყვარული ქვეყანას მოჰფინონ? რომ ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს…? და გიფიქრიათ, რატომ უნდათ, რომ სიყვარული ადამიანებმა საჯარო გახადონ? პასუხიც ვიცი: იმიტომ რომ გრძნობას ვერ იტევენ… იმიტომ რომ უნდათ, სიხარულის სხვებსაც გადადონ… აბა, ის სიყვარული რა სიყვარულია, თუ არ გამჟღავნდა? –  რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, იყვიროთ და სამყაროს გააგებინოთ თქვენი სიყვარულის შესახებ, ოღონდ გაფრთხილებთ, რომ რუსთაველი სულ სხვა სიყვარულზე გელაპარაკებათ, აი, ისეთზე, „ჭკვიანნიც რომ ვერ მიჰხვდებიან“, ხოლო ის, ვინც მიხვდება, მას ახსნაც არ დასჭირდება და ამ რჩევასაც მიიღებს:

„ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდესო”.
სიყვარულის კაცთაგან დაფარვის შესახებ შოთა პროლოგში არაერთგზის მიგვანიშნებს:

თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების;
სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების;
იგონებდეს, მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების,
არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცთა ეახლების.

ბოლო სტრიქონი იმგვარ ინტერპრტაციასაც გულისხმობს: კარგი იქნება, თუ ადამიანებში გაერევაო, მაგრამ ლოგიკურად და რუსთველური სიყვარულის ფილოსოფიის მიხედვით, აქ სწორედ კაცთაგან სიყვარულის დამალვაზეა საუბარი. დამალვა არა გადამალვის, არამედ საიდუმლოს გაგებით და იმიტომ, რომ როგორც მეტაფორული ენა გამოიყენებოდა უხეშ კაცთაგან თავის დასაცავად Fedeli d’Amore – ს საიდუმლო ორგანიზაციში, სწორედ ასეთი “დაცვა“ სჭირდება „კაცთაგან“, ღვთაებრივ სიყვარულს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ კაცთაგან, თორემ მიჯნურისგან  მიჯნური ადვილად იცნობა.

რაცა ვის რა ბედმან მისცეს,დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს…

ამ სტრიქონების მიხედვით, მიჯნურობა ყველასთვის არ არის, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, მიჯნურის დანიშნულება კი სიყვარული და შეყვარებულთა გამოცნობაა.

 

ვინ არიან „მიჯნურობის მორწმუნენი“?

რა თქმა უნდა, „ვეფხისტყაოსნის“ გმირები და ადამიანები, რომელთა შესახებ ჩვენ არ ვიცით, მაგრამ როდესაც ამ ტექსტს წაიკითხავენ, თავად მიხვდებიან.

ახლა კი ცოტა იუმორიც… შემეძლო, არც მიმენიშნებინა, რომ ეს იუმორია, მაგრამ რაღაც იარლიყს მაინც მომაკერებდნენ  და თავს ვიზღვევ. თუმცა ის, რომ მე ამას იუმორით ვამბობ, მის სერიოზულობას საერთოდაც არ გამორიცხავს.

შეიძლება ითქვას, რომ მე საიდუმლო ინიციატორული ორგანიზაცია Fedeli d’Amore-ს საიდუმლო წევრი ვარ (არა აქვს მნიშვნელობა, რომ საუკუნეებით დაშორებული ვარ), ეს ყველაფერი საიდუმლოა, მაგრამ ხმამაღლა ვამბობ, რადგან ტქვენ იტყვით, რომ საიდუმლო რომ იყოს, ხომ არ გაამჟღავნებდაო. ჰოდა, სწორედ ეგრე მინდა, რომ გაოგოთ.

დასტურად მომაქვს ჩემი ერთი ლექსი, რომელშიც სწორედ იმას ვამბობ,   რასაც Fedeli d’Amore-ს ადეპტები:

მე შევქმენი ახალი რელიგიისმაგვარი შენგან
და ვწირავ ტაძარში _
რომელსაც ჰქვია სიყვარულის კარცერლუქსი.
როცა ამ ლექსს ვწერდი, რას ვიფიქრებდი, რომ მეც „მიჯნურობის მორწმუნე“ ვიყავი. ასე რომ, ჩემმა ახალმა იდენტობამ ძალიან გამახმიარულა და ამ ლექსს სრულად გთავაზობთ:

სიყვარულის კარცერ-ლუქსი

მე ჩემი ნებით ჩავჯექი
სიყვარულის კარცერ-ლუქსში
და მე ვარ ტყვე შენი და შენი დაუწერელი კანონების
და უფრო მეტად საკუთარი თავის,
რომელიც მხოლოდ მაშინ არსებობს,
როცა კალამს სტრიქონი ცვივა…

არ ვითხოვ შეწყალებას,
არ ვითხოვ შებრალებას,
არ მინდა, ვადამდელი და დროზე ადრე გათავისუფლება…
მე საერთოდ არ მინდა (გა)თავისუფლება!
ეს ყველაფერი _ ნებითა ჩემითა!

მხოლოდ ხანდახან მომაწოდე წყალი…!

მე შევქმენი ახალი რელიგიისმაგვარი შენგან
და ვწირავ ტაძარში _
რომელსაც ჰქვია სიყვარულის კარცერლუქსი.
ჩემს ლოცვას ისმენენ და იზიარებენ
სხვები
და მე ისიც არ ვიცი,
ჩემი ხმა სწვდება თუ არა იმ ციხე-სიმაგრეს,
რომლის მცველობაც შენ მოგისაჯეს!

და ვართ ასე:
შენ ტყვე – დაწერილი კანონების
და მე _ შენი დაუწერელი კანონების!
ჩვენ შორის მდინარე მი(მო)დის,
რომელშიც ნახევარი წყალი აღმა და ნახევარი დაღმა _
მი(მო)ედინება….
შენ ცდილობ, შენი წყალი გადამესხას და მე ვცდილობ _ პირიქით…
და ორივე ვართ წყალწაღებულები.
ახლა ჩემი ლოცვის დროა
და მე ვწირავ შენს ტაძარში _ პოეზიის კარცერ-ლუქსში…
და როცა მე ვლოცულობ შენთვის,
მითხარი, სად ხარ?

გაგრძლება იქნება აუცილებლად…

2018 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ხუთეული ცნობილია!

0

ვულოცავთ ხუთეულის თითოეულ წევრს და ვუსურვებთ მათ წარმატებას!

 

 

პირადი სივრცე ანუ უხილავი საზღვარი მოსწავლემდე

0

დედამიწაზე რამდენი ადამიანიც ცხოვრობს, იმდენი „პირადი სივრცე“ არსებობს. რეალური თუ ირეალური მანძილი ყოველ ინდივიდამდე სხვადასხვაა.  ხილული საზღვრების გარდა ადამიანები თავის გარშემო თვალით უხილავ საზღვარსაც ქმნიან.

