სამშაბათი, ივლისი 15, 2025
15 ივლისი, სამშაბათი, 2025

ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში

0

საჯარო სკოლას საქართველოში არ აქვს ვალდებულება, იყოლიოს ფსიქოლოგი. ამჟამად მოსწავლეთა ფსიქოლოგიური დახმარება მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების სამმართველოზეა მინდობილი. თბილისის გარდა, ფსიქოლოგიური ცენტრი ფუნქციონირებს რუსთავში, გორში, თელავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში, სადაც სკოლის ადმინისტრაციის რეკომენდაციით მისულ მოსწავლეებს უწევენ დახმარებას. მუშაობა მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. ცენტრები  ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე სკოლის ასაკის ბავშვებს/მოზარდებს და მათ მშობლებს/მეურვეებს ფსიქო-სოციალურ მომსახურებას უფასოდ უწევენ. ამ და სხვა საკითხებზე ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს ვესაუბრეთ.

 

ჩემი აზრით, გაცილებით ეფექტიანი იქნება ფსიქოლოგის მუშაობა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან უშუალოდ სკოლაში, სადაც ის თვალნათლივ ხედავს პროცესს და სავარაუდოდ მარტივადაც მოაგვარებს სხვადასხვა პრობლემას ადგილზევე, ვიდრე დისტანციურად. თქვენ როგორ ფიქრობთ?

გეთანხმებით, ფსიქოლოგთან სპეციალურად გადამისამართებული მოზარდი შესაძლოა თავს სკოლის ადმინისტრაციისგან თუ პედაგოგებისგან უარყოფითი ნიშნით გამორჩეულად გრძნობდეს. ასეთ დროს ფსიქოლოგთან ვიზიტი სპეციალისტის განსაკუთრებულ პროფესიონალიზმს მოითხოვს, რომ მოსწავლეს პირველი შეხვედრისთანავე სასურველად, ნებაყოფლობითად აღაქმევინოს თერაპიის პროცესი. მცირეწლოვანი ბავშვების საჭიროებებიც სასურველია, ფსიქოლოგს ადგილზე ჰქონდეს აღქმული და თუ ბავშვს ნამდვილად სჭირდება განსაკუთრებული დახმარება და ეს სკოლის ტერიტორიაზე ვერ გვარდება, მხოლოდ მაშინ გააგზავნოს სხვაგან.

ბოლო დროს ქართული საზოგადოების წევრები ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ რა წარმოშობს მოზარდებში ძალადობას. ისინი სარკე არიან ოჯახისა თუ იმ საზოგადოების, რომელშიც იზრდებიან? თქვენი აზრით, რამდენად სწორი გამოსავალია ბავშვების დატვირთვა სპორტით, სახელოვნებო დამატებითი გაკვეთილებით და . . ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად?

 

მოზარდები თავიანთი ასაკობრივი სირთულეების გამო ისედაც გასაჭირში არიან, „ახალ სხეულთან“ შეთავსების, სოციუმში თავის დამკვიდრებისთვის ახალი მოთხოვნების აღქმის, ურთიერთობებში ახალი სტანდარტის მოსინჯვის, რომელიმე ჯგუფთან თვითიდენტიფიკაციის გზების მონახვის და სხვა ამოცანების წინაშე აფორიაქებულები. მათი არა მხოლოდ სხეული, არამედ ტვინიც ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ამ პერიოდში სტაბილური არ არის არც ემოციური და არც კოგნიტური ემპათიის (გაცნობიერებული თანაგრძნობის) უნარი. გარდატეხის ასაკში მგრძნობიარობა ნებისმიერი გამღიზიანებლის მიმართ ისედაც მაღალია და მის დარეგულირებაში მოზარდს არაფერი ეხმარება. ჩვენს სოციუმში გამეფებული უიმედო ატმოსფერო, ხშირად აგრესიული, დაუნდობელიც კი, მოზარდს ხელს უშლის ღირებულებების ჩამოყალიბებაში ან ჯანსაღი, სიცოცხლისკენ მიდრეკილი ქცევის კოპირებაში, რადგან მის ირგვლივ იშვიათად არსებობენ ზრდასრულები, რომელთაც ხვალინდელი დღის იმედი და გეგმა აქვთ, სიხარულს ან სიმშვიდეს ასხივებენ. მოზარდი ხედავს სოციუმში უამრავი უსამართლობის მაგალითს და სხვადასხვა სახის აგრესიულ ქცევას, რომელიც ერთგვარად წახალისებულიც კია და, ცხადია, ვერ ახერხებს ბოლომდე ირწმუნოს, რომ სხვისი დაჩაგვრა, ტკენა, დაუნდობლად გადათელვა არასწორი ან ცუდი საქციელია.

 

თუკი საშუალება არსებობს მოზარდს ავარჩევინოთ მისთვის შესაფერი, საინტერესო დამატებითი აქტივობები (ზოგს – სპორტი, ზოგს – ხელოვნება, ზოგს – კულინარია და ა. შ.), ცხადია, ეს არა მხოლოდ დროის ნაყოფიერად შევსება და ენერგიის ჯანსაღ პროცესად გარდაქმნა იქნება, არამედ სამომავლოდაც დაიცავს მას სიცარიელისა და უმიზნობისგან, რადგან რაც მეტი ინტერესი აქვს ადამიანს, მით უფრო ფერადია მისი ცხოვრება. მაგრამ ვერც მთლიანად შევუვსებთ მოზარდს დროს ისე, რომ თავისუფალი დრო არ დარჩეს. თავისუფალი დრო ისევე მნიშვნელოვანია ადამიანის განვითარებისთვის და იმდენადვე მონაწილეობს სიცოცხლის სიხარულის გამომუშავებაში, როგორც ახალი და მრავალფეროვანი ინეტერესების გაჩენა. უმთავრესი იმ ფსიქოლოგიური ველის ზეგავლენაა, რომელშიც მოზარდი ვითარდება – რას ისმენს სახლში, რა მაგალითს ხედავს ირგვლივ და რამდენად ახერხებს დაიჯეროს, რომ ძალადობა ცუდია.

როგორც ფსიქოლოგი, რას შეცვლიდით საქართველოს სკოლებში? რა დოზით შეიძლება ფსიქოლოგიის ელემენტების შეტანა თუნდაც სახელმძღვანელოებში?

დიდი ხანია დავშორდი სკოლას, შვილებიც კი კარგა ხანია უკვე სკოლის მოსწავლეები აღარ არიან, ამიტომ ვერ გეტყვით, რომ ზუსტი სურათი მიდგას ახლა თვალწინ. ზოგად პასუხს გაგცემთ: მცირეწლოვნებთან განსაკუთრებით კვალიფიციური და სიყვარულით სავსე მასწავლებლები უნდა მუშაობდნენ, რადგან პატარა ბავშვს უფროსის მიმართ კრიტიკა თითქმის არა აქვს, გაუფილტრავად ისრუტავს ინფორმაციის ნაკადს და რაც ნაკლები არასასიცოცხლო „ბაქტერია“ შეჰყვება, მით უკეთესი მისი განვითარებისთვის. სჯობს სწავლება მეტად იყოს თამაშსა და ხალისზე დაფუძნებული, რომ ბავშვს სწავლისა და შრომის მიმართ პოზიტიური განწყობა ჩამოუყალიბდეს.

უფროსკლასელებთან კი სწორედაც რომ მშვენიერი იქნებოდა სოციალური ფსიქოლოგიის გარკვეული დოზით სწავლება – იმ საკითხების, რაც მოზარდებს განსაკუთრებით აინტერესებთ: ურთიერთობების სირთულეები, კომუნიკაციის უნარები, თვითგამოხატვა თუ სხვა.

ნებისმიერი საგნის მასწავლებელს მოზარდებთან ურთიერთობის დროს არაერთ ფსიქოლოგიურ პრობლემასთან გამკლავება უწევს. რას ურჩევდით პედაგოგებს? რამდენიმე სასარგებლო წიგნს ხომ ვერ დაგვისახელებდით?

სასურველია ითარგმნოს ძვირიანი, თუმცა მეტად სასარგებლო წიგნები: Kartleen Stassen Berger-ის “Developing Person Trough the Life Span” და Berk&Meyers-ის “Infants, Children, and Adolscents”. ამ ეტაპზე ასევე კარგი იქნება მათი გამოწერა სკოლის ბიბლიოთეკების მიერ, რადგან, ჩემი აზრით, ეს მასალა ქართველ მასწავლებელს ძალიან დაეხმარება არა მხოლოდ მოსწავლეებთან უკეთესი ურთიერთობის დამყარებაში, არამედ ამ წიგნების გაცნობით ის საკუთარ ნერვულ სისტემასაც უკეთ გაიცნობს და შეძლებს მოვლენების არსის სიღრმისეულ წვდომას. გამოცდილ მასწავლებელს ალბათ ნაკლებად უჭირს მოსწავლეების ქცევის ცვლილებებში გარკვევა, დამწყებს კი რთულია, ორი სიტყვით ურჩიო, რა დროს მართებს გაცინება, რა დროს სერიოზულობა და ზოგადად, ავტორიტეტების მსხვრევისა და აჯანყების ამ ასაკში რა და როგორ უნდა შესთავაზოს მოსწავლეს, რომ ინტერესი გაუჩინოს პირადად მის და პირველ ყოვლისა მისი საგნის მიმართ.

ჩემი ბაბუა ვანო ფანჯიკიძე ცნობილი პედაგოგი იყო, ისტორიას ასწავლიდა. მისი მოსწავლეები, უკვე თავადაც ასაკოვნები, ხშირად წერდნენ მასზე მოგონებებს. ერთ-ერთი იგონებდა: მოსწავლეებმა კარი მოხსნეს და ისე ააყუდეს, რომ გამოღებისას მასწავლებელს უნდა დასცემოდა, ან ბრახვანი გაედინა და შეეშინებინა. თურმე სულგანაბული უცდიდნენ მათთვის ნაკლებად საყვარელ პედაგოგს, მაგრამ კლასში რატომღაც ვანო შესულა, ჰაერში დაუჭერია მფრინავი კარი, ჩამოუკიდია ანჯამებზე, მისალმებია მოსწავლეებს და გაკვეთილი დაუწყია. არც საყვედური, არც გარკვევა, ვინ გააკეთა, რატომ გააკეთა და ა. შ. არის ისეთი ნიუანსებიც, რაც არ ისწავლება, ეს ალბათ ერთგვარი შინაგანი ცოდნაა, რომელიც ხშირად თავადაც გაუცნობიერებლად გაქვს. უცნაურია, მაგრამ ამ ეპიზოდმა ბაბუა მოზარდებისთვის სერიოზულ ავტორიტეტად აქცია, ამასთან, „ის რომ  გაკვეთილს ატარებდა, გვეგონა კინოს ვუყურებდით, ისეთი მთხრობელი იყოო“, – იგონებდნენ მოსწავლეები.

პრობლემები ბაღის ასაკიდან იწყებაბავშვის შფოთვა, რომელიც სიახლის შიშითაა გამოწვეული, ადვილად დაიძლევა კვალიფიციური, გაწონასწორებული პედაგოგის დახმარებით. სამწუხაროდ, სკოლამდელი განათლების სისტემაშიც ბევრი ხარვეზია. რომ არაფერი ვთქვათ დაბალ ხელფასებზე, რაც მასწავლებლებისა და აღმზრდელების მოტივაციას არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ პატარამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და რა უნდაწამოიღოსბაღიდან ისეთი, მომავალში რომ გამოადგება? ვისაუბროთ უმნიშვნელოვანეს პერიოდზესკოლამდელ ასაკზე

გარდა ახალი გარემოსი, პატარა ბავშვის ფუნდამენტური შიშია, არ მიატოვონ. ვაითუ აღარ მიაკითხონ. ამ რწმენის განმტკიცებაზე, რომ აუცილებლად წაიყვანენ უკან, სახლში, მშობლებმაც უნდა იზრუნონ. უპირველესად სახლში უნდა იყოს უსაფრთხო, მშვიდი გარემო და ასეთივე გარემო უნდა იყოს ბაღშიც. უმთავრესი სიყვარულია! ბავშვი ყოველთვის გრძნობს, როგორ ექცევიან, რას გრძნობენ მის მიმართ.

 

არ არის საჭირო პატარა ბავშვს ვასწავლოთ ის, რაც მის ასაკს არ შეეფერება, რადგან რესურსის არაასაკობრივ ამოცანაზე მიმართვა მოაკლებს დროს იმას, რაც ამ ასაკში უნდა განვითარდეს. ბავშვებს ახლის სწავლა ძალიან ახარებთ და სწავლობენ კიდეც ყოველდღე უამრავ რამეს, მაგრამ არ არის საჭირო ბაღში ვასწავლოთ წერა-კითხვა, ანგარიში ან მათთვის შეუფერებელი ლიტერატურული ნაწარმოებები. ბავშვმა ამ პერიოდში მთავარია, ისწავლოს ურთიერთობა სხვა ბავშვებთან და თამაში. თამაშის დროს ყველაზე უკეთ ვითარდება ნეირონები, წარმოსახვის უნარი. სასურველია, წავუკითხოთ ზღაპრები და ვასწავლოთ საბავშვო ლექსები. მნიშვნელოვანია: სენსორული განვითარება – სხვადასხვა ფაქტურის და მასალის სათამაშოები, რომელთაც ბავშვი ეხება; მსუბუქი მოვალეობები, რომელიც თავს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად და საჭიროდ აგრძნობინებს (მაგალითად, რომელიმეს ევალება წითელი ფერის სათამაშოების შეგროვება და ყუთში ჩაწყობა, სხვას – მანქანების დაბინავება, ფანქრების განაწილება და ა. შ.); დროთა განმავლობაში მოვალეობების გაცვლა, თუკი ბავშვი სხვისი „საქმით“ მეტად ინტერესდება.

სამწუხაროა, რომ მასწავლებლებს, აღმზრდელებს ძალიან დაბალი ხელფასი აქვთ. ამ უსამართლობის შესახებ აბა რა გითხრათ? ყველასათვის ცნობილია, რამხელა ენერგიას მოითხოვს ბავშვის მოვლა, რომელსაც ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის განცდაც ემატება სხვისი შვილის მიმართ…

ათ წელზე მეტია, რაც საქართველოს სკოლებში ინკლუზიური სწავლება დაინერგა. მეთოდები წლიდან წლამდე იხვეწება, საზოგადოებაც თითქოს გაიზარდა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მიღება ნაკლებად უჭირს, თუმცა მაინც ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით. შესაძლებელია თუ არა არტთერაპიის ჩართვა საგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა საგნის სწავლებისას იმისათვის, რომ მოსწავლეებმა უკეთ წარმოაჩინონ თავი? გასათვალისწინებელია, რომ ბევრ მოსწავლეს აქვს სენსორული დეზინტეგრაცია ან ყურადღების აშკარად გამოხატული დეფიციტი, პედაგოგებს ჰიპერაქტიური ბავშვების მართვაც უჭირთ

 

არტთერაპიის ჩართვა ნებისმიერი ბავშვისთვის სასურველია, რადგან არცერთი ბავშვი არ ვითარდება ყოველმხრივ თანაბრად. ზოგს უჭირს აზრის სიტყვიერი გადმოცემა, სამაგიეროდ იდეალურად ასურათებს თავის ფიქრებს, განცდებს. ფერებით თერაპია არეგულირებს ემოციურ მდგომარეობას, შინაარსის გადმოცემა კი აწესრიგებს აზროვნების პროცესს. არტთერაპიის ტექნიკები კრავს ადამიანის ფსიქიკას და იცავს ცნობიერ და არაცნობიერ პროცესებს გახლეჩისაგან. არტთერაპია არათუ სასურველი, აუცილებელია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის. მნიშვნელოვანია მასალა, რას ვთავაზობთ თერაპიის პროცესში ამა თუ იმ ბავშვს და რას ირჩევს თვითონ. ენერგიის დეფიციტის, ასთენიისას სენსორულ და ემოციურ დონეზე სჯობს რბილი მასალით ან მყარი მასალის მცირე, იოლად დასამორჩილებელი ულუფით ვიმუშაოთ,  ჰიპერაქტიური ბავშვისთვის  და მოზარდებისთვის კი იდეალურია თიხის  და სხვა „ღონიერი“ მასალის შეთავაზება: თიხას აქვს თვისება, გამოათავისუფლოს ადამიანი ჭარბი ნეგატიური ენერგიისგან, ხოლო ფიგურის გამოძერწვა აძლიერებს ფოკუსს, ყურადღების კონცენტრაციას, რაც ასე უჭირთ ამგვარ ბავშვებს. თუმცა არტთერაპია ხატვის და ძერწვის გაკვეთილი არ გახლავთ და აქაც მნიშვნელოვანია კვალიფიციური თერაპევტების მუშაობა და თერაპიის განხორციელებისთვის შესაფერი გარემო.

