შაბათი, ივლისი 19, 2025
19 ივლისი, შაბათი, 2025

რა გავლენას ახდენენ ცხოველები ბავშვის განვითარებაზე

0

ცხოველებისა და ბავშვების განსაკუთრებული ურთიერთობა ყველასათვის კარგად არის ცნობილი და ბევრისთვის ის ამოუხსნელი მოვლენაა. ცხოველებს გამორჩეულად უყვართ ბავშვები და ისინიც ასეთივე სიყვარულით პასუხობენ თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს. თუმცა, ბევრი მშობელი არა მხოლოდ სახლში შინაური ცხოველის ყოლის სასტიკი წინააღმდეგია, არამედ ყველანაირად უკრძალავს ბავშვს მათთან ურთიერთობას სახლის გარეთაც, ნათესავის ან მეგობრის ოჯახში და ამას შვილის ჯანმრთელობის დაცვისა და მისი უსაფრთხოების მოტივით ხსნის. ხშირად მშობლები, ბავშვის დასამშვიდებლად და შინაური ცხოველის ყოლაზე უარის სათქმელად, მზად არიან უყიდონ მას ნებისმიერი ძვირადღირებული სათამაშო. მართალია, სათამაშოები და მათთან ურთიერთობა თავის როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში, მაგრამ უსულო საგანი ვერასოდეს ჩაანაცვლებს ბავშვისთვის საყვარელ ცხოველთან ურთიერთობას და ვერასოდეს შეასრულებს იმ ფუნქციას, რასაც ეს უკანასკნელი ასრულებს მის ცხოვრებაში.

ვფიქრობ, ნებისმიერი მშობლისთვის საინტერესო იქნება იმის გაგება და გაცნობიერება, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს ცხოველმა ბავშვის განვითარებაში და რას დაკარგავს პატარა იმ შემთხვევაში, თუ ამ შესაძლებლობას მოვაკლებთ:

  • ცხოველებთან ურთიერთობა ბავშვისთვის ემოციური განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ხდება. პატარა, უწყინარი ფუმფულა არსება ხშირად თავის პატარა მეგობარს სტრესის, მარტოობისა და სიბნელის შიშის დაძლევაში სერიოზულ დახმარებას უწევს და საშუალებას არ აძლევს სხვადასხვა სახის შიშებს ფობიაში გადაიზარდოს.
  • ცხოველები ბავშვს გარემომცველი სამყაროს მიმართ, ამა თუ იმ მიზეზით აღმოცენებული, მტრული დამოკიდებულების შეცვლაშიც ეხმარებიან. ბავშვები თავის მეგობარ-ცხოველებს ხშირად ადამიანურ თვისებებს მიაწერენ, მათთან ურთიერთობენ, როგორც თანატოლთან, ესაუბრებიან და ანდობენ თავიანთ საიდუმლოებებს. მშობლებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად დაკავებული არიან, ოთხფეხა მეგობარი ყოველთვის უსმენს და უგებს პატარას. თანატოლებისგან განსხვავებით კი მისი საყვარელი ძაღლი ან კატა არასოდეს ჭორაობს მასზე და გულსაც არ სტკენს. გარკვეული აზრით, ბავშვისთვის ისინი იდეალური თანამოსაუბრეები არიან, ყოველ შემთხვევაში იდეალური მსმენელები მაინც.
  • აგრესიულობისა და კონფლიქტურობის დონე იმ ბავშვებში, რომელთაც შინაური ცხოველები ჰყავთ, ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ბავშვებში, რომლებიც მოკლებულნი არიან ცხოველებთან ურთიერთობას. ის პატარები, რომლებსაც შინაური ცხოველები ჰყავთ და განებივრებული არიან მათთან ურთიერთობით, ნაკლებად აგრესიულები, ნაკლებად ფეთქებადი და ნაკლებად ეჭვიანები არიან, გამოირჩევიან აქტიურობით. შფოთიანობა, როგორც წესი, მათთვის უცხოა და არიან საკმაოდ დამთმობები. ისინი, ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ასაკში  ეჩვევიან სხვისთვის ანგარიშის გაწევას.
  • ცხოველებთან ურთიერთობის გამოცდილება ბავშვობაში ადამიანს უფრო მგრძნობიარეს ხდის სხვა ადამიანების შეგრძნებებისა და განწყობების მიმართ, უმუშავებს მოთმენის, საკუთარი თავის ფლობისა და თვითკონტროლის უნარს.
  • ცხოველები ბავშვისთვის ბუნების შესახებ ცოდნის პირველი წყარო და სენსორული განვითარების საუკეთესო საშუალებაა. ამ შემთხვევაში ბუნებას ვერ შეედრება ვერცერთი, ყველაზე სრულყოფილი სასწავლო-განმავითარებელი სათამაშოც კი.
  • ცხოველის დანახვისას პატარა მისკენ იწევს, აკვირდება მის ქცევას, იგებს რა ცხოველია, ეძებს სხვა ცხოველებისაგან მის განმასხვავებელ ნიშნებს, აღიქვამს მის ფორმას, სიდიდეს, ფერს, მდებარეობას სივრცეში, მოძრაობის ტიპს, ბეწვის სირბილეს. ცხოველების ქცევაზე დაკვირვების საფუძველზე ბავშვი სწავლობს მრავალფეროვანი კავშირებისა და დამოკიდებულებების დანახვას, ხვდება, თუ რატომ იქცევა მისი ოთხფეხა მეგობარი ასე ან ისე, რატომ გამოსცემს სხვადასხვა ბგერებს განსხვავებულ სიტუაციებში. ყოველივე აღნიშნული კი ხელს უწყობს ბავშვის არა მხოლოდ სენსორულ, არამედ ინტელექტუალურ განვითარებასაც კი.
  • ცხოველები ხშირად ბავშვური შემოქმედების მასტიმულირებლები ხდებიან. მათთან ურთიერთობისას ბავშვები სწავლობენ შინაური ცხოველების ბუნებრივი სილამაზის აღქმას და ცდილობენ ცხოველებთან დაკავშირებული საკუთარი განცდების ასახვას ლექსებში, მოთხრობებში, უფრო ხშირად კი – ნახატებში.
  • შინაური ცხოველები შეუდარებლები არიან ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის განმტკიცების საქმეში. ძაღლთან ერთად სეირნობა, კატასთან თამაში, ასევე მათი მოვლა ბავშვს ფიზიკურად მნიშვნელოვნად ავითარებს. ამასთან ერთად, ცხოველებს შეუძლიათ ფსიქო-ემოციური დაძაბულობის მოხსნა, ენის ბორძიკისგან ბავშვის განკურნება; ეხმარებიან ჩაკეტილ, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობაში, იძლევიან თამაშისა და საუბრის საშუალებას. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა უფროსებს არ ჰყოფნით დრო და ძალა ბავშვთან ურთიერთობისთვის. რა თქმა უნდა, ცხოველი ვერ შეცვლის მშობლიურ სიყვარულს, მაგრამ მათთან ურთიერთობა ბავშვისთვის სასარგებლო იქნება.
  • შინაური ცხოველები, არცთუ იშვიათად, შესანიშნავად ახერხებენ ჩაანაცვლონ მეგობრები გაუბედავ და ჩაკეტილ ბავშვთან, ვინაიდან პატარები იოლად ანდობენ ცხოველს საკუთარ საიდუმლოს, სიხარულსა და მწუხარებას, თავს იწონებენ მასთან საკუთარი მიღწევებითა და განსაკუთრებული უნარებით. ამ ყოველივეს ისინი აკეთებენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ცხოველი არ დასცინებს, ზურგს არ შეაქცევს მას და ამასთან არავის მოუყვება მის საიდუმლოს.
  • ცხოველების ქცევაზე დაკვირვებისა და მათთან ურთიერთობის პროცესში ბავშვები სწავლობენ თანაგრძნობას, თანაგანცდას და გარშემომყოფების გაგებას. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელი ხდება იმის გამო, რომ ცხოველებს არ შეუძლიათ თავიანთი მდგომარეობისა და შეგრძნებების დაფარვა. მართალია, ისინი ვერ ლაპარაკობენ, მაგრამ გამოსცემენ ბგერებს, რომლითაც გვამცნობენ თავიანთი მოთხოვნილებების და გუნება-განწყობის შესახებ, ამაში მათ პოზა და მზერაც ეხმარება. ყოველივე ეს კი ბავშვს საშუალებას აძლევს, ისწავლოს, როგორც ცხოველების, ასევე ადამიანების გაგება უსიტყვოდ. ცხოველებთან ურთიერთობას მოკლებულ პატარას ეს ბევრად უფრო გაუჭირდება, ვინაიდან ბავშვები ეგოცენტრულები არიან. მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის დაყენება სხვა ადამიანის ადგილას და გაგება, თუ რას გრძნობს ის.
  • სახლში ცხოველის ყოლა და მასთან ურთიერთობა ბავშვს, ხშირ შემთხვევაში, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, დისციპლინასაც აჩვევს. ის უფრო სწრაფად და უკეთესად იგებს, რომ ყველა ცოცხალი არსება საჭიროებს მოვლას, კვებას, სუფთა ჰაერზე გასეირნებას. აღნიშნულის გამო, ადვილი შესაძლებელია, მან თავისი დღის განრიგსაც გადახედოს ოთხფეხა მეგობრის  საჭიროებების შესაბამისად. ბავშვს უმუშავდება პასუხისმგებლობის გრძნობა, მოთხოვნილება და უნარი იზრუნოს არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც. ეს კი საუკეთესო საშუალებაა ეგოიზმთან საბრძოლველად, განსაკუთრებით, თუ ბავშვი სახლში მარტოა.
  • შინაური ცხოველები ხშირად „ფსიქოთერაპევტის“ როლსაც ასრულებენ. ცნობილია, რომ ბავშვები, განსაკუთრებით, თუ ისინი სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი ან მშობლებისგან მიტოვებული არიან, გაცილებით ადვილად შედიან კონტაქტში ცხოველებთან, ვიდრე ადამიანებთან. ამაში არაფერია გასაკვირი იმდენად, რამდენადაც ბავშვის სიყვარულს ოთხფეხა მეგობარი ერთგულებითა და უპირობო სიყვარულით პასუხობს. ამასთან ერთად, უქმნის უსაფრთხოების განცდას, მწუხარებისას ამშვიდებს და საიდუმლოსაც უნახავს.
  • შინაურ ცხოველებს შეუძლიათ დიდი დახმარება გაუწიონ ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვებს, რამდენადაც მათთვის უფრო ადვილია ყურადღების კონცენტრირების უნარის გამომუშავება, როცა ისინი ცხოველებთან ურთიერთობენ.
  • ცნობილია, რომ ბავშვები, რომელთაც ჰყავთ ცხოველები, ნაკლებად ავადმყოფობენ, ვინაიდან სახლში ძაღლის ან კატის არსებობა აიძულებს პატარა ბავშვის ორგანიზმს უფრო აქტიურად გაუწიოს წინააღმდეგობა ინფექციებს. ამასთან ერთად, ქვეითდება ბავშვში ალერგიის აღმოცენების რისკი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ არ მოვაკლებთ ბავშვს შინაური ცხოველის ყოლისა და მასთან ურთიერთობის სიხარულს, არ შევეცდებით ამ ურთიერთობების ძვირადღირებული სათამაშოებითა და უსარგებლო ნივთებით ჩანაცვლებას. გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი შინაური ცხოველი, განურჩევლად სახეობისა, ზომისა და სქესისა, დიდ როლს თამაშობს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში, მის ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაში.

 

 

 

ყველა გზა ქიმიისა და რომისკენ მიდის

0

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ შემემთხვა. იტალიაში სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სტატიის რეზიუმე გავგზავნე. თავიანთი ფორმა ჰქონდათ. ჯერ სათაური იწერებოდა, ქვეშ – ავტორის (ავტორების) გვარი, სულ ბოლოს კი – უნივერსიტეტის სახელწოდება და მისამართი. ჩემი უნივერსიტეტის ოფიციალური მისამართი ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირია. ასეც დავწერე. თანხმობა და მიწვევის წერილი დაპირებულ დროში მომივიდა. ცოტა ხანში პროგრამის სამუშაო ვერსიაც გამომიგზავნეს. გამგზავრების დაფინანსებაც მიღებული მქონდა და თითქოს ყველაფერი იდეალურად იყო, ერთი გარემოება რომ არა: პროგრამაში აღმოვაჩინე, რომ თანაავტორი მყავდა… არც მეტი, არც ნაკლები – ქაქუცა ჩოლოყაშვილი.

მოდი, კონფერენციაზეც ვიტყვი ორ სიტყვას. IUPAK-ის ეგიდითა და მასპინძელი ქვეყნის ქიმიის საზოგადოების ორგანიზებით იმართებოდა. ანუ ორღობის კონფერენცია არ ყოფილა. არადა, აიჩემეს, ქაქუცა თანაავტორიაო. წერილზე მიპასუხეს, ჰაა, გამოტყდი ახლა, რომ ავტორობიდან მისი მოტეხვა გინდაო. იძულებული გავხდი, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარისთვის მიმეწერა, ქაქუცაზე მასალები გამეგზავნა და მეთხოვა, მიშველეთ რამე, აქ მე – ჯანდაბას, იმ სულგანათლებულს მაინც ნუ შევაწუხებთ–მეთქი იქ. მადლობა ღმერთს, იმ ბატონმა გამიგო და პროგრამის განახლებულ ვერსიაში ჩემ გვერდით ქაქუცა აღარ იყო.

ეს ის პერიოდი გახლდათ, როცა ქიმიის ისტორიით უფრო და უფრო ვინტერესდებოდი. ჰოდა, მისი არც ერთი სექცია არ გამიცდენია. ხუთამდე სხვადასხვა სესია იმართებოდა და საინტერესო კვლევებიც ჰქონდათ.

ისლამური მეცნიერების ისტორიის სექციაზე ერთი მოხსენება ალ-რაზის, იმავე რაზესს ეძღვნებოდა. თუ უფრო ზუსტი და ოფიციალური სახელი გნებავთ, აბუ მუჰამედ იბნ ზაქარია ალ-რაზის. 30 წლამდე ბაღდადში ფულის გადამცვლელად და მუსიკოსად მუშაობდა. მერე, ეტყობა იფიქრა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და მედიცინისა და ალქიმიის შესწავლას მიჰყო ხელი… 200-ზე მეტი ნაშრომის ავტორი გახდა მედიცინაში, ფილოსოფიაში, თეოლოგიაში, მათემატიკაში, ასტრონომიასა და ალქიმიაში. გამოდის, რომ სწავლა გვიანი არასოდეს არის და ოცნების ასასრულებლად მუშაობა ყოველთვის შეიძლება.

