ორშაბათი, მაისი 19, 2025
19 მაისი, ორშაბათი, 2025

თვითმფრინავში საკითხავი

0

კონსულტაციაზე მისული პაციენტები ორმოცი წლის ექიმს, ხალიდ ჰოსეინის მის სადებიუტო რომანზე ავტოგრაფს სთხოვდნენ ხოლმე. „ფრანით მორბენალი“ მალევე გახდა ბესტსელერი და გაყიდულმა ეგზემპლარებმა მილიონებს მიაღწია. თუმცა ჰოსეინისათვის წიგნის გამოცემის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური შემთხვევა თვითმფრინავს უკავშირდება: რთული გადმოსაცემია ავტორის განცდა, როდესაც ის ხედავს, ფრენის დროს გვერდით მჯომი ქალი მის რომანს თავაუღებლად როგორ კითხულობს…

გაბრიელ ტანიე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გავიცანი, შემდეგ კი პრაღაში ვეწვიეთ და დაგვხატა კიდეც. მისი რომანი ჯერ წაკითხული არ მქონდა და შევპირდი, რომ უკანა გრძელ გზაზე, ფრენის დროს აუცილებლად გავეცნობი-მეთქი. თბილისამდე ორი თვითმფრინავის გამოცვლა გვიწევდა და მიუნხენის აეროპორტში ოთხი საათი ყოფნაც, შუალედში. სოციალურ ქსელში „ქანაანის შვილებზე“ ბევრს წერდნენ, თანაც ამ წიგნის წაკითხვა თითქმის ყველას მოგზაურობის ან დასვენების დროს მოუხდა. მისი კითხვა მეც, როგორც ავტორს დავპირდი, ჩასხდომამდე ცოტა ხნით ადრე დავიწყე. „ტანიეს ტბა ჩურჩულებს…“ – უნებურად წამოცდა უცნობ გერმანელ ტურისტს ხევსურეთში მოგზაურობისას.“ – საოცარ ეპიგრაფს თვალი რომ მოვკარი, მაშინვე მყუდროდ მოვკალათდი საკითხავად. რას წარმოვიდგენდი, რომ ამ წიგნის ნახევარი აეროპორტში იყო დაწერილი.

გაბრიელ ტანიე პრაღაში მოღვაწე მამა იოსებ გაჩავას ფსევდონიმია. როგორც ახლახან მის ინტერვიუში წავიკითხე, სადებიუტო რომანს ის ათათურქის აეროპორტში, მე-18-დან 21-ე გეითებს შორის იატაკზე მჯდომი წერდა. ერთხელ ნეაპოლში მივფრინავდი, გადაიდო ფრენა და 12 საათი ვიჯექი აეროპორტში, მგონი ორი თავი სწორედ იქ დავწერეო…

რომანი, რომელსაც ხშირად მოგზაურობისას კითხულობენ, მკითხველსაც მრავალ ქვეყანაში, განსხვავებული კონფესიის პერსონაჟებთან ერთად ამოგზაურებს. სხვადასხვა თავში მოთხრობილი ერთმანეთთან ერთი შეხედვით დაუკავშირებელი ამბები ადრე ნახსენები მწერლის – ხალიდ ჰოსიენის ბოლო რომანს – „მთებმა მთებს უთხრეს“ – მოგაგონებთ. კითხულობ წიგნს – როჰინგების, ინდუსების, პაკისტანელების ამბებს – და გგონია, რომ ეს მწერლის ხერხია – ადგილობრივ ქართულ პრობლემებზე სხვა ერების პერსონაჟებს ალაპარაკოს. საბოლოოდ კი ხვდები, რომ ყველანი ერთნი ვართ დედამიწაზე, ერთნაირი პრობლემები გვაწუხებს; ცხადად ხედავ, რომ მწერლობა მხოლოდ გამოგონილი ამბები არაა, ხანდახან გვერდით გახედვაც კმარა, საოცარი სიუჟეტები კი ერთი ხელის გაწვდენაზეა – როგორც პატარა, ისე დიდი ქალაქების ისტორიის ზედაპირზე. ერთი ისაა – კარგი დამწერი სჭირდება.

„ვერ ვახერხებ, აღარ გამაკვირვოს იმან, თუ რამდენად საინტერესოა ადამიანების ჩვეულებრივი ცხოვრება. ადამიანური სიმართლეების დაუსრულებელი წყება… ისტორიას მხოლოდ ფაქტები აინტერესებს, ემოციები გვერდით რჩება, არაა მიღებული მათი ჩართვა ისტორიაში. მე კი სამყაროს ჰუმანიტარის თვალით ვუყურებ და არა – ისტორიკოსისა. მაოცებს ადამიანი…“ – წერს ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი წიგნში „სექენდ ჰენდის დრო“. გაბრიელ ტანიეს რომანში გამოგონილი პერსონაჟების ცხოვრებას დოკუმენტური ფონი გასდევს (თუმცა, წიგნში უამრავი რეალური პერსონაჟიცაა). უბრალო ადამიანების თვალთახედვიდან, მათი განცდებით ვხედავთ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. თხრობაში შემოჭრილი დოკუმენტური ნაკადი და ქართველი მკითხველისათვის ეგზოტიკური ადგილები კი შემეცნებით ხასიათსაც ატარებს. მწერლისთვის, როგორც ჩანს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების საკითხი. ერთ სოფელში, სადაც ბირმის კანონებით როჰინგებს განათლების მიღება კანონით ეკრძალებოდათ, ქვრივი ქალი პერსონაჟის – ფატიმას მიერ თვითნებურად გახსნილი სკოლაც ამის დასტურია. ნიშანდობლივია, რომ საბოლოოდ ბალახებში დამალული მოსწავლეები ხედავენ მოძალადეები მას და სკოლას ერთად როგორ დაწვავენ…

მრავალრიცხოვან პერსონაჟებს შორის რომანს ფატიმას გარდა სხვა ძალიან სახასიათო ქალი პერსონაჟებიც ჰყავს. ეს ქალები ხშირად ძალადობის მსხვერპლნი არიან. მათი სულისშემძვრელი ამბები თავდადების, დედობის, სიყარულის გასაოცარ მაგალითს იძლევიან. ამ ერთი შეხედვით დაჩაგრულ, გონიერ ქალებს გასაოცარი შინაგანი ძალაც აქვთ.

ძალადობა, ომი, ლტოლვილობა და ემიგრაცია კარგად ნაცნობია ქართველი მკითხველისთვის. ეროვნული გმირების როლი, პატარა ერების თავისუფლების საკითხი და მშვიდობის მუდმივი ძიება – წიგნში თანამედროვე მსოფლიოსათვის აქტუალური საკითხები იყრის თავს, რომელიც მკითხველამდე რამდენიმე ხერხით მოაქვს მწერალს: რომანში ჩართული პიესით, პირადი დღიურებითა და წერილებით, პირველ პირში თხრობით… მარადიული სამკუთხედის თემაც აქვეა, სასიყვარულო ხაზიც წიგნს ნატიფად გასდევს. თუმცა ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა დიქტატორის მონოლოგმა, ფიქრებმა კაცისა, რომელიც დელფინების სისხლით სავსე აუზზე სანებივროდ და სიცოცხლის წლების გასახანგრძლივებლად მცირე დერეფანს გადის, რომელიც სამსჯავროზე გასასვლელ გზასაც მოგაგონებთ. მწერალი შესანიშნავად ხატავს ადამიანის ფსიქოლოგიურ სურათს, აღწერს მის წარსულს და პერსონაჟის ტრანსფორმაციაც მკითხველის თვალწინ ხდება. როგორია დიქტატორის ცხოვრებისეული გზა, როგორ ჩამოყალიბდა ერთი მოკრძალებული, გაუნათლებელი ბიჭი მოძალადე, ექსტრემისტ მოლად, რა უცნაურ, გაუცხადებელ სიყვარულს ატარებდა რომის პაპის რჩეული პადრე გულში, რა გარემოებები ცვლის ადამიანს, როგორ შეიძლება შემობრუნდეს მისი ცხოვრება ისე, რომ შეხედულებები შეუცვალოს? – ამას რომანში თავად წაიკითხავთ. წიგნის ვერც ერთ პერსონაჟს ვერ შევრაცხავთ ხელაღებით უარყოფით ან დადებით გმირად. გაბრიელ ტანიე არც ერთ მათგანს არ სწირავს… ყველა წარმოჩენილია როგორც ვნებებითა და სისუსტეებით, ისე მიღწევებით და ისიცაა ნაჩვენები, თუ რა ფასად დაუჯდათ მათ ეს ყველაფერი. მწერალი პერსონაჟის ყველა მხარეს გვანახებს და მკითხველს დიდ საფიქრალს უტოვებს, თუ ვინ იმალება ამა თუ იმ დიდი, ცნობილი პიროვნების უკან. აღსანიშნავია, რომ რომანის პერსონაჟები არა მხოლოდ რეალური ისტორიული პირები არიან, გაბრიელ ტანიეს წიგნში კლასიკოსი მწერლებიც შემოჰყავს და გმირებიც სხვა რომანებიდან.

„ქანაანის შვილების“ ავტორმა ერთხელ საუბარში თქვა, ჩემს პერსონაჟებს წყალთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთო. მართლაც, რომანის სიუჟეტი ტბასთან, მდინარესთან, ზღვასთან და ოკეანესთან ვითარდება. ტანიეს პერსონაჟი ნოე კი ბიბლიურ ნოეს მოგაგონებთ. საერთოდაც, მთელი წიგნი იწვევს ბევრ ალუზიას და ძველი აღთქმის პერსონაჟებსაც გამოიხმობს. ზღვასთან მიჯაჭვულობამ კი უნებურად ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გამახსენა…

მთავარი „ქანაანის შვილებში“ მაინც თავისუფლებისკენ სწრაფვაა, ქანაანის პოვნა. რომანის ოთხი გმირისთვის თავისუფლების სიმბოლო კაილაშის დათოვლილი მწვერვალის მსგავსი თეთრი ხომალდი აღმოჩნდება. მატერიალური თუ ფიზიკური სიდუხჭირის მიუხედავად წიგნშიც და ცხოვრებაშიც არსებობს კუნძულები, ნავსაყუდელი სულებისა და გულებისთვის, სადაც მაგიდას უსხედან სხვადასხვა ღმერთის მადიდებელი მეგობრები, ჩაის მიირთმევენ და ხელოვნებაზე საუბრობენ.