ნარაზენი გავიარეთ?

0

მესამე თუ მეოთხე კლასში ვიყავით, როცა დედაჩემმა მამიდამისთან – თამილა პაჭკორია-მაჭავარიანთან წაგვიყვანა ჭორვილაში. გზად ორი ავტობუსი უნდა გამოგვეცვალა – ერთს ზუგდიდიდან ქუთაისამდე ჩავყავდით, ქუთაისში კი საჩხერის „იკარუსზე“ გადავჯდებოდით და ეგ იყო. სათქმელად ადვილია, მაგრამ დიდ გზაზე, თან გადაჯდომით მგზავრობას მიუჩვეველ ბავშვებს ასეთი გამოცდა მანამდე არ გვქონდა ჩაბარებული.

მგზავრობის სირთულეებს – თვითმხილველები დამემოწმებიან – ყოველთვის ვუმკლავდებოდი, ჩემი ძმა კი ძნელად იტანდა ავტობუსის შუშებიდან დანახული ხეების, სახლებისა და კორპუსების აჩქარებულ წყებას და რაღა დასამალია, გულ-გვამიც ხშირად ამოუტრიალდებოდა ხოლმე. დედაჩემი ამისთვის მუდამ მზად იყო, რადგან თვითონაც უჩიოდა მგზავრობის უგუნებობას და მთელი დასტა საჭიროებები ჩანთაში, ხელთანახლო ეგულებოდა. მაშინაც, ქუთაისამდე არმისულებმა, ჩემი ძმის ტრადიციული სალმობა რომ მოვილიეთ და მძიმე, დამქანცველი სიჩუმე ჩამოწვა, ზუკამ იფიქრა, ჩემ გამო არსებული უხერხული მდგომარეობა ეგებ რაიმეთი განვმუხტოო და ცნობისმოყვარედ, მიკნავლებული ხმით იკითხა:

– დედა, ნარაზენი გავიარეთ?

ჯერ ქალბატონ თამილას წასკდა ხმამაღალი სიცილი. დედაჩემი თავს იკავებდა, მაგრამ ბოლოს ისიც დამორჩილდა საყოველთაო მხიარულებას.

ამოცანა გვეკითხება: რატომ მოუნდა ჩემს ძმას ქვეცნობიერიდან ამომსკდარი ამ შეკითხვის დასმა? ამის საპასუხოდ რამდენიმე მიზეზი არსებობს:

  1. ნარაზენი სოფელია ზუგდიდის რაიონში. ბავშვობაში მუდმივად კი გვესმოდა, მაგრამ იქამდე არასდროს ვიყავით ნამყოფი და ჩემს ძმასაც ალბათ მაკონდოსავით ჩარჩა გონებაში ეს ეგზოტიკური სახელი, თან ეტყობა სადმე გზისპირას ეგულებოდა და ძალიან უნდოდა მის შორიახლო მოხვედრილიყო, თვალი შეევლო როგორმე.
  2. მესამე-მეოთხე კლასში ვიყავით (1997-1998 წლებია) და მშობლიური ქვეყნის გეოგრაფიის უცოდინრობაში ვერავინ დაგვდებდა ბრალს – საქართველოს ფიზიკური რუკა გვქონდა ერთთავად კედელზე გაკრული, მაგრამ ზედ სოფლები არ იყო დატანილი, ზუგდიდის რაიონის ადმინისტრაციული რუკა კი პირველად მეცხრე კლასში ვნახე, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თანამშრომელმა მაჩვენა. გუგლ მეფი და უახლესი ტექნოლოგიის სხვა ღირსებანი მაშინ, ცხადია, მიუწვდომელი იყო.
  3. ფეხბურთის თამაში მხოლოდ მეხუთე კლასში დავიწყეთ. თითქმის ყოველ მეორე კვირას გვიწევდა ქალაქგარეთ გასვლა. უამრავ ქალაქ-სოფელში ჩავედით, რამაც რუკიდან დაზუთხული გეოგრაფიული პუნქტები ჩვენთვის ხელშესახები გახადა.
  4. გასაგები მიზეზების გამო, ერთმანეთთან მიმოსვლა და ადამიანური ურთიერთობები მაშინ შეზღუდული იყო. თან ეგეცაა, ნარაზენში ახლობელ-ნათესავი არავინ გვყავდა.
  5. პირველ პუნქტში ნახსენებ მოსაზრებას დავუბრუნდეთ. ნარაზენის სახელი ბავშვობაში მუდმივად იმიტომ გვესმოდა, რომ ჩვენი სოფლის მარშრუტი ზუგდიდი-ცაიში-ურთა-ხეცერა იყო, ხეცერას კი აბასთუმანი და ნარაზენი მოსდევდა. როგორც ყველა ბავშვს, ჩვენც გაუმხელელად გვინდოდა მარშრუტის ბოლო წერტილში მოხვედრა და მერე იმის იქით, მისი შემდგომი სოფლებისთვის თვალის შევლება. დაახლოებით ის გრძნობაა, ახლა სოხუმის, გაგრისა და ცხინვალის ნახვა რომ გინდა და იქ ჩაუსვლელობას ათასი ლეგიტიმური თუ თითიდან გამოწოვილი მიზეზით რომ ამართლებ.

ნუ დასცინი სხვასაო, – ამბობს ქართული ანდაზა და საჩხერეში ჩასულს მეც დამემართა მსგავსი გეოგრაფიული ლაფსუსი. წერის ახირება მაშინაც მქონდა და სხვიტორში, ნუკრი მაჭავარიანის ოჯახში, დღიურებს ჩავუჯექი, თან შიგადაშიგ დედაჩემს ვაჩვენებდი. თავი რომ ჭკვიან ბიჭად მომქონდა, დედაჩემმა პირველივე სტრიქონში მიპოვა შეცდომა და გაცინებით უკვე აღარ გასცინებია, მკაცრად შემომხედა, შეცდომიან სიტყვას ხაზი გაუსვა და ოთახიდან გავიდა. თურმე ნუ იტყვით, ამ გაგანია იმერეთში სხვიტორი კახეთისთვის მიმიკუთვნებია.

…ჰოდა, ამდენი ხალხი იმისთვის შეგაწუხეთ, რომ ერთი რამე უნდა გთხოვოთ (ჩემს თავსაც ერთხელ კიდევ შევახსენო):

ჩვენი შვილების, ძმისშვილების, დისშვილების, ნათლულების აღზრდისას, რეალურ და ვირტუალურ საქართველოში ხეტიალისთვის დრო არ უნდა დავიშუროთ არასდროს, ჩვენც ხომ წაგვადგება დასამეგობრებლად, მაგრამ მათი გონებისა და უნიკალური ცოდნისთვისაც შეუფასებელი მასალა იქნება; დაწყებითი კლასის მასწავლებლები ხომ ისედაც ბევრ ახალ და აღმოუჩენელ სივრცეს ხსნიან ბავშვებისთვის და კარგი იქნება, ამ მიმართულებითაც თუ გაუღვივებენ ინტერესს, წააქეზებენ, წაახალისებენ მოსწავლეების უნარსა და წარმოსახვას, დაიმახსოვრონ ის, რაც თავიდან ეგზოტიკურია, შემდეგ კი ბუნებრივი და მშობლიური ხდება…

გმადლობთ ყურადღებისთვის.

ჩემს ვაჟსაც  მასწავლებლობა უნდა, მთის სკოლაზე ფიქრობს

0

ფასანაურის სკოლის ფანჯრებიდან შავი და თეთრი არაგვის შესართავს გაღმა მთებს რომ გახედო, თავი მაღლა უნდა ასწიო, მაგრამ ხეობის მეორე მხრიდან მოსაზღვრე მთის წვერზე თვალის ასაწვდენად კისრისთვის მეტი ძალდატანება მოგიწევთ. სკოლასთან იქვე, გადარბენაზეა  ჩიტაურების სახლი – ნინო წიკლაურის ოჯახი.

ნინო  ფასანაურის საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელია, ცოტა ხნის წინ, სასწავლო ნაწილიც გახდა. ძალიან მენდნენო, ამბობს. ეს  მისი მშობლიური სკოლაა. თავად აქ სწავლობდა, აქ სწავლობდნენ მისი და-ძმა, მეუღლე, უფროსი შვილები.

…რუსო იღლება, სამსახური, სწავლა… თბილისი ისედაც დამღლელია… … ვახო აღარაფერს წერს… არადა, კარგად გამოსდის… ლუკა, ჩემი თბილანა… დღეს საყვედური რატომ ვუთხარი…  სექტემბერში დემეც  მოსწავლე გახდება… ჩემი დიდი ბიჭი… სკოლაში ხვალ რა მაქვს?..  შემაჯამებელზე ისევ მუსიკას ჩავრთავ, მოეწონათ, კარგად იმუშავეს… ზაფხული მომენატრა… აყვავდება ჩემი  ეზო… – ვცდილობ წარმოვიდგინო ნინოს ფიქრები  ძილის წინ, როცა გრძელი დღის ბოლოს ყველას ,,ჩამოუვლის“…

  • ახლა 123 მოსწავლეღა გვყავს, მათ შორის ჩემი ლუკაც, მალე ნაბოლარაც მოვა. ყველანი ჩვენები არიან, მეზობლები, ნათესავები, მეგობრის შვილები. ამ ხეობის სოფლებიდანაც დადიან ბავშვები. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ.

მასწავლებლობა გინდოდათ?

  • სურვილები ბევრჯერ შემეცვალა. ისეთი მასწავლებლები მყავდნენ, შეუძლებელი იყო ამ პროფესიაზეც არ მეფიქრა. პირველი მასწავლებლის შთაბეჭდილება ყველას მოგვდევს. მის კალიგრაფიას რა დამავიწყებს, ულამაზესად გამოჰყავდა ასოები. ჟურნალ ,,დილას“ ყველა ნომერი ჰქონდა აკინძული და ძალიან უფრთხილდებოდა.  სკოლაში რომ მივედი, უკვე გამართულად ვკითხულობდი. შინ ჟურნალებს მატანდა და  ბედნიერი ვიყავი, რომ მენდობოდა.  მოკლედ, ჩემი მასწავლებლების გზაზე დავდექი, მაშინდელ უცხო ენების ინსტიტუტში ჩავაბარე ინგლისურის სპეციალობით.

ოთხი შვილი და სკოლა, შინ და გარეთ – ბავშვები, როგორ გაართვით თავი?

  • ადრე დავოჯახდი, ბავშვების გაზრდა და სწავლა-მუშაობა – ერთდროულად მიხდებოდა. თავიდან ფალიაშვილის სახელობის მეორე მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე და სამუსიკო სკოლაში ვასწავლიდი ფორტეპიანოს. მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია, თუმცა ახლა რა ხანია, ინსტრუმენტს არ გავკარებივარ… მხოლოდ ვუსმენ.  მუშაობა რომ დავიწყე, ვცდილობდი ისევე თბილად მოვქცეოდი ჩემს მოსწავლეებს, როგორც ჩემი მასწავლებელი მექცეოდა. რუსუდანიც ჩემი მოსწავლე იყო, რაღაც დაიბნა, დედა-მასწავლებლის შეთავსებას ვერ ახერხებდა და მასთან ნერვებმა მიმტყუნა… შინ ჩემს დედამთილს მოვუყევი… აი, ის იყო მასწავლებელი და ის იყო ქალი, ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი. ნინო, თუ მოთმინება არ ისწავლე, მასწავლებლობა არ გამოგივაო, ახლაც სულ მახსოვს. მართლაც თავის მართვა უნდა შეგეძლოს. მერე სკოლაში ინგლისურის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ძნელი იყო ყველაფერი ერთად, მაგრამ ყველა მეხმარებოდა: მეუღლე, დედამთილი, მამამთილი… უმცროსი შვილების გაზრდაში უფროსები დამეხმარნენ. ასე მოვდივართ.

მასწავლებლობა ისევ სასურველი  პროფესიაა?

  • სწავლების პროცესი ძალიან მომწონს, მიყვარს. ბავშვი თვალებში რომ შემოგყურებს, როცა რაიმე ახლის გაგება-ათვისებაში ეხმარები, უხსნი. ფაქტობრივად ახალი კარის შეღებაში ეხმარები. კლასში ბევრი მოსწავლე არ გვყავს. შემაჯამებელზე შევამჩნიე, ერთმანეთის დახმარებას ცდილობდნენ. შემდეგზე მუსიკა ჩავურთე ხმადაბლა და ისე მივეცი სამუშაო. ჩაწყნარდნენ, ყველა თავის საქმეს მიუბრუნდა და კარგი შედეგიც დადეს. ხანდახან ამ მეთოდს ვიყენებ. სიახლეები უყვართ. ბევრი საქმეა სკოლაში, მაგრამ სხვაგან თავი ვერ წარმომიდგენია. ჩემი უფროსი ვაჟი, ვახო  მასწავლებლობით  ძალიან დაინტერესებულია. ფილოსოფიურის სტუდენტია, სულ მეკითხება ახალ სისტემაზე. ამბობს, სიამოვნებით ვიმუშავებდი, მაღალმთიანი სოფლის სკოლაშიო. ქალაქი ან თუნდაც ფასანაური არ უნდა, უფრო მაღალ მთაზე ამბობს, ვნახოთ.

ნინო,  რა გამოწვევები აქვს სკოლას?

  • ჩვენს დაბაში ცხოვრება სხვანაირია, მეტი სითბო შემორჩა ურთიერთობებს. კი გაჭირვებაა, მთის პირობები მკაცრია და ეს ცხოვრებას ართულებს, მაგრამ ადამიანებს შორის მეტი  სიყვარულია. გული მწყდება, რომ  მოსწავლეების რიცხვი მცირდება…  ეს გვაწუხებს, თორემ ძალადობის ამბები რომ ტრიალებს, ბულინგზე რომ საუბრობენ, ჩვენ ეს პრობლემა არ გაქვს. მოზარდებს რაღაც შეიძლება შეეშალოთ, მაგრამ მიზანმიმართული ძალადობა, არ ხდება. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ბავშვი ოჯახში სითბოს და კეთილგანწყობას თუ ხედავს, მას ძალადობის სურვილი არ უჩნდება. ოჯახზე ბევრია დამოკიდებული, სკოლაში იქიდან გამოყოლილი განწყობები იყრის თავს.  მშობლებთან ურთიერთობა ჩვენთანაც ისეა, როგორც ყველგან, დაწყებითებში აქტიურობენ, მოდიან, კითხულობენ. მერე სუსტდება ეს თანამშრომლობა, მაგრამ პატარა თემია, ვხვდებით ერთმანეთს, ხმა მიგვიწვდება და მშობელთან კომუნიკაცია ასე გვარდება. სკოლაში, ზოგ შემთხვევაში, ბევრი დოკუმენტაციაა საწარმოებელი და ამას დიდი დრო მიაქვს, თორემ სიახლე რომ აუცილებელია,  ყველა ვხვდებით.

შვილების აღზრდა?

  • არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ შვილებთან ძალიან რბილი ხასიათი მაქვს. მათ არჩევანს არ ვეწინააღმდეგები, ვახომ თავიდან არქიტექტურულზე ჩააბარა, მეორე წელს _ ფილოსოფიურზე. არ მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო, მაგრამ ეს მისი არჩევანია. ასევე არის რუსუდანთანაც, ყოველთვის ღიად ამბობს თავის აზრს და ასრულებს კიდეც… პროგრამისტია, თან სპეციალობით მუშაობს, თან მაგისტრატურაში სწავლობს. პატარებთანაც ლმობიერი ვარ.

მეუღლესთანაც?

  • (იცინის) ალბათ. ზოგადად არ მიყვარს კონფლიქტები. ჩემთვის კეთილგანწყობილი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ძალიან გამოუვალი მდგომარეობა არ არის, მირჩევნია კონფლიქტი ავირიდო, რადგან მერე მიჭირს ურთიერთობების აღდგენა და ამას ძალიან განვიცდი. სკოლაშიც ასეა.

მოვალეობები, მოვალეობები… მივიწყებული ინსტრუმენტი. სად ისვენებს ახალგაზრდა ქალი, რომელიც თავის უფროს შვილებზე ძალიან უფროსი სულაც არ არის?