ალ-რაზის ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო ნაშრომია Kitab al-Hawi fi al-tibb – კომპლექსური სამედიცინო წიგნი და სამედიცინო ჩანაწერების ერთობლიობა, რომელსაც ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაკვირვებების საფუძველზე ქმნიდა. მეცამეტე საუკუნეში მისი წიგნი ლათინურად ითარგმნა და მეჩვიდმეტე საუკუნემდე ევროპაში განუწყვეტლივ იბეჭდებოდა სახელწოდებით Liber Continens. 23 ტომისგან შედგებოდა და ადამიანის სხეულის თითოეული ნაწილის დაავადებებს დეტალურად აღწერდა. მაგალითად, იქ, სადაც აღწერილი იყო სახსრები და პოდაგრა, საუბრობდა მუცლის ღრუში მობინადრე პარაზიტებსა და ვენების ვარიკოზულ დაავადებაზეც. იმასაც ამბობდა, რომ სახსრის ტკივილს საფუძვლად ანთებითი პროცესები და ხრტილის ასაკობრივი დეგენერაცია უდევს. აღწერილი აქვს 900-ზე მეტი ავადმყოფობის რეალური ისტორია. მისი ზოგიერთი ჩანაწერი განცვიფრებას იწვევს, რადგან დღესაც აქტუალურია. მაგალითად, ალ-რაზის მიაჩნდა, რომ თუნდაც ექიმი ეჭვით ყოფილიყო შეპყრობილი, პაციენტი უნდა გაემხნევებინა და დაერწმუნებინა, რომ გადარჩებოდა, რათა ეს უკანასკნელი მხნედ და იმედიანად შებრძოლებოდა დაავადებას. მართლაც, რწმენა სასწაულებს ახდენს.

წამლების ზედმეტად სმის წინააღმდეგი იყო. თუ ექიმს შეუძლია, პაციენტს საკვებით უმკურნალოს, ჩათვალოს, რომ გაუმართლაო. თუ მაინც წამალი უნდა დაუნიშნოს, მაშინ მარტივი საშუალებები შეარჩიოს და არ გაართულოს, რადგან წამალი ერთს რომ არჩენს, სხვაგან საქმეს აფუჭებს – ორგანიზმს გავუფრთხილდეთო.

სახსრებს მცენარე სათოვლიათი (უცუნა, ლათინური სახელწოდება – Colchicum) მკურნალობდა. ეს შროშანისებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარეა, მოკლეღეროიანი და გორგბოლქვიანი ბალახი დიდი და ნაირფერი ყვავილებით. მისი 60-მდე სახეობაა გავრცელებული ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ირანში, ინდოეთსა და საქართველოში. სათოვლიას თესლსა და გორგბოლქვებში არის ალკალოიდები, რომელთაგან კოლხიცინს ალ-რაზი სახსრების დაავადების და ნიკრისის ქარის სამკურნალოდ იყენებდა, კოლხამიანს კი – სისხლის ზოგიერთი დაავადებისა და ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ. კოლხიცინი დღესაც გამოიყენება მედიცინაში.

ალ-რაზის ერთ-ერთი რეცეპტი ასეთი იყო: როდესაც სახსრების ტკივილს და ანთებას თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, პროპორციით 1:1:1 ერთმანეთში ავურიოთ კოლხიცინი, საზამთროს და კიტრის თესლი, დავამატოთ ცოტაოდენი ოპიუმი და დავლიოთ. წამლის მთლიანი დოზა ოთხი დიჰრამია, ანუ 12 გრამი. თუ ოდნავ გემწარათ, შაქრიანი წყალი მიაყოლეთო. ასეთი წამალი ავადმყოფს ორი საათით შეუმსუბუქებდა ტკივილს.

თუ ტკივილი სიცხის გარეშე მიმდინარეობდა, საკმარისი იყო კოლხიცინი, ოპიუმი და მთის ბეგქონდარა (Thymus). ეს უკანასკნელი ტუჩოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. აქვს გართხმული ღერო და სწორმდგომი საყვავილე ყლორტები. თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები შეკრებილია თავაკისებრ ან თავთავისებრ ყვავილედად. გავრცელებული 400 სახეობიდან საქართველოში 17 ხარობს.

ზემოთ დავწერე, ალ-რაზის წამლები არ უყვარდა, სამკურნალოდ ბუნებრივ საშუალებებს ამჯობინებდა–მეთქი. რა ეამება ჩვენს სახსრებს? თუნდაც არ გვტკიოდეს, დროა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არც გაის ამ დროს და არც იმის იქით არ გვეტკინოს.

ხომ გახსოვთ, ალ-რაზი სახსრების ტკივილს მუცლის ღრუში მობინადრე პარაზიტებს უკავშირებდა. აღმოჩნდა, რომ სისხლში ნაწლავებიდან მართლაც შეიწოვება ბაქტერიები, რომლებიც ვრცელდება ორგანიზმში და იწვევს ანთებით პროცესებს, მათ შორის – სახსარშიც. მათ შეწოვას ხელს უშლის უხეში საკვები ბოჭკოები, ამიტომ სიმინდის ქატოს პრევენციულ ეფექტს თანამედროვე მედიცინაც აღიარებს. ხორბლის ქატოს გამოყენებაც შეიძლება, ოღონდ მასში უხეში ბოჭკო ოდნავ ნაკლებია. ქატო არ მოინელება, ნაწლავებში ჯირჯვდება და როგორც აბსორბენტი, ყველაფერ ცუდს იწოვს. შესაბამისად, აღარც ანთების გამომწვევი ბაქტერიები გადადის სისხლში. 100 გრამ ქატოში 30 გრამი უხეში ბოჭკოა. გემრიელია–მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ ცხელ წყალში გახსნილს თავისუფლად მიირთმევთ. თუ მაინცდამაინც, ჩირი დაუმატეთ.

ზეითუნის ზეთი ომეგა–3 უჯერ მჟავებსა და პოლიფენოლურ ნაერთებს შეიცავს. ესენი ანტიოქსიდანტებია, პოლიფენოლებს კი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც აქვთ. დღეში ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთის დალევით ორგანიზმს 50 გრამ აუცილებელ პოლიფენოლს მიაწვდით. სხვათა შორის, იმავე პოლიფენოლებს შეიცავს ალ-რაზის მიერ გამოყენებული მცენარეებიც.

მომდევნო პროდუქტი გრეიპფრუტია. ის მცენარეული პოლიფენოლების არაერთ სახეობას: ფლავონოიდებს – ჰესპერიდინს, ნარიჰგენინს და ეროდიქტოლს შეიცავს. ეს უკანასკნელნი ბლოკავენ ანთების ფერმენტებს, შესაბამისად, ტკივილსაც აყუჩებენ. იმავე ნივთიერებებს აღმოაჩენთ ყვითელ და მწვანე ლიმონში.

ქიმიური თვალსაზრისით, ფლავონოიდები ფლავონის ჰიდროქსილნაწარმებია. ჯერ კიდევ ალ-რაზი იცნობდა მათ როგორც მცენარეულ პიგმენტებს, თუმცა პირველი ნაშრომი მათ შესახებ (თუ ალ-რაზის და იბნ სინას არ ჩავთვლით) 1936 წელს გამოაქვეყნა ნობელის პრემიის ლაურეატმა ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში, ალბერ დე სენტ-დიერდიმ. ის აღნიშნავდა, რომ წითელი ბულგარული წიწაკიდან გამოყოფილი ფლავონოიდი სისხლძარღვების კედლებს ამაგრებდა. იქვე ივარაუდა, რომ ვიტამინებისთვის უნდა მიეკუთვნებინა და მათ P ვიტამინი უწოდა, თუმცა შემდეგ ეს იდეას აღარ განუვრციათ.

ფლავონოიდების კვლევის ახალი ტალღა 90-იან წლებში დაიწყო. ამ პერიოდში მათი ანტიოქსიდანტური თვისებები და თავისუფალი რადიკალების განეიტრალების უნარი აღმოაჩინეს. სწორედ იმ პერიოდიდანაა ცნობილი, რომ ბანანი ციანიდინს და დელფინიდინს შეიცავს, ვაშლი, მსხალი, ატამი, გარგარი – ცხიმის მეტაბოლიზმის დამაჩქარებელ ქატექინებს და ეპიკატექინებს, თანაც ყველაზე მეტი რაოდენობით ისინი კანშია კონცენტრირებული (აქსიფრთხილეა საჭირო, რადგან დღეს კანში მძიმე მეტალების იონებიც იქნება თავმოყრილი). დადგინდა ისიც, რომ რაც კი მწვანე ან ფერადია, ყველაფერშია ფლავონოიდების გარკვეული რაოდენობა.

თხრობა რომში გამართული სამეცნიერო კონფერენციით დავიწყე. ზემოთაც ვთქვი, იმხანად ქიმიის ისტორიას უკვე ჩათრეული ვყავდი და არც ერთი სესია არ გამიცდენია. დახურვის ცერემონია დიდ დარბაზში ჩატარდა და დასკვნითი სიტყვა, არც მეტი, არც ნაკლები, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა წარმოთქვა. დამავიწყდა მეთქვა, რომ თავად კონფერენცია ეკონომისტების კორპუსში მიმდინარეობდა.

ჰოდა, დეკანი მოგვიყვა, რომ ქიმიის საფუძვლები ეკონომისტების აუცილებლად გასავლელი საგანია, რადგან… ეკონომისტი მართავს ცხოვრებას, ქიმია კი თავად ცხოვრებაა, ამიტომ ეკონომისტი უნდა იცნობდეს ცხოვრებას, ანუ ქიმიას, ან პირიქით.

წინათ თუ ყველა გზას რომისკენ მიჰყავდი, – გვითხრა მან, – დღეს ეს გზები ქიმიისკენ მიდისო…

საიმპერატორო პინგვინების ძიებაში: კაცები ადრეულ განათლებაში

0

შესავალი

საიმპერატორო პინგვინები ანტარქტიდაზე ურთულეს კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ და პინგვინებს შორის ყველაზე დიდი ზომისანი არიან. თუმცა მხოლოდ ამით არ გამოირჩევიან – მამალი პინგვინები განსაკუთრებულად მზრუნველი მამები არიან. დედა პინგვინი, მას შემდეგ, რაც კვერცხს დადებს, საკვების მოსაპოვებლად ორი თვით მიდის, კვერცხს კი დიდი სიფრთხილით გადასცემს და მოსავლელად უტოვებს მამა პინგვინს. ორი თვის განმავლობაში მამა ზრუნავს კვერცხზე, რაც უკიდურეს სიცივეში განსაკუთრებით ძნელია. პატარა პინგვინი დედის დაბრუნების დროისთვის იჩეკება, რის შემდეგაც დედას და მამას მისთვის მონაცვლეობით მოაქვთ საკვები.

ცხოველთა სამეფოში საიმპერატორო პინგვინი არ არის მზრუნველი მამობის ერთადერთი მაგალითი. ანალოგიური ქცევა გვხვდება მაიმუნებს, მგლებს, მელიებს, სირაქლემებს, ცხენთევზებსა და სხვა ცხოველებს შორისაც.

რითია ეს ინფორმაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი? საზოგადოების პატრიარქალური მოდელი ბავშვების აღზრდასა და მათზე ზრუნვას, განსაკუთრებით – ადრეულ ასაკში, ქალის საქმედ მოიაზრებს. ეს ხედვა გულისხმობს, რომ კაცის მოვალეობა მხოლოდ ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფაა და არა ბავშვის აღზრდის პროცესში პირდაპირი მონაწილეობა. საზოგადოების ასეთივე მოდელი უდევს საფუძვლად სკოლამდელ განათლებას. ამიტომ, დღესაც კი, ადრეული ასაკის ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების აბსოლუტური უმრავლესობა ქალია. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. მართალია, საქართველოში საბავშვო ბაღებში დასაქმებული კაცებისა და ქალების შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება, მაგრამ საკმარისია, ზოგადი წარმოდგენა გვქონდეს ამ სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ, რათა დავასკვნათ: სკოლამდელ დაწესებულებებში კაცები არათუ უმცირესობას, არამედ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში რამდენიმე კერძო სკოლამდელი დაწესებულება ცდილობს თანამშრომლებს შორის გენდერული ბალანსის დაცვას და ოჯახებთან ამ მიდგომის მნიშვნელობისა და პოზიტიური შედეგების ადვოკატირებას ახდენს.

სტატიაში მიმოვიხილავთ არგუმენტებს სკოლამდელი განათლების სფეროში კაცების დასაქმების მნიშვნელობის შესახებ, არსებულ გამოწვევებს და გენდერული ბალანსის მისაღწევად საჭირო ღონისძიებებს სხვადასხვა დონეზე.

 

რითია მნიშვნელოვანი ადრეულ განათლებაში კაცების მონაწილეობა?

ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვასა და განათლებაში კაცების მნიშვნელოვანი როლის შესახებ დისკუსია გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან გახდა აქტუალური. სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებულთა შორის გენდერული ბალანსის ხელშეწყობა რამდენიმე ქვეყანაში (ახალი ზელანდია, დანია, ნორვეგია, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, შვედეთი და სხვა) სფეროს ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. მომრავლდა ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევებიც, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმართვა პროფესიაში მეტი კაცის მოზიდვის მიზნით.

ადრეულ განათლებაში კაცების მონაწილეობის შესახებ არგუმენტები პირობითად სამ ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სოციალური.

ეკონომიკური თვალსაზრისით, პროფესიაში კაცების მოზიდვა მნიშვნელოვანია კადრების უკმარისობის გამო. ბევრ ქვეყანაში ზრუნვისა და განათლების სექტორში იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე; ადრეული განათლება ხელმისაწვდომი ხდება სულ უფრო მეტი ბავშვისთვის, რაც მოითხოვს დასაქმებული პერსონალის რაოდენობის წლიდან წლამდე ზრდას. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული გათვლების მიხედვით, მხოლოდ ქალი პედაგოგების საშუალებით მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნება და კადრების შევსების მიზნით აუცილებელი გახდება კაცების დაინტერესება და პროფესიაში მოზიდვა.

სოციალური არგუმენტები შეეხება, საზოგადოდ, გენდერული თანასწორობისა და კაცებისა და ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ხშირად მამაკაცების მოზიდვისთვის საჭირო ღონისძიებები მოიცავს სამუშაო პირობების გაუმჯობესებას (ხელფასის ზრდა, სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა და ა.შ.), რაც პოზიტიურად აისახება პროფესიაში დასაქმებულ ნებისმიერ ადამიანზე. პროფესიაში კაცების ხილვადობა და აქტიურობა ხელს უწყობს გენდერული სტერეოტიპების დაძლევას კაცისა და ქალის ტრადიციული ფუნქციური როლების შესახებ და თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, პროფესია საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით აირჩიონ. შვედეთში ჩატარებულმა კვაზიექსპერიმენტულმა კვლევამ აჩვენა, რომ საბავშვო ბაღში, სადაც დაცული იყო გენდერული ბალანსი (პერსონალის ნახევარი ქალი იყო, ნახევარი კი – კაცი), პერსონალი უფრო მჭიდროდ და პოზიტიურად თანამშრომლობდა, ვიდრე იმ ბაღებში, სადაც თანამშრომლების უმრავლესობას ქალები წარმოადგენდნენ.

საგანმანათლებლო თვალსაზრისით, კაცებს შეუძლიათ, მეტად მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. საბავშვო ბაღში კაცი პედაგოგების არსებობა გავლენას ახდენს ბავშვების გენდერულ სოციალიზაციაზე: მათ ჰყავთ მზრუნველი კაცის როლური მოდელები, რომელთა საქმიანობაც ბავშვის მოვლა და განათლებაა. ეს ბავშვები მომავალი დედები და მამები არიან, რომლებიც თანაბრად გაინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობას, რაც, თავისთავად, უფრო თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამასთანავე, კვლევები ადასტურებს, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში კაცი აღმზრდელებისა და პედაგოგების დასაქმება წაახალისებს მამების გააქტიურებას და დაინტერესებას ბავშვის ყოველდღიური საქმიანობით, ხელს შეუწყობს მათ მონაწილეობას საბავშვო ბაღის ცხოვრებაში და ბავშვის პოზიტიურ აღზრდაში. საბავშვო ბაღში კაცი პერსონალის არსებობა გზავნილია მამებისთვის: საბავშვო ბაღი ის სივრცეა, სადაც კაცებისთვის(აც), ანუ ჩემთვისაც, არის ადგილი და ბავშვის აღზრდაში კაცებს(აც), ანუ მეც, შეგვიძლია მონაწილეობა. მამების გააქტიურება მნიშვნელოვანია, რადგან კაცები, რომლებსაც უფრო ხშირად უწევთ შვილებთან მარტო დარჩენა და მათზე ზრუნვა, უფრო მეტად არიან დარწმუნებულები საკუთარ შესაძლებლობებში და ბავშვის მოვლა „ქალის საქმედ“ არ მიაჩნიათ.