შესაძლოა რომანის სტრუქტურაში, აგებულებაში ბევრი სიახლე ვერ შენიშნოთ, თუმცა რაც მხოლოდ ამ ავტორს ეკუთვნის, ეს გულწრფელი სიყვარულია პერსონაჟების მიმართ. ამასთან უნდა აღინიშნოს ტექსტის დახვეწილი ენობრივი ქსოვილი და შესანიშნავი ეპითეტები თუ შედარებები. ჩემი აზრით, ქართულ ლიტერატურას აშკარად განსხვავებული ხმა შემოემატა – კოსმოპოლიტი (ამ სიტყვის ვაჟასეული გაგებით), მოსიყვარულე; სულიერების, მხატვრობისა და განმანათლებლობის ერთად დამტევი, რომლის სადებიუტო წიგნი ერთდროულად ჩამთრევიცაა, ინფორმაციულიც და ძალზე ემოციურიც. თითქოს ფოიერვერკი გადმოიფრქვა ტანიეს ნაწერიდან და მისი შემოსვლა ლიტერატურაში, კონკრეტულად კი რომანის ჟანრში, საკმაოდ ძლიერი და ხმაურიანი აღმოჩნდა – „ქანაანის შვილები“ გამოცემისთანავე იქცა ბესტსელერად. ქართული რომანები იშვიათად თუა გაფორმებული და ძალიან მომეწონა, რომ ამ წიგნს შესანიშნავი ილუსტრაციებიც ერთვის. ისინი წიგნის ავტორმა, ბერდია არაბულმა და ლიზი ლიკლიკაძემ შეასრულეს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გირჩევთ თამამად შეცუროთ ხომალდ “Komandante“-თი უკიდეგანო ლიტერატურულ ოკეანეში.

literatura.ge – ოპტიკური ილუზიები  

0

2004 წლის ივნისში, როცა ვებგვერდი literature.ge აღმოვაჩინე, ის ერთი უსახური ადგილი იყო, უდაბნოს ფერებში. მარტივზე მარტივი დიზაინი, ლიტერატურული ჟანრების კომიკურობამდე მისული ჩამონათვალი, შოთა რუსთაველის სურათი ზედა მარჯვენა კუთხეში. იმ კაცის მოფიქრებულს ჰგავდა, ბავშვობაში წიგნების კითხვა რომ უყვარდა და ძველ სიყვარულს რაღაც აკლდამის მსგავსი აუშენა. დიახ, აქ მშვიდად უნდა განესვენა ლიტერატურას, რომელსაც, ვებსაიტის შემქმნელის წარმოდგენით, სიცოცხლე კარგა ხნის წინ დაესრულებინა. შოთა რუსთაველის სურათიც ერთმნიშვნელოვან მინიშნებად მოჩანდა – სინდისზე ხელი აიღე და წერ?

არ არსებობდა ის, რაზეც ვებსაიტზე შემთხვევით მოხვედრილი მკითხველი და მწერალი თვალს შეაჩერებდა. თუ მეტისმეტად მოცლილი იყავით და ჩამონათვალს ჩაუყვებოდით, აუცილებლად გადააწყდებოდით ორი-სამი მეტ-ნაკლებად ცნობილი ავტორის გვარს და სრულიად უცნობ უამრავ ავტორს. ცხადი იყო, რომ რამდენიმე კლასიკური ტექსტი ვებსაიტის შექმნიდან პირველ ექვს დღეში განეთავსებინათ, მეშვიდე დღეს კი ადმინს დაესვენა და მერე საბოლოოდ აეღო ხელი ქართული ლიტერატურის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ძეგლების აკრეფაზე.

თავიდან დამაბნეველი იყო ეს უცნაურად ღია სივრცე, სადაც ტექსტის გამოქვეყნებისთანავე შენი გვარი ავტორთა სიას ემატებოდა და დღეში იმდენი ტექსტის გამოქვეყნება შეგეძლო, რამდენსაც მოისურვებდი. ყოველ წუთს გიწვევდა – გაიძულებდა, გამუდმებით გემტკიცებინა, რომ წერა შენი მთავარი საქმეა. ეიფორიით სავსე პირველი დღეები სწორედ ასეთი იყო – ახლად დარეგისტრირებული ავტორი ერთიანად აქვეყნებდა ყველაფერს, რაც კი ვებსაიტზე რეგისტრაციის დღემდე დაეწერა, შემდეგ კი წარმოუდგენელი სისწრაფით იწყებდა ახალი ტექსტების წერას და თითქმის ყოველდღე გამოქვეყნებას.

ვერც ერთი ლიტერატურული პერიოდული გამოცემის რედაქცია ვერ იქნებოდა ასეთი გახსნილი, ვერ დაუშვებდა ამგვარ უპირობო მიმღებლობას. ის, რაც თავიდან გვაცბუნებდა, შემდეგ ყოველდღიურ აუცილებლობადაც კი გვექცა: სულ ნაგავში ვიქექებოდით, მუდმივად რაღაცას ვეძებდით. ყველას თითქოს რაღაც შეგვეყარა: ვწერდით და ვწერდით. გაუთავებლად ვლაპარაკობდით ჩვენს ნაწერებზე, მუდმივად ვუსწორებდით ერთმანეთს, უცერემონიოდ ვერეოდით სხვის სამუშაო პროცესში, დაუნდობლად ვაკრიტიკებდით ყველაფერს, რაც ჩვენს ყურადღებას რაღაცით იპყრობდა.

წლების შემდეგ მეჩვენება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს იყო – ავტორსა და მკითხველს შორის ყოველწუთიერი ურთიერთობის შესაძლებლობა, წარმოუდგენელი რამ ჩაკეტილ სივრცეებს ნაჩვევთათვის. ვებსაიტის სტრუქტურა რამდენადაც პრიმიტიული იყო, იმდენადვე – კომფორტული. საუბრის წარმართვა ერთადერთ სიბრტყეზე შეიძლებოდა, ყოველი ახალი პოსტი წინა პოსტის ზემოთ თავსდებოდა, ძველი პოსტები კი ავტომატურად იშლებოდა. მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა რჩებოდა – ყოველი ახალი კომენტარის გამოქვეყნება რომელიღაც ძველი კომენტარისთვის საბედისწერო განაჩენის გამოტანას ნიშნავდა. ამდენად, შეგეძლო უშიშრად გეწერა – უმადურ შთამომავლობას არაფერიც არ დარჩებოდა.

ყველა ერთად ვლაპარაკობდით და ამ ლაპარაკში ყველაფერი ლიტერატურად იქცეოდა. სცენა – იგივე. მოქმედი პირნი – იგივე. ვქმნიდით რაღაც დრამატულ ნაწარმოებს, რომელსაც დასასრული ვერ ექნებოდა, რამდენადაც ნაწერი ყოველთვის იძლეოდა გაგრძელების შესაძლებლობას. სასაუბრო სივრცე თავისუფალი იყო ინტერნეტ-ფორუმებისთვის დამახასიათებელი ნევროზულობისგან: ერთი კვირის წინ ნათქვამს ვერავინ გაგახსენებდა და ვერც პოზიციის რადიკალურად შეცვლაში დაგდებდა ბრალს.

სამუშაო რვეული, შავი ფურცლები – უფრო ამას ჰგავდა literature.ge-ის სასაუბრო გვერდი. ყოველთვის იყო ვიღაც, ვინც შენს კითხვას პასუხობდა და ვიღაც, ვინც შენს კითხვას სხვაგვარად პასუხობდა და ვიღაც, ვინც შენს კითხვაზე პასუხებს სადღაც სხვაგან ეძებდა. ყოველთვის იპოვიდი მოხალისეს, ვისაც ნახევარი საათის წინ დაწერილ ლექსს წააკითხებდი და მოხალისეებს, რომლებიც იმ ლექსისგან აღარაფერს დატოვებდნენ – მარცვალ-მარცვალ გაარჩევდნენ და სტრიქონ-სტრიქონ ქარს გაატანდნენ… სისასტიკე, დაუნდობლობა, სიმართლის პირში თქმა – თითქოს ყველა შეთანხმებულიყო, რომ სიკეთის კეთება მხოლოდ ასე შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, კრიტიკული შენიშვნები ზოგჯერ მოუზომავიც იყო და გაუმართლებელიც, მაგრამ ავტორებისთვის ესეც კი უფრო სასარგებლო ჩანდა, ვიდრე მათი ნაწერების სადავო ღირსებებით არაგულწრფელი აღფრთოვანება.

რატომ ვწერ ამ ყველაფერს? მეჩვენება, რომ რაღაც ძალიან იშვიათის მომსწრე გავხდი, ქაოსის წიაღში ჩასახული მოწესრიგებული მოძრაობების, თითქმის სტიქიური მოვლენის, რომელმაც სახე იცვალა და რაღაც სხვად იქცა. ის გამოცდილება, რომელიც literature.ge-ის ავტორ-მკითხველების ნაწილმა 2004-2005 წლებში მივიღეთ, განუმეორებელი მგონია. სხვა პირობებში ამავე შედეგის მიღება ალბათ შეუძლებელი იქნებოდა. ეს იყო პირველი და ერთადერთი ვირტუალური ლიტერატურული სახელოსნო, სადაც ერთმანეთზე ზემოქმედებით ერთმანეთს ვზრდიდით, ბევრს ვმუშაობდით საკუთარ თავზე, რადგან მეტის გაკეთება გვინდოდა – ხანდახან იმაზე მეტისაც, ვისაც შეგვეძლო.

იმ დროს იმ ადგილას მოხვედრა ალბათ ერთგვარი გამართლება იყო. პირველი ორიენტირების მონიშვნის შესაძლებლობა, ყოველდღიური მუშაობის აუცილებლობის გაცნობიერება. დარწმუნებული ვარ, იმ წლებში რაღაც ნამდვილად ვისწავლეთ. დღეს literature.ge-ის ასლის, ზუსტად იმავე პარამეტრებით ლიტერატურული ვებსაიტის შექმნა სრულიად აბსურდული, არაფრისმომცემი წამოწყება იქნებოდა. ამიტომაც, არ ვლაპარაკობ literature.ge-ზე, როგორც დაკარგულ შესაძლებლობაზე. ის უფრო გამქრალი ადგილია, ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად სამუდამოდ გაუჩინარებული – ადგილი, რომლის მკვიდრთაც, შესაძლოა, ოპტიკური ილუზიების გარდა არც არაფერი უხილავთ.

 

ასაკი

0

დემეტრემ ამ ზაფხულს ერთი უცნაური ჩვევა შემოიჩვია: შინ თუ გარეთ, ნაცნობებსა და უცნობებს ერთი, ერთადერთი შეკითხვით აწუხებდა ხოლმე: „რამდენი წლის ხარ?“. თავიდან მეგონა – სხვებსაც ასე ეგონათ – ეს უბრალო ცნობისმოყვარეობის ამბავი იყო, მაგრამ დრომ გამოაჩინა, რომ დემეტრესთვის ეს ხერხი მხოლოდ გამოცნაურების ან სიმორცხვის დაძლევის საშუალება არ ყოფილა. შეიძლება თვითონ ვერ ხვდება და ალბათ არც სჭირდება ამაში ჩაღრმავება, მაგრამ მან ერთდროულად რამდენიმე კურდღლის დაჭერა შეძლო:

  1. თავისი თამაში იპოვა, რომლის გაყოფა-განაწილება სხვებისთვის (ძმებისთვის, მეგობრებისთვის) არ მოუწევდა;
  2. იმ რიცხვების გააქტიურების საშუალება მიეცა, რომელსაც თვეების განმავლობაში ხარბად ისრუტავდა და ყოველდღიური მარტივი მიმატება-გამოკლება და ამით უფროსებთან თავმოწონება უკვე ყელში ჰქონდა ამოსული;
  3. ნათესავ-მეზობელთა ასაკობრივი ბაზის შექმნის შემდეგ ისეთი რთული მოვლენების თავისებური ახსნა სცადა, როგორიც სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოა. ჩვენს სანათესაოში უხუცესი ადამიანის გარდაცვალებისთანავე – მისი სოლიდური ასაკი უკვე იცოდა – თავის დიდ ბებიას მიადგა და გადაწყვეტილად უთხრა, – მე მგონი ახლა შენი ჯერიაო.
  4. რამდენიმე ქალი და, სხვათა შორის, რამდენიმე მამაკაციც სახალხოდ შეარცხინა და გააწითლა, ვინაიდან მათ მყიფე საიდუმლოებას (ასაკის გაუმხელობის სურვილი) საქვეყნოდ მოჰფინა ნათელი.
  5. ის იშვიათი შემთხვევაც აღმოაჩინა, რომ ცოლ-ქმრის წყვილში ეს უკანასკნელი შეიძლება ყოველთვის არ იყოს ასაკით უფროსი, ზოგჯერ პირიქითაც შეიძლება მოხდეს. თუმცა რაღა აღმოჩენა ამას უნდოდა (დემეტრესთვის), ეს ისედაც პირველივე დღესვე შეიტყო დედ-მამის მაგალითზე.