  • ქალაქი სხვა ცხოვრებას გთავაზობს, სადღაც წახვალ, ფილმს ნახავ, სპექტაკლს დაესწრები, გამოფენას დაათვალიერებ… ჩვენთან ასეთი რამ არ ხერხდება. შაბათ-კვირას ან ჩემი შვილები ჩამოდიან, ან მე ჩავდივარ მათთან. მეგობრებთან სტუმრობით და ეზოში ყვავილების მოვლით ვისვენებ. ძალიან მიყვარს მიწის ჩიჩქვნა და ყვავილების მოვლა. ზაფხულში ლამაზი ეზო მაქვს და ეს მსიამოვნებს. ახლაც ველოდები დათბობას. თუ თავისუფალი დრო გამომიჩნდა, უბრალოდ, მინდა არაფერი ვაკეთო. მერე მაწუხებს ეს სიზარმაცე. ზაფხულში აქაურ ბუნებაში გასვლას არაფერი სჯობს, ახლიდან იბადები.

ნინო, ქალთა თვეა, ყვავილებს ელოდები?

  • ჩემთვის მოულოდნელად მოტანილ ყვავილებს მეტი სიხარული მოაქვს.

უყურადღებობა ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

ვფიქრობ, ძნელად თუ მოიძებნება მშობელი, რომელიც სასწავლო პროცესში შვილის უყურადღებობით არ იყოს შეწუხებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხშირად პედაგოგებისგანაც გვესმის საყვედურები ამა თუ იმ ბავშვის მისამართით – „ჭკვიანი ბავშვია, შესაძლებლობები აქვს, მაგრამ იმდენად გაფანტულია, რომ უჭირს ყურადღების მობილიზება“; „ველაპარაკები, მიყურებს და თითქოს მისმენს კიდეც, მაგრამ ვგრძნობ, რომ გონებით სულ სხვაგან დაფრინავს“; „სულ მოძრაობაშია, გაუთავებლად წრიალებს. მე ერთს ველაპარაკები, ის კი სულ სხვა რამეზე ფიქრობს“. ეს ის ფრაზებია, რომლებსაც ხშირად ისმენენ მშობლები საკუთარი შვილის მასწავლებლებისგან. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ფსიქიკური პროცესები (აღქმა, აზროვნება, ყურადღება, მეხსიერება) ურთიერთდაკავშირებულია და მათი შეთანხმებული მუშაობის გარეშე სწავლაში წარმატების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია, პედაგოგებისა და მშობლების წუხილი სრულიად გასაგები გახდება. თუ ბავშვი, უყურადღებობის გამო, ვერ ახერხებს მიწოდებული ინფორმაციის აღქმას, მას ძალიან გაუჭირდება მისი, როგორც გააზრება, ისე დამახსოვრება. ამიტომაც არის, რომ უყურადღებობის დაძლევა ბავშვში ბევრი მშობლის და პედაგოგისათვის უპირველესი ზრუნვის ობიექტად არის გადაქცეული. მაგრამ, იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება შევძლოთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, თუ რა არის კონკრეტული ბავშვის უყურადღებობის მიზეზი და რა მიმართულებით მოგვიწევს მასთან მუშაობა.

უყურადღებობის გამომწვევი მიზეზები ბავშვებში: 

  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი. ამ სინდრომის მქონე ბავშვი გამოირჩევა მოჭარბებული მოძრაობითი აქტივობით, იმპულსურობით, ყურადღების სუსტი კონცენრტაციის უნარით. ასეთი ბავშვის ყურადღების წარმართვა ერთი მიმართულებით, მცირე დროის განმავლობაშიც კი, საკმაოდ რთულია. ეს პრობლემები მასში ჯერ სკოლაში წასვლამდე დიდი ხნით ადრე იჩენს თავს. სკოლა და სასწავლო პროცესი კიდევ უფრო ამწვავებს სირთულეებს;
  • სომატური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს მწვავე ან ქრონიკული ფორმით. სუსტი ჯანმრთელობა შეიძლება წარმოადგენდეს დაბალი შრომისუნარიანობის, მომატებული დაღლილობის და ორგანიზმის დასუსტების ერთ-ერთ მიზეზს, რის შედეგადაც თავს იჩენს უყურადღებობა;
  • ნერვული სისტემის ინდივიდუალური თავისებურებები. გაფანტულობა და უყურადღებობა ჩვეულებრივ დამახასიათებელია ბავშვებისთვის, რომელთა ნერვული სისტემა სუსტი და ინერტულია. ძლიერი ნერვული სისტემის მქონე მოსწავლეები კი ყურადღების სიმტკიცის, კონცენტრაციის, გადართვის და განაწილების კარგი უნარით გამოირჩევიან;
  • გადატვირთვა და გადაღლა. დღევანდელი მოსწავლე იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას აკისრია, საკმაოდ გადატვირთულია, როგორც ფიზიკურად, ისე ინტელექტუალურად და ემოციურად. გაკვეთილების სიმრავლე სკოლაში, გადატვირთული სასწავლო პროგრამები, დავალებების სიჭარბე, დამატებითი გაკვეთილები რეპეტიტორებთან, ხელოვნების და სპორტის სხვადასხვა სექციაზე სიარული. არცთუ იშვიათად, მოსწავლის დღის განრიგი დილიდან საღამომდე ისეა გადატვირთული, რომ საშინაო დავალებების შესასრულებლად მას გვიან ღამემდე უწევს მუშაობა. სრულფასოვანი დასვენებისთვის ბავშვს დრო პრაქტიკულად აღარ რჩება, ვერ ასწრებს გამოძინებას. არასწორი დღის რეჟიმი, სრულფასოვანი დასვენების, რაციონალური კვებისა და ნორმალური ძილის გარეშე, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინფორმაციული გადატვირთვა აუცილებლად გამოიწვევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას, უყურადღებობას და გაფანტულობას;
  • ხშირი სტრესები და კონფლიქტები ოჯახსა და სკოლაში შეიძლება ბავშვის უყურადღებობის და გაფანტულობის სერიოზული მიზეზი გახდეს;
  • ასაკობრივი შეზღუდვები ყურადღების განვითარებაში. საერთო ფსიქიკური განვითარების ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ბავშვის ყურადღება სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე განვითარების სხვადასხვა დონეზე იმყოფება. უმცროსკლასელის ყურადღების კონცენტრაციის უნარი ბევრად უფრო მწირია, ვიდრე უფროსკლასელის ან ზრდასრული ადამიანის; მიწოდებული სასწავლო მასალიდან ის მხოლოდ მცირე ნაწილს აღიქვამს, დანარჩენი მისი ყურადღების მიღმა რჩება, რაც ხშირად მშობლების და პედაგოგების სერიოზული უკმაყოფილების და საყვედურების მიზეზი ხდება. ამ ასაკში ბავშვს ასევე ჯერ კიდევ სათანადოდ არა აქვს განვითარებული ყურადღების გადანაცვლების (ერთი მიმართულებით წარმართული ყურადღების მეორე მიმართულებით გადატანა) და განაწილების (ერთდროულად ინტენსიური ყურადღებით რამდენიმე განსხვავებული მოქმედების შესრულება) უნარი. ბავშვის ყურადღება, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, მოკლებულია ასევე სიმტკიცეს, რის გამოც მას უჭირს ყურადღების ერთი და იგივე მიმართულებით, ერთსა და იმავე ობიექტზე ხანგრძლივად წარმართვა. ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება ყურადღების კონცენტრაციის უნარი, იმატებს მისი სიმტკიცე, შედარებით უფრო ადვილი ხდება ყურადღების როგორც გადანაცვლება, ასევე განაწილება. ითვლება, რომ უმცროსი სასკოლო ასაკი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია ბავშვის ყურადღების მიზანმიმართული განვითარებისათვის;
  • არასაკმარისი მოტივაცია ან მისი არარსებობა. თუ რაიმე საქმიანობა ბავშვისთვის საინტერესო არ არის, ის არანაირ ძალისხმევას არ გამოიჩენს მის შესასრულებლად. და პირიქით, მას შეუძლია გამოავლინოს შესაშური ყურადღება და გულისყურით შეასრულოს დავალება, თუ ის მისთვის საინტერესოა. ბავშვებს რომ შეეძლოთ აკეთონ ის, რაც მათ მოსწონთ, უფროსებს აღარ მოუწევდათ ნერვიულობა მათი უყურადღებობის და გაფანტულობის გამო. როგორც წესი, საუბარი ბავშვის უყურადღებობაზე იწყება მაშინ, როდესაც მისგან რაიმე, მისთვის ნაკლებად მიმზიდველ, არცთუ ისე საინტერესო და არასაკმარისად მნიშვნელოვანი დავალების შესრულებას ითხოვენ.

რეკომენდაციები ბავშვებში ყურადღების განვითარების ხელშესაწყობად:

  • ბავშვის ყურადღების განვითარებაზე ზრუნვისას, უფროსი თავად უნდა იყოს ყურადღებიანი, გამოავლინოს გულწრფელი ინტერესი მისი საქმიანობის, გატაცებების, ცხოვრების მიმართ;
  • იმისათვის, რომ ბავშვი იყოს მობილიზებული და ყურადღებით შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, მას აუცილებლად ესაჭიროება მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებული დღის რეჟიმი, რომელიც, სასურველია, რომ მასთან ერთად შემუშავდეს. ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ გაანაწილებს დღის განმავლობაში დროს სხვადასხვა საქმიანობებისათვის, როდის იმეცადინებს, როდის წაიკითხავს წიგნს, როდის დახატავს და როდის შეძლებს უბრალოდ თამაშს. მინიმუმ ორი საათი მას საკუთარი ინტერესებისა და გატაცებების დასაკმაყოფილებლად უნდა რჩებოდეს;
  • დაუშვებელია ბავშვის უზომო მეურვეობა. თუ მან იცის, რომ აუცილებლად დაეხმარებიან, უკარნახებენ და მის მაგივრადაც კი მოამზადებენ დავალებას, ის აღარ გამოიჩენს ძალისხმევას და ვერც იგრძნობს ყურადღების კონცენტრირების საჭიროებას. აქედან გამომდინარე, გაქრება მისი მისწრაფებაც ყურადღების განვითარებისა და სრულყოფისაკენ;
  • მივცეთ ბავშვს მეტი დამოუკიდებლობა. ეს მას ბევრად უფრო ყურადღებიანს გახდის და საკუთარი თავის გამოვლენაშიც დაეხმარება;
  • დამოუკიდებლობის ზრდასთან ერთად ნუ დავტოვებთ ბავშვს მარტო თავის პრობლემებთან. ის ყოველთვის უნდა გრძნობდეს ჩვენს მხარდაჭერას, ჰქონდეს ჩვენი დახმარების და რჩევების იმედი რთული, პრობლემური სიტუაციების გადაწყვეტისას;
  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს ბავშვთან დამოკიდებულებაში უსაზღვრო მოთმინება და თანმიმდევრულობა მოეთხოვებათ. მათ თავიანთი სააღმზრდელო პროგრამა უნდა განახორციელონ ექიმებთან, პედაგოგებთან და ფსიქოლოგთან მჭიდრო კონტაქტში, რამდენადაც ასეთი ბავშვები საჭიროებენ სპეციალურ კომპლექსურ საკორექციო-განმავითარებელ მუშაობას;
  • სუსტი ჯანმრთელობის მქონე და დაავადება გადატანილ ბავშვებს ესაჭიროებათ რეჟიმის მკაცრად დაცვა, დატვირთვის დოზირება, დასვენება, სრულფასოვანი კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ყოველთვის ექნებათ ყურადღებასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ბავშვთან ურთიერთობისას გავითვალისწინოთ მისი, როგორც ასაკობრივი, ისე ინდივიდუალური შესაძლებლობები; ნუ მივცემთ მას ისეთ დავალებას, რომელსაც, წინასწარვე ვიცით, რომ ვერ შეასრულებს; ნუ მოვთხოვოთ იმას, რისი გაკეთებაც მას თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად ამოქმედებითაც კი არ შეუძლია. ჩვენი ასეთი მცდელობა არათუ ყურადღების განვითარებას არ შეუწყოს ხელს, არამედ შეთავაზებული საქმიანობის მიმართ ბავშვის ინტერესსაც დააქვეითებს.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ თუ ჩვენ, ზრდასრულებს გვიჭირს დაღლილობის შემთხვევაში ყურადღების მობილიზება და ამა თუ იმ  მოქმედების ეფექტიანად შესრულება, ეს გაცილებით უფრო რთულია ბავშვისთვის. ამიტომ, ნუ ვაიძულებთ დაღლილ პატარას აკეთოს ის, რაც არც ყურადღების განვითარების ხელშემწყობი გახდება და მის ფიზიკურ და ფსიქიკურ გამოფიტვასაც გამოიწვევს.

 

 

 

 

ამ საქმეს გოგოს თითები სჭირდება

0

 

  • ამ საქმეს გოგოს თითები სჭირდება – თქვა ჰამიდმა და ამაყად დაკეცა ხალიჩა.
  • ქალის თითები? – ვკითხე.
  • გოგოს! გოგოს თითები. ასეთი ხალიჩის მოქსოვას თხელი, პატარა თითები უნდა. ქალი ამას ვერ იზამს. მისი თითები უკვე მოუქნელი და უხეშია. ჩემი ოჯახის წევრები ამ ხალიჩას 2 წლის განმავლობაში ქსოვდნენ. ერთი ერთი მხრიდან, მეორე – მეორე მხრიდან. ხედავთ, როგორ ემთხვევა ერთმანეთს გამოსახულებები? სამაგიეროდ, მქსოველ გოგოებს საჭმლის მომზადება და სახლის დალაგება აღარ ევალებოდათ. ამას ქალები აკეთებდნენ.

ამბავს ჰამიდი ჰყვებოდა, ისპაჰანის მთავარ მოედანზე ხალიჩებით მოვაჭრე დიდად მხიარული და ალალი კაცი. ხალიჩა 10 000 აშშ დოლარი ღირდა და მაშინვე წარმოვიდგინე, ამ დიდი კუშიდან რამდენი ერგებოდათ იმ გოგოებს, ორი წლის განმავლობაში რომ თითები იმტვრიეს ხალიჩის ქსოვისას. რა თქმა უნდა – არაფერი.

ცოტა ხნის წინ ერთი ხუმრობა მოვისმინე, დედამიწაზე სამ რამეს ვერ ირჩევ: მშობლებს, სამშობლოს და რუსეთის პრეზიდენტსო. მსგავსი ისტორია მეც გადამხდენია: ბავშვობაში, მე-12 კორპუსის მე-6 სართულის საშრობში, ოთხი მეზობელი ოჯახის მურაბებით, კომპოტებით, ტყემლის საწებლითა და ზამთრისთვის დამზადებული სხვა სიკეთეებით სავსე კარადების გარემოცვაში შტაბს ვაწყობდით ხოლმე. ამ შტაბში ხან საავადმყოფო გვქონდა გახსნილი, ხან სასტუმროს ადმინისტრაცია, ხან სამაშველო პუნქტი, ზოგჯერ კი უშიშროების მთავარი განყოფილება. ამ შტაბის მუდმივი წევრები გიო, თორნიკე, თამუნა, ქეთია, სოფუნა და მე ვიყავით. ისე ხდებოდა, რომ ამ დაწესებულებების უფროსი ყოველთვის მე გახლდით. უფრო სწორად, რადგანაც ყველა დანარჩენს უფროსობას თამაში ერჩივნა, უფროსად მე ვინიშნავდი ხოლმე საკუთარ თავს. ჩემი ჰეგემონია მხოლოდ ერთხელ დადგა ეჭვქვეშ, როცა ქეთიამ მკითხა:

  • სულ შენ რატო ხარ უფროსი?
  • იმიტომ, რომ ბიჭი ვარ – ვუპასუხე.
  • მერე რა? – შემომიბრუნა კითხვა.

რა უნდა მეპასუხა.

ამ ფაქტის აბსურდულობა წლების შემდეგ გავიაზრე, როცა „დარდუბალას” ერთ სერიაში ვნახე, როგორ აყალბებდა არჩევნებს უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩენილი ედუარდ შევარდნაძე და როგორ მიიღო მან კუნძულზე მასთან ერთად მყოფების რაოდენობაზე მეტი ხმა. ჩვენ ასეთ გარემოში ვიზრდებოდით – ირგვლივ ყველაფრის უფროსი კაცი იყო – რა თქმა უნდა, ოჯახისაც. ერთხელ ერთმა მეზობელმა მითხრა, თუ ქვეყნის პრეზიდენტი ვერ იქნები, შენი ოჯახის პრეზიდენტობაში ხომ ვერავინ შეგეცილებაო. იმ პერიოდში მხოლოდ ერთ ჩინოვნიკ ქალზე მსმენოდა – ვენერა ჩიფჩიურზე, რომელიც განათლების სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და მისი სახელი ისნის რაიონის სკოლებს აზანზარებდა. მახსოვს, მისი ვიზიტის წინ ტყეში ფრინველების გადაძახილივით მოედებოდა ხოლმე ხმა მთელ სკოლას: „ჩიფჩიური მოდის, ჩიფჩიური, ჩიფჩიური, ჩიფჩიური…” და ყველა სტარტზე დგებოდა.