ამასთანავე, კვლევები აჩვენებს, რომ კაცი და ქალი პედაგოგების მუშაობის სტილი ხშირად განსხვავებულია, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ და განვითარდნენ უფრო მრავალფეროვან გარემოში. ბელგიაში ამ განსხვავებებზე თავად კაცი მასწავლებლებიც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ, მათი დაკვირვებით, კაცები ქალ მასწავლებლებთან შედარებით მეტ სიმკაცრეს იჩენენ წესების დაცვისას, უფრო ხშირად თამაშობენ აქტიურ ფიზიკურ თამაშებს და იყენებენ იუმორს. აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ როგორც ქალებს, ისე კაცებს ეს განსხვავებული „სტილი“ბავშვების განვითარებისთვის პოზიტიური შედეგის მომტანად მიაჩნიათ. იმავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, კაცი და ქალი პედაგოგების მუშაობის სპეციფიკის ასე დაყოფა შესაძლოა ეფუძნებოდეს პედაგოგების მიერ გათავისებულ სტერეოტიპულ გენდერულ როლებს (მაგ., სტერეოტიპი, რომ კაცი ბუნებრივად უფრო აქტიური, მკაცრი და რაციონალურია), ეს კი ხელს შეუშლის მათ თავიანთი პროფესიულ ფუნქციების სრულფასოვნად რეალიზებაში.

 

რატომ არ სურთ კაცებს ადრეული ასაკის ბავშვებთან მუშაობა?

მიუხედავად ზოგიერთი სახელმწიფოს მიზანმიმართული ღონისძიებებისა, ადრეული განათლების სფეროში გენდერული ბალანსის გაუმჯობესება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ქვეყნების უმრავლესობაში საბავშვო ბაღის აღმზრდელობა დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე გენდერულად სეგრეგირებულ პროფესიად. ყველაზე წარმატებულ ქვეყნებშიც კი (მაგალითად, ნორვეგიაში, დანიაში, ახალ ზელანდიაში) კაცი აღმზრდელების წილი 9-10%-ს არ აღემატება. პროფესიის მიმართ ინტერესის ნაკლებობის კვლევისას მკვლევრები რამდენიმე ძირითად მიზეზს ასახელებენ, რომელთა ნაწილი საზოგადოებაში არსებული მითებითა და განწყობებით არის განპირობებული. ეს მიზეზები შეგვიძლია დავაჯგუფოთ სამ ურთიერთდაკავშირებულ კატეგორიად:

  • პროფესიის პრესტიჟი და სამუშაო პირობები;
  • სკოლამდელი განათლების ტრადიციული პატრიარქალური მოდელი;
  • საზოგადოებისა და სკოლამდელი დაწესებულების პერსონალის დამოკიდებულება კაცი აღმზრდელებისა და პედაგოგების მიმართ.

გავრცელებული მოსაზრებით, პროფესიის არჩევის დროს განათლების სფერო ნაკლებად მიმზიდველია კაცებისთვის, რადგან, როგორც წესი, ნაკლებად პრესტიჟულია, მცირეა ანაზღაურება და მწირია კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. კაცები, რომლებიც განათლებას თავიანთი საქმიანობის სფეროდ ირჩევენ, უფრო ხშირად ადმინისტრაციულ და მმართველ პოზიციებზე აგრძელებენ კარიერას და არა ბავშვებთან – საბავშვო ბაღის ჯგუფსა თუ საკლასო ოთახში. მრავალ ქვეყანაში სკოლამდელი განათლების სექტორში ანაზღაურება განსაკუთრებით დაბალია, რაც უფრო მეტად აფერხებს პროფესიაში კაცი პედაგოგების მოზიდვას, განსაკუთრებით – კაცის როლის ტრადიციული გაგების ფონზე: მას ხომ „ოჯახის რჩენის“ ვალდებულება აკისრია.

საგულისხმოა ამ მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, განათლების სექტორი ყველაზე დაბალანაზღაურებადი საქმიანობის სფეროა. 2015 წელს განათლების სფეროში საშუალო თვიური ანაზღაურება 483 ლარი იყო, რაც ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო შემოსავლის თითქმის ნახევარია (53.7%). იმავდროულად, თვალსაჩინოა ანაზღაურების სხვაობა განათლების სექტორში დასაქმებულ ქალებსა (453 ლარი) და კაცებს (590 ლარი) შორის. კაცების საშუალო ხელფასი ქალებისაზე 30%-ით მეტია, რაც შესაძლოა აიხსნას კაცების მმართველ პოზიციებზე დასაქმებით. სამწუხაროდ, სკოლამდელ განათლებაში აღმზრდელთა საშუალო ანაზღაურება კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე, საზოგადოდ, განათლების სექტორში. 2011-2012 წლების მონაცემებით, აღმზრდელის საშუალო ხელფასი ქვეყნის მასშტაბით იყო 235 ლარი – ნაკლები, ვიდრე ნებისმიერ სხვა სექტორში, მათ შორის – განათლების სფეროშიც, სადაც ამ დროს საშუალო ხელფასი 355 ლარი იყო. მიუხედავად ზემომოყვანილი არგუმენტებისა, ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ დაბალი ანაზღაურება და ცუდი სამუშაო პირობები არ არის მთავარი მიზეზი პროფესიაში კაცების ნაკლებობისა; ბევრი კაცი თანხმდება სხვა სფეროში არასახარბიელო სამუშაო პირობებსა და დაბალ ანაზღაურებას, ამიტომ ინტერესის ნაკლებობა სხვა ფაქტორებთან ერთად უნდა განვიხილოთ.

სკოლამდელი განათლების სისტემის განვითარება ოჯახის პატრიარქალურ მოდელს ეფუძება. მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, პირველი საბავშვო ბაღების დაარსებისთანავე აქ მთავარი როლი ერგოთ ქალებს. ისინი ბუნებით დედებად და, შესაბამისად, საუკეთესო აღმზრდელებად მოიაზრებოდნენ. ქალის მგრძნობიარობა, პასიურობა, ემოციურობა და სხვებზე ზრუნვის ბუნებრივი ინსტინქტი ის თვისებები იყო, რომლებიც საჭიროდ მიიჩნეოდა ადრეული ასაკის ბავშვების აღზრდისა და განათლებისთვის. მამაკაცური თვისებებისთვის (აქტიურობა, რაციონალურობა, აგრესიულობა) სკოლამდელ განათლებაში ადგილი ნაკლებად მოიპოვებოდა. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ბავშვის აღზრდის პროცესში მამაკაცების მარგინალიზაციას და ადრეული განათლების სერვისების ერთგვარ დემონიზაციას ხელი შეუწყო მიჯაჭვულობის თეორიის პოპულარობამ, რომელიც ფოკუსირებას ახდენდა დედის ცენტრალურ როლზე ბავშვის განვითარებაში. რა უცნაურიც უნდა ჩანდეს, ადრეულ განათლებაში ქალის განსაკუთრებული როლის შესახებ წარმოდგენა კიდევ უფრო განამტკიცა ფემინისტურმა მოძრაობამ 70-იან წლებში. მიუხედავად იმისა, რომ 80-იანი და 90-იანი წლებიდან აქტუალობას იძენს კაცი პედაგოგების მოზიდვა სკოლამდელ განათლებაში, სკოლამდელი განათლების მკვეთრად ფემინიზებული სისტემა არ აღმოჩნდა ღია მამაკაცი აღმზრდელების მისაღებად. კვლევებმა ცხადყო, რომ პედაგოგების საგანმანათლებლო პროგრამები, ტრენინგკურსები, სასწავლო ლიტერატურა და გარემო სკოლამდელ დაწესებულებებში ეფუძნება ნორმას, რომ აღმზრდელი და პედაგოგი აუცილებლად ქალი უნდა იყოს; მაგალითად, სასწავლო ლიტერატურაში მოცემული მაგალითები და ფოტოები მხოლოდ ქალი აღმზრდელების შესახებაა, სკოლამდელ დაწესებულებებში კი არ არის გამოყოფილი სივრცე კაცი თანამშრომლებისთვის (გასახდელი, ტუალეტი). შესაბამისად, სისტემა ისე ახდენს რეპროდუცირებას, რომ კვლავ ქალებს იზიდავს პროფესიაში, ხოლო კაცებისთვის შედარებით მიუწვდომელ და ნაკლებად სასურველ სამუშაოდ რჩება.

დაბოლოს, კაცების დაინტერესებას ხელს უშლის საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები, წარმოდგენები „მამაკაცურობის“ შესახებ, რომელიც ბავშვზე ზრუნვასა და განათლებას არათუ ძლიერ მხარედ, არამედ ნაკლად მოიაზრებს. კაცები, რომლებიც ბავშვებთან მუშაობას ირჩევენ, ხშირად შესაძლოა უარყოფით დამოკიდებულებას გადააწყდნენ საზოგადოებაში. ერთი მხრივ, მათი არჩევანი შეიძლება შეფასდეს როგორც სისუსტე, არასრულფასოვანი, „შეუმდგარი“ მამაკაცურობის გამოვლინება („ბავშვის მოვლა რა კაცის საქმეა?!“, „ასეთ დაბალ ხელფასზე როგორ უნდა იმუშაოს კაცმა?“), მეორე მხრივ კი – როგორც საეჭვო და საშიში: ბავშვებთან მუშაობის სურვილი იგივდება ქალურ ბუნებასთან/ჰომოსექსუალობასთან ან ასოცირდება მოძალადეობასთან. ასეთივე დამოკიდებულება არც სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისთვისაა უცხო. ნებისმიერი ქალი აღმზრდელი ავტომატურად მოიაზრება ამ პროფესიისთვის შესაფერისად და უმიზეზოდ არავის უჩნდება ეჭვი მისი მოძალადეობისა თუ სექსუალური ორიენტაციის შესახებ, კაცი აღმზრდელის არჩევანი და მოტივაცია კი ბევრისთვის იმთავითვე ეჭვის საფუძველია. კვლევების მიხედვით, კაცებს ხშირად უჭირთ ისეთ გარემოში მუშაობა, სადაც მათ საქმიანობას მუდმივად გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და მკაცრი საზომებით აფასებენ, სადაც ძალადობის ბრალდების რისკის თავიდან ასაცილებლად სათანადოდ ვერ ზრუნავენ ბავშვზე (მაგ., ქალებისგან განსხვავებით, ჩახუტებით ვერ ამშვიდებენ ატირებულ პატარას, არ აქვთ უფლება, საფენი გამოუცვალონ ბავშვს და ა.შ.). შესაბამისად, ბევრი კაცისთვის, ამ სფეროში დასაქმების სურვილის მიუხედავად, პროფესია არ არის მიმზიდველი.

 

როგორ შევუწყოთ ხელი გენდერულ ბალანსის გაუმჯობესებას სკოლამდელ განათლებაში?

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ცხადყოფს, რომ ადრეულ განათლებაში კაცების მოზიდვისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა და მიზანმიმართული ღონისძიებები ყველა დონეზე – სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც წაახალისებს კაცების ინტერესს, პროფესიაში შესვლას და დარჩენას, პედაგოგების მოსამზადებელი პროგრამების გაუმჯობესება, სკოლამდელ დაწესებულებებში კაცი თანამშრომლების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ხელშეწყობა, ბავშვის აღზრდასა და განათლებაში კაცების მნიშვნელოვანი როლის ადვოკატირება.

სახელმწიფო პოლიტიკა:

  • სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგებისა და აღმზრდელების სამუშაო პირობების გაუმჯობესება: სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა, ანაზღაურების ზრდა;
  • ადრეული განათლების პროფესიაში შესვლის და პროფესიული განვითარების ალტერნატიული გზების შეთავაზება;
  • აბიტურიენტების (გოგონების და ბიჭების) ინფორმირება პროფესიის შესახებ;
  • სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, პროფესიის შეცვლის სურვილის შემთხვევაში, ადრეულ განათლებაში პროფესიული გადამზადების შესაძლებლობების შექმნა.

მოსამზადებელი და პროფესიული განვითარების პროგრამები:

  • მოსამზადებელ პროგრამებსა და ტრენინგპროგრამებზე პოზიტიური კლიმატისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბება კაცი აღმზრდელებისა და პედაგოგების მიმართ;
  • საგანმანათლებლო პროგრამების განახლება, რათა შინაარსი ეხმიანებოდეს როგორც ქალ, ისე კაც პედაგოგებს; კაცი ლექტორების/ტრენერების ჩართვა საგანმანათლებლო პროგრამებში; პროგრამების შეთავაზება ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც, ტრადიციული გაგებით, „ქალის“ და „კაცის“ პროფესიებს ასწავლიან;
  • შესაძლებელია საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება მხოლოდ კაცებისთვის (წარმატებული მაგალითია ინგლისი), რაც კაცებს კაც კოლეგებთან ურთიერთკავშირის საშუალებას აძლევს, ხელს უწყობს მათი პროფესიული მოტივაციის ამაღლებას;
  • სასწავლო რესურსების შემუშავება და მონიტორინგი, რათა მათში ასახული იყოს როგორც ქალი, ასევე კაცი აღმზრდელები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას;
  • უნივერსიტეტებისა და ტრენინგორგანიზაციების მიერ კაცი სტუდენტების მოხალისეობრივი სამუშაოს წახალისება ბაღებში.

სკოლამდელ დაწესებულებებში პოზიტიური გარემოს შექმნა:

  • სკოლამდელ დაწესებულებაში კაცების მიმართ პოზიტიური კლიმატის შექმნა, სადაც აქტიურობენ და „ჩანან“ მამები და კაცი პედაგოგები;
  • კაცების მოსაზიდად მათთვის საინტერესო ნიშის გამოძებნა, მაგალითად, დაწესებულების ფოკუსირება ეზოს აქტივობებსა და გასვლით ღონისძიებებზე, ადრეულ განათლებაზე როგორც საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და სოციალური სამართლიანობისთვის მნიშვნელოვან საქმიანობაზე ყურადღების გამახვილება და ა.შ.;
  • დაწესებულებაში ისეთი წესებისა და პოლიტიკის დანერგვა, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბავშვის დაცულობასა და უსაფრთხოებას, მეორე მხრივ კი საშუალებას აძლევს კაც მასწავლებლებს (ისევე როგორც ქალებს), სრულფასოვნად შეასრულონ აღმზრდელის როლი;
  • დაწესებულებაში კაცი თანამშრომლების დასაქმება; კვალიფიციური კაცი პედაგოგების ნაკლებობის შემთხვევაში შესაძლოა თავდაპირველად თანაშემწეებად დასაქმდნენ, ხოლო შემდგომ მიეცეთ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. თუ ბაღში არის კაცი მზარეული, დარაჯი ან სხვა თანამშრომელი, სასურველია, ხელი შევუწყოთ მათ პოზიტიურ ურთიერთობას ბავშვებთან.