ასაკის შეტყობისა და თარიღებისადმი მიძალება ჩემს ბავშვობასაც რეფრენივით გასდევს, მაგრამ მე ადამიანებთან კონტაქტს გავექეცი და შეიძლება ითქვას, ედგარ ლი მასტერსისეული გზა ავირჩიე – სოფელ ურთის სასაფლაოს ძეგლ-მემორიალების შესწავლა. ხელს ისიც მიწყობდა, რომ ჩვენს სოფელში მცხოვრებთა ძვალშესალაგი ახლოს იყო, უფრო სწორად, ჩვენს სახლთანაც ახლოს იყო და საფეხბურთო სტადიონთანაც, თორემ აბა რანაირად გავამართლებდი შინიდან გახშირებულ გამოსვლებს. ბებიაჩემი განათლებული ქალი იყო – „სტუმარ-მასპინძლის“ ის დრამატული ეპიზოდები ხომ იცოდა და დიდი ალბათობით „სფუნ რივერის ანთოლოგიის“ ქართულად თარგმნილი ფრაგმენტებიც წაკითხული ექნებოდა, მაგრამ არც მთლად მაგ ჭკუაზე გახლდათ, უფროსი შვილიშვილისთვის (მეგრულში მაკუჩხურ მოთა ჰქვია) სასაფლაოზე ხეტიალი დაენებებინა.

ჩემი კონსპირაცია ამართლებდა: არავის, მათ შორის არც ჩემს ძმას არ ვეუბნებოდი ამოჩემებული ვიზიტების ამბავს, სამაგიეროდ ცოტა ხანში სრულად შევისწავლე ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში გარდაცვლილი ჩემი თანასოფლელების პირადი ქრონოლოგია; დაბადება-გარდაცვალების თარიღების შემეცნებას მალევე მოჰყვა ამა თუ იმ ადამიანის გარდაცვალების მიზეზთა მოკვლევა, და ამის გამო შეფარული გამოძიების ჩატარება – ჩემი სოფლის მცოდნე ხალხს სახელდახელოდ ჩამოვუგდებდი სიტყვას და რადგან ისედაც ცნობისმოყვარე ბიჭის სახელი მქონდა დაგდებული, არც არავის შეუტანია ეჭვი, საბოლოოდ რისთვის მჭირდებოდა ეს ყველაფერი. ბევრი რამ მეხსიერებაში დალექილი ამ ამბებიდან მოთხრობებსა და რომანებში გამოვიყენე – ადვილი არ ყოფილა მათგან გათავისუფლება, მინდოდა დამაჯერებლად მომეყოლა ის, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვინახავდი და არც არავისთან ვყვებოდი პირად საუბარში, რადგან ზეპირად გამხელილის დაწერა, დამეთანხმება საქმეში ჩახედული ხალხი, კაიძალი ტვირთია და შრომასაც მეტს მოითხოვს. ზოგჯერ კი ის უცნაურობაც შეიძლება მოხდეს, რომ შენმა მოყოლილმა აჯობოს შენს დაწერილს.

მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია და სხვაგანაც წაგვიყვანს. ამას არც ვეპირებოდი თავიდან – უფრო იმის თქმა მინდოდა, რომ უცნაური შეკითხვებისა და ამ შეკითხვებს აყოლილი ბავშვებისა ნუ შეგვეშინდება. არც მშობლებს, არც მასწავლებლებს, არც… არც… ჰო, მოთხოვნებივით ჟღერს ეს შეკითხვები, რომელსაც მოუსვენარი, აზარტით დაქოქილი ბავშვები წარმოსთქვამენ, მაგრამ მათგან თავის დაღწევა და იგნორირება ნამდვილად არ იქნებოდა ღირსეული საქციელი. მით უმეტეს, საჩვენო ვარიანტით ჩანაცვლება, როგორსაც ერთხელ მეც შევესწარი – თბილისის წიგნის ფესტივალზე ერთ ცელქ ბიჭს ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტობიოგრაფიული წიგნი უნდოდა, ცრემლებამდე მისული ხვეწნით არწმუნებდა დედას, დედა-მშობელი კი რომელიღაც მისი ბავშვობისდროინდელი კლასიკოსის წიგნს ტენიდა.

P.S. ცარიელი ასანთის კოლოფებს რომ ვაგროვებ და შენ გეცინება, რა იცი რისთვის ვაგროვებ და რა იცი, რომ ისინი ცარიელია, – ამბობდა ჩემი მეგობარი ტუსკია.

წიგნები, სივრცეები და ადამიანები

0

ერთ მრუმე და ნაცრისფერ დღეს უბნის ბიბლიოთეკას მივადექით. „ნეტავ რა ხდება შიგნით?“ – გავიფიქრე და რკინის გისოსებიანი კარი შევაღე, მერე – მინისა და შევედი. თან ორი ბავშვი მახლავს, ორივეს აინტერესებს, იქ რა ხდება, რამე საკბილოს თუ ვიპოვით. ბიბლიოთეკაში სხვანაირი სუნია და სხვანაირი ფერები. ფერები ცოტათი ამ მოღუშული დღისას წააგავს, სუნი კი ორივეს მოსწონს – ძველი წიგნების სუნიაო, ამბობენ და იმახსოვრებენ.

მას შემდეგ რამდენჯერმე ვესტუმრეთ იქაურობას და ორივე ბავშვი თავად არჩევდა თავისთვის ლიტერატურას. ახალი სივრცეების აღმოჩენა მათთვისაც ისეთივე საინტერესო თავგადასავალია, როგორიც უფროსებისთვის, მგონი, უფრო მეტადაც კი…

დიდი ხანია, ბიბლიოთეკით აღარ მისარგებლია. ბოლო წუთს გადავწყვეტდი ხოლმე, რომ საკუთარი წიგნები ჯობია და ბიბლიოთეკის ბარათი დიდხანს უსარგებლოდ მედო ჩანთაში. ბიბლიოთეკაში ვალდებულებებია: პირველ რიგში – დრო, რომელშიც უნდა ჩაეტიო და რომლითაც უნდა შემოიფარგლო, დრო კი ძნელი მოსაპოვებელი და სამართავია. მაგრამ ამჯერად ბავშვებისთვის მინდოდა წიგნების შერჩევა.

კედლებზე – ქართველი მწერლები, წმინდანები და ისევ წიგნები. თანამედროვე ლიტერატურას ვათვალიერებ. ორი სტენდი უჭირავს. ახალი წიგნები თვალსაჩინო ადგილას არის გამოფენილი და ცოტაა. უმეტესობა შინაც მაქვს. მას შემდეგ, რაც პირადი ბიბლიოთეკის შექმნას შევუდექი, საკმაოდ მოიყარეს თავი, წიგნის ფესტივალებმა კი პირადი ბიბლიოთეკის გამდიდრებას ხელი შეუწყო. მაგრამ სხვა საქმეა საბავშვო წიგნები, რომლებიც არასდროს გვყოფნის.

სამივე ვრეგისტრირდებით, ორი ბავშვი და მე. სიხარულით გვარეგისტრირებენ და გვეუბნებიან, რომ ეს მნიშვნელოვანია მათთვის. ბიბლიოთეკის გადასარჩენადაც და პირადად მათთვისაც… შემდეგ წიგნები გამოაქვთ, საბავშვო წიგნები – ფერადები და გაცვეთილები, მაგრამ ეს უმნიშვნელო დეტალია, საქმე ის არის, რომ ცოტაა ასარჩევად. ბევრი არ არის ისეთი წიგნი, რომელიც ილუსტრირებულიც იქნება და ადაპტირებულიც მცირეწლოვანი გოგონას მოსახიბლავად. ისინი ხომ უფრო მეტი ინტერესით გისმენენ, როცა ნახატებსაც აჩვენებ – გოგონას, რომელიც დათვების ქოხში შევიდა, კურდღელს, რომელიც ისე ირწმუნა საკუთარი თავისა, რომ კუმაც კი გაუსწრო, ბიჭუნას, გოგონას ჯადოსნური ქოთანი რომ მოპარა, კაცს, რომელიც ქარიან ამინდში ქუდს დასდევს და უკვე გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის ამბებამდეც“ მივედით და ამ სევდანარევ, ზღაპრულ სამყაროში გადავეშვით. ორ-სამ კვირაში თითქმის ყველაფერი გადავიკითხეთ და ბიბლიოთეკაში სიარულის ტრადიციაც დავნერგეთ, მაგრამ ორი-სამი წლის ბავშვებისთვის ადაპტირებული წიგნი ბიბლიოთეკას ცოტა აქვს…

მე კი იმის მოყოლა მინდოდა, რომ მცირეწლოვანს ბიბლიოთეკით არასდროს მისარგებლია. სამივე სახლში, სადაც ვიზრდებოდი და ცხოვრება მიწევდა, განსხვავებული წიგნები გვქონდა. წიგნი ბევრი იყო, მაგრამ ისეთი, რომელიც ვაშლის ხეზე საკითხავად აგიყვანდა – მხოლოდ ბაღდათში, ლამარა ბებიას სახლში. ბებიამ შვიდი შვილი გაზარდა. მის სახლში ყოველთვის იყო წიგნის კითხვის ტრადიცია და ნებისმიერი მკითხველი იპოვიდა თავისთვის საინტერესო ლიტერატურას.

ახლა კი იმ გადარჩენილ წიგნებზე მოგიყვებით, რომლებიც ნონას დამსახურებით გაფანტვას გადაურჩა და ისევ აწყვია ბაღდათის სახლის წიგნის თაროებზე. ნონა ჩემი დეიდაა, რომელიც წლების წინ კურორტ საირმის წიგნის მაღაზიაში მუშაობდა და უმეტესობა წიგნებისა, რომლებიც ჩვენი სახლის თაროებს და ბავშვობის მოგონებებს ამშვენებს, სწორედ მისი შეძენილია. არც იმას დაგიმალავთ, რომ ნონას მიმართ ყოველთვის ვგრძნობდი პროტესტს, მეჩვენებოდა, რომ ცერბერივით იცავდა თავის ბიბლიოთეკას და ყოველთვის ამოწმებდა, დავაბრუნეთ თუ არა წიგნი თაროზე, ამოწმებდა, რას ვკითხულობდით, იყო თუ არა საჩვენო… თუ არ მოეწონებოდა ჩვენი არჩევანი, გამოგვართმევდა წიგნს და სხვას მოგვაჩეჩებდა – აი, ეს წაიკითხეთ, სათქვენო ეს არისო. და მართლაც, ყოველთვის „საჩვენო“ წიგნი მოჰქონდა. ნონაზე უკეთ არავინ იცოდა, რა იმალებოდა პატარა მკითხველისთვის წიგნის თაროების მიუვალ კუნჭულებში და მგონი არც მასავით ეშინოდა ვინმეს, ასაკისთვის შეუსაბამო ლიტერატურას არ გადავყროდით. ამიტომ, როგორც კი თაროებზე წიგნის ძებნას შევუდგებოდით, ნონა სასწრაფოდ გამოაძვრენდა საიდანღაც „საჩვენო“ წიგნებს და გვეტყოდა: „აი, ეს მოგეწონებათ“. ჩვენც ვკითხულობდით: პატარა ჯადოქარსა და ვალპურგის ღამეზე, ნილსსა და გარეულ ბატებზე, დევიდ კოპერფილდზე, ბიულერბიუელ და სალტკროკელ ბავშვებზე. ვკითხულობდით და გვიყვარდებოდა ეს ამბები.