პირადი სივრცის აღქმა ბავშვობაში ყალიბდება და მისი დარღვევა ადამიანების ქვეცნობიერში დისკომფორტს, ფორიაქს, შფოთს და სხვა უარყოფით ემოციებს იწვევს. პირველად, სწორედ ბავშვობაში გვაწუხებს, თუ ვინმემ ჩვენს სივრცეში უნებართვოდ შემოაღწია, მით უფრო, თუ სივრცის დამრღვევი ზრდასრულია და განსაკუთრებული უფლებებითაც სარგებლობს. მაგალითად, მასწავლებლის სტატუსით.

12 წლის გოგონა უხასიათოდ დაბრუნდა სკოლიდან.  მიზეზი, რომელიც დედას გაუმხილა, ის იყო, რომ მეექვსე გაკვეთილზე, მერხზე ჩამოდებული თავი მასწავლებელმა ხელით ააწევინა და ფიზიკური მოქმედებით  აიძულა სკამზე გამართული დამჯდარიყო. აი, ასე, ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავი ააწევინა.

  • „მე ისედაც ვუსმენდი მასწავლებელს, ჩემთვის კომფორტულ მდგომარეობაში. რატომ შემეხო, ამით ხომ ჩემი პირადი სივრცე დაარღვია“. – ამბობდა განაწყენებული გოგონა.

დედის ნათქვამი მასწავლებელს სიცილად არ ეყო, მით უფრო, რომ ამ მეთოდით მოსწავლეები არაერთხელ წამოეყენებინა მერხიდან. როგორც ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, პედაგოგთა ერთი ნაწილი იტყვის, სუნთქვის უფლება აღარ დაგვიტოვონო, ისე თქვა იმ მასწავლებელმაც და ამით ამოიწურა ინციდენტი. თუმცა გოგონას საყვარელი საგნების რეიტინგში, იმ მასწავლებლის საგანმა ქვევით გადაინაცვლა.

 

ზრდასრულების მსგავსად, ყველა მოსწავლე თავად განსაზღვრავს, რა არის მისი პირადი სივრცე. სად გადის ზღვარი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და საზოგადოებრივ ინტერესს შორის.

როგორ ესმით სკოლაში მოსწავლის პირადი ცხოვრების უფლება? კერძოდ, რამდენად იცავენ უფროსები მოსწავლეების პირად სივრცეს?

მაგალითისთვის, განვიხილოთ მოსწავლეთა ვარცხნილობის სტილი, რომელიც ხშირად სკოლების შინაგანაწესით განისაზღვრება. გარდატეხის ასაკში მყოფი მოსწავლეების დიდ ნაწილს უფლება არ აქვს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება თავისი თმების მდგომარეობის შესახებ.

სასკოლო შინაგანაწესის თანახმად (უმეტეს სკოლებში ეს ჩანაწერი არსებობს), მოსწავლის ჩაცმის წესი ასეთია: სკოლების “მოსწავლე უნდა იმოსებოდეს სადად, ასაკთან შესაფერისად. დაუშვებელია შეუფერებელი, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა. მოსწავლისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება. მოსწავლისათვის აკრძალულია სკოლაში გამოცხადება შეღებილი თმით და „მაკიაჟით“. ვაჟები უნდა გამოცხადდნენ მოკლედ შეჭრილი თმით.”

რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი სოფლის სკოლის დირექტორმა მე-12 კლასელ მოსწავლე ბიჭს გაკვეთილზე მაკრატლით მოაჭრა გრძელი თმა. მშობელს პრეტენზია არ ჰქონია, ან კი როგორ გაბედავდა დირექტორისთვის შეწინააღმდეგებას.  მოსწავლის ჩივილს ყური არავინ უგდო. ერთი შეხედვით, დირექტომა გაიმარჯვა, მაგრამ რა იქნება მომავალში? რას მიაღწია ძლევამოსილმა დირექტორმა ამ ქმედებით, როცა უხეშად შეიჭრა 17 წლის ბიჭის პირად სივრცეში, ისარგებლა მისი მოთმინებით, შეაჭრა დიდი ხნის ნაზარდი თმა და გაიმყარა მკაცრი დირექტორის სახელი.

რაც უფრო მკაცრად არეგულირებს სკოლის შინაგანაწესი მოსწავლის პირადი სივრცის ფარგლებში არსებულ ვითარებას, მით უფრო აშკარაა, რომ სასკოლო საზოგადოების ნაწილი მზად არ არის მოსწავლეებთან, როგორც ინდივიდებთან ურთიერთობისთვის.

მოზარდები ინდივიდუალიზმისკენ მიილტვიან, ცდილობენ ერთმანეთისგან განსხვავებული სტილი იპოვონ, უფროსებისგან არაკორექტულად გაცემული შენიშვნები კი მოსწავლეებს უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. რაც უფრო ღრმად იჭრება მასწავლებელი თუ მშობელი ბავშვის პირად სივრცეში, მით უფრო მძიმე კომპლექსს უტოვებს მოზარდს. ეს კომპლექსი კი შეიძლება მთელი ცხოვრება ახსოვდეთ და გულში ხინჯად ჰქონდეთ. როგორც მე მახსოვს, საკონტროლო წერის დროს მერხებს შორის მოსიარულე მასწავლებლის მიერ ჩემი ლამაზი ვარცხნილობის უმიზეზოდ ხელით მოსინჯვა და გავლით ნათქვამი მწარე კომენტარი: – „მაგ „პრიჩოსკების“ გაკეთებას, გაკვეთილების უკეთ მომზადებაში დახარჯე დრო, ის ჯობიაო“. (ამ სიტყვებით იმხელა ზემოქმედება მოახდინა ჩემზე, მას შემდეგ უკან შეკრული თმით დავდივად. სილამაზის სალონშიც კი ისე ვითხოვ თმის დავარცხნას, რომ არ მეტყობოდეს სალონის კვალი.)

თუ ჩვენ გვინდა სკოლაში მოსწავლეები თავს კარგად გრძნობდნენ, უნდა დავუტოვოთ მათ პირადი სივრცე. სადაც იმ ფერს ლაქს წაისვამენ ფრჩილზე, რა ფერიც სურთ; იმ ტატუს გაიკეთებენ, რაც გაუხარდებათ; ისე შეიჭრიან, გაიზრდიან, შეიღებავენ და გადაიპარსავენ თმას, როგოც ესიამოვნებათ;  გაიხვრეტენ ყურს, ცხვირს ან არ გაიხვრეტენ.