 

ადვოკატირება და სოციალური ნორმების შეცვლა

  • ბავშვის აღზრდაში კაცების მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის წარმოება;
  • სკოლამდელი განათლების პროფესიის პოპულარიზება;
  • კაცი პედაგოგებისა და აღმზრდელების პოზიტიური როლური მოდელების წარმოჩენა.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2013). საქართველოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღწერის მონაცემები დაწყებით განათლებასა და ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებით. https://unicef.ge/uploads/UNICEF_Preschool_Census_GEO_FINAL.PDF 23/09/2017

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2017). დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეებისა და სქესის მიხედვით. 1999-2015. ჩამოტვირთულია ბმულიდან https://geostat.ge/?action=page&p_id=148&lang=geo 23/09/2017

Honig, A.S. (2009). Supporting men as fathers, caregivers and educators. In Men in the lives of Young Children. An International Perspective. Ed. D. Jones & R. Evans, pp. 7-29. Oxon: Routledge

Peeters, J. (2007). Including men in Early Childhood Education: Insights from the European experience. New Zealand Research in Early Childhood Education, 10

Sargent, P. (2004). Between a Rock and a Hard Place: Men Caught in the Gender Bind of Early Childhood Education. The Journal of Men’s Studies 12, (3), 173-192

Vandenbroeck, M. & J. Peeters. (2009). Gender and professionalism: a critical analysis of overt and covert curricula. In Men in the lives of Young Children. An International Perspective. Ed. D. Jones & R. Evans, pp. 44-56. Oxon: Routledge

National Geographic. Emperor Penguins. ჩამოტვირთულია https://www.nationalgeographic.com/animals/birds/e/emperor-penguin/ 23/09/2017

Penguins World. Emperor Penguin- Aptenodytes forsteri. ჩამოტვირთულია https://www.penguins-world.com/emperor-penguin/ 23/09/2017

 

გამოტანები

 

საგანმანათლებლო თვალსაზრისით, კაცებს შეუძლიათ, მეტად მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში. საბავშვო ბაღში კაცი პედაგოგების არსებობა გავლენას ახდენს ბავშვების გენდერულ სოციალიზაციაზე: მათ ჰყავთ მზრუნველი კაცის როლური მოდელები, რომელთა საქმიანობაც ბავშვის მოვლა და განათლებაა.

 

 

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ცხადყოფს, რომ ადრეულ განათლებაში კაცების მოზიდვისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა და მიზანმიმართული ღონისძიებები ყველა დონეზე

 

მთები, წიგნები და ცენზურა

0

(ციკლიდან „პირთა საძიებელი“)

1

დალი ფანჯიკიძემ მითხრა ერთხელ:

– გამომცემლობებიდან მიგზავნიან ხოლმე თომას მანისა და მაქს ფრიშის ახალგამოცემულ წიგნებს. გაოცებული ვუყურებ – განსაკუთრებით თომას მანს – მიკვირს, როგორ მოხდა, რა ძალამ გადამაგორებინა ეს მთები, ეს წიგნები…

 

2

ერთი ცნობილი პარიკმახერი იყო ზუგდიდში, შოთა ერქვა. მე არ ვიყავი მისი მუშტარი, მაგრამ მეგობრებს ხშირად მივყვებოდი. გამგეობის პირველ სართულზე ჰქონდა თავისი მოკრძალებული ოთახი.

შოთა ბიძია (ასე ეძახდნენ) თმის შეჭრას რომ მორჩებოდა, კლიენტს კეფაზე დაადებდა ხელს და ხმამაღლა იტყოდა, – ასეთი თავი გოდოგანს აქეთ არ არისო.

 

3

ტუსკია შემხვდა ამასწინათ მიწისქვეშა გადასასვლელში, რუსთაველზე. თვალი ჩამიკრა, ღონივრად ჩამომართვა ხელი და უცებ მეუბნება:

– ბიჭო, ლიტერატურული პრემიის შორტლისტში ვერმოხვედრას რომ ვერ გადაიტანს ადამიანი, იმას სამოქალაქო გმირობა არ უნდა მოსთხოვო.

 

4

წოწერიებს – ჩვენი კარის მეზობლებს – ეზოს ძაღლი, ე. წ. „დვარნიაშკა“ ყოველთვის ჰყავდათ. საგულისხმოა, რომ მათ მხოლოდ ორ სახელს – ჩიბოს და პიკას არქმევდნენ, ამიტომ ისტორიამ შემოინახა ჩიბო 1, 2, 3 და ა. შ. და პიკა 1, 2, 3 და ა. შ.

 

5

ჩემს მეორე წიგნს – „ქარაგმას“ ვამზადებდით, ქართულ-ევროპულ ინსტიტუტს უნდა გამოეცა. რედაქტორთან – ლია ნაროუშვილთან ერთად მთელი ტექსტი გავასუფთავე, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, მაინც გაგვეპარა შეცდომა… სატიტულო გვერდზე. თუ სწორად მახსოვს, ასე ეწერა: გამომკცემელი ჯანრი კაშია.

უკვე დაბეჭდილი ეგზემპლარების თვალიერებისას, პირველივე გადაშლაზე ეს დასანანი კორექტურა მომხვდა თვალში. მაშინვე დავურეკე ბატონ ჯანრის.

– არ იღელვო, ზვიად, – დამამშვიდა, – ეგ არაფერი… მოიცა, როგორ წერია? – ჩამეკითხა უცებ, – გამომკცემელი? – და მერე ჩამოჰყვა, – გამომცემელი, გამომკცემელი, გამომკმეველი, კათაკმეველი… კარგია, რა გინდა.

 

6

მამაჩემის ბიძას, კეთილ და კოლორიტულ კაკო თოლორაიას ოთხი შვილი ჰყავს – სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. სამივე ვაჟი სასულიერო პირია. მახსოვს, ერთხელ შვილების მეგობარი შეეხუმრა სუფრაზე:

– კაკო ბიძია, ისეთი პიროვნება ხართ და იმდენი კაცი ლოცულობს თქვენზე, ასი წლის მერე, როცა იქნება, სამოთხეში სულ სიმღერით შეხვალთო: „ეს წყარო და ეს მინდვრები ჩემია…“.

 

7

კახმეგ კუდავამ პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს „აფრიკელის“ (მთარგმნელი დალი იაშვილი) წარდგინებაზე ითხოვა სიტყვა.

– აქ მოსვლამდე, გზაში, ერთი უცნაური ფიქრი ამეკვიატა: ცხოვრებაში ყველაზე ხშირად რომელ სიტყვას ვიყენებ? ცოტა ხნით დავფიქრდი და უცებ გამახსენდა: „დალი“. „დალი, სად ხარ?“, „დალი, პერანგი გაუთოვებულია?“, „დალი, საჭმელი მზადაა?“, „დალი, შვილები როგორ არიან? შვილიშვილები?“ და ა. შ. ამ ბოლო დროს ამ სიტყვას ახალი ფრაზები დაემატა: „დალი, როგორ მიდის თარგმნა?“, „დალი, ტექსტი გასუფთავებულია? შესწორებები ხომ შეიტანეთ?“, „დალი, არ დავაგვიანოთ!“ მოკლედ, აქაც დალი, იქაც დალი… ყველგან დალი…

დარბაზი გახალისდა.

 

8

ერთი ეპიზოდი ქართული ცენზურის ისტორიიდან:

გაბრიელ გარსია მარკესის შედევრის – „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ 1992 წლის ქართულენოვან გამოცემაში საფინალო, დამაგვირგვინებელ სიტყვად ყოვლად უწყინარი, ემოციისგან დაშრეტილი „ნეხვი“ წერია.

ახალი გამოცემისას მოთხრობის მთარგმნელმა თეა გვასალიამ გვთხოვა აღგვედგინა სამართლიანობა, რადგან ესპანური Mierda უფრო მეტი იყო, ვიდრე ზემოთხსენებული უწყინარი სიტყვა.

„ინტელექტის“ მიერ 2014 წელს გამოცემული „პოლკოვნიკის“ ფინალური სცენა ასე იკითხება:

– კი მაგრამ, რა ვჭამოთ მთელი ეს დრო? – ქმარს პერანგის საყელოში ჩაავლო ხელი და შეანჯღრია, – თქვი, რა ვჭამოთ-მეთქი?

პოლკოვნიკს მთელი სამოცდათხუთმეტი წლის სიცოცხლე დასჭირდა, ამ წუთამდე რომ მიეღწია, სამაგიეროდ თავი უძლეველად იგრძნო, როცა მოკლედ და მკაფიოდ უპასუხა:

– მძღნერი“.

მოწყენილობა

0

პირველი შესავალი, ანუ რამ შთამაგონა ამ წერილის დაწერა

გიორგი კეკელიძის TEDx გამოსვლით აღფრთოვანებულმა ჩემმა სტუდენტმა გოგონამ  ფეისბუქზე  გააზიარა შთაბეჭდილებები, რომელსაც რამდენიმე კომენტარი მოჰყვა. ერთ-ერთი კომენტარი რომ წავიკითხე (ასევე ჩემი სტუდენტის), პასუხის გაცემა არ დავაყოვნე. ვწერდი, რომ უკმაყოფილო ვიყავი გამომსვლელით (სხვათა შორის, ისიც ჩემი სტუდენტი იყო) – არ დავეთანხმე რომ „ზის“ ფორმის პარალელური ფორმა „სხედს“ ფორმაა; მინდოდა, რობერტ ფროსტის ლექსზეც გაემახვილებინა ყურადღება, როდესაც ზღაპრის გმირის მიერ გზის არჩევაზე საუბრობდა; ლევაბ ბრეგაძის წერილიც რომ ენახა გამოსვლაში ნახსენებ ზღაპარზე, უფრო საინტერესო მოსაზრება გაუჩნდებოდა; ჰეკლბერი ფინის ამბავიც ინგლისურ ენაზე ამ ზამთრის არდადეგებზე წავიკითხე, ბევრ რამეს ახლებურად შევხედე და ამიტომ გამოსვლაში მე ამ ნაწარმოებს და პერსონაჟს ცოტა განსხვავებულად განვიხილავდი.

მეორე დღეს უამრავი საქმე მქონდა, სკოლიდან ინსტიტუტში გავიქეცი, ინსტიტუტიდან ისევ სკოლაში დავბრუნდი, ე.ი. ოთხი გაკვეთილი ჩავატარე, რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო პროექტის ახალგაზდა მონაწილეებს რჩევები მივეცი, მივლინებაში გასამგზავრებელი საბუთები მოვაწესრიგე, სხვადასხვა ეროვნების ოცდაათ მოსწავლეს კვლევითი ტიპის ნაშრომის რაობაზე ორმოცი წუთი ვესაუბრე, დაღლილ-დაქანცული  ავტობუსში ავედი, სკამზე ჩამოვჯექი და ის იყო, მოწყენილობის კონცეპტზე ფიქრის გაგრძელება დავაპირე (რამდენიმე კვირაა, ძალიან ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე სახლში და გზაში, შესვენებებზე და ძილის წინ), რომ მობილურზე ზარი გაისმა. გიორგი კეკელიძე ვარო. ეს სახელი და გვარი წინა დღის მოვლენებს ვერ დაუკავშირა ჩემმა გადაღლილმა ტვინმა. ვიფიქრე, ისევ კრედიტს მთავაზობენ ბანკიდან ან აქციის ფარგლებში რომელიღაც კოსმეტიკური ცენტრი მეპატიჟება პროცედურაზე-მეთქი. მაგრამ უცნობმა სასიამოვნო ხმამ ისეთი რაღაც მითხრა, მაშინვე გადამიარა დაღლილობამ. ის კი არა, მოსაუბრის სიტყვებმა ღიმილიც მომგვარა. თურმე ჩემს კომენტარს ვიღაც ქალბატონმა აგრესიულად შეუტია, შურიანი მიწოდა და ახლა გიორგი კეკელიძე მირეკავდა – წუხდა, გული არ მტკენოდა და უცნობი ქალბატონის აგრესია ჩემს მიმართ მის განწყობასთან არ დამეკავშირებინა. გიორგი დავამშვიდე, ასეთ აგრესიას შეჩვეული ვარ-მეთქი, მანაც დამარწმუნა, რომ არც მას აკლდა აგრესიული მლანძღველები, მადლობა გადამიხადა კრიტიკული შენიშვნებისთვის, ერთმანეთს გამოვუტყდით, რომ საინტერესო იქნებოდა, დროს თუ გამოვძებნიდით და ერთმანეთის არგუმენტებს უფრო დაკვირვებით მოვისმენდით. საუბრის ბოლოს გიორგიმ ლექციის ჩასატარებლადაც მიმიწვია ეროვნულ ბიბლიოთეკაში, და ბოლო სიტყვა მას დარჩა: „ყველაფერზე შევთანხმდით, ოღონდ ჰეკლბერი ფინის შესახებ მაინც ვერ დაგეთანხმებიო“.

სახლში რომ მოვედი, ფეისბუქის მესინჯერში სტუდენტების სახელდახელო ჯგუფი შევქმენი და ეს ამბავი მოვუყევი, თან დავამატე, კარგი იქნებოდა, ერთი ლექცია ჰეკლბერი ფინზე მე და გიორგიმ ერთად ჩავატაროთ-მეთქი. იდეა ერთხმად მომიწონეს სტუდენტებმა, მაგრამ მეკო, პოსტის ავტორი ცოტა შეწუხებული ჩანდა – როგორ მომძებნა იმ აგრესიულმა ქალმა, საერთოდ არ ვიცნობ, არც მეგობრებში მყავს და რა უნდოდა, რას შემომიხტა გვერდზეო. კითხვაზე პასუხმაც არ დააყოვნა. აღმოჩნდა, რომ გიორგი კეკელიძის ჩვენთვის უცნობ გულშემატკივარს ასე მოუგნია ჩვენთვის: ყველას გვერდზე შესულა, TEDx გამოსვლა ვისაც გაუზიარებია და აბსოლუტურად ყველა პოსტი და კომენტარი უნახავს. წარმოიდგინეთ, ამდენი გამზიარებელ-კომენტატორიდან მხოლოდ მე აღმოვჩნდი „შურისგან“ დაბრმავებული და გამოსვლით უკმაყოფილო. ამას აღუშფოთებია თაყვანისმცემელი უცნობი ქალბატონი, თანაც იმ ფონზე, როდესაც კრიტიკის მამად მიჩნეული ლევან ბერძენიშვილი და თვით ზალიკო ჩხეიძეც კი იწონებდნენ გამოსვლას… ნეტა რამდენი დრო დაუთმო ამ საქმიანობასო, წუხდნენ სტუდენტები; „ვაიმე, რა უსაქმური ყოფილა საწყალი-მეთქი“ – აღვნიშნე მე. ამის აღნიშვნა და ჩემი ფიქრების დაბრუნება მოწყენილობის კონცეპტთან ერთი იყო. ამდენი დღე რომ ვერ მოვიფიქრე წერილის დასაწყისი, ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი, როგორც დავიწყებდი წერილს „მასწავლებელი“-სთვის. ჩემი მიგნება სტუდენტებსაც გავუმხილე, მთხოვეს, იმ ქალის სახელი მაინც არ ახსენოთ, თორემ თქვენი ბედის ამბავი რომ ვიცით, კიდევ ახალ შარში გაეხვევითო. ჰოდა, ვუსრულებ ამ კარგ ადამიანებს თხოვნას, თითებს გადავაჯვარედინებ იმ იმედით, რომ მართლა არ გავეხვევი შარში. აი წერილის მკითხველებს კი ვთხოვ, მაპატიონ ორი შესავალი.