მაშინ ის იყო ერთადერთი ძლიერი ქალი ჩემს წარმოსახვაში. მერე აღმოვაჩინე, რომ ირგვლივ უამრავი ძლიერი ქალია – ისინი ახერხებენ ბავშვების აღზრდას, სახლის დალაგებას, სამზარეულოს ამბების მოკვარახჭინებას, შვილების მეცადინეობას და საღამოს ყველა ამ საქმის ხელახლა მოთავებას, მაგრამ ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ, რადგანაც ეს საქმე არ ჯდება წარმატების არასამართლიან, უსუსურ, დოგმატურ დეფინიციაში. ამ საქმით დიასახლისები ფულს ვერ შოულობენ, შესაბამისად, წარმატებულებად ვერ ითვლებიან. თავი ფემინისტად მიმაჩნია, მაგრამ არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ოჯახის შექმნა ქალზე ძალადობაა; რომ დროა კაცები დასხდნენ სახლებში და ქალები გავიდნენ სამუშაოდ… ღმერთო კი მომკალი, რა სისულელეა. მე მწამს, რომ ოჯახში ყველა გადაწყვეტილება ურთიერთპატივისცემისა და შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს. მინდა, რომ როცა კარს ქალი გააღებს, არ უთხრან ოჯახის უფროსს დაუძახეთო – ოჯახში ორმეფობის მომხრე ვარ. სიამოვნებით ვიცხოვრებ ისეთ ქვეყანაში, სადაც მამაკაცს არ შერცხვება სარეცხის გაფენა და არაფრად ჩააგდებს ზოგიერთის ქილიკს. მწამს, რომ უნდა დაინგრეს ფესვგადგმული მითი, რომ მამა მკაცრია, მას შვილმა საიდუმლოები არ უნდა გაუმხილო, რადგანაც დაგსჯის და მხოლოდ დედაა შვილის ნამდვილი მეგობარი. მინდა, რომ მამები მთელი გულით ჩაერთონ შვილის აღზრდაში და საკუთარი შვილები ახლოს გაიცნონ. იქნებ ვინმე ღვთისნიერმა ქალაქში გამოაკრას აბრები, სადაც ეწერება, რომ სახლი უფრო სწრაფად ლაგდება, როცა მას ორი ადამიანი ერთდროულად ალაგებს და ვახშამი ბევრად უფრო გემრიელია, როცა მაგიდასთან მჯდომი წყვილი თანაბრადაა დაღლილი. რა მაგარი იქნებოდა, მამები მიხვდნენ, რომ თავისი პირმშოსთვის პამპერსის გამოცვლით მხოლოდ შვილის სხეულს კი არა, საკუთარ თავსაც ასუფთავებენ კომპლექსებისგან. მინდა ქართველ მოქეიფე ქმრებამდე დავიდეს, რომ სამზარეულოში ტრიალი ქალის საქმე კი არა, ნებისმიერი სქესის ადამიანის შანსია, შენი ოჯახის წევრებსა და სხვა საყვარელ ადამიანებს გემოს დღესასწაული მოუწყო. კარგი იქნება მამები მიხვდნენ, რომ მცირეწლოვან ბავშვებში ერთი შეხედვით უხერხულ თემებზე საუბარი ის ინვესტიციაა, რომლის დახმარებითაც სამომავლოდ მძიმე თემებზე აღარ მოუწევთ საუბარი. ბიჭებმა უნდა გაიგონ, რომ მოტაცებისა და გოგოს დაჯავშნის დრო წავიდა. მშობლებმა ლექსიკონიდან უნდა ამოიღონ სიტყვა „გათხოვება”, რადგანაც ქალის მიერ ქორწინებაში ნებაყოფლობით შესვლა მის ნივთად ქცევას არ გულისხმობს. ვოცნებობ იმ დროზე, როცა ქალი საქართველოში ხელის გულზე სატარებლად კი არ აღიქმება, არამედ კაცის გვერდით მდგომად და მის თანასწორად ყველა საქმეში.

იმ დღეს ისპაჰანში იანვრისთვის უჩვეულოდ მზიანი დღე იყო. ხალხი ქუჩებში ირეოდა. ოჯახები სკვერებში, მწვანე ბალახზე გაშლილ ლამაზ ნაჭრებზე ჩამომსხდარიყვნენ და ისვენებდნენ. მაღაზიების ვიტრაჟებზე გამოფენილ ჭადრაკის დაფებზე ერთმანეთის პირისპირ ულამაზესი, ხელნაკეთი ფიგურები იდგნენ. თუმცა ამის მიუხედავად ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო.

 

პოსტი დაწერილია სპეციალურად კამპანიისათვის „კაცები ზრუნავენ“ გენდერული კვირეულის აღსანიშნავად. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისთვის” ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

 

პოსტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის და შვედეთის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას.

#კაცებიზრუნავენ #Genderweek #UNFPA

 

რას ვეტყოდი საკუთარ თავს სკოლის ასაკში

0

ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაუსვამს საკუთარი თავისთვის კითხვა, რას შეცვლიდა, წარსულში დაბრუნება რომ შეეძლოს. ერთხელ მაინც უფიქრია, რას გამოასწორებდა, რა შეცდომებს აღარ დაუშვებდა, რა მიმართულებით წაიყვანდა ცხოვრებას, რომელ უნივერსიტეტში ჩააბარებდა, რომელ ენებს ისწავლიდა, რას წაიკითხავდა, რას არ წაიკითხავდა, ვის რჩევებს მოუსმენდა, ვის არ მოუსმენდა და ასე დაუსრულებლად, ჩამონათვალი გრძელია.  ბევრი ადამიანისგან მომისმენია, რომ სინამდვილეში არაფერს შეცვლიდა, ყველა გადადგმული ნაბიჯით ამაყია. ამბობენ, რომ წარსული შეცდომები გვეხმარება გავხდეთ ის, რაც ვართ და როგორიც ვართ. ბევრჯერ გამიგია, რომ წარსულში ქექვას აზრი აღარა აქვს, რომ ყველაფერი ზუსტად ისე ხდება ცხოვრებაში, როგორც საჭიროა.

მეც ბევრჯერ მითქვამს იგივე მეგობრებთან საუბარში, რომ ამაყი ვარ ყველა ჩემი შეცდომით, ყველა ჩემი იმედგაცრუებით, მაგრამ როგორც კი ღამე ლოგინში ჩავწვები და საბანს შემოვიკეცავ, მაშინვე თავს მახსენებს წარსულში დაშვებული უამრავი შეცდომა, არ მასვენებენ და მაჩვენებენ, სადამდე მიმიყვანა ამ დაშვებულმა შეცდომებმა, რა შედეგები გამოიღო და ვფიქრობ, ბევრ კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს წარსულში და ამ დროს სულ ერთი და იგივე მზერას ვიღებ დაბნეული სკოლის მოსწავლე საკუთარი თავისგან, რომელიც მერხთან შემომჯდარა და წარმოდგენა არა აქვს, ადამიანი, რომელიც მომავლიდან კითხვებს უსვამს, ნამდვილად თვითონ არის თუ რაღაცები ეჩვენება. ვერ ხვდება, ღირს თუ არა ჩემი მოსმენა.

მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვაგრძელებ ლაპარაკს და როცა დიდი ჩხუბი და კამათი მორჩება, ვხვდები, რომ ასეთი სიტყვები ჩემგან არ დაუმსახურებია და შექებაზე გადავდივარ. ხანდახან თავს ვირთობ და წარმოვიდგენ, რომ სამყაროში ერთი რეალობა არ არსებობს და ბევრი რეალობაა, ზოგ რეალობაში ძალიან პატარა ვარ, ზოგში 8-10 წლის, ზოგ რეალობაში 40 წლის ვარ, 80-ის, ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის რეალობაა, სადაც 15-16 წლის ვარ,  საშინლად აგრესიული, დაბნეული და უკმაყოფილო ყველაფრით, რეალობა, სადაც არ ვიცი, როგორი იქნება მომავალი, ვერც კი წარმოვიდგენ, სად შეიძლება აღმოვჩნდე 2-3 წელში, რა შეიძლება გავაკეთო ცხოვრებაში, რა შეიძლება შევიძინო, რა შეიძლება დავკარგო.

და აი, ზუსტად ამ რეალობაში გადასვლა, სკოლის კარების შეღება, დერეფნის გავლა, მეთერთმეტე კლასის საკლასო ოთახში შესვლა და უკანა მერხზე მჯდომი ზურას დანახვა რომ შემეძლოს, პირველ რიგში აუცილებლად მივიდოდი და ვეტყოდი, რომ ყველაფერი უკეთ იქნება.

ჩამოვუთვლიდი, რომელი მასწავლებლის ნდობა შეიძლება, რომელ მასწავლებელს უნდა დაუჯეროს, მოუსმინოს და რომელ მასწავლებელს არ უნდა ენდოს, რომელი მასწავლებლის რჩევა არ უნდა გაითვალისწინოს და საერთოდ, ვეტყოდი, რომ ამ მასწავლებლებზე ამდენი ნერვიულობა არ ღირს, რომ სამ-ოთხ წელში სახელებიც კი აღარ ემახსოვრება მათი. ვეტყოდი, რომ არ არსებობს ავტორიტეტები, რომ ყველაზე კარგი მასწავლებელი ის არის, ვინც ცდილობს მეგობარი გახდეს მოსწავლის და არა ავტორიტეტი. ვეტყოდი, რომ ცხოვრებაში ბევრი ცუდი ადამიანი შეხვდება და უნდა ისწავლოს მათთან ბრძოლა და მასწავლებელთან კონფლიქტი შესანიშნავ შანსს აძლევს, კარგად მოემზადოს მომავალი ბრძოლებისთვის.

მიმოვიხედავდი საკლასო ოთახში, თითს გავიშვერდი მესამე მერხზე მჯდომი აბეზარი ბიჭისკენ და ვეტყოდი საკუთარ თავს, რომ 2 წელიწადში ის ბიჭი, რომელიც ამდენი ხანი დაგცინის ცოლს მოიყვანს, უნივერსიტეტსაც არ დაამთავრებს და ერთ დღესაც, ბედნიერს და გახარებულს რომ დაგინახავს, ძალიან ინანებს, ასე ცუდად რომ გექცეოდა. იმ გოგოსკენაც გავიშვერ თითს, ცუდ ჭორებს რომ გივრცელებს სკოლაში, გეტყოდი, რომ ერთ წელში ამ ცუდი ჭორების მსხვერპლი თვითონვე გახდება და შენ, 16 წლის ზურა იქნები ის ერთადერთი, ვინც დაიცავს ამ ბინძური ხმებისგან. ბევრ რამეს გეტყოდი შენს კლასელებზე, ზოგი გაგახარებდა, ზოგი არც ისე, მაგრამ მთავარი ერთია, რომ გგონია, ყველაფერი ასე ცუდად იქნება და სამყარო ასე გააგრძელებს არსებობას, რომ ყველა ადამიანი ისეთია, როგორც შენი საკლასო ოთახი, ვეცდებოდი მეთქვა, რომ სამყარო ბევრნაირია, მთავარია, შენ როგორ სამყაროში გინდა იცხოვრო და მალე მაგ არჩევანის მიღების შანსი გექნება.

სახლისკენ გაუყვებოდა ალბათ სკოლის მერე 16 წლის ზურა, ბათუმის ქუჩები, მაღაზიები, ადამიანები, მოქუფრული ცა, გუბეები, საცობები, გაჭიმული თოკები კორპუსებს შორის და ამ თოკებზე ბათუმურად დაკიდებული სველი ზეწრები. აღარ შეგიძლია ამ ყველაფრის ყურება და გგონია, რომ სულ ეს იქნება შენი ყოველდღიურობა, გეტყვი, რომ ასე არ არის, მალე სხვა ქალაქში იცხოვრებ, სხვანაირი სურათებით იქნება სავსე შენი ყოველდღიურობა, უამრავი ახალი უბანი, ახალი ქუჩა, ახალი კორპუსები, ახალი სამყარო, რომელიც წარმოუდგენლად ლამაზია, გეტყვი იმასაც, რომ საღამოობით, უნივერსიტეტიდან სახლში დაბრუნებულს ბათუმის ქუჩები მოგენატრება, გეტყვი, რომ ერთ დღეს მეტროში ჩახვალ, შენს გვერდით ქალს დაინახავ, რომელიც აჭარული კილოთი ლაპარაკობს ტელეფონზე და საშინლად მოგინდება მიხვიდე და ჩაეხუტო, მერე რა რომ შორს არ არის შენი ქალაქი, მაინც ვერ მოახერხებ წინ და უკან სირბილს, მაგრამ ყოველთვის, როცა დაბრუნდები ახალ და მივიწყებულ ქუჩებს იპოვი და ახლიდან შეგიყვარდება ყველა კორპუსი, გუბე თუ ადამიანი.

მანდ სადმე, შენს სახლთან სანამ მიხვალ, ბიჭსაც დაინახავ, რომელიც დიდი ხანია მთელი გულით გიყვარს და ვერაფრით ეუბნები, ვერ ხვდები, რა ხდება შენს თავს, რატომ გიყვარს, რა სახელი დაარქვა, როგორ იფიქრო მასზე, როგორ იოცნებო. გეტყვი, რომ მალე ყველაფერი გაირკვევა, წინ დიდი სიყვარული გელის, დიდი იმედგაცრუებაც და მერე მიხვდები, რომ ცხოვრება სავსეა სიყვარულით, რომ უამრავი ადამიანი ზრუნავს შენზე და უამრავი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია შენი კეთილდღეობა. ვეტყვი, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ ღრიალი მოგინდება ბედნიერებისგან, ძალიან ბევრჯერ იფიქრებ, რომ ეს ყველაზე დიდი სიხარულია და ამაზე დიდი შეუძლებელია, მაგრამ მერე უფრო დიდი სიხარული მოვა და ღირს ამ სიხარულების გამო მოთმენა.

სახლში ასულს დედა დაგხვდება მისაღებში, მამა დაგხვდება სამზარეულოში, საშინლად გაბრაზებენ ორივე, მაგრამ მანდაც გეტყვი, რომ გავა 1-2 წელი და ისინი შენი მეგობრები გახდებიან და მიხვდები, რომ სინამდვილეში არც ისეთი ცუდები არიან, როგორიც ახლა გეჩვენება. ჩამოვჯდები შენს საძინებელ ოთახში და მოგიყვები, რა უნდათ შენთვის, რა უნდა გაითვალისწინო და სად უნდა მოუსმინო მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს. გეტყვი იმასაც, რომ ხანდახან ისინიც უშვებენ შეცდომებს, ძალიან გავხართ ერთმანეთს, მაგრამ ცდილობენ და ფიქრობენ იმაზე, რომ უკეთესი მომავალი შეგიქმნან.

ვეტყოდი იმასაც, რომ არ არის საჭირო იფიქრო გარეგნობაზე, იმაზე თუ რა გაცვია, არ არის საჭირო ინერვიულო, რას ფიქრობენ სხვები შენზე, არ იფიქრო, რომ ეგ არის მხოლოდ მთავარი. ვეტყოდი, რომ მის ასაკში ყველა ადამიანი ლამაზია და ამ სილამაზეს ბევრი დაინახავს, ბევრი ადამიანი აღფრთოვანდება და სინამდვილეში, უფრო სხვა რამეებია, რის გაუმჯობესებაზეც უნდა იფიქროს და ინერვიულოს.

და რაც ყველაზე მთავარია, ვეტყოდი, რომ მისდიოს იმ ხმას, რომელიც წლებთან ერთად გაძლიერდება, ხმა, რომელიც ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ სამყარო ზრუნავს მასზე, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველა ადამიანს აქვს ამოუწურავი ძალები. ვეტყოდი, რომ იმ დიდ და კეთილ ხმას დაუგდოს ყური, რომელიც ეუბნება, რომ მარტო არ დატოვებს არასდროს. სხვა ყველაფერი მოგვარებადი და გამოსწორებადია.

კიდევ ბევრი პატარ-პატარა შენიშვნები და თხოვნები მექნებოდა ალბათ, მაგრამ არ მოვაცდენდი, მივცემდი უფლებას, რომ ეგ პატარა შეცდომები დაეშვა, ყოფილიყო სულელი, გაბრაზებული, ნაწყენი, მოტყუებული, მატყუარა და კიდევ ათასი რამე, ეოცნება დაუსრულებლად, მთავარია ახსოვდეს, რომ დრო ყველაფრისთვის აქვს, დღეს იქნება თუ ხვალ, აუცილებლად იქნება ბედნიერი. თვალებს ფართოდ გავახელინებდი და ვაჩვენებდი, ვინ ზრუნავს მასზე, ვის უყვარს, ვეტყოდი, რომ ამ რეალობაშიც კი ბევრი ადამიანი ზრუნავს მასზე, ვაჩვენებდი ყველა კარგ მასწავლებელს, ყველა კარგ მეგობარს, ყველა სითბოს და ვთხოვდი, რომ ეზრუნა მათზე და არ დაევიწყებინა, რომ ესეც არის მის ცხოვრებაში.