დროა, სკოლამ აღიაროს, რომ მოსწავლეთა მანერები, ჩვევები, თავის მოვლის კულტურა,  სამოსი, ვარცხნილობა თუ აქსესუარები მათი პირადი სივრცის ნაწილია, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. ისე, როგორც უფროსები ვექცევით ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ერთმანეთი.

რატომ უნდა ჩავაბაროთ უნივერსიტეტში?

0

14 შედეგი, რომლებიც ასოცირდება უმაღლეს განათლებასთან.

ავტორი: გლენ გეჰერი (Glenn Geher, Ph.D.), ფსიქოლოგიის პროფესორი,  ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტი (State University of New York at New Paltz), აშშ.

შემოთავაზებულ სტატიაში გთავაზობთ ამერიკელი ფსიქოლოგის, ნიუ-იორკის შტატის ნიუ-პალცის უნივერსიტეტის პროფესორის, ბ-ნი გლენ გეჰერის მოსაზრებებს, თუ რა სარგებელი მოაქვს უმაღლეს განათლებას, კერძოდ კი სკოლის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში ჩაბარებას. პროფესორი გეჰერის სტატიამ ჩემი ყურადღება იმ არგუმენტების ჩამონათვალით მიიპყრო, რომლებსაც ის ახალგაზრდა ამერიკელებს სთავაზობს.

საინტერესოდ მომეჩვენა იმავეს გააზრება ქართული რეალობისთვის. რამდენად ემთხვევა ამერიკელი პროფესორის მოსაზრება საუნივერსიტეტო განათლების „სიკეთეების“ შესახებ ჩვენსას? რამდენად შეესაბამება პროფესორი გეჰერის მოსაზრებები ქართულ სინამდვილეს?

პროფესორი გლენ გეჰერი: „რა თქმა უნდა, საუნივერსიტეტო განათლების მქონე ხალხი საშუალოდ უფრო მეტ ფულს აკეთებენ ცხოვრების განმავლობაში, ვიდრე ისინი, ვისაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ. მაგრამ, როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობ, ჩემთვის ნათელი ხდება, რომ ეს აისბერგის მხოლოდ წვერია – სტუდენტების დახმარება, მათი მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება და უნივერსიტეტში მათთვის სოლიდური განათლებისა და ცოდნის გადაცემა, ის რთული საკითხებია, რომლებიც სცილდება ნებისმიერი მასწავლებლისა და პროფესორის პროფესიული ინტერესების სფეროს.

ქვემოთ გთავაზობთ იმ თოთხმეტ შედეგს, დაკავშირებულს საუნივერსიტეტო განათლებასთან, რომლებსაც ნებისმიერი ახალგაზრდის ცხოვრების შეცვლა შეუძლია და რომელთა გააზრება შესაძლოა, დაეხმაროს ადამიანს, ზრდასრული ცხოვრების დასაწყისში უმაღლესი განათლების მიღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში.

 

  1. ფული! დიახ, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდა ბაკალავრს ათასობით მეტ დოლარს უხდიან სამუშაოსთვის, ვიდრე სხვას, ვისაც საუნივერსიტეტო ხარისხი არ აქვს. ეს სხვაობა, ადამიანის ცხოვრების წლების გათვალისწინებით, საბოლოოდ ასეულობით ათას დოლარს შეადგენს!

 

  1. კონკრეტულ სფეროში სპეციალისტად ჩამოყალიბება. უნივერსიტეტში ყველა ირჩევს ცოდნის რომელიმე სფეროს, რომელიც შემდგომ მისი მთავარი სპეციალობა ხდება. ამერიკაში ამ „მთავარ“ სპეციალობას „მეიჯორს“ (major) ეძახიან, რომლის შესასწავლად სტუდენტი ერთ კონკრეტულ თემაზე 10-15 განსხვავებულ კურსს ირჩევს. თუ დავფიქრდებით, დავინახავთ, რომ ეს მართლაც დიდებული საშუალებაა რომელიღაც კონკრეტულ დარგში ექსპერტული ცოდნის მისაღებად. მიუხედავად თქვენი სპეციალიზაციისა და სწავლის შეფასების საშუალო შეწონილი ქულებისა (ამერიკ. GPA – Grade Point Average), უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თქვენი სპეციალობა საშუალებას მოგცემთ თქვენი ცოდნა დამსაქმებელს შესთავაზოთ.

 

  1. ზოგადი განათლების მიღების საშუალება. როგორც წესი, უნვერსიტეტები სტუდენტებს უზრუნველყოფენ იმით, რომ ხარისხის მისაღებად (ბაკალავრიატი), მათ იმ საჭირო კურსების აუცილებელი რაოდენობა აიღონ (ჩვეულებრივ 10 კურსი), რომლებიც ეხება განათლების ფართო თემებს: დასავლური ცივილიზაციის ისტორიას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ხელოვნებას. დღეს შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტებისა და კოლეჯების უმეტესობა, სტუდენტებს გადასცემს საჭირო ცოდნასა და აკადემიურ იდეებს მეცნიერების სხვადასხვა სფეროს შესახებ.

 

  1. სპეციფიკური უნარების ათვისება. სტუდენტი, თავის ძირითად სპეციალობაში ეცნობა არა მხოლოდ მის შინაარსს, არამედ სწავლობს უნარებს, რომლებიც აუცილებელია ამ კონკრეტულ სფეროში ცოდნის მისაღებად. თუ სწავლობთ ფსიქოლოგიას, ეს მხოლოდ ფსიქოლოგიაში არსებული მოსაზრებების შესწავლა არ გახლავთ. სტუდენტი ასევე სწავლობს სტატისტიკური ანალიზის ჩატარებას, საკვლევის გეგმის შედგენას, ვთქვათ, ადამიანის ქცევის შემსწავლელ მეცნიერებებში. უნივერსიტეტში ნებისმიერი სპეციალობის შესწავლისას ახალგაზრდა ითვისებს ისეთ უნარებს, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოადგება.

 

  1. ჯგუფური მუშაობის შესწავლა. უნივერსიტეტში, სწავლის რომელიღაც ეტაპზე სტუდენტს ჯგუფური პროექტის გაკეთება უწევს. ეს შეიძლება მოხდეს კლასის, საკლასო ჯგუფისა თუ კლუბის მასშტაბით. ამ შემთხვევაში კარგი ის არის, რომ რეალურ სამყაროში, როგორც წესი, საქმეები ჯგუფური ხასიათისაა. შესაძლოა, ადამიანების უპირატესობა სხვა ჰომინიდებთან ზუსტად ამაში მდგომარეობს: ადამიანებს სხვებისგან განსხვავებით, ყოველთვის შეეძლოთ, ეთანამშრომლათ დიდი ჯგუფების პირობებში. მოგწონთ თუ არ მოგწონთ, ფაქტია, რომ ჯგუფური მუშაობა ყველა ჩვენგანის მომავალია და უნივერსიტეტი თქვენ ამისთვის მოგამზადებთ.