მეორე შესავალი, ანუ მცდელობა იმის ახსნისა, თუ რატომ ვერ ვწერდი წერილს

ახალი წლის დღეებში ჩემი ყურადღება მიიპყრო იოსიფ ბროდსკის ერთმა საინტერესო სიტყვამ, რომელიც ჟურნალ „არილის“ 2003 წლის იანვრის ნომერში დაიბეჭდა. ამ სიტყვით ბროდსკიმ დართმუტის უნივერსიტეტის (კურსდამთავრებულებს მიმართა და აღნიშნა, რომ არცერთი უნივერსიტეტი არ ასწავლის, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ადამიანები მოწყენილობას. სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს, უცნაურად მომეჩვენა, ასეთ ბედნიერ დღეს, როდესაც ე.წ. აივი ლიგის (Ivy League ანუ კედლებზე სუროშეფენილი რვა უნივერისტეტის გაერთიანება) ერთ-ერთი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დიპლომებს იღებენ, მათ მოწყენილობაზე ესაუბრო.

ლიზის, ჩემს შვილს გადავულაპარაკე, ვერაფერი გავუგე ბროდსკის, მოწყენილობაზე რატომ უნდა ელაპარაკო ახალგაზრდებს-მეთქი. „კარგი რა, დე, – მითხრა ლიზიმ, – ჩახედე ინგლისურ ტექსტს, ალბათ boredom-ზე ლაპარაკობს ბროდსკიო“. ჩავხედე ინგლისურ ტექსტს და, როდესაც იქ სიტყვა „boredom” აღმოვაჩინე, მაინც ვერაფერს მივხვდი. ისევ ლიზის გადავხედე და, როცა მან განმარტებები მომცა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

საკუთრივ წერილი

ის უნივერსიტეტები, რომელთა სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი დიადი წიგნების შესწავლას ეთმობა, თავიანთ სტუდენტებს იმასაც ასწავლიან, რომ „boredom“, “ennui” (სხვათა შორის ინგლისური სიტყვა “annoyance”, “annoying” ანუ „გაბეზრება, მოყირჭება“ და „მოსაბეზრებელი“ აქედან მოდის) ჩვეულებრივი სიტყვა კი არა, საინტერესო კონცეპტია, ის მოვლენა კი არაა, სოციო-კულტურული ფენომენია, რომლის შესახებაც თავიანთ თხზულებებში სხვადასხვა მოაზროვნეები საუბრობდნენ.

ბლეზ პასკალი „აზრებში“ წერდა, რომ უღმერთოდ დარჩენილი ადამიანი მოწყენილობისთვისაა განწირული და ეს მოწყენილობა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი არარაობის განცდა. მოწყენილობის ჟამს ადამიანი სრულიად მარტო რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აღარაფერთან არა აქვს კავშირი. ადამიანები ცდილობენ, სატანჯველს თავი დააღწიონ და ამიტომაც ეძლევიან გართობას. აქ კი უკვე უფრო დიდ მოწყენილობას გადააწყდებიან. პასკალი მკითხველს თხოვდა, წარმოედგინათ ოთახში გამოკეტილი ადამიანი, რამდენ ხანს გაძლებდა უქმად. ძალიან მალე დაეტყობოდა მას მოუსვენრობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოწყენილობა ადამიანის პირველი მტერია და მისგან თავის დასაღწევად რა საშუალებას აღარ მიმართავენ, გართობის რა საშუალებას არ იყენებენ. ადამიანი წუწუნებს თავის რთულ ხვედრზე, უამრავ საქმეზე, პრობლემაზე, მაგრამ, როგორც კი ამ პრობლემებს მოაგვარებს, როგორც კი დაასრულებს ურთულეს საქმეს, მაშინვე ახალ მოწყენილობას მიეცემა და მასთან გასამკლავებლად ახალ თავშესაქცევს იგონებს.

შარლ ბოდლერთან მოწყენილობა გაპიროვნებულია, მას მკითხველი ამოიცნობს, როცა დაინახავს, როგორ ეწევა თვალცრემლიანი ჩილიმს – განცხრომისა და ფუფუნების სიმბოლოს. გამოსავალი, რომ თავი დააღწიო მოწყენილობას, თრობაშია და არა აქვს მნიშვნელობა, რითი იქნები მთვრალი, ღვინით,თრიაქით, პოეზიით თუ სხვა რამით, მთავარია, მიეცე თრობას: „თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს. ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითიც გენებოს, ოღონდ იყავი მთვრალი. და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები – სასახლის კიბეზე, მდინარისპირა პატარა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში, – მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაქრის, კვნესის ან მიედინება, ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი მოგიგებენ: თრობის საათია! თრობის და თავდავიწყების…“ (ზვიად გამსახურდიას თარგმანი). ბოდლერი მოწყენილობას წვიმიანი სამეფოს მბრძანებლის მდგომარეობასაც ადარებს, რომლის საწოლიც საფლავს წააგავს, რადგან მას უკვე  ყველაფერი მოყირჭებია და ვეღარაფერი ართობს, ვერც ქალები, ვერც ლაშქრობები, ვერც შევარდნებით, ვერც მწევრებით ნადირობა: „მე მეჩვენება, რომ წვიმიანი ქვეყნის მეფე ვარ და მბრძანებელი, მდიდარი, მაგრამ მაინც უძლური, ჭაბუკი, მაგრამ მაინც ბებერი“ (გივი გეგეჭკორის თარგმანი).

მოწყენილობაზე საუბრობენ რომანტიკოსებიც, სიმბოლისტებიც, ეგზისტენციალისტებიც… მოწყენილობაზე საუბრობდენ და საუბრობენ პოეტებიც, ფილოსოფოსებიც, ფსიქოლოგებიც, ჩვეულებრივი ადმიანებიც… მწერლებს დამხმარე ტერმინებიც შემოაქვთ, ტერმინები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მოწყენილობასთან: მარტოსულობა, სევდა, ნაღველი, კაეშანი (სამწუხაროდ, ამ სიტყვას, რუსი მთარგმნელების მსგავსად, არ თარგმნიან ქართველი მთარგმნელები და გადმოაქვთ როგორც „სპლინი“).

ნეტა მოსწავლეებს რომ ვუთხრათ, მოწყენილობაა ყველაფრის ამოსავალი და სამყაროს მამოძრავებელი-თქო, თუ დაგვეთანხმებიან ან თუ დაფიქრდებიან მაინც? ნეტა წამოგვყვებიან მსჯელობაში, რომ დავანახოთ: მოწყენილობის შიშის გამოა, რომ ათას გასართობს ვიგონებთ, ეს გასართობი ხან უვნებელია, ხანაც საკმაოდ ბოროტი; მოწყენილობასთან პირისპირ დარჩენის შიშის გამოა, რომ ბევრ რამეზე, რაზეც უარი უნდა ვთქვათ, არ ვამბობთ უარს; გვეშინია, მარტოები ვიქნებით, მეგობრებს აღარ მოუნდებათ ჩვენთან ყოფნა და ისე ავყვებით ხოლმე მათ, შეიძლება, უნებლიეთ საკმაოდ ცუდ ისტორიაშიც ამოვყოთ თავი; მოწყენილობის გამოა, რომ ვჩხუბობთ, სადმე ხომ უნდა დავხარჯოთ ენერგია… არადა მოწყენილი ვერ იქნება ადამიანი, რომელმაც იცის, რომ არასოდესაა მარტო, ფიზიკურ სიმარტოვეს არ ვგულისხმობ, შინაგან მარტოობაზე ვსაუბრობ. სანამ მეტყოდეთ, რომ მეშლება, ვცდები, დავფიქრდეთ ერთად, რა როლი აქვს მოწყენილობას, გაბეზრებას, მოყირჭებას ჩვენს ცხოვრებაში, როგორი გავლენა აქვს მას ჩვენს ქმედებებზე, ჩვენს საქციელზე, გავაანალიზოთ, რას უკავშირდება სევდა, გართობის ნაკლებობა…

მას შემდეგ, რაც ბროდსკის გამოსვლა წავიკითხე და, უფრო მას შემდეგ, რაც მოწყენილობის კონცეპტით (ennui, boredom) დავინტერესდი, ცხადია, მომინდა, ჩამეხედა ქართული მწერლობისთვისაც, კონკრეტულად კი მენახა, რომელი სიტყვებით გადმოსცემდნენ ამ კონცეპტს ჩვენი მწერლები და მიიჩნევდნენ თუ არა მას კონცეპტად. რუსთველი, რომანტიკოსები, გალაკტიონი – სხვადასხვა გამოცემა გავშალე სამუშაო მაგიდაზე. იმდენ სიტყვას მივაგენი, რომელიც, შესაძლოა, მოწყენილობის კონცეპტს გამოხატავდეს, რომ მეც დავიბენი, ხომ არ ვაბრალებ ავტორებს და ხომ არ ვეძებ მათ შემოქმედებაში იმას, რაზეც მათ არც კი უფიქრიათ-მეთქი… მივხვდი, რომ საკითხს მეტი კვლევა და ჩაღრმავება სჭირდებოდა, მე კი არ მინდოდა, წერილი ისეთ რამეზე დამეწერა, რაშიც მე თვითონაც არ ვიყავი დარწმუნებული.

ბოლოს გადავიფიქრე და ასეთი რამ გადავწყვიტე: ცუდი არ იქნება, თუნდაც ყოველგვარი მომზადების გარეშე, თუნდაც ექსპრომტად. ქართული ლიტერატურის გაკვეთილებზე ჩვენს მოსწავლეებთან ერთად ვიფიქროთ ამ კონცეპტზე მაშინ, როდესაც ბარათაშვილს გავდივართ; ან მაშინ, როცა გალაკტიონის პოეზიაზე ვმსჯელობთ; ან მაშინ, „ვეფხისტყაოსანს“ რომ ვასწავლით. მაგალითად:

როდესაც გავდივართ რუსთველს, შევჩერდეთ როსტევანის სიტყვებზე და ვიმსჯელოთ, რატომ მიაწერს არაბეთის მეფე ღმერთს ადამიანის უნარს, მოწყინდეს რაიმე: „ბრძანა: „ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება, ამად მიყო სიამისა სიმწარითა დავღლება…“ ანდა დავარის სიტყვებზე, რომელსაც თვითმკვლელობამდე წარმოთქვამს: „მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს, ვინ არ და-! ვიდრე მომკვლიდეს, მოვკვდები, სიცოცხლე გასაწყინარდა“;

როდესაც ვკითხულობთ ბარათაშვილს, დავფიქრდეთ სიტყვებზე – „აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით“, „მაგრამ ვინ იცის, იქნება, რომ ბედსაც მოვსწყინდე და სხვა მან ჩემი სახელითა დააგვირგვინოს“ და ამ ტიპის ამონარიდებზე სხვადასხვა ლექსებიდან;

როდესაც ვასწავლით გალაკტიონს, შევჩერდეთ უფრო დიდხანს ლექსებზე „მე და ღამე“, „რომელი საათია“ (მით უმეტეს, ამ ლექსში პოეტი შარლ ბოდლერს ციტირებს და საინტერესოა, სწორედ მოწყენილობის პასკალისეული და ბოდლერისეული პერსპექტივიდან ამ ლექსის წაკითხვა).

დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე თქვენ სხვა ავტორების სიტყვებიც გაგახსენდებათ ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან. თემა ამოუწურავია და, როგორც კი ჩემსავით დაფიქრდებით (ცხადია, თუკი მანამდე არ გიფიქრიათ), ალბათ მიხვდებით, ასე ძალიან რატომ გამიჭირდა სათქმელისთვის თავის მოყრა და რატომ დამჭირდა ორი შესავალი ამ წერილისთვის.

და კიდევ ერთი: იმედია, წერილის კითხვისას ცოტათი მაინც გაერთეთ და არ იფიქრეთ, რომ ეს წერილი მოსაბეზრებელი იყო, მე კი ჩემი მოსაზრებებით თავი შეგაწყინეთ

 

სახალისო  ჯგუფური  გაკვეთილი                                                                                            გეოგრაფიაში

0

მოგესალმებით! მოგეხსენებათ, სწავლების ორგანიზების ჯგუფური ფორმა მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესოა,  თუ მას თამაშის ელფერიც დაჰყვება – ორმაგად სახალისო ხდება.  ამ ტიპის  გაკვეთილები მოსწავლეებს ერთმანეთთან აახლოებს, რის საფუძველზეც  ისინი წარმატებას აღწევენ –  გუნდურ მუშაობაში, ჯგუფის წევრებთან შეთანხმებაში; ასეთ დროს საქმე უფრო კოორდინირებული,  მოტივაცია ამაღლებული,  პიროვნული თვისებები და შემეცნება  კი გააქტიურებულია;  ამავე დროს ხდება საკუთარი თავისა თუ  ჯგუფის წევრთა შესაძლებლობების ადეკვატური შეფასება….  თუ მოსწავლე ამ ყველაფერს წარმატებით ართმევს თავს, ის თანამედროვეობის ურთულეს მოთხოვნებთან  და სოციალურ რეალობასთან სხვებზე მარტივად ადაპტირდება. პედაგოგის მოვალეობაც ხომ სწორადაც ესაა – გაზარდოს მრავალმხრივ  განვითარებული პიროვნება.

ამჯერად, მინდა შემოგთავაზოთ ჯგუფური სახალისო გაკვეთილი მინიმალური რესურსით  (4 თაბახის ფურცელი,  კალმები,  დაფა და ცარცი).  ამ ტიპის გაკვეთილი იდეალურად მუშაობს განვლილი მასალის გამეორებისა და ერთი ან რამდენიმე თავის შეჯამებისთვის.   რეკომენდაციისთვის:  ასეთი შემაჯამებელი,  ჯგუფური სახალისო გეოგრაფიის გაკვეთილი განკუთვნილია  VII-XI კლასებისთვის და მისი გამოყენება  სხვა საგნის პედაგოგებსაც შეუძლიათ.   კითხვების რაოდენობა დამოკიდებულია კლასის შესაძლებლობასა და მოსწავლეთა ინდივიდუალურ  საჭიროებაზე.

 

ჩემს სკოლაში თითქმის ყველა კლასში  35 მოსწავლეა.  შესაბამისად, თითოეული ჯგუფი კომპლექტდება 9–9–9–8 მოსწავლით, ხოლო მცირეკონტიგენტიან კლასებში მოსწავლეთა რაოდენობრივი სიმცირე თამაშ-გაკვეთილს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.

თამაშში  ჩართულია ყველა მოსწავლე, რადგან არ ვირჩევ,   ე.წ.  ,,ჯგუფის ლიდერებს“, კითხვის დასმა და პასუხის გაცემა შეუძლია ყველას.  გაკვეთილზე დრო სწრაფად და სასიამოვნოდ გარბის და, რაც მთავარია, ასეთ დროს მოსწავლეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნება, უმაღლდებათ ინტელექტი  და უმძაფრდებათ ემოციური მუხტი.

მოსწავლეებს უმუშავდებათ:  დროის სწორი მენეჯმენტის,  სწრაფი,  კრიტიკული  აზროვნების,  ინფორმაციის გახსენების,  დახარისხების უნარი (მარტივი, საშუალო და რთული საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნა);  ანალიზისა და სინთეზის, კითხვის სწორად ფორმულირების, პასუხის სწორად და სწრაფად გაცემის,  ვერბალური,   სხვისი აზრის გათვალისწინების, სხვათა მოსმენის, ქცევის გამოცდილების ჩვევები.