„იმ არეულობის პერიოდში“, როდესაც ბევრ სხვა რამესთან ერთად წიგნის მაღაზიებიც გაქრა, საირმის წიგნის მაღაზიაც დაიხურა და ბევრმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა სივრცემ არსებობა შეწყვიტა, ნონა ვერ შეეგუა წიგნებთან განშორებას და საკუთარი წიგნების დამცველი გახდა, ჩვენთვის კი – პირადი ბიბლიოთეკარი. ახლა, როდესაც ბაღდათის სახლში ჩავდივარ, საჩემო ლიტერატურა თან მიმაქვს. ნონა ყურადღებით ათვალიერებს ახალ წიგნებს და წუხს, რომ მსოფლიო ლიტერატურის სერიის შევსება ვერ მოასწრო. სხვა წიგნებზეც დარდობს, რომლებიც სახლში ვერ მოიტანა.

ყველა ადამიანს საკუთარი მედიუმი ჰყავს, რომელიც სხვადასხვა სივრცესთან აკავშირებს. ჩემთვის ასეთი შუამავალი წიგნებია, რომლებიც ცხოვრების ყველაზე ლაღ პერიოდში გადამისვრის, იმ განცდებსა და იმ მოგონებებთან, მეხსიერების სიღრმეებში რომ იმალება.

ეკოთამაშები გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

ტყის რესურსების დაცვა

მიზანი: მოსწავლემ განსაზღვროს საკუთარი ადგილი და მონაწილეობა ბუნებრივი რესურსების აღდგენის საქმეში.

საჭირო მასალა:  დიდი ფორმატის ქაღალდზე დაწერილი კითხვარი ხის შესახებ, ფურცლები, საწერ-კალამი, წამზომი, დიდი ზომის თასი (ჯგუფების რაოდენობის მიხედვით) და მიწის თხილი (თითოეული თასისთვის 16 ცალი), კითხვარი ხის შესახებ:  დაახლოებით რა სიმაღლისაა ხე? განიერია თუ ვიწრო? რბილი ხეა თუ მაგარი? სად იზრდება? (ქვეყანა, კონტინენტი, ადგილი); ბევრი ტოტი აქვს თუ ცოტა? რა ფერისაა ხე? როგორი ფორმის ფოთლები აქვს? რა ბინადრობს ხეზე? რა სჭირდება ხეს არსებობისთვის?

მსვლელობა:

წინარე ცოდნის გააქტიურება:  რა ვიცით ხეების შესახებ?

კლასი დაყავით წყვილებად, დაურიგეთ წინასწარ მომზადებული კითხვარი „ხის შესახებ“  და სთხოვეთ, რომ თითოეულმა დამოუკიდებლად შეავსოს. კითხვარის შევსების შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს უცვლიან ანკეტებს და ცდილობენ გამოიცნონ, რომელ ხეზეა საუბარი. შემდეგ ერთმანეთში ამოწმებენ პასუხების სიზუსტეს.

თამაში: „რესურსების დილემა“ (არჩევანი)

უთხარით მოსწავლეებს, რომ მათ ამ თამაშისას მოუწევთ არჩევნის გაკეთება.

აიღეთ დიდი თასი, რომელიც პირობითად ტყეს წარმოადგენს. ჩაყარეთ თასში თხილი. თითოეული თხილის მარცვალი ერთ ხეს შეესაბამება.

დაყავით კლასი ოთხკაციან ჯგუფებად და თითო ჯგუფს მიეცით „ტყე“-თასი 16 „ხით“ (ანუ 16 თხილის მარცვლით).

მოსწავლეებს გააცანით თამაშის ინსტრუქცია.

თამაშის მიზანია,  განსაზღვრონ, რისთვის სჭირდებათ ხეები და საჭიროებიდან გამომდინარე, ჯგუფმა რაც შეიძლება მეტი „ხე“ მოჭრას;

„ტყეში“ (თასში) მხოლოდ 16 „ხეა“ (თხილი), რადგან ეს არის „ტყის“ მაქსიმალური ტევადობა. ყოველი ოთხი მოჭრილი „ხისთვის“ თითოეული მოსწავლე ერთ ქულას მიიღებს. რაც უფრო მეტ „ხეს“ მოჭრიან, მით მეტი ქულა ეძლევათ. თამაშისას, მოსწავლეებს შეუძლიათ, მოჭრან ყველა „ხე“, მოჭრან რამდენიმე „ხე“ ან საერთოდ არცერთი „ხე“ არ მოჭრან;

მოსწავლეებს ეძლევათ ოთხი 20-წამიანი რაუნდი, როცა მათ „ხის“ მოჭრა შეუძლიათ. თქვენ ამცნობთ მათ რაუნდის დაწყებისა და დამთავრების დროს. თუ პირველი რაუნდის შემდეგ თასში „ხე“ დარჩება, მეორე რაუნდისთვის თითო დარჩენილ „ხეზე“ ერთი „ხე“ დაემატება. მაგ. თუ ოთხი „ხე“ დარჩა კიდევ ოთხი დაემატება, მაგრამ ყოველი ახალი რაუნდის დაწყების დროს „ტყეში ხეების“ რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 16 „ხეს“, რადგან „ტყე“ მეტს ვერ იტევს.

შემდეგ იგივე თამაში გაიმეორეთ უკვე 8-კაციან ჯგუფებში, რათა მოსწავლეებმა ნახონ, რა კავშირია მოსახლეობის რაოდენობის ზრდასა და ხეების მოხმარებას შორის. რაც უფრო იზრდება მოსახლეობის რიცხვი (ჯგუფის წევრების რაოდენობა), მით მეტი რესურსი (ამ შემთხვევაში ტყის რესურსი) სჭირდებათ.

თამაშის დამთავრების შემდეგ შეაჯამეთ კლასთან ერთად ჩატარებული აქტივობა: მაქსიმუმ რამდენი ქულა მიიღეს მოსწავლეებმა, ჯგუფებმა? რატომ ემატებოდა ხე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თასში (ტყეში) რამდენიმე ხე იყო დარჩენილი? (იმიტომ, რომ თუ ყველა ხე მოიჭრა, ხეები ვეღარ გამრავლდება). რომელი იყო საუკეთესო სტრატეგია ხეების მოჭრის დროს? (რვა ხის მოჭრა ყოველ რაუნდში).

შეჯამება

დასასრულ, მოკლედ შეაჯამეთ გაკვეთილი. უთხარით მოსწავლეებს, რომ ტყის რესურსების გამოყენებისას მეტად მნიშვნელოვანია მათ აღდგენასა და დაცვაზე ზრუნვა. სთხოვეთ მათ, კიდევ ერთხელ ჩამოთვალონ ის რესურსები, რომელთაც გაფრთხილება და აღდგენა სჭირდება (ტყე, წყალი, მიწა, ცხოველთა სამყარო).

ბოლოს, სახლში საშინაო დავალებად მიეცით, დახატონ პლაკატი და მოიფიქრონ სლოგანი, რომელიც ტყის რესურსების დაცვასა და აღდგენას ასახავს.

რეკომენდაცია:

მშობლებთან და სკოლის დირექციასთან ერთად თქვენ და თქვენმა მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეთ ხეები, ხეებს დაარქვით მოსწავლეთა სახელები და სთხოვეთ მათ, რომ თავიანთ მოსახელე ხეზე იზრუნონ.

სათაური: ბუნებრივი რესურსების გამოყენება

მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს, აღწეროს და გააცნობიეროს ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა ადამიანისათვის.

საჭირო მასალა:  წამზომი, სასტვენი (საყვირი), 4-5 ცალი რგოლი ან სხვა რაიმე მრგვალი საგანი, დაახლოებით 40-მდე რბილი საგანი, რომელთაგან თითოეული ისე უნდა იყოს დანიშნული, რომ რაიმე ნივთს წარმოადგენდეს (თითოეულ სათამაშოზე სამაგრით დამაგრდეს ფურცლები წარწერებით, მაგ. შეშა, წყალი, საცხოვრებელი ადგილი, სამსახური, ადამიანები, განათლება, სამედიცინო მომსახურება, საწვავი რესურსები (ნავთობი, ქვანახშირი და ა. შ.), სუფთა ჰაერი, ლითონები, მიწა, სატრანსპორტო საშუალებები და ა. შ.).

მსვლელობა:

გონებრივი იერიში.

გაკვეთილი დაიწყეთ კითხვებით:

რა არის ბუნებრივი რესურსები? (ბუნებრივი რესურსებია ის, რაც ბუნებაში მოიპოვება, და რასაც ადამიანი თავისი არსებობისა და საქმიანობისთვის იყენებს).

როგორი ბუნებრივი რესურსები არსებობს? (ამოუწურავი და ამოწურვადი. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, არსებობს აღდგენადი და აღუდგენელი).

ბუნებრივი რესურსების გარდა, კიდევ რა სჭირდება ადამიანს, საზოგადოებას, ქვეყანას ნორმალური არსებობისა და განვითარებისათვის? (განათლება, სამედიცინო მომსახურება, საცხოვრებელი ადგილი, სისუფთავე და ა. შ.).

თამაში „ბრძოლა რესურსებისათვის:

დაყავით მოსწავლეები პატარა ჯგუფებად ისე, რომ ყველა ჯგუფში თანაბარი რაოდენობის წევრები იყვნენ. განუმარტეთ მოსწავლეებს, რომ თითოეული ჯგუფი არის გარკვეული ცივილიზაცია და მათ  არსებობისათვის მთელი რიგი საგნები სჭირდებათ, რომლებიც უნდა მოიპოვონ.

ერთი სათამაშო რგოლი მოათავსეთ სათამაშო ადგილის შუაგულში და მოთამაშე რგოლიდან ყველა თანაბარი მანძილის დაშორებით დააყენეთ. რგოლის შუაში დააწყვეთ რბილი საგნები.  სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ რგოლის ირგვლივ წრე გააკეთონ და აუხსენით, რომ მათი ამოცანაა რბილი საგნების თავიანთი გუნდის რგოლში მოთავსება, თუმცა გარკვეული წესების დაცვით.

გააცანით მოსწავლეებს თამაშის წესები: თითო მონაწილეს ერთ წასვლაზე მხოლოდ ერთი საგნის გადატანა შეუძლია; არ შეიძლება საგნების სროლა ან გადაგორება; არ შეიძლება რგოლში საგნების დასაცავად მოთამაშის დაყენება; მონაწილეებს საგნების მოტანა ნებისმიერი, თუნდაც სხვა ჯგუფის რგოლიდანაც შეუძლიათ.