 

  1. დროის მართვა (მენეჯმენტი). თვრამეტი წლის ასაკში, ყველა ვერ იქნება დროის მართვის ექსპერტი. უნივერსიტეტი ზუსტად ის ადგილია, რომელშიც ახალგაზრდას დროის სწორად განაწილების უნარებს ასწავლიან. თქვენ შეიძლება დაგავალონ ნაშრომის ჩაბარება სამშაბათს და გქონდეთ ორი გამოცდა ოთხშაბათს (რომელთა მომზადებისთვისაც თითოეულისთვის ათი საათი დაგჭირდებათ) და „ქუიზი“-გამოკითხვა პარასკევს. ყველა ამ დავალების შესრულებას და მათში კარგი შეფასებების მიღებას, თქვენი გარჯა სჭირდება. შესაბამისად, უნივერსიტეტში სწავლისას ერთ-ერთი მთავარი უნარი, რომელსაც სტუდენტი სწავლობს, დროის სწორი განაწილება და მართვა გახლავთ. თუ კარგად შეგეძლებათ დროის მენეჯმენტი ეს დიდ უპირატეობას მოგცემთ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

  1. პროექტების შესრულება (დასრულება). უნივერსიტეტში სწავლისას, თქვენ დაგავალებენ სხვადასხვა სახის პროექტებს. თქვენ თითოეულ მათგანზე მოგიწევთ მუშაობა და დროის დახარჯვა. ეს შეიძლება იყოს კვლევითი დავალება სოციოლოგიაში და პარალელურად სკულპტურის ძერწვა ხელოვნების კლასში. შეიძლება, სტუდენტურ კლუბში, რომლის წევრიც ხართ, დამამთავრებელი წლისადმი მიძღვნილ ღონისძიების ორგანიზებაში აღმოჩნდეთ ჩართული, სადაც სიტყვით გამოვლენ მოწვეული საპატიო სტუმრების. გარდა ამ ყველაფრისა, თქვენ მუდმივად გექნებათ სამუშაო, რომელიც წლის საფინალო კვლევასთან, ან სადიპლომო კვლევასთან იქნება დაკავშირებული, რომელზე მუშაობაც მთელი წელი გრძელდება. როგორც ხედავთ, უნივერსიტეტში სწავლისას, უამრავი რამ იქნება გასაკეთებელი! ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ დავალებებისა და პროექტების წარმატებულად დასრულება შეუფასებელი უნარია! თქვენ მიერ გამომუშავებული უნარი – სწორად გადაანაწილოთ დრო და ენერგია სხვადასხვა სახეობის საქმეებსა და პროექტებზე – ნამდვილი მიღწევაა! უნივერსიტეტი ამ უნარების განვითარებისთვის გადასარევი ადგილია.

 

  1. წესები და წესების დაცვა. სტანდარტულ საბაკალავრო აკადემიურ პროგრამაში, სტუდენტი, როგორც წესი, ოთხი წლის განმავლობაში ორმოცამდე სხვადასხვა კურსს სწავლობს. ყოველი საგანს აქვს სასწავლო გეგმა, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა წესის დაცვას. გარდა ამისა, უნივერსიტეტებში არსებობს „სტუდენტური გზამკვლევი“, რომელშიც უნივერსიტეტში სწავლისა და ქცევის სხვა წესებია აღწერილი. სწავლის დროს, სტუდენტები მალევე სწავლობენ ამ წესებს და ცდილობენ მათ დაცვას, რადგან წესების დარღვევისთვის ყოველთვის განსაზღვრულია სასჯელი ან ჯარიმები. სწორედ ამიტომაც, უნივერსიტეტდამთვარებული აღიქმება ისეთ ადამიანად, რომელსაც აქვს კარგი ხარისხის, პირველი საფეხურის უმაღლესი განათლება და იცის უნივერსიტეტებში არსებული წესებით თამაში.

 

  1. ახალი მეგობრები, რომლებიც მეგობრებად რჩებიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში. უნივერსიტეტში სწავლას თან უამრავი სოციალური სიკეთეც მოჰყვება. დღეს, ორმოცდაშვიდი წლის ასაკში, კვლავ ახლო მეგობრები მყავს უნივერსიტეტის წლებიდან. სულ მალე ჩვენ ვგეგმავთ კურსელების შეხვედრას (ოჯახებთან ერთად). უნივერსიტეტი შესანიშნავი გამოცდილებაა. იქ ყოფნისას, ყველა სტუდენტი თითქოს ერთ ნავში ზის და იმდროინდელი მეგობრობა, როგორც წესი, ამ გამოცდილების ნაწილია.

 

  1. მრავალფეროვანი იდეა და თვალსაზრისი. უნივერსიტეტში სტუდენტად ყოფნისას, ახალგაზრდას მოუწევს ყველანაირი იდეისა და მოსაზრების მოსმენა. ხშირად იქნება ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ერთი და იმავე საკითხის ირგვლივ გამოთქმული მოსაზრებები და იდეები დიამეტრულად განსხვავებული იქნება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ერთი, მართლაც განათლებული პროფესორი, აბსოლუტურად არ დაეთანხმოს მეორე ასევე განათლებულ პროფესორს. ეს კარგია. ეს საუნივერსიტეტო „თამაშების“ ნაწილია! იმის შესწავლა, თუ როგორ უნდა იმუშაო ერთმანეთისგან განსხვავებული იდეების გარემოცვაში, ყველა კარგი უნივერსიტეტისა და კოლეჯის მთავარ მიზანს წარმოადგენს. მეც გპირდებით, რომ თქვენ თვითონვე დარწმუნდებით იმაში, რომ იდეოლოგიური განსხვავებები და იდეების მრავალფეროვნება, უნივერსიტეტის შემდგომი სამყაროს მთავარ ნაწილს შეადგენენ.