და რახან მე არ შემიძლია ის პატარა საკუთარი თავი ვიპოვო სკოლის ბოლო მერხზე, მათ ვეტყვი ამ სიტყვებს, ვინც დღეს არის პატარა, სკოლაში მერხებთან სხედან და არ იციან, რა იქნება მერე. მე კი ისღა დამრჩენია, მომავლიდან მოსულ ზურას დაველოდო, თავში რომ ჩამიკაკუნებს ხელებს და ბევრ რამეს მისაყვედურებს.

 

ლირიკული ტექსტების ანალიზი საბაზო და საშუალო საფეხურზე

0

სასკოლო ასაკის საბაზო და საშუალო საფეხურზე  შედარებით იოლია ეპიკური ტექსტების გაგება, ანალიზი და შეფასება, რადგან მარტივია ნარატივის სიუჟეტის აღქმა და მასთან პრობლემათა სპექტრის დაკავშირება, ხოლო ლირიკული ტექსტების სწავლება ყოველთვის შეიცავს სირთულეებს და ფილოლოგებს ისღა დარჩენიათ, რომ ლექსის ზეპირად დასწავლა დაავალონ მოსწავლეებს, ტექსტის აღქმა კი ხშირად ბლუმის ტაქსონომიის პირველ დონეს ვერ სცდება (არცთუ იშვიათად ესეც დაუძლეველი ბარიერია). ამას იწვევს პოეტური ტექსტების ლირიზმი, ხშირად ურთიერთდაუკავშირებელი განწყობების ქაოტურად გადმოცემა, ფსიქოლოგიზმი, სათქმელის შეფარვა ტროპული საბურველით, უამრავი სიმბოლო და ღრმად ემოციური ენობრივი ქსოვილი, ევფონიის უამრავი საიდუმლო ხვეული.

რუსთველი მცირე ზომის ლირიკულ ტექსტებს აცხადებდა, როგორც მეორეხარისხოვანს და მდარეს. გავიხსენოთ სტროფი „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგიდან:

„მოშაირე არა ჰქვიან, თუ ვინმე თქვას ერთი, ორი;

თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი;

განაღა თქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი…

მეორე ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა,

არ ძალ-უც სრულ-ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა“…

მოგეხსენებათ, „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის მე-12-მე-19 სტროფებში მწყობრად არის ჩამოყალიბებული ავტორის შეხედულებები პოეზიის ბუნებაზე. მოყვანილ ციტატში გამოთქმულია უმნიშვნელოვანესი შეხედულებები: 1. რომ მცირე ზომის ლირიკული ტექსტების ავტორი პოეტად ვერ ჩაითვლება და უმჯობესია პოემის ავტორს თავი არ გაუტოლოს, 2. რომ ლირიკული ლექსის სათქმელი ურთიერთდაუკავშირებელი და უმსგავსოა, 3. რომ „ლექსი ცოტაის“ ავტორებს არ შეუძლიათ გულის გამგმირავი სიტყვების სრულქმნა ანუ ემოციური ზემოქმედება მკითხველზე.

რასაკვირველია, თანამედროვე ლექსთმცოდნეობა რუსთველს ამაში არ დაეთანხმება, რადგან თანამედროვე „ლექსი ცოტაი“ ბევრს იტევს, პოეტს შეუძლია მცირე ფორმის ნაწარმოები დაუვიწყარ მოვლენად აქციოს. ამის დასამტკიცებლად თუნდაც მხოლოდ გალაკტიონის გახსენება საკმარისი იქნებოდა. მას არავინ იცნობს თავისი ლირიკული პოემებით, სწორედ მცირე ზომის ლირიკული ლექსებით იქცა პოეტური სიტყვის მსოფლიო მნიშვნელობის ლეგენდად და თუნდაც „მთაწმინდის მთვარის“ ან „ლურჯა ცხენების“ გარდა სხვა რომ არაფერი დაეწერა, უდიდესი ლირიკოსის სახელის დამკვიდრება მაინც უთუო იქნებოდა, მაგრამ მეოცე საუკუნისგან მკვეთრად განსხვავებულია რუსთველის ეპოქის ესთეტიკა, გემოვნება და გამოსახვის ხერხები. შუა საუკუნეების, რაინდობის ეპოქის თემები და გამოსახვის ფორმები, რასაკვირველია, ვერ იქნება მეოცე საუკუნის ადამიანის აღმქმელობის სადარი. ამიტომ ამ ეპოქების პოეტური ტექსტების გააზრებას განსხვავებული მიდგომაც უნდა მკითხველის მხრიდან. მოკლედ, გვჭირდება „კაცი ვარგი“ – მომზადებული, გემოვნებიანი მკითხველი და ეს „კაცი ვარგი“ ჩვენი საწვრთნელია. საბაზო და საშუალო საფეხურზე ჩვენ ვასწავლით შემდეგ პოეტურ მემკვიდრეობას:

  • აღორძინების ხანის ლირიკა დავით გურამიშვილის ერთადერთი პოეტური კრებულიდან;
  • რომანტიკული პოეზია;
  • რეალისტური პოეტური ტექსტები (ილია, აკაკი, ვაჟა);
  • სიმბოლისტური პოეტური სკოლა (ცისფერყანწელები, გალაკტიონი, გიორგი ლეონიძე);
  • პოსტმოდერნისტული ლირიკა (ოთარ ჭილაძე, მუხრან მაჭავარიანი, ანა კალანდაძე, შოთა ნიშნიანიძე, მურმან ლებანიძე, მორის ფოცხიშვილი და სხვები).

რა ძირითადი მახასიათებლები აქვთ ამ ლიტერატურული მიმდინარეობების ლირიკულ ნიმუშებს? მასწავლებელს შეუძლია გაკვეთილებზე გააკეთოს ამ შემოქმედებითი სკოლებისთვის დამახასიათებელი სტილური, სახეობრივი და იდეური თავისებურებების სისტემური ანალიტიკური სქემები, სლაიდშოუები, სხვადასხვა ტიპის კომპაქტური  დამხმარე რესურსები, სკაფოლდინგი. ამ რესურსებს სხვა დროს და სხვა ფორმით დავუბრუნდეთ. ახლა კი ლირიკული ტექსტების დეკოდირების  რამდენიმე ისეთი ხერხის შესახებ, რომელთაც ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ და შესაძლოა გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვისაც გამოსადეგი აღმოჩნდეს.

 

პოეტური ტექსტების ლირიკული ჩანახატები

ლირიკული ჩანახატები პოეტური ტექსტის გაგებისა და ანალიზის გზაზე პირველი ნაბიჯია, ბლუმის ტაქსონომიის პირველ საფეხურს მიეკუთვნება (გაგება-აღქმა-გააზრება) და ძალიან გავს ე.წ. მოკლე შინაარსებს, რომელთაც დაწყებით საფეხურზე პროზაული ტექსტების გასაგებად ვაწერინებთ ხოლმე. იმისთვის, რომ მოსწავლეს ანალიზამდე არ გაუძნელდეს ამ ლექსების რთული სახეობრივი და ფსიქო-ემოციური ენობრივი მახასიათებლების გაგება, სასურველია ტექსტის ქცევა ლირიკულ ჩანახატად, დღიურად, მისი გადმოტანა მოსწავლის ენაზე, ტექსტის „მოთვინიერება“, „მოშინაურება“. გარდა ამისა, ლექსის ქცევა ლირიკულ ჩანახატად ითხოვს გარკვეულ სიფაქიზეს, გემოვნებას, ესთეტიზმს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში წერის უნარების დახვეწას. მაგალითისთვის ავიღოთ თითო ნიმუში რომანტიკული და სიმბოლისტური საპროგრამო პოეტური ტექსტებიდან: ნიკოლოზ ბარათაშვილის „ხმა იდუმალი“ და გალაკტიონ ტაბიძის „მშობლიური ეფემერა“.

ნიკოლოზ ბარათაშვილი, „ხმა იდუმალი“: ვისი ხმა მესმის ნეტავი, ესოდენ საკვირველი? რად აუვსია ჩემი გული ჩუმ ნაღველს? მას შემდეგ, რაც პირველად შევიცანი წუთისოფელი და დავტოვე ადგილი, სადაც გავატარე ყმაწვილობის წრფელი ჟამი თვისტომთა შორის, ჩემს სურვილებს გაუყრელად თან სდევს რაღაც იდუმალი, შეუცნობელი ხმა. სიზმრად თუ ცხადად ეს ხმა მკარნახობს: ეძებე, ჭაბუკო, შენი ბედი, იქნებ იპოვო საშენო გზები… მაგრამ ვერაფრით ვაგნებ ჩემს გზა-კვალს და სევდას გულიდან ვეღარ ვიშორებ… ნუთუ ეს ხმა სინდისის უმოწყალო ხმა არის? მაგრამ ჩემში ვერაფერს ვპოულობ საიმისოს, რომ სინდისი მქენჯნიდეს… ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ თუ მაცდური ეშმა? ვინ ხარ, მითხარი! რა მელოდება? რას მიმზადებ? როდის შევიცნობ შენს საიდუმლოს? ნუთუ ოდესმე ვიპოვი ჩემს ბედს ამ წუთისოფელში?

გალაკტიონ ტაბიძე, „მშობლიური ეფემერა“: მშობლიურ ხეებს ვეღარ ვცნობ, ზამთარმა ბილიკები ჩახერგა. ტყეებს ვეკითხები: დიდი ხანია? და ტყე გუგუნით მიდასტურებს, რომ დიდი ხანია ასეა. დახავსებული კლდეების ფონზე ვიღაცის კვნესა მესმის და ტყეებს ვეკითხები: ამირანია? ტყეები თანხმობას მიცხადებენ. ეს კვნესა სიცოცხლეს მიწამლავს, გული საგულეში ვეღარ ეტევა და ისევ ტყეებს მივმართავ: დაკარგულია? ჩემდა საუბედუროდ, ტყე მიდასტურებს, რომ დაკარგულია. თერგის ხმაური მაყრუებს, მზე ჩადის, მაგრამ ბინდი მაინც შორსაა და ჩემი თვალები ხედავენ არა ღამის სიშავეს, არამედ – ფერებს, საოცარ ფერებს, ისინი ირევიან… ვხედავ ლალისფრად ანთებულ ხეივანს, ლილისფერი და შინდისფერი ერთმანეთს ერევა. ყაზბეგის შუბლი ღრუბლებით დაიბურა, ცა კი ალუბლებით აივსო. ო, ღმერთო, საკმარისია! ჩემი თვალები ხედავენ საოცრებას: ციდან ყვავილების კალათებს ცლიან, დარიალიდან კი შემზარავი ხმები ისმის. შეხვედრა წამიერი იყო და ეს იყო განსაცდელი. გული მოგონებებით ივსება… ეს მოგონებები იმ ძვირფას ლანდებს გადაეცი, თერგო!

მომზადებული ლირიკული ჩანახატი, რომელიც შეგვიძლია მოსწავლეს ცნობილ კოგნიტურ სქემაში, ე.წ. კორნელის გრაფაში შევასრულებინოთ, იოლად ამოაცნობინებს მას ტექსტის თემას, საიდანაც უნდა ამოიზარდოს ავტორის იდეები, სათქმელის სწორად ამოცნობა ხომ ლექსის ანალიზისას უმთავრესი ამოცანაა! აქ არ ვგულისხმობთ მრავალფეროვან ინტერპრეტაციებს, განსხვავებულ წაკითხვებს, რაც თავისთავად მუდამ არის ხოლმე ტექსტის განხილვაზე მუშაობისას აქტივობების განუყრელი, თანმდევი ნაწილი. ტექსტის თემა ნიადაგია, „მიწაა“, რომელზეც, როგორც ყვავილი, ამოიზრდება ხოლმე მწერლისეული იდეები, მათ ხორცშესხმად გვევლინება ლირიკული გმირები და სხვა მხატვრული სახე-სიმბოლოები, ბოლოს ვიწყებთ მუშაობას მხატვრული მხარის კვლევაზე. მოსწავლეს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ლირიკულ გმირსა და მხატვრულ სახე-სიმბოლოს შორის. მარტივი ფორმულაა: ყოველი ლირიკული გმირი სახე-სიმბოლოა, მაგრამ ყველა სახე-სიმბოლო არ არის ლირიკული გმირი. ანუ ლირიკულ გმირად ლექსში გვევლინება ხოლმე ერთი-ორი სახე, ხოლო ყველა დანარჩენი სახე-სიმბოლოა. ლირიკული გმირი პროზაული ტექსტის მთავარ გმირს, პროტაგონისტს მოგვაგონებს, ხოლო სახე-სიმბოლო – მეორეხარისხოვან პერსონაჟებს. მთავარი, რაზეც უნდა გავაკეთოთ აქცენტი იდეების ამოცნობის დროს, ეს არის ეპოქალური კონტექსტები და ქვეტექსტები, რომლებიც ხშირად ალეგორიულ საბურველშია გახვეული.  ლექსის საანალიზოდ უნივერსალური სქემების შექმნა, რასაკვირველია, აბსურდული იქნებოდა. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ აქ თავისუფალი მიდგომები, სპონტანურობა, ინტუიცია, ტექსტის ემოციის ადეკვატური განწყობით მიღება-გადმოცემა უმნიშვნელოვანესია. ყოველთვის წარმატებულია ხოლმე მოსწავლეთა ისეთი ნაშრომები, სადაც მწერლის ემოცია სწორად არის დაჭერილი და მოსწავლის დაკვირვებებში რეალიზებული. მართალია, ყოველი სქემა უსათუოდ გულისხმობს თავის თავში უამრავ ალტერნატიულ ვარიანტს, მაგრამ შემოგთავაზებთ სკაფოლდინგის ტიპის, „ხარაჩოს“ ჩემეულ ვერსიას, რომელსაც წარმატებით ვიყენებ ხოლმე საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ლირიკული ტექსტების დეკოდირებისას:

პოეტური ტექსტების ანალიზის ძირითად მიმართულებები:

  1. ეპოქა, პოეტი და ტექსტი (ნაშრომის შესავალ ნაწილში ვმსჯელობთ იმაზე, თუ რამდენად აისახება ეპოქის კონტექსტები ნაწარმოებში, რამდენად ეხმიანება ნაწარმოები პოეტის ცხოვრებას, პიროვნებას, რამდენად არის კავშირში იმ დროს გავრცელებული ლიტერატურული მიმდინარეობის თავისებურებებთან, რამდენად ორიგინალურია ავტორის ხელწერა ან რამდენად განიცდის გავლენებს? თუ ნოვატორულია, რაში გამოიხატება სიახლე?);
  2. ლექსის თემა და იდეა (მსჯელობთ იმ თემებზე, რომელთაც ავტორი ეხება და ამოვიცნობთ იდეებს, აუცილებელია არგუმენტირებული მსჯელობა და ტექსტის დამოწმება. არგუმენტები და ციტატები უნდა იყოს მკვლევრის მსჯელობის ლოგიკური დასაბუთება. პოეტური ტექსტების კვლევისას მიღებული ფორმაა არა სწორხაზოვანი, მტკიცება, არამედ ვარაუდი, ალტერნატიული თვალსაზრისი, კითხვების დასმა, კატეგორიულობა უნდა გამოირიცხოს);
  3. სახისმეტყველება: ლირიკული გმირი/გმირები და მხატვრული სახე-სიმბოლოები. აუცილებელია სახეების დაკავშირება იდეებთან. სახე უნდა გავიაზროთ, როგორც იდეის რეალიზების საშუალება.
  4. ლექსის მხატვრული სამყარო:
  • ტექსტის ენა, ემოცია, ლირიკული განწყობა;
  • სახე-სიმბოლოების ხატვის ოსტატობა;
  • ტროპული სამყარო: შედარება, მეტაფორა, ეპითეტი, გაპიროვნება, ჰიპერბოლა/ლიტოტესი, პეიზაჟი, ალეგორია, ოქსიმორონი, რეფრენი და პოეტური გამეორებები, პოეტური გადატანა;
  • ლექსის ევფონია, სალექსო ფორმები, მარცვალთა რაოდენობა, რითმა და რიტმი (შინაგანი მუსიკალურობა).

 

  1. სინთეზირება (ლიტერატურული პარალელები) და ლექსის მნიშვნელობის შეფასება. დასკვნა-შეჯამება (რეზიუმე).