წესების გაცნობისა და თქვენი ნიშნის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ თამაშს რამდენიმე რაუნდად.  თითო რაუნდი 30 წმ. გრძელდება. ყოველი რაუნდის შემდეგ მოაწყვეთ განხილვა, თუ რა მოიტანა ან შეაგროვა თითოეულმა გუნდმა თავიანთ „ცივილიზაციაში“ და რა აკლიათ. მაგ. წყალი, აქვთ ცუდი სანიტარული პირობები და ა. შ.

თამაში გაიმეორეთ რამდენჯერმე, სანამ მონაწილეები წარმატებულ „ცივილიზაციას“ არ შექმნიან. ეს კი მაშინ მოხდება, როცა გუნდები მიხვდებიან, რომ საჭიროა სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და რესურსების გაცვლა, გაზიარება, ყიდვა-გაყიდვა ერთმანეთისგან რესურსების მოპარვის ნაცვლად.

შეჯამება:

თამაშის დასრულების შემდეგ, სთხოვეთ მოსწავლეებს უპასუხონ კითხვებს:

მათი აზრით, რატომ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს რესურსების მოპოვებაში? (რესურსების არსებობა ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური ძლიერების, ადამიანთა კარგი ცხოვრების საფუძველია).

რომელი რესურსების მოსაპოვებლად დაიწყეს ბრძოლა დასაწყისში? (თვლიან იმ რესურსებს, რომლებიც სულ პირველად მოიპოვეს).

რომელი რესურსებია ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის? (მაგ. წყალბადის რესურსები).

ერთმანეთთან შეჯიბრით შესაძლებელია მიზნის მიღწევა? (არა).

როგორ შეიძლება მიზნის მიღწევა? (თანამშრომლობით).

 

 

როგორ შეუძლია მასწავლებელს მორცხვი ბავშვის დახმარება

0

მიუხედავად იმისა, რომ კლასში პიროვნების ტიპებისა და ტემპერამენტების სიმრავლე დადებითად ფასდება, მასწავლებლები და მშობლები, ბუნებრივია, შფოთავენ, როცა რომელიმე ბავშვი სულ ჩუმადაა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც მორცხვ ბავშვს თავის გამოჩენაში დაეხმარება. მათი უმრავლესობა სხვა სიტუაციებშიც გამოგადგებათ.

 

  1. გაარკვიეთ, რა აინტერესებს თქვენს მორცხვ მოსწავლეს. შეგიძლიათ, მას ამის შესახებ ჰკითხოთ; გამოიყენოთ ინტერესების სფეროს კვლევა; დააკვირდეთ, რა აცვია (მაგ., დინოზავრის გამოსახულებიანი მაისურები), დააწერინოთ წიგნი საკუთარი თავის შესახებ და სხვ. გამოიყენეთ ეს ინფორმაცია საუბრის ან საგანმანათლებლო აქტივობების საწყის წერტილად.
  2. დაავალეთ კლასში სხვა, უფრო აქტიურ ბავშვებთან ერთად მუშაობა. ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ურთიერთობებსა და ახალი მეგობრების გაჩენას.
  3. ყურადღება გაამახვილეთ მის ძლიერ მხარეებზე. თუ მორცხვი მოსწავლე წარმატებულია მათემატიკაში, დაავალეთ მას, დაეხმაროს სხვა მოსწავლეს, რომელსაც ამ სფეროში დახმარება სჭირდება.
  4. დააწყვეთ მერხები ან სკამები ისე, რომ მორცხვი მოსწავლეები მოხვდნენ მათთვის კარგად ნაცნობი ბავშვების ან მათ გვერდით, ვისაც კარგად შეუძლია სხვების ჩართვა.
  5. ასწავლეთ ბავშვებს, როგორ ჩაერთონ ჯგუფურ აქტივობებში. მაგალითად, სათამაშო მოედანზე, წააქეზეთ ბავშვი, ვინმეს ჰკითხოს: „შეიძლება, მეც ვითამაშო?“
  6. მიეცით დავალება, რომელიც გულისხმობს ოთახში გადაადგილებას და სხვებთან ურთიერთობას ან გააკეთებინეთ რამე, რაც თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებს, მაგ., დაფის გაწმენდა.
  7. ყოველდღე დაუთმეთ დრო მორცხვ მოსწავლეს. ჩართეთ საუბარში. თუ თქვენთან თბილი ურთიერთობის დამყარებას მოახერხებს, შესაძლოა თავი უფრო დაცულად იგრძნოს.
  8. მოერიდეთ მორცხვი ბავშვების ისეთ მდგომარეობაში ჩაყენებას, რომელიც მათთვის შესაძლოა შემაწუხებელი ან სტრესის გამომწვევი აღმოჩნდეს.
  9. ასწავლეთ ბავშვებს, გაუმკლავდნენ გამოჯავრებას (მაპროვოცირებელ ქცევას). ასწავლეთ სიტყვები, რომლებიც მათ თავის დაცვაში დაეხმარება („გამოჯავრება ცუდია“. „არ მომწონს, როცა მაჯავრებ“. „გთხოვ, შეჩერდი“). მზად იყავით ჩასარევად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გამოჯავრება გარდაუვალია, გამოუმუშავეთ ბულინგისადმი შეუწყნარებლობის პოლიტიკა.
  10. იქონიეთ კონტაქტი მშობლებთან. ჰკითხეთ, რას ამბობენ სახლში ბავშვები სკოლის შესახებ. შესაძლოა, ბავშვი სკოლაში არ აქტიურობდეს, მაგრამ სახლში დადებითად ახასიათებდეს სკოლას.
  11. წაახალისეთ მშობლები, ჩაერთონ სასწავლო პროცესში, როცა ეს შესაძლებელია. ბავშვებს ეამაყებათ კლასში მშობლის ვიზიტი, დაწყებით კლასებში მაინც.
  12. გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ მორცხვ მოსწავლეს შესაძლოა მორცხვი მშობლები ჰყავდეს. ამ მშობლებმა შესაძლოა უკეთ იგრძნონ თავი საკლასო ოთახში, თუ მათთვის სტრუქტურირებულ აქტივობას შეარჩევთ. რაიმე მარტივს, როგორიცაა, ვთქვათ, მასალების დაჭრა, რაც საშუალებას მისცემს მშობელს, დააკვირდეს გარემოსა და ვითარებას საუბრის აუცილებლობის გარეშე.
  13. გაარკვიეთ, რა რესურსები აქვს სკოლას. შესაძლოა იპოვოთ წიგნები, რომლებსაც შეუძლია თავდაჯერებისა და სოციალური ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
  14. გააფრთხილეთ მშობლები, რომ – ბავშვი სულ ჩუმადაა ან მხოლოდ ჩურჩულით ლაპარაკობს, არასოდეს სარგებლობს ტუალეტით, არ სადილობს, ხშირად გამოიყურება სევდიანად ან გარიყულად, არასოდეს ან იშვიათად ეთამაშება სხვებს; როცა ესაუბრებიან, მიწას ჩაჰყურებს, უჩივის მუცლის ან თავის ტკივილებს და ა. შ. თუ პროგრესს ვერ ამჩნევთ, შესთავაზეთ მშობლებს, იფიქრონ ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/shyness-is-nice/201709/how-can-teacher-help-shy-child

ლიტერატურული ტექსტების ცოდნა. ლოუტონი და ბუტაფორია

0

როცა დიდი ინგლისელი მსახიობი ჩარლზ ლოუტონი სამუშაოდ ჰოლივუდში მიიწვიეს, გაოცებული იყო სტუდიის თანამშრომლების განათლებით. რეჟისორიდან დაწყებული და გამნათებლით  დამთავრებული, ყველა გამოთქვამდა აზრს იმის შესახებ, თუ რა ფილმი უნდა გადაეღოთ შემდეგი, მოჰყავდათ კლასიკური ლიტერატურული ტექსტების სიუჟეტები და იმოწმებდნენ ცნობილ პერსონაჟებს.

როცა ლოუტონმა სტუდიის საწყობში უშველებელი თაროები ნახა, რომლებიც ცნობილი წიგნების ანოტაციებით იყო გამოტენილი, მისთვის ცხადი გახდა, რომ ეს საყოველთაო „ინტელექტი“ მხოლოდ მოჩვენებით იყო, მათ მხოლოდ ამ ანოტაციებიდან იცოდნენ წიგნების შინაარსი და წაკითხული კი ცოტას თუ ჰქონდა.

რა აზრი აქვს ლიტერატურული ტექსტის ასეთ ცოდნას?! ცხადია, არანაირი. ხელოვნების სხვა ჟანრებთან შედარებით ლიტერატურას გააჩნია გადამწყვეტი – შემეცნებითი  უპირატესობა, რომელიც მას ხელოვნების სხვა ყველა ჟანრის საფუძველთა საფუძვლად აქცევს. გონების განვითარებისთვის მთავარი წიგნის კითხვის პროცესია, და არა მოკლე შინაარსისთვის თვალის გადავლება. საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ ლიტერატურის დასაბამიდან დღემდე მხოლოდ სამ ათეულამდე სიუჟეტია თავისი განშტოებებით. კარგი მკითხველი წიგნს სიუჟეტის გამო არ კითხულობს, შინაარს გამოკიდებული მკითხველი ცუდი მკითხველია.

მე მინახავს ადამიანები, რომლებიც სრულიად კმაყოფილნი იყვნენ იმით, რომ მეგობარმა წიგნის შინაარსი მოუყვა და წაკითხვა აზრადაც არ მოსვლიათ. ისე ჩაერთვებოდნენ საუბარში, ვერც მიხვდებოდი, რომ კონკრეტული წიგნი წაკითხული არ ჰქონდათ. ამით ადამიანები უარს ამბობენ უმთავრესზე: გონებრივ ვარჯიშზე, სულიერ და მორალურ გაძლიერებაზე და, ბოლოს და ბოლოს, ესთეტიკურ ტკბობაზე. ბევრი მუსიკის მოსმენა, ბევრი სპექტაკლის, ფილმის და სურათის ნახვა ინტელექტუალად ვერ გაქცევს. სწორედ ასეთივეა მოსმენით მიღებული ინფორმაცია ლიტერატურულ ნაწარმოებზე, ის არაფრის მომცემია, ბუტაფორიული ცოდნაა.

იგივე შეიძლება ითქვას აუდიოწიგნებზე, აუდიო წიგნებით მხოლოდ სიუჟეტს იგებ და  ლიტერატურის მთავარ დანიშნულებას მოკლებული ხარ.

კლასიკად აღიარებული წიგნების სიუჟეტები თითქმის ყველამ იცის, მაგრამ ცოტას თუ აქვს წაკითხული. მე მინახავს ხალხი, რომლებიც კარგი მკითხველები არიან, ყოველდღიურად კითხულობენ, მაგრამ კითხულობენ მხოლოდ თანამედროვე ან უკიდურეს შემთხვევაში მეოცე საუკუნის ლიტერატურას. მათ ვერაფრით წააკითხებ ვთქვათ „გარგანტუა და პანტაგრუელს“ ან „დონ კიხოტს“. ეს განსაკუთრებით დამწყები მწერლების პრობლემაა, რადგან წერის სწავლა მხოლოდ კლასიკური ლიტერატურის ცოდნითაა შესაძლებელი.

ცალკე ამბავია ცნობილი წიგნების ცოდნა ეკრანიზაციების საშუალებით. ეკრანიზაცია, ამ კუთხით, წიგნის პირველი მტერია. მახსოვს ლევან ბერძენიშვილმა თქვა, რომ ერთხელ პარლამენტში გამოკითხვა ჩაატარეს, თუ ვის ჰქონდა წაკითხული „დათა თუთაშხია“, აღმოჩნდა, რომ ოთხმოც პროცენტს მხოლოდ ეკრანიზაცია ჰქონდა ნანახი.