 

  1. განსხვავებული ადამიანები. ადამიანები სხვადასხვანაირები არიან! ადამიანები განსხვავდებიან სქესით, სოციალურ-ეკონომიკური წარმომავლობით, რელიგიური კუთვნილებით, კულტურული წარმოშობით და ბევრი სხვა თვისებით. ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით იმითაც, თუ რა ტიპის მუსიკა მოგვწონს, როგორ ვატარებთ შაბათის საღამოს, რანაირი საკვები მოგვწონს. ეს ყველაფერი კი ძალიან კარგია. უნივერსიტეტში ლექციებზე, საერთო საცხოვრებელში თუ კამპუსში ყოფნისას თქვენ გექნებათ საშუალება, გამოსცადოთ ეს მრავალსახეობა და მისი მშვენიერება. ეს ფაქტი დაგეხმარებათ იმის აღქმაში, რომ ის პატარა ადგილი (ქალაქი, სოფელი, უბანი), საიდანაც თქვენ მოდიხართ, მხოლოდ ერთ-ერთია, იმ უამრავ, ასეთივე პატარა ადგილს შორის, რომლებიც მთელს მსოფლიოშია მომოფანტული. ეს გაკვეთილი კი დაგეხმარებათ ყველანაირ ადამიანთან თანამშრომლობაში, თუ ერთად მუშაობაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

 

  1. გამართული წერითი მეტყველების შესწავლა. თქვენი საუნივერსიტეტო გამოცდილება ძალიან ბევრ წერით სამუშაოს მოიცავს. სტუდენტებმა ეს ფაქტი უნდა დააფასონ. თვრამეტი წლის ასაკში, უეჭველად დიდი მოცულობის წერილობით სამუშაოს შესრულება მოგიწევთ – ეს ყოველთვის ასეა. წერითი დავალებები, ისეა შედგენილი, რომ დაეხმაროს სტუდენტებს კარგი წერითი უნარების განვითარებაში, ინფორმაციის გასაგები და მიმზიდველი სახით წარმოდგენაში (პრეზენტაციაში) ყველა სახის აუდიტორიისათვის. კარგი მწერლების ფასი, ხომ იცით, განუზომელია.

 

  1. საჯარო საუბრის უნარი. თქვენი საუნივერსიტეტო გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, შეიცავს საჯარო გამოსვლებსაც. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა! როდესაც გაიზრდებით, დამიჯერეთ, ეს უნარი ძალიან დაგჭირდებათ! მიუხედავად იმისა, თუ რა სამუშაოს იშოვით, ყველა შემთხვევაში დაგჭირდებათ ადამიანებთან კომუნიკაცია და მათთვის თქვენი მოსაზრებების გაზიარება. თქვენ უბრალოდ, დაგჭირდებათ სხვებთან საუბარი… ან – ანგარიშის ჩაბარება გაწეულ სამუშაოზე, ან – კლიენტის დარწმუნება, რომ მან თქვენი შეთავაზებული პროდუქტი შეიძინოს. შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს, მოგიწიოთ სასკოლო საბჭოს დარწმუნება ხელოვნებაში სხვა მასწავლებლის დასაქირავებლად. შეიძლება მოგიწიოთ თქვენი კვლევის წარდგენა კონფერენციაზე. უნარები, რომლებსაც შეიძენთ საჯარო გამოსვლებისთვის, შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს თქვენი მომავლისათვის.

 

  1. საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება. უნივერსიტეტში გატარებული წლების დროს, ახალგაზრდებს ბევრი შანსი ეძლევათ, ემსახურონ საზოგადოებას ან თემს, სადაც ისინი ცხოვრობენ და სწავლობენ. შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოთ საპატიო პროგრამაში, რომელიც საზოგადოებრივი სამსახურის ელემენტებს შეიცავს. შეიძლება საკლასო დავალებას ჰქონდეს საზოგადოებრივ სამუშაოებთან დაკავშირებული თავისებურებები. თქვენ შეიძლება იყოთ კლუბის ან „საძმოს“ წევრი, რომელთა მისიაა საზოგადოების სამსახური. მეც ჩემი მხრიდან, როგორც ზრდასრული მოქალაქე, გეტყვით, რომ ასეთი აზროვნებისა და უნარების მქონე ადამიანები, რომლებიც შრომობენ საზოგადოებისთვის, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება!

დასასრულ, როგორც მწერალი, რომელიც წერს წიგნს სტუდენტებისთვის, ვიტყვი, რომ ჩემი თაობის ხალხი დამოკიდებულია თქვენი თაობის ხალხზე, რათა მსოფლიო სწორ კალაპოტში დავაბრუნოთ. ბოლო ხანს ალბათ ამიტომ ვსაუბრობთ ასე ხშირად თემისა და საზოგადოების მნიშვნელობასა და მის ღირებულებაზე.

 

დასასრული

კი, გეთანხმებით, უნივერსიტეტი ყველასთვის არ არის საჭირო თუ აუცილებელი. დიახ, ხდება ისეც, რომ ძალიან ჭკვიანი და წარმატებული ადამიანები არ ირჩევენ უნივერსიტეტის გზას. ასევე, ვფიქრობ, რომ საუნივერსიტეტო განათლება არ არის წარმატების გარანტია. ამის შემდეგ კი ისევ ვიტყვი, რომ კარგ საუნივერსიტეტო განათლებას ყოველთვის მოაქვს ზემოთ ხსენებული სიკეთეები.

 

თუ სკოლის მოსწავლე ხართ და თქვენი მომავალი ცხოვრებისეული გზის სხვადასხვა ვარიანტებზე ფიქრობთ, გირჩევთ აირჩიოთ საუნივერსიტეტო ვერსია და განიხილოთ იგი; თუ უნივერსიტეტში გისწავლიათ, მაგრამ რატომღაც არ აგიღიათ ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი, წადით, დარეგისტრირდით გამოტოვებულ საგნებზე და შეასრულეთ სადიპლომო მოთხოვნები.

საუნივერსიტეტო გამოცდილება ხელს უწყობს ახალგაზრდა ადამიანის ჰოლისტურ[1] განვითარებას და დადებით გავლენას ახდენს მის წინსვლაზე.  ჰო, მართლაც, არ დაგვავიწყდეს, რომ კარგ განათლებას, მეტი ფული მოაქვს!“.

 

მასალა მოამზადა ლევან ალფაიძემ

[1] ჰოლისტური (holistic, ინგლ.) – ინგლისურ ენაში და ინგლისურენოვან ქვეყნებში გავრცელებული ცნება, რომელიც მთლიანობას, რაიმეს შემადგენელი ნაწილების ერთად განხილვასა და მის ასე წარმოდგენას აღნიშნავს.

მარცვლოვან-რიტმული „ფანდი“ მუსიკაში

0

ჯაზისთვის მუდამ უმნიშვნელოვანესი იყო ვოკალური საშემსრულებლო მხარე. ახლაც დიდ ინტერესს იწვევენ ბლუზის, როგორც პირველი, ასევე მომდევნო ათწლეულების შემსრულებლები. გამორჩეული ნიჭის ვოკალისტი-იმპროვიზატორები მუსიკალური ტექსტის პარალელურად მელოდიურ-რიტმულ ხაზს განსაკუთრებული ხერხის – სკეტის საშუალებით გადმოსცემენ.