ჯგუფების სპონტანურად  დაკომპლექტება გამორიცხავს შესაძლებლობების ან მეგობრობის მიხედვით მოსწავლეთა განაწილებას. ამ ტიპის გაკვეთილზე ახალგაზრდები მხოლოდ საკუთარი პრობლემებით არ არიან დაკავებული – წარმატებისა თუ წარუმატებლობის საკუთარ ,,ნაჭუჭში გამოკეტილნი“, არამედ ერთად მსჯელობენ,  გამოაქვთ დასკვნები,  არჩევენ რთულ კითხვებს,  პასუხობენ საკუთარ ან სხვა ჯგუფის მიერ დასმულ შეკითხვებს,  გრძნობენ და აცნობიერებენ, რომ ჯგუფის წარმატება თითოეულ მათგანზეა დამოკიდებული,  დიდ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარი თავისა თუ ჯგუფის წევრთა წინაშე და გაასმაგებული ენერგიით უძღვებიან საქმეს ,,ერთობლივად კეთების“ დევიზით.

ახლა მოგახსენებთ ,,თამაშის“ წესების შესახებ.   მეტი თვალსაჩინოებისთვის გადავწყვიტე  თავად დამეხატა ჩემ მიერ წარმოდგენილი გაკვეთილის ფრაგმენტები.  სტატიის გაცნობისა და დაინტერესების შემთხვევაში, თქვენც სცადეთ.

 

სახალისო ჯგუფური მუშაობის დაგეგმილი აქტივობები:

  1. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გაითვალონ ერთიდან ოთხამდე (იხ. ნახატი 1). 2წთ.
  2. მოსწავლეები გადანაწილდებიან ოთხ ჯგუფად (ნახ.2). 2 წთ.
  3. ეძლევათ დავალება: 15 წუთის განმავლობაში განვლილი მასალიდან სახელმძღვანელოებისა და სხვა დამატებითი რესურსების გამოყენების გარეშე თითოეულმა ჯგუფმა მოამზადოს 8 ძირითადი და 4 სარეზერვო რთული შეკითხვა (იმ შემთხვევისთვის, თუ სხვა ჯგუფიც იმავე შეკითხვას დასვამს), რომელსაც თავადაც შეუძლიათ გასცენ პასუხი.
  4. აუცილებელია, კითხვა სწორად  იყოს ფორმულირებული, არ შეიცავდეს ქვეკითხვებს, არ იყოს ორაზროვანი და ჰქონდეს ერთი ცალსახა პასუხი.
  5. ჯგუფურ მუშაობაში ჩართული უნდა იყოს უკლებლივ ყველა მოსწავლე, კითხვის მოფიქრება და თამაშის მიმდინარეობისას აქტიურობა  ჯგუფის ყველა წევრს ევალება (გამოკვეთილი ლიდერები, ე.წ. ,,გუნდის კაპიტნები“არ გვყავს).
  6. პასუხი უნდა გასცეს მხოლოდ იმ ჯგუფმა (ერთიდან სამ თვლამდე), რომელსაც კითხვა დაუსვეს. პასუხის არქონის შემთხვევაში პასუხობს თავად კითხვის ავტორი ჯგუფი.
  7. თითოელ სწორად გაცემულ კითხვაზე ჯგუფს ეწერება +1 ქულა.
  8. ის ჯგუფი (ან მისი ნებისმიერი წევრი), რომელიც შეაფერხებს გაკვეთილის მსვლელობას, იხმაურებს, ექნება სახელმძღვანელოს ან სხვა დამატებითი საინფორმაციო საშუალების გამოყენების მცდელობა, ანუ ნეგატიური ქცევისთვისთვის,  თითოეულ ჯერზე დააკლდებათ   1 ქულა.
  9. ჯგუფები ერთმანეთს უსვამენ შეკითხვებს შემდეგი თანმიმდევრობით (25 წთ.):

1 – საათის ისრის მიმართულებით (იხ.ნახ. 3);

2 – საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით (ნახ. 4 );

3 – ,,დიაგონალი“ (ნახ. 5 , 6 );

4 – ,,ბუმერანგი“  (ნახ. 7, 8, 9, 10 );

5 – ,,შადრევანი“ (ნახ. 11, 12, 13, 14 ).

 

 

 

 

მასწავლებლის მიზანია, მოსწავლეები გაკვეთილზე თავს კომფორტულად გრძნობდნენ, თანამშრომლობდნენ თანაკლასელებთან და მაქსიმალურ შედეგს აღწევდნენ. თითოეული ჯგუფის მიერ მოფიქრებული 12-12  შეკითხვა ჯამში 48-ს აღწევს. დამეთანხმებით ერთი გაკვეთილისთვის ზღვა ინფორმაციაა…

მასწავლებელი  მუდმივად მოძრაობს საკლასო ოთახში,  არ ერევა ჯგუფების საქმიანობაში,  მას ევალება თამაშის წესების გაცნობა,  დაკვირვება და ქულების დაფაზე დაფიქსირება.  იგი რეგულარულად  ამოწმებს შეკითხვებისა თუ პასუხების სისწორეს, აკონტროლებს დროს, დაფაზე აფიქსირებს თითოეული ჯგუფის  ქულებს, მას უფლება აქვს  +1 ქულით შეაფასოს ყველაზე მეტად მოწესრიგებული  და საქმეზე ორიენტირებული ჯგუფი და +1 ქულა დაუწეროს იმ ჯგუფსაც, რომელმაც განსაკუთრებულად საინტერესო და რთული შეკითხვა მოიფიქრა.

გაკვეთილის მიწურულს მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ითვლის (1 წთ.) თითოეული ჯგუფის მიერ დაგროვილი ქულების რაოდენობას (ნახ. 15, 16 ) და გამარჯვებული ჯგუფის თითოეულ წევრს აფასებს 10 ქულით.

ამ ტიპის გაკვეთილის განმეორებით ჩატარების შემთხვევაში მოსწავლეთათვის თამაშის წესების შეხსენება აღარ არის საჭირო. ისინი მას ზედმიწევნით  იმახსოვრებენ დადებითი ემოციებისა და თავდაუზოგავი შრომის, გუნდური მუშაობის აზარტისა და დროის ხალისიანად გაყვანის ფონზე.

საგაკვეთილო პროცესში  მოსწავლეთა  გონება მუდმივად აქტიურია, სასიამოვნოდ აქტიური…   ჩემი მიზანიც სწორედ ესაა.

 

ქ. თბილისის 52–ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის  მასწავლებელი :  თამარ ტეტელოშვილი

 

 

.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ ემზადებიან  ბავშვები სკოლითვის,  საფრანგეთის გამოცდილება

0

სკოლაში ფრანგ პატარებს სამი წლის ასაკში აბარებენ. ამ სკოლას „ეკოლ მატერნელი“ – „დედების სკოლა“ (L’école maternelle) ჰქვია და თავისი ფუნქციური დატვირთვით საბავშვო ბაღს მოგვაგონებს. ამ სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვები დაწყებით სკოლაში – „ეკოლ პრიმერში“ გადაჰყავთ. „დედების სკოლის“ მასწავლებლობა ძალიან პრესტიჟულია. საკონკურსო პირობებში ერთი ადგილისთვის ბრძოლა ათ პედაგოგს უწევს ხოლმე. შემთხვევითი ადამიანი სკოლის მასწავლებლის პოზიციაზე ვერ ხვდება. „დედების სკოლაში“ მხოლოდ მოწოდებით მასწავლებლები ასწავლიან – ისინი, ვისაც ძალიან უყვარს ბავშვები. „ეკოლ მატერნელში“ ბევრი მამაკაცი პედაგოგია.

ამ სკოლის მასწავლებლებს მაღალი ხელფასი აქვთ, ისინი სხვადასხვა სოციალური შეღავათებით სარგებლობენ, ხანდაზმულობაში კი ღირსეულ პენსიას იღებენ. სწავლების პროცესში მასწავლებელი თავისუფალია, მთავარია, რომ შედეგიანად ასწავლოს. ყველა პედაგოგი თავის მეთოდიკას (განათლების სამინისტროს რეკომენდაციების  ფარგლებში) და მიდგომებს იყენებს. მეცადინეობას, მათ შორის მუსიკალურ და სპორტულ აქტივობებს, ერთი მასწავლებელი ხელმძღვანელობს. მატერნელის პედაგოგებს არ აქვთ მკაცრად გაწერილი სასწავლო გეგმა, ამიტომ ბევრ რამეს საჭიროებისამებრ და თავიანთი შეხედულებისამებრ ცვლიან.

ფრანგ ბავშვებს წერას ადრეულ ასაკში ასწავლიან. სკოლაში მისვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ბავშვები უკვე უნდა ცნობდნენ საკუთარ სახელს თავიანთ სასკოლო კარადაზე (ამ კარადებზე ვერ ნახავთ ჩვენებური ბაჭიებისა და სპლიყვების ნახატებს).

მასწავლებლები აღმზრდელებს დიდებივით ესაუბრებიან, ენის მოჩლექვის გარეშე. მიმართავენ სრული სახელებით, მაგალითად, „მარიამ“, „ალექსანდრე“. ბავშვები კი  მასწავლებლებს „მეტრეს“ ან „მეტრს“ ეძახიან.

შაბათ-კვირის გარდა, მატერნელში ოთხშაბათს ისვენებენ. თუმცა, იმ მშობლებს, ვინც შუა კვირაში მუშაობს, შეუძლია ბავშვი სკოლაში მაინც წაიყვანოს. ამ დღეს მოსწავლეს მიხედავენ, თუმცა არ ჩართავენ საგანმანათლებლო პროცესში.

„დედების სკოლა“ დილის ცხრის ნახევრიდან საღამოს ექვსის ნახევრამდე მუშაობს. შესვენება სადილზე ორსაათიანია – თორმეტის ნახევრიდან ორის ნახევრამდე. ამ დროისთვის მშობლებს ბავშვები შინ მიჰყავთ და თუ ამის შესაძლებლობა არ აქვთ, მათზე სხვა სტრუქტურა – გარდერი ზრუნავს. ის მხოლოდ აღმზრდელების კვებას და მეთვალყურეობას უზრუნველყოფს. ასევე, თუ მშობელს არ შეუძლია ბავშვი სკოლიდან საღამოს გამოიყვანოს, გარდერში მეთვალყურეობის ქვეშ ეყოლებათ მანამდე, ვიდრე მშობელი არ მოაკითხავს.

მატერნელში ყველაზე უფროსი კლასი GS-ია (Grand Section). აქ 5-6 წლის ბავშვები დადიან. მხოლოდ ამის მერე გადაჰყავთ ბავშვი პრიმერში – დაწყებით სკოლაში. აქ დაახლოებით ასეთი სასწავლო რეჟიმია:

8.00-8.30 – ბავშვები მოჰყავთ სკოლაში. ერთმანეთის მოლოდინში ისინი ხატავენ ან თამაშობენ;

8.30-9.00 – თამაშები, ცეკვა, გამამხნევებელი ვარჯიში;

9.00 – „ფონეტიკური თამაშების“ დრო. მაგალითად, ბავშვებს სთხოვენ გაიხსენონ „კ“ ასოზე დაწყებული სიტყვები, სადაც მხოლოდ სამი ხმოვანია. თამაშს 15 წუთი ეთმობა;

9.15 – ხემსი. საჭმელი ყველას სახლიდან მოაქვს. თუმცა სკოლა იძლევა იმის რეკომენდაციას, რისი ჭამა შეუძლიათ ბავშვებს და რისი – არა. ბავშვები კლასშივე წაიხემსებენ. ორი ბავშვი მორიგეობს და ხემსის შემდეგ კლასში სისუფთავეზეა პასუხისმგებელი.

მორიგეობის თემა ფრანგულ სკოლებში აქტუალურია. ბავშვები მორიგეობით წერენ დაფაზე დღის თარიღს, მორიგეობით აღნიშნავენ რამდენი ბავშვია კლასში და ვინ აცდენს, არსებობს „ამინდის მორიგე“ – ის, ვინც სხვა ბავშვებს ამინდის პროგნოზს ამცნობს. ვიღაცას კი კლასში  ყვავილების მორწყვა ევალება. ბავშვები დაკისრებულ მოვალეობას პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

9.30 – კლასი მიდის ატელიეში. აქ ასე უწოდებენ სახელოსნოებს, სადაც ბავშვები სხვადასხვა ხელსაქმით კავდებიან: ხატავენ, ძერწავენ, აცხობენ. მათი საქმიანობა მასწავლებლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული. შესრულებული ნამუშევრები ინდივიდუალურ საქაღალდეებში ინახება. ყოველი ტრიმესტრის ბოლოს მასწავლებელი საქაღალდეს მშობელს გადასცემს.

ატელიეში მეცადინეობის შემდეგ, 30-40 წუთიანი შესვენება იწყება. ეს არ არის ტრადიციული შესვენება. მასწავლებლები ბავშვებს შენობასა და შენობის გარეთ სხვადასხვა გუნდურ თამაშებში რთავენ. ბავშვებს შეუძლიათ გაისეირნონ ველოსიპედით.

10.45-10.50 50 – მუსიკის გაკვეთილი. ხშირად მუსიკის გაკვეთილიც დღის თემასთანაა კავშირში. გამოდის, რომ ყოველდღიურად ბავშვები ერთ კონკრეტულ პროექტზე მუშაობენ.

В 11.15-11.30 – ბავშვები მშობლებს შინ მიჰყავთ ან ისინი სპეციალურ სასადილოში მიდიან. მენიუ წინასწარ არის ცნობილი მშობლებისათვის.

13.20 – ბავშვები სკოლაში ბრუნდებიან.

В 14.00 – კითხვის პერიოდი. უფრო ხშირად მასწავლებელი კითხულობს, ბავშვები კი იმავე ტექსტს თვალს ადევნებენ, ათვალიერებენ სურათებს, ასრულებენ დავალებებს. ყველაფერი ჰგავს თამაშს. ბევრი დრო ეთმობა არა კონკრეტული წიგნის კითხვას, არამედ საყოფაცხოვრებო ინფორმაციის გაცნობას. მაგალითად, ბავშვებს ასწავლიან, რა წერია ბილეთებზე, აფიშებზე, პლაკატებზე, რეკლამებზე. ფრანგებს მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, რომ ბავშვებმა ინფორმაციის ტიპები გაარჩიონ, ერთმანეთისგან განასხვაონ  წიგნი და ჟურნალი, ვებგვერდი და ბილეთი, პოსტერი და ფლაერი.

14.20 – მათემატიკის გაკვეთილი კლასში იწყება და ატელიეში გრძელდება. ამ დროს ასწავლიან ნივთების თვლას (დაახლოებით 30-მდე). მათემატიკის მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი გულისხმობს დროის გააზრებას – გუშინ, დღეს, ხვალ, ზამთარში, ზაფხულში და სხვ. დიდი დრო ეთმობა სივრცობრივი ორიენტაციის სწავლებას: რას ნიშნავს ზემოდან, მარცხნიდან, მარჯვნიდან და სხვ. ყველაფერი მხოლოდ რეალური სიტუაციებით  და თამაშებით ისწავლება.

15.15 – კიდევ ერთი შესვენება.