კარგი მკითხველები დამეთანხმებიან, რომ არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა სახლში მიდიხარ და იცი, რომ კარგი წიგნის წაკითხვის ბედნიერება გელოდება. მკითხველთა ორი კატეგორია არსებობს: პირველი – რომელსაც წლების შემდეგაც ახსოვს ყველაფერი, რაც წაიკითხა; და მეორე, რომელსაც წაკითხვიდან ერთი კვირის შემდეგ ყველაფერი ავიწყდება. მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნები, პატრიკ ზიუსკინდის არ იყოს, „ლიტერატურული ამნეზია“ მჭირს – მხოლოდ ის ემოცია მახსოვს, რასაც წიგნის კითხვის დროს განვიცდიდი და თვეების და წლების მერე ამით ვიხსენებ, მომწონდა თუ არა წიგნი. ყოველ ჯერზე წიგნს პირველად ვკითხულობ და, ერთი მხრივ, ეს სულაც არაა ცუდი, მაგრამ, მეორე მხრივ, ბევრჯერ უხერხულობაც მიგრძნია, რადგან ძალიან ცნობილი წიგნების საკვანძო სიუჟეტები და პერსონაჟების სახელებიც ვერ გამიხსენებია, თუმცა ეს არაა მთავარი, მთავარი ის ფსიქოლოგიური სიძლიერის შეგრძნებაა, რომელიც ყოველი კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ გეუფლება; შეგრძნება, როცა აცნობიერებ, რომ შენთვის შეუძლებელი და მიუღწეველი არაფერია.

თეატრი მოზარდებისთვის, რომელიც 90 წლისაა

0

ჩემს მოსწავლეობაში ასე იყო: შემოაღებდა უცხო სტუმარი საკლასო ოთახის კარს, შემოაფრიალებდა ბანქოსხელა ქაღალდებს და მხიარული სახით მოგვახარებდა:

  • თეატრის აბონიმენტები! ახალი სეზონი და ახალი სპექტაკლები! შეიძინეთ!

ეს „აბონიმენტი“ პირადად ჩემთვის ფასდაუდებელი ბილეთი იყო ჯადოსნურ სამყაროში მოსახვედრად.

ჯადოსნური სამყარო კი პირველივე დღეს დავინახე, რა წამსაც თეატრი თეატრად და მაყურებლობა მაყურებლობად აღმოვაჩინე. მას მერე ეს ჩემი გაუნელებელი ვნებაა და არც ეს ჯადოსნობა ხუნდება, საბედნიეროდ.

ხოლო, რაც შეეხება „აბონიმენტს“ – ის ჩვენ მოზარდ მაყურებელთა თეატრში გვეპატიჟებოდა! ალბათ ჩემს წინა თაობაშიც ასე იყო და მგონი დღესაც ასეა, ამ წესით და ფორმით ურთიერთობენ სკოლები და თეატრი და დღესაც დადიან მოსწავლეები თვეში ერთხელ ან ორჯერ, ან რამდენჯერაც მოესურვებათ, სპექტაკლებზე. დიახ, პირველ რიგში მოსწავლეები, რადგან ამ თეატრის დაარსებაც სწორედ მათთვის მოიფიქრეს, როცა მოიფიქრეს და რა მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ეს ჩანაფიქრი სულაც პირველი დიდი იდეა გახლდათ გასული საუკუნის დასაწყისის სრულიად ამიერკავკასიაში!

დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, მოზარდებო და მასწავლებლებო! – ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი დღეს 90 წლისაა!

ჩვენ თეატრების მრავალწლოვანი ტრადიციებით განებივრებული ხალხი ვართ. თეატრალური კულტურა ჩვენი ყოფის ნაწილია დღესაც და, იყო დრო, რომ ეს ურთიერთობა – საზოგადოებისა და თეატრის – უფრო მჭიდრო იყო, უფრო ღრმა და საინტერესო. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, კონკრეტულად კი 1928 წელს, სწორედ თბილისში დაარსებულიყო ისეთი სპეციფიკისა და განსაკუთრებული მნიშვნელობის თეატრი, როგორიც მოზარდ მაყურებელთა თეატრია, შინაურულად და „ხალხურად“ – „მოზარდი“, როგორც ვეძახით. მისი პირველი მაყურებლები ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ. რეპერტუარიც მათთვის იქმნებოდა, მსახიობები და რეჟისორები კი სწორედ აქ, „მოზარდში“ იწყებდნენ თავიანთ პროფესიულ კარიერას.

თეატრის დაარსება ცნობილ ქართველ რეჟისორს, ალექსანდრე თაყაიშვილს უკავშირდება. პირველი სპექტაკლი კი ნ.საცის „ფრიც ბაუერი“ იყო. თეატრთან, სხვადასხვა დროს, აქტიურად თანამშრომლობდნენ ცნობილი მხატვრები: ე.ახვლედიანი, ს.ვირსალაძე, პ.ოცხელი, ი.სუმბათაშვილი, ნ.ყაზბეგი, დ.თაყაიშვილი, ფ.ლაპიაშვილი, მ.მალაზონია, მ.ჭავჭავაძე, ა.რამიშვილი, მ.მურვანიძე, გ.ალექსი-მესხიშვილი…   მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში რეჟისორებმა – თ.მაღალაშვილმა, ნ.ხატისკაცმა და თ.ჩხეიძემ თავიანთი სპექტაკლებით: ,,სადა ხარ, სოფიკო?” ,,მერი პოპინსი,” ,,უბედურება,” ,,დარისპანის გასაჭირი,” ,,კიკვიძე,” ,,დონ სეზარ დე ბაზანი”.

თეატრის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რეჟისორ შალვა გაწერელიას შემოქმედებას. მან წარმატებულ მსახიობთა არაერთი თაობა აღზარდა  და 70-90-იან წლებში რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სპექტაკლი დადგა მოზარდ მაყურებელთა თეატრში: კ.გუდრიჩისა და ა.ჰაკეტის ,,ანა ფრანკის დღიური”, ვაჟა-ფშაველას ,,მოკვეთილი,” დავით კლდიაშვის „დარისპანის გასაჭირი“…

თავდაპირველად საქართველოში ორი მოზარდ მაყურებელთა თეატრი იყო – ქართული და რუსული. გასული საუკუნის 90-იან წლებში თეატრი სერიოზული ორგანიზაციული და შემოქმედებითი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მას აღარ ჰქონდა საკუთარი შენობა (რუსთაველის გამზირზე მდებარე  ნაგებობა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შეეწირა). ეს კი არ იძლეოდა სრულფასოვანი მუშაობის საშუალებას. ეს პროცესი წლების მანძილზე გრძელდებოდა.

1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრები გაერთიანდა და მათ საერთო სახელი – ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური  საბავშვო თეატრი – ეწოდა. მან ბინა დაიდო აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მოზარდ მაყურებელთა რუსული თეატრის ყოფილ შენობაში, რომელსაც საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.

დღეს სპექტაკლები იდგმება როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე.

თეატრს საკმაოდ დიდი დასი ჰყავს – ასზე მეტი მსახიობი. აქვს ორი სცენა – დიდი და მცირე, ანუ ექსპერიმენტული. სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი გულღიად მასპინძლობს ყველა ხელოვანს, ვისაც ექსპერიმენტული იდეები აქვს და მათი სწორედ ამ თეატრში განხორციელება სურს.

თანამედროვეობამ უამრავი რამ შეცვალა სახელოვნებო სფეროში – აღქმის, შემეცნების, გამოხატვის თვალსაზრისით. თეატრი ამ გამოწვევებს უნდა პასუხობდეს, მით უფრო, თუ ის „მოზარდია“. მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეჟისორები და დასი ამ ამოცანებს ჯერჯერობით წარმატებით უმკლავდებიან.

ბევრი იდეა აქვთ. ერთ-ერთია „ზღაპრის თეატრის“ შექმნა, სადაც ბავშვებს (დაწყებითი კლასების და უფრო დაბალი ასაკობრივი ჯგუფის აღსაზრდელებს) მხოლოდ წარმოდგენებს კი არ შესთავაზებენ, არამედ შეასწავლიან თეატრში ქცევის წესებს, ელემენტარულ თეატრალურ ტერმინებს. მოკლედ, მიაჩვევენ მაყურებლობას. ეს კი, მოგეხსენებათ, მართლაც ბავშვობიდან უნდა ისწავლებოდეს, თორემ მერე, უკვე დიდ დარბაზში, შუა სპექტაკლის დროს  აწკრიალებულ-მობილურიან ან გაუჩერებლად მოლაპარაკე მაყურებელს, ძალიანაც რომ მოინდომო, ბოლომდე მსგავს წესებზე ვეღარ დაიყოლიებ.

თეატრი აქტიურად დადის გასტროლებზე, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში.

რეპერტუარი მრავალფეროვანია – ქორეოგრაფიული, ვიზუალური ექსპერიმენტებით დატვირთული.

იმედია, ის დღესაც რჩება მოზარდების საყვარელ სივრცედ ქალაქში. იმედია, ისევ სიხარული მოაქვს ახალი სპექტაკლების მაუწყებელ აბონიმენტებს!

ვულოცავ დაბადებიდან  90 წლის იუბილეს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს და ჭკვიან, საინტერესო, ერთგულ და აქტიურ მაყურებელს ვუსურვებ!

 

 

 

 

 

საკონდიტრო „რუსზვურმი”

0

ბუდაპეშტში ცივა, საღამოს ხუთ საათზე ბნელდება და საახალწლო ბაზრობაც უკვე გაშლილია. ნაძვის ხის გარშემო ტკბილ კრედელებს ყიდიან, თუმცა მე ტკბილი კრედელები არ მეჭმევა, სამი თვეა ჯანსაღად ვიკვებები და მხოლოდ ერთი გამონაკლისის დაშვების უფლება მაქვს. უნგრეთში სამწლიანი შესვენების შემდეგ ორი მიზეზით დავბრუნდი: ბავშვობის საყვარელი ბენდის, Gorillaz-ის კონცერტს უნდა დავესწრო და ბუდაში, მეთევზეების ბასტიონთან რომ მეცხრამეტე საუკუნის საკონდიტროა და „რუსზვურმი” ჰქვია, იმ საკონდიტროში უნდა ვჭამო შუ. მას შემდეგ, რაც ბუდაპეშტის მოგზაურობა დავგეგმეთ, თავს სწორედ ამისთვის ვინახავ. თან, ოცდაშვიდი წელი აქ შემისრულდა და ჩემს ჭაღარას ეს მოკრძალებული საჩუქარი ნამდვილად ეკუთვნის.

 

ვინც ვეს ანდერსონის „სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი” ნახა და მისი ესთეტიკით ჩემსავით მოიხიბლა, ბუდა უსათუოდ უნდა ნახოს. მას შეუძლია თავს გულუბრყვილობის უფლებაც მისცეს და აქაურების მიერ ტურისტებისთვის დაგებულ ზოგიერთ მახეში განგებ გაეხვეს. მაგალითად, ბუდაში ფეხით ასვლის ნაცვლად, რაც სულ არაა რთული, ათას რვაასი ფორინტი ფუნიკულიორის ბილეთში გადაიხადოს.