ახლა კი თვალი გადავავლოთ გასაოცრად უცნაური სკეტის დაბადებასა და განვითარებას. სკეტი ჯაზის ვოკალისტის, ეგრეთ წოდებული, „მარცვლოვანი“ მელოდიურ-რიტმული იმპროვიზაციაა. ჯაზის ხელოვნებაში ამგვარი სახეობის ვოკალის შექმნა და განვითარება ლუი არმსტრონგის სახელთანაა დაკავშირებული. სინამდვილეში, სკეტის გამობრწყინების პირველი ნიშნები XX საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოს ბლუზის შემსრულებლების ჩანაწერებში შეიმჩნევა. ეს ცალკეული მარცვლოვანი წამოძახილები, ასევე ფალცეტური მარცვლოვანი პასუხ-წამოძახილები, დუეტი ტუჩის ჰარმონიკით და სხვა, სოლისტების გამხნევებისკენ იყო მიმართული.

მიუხედავად იმისა, რომ ბლუზის შემსრულებლებს ვოკალში მარცვლების გამოყენების გამოცდილება ჰქონდათ, ამან ფართო გავრცელება მაინც ვერ ჰპოვა. ძირითადი სათქმელის წარმოსაჩენად მომღერლები თავიანთ საშემსრულებლო ემოციებს იმდენად ფართოდ ხარჯავდნენ, რომ მარცვლოვანი იმპროვიზაციისთვის დამატებითი ენერგიის ამოფრქვევა ზედმეტად მიაჩნდათ.

ვოკალური იმპროვიზაციის მომწიფების პირველ ეტაპზე ბლუზის შავკანიან შემსრულებლებს გვერდს უმშვენებდნენ შესანიშნავი ინსტრუმენტალისტ-მოკარნახეები ახალ ორლეანული ტიპური შემადგენლობით: საყვირი, კლარნეტი, ტრომბონი და რიტმ-სექცია. სასულე საკრავების შემსრულებლები თავიანთ აკომპანიმენტში თემის მელოდიურ ხაზს იმპროვიზაციული პასუხებით აგრძელებდნენ, ხოლო უფრო მეტი და მეტი ვარირებით მელოდიას საკუთარი თავნება ინტერპრეტაციებით ცვლიდნენ.

 

თეთრკანიანი მომღერლების უმეტესობა ესტრადის სცენაზე შოუებსა და ვარიეტეს ნომრებში თამამად იწყებდა მარტივი მარცვლოვანი სიმღერების გამოყენებას, სვინგისა და ყოველგვარი რიტმული სირთულეების გარეშე.

 

კინო-ეკრანებზე 1927 წელს გამოსული პირველი მუსიკალური ფილმის („ჯაზის მომღერალი“) გმირი თეთრი მსახიობი ელ ჯოლსონი თავის ვოკალურ ნომრებში სიტუაციის დრამატიზებისთვის ერთგვარ წამოძახილებსა და დაზეპირებული მარცვლების თანმიმდევრობას იყენებს. „მარცვლოვანი“, ანუ სკეტური სიმღერა წარმატებული „დანამატი“ გახდა ესტრადისთვის, მიუზიკლებისთვის, შოუებისთვის, კინო-სცენისთვის.

 

მნიშვნელოვანი ძვრა მაშინ მოხდა, როდესაც საყოველთაოდ მიღებული სიმღერის „სწორ“, „მიღებულ“ საშემსრულებლო მანერაში რიტმული „მარცვლოვანი ჩანართი“ შეიჭრა. ეს „ფანდი“ ინსტრუმენტალისტებთან იყო შემჩნეული; შემდეგ კი ის აითვისეს ვოკალისტებმაც, რომლებიც შინაგანად შეიგრძნობდა ანსამბლის, ორკესტრის ჟღერადობასა და საკრავების სუნთქვას; და იმპროვიზაციის უნარს, სვინგის გრძნობას, მანერებსა თუ სტილს ბუნებით ფლობდა. ამგვარი საოცარი უნარის დემონსტრირება 1935 წელს ჩიკა უებას ბიგ-ბენდში პირველმა ახალგაზრდა ელა ფიცჯერალდმა მოახდინა. მოგვიანებით გამოჩნდა თეთრკანიანი ვოკალისტი ანიტა ო’დეი. 1940-იან წლებში სკეტი საგრძნობლად გაართულა კებ კელოუეიმ და ბი-ბოპის გავლენით მას ახალი მნიშვნელობა შესძინა.

 

ელა ფიცჯერალდის პირველი იმპროვიზაციები 30-იანი წლებით თარიღდება. ის გარემოცული იყო ძალზე ნიჭიერი ინსტრუმენტალისტებით, რამაც მომავალი იმპროვიზატორის კარგ ალღოზე უდავოდ დიდი გავლენა მოახდინა. ჯაზის ამომავალი „ვარსკვლავი“ სწორედ ბრწყინვალე ორკესტრის შიგნით დაიბადა.

 

40-იან წლებში ელა ფიცჯერალდი სკეტის ხელოვნებას უკვე სრულყოფილად ფლობს, 50-60-იან წლებში კი წარმოუდგენელ სიმაღლეებს აღწევს. იგი ჯაზური საკრავების იმიტირების დიდი შესაძლებლობებით იყო ცნობილი.

ელა ფიცჯერალდის მთლიანი სკეტის ნიმუშებად შეიძლება ჩაითვალოს სიმღერა „ატლასის თოჯინა“ და კუპლეტები სიმღერიდან „მეკი-დანა“, სადაც ის დამატებით არმსტრონგის მანერასა და ხმას აკოპირებს. ამ სკეტურ ნიმუშებს ზედმიწევნით სწავლობს და თავის თავზე ირგებს მსოფლიო ჯაზის ვოკალისტების თაობები. ელა ფიცჯერალდის სკეტური ვოკალი ენათესავება ჩ. პარკერის, ჯ. კოლტრეინის (საქსოფონისტები), ო. პიტერსონის, ბ. ტეილორის (პიანისტები) იმპროვიზაციებს. ეს არის ჯაზის დიდებული სკოლა, უმაღლესი რანგის ტრენინგი ვოკალისტებისთვის.

 

ჯაზურმა ვოკალურმა სტილმა ევოლუცია განიცადა უმარტივესი მარცვლოვანი სიმღერიდან იმპროვიზებულ რთულ ჯაზურ სკეტამდე. ფოლკლორულ-პრიმიტიული სკეტი გვხვდება სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ საგალობლებში (ინგლისურ ხალხურ ბალადებში, ტიროლის სიმღერებში, აფრიკული ტომების საგალობლებში). მელოდია აგებულია ერთ ან რამდენიმე მარცვალზე, ხან რამდენიმე ხმოვან ასოზე („ლა-ლა-ლა“, „ო-ოო-ო“, „ნა-ნა-ნა“, „ე-ე-ეი“).