ნიკოლოზ ბარათაშვილის და გალაკტიონის მოცემული ტექსტების ლირიკული ჩანახატები მოსწავლეს გაუიოლებს ტექსტის სათქმელის აღქმას, ხოლო მათი განსახილველი ნაშრომის წერისას მოცემული სქემა ხელს შეუწყობს მსჯელობის ორგანიზებას, არგუმენტირებას, დასკვნების გამოტანას.

როცა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მასწავლებლის ვაკანსიაზე შერჩევისას საჩვენებელი გაკვეთილი ჩავატარე, ერთ-ერთმა მსმენელმა ასეთი კითხვა დამისვა: წერის თანდაყოლილი უნარები მოსწავლეებს განსხვავებული აქვთ და რამდენად სამართლიანია, რომ ყველას ერთნაირად მოვთხოვოთ გამართული ანალიტიკური ნაშრომების წერა თუნდაც ეროვნულ გამოცდაზე? შესაძლებელია თუ არა წერის უნარების განვითარება და მისი დასწავლა?

ამ კითხვას თამამად შემიძლია ვუპასუხო: დიახ, არიან მოსწავლეები, რომელთაც სწავლებაც არ სჭირდებათ, დამოუკიდებლად ახერხებენ ტექსტების აღქმასა და ანალიზს და გასაოცრად წერენ კიდევაც განხილვებს, მაგრამ მოსწავლეთა იმ ნაწილს, ვისაც ეს უნარები თანდაყოლილი არ აქვს და უძნელდება წერილობითი ანალიზი, სისტემატური ვარჯიშით თავისუფლად შეუძლია ყველა იმ უნარის დასწავლა, რაც გამართული ნაშრომის დასაწერად არის საჭირო. ასეთ შემთხვევაში საკლასო და შემაჯამებელი წერითი სამუშაოები, ასევე ქართული ენის წერითი გამოცდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ იქნება სტრესი და განსაცდელი. მთავარია მასწავლებლის და მოსწავლის მონდომება.

 

 

 

 

 

 

 

მუსიკა – ყვავილებში ჩამალული ქვემეხი  

0

სტატიის მიზანია მოსწავლის ჰარმონიული განვითარება მუსიკალურ კულტურასთან ზიარებით. ამისთვის მოსწავლე უნდა გაეცნოს მუსიკის ინტონაციურ-სახეობრივ ბუნებას, ჟანრულ თუ სტილისტურ მხარეებს, მუსიკალური ენის განსაკუთრებულობას, კლასიკურ და ფოლკლორულ მემკვიდრეობას და მუსიკის კავშირს ხელოვნების სხვა დარგებთან.

გავეცნოთ რომანტიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის, პოლონელი კომპოზიტორისა და ვირტუოზი პიანისტის ფრიდერიკ შოპენის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

კომპოზიტორის დაბადების ზუსტი თარიღი დღემდე უცნობია. ბიოგრაფები ორ თარიღს ასახელებენ: 22 თებერვალს და 1 მარტს, – თუმცა მშობლები და თვით შოპენიც ყოველთვის პირველ მარტს მიუთითებდნენ.

კომპოზიტორი 1810 წელს დაიბადა ვარშავასთან ახლოს მდებარე მამულში, პოლონურ ოჯახში.

კულტურულ გარემოში გატარებულმა ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა შოპენის ფსიქოლოგიისა და შემოქმედებითი ინტერესების ფორმირებაზე. კომპოზიტორის მამას, ფართო თვალთახედვისა და განათლების მქონე ადამიანს, ვარშავაში ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგის რეპუტაცია ჰქონდა. ოჯახში გამუდმებით ჟღერდა მუსიკა: მამა ვიოლინოსა და ფლეიტაზე უკრავდა, დედადიდგვაროვანი ოჯახის შვილი – შესანიშნავად ფლობდა ფორტეპიანოს და კარგადაც მღეროდა.

ჩვილ ასაკში ფრიდერიკის მუსიკალური მგრძნობელობა მშფოთვარედ და უცნაურად ვლინდებოდა. თავდაპირველად მშობლებს ეგონათ, რომ მათ ვაჟს მუსიკა არ სიამოვნებდა, ვინაიდან, როდესაც დედა უკრავდა, ის ტირილს იწყებდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ტირილის მიზეზი მუსიკის გავლენა, მისკენ მძაფრი ლტოლვა ყოფილა. დედის კალთას ჩახუტებული ბიჭი დიდხანს უსმენდა როიალის ხმას. ღამით ლოგინიდან წამოხტებოდა, სიბნელეში  კლავიშებს მოძებნიდა და დღისით მოსმენილ მელოდიებს არჩევდა.

მშობლების ყურადღებითა და მზრუნველობით განებივრებული ფრიდერიკი უფრო და უფრო ავლენდა გასაოცარ მუსიკალურ ნიჭს. ხუთი წლისა, უკვე საკმაოდ კარგად უკრავდა პიანინოზე. მოცარტის მსგავსად მუსიკით „შეპყრობილი“, გარშემო მყოფებს იმპროვიზაციებში დაუშრეტელი ფანტაზიით და თანდაყოლილი პიანიზმით აოცებდა.

ფორტეპიანოში სისტემატური მეცადინეობა შოპენმა 6 წლიდან დაიწყო, ხოლო პირველი ნაწარმოები – პოლონეზი g-moll – 7 წლისამ დაწერა. სულ მალე მისი პირველი საჯარო გამოსვლაც შედგა და ყველასთვის უმალ ცხადი გახდა, რომ ბიჭი გენიოსი იყო. ვარშავის პრესა აღფრთოვანებით აღნიშნავდა: „პოლონური ცეკვის ავტორი რვა წლის ბავშვია… ნამდვილი მუსიკალური გენია. ის არა მხოლოდ სრულიად თავისუფლად და დიდი გემოვნებით ასრულებს ფორტეპიანოზე ურთულეს პიესებს, არამედ რამდენიმე ცეკვისა და ვარიაციის ავტორიცაა, რაც მუსიკის მცოდნეებს ძალზე აოცებთ“. ამ პირველმა გამოსვლამ სათავე დაუდო შოპენის შემდგომ არტისტულ წარმატებას ვარშავაში.

კონცერტის შემდეგ, როდესაც დედამ რვა წლის ფრიდერიკს ჰკითხა, როგორ მოეწონა ის საზოგადოებას, მან გულუბრყვილოდ უპასუხა: „დედა, ყველა ჩემს საყელოს უყურებდა“.

თორმეტი წლის შემდეგ „პოლონელ მოცარტს“ პიანინოს შესწავლაში პედაგოგი აღარ ჰყოლია. ყველაფერი, რასაც მიაღწია, დამოუკიდებელი მუშაობის შედეგი იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ 14 წლის შოპენის გენიალურობის თაობაზე აზრი მისმა პედაგოგმაც, გვარად ელსნერმა გამოთქვა: „ის, რაც შექმენი, ხელოვნების წესებთან არ არის თანხვედრაში, მაგრამ ვინაიდან შესანიშნავია, არ შევასწორებ, შენიშვნებსაც კი არ მოგცემ და არც უნდა მოგცე: იარე საკუთარი გზით, რადგან შენში ხელოვნებისთვის დღემდე უცნობ ნაპერწკალს ვხედავ“.

16 წლის შოპენი ვარშავის კონსერვატორიის სტუდენტია, რომელსაც 1926 წელს ამთავრებს. ამ დროს რექტორი ელსნერი მის შესახებ ასეთ ჩანაწერს აკეთებს: „გასაოცარი უნარების მქონეა. მუსიკალური გენიოსი“. იგი შოპენს არწმუნებს, გასცდეს ქვეყნის საზღვრებს, გაიცნოს უცხოური მუსიკა და თავადაც გააცნოს თავი უცხოეთს.

ფრიდერიკი პირველად ვენას ესტუმრა, სადაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

იმხანად პოლონეთში რთული ვითარება იყო. თავისუფლების მოყვარული ქვეყანა რუსეთის, ავსტრიისა და პრუსიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ფრიდერიკის მშობლები და ახლობლები შიშობდნენ, პოლიტიკურ რყევებს ხელი არ შეეშალა ფრიდერიკის ტალანტის განვითარებისთვის და ხელი შეუწყვეს უცხოეთში გამგზავრებაში.

როდესაც შოპენი მორიგ მოგზაურობას გეგმავდა, პოლონეთის დედაქალაქში პოლიტიკური ატმოსფერო უფრო და უფრო იძაბებოდა, პატრიოტები რუსული ცარიზმის წინააღმდეგ აჯანყებისთვის ემზადებოდნენ. შოპენი როგორც თავისი ქვეყნის გენიალური შვილი აცნობიერებდა უმძიმეს მისიას – სახელი გაეთქვა სამშობლოსთვის უცხო ქვეყნებში.

1829 წელს, ფრიდერიკის გამგზავრებიდან ორი კვირის შემდეგ, ვარშავაში აჯანყებამ იფეთქა. იმპერატორი ნიკოლოზ I-ის პოლონეთის მეფედ კურთხევამ სამოქალაქო მღელვარება გამოიწვია.

სამწუხაროდ, პოლონეთი რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა (მხოლოდ 1918 წელს დაიბრუნა დამოუკიდებლობა) და როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, ევროპის რუკიდან გაქრა, მაგრამ მსმენელებისთვის ის შოპენის შემოქმედებაში გაცოცხლდა.

ამბავი ვენასაც მისწვდა. სამწუხაროდ, შოპენს სამშობლოს მწარე ხვედრზე დარდი მხოლოდ შორიდან თუ შეეძლო. სწორედ ამ მოვლენებს აღწერს მისი ცნობილი „რევოლუციური ეტიუდი“.

შოპენი ნაციონალური ჩაგვრის წინააღმდეგ პროტესტის ატმოსფეროში იზრდებოდა. მისი სულიერი სამყარო ნაციონალური ღირსებისა და დამოუკიდებლობისათვის პოლონელი ხალხის დაძაბული ბრძოლის პერიოდში ჩამოყალიბდა. პატრიოტული აღტკინება, თავისუფლებაზე ოცნება, მშობლიური ქვეყნის სიდიადე შთააგონებდა მას და სტიმულს აძლევდა შემოქმედებითი ძიებისთვის. პოლონელთა ნაციონალური თვითდამკვიდრების სიმძაფრემ საბოლოოდ განსაზღვრა შოპენის მსოფლაღქმა და მისი შემოქმედების მიმართულება.

პოლონეთიდან „დროებითი“ გამგზავრება სამშობლოსთან სამუდამო განშორებად იქცა. „რევოლუციური ეტიუდი“ c-moll (ოპ. 10 № 12) მრისხანების, აღშფოთების, სასოწარკვეთის წუთებშია შექმნილი. ტრაგიკული ცნობის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა კომპოზიტორმა მუსიკაში გახსნა თავისი სულის აქამდე ხელუხლებელი მხარე – მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული მგზნებარე დრამატიზმი.

შოპენის საუკეთესო ნაწარმოებებად ერთმნიშვნელოვნად ეტიუდებია მიჩნეული. მან ამ ჟანრს ბევრი რამ შესძინა. ყოველი ეტიუდი რომანტიკული მინიატურაა და, იმავდროულად, ახალი ტექნიკური ხერხების დაუფლებისკენ მიმავალი გზა. შოპენამდე ეტიუდის დანიშნულება მხოლოდ ტექნიკური ჩვევების განვითარება იყო, ფრიდერიკმა კი ამ ჟანრში ახალი, გასაოცარი პოეტური სამყარო შექმნა. „რევოლუციური ეტიუდით“ მან ბეთჰოვენისეულ უმაღლეს ტრაგიზმს მიაღწია.

გთხოვთ, მეთორმეტე (12) ბილიკზე – Chopin Etude Op 10 No.12 Valentina Lisitsa გადახვიდეთ

ეტიუდი c-moll შოპენის პირველი გმირული ნაწარმოებია აჯანყების მიმართ მკვეთრად გამოხატული პოზიციით. ის იწყება მძვინვარე ტალღისებრი პასაჟებით მარცხენა ხელში, ხოლო აკორდებში მოცემული პუნქტირული რიტმით უმძაფრესი დრამატული ხასიათის თემა ამოიზრდება.

თემას რელიეფური რომანტიკული ინტონაციებიც ახასიათებს. გარდა ამისა, ეტიუდში ნათლად იკვეთება აქცენტები ქრომატიზმზე, რიტმული მოუსვენრობა-ცვალებადობა და დატვირთული აკორდიკა. შოპენის გმირული თემა სასიმღერო ნიშნებსაც ინარჩუნებს.

ფინალში შტორმი თითქოს მშვიდდება, მაგრამ ქარივით მოვარდნილ მოულოდნელ პასაჟს მძლავრი აკორდებით ნაწარმოების დასასრულისკენ მივყავართ. ეტიუდი სრულდება დაბალ რეგისტრში აბსოლუტური სიმტკიცით და, იმავდროულად, ღრმა მწუხარებით.

შოპენის ეტიუდი c-moll მინიატურულია, თუმცა მასში მთელი სიმძაფრითაა ასახული პოლონეთის აჯანყების ტრაგიკული ბედი.

„ძლევამოსილმა თვითმპყრობელმა მონარქმა, იქ, ჩრდილოეთში, რომ იცოდეს, მისთვის რაოდენ საშიში მტერი იმალება შოპენის ქმნილებებში, მუსიკას აკრძალავდა“.

პოეზია ომის წინააღმდეგ – მირზა გელოვანის პოეტური არჩევანი

0

სამყაროს არსებობა გამართლებულია, როგორც ესთეტიკური ფენომენისა, _ წერს ნიცშე. პოეზია, ხელოვნების სხვა სფეროებთან ერთად, ტანჯვას ესთეტიკურ ღირებულებად აქცევს და ომსაც, თავისი სისასტიკითა და სისხლისღვრით, ხშირად რომანტიკულ ბურუსში ხვევს. მხოლოდ ამ გზით შეიძლება გადაილახოს ის ძრწოლა, რომელიც მასშტაბურ სანქცირებულ კაცთაკვლას ახლავს თან. მირზა გელოვანს მეორე მსოფლიო ომი ბედისწერად ექცა, რომელმაც მის შემოქმედებაში თავისი კვალი დატოვა. თუმცა საგულისხმოა, რომ მისი საუკეთესო ლექსები სწორედაც ამ დროს დაიწერა. ის ომის ქაოსს თავის ლექსებში პოეტურ კოსმოსად აქცევდა, ამგვარად, დიონისურს, სტიქიურსა და ბნელს აპოლონურ, სინათლითა და ჰარმონიით სავსე ფენომენად გარდასახავდა.

`მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად~, _ წერდა ლადო ასათიანი და ამ სტრიქონებით თითქოს მთელი თაობის სულისკვეთებას გამოხატავდა. მირზა გელოვანმაც არართგზის ჩახედა სიკვდილს თვალებში და თავისი პოეზიით დაამარცხა. 1942 წელს ბრძოლის შემდეგ დაწერა:
`სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის
თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე~ (`შენ~).
სიკვდილის ძლევას კი იგი მხატვრული სიტყვით, ლოგოსით ახერხებდა. ღმერთი უხილავად იყო მასთან, სიტყვის სიღრმეში დაუნჯებული. მისი სამყარო, რწმენის წყურვილით აღსავსე მოისაკლისებდა სახლს და შინ დაბრუნებას განწირული მიესწრაფვოდა, ამიტომაცაა რომ მის ერთ საოცარ ლექსში, `სურათი~ რომ ჰქვია მამის სახის მიღმა სიმბოლურად მამა ღმერთსაც ხედავს მკითხველი:
`გვიშველეთ: ხეებმა შეიბეს ფეხები
რომ, როგორც ჭინკებმა,
იქროლონ ცაში!
არ გესმით? როგორც ბალახის ჩურჩული,
კითხულობს ხმა:
_ როდის წავალთ სახლში?~
ღვთაებრივი სამყაროს არსებობის რწმენით არის გამსჭვალული ლექსი `დედას~, რომელშიც ვკითხულობთ:
`როდესაც ვწევარ ცივ სანგარში და ბრძოლა დამღლის,
მოდის თქვენი ხმა, როგორც კვნესა საკუთარ ძვლების,
და თქვენ რომ არა, თქვენი ლოცვა, მე, ჩვილი ბალღი
ამ სასტიკ გრიგალს ვერ გავუძლებდი~.
სისხლის წვიმა იყო ერთგვარი ემბაზი ახალი შობისათვის:
`ჰკითხეთ ქარს, ეგებ მან გიამბოთ ჩემი სიკვდილი
და უცნაური დაბადება ჩემი გიამბოთ~.
ის ხედავდა, როგორ იწვოდა ზეცა, როგორ სცდებოდა მას ტყვია `და ამხანაგის გულში ცივდებოდა~, მაგრამ სიკვდილის შიშს არ იკარებდა და ვაჟა-ფშაველას კაი ყმასავით საბრძოლო პოლიგონს, როგორც პიროვნული ზრდის ასპარეზს, ისე აღიქვამდა.
ის ომშიც `არ კარგავდა სიმაღლეს~ _ ეს იყო მისი პოეტური არჩევანი და `სისხლის წვიმაში~, `ტყვიების ჩქერში~ არ ემსგავსებოდა უგრძნობელ ქვას, ამიტომაც ფერს იცვლიდა დრო და გარემო და ხედავდა:
`და სასიკვდილო ტყვიების ფარფატს,
ღამეში გაწვდილთ ცეცხლის ენებად,
მე ვუცქეროდი, როგორც სანახავს,
როგორც უცოდველ მშვენიერებას~ (`იქ, სადაც სხვები..~).
`ქანავს ბორანი, როგორც საყურე
და რიაზანი მოაგავს ბორანს~.
`დაჩეხილებს თბილისის ცა გვამრთელებდა,
ჩვენს საშველად მთაწმინდიდან წამომდგარი~ (`მთაწმინდიდან სმოლენსკამდე~). M
მშვენიერება მას ხსოვნიდანაც ამოჰქონდა, როგორც ფერადოვანი საბურველი, რომლითაც რეალობის ნაცრისფერსა და შავს აფარებდა:
`იელვებს ყვითელი, წითელი ფერები,
ადგება ეს ღამე ადამიანივით
და შუადღისას გზაში მეფერება~ (`ერთი ღამე~). `ცაზე ხოხობს გაუშლია ბუმბული~ (`ქარიანი ღამე~).
`ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს~ (`ნუ მწერ~).
`უცოდველი მშვენერების~ აღქმა და გადმოცემა გამორჩეულ ადამიანებს შეუძლიათ მხოლოდ. ამგვარი ნიჭი მომადლებული ჰქონდა მირზა გელოვანსაც. `სილამაზე იხსნის ქვეყნიერებას~ _ დოსტოევსკისეული ეს ფრაზა მისთვისაც მრავალმნიშვნელოვანია და საიდუმლოებით არის სავსე. `უცოდველი მშვენიერების~ პალიფსესტური შინაარსის მიღმა ჯვარცმული მაცხოვარიც იგულისხმება, რომელიც ადამიანთა შორის დადიოდა და როგორც გიორგი ლეონიძე წერდა, მათ `შროშანებზე~ ესაუბრებოდა. ვაჟა-ფშაველა `სტუმარ-მასპინძელში~ როცა აღწერს, რა გაშმაგებით მიემართება ხალხი სასაფლაოსკენ, რათა ზვიადაური პირუტყვივით დაკლას, პოეტის მზერა ამ დროს შეამჩნევს:

`მზე ჯერ არ ამოსულიყო,
ნამს ჯერ ბალახზე ეძინა~.
პოეტებისთვის დიდ საფიქრალად არის ნაქცევი, როგორ შეიძლება ამ უთვალავფერიან სამყაროში ადამიანს სხვისი მოკვლის ფიქრი ჯერ გაუჩნდეს და შემდეგ განახორციელოს. თუმცა კაენური ცოდვა კაცობრიობას მძიმე ტვირთად აწევს. გრიგოლ ორბელიანიც ასევე ჩავარდნილა საგონებელში: `ამ მშვენიერსა დილასა კაცს რად სურს სისხლი კაცისა?~ (`სადღეგრძელო~). გვახსენდება აკაკი წერეთლის `თორნიკე ერისთავის~ ის ეპიზოდიც, როდესაც მთვარე გაოცებული დაჰყურებს ომში დახოცილ ადამიანებს:
`ამოჰყო თავი მაღალ მთის წვერით
და გადმოჰხედა ნაზად ბრძოლის ველს,
კაცის ქვეყნიურს ბნელსა საქმესა
მაღლით ციური აფენდა ნათელს~.
ასე რომ, მირზა გელოვანი აგრძელებს ქართული ლიტერატურის ტრადიციას, რომელიც ერთგვარ გაორებულობას ამჟღავნებს, ერთი მხრივ, აღტაცებულია საბრძოლო სულისკვეთებით, მეორე მხრივ კი, წინააღმდეგია ნებისმიერი სისხლიანი დაპირისპირებისა.
ამ წინააღმდეგობას კარგად ხსნის დიმიტრი უზნაძე თავის წერილში `ომის ფილოსოფია~. მისი აზრით, ჩვენი ჩვეულებრივი აზროვნება სიკვდილს ბოროტებისა და უბედურების სახელით ნათლავს. მისთვის სიკვდილი ვერაფრით გამართლდება. ამიტომ მკვლელს უდიდესი სასჯელის ღირსად აღიარებს. მაგრამ იწყება ომი… და ჩვენი აზრი და გრძნობა ძირფესვიანად იცვლება~. `ჩვენი ღირებულებათა მწყობრი სისტემა ერთბაშად ნიავდება, მისი შემაერთებელი და დამსრულებელი ძალა _ სინდისი ძირფესვიანად ირყევა; და მტრის სიკვდილი სასიქადულო და სანატრელი ამბით ეპკურება ჩვენს სმენას. ერთ დღეს ასი ათასობით ისრისება ადამიანის ნორჩი სიცოცხლე, ხმება გულში დარგული ვარდები იმედებისა, და ყველა ეს სხვა დროს რომ ბოღმით ავსებდა ჩვენს არსებას, ახლა სანეტაროდ გაგვხდომია, და თუ ვინმემ თავი ისახელა მტრის ბანაკის მუსრის გავლებით, ჩვენ სასიქადულოდ მიგვაჩნია მისი ,,რაინდობა” და რაც უფრო მეტი დამღუპველი იქნება მტრისთვის მისი მახვილი, მით უფრო მეტად ვაჯილდოვებთ მას. ათასი კაცის სისხლში ამობანილი ხელი გმირისა და კეთილისმყოფელის ხელად გვეჩვენება. ცხადია, რომ ომიც ძირფესვიანად ათავისუფლებს ჩვენს სულიერ ცხოვრებას გონების კატეგორიების ბატონობისაგან, და ამ გზით ჩვენს პირდაპირ უშუამავლო შეფასებას კვალს უკაფავს~.
მირზა გელოვანი ფრონტიდან გამოგზავნილ წერილებში წერდა, რომ ცხოვრება იყო მისი მასწავლებელი და ჯარისკაცობასაც განიცდიდა, როგორც ბედისწერის წიგნის ერთ ფურცელს, რომელზეც თავისი ფიქრის ანაბეჭდებს მხატვრულ სახეებად აქარაგმებდა. `მარცხენა გულის ჯიბეში ქართული იები~ ჰქონდა და ამიტომაც მის მუზას ქვემეხის სროლა ვერ ადუმებდა.
ესთეტიზებული ომის სურათები უხვადაა ქართულ პოეზიაში, `ვეფხისტყაოსანი~ მტრის ხოცვას, `მძლეთა მებრძოლთა მძლეობას~, რაინდის უცილობელ თვისებად ასახელებს. გრიგოლ რობაქიძე შედევრად მიიჩნევდა ვაჟას ლექსს `ფშაველი ვაჟკაცის წერილი~, რომელშიც პირველ მსოფლიო ომში წასული ქართველი კაი ყმის ფიქრებია გადმოცემული (თუმცა არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომი არ იყო ქართული სახელმწიფოსთვის. საქართველო მხოლოდ იმპერიის ნაწილი იყო ორივე შემთხვევაში და ევალებოდა სხვისი მიწის დაცვა. სამწუხაროდ, ისიც იზიარებდა იანიჩარის ტრაგიკულ ხვედრს, ილია რომ წერდა:
`ვსთქვი, თუ ვისთვის შენ კისკასობ,
ვისთვის იჩენ სიმარდესა,
შენი რაა, რომ ამშვენებ
შენს დამღუპველ ოსმალეთსა~ (`იანიჩარი~).
ვაჟას ამ ლექსის ლირიკული გმირი დედას ბრძოლის ამბებს უყვება, მონათხრობში რეალური და მითიური ერთმანეთს გადაეწვნება. მებრძოლისთვის ეს ბრძოლა თითქოს ბოროტებისა და სიკეთის ჭიდილია, ამიტომაცაა, რომ ხედავს. როგორ იბრძვის მათთან ერთად ლაშარის ჯვარი (ისევე, როგორც `ბახტრიონში~).
ტიციან ტაბიძე საგანგებო ესეს უძღვნიდა ამ საკითხს: `ომის თემა ქართულ მწერლობაში~, მისი აზრით, `ომისთვის არც ერთ ხალხს ისეთი გრძელი და საგმირო პოემა არ დაუწერია, როგორც ქართველს და ამ პოემის ეპილოგი ჯერ კიდევ დაუწერელია, ჯერ კიდევ ელის ქვეყანა ახალ სასწაულებს… აბა წაიკითხეთ „ქართლის ცხოვრება~! ბერი მემატიანე სარდალივით ლაპარაკობს, სენაკშიაც შედის სისხლის ალმური. … ქართველი მწერლობა, ბევრში უკან მიმყოლი ევროპის მოწინავე იდეებისა, პაციფიზმზე ყრუ იყო თავისი უმრავლესობით და ერთხელაც არ უღალატია ძველი ტრადიციებისათვის. აკაკი წერეთელი მოხუცობაშიაც ნატრობდა თეთრი ჭაღარის მტრის სისხლით შეღებვას~.
მირზა გელოვანმა იცოდა, რომ ამ ომში ის იყო არა მხოლოდ კონკრეტული კერძო პიროვნება, არამედ, ქართველი, რომელსაც უნდა ებრძოლა ისე, როგორც მის წინაპრებს, როგორც მისი ერის ზნეობრივ იდეალებს შეეფერებოდა. უამრავი მამაცი ვაჟკაცის სახე გაიელვებს მის ლექსებსა და ბალადებში.
გრიგოლ რობაქიძის აზრით, ხელოვანი ომის დროს ღრმა და საშიშ რყევას განიცდის, მაგრამ ეს შექმნის სურვილსა და უნარს არ აკარგვინებს, რადგან `მსოფლიო ხანძრის საშინელ დღეებში~ `მისი მხატვრული ენერგია შეკუმშულია, მიმართულია სიღრმისკენ დილის ვარდისფერი ფრთების მოლოდინში, რომ ხალისის გაიფანტოს შემოქმედებითი მზის სხივებში~.
ომმა მირზა გელოვანში ვერ ჩაკლა ხელოვანი. იგი პოეზიის გზით რეალურ სამყაროს გარდაქმნიდა, მხატვრულ განზომილებაში სიკვდილს ახალ ღირებულებას ანიჭებდა, ამგვარად გადალახავდა ომის სისასტიკესა და სიკვდილის შიშს. მისი იმედი მეტაფიზიკური იყო და, შესაბამისად, სიცოცხლეც სცილდებოდა მატერიალურ საზღვრებს და სულიერ სივრცეში აგრძელებდა აქტივობას.
მისთვის ომი იქცა სულიერ გამოცდად და ამ გზით საკუთარი თავისა და სამყაროს კანონზომიერებათა შემეცნების საშუალებად. ამიტომაც ომის ერთგვარად ჩაკეტილი სივრცე, რომელიც თავისუფლებას უზღუდავდა, ვერ იქცა დამაბრკოლებლად, რადგან ის ჭეშმარიტად თავისუფალი პოეზიაში იყო.
ომის დამღუპველ ქაოსს, სისხლის ორგიას, კაცთაკვლის ექსტაზს ის უპირისპირებს ნათელ, მწყობრ, კლასიკურ, რითმიან, კონვენციურ ლექსს, საოცარი მელოდიურობით აღბეჭდილს:
`ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე მზე დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში
როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს~.
მისი ლექსის რიტმიკა და პლასტიკა დახვეწილი და ნატიფია, ტკივილი კი იღვრება სტრიქონებიდან, მაგრამ მაშინვე აბსტრაგირდება, მეტაფიზიკურ რეალობად იქცევა, თუნდაც მკითხველს თვალებიდან ცრემლები ღვარად წამოუვიდეს, ეს ცრემლები მაინც ნათელი ფერებითა და სინათლით სავსე იქნება. სწორედ ეს განსაზღვრავს მირზა გელოვანის პოეზიის ჯადოსა და თილისმას.
გალაკტიონის პოეზიის სიყვარულმა იგი მისი პოეტური სკოლის ნიჭიერ მიმდევრად აქცია. ის ეთაყვანებოდა მის პოეზიას:
`მაგრამ შენ მოხველ,
ჩვენი მზეც ნახე,
ყველა მზეებზე უფრო უზადო,
დაე, პოეტის საყვარელ სახელს
მხოლოდ გვირგვინმა უმუზარადოს~ (`გალაკტიონ ტაბიძე~).
გალაკტიონისეული სიტყვის დახვეწილობა, ფერების, ხმებისა და სურნელის ნიუანსობრივი გადმოცემა მირზა გელოვანის პოეტური აზროვნების მთავარი მახასიათებელია. მისთვისაც `თოვლია სამშობლო~:
`თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა,
მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან~.
სიკვდილი და სიცოცხლე აქ ერთმანეთს ისე ნაზად და უმტკივნეულოდ ერწყმის, როგორც შეღამებისას სინათლე გადადის სიბნელეში რბილად და თბილი ტონალობით. საგულისხმოა, რომ სითეთრეს არანაირი ლაქა არ ბღალავს, სიკვდილი მოდის, როგორც ღვთაებრივი საჩუქარი, სიყვარულთან წილნაყარი:
`დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი,
იჩქარე, სანამ თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს~.
თეთრი, როგორც სიწმინდე და უბიწოება, უპირისპირდება ბოროტ მიწას, რომელიც ფერის დაუსახელებლად, რა თქმა უნდა, შავთან ასოცირდება. თითქოს სატრფოს ნაცვლად სიკვდილზე ქორწინდება და ეს თეთრი კუბო, უკვდავებისა და მარადისობისკენ წაიღებს ბედნიერების მოლოდინით დაღლილ მის ცხედარს. ეს უტკივილო გადასვლა სითეთრეში უხილავ სამყაროსთან ზიარებაა, იმ ერთთან მიახლოებაა, რომელიც თეთრია და საკუთარ თავში ინახავს ფერადოვნების პოტენციას. ისევ ბუნებრივად ჩნდება გადაძახილი გალაკტიონთან:
`თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა,
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა~.
მისი მხატვრული სახეები, როგორც აღვნიშნეთ, დახვეწილი და სალონურია, დაცლილი ყოველგვარი სიყალბისა და პათეტიკურობისაგან:
`და როგორც კარტში აგურის ქალებს
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის~.
სატრფოს მშვენიერების პლასტიკური აღქმა მკითხველის თვალწინ აცოცხლებს ქერათმიან ლამაზმანს, რომელსაც ყამარისეული ჯადოსნობა აქვს. ზღაპრისეულმა ყამარქალმა ხომ სწორედ თმებით აიყვანა ამირანი კოშკში. თმა მითოლოგიურადაც მზეთუნახავების უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია, ჭინკებსა და ალებს გრძელი და ლამაზი თმები აქვთ, ნებისმიერი მოკვდავის მოხიბვლა რომ შეუძლიათ. ქალღმერთ დალის უპირველესი სამშვენისიც ხომ ოქროსფერი დალალებია. ამიტომ პოეტის სტრიქონები:
`მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,მე თქვენი თმები დამაბრუნებენ~_

გაისმის, როგორც გადაძახილი უხილავ ლეგენდასა და ზღაპართან, მითოლოგიურ შრეებთან, სადაც სამყაროსეული კანონები უქმდებიან, შესაბამისად, სიყვარული იქცევა ძალად, რომელიც ლირიკულ გმირს დრო-სივრცეს გადაალახვინებს და სამშობლოში, საყვარელ ქალთან დააბრუნებს:
`..და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს Eელიან მთაში,
შენი ლამაზი თრთოლა მელოდეს~.
ეს ეხმიანება `ვეფხისტყაოსნისულ~ სიხარულს: `სახლ-საყოფი არა ჰმართებს, ცამცა გაიდარბაზესა~.
მართალია, პოეტი ხედავდა:
`შენ მიდიოდი,… გზა იყო სისხლის
და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს~ (`შენ~), მიუხედავად ამისა, გულში მაინც რჩებოდა ბავშვური გულუბრყვილობა და ამგვარი დაულაქავი მზერით აღქმული სამყარო:
`და სადმე ტყვია თუ გააცივებს გულს საშინელი განადგურებით
მე მაპატიეთ, ო, მაპატიეთ დანაშაული არდაბრუნების~.
„სიკვდილით მან სიყვარული გააქვავა. უძრავ მარადიულობაში მიუჩინა ადგილი“, _წერს თანამედროვე ფრანგი მწერალი დავიდ ფონკინოსი. მირზა გელოვანმა პოეზიის გზით სიყვარული წარმავლობას გამოსტაცა და მარადიული სიცოცხლე მიანიჭა. ამ ლექსების ყოველი წაკითხვისას თავიდან იბადება სიყვარული, ისევე მძაფრად და თავბრუდამხვევად, როგორც ფენიქსი თავისი ფერფლიდან.
ის ამ ომში უნებურად მსხვერპლიც იყო და ჯალათიც. ამას თვითონ ყველაზე მეტად განიცდიდა, ამიტომაც წერდა ფრონტიდან გამოგზავნილ წერილში: `მე მჩვეოდა წყნარი ღიმილი. ახლა გადავეჩვიე ღიმილს და მხოლოდ მაშინ, როცა მტერი გარბის ჩვენი ცეცხლის ქვეშ, როცა დაჭრილთა ოხვრა, ან მტრის გვამების ცივი შემოხედვა მხვდება წინ მიმავალს, ვიცი: ჩემ ბაგეზედ დარბის ღიმილი, ღიმილი კაცის, რომელიც გააშმაგა შურისძიების წყურვილმა~. თუმცა ომის ურჩხულმა ვერ შთანთქა მისი პოეტური სინაზე. 1943 წელს ფრონტიდან გამოგზავნილ სხვა წერილში წერს: `იბსენის სიტყვები მომაგონდა: `რაც უნდა ბნელი იყოს ღამე, მას შესცვლის მუდამ მზიანი დილა~. აი, ღმერთმანი, მოვიდა იგი, მზიანი დილა~.
მზიანი დილა სიმბოლურად მისი პოეზიაა, რომელიც მკითხველს აჯერებს სიკეთის და სიყვარულის უძლეველობასა და მარადიულობაში.