 

სიცივისა და ქარის გამო, პეშტისა და ბუდას დამაკავშირებელ ხიდზე გადასვლა, ანუ დუნაის მეორე ნაპირზე მოხვედრა სიმამაცესა და გამბედაობას მოითხოვს. სიარულის დროს მოვარდნილი ქარი დროდადრო გონებიდან ფიქრებს გტაცებს და წყლის ზედაპირთან თოლიასავით ჩააქროლებს. ეგრე გამოდის, რომ პეშტიდან ბუდაში მოგონებებისგან დაცლილი გადადიხარ და თითქოს ახლიდან იწყებ ცხოვრებას. თუმცა მალევე, როცა ფუნიკულიორის კაბინაში ჩაჯდები და პატარა გორაკს აუყვები, წამიერად გაგახსენდება ის ეპიზოდი, ლობის ბიჭი გაზეთებს რომ მიარბენინებს მუსიე გუსტავთან და შენი ტვინიც წყლის ავზივით ნელ-ნელა ივსება მოგონებებით, რომლებიც თითქოსდა სამუდამოდ გაატანე დუნაის.

 

მაღლა ასული თუკი საპატიო ყარაულის სმენის ცვლილებას შეესწრები, ჩათვალე რომ იღბლიან ვარსკვლავზე ყოფილხარ დაბადებული. ხო ვითომ არაფერი, ფორმაში გამოწყობილი და იარაღასხმული უნგრელები პოზიციებს უთმობენ სხვა იარაღასხმულ უნგრელებს და მათ ნაბიჯებს ბარაბნის ხმა ერთვის, მაგრამ ყარაულის მოძრაობა იმდენად სიმეტრიულია, რომ მომენტალურად ხვდები, როგორ წამოჭიმეს ამ ხალხის წინაპრებმა ისეთი არქიტექტურა, როგორიც მათ გარშემოა.

 

ქვაფენილი, რომლის კიდეებშიც ხასხასა ბალახი ამოწვერილა წარმოგადგენინებთ როგორი იყო აქაურობა უწინ, როცა აქ ჯერ ფოტოაპარატიანი ტურისტები არ მოძრაობდნენ და ეს შენობები ცხენის ნალების ბაკუნის ხმით ივსებოდა. თუმცა, ამის წარმოდგენა რთულდება, როცა გადაუღებლად წვიმს, სახე გაგეთოშა და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ხელებში სისხლი გაიყინა. ასეთ დროს შუა ქუჩაში ჩადგმული პატარა ჯიხურის დანახვა ისეთივე მისწრებაა, როგორც უდაბნოში დაკარგულისთვის ჭის აღმოჩენა. მით უმეტეს მაშინ, როცა ამ ჯიხურს დიდი ასოებით აწერია „ცხელი ღვინო“. ერთი ნაკურთხი ჭიქა გლინტვეინი და სისხლი ძარღვებში მოძრაობას იწყებს. მერე უკვე შეგიძლია გზა განაგრძო და მეთევზეების ბასტიონამდე მიაღწიო.

 

როცა თვალს წყალს დაალევინებ, ბასტიონზეც შემოდგები და იქვე მდგომ ტაძარში ლამაზ მელოდიებს მოისმენ, შეგიძლია დამშვიდებული სანდისით ჩაუყვე ქუჩას და მიადგე ბუდაპეშტის უძველეს საკონდიტროს, შეაღო ხის კარი და შეაბიჯო კულინარიულ წარმოდგენარიუმში. არ გაუძალიანდეთ ვანილის სურნელის მაგიას, რომელიც შესვლისთანავე შემოგეფეთებათ სახეში. კაფე ძალიან პატარაა. იმდენად პატარა, რომ სხვისი შეწუხების გარეშე შემოტრიალება გაგიჭირდებათ. სამაგიეროდ, წარსული აქვს დიდი. ამ ადგილმა მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებიდან დღემდე ორი რამ შეინარჩუნა უცვლელად – იერსახე და გემო. ტკბილეულის მრავალფეროვნებას ერთი რამ აერთიანებს – უძველესი რეცეპტები. ვეს ანდერსონი აქაც გაგახსენდებათ და გაფიქრებინებთ, რომ მენდელმა თავისი კულინარიული კარიერა სწორედ აქ დაიწყო.

 

ვიცოდი თუ არა რას შევუკვეთავდი, როცა ჭეშმარიტების მომენტი დადგებოდა? – ჯერ კიდევ სამი თვის წინ. შეკვეთამ არ დაიგვიანა. გემოს რეცეპტორები, რომლებსაც ამ ხნის მანძილზე ცირკის ლომივით ვათვინიერებდი, ინგლისური შავი ჩაით გავახურე და ლიმნით გავაღიზიანე. მალე მთავარი გმირიც მომიყვანეს. შუ ორად იყო გაპობილი. ფაფუკი, თხელი ცომისგან გამომცხვარი ტანი, რომელსაც გეომეტრიული სიზუსტით გამოყვანილი წრის ფორმა ჰქონდა, მყარად იდგა ქათქათა თეფშზე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ცომი აისბერგივით იყო – უფრო ღრმა, ვიდრე ზედაპირზე ჩანდა. მასზე იწვა ოდნავ მოყვითალო კრემი, რომელსაც მართალია ფიზიკური მასა ჰქონდა, მაგრამ თითქოს ღრუბელივით ლივლივებდა ჰაერში, თითქოს მთვარესავით დაჰნათოდა ცომს. კრემს თავზე ცილინდრივით ეხურა გაპობილი ცომის მეორე ნახევარი. ქუდი ჩემგან ოდნავ მარჯვნივ იყო გადახრილი და ეს კარგის ნიშნად ბავშვობაში ვირუსივით აკიდებული ცრურწმენის გამო. შუ სუნთქავდა. ვუყურებდი ხელოვნების ამ ნიმუშს და გული მეწურებოდა იმის გამო, რაც მისთვის უნდა მექნა. ისიც კი ვიფიქრე, სახალხოდ ხომ არ მომეხადა ბოდიში მისთვის. ბოდიში იმის გამო, რომ ეს ცოცხალი არსება რამდენიმე წამში ვერაგულად უნდა მომეკლა. რამდენიმე წამში, როცა მის კისერს ჩანგალი დავუსვი, კრემი ოდნავ გადმოიღვენთა ქვედა ტანზე. ჩვენი ერთმანეთთან მიახლება ჰგავდა ედემის ჩარაზული კარიბჭის ხელახლა გახსნას. წამიერად დავიჯერე, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ერთხელ და სამუდამოდ ჩაბარდა წარსულს, ხოლო სტალინი, ჰიტლერი და მუსოლინი არასოდეს დაბადებულან სამყაროში. მე მომენტალურად დავკარგე კავშირი ჩემ გვერდით მჯდომ ნინიასთან, რომელმაც იგრძნო, რომ სხვაგან დავფრინავდი, თუმცა მისმა გამჭრიახობამ ისიც უკარნახა, რომ ეს შორეული მოგზაურობა ხანგრძლივი ვერ იქნებოდა.

 

გზა ბუდადან პეშტამდე გულჩათხრობილმა გამოვიარე. ვფიქრობდი შუზე, რომელმაც საკუთარი სიკვდილით ახალი სიცოცხლე მაჩუქა და ვფიქრობდი ჩემს საყვარელ ბენდზე, რომელსაც ჩემთვის ახლად ნაჩუქარი სიცოცხლე უნდა გაეხანგრძლივებინა. ჩვენ მოვაბიჯებდით წვიმასა და ყიამეთში. წვეთები სათვალეზე მეხეთქებოდა და სანაპიროს ჩირაღდნების შუქს თხაპნიდა. დუნაის ხედზე უწინდელივით მკაცრი ქარი ქროდა, მაგრამ მას აღარ ჰქონდა იმის ძალა, რომ ჩემთვის წაერთმია მოგონება შუზე.

მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული დავალებების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში

0

თანამედროვე განათლების სისტემა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ერთი მათგანია სწავლებაში მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენება. მდგრადი განვითარება საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემას გულისხმობს, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 2015 წელს მხარი დაუჭირა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) დამტკიცებას და დაიწყო მათი დანერგვა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესახებ არსებული საზოგადოებრივი ცნობიერების დონის ამაღლება, რადგან ცნობიერების დაბალი დონე ხელს უშლის ამ პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობის ზრდას. საზოგადოებასთან ერთად, მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება აუცილებელი გახდა საჯარო დაწესებულებებში, კერძო სექტორში, აკადემიურ წრეებსა და ახალგაზრდობაში.

მდგრადი განვითარება გულისხმობს მოკლე, საშუალო და, რაც მთავარია, გრძელვადიანი ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევას ბუნებრივი რესურსების ოპტიმალური გამოყენების გზით, ხოლო ამ უკანასკნელისთვის აუცილებელია ქვეყანათა მწარმოებლურობის ზრდა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანურ კაპიტალზე, ამიტომ დიდ გამოწვევად აღიქმება კონკურენტუნარიანი თაობის მომზადება. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხანაში კი იმაზე უკეთეს ადამიანურ რესურსს, ვიდრე განათლებული საზოგადოებაა, ვერ ვიპოვით, ამიტომ მდგრადი განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად მიიჩნევა ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის, რამდენადაც თითოეული სხვა მიზნის შესრულების რეალურობა და დონე თავდაპირველად სწორედ ზემოაღნიშნულის მიღწევაზეა დამოკიდებული.

თუ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩავრთავთ მდგრად  განვითარებაზე ორიენტირებულ დავალებებს, ამით ხელს შევუწყობთ მომავალ თაობებს, მომზადებულნი შეხვდნენ ცხოვრების გამოწვევებს. ამის გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერ სასწავლო დისციპლინაში, მათ შორის – ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზეც.

რა ტიპის შეიძლება იყოს ასეთი გაკვეთილი? – ნებისმიერი ტიპისა! თუნდაც, მაგალითად, ახალი ცოდნის შეძენისკენ მიმართული, რომლის მიზანი იქნება:

ა) გლობალური პრობლემების მოგვარების საჭიროებისა და გზების შესახებ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და განზოგადება;

ბ) გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში საერთაშორისო თანამშრომლობის როლის წარმოჩენა;

გ) განსაკუთრებით აქტიური სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების გამოკვეთა და გამოცდილების გაზიარება.

მდგრად  განვითარებაზე ორიენტირებული დავალებები ხელს უწყობს:

  • მოსწავლეთა ინფორმირებას იმის შესახებ, როგორ აიცილონ თავიდან ეკოლოგიური კატასტროფა;
  • იმ ძირითადი ორგანიზაციების საქმიანობაზე ინფორმაციის მიწოდებას, რომლებიც კოორდინირებას უწევენ საზოგადოების მიზანმიმართულ საქმიანობას ამ კუთხით.

აღნიშნულ მიზანს კი მოსწავლეები მიაღწევენ შემდეგი მიდგომების გამოყენებით:

  • ტექსტიდან ძირითადი ნაწილის გამოყოფით;
  • განსაზღვრული მახასიათებლების მიხედვით ინფორმაციის დაჯგუფებით და დასკვნების გამოტანით (რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ზოგადი საგანმანათლებლო კომპეტენციების, ტექსტთან დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებასა და ფორმირებას).