16.00 – საკვლევი აქტივობები. სამეცნიერო ცოდნა ორი მიმართულებით ვითარდება: ცოცხალი და არაცოცხალი სამყაროს შეცნობა. ყველა მეცადინეობას თან ახლავს მარტივი, მაგრამ სახალისო ექსპერიმენტები.

ცოცხალი სამყაროს შეცნობაში ყურადღება ექცევა ადამიანის სხეულს, მცენარეებს, მწერებს, შინაურ ცხოველებს, იმას, რასაც შეიძლება შეეხო და დაინახო.

ცოცხალ სამყაროსთან ურთიერთობისას ბავშვები ეცნობიან სხვადასხვა მასალას, მის  მახასიათებლებს, სწავლობენ წონისა და მოცულობის შედარებას. ბავშვებს თხოვენ დამოუკიდებლად ჩაატარონ ექსპერიმენტები, რომელიც ეხება მზის სისტემის, ელექტროენერგიის, ფიზიკისა და ქიმიის უმარტივეს კანონებს. სამეცნიერო აქტივობების ფარგლებში ტარდება კულინარიული გაკვეთილებიც. საკვების მომზადების წესებს ბავშვები პრაქტიკული მაგალითებით სწავლობენ.

ფრანგები კანონმორჩილნი არიან. მათ უყვართ ნორმების დაცვა, ცდილობენ, რომ კანონმორჩილებას ბავშვებიც ადრეული ასაკიდან მიაჩვიონ. ასწავლიან, რომ პატივი სცენ ბრძანებებს და ქცევის წესებს არა მხოლოდ სკოლის კედლებში. ამ ყველაფრის სწავლების საუკეთესო გზად ექსკურსიები მიაჩნიათ. ისინი წელიწადში ათჯერ მაინც აწყობენ ექსკურსიებს. ყველა ექსკურსიას ერთი საერთო, საპროექტო თემა აერთიანებს, მაგალითად, თემა „წყალი“. მასწავლებელი და მისი კლასი შეისწავლის წყლის ყველა ფორმას, ამავე დროს, დასვენებაც ირიბად წყალთან არის დაკავშირებული: აუზი, დიდი ტბა, მდინარე, შადრევნები, სათევზაო ადგილები. დიახ, ბავშვები მასწავლებელთან ერთად სათევზაოდ დადიან და ყველა ბავშვი ერთ პატარა თევზს მაინც იჭერს.

მატერნელში შეყვანის მომენტიდან, ბავშვებს დღიურებს უხსნიან, სადაც მასწავლებელი რეგულარულად აფიქსირებს მათ უნარებსა და შესაძლებლობებს. მასწავლებლის ამოცანაა, დააფიქსიროს კომპეტენციების განვითარების ევოლუცია. მშობლები ყოველთვის ადევნებენ თვალს ბავშვის საქმეებს, შეუძლიათ მასწავლებელთან ერთად სირთულეების განხილვა. კომპეტენციის დღიური გადადის მომდევნო კლასში და ახალი მასწავლებელი, რომელიც ბავშვს არ იცნობდა, ადვილად იგებს მისი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ.

Ecole Maternal-ს დამთავრების შემდეგ, პედაგოგი ავსებს სპეციალურ გვერდს, რომელშიც ჩამოთვლილია შემდგომი სწავლებისთვის აუცილებელი კომპეტენციები.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა  

 

როცა მოზარდი სპორტისადმი ინტერესს არ იჩენს 

0

ხშირად, როგორც სპორტის პედაგოგებისთვის, ასევე მშობლებისთვის დიდი და რთული გამოწვევაა, როდესაც მოსწავლეს სპორტის სწავლებისადმი ინტერესი საერთოდ არ აქვს და ბავშვი ფიზიკური აქტივობის დროს ვერ კონცენტრირდება. ეს პირველყოვლისა მოზარდის ხასიათისა და ბუნების ნაწილი შეიძლება იყოს, მაგრამ რაკი სპორტი ჩვეულებრივი სასწავლო დისციპლინაა და იგი (გამონაკლისების გარდა) ძირითადად ფიზიკურ აქტივობებს გულისხმობს, მოსწავლის სპორტით დაინტერესება მნიშვნელოვანი და აუცილებელი საქმეა.

ფსიქოლოგების დიდი ნაწილი თვლის, რომ მწვრთნელებისა და სპორტის მასწავლებლების ამოცანაა სპორტისადმი ინერტულად განწყობილ მოსწავლეებს თავს არ მოახვიონ მკაცრი სპორტული გრაფიკები და შემეცნების გზით გაუჩინონ ინტერესი და ლიოალობის განცდა სპორტსმენების მიმართ. სპორტსმენი, როგორც წარმატებული ადამიანი; სპორტსმენი, როგორც მისაბაძი მოღვაწე; სპორტი, როგორც განსაკუთრებული ამბებისა და ისტორიების წყარო – სწორედ ამგვარი თეორიული სწავლებით შეიძლება მოხდეს ბავშვის სპორტისადმი დაინტერესება და მხოლოდ შემდეგ შეიძლება ჩაერთონ ასეთი მოსწავლეები საკუთრივ წვრთნისა და ვარჯიშის პროცესში.

ბრაზილიელი რიკარდო კაკა ერთ-ერთი ის სპორტსმენთაგანია, რომელიც სანამ დიდი და ლეგენდარული ფეხბურთელი გახდებოდა, სხვა ბრაზილელი ფეხბურთელებისგან განსხვავებით სიღარიბეში არასოდეს უცხოვრია და ოჯახი რიკარდოს სპორტის რამდენიმე სახეობაზე ერთად ატარებდნენ. როგორც კაკა იმ პერიოდს იხსენებს მისთვის სპორტი და მწვანე მინდორზე სირბილი საშინელ რუტინად იქცა და რომ არა ახალი მწვრთნელი, რომელმაც ფეხბურთის საზრისს აზიარა  – იგი სპორტს არასოდეს გაჰყვებოდა. კაკას მაგალითზეც ჩანს, თუ როგორი რთულია სპორტის მასწავლებლისთვის და მწვრთნელისთვის მოზარდის სპორტით დაინტერესება და როგორ „ბეწვის ხიდზე“ უნდა გაიაროს, რომ ზედმეტი ვარჯიშითა და ჩიჩინით უარესი არ ქნას და ბავშვს საერთოდ არ აუცრუოს გული სპორტზე..

სპორტით ნაკლებად დაინტერესებულ ადამიანებს, როგორც წესი, მიაჩნიათ, რომ სპორტი (ნებისმიერი სახეობა) მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას მოიცავს და ფიზიკური ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტი ფუნქცია არ გააჩნია. ცნობილი ქართველი მძლეოსნობის სპეციალისტი და მწვრთნელი, ავთანდილ ბერიძე კი ამბობს, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულება იწვევს მოზარდების სპორტისადმი გულგრილობას. იგი იმასაც ამბობს, რომ ბავშვისათვის საუკეთესო მაგალითის მიმცემი მშობელია და როდესაც მოზარდი ხედავს, რომ მშობლები ყოველდღიურად ვარჯიშობენ და სპორტით კავდებიან – მასაც აუცილებლად გაუჩნდება იმავე გაკეთების სურვილი. ასევე ხდება წიგნის კითხვასთან მიმართებაშიც. სტატისტიკურად ცნობილია, რომ მხატვრული ლიტერატურით ძირითადად ის ბავშვები ინტერესდებიან, რომელთა მშობლებიც აქტიური მკითხველები არიან.

როგორც უკვე ვთქვით, ბავშვისათვის სპორტის შეყვარების საქმეში დიდი როლი აკისრია მწვრთნელსა და მასწავლებელს. დიდ ბრიტანეთში ხშირად ხუმრობენ, რომ ლეგენდარულ შოტლანდიელ ფეხბურთის მწვრთნელს – სერ ალექს ფერგიუსონს მწვრთნელობა რომ არ აერჩია სპეციალობად, მისგან სკოლის უცნაური მასწავლებელი დადგებოდა. კარგი სანახავი იქნებოდა, მობერებული „ფერგი მასწი“ როგორ ატარებს სკოლაში სპორტის გაკვეთილს და ბავშვებს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ადმირალი ნელსონის დიდ გამარჯვებებზე ერთად ესაუბრება. სერ ალექსის ხასიათის ამბავი რომ ვიცით, ალბათ არც ზარმაცი ბავშვების დასჯას მოერიდებოდა, მაგრამ განსხვავებით ფეხბურთელებისგან, მისი დასჯა, იმედია, მხოლოდ დაბალი ნიშნის დაწერაში გამოიხატებოდა.

დაბოლოს, ადამიანები, ცხადია, ერთნაირები არ არიან და განსხვავებულია მათი სპორტისადმი დამოკიდებულებაც. ეს დამოკიდებულება ლეგენდარულ ფეხბურთელებსაც კი სრულიად განსხვავებული შეიძლება ჰქონდეთ. აი რას ამბობს ვეტერანი იტალიელი მეგოლე, ფილიპო ინძაგი მასსავით გენიალურ ფეხბურთელზე, ბრაზილიელ რონალდინიოზე: „მე არ მესმის რონალდინიოსი, რომელიც ამბობს, რომ ფეხბურთი მისთვის მხოლოდ გართობაა და თამაში. ჩემთვის ფეხბურთი ყველაფერია. სიამოვნებას მხოლოდ გატანილი გოლი მანიჭებს და არა უშუალოდ თამაშის პროცესი. მერე რა, რომ საფეხბურთო კარიერა დავასრულე… მე ფეხბურთიდან ალბათ არასოდეს წავალ. ჩემი საუკეთესო დასვენება პლაჟზე ბურთის გორება ან ტელევიზორში ფეხბურთის ცქერაა”.

 

 

დახატე ის, რამაც გული აგიჩქარა

0

პირველკლასელების მასწავლებლობა განსაკუთრებული მდგომარეობაა – ბავშვობის დღეებთან ერთად ყოველთვის გაახსენდები.  თითოეულს წიგნთან, ანბანთან, რვეულთან, კლასელებთან სიფრთხილით უნდა გააბმევინო უხილავი კავშირი. მერე როგორები არიან – პირველი კბილები პანტაპუნტით სცვივათ და პენალში ინახავენ, ერთმანეთის მორყეულ კბილებს ეჯაჯგურებიან, მონატრებისგან ტირიან და პირველ ასოებს ხელის ცახცახით, გაუბედავად წერენ. „მე ეს არ გამომივა“ – ხშირად ამბობენ და თვითრწმენის გასაღვივებლად ათასი რამის გაკეთება გიწევს.

პირველკლასელებთან ოთხი თვის განმავლობაში დაგროვებულ პრაქტიკულ საქმიანობაზე უნდა გიამბოთ და გაგიზიაროთ რამდენიმე აქტივობისგან აკინძული, კონკრეტულ მიზანს მორგებული ქმედება, კერძოდ, ხმამაღალი კითხვა, მოსმენილის დახატვა, ნახატების გამოფენა და ხელნაკეთი თოჯინების იმპროვიზირებული წარმოდგენა.

ხმამაღალი კითხვა

წინასაანბანე თუ საანბანო პერიოდში ხმამაღალი კითხვა ერთ-ერთი შეუცვლელი და უმთავრესი რამ არის. პირველ რიგში, უვითარდებათ მოსმენის უნარი, უმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი, ამასთანავე, სქელტანიანი საბავშვო წიგნი მათთან ერთად იწყებს ცხოვრებას და ისინიც ეცნობიან წიგნის სტრუქტურას: ყდას, თავფურცელს, გვერდებს, სათაურებს, პერსონაჟებს, ავტორს, ილუსტრატორს, სარჩევს. კითხვისას მათი წარმოსახვა მდიდრდება, ისინი აცოცხლებენ თავიანთ სურათ-ხატებს, გაკვირდებიან, როგორ კითხულობ, მათში ილექება კითხვის ტექნიკის უნარები (კითხვა პაუზებით, ინტონაციით), შემდეგ, როცა გაბმულ კითხვას შეძლებენ,  ისევე წაიკითხავენ, როგორც  შენ უკითხავ. კითხვისას დროდადრო ვჩერდებით და პატარა კომენტარებს ვუტოვებ, რომელიმე ლამაზი სიტყვის, ფრაზის თუ მოვლენის შესახებ.

ჩვენი არჩევანი იყო ანე-კატერინე ვესტლის „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“. წიგნი გამიზნულად შევარჩიე რამდენიმე ფაქტორის გამო: მხატვრული ტექსტის გასაგები ენა, აქცენტი სწორ ღირებულებებზე და საინტერესო ილუსტრაციები, ვფიქრობ,  ნინო ჩაკვეტაძის  შავ-თეთრი ნახატები წიგნს უზარმაზარ ხიბლს სძენს.

წიგნის სიუჟეტი ასეთია – ოჯახში რვა ბავშვია, სახლში კი სულ ორი ოთახია და მაინც მხიარულად ცხოვრობენ. მრავალსულიან ოჯახს ემატება ტაქსას ჯიშის ძაღლი – სამოვრის მილი, მეზობლები ჰენრიკი და ჰილდა და ექსცენტრული დიდედა მოხუცთა თავშესაფრიდან. მე და ჩემმა მოსწავლეებმა მხიარულ და კეთილ ადამიანებთან ერთად ვიცხოვრეთ ჩვენი ნაცნობობის პირველ პერიოდში და ამგვარად დაუვიწყარი გავხადეთ ერთად გატარებული დრო – გვიხაროდა, გვსიამოვნებდა, გვაინტერესებდა, გვეცინებოდა და  ნაჩუქარი ასი კრონით აუქციონზე კედლის საათის ყიდვისას მთელი ოჯახი ერთად რომ დაიყვირებს ას კრონას, ყველაზე ემოციურ ეპიზოდად დაგვრჩა, ბოლო თავი კი რამდენიმე დღე ვწელეთ და ვწელეთ, არ გვინდოდა წიგნის დასრულება.

დარდი მალე გადაგვეყარა გულიდან, მეორე ნაწილის კითხვას შევუდექით.

 

მოსმენილის გააზრება ხატვით

პირველივე თავის წაკითხვისას მომაფიქრდა,  დაეხატათ ის, რაც დაამახსოვრდებოდათ.  ვერც კი წარმოვიდგენდი, რა საინტერესო თავგადასავალი გველოდა წინ. თავდაპირველად წინააღმდეგობას გადავაწყდი: მეუბნებოდნენ, რომ არ იცოდნენ, რა უნდა დაეხატათ, რომ ვერ დახატავდნენ, რომ ფეხის ან ხელის დახატვა არ გამოსდიოდათ და ა.შ., მე კი გამუდმებით ვუმეორებდი, რომ არ ეფიქრათ იმაზე, თუ როგორ დაეხატათ, რომ ერთმანეთისთვის არ მიებაძათ და დაეხატათ ის, რამაც მოსმენისას გული აუჩქარათ, აუფართხალათ, რაც მოეწონათ, რაც განსაკუთრებულად დაამახსოვრდათ და ისე, როგორც შეძლებდნენ.

დავდიოდი და თითოეულს ვეკითხებოდი, რა დახატა, შემდეგ კი  ნახატს ვაწერდი ზუსტად იმ ფრაზას, რასაც მკარნახობდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ნახატები გამოფენისთვის შეგვეგროვებინა და გარკვეული დროის მერე მშობლებისთვის გვეჩვენებინა. ასე გაჩნდა კიდევ ერთი შტრიხი მოტივაციის ასამაღლებლად.

ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ იმას, რომ კლასის თითქმის ყველა მოსწავლე ხალისით ჩაება პროცესში, ხატავდნენ სიხარულით, საკუთარი ნებით და მიზიარებდნენ შთაბეჭდილებებს. დამერწმუნეთ, უზარმაზარი სიამოვნებაა, როცა შენ თვალწინ იზრდებიან, იხსნებიან, დაფარულ ძალებს ამზეურებენ, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებენ, თავისუფალ არჩევანს აკეთებენ. ნელ-ნელა მათი ნახატები გაფერადდნენ, მინიმალისტური კაცუნები  გაიზარდნენ, თითებს შებოჭილობა შემოეხსნათ და ასე დახატეს მთელი წიგნი, დიახ, დიახ, მთელი წიგნი!

 

იმპოვიზირებული წარმოდგენა

ჩვენმა წამოწყებამ კიდევ ერთ საინტერესო აღმოჩენამდე მიგვიყვანა – ხელნაკეთი თოჯინების იმპროვიზირებულ წარმოდგენამდე. პირველი სემესტრის ბოლოს საახალწლო აქტივობისთვის ისევ „დედა, მამა, რვა ბავშვს და საბარგო მანქანას“ მივმართეთ. ვფიქრობ, გააზრებული, დაგეგმილი, სიამოვნებაზე დაფუძნებული ღონისძიებები მეტად ნაყოფიერი და საჭიროა. ასეთ დროს ბავშვობაში ვბრუნდები და რომ მახსენდება, როგორი შიშითა და გულის კანკალით ველოდი ჩემი ლექსის თქმის დროს, როგორ მეშინოდა შეცდომის დაშვების, ნამდვილად არ მსურს, თუნდაც ერთმა პატარა ადამიანმა, ვის წინაშეც პასუხისმგებელი ვარ, იგივე განიცადოს.

ჩამოვწერეთ პერსონაჟები, არ დაივიწყეს ტყის სახლი, კედლის საათი და სამოვრის მილი, ხელოვნების მასწავალებელს გავაცანით ჩვენი გეგმები და ხატვის გაკვეთილზე დახატეს არჩეული წიგნის გმირი, მერე სახლში წაიღეს და მშობლებთან ერთად კიდევ უფრო გაალამაზეს, ხის სახაზავს მიამაგრეს და სკოლაში მოაფრიალეს.

ფეხმორთხმით დავსხედით  და რიგრიგობით ვასაუბრეთ საყვარელი პერსონაჟი: ვინ მამა იყო, ვინ – საბარგო მანქანა, კედლის საათი, წრიპა მორტენი, დედა, დიდედა… მითითებად მხოლოდ ის სჭირდებოდათ, რომ გაეხსენებინათ თუნდაც ერთი თავგადასავალი არჩეული გმირის შესახებ და ესაუბრათ ხმამაღლა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა – მონაწილეობა მიიღო კლასის ყველა მოსწავლემ, საკუთარი სურვილით, ზოგი ხმადაბლა საუბრობდა, ზოგი – იმაზე ხმამაღლა, ვიდრე სხვა დროს, ზოგი მხოლოდ ერთ პერსონაჟს ირჩევდა, ზოგი – რამოდენიმეს, ზოგი ვრცელ ტექსტს ამბობდა, ზოგი – მხოლოდ რამდენიმე წინადადებას, თუმცა, რაც ამ ამბავში ყველაზე მთავარია, საკუთარი წარმოსახვით, წაკითხულის გააზრებით, სიამოვნებით და სიხარულით იყვნენ ჩაბმულები  პროცესში. 6-7 წლის ადამიანები ისხდნენ ძირს, ხელში ეკავათ მეგობრის ან თავისი დახატულ-შექმნილი პერსონაჟი და მაყურებლის წინაშე ამბობდნენ ისეთ რამეს, მეც რომ პირველად ვიგებდი, ეცინებოდათ და ხითხითებდნენ საკუთარ ნათქვამზე, მორცხვად იწურავდნენ მხრებს, შიგადაშიგ ყოყმანობდნენ, ეძებდნენ საჭირო სიტყვებს, მაგრამ მაინც თავს აბამდნენ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც საგულისხმოა – ბავშვებს თვალები უბრჭყვიალებდათ. ჯაზური ელემენტებით გაჯერებული სიმღერაც გამოვიგონეთ და ერთად ვმღეროდით. პირადი მაგალითის სიყვარულით მეც მათთან ერთად მივიღე მონაწილეობა, შევთანხმდით, რომ მადსისა და მარტინის მასწავლებელი ვიქნებოდი.  წინა დღით მასწავლებლის პერსონაჟი ჩემმა გოგომ დამიხატა, ყავისფერი თმები კოჭებამდე მცემს და ჭრელი კაბა მაცვია, სათითაოდ მიდიოდნენ და აღფრთოვანებას გამოხატავდნენ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩემზე კარგად ბავშვები თამაშობდნენ, მეტი სილაღითა და თავისუფლებით.

 

გამოფენა

გამოფენაც ღონისძიების დღეს დავამთხვიეთ. საკლასო ოთახის კედლები ნახატებით  ავაჭრელეთ და წიგნის ცამეტივე თავის წაკითხვა სტუმრებს  ამ გზით შევთავაზეთ.

ბავშვებს ხელჩაკიდებულები დაყავდათ მშობლები და სხვების ნახატებში თავისას ეძებდნენ. კედლებიდან, ფანჯრებიდან კი ერთად წაკითხულ წიგნს, განცდილსა და  მოსმენილს ნახატები და მათზე დატოვებული ფრაზები ახმიანებდნენ:

„ძველ სახლს ემშვიდობებიან, ჰილდას, ჰენრიკს, მოხუცებს.“

„დიდედამ რომ დაკვალა მთელი ეზო.“

„დედა და მამა სიურპრიზს აკეთებენ ბავშვებისთვის.“

„დიდედას ხელის მაგივრად მივუხატე ფეხი, მერე პეპლად გადავაკეთე.“

„თოვლი რომ მოვიდა და სახლი რომ გაბრჭყვიალდა.“

„ხეს რომ ემშვიდობება.“

„წრიპა მორტენმა მამას რომ შეასხა ცერცვის წვნიანი.“

„მთები, მზე, მამა და საბარგო მანქანა.’

„მამა ელაპარაკება საბარგო მანქანას.“

„სირბილის დროს ყველა რომ მოვა. დიდად არ ვიცოდი, რა დამეხატა და ეს გადავწყვიტე.“

„მამა რომ ატარებს, მოყავს ბავშვები და ბებიას ყავა რომ დაესიზმრება.“

 

 

 

შედეგი

 

ჩემ მიერ აღწერილი აქტივობა სწავლებისას მრავალი კუთხით არის მნიშვნელოვანი და ღირებული:

  • წაკითხულის გაგება-გააზრებისთვის;
  • თვითგამოხატვისთვის;
  • ეჩვევიან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას;
  • თავისუფალი არჩევანისას თავდაჯერებულობას იძენენ;
  • უღვივდებათ თვითრწმენა;
  • აღიარებულად გრძნობენ თავს;
  • სწავლობენ დეტალებზე ორიენტირებას;
  • ხდებიან აქტიური მსმენელები;
  • უმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი;
  • უვითარდებათ შემოქმედებითი უნარები;

„მე შენი მჯერა“, „შენ გამოგივა“, „როგორ მაინტერესებს, რას დახატავ“, „ერთი სული მაქვს, რას მეტყვით თქვენი ნახატების შესახებ“ – ეს ფრაზები სასწაულებს ახდენენ და გულწრფელი აღფრთოვანება ბავშვებისთვის ყველაზე დიდი სტიმულია.

ისე მოხდა, რომ წარმოდგენისა და გამოფენის მოსამზადებელ პერიოდს რაჭიდან მეცხრეკლასელი თამარის ჩემთან სტუმრობა დაემთხვა. სკოლაში დავატარებდი და მეხმარებოდა –  ნახატებს ერთად ვაკრავდით, თამარი წარწერებს კითხულობდა და ხითხითებდა, მერე გამიმხილა, წიგნის წაკითხვა მომანდომეს ბავშვების ნახატებმაო. მეორე დღისთვის კი მაისურზე დედა, მამა, რვა ბავშვი, სამოვრის მილი და ტყის სახლი დამიხატა. შეიძლება ითქვას, მე და თამარმა ერთად ვისწავლეთ ხატვა, ახლა კი ჩემზე კარგად ხატავს და ძალიან კარგი მკითხველია.

წარმოიდგინეთ,  მე და ჩემს მოსწავლეებს ახლა რამდენი რამ გვაერთიანებს – ხმამაღლა  წაკითხული წიგნი, ერთად განცდილი ემოციები, ათასი სიხარული, ახალი სიტყვები, ერთი ამბავი, მაგრამ მრავალგვარად, ინდივიდუალურად გააზრებული, წარმოჩენილი და აღიარებული.  ერთი წიგნითა და ხმამაღალი კითხვით ჩვენი ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადეთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

საჩუქარი ბავშვებისთვის

0

მას შემდეგ, რაც ბავშვები მყავს და მათ ოთახებს ვაკვირდები, მივხვდი, რომ ბავშვებისთვის საჩუქრის არჩევა და შესაბამისი ნივთების მოძებნის ჩვევა დამატებითი უნარია, რომელიც ბავშვებთან დაახლოებულ ადამიანებს იშვიათად თუ აქვთ სათანადოდ განვითარებული. ბავშვებს, რომლებიც არცთუ იშვიათად იღებენ სხვადასხვა სათამაშოებს საჩუქრად, ამას ჩვეულებრივ ამბად აღიქვამენ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვეღარ ანიჭებენ. მათთვის  ყველაზე საინტერესო  ყუთის გახსნის პროცესია, მერე კი ახალი ნივთი სხვა ნივთებთან ერთად აგრძელებს ყუთში ან იატაკზე ცხოვრებას.

[ მნიშვნელოვანი ჩანართი: ეს მოცემულობა საქართველოში მხოლოდ ბავშვთა გარკვეული ნაწილისთვის არის ნაცნობი.  ჩვენ ირგვლივ მრავლად არიან ისეთი ბავშვები, რომლებისთვისაც სათამაშოები ფუფუნებაა და როცა ასეთ თემებზე ვიწყებ ხოლმე წერას, სულ დამდევს სირცხვილის გრძნობა იმ ბავშვებისა და მათი მშობლების წინაშე, რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ და გადარჩენისთვის იბრძვიან მაშინ, როცა მე ვწერ იმაზე, როგორ არ ვაჩუქოთ ბავშვს ათი ერთნაირი ან თითქმის ერთნაირი სათამაშო. სირცხვილის გრძნობას თან სდევს უსუსურობის განცდა, რომ ამ ბავშვებისთვის თითქმის ვერაფერს ცვლი და ასე, მოხსენიებით თუ მოიბოდიშებ და დაიმშვიდებ სინდისს.]

ბავშვებისთვის საჩუქრების არჩევამდე კარგად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რისთვის სჭირდება ბავშვს ნივთები, რომლებსაც ვჩუქნით: კარგი ემოციისთვის, განვითარებისთვის, ახალი უნარების შესაძენად, ინტერესების გასაღრმავებლად, კოლექციების შესაგროვებლად, სხვა ბავშვებთან გასაზიარებლად თუ ოცნებების ასასრულებლად. ასეთი კითხვები დაგვეხმარება  გავითვალისწინოთ ბავშვის ინტერესები, ხასიათი, დამოკიდებულებები და ასე არჩეული საჩუქარი უფრო შთამბეჭდავი იქნება. და მაინც, რა შეიძლება აჩუქო ბავშვებს სათამაშოების გარდა:

1)    ბილეთები – რომელიც საშუალებას მიცემს მეგობართან ან მისთვის სასურველ უფროსთან ერთად წავიდეს კინოში, თეატრში, კონცერტზე, მუზეუმში;

2)    საგზურები ზამთრის ან ზაფხულის სკოლებში – სადაც დამოუკიდებლობას, მეგობრობას და სპორტულ აქტივობებს მისთვის მისაღებ ფორმატში გაუგებს გემოს;

3)    სხვადასხვა წრეების აბონიმენტები – მიეცით საშუალება თვითონ გადაწყვიტოს, ხატვის სწავლა უნდათ, ცურვა, ბალეტი, ფორტეპიანოზე დაკვრა თუ ძიუდო და პატივი ეცით ბავშვის არჩევანს;

4)    განსაკუთრებული დღეები – როცა სახლში ბავშვების დაპატიჟება შეუძლია, რომ დარჩნენ მეგობრებთან, იტყაპუნონ წვიმაში ან ამოიგანგლონ თოვლში, დარჩნენ გვიანობამდე გარეთ ან იძინონ შუადღემდე, მოსინჯონ ძალები სამზარეულოში ან ეზოებში, აისრულონ სურვილები;

5)    პერსონალური ნივთები – მისი პატარაობის ამსახველი ფოტოების წიგნი, ბოლო მოგზაურობის ჩანაწერები, დავიწყებული ნახატების ალბომი, სხვადასხვა დროს გადაღებული ვიდეოების ნაკრები, მისი მოყოლილი ამბების აუდიო კრებული  და ა.შ, რაც მას გმირად აქცევს, საკუთარი ამბების გმირად;

6)    მოგზაურობა – თუნდაც ყველაზე ახლო ქალაქში, თუნდაც ერთი დღით, თუნდაც ერთი შეხედვით ნაკლებად ღირსშესანიშნავ ადგილას. ბავშვებისთვის ახალი ადგილების ნახვა ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენაა;

7)    წიგნები – თემატური წიგნები, სერიული წიგნები, ილუსტრირებული წიგნები, გემოვნების, ასაკისა და ინტერესების მიხედვით;

8)    სამაგიდო თამაშები – რაც ბავშვს საშუალებას მისცემს მეგობრებთან ერთად დრო საინტერესოდ გაატაროს და საკუთარი სივრცე თავშეყრის ადგილად გადააქციოს.

9)    ახალი ინტერესების აღმომჩენი ნივთები – მაგალითად, ფოტოაპარატი, ტილო ფუნჯებით და საღებავებით, მიკროსკოპი, ტელესკოპი, რობოტები, გლობუსი ან სხვადასხვა თემატიკის რუკები – რაც მას ძალდატანების გარეშე დააახლოებს ხელოვნებასა და მეცნიერებებთან.

10) კეთილი საქმის გაკეთების შესაძლებლობები – გაუკეთოს საჩუქარი ბებია-ბაბუას საკუთარი გადაწყვეტილებით, აჩუქოს სათამაშოები ან ნივთები, რომელიც აღარ სჭირდება, სხვა ბავშვებს, დარგოს ხე ან ყვავილები, გაასეირნოს უპატრონო ცხოველები თავშესაფრიდან და ა.შ.

საჩუქრები ბავშვებისთვის არ უნდა იყოს  რაიმეს საფასურად მიღებული ნივთი, რომელსაც დასამშვიდებლად, სინდისზე შესაგდებად ან ვალდებულების გასაჩენად იღებს და  არც  მისი გადაცემის ცერემონიალი უნდა იყოს ზეიმი. ბავშვისთვის სათანადო  საჩუქრების გაკეთებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მისთვის განკუთვნილი ნივთებითა თუ სიკეთეებით სარგებლობის უნარების გადაცემაა, რათა იცოდნენ, როგორ გამოიყენონ მაქსიმალურად კარგად მათთვის მიცემული შესაძლებლობები, ისწავლონ გაზიარება და გახადონ გარშემომყოფები თავგადასავლებისა თუ დღესასწაულების მონაწილეები.

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...