„სიბრძნე ბალავარისა“ თანამედროვე მკითხველის თვალით

0

საგანმანათლებლო, შემეცნებითი თუ აღმზრდელობითი ლიტერატურის შეთავაზება სიტყვიერების მასწავლებლებს ნამდვილად არ გვიჭირს. ამ მხრივ ნიშანდობლივია იმის გათვალისწინება, რომელი ნაწარმოები, როდის, რა მიზნით უნდა გავაცნოთ, ვასწავლოთ თუ  ვურჩიოთ წასაკითხად ჩვენს მოსწავლეებს.

აღნიშნული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია „ბალავარიანი“, წიგნი, რომლის მონაკვეთების სასწავლო მიზნით შეთავაზება და ესგ-ით დასახული  კონკრეტული მიზნების მიღწევა სწავლების სამივე საფეხურზე შესაძლებელია.

,,სიბრძნე ბალავარისა“ შუა საუკუნეების ქრისტიანული მწერლობის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია. როგორც ცნობილია, მას საფუძვლად უდევს თქმულება ბუდას (საკია მუნის) დაბადებისა და აღზრდის შესახებ. ამბავი იმდენად საინტერესო იყო, შეიქმნა მისი მუსლიმანური და ქრისტიანული ვერსიები. „ბალავარიანი“ ქართულად პირველად დაახლოებით IX საუკუნეში არაბული ქრისტიანიზებული ვერსიიდან უთარგმნიათ. X-XI საუკუნეების მიჯნაზე წმინდა ექვთიმე მთაწმინდელმა ის ქართულიდან ბერძნულ ენაზე გადათარგმნა, ასე ეზიარა ევროპა ბალავარის სიბრძნეს.

ვფიქრობ, თუნდაც ეს ფაქტი აუცილებლად უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა.

თხზულება უნიკალურია იმიტომ, რომ მასში ჭეშმარიტებას იპოვის ნებისმიერი სარწმუნოების მიმდევარი თუ ათეისტი.  ამაზე მეტყველებს ბუდისტური, მუსლიმანური და ქრისტიანული ვარიანტები. პერსონაჟების მსჯელობა და დამოკიდებულებები ისეა გადმოცემული, რომ დაცულია ზოგადი პრინციპები და ფასეულობანი.

მიუხედავად  ძველი ქართულის ენობრივი სირთულისა, ტექსტი იკითხება ხალისით და ინტერესით, ძირითადი ამბის გაგება მოსწავლეებს არ უჭირთ.

ქვემოთ  წარმოვადგენ რამდენიმე საინტერესო პარალელს, რომელიც ვფიქრობ,  მნიშვნელოვანი იქნება როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე არაფორმალური სწავლებისას.

ეს და მსგავსი  კვლევა-აღმოჩენები მოსწავლის მრავალმხრივ უნარებს ავითარებს და, ფაქტობრივად, აზროვნების ყოველ დონეს მოიცავს.

 

                              ,,ბალავარიანი“ და „სიბრძნე  სიცრუისა“

(პარალელები)

  „სიბრძნე ბალავარისა“   „სიბრძნე სიცრუისა“
1.      წინაამბავი – უშვილო მეფეს  უფალი უწყალობებს დიდი ხნის ნანატრ პირმშოს. წინაამბავი – უშვილო ფინეზ მეფეს ღმერთი მისცემს ვაჟს.
2.      უფლისწულ იოდასაფის აღმზრდელად შეარჩიეს კერპთმსახური ზანდანი, რომელსაც ევალებოდა, დაეცვა მეფისწული და ჰყოლოდა ჩაკეტილ სივრცეში, რათა არ გაეგო იმ განსაცდელების შესახებ, რომელიც ამქვეყნად არსებობს. ჯუმბერის აღმზრდელი ლეონი მეფემ სიზმარში ნახა.
3.      ბრძენი ბალავარი ფარულად იღვწის, მისი მოქმედებები აბენეს მეფის წინააღმდეგ არის მიმართული, ანუ ცდილობს იოდასაფს გონების თვალი აუხილოს. აბენესისთვის მიუღებელია ბალავარის მოქმედებები. ლეონის აღზრდის პრინციპებიც არ არის მოსაწონი ფინეზ მეფისა და მისი კარისკაცებისათვის. ლეონიც ცდილობს, დაჩაგრულთა და გლახაკთა განცდები „შეასწავლოს“ უფლისწულს. მეფე აღშფოთდება  ლეონის ქმედებებით.
4.      ბალავარი მეფის წინაშე წარდგება და ცდილობს, დაარწმუნოს, რომ მისი მსოფლმხედველობა სწორია. ლეონი მეფის წინაშე იმართლებს თავს.
5.      იდეური ხაზი იგავებით ვითარდება. თხზულების იდეა გადმოცემულია იგავებით.
6.      იგავებს ამბობს მხოლოდ ბალავარი. იგავებით მეტყველებს ყველა პერსონაჟი.
7.   ,,ბალავარიანის“ დასასრულ აბენეს მეფე მოექცევა ჭეშმარიტებისაკენ და რწმუნდება  ბრძენი ბალავარის სიმართლეში. „სიბრძნე სიცრუისა“ მთავრდება მეფისა და ლეონის დაზავებით. „სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი“ მოეწონა მეფეს.
8.,,ბალავარიანის“ ერთ-ერთი პერსონაჟის სახელია რაქისი, იგი ბრძენი ვარსკვლავთმრიცხველია, ეწინააღმდეგება ბალავარს. ,,სიბრძნე სიცრუის“ პერსონაჟი რუქა მეფის ერთგულია და უპირისპირდება ლეონს.
9. უფლისწული იოდასაფი ბალავარის გამოჩენამდე უმეცარია, მან ზანდან მზრდელისგან გაიგო სიმართლე. მანამდე არ იცოდა, რომ ამქვეყნად არსებობენ გაჭირვებული ადამიანები და სიცოცხლეს გააჩნია დასასრული. უფლისწულ ჯუმბერს ლეონმა ასწავლა „გლახაკთა, სნეულთა და მდაბიოთა ჭირნი“.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორივე ნაწარმოებში წარმოდგენილია წოდებრივ-უფლებრივი ორმაგი იერარქია. ,,ბალავარიანში „წოდებრივი ხაზი ასეთია – მეფე აბენესი, იოდასაფი, ზანდან მზრდელი, რაქისი, ბალავარი, მსახურნი.  ხოლო სარწმუნოებრივი იერარქიის  კიბეზე დგანან – ბალავარი, იოდასაფი, გაქრისტიანებული აბენეს მეფე,  მსახურნი.

სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისას“  აღნიშნული  თვალსაზრისით ასე გავიაზრებთ:

წოდებრივ-უფლებრივი იერარქია – ფინეზი, ჯუმბერი, ლეონი, რუქა, სედრაქი, მსახურნი;

იდეურ-ზნეობრივი ხაზი – ლეონი, ჯუმბერი, ფინეზი, სედრაქი.

 

                        „ბალავარიანის“   ქრისტიანული კატეხიზმო, ანუ

                        დებატები თემაზე – გზა ჭეშმარიტებისაკენ

 

„ბალავარიანი“, როგორც სასწავლო რესურსი, სხვადასხვა ასპექტით შეიძლება განვიხილოთ. პერსონაჟთა დიალოგები ისეა წარმოდგენილი, რომ კითხვა-პასუხები იძლევა დაფიქრების, განსჯის, ახსნის, დამოუკიდებელი აზროვნების უნარისა და დამოკიდებულებების გამოხატვის გზით ჭეშმარიტებამდე, მარადიული ფასეულობების აღიარებამდე მისვლის საშუალებას.

ტოლერანტობის კლასიკური მაგალითია მოხუცი ბალავარის სიბრძნე, ამავდროულად არგუმენტირებულ მსჯელობაზე ნათელი წარმოდგენა გვექმნება თითოეულ  პრობლემურ კითხვაზე გაცემული პასუხებით. ბალავარი და იოდასაფი სწორედ ამ საშუალებით ახერხებენ მოწინააღმდებეთა დარწმუნებას იმაში, რომ მათი დამოკიდებულებები სამართლიანი და ფასეულია. ბრძენი მასწავლებელი და მისი აღზრდილი ოსტატურად „იგერიებენ“ განსხვავებული პოზიციის წარმომადგენელთა შემოტევებს. აქ არ შეიძლება არ გაგვახსენდეს წმინდა შუშანიკის სიტყვები – ,,შენ ღმერთი ძილსა შინა ნუ გგონიეს, რომელმან განუმზადოს სიტყვანი პირსა კაცისასა, რამეთუ უფალი თუით იტყვის, მე მიუგო სიტყუაი თქვენ წილ“. უფლის შთაგონებით მეტყველებენ ბალავარი და იოდასაფი, ჭეშმარიტება თვით უფალია. სიყვარული, სიკეთე და სამართლიანობა  კერპთაყვანისმცემელი მამისთვისაც მისაღები აღმოჩნდა და ამიტომაც მოექცა ქრისტეს რწმენაზე.

განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას დებატების ეთიკაზე.  კამათის წესებს იცავენ პერსონაჟები, თუმცა ამ მხრივ სამაგალითოა ბრძენი ბალავარის როლი.  დინჯი, აუღელვებელი, გაწონასწორებული მოძღვარი ცდილობს და ახერხებს კიდეც, რომ არგუმენტებითა თუ  მაგალითებით დაარწმუნოს მეფე და მისი სახლობა ჭეშმარიტებაში.

უაღრესად საინტერესო და სახალისოა ეს დებატები, თუნდაც ის მონაკვეთი, როდესაც მოხუცი ბალავარი აცხადებს, რომ მხოლოდ 12 წლისაა, ამ შეუსაბამობას კი ასე ხსნის – „რადგან ღმერთსა სრულიად დაუსაკუთრე თავი ჩემი, ათორემეტი წელი არს“.

მთავარი გზავნილი,  რისთვისაც ღირს ძველი  მწერლობის ამ გამორჩეული ნაწარმოების წაკითხვა, ასე ჟღერს – „შიშველი განიღონ სოფლითა მისით და შთააგდონ მღვიმესა ბნელსა“, ამიტომაც ერთადერთი, რითაც სიცოცხლე ფასობს, სიკეთე და სიყვარულია.

არსებობს ასეთი გამონათქვამი – „ყველაფერი დიდებული მარტივია“. მოსწავლეებისათვის ძალზე საინტერესოა ის მონაკვეთები, როდესაც ბალავარმა უნდა მოიხმოს მტკიცებულებები იმისათვის, რომ უფალი არსებობს. ბრძენი ძალზე მარტივად, თუმცა მრავლისმეტყველად პასუხობს: თუკი ადამიანი რამე საგანს ეხება, იცის, რომ მას შემოქმედიც ჰყავს, ციდან არაფერი ჩამოვარდნილა… განა შეიძლება უძირო ცას და ქვეყანას არ ჰყავდეს ავტორი?!… თუნდაც ადამიანის ურთულეს აგებულებაზე დაკვირვებაც კი საკმარისია იმისათვის, რომ უფლის ხელი დავინახოთ…

ბალავარმა დაფარულ სიბრძნეს აზიარა ჭეშმარიტების მაძიებელი ჭაბუკი იოდასაფი. თანამედროვე მოზარდიც მიიღებს პასუხს  მისთვის საინტერესო კითხვებზე, მით უფრო, აღნიშნული თემები და იდეები გამჭოლია და ქართულსა თუ მსოფლიო ლიტერატურაში არაერთხელ დასმულა.

მაგალითისთვის ერთ ასეთ კითხვას მოვიხმობ. იოდასაფი არცთუ მიამიტად ეკითხება მოძღვარს –  იქნებ ვინმემ ტყუილად გამოაცხადოს თავი ღვთის მოციქულად?

ბალავარის პასუხი ასეთია – „დაფარულთამცა მისთა გამოცხადნე საქმენი მისნი, რამეთუ მოთმინებასა ასწავებენ და თვით ვერ მოთმინე არიან, სახიერებასა ასწავებენ და იგინი მანკიერებითა სავსენი არიან, ვერცა შემძლებელ არიან ყოფად სასწაულებსა“.  სახარებისეული შეგობენაც ხომ ანალოგიურია – „სარწმუნოება თვინიერ საქმისა მკვდარ არს!“, გავიხსენოთ  ილიას „საქმით მეტყველი სული“.

…და ყველაზე ნიშანდობლივი ის შედეგია, რომელიც აღზრდის ამ მეთოდით მიიღო ბრძენმა, უფლისწული უარს ამბობს ტახტის მემკვიდრეობაზე და უფლის გზას შეუდგება. ჭეშმარიტებამ სძლია ძალაუფლების ცდუნებას.

 

                                იგავთმეტყველება „ბალავარიანში“

თხზულება, განსხვავებით „სიბრძნე სიცრუისაგან“, იგავთა სიუხვით არ გამოირჩევა. თუმცა ბალავარის მიერ არგუმენტებად  მოხმობილი იგავები სიბრძნის ჭეშმარიტი ნიმუშებია და, აქედან გამომდინარე, საოცრად თანამედროვეცაა. იგავებში (,,ორი კიდობანი“ სამი, მეგობარი“,  ,,კაცი და ჩიტი“, „უფლისწული და ნუკრი“)  წარმოდგენილი სიტუაციები სწავლების ნებისმიერ საფეხურზე შეიძლება გახდეს განსჯისა და შეფასების საგანი.

როდის და რა ფორმით შეიძლება თხზულების შეთავაზება მოსწავლეებისათვის?

         სწავლების დაწყებით საფეხურზე მართებული იქნება იგავებისა და მთავარი ამბის პერიფრაზის შეთავაზება.

ეს ნაწარმოები საბაზო და საშუალო საფეხურზე მასწავლებელს შეუძლია, როგორც ძველი მწერლობის შესწავლისას, ისე სხვა პრობლემების განხილვის დროს, ან თუნდაც არგუმენტირებული ესეს პრინციპების გაცნობისას გამოიყენოს რესურსად.

სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდები და მიდგომები შესაძლებლობას გვაძლევს „ბალავარიანი“ ესგ-ის მოთხოვნებს მივუსადაგოთ და დასახულ მიზანს მრავალმხრივი აქტივობებით მივაღწიოთ – როლური თამაშით (იგავებისა და ძირითადი ამბის მიხედვით), დებატებით, დისკუსიით, თავისუფალი გაკვეთილებით, საწრეო მუშაობით, მკითხველის თეატრით, პროექტებით სწავლებით და სხვა ნებისმიერი აქტივობით, რომელსაც მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად მიზანდასახულად წარმართავს.

 

გამოყენებული ლიტერატურა :

ძველი ქართული მწერლობის ძეგლები /ქრესტომათია/

გამომცემლობა „საქართველო“ 1978 წელი

 

 

ნინო მასურაშვილი

                                                                                        სურამის I  საჯარო სკოლის

ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...