რა ძირითად ცნებებსა და განმარტებებს უნდა შეიცავდეს მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო ტექსტები? ასეთი ცნებებია მშვიდობა, დემოკრატია, სამართლიანობა და ა.შ. მდგრადი განვითარების პირობებში ისინი თვისებრივად ახალ დატვირთვას შეიძენენ. მათი მთავარი მახასიათებელი გლობალურისა და ლოკალურის, უნივერსალურისა და ეთნიკურის ჰარმონიზაცია იქნება, ხოლო მათ კონტექსტს შეადგენს ისეთ ცნებებზე აქცენტირებული ტექსტები, როგორებიცაა:

  • გლობალური ეკოლოგიური კატასტროფა – გამოწვეული გარემოში ადამიანის მავნე საქმიანობით, რომელიც კვალს აჩნევს ადამიანის და, საზოგადოდ, ყოველივე ცოცხალის ცხოვრებას, დამანგრევლად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე და საფრთხეს უქმნის ცივილიზაციის არსებობას;
  • მთლიანი ეროვნული პროდუქტი – შექმნილი როგორც მოცემული ქვეყნის საზღვრებში, ასევე საზღვარგარეთ;
  • გაერო – გაერო (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) – 1945 წელს ჩამოყალიბებული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარება;
  • OAS (ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია) – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ალიანსი, რომელიც დაარსდა 1947 წელს დასავლეთ ნახევარსფეროს გარე აგრესიისგან დაცვის მიზნით;
  • OAU (აფრიკის ერთობის ორგანიზაცია) – აფრიკის ქვეყნების რეგიონული სამთავრობათაშორისო პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ჩამოყალიბდა 1963 წელს აფრიკის ქვეყნების ერთიანობისა და სოლიდარობის განმტკიცების, მათი საქმიანობის კოორდინაციისა და მათ შორის თანამშრომლობის განვითარების მიზნით.
  • LAS (არაბეთის ქვეყნების ლიგა) – საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც 1945 წლის მარტში დაარსდა. აერთიანებს 20-ზე მეტ სახელმწიფოს (ეგვიპტე, საუდის არაბეთი, ლიბია, ალჟირი და ა.შ.), რომელთა მიზანს წარმოადგენდა არაბული ქვეყნების პოლიტიკური გაერთიანება;
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი – საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც 1944 წელს დაარსდა მსოფლიოში ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და მხარდაჭერის მიზნით;
  • ნატო – ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომელიც შეიქმნა ხელშეკრულების ხელმოწერის საფუძველზე 1949 წლის აპრილში;
  • TNC (ტრანსნციონალური კორპორაციები) რომელთაც, გაეროს მონაცემებით, აქვთ ყველაზე მსხვილი ფულადი ბრუნვა – დაახლოებით $ 100 მილიონი; აქვთ ფილიალები მსოფლიოს, სულ მცირე, ექვს ქვეყანაში და რომელთა აქტივების მინიმუმ 25% სხვა ქვეყანაში მოქმედებს;
  • ეთნიკური კონფლიქტები – ერებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის არსებული კონფლიქტები, რომლებიც ნაციონალიზმის იდეების მტკიცების პირდაპირი შედეგია.

ეს ძირითადი ცნებები კი მიბმული აღმოჩნდება მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ ძირითად მოვლენებსა და თარიღებზე, როგორებიცაა:

1972 წ., 1992 წ. – საერთაშორისო კონფერენციები გარემოს დაცვის შესახებ;

1992 წ. – აშშ-ს სამშვიდობო ოპერაცია სომალიში;

1994 წ. – აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნებთან (მათ შორის – რუსეთთან) ნატო-ს პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა;

1996 წ. – სამხედრო-პოლიტიკური კრიზისი ბოსნიაში;

1998 წ. – ერაყში აშშ-ს სამხედრო ოპერაცია;

1999 წ. – უნგრეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის ნატოში გაწევრება;

1999 წ. – ნატო-ს სამხედრო ოპერაცია იუგოსლავიის წინააღმდეგ

და სხვ.

მასწავლებელს შეუძლია, ასეთი ტექსტი ან თვითონ შეუდგინოს მოსწავლეებს, ან ამუშაოს სახელმძღვანელოს ტექსტზე (ისტ. XII.1.8; სამოქ. IX):

გაკვეთილის ნიმუში:

  • რესურსების მომზადება (პროექტორი, კომპიუტერი, ინტერნეტი, დაფა, მარკერი, წიგნი, რვეული);
  • მოსწავლეთა ორგანიზება;
  • მასწავლებლისა და მოსწავლეების აქტივობები:
  1. მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს: დაასახელეთ მსოფლიოს ყველაზე მნიშნელოვანი, გლობალური მოვლენები.
  2. მოსწავლეები: ესენია კაცობრიობის ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისები, გლობალური ეკოლოგიური პრობლემები, ეთნიკური და რეგიონული კონფლიქტები;
  3. მასწავლებელი: მაგრამ პრობლემის დასახელება, მისი მიზეზების გამოვლენა, პრობლემის მოგვარების მხოლოდ ნაწილია. აუცილებელია პრობლემის გადაჭრის გზის მოძიება და თავად პრობლემის დაძლევა. შევეცადოთ, გაკვეთილზე გამოვიკვლიოთ, შესაძლებელია თუ არა გლობალური პრობლემების თავიდან აცილება, გავერკვეთ, როგორ ცდილობს მსოფლიო საზოგადოება ამ პრობლემების გადაჭრას და რამდენად შეუფერხებლად მიმდინარეობს ეს პროცესი.
  4.  მასწავლებლის თხოვნის შესაბამისად, ხდება აქტივობათა უფრო ფართოდ გაშლა:

თემის შესახებ ცოდნის აქტუალიზაცია, რომლის დროსაც მოსწავლეები წინარე ცოდნის საფუძველზე უპასუხებენ მასწავლებლის შეკითხვებს (პასუხები შეიძლება გამნტკიცდეს პრეზენტაციით, სლაიდ-შოუთი მოწყობით და ა.შ.), მაგალითად:

ა) როგორ გესმით „კაცობრიობის გლობალური პრობლემები”? რით განსხვავდება ისინი იმ პრობლემებისგან, რომლებიც თან ახლდა კაცობრიობის მთელ ისტორიას? (იხ. სლაიდი 1)

გლობალური პრობლემები:

 

 

 

სლ.1.

ბ) როგორ დააჯგუფებთ ძირითად პრობლემებს? რომელი პრობლემები იცით ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის კურსიდან?

მოსწავლეები პასუხის დროს გამოყოფენ პრობლემათა სამ ძირითად ჯგუფს:

 

გ) რატომ მიიღო პრობლემებმა გლობალური ხასიათი მხოლოდ XX საუკუნეში? რომელია მათ შორის უპირატესი? შეუძლია თუ არა თანამედროვე საზოგადოებას, გაუმკლავდეს ამ პრობლემებს? რომელი პრობლემის გადაწყვეტაში მიიღებდი მონაწილეობას?

  

გ) მასწავლებელი: რადგან გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტა ერთი ქვეყნის ძალებით შეუძლებელია, გაეროს ეგიდით 1972 წელს გარემოს დაცვის გაიმართა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, ხოლო 1992 წელს – მეორე, რომელზეც მიიღეს კაცობრიობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების კონცეფცია და დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით აღიარეს ადამიანის პასუხისმგებლობის პრინციპი. ამის შედეგად შედგა მრავალი სხვადასხვა სახის თანამშრომლობა სახელმწიფოებს შორის, ჩატარდა მრავალი კვლევა და შეხვედრები, მაგრამ საზოგადოების განვითარების ანალიზი გვიჩვენებს, რომ გარემოზე ყველაზე მავნე ზემოქმედება ეკონომიკურ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთანაა დაკავშირებული. მეცნიერები ცდილობენ, იპოვონ გზები, რომ შედეგები კატასტროფული არ აღმოჩნდეს.

მასწავლებლის დავალება: მოცემული ტექსტის მიხედვით (მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს თავის შედგენილ ტექსტს ან მიუთითებს სახელმძღვანელოს შესაბამის მონაკვეთზე (ისტ. XII, 1-8; სამოქ. IX) და სტრატეგია „ინსერტის“ (სურ. 1) გამოყენებით გამოყავით პრობლემის თავიდან აცილების გზები:

„!“ „+“ „-“ „?“
დასვით აღნიშნული ნიშანი იმ ტექსტის გასწვრივ, რომელიც ადეკვატური ინფორმაციის შემცველია დასვით აღნიშნული ნიშანი იმ ტექსტის გასწვრივ, რომლით გადმოცემული ინფორმაციაც თქვენთვის ახალია დასვით აღნიშნული ნიშანი იმ ტექსტის გასწვრივ, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რაც უკვე იცით დასვით აღნიშნული ნიშანი იმ ტექსტის გასწვრივ, რომელიც გაუგებარია

მოსწავლეები ასრულებენ დავალებას და გამოყოფენ და აჯგუფებენ იმ ძირითად ორგანიზაციებს, რომლებიც ზრუნავენ პრობლემის გადაჭრაზე და პოულობენ იმ ინფორმაციასაც, სადაც საუბარია პრობლემის მოგვარების გზებსა და ინსტრუმენტებზე (იხ. სურ.2):

გლობალური ინსტიტუტები
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (მიზანი: მსოფლიო ვაჭრობის ლიბერალიზაცია)
მსოფლიო სავალუტო ფონდი (მიზანი: ვალუტის კურსის სიმყარის შესანარჩუნებლად კრედიტების გაცემა)
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (მიზანი: ჯანდაცვის ხელშეწყობა და ხელმისაწვდომობა)

 

დ) რა წინააღმდეგობები არსებობს ამ მიმართულებით?

ესენია:

  • დიდი ქვეყნების გავლენა პოლიტიკაზე;
  • ზოგიერთი სახელმწიფოს ხელში კაპიტალისა და სამხედრო ძალის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით თავმოყრა;
  • დემოკრატიულ პრინციპებზე ძალის გამოყენებით უარის თქმა;
  • ევროპის სახელმწიფოთა ხარჯზე ნატოს სამხედრო ბლოკის გაზრდა

და ა. შ.

ე) მასწავლებლის მითითებით მოსწავლეები ცდილობენ, მოიპოვონ ინფორმაცია იმის შესახებ: 

  • რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში მდგრადი განვითარების კონცეფციის მუშაობასთან დაკავშირებით და ეცნობიან ოფიციალურ საიტებს:

იხ. ლინკები:

https://ka.wikipedia.org/wiki/მდგრადი_განვითარება

www.moe.gov.ge/ka/თემები/mdgradi-ganvitareba

younggreens.ge/მდგრადი-განვითარება

იზრდება თუ სუსტდება მათი გავლენა საქართველოში? მოიყვანეთ არგუმენტები.

  • როგორია თქვენი აზრი მსგავს საკითხებზე?

ვ) მასალის განმტკიცება და შეჯამება

მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული დავალებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას საზოგადოებრივ პროცესებში, მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდას, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას, აქტიურ კომუნიკაციას, საგანმანათლებლო კომპეტენციების ამაღლებას და სასწავლო ამოცანების ეფექტურ გადაჭრას.

ამ მარტივი დავალებებით მასწავლებელს შეუძლია ხელი შეუწყოს თანამედროვე მიდგომებით შეიარაღებული მოსწავლის აღზრდას, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის და, საზოგადოდ, კაცობრიობის მომავალზეც.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...