 

ბი-ბოპის გამოჩენამ შეცვალა სკეტის ფრაზირება, გართულდა მისი რიტმული კონსტრუქცია, წარმოიშვა მარცვალთა ახლებური შეხამება: „შუ-ბი-დუ-ბი“, „დე-ბუ-დუ-ბა“, „ბა-უ-ბაპ“, „სტუ-კი-ტუკი“ – დან „ბოპ-ბიბოპ“, „რი-ბოპ“და ა.შ. მაგალითად, 60-იანი წლების დასაწყისში სენსაციად იქცა ცნობილი ვოკალური ტრიოს „ლამბერტ, ჰენდრიქს და როსის“ გამოჩენა. ბი-ბოპის ერთგული მიმდევრები პირველები აღმოჩნდნენ ჯაზური ვოკალის მანამდე გაუხსნელი სფეროების წარმომჩენებს შორის.

ამ ტრიოს ფენომენალურ მიღწევად მიიჩნევა ანსამბლის შავკანიანი მონაწილის ჯონ ჰენდრიკსის შესრულება. ის ლიტერატურულ-პოეტური ნიჭის წყალობით ვოკალური იმპროვიზაციის მოქნილ მელოდიურ ხაზზე ადებდა ლიტერატურულ ტექსტს, უფრო ხშირად რითმულს. ლიტერატურულ-ვოკალური ფრაგმენტების მაღალ დონეზე შესრულებით სამივე ვოკალისტი აბსოლუტურად სპონტანურად, ბრწყინვალედ გადმოსცემდა მარცვლოვან იმპროვიზაციას. ტრიოს მიერ იმპროვიზაციული ვოკალის ხელოვნებაში შეტანილი წვლილი ფასდაუდებელია.

 

 

უნდა ითქვას, ვირტუოზული სკეტის, უმაღლესი საშემსრულებლო დონის მიღწევა არცთუ ბევრმა ვოკალისტ-იმპროვიზატორმა შეძლო. მაგალითად, თანამედროვე არტისტის ბობ მაკ ფერინის შემოქმედებაში არსებული ვოკალური ტექნიკის ყველა შესაძლებლობაა თავმოყრილი, და ჯაზის ამ სახეობის ხელოვნების განვითარებაში კიდევ არაერთი ხერხი მიიჩნევა მის პირად დამსახურებად.

აქვე შეიძლება აღვნიშნოთ სკეტის ახალი ხერხების ექსპერიმენტატორი და გამომგონებელი თეთრკანიანი ვოკალისტი ჯ. დ. უოლტერი, რომელიც აგრეთვე დამატებით მუშაობს ელექტრონული, კომპიუტერული პროგრამებით და მნიშვნელოვანწილად აფართოებს შემსრულებლის ვოკალურ შესაძლებლობებს.

 

 

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად (ლეგენდები ჯაზის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ნახევარი სიმართლითა და ნახევრად გამოგონილი ამბით ბევრზე ბევრი იყო. უნდა ითქვას, ისინი ჯაზის ისტორიას უთუოდ ალამაზებდნენ) 1924 წელს სიმღერაზე Hebbie Jebbies მუშაობის დროს ახალგაზრდა ლუი არმსტრონგს სანოტო ჩანაწერი პიუპიტრიდან ჩაუცურდა. იმ დროს სტუდიური დრო ძალზე ძვირად ფასობდა, რის გამოც ჩაწერის შეწყვეტა და ახალი დუბლის შექმნა პრაქტიკაში მიღებული არ იყო. ამიტომ ლუიმ ტექსტის სანაცვლოდ სპონტანურად მუსიკალური ფრაგმენტის ისეთი მარცვლებით იმიტირება დაიწყო, თითქოს საყვირი დამარცვლით აამღერა.

ფაქტობრივად მან ნოვატორული ნომერი შექმნა, სიმღერისას ისეთ სახმო იმპროვიზაციებს გამოსცემდა, როგორიც ცოტა ვინმეს თუ მოუსმენია ახალი ორლეანის საზღვრებს გარეთ.

რა თქმა უნდა, იმ მომენტში ლუისთვის აღფრთოვანებით არავის დაუყვირია – „ო, შენ ახლა სკეტი იმღერეო“. მოგვიანებით, როდესაც მარცვლოვანი იმპროვიზაცია ვოკალისტებისთვის სტანდარტულ ხერხად იქცა, სიმღერის ამ მანერას სკეტი ეწოდა.

 

არმსტრონგი იხსენებდა: „ჩვენ „Hebbie Jebbies“ ვწერდით, როცა ნოტები ხელიდან გამიცურდა. მე კაბინისკენ ვიხედები, ხმის ჩამწერი სტუდიის პრეზიდენტი კი ხელს მიქნევს – „ჩუმად ნუ ხარო!“ და ამ დროს გამახსენდა, ჩვენ ხომ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ამ მანერაში ვმღეროდით. უბრალოდ უსიტყვოდ ვმღეროდით და საკრავის ბგერების ჟღერადობას ვამსგავსებდით, მხოლოდ ასეთ სიმღერას სკეტს არ ვუწოდებდით“.

ჩანაწერი გამოშვებულია 1926 წელს, რომელიც უმალ გახდა შავი კვარტლების ჰიტი და რაც მთავარია, კომპოზიციამ სკეტი უპოპულარულესი გახადა.   

 

ბავშვებზე დაკვირვების დრო – ახალი აღმოჩენები

0

სანამ შვილები არ გამიჩნდა, მეგონა, ბავშვებთან ურთიერთობა არ გამომდიოდა.  შეიძლება ითქვას, ნაკლები თანაგანცდა  მქონდა, მათთან ურთიერთობას ვერიდებოდი და ცოტა ,,მეშინოდა”კიდეც მათი. მაშინაც ისე ვუყურებდი, როგორც დიდ ადამიანებს და მხოლოდ ლოყაზე ხელის მოცაცუნება არ კმაროდა.  კიდევ, რაღაც უნდა მეთქვა მათთვის, უნდა დავხარჯულიყავი ამ ურთიერთობისთვის და ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმიანობად მეჩვენებოდა. მაშინ, რატომღაც მეგონა, რომ ბავშვები ამას ვერ ხვდებოდნენ, მე კი ჩემი დამოკიდებულებები უხერხულ განცდებს მიჩენდა.  საკუთარი შვილების  გაჩენის შემდეგ, სხვა უცნობი მხარეებიც აღმოვაჩინე ჩემს ხასიათში და ბავშვებზე  დაკვირვება ჩვეულებრივ საქმიანობად მექცა.

პირველ რიგში: ისინი ჩვენგან ჩვეულებრივ ურთიერთობას ითხოვენ და სურთ, ისე მოვექცეთ, როგორ დიდ ადამიანებს; ველაპარაკოთ თანასწორივით, ველაპარაკოთ მძიმეწონიანი და პატიოსანი არგუმენტებით და არ გადავამლაშოთ; ვიყოთ თანმიმდევრული და ამასთან ერთად მშვიდი. ვერ ვიხსენებ, ვერცერთ ისეთ შემთხვევას, როდესაც  ნორმალურ მიდგომას უკვალოდ ჩაევლოს, როდესაც მცირე ტიპის კონფლიქტები ჩნდებოდა ყოველდღიურ ურთიერთობებში. პირისპირ, სხვა დამსწრე პირებისგან გამოცალკევების შემდეგ და ბავშვებთან  გულდასმით და გულწრფელ საუბრებში ბევრი რამ ირკვევა. მათ სჭირდებათ იმის ახსნა, რა არ მოგვეწონა მათ ქცევაში, რა გვეწყინა და რა იყო გულსატკენი. ამის შემდეგ, შეიძლება ბევრჯერ იყვნენ არათანმიმდევრულნი ქცევაში და ვერ მოიქცნენ ისე ,,კარგად”, ჩვენ რომ მოგვეწონებოდა, მაგრამ მათ ყოველთვის აქვთ მცდელობა, რაღაც შეცვალონ  და ეს მცდელობა უნდა დავუფასოთ.

ჩემი ორი შვილი ერთმანეთს არ ჰგავს. მათი ხასიათის შტრიხები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მათში ორი რამ შევნიშნე, უფროსი თავდაჯერებულად და ყველანაირი მტკიცების გარეშე გამოხატავს საკუთარ აზრს და შესაძლებლობებს. ამბობს, რომ ეს თეთრია ან შავი, ხოლო უმცროსი მუდმივად მტკიცების რეჟიმშია, ის ამბობს, რომ შეიძლება ეს შავია, მაგრამ შესაძლებელია თეთრი გახდეს. ის ამბობს რომ თავადაც ყველაფერს შეძლებს, ხიდიდან წყალში ისიც გადახტება, ცურვას ისიც ისწავლის, წყალში ყვინთვასაც არ მოერიდება, სტვენა მასაც შეუძლია და ციხესიმაგრის ხატვა მასაც უფროსივით გამოდის. მას შეუძლია დაგვაჯეროს, რომ რასაც მოინდომებს ყველაფერს შეძლებს და დაბრკოლებები არაფრით შეაშინებს. მაგრამ, თუ ცოტათი წაიბორძიკა და ჩვენც  საყვედურით გავხედავთ, თვალები  ცრემლით ევსება. ვერც ჩვენ გვპტიობს საყვედურნარევ მზერას და ვერც საკუთარ თავს პატიობს შეცდომას.

როდესაც, ბავშვების  ხასიათს და დამოკიდებულებებს გავაანალიზებთ, სხვადასხვა სამოქმედო სტრატეგია დაგვჭირდება. ორ განსხვავებულ არსებას თამაშიც განსხვავებული  უნდა, საუბარი და მიდგომებებიც მათი ხასიათის შესაბამისი. არ გპატიობენ წამოცდენებსაც და მუდმივად ითხოვენ ძალიან დიდ მოთმინებას.  ყოველი დღე ჩემთვის სიმშვიდის შენარჩუნების თუ ბეწვის ხიდზე სიარულის მცდელობაა. ისინი, ხომ მთელი დღე არ იღლებიან, უზომოდ ცნობისმოყვარეები არიან და გათენებიდან დაღამებამდე თამაშს ითხოვენ, უამრავ შეკითხვას სვამენ, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ  და  მათი სურვილებიც უსაზღვროა.

როდესაც, ბავშვებზე დაკვირვებას ვიწყებთ, მათში ბევრ საინტერესო ცვლილებას აღმოვაჩენთ. ეს ცვლილებები კი განსაკუთრებით თავს იჩენს ახალ გარემოში, სადაც ახალი შესაძლებლობების გამოცდისთვის ხელსაყრელი პირობებია. სადაც, მართლაც თვალსა და ხელს შუა ამჩნევ, როგორ იზრდებიან ისინი მენტალურადაც და ფიზიკურადაც. როგორ მოსწონთ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და რა საოცარი კმაყოფილებით აჯამებენ ერთი თვის განმავლობაში მიღებულ შედეგებს.  იკვლევენ, რა ისწავლეს და რა შეძლეს. ამ ყველაფერს ისინი, უფროსებივით მიზანდასახული აზარტით მიჰყვებიან და სწავლის, ძიების და კვლევის ეს თავისებური  პროცესი, მათ ბედნიერს ხდის. სწორედ, ასეთ დროს ვფიქრობ, რომ ბავშვებს, რომლებსაც საკუთარი შესაძლებლობების ძიება ასე აღაფრთოვანებთ, რა პირობები დახვდება სკოლაში. ექნებათ თუ არა ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ საკუთარი თავი და შესაძლებლობები გამოსცადონ საგანმანათლებლო გარემოში. ექნებათ თუ არა მასწავლებლებს მათზე დასაკვირვებლად დრო და განწყობა…

ჩემი ექვსი წლის შვილი, რომელიც სექტემბერში სკოლაში მიდის და რომელიც სწორედ  ასეთი დაჯამებების დიდოსტატია, ივლისის  ბოლოს კმაყოფილი სახით  ითვლიდა თითებზე იმ მიღწევებს,  რაც სხვა, არაქალაქურ გარემოში შეისწავლა. ,,დავძლიე სიმაღლის შიში, დავძლიე სიღრმის შიში, დავძლიე ცურვის შიში. ვისწავლე სტვენა, წყალზე ზურგით წოლა, წყალში ყვინთვით ცურვა, საცურაო რგოლის გარეშე ცურვა. ვისწავლე ყველის ამოყვანა და გავიჩინე კიდევ ოთხი საუკეთესო მეგობარი”- ასეთი იყო მისი არასრული ჩამონათვალი საზაფხულო მიღწევების და ალბათ, არასოდეს ყოფილა ისეთი ბედნიერი და კმაყოფილი, როგორიც ცხელი  ივლისის თვეში.

ბავშვებს  არაფერი ისე არ სიამოვნებთ, როგორც საკუთარი შესაძლებლობების გააზრება და მათი გამოყენება. არც მშობლებს და არც მასწავლებლებს არ უნდა გამოგვეპაროს მათი უჩინარი უნარები და ისინი მუდმივად უნდა იყვნენ ჩვენი დაკვირვების ობიექტივში, რათა ჩვენც შევძლოთ დახმარება და ცოტაოდენი გზის გაკვალვა მათთვის, საკუთარი შესაძლებლობების ძიებისა და გამოცდის  პროცესში